არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლევან თურმანაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან თურმანაული   Thu Mar 31, 2011 11:22 am


Levan Turmanauli

ლევან თურმანაული

დაიბადა 1993 წელს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან თურმანაული   Thu Mar 31, 2011 11:25 am

ლევან თურმანაული

არსენა
(მოთხრობა)

არსენა ლოგინზე წამოწვა და ძილს მიენდო. ხუთი წუთი არ გასულა, რომ გემრიელი ხვრინვა ამოუშვა. მოვიდნენ ბიჭები და მობილურით წყლის ჩხრიალის ხმა ჩაასმეს ძილში. ჩაიფსა.
როცა ადგა, განწირული გველეშაპივით იღრიალა, ეს რა არისო. მერე მიხვდა რაც იყო და დაწყნარდა. მეორე სართულზე ავიდა, რომ გამოეცვალა. გახშირებული სუნთქვით გაიხადა შარვალი და ტრუსი, ახლები ჩაიცვა, ძველები იქვე დააგდო და ქვემოთ ჩამოვიდა. სახლში შევიდა, საჭმელი მონახა. აიღო დანა, დაჭრა პომიდორი, კიტრი, ყველი და პური მთელი გულმოდგინებით. შემდეგ ეს ყველაფერი ხახვთან ერთად გარეთ მაგიდაზე გაიტანა და ხელით დაიწყო ჭამა. პომიდვრის ჩაკბეჩისას ზედმეტი მოუვიდა და წვენი პერანგზე შეისხა. კარგად რომ გამოძღა, ადგა და ისევ ლოგინს მიაშურა. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ხვრინვა ამოუშვა. ესიზმრა, ვითომ სასტუმროში იყო და საჭმელი თავზე საყრელად ჰქონდა. ნახევრად ტიტველი ქალები ემსახურებოდნენ, სადაც უნდოდა, იქ უთათუნებდა ხელებს. მაგიდის ერთი მხარე სავსე იყო ძეხვებით, მეორე მხარეს ღორის მწვადები იყო. ჭამა დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა: ვიღაც დიდი კაცი მოვიდა და მთელი ძალით ურტყამდა ხელს, ადექი, ადექი, მე უნდა ვჭამოო. გამოეღვიძა, გუნება გაუფუჭდა. აღმოჩნდა, რომ ძმა ურტყამდა ხელს ასადგომად. თურმე ჭაში, რომელიც მეზობლებმა გააკეთეს, რათა წყალი ჰქონოდათ, მილი იყო დასაჰაერებელი. საუბედუროდ, მილი სწორედ მათ ეზოში გამოდიოდა. გინებ–გინებით ადგა, გადააფურთხა. გამოფხიზლდა. მერე მეზობლებს წაჰყვა ჭაზე, რომელიც ცოტა ზემოთ იყო. იქ მიეხმარა კიდეც, მაგრად გაიოფლა. ადვილი მართლა არაა, როდესაც ჭიდან სათლით იღებ წყალს, მაგრამ ის მაინც სასიამოვნოა, ხალხს როცა ჭკუას არიგებ და ასწავლი, რა როგორ ქნას. იქნებ არც იცოდე, მაგრამ მაინც.
რომ წამოვიდნენ, გზადაგზა მეზობლებს ელაპარაკებოდა. თავის სიკეთეზე და დიდსულოვნებაზე ესაუბრებოდა. ეუბნებოდა, აი, რამხელა რამე გაგიკეთეთ, „მაღარიჩი“ ახლა თქვენზეაო. სახლში რომ ავიდა, მისი ძმა და რძალი სადილობდნენ. თვითონაც მიუჯდა, თან ჭამდა და თან ხუმრობდა. ბოლოს ისე კარგად იხუმრა, რომ სიცილით მოკვდა. სიცილს ლუკმა ამოაყოლა და ნარჩენები ძმას შეაყარა. მერე, კარგად რომ გამოძღა, ადგა და კვლავ ლოგინს მიაშურა. ხუთი წუთის შემდეგ ხვრინვა ამოუშვა. რომ გამოიღვიძა, უკვე მოსაღამოვებული იყო. კარგა ხანს იწვა გაუნძრევლად. თვალები ჭერისთვის მიეშტერებინა და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე. მერე რომ დაიღალა, ქვემოთ, მაღაზიაში ჩავიდა. იქ საღამოობით ხალხი იკრიბებოდა და ასე თუ ისე გასართობიც იყო. ამ მხრივ დღევანდელი დღე გამორჩეული აღმოჩნდა: მეზობლები გამოსულიყვნენ, ფანდური, გიტარა და სალამური გამოეტანათ. მის გარშემო ხალხი იყო შემოკრებილი და უსმენდნენ.
არსენა რომ ჩამოვიდა, სკამი მოითხოვა. დაჯდა და ნომრების შეკვეთა დაიწყო. თან ხალხში უცნაური სიამაყით ლაპარაკობდა და ტრაბახობდა: „უსმინეთ, აპა, თუ ჯობია ამას ევროპული?“ თან ხითხითს მოაყოლებდა. ისიც აღმოჩნდა, რომ ეს დამკვრელები მასთან ერთად ყოფილან მდინარეზე. არსენა ქეიფობდა, ესენი მღეროდნენ და უკრავდნენ და მდინარის მეორე ნაპირიდან ხალხიც მოსულა თხოვნით, აქეთ მოვალთ, მოვისმენთო (არსენას აღარ დაუშლია).
შინ რომ ამოვიდა, ლოგინზე წამოწვა და ტელევიზორს უყურა, თან ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს. სხვებმა რომ დაიძინეს, იქ წავიდა, სადაც გადიოდა მეზობლების მილი. ჩუმად გადახსნა და წყალი პომიდორზე მიუშვა. მერე მილი ისევ გადააბა და დაწვა. მეორე დღეს მილი ისევ დასაჰაერებელი იყო.
***
როცა შუადღის მზემ დახედა და სახე აუწვა, არსენა ადგა, სახეზე ცივი წყალი შეისხა, მორზე ჩამოჯდა და ასე გაუნძრევლად დიდხანს იჯდა, სანამ ძილიდან გამოერკვეოდა. მერე სიგარეტი გააბოლა და დიდხანს ფიქრობდა, როგორ დაეგეგმა დღე.
ჯერ გადაწყვიტა, თავის ძმასთან ჩასულიყო, რომელიც მეზობლის სახლს არემონტებდა. ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას. ჯერ მარცხნივ შეუხვია, მერე მარჯვნივ, ბოლოს ცოტაც პირდაპირ იარა და ძმასთან მივიდა. მისვლისას ხმა გაიგონა, როგორ ეუბნებოდა მეზობელი მის ძმას, რომ ეს კაფელი ცოტა დახრილი მეჩვენებაო. ამაზე გაბრაზდა, მეზობელთან მივიდა და აგინა: „შენ რას უწუნებ ქალო, მშენებლობებზე არ უწუნებენ ნამუშევრებს, შენი ასე და ისეო“. მეზობელი კი არც ისეთი მომთმენი იყო, რომ ამდენი ეპატიებინა, სულ წივილ–კივილით გამოაგდო სახლიდან. არსენა ნაცემი ძაღლივით გატრიალდა და სახლში ავიდა. მისმა ძმამ ბოდიშები იხადა, ლამის მუხლებში ჩაუვარდა მეზობელს, რომ სამუშაო შეენარჩუნებინა.
სახლში რომ ამოვიდა, გაბრაზებული იყო. სწორედ ამ დროს მამამისს, ცალით თვალით ბრმა, გამხდარ კაცს თეფშით ლობიო მოჰქონდა. ფეხი წამოკრა რაღაცას და ცოტა დაექცა. არსენამ, ისედაც გაბრაზებულმა, მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და მამას უყვირა: „თვალი გაახილე შე ბრუციანო!“ მამამისმა შეხედა, ნელა მივიდა მაგიდასთან, თეფში დადო და წავიდა. ამის დანახვაზე არსენა უცბად მოვიდა ხასიათზე, საჩქაროდ მივიდა მაგიდასთან და ლობიოს მადიანად შეექცა. მერე დაიძინა, ისევ ძველი სიზმარი ესიზმრა: ვითომ სასტუმროში იყო, მაგიდის ერთ მხარეს ძეხვები ეწყო, მეორე მხარეს ღორის მწვადები და ახლა ტიტველი ოფიციანტები უკვე კალთაში ეჯდნენ. თან ჭამდა და თან ოფიციანტებს მაგრად ურტყამდა ხელებს, კოცნიდა სადაც უნდოდა და ამ დროს ისევ ის დიდი კაცი მოვიდა, ერთი მაგრად შეანჯღრია, აეგდე შე არაკაცოო და გააღვიძა.
ძმა ედგა თავზე და ეჩხუბებოდა. არსენამ ეს მართლა ვეღარ მოითმინა და ძმას მიაძახა: „რა გინდა შე დედამოტყნულო, დამანებე თავი, დამაძინეო!“ ამის თქმაზე ძმა გაბრუნდა, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს და მეორე სართულზე ავიდა.
არსენამ ძილი შეიბრუნა. სიზმრის გაგრძელება ვეღარ შეიძლო და ცუდ ხასიათზე ადგა. მაღაზიაში ჩავიდა, სიგარეტის საყიდლად. სიგარეტი არ აღმოაჩნდათ და ამიტომ გამყიდველს, მეზობელს აგინა. მეზობელმა ეს მოითმინა, არაფერი უთხრა და აპატია. მერე მეორე მაღაზიაში ჩავიდა, უფრო ქვევით და იქ იყიდა სიგარეტი. სახლში გაოფლილი დაბრუნდა. წამოწვა და სიგარეტი გააბოლა. დაფიქრდა, დაფიქრდა ყველაფერზე და როცა დაიღალა, ადგა. ამ დროს მეზობელი შემოვიდა ჭიშკარში, თურმე წყალი ისევ არ მოდიოდა ჭიდან და საჭირო იყო კიდევ დაჰაერება. არსენას ელაპარაკა, თავისი ფიქრები გაუმხილა ერთ–ერთ მეზობელზე, ფიქრობდა, ეს ხარჯავს ნამეტნავად ბევრ წყალს და სწორედ მაგიტომაც არის ყოველ მეორე დღეს დასაჰაერებელიო. არსენამაც უთხრა: „არ ვიცი, ბიძია, მე იქ წამომსვლელი აღარ ვარ, რავარც გინათ, ისე გააკეთეთო“ და თავისი ძირგახვრეტილი სათლიც ათხოვა, დაგჭირდებათო.
მერე დაჯდა და იფიქრა, იფიქრა თუ რა გაეკეთებინა და ერთი კარგი იდეა დაებადა. მდინარეზე წასვლა მოიფიქრა. რადგანაც მარტო წასვლა არ უნდოდა, გადაწყვიტა ისევ რომელიმე მეზობელთან ერთად წასულიყო. ადგა და ერთ–ერთთან მივიდა. შინ მხოლოდ დედამისი დახვდა, ჰკითხა, სად არის შენი შვილიო. ამაზე ცოტა უკმეხი პასუხი მიიღო, რადგან ეს ქალი გაბრაზებული იყო რაღაცაზე თუ ვიღაცაზე. დღეს არც არსენა იყო კარგ ხასიათზე, ისედაც მთელი დღე ნერვებს უშლიდნენ და ამის გაგონებაზე ისე ხმამაღლა აგინა, რომ საკმაოდ შორიდან მომავალმა მისმა შვილმაც გაიგონა. შვილი რომ მოვიდა, არსენას მიესალმა. ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ჰკითხა, რაზე მოსულხარო. მერე ერთად წავიდნენ მდინარეზე (მართალია, მომღერლები ამ ჯერზე არ ჰყავდა არსენას, მაგრამ მაინც სასიამოვნო დროსტარებას იმედოვნებდა).
მზე თვალს ეფარებოდა, მდინარეზე რომ მივიდნენ. ერთ შეგულებულ ადგილას, სადაც კარგი საბანაო იყო, არსენამ გაიხადა და საჩქაროდ წყალში ისკუპა. ისკუპა ცოტა მსუბუქი ნათქვამია, რადგან ნაპირზე მყოფები გაწუწა. მერე ერთი იღრიალა და მკლავები დაატრიალა, თან ყვიროდა: „აიტ... ჰა–აიტ... ააპ... ჰა–აპ...“ ყველა რომ ნაადრევად წავიდა, არსენა ნაპირზე ამოვიდა და გადაწყვიტა სიმინდის ტაროები მოეპარა. მეზობელს ცეცხლის დანთება დაავალა, თვითონ კი ძუნძულით ყანებისკენ წავიდა.
მოწყვიტა ერთი, მეორე, მესამე და ჯიბეებში ჩაილაგა, მერე მეოთხე და... ამ დროს იქვე მომუშავე გლეხმა ხმა გაიგო და გამოვიდა. დახეული პერანგი ეცვა, სახელოებაკეცილი და გულზე ოფლით დასველებული. არსენას უყვირა, უფრო ტირილს ჰგავდა ეს ყვირილი:
– რას შვები შე – აქ ცოტა შეაყოვნა, მაგრამ თავის ბოლომდე შეკავება ვეღარ შეძლო – კარგმოტყნულო, რას!
არსენამ კიდევ ერთი ტარო მოწყვიტა, მერე გლეხს შეაგინა და ძუნძულით დაბრუნდა უკან. რომ მოვიდა ცეცხლი უკვე დანთებული იყო. სიმინდები შეწვეს, ოთხი თვითონ შეჭამა, ერთი მეზობელს არგო და შინ დაბრუნდნენ. არსენა კი მაინც გულ თუ კუჭნაკლული დარჩა. ამიტომ, როცა დაბრუნდა, ერთი კარგად გამოძღა და დაიძინა. როცა ადგა უკვე გვიანი იყო. მისი ძმა და რძალი ტელევიზორს უყურებდნენ. თვითონაც მივიდა და თან უყვებოდა, როგორ ცემა გლეხი, რომელმაც, როგორც თვითონ თქვა, ორი ტაროს გულისთვის მოუნდომა ჩხუბი.
საბოლოოდ როცა დაიძინა არსენამ, მთელი დღის ნერვებმოშლილმა, შვება ძილში იპოვა: როგორც იქნა გაათავა ის სიზმარი, არც ერთხელ რომ არ გაათავებინეს.
***
დღეს კი კარგ ხასიათზე ადგა არსენა. ზემოთ ავიდა, ტრუსი გამოიცვალა და მერე მოსვენებით მორზე ჩამოჯდა. სიგარეტი გააბოლა, შორს უსასრულობაში იყურებოდა და თან იხსენებდა სიზმარში მომხდარ ამბებს. როცა ერთი ღერი მოწია, შეამჩნია, მეტი სიგარეტი აღარ ჰქონდა. სახლში შევიდა, მონახა ის ადგილი, სადაც ძმა ფულს ინახავდა და ათლარიანი აიღო. ქვემოთ ჩავიდა მაღაზიაში. როცა გამყიდველი იქვე არ დახვდა, თავისთვის შეიგინა და დაუძახა. ერთი კოლოფი სიგარეტი მოსთხოვა და ფული გაუწოდა. მეზობელმა დიდხანს ეძება ყუთში ფული, მაგრამ ხურდა არ აღმოაჩნდა. ამაზე არსენა გაბრაზდა. დილიდან რა კარგ ხასიათზე იყო და როგორ ჩაუშხამეს! წინა ჯერზე სიგარეტი არ ჰქონდათ, ახლა კი ხურდა! უთხრა, სხვას რას მიკეთებო და შეაგინა. მეზობელიც შეეპასუხა, რა გინდა არსენა, რას გიშავებო და ამაზე უარესი გინება მიიღო. ეს გამყიდველის გოგონამაც გაიგონა და გაბრაზებული გამოვარდა. არსენას უყვირა, ეჩხუბა, ხელები ურტყა (რას გახდებოდა დათვთან!), დედა გაულანძღა და ბოლოს დედამვე ცემა და შინ დააბრუნა. მერე მეზობლები მოვიდნენ, გააშველეს, გააჩერეს და ეს ამბავი ასე არ დამთავრებულა.
სოფელს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული არსენას საქციელი. ყველა ემდურებოდა და ყველას ჰქონდა მასთან სადავო. ბევრი ჩუმდებოდა, რადგან იცოდნენ, შეუგნებელი იყო და მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ჩხუბს მითუმეტეს! მაგრამ გამყიდველმა გადაწყვიტა, არსენასთვის სეირი ეჩვენებინა და თავის ნათესავს დაურეკა, რომელსაც ქურდის სახელი ჰქონდა და საქმეებსაც ხშირად არჩევდა.
ხუთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ხუთივეს იარაღი ჰქონდა. არსენას ააკითხეს. არსენამ რომ გაიგო, ვიღაც ბიჭები არიან შენთან მოსულები, საქმე აქვთო, ცოტა შეცბა, მაგრამ გარეთ გავიდა. გვერდზე გავიდნენ. ილაპარაკეს. არსენამ შეატყო, რომ მისი საქმე ცუდად მიდიოდა და მართალი ვერ გამოვიდოდა, ერთ–ერთს ხელი დაარტყა და წააქცია. მერე მეორესაც მოუნდომა, მაგრამ ვეღარ მოასწრო – ტყვია მოხვდა ფილტვში. წაბარბაცდა, მაგრამ კიდევ მოუქნია ერთს ხელი. ამ დროს კიდევ მოხვდა ტყვია და გაბრუვდა. თვალებში სისხლი მოაწვა და წაიქცა. ხროტინებდა და თან სისხლს ახველებდა. ბიჭები გაიქცნენ.
საავადმყოფოში ვეღარ გადაარჩინეს.

***
სამძიმარზე იყვნენ მხოლოდ დედა, მამა, ძმა და რძალი. ტიროდა მხოლოდ დედა. მამას ბრმა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. სოფელში დიდხანს ლაპარაკობდნენ ამ ამბავზე. ზოგი ამბობდა ახია მაგაზეო, ზოგსაც ეცოდებოდა და ამბობდა, მაინც ცოდოაო.
study


Last edited by Admin on Thu Mar 31, 2011 8:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან თურმანაული   Thu Mar 31, 2011 12:41 pm

ლევან თურმანაული

ანტონიმები
(მოთხრობა)


კარის გაღების ხმა გაისმა. ოთახში პატარა ბიჭი შემოვიდა. იმ ჩანთისხელა, რომელიც ზურგზე ჰქონდა მოკიდებული, არც იყო.
– მამიკო, მამიკო!!!
– ჰო, შვილო, რა იყო? – მამამ გაზეთი გვერდზე გადადო და შვილის შესახვედრად გემართა.
– დღეს სკოლაში ათიანი მივიღე, – უთხრა გახარებულმა ბიჭმა.
– ოოო, ეს კარგიაა, – თქვა მამამ და შვილი ხელში აიყვანა, – აბა, მომიყევი რა როგორ იყო?
– როგორ და... – დაიწყო ბიჭმა, – დღეს ქართულში ანტონიმებს გვიხსნიდა მასწავლებელი, ვერავინ გამოიცნო ერთი სიტყვის ანტონიმი, მე გამოვიცანი და ათიანი დამიწერა.
– რა სიტყვა იყო ასეთი?
– წერს.
– და შენ რა უპასუხე?
– შლის.
მამამ ბავშვი ძირს ჩამოსვა. რაღაც გაიფიქრა, შემდეგ შვილს უთხრა:
– შენ იცი, რომ ყველა ანტონიმი ამ ქვეყნად ერთი და იგივეა?
ბიჭს გაეცინა, შემდეგ მამას გაკვირვებული თვალებით შეხედა.
– წამომყევი, – უთხრა მამამ და სახელოსნოში წაიყვანა, – ხედავ ამ ფურცლებს? – ჰკითხა და ორი თხელი ფურცელი აიღო, თაბახის ფურცლებს რომ ეძახიან, აი, ის.
– კი.
– კარგი, ახლა მე ერთ–ერთ ფურცელზე დავხატავ, შემდეგ წავშლი; იმედია, ხვდები, რომ ხატვა და წერა ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა.
– ხო, ხო... – ბიჭი აშკარად გაკვირვებული იყო და აინტერესებდა, თუ რას ეტყოდა მამა.
მამამ ფანქარი აიღო, დაიწყო. მოხაზა ჯერ რაღაც ოვალი, შემდეგ ფორმები გაუკეთა: ცხვირის, თვალების, ტუჩების. შემდეგ თმები და ყურები დახატა, ცოტა შუქ–ჩრდილებიც დაამატა და შვილს აჩვენა.
– ხედავ?
– ეს ხომ დედიკოა?
– კი. ახლა მე საშლელს ავიღებ და ამ ფურცელს დავუსვამ, ანუ რას ვიზამ?
– წაშლი.
– დარწმუნებული ხარ, რომ წავშლი?
– კი.
– კარგი, – მამამ მართლაც აიღო საშლელი და დაუსვა ფურცელს. ნახატი გაქრა.
– ხომ გითხარი, წაშლი–მეთქი?
– მოიცა, მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია, – თქვა მამამ და მეორე ფურცელი აიღო, – რას ხედავ?
– ფურცელს.
– ძალიან კარგი, ახლა მე ფანქარს ავიღებ და ფურცელს დავუსვამ, ანუ რას ვიზამ?
– დახატავ.
– დარწმუნებული ხარ, რომ დავხატავ?
– კი.
მამამ ფანქარი აიღო, დაიწყო. ახლა მხოლოდ შტრიხებს აკეთებდა, ოღონდ ისე, რომ თეთრი ადგილი არ დაუტოვებია. მთლიანად როცა გაავსო ფურცელი, შვილს აჩვენა:
– რას ხედავ?
– ფურცელს.
– ზედ რამე ხატია?
ბავშვი არას თქმას აპირებდა, მაგრამ ,რატომღაც, საპირისპირო უპასუხა:
– კი.
მამას გაეღიმა, უთხრა:
– მართალი ხარ. მართალია, აქ კერძოდ რაიმე ფიგურა არ ხატია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ეს ნახატად მივიჩნიოთ.
შვილმა ამდენი აბდაუბდა ვერ გაიგო, მაგრამ ძირითად შინაარს მიხვდა და კიდევ უფრო დაინტერესდა.
– კარგი, – თქვა მამამ, – ახლა საშლელს ავიღებ და ფურცელს დავუსვამ, ანუ რას ვიზამ? –ჰკითხა
უკვე ღიმილმორეულმა მამამ შვილს.
ბიჭს უკვე ჭოჭმანი ეტყობოდა. ცდილობდა პასუხში არ შემცდარიყო, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა:
– წაშლი.
– კარგი.
მამამ საშლელი აიღო, დაიწყო. ჯერ "მოშალა" რაღაც ოვალი, შემდეგ ფორმები "წაშალა": ცხვირის, თვალების, ტუჩების. შემდეგ თმები და ყურები "წაშალა", ცოტა შუქ–ჩრდილებიც "ამოაკლო" და შვილს აჩვენა.
– ხედავ?
– ეს ხომ დედიკოა?
– კი. შენ ის მიპასუხე, მე წავშალე თუ დავხატე?
ბავშვი გაოგნებული იყო.
ამ დროს სახელოსნოს კარი გაიღო და დედიკოს ხმა გაისმა:
– აი, სად ყოფილხართ, სწორად მიფიქრია, – მას არ გამოპარვია სურათი, რომელიც მამამ დახატა.
მივიდა, ჩაეხუტა და აკოცა.
ბავშვს ეს არც შეუმჩნევია, იდგა გაოცებული და საკუთარი აზრებისთვის მიეშტერებინა თვალები.
– დედიკო, სიცოცხლე სიკვდილია?
დედამ გამოჰხედა ბავშვს, შემდეგ მამას შეხედა:
– რაებს ასწავლი შენ ბავშვს? – და გაეცინა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან თურმანაული   Sat Aug 20, 2011 11:31 am

ლევან თურმანაული

როგორ წავაგე ხუთი ათასი
(მოთხრობა)

როგორც ვიცი, ამბობენ, რომ მხატვრები, მუსიკოსები და პოეტები თავიანთ ნაწარმოებებში სულს დებენ, მაგრამ არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა ტოტალიზატორის კიბეებს. თუ დაკვირვებიხართ, შეამჩნევდით, რომ ახლო–მახლო ძალიან ბევრი ფურთხია. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ ქაფიან ნივთიერებას ასფალტზე ტოვებენ, არანაკლებ გრძნობას ამოაყოლებენ ხოლმე მათ, ვიდრე პოეტები ლექსებს, მხატვრები – ნახატებს და მუსიკოსები კი – მუსიკას. მაგრამ თუ, ზოგადად, ხელოვანები სულს დებენ ნაწარმოებებში, ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, გულს ამოვაყოლებთ ხოლმე ამ “თეთრ ლექსებს”. წარმოიდგინეთ, გინებასთან ერთად, რამდენ ხელოვნების ნიმუშს შევმატებდი ტოტალიზატორის მიმდებარე ტერიტორიას, როცა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივხვდი, რომ ხუთი ათასი ლარი წავაგე.
ფეხბურთზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, თუმცა თამაში ვერ ვისწავლე. ვთვლი, რომ ნიჭი მქონდა, მაგრამ განვითარების საშუალება არ მომცეს… ჯერ ერთი, სულ დამცინოდნენ, რამდენჯერაც შეცდომას დავუშვებდი და მეორეც – უბნის ძველი ბიჭები არასდროს მათამაშებდნენ ხოლმე. ამის გამო ხშირადაც მიტირია და, წარმოიდგინეთ, როგორ გავმწარდებოდი, როცა მშობლებმა ფეხბურთის მაგივრად მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს… მოკლედ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, როგორც მე “მინდოდა” და ძალიან მაგარი ფეხბურთელი ვერა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კარგი “სინოპტიკოსი” გამოვედი. ადვილად ვხვდებოდი სხვადასხვა თამაშების შედეგებს და ხშირ–ხშირად ვიგებდი ტოტალიზატორში სერიოზულ თანხებს. ის კი არა, ლამის ყველა ჩემთან მოდიოდა რჩევის საკითხად – აბა, გიო, გვითხარი, სად დავდო ფული, სად დავდოო. მეც ვეუბნებოდი ჩემს ვერსიას, მაგრამ წინასწარ თავს ვიზღვევდი – ვინიცობაა, წააგო, მე არაფერი დამაბრალო–მეთქი. ერთი–ორჯერ მცემეს კიდეც იმის გამო, რომ წავაგებინე… თუმცა ეს იშვიათ შემთხვევებში, უმეტესად კი ვიგებდი და მეც ცხოვრება მიხაროდა. მალე ისე შევეჩვიე ტოტალიზატორს, ისეთი აზარტული გავხდი, რომ დღე და ღამე იქ ვეგდე და ვერავინ ამაგლეჯდა საყვარელ ადგილს ცოლ–შვილის გარდა.
მართალია, “ჩმორი” ვიყავი უბანშიც და სკოლაშიც, მაგრამ არასდროს მაკლდა გოგოების ყურადღება; თუ ვინმე მცემდა, უცბად მოვიდოდა რომელიმე ჩემი კლასელი, ან პარალელური კლასელი (რა თქმა უნდა, გოგო!) და მეკითხებოდა – “გიო, რა გჭირს? ძალიან ხომ არ გატკინეს?” მეც თავს შევაცოდებდი – დავიმანჭებოდი, შეწუხებულ სახეს მივიღებდი და ლოყაზე მივუთითებდი, აქ დამარტყეს–მეთქი. ერთდროულად ხუთი შეყვარებული მყავდა და ეს შეყვარებულები ჩემი გულისთვის ხშირადაც ჩხუბობდნენ, ერთმანეთს თმას აგლეჯდნენ, ურტყამდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. მერე ცოტა შემრცხვებოდა, ცოტა გამიხარდებოდა და ჩავერეოდი ხოლმე – ვაშველებდი. გოგოების ასეთი ინტერესი ჩემს მიმართ გარეგნობის გარდა ვერაფრით ავხსენი – თავიდან (როცა მცემდნენ, ფეხბურთს არ მათამაშებდნენ და ფულს “მაწერდნენ”) ვთვლიდი, რომ ჩემისთანა არარაობა ქვეყნად არ არსებობდა და ყველაზე სასაცილო, მახინჯი და საცოდავი ადამიანი მე ვიყავი; მაგრამ როცა ერთი–ორ ძველ ბიჭს შეყვარებული “ავახიე”, ვიეჭვე, რომ რაღაცას წარმოვადგენდი… თუმცა აზრადაც არ გამივლია, რომ ეს ჩემი ინტელექტის გამო ხდებოდა – არც ქართულის, არც მათემატიკის, არც რომელიმე უცხო ენის და არც ერთი ტექნიკური საგნის “არა გამეგებოდა რა” და რა ნიშნებიც მეწერა, უმეტესად იმის დამსახურება იყო, რომ დედაჩემი მასწავლებელი იყო. ბოლოს მივხვდი, რომ სიმპათიური ვიყავი და გოგოებიც ბიჭებში არა სულს, პიროვნებას, ჭკუას, არამედ ყოველთვის გარეგნობას და მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას. სარკეში დავიწყე ყურება, პრანჭვა. ტანსაცმელსაც ხშირ–ხშირად ვიცვლიდი, მშობლებს ახალ ნაყიდ შარვლებსა და მაისურებს ვუწუნებდი, ვეჩხუბებოდი, ვეკამათებოდი – ეს რა არის, ახლა ასე ვის აცვია–მეთქი? ბოლოს კი ფულს ვართმევდი და მე თვითონ ვყიდულობდი, რაკი ჩემს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდნენ.
როცა წამოვიზარდე, ცოლი მოვიყვანე. ეს რაღაცნაირად, თითქოს ჩემ გარეშე მოხდა, ოღონდ როდის ან რატომ, ახლაც არ მახსოვს.
საშინლად გამიბრაზდა მამაჩემი, ლმობიერად – დედაჩემი. თუმცა, მათი შვილი ვიყავი და, ბოლოს, როგორც იქნა, ჩხუბის და დავიდარაბის მერე, შევრიგდით და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მე, რა თქმა უნდა, ტოტალიზატორში სიარული არ შემიწყვეტია და არც ცოლის ხვეწნას ვითვალისწინებდი ხოლმე, როცა ხალხის დასანახად ჩემთან მოდიოდა და მეუბნებოდა: “წამოდი, უკვე დროა სახლში წამოხვიდე”. ცოტა შემრცხვებოდა(ხანდახან “ბევრიც”), მაგრამ ვჯიუტობდი; არ მეთმობოდა ფეხბურთის ყურება და ფულის მოგების ჟინი. ეს ჩემი წინააღმდეგობა და ჯიუტობა ერთი წლის თავზე ნაწილობრივ დაძლია ჩემმა შვილმა, პატარა ანანომ, რომელიც ისეთი საყვარელი იყო მძინარე და თან ისეთი საშინელი ტოტალიზატორში, რომ ვეღარ ვძლებდი და სახლში ვბრუნდებოდი. ბავშვმა ცოტა, სულ ცოტა დამაფიქრა ცხოვრების წესის გამოცვლაზე, ტოტალიზატორში რამდენიმე დღე საერთოდ არც მივსულვარ, მაგრამ, ხომ იცით: აი, ბოლოა… მეტს აღარ ვითამაშებ და მსგავსი ტყუილები? მერე კი წავაგე ხუთი ათასი.

***
არა, როგორ წავაგე, სულ სხვა საკითხია: საქმე ის არის, რომ… როგორც გითხარით, თამაშების შედეგებს ადვილად ვხვდებოდი, მაგრამ, როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონდა ჩემი ინტერესები, მიზნები… და როცა რამე გაინტერესებს (ამ შემთხვევაში კი “არსენალის” მოგება, რადგან ეს ჩემი საყვარელი გუნდი იყო), მხოლოდ იმას ხედავ, რაც გაინტერესებს და, თან, ზუსტად ისე, როგორაც ეს შენს სურვილს შეესაბამება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ “ბირმინგემი” უფრო ძლიერი გუნდია… მაგრამ მაინც მეტი უნდა მეფიქრა, სანამ ფულს ვისესხებდი.
ის ბიჭი იყო მაღალი, გამხდარი… და ისეთი შავი, რომ ერთის თქმისა არ იყოს, ვეჭვობდი: ამას დედა რძის მაგივრად მაზუთს ხომ არ აწოვებდა–მეთქი; მაგრამ ისეთი შეხედულებისა, რომ აუცილებლად გაგიჩნდებოდათ მისადმი მოწიწების მსგავსი გრძნობა. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ეს მე მჭირდა ასე: ყოველთვის ხომ “ჩმორი” ვიყავი და “კაი” და “ძველი” ბიჭების ყოველთვის მეშინოდა, ჩემი ქვეცნობიერი კი მათ მიმართ “შიში შეიქმს სიყვარულსა”–ს მსგავს გრძნობას აღმიძრავდა. მოკლედ, ამას შევეშვათ. მასთან მივედი და ვუთხარი:
– ზდაროვა.
– გაუმარჯოს, რავა ხარ?
– მაგრად, შენ?
– რავი, არა მიშავს, ტოო… რა იყო? რატო მოხვედი? – მასთან იშვიათად მივდიოდი, ძირითადად მაშინ, როცა დამიძახებდა და ფულს წამართმევდა, ან დამემუქრებოდა, თუ ფულს არ მოიტან, ყელს გამოგჭრიო.
– ფულს მასესხებ?
– მეღადავები, ბიჭო?! – მითხრა დამცინავად.
– არა, ტოო, რა გეღადავები… ამ რამდენიმე დღეში არი “არსენალი–ბირმინგემი”, ხოდა, ფული მინდა დავდო. თან უეჭველი არსენალი იგებს, ვიცი.
– მართლა? რას მელაპარაკები, ტოო? არსენალი იგებს? ვსოო, მაგარია. მარა მე ფული რატო უნდა გასესხო?
– ვიცოდი, რო მაგას მკითხავდი. მოკლედ, ხო გითხარი, არსენალი იგებს–მეთქი; ხოდა, მოკლედ, ფულს დავდებთ რა… და მოგებულს შუაზე გავიყოფთ. თან მე ხო მიცნობ, არა? შანსი არ არი, მე რო ვიტყვი, უეჭველი იგებს ის გუნდი.
– და რო წააგო? თუ გასესხებ, ვინ მომიტანს ფულს?
– შანსი არ არი, ტოო… ჯერ ერთი, თუ წავაგე, დაგიბრუნებ… მარა არ წავაგებ, გეუბნები რა… უეჭველი ვიცი, “არსენალმა” როგორ უნდა წააგოს…
დაფიქრდა, თავისი შორსმჭვრეტელი თვალებით უბანი დაზვერა, ბოლოს მე შემომხედა და მითხრა:
– კაი, ვთქვათ, დაგთანხმდი, რამდენი გინდა ფული?
– რავი… რამდენიც გაქ, იმდენი – ათასი, ორიათასი… – და შევატყვე, რომ ჭოჭმანობდა, ფიქრობდა, მოეცა თუ არა ფული… როგორც ჩანს, იმისაც ეშინოდა, რომ წავაგებდი, მაგრამ, თან, უფრო მეტი ფულის მოგების პერსპექტივაც ხიბლავდა.
– კაი. მოგცემ რაც მაქ, მაგრამ ორი პირობით – მოგებულის სამოცდაათი პროცენტი მე მინდა და თან, თუ წააგე, იცოდე, მოგკლავ… მართლა მოგკლავ, ბოზიშვილი ვიყო.
– ბაზარი არაა. ჯერ ერთი, უეჭველი მოვიგებ, მარა, გინდა ვერ მოვიგო, ფულს მაინც გადაგიხდი.
– საიდან? თუ ახლა არ გაქ, საიდან გადამიხდი?
– უეჭველი გადაგიხდი, – დავარწმუნე, – პროსტა შენ ის მითხარი, რამდენი გაქ ფული.
– ხუთი ათასი.
– მაჩვენებ?
– რა, ბიჭო, სიტყვაზე არ მენდობი?!
მე აქ შევამუხრუჭე:
– არა, ტო… როგორ არ გენდობი, პროსტა გკითხე რა…
– პროსტაზე არაა, ბიჭო. ან მენდობი, ან – არა! და ვისაც ჩემი სიტყვის არ ჯერა, მე იმის…
– მჯერა, მჯერა, ხო!
ფული ვისესხე, მაგრამ არც მარტივად და არც – მოვლენების განვითარების სასურველი დასასრულით: იმ შემთხვევაში, თუ წავაგებდი და თანხას უკან ვერ დავაბრუნებდი ხუთი დღის განმავლობაში, სიკვდილი მელოდა. მაშინ ამაზე არც მიფიქრია, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი საყვარელი გუნდი წააგებდა და ის რამდენიმე დღეც, სანამ ჩემთვის საბედისწერო თამაში ჩატარდებოდა, შინ ძალიან უცნაურად ვიქცეოდი. იმის თქმა მინდა, რომ ტოტალიზატორში აღარ წავსულვარ. მეტიც, მზრუნველი მეუღლე და მზრუნველი მამა გავხდი ცოტა ხნით – ანანოს ტირილი ადრე თუ მხოლოდ მაწუხებდა, ღამე მაღვიძებდა და ნერვებს მიშლიდა, ახლა ვფიქრობდი, რომ, რაღაცნაირად, მისი ტირილი სიცოცხლეა. ვესიყვარულებოდი, ვეფერებოდი, ვუღიტინებდი და ვაცინებდი. ბედნიერი ვიყავი იმ საბედისწერო დღემდე… კვირამდე.
კვირას კი ტოტალიზატორში წავედი, მთელი ფული არსენალზე დავდე და თამაშის ყურება დავიწყე. თავიდან არ ვნერვიულობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მოიგებდა… მაგრამ როცა პირველი გოლი გაუტანეს… საშინლად ავნერვიულდი. ფეხზე ავდექი, სიგარეტს მოვუკიდე, რომელსაც ძალიან იშვიათად ვეწეოდი… და აქეთ–იქით დავიწყე სიარული. ხელები ამიკანკალდა, ფერფლი თავისით მებნეოდა, მაგრამ დავმშვიდდი, როცა “არსენალმა” საპასუხო გოლი გაიტანა. თავი დავიარხეინე, სკამზე ჩამოვჯექი და სიამოვნებით გავაგრძელე თამაშის ყურება და სიგარეტის გაბოლება.
თუმცა…
ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა: იმის მაგივრად, რომ არსენალს კიდევ ერთი გოლი გაეტანა, ბურთი საკუთარ კარში მიიღო…
და ასეთი ანგარიშით დამთავრდა თამაში.
სხეულში სიკვდილმა დამიარა, ავკანკალდი მთელი ჩემი არსებით…
ჩემი გულის ხმა მესმოდა…
თვალებზე ბინდი გადამეკრა.
ასე ვფიქრობდი: “ვაიმეეე, ჩემიი!.. მაგრად დამერხა…”
ფრჩხილებს ვიკვნეტდი, ვტრიალებდი (თუ – ბრუნავდა ყველაფერი, ზუსტად არ მახსოვს), და გამოსავალს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოულობდი!
ხუთ ათასს არავინ მასესხებდა ისე, ჰაერზე…
დედაჩემს და მამაჩემს არ ჰქონდათ.
მე კი ერთ კვირაში თუ ფულს არ ვიშოვიდი, მკვდარი მერქვა.
გამოვფხიზლდი, თვალებში გამოვიხედე და პირველ რიგში იმათი სიხარული მენიშნა, ვინაც “ბირმინგემზე” დადო… გარეთ გამოვედი და ტოტალიზატორის კიბის საფეხურებს ჩემი “თეთრი ლექსები” მივუძღვენი.

***
ჯიბეში დედაჩემისთვის მოპარული ორმოცდაათლარიანი მედო და სასწრაფოდ ერთ–ერთ ბარში შევედი, რომ დავმთვრალიყავი და ცოტა ხნით მაინც არ მეფიქრა… სიკვდილის იმ ვარიანტებზე, რომელსაც ის შავი პიროვნება მპირდებოდა.
შეიძლება, პირდაპირ დამახალოს შუბლში ტყვია…
შეიძლება, მაწამოს და ისე მომკლას… ან, უკეთეს შემთხვევაში, ცოცხალი გადავურჩე – თუ პატრულმა მიშველა. არა, თუ დამიჭირეს, აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვიყვირო, რომ ვინმემ გაიგოს, პატრულში დარეკოს… და გადავრჩე. ასე უნდა მოვიქცე.
ერთ ჭიქას ვსვამ, მერე მეორეს… მერე მესამეს და მეოთხეს და მეხუთეს… ბოლოს ვთვრები.
ახლა ყველაფერი უფრო მარტივად უნდა ჩანდეს, მაგრამ არა – ჩემდაუნებურად ვტირი… და მომავალი სიკვდილის ყრუ შეგრძნებაც არ მასვენებს… არ მასვენებს ისე, როგორც კბილის ჩუმი ტკივილი.
– რატომ ტირი? – მესმის ხმა.
– მე?
– ჰო, შენ, – მითხრა და შევხედე: მაღალი, გამხდარი, შავთმიანი და ცისფერთვალება გოგო. ასე ოცი–ოცდაორი წლის. შეწუხებული სახე აქვს, ჩემით შეწუხებული… უფრო სწორად, ჩემი სახის გამომეტყველებით შეწუხებული; ეტყობა, შეამჩნია, რომ ჩემი გამომეტყველების მიღმა დიდი პრობლემები იმალება… და თან: ალბათ, მიყურებდა, ასე ანგარიშმიუცემლად რომ ვსვამდი.
მწარედ გამეღიმა.
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? – ვკითხე და თავი ჩავხარე პასუხის მოლოდინში.
– იქნებ შემიძლია, რომ დაგეხმარო? რატომ სვამ ამდენს, რატომ ტირი… უმიზეზოდ ხომ არ იქნება…
მაშინვე მივხვდი, რომ მოვეწონე… ამიტომაც დიალოგი უფრო გავშალე:
– მიზეზი ყველაფერს აქვს… მაგრამ ის მიზეზია ხშირად გაუმართლებელი, არასწორი, დაუფიქრებელი და… უაზრო, გრძნობებს აყოლილი. გრძობებს აყოლილი ისევე, როგორც ხელოვანები… და მათი ლექსებიც და ნახატებიც სწორედ რომ ჩემი ფურთხის ღირსია!..
– ფურთხის? – სხვა ვერაფერი მოიფიქრა. არ ელოდა ასეთ უცნაურ პასუხს.
– ფურთხის, ხო, ფურთხის! შენ იცი, რომ ვერავინ ამ ქვეყნად, ვერც ყველაზე დიდი და ვერც ყველაზე პატარა ხელოვანი… მე ვერ გამცდება! ვერ გამცდება, გიორგის კი არა, ვერ გამცდება ადამიანს! რადგან ისიც ადამიანია! და ან თავი უნდა მოიკლას, ან ჩემს წინაშე ქედი მოიხაროს!
– გიორგი გქვია?
– ხო!
– მე – ინგა... სასიამოვნოა, – მითხრა და გამიღიმა, თუმცა მალევე მიხვდა გამომეტყველების უადგილობას და უხერხულად დახარა თავი.
– არც ისე სასიამოვნოა სიკვდილის წინ შენნაირი გოგოს გაცნობა! – ვუთხარი მე.
– და… მოიცა… თავს იკლავ?!. – შემომხედა გაოცებული თვალებით, ნაწყენი თვალებით, მწუხარე თვალებით.
– არა. სხვა მომკლავს!
აქ უკვე თვალებში იმედმა გადაურბინა და გაიღიმასავით:
– რატომ უნდა მოგკლას იმ სხვამ? არაფერი მოხერხდება?
– რატომ?
– ჰო, რატომ? – დამიქნია თავი და ინტერესით მომაცქერდა.
– იმიტომ, რომ ფული წავაგე… და თუ დროზე არ მივიტანე, მომკლავენ, – ველოდებოდი, რომ მკითხავდა, რამდენი წავაგე.
– რამდენი წააგე?
– ხუთი ათასი… მაგრამ ის ფული ჩემი არ იყო. ამის გამო უნდა მოვკვდე.
– ხუთი ათასი?.. – მკითხა შეფიქრიანებულმა, – იცი, რა? იქნებ მე გიშოვო ხუთი ათასი?
ეს უკვე მომეწონა.
– შენ? – ვითომ გავიქნიე თავი, ვითომ გავიცინე, ყველაფერი “ვითომ–ვითომ” გავაკეთე, – შენ ან როგორ, ან რატომ უნდა მიშოვო ფული?
– როგორ და… მეგობრებს დავურეკავ, ვთხოვ, ვეტყვი, რომ მჭირდება… რატომ? იმიტომ… რომ ძალიან მომწონხარ და იმიტომ.
– შენ მოგწონვარ?! ხა–ხა! როდიდან? ხი–ხი! – დავცინე მე და უფრო გავუღვივე ჩემი დახმარების სურვილი.
– როდიდან? იმ მომენტიდან, როცა დაგინახე.
– შენ მე არ მიცნობ, იქნებ აფერისტი, ლოთი და მუქთახორა ვინმე ვარ?
– არა. ასეთი არა ხარ თუნდაც იმიტომ, რომ მასეთ კითხვას მისვამ...
– და, თუ დამეხმარები, მერე რა უნდა ვქნა?
– რა?
– ხო, “რა”.
– რა და… არც არაფერი – ვიურთიერთებთ, შეყვარებულები ვიქნებით… მერე დავქორწინდებით და შვილები გვეყოლება, – ეს მითხრა და გამიღიმა.
მე კი ვიცოდი, რომ თუ ამ სიტყვებზე შესაბამის გამომეტყველებას არ მივიღებდი, მაშინვე აზრს შეიცვლიდა და იფიქრებდა: “ყველა ბიჭი ერთნაირია”. ამიტომ ჯერ ისე გავიღიმე, თითქოს მისი ნათქვამი მესიამოვნა…
მერე კი:
– შვილები?
– ხო, შვილები.
– იცი, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა შვილი… გოგო…
– გოგო?! – ეს განსაკუთრებით გაუხარდა.
– ხო, გოგო… რომელსაც დავარქმევდი ანანოს და მოვეფერებოდი, მოვუღიტინებდი და გავაცინებდი.
– მართლა?
– მართლა. მაგრამ ახლა გვიანია…
– არა! გვიანი არ არის! მე დაგეხმარები, დამიჯერე!
– შენ? არა, შენ არ უნდა გაერიო ამ საქმეში. ჯობია, შენთვის დარჩე. არ უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი… სიმთვრალის ბრალია. უნდა წახვიდე.
– არსად არ წავალ, შენთან დავრჩები. ასე არ დაგტოვებ.
და ისე მოვახერხე, რომ იმ ღამით მასთან აღმოვჩნდი. სექსის თავი ნამდვილად არ მქონდა, თუმცა ეს აზრადაც არ მომსვლია.
დილას ავდექი. მშვიდად ეძინა და “ჩვილი თოვლივით ადნებოდა დილის სინათლე”. გავიხსენე, წუხელ რა მოხდა…
და ნერვიულობა განვაგრძე: კარგია, რომ ვიღაცას მოვეწონე და ჩემი დახმარების სურვილი გაუჩნდა, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა მაინც არ შეიძლებოდა. ხომ შეიძლება, რომ ვერ ეშოვა ფული? მითუმეტეს, ჰა–ჰა, სამი–ოთხი დღე ჰქონოდა… ეს ეკონომიკური კრიზისიც რომ ჩემს ჯინაზეა! ახლა არავინ არავის ასესხებს ფულს!
ინგას ლოყაზე ვაკოცე.
გამოეღვიძა და გამიღიმა.
როგორ ხარო, მკითხა.
– შესანიშნავი დილაა, სიკვდილზე ფიქრით რომ არ იწყებოდეს.
– არა! მე შენ გითხარი, რომ დაგეხმარები და ასეც იქნება.
– მე კი გითხარი, რომ შენ ამ საქმეში არ უნდა გაერიო–მეთქი.
– მისმინე… შენი ტელეფონის ნომერი მომეცი… და აუცილებლად დაკიგავშირდები… ხვალ, ან, მაქსიმუმ, ზეგ. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარდება. გადაულახავი პრობლემა არ არსებობს.
– ეჰ… კარგი. რვა, ხუთი, ხუთი…


***
ინგამ დამაიმედა რამდენადაც შეეძლო – დამპირდა მხოლოდ იმას, რომ ყველაფერს გააკეთებდა ფულის საშოვნად.
სანამ შინ მივიდოდი, რამდენიმე ნაბიჯი მაკლდა კორპუსში შესვლას, ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მომქაჩა. მოვბრუნდი და შავი, გაღიმებული სახე დავინახე:
– რას მეუბნებოდი, მოვიგებო? – მკითხა და ღიმილიანი სახე მკაცრში გარდასახა.
– ფულს დაგიბრუნებ ამ ორ–სამ დღეში, უეჭველი… – და მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ჩემს სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდა.
– იცოდე… – თავი დახარა და ჩაფიქრდა, – ან სამ დღეში ფულს დამიბრუნებ, ან მოგკლავ. მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ იცი, მარა ისიც იცოდე – ვერსად დამემალები, სადაც გიპოვი, იქ გაგიხვრიტავ შუბლს… სამ დღეში კიდე გნახავ. – აშკარა იყო, რომ მისი სიტყვები დამძიმდა, დამძიმდა სიკვდილამდე. მე კი ზუსტად აქამდე შევმსუბუქდი… ჩემი ახლადშობილი იმედი ავად გახდა.
კიბეებზე ასვლისას თავბრუ მესხმოდა. ძლივს მივაღწიე კარამდე და ზარი დავრეკე. შინ რომ მივედი, არავის არაფერი უკითხავს – გაბრაზებული და გამწყრალი სახეებით მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემი საქციელით უკვე ყელში ამოვედი. ანანო ჩხაოდა, მაგრამ ეს არ მადარდებდა – ჩემი ფიქრები იმედის გადარჩენას დასტრიალებდნენ თავზე, ეფერებოდნენ, უვლიდნენ და “პამპერსებს” უცვლიდნენ; იმედის, რომელიც ინგასგან მეყოლა.
მაშინვე შევედი საძინებელში და დაძინება ვცადე, – ეს ერთ–ერთი გზაა, რომ სინამდვილეს გაექცე – მაგრამ ვერ შევძელი. თავში ათას შესაძლებლობას ვსინჯავდი, ათას გზას დავადექი, მაგრამ არც ერთმა სამშვიდობოს არ გამიყვანა, არ გადამარჩინა – შინ ვერავის ვთხოვდი ფულს – ჯერ ერთი, ამდენი არ ჰქონდათ და, მეორეც, არავინ მომცემდა, თუნდაც, ორმოცდაათ ლარს – ყველას მობეზრებული ჰქონდა ჩემი სიტყვები: “ცოტა ფული მომეცი და მოგებისთანავე დაგიბრუნებ”. მეგობრებს ვერ ვთხოვდი, რადგან არ მყავდა(ეს “ჩმორის” ერთ–ერთი პრობლემაა). ბანკში მითუმეტეს – არსად ვმუშაობდი. დედაჩემის ხელფასი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ სესხი აეღო… რომ მოეხერხებინა კიდეც სესხის აღება, დროში გაჭიანურდებოდა, მე კი…
მე მჭირდებოდა ფული სასწრაფოდ, ორ ან, მაქსიმუმ, სამ დღეში! ვნანობდი, რომ სიმპათიური ვიყავი, ჭკვიანი კი – არა! ჭკვიანი ადამიანი გამოსავალს ყველანაირი მდგომარეობიდან მონახავს, მეტიც – ასეთ სულელურ შეცდომებს არასდროს დაუშვებს! მე კი… მე ახლა მხოლოდ ვიღაც გოგონას იმედზე უნდა ვიყო, რომელიც, ჩემზე მეტად სულელი აღმოჩნდა და გარეგნობის გამო გადაწყვიტა ჩემნაირი ხელიდან წასულისთვის დახმარება გაეწია. მაგრამ, იქნებ, ისეთი დაქალიც ჰყავს, ჭკვიანი რომ ჰქვია? და თუ იმას მოუყვება ყველაფერს, შეიძლება გადაიფიქროს ჩემი დახმარება! მაშინ რაღა მრჩება?!
მრჩება ყვირილი და ხავილი, განწირულის ხავილი “მიშველეეთ!..”. თუ დამიჭერენ, აუცილებლად უნდა ვიყვირო, რომ ვინმემ გაიგოს და პატრულში დარეკოს. ამ შემთხვევაში… იქნებ გადავრჩე… იქნებ გადავრჩე! დავიჩოქე, იმ მხარეს შევბრუნდი, საიდანაც მზე ამოდიოდა:

“მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!
წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა…
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან! რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”

და ავტირდი.
სახლში, რა თქმა უნდა, შეამჩნიეს, რომ ძალიან უცნაურად ვიქცეოდი. მკითხეს კიდეც, რა მჭირდა, ჩამეძიენ, მაგრამ როცა პასუხად ჩემი ყვირილი “დამანებეთ სუყველამ თავი!” მიიღეს, გაჩერდნენ. ჩემი ცოლი მოვიდა, ხელი მომხვია, თავი მხარზე დამადო და მითხრა:
– კარგი, გაჩერდი… ნუ ყვირი.
თუმცა ეს არ მესიამოვნა: რა მოფერება, რის დამშვიდება, ვიღუპები კაცი! ეს კი აქ მოდის და მამშვიდებს!
– გადი, ქალო, იქით! შემეშვი! ბავშვს მიხედე, ხომ ხედავ, ტირის! – და ისიც მოვიშორე.
ასე გავიდა ერთი დღე… მეორე…
გათენდა მესამე დილა… წელი ისე ავითრიე, თითქოს კაცობრიობის სულიერი ტკივილი მაწვა მთელი სიმძიმით ზურგზე, ავდექი. რაკი გარეთ არ გავედი ამ დღეების განმავლობაში და სულ ვჩხუბობდი, ვყვიროდი და ცოლსა და მშობლებს გულს ვტკენდი, – იეჭვეს, რომ რაღაც მჭირდა… მანამდეც იეჭვეს, მაგრამ მაშინ შემეძლო მათი ეჭვების გაქარწყლება, ახლა კი ისეთი დარწმუნებულები იყვნენ, რაღაც დამემართა, რომ ვერავინ გადაარწმუნებდა.
– შვილო, გიო… – მოვიდა მამაჩემი ჩემთან, – ვიცი, რომ სულ ვჩხუბობთ, სულ ვკამათობთ… და ისიც ვიცი, ეს რატომ ხდება… მაგრამ ჩვენ მამა–შვილი გვქვია და მე შენ მიყვარხარ. თუ ფული წააგე, მითხარი… მოვახერხებ რამეს და გიშოვი... – მისი სიტყვები გულზე მომხვდა, თუმცა:
– აუ, მამა, კარგი რაა… ფული არა, ის…
– აბა, რა ხდება, მითხარი!.. ეს სამი დღეა, ყველას გვიყვირი, გვეჩხუბები, ვითომდა შენთვის ვინმეს რამე დაეშავებინოს! ჩვენც ადამიანები ვართ, გაგვაგებინე, რა ხდება!
– გითხარით, ყველამ თავი დამანებეთ–მეთქი! თქვენ მაინც ვერ დამეხმარებით!
და ისევ საძინებელში გავედი.
გადავხედე იმედების ჩამონათვალს. ზოგი აშკარად მკვდარი იყო, ზოგი კი ახლა ფართხალებდა და კვდებოდა. ისევ მრჩებოდა ინგა, რომლის იმედსაც განსაკუთრებით ვუვლიდი და ბოლო დღემდე შემომრჩა, რადგან მე თვითონ მინდოდა ეს. მთელი დღე ველოდი მის ზარს… მოუსვენრად დავდიოდი ოთახიდან ოთახში და, ბოლოს, საღამოს, ახლადშობილი იმედი რომ მოკვდა, ჩემი მობილურის ხმა გაისმა: ტანა–ნაა–ნაა, ტანა–ნაა–ნაა, ტანა–ნაა–ნაა–ნააა… ერთბაშად გამოვცოცხლდი, გავხალისდი და ფრთები შევისხი:
– დროზე ჩამო დაბლა, ბიჭო, და მეორე “პადიეზდიდან” გასვლა არც იფიქრო, მაინც ვერ გახვალ! – გავიგონე ეს სიტყვები და ფრთები შემეკვეცა, სიცოცხლის სიხარული ერთბაშად დავკარგე.


***
თავბრუ დამესხა, თვალებში დამიბნელდა. თითქოს შიშმა დამიარა სხეულში, მაგრამ ეს სიკვდილის შიში არ ყოფილა:
სიკვდილთან ახლოს მხოლოდ სიცოცხლეზე ფიქრობს ადამიანი. უნდა, რომ გადარჩეს და, მეტიც, მხოლოდ სიცოცხლეს გრძნობს. ეს გრძნობა ძალიან ნათელი და მკაფიოა, გასაგები… და, თუმცა, სიკვდილთან ახლოს ძნელია ფიქრი, ვფიქრობდი, ახლა რომ მოვკვდე, ჩემგან რა დარჩება–მეთქი; ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი და ჯერ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. გული მწყდებოდა ყველასა და ყველაფერზე: დედაზე, მამაზე, ცოლზე, შვილზე… ფეხბურთზე; ყველასა და ყველაფერზე. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ყველაზე სასიამოვნო სიკვდილში რწმენაა, სიკვდილის რწმენა და ყველაზე უსიამოვნო მასში ეჭვია, რომ იმის შემდეგ უსასრულობაა, არარაობაა. მოკვდები და ვეღარ იფიქრებ, მოკვდები და აზროვნება აღარ იქნება – ამაზე საშინელი შეგრძნება არაა.


***
არც მიფიქრია მეორე სადარბაზოდან გასვლა, მაინც ვერ გავიდოდი! ქვემოთ ჩავედი. ძლივს გავაღე კარი და ნელ–ნელა, ფეხათრევით გავემართე იქითკენ, სადაც… იდგა შავი ბიჭი სამ მეგობართან ერთად.
თუმცა…
წინ ერთმა იდეამ თუ იმედმა გადამირბინა: ჩვენ შორის მანძილი საკმაო იყო იმისთვის, რომ გავქცეულიყავი… და თუ მოვინდომებდი, ხელიდან დავუსხლტებოდი კიდეც…
ასეც მოვიქეცი: ორი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ისე, რომ ჩემში არაფერი შეიმჩნეოდა გაქცევისეული, შემდეგ კი რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუსვი.
“დაიჭირეთ მაგის!..” მესმოდა ხმები უფრო დასრულებული, დაბოლოვებული სახით.
მე კი გავრბოდი და გავრბოდი, – არ ვიცოდი, საით…
თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი გაქცევა უაზრო იყო, მაინც ვყვიროდი:
“მიშვეელეეეეთ! მიშველეეეეთ!”
და უცბად აღმოვაჩინე, რომ ჰაერში ვარ; თურმე რომელიღაცას გზა მოუჭრია ჩემთვის… და “მომცელა”.
ასფალტი გულ–მკერდით და სახით ავწმინდე.
წამოდგომა ვცადე, მაგრამ წიხლი მომხვდა მუცელში, მერე ხელებში, რომლითაც სახეს ვიფარავდი, მერე ზურგში.
მე ემბრიონის ფორმა მივიღე და ველოდი, როდის გაჩერდებოდა “წვიმა”. მაინც ვიცოდი, რომ ყველაფერი ამით არ დამთავრდებოდა: დამიჭირეს, ზოგმა ხელებში წამავლო, ზოგმა ფეხებში.
მე გველივით ვიგრიხებოდი, თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა.
– აუ, გეხვეწები, არ მომკლა, გეხვეწეეებიი… გემუდარები. – ვტიროდი და ვხაოდი.
– ეგ ცოტა ადრე უნდა გეფიქრა!
– გემუდარები!.. ცოლი მყავს და შვილი… მიხედვა უნდათ, ნუ მომკლავ… გაფიცებ… – ვეღარ მოვიფიქრე, რა დამეფიცებინა… მერე ვიხავლე:
– მიიშვეელეეეთ! ხალხო, მიშველეეეეეთ!
– გააჩუმეთ ამის..!
გამაჩუმეს.
წამათრიეს ისეთ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო.
სველი ტანსაცმელივით ვეკიდე ჩემთვის გაუგებარი ადამიანების მხრებზე.
ვხედავდი ბუნდოვნად და ვხვდებოდი, რომ მოძრაობა, რომელსაც ვხედავდი იყო ის, რომელსაც ვხედავდი და ის, ვინც მოძრაობდა, იყო ის, ვინც მოძრაობდა.
მესმოდა ხმა, არ მესმოდა სიტყვების შინაარსი და მაინც ზუსტად ვიცოდი თითოეული ბგერის დანიშნულება.
შუბლზე წრიული სიცივე ვიგრძენი...

***
“გიო, მიპასუხე, გთხოვ… ინგა ვარ, გიო... შეგიგროვე ის ფული... მიპასუხე, რა!..”
...აწკრიალებული მობილურის ხმა ვიღაც გამვლელმა გაიგო, ტელეფონი ხელში აიღო, სასწრაფოდ სიმ–ბარათი ამოაცალა, შორს მოისროლა და გახარებული გაიქცა.

2011 წელი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლევან თურმანაული   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ლევან თურმანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: