არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზურაბ კანდელაკი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზურაბ კანდელაკი   Tue Mar 29, 2011 11:26 am


Zurab Kandelaki

ზურაბ კანდელაკი

ზურაბ კონსტანტინეს ძე კანდელაკი (დ. 25 თებერვალი, 1941, თბილისი, საქართველო), – ქართველი რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი.

ზურაბ კანდელაკი დაიბადა 1941 წლის 25 თებერვალს, თბილისში.

დედა: თამარ კანდელაკი. მამა: კონსტანტინე კანდელაკი. მეუღლე: ზეინაბ გზირიშვილი (1944). შვილი: კონსტანტინე (1966).

1958 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა.

1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატულ თეატრში, დამდგმელ რეჟისორად.

1967 წლიდან მუშაობს საქართველოს რადიოში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ კი, 1973 წლიდან მთავარ რეჟისორად.

პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1990-92 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია.

რადიოში განხორციელებული აქვს ოთხასამდე რადიოსპექტაკლი.

სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.

1995 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო..." განხილვა. იმავე წელს, ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში. იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია).

ზურაბ კანდელაკის პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკარში". გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს". მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში ("მნათობი", "ჩვენი მწერლობა", "ომეგა", "ახალი ქართული გაზეთი", "ლიტერატურული პალიტრა" და სხვა.

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.

ბმულები:

* ვიკიპედია – http://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_კანდელაკი

* ლიბ.ჯე – http://www.lib.ge/authors.php?336

* ფეისბუკზე – http://ka-ge.facebook.com/profile.php?id=100000854726146

* რადიოთეატრი - http://www.radio1.ge/RadioTheatreByCat.aspx?CatID=1

study


Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 11:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Tue Mar 29, 2011 11:35 am


Zurab Kandelaki


ზურაბ კანდელაკი ,,რეპეტიცია"

ჩაწერილია 1994 წელს.

მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე, გივი ჩუგუაშვილი, რევაზ თავართქილაძე, ლამზირა ჩხეიძე, დარეჯან ხარშილაძე, რამაზ იოსელიანი, გიზო სიხარულიძე, ჯემალ მონიავა, ლადო ცხვარიაშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ქეთევან გეგეშიძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი, ვაჟა კვიტაიშვილი, დათო უფლისაშვილი, გია ლეჟავა, თემურ შამათავა, თემურ ხუციშვილი, ზაზა ლებანიძე, ნატო გაგნიძე, მანანა თევზაძე, უშნგი კაპანაძე, სოსო ხაინდრავა, ნანა ჯაფარიძე, ჯემალ მელქაძე, დიმიტრი ტატიშვილი.

რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი – რომეო ტერ–გრიგორიანი
ხანგრძლივობა - 69 წუთი.

მოვუსმინოთ - http://www.radio1.ge/FRT.aspx?RTID=52

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Tue Mar 29, 2011 11:43 am

ზურაბ კანდელაკი

ერთი თავი რომანიდან: "უძრავი ქარი", 2009


7

კვლავ ამა და ამ წლის, ამა და თვის, ამა და ამ რიცხვის
შემდგომ განვითარებული მოვლენები. აგრეთვე, დრო-ჟამისაგან
გაფერმკრთალებული მოგონებები. (პარალელური მონტაჟის
და ცნობილი ლიტერატურული ხერხების გამოყენების ცდა.)



აპოლიოტსა და კეკიას საშუალ ნიავი...
ნიავი მცირე ქარია...
ესრეთ არს ყოველი ქროლვა...
_ ნიავი არა, ნიახური! _ შეუღრინა იორამმა იმანუილს, _ გრიგალი!.. გრიგალი!.. მთაწმინდიდან მოვარდნილი გრიგალი!.. გრიგალი! ქარიშხალი! ტაიფუნი! ქარბორბალა!
ნიავქარი კეთილი ქარია...
_ ჰაერის გადაადგილების აღმნიშვნელი ყველა სიტყვიდან პოეტმა ნიავი აირჩია, იმიტომ რომ ნიავი ყველაზე კარგად გამოხატავს მის ჩანაფიქრს _ მშრომელ ხალხზე ზრუნვაში დაღლილ-დაქანცულ ჩვენს ძვირფას ლავრენტი ბერიას სწორედ ნიავმა უნდა უმღეროს, ისეთმა ნიავმა, პაპანაქება სიცხეში რომ მოცქრიალდება, ნაზად რომ დაუბერავს, სასიამოვნოდ რომ გელამუნება და გახურებულ შუბლს გიგრილებს!.. _ ჭიჭიკო მასწავლებელს გაკვეთილის დამთავრებამდე მეტი არაფერი უთქვამს, ჯიბიდან თავისი დიდი ცხვირსახოცი ამოიღო და ნელა გაშალა, შემდეგ ასევე ნელა დაკეცა, ისევ ჯიბეში ჩაიდო და ისევ ამოიღო, კვლავ გაშალა და კვლავ დაკეცა. ბავშვები, ჯერ გასუსულები ისხდნენ, მერე ჩურჩული დაიწყეს, ჩურჩული ხმამაღლა ლაპარაკში გადაზარდეს, ლაპარაკი ყვირილში და ისეთი აურზაური ატყდა, ქართულის კი არა, ბოტანიკის გაკვეთილი გეგონებოდა.
აურზაური სალხინეთში.
_ ჩვენი სევერიანეს ბიჭია! _ ასე გააცნო იორამმა, იგნატესა და იმანუილს, ჟურნალისტი კოჩიავა, რომელსაც გილიოტინის მშენებლობის დამთავრების აღსანიშნავად გამართული საზეიმო საღამო უნდა გაეშუქებინა. თან არის და თან არ არის! სევერიანეს ბიჭის საპატივსაცემოდ, იმანუილის ოთახში ან ვინ უწყის, იქნებ პალატაში, პატარა სუფრა გაიშალა. იმანუილი ვერაფრით ვერ იხსენებდა, თუ ვინ იყო სევერიანე, _ რადგან იორამმა თქვა, ჩვენი სევერიანესიო, ჩვენი ყოფილა, და თუ სევერიანე ჩვენი იყოო, მაშინ, რაღა თქმა უნდა, მისი ბიჭიც ჩვენიანი იქნებაო! _ ბოლოს და ბოლოს, დაასკვნა იმანუილმა და სევერიანეს ბიჭის სადღეგრძელო ისე დალია, რომ ჭიქაში წვეთიც კი არ ჩატოვა. იორამმა კი, სევერიანეს გამჭრიახობა, მოხერხებულობა, ჭკუა-გონება აღნიშნა და განსაკუთრებით მის მარჯვენას შეასხა ქება-დიდება.
იგნატე დუმდა.
ჭიჭიკო მასწავლებელიც დუმდა. მისი ცხვირსახოცი ზომაზე დიდი იყო და ისე ქათქათა, დაბეჯითებით შეიძლებოდა თქმა, რომ დანიშნულებისამებრ (ცხვირის მოსახოცად) არასოდეს იყენებდა.
და განდევნიან მას თვისა ქვეყნიდან...
_ დედის თხოვნა რატომ არ შეისმინე?!. _ შემოსვლისთანავე შეეკითხა იორამი იმანუილს, _ მიპასუხე, რატომ არ დაუჩოქე და მღვდელი რატომ არ მიუყვანე?!.
იმანუილმა იორამს ისე შეხედა, თითქოს მის წინაშე საგიჟეთიდან ახალგამოქცეული გიჟი იდგა.
_ ო, სოლე მიო! _ იგნატემ რაღაც იაზრა.
იმანუილმა აქეთ-იქით მიმოიხედა და მზერა იმ კუთხეს მიაპყრო, სადაც სადურგლო ხელსაწყოები ეგულებოდა.
_ მიპასუხე! მიპასუხე! _ არ ეშვებოდა იორამი და მოტვლეპილი თავი ისეთნაირად აალაპლაპა, რომ იქედან არეკლილმა სხივებმა იმანუილის თვალებში შეაღწია და მისი მხედველობის არედან უმალ გაქრა მხსნელად ნაგულები ჩაქუჩი, ხერხი და შალაშინი. განიარაღებული იმანუილი მორჩილად იდგა იორამის წინ და ვერაფრით ვერ ახერხებდა მისკენ მიმართული სამას ვოლტიანი ნათურის დამაბრმავებელი შუქისგან თავის დახსნას. შორიდან კი, უცნაური იყო, მაგრამ მაინც, ისმოდა დოლ-გარმონის ხმა. შალახო... და სხვა გზა არ ჰქონდა იმანუილს, პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე.
_ მაშინ არ შეიძლებოდა... ხომ იცით, რა დრო იყო... მაშინ აკრძალული იყო!..
იმანუილის აკანკალებული ხმის გაგონებისთანავე, იორამმა პატარა ბიჭივით შეიკუნტრუშა და გახარებულმა შესძახა, _ არის! ვყოფილვარ არტისტი, ნამდვილი არტისტი და თურმე არ ვიცოდი! _ ხტოდა, ციბრუტივით ტრიალებდა ეს დროული კაცი, ენერგია, ასაკთან შედარებით არც ადრე აკლდა, ახლა კი გაათმაგებოდა, _ ხომ ვერაფერს მიხვდით, ხომ ვერაფერს მიხვდით, დედის სულს გაფიცებთ, მითხარით, ხომ ვერაფერს მიხვდით, ხომ იფიქრეთ ძველი დრო დაბრუნებულაო!.. არა, თავიდან არა, თავიდან ალბათ გაიფიქრეთ, გაგიჟებულა ბებერი იორამიო!.. არ შემეპასუხოთ! ასე იფიქრეთ! ასე!.. მხოლოდ მერე, ჩემი ოსტატობა რომ გამოვამჟღავნე, მერე დაეჭვდით, იქნებ მართლა დაირღვა დროთა კავშირი, იქნებ ჭეშმარიტების უდავო მაუწყებელი დროის ბორბალი უკუღმა დატრიალდაო! გაიფიქრეთ და უმალ დაიჯერეთ, ასეა! ასე! _ მის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, _ ბატონო ჩემო, მინდა ახალი ამბავი გაუწყოთ, თუმცა აქტიორები არ გეახლნენ აქ, მაგრამ მაინც, ყოველ მათგანსა სახედარი ჰყავდა საჯდომად... როლი მივიღე, ბატონებო, როლი! ტრაგიკულ-კომიკურ-ისტორიკულ-იდილიკურ პიესაში!.. და მინდა გახაროთ, რომ თქვენც! _ აქ მცირე ხნით შეყოვნდა და ჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი პირქუში გამომეტყველება დაუბრუნდა, _ ოღონდ, არ შეცდეთ და არ გაბედოთ ჩემზე თქმა, ბერიკაცს ბავშვობა ორჯერა აქვს გამოვლილიო! _ იორამს თითის დაქნევაც ეხერხებოდა.
დედის თხოვნა რატომ არ შეისმინე?!.
იორამმა, იგნატესა და იმანუილს, შუაზე გადაჭრილი ცალხაზიანი რვეულები გადასცა, რომელთა თავფურცელზე ეწერა: I დურგლის როლი და II დურგლის როლი. I დურგლის როლი იმანუილს ერგო, II დურგლისა იგნატეს, ხოლო კონსულტანტის განსახიერების პატივი იორამს ხვდა. (სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი როლების სწორი განაწილებააო, ამტკიცებდნენ და დღესაც ამტკიცებენ გამოჩენილი და არაგამოჩენილი რეჟისორები).
ტრაგიკულ-კომიკურ-ისტორიკულ-იდილიკური...
კარგ მსახიობს ყველაფრის გამართლება შეუძლია!..
_ ძმებო, მეც თქვენთანა ვარ! _ შესძახა შიომ და ფანჯრის რაფიდან ისკუპა...
რუსთაველის თეატრში ნანახი პირველი სპექტაკლი... ძმებო, მეც თქვენთანა ვარ!.. ლევან ხიმშიაშვილით მოიხიბლა... რამ მოხიბლა, უნებურმა ღალატმა თუ თავგანწირვამ?!. ნელა იხსნებოდა ფარდა... დიდი, მძიმე, ოქროსფრად აელვარებული დატალღული ხავერდი... უცნაურმა სიგრილემ დაუბერა სცენიდან და შიო ვებერთელა ურჩხულის პირდაფჩენილ ხახაში გადაეშვა... ეს ქარი უფრო ნაზია!
ისტორიკულ-იდილიკური...
I დურგალი: ჩამოვა?!.
II დურგალი: ასე მთავრდება ეს წუთისოფელი...
I დურგალი: არ ჩამოვა?!.
II დურგალი: არა გრიალით, არამედ სლუკუნით!..
შავსათვალიანი იორამი ჯოხის ცეცებით უახლოვდება დურგლებს. რეჟისორის ინტერპრეტაციით, კონსულტანტი უსინათლოა.
I დურგალი: თუ არ ჩამოვა თავს ვიღა მოჰკვეთს?!.
კონსულტანტი: შენ!
II დურგალი: რას ბრძანებთ ბატონო... მე მხოლოდ და მხოლოდ დურგალი ვარ!..
კონსულტანტი: მერე რა!.. და შენ გგონია რომ ჯალათი არა ხარ?!. (აქამდე, სიმძაფრის შესამსუბუქებლად, ჯალათს, გუბერნატორის ნება-სურვილის აღმსრულებელად მოიხსენიებდნენ, იორამმა კი, შთაბეჭდილების მოსახდენად, მას თავისი ნამდვილი სახელი უწოდა. იმავდროულად, ქვეტექსტით იგულისხმება დურგლების ისტორიული ცოდვა _ რომ არა დურგლები, არც სახრჩობელა, არც გილიოტინა და არც სხვა მსგავსი საშინელებები არ იარსებებდა, რომ არაფერი ვთქვათ...)
რეპეტიცია კარგად მიმდინარეობდა. იორამის მსგავსად, იგნატესა და იმანუილსაც აღმოაჩნდათ მსახიობური მონაცემები.
I დურგალი: სადაური ჯალათი ვარ მე, ბატონო!
კონსულტანტი: ნუ გეშინია, სიკვდილი მხოლოდ შემეცნების ფუნქციაა _ მათი შემეცნებისა ვინც დანაკარგს განიცდის. (ეს აზრი იორამმა ფოლკნერისაგან მიითვისა, მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაზე წარმოდგენაც არა ჰქონდა. საინტერესოა, ვინ გაუწია დახმარება _ შიომ, სოფრომმა თუ ავტორმა?)
I დურგალი: შენ მაინც უთხარი რამე!
II დურგალი: ასე მთავრდება ეს წუთისოფელი...
კონსულტანტი: თვალებში თუ არ შეხედავ, უკეთესია... მთელი მისი მიმავალი ცხოვრება თვალებიდან იღვრება.
I დურგალი: ხუმრობთ, არა?!
კონსულტანტი: შეშინებასაც ვერ ასწრებს... მანამდე ეშინია, მერე, იმ წამში, არა!
I დურგალი: თავი დამანებეთ, გესმით?!
კონსულტანტი: შენთან რომ მოიყვანენ, ის ცოცხალი აღარ იქნება, ოღონდ არ ეცოდინება, რომ მკვდარია!
I დურგალი: სულ დავანგრევ ამ ოხერს!
კონსულტანტი: დააგვიანე, რადგან ააშენე, ვეღარ დაანგრევ!
I დურგალი: მართლა ვერ დავანგრევ?
II დურგალი: `მთელი ღამე ბოდავდა, შავი ავაზა ელანდებოდა...” (რატომ ამბობს ამას იგნატე, გაურკვეველია, ისე კი, ადრეულ შუა საუკუნეებში, ავაზას სიმბოლურად ქრისტეს უკავშირებდნენ.)
კონსულტანტი: შენ გგონია უცოდველი ხარ?
I დურგალი: გიჟია ეგ ჩემი ცოდვით სავსე!..
რეპეტიცია კვლავ კარგად მიმდინარეობდა.
II დურგალი: `ეს ოხერი, რა იქნებოდა დაგეჩოქა, კინჩ!” (სიტყვა “კინჩის” მნიშვნელობა ბუნდოვანია. შესაძლოა ნაწარმოები იყოს ბალღიდან. არსებობს სხვა ვერსიებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ბალღი უფრო შესაფერისია.)
კონსულტანტი: ჰო, ჰო, რატომ არ დაიჩოქე, როცა მომაკვდავი დედა გეხვეწებოდა, მღვდელი რატომ არ მიუყვანე?!
I დურგალი: მაშინ არ შეიძლებოდა!
II დურგალი: `პირს ნუ იბრუნებ და ნუღარ ნაღვლობ...”
I დურგალი: მოვკლავ!
კონსულტანტი: სიკვდილი რაღაა, შენი ან თუნდაც ჩემი... ჩაძაღლებაა, სხვა არაფერი... შენ ხომ ყოველდღე უყურებ თუ როგორ ფშიკავენ ფეხებს... თანაც ხომ შეიძლება, ხვალ მიწა იძრეს, შეიძლება შიდსიც შეგეყაროს, შეიძლება კაცი, ქუჩაში ვიღაცის გასროლილი ტყვიითაც მოკვდეს, შეიძლება შიმშილითაც... შენ კი, გასამრჯელოს მიიღებ!
II დურგალი: დედის თხოვნა რატომ არ შეასრულე და მღვდელი რატომ არ მიუყვანე?..
ძმა ძმას ეხვეოდა... ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ... მღვდელი კი ბუტბუტებდა თავისთვის, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, და აუღელვებლად ელოდა თავის რიგს... და აი, გასროლა...
კონსულტანტი: ეჰ, ჩემო კარგებო, რომ გენახეთ რა ვიყავი ახალგაზრდობაში, რა კოხტა ბიჭი, ყველა კოხტას მეძახდა, სარკესავით პრიალა ჩექმებს ვატარებდი, შემოტკეცილს!.. საყელოზე რომბებსაც სულ კრიალი გაჰქონდა! ჩემი საქმის ნამდვილი ბეთჰოვენი ვიყავი! დიახ, ბატონებო, უდიადეს ბეთჰოვენს ესმოდა უდიადესი მეცხრე სიმფონია! (იორამმა დირიჟორივით აღმართა ხელები და სახეზე, ისეთი ნეტარი ღიმილი მოეფინა, რომ თუ სასწაული მოხდებოდა და მისი მოტვლეპილი თავი ჭაღარა თმით დამშვენდებოდა, ნამდვილი ჰერბერტ ფონ კარაიანი იქნებოდა!.. ან სულაც ის!..)
_ თხამ შეჭამა ვენახი... წვერსა და ულვაშს იპარსავს ქალი... – რეპეტიციის დამთავრების შემდეგ, ამ გამოცანის გამოცნობა შესთავაზა კონსულტანტმა (იორამმა) დურგლებს (იგნატესა და იმანუილს).
ნიჭი სიყვარულისა და ნიჭი დაუნდობლობის!..
ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, დურგლებმა აღიარეს თავიანთი უძლურება. იორამის პასუხი კი, ასეთი იყო, _ მელა ბუჩქის ძირას საფლავს უთხრის თავის დიდედას! _ საიდან სადაო?! _ გაუკვირდა მხოლოდ იმანუილს. მართლაც, საიდან სადა! (ვისაც აინტერესებს თვითონ იმარჩიელოს.) თხამ შეჭამა ვენახი... წვერსა და ულვაშს იპარსავს ქალი ანუ მელა ბუჩქის ძირას საფლავს უთხრის თავის დიდედას!
ტრაგიკულ-კომიკურ-ისტორიკულ-იდილიკური...
სადაც უნდა გაიხედო _ კედელი აღმართულა, საითაც უნდა გაიხედო _ ლულა მოგჩერებია!..
როსინის მუსიკა და თეთრებში გამოწყობილი კლაუდია კარდინალე... გვიდო ანსელმის აუხდენელი ოცნება... როსინის მუსიკა და თეთრკაბიანი გოგონა... თეთრკაბიანი გოგონა და სიკვდილმისჯილთა საკანში გამომწყვდეული ბიჭი...
გოგონა: მე მესმოდა მისი ხმა, მისი ფიქრები დაუბრკოლებლად აღწევდნენ ჩემამდე... ო, როგორ ეშინოდა!.. ღმერთო, როგორ ეშინოდა!
ბიჭი: მე, ჰამლეტი უნდა მეთამაშა... მე, ვოცნებობდი ჰამლეტზე... დანია საპყრობილეა!.. არა, არა, დანია არა! ჩემი ქვეყანაა საპყრობილე!.. არ მეგონა, სიკვდილს თუ მომისჯიდნენ!.. ერთი საათია გათენებამდე! ერთი საათი! ისინი ჩქარა მოვლენ!.. მე ვგრძნობ... ვგრძნობ!
გოგონა: თეთრი გემი კი მიაპობდა ღვინისფერი ზღვის ტალღებს... ათასი ნაირფერი ნათურით გაბრდღვიალებული თეთრი გემი...
ბიჭი: იცი, ხეს მოწყვეტილი ფოთოლი, ისე ლამაზად, ფარფატ-ფარფატით ეშვება დედამიწაზე, ისეთი სიმსუბუქით ღებულობს გარდაუვალს, რომ ტკივილს არა გრძნობს... ტკივილს არ იგრძნობო! ფოთოლივით... ფარფატ-ფარფატით... ღმერთო ჩემო!.. არ მინდა!.. არ მინდა! გესმით, არ მინდა! მიშველეთ, მიშველეთ!.. მამა, მიშველე! სადა ხარ, მამა! მამა!!
და მღეროდა ბოშურ რომანსს შარლ აზნავური _ `ÝЭх раз, еще раз...õ
და დაუბერა ქარმა უეცრად, აზვირთდნენ ტალღები და გემი, თეთრი გემი, თეთრაფრიანი ხომალდი, ჩაიძირა ამღვრეულ, აქაფებულ ტალღებში...
_ როდის იყო, რომ ეგენი ვინმეს ინდობდნენო და ყოფილა კი, თუნდ ერთი შემთხვევაც, ვინმე რომ დაენდოთო! _ შიომ ახლაც იგივე გაიფიქრა, რაც მაშინ, როცა გიამ თითები მოაკუმინა და ტყვიით შენგრეულ კეფასთან მიიტანა მისი ხელი.
გიას ჰამლეტი უნდა ეთამაშა...
ყველამ ყველაფერი იცოდა და მაინც, არავინ არაფერი არ იცოდა!
ტრაგიკულ-კომიკურ-ისტორიკულ-იდილიკური...
მეგობარი ხმას არ იღებდა. გრძნობდა, რომ შიო ჩიხში შედიოდა და თუ ასე განაგრძობდა, თავისივე ახლართულ-ჩახლართულიდან თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდებოდა. _ მაინც ნურავის განვსჯით, განსჯა ადვილიაო! _ ეს ურჩია მხოლოდ. _ არცა მსურს განსჯაო! _ უპასუხა შიომ, _ ან კი, როგორ უნდა განვსაჯო, როცა... _ და დადუმდა... წვეთი წვეთს ემატება... ცოდვა ცოდვას... და გაიყვანეს სტეფანე ქალაქგარეთ... ცოდვილების ქვეყანაში... ნეტა, ვინ ვის უთხრა, სოფრომმა მას, თუ პირიქით, მან სოფრომს... სოფრომი... სოფრომი... საიდან მოიგონა ეს სახელი... რაღა მაინცდამაინც სოფრომი... Софром... Ñîôðîì
მეგობარი, სოფრომის ყოველ ხსენებაზე, უფრო და უფრო რწმუნდებოდა თავის ვარაუდის სისწორეში, რომ თუ არაფერი შეიცვლებოდა, შიო, თავისივე მოგონილი სოფრომის ბედს გაიზიარებდა, და თუ ეს მართლა ასე მოხდებოდა, თვითონაც გაქრებოდა, აღარ იარსებებდა თანშეზრდილი მეგობარი.
შიო ხვდებოდა, რისიც ეშინოდა მეგობარს, როდის იყო ეგენი ვინმეს ინდობდნენო... ამიტომაც მის დამშვიდებას შეეცადა, _ დაწყნარდი, ნუ ღელავ, ხომ იცი, ზედმეტს არაფერს ვიტყვი, აბა, სად გილიოტინა და სად ის ამბავი!.. შენთანაც კი არ ვაკონკრეტებ არაფერს და თუ ვინმეს რამე მოეჩვენება, ეგ უკვე ჩემი ბრალი აღარ იქნებაო! _ თავი დაიმშვიდა და რა თქმა უნდა, მეგობარიც დაამშვიდა. _ ისე კი, ნამდვილად ასეა, ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას მართლაც ვერსად გაექცევი!
_ ჰო, ჰო, გეთანხმები! აბა, რა! ასეა!.. ცოდვილების ქვეყანაში!.. _ როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ჩაებღაუჭა მეგობარი ამ სიტყვებს, _ უფრო მეტსაც გეტყვი, ვერავინ!.. ცოდვას ვერავინ გაექცევა! გესმის, ვერავინ!.. ვერავინ!
მეგობარი დამშვიდებული წავიდა. წასვლისას, ჩვეულებისამებრ, ჯიბიდან ვისკი ამოაძვრინა და მაგიდაზე დადგა, ამჯერად `გლენფიდიხი”. ბოთლზე ჭიქა იყო ჩამოცმული _ მომრგვალებული სამკუთხა, მძიმე, სქელი ძირით, მხოლოდ ვისკის დასალევი. _ ამ ჭიქით დალეულს, სულ სხვა გემო აქვსო! _ უთხრა მეგობარმა. _ ამხელა ბოთლს, ჯიბეში ისე როგორ მალავს, რომ ვერაფერს ვამჩნევო. _ გაუკვირდა შიოს.
მძიმე, ვისკის ჭიქით დალეულ სასმელს, მართლაც სულ სხვა გემო ჰქონდა. _ ვერავინო! _ ხაზგასმით თქვა მეგობარმა. _ ვერავინო! _ ვისკიმ ტვინი გაუთბო... მოკლე, თითქმის ტანთან შეზრდილი მსხვილი კისერი... განიერ მხრებში ჩარგული თავი... ბუდეში ღრმად ჩამჯდარი თვალები... კამეჩივით მძიმე მზერა... ვერავინო!.. ამ წარმავალ და გარყვნილსა წუთისოფელსა... ვერავინო!.. პირველად იმ კაცისგან გაიგო ეს სიტყვები... არავითარი სოფრომი!.. კამეჩისმზერიანმა კაცმა ასე იმართლა თავი, სხვებისგან განსხვავებით ცოდვა აღიარა! იმ სხვებს, მამა აბრამის ბატკნებად მოჰქონდათ თავი... იმან კი, აღიარა და თავიც იმართლა, _ ვერავინო! _ არც არავინ გაუმტყუნებია... ნუთუ მაშინაც... იმ საბედისწერო დღესაც, ტყვიებით დაცხრილული, სულთმობრძავი, იმ თავის მკვლელზეც ასე ფიქრობდა _ ვერავინო!.. და ვინ იცის, იქნებ მკვლელიც, დაქირავებული, დავალების შესრულებას ამის გამო დათანხმდა და სანამ ჩახმახს თითს გამოჰკრავდა _ ვერავინო! თავს ამით ინუგეშებდა!.. თუ არსებობს გილიოტინა, ჯალათმაც უნდა იარსებოს... ოქროს ვარაყით დაფერილსა ცოდვიანობას... უნივერსალური ფორმულა!.. ივან კარამაზოვსაც კი შეშურდებოდა!
მეორე ჭიქა უფრო ესიამოვნა... მეგობარმა იცოდა როდის უნდა მოეტანა ვისკი!.. ვერავინო, ანუ ყველაფერი ნებადართულია!.. კალათში მოჭრილი თავი ვარდებოდა... გოვენის თავი... დედა უკითხავდა... მაშინ არ უტირია, ძლივს შეიკავა თავი, ცრემლებს უკან აბრუნებდა, რცხვენოდა, უნდოდა ტირილი, ძალიან უნდოდა, მაგრამ ღვინია ახსენდებოდა... სოფლიდან ჩამოსულმა, სამი წლით უფროსმა ბიძაშვილმა დასცინა... ღვინია გადაიჩეხა... ყინულზე დაცურებული, აფართხალებული ღვინია!.. მთელი ხმით ტიროდა... ვერა და ვერ დააწყნარეს. _ ბალღო, ბალღო! რა მოგდის ბალღო! _ იცინოდა ბიძაშვილი, _ აუჰ, ეს რა ზლუქუნი გცოდნიაო! _ მერე, ისიც მის დაწყნარებას შეეცადა, _ მე, საქონლის დაკვლაც მინახავს და მისი გატყავებაც, მაგრამ შენსავით არ მიბღავლია, აი სოფელში რომ ჩამოხვალ, ყველაფერს განახვებ და მერე, წიგნში წაკითხულზე თავის დღეში აღარ იტირებო!.. _ ეს ხომ სიმართლე არ არის, ეს ამბავი მოგონილია, მწერლის მოგონილიო! _ ამშვიდებდა დედა და გულში იხუტებდა... მწერლის მოგონილი... ზაფხულში, როცა სოფელში ჩავიდნენ, ბიძაშვილმა პირობის შესრულება მოინდომა, მაგრამ დედამ არ გაუშვა, სხვა შემთხვევაში გაჯიუტდებოდა, იმჯერად კი, დედის სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილა... დედის თხოვნა რატომ არ შეასრულე... კამეჩის მზერა... კამეჩისმზერიანი... მორგვივით კისერი... ყველა ერთმანეთს ემსგავსებოდა... ტრიბუნაზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ მორგვკისრიანები... გილიოტინა ასეთი კისრებისთვის შეუსაბამო იქნებოდა... გოვენი სხვა იყო... გოვენის მოჭრილი თავი... მაღლიდან ჩამოვარდნილი ალესილი ნაჯახი და კალათა, წნელით მოწნული კალათა, ბაზარში რომ ენახა, ისეთი... დიდი კალათა, მოჭრილი თავებით სავსე!.. გოვენის შემდეგ ჟიულიენ სორელი... კვლავ ნაჯახი... თავი კალათბურთის კალათში ვარდებოდა... ზუსტად ნატყორცნი ბურთი სრიალით ეშვებოდა კალათში... თავიც სრიალით... ერთადერთი თავი... გილიოტინა ჩაებეჭდა მეხსიერებაში, მისი შიში თან სდევდა, უფრო მეტად კი, ჯალათის ხელით მოქნეული ნაჯახი აშინებდა... `მანც აიღო ხელთ ნაჯახი, ერთ წამს კისერს დაუსწორა, დასცა და ერთის დაკვრითა, თავი ტანსა მოაშორა”... ტანს მოშორებული თავი... მეფე დიმიტრი თავდადებული... თხელი, გამჭვირვალე ქაღალდით დაფარული ილუსტრაციები... ნაჯახმომარჯვებული ჯალათი!.. თავწაჭრილი, აფართხალებული ქათამი აქეთ-იქით ხტოდა, სანამ დამკვლელი ფეხს არ დააჭერდა და სისხლს არ გამოადენდა... ვერ უყურებდა ქათმის დაკვლას... ქათმის ადგილზე ადამიანი წარმოედგინა... მოჭრილი თავი და აფართხალებული სხეული... დახვრეტა სულ სხვა იყო... დაფდაფები, ცერემონიალი... კრაზანა, ამაყად თავაწეული კვდებოდა... ყველაფერი წამში მთავრდებოდა!.. აი, სისხლით გაჟღენთილ ფიცარზე მიკრული სხეული კი, ეგონა რომ დიდხანს იტანჯებოდა... ძალიან დიდხანს... გილიოტინა!.. სიკვდილის პირველი კონვეიერი!.. თავიდათავი, ქვეცნობიერი შიშია... ადრე თუ გვიან, ის შიში უნდა გამოვლენილიყო!.. მსხვერპლი და ჯალათი!.. ჯალათი და მსხვერპლი!.. მარია ანტუანეტა და სანსონი!.. დანტონი და სანსონი!.. რობესპიერი და სანსონი!.. კონვეიერი!.. სანსონთან მოხვედრის პატივი ყველას არ ეკუთვნოდა... სულ ერთი წუთი მადროვე ჯალათო!.. უმაღლესი ხარისხი!.. არც გოვენს!.. არც ჟიულიენს!.. უცნობი ჯალათებიც არსებობდნენ!.. მოკვეთილი თავები... მადამ დე რენალი და მატილდა!.. იქ მუდამ უშენობა იქნება, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე... ცოდვილების ქვეყანა... არავითარი დაფდაფები... არავითარი ცერემონიალი... მაუზერისტები... აღმუვლებული საბარგო მანქანები... “ტეტეს” ტყვია კეფაში... ცოდვილების ქვეყანა თუ ცოდვილების სამყარო?!. კანიბალები და ცივილიზებული სამყარო... მომაკვდინებელი ინექცია და სიკვდილის ხილვის მოტრფიალენი... დემოკრატიის ოაზისი... აუქციონზე გაყიდული თოკის ნაგლეჯები... გაზის კამერები და ვაგონებში დახვრეტილები, საკუთარ სისხლში ჩამხრჩვალები... აურზაური სალხინეთში ანუ ვენის ტყის ზღაპარი...
ვისკი უფრო და უფრო ეგემრიელებოდა, ნელ-ნელა წრუპავდა, კარგად ერგებოდა ხელს სამკუთხა ჭიქა, თბებოდა ვისკი და ძარღვებში სისხლი... ყველაფერი ნებადართულია... ნებადართული...
_ დოსტოევსკი რასისტი იყოო! _ ეუბნებოდა ივანდა, _ ებრაელებისა და განსაკუთრებით კი, პოლონელების მოძულეო! _ ივანდა!.. ი-ვანდა!.. მაღალი, სავსე თეძოები... ფეხები კისრამდე... წმინდა სისხლის ფაშატი!.. ოდნავ ჭორფლიანი, ქერათმიანი... და თვალები!.. მოლივლივე ზღვა... სლავური და არა ყირგიზული, მაგრამ მაინც მადამ შოშას მსგავსი... საიდუმლოებებით სავსე თვალები!.. საიდუმლოებები... საიდუმლოებები... კონსპირაციული ბინა, თუმცა ყველამ ყველაფერი იცოდა... გაბოლილი, სიგარეტის ნამწვავებით სავსე... კამათი, გაუთავებელი კამათი, რა გზა უნდა აერჩიათ, რა უნდა ეკეთებინათ... დაძლეული შიშით გამოწვეული სიხარული... გეგმები... გეგმები... იქ შეხვდა პირველად... ივანდა, ერთადერთ სავარძელში იჯდა და სხვებივით, გაუთავებლად ეწეოდა... _ ჩვენთან ყველა ეროვნული ძალა ერთიან ფრონტში გაერთიანდა, თქვენც თუ ასე მოიქცევით, კარგი იქნებაო! _ არ წყინდებოდა ამ თემაზე საუბარი... მისასალმებელი სიტყვა უნდა ეთქვა კონფერენციაზე, ამისთვის იყო ჩამოსული... ივანდას, რა თქმა უნდა, უთვალთვალებდნენ... რეზომ ივაჟკაცა, _ ჩემი მანქანით წაგიყვანთო!.. _ გარეთ რომ გამოვიდნენ, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს ივანდას სილამაზე. _ ბიჭო, ეს რა ლამაზი ქალი ყოფილაო! _ აღტაცება ვერ დამალა რეზომ და რომ არა, ივანდას დროული რეაქცია, ალბათ უფრო განავრცობდა თავის აზრს. _ მე, ქალი არა!.. მე, კლარა ცეტკინი!.. მე, როზა ლუქსემბურგი!.. მე, ქალი არა! _ მოულოდნელად ქართულად თქვა ივანდამ.
ილენა-ივანდა...?
_ საქართველო, ქართულმა სიმღერებმა შემაყვარა და ქართულის შესწავლა ამ სიმღერების სიყვარულმა დამაწყებინა, ყველაფერი მესმის, მხოლოდ ლაპარაკი მიჭირსო. _ ამჯერად უკვე რუსულად უთხრათ ივანდამ და სანამ რეზო მანქანის კარს გახსნიდა, რატომღაც, მხოლოდ შიოს გასაგონად თქვა, _ ჩემს ქმარს ბოლესლავი ჰქვია და ის ძალიან მიყვარსო!
მეორედ, ნოემბერში შეხვდა... ნოემბერი... გამთლიანებული ეროვნული მოძრაობა... არნახული ერთიანობა... აღტკინება... მოშიმშილეები... სიტყვები... მოწოდებები... ალექსანდრე ბატონიშვილის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები... გაბრწყინებული სახეები... აღდგენილი ღირსება... იმედი... იმედი... ივანდა აღფრთოვანებული იყო, _ აი ეს არის ერთიანობაო! _ შემთხვევით შეხვდა, მაშინაც რეზოსთან ერთად იყო, ერთმა ნაცნობმა შეატოვათ, _ მაგისთვის არა მცალია, ბიჭებო, დაეხმარეთ, მიტინგის ამსახველი ვიდეო კასეტა უშოვეთ და მერე, აეროპორტში წაიყვანეთო! _ მათ თანხმობას არც კი დაელოდა და ივანდა თავის პრობლემიანად გადმოულოცათ. _ ამ კასეტას ჩემი ლატვიელი მეგობრები შვეციაში გადააგზავნიან და რაც აქ ხდება, მთელი ევროპა ნახავსო! _ აუხსნათ ივანდამ... ოპერატორს დიდი დრო დასჭირდა კასეტის გასამზადებლად. ისინი მანქანაში ისხდნენ და ელოდნენ. რეზოს, როგორც ყოველთვის, ახლაც ხიბლავდა ლამაზი ქალის სიახლოვე და მისი ყურადღების მისაპყრობად ათასგვარ ამბებს ყვებოდა, თანაც, დროდადრო კომპლიმენტებითაც ამკობდა. ივანდა იცინოდა და ხშირ-ხშირად იყურებოდა სარკეში, თუმცა არც თავის კლარა ცეტკინობას ივიწყებდა და ყოველი კომპლიმენტის შემდეგ საუბარი პოლიტიკურ თემაზე გადაყავდა. შიო უხალისოდ უსმენდა საუბარს და აეროპორტში წასვლა მაინცდამაინც არ ხიბლავდა, მიუხედავად ყველაფრისა, სუკი ისევ არსებობდა და შეიძლება საქმე ისე არ დამთავრებულიყო, როგორც ეს ივანდას წარმოედგინა. ოპერატორი იგვიანებდა, ივანდა ღელავდა და წამდაუწუმ საათზე იყურებოდა, თვითმფრინავის გაფრენამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა. ბოლოს, როგორც იქნა მიიღეს კასეტა, ივანდამ შვებით ამოისუნთქა, ოპერატორს მადლობა გადაუხადა და რეზოს რუსულ-ქართულად უბრძანა, _ აბა, რეზო, ნუ დავაი, აეროპორტი, ჩქარა! _ ბრძანებით კი უბრძანა, მაგრამ ძველი და საკმაოდ შელანძღული მანქანით, ეს არც ისე იოლი შესასრულებელი იყო, თანაც, იმის შიშით, ვინმე არ აგვედევნოსო, ჯერ სხვა მიმართულებით წავიდნენ, რამდენჯერმე მიუხვ-მოუხვიეს და მხოლოდ მერე დაადგნენ აეროპორტისკენ მიმავალ გზას, ერთი სიტყვით, აეროპორტს რომ მიაღწიეს, რეგისტრაცია კარგა ხნის დამთავრებული იყო და მგზავრები უკვე თვითმფრინავში ისხდნენ, _ ჰა და ჰა, აფრინდებაო, _ უთხრათ მორიგემ. _ თვითმფრინავში უნდა ავიდეთო! _ მოკლედ მოჭრა ივანდამ, შიოს ხელი ჩაავლო და გასასვლელს რომ იცავდა, პირდაპირ იმ მილიციელს მიაყენა. _ სასწრაფო მასალაა ტელევიზიიდან, აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ ამ საღამოს, მფრინავებმა იციან და გველოდებიანო! _ სხაპასხუპით მიაყარა მილიციელს და სანამ ის აზრზე მოვიდა, ისინი უკვე ასაფრენ ბილიკზე იყვნენ და თვითმფრინავისკენ მირბოდნენ, აქოშინებულები ავარდნენ ტრაპზე. ივანდამ, თვითმფრინავის კარში ჩამდგარი სტიუარდესა გვერდზე გაწია, თვითმფრინავში ჯერ შიო შეუშვა, მერე თვითონაც შევიდა და დაბნეულ სტიუარდესას კასეტა შეაჩეჩა, _ ეს კასეტა ცნობათა ბიუროში უნდა დატოვოო! _ ისეთნაირად უთხრა, თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი და უფრო მეტიც, თანამოაზრე ყოფილიყოს. რუსმა სტიუარდესამ, უარი განაცხადა და არც მფრინავებს დაუძახა. ასევე მოიქცნენ სხვა სტიუარდესებიც, _ ისინიც რუსები იყვნენ. _ მაშინ არ ჩავალთო! _ ისე თქვა, რომ აშკარა იყო, ნათქვამის შესრულებას აპირებდა. თვითმფრინავი ჯერ დონეცკში უნდა დაფრენილიყო, _ მივყვებით დონეცკამდეო! _ კი არ უთხრა, უბრძანა შიოს. ამ ვითარებაში, უკვე უკან დახევა არ შეიძლებოდა და შიომ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თუმცა ჯიბეში მხოლოდ ორი მანეთი ედო და საერთოდაც, რითი დამთავრდებოდა ეს ამბავი, კაცმა არ იცოდა, მაგრამ ბედად, კაბინიდან ერთ-ერთმა მფრინავმა გამოიხედა, ივანდა მისკენ გაემართა, რაღაცა უთხრა და მფრინავების კაბინაში გაუჩინარდა. უსაშველოდ გაიჭიმა წამები, თვითმფრინავში, საქმის გასარკვევად, აეროპორტის თანამშრომლები ამოვიდნენ. მდგომარეობა აშკარად იძაბებოდა, და სწორედ მაშინ, როცა რაციით მილიციის გამოძახებას აპირებდნენ, კაბინიდან სახეგაბადრული ივანდა გამოვიდა და ორი ზეაწეული თითით ანიშნა შიოს, ყველაფერი რიგზეაო. _ გუდ ბაი! _ გამომწვევად უთხრა სტიუარდესებს, აეროპორტის თანამშრომლებს სათითაოდ ჩამოართვა ხელი და ნარნარით დაეშვა ტრაპზე... ქალღმერთი ნიკე!..
აეროდრომზე, როგორც ყოველთვის ქარი ქროდა...
_ ასე ვუთხარი, თუ ამ კასეტას არ წაიღებთ, ჩემს მეგობრებს შევატყობინებ და ისინი ქვეყანას შეგიყრიან, ყველას გააგებინებენ, რომ თქვენ ლატვიელები კი არა, ინტერფრონტელები ხართ! მხოლოდ ამის შემდეგ გამომართვეს კასეტაო!..
ქარი აფრიალებდა ივანდას თეთრ ლაბადას!..
_ ვივა!.. ვიქტორია!.. _ მთელი ხმით ყვიროდა ივანდა და ხტუნვა-ხტუნვით მოდიოდა, მერე, უეცრად შეჩერდა, ოდნავ წინ წასულ შიოს ხელი ჩაავლო, თავისკენ შემოაბრუნა და აკოცა.
იცლებოდა სამკუთხა ბოთლი და გონებაც ვისკის ორთქლით ინისლებოდა... ინისლებოდა და კიდევ უფრო იხლართებოდა ჩახლართული...
თეთრი ქარი...
აკოცა ივანდამ და იგრძნო შიომ მისი ფაფუკი სხეულის სიახლოვე, გულზე მიიკრა, ქალის ძუძუებიდან წამოსულმა ვნებამ თავბრუ დაახვია და რომ არ წაქცეულიყო, უფრო მაგრად მიიხუტა, ივანდას ტუჩები კი ეძებდნენ მის ტუჩებს, რბილი ტუჩები, დამყოლი ტუჩები...
ქარი კი უბერავდა, უბერავდა...
ქალის სურნელოვანი თმა ნაზად ელამუნებოდა სახეზე და იდგნენ ასე ჩახუტებულები, დრო აღარ არსებობდა, აღარ არსებობდა არც კლარა ცეტკინი და არც როზა ლუქსემბურგი...
და სამწუხაროდ, არსად არ იყო ლოდი ხაოიანი...
და არც გაზაფხულის ღამის სურნელი...
და არც ნამრუდისფერი ცა...
და არც ვებერთელა კვიპაროსები...
და აფრიალებდა თეთრი ქარი თეთრაფრადქცეულ ლაბადას...
და რადგანაც არ არსებობდა ლოდი ხაოიანი, სხვა გზა არ ჰქონდათ, ისევ და ისევ, ქარს უნდა მინდობოდნენ...
და დაუბერა ქარმა საჭირო მიმართულებით, დაუბერა და გამოცდილი ლოცმანივით, ყოველგვარი ფათერაკის გარეშე შეიყვანა ნავი ნავსაყუდელში.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 11:49 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Tue Mar 29, 2011 11:48 am

ზურაბ კანდელაკი

ერთი თავი რომანიდან: "უძრავი ქარი", 2009


7

კვლავ ამა და ამ წლის, ამა და თვის, ამა და ამ რიცხვის
შემდგომ განვითარებული მოვლენები. აგრეთვე, დრო-ჟამისაგან
გაფერმკრთალებული მოგონებები. (პარალელური მონტაჟის
და ცნობილი ლიტერატურული ხერხების გამოყენების ცდა.)


(დასასრული)


წინა სავარძელზე მოკალათებული ივანდა მთელი გზა, რეზოს ცნობისწადილის დაკმაყოფილებას ცდილობდა და ამას საკმაოდ კარგად ახერხებდა, იუმორიც გამოამჟღავნა და მსახიობური უნარიც _ პირდაფჩენილი მილიციელი, გაფხორილი სტიუარდესა, აეროპორტის დაბნეული მუშაკები, თავიდან შეუვალი, შემდგომ კი დამთმობი პილოტები, ისეთნაირად დაუხატა, ისე აუწერა ყველა სხვა წვრილმანიც, რომ თუკი რეზო მოინდომებდა, თავს თავისუფლად გაასაღებდა იმ ამბების მონაწილედ.
შიოს კი, აღარაფერი აღარ ახსოვდა, აღარაფერი, გარდა თეთრად აფრიალებული აფრადქცეული ლაბადისა და სახეზე ნაზად მოლამუნე სურნელოვანი თმისა. იჯდა გარინდებული, იმ საამო სურნელით გაბრუებული, მის ტანსაცმელს ჯერ კიდევ რომ შემორჩენოდა, თავს ვერ უყრიდა აქეთ-იქით მიმოფანტულ, ნაკუწ-ნაკუწად დაშლილ ფიქრებს და ეს, სულაც არ აწუხებდა _ ფიქრი მიწაზე დააბრუნებდა და გაქრებოდა ყველაფერი, ის საამო სურნელიც აორთქლდებოდა, ქარსა და წყალს გაჰყვებოდა. მანქანა კი მიგორავდა, ახლა უკვე არსად არ ეჩქარებოდათ, ივანდას ხმა ესმოდა, რეზოსიც, ოღონდ გაგებულიდან აზრი ვერ გამოჰქონდა, მხოლოდ არაფრის გამომხატველი, გაურკვეველი ბგერები აღწევდნენ მის სმენამდე, თითქოს ხმოვნები და თანხმოვნები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, ძიძგილაობდნენ და ვერაფრით ვერ ახერხებდნენ სიტყვაში თავიანთი კუთვნილი ადგილის დაკავებას. ამ ქიშპსა და ძიძგილაობაში განვლეს აეროპორტის ტრასა, უკვე ქალაქში იყვნენ, ავლაბარში... ავლა-ბარი... აივლი ბარს... და როცა მუხრანის ხიდიც უკან მოიტოვეს, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს ბგერებმა უაზრო ქიშპი და ერთ ხაზზე განლაგდნენ, მერე გადაადგილ-გადმოადგილდნენ და სიტყვებად იქცნენ, სიტყვებიც მიდგნენ-მოდგნენ, წინადადებებში გაერთიანდნენ და უნდოდა თუ არ უნდოდა ეს შიოს, შეაღწიეს მის ცნობიერებაში. _ ხომ გეუბნებოდი, რეზო, ნამდვილი კლარა ცეტკინი ვარო! _ ნათლად აღიქვა ივანდას ნათქვამი.
სასტუმროსთან, როდესაც გამოსამშვიდობებლად ერთმანეთს ხელი გაუწოდეს, მცირე ხნით შეყოვნდნენ. _ ამოხვალო! _ ეკითხებოდნენ ივანდას თვალები. შიომ, უარის ნიშნად თავი გააქნია და ლოყაზე აკოცა.
ქარის სურნელით იყო ივანდა გაჟღენთილი.
მერე, თავის საქციელზე დიდხანს ნანობდა და ეს უთხრა კიდეც ივანდას, როდესაც ბედმა, ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს, ოღონდ სულ სხვა ვითარებაში... თუმცა?.. შეახვედრა კი?..
ილენა _ სოფრომი...
ივანდა _ ???
_ მე, ქმარი მყავს და ის ძალიან მიყვარს! _ ნუთუ, ეს იყო მიზეზი?.. მამაკაცური სოლიდარობა!.. თუ?!. დიახ, ყოველთვის გამოყენებული ბილეთები დაგქონდა თან, რომ ალიბის დამტკიცება შეგძლებოდა, ვინცობაა მკვლელობისათვის დაგაპატიმრებდნენ სადმე...
მარისაც ჰყავდა ქმარი, ოღონდ ეგ არის, რომ არასოდეს უთქვამს, ძალიან მიყვარსო, არც არ მიყვარსო _ უბრალოდ არ ახსენებდა! მარი!.. მარი!..
იყო და არა იყო რა... ჩიტს ფრთები იმიტომ აქვს, რომ უნდა იფრინოს... ბეღურაც ჩიტია, ბეღურასაც აქვს ფრენის სურვილი... _ სადმე შორს წავიდეთ, ცხრა მთას იქით გადავიკარგოთ, როგორც ზღაპარშიო... ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ჩიტი ხეზე... _ იცინოდა, ლაღობდა ანცი ბავშვივით, ანცი ქარივით... სვეტიცხოვლის ეზოს აბიბინებული მდელო... მარის ხელები... თითები... თლილი თითები... პიანისტის თითები... _ მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის, მოუცია მაღლიდან ღმერთს... _ ღიღინებდა მარი... ხელი ხელს ეხებოდა... თითები თითებს ეფერებოდნენ... ბეღურაც ჩიტია, ჩიტი კი ცაში უნდა ნავარდობდეს... მინდვრის ყვავილების თაიგული... საქართველოს უკანასკნელი დედოფალი სვეტიცხოვლის ტაძარში განისვენებს... გალავანზე აძვრა მარი, _ შენც ამოდი, ამოდიო! _ ეხვეწებოდა, წინ და უკან დარბოდა, ფრთებივით შლიდა ხელებს, _ ახლა გავფრინდები, გავფრინდებიო! _ წელზე ხელები შემოაჭდო და ფრთხილად ჩამოსვა შველივით შემკრთალი, განაბული, მომლოდინე... ქალი მომლოდინე... წამები, მხოლოდ წამები, მოლოდინის წამები... მერე, სიცილი აუტყდა მარის, _ ოქროს კბილებით გამოტენილი პირიო! _ სიცილი უაზრო, არაფრისმთქმელი... _ პირველ კურსზე შეყვარებული ვიყავი... არა, არა! შენ ვინც გგონია, იმას არ ვგულისხმობ, ის არაო!.. ჩემი თანაკურსელი შემიყვარდა და იცი რატომო? _ თვალებში მოციმციმე ეშმაკები, მზერა გამომწვევი, _ მაღლიდან ჩამოხტომაში შემეშველა და მერე ხელი აღარ გამიშვა, კედელთან მიმიმწყვდია და მაკოცა, ჯერ გავბრაზდი და მერე კი, მისი მკლავებიდან თავი რომ ვერ დავიხსენი, კოცნას კოცნით ვუპასუხეო! _ და კვლავ სიცილი, _ დღისითაც და ღამითაც მასზე ვფიქრობდი, სანამ დედამისს ვნახავდი... ოქროს კბილებით გამოტენილი პირი ჰქონდა!.. იმ დღეს დამთავრდა ჩემი სიყვარული, იმას კი მგონი დღესაც ვუყვარვარო! _ და ისევ სიცილი, ისევ ლაღობა, ისევ, _ სადმე შორს, ცხრა მთის გადაღმაო!.. _ უკან რომ ბრუნდებოდნენ, მოულოდნელად, _ არა! არა! ახლა არა!.. სახლში როგორ უნდა დავბრუნდეო!.. _ ხვეწნა, მუდარა... მცხეთის სასტუმრო... სასტუმროსთან შეჩერებულა... სასტუმროსთან მოკიდებული სიგარეტი... ყველაფერს მიხვდა, დააწყნარა, _ არა, არც კი გამიფიქრებიაო! _ და მხარზე ხელი მოხვია... სასწრაფოდ მოიშორა მისი ხელი, _ რატომ?!. რატომო?!. _ სიბრაზისაგან გაფითრებული, ოთახში შემთხვევით შემოფრენილ გზააბნეულ ბეღურასავით ცახცახებდა, _ რატომ არ გაგიფიქრებიაო?!. _ ცაში ნავარდს მონატრებული ბეღურა... _ ეს რა მიყავი, ძილი რატომ დამაკარგვინეო! _ შეშინებული, მობუზული... _ აღარასოდეს დაგელაპარაკებიო! _ გაბუზღული, გაბუტული... და შერიგება... კვლავ ანცობა, კვლავ თამაში, _ არავითარი ზღაპარი... არავითარი ცხრა მთა... ჩვენ წავალთ კონსტანტინეს ქალაქში... კონსტანტინეპოლში... სტამბოლში... ისტამბულში... და ვიცხოვრებთ ჰოტელ-როიალში!.. მე და შენ! შენ და მე!.. მოვა თეთრი გემი... ჩვენი გემი... თეთრაფრიანი ხომალდი და წაგვიყვანს შორს... შორს... ღვინისფერ ზღვაში... მე და შენ!.. შენ და მე!..
თავდებოდა ვისკი სამკუთხა ბოთლში და სულ უფრო და უფრო ეფლობოდა იმ სამყაროში, წარმოსახვას რომ უწოდებენ.
ჰო, მარი არ ლაპარაკობდა ქმარზე, სამაგიეროდ, ანას ახსენებდა ხშირად!.. ანა!.. ანა!..
_ რატომ მესმის ზღვის ხმა ასე გამუდმებით?!. რატომ?!. _ იტანჯებოდა ანა.
ზღვა... ზღვა... თეთრი ქალაქი და მწვანე პალმა... გრიფონების შადრევანი და თეთრი თეატრი...
“ჰოტელ-როიალი”, მეექვსე სართული, მოცუცქნული აივანი... დაბალი, ძალიან დაბალი მოაჯირი... სტამბოლის ძველი უბანი “ლალელი”... რუსულად მოლაპარაკე თურქები... რუსები... რუსული მაღაზიები... ოქრო, იაფი ოქრო, ბეწვეული, ტყავი, სხვადასხვა ხარახურა... მყიდველები... ვებერთელა ჩანთებიანი, ოქროსკბილებიანი, ფაშფაშა რუსი დედაკაცები... გამყიდველები... პუტანკები... ჯიშიანი პუტანკები... რუსების მიერ ოკუპირებული უბანი... _ მიაღწიესო საწადელს! _ იცინოდა ივანდა... _ მესამე რომი! _ ისევ იცინოდა... გაუთავებელი გნიასი... ნაცნობი სიტყვები: Сука, потаскуха, проститутка, блядь... მესამე რომი!..
იდგა მოცუცქნულ აივანზე და თუმცა ეს უბანი საკმაო მანძილით იყო დაშორებული სანაპიროს, ამ გაუთავებელ გნიასში, მაინც ესმოდა ზღვის ხმა. ზღვის ხმამ გააღვიძა, ამ ხმამ და კიდევ... ანა დაესიზმრა, კი არ დაესიზმრა, გამოეცხადა, სიზმარი ეგონა და თურმე სიზმარი არ ყოფილა. _ გეხვეწები, გემუდარები, მიშველე, წამიყვანე აქედან, წამიყვანე! დღესვე, ახლავე, თორემ მოვკვდები! მოვკვდებიო! _ თმაგაჩეჩილს, უცნაური, ძალიან გრძელი, რუხი ხალათი ეცვა... _ გეხვეწები, გემუდარებიო! _ ჯერ ხმა ჩაესმა და ამ ხმამ წამოახტუნა ლოგინიდან სრულიად შიშველი, დანახვით მერეღა დაინახა, მაგრამ გადადგა თუ არა მისკენ ნაბიჯი, მაშინვე გაუჩინარდა, იფიქრა, იქნებ აივანზე გავიდაო, აივნის კარს ეცა, ლამის ფარდა ჩამოგლიჯა, კარი გამოაღო და კინაღამ თავით გადაეშვა დაბლა. ანა არსად არ იყო. _ ღმერთო ჩემო, ანამ ხომ არ იცის, რომ ამ აივანს ასეთი დაბალი მოაჯირი აქვსო! _ დაბლა ჩაიხედა და დაწყნარდა, ვინმე რომ გადავარდნილიყო, ალბათ დროებით მაინც შეწყდებოდა ეს ყურისწამღები ღრიანცელი, _ დღე და ღამე არეული აქვთ ამ შობელძაღლებსო! _ ეს გაიფიქრა და ამ დროს... ჰო, ამ დროს ისევ ჩაესმა ზღვის ხმა. მოცუცქნულ, დაბალმოაჯირიან აივანზე მოაღწია მის სმენამდე ზღვის წყნარმა შრიალმა. უკვე სამი დღე იყო, რაც აქ იმყოფებოდა _ კონსტანტინეს ქალაქში, კონსტანტინეპოლში, ისტამბულში, სტამბოლში, ცხოვრობდა “ჰოტელ-როიალში” და ამ ხნის განმავლობაში, რუსულ-თურქული გნიასისა და მდარე, ხმაურიანი მუსიკის ნაზავის გარდა არაფერი გაუგონია. ახლა კი, იდგა აივანზე დედიშობილა და ყურს უგდებდა ზღვის წყნარ შრიალს, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ აბობოქრებული ოკეანის ტალღების ზათქა-ზუთქიც კი ვერ გადაფარავდა ამ უსაშველო ხმაურს. ზღვა... წყნარი, ბროლივით გამჭვირვალე, ფეხდაუკარებელი თოვლივით სუფთა... მთელი სახლი სტაფილოთი იყო გამოტენილი _ მაცივარი, კარადა, მაგიდაზეც ეწყო, შემოსასვლელშიც ეყარა. _ კურდღლებს სტაფილო უყვართო! _ მეტი არაფერი თქვა ანამ, არც ერთ შეკითხვაზე არ უპასუხა, იჯდა პიანინოსთან და ერთსა და იმავე კლავიშს უაზროდ უკაკუნებდა თითს, _ დო!.. დო!.. დო!... თეთრი ქალაქი და მწვანე პალმა... ანას გამუდმებით ესმოდა ზღვის ხმა... იმ მოცუცქნულ აივანზე კი, კვლავ ყურთაწამღები ხმაური გამეფდა. კიდევ ერთხელ ჩაიხედა დაბლა და შიშის ჟრუანტელმა დაუარა, გაახსენდა, რომ სულ რაღაც წამის წინ კინაღამ თავით გადაეშვა დაბლა, ერთი ნაბიჯიც და გაფრინდებოდა, კი არ გაფრინდებოდა, ჩაფრინდებოდა, მაღლიდან დაბლა, დაენარცხებოდა, ტვინს დაანთხევდა, კონსტანტინეპოლის მიწას გააპოხიერებდა სისხლში აზელილი მისი ტვინი, თუმცა ვერაფერს იგრძნობდა, ტკივილს ვერ იგრძნობდა... ფოთოლივით, ფარფატ-ფარფატით... ჰაერში გაუსკდებოდა გული, ჰაერში განუტევებდა სულს... სულს განუტევებდა და ალბათ დაიწერებოდა ნეკროლოგი, ან იქნებ სულაც უბედური შემთხვევების ქრონიკაში აღნიშნავდნენ, _ სხვათა მიწაზე დაასრულა სიცოცხლე ტრაგიკული შემთხვევის გამო, ღვინითა და თრიაქით მთვრალმა, მის შემოქმედებაში ერთმანეთში იყო არეული წარმოსახვა და რეალობა, და ა.შ. _ დო!.. დო!.. დო!.. ერთი და იგივე ბგერა... ერთი და იგივე ინტერვალი... დო!.. დო!.. დო!.. _ რატომ მომატყუე, რატომ? ხომ დაიფიცე! ხომ მითხარი, არ გამოვამწყვდევინებ შენს თავსო! ფიცი რატომ გატეხე?!. რატომ?!. _ საყვედურობდა ანა, _ მეგონა ზღვაზე წამიყვანდი... ისევ ვნახავდი მწვანე პალმას... _ დაიჩოქა ანამ, ხელები ზეაღმართა და ზეცისაკენ მიაპყრო მზერა, _ გეხვეწები, გემუდარები, წამიყვანე აქედან, წამიყვანე!.. კამკამა ზღვა და მწვანე პალმა... სხვა არაფერი... არა, აღარასოდეს იქნება ზღვა ასეთი კამკამა, აღარასოდეს!.. ცოდვილების ქვეყანაში... და გაქრა საიდანღაც შემოპარული ზღვის წყნარი შრიალი, მარტო დატოვა, იმ ყურთაწამღებ გნიასს შეატოვა ხელში, დედიშობილა, გათოშილი... _ წამიყვანე აქედან, თორემ მოვკვდები, მოვკვდებიო! _ ემუდარებოდა ანა, ზონზროხა დედაკაცების ხელიდან დასხლტომას ლამობდა... დო!.. დო!.. დო!.. _ კურდღლები კომბოსტოსაც ჭამენ, მაგრამ ამბობენ, სტაფილო უფრო უყვართო!.. _ კურდღლები!.. კურდღლები!.. ეს პატარა კურდღელი!.. სკუპ!.. სკუპ!.. იმ ზონზროხა დედაკაცებმა ზეწარში გაახვიეს, თავსა და ფეხებში ჩაავლეს ხელი და სადღაც გააქანეს... შუაღამისას გააღვიძა ანამ, თეთრი პერანგი ეცვა, მთვარით გაცისკროვნებული უღმერთოდ ლამაზი იყო, _ გესმის?.. ნუთუ არაფერი გესმის?.. ნუთუ არ გესმის ზღვის ხმა?! _ თითის წვერებზე დადგა და ხელები გაშალა, _ მივფრინავდი, მივფრინავდი და ზღვა მელანდებოდა, არა, კი არ მელანდებოდა, ზღვაში მივფრინავდი!.. ზღვაში გაფრენა!.. ზღვაში!.. _ და არხევდა ხელებს მომაკვდავი გედივით, არხევდა და იყურებოდა შორს... შორს... ზონზროხა დედაკაცებმა, ზეწარში გახვეული საწოლზე დააგდეს, ლოგინზე ჩამოუსხდნენ და თავიანთი სქელი გავებით კედელთან მიკუჭეს... მერე, უეცრად შეწყვიტა ხელების რხევა, _ ჩქარა გაიქეცი! დაიმალე! თავს უშველეო! _ აცახცახებული, კარადის გვერდით ჩაიცუცქა, _ შენც მოდი, მოდი, დაიმალეო! _ ძლივს დააჯერა, რომ აქ საშიშროება არ ელოდა, რომ ყველაფერი ცუდი სიზმრის ბრალი იყო, წამოაყენა და გულზე მიიხუტა, თავზე ხელს უსვამდა, პატარა ბავშვივით ეფერებოდა, აწყნარებდა, და როგორც იქნა დაამშვიდა, შეაჩერა, ზღურბლს იქით აღარ გაუშვა, გამოდევნა მისი სულიდან ის ავი ზმანება, ამჯერად მოახერხა, შეძლო, მაგრამ სხვა დროსაც შეძლებდა?! ეტყობა ანაც იგივეს ფიქრობდა, ამიტომაც მიაპყრო მუდარით სავსე თვალები, _ გეხვეწები, გემუდარები, არ წამიყვანო იქ, არ ჩამკეტო, არ გამომამწყვდიოო! _ პირობა მისცა, დაიფიცა. _ ვინ უნდა გიშველოსო? _ იცინოდნენ დედაკაცები, _ იმან, ვინც აქ მოგიყვანა, იმან უნდა გიშველოსო?! _ და უფრო გულიანად იცინოდნენ... ფიცი გატეხა!.. თხოვნა ვერ შეუსრულა!.. _ კარგი, კარგი, გული ნუ გაგვიწვრილე, გეყოფა, გაიგე, ახლა ჩვენ უნდა დაგვემორჩილო, ახლა ჩვენს ხელში ხარო! _ ზონზროხა დედაკაცები პირდაპირ ქვაბიდან ხვრეპდნენ წვნიანს, გემრიელად, მადიანად... _ ჰო, ჰო, კურდღლებს სტაფილო უყვართ! სტაფილო!.. ექიმმა ურჩია სადმე წასულიყო, _ ასე აჯობებს, პირველი დღეებია ყველაზე მძიმე, თქვენთვისაც და იმისთვისაც, მერე კი, ყველა ყველაფერს ეჩვევაო! _ დაუჯერა და ახლა, იდგა ამ მოცუცქნულ აივანზე, მაგრამ აქაც, შორს, ძალიან შორს, აქაც აღწევდა ანას უმწეო ხმა, _ მიშველე, მიშველე, წამიყვანე აქედან, თორემ მოვკვდები, მოვკვდებიო! _ ჰო, ექიმის რჩევას დაუჯერა, ან იქნებ... ან იქნებ ის რჩევა მის სურვილს დაემთხვა?!.

კურდღელი მომცრო ძუძუმწოვარი მღრღნელი ცხოველია, გრძელყურა და ფეხმარდი...


ქარი ქრის!.. ქარი ქრის!.. ქარი ქრის!..
ყველაფერი მძივივით უნდა იყოს ასხმული!.. და ქროდა ქარი, ავი, შიშისმომგვრელი ქარი, ზაფხულშიც კი სუსხიანი, ძვალ-რბილში ატანდა... ანა და მარი... ცოდვით დამძიმებული სული... თხოვნა... თხოვნა... შეუსრულებელი თხოვნა... კურდღელი მომცრო ძუძუმწოვარა მღრღნელი ცხოველია!..
მერე კი, ყველა ყველაფერს ეჩვევა და ეგუება...
_ გეხვეწები, წამიყვანე აქედან, მიშველე, გადამარჩინე!.. წამიყვანე თორემ მოვკვდებიო! _ კვლავ ემუდარებოდა ანა. ზონზროხა დედაკაცები კი ხარხარებდნენ... დო!.. დო!.. დო!.. ერთმა სილა გააწნა, _ შე დამპალო, გაქცევას აპირებდიო?! _ მერე, მეორემ ჩასცხო თავისი ტორი ცხვირ-პირში, _ შენი გულისთვის სამსახურიდან მოგვხსნიდნენ, ეს რაა, ჯერ უკან დაგაბრუნოთ, მერე ნახე რასაც გიზამთო! _ ურტყამდნენ და იცინოდნენ. ანა კი იდგა, უმწეო, გაძვალტყავებული, თმაგაჩეჩილი და თავის დასაცავად ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ, დრო და დრო, იმ უცნაური, გრძელი რუხი ხალათის კალთებით იწმენდა ცრემლებს. დო!.. დო!.. დო!.. არა, არა, უნდა უშველოს, უნდა დაიხსნას იმათ ხელიდან, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად, ახლავე, ამ წუთში, თორემ მერე გვიან იქნება, გვიან! უნდა უშველოს, უნდა!.. მაგრამ, როგორ?!. როგორ?!. სანამ ის დაბლა ჩავა, ის ზონზროხა დედაკაცები ანას გააქრობენ, შეიძლება მიახრჩონ კიდეც!.. ჩქარა!.. ჩქარა!.. ერთი გზა არსებობდა მხოლოდ, ერთი გზა და შედგა მარცხენა ფეხი მოაჯირზე, მარჯვენა კი ოდნავ მოხარა, საჭირო იყო მხოლოდ ერთი ბიძგი და...
მთვარე... მთვარე, ზაფრანისფრად მოღაჟღაჟე მთვარე...
გულზე ბრაუნინგმიბჯენილი თარაშ ემხვარი დაუდგა თვალწინ და სახეარეული, ტყისკაცივით გაბურძგნული ლუკაია ლაბახუას ხმა ჩაესმა: `რად მოჰკალი ძაღლი პატოინსქუა?”
დო!.. დო!.. დო!..
იდგა იმ მოცუცქნულ, დაბალმოაჯირიან აივანზე და უკვე აღარაფერი აღარ არსებობდა, აღარაფერი, გარდა ზაფრანისფრად მოღაჟღაჟე მთვარისა... მთვარე ამოსულიყო სულთან ახმედის ექვსმინარეთიანი მეჩეთის გადაღმა, ზაფრანისფერი, მოღაჟღაჟე... ნეტა, ენგური მქონდეს გადასაცურიო!.. _ ინატრა და ოთახში შევიდა.
მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეცვა, ჩასულიყო დაბლა, იმ მოყაყანე ბრბოში ათქვეფილიყო და გათენებისთანავე, პირველივე თვითმფრინავით გამოფრენილიყო თბილისში, მაგრამ შეავლო თუ არა თვალი მძინარე ივანდას, მაშინვე გაახსენდა, რომ იმ დღეს თბილისისკენ თვითმფრინავი არ მოფრინავდა და უმალ, ამის გახსენებისთანავე, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან განთავისუფლდაო, შვებით ამოისუნთქა _ არჩევანი აღარ არსებობდა, ეს დღეც ივანდას ეკუთვნოდა, ხვალ კი... _ ხვალემ იკითხოს ხვალისაო! _ გაიფიქრა, გვერდით მიუწვა, ხელი წელქვეშ შეუცურა და როგორც სირაქლემამ ქვიშაში, თავი ივანდას სურნელოვან, ფაფუკ ძუძუებში ჩარგო.


ივანდა??? თუ...
ყველა ყველაფერს ეჩვევა და ეგუება...
ღმერთო, ვინ ნახა დედოფალი მკერდგაღეღილი...

რომი. 30. 9.
`დიდხანს, დიდხანს გავსცქეროდი ვაგონის ფანჯრიდან: მატარებლის გასწვრივ მოდიოდა ჩქარი, ჩქარი ნაბიჯით ელლენ. სტიროდა, მოდიოდა. სახეზე ჩამოშლილ თმებს უწეწავდა ქარი და გაზის შუქზე ისეთი გაფითრებული მოსჩანდა, როგორც ანგელოსი სიკვდილშემოსილი და ასევე დარჩება ჩემს ხსოვნაში ელლენ რონსარ.


სტამბოლი. 30 სექტემბერი

_ დავრჩეთ აქ! _ მეხვეწებოდა ილენა, _ ნუ წავალთო, იცოდე, თუ დაბრუნდები, თავის მოკვეთას ვერ გადაურჩები, ისე შეგიცვლიან იმ თქვენს ბუტაფორიას, ალესილი ფოლადის დანა-ნაჯახით, რომ აზრზეც ვერ მოხვალთო!
რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ნამდვილი დანა-ნაჯახი მიიღეს, მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელი იყო და ილენას შეშფოთება სულაც არ იყო უსაფუძვლო. ო, ეს მატრაკვეცა ფრანგები! ნეტა ვინ სთხოვდათ, ვინ ეხვეწებოდათ?!. იმ ნახაზებისა არ იყოს, სულაც აის უფლება არავის არ ჰქონდა, მაინც ყველაფერი იყო მოსალოდნელი და ასეთ დროს, განა მქონდა უფლება სტამბოლში დავრჩენილიყავი და ილენასთან მენებივრა, ამ ოხერი სასტუმროს მოცუცქნული ნომრის ფართო საწოლში?!. რა პასუხი უნდა გამეცა მეგობრებისთვის?!.
ბევრი მეხვეწა ილენა, რა არ იღონა, რომში წასვლაც შემომთავაზა, ამსტერდამშიც, პარიზშიც, მაგრამ ვერაფერს გახდა, ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო! ბოლოს სიზმარი მოიშველია, - ცუდი სიზმარი ვნახე, ძალიან ცუდი! შავ კარეტაში ვიჯექი და მუხლებზე შენი მოკვეთილი თავი მედოო! - საწყალი ილენა, მისი ფანტაზია ამაზე შორს ვერ წავიდა, ეტყობა, მე ჟიულიენ სორელად, თავისი თავი კი, მატილდა დე მოლად წარმოიდგინა, ის ხომ მატილდას როლზე ოცნებობდა და ყველაზე მეტად ის ეპიზოდი ხიბლავდა, მატილდას ჟიულენის მოჭრილი თავი რომ უდევს მუხლებზე. ისე კი, ასაკიდან გამომდინარე, მადამ დე რენალი უფრო შეეფერებოდა, თუმცა ბოლომდე თუ ვიტყვით სიმართლეს, არც ერთი იყო მისი როლი და არც მეორე. აბა, სად მატილდა და თუნდაც, მადამ დე რენალი და სად სოციალ-დემოკრატიულ იდეებზე და ფემინიზმზე შეშლილი ილენა? არადა, მის ასეთი სახეცვლილება ჩემი ბრალი იყო. ეს მე ვლაპარაკობდი განუწყვეტლად "წითელსა და შავზე" და ჯანღონითსავსეებთან ერთად, როზინგის კაბინეტისკენ მიმავალმა, მევე წარმოვიდგინე თავი რომანის პერსონაჟად და რაც მთავარია, ეს ვუთხარი ილენას.
ამის შემდეგ დაიწყო მისი გაორება: რომანტიკული ბუნების, მგრძნობიარე, სიყვარულისთვის თავდადებული ქალებიც ხიბლავდა და ვერც ფემინიზმზე ამბობდა უარს, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ეტყობა მაინც ჩემი ხათრით, ქალთა ემანსიპაციის პრობლემებზე და სოციალურ უსამართლობაზე ფიქრს შეეშვა, და თუ ახლა, ილენა ზედმეტ მგრძნობიარობას იჩენდა და ეს ისევე მაღიზიანებდა, როგორც ადრე მისი კლარა ცეტკინობა, ეს უკვე ილენას ბრალი არ იყო და ამის გამო, მისი დადანაშაულების არავითარი უფლება არ მქონდა - ჩემს დათესილს მევე ვიმკიდი! არადა, კლარა ცეტკინად რომ დარჩენილიყო, ან თუნდაც როზა ლუქსემბურგად, ამდენს არ იწუწუნებდა, პირიქით, მე გამამხნევებდა, გვერდში დამიდგებოდა, საგმირო საქმეებისკენ მომიწოდებდა და მე, მის წარმოსახვაში, კლასთა ბრძოლის თეორიის უცოდინარ ჟიულიენ სორელის ნაცვლად, პროლეტარიატის დიდ ბელადებს რომ თავი დავანებოთ, კარლ ლიკბნეხტი მაინც ვიქნებოდი.
ღამის ნათურის მკრთალ შუქზე ისეთი გაფითრებული მოსჩანდა ილენა, როგორც ანგელოსი სიკვდილშემოსილი და რომ არა ჩემი უადგილო გულისაჩუყება, ალბათ ასევე დარჩებოდა ჩემს ხსოვნაში. არ ვიცი, ჟიულიენს შეეცოდა თუ არა, შეურაცხყოფილი, დამცირებული მადამ დე რენალი, მაგრამ გაფითრებული ილენა, რომელიც ამჯერად, საყვარელი ადამიანის სიკვდილით დასჯის გარდუვალობაში დარწმუნებულ მადამ დე რენალად გარდასახვას ცდილობდა, ნამდვილად შემეცოდა და მის დამშვიდებას შევეცადე.
- ნუ ღელავ, სპექტაკლს ჩვენა ვდგამთ და ფინალის შეცვლის უფლებას არავის მივცემთ! - ვუთხარი ის, რისი დაჯერებაც მინდოდა, რითაც შიშის დათრგუნვას ვცდილობდი და თავს ვიმხნევებდი. ვიფიქრე, რომ ეს არგუმენტი მასზეც დადებით ზეგავლენას მოახდენდა და სტამბოლში ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი ღამე არ ჩაგვმწარდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.
_ ნეტარ არიან მორწმუნენი! ნუთუ მართლა გგონიათ, რომ სპექტაკლს თქვენა დგამთ?! ნუ გაქვს იმის იმედი რომ კოცონში ისკუპებ და ტაშს დაიმსახურებ! ორთაჭალის ციხის ჯურღმულში დაგახლიან კეფაში ტყვიას და ნურც იმის იმედი გექნება, რომ სამი დღის შემდეგ მეც მოვკვდები მადამ დე რენალივით! К черту всё это, дорогой Софромчик! ბლეფია ყველაფერი! საფრანგეთიდან მოსული ნახაზები, ინსტრუქციაც, ფოლადის დანა-ნაჯახიც! Нет дорогой Софромчик, командует парадом другой! პატარა ბავშვებივით გაგაცურათ ბესარიონ ბორცვიშვილმა! თქვენ თვითონ შეუწყეთ ხელი! Младенцы несчастные!Ì ყველაფერი იქ შემუშავებული გეგმით ხდება! იქ! იქ! იქ! - სულმოუთქმელად მომაყარა ილენამ. მოულოდნელობისაგან ენა ჩამივარდა, რას ველოდი და რა მივიღე, რის მატილდა და რის მადამ დე რენალი, არც ერთი მათგანი აქ აღარ იმყოფებოდა, მაგრამ ვინ დაიკავა მათი ადგილი, ვერა ვხვდებოდი. ვინ იყო ილენა? ან ბესარიონ ბორცვიშვილი ვის გეგმას ახორციელებდა? ან ჩვენ თვითონ ვის დაკრულზე ვცეკვავდით?!. საკითხავი აი ეს არის...
იწურებოდა სტამბოლში ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი ღამე.
სტამბოლი... ისტამბული... კონსტანტინეპოლი...

და აღსრულდა ილენას ნათქვამი.
ორთაჭალის ციხის ჯურღმულში, შუაღამისას მოიყვანეს სიკვდილის განაჩენი სისრულეში.

სოფრომის საქმეში ექიმ-ფსიქიატრის დასკვნა აღმოჩნდა.
განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლოს ვთხოვთ გაითვალისწინოს ეს გარემოება და განაჩენის გამოტანამდე დანიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა.
იდეოლოგიური მოსაზრებებით, მეგობარი კატეგორიულად მოითხოვდა ამ ტექსტის ამოღებას. და კიდევ ერთი ტექსტის ამოღებას ითხოვდა, ამ შემთხვევაში იდეოლოგიურ მოსაზრებას ფინანსურიც ემატებოდა. ის იმ ადგილს გულისხმობდა, სადაც ჯალათის ტურტლიან ფეხებზე იყო საუბარი. ამ ტექსტის არსებობა საიდანღაც გაუგიათ სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის მუშაკებს და სასამართლოში ჩივილს აპირებდნენ, პატივისა და ღირსების შელახვისათვის, ჩვენ ტურტლიანფეხებიან ხალხს სამსახურში არ ვღებულობთო. მეგობარი შიშობდა, რომ პროცესს წააგებდა და მომჩივანის სასარგებლოდ თანხის გადახდა მას მოუხდებოდა.
"ხოლო არიან ქარნი კეთილნი და არიან ბოროტებით აღვსილნი, და არიან კიდევ ქარნი უძრავნი და უსარგებლონი, შემოდგომის ხმელ ფოთლებს შორის ამაოდ რომ ხმაურობენ".

study

ზურაბ კანდელაკის რომანი "უძრავი ქარი" მთლიანად წავიკითხოთ აქ - http://lib.ge/body_text.php?9373
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Wed Aug 10, 2011 5:06 pm



წიგნის დასახელება – "სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო" (პიესები)
ავტორი – ზურაბ კანდელაკი
ჟანრი - დრამატურგია
გამომცემლობა – “ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება”
რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე
მხატვარი – აიგენგო ჭელიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა - თენგიზ რობიტაშვილი
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2010
ISBN 978–9941-0-1071-2
გვერდების რაოდენობა – 176
წიგნს თან ერთვის - CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ის სამი პიესა, რომლებიც საქართველოს რადიოში დაიდგა ("ბევრი რამ ხდება, ჰორაციო"; "დაუმთავრებელი პიესა"; "კალეიდოსკოპი, ანუ გამოცდის წინ"). რადიოპიესები ჩაწერილია MP3 ფორმატში, იხსნება კომპიუტერშიც და მანქანის რადიომიმღებ–მაგნიტოფონშიც და სანამ აქედან ქობულეთში ჩახვალ, სამივე დადგმას მოუსმენ... Wink
შინაარსი - "სულ ერთი წუთით მადროვე, ჯალათო"; "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო"; "დაუმთავრებელი პიესა"; "კალეიდოსკოპი, ანუ გამოცდის წინ".
ამ წიგნის განხილვა – http://www.youtube.com/watch?v=7s1fa5Mn3_M

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Fri Aug 19, 2011 5:06 pm

ზურაბ კანდელაკი

რჩევები "საბას" მომავალ კონკურსანტებს

"ჩვენი მწერლობა", 19 აგვისტო, 2011, #17

არავისთვის სადავო არ არის, რომ ლიტერატურული პრემიის “საბას” დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და დამფუძნებლებს მხოლოდ კეთილი სურვილები გააჩნდათ, ხელი შეეწყოთ ლიტერატურული პროცესების განვითარებისთვის. აქვე აღვნიშნავ რომ ეს პრემია არაერთ ღირსეულ მწერალსა აქვს მიღებული. მით უფრო საწყენია, რომ რაც დრო გადის, ნებით თუ უნებლიეთ დაშვებული სხვადასხვა შეცდომები ცვლის დამოკიდებულებას ამ პრემიისადმი და კონკურსის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა.

ამ ეჭვების აღმოსაფხვრელად კი, კონკურსის მესვეურები (თი-ბი-სი ბანკს არ ვგულისხმობ) არაფერს აკეთებენ, პირიქით, ჟიურის შერჩევის და ზოგიერთებისთვის პრემიის მინიჭებით, ხელს უწყობენ იმ მოსაზრების განმტკიცებას, რომ ხშირად გამარჯვებულის გამოვლენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა წიგნების მხატვრულ ღირსებას, არამედ იმას, არის თუ არა ავტორი იმ “კუტოკის” წევრი ან მათთან დაახლოვებული პირი, რომლებიც წარმართავენ “საბას” ლიტერატურულ მხარეს.

ადრე ამის შესახებ მხოლოდ გაგებული მქონდა, ახლა კი, ჩემი პიესების კრებულის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მე თვითონ დავრწმუნდი ამ მოსაზრების სისწორეში და ძალიან ვნანობ, რომ ავყევი ცთუნებას და ისეთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც რამდენიმე პიროვნების მიერ ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი და გადაწყვეტილი.

“საბას” ლიტერატურულ მეპატრონეთა ქმედებების გასამართლებლად არსებობს მოსაზრება, რომ კონკურსი მაგათია, რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ მათი ნებაა, ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო! ეტყობა ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც არჩევენ ჟიურის წევრებს და ადგენენ სიას, თუ ვინ უნდა მიიღოს პრემია ამჯერად და ვინ მომავალში. მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ არსებითი - როცა კონკურსი ღიაა და საჯარო, ის უკვე კერძო პირებს აღარ ეკუთვნით. ის საზოგადოებრიობის კუთვნილებაა!

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ცოტა ხნის წინ გერმანიაში, როდესაც საზოგადოებრიობის მოთხოვნით და ჟიურის რამდენიმე წევრის პრინციპული პოზიციის გამო, პუტინს ჩამოართვეს მინიჭებული პრემია “კადრიგა”, რამაც პრეზიდენტ მედვედევის გაოცება გამოიწვია და უსაყვედურა კიდეც გერმანელებს - ნებისმიერ ორგანიზაციას ვინც პრემიებს ანიჭებს შეუძლია აირჩიოს ის ვინც მოწონს, მათი ნებაა, ვის მიანიჭონ პრემია და ვის არა, სხვებს ამასთან რა ესაქმებაო. ალბათ პრეზიდენტი მედვედევი და ისინი ვინც ასე ფიქრობენ, ვერასოდეს მიხვდებიან, რომ იქ, სადაც საზოგადოებრიობა პასიური დამკვირვებლის როლით არ შემოიფარგლება, სწორედაც რომ ესაქმებათ და მათი აზრის გაუთვალისწინებლობა აკნინებს პრემიასაც და მის მფობელსაც. ამიტომაც აპირებდა უარის თქმას ვაცლავ ჰაველი ამ პრემიაზე და ამიტომაც გააუქმეს თავიანთი არასწორი გადაწყვეტილება პრემიის დამაარსებლებმა.

იმის გამო, რომ ასეთი სახის კონკურსები საჯარო და საზოგადოებრიობის და არა კერძო ჯგუფის კუთვნილოება უნდა იყოს, თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები იმ დარღვევებზე, რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია.

დავიწყებ ჟიურით.

ვფიქრობ, რომ ორგანიზატორების ყველაზე დიდი “მიგნებაა”, ჟიურის წევრების ვინაობის გასაიდუმლოება. რისთვისაა ეს საჭირო? რა, არ ენდობიან ჟიურის წევრებს? ან იქნებ მალავენ ჟიურის ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობას? ან იქნებ ასე უფრო მოახდენენ ზეგავლენას ჟიურის წევრებზე და უფრო ადვილად მიაღებინებენ სასურველ გადწყვეტილებას?

საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემენ კონკურსის ორგანიზატორები.

ისე კი, კანის, ვენეციის, ბერლინის და სხვა მრავალი კინოფესტივალების, ლიტერატურული პრემიების, მუსიკოს_შემსრულებელთა კონკურსების ორგანიზატორებს, ალბათ არ გაუგიათ ამ მეთოდის შესახებ, თორემ რამდენიმე თვით ადრე კი არ გამოაცხადებდნენ ჟიურის შემადგენლობას, არამედ საგულდაგულოდ დამალავდნენ და მათ ვინაობას მხოლოდ თავისიანებს გაანდობდნენ.

მე რომ თავიდან მცოდნოდა ჟიურის შემადგენლობა, აუცილებლად მოვხსნიდი ჩემს წიგნს კონკურსიდან, რადგანაც ეჭვი მეპარება მათ კომპედენციაში (გურამ ოდიშარიას გარდა, მისადმი და მისი შემოქმედებისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო). ისე კი, იქიდან გამომდინარე თუ რა ავტორების წიგნები არ მოხვდა ნომინანტთა სიაში, ეს ისედაც უნდა გამეკეთებინა და ძალიან ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი.

“საბას” ჟიური, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანებდა თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენელი ქ-ნი მაია ძირკველიშვილი, "ყოველწლიურად იცვლება. ეს “საბას” პირველი ძირითადი პრინციპია. არის კიდევ ერთი, ასევე უცვლელი პრინციპი: ჟიურის შემადგენლობის მრავალფეროვნება, როგორც ასაკის, გემოვნების, ისე ჟანრების მიხედვით."

ამ ურყევი პრინციპებიდან, მეორე, წელს აშკარად დაირღვა – ხუთკაციან ჟიურიში ორი მთარგმნელი იყო. და ეს დარღვევაც რომ არ ყოფილიყო, მაინც შეუძლებელი იქნებოდა ჟიურის მიერ ობიექტიური გადაწყვეტილებების მიღება, რადგანაც წარმოუდგენლად ძნელია თანაბრად ერკვეოდე ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა, ვთქვათ, დრამატურგია და თარგმანი, ან ესეისტიკა და პოეზია და ა.შ. შეიძლება არსებობენ ასეთი ადამიანები, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ახალგაზრდა პოეტი, რომელიც შეთავსებით მუშაობდა თუ მუშაობს ლიტერატურისაგან ძალიან დაშორებულ სფეროში, ანდა სხვა უფრო გამოცდილი ჟიურის წევრები ასეთ ადამიანებს განეკუთვნებოდნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჟიურის წევრები უნდა იყვნენ არა მწერლები და პოეტები, არამედ ლიტერატურათმცოდნეები, თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები. რომლებიც გაეცნობიან ყველა წარმოდგენილ წიგნს და პირუთვნელ მსჯავრს გამოიტანენ. მაგრამ, ეტყობა “საბას” მესვეურებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, წაიკითხავენ ჟიურის წევრები წარმოდგენილ წიგნებს თუ არა.

როგორც ბატონი ამაღლობელი ბრძანებს, ჟიურის წევრები ერთმანეთს ისე ენდობიან, რომ ყველა წიგნს თურმე არ კითხულობენ. აი, მისი გამონათქვამი: “შეიძლება ვიკითხოთ, ვისა აქვს ეს წიგნი წაკითხული და შემდეგ ვინაწილებთ ჟიურის წევრები. რაღაც მომენტში ვენდობით ერთმანეთის შეფასებებს. მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა, რომ არც ერთი წიგნი ჟიურის არც ერთ წევრს არ ჰქონოდეს წაკითხული.”

ხედავთ როგორ ზოგავენ თავიანთ დროს და ენერგიას?! “ჩემს პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა, რომ არც ერთი წიგნი ჟიურის არც ერთ წევრს არ ჰქონოდეს წაკითხულიო.” რა საჭიროა ხუთმა კაცმა წაიკითხოს, ერთიც საკმარისია!

თუ წელსაც ამ პრინციპით იმუშავა ჟიურიმ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ როგორ მოხვდნენ “საბას” გამარჯვებულთა შორის , ჟიურის წევრის ბესო ხვედელიძის ლიტერატურული დაოსტატების პედაგოგი, მისი თანაავტორი (ერთობლივი რომანი ჰქონიათ დაწერილი), მისი ერთ-ერთი მეგობარი და ავტორი, რომლის ნაწარმოებიც დაბეჭდილია იმ ჟურნალში, რომლის მიწვეული რედაქტორიც ბრძანდება ბატონი ხვედელიძე.

ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს შორის, შეიძლება ზოგიერთი მათგანი ნამდვილად იმსახურებს ამ პრემიას. ამ შემთხვევაში ჩვენ კომპეტენტურები ვერ ვიქნებით და ალბათ ეს მომავალში ლიტერატურათმცოდნეების და კრიტიკოსების განსჯის საგანი გახდება. ჩვენ ეჭვებს იწვევს ის გარემოება, რომ როგორც ჩანს, “საბას” მესვეურები არ ითვალისწინებენ ინტერესთა კონფლიქტს. აქ ჩვენ მივადექით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. კონკურსის მონაწილეებისთვის უცნობია არა მხოლოდ ჟიურის წევრთა ვინაობა, არამედ ჟიურის მუშაობის პრინციპი – რეგლამენტი. როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხმათა უბრალო უმრავლესობით, ფარული თუ ღია კენჭისყრით, თუ ნომინანტებიდან ვერავინ ვერ აგროვებს ხმათა ნახევარზე მეტს, ინიშნება მეორე ტური თუ არა და ა.შ.

მე, არაერთი საერთაშორისო და ჩვენში ჩატარებული კონკურსების ჟიურის წევრი ვყოფილვარ და “მუშაობის” მსგავსი სტილი არსად არ შემხვედრია.

ჟიურის არ ყავს თავმჯდომარე?!

საინტერესოა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში (ვთქვათ ჟიურის ერთმა წევრმა თავი შეიკავა) როგორ უნდა გაარკვიონ გამარჯვებული? ან იქნებ, ჟიურის წევრთა მორჩილი უმრავლესობის იმედით მსგავს შემთხვევას თავიდანვე გამორიცხავენ?

ისე კი, თუ ყველაფერი წინასწარაა გათვლილ-გაანგარიშებული, რა საჭიროა თავმჯდომარე.

დავუბრუნდეთ ინტერესთა კონფლიქტს. თუკი ასეთი პიროვნება, მაინც მოხვდა ჟიურის შემადგენლობაში, მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და ეს უნდა გაცხადდეს შედეგების გამოცხადების დროს და ყველაფერი უნდა აისახოს შემაჯამებელი სხდომის ოქმში. ეს არ მომხდარა დასკვნით საღამოზე. საუკეთესო პიესის ნომინაციაში “გამარჯვებულს” ბატონმა ხვედელიძემ, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტის გამო საერთოდ არ უნდა მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, თვითონ გადასცა ჯილდო.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია რეგლამენტის უხეში დარღვევით. აი რა წერია, თი-ბი-სი ბანკის საიტზე, 03.02. 2011 წელს გამოქვეყნებულ რეგლამენტში: “პრემია "საბა"-ზე განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.” ვიმეორებ წიგნად გამოცემული და არა ჟურნალში დაბეჭდილი. ის რომ კონკურსში დაიშვება ჟურნალში დაბეჭდილი ნაწარმოებები არსად, არცერთ განცხადებაში მითითებული არ არის. როდის და ვინ მიიღო რეგლამენტის ცვლილების გადაწყვეტილება უცნობია. ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილებაც ერთპიროვნულადაა მიღებული და ამოსავალი წერტილი საკითხისადმი “კუტოკური” მიდგომაა. მაგრამ დაუშვათ და ჟიური წავიდა ასეთ დარღვევაზე და კონკურსში დაუშვა რეგლამენტით გაუთვალისწინებელი ნაწარმოები. ამ შემთხვევაში მათი გამართლება იმით შეიძლება, რომ ეს ნაწარმოები უნდა იყოს პიესა!!! და არა მცირე ფორმის ოპუსი, რომელსაც დრამატურგიასთან მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ ავტორმა, ადრე გამოქვეყნებულ თავის მოთხრობას დაურთო მოქმედ პირთა სია და ასეთი ტიპის რემარკები. – “ეპიზოდები ნათდება ზემოდან ადგილმონაცვლეობით.”(???) და სულაც რომ უნაკლო იყოს ეს პიესა, ის თავისი მოცულობით (ჟურნალ “ლიტერატურული პალიტრას” ორი ფურცელი) სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება. ეს იგივეა, რომ საუკეთესო რომანის გამოსავლინებელ კონკურსში ჩაგვერთო ნოველა.

ერთი სიტყვით ჟიურის ეს გადაწყვეტილება დრამატული ჟანრის აბუჩად აგდებაა.

ამასთან დაკავშირებით, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ჟიურის იმ წევრის შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, თავისი შემოქმედებიდან გამომდინარე ალბათ არ უნდა დათანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეტყობა წინ ვერ აღუდგა და დაემორჩილა მორჩილ უმრავლესობას. მე, არავისგან არ მოვითხოვ ისეთ მოქცევას, როგორც მოიქცა ადრეულ წლებში, “საბას” ჟიურის ერთი წევრი და პროტესტის ნიშნად გამოვიდა ჟიურის შემადგენლობაიდან. ყველამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის, მაგრამ ერთ რამის მოთხოვნის უფლებას მივცემ თავს - საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი დაფიქსირება ჟიურის ყველა წევრს შეუძლია, და თუ მე არ ვცდები, და ის პიროვნება, რომელსაც ვგულისხმობ, მართლა არ ეთანხმებოდა ჟიურის გადაწყვეტილებას, უნდა ხმამაღლა განეცხადებინა ეს. ასეთი საქციელი მასაც წაადგებოდა და კონკურსსაც.



მცირე გადახვევა

ამ ათიოდე წლის წინ, თბილისში გავრცელდა ასეთი, ანეკდოტის მსგავსი ჭორი: ერთი პრესტიჟული პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრი თავგამოდებით ცდილობდა მავანი პიროვნებისთვის პრემიის მიცემას და თავის დაჟინებულ ქმედებას ასე ამართლებდა, ჩემთან კარტში აქვს ფული წაგებული და თუ პრემიას მივცემთ, მხოლოდ ამ გზით შევძლებ მის დაბრუნებასო.

მე ეს არ მჯეროდა და უფრო ანეკდოტი მეგონა. მაგრამ `საბას~ ზოგიერთი წევრისთვის პრემიის მიკუთვნებამ ცოტა არ იყოს დამაფიქრა, მართლა ხომ არ მოხდა მსგავსი ამბავი მაშინ?!

იმიტომ რომ...

იქნებ აქაც...



დავუბრუნდეთ ძირითადს.

თუ ვაღიარებთ, რომ კონკურსი “საბა” ღიაა და საჯარო, მაშინ საჭიროა საზოგადოებრიობის ინფორმირება ჟიურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებების შესახებ. მე პირადად, მაინტერესებს თუ რატომ ვერ მოხვდნენ ნომინანტთა სიაში ელა გოჩაშვილი, ნინო დარბაისელი, ირაკლი სამსონაძე, მიხო მოსულიშვილი. ალბათ, ჟიური იმსჯელებდა ამის შესახებ და საინტერესოა, თუ რითი ხელმძღვანელობდნენ ისინი, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებდნენ (რა თქმა უნდა ზოგადი მოსაზრება, დაკონკრეტების გარეშე.) თავის გამართლება იმით, რომ ამათუ იმ კრებულში შეტანილი ლექსები ადრე იყო გამოქვეყნებული და ის რაღაც პროცენტს აღემატება არადამაჯერებელია. ვინ დათვალა და ვინ დაადგინა ეს. რეგლამენტში აშკარად წერია, 2010 წელს გამოცემული წიგნები და არა 2010 წელს დაწერილები, აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს წიგნის მხატვრული ღირსება და ჟიურის წევრებმა ზედმეტად არ უნდა დაიტვირთონ თავი პროცენტების თვლით. და თუ ისინი “საიდუმლო პროტოკოლით” ხელმძღვანელობენ განაცხადონ ამის შესახებ და ზედმეტი ცნობისმოყვარეობით აღარ შევაწუხებთ.

ასევე საინტერესოა, რატომ არის ზოგიერთ ნომინაციაში ორი ნომინანტი და ზოგიერთში რვა და თერთმეტიც კი.

ცნობისათვის, თითქმის ყველა პრესტიჟულ კონკურსში ნომინანტთა რაოდენობა თანაბარია და ძირითადაღ ხუთით, ზოგჯერ კი სამით განისაზღვრება.

“საბას” ერთ-ერთმა მესვეურმა რატი ამაღლობელმა, რამდენჯერმე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჟიურის წევრების შეფასება სუბიექტურია და შემფასებლის ლიტერატურულ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეთი მიდგომა აშკარად უშლის ხელს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და მავანთათვის გამოტანილ სასურველ გადაწყვეტილებას ამართლებს. სერიოზული კონკურსის ჩატარება პრინციპით, “მე ასე მიმაჩნია”, არამართებულია. როცა ხარ ჟიურის წევრი, ვალდებული ხარ, შენ სუბიექტურ მოსაზრებაზე მაღლა დადგე და ნაწარმოების შეფასებისას დაეყრდნო მის ობიექტურ ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებს.



კიდევ ერთი გადახვევა

”რატომ, კაცო, რატომ, ყველა წერს და შენ რა დააშავე, დაწერე, თუ ძმა ხარ, რამე. აგერ, ოთარი შენი მეგობარი არაა? დრამაშიც მუშაობს, პოეზიაშიც, პროზაშიც, კრიტიკაშიც, თარგმანშიც და საერთოდ მუშაობს, დაწერე შენც რამე.”

ნოდარ დუმბაძე "მზიანი ღამე".




მომავალო კონკურსანტებო, თუ გინდათ გახდეთ “საბას” მფლობელები გაითვალისწინეთ ნოდარ დუმბაძის ეს მოსაზრება და წარადგინეთ ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში თქვენი ნაღვაწი. თუ პროზაში ვერ გახდებით ლაურეატი, პოეზიაში გახდებით, დრამატურგიას ვერ შეწვდებით, რა მოხდა მერე, კრიტიკა აგერ არ არის, იქ გიბოძებენ ლაურეტობას, თუ რომანს არ დაგიფასებენ, არ შედრკეთ, დრამატურგიაში მიიღებთ. ასე, რომ წერეთ მეგობრებო, წერეთ!

იმათ კი, ვისაც სურს გახდნენ გამარჯვებულები საუკეთესო პიესის ნომინაციაში, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: არ წარადგინონ კრებული, ჟიური რომ არ გადაიტვირთოს, პიესის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ჟურნალის ორ ფურცელს და არამც და არამც არ უნდა იყოს გათვალისწინებული თეატრის სპეციფიკა.

და კიდევ ერთი, რაც მთავარია, უნდა გახდეთ ამაღლობელის “კუტოკის” წევრი.

study

ბმული – http://www.facebook.com/notes/zurab-kandelaki/ზურაბ-კანდელაკი-რჩევები-საბას-მომავალ-კონკურსანტებს-ჩვენი-მწერლობა-19-აგვისტო-20/10150284771079571

cyclops
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Mon Oct 03, 2011 9:48 pm

ზურაბ კანდელაკი: "ლიტერატურის გამო მინდოდა რეჟისორობა"

(ლელა ჯიყაშვილის ინტერვიუ ზურაბ კანდელაკთან ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში")


“ზოგი იოლად ამბობს, მწერალი ვარო, მე ვერ ვიტყვი... ვერ ვიტყვი, ამას”...

_ მეუბნება ბატონი ზურაბ კანდელაკი. იშვიათია ადამიანი, რომელსაც ასე

უბრალოდ შეუძლია გითხრას ეს.

მის პატარა სამუშაო ოთახში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ბატონ ზურაბს ყურადღება არც მიუქცევია თავისი ნათქვამისთვის, სხვა თემაზე გადავიდა. სიტყვამ მხატვრობა მოიტანა და...

ვან გოგის ნამუშევრებზე დიდხანს შეუძლია გესაუბროთ და შთაბეჭდილებები გადმოგცეთ, რომელიც ამსტერდამში, მის მუზეუმში ყოფნის შემდეგ არ ტოვებს. ცოტა ხნით მეც `მივდივარ~ და გონების თვალით ვან გოგის თვალიერებას ვიწყებ, მერე კი მწერლობასა და ლიტერატურაზე გაწყვეტილ საუბარს ვუბრუნდები...



_ რამდენი წლის იყავით, როცა პირველად დაწერეთ?

_ არ ვიცი... ვერ ვიხსენებ... ალბათ, სტუდენტობის დროიდან უფრო ვწერ. პროფესია _ რეჟისურაც, რომელიც ავირჩიე, ძალიან ახლოსაა ლიტერატურასთან.

_ რეჟისურა გაცილებით რთულია, ლიტერატურის, მხატვრობისა და მუსიკის ზედმიწევნითი ცოდნა სჭირდება...

_ არა მგონია, რეჟისურა უფრო რთული იყოს. ლიტერატურა უფრო რთულია... ლიტერატურის გამო მინდოდა რეჟისორობა. ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. კაცი წერას ხომ კითხვის შედეგად იწყებს?! მერე გინდება, რაღაც გააკეთო, დაწერო...

_ გახსოვთ ის დღე, როცა პირველად დაიბეჭდა თქვენი მოთხრობა?

_ როგორ არ მახსოვს! მაშინ დაბეჭდვა ძალიან ძნელი იყო. მოთხრობა “ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...” რომ დავწერე, არც მიფიქრია დაბეჭდვა. მაშინ გურამ დოჩანაშვილთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ტელესპექტაკლი “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” უკვე დადგმული მქონდა, რადიოსპექტაკლებიც. მივუტანე, წაკითხვა ვთხოვე, მისი აზრი მაინტერესებდა. შევატყვე, სახე შეეცვალა, ალბათ, იფიქრა, ამანაც დაიწყოო!

მეორე დღეს დამირეკა: ჩქარა მოდიო... ეს რომ მომიტანე, ვფიქრობდი, ვეტყვი გააკეთე რა შენი საქმე, თავი დაანებე წერასო, მაგრამ რომ წავიკითხე, მომეწონა, ახლავე მიმაქვს “მნათობშიო”. ოტია პაჭკორიას წააკითხა.

ბატონმა ოტიამ, _ ჩემს ნებაზე რომ იყოს, ახლავე დავბეჭდავდი, ამ ნომერში

ჩავსვამდი, მაგრამ მაინც ვნახოთ, რას იტყვის რედაქტორიო. რედაქტორმა წაიკითხა და უარი თქვა, მე არც დამლაპარაკებია ისე. შეიძლება არც წაუკითხავს... ოფიციალური პასუხი ასეთი იყო: “მხატვრული დონე არ არის დამაკმაყოფილებელიო”.

_ არაოფიციალურად რა მიზეზი იქნებოდა?

_ თემა იყო ისეთი, რომ არ დაბეჭდავდნენ, _ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. თანაც, ძალიან ერიდებოდნენ ახალი სახეების გამოჩენას. არ ვიცი, რატომ, ჩემთვის აუხსნელია. ალბათ, როცა ცნობილი მწერალი აქვეყნებს და რაღაც ხარვეზი აქვს, ეპატიება, ახალ სახეს კი არა... შეიძლება ეს იყო მიზეზი, მაგრამ ამას არ გეტყოდნენ, მხატვრულ დონეს გიწუნებდნენ. ასეც კი მითხრეს, არ გვინდა, კიდევ ერთი ოთარ ჩხეიძის სტილის მიმდევარიო...

_ რამდენად დაეთანხმეთ, როცა გითხრეს, ჩხეიძის სტილით წერთო...

_ რასაკვირველია, არ დავეთანხმე... თუმცა ძალიან მიყვარს ოთარ ჩხეიძის შემოქმედება და შეიძლება არის კიდეც ჩემს შემოქმედებაზე მისი გავლენაც... ძალიან მიყვარს “ცხრაწყარო”... რაღაცის დაწერა რომ მინდა, ყოველთვის ვიღებ

იმ ნაწარმოებს, რომელიც ძალიან მიყვარს და ვკითხულობ. ოთარ ჩხეიძის ფრაზების წყობა ისეთია, რომ მუსიკასავით კითხულობ.

ოტია პაჭკორია აღშფოთებული იყო, რომ არ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა. მერე “ცისკარში” წავიღე ჯანსუღ ღვინჯილიასთან... მან პირდაპირ მითხრა, _ მომწონს, თუმცა ვერ დავბეჭდავ, მაგრამ ნუ წაიღებ, იყოს და თუ შევძლებ, დავბეჭდავ ოდესმეო. მართლაც, 1988 წელს დამირეკა და მითხრა, უნდა დავბეჭდოო და დაბეჭდა “ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...” და “უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს”. მერე წიგნიც გამოიცა.

_ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება. თქვენი

შემოქმედებაც განისაზღვრება იმით, თუ როგორ გარემოში გიხდებოდათ აღზრდა...

_ ცხადია, ასეა. ოქროს უბანში, ყოფილ ორჯონიკიძის ქუჩაზე გავიზარდე. მამა

არ მახსოვს, ადრე გარდამეცვალა. დედაჩემს ძალიან უყვარდა კითხვა და მეც

მირჩევდა ლიტერატურას. იყო წიგნების გაცვლა-გამოცვლა მეზობლებთან,

წაკითხულის მოყოლა... ძალიან განათლებული ბაბუა მყავდა _ ალექსანდრე ძამაშვილი. ის მამარაგებდა წიგნებით. მახსოვს, “არსენა მარაბდელი” მომიტანა, იმ დროს აკრძალული იყო.

_ რამდენი წლის იყავით მაშინ?

_ თორმეტი-ცამეტი წლის...

_ ასე პატარას უშიშრად გენდობოდნენ?

_ ალბათ, შიშზე მნიშვნელოვანი ჩემი აღზრდა იყო. წიგნების გარდა ბევრ რამესაც მიამბობდა. ბაბუა ადრე სოციალ-დემოკრატი იყო, ერობის თავმჯდომარეც ყოფილა... კომუნისტები არ უყვარდა, ერთი შვილი რეპრესირებული ჰყავდა.

_ თქვენ უნდა გახსოვდეთ 1956 წლის მოვლენებიც. ალბათ, ბაბუას გამო თქვენ

არ იქნებოდით გამომსვლელებთან ერთად...

_ საქმეც ის არის, რომ ბაბუას სტალინი უყვარდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მეუბნებოდა, მეამაყება, მაინც ქართველიაო... სტალინი პირველი კაცია, რუსეთს მართავსო. 1956 წლის მარტში მერვე კლასში ვიყავი. გაკვეთილებს, რა თქმა უნდა ვაცდენდით, ხან ქუჩაში ვიყავით, ხან მიტინგზე.

საოცრება ხდებოდა _ გორიდან მსახიობები ჩამოიყვანეს ლენინისა და სტალინის გრიმით, “აკოცე, ლენინ, სტალინს!” _ ყვიროდა ხალხი... არა მგონია, რომ ამ მოვლენებს კავშირი ჰქონოდა დამოუკიდებლობის იდეასთან. ეს იყო სტიქიური პროტესტი იმის გამო, რომ ქართველ სტალინს ამას უკეთებდნენ... მახსოვს, იოსებ ნონეშვილი კითხულობდა ლექსს “მამავ, ძვირფასო”... ხშირად ამეორებინებდნენ. იქ ვიყავი 9 მარტსაც. საღამოს, როცა მდგომარეობა დაიძაბა ბიძაჩემმა მომძებნა და სახლში წამიყვანა. ვერის ხიდზე რომ გადმოვედით, უკვე დაწყებული იყო სროლა. მეორე დღეს ბაბუა მოვიდა, ვორონცოვზე ტანკებიაო... კიდევ ერთხელ ჩაიბუდა ხალხში შიშმა.

1974 წელს, ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოსვლები რომ იყო, რუსთაველზე როცა დავინახე შეიარაღებული ჯარისკაცები გამახსენდა ეს ყველაფერი, შემაჟრიალა.

_ მიუხედავად დაძაბულობისა და შიშისა, იმ პერიოდში საზოგადოება მეტად იყო დაინტერესებული კულტურით. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ხალხი დადიოდა თეატრში, კინოში, კითხულობდა. ყოველ ორშაბათს ახალი ფილმი გამოდიოდა. აუცილებლად ორშაბათს უნდა გვენახა. როგორღაც ვშოულობდით ბილეთებს, ზოგჯერ გადამყიდველებისაგანაც ვყიდულობდით.

ეს რიტუალივით იყო. პლეხანოვზე, კინოთეატრ “ოქტომბერში” და “ამირანში”, ასევე “რუსთაველში” _ უკრავდა ორკესტრი 8 და 10-საათიან სეანსებზე. ნახევარ

საათს გრძელდებოდა კონცერტი.

დახურული ჩვენებებიც იმართებოდა ძერჟინსკის კლუბში, კინოსტუდიაში სადაც ათასი მაქინაციით უნდა მოხვედრილიყავი... იქ ვნახე პირველად ვისკონტის “როკო და მისი ძმები”, ეკრანზე უკვე შეკრეჭილი ვარიანტი გამოვიდა; ვნახე ვაიდას “ფერფლი და ალმასი”... მოსკოვში, კინოფესტივალზეც ვახერხებდით წასვლას... მოკლედ, კინოთი ვცხოვრობდით...

თეატრში, ოპერაში დავდიოდით. ბიჭები რომ იდგნენ რუსთაველზე, ჯერ სპორტზე საუბრობდნენ, მერე ხელოვნებაზე, საოპერო დადგმებსაც კი არჩევდნენ. მერე იწყებოდა კამათი. როცა ზურაბ ანჯაფარიძე მღეროდა, ან პეტრე ამირანაშვილი, ჩვენთვის საინტერესო არიის ან დუეტის მოსასმენად შევდიოდით, ხან ნაცნობი კარისკაცი გვიშვებდა, ხან ჩვენ თვითონ ვახერხებდით შეძრომას.

დღევანდელ თაობას რომ ვუყურებ, ინფორმაცია აქვს, მაგრამ განათლება _

ნაკლები. დღეს ხომ ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს. ჩვენ კი ინფორმაციას კითხვის შედეგად ვიღებდით.

თუ კაცს რაღაც წაკითხული არ ჰქონდა, ცუდ ტონად ითვლებოდა.

_ თქვენ თბილისზე მესაუბრებით... ქალაქიდან გასვლა არ გიყვართ?

_ ძალიან მიჭირს თბილისიდან გასვლა... ეს ჩემი ნაკლია, ალბათ. თუმცა, როცა კი გავსულვარ, დიდი სიამოვნება მიმიღია. მახსოვს, გარეჯში რომ წავედით. მაშინ ჯერ გზა არ იყო გაყვანილი. საგარეჯოდან უნდა წაჰყოლოდი წყლის მანქანას, რომელიც დღეში ერთხელ დადიოდა. ჩემმა მეგობარმა, მიშიკო ჭავჭავაძემ აგვტეხა, წავიდეთო. მოვიმარაგეთ წყალი, პროდუქტები _ შედედებული რძე, კონსერვები, გოგირდი, რომ ქვეწარმავლები დაგვეფრთხო, და წავედით მე, მიშიკო და ვაჟა ასათიანი.

საგარეჯოდან უდაბნომდე წყლის მანქანას გავყევით. შემდეგ კი ფეხით გავაგრძელეთ გზა. გაგანია სიცხე იყო, თითქოს გზა არ თავდებოდა. მანამ იქ მივაღწიეთ, დასალევათ წამოღებული წყალი თავზე დავისხით. ნუ გეშინიათ, იქ წყალი იქნებაო, _ დაგვაიმედა მიშიკომ. მივედით, მაგრამ სად არის წყალი?! ძლივს მივაგენით, ერთგან, ჭიებიანი წყალი ამოვიღეთ, არ დაილეოდა. მახსოვს, ქვეწარმავლების შიშით მთელი ღამე გავათენეთ. სამაგიეროდ, რაც ვნახეთ, არასოდეს დამავიწყდება.

ბერთუბანშიც გადავედით, ფრესკები ვნახეთ... სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.

_ გაქვთ რამე ნივთი, რომელიც ისევე ძვირფასია, როგორც მოგონება?

_ არა... უბრალოდ, ძალიან მიჭირს განშორება ნივთებთან, შეჩვევა ვიცი. მიყვარს წიგნები, სხვათა შორის, განათხოვრება არ მიყვარს, ბევრს აღარ დაუბრუნებია და იმიტომ. ახლა შვილიშვილებს რომ ვათხოვებ ხოლმე, ვაფრთხილებ, უნდა დააბრუნოთ-მეთქი. მინდა ჩემთან იყოს, რაც მიყვარს.

_ თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ... ალბათ, ბევრი რამ გინდათ, გააკეთოთ.

_ რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ბევრია, მინდა დავამთავრო რომანი, რომელიც წესით დამთავრებული უნდა მქონდეს. მაგრამ სამსახურს, ტელევიზორის ყურებას და პოლიტიკას, დიდი დრო და ენერგა მიაქვს. მე , პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და მეამაყება, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩემი ხელმოწერაცაა.

თავის დროზე მინდოდა კინორეჟისორობა, მაგრამ მოსკოვში სწავლას დიდი თანხაც სჭირდებოდა და “ვგიკში” მოხვედრაც ძალიან ძნელი იყო...

სამი წლის წინ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და თანაკურსელმა ნოდარ მანაგაძემ და მე დავწერეთ სცენარი, სამწუხაროდ, ვეღარ გადაიღო, ფული ვერ იშოვა, მერე კი... გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია.

კინო დღემდე ჩემს ოცნებად რჩება. ნაწილობრივ ავინაზღაურე ეს ტელესპექტაკლებით...

_ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ტელესპექტაკლებზე რას

გაიხსენებთ?

_ ჩვენთან მუშაობდა რეჟისორი გოგი გამსახურდია. მან მოიტანა სცენარი, ხომ არ გააკეთებო. წავიკითხე და მომეწონა. მაშინვე გადავწყვიტე, ეროსიმ უნდა ითამაშოს-მეთქი. მეორე პერსონაჟს დიდხანს ვარჩევდი. მინდოდა, პროფესიით რეჟისორი ყოფილიყო, მათ აქვთ რაღაც თავმომწონეობა ხასიათში. კარლო ღლონტზე შევჩერდით...

თურმე გურამ დოჩანაშვილმა არც იცოდა რომ მის ნაწარმოებს ვდგავდით და ერთ მშვენიერ დღეს შემოგვითვალა, როგორ ბედავთ ჩემი ნაწარმოების გადაღებას ისე, რომ მე არც კი მეუბნებითო.

საბედნიეროდ, კარლო იცნობდა, წავედით გურამთან და ყველაფერი კარგად

დამთავრდა... მერე ეს მოთხრობა მეტეხის თეატრშიც დავდგი, დიდი წარმატება

ჰქონდა.

_ რადიოსპექტაკლებს სიამოვნებით ვუსმენდი ხოლმე. ალბათ, ძნელია, როცა

ყველაფერი მხოლოდ ხმით უნდა გამოიხატოს...

_ რადიოსპექტაკლი სწორედ ამით არის საინტერესო, რომ მხოლოდ სამი კომპონენტის: სიტყვის, მუსიკის და ხმაურის შერწყმის საშუალებით აღწევ სასურველ შედეგს. რაც შეეხება რადიოპიესებს, ადრე მათ დაწერას აზრი არ ჰქონდა, არავინ დადგამდა, რადგან რადიოში ცენზურა ძალიან მკაცრი იყო და მხოლოდ გამოქვეყნებულ, აპრობირებული ნაწარმოებების დადგმის უფლებას იძლეოდნენ. ამის გამო რადიოპიესების წერა 1990 წლიდან დავიწყე და მიხარია რომ საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთ წარმატებებს მივაღწიეთ.

რადიოსპექტაკლში მუსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს... თუ ვერ მივაგენი, რა მუსიკა უნდა იყოს, მიჭირს ხოლმე დაწყება. ხანდახან მარტო მელოდიიდან გამოდის ყველაფერი...

_ მუშაობის პროცესში ყველაზე ხშირად რომელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს

იყენებთ?

_ უფრო კლასიკას... ხანდახან პიესის ჟანრიდან გამომდინარე, პოპულარულ მუსიკასაც.

_ და რომ გკითხოთ, ყველაზე მეტად ახლა რომელ ნაწარმოებს უსმენთ-მეთქი?

_ ჩაიკოვსკის და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტებს, ბრამსის მეორე კონცერტს... ძალიან მიყვარს ოპერა. ახლა ყველაზე ხშირად მოცარტის `დონ ჟუანს~ ვუსმენ, ვფიქრობ, მოცარტის ოპერებია საოპერო მუსიკის მწვერვალი. ადრე ვერდი და პუჩინი მიმაჩნდა ასეთებად... ალბათ, მუსიკა ხელოვნების დარგებიდან ყველაზე დიდია... თუმცა, რა ვიცი...

ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2008. - ივნისი. - N6. - გვ.27

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Sun Apr 14, 2013 8:38 am



წიგნის დასახელება – "უძრავი ქარი" (რომანი)
ავტორი – ზურაბ კანდელაკი
გამომცემლობა - "საუნჯე", ვაჟა წოწკოლაური
ISBN 978-9941-442-14-9
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზურაბ კანდელაკი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ზურაბ კანდელაკი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: