არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მოლი ბლუმის გვერდი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: წერილი არტურო პერეს-რევერტეს   Sat Aug 13, 2011 10:46 am

წერილი არტურო პერეს-რევერტეს

June 27, 2011 by მოლი ბლუმი


Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena, España


სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ ნახევარი საათი დამჭირდა.

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

თქვენი “სადოლე ტყავი ანუ სევილიური ზიარება” მეგობარმა ვაკის “პარნასის” თაროების ქექვისას იპოვნა და მაჩვენა, ნახე, თუ მოგეწონებაო - სათაური მაცდუნებლად ჟღერდა. ანოტაცია კიდევ უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა - იდუმალებით მოცული ვატიკანი, ესპანელი ჰერცოგები და ბანკირები, თანამედროვე მეკობრეები და აფერისტები, დიდი სიყვარულით დახატული ულამაზესი სევილია - ერთი წიგნის წაკითხვამაც იკმარა, აბსოლუტურად თვითმყოფადი, არავის მსგავსი სტილი რომ აღმომეჩინა.

ამის შემდეგ, თქვენს გვარს უკვე ყველგან დავეძებდი. ჩემთვის ბოლომდე ამოუხსნელი მიზეზების გამო, თბილისში ლიტერატურული სნობების საყვარელ მწერლად ითვლებით, მაგრამ წიგნის მაღაზიებში მხოლოდ რამდენიმე რომანს მივაგენი და იძულებული გავხდი, მეგობრის მოსკოველი ნათესავები შემეწუხებინა.

ჩემი ბიბლიოთეკის ერთი თარო მთლიანად თქვენი წიგნებით მაქვს შევსებული. თითოეულზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ყველაზე წუნია კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან – იშვიათია მწერალი, რომლის ცნობაც წიგნიდან ამოხეული ერთი ფურცლით შეიძლება. თქვენს რომანს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე აბზაცითაც კი ვიცნობ.

ძნელია, სიტყვები შეარჩიო “ფლამანდური დაფის” შესამკობად, რომელსაც ერთდრულად ახასიათებს პიტერ ბრეიგელის ტილოების სინატიფეც, დედამიწის ზურგზე ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის სიღრმეც და მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივთა სიაში უპირობო ადგილს იმსახურებს. თუმცა, სენიორ არტურო, მთავარი დეტექტიური ინტრიგა როდია. მკითხველს თქვენი ფილიგრანული დეტალიზაცია და თითოეული პერსონაჟის შესაშური ოსტატობით გამოძერწილი ფიგურა აჯადოებს.

ძნელია, მშვიდად ისაუბრო “დიუმას კლუბზე”, რომლის წაკითხვამ დამარწმუნა, რომ ბიბლიოფილია განუკურნებელი დაავადებაა და ამ სენით შეპყრობილი ადამიანი ხანდახან შეიძლება, სხვებისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს.

თქვენ, სენიორ არტურო, ერთ-ერთ ლიტერატურულ ფორუმზე “ალექსანდრე დიუმა – შვილიშვილი” გიწოდეს. “სამი მუშკეტერი”, “გრაფინია დე მონსორო” და “ორმოცდახუთი” ჩემი ბავშვობის სიყვარულია და ნამდვილად არ მეგონა, სიბერის ჟამს, ცინიზმამდე პრაგმატულ ოცდამეერთე საუკუნეში კაპიტან ალატრისტეს მსგავს კეთილშობილ გმირს თუ გადავაწყდებოდი… ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ რომელიმე თანამედროვე ავტორი მთავარ პერსონაჟად ხაიმე ასტრალოას მსგავს რაინდს აირჩევდა, ვისთვისაც ღირსება მართლაც ყველაზე დიდი ფასეულობაა და არა მხოლოდ ლიტონი სიტყვა…

პოლიტკორექტული მკითხველები ნაპოლეონისადმი, ცოტა არ იყოს, უპატივცემულო დამოკიდებულებას გსაყვედურობენ, მაგრამ თქვენ ხომ ესპანელი ბრძანდებით, სენიორ არტურო, და ესპანელი ერის გენეტიკულ ტკივილს თუ გავითვალისწინებთ, “პატარა კაპრალს” იბერიული ტემპერამენტისათვის უჩვეულო შემწყნარებლობითაც კი ეპყრობით.

ერთსაც გეტყვით – თქვენს წიგნებს ეკრანიზაცია არ უვარგა, სენიორ არტურო. დღემდე ‘მეცხრე კარიბჭეს” ვიწუნებდი (ლიტერატურულ პირველწყაროს ბევრად ჩამორჩება, რომანი – შედევრი რიგით თრილერამდეა დაყვანილი) მაგრამ ის რომ გავიგე, ყველაზე უგემოვნო ქართული ტელეკომპანია “სამხრეთის დედოფალს” მექსიკურ ტელესერიალად გვთავაზობსო, რომან პოლანსკის ფილმზე აუგის სათქმელად ენა აღარ მომიბრუნდა…

სიტყვა გამიგრძელდა… “ტრაფალგარის კონცხს”, “ღირსების საქმეს”, “მრისხანების დღეს” და სხვა შედევრებს დამფასებული მთელს მსოფლიოში არ აკლია, თუმცა, ჩემს რჩეულად მაინც სხვა წიგნს მივიჩნევ და თუ ოდესმე შეგხვდით, ავტოგრაფისთვის სწორედ იმ, თბილისში ნაკლებად ცნობილ, რომანს მოგაწვდით. ბიელო პოლეში, ასაფეთქებლად განწირულ ხორვატულ ხიდთან გატარებული რამდენიმე საათის აღწერით იმის თქმა შეძელით, რასაც სხვა ტომეულებით ვერ ახერხებს – ომი საშინელებაა და ომში კარგი და ცუდი ბიჭები არ არსებობს. არც გამკვირვებია – იმდენ ხანს იყავით სამხედრო კორესპონდენტი, ამდაგვარი ჭეშმარიტებანი სხვისგან არ გესწავლებათ, “რეპორტიორის მეხსიერება კი ყოველთვის საკუთარი და სხვისი მოგონებებითაა სავსე”, საიდანაც ბოლოს “კომანჩების ტერიტორიის” მსგავსი ალალმართალი წიგნები იბადება…

მოლი ბლუმი

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები   Sun Sep 04, 2011 7:54 pm

ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები

July 15, 2011 by მოლი ბლუმი

როგორ უნდა მოიქცე, თუ კვირაში ექვსი დღე სამსახურის საქმეების გამო მუდმივად მოგზაურობა გიწევს, შინ კი ამ დროს პატარა გოგონა გელოდება, რომელსაც შენს მიერ ნაამბობი ზღაპრის გარეშე დაძინება არ შეუძლია?

როგორ და… ზღაპარი ტელეფონით უნდა მოუყვე.

მერე რა, თუ კბენია ტარიფების გამო იძულებული ხარ, სათქმელი შეამოკლო… მერე რა, რომ ყოველ საღამოს ახალი ზღაპრის გამოგონება გიხდება, რადგან ძველები უკვე სამ-სამჯერ უამბო დედამ… სამაგიეროდ, ტელეფონისტი ქალები სხვა კლიენტებს ყურადღებას აღარ აქცევენ და სულგანაბულნი გიგდებენ ყურს, პატარა გოგონა კი გაღიმებული და ბედნიერი იძინებს. ეს კი ამქვეყნად ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ვარეზეს მკვიდრი სინიორ ბიანკი წამლებით მოვაჭრე ფირმაში მსახურობს და მთელი იტალია კუნჭულ-კუნჭულ აქვს შემოვლილი. თუმცა, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაინც დაუღალავად თხზავს ახალ-ახალ, ზოგჯერ გასართობ, ზოგჯერ გულისამაჩუყებელ, ზოგჯერ კი ჭკუის სასწავლებელ ისტორიებს.

პატარა გოგონაც ხან ჯოვანინო ჩიტირეკიასთან ერთად დაეხეტება უკუთხო და უკუნჭულო ქვეყანაში, ხან გულკეთილ ჯილბერტოს ეხმარება საცრით წყლის მოზიდვაში, ხანაც სასწაულმოქმედი ლიფტით ვარსკვლავებს სტუმრობს.

ვის არ შეხვდებით ტელეფონით ნაამბობ ზღაპრებში – შოკოლადის კვერცხიდან გადმოსკუპებულ წკიპა კოსმონავტს, ბედოვლათ მონადირე ჯუზეპეს, პაწაწუნა ალისა-ქარისას, ბაბუას შემთხვევით ბოთლში რომ ჩაუვარდა, ლურჯად აკიაფებულ შუქნიშანს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მიუხვდნენ, ზეცისკენ მიმავალ გზაზე რომ ანიშნებდა… მსუნაგეთის სამეფოშიც მოხვდებით, მუცელა მეფეების დინასტია რომ მართავს და ლავენოელი სინიორის გაქცეული ცხვირის ამბავსაც შეიტყობთ.

კიდევ… რომელი ერთი გავიხსენო… გამოსარიცხი ცხრიანის ამბავზე გულიანად იცინებთ, რატომელა უკუღმართის შეკითხვებით გაერთობით, უჩინმაჩინი ტონინოს თავგადასავალზე იხალისებთ… იმასაც გაიგებთ, როგორ იყიდა ერთმა კაცმა ქალაქი სტოკჰოლმი და როგორ ცდილობდა მეორე კოლიზეუმის მოპარვას.

სასუსნავები გიყვართ? გემრიელი ზღაპრები თქვენთვისაც მოიძებნება – შოკოლადის გზაზე ისეირნებთ, ფერადი შაქარყინულის წვიმაში გაილუმპებით, კარაქის კაცუნებს გაიცნობთ და ნაყინის სახლში ნაირ-ნაირი გემოს ავეჯით ჩაიტკბარუნებთ პირს.

ერთი სიტყვით, ისღა დამრჩენია, ამ საოცარი სამყაროს მისამართი მიგასწავლოთ – გადაშალეთ ჯანი როდარის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” და მერწმუნეთ, იქ კიდევ უამრავ თავშესაქცევ ისტორიას აღმოაჩენთ. ღამით კი, სინიორინა ბიანკის მსგავსად, ფერად-ფერადი სიზმრებიც გესტუმრებიან.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა   Wed Sep 21, 2011 11:37 pm

კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა

July 22, 2011 by მოლი ბლუმი


33 წლის წინ ვარშავაში ბიჭი დაიბადა…

ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ბიჭი…

სახელიც ჩვეულებრივი დაარქვეს – ერშ ჰენრიკ გოლდშმიტი…

არ ვიცი, როგორი ბავშვი იყო…

ალბათ, არც არავინ იცის – მეტისმეტად ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ…

არავის ახსოვს, როგორ ცელქობდა, როგორ ეურჩებოდა მშობლებს, როგორ იპარავდა საკუჭნაოდან სასუსნავებს, როგორ ჩხუბობდა ეზოში თანატოლებთან, როგორ აცდენდა გაკვეთილებს ან როგორ აწიწკნიდა გოგონებს თმას…

არადა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროდადრო ხდებოდა – ის ხომ ჩვეულებრივი ბიჭი იყო…

ალბათ, სკოლაში ცუდ ნიშნებსაც უწერდნენ, კუთხეშიც აყენებდნენ და ყურსაც უწევდნენ ხანდახან…

მაშინ ხომ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ იანუშ კორჩაკის ფსევდონიმით ქვეყანას ბავშვთა გულების უდიდესი მესაიდუმლე მოევლინებოდა…

კაცი, რომელმაც “მეფე მათიუშ პირველი” დაწერა და ისე ღრმად ჩაიხედა ბავშვების სულში, როგორც სხვას არავის მოუხერხებია…

ვინც გვირგვინოსანი ბავშვის ტვირთის სიმძიმე საკუთარ ზურგზე გვაგრძნობინა…

ვინც პატარა მონარქის გულუბრყვილო და დიადი მიზნების გამო ღიმილი მოგვგვარა…

ვინც ცხარე ცრემლით გაგვაცილებინა მეფე მათიუში ჯერ უკაცრიელ კუნძულზე, მერე კი უფრო შორს – იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან…

ვინც მიატოვა ექიმის შემოსავლიანი კერძო პრაქტიკა, რათა უპატრონო ებრაელი ბავშვებისათვის „ობოლთა თავშესაფარი“ დაეარსებინა და სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მათზე…

ვინც ამ ბავშვებთან ერთად წავიდა ჯერ ვარშავის გეტოში, მერე ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში…

ვინც უარი თქვა უკანასკნელ წუთს შემოთავაზებულ თავისუფლებაზე, რადგან იცოდა, რომ ებრაელი პატარები სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი…

ვინც მათთან ერთად წარბშეუხრელად შევიდა გაზის კამერაში და მომაკვდავ ობლებს ბოლო ამოსუნთქვამდე ზღაპრებს უამბობდა…

ვისაც შოთა ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები უძღვნა:

ამბობენ: ყოველ ახალწლის ღამეს
როცა მღერიან და ღვინოს სვამენ,
ცად იმართება სხვა კარნავალი
და ღვთის წყალობით ხედავს მრავალი,
ყმაწვილია თუ ომგადახდილი:
ვიღაცა კაცი, თმებდათოვლილი
როგორ მიუძღვის ვარშავის ცაზე
პაწია ანგელოსების რაზმებს.

აი, ამ კაცის დაბადების დღეა დღეს, 22 ივლისს და მე ძალიან მინდა, რომ ყველამ, ვინც მოლი ბლუმის ბლოგს კითხულობს, ეს იცოდეს… და არასოდეს დაივიწყოს, რას ამბობდა იანუშ კორჩაკი – კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა:

“პატივი ეცით სუფთა, ნათელ, უმანკო და წმინდა ბავშვობას…”

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: გიო A.K.A. აკა   Mon Sep 26, 2011 10:06 am

გიო A.K.A. აკა

September 5, 2011 by მოლი ბლუმი

ჩემს ბიბლიოთეკაში, სხვა წიგნების გვერდით, ორი, განსაკუთრებით საყვარელი, არტეფაქტი ინახება – გაცრეცილი “ულისე” და ლინდგრენის ძველისძველი ტომი, რომლის ყდაზეც კარლსონი და პეპი იწონებენ თავს. მესამეს – “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” პირველ გამოცემას – დღემდე უშედეგოდ ვეძებ.

არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული ადამიანი, აკა მორჩილაძის შესახებ რომ არ სმენოდეს და მისი წიგნებიდან რამდენიმე მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ოთხი “საბა”, ილიას უნივერსიტეტის 2010 წლის ლიტერატურული პრემია და ბესტსელერებად ქცეული რომანები – ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა, თუმცა ციფრების გარეშეც ცხადია, რომ აკას პოპულარობა არ აკლია…

“XXI საუკუნის ქართული რომანი “სანტა ესპერანსათი” იწყება” – ბაკურ სულაკაურის ეს ფრაზა მავან კირკიტა ოპონენტს, იქნებ, გაზვიადებულიც ეჩვენოს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი მკითხველი დამეთანხმება – ქართულ პარნასზე აკას ადგილი ხმამაღალი ეპითეტების გარეშეც ხელშეუხებელია, მის უკლებლივ ყველა ნაწარმოებს კი, ჟანრობრივი კუთვნილების მიუხედავად, ხარისხის ნიშანი აერთიანებს.

ამბობენ, წერა ერთ-ერთი ქართული გაზეთის საპარლამენტო მიმომხილველის ამპლუაში დაიწყოო… ამაზე ვერაფერს გეტყვით – მაშინდელი სტატიები არსად შემხვედრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსაწყენ პლენარულ სხდომებსაც თავისებური ეშხით და უშუალო იუმორით გააშუქებდა. ერთს კი გაგიმხელთ – თავის დროზე უზომოდ პოპულარული სპორტული “სარბიელის” კითხვას სწორედ გიო ახვლედიანის სვეტებით ვიწყებდი.

მახსოვს, როგორ გამოვართვი მეგობარს “მოგზაურობა ყარაბაღში” და, ზამთრის საგამოცდო სესიისთვის მზადების პარალელურად, ოთხმოცდაათიანების დასაწყისის ნაცრისფერი თბილისის ქრონიკას ვკითხულობდი; როგორ დამწყდა გული, “ფალიაშვილი” ორიოდე საათში რომ ჩამადნა ხელში; როგორი დახვეწილი და ფაქიზად გარანდული მეჩვენა “ტერცო მონდო” და როგორ გამიხარდა, აკამ ერთერთ ინტერვიუში თავის საუკეთესო მოთხრობად რომ მოიხსენია…

ვისაც ვასიკო კეჟერაძის “მისალოცი ხალხი” ახსოვს, იოლად მიხვდება, რატომ მშურს კეთილი შურით იმ მკითხველის, ჯერ რომ არ გადაუშლია, ალბათ, საუკეთესო ქართული ეთნოგრაფიული ტრილოგია “მადათოვი” (სხვათა შორის, აკას “ტფილისის გუბერნიის ალექსანდრე დიუმასაც” ეძახიან); ფორმით და შინაარსით უაღრესად ორიგინალური “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, ურბანულ ლეგენდებზე აგებული “კაგდატა ინ ჯორჯია”, ანგლოფილების ნუგბარი – იშვიათი დეტალიზაციით აღწერილი “ქართული ლონდონი” – “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” და “შენი თავგადასავალი” – მახვილგონივრული ალუზიებით დახუნძლული რომანი თანდართულიtsigni cover ავტორისეული კომენტარებით, ძირითად ტექსტზე ნაკლებ საინტერესოდ ნამდვილად რომ არ იკითხება.

“შობა ღამის ალქაჯების”, “მესაიდუმლის ქამრის”, “მეიდ ინ ტიფლისის” და სხვათა ლიტერატურულ ღირსებებზე აქამდეც ბევრი თქმულა და კიდევ ბევრს იტყვიან, მთავარი კი მაინც ერთი მგონია – აკას გმირებს ხელოვნურობის ნატამალი არ ეტყობათ – თითოეული მათგანი ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენი გარემოს და ყოფის ნაწილია. მაგალითისთვის “აგვისტოს პასიანსიც” იკმარებს, რომელსაც თავად ავტორი “სანთლის შუქზე საკითხავ ბულვარულ რომანს” უწოდებს, თუმცა ბულვარულ პროზასთან საერთო არაფერი გააჩნია.

ამ რამდენიმე ხნის წინ, თბილისში თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის, მიმზიდველად გაფორმებული აკას წიგნები გამოჩნდა. მე კი ისევ ძველ, შავ-თეთრ, მეკობრულად გამოცემულ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” ვეძებ და იმედი მაქვს, ერთხელაც, დედაენის ბაღში ან ბუკინისტური მაღაზიის მტვრიან თაროზე აუცილებლად ვიპოვნი…

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: კარლსონი – სახურავის სევდიანი ბინადარი   Tue Sep 27, 2011 9:54 am

კარლსონი – სახურავის სევდიანი ბინადარი

September 16, 2011 by მოლი ბლუმი

შესაძლებელია, სათაური უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეცბუნდებით – არაფერი შემშლია. წერას ნამდვილად ყველასთვის საყვარელ პროპელერიან კაცუნაზე ვაპირებ. მინდა, “ლამაზ, ჭკვიან, ზომიერად ფერ-ხორციან, მოწიფულ მამაკაცთან” დაკავშირებული ჩემი ერთობ უჩვეულო იმპრესიები გაგიზიაროთ.

ამას წინათ, “ფლეიბოის” ძველი ნომრის ფურცვლისას, ერთ სახალისო სტატიას გადავაწყდი – “ათი საბავშვო რამ, რითაც უფროსებიც ერთობიან”. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდად არ გამკვირვებია, როცა სიაში, რუბიკის კუბსა და სათამაშო რკინიგზასთან ერთად, ლინდგრენის შედევრიც აღმოვაჩინე.

მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.

აბა, დაფიქრდით, როგორია, როცა არც დედა გყავს, არც მამა, არც და-ძმა… არც ტორტს ელოდები დაბადების დღეზე და არც ლამაზად შეფუთულ საჩუქარს საშობაო ნაძვის ხის ქვეშ… ბუზღუნა და ბრაზიანი ბებიაც კი სანატრელი გაგხდომია, გუბეებში ფეხების ტყაპუნს რომ აგიკრძალავს, ლასე იანსონთან ჩხუბის გამო დაგტუქსავს და დღეში ხუთჯერ დაგიტატანებს: “წინდები გამოიცვალე, კარლსონიკო, წინდებიო!”

აბა, როგორია, როცა მარტოდმარტო ცხოვრობ მწვანედარაბებიან სახლში, არავინ გელოდება, არავის ელოდები, მტკივან ყელს კბენია შარფით არავინ გიხვევს და ხუთერეიან მონეტებსაც არ გჩუქნიან… ამ დროს, სხვა რაღა დაგრჩენია – იძულებული ხარ, თავად უწოდო საკუთარ თავს “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” და სანუკვარი სასუსნავების მოპოვებაზეც თავად იზრუნო, ხშირად არც თუ პატიოსანი მეთოდებით.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენი არსებობის არავის სჯერა – ხან მოტორიან მოჩვენებას გიწოდებენ, ხან მფრინავ კასრს და ხანაც ჯაშუშ თანამგზავრს, ფრეკენ ბოკს და ძია იულიუსს კი უზრდელი გოდორა ბიჭი ჰგონიხარ…

ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ დარიჩინიან ფუნთუშებს იპარავ, გუნილასთვის ტორტის ნაჭერი გენანება, ბიჭუნასთვის – ერთი თხილი… და საერთოდ, ცრუპენტელა და ცუდად აღზრდილი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებ.

თქვენს მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როცა ასეთ რამეზე ვფიქრობ და “მსოფლიოში საუკეთესო მხატვრის” ერთადერთი შედევრი – “ობოლი წითელი მამალი” მახსენდება, დაუძლეველი სურვილი მიპყრობს, სტოკჰოლმში, რომელიმე სახურავზე, ბუხრის მილს ამოფარებული პატარა სახლი ვიპოვნო, შევიხედო და გაოცებულ მასპინძელს გულიანად მივესალმო:

“კარლსონს გაუმარჯოს!”


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ტიპი მეზობელი საფლავიდან   Thu Mar 29, 2012 10:24 pm

ტიპი მეზობელი საფლავიდან

September 19, 2011 by მოლი ბლუმი

ღრმად კონცეპტუალურ პროზაზე წერა, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ, ვგონებ, არც იმის გახსენება იქნება ურიგო, რომ წიგნის მაღაზიებში, ეკოსა და ფამუქის გვერდით, სხვა ავტორების გვარებსაც ხშირად ვხედავთ ხოლმე. ზოგი პარნასის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზეა შერჩენილი, ზოგი მთის კალთებს ჩასჭიდებია წრიაპებით, ზოგი კი მოწყენილი სახით ჩამომჯდარა დაბლობზე და არ იცის, რომელ გზას დაადგეს…

რამდენიმე ხნის წინ შვედი მწერლის – კატარინა მასეტის რომანი – “ტიპი მეზობელი საფლავიდან” ჩამივარდა ხელთ. ჩამივარდა რა, რომელიღაც ბიბლიოივენთის დროს შევიძინე, სადაც, როგორც ჭეშმარიტ წიგნის ჭიას შეეფერება, სიახლეების ძებნაში გაფაციცებული დავსუნსულებდი. სათაურმა დამაინტრიგა, ანოტაციაც არ მომეჩვენა ცუდი, ჰოდა, სხვა ნადავლთან ერთად ჩავუძახე ჩანთაში.

თავიდანვე მინდა, გითხრათ, რომ კატარინა მასეტი კარგად წერს. უბრალოდ, გასაგებად, იოლად, ყოველგვარი პერფორმანსებისა და კრეატიული იდეების გარეშე. ახლა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ზემოჩამოთვლილის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან მარტივ ცხოვრებისეულ პრობლემებზე წერა (და კითხვაც) არც მავნეა და, მით უმეტეს, არც სამარცხვინო. მასეტიც ზუსტად ამ ტიპის მწერალია – შინაურული, ახლობელი და მყუდრო, როგორც ძველი, ჭრიჭინა სავარძელი შეშის ღუმელთან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ წიგნში ბალზაკის ასაკის ინტელექტუალი ქვრივი – დეზირე ცხოვრობს. ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებას ხელმძღვანელობს, ოპერის ხშირი სტუმარია, კრეატიული თანამშრომელი და, საერთოდ, “ზუსტად ეგეთი ტიპია, არავინ რო არ აძალებს და მაინც გაუთავებლად რო წიგნებს კითხულობს, თანაც სქელტანიანებს, წვრილშრიფტიანებს და უსურათოებს.”

დახასიათების ბოლო ნაწილი ჩემი არ გეგონოთ – სწორედ ასეთი აზრისაა ახალგაზრდა ქვრივზე ფერმერი ბენი, რომლის მშობლებს დეზირეს განსვენებული ქმრის საფლავის გვერდით დაუმკვიდრებიათ ადგილი. ორივე ჭირისუფალი სასაფლაოზე ხვდება ერთმანეთს და დანარჩენს უჩემოდაც მიხვდებით – ცა და დედამიწასავით განსხვავებულ ადამიანებს შორის ვნებიანი, გიზგიზა და ცეცხლოვანი რომანი იწყება.

მოკლედ, ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა, “პატარ-პატარა” პრობლემები რომ არა – დეზირეს ბინაში ბენის სული ეხუთება და ეჩვენება, რომ სექსი ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში აქვს; სოფლის სახლში ბოსლის, ნაკელის და მჟავე რძის სუნი დგას, თეთრეული საეჭვოდ გამოიყურება, დეზირეს კი წარმოდგენა არ აქვს, როგორ მზადდება ყველი და რანაირად იბრაწება გუფთები.

ბენი “პოლიციის აკადემიას” უყურებს და ჟურნალ “ლანდს” კითხულობს, მისი სატრფო – კონცეპტუალური შავ-თეთრი ფილმებით ტკბება და შოპენჰაუერს ფურცლავს; კაცს ყვავილებიანი შპალერი და ფოჩებიანი ფარდები მოსწონს, ქალს – მინიმალისტური დიზაინი და პასტელის ფერები…

როგორც ვხედავთ, საქმე მთლად კარგად არ არის, თუმცა შეყვარებულები სოციალურ-ინტელექტუალური წვრილმანებით გამოწვეული კულტურული შოკიდან ველური და ინტენსიური სექსის წყალობით გამოდიან. ამ საკითხში ორივე ისეთი მონდომებულია, ხანდახან მგონია, რომ “კამასუტრას” დისციპლინაში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად იკლავენ თავს.

კატარინა მასეტის თუ დავუჯერებთ, ხმაურიანი, სკანდალებით და ვნებით გაჯერებული ურთიერთობა დეზირეს ორსულობით და მენდელსონის მარშით უნდა დამთავრდეს, მე კი მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პირველყოფილ ინსტიქტებზე გაფურჩქნული ვნება დაიყვავილებს, ბენის აფთიაქივით გაკრიალებული სახლი და ნახევარფაბრიკატების ჭამა მობეზრდება, დეზირეს კი საგანგებო საჩუქრად შერჩეული მიკიმაუსიანი საყურეები და იისფერი წინდები ისე ამოუვა ყელში, ბიბლიოთეკასავით წიგნებით სავსე ბინაში მარტო ცხოვრებას და კლასიკური მუსიკის თანხლებით მასტურბაციას ამჯობინებს.

მე ვამჯობინებდი.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: სტიგ ლარსონი – ჩრდილოეთის ვირუსი   Thu Mar 29, 2012 10:38 pm

სტიგ ლარსონი – ჩრდილოეთის ვირუსი

September 23, 2011 by მოლი ბლუმი


გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – რომელი თქვენგან დაფიქრებულა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძილმორეულმა პეპი გრძელიწინდამ ვილა “ყიყლიყოში” სანთელი ჩააქრო, ხოლო შეუპოვარმა კალე ბლუმკვისტმა მწვანე გაბარდინისშარვლიანი მკვლელი პოლიციას პირდაპირ ლანგრით მიართვა?

აჰა… გაჩუმდით? მაინცდამაინც ნუ დაირცხვენთ – მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ლამის ძილის დროსაც თავქვეშ მეწყო, არც მე მომსვლია აზრად, რომ პეპი და კალე მარადიულ ბავშვებად ვერ დარჩებოდნენ, გაიზრდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ფათერაკს გადაეყრებოდნენ.

სამაგიეროდ, ჩემსა და თქვენს ნაცვლად, ამაზე ასტრიდის თანამემამულემ – სტიგ ლარსონმა იფიქრა – ეტყობა, ვიმერბიუელი ჯადოქრის პერსონაჟები ბავშვობაში მასაც ძალიან უყვარდა…

აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” წესიერად გადაშლილიც არ მქონდა და მაშინვე კალე ბლუმკვისტს გადავაწყდი.

მერე რა, რომ ჩვენი კალე, კარლსონის არ იყოს, “ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცად” ქცეულა, ორმოცისთვის გადაუბიჯებია და “მილენიუმის” ჟურნალისტი გამხდარა – სამაგიეროდ, ქერა თმა ახლაც დაუდევრად ჩამოჰყრია შუბლზე და სხვადასხვა ჯურის ნაძირალებთან ბრძოლის ჟინიც არ განელებია. ერთი ეგ არის, ახლა მას მიქაელი ჰქვია და მეტსახელის – კალეს გაგონებაზე წარბს იკრავს ხოლმე.

პეპი გრძელიწინდას გაფშეკილი წითური ნაწნავები მოკლედ შეუჭრია და ყორნის ფრთასავით შავად შეუღებავს. ცხვირი და წარბები პირსინგით დაუმშვენებია, მარცხენა ბეჭზე კი დრაკონის ტატუ იწონებს თავს. ის ახლა “Milton security”-ის საუკეთესო კერძო დეტექტივი და გენიალური შესაძლებლობების მქონე ჰაკერია, სახელად – ლიზბეთ სალანდერი.

ამაზე მეტად განსხვავებული ორი პერსონაჟი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სტიგ ლარსონმა მათგან ისეთი დუეტი გამოძერწა და იმდენად ჩახლართული, იდუმალებით მოცული დანაშაულის გამოძიებაში ჩაგვითრია, ერთი თუ გადაშალეთ “გოგონა დრაკონის ტატუთი”, მერწმუნეთ, ვეღარც გაუშვებთ ხელს.

ლარსონი პარალელური სიუჟეტების დიდოსტატია – დეტექტივს ვკითხულობთ და კაცმა არ იცის, მკვლელის პოვნა უფრო გვაინტერესებს, თუ ბლუმკვისტსა და სალანდერს შორის გაჩენილი ვნების ნაპერწკალი.

ჩრდილოეთის ვირუსად მონათლული დეტექტიური კოქტეილი ვირტუოზული ზომიერებით და სიფრთხილით არის შეზავებული – არც ერთი ინგრედიენტი ზედმეტად არ გვეჩვენება: ყოვლისშემძლე მაგნატი და დიდი ოჯახის პატრიარქი – ჰენრიკ ვანგერი – ორმოცი წლის წინ გაუჩინარებულ შვილიშვილს ეძებს; აქა-იქ შემზარავი სისასტიკით დახოცილი ქალების ცხედრებს პოულობენ და ამასთან იდუმალი კავშირი აქვს ბიბლიურ ციტატებს; მრავალრიცხოვანი საგვარეულოს ყველა წევრი ეჭვმიტანილია და იდილიური შესახედაობის კუნძულის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ისეთი საწამებელი კამერაა მოწყობილი, დიდ ინკვიზიტორსაც კი შეშურდება…

ამ ყველაფრის პარალელურად, ლარსონი უცნაური სასიყვარულო სამკუთხედისთვისაც პოულობს ადგილს – მიქაელ ბლუმკვისტი, მისი დიდი ხნის მეგობარი ქალი – ერიკა ბერგერი და გოგონა დრაკონის ტატუთი – საკუთარ თავში ჩაკეტილი, ყველასგან გარიყული ლისბეთ სალანდერი, მარტოსული პეპი, რომელმაც თავისი ტომი და ანიკა კიდევ ერთხელ იპოვნა…

არ ვიცი, რამდენად კარგად მოვახერხე ჩემეული იმპრესიების თქვენთვის გაზიარება, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება – საკმარისია, სტიგ ლარსონის სამყაროში ერთხელ შეიხედოთ და “მილენიუმის” საგის მომდევნო წიგნებს ჩემზე მეტი მოუთმენლობით დაელოდებით.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: გრძელფეხება მამილო   Thu Mar 29, 2012 10:48 pm

გრძელფეხება მამილო

September 30, 2011 by მოლი ბლუმი | Edit


ქურდობა რომ დასაძრახი საქციელია და მერვე მცნება ამას პირდაპირ გვიკრძალავს, ყველას მოგვეხსენება. მიუხედავად ამისა, წუთით არ მინანია, წლების წინ ჩემი უბნის ბიბლიოთეკიდან ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო“ რომ მოვიპარე. მოვიპარე რა, წამოვიღე და აღარ დამიბრუნებია. რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად მოვიმოქმედე და არა გულმავიწყობის გამო.

დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიფიქრებს – შე დალოცვილო, წაკითხვას ხომ არავინ გიშლიდა, რაღას იპარავდიო, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გადაფურცლოთ ეს წიგნი და მაშინვე მიხვდებით, რამ მიბიძგა ამ სამარცხვინო დანაშაულისკენ.

იქიდან დავიწყებ, რომ “გრძელფეხება მამილო“ მთლიანად პატარ–პატარა წერილებისგან შედგება, რომლებსაც მთავარი გმირი – ჯონ გრაიერის ობოლთა თავშესაფარში გაზრდილი ჯუდი ებოტი თავის უცნობ კეთილისმყოფელს უგზავნის. გოგონა ფერგესენის კოლეჯში ცხოვრობს, სადაც მისი სწავლა-განათლება ჯუდის ლიტერატურული ნიჭით მოხიბლულმა იდუმალმა მეურვემ დააფინანსა და მაღალ კოშკში მოთავსებულ ოთახიდან უსტარი უსტარზე მიფრინავს გრძელფეხება მამილოსკენ. ახლა არ იკითხავთ, როგორი ბარათებია? გულისამაჩუყებელი, გულუბრყვილო, ალაგ–ალაგ ცრემლი რომ მოგერევა, ზოგჯერ კი გულის წასვლამდე იცინებ. მარტო ის რად ღირს, მიქელანჯელოს რომ მიქელგაბრიელში აურევს, მორის მეტერლინკი კი კოლეჯის ახალი მოსწავლე ჰგონია…

მოკლედ, ეს პატარა ჯუდი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი და სასაცილო არსებაა. წერილიდან წერილამდე იცვლება, იზრდება და ჭკვიანდება, თუმცა იდეალური სულაც არ არის – ხან გამოცდაზე იჭრება, ხან, კბილის ტკივილით შეწუხებული, საზიზღარ წერილებს წერს, ხან კლასის მამასახლისის არჩევნებში მონაწილეობს და ინტრიგებს ხლართავს, ხან რომელიღაც ძელზე მიბობღავს, ხან აბრეშუმის წინდებს ყიდულობს მდიდარი თანაკურსელის გამოსაჯავრებლად, ზოგჯერ კი ისეთი პრინციპული და ჯიუტია, გაგიკვირდებათ…

მისი წერილებიც ყოველთვის განსხვავებულია – ხელს ერთხელ რომ შექსპირის გენიალურობით აღფრთოვანებული დანიის დედოფალი ოფელია აწერს, მეორეს – ფრონტის ხაზიდან სპეციალური კორესპონდენტი აგზავნის, სხვებს – დამწყები ფერმერი, მომავალი დიდი მწერალი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი და კიდევ ვინ მოთვლის…

ჰოდა, ისე შეუმჩნევლად გადის ოთხი წელი სიკეთით, ღიმილით, იუმორით გაჟღენთილ ბარათებში, დაწყებას ვერ მოასწრებთ და უკვე წაკითხული გაქვთ… რჩება მხოლოდ ჯინ ვებსტერის წიგნით გამოწვეული სითბო და სინათლე და რწმენა იმისა, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია…


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ჰაიკუ – იაპონური ალუბლის ფურცელი   Thu Mar 29, 2012 11:03 pm

ჰაიკუ – იაპონური ალუბლის ფურცელი

October 10, 2011 by მოლი ბლუმი


ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – პოეზიას პროზა მირჩევნია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ლექსებს საერთოდ არ ვკითხულობდე. უბრალოდ, ერთგვარ ლიტერატურულ ნუგბარად ვინახავ ხოლმე.

მოლი ბლუმის ბლოგზე ეს მიმართულება არასოდეს ყოფილა ფავორიტთა რიცხვში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემს მკითხველებს შორის ამ ჟანრის მოყვარულნი მრავლად მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ, დღეს, პროზაული ყოველდღიურობიდან თუნდაც მცირე ხნით გაქცევას და, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი და დახვეწილი პოეზიის სამყაროში მოგზაურობას გთავაზობთ.

იაპონელები ფრიად უცნაური ხალხია – “ბარბაროსი ევროპელებისაგან” ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან. სილამაზეს ერთობ თავისებურად აღიქვამენ – მთვარეს და ვარსკვლავებს, პირველ თოვლს, ახლად აყვავებულ საკურას და ქრიზანთემას მხოლოდ მათთვის გასაგები, ღრმად იაპონური ესთეტიკით დატვირთული მნიშვნელობა აქვს. რა გასაკვირია, რომ მათი ლექსებიც არავისას ჰგავს.

ალბათ, ვერ გაგაოცებთ, თუ გეტყვით, რომ იაპონურ ენაზე სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი და ორიგინალში ერთი სტრიქონიც არ წამიკითხავს. საბედნიეროდ, რუსული და ქართული თარგმანი მრავლად მოიპოვება და იმდენად ოსტატურად არის შესრულებული, რომ ჰარმონიის ერთი მისხალიც კი არ იკარგება.

“ამომავალი მზის ქვეყნის” პოეზიაში თითქმის არ იგრძნობა ხალისი, ბედნიერება და სიხარული, სამაგიეროდ, სევდა, სიკვდილი და განშორება არსად ყოფილა ისეთი ლამაზი, როგორც იაპონურ ბწკარედებში.

უკვე მარტო ვარ,
წარწერას ქუდზე: “ჩვენ ორნი ვართ”
როგორმე ბრინჯით ჩამოვირეცხავ.

კლასიკური სამტაეპედების დიდოსტატის, მაცუო ბაშიოს ეს ჰაიკუ, ყოვლისმომცველ ტკივილთან ერთად, ისეთი რაფინირებული სისადავით არის გაჯერებული, შეუძლებელია, მოისმინო და არ მოიხიბლო.

ამბობენ, იაპონელები დიდი მუსიკალურობით არ გამოირჩევიანო, მაგრამ მათი ლექსები ყველაზე მეტად მუსიკას ჰგავს – მინიმალური ინფორმაცია ემოციების ნიაღვარს იწვევს და მსმენელის ფანტაზიას უკიდეგანო სივრცეს უტოვებს.

ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.

სულ რამდენიმე სიტყვაში დიდი სათქმელის ჩატევა ასეთი ლაზათით და სიმსუბუქით მხოლოდ იაპონურ პოეზიას ხელეწიფება.

ნიპონური მინიმალიზმის სილამაზეზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ, ვგონებ, უმჯობესი იქნება, აქ შევჩერდე და წერტილის ნაცვლად ჩემთვის უსაყვარლესი ჰაიკუ შემოგთავაზოთ, რომელსაც, სხვებისგან გასხვავებით, სათაური გააჩნია – “სიკვდილით დასჯის წინ”:

სულთა სამეფოში
დასრულდება ჩემთვის
შენი სიმღერა, გუგულო.


ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო: “წიგნი არ მოკვდება!”   Mon Aug 27, 2012 9:55 am

ჟან-კლოდ კარიერი, უმბერტო ეკო: “წიგნი არ მოკვდება!”

October 21, 2011 by მოლი ბლუმი

“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…

ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა – ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.

რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…

ეკოს თანაავტორი ჟან-კლოდ კარიერია, რომანისტი და ისტორიკოსი, ბონუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორი. იტალიელი მედიევისტი და ფრანგი ლიტერატორი რიგითი მკითხველების ამპლუაში გვევლინებიან და წიგნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით მომავლის განჭვრეტას ცდილობენ.

ავტორთა პოზიციას სათაურითაც იოლად ამოიცნობთ. თუმცა მთავარ ხიბლს მე სხვა რამეში ვხედავ. წინასწარმეტყველება რთული საქმეა და არც ეკო და მისი თანამოსაუბრე არიან პროფესიონალი ფუტუროლოგები – უპირველესი ღირსება ის ინტელექტუალური და უზადო იუმორით შეზავებული ბაასია, რომელიც მხატვრული სიტყვის ორ დიდოსტატს შორის მიმდინარეობს.

ისტორიული ექსკურსებით, ცნობილი თუ უცნობი ბიბლიოკურიოზებით, თამამი პარალელებით გაჯერებული, დინჯი საუბრის თუნდაც ზოგადი შინაარსის გადმოცემა უკიდურესად რთული და, ამასთან, ფუჭი საქმე მგონია – თავად უნდა წაიკითხოთ. შეუძლებელია, ამ წიგნმა გემოვნებიანი მკითხველი იმედგაცრუებული დატოვოს.

საყოველთაო პროგრესის ადეპტებს ეს დიალოგი, ეგებ, ორი ასაკოვანი ბიბლიოფილის ნოსტალგიურ პერფორმანსად ეჩვენოს. მე კი ამ წიგნმა ფრიად სასიამოვნოდ გამატარებინა რამდენიმე საათი და ისიც დამანახა, რომ თურმე შესაძლებელია, ბიბლიოსამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენას ყოველგვარი პანიკისა და მღელვარების გარეშე შევხვდეთ. როგორც აღმოვაჩინე, ავტორებიც ამ თვალსაზრისს იზიარებენ.

მართლაცდა, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ რიდერი წიგნის და მით უმეტეს, წიგნიერების მტრად. არ მგონია, ტექნოლოგიური რევოლუცია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ კანონიკურ სახეს განადგურებით ემუქრებოდეს. ავტომობილისა და თვითმფრინავის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ფეხით სიარულზე უარი არ უთქვამთ, გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში ხალხი თეატრებსაც სტუმრობს და კინოდარბაზებსაც – ამქვეყნად ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება.

P.S. ერთი კვირაა, უკიდეგანო “ამაზონზე” დავხეტიალობ, “ქინდლის” მოდელებს ვათვალიერებ და ჩემს პირველ რიდერს ვარჩევ. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ შევეჩვევი ახალ სათამაშოს, ერთი კი ზუსტად ვიცი – მოლის ნაფერებ და ნალოლიავებ ბიბლიოთეკას საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: მე წითელი მიყვარს   Mon Aug 27, 2012 10:01 am

მე წითელი მიყვარს

October 24, 2011 by მოლი ბლუმი


ეს სურნელოვანი წიგნია…

არა, არ მოგესმათ, სწორედ რომ სურნელოვანი… ჩაის, ნარგილეს, ყავის არომატით გაჯერებული… ასე მგონია, ყველაზე კარგად მის მშვენიერებას თურქულ ყავახანაში შეიგრძნობს ადამიანი. იმ ყავახანაში, სადაც მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სულ მგონია, რომ იქაურობა უნატიფესი, ხელით ნაქსოვი ხალიჩებით არის მოფენილი, აქა–იქ ფარჩაში გამოხვეული პატარა ბალიშები მიმობნეულა და ჰაერი თრიაქის კვამლს დაუმძიმებია… შეიძლება, ჩემეულ ინტერპრეტაციაზე ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ დამეთანხმეთ – “მე წითელი მქვია“ რომ წაიკითხოთ, უკეთესი გარემოს პოვნა გაგიძნელდებათ.

არასოდეს შემხვედრია პროზა, რომელიც ასე ჰგავს პოეზიას… რომანი, სადაც მთავარი გმირი არც უსამართლოდ მოკლული მხატვარი ზარიფ–ეფენდია, რომლის ცხედარი პირველივე ფურცლებიდან იმქვეყნიური, ყრუ ძახილით გვეხმიანება ჭის ფსკერიდან… არც მხატვართა ამქრის მთავარი ოსტატი ოსმანი, კვალის ძიებას ფადიშაჰის საუნჯემდე რომ მიჰყავს… ვერც თორმეტწლიანი ყარიბობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუებული ყარა და მისი ძველი სატრფო, უკვე დაქვრივებული შექიურე დაიჩემებენ უპირატესობას სხვა პერსონაჟების წინაშე… თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ტიტულს ვერ მკვლელი მიისაკუთრებს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გარდა, კიდევ ერთი, უფრო მიუტევებელი ცოდვით დაიმძიმა სული – ხატვისას საკუთარი ხელწერის პოვნას შეეცადა… ვერც მარტოსული ხე იტყვის, მთავარი გმირი ვარო, ვერც მონეტა, ვერც ძაღლი და ასე გასინჯეთ, თვით სატანაც კი – ისინი ყველანი პერსონაჟები არიან და თითოეული მათგანი უკან იხევეს წითელი ფერის წინაშე, იმიტომ, რომ ის სამყაროს მთავარი ფერია.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ვფრთხილობ – არ მინდა, მეტისმეტად გავაშიშვლო რომანის სიუჟეტი მათთვის, ვისაც პირველად წაკითხვის სიამოვნება ელოდება წინ. მარტო იმას გეტყვით, რომ ინტელექტუალური დეტექტივი რენესანსის შუქ–ჩრდილებით, სიყვარულის ისტორია ბოროტ­მოქმედების ელემენტებით, ხატმწერთა სავანე, სადაც ოსმანთა მბრძანებ­ლისთვის საოცარი წიგნი იხატება და ფუტკრებივით შრომობენ მინიატურის დიდოსტატები – ამ ყველაფერს ერთ წიგნში მოუყრია თავი, რომელშიც იმდენი მუსიკა და სინატიფეა, რომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სუნთქვა შევიკრათ და იმ მორევში ჩავყვინთოთ, ორჰან ფამუქის წითელი რომ ჰქვია.

მივიკვლევთ გზას ფამუქის ლაბირინთში და უკვე ეჭვიც კი გვეპარება – გვინდა თუ არა საერთოდ გასასვლელის პოვნა… იქნებ, სამუდამოდ აქ დარჩენა გვირჩევნია, აღმოსავლეთის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებში, სადაც მხატვრის სანუკვარი ოცნება თვალის სინათლის დაკარგვაა, რათა სამყარო ალაჰის თვალით დაინახოს… სადაც მკვლელობა მხოლოდ სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯია… სადაც სიყვარული ისეთი ტკბილია, როგორც შექიურეს სახელი და ისეთი გიზგიზა, როგორც ხმელი ხისგან დანთებული კოცონი…

თურმე წითელი ყოფილა პირველი ფერი, რომლითაც უსინათლო ადამიანები თვალის ახელის შემდეგ გარემოს აღქმას იწყებენ, მე კი ამ ფერმა ორჰან ფამუქის სამყაროში გამიხსნა გზა.

მე წითელი მიყვარს.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: ტერი პრატჩეტის მხიარული მაგია   Mon Aug 27, 2012 10:11 am

ტერი პრატჩეტის მხიარული მაგია

October 31, 2011 by მოლი ბლუმი



ფანტასტიკა არასერიოზული ლიტერატურააო – ხშირად იმეორებს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც წიგნის მხოლოდ მაშინ კითხულობს, თუ ავტორი, სულ მცირე, ასი წლის მკვდარია და ოფიციალურ კლასიკოსად არის შერაცხული.

წარმომიდგენია მისი სახე, შემთხვევით ამ პოსტს თუ გადააწყდა – დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე “არასერიოზული” ჟანრის ყველაზე ნაკლებად აკადემიურ მიმართულებას - იუმორისტულ ფანტასტიკას ვიხსენებთ.

Sci Fi-ის და ფენტეზის ჭეშმარიტ მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, რობერტ შეკლი, რობერტ ასპრინი და ძმები სტრუგაცკების საკულტო რომანი “ორშაბათი იწყება შაბათს” მოაგონდებათ. მათ შესახებ ოდესმე აუცილებლად დავწერ, ახლა კი ინგლისელ ფანტასტს – ტერი პრატჩეტს გაგაცნობთ.

სერ ტერენსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერია და “კომედიური ფენტეზის” მეტრად ითვლება. სახელგანთქმული “დისკოს სამყაროს” ოცდათექვსმეტი წიგნიდან ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ “ლიგამუსის” მიერ თარგმნილ-გამოცემული პირველი ორი რომანი – “მაგიის ფერი” და “ფანტასტიური ნათება” მოიძებნება და დიდი იმედი მაქვს, დანარჩენებიც მალე შეემატებიან.

დისკოს სამყარო ჭინკებით, გნომებით, გობლინებით, დრუიდებით არის დასახლებული. აქ ჯადოქრები ფეშენებელურ სასტუმროებში სამდღიან კონფერენციებს აწყობენ, ღმერთები კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეომებიან ყინულის გიგანტებს, რომლებიც ხან ბალახის საკრეჭი მანქანის მითვისებას ცდილობენ, ხანაც რადიოსთვის ხმის დაწევაზე აცხადებენ უარს.

მხიარული აურზაურის ეპიცენტში უდარდელი ტურისტი ორყვავილაა, რომელიც სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს, ვარდისფერი ყურებით უსმენს და ვარდისფერი ტვინით აღიქვამს. ორყვავილას ჩვეული ოპტიმიზმი არასოდეს ღალატობს – თავზეხელაღებულ ყაჩაღთა ბუნაგში გამომწყვდეული, გამტაცებლებს ქონების დაზღვევის არსს უხსნის, ნეკროპოლისში მოხვედრილი კი სიკვდილს, შიშს, ომს და ეპიდემიას ბრიჯს ეთამაშება.

შეუპოვარი მოგზაურის გიდი და განუყრელი მეგობარია ხელმოცარული ჯადოქარი, ათას ხიფათსა და ფათერაკს გადარჩენილი რინსვინდი, რომლის თვალწინ იმდენჯერ გაურბენია განვლილ ცხოვრებას კრიტიკულ მომენტებში, რომ განსაკუთრებით მოსაწყენ ადგილებზე თვლემა ერევა ხოლმე.

ამ ექსცენტრულ ტანდემს გვერდს უმშვენებს ბრძენი მსხლის ხისგან დამზადებული ათასფეხა სკივრი, ორყვავილას ერთგული ძაღლივით მუდამ უკან რომ დასდევს და მთელ მის ავლადიდებას იტევს – სუფთა თეთრეულს, ოქროს მონეტებს, სასმელი წყლის მარაგს და ქარაფშუტა პატრონის მიერ მამასისხლად შეძენილ უამრავ, სრულიად უსარგებლო სუვენირს - ღორის ორმეტრნახევრიანი სარიტუალო მოსაღიტინებელი ჯოხის ჩათვლით.

ორყვავილასა და რინსვინდთან ერთად მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. ხან ჩურჩულით მოლაპარაკე სიკვდილი შეგაშინებთ, ხან სამყაროს კიდეს მიუახლოვდებით და წყლის ტროლის ტყვეობაში აღმოჩნდებით… ამდენი ფათერაკის მიუხედავად, ისე იმხიარულებთ, სიცილისგან გული თუ არ წაგივიდათ, ფერდები ნამდვილად გეტკინებათ. ხანდახან მოგიწევთ, სერიოზულად იმტვრიოთ თავი – როგორ შეჭამოთ სოკო, რომელსაც კოხტა კარ-ფანჯარა ამშვენებს ან როგორ შეუკეთოთ ცეცხლში შეშა, ძველი ნაცნობივით რომ გესაუბრებათ.

ერთი სიტყვით, თუ ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, მერწმუნეთ – ამ წიგნებზე უარის თქმით ბევრს დაკარგავთ. მათ კი, ვისაც ფანტასტიკა, განსაკუთრებით კი იუმორისტული, სოლიდური ადამიანებისათვის შეუფერებელი საკითხავი ჰგონია, მარკ ზახაროვის საქვეყნოდ ცნობილი ფილმის საფინალო აკორდს შევახსენებ:

“სერიოზული სახე ჭკუის ნიშანი არ გახლავთ – ამქვეყნად ყველა სისულელეს სწორედ ასეთი გამომეტყველებით სჩადიან. გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!”

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: “მოუკრეფავნი” – ქართული სკაბრეზული ფოლკლორი   Mon Aug 27, 2012 10:15 am

“მოუკრეფავნი” – ქართული სკაბრეზული ფოლკლორი

November 11, 2011 by მოლი ბლუმი



ამ ლექსებს აკადემიურ გამოცემებში ვერ შეხვდებით…

არც სოლიდური ლიტერატურული ჟურნალები ბეჭდავენ და არც ბავშვებს ასწავლიან სკოლაში…

არც რომანტიკული მიჯნურები უკითხავენ ერთმანეთს…

ამ ლექსებს, ჩვეულებრივ, უხერხული ღიმილით ახსენებენ. დეკლამაცია უახლოეს მეგობართა წრეშიც კი ერიდებათ და თუ მაინც წარმოთქვამენ, განსაკუთრებით საჩოთირო ადგილებში მორცხვ ევფემიზმებს იშველიებენ.

ეს “მოუკრეფავნია” – ქართული ხალხური სკაბრეზული პოეზია.

ქალას შავთხოვე, არ მამცა,
რუსულად მითხრა: ნიატო!
მიწითამც ამოგევსების,
ჩემდ ძვირო, სხვისთვის იაფო!

ქართული ფოლკლორი ფასდაუდებელ საუნჯეს რომ წარმოადგენს, სადავოდ არავის გაუხდია, ოღონდ, სატრფიალო ან ჰეროიკული შედევრების გვერდით, ჯერ კიდევ სულხან-საბასთვის ცნობილი იმ ტერმინოლოგიით გაძეძგილი ლექსებიც გვხვდება, თანამედროვე კრიტიკა, არც თუ უსაფუძვლოდ, სლენგს და ნატურალიზმს რომ უწოდებს.

ალბათ, უცნაურია, მაგრამ საზოგადოებაში ფოლკლორის სკაბრეზულ ნიმუშებს დღემდე ერთგვარი ტაბუ ადევს და იშვიათად მოიძებნება ვინმე, მათი ცოდნით რომ გამოირჩეოდეს. თქვენი არ ვიცი და რამდენიმე წლის წინ, “დიოგენეს” გამოცემული მომცრო კრებული რომ არა, ხალხური ზეპირსიტყვიერების ამ მარგალიტების შესახებ მე ვერაფერს გავიგებდი.

ნიშანდობლივია, რომ “მოუკრეფავნი” ვახუშტი კოტეტიშვილმა შეადგინა – ადამიანმა, რომლისთვისაც ყოველგვარი ყალბი მორალიზმი უცხო იყო, ვინც ყოველთვის მხოლოდ საკუთარ წესებს ემორჩილებოდა და ფარისევლური ზნეობრიობისკენ ზურგშექცეული იდგა.

და ქართული ნეოპურიტანული საზოგადოება, შუა საუკუნეებისათვის შესაშური ფანატიზმით რომ რეაგირებს საყოველთაოდ მიღებული ლიტერატურული ჩარჩოების ნებისმიერ დარღვევაზე, ამჯერად გაჩუმდა – ფოლკლორისტის უპირობო ავტორიტეტმა გაჭრა.

ბევრ ქალა შავაყინტრავე
თხილობა-შვინდობაშია,
ბევრას ვათქმიე ქალასა:
- მაგხმარდას მშვიდობაშია,
ნეტავ კი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია.

ცხადია, “არანორმატულ” კაფიათა დიდი უმრავლესობა მართლაც რომ “ზღვარზე” და “ზღვარს მიღმაა”, თუმცა, ამის მიუხედავად ან, იქნებ, სწორედ ამიტომ, სკაბრეზულ თემატიკას მსოფლიოს უდიდესი საუნივერსიტეტო ცენტრებიც კი იკვლევენ. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ხალხური შემოქმედების ნიმუშია და არა იაფფასიანი ეპატაჟის უხეირო მცდელობა, უნიჭო მთხზველებს რომ სჩვევიათ ხოლმე.

ასეთი ლექსების უპირველესი ღირსება, დამეთანხმებით, თვითმყოფადი იუმორია. უხამსობაზე საუბარი კი სიბრიყვე მგონია. არ მესმის, რატომ უნდა მოვაწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა იმ პოეზიის წინააღმდეგ, რომელიც გაცილებით უფრო ნამდვილი, მართალი და ცხოვრებისეულია, ვიდრე საგულდაგულოდ გათლილ–გარანდული კლასიკური სტროფების უმრავლესობა.

- ქალო, რო დამიჯერებდე,
რა კარგად შაგიხდებოდა.
- არ ვაძლევ შენისთანებსა,
თორო სხვაც ბევრი მხვდებოდა.
შენისთანებს რომ ვაძლევდე,
კიდევაც გამიცვდებოდა.

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოლი ბლუმი, რაფინირებული ბლოგერის იმიჯს, ალბათ, კარგა ხნით გამოეთხოვება, მაგრამ თავს ავსტრიელი მწერალის კარლ კრაუსის ერთი ფრაზით ვიმშვიდებ: “არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც კარგად აღზრდილ ქალიშვილს ავიწყდება, რომ ის კარგად აღზრდილია”.

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
bloom
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 39
Age : 39
Location : Tbilisi
Job/hobbies : art
Humor : strong
Registration date : 26.03.11

PostSubject: მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!   Mon Aug 27, 2012 10:24 am

მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!

November 14, 2011 by მოლი ბლუმი



რამდენიც არ უნდა დავწერო ამ ავტორზე, როგორც არ უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, მაინც ყოველთვის ვალში ვიქნები მის წინაშე.

ვალში ვიქნები იმის გამო, რომ ოცნება, სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა ვისწავლე…

“ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცის“ გამო…

ჭორფლიანი, კიკინებაპრეხილი, უზომოდ მარტოსული და სიკეთით სავსე უშიშარი გოგოს გამო…

ბიულერბიუელი ბავშვების წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი სინათლის და ჰარმონიის გამო…

ძმები ლომგულების სიბრალულით დაღვრილი ცრემლის გამო…

ლიონებერგელი ემილის ოინებით მოგვრილი ხალისის და მხიარულების გამო…

იმ ბედნიერი წუთების გამო, მისი ახალი წიგნის ხელში ჩაგდებით რომ განვიცდიდი.

ახლაც მახსოვს, როგორ ვმალავდი პროპელერიანი კაცუნას თავგადასავალს ბალიშის ქვეშ, რომ დედა გაიხურავდა თუ არა კარს, საწოლთან პატარა ლამპა ამენთო და კითხვა გამეგრძელებინა…

როგორი აღფრთოვანებით ვუამბობდი ამ ჯადოსნური წიგნების შინაარსს ჩემს მეგობრებს, სკოლაში სულმოუთქმელად რომ მელოდნენ, რათა თხრობა წინა დღეს შეწყვეტილი ადგილიდან გამეგრძელებინა…

რა სუნთქვაშეკრული მივყვებოდი კვალდაკვალ ბოროტმოქმედებს კალე ბლუმკვისტთან ერთად…

როგორ მინდოდა, მაწანწალა რასმუსს მშობლები ეპოვნა და როგორ მეწურებოდა გული მისი სიბრალულით…

როგორ ვოცნებობდი, ბოცმანისნაირი ძაღლი და ჩაკუპატებული ჩორვენის მსგავსი და მყოლოდა, ერთხელ მაინც მემოგზაურა შხერებში და დურგლისეულ კარმიდამოში ორიოდე ღამე გამეთენებინა…

მახსოვს ეს ყველაფერი და ცხოვრების ბოლომდე გადაუხდელ ვალში ვიქნები იმ ქალის წინაშე, ზუსტად 104 წლის წინ შვედეთში რომ დაიბადა.

ვალში ვიქნები ჩემი ბავშვობის გამო, რომელიც მისი წყალობით ახლაც გრძელდება.

ვერასოდეს დავუბრუნებ იმ საოცარ სინათლეს, სიფაქიზეს და ბედნიერებას, მისმა გმირებმა რომ მომიტანეს.

ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ მთელი ქვეყნის გასაგონად მივულოცო დაბადების დღე და გულწრფელად და ალალად ვუთხრა:

– მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!

ყველა ჩანაწერი
Back to top Go down
View user profile http://mollyblooms.wordpress.com/
Sponsored content




PostSubject: Re: მოლი ბლუმის გვერდი   

Back to top Go down
 
მოლი ბლუმის გვერდი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: