არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იმირ მამედლი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: იმირ მამედლი   Thu Mar 24, 2011 3:49 pm


Imir Mamedli


იმირ მამედლი

დაიბადა 1957 წელს, საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიიის ლაურეატია. "ვეფხისტყაოსანი" ორიგინალიდან თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. ნაწარმოებებს ორ ენაზე– აზერბაიჯანულად და ქართულად წერს. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში.

ბმული:

* ლიბ.გე–ზე – http://lib.ge/authors.php?1097

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იმირ მამედლი   Thu Mar 24, 2011 3:53 pm

იმირ მამედლი

ფიქრში ზრუნვა

შენთან რომ ხშირად ვერ მოვდივარ ,
ნუ გამიწყრები.
ბოლოს და ბოლოს,
კაცმა ტაძარში
შეიძლება არ იაროს და
განუწყვეტლივ ახსოვდეს ღმერთი.


ზამთარი

წელს უსაშველო ზამთარი იყო,
თუმცა თბილოდა ერთხანს თავიდან…
თოვლმა ენძელა რომ დაინახა,
დავბრუნდებიო ,
თქვა და წავიდა.


პიესა

რა საოცარი ამბავი გახლავთ,
ფული რომ მქონდეს,
გეფიცები ,ამას დავდგამდი:
ვინც პირველ თავში უცოდველია,
მეორე თავში
დამნაშავედ გვევლინება
ყველა მათგანი


სიზიფეს ლოდი

მე ავიტანე სიზიფის ლოდი,
არ შემწევია ქედზე სატანა.
მაგრამ მწვერვალზე ის ვერ ვიხილე,
რისთვისაც ღირდა ლოდის ატანა.

მე ავიტანე და მტკაველ–მტკაველ
ზეცისკენ ავყე მაღალ მთა–გორებს.
ამაო ჯაფით გამწყრალმა ლოდი
იქით ფერდისკენ გადავაგორე.

ახლა ნახევრად ამაქვს და ვუშვებ,
ძირს ენარცხება ამომშრალ რუებს.
ასე სჯობია, დროს ხომ ვკლავ ლოდით,
თავსაც ვირთობ და ზევსსაც ვატყუებ.


ყველაფერი ქართული

წამოეპარა ქარი, ვით ქურდი,
მათხოვარი კი იჯდა, მღეროდა.
ქარმა მათხოვარს მოსტაცა ქუდი,
თუმც ორივ გახლდათ საქართველოდან.

ქართული ქარი, ქართულ მიწაზე
ქართველს ქუდს ჰპარავს, ჯერეთ ცარიელს.
იმ ქარს სხვა ქარი დაუხვდა გზაზე
ქუდი ფოთლებში არივდარიეს.

და სხვა ქართველი,ოღუნდ ახალი
გაჩნდა ქართულად დარდიმანდული,
ქართველ მათხოვარს ხითხით–ხარხარით
მუჭში ჩაუგდო ქართული ფული.

ქართული ცა და ქართული მიწა,
უძველესნი და უტყვი მოწმენი. –
ნისლი მათ შორის დარდივით იწვა
და საქართველო იყო მოწყენით.


ცხოვრება

ცეცხლი არ ჰქონდათ,
დარდს ჭამდნენ უმად.
ჭკნებოდა ხეზე ნაზი ფოთლები.
იყვნენ,
ცხოვრობდნენ
ფუსფუსით, ჩუმად,
და კორვალოლის ეწყო ბოთლები…



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იმირ მამედლი   Thu Mar 24, 2011 3:58 pm

იმირ მამედლი

არშემდგარი დღესასწაული
(პოემა)

პირველად იყო… პირველად არის
ყველა სულდგმული ამ ქვეყანაზე.
ერთხელ თენდება, ერთხელ, პირველად
ყოველი დილა;
ერთხელ ღამდება ღამე ყოველი.
პირველად არის დღე დღევანდელი,
პირველად და უკანასკნელად,
ვით გუშინდელის მომავალი და ხვალეს
წარსული.

მათ ბავშვობაში არ უნერგავდნენ
არცა სიყვარულს, არცა სიძულვილს,
ამზე არც კი ლაპარაკობდნენ,
დღიურ სარჩოზე ზრუნავდნენ მხოლოდ,
ეს კი ისევე ბუნებრივი იყო იმათთვის
როგორც სიცოცხლე,
ანუ უბრალოდ უნდა ეცხოვრათ,
სხვა არფერი ევალებოდათ.
ეჰ, კაცმა რომ თქვას,
არც თვით ცხოვრება
იყო დიდად სავალდებულო,
თუმც საამისო სიტუაცია
იმთავითვე იყო შექმნილი,ვითარცა ჩარჩო სურათისათვის.
ყოველ ნაბიჯზე ყოველ ცისმარე
გზაგასაყარი ხვდებოდა მათაც.
არჩევანი ერქვა ყველა დღეს
და ყველა ღამეს.
პირველადა ხარ,
არ გაგივლია ამ გზაზე უწინ,
კაი ბიჭი ხარ, აირჩიე და
არ შეგეშალოს.
მით უმეტეს,რომ კაცი მონაა,
ტყვეა თავის არჩევანისა.

…მდინარის პირას გაშლილი ბაღი,
და ბაღში იბგნენ ვაშლის ხეები,
როგორც ხორცსავსე გლეხის ქალები,
გაზაფხულობით ერთობ საეჭვოდ
იბურებოდნენ ყვავილ –ფოთლებით.
და სამუშაოდ გამოსულთ არა,
საჭორაოდ და
ქვეყნის უფრო დასამშვენებლად
მოფენილს ჰგავდნენ ყვავილობისას.
… სოფლის ზეგანზე ბეტონის არხი
გაქვავებული გველივით გდია.
არხს ქვემოთ გრილი,
ჩუმი საღამო ჩამოწოლილა.
საღამოს ბინდში ზის ქალ–ვაჟი,
რომლებიც წეღან
მოზღვავებულმა
ვნებამ აქეთკენ გამოიყოლა.
გოგო მზად არის ყველაფრისათვის
მხარზე დადებულ ხელით ჭაბუკმა
ოდნავ ებიძგოს,
წამოუწვება რათა იდინოს,
ვით არხში წყალმა
გოგოში ვაჟის ნება–სურვილმა.
ყმაწვილმა იცის ეს ყველაფერი,
მაგრამ არ იცის,
რა მოუხერხოს,მერე რა უყოს
ყაყაჩოსავით გულგაშლილ გოგოს.
აქვე? ამ წუთში?
და მერე როგორ? და რანაირად?
ეჰ,ბიჭი როგორც ახალშლბილი
ისე არის ამ ძველ საქმეში.
ესეც არ იყოს,
ძალზე ცუდია,
როცა საომრად,
რაღაცის ძალით მოსაპოვებლად
ხარ განწყობილი,
და უბრძოლველად
გნებდებიან, გყაბულდებიან.
რაღა უნდა ქნა
მოულოდნელად გეგმაშეცვლილმა,
გაწბილებულმა?
ქვემოთ სოფელი ემზადება
დასაძინებლად,
ვაშლის ხესავით განტოტვილ ცოლებს
სურვილშეპარვით უყურებენ
ახლა გლეხკაცნი.

…დღიურ ჯაფაში ქანცგაწყვეტილი
გლეხკაცებივით
დაგვალული მთა–გორაკები,
ზედ ბალახიც რომ აღარ იზრდება
თუნდაც ცხენის ფაფრის სიმაღლე.
არამედ ყველაზე ჭარბ ადგილებშიც
ვირის ბალანს არ აღემატება.
თითქოს უფალსაც ვერ გაემეტოს,
მოკლედ მოჭრილი ველები გდია
მთა–გორებს შორის.
ერთ ასეთ ველზე,ზედ მთის ფერდობთან
მსხვილ პალოზე და დაძენძილ თოკზე
გამოუბამთ სახედარი – დედალი ვირი.
სოფლის ბიჭები უტრიალებენ ვირს
შორი ახლო.
სახედრის კდემა,და ბუზების მოგერიება
მოსვენებას აკარგვინებს ამ ვირმუსუსებს.
მართლაც კუდს ისე
მსუბუქად და ბუნებრივად აიქნევს
ხოლმე
თითქოს ნიავმა კაბის კალთა აუფრიალა.
და პირველვნების მაგარი თოკით
ბიჭებიც მამალ ჩოკინებივით
ემბევიან მოუთოკავ ჟინის პალოზე…
ამას ვირიც გრძნობს. ოდნავ შემკრთალი
პალოს ისე უტრიალებს,ვითარცა ქალი
ყოყმანს და სურვილს.
ვირს სუნიცა სცემს მათი განზრახვის,
და არ იცის რა დაარქვას ამ ყოველივეს,
ნამდვილი საფრთხე თუ სიყვარული…
ბიჭებს აზრადაც არ მოსდით,რომე
ახლა,ამ წუთში საიდანღაც
სოფლის კეკლუცი გოგონები
უთვალთვალებენ,
გულის ფანცქალით ელოდებიან,
რით დამთავრდება ესე ამბავი –
საქორწინო რეპეტიცია.
აჰა,ბექობზეც მიაყენეს და …
ჯერ ტანმოკლენი, ვირს ვერ სწვდებიან,
როგორც ოცნებას ვერ შესწვდებიან
მერე უამრავს.
შეარჩიეს სხვა ბექობი უფრო მაღალი,
ერთი მათგანი მყის მოემზადა
სასიყვარულო საცერელისთვის.
რაა ამაში გასაკვირი, თუ ის მინდორი
სასიყვარულო სარეცელივით იყო გაშლილი.
ო,მაგრამ ამ დროს,
ო,სწორედ ამ დროს,
როგორც ხდება და როგორც იყო მოსალოდნელი,
უცებ გამოჩნდა ვირის პატრონი
და ხელში სახრით გამოქანდა იმ ადგილისკენ,
სადაც უნდა შემდგარიყო
პირველი ვნების დღესასწაული.
და კაცი იგი ისე მორბოდა,
გეგონებოდა საქმე ეხება არა დედალ ვირს,
არამედ მის ცოლს,ანდა ქალიშვილს.
დაფრთხნენ ბიჭები და დაიფანტნენ
ქვანასროლი ბეღურებივით.
სახედარი კი სანამ პატრონს დაინახავდა
და ვითარებას მიხვდებოდა ვირის გუმანით,
სახტად დარჩა ,როგორხ როსკიპი
მთლად უმიზეზოდ მიტოვებული.
კაცმა იფიქრა,
მაგათ მაინც ვერ დავეწევიო,
და დაბმულ პირუტყვს პატიოსნად ჩამოყუდებულს
ის სახრე სამჯერ გადაუჭირა,
აქაოდა, უკნიდან მომდგარს
ტლინკები რატოს არ აყარეო,
ვით ნამუსიან
მდედრს შვენის და მოეთხოვება.

… „ ფეხზე მკიდია მამიდა,
თუ ღამის ფილმი მამინდა!“ –
ესა თქვა ბიჭმა გულში ხმამაღლა,
მერე იგივე გაიდევიზა
და მიუცუქდა მამიდას ასულს.
მთლად გავითოშე,
გავთბები და წამოვდგებიო.
სანამ ესენი ტელევიზორს მისჩერებოდნენ,
და სანამ ბიჭი მამიდაშვილს მიუწვებოდა,
იქით ოთახში მამიდამ და მამიდას ქმარმა
ყველა საქმე მოითავეს და ტკბილ ძილს მიეცნენ,
როგორც ქვეყნის და
იმ დღის წინაშე ვალმოხდილები.
საწოლი ძლიერ ხმას გამოსცემდა
გვერდის სულ ოდნავ მონაცვლებაზეც,
ეტყობა ძალზედ მოძველდა იგი
მრავალწლიანი ზეწოლისაგან.
მამიდის ქმარს კი ორ დღეში ერთხელ
შეუძვრებოდა ხოლმე ის ბზიკი,
რომელსაც უნდა უმადლოდეს კაცობრიობა
თავის სიმრავლეს.
იმ ოთახიდან დრო გამოშვებით
ერთობ ცინცხალი ამბებივით გამოღწეულმა
ღამის ჭრიალმა უფრო აღაგზნო
ტელე – ეკრანს მიჩერებული იგი ყმაწვილი
და თუთასავით კერტმწიფე ქალი.
ამიტომ იყო,
შემცივდაო, – მაჭანკალივით მიუგდო ქალსა, –
გავთბები და წამოვდგებიო.
გოგონამ გვერდზე გაიწია და
რასა შვრებიო, მაინცა ჰკითხა.
არაფერსაო,
გავთბები და წამოვდგებიო,
ბიჭმა ისევ ჩაიბურდღუნა.
ერთი პირობა გაიტურნა ისე, ვითარცა
უცხო უცხოს ცეცხლს მიფიცხული.
ქალი ხვდებოდა რაც ხდებოდა,
გნოლივით იწვა განაბული და
ელოდებოდა,
ანუ შვრებოდა იმის მაქსიმუმს
რაც შეიძლება გააკეთოს ქალწულმა ამ დროს.
ბიჭს აუვარდა კანკალი მართლაც,
მაგრამ თავად ვერ გარკვეულიყო
სიცივის ბრალი იყო თუ უფრო
მეტისმეტი სიმცურვალისა.
მერე ვითომდაც გვერდი იცვალა,
შეტრიალდა გოგონასაკენ.
ვითომ გოგომაც ისე, შემთხვევით,
იცვალა გვერდი
სახით ბიჭისკენ შემოტრიალდა.
ეს ყველაფერი ხდებოდა ჩუმად,
ხმის გაუღებლად, ვითარცა ყველა
მნიშვნელოვანი და დიდი საქმე.
და აი მაშინ, მაშინ პირველად
მიადეს ერთურთ ორი სხეული,
ოღუნდაც ხელით
( ესეც უნდა აღინიშნოს, თუ სიმართლეა),
არ შეხებიან ერთი – მეორეს.
მიეტმასნენ და გაინაბნენ ერთი პირობა,
სხვა არაფერი.
სხვა არაფერი მათ არ უქნიათ,
ვერც გაბედავდნენ და არც იზამდნენ
და ვერც იზამდნენ
უცოდველობის მიზეზით მხოლოდ.
და ასე იდგნენ სანამდის ბიჭი
დაიცლებოდა სურვილისაგან,
როგორც უეცრად
წაქცეული კოკა, ან ბოთლი.
მერე კანკალმაც გაუარა და
გავთბიო, თქვა და წამოდგა ვითომც
აქ არაფერი მომხდარიყოს მნიშვნელოვანი,
თანაც იმგვარად მოხდა ყოველი
მზერა წუთით არ მოუწყვეტიათ ეკრანისათვის, –
„ ოთხი ტანკისტის და ერთი ძაღლის“
ბოლო სერია გადიოდა სწორედ იმ ღამეს.
გოგოს მამას კი იმ წამ– წუთებში
ესიზმრებოდა ასული თვისი, –
ის სიფრიფანა ცისფერ კაბაში
მიმოდიოდა ყვავილნარში და ვარდებსა კრეფდა.
ფილმიც დამთავრდა,
როგორც პირველი ღამის ამბავი,
მაგრამ ბიძაშვილ – მამიდაშვილს ისე გაუტკბათ
ღამის ფილმები,
რომ ერთხანობას სისტემატურად
ეფიცხებოდა უცხო სხვის კოცონს.
გოგოს მამა კი დილით მეუღლეს ეუბნებოდა:
„ ბოლო ხანებში ამ ჩვენს ასულზე
ერთობ სანატრელ სიზმრებსა ვხედავ,
გუმანითა ვგრძნობ,
ძალიან კარგად აუხდებაო…

… აგერ მოდიან, შინ ბრუნდებიან
ფილმნაყურები სოფლის ბიჭები.
ძლიერ გავლენას განიცდიან იქ ნანახისას.
როგორ ჩხუბობდა ბრუს ლი და შაკა!
როგორ ურტყამდა, უბრაგუნებდა!.. –
კაცს რომ სიზმარი გამოჰყვება ცხადში ცხადივით,
იმ გვარად მოსდევთ ფილმი სახლამდე.
მაგრამ სახლამდე , ზედ გულისყურზე
სულ უმიზეზოდ
წააქეზეს ორი ძმაკაცი ვიგინდარებმა:
შენ რომ გიყვარს, ის
ამასაც უყვარს;
ამას რომ უყვარს,იგი შენც გიყვარს…
მყის შეეჯახა ორი ლტოლვა და სიყვარული
ერთი მეორეს,
აითქვიფა ერთმანეთში და
სიძულვილად და ქიშპობად იქცა.
დასცხეს ბიჭებმა, დასცხეს ერთმანეთს…
აი მიზანი:
იმას ამაში,ამას იმაში
უნდა ჩაეკლა სიყვარული იმ ქალისადმი.
დამარცხებულს კი უნდა ეთქვა,უნდა აღეთქვა
აღარც მიყვარს და არც არასოდეს მეყვარებაო.
ბოდიშიც უნდა მოეხადა
ამასწინდელი სიყვარულისთვის,
ვმთარცა ერთობ ცუდი ფიქრისთვის,
ან საძრახისი საქციელისთვის.
და თუ იმასაც დაამატებდა, მეჯავრებაო,
მთლად უკეთესი.
ურტყეს ბიჭებმა თავგამეტებით ერთიმეორეს,
როგორც პატრონი ურტყამს უდროოდ
აღგზნებულ მოზვერს,
ურტყამს იმიტომ,
რომ დეკეულა დაინახა და
დაფუზარავდა.
პატრონის აზრით,
როგორც არ უნდა სწრაფად გარბოდეს
გიჟი მოზვერი,
დროს არ უნდა გაუსწროს მაინც.
ურტყეს ბიჭებმა ერთი – მეორეს, უბრახუნეს ერთ–ურთს თავები,
როგორც თოხლებმა
ყოჩობამდე რომ ეცილებიან
ასახურებელ შიშაკებს ერთურთს.
ურტყეს ბიჭებმა ერთმანეთს თავში,
ჯიბეებიდან ამოუვარდათ
ათასი რამე, ბევრი წვრილმანი –
ბიჭთა სამყაროს კუთვნილება და ატრიბუტი.
თავებიდან კი ამოუგდეს
ქალის ტრფიალი ერთი– მეორეს.
ურტყეს ბიჭებმა,
ივაჟკაცეს ქანცგაწყვეტამდე,
ბოლოს და ბოლოს სასწორი ოდნავ გადაიხარა,
ჩაიშალა უცებ ყაიმი,
რომელიც უკვე გამოდგებოდა
მომავალი ჩხუბის მიზეზად.
ერთმა დაჯაბნა და დაჯაბნილა
მოგვიანებით ამბობდა ხოლმე,
ეგ არ ეწევა,
მე კი სიგარეტს სიგარეტზე რომ
ვქაჩავ და ვქაჩავ,
აღარ მეყო დიხანია და ვერ გავქაჩეო.
და დაჯაბნილმა ამოსძახა თითქმის ხრიალით,
გოგოსა ვკთხოთ,
გოგომ თვითონ გადაწყვიტოსო,
და თქვას, ვინ უყვარს, ვინ ურჩევნია?
გამოსავალი ნახეს ბიჭებმა,
რომელიც ჩხუბის ჩამოგდებამდეც
ივარგებდა გამოსავალად;
რა უყონ, თავში არ მოუვიდათ.
ნაცემ თავში კი რა არ მოგივა?!..
მაგრამ ჩხუბში გამარჯვებულმა
შეიძლება ცხოვრებაში დამარცხება იწვნიოს ბევრი,
საერთოდაც დამარცხდეს ბოლოს,
როგორც მოითხოვს წესი და რიგი…

… ზის გაკვეთილზე ბიჭი, რომელსაც
ფეხსაცმლის ქიმზე დამაგრებული
სარკე წაართვა მასწავლებელმა.
დღეს მისაღები ტერმინით რომ ვთქვათ,
რაც გაკვეთილის განწყობასაც ესადაგება,
სანამ სარკეს კონფისკაციას გაუკეთებდნენ,
ბიჭი უჩუმრად წინ იშვერდა სარკიან ფეხს და
იმახსოვრებდა,გულში იბეჭდდა
თანაკლასელი გოგონების ნიფხავთა ფერებს.
ზის გაკვეთილზე ნირ წამხდარი,
უსარკო ბიჭი
და ფანტაზიის უსაზღვრო ველზე
ტანჯვა წამებით
კლავს ისტორიის მასწავლებელსა.
ხან კულიკოვის ბრძოლაში ხვდება,
ჯერ დიდხანს ებრძვის,
მერე ხმალდა –ხმალ მისდევს პედაგოგს,
წამოეწევა და მყის აკუწავს
სარკისწამრთსეველ მოსისხლე მტერსა.
ხან ბრესტთან შეყრის ბედი პირისპირ,
ყუმბარას ესვრის,
ძაღლებს მიუგდებს საჭმელ – საჯიჯგნად
მასწავლებელი ქალის ნაფლეთებს.
მერე ყველაზე მიმზიდველი თანაკლასელი
გოგონას ნიფხავს შაშხანას წვერზე
ააფრიალებს როგორც ბაირაღს,
„ ურას“ ძახილით წინ გაიჭრება.
ხან რაიხსტაგთან
ზედ კიბეებზე ჩაცხრილავს, როგორც
გერმანელ რადისტს – ბოლო ფაშისტ ქალს.
და ხუთოსანი თანაკლასელის
ვარდისფერ საცვალს
რაიხსტაგზე ააფრიალებს…
ზის გაკვეთილზე
ნირ წამხდარი უსარკო ბიჭი,
უცებ ზარის ხმა ისმის, რომელიც
ნიშნავს ბრძოლის და
გაკვეთილის მორიგ დასასრულს.
სანამ შემდეგი გაკვეთილი დაიწყებოდეს,
იმასაც დავძენ, რომ მასწავლებელს
გულის სიღრმეში
ფეხსარკიანი ბიჭი უფრო ურჩევნია
ფრიადოსან და მუყაით ბავშვებს.
ამას დროდა– დრო გალანძღავს მაინც,
გარეთ გააგდებს
და იგრძნობს თავის ძალაუფლებას;
ბეჯით ბავშვებს კი აბა რას ეტყვი,
ისე სწავლობენ და სანიმუშოდ იქცევიან, რომ
სიტყვის თქმის საბაბს არ მოგცემენ მამაძაღლები,
შენ თავს ერთხელ არ გაგრძნობინებენ.
ეჰ,ეგეთები გინდა გყოლია,
და გინდა არა.
აჰა, დამთავრდა შესვენება,
ზარის ხმა ისმის,
როგორც მორიგი ბრძოლის მაუწყებელი.

…რა საოცარი ამბავი მოხდა,
ოჰ, საოცარი და ტრაგიკული:
ღამით ბოსელში შემძვრალ– შეპარულ და შეღწეულმა
ორმა გლეხკაცმა,ვით ორმა მგელმა
თხა,თხა მოჰპარა მესამე გლეხსა.
მთელი სოფელი შეძრა ამბავმა პირველქურდობის,
თხისმომპარავნი
შეიცვალნენ ხალხის თვალში, წარმოდგენაში,
განიცადეს უეცარი მეტამორფოზა
და იქცნენ სხვებად, სხვა სხეულებად
ისე მოჩანდნენ სოფელში როგორც
ძველ ტანსაცმელზე დაკერებული უცხო ნაჭრები,
რომელთა მსგავსზეც
თხისმპარავთაც კი
ყურმოკვრით თუ გაეგონათ
თხის მოპარვამდე.
თხის ქურდებს თხები თავადაც ჰყავდათ,
მაგრამ ეს ისე უნებლიედ მოცდა იმ ღამეს
პოეტი პოეტს სტრიქონს რომ პარავს.
მეორე დღესვე დაეკლათ თურმე, როგორც თავისი
ხელით მოვლილი, ნაპატიევი, და ექეიფათ,
თანაცაო ლუდს აყოლებდნენ,
რომელიც თურმე თხისავ ფულიდან
გადანახული ეყიდა ერთ–ერთს,–
გასულ კვირა დღეს სოფლის ბაზარში
გაყიდული თავისი თხისა.
სოფლის საბჭოში
შედგა პირველი სასამართლო ამა სოფლისა.
თითქოს სოფელი თვისსავ თავს ასამართლებდა,
ნიაღვარივით დაიძრა ხალხი
საბჭოს ძველი შენობისაკენ.
მთელი სოფელი სულის სიღრმემდე იყო შეძრული,
როგორც თხის ფარა,
ჰაერით რომ გრძნობს მგლის ნაბიჯ–ნაბიჯ მოახლოებას.
ასეთი რამე მხოლოდ ფილმებში თუ ენახათ და
ისიც მეზობელ სოფლის ძველ კლუბში,
სადაც ინდური გრძელი ფილმები
გადიოდა კვირაში ერთხელ საღამოობით.
ჩვენში დარჩეს და
ქურდბაცაცობა ,თუ სხვა წვრილმანი მამაფაღლობა
ამ სოფლისათვის უცხო არ იყო.
როგორც ნორმალურ,განვითარებულ ყველა სოფელში,
ქათამს, ინდაურს, ბატს ჰპარავდნენ ერთი მეორეს,
იყო შემთხვევა, თხაც მოუპარავთ,
მაგრამ მტაცებელს აბრალებდნენ მეორე დილით.
გულში უწყოდნენ, ვინ რა ჩიტია,
მაგრამ ამ ჩიტებს არას ერჩოდნენ…
და არ ენახათ დღემდე ტუსაღი
თანასოფლელი.
აგერ მოადგა საბჭოს შენობას რუხი მანქანა –
სულისმხუთავი უბედურების მაუწყებელი,
რომლის წინაშეც ქვეშეუცნობლად სულ ყველა თრთოდა,
და დამნაშავედ მიაჩნდა თავი ავანს თუ ჩავანს,
და ამავე დროს უხაროდათ,რომ
იმდენად იყვნენ ალა–მართალნი,
რომ ეს კმაროდა სხვისი განსჯისთვის…
ძირს ჩამოყარეს ხელებგაკრული, გაფითრებული,
სხვადქცეული მათი ორი თანასოფლელი.
და გულში ჩუმად
შეაჩვენეს მომჩივანი – პატრონი თხისა,
ხომ შეეძლო–ო იმ შეჩვენებულს
მგლისთვის გადაებრალებინა ის,
რაც მგელს ახლა არ ჩაუდენია,
მაგრამ ჩაიდენს ნებისმიერ უკუნ ღამეში.
თუმცა ორივე დასასჯელია,–
იმ ფიქრს ამასაც მიაყოლებდნენ,
ვით პურის ლუკმას თხის ყველის ნამცეცს.
სასამართლოზე
საბჭოს ყველაზე მლზრდილ ოთახში
ნემსი აგეგდო, იატაკხე არ დავარდებოდა.
მოსამართლემ თქვა,
თხის ქურდი, ხალხნო, უარესია
ნემსის ქურდსა და აქლემის ქურდზე.
ორ–ორი წელი მიუსაჯა ამიტომ იქვე,
და სოფლის თვალწინ,
ორი წლით კიდევ განამტკიცა მან
ორი სოფლელის მეტამორფოზა,–
უცხოდ გარდაქმნის მძიმე პროცესი.
ეჰ, ორი წელი, – ისე სათქმელად იოლი კია,
აბა ორი დღით მოშორდი ოჯახს,
მოსწყდი საქმეს და სამუშაოს;
დღემდე ზედი–ზედ
ორი კვირით არ წასულან სადმე…
ხალხში ვიღაცამ უნებლიედ ჩაიბურტყუნა:
აბა, თხის ხორცის მონელებასა
ორი წელი რად უნდა,კაცო!
მოსამართლეს კი თავი ისე ეჭირა თითქოს
ორი საათით აგზავნიდა
ტყეში შეშის ჩამოსატანად.
ორ–ორი წელი! – როცა ესა სთქვა,
სოფელი შეკრთა და შეჩოჩქოლდა.
და ამ ჩოჩქოლზე იყო რომ საბჭოს
თავჯდომარეს თვალი გაექცა
ერთ–ერთ ტუსაღის თვალცრემლიანი,
ორი წლით იქვე დაქვრივებული,
ახალგაზრდა მეუღლისაკენ.
ეს ქალმაც იგრძნო,
ლამაზი თავი ისე ჩაქინდრა,
ვითარც სჩვევეიათ მკერდქორფა ქვრივებს,
და იატაკი ფეხქვეშ, როგორც ქურდს
სხვის ბნელ ოთახში, ისე საზარლად აუჭრიალდა.
აუჭრიალდა მერე საწოლი
ორი წლით ოხერს, ქმარმოკლებულსა,
ეჰ,ათასყურა და ათასთვალა
სოფელს რაიმეს გამოაპარებ?!
სოფელმა იგრძნო ,გუმანით მიხვდა,
და მიიტიანა ეჭვი სოფელში
ყველახე დიდ და მისაბაძ კაცზე…
ვიღაცამ მწარედ გაიქილიკა,
საბჭოს სხდომებს იქა მართავსო,
ტუსაღის სახლში; მეორემა სთქვა,რაღა მარტო იქ,
კაკლების ქვეშაც არ თაკილობენ
გასვლით სხდომებსა.
მესამემ,აბა რას ერჩით კაცსო,
იქ მოპარული თხის რქას ეძებსო…
სანამ იქ საბჭოს თავჯდომარე
თხის რქას ეძებდა
იმ ორმა წელმაც ჩაიარა ჭრია–ჭრიალით,
და ნატუსაღარ– ნათხისქურდალნიც
სულ სხვა იერით და სხვა გაგებით
დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფელს.
ერთმა სუფრაზე შესძახა კიდეც,–
„ დაკარგული შვილი შენი მოვედი!“– მყისვე
ხმამ გაარღვია ფანჯრები და გარეთ გავარდა
სატუსაღოდან გაქცეული პატიმარივით.
გარეთ ვიღაცამ ჩაიბურტყუნა,–
„ ნეტავ, სულაც არ მოსულიყავი!“–
და ეს აღმოჩნდა სოფლი პასუხი.
სოფელმა ვეღარ შეისისხლხორცა
ნატუსაღარი თვისი შვილები,
მიიკერა ძველ ტანსაცმელზე
უცხო ნაჭერი.
და შიშნარევი რიდი გაუჩნდა
სოფელს მათ მიმართ.
მხოლოდ წყაროსთან
ბირჟაზე რომ გამოჩნდებოდნენ,
იქ ბიჭ–ბუჭები შემოერტყმოდნენ ხოლმე გარშემო,
ფხვიერა მიწა
ტალახნარევ წყალს რომ იჟღინთავს,
ისე ისმენდნენ და ისრუტავდნენ
მეხსიერების სულ ყველა შრეში
ნატუსაღართა საგმირო ამბებს,
რომელთაგანაც უმრავლესობა
ადგილზევე ითხზვებოდა და
იქცეოდა მაგარ სიმართლედ.
თუმცა სიმართლეს
ტყუილი თუ არ გაერია,
როგორც ფქვილს წყალი,
ვერ გამოაცხობ
ყველასათვის სარწმუნო კვერებს.
საყოველთაო სიმართლე კი ის იყო კიდევ
გასვლით სხდომებს და სოფსაბჭოს კრებებს
კვლავაც ჩუმ–ჩუმად
აგრძელებდნენ თავჯდომარე და
ნატუსაღარის ლამაზი ცოლი.
ნატუსაღარის ცოლობისა, თუ
ორმაგი მოვლა –ალერსის გამო
უფრო დამშვენდა და კიდევ უფრო
ცეცხლმკიდი გახდა ქურდის მეუღლე.
სოფელში ისე ვერ გაივლიდა,
უკან ძაღლივით არ გაჰყოლოდა
მამაკაცთა მსუნაგი მზერა.
მაგრამ ძაღლებმაც ვერ შეაკავეს
ციხის კედლებში გამოლესილი
შეუპარავი სულისკვეთება.–
თითქმის ყოველღამ
თითო ბოსელ იძარცვებოდა.
ხან ნაქურდალით ქეიფობდნენ დაუფარავად,
ხანაც ყიდიდნენ და მდიდრდებოდნენ,
რაც ნათლად ჩანდა
მათი ცოლ–შვილის ჩაცმულობაში,
სიტყვა–პასუხში
და ნაპატიებ მიხვრა–მოხვრაში.
როგორც მტაცებლებს სჩვევიათ ხოლმე
თანმიმდევრული გათამამება,
ზოგჯერ სახლების ძარცვაძაც არ ერიდებოდნენ.
თავზე ცოლების ნაქონარი ჩულქები ეცვათ,
ერთი შეხედვით სპეცრაზმელი გეგონებოდა;
მთელი ეშხიც ხომ იმაში არის,
როცა ქურდსა და ყარაულს შორის ,
როცა ცოდვილს და უცოდველს შორის,
და როცა, მტყუან– მართალს შორის
არ არსებობს რამე კონტრასტი,
და ყველა ზღვარი ისე იშლება,
ვით წვიმის შემდეგ თხის ქურდის კვალი.
გაქურდულებსაც ხელს აძლევდა ეს ვითარება,–
ვითომ ვერ სცნობდნენ თავჩულქიანებს,
რახან სიტყვასაც ვერ უბედავდნენ,
მგელს აგინებდნენ
და საიდანღაც გადმოსულ ქურდებს.
მხოლოდ ტუსაღის ლამაზი ცოლი
მორიგი შეხლა–შემოხლისა და
ოჯახური დიდი ჩხუბის დროს
გამწარებული მიაძახებდა ხოლმე თავის ქმარს,–
„ ყველაფერს ვიტყვი,
ვიცი ის ვისი ძროხა იყო და ვისი კამეჩი,
ვისი ვიდეო–მაგნიტოფონი, ვისი ბეჭედი!…
საქვეყნოდ ვიტყვი თავს ისე მოგჭრი
რომ ვერ მოირგო ვეღარასოდეს.“
მეზობლები თვალს იბრმავებდნენ,
ყურს იყრუებდნენ,
ალბათ ამიტომ,
ქურდის ცოლიც ამაზე იქით არ მიდიოდა.
ანუ როგორც ის თავად იტყოდა,
დაუკრეფავში არ შედიოდა.
მხოლოდღა ერთხელ სოფლის თავკაცმა,
დიახ,სოფსაბჭოს თავჯდომარემა,
შინ რომ დაეცნენ ჩულქჩამოცმულნი,
ძსაკაცს გაანდო:
“ ვიცანი კაცო, თავზე ჩემივე
ფულით ნაყდი ჩულქი ეცვაო,
ორიოდ თვის წინ ჩემი ხელით რომ
ვაჩუქე მაგის ბოზანდარასო!..“
ეს ხმა სოფელში ისე დაირხა,
როგორც ნიავი,თავის მერე რომ
კვალს არა ტოვებს…
ნეტავ,ის თხა რომ შემოეპარათ,
და მოპარული ლუდის მიზეზით
მეორე დღეს რომ შემოეჭამათ,
არ გაემხილა თხის პატრონს ნეტავ,
არ ამოეფქვა სიმართლე,ანუ
საღერღელ აშლილს
არ მიეტანა ეჭვი მანამდე
უცოდველ ხალხზე.
მგოლისთვის , ტურისთვის დაებრალა და…
ესენიც აღარ გაფუჭდებოდნენ,
როგორც დიაცი,
რომელსაც რახან ერთხელ წაასწრეს,
მერე აეშვა…
ბჭობდა სოფელი, ნაობდა კიდეც,
მაგრამ დროს ვეღარ შემოაბრუნებ,
სინდის–ნამუსიც თხა არ არის, რომ
დაუბრუნო თავისავ პატრონს…
და ღამის მშფოთვარ ძილში სოფელი
თხის პატრონს უფრო ემდურებოდა,
ვინემ თხის ქურდებს…

…დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ
გამორიცხული არ არის სულაც,
ღამის წყვდიადში არხს ქვემოთ მჯდარი
შეყვარებული გოგონა იყოს
ნატუსაღარის ლამაზი ცოლი;
ან მორკინალი ორი ბიჭუნა
მერე თხის ქურდად ექცია იღბალს;
არც ის არ არის გამორიცხული
რომე სოფსაბჭოს თავში მჯდომარედ
გარდაქმნილიყო
ფეხსარკიანი მებრძოლი ბიჭი;
ან მოსამართლე გამხდარიყო ყმაწვილი იგი,
ვირს რომ მიადგა მაღალ ბექობთან;
ან რომ მიუწვა მამიდას ასულს,
ის ყოფილიყო იმ თხის პატრონი,
ენდა ერთ–ერთი ნატუსაღარი;
ან კარგად ჩამთბარ–ჩათბუნებული
მამიდაშვილი ყოფილიყო ის დედაკაცი,
ვინაც შენიშნა
თავჯდომარის ღამეული სხდომა – კრებები
და როგორც ქარმა ფშატის სურნელი,
მოჰფინა სოფელს…
ეჰ,რა გამოლევს ასეთ ვერსიებს,
მითუმეტეს,რომ
ვერაფერს გეტყვით დაბეჯითებით.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: იმირ მამედლი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
იმირ მამედლი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: