არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Dec 17, 2008 1:19 pm



http://ka.wikipedia.org/wiki/ილტოსპირელი_(მიხეილ_ღანიშაშვილი) - მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი (დ. 24 მაისი, 1962, ჭართალა, ახმეტის მუნიციპალიტეტი) - ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.
დაიბადა 1964 წლის 24 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში (მდინარე ილტოს ხეობა). სწავლობდა ახმეტის II საშუალო სკოლაში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ავტორია 6 პოეტური კრებულის. წერს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომანებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია და ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის ნაშრომი. მისი ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები თარგნილია რუსულ, გერმანულ, პოლონურ და ჩეჩნურ ენებზე.




სადა ხარ, თმაგიშრიანო

ჭიუხის კლდოვან ქონგურებს
მთვარე შეეჭრა ნამგალა,
ღამის სილურჯემ ვარსკვლავთა
ყანა იქცია სამკალად.
დაბინდულს გავცქერ მთა-გორებს,
ზეცის ბილიკებს ავკვალავ,
შორს გადამაფრენს ოცნება,
ფიქრებს ნაღველით ავკალავ:
სადა ხარ, თმაგიშრიანო,
ფეხშურთხო, თვალებმაყვალავ,
ნეტავ აქა გქნა... ან სულაც
შენ თავიმც გადამაყვარა!..
თორემ გამგლიჯა სურვილმა,
ხევ-ხუვებს გადამაყარა...


Last edited by გამრიგე on Mon Jan 10, 2011 8:57 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Dec 17, 2008 1:20 pm

პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის საღამო სააქტო დარბაზში

"მხოლოდ ურთიერთსიყვარულს ხელეწიფება მაღლის,
გადარჩენა და შენახვა კავკასის, ჩვენი სახლის..."


2006 წლის 2 მარტს 14 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის „კავკასიური პოემების“ პრეზენტაცია. ფოლკლორისტიკის კათედრის თანამშრომელმა– ტრისტან მახაურმა დამსწრე საზოგადოებას თავის შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მიხეილ ღანიშაშვილი სიყვარულის მომხრე პოეტია. მან თავის ახალ კრებულში გააერთიანა პოემები: „უღელი“, „ალექსანდრე ბატონიშვილი“, „მარო მაყაშვილი“, „იჩქერია“, „ახურგო“, „აცამაზი“ და სხვ.

ასევე, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მიხეილ ღანიშაშვილი მეტწილად მიმართავს ეპიკურ ჟანრს, თუმცა მის ყველა თვისებასა და კანონს არ იცავს და, შესაბამისად, პოემა უახლოვდება ლირიკულ ჟანრსაც.

დამსწრეთაგან პოეტს სიტყვით მიმართეს– კავკასიის ისტორიის მკვლევარმა–ღვთისო მამისიმედაშვილმა, პროფესორმა–კოტე ჭრელაშვილმა, გია ბენიძემ, კავკასიური ენების მკვლევარმა–რევაზ ამაშიანმა, რენე კალანდიამ, კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა–ნიკო ჯავახიშვილმა.

როგორც წიგნის პრეზენტაციაზე აღინიშნა, არის მცდელობა კავკასიური ხალხების შეკავშირებისა და მსგავსი პომები წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. ამ მხრივ, მიხეილ ღანიშაშვილის ორენოვნად– ჩეჩნურად და რუსულად– აქვს გამოცემული თავისი წიგნები.

პოეტს „კავკასიური პოემების“ კრებულის გარდა სხვა ლექსები თუ პოემები აქვს გამოქვეყნებული,ზოგი ნაწყვეტი და ზოგიც სრული სახით, როგორიც არის: „ბედისწერის ქიმზე“, „ორი ნაპირი“, რომელიც პოეტმა 19 წლის ასაკში გამოსცა. ზემოთხსენებული პოემები წლების მანძილზე 1989 წლიდან იწერებოდა. ჩვენ გავესაუბრეთ პირადად პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს და შევიტყვეთ, რომ იგი კარგად იცნობს კავკასიურ კულტურას, მეზობელი ხალხების ტრადიციებს. სწორედ მათი გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა პოეტმა თავისი პატრიოტული პოემებით კავკასიურ ერებს შორის ერთობისა და ძმობის, სიყვარულის გაღვივებას, ისე, როგორც ეს ადრე, წარსულში იყო. მისი თქმით, იმპერიულმა ძალებმა, პროვოცირებული სისხლისღვრით ჩაახშეს ის ერთობა, რაც საუკუნეების მანძილზე არსებობდა აფხაზებს, ოსებს, ქართველებს, ვაინახებს, დაღესტნელებსა და სხვა მრავალ კავკასიური წარმომავლობის ხალხთა შორის. სწორედ ამ ძმობის აღდგენისკენ ილტვის პოეტი.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მეორე კურსის სტუდენტი ეკატერინე ბილანიშვილი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Dec 17, 2008 1:21 pm

შე მშვენიერო, შავთვალავ

შე მშვენიერო, შავთვალავ,
შორს მოშრიალე შროშანო,
წამო, გეძახის ჭართალა,-
შარას შიბები მოვშალო.

ნუ დამშორდები, სიშორე
შენი მე შემრევს ქვიშასო,
შენზე ფიქრს ვეღარ ვიშორებ,
ვით ბედისწერის ნიშანსო

ბედო არშალო-მარშალო,
შემომხსენ შავი შანები,-
მიაც შავათვრა ქორწილში
ხევსურნი შარიანები...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Jan 21, 2009 5:24 pm

სიზმარი მთებში

...შენ მიდიოდი ნაბიჯით ნელით,
ნაბიჯით ფრთხილით, ნაბიჯით ნაზით,
როგორც მზის სხივი უკანასკნელი,
როგორც საღამო დაისის ხაზით...

მე გიკრეფავდი ყვავილებს მინდვრის -
ცისთვალებს ცვრიანს, ზეცისკენ მზირალთ
და ვით მუსიკა მთებში ჰაიდნის,
იმგვარად რეკდა შენი ხმის ლირა.

ხოლო როდესაც ბურანის თორი
შემოეხვია თავს მეხატობეთ,
მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი,
ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.

მოველ და გითხარ: - გჯეროდეს, გწამდეს
(ბაგენი თრთოლვით მარცვლავდნენ ბგერებს),
მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე
ცოცხალსაც, მკვდარსაც, სიკვდილის მერეც...

მაგრამ ო, ეჭვმა გახია ფარდა
დუმილის, როგორც აკლდამა მშვიდი:
-შენ ხომ ჩემამდე სულ სხვა გიყვარდა
და მაგ მარცვლებსაც სულ სხვას უშლიდი!

-არ მჯერა, არა სიტყვების შენის,
ნუ ცდილობ მეც რომ მომინადირო,
სულ არ გიხდება, სულ არ შეგშვენის,
არის ზედმეტი და უადგილო!

ვიცი მიზანი თქვენი ცხოვრების:
შენ უჩემოდაც იოლად გაძლებ,
ხვალისთვის აღარც გემახსოვრები,
უპატიოსნეს პირობას გაძლევ!.. -

მითხარ და ღიმილს მიუშვი ღვედი
(ალბათ, დაცინვა თუ იყო, ღმერთო!),
ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი,
რომ გამონახოს ქალთან საერთო!

ანდა ნეტავი ვის რისთვის უნდა,
ან ვინ რა თავში უნდა იხალოს,
ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა,
სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..

დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის,
დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად,
მშიერი, როგოც ზამთარში მგელი,
ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Thu Jan 22, 2009 4:52 pm



მიხეილ ღანიშაშვილში დიდი პოეტური ენერგიაა,რომელიც_ უმშვენიერეს ხილვებად ქცეული_ ევლინება მკითხველს და მისი გულისა და გონების ნაწილი ხდება...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
mixeil ganishashvili



Male
Number of posts : 1
Age : 52
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : მაგარი
Registration date : 01.02.09

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Feb 06, 2009 12:22 pm

ოხ!
ფიქრებს ჩემიდან შენამდე,
ლამის არს
ხელებში შევადნე...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1514
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Sat Feb 21, 2009 12:35 am

ფშავის მონატრება


ეს უძველესი საყაროა და მე ამ მთების,
ამ ხორკლიანი ხევ-ხუვების, კლდეთა ფიქლების
შვილი ვარ, ჭლექად და სიმღერად დავემართები
და სამუდამო იარად და ლხენად ვიქნები...

იდუმალია ეს საყარო და პირველყოფილ
მის ხიბლს შერთული ჩემი გულის ყოველი მყესი
ცახცახებს, როგორც ქარიშხალში მწიფე ნაყოფი,
როგორც უფსკრულთან გაყინული ცხოვარი მწყემსის...

ცეცხლის ბურთებად გაკიდულან მწვერვალთა ქიმებს
ხატები ფშავის, ხევისბერთა ლოცვის შიბები.
მონუსხულივით ვუცქერ ქვათა დიად არქივებს
სულის სიხარულს და სიმშვიდეს მონაშივები...

ხევისბრის დროშას ზარებით და ზანზალაკებით
აკინძულს, დახრილს და მსუბუქი ხმით მოგალობეს
სხივოსან მზეზე სიცხოვლე აქვს არანაკლები,
ხელსანთლიანი როცა მლოცველს დაამწყალობნებს.

შორს ეშურება მშვენიერი ჯვარი ლაშარის,
იახსრის ხმათა ხავერდები შუაფხოს ფეხავს,
გმირი კოპალის კვერთხი, დევებს ნაქარდაქარი,
დევებს კი არა, მთელ სამყაროს ხერხემალს ტეხავს...

ენამზიანი ფშალებია მლოცველნი ხატთა,
აგერ, ბილიკებს ვით გოლგოთის გზას, რომ ადგანან...
როგორ მინდოდა, ეგ სურათი გადმომეხატა
და მომერთმია შენთვის, ასე მოგწონს რადგანაც...

წავიდეთ, წამო, ღვთიურია იმ მთების უბე,
წმინდაა, სუფთა ნაკადულთა ჩუმი ღაღადიც,
მთელი სამყაროს აღტაცება და უკვდავება
როგორ კარგად ჩანს, რომ იცოდე, მთიდან ახადის!

მთებო, ნატრული ჭორფლიანი თქვენი ბალთების,
დაღლილი ამ ყრუ და გულგრილი დედაქალაქით,
თქვენს სამუდამო სიმშვიდისკენ მოვემართები,
ისევ მოვყვებ თქვენს გზაწვრილებს ფშავის არაგვით...





კარგი პოეტური ლექსიკა აქვს ამ პოეტსSmileმდიდარიSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Tue Feb 24, 2009 11:08 pm

ბრძოლა კოჯორთან

ეჰ, კოჯრის ველებო, გიახლებთ ჭრილობას
და ახლა იმ ამბის მოყოლას ვაპირებ,
ხუთასი იუნკრის ურყევი პირობა
ბურჯად რომ დაუდგა თქვენს დიად ნაპირებს.

გახსენებთ იმ მძიმე დღეების ყადაღას
სამუმად, კვამლად და ფინდიხად რომ ენთეთ,
როს სუსხმა თებერვლის გულ-მკერდი დადაღა
ამირანს - კლდეებზე მიჯაჭვულ პრომეთეს.

დაფრენდნენ ჭურვები ფრთოსანი რაშებით
და თხრიდნენ ქუხილით სერებს და მაღლობებს,
არ შედრკნენ წუთითაც რჩეული ვაჟები
და ცეცხლის ხაზები მკერდებით გაღობეს.

აღენთნენ ძლევის და ტევების ალითა,
აღუდგნენ მომხვდურთა ურდოებს მეხურად,
გადიგდეს მხრებიდან სილაღის შალითა
მხოლოდღა სიშმაგის ნაბდები ეხურათ.

და იდგნენ საყვარელ გენერლის ბრძანებით
სანგრებში უშიშრად, მარჯვედ და გათვლილად
ბიჭები, ვით ბასრი და ცხელი დანები,
ამიერ-იმერით, სრულიად ქართლიდან.

სხვა ძალა აწრთობდათ მგლებს კვინიტაძისას,
სხვა ცეცხლი სცვიოდათ ფოლადის ფრთებიდან,
ამადაც იბრძოდნენ თბილისის დაცვისას
ისინი სრულიად სხვა შემართებითა.

ესმოდათ პირისპირ მდგომარეთ დრო-ჟამთან,
ებრძოდნენ ვისაც და რისთვისაც კვდებოდნენ,
ვახტანგის, დავითის, თამარის დროშასთან
ღირსებით, ფასით და პატივით ეგოდენ.

ამაოდ ცდილობდნენ რუსთ მეზარბაზნენი,
ებრუნათ ზურგები ივერთა არწივებს,
ამაოდ გახარჯეს ცეცხლი და ვაზნები,
ტყვიების ფანტელიც ამაოდ აწვიმეს.

კვლავ სივრცეს კვეთავდნენ დროშები სამფერი,
თუმც სისხლი სდიოდათ გაყინულ ფარაჯებს,
კვლავ იდგა თბილისიც - გორგასლის ნაფრენი
და წყლულებს უხვევდა თბილისის დარაჯებს.

კვლავ იდგნენ გმირებიც. მაგრამღა სადამდე?..
გახელდა ბრძოლა და იქუხეს ზალპებმა,
შეცურდნენ მკერდებში ხიშტები ვადამდე,
აღმართეს გვამები სისხლიან ალპებად...

მომრალდნენ ბრბოები წითელი ურჩხულის,
მომრალდნენ და ზეგნებს მკალივით მოედნენ,
უხმობდა დაჭრილთა კვნესა და ჩურჩული
ქალაქის სევდიან ქუჩებს და მოედნებს...

გაჰკვეთა მომხვდურთა ყიჟინამ ფრონტები
და დაცვის ხაზები და ჯალალედდინის
თესლის და ჯილაგის შტონი და ტოტები
გარდევლნენ სარანგებს მონღოლურ მერდინით!

დაეცა კოჯორი... მინდორზე გვამები
ეფინა რაინდთა მათ მსხვერპლთა, ტარიგთა,
საკუთარ სურვილით სიკკვდილს ვინც შეებნენ,
ვის ხვედრიც ზეცაში წინასწარ გარიგდა...

დაეცა კოჯორი... და ცრემლთა მანდილი
მწუხარე გენერალს ღვართქაფად დასდინდა
და თითოეული იუნკრის აჩრდილი
მის თვალში მკვეთრად და ერთბაშად გადიდდა.

ათოვდა გარჩენილთ მდუმარე ცხედრებად
და საუკუნოსა გზასა მას შინათა...
მისდევდა დედათა გლოვა და ვედრება,
ვით ჩუმი გალობა და ლოცვა წმინდანთა...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Sat Mar 28, 2009 9:47 am

ვინ გაპატიებს

რომ მთაწმინდაზე ახვიდე რიდით,
თუნდაც ცოტათი შენამთრალევი,
დაჯდე, იფიქრო... -ცოდვაა დიდი
და იმსახურებ დარხრას თვალების!..

რომ კარს მომდგარნი მეგობრად სთვალო,
რომ ლხინში უცებ დარდი გეწვიოს,
რომ ყალბ ცხოვრებას არ ენაცვალო
და მოლოდინით ჭვრეტდე ზეციონს...

ვინ გაპატიებს, გაფიცებ ძმობას,
შე საცოდავო, ცამდეც მართალო,
პოეტი რომ ხარ, ისიც გეყოფა,
სიცოცხლე ტანჯვით უნდა ატარო!..

ვინ გაპატიებს, გიყვარდეს ისე,
არ ჰყვარებია როგორც არავის,
თუ დაიბადე პოეტის ჯიშზე,
შენთვის საშველი ქვეყნად არ არის!..

flower
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Sat Mar 28, 2009 9:58 am

ვინ გაპატიებს, გიყვარდეს ისე,
არ ჰყვარებია როგორც არავის,
თუ დაიბადე პოეტის ჯიშზე,
შენთვის საშველი ქვეყნად არ არის!..




შესანიშნავი პოეტია ილტოსპირელი.
მის ყოველ ახალ ნაწარმოებს დიდი ინტერესით მოველით ყოველთვის.

cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Mon Mar 30, 2009 8:22 pm

თოვლიანი გაზაფხული

თეთრია ილტოს ხეობა,
აქ ისევ ათოვს მწვერვალებს,
გრძელდება ზამთრის ტყვეობა,
ბობოქრობს მარტი - მევალე.

ფრთაფართე ფიფქთა მართვეებს
მთების კალთებზე დაფენილთ
ღამე კვლავ მოაბადეებს -
მკაცრია ყინვის ნაფრენი.

თუმც გაზაფხულის მაცნენიც
თავის გზა-ბილიკს ეძებენ,
ვეფერე მათი დამცველი
ფურისულებს და ენძელებს...

იებს, სამთულებს, შროშანებს,
ყოჩივარდებს და ცისთვალებს...
მინდვრად სულ შენთვის მოვშალე,
ველზე სულ შენთვის ვითვალე...

ჩურჩულით ვიარებოდი:
"აქამც გქნა, ჩემო სილაღევ..."
ეჰ, როგორ მენატრებოდი,
მიუწვდომელო სიმაღლევ...

ღიმილის სხივებ-კამარავ,
ნეტავ აქ სადმე მიმყავდე,
მე რომ მიყვარხარ, არ კმარა,
ალბათ შენც უნდა გიყვარდე...
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Jul 31, 2009 8:07 am

ლამის კვირაა, ვადუღებ და ვაღვინებ ჩემში ემოციას.
ვერ დაიდუღა...
ალბათ ასე ცხელი და ცინცხალი უნდა იყოს, რამდენიც გამახსენდები, ძმაო მიშა!
ბესიკ ხარანაული ხშირად ამბობს, ვაჟა ფშაველა მოესწრო დიდ ფშაველთა და ხევსურთა ლანდებს და ჩვენ მათ კარიკატურებსღა ვესწერებითო.
იმასაც ამბობს, ადამიანის სიცოცხლე მეორე ადამიანის ცხოვრებაზე დასწრების (მოსწრების)დღესასწაულიაო და ...
და მიხარია, რომ ჟამრეულა დღეც გაგვიამინდე, ნაღდ, (არაკარიკატურულ) ფშაურ ყოფასაც გვაზიარე, ილტოსპირებიც დაგვატარე, შენს ულამაზეს ეზოში დამბალხაჭოს ხაჭოერბოც დაგვაგემოვნებინე თავის ჟიპიტაურიანად, გაბრიელ პაპასთან ფშაურებიც გვიმღერე და რაც მთავარია, ნაღდი და კარგი ფშაველი კაცი გააცოცხლე ჩვენს თვალში!
ეგეთი დიდგულიანი, ვერც იქნები სხვაგვარი!
ეგეთი ფშავლის ქალის გაზრდილი, დედაშენი-ანა წოწკოლაური რომ ვნახე, ეგეთი ლამაზი ბალღების მამა უნდა ჰყოფილიყავ იქ რომ თავს დაგვტრიალებდნენ!
შენამც გაუმრავლდი საფშავლოს ილტოს ხეობაზე, ილტოსპირელო!
შენი ჯიშ-გვარიმც მთლად საქართველოს მასპინძელი მაგ პატარა და ბუდე ფშავშიც!

ამინ!
cheers cheers cheers sunny sunny sunny

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Jul 31, 2009 2:56 pm

მიშა, აფსუს, სად ვიყავ!

გაგიჟებულია სანათა დედაშენზე. ღმერთმა კარგად გიმყოფოთ ერთმანეთი!!!! flower
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Jul 31, 2009 3:03 pm




თოვლიანი გაზაფხული

თეთრია ილტოს ხეობა,
აქ ისევ ათოვს მწვერვალებს,
გრძელდება ზამთრის ტყვეობა,
ბობოქრობს მარტი - მევალე.

ფრთაფართე ფიფქთა მართვეებს
მთების კალთებზე დაფენილთ
ღამე კვლავ მოაბადეებს -
მკაცრია ყინვის ნაფრენი.

თუმც გაზაფხულის მაცნენიც
თავის გზა-ბილიკს ეძებენ,
ვეფერე მათი დამცველი
ფურისულებს და ენძელებს...

იებს, სამთულებს, შროშანებს,
ყოჩივარდებს და ცისთვალებს...
მინდვრად სულ შენთვის მოვშალე,
ველზე სულ შენთვის ვითვალე...

ჩურჩულით ვიარებოდი:
"აქამც გქნა, ჩემო სილაღევ..."
ეჰ, როგორ მენატრებოდი,
მიუწვდომელო სიმაღლევ...

ღიმილის სხივებ-კამარავ,
ნეტავ აქ სადმე მიმყავდე,
მე რომ მიყვარხარ, არ კმარა,
ალბათ შენც უნდა გიყვარდე...


king cheers sunny


Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ილტოსპირელი   Mon Jan 10, 2011 9:52 am

ილტოსპირელი

ცისთვალები შენთვის

შორს, მაღლა, მაღლა, ღრუბლების ზემოთ,
სადაც ცა ლურჯი ისე ახლოა,
რომ ფიქრობ: თითქოს სულაც არ არის
ძნელი, ადგე და ხელიც კი ახლო...
აი, იქ, სადაც ალპურ ფარდაგებს
ქსოვს მზე და ირგვლივ ხალისით აფენს,
ერთი ლამაზი ყვავილი ხარობს,
რომელიც თითქოს ზეცაში დაფრენს...
ის პატარაა, სუსტი და კდემით
გაჰყურებს სივრცეს და კლდეებს ქვიანს,
ის ციურ თაღთა დედოფალია,
და სახელადაც ცისთვალა ჰქვია.
ლამაზი არის მათი ლაშქარი,
გვირგვინებია ყველა ფერდობის,
საკმარისია, ერთხელ შეხედო,
შეგიყვარდება და დაენდობი.
მეც შემიყვარდა ეს მთის ასული,
ლამაზი მხრებით, ნაზი ფურცლებით,
დღეს ჩემი გული მისი ბინაა
მარად მყუდრო და მარად უცვლელი.
ჰოდა, შენ გჩუქნი, მთის ყვავილებზე
შეყვარებულო წმინდა ფერია,
ცისთვალებს, ვისი ლურჯი ბაგენიც
მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მღერიან...

Idea

მოუსმინეთ თავად ღანიშათ მიშას წაკითხულს – http://www.facebook.com/video/video.php?v=132787116785466
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Thu Jan 13, 2011 5:50 pm

მიშა, დაპიჯებული ხარ გუდამაყრელებშიSmile
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Feb 25, 2011 10:14 am

მიხეილ ღანიშაშვილი

* * *
გრძელდება, მე როგორც ვატყობ,
ის ძველის-ძველი კამათი,
ვაჟასთან რომ მოუტანა
ერთ დროს აკაკის შამათი!..
საუკუნე არ ეკმარა,
დავა რომ ჩაცხრეს ამათი,
ცხარობენ ლიხსიქეთურნი,
თითქოს ვინმეს რამ წავართვით!
მთაში ლექსს მეტი სიღრმე აქვს,
ხედავს, ვინც არის წაღმართი!
სიტყვაც სულ პოეზიაა,
აზრის სივრცეში მნავარდი.
ამიტომ უადგილოა
გამოსვლა მავან-მავანთი:
თითქოს ბესიკის ხმას ჯობდეს
ხმა ჭანტურიელ მჩხავნთი!
წიგნები ხარანაულის
დიდ სიბრძნისაა ხალათი,
გამოირჩევა ყუათით,
მაწივრობით და ღალათი.
სანობელ-საპრემიოა
და საქებარი ალალთი.
გვერდს ნურვის ამოუყენებთ,
მაინც ვერ შესძლებთ ძალათი!

ნურც ე სანათას გალანძღავთ,
ვამაყობ მე მაგ ქალათი!
ბევრ ქართულ საქმის მქმნელია,
სიკეთე დააქვს კალათით!
მარტო ფშავლობით არ ცოცოხლობს,
სიტყვა-პირიმზე ქარაფთი!
მთელ საქართველოს დაჰბრუნავს
მაგისი ლექსის ბარათი!
ცილს ნუ დასწამებთ უბრალოდ,
ღვთისთვის იქნება ღალატი.
შურო და გაუტანლობავ,
სხვაგან წახირდი, წალალდი!..



სანათა

***
ენა გილაღებავ ჩვენდმთავარი,
კარგა მიგიხიშტავ ავ-მბღავანი,
კაფიაში მყავხარ ფალავანი,
ძმობაში - ციხე-გალავანი...



2011 წელი
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Feb 25, 2011 6:36 pm


* * *
სუსტია გუჯას ნაწერი,
არ უნდა ფიცი-მტკიცია,
პრემია რომელიც სჯობავ,
მენაც მშვენივრად ვიცია!
შოთას პრემიაც კარგია,
ან ცუდს ვინ ამბობს, ბიძია,
მაგრამ ზედ აზის ტარიელ,
მტკიცეც დაუდევს ფიცია:
ისე არავის აღირსოს,
ვინც არ ქნას ქიცი-ქიცია!..
ნობელს კი ერთ კაც არ იღებს,
ქვეყნის ა ეგ ამბიცია!
ამიტომ უნდა ღირსეულს
გზა შვედეთისა მისცია!
წინ სხვას ნუღარვის აჩოჩებთ,
ვინც ილტოსპირელმ მისწია!
დანახვა უმჯობესისა -
ეგეც ერთგვარი ნიჭია!
მანდ სერიოზულ კაც გვინდა
და არა ღრიჭი-ღრიჭია!..

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Fri Mar 04, 2011 1:23 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

***
ბესიკ ხარანაულს

ჩემს მაგივრად მიულოცეთ
ბატონ ბესიკს ე მარტია,
გაზაფხულის შემოჭყეტა,
მალე კვირტიც ტყემალთია...
ადღეგრძელოს მაცხოვარმა,
დე, ნობელსაც შემართვია!
მაღიმილებს ხოლმე საქმე
მაგის კუდში მდევართია!..
ეხლა მე მეტს არას ვიტყვი,
ან რა ვიცი მე მათია, –
დანარჩენი საკეთოა,
დიდ მწერლობის მკვლევართია!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Sat Sep 10, 2011 9:42 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

სიზმარი

სიზმარია, ცხადი ნურვის ეგონება.
მაშინ ვაჟას ვკითხულობდი მიწყივ.
მაგიდაზე, სასთუმალთან - ყველგან
მხოლოდ მისი წიგნებიღა მეწყო.

ჰოდა, სტუმრად ვეახლი მგოსანს,
შინ არ დამხვდა. ტყეშიაო, - ცოლმა.-
სამფეხაზე მიმითითა. დავჯექ.
მზერა დამწვა უმალ ბუხრის ბოლმა.

ღარიბული იყო მგოსნის ქოხი.
- როდის მოვა? - ვკითხე დიასახლისს.
- ალბათ მალე. ფიჩხისათვის არის
გორს შემხდარი, ემა უკან სახლის.

სანამ ქალი ამბავს გამომკითხდა,
ვინაობას დაადგენდა ჩემსას,
უცნაურად ჩამობნელდა გარეთ,
კუნაპეტით სივრცე დაიკემსა.

და ასევე უცნაურად უცებ
გამოირღვა კედლის ყორე მყარი
და... ოთახში შემოვიდა ვაჟა
შემოიღო შეშიანი მხარი...

და განათდა ბნელი უცნაურად,
მთელს მის პროფილს ნათელი რამ ახლდა...
- ეს ვინ არის? - შეეკითხა ჯალაბს
და მოვიდა გოლიათი ბალღთან.

- ფშაველია, ილტოს ხეობიდან, -
უპასუხა ქმარს დიაცმა უმალ.
მე კი თრთოლვით ერთ ადგილას ვდგავარ
და შემკთრთალი ბაგეები დუმან.

გაეღიმა თვალდავსებულ მგოსანს
- ვიცი, ვიცი, - თქვა და მხარზე ხელი
შემომხვია, - მე ამ ყმაწვილს ვიცნობ
და ვპატრონობ, როგორც ახლობელი...

მერე ბუხრის ღადარს მოუჩხრიკა,
მიუმატა წიფლის ნახეჩები,
აგიზგიზდა ცეცხლის ალი მყისვე,
გაანათა ტახტის ხალიჩები.

გაანათა თახჩები და ჭერი,
ხის მაგიდა, მაგიდაზე წიგნი,
სინათლეში ჩაიძირა სრულად
ვინც იყო და რაც რამ იყო ირგვლივ...

გამეღვიძა... კვლავ სასწაულს ვები,
აღარაფრით აღარ დამეძინა...
და მომყვება ეს სიზმარი დღემდე
ნაზმანები მთებში წლების წინათ...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Tue Sep 13, 2011 9:52 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

ჩემი უკრაინელი მეგობარი
(ვაჟა-ფშაველას 150 წლის საიუბილეოდ)

"უკრტელეფილმის" მთავარი პროდიუსერი, სერგეი ლიტვინენკო, შეიძლება ითქვას, რომ უცხოელთაგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი ადამიანია. მე ის უკრაინაში, კიევში შვიდწლიანი ცხოვრებისას გავიცანი და დავმეგობრდით. შესანისნავი პიროვნებაა, განათლებული, ერუდირებული, რამდენიმე უცხო ენის მცოდნე, საქართველოს, ქართველი ხალხისა და კულტურის მოყვარულ-დამფასებელი. ეს კი ის თვისებებია, რომელსაც ძლიერ ვაფასებ უცხოელში და საკმარის საბაბად მიმაჩნია იმისათვის, რომ მეც ასეთივე, მეგობრული გრძნობით განვიმსჭვალო მის მიმართ.

ბევრჯერ ვმსხდარვართ კიეველთა ელიტარულ აგარაკზე, ბაშტაში, სალაყბოში, მდინარე დნეპრის პირას, ფიჭვნარებში, გვიწვია მწვადები, გვისვია ჩვენებური ქართული, მარნის ღვინო, ან უკრაინული "გარილკა" და გვისაუბრია რაზე აღარ: მოყოლებული პოლიტიკიდან, დამთავრებული ფეხბურთითა და ლიტერატურით...

ლიტერატურაზე საუბარი სერგეისთან ყოველთვის საინტერესოა იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს ქართული მწერლობა. იცის რუსთაველი, გურამიშვილი, ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა, გალაკტიონი, ფიროსმანი, წაკითხული აქვს ამ მწერალთა თითქმის ყველა ის ნაწარმოები, რაც კი რუსულად ან უკრაინულადაა ნათარგმნი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მწერალთაგან ყველაზე დიდ დაინტერესებას ვაჟა-ფშაველას მიმართ იჩენს. არ ვიცი, ეს იმითაა გამოწვეული, რომ უნდა მასიამოვნოს როგორც ფშაველს, თუ სხვა რამ გარემოებით,მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: ის ვაჟას აღმერთებს!

უკვე მესამე წელიწადია, რაც კიევში ვეღარ მივდივარ. ახლა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვუკავშირდებით მე და სერგეი ერთმანეთს და ტკბილ მოკითხვებს ვცვლით.

მას სულ იმისი სურვილი ქონდა, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც სწვეოდა საქართველოს.

შარშანწინ, სულ რამდენიმე დღით, საქმიანი ვიზიტით, კიდეც ჩამოფრინდა თბილისში მეუღლესთან, ულამაზესსა და უსათნოესს ქალბატონ ინასთან ერთად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერ მოხერხდა ჩვენი ჩარგალში გამგზავრება.

- არა, უთუოდ ჩამოვალ კიდევ ერთხელ და ვაჟას კუთხეს კი მაინც აუცილებლად ვნახავ! - მითხრა სერგეიმ გამომშვიდობებისას.

და აი, წელს ისინი კვლავ ესტუმრნენ საქართველოს. ამჯერად მთელი ერთი კვირით იყვნენ ჩამოსული სერგეი და ინა. დაბინავდნენ "რედისონში", მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი ლამის სულ ერთად გავატარეთ. საფუძვლიანად დავათვალიერებინე თბილისი, კახეთი, მცხეთა, ანანური და რაც მთავარია, ვიყავით ჩარგალში, ვაჟას ნაფუძარზე.
ფშავმა, ჩარგალმა და ვაჟა-ფშაველას სახლ-კარმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. აღფრთოვანებულები და აღგზნებულნი იღებდნენ ფოტოებს, ვიდეორგოლებს, პატარა ინტერვიუც კი ჩაიწერეს ვაჟას შესახებ ჩემგან იქაურობის ფონზე.

გაზაფხულის პერიოდი იყო, ცივ-სუსხიანი, ლილო-ჭრელოიანი მთა-გორები, ბატკან-ბატკანა ღრუბლებით მოფთილული ფხოვის ცა, კამკამით მოჩხრიალე ჩარგლურა, მზერაგამტარი ტყეები, ის-ის იყო ყოჩივარდებით, იებითა და ფურისულებით ნელსურნელდებოდა გარემო.

- პირდაპირ საკვირველია, - ამბობდა სერგეი, - რა უბრალო, რა მარტივია ხშირად გენიოსთა ყოფითი გარემო და რა სიდიადეს პოულობენ ამ პრიმიტივიზმში ისინი. ვაჟა-ფშაველა, რომელსაც თურმე აი, რა პირობებში უცხოვრია, არაფრით ჩამოუვარდება არც შევჩენკოს, არც შექსპირს და არც რომელიმე სხვა გრანდს მსოფლიო მწერლობისა. ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად და ღრმად მინდა ჩავწვდე მის შემოქმედებას!

ჩვენი საექსკურსიო მარშრუტი კვირის მიწურულს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დათვალიერებით დავასრულეთ.

სწორედ აქ მოხდა შემთხვევა, რომლის გამოც ამ ჩანახატის დაწერა გადავწყვიტე:

ვაჟა-ფშაველას საფლავს რომ მივუახლოვდით, მის ირგვლივ რომელიღაც სკოლის მოსწავლეები მოგროვილიყვნენ პედაგოგების თანხლებით და მცირე ლიტრატურულ კომპოზიციას წარმოადგენდნენ; ცქრიალ გოგო-ბიჭები, ასე, ალბათ, სადღაც მეოთხე-მეხუთე კლასელები კითხულობდნენ პოეტის ლექსებს დეკლამაციით, არტისტიზმით, მქუხარედ, ომახიანად. ხელის აწევით, ემოციურად ეხვეწებოდნენ მასწავლებელს არა მე ვიტყვი ლექსს, არა მეო!

ულამზესი სანახაობა იყო ნორჩების თავგამოდება.

უყურებდნენ ჩემი სტუმრები ამ სპექტაკლს და თვალგაფართოებულნი სახტად დამრჩალიყვნენ.

- ეს რაა? - მკითხრა ბოლოს სერგეიმ, - რა ხდება აქ?
- სკოლის მოსწავლეებია, პოეტის ლექსებს კითხულობენ მის საფლავზე.
- რაიმე სავალდებულო ღონისძიებაა?
- არა. უბრალოდ, ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: პედაგოგებს ბავშვები პოეტის საფლავზე მოჰყავთ და აქ აკითხებენ საკუთარი სურვილით მის ლექსებს.
- რაზეა, რა თემაზეა ეგ ლექსები?
- თითქმის ყველა თემაზე. მაგრამ რაკი ვაჟა-ფშაველა მაინც უფრო ეპიკური, ჰეროიკული, პატრიოტული ჰანგის მგოსანია, ბავშვებიც უმეტესწილად პატრიოტუულ თემაზე დაწერილ მის ლექსებს კითხულობენ ამჯერად. აი, მაგალითად იმ ბიჭუნამ ახლა "არწივი" დაასრულა.
- ააა, "არწივი"? ვიცი მე ეგ ლექსი!.. - თქვა ფიქრებში წასულმა სერგეიმ და მეუღლეს გადაულაპარაკა: - ინა, აბა, სცადე და მოერიე ასეთი ერს, ასეთ ხალხს! მერე რა, რომ მცირერიცხოვანნი არიან, სამაგიეროდ სამშობლოს სიყვაულს აკვნიდან, ბავშვობიდანვე, სკოლის მერხიდანვე ითვისებენ!.. ფაქტიურად, ატომური სახელმწიფო, რუსეთი, აგვისტოს ომში ამათთან დამარცხებულია!..
- რაა, განა თქვენთან არ მიჰყავთ ბავშვები ტარას შევჩენკოს ძეგლთან და არ აკითხებენ მის ლექსებს? - შევუბრუნე კითხვა სერგეის.
- არა, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება, რასაც მე ახლა აქ ვუყურებ... - თქვა მან და ვიდეოკამერა მომავალი გმირებისაკენ მიმართა, - საკვირველი ხალხი ხართ ქართველები, საკვირველი და ჭეშმარიტად იმსახურებთ პატივისცემასა და სიყვარულს!
-თქვენც, უკრაინელებიც, სერგეი, თქვენც კარგი ხალხი ხართ და ამიტომაც უყვარხართ ქართველ ხალხს.

გამოსამშვიდობებელი სუფრა ჩემთან, ოჯახში გაიმართა. დიდად კმაყოფილნი გაემგზავრნენ ჩემი უკრაინელი სტუმრები სამშობლოში.

- გაისადაც კიდევ ჩამოვალთ, ჩვენ გვიყვარს საქართველო! - თქვეს მათ.
- მობრძანდით, ჩვენთან სტუმარს ყოველთვის კეთილი გულით ელიან! - ვუთხარით ჩვენ.

ვიცი, აუცილებლად გვეწვევიან!

2011

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Thu Oct 06, 2011 6:38 pm



მიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული წიგნი "ვაჟა-ფშაველა" ლიტერატურული პრემია "გალას" "წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნის" ნომინაციაში მოხვდა 2011 წელს. და რაკი პოეტმა ილტოსპირელმა, იგივე მიხეილ ღანიშაშვილმა პირველმა მოაწყო ამ წიგნის განხილვა თავისი პოეტური ორდენის "მარადახალი ქნარის" ერთ-ერთ სხდომაზე, ამჯერადაც მხარი დაუჭირა ამ წიგნს და ავტორს ლექსად შემოუთვალა სათქმელი... ხოლო ეს შემონათვალი აქ ჩვენმა წევრმა ნინიმ მოიტანა თემაში "სიახლეები", რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის მასაც.



მიხეილ ღანიშაშვილი

მიხოს სწერს ილტოსპირელი

მიხოს სწერს ილტოსპირელი
ამ უსტარს მილოცვისასა:
ეგ წიგნი მეც ძლიერ მომწონს,
მადლს იტევს მიწის, ცისასა.
დიდი ძღვენია ვაჟასთვის,
ვენაცვლე მარჯვენს ძმისასა,
პრემიაც მაგას ეკუთვნის
და სხვა სიკეთეც მის ასა, -
ეს ისე არ შამეშლება,
როგორც განჭვრეტა მისანსა,
დოკუმენტური პროზაა,
ვაქებ მწერლისას მიზანსა,
გვიცოცხლებს მთების მგოსანსა,
კვლავ გვასმენინებს მის ზარსა,
თუ პირველ ადგილს მიარგენს,
ჟიური მართალს იზამსა!


2011




ბმული - http://www.urakparaki.com/?m=4&ID=53830#comments

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Sat Nov 05, 2011 8:35 pm



Mikheil Ghanishashvili - Epos of Gogia Chichoshvili, 2011

ავტორი - მიხეილ ღანიშაშვილი
წიგნის დასახელება - "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი"
რედაქტორი- პროფესორი ტრისტან მახაური
გამომცემლობა- "ქართული წიგნი"
ISBN 978-9941-9148-8-1
რეცენზენტები - პროფესორები დავით წოწკოლაური და ხვთისო მამისიმედიშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ელიზბარ ელიზბარაშვილი
კორექტორი - ბელა ქისტაური
ქაღალდის ზომა - 60 - 84
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 72


ანონსი - წიგნში პირველად ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის ისტორიაში მიმოხილულია XX საუკუნეში კომუნისტური ხელისუფლების მიერ აკრძალული სახელის - გოგია ჭიჭოშვილის ბიოგრაფია, შეკრებილია მისი გახალხურებული ლექსები, რომლის საფუძველზეც მეცნიერულადაა დამუშავებული ხალხური ეპოსის ლიტერატურული ვარიანტი - გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი.

გოგია ჭიჭოშვილი დაიბადა 1919 წელს ივრის ხეობის სოფელ ლიშოში. მუშაობდა მასწავლელბლად. მეორე მსოფლიო ომში გაწვევას თავი აარიდა და ტყეში გასულმა შექმნა მცირე ჯგუფი, რომელიც მსოფლმხედველობრივად და ფიზიკურად უპირისპირდებოდა საბჭოთა რეჟიმს. გოგია სსრკ-გერმანიის ომს არ მიიჩნევდა ქართველთა ომად. მან შური იძია და სიცოცხლეს გამოსალმა მიხა ხელაშვილის ერთ-ერთი მკვლელი მარცვალაშვილი. იგი 1948 წელს 29 წლის ასაკში ღალატით მოკლეს ჩეკისტებმა ილტოს ხეობაზე და მისი სახელის ხსენებაც აკრძალეს.

გოგია ჭიჭოშვილი იყო მრავამხრივ ნიჭიერი კაცი: წერდა ლექსებს, ხატავდა, უკრავდა ჩონგურსა და გარმონზე, მღეროდა, ჰქონდა თეატრალურ-სამსახიობო მონაცემები. მისი ლექსები უაღრესად პოპულარული იყო, ისინი ხალხში დარჩა და, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან შიშისა, მაინც ზეპირი სახით ვრცელდებოდა, იმღერებოდა.

უკვე განისაზღვრა მიხეილ ღანიშაშვილის წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსის" პრეზენტაციის დრო და ადგილი: მისი წარდგინება გაიმართება 2011 წლის 18 ნოემბერს, პარასკევს, საღამოს 6 საათზე დამოუკიდებელ სამწერლო გაერთიანება კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" "ლიტერატურული სემინარების" ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Mar 07, 2012 12:06 pm




ავტორი: ილტოსპირელი – მიხეილ ღანიშაშვილი
წიგნის დასახელება: სულის ყვავილები (ლექსები და პოემები)
რედაქტორი და წინასიტყვის ავტორი: ინგა მილორავა
რეცენზენტი: ტრისტან მახაური
კორექტურა: ბელა ქისტაური
კომპიუტერული უზრუნველყოფა: პაატა ქორქია
დიზაინი: ნიკა ხვედელიძე
ყდა: მუყაო, ფერადი, ლამინირებული
გვერდების რაოდენობა: 472
ISBN 978-9941-9242-7-9
გამომცემლობა: საუნჯე

წიგნში შესულია 400–მდე ლექსი და 8 პოემა. ეს არის პოეტის მხატვრული შემოქმედების მეტ–ნაკლებად სრულყოფილი გამოცემა, რომელშიც გაერთიანდა როგორც ადრინდელ გამოცემებში შესული, ისე ბოლო წლების მანძილზე დაწერილი და გამოქვეყნებული ნაწარმოებები. ლექსები და პოემები დალაგებულია თემატური პრინციპით, ციკლების სახით. პოეტი აგრძელებს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციულ გზას, უხვად იყენებს როგორც აკადემიურ სალექსო, ისე ე.წ. მთისკილოურ საზომს. წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს მისი თემატური და მხატვრული მრავალფეროვნება, სტილისტური დახვეწილობა, ენობრივი გამართულობა და სიმდიდრე, არქაისტული და დიალექტური ფორმების გაბედული, მაგრამ ზომიერი გამიყენება.

„სულის ყვავილები“ მიხეილ ღანიშაშვილის მეშვიდე წიგნია. მიხეილ ღანიშაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ჭართალაში, მდინარე ილტოს ხეობაში, 1964 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. არის მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება კავშირ – პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“თავმჯდომარე.

“სულის ყვავილები“ უკვე შეტანილია და იყიდება თბილისის წიგნის მაღაზიებში:
მაღაზია „პარნასი“ – კ.ლესელიძის ქ. N33
მაღაზია „პარნასი“ – ი,ჭავჭავაძის ქ. N 22
ილიაუნის (ყოფილი პუშკინის ინსტიტუტი)კაფე–მაღაზია „ლიგამუსი“ – ი.ჭავჭავაძის N32
მაღაზია „წიგნის სახლი“ – პეკინის ქ. N72
მაღაზია „სამშობლო“ – ალ.ყაზბეგის გამზ. N10
აგრეთვე შეგიძლიათ მოიკითხოთ „დიოგენსა“ და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშიც.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Wed Oct 31, 2012 7:53 am

მიხეილ ღანიშაშვილი

ჩემი საუნჯე

ეგ ხავსიანი კოჭ–დირე,
ეგ ქვა–აგურთა წყობანი,
ეგ ბუხარ–ცეცხლის სუნ–ბოლი,
ეგ კეცზე პურის ცხობანი.

შენა ხარ, ჩემო ჭართალავ,
ჩემთვის სამყაროს ცნობანი,
შენ, ჩემო ილტოს ხეობავ,
რამხელაი გვაქ ნდობანი.

დაიწვას ჩემი შორს წასვლა,
თბილისობ–ქალაქობანი,
უთქვენოდ რამღა მაცოცხლოს,
რამ მამცას ლექსის მკობანი.

საუნჯევ გადანახულო,
ნოყიერ გიდგან გობანი,
შენ მაძლევ სულის ძალასა,
ვერას მაკლებენ მგმობანნი.

სუ სიყვარულად ვიღვრები,
ცრემლისა მაქვის თმობანი,
დიდ საუნჯის ვარ მფლობელი,
მიდგა სიცოცხლით თრობანი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: