არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზურაბ სამადაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 1:50 pm



Zurab Samadashvili

ზურაბ სამადაშვილი – http://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_სამადაშვილი

ზურაბ გიორგის ძე სამადაშვილი (დ. 29 იანვარი, 1955, თბილისი), (* თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი და დრამატურგი.


ბიოგრაფია

ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.

1972 წელს დაამთავრა თბილისის 51–ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით.

მისი ლექსები: "აღმოვჩნდი, ერთხელ..."; "მთელი სამყარო..."; "ვიკითხე..." – პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობის" 1985 წლის მერვე ნომერში.

ზურაბ სამადაშვილი 2010 წელს იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.

წიგნები

* "ორის ნახევარი" (ლექსები), რედაქტორი – დათო ახობაძე, თბ. მერანი, 1990
* "წრე" (მოთხრობები), რედაქტორი – ლია შარვაშიძე, თბ. მერანი, 1993
* "სველი აგური" (რომანი), თბ. საარი, 1997
* "შეშლილი სახლი" (თრილერი), თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 1998, 127 გვერდი – ISBN 99928-52-10-0
* "ხმაურიანი დღეები" (რომანი), სერია – "ქალაქური პროზა", რედაქტორი დათო აბულაძე, თბ. "საარი", 1999 – ISBN 99928-39-10-4
* "აქსიომა" (ლექსები), თბ. მერანი, 2006

თეატრი

* "კარს იქით", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990
* "წრე", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992

რადიოთეატრი

* "ხმაურიანი დღეები", რეჟისორი ლევან ლორთქიფანიძე.




წიგნის დასახელება – "ხმაურიანი დღეები"
სერია – "ქალაქური პროზა"
ავტორი – ზურაბ სამადაშვილი
ISBN 99928-39-10-4
კატეგორია – რომანი
გამომცემლობა – "საარი"
გამოცემის თარიღი – 1999
ყდა – რბილი, ლამინირებული
ყდის ზომა – 1999
გვერდების რაოდენობა – 256


პირველი პუბლიკაცია

* სამადაშვილი, ზურაბ – "აღმოვჩნდი, ერთხელ..."; "მთელი სამყარო..."; "ვიკითხე..." : [ლექსები] / ზ. სამადაშვილი // მნათობი. - 1985. - N8.




Arrow


Last edited by Admin on Wed Jul 16, 2014 10:35 am; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 1:51 pm

ზურაბ სამადაშვილი

ექსპერიმენტი


–გენეტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, – ამბობდა ქალი. ის იწვა და თავის ექსპერიმენტზე ლაპარაკობდა, – გენს ადვილად ემატება, აკლდება, გარდაექმნება ნუკლეოტიდები, თანაც ზუსტად განსაზღვრულ ადგილას, გენი შეიძლება დაგრძელდეს ან დამოკლდეს, პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია.
კაცი ჩუმად იცმევდა. მერე გაიფიქრა, ის საზიზღარი, სლიპინა კუდი რო არ ჰქონდეთ, რა უჭირდათო.

–რომ დააკვირდები, აუცილებლად ლამაზებად მოგეჩვენება, – თითქოს მის ფიქრს გაეპასუხა ქალი, – ფუმფულა ზაზუნებს ჰგვანან.

–ვირთხის კუდით, – ჩაურთო კაცმა.

–პრიმატებს მიეკუთვნებიან, – თქვა ქალმა, – ჩვენთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ვირთხებთან ან ზაზუნებთან. მე, უბრალოდ, სიტყვა „ზაზუნა“ მომწონს. მერე რა თვალები აქვთ! სიცილიც კი იციან.

–მაგით რისი თქმა გინდა? – დაცინვით თქვა კაცმა.

–ეგ ზაზუნები ხვალ იქნებ ადამიანის უახლოეს ნათესავებად იქცნენ, მოაზროვნე ნათესავებად... თუმცა, ზოგიერთი ადამიანის გარდა, ყველა ცხოველი აზროვნებს.
ქალი სიცილით წამოდგა და დაუდევრად მიყრილი ტანისამოსის ამორჩევას შეუდგა. ქათქათა, გლუვი კანი ჰქონდა, ზანტად, დაფიქრებით იცმევდა, გულმიუსვლელად, ადრე ამას სხვანაირად აკეთებდა ხოლმე: დაძაბულად და დამაჰიპნოზებლად.

–არა! – თქვა უცებ მტკიცედ, – ამ დილით კლინიკაში არ მივალ!
თითქოს რაღაც დიდი აღმოჩენა გავაკეთეო, ისე გადახედა კაცს. კაცმა ყური მოიყრუა, ერთი სული ჰქონდა, მალე გასულიყო გარეთ.

–წავალ სახლში და იქიდან დავრეკავ, დღეს არ მოვალ–მეთქი, მერე კი ავდგები და საღამოს შევივლი, – ბავშვივით ლაღად გაიღიმა. დღის სინათლეზე უფრო ეტყობოდა ასაკი, – ასე არ სჯობია?

ბერდება, – სინანულით გაიფიქრა კაცმა:

–რა ვიცი! – თქვა დაბალი ხმით.

–ასე უნდა ავუბნიო მაგათ გზა-კვალი, – ჩაცმა როგორც იქნა დაასრულა ქალმა, – მე საღამოობით უფრო მეტი საქმე მაქვს.
სარკის წინ გააგრძელა გარეგნობის მოწესრიგება, თან ღიღინებდა: ლალალალა, დიდიდი.
ათი წლის მეგობრობა აკავშირებდათ. მათი ურთიერთობა ნაცნობობის ადრეულ სტადიაზე ჩამოყალიბდა და მას შემდეგ თითქმის აღარაფერი შეცვლილა: ცოტა სექსი, ცოტა სიხარული, ცოტა ლოთობა, ცოტა უსიამოვნებებიც და გაირბინა ათმა წელმა. თუმცა მთლად ასეც არ იყო საქმე: ბოლო დროს ქალმა ეს უცნაური მელოდია გამოიგონა „ლალალალა, დიდიდი“ და ღიღინებდა სუსტი, დაუხვეწავი ხმით, კაცს მისდაუნებურად უშლიდა ნერვებს: ლალალალა, დიდიდი.

–თუ გინდა, ერთად წავიდეთ! არ მოგენატრნენ ჩემი ზაზუნები? – იკითხა ქალმა წამღერებით, იგივე სტილში: ლალალალა, დიდიდი.

–გმადლობთ! – ორაზროვნად გაიღიმა კაცმა. მას ქალის მუსიკალური უნიჭობა ზაზუნების ტიტველ კუდზე არანაკლებად აღიზიანებდა, – რაც ერთმანეთი დაჭამეს, აღარ მაინტერესებენ.
ცხოველებს, რომელთაც ქალი სიყვარულით ზაზუნებად მოიხსენიებდა, მეცნიერულად სახელი არ ჰქონდათ, რადგან რომელიღაცა ატომურ პოლიგონზე წარმოშობილ მუტანტებს წარმოადგენდნენ. ექსპერიმენტის დასაწყისში, ვირთხაზე ოდნავ დიდი ცხოველები ერთმანეთს არ ერჩოდნენ, პირიქით, შემთხვევითი შეხვედრებისას შეშინებულები გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს, მაგრამ მერე, პირველივე დედალ–მამალი წყვილის შექმნის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, მარტოხელა ცხოველები აბსოლუტურად გაუფასურდნენ წყვილის თვალში და უფრო მეტიც: მათი ნადირობის ობიექტებად იქცნენ. დედალ–მამალი ზაზუნა უწყინარი სახით ეპარებოდა თავისი საქმიანობით გართულ მსხვერპლს, მოულოდნელად ესხმოდა თავს და წამში ასალმებდა სიცოცხლეს. მარტოხელა ცხოველებს წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსდიოდათ, ისინი მშვენივრად გრძნობდნენ წარმოქმნილ საფრთხეს, მაგრამ აღიარებდნენ წყვილის უპირატესობას და მათგან თავის დაღწევას მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურ პალმებზე აძრომით ან კუთხე–კუთხე უაზრო რბენით ცდილობდნენ. ცხადია, შექმნილ ვითარებაში წყვილს არ გასჭირვებია ყველა პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურება.

–ჩემი ვირთხა რომ არ მოეკლათ, იქნებ წამოვსულიყავი კიდეც, – დაამატა კაცმა.
თავიდან ხშირად მიჰყავდა ქალს სამსახურში, ეშინოდა ცხოველებთან მარტო დარჩენის, სწორედ, იქიდან ახსოვდა კაცს ყველაზე დიდი და უწყინარი ზაზუნა, რომელმაც დანარჩენებივით ტრაღიკულად დაასრულა სიცოცხლე.

–ვირთხას რატომ ამბობ? – ეწყინა ქალს, – ვირთხებს სულაც არ ჰგვანან. ასეთი ბომბორა ბეწვი აქვს ვირთხას?

–კუდი?

–რა კუდი! – კაცისგან მკვეთრად შეტრიალდა ქალი, – ჩვეულებრივი კუდია! აუცილებლად ბეწვიანი უნდა იყოს? ბეწვიანი უფრო საზიზღარი არ არი?
ქალს ოდნავ შესამჩნევი მუშკის სუნი ასდიოდა. ზუსტად ასეთი სუნი ჰქონდათ ზაზუნებსაც. გარეგნობითაც კი იმათ დაემგვანა, – გაიფიქრა კაცმა, თითქოს სახეც მათებურად ჩამოუგრძელდა.

–რომელიმე მათგანის გამოთიშვა ექსპერიმენტიდან არ შეიძლებოდა, – მომთხოვნი, მკაცრი ხმით გააგრძელა ქალმა. დაახლოებით ასე ელაპარაკებიან დედები შვილებს, როცა შვილის საყვარელ ვარიას უპირებენ დაკვლას, – განა მე არ შემეცოდა? მაგრამ რა მექნა, ამ ექსპერიმენტს ლამის მსოფლიო მნიშვნელობა აქვს.
რამდენი ეხვეწა კაცი, ის ერთი ზაზუნა მაინც გადავარჩინოთო!.. არაფერი გამოვიდა. საწყალს, წყვილის შიშით, შიმშილისგან გასძვრა სული. აძვრებოდა სარკმლის რაფაზე და იჯდა. მერე რა თვალებით იყურებოდა! სულისშემძვრელი, ჩამქრალი თვალებით, რომელშიც ბედისწერისადმი სრული მორჩილება ჩანდა. არადა, როგორ ადიოდა იმ სიმაღლეზე? სარკმელი ხომ თითქმის ორი მეტრით იყო დაშორებული ცემენტის იატაკიდან. პირველად ჩამოსვეს, ეგონათ, შემთხვევით აძვრა და ვეღარ ჩამოდისო, მაგრამ მეორე დღესაც რაფაზე რომ დახვდათ, ყველაფერს მიხვდნენ. საინტერესოა, რატომ არ იცავდნენ თავს? ასე დაუწესა ბუნებამ? ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი წყვილისგან უნდა მიიღოს დასაბამი მთელმა მოდგმამ?

–ამას ინბრიდინგი არა ჰქვია? – იკითხა კაცმა, – ასე ხომ პირიქით, მთელი მოდგმა უნდა გადაშენდეს!
ქალმა უყურა, უყურა და თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია:

–ჰო, მაგრამ ნუღარ ვიკამათებთ, – თქვა მშვიდად, – ჩვენ არ გვქონდა გარედან შესწორების უფლება, – მაგიდისკენ დაიხარა, თეფში თავისკენ მისწია, – ერთ კარალიოკს ავიღებ.

–აიღე, ჩაიყარე ჩანთაში, – ნება დართო კაცმა, – კარალიოკის ხელა არცა ხარ.

–რას ამბობ! – შეიცხადა ქალმა, – ბოლო დროს მგელივით ვჭამ.
კაცმა ღიმილი შეიკავა: გამხდარი, პატარა ქალი იყო და „მგელივით ვჭამო“.

–ცოტა მართლა მოსუქდი, – გული გაუკეთა. იცოდა, ქალს უნდოდა წონაში მომატება, – გიხდება.
სახლიდან ერთად გამოვიდნენ, გაჩერებამდე მდუმარედ იარეს. ქალი დაძრულ ტროლეიბუსს გაედევნა, კოხტად შეახტა და მგზავრებისგან მოწონების ღიმილი დაიმსახურა.
კაცმაც ღიმილი გააყოლა, – მგონი, მართლა იმატებს წონაშიო, – გაიფიქრა.

* * *

ქალმა სამ საათში დარეკა: ტროლეიბუსში ასვლისას ფეხი ვიტკინე და იქნებ კლინიკაში შენ წამიყვანოო. კაცი ისევ იწვა, წინა ღამის უძილობას ინაზღაურებდა, როგორც წესი, ღამეში სექსი ორჯერ ჰქონდათ ხოლმე, თანაც ქალს, სექსის შემდეგ უაზრო ლაპარაკი უყვარდა. კაცი ბუზღუნით წამოდგა, გინებით ჩაიცვა, სულაც არ უნდოდა ქალის ჭკუაზე სიარული, მაგრამ რა ექნა?

–ნუ იგინები! – დანახვისთანავე უთხრა ქალმა და მანქანის კარი მიიბრახუნა. ენერგიულ მოძრაობაზე ფეხის ტკივილი არ ეტყობოდა.

–არ ვიგინები! – სერიოზულად თქვა კაცმა, – ფეხზე რა გეტაკა?

–თუ არ იგინები, კლინიკაში შემომყევი, – პასუხს თავი აარიდა ქალმა, _ ვერ წარმოიდგენ, ისე შეიცვალნენ.
კაცს რაფაზე შემომჯდარი დიდი ზაზუნა გაახსენდა, თითქოს თვითონაც მკვლელობის მონაწილე იყო.

–რა აუცილებელია! – თქვა გაუბედავად. იცოდა, ქალი აღარ მოეშვებოდა, ფეხის ტკივილიც ალბათ ამიტომ გამოიგონა.

–აუცილებელია! – თავი ღიმილით დაიქნია ქალმა. მას რატომღაც სიამოვნებდა კაცთან ერთად სამსახურში მისვლა.

–ჩვენს მეტი აღარავინ იქნება, – თქვა ქალმა, – ამიტომ გადაეჩვივნენ ადამიანებს, ყოველ ახალ სახეზე ჭირვეულობენ, – მხედველობაში ზაზუნები ჰყავდა, – არ უყვართ უცხოები.

–მეც უცხო ვარ? – ხალისით იკითხა კაცმა, უკან გაბრუნებაც დააპირა.

–არა, შენ ჩემი კაცი ხარ, ჩემი სუნი გაქვს, – შეახსენა ქალმა, – წუხელ ერთად ვიწექით.
ალბათ მეც მუშკის სუნი ამდისო, გაიფიქრა კაცმა დაკამათის გარეშე ჩაუყვა კიბეს. მას კარგად ახსოვდა ეს სარდაფი, ორი თუ სამი ვიწრო სარკმლით, ხელოვნური პალმებითა და ცემენტის იატაკით. სწორედ, აქ გამოასალმა სიცოცხლეს ზაზუნების წყვილმა ათიოდე თანამოძმე.

–უკვე იციან, აქ რომ ვართ! – ქალმა უჩვეულო სიხარულით შეხსნა რკინის მძიმე კარი და მელოდიური წრიპინა ხმით სავსე სარდაფში შეუძღვა კაცს, – ხედავ, რა კარგები არიან? როგორ არ უნდა მოგწონდეს!

კაცს ადრინდელისაგან სრულიად განსხვავებული სურათი გადაეშალა თვალწინ. სარდაფში სხვადასხვა ფერისა და ასაკის ორასამდე ცხოველს მოეყარა თავი. უკანა ფეხებზე დასკუპებულები ცნობისმოყვარედ იგრძელებდნენ კისრებს. ჭკვიანი შავი თვალებით, მხიარულად აპრეხილი ულვაშებით, ხშირი ბომბორა ბეწვით სამასკარადო ჩასაცმელში გამოწყობილ ქონდრისკაცებს ჰგვანდნენ.

–ასე უცებ როგორ გამრავლდნენ? – ამის თქმაღა მოახარხა კაცმა.

–ყოველ ორ თვეში იძლევიან შთამომავლობას, თანაც სექსუალური თავისუფლება აქვთ, ერთმანეთზე არ ეჭვიანობენ, – ქალმა რამდენიმე ზაზუნა ხელში აიყვანა და სახე სიცილით ჩარგო მათ ფაფუკ ბეწვში, – რა კარგი სუნი აქვთ, როგორი კოპწიები არიან, იცი, რა ძალიან უყვართ ბანაობა!
ამ სიტყვებზე რამდენიმე ცხოველი წყლით სავსე აბაზანაში გადაეშვა. თითქოს ლაპარაკიც ესმით, – გაიფიქრა კაცმა. მას განსაკუთრებით პატარები მოეწონა. მოძრავი, ბურთივით მრგვალი არსებები ერთი წამით ვერ ისვენებდნენ ადგილზე, დრუნჩზე კი ღიმილის მაგვარი, ეშმაკური გამომეტყველება აღბეჭდოდათ. როდესაც კაცს ყოველი მხრიდან მიესივნენ და ჯინსებშიც დაუპირეს შეძრომა, მან ხუმრობით შემოჰკრა ტაში და ფეხიც ოდნავ დააბაკუნა. პატარები ფაცხაფუცხით გაცვივდნენ უფროსებისკენ, ნაწილი ქალს შეაცოცდა სხეულზე.

–ფრთხილად! – თქვა ქალმა, – გაბრაზებაც იციან.

–ეს რაღაა? – გაეცინა კაცს, – ჯგუფური სექსია?
მისგან შეშინებული პატარა ზაზუნები მოზრდილების ქვეშ ცდილობდნენ შეძვრომას. მალე, კაცის თვალწინ, მოზრდილი, მოძრავი გროვა აღიმართა.

–არა, – გაეცინა ქალსაც, – ასე ურთიერთპატივისცემას გამოხატავენ. თუმცა არაფერია გამორიცხული, ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ.

–ჰო, არა? – კაცის თვალები დამცინავად აციმციმდნენ.

–ტყუილად დასცინი, ნაღდი კომუნა მოაწყეს, უიერარქიო კომუნა, ერთმანეთზე ზრუნავენ, არ ეჭვიანობენ, საერთო ძალებით ზრდიან შვილებს. მეტი რაღა ქნან? – ქალი ალალად აღტაცებული იყო, – ვირთხებიც ასე ყოფილან.

კაცმა თქმა დააპირა, მეც ყოველთვის ვირთხებს ვამგვანებდიო, მაგრამ მერე გაჩუმება არჩია, მიხვდა, ცხოველებში რაღაცა მართლა შეცვლილიყო: უკვე გარეგნობითაც მოსწონდა ისინი. საოცარია, სისხლისმსმელი წყვილიდან დასაბამი როგორ მიეცა ამ უწყინარ შთამომავლობას?

–და ეს ყველაფერი გენეტიკის დამსახურებაა?

კაცი კარგ გუნებაზე დადგა, ზაზუნების შეშინების მიზნით ადგილზე აბაკუნდა კიდეც.

–გაჩერდი! – მისი შეჩერება სცადა ქალმა.

კაცმა უფრო ააბრახუნა ფეხები.

–გადი გარეთ! – ქალმა სწრაფად გამოაღო კარი და გარეთ უბიძგა. ზაზუნები შეტევაზე გადავიდნენ, ეშმაკური დრუნჩები ბრაზით დამანჭვოდათ, – მანქანაში დამელოდე, – მიაძახა ქალმა,

_აქ რომ დარჩე, მეც მიკბენენ!

კაცმა ჩუმად ჩაუარა მეკარეს და მანქანაში დაბნეულმა მოიკალათა. ეგეც შენი უწყინარი შთამომავლობა... „იერარქია არა აქვთო, არც ეჭვიანობენო... სისულელეა ეს ყველაფერი!“ – კაცს გაახსენდა, რომ კარგა ხანია თვითონაც აღარ ეჭვიანობდა და საათზე დაიხედა: „სად არი აქამდე?“
ლაბორატორიაში შებრუნება გადაწყვიტა.
–საით? – მეკარემ შეაჩერა.

–მალე გამოვალო, მითხრა, აგვიანებს.

–მერე რა? – წარბები გაკვირვებით აწკიპა მეკარემ.

–ცხოველები გაბრაზებულები იყვნენ.

–მერე რა?

მხრებში გამართული, უხიაკი მოხუცი იყო.

–შევალ და გამოვალ, – კაცმა ფული მიაწოდა, – ვნახავ, რა ხდება!

მეკარემ ზიზღით ჩამოართვა ფული და ორი ნაბიჯი გადადგა:

–არ დაენახვო, სამსახურს დამაკარგვინებს! – თქვა ბრაზით, – აღარ არი თქვენგან მოსვენება!
კაცი გაკვირვებით ჩაუყვა კიბეს, ყურში მოხუცის ბუზღუნი ჩაესმოდა, – რამდენნაირ კაცს შეხვდები!
ფრთხილად მიუახლოვდა სარდაფს, კარი ოდნავ შეხსნა, ჩვეული, მელოდიური წრიპინი შემოესმა, ზაზუნები ქალის სიმღერას ღიღინებდნენ. ქალი არსად ჩანდა.

–შეჭამეს? – გაუელვა თავში.

უცებ, შორეულ კუთხეში ზაზუნების გორგალი გაიშალა და ცემენტის იატაკზე გაწოლილი ქალი გამოჩნდა. მას არაფერი ეცვა, მუცელი ორსულივით წამოზრდოდა, მერე წამოდგა, ნებივრად გაიზმორა და ღიმილით შეუდგა ჩაცმას. ძველებურად იცმევდა, მიმზიდველად.
რომ შეეჭამათ, უარესი იქნებოდა, – გაიფიქრა კაცმა და მხრები აიჩეჩა, ალბათ მომეჩვენა, ფეხმძიმე საიდან უნდა იყოს?
* * *

–წყალს გადავივლებ, – თქვა ქალმა.

კაცი ახალ ამბებს უსმენდა.

ქალი შევიდა სააბაზანოში და ამღერდა: ლალალალა, დიდიდი. კაცი წიგნების კარადას მიუახლოვდა და კითხვას შეუდგა. „ვირთხები ზედმეტად კონტაქტურები არიან, სიამოვნებით ეხებიან ერთმანეთს, – ეწერა წიგნში, – მეგობრობისათვის მზადყოფნას ახალგაზრდები ქვემძრომობით გამოხატავენ, ხანდაზმულები კი ზემძრომობით, საინტერესოა, რომ როცა ზრდასრულ ცხოველს ახალგაზრდა ზედმეტად აწუხებს თავისი კეთილგანწყობილებით, ზრდასრული თავს იცავს: ურტყამს წინა თათებს. ეჭვიანობა და ღორმუცელობა არასდროს არის ამგვარი ქმედების მიზეზი.“
კაცმა წიგნი დახურა და სააბაზანოში შეაბიჯა:

–რა ამბავია ამდენი შხაპი? – იკითხა.
ქალი წამოზრდილი მუცლის დასამალად შეტრიალდა, მაგრამ მიხვდა, სისულელეს აკეთებდა და სიცილზე გადავიდა: ჰა, ჰა, ჰა. მას ზურგზე, მკერდზე, თეძოებზე სუსტი ნაკაწრები ჰქონდა. კაცმა ასეთი ნაკაწრები პირველად სამი–ოთხი თვის წინ შეამჩნია, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება, პრინციპში, ის ხომ აღარ ეჭვიანობდა!..

–მგონი, ორსულად ვარ, – თქვა ქალმა, – აბორტის თავი მაქვს?

რომ შეეჭამათ, უფრო უარესი იქნებოდაო, ისევ გაიფიქრა კაცმა.

ქალი ყასიდად იცინოდა: ჰა, ჰა, ჰა.

–არადა, როგორ ვფრთხილობდით!

კაცმა გუნებაში რაღაცა იანგარიშა: ყოველ ორ თვეში იძლევიან შთამომავლობასო... აშკარად ორ თვეზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც პირველად შენიშნა ქალის ტანზე ნაკაწრები, სწორედ იმ დროიდან აიკვიატა ქალმა ის გულისგამაწვრილებელი მელოდიაც, – ლალალალა, დიდიდი.

–შენც ნუ მოიშორებ! – ჩაიბურტყუნა კაცმა.

–გავაჩინო? – ქალმა გაკვირვება გამოხატა, ცნობისმოყვარედ (ზაზუნასებურად) შეათვალიერა კაცი.

–არ გინდა? – კითხვა დაუბრუნა კაცმა. ის ოდნავ გაღიზიანებული ჩანდა.

ქალი მოეხვია, ერთიანად დაასველა და ნათესავივით ეამბორა. საინტერესოა, ბავშვი როგორი გამოვა,_გაიფიქრა კაცმა, _ ზაზუნასებური, კუდიანი, თუ მე დამემგვანება?.. მთავარია, აგრესიული არ იყოს! _ მერე ტელევიზორისკენ შეტრიალდა და ხმას ოდნავ აუწია.
ქალი თავის მელოდიას ღიღინებდა

study


Last edited by Admin on Wed Jul 16, 2014 10:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 1:53 pm



ზურაბ სამადაშვილი

ანატოლის ეზო

კაცმა სადარბაზოდანვე შენიშნა, ანატოლის ეზოში გაჩერებულ მის მანქანაზე ორი კატა მოკალათებულიყო და ნებივრად ეფიცხებოდა მზეს. უკმაყოფილოდ გაიფიქრა, „ნუთუ ეს კატები ისევ გამოჩნდნენო,“ მერე აუჩქარებლად გადაჭრა ქუჩა, ჯიხურში სიგარეტი იყიდა და ეზოში შესულს არც კი გაჰკვირვებია, კატების ნაცვლად მანქანასთან 13–14 წლის ქალ–ვაჟი რომ დახვდა.

–ანატოლი მალე მოვა? – იკითხა კაცმა, თან ძრავა ჩართო და ჩვრით იწყო ძარის გასუფთავება. ძარაზე კატების ნაკვლევს პატარა ხელების ჭუჭყიანი ანაბეჭდიც დამატებოდა.

–ალბათ, – უპასუხა ბიჭმა, – სანაგვეებს ჩამოუვლის და მოვა, ეგ სხვაგან არსად დადის.

–თქვენ რომ უთხრათ, იქნება გადაეჩვიოს! – შესთავაზა გოგომ, – ჩვენ არ გვიჯერებს, სანაგვეში რა ყრია!

–რა ყრია და ნაგავი! – გაღიზიანდა კაცი, _ სანაგვეში ძრომიალის გარეშე ანატოლი რაღა ანატოლი იქნება!

ბავშვებმა გაიცინეს. სიცილის დროს კრუტუნივით ხავერდოვან, უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ.

–ანატოლის მეგობრები ხართ? – დაინტერესდა კაცი.
მან ბავშვები ორიოდე თვის წინ შეამჩნია, მაგრამ მათთან გამოლაპარაკება დღეს პირველად გადაწყვიტა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ეჭვებში საბოლოოდ გარკვეულიყო.

–ნათესავები, – თქვა გოგომ და დიდი ქარვისფერი თვალები ბიჭს შეანათა.

კაცს ორაზროვნად გაეღიმა.

–ჩვენ ცუდი ხალხი არა ვართ, – კაცის ღიმილი თავისებურად ახსნა ბიჭმა, ხელი უმისამართოდ გაიქნია, – აქვე ვცხოვრობთ, მამაჩემი შოფერია...

–ე.ი. ძღოლი, – უნებლიედ შეუსწორა კაცმა და ამოიხვნეშა: არ მოსწონდა ძრავის ფრუტუნი, – „მთელი სისტემის დაშლა და დასუფთავება მომიწევსო,“ – ფიქრობდა. ისევ უხეირო ბენზინი მიასაღეს, არადა უმაღლეს ფასად ჰქონდა ნაყიდი.

–აი, რო იციან ხოლმე, მანქანის გაკაწვრა და ასეთი რაღაცეები, ჩვენ არ ვიზამთ, – გაარძელა ბიჭმა.

–ჰო, რატო უნდა ქნათ! – სერიოზულად ჩაილაპარაკა კაცმა, მერე ჯიბიდან ხურდა ამოიღო და ბიჭს გაუწოდა.

–არ არი საჭირო! – ყასიდად იუარა ბიჭმა და ხურდა ჯიბეში გადაუძახა, – მაგიტომ არ მითქვამს.
„იმუქრება კიდეც“, – გაიფიქრა კაცმა; ჩაცმულობითა და იერით მოინტელიგენტო ტიპი იყო.

–და–ძმა ხართ?

–ჰო, ჩემი დაა! – ბიჭი უპირატესობის გრძნობით შეტრიალდა გოგოსკენ, – წადი, სიგარეტი მომიტანე! – თქვა მკვეთრად.

გოგო დაემორჩილა, ჩქარი, სასაცილო ტუსტუსით გავიდა ანატოლის ეზოდან.

ანატოლი ამ ადგილას ათი წლის წინ გამოჩნდა, დიდი არეულობის ჟამს. მაღალი კორპუსების იქით, ქუჩის ბოლოში პატარა ნაკვეთი მოასუფთავა, ბარაკი მოაწყო და მალე მთელი ეს ტერიტორია უბნის სანაგვეებიდან ამოქექილი ტაშტებით, გატეხილი უნიტაზებით, აირის უვარგისი ბალონებითა და ათასნაირი ნაყარ–ნუყარით გაავსო. ღმერთმა უწყის, რაში იყენებდა ამ ყველაფერს; მაგრამ ნაგავს დღითიდღე ახალი ნაგავი ემატებოდა. ზოგმა ისიც კი ივარაუდა, ნაგვის მოგროვება–გადახარისხება, ალბათ, ანატოლის ჰობიაო. თავიდან ქართული საერთოდ არ ესმოდა, ეგ კი არა, რუსულად ლაპარაკიც უჭირდა, მერე და მერე გაეხსნა ენა: რომ კითხავდნენ, სადაური ხარ? „აქაური, დარაგოი“, – პასუხობდა.

„სად დაიბადე?“

„აქ, დარაგოი.“

უწყინარსა და ბუნჩულას ასაკი არ ეტყობოდა, ერთნაირი წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო 40, ან თუნდაც 60 წლის. რაც მთავარია, ცხოვრების წესის მიუხედავად, სისუფთავე უყვარდა, ყოველთვის სუფთა ძველმანები ეცვა. თვითონვე რეცხავდა, ხეხავდა და მეზობლები, უფრო სწორად, კორპუსებში მცხოვრები მოქალაქენი სულგრძელად იტანდნენ მის სიახლოვეს, ზოგჯერ ჩუქნიდნენ კიდეც ნახმარ ტანსაცმელსა და გამოუსადეგარ ნივთებს. ანატოლს, მენაგვეობის გარდა, სხვა ჰობიც ჰქონდა, – კატები უყვარდა, ზრუნავდა მათზე, უკანასკნელი ლუკმაც არ ენანებოდა მათთვის. ერთ მშვენიერ დღეს კი, შევიდა კაცი ეზოში და კატების ნაცვლად ეს ორი ბავშვი დახვდა მანქანასთან.

მას შემდეგ კაცი ფანჯრიდან ხშირად ხედავდა, როგორ წრიალებდნენ ბავშვები, როგორ ყოფდნენ ყველაფერში ცხვირს, გარშემო უვლიდნენ მანქანას და მერე ანატოლთან ერთად ბარაკში უჩინარდებოდნენ. მათი არც მოსვლა უნახავს ვინმეს და არც წასვლა, ეზოში თითქოს წვიმას ან მზის სხივებს ჩამოჰყვებოდნენ ხოლმე. ფანჯრიდან, ერთხელ, ლამის დაღამებამდე უთვალთვალა კაცმა, აინტერესებდა, როდის ან საით წავიდოდნენ, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი დაადგინა, ალბათ, ღამღამობითაც აქ რჩებოდნენ, შეიძლება ერთად ცხოვრობდნენ კიდეც, ღიმილით ისიც კი ივარაუდა, იქნებ სულაც ანატოლის კატები გადაიქცევიან ხოლმე ამ ბავშვებადო.

–გვეცოდება ანატოლი და ხანდახან ჩემი და სახლს ულაგებს, – ბიჭმა მისკენ მომავალ გოგოს გადახედა. გოგო სიარულში რძის ბოთლს იყუდებდა და გემრიელი, მსუნაგი ყლუპებით სვამდა, – კეთილი კაცია, ვაფასებ ასეთ ხალხს.

კაცი მიხვდა, რომ გოგომ იქვე მდგარ ჯიხურში ითხოვა სიგარეტი.

–რამდენისა ხარ?

–ცამეტის, – თქვა ბიჭმა და მანქანიდან ამოჩრილ ანტენას მსუბუქად წამოარტყა. ის ასაკთან შედარებით ბევრად მოქნილი და დამოუკიდებელი ჩანდა.

–მე თოთხმეტის, – გოგომ ბიჭს სიგარეტი გაუწოდა, მეორე ხელით კი ნიკაპზე ჩამოღვრილი რძე მოიწმინდა.

–რა დროს შენი სიგარეტია! – ყასიდად გაწყრა კაცი, თითქოს ამბობდა, სულერთია, შენგან უკვე აღარაფერი გამოვაო.

–მეორე კლასიდან ვეწევი, – გაიბღინძა ბიჭი.

–ახლა რომელში ხარ?

–ბენზინზე ვმუშაობდი, წელი გამიცდა, – ბიჭმა სიყვარულით, სათუთად აუსვა მანქანას თითები, – გამორთეთ, ტყუილად იწვება ბენზინი, – ურჩია კაცს.

–ტყუილად არ იწვება, აკუმულატორს ვტვირთავ, – კაცს გაახსენდა, მის მანქანაზე კატებს რომ უყვარდათ წოლა და წუწუნზე გადავიდა, – სუსტი აკუმულატორი აქვს, დილაობით დაგორება სჭირდება.

არ სიამოვნებდა ბავშვების აქ ყოფნა, სწორედ ამათნაირებისგან დასაცავად აჩერებდა მანქანას ამ ბინძურ ეზოში და ანატოლს თვეში თხუთმეტ ლარს უხდიდა. გარაჟი არ ჰქონდა, ქუჩაში კი ხან ბენზინს იპარავდნენ, ხან – ბორბალსა თუ აკუმულატორს.

–აი, ანატოლიც მოვიდა, – გოგომ თვალებში შესცინა კაცს, – ეს შორს არ მიდის, კორპუსებს აქვე ჩამოუვლის ხოლმე...
ჭრელაჭრულა ჭინჭებითა და ტომრებით დატვირთული ანატოლი ნავაჭრით კმაყოფილი ოჯახის მამასავით შემოვიდა ეზოში, თუმცა კაცის დანახვაზე ოდნავ შეცბა.

–მიდიხარ, დარაგოი? – იკითხა დაბნეულმა და უხერხულობის დასაფარად გოგოსგან მიწოდებული რძის ბოთლი მიიყუდა.

–არა, აკუმულატორს ვტვირთავ, კაცმა საბარგულიდან ორი ფუთა ამოიღო; ზოზინით, აუჩქარებლად ირჯებოდა, ცდილობდა, ახალგაზრდებისათვის კარგად დაენახვებინა, რომ ცარიელ საბარგულში მოსაპარი არაფერი იდო; მერე ძრავა გამორთო და მანქანა საგულდაგულოდ დაკეტა, – რა აიტანს ამას! – თქვა ოხვრით, – დენი და ლიფტი კი არა, ჰაერი რო გვაქვს, ეგეც გასაკვირია!

ბავშვებმა ისევ გაიცინეს.

კაცი მიხვდა, მათ თვალში ძალიან ხნიერად გამოიყურებოდა და სიბრალულით აივსო, შეეცოდა საკუთარი თავი. თანაც ერთი კვირის წინ ანატოლის უშედეგოდ ურჩია ეზოდან ამ ბავშვების გაძევება; პირიქით, გაძევებას ვინ ჩივის, მას შემდეგ შემთხვევით გადაურჩა შესასვლელში დაგებულ ლურსმანს, მერე კი, ღამით, თუჯის ნიჟარა და ცემენტის ლოდი შეეჩხირა ბორბლებში. ნუთუ ანატოლიმ მოუწყო ეს სიურპრიზები? რატომ? ფაქტობრივად, ხომ კაცისგან მიცემული 15 ლარით გააქვს თავი, თვიდან–თვემდე ამ ფულით უდგას სული!..

–კარგი ბავშვები არიან! – დაუფარავი მლიქვნელობით წარმოთქვა კაცმა, – ოცდათხუთმეტის შევსრულდი და იშვიათად მინახავს ასეთი გულისხმიერი ახალგაზრდები.

–ჰო, დარაგოი, – სიხარულით დაეთანხმა თავისი ავლადიდების დახარისხებით გართული ანატოლი. მას ახლადგაპარსული სახე ოფლისგან ულაპლაპებდა, – კარგები არიან.

–მიეხმარე! – გოგოს მიუბრუნდა ბიჭი, – აატანინე შინამდე!
გოგოს სახეზე დაეტყო, ეს დავალება არ ესიამოვნა, მაგრამ პროტესტიც არ გამოუთქვამს.

–არა, გმადლობთ, – იუარა კაცმა.

–მერე რა, დარაგოი, – დაამშვიდა ანატოლიმ, – ღონიერია, მუშაობა არ აწყენს.
კაცმა, მცირე ყოყმანის შემდეგ, გოგოს ფუთა მიაწოდა: მართლაც რა დაშავდებოდა, თუ ეს გოგო ათ კილოგრამამდე ტვირთს აატანინებდა მე–13 სართულზე, საჩუქრად ერთ–ორ ლარს დაიმსახურებდა და ყველანიც კმაყოფილები დარჩებოდნენ. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დემოკრატიული ძვრების შემდეგ ქვეყანაში ესოდენ მომრავლებულ მაწანწალებთან ჰქონდა საქმე. უამრავი საშინელება გაეგონა მათ შესახებ: ქურდობა, მკვლელობა, ყაჩაღობა, პროსტიტუცია... შიდსი... კაცს ცივად გააჟრჟოლა. თითქმის მთელი ზაფხული ოჯახის გარეშე გაატარა და დაავადმყოფების შიშით ქალს არ გაჰკარებია, თანაც ეს ოხერი მკაცრი თუ საბჭოური აღზრდის კომპლექსები: ვერ დაძლია სიმორცხვე, ვერ შეძლო აფთიაქში შესვლა და პრეზერვატივების ყიდვა.

–აქ შევიდე? – იკითხა გოგომ.

კაცი უსიტყვოდ შეუძღვა სადარბაზოში, მხნედ აუყვა კიბეს, მაგრამ მეოთხე სართულზე მაინც გოგო დაწინაურდა, თვალებზე გადაეფარა ბინძურ ჯინსებში გამოკვეთილი უკანალით.

„ვინ იცის, როდინდელი დაუბანელია,“ – უნებლიედ გაიფიქრა კაცმა და გვერდზე გახედვა სცადა. ცისფერ ჯინს ჭუჭყისაგან რუხი ფერი დასდებოდა.

„იქნებ, რამე ვენერიულიც სჭირს.“

–დაიღალე? – დაინტერესდა კაცი.
სადღაც მე–8 თუ მე–9 სართულზე გოგომაც შეანელა ნაბიჯი, მასაც გაუხშირდა სუნთქვა.

–არა, – გოგო დაძაბული შედგა.

კაცმა მისი მზერის გასწვრივ ჩვეულებრივი რუხი თაგვი შეამჩნია და გოგოს გამხნევება დაუპირა, მაგრამ ის, თავისი ასაკის გოგონებისაგან სრულიად განსხვავებულად მოიქცა: გადახტა და თაგვს ხელით წაეტანა, თანაც ისე მოხერხებულად, რომ თაგვმა მხოლოდ უკანასკნელ წამს შეძლო დასხლტომა.

–ბარგმა შემიშალა ხელი, – მარცხით დარცხვენილმა ქვეშქვეშ გამოხედა კაცს, – ამის დაჭერას რა უნდოდა!

–შევისვენოთ, – მაინც შესთავაზა კაცმა. გოგოს 6 ლიტრა ნავთი, კაცს კი შაქარი და მანქანის მაგნიტოფონი მიჰქონდა.

–არა! – ჯიუტად გაიმეორა გოგომ და ოდნავ ააჩქარა ფეხი. ასე შეუსვენებლივ იარეს ბოლომდე.

–კარგი ბავშვი ხარ, – თქვა კაცმა, – გამიჭირდებოდა მარტო. არ ვაპირებდი ულიფტოდ ამოტანას, მაგრამ მთელი მარაგი გამომელია.
მცირე წვალების შემდეგ გახსნა კარი, იქაც ისევე, როგორც სადარბაზოში შესვლისას, წინ შეუძღვა გოგოს. ფუთა ჩამოართვა, გაიტანა, მერე ფული ამოიღო და მისცა.

–გმადლობთ, – თქვა გოგომ, იქვე მიგდებულ სასკოლო ზურგჩანთას მიაშვირა თითი, – თქვენი შვილისაა?

–ჰო, დასასვენებლად არიან, – უპასუხა კაცმა და უნებლიედ თავზე ხელი გადაუსვა, შეხებისას თმამ ნაპერწკლები გაყარა.

–კატა რომ არა გყავთ, იმიტოა ამდენი თაგვი, – თითქოს ეს შეხება არც ყოფილიყო, გოგო ყურადღებით ათვალიერებდა კომფორტულად მოწყობილ ბინას.

–აქ არ არიან თაგვები.

–თქვენ ასე გგონიათ? – გოგოს ირონიულად გაეღიმა.

–დალაგება შეგიძლია? – იკითხა კაცმა.

–შემიძლია, – მხრები აიჩეჩა გოგომ, ვითომ მაგას რა კითხვა უნდაო.
კაცმა ოდნავ უკან დაიხია. მას გოგოსგან მოტკბო და შიშისმომგვრელი, ცხოველური სუნი სცემდა.

–თუ გინდა, ჯერ შხაპი მიიღე, წყალი აირით თბება, – უცნაურად ჩაეხლიჩა ხმა, – დალაგებაშიც ფულს მოგცემ.

–მიაუ! – დაიკნავლა გოგომ და ენა გამოუყო, – არა მცალია!
ის უკვე კიბეზე ჩარბოდა.

კაცს შიშით შეაჟრჟოლა, ყურში კატის კნავილი ჩაესმოდა. ერთხანს გაუნძრევლად იდგა, გაოგნებული და დარცხვენილი, მერე აკანკალებული ხელით სიგარეტს დასწვდა, მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა.

ზევიდან უფრო პატარა ჩანდა უსარგებლო ნივთებით გადაჭრელებული ანატოლის ეზო. ანატოლი იდგა და რძეში ჩამბალ პურს ორ პატარა კატას უნაწილებდა, მერე კატები ერთმანეთის მიყოლებით მანქანის ქვეშ გაუჩინარდნენ. თითქოს იმავე წამს, ასევე ერთმანეთის მიყოლებით, მანქანის მეორე მხარეს მაწანწალა და–ძმა გამოჩნდა და ბარაკისკენ გაემართა. კაცს კვლავ შიშის ცივმა ტალღამ გადაუარა; მას მოეჩვენა, რომ ბარაკში შესვლამდე გოგომ მისი ფანჯრისკენ ამოიხედა და რაღაცა სასაცილო თქვა, იქნებ დაიკნავლა კიდეც.

–ნაღდად ასეა, – სუსტად ჩაახველა კაცმა, – ესენი ყველანი კატები არიან, არადა ჩემს მეტი ვერავინ ხვდება ამას.
ფანჯარას მოშორდა, თაროზე შემოდებული თეთრი კოლოფიდან რამდენიმე ტაბლეტი ხელისგულზე წამოყარა და წყალთან ერთად დალია. „ამიტრიპტილინი“ – ეწერა კოლოფს. გულზე უსიამოვნო სიმძიმე იგრძნო. 30–40 წუთის შემდეგ ემართებოდა ხოლმე ასე, ახლა კი გული უმალვე დაუმძიმდა. „წამლის ნაცვლად დღესაც არაყი უნდა დამელია,“ – ჩაილაპარაკა სინანულით და სამზარეულოსკენ გაემართა. როცა კედელზე გაკრულ, ოვალურ სარკეს გაუსწორდა, გამოსახულებაზე წამით შეაჩერა მზერა: „საზიზღარი წამალი, – დაასკვნა საბოლოოდ,

– ამიერიდან აღარ გავეკარები.“ მერე კარადის უკან მოაფათურა ხელი და საგულდაგულოდ გადამალული არყის ბოთლი გამოიღო. პირამდე სავსე ჩაის ჭიქა ერთ მოყუდებაზე გამოსცალა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ გამხიარულებულმა უკვე ინტერესეით შეათვალიერა სარკის კრიალა ზედაპირი: სარკიდან დიდი შავი კატა იყურებოდა.

study



Last edited by Admin on Wed Jul 16, 2014 10:39 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 1:55 pm



ზურაბ სამადაშვილი

ტკბილი მოგონებები

ზურაბ სამადაშვილი

ტკბილი მოგონებები

მოკლედ, მე, ლევანა და ეს ნაბოზარი ცხრანომერა "არაგვში" ვართ. ძველი დროა, ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია. დავდეთ ათ-ათი მანეთი მე და ლევანამ და ცხრანომერას ვუმასპინძლდებით. მაშინ თბილისი ასე არ იყო ქაჯებით გადაჭრელებული, იშვიათად გამოძვრებოდა ვინმე გორსალა და ისიც სულ თვალებში გიყურებდა, ვინიცობაა რამე არ შემეშალოსო, ქალაქსა და ქალაქელებს პატივს სცემდნენ. იმიტოა ახლა ყველაფერი უკუღმა, ქაჯები იქით რო გიპირებენ თავიანთ ჭკუაზე გადაყვანას, ავაგულავეთ ეს პედარასტები. კაროჩე, ცოტა გადავუხვიე, მაგრამ ხოგჯერ გადახვევა-გადმოხვევაც საჭიროა... ჰოდა, ცხრანომერაც სტუმრად იყო ჩამოსული. რუსეთში ჩაებარებინა სამედიცინოზე და იქიდან მომავალმა ლევანას შემოუარა. დასაწყისში ესეც სხვა გლეხებივით მორიდებულად იქცეოდა, თავის მოკატუნება ხო მაგათი მოგონილია, ამ ლევანამაც გაახურა, - "სოფელში ვმეზობლობთ, ერთად ვჭამთ, ერთად ვსვამთო", და ბოლობოლო გავიჩითენით რესტორანში. დაბლა შევედით, მარანში, საკაიფო პურ-მარილი მოვატანინეთ. მაშინ ოც მანეთად კარგი პური იჭმეოდა: მწვადი, კარტოშკა, კუპატი... თანაც ახალგაზრდები ვართ, სმაში გამოუჯეკავები, ცოტა გვყოფნის. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვქეიფობთ. თამადა ლევანაა. მაშინ მარანში მარტო კაცები შედიოდნენ, თუ მაინცდამაინც ქალის შეყვანა გინდოდა, მაღლა უნდა ასულიყავი, მეორე სართულზე, ესე იყო მიღებული, აქ კი, გვერდითა მაგიდაზე, ბიჭები სხედან რუს გოგოებთან ერთად; ბრმაც მიხვდება, საწერაო კამანდაა.
ცხრანომერამ, თავიდან აგრე რო ინაზებოდა, ორი ჭიქა დალია და მოშნი რეჩები გაახურა - "მე სულ ფეხებზე მკიდია თქვენი თბილისური ყომარი, სოფლელი ბიჭი ვარ და ღვინის მერე ქალი მინდებაო, წავალ ეხლა და მაგ კახპებს დავებაზრებიო". რუსულად აერია რამსი, საცეკვაოდ გაიწია. ვტაცეთ ხელი, დავასტოპეთ. არადა მუტრუკია, ჩემს მტერს, კუნთები აყრია ბატიბუტივით. აი, თავი! კისერი! დასაყვერი კამეჩივითაა ეს ჩემისა! "იმ ქალებს თავიანთი კაცები ჰყავთ-მეთქი, - ვეუბნები, - ქალები თუ რუსები არიან, კაცები ხო ქართველები არიან-მეთქი". ლევანამაც უთხრა ორი სიტყვა და, როგორც იქნა, გადავაფიქრებინეთ. ასიანია, ეგეთი ლოთური ტანცი-მანცი კარგს არაფერს მოიტანდა. არა, ჩხუბის არ მეშინოდა, პროსტა, ცხოვრებაში აბიჟნიკი არა ვყოფილვარ და რაღა ამ ცხრანომერას მიზეზით უნდა დამეწყო აბიჟნიკობა? პრინციპში, გავაგრძელეთ ქეიფი. ცხრანომერას დროებით მიავწყდა კიდეც ის გოგოები (მათკენ ზურგით იჯდა). დავლიეთ თითო-თითო ბოთლიც და ვიღაცა სამი ბიჭი შემოეხეტა მარანში, ჩაზმანულები, ჩაკაიფებულები, გაჯეჯილებულები. გადაგვხედეს-გადმოგვხედეს და პირდაპირ ქალებიანი მაგიდისკენ გააჭრეს. გახურდა მწარე პაჩი-პუჩი და მიპატიჟებ-მოპატიჟება. მთელი მარანი ხედავს, რო ახლობლები არიან, ერთი ძმური სასტავია რა! უცებ ახალმოსულებიდან ყველაზე გალეულმა ბიჭმა ლევანას ხელი აუწია, როგორა ხარო. ამან თავი სხვათა შორის დაუქნია, შემომხედა და "ეს სირიღა მაკლდაო", მეუბნება. ამ სიტყვებს ის ბიჭი ნაღდად ვერ გაიგებდა, მაგრამ შევატყვე, გაუტყდა ეგეთი დახვედრა. ლევანას ჩვევაა, საერთოდ, სხვების მიმართ თავის განწყობილებას მთვრალი კი არა, ფხიზელიც არ მალავს ხოლმე. კაროჩე, ნულზე აქვს დიპლომატია დაყენებული. გამიტყდა, პრინციპში, საქეიფოდა ვარ მოსული, ამათი გახურება მინდა? ჯერ ეს ცხრანომერა ახუნტრუცდა, ეხლა ლევანა იბღვირება, იქიდანაც უკვე მგლებივით გვიყურებენ, ცალკე ღვინოც იხსნება, მოდის და მოდის, მოკლედ, ერთი წითელი ნაჭრის აფრიალებაღა გვინდა და დავჭამთ ერთმანეთს. "დამპალია, არა? - წარამარა ეკითხება ლევანას ცხრანომერა, - დავცხოთ, ძმაო, მაგათ ყველას მარტო მე ვეყოფი". - გაიხედავს იმათი მაგიდისკენ, იკბენს მუშტზე, მერე კბილებს აკრაჭუნებს, თვალებს აბრიალებს, პიტალო ქაჯია! "რას ვუყურებთ, ლევან, რა პრობლემაა მაგათი დაქოთვა! - ქოქავს ლევანას, ლამის მთელ მარანს ჩვენზე დააჭერინოს პრიკოლი, საღადაოდა გვხდის, - ავდგე, დავერიო?" ისეთ როჟებს კერავს, შეგზიზღდება! როდემდე მოითმენდნენ? აქეთაც და იქითაც ყველას რო ამოუვიდა ეს ბაზარი ყელში, ორი თუ სამი ბოთლი ერთდროულად გამოგვიწუილეს. კაროჩე, ბოთლის სროლამდე იყო კიდე რაღაცეები, წესიერად აღარ მახსოვს: ლევანა მივიდა იმათ მაგიდასთან, მერე ის გალეული ბიჭი მოვიდა ჩვენთან, ამან იქ დალია, იმან - აქ, წაეიაზვნენ ერთმანეთს, წაენასტირნენ და ბოლობოლო ჩხუბიც გაჩაღდა. იმ დროს ჯერ არ იყო მოდაში იარაღის ტრიალი და პერესტრელკები, დანაც კი არ ედო ყველას, ვიწიხლავეთ, ვიმუშტავეთ, ჭურჭელი მივლეწ-მოვლეწეთ და მილიციაც დაგვეცა. ეგრევე გაგვქაჩეს. მაგარი მთვრალები ვიყავით, ჩვენს გაქაჩვას რა უნდოდა! ლევანამ მაინც მოახერხა დათესვა, გოგოები თვითონ მილიციელებმა გაუშვეს და დანარჩენები აქა ვყევართ, განყოფილებაში. "ეს ვინ არიო", - ამ ცხრანომერაზე მეკითხებიან, შეატყვეს, რო გორსალაა. "ჩემი სტუმარია, სტუდენტი-მეთქი", ვეუბნები. გაგვჩხრიკეს, მერე ისინიც და ჯიბეში ერთს მაკრატელი უპოვეს. მაკრატელი რად გინდოდა, ატყდნენ. გაიცინა იმ ბიჭმა, - "მინდოდა ჩუმად მივპარვოდი, აი, ჩემს ძმაკაცს და თმები შემეჭრაო". ეტყობა, რაღაც თავისი მუღამი ჰქონდათ. თან იცინოდა, - უნდა მივპარვოდი და თმა შემეჭრაო, - აიჩემა. იცი, როგორი პერიოდი იყო? მოკლე თმა შემოდიოდა მოდაში, ხო აზრზე ხარ! "აი, გრძელი თმა რო აქვს, რო დაიმოკლოსო" და ეგეთი ღადავი. სხვა ვერაფერი ათქმევინეს მილიციელებმა და კაროჩე, ჩვენ მოგვიბრუნდნენ, მე და ცხრანომერას. "თქვენ ორნი ხართ და ჯერ თქვენ წადით, აახვიეთო. ესენი თქვენზე ადრე რო გავუშვათ, დაგხვდებიან, ისევ ჩხუბს აგიწევენ, ამიტომ ჯერ თქვენ დაგვეკარგეთ აქედან, მერე ამათაც გამოვუშვებთო". მაშინ დაჭერითაც კი გეგმიურად იჭერდნენ და ალბათ გეგმის გადაჭარბება არ უნდოდათ. თანაც, ჩემს გარდა, ყველანი სტუდენტები იყვნენ და შეგვიცოდეს, არ აგვიწეწეს აწყობილი ცხოვრება.
მოკლედ, გამოგვიშვეს, გამოგვიშვეს და ბუჩქებიდან ლევანაც გამოძვრა, - "მე მაგათ დედებს ასე და ისე ვუზამ, ეგ რა გაგვიბედეს, წამო, დავხვდეთ, პასუხი ვაგებინოთო!" - დასაბმელ გიჟს ჰგავს. ამ დროს ისეთი არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ნაკაწრიც კი არა გვაქვს სახეზე, მაინც არ იშლის. გავამზადეთ ქვები, ჯოხები, რკინის დრინები და ველოდებით. გავიდა დრო და, რო გვგონია, ერთად გამოჩნდებიან, ვხედავთ, ორი კაცი მოდის. ერთი სწორედ ის გალეულია, ლევანას ნაცნობი. "ამას ვიცნობ, ამ ნაბოზარს, გიორგა ჰქვია, ჩემთვის ეს არ უნდა გაებედაო", - ისევ გაგვიმეორა. წავაჩერეთ ბიჭები და მიდის სიტყვიერი ქაჩაობა, იოლი მუჯლუგუნები. ლევანამ, "როგორ გამიბედე მუშტი-კრივი, არ იცი, ვინა ვარო!" - გიორგაა თუ ვიღაცა, იმას აწვება. შეშინდა ბიჭი, აწრუწუნდა, აბლუქუნდა, მაგრამ მაინც ცდილობს, რო კაცურად მოიქცეს, პროსტა, ვითომ თბილისურ, ვითომ ძმაკაცურ რეჩებს აბოლებს, შარვალი კი სავსე აქვს შიშით. ბოლობოლო, ვებაზრეთ, ვეკაიფეთ და გავუშვით. ლევანამ გული მოიფხანა, კმაყოფილი დარჩა, "მაგრად შევუდეო". ცხრანომერა ხო საერთოდ პირს არ აჩერებდა, ისე გამოიყვანა, თითქოს მთელი რესტორანი მარტოს დაექოთოს, - "სუფთა ჰაერზე ვარ გაზრდილი, მე ვინ რა უნდა დამაკლოსო", - გოდრისხელა მუშტებს გვიტრიალებდა ცხვირწინ. მივაცილე ესენი ლევანას სახლამდე და მეც გავუყევი შინისკენ.
მეორე დილით ჩავედი "არაგვში", დამტვრეული ჭურჭლის ვალი გავისტუმრე, დარჩენილი ფულით არაყი ვიყიდე თავისი მისაყოლებლებით და ლევანას დავადექი. ვიცოდი, ცხრანომერაც იქ დამხვდებოდა. ცხრანომერას ვინ ჩივის, საიდანღაც გოგოები გამოუქექავთ, სხედან დაბოლილები; წინ ბებიაჩემის დროინდელი გორგოლაჭებიანი საანგარიშო უდევთ და ანგარიშობენ, ამ გოგოებიდან ვის რამსიგრძე მოხვედრია. რამდენი წლისა ხარ? როდიდან წერაობ? საშუალოდ თვეში რამდენჯერ იძლეოდი?.. და ეგეთ სტილში მიდიოდა საანგარიშოს ჩხაკა-ჩხუკი. ამ მაიმუნობაში ლამის კილომეტრებს რო გადასცდნენ, გვესმის, აკაკუნებენ. ლევანას ერთი პატარა ოთახი ეჭირა წინ ციცქნა შუშაბანდით. ეზოდან პირდაპირ შუშაბანდში უნდა შესულიყავი, აქეთ კი, ოთახში, დიდი როიალი იდგა, გერმანული, მაგარი როიალი. ჩემი დისააო, იტყოდა ხოლმე. ლევანა ოჯახიდან ცალკე იყო გასული რაღაცა შინაურული მიზეზის გამო და ეგრე ვიწროდ იმიტო ცხოვრობდა. მოკლედ, ეს ამხელა როიალი, ჩვენ ამდენი ხალხი და ორი კაციც რო შემოვიდა, ლამის ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტეთ. გაკვირვებული ვუყურებ მოსულებს: გუშინდელი გალეული გიორგაა და კიდევ ერთი იმ სუფრიდან. გუშინ კინაღამ ჩაისვარა შიშით, ეხლა თავისი ფეხით მოგვადგა, მოდი და ნუ დაიცენტრები.
ლევანას მისამართი ისედაც გაბაზრებული იყო, მაგრამ ეგრეც რო არ ყოფილიყო, თბილისში კაცის პოვნას რა უნდოდა! გადარეკავდი-გადმორეკავდი და უცბათ გააიასნებდი ვინ, სად, როგორ, ყველა ყველას იცნობდა. წეღანაც ხო გითხარი, თბილისში იმ დროს თბილისელები ცხოვრობდნენ, ეგეთი ბარდაგი მერე გაიჩითა. შევყურებთ ერთმანეთს დაბოლილები და დაარყებულები, ვერ მივმხვდარვართ, რა ხდება. "დასხედითო", - ლევანა ეუბნება, ჩვენც მივიწ-მოვიწიეთ და დასხდნენ. შუშაბანდის მხარეს დასხდნენ, გასასვლელთან.
- დალევთ? - ლევანამ არაყი მოიმარჯვა.
"არა", უარობენ.
"აბა რაზე შეწუხებულხარ", ლევანამ.
ეს რო იკითხა, გიორგა ჩაფიქრდა. ჩართო და ჩართო, სულ ეკლები ამოყარა პირიდან: "თავიდანვე შარზე იყავიო, პურისჭამა არ მაცალეო, ეგ ხეპრე (ცხრანომერა) მომისიეო. ჩვენ ჩხუბში დაგინდეთ ხუთმა სამი, თქვენ კი მერე სიბევრით ისარგებლეთ და ორს მოგვდექით, კიდე აქეთ მეკითხები, რაზე შევწუხებულვარო?"
უიარაღოდ ამდენს როგორ გაბედავდა! ვიფიქრე, დავასწრო-მეთქი, მაგრამ გამოვშტერდისავით, რა ვიცი, კაროჩე, ხუევოზნაეტ! უცბათ ამ ბაზარ-ვაგზალში დააძრო ფინკა და ბახ! ეგრევე მთელ სიფათზე ჩამოდღლიზა ლევანა... კიდე კარგი, თვალი არ ამოუღო. შუბლი, წარბი, ლოყა, ლამის ნიკაპიც ზედ მიაყოლა. გადმოასხა სისხლმა, წამოვიდა პარკეტზე ჟუჟუნა წვიმასავით... ჩამოახია სიფათი ალალად, დაამახინჯა კაცი. ამასობაში მეორეც წამოხტა, პისტოლეტი მოგვიშვირა და აჩხაკუნებს ჩახმახს, თურმე ამის იმედზე არიან. რო არ გავარდა, ჯერ იარაღი გამოგვიქანა, მერე კედლიდან დინამიკი ჩამოგლიჯა და მოაყოლა, ააყირავა მაგიდა, მიყარ-მოყარა სუფრა თავისი გორგოლაჭებიანი საანგარიშოთი და გავარდა გარეთ... საღამოს, დამშვიდებულზე რო დავათვალიერეთ იარაღი, გაგვეცინა. ლულა მთლიანად დამწვარი და გაცვეთილი ჰქონდა, ნემსი ძლივს სწვდებოდა ვაზნას, კაფსულის აფეთქების შანსი არ იყო, ტყვიებიც კი სხვადასხვა ზომისა მომეჩვენა. იქნება თვითონვე ჩამოასხეს, ან სად უნდა ეშოვათ მაშინ 6,35 მმ "ბრაუნინგის" ვაზნა, როცა ეხლაც დეფიციტია. მაგრამ ისეთი გოიმებიც არ იყვნენ, არ სცოდნოდათ, რა ეჭირათ ხელში, გადასაგდებადაც იმიტომ იოლად გაიმეტეს. როგორც ვიფიქრეთ, იარაღი შესაშინებლად მოიტანეს, მერე კი იმ ბიჭმა გახურებულზე სროლაც მოინდომა. ჩხაკუნისა და მაიმუნობის ნაცვლად, რო მოეშვირა ეგ იგრუშკა და ეთქვა, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთო, ჭიდაობას ხო არ დავუწყებდით, გავიდოდნენ მშვენივრად... კაროჩე, ის რო გავარდა გარეთ, გიორგამაც დააპირა გაქცევა, მაგრამ ვიაზრეთ და ვტაცეთ ხელი... ვტაცეთ ხელი და უყვირის ძმაკაცს: "ალიკა ნახე, ალიკასთან მიდი, აქ მოიყვანე". ვინ ალიკა, რა ალიკა, ალიკა გვინდოდა ჩვენ? შევდექით ამ საცოდავს. ეს ცხრანომერა ხო ვირია, უბაგუნებს და უბაგუნებს. ლევანამ სახე მოიბანა, თვალი გადამირჩაო, იძახის და დავუწყეთ გიორგას ცემა, თან მაგარი გალეული როჟაა და ბახ, ბუხ, აქეთ-იქიდან. იკლაკნება, იგრიხება, წივის, კივის, ქალებიც ბანს ეუბნებიან... ვფიქრობ, რისი გულისთვის შემოვიდა, რო აგვეხია საკუთარი დედის დუმები? სახლში შედიხარ, კაცს დანას ურტყამ, ეგრე სად არი! თან რატო, ერთი უბრალო შუხურის გამო? მაგრამ მანდ, მე როგორც ლევანას ლაპარაკით მერე მივხვდი, ცოტა სხვა ბაზარი იყო. ესენი, ეს და გიორგა, ერთმანეთს ვიღაცა გოგოს მხრიდან იცნობდნენ, ადრე რა, ჩემხელობისას. ის ამბავი როგორ დამთავრდა, არ ვიცი, ერთმანეთში კი ბოლომდე არ იყვნენ გაიასნებულები და ამას ის ეგონა სირი, იმას - ეს. როგორც ხდება ხოლმე, იმ ქალს ჰყავდა ორივე გაბანძებული. თბილისელი გოგოების ამბავი ხო იცი, წავა და იმასთან შენ გაბანძებს, მერე მოვა, შენთან იმას გამოაჭენებს. ამ დროს თვითონ კაიფობს, მაგრამ ბოლოს სამივენი ზარალდებით, ეს ბალამუტი ქალი კი - ყველაზე მეტად. ჰოდა, ამათ ერთმანეთი სირები რო ეგონათ და "არაგვში" რო შეგვხვდნენ, იმიტომაც დაცხეს... დაცხეს და ეხლა გიორგას ვუბრაგუნებთ, დაიცენტრები, რამდენს იტანს ადამიანი! არა, მე ეგეთ დროს ხელებს მაინცდამაინც არ ვიღლი ხოლმე, ერთი-ორი მოვარტყი, ლევანამ ცოტა მეტი და ვასნავნომ ცხრანომერა ეჩალიჩება; თან ვატყობ, რო, როგორც პოლიციელებმა იციან, სიამოვნებს კაცის ცემა. ამ ბათქა-ბუთქში რო ვართ, გარეთ ნელ-ნელა იმატა გნიასმა. არი ერთი ყაყანი და ლანძღვა-გინება, ლამის ლევანას კარი ჩამოიღონ. "მილიციას მოვიყვანთ, იმას გიზამთ, ამას გიზამთ". მაგ ეზოში ქურთები ცხოვრობენ, ებრაელები, ხო აზრზე ხარ, მაგათი ატეხვა როგორია, თანაც შემჩნეულები ვართ კაიფში და ძველბიჭობაში. მოკლედ, ძალიან მოშნად მოგვესივნენ და გიორგა გაგვაშვებინეს. თან მანამდე ამისი გაქცეული ძმაკაცი მობრუნდა და გიორგა რო უყვიროდა, ალიკა მოიყვანეო, ის ალიკა მოიყვანა, უბნის ავტორიტეტი რა! მაინც ბავშვები ვიყავით, მე ვაბშე სკოლაში ვსწავლობდი. ისე, ლევანა კი ჰპირდებოდა, აქედან უშრამოდ არ გაგიშვებო, მაგრამ გავუშვით... გავუშვით და მეორე დღისთვის დაიდო სტრელი.
მივედით სტრელკაზე. იასნია, დაგვემატა ხალხი, მე, ლევანა, ეს ბოზი ცხრანომერა... და ბოზი რაზეა, მერე გეტყვი და ვსხედვართ 51-ე სკოლის წინ. გავიხედეთ, გიორგას მხრიდან ამოვიდნენ ტუი, ალიკა და ერთი გაპუდრული განაბი, და სასტავი. ამ განაბის დანახვაზე ლამის ჭკუიდან გადავედი, გალსტუკი ეკეთა. აზრზე ხარ? განაბი და გალსტუკი? მერე სხვა ამბებზეც მომიწია მაგასთან შეხვედრამ, აუტანელი ვინმეა. მაგარია, განა არ არის მაგარი, მაგრამ რაღაცნაირი ეგეთი ტიპია, აი, როგორ გითხრა, მანქანაში რო უჯდები, ფეხებზე გიყურებს, სუფთა ფეხსაცმელი აცვია თუ არაო. რა ვიცი, მაშინ ძალიან გამიკვირდა მაგისი გალსტუკი, თუმცა ზოგს შეიძლება ჩემი რაღაცეებიც უკვირს, რას იზამ, ეგრეა. მაგ განაბთან სალაპარაკოდ ტაზიკა გვყავდა წაყვანილი. ტაზიკა ჩვენზე ბევრად ვზროსლია, მაგრამ ლევანასთან ძმაკაცობდა და თუ მილიციაში არ ჰყავდათ, 24 საათი ლევანას ხატაზე ეგდო ხოლმე გათიშული. ტუიმ, იმ გაპუდრულმა განაბმა და ტაზიკამ (ალიკა ტაზიკას დანახვაზე სადღაც გაქრა, მიზეზს სხვა დროს მოგიყვები) იქვე ერთ ბაითში ააჭრეს, იბაზრეს, იბაზრეს და მოგვიბრუნდნენ. ამ დროს დამავიწყდა მეთქვა, რო არც გიორგა და არც ის მეოე ბიჭი სტრელკაზე არ მოვიდნენ. ხო რედკი რამეა, საქმე ააგორო, გარჩევაზე განაბი გაუშვა და შენ არ მიხვიდე! ეგრე სად მოსულა! იმათაც გაწელეს ბაზარი, ვითომ ელოდნენ, მერე სტრელკა მორე დღისთვის გადაწიეს და დაიშალნენ. "ძმაო ლევან, - მარტო რო დავრჩით, ეუბნება ტაზიკა, - მე როგორც შევხედე, თუ არ გინდა, რო ცუდი ამბები მოხდეს და დიდი სისხლი დაიღვაროს, ტუიას ნათესავი ყოფილა ის ბიჭი და შეურიგდი".
"რამდენი სარკეში ჩავიხედავ, იმდენი მაგის დედას გადავჟიმავო", - ლევანამ.
"ჰოდა მაშინ, გენაცვალე, დღესვე უნდა წახვიდე, აბაროტი აუღო, რო ხვალე შერიგება შეგეძლოსო", - ტაზიკამ. მაგან იცოდა, ლევანა ეგეთი ჩამოდღლეზილი სიფათით შემრიგებელი არ იყო (წინა დღით ნაცნობ ექიმთან მივიყვანეთ, 8 ნაკერი დავადეთ, რას შეურიგდებოდა), იმიტომაც ბევრი აღარ ულაპარაკია, "ხვალე სტრელკაზე მოვალო", - დააგდო და წავიდა.
ჩვენც წავედით; ტაზიკა ბეზ პიწი მინუტ განაბი იყო, მაგის სიტყვას ფასი ჰქონდა. თან ჩვენც მივხვდით, გიორგა სპეციალურად არ ამოიყვანეს, საქმის გართულებას მოერიდნენ, ხვალ კი სიტუაცია ბევრად მურტალი გახდებოდა. "მაშინვე უნდა დამეჭრა, სახლიდან ისე არ უნდა გამეშვაო", - იგინებოდა ლევანა, მაგრამ უკვე რაღა დროს! დღისით, მზისით გაგვიხდა გასაკეთებელი, რისი მოყომარებაც მაგის ოთახში ხელის ერთი გაქნევით შეიძლებოდა.
უკვე ვიცოდით გიორგას მისამართი და მივადექით. მოვყუჩდით ეზოში, ერთი ბავშვი გავაგზავნეთ დასაძახებლად, ვითომ თანაკურსელები ვართ. მაგას ვინ ჭამდა, მაგრამ მაინც!.. ჩამობრუნდა ის ბავშვი, - სახლში არ არიო. მოდი და გაიგე მტყუან-მართალი. ლევანამ, - "ცოტას დავიცდი და სახლში დავადგები, რაც მაგან იკადრა, უარესს გავუკეთებო". არ დაგვიჯდა ჭკუაში, ალალად ციხისკენ იწევს. რაღაც ფაცხასავით იყო, იმაში ვსხედვართ და ვბაზრობთ, პირდაპირ ჩეკისტების სახლია, ატეხილები ვართ რა! თანაც საღამოა, მიდიან, მოდიან, ბავშვების ჭყივილი, კივილი, არი რია-რია. ეგეთ სიტუაციაში როგორია აბაროტის აღება! უცებ, გავიხედეთ და გიორგა მოდის თავის ძმაკაცთან ერთად, თურმე ნაღდად სახლში არ ყოფილა. მოდის და ლევანა რომ დაინახა, მერე ამდენი ხალხი, "აბა, ბიჭო, მოდი აქ" და ეგეთი ბაზარი და მიმწყვდევა და მოწყდა გიჟივით ადგილს, ერთი ჩვენიანი წააქცია, იქნევს თავის ახალ ფინკას და მირბის. პირდაპირ მანქანებში გადაეშვა. გავყევით. გადავირბინეთ პროსპექტი, გავცდით მანქანებს და წინ რაღაცა სარდაფი ყოფილა. გიორგამ ნაპირზე ჩაირბინა, სიჩქარეში ჩაუცდა ფეხი და მოადინა ბრაგვანი ამ სარდაფში. ჩავარდა ორი მეტრის სიმაღლიდან და ძვლის ტკაცანი გავიგონე, ასიანი ფეხი მოიტეხა... თან რო გარბოდა, დანა ეჭირა ხელში, მერე იძახდა, - წაქცევისას ლამის საკუთარ დანას დავეგეო. ლევანა რო დაადგა, შეყოყმანდასავით, არ ვიცი, დაიბნა თუ რა! ამ დროს ამან, გიორგამ, გაუქანა და ახლა ფეხში ხია დანა. პატარები და ნაბიჭვრები რო არიან, ეგეთია ეგ გიორგა. ხია დანა და ამან მაჯა დაუჭირა, თან მეორე ხელში ამასაც გამზადებული დანა უჭირავს, თავისუფლად შეუძლია, ყელი გამოჭრას და აიღო და ესე ცხვირზე გაკრა, პატარაზე, სისხლი ძლივს გამოადინა. ეხლაც აზრზე არა ვარ, რათ დაინდო! რა ვიცი, გიორგამ ფეხი რო მოიტეხა, იმიტო ვითომ? მაგრამ ეგ რა შუაშია. უფრო დიდი საქმე წყდებოდა, უბნების საქმე... ალბათ პირველად ჭრიდა კაცს, თუმცა მერე ვკითხე და იწყინა, - "ქვეყნის ხალხი მყავს დაჭრილიო". კაროჩე, ფაქტია, არ იმეტებს ალალად, ვერ გაუმეტებია. ამასობაში მოვარდა ცხრანომერა, ეს წამპალი და აგური ხია ამ წაქცეულ, დამტვრეულ გიორგას, წათიშა ეგრევე, ლამის გაისტუმრა. ამას აგური ხია, მოტრიალდა, ეცა ლევანას ზურგიდან, გაათრია და დააგდო თუ გაუვარდა ხელიდან, ხუევოზნაეტ, მოკლედ, ყველაფერი აურ-დაურია და გაიქცა. გავიდეთ ლევანა მხრებზე და ჩვენც მოვხიეთ, ზოგი ტროლეიბუსს შეახტა, ზოგი მანქანებში (ორი მანქანით ვიყავით) ჩაეკვეხა და მოვხიეთ... ლევანა ისევ ნაცნობ ექიმთან მივიყვანეთ, გაუსინჯა ფეხი, არაფერიაო და ტაზიკაც გაიჩითა, პირდაპირ საავადმყოფოში მოგვადგა, უკვე იცოდა ყველაფერი.
"მე აღარა მაქვს პრეტენზიებიო", - ლევანა ეუბნება.
"შენ არა გაქვს, ეხლა იმას ექნებაო", - ტაზიკამ, - "კაცია თავპირდანგრეულიო", და გახედა ცხრანომერას, - "ხვალე აკანჩატელნად გაირკვევა ყველაფერიო".

ბოლო სტერლკაზე უფრო მეტი ხალხი მოვიდა, შავებიც ოხრად გაიჩითნენ, თავყბა ახვეული და დალურჯებული გიორგა მანქანაში უზით... შეხვეული ზის რა! მოკლედ, ბრმაც დაინახავს, ბევრად მოშნი ბაზარია. უცბათ, იქიდან ერთი კანარეიკა ჩერდება, აქედან - მეორე, ერთი პროსპექტის მხრიდან გაეძრო, მეორე - უბნიდან, "ჩირაღდნის" გვერდით ჩამოვიდა. გვტაცეს ხელი და წაგვამსერეს საძაღლეთში. ეგრე გავისროკეთ პირველად მე და ლევანა, გიორგა დაზარალებულებში გავიდა...
თურმე ცხრანომერას ბიძა მუშაობდა მილიციაში, უბოზია ამ ჩემისას, დაულაგებია ეგეთი რაღაცა: "ქალაქელებმა შარში გამხვიეს, ჩხუბში მომაყოლეს, მე ერთი სოფლელი ბიჭი ვარ, რის ჩხუბი, რა ჩხუბი, რო დავლევ, ქალისა და სიმღერის მეტი არაფერი მინდაო", და ეგრე ალალად გაასროკინა ჩვენი თავი. "რო არ მიშველოო, - ბიძამისისთვის უთქვამს, - ჩახდილი ვარ საშვილიშვილოდო".
სროკის მერე ვეძებეთ, რუსეთში გადაკარგულიყო, მერე ნელ-ნელა მიმავიწყდა ბოღმა, ეხლა, გაგიკვირდება, მაგრამ ეს ამბავიც ტკბილ მოგონებად მახსოვს. ნუ გიკვირს, ნაღდს გეუბნები, ციხეც თავისებური აკადემიაა, ბევრი რამე ვისწავლე, ზოგს იქით ვასწავლე, ცხოვრებაზე თვალები ამეხილა. რო ამბობენ ხოლმე, თვითდამკვიდრებაო, მეორე სროკზე ჩემმა ავტორიტეტმა უფრო აიწია..რა არი სატრაბახო!.. მაგაზე მეტი თვითდამკვიდრება რაღა გინდა! ცხრანომერას ამას წინ შევხვდი ერთი წესიერი კაცის დასაფლავებაზე, ძლივს ვიცანი. მაშინ რამხელა იყო, ეხლა ხუთჯერ გაზრდილა, ტანკია რა! ეს ამბავიც მაგ შეხვედრამ გამახსენა. მოვიდა, მომიკითხა, ხალხში არაფერი ვუთხარი, მერე კი პატარა საქმე გავაკეთებინე, ცოტა ფული ვიშოვე. ისეთი არაფერი იფიქრო, ძალა არ დამიტანებია. "სამხრეთ აფრიკაში ვიყავიო, - მითხრა, - იქ მატარებელში ვიჯექი, ბილეთი 2500 დოლარი ღირდაო, სახელურები კუპეში ოქროსი იყო, ყველგან კომპიუტერები იდგაო". ხო აზრზე ხარ? აგვკიდებდა სროკს, აბა რას იზამდა! ცხრანომერა ცხრანომერაა! მერე მოგიყვები, მეორედ როგორ გამსროკეს. აი, ნიკაპზე რო ჭრილობა მაქვს, მაშინდელია, მაშინაც ვიღაცა გორსალამ გამხვია შარში. შენ კიდე, ძმაო, სწორ გზაზე დგეხარ, ჩვენზე უნა წერო, რით არ მოგბეზრდა ვიღაცა პრასტიტუტკებზე წერა! სახელები და მისამართები არ გინდა, მაგრამ რაც ცოდნა გვაქვს, პატარაა თუ დიდია, არ უნდა დაიკარგოს. ახალი თაობა მოდის, ვინ, რა, როგორ, ხო უნდა იცოდნენ? მაგათ გამოცდილება რო ჰქონდეთ, პარტიებში გაერთიანდებოდნენ? უცნობ კაცთან რო გაივლი, უკვე შარია, ესენი კი ათასობით ერთიანდებიან. ჭკუა აქვთ? ფაქტია, არა აქვთ. ჰო, კიდე რისი თქმა მინდოდა! ადექი და, თუ მართლა დაწერ, მაგ წიგნს "ტკბილი მოგონებები" დაარქვი. როგორია? შენ შეიძლება უკეთესი სათაურიც მოგეფიქრებინა, მაგრამ ჩემი ხათრით დაარქვი... არა, თუ ტეხავს, მითხარი, არ მინდა ეს რიჟა ბაზარი... კარგი, ჰო, როგორც იყოს...

study


Last edited by Admin on Wed Jul 16, 2014 10:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 2:00 pm

ხათუნა მაისაშვილი
ნატო ნიკოლეიშვილი

ზურა სამადაშვილის წრის სტერეომეტრია

23-04-2010, 21:24


ნიშნები ცოცხლები არიან. თუმცა ნიშნის შექმნა, რომელიც სიცოცხლისთვის არის „განწირული“, ყველას არ შეუძლია. ადამიანები ან მკვდარ ნიშნებს შობენ, ან ეს ნიშნები ვერ პოულობენ აღსანიშნს და მალევე კვდებიან.

მწერალ ზურა სამადაშვილს ნიშნების სამყაროს მფარველი, სემიოსისი, სწყალობს. როგორც ღვთაებებსა და მუზებს სჩვევიათ, ეს წყალობა ხანდახან ბოროტ ხუმრობას ემსგავსება, ხანდახან ანეკდოტს, ხანდახან ტრაგედიას... ნიშნებს უგზავნის და მერე რეალურ ცხოვრებაში წინ ახვედრებს. მაგრამ ღვთაების წყალობას ჩვენ არ ვირჩევთ. ჩვენ თვითონ ვხდებით მისი რჩეულები.

საკმარისია, ყოველგვარი აუდიოჩანაწერის გარეშე, მხოლოდ დაინახოს გიტარის გრიფზე თუნდაც მუნჯად მოძრავი ჯაზ–როკის რომელიმე შემსრულებლის, – ვთქვათ, ბრაინ მეის ან ჯონ მაკლაფინის თითები, რომ მას მთელი კომპოზიცია უკვე ესმის, კითხულობს, გრძნობს. მისთვის ამ მოძრაობაში მრავალგვარი შინაარსის მატარებელი ნიშანია.

მხატვრობაში ნიშანს მხოლოდ ორიგინალში ხედავს. რეპროდუქცია იმიტაციაა, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებს ინარჩუნებს.

მისთვის ნიშნები არარეალურ კონდიციებშიც კი ინახავენ მნიშვნელობას. ჩვენს ექსპრომტ–დავალებას, გააგრძელოს ჩვენ მიერ მეორე თურმეობითში დაწყებული ფრაზა: „მე რომ მცოდნოდა...“, იგი პასუხობს: „მე რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაინც ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე. რადგან მაინც ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა. უნდა მეცხოვრა ასე. ვიღაცას ჩემით ან შევუმსუბუქე ცხოვრება, ან პირიქით...“ „უფრო მეტად?“ „ახლობლებს გავურთულე. ალბათ. მაგრამ ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. ღმერთია მოწმე“.

– რა ჟანრისა და რა ფორმის იყო ნაწარმოები, რომელიც პირველად დაწერეთ?

– პირველი იყო „წრე“. მომინდა, დამეწერა „სტერეომოთხრობა“. ეს იდეა მუსიკის მოსმენისას მომივიდა თავში. იმ დროს ახალი შემოსული იყო სტერეოაპარატურა, ვუსმენდი, ვაკვირდებოდი: ერთი დინამიკი სოლოს ხმას გამოსცემდა, მეორე – ბასის, საბოლოოდ კი ერთი კომპოზიცია იქმნებოდა. მეც დავწერე მოთხრობა, სადაც მოქმედება სტერეოს პრინციპით ხდება: ორ დროში პარალელურად. მთავარი გმირიც ერთია – სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე, მომავალსა და წარსულში ერთდროულად. „წრე“ მაშინ არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობა „მნათობის“ განყოფილების გამგემ, სოსო პაიჭაძემ, წაიკითხა, მოიწონა, ლინოტიპზე ააკრეფინა და დასაბეჭდად გაამზადა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: იმავე გამომცემლობაში იბეჭდებოდა ვახტანგ ჯავახაძის „უცნობი“ გალაკტიონის შესახებ. ცენზურამ „გალაკტიონიც“ ამოიღო და ჩემი მოთხრობაც ზედ მიაყოლა. მაშინ აკრძალული იყო წერა სასმელზე, ნარკოტიკზე. . . „წრეში“ კი ეს ყველაფერი არის. ყველამ გაიგო, რომ ამოიღეს ჯავახაძის „უცნობი“, მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ გაიგო, რომ ასევე ამოიღეს ჩემი „წრეც“... ეს მოთხრობა ჩემი დებიუტი უნდა ყოფილიყო. თუმცა „წრე“ მაინც დაიბეჭდა – 1987 წელს ლაშა თაბუკაშვილის რედაქტორობით ალმანახში „სათავე“. მანამდე დაბეჭდეს ჩემი მეორე მოთხრობა „დუბლინელები“. ეს სრულიად პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია. „დუბლინელების“ მოთხრობის სერია იწყება მამა ფრინის პანაშვიდით. გარდაიცვალა მამა ფრინი და მიდის მზადება დაკრძალვის ცერემონიალისთვის. მე გავაფრინე, გავაცოცხლე მამა ფრინი, მივაკუთვნე უშიშროების კომიტეტის უფლებები. იგი ვალდებულია, ყველა დუბლინელისგან ჩაიბაროს აღსარება და გააკეთოს დოსიე. ეს მოთხრობა ბევრ დღევანდელ პრობლემას ეხება. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს დღევანდელ დღეზე ვწერდი, თითქოს ენამ მიყივლა.

– დიდი მწერლების მემუარებში, ბიოგრაფიულ ლიტერატურაში ხშირად წაგვიკითხავს, რომ ერთადერთ მოვლენას, ფაქტს, შეხვედრას უდიდესი და გადამწყვეტი გავლენა მოუხდენია წერის დასაწყებად. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

– გავლენა იქონია ნებისმიერმა წიგნმა, რომელიც კი წავიკითხე. მართალია, ბანალური პასუხია, მაგრამ ასეა. ნებისმიერი წიგნი, იქნება ეს ცუდი თუ კარგი, რჩება თავში და სწავლობ. ჩემი ტექსტებითაც კი ვსწავლობ. წერის დროს შეიძლება „გავახალტურო“ რაღაც, მაგრამ კითხვის დროს ვხვდები, რომ რაღაცეები აკლია და შემდეგისთვის ვითვალისწინებ.

– თქვენს წიგნში „ხმაურიანი დღეები“, როგორც ამავე წიგნის პერსონაჟი, ბატონი გივი იტყოდა, „ბობოლა კაცის გაკეთებულ შვილებზე“ და მათ ოჯახებზე წერთ. რატომ არ წერთ, როგორ ცხოვრობდნენ იმროინდელ თბილისში ნაკლებად შეძლებული ოჯახები?

– გივი და აბესალომი არ არიან შეძლებული ოჯახებიდან. უბრალოდ, არ არიან უმუშევრები, მუშაობენ და აქვთ ხელფასი (თუმცა არ აძლევენ). უმუშევრობაზე ვწერდი „წრეში“, კაცი ვერ პოულობს სამსახურს და ოჯახიც და ახლობლებიც – ყველა ეჩხუბება.

– სევ „ხმაურიან დღეებს“ ვუბრუნდებით, თქვენ მოახერხეთ, გადმოგეცათ აფხაზეთის ომის პროცესი ისე, რომ სიუჟეტში თბილისიდან მხოლოდ წყნეთში გადავდივართ.

– დიდი მებრძოლი არ ვყოფილვარ. მოხალისედ ჩავეწერე. ცოტა ხნით ჩავედით, მაგრამ მალევე ჩამოვედით. ეს წიგნი გამოძახილია აფხაზეთის ომის დროინდელი თბილისის. რამდენად მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა, როგორ გაიყიდა ნახევარი თბილისი.

– თქვენს თავს რომელიმე პერსონაჟში ხედავთ?

– ყველაში. ძნელია, რეალური პიროვნება აიღო და ჩასვა ტექსტში, პერსონაჟები, როგორც კი საკუთარ სახეს შეიძენენ, იწყებენ თავიანთი ჭკუით მოქმედებას და მეც თავიანთ ჭკუაზე მატარებენ. ზოგჯერ მინდა, სხვა რამე გავაკეთებინო, მაგრამ არ გამოდის, სხვანაირი ტიპები არიან.

– ძალა დაგიტანებიათ?

– კი, ხანდახან, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ნაძალადევია და არ გამოდის. ზოგჯერ ვახერხებ, მაგრამ ძირითადად – ვერა. უფრო ადვილია, ავტორმა მაშინ ატაროს თავის ჭკუაზე გმირი, როცა მესამე პირში წერს და მთხრობელი თვითონ არის. როცა გმირია მთხრობელი და ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი, მაშინ ძნელია, მით უმეტეს, ძნელი იყო „ხმაურიან დღეებში“.

– მთხრობელის ვინაობას ხომ თქვენ ირჩევთ, თქვენ წყვეტთ, მოთხრობა მესამე პირში იქნება თუ პირველში. გამოდის, თავიდანვე იცით, რომ, თუ პირველ პირში აალაპარაკებთ გმირს, გაგექცევათ? და მაინც წერთ?

– ძალიან საინტერესოა ასე წერა, ასეთ დროს ისინი რეალური პერსონაჟები არიან და ავტორიც მათთან ერთად ხარ. მარტო არ ხარ.

– გარეგნობის აღწერას დიდ ყურადღებას არ უთმობთ, თქვენი გმირების წარმოდგენა ვიზუალურად ჭირს, უფრო სიუჟეტში უნდა წარმოიდგინო. ამას სპეციალურად აკეთებთ თუ ესეც თავისთავად ხდება?

– რამდენიმე წინადადებით ვცდილობ, გადმოვცე გმირის გარეგნობა.

– თუმცა, „წრის“ პერსონაჟ გურჯის გარეგნობის წარმოდგენა მაინც შეიძლება.

– ხო, მაგრამ სჯობს, მკითხველმა წარმოიდგინოს. მე ვეხმარები მას რამდენიმე წინადადებით, ზუსტ ფოტოგრაფიულ მონაცემებს არ ვაწვდი. ახლა თითქმის დავამთავრე რომანზე მუშაობა, გადათეთრება უნდა, მასში ორი პერსონაჟია, ორი მთავარი გმირი, ისინი აღწერილნი არიან მაქსიმალური სიზუსტით. მაგრამ მაინც მთავარია, გმირი თავისი ხასიათითა და საქციელით გამოჩნდეს.

– როცა კითხულობთ, მაგალითად, ტოლსტოის და მას აქვს აღწერილი კაბის ფერი დეტალურად, ეს გაღიზიანებთ?

– არა, არა, არა. მოსაბეზრებელია. ტოლსტოი წავიკითხე თავის დროზე, ახლა რომ მომისაჯონ, ვერ წავიკითხავ, ვერც სტენდალს, დოსტოევსკიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აი, ამერიკულ ლიტერატურას კი სიამოვნებით ვკითხულობ. ჰემინგუეი, აპდაიკი. ჩემს „წრეზე“ ვთქვი, სტერეოსისტემამ გამიჩინა მისი შექმნის იდეა–მეთქი, ამგვარი რამ აპდაიკს აქვს გაკეთებული, მაგრამ მაშინ სტერეოაპარატურა არ არსებობდა.

– თქვენ და საზოგადოება: ის თქვენ მიმართ და თქვენ მის მიმართ?

– აბსოლუტურად ცალკეა საზოგადოება და აბსოლუტურად ცალკე ვარ მე. აბსოლუტურად. არ მესმის, რა ხდება დღეს, რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს საზოგადოება, ან ეს პოლიტიკური პარტიები, არ მესმის რა, ვერ ვიგებ, ყველა ნაბიჯზე ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცებს აკეთებენ. დღეს გამოვედი სახლიდან. შეიძლება მთელი დღე იარო და თბილისელი ადამიანი არ შეგხვდეს, აბსოლუტურად სხვა ხალხია, სხვა კილოზე ლაპარაკობს, კი, ბატონო, ჩვენები არიან, ჩვენი სისხლია, ქართველები არიან, ჯიგრები, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ „სხვები“ არიან, რა. ადრე თბილისში რომ კაცი ჩამოვიდოდა, ცდილობდა, გათბილისელებულიყო, მასობრივი ჩამოსვლა არ ხდებოდა, ჩაკეტილობის გამო. 90–იანი წლების მერე კი, რაც მთელმა საქართველომ დაიწყო თბილისში ჩამოსვლა, ჩამოსულებმა დაიწყეს თბილისელების გადაკეთება. დღეს, ვისაც ვიცნობ თბილისელს, 90 პროცენტი უმუშევარია.

– თქვენთვის „სხვა“, უბრალოდ, განსხვავებულია, თუ ის „ქალაქელის“ სტატუსისთვის საფრთხის შემცველია?

– საფრთხის არა. ეს, უბრალოდ, უკან გადადგმული ნაბიჯია. დროთა განმავლობაში დაიძლევა, მაგრამ იმავე დონეზე რომ მივიდეთ, წლებია საჭირო. როგორც ერთსა და იმავე დინებაში ორჯერ ვერ შეხვალ, ისეთი ვარიანტია. ისეთი თბილისი და თბილისელები აღარ იქნებიან, გამორიცხულია. პროვინციული მენტალიტეტი გაბატონდა მუსიკაში, ტელევიზიაში, ლიტერატურაში. კი, ბატონო, იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება, ცოტა უფრო ინტელექტუალური და სერიოზულიც იყოს?

– მაშინ როგორ გრძნობს ამ გარემოში ძველი თბილისელი თავს? ეშინია? უფრთხის? ელის?

– მარტო გრძნობს. ჩაკეტილია. დეპრესიულია. მით უმეტეს, მწერლები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხედავ, არაფრის შეცვლა შეგიძლია, არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში... ღმერთმა რომ გადმომხედოს და მაგარი ტექსტი დავწერო, დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი არ ეყოლება. ბევრი კარგი მწერალი ვიცი და ვიცი მათი ნამუშევრებიც, მაგრამ ისინი ჩრდილში არიან. ამას წინათ პრეზენტაციაზე ვიყავი და ვნახე ადამიანები, რომელთა არსებობაც კი დავიწყებული მქონდა. ირგვლივ გამეფებულია მდაბიობა. გახსენებაც არ მინდა, როგორ გაყიდა თავის თავში პროვინციალიზმი ორმა გარეგნობით მშვენიერმა ქალბატონმა თავისი უნებლიე მოძრაობით.

– ქალის მაგალითები რატომ მოგყავთ, მდაბიობა ქალში უფრო გაღიზიანებთ?

– ორივეში, მაგრამ უფრო ქალში. ისინი ზრდიან შვილებს და ასეთები ხომ მუტრუკებს გაზრდიან!

– დღევანდელ ლიტერატურაში ქალის როგორი ტიპი უნდა შემოვიდეს? თქვენი მეგობარი მწერლების შემოქმედებას რომ შევეხოთ, პერსონაჟი ქალი იქ არის ან მეძავი, ან ჭკუასუსტი, ან მიუწვდომელი...

– კაცებიც ასეთები არიან, ან ჭკუასუსტები არიან, ან მეძავები, ან ბანდიტები, ან ნარკომანები. დათა თუთაშხიასნაირი არავინაა, თუმცა ხანდახან მეჩვენება, რომ ისიც მოიკოჭლებს ზოგ ეპიზოდში, ზედმეტად ფილოსოფოსობს, მაგრამ კაცია. ასეთი გმირები სადღა არიან.

– თქვენ თქვით, რომ გმირები თავად ქმნიან ხანდახან სიუჟეტს და ხანდახან შემოჰყავთ სხვა გმირები, ხომ არ დამდგარხართ ზედმეტი გმირებით დასახლების საფრთხის წინაშე, რომლებიც შემდეგ არ ან ვერ განავითარეთ?

– კი, რა თქმა უნდა.

– მერე, როგორ უმკლავდებით?

– ვცდილობ, მაქსიმალურად შევამცირო გმირების რაოდენობა, თუ არ შევამცირებ, მაშინ ზოგადი სახე მაინც უნდა შევქმნა, რომ წარმოიდგინოს მკითხველმა.

– დაგწყვეტიათ გული, რომ რომელიმე გმირს სათანადო ყურადღება ვერ დაუთმეთ, როგორც ტიპაჟს?

– კი, ჩემთვის მთავარია, ხასიათი შევქმნა ზუსტი, ნათელი და ადვილი წარმოსადგენი. ეს არის ჩემი ამოცანა. ვცდილობ, ჩემი სიუჟეტი მაქსიმალურად ჰგავდეს ფილმს, კადრების მონაცვლეობა უნდა იყოს. ერთი თავი რომ გრძელდებოდეს 10–15 გვერდზე, ეს ჩემთვის ძილისმომგვრელია, როგორი ლომი მწერალიც უნდა იყოს და რომელი კლასიკოსიც უნდა წერდეს. არის აზროვნების ტემპი, მე ასე მაწყობს და ასე ვწერ. შემიძლია, აღვწერო კიდეც, მაგრამ ასეთი რამეები უკვე არსებობს და თანამედროვე პროზაში ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ფილოსოფოსები ფილოსოფიას წერენ, აგრონომები – აგრონომიის შესახებ, მეცნიერები – მეცნიერებას.

– ენობრივად უფრო ნიჭიერი ხართ თუ ვიზუალურ–სივრცობრივად?

– ვიზუალურად უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე ვწერ, რასაც ვწერ, ყველაფერს კარგად ვხედავ. ჩემი მეგობარი მიკა ალექსიძე მეუბნებოდა, როგორი კარგი წერის უნარი გაქვსო, მიკვირდა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივია.

– კრიტიკის მიმართ როგორ ხართ, პროფესიული კრიტიკის მიმართ და არა მეგობრების რჩევების...

– პროფესიული კრიტიკა ჩემ მიმართ არ დაწერილა, შეფასება დაწერილა, მოკლე შინაარსიც გადმოუციათ, თუმცა უზუსტობები მოუვიდა იმ კრიტიკოსს და ყოველი წინადადების ბოლოს ამტკიცებდა, ეს ნაწარმოები პოსტმოდერნისტული არისო. რატომ უნდა ყოფილიყო „ხმაურიანი დღეები“ პოსტმოდერნისტული, არ ვიცი, მაგრამ „დუბლინელები“ ნამდვილად არის. ახლა აღარ მაინტერესებს, „ულისეს“ შემდეგ რომელ პოსტმოდერნიზმზე, ავანგარდზე და საერთოდ რომელ „იზმზეა“ ლაპარაკი? მასში ყველაფერია თავმოყრილი.

– მუსიკას რომ შევეხოთ. . .

– ჯაზ–როკი მიყვარს. იმპროვიზაცია.

– თქვენი გმირი ბიჭიც იმიტომ უსმენს ჯაზ–როკს?

– აღარ მახსოვდა, თუ უსმენდა. ხანდახან ხდება, გაგეპარება პიროვნული შტრიხები. ჩემთვის ჯორჯ ბენსონიც ჯაზ–როკია, მაილს დევისიც, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი. ორ მუსიკოსზე დამემართა სასწაული, საოცარი შთაბეჭდილება. პირველი – ჯანგო რეინჰარდტისა და სტეფან გრაპელის დუეტზე. გრაპელი ვიოლინოზე, ჯანგო გიტარაზე. მეზობლის სახლიდან, მოხუცი, საფრანგეთიდან ჩამოსული ცოლ–ქმრის ბინიდან ისმოდა ეს ხმები, რომლებმაც თავზარი დამცა და სუნთქვა შემიკრა. დედაჩემი გავუშვი დისკის სათხოვნელად, მე შელახული მქონდა ავტორიტეტი უფროსი ასაკის მეზობლებში და არ მათხოვებდნენ. ათხოვეს, ჩავიწერე. მეორე კი ჯონ მაკლაფინი იყო.

– თქვენ წეღან თქვით, „თითქოს ენამ მიყივლაო“. ქმნით ნიშნებს, პერსონაჟების მომავალს, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი შექმნილი ნიშანი წინ დაგხვედროდათ?

– ერთხელ ერთი გოგონა მოვიდა ჩემთან. იმ დროს ჯერ კიდევ არ ვწერდი. პროზა მიყვარდა, როგორც მკითხველს, მაგრამ ლექსები – არა. ამ გოგონამ ჩანთიდან ლექსების რვეული ამოიღო, წამიკითხა, კარგი ლექსები იყო, თან კარგად კითხულობდა, მომეწონა. ვკითხე, რატომ არ აქვეყნებ–მეთქი, ვერ გამოვაქვეყნებ, რამეს რომ დავწერ, მერე მიცხადდებაო. მაშინ ჩავთვალე, რომ, უბრალოდ, თავს მაწონებდა. მაგრამ მერე ჩემი ნაწარმოებების აცხადება რომ დამეწყო, მაშინ გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობის სტუმარი და მისი შიშები. ყველაზე საზარელი სიკვდილები, ტრაგედიები მაქვს თითქოს ნაწინასწარმეტყველები. ახლობლები, ვინც ჩემი ნიშნების ამბავი იცის, მეუბნებიან, გეხვეწები, არავის მიგვამსგავსო, არ გვინდაო. თუმცა ბედისწერაა ყველაფერი, მაინც ისე დამაწერინებს, როგორც უნდა მოხდეს. ჩემთვის მომავალი ისეთივე რეალურია, როგორიც წარსული. ბავშვობაში მეჩვენებოდა, ფილმს რომ ვნახავდი, სადაც მთავარი გმირი კვდება, მეორეჯერ ნახვისას იმედი მქონდა, არ მოკვდებოდა, მაგრამ ფილმია და არ შეიცვლება, რამდენჯერაც უნდა ნახო. ასეა ადამიანის ცხოვრებაც. ამიტომ არ ვწუწუნებ.

წყარო – http://7days.ge/index2.php?newsid=1154
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Mon Feb 21, 2011 2:08 pm

მაია რუხაძე

რატომ არ ჰყავს მკითხველი ზურაბ სამადაშვილის "სველ აგურს"?!

"არ მინდა, ვიყო პოპულარული იმ ქვეყანაში, სადაც დამპალი პროვინციალიზმია გაბატონებული".


2002-08-09

"რაც კი რამ დამიწერია, ყველაზე მეტად ეს რომანი მომწონს. არ ვიცი, რატომ. თვითონ ეს ქსოვილი, თვითონ ეს ენა, "სველი აგური", ჩემთვის ყველაზე საყვარელია. როდესაც ახლობლები, ნაცნობები მეუბნებიან, მათხოვე შენი წიგნიო, ამ წიგნს არავის ვაძლევ, იმიტომ, რომ ვიცი, არ მოეწონებათ.

ოცი წლის ასაკში მე რომ მსგავსი წიგნი წამეკითხა, ნამდვილად არ მომეწონებოდა და მოსაბეზრებლად მივიჩნევდი. მე მგონია, "სველი აგური" რაღაცით წააგავს "კაცია-ადამიანს?!" თითქოს საიდან სადაო, მაგრამ, მგონი, ასეა. 40 წლის ასაკში, თუ შეიძლება ითქვას, გავიგე "კაცია-ადამიანი?!". როგორც ჩანს, ერთგვარი შინაგანი ზრდაა საჭირო იმისთვის, რომ წაიკითხო და გაიგო ეს წიგნი ისევე, როგორც ბევრი სხვა. საჭიროა სხვა ტემპერამენტი, ერთგვარი დაღვინება. ასაკს მოაქვს ლიტერატურული გემოვნების სიმწიფე, გამოცდილება. რაც ადრე მოსაბეზრებლად მეჩვენებოდა, ახლა მოსაბეზრებლად აღარ მეჩვენება".

ზურაბ სამადაშვილის რომანის, "სველი აგურის", წინათქმაში ვკითხულობთ:

"ზურაბ სამადაშვილის პირველივე მოთხრობამ მიიპყრო მკითხველის ყურადღება თავისი ნოვატორული ფორმითა და მკვეთრი ინდივიდუალობით. არც მისი მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესებს მოკლებია მაყურებლის ინტერესი. "სველი აგური" მწერლის მესამე წიგნია. მასში ზურაბ სამადაშვილისთვის დამახასიათებელი სატირანარევი იუმორით არის აღწერილი ინტელიგენტთა პატარა ჯგუფის ერთი შეხედვით მდორე, მაგრამ კონფლიქტებითა და ინტრიგებით სავსე ცხოვრება".

პლუს ულტრა - უფრო შორს; უფრო იქით; წინ.

კითხულობ ზურაბ სამადაშვილის "სველ აგურს" და გგონია, რომ საქართველო ლეთარგიული ძილიდან გამორკვევას ცდილობს. თუმცა ინექცია, რომელიც ჩვენმა თაობამ მიიღო იმ დროს, მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

ლიტერატურულ ხერხთა ერთ-ერთი მთავარი და საყურადღებო ფორმა პაროდირებაა, ირონიულ-ემოციური მუხტის ფონზე. ზურაბ სამადაშვილის აღნიშნული რომანი ობიექტური გროტესკია ჩვენი სინამდვილის შესახებ.

არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება ერთგვარი ლაკმუსის როლს ასრულებდა თავის დროზე, რამაც ფარდა ახადა ჩვენს მრავალ დაფარულ თუ კარგად შენიღბულ სულიერ მხარეს. "სველი აგური" ერთგვარი ნოსტალგიური ტრაქტატია ზოგადეთიკურ ფასეულობათა დამდაბლების წინააღმდეგ.

ჩვენი თაობის საერთო სულიერი ჰაერი, ეთიკური და ესთეტიკური ფასეულობანი ერთიანად დაექვემდებარა მერკანტილურ საწყისს, ადამიანების ურთიერთობა პრაგმატულ განივთებას გაუტოლდა. ის, რაც ადრე იყო საამაყო, ახლა სადღაც კულუარებში მიიმალა და, შესაძლოა, დასამარდა კიდეც:

"- ეკა, იმ სკამზე დაჯექი, - სადარბაზოს გვერდით მდგომ სკამზე მიუთითა აბესალომმა, - გადახურულშია, მშრალი იქნება, მე ცოტას კიდევ ვისეირნებ.

- მაგ სკამზე დაჯდომა არ შეიძლება! - მკაცრად თქვა ქალბატონმა ეკამ, - მანდ საძაგელ რამეს აკეთებენ ხოლმე.

გივიმ დამცინავად გაიღიმა:

- შენ საიდან იცი?

- ნუ დაიჯერებ, თუ გინდა! - განაწყენდა ქალბატონი ეკა.

უცებ რომელიღაც სართულიდან ნაგვით სავსე ფუთა ჩამოვარდა. თხლაშ! - ქალბატონ ეკას ფეხებთან გაადინა თხლაშანი. შეშინებული ბუთხუზა პატრონს ამოეფარა, მოიბუზა, ქალბატონმა ეკამაც წამოიკივლა.

- ვირო! - მსროლელის მისამართით დაიძახა ზვიადად ყელმოღერებულმა გივიმ, - სად გაიზარდე!"

მწერლის სოციალური და სულიერი აქცენტები მოცემულია საინტერესო კომპოზიციურ ხედში. მის მიერ მოძებნილი სამწერლო ნეიტრალური ფორმა ობიექტურად ასახავს ჩვენს სულიერ კატაკლიზმებს. მწერლის ერთ-ერთი კარდინალური პრობლემაა სულის დიალექტიკა.

ადამიანის გაუცხოება საზოგადოების მიმართ და, პირუკუ - რთულად ადაპტირებადი პროცესია, თუმცაღა ჩვენ მოგვიხდა ამ წნეხის ქვეშ მოყოლა და ვიცით აქედან გამომდინარე ყველა სირთულე.

მწერალი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომ მას თავის სულში გაფილტრული ფაქტების კონგლომერატი მხატვრულ პასაჟად მოაქვს ჩვენამდე და შემდეგ ჩვენც მოგვწონს, გვაღელვებს და თანავუგრძნობთ წაკითხულს, თუმცა, ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად ხდება ათასი მსგავსი რამ და ჩვენ ამას სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. აი, თუნდაც:

"რომ მიუტოვებია ქორბუდა ქმარ-შვილი, მოუოქროპირებია ბაგე, უშვერი სიტყვებით თათხავს ბუთხუზას და ჯერ კიდევ ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფი უცნობი სქესის პირმშოთი აპირებს საქეიფოდ გაშლაპუნებას, რატომ არ კითხულობს, მდედრობითი სქესის დამწყებ პორნოვარსკვლავსა და მამრობითი სქესის მარად მზეჭაბუკ კალმოსანს, მეტსახელად შანათა ტვიგინის, რა აქვთ საერთო, რა ეერთმანეთებათ, ან რა იმისთანა მუცლის გვრემა აუტყდათ, ამ დილანდელზე რომ აეტორღიალნენ ერთმანეთს?"

ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა მწერალი იმ ეპოქალურ აქცენტებს მონიშნავს, რომლებიც სცილდება კერძოეთნიკური პრობლემის ჩარჩოებს. ადამიანთმოყვარეობა, სიკეთის ქმედება, თანადგომა, უღალატობა - აი, ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლებიც აშკარად იკვეთება "სველ აგურში". მწერლის ნოსტალგია, შეჯერებული არსებულ სინამდვილესთან, წარმოდგენილია რეალისტურ ჭრილში და გვაფიქრებს ჩვენს დაკნინებულ ფასეულობებზე:

"რა იფაფხურა? რა იმაიმუნა? რა გაისულელა თავი სიყრმის მეგობარმა? რას ხტოდა? ერთი-ორჯერ გემრიელადაც დაეხეთქა მიწას! აქაოდა, იქნებ როგორმე ამ ლამაზ ქალებსა და ცნობილ მწერლებს წარვუდგინო ჩემი პიროვნებაო. ორგროშიანი ტაკიმასხარა, ქალებიც ჭიკჭიკ, გემრიელად შეჭიკჭიკდნენ, არანაკლებ იჭაჭებოდნენ. მაია ოდნავადაც არ შეცვლილა, ისევ ისეთია, როგორც თვითონ უყვარდა თქმა - უკომპლექსო. ეგ არაფერი, ეჭვიანობასა და იმედის გაცრუებას შორის უფსკრულია, - პოლიკლინიკაში შენს სანახავად დავდიოდიო და ორი წუთის შემდეგ ბუხუტისთან ერთად მიიმალა, ეკას ოინებსაც მშვიდად შეხვდა... რას ნიშნავს უკომპლექსობა? გოგო-ბიჭების ოინბაზობას? სექსუალურ თავისუფლებას? თუ მართლა მაგას ნიშნავს, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე. როგორც წესი, ზედმეტი დაგვიანებით ყველაფერი მახინჯდება, უფერული და უსუსური ხდება. ამ დალოცვილმა კი იარა, იარა და ჩვენამდე თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მოაღწია, უკვე საფუძვლიანად ნათრევმა, შერყვნილმა და მობერებულმა. მაგრამ მაინც საკითხავია, რატომ უნდა მისულიყო აბესალომის სანახავად, რატომ უნდა გამოჩენილიყო ამდენი ხნის შემდეგ?"

ზურაბ სამადაშვილის მწერლური მანერა, სინტაქსი საინტერესო და თვითმყოფადია. მისი ენა უხეირო არშიისგანაა იზოლირებული და, ამდენად, მწერლის ნიჭის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა:

"მოჩარდახებულში მდგარ გრძელ მაგიდებთან ხალხი ირეოდა, იყო დიდი მზადება და ფუსფუსი. იკვლებოდა საკლავი, იჭრებოდა ხორცი, იჩეხებოდა შეშა, ხრჩოლავდნენ უზარმაზარი ქვაბები. ყველგან ცხვრის შიგნეული, თავ-ფეხი და ფუმფულა ტყავი ეყარა, ფრინველის ბუმბული მიმოფანტულიყო, სისხლით მორწყული მიწა, შეძახილებით სავსე ჰაერი, ადამიანთა ატროვებული გუნდი და, საერთოდ, ეკლესიის ფერთხით გართხმული მთელი გარემო ღრეობის დაუძლეველი სურვილით გაჟღენთილიყო".

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მწერლის მიერ არჩეული ლიტერატურული ხერხი პაროდიაზე, გროტესკზეა დაფუძნებული. ამ არჩევანს ორმაგი დატვირთვა აქვს - ჯერ ერთი, რთული და განცდიანი ფაბულა მსუბუქ იერსახეს იძენს პაროდიულობის ფონზე, და მეორეც, ასწავლის მკითხველს მოვლენების ობიექტურ შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი პოლიტიკური კოლიზიები რომანის შექმნის საფუძველი გახდა, იგი ემოციური ეგზალტირების შედეგს არ ჰგავს, პირიქით, კომპოზიციურად მჭიდროდ შექმნილი თხზულება ტოვებს დინჯად ჩამოყალიბებული ფაბულური კონსტრუქციის სახეს. თუმცა ზოგს შეიძლება, რომანი ოდნავ გაწელილად მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს თავისი მუშტარი ჰყავს. თვითონ მწერალმა აღნიშნა, რომ ამ წიგნის წაკითხვას სჭირდება სათანადო ასაკობრივი სიმტკიცე. მსუბუქი ლიტერატურის ჟანრს "სველი აგური" არ განეკუთვნება.

მთელ რომანს ლაიტმოტივად გასდევს უტყვი პერსონაჟი - ძაღლი, რომელიც აერთიანებს თავის არსში იმ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანში დასამარებულია. მწერლის ამგვარი მეტაფორა კიდევ ერთხელ გვახედებს ღრმად ბუნებაში, მის სიხალასესა და თვითმყოფადობაში. ზურაბ სამადაშვილის თხრობა სადა და არატენდენციურია, პერსონაჟთა სიუხვის მიუხედავად, თითიოეულ მათგანს ახასიათებს ინდივიდუალური, პიროვნული თვისებები. როგორ განზოგადდა ეს ინდივიდუალობა მკითხველში და მისაღები გახდა თუ არა საზოგადოებრივი აზრისთვის ამგვარი საავტორო შემოთავაზება, ცალკე პოლემიკის საგნად მესახება.

ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, უშუალოდ მწერლისგან გაგვეგო, რა გახდა რომან "სველი აგურის" დაწერის საბაბი და რას მიიჩნევს ნიშანდობლივად ამ წიგნში თვით ავტორი.

ზურაბ სამადაშვილი: "ეს რომანი 1992 წელს დაიწერა. მაშინ საქართველოში საშინელი, ქაოტური სიტუაცია იყო. თუ რაიმე ნაგავი იყო ცხოვრების სიღრმეში, ამოტივტივდა. სწორედ, მაშინ ამ ნაგავში ავარჩიე ადამიანების სუფთა ჯგუფი, ჩემი წარმოდგენით, შედარებით სუფთა და მეტ-ნაკლებად განვაზოგადე. დავსვი ისინი ერთ დიდ სუფრასთან და აღვწერე მათი ურთიერთობა. სუფრაზე არის ერთი ცნობილი მწერალი, ბუხუტი, რომელიც ცდილობს რაღაც-რაღაცების პრივატიზებას და საოცრად ეშინია გაკოტრების. ისინი გადასულები არიან ერთმანეთის შაყირზე, ქილიკზე, ფარისევლობაზე, პარალელურად ერთმანეთს ეფერებიან, ერთმანეთის ქალებს დასდევენ.

რომანის ერთ-ერთი პერსონაჟია, სამი შვილის დედა, რომელიც მეოთხეზეა ფეხმძიმედ. იგი იფიცება პატიოსნებას და ამ დროს პირველი კატეგორიის კახპაა; აგრეთვე არის მსახიობი ქალი ბაია, რომელსაც სამსახურის შესაბამისად ხშირად უწევს პარტნიორების ცვლა. მიუხედავად ამისა, ყველაზე პატიოსანია. რაც მთავარია, რომანის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია ძაღლი, რომელიც ჯობია რომანის ყველა დარანჩენ პერსონაჟს, ერთად აღებულს.

ძაღლი ბოქსიორის ჯიშისაა. წესით, უნდა ჩხუბობდეს, ავი უნდა იყოს, მაგრამ იგი ჩამოყალიბებული პაციფისტია.

ეს მეტაფორა იმიტომ ავირჩიე, რომ ის ბუნებასთან ყველაზე ახლო არის. ჩვენ დავდივართ მიწაზე და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევთ, ვერც ძაღლს, ვერც ჩიტს, ვერც მზეს, ვერც ცას.

ყოფით ჭუჭყში ისე ვართ ჩაფლული, რომ ერთი სული გვაქვს, როგორ დავჭამოთ ერთმანეთი, მეტი არაფერი გვაინტერესებს.

ერთი აბსურდული ხაზი გასდევს მთელ ამ რომანს. ერთ-ერთ პერსონაჟს, მაიას, რომელიც მსახიობია და თან ლექსების წერასაც ცდილობს, ჩაესმის მუდმივი კაკუნი - უკაკუნებენ ამ საზოგადოებას, ვინ უკაკუნებს, რა უკაკუნებს, კაცმა არ იცის. სადაც მიდის მაია, ყველგან თან სდევს კაკუნის ხმა. ბოლოს იგი ყველას გადასდებს ამ მისტიკურ ხმას. სუფრის ერთ-ერთი წევრი გადაწყვეტს ამ კაკუნის "გულისმოგებას" ქეიფით, მეორე ამბობს, მოდით, ვუმღეროთო - ჩვენ ქართველები ჭირშიც და ლხინშიც ვმღერითო. ასე აბსურდულად მთავრდება ეს რომანი.

არის კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი; როდესაც პერსონაჟები ღვინის სმით დაიღალნენ, ერთი ცხვარი მთლიანად შეჭამეს და ქუჩის ძაღლიც კინაღამ შემოეჭამათ, გადაწყვიტეს, აშლილიყვნენ. ამ დროს დასცხებს წვიმა და ერთი პერსონაჟი ამბობს: ამ წვიმაში სად უნდა გავიდეთო. ამ დროს აბესალომი სამზარეულოშია გასული, იღებს კიდევ ერთ ბოთლს და ბრუნდება სუფრაზე, სადაც ღრეობა მიმდინარეობს. და ქაოსი კვლავ გრძელდება. დღემდე ასეთი ქაოსია.

საერთოდ, როდესაც ვწერ, ვცდილობ, ჩემს გმირს გავაკეთებინო არა ის, რაც მე მსურს, არამედ ის, რაც სურს თვითონ მას. არ ვარ ტენდენციური ჩემი პერსონაჟების მიმართ. ზოგს მიაჩნია, რომ მწერალი უნდა იყოს თანამგრძნობი, უნდა გამოხატავდეს პერსონაჟის კრედოს. მე სხვაგვარად ვფიქრობ. როდესაც პიროვნულად ჩამოყალიბდება გმირის სახე, მას ჩემს ჭკუაზე ნამდვილად ვეღარ გავატარებ. ის სრულიად დამოუკიდებელი ინდივიდია. შეიძლება, პატარა ცვლილებები შეიტანო გმირთა ხასიათებში, მაგრამ, პრინციპში ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, საბოლოოდ კი, რასაკვირველია, როგორც ავტორს უნდა, ისე გამოდის.

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ალმანახ "მე-20 საუკუნის" განხილვა მოეწყო. ჩემ წინ იჯდა ერთი მშვენიერი, ახალგაზრდა გოგონა, სტუდენტი, რომელიც ეუბნებოდა თავის დაქალს: "დავიწყე ეს "სველი აგური" და გავწამდი, სანამ ჩავედი ბოლომდე". ვერ გავიგე, რაზე ეწამა, რატომ არ გაანება თავი. სხვათა შორის, თავიდანვე ვიცოდი, რომ წიგნი ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა. როდესაც წიგნი გამოსაცემად მიმქონდა, ვფიქრობდი, რომ ის შეიძლება მოსწონებოდა გურამ გეგეშიძეს და არა იმ მშვენიერ გოგონას. ნაწარმოები ჩემთვის და ჩემნაირი მკითხველისთვის დავწერე, მე მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ ასე დამეწერა.

მე ძაღლი მყავს. მისი წყალობით გავიცანი თბილისელი "მეძაღლე" ბავშვები, რომლებსაც აქამდე ერთი წიგნიც არ ჰქონდათ წაკითხული. მიხარია, რომ მათ წაიკითხეს ჩემი "ხმაურიანი დღეები". ეს წიგნი ძალიან მიყვარს. ორი წელი ვეწვალე, სანამ დავწერე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურა აირჩევა გემოვნების მიხედვით.

"სველი აგური" ორჯერ მივიტანე მაღაზია "მერანში" 40-40 ეგზემპლარი. დიდი წვალებით გაიყიდა; იმ დროს ყიდულობდნენ, ძირითადად, დეტექტივებს. დანარჩენი 100 ცალი მე თვითონ ვაჩუქე ახლობლებს. წიგნის მკითხველის აზრი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდი გამართლდა. ვისაც უნდა მოწონებოდა რომანი, იმას მოეწონა კიდეც და, პირიქით.

წიგნს ლიტერატორებისა და მწერლების საკმაოდ თბილი გამოხმაურება მოჰყვა, კერძოდ, გურამ გეგეშიძის, რეზო ჭეიშვილისა და როსტომ ჩხეიძის მხრიდან".

წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს:

"- სადაც "სველი აგური" ბესტსელერია, იქ მე პოპულარული ვერასოდეს გავხდები, - თქვა აბესალომმა, - არ მინდა, ვიყო პოპულარული იმ ქვეყანაში, სადაც დამპალი პროვინციალიზმია გაბატონებული.

- ეგ წიგნი მშვენიერია, - წყენით თქვა ქალბატონმა ეკამ, - არ მესმის, რატომ მოიძულე."

ერთი რამ ცხადია, ზურაბ სამადაშვილის სამწერლო განაცხადი იმის საშუალებას იძლევა, რომ ვაღიაროთ მისი ნიჭის გარდუვალობა.


წყარო – http://www.open.ge/index.php?m=28&y=2002&art=10547


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Sat Sep 10, 2011 12:04 am



წიგნის დასახელება – "ხმაურიანი დღეები"
ავტორი – ზურაბ სამადაშვილი
მხატვარი – ზურაბ მიმინოშვილი
ტექნიკური რედაქტორი – ირინა მარკოზაშვილი
ISBN 978-9941-427-14-5
კატეგორია – რომანი
გამომცემლობა – "საარი"
გამოცემის თარიღი – 2011
ყდა – რბილი, ლამინირებული
გვერდების რაოდენობა – 248
გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ანოტაცია – ზუ­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლის რო­მა­ნი "ხმა­უ­რი­ა­ნი დღე­ე­ბი" სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­შეწყო­ბით 2011 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­ა­რის" მი­ერ მომ­ზად­და და გა­მო­ი­ცა. რო­მა­ნი 1994 წელს და­ი­წე­რა. წიგ­ნი მოგ­ვითხ­რობს მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, მის დე­და­ქა­ლაქ­ზე და იმ თა­ო­ბა­ზე რომ­ლის თვალ­წი­ნაც აფხა­ზე­თის ომ­მა ჩა­ი­ა­რა. რო­მანს სა­მი მთხრო­ბე­ლი ჰყავს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მწე­რალს ნათ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს ორი თა­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Sat Feb 04, 2012 2:07 pm

ზურაბ სამადაშვილი

გამოჩნდა სამადაშვილი


გამოჩნდა სამადაშვილი,
ცერ–ცერად მოაქვს ფეხია,
ეტყობა, რაღაც ახალი
ხიფათი თავს დასტეხია.
დაცემულა და ამდგარა –
ცხვირზე ორმაგი კეხია,
ახლოს არავის იკარებს,
პირზე გადასდის მეხია.
ან ეს ცაცხვის ხე სად ნახა,
ნახა და
გადაეხვია,
ძმაბიჭურ ხვევნა–კოცნაში
სახელოც ჩამოეხია.
კაცი ყოფილა რამხელა,
ლამის
ცხრათავა
დევია.
რაც ღვინო იყო ამქვეყნად
სულ მაგას დაულევია.

"ლიტერატურული გაზეთი", # 67, 2–14 თებერვალი, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Tue Dec 04, 2012 10:22 am

ზურაბ სამადაშვილი

ბეწვის ხიდი

ნამტვრევები ყრია მინის,
ათი წუთი ხდება შვიდის,
გაუდვია მხარზე ჩანთა, –
გზაზე ერთი კაცი მიდის.
მიდის ნელა,
მიდის რიდით,
არ ყიდულობს,
არც რას ყიდის,
როგორც ხევზე ბეწვის ხიდი,
ერთი კაცი ასე მიდის.
ჩანთაში აქვს ხმელი პური
და წყლის ბოთლით ჭაჭა ხილის,
მაინც მიაცილებს შური,
მაინც შურთან ერთად მიდის.
ნამტვრევები ყრია მინის,
ათი წუთი ხდება შვიდის, –
მიაცილებს ავი მზერა:
გზაზე ერთი კაცი მიდის.


საქართველო

ერთ პიესად,
ერთ სპექტაკლად
ეს ქვეყანაც გამოდგება,
პარტერი და იარუსი
ფეხზე კრძალვით წამოდგება,
მაყურებელს გააოცებს
უცნაური
წარმოდგენა:
სიყვარული – ასე ცოტა,
სიძულვილი – რამოდენა!..


მაიმუნი

ერთმა ჩემმა ნათესავმა
ხიდან მიწამდე რომ
ჩამოაღწია
და თავი, როგორც იქნა, ადამიანად იგრძნო,
მე ავძვერი იმავე ხეზე და
მას შემდეგ აქ ვზივარ, –
რა ხეირია ადამიანობაში?


ტერენტი გრანელი

გამოვიარე მთელი უბანი,
მზე ღრუბლებიდან მიმზერს,
ღვინის სმა გახდა გარდაუვალი, –
ვეძებ დალევის
მიზეზს.
ყვითელ ფარდულთან დგანან ლოთები,
ლოთებმა მოძმედ მიცნეს,
სივრცეს უხდება ცხელი შოთები,
მე არ ვუხდები
სივრცეს.
ღრუბლები გვანან რკინის ვაგონებს, –
საით წავიდე, რისკენ? –
ეს დედამიწა ციხეს მაგონებს,
ღმერთო, მაღალო,
მიხსენ.


ხატვის გაკვეთილი

შენ, ჩემო თავო, ჭკუას გარიგებ,
ხატვას გასწავლი ფერებ-ფერებით,
მაგრამ ყველა ფერს,
არსთა გამრიგე,
თვითონა ხატავს შენი ხელებით.
თვითონა ხატავს შავ-თეთრ დროებას,
თვითონ ხალისობს
სხივთა ნარინჯით
და ასე შექმნილ უსაზღვროებას
თვითონვე ზომავს შენი ნაბიჯით.


იკაროსი

მაშინ, როდესაც მზე ამოდის,
და მე ვდგები ფეხისწვერებზე
და სხივს მივყვები მზის სურნელით
სავსე ზეცისკენ,
არც უფსკრულებში ჩაბუდებულ
შიშს გავურბივარ
და არც სიმაღლეს ვეუფლები
ნიშნის მოგებით,
მე, როგორც მღილი, ან უბრალოდ –
როგორც ფარვანა,
მხოლოდ და მხოლოდ სინათლისკენ
მივემართები.


გამოჩნდა სამადაშვილი

გამოჩნდა სამადაშვილი,
ცერ-ცერად მოაქვს ფეხია,
ეტყობა, რაღაც ახალი
ხიფათი თავს დასტეხია.
დაცემულა და ამდგარა –
ცხვირზე ორმაგი კეხია,
ახლოს არავის იკარებს,
პირზე გადასდის მეხია.
ან ეს ცაცხვის ხე სად ნახა,
ნახა და
გადაეხვია,
ძმაბიჭურ ხვევნა-კოცნაში
სახელოც ჩამოეხია.
კაცი ყოფილა რამხელა,
ლამის
ცხრათავა
დევია,
რაც ღვინო იყო ამ ქვეყნად,
სულ მაგას დაულევია.


მთვარე

გარდასული დრო – გამხდარი ბავშვი
ფიქრებში ახელს ბინდიან თვალებს,
ლამპიონები ანთია ქარში,
ამოდის მთვარე.
ჩემი მეტოქე – წლების ქარაგმა
ცხრა კლიტეს ადებს სურვილის კარებს,
ვერ დააწყნარა ქარი ქალაქმა,
ამოდის მთვარე.
ვის არ გადარევს ამგვარი ქარი,
ამგვარი ფიქრი, ასეთი ღამე! _
სად გაქრა ბავშვი – ქალწული ქერა?
ამოდის მთვარე.
გადავიკარგო მე იქნებ სადმე,
თუ ამ ღამითვე მოვიკლა თავი.
ქარმა ასი წლით იშოვა საქმე,
ამოდის მთვარე.
და მეც ასი წლით ვბერდები თითქოს
და ამ წლებიდან რა ახსოვთ თვალებს?
ქარი, სიცივე და ცოტაც სითბო...
ამოდის მთვარე.


კეკელიძის ქუჩა

კარგია, რომ ეს ქუჩა
ჩემთვის უცხო არ არი
და სახეებს ვკითხულობ, როგორც ღია
ბარათებს, –
თვალებია ტექსტივით, – სიმშვიდეა მთავარი:
ზამთარია, შუადღე,
თოვლი თეთრად ანათებს.
კარგია, რომ ბოლომდე ჯერ ბევრია
სავალი
და წარსული არა ჰგავს სიზმრის გარდა
არაფერს, –
მოდის ქალი ლექსივით, – სიმშვიდეა მთავარი:
ზამთარია, შუადღე,
თოვლი თეთრად ანათებს.
როგორც ჯვარი კედელზე, როგორც ჯვარზე ჯავარი,
ჩემს ძველ სახლში ამ ღამეს ვიღაც უცხო
გაათევს, –
ცხოვრებაა სექსივით, – სიმშვიდეა მთავარი:
ზამთარია, შუადღე,
თოვლი თეთრად ანათებს.
თოვლივით თოვს სახელი: მარი? მერი? თამარი?..
კარ-მიდამოც წავაგე და ვაგორებ კამათელს, –
არ მჭირდება კამათი, – სიმშვიდეა მთავარი:
ზამთარია, შუადღე,
თოვლი თეთრად ანათებს.
იღბალს ვეთამაშები, როგორც ლოთი
თავადი
და ამ თამაშ-თამაშში ზოგჯერ რისკი ამართლებს
და იწყება თავიდან: სიმშვიდეა მთავარი,
ზამთარია, შუადღე,
თოვლი თეთრად ანათებს...


"ლიტერატურული გაზეთი", # 67, 2–14 თებერვალი, 2012 - http://www.culture.gov.ge/misc/topic/1329734143.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Fri Jan 04, 2013 2:59 pm

ზურაბ სამადაშვილი

დღის დასასრული


სამი დღის წვიმამ ჩემს თითებზე დალია სული,
მაგრამ მაინც ვერ შეველიე, _
ერთმანეთის სიძულვილმა დაგვაახლოვა,
გარდაცვლილიც აღარ მეთმობა:
ვდგევარ დღე-ღამის შესაყართან, გაცრეცილ ბაღში
და ვაკვირდები, ჩამავალი მზე როგორ ქრება
ყვითელ წვეთებად.

არც შენ მეთმობი, მოლოდინის იდუმალებავ,
შენს მოთმინებას არ ჰქონია დღემდე საზღვარი,
დღემდე იოლად მიერთგულე, თუმცა ვიცოდი,
მუდამ სხვა იყო შენთვის უფრო მნიშვნელოვანი _
ყველგან მყოფი და ყოვლისშემძლე ფარისეველი:
,,აღტაცება უცხო ვნებებით"...
არა მწყენია... ანდა რატომ არის საწყენი,
როდესაც ერთგულს თვალი მაინც სხვისკენ გაურბის? _
ასე ყოფილა იმ თავიდან,
ასეა ახლაც
და უკვე ღმერთიც ვეღარ შეცვლის კაცის ბუნებას:
ყველას თავისი ვნება აშიშვლებს,
ყველას თავისი უფსკრული ყოფნის,
ყველას თავისი საგიჟეთი დააქვს თვალებით.

ჯერ კიდევ ბავშვმა, ის-ის იყო ნაბიჯი წავდგი,
რომ დამიღერეს აღრენილი ტყვიამფრქვევები
და მაიძულეს, თაყვანი მეცა
გზაზე ჩავლილი მოელვარე ლიმუზინისთვის
(მცოდნოდა მაინც, ვის ეკუთვნოდა!)...
ასე დაგშორდი... და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,
ან რა აზრი აქვს? ჩემს ნაცვლად ხომ მუდამ სხვა ფიქრობს,
ვიღაც მესამე _ ფატალური ალტერნატივით
მოფიქრალად გააზრებული.
აბა, ერთი დღით მომაბარე თუნდაც ირმის პატარა ნუკრი,
თუ კიდევ დარჩა,
თუ არსებობს ამ ქვეყნად სადმე
და მაშინ ნახავ, მტაცებლების მხრჩოლავ ხროვაში
რარიგ ციმციმ გამოვატარებ,
მისი ზურგიდან ბეწვიც კი არ ჩამოვარდება.
ჰო, მგლებსაც უჭირთ, რადგან ყველა მგლობას იჩემებს,
დროა ასეთი, დუმილი კი ყველაფერს იტანს.

იმ დღეს, ჩვენს ბაღში უცნაური კაცი გამოჩნდა,
კაცი ფარული _ მომპარავის ფრთხილი ფეხებით,_
შეცბუნებულმა მიმოავლო მიდამოს მზერა
და რა დარწმუნდა, უცხო თვალი ვერ მომწვდებაო,
თავისი ხელით მოიწყვიტა კისრიდან თავი,
მიწაზე დასცა, გაირინდა ორიოდ წამით,
მერე უეცრად ყვრიმალებზე სილა გააწნა,
მკვახე პანღურიც უთავაზა დაღარულ შუბლში
და ვითომდაც არაფერიო, ძველებურად
მხრებზე დაიდგა.

სასაცილოა მეყსეული გულახდილობა,
სულელურია უარყოფის მძლავრი სურვილით,
როგორც ბუნების გულუბრყვილო დაუნდობლობა,
როგორც ცბიერი კანონები კაცობრიობის
და ბრმა სურვილებს შეიძლება ბოლომდე ენდო,
თუ დაიჯერებ, რომ ყვითელ მზეს ტანჯვა ანათებს...
იქნებ ჩვენც იქით მივისწრაფით? _ სინათლისაკენ,
რომლის წიაღშიც ეკარგებათ საგნებს საწყისი
და ცოცხლდებიან მიღმიერი გარდასახვები,
მიღმიერნი და შეურყვნელნი კაცის გონებით,
შეურყვნელნი და სრულყოფილნი ერთსულოვნებით:
იქნებ, ნათლისკენ მიისწრაფის ჩვენი სავალი
და ამიტომაც აფთრებივით ვტორავთ ერთმანეთს?

როგორც ირკვევა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს,
ჯერჯერობით სიყვარულის დეფიციტია
და ყოველ ჩვენგანს შეუძლია, რომ იყოს უფრო ბიწიერი,
ვიდრე აქამდე:
მთელი ევროპის დასანახავად ელფერს იცვლის
დემოკრატიის ჩვენებური ქამელეონი, _
საოცარია, _ბრმა რომ მიდის, თუნდაც სწორ და
ფაფუკ ბილიკზე,
მაინც გვგონია, უეჭველად კისერს მოიტეხს, _
ასე სცოდნია მოყირჭებას:
წყლის ყურებითაც შეიძლება დაიხრჩოს კაცი,
ცეცხლის დანახვამ შეიძლება ფერფლად აქციოს...

მსუბუქ ნიავზე ირწევა ბაღი,
მწვანე თითებით ახმიანებს უხილავ სიმებს,
მე კი მივდივარ ხიდან ხემდე, წლიდან წლებამდე,
ყოველ ნაბიჯზე ხალისს კარგავს მხიარულება,
ყოველ ნაბიჯზე მწუხარება იძენს იუმორს
და დღის და ღამის უსასრულო საქანელაზე
ემოციების ამპლიტუდა იკლებს თანდათან...
და კვლავ მივდივარ ხიდან ხემდე, წლიდან წლებამდე
და ნაბიჯის ხმა უჩვეულოდ ბუნებრივია _
მხედრულის მერე რექვიემის მოსმენასავით
და მესმის ჩემი სურვილების _ ამით ვმთავრდები...

თუკი ლოთობა გადაიქცა ცხოვრების წესად,
ჩვენს ძველ ქალაქში რა გამოლევს მიზეზს დალევის!..
ანდა უბრალოდ დროს ჩამოვრჩით, სადღაც შევყოვნდით,
ვალში საათი დავუტოვეთ უცნობ მევალეს
და უფულობამ ამის შემდეგ დაგვაწყებინა
წყლისფერი სპირტით ოცნებების გაფერადება.
სხვა მხრივ რა გვიჭირს, ხვალინდელ დღეს ვუახლოვდებით,
უკვე ანთია უამრავი ფერადი ქუჩა,
ფერად ქუჩებზე ფარვანები დაფარფატებენ
და ფარვანათა ამ მხიარულ ოკეანეში
ლამის წაგვლეკოს ეთიკური ნორმების ტალღამ.
წარსულში დარჩნენ თბილისური თბილი უბნები
და მუდამ ღია დარაბების დავიდარაბა,
თეთრი საღამო მიგვიძღვება თეთრი ღამისკენ,
თეთრ ღამეს მოაქვს მათრობელა თეთრი სიმშვიდე
და ღმერთმა უწყის, ახალი დღე ვის რას მოუტანს...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
mepe



Male
Number of posts : 3
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : IT/chess, pool, swimming
Humor : Imperator
Registration date : 19.11.12

PostSubject: ზურაბ სამადაშვილი "შეშლილი სახლი"   Sun Feb 17, 2013 7:32 pm

"შეშლილი სახლი" მომწონს საკმაოდ კარგი თანამედროვე თრილერია, სიამოვნებით ვუყურებდი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმსაც!
Back to top Go down
View user profile http://www.e-bookland.ge/index.php?tracking=511ddedc3aee2
Sponsored content




PostSubject: Re: ზურაბ სამადაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ზურაბ სამადაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: