არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჩარლზ ბუკოვსკი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჩარლზ ბუკოვსკი   Mon Feb 21, 2011 1:11 pm


Henry Charles Bukowski (born Heinrich Karl Bukowski; August 16, 1920 — March 9, 1994) – http://en.wikipedia.org/wiki/Charles_Bukowski


ჩარლზ ბუკოვსკი

ჩარლზ ბუკოვსკის ავტობიოგრაფია

დაწერილია 1975 წელს ჯონ უეიკმენის ბიბლიოგრაფიული სარჩევისთვის „მსოფლიოს მწერლები“


დავიბადე ანდერნახეში, გერმანია. მამაჩემი საოკუპაციო არმიაში მსახურობდა, დედა გერმანელი იყო და იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამერიკაში ორი წლისა ჩამომიყვანეს. ლოს–ანჯელესში დავსახლდით. იქ გავატარე ცხოვრების საუკეთესო წლები. ფაქტობრივად, ჩემით მიწევდა ყველაფრის სწავლა, თუმცა ორწლიანი განათლება მაქვს მიღებული ლოს–ანჯელესის საქალაქო კოლეჯში. შემდეგ სწავლას მივანებე თავი და ხეტიალი დავიწყე. გზადაგზა, თავის გასატანად, ხან რა სამუშაოს მოვკიდე ხელი, ხან რას: ვიყავი დამლაგებელი, დარაჯი, ჭურჭლის მრეცხავი, ფოსტალიონი, მესაწყობე, საფოსტო კლერკი, ავტოსადგომის მომსახურე პერსონალი. კიდევ ძაღლების ბისკვიტების დამამზადებელ ქარხანაში ვმუშაობდი, ფლიუროსცენტრული ლამპების ქარხანაში, ბოინში, ვიყავი რკინიგზის სარემონტო ბრიგადის წევრი, ამერიკის წითელ ჯვარშიც მაქვს ნამუშევარი. ჩვენი ქვეყნის უმრავლესი ქალაქი მოვიარე და ასობით ადგილას ვმუშაობდი. ძირითადად, ვშიმშილობდი. დღეში ერთხელ მსუყე შოკოლადით ვნაყრდებოდი. წერისთვის ძალას ვიკრებდი. კვირაში ოთხ–ხუთ მოთხრობას ვწერდი. ხშირად არ მქონდა საბეჭდი მანქანა და ხელით გამომყავდა ბეჭდური ასოები „ატლანტიკ მანსელში“, „ჰარპრეზში“ ან „ნიუ–იორკერში“ გასაგზავნად. ყველაფერი უკან მიბრუნდებოდა.

და ბოლოს, 24 წლის ასაკში, ჩემი მოთხრობა უაით ბერნეტის ჟურნალ „ისტორიაში“ დაიბეჭდა, მეორე მოთხრობა „პორფოლიო კერესს კროსბიმ“ მიიღო. უფრო მეტის სმა დავიწყე, ვიდრე ადრე. წერას შევეშვი და უბრალოდ ვსვამდი. ასე გაგრძელდა ათი წელი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემნაირად ხელჩაქნეულ რამდენიმე ქალთან ვცხოვრობდი. ყველაფერი კუჭის წყლულიდან ხშირი სისხლდენებით დასრულდა, რის შედეგადაც ლოს–ანჯელესის რეგიონულ საავადმყოფოში მოვხვდი. თორმეტი პინტა სისხლი და თორმეტი პინტა გლუკოზა გადამისხეს. მითხრეს, ოპერაციაა აუცილებელი, თორემ ვერ გადარჩებიო. უარი განვაცხადე. კიდევ მითხრეს, რომ, თუ ისევ დავლევდი, აუცილებლად მოვკვდებოდი. მათ მე ორჯერ მომატყუეს.

საავადმყოფოდან გამოსულმა, სამსახურის შოვნა მოვახერხე და პატარა ბინა ვიქირავე. სამსახურიდან დაბრუნებული, ყოველდღე უამრავ ლუდს ვსვამდი და ლექსებს ვწერდი. ორი კვირის განმავლობაში სამოცი ლექსი დავწერე. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა მათთვის. ვიპოვე პოეტური ჟურნალების ნუსხა. ერთ–ერთი უილერში გამოდიოდა, ტეხასის შტატში. აჰა! – გავიფიქრე მე, – იქ, ძველ, ლიანებით დაჩრდილულ კოტეჯში მოხუცი რედაქტორი ბებიკო ზის დაწნულ სავარძელში და ნარჩიტებს ზრდის: ამ ლექსების წაკითხვისას რამდენჯერმე წაუვა პანიკისგან გული და უძილობა დასჩემდება. პაკეტი საფოსტო ყუთში ჩავაგდე და დავივიწყე. პასუხი მალე მოვიდა, სქელტანინი წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მე გენიოსი ვარ. ნორმალურად ჟღერდა. ვუპასუხე. ჟურნალის ნომერი („არლეკინი“) მთლიანად ჩემს ნაშრომებს დაეთმო. მიმოწერა გავაგრძელეთ. „ბებიკომ“ ჩემი მონახულება გადაწყვიტა. ქერათმიანი, მშვენიერი ნაშა აღმოჩნდა. დავქორწინდით და ტეხასში წავედით. იქ შევიტყვე, რომ ჩემი ცოლი მილიონერი ყოფილა. ორწელიწად–ნახევარი დავყავით ერთად.

მე ვაგრძელებდი წერას. მიმართლებდა. მოთხრობების წერასაც კი დავუბრუნდი. ბევრი მათგანი „Ever green review”–ში დაიბეჭდა. ლექსების კრებულებიც ქვეყნდებოდა – საშუალოდ წელიწადში თითო, სხვადასხვა გამომცემლობაში. „ბებერი ყალთაბანდის ჩანაწარები“, სვეტი მიმყავდა ანდერგრაუნდულ გაზეთში „ღია ქალაქი“. მოთხრობების კრებულებიც დაბეჭდა რამდენიმე გამომცემლობამ. მე მივაგდე მუშაობა 54 წლის ასაკში (ანუ „ბიძაზე“ მუშაობა) და ჩემი პირველი რომანი, „პოჩტამტი“ დავწერე ოც ღამეში. წერისას ათვისებული იქნა: ოცი პინტა ვისკი, ოცდათხუთმეტი შეკვრა ლუდი, ოთხმოცი სიგარა. „Night blackbird”–მა დაბეჭდა. მაგ შემოსავლით ვცხოვრობ და ვწერ დღემდე. ჯონ მარტინმა, „Night blackbird“–იდან ხელი გამიმართა. ას დოლარს დამპირდა ყოველთვიურად სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, დავწერ თუ არა. რომელ მწერალს გაუმართლა ცხოვრებაში ასე?

მე დიდად არ მომწონს მსოფლიო ლიტერატურა; ძალიან გაწონასწორებული და უსისხლო მეჩვენება, გარკვეულ შემთხვევებში, ფალშთან ძალიან მიახლოებული. მომწონს „მოგზაურობა“ სელინის, ვიონი, ნერუდა, ადრინდელი ჰემინგუეი, სელინჯერი, კნუტ ჰამსუნი მთლიანად, დოსტოევსკი და, ფაქტობრივად, სულ ეგ არის. მე დღემდე, ძირითადად, „უჯრაში“ ვწერ, და არც თუ ისე სიტყვაკაზმულად, ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. კვირაში რამდენჯერმე ცხენებზე ფსონების დადება მიყვარს, მიყვარს კლასიკური მუსიკა, კრივი, ლუდი, ვარ რომანტიკოსი, გულჩვილი, და ერთი–ორ ქალს, რომლებთანაც მიცხოვრია, მართლა ვუყვარდი და ცამდე ავყავდი.


study

ლიბ.ჯი–ზე – http://lib.ge/authors.php?66



Last edited by Admin on Mon Feb 21, 2011 1:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩარლზ ბუკოვსკი   Mon Feb 21, 2011 1:20 pm



ჩარლზ ბუკოვსკი

დოლარი და ოცი ცენტი

ყველაზე მეტად ზაფხულის ბოლო უყვარდა... არა, შემოდგომა... მგონი შემოდგომა... სანაპიროზე უკვე ციოდა და სიამოვნებდა მზის ჩასვლის შემდეგ წყალთან ხეტიალი. გარშემო სიჩუმე იდგა... წყალი ჭუჭყისფრად და საზიზღრად ეჩვენებოდა... თოლიებს არ ეძინათ... ვერ იტანდნენ ძილს. ქვემოთ ეშვებოდნენ... ახლოს მის თვალებთან, მის სულთან... მისი სულის ნარჩენებს ითხოვდნენ...
თუ სული აღარ გაგაჩნია და ამას ხვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ სულის ნაწილი მაინც დაგრჩა.
მერე დაჯდებოდა ხოლმე და ოკეანეს უყურებდა... ასეთ დროს ყველაფერი ძნელად დასაჯაერებელი ხდება... თუნდაც, ის, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები, ან თუნდაც ისეთი ადგილი როგორიც ვიეტნამია... ან ის, რომ ოდესღაც ბავშვი იყო, თუმცა როცა ამაზე დაფიქრდებოდა, ადვილად იჯერებდა... მას საშინელი ბავშვობა ჰქონდა და ამის დავიწყება არ შეეძლო... არც ახალგაზრდობის: ახსოვდა ყველა სამსახური, ყველა ქალი. ბოლოს კი აღარცერთი ქალი და აღაც სამსახური... სამოცი წლის უსახლკარო, ჩამოწერილი, არარაობა, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა ერთი დოლარისა და ოცი ცენტის გარდა, საცხოვრებლის ქირა იმ კვირაში გადახდილი ჰქონდა...
ოკეანე... გონებაში ამოტივტივდნენ ქალები. რამდენიმე სულაც არ ახსენდებოდა ცუდად, უმეტესობა კი სასტიკები, სულელები და საზიზღრები იყვნენ. ოთახები და ლოგინები, სახლები, სხვადასხვა სამსახურები, შობის დღესასწაულები, საავადმყოფოები... ყველაფერი გაახსენდა... სიბნელე, მძიმე დღეები, ღამეები და არავითარი სიახლე, უმოქმედობა...
და ყველაფრის დასასრული სამოცი წლის თავზე: დოლარი და ოცი ცენტი.
ცოტა ხანში სიცილი მოესმა. გადასაფარებელი, ბოთლები, ყავა, სენდვიჩები და ლუდი მოიტანეს. ხმამაღლა იცინოდნენ... ორი ბიჭი და ორი გოგო... მშვენიერები, მოხდენილი სხეულებით, უდარდელები. მერე ერთ-ერთმა შეამჩნია.
"ეს რა არის?"
"ღმერთო... წარმოდგენა არ მაქვს..."
არ განძრეულა.
"ადამიანია?"
"სუნთქავს? მოძრაობს?"
“მოძრაობს?"
ყველას გაეცინა.
მან თავისი ღვინის ბოთლი აიღო და შეანჯღრია. რაღაც კიდევ იყო დარჩენილი...
"მოძრაობს, შეხედე, მოძრაობს."
წამოდგა და ქვიშა ჩამოიფერთხა.
"ხელები აქვს, ფეხებიც, სახეც..."
"სახეც?"
ისევ ხმამაღლა გაიცინეს... მას არ ესმოდა მათი... ბავშვები არ არიან ასეთი სასტიკები. მაშინ ესენი ვინ იყვნენ?
ახლოს მივიდა მათთან...
"სიბერეში სირცხვილის გრძნობა აღარ გააჩნიათ"
ერთმა ბიჭმა ლუდის ბოთლი გამოცალა და მოისროლა.
"სირცხვილია უსაქმურად დროის გაყვანა. უსაქმური ხარ ჩემთვის..."
"მე ისევ ღირსეული ადამიანი ვარ, შვილო"
"წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთმა გოგომ ფეხები გადაგიშალა წინ, რას იზამდი?"
"როდ, ნუ ლაპარაკობ ასე!"
უთხრა წითელთმიანმა გოგომ, რომელიც გაწეწილ თმებს ისწორებდა ქარში... თითქოს მთელი არსებით ქარს მისცემოდა... და ფეხებით სილაში ჩაფლულიყო.
"რას იზამდი ასეთ შემთხვევაში? ჰა? რას იზამდი რომელიმე გოგომ შენთან დაწოლა რომ მოინდომოს?"
შეტრილდა, შემოუარა მათ და გზისკენ წავიდა.
"როდ, რატომ ელაპარაკე ასე ამ საცოდავ მოხუცს? ზოგჯერ ვერ გიტან"
"მოდი აქ… "
"არა… "
უკან მიიხედა და დაინახა როგორ მისდევდა როდი წითელთმიან გოგოს, მერე დაეწია და ერთად წაიქცნენ ქვიშაში. იცინოდნენ... იქვე მეორე წყვილი იჯდა... ერთმანეთს კოცნიდნენ.
გზაზე რომ გავიდა, ჩამოჯდა, ქვიშა ჩამოიფერთხა ფეხებიდან, ისევ ჩაიცვა ფეხსაცმელი და ზუსტად ათი წუთის შემდეგ უკვე თავის ოთახში იყო. შუქი არ აუნთია ისე გაიხადა და დაწვა.
კარებზე დააკაკუნეს.
"მისტერ სნიდ... "
"დიახ... "
კარები გაიღო. სახლის პატრონი მისის კონერსი იყო სამოცდახუთი წლის ქალი. მას არ შეეძლო მისი სახის დანახვა სიბნელეში. და უხაროდა, რომ ვერ ხედავდა...
"მისტერ სნიდ,"
"დიახ..."
"გემრიელი წვნიანი მოგიმზადეთ, მისტერ სნიდ. ხომ არ გნებავთ?"
"არა... გმადლობ..."
"მისტერ სნიდ, კარგით რა. მართლა გემრიელი წვნიანი მოვამზადე, მოგიტანთ რა, გსაინჯეთ მაინც..."
"როგორც გენებოთ."
მაგიდასთან გადაჯდა. მისის კონერსმა ოთახის კარები ღია დატოვა და დერეფნიდან შემოსული შუქი მის ფეხებს, მუხლებს ეცემოდა... და იმ ადგილს, სადაც თეფში და კოვზი იდო.
"მოგეწონებათ მისტერ სნიდ, გემრიელი წვნიანია."
"გმადლობ…"
იჯდა და წვნიანს უყურებდა - შარდივით ყვითელ, ქათმის წვნიანს, უხორცოს. ცხიმის ბუშტებს აკვირდებოდა. ცოტა ხანი ასე იყო, მერე კოვზი გვერდით გადადო, თეფში ფანჯარასთან მიიტანა და გარეთ გადაასხა. ორთქლი ამოვარდა მიწიდან და მალევე გაქრა. თეფშიც კამოდზე დადო, კარები დახურა და ისევ ლოგინზე წამოწვა. ისე ბნელოდა , როგორც არასოდეს აქამდე. მას მოსწონდა სიბნელე, სიბნელეში ფიქრი შეეძლო...
დაძაბული იყო და ამ სიჩუმეში ოკეანის ხმა ესმოდა... უსმენდა ამ ხმას ცოტა ხნის განმავლობაში... მერე ამოისუნთქა, ღრმად ამოისუნთქა და მოკვდა...


ინგლისურიდან თარგმნა ქეთი თუთბერიძემ


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩარლზ ბუკოვსკი   Mon Feb 21, 2011 1:25 pm

ჩარლზ ბუკოვსკი

ყველაზე ლამაზი გოგო

კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო. საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო. ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.
დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა.
-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი. - მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.
მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მის ზნეს ბევრი სიგიჟედ მიიჩნევდა.
მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარა მიატოვა. ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ. კასს განსაკუთრებით გაუჭირდა. შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, წარამარა ჩხუბში იწვევდნენ. ჩხუბი იყო სასტიკი და დაუნდობელი. კასს მთელი მარცხენა მკლავი სამართებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა.
მონასტრიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო, კაფე-ბარ "უესტ ენდში" რომ გავიცანი. ის, როგორც დებში უმცროსი, ყველაზე ბოლოს გამოეშვათ. შემოვიდა და ვითომც არაფერი, გვერდით მომიჯდა. ჩემზე მახინჯი მამაკაცი ქალაქში არ მეგულებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამბავი თურმე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.
- დალევ? - ვკითხე.
- რატომაც არა?!
ვერ ვიტყვი, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული საუბარი გამოგვივიდა. მთელი მუღამი იმაში იყო, თუ როგორ იქცეოდა კასი. უბრალოდ, ამომირჩია. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უყვარდა, ბლომად სვა. სრულწლოვანს არ ჰგავდა, მაგრამ ბარმენი სპირტიან სასმელს მაინც აძლევდა. რა ვიცი, იქნებ ყალბი პასპორტიც ჰქონდა. სიამაყეს ვგრძნობდი, როცა ტუალეტიდან გამოვიდოდა და მაგიდისკენ გამოეშურებოდა. ასეთი ლამაზი გოგო ქალაქში კი არა, ცხოვრებაში არ მენახა. პირველად წელზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე.
- შენი აზრით, ლამაზი ვარ? - მკითხა.
- რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ სხვა რამეა... სილამაზის გარდა სხვა რაღაც...
- იცი, რას გეტყვი? სილამაზეს ყველა დანაშაულად მითვლის. ნუთუ მართლა ასეთი ლამაზი ვარ?
- "ლამაზი" ის სიტყვა არ არის. ბოლომდე ვერ გამოხატავს შენს მშვენიერებას.
ხელჩანთა გახსნა და ფათური დაიწყო. მეგონა ცხვირსახოცს ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად ქუდის გრძელი ქინძისთავი ამოაძვრინა და სანამ აზრზე მოვიდოდი, ცხვირში გაიყარა განივად, ნესტოებს ზემოთ. კინაღამ გული ამერია. შემომხედა და ხარხარი აუტყდა.
- კიდევ ლამაზი ვარ? ახლა რაღას იტყვი, ჰა, ჯიგარო?
ქინძისთავი გამოვაძრე და ცხვირსახოცი მივაშველე, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამ სანახაობას ბარმენის გარდა კიდევ რამდენიმე კაცი ადევნებდა თვალს. ბარმენი მაგიდასთან მიიჭრა და კასი დატუქსა:
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, მაგ გიჟაობას თავი დაანებე, თორემ მიგაბრძანებთ, სადაც საჭიროა.
- ფეხები არ მომჭამო, ბიჭო! - მიუგო კასმა.
- მიხედეთ ამ გოგოს, - მითხრა ბარმენმა.
- ყველაფერი რიგზე იქნება, - ვუპასუხე.
- ცხვირი ჩემია, - თქვა კასმა, - რასაც მინდა, იმას ვუზამ.
- არა, - ვუთხარი, - მტკივა.
- რას ამბობ, შენ გტკივა ცხვირი, როცა მე ჩემ ცხვირში ვიყრი ქინძისთავს?
- დიახ.
- კაი, მეტს აღარ ვიზამ. არ გეწყინოს!
ცხვირსახოცი ცხვირიდან არ მოუცილებია, ისე გადმოიხარა და მაკოცა. ბარი რომ დაიკეტა, ჩემთან წავედით. ლუდი მქონდა. დავსხედით. ვისაუბრეთ. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რა კეთილ და მზრუნველ ადამიანთან მქონდა საქმე. გული ბოლომდე გამიხსნა და გადამიშალა, მაგრამ დროდადრო მაინც წამოუვლიდა ხოლმე, ველურივით ატყდებოდა და უცებ დაწყნარდებოდა. შიზოფრენი იყო. ლამაზი შიზოფრენი. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან რაღაცის ან ვიღაცის ლუკმა გახდებოდა, ოღონდ ეს "ვიღაც" მე არ ვიქნებოდი. დავწექით. შუქი ჩავაქრე. მან მკითხა:
- როდის გინდა, ახლავე თუ დილით?
- დილით, - ვუპასუხე და გვერდზე გადავბრუნდი.
დილით ავდექი, ყავა მოვადუღე და ლოგინში მივართვი. გაიცინა:
- ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც ღამით უარი მითხრა.
- მოგცლია. საერთოდ რა აუცილებელია!
- რას ამბობ, მინდა. თუმცა, მოიცა, ჯერ შხაპს გადავივლებ.
სააბაზანოში შევიდა და მალე გამოვიდა. გადასარევი იყო, გრძელი, შავი თმები უბრწყინავდა, თვალები და ტუჩებიც უბრწყინავდა, სულ მთლად ბრწყინავდა... ისე მშვიდად და აუჩქარებლად შიშვლდებოდა, გეგონებოდა, საჩუქარს ხსნისო. ლოგინში სწრაფად ჩამიგორდა:
- აბა, შენ იცი, ჩემო რაინდო.
მკლავებში მოვიმწყვდიე. თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ კოცნაზე უარს არ ამბობდა. ვეფერებოდი ტანზე, თმებზე. შევედი. ცხელი და მკვრივი იყო. არ ვჩქარობდი, ბიძგებს ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- რა გქვია? - ვკითხე.
- რა მნიშვნელობა აქვს? - მომიგო.
გამეცინა. მოვრჩით. ჩავიცვით და ისევ ბართან გავიყვანე, მაგრამ მივხვდი, ეგრე ადვილად ვეღარ შეველეოდი. უმუშევარი ვიყავი და რა მენაღვლებოდა, ორ საათამდე ვიძინე. მერე ავდექი და გაზეთს გადავხედე. შხაპს ვივლებდი, კარი რომ შემოაღო, ხელში სპილოსყურას ფართო ფოთოლი ეჭირა.
- ვიცოდი, აბაზანაში იქნებოდი და, როგორც ბუნების შვილს, აი, ეს წამოგიღე, მაგას კარგად დაგიფარავს, - მითხრა და ფოთოლი გადმომიგდო.
- საიდან იცოდი, რომ აბაზანაში ვიქნებოდი?
- ვიცოდი.
თითქმის ყოველდღე მოდიოდა და არც ერთხელ არ შემცდარა, ყოველთვის აბაზანაში ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ გრაფიკს არ ვიცავდი. სპილოსყურა ყოველთვის მოჰქონდა. მერე სექსზე გადავდიოდით. ყოფილა შემთხვევა, ღამით დაურეკავს, მოდი, მიშველეო. წავსულვარ და ციხიდან თავდებით გამომიყვანია. პოლიცია არ სწყალობდა მუდმივი სიმთვრალისა და აყალმაყალის გამო.
- ეს ძაღლისშვილები, - იტყოდა ხოლმე თავის ამფსონებზე, - ერთ სირჩას დაგიდგამენ და მერე პირდაპირ უბეში გიძვრებიან.
- ისინი კი არა, შენ მიძვრები პირდაპირ აყალმაყალში, როცა თითო ჭიქას გახუხინებენ.
- მეგონა, მაგათ მე ვაინტერესებდი და არა ჩემი სხეული.
- მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ.
ქალაქიდან ექვსი თვით წავედი, ვიხეტიალე, ვიცოდვილე და ისევ დავბრუნდი. კასი არ დამვიწყებია, მაგრამ რაღაცაზე ვემდუროდით ერთმანეთს და თანაც, მართალი გითხრათ, გული აღარ მიმიწევდა. მეგონა, ქალაქში არ დამხვდებოდა, ის კი, ვითომც აქ არაფერიაო, ისევ "უესტ ენდში" გამომეცხადა! ნახევარი საათის დამჯდარი ვიყავი, რომ შემოვიდა და გვერდით დამისკუპდა.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!.. როდის ჩამოხვედი, შე ნამუსგარეცხილო?
მისთვის სირჩა შევუკვეთე. შევხედე. მაღალსაყელოიანი კაბა ეცვა. ასეთი არასოდეს სცმია. ორივე თვალის უპეებს ქვემოთ შუშისთავიანი ქინძისთავები ჰქონდა გაყრილი. ქინძისთავები კანქვეშ ბოლომდე იყო შესული და მხოლოდ თავები მოჩანდა.
- შენ რაღა მოგივიდა, აღარ შეეშვები თავის დამახინჯებას?
- რას ამბობ, შე სულელო, მოდაა.
- შერეკილი ხარ.
- მომენატრე.
- სხვა ვინმე გყავს? - ვკითხე.
- არავინ. მარტო შენ. ფულზე ვმუშაობ. ათ ბაქსად. შენ უფასოდ მოგცემ.
- გამოიძრე ეგ, ქინძისთავებია თუ რაღაც ჯანდაბა.
- არა, ესე უფრო მიხდება.
- გულს მირევს.
- მართლა მეუბნები?
- ჰო, მართლა გეუბნები, აღარ დამანახო!
მშვიდად გამოიძრო ქინძისთავები და ჩანთაში შეინახა.
- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის, რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ გაჩნდი. თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.
- კმარა, გასაგებია, - ვუთხარი, - მე გამიმართლა.
- იმის თქმა კი არ მინდა, რომ შენ მახინჯი ხარ. პირიქით, მე რომ მკითხო, საკმაოდ მომხიბლავი გარეგნობა გაქვს.
- გმადლობ.
თითოც დავლიეთ.
- შენ რაღას აკეთებ, რას საქმიანობ? - მკითხა.
- არაფერს. არაფერი გამომდის. ხალისიც არ მაქვს.
- არც მე. ქალი მაინც იყო - იმუშავებდი.
- ვერ ავიტანდი მჭიდრო კონტაქტებს ათასი ჯურის უცნობებთან. დავიღლებოდი.
- მართალი ხარ, დაიღლებოდი. საერთოდ, ყველაფერი დამღლელია.
ბარიდან ერთად გამოვედით. ქუჩაში გამვლელები ისევ ისე აყოლებდნენ თვალს. კასი ისევ ის ლამაზი ქალი იყო, შეიძლება უფრო ლამაზი, ვიდრე უწინ.
შინ მივედით, ღვინო გავხსენი და ჩამოვსხედით. მასთან საუბარი ყოველთვის მეადვილებოდა. ჯერ ის დაიწყებდა ლაპარაკს და მე ვუსმენდი, მერე, რომ გაჩერდებოდა, მე ავქაქანდებოდი. ერთი სიტყვით, იმ საღამოსაც ტკბილად ვიჭუკჭუკეთ. გვეგონა, საიდუმლოებებს ვხსნიდით. საინტერესო ამბავზე ისე გულიანად იცინოდა, როგორც მარტო მას შეეძლო - მთელი არსებით, თითქოს ცეცხლს ეთამაშებაო. საუბარმა ისე შეგვიყოლია, ვერც კი მივხვდით, კოცნაზე როდის გადავედით. გახდა დავიწყეთ. მაღალსაყელოიანი კაბა რომ გაიძრო, ყელზე საკმაოდ მახინჯი, არათანაბარი, გრძელი და ფართო ნაიარევი გამოუჩნდა.
- ჯანდაბას შენი თავი, ეს რა გიქნია, - ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი. ის ფეხზე იდგა. საკოცნელად მოვიზიდე. ხელი მკრა და გადაიკისკისა.
- ზოგჯერ კაცები წინასწარ მიხდიან ათდოლარიანს, მაგრამ გავიხდი თუ არა, ეგრევე ეკარგებათ სურვილი. მუქთა ათიანი მრჩება. სასაცილოა, არა?!
- ჰო, - მივუგე, - სიცილით ვკვდები... კას, მიყვარხარ, შე ძუკნა, თავი დაანებე საკუთარი სხეულის წვალებას, ხომ იცი, შენისთანა ქალი აქ მეორე არ დადის.
ჩავიხუტე. უხმოდ ტიროდა. მისი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი. გრძელი შავი თმები ზურგზე სიკვდილის დროშასავით დაეფინა. დავიწყეთ ნელი, პირქუში, საუცხოო სექსი.
დილით კასმა საუზმის მომზადება დაიწყო. მშვიდი და ბედნიერი ჩანდა. ღიღინებდა, მე კი ვიწექი და ვტკბებოდი მისი ბედნიერებით. მოვიდა და შემაჯანჯღარა.
- ადექი, შე არამზადავ. ცივი შხაპი გადაივლე, დაიბანე პირი და ჭუჭუ. ჭამის დროა!
იმ დღეს პლაჟზე გავიყვანე. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ზაფხულის ამინდები ჯერ არ დამდგარიყო, ამიტომ ყველაფერი გენიალურად იყო მიტოვებული. პლაჟის დაძონძილ მაწანწალებს ქვიშის პირას, გაზონებზე ეძინათ. დანარჩენები ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და წრეში ბოთლს ატრიალებდნენ. უტვინო თოლიები გარშემო ჭყივილით დაფრინავდნენ. იქვე სამოცდაათი-ოთხმოცი წლის დედაბრებს მოეყარათ თავი და იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ გაეყიდათ თავიანთი უძრავი ქონება, რომელიც გაძლების სისულელისგან ნაადრევად გარდაცვლილ ქმრებს დაეტოვებინათ. ირგვლივ ყველაფერი უდრტვინველობით სუნთქავდა. დავსეირნობდით და ხმის ამოღება აღარ გვინდოდა. ერთად ვიყავით, მეტი რა უნდა ყოფილიყო. ვიყიდე ბუტერბროდები, ჩიპსები, სასმელი, ჩამოვსხედით ქვიშაზე და დავნაყრდით. მერე კასს ხელი გადავხვიე და ორივეს ჩაგვთვლიმა. თითქმის ერთი საათი გვეძინა. თავს დავდებ, თუ ეს სექსზე უკეთესი არ ყოფილიყო. მშვიდად მივუყვებოდით დინებას... კვლავ შინ დავბრუნდით, ვახშამი მოვამზადე. ნავახშმევზე შევთავაზე, ჩემთან იცხოვრე-მეთქი. მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა:
- არა.
წავიყვანე ბარში, დავალევინე ერთი სირჩა და შინ დავბრუნდი. მეორე დღეს ფაბრიკაში მოვეწყე მფუთავად, მთელი ერთი კვირა მოუცლელი ვიყავი. ისე ვიღლებოდი, შინიდან გასვლის თავი აღარ მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პარასკევ საღამოს მაინც მოვახერხე და "უესტ ენდში" შევიარე. დავჯექი. ვიცოდი, კასი აუცილებლად მოვიდოდა. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. არ ჩანდა. ეტყობა, ბარმენს შევეცოდე, მოვიდა და მითხრა:
- ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრის გამო.
- რა მოხდა? - ვკითხე.
- ბოდიში, ნუთუ არაფერი გსმენიათ?
- არაფერი.
- თავი მოიკლა. გუშინ დაასაფლავეს.
- დაასაფლავეს? - გავიმეორე. - როგორ გეკადრება, ის სადაცაა მოვა.
- დებმა დაკრძალეს.
- თავი მოიკლა? როგორ? აღარ იტყვი?
- ყელი გამოიჭრა.
- გასაგებია. ერთიც დამისხი.
ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი "არა" უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა. ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად, უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი, მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი - ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი.
ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი - გამკივანი და ჯიუტი. ბოთლი დავდგი და დავიღრიალე:
- ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე!
ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა.


ინგლისურიდან თარგმნა ივანე ამირხანაშვილმა.

Arrow



Last edited by Admin on Mon Feb 21, 2011 1:30 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჩარლზ ბუკოვსკი   Mon Feb 21, 2011 1:27 pm

ჩარლზ ბუკოვსკი

ლუდის ბოთლი

მოხდა სასწაული:
ლუდის ბოთლი, მაგიდიდან გადმოვარდნილი,
იატაკზე დაბზრიალდა
და დადგა წაღმა –
ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,
ერთი წვეთიც არ გადმოღვრილა.
დავაბრუნე მაგიდაზე
და დაველოდე ქაფის დაწრეტას.
სამაგიეროდ, იმდღევანდელმა ფოტოებმა არ ივარგეს,
მარცხენა ბათინკიც იმ დღეს გამოირღვა,
და ეს არცაა გასაკვირი:
ჩვენ არ შეგვიძლია
ერთდროულად ყველაფერი მოვთხოვოთ ცხოვრებას,
არსებობენ კანონები,
რომელთა შესახებ არაფერი ვიცით
და არაა ჩვენი განსასჯელი,
თუ რატომ აღმოჩნდა იმ კატის კლანჭებში
სწორედ ის შაშვი.
უბედურებაც ამაშია –
ჩვენ არასდროს არ ვიცით “რატომ”,
მაგრამ რამხელა ამბავია –
ბოთლი ისევ გაიმართა და დადგა წაღმა,
ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,
მეტს რაღას ითხოვ ცხოვრებისგან?
რა საჭიროა ისიც ვიცოდე,
თუ რატომ აღარ დავლიე ლუდი.
დავლიე ღვინო, დავლიე ვისკი,
ლუდი კი – აღარ.
და მომეჩვენა, რომ მექნება კარგი საღამო
და, ვინ იცის, იქნებ ხვალიდან
ცხვირი დამიგრძელდეს,
ძველი ბათინკები ახლებმა შეცვალონ,
წვიმები გაიშვიათდნენ,
ლექსები გახშირდნენ...


ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჩარლზ ბუკოვსკი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ჩარლზ ბუკოვსკი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: