არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლელა ცუცქირიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლელა ცუცქირიძე   Sun Feb 20, 2011 1:40 am


Lela Tsutsqiridze

ლელა ცუცქირიძე

დაიბადა 1964 წლის 3 მაისს, თბილისში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს რადიოს საბავშვო გადაცემათა რედაქციაში.
თანამშრომლობდა საბავშვო გაზეთთან “12-მდე”. მუშაობდა საბავშვო გაზეთში “12 მტრედი”. არის საბავშვო სიმღერების ტექტების ავტორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

"ლელა ცუცქირიძის ნაწარმოებების გენეზისი სათავეს ქართული პოეტურ ტრადიციაში იღებს. იგი დღევანდელ კონტექსტში, რაღაც გაგებით, არათანამედროვედაც კი გამოიყურება.ჩემი შთაბეჭდილებით, ჟანრებიდან მისთვის ორგანულად უფრო ახლობელი ბალადა ჩანს. პოეტური მგრძნობელობისა და ,,თვალის'' გარდა, ლექსის კომპოზიციის, რიტმისა და ინტონაციის განსაკუთრებული გრძნობა აქვს, ამას დავუმატოთ შესაშურად კარგი ქართულიც და, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება თქმა, რომ მისი პოეტური პორტრეტის რაღაც კონტურები მოვხაზე.
დანარჩენის შესახებ დაე, თვით მისმა ლექსებმა უთხრან ფორუმის მკითხველებს"
, – წერს ნინო დარბაისელი.


ბინდის ფერო...


აჰა, გამლიე, ბინდის ფერო,
ვდგავარ სამანთან.
რაღა უნდა ვთქვა…
რამდენჯერ იყო, უდროო დროს ღამე დაანთე,
კუდიანი ვარსკვლავების ჭიაკოკონა გააჩაღე
და ჩიტებად გადაქცეულ ჩემიანებს
დაუწვი ფრთები…
ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა:
არული–მეთქი კუდიანებს,
არული–მეთქი!

რას ვაკეთებდი? არც არაფერს.
სატრფო ვიყავი –
კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და
მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი.
და ვიყავი –
ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი.
ცოლი ვიყავი –
ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან
სანთლად ვდნებოდი.
ქვრივი ვიყავი –
ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი
და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი.
ბერდედაც ვიყავ –
ადგილის დედად გადაქცეული…

ასე ვიარე…
გზებს ვკეცავდი და ისევ ვშლიდი,
ხანაც საბრალო დედაბრისას ყანასა ვმკიდი,
ჭინჭველს ვაცლიდი ალვის ხეებს, მორევს ვხაპავდი,
მარტოდდარჩენილთ ვუცელავდი ჯავრის სათიბებს,

და ჰა, მოვედი შენს სამანთან,
შე ბინდის ფერო,
რაღა უნდა ვთქვა…
ერთი იმდენი,
ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე,
ბროწეულები მახარებინე,
რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...

ჩემთვის აღარ,
მე - სიპი ქვა, უკვე გამლიე,
შვილებისათვის,
ბინდის ფერო, წუთისოფელო…


study

ლელა ცუცქირიძის გვერდი ლიბო-ზე - http://libofund.com/მწერლები-ლელა-ცუცქრიძე.php

ფუფი და ნუფი–ზე – http://puphynuphy.ge/ლელა-ცუცქირიძე.php





Last edited by Admin on Tue May 03, 2011 9:03 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Sun Feb 20, 2011 1:56 am

ლელა ცუცქირიძე

კაჭკაჭები

სუფრას შლიან კაჭკაჭები,
დაუცხვიათ მაჭკატები,
მგონი, გოგოს ათხოვებენ,
გამოუჩნდათ მაჭანკლები.
- რა ნისკარტი, რა თვალები,
რა ფრთები და რა ტან-ფეხი! -
კაჭკაჭელას სილამაზით
აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.
გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,
სადღა არის მაჭკატები?!
საპატარძლოს შეუსანსლავს,
მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.
- ვის რად უნდა ღორმუცელა? -
აბობოქრდნენ მაჭანკლები,
სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,
ხომ მიირთვა მაჭკატები?!

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Sun Feb 20, 2011 2:13 am


ჩემი ლამაზი, პატარა ქალი

ჩემს ცოლსა ჰკითხეთ,
რად ვუყვარვარ,
მე ვერას გეტყვით…
მონადირე ვარ, მეომარი, მწყემსი, მეგუთნე…
მთელი ცხოვრება გამარჯვების ყიჟინას ვცემდი,
ან ვებმებოდი დამარცხების უხმო ფერხულში.

ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი,
როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი.
ის, ჩემი ცოლი, მოდიოდა. ჭრელი თავშალით
მოჰქონდა ჩემთვის პური, ღვინო, აღზევანის მწიკვი მარილი…
მერე მიწიდან, ხელმეორედ იწვერებოდა ხორბლის თავთუხად,
მწირი საგზლიდან დავარდნილი სიყვარულის ერთი მარცვალი.

თუ ვნადირობდი, ან საომრად თუ მივდიოდი,
ის სახლში იჯდა.
ჯალაბს უვლიდა და ფიქრობდა,
რომ მე ვიყავი, ვინც ბრძოლაში გამარჯვებული,
მთვარედ ჰკიდებდა ცის ჭერხოზე მტრის მოჭრილ მტევანს.
და მთელი ღამე, როცა ყველას მიაძინებდა,
თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა.
დილით კი, გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა,
რომ დაბრუნება შემძლებოდა
თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად.

თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით,
ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა.
მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა,
რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს,
მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და
მონატრებული,
მივფერებოდი ქერისფერ თმებზე.

მე ვერას გეტყვით,
ჩემს ცოლს ჰკითხეთ,
ახლაც ვუყვარვარ.
აგე, მთიები ჩემს ჯუბაზე ამოქარგულ ორნამენტებს ჰგავს –
ჩითისკბილას, ნაჭრელს, ჯვრიანას…
მე კი გზაში ვარ, ოღონდ ახლა – მიწიდან ცისკენ.
სახეში მცემენ საზარელი, ცხადი სიზმრები:
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი
და ჯავრიანად,
კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი,
ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!

ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…


ძველებს... და ...ახლებს

მოდი, ამ ერთხელ ჩამოჯექი
და დაისვენე.
ნუ გახსენდება ასე ხშირად
შავი ზღვის ფსკერზე (უხმაურო მეგაპოლისში)
დაძირული თეთრი სახლები,
მიქცევისას საკვამურები რომ მოუჩანთ
დასახრჩობად განწირული კაცის ხელივით.
ნუღარ ცდილობ მათ გადარჩენას.
ისინი უკვე დაიძირნენ.

ნუ გახსენდება მსუყე ბაღები,
ფოთლის თავსაფრით რომ მალავდნენ გათქვირულ სხეულს
და თანაც ატმებს გვიკისკისებდნენ:
–ჩვენსკენაც მოდით, ჩამოგვკრიფეთო, ადამიანო!
ისინი სხვებმა ჩამოკრიფეს და შერცხვენილნი,
ბეღურებითღა იფარავენ
გაშიშვლებულ, დამტვრეულ ტოტებს .

ნურც მეგობრები გახსენდება.
იცინოდით და შეფარული შიშით ანგლობდით:
–ომში მიდის ერთი კაცი.
–რათა ერთი?
–მაშ რამდენი?
...ბევრნი წახვედით და სათვალავი აგერიათ.

ნურც ის დღეები გახსენდება,
ჩამავალ მზეს - წითელ მამალს,
სალოცავიდან ღმერთს რომ ვწირავდით გადარჩენისთვის.
გადავრჩით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცთ,
რომ გადარჩენა უფრო ხშირად, შვება არაა.

და, საერთოდ!
ასე ხშირად ნუ გახსენდება
ბოლო ყლუპივით დაქცეული შენი ქვეყანა.

მოდი, ამ ერთხელ ჩამოჯექი
და მითხარი თუნდაც სხვისი მშვიდი სიზმარი,
სადაც:
ცა შაბიამანის ხილვას ბლანდავს,
ნაპირებს შორდებიან გემები.
იქნევენ იალქნებს – აბრეშუმის ხილაბანდებს…

თუმცა, რას გთხოვ...
მეც ასე არ ვარ?
აი, დღესაც, გამოვიღვიძე და სხეულზე
ჩემი ქვეყნის მქრქალი კონტური აღმოვიჩინე…
გაცრეცილი და სევდიანი,
როგორც მინაზე გადმოსული მაცხოვრის ხატი.

არაფერს მთხოვდა.
როგორც შენ, ისიც მოვიდა ჩემთან
და დაღლილმა,
თავი დამადო...



ოჯახის მცენარე

აი, ერთხელაც, ავდგები და
სიტყვებს, რომლებსაც ბრაზმორეული,
სამზარეულოს მაგიდაზე მარცვლებად მიყრი,
სათითაოდ ქოთანში ჩავრგავ!
რომ იქიდან რომელიმე მონსტერამ ან კორდილინამ
ქოლგასავით კი არ გაშალოს უცხო ფოთოლი,
არამედ ერთი ჭანგიანი სარეველა ამოიზარდოს.

ყველა მორიგი კამათისას ძირფესვიანად ამოვგლეჯ–ხოლმე,
გულს მოვიოხებ.
…მაგრამ ხომ ვიცი,
როგორც კი მიწას ამოტეხავს სარეველას ხასხასა ღერო,
მინდა, არ მინდა,
მზრუნველ ქალად გადავიქცევი:
მივეფერები,
თუნუქის ძველი, ჟანგიანი სარწყავიდან წყალს დავუსხამ,
მიწის ნამცეცებს სულის შებერვით მოვაცილებ,
ჭილდარღვეულ სარწეველაში მიყუჟული მუხლზე დავიდებ და
დღის ამბებს, სასუქივით დავუყრი ძირში.

ციდა ყვავილებს გამოიჩეკავს ჩემი ლამაზი სარეველა
და მთელ ოთახს მოემინდვრება.
…ხო, როცა მოხვალ,
სამზარეულოს არ მიაშურო
(შემთხვევით კერძი ისევ მიმეწვა),
ჯერ ოთახში შემოიხედე.
ჩამოვსხდეთ ჩვენი სარეველას მწვანე ჰამაკზე,
და ვიყოთ ასე, როგორც ადრე,
ზაფხულის მშვიდ ღამეებში სიყვარულს რომ მეფიცებოდი.

Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Tue Feb 22, 2011 1:26 am

წყურვილი

სად გადარეკე ჩემი ღრუბლები ასე ქარდაქარ,

შუბლზე ნიშნად ცისკრისფერი ვარსკვლავი ენთოთ,

წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები…

დღეს თუ ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ

ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის ჟღრიალ–ჟღრიალით.



ახლა კი…

ახლა, ამ ბურბურა მკათათვისაგან

ჩემი წყალუხვი მდინარე შრება.

ვეღარ ანთებენ გაშლილ ჭალებში ფშატის ხეები სანთლებად ნაყოფს,

მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა,

უღონოდ ფეთქავს.



იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას,

ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია,

როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი

და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე,

მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს

და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს.



ჩემი სატრფოა ეს მეთევზე,

რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი…

შენ კი…



იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები,

წვიმებისაგან სავსე ცურებით,

წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე

გამოცურდნენ კალმახები

და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.



…მოვა მერე ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე,

ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით,

ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი,

სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით…

და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი,

სავსეს კისკისით,

შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე,

როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი

და გაიშლება – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.

თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს:

შემომახვიე, დარაია,

რომ შემეხოს შენი თითები,

თორემ საცაა,

ღილებაწყვეტილ ღილ–კილოდან ამომისხლტება შენი სურვილი.



ახლა ხომ ხვდები, რატომ მინდა, რომ მორეკო

ჩემი ღრუბლები…
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Thu Mar 03, 2011 10:48 pm

მე, დედაშენი

მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ.
ჩვეულებრივი დედაშენი.
მარგალიტად არ მიქცევია ქვიშის მარცვალი.
აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი
და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი.
ეს ჩხარუნა, ფერადი მძივიც,
მარგალიტები არ გეგონოს.
ჩვეულებრივი ზღვის კენჭებია –
შენთვის ჩათქმული სურვილებით
შემოწინწკლული.

მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ.
ჩვეულებრივი დედაშენი.
ზამთრის ქარიან ღამეებში,
შეკრული ძნები გუდიანებად რომ იქცეოდნენ,
გადმოვაწყობდი ჩემი სულის ჟივჟივა ფერებს,
სიზმრებს გიქსოვდი
და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე ,
დილაობით რომ მზეს აფუებდა,

(მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა),
ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს
კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით.

მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ.
ჩვეულებრივი დედაშენი.
მშვიდად ვიცლი სხეულიდან დღეებს, ღამეებს
და შენს გარშემო გამჭვირვალე ზღუდეებს ვაგებ.
შენ არა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ სუსტი ხარ,
ბაბუაწვერა.

ყველა ტკივილის წამოქროლვაზე შიშისაგან რომ იფანტება.
და ერთხელაც, დღე–ღამე რომ შემომელევა,
არ შეშინდე.
არაფერი არ შეიცვლება.
მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ,
დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია,
ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…

არაფერი არ შეიცვლება.
როგორც ადრე, შენს ბავშვობაში,
ღამიან ცაზე ვარსკვლავების თაფლაკვერებს მოგიპირქვავებ,
სავსე ღრუბლებსაც გამოგიწურავ…
მწვანე ხეებზე ცისარტყელას – საქანელას გამოგიკვანძავ…
გაიღიმე?
ძალიან კარგი.
აქ ვარ.
შენთან ვარ.
მე – დედაშენი,
ჩვეულებრივი დედაშენი
და უბრალოდ, ისევ მიყვარხარ…
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Thu Mar 10, 2011 10:16 am

შავი ხოჭო

მიდის გზაზე შავი ხოჭო,
ბუტბუტებს და თან ორჭოფობს:
-რუსკენ წავალ, ფონს ვერ გავალ,
კლდისკენ წავალ, ზედ ვერ ავალ,
ერთადერთი, ბაყაყების
გუბურას თუ გადავლახავ!

მოიკიდა ზურგზე ხვნეშით
სანოვაგით სავსე გუდა,
სახლში ცოლი ელოდება
და შვილებიც, რა თქმა უნდა.

განა ერთი, ანდაც ხუთი?
შვილები ჰყავს ოც–და–ხუ–თი!
ზოგს უყიდა პამპერსები,
ზოგს კანფეტი,ზოგს კი ბურთი...

მშრომელია შავი ხოჭო,
ოჯახი ყავს, ბოლო–ბოლო!

მერე რა, რომ შავმა ხოჭომ
სულ არ იცის წყალში ცურვა,
მიდგა, მოდგა და გუბურა
პამპერსებით ამოტუმბა.

ყიყინით და გამალებით
გამოუდგნენ ბაყაყები,
რაღა ექნა, გადაუგდო
ბურთიცა და კანფეტებიც.

როგორც იქნა, სახლს მიადგა,
გზა დასრულდა, ოკრო–ბოკრო,
ცოლმა სუფრა გაუშალა,
ქმარია და აბა, როგორ?!
თავს ევლება დაღლილ მამას
ოცდახუთი შვილი ხოჭოც.

ეს ამბავი, პატარებო,
არ დამთავრდა, მგონი ცუდად,
მთავარია, მამა ხოჭო
შინ მშვიდობთ რომ დაბ–რუნ–და!


ღრუბლები

თამაშობენ ღრუბლები,
ონავარი ტყუპები.
გორაობენ ცაში,
ცაა მათი სახლი.
ქუხქუხებენ, ჭექენ
და ქვეყნა შეძრეს!

ამ დროს დედა მოვიდა,
(სტუმრად იყო მზის სხივთან),
ონავარი ტყუპები
ელვის ჯოხით მიტყიპა.

წკაპ–წკუპ, წკაპ–წკუპ,
წვეთები ეცემიან გუბეში,
თქვენ გგონიათ გაწვიმდა?
ღრიალებენ ღრუბლები.

იღრიალეს, იტირეს,
დედიკომაც იდარდა,
მიეფერა ღრუბლებს და
უცებ გა–მო–ი–და–რა!

გამახსენდაSmile)
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Thu Mar 10, 2011 10:19 am

კნეინა

-ეე, აბა, მოდი ახლა, ჩვენ ქალებს გაუმარჯოთ, სუ კარგად იყვნენ, ჯამრთელადა... ჩვენა მაგათთვინ გაგვეძლოს და მაგათა კიდე ჩვენთვინა. მიდი, გადაჰკარი უცება და ისეთ ამბავს მოგიყვები, როო...
ამასწინათა, ბაზრობაზე წავედიი... ესეც თან გამამყვა, ჩემი კნეინაი. მეეო, ათასი პაჭი–პუჭა მააქ საყიდელიო. წავიყვანეი, მა რა მექნა, სუ შემომაგლეჯდა საროჩკასა. ეგრე იცის, რო გაბრაზდება, თავისას კი არ მოჰკიდებს ხელსა, ჩემებსა გლეეჯს.
ჰოდა, შევედით ბაზრობაზეე... მე საროჩკას ვეძებ ჩემთვინა, ეგა კიდე პაჭი–პუჭებსა თავითვინა... აქეთური, იქითური, ვიყიდე საროჩკაი, როგორც იქნა. კაი კია, ხო იცი შენა, შავია სულა, არც უთო უნდა, არც არაფერი. რავი, ეგება გარეცხვაც არა ჭირდებოდეს... მოკლედ, კაი რამეა, გაჩვენებ მერე, ალეს გასვენებაში უნდა ჩავიცვა...
ჰოდა, გიყვები: ვიყიდე საროჩკაი და გამოვედი გარეთა. ამას უთხარი, ჩემ კნეინასა: ქალოო, სანამ შენა პაჭი–პუჭებსა ბოლომდე აარჩევ, მე იქით გადავალ, პრაკლადკები უნდა გამოვართვა ჯიგაროსა-მეთქი. ახტა-დახტა ვანკა–სტანკასავითა, ოტკის დარდი გაქ შენა, პრაკლადკების კი არაო.
-აგე, საცა მემაროჟნე დგაას, ზონტიკიანი, იქ დამელოდეი, თორე, მე ვიცი შენა, სუ წყალში გადაგიყრი მაგ პაჭი–პუჭებსა–მეთქი,- დავუბრიალეი თვალები ჩემებურადა.
რაღა ექნა, რაა, ჩემი ნტრედების გაფრენაი არა აქ ნანახი? გაიტრუნა, ჩაყლაპა ენაი.
მე კიდე, წავედი ჯიგაროსთანა, პრაკლადკებიც ვიყიდეი, ვილაპარაკეთ კიდეცა, ერთი–ორი ჭიქა ოტკაცა ვხუხეით, ჯიგაროს გამოუხდია სიმამრის თაფლიდანა და დავბრუნდი უკანა. დავბრუნდი და დამიბნელდა თვალებში!
აღარც ჩემი კნეინაა იმ ადგილზე, საცა დავტოვეი და აღარც მემაროჟნეი. ეე, რო დამკრა თავშია ურომა, ფეხებში გამიტანა! ემანდ ხო არაფერი იმაიმუნეს–მეთქი? თანა ვფიქრობ, აქამდე არაფერი შემიმჩნევია ჩემი კნეინათვინა და რაღა მემაროჟნეს გაჰყვა,თანაცა, ასე ერთ წამშია,–მეთქი, კაცოო!
ამეხადა თავი, შოჩიკივით ვაცეცებ თვალებსა. გაჯეჯგილია იქაურობაი ხალხითა, მიდი–მოდიან, რამე... ხან ვინ შემხვდება, ხან ვინა, ზდრასტი, ვახტანგა, რას აკეთებ აქაო. მეცა, ვითომა არაფერიი, საქმე მაქ-მეთქი, ხელს ვუწევ ყველასა ვაჟნათა, როგორა ვთქვაა, ცოლს ვეძებ, მემაროჟნეს გაჰყვა-მეთქი, კაცოო!
ამ შავბნელ ფიქრებში ვაარ და მაროჟნიი, მაროჟნიი! არ გავიგონეი?! ვჭყიტეი თვალები და რასა ვხედავ: დადის მემაროჟნეი თავისი ზონტიკიანი ტაჭკითა, პაკრიშკებიანი არ ყოფილა ის ტაჭკაი?! დადის და უკანა კიდე, მოჰყვება ჩემი კნეინაი, ხვითქი გადასდის სახეზედა, ორივე ხელში პაჭი–პუჭიანი პარკები აქ ჩაბღუჯული, ძლივსღა დალასლასებს თავისი ქუსლიანი ტუფლებითა.
- მაროჟნიი, მაროჟნიი! - გააგორებს მემაროჟნეი ტაჭკასა, მოჰყვება ჩემი კნეინაცა, ამოუდგება გვერდში, თან იხედება აქეთ–იქითა, მე მეძებს ნამდვილადა.
ამიტყდა სიცილი, ამას უტირებ ყოფის დღესა–მეთქი, მოვეფარეი ბუტკასა და იქიდან დავუწყეი თვალთვალი.
-მაროჟნიი! - გაგორდება კიდე ტაჭკაი, მიუგორდება ჩემი კნეინაცა, პარკებსაც რო არ უშვებს ხელსა?! მაგის ჩიტია? ვინ იცის რა პაჭი–პუჭები უყრია შიგა.
–მაროჟნიი!- გაგორდება ისევა ტაჩკაი, მიუგორდება ისევა ჩემი კნეინაცა, გასავათებულია უკვე.
ასე სდია კარგა ხანსა, ლამის დაიცალა უკვე ბაზარი. შემეცოდა ბოლოსა, ცოლია მაინცა, მივედი და ავეტუზე უკანა.
- სადა ხარ, ქალო, ამდენ ხანსა! - დავუყვირე ჩემებურადა. ერთი კი შეხტა შიშისაგანა და მერე ისე გაეხარდა ჩემი დანახვაი, რავი, რო მოვიყვანე ცოლადა, მაშინ არ გახარებია ეგრე.
- რაღა სადა ვარ, კაცო! პაკრიშკები ქონია ამ ტაჩკასა. რო წახვედი, ცოტა ხანში მაროჟნიო, დაიძახა ამ დასამიწებელმა მემაროჟნემა, ჰკრა ხელი და არ გააგორა?! გააგორა და აღარ გაჩერდა! ხან ბაზრობის თავში წავიდა, ხან ბოლოშია, ხან თავშია, ხან ბოლოშია... დავყვებოდი უკანა მეცა, მე უბედური. რა უნდა მექნა? რა, განა არ ვიცი, ამასთან რო არ დაგლოდებოდი, სუ გადამიყრიდი ჩემ ნაყიდებსა?! არ გიქნია ეგეთები ჯერა თუ რაა?!- რო ჩაირთოო, აღარ გამოირთო, კაცოო!
წამოვედით სახლში და ვკვდები სიცილითა, ახლა მე მომყვება კუდში ჩემი კნეინაი და მდებს მიწაში ცოცხლადაცა და მკვდრადაცა. მე კიდე ვიცინი, ვიცინი, რო სუ ცრემლები მომდის თვალებიდანა.
მოვედით სახლში, როგორც იქნა. ესა ისევა მწყევლის, მე ისევ ვიცინი. რავი, იქნება და სიხარულისგანა, რო სხვა საქმითვინ ვრ გაყვა მემაროჟნესა...
ამანა კიდე, დაიგულა თავი სახლშია, მოსულიერდა, ჩაიცვა თავისი ახალი პაჭი–პუჭები, დაავლო ბღარებსა ხელი და შენთან გამჩერებელი აღარა ვაარო, დედამისთან გაქუსლა!
მე კი ვიცი,რატომაცა, ახალი რამეები უნდა შეახარბოს იქა ხალხსა, მარა, გაუშვი, ვითომა ვერა ვხვდები ვერაფერსა, ვითომა გაბრაზებულია ჩემზე და სუ წავიდა ჩემგანა...
...არა, მართლა სუ კი არ წავიდა, გენა, ვინ დაიჯერებს მაგასა?! აბა ერთი, ნახეი, როგორი თვალებით მიყურებს-ხოლმე, სიყვარულითა... ხო გაგიგონია შენა, მელასა თავისი მახრჩობელაი ქვეყანას ურჩევნიაო?! ეგეც ეგრეა, ჩემი კნეინაი...


თურმე იუმორი მყვარებია და რა ვიცი
Wink
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
ლელა ცუცქირიძე



Female
Number of posts : 8
Age : 52
Location : Tbilisi
Job/hobbies : litewrature
Humor : :)
Registration date : 07.02.11

PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Fri Apr 01, 2011 12:37 pm



ლელა ცუცქირიძე

წიწკანა

გასულ ზამთარს, რაღაც პრობლემების გამო, ჩვენმა ოჯახმა ოთხოთახიანი ბინა ცხელ წყალში გარეცხილი შალის სვიტერივით დააპატარავა და ახალ უბანში გადავიდა საცხოვრებლად.
წიწკანა მაშინ გავიცანი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ჩვეულებრივი, რვასართულიანი სახლის მერვე სართულზე. ჩვენ – ოროთახიანში, წიწკანა – ერთოთახიანში.
წესით, წიწკანას ბუდეში უნდა ეცხოვრა. ჩიტები ხომ, საერთოდ, ბუდეში ცხოვრობენ, მაგრამ წიწკანა ჩიტი კი არა, ერთი თვითნასწავლი, მარტოხელა მხატვარი იყო. აბა, გინახავთ სადმე, თვითნასწავლი, მარტოხელა მხატვარი ჩიტები?
მაგრად კი ხატავდა! მთელი სახლი ნახატებით ჰქონდა სავსე. ნახატები ყველგან იყო: კედლებზე, საწოლზე, სკამებზე, მაგიდაზე, ძველ, ჭიებისგან გამოხრულ კომოდზე და ჭერზეც კი…
ბავშვობაში მეც ვხატავდი, ტანკებზე და თვითმფრინავებზე უფრო სერიოზულ რაღაცეებსაც კი. თანაც, იმდენად კარგად, რომ რამდენიმე გამოფენიდან სიგელებიც მოვიტანე სახლში. მახსოვს, დედაჩემი როგორ ამაყობდა ამით, ყველა შემოსულს უყვებოდა ტყუილს და მართალს ჩემს ნიჭსა და ტალანტზე და საქაღალდეში სათუთად ჩაწყობილ სიგელებს უშლიდა მაგიდაზე, სიტყვებით: დედა ენაცვალოს, სულ მამაჩემს ჰგავს, ის იყო ასეთი ნიჭიერი და ა. შ. იყო მერე ჩვენს მასიურ, მრგვალ მაგიდასთან დიდი სჯა–ბაას–გადაძახილ–გადმოძახილი ჩემს მომავალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: დედა, მამა და ჭკუამოეკითხება ნათესავები.
უკვე იმ ასაკში, საულვაშეზე ღინღლი რომ ამიბიბინდა და მე ნამდვილი წვერი მეგონა, ოჯახი ისევ შემოუსხდა მრგვალ მაგიდას და დაასკვნა, რომ პერსპექტივაში, როგორც მხატვარს, დიდებასთან ერთად შეშლილობა, ან უკეთეს შემთხვევაში, გალოთება და ამის ნიადაგზე ნაადრევი სიკვდილი მელოდა და რადგან ამისთვის ვერ გამიმეტეს, ეკონომიკურ ფაკულტეტს შემწირეს თოკშებმული ცხვარივით. მე კი, დიდი წინააღმდეგობის უნარით, სწორედაც რომ ცხვარივით არ გამოვირჩეოდი და მერჩივნა, მამა ყოჩს და დედილო ცხვარს გავყოლოდი უკან, ვიდრე ჩემით გადავჩეხილიყავი სადმე.
“დიდი ამბავი, ხატვას ისედაც მოვახერხებ, სამაგიეროდ, კარგი სამსახური მექნება და სტაბილური შემოსავალი. მერე მოვიყვან ცოლს, მეყოლება შვილები, შვილიშვილები… ხატვით კი, როცა მინდა, მაშინ დავხატავ”– რაღაც ამდაგვარს ვფიქრობდი მშვიდად. ამასობაში, კურსიდან კურსზე გადავდიოდი და მე და მხატვრობა დროსა და სივრცეში თანდათან ვშორდებოდით ერთმანეთს. ბოლოს კი, სულაც, ჩემი სათუთად და მომავალი ცოლის თვალების დასავსებად შენახული სიგელებით დედაჩემი ჩემი დის პატარა შვილებს ართობდა ჭამის დროს.
მე მშვიდად დავამთავრე უნივერსიტეტი, მშვიდად დავიწყე მუშაობა და საერთოდაც, გავაგრძელე მშვიდი ცხოვრება, ყოველგვარი ზედმეტი გაწევ–გამოწევის გარეშე. ვიყავი რა, სტანდარტული ტიპი. გაჩხერით არ ვიჩხირავდი, სმით – იშვიათად ვსვამდი. ერთი–ორჯერ დავბოლდი და მაინცდამაინც ეგეც ვერ დავამუღამე. სიგარეტს, კი ბატონო, ვეწეოდი. ქალებშიც, რა თქმა უნდა დავდიოდი: არც ისეთი თავისუფალი აზროვნება მქონდა, კაცებისკენ გამქცეოდა მზერა. მოკლედ, მამაჩემი იტყოდა ჩემზე: “არის რა, არც მწვადს რომ წვავს და არც შამფურსო,” – რომ ვენახე, მაგრამ რაღას მნახავდა, უკვე წლებია, ზღვას გადაჰყურებდა სასაფლაოდან.
მოკლედ, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, ცოტა ოცნებით, ცოტა ხელფასით, ცოტა ფანტაზიით და ბევრი პრობლემით.
ჰოდა, ამ ჩემს სტანდარტულ, ჩვეულებრივ ყოფაში შემოვიდა ადამიანი, რომელმაც ისე გამაფერადა, როგორც შავ–თეთრნახატებიანი წიგნი თუ რვეული, ზედ რომ აწერია: “აბა, გააფერადე”.
პირველად რომ შევედი წიწკანასთან, აღარ მახსოვს, ჩაქუჩზე თუ ბრტყელტუჩაზე, ან ამას რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც უცნაურმა ნათებამ ამაფორიაქა. დიდი მნიშვნელობა არც მიმინიჭებია ამისთვის, უბრალოდ, წიწკანას გავეცანი, ხელი ჩამოვართვი, ჩაქუჩი თუ ბრტყელტუჩა გამოვართვი და გამოვედი. მერე, როცა საღამოს ისევ შევედი წაღებულის დასაბრუნებლად და იგივე დამემართა, მივხდი, რომ ეს უცნაური, შორეულსევდიანი ნათება წიწკანას ნახატებიდან მოდიოდა.
ყველა ნახატზე ხეები იყო:
ზამთრის, ზაფხულის, შემოდგომის, გაზაფხულის… და ჩიტები კიდევ, ეგზოტიკური კი არა, თუთიყუშებივით, ან ახალზელანდიური ჩიტებივით გადაპრაჭულ–აფოფრილები, ჩვეულებრივი, ჩვენებური, პატარა ჩიტები იყო და ამ ჩიტებს უცნაური ფერები ჰქონდათ...
აი, ერთი ხე იდგა, რაღაცნაირი, მშვიდმწვანე და ამ ხეზე შაშვი იჯდა, ოღონდ, შავი კი არა, ისეთი წითელი, რომ ფერით ჭახჭახებდა და მე კიდევ, მესმოდა ეს ჭახჭახი.!
ერთ ხეზე ყვითელი წიწკანა იბუზებოდა. ყვითელი რა, განა ვან–გოგის ყვითელი იყო, სულ რომ აგჭრის და გადაგრევს და იმ ყვითელში გაწოლა კი არა, გაშოტვა და მერე სირბილი მოგინდება და თვალებზე ხელს იფარებ უცებ, ისე გჭრის ეს ყვითელი თვალებს და თითებსშორის იყურები: აუ, ბიჭო, ეს ცხადია თუ ყვითელი სიზმარი არლის ნაპირებზე… არაა, მშვიდი ყვითელი იყო, თავად პატარა წიწკანასავით მობუზული და მაინც ანათებდა იმ სიმწვანეში.
ერთ ხეზე კიდევ, მოლაღური იჯდა, თხელ მინის სასმისს ჰგავდა და თითქოს გამჭვირვალე ბროწეულისფერი სითხე ესხა ამ სასმისში. ანათებდა ეს ბროწეულისფერი თვალისმომჭრელად, ზედ მზის სხივების ათინათებიც დაჰკრავდაა და ისეთი გრძნობა მქონდა, აი, ახლა, აი, ახლა გადმოიხრება მოლაღური და ეს ბროწეულისფერი ჭიკჭიკი, ღვინოსავით, მარტო ხეზე კი არა, აქ, ამ ოთახშიც გადმოიქცევა–მეთქი.
ხმელი ჩინარის ტოტებზე შედგმული, ხუხულასავით ბუდიდან ყვავის ბახალა იხედებოდა, ნამდვილი სათამაშო რეზინის ბურთი! რაღაცნაირად სასაცილოდ გაოცებულს დიდი, შავი თვალები დაეჭყიტა და ლურჯ ტანზე თეთრი კოპლები ეყარა.
ახლა ხეები…ზაფხულის ხეები მწვანესარფნიან გოგოებს ჰგავდნენ, გაცნობა რომ მოგინდებოდა, ისეთებს.
გაზაფხულის ტყემლის ხეზე კი, რომელიც ძალიან ჰგავდა მეზობლის ღობესთან შეჩერებულ, სკოლაში მიმავალ ახლადაკვირტულ გოგოს, თეთრი წინსაფრით და თმაზე ბაფთებით, პატარა, ნაცრისფერი ბეღურა იჯდა და იმასაც უცნაური ნათება შესდგომოდა ბუმბულებში, ოღონდ ვარდისფერი. აი, ისეთი ჩემი ჩვილი დის შვილის ოთახში რომ იღვრებოდა აბაჟურიდან.
ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ. ქართლელი პაპა მყავდა – სანდრო, ისეთი თეთრი იყო, სოფელში ბატიას ეძახდნენ. წელში მოხრილს, მუდამ გაწკიპინებული, რკინიგზელის შავი ფორმა ეცვა და ზედ ვერცხლისფერი ღილები უპრიალებდა. აი, ეგეთი ზამთრის ხეები იყო, რაღაცნაირად პაპაჩემივით მოხრილები, თითქოს სიბერის გამო სევდიანები და ყინულისგან დაჭირხლული აქა–იქ შერჩენილი ფოთლები ხომ ზუსტად იმ ვერცხლისფერი ღილებივით უბრჭყვიალ–უპრიალებდათ და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ამ ზამთრის ხეებზე უკვე წითელი შაშვები ან ყვითელი წიწკანები კი არა, პატარა, შაბიამნისფერი ბოლოქანქარები ისხდნენ. თითქოს პაპაჩემი სანდრო ვენახში მუშაობისგან დაღლილიყო, მერე ხის სამფეხა სკამზე ჩამომჯდარიყო და ზურგზე მოკიდებული აპარატიდან შაბიამანი გადმოქცეოდა რკინიგზელის პიწკინა ფორმაზე!
შემოდგომის ხეები ხომ ბებიებს ჰგავდნენ! სულაც, ჩემს ნინა ბებოს, გამოხუნებულ, ნაცრისფერ წინსაფარში რომ სასუსნავს გვიმალავდასავით შვილიშვილებს და ეს სასუსნავი – “პავიდლოიანი” კანფეტები, ლოყებატკრეცილი შაფრანები, ტკბილი კვერები, ჭორფლიანი, მწიფე მსხლები, კვახის მარცვლის თხელი, თაფლისფერი ჩურჩხელები წინსაფრის ჯიბეებიდან გვიწვევდა, გვეპატიჟებოდა პირის ჩასაკოკლოზინებლად… და ამ შემოდგომის ერთ ხეზე იჯდა პატარა ბუკნაჭო, როგორც ალუმინის “კრუშკა”, რომელსაც ხშირი წვიმებისგან თავზე ორთქლი ასდიოდა და შემცივნული დედას ეძახდა. დედაც იქვე იყო – სულაც, სპილენძის, აქა–იქი შემურულ–შეჭეჭყილი, ცხვირმოტეხილი ჩაიდანი, აი, ისეთი, სოფელში რომ გვქონდა. და ეს ბუ–ჩაიდანი თავისი ელამი თვალებით დაჰყურებდა ბუკნაჭოს – წვიმებისგან ორთქლადენილ ალუმინის “კრუშკას” და თითქოს მის გაშრობას ლამობდა, ემანდ, არ გამიცივდესო. ..
მოკლედ, ამ ჩემს სტანდარტულ, ჩვეულებრივ ყოფაში წიწკანას გამოჩენა ჩემთვის, უკაცრიელ კუნძულთან ათასფერალმებშებმული ხომალდის გამოჩენას ჰგავდა, ზედ წიწკანამ გამახსენა, რომ თურმე ის სამყარო, რომლის კარიც დიდი ხნის წინ ჩემივე ნებით გამოვიკეტე და ზედ ერთი კი არა, რატომ ათი ბოქლომი არ დავადე, ისევ ისეთი ლამაზი და შეუცნობელი იყო: თავისი ტუბებიდან გადმოსული ფერებით, ახლადდადებული საღებავის სუნით, დაგრუნტული ტილოების მიმზიდველი სიცარიელით, აკვარელით, წვიმის გუბეების ანარეკლი რომ დაჰკრავდა თუ ჩვეულებრივი შავი ფანქრით, რომელიც ჩემს ქვეცნობიერზე მარკერივით მკვეთრად მინიშნავდა იმ ადგილებს, დაკეტილ კარსმიღმა რომ მივატოვე.
ეს ყველაფერი მერე გავაანალიზე, მერე დავფიქრდი, რომ ჩვენი ჩვეულებრივი, საშინლად რეალური სამყაროს გვერდით არსებობს პარალელური, ირეალური სამყარო და სულ ცოტა გჭირდება, რომ მასში გადახვიდე. ზოგისთვის ეს წერაა, ზოგისთვის – მხატვრობა, ზოგისთვის – მუსიკა… ამ დროს ყველაფერს გაუცნობიერებლად აღიქვამ და შეიგრძნობ, როგორც ჩვილი, ან სულაც, მუცლადმყოფი ბავშვი… და თუ ცოტას მაინც მოინდომებ, ეს შეგრძნებები მუდმივად შენთან დარჩება: თავისი ფერებით, ბგერებით, სიტყვებით…
რაღა ბევრი გავაგრძელო და წიწკანასთან მოვინიშნე ჩემი ადგილი. ხანდახან საღამო ისე გავიდოდა, ორ სიტყვას არ ვეტყოდით ერთმანეთს. ის ხატავდა, მე ვუყურებდი. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ჩნდებოდა დაგრუნტულ ტილოზე ვარდისფერი ფლამენგო კი არა, ფირუზისფერი ყანჩა, ბუდეში მოფუსფუსე პატარა, ფირუზისფრადვე გაბუმბლულ შვილებს რომ დასტრიალებდა თავს… ან მაყვლის ბარდებიდან როგორ ძვრებოდა თავადაც მაყვლის ნაყოფივით კრიალა და შუქიანი ღობემძვრალა. როგორ იწყებდა ხტუნვას ძველი, მიტოვებული სახლის საფეხურზე სევდიანი, მწვანე სკვინჩა, თითქოს იხვეწებოდა, საცაა, ხასხასა ბალახის ბღუჯად ავბიბინდები და არიქა, ამაფრინეთ აქედან, ცოდოა ეს სახლი, ცოდოო.
ჩვენი ძირითადად მდუმარე საღამოებიდან წიწკანაზე ის გავიგე, რომ წიწკანა კი არა, ვაჟა ერქვა, კახეთის ერთერთი სოფლიდან იყო, სადღაც რუსეთში შვილიც ჰყავდა, მშენებლობებზე მუშაობდა – ხან მლესავად, ხან მღებავად და თუ რამეს იღებდა, სულ საღებავებსა და ფუნჯებში ხარჯავდა, ხატვის გარეშე არ შეეძლო. ხატვით კი, თურმე ბავშვობიდან ხატავდა, მაშინაც, ძირითადად, ჩიტებსა და ხეებს და წიწკანაც ამიტომ შეარქვეს. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ჩიტების მიმართ, ბევრის სახელიც სწორედ მისგან გავიგე.
ხანდახან დასალევს შევიტანდი, ვისხედით, ცოტას ვლაპარაკობდით და ცოტას ვსვამდით. ძველი ჭაღის მინის წკირებს გარედან შემოხეტებული ნიავი არხევდა და ამ წკირების სევდიანი, შორეული წკარუნი წიწკანას ჩიტების ჟივჟივს ერთვოდა.
ამასობაში ზაფხული მოვიდა, შვებულება ავიღე და მეგობართან ერთად ბათუმში წავედი. კარგად გავერთეთ და სანამ ბოლო თეთრისგან და ბოლო ჰორმონისგან არ დავიცალეთ, თბილისში დაბრუნება აზრადაც არ მოგვსვლია.
ჰოდა, ჩამოვედი კმაყოფილი, როგორც საერთოდ, ზღვიდან ჩამოდიან ახალგაზრდა, ჯან–ღონით სავსე ბიჭები, ვაიმერასიცოცხლეხაარ გოგოების მობილურის ნომრებით და პაემნების პერსპექტივებით და… წიწკანა მოკვდაო, სადილის შემდეგ შემომაპარა დედაჩემმა. თან დააყოლა, არ გითხარი, შვილო, არ მინდოდა, შენთვის დასვენება ჩამეშხამებინა, დედა მოგიკვდეს, ისედაც გადაიღალე, ადამიანს აღარ ჰგავხარო და ა. შ. როგორც იციან–ხოლმე, საერთოდ, დედებმა, მერე ცრემლნარევი ხმით განაგრძო:
– ხარაჩოებიდან ჩამოვარდა ჩვენი წიწკანა. საწყალს, სული არ დაჰყოლია მიწაზე. აქ არც მოუსვენებიათ, ისე წაასვენეს სოფელში და თავისი მშობლების გვერდით დამარხეს ნათესავებმა. ბინის გასაღები დროებით ჩვენთან დატოვეს. შევდივარ ყოველდღე, სანთლებს ვანთებ და ფსალმუნებს ვკითხულობ, იქნებ შეუმსუბუქდეს იქ მისასვლელი გზა ცხონებულს.
ძალიან განვიცადე ეს ამბავი. დედაჩემს გასაღები გამოვართვი და წიწკანას ბინაში შევედი. ოთახს ნახატების სევდიანი შუქი და წიწკანას სურათთან დანთებული კანდელი ანათებდა. სახლი კი, უცნაური სიჩუმით იყო სავსე. ასეთი სიჩუმე იდგა ჩემთანაც, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დედა და ჩემი და ყოველდღე ხმით ტიროდნენ.
რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა, თითქოს სახლის სიმი გაწყდა, ერთი გაიჟღრიალა და სამუდამოდ დადუმდა. ალბათ იმიტომ, რომ ხმა, რომელიც გიყვარდა და სამყაროს გივსებდა, აღარ არსებობს.
დედაჩემივით, მეც ყოველდღე შევდიოდი წიწკანას ბინაში. ვჯდებოდი სავარძელში, ვუყურებდი ჩემთვის ძვირფას, ახლა უკვე ტკივილით სავსე და უფრო მრავლისმეტყველ ნახატებს და ვფიქრობდი, იქნებ სულაც არ გადმოვარდნილა წიწკანა ხარაჩოდან, იქნებ გაფრენა უნდოდა, თავისი ჩიტებივით, ვინ იცის…
სულ მალე კი, შუაღამისას, უცნაურმა ფრთხიალმა და ჟივილ–ხივილმა წამომაგდო საწოლიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინვე წიწკანას ბინაში შევვარდი და ნახატებს შევხედე… სადღა იყვნენ წიწკანას ფერად–ფერადი ჩიტები?!
გიჟივით ავვარდი სახურავზე და მაღლა ავიხედე. ღამის ცაზე სხავასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ.
მანამდე ვუყურებდი, სანამ თანდათან არ დაპატარვდნენ და თვალს არ მიეფარნენ.
უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ თბილი ქვეყნებისკენ კი არა, წიწკანას სოფლისკენ გაფრინდნენ პატარა ჩიტები, ჯერ მისი საფლავის ჟანგიან მესერზე ჩამოსხდნენ, ცოტა ხნით იქ იწივწივეს. მერე მოედვნენ, მოეფინნენ ალაზნის გაშლილ ჭალებს.
ვხედავდი, ცხადად ვხედავდი, ზოგი ფშატებზე რომ შემოჯდა, ზოგი – ალვის ხეებზე… მობუზულები კი იყვნენ, მაგრამ მაინც სულ ჩახჩახებდნენ თავისი უცნაური ფერებით და გარშემო კი, ყველაფერი: ხეებიც, ფოთლებიც, კეჭებიც, ქვებს შორის ჩამდგარი მდინარის წყალიც, თავად ეს მობუზული, პატარა ჩიტებიც ისე სევდიანად წკარუნობდა, თითქოს წიწკანას ძველებური ჭაღის მინის წკირები ეხლებოდა ერთმანეთს.

flower
Back to top Go down
View user profile http://lela cucqiridze facebook.com
Sponsored content




PostSubject: Re: ლელა ცუცქირიძე   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ლელა ცუცქირიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: