არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გურამ ქართველიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გურამ ქართველიშვილი   Sat Feb 19, 2011 11:37 am


Guram Kartvelishvili

გურამ ქართველიშვილი

დაიბადა 1964 წლის 25 მარტს, ქალაქ თბილისში.
1987 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა გერმანულ გიმნაზიაში და განათლების სამინისტროში. ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში.
2005 წელს ვაკის სარდაფში დაიდგა მისი პიესა "ქრონიკა", 2007 წელს მარჯანიშვილის თეატრში "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2008 წელს სანდრო ახმეტელის თეატრში – "ცერკოვნი ბუნტი".
გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "ჩემი ქარის წისქვილები" და ისტორიული პიესა "გიორგი მეშვიდე".
დაწერილი აქვს მხატვრული კინოსცენარი "კავკასია", პიესა "სისხლიანი ალავერდობა" და სცენარები დოკუმენტური ფილმებისათვის.


study

გურამ ქართველიშვილი ლიბ.ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?1276


Last edited by Admin on Sat Feb 19, 2011 11:56 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ქართველიშვილი   Sat Feb 19, 2011 11:40 am

ორშაბათიდან, 21 თებერვლიდან, სამ ლარად.




წიგნის დასახელება – "ბაგრატიონის ქალი"
ავტორი – გურამ ქართველიშვილი
სერია – "ახალი ქართული პროზა", ტომი მე-9 ტომი

გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “გუმბათი–2007"
ყდა – რბილი
ფასი – 2.40 ლარი (ჟურნალ "გუმბათთან" ერთად – 3.00 ლარი)


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ქართველიშვილი   Sat Feb 19, 2011 11:59 am

გურამ ქართველიშვილი

ბაგრატიონის ქალი

ომის წინა ხაზებზე სირბილი ნაღმზე აფეთქებით დაუმთავრდა დათოს. მუხლს ქვემოთ მარჯვენა ფეხი რომ აღარ ჰქონდა, არამიანცის საავადმყოფოში გააცნობიერა გონზე მოსულმა. აფხაზეთის სასაკლაოდან ჩამოსვენებული გვამებით სავსე იყო მორგი და პალატებშიც ნაფოტებივით ეყარნენ დაჭრილები.პირველი დღეების ჯოჯოხეთურ ტკივილებს მხოლოდ საკუთარი გამძლეობა ატანინებდა. ათიოდ დღის თავზე კი, როგორც იქნა მორფმა აჯობა ტკივილს. მერე ”კალიასკას” და საწოლს მიჯაჭვულს მთელი წელი ტანჯავდა დაკარგული ფეხის ქავილის შეგრძნება. როცა იკეთებდა, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა ომამდელ სამყაროში ჩარჩენილი წიგნები და ნაწერები. წამალთან დამეგობრებამ მის სახლში იარაღასხმული ნარკომანები მოამრავლა. დიდი მოთმინებით იტანდნენ შვილის დახეიბრებით განადგურებული მშობლები შემთხვევით სტუმრებს და თბილისის ჩაბნელებულ ზამთარს. დათო თავმოყვარე იყო და ალბათ ამან შეაძლებინა, რომ ჯერ ექვსთვიანი არყის ”ზაპოით” გადააგდო წამალი, მერე კი გამოჭმულ სულს, როგორღაც თვითონვე უმკურნალა და ერთ დღესაც ამერიკული პროთეზით გამოეცხადა დედ-მამას.

ბინძურ ბაზრად ქცეულ თბილისში ტყვია აღმართს ხნავდა. რაზბორკებში და სასროლ საქმეებში ერთმა წელიწადმაც გაიარა. დათოს კაცის სახელი ომამდეც არ აკლდა, მაგრამ ქვასავით მტკიცე ხასიათმა ამ ორომტრიალში ადგილი დაუმკვიდრა. აქეთ მოძებნეს მსუყე ოფისის მქონე ბრეჟნევისდროინდელმა ბიძებმა და მისი ცხოვრებაც ასეთუისე დადგა. ფულით ტკბობამ დიდხანს ვერ გასტანა. საქართველო ძაძებით იყო შემოსილი. აფხაზეთის გარდა მსოფლიოს ყველა მხრიდან მოასვენებდნენ საშოვარს თუ ”კაი ბიჭობას” შეწირულ ქართველებს. ობოლი და სარჩენი დათოსაც მოუმრავლდა.

აღდგომა ახლოვდებოდა. თბილისის ბაზრებში ვერ გაივლიდა კაცი. პროთეზიანი ფეხით როგორც იქნა ”დეზერტირიდან” გამოაღწია დათომ. თავს ასე არ შეიწუხებდა , მაგრამ სააღდგომო სუფრის თადარიგი უყვარდა. დედა სახლში არ დახვდა. მოხუც მამას თავისი ომისდროინდელი სურათები ამოელაგებინა ალბომიდან, მაგიდაზე გაეფინა და თვითონ დივანზე ჩასძინებოდა. დათომ შალი გადააფარა, მერე ფოტოებს მოავლო თვალი. არწივივით იხედებოდა ომის სურათებიდან მძინარე მოხუცი. აი, მისი ნასტინკაც. დათოს გაახსენდა, ამ ქალის მოგონებისას როგორ უბრწყინავდა ხოლმე თვალები მამას, ან დედა რა რუდუნებით ეპყრობოდა ჯოჯოხეთგამოვლილი ქმრის ომის სიყვარულს. სურათების თვალიერებაში ბაბუასეულ ერთ ფოტოს წააწყდა, რომელიც არასოდეს ენახა. ბაბუა დავითი ლაზარეთში საწოლზე წამომჯდარიყო, დაბინტული თავიდან ღიმილიანი სახე მოუჩანდა და ასევე შეხვეულ მკერდს გიორგის ორდენი უმშვენებდა. ”აბა ეს იყო ნაჩეხი თუ იყო”. თავის ოთახში გაიყოლა დათომ ფოტო, რომელსაც უკან ეწერა: ”პორტარტური”. მერე ბაბუასეულ ფოტოღიმილში ტკივილი დაინახა, თვითონ ნატანჯმა. ”ესენი არ იჩხირავდნენ, ნეტა? აბა რა აძლებინებდათ?!” დათოს გაეცინა, მეგობრის ახალგარდაცვლილი მამა გაახსენდა, სიმსივნით განაწამებ ორგანიზმში ექიმს მორფს რომ არ აშვებინებდა - მაგას რავა გევიკეთებო. ”მაგ თაობებს სული ჰქონდათ ქვასავით - ჩვენ სული გვტკივა. რეებს ფიქრობ ამ აღდგომის კვირაში?!” თავს გაუწყრა დათო და პროთეზის მოხსნას შეუდგა. ”უნდა გამოვცვალო ეს ჯაბახანა. არადა როგორი მსუბუქი მეჩვენებოდა თავიდან! ეჰ, მაშინ ოღონდ გამევლო და პირატივით ხის ჯირკს მივიმაგრებდი. დათო ”კალიასკაში” გადაჯდა და სტადიონივით სოლოლაკურ ოთახში გააგორა.ნაბაზრალს სიმშვიდე ესიამოვნა. მერე საწერ მაგიდასთან შეჩერდა და დედის შემოტანილი ჟურნალებიდან კონვერტი აიღო. ზურას წერილი აღმოჩნდა. ”რა წერა აუტყდა ამ „არხეოლოგს?!” - გაეღიმა დათოს. ”არხეოლოგი” წერილობით იტყობინებოდა, რომ სადღაც კახეთში, მისი დაღუპილი კოლეგის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გათხრილი უნიკალური სამარხიდან ექსპონატები იკარგებოდა. და, რომ ეს ექსპონატები ორ-სამ ტონიან ქვებს წარმოადგენდა. შემდეგ იმასაც შეახსენებდა ზურა არხეოლოგი მეგობარს, რომ მათი უსაფრთხო ადგილას გადასატანი თანხის გაღება დათოს, როგორც ქართველი ბიზნესმენის, მამულიშვილური ვალი იყო. ”ამას უყურე შენ, სწორ მიწაზე ძლივს რომ დაბობღავს! თხუნელა! მე აქ პროტეზი ვერ გამომიცვლია და ... კი, მაგრამ სამიათასი წლის ლოდის მომპარავი ვინ არის, ნეტა ამ ორომტრიალში? არხეოლოგი კი არა მანიაკია.” ისევ ეღიმებოდა დათოს. ზურა რისი ფულის მთხოვნელი იყო კარგად იცოდა და ამიტომ არც ძალიან გაკვირვებია ბავშვობის მეგობრის წერილობითი ფორმა. ”ალბათ რაღაცაა ძალიან ფასეულია. მაგას დაეჯერება ხო იცი! ჭკვიანი ”გრუზინია”.

ოთახში დედა შემოვიდა და ჩაი შემოიტანა.

– თავი მაინც გაგეშრო, დათო. რა წვიმაა, გადაუღებელი. გაცივდები.

ქალმა კარადიდან პირსახოცი გამოიღო და დათოს თავზე ფრთხილად შემოახვია. მერე წინ ჩამოუჯდა და ჩაი დაუსხა.

– ნელი დეიდა გარდაიცვალა. მეზობლებს უნახავთ საცოდავი დილით და... აბა შენ გარდა ვინ არის რამის გამკეთებელი, შვილო?!

დათოს ნაკვთი არ შეცვლია სახეზე. საქმე ის იყო,რომ ერთი წლის წინ მისი ბავშვობის მეგობარი რეზო სადღაც რუსეთის ქალაქში უგზო-უკვლოდ გააქრეს. ნელი დეიდა გამოუგლოვებელი შვილის დარდმა ისე დააჭკნო, რომ დათო მის სიკვდილს სულ ელოდებოდა. ცალფეხა დაფაცურდა, პროტეზზე შედგა, საუკეთესოდ ჩაიცვა და ქამარში მოკრძალებული ”ვალტერი” ჩააცურა. გაცილებით უფრო ბრაზიანი ”სტეჩკინი” სეიფში გამოკეტა. ”ეს გამომიჩნდება, სირცხვილია პანაშვიდზე რკინებით დგომა.” ჭირივით ეზარებოდა უკვე დათოს ყველანაირი სასროლი, მაგრამ მტრებიც რომ ჰყავდა?! გარეთ ადრეგაზაფხულის სუსხიანი წვიმა აქცევდა ქვეყანას. ზურას სამსახურში გაუარა. „არხეოლოგი“ შეეცადა გადასაზიდი ლოდების თემას არ შეხებოდა მათი საუბარი, მაგრამ დათომ შეახსენა:

– რა წერილებს მწერ, ბიჭო! ენა არა გაქვს? რა ქვები აგიტყდა?!

– რიტუალური ქვებია. მაგათით ყორღანის საძირკველია გაკეთებული.

სამიათასი წლის წინანდელი უნიკალური ორნამენტებით. მარტო ჩემი არ არის, ძმაო, ეგ ქვები. სახელმწიფოს ჯერ არ უჩანს ჩვენში პირი და რა ვქნათ? მარტო ჩემია?

– სხვა ხო ყველაფერი წესრიგში გვაქვს ქართველებს! აი, რიტუალური ქვებიღა გვაკლია თავში სახლელად აქეთ-იქიდან. აბა, გიჟი არა ხარ?

– გიჟის ხმა მესმის. გაგირჭვია იარაღი და დადიხარ. ვის შესწირე ფეხი?! სამშობლოს, არა? სარდალიც ისეთი გყავდა, რას ამბობ?!

– ასეა ძმაო. - ირონია გაურია დათომ. - აქ, სასულიერო აკადემიაში სტალინები იზრდებიან და ქუთაისის საბებიო კურსები პირდაპირ ნაპოლეონებს ბადებს. სოხუმი მართლა კი არ დაგვიკარგავს, „ბებიაკაცის“ სტრატეგიული მანევრია თურმე.

– მერე? აღარ უნდა ვისწავლოთ ჭკუა?

– ეჰ, „არხეოლოგ“. შენ კიდევ ადამიანი გგონია თავი? შე ნაცარქექია. სამტონიან ლოდებს რომ ეჭიდავები, ვეღარ გაიგე, ”პადოპიტნი კროლიკები” რო ვართ?!

ამ ტკბილმა საუბარმა ნელი დეიდას ეზოში სამგლოვიარო ელფერი მიიღო. „არხეოლოგს“ უდენო ლიფტისკენ არც გაუხედავს, ისე აუყვა კიბეს ბუზღუნით.

– ძალიან შეგვეხო ეს დრო, ძმაო. მერამდენე საფლავს ვთხრით?

– დაკარგულ რეზოს თუ არ ჩავთვლით ოცდამესამეა სულ. ისე, თუ გინდა, რეზოს საფლავიც გავაკეთოთ ნელი დეიდას გვერდით, ისე, სიმბოლურად. –მესაფლავის გულმოდგინებით თქვა დათომ.

– მერე, ცოცხალი რომ აღმოჩნდეს ის თავქარიანი?

– პირიქით, გაუსწორდება. არ გახსოვს, რა მარიაჟი იყო? საწყალი რევაზა. ეგ გამოჩნდებოდეს და...

ასე საუბარში სამმა დღემ გაიარა. მეგობრებს მოუგვარებელი არაფერი დარჩენიათ. სამუდამო ადგილიც მშვენიერ გორაზე შეურჩიეს, სადაც ორი ტყუპებივით მსგავსი ფიჭვი იდგა.

დაკძალვის დილა დარიანი გათენდა. დაჩეხილი სიზმრებიდან გამოღვიძებულ დათოს მზე, მამის ღიმილი და იასამნები დახვდა ოთახში.

– წერას სულ მიანებე თავი. რა შენი საქმე იყო ომი და იარაღი?!

– ჩემი ომი გიკვირს, არა?...

– ამ ოჯახში ომი არასდროს უკვირდათ, მაგრამ ჩიტებივით რომ ხოცავთ ქართველები ერთმანეთს, ეგ...

დათომ იასამნების ყნოსვაში გაატარა მოხუცის ბუზღუნი. რა ეპასუხა? ის რომ, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მამების თაობის გამოჩორკნილი იყო? ”ვერ გაიყვეს ხელისუფლება და შვილებს ერთმანეთი გვახოცინეს“.

– გადაყარე ეგ რკინები და შენს საქმეს დაუბრუნდი. სიბერეს ნუ გამიმწარებ. მაგათი დანახვა აღარ მინდა. - სასთუმალთან დადებულ იარაღზე ანიშნა მამამ, ოთახიდან გავიდა და ტელეფონიც აწკრიალდა.

– უკვე თორმეტია - თითქოს ყურმილში გამოძვრა „არხეოლოგი“. - მერე? როგორ ვქნათ? ერთმა სასაფლაოს მივხედოთ, ერთმა გამოსვენებას.

– მე სასაფლაოზე წავალ. პანაშვიდის და ტირილის გაძლება შენზე იყოს.

– კაი, ბატონო. -აკადემიური სიმშვიდით დაეთანხმა „არხეოლოგი“.

გარეთ ცა ისევ აჭრილი დახვდა. შაბათის თბილისში ტრანსპორტი კანტიკუნტად მოძრაობდა. სამ წელიწადში უზარმაზარ სასაფლაოდ ქცეულ საბურთალოს მთაგრეხილთან სწრაფად მივიდა. დათომ მანქანა ქვემოთ დატოვა და დახოცილი მეგობრების საფლავებს ერთხელ კიდევ ჩამოუარა. ახლა გააცნობიერა, რომ ყველა მათგანს თავისი ხასიათის შესაფერისი სამარის ქვა ედო. ”ნეტარ არიან მართალნი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.”- ერთ-რთ მათგანზე წარწერილმა ამ სიტყვებმა სიმშვიდე მოიტანა. არადა ეს სიტყვები ყველა მათგანს მოუხდებოდა. ტყუპისცალივით ფიჭვებთან მისულს ერთი სამარის ნაცვლად ორი დახვდა გათხრილი. ”გაიგე ახლა რომელია ნელი დეიდასი! ეს ფიჭვებიც რა საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ნეტავ გუშინ ამოვსულიყავი და გამერკვია. სხვისაში არ ჩავასვენო ეს ქალი!” მესაფლავეები არსად ჩანდნენ. ”ადრეა ჯერ, მოვლენ.” - გაიფიქრა დათომ და ისევ წარწერებს მიაშურა. გაიაფებული სიკვდილის თვალიერებაში ერთი საათი გავიდა და ბაგებელი მესაფლავეც გამოჩნდა.

– დრასტი ნაჩალნიკ. - შორიდანვე მიაგება მთვრალი სალამი მუშამ.

– გაუმარჯოს, მაგრამ ასე ტყუპებივით ორი სამარე რომ გაგიჭრიათ, რა გავიგო, რომელია ჩვენი?

მესაფლავე მიწაზე ჩამოჯდა , ღიპი დაასვენა და უკვე ნაარყალი თვალები დათოს მიაშტერა.

– რა გითხრა ნაჩალნიკჯან, ეგ ”მაგილამ” იცის, მაგრამ გუშინ ისე დათვრა ეგ კაზიოლი რო... ჩვენც ავდგეთ და ავირჩიოთ. სულ ერთი არაა?! - დაიღრიჯა მუშა. - დავიხოცეთ წუხელ მუშაობით. ”ოჩენ კამენისტი გრუნტ.”

– იცი რა გითხრა? მე ჩავასვენებ და ატვეჩაი შენ იქნები.

– რაღა ატვეჩაი უნდა, ნაჩალნიკჯან. ორივეს ერთნაირი სამადგილიანი გამოუვა. ”კაკაია რაზნიცა”. - კოტიტა ნაბიჯებით გადაზომა მესაფლევემ იქაურობა.

– ბევრმა სიარულმა და ჭირვეულმა ამინდმა მოჭრილი ფეხი შეახსენა დათოს. ის იყო ფიჭვის ძირში ჩამოჯდა და კატაფალკაც მოვიდა. პროცესიას ზურა „არხეოლოგი“თავკაცობდა თავისი უშრეტი ენერგიით. ხალხი ბევრი არ იყო. არც კოკისპირულად უტირია ვინმეს. ნახევარ საათში მეგობრებმა სტუმრები საქელეხო სუფრაზე გაისტუმრეს და მეგობრის დედა სიჩუმეში დამარხეს.

– მართლა რა ქვიანია ეს ოხერი. - ნიადაგი დაიწუნა „არხეოლოგმა“ და ნიჩაბი მესაფლავეს მიუგდო. მუშამ საქმე დაამთავრა და კალათში უხვად ჩაწყობილი საჭმელების ამოლაგებას შეუდგა. დათომ შესანდობარს პირი არ დააკარა, ფიჭვის დახმარებით წამოდგა და ღვინო საფლავს მოასხა. მესაფლავე ისევ დაფაცურდა, ზურას დაეღრიჯა - ჩემი ნაპარნიკი ”მაგილა” პახმელიით მიკვდება და ეგებ მივუსწროო. „არხეოლოგმა“ ღვინის ყუთიდან ერთი ბოთლი ამოაცურა და დანარჩენი მუშას გადაულოცა. ჩასკდომის პერსპექტივით აღტაცებულმა კოტიტა მესაფლავემ სანოვაგე აიკიდა და გაქრა. მდუმარე შესანდობარებმა დიდხანს არ გასტანა. ის იყო „არხეოლოგმა“ ბოლო წვეთი მოასხა მიწას, რომ ფიჭვბს სამი ქუდჩამოფხატული სვანი მოადგა. დენთისნაყნოსებს ჰგავდნენ და დათოს თავიდანვე არ ესიამოვნა მათი დანახვა. ერთ მათგანს მოკლე კალაშნიკოვი მოუჩანდა აშკარად მოსკოვში „შეძენილი“ ქურთუკიდან. ახალმოსულებმა სათვალიანი ზურა „არხეოლოგი“ მედიდურად შეათვალიერეს და სალამიც გაიმეტეს.

– გაგიმარჯოთ. - მიაგება დათომ.

ქუდიანებში ჭაღარამ ჩანთა მოიხსნა და ღვინო ამოიღო. სვანებმა მდუმარედ მოსვეს ნელი დეიდას შესანდობარი. დათომ ისევ აითრია პროტეზი და სვანებისთვის არც შეუხედავს ჩუმად მიუგდო:

– ლხინში შეგვახვედროს...

– იცოცხლე, იცოცხლე, მაგრამ აქ რაღაც არ არის სწორად. - ორჯერ მაინც შემოუარა ჭაღარამ ფიჭვებს.

– მე მეუბნები? - ათ ნაბიჯში გაიყინა დათო.

– ამ საფლავის პატრონები ხო თქვენა ხართ?!

– მერე?

– რა მერე? ჩვენსაში ჩაგისვენებიათ.- ჩაჭრა საუბარი ავტომატიანმა სვანმა.

დათოს ნაღმზე აფეთქებასავით არ ეამა ეს ამბავი, მაგრამ ნერვები აკრიფა.

– რა გითხრათ, ძმაო. მესაფლავემ სულ ერთიაო და იმას ჰკითხეთ.

– მერე? მესაფლავეს რო ეკითხები...

– აბა, სასაფლაოს ამბავი ვის უნდა ვკითხო?!

ავტომატიანი სიტყვაში გაიჭედა. აქამდე მდუმარედ მდგომმა მესამემ ცეცხლზე ნავთი დაასხა - თქვენი მკვდარი უნდა ამოვთხაროთ და გვერდით გადმოვასვენოთო.

„არხეოლოგმა“ ძარღვებით იგრძნო ბავშვობის მეგობარში აფეთქებული აგრესია და ქრისტიან-ქართველობა შეახსენა სვანებს. მაგრამ ვინღა დაგიდევდა იქ ამას. კოკისპირული სეტყვასავით წამოვიდა ორივე მხრიდან ქუჩური. ჭაღარამ ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. ავტომატიანმა რუსეთის ქალაქებში დამუშავებული ჟარგონი მოიშველია, მაგრამ პროტეზიანის რკინის ლოგიკას ვერაფერი მოუხერხა. დათო ცდილობდა, ლაპარაკი სათავისოდ წაეყვანა და თან მართალიც ყოფილიყო. იმ დღეს დათო მართლა ბრწყინავდა. ნელი დეიდას საფლავიდან ამოთხრის იდეის ავტორმა ქუდიანმა ისევ მდუმარება არჩია. ჭაღარა პოზიციის გამაგრებას ისევ ზემოთხსენებული ქრისტიანობით შეეცადა.

– ქართველები თუ ვართ, ჯერ წესი ვქნათ. ეგ სამარე ჩვენ გვარზე იყო ნაკურთხი. შიგ მამიდაჩემი უნდა ჩამესვენებინა...

– ჩვენიც ვაკურთხებინეთ, ბატონო. უბრალოდ ყველაფერი იმ მესაფლავე ”მაგილას” ბრალია. იმან აგვირია.

– თუ გინდა ამოდი სვანეთში მთელ ქონებას გაჩუქებ, მაგრამ მამიდა თავის გვარზე ნაკურთხ მიწაში მინდა მყავდეს. - ისევ პიტალო სიჯიუტე აამუშავა ჭაღარამ.

– უგვარო ქალი არც ჩვენი ძმაკაცის დედა იყო. - ისევ სისხლის სურნელი გაურია ნათქვამში დათომ.

– რა გვარის იყო ცხონებული?

– ბაგრატიონი, ბატონო! ინტელიგენტური პატიოსნებით იცრუა „არხეოლოგმა“.

დათოს არ ახსოვდა, რომელიმე შარი ასე მოეგვარებინოს ერთ სიტყვას. ზურას პასუხმა ხმალივით გაჭრა. აჯაგრული სვანები დაშოშმინდნენ და წაკიდებულებთან ორიოდ ბოთლი ცრემლით აპკურეს ”ბაგრატიონის ქალზე” ნაკურთხ სამარეს. მეგობრებმა გულაჩუყებული სვანები ამბორით დატოვეს და გზას გაუდგნენ.

– აზრზე ხარ რა გადახდილი აქვთ?!

– ვის?

– ვის და ბაგრატიონებს. აბა, ეგენი რისი დამთმობები იყვნენ. ის კი არა ერთიორჯერ სტეჩკინი ვინატრე. იმ ავტომატიანს ეტყობა, რომ მკვლელია.

შაბათის ქუჩები ისე გაიარეს, ორივე თავისას ფიქრობდა. დათომ ზურა სახლთან მიიყვანა. „არხეოლოგი“ დიდგორმოგებულივით იხედებოდა სათვალიდან.

– არ დამეკარგო. ერთ თვეში კახეთში წავალ სამარხზე. გამოიარე, გეყოფა წანწალი.

დათომ ჯიბიდან ფულის დასტა მოკეცა და ზურას ხელში ჩაუკუჭა.

– ჰა და ათრიე ის შენი სამიათასი წლის ლოდები. ისევ წინაპრის წესი თუ დაგვალაგებს, თორე არ არის ჩვენი საშველი.

პროთეზიანმა მანქანა ააჩქარა. თბილისში გაზაფხული ისევ ურევდა ამინდს.




თბილისი - თეირანი - თბილისი,
14 აპრილი, 2008 წ.


წყარო - http://lib.ge/body_text.php?7962
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ქართველიშვილი   Sat Feb 19, 2011 12:02 pm

გურამ ქართველიშვილი

ისპაჰანი, ისპაჰანი ...


ექვსზე ჩაძინებულს შვიდზე გამეღვიძა. სასტუმრო “სადაფის” ნომრის საათი იმდენად სპარსული იყო, რომ ისრები ძლივს გავარჩიე. აქ ირანის დედამიწის ჭიპი - “ნაყშეჯაჰანის” მოედანი ყურისძირშია. გარეთ ისპაჰანური სექტემბრის გადახურებული მზე და ამ უდაბნოების დედაქალაქის განთქმული სიო შემომეგებნენ. ჩემი ტყავისძირიანი ფეხსაცმელები სასიამოვნოდ ასრიალდნენ, სულ ცოტა, ოთხასი წლის ქვაფენილზე. კოჯრის ნიავისა არ იყოს, ისპაჰანსაც აქვს განთქმული ფერეიდნული სიო. ისე ამაში პოეტურობა უფრო ჭარბობს, რადგან დილის ათიდან რომ დააჭერს, სიოს ფერეიდანში თუ იპოვნი, თორემ დუღს ისპაჰანი. ახლა კი ის აშკარად დაფარფატებს ამ უძველესი ქალაქის უძველეს ქუჩებში.

ტრადიცია არ დავარღვიე და შაჰ-აბას ავალის სასახლის პირისპირ ახლადმორწყულ გაზონთან ჩამოვჯექი. Gგაზონი ერთ დიდ ნატურმორტად ყვაოდა. ”აი, მებაღეც ამას ჰქვია!..” წუხანდელმა უქეიფობამ შემახსენა თავი. “ისპაჰანი და უქეიფობა? წადი უნდილაძეების ხიდის ხუთვარსკვლავიან ჩაიხანაში და მოგართმევენ საქეიფოს”.

ათი წლის საქმიანობამ ირანის ბევრი ქალაქი ფეხად შემომატარა, მაგრამ ისპაჰანი დედის შეკერილი საბანივით იყო ამ უცხო ქვეყანაში ჩემთვის. მარტოობისათვის ზედგამოჭრილი ეს ქალაქი თავისკენ მიზიდავდა ყოველთვის. გუშინაც, ორმოცგრადუსიან სიცხეში ცეცხლზე შემოდგმული სარეცხის ქვაბივით აყროლებულ თეირანს ისე გამოვასწარი, რომ ტაქსის მძღოლს არც კი შევვაჭრებივარ. ვაჭრობა რა მოსატანია, მაგრამ ირანში კაცს რომ არ შეევაჭრო ან იდიოტი ეგონები, ან მდიდარი ევროპელი. შაბედნიეროდ, მძღოლმა იდიოტად არ ჩამთვალა და ნაჩუქარ ათ ხომეინად სულ “მისტერ, მესტერი “ მეძახა. მერე უკანა ხედვის დიდრონი სარკიდან ოპიუმ-კარიესისგან ჩაოხრებული კბილებით დამეჯღანა – მუსიკა რომ ჩავრთო, ხომ არ შეგაწუხებთო? - მუსიკამ როგორ უნდა შემაწუხოს-მეთქი?! - სპარსულ ზრდილობად დავიღვარე. იქნებ გუგუშის სიმღერებს მოვუსმინოთ-მეთქი, - ირანის მძღოლების რეპერტუარიდან საუკეთესო შევთავაზე. ისევ გადმოალაგა ჟანგიანი ოპიუმ-კარიესები და უარის ნიშნად თავის ზემოთ აქნევით “ნწუ” გააკეთა. მერე ორიოდ წინადადება სპარსულად რომ დამიბრუნა, მივხვდი, ფარსული ჩემთვის უფრო მშობლიური იყო, ვიდრე მისთვის და თეირანისგან ტვინგადადუღებულმა ახლა გავაცნობიერე, რომ იურტიდან ახლად გამოვარდნილ, შოფრობანასწავლ, ანთროპოლოგიურად გაურკვველ ეგზემპლარს დავემგზავრე ექვსას ორმოც კილომეტრზე. ჩართო, მაგრამ რა ჩართო!... ხალხალეთის რომელიღაც ტომის მიკროკულტურა. აქნია თავი, მაგრამ რა აქნია!... შევწუხდი! ჩანთიდან ნიაზის დისკი ამოვაცურე:

_ იქნებ...

ახლა უკვე დაიღრიჯა, თავი შემაცოდა - ეს გასრიალებული ტაქსი ჩემი არ გეგონოთ, ვინ მომაქვავაო. ტაქსოგარაჟის პატრონი გზად ყუმში გველოდება, თვითონაც ისპაჰანს მიდის და ის ჩაგაბრძანებთ ადგილზე. მანამადე კი იქნებ ამას მოვუსმინოთო. ამხელა განცხადებას არ ველოდი. ჯანდაბას, ყუმი აქვეა, გავძლებ როგორმე. ჟანგიანმა აუწია და აუწია იმ კოშმარს, მხრების თამაშითა და შიგადაშიგ ურდოდანგამოვარდნილის ველური შეძახილებით მიმაყენა ყუმს.

ერთი მსუყე ქართველი გამახსენდა ბიძინა ჩოლოყაშვილისეული კახეთის აჯანყება და ველური ელების ამოჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევად რომ მონათლა პირდაპირ ეთერში. ჩვენს გულმხეცობას რა ვუთხარი, თორემ რა სჯობდა, ასიათას ამისთანას ძალით რომ შემოგისახლებდნენ აკოკრებულ კახეთში. ვაზს ცხვარი შეგვიჭამდა და მრავალჟამიერს - ჩემი მძღოლის ეს დიდებული ჰანგი, თანაც ცოცხალი შესრულებით.

მუსიკით წამება პირდაპირ ბაჯაღლოოქროსგუმბათებიან მეჩეთებთან დამთავრდა.

ლამაზია ყუმი. შიიტი მუსულმანებისთვის – ვატიკანი, ქართველებისათვის - ორი ამაგდარი მაჰმადიანი მეფის როსტომისა და მისი შვილობილის ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის განსასვენებელი.

თემურ ლენგის აღალს მორჩენილი ჩემი თანამგზავრი დაფაცურდა და ყუმის ტაქსების ბირჟაზე ნასწავლი სპარსული მლიქვნელობით მიელაქუცა ტაქსოგარაჟის არწივივით მეპატრონეს. მივხვდი, ჩემი მოკლე დახასიათება მოახსენა – ვიღაც გაქსუებული ევროპელიაო და “პარპრიზიდან” საბოლოოდ დამეღრიჯა. არწივმა სიამოვნებით დააბრიალა თვალები და კოხტად გაპრეხილი ერთი-ერთში იმერული ულვაში ააცმაცუნა. გრძელი ხელით ვისარგებლე და უკანა სავარძლიდან მაგნიტოფონში ჩემი მტანჯველი დისკის ნაცვლად ნიაზის ჩონგური და გალაკტიონი ჩავდე. მაგნიტოფონი დუმდა, გასაღების გადატრიალებას ელოდა. დილით ფიქრებში წასული კაცი რომ ქალის მკერდს ეფერება, ისეთი გამომეტყველებით აასრიალა საჭეზე ხელები ფრინველთა მეფემ და წამში ასორმოცი კილომეტრ-საათით გავფრინდით. უცბად მიხვდა, რომ ამით ჩემზე ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა და სარკიდან აშკარად იმერულად გამიღიმა.

კარგი სკოლა იყო უნივერსიტეტი ჩემს დროს. აღმოსავლურზე ანდრო ლეკიაშვილმა ანთროპოლოგია ისე შეგვასწავლა, რომ მომკალი და ეს არწივი ჩინებული ქართულ-კავკასიური ეგზემპლარი გახლდათ. სპარსელობის ან სხვა ჯიშისა არაფერი ეცხო. ამ დროს ნიაზის ჩონგურმაც ჩამოჰკრა. არწივი ცოტა გაოცდა, მერე სარკიდან ბედნიერმა გამიღიმა და მუსიკაში გადაიკარგა. ჩონგურმა აშკარად ორივეს სევდა დაგვიტოვა და ნიაზიც აღიღინდა ფრანგულად.

_ ფრანსე? - შემომანათა სარკიდან არწივმა და გალაკტიონის ქართულიც გაისმა. ფრინველთა მეფემ ჯერ სისწრაფეს უკლო, მერე სარკიდან გულუბრყვილო აღტაცებით მკითხა:

_ შომა გორჯი ასთი, არე?

უკვე დარწმუნებულმა, რომ თანატომელთან მქონდა საქმე ქართულად დავუბრუნე:

_ შენ? შენც ხომ გურჯი ხარ?

_ ხო, გორჯი არ. – და ამას ისეთი გამოფატრული ფერეიდნული მოაყოლა, რომ მივხვდი, ისევ სპარსული სჯობდა. აქაურ ქართველებში ნაკლებად იგრძნობა ჩვენებური იერი და არწივის გარეგნულმა გურჯობამ ცოტა არ იყოს გამაოცა. - როდინდელი წამოსული გურჯები ხართ-მეთქი. ხელზე ერთი თითი მოღუნა და ოთხასი წლის წინანდელიო - მითხრა.

გზისპირას ჩემი ყოფილი მძღოლის გემოვნებით ნაგებ ზიზილ-პიპილო რესტორანს ახალი მწვადის ოხშივარი ასდიოდა და გარს ტირიფები ერტყა. ჩამოვსხედით. არწივი საიდ მიქელანი აღმოჩნდა. მისივე სისხლი, ფერეიდნელი მიქელაძეები ვუხსენე. ფერეიდანის ხსენებაზე შეიშმუშნა და ცივი თავაზიანობით ამიხსნა – ჩვენ ირანს ცხვრებივით მორეკილი გურჯები არ გახლავართ. ჩემმა წინაპარმა პირადად მისცა შაჰ-აბასს ფიციო. – უჰ, რა გამახარე-მეთქი - გავიფიქრე გულში ისე, რომ მოსაუბრე არ დამეფრთხო. მოჰყვა და ჩამოთვალა ირანის დიდებას შეწირული წინაპრები და ამისთვის მიღებული ჩინ-მენდლები. სულ აქვე, პაპამისი რეზა შაჰ ფეჰლევის პოლკოვნიკი ყოფილა, ხოლო მამა მაჰმადის სამსახურს შედგომია და ეს დამსახურებული ოჯახი ისპაჰანიდან ყუმში გადასულა საცხოვრებლად. არწივსაც უომია ირან-ერაყის ომში. ბოლოს სურათი მიჩვენა და დენთისსუნნაყნოსი კაცის სიტყვაძვირობით მომიყვა ნაომარი სამი წელიწადი. მერე იმერული თვალისჩაკვრით სპარსულად შემევედრა – მარწყვივით ხანუმთან ვაგვიანებ და იქნებ ცოტა ვიჩქაროთო. მანქანასთან მისვლისას უკან დაჯდომის გამო მოვუბოდიშე. ახლა უკვე ბოლომდე გაფრინდა ფრინველთა შაჰი. ცოტა ხანში აქაური თანატომელის ნახვით გამოწვეულმა სიხალისემ გამიარა და გველის ნაკბენივით გამახსენდა წეღან ფერეიდნელებზე ნათქვამი “ცხვრებივით მორეკილებიო”. ეს უბედური იმით ამაყობს, მისმა წინაპარმა ნებით რომ მოირგო ჩალმა. არწივს რას ვერჩი და მაგისი წინაპრისნაირებმა აქციეს ღალატი და საკუთარი სისხლით ვაჭრობა ხელოვნებად ჩვენში. სახარებაზე და “ვეფხისტყაოსნის” რაინდულ კოდექსზე გაზრდილმა ბიჭებმა ჯერ შაჰისევანობა (შაჰისმეგობრები ანუ შაჰის საუკეთესონი) დაუმტკიცეს აბას პირველს, მერე თავისნაირი უმამულოდ, ხმლისა და გვარიშვილობის ამარად დარჩენილი ათასობით თანატომელი მიიწვიეს ან ძალით ჩაიყვანეს ირანში, აღმოსავლეთი ძარცვეს, ისპაჰანურ ჰარამხანებში ჩაწვნენ და ბოლოს ჩვენი ამომგდებელი შაჰის ბრძანებით საკუთარი ქვეყნის დედა აწამეს – ქეთევან დედოფალი. იმამ-ყული-ხან უნდილაძემ შეასრულა, ავთანდილებისა და ტარიელების მოდგმამ კი პირში წყალი ჩაიგუბა. აბა როგორ გინდა გააგებინო არწივს, რომ მაგის დიდბაბუის თანამედროვე ელია დიასამიძემ ისპაჰანურ დიდებას მარტყოფის გმირთა ხუთეულში ყოფნა ამჯობინა. ამ დიდი ომის მთავარ შემომქმედზე აღარაფერს ვამბობ, ისპაჰანური დიდკაცობის გამო დღესაც რომ ვერ იტანენ ზოგ-ზოგიერთები ჩვენში. “შაჰისევანებს” ჩააბარა შაჰ-აბასმა პირველი აოხრების შემდეგ კახეთი, რასაც მათივე სისხლით მორწყული “სისხლიანი ალავერდობა” მოჰყვა. მერე მარაბდა, განახევრებული გენოფონდი და ამის ფასად გადარჩენილი ქართლ-კახეთი.

კარგი, სხვა რამეზე იფიქრე, თორემ არწივმა რა დაგიშავა?! რატომ უნდა აწყენინო?! მიდის, მიაქროლებს და გუგუშს გასმენინებს. თქმადაც არ ღირს, ვერ გაიგებს. აი, მაგის შაჰისევანი დიდპაპა ნაღდად გაიგებდა, მაგრამ არა მგონია, სირცხვილით მომკვდარიყო.

უდაბნოს რიჟრაჟმა გადაჰკრა და ისპაჰანის მთაგრეხილები გამოაჩინა. ნაყშეჯაჰანის მოედანზე გავჩერდით. არწივი მანქანიდან ისე მედიდურად გადმოვიდა, მძღოლის დაღლილობა არც შეუმჩნევია, ხელით შემომიხაზა უზარმაზარი მოედანი აბას პირველის სასახლის წინ და სიამაყით მითხრა – მაშინ ამ მოედანზე ძირითადად ქართველები თამაშობდნენო ცხენბურთს. – და ხმლით ეჭირათ ირანის დიდება-მეთქი, არა?! საიდ მიქელანმა ჩემი ქარაგმული ქათინაურად ჩამითვალა, ზემოთხსენებული ხანუმი მოიმიზეზა და სპარსულ-იმერული ჟესტებით გაფრინდა.

შაჰ-აბასის გაზონთან ჯდომისას და წინა ღამეზე ფიქრში იმდენმა დრომ გაიარა, რომ მზე მომადგა. მოედანი გადავჭერი და დიდი ბაზრის კარიბჭის თაღის ფრესკაზე დახატული ქართველები კიდევ ერთხელ მოვინახულე. კედლიდან აბას პირველის ინდოეთს ლაშქრობა გადმოგვცქერის. შაჰის მარჯვნივ კოპწია ქართველების ერთი ჯგუფია გამოსახული, რომელიც გაშმაგებით ხრავს მტერს. მათ ყველას ერთნაირი სახეები აქვთ. გამეღიმა. ალბათ ამ ფრესკის ავტორთან ჩემი არწივის წინაპარი პოზირებდა.

მოედანს გავეცალე და “ჩეჰელსუთუნის” (შაჰების ცენტრალური რეზიდენცია) ედემის ბაღში ჰასანას მოდუღებულ ჩაის ჩავუჯექი. ისპაჰანური სიცხე ნელ-ნელა კლავდა უზარმაზარ ცაცხვებში მოფარფატე ფერეიდნულ სიოს.



ისპაჰანი,
2005 წ. სექტემბერი


წყარო - http://lib.ge/body_text.php?7964

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გურამ ქართველიშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
გურამ ქართველიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: