არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი – თეონა კენჭიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი – თეონა კენჭიაშვილი   Mon Feb 14, 2011 12:29 pm


Mikho Mosulishvili

თეონა კენჭიაშვილი

“ისიც კი ბედნიერებაა, თუ შენს ქვეყანაში მოკვდები”


“ისიც კი ბედნიერებაა, თუ შენს ქვეყანაში მოკვდები” _ ეს სიტყვები მწერალ მიხო მოსულიშვილს ეკუთვნის. მისი აზრით, სადაც არ უნდა წავიდეს ქართველი საცხოვრებლად, მას ყოველთვის რაღაც აბრუნებს თავის სამშობლოში. მართალია, გაჭირვების გამო, ბევრი ქართველია უცხოეთში წასული და გასაგებია მათი მდგომარეობა, მაგრამ ბატონი მიხო ამბობს, რომ უცხო ქვეყნაში ცხოვრებას არავის ურჩევს. მისი რომანი “ფრენა უკასროდ”, რომელიც ჟურნალ “გუმბათთან” ერთად გამოიცა, სწორედ უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე მოგვითხობს. ეს რომანი ერთი ნათესავის ნაამბობის მიხედვით დაწერა, რომელიც გერმანიაში მეგობრებთან ერთად თაღლითური გზით ცდილობდა თავის გატანას. ამ ერთი შეხედვით კომიკურ წიგნში მოვლენები სასაცილოდ და საინტერესოდ ვითარდება, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება.
როგორც ბატონმა მიხომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი რომანი არ ეხება ყველა იმ ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, რადგანაც მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს და არჩენენ ოჯახებს.
წიგნის “ფრენა უკასროდ” ავტორი გვპირდება, რომ ამ რომანის გაგრძელებასაც დაწერს.


- ბატონო მიხო, რას გვეტყვით თქვენს რომანზე “ფრენა უკასროდ”?

- ეს არის პიკარესკული რომანი, ანუ ისეთი მოყოლილი, რომელიც თაღლითების ცხოვრებას ასახავს. “ფრენა უკასროდ” პირველად 2001 წელს გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. იგი დაწერილია ჟარგონზე და გარკვეული თავები არის პაროდიული, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას სტილის და ყველა იმ მწერლის, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში გერმანიაში იყვნენ წასულები. ჩემი გმირებიც გერმანიაში არიან და იქ ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ისინი იმ არალეგალურ და თაღლითურ საქმიანობას ეწევიან, რითაც იქ უმეტესობა ირჩენს თავს. მართალია, ეს ყველაზე არ ითქმის, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც იქ მართლა პატიოსნად შრომობენ...

- რამდენადაც ვიცით, ეს რომანი დაწერეთ სხვისი მოყოლილი ამბიდან...

- არა, ამბავი ჩემი მოგონილია... ჩემი ნათესავი იყო გერმანიაში წასული, სადაც სამი წელი იცხოვრა და მიამბო ის, რაც თვითონ ნახა იქ ყოფნისას. მე მქონდა ეს მასალა, რომელზეც დაყრდნობით შემეძლო მომეყოლა ჩემი ამბავი. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ამას პერსონაჟები იმ ენით მოყვებოდნენ, როგორც ლაპარაკობდნენ. ეს მკითხველისთვის უფრო საინტერესო გამოვიდოდა. მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ და კარგად ვიცი აქაური ლაპარკი. ჩემი გმირებიც სწორედ აქაურ ჟარგონზე მეტყველებენ. საერთოდ, თბილისში რამდენიმე ძველი უბანია, სადაც თავიანთი დამახასიათებელი ჟარგონი აქვთ. მაგალითად, რასაც ავლაბარში ლაპარაკობენ, იმას მთაწმინდაზე სულ სხვანაირად იტყვიან. ამიტომაც არის, რომ ქალაქურ ჟარგონში სმენაგაწაფული კაცი ლაპარაკისას ადვილად გაარჩევს, რომელია ვერელი, სოლოლაკელი, პლეხანოველი, ავლაბრელი და ასე შემდეგ. ჩემი გმირები მთაწმინდაზე მცხოვრები ბიჭები არიან, იქვეა წასული ერთი ქალიც, რომელიც მთავარ გმირს უყვარს და ეძებს. მერე იქ ძალიან მძიმე ამბავი მოხდება, რაც ყოფით ცხოვრებაშიც ხშირად არის ხოლმე. მართალია, ეს რომანი რელობაზე დაყრდნობით დაიწერა, მაგრამ შიგ გამოგონილიც ბევრი რამეა.

- რატომ ჰქვია თქვენს რომანს “ფრენა უკასროდ”?

- ჩემი გმირები გერმანიაში დაუახლოვდებიან ნიგერიელ ნარკოვაჭრებს, რომლებიც მარიხუანას ჰყიდიან. ესენიც ყიდულობენ და ეწევიან, თავადაც ჰყიდიან. ერთხელ დაიკარგებიან და თავიანთი ქალაქის მაგიერ მოხვდებიან ვაიმარში. იქ ერთი სარდაფია, სადაც გოეთეს ფაუსტი ღვინით სავსე კასრზე გადამჯდარი დაფრინავდა. ჩემი გმირები სწორედ იმ სარდაფში მოხვდებიან და ბარმენი ეტყვის, რომ ამ კასრით ფაუსტმა იფრინაო. ესენი კი მიუგებენ, რად გვინდა კასრი, ჩვენ მოსაწევს მოვწევთ და იმითაც მშვენივრად “ვიფრენთო”. ამ დეტალიდან გამომდინარეობს რომანის სახელწოდებაც.

- ბოლოს, როგორც მივხდი, თქვენი პერსონაჟები საქართველოში ბრუნდებიან.

- კი, ბრუნდებიან, გერმანიიდან გამოაგდებენ და მეტი რა გზა აქვთ?.. სხვათაშორის, მე ამ ნაწარმოების გაგრძელებასაც ვაპირებდი. მეორე წიგნი ამავე პერსონაჟების მონაწილეობით, სავარაუდოდ, დაიწერება და იქ მოქმედება პარიზში განვითარდება. მასალა გამზადებული მაქვს და დავწერ, ალბათ. საერთოდ, მე ვაპირებდი, რომ ასეთი პატარ-პატარა, თაღლითური რომანების ციკლი დამეწერა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში განვითარდებოდა.

- როდესაც პირველად გამოიცა ეს რომანი, მკითხველისგან რა გამოხმაურებები გქონდათ?

- ახალი გამოცემული რომ იყო, მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში სტუდენტებმა მოაწყვეს ამ წიგნის განხილვა. პროფესორ ცირა ბარბაქაძის ჯგუფი იყო. თურმე, წიგნი წაუკითხავთ და მოწონებიათ კიდეც... მომიტანეს ციხიდან ახლად გამოსული კაცის წერილი, “ხიფათა” ერქვა სახელად და მწერდა, - ეს რა წავიკითხე, ეს რომ ბებიაჩემს და პაპაჩემს ენახათ, გული წაუვიდოდადათ ეგრევეო... ალბათ, ჟარგონს თუ გულისხმობდა...
წიგნში ორი ნაკადია: ერთი, რომელშიც მთავარი პერსონაჟები თავიანთ ამბავს ჟარგონზე ჰყვებიან; როცა ვიღაც-ვიღაცეები ელანდებათ, მაგალითად, დავით გურამიშვილი და სასაცილო მდგომარეობაშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე... და მეორე, - ეს არის სხვადასხვა მწერლების სტილების პაროდიები...
ამ წიგნით მინდოდა, მეთქვა, თუ რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი ხდებიან. მე მორალს არ ვკითხულობ და პირდაპირ არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, - უბრალოდ, რეალობას ავსახავ, გაჩვენებთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს...

- ბატონო მიხო, იმის გამო, რომ რომანის გარკვეული ნაწილი ჟარგონზეა, ალბათ, უფროს თაობას, თუნდაც თქვენზე უფროს მწერლებს ეს არ მოეწონებოდათ.

- არ ვიცი. პირადად ეს არავის უთქვამს. საერთოდ, ხომ იცით, ყველა ერიდება ამის პირადად თქმას, რომ არ გაწყენინონ... ამ წიგნიდან ბატონმა ლევან ბრეგაძემ თავის ჟარგონის ლექსიკონში ბევრი გამოთქმა შეიტანა, რითაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ყველა კულტურულ ქვეყანას, ყველა ერს აქვს მსგავსი ლექსიკონი, რაც აუცილებელია ენის განვითარების თვალსაზრისით.
სხვათაშორის, როდესაც ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში” ვმუშაობდი, საჩივრის წერილები მოდიოდა ხოლმე, სადაც ჩემზე ეწერა, - მაგან დაღუპა მშობლიური ქართული ლიტერატურა და ეროვნული მწერლობაო. რატომ არ აგდებთ მაგ ჟურნალიდანო? თვითონ რომ ჟარგონით წერს, მაგას რა უჭირს და ჟურნალშიც თავისნაირებს ბეჭდავსო...
არადა, ჟარგონიც ჩვეულებრივი მოვლენაა. ცხოვრებაში არსებობს სასაუბრო ფორმები, რაც არ არის ლიტერატურაში. მწერალს კი ესმის სალაპარაკო ენა, რასაც თავისი პერსონაჟების დასახატად იყენებს. როცა ეს ხდება ზომიერად, გადაჭარბების გარეშე, ყოველთვის საინტერესოა.

- რა დრო მოანდომეთ ამ რომანის წერას და ვის წააკითხეთ იგი პირველად?

- სამი წელი ვწერდი. პირველად ჩემს მეგობარსა და რეჟისორს, ანდრო ენუქიძეს წავაკითხე და სწორედ მისი რჩევით დავამატე ერთი სცენა. ანდრომ მიმითითა ორი ქანდაკების დიდ მსგავსებაზე: ერთი მათგანი გერმანიაშია, სადაც 1857 წლის 4 სექტემბერს ვაიმარის საქალაქო თეატრის წინ საზეიმოდ გაისხნა მოქანდაკე ერნსტ რიტშელის სახელგანთქმული ნამუშევარი “გოეთე და შილერი”; ხოლო მეორე კი საქართველოშია, თბილისის პირველი სკოლის წინ, ვალენტინ თოფურიძის “ილია და აკაკი”, რომელიც დაიდგა 1958 წელს... და ჩემი, ასე ვთქვათ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პერსონაჟები იმ სარდაფიდან რომ ამოვლენ, სადაც მფრინავი ღვინის კასრი აჩვენეს, გოეთეს და შილერის სკულპტურას დაინახავენ და იტყვიან, - ჩვენი ილია და აკაკიც ხომ ეგრევე დგანან და, ეტყობა, ჩვენგან მოიპარეს ეს იდეა გერმანელებმა და, მოდი, სტრასბურგის სასამართლოში ვუჩივლოთო. აი, ეს ამბავი დავამატე ანდრო ენუქიძის რჩევით...

- ქართველი მკითხველი როგორი შემფასებელია? ამბობენ კრიტიკულიაო, მითუმეტეს თანამედროვე მწერლების მიმართ.

- ჩვენ კარგი მკითხველი გვყავს და იმისთანა ძალიან კარგებიც კი გვყვანან, თავის დროზე ზეპირად რომ დაიმახსოვრებდნენ ხოლმე “ვეფხისტყაოსანს”. ქართველი მკითხველი თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ გრძნობს ვაჟა-ფშაველას გენიალურობას და იმიტომ უყვარს ასე, - ჯერ მხოლოდ ინტერნეტსივრცეში ვაჟა-ფშაველას შესახებ უამრავი გვერდი და საიტია. ბედნიერებაა, რომ არსებობს ობიექტური მკითხველი, რომელიც მართებულად აფასებს ყველაფერს. თანაც მარტო აქ ხომ არა, საზღვარგარეთაც უამრავი ადამიანია წასული და, როგორც ვატყობ, ისინი ინტერნეტში ქართული ნაწერების კითხვით იკლავენ სამშობლოს მონატრების სურვილს.

- თქვენი პირველი შემფასებელი ვინ არის ხოლმე?

- ჩემი მეუღლე, რომლესაც ლიტერატურა ძალიან უყვარს და კარგადაც გრძნობს. ეგ ისეთი მკითხველია, დასაბუთებულად რომ გეტყვის, რა აკლია პერსონაჟს ან მთლიანად წიგნს და ყალბად ქება-დიდებას არ მოჰყვება. იმის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ჩემი პირველი შემფასებელია ჩემი შვილი, ანიც და, ასევე, რამდენიმე მეგობარი.

- თქვენ ახლად დაწერილ ნაწარმოებს რომ წაიკითხავენ, მერე მკაცრები არიან ხოლმე?

- მკაცრები კი არა, უმკაცრესები და დაუნდობლები. აბა, ახალი რა დაწერა ამ ჩვენმა “უნიჭომო”, - სიცილით იტყვიან ხოლმე... კარგია, საქმის არსს რომ მიხვედრილები არიან...
ხუმრობა იქით იყოს და, მართლა კარგია, ოჯახის წევრები და მეგობრები მკაცრად რომ გელაპარაკებიან. მართალია, მათთვის ცხოვრებაში ახლობელი ხარ, მაგრამ როდესაც შენს წიგნს კითხულობენ, მაშინ მარტო მწერალიღა ხარ, ამიტომაც დაუნდობლად გაფასებენ. ანდრო ენუქიძეც ძალიან მკაცრია ამ მხრივ, იმის შეხედულებებს ყოველთვის ვითვალისწინებ. კიდევ ერთი მეგობარი მყავს, დათო ოძელაშვილი, - იმასაც ასეთი მიდგომა აქვს, როცა ჩემს ნამუშევარს ვაკითხებ. ამათი დიდი მადლობელი ვარ, ყველას თავ-თავისი საქმე აქვს, მაგრამ ლიტერატურა ძალიან უყვართ...

- წერისთვის შესაბამისი გარემოა საჭირო, რასაც ყველა მწერალი თავისებურად იქმნის. თქვენ როგორ პირობებში გიყვართ წერა?

- თამბაქო უნდა მქონდეს და აუცილებლად ღამე უნდა იყოს, განათებულ მაგიდასთან ვიჯდე და ისე ვმუშაობდე. ადრე ძალიან მიჭირდა მონიტორზე წერა, - ვერ ვეგუებოდი. ახლა თითქოს მივეჩვიე, თუმცა პირველ ვარიანტს მაინც ყოველთვის ფურცელზე ვწერ ხოლმე. კომპიუტერის ეკრანს ისე ვერ ვგრძნობ, როგორც ფურცელს. ქაღალდზე დაწერილთან უფრო ლაღად ვარ და თუ ჩემმა დამწუნებლებმა რომელიმე მონაკვეთი არ მოიწონეს, იმის რამდენიმე ვარიანტის დაწერა ფურცელზე მირჩევნია ხოლმე.

- ოჯახის წევრები რამდენად გიწყობენ ხელს, როდესაც წერთ?

- ცხოვრება, ხომ იცით, როგორია? - ათასი საქმეა და დღისით მუშაობა ცოტა ძნელია, რადგან სრულ სიმშვიდეს ვერ შეიქმნი. თუმცა შინაურები მაინც მეხმარებიან და ყველანაირად გვერდში მიდგანან ხოლმე. მე ერთი წელია უმუშევარი ვარ და სახლში ვზივარ. ჰოდა, ხომ გაგიაგიათ, უქმად ჯდომას უქმად შრომა სჯობიაო და რაკი ვაჟა-ფშაველას წელიწადი გვიდგას, 26 ივლისს ასორმოცდაათი წლის შესრულდება, მეც დოკუმენტურ-მხატვრული რომანი დავწერე ვაჟაზე...

- ბატონო მიხო, ერთი შვილი გყავთ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს. მას თუ გამოჰყვა თქვენგან წერის ნიჭი?

- ანი ჰოლანდიის საუნივერსიტეტო ქალაქ ჰააგაში სწავლობს, “დემოკრატიის და მმართველობის” ფაკულტეტზე, ამ წლის ბოლოს დაიცავს მაგისტრანტის ხარისხს და დაგვიბრუნდება. სათარგმნელად ახლა იმდენად აღარ სცალია, მაგრამ ადრე ერთი წიგნი თარგმნა ინგლისურიდან, ეს იყო რადიარდ კიპლინგის ზღაპრები – “სწორედ ასეთი მოთხრობები”. მაშინ გაჭირვების წლები იყო. ეს წიგნი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა და ძალიან კარგადაც გაიყიდა...
ასევე თარგმნილი და წიგნად გამოცემულიც აქვს იან ფლემინგის რომანი “კაზინო “როიალი”.
ანიმ ინგლისური კარგად იცის, რადგან ბაირონის სკოლა აქვს დამთავრებული. საქართველოდან რომ მიდიოდა, მე მეგონა, რომ აქეთ აღარც გამოიხედავდა, - იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი. მაგრამ იქ რომ ჩავიდა, დეპრესია დაეწყო და ძლივს დაუძვრა ხელიდან...
გარდა იმისა, რომ საქართველო ისევ განვითარებადი, პრობლემებით სავსე ქვეყანაა, არის კიდევ რაღაც, რაც გეძახის, უკან გაბრუნებს... თუნდაც - წინაპრების საფლავები, ეს სასწაული მთები თუ ულამაზესი ზღვა...
ახლა ანი “სკაიპზე” გვეტყვის ხოლმე, - აქ, ჰააგაში ცა სხვა ფერია, ხალხი სხვანაირია და მხოლოდ ბალახია ჩვენნაირიო. წარმოიდგინეთ, სულ ორი-სამი თვის მერე ასეთი ნოსტალგია დაეწყო, რაც ძალიან მახარებს.
მე იმ ადამიანებისაც კარგად მესმის, ვინც გაჭირვებას მიჰყავს სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც იმას უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ ქვეყანაში გავძლოთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ თუ ვინმე მკითხავდა, არავის ვურჩევდი, რომ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასულიყო.
თუ იქ ცხოვრობ, სადაც დაიბადე, რომელ ენაზეც საუბრობ, რომელ ხალხთანაც იზრდებოდი, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. ისიც კი ბედნიერებაა, თუ შენს ქვეყანაში მოკვდები...



ჟურნალი “გუმბათი”, # 7 (174), 14–20 თებერვალი, 2011
ჟურნალის ამავე ნომერში გაეცნობით მიხო მოსულიშვილის მოთხრობა–მენიპეას "თოვლიანი დრის ნათელში"




"ფრენა უკასროდ" ჩიბუხით, რომელიც ირმა შიოლაშვილმა ჩამომიტანა გერმანიიდან.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი – თეონა კენჭიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: