არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დავით ქართველიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: დავით ქართველიშვილი   Sun Feb 13, 2011 9:00 pm


David Kartvelishvili

დავით ქართველიშვილი

დაიბადა 1976 წლის 06 07. სპეციალობით - იურისტი, მაგრამ ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობს ლიტერატურაში.
არ უყვარს დეტექტივები, არც სათავგადასავლო ლიტერატურას სწყალობს. მოთხრობებს სიუჟეტებისთვის არ წერს, არც კონკრეტულ ამბებს აღწერს. ლიტერატურას რელიგიის ნაწილად მიიჩნევს.



წიგნის სახელი: "ოთხი მოთხრობა"
ავტორი: დავით ქართველიშვილი
გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 127
ISBN 9789994099825
ჟანრი: პროზა.
წელი: 2007
პრემია: "საბა–2008", ნომინაცია "წლის საუკეთესო პროზაული კრებული".

ფეისბუკზე - http://www.facebook.com/#!/profile.php?id=100001906250967
ლიბ. ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?238


Last edited by Admin on Sun Feb 13, 2011 9:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   Sun Feb 13, 2011 9:03 pm

დავით ქართველიშვილი

წავედი

დათო რობაქიძეს
და
ერეკლე შველიძეს

I

ზარია. ვიღაც მოვიდა. ვწევარ. საბანი მაქვს თავზე წაფარებული. ნახევრად ჯერ კიდევ მძინავს. თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ბნელში ვარ. ასე თავზე წაფარებული საბნის გამოა. თვალებს ვხუჭავ და კვლავ სიბნელეში ვარ. ოღონდ ახლა დახუჭული თვალებით. კვლავ ზარია. ეტყობა არც დედაა სახლში და არც ჩემი და. უცნობი ზარია. კარს იქით არც დედაჩემია და არც ჩემი და. ,ე ორივეს ზარს ვცნობ. დედას ზარი მოკლეა მაგრამ ხშირად მეორდება, ხოლო ჩემი და ღილაკს თითს რომ მიაჭერს კარის გაღებამდე არ იღებს. ესეიგი ვიღაც უცხოა. ადგომა მეზერება. გუშინ მამას ორმოცი იყო და დავთვერი. მაგრად დავთვერი გამონაყოლში ვარ და ყველაფერი მეზარება. სისულელეს ვფიქრობ: მამა ხომ არ გაცოცხლდა? მე მამას ზარსაც ვცნობ, მაგრამ შეიძლება ის ორმოც დღეში ძალიან შეიცვალა და ახლა ყველაფერს ახლებურად აკეთებს, მათშორის ზარსაც ახლებურად რეკს. რადგან ეს ზარი, რომელიც კვლავ მეორდება მამას ზარი არ არის...
გუშინ ამბობდნენ, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ მამა ცოცხალია. უბრალოდ სხვა სამყაროშია. მე ეს მჯერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილის არ მეშინია, ადამიანი ვარ და ყველაზე მეტად არ არსებული რამეების მეშინია...
ზარი კვლავ მეორდება. ვდგები. ფეხებს იატაკზე ვატყაპუნებ. ვამთქნარებ. ვიზმორები. ჩუსტებში ფეხებს ვყოფ და კარისკენ მივდივარ.
შუა გზაზე მახსენდება, რომ ნახევრად შიშველი ვარ. ვფიქრობ: რა იცი ვინ არის? ვბრუნდები ოთახში. ვიცმევ. ამასობაში ზარი ორჯერ მეორდება და მე ხმამაღლა ვამბობ.
-ეხლავე. ეხლავე. მოვდივარ.
და აღარ ვჩქარობ. პირს ვიბან. კბილებს ვიხეხავ.
კართან მისული კვლავ სისულელეს ვფიქრობ: მართლა მამა რომ იყოს რა მაგარი იქნება! ძალიან მაგარი იქნება. როგორც კი კარს გავაღებ მომაყრის და მომაყრის: ან გასაღები ჩაგეყოლბინათ, ან ან სწრაფად იმოქმედეთ. დედაშენი და შენი და სად არიან? მე მხრებს ავიჩეჩავ. შემდეგ მამას ჩავეხუტები. ვგრძნობ რომ, ცოტაც და ავტირდები, მაგრამ როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ.
შემდეგ კარს ვაღებ.

II

ისინი ორნი არიან. დგანან; ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. მე მირჩევნია რომ ერთი მაღალი იყოს მეორე - დაბალი. ან ერთი ქერა იყოს და მეორე – შავგვრემანი. მოკლედ ადვილად გასარჩევები რომ იყვნენ ის
მინდა. მაგრამ ასე არ არის.
ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. უფროსწორად მე ვერ ვანსხვავებ მათ ერთმანეთისგან. მაპატიეთ ბატონებო.
კიდევ კარგი რომ ერთი მარცხნივ დგას და მეორე მარჯვნივ.
მარცხნივ მდგომი საბუთს მაჩვენებს და მეუბნება:
-კაპიტანი ...
არ მაინტერესებს კაპიტანის სახელი და გვარი.
შემდეგ ის მარჯვნივ მდგომზე მანიშნებს და მეუბნება:
-მაიორი ...
არც მაიორის სახელი და გვარი მაინტერესებს.
ვფიქრობ: მარცხნივ რომ დგას ის კაპიტანია. მარჯვნივ რომ დგას ის მაიორია.
მე მათ ვუყურებ და უკვე ვამჩნევ რითი განსხვავდება მაიორი კაპიტანისგან. ის სულ ოდნავ უფრო ამაყია კაპიტანზე და კიდევ: კაპიტანი ლაპარაკობს, მაიორი ჩუმადაა.
ჩუმად ვარ მეც.
კაპიტანი ჩემ გვარ და სახელს ამბობს და მეკითხება:
-თქვენ ხართ?
-დიახ. მე ვარ – მეც ავლაპარაკდი.
-ჩვენთან უნდა წამოხვიდეთ.
პირი მიშრება, მაგრამ ვცდილობ და ჩემი აზრით ვხუმრობ:
-ასე შინაურულად ჩაცმული თუ საგარეოდ გამოვეწყო?
-ჯობია საგარეოდ გამოეწყოთ – მეუბნება კაპიტანი
მიხარია, რომ ის თქვენობით მომმართავს. ეს თქვენობით მომართვა ხავსია და მე მა ხავსს ვეჭიდები. ნეტავ რამდენ ხანს გაძლებს ეს ხავსი? ნეტავ დიდხანს გაძლოს!
-მობრძანდით –ვეპატიჟები მოლაპარაკე კაპიტანს და ჩუმ მაიორს სახლში – ჩაცმას დრო ჭირდება და აქ ხომ არ იდგებით.
ისინი შემოდიან და აქამდე ჩუმი მაიორი ამბობს:
-აქა მშვიდობა.
მე მაიორს ვუღიმი. მაიორი არ მიღიმის. ვგრძნობ რომ ხავსი სიმყარეს კარგავს გულშეკუმშული კარს ვკეტავ.
ჯერჯერობით გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ სამივეს ლაპარაკი შეგვიძლია.

III

მაიორი და კაპიტანი ლოჯში, დივანზე სხდებიან.
-ჩავიცმევ და დაგიბრუნდებით – ვპირდები მაიორს და კაპიტანს. უფრო მაიორს რადგან ჩინით ის მაღლა დგას კაპიტანზე. ჩემზე ეს უნებურად მოქმედებს.
-თუ გინდათ ტანსაცმლის შერჩევაში დაგეხმარებით. ფერთა შეხამება, სოლიდარობა – კაპიტანი წამოდგომას აპირებს.
მე არ ვაცლი. ვეუბნები:
არა, არ არის საჭირო, გმადლობთ, ბრძანდებოდეთ.
-კაპიტანი სამსახურში ჩადგომამდე დიზაინერი იყო – ამბობს მაიორი და იღიმის. კაპიტანიც იღიმის. მე ვცდილობ გაღიმებას. ზუსტად არ ვიცი კარგად გამომდის თუ არა. მგონი არ გამომდის – ვხუმრობ. რა თქმა უნდა ვხუმრობ.
მაიორი კაპიტანს მხარზე უტყაპუნებს ხელს.
მე მათ ვტოვებ. საძინებელში შევდივარ. გარდერობის კარს ვაღებ. კარი ჭრიალით იღება, გარდერობი ძველია. ბებიას და ბუბუას (მე ვერცერთს ვერ მოვესწარი. არც ვწუხვარ და არც მიხარია, ეს ამბავი. რატომ უნდა ვწუხდე? რატომ უნდა მიხაროდეს?) ნაქონი.
მე არ მაქვს ლტოლვა ძველი ნივთებისადმი. ამიტომაც დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ამ ძველ გარდერობს ახალში. აი, ჩაივლის ეს ამბავი და გაზეთში განცხადებას გამოვაქვეყნებ: ვცვლი ძველ გარდერობს ახალ გარდერობში. ალბათ ვიღაც დამთხვეული კოლექციონერი გამომეხმაურება. შეიძლება არც გამომეხმაუროს. არ ვიცი.
საერთოდაც არაფერი არ ვიცი. არ ვიცი დამთავრდება თუ არ დამთავრდება ეს ამბავი, რა უნდათ ჩემგან მაიორს და კაპიტანს, ორივეს ერთიდაიგივე რამ უნდათ ჩემგან, თუ ცალ-ცალკე სურვილები აქვთ.
ვფიქრობ: რატომ ვცხოვრობ მერვე სართულზე. მეორეზე რომ ვცხოვრობდე გადავხტებოდი და გავიქცეოდი. იქნებ გაქცევა არ არის საჭირო. თუ გაქცევა არ არის საჭირო, მაშინ გამოდის რომ ძალიან კარგია, რომ მერვე სართულზე ვცხოვრობ, მერვე სართული ხელს მიშლის არა საჭირო რამის გაკეთებაში. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.
-ხომ კარგად ხართ? ხომ მშვიდობაა? – კაპიტანის ხმაა. წუხს ჩემზე.
ვპასუხობ:
-კარგად ვარ. მშვიდობაა.
-ძალიან კარგი – ეს უკვე მაიორის შეფასებაა.

IV

საგარეო ტანსაცმლის დიდი არჩევანი არ მაქვს. ორი კოსტუმი ერთი შავი (საზამთრო) და ერთიც ხორბლისფერი (საგაზაფხულო). ორი პერანგი. ორი წყვილი ფეხსაცმელი. არცერთი ჰალსტუხი. ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ჰომოსექსუალივით ვმეტყველებ. რა ჯანდაბაა ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ეტყობა რაღაც-რაღაცებიმართლა ურთიერთკავშირშია.
ახლა გაზაფხულია. თბილი დღე დგას გარეთ. ამიტომაც თეთრ კოსტუმს ვიცმევ. ვფიქრობ, რომ მშვენივრად გამოვიყურები.
მაიორთან და კაპიტანთან გავდივარ.
-მშვენივრად გამოიყურებით – მაიორი მეუბნება
მეც ასე ვფიქრობ-თქო ხომ არ ვეტყვი. უხერხულია.
-გმადლობ –ვამბობ მე
-წავედით –კაპიტანი ამბობს
ნებართვას ვითხოვ:
-თუ შეიძლება წერილს დავუტოვებ დედას და ჩემს დას
-უნ შეწუხდებით –კაპიტანი ჯიბიდან ოთხადგაკეცილ ფურცელს იღებს და მაწვდის –აი, წერილი.
კაპიტანს ოთხადგაკეცილ ფურცელს ვართმევ
-შეიძლება გავშალო?
-რა თქმა უნდა.
ვშლი. ფურცელზე მსხვილად ერთადერთი სიტყვა წერია: წავედი
-სად წავედი. რატომ წავედი. დედას შეეშინდება –მრცხვენია რომ პატარა ბიჭივით ვლაპარაკობ.
მაიორი იღიმის. უფროსწორედ მაიორი დამცინის.
ფურცელს ვკეცავ. ვამბობ:
-იყოს, როგორც არის. წავედით.
სახლიდან გავდივართ. კარს ვკეტავ. დაკეტილი კარის ღრიჭოში წერილს ვჩურთავ
წავედი

V

ავტომობილში უკანა სავარძელში ვჯდები. კაპიტანმა მიბრძანა ასე მოქცევა. ორივე კარი ავტომატურად იკეტება – ტკაც. ხაფანგში ვარ.
საჭესთან კაპიტანი ზის. მაიორი მის გვერდზეა. რადიოს რთავს და ტალღიდან ტალღაზე გადადის და გადმოდის. ეტყობა რაღაც კონკრეტულს ეძებს.
კაპიტანი გასაღებს კლიტეში ატრიალებს და ავტომობილი იქოქება.
-წავედით –ამბობს კაპიტანი და უკუსვლით გზაზე გავდივართ. გზაზე გასულები წინსვლას ვიწყებთ.
მაიორმა სასურველი ტალღა იპოვა. ქალის ხმა მესმის: თვითმფრინავის გამტაცებლებს ჯერჯერობით საკუთარი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.
ვფიქრობ: ეს ამბავი არ მეხება. ეს ამბავი არ მაინტერესებს. გაივსო მსოფლიო გამტაცებლებით. ყველგან ადამიანები ადამიანებს კლავენ. ტელევიზორი და რადიო სულ ამაზე ქაქანებს. მაგრამ არსებობბს სარეკლამო პაუზები. ამ პაუზების დროს ცხოვრება მშვენიერია. რეკლამის შემდეგ კვლავ გატაცებები, მკვლელობები. მეც ხომ არ გამიტაცეს? ვეკითხები საკუთარ თავს. იქნებ არც მაიორია მაიორი და არც კაპიტანია კაპიტანი. იქნებ ორივე გადაცმულები არიან. პირველად ცხოვრებაში ძალიან მიხარია, რომ მდიდარი ოჯახის შვილი არ ვარ. ვწყნარდები. მე ვინ გამიტაცებს. მე ვის რაში ვჭირდები. მაიორი მაიორია. კაპიტანი კაპიტანია.
მუსიკა მესმის.ეტყობა საინფორმაციო გამოშვება დამთავრდა.
-როგორი მუსიკა მოგწონთ? –მეკითხება მაიორი
-კარგი –ვამბობ და ვხვდები რომ მკვახე პასუხი გამომივიდა და ვაზუსტებ –წყნარი, ჩქარი, ძველი, ახალი, ინსტრუმენტული, ელექტრონული, . სულერთია. მთავარია ვიგრძნო და განვიცადო. ავცეკვდე ან ჩავფიქრდე.
-მე ძველებური სიმღერები მომწონს –ამბობს მაიორი და თავის საყვარელ მუსიკოსებს თვლის.
არ მაინტერესებს ეს საუბარი. აქეთ-იქეთ ვიხედები. აქეთაც და იქეთაც შენობებია. დაბალი სიჩქარით ვმოძრაობთ. შენობებს მკაფიოდ ვხედავ.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილზე ვართ. ორივე კარი ავტომატურად იღება. მხოლოდდამხოლოდ კაპიტანის ბრძანების შედეგად გადმოვდივარ ავტომობილიდან.
ღრმად ვსუნთქავ ჰაერს...

VI

ნაცნობ ადგილზე ვარ. აქ, ადრე ფაბრიკა იყო და ამ ფაბრიკაში მამა მუშაობდა. მე ხშირად მოვდიოდი მამასთან ფაბრიკაში. კარგი დრო იყო. პატარა ვიყავი. მამა ახლგაზრდა იყო. ფაბრიკის ადმინისტრაციული კორპუსის სახურავზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მამა მიყვებოდა როგორ ცხოვრობდნენ მერცხლები, როგორ მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში, როგორ მოფრინავდნენ უკან. მომწონდა მერცხლების ცხოვრება. უფროსწორედ მამას მოყოლილი მერცხლების ცხოვრება მომწონდა. მერცხალი მინდოდა ვყოფილიყავი.
შემდეგ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მერცხლები გაქრნენ.
-მა სად გაქრნენ მერცხლები?
-მერცხლებიხ კვდებიან –თქვა მამამ
პატარა ვიყავი. მჯეროდა სიკვდილის არსებობა, მაგრამ სულ არ მეშინოდა სიკვდილის...
შემდეგ ფაბრიკა დაანგრიეს და ეს მაღალი შენობა ააშენეს, რომლის შესასვლელთანაც ახლა ვდგავარ და მაიორს და კაპიტანს ვუცქერ. მაიორი და კაპიტანი სიგარეტს ეწევიან. ვფიქრობ: ალბათ შენობაში მოწევა აკრძალულია.
სიგარეტს არ მთავაზობენ. ეტყობა იციან რომ არ ვეწევი. თუმცა ამეებმა ყველაზე ყველაფერი იციან. მეღიმება. ეს სიმწრის ღიმილია.
მაიორი სიგარეტის ნამწვს ურნაში აგდებს. კაპიტანი იგივეს აკეთებს.
-შევედით –ამბობს მაიორი.
ჩვენ შენობაში შევდივართ. ავდივართ კიბეზე. სართულებს ვითვლი. პირველი. მეორე. მესამე. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე.
მეშვიდე სართულზე ვჩერდებით. შიგნით შევდივართ და უზარმაზარ დერეფანს ვხედავ. დღემდე მეგონა რომ ასეთი დერეფნები მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსების მიერ გამოგონილ სიზმრებში არსებობდა.
არასწორედ მეგონა.

VII

საკუთარი, მაიორის და კაპიტანის ფეხისხმა მესმის. მეშვიდე სართულის უზარმაზარ დერეფანში მივდივართ.
ვფიქრობ: ნეტავ რაზე ფიქრობს მაიორი? ნეტავ რაზე ფიქრობს კაპიტანი? ნეტავ რას მიპირებენ?
დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს. მინდა გამოველაპარაკო მაიორს და კაპიტანს. ორივეს ერთად ან ცალ-ცალკე. სულერთია, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს.
მაიორი და კაპიტანი ნელა მოძრაობენ. მეც ნელა ვმოძრაობ. იძულებული ვარ. მაიორს და კაპიტანს ვერ გავასწრებ. სად გავასწრო. ნეტავ რას მიპირებენ?
თავბრუ მეხვევა. ვბარბაცებ. მარცხნიდან კაპიტანი, მარჯვნიდან მაიორი მიდგებიან მხარში. რაღა წამაქცევს? ვერაფერი.
კაპიტანს მაიორზე დიდი მხრები აქვს...
მაიორი და კაპიტანი ჩუმად არიან. მათი შიჩუმე მაშინებს. დერეფანსაც ბოლო არ უჩანს. რაც იმას არ ნიშნავს, რომ დერეფანს ბოლო არ აქვს. ნეტავ მალე გაირკვეს ყველაფერი.
ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაბიჯი და მაიორის და კაპიტანის მხარში დგომა აღარ მჭირდება. უკვე აზრზე ვარ! თავბრუ აღარ მეხვევა და აღარ ვბარბაცებ.
მაიორი და კაპიტანი ჩერდებიან. მეც ვჩერდები. იძულებული ვარ.
ჩვენ უზარმაზარ კართან ვდგავართ.
მაიორი მორიდებულად აკაკუნებს კარზე:
-მობრძანდით –კაცის ხმაა
მაიორი კარს აღებს.
რიგრიგობით შევდივართ კარსიქით.

VIII

ოთახი დიდია და ნათელი. ოთხი დიდი ფანჯარა აქვს. ერთერთ ფანჯარასთან მელოტი კაცი დგას. ის ფანჯარაში იცქირება.
მაიორი ამბობს:
-ბატონო გენერალო, თქვენი ბრძანება შესრულებულია.
გენერალი ტრიალდება. დაღარული სახე აქვს.
-გამარჯობა –მესალმება. ხელს მიწვდის და თვალებში მიყურებს.
-გამარჯობათ –ვესალმები. ხელს ვართმევ. მის მზერას ვერ ვუძლებ და მზერა კედლებზე გადამაქვს. ერთერთ კედელზე პრეზიდენტის ფოტო კიდია. პრეზიდენტი იღიმის.
-დაგვტოვეთ –გენერალი მაიორს და კაპიტანს მიმართავს.
მაიორი და კაპიტანი ოთახიდან გადიან. ნახვამდის მაიორო. ნახვამდის კაპიტანო.
ოთახში ვრჩებით: გენერალი, მე, პრეზიდენტის ფოტო და სხვა უსულო საგნები.
-დაბრძანდით –გენერალი სავარძელზე მითითებს.
-გმადლობთ –ვჯდები. სავარძელი რბილია. ვთამამდები. ფეხს ფეხზე ვიდებ. ჩემს წინ ჟურნალების მაგიდა დგას. ფეხსაცმლის წვერით ოდნავ ვეხები მაგიდის კიდეს და ვიცი რას მეტყვის გენერალი. ის ჯერჯერობით ჩუმადაა.
გენერალი თავისი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ უჯრას აღებს, რაღაცას იღებს. უჯრას ხურავს და ჩემთან მოდის.
გენერალი მაგიდაზე ფოტოს დებს და მეკითხება:
-იცნობთ ამ პიროვნებას?
მაგიდისკენ ვიწევი. ფოტოს ვიღებ და ვუყურებ. ეს მამას ფოტოა, ოღონდ ფოტოზე მამა თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისაა.
-იცნობთ ამ პიროვნებას> -გენერალი შეკითხვას მიმეორებს.
-ვიცნობ –ვამბობ მე –მამაჩემია.

IX

გენერალი გვერდზე მიჯდება, ფოტოს მართმევს და მეუბნება:
-და იცი ეხლა სად არის მამა? ოღონდ არ მითხრა, რომ მოკვდა. მე და შენ ხომ ვიცით და გვჯერა რომ სიკვდილი არ არსებობს.
-თქვენ საიდან იცით?
-რა, სიკვდილი რომ არ არსებობს? თუ შენ რომ იცი და გჯერა ეს?
პირი მაქვს გამშრალი. ენას ტუჩებზე ვისმევ და ვამბობ:
-ორივე.
-სიკვდილი რომ არ ასებობს გავიგე ძალიან, ძალიან ადრე. ხოლო დავიჯერე ასორმოცდაათი წლის წინ –“ბოდავ” ვფიქრობ. გენერალი აგრძელებს –რაც შეგეხება შენ გაქვს აქა-იქ მთვრალს დაყრანტალებული და ფხიზელს ნათქვამი, რომ სიკვდილი არ ასებობს.
ბოდავს! ვიმეორებ გულში. ისე პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ ასორმოცდაათი წლის წინ რაღაც დაიჯერა.
-ბატონო გენერალო, ერთი რამ შეიძლება გითხრათ?
-ბრძანე. გისმენ.
ვდგები. ვფიქრობ, რომ ასე ჯობია. ის, რის თქმასაც ვაპირებ, არ არის ინტიმური რამ, უფრო ოფიციალური განცხადებაა.
-ბატონო გენერალო როდესაც ვამბობ ან ვაყრანტალებ, რომ სიკვდილი არ არსებობს, ვგულისხმობ სულის უკვდავებას. რაც შეეხება სხეულს ის მოკვდავია –მძაფრ სიტყვას ვეძებ –და ხრწნადი.
-ასე შეგაშინა ჩემმა ნათქვამმა, რომ ასორმოცდაათი წლის წინ...
-მე არაფრის არ მეშინია –წინადადებას ვაწყვეტინებ გენერალს და ვტყუი.
-შენ გჯერა, რომ ქალაქი რომელშიც ცხოვრობ ათასხუთასი წლის წინ დაარსებული ქალაქია. შენ ასევე გჯერა, რომ სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც ხარ ათასწლეულების წინ შექმნილი სახელმწიფოა. შენ არ გჯერა რომ მე ასორმოცდაათი წლის წინ დავიჯერე, რომ სიკვდილი არ არსებობს. რატომ გჯერა პირველი ორი რამ და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი? მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ შვილო –უკანასკნელ სიტყვას არ ველოდი. გენერალი მთხოვს –ჩემს გვერდზე დაჯექი.
არ მინდა გენერალმა იფიქროს, რომ მისი მეშინია ან ვერიდები. ამიტომაც მის გვერდზე ვჯდები. თავდახრილი ვარ და ფეხსაცმელებს ვუცქერ. გენერალის ხმა მესმის:
-იფიქრე, შვილო რატომ გჯერა რაღაცეები გადაუმოწმებლად და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი.
ვფიქრობ: რატომ მჯერა, რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ ათასხუთასი წლის წინაა დაარსებული? რატომ მჯერა, რომ სახელმწიფო რომლის მოქალაქეც ვარ ათასწლეულების წინაა შექმნილი? ორივე შეკითხვას საერთო, მარტივი პასუხი აქვს. ბავშვობაში მასწავლეს ასე. რატომ არ მჯერა გენერალის ნათქვამი, რომ ასორმოცდაათი წლის წინ მან დაიჯერა სიკვდილის არ არსებობა? ამ შეკითხვასაც მარტივი პასუხი აქვს: ჩემთვის ბავშვობაში არ უსწავლებიათ, რო ადამიანები ასწლეულებს ცხოვრობენ. ყვავებზე მასწავლეს, ადამიანებზე არა. დავუშვათ ესწავლებინათ ჩემთვის ბავშვობაში, რომ ადამიანები ყვავებზე ნაკლებები არ არიან და ასწლეულებს ცხოვრობენ. დავიჯერებდი თუ არ დავიჯერებდი? ალბათ დავიჯერებდი და ახლა გენერალის ნათქვამში არაფერი არაბუნებრივი არ იქნებოდა...
თავს ვწევ. გენერალს ვუცქერ. გენერალიც მიცქერს. ჩუმად ვართ. ვფიქრობ: შეიძლება გენერალი არ ბოდავს, შეიძლება მართლაც ასორმოცდაათი წლის წინ დაიჯერა, რომ სიკვდილი არ არსებობს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბავშვობაში არ მასწავლეს, არ მომაწოდეს ინფორმაცია. გაკვრითაც კი არ მითხრეს, რომ ადამიანები... მგონი ახლა მე ვბოდავ.
დუმილს ვარღვევ. გენერალს ვეკითხები:
-ბატონო გენერალო, რამდენი წლის ბრძანდებით?
-აღარ მახსოვს –გენერალი მიღიმის. შემდეგ დგება და ფანჯარასთან მიდის.
ვფიქრობ: ძალიან კარგადაც ახსოვს. განზრახ არ მეუბნება. ინტრიგას ინარჩუნებს.

X

გენერალი ფანჯარასთან დგას. გარეთ იცქირება. ჩუმადაა. მე ვზივარ. მეც ჩუმად ვარ და ვფიქრობ, რომ დრო გადის.
მოულოდნელად გენერალი მეუბნება:
-მოდი აქ.
ვდგები და მივდივარ. ფანჯარასთან ვდგავარ. ქალაქის ერთ-ერთ უშნო ნაწილს ვხედავ: მშნებარე კორპუსები, ქვიშის გორები. მახსოვს: ბავშვობაში ქვიშაში ბიჭებს გვირაბები გაგვყავდა. გოგოები პასკებს აკეთებდნენ. ბიჭები და გოგოები სხვადასხვა რამეში ვიყენებდით ქვიშას. მიზანი ერთი გვქონდა – გართობა. ბიჭები ვთვლიდით, რომ გოგოები შტერები იყვნენ. გოგოები თვლიდნენ, რომ ბიჭები ვიყავით შტერები. გოგოები, ბიჭები, ვხვდები, რომ ადამიანურ რამეებზე ვფიქრობ. ვგრძნობ აღარ მეშინია. ეს გენერალის დამსახურებაა. გენერალი კარგად მექცევა. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი რატომ ვარ აქ.
მშენებარე კორპუსებში მუშები მოძრაობენ. ლურჯი სპეცტანსაცმელი აცვიათ და ყვითელი ქუდები ახურავთ.
ვფიქრო: ალბათ გენერალიც მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს უცქერს. ცალი თვალით გენერალს ვუცქერ. გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იცქირება. შეიძლება მე მეჩვენება ასე.
ორივე თვალით მშენებარე კორპუსებს ვუცქერ. მშენებარე კორპუსები ტყუპებივით გვანან ერთმანეთს და მიტყუპულები არიან.
გენერალის ხმა მესმის. ის ამბობს:
-ვერ გადავეჩვიე აზროვნებას და მეტყველებას ისეთი ცნებებით, როგორებიცაა: ხალხი, კაცობრიობა, ინტელიგენცია, პროლეტარიატი. თქვენც ამ ცნებებით აზროვნებთ და მეტყველებთ?
-სამწუხაროდ, კი.
-ცუდია. ძალიან ცუდია. აი, მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს ვუცქერდი და ვფიქრობდი: საწყალი პროლეტარიატი. არადა ცალ-ცალკე ადამიანები არიან. ერთი მხიარულია, მეორე უჟმურია, მესამის ხასიათი ამინდზეა დამოკიდებული და ა.შ. ერთი ბედნიერია, მეორე უბედური, მესამეს ბედნიერება უბედურება ამინდზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ფეხბურთის გუნდებს გულშემატკივრები არიან –გენერალი ჩუმდება ერთხანს. შემდეგ ამბობს –საქმეზე გადავიდეთ შვილო.
ვფიქრობ: როგორც იქნა. ვნატრობ: ნეტავ ცუდი არაფერი იყოს. ვიცი: ყველაფერს მალე გავიგებ.
ვღელავ.

XI

გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იშვერს ხელს და მე ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა კორპუსებს უკავშირდება. გენერალი ამბობს:
-მშენებარე კორპუსების იქით გორას ხედავ?
არასწორედ ვფიქრობდი. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მშენებარე კორპუსებს იქითაა.
-ვხედავ –ვამბომ და მშენებარე კორპუსების იქით გორას ვხედავ.
-გორამდე ერთადერთი გზა მიდის –გენერალი მიხსნის. ჯერჯერობით არ ვიცი რატომ მიხსნის. გენერალი აგრძელებს –გორაზე მამაა, ხედავ?
-ვერ ვხედავ –ვამბობ და გორაზე მამას ვერ ვხედავ.
-გორაზე მამაა –იმეორებს გენერალი. შემდეგ არჩევნის უფლებას მაძლევს. შენ შეგიძლია შეხვდე, შეგიძლია არ შეხვდე მამას.
მე მინდა ვთქვა, რომ სისულელეა ეს ყველაფერი და, რომ სახლში მივდივარ. მაგრამ არ ვამბობ. რაღაც მაკავებს. საინტერესოა რა? შიშით არ მეშინია. საინტერესოა რა? გენერალის ნათქვამის ხომ არ მჯერა?
-ბატონო გენერალო თქვენ ხედავთ მამას?
-ვხედავ –გენერალი გორას უცქერს და მამას ხედავს (თუ დავუჯერებ)
-და როგორია მამა?
ფოტო ხომ განახე.
-ფოტოზე მამა შვილად მეკუთვნის. რა, მამა მამა აღარაა? რა, მამა შვილად იქცა?
-მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. მომყევი.
გენერალი კარისკენ მიდის. გენერალი კარს აღებს. დერეფანში გავდივართ.
-თუ გსურს, რომ მამას შეხვდე წინ იარე. თუ არა უკან წადი. წინა გზა შენთვის ახალი გზაა, ამიტომაც საშიშია და იდუმალი. უკანა გზა შენთვის ნაცნობია, არასაშიშია და არა იდუმალი. საიდანაც მოხვედი იქ მიგიყვანს.
-სახლში –ვამბობ მე და ვიძაბები
-და რა არის სახლი მამას გარეშე? არაფერი.
ვფიქრობ: გენერალი მართალი. სახლი მამას გარეშე ცარიელია.
-რატომ უნდა მჯეროდეს თქვენი, რომ ახალი გზის არჩევის შემთხვევაში მამას ვნახავ?
-იმიტომ –მოკლედ მპასუხობს გენერალი. ოთახში შედის. კარს ხურავს. კარი ქრება. მე არ ვიცი ეს უახლესი ტექნიკური ფოკუსია თუ სასწაული. ხომ არ მელანდება ეს ყველაფერი? ხორცს ვიგრიხავ მარცხენა ხელის გულზე. მტკივა. მახსენდება, რომ სიზმარშიც მტკივა ხოლმე ხორცი უხეში შეხების შემდეგ. ხორცის ნდობა არ შეიძლება. ხორცი ცხადს და სიზმარს ვერ არჩევს. ხორცისთვის სულერთია ცხადი და სიზმარი. ხორცს ცხადშიც ტკივა და სიზმარშიც. ხორცს ხცადშიც სიამოვნებს და სიზმარშიც. რატომ?
იმიტომ. ვიმეორებ გენერალის ბოლო პასუხს
ასე მამას ვპასუხობდი ბავშვობაში, როდესაც დასმულ შეკითხვაზე ვგრძნობდი რომ პასუხი მქონდა, მაგრამ ამ პასუხს ვერ ვაყალიბებდი. შეიძლება გენერალიც ასეა...
რატომ? იმიტომ.

XII

დერეფანში ვარ. მარტო ვარ. ვარ. თავიდან უკანა გზას ვადგები. ეს გზა ჩემთვის ნაცნობია, არა საშიში და არა იდუმალი, მივყავარ იქ საიდანაც მოვედი – სახლში.
ამ გზაზე მარტო პირველად ვარ. რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ სახლისკენ. გენერალის ხმა ჩამესმის. რა არის სახლი მამის გარეშე? არაფერი.
აქეთ-იქით ვიხედები. მარტო ვარ. დერეფანში ვარ. ვარ. ხმა მესმის, მაგრამ ხმის პატრონს ვერ ვხედავ. მარტო ვარ. ვარ და მიხარია, რომ ვარ. ეს ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ ეს არ მიხარია. გულის ამბავია.
ვფიქრობ: გენერალი მართალია. სახლი მამის გარეშე არაფერი არ არის. მახსენდება ორმოცი ცარიელი დღე, დაძინებები და გაღვიძებები, უაზრო წრიალი. მე ვიცი: გაივლის დრო და ამ სიცარიელეს შევეჩვევი. დაძინებას და გაღვიძებას ხომ კარგახანია შეჩვეული ვარ. ისიც ვიცი, რომ დიდი დაძინება მომელის დიდი გაღვიძების წინ ადრე თუ გვიან. ყოველწამს, ყოველწუთს, ყოველდღე, ყოველდროს. მანამდე დაძინებასა და გაღვიძებას შორის უაზროდ ვწრიალებ სიზმრებში. მანამდე გაღვიძებასა და დაძინებას შორის უაზროდ ვწრიალებ ცხადში. მაგრამ გაივლის დრო და შევეჩვევი ამ სიცარიელეს და მშვიდად ვიცხოვრებ სიცარიელეში. მაგრამ არსებობს სხვა გზაც. გენერალის ხმა ჩამესმის: მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. კვლავ აქეთ-იქით ვიხედები. კვლავ მარტო ვარ. კვლავ მიხარია, რომ ვარ და ეს კვლავ ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ კვლავ არ მიხარია და ეს კვლავ გულის ამბავია.
ვფიქრობ: მამა შვილად იქცა თან მამად რჩება. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ წინ – მამასკენ.
ეს ჩემთვის ახალი, იდუმალი გზაა და მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან.
ვფიქრობ: რამდენ ხანს მომიწევს ამ გზაზე სიარული? რამდენ ხანში ვნახავ მამას? გენერალს ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს. მე მჭირდება გარანტიები. მე მინდა ყველაფერი წინასწარ ვიცოდე. მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები.
ვფიქრობ: დედა და ჩემი და ალბათ უკვე დაბრუნდნენ სახლში და იციან, რომ წავედი.
როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ.

2006 წ.

წყარო - http://lib.ge/body_text.php?7887

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   Tue Feb 15, 2011 12:22 pm

მომეწონა.სხვაც დადეთ რა ამ ავტორის Smile
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   Wed Nov 16, 2011 4:53 pm



წიგნის სახელწოდება – "6 სიზმარი"
ავტორი – დავით ქართველიშვილი
ISBN: 978-9941-15-334-1
კატეგორიები: ქართული პროზა
ტეგები:
გვერდების რაოდენობა: 116
ყდა: რბილი
ფორმატი: 13X19,5
გამოცემის თარიღი: 2011
წონა: 0.104კგ

ანონსი – ქალი და მამაკაცი, რომლებიც ცხოვრებას თამაშობენ; ხილვებით გარემოცული ჯარისკაცი; სახლიდან უბრალოდ წასული ახალგაზრდა; ადამიანი, რომელმაც 80 წელი დედამიწაზე გაატარა და მაინც ვერაფერი იპოვა; ლიდერი მიკი–მაუსის ფორმით და მისი ერთგული ძაღლი; ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი სამი ამბავი ერთი ფინალით – ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს, რამდენიმე ძირითადი თემა აერთიანებს და ბოლომდე გაურკვეველია, სინამდვილეა თუ უბრალოდ პერსონაჟებს ესიზმრებოდათ ყველაფერი.

სადაა რეალობა, სინამდვილეში რა არის და სად ცხოვრობს ადამიანი, იქნებ ცხოვრებაც ერთი დიდი სიზმარია? – დავით ქართველიშვილის "ექვსი სიზმარი" ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ჩააფიქრებს მკითხველს.

ბმული – http://sulakauri.ge/books/single/492/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
დავით ქართველიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: