არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ირაკლი ლომოური - ირინე მჭედლიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4302
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირაკლი ლომოური - ირინე მჭედლიძე   Sun Feb 13, 2011 3:34 pm



ირინე მჭედლიძე

აქლემების ქარავანს გაყოლილი ახალგაზრდა მწერლის ვნებები

2011-01-25 14:28:57


"ურწმუნოებით შეპყრობილ სამყაროში სიტყვას ყავლი გაუვიდა. გამოთქმული აზრი უკვე სიცრუეა. მთავარია, ვიგრძნოთ ის, რაც სიტყვების მიღმაა", – წერს ირაკლი ლომოური. ირონიანარევი აბსურდი სიურრეალიზმის და ფანტასტიკის ელემენტებით – რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება დახასიათდეს მისი, პროზაიკოსის, დრამატურგის და მთარგმნელის შემოქმედება. მის სიტყვებსა და ფრაზებს მიღმა მართლაც ბევრი რამ არის საგრძნობი, საფიქრალი და სააზროვნო.

ირაკლი ლომოურის მოთხრობა პირველად 1982 წელს ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში" დაიბეჭდა. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული, ორი დეტექტიური რომანი... ახლახან გამოვიდა ახალი ქართული პროზის მე–5 ტომი, ირაკლი ლომოურის "პარალელური საქართველოს ქრონიკები" (წიგნი 24 იანვრიდან ჟურნალ "გუმბათთან" ერთად იყიდება, წიგნი და ჟურნალი ერთად 3 ლარი ღირს). მწერალს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

ირაკლი ლომოური:

– ადამიანების უმრავლესობას ბავშვობა ვარდისფრად ახსენდება, მათთვის ბედნიერების ხანაა, მე კი რატომღაც ასეთი განცდა არ მაქვს. თითქოს მძიმე ბავშვობა მქონდა. წესით, ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაჩაგრული არ ვიყავი, ყველას ვუყვარდი, არც არაფერი მაკლდა. მამაჩემი, ანტონ ლომოური, თბილისში ცნობილი კარდიოლოგი გახლდათ. არ გვიჭირდა. რატომღაც გულჩათხრობილი, დაკომპლექსებული ბავშვი ვიყავი. თავს მარტო ვგრძნობდი. მუდმივად მქონდა იმის განცდა, რომ პიროვნებად არ აღმიქვამდნენ... მერე ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მამა ჩვენგან წავიდა და მალევე, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენს გვარში მამაკაცებს, როგორც წესი, არაერთი ცოლი ჰყავთ. პაპაჩემს, რომელიც ექიმი გახლდათ, ხუთი ოფიციალური ცოლი ჰყოლია. სანამ ოჯახში იყო, ცოლ–შვილს მშვენიერ მამობას და ქმრობას უწევდა, მერე კი უცებ გადაუტრიალდებოდა თავში რაღაც, მიატოვებდა ოჯახს და სხვა ქალთან მიდიოდა. ეტყობა, ეს გენეტიკური თვისებაა, თუმცა მე მხოლოდ და მხოლოდ მეორე ცოლი მყავს... (იცინის).

ბებიაჩემი, მარიამ (მაშო) კაპანაძე ძალიან საინტერესო ადამიანი გახლდათ. რევოლუციონერი, მენშევიკი იყო. 1907 წლიდან 1917 წლამდე პერიოდი სულ ციხეებსა და კატორღებში გაატარა. მამიდაჩემს მისი ბინის ჩხრეკის ოქმის ასლი ჰქონდა არქივიდან გამოტანილი, სადაც ეწერა, რომ დაპატიმრებისას აღმოუჩინეს დიდი ოდენობით აკრძალული ლიტერატურა, ყალბი პასპორტები და იარაღი. წარმოიდგინეთ, მაშინ 16 წლის იყო, გორის გიმნაზიას ამთავრებდა. საპატიმროებიდან რამდენჯერმე გაიქცა. 1917 წლის გადატრიალება, ე.წ. რევოლუცია რომ მოხდა, ბებიაჩემი გორის მაზრის კომისრად, ანუ გამგებლად დანიშნეს. პაპაჩემიც სწორედ იმ პერიოდში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც საიმპერატორო ჰოსპიტალში ექიმად მუშაობდა. ბებია და პაპა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. როცა ერთმანეთს თავიდან შეხვდნენ, მათი ურთიერთობა განახლდა და დაქორწინდნენ.

– ბებიათქვენი ალბათ გორელ იაკობ ჯუღაშვილსაც იცნობდა.

– მამიდაჩემი ერთ საინტერესო ამბავს იხსენებდა. თურმე ის და მისი კლასელები ისტორიის გამოცდისთვის ემზადებოდნენ. ერთ–ერთი საკითხი სტალინის რევოლუციური ბიოგრაფია იყო. ხმამაღლა კითხულობდნენ, სტალინი გორში როგორ აწყობდა გაფიცვებს, ქმნიდა არალეგალურ უჯრედებს და ა.შ. ბებია თურმე შუშაბანდში იყო და ეს სიტყვები რომ მოისმინა, ხმამაღლა გაიცინა. წარმოიდგინეთ, 1937 წელი იყო. მამიდაჩემი თურმე გავიდა და დედას უთხრა, რას აკეთებ, სტალინზე იცინიო. მაშინ ბებიას უთქვამს, კობა მაშინ ერთი ხულიგანი ბიჭი იყო და მეტი არაფერი, გორში თუ ვინმე იყო რევოლუციონერი, მე ვიყავიო. სტალინის დედა, კეკე, გორის კომისარიატში დამლაგებლად მუშაობდა, როცა მაშო კომისარი იყო. პაპაჩემი, აპოლიტიკური ადამიანი, 1937 წელს დახვრიტეს, ბებია კი გადარჩა, თუმცა უშიშროება მუდმივად უთვალთვალებდა.

– თქვენს ბავშვობას დავუბრუნდეთ. იმ სიმარტოვეს რა გივსებდათ?

– წიგნები, ლიტერატურა. წერა ძალიან ადრე, ათი წლის ასაკში დავიწყე. თავიდან რუსულად ვწერდი. არასპორტული ბავშვი ვიყავი (ახლომხედველი ვარ). ეზოში ჩასვლა არ მიყვარდა. სახლში ვიჯექი და ვკითხულობდი ყველანაირ წიგნს. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სიძემ – ექიმმა და პოეტმა, ცხონებულმა ბიძინა მინდაძემ. ჩემი და რომ გათხოვდა, 12 წლის ვიყავი და, როგორც პიროვნება, ფაქტობრივად, ბიძინას სამეგობრო წრეში ჩამოვყალიბდი. მაშინ გავიგე, რა არის მეგობრობა, კაცობა, ქართული სუფრა... ღვინოც პირველად მათ დამალევინეს. ბიძინასთან ურთიერთობის შედეგად ჩემთვის სხვა ჰორიზონტი, განზომილება გაიხსნა, ჩემი ცხოვრება შეავსო. მამაჩემთან ემოციური კავშირი თითქმის არ მქონდა. საკმაოდ მკაცრი იყო და ჩვენ არ ვმეგობრობდით. ამას ძალიან განვიცდიდი. ბიძინა კი ჩემთვის გახდა უფროსი მეგობარი, ძმა, უახლოესი ადამიანი... მისი მეგობრები იყვნენ გურამ დოჩანაშვილი, თამაზ კვაჭანტირაძე... შემდეგ ისინი ჩემს ნათლიებად ავირჩიე, მეათე კლასში მოვინათლე საკუთარი სურვილით, 1975 წელს.

– თქვენი პირველი მკითხველი ვინ იყო?

– ბიძინა. 1981 წელს დავწერე აქლემების ქარავანზე სრულიად სპონტანურად... მეტროს ბაქანზე ვიდექი, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ გვირაბიდან აქლემების ქარავანი გამოვიდა და ჩამიარა, თითქოს კინოკადრი იყო. სახლში რომ მივედი, წერა დავიწყე. შემდეგ ეს მოთხრობა "ნობათში", ჟურნალ "ცისკრის" დამატებაში დაიბეჭდა 1982 წელს.

– და დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. ბევრმა წარმოიდგინა, რომ ეს მართლაც მოხდა, დაუჯერებელი ამბავი ყველამ დაიჯერა.

– მოთხრობა ქრონიკალურ სტილშია დაწერილი, მითითებულია ზუსტი ადგილი, დრო, "თვითმხილველთა" სახელები, გვარები, მათი სამუშაო ადგილები... საბჭოთა ადამიანი, ოფიციალურად რასაც დაუწერდნენ, იმას იღებდა, როგორც სრულ ჭეშმარიტებას, სიმართლეს. ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული ეს ამბავი ვიღაცეებმა სინამდვილედ მიიჩნეს და ხმა გავრცელდა, რომ მეტროში ასეთი რამ მართლაც მოხდა. "ცისკრის" რედაქციაში წერილებს იღებდნენ. ერთი ოფიციალური წერილი მაჩვენეს, მეტროპოლიტენის სამმართველოდან რედაქციას სთხოვდნენ, რომ უარყოფა დაებეჭდათ, ჩვენს სისტემაში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ეს გამოგონილი ამბავიაო. უფრო მეტიც, ზოგი მე მიმტკიცებდა, ეს ამბავი მართლა მოხდა, ჩემი მეზობელია თვითმხილველიო. მე დავწერე–მეთქი, რომ ვეუბნებოდი, მაინც მიმტკიცებდნენ, შენ სხვისი მონაყოლი დაწერე, თორემ ეგ სიმართლეაო. ახლახან ერთ–ერთმა ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა თავის გამოსვლაში თქვა, პარანორმალური მოვლენების რომ არ გჯერათ, ის მაინც არ გაგიგიათ, თბილისის მეტროში აქლემების ქარავანმა რომ ჩაიარა, ეს ხომ ფაქტიაო.

სხვათა შორის, ამ მოთხრობაში მთავარი ის კი არ იყო, რომ მეტროში აქლემების ქარავანი გამოჩნდა, არამედ ის, რომ მას ერთი ახალგაზრდა კაცი გაჰყვა. ესაა მოთხრობა გაქცევაზე აუტანელი რეალობიდან. შემდეგ პერიოდულად, დიდი ინტერვალებით "ცისკარში" ვაქვეყნებდი მოთხრობებს (კრებულები უკვე ამ საუკუნეში გამოვეცი).

მერე ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. 1985 წელს მძიმე ტრავმა მივიღე, ცოცხალი ძლივს გადავრჩი. მეორე სართულიდან ჩამოვვარდი, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა მქონდა, ხელ–ფეხიც დავილეწე... გადარჩენის შანსი არ არსებობდა. 18 დღე სუნთქვის ხელოვნური მართვის აპარატზე ვიყავი მიერთებული. ჩემი და ექიმია და მისმა მეგობარმა, რეანიმაციის მთავარმა ექიმმა უთხრა, გადარჩენის შანსი არ არსებობს, მაგრამ სასწაული რომ მოხდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს, მთელი ცხოვრება ლოგინს იქნება მიჯაჭვული, ვერც იაზროვნებს და ვერც ილაპარაკებსო. მე–18 დღეს მოხდა სასწაული, ცნობიერება დამიბრუნდა. ვერ ვლაპარაკობდი, რადგან ყელში აპარატი მქონდა ჩადგმული. ხელით ვანიშნე, რომ ფურცელი და კალამი მოეტანათ. დავწერე, "კრანი" წვეთავს, დაკეტეთ–მეთქი. ხმა მაღიზიანებდა. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს ჩემს შემთხვევას უყვებოდნენ, რომ ზოგჯერ მედიცინაში ამოუხსნელი შემთხვევები ხდება და სასიკვდილოდ განწირული პაციენტი მდგომარეობიდან გამოდის.

– ალბათ გიფიქრიათ იმაზე, თქვენი სასწაულებრივი განკურნება რატომ მოხდა.

– ორი ვარიანტია – ან უნდა თქვა, რომ ეს შემთხვევითია, ან უნდა აღიარო, ამაში რაღაც აზრი დევს და შესაბამისი დასკვნა გააკეთო. მე დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს ეკლესიაში მივედი. ასე მგონია, რომ ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მომცა, არ გამწირა. ის, რაც დამემართა, ლოგიკური იყო, შინაგანი კანონზომიერება არსებობს, რადგან, როცა ბევრს "დაკუნტრუშობ", ბოლოს ასე ამთავრებ. მთელი ჩემი ახალგაზრდობა იყო ლოთობა, დროსტარება... აბსურდულ სამყაროში აბსურდულად ვცხოვრობდი (თუმცა ძეგლების აღდგენებზეც დავდიოდით სტუდენტები). ამ ტრავმის შემდეგ იმავე სტილით გავაგრძელე ცხოვრება და სულ ასეთი რაღაცეები მემართებოდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ან ცხოვრების სტილი უნდა შემეცვალა, ან ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ ეკლესიამდე მივსულიყავი. შემდეგ სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე, დამთავრების შემდეგ იქ დამტოვეს ლექტორად და დღესაც ვკითხულობ ლექციებს. ნელ–ნელა გავაცნობიერე, რომ ღმერთმა შანსი მომცა და ეს უნდა გავამართლო, ღვთის საჩუქარი დავაფასო.

– ეკლესიაში იპოვეთ სიმშვიდე?

– ბოლომდე, რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩემი რწმენა არასრულყოფილია, მაგრამ მაქვს რწმენის მარცვალი, იმედი და სასოება, რომ ამ სამყაროში არის ნათელი, ჭეშმარიტება და შენზეა დამოკიდებული, მასთან მიხვალ თუ არა.

წყარო - http://sana.ge/index.php?katid=4&id=11074&poz=L4
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ირაკლი ლომოური - ირინე მჭედლიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: