არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლატავრა შანშიაშვილი – თეონა კენჭიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლატავრა შანშიაშვილი – თეონა კენჭიაშვილი    Sun Feb 13, 2011 12:09 pm



თეონა კენჭიაშვილი

ლატავრა შანშიაშვილი: "ვაჟა მამას ხელში გარდაიცვალა"

"დაჭრილი დავალ ცხოვრების გზაზე
ხან როგორც ბრძენი, ხან კი – მასხარა;
ჩემს გულში ნდობის ვარდი გამხმარა...
ქვეყნის სიავემ არ გამახარა,
სიმართლის თქმაზე თვალნი დამთხარა".

ეს არის ნაწყვეტი დიდი ქართველი მწერლისა და დრამატურგის სანდრო შანშიაშვილის ერთ–ერთი ლექსიდან, რომელსაც "ცხოვრების გზაზე" ჰქვია. რადგანაც ჟურნალი "გუმბათი" გამოსცემს ქართულ პოეზიას და ქართველი მწერლების შემოქმედებას უფრო ახლოს გაცნობთ, გადავწყვიტეთ, რომ ახლახან გამოცემული ლექსების კრებულის ავტორზე გიამბობთ. სანდრო შანშიაშვილი დღეს მივიწყებული მწერალია, არადა ახალგაზრდობამ უნდა გაიცნოს მისი შემოქმედება. ჩვენ შევხვდით მწერლის უმცროს ქალიშვილს, ლატავრა შანშიაშვილს, რომელსაც ვთხოვეთ, გაეხსენებინა მამამისი. სწორედ მისი ნაამბობის საშუალებით, ჩვენ თვალწინ სანდრო შანშიაშვილის ცხოვრების გზა გაცოცხლდება. ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლატავრა შანშიაშვილი:

– მამაჩემი, სანდრო შანშიაშვილი დაიბადა 1888 წელს, 25 ივლისს ქიზიყში, სოფელ ჯუგაანში. ამ სოფელში მამას სახელობის მუზეუმია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დააარსეს. მაშინდელმა მთავრობამ და მწერალთა კავშირმა დაადგინეს, რომ მამას სახელის უკვდავსაყოფად მუზეუმი გაკეთებინათ. მამა ძალიან განათლებულ ოჯახში დაიბადა. მის მამას, ილიასა და პაპა ალექსანდრეს სასულიერო სემინარია ჰქონდათ დამთავრებული და განათლებული ადამიანები იყვნენ. მამა სულ პატარა იყო, როდესაც თბილისში ჩამოიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიაში შეიყვანეს. ამის მერე კი სწავლა გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში გააგრძელა, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მამამ გერმანული კარგად შეისწავლა. მახსოვს, გვიამბობდა ხოლმე, რომ დღეში ას გერმანულ სიტყვას ვსწავლობდიო. ბოლოს, ისე შეისწავლა, რომ ბერლინის უნივერსიტეტში ლექციებს თავისუფლად უსმენდა. სხვათა შორის, სანდრომ შილერის დრამები თარგმნა და წიგნიც გამოსცა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აქ დააარსა გაზეთი "საქართველო". ძალიან საინტერესო გაზეთი იყო და მისი ზოგიერთი ნომერი ჯუგაანის მუზეუმში ინახება. იმ პერიოდში მწერლები დაჯგუფებულები იყვნენ, მაგალითად, ასეთები იყვნენ აკადემიკოსები, ცისფერყანწელები, ფუტურისტები, მაგრამ მამა არც ერთ პარტიასა და დაჯგუფებაში არ ყოფილა. მან მოინდომა, რომ დაეარსებინა პარტია, რომელსაც "არიფიონი" ერქვა. მასში გააწევრიანა გერონტი ქიქოძე, გალაკტიონ ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი. გაფართოვებას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ ბოლშევიკებმა ყველა პარტია გააუქმეს და ერთი მწერალთა კავშირი დააარსეს, სადაც ყველა მწერალი გაერთიანდა.

– როგორი ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ მთავრობასთან?

– კომუნისტური პარტიის წევრი არ ყოფილა. თუმცა, როგორც შემოქმედი ადამიანი, ძალიან დაფასებული იყო და ორჯერ აირჩიეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, მათ შორის, ისეთებს, რომლებსაც უსამართლოდ ჰქონდათ ციხე მისჯილი. მთავრობასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, იშვიათად, მისი კრიტიკით გამოსულიყო. მამა ძალიან კეთილი, პატიოსანი, ხალხთმოყვარე ადამიანი იყო. თავისი სოფელი ჯუგაანი ძალიან უყვარდა. იქ ხშირად ჩადიოდა და გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარებოდა, მათთვის ტანსაცმელი ჩაჰქონდა ხოლმე. ჯუგაანელებს ძალიან უყვარდათ იგი. წყალი არ ჰქონდათ სოფელში და მამამ თავისი ხარჯებით გაუყვანა.

– რას გვეტყვით მამათქვენის შემოქმედებაზე?

– სანდროს შემოქმედება შედგება ექვსი ტომისგან. პირველია ლექსები და პოემები და დანარჩენ ტომებში არის დრამატული პიესები. დიდმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრში მამას ექვსი პიესა დადგა, ესენია: "უგვირგვინო მეფე", "ლატავრა", "ანზორი", "კრწანისის გმირები", "არსენა" და სხვა. ამ დრამატული პიესების გამო, მამა სტალინის პრემიით დააჯილდოვეს. გარდა ამისა, მას უამრავი ორდენი ჰქონდა მიღებული და მის შემოქმედებას ძალიან აფასებდნენ. ისეთი ჟურნალი და გაზეთი არ გამოდიოდა, სადაც მამას სურათი ან მისი წერილი არ დაბეჭდილიყო. დიდი მსახიობი აკაკი ვასაძე მამას ლექსს ამბობდა მუსიკის თანხლებით და ეს ფირფიტა შენახული მაქვს.

– ვინ იყვნენ მამათქვენის მეგობრები?

– მამას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, არამარტო ქართველი, არამედ მოსკოველი, უკრაინელი, სომეხი მწერლები და ინტელიგენციიის წარმომადგენლები. ისინი საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ, ჯუგაანშიც დადიოდნენ ხოლმე. ჩვენს ოჯახში რომ იკრიბებოდნენ, არამარტო ღვინოს სვამდნენ, არამედ ლექსებს კითხულობდნენ და საინტერესო საუბრები ჰქონდათ. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ცნობილი მწერალი ტიხონოვი მამას მეგობარი იყო. მას ჯუგაანში სიარული ძალიან უყვარდა. ერთ შემოდგომაზე მისი ცოლი ჯუგაანში იყო ჩემს მშობლებთან, ტიხონოვი კი, ბაქოში და იქედან ზაქათალის გამოვლით პირდაპირ ჩვენს სოფელში უნდა ჩამოსულიყო. დილით ადრე თურმე მანქანების ხმა ისმოდა და ყველამ გაიხედა. დაინახეს, რომ ორი მანქანა მოდიოდა, რომელშიც ფადეევი, ტიხონოვი და სავეტ ვურგუნი ისხდნენ. ჩვენს სახლში დიდი პურ–მარილი გაიშალა. იქ სახლის კედელზე ასეთი რამ დაწერეს, რომ 1948 წელს, სექტემბერში, მთელი ქვეყნის პოეტები შევიკრიბოთ და დავლიოთ მეგობრობის სადღეგრძელოო. ყველამ ხელი მოაწერა ამ წარწერას. მამა ასევე მეგობრობდა ესენინთან და მაიაკოვსკისთან. ორივე მათგანს საქართველო ძალიან უყვარდა. თურმე ესენინი მამაჩემსა და ტიციან ტაბიძეს ეხვეწებოდა, თბილისში ოროთახიანი ბინა მაშოვნინეთ, მე ხომ ორი სამშობლო მაქვს – რუსეთი და საქართველოო. ესენინმა თავი რომ მოიკლა, ეს ამბავიც მახსოვს. ერთ დღეს მამა ესენინის ლექსს "დედა" თარგმნიდა. მთელი ღამე მუშაობდა ამ ლექსზე. გათენებისას, როდესაც დაამთავრა და უკვე დაძინებას აპირებდა, ამ დროს ქუჩიდან ყვირილი მოესმა. ტიციანი ეძახდა, რომელმაც აუწყა, რომ ესენინმა თავი მოიკლაო. მამა ძალიან შეწუხდა და თქვა: რა დამთხვევაა, სწორედ მაშინ, როდესაც მე მის ლექსს ვთარგმნიდი, ის თავს იკლავდაო. ერთხელ მაიაკოვსკის საღამო გაიმართა რუსთაველის თეატრში. მამა და ტიციან ტაბიძე ცოტა ნასვამები მივიდნენ იმ საღამოზე. დააგვიანეს, თანაც უმარავი ხალხი იყო და კარებში დადგნენ. მაიაკოვსკიმ ისინი რომ დაინახა, ლექსის კითხვა შეწყვიტა და უთხრა, წინ წამოდითო. კულისებიდან ორი სკამი გამოუტანია და მამა და ტიციანი წინა რიგში დაუსვამს.

– დედათქვენმა და მამათქვენმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

– დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო. მამა გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, როდესაც ქუჩაში შეხვდა მწერალი დავით კასრაძე, რომელმაც უთხრა, რომ ნათესავის ორმოცზე ცხინვალში მიდიოდა. მაშინ ცხინვალში სულ ქართველები ცხოვრობდნენ, დედაც ცხინვალელი იყო. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონია. დედას სამი ძმა ჰყავდა, თვითონ ყველაზე უმცროსი იყო. დედას ძმა პირველი ქართული სკოლის დირექტორი იყო, რომელსაც დღემდე ვახტანგის სკოლას უწოდებენ. მამაჩემი საკმაოდ სიმპათიური კაცი ყოფილა, ბევრ ქალბატონს მოსწონდა, მაგრამ არჩევანი დედაზე შეაჩერა. მოკლედ, დავით კასრაძეს გაჰყვა ცხინვალში. იქ უამრავი ხალხი ყოფილა და მამას შეუმჩნევია ერთი გოგონა, რომელიც დაცქრიალებდა, გორის გიმნაზიის კაბა ეცვა. ძალიან მოსწონებია დედაჩემი და უთქვამს, ამ გოგოს ცოლად შევირთავო. მამა დედაზე თვრამეტი წლით უფროსი იყო. ის ორმოცის სუფრა ნიშნობად გადაუქცევიათ, მერე კი მთელი ერთი კვირის განმავლობაში ქორწილი ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ მამა გაცილებით უფროსი იყო დედაზე, მაინც ძალიან ტკბილად ცხოვრობდნენ.

– თქვენზე და თქვენს დაზე რას გვეტყვით?

– მე უმცროსი ქალიშვილი ვარ, უფროსი არის ცისია შანშიაშვილი, რომელიც მხატვარი და პროფესორია. ჩემი და ადრე გათხოვდა, რაჟდენ გვეტაძის ვაჟიშვილს, რამაზს გაჰყვა ცოლად. სხვათა შორის, ჩემს დას მხატვრობის ნიჭი მამასგან გამოჰყვა, რადგან ისიც კარგად ხატავდა. მე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ კი ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევედი. ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით ვსწავლობდი. სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გამგზავნეს. რომ ჩამოვედი, უცხო ენათა ინსტიტუტში ვმუშაობდი. სხვათა შორის, ბევრი ფრანგი მწერალი ვთარგმნე ქართულად და წიგნიც კი გამოვეცი. ასევე გამოვეცი მამას მოგონებები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო.

– როგორც წეღან ახსენეთ, მამათქვენი კარგად ხატავდა.

– კი, ძალიან კარგად ხატავდა. პატარობაში ერთი გერმანელი მხატვრის ჯგუფში დადიოდა. იგი მამაზე დიდ იმედებს ამყარებდა. მისი ნიჭი ჩემს დას, ცისიას გამოჰყვა. ცისიამ მამაც დახატა. მამა შესანიშნავ კარიკატურებს ხატავდა. მასზე აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი წერდა, რომ სანდრო შანშიაშვილი არის ქართული კარიკატურის ფუძემდებელიო. 1915 წელს, როდესაც ვაჟა–ფშაველას იუბილეს უხდიდნენ, მამამ კარიკატურა დახატა, სადაც იდგა ვაჟა, რომელიც ამ სურათზე უზარმაზარი იყო, მასთან კი პატარა კაცები იდგნენ. მას სათაურად ეწერა "ძლივს შენიშნეს". ეს იმიტომ, რომ მაშინ ვაჟა–ფშაველა დაუფასებელი მწერალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბუმბერაზი, მას არ აფასებდნენ. სწორედ ამიტომ დახატა მამამ ასეთი კარიკატურა.

– თქვენს დღიურში პირველივე გვერდზე ჩაწერილია მამათქვენის ლექსი "ლატავრას". გვიამბეთ ამ ლექსის ისტორია.

– ერთ ზაფხულს დედამ დასასვენებლად წაგვიყვანა. სიცხე ჰქონდა, თუმცა, მაინც წავედით. იქ ტიციან ტაბიძის მეუღლეც იყო თავის ქალიშვილთან ერთად. იქ ყოფნის პერიოდში დედას სიცხე კიდევ უფრო გაურთულდა და ძალიან ცუდად გახდა. სამი წლის განმავლობაში ზამთარ–ზაფხულ სამკურნალოდ დადიოდა და მესამე წელს, როგორც იქნა, მთლიანად გამოჯანმრთელდა. როდესაც დედა სამკურნალოდ იყო წასული, ძალიან მენატრებოდა და ერთი სული მქონდა, მალე დაბრუნებულიყო, სწორედ მაშინ დაწერა მამამ ლექსი "ლატავრას", რომელიც მე მომიძღვნა:

"ჩვენი ლატავრა არის პატარა

დარბის და მღერის, დედიკოს ელის

ის მოვა მალე! დღეს, ანუ ხვალე!

ლატავრა სწრაფად გაუღებს კარებს.

დედას დაკოცნის და გაიხარებს".

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზაქარია ფალიაშვილი მამას მეგობარი იყო და მას ძალიან უყვარდა სპექტაკლები, რომლებიც სანდროს პიესების მიხედვით იყო დადგმული. იგი ხშირად ესწრებოდა ამ სპექტაკლებს და, მათ შორის, თურმე განსაკუთრებით მოსწონდა "ლატავრა" და დადგა ამ სახელწოდების ოპერა. ჩემმა მშობლებმა სახელი სწორედ ამ პიესიდან გამომდინარე დამარქვეს. ჩემი ნათლიები ტიციან ტაბიძე და გიორგი ლეონიძე იყვნენ.

– როდის და რატომ გარდაიცვალა მამათქვენი?

– 1979 წელს გარდაიცვალა მოხუცებულობისგან. მამა თავისი კალმით ბოლომდე ემსახურა თავის საყვარელ სამშობლოს. ხშირად სთავაზობდნენ, იუბილეს გადაგიხდითო, მაგრამ მამა უარზე იყო. მხოლოდ სამოცი წლის იუბილე გადაიხადა. მახსოვს, თბილისსა და კახეთში დიდი ზეიმი იყო. ქართველმა ხალხმა მამას ოქროს კალმისტარი აჩუქა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მასზე ასეთი წარწერაა: "დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სანდრო შანშიაშვილს, ქართველი ხალხისგან". ჯუგაანში მამას სახელობის სკოლაც არის. მისი დასაფლავება მთაწმინდის პანთეონში უნდოდათ, მაგრამ მამას ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომ დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, რადგან დედაც იქ იყო დასაფლავებული. მამაჩემი რუსთაველის თეატრიდან გაასვენეს, როგორც მათთვის საყვარელი დრამატურგი და დედას გვერდით დაკრძალეს.

– დედათქვენი ახალგაზრდა გარდაიცვალა?

– 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულით ავადმყოფობდა. მაშინდელმა ცეკას მდივანმა მჟავანაძემ გასცა განკარგულება, რომ დედაჩემი დიდუბის პანთეონში დაესაფლავებინათ, რაც იმ პერიოდში ასე ადვილად არ ხდებოდა.

– დაბოლოს, თუ შეგიძლიათ გაიხსენეთ მამათქვენის რამდენიმე მოგონება.

– ასეთი ბევრი ჰქონდა და მათგან რამდენიმეს გიამბობთ. ჩემ მიერ გამოცემულ წიგნში მოთხრობილია ილია ჭავჭავაძეზე. გიმნაზიაში რომ სწავლობდა, იქ მისულა ილია. მამა დაულოცია და შუბლზე უკოცნია. ეს მამასთვის დიდი რამ იყო. ილია რომ მოკლეს, პირველი ლექსი მამას მიუძღვნია. იგი ძალიან უყვარდა და მისი სიკვდილიც ძალიან განიცადა. ასევე ჰქონდა მოგონებები ვაჟა–ფშაველაზე. ვაჟას მამა ძალიან უყვარდა, თუმცა, მასზე ორჯერ უფროსი იყო. ჩარგლიდან რომ ჩამოვიდოდა, მამა თუ გვერდში არ ედგა, მაშინვე ძებნას დაუწყებდა ხოლმე. ვაჟა მამას ხელში გარდაიცვალა. ცუდად რომ იყო, უნივერსიტეტის მესამე სართულზე გადაიყვანეს, სადაც მაშინ სამხედრო ჰოსპიტალი იყო. მამაჩემი და შიო მღვიმელი სულ თავზე ადგნენ მას. ერთ დღესაც სანდრომ მასთან მიიყვანა მხატვარი სიდამონ–ერისთავი. თურმე ვაჟას სურათების გადაღება არ ჰყვარებია, მაგრამ მან მაინც დახატა. უკითხავს, რატომ მხატავთო და მამას უპასუხია, როდესაც გამოჯანმრთელდები, მერე შევადაროთ შენს სახესო. არადა, ვაჟა–ფშაველა უკვე მომაკვდავი იყო. მამას ჰქონდა მოგონებები სანდრო ახმეტელზე. მათი მამები მეგობრობდნენ, თანაც ორივე მღვდელი იყო. სანდრო და მამა პატარაობაში სულ ერთად თამაშობდნენ თურმე. როგორც მამა იხსენებდა, ერთხელ მათ ველოსიპედი გაუკეთებიათ ჯუგაანში და ქვევით დაშვებულან. თავიდან კარგად უვლიათ დაღმართზე და მერე ორივენი დაცემულან, ის ველოსიპედი კი დამტვრეულა. შემდგომშიც მეგობრობდნენ და სანდრო ახმეტელი როდესაც სადმე იყო წასული, ერთმანეთს სულ წერილებს წერდნენ ხოლმე. ახმეტელი პეტერბურგში სასწავლებლად გაგზავნეს, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მას ეს საქმე არ აინტერესებდა. ერთ–ერთ წერილში მამას წერდა: "მე არ მაინტერესებს იურისტობა, მხოლოდ თეატრი მაინტერესებს"–ო. მამას ჰქონდა თავისი რვეულები, რომელსაც აწერია "ჩემ გარშემო" და მასში ყველაფერია მოცემული, თუ ვინ იყვნენ მის გარშემო და ვინ როგორი იყო.

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=4&id=11213&poz=RP

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლატავრა შანშიაშვილი – თეონა კენჭიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: