არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაია ჯალიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 12:05 pm


Maia Jaliashvili

მაია ჯალიაშვილი

მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
გამოცემული აქვს მონოგრაფიები:

* სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი (1994),
* ქართული მოდერნისტული რომანი (2006).

წიგნები:

* ”სიცოცხლის საიდუმლო” (ლიტერატურული წერილები) (2006),
* შეხვედრა წიგნში (ლიტერატურული წერილები) (2009).

სერიიდან: ”ქართველი მწერლები სკოლაში:

* მიხეილ ჯავახიშვილი (ორ ნაწილად) (2000, 2008),
* გიორგი ლეონიძე (2001),
* ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი (2002),
* ალექსანდრე ყაზბეგი (ორ ნაწილად) (2004),
* ილია ჭავჭავაძე (ორ ნაწილად); (2007),
* გრიგოლ რობაქიძე (2009).

ავტორია ორი პოეტური კრებულისა: ,,დუმილის’ მიღმა’’ (1996); ,,გულის ბარძიმი’’ (ამ კრებულში, პოეზიასთან ერთად დაბეჭდილია მოთხრობები, რადიოპიესები, იგავ-არაკები, დღიურები (2009).
რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა მაია ჯალიაშვილის სამი რადიოპიესა დადგა საქართველოს რადიოში:

* ,,ფლამინგოები ჯოჯოხეთში’’,
* ,,საუზმე ბეღურებისთვის’’,
* ,,პარალელური ხაზები’’.

გამოქვეყნებული წიგნების, ნაშრომების, წერილების ბიბლიოგრაფია (არასრული) იხილეთ აქ - http://maiajaliashvili.blogspot.com/2010/12/blog-post_21.html






* მაია ჯალიაშვილი ლიბ-ჯი-ზე - http://lib.ge/body_text.php?6986
* მაია ჯალიაშვილი "ფეისბუკზე" - http://ka-ge.facebook.com/profile.php?id=100000540035779
* მაია ჯალიაშვილის წიგნები - http://maiajaliashvili.blogspot.com/search?updated-min=2010-01-01T00%3A00%3A00-08%3A00&updated-max=2011-01-01T00%3A00%3A00-08%3A00&max-results=11
* მაია ჯალიაშვილის რადიოპიესა – http://armuri.wordpress.com/2011/02/12/მაია-ჯალიაშვილი-ფლამინგ/



Last edited by Admin on Sat Feb 12, 2011 3:18 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 12:14 pm


Maia Jaliashvili

ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან

დაიბეჭდა:http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1900#more-1900
დეკემბერი 1, 2010 on 11:02

გიორგი კილაძე: ქალბატონო მაია, თქვენი ლიტერატურული და არა მარტო ლიტერატურული CV
მაია ჯალიაშვილის CV: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. გამოცემული აქვს მონოგრაფიები: სანდრო ცირეკიძე და ქართული სიმბოლიზმი (1994), ქართული მოდერნისტული რომანი (2006), წიგნები: ”სიცოცხლის საიდუმლო” (ლიტერატურული წერილები) (2006), შეხვედრა წიგნში (ლიტერატურული წერილები) (2009). სერიიდან: ”ქართველი მწერლები სკოლაში: მიხეილ ჯავახიშვილი (ორ ნაწილად) (2000, 2008), გიორგი ლეონიძე (2001), ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი (2002), ალექსანდრე ყაზბეგი (ორ ნაწილად) (2004),ილია ჭავჭავაძე(ორ ნაწილად); (2007), გრიგოლ რობაქიძე (2009).
ავტორია ორი პოეტური კრებულისა: ,,დუმილის’ მიღმა’’ (1996); ,,გულის ბარძიმი’’ (ამ კრებულში, პოეზიასთან ერთად დაბეჭდილია მოთხრობები, რადიოპიესები, იგავ-არაკები, დღიურები (2009).
რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა მაია ჯალიაშვილის სამი რადიოპიესა დადგა საქართველოს რადიოში: 1. ,,ფლამინგოები ჯოჯოხეთში’’, 2. ,,საუზმე ბეღურებისთვის’’, 3. ,,პარალელური ხაზები’’.
გიორგი კილაძე: რას ფიქრობთ ზოგადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე: პოეზია, პროზა, თარგმანი, ესე… რომელი მწერლების ნაწარმოებები დაგამახსოვრდათ ყველაზე უფრო და რატომ?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიან საინტერესოა. ის ისეთივე ეკლექტური და მრავალსახოვანია, როგორც ცხოვრება. ‘იცხოვრო, რათა მოჰყვე’’ _ ასე უწოდა მარკესმა თავის ბოლო წლებში შექმნილ რომანს. ჩვენშიც ბევრია ისეთი, ‘მოყოლა~ რომ უყვარს, თუმცა ზოგს გამოსდის, ზოგს _ არა. ამ საქმეში გამოცდილი და დაოსტატებული, რასაკვირველია, ძველი თაობაა. თუმცა მწერლობაზე საუბრისას ძველი და ახალი თაობა რა სახსენებელია. მხოლოდ ძლიერსა და სუსტზე შეიძლება ილაპარაკო. ‘თანამედროვეობის’’ ცნებაც პირობითია, ჩემი აზრით, მინიმუმ ათი წლის ხანა მაინც უნდა იგულისხმო, რომ რაღაც ტენდენციები გამოკვეთო. ბოლო ათწლეულში, ან, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებულ ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშებს შორის დავასახელებ ოთარ ჩხეიძის რომანებს: ‘2001 წელი’’, ,,მორჩილი’’, ,,ლაზერშოუ’’, ოთარ ჭილაძის ,,გოდორს’’, გურამ დოჩანაშვილის ,,ლოდი ნასაყდრალს’’, ნაირა გელაშვილის ,,პირველი ორი წრე’’, ზაზა თვარაძის ‘სიტყვებს’’, ლაშა იმედაშვილის ‘ბოგრაფიებს~, ზურაბ კანდელაკის ,,უძრავ ქარს’’, ზურაბ ლავრელაშვილის ‘მღვიძარებას’’, ნინო სადღობელაშვილის ‘ორსულს’’, დავით ქართველიშვილის ,,იყო საღამო, იყო დილა’’ …. ვხედავ, ჩამოთვლა შორს წამიყვანს, ამიტომ მაპატიონ იმ მწერლებმა, რომლებიც ვერ დავასახელე. საგანგებოდ გამოვყოფ 2010 წელს გამოცემულ ბესიკ ხარანაულის ,,ეთნოფილურ’’ რომანს ,,სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა’’ (იწერებოდა სამი წლის განმავლობაში). ეს არის 500-ზე მეტ გვერდიანი საგა კავკასიაზე, ეს არის დიდი პოეტური წიგნი, რომელშიც ყველაფერია _ სიცოცხლიდან სიკვდილამდე, წუთისოფლიდან ზესთასოფლამდე. ის ზუსტად ასახავს დროის მაჯისცემას თავისი ეკლექტურობით, ფრაგმენტულობით. მთავარი გმირი ნაგავსაყრელზეა (რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის სიმბოლოა) დაკარგული და მას მამა აღარ დაეძებს, ის ,,უძებნია’’, ბიბლიური ,,უძღები შვილი’’ მწერალმა გადააქცია ,,უძებნად’’ და ამგვარად ადამიანის ღვთისგანმიტოვებულობის ტრაგედია შთამბეჭდავად დახატა. ეს წიგნი არის საქართველოს მთის გენიალური ფოკლორის თავისებური საგალობელი.
ოთარ ჭილაძე წერდა: ,,მწერლობის დონე, შეიძლება ერთმა მწერალმა ასწიოს, მაგრამ უწიგნურსა და უკულტურო მასას საუკუნეები სჭირდება, ხელახლა რომ შეისწავლოს ანბანი’’. ასეთი კარგი ,,ერთი’’ მწერალი კი ჩვენ დღეს რამდენიმე გვყავს.
ყურადღება მიიქცია როსტომ ჩხეიძის ამ ბოლო წლებში შექმნილმა ბიოგრაფიულმა რომანებმა: ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ,,შავი ჩოხა’’, ოთარ ჩხეიძეზე ,,აგვისტოს შვილები’’, არჩილ ჯორჯაძეზე ,,წერილები იტრიის წისქვილიდან’’, ელიზბარ ერისთავზე ,,მდინარესა ზედა ქსნისასა’’… გივი ალხაზიშვილის მხატვრულ-დოკუმენტურმა პროზამ ,,მომავალი წარსული’’.
ლექსის მწერლები ყოველთვის მრავლად იყვნენ საქართველოში. არც ჩვენი დროა გამონაკლისი, თუმცა, აქ უფრო ძნელია საუკეთესოს გამორჩევა, თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საკუთარი ხმით კვლავაც გვაღელვებენ ლია სტურუა, გივი ალხაზიშვილი, ბესიკ ხარანაული, ვაჟა ხორნაული, ტარიელ ხარხელაური. ახალთაგან: გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, დალილა ბედიანიძე, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, გიორგი კეკელიძე… აქაც გრძელი სია გამომივა სახელებისა, ამიტომ მაპატიონ მრავალწერტილში ნაგულისხმევმა პოეტებმა, რომელთა შემოქმედება აძლიერებს თანამედროვე ქართული პოეზიის სასიცოცხლო მაჯისცემას.
ესეს ჟანრში გამოვყოფ მაკა ჯოხაძის წიგნს ,,სამოთხე უსიყვარულოდ’’. მისი ესეისტიკა საოცრად დახვეწილი და ნატიფია. მისი სტილი ხაზგასმულად პოეტურია. ის არის სიტყვის პატივისმცემელი. ის პოეტივით არჩევს გამოხატვის ფორმას, ნებისმიერ თემაზე წერისას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ფიქრები ლიტერატურაზე, მისი ინტერპრეტაციები. თუ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე მეთოდზე, რომელიც მას მომარჯვებული აქვს ამა თუ ნაწარმოების ანალიზისას, ეს არის სიყვარულის მეთოდი და ესთეტიზმი. ის ოსკარ უალდივით კითხვას განიცდის, როგორც ერთგვარ ,,ინიციაციას’’, როდესაც ეზიარები ამაღლებულსა და ღვთაებრივს. ამ წიგნს აღვიქვამ როგორც დილის სუფთა, ჟასმინისა თუ იასამნის სურნელით გაჟღენთილ მათრობელა ჰაერს, რომელიც გიბიძგებს ღრმად ისუნთქო, ფილტვები დაბერო ნაძვის ტოტებიდან მოქროლილი ჟანგბადით და იცოცხლო, იცოცხლო და მტკიცედ, იმედით შეხვდე ცხოვრების ზღვის დამაქცევარ ტალღებს, იმიტომ, რომ თუ ფიქრობ სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულზე _ აუცილებლად გადარჩები.
მაკა ჯოხაძე მაგონებს სახარების პერსონაჟს მარიამს, ლაზარეს დას, ტკბილ იესოს ყურმიგდებულს, თავმდაბალსა და სიკეთით სავსეს. ლაზარე ხომ ქართულ საღვთისმეტყველო ტრადიციით, საქართველო, ან ქართული ენაა, იოანე ზოსიმე რომ ბრძანებდა, `დამარხული~, მაგრამ მოელის აღდგომას, ამისთვის კი მას გვერდით უნდა ჰყავდეს ისეთი და, შემწე და მშველელი, როგორიც მარიამია. ასე უფრთხილდება თავის ცხოვრებითა და წიგნებით მაკა ჯოხაძე საქართველოს.
ქართველები ყოველთვის გატაცებითა და ჟინით თარგმნიდნენ. თანამედროვე ქართველ მთარგმნელთაგან გამოვარჩევ გიორგი ლობჟანიძეს, რომლის ყოველი თარგმანი დიდი შენაძენია ქართული ლიტერატურისთვის. შარშან გამოვიდა ირმა რატიანის მიერ შესანიშნავად თარგმნილი იაპონური პოეზია. ამჯერად, მინდა გამოვყო გია ჯოხაძე, რომელმაც თარგმნა იოსიფ ბროცკის ლექსები და ესეები და ერთ წიგნად გამოსცა ,,მშვენიერი ეპოქის დასასრული’’. მან, თავიდანვე სკეპტიკურად განწყობილმა თხზულების ერთი ენიდან მეორეზე გარდასახვის შესაძლებლობაში, გადაწყვიტა ქართული ენით ბროდსკის პოეზიის ,,ანექსია’’ და ნებისმიერ ფასად გამარჯვება, რადგან ,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენ’’. ამ მიზანს ამაგრებდა რწმენა, რომ ყოველი ახალი წაკითხვა დაწერილს ამრავალფეროვნებს, ამიტომაც არ დაემონა ზუსტ თარგმანს, ,,ახალს რომ არ ჰბადებს’’ და გადაწყვიტა ერთგვარი თანაავტორობა და ეს გამოხატა ამგვარი მახვილგონივრული მსჯელობით: `ჩვენ არ ვიცით, როგორ დაწერდა `რომაულ ელეგიებს~ ბროდსკი ქართულად, მაგრამ ქართულმა ენამ იცის, როგორ უნდა ითქვას მისი რომელიმე სტროფი ქართულად. მთარგმნელი უნდა მიჰყვეს ენას _ დანარჩენს თვით ენა იზამს’’. ამგვარი მინდობა ენაზე ბროცკისეულია, რომელიც ენას ,,აღმერთებდა’’. წერილში `აჩრდილის თაყვანისცემა’’ ის საოცარი გატაცებით საუბრობს ენის მეტაფიზიკურ ფენომენზე. მან გაიზიარა ოდენის ფრთიანი გამოთქმა: `დრო ენას აღმერთებს~ და თვითონ უფრო გააღრმავა: `თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც _ ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას?’’ ამ ღრმააზროვან კითვებზე პასუხი ამავე ესეშია.
გია ჯოხაძის ,,შერკინებამ’’ ბროცკისთან ნაყოფი გამოიღო. ეს თარგმანები ძალდაუტანებლად იკითხება, ქართული ენა ლაღად და თავისუფლად მიედინება და მას არ ბორკავს სათარგმნი ტექსტის სიზუსტით გამოწვეული ხელოვნურ ფორმათა ჯებირები. ასე რომ, მკითხველი დატკბება ბროცკის ლექსების აზრის სიღრმითა და მრავალმნიშვნელოვნებით, გამოთქმის უჩვეულობითა და სილამაზით. თვითონ ბროდსკის სჯეროდა: ,,ლექსს იმიტომ წერენ, რომ ენა კარნახობს’’, მთავარია, ამ მარადიულ და უშურველ მოკარნახეს კარგი გამგონი შეხვდეს. ენა კარნახობდა გია ჯოხაძესაც, როცა ამ თარგმანებს წერდა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი რამ. ამ წიგნში არის ბროცკის საუბარი ჩესლავ მილოშთან სხვადასხვა თემაზე. უცხოელ პოეტებზე საუბრისას მილოში თავის დარცხვენას ამგვარად გამოხატავს: ,,როცა უცხო ენაზე ვკითხულობ ლექსებს, თითქოს მათგან მინის კედლით ვიყო გამიჯნული, ამიტომ ზოგ მათგანს პოლონურად ვკითხულობ, რათა მათ ემოციურად მივუახლოვდე’’. ამგვარმა გულწრფელობამ მომხიბლა, რადგან მეც მსგავსი განცდა მეუფლება ხოლმე. გია ჯოხაძემ კი თავისი თარგმანებით ეს ,,მინის კედელი’’ კი არ დაამსხვრია, ფაქიზად ჩამოხსნა და ხედვასა და სმენას დაწმენდის შესაძლებლობა მისცა.
რუსულ ენაზე წაკითხული ბროდსკი სხვაა, მთავარია, რომ ქართულ ენაზეც გვაჯერებს სიდიადესა და გამორჩეულობაში. და ჩვენ აღარ გვიჭირს გავიზიაროთ მისი პოეზიით აღტაცება არა მხოლოდ მთარგმნელისა, არამედ მსოფლიოში აღიარებული პოეტებისა: დერექ უოლქოთისა, შეიმას ჰინისა, ჩესლავ მილოშისა, ოქტავიო პასისა, ბელა ახმადულინასი და სხვათა.
ყურადღება მიიქცია, აგრეთვე, მაია მირიანაშვილის (ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და თარგმნის) თარგმანებმა: მარტინ ვალზერის ,,შეყვარებული კაცმა’’ (გოეთეს უკანასკნელ სიყვარულზეა) და ფრიდრიხ და დოროთეა შლეგელების მისტიკური ზღაპარი ,,ამბავი სასწაულთმოქმედი მერლინისა’’.
გიორგი კილაძე: „მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანისთვის წარსული ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს“ – ბრძანა ერთ–ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმებით? რატომ?

მაია ჯალიაშვილი: მე სხვაგვარად ვფიქრობ. მწერალი მანქურთი ხომ არ არის (ჩინგიზ აიტმატოვის ცნობილი რომანის ,,და დღე იყო წუთისოფელზე გრძელი’’ გმირია), რომ მისთვის წარსული არაფერს ნიშნავდეს. ასეთ მწერალს, ალბათ, ილუზია უნდა, რომ შეიქმნას, თითქოს თვითონ ,,იწყებს’’ ყველაფერს. წარსულის ხსოვნა ტვირთია, პასუხისმგებლობაა, მოვალეობაა. როცა იცი, ვინ რას წერდა შენამდე, შეიძლება საერთოდ გაგიქრეს წერის სურვილი. მწერალმა უნდა იცოდეს, ,,ვინ არის, სიდამ მოსულა’’, თორემ ისე ვერ გაარკვევს ‘სად არის, წავა სადაო~. შეიძლება ამ ახალგაზრდა ავტორის ეს ნათქვამი ერთგვარი პოზააა, თუმცა მომაგონა ცისფერყანწელი პაოლო იაშვილის თავის დროზე ეპატაჟური სტრიქონები:
,,პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,
რა ვქნა, თუ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი’’.
ამგვარი ,,უარყოფით’’ ცდილობდნენ ,,წმინდა პოეზიის’’ რაინდები თავიანთ მიერ ნაქადაგევი ახალი ესთეტიკური იდეალების დამკვიდრებას, დრომ გაამართლა მათი ასეთი სითამამე. პაოლო იაშვილიც მისმა სხვა ლექსებმა გააუკვდავეს და არა ამ მყვირალა ,,მანიფესტმა’’, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქცია ჰქონდა_უნდა გამოეფხიზლებინა მიძინებული საზოგადოება, რომელსაც აღარაფერი ესმოდა მაღალი პოეზიისა, რომელიც ბატონი ცხოვრების საწყალ მსახურად ექციათ მეცხრამეტე საუკუნის მადლიანი პოეტების უნიჭო ეპიგონებს. ეს იყო სილის გაწვნა ,,შაბლონისთვის’’, რომელიც ,,მალაყს გადადიოდა’’ ქართულ პოეზიაში.
სხვა რომ არაფერი, ენა ინახავს წარსულს, მწერალიც სწორედ ენიდან, ე.ი. წარსულიდან ამოიზრდება და რამდენადაც დიდი აქვს სიტყვის ძირა ფენებში წვდომის უნარი, როგორც რობაქიძე იტყოდა, იმდენად ძლიერად აესხმება ფრთები ასაფრენად, იმდენად თავის-უფალი იქნება.

გიორგი კილაძე: დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველ ქალ მწერალთა რაოდენობა. არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ქართველ ქალ პროზაიკოსებს გამოარჩევს მამაკაცი პროზაიკოსებისგან?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, ეს ყოველთვის ძნელი გასარჩევი იყო. რაოდენობრივად დღეს მართლაც უფრო მეტად ჩანს ქალი_მწერალი, ალბათ, თანამედროვეობამ მისცა შესაძლებლობა, მეტი დრო დაუთმოს შმოქმედებით შრომას. ადრეც და დღესაც, ხანდახან ქალი მწერალი მამაკაცის ფსევდონიმით წერს, ან პირიქით. ვთქვათ, ნაირა გელაშვილმა კაცის სახელით გამოაქვეყნა რომანი. პაოლო იაშვილმა ქალი ‘შემოიყვანა ,,ცისფერი ყანწების’’ ორდენში _ელენე დარიანის ფსევდონიმით. ეს იყო პოეტური მისტიფიკაცია, რომელიც მკითხველმა დაიჯერა. ვფიქრობ, ქალები ჟარგონს, სკაბრეზს ნაკლებად მიმართავენ. ამ თვალსაზრისით უფრო მოკრძალებულნი არიან , თუმცა სითამამე ინტიმური განცდების აღსაწერად არ აკლიათ.
გიორგი კილაძე: ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, “იხსნის თუ არა ლიტერატურული კრიტიკა პოეზიას უნიჭობის სენისაგან”? კითხვა ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს. 2007 წელს “ებლიტფოზე” მომზადებული სტატიის სათაურია. სტატია კი პოეტ გიორგი საჯაიას ინიციატივით წამოწყებული დისკუსიის შედეგად დაიწერა. ზოგადად, კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები?
მაია ჯალიაშვილი: ვფიქრობ, უნიჭობის სენისგან კრიტიკა ვერ იხსნის ლიტერატურას. მე ასეთი ,,მკურნალი’’ არ მეგულება, რადგან ყველაზე მეტად უნიჭოს სჯერა, რომ ’’ჯანმრთელია’’.უნიჭობა იოლად ხარობს, ვრცელდება, მაგრამ უფესვებოც არის და ასევე იოლად ქრება. უნიჭოები მიდიან და მოდიან, ნიჭიერები კი რჩებიან. ზოგ შემოქმედს არა თუ კრიტიკის შეფასება, არამედ თავისი შექმნილი დაბეჭდილიც არ უნახავს, მაგ, ბარათაშვილს, მაგრამ დრო გავიდა და გამოუჩნდა პატრონი ილიას სახით. ჭოლა ლომთათიძე ნატრობდა, ნეტავ ვინმემ რამე დაწეროს ჩემზე, თუნდაც მაძაგოსო. ვერ ეღირსა, მაგრამ დრომ შეაფასა, ოღონდ ადამიანები სულსწრაფები არიან, ყველაფერი ახლავე სურთ. თანაც, ყველანი ვერ შეთანხმდებიან, რომ რაიმე ’’უნიჭობაა’’, რადგან ყველაზე კარგად დღეს სწორედ ეს ’’უნიჭობა’’ იყიდება, ე.ი. უფრო მეტი წამკითხველ-შემფასებელი ჰყავს, მართალია ეს შეფასებები ზედაპირული, ფრაგმენტულია, მაგრამ მაინც. თანამედროვე საზოგადოებას (ალბათ ასე იყო ყოველთვის) ხელოვნება მაინც თავშესაქცევი ჰგონია და ასეთი ლიტერატურა უნდა, იოლად ხელმისაწვდომი. თანამედროვე ლიტერატურაც მუხლს იყრის მისი უდიდებულესობა ’’მასობრივი მკითხველის’’ წინაშე და ყველანაირი გზით (მაგალითად, ორმაგი კოდირებით) ცდილობს მისთვის თავმოწონებას.
კრიტიკოსი უნდა იყოს შუამავალი მწერალსა და მკითხველს შორის. თავისი დაკვირვებებით, ინტერპრეტაციებით გზა გაუხსნას მკითხველს ნაწარმოებოს სიღრმეთა შესამეცნებლად. კარგი კრიტიკა ხელოვნებაა. კრიტიკა მესმის, როგორც ’’გამოთარგმანება’’, ე.ი. განმარტება, ხანდახან თვითონ მწერლები აკეთებებ ხოლმე ამას შესანიშნავად. ასე რომ, მე ცალმხრივად ვიაზრებ კრიტიკას. მაქებარი ყველას გამოუჩნდება _ კარგსაც და მდარესაც _ რის მაგალითიც ჩვენს სინამდვილეში არაერთია. ამიტომ გულგრილი ვარ იმ , ჩემი აზრით, არასწორი შეფასების მიმართ, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოებს მოჰყვება ხოლმე. ვფიქრობც, დრო ყველაზე სამართლიანი მსაჯულია. რადგან შეფასება მაინც სუბიექტურია და განსაზღვრულია შემფასებლის გემოვნებით, ინტელექტით, ინტუიციით, გამოცდილებით… ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ რაიმე სწორად შეაფასა, აღარაფერს ვამბობ ’’დახარისხების’’ მცდელობაზე, რომელიც მარცხისთვის არის განწირული. თავდაჯერებული კრიტიკოსი მაგონებს პილატეს, რომელმაც თქვა: ’’რაც დავწერე, დავწერე’’, _ ამით მან გაიზიარა იესო ქრისტეს ის შეფასება, რომელიც მასას ჰქონდა და გახდა ჯვარცმის მონაწილე.

გიორგი კილაძე: დღეს ბევრს საუბრობენ ქართული სალიტერატურო ენის პრობლემებზე… ლიტერატურულ ნაწარმოებებში გაჩნდა «ჟარგონიც… – ‘ჟარგონი’ ენისთვის ერთგვარი შემოლაწუნებასავითაა…’ – ბრძანა ბატონმა ბესო ხვედელიძემ. თქვენთვის რა არის იგი?
მაია ჯალიაშვილი: ’’ენა საღვთო რამ არის’’. სამწუხაროდ, არ არის ამ ფრაზის ცოცხალი შეგრძნება. ეს მხოლოდ მშვენიერ ციტატად შეიძლება დაიმოწმო, არადა, ენა, მართლაც, ჩვენი კურთხევის გარეშე არის ჩვენი ’’უფალი’’, რომლის ნებით ვიშვით. მწერალს ვერ ვუწოდებ იმას, რომელსაც ენა არ უვარგა, დღეს ბევრია ასეთი. ისინი ვერ დამკვიდრდებიან ენის ’’სამოთხეში’’, ე.ი. იქ, სადაც ნამდვილი მწერლები განისვენებენ. ჟარგონი არსებობს სასაუბრო ენაში და რადგან ლიტერატურა ცხოვრებას ’’ბაძავს’’, ირეკლავს ამ ჟარგონსაც. ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ლევან ბრეგაძის ’’ჟარგონის ლექსიკონი’’, რომელიც ჟარგონმა თავის ნებისმიერ ’’სასამართლოზე’’ შეიძლება ადვოკატად დაიყენოს. არავინ, მათ შორის, არც ქუჩის ბიჭი, ყოველთვის არ საუბრობს ჟარგონით, ასე რომ, მწერალმაც მხოლოდ გარკვეული მიზანდასახულობით უნდა გამოიყენოს ის (ჟარგონის კარგი გამოყენების მაგალითად დავასახელებ ენტონი ბერჯესის ’’მექანიკურ ფორთოხალს’’, ან ჯერომ სელინჯერის ’’თამაში ჭვავის ყანაში’’). ჩემი სათაყვანო მწერლები მისი დახმარების გარეშე ეზიარნენ უკვდავებას. მოკლედ, ჟარგონი გინდ ყოფილა და გინდ_არა. ჯერ არ მსმენია, მის გამო რაიმე ღირსება შემატებოდეს ნაწარმოებს, აი, დაკლებული კი ბევრი მინახავს.
ჟარგონი ისეთი თავხედია, შეიძლება, მართლაც, შემოულაწუნოს ენას, მაგრამ ენა მას თვინიერად მიუშვერს მარჯვენა ლოყას, რათა აგრძნობინოს ამ აგრესიის უბადრუკობა. ენას ჰყავს შვილები, მათ შორის, ჟარგონი, რომელიც ავადმყოფი შვილივით უყვარს და მისი გამოჯანმრთელების მოლოდინშია.
ჯემალ ქარჩხაძე წერდა: ’’ენას ურიცხვი სახე აქვს. ეს ურიცხვი სახე ურიცხი ნიუანსებით იქსოვება _ ურიცხვი ფერებით, ურიცხვი ხაზებით, ურიცხვი ინტონაციებით, ურიცხვი შეხამებებით… მეორე მხრივ, ჩვენც, ყოველ ჩვენგანს, ჩვენი ხასიათი გვაქვს, ჩვენი სტილი, ჩვენი ფერი, ჩვენი მიდრეკილებანი და თუ ზუსტად არ შეირჩა შესაბამისობა, თუ ჰარმონია არ დამყარდა ენასთან, თუ ზომა ზომას ვერ დავამთხვიეთ, ფერი ფერს და მნიშვნელობა მნიშვნელობას… ჩვენ ყალბი ვიქნებით’’. მთავარი ეს არის და თუ ვინმეს ნაწარმოების ’’გაფერადებისთვის’’ ჟარგონი დასჭირდება, ვინ რას იტყვის.
გიორგი კილაძე: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? კარცერ ლუქსის, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?
მაია ჯალიაშვილი: იყო მკითხველი, ეს სასწაულია… ვასიკო კეჟერაძე მკითხველის იდეალია. ასეთ მკითხველზე იოცნებებდა ნებისმიერი მწერალი. ყველა ლიტერატურისმოყვარული ჰგავს მას იმით, რომ ლიტერატურა ახარებს, ზრდის. იდეალი იმისაა, რომ იშვიათი იყოს. დღესაც ასეა. ვასიკო კეჟერაძეები არც წერილებს წერენ და არც აკომენტარებენ, მათ მხოლოდ ცოცხალი საუბარი შეუძლიათ. აბა, დღეს სადღა შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეებს. ინტერნეტის ფორუმებზე გამართული დისკუსიები მაინც კეკლუცობაა. ე.ი. ამას ის თავისუფლება და სილაღე არ ახლავს, რაც კეჟერაძის საუბარს, რომელიც მესმის, როცა ვკითხულობ. ოთარ ჩხეიძე აქვს წერილი ,,მკითხველი’’, რომელშიც წერს: ,,მწერალი მკითხველი გახლავთ, ანუ მკითხველი განსაზღვრავს მწერლობის დონესა, მკითხველის მოთხოვნილება, მკითხველის გემოვნება, მკითხველის ერუდიცია განსაზღვრავს, ან თუ ასეც რო შეიძლება ითქვას, რის ღირსიცაა ხალხი, მწერლობაც ისეთი გააჩნია’’. მისივე აზრით, მკითხველს, ძალიან ბევრი დროის გარდა, უნდა გააჩნდეს ,,ღვთაებრივი მადლი პირველყოვლისა, ღვთაებრივი მირონი, ნიჭი უნდა ერთისიტყვითა, ნიჭი განსაკუთრებული, გამორჩეული, როგორც თუ გნებავთ, მწერლისა საერთოდ თუ ფერმწერისა, როგორც მუსიკოსისა თუ მსახიობისა, როგორც მომღერლისა თუ მოქანაკისა, გამორჩეული და თავისებური ნიჭი, მწერლობის დონეს რო განსაზღვრავს, თავისი ხალხის მწერლობისას’’. მოკლედ, ,,ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მკითხველთ ზნეობა’’.
ასე რომ, ვერანაირი იძულება, ადამიანს მკითხველად ვერ აქცევს, თუმცა იძულებით წერა-კითხვას რომ შეასწავლი, ესეც დიდი საქმეა. არადა, ოთარ ჩხეიძისვე აზრით, ნიჭიერი მკითხველის გარეშე ,,მწერალი ცოდოა, დაეკარგება თვალსაწიერი და მოგვიანებით თუ გაიმეორებს სიახლეებსა ლიტერატურაში, სადღაც უკვე რო გაცვეთილა’’. აი, ჩვენი ლიტერატურის ნაკლის მიზეზი_ ნიჭიერი მკითხველის გარეშე დარჩენილი, ,,სადღაც უკვე გაცვეთილ სიახლეებს’’ ბეჯითად რომ იმეორებს და თავი ,,კარგთა სწორი’’ ჰგონია. და მაინც ოთარ ჩხეიძეს ენუგეშებოდა, რომ ,,მცირედი ნაწილი, თან რომ მიჰყვება ფეხდაფეხა ჩვენს მწერლობასა, მიუძღვის და თანაც მიჰყვება, ბრძანებს და მოითხოვს, ინებებს და განიცდის და კიდევ უფრო ამაღლებული ქმნილებანი სჭირდება, მართალი და ამაღლებული’’.
გიორგი კილაძე: რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ…
მაია ჯალიაშვილი: პირველად იყო სიტყვა… მერე ბიბლია, ჰომეროსი, რუსთაველი, შექსპირი, სერვანტესი…გალაკტიონი… და ადამიანი ისევ სცოდავს, ისევ მოთქვამს უსიყვარულობასა და გაუცხოებაზე, უთვისტომობასა და განწირულებაზე… ბრმასავით დაეხეტება საკუთარი სულის უფსკრულებში და ისევ წერს, იმეორებს, იმეორებს, იმეორებს… არადა, ყველა გზა გადარჩენისა ახსნილია და განათებულია…რატომ?
გიორგი კილაძე: კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცი…
მაია ჯალიაშვილი: კითხვა: ხანდახან შემაშფოთებს ხოლმე ათასჯერ ნაწინასწარმეტყველები მოახლოებული აღსასრულის შიში. რა გვიხსნის საწყალ ადამიანებს სამყაროს უძირო წყვდიადში შთანთქმისაგან?
პასუხი: ,,დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისთვის ეკითხათ: ,,აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო’’,_ ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა ,,დონ კიხოტი’’: ,,აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ’’(დოსტოევსკი).

ორშაბათი, ნოემბერი, 29, 2010
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 12:20 pm

მაია ჯალიაშვილი

''სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი''

(ჯემალ ქარჩხაძის რომან ``ზებულონის`` მიხედვით)

ჯემალ ქარჩხაძე XX საუკუნის ქართულ მწერლობაში გამოირჩევა თხრობის ოსტატობით. მის ნაწარმოებებში ნარაციის სხვადასხვა პლანის მონაცვლეობა ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სათქმელის სიღრმისეულად წარმოჩენას, მეორე მხრივ, გადმოცემული ამბის ექსპრესიულობასა და შთამბეჭდაობას. იგი ინტელექტუალური ტიპის მწერალია და მის ნაწარმოებებში თხრობას უპირატესად სულიერი სამყაროს დახატვის ფუნქცია აკისრია. მისი რომანი `ზებულონი~ ინტროვერსული, ცენტრისკენული რომანია. თომას მანის, ჰერმან ჰესეს, ფრანც კაფკას, უილიამ ფოლკნერის რომანების მსგავსად, ამ ნაწარმოებში სულის ლანდშაფტებია აღწერილი. 1988 წლს გამოცემულ ამ რომანში თითქმის არ ჩანს რეალისტური რომანისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პანორამულობა, მართალია, მწერალს ყოველთვის თანადროული პრობლემები აინტერესებდა, მაგრამ მისთვის მთავარი ერთგვარი ზედროული სივრცე იყო, რომელშიც ცხოვრობენ მისი პერსონაჟები და ავლენენ იმ არსებითს, რაც ადამიანს ან ღმერთთან მიაახლოვებს და ან დემონთან. ამიტომ ამ მწერლისთვის მთავარი ადამიანია, რომელსაც კონტექსტის მრავალფეროვნებისთვის ურჩევს ხან ადრინდელ საუკუნეებს, ხან ძველ რომს, ხან ზღაპარს, ხან თანამედროვეობას. ამჯერად საქართველოს ისტორიის მძიმე დროში გადავინაცვლებთ. თუმცა მწერალს ნაკლებად აინტერესებს თვითონ ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა, ამიტომაც ეს არ არის რომანი ისტორიულ თემაზე, არამედ ადამიანზე, რომელიც თავის ბედს, თავის ცოდვა-მადლს შესჭიდებია.
`თითქმის ყველა ჩემი პროზაული ნაწარმოები, რაც დამიწერია, _სულის ბიოგრაფიებია, საქმე ეხება არა ამბებს, სიუჟეტურ პერიპეტიებს და ა.შ. ისინი ძირითადად მონოლოგებია, რომლებშიც განხილულია ერთადერთი პიროვნება, სახელდობრ, ის მითიური სახე, თავის სამყაროსთან, თავის საკუთარ `მესთან~ მიმართებაში~, _წერდა ჰესე ერთ პატარა ჩანახატში.
ჯემალ ქარჩხაძის `ზებულონიც~ სულის ბიოგრაფიაა. აქ წინა რიგში ერთი პერსონაჟია, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდება და ვითარდება. მის გარშემოა თავმოყრილი მოვლენები, ფაქტები, სხვა პერსონაჟები. იგი რომანის ნარატიული მრავალფეროვნების ერთგვარი ცენტრია, რომლისგანაც გამოდის და სხვადასხვა მხარეს განიტოტება ცალკეული ამბავი.
რეზო ყარალაშვილი ჰესეს ცენტრისკენულ რომანებზე საუბრისას ერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ჩვენთვისაც საგულისხმოა: `მისი რომანის ფორმასა და სტრუქტურას საფუძვლად უდევს მწერლის შეხედულება ადამიანზე, როგორც ორგანზომილებიან არსებაზე, რომელიც ორი `მესაგან~ შედგება. ერთი მხრივ, ეს არის რეალური ადამიანი მისთვის დამახასიათებელი სისუსტეებით, მეორე მხრივ კი, ყოველ ინდივიდუმში იდეალისა და შესაძლებლობის სახით არსებული სრულყოფილი პიროვნება. ადამიანის არსების ეს ორი პოლუსი ჰესეს რომანის სიუჟეტში, როგორც წესი, ორი პერსონაჟის სახითაა ხოლმე წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი მთავარი გმირია, მეორე კი მასზე აღმატებული პიროვნება, რომელსაც იგი ცდილობს გაუტოლდეს. ამ პოლუსების თანაფარდობა, რეალური ადამიანის თანდათანობით გადაქცევა ოცნების ადამიანად, გმირის მიახლოება იმ იდეალთან, რომელიც მასზე აღმატებულ პერსონაჟშია განსახიერებული, ჰესეს რომანის სიუჟეტური დაძაბულობისა და შინაგანი დინამიკის უშრეტი წყაროა~ (ყარალაშვილი `აღსარებითი პროზის ტრადიცია და თანამედროვე `ცენტრისკენული~ რომანი~).
ჯემალ ქარჩხაძის ზებულონისთვის ამგვარი იდეალი განხორციელებულია იოველ ბატონიშვილის სახით, რომელზეც მათ სოფელში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, ამიტომ ის მის შეგნებაში ხილულად ნახვამდე უკვე იდეალი იყო. შეხვედრის შემდეგ კი ეს იდეალი კი არ დაიმსხვრა, არამედ გამყარდა და მეტი ბრწყინვალებით შეიმოსა. ასე რომ, ზებულონიც თითქოს გაორდა და მის სულში, გონებასა და გულში ჩვეული, ნაცნობი შეგრძნებების გარდა გაჩნდა პარალელურად მიმდინარე ახალი და უჩვეულო ფიქრთა ნაკადი. იგი თანდათან გადაიქცა ოცნების ადამიანად, თანვე, ამან უფრო შესაგრძნობი გახდა რეალობასა და ოცნებას შორის ზღვარი. იულონ ბატონიშვილი იქცა ღვთაებრივის, მიუწვდომელის სინონიმად. მასთან დაკავშირებულ ნარატივს სწორედ ეს ფუნქცია აქვს: ზედროული დაუპირისპიროს წარმავალს. ზებულონის გონებაში გაღვივება დაიწყო უცხო, მაგრამ მიმზიდველმა ფიქრის მარცვლებმა: `ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენ იყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე~.
პერსონაჟის სულიერი განვითარება რომანის სამ ვრცელ თავში წარმოჩნდება, ესენია: `შურისძიება~, `სიყვარული~, `სიკვდილი~. ეს არის კონცეპტუალური სათაურები და გმირის ცხოვრების სამ ეტაპს წარმოაჩენენ. იმავდროულად, ეს სამი სიმბოლოა, ზებულონის სულიერ_მატერიალური სამყაროს ძირითადი საყრდენები. ასე რომ, თხრობა სამი მიმართულებით განიტოტება. ხან შურისძიებაა წინა რიგში, ხან სიყვარული და ხან სიკვდილი, თანვე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთი რომელიმე ჭარბობს.
შურისძიების ნარატივით წარმოჩენილია ზებულონის სულიერ ცხოვრებაში მომხდარი დიდი გარდატეხა. ის თავისდაუნებურად იქცა შურისმაძიებლად. მოკლული მამა `აიძულებს~ მას ამ შურისძიებას (აქ გაიელვებს ჰამლეტისეული შურისძიების მოტივიც, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შურისძიება `იძულებითია~ და მთლიანად ეწინააღმდეგება გმირის მეს). ასე რომ, შურისძიების ნარატივს გამსჭვალავს ცოდვის ნარატივი. ამ ორი ძლიერი გრძნობის ჭიდილი აყალიბებს ზებულონს, როგორც პიროვნებას.
თხრობას წარმართავს უპირატესად ავტორი, იმავდროულად, ზებულონი და რამდენიმე პერსონაჟი. თუმცა, ეს მხოლოდ ილუზორული ცვალებადობაა მთხრობელებისა. ჯემალ ქარჩხაძის, როგორც მთხრობელის, ოსტატობაც სწორედ ესაა, შექმნას ილუზია, თითქოს სხვადასხვა ეპიზოდს განსხვავებული პერსონაჟები ჰყვებიან. სინამდვილეში ავტორი_მთხრობელი მესამე პირში წარმოაჩენს ყოველივეს, მაგრამ თხრობის რიტმი, შეფერილობა, ინტონაცია იმდენად იცვლება, რომ მკითხველი შეჰყავს გმირის `ტექსტში~, როგორც მისი აღსარების მსმენელი.
რომანი წრიული სტრუქტურისაა, იწყება მთავარი გმირის სიკვდილთან შეხვედრის ეპიზოდით და მთავრდება ამავე გმირის სიკვდილით. არსებითად, ეს ერთი და იგივე ეპიზოდია, სხვადასხვა რაკურსით დახატული, ოღონდ დასაწყისში მკითხველი შესცქერის მისთვის უცნობი ადამიანის სულის ამოსვლას, ბოლოში კარგად ნაცნობის აღსასრულს. მწერალი გარკვეულ ფრაზებს თავსა და ბოლოში იმეორებს და ამგვარადაც ადუღაბებს რომანის მთლიანობას. აქ არის გადაძახილი რომანტიზმის იდეალებთან, რადგან ჯემალ ქარჩხაძე სიკვდილს ხატავს, როგორც ცისფერს. გმირი აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრში შენიშნავს მისკენ მსუბუქად მოლივლივე ცისფერ სიკვდილს, რომელიც ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში სიკვდილის ათასგვარი სახეა დახატული, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ასეთი თბილი ტონებით დახატულს, ნატიფი, ნაზი მონასმებით შესრულებულს. სიკვდილთან დაკავშირებული ამგვარი პოეტური ნარატივი მოულოდნელობის ეფექტს ქმნის და გარკვეულ დაძაბულობას მატებს თხრობას. სიკვდილთან ამგვარი შეხვედრა ეხმიანება სულის უკვდავების რწმენას. იმისათვის, რომ სულისა და ხორცის გაყრის ჰარმონიულობა წარმოაჩინოს, მწერალი სიკვდილის სიფაქიზეს უსვამს ხაზს: `ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა~. თხრობაში მთლიანად Eშემოიჭრება ცისფერი და ყველაფერს გადაფარავს. ეს `პირველად ქმნილი ფერი~ (ნიკოლოზ ბარათაშვილი) გმირს სიმშვიდეს მოუტანს და ამ ფერში გამოჩნდება მთელი მისი ცხოვრება, რომელიც სავსე იყო უამრავი, სწორედაც რომ შავი სიკვდილით, მაგრამ ახლა `სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა~.
რომანის ამგვარი დასაწყისი არის ერთგვარი მუსიკალური პრელუდია, სახეთა ფერწერულობა, სტრიქონთა შეფარული, მაგრამ საგრძნობი რიტმი ამძაფრებს მელოდიურობას. ამგვარი მუსიკალურობის განცდა არ ტოვებს მკითხველს მთელი რომანის განმავლობაში.
თხრობის ძირითადი ნაწილში მწერალი ქმნის დროის ვერტიკალურ ჭრილს და მასზე განალაგებს მოვლენებს. მკითხველი ჩაღრმავდება პერსონაჟის წარსულში, რათა გაიაზროს, რატომ არის გმირის `საკუთარი სიკვდილი~ ცისფერი, რა გზა გაიარა მან, რომ მწერალმა ამგვარი სიკვდილით `დააჯილდოვა~.
რომანის ერთიან ნარატივს კიდევ ერთ თავისებურებას მატებს ნარაციის ორი პლანი: რეალისტური და მენტალური.
პირველ პლანში ავტორი_მთხრობელია, რომელმაც ყველაფერი იცის თავისი პერსონაჟის შესახებ და თანმიმდევრობით გვიყვება მისი ცხოვრების თავგადასავალს. ნარაციის მეორე პლანში პერსონაჟი თვითონ `ჰყვება~, ოღონდ ეს არის არა რეალურ დრო-სივრცეში მოვლენათა თანამიმდევრობის გადმოცემა, არამედ იგი ფიქრებში, წარმოსახვაში აანალიზებს მომხდარს, გადააფასებს მოვლენებს და გამოაქვს დასკვნები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მის მომავალს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნარაციის ეს ორი პლანი პარალელურად არ მიიმართება, არამედ ერთგვარი ზიგზაგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხანდახან ერთმანეთს გადაკვეთენ. ამ შემთხვევაში, მოვლენა რომანის სივრცეში თითქოს ჩერდება და ირეალურ, წარმოსახულ სივრცეში განიტოტება სხვადასხვა მიმართულებით.
ნარაციის ერთგვარი სახეა `ჭვრეტა~, `განათება~, `გასხივოსნება~, გრიგოლ რობაქიძე ამას გზნებასა და ექსტაზს უწოდებდა. ამგვარი უნარით ბავშვობიდანვე გამოირჩევა ზებულონი. ამ შემთხვევაში, მწერალი გმირის სახის გამოსაკვეთად ტრადიციულ ხერხს იყენებს, იგი სხვათაგან გამორჩეული ბავშვია, ყველასგან განრიდებული, განმარტოებული, თავის ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული. რა ელის ამ სიწმინდეს ცხოვრებაში? გაუძლებს თუ არა ცხოვრების მღვრიე ტალღების შემოტევას? ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს მკითხველს და რომანიც ამის მცდელობაა, წარმოაჩინოს ამქვეყნიური ცოდვა-მადლის ჭიდილი.
ექსტაზის ფენომენი ყველა მითის, კულტის, რიტუალის უცილობელი ნაწილი იყო. ქართულ მოდერნისტულ რომანში უხვად შემოიჭრა მითი, ზღაპარი ლეგენდა – ამან კი სულს გზა გაუხსნა სიღრმისაკენ. ადამიანი ეზიარება მარადისობას, მაგრამ საჭიროა განსაკუთრებული მდგომარეობა ამ ზიარებისთვის. განსაკუთრებული მდგომარეობა კი მიიღწევა `თრობით~ – სიტყვით, საქმით, სიყვარულით, რელიგიით, პოეზიით. გახელებას, ექსტაზს ხშირად იწვევს მხურვალე მზე, დიდი შუადღის ჟამს დაყუდებული, საგნებს რომ აორებს და ადამიანს თავის სხვა მეს შეახვედრებს. სწორედ ამ მზემ `დაუშანთა~ გონება დანტესა და ნიცშეს. მაგალითად, მზე გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგში~ წარმოჩნდება, როგორც მეტაფორა, რომელიც გმირის ძიების გზაზე თავის უდიდეს როლს თამაშობს. ექსტაზისას ადამიანი თავისუფლდება ყველაფერ იმისაგან, რაც მას ამ სოფელთან აკავშირებს, განიძარცვება მიწიერი სურვილებისგან, ვნებებისგან. ჩვეულებრივი სმენისგან, ხედვისაგან და იმსჭვალება უხილავის, დაფარულის წყურვილითა და მოლოდინით~.
მწერალი თავისი პოეტური სულის გმირს პოეტური სახელის სოფელში დაასახლებს _ წყაროსთვალში, რომელიც თითქოს მიწიერი სამოთხესავითაა. ზებულონი იზრდება და ადამივით `სახელებს არქმევს~ საგნებს, ე. ი. შეიმეცნებს სამყაროს. იგი მშობლების ერთადერთი ვაჟია, და-ძმები დაბადების პირველ კვირასვე დაეხოცნენ. ამით თითქოს ხაზი ესმება მის გამორჩეულობას, რომ მან ცხოვრებაში რაღაც მძიმე უნდა იტვირთოს, მსხვერპლად იქცეს. მწერალი ხაზს უსვამს ზებულონის განმარტოებისკენ მიდრეკილებას. ის შინაგან სამყაროსა და ბუნებას იყო მიყურადებული. `როდესაც ერთხელ ყური მოჰკრა, ალიონზე, სინათლისა და სიბნელის შეხვედრის ჟამს, მდინარე წამითY შედგებაო, ამ უჩვეულო რამ ამბის სანახავად სამჯერ უთენია გაიპარა სახლიდან, მართალია ვერც ერთხელ დამდგარი მდინარე ვერ ნახა, მაგრამ ნახვის მოლოდინი სამივეჯერ ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ამაფორიაქებელი და ჟრუანტელისმომგვრელი, რომლის მსგავსსაც ტოლ-ამხანაგებში ყოფნა ვერ მიანიჭებდა~. მას აქვს უნარი ბუნებასთან შერწყმისა, გარდასახვისა. ერთხელ, საყვარელ მუხნარში განმარტოებულმა, სწორედ ამგვარი ექსტაზი განიცადა, იგრძნო, რომ თვითონაც მუხად იქცა და აღმოაჩინა: `მუხა მიწის ტყვე იყო! მიწა ბორკილებივით შემოჰკვროდა ფესვებზე და გასაქანს არა ძლევდა. მუხას მოძრაობა უნდოდა და დაბმული იყო. საცა დაიბადა, იქ უნდა მომკვდარიყო და უცხო მინდორთა სილამაზეს ვერასოდეს იხილავდა~. სწორედ ამ დროს დაიბადა ზებულონის გულში სოფლიდან წასვლისა და უცხო სანახების მოხილვის წყურვილი. ზღაპრებით, ლეგენდებით იკვებება მისი სული, ამიტომაც ყველაფერს რომანტიკული საბურველი აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მშობლიური მიწის სიყვარულის ახალი რაკურსით დახატვა. ყველასთვის ცნობილია გალაკტიონისეული ცვრიან ბალახზე გავლის განცდა. ჯემალ ქარჩხაძის ზებულონს კი წვიმის შემდეგ რბილ ტალახში ფეხშიშველი სიარული უყვარდა. არის თუ არა დაპირისპირება კრიალა, სუფთა ნამიან ბალახსა და შავ, ჭუჭყისფერ ტალახს შორის. არა, უბრალოდ, მიწის შეგრძნება ახალი ნიუანსითაა გამდიდრებული: `ნელთბილი და თოთო მიწა რომ ნესტიანი ენით მოელამუნებოდა და ტერფებზე საამო არტახებად შემოეკვროდა, ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა გულში ნიაღვარივით შემოვარდებოდა, მერე ყოველ მხარეს გაიფანტებოდა, სისხლს შეერეოდა და მთელ სხეულს ტკბილი, მომთენთავი ნეტარებით ავსებდა~. მწერალი ვრცლად მოგვითხრობს, რას განიცდის გმირი რბილ და თბილ ტალახთან შეხებისას. ამგვარად იქმნება საოცარი ესთეტიკური ხატი, ტალახი განიწმინდება, ჩამოშორებს ერთგვარ მყარ შინაარსს და ახალი ემოციით იტვირთება. ამგვარად, იგი განცდის ინტენსივობით ცვრიანი ბალახის სილამაზეს ეთანაბრება. ზებულონის სულის სიფაქიზე წარმოჩნდება ამგვარი ნარატივით. საგულისხმოა კიდევ ერთი შტრიხი მისი ხასიათის გასააზრებლად: მას ერთგულ მეგობრებადაც ადამიანები კი არა, ორი ძაღლი: ბროლია და ლომია ჰყავს. მისი ფაქიზი სულის წარმოსაჩენად მწერალი ერთ დეტალს გამოკვეთს. ყმაწვილი ზებულონი თანატოლებივით ოცნებობს მტერთან ბრძოლაზე, მომხვდურთა დახოცვაზე, მაგრამ წარმოდგენაშიც კი არასოდეს კლავს ვინმეს. წარმოსახვა სწორედ იქ ებინდება, როდესაც ვინმეს პირისპირ დგას და მახვილს უღერებს. ეს პასაჟი კონტრასტს შექმნის შემდგომ მოვლენებთან, როდესაც ზებულონი უამრავს გაუჩეხს ხმლით თავს, სინანულისა და სიბრალულის გარეშე.
აქ ცალკე ყურადღებას იქცევს ზემოთ აღნიშნული იდეალისკენ სწრაფვის ნარატივი. მწერალი რომანში ხატავს წინააღმდეგობას იდეალისკენ სწრაფვის გზაზე. საზოგადოდ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს იდეალისკენ სწრაფვა. ზებულონის სოფელში იოველ ბატონიშვილი გამითებულია. მის შესახებ თხრობისას იყენებენ თურმეობით ფორმას. მასზე ზღაპარივით ჰყვებიან, მაგრამ თუ დანარჩენი გმირები ზღაპრის თავგადასავალს იმით ამთავრებენ, რომ მეფეები ხდებიან, იოველმა, უფლის ანგელოზის კარნახით, უარი თქვა ხელმწიფებაზე. ეს იყო გაუგონარი და საოცარი რამ, მან, მეფის უფროსმა ვაჟმა, ტახტი უმცროსს დაუთმო. `ამგვარი კაცის ადგილი მხოლოდ ზღაპარშია, ჭაბუკებთან და მზეჭაბუკებთან, დევებთან და გველეშაპებთან, ფასკუნჯებთან და კუდიან დედაბრებთან~. იოველს თურმე ბევრი უმოგზაურია, ენები შეუსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულს კი მაღალი მთის წვერზე ტაძარი აუგია და სასწავლებელი გაუმართავს აი, ამ ტაძრის ხილვა იქცა ზებულონის ოცნებად. მერე ისე მოხდა, რომ მათ სოფელში სტუმრად მოსულმა იოველმა ზებულონი გამოარჩია და მის მშობლებს სთხოვა, ორიოდ თვეში მასთან გაეგზავნათ, რათა წერა-კითხვა ესწავლებინა და მერე ზებულონს სხვაგანაც დაენთო სწავლის ლამპარი, თან პატარა წიგნი_ხელნაწერი სახარება აჩუქა. იოველის სახეში ერის განმანათლებელი ილია ჭავჭავაძე ირეკლება. მის საუბარშიც ილიასეული თვალსაზრისები მოჩანს. ზებულონსაც აქვს იდეალი, იოველ ბატონიშვილთან მიმსგავსება, მაგრამ ამ გზაზე ცხოვრება გადაეღობება და ეს იდეალი დროდადრო ხან იკარგება, ხან წარმოჩნდება.
მთელი რომანი ამ იდეალისკენ ზიგზაგურ სვლას აღწერს. საბოლოოდ კი, ეს გზა ზებულონის სულიერი სიღრმეებისკენ მიიმართება. ამის შემდეგ თხრობაში ახალი ნარატივი ჩნდება, რომელსაც წარმართავს ახალ, წიგნიერ ცხოვრებაზე ოცნება, თუმცა ტაძრისკენ სწრაფვა ბოლომდე განუხორციელებელი დარჩება. ცხოვრების წიგნს კი წაიკითხავს ზებულონი, მაგრამ ადამიანთა დაწერილს კი –ვერა.
ამ ერთგვარ იდეალიურ ნარატივს მწერალი არღვევს უცხოს შემოჭრით. უცხო ამ შემთხვევაში სოფლის განაპირას მცხოვრები, საიდანღაც გამოხიზნული უჟმური ოჯახია, რომლის ერთი წევრი ზებულონს მამას, ცალთვალა ისახარს მოუკლავს.
ზებულონი ამ დროს აღმოაჩენს ცხოვრების საზრისს, აქამდე უცნობ ჭეშმარიტებას, ერთგვარ `ზნეობრივ კანონს~. ეს არის გარკვეულ მოვალეობათა აღსრულების ტვირთი. ხშირად იმგვარი მოვალეობებისაც, რომლებიც გმირის მეს, მის სულიერ სამყაროს ეწინააღმდეგებიან.
თხრობაში შემოიჭრება ახალი, საშიში, ხმაურიანი მოტივი. ეს არის საშინელი ცოდვა, რომელიც ზებულონმა უნდა ჩაიდინოს. ცოდვა თითქოს თვითონვე წარმართვს მოვლენათა განვითარების დინამიკას. მთელი სოფელი და ოჯახი უთქმელად აღძრავს ყმაწვილ ზებულონს შურისძიებისთვის. ზებულონი თითქოს რაღაც საშინელი ძალის მორჩილია. იგი ამოქოლავს იმ ხვრელს, რომელშიც მამამისის მკვლელთა ჩვილბავშვებიანი ოჯახი იმალება. ეს არის საწყისი წერტილი, საიდანაც განიტოტება რთული გზა ნამდვილი ცხოვრებისკენ. შურისძიების აღსრულების შემდეგ ზებულონს სამი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა. მწერალი ამ დეტალით მიანიშნებს, რომ ამ სამ დღეში ცოდვის ნაყოფი _ ახალი ზებულონი დაიბადა, რომელსაც ჩადენილმა ცოდვამ იდეალისკენ გზა გადაუკეტა. ეს ახალი ზებულონი მატერიალური ცხოვრების ორომტრიალისთვის არის მზად _ სისხლის საღვრელად და ცოდვის მორევში დასანთქმელად. ამის შემდეგ მის გარშემო შიში და სისასტიკის მოლოდინი ისადგურებს, ხალხი როგორც ურჩხულს, ისე ერიდება, ერთგულმა ძაღლებმაც კი მიატოვეს. ზებულონი კვლავ მარტოა მთელი სამყაროს პირისპირ. სოფელში ხმა დაირხა, ღამღამობით ქაჯები და ავი სულები დაუდიანო. ზებულონი გრძნობდა, რომ `სხვა კაცი გახდა, კი არ გარდაიქმნა და იმისგან კი არ აღმოცენდა, რაც აქამდე არსებობდა, როგორც ფესვიდან აღმოცენდება მცენარე, არამედ სულ მოწყდა ფესვს და ცალკე მცენარედ იქცა. სამაგიეროდ, სულში დარჩა იმ ფესვის მარადიული, მტკივნეული, მახრჩობელა ნატვრა.
იოველ ბატონიშვილისკენ მიმავალს ესიზმრა, რომ მცველმა არათუ შეუშვა მასთან, ეჭვიც კი შეიტანა: `ამ ავაზაკს ჭაბუკი ზებულონი მოუკლავს და გაუძარცვავს, სახელიც კი წაურთმევიაო~. მხოლოდ იოველის ნაჩუქარი სახარება დააქვს ავგაროზივით. ეს პატარა წიგნი სიმბოლურად განასახიერებს მისი სულის შეურყვნელ ნაწილს, ნაპერწკალივით მბჟუტავს და დიდ ცეცხლად გადაქცევის მომლოდინეს.
სიყვარული ზებულონში ახალ ენერგიას აღვიძებს. იოველისკენ სწრაფვა, როგორც იდეალიკენ, ტრანსფორმირდება ნესტანისკენ სწრაფვაში. საგულისხმოა ისიც, რომ ზებულონი პირველად როცა მოჰკრავს პატარა გოგონას, ნესტანს, თვალს, ის მაგიდაზე თავდახრილი წიგნს კითხულობს. ამჯერადაც კვლავ წიგნია ხიდი უფლისკენ მიმავალ გზაზე, სიყვარულით განათებულზე. ზებულონს ეს წიგნი, ე.ი. წერა-კითხვის შესწავლა სიკვდილამდე მიუწვდომელ იდეალად დარჩება, სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. იდეალი არ უნდა განსხეულდეს, მას არც არაფერი არ უნდა ჩაენაცვლოს, მაშინ შეეძლება ადამიანს ამ იდეალის ერთგულება და მაშინ დაჯილდოვდება ცისფერი სიკვდილით. მწერალს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ დაურქმევია მშვენიერი ქალწულისთვის ეს სახელი. ის განსახიერებაა, მართლაც, იდეალისა, რომელსაც დიდი ძალისხმევით სჭირდება მოპოვება და დაცვა. ნესტანთან ურთიერთობაში ზებულონის სულში სწორედ ის შეურყვნელი ნაპერწკალი გაღვივდება: `ზებულონი თვალგაშტერებით შესცქეროდა წინ მიმავალ ნესტანს და მის არსებაში ვიღაც, ვინც ზებულონიც იყო და და არც იყო ზებულონი, მძაფრად, ლოცვასავით ნატრობდა, ყველაფერი გამქრალიყო, მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ ეს ჭალა დარჩენილიყო და ეს მდინარე. მუდამ ასე ევლო ამ ჭალაში ნესტანს ზებულონის წინ და მუდამ ასე ეცქირა ზებულონს ნესტანისთვის~. ამ გზაზე ზებულონი სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრად იქცევა, ხმალჩაუგებელ ვაჟკაცად. ქართლის მეფე მანუჩარის გვერდით რომ დააყენებს განგება და მასთან ერთად ქვეყნის დასაცავად აბრძოლებს. მწერალი რომანს ახალ კონტექსტში წარმოაჩენს. ეს არის შავბნელი ხანა საქართველოს ისტორიისა, დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყანა, შინაომები, ათასგვარი მტერი. ზებულონი მთლიანად გადაეშვა ცხოვრების შუაგულში, რომელიც მისგან ამჯერად მტრის უმოწყალო დახოცვას მოითხოვდა. ის კვლავაც იარაღი იყო ბედისწერის ხელში: `როცა ერთიანად ხმლად და ბრძოლად იყო ქცეული, იმ დროს არ იცოდა, რომ თათარი, რომელსაც გამეტებით უქნევდა ხმალს, ადამიანი იყო, სულიერი, თვითონაც სიცოცხლე უნდოდა და ხმალი რო ხვდებოდა, სტკიოდა~. სიკვდილს მიესწრაფვოდა თვითონაც, მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა მის სულში, სიცოცხლის სიყვარულს ბრძოლა ბადებდა.
მტრის დაუნდობლად მოკვლისა და შებრალების მოტივები რომანში ერთმანეთს გადაკვეთს და აქაც ერთმანეთს ხვდება ცოდვისა და მადლის ნარატივები. ერთ ეპიზოდში ზებულონი ტყვედ ჩაგდებულ ლეკ ყმაწვილს რომ ჩახედავს თვალებში, შეშფოთდება, მართალია თანამებრძოლებს დაუბარებს, ყველაფერს რომ ათქმევინებთ, მერე რაც გინდა, ის უყავით, გინდა მოკალით და გინდა ცოცხლად გაუშვითო, მაგრამ ვეღარ მოისვენებს, ნატრობს, რომ ამხანაგებმა გაუშვან და დიდი ხნის მერე, როცა კვლავ მოიკითხავს და პასუხად მიიღებს, გავუშვითო, შვებით ამოისუნთქავს.
მწერალს ზებულონი ცხოვრების დახლართულ გზებზე დაჰყავს ფიზიკურად და ათასგვარ ხიფათს შეახვედრებს, მაგრამ მთავარი მისი სულიერი გზებია.
როგორც აღვნიშნეთ, რომანი პირობითად ისტორიულ თემაზეა, მაგრამ, ჯემალ ქარჩხაძეს როგორც სჩვევია, მას ისტორია აინტერესებს არა მომხდარი მოვლენების თვალსაზრისით, არამედ იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის გადმოსახედიდან (ამგვარი ორიგინალური რაკურსის მაგალითია `რაჰათ-ლუხუმი~, სადაც მტერი ჰყვება თევდორე მღვდლის გმირობის ამბავს). ასე რომ, რომანში აღწერილი ისტორიული მოვლენები ერთგვარი პარადიგმებია, რომლებიც ხშირად მეორდებიან საქართველოს ისტორიაში.
აქაც `დრო ავი იყო, ქვეყანა გავერანებული~. ამჯერად, უბრალო აზნაურის, ზებულონის, თავგადასავალია მოთხრობილი მოდელირებულ ისტორიულ ფონზე. ეს არის მძიმე ხანა საქართველოსთვის. ზებულონი უნებურად მოექცევა მოვლენათა შუაგულში, მაგრამ მწერლისთვის მთავარია მისი ზნეობრივი ცვლილებები.
რომანში სხვა პერსონაჟებიც შემოიჭრებიან თავიანთი განსხვავებული ხმებით. ესენია: მანუჩარ ბატონიშვილი, ბექა ამილახვარი, ნესტანი, იესე ერისთავი. რომანში მრავლად იხატებიან ქვეყნის ერთგულნიც და მოღალატენიც, მაგრამ ისე, რომ მთავარი პერსონაჟის, ზებულონის, ხმა არსად არ იჩრდილება.
განსაკუთრებულ ყურდღებას იქცევს კათალიკოსის ხმა. ეს არის ამაღლებულის ნარატივის შემოჭრა რომანში. როცა რწმენაშეცვლილი ისკანდერი ირანის მხარდაჭერით დაჯდა სამეფო ტახტზე, ქართლის კათალიკოსმა ჯერ საჯაროდ შეაჩვენა მაჰმადიანი მეფე, მერე კათალიკოსის ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, ჯვალოს კაბა ჩაიცვა, ხელში რკინის ჯვარი დაიჭირა და სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული. `ქადაგად დაცემული ყველა ქრისტიანს, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, გულმხურვალედ მოუწოდებდა, ხელი გამოეღო, რათა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ურჯულოთაგან ეხსნათ და თუ ვერ იხსნიდნენ, ნამუსიანად დახოცილიყვნენ~.
რომანში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი ეპიზოდი. ტყეში გახიზნულ კათალიკოსთან ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში თავშეფარებულ ზებულონს დაევალა, ეთვალთვალა და ამოეცნო აქ ამოსული მოღალატე თავადი. ზებულონმა დავალებას თავი ჩვეული მოხერხებულობით გაართვა, მაგრამ ის სახეზე არ იცნობდა თავადებს. მოულოდნელად ეკლესიაში კათალიკოსი გამოჩნდა, რომელმაც მიმალული ზებულონის გასაგებად ხმამაღლა სახელით მიმართა მისთვის ნაცნობ მოღალატეს. ზებულონის თვალწინ მოკლეს კათალიკოსი. ეს იყო საოცარი თავგანწირვა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა, რომელმაც საკუთარი სისხლით დაამოწმა თავისივე ნაქადაგევი. იგი ასე არიგებდა ზებულონს: `გათათრება ეგრე იოლი არ არის. ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში გვიან აღწევს~. რა თქმა უნდა, გათათრებაც ერთგვარი სიმბოლოა და იგი, ზოგადად, ერის გადაგვარებას გულისხმობს.
ცხოვრებანაგემი ზებულონი შემეცნების ახალ საფეხურზე სიკვდილს გაიაზრებს, როგორც უჩვეულო სიცოცხლის დასაწყისს, ამიტომაც ბრუნდება მშობლიურ სოფელ წყაროსთვალში: `მიხვდა, რომ ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, ისევე როგორც სიცოცხლის ძებნა ამაო ყოფილა~.
ზებულონი თავის მიწას უბრუნდება ნამდვილი სიკვდილისა და ნამდვილი ზებულონის საძებნელად. მან ცხოვრების აღმართ-დაღმართებზე ხეტიალისას კიდევ ერთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: `სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი~. სიმბოლურია, რომ მას მოღალატის ისარი ზურგში მშობელთა საფლავზე წამოეწევა და `ზებულონი მიხვდა: `სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა~ სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა. როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა~.

დაიბეჭდილია ჟურნალში ,,ქართული მწერლობა’’, #2, 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 12:25 pm

მაია ჯალიაშვილი

იგავ-არაკები და ქარაგმულები

„მეც სიცილს ძალი მივეც“
სულხან-საბა ორბელიანი


ზრდილობის გაკვეთილი

ყველა იჯდა.
კმაყოფილი არ ეთქმოდათ.
ჰა და ჰა უნდა დაძრულიყო, რაც იყო.
სწორედ ამ დროს კარი ოხვრა-ვიშვიშით გააღო ბებერმა კუმ.
ფეხი მოსტეხოდა, ძლივს ამობობღდა და უმწეოდ მიმოიხედა.
გრძელი გზა ჰქონდა.
ყველამ ზევით აიხედა, ცის გაჩხრეკა დაიწყო, ბედად მოკრიალებულ ცარგვალზე ერთი ღრუბელიც არ ჩანდა.
გამოჩნდებიანო. ეიმედებოდათ.
ასე ერთი ფიქრით რამ შეაკავშირათ, ვერავინ ახსნიდა.
კუ იდგა ცალ ფეხზე, მეორე სტკიოდა.
კარგი ჯანსაღი სხეულები მკვიდრად ელაგა.
მაღალ მატერიებზე ფიქრის საღერღელი აშლოდათ.
აბა, ამათ მომავლის რატომ უნდა შინებოდათ?


ჩალის სავლები უიღბლოთათვის

აქეთ ეცა, იქით ეცა.
ეს ისე, სალაპარაკოდ, თორემ, იჯდა და ჩიოდა.
ამაში კარგად გაწაფულიყო.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ექიმთან წავიდა.
იმან ერთი ახედ-ჩახედა ისეთი მზერით, ამას ჩემი ნებით გახდა მერჩიაო, ფიქრობდა.
რაო, რა მჭირსო.
ისეთი არაფერიო.
მეშველებაო? დააიმედა, შენზე უარესებს შევხვედრივარო.
დიდი ნუგეში იყო.
ჩალა გამოუწერა პირში სავლებად.
ამის შემდეგ მიზეზი ჰქონდა.
ექიმისგან დადასტურებული.
პირში ჩალაგამოვლებული დადიოდა.

სეხნიები

თომა არ ერქვა, დედა ეძახდა, იმასავით ურწმუნო ხარო.
ლუკა ეწოდებინა მამამისს.
ვისთვის რა უნდა ეხარებინა, ეგ იყო, წვიმად მოსვლას ისიც ნატრობდა.
ლირიკულ გუნებაზე როცა ბრძანდებოდა.
ისე, იყო, რა.
სეხნიები კარგი ჰყავდა. წარამარა ახსენებდა. ამ ორს გამოარჩევდა.
გულის სიღრმეში არ იხედებოდა, სიბნელისა ეშინოდა ბავშვობიდან.
ისე კი, ვინ იყო, რა იყო, ნეტა ვის ასლად ჩაეფიქრებინა შემოქმედს?
მიწაზე ისე გაემრუდებინათ დაგეგმილი, კაციშვილი ვერ გაარჩევდა.


გაქვავების ხელობა

იჯდა და ქვას წყალს ადენდა.
ჰა და ჰა, სამოთხის კარი გამეღებაო.
ოდესღაც თარჯიმნად გონება ესვა, მაგრამ ამის ყურებაში სიქა გასცლოდა და გადაკარგულიყო.
ჯანდაბამდის გზა ჰქონიაო.
გვერდით ჩაუარა სხვამ.
მეზობელი ოსტატი იყო, ქვების დასაკოდად მიდიოდა.
ამან თვალი მოწყალედ გააყოლა.
ნეტავი იმ ქვებს რა თავში იხლისო.
ამის ხელში შებეზრებული ქვა კი თავისას ჩიოდა: გამაწყალა და ეგ არიო.
ერთი შორეული ქვას კი მოთმინება ეკარგებოდა ხანდახან: ვაჰ, წარამარა მახსენებს, მაგრამ რად გინდა, ცარიელ გულში მაინც ვერსად მომიძებნა ადგილიო.
უსაშველოდ წუხდა.
ეს ერთი კარგი წიგნის ქვა იყო, თავკიდურის სახელით იცნობდნენ.


განსაცვიფრებელი სანახაობა

მამის დანატოვარს წირვა გამოუყვანა და დარჩა ასე, გულხელდაკრეფილი.
საბედისწერო წამი დასდგომოდა.
აქეთ მოდგა, იქით მიდგა და სანახაობის მოწყობა გადაწყვიტა.
გაეგონა, ამ გზით გამდიდრება შეიძლებაო.
ჩაუჯდა. ტვინი აიქავა.
რეკლამა დაატრიალა. ხალხი შეჰყარა.
ძველი ჯამბაზები გამოიყვანა, აცინა და ახარხარა, ცრემლები სდიოდათ.
იმას აღარავინ ფიქრობდა, რეკლამით რას დაჰპირებოდნენ.
ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო.
ერთი ძილდამფრთხალი ჭოტი იყო მხოლოდ გულმოსული და გაკვირვებული, ამ განსაცვიფრებელი სანახაობისას ვერაფერს მიმხვდარიყო.


სიტყვებით ვარ(ჯიში)

წერდა ხან ასე, ხან ისე. მანასესავით.
გამოთქმაში ოსტატდებოდა.
ახლაც სამი სიტყვა აიღო: ზურმუხტი, სიკვდილი, მეწამული.
ესეც თამაში იყო.
მერე შეიძლებოდა ორიგინალურობისთვის ტაშისთვისაც გამოეკრა ხელი.
ახლა მთავარი იყო კომბინაციები.
სიტყვა კი მარგალიტი იყო. ამაში ყველა შეთანხმებულიყო. წინაპარიცა და შთამომავალიც.
თამაში იყო ყალბი.
ვიღაცამ პირიქით თქვა.
ჰო. პირველი კომბინაცია ზურმუხტისფერი სიკვდილი. კარგი იყო. ერთ-ორ ზმნასაც მიაბამდი გასაწევად და ფეხის ასადგმელად. მერე თვითონ გაუყვებოდა გზა-შარას.
მეწამული ზურმუხტი _ ამას აღტაცება ვერსად გაექცეოდა. ზურმუხტი მწვანე იყო. მეწამული _ წითელი. შერეული ფერები.
აზრი რა? ეგ ისეთი რამ იყო, უსიტყვოდაც ჩნდებოდა. მით უმეტეს, სიტყვათა სიახლოვეს.
ჯერ იყო სიტყვა, მერე აზრი.
არც მეწამული სიკვდილი იქნებოდა ურიგო.
მერე სხვა სიტყვებს გაათამაშებდა.
მადლიანი ენა უშურველობაში გამოეცადა.
უწყინარი თმაში იყო.
ჯიშიანობის დასტური.
ვარ ჯიში I, ვარ ჯიში II, ვარ ჯიში III....
ასე ვარჯიშობდა და პოეტობას იმტკიცებდა.




მაღაზია

ერთ ღრუბლიან დღეს რუსთაველზე ხეტიალისას მოსალოდნელად წამოწვიმა და გაღებულ კარში დურთა თავი.
მაღაზია აღმოჩნდა.
დახლებზე უძველესი წიგნები ელაგა, მკითხველზე მოგონებები რომ გახუნებოდათ.
გამყიდველი მოდილიანის გოგონას ჰგავდა თვალებით. ღიმილი კი ყოვლად მიწიერი ჰქონდა, ვითარებისა და ადგილის შესაფერისი.
ერთი წიგნი გადაშალა, მარტო ყდა იყო, მეორე, მესამე.
აბა, გაკვირვებას როგორ გამკლავებოდა.
შიგ ჩარჩენილ ჟრუანტელებს ვყიდითო.
აბა, როგორ მიმხვდარიყო, ტყუოდა თუ სიმართლეს ამბობდა, ის ხომ მოდილიანის ნახატს ჰგავდა თვალებით.
თქვენ რის ჟრუანტელი გნებავთო.
გახსენება გაუჭირდა.
ნეტავი ჩვენს დროში წიგნის ჟრუანტელებით ვიღა ცხოვრობსო.
განა მეცო. მკითხველად მოჰქონდა თავი.
ეტყობა ჟრუანტელის განცდა დაუკითხავად შემოსცვეთოდა.
ვინმე თუ ყიდულობს რამესო.
როგორ არა, ვნების ჟრუანტელს მუშტარი არ ელევაო.
მე, მეო... წაუკითხავად როგორ უნდა ვიგრძნოო.
ძველი წაკითხული თუ არ წაგშლია, ის მოგგვრის სასურველ ჟრუანტელსო. ოღონდ, სათანადო ორგანო თუ არ გადაგგვარებიათო. რაო?
თუ თანახმა იქნებით, შეგამოწმებთ, უახლესი მოწყობილობა გვაქვსო.
არა, არაო, სხვა დროს შემოვივლიო და გარეთ გამოვარდა გამოსროლილივით.
წვიმას გადაეღო. ცაზე ცისარტყელა მშვენიერ შარფს მიაფრიალებდა.
ჟრუანტელი აკლდა, აფსუს, რატომ არ ვიყიდეო და უკან შეტრიალება გადაწყვიტა.
სადღა იყო.
ის მაღაზია წვიმის წვეთებთან ერთად ორთქლდებოდა და თვალი მიადევნა გამქრალ სილუეტს, ჰორიზონტზე ღრუბლის ფთილასავით რომ იფანტებოდა.

ყურშას ენისგასატეხებიდან

ხანდახან ყურშა, პატრონი რომ ტელევიზორს გამოურთავდა, ასეც ერთობოდა.
ისევ ეკრანიდან გამომსხლტარი მუხანათურ-დამპყრობლური სიტყვებით.
მაინც რა ძალა ჰქონდათ, სიზმრამდე მიჰყვებოდნენ და კოშმარდებოდნენ.
ახლა ამ სიტყვებზე შურს იძიებდა და ასე აპამპულებდა, ერთობოდა რა, სათავისოდ:
ცივილიზაცია გაცივილიზაციებულა, საცივილიზაციეში ჩაცივილიზაციებულა.
ერთი საცივი იყო, რის შესახებაც რამე გაეგებოდა.
დამიხედეთ ერთი, რა, საკმარისი არ იყო თუ?!
გლობალიზაცია გაგლობალიზაციებულა, საგლობალიზაციეში ჩაგლობალიზაციებულა.
ამაში გარკვევას ერთი უნივერსიტეტი რომ სჭირდებოდა, იცოდა, თავის ტკივილს უფრთხოდა.
გონიერი არსება იყო, აბა, კაცს ისე როგორ დაუმეგობრდებოდა.
კულტურა გაკულტურებულა, საკულტურეში ჩაკულტურებულა.
ერთ ჩაკულტურებულს თვითონაც იცნობდა.
აბა, პატრონზე აუგს როგორ დააცდენინებდი.

ჯიუტი

თავისი მრწამსი ჰქონდა. სხვები რას ეჩრებოდნენ, ვერ გაეგო.
მკვდრეთით აღდგომას არ მოელოდა. რაში სჭირდებოდა, თავისი ცოდვა-მადლის უშეღავათო აწონა-გაზომვისთვის ეცქირა. სანახაობა აქაც არ აკლდა.
ცხოვრებას სამერმისოდ არ დებდა.
ახლა და აქვე ერჩია.
არ ენანებოდა, დრო რომ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია, კისერმოტეხილიც მაგიტომ არისო.
ტერფები არ ექავებოდა ცვრიანი ბალახის მონატრებით.
თავისი სურვილების გამოქვაბულში იჯდა, ჰაერში კი არ ეკიდა.
ინტიმურ ვახშმებს აფასებდა.
ფაქიზი სული ჰქონდა, არ სჭირდებოდა სხვათა დასტური.
ამ მრწამსის მიხედვით ხომ საკუთარი თავის შემოქმედიც თვითონვე ბრაძანდებოდა.
კმაყოფილებას დამეგობრებოდა და სხვათა ცხონებისგან მოქანცული მამამისი არ ადარდებდა.



სურვილების სასაფლაო

იმ წელს დიდი სიკვდილიანობა იყო.
გაიზარდა და გაივსო სასაფლაო.
მიმსვლელ-მნახველი არ აკლდა.
ისიც იქ იყო. ამ კვირაში უკვე მეოთხე სურვილსა კრძალავდა.
ძველი გარდაცვლილებისთვის ყვავილები აჰქონდა.
ცხოვრებაც ეს იყო.
სურვილების სასაფლაოს მონახულება.


ქარაგმულები
* * *
ხილი მწიფე სჯობს და შეძახილი მკვახეო.

* * *
ეშმაკები ანგელოზებს ემტერებიანო. მშვიდად იყო ყაჩაღი.

* * *
ფარშევანგთან ერთად სარკეში ჩახედვას მოერიდეო.

* * *
ლომის ბუნაგში ლექსებს არ კითხულობენო.

* * *
კატა და ძაღლი პატრონის ოჯახში მეგობრობენო.

* * *
სურვილები რომ დაგემშვიდობებიან, მათ სიავკარგეს მაშინ მიხვდებიო.

* * *
უპატრონო საყდრის პატრონობა არც ეშმაკებს ეპიტნავებათო.

* * *
გველს ხვრელიდან კი ამოიყვან ტკბილი ენით, მაგრამ ამხანაგობას ნუ ეცდებიო

* * *
კატა კაცთან არასოდეს წაიტრაბახებს, ვეფხვი ჩემი ბიძაშვილიაო.
* * *
ქარი სადმე თუ გინახავსო.
არა, მაგრამ, ვიცი თავქარიანიაო.


* * *
გრიგალმა თქვა: ჩემი სინაზის ამბავი გიორგი ლიონიძეს ჰკითხეთო.
* * *
ღრუბელთა ხვევნა-კოცნა ცრემლისღვრით მთავრდებაო.

* * *
თოვლი ჩიოდა: გალაკტიონის შემყურემ, მე თვითონაც აღარ ვიცი, რა ფერისა ვარო.

* * *
შაირს უთქვამს, ჩემი საზომი რუსთაველიაო.

* * *
ნაცარქექიამ შემოუძახა ქართველს: რაღა ნაცრის ქექვაში მებაძებიო.
* * *
მარიაჭიასთვის მიცემული პირობაც მოგეკითხებაო.

* * *
ქარიშხალს თმაგაჩეჩილი ქალიშვილები ჰყავსო.

* * *
ოაზისის ფასს უდაბნოში არ კითხულობენო.

* * *
ერთადერთი კონა ვიცი, არასოდეს დაჭკნებაო.
რომელიო?
ქართველებმა იციანო.

* * *
სად იყო და სად არაო...
სადაც გინდა ყოფილიყო, კატა, თაგვის ასავალ-დასავლის ფიქრს ეჭმევინებოდაო.
* * *
თვალი რეკლამით ძღებოდა, კუჭი მაინც ჭკუასთან საჩივლელად გარბოდაო.

* * *
ბულბულმა თქვა, სანამ ხმა არ ჩამიწყდა, ვერ მივხვდი, ვის ვუყვარდი და ვისა ვძულდიო.

* * *
ობობამ თავის ოსტატობაზე იმდენი იბაქიბუქა, ბოლოს თავისსავე დაქსელილს ვეღარ გამოეხსნა. იხტიბარს მაინც არ იტეხდა, პარიზული მოდის სამოსი მაცვიაო.

* * *
პინგვინები კაცებს შეერივნენ, სხვა თუ არაფერი, გამორჩეულებს მაინც დაგვიძახებენო.

* * *
კაცი ჯოჯოხეთში იჯდა და ჩაუდენელ ცოდვებზე ოხრავდა.
* * *
კოდალას ნისკარტის მოცვეთას ტყე არა დარდობსო.
* * *
გაპამპულებულ სიმართლეს არავინ ესარჩლებოდა.
ჰო ვაფრთხილებდით, რაც მოგივა, შენი თავითაო.

* * *
თავდაჯერებულობის ბუდეში ისხდნენ. არა სციოდათ. ბუდე მშობლებს ეანდერძებინათ.

* * *
გათანგულიყო, სიცხით არა. თუნგების ზიდვით.

* * *
იხტიბარს არ იტეხდა, აქაოდა თაგვებმა მაინდამაინც ჩემი ჯიბე შეარჩიეს სათამაშოდო.

* * *
დედის კალთას გამოკერებულმა კნუტმა კნავილი კი ისწავლა, მაგრამ თაგვის ჭერა _ ვერაო.

* * *
კამკამა წყარო სარკედაც კარგია და სულის მოსაბრუნებლადაცო.
2008 წლის ზაფხული

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''გულის ბარძიმი'', 2009

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 4:24 pm



მაია ჯალიაშვილი

ნისლის ადამიანები

ფიქრები მიხო მოსულიშვილის მოთხრობების წიგნზე „სივრცე ვერტიკალში“

ასე ჰქვია მიხო მოსულიშვილის ერთ მოთხრობას და განა მართლა ნისლივით არ არის მხატვრული სამყარო? მკითხველის წარმოსახვის, გზნების, გამოცდილების, განწყობილების დარად რომ იცვლის ფორმებს და ხან რეალურის, ხან კი ფანტასტიკური ჩვენების სახით წარმოჩნდება.
ეს ნისლი „ატორტმანებს“ ყოველდღიურობის მოსაწყენ, მომაბეზრებელ საგნებსა და მოვლენებს, ეფარება, ბინდავს ყველაფერს, რომ „გარეს“ დაბინდვით „შიგნით“ გაანათოს. თავისი არსებიდან გამოქცეული და უგზოდ მოხეტიალე კაცი კვალად თავის ტყავში ჩააბრუნოს და აჩვენოს ისეთი სანახები, რომელსაც გარეთ ვერასოდეს იხილავდა.
ეს პეიზაჟები, ოსტატური ფოკუსით აღბეჭდილი, არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, რომ არა მწერლის მზერა, დაკვირვებული და შიგნით ჩაბრუნებული, რომელიც ლამაზი პირბადის მიღმა უფრო მშვენიერს ხედავს და მკითხველისთვისაც ზუსტი ნიუანსებით ფაქიზად ამოწერს.
ყოველი მოთხრობა მწერლისთვის იმგვარი „ფათერაკია“, საკუთარ თავს რომ გააცნობს და შეამეცნებინებს უპირველესად, რათა მერე სხვათა გაგება და შეცნობაც შესძლოს. „მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, თუ მე ჩავუარე... მერმე ეს ვარდისფერი სივრცე დამთავრდა და ლურჯად კამკამა ცაში გავედი. შვებით ვსუნთქავდი, სადღაც გაქრა ჩემი მტანჯველი დრო. რომელიც ერთმანეთისაგან აშორებდა გილგამეშსა და ავთანდილს, ურუქსა და თბილისს, დინოზავრსა და ძროხას, და ლოგიკურად, დროს თან მოჰყვა სივრცეც — სადაც უდროობაა, იქ არც სივრცე უნდა ყოფილიყო. ეს ჯერ ძალიან მესიამოვნა და შემდეგ რაღაცამ შემძრა, თეთრი, გაკაშკაშებული ღრუბელი მოცურავდა ჩემკენ ცის დასალიერიდან, მოდიოდა, მიახლოვდებოდა, თვალისმომჭრელად ჩამომყურებდა“.
ასე გადადის მოთხრობიდან მოთხრობაში მწერლის „მე“... მეორე... მესამე... და მეასე „მე“... ყველა სხვადასხვა, მაგრამ ერთი წიაღიდან, მწერლის სულიდან აღმოცენებული, როგორ ერთი ხის ტანზე ამოსული რტოები, ერთი ფესვიდან ამოქაჩული მიწის წვენით რომ საზრდოობენ და ცოცხლობენ.
ნაირგვარ ნიღბებს ირგებს მწერალი (ზოგიერთ მოთხრობაში ნიღაბთა სიუხვე კომედია დელ-არტესაც მოგვაგონებს, მაგალითად, „სამყაროს ჯარისკაცში“) და ისეთი აზარტით გარდაისახება სხვად, რომ ხშირად უჭირს უკან გამობრუნება და იმ ერთადერთ ნიღაბში ჩაბრუნება, მხოლოდ მისთვის რომ მიუცია გამჩენს. ეს საკუთარი თავიდან მარადიულად გასვლა და და დაბრუნება თუ ჰბადებს მწერლობის წყურვილსაც. ერთგან ამ წყურვილს ასე „გაამხელს“: ბევრი ვიტანჯე, ღამეები თეთრად გავათენე, წლები ვიფიქრე, აგრამ „ბოლოს მივხვდი, ვერასოდეს დავწერდი ისე, როგორც მინდოდა. ამას ადრეც ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, რადგან არ მინდოდა დამარცხება. ახლა კი ვიცი, თუ მწერალი არ დაიტანჯა, არ იწვალა და ბოლოს ჩემსავით არ დამარცხდა, თუ ის დაწერა, რაც უნდოდა, თუ გაიმარჯვა, იგი მკვდარია, როგორც მწერალი... მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერ მწერალს სიკვდილის შესაძლებლობა ყოველი მომდევნო ნაწარმოების დამთავრებისას აქვს, მაგრამ ალბათ სჯობს ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენოს...“ მწერალი არც იმას „მალავს“, რომ ის უხილავი „სუფლიორი“, ხშირად მეტად „ხმადაბლა“ კარნახობს მორიგი როლის სათანადო სტრიქონებს. ისიც „თავსატეხად“ გახდომია მწერალს, მასზე ადრე რომ უღვაწიათ კეთილშობილ სულებს,“ სხვა კალმოსნებს და მათგან თავდასაღწევად, ვფიქრობთ, მშვენიერი ხერხიც მოუგონებია, „ერთგვარი თამაშით“ ქმნის ორიგინალურ მოთხრობებს, ერთროულად, ფოლკნერის, აკუტაგავა რიუნოსკეს, ჰემინგუეის სტილში... მიხო მოსულიშვილის ამგვარი „ხრიკები“ საგანგებოდ მრავალნაკითხ კაცზე გათვლილი, შესანიშნავად ამართლებს. მკითხველს მოსწონს მხატვრული ტექსტის მოჩვენებითი სიმარტივე და სისადავე. მოჩვენებითი იმიტომ, რომ რაც უფრო ჩაუღრმავდები, მეტად აღმოაჩენ სიტყვიერი ნახატის სირთულეს და მოგხიბლავს მოზაიკის ტექნიკით შესრულებული „სიტყვათნახატების“ სერიის მინიატურების, საშობაო ოფორტების დახვეწილი ხელწერა. ყოველი დეტალი კომპოზიციურ მთლიანობში იმგვარადაა ჩამონაკვთული, რომ ნაწილის თავისთავადობაც აღიქმება და „მთლიანში“ მისი ადგილის ზუსტი შესატყვისობაც.
ამ წიგნში მწერლის დიდი გამოცდილებაა თავმოყრილი — პირადი, სხვათა თუ ლიტერატურულ პერსონაჟთა „ცოდნა“ ჯერ გადადნა, შეზავდა ერთმანეთში მწერლის სულსა, გულსა და გონებაში და მერე ცალკეულ მოთხრობათა ცოცხალ დრო-სივრცედ ჩამოიქნა. ამ წიგნში ავტორი ერთდრიულად წარმოგვიდგება რომანტიკოსადაც და რეალისტადაც, იმის მიხედვით, თუ ვის შესახებ მოგვითხრობს, რას აღგვიწერს. როცა მთაში გვამოგზაურებს, ცინცხალი და გამჭვირვალე უხდება მზერა, ცდილობს, დაიტიოს მთელი მთა თავისი სიმაღლთ, სიჯიუტით, სიმკაცრით, ღმერთთან სიახლოვით: „და უცებ ვიგრძენი, თვალები რომ დავხუჭე — მე თვითონ ვიყავი ბორბალო. ჩემს კალთებზე იღებდა სათავეს ორი ალაზანი, ერთი არაგვი და ერთი იორი. ხან ნისლით ვიბურებოდა, ხანაც კარგად ვჩანდი, რაკი მთა ვიყავი და არც არაფერი მტკიოდა, მაწუხებდა და მახარებდა…“
მთას მოაქვს ლეგენდათა სურნელი. იდუმალება, ზღაპრის სითბო, სამყაროს პირველყოფილი სინედლის შეგრძნება. მწერალთან ერთად გელამუნებათ გრილი სიო, ჩასცქერით საშიშ ხევებს, ნაწვიმარ მოცვს ჰკრეფთ, კოცონთან მიმსხდარნი ბერდედოს გამხმარ ხაჭოს შეექცევით ცეცხლისთმიანი მკვდარი მზექალას ხელს ითხოვთ საბედისწეროდ. ყველგან იგრძნობა მწერლის სურვილი, მკითხველიც აიყოლიოს, გაიყოლოს, აიყვანოს მაღალ მწვერვალზე, იქიდან დაანახოს მიტოვებული სოფლები, მოხუცი ქალის გულში ჩამწვდომი ნატირლები მოასმენინოს, ამომავალი თუ ჩამავალი მზის ენით აღუწერელი ფერებით დაატკბოს, ბნელთვალებიან ღამეს შეაფეთოს. ერთი სიტყვით, სიცოცხლის მშვენიერება შეაგრძნობნოს. „რა დამავიწყებს ფშავის ულამაზეს, ტყე-მდელოიან, დეკა-ღვიიან მთებს, პატარ-პატარა სოფლებს, ლეგა ღრუბლებს, არაგვის შხუილს, საძოვრებზე გაშლილ ფარებს“.
მწერალმა სიცოცხლის „სიმახინჯეც“ იცის და იმასაც მრავლად გამოჰფენს, ხანდახან შემაშფოთებლად სასტიკი გულგრილობითა და სიცივით. იგი ხშირად პოეტურს, ამაღლებულს, რომანტიკულს, წარმოსახვაში განწმენდილს უპირისპირებს რეალურსა და პროზაულს. ბიბო ვარაზაშვილის „წერილებით შეთხზული მოთხრობა“ უდარდელი, გულუბრყვილო წერილებით აღძრულ მსუბუქ განწყობილებას უცებ შეეჯახება მოთხრობის „მინაწერი“ და მკითხველი გრძნობს ციდან მიწაზე დაცემის მარადიულად განმეორებად სასტიკ მისტერიას.
რომელი უფრო შთამბეჭდავია, ცხადი თუ გამოგონილი? თუნდაც რეალურიდან ამოზრდილი. ამ კითხვამ „გააწვალა“ მწერალი და დაიბადა ექსპერიმენტი, დილოგია: 1. „არღარა ეყივლოს ქათამსა“; 2. „მშობლიური სიტყვების ფერხთით დაცემული ჯარისკაცები“. დოკუმენტურმა და გამოგონილმა ერთმანეთი შეავსო და დიდ შთამბეჭდავ ტილოდ წარმოჩნდა. (90-იანი წლების ტრაგიკული ამბები იმგვარადაა მხატვრულად ტრანსფორმირებული, რომ მკითხველს შესძრავს და შესზარავს. ამ წიგნში არიან ნამუსგარეცხილნი, სასტიკნი, სისხლისმსმელნი, ბინძურ სალუდეებში გალეშილნი, ვენებდაჩეხილნი... „პოეტური შრავანდედით“ მოსილნი ამ უსახო ხროვაში არ შეგხვდებიან, ისინი უკვე „ფიქრად არიან ქცეულნი“ — ასეთი მშვენიერი სახე გამოუძებნა მიხო მოსულიშვილმა თავის სათაყვანებელ რეზო ინანიშვილს, თან მის „ჩრდილში ყოფნა“ და და თან მისგან გაქცევა რომ უნდა ერთდროულად. მაინც „გადარჩენის“ ალღო სჭარბობს, ასე რომ არ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა მიხო მოსულიშვილის მწერლურ ოსტატობაზე ლაპარაკი. თუმცა არასოდეს ივიწყებს, ვისმა მადლიანმა გულმაც „გამოკვება“ და სწორ გზაზე დააყენა. „რაღაც ახალს რომ მიაგნო, სულ მუდამ ეკალ-ბარდებით ვერ ივლი, ხანდახან გაკვალული ბილიკიც უნდა აიარო“. სწორედ ამგვარ გაკვალულ ბილიკად უხვდება მიხო მოსულიშვილს უპირველესად რეზო ინანიშვილისა და მერე სხვათა შემოქმედება.
უნდა ითქვას, რომ მიხო მოსულიშვილის „ლიტერატურული ჭირნახული“ ალაგ-ალაგ გავლენების შეუმჩნეველი ჩრდილებით, საგულისხმოა და საინტერესო. ამ ჩრდილებს არაფერი დაუკლიათ არც ერთი დიდი მწერლისათვის, პირიქით, ხელი შეწყვიათ კიდეც მათი შემდგომი დახვეწისათვის. მიხო მოსულიშვილის პროზაში ბევრი რამ არის გასაჩხრეკი და საანალიზო. მწერალი ორიგინალურად უხამებს ერთმანეთს ტრადიციულ თხრობასა და ამბის ერთგვარი ექსპერიმენტულობით გადმოცემას, მასალა თითქოს თვითონვე სთვაზობს სასურველ ფორმასა და რიტმს. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აღსაწერი საგნისა თუ მოვლენის გულისგულს ჩასწვდები, გემოსა და სურნელს გაუგებ, იგზნებ მის დაფარულ ცოცხალ მაჯისცემას.
მწერალს ხშირად ხიბლავს ზებუნებრივი, სასწაულებრივი, სიზმარეული. მისთვის ეს ერთგვარ ფრთებს ედარება, თამამად რომ მიაქროლებენ ყოვლად ბრძენი სიცხადიდან გაურკვევლობისა და ბურუსისაკენ, სადაც, მართალია, ვერაფერს იგებს, ვერაფერს სწვდება, ამიტომაც ვერ განსჯის, ვერ მოიხელთებს გონების ყველგანმხედველი თვალებითა და ყოვლის გამჩხრეკი ცივი ხელებით, მაგრამ სამაგიეროდ, იგზნებს იმ უხილავით, სული რომ ჰქვია და არად დაგიდევთ ლოგიკის დაურღვეველ კანონებს, ფილოსოფოსთა მიხვედრილობას.… „პაპა ელია ჰყვებოდა, რომ ეს მუხა ოდითგან მდგარა აქ.… ხე ჯადოსნური ყოფილა, თურმე ცას უერთდებოდა ოქროს ჯაჭვით. აქვე უცხოვრია ბერ გიორგის, რომელიც ხალხის სატკივარს მოუსმენდა, ოქროს შიბს მაღლა აუყვებოდა და ღმერთთან აჰქონდა მათი სურვილები. ერთ ერისთავს მუხის მოჭრა მოუნდომებია. ზროს ცული არ მიუკარებია. საგონებელში ჩავარდნილა წადილაუსრულებელი ერისთავი. მერმე ერთი მოღალატე გამოჩენილა, უსწავლებია, კატის სისხლი წასცხე და მოიჭრებაო. ასეც მოქცეულან, ხე მოუჭრიათ... ოქროს შიბი ცაში აკეცილა. მერე ბერი გიორგი დაპატარავებულა და ფესვებში ჩაუბუდია“ („დიდი ძუ დათვი“).
მკითხველის წარმოსახვაში მტკიცე ნაბიჯებით შემოდიან გონიერი ჯავრია დათვი, ტკბილსიტყვიანი ბერდედო, წყლიანთვალებიანი სახედარი, მაცხოვრის შობას რომ დაესწრო... და შთაბეჭდილებაში რჩებიან, რგორც ნაცნობნი და მშობლიურნი.
წიგნის სახელწოდებად გამოტანილია ერთი მოთხრობის სათაური „სივრცე ვერტიკალში“—მწერლისეული ახსნითა და განზოგადებით, რომელიც ხერხემალივით ამაგრებს მწერლის მთავარ სათქმელს: „სიკვდილისწინ, დიდი მიძინების ჟამს, ჰორიზონტალურად კი ვხედავთ ჩვენს ნაცხოვრებ, საგნებით, მოვლენებითა და ადამიანებით დასახლებულ ჩვენს წილ სივრცეს, ოღონდ ვერტიკალურ ჭრილში და ვიგებთ, რომ ან სატანისკენ, ან ღმერთისკენ გვივლია. მერმე სივრცე, ჩვენი წილი სივრცე ვერტიკალში დაიწყებს ბრუნვას და ჩვენ უცებ ვხვდებით, რომ ჰორიზონტალისა და ვერტიკალის გადაკვეთით იქმნება ჯვარი, რომელიც სამარადჟამოდ უნდა ვზიდოთ“.… წიგნის ყოველი მოთხრობა განიცდება, როგორც „სიკვდილის წინ დანახული სივრცე ვერტიკალში“. აქ ადამიანები, მართლაც, ან ღმერთისკენ, ან სატანისკენ მიდიან. მათ ნაბიჯებს დადარაჯებული მზერით მიჰყვება მწერალი და მკითხველში ჰბადებს ფრთხილი მოლოდინის განცდას: სიკვდილის წინ ვერტიკალურ ჭრილში ალანდულ სივრცეში მხოლოდ ნათელის აღმოჩენისთვის გამუდმებული ბრძოლა და ტანჯვაა საჭირო.
ამ მოთხრობებში იგრძნობა, რომ მწერალმა იცის სიტყვის ფასი, ამიტომ ფიქრობს იმ სიტყვებზე „ყველაფერი რომ დაიწყეს და დაამთავრეს კიდეც“. ხშირად ორიოდე შტრიხით მოხაზავს ხასიათს, გამოკვეთს ნახატს... მკითხველის შთაბეჭდილებაში კი რჩება თხილის წნელებისაგან მოწნული გოდრის ნასვრეტებიდან დანახული სამყარო, ფაფარგაშლილი მზე — ციურ ლომს რომ ჰგავს, შავ ყვავილებად გადაშლილი შიში, ოქროებად გადაქცეული თივა...
მწერალთან ერთად ივსება მკითხველი იმ „მაცოცხლებელი შუქისა თუ ნათლის ჭავლებით“, უხად რომ გადმოდის პირნათელი ბიჭების თვალებიდან. ამ წიგნის პერსონაჟებს ფეხები კი არ უბუჟდებათ, ,არამედ „წვიმა მოსდით ფეხებში“, ბაბუა კი არ კვდება, არამედ მას „მიწაში რგავენ“, რომ ბიჭი გაზაფხულზე ისევე დაელოდოს მის ამოსვლას, ოღონდ ის კი დაურჩეს საფიქრალად: პაპა ერთ ადგილას იდგება თუ ივლის კიდეც.
ამ ჩინებულ მოთხრობათა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავია „დიდი ძუ დათვი“. ჩალისფერი, შუბლზე თეთრლაქიანი დათვის თავგადასავალი სიმბოლურ მრავალმნიშვნელოვნებას იძენს. ერთბაშად იფეთქებს მწერლის წარმოსახვაში ფანტაზია, გაიშლება, გაიტოტება და მოთხრობის ირეალურ სივრცეში მოაზვავებს თქმულების, ლეგენდის, სასწაულისა და ბედისწერის იდუმალ ხლართებსა და სურნელს. ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინებს მიწისა და ზეცის უხილავ კავშირს, სამყაროს გაუბზარავ მთლიანობას და ადამიანის წყურვილს, თვითონაც იგრძნოს თავი ამ დაურღვეველი მთლიანობის ნაწილად. თითქოს ჩაგვესმის გლოვა დედაბუნებისა, თავისი წიაღიდან უგუნურად გაქცეულ შვილს რომ მოუხმობს თავგანწირვით. მკითხველი მოთხრობის გმირ პატარა ბიჭ ვაჩესავით იჯერებს, რომ დიდი დათვი ყველა ადამიანის მშობელია. მწერალი ამიტომაც დაიცავს და არავის მოაკვლევინებს დათვს: ვიღაც „კუდში ჩასჭიდებს გარეთ გამოვარდნილ ოქროსფერ დათვს ძლიერ, დაძარღვულ მარჯვენას, ზემოთ აიტაცებს და იქ ციცხვისებურ თანავარსკვლავედად აქცევს“.
ხანდახან ზოგიერთ ოფორტში შემოგვეფეთება ნაცნობი პოეტური ხატი, მაგრამ იმგვარი ინტერპრეტაციით, რომ სინედლე უბრუნდება გაცვეთილსა და გარდასულს. დაჭრილი არწივის ვაჟასეულ ნახატს ორიგინალურად აცოცხლებს მწერალი და ლექსში შეფარულად ნაგულისხმევს სამზეოზე გამოჰფენს: „მებრალებოდა არწივი, არა და არ მთავრდებოდა იმისი ტანჯვა და მეც იმასავით მტეხდა დაკორტნილი ძვლები. ისე მტეხდა, რომ ტკივილი ელვასავით გაკაშკაშდებოდა ხოლმე დაწყვეტამდე მისულ ნერვებში...
არც დღე იყო, არც ღამე
არც სინათლე იყო, არც ბნელოდა,
არც მზე იყო, არც მთვარე და ვარსკვლავები,
არსად იყო და მაინც ყველგან ხდებოდა“.
არსად რომ არ იყო და მაინც ყველგან ხდებოდა, უპირველესად კი ადამიანის სულში, სწორედ ეს აქცევს დროულსა და წარმვალს ზედროულად და წარუვალად, ჩვეულებრივს კი იდუმალ მისტერიად.
მწერალი ახერხებს ამ მოთხრობებში ზუსტი, ძლიერი სიტყვების პოვნას და „ქაღალდზე მიჯაჭვულ კეთილ სულს ათავისუფლებს“ — მერე მკითხველის წარმოსახვაში განავარდებისთვის დაულოცავს გზას… და მკითხველსაც ათავისუფლებს დიდი, ძლიერი და ნათელი სიყვარულისთვის.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', თბილისი, 2006

წყარო - http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/02/blog-post_11.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Sat Feb 12, 2011 4:31 pm

მაია ჯალიაშვილი

გალაკტიონის ''თოვლი''
სიზმრისეული რეალობა

რით იქმნება თუ იქსოვება მშვენიერება? შეიძლება დეტალების აღწერა, მაგრამ მთლიანობაში სრულყოფილ პასუხს ვერ მოიხელთებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოეზიის მშვენიერებაზე ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა კი, გალაკტიონის პოეზიაზე. მშვენიერ ლექსთა შორისაა „თოვლი“, რომლის შესახებ ბევრჯერ დაუწერიათ, მომავალშიც არა ერთგზის ჩაუფიქრდებიან მეტაფორების ხვეულებს, სათქმელის იდუმალებას, გამოსახვის ოსტატობას, სტრიქონების სინაზესა და სინატიფეს, გამოთქმის უზადო ხელოვნებას, აზრისეულ სიღრმეებს, სიტყვათა მუსიკალურობას, მაგრამ ლექსი მაინც ამ ინტერპრეტაციების მიღმა იფარფატებს, როგორც მარადიული გამოცანა. თვითონ გამოცნობის ლაბირინთებში ხეტიალი შეაგრძნობინებს მკითხველს სიტყვაში მოქცეული სამყაროს ჯადოსნურ სილამაზეს.
„თოვლი“ ერთი მომნუსხველი ყვავილია 1919 წელს გამოცემული „არტისტული ყვავილების“ ჯადოსნური კონიდან, არასოდეს რომ დაჭკნება. ამ წიგნმა მკითხველს პოეტური სამყაროს ახალი სივრცეები გადაუშალა. დემნა შენგელაია წერდა: „იყო უდაბნოება... მეცხრამეტე საუკუნის სულის დალევაში არიჟრაჟდა ანთებული XX საუკუნე. გალაკტიონ ტაბიძე მოვიდა წარსულის პანაშვიდზე და გამოიტირა იგი“.
ეპითეტებს არ იშურებდნენ აღტაცებულნი, ივანე იოსელიანმა გენიალური უწოდა, იოსებ იმედაშვილმა „გრძნობათა თეთრი მეფე“. ახალ ესთეტიკურ კულტურას ამკვიდრებდა ამ წიგნით პოეტი. რუსთველის სრულყოფილებამდე დახვეწილ პოეზიას ეხმიანობდა. ტიციან ტაბიძე თავიდანვე გრძნობდა მოძმის გამორჩეულობას: „მას აქვს რაღაც ჯადო, რომლითაც სულ უბრალო ფერადები წარმტაცად ბრწყინავენ, უბრალო სიტყვები რიტმულად ჟღერენ, თითქო „ფერხულს უვლიან ნიავის ველურ სიხალისეში“.
ეს ჯადო მოჩანს „თოვლშიც“.
სიზმარია თუ რეალობა ის, რაზეც გალაკტიონი ამ ლექსში წერს? ერთიცა და მეორეც. „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიაო“. აქ ორივე ერთმანეთში გადადის, საზღვარი კი ლივლივებს ისე, რომ მოჩვენებითი კონტური ხან აქ იხაზება და ხან იქ, მკითხველის განწყობილების შესაბამისად.
საწუთრო რომ ძილია და ჩვენ სიზმრებს ვგავართ („ვისრამიანი“) ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ ბუნდოვანი. ამგვარი გაუმჭვირვალობა აზრისა, განსჯისა გადაჰკრავს ამ ლექსსაც. გალაკტიონს ესიზმრებოდა სამყარო და იმ დასიზმრებულს ხატავდა, თანვე, ისიც უნდოდა გადმოეცა, რა ესიზმრებოდათ ყვავილებს მასზე, როგორ იცვლიდა თვითონაც ფორმას სხვათა სიზმრებში. „ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელიო“. ხანდახან სწორედ მათი, ყვავილების, ანგელოზების, ცის, მიწის, ქარის, ღრუბლებისა თუ სხვათა სიზმრებია დახატული, ამიტომაც ჭირს აზრის ლოგიკური ჯაჭვის აგება:
„მე ყვავილები მესიზმრებოდა
და ყვავილებს მე ვესიზმრებოდიო“,— მკითხველი სახეებისა და სიმბოლოების მიღმა დაეძებს დაფარულ სათქმელს. აღმოაჩენს, ამოიკითხავს და ცხადს გახდის ყოველივეს, მაგრამ მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ამოხსნის სიხარული ნაადრევია. ახსნილი ლექსი სულაც არ არის გასაგები, ცხადი და კვლავაც, როგორც სიზმრიდან, მოელის რაღაც წარმოუდგენელს — აზრის, ემოციის თვალსაზრისით. „შეღამდა, მე წაველ, იქ სადაც სიზმრები
წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით“ („სიზმრები“).
ლექს “თოვლშიც“, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, „შადრევანივით ჩქეფს პოეტური სახეები“, რომელთა მიღმა იმალება პოეტის წადილი, რომ ჩასწვდეს ღვთისგან შექმნილი უთვალავფერიანი სამყაროს არსს, გაიაზროს სიცოცხლის მიზანი.
სიმბოლისტური ესთეტიკითაა შექმნილი ლექსი, დაგვირისტებულია სიმბოლოებით. პირველივე სტრიქონში — „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ — ყურადღებას იქცევს რამდენიმე სახე-სიმბოლო. ფერი, მუსიკა, სურნელი შერწყმულ-გადაწნულია და იქმნება საოცარი სევდისა და სინაზის განცდა. პოეტი იდეალს მიესწრაფვის, შეურყვნელს, უმანკოს, „ქალწულებრივს“, შორეულს, იდუმალს. იისფერი თოვლი სწორედ ამგვარ ემოციას ბადებს. ზამბახი, ია, იასამანი — არსებითად, ერთი ფერია, შორეულსა და მწუხარებაზე მიმანიშნებელი, ამიტომაც თოვლი ხან იისფერია და ხან „ზამბახებია, წყებად დაწვენილი“, იდუმალი, ნაზად გამბანგავი, მსუბუქად დამათრობელი სურნელით, რაც საკმარისია პოეტური ექსტაზისთვის, შთაგონებისთვის, როდესაც აბსტრაქცია ხორციელ სახეს იღებს, ხოლო რეალური და მიწიერი კი აბსტრაგირდება.
თოვლის „ფერადებით “სავსეა გალაკტიონის პოეზია, ფერმწერის თვალით უყურებდა სამყაროს პოეტი და თოვლიც ფიქრისა და განწყობილების, ე. ი. მზის შუქის კლება-მატების მიხედვით იცვლიდა ფერს, თეთრიდან შავისკენ, ყველა ფერის ტონისა და ნახევარტონის, ჩრდილებისა თუ ნაჩრდილების სახით. „ვარდისფერი“, „მჭვარტლისფერი“, „ირიბი და ალმაცერი“, „ივლისისფერი“ — ფერების ზღვა წამოიშლება კაშკაშა სითეთრიდან. თანვე ეს ფერები სინათლითა და ჰაერითაა გაჟღენთილი, როგორც იმპრესიონისტთა ფერწერული ტილოები.
ლექსის სიმბოლურ შინაარსში წარმოჩნდება ღვთისმშობლის სახე, რომლის მიმართ არაერთი ულამაზესი ლექსი აქვს გალაკტიონს მიძღვნილი. ხიდზე დაფენილი ქალწულებრივი იისფერი თოვლი სწორედ ღვთისმშობელზე უნდა მიანიშნებდეს, იდეალზე, ხიდზე, რომელმაც თავის წიაღში მიიღო რა ღვთაებრივი სხივი, მიწა და ზეცა შეაერთა. სწორედ ღვთისმშობელთან სიახლოვით, მისი მფარველობით შეიძლება ჭეშმარიტების ძიება, სიმშვიდის მოპოვება.
თოვლი ცხოვრების სიცივესა და გაუსაძლისობაზეც მიანიშნებს, ამავე დროს, სიცივეზე, რომელსაც აფრქვევს ყოველგვარი იდეალი, რადგან მასთან მიახლოება მაინც ფუჭი და ამაო ცდაა მოკვდავისთვის, თუმცა ამ მცდელობის გარეშე სიცოცხლეს აზრი ეკარგება.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა გალაკტიონის ლექსი „ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა“, აქაც ღვთისმშობელი თოვლისაა, აქაც იგივე მისწრაფეებაა იდეალისკენ, ცხოვრების საზრისის მოპოვების სიძნელე და ამ გზაზე განცდილი ტკივილების გამოსახვაა. პოეტი ხომალდივით მიაპობს ტალღებს (საინტერესოა პარალელი რემბოს „მთვრალ ხომალდთან“) გაშლილ და აბობოქრებულ ზღვაში და გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, ხედავს თოვლის მადონას, ფერმკრთალსა და წმინდას, რომელსაც ამკობენ ყვავილები, იები და იადონები („გიიადონა“), იხსენებს იესოს, რომელიც მისი „ჭაობივით უნოტიესი სულისთვის“ ეცვა ჯვარს და ეს მის წარმოსახვას ახლაც ელვასავით დაღავს, ეს მის სულში ეცმება ჯვარს კვლავაც მაცხოვარი და ტკივილისგან გულმუცელი ეფლითება, ლოცვით იქარვებს ნაღველს: „ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა“. სული კი, ლაჟვარდზე უსპეტაკესი სული, ხედავს თოვლის მადონას, ოცნებობს ვარსკვლავებზე, რომელთაგან ერთი სწორედ მისი სულის ანარეკლია, ამიტომაც სჯერა და სასოებით ელის „ვარსკვლავი იგი — ფიქრთა საგანი — ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე“. ეს აელვარება ხსნის გზის გამოჩენასა და „დემონზე უბოროტესი სულის“ დაძლევას მასწავებს. ასე ილესება პოეტი ოცნებებით, „დღეთა სინაზეს მოდებულ კორძებს“ პოეზიით აშორებს.
„თოვლი“, როგორც მთლიანი ლექსი, ასევე მისი ცალკეული სტრიქონი და სიტყვა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ლივლივებს, კონტურებს იცვლის, ფერებსაც, ხმასაც, სურნელსაც და ხელიდან გისხლტება ილუზიურად გამომკრთალი აზრი, რადგან მთავარი გრძნობები და ემოციებია, იმ ენაზე ლაპარაკი, რომელზედაც ხეები, ყვავილები და, საერთოდ, ბუნება მეტყველებს.
ლექსის ლირიკული გმირი საუბრობს სიყვარულის მოთმენაზე, რადგან უდაბნოში ძნელად ხარობს რწმენის ყვავილი. თანვე, დგას ხიდზე, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრის ადგილიცაა, მისტიკურად მიმანიშნებელია გაღმა სამყაროსი:
„როგორ, საიდან... არ იცის თვითონ,
ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ, სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი“ („ის მიდიოდა ქუჩაში ერთი“).
როგორ იცვლება „თოვლის“ აზრობრივ-ემოციური ინტონაციები? როგორია მხატვრულ სახეთა თანმიმდევრობის ლოგიკა? ეს არის სიზმრისეული რეალობის ფერწერული ხატება. ლირიკული გმირის ტონი ზეაწეულია, ის აღსარებას ამბობს, მაგრამ ხმამაღლა, მთელი სამყაროს გასაგონად. ეს არის მე-ს ჩაკეტილი სივრცის გარღვევის მცდელობა. ამ შემთხვევაში, თოვლის სითეთრე თან ახშობს სივრცეს, თანვე ავლენს თეთრიდან ფერადოვნების დაბადების შესაძლებლობას. ამ პოტენციურად არსებულ ძლიერ ვნებას უეცრად თითქოს გასაქანი მიეცემა და ლირიკული გმირის გულიდან გადმოიღვრება სხვებთან განდობის წადილი, მას უნდა ქვეყნიერებას გააგებინოს, რომ უყვარს და ამ სიყვარულის ძალით გადაასხვაფეროს ყოველივე. ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრები წაშალოს, მას საკუთარი სულგულიდან გარეთ გამოაქვს მწუხარე გრძნობა, რადგან ვინც უყვარს და ვისაც ოცნებებში ელოლიავება, კვლავაც მიუწვდომელია და შორეული. თუმცა ამ მიუწვდომლობასაც ჰქონდა თავისი ხიბლი, რაც სხვა ლექსში ამგვარად გამოხატა:
„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“.
პოეტის აღმაფრენა წამით იჩრდილება სიბერის წარმოდგენაზე. „ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები“. ამ სტრიქონზე საინტერესო დაკვირვება აქვს დავით წერედიანს, რომელიც ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის, იგი გამოძახილი იყოს ბელგიელი ჟორჟ როდენბახის ლექსისა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: „თოვლის ფიფქებით, როგორც ვარსკვლავებით, სავსეა ჩემი სული“. ბატონი დავითის აზრით; „აქაც მუსიკას აჩენს არა ალიტერაცია (რფ-რბ-ბრ), თუმცა იგი კარგად არის შეფარული, არამედ შეგრძნებათა გადმოცემის ემოციური სიზუსტე. თოვლით სულის ავსება გახანგრძლივებულია, დროშია განფენილი. სიტყვა „ძვირფასო“ ფრაზას ინტიმურ შეფერილობას აძლევს, თითქმის ჩურჩულამდე დაჰყავს და ამ კონტექსტში „სიბერის“ შემოტანა, რასაც ძალიან იდუმალ პოეტურ აქტსაც ვერ დაარქმევ, მოულოდნელად იდუმალ მუსიკალურ აკორდად კრავს ჩვენს შეგრძნებას“.
სიბერის ხსენება ტონალობას დაბლა სწევს, აღმაფრენაც სადღაც ქრება და იწყება დარდების, მწუხარების გახსენება, ჩივილი უიღბლობისა და ტანჯვის გამო:
„ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები“.
აქ უპირველსად სულიერი სამშობლო იგულისხმება, სხვაგან ხომ ამბობს: „რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო“. ეს არის მისი მშობლიური სულიერი სამყარო, სადაც იშვა, როგორც პოეტი და სადაც ხარობს, სადაც მის „ზრდას“ რწმენა განაპირობებს. ეს არის იდეებისა და წარმოდგენების საუფლო, რომელიც ფორმას პოეტის განწყობილებების შესაბამისად იცვლის.
ამ სათქმელს შესანიშავად გამოხატავს თეიმურაზ დოიაშვილი: „გალაკტიონის ჭეშმარიტი სამშობლო არის პოეზია, რომელიც ერთდროულად აბსოლუტთან ზიარების საშუალებაცაა და სინამდვილესთან „შერიგების“ მიზეზიც. პოეზიის სამყაროს აღმოჩენამ სულ სხვა სინათლით გაანათა მარტოობით გატანჯული სული. რაფაელის მადონას ღვთაებრივი მშვენიერებით მოჯადოებული პოეტი დაასკვნის, რომ მიუღებელ სინამდვილეზე ამაღლების ერთადერთი გზა მშვენიერებასთან ზიარებაა“.
აკაკი ხინთიბიძე ამ სტრიქონს: „ჩემს სამშობლოში...“ მიიჩნევს ლექსის ძირითად სახედ, რომელიც საყრდენს პოულობს „უდაბნოში“ („ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი ქვეყანა“). მშვენიერი ტანჯვა ნიშანდობლივია „თოვლის“ ავტორისთვის... სიტყვა „დაღლილის“ თავისებური ფორმა „დაღალული“, რომელიც მძაფრ ემოციურ შეფერილობას აძლევს ამ სიტყვას“.
სიზმრისეული ლოგიკა საგნებს და მოვლენებს ფერს უცვლის, ჩვეულ კავშირებს არღვევს და ახალს ქმნის. ეს „სამუშაო“ არაცნობიერის წიაღში ხორციელდება და ამიტომაც შეუძლებელია თვალმიდევნება და გაანალიზება. ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოები დიდი სულიერი რხევის შუა წელში იქმნებოდა, ცნობიერისა და არაცნობიერის თანაბარი მონაწილეობით: „გალაკტიონის პოეზიაში, ჩემი აზრით, მეცნიერულ დონეზე შეიძლება ერთმანეთისგან გაირჩეს შთაგონებით შექმნილი და შთაგონების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, დაწერილი ლექსები“. სამწუხაროდ, თვითონ ჯემალ ქარჩხაძეს ამგვარი წერილი არ დაუწერია და რომც დაეწერა, თავისი განუმეორებელი ლოგიკურ-ფილოსოფიური წიაღსვლებით და პარადოქსული აზროვნების წყალობით ბევრ საგულისხმოს წარმოაჩენდა, თუმცა მაინც საეჭვო დარჩებოდა შეფასებები, ძნელი იქნებოდა ცნობიერ-არაცნობიერის საზღვრის ზუსტი დანახვა და აღწერა.
პოეტი შვებას იანვართან ძმობაში პოულობს და იტანჯება „ნივთიერ“ სამყაროში, თუმცა ღვთის უძვირფასეს საჩუქარს, სიყვარულს არ ჰკარგავს და მუდამ ახსოვს „სატრფოს“ „თოვლივით მკრთალი ხელები“. ეს სიმკრთალე არმიწიერსა და იდეალურზე მინიშნებაა კვლავ. ეს ხელები დახრილია უღონოდ თოვლთა დაფნაში. უღონობა მიანიშნებს იმაზე, რომ იდეალი (ღვთისმშობელი) ვერ იფარავს პოეტს სასოწარკვეთილებისაგან, მაგრამ თოვლთა დაფნის სახეს მაინც შემოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა. დაფნის სიმწვანედ იცვლება თოვლის სითეთრე და ეს მიანიშნებს ნუგეშზე, რომელიც პოეტის სულში ფოთლებივით ჩაიფინება. დაფნის მარადმწვანეობა, აგრეთვე, მის ცხოველმყოფელ ძალასაც ნიშნავს, ქალი დაფნასთან ასოცირდება, ბუნებასთან, რომელმაც უნდა განაახლოს პოეტი, სიყვარულიის გზით უკვდავებას აზიაროს. თოვლი, მწუხარება, ფოთლები სხვა ლექსებშიც წარმოაჩენს პოეტის სულიერ ტკივილს: „ახლა შენ არ გსურს არაფერი, ო, არაფერი, მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები“.
პოეტი მზერას მიადევნებს მანდილს, რომელიც ფრინველივით დასრიალებს ჰაერში, ხან იელვებს და ხან ქრება. ეს გაელვება-გაქრობა შეესაბამება პოეტის სულიერ მღელვარებას, რწმენის მოზღვავებასა თუ მინავლებას. ღვთისმშობელზე ფიქრი აჩენს ლექსში „ხარებას”:
„თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა“.
ხარება სიხარულზე მიანიშნებს, რომელიც მაინც ჩნდება ამ ცივ მწუხარებაში, რადგან სული ინახავს მოგონებას „მკრთალი ხელებისას“ და მანდილისას. ხარების დღესასწაული აღინიშნება იმ დღის გასახსენებლად, (25 მარტი-ძვ. სტილით, 7 აპრილი-ახალი სტ.) როდესაც, ლუკა მახარებლის სახარების მიხედვით, გაბრიელ მთვარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა; „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა“. სწორედ ღვთისმშობლის შორეული, მაგრამ მანუგეშებელი მზერა აჩენს იმედს, რომ პოეტი შეიძლება გადაურჩეს უდაბნოს, ზამთარს, ქარს — ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სულიერი წინააღმდეგობების აღმნიშვნელია ისევე, როგორც ბარათაშვილის „მერანში“ („გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდენი და ღრენი...“).
ლექსში გაელვებული „ძვირფასი“ ქალი სიმბოლოა ღვთისმშობლისაც და „მერისაც“, შორეულისა, თანვე ქალისა, რომელთანაც აკავშირებს ტკბილი მოგონებები. თოვლიც იმგვარსავე ფარულ დარდს ასხივებს, როგორც სატრფოს ხმა. სწორედ ეს ფარული დარდია მათი სულიერი ნათესაობის დასტური.
ლექსი გამსჭვალულია სასოწარმკვეთი მარტოობით, რომელიც გალაკტიონის სულიერ ემბლემად იქცა, იგი იყო „მარტოობის ორდენის კავალერი“ (ტიციან ტაბიძე). „დაწყევლილ“ ფრანგ და ქართველ პოეტთა დარად ცხოვრებისეულ თამაშში მარტო მოასპარეზე. მის პოეზიაში თავიდანვე გაისმოდა სახარებისეული „რაისთვის დამიტევებ მე...“—ს გამოძახილი. ამიტომაც ტიციან ტაბიძემ შენიშნა კიდევაც მის სტრიქონზე „რომ დავიღალე მე ამ კუბოში“ — „ეს პირველი ლამა საბაჰთანია ჩვენს პოეზიაშიო“. ეს იყო ერთდროულად მისი ტანჯვისა და სიხარულის წყარო. რადგან სწორედ ეს ეჭვი, გადაურჩებოდა თუ არ ზამთარსა და ქარებს, აქმნევინებდა ლირიკულ შედევრებს.
რევაზ თვარაძე ლექს „თოვლის“ შესახებ შენიშნავდა: „ლექსის კითხვისას სადღაც ვიყავით. ეს იყო რაღაც ნეტარი ბურანი, რომლიდანაც თავის დაღწევა არც ახლა გვსურს... ეს არის არა უბრალოდ გადმოცემა რაიმე ამბის, აზრის, განწყობილების, თუნდაც ხილვისა, არამედ არსებობის ისეთ სფეროთა წვდომა, რომელთა ნაწილ-ნაწილ შეცნობა შეუძლებელია... გალაკტიონს აბსოლუტური სმენა რომ აქვს, მისი ლექსი უჩვეულოდ მუსიკალური რომ არის, მისი შედარებები — მოულოდნელი, ორიგინალური, მისი რითმები — უაღრესად კეთილხმოვანი, მისი ლექსიკა — უცდომლად შერჩეული, სინტაქსი, სტილი — დახვეწილი, რიტმი — გაუცვეთელი... ეს ყოველივე ოდენ სადინარია არსებითის გამოსავლენად“.
ეს არსებითი კი ღვთისმშობელზე ფიქრია. ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით, „თოვლი“ ყველაზე მეტად ეხმიანება ლექსს „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“ საერთო განწყობილებით, სახეთა მუსიკალობით, სათქმელის იდუმალებით. ემოციის გამოხატვის სრულყოფილებით, ოღონდ „თოვლში“ მეტი იმედი და რწმენაა, რომ პოეტს „უდაბნოში“, ურწმუნოებისა და დემონურ საუფლოში, მარადი ქალწულის მანდილი დაიფარავს და შვებას მისცემს.

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''შეხვედრა წიგნში'', 2009
წყარო - http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/02/blog-post_06.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   Fri Feb 18, 2011 11:12 am

მაია ჯალიაშვილი

ნინო დარბაისელის ლექსები
„დამიმახსოვრე, დედამიწავ...“

მინაწერი: ეს ძველი წერილი ნინოს ძველ ლექსებზეა... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ პოეზიასთან რა ხელი აქვს დროს... პოეზია ერთადერთია, რომლის წინაშეც დრო მარცხდება.

შთაბეჭდილება ნინო დარბაისელის ლექსების კრებულზე „ჩემი სიყვარულის პწკარედი“, თბ.1994


ნინო დარბაისელი ერთ ლექსში წერს: „ისე მომინდა გაგიმხილოთ, რაზე ვფიქრობ და ამ სიზმრებში რას ველოდები, ერთი წუთი მოიცადეთ, საქმეები გვერდზე გადადეთ და შემომხედეთ“.
მეც შევხედე და პოეტმა უხვად გადმომილაგა თავისი სულიდან ლექსები, გამხელილი ფიქრები, სიზმრები, ოცნებები, ტკივილები. მერე შეუმჩნევლად თავის პოეტურ სამყაროში შემიყვანა და მშვენიერებასაც უხვად მაზიარა.
ნინო დარბაისელისთვის პოეზია გრძნობათა გამოთარგმანებაა. იგი წუხს სიტყვათა არასრულყოფილების გამო, რადგან მათ არ შეუძლიათ ზუსტად ახსნან იდუმალ ნაგულვები. მიუხედავად ამისა, იგი მაინც არ დუმდება და ცდილობს, მიახლოებით მაინც გამოხატოს განცდილი და სანამ სიტყვიერის გარდა სხვა ფორმას იპოვიდეს თავისი სათქმელის გამოსახატავად, ამ გზას სჯერდება, თანაც გრძნობს, რომ მხოლოდ ასე გამოვლინდება მისი „მე“, სხვათაგან გამორჩეული.
„დამიმახსოვრე, დედამიწავ, დამიმახსოვრე!
როცა უკლებლივ დაგიბრუნებ, რითაც შემმოსე.
წყალსა და მიწას, ცეცხლსა და ჰაერს,
რადგან წავალ და აღარასდროს მოვალ ასეთად“.
პოეტისთვის ლექსები მისი ნიღბებია. იგი მხოლოდ ამგვარად ჩნდება, ამგვარად გამოვლინდება. პოეზიის გარეშე მას არ სწამს თავისი არსებობა, ამიტომ ყოველთვის ცდილობს, გამუდმებით რაღაცად გარდაისახოს, რათა სხვადასხვა გრადაციით სამყაროს მთლიანობას ეზიაროს.
კრებულში ერთი ესეა, რომელშიც ნინო დარბაისელი თავისსავე ლექსს აანალიზებს. აქედან ჩანს, რომ მას რჩება ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, როცა მის ლექსებზე საუბრობენ. ამიტომ თვითვე ავსებს ამ დანაკლისს და გვთავაზობს საკმაოდ პროფესიულ დონეზე შესრულებულ ღრმა ანალიზს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ მკითხველს მეტი დაკვირვებისკენ უბიძგოს. თითქოს ეშინია, რომ ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ მის პოეზიას. მისი ლექსები ხომ, ერთი შეხედვით, მსუბუქია, იოლად მისაწვდომი, მაგრამ საკმარისია მეტი მიახლოება, რომ ჩვენ წინ გადაიშლება რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე მრავალფერიანი სამყარო.
ნინო დარბაისელის პოეზია „მეს“ თვითდამკვიდრების ცდაა. არც ერთ ლექსში არ არის გამოკვეთილი „შენ“ ან „ის“. როცა სხვაზე ფიქრობს, ეს იქნება ადამიანი თუ საგანი, მაშინაც ცდილობს, რომ შეაღწიოს იმ სხვაში და იქიდანაც გამოიხედოს, როგორც „მემ“. ამიტომაა მისი ლექსები ასეთი გულწრფელი. იგი ხან ფერადი ბუშტია, ხან ორთქლი, ხან კენჭი... მაგრამ ყოველთვის პიროვანია.
„ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს.
მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. მე ხომ კენჭი ვარ.“
ხანდახან „მეთი“ ოდნავ არტისტულადაცაა გატაცებული. თუმცა, მისი ამგვარი კეკლუცობა არ არის გამაღიზიანებელი, პირიქით, ერთგვარად მიმზიდველიცაა.
თავისებურად ვლინდება ნინო დარბაისელის პოეზიაში სიყვარული. იგი ღმერთიდან იწყება, მერე მიწაზე ჩამოდის—აქ ერთდება მიწიერი და ზეციური. შემდეგ კი ისევ გამოცალკევდება სულიერი და ზეცას უბრუნდება. ლექსში „ემანუელ“ ღვთისადმი სიყვარული უჩვეულო სიმძაფრითაა წარმოჩენილი. ეს არის სიყვარული, მისი კრისტალური სახით.
„გახსოვს? ეგვიპტეში შავტუხა გოგონა
შენი ეზოსკენ მალულად მზირალი,
როცა მიგიხმობდა დედა მარიამი:
„შვილო, ემანუელ, მოდი, ემანუელ“.
ის გოგო გათხოვდა და როცა საღამოს
წვრილშვილს დააძინებს და გამრჯე მეუღლეს
ფეხებს ბანს მორჩილი, ო, ნეტა, იცოდე,
როგორ სურს იმ ქალთა მენელსაცხებლეთა,
ფეხები თავისი თმით რომ შეგიმშრალეს.
დე სხვებმა გიწოდონ ქრისტე და იესო.
შენ ჩემთვის იქნები მუდამ ემანუელ,
მოდი, ემანუელ, ჩემო ემანუელ.“
ნინო არ არის მხოლოდ მეტაფიზიკოსი პოეტი. იგი საგნებისა და მოვლენების შემეცნებას კი არ მიესწრაფვის, არამედ, როგორც რობაქიძე იტყოდა, გზნებას. ამ, ერთი შეხედვით, უბრალო ლექსში გრძნობ, როგორ არის ინტუიციურად ნაგზნები ღმერთი. რამხელა სითბო და სინათლე იღვრება სტრიქონებიდან.
ეს სიყვარული ფარულად კვებავს მის მიწიერ სიყვარულსაც. საინტერესოა ერთი ლექსი, რომელშიც პოეტი ხატავს, როგორ მიისწრაფვის მიჯნურისკენ. აქ ისეთი დეტალებია, რომ ეჭვიც არ ჩნდება, თუ სიყვარულის საგანი ადამიანის გარდა სხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მოულოდნელი დასასრული მთელ ჩვენს განცდებს აყირავებს. ამ გზით პოეტი აღწევს მკითხველის მონუსხვასა და დატყვევებას.
„მერე გავიხდი სინთეტიკის ყოველგვარ ნაწარმს,
ჩამოვირეცხავ დატუშულ წამწამს,
თეთრ გვირილებს ჩავიწნავ თმაში...
და შენთან მოვალ...
პირველყოფილი სიფეხშიშვლით ავიწვავ წვივებს
და იმდენს ვირბენ, იმდენს ვირბენ თავაწყვეტილი,
ვიდრე მუხლებში მექნება ღონე.
მერე დაღლილი და მოთენთილი
შენი სულ ოდნავ ხორკლიანი
ტუჩების ცეცხლით,
მურა ხორბლისფერ და დარღვეულ
ძლიერ მკლავებში მე ჩაგეხვევი,
ჩემო მიწაო...“
ნამდვილად იშვიათია მიწისადმი ასეთი ვნებიანი მისწრაფება, რომელიც, იმავდროულად, სიკვდილისაკენ მიმავალი გზაცაა.
ნინო დარბაისელის პოეზიის უმთავრესი ძარღვი სიკვდილისადმი დამოკიდებულებაში მჟღავნდება. პოეტი ორიგინალურად გაიაზრებს მას. „კუბო-სიცოცხლის შავი კლავიში“_აქ მუსიკა ჩნდება, რომელიც იტევს სიკვდილის იდუმალებას. მუსიკაში ხომ ყველაზე ხელშესახებად ჩნდება ირაციონალი. არანაკლებ მიმზიდეველია მეორე სახე, როდესაც პოეტი ცდილობს, სიკვდილი შინ დაბრუნებად წარმოსახოს. აქ თითქოს ორიგინალური არაფერია, მაგრამ მთავარია გრძნობის სიცინცხლე, თორემ ხომ კარგად ვიცით, რომ არაფერია მზისქვეშეთში ახალი. უნებურად გვეუფლება გასაოცარი სითბოს შეგრძნება. ამგვარად იძლევა შიში და ისევ სიყვარულად გარდაიქმნება.
„ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს:
გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა“.
ერთ ლექსში სასაფლაოზე მისული პოეტი ჭიას ესაუბრება და ისე ჩუმად იბადება რაღაც ღრმა და ამოუხსნელი, ძალდატანებისა და ყალბი მედიტაციის გარეშე: „მითხარი, ჭიავ, რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს, განა ისეთი რა აბარიათ, ვის უნახავენ? მითხარი, ვიდრე ერთადა ვართ, ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა და მიაშურებ ახალ საფლავებს“.
ისეთი მოულოდნელია „ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა“. ისეთი სიმშვიდე მოაქვს. ასე მხოლოდ ისინი ლაპარაკობენ, ვისაც სრულყოფილად აქვს ნაგრძნობი სამყაროს ერთიანობა და ჰარმონიულობა. ვისთვისაც სიცოცხლე სიკვდილია და სიცოცხლე სიკვდილი. ამიტომაა, რომ პოეტი ერთნაირი სიმძაფრით განიცდის მიწასა და ზეცას.
„და ჩემი ტოტი, განა ისიც ფესვი არა რის?
ფესვი ზეცას ჩაჭიდებული“.
ნინო დარბაისელის ხელწერას ქმნიან უჩვეულო მეტაფორები: „მიგდებული ტანისამოსის ხმაჩახრინწული აჩრდილები“, „სიზმარი მოსაცდელია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის“, „წითელთმიანი კოცონი“, „მთელი სამყარო ნელა შეცურავს შენს ცრემლებში“ და სხვა.
ვფიქრობ, ორიგინალურია ერთი უსათაურო ლექსი, რომელშიც გამჟღავნებულია ნინო დარბაისელის პოეტური გზნების თავისთავადობა.
„და ისე, როგორც უპატრონოთა თავშესაფარში,
წამით მოსულმა უცხო დეიდემ,
რომელიც ყველას საკუთარი დედა ჰგონია,
ჩემი ფანჯრის გისოსებიდან
თბილი ღიმილით თხელი მკლავები დამიქნია
დედილო წვიმამ.
წყლიან თვალებში ჩაგუბებული მწვანე ცრემლები
ღაპა-ღუპით გად-მო-მა-ყა-რა.
...
რატო ღმერთი არ გაიცინებს,
დიდი ხნის წინათ დაკარგული
ჩემი მშობელი დაბრუნდა წვიმა“.
ნინო დარბაისელი წუხს, რომ გრძნობათა სიტყვიერი გამოთარგმანება ზუსტად ვერ ასახავს განცდებს. ვფიქრობთ, ლექსზე საუბარიც ბევრს ვერაფერს ჰმატებს მას. ლექსი უშუალოდ უნდა განიცადოს მკითხველმა, ამიტომ ისევ პოეტს მოვუსმინოთ:
„მზე კოკით ხელში,
მზე კოკით ხელში,
წყალზე ჩავიდა და უცაბედად
ტალღის რიყეზე აუსხლტა ფეხი“.
ნინო დარბაისელისთვის ცხოვრება მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა მას, როგორც მეტაფორას, ისე შეხედავს. ლექსებითაც მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ თუმცა წარმავალია და ჭკნობადი ყოველი, მაგრამ, იმავე დროს, პოეტური და მარადიული, რადგან ღვთაებრივის ნიშნით არის იდუმალ აღბეჭდილი.

1995

დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''სიცოცხლის საიდუმლო'', თბ. 2006

წყარო - http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/02/blog-post_17.html?spref=fb

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მაია ჯალიაშვილი   

Back to top Go down
 
მაია ჯალიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: