არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: ნინო ჭინჭარაული   Fri Feb 11, 2011 7:36 pm

ნინო ჭინჭარაული

აწმყო წარსულიდან
(ერთი ხევსურული ამბავი)

ხვითოსფერი მზე ჩადიოდა სოფლის თავზე. უკანასკნელი სხივები ფრთხილად ეფერებოდნენ წყლის ზედაპირს. ლელა სამფეხა სკამზე იჯდა და ჩამავალ მზეს თვალს არ აშორებდა. დამჭკნარი ბაგეები მკაცრად მოეკუმა.

- დედო, გადახედ გრილოში, რასა ჰკვლევ მანდ? - გასძახა სახლიდან ბერდიამ. ლელამ მწყრალად გახედა შვილის ფეხთით დაგდებულ ბარგს, ბერდიასთვის სახეზეც არ შეუხედავს ისე მიაბრუნა თავი. პასუხი არ გასცა, კოპებშეკრული მისჩერებოდა მზეს.

ბერდიამ თავი მოუკრა ბოღჩას, მხარზე მოიგდო და სახლიდან გავიდა. მზემ მაშინვე სხივები შეაჭყიტა თვალებში. ბიჭმა მარცხენა ხელით მოიჩრდილა, მარჯვენა კი დედას დაადო მხარზე. მოხუცი არ განძრეულა.

- რაად მემდური? - თვალებში შეხედა ბიჭმა: - რაად არ მაგდის, რო აქ აღარ დამედგომებ. ჩემ სწორებ აღარა ვინ დარჩ, სუყველა ქალაქს წავიდეს, მე რაიღ მესაქმების აქ?

- რაიღ გესაქმებ და სახლ-კარ აქ გაქვ, დედაი აქა გყვიორ, ქალაქში რაი გეწევის?

- ქალაქ დიდ ას დედო, ცხოვრება იქა სჯობ, - ბერდია შეყოყმანდა და გააგრძელა: - იქ ერთ კარგუა ქალაიცა მელოდებ. პირწყალი არ მექნების გავწირო...

ლელამ ამოიოხრა: - ქალაქელ ქალ აქ არ გამაგყვების, შენ სამთაჩიგოდ აღარ ამახოლ, მამ-პაპანიც დაგცილდების და რჯულის დამრღვევს ფარსაგ არა დაგემართების! - მოხუცის თვალებში ბრაზმა იელვა: - ხთის მაკერძებულს აღარას დასდევ, მაშ რაად გაგაჩინ აქ?

ბერდიამ ჩაიმუხლა და დედას ხელები დაუჭირა. სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება ეწერა. ლელა ისევ მზეს მისჩერებოდა, რომელიც ეს-ესაა გაუჩინარდებოდა. დედის გულში ტკივილი ტრიალებდა. იცოდა, შვილს მთაში ვეღარ დააკავებდა. ისიც იცოდა, რაც ქალაქისკენ ეწეოდა ბერდიას, ყველაფერზე ძლიერი იყო, თვით მის სიყვარულზეც ძლიერი, მაგრამ ვერა ჰგუობდა. ახსენდებოდა, რომ ახალგაზრდობაში მასაც მიუწევდა გული ქალაქისკენ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მთას თავისი შვილების გარდა პატრონი არ ჰყავდა და უარი თქვა მის დატოვებაზე. ახლა, სიბერის ჟამს, უფრო ნათლად ხედავდა, როგორ უყვარდა და სჭირდებოდა თავისი სამშობლო მხარე, სადაც დაიბადა, დაოჯახდა და შვილები დააფრთიანა. სადაც მათი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ მიწა-წყლისთვის და რომლის მიტოვებაც ახლა მის ვაჟს უნდოდა. დედის გულს ჯავრი კლავდა.

მზის უკანასკნელი სხივი ხეებშუა ელვასავით აირეკლა, წამიერად გაკრთა და გაუჩინარდა. მასთან ერთად იგრძნო ლელამ, როგორ გაქრა მისი იმედიც და იმავ წამს ჩაესმა შვილის სიტყვები:

- როგორც კლდეზე ბუბულა ვერ გაიხარებს დედო, ეეგრ მე აქ ვეღარ გავიხარებ. ნუ გამისხორიგდები და ნუცა ცრემლებს წამატან თან.

ლელამ ნირშეუცვლელად ახედა:

- ჩემ ცრემლებ შენ ვერ ღნახავ სანამ უკანვე არ მაღბრუნდები...

ნიავმა დაუბერა. ამ უკანასკნელი მზერის შემდეგ ბერდიას განშორება უჭირდა, მაგრამ სძლია თავს და დედას გადაეხვია. მოხუცი დიდხანს გასცქეროდა შვილის ზურგს...

წლები გავიდა. ერთ გაზაფხულის თბილ საღამოს შარაგზაზე მანქანა გამოჩნდა. მძღოლმა მდინარის პირას გააჩერა და კარი გააღო. იქიდან მაშინვე ისკუპა ორმა ბიჭუნამ და ნასახლარისკენ გაქანდნენ. მანქანიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და გადმოსაყვანად ხელი შეაშველა მოხუც მამას, რომელსაც სიარული უჭირდა.

მდინარის პირას სამფეხა სკამი იდგა. წვალებით შეკოწიწებული.

- ბავშვებო, ხომ გითხარით ხელი არაფრისთვის გეხლოთ? - მიაძახა ახალგაზრდამ ბავშვებს.

- ჩვენ არ გამოგვიტანია მამი, აქ იდგა ეს სკამი!

ამის გამგონე მოხუცს თვალები მოუწყლიანდა, ხელი წაავლო ჯოხს და ნასახლარს მიუახლოვდა. ბუნდოვნად მოაგონდა ყველაფერი.

- აქ უნდა იყოს...

უკანა მხრიდან მოუარა სახლს. დამტვრეულ ღობესთან ჩაიჩოქა და ხელით მოსინჯა ამობურცული მიწა. საფლავი იებს დაეფარა...

მდინარის პირას ბავშვების ყვირილი გაისმა:

- მამაა, ბერდია ბაბუ ტირის!..

მოხუცი ცრემლად იღვრებოდა:

- რამდენი გიტირია დედა.....

მთის თავზე ხვითოსფერი მზე ჩადიოდა.

2009 წ.



Last edited by ნინო ჭინჭარაული on Fri Jan 13, 2012 2:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Fri Feb 11, 2011 7:42 pm

ნანელი

ნანელი ქალაქში იზრდებოდა,ზაფხულობით კი, მშობლებს დასასვენებლად მთისპირა სოფელში მიჰყავდათ. იქ ბებო ჰყავდა გოგონას, რომელმაც აგრძნობინა მას ლიტერატურისა და პოეზიის გემო. პირველად მისგან მოისმინა ნენელიმ, მთის კილო-კავით წაკითხული ლექსი და გულიდან ვეღარ ამოიძირკვა.
სოფელი მწვანედ შეფერილი გორაკების ძირას იყო.გოგონა ყოველდღე არბოდა სახლთან უფრო ახლომდებარე გორაზე,იქვე კედელჩაშლილი ციხის წინ,თეთრ ქვაზე ჩამოჯდებოდა და ხან თავისი საყვარელი პოეტის მსგავსად “ყურს უგდებდა წარსულის დუმილს”, ხან კი ზეპირად დასწავლილ ლექსებს უკითხავდა სოფელს. პასუხად მხოლოდ ძაღლის ყეფა და საქონლის ზმუილი ისმოდა.
ქალაქში ტირილით მიჰყავდათ.
მთელი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული ნანელი სიზმრად ციხიან გორას ხედავდა. დღისით კი, ისევ მეათედ, მეასედ უბრუნდებოდა მარვალჯერ წაკითხულს.
სახელი მთის ერქვა. მთის კილოც უყვარდა და სურდა მასაც ასე ესაუბრა. ლაპარაკობდა კიდეც, ოცნებებში, სიზმრებში..
ცხადი კი სხვაგვარი იყო. რეალობაში ე.წ “ასფალტზე გაზრდილ” ბავშვად რჩებოდა.
ერთხელაც გაბედა,
დაწერა..
სულგანაბულმა წაუკითხა სკოლაში კლასელებს და კინაღამ მიწასთან გაასწორა ტალღასავით გადავლილმა სიცილმა. თავისი ხელით ჩაყარა ურნაში ლექსის ნაფლეთები და აწითლებული გავარდა ოთახიდან. მაშინ ყველას ეგონა, რომ წერას თავი გაანება.
მერე, როგორც იქნა ისევ დადგა ზაფხული. ისევ ბებო, მისი წიგნების სამყარო, ციხიანი გორა..
“შენთვის რაღაც მაქვს”..
ბებომ სევდასთან აზიარა. მრავალჯერ გადაიკითხა, როგორ ებრძოდა სიმღერით წითელას სოფელი, როგორ იქცა კაცი მგლად და ბოლოს, როგორ აყვავდა ღვთისნიერი ადამიანი. მაშინ იგრძნო ნანელიმ, რომ ავტორის სახით მეგობარი შეიძინა, ისეთი მეგობარი, რომელიც მისი მარტოობის თანაზიარი გახდა და დაანახა, რომ ამქვეყნად არსებობდნენ სხვა მგრძნობიარე ადამიანებიც.
შემდეგ ფილმი ნახა. ყოველ დილით, შეშინებული იღვიძებდა და მხარს ისინჯავდა, ხე ხომ არ ამოსდიოდა. ეს შიში, არც სურვილს იყო მოკლებული.
დიდხანსაც გაჰყვა.
ბავშვებთან იშვიათად თამაშობდა. ამხანაგები არ ჰყავდა. მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რა პრობლემები ჰქონდა ბავშვს, რატომ ვერ პოულობდა საერთოს თანატოლებთან. ხშირად აძალებდნენ, ჩასულიყო ეზოში, მაგრამ ნანელის თვალი მუდამ ციხიანი გორისკენ გაურბოდა და იქ განმარტოება ერჩია, ყოველგვარ გართობას. ბებოსაც ვერაფერი გაეგო, ამ უცნაურობის. ერთხელაც გადაწყვიტა, ეჩვენებინა შვილიშვილისთვის, თუ რა მძიმე ბარგია მარტოობა და მისცა წიგნი თურქ გოგონაზე, რომელიც ანატოლიის შორეულ სოფლებში გაექცა ახლობლების ღალატს. ნანელიმ კი ამ პერსონაჟში საკუთარი თავი იპოვა და უფრო ჩაიკეტა სულის კუნჭულებში. მაშინ უკვე 12 წლის იყო.
ზაფხულები ნელა გადიოდნენ. წელიწადის დანარჩენი სამი დრო კიდევ უფრო იწელებოდა. არ უყვარდა ნანელის ქალაქი, ის თითქოს ყველაფერს აუფერულებდა და აუფასურებდა, რაც მისთვის ძვირფასი იყო, მაგრამ მაინც მის ტყვედ რჩებოდა. გული სოფლისაკენ მიუწევდა, ჩვევები, მანერები და იერი კი ქალაქელის ჰქონდა და თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული. ერთი არ უშვებდა, ხოლო მეორე ბოლომდე ვერ ღებულობდა. ნუგეშად ისევ თავისი წიგნები მიაჩნდა.
ჰო, კიდევ ისიც, რაც ყველას ეგონა, რომ მიატოვა..
ქალაქმა მისდაგასაკვირად მაინც ბევრი მისცა. აპოვნინა მეგობარი, რომელიც თავიდ დროზე გაუნათლებელი მეზღვაური იყო და სიყვარულმა ცოდნის მწვერვალებზე აიყვანა. სწორედ მან გააცნობიერებინა ნანელის, რომ სირცხვილზე უნდა გაემარჯვა და ხელი არ ეკრა იმ პატარა ნიჭისთვის, რომელიც დაბადებიდან მისი ცხოვრების მეგზური იყო.
კიდევ, გააცნო ადამიანი, რომელიც უდიდესი ცოდვილი, სიცოცხლის ბოლოს წმინდანად გარდაიცვალა. მისი თანადგომით იგრძნო ნანელიმ, რომ უფლის მოწყალება უსაზღვროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონანიებით მასთან მივიდეს.
და სხვაც, უამრავი, უამრავი..
თუმცა ის პირველი მეგობარი, სევდიანი ადამიანი, რომელმაც პირველად ანუგეშა, მუდამ ახსოვდა.
ერთ ზაფხულს, მისი “მე” და მე” გაიცნო და გადაწყვიტა, მეგობარს პირადად შეხვედროდა, მაგრამ შემოდგომის მწურულს, სრულიად შემთხვევით, როგორც მორიგი ინფორმაცია, ისე გადმოსცეს ტელეეთერით..
არ იჯერებდა, საკუთარმა ცრემლებმა დააჯერა, რომ შეხვედრა საუკუნოდ გადაიდო. მაშინვე გაემგზავრა სოფელში და ციხეზე ავიდა, რომ იქიდან მოეყოლა სოფლისათვის თავის ტკივილზე.
პასუხად ისევ მოისმა ძაღლის ყეფა..
საქონლის ბღავილი..
ამჯერად ნიავმაც ჩაიზუზუნა...
ნანელიმ ნიავს შეაგება მზერა და იგრძნო, როგორ დაეცა რაღაც სახეზე. ხელი მოისვა, პატარა ყვავილი აღმოჩნდა.
“მიფრინავდნენ ყვავილები და აუწერელი სურნელება იდგა ჰაერში”
გულში სითბო ჩაეღვარა და გააჟრჟოლა:
“მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან…”
პირველად, სულ პირველად დაფიქრდა მაშინ, რომ სიკვდილით არ მთავრდება სიცოცხლე და მარტოობის ძებნა არ სჭირდება ადამიანს, რადგანაც სული ისედაც ყოველთვის მარტოა..
და ინატრა ნანელიმ, ხვალ, თუ ასი წლის შემდეგ, როცა სიკვდილის დღე დაუდგება,
ამ გორიდან,
ამ მთიდან მობერილი ნიავით,
(“ლემადით”),
მან წაიყვანოს.
მთელ საღამოს, მზის ჩასვლამდე იჯდა ციხესთან და მეგობარს გამოსამშვიდობებელი ლექსი მიუძღვნა. მერე, როცა შეამჩნია, რომ მის ფეხთით მიწა ატალახებული, ბალახი კი ნამიანი იყო, მოიწმინდა ცრემლები და ბილიკს ჩაუყვა გორაკიდან.
.................
იყო ომი, გვალვა, ყინვა, გაფრენილი წლების დეკადა, დედამიწის ღერძიც კი გადაიხარა..
ნანელი დღეს,
უკვე მოხუცი ქალბატონია. ჰყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები ჯერ არა. მის ლექსებს ოჯახის წევრები ბეჭდავენ და შვილებს ასწავლიან.(ამაზე ბედნიერად ეღიმება). თვითონ ძალიან მხიარული, გულგახსნილი და ფუსფუსა ბებოა. ახლა უკვე სოფელში ცხოვრობს, ციხიანი გორის ძირას, სულ მთლად ჭაღარაა და მეხსიერებაც ხშირად ღალატობს.
მხოლოდ, ყოველ დილით, ახალგაღვიძებული რატომღაც მხარს ისინჯავს და ნიავსაც მუდამ გაუცნობიერებელი მოლოდინით შესცქერის, ყვავილი ხომ არ მოჰყვება.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Thu Feb 17, 2011 9:55 pm

პირველად მონასტერში

"აქ დევნილებაა, იქ კი ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო“
"მორჩილება ნიშნავს - გახდე მონა,
რათა იყო თავისუფალი"
ბერი იოსებ ათონელი

ალბათ ყველას სიცოცხლეში დგება მომენტი, როცა გინდა შენი ცხოვრების წესი დროებით მაინც შეცვალო, გაექცე ყოველდღიურობას და ყველა ახლობელსა და ნაცნობ გარემოს მოწყვეტილმა, რამდენიმე დღე, განმარტოებით გაატარო. მსგავსი სურვილი მე ხშირად გამჩენია.
მაშინაც ასე მოხდა... ზამთარი იწურებოდა. მახსოვს ჩემმა მეგობარმა იოსებ ათონელის წიგნი "მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება“ მათხოვა. სასულიერო ლიტერატურას მანამდეც ვკითხულობდი, თუმცა ამ წიგნმა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. დღედაღამ არ ვიშორებდი, სულ თან დამქონდა, ისევ და ისევ ვკითხულობდი, გარკვეულ დარიგებებს ვინიშნავდი და ბევრს ვფიქრობდი. ამასობაში ჩემი მეგობარი, რომელმაც ეს წიგნი მათხოვა, 2 კვირით ქოზიფას მამათა მონასტერში წავიდა. როცა ამის შესახებ შევიტყვე, მონასტერში წასვლის დაუძლეველი სურვილი ვიგრძენი ამას ერთის მხრივ წიგნიდან მიღებული შთაეჭდილება განაპირობებდა, მეორე მხრივ კი ყველაფრისგან განრიდების სურვილი. დიდხანს არ მიფიქრია, კურთხევა ვითხოვე და ბარგის ჩალაგება დავიწყე.
მშობლებმა თავდაპირველად წინააღმდეგობა გამიწიეს, განსაკუთრებით დედას არ უნდოდა ჩემი მარტო გაშვება, ამიტომაც ჯგუფელს ვთხოვე წამომყოლოდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა. მთელ პერიოდს, სამზადისიდან მგზავრობამდე იდუმალი და ამაღელვებელი განწყობა გასდევდა თან. მე ხომ პირველად შევდექი მონასტრისკენ მიმავალ გზაზე! გულში ცოტაოდენი შიშიც მქონდა, არ ვიცი... აუხსნელი... შეუძლებელია იმ გზის აღწერა, რაც გავიარეთ. თოვდა, თეთრი დღე იყო, უცნაური ელფერის მატარებელი, იმდენად უცნაური, რომ სოფელ თეთრ წყაროსთან ლექსი დამაწერინა(
თეთრი წყარო,
ჭაღარა ქალწულის დალალები...)

* * *
სამწუხაროა, რომ იმ დღეების მოსაგონრად დღიურის სამიოდე ფურცელიღა შემომრჩა. რატომ ვწერდი ასე ცოტას? ალბათ იმიტომ, რომ ბევრს ვფიქრობდი, ან იქნებ იმიტომაც, რომ თავისუფალი დრო მქონდა ცოტა. ის კი კარგად მახსოვს, როგორ შევეგუე იქაურობას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ის ადგილი იყო, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი. წალკა მელოდა, წლების მანძილზე მელოდა...
თბილისიდან წამოღებული დამძიმებული გული ერთ დღეში შემსუბუქდა. ფურცლები ასე მომითხრობენ:

28. 03. 07.
"დღეს უკვე მეორე დღეა, რაც ჩამოვედით. დილის 6 საათზე მელანიამ ზარი დააწკარუნა და ლოგინიდან წამოდგა. გამიკვირდა, კაბითა და თავსაფრით დაუძინია. მაშინვე სიცივისგან კანკალმა ამიტანა და უკიდურესი ძალისხმევით ვაიძულე თავი, ავმდგარიყავი. ღმერთო, დილის 6 საათია, ბნელა. ნუთუ ყოველდღე ამ დროს უნდა ავდგე? ხელის ცეცებით გავედი სენაკიდან.
9-10 საათამდე ვილოცეთ. დღეს უფრო გულით ვილოცე. გუშინ გაყინული მქონდა გულიც და გონებაც, არაფერი მიგრძვნია განსაკუთრებული, ცოტა უხერხულობის გარდა. მაგრამ ღამით, სადღაც 8 საათისთვის (ჰო, მგონი ამ დროს), გამოვედი გარეთ, აივანზე. სანათურების შუქზე ვხედავ, თოვლი მოდის. გულმა არ მომითმინა, ჩექმები ამოვიცვი ფეხზე და ეზოში ჩავირბინე. პატარა აბურცულ ქვაფენილიან ადგილას დავდექი, თავი მაღლა ავწიე, ხელები აღვაპყრე და ვუცქეროდი, როგორ ცვიოდნენ პაწია ფანტელები, როგორ იზრდებოდნენ და სახეზე მადნებოდნენ. არ ციოდა, თუმცა იმ ღამით მაინც ცუდად დამეძინა. სულ რაღაც 15-20 წუთით მოვხუჭე თვალი. მესიზმრა ვიღაც, ცისფერთვალება მამაო, რომელიც მელანიას საწოლიდან წამოდგა და მითხრა: `არ ადგე, დღეს ლოცვა არ იქნება“. ცხადი მეგონა და მანამ არ ავდექი, სანამ აივნიდან არ შემომესმა ზარის რეკვა. მორჩილ თეოს მოვუყევი, მითხრა _ ალბათ ბოროტისგანააო.

* * *
გარეთ ისეთი თოვლია...
მე და თეონა წყაროზე ვიყავით. ვისაუბრეთ. მე ვკითხე – არ გაგიჭირდა სახლიდან წამოსვლა და ყველაფრის მიტოვება-მეთქი? ახლაც ვფიქრობ, ეს რატომ ვკითხე. ცხადია, არა უბრალო ინტერესის გამო. ვგრძნობდი, რომ ქალაქი და იქაური ცხოვრება აღარ მაგონდებოდა, იმდენად შემიყვარდა მონასტერი და წალკა. თეონამ მიპასუხა _ გამიჭირდა, მაგრამ არასდროს ვიფიქრებ უკან დაბრუნებასო. მერე კი დაუმატა: - თუ დარწმუნდი, რომ აღარავიზე გწყდება გული, მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოდიო. ძალიან სწრაფად ვწერ, რადგან თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და სანამ ლოცვა დაიწყება, მაინც მოვასწრებ აქაურობის აღწერას.
...თვალს მოგჭრის სითეთრე. ირგვლივ ყველაფერი ქათქათებს და ამ სიქათქათეში თითქოს სისპეტაკეცაა შერწყმული. სენაკში ვარ, აქ ორი საწოლი დგას. ჩემი საწოლის თავთან რამდენიმე ხატი და უწმინდესის სურათია გაკრული. ოთახი უბრალოდ და მყუდროდაა მოწყობილი. ერთი კედლიდან ღვთისმშობლის დიდი გობელენის ხატი გადმომყურებს. ფანჯარაში ვიხედები, მთელი წალკა ხელისგულივით მოჩანს (იმიტომ რომ ჩვენი მონასტერი მაღლობზე დგას). პატარა სახლები თავისი საკვამურებით, რომლებიდანაც წვრილი კვამლი ამოდის. მათ უკან, რამდენიმე ნაბიჯში იწყება ფართო ტყე, რომელიც ისე ახლოდან ჩანს, თითქოს ფეხით მისვლას 10 წუთიც არ დაჭირდება. წვრილად თოვს, ფაფუკად. იცი რა მაოცებს და მაბნევს? ფანტელები, ხელებზე რომ მათოვს, ვარსკვლავების ფორმისაა. არა, განა შევცდი, აქაურობას ზღაპარი რომ ვუწოდე? ეს მართლაც ზღაპარია, რეალური და მიწაზე ჩამოსული. მიყვარხარ, წალკა! ჩვენი სახლის მარცხნივ დიდი კლდეა, თითქოს მთაში ტიტანს მუჭი შეუყვია და გული გამოეგლიჯოს, ამოღრუებულა, ზედ გადაჰყურებს ამ სახლებს და თითქოს ჩაყლაპვას უპირებს. აქვეა, მეორე ქუჩაზე, ტაძარიც. აივანზე გავედი, თამუნა თოვლს ხვეტავს. ეზოში ძაღლის ყეფა ისმის. სიცივისაგან აბუზული უკან შევბრუნდი... სიწყნარეს მხოლოდ დედა სიდონიას ფეხის ხმა არღვევს, მოედანზე ძაღლი ყეფს. ეს მართლა ზღაპარია მგრძნობიარე და ბუნებისმოყვარე ადამიანისთვის. აქ ყველაფერია, რაც გჭირდება: მარტოობა, ლოცვა, სიმშვიდე, უმანკოება, სილამაზე და... თოვლი! ცის მარგალიტები, თეთრი ვარსკვლავები, ჭაღარა ქალწულის თმიდან ჩამოცვენილი... მე შენ შემიყვარდი!.."

* * *

აქ მთავრდებოდა ჩემი დღიური, რომელიც აღწერს იმ სულიერ მდგომარეობას, მონასტერში პირველად სტუმრობამ რომ შემიქმნა. მაშინ ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე პირველად დავფიქრდი მონაზვნობაზე და შევხედე არა როგორც დამთრგუნველ მდგომარეობას (როგორადაც მას ბევრნი აღიქვამენ), არამედ, როგორც ცხოვრების იდუმალებით მოცულ, ძალზე საინტერესო, ერთ-ერთ სწორ გზას. ისიც ვიგრძენი, რომ უკან წამოსვლა ნაკლებად მსურდა. ყველა სიძნელე სიცივე, მორჩილების სირთულე თუ სხვა, რამდენადაც ფიზიკურად მთრგუნავდა, იმდენად სულიერად ძალას მმატებდა და გულში სიხარულს მიღვივებდა. თუმცა, დედაოსგან შევიტყვე, რომ ადამიანი ასეთ დროს ხშირად ხიბლში ვარდება. ჰგონია, რომ მოწოდებულია მონოზვნობისკენ, რომ აქვს საამისო ძალა, მაგრამ როცა ამ ნაბიჯს საბოლოოდ გადადგამს, პირველივე განსაცდელი აბრკოლებს. რაც უფრო გამოუცდელია ადამიანი, მით დიდია მისი მერყეობა და შეცდომის ალბათობა. მივხვდი, რომ სტუმრობა სხვაა, და სამორჩილო კაბის ჩაცმა სხვა. ეს ისეთი ნაბიჯია, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობაც ჭირდება. ყველაზე უკეთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა მოძღვარმა იცის, ამიტომაც გადაწყვეტილება მხოლოდ მასთან ერთად უნდა იქნას მიღებული.
მე კი ვიცი, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი გზა, იქ გატარებულმა სამმა დღემ მასწავლა, რომ მონასტრისკენ მიმავალი გზა მძიმე და ამავდროულად, ტკბილი, ძალიან ტკბილია. ზოგი დაიტევს ამ ჯვარს, ზოგი ვერა. ასეთი ფიქრებით წამოვედი თბილისისკენ და თან წამოვიღე იმ დღეების სილამაზით სავსე გული, რომელმაც ჩემში კვლავ ლექსი აახმიანა:

"ო, წალკა, წალკა, მიწიერო ზღაპარო, ტკბილო,
სიტურფითა და სისპეტაკით მჯობო ყოვლისა.
შენს სათნოებას ღაღადებენ ლოდები შორი
და ვარსკვლავებრი ფანტელები თბილი თოვლისა.
დიახ! თბილია შენი თოვლი და იისფერთან
მისი მსგავსებაც არ ყოფილა ირიბად თქმული,
სიმშვიდემ შენმა მოგახურა მანდილად ზეცა,
ყოველ კუთხეში ჩაგისახა შენ სიყვარული...
შენს მდუმარებას მორჩილება უქარგავს გვირგვინს,
სითბო მხურვალე ეცილება ღუმელსაც სითბოს,
-დებო, უთქმელი წამითაც კი არ მტოვებს ფიქრი!
-დედაო, სიტყვა გამოგრძელდა,შენდობას ვითხოვ...
ზარის წკრიალი გაისმოდა გამთენიისას
ნაზი ხელსაქმე ამშვიდებდა სულის იარებს,
18 წელი სად დაქროდა დახშული გონი,
შენამდე მოსვლა ასე როგორ დავაგვიანე.
ო, წალკა, წალკა ჩაგიცვია კაბა პატარძლის,
უფლის სასძლოებს ელოდები ხელაპყრობილი,
არც სასაფლაო შეაშინებთ შემდგართ შენს გზაზე,
და ვერც ხალიჩა კელიაში ცრემლდალტობილი.
ზღაპარო, შენი სიყვარული განა ძნელია?
შენი დატევა მიძნელდება დალეულ გულში,
თუმცა, არ ვიცი ხვალინდელ დღეს რა მიწერია,
შენს შესაგრძნობად კიდევ ერთხელ მოვალ ზაფხულში. "
2008 წ.
პ.ს ვეღარ მივედი ზაფხულშიSadდღეს აღარ არსებობს ეს მონასტერი.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Sat Feb 26, 2011 5:56 pm

როგორ ვისწავლე ღიმილი

ნაცნობი,უცნობი სახეები ირეოდნენ ერთმანეთში. იღიმოდნენ.. ერთნი რძისფერ მინანქარგადაკრულ კბილებს აელვარებდნენ,მეორენი ნაკლებ მიმზიდველს,თუმცა როგორი განსხვავებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ერთიმეორისგან, ღიმილი ყველას აერთიანებდა. მათ შემყურეს მახსენდებოდა მავანის ნათქვამი “თბილისს ღიმილი აკლიაო” და მეცინებოდა ამ ფრაზის უსაფუძვლობაზე.
საინტერესოა, უხსოვარ დროში ადამიანი როგორ მიხვდა, რომ ღიმილი სიხარულს და კეთილგანწყობას გამოხატავდა? ასეთი ფიქრით მივყვებოდი რუსთაველს და ვხედავდი უამრავ მომღიმარ არსებას, რაც მაიძულებდა მეფიქრა,რომ თუ ეს თეორია სწორია, ჩვენ მართლაც “ბედნიერი ერი” უნდა ვიყოთ. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირიც, რომელიც გვერდით მომყვებოდა, მაგრამ ის ცოტა სხანაირი იყო ,არ სჯეროდა თეორიების.
-იცი?,- მივმართე:-ღიმილი რომ საკვები ყოფილიყო, საქართველოში ამდენი მშიერი აღარ იქნებოდა!
-სწორია!,-დამიდასტურა:-მაგრამ უამრავი ავადმყოფი იქნებოდა, უხარისხო პროდუქტისგან მოწამლული..
ჩემი გმირი არ იღიმოდა. ის გულმოდგინედ აკვირდებოდა გამვლელებს და ხედავდა იმას,რასაც ჩვეულებრივ, გადაკრული მინანქარი მარტივად ფარავს ხოლმე. ზოგჯერ შემომჩიოდა,რომ უჭირდა ყველაფრის თავის თავში დატევა და მიზიარებდა.
-აი ეს,-ერთხელაც მიმანიშნა ყურებამდე მომღიმარ გამვლელზე:- ძალიან დიდ აღმართზე დგას და იმ მიწას ტკეპნის,რომელიც არაა საიმისო გზა. იტანჯება, მაგრამ სიამაყე არ აძლევს ნებას უკან გაბრუნდეს და სხვა გზა მოძებნოს..
-შეხედე ამას! ესეც აღმართზეა, მაგრამ რადგანაც უფრო ახალგაზრდაა, ყოჩაღად მიიწევს. წინ არანაირი მომავალი არ ესახება, მაგრამ ცდილობს ღიმილით სხვების სიბრალულს გაექცეს..
-ნახე მოხუცი! დაღმართის პირას დგას, მაგრამ ეშინია და იღიმის..
-რისი ეშინია,სიკვდილის?
-არა, სიკვდილის წინ მარტოობის..
ხალხი ისევ ირეოდა ერთმანეთში. ამასობაში მეც გამიხუნდა ბაგეზე ღიმილი.
იქნებ მართალი იყო?
იქნებ მომღიმარი სახეების უკან ხშირად ტკივილი და იმედგაცრუება იმალება ხოლმე?
ჩემს გმირს დავაკვირდი:
-გაიღიმე, გთხოვ..
მეც მინდა დავინახო..
მეც მინდა ვიგრძნო..
მეც მინდა გამოვეყო ბრბოს და სინამდვილის ფასი ვისწავლო..
ჩემი გმირიც დაკვირვებით მომაჩერდა:
-მოდი რაღაცას მოგიყვები..
სამყაროში ყოველთვის არსებობდა აღმართები და დაღმართები. ადამიანებიც სხვადასხვა ბილიკებით დადიოდნენ,მაგრამ მათი გზები ოდესმე იკვეთებოდა, რადგანაც ცხოვრება მძიმეა და მისი მარტოდ თრევა წელში გატეხს ადამიანს. ამიტომ ბუნებრივი კანონი იყო, თუ ოდესმე ორი ადამიანი, თუნდაც სრულიად შემთხვევით შეხვდებოდნენ გზაჯვარედინზე, ისინი ერთმანეთის მოყვასნი ხდებოდნენ.
-მერე რა მოხდა?
-მერე?მერე ვიღაცას მობეზრდა სხვისთვის ცხოვრება და დახუჭა თვალები, რომ აღარავინ დაენახა. ამგვარად კი მისი შვილებიც, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც თვალდავსილნი მოევლინენ ქვეყანას. გამრავლდა შთამომავლობა. ახლა კი მითხარი,- გაიღიმა: -ხედავ რამეს?
უმწეოდ გავშალე ხელები. ჩემი გმირი ისევ მოიღუშა,მე კი სასოწარკვეთით გავაცნობიერე, დღეში რამდენჯერ ვიყენებ ამ “უხარისხო პროდუქტს” მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც კეთილად განვაწყო, ვიღაცის მიმართ აგრესია დავფარო,და ან სულაც იმიტომ, რომ ვიღაცას უბრალოდ ამის დანახვა უნდა.
დუმილით ჩავათავეთ ქუჩა და დაღლილები სკამთან შევჩერდით. ვინატრე ნამდვილი ღიმილის ნახვა, იმ ღიმილის, რომლის მიღმაც არ იქნებოდა შური, ბოღმა, სინანული, ტკივილი,სიცარიელე. ღიმილის,რომელიც მხოლოდ ღიმილი იქნებოდა თავისი ნამდვილი დანიშნულებით.
და დავინახე..
წრფელი ღიმილი,
გულიდან ამოსული,
ცოცხალი,
ისეთი, რომელიც თვალზე ცრემლსაც მოგაყენებდა და აღმართის სიმძიმესაც დაგაძლევინებდა.
მიუხედავად იმისა,რომ ის სუსტი და უმწეო არსება იყო. არაფერი გააჩნდა, მიწაზეც კი არ დაედგა ფეხი, და მან ერთი სიტყვაც კი არ იცოდა!
რატომღაც ჩემი გმირი მომაგონა მისმა ღიმილმა. დაფიქრებული გამოვბრუნდი და ისევ ჩამოვუყევი ქუჩას. ყველაფერი ძველებურად იყო, ადამიანებიც, ამინდიც. მეც ვიღიმოდი, ოღონდ..”ხარისხიანად”.
რადგან მივხვდი, ვისგან უნდა ამეღო მაგალითი,
რადგან, ვუცქერდი ადამიანებს და აღარ იყო ჩემთვის მინანქარი ბარიერი,
და აღარც გმირი მჭირდებოდა მეტად..
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Mon Jun 13, 2011 10:32 pm

უილიამ ფოლკნერი-“აგვისტოს ნათელი”

“მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ”-, ეს იყო პირველი აზრი, რაც უილიამ ფოლკნერის “აგვისტოს ნათელის” წაკითხვის შემდეგ თავში დამებადა. წიგნი ღიმილით დავხურე და იმაზე დავფიქრდი, რატომ მეღიმებოდა.\
უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებებს გასართობად და დროის გასაყვანად, ანუ ჩემებურად რომ ვთქვა-“ჭამის დროს” ვერ წაიკითხავ. ყოველშემთხვევაში, მე, აზრის გასაგებად,ზოგჯერ ერთი აბზაცის რამდენჯერმე გადაკითხვა მიწევს ხოლმე და შესაბამისად, დიდ დროს ვანდომებ მისი წიგნების წაკითხვას. პირველი, რისი წაკითხვაც დავაპირე, იყო-“სოფელი”, რომელიც ვერ ჩავამთავრე.კითხვა მივატოვე,იმდენად გამიჭირდა, მაგრამ მისი ნაწარმოებების გაცნობის სურვილი არ გამნელებია,პირიქით!
საერთოდ, რატომ გადავწყვიტე ამ მწერლის გაცნობა..
სულ შემთხვევით წავიკითხე ნობელის პრემიის მიღებისას მისი წარმოთქმული სიტყვა და ეს ნაწყვეტი ამოვიწერე რვეულში:
ასე მგონია, ეს ჯილდო მე კი არა, ჩემს შრომას ენიჭება. ეს შრომა მთელი ცხოვრების შემოქმედებად ქცევაა, რუდუნებითა და სულიერი მოწამეობით გარჯა არც სახელის მოხვეჭისა და რა თქმა უნდა, არც გამორჩენისთვის, არამედ საიმისოდ გარჯა, რომ ადამიანის სულის ჭიდილისგან მანმადე არარსებული რამ შეიქმნას.. ჩვენი დროის ტრაგედია ის საყოველთაო ცხოველური შიშია, რომლითაც დიდი ხანია ვძრწით და რომელსაც შევეგუეთ კიდეც. სულიერი პრობლემები გამქრალია. ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს პრობლემა ადამიანის სულისა, მისი შინაგანი წინააღმდეგობებიანად, მწერლის შრომისა და ტანჯვის ღირსი ერთადერთი თემა. მწერალი ხელახლა უნდა განისწავლოს. უნდა შეიგრძნოს, რომ ყველა გრძნობათაგან შიში ყველაზე უღირსი გრძნობაა.
მწერალმა უნდა გააძევოს ყოველივე თავისი სახელოსნოდან, გარდა გულის სიმართლისა, გარდა იმ ძველთაძველი, მარადიული ჭეშმარიტებებისა, რომელთა სახელია პატიოსნება და სიყვარული,სიამაყე და ლმობიერება, თანაგრძნობა და მსხვერპლად მისვლა, ურომლებისოდაც ყოველი ნაწარმოები მალევე განწირულია გასაქრობად. ამის ქმნამდე მწერლის შრომა მუდამ წყევლის დაღითაა აღბეჭდილი. შიყვარულის ამბავს კი არ წერს, არამედ-ავხორცობისას. დამარცხების ამბავს წერს, მაგრამ ამ დამარცხებას სასპოება არ ახლავს თან და რაც უფრო უარესია, არც თანაგრძნობა და არც სიბრალული..”

მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორიცაა ჩემს იდეალში ნამდვილი მწერლის სახე და მიზნად დავისახე, მის ნაფიქრალს გავცნობოდი. პირველი იყო “აბესალომ,აბესალომ”, რომლის წაკითხვაც არნახულად გამიჭირდა( თუმცა მასზე ცალკე დავწერ ოდესმე). მეორე კი იყო “აგვისტოს ნათელი”, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ლექტორმა, ბ-ნ დიმიტრი თუმანიშვილმა ისე საინტერესოდ ახსენა, რომ ვიშოვე და წავიკითხე კიდეც.
წერის დასაწყისში ვთქვი, რომ დავფიქრდი, რა იწვევდა ჩემს ღიმილს წიგნის ჩამთავრების შემდეგ. ძალიან უცნაური და სასიამოვნო განცდა დამიტოვა “აგვისტოს ნათელმა”. საერთოდ, კითხვის პროცესში ჩემს გონებასა და გულში ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრი და გრძნობები ენაცვლებოდა ერთმანეთს. რომანი იწყება ორსული გოგონას ისტორიით, რომელიც ქალაქიდან-ქალაქში დაეძებს თავის სატრფოს, შემდეგ კი უცბათ სულ სხვა ადამიანი-ბაირონი ხდება მთავარი გმირი და ავტორი მის სულში გვახედებს, თუმცა არც ბოლომდე გვეუბნება სათქმელს, გიტოვებს საფიქრალს. შემდეგ, ერტდროულად რამდენიმე ადამიანი ჩნდება სიუჟეტში და დროდადრო ვეღარ იგებ ვინ მთავარია, ვინ დადებითი და ვინ უბრალოდ, ამბის რაღაც მონაკვეთის შემავსებელი პირი. ყველას თავისი ისტორია, ფსიქოლოგიური პორტრეტი და პრობლემები(ძირითადად ნაკლი:ზოგს ფიზიკური, ზოგს-სულიერი,ზოგს ორივე ერთად) გააჩნია, თუმცა ძირითად ნაწილს იკავებს ჯო ქრისთმასი, რომელსაც ყველაზე ტრაგიკული ბედი აქვს. ავტორი ცდილობს გვაჩვენოს, თუ როგორ ძერწავს ეს ადამიანი საკუთარ ტრაგედიას, თუმცა არც “ხელისშემწყობ” გარემოს( მაგ; მამობილს) ივიწყებს.
ზოგჯერ, თხრობა უცბათ გადადის სრულიად უცხო ადამიანებზე, რომლებსაც ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არ აქვთ ისტორიასთან და იხატება ისეთი ეპიზოდები და წვრილმანები, რომ გონება მეღლება და ვფიქრობ-“ეს რაღა შუაშია, რა საჭიროა და რატომ კარგავს დროს ასსეტ მეათასეხარისხოვან ამბებზე?”, თუმცა რამდენიმე ფურცელიც და აღმოვაჩენ, რომ ეს “უაზრო” ამბები ისტორიის გასაღები ხდება. ასე იყო ბრაუნის ამბავზე, ასე იყო ცოლ-ქმარ ჰაინსებზე..
ყველაზე დიდ ოსტატობას მაშინ ავლენს მწერალი, როცა მკვლელის, მსხვერპლის და უბრალო მოწმის ადამიანურ სახეებს (თავისი შინაგანი წინააღმდეგობებით, გრძნობებით, საზოგადოების მათზე ზემოქმედებით) ერთმანეთისგან დიდად არ ანსხვავებს, არავის არ რიყავს. აჩვენებს, ადამიანს რა აყალიბებს პიროვნებად(ღირსეულ თუ უღირს). რა უმახინჯებს სულს, რა უჩენს ტკბილ-მწარე მოგონებებს, რომლებიც შემდგომ მის არჩევანს განაპირობებს.
სახელს-“აგვისტოს ნათელი” კონტექსტთან თითქოს საერთო არაფერი აქვს. ავტორი ვირჯინიის უნივერსი9ტეტის სტუდენტებთან საუბრისას ამბობს, რომ მის მხარეში აგვისტომ განსაკუთრებული სინათლე იცის. რომანში რამდენჯერმეა ნახსენები სინათლე, ცეცხლის კვამლი, რომელიც ქოხიდან ამოდის, მღვდლის აგონია “აგვისტოს მოციმციმე მდუმარებაში, სადაც მთელი ღამე ჩაიძირება, თითქოს შარავანდედივით ირტყამს გარს, შარავანდედივით ასხივებს სუსტ ნათელს” და ხატავს სახეებს, რომლების გამოკრტიან ამ შარავანდიდან. მკვლელი ჯო მათ შორის ყველაზე მკრთალად მოჩანს, მაგრამ მაინც იქაა, სხვებთან ერთად. რა არის ეს შარავანდი, ეს ნათელი? ჩემი დასკვნით- სამოთხისეული ნათელი, ღვთის ნათელი, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს.
მოდის სიკვდილი(ქრისთმასს კლავენ), მაგრამ იბადება ახალი სიცოცხლეც(ლინას ბავშვი). წიგნი ისევ იმ ადამიანებით მთავრდება, რომლებიც დასაწყისში შემთხვევით გადაეყრებიან ერთმანეთს. კითხულობ ბოლო თავს, ამ თითქოს არალოგიკურ, დაუსრულებელ დასასრულს და უკმარისობის გრძნობის მაგიერ ისეთი განცდა გრჩება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა მწერალმა, რომელიც შენ(შენი ვიწრო თვალსაწიერისა თუ პატარა ასაკის, თუ სხვა მიზეზის გამო) ჯერ ვერ წვდები, მაგრამ მის მნიშვნელობას გრძნობ. “აგვისტოს ნათელი” ის წიგნია, რომლის არა-წაკითხვისას, არამედ დამთავრების შემდეგ იღებ საზრდოს და სიამოვნებას. დღეს ჩემი გონება ჩანს, არაა იმდენად ნავარჯიშები, მის ბოლომდე გასაგებად, ამიტომაც ვუბრუნდები იმავე დასკვნას, რომელიც გამოვიტანე ამ ნაწარმოების დასრულების შემდეგ:
“ მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ!”
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ჭინჭარაული   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ნინო ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: