არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თემურ ჩხეტიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: თემურ ჩხეტიანი   Tue Feb 08, 2011 11:25 pm


Temur Chkhetiani

თემურ ჩხეტიანი

დაბადების თარიღი : 5 ივლისი, 1955 წელი.
1978 წელს დაამთავრა თსუ ეკონომიური ფაკულტეტი.
ცხოვრობს თელავში და წერს ლექსებს.


ი ა ნ ვ ა რ ი

1.

წერე-იკითხე, იკითხე და თუნდ ისევ წერე, -
ცხოვრებასავით ეს ზამთარიც გვექცევა მკაცრად.
საღამო, ბინდი და უბრალო ვახშამის მერე
ისევ წიგნი და -პორტსიგარში ორიოდ „ასტრა“.

ანდა ჭადრაკი - გასართობად ცოტა რამ კმარა:
„ეტიუდი» ან „ თვითშამათი მეშვიდე სვლაზე“;
ანდა იფიქრე და უცქირე ალის ჩუმ პარპალს,
უცქირე სანთელს და დრო გავა როგორმე ასეც...

და მერე, გვიან - თერთმეტზე, თუ თორმეტის ათზე,
როცა თავს ისევ შემახსენებს სიცივე მკაცრი,
ვიდრე ძილის წინ ჩავაქრობდე კენტად მდგარ სანთელს,
საფერფლეს უკვე მინავლებულ ბუხარში ჩავცლი.

2.

არავის ვუხმობ,დიახ, უკვე არაფერს ვითხოვ,
და ასე გავლევ ჩემს დარჩენილ ოც წელს თუ ოთხ დღეს.
მე ცხადად ვნახე,რაც მოხდა და, რაც დღემდე იყო
და აღარ მსურს გულს მივაკარო - რაც გინდა მოხდეს!


და ყველას მიმართ, დიახ, უკვე ყველაფრის მიმართ
უგრძნობლობას და გულგრილობის დუმილსა ვლამობ...
მაგრამ ამაოდ - როცა ვრჩები პირისპირ ფიქრთან,
მე მაინც ვნაღვლობ დიახ, ვნაღვლობ ვიღაცის გამო.

ვნაღვლობ და მისთვის,ვის სახესაც ეს თოვლი არ შლის
და ვერ მავიწყებს, ძილშიც ვეძებ ნუგეშის სიტყვას...
და მესიზმრება თეთრი კაბით მოსილი ბავშვი,
რომელიც ცრემლში მიღიმის და ... შვილივით მიყვარს!..

1995



ერთხელ...

ერთხელ, როცა მე ის-ის იყო ვიწყებდი ლექსების გამოქვეყნებას, თედო ბექიშვილმა მითხრა: ისეთი დროც დაგიდგება, როცა აქეთ-იქიდან გთხოვენ ლექსებს და შენ ახალი ლექსები აღარ გექნებაო.

მაშინ გამიკვირდა: რატომ?-მეთქი...

ახლა დამიდგა ეს დრო...

მაპატიეთ, ძვირფასო მეგობრებო, რედაქტორებო - ახალი და გამოსაქვეყნებელი არაფერი მაქვს...Sad

"გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი..."

არადა, ერთ უბრალო პოეტს განა რამდენი მომეთხოვებოდა?...Smile

წყარო – http://www.facebook.com/profile.php?id=100000100036634&sk=photos#!/note.php?note_id=496977697617


Last edited by Admin on Sun Feb 13, 2011 2:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Tue Feb 08, 2011 11:28 pm


Temur Chkhetiani

თემურ ჩხეტიანი

წერილი თბილისელ მეგობარს, რომელიც ახლა, იქნებ არც არის თბილისში

«Посылаю тебе, Постум эти книги»
Иосиф Бродский «Письма Римскому другу»


რა ვთქვა ისეთი მოსასმენად ღირდეს, გამოდგეს?..
მაინც ვიტყვი და იქნებ ცოტა გულზე მომეშვას.
იქნებ, რამეთი გავამართლო უღიმღამო დღე,
იქნებ, როგორმე გავუმკლავდე სიმარტოვესაც.

წერილად მოგწერ _ ამ საქმეში გამოცდილი ვარ,
შენ კი იყავი რუფინუსი, გინდა _ პოსტუმი...
ივლისია და შემოსილი ვარ მეც შილიფად,
ჯანდაბას ყველა ჰალსტუხი და ყველა კოსტუმი!

არ მიძებნია საგანგებოდ ფორმა მიმართვის
გვერდს ვუვლი მოდერნს _ვერლიბრსა თუ აპლიკაციას,
და ასე, უფრო გულახდილად, ჩემი სიმართლით,
ვანდობ ჩემს სათქმელს რითმიანს და თოთხმეტმარცვლიანს.

შენ გწერ ამ წერილს, მეგობარო, ხუმრობით ვიწყებ:
ახლახანს იყო რომ გაგვყარა ჟამმა მედინმა.
გაგისტუმრე და დარდად დამრჩა _ ნასვამი იყავ,
საჭესთან ხომ არ ჩაგთვლიმა და ჩამოგეძინა?

ხუმრობით ვიწყებ და ღიმილით ვიხსენებ ჩვენი
ურთიერთობით გამოვლილ გზას _ განვლილ პერიოდს
და, მომიტევე, თუ ჩემივე ოდინდელ ჩვევით
აქაც ტკივილი და ნაღველი გამომერიოს.

“რა გჭირსო?” _ მკითხავ და მოსხეპავ საფირმო ღიმილს.
“ო, არაფერი, მუზამ ხელი მომითათუნა!”
ნაღველი ხო და, არ ვაპირებ წუწუნს და ჩივილს,
არ შეგაცბუნოს “გაუთლელმა” ჩემმა ქართულმა.

ძნელია ახსნა, რატომ ხდება ან ვინ ვინ არის,
ან რას გაუგებ განგების და ბედის სამართალს? _
შენ გღლის საქმე და საქმის გამო გზად ხეტიალი,
მე კი უაზრო მოლოდინმა გამასავათა.

და მარტოობამ _ ცარიელი დღეების ფურცვლამ.
თანაც, ხომ ნახე, ჩემო პოსტუმ, ჩემო რუფინუს,
აქაურობა ისე მთრგუნავს, რომ ვეღარ ვუძლებ,
ვეღარ ვუძლებ ამ სიდუხჭირეს და მკაცრ რუტინას.

და ისევ, ისევ მოიწყინა ჩემმა კარავმა,
თუმც არ მწყურია არ მშია და ვარ გაპარსულიც.
ვინმე ჭაბუკი ხომ არა ვარ? _ არა, არა ვარ,
ორმოცდაათის ფინიშზე ვარ უკვე გასული.

აქ არაფერი იცვლება და არც რამე ხდება,
თუ ვხედავ ეკრანზე და ისევ სიზმარში.
არის სასჯელი, მაგრამ არის ერთგვარი შვებაც,
ცხოვრობდე ჩუმ და უღიმღამო პროვინციაში.

შორს იმისაგან რითიც ცხოვრობს დიდი ქალაქი:
შოუ-ბიზნესი, პოლიტიკა, სპორტი, თემიდა
(კარგად დასწავლილ მანერებით და ლაპარაკით).
შორს ყველაფრიდან _ ჭორებიდან, ინტრიგებიდან.

შორს, მაგრამ ამათ, აბა, როგორ დაემალები? _
მავანთა ლაქლაქს, მასკულტურის როკვას ვნებიანს.
შორს, მაგრამ ტელე-ეკრანების საშუალებით
არ გვასვენებენ, აქაც სახლში გვივარდებიან.

აქ _ არაფერი. ის კი არა, სულაც რომ მკითხო,
ჩვენს კამათელზე ახატია მხოლოდ “იაქე”.
აქ არაფერი, მაგრამ სხვაგან რაც ხდება, ის ხომ
ჩვენამდეც აღწევს, გვაღელვებს და გვაფორიაქებს.

ჩვენია და ამ სადარდებელს ვერ შევეშვებით,
ვერ გავექცევით ვერსად წუთებს მწარე ფიქრიანს,
ნერვებს გვიშლიან შინაურნიც და გარეშენიც:
აგერ იქ _ საზღვარს, სხვაგან ძვირფას ფრესკას გვიშლიან.

არ ამთავრებენ ავყიანი ბურტყუნს და როშვას
და გვიყურებენ ისე, როგორც საკლავს ყასბები.
ფიქრობ და სიმწრით წამოგცდება: “მამულო როსღა
აყვავდები და მართლა როდის აკაშკაშდები?..”

ვეღარ დალაგდა ეს ქვეყანა. ბევრი ცუდი რამ
დაგვატყდა თავზე ბოლო წლებში მძიმედ, ზედიზედ.
აწეწილია მსოფლიო და გახიდული ვართ
აღმოსავლეთი-დასავლეთის გზაჯვარედინზე.

და კავკასიის ჭრელ დაფაზეც მიდის თამაში,
საქართველოსთვის დიდებს შორის მიდის ბაზრობა.
ასეთ წეწვაში როგორ გინდა იყო ლამაზი? _
ახლა ყველაზე მთავარია საღად გაძრომა

ამ ამბებიდან და დადგომა სასურველ გზაზე.
დღეს კი ჩვენ ისევ მიგვიყვანეს საშიშ ფერდობთან.
უნდა გავუძლოთ, უნდა გავძვრეთ _ ამ შემთხვევაშიც
იმედით ვიყოთ, არ ეგების უიმედობა!..

ჩქარობს მსოფლიო. ეჩქარება სხვა დროში გასვლა.
ცვივა ამბები შავ კადრებად, თუ კარტ-ბლანშებად.
გაქრა სივრცე და თითქმის ყველა დრამა და ფარსი
ჩვენს თვალწინ ხდება, ვითარდება და თამაშდება.


ეს ყველაფერი გვეხლება და თანდათან გვბზარავს,
და უსაშველოდ გაზრდილია სტრესის ტირაჟი.
აქ არაფერი, მაგრამ მაინც, მინდა თუ არა,
მეც ჩართული ვარ ამსოფლიურ ოეომტრიალში.

სულის მოთქმა კი, რათქმა უნდა, კვლავაც მჭირდება:
ვკითხულობ, ვფიქრობ და უნარიც შემრჩა ოცნების.
რა წიგნი მიდევს მაგიდაზე? _ გაგიკვირდება _
“აღორძინების ესთეტიკა” ანუ ლოსევი.

იყო დრო წიგნის და ყველაფერს წიგნით ვზომავდით,
ვკითხულობდით და გვიხაროდა, თანაც _ გვიკვირდა.
ახლა კი ლამის ვიფიქროთ, რომ ძველი ხომალდი
სულ მალე გავა გუტენბერგის გალაქტიკიდან.

და საით წავა? კურსს, ნეტავი საით აპირებს? _
კაცობრიობა საით წავა და გაფრინდება?..
ღმერთმა თუ იცის! _ ეს საწყალი homo sapiens
იქცა ნომრებად, მესიჯებად, ვებ-საიტებად.

პოეზია ხომ, რა ხანია, გადადო გვერდზე
(ნაღდი საზომი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფულია).
უხერხულია, კაცი იჯდე და ლექსებს წერდე,
პოეტი გერქვას _ ახლა მართლა უხერხულია.

რა არის სიტყვა? _ აღარ თვლიან მას გროშის ფასად,
რაღა დროსია ეს გრძნობები, ეს სიმარტოვე?..
სხვა ტალღაზეა გადართული ხალხი და მასა
პატივს მიაგებს მასხარებს და გლადიატორებს.

მაინც წერენ და, რა ვქნა, მეც ვწერ, კვლავ წერად ვზივარ,
ოღონდ არ ვიცი, ვიტირო თუ უნდა ვიცინო.
თითქოს მრცხვენია, რომ ვწერ და მეც პოეტი მქვია,
მრცხვენია, მაგრამ განა რა მჭირს მე სასირცხვილო?

და ერთი რამეც უნდა გითხრა: ჯერ კიდევ მიკვირს,
უბრალოდ მიკვირს და აღარ მგვრის უკვე სიბრაზეს,
რომ ეს ამდენი ვიგინდარა, ხეპრე და ბრიყვი
რატომ წერს “ლექსს” და პოეტობას რატომ იბრალებს?!

თუმცა… შევეშვათ, ვის რა წესით ეთვლება “გოლი”,
ვინ რა იკისრა, ვინ რა თქვა და ვინ ვის უსარმა.
შევეშვათ ასეთ გადახვევას, რადგანაც, მგონი,
ისეც დაგღალა “სიცხიანმა” ჩემმა უსტარმა.

მიდის ივლისი... სადაც ვიყავ, მე ისევ იქ ვარ,
იქ, სადაც ღვინო ვიცით კარგი და სმა _ ნდომაზე.
დაგელოდები _ შემოდგომა ორთავეს გვიყვარს,
და რაღა დარჩა, რაღა დარჩა შემოდგომამდე?..


აქ დავამთავრებ, მეგობარო. თუ ვერ გახარებს,
არც რაიმეთი დაგაღონოს ჩემმა ნაწერმა.
მოდი, გარეთაც გავიხედოთ; რა ხდება გარეთ?..
ალბათ იწვიმებს _ ელვამ ღრუბლის კალთა გასერა.

––––

1. რუფინუსი _ადრესატი გივი გეგეჭკორის ლექსისა “პიტიუნტის რომაელთა სამხედრო ბანაკის პრეტორის წერილი მეგობრისადმი რომში”
2. А. Лосев «Естетика возрождения»


study

თემურ ჩხეტიანი ლიბ.ჯი–ზე – http://lib.ge/authors.php?1200
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Tue Feb 08, 2011 11:35 pm


Temur Chkhetiani

თემურ ჩხეტიანი


* * *
ნოემბრის მერე ზამთრისათვის იღება კარი -
მოვა და სტუმრის კვალობაზე დიდხანს დარჩება
და უკვე აღარ დაგიტოვებს სხვაგვარ არჩევანს:
თბილი ღუმელი ან ქურთუკი და ისე - გარეთ.

ნოემბრის მერე იწელება დრო სახლში ყოფნის
და შესამჩნევად მცირდება დრო ყოფნისა სხვაგან.
და უკვე სულ სხვა იერი აქვს სახეს თუ საგანს,
სხვანაირია გარინდება ქუჩის თუ სოფლის.

ნოემბრის მერე ცხადი ხდება: მთავრდება რაღაც,
რაღაც ძვირფასი ხელს გიქნევს და - „მშვიდობით“ - მიდის.
და წელიწადი, უკანასკნელ დღეებს რომ ითვლის,
ყოველ საღამოს გეუბნება ჩურჩულით: „აღარ.“

ნოემბრის მერე გემჩნევა და შენც აღარ ფარავ,
როგორ გეხვევა რაღაც თბილი ნაღველი გულზე...
თოვლი კი ისევ გადაგიშლის ქათქათა ფურცელს,
თითქოს ვიღაცა ელოდება მოკითხვის ბარათს.


დროის ერთი კონცეპცია

როგორც გაცრეცილ ფოლიანტში ძველი ამბები,
სადღაც დაცულ ფირფიტაზე შენი ხმაც რჩება.
შენი სახეც ინახება იმ კინოფირზე,
დასაწყისი და დასასრული რომ არ აქვს და ისე არსებობს.
შენახულია შენი ფიქრი, შენი სიტყვები,
შენი სიცილი, გაოცება, სასოწარკვეთა...

„ყველაფერი არისო“ და, დიახაც - არის!-
შენიც და სხვისიც - რაც იყო და ის, რაც იქნება.
ჩვენ ყველანი ვართ! - ვინც ახლა ვართ,
ვინც დღეს ვხედავთ, ვისაც დღეს გვესმის,
და ისინიც, ვინც ოდესღაც ყოფილან ქვეყნად,
ან ოდესმე უნდა მოვიდნენ -
ვისაც ესმოდათ,
ან მოვლენ და დაინახავენ.

იფურცლება ფოლიანტი, ბრუნავს ფირფიტა,
მისდევს კადრს კადრი -
ერთი წიგნია,
ერთი დიდი მუსიკაა,
ერთი კინოა
და ერთია მათი ავტორი...

ჩაწერილია ყველაფერი:
ყველა ხაზი, ყველა ბგერა, ყოველი წვეთი.
ყველაფერი არის სადღაც და, რასაც ახლა აწმყო ჰქვია,
ფრაგმენტებია;
ფრაგმენტებია რაღაც დიდის და მთლიანისა;
ფრაგმენტებია, რაც ჩვენ გვერგო -
რასაც ვხედავთ, რაც ახლა გვესმის,
ნაწილია, ჩვენი წილია -
ფიქრისათვის, სიყვარულისთვის.

აწმყო - როგორც ფოლიანტის ფურცელზე მზერა,
აწმყო - როგორც ფირფიტაზე პაწია ნემსი,
აწმყო - როგორც პროექტორის ლინზაში სხივი,
აწმყო - როგორც მონიტორზე მცოცავი თათი...

ყველაფერი ჩანაწერია:
ფოლიანტში, ფირფიტაზე თუ კინოფირზე;
ჩანაწერი ბევრის დამტევ რაღაც Hard დისკზე -
ყველანი ვართ და ყველაფერი ერთად არსებობს.

...მე სადღაც ისევ ბავშვი ვარ და ბავშვივით მჯერა,
სხვაგან კი დევს ჩემი ლექსი, რომელიც მე უნდა დავწერო;
და არის ისიც - სიყვარული უკანასკნელი,
რომელიც უნდა წავიკითხო, ვნახ, ვისმინო -
განვიცადო. ჯერ კი არ ვიცი,
ვინ იქნება ის, სად იქნება, ან რას მიქადის.
. . .
და რა არის ჩემი აწმყო? - ვარ, ვხედავ, მესმის...
და დროდადრო ვაწკაპუნებ კლავიატურას,
დავაცოცებ პაწია თათს განათებულ მართკუთხედზე, ანუ ეკრანზე
და ისევ ვეძებ -
ვიცი რომ არის, მაგრამ არ ვიცი,
ვინ გამოჩნდება
და ნამდვილად ვინ გამიღიმებს
მომავლიდან - მოციმციმე მონიტორიდან!..


უკანასკნელი ნაპირი

უცნაური ოდისეა


I.
კატერინ,
თურმე მე იმ დროს დამიწყია ლექსების წერა,
როცა შენ მხოლოდ ერთი წლის იყავი!..
თურმე ჩემი სიყვარული
მაშინ მხოლოდ იდგამდა ფეხს
და საყვარლად დაბაჯბაჯებდა;
მაშინ ამბობდა პირველ სიტყვებს,
როცა მე სიტყვებს სხვისთვის ვეძებდი...

კატერინ, მაშინ რა ვიცოდი,
რას წარმოვიდგენდი,
თუ ამდენი დრო
და ამხელა გზა მედო შენამდე;
რომ სწორედ შენკენ სვლას ვიწყებდი,
როცა სიყვარულს სხვას ვეფიცებოდი;
რომ ამდენი რამ უნდა გამომევლო
და ამდენი ვინმე უნდა დამეკარგა,
შენ რომ მეპოვნე.

რა ვიცოდი, რომ შენ ჯერ უნდა გაზრდილიყავი
და მშვენიერ სხეულში შენი
გული უნდა გამოგეძერწა.
გული, რომელიც თურმე ოდესმე
ჩემს სიტყვასაც გაიგებდა
და ჩემს გამო შეიძვროდა-შეტოკდებოდა.

II.
კატერინ,
მე ძველისძველი ხომალდი ვარ -
იალქნიანი, ქარიანი, ქარს აყოლილი,
იმავ ქართან შეჭიდებული,
ღელვაში მოხვედრილი
და გზააბნეული.
ძველი ხომალდი,
რომელსაც ქარი და ტალღები
აქეთ-იქით ახეთქებდნენ, ატორტმანებდნენ
და ის მაინც უძლებდა და წინ მიიწევდა
ღია ზღვაშიც, არქიპელაგშიც.

მრავალ ნაპირს მივადექი სულმოსათქმელად,
ღუზაც ჩავუშვი,
მაგრამ არა - ვერსად ვპოვე ნავსაყუდელი! –
მე ყველასთვის უცხო აღმოვჩნდი
და არავინ არ მიმიკარა...

იქნებ ყველა სხვაც შენ იყავი
და მთელი გზა მე სიტყვა-სიტყვა
და ფურცელ-ფურცელ გაგროვებდი?..
იქნებ... კატერინ.
დრო კი გავიდა...
მე გამოვცდი იმ კუნძულებს,
რიფებს შორის გამოვაღწიე;
ქარიც ჩადგა, ღელვაც მიწყნარდა,
მაგრამ მე რა?-
დაფხრეწილი მაქვს იალქნები,
ანძაც - უკვე გადამსხვრეული,
ფერდები - შელეწილი
და მინდობილი ვარ ბედსა და დინებას.

III.
შორს მაინც ჩანს ერთი ნაპირი...
უკანასკნელი ნაპირი, კატერინ
და ეს ნაპირი შენ ხარ, ძვირფასო!..
შენკენ მოვყავარ ახლა დინებას.
ჰო, მოვყავარ - შენ მელოდები.
თურმე შენ ხარ, ვისკენაც მე ამდენი ხანი
ვისწრაფვოდი და მოვდიოდი...

კატერინ, მოვალ...
გეხვეწები - გამომეგებე,
დამიდასტურე - ნამდვილად შენ ხარ,
შენ ხარ ის, ვინც მე გამამართლებს;
შემომეგებე და მითხარ: „- მე ვარ!“
შენს თბილ გულთან მიმიხუტე,
შენს თბილ კალთაში ჩამადებინე ჩემი უკვე ჭაღარა თავი,
მომეფერე და მათქმევინე:
„ - ვიყავ. მიყვარდა...
მიყვარდა და მართალი ვიყავი.“

IV.
……………………………………………..
……………………………………………
…………………………………………….
……………………………………………
კატერინ...


მოქცევა

დიდი ხანია, რაც აქა ვარ -
ამ ადგილას, ამ ზღვის ნაპირზე...

დავდიოდი, ვუსტვენდი და კენჭებს ვისროდი;
მერე ვიჯექი,
წერილებს ვწერდი, ბოთლში ვდებდი,
წერილიან ბოთლებს კი
ზღვის ტალღებს ვატანდი.

ვყრიდი ხურდა ფულს
და ათასგვარ სურვილსაც ვუთქვამდი.

ყველაფერი წაიღეს ტალღებმა,
ყველაფერი წყალმა წაიღო.

ახლა უკვე მოქცევა იწყება -
უკან ბრუნდებიან ტალღები.
რას გამორიყავ, ჩემთვის, ზღვაო -
შენი ტალღები რას დამიბრუნებენ?

ცარიელ ნიჟარებს?
თუ წერილებს,
გაუხსნელს და წაუკითხავებს
და ნამსხვრევებს ნაოცნებარ ხომალდებისას?..

ან, იქნებ, სულაც ჩემსავე ცხედარს -
წყალმცენარეებ ჩაწნულ-ჩახლართულს
თმებსა და თითებში?..

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“– http://arili2.blogspot.com/2010/09/blog-post.html


Last edited by Admin on Sat Apr 09, 2011 10:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Tue Feb 08, 2011 11:58 pm

თემურ ჩხეტიანი

* * *
რა საჭიროა ვინმე სხვა? –
მხოლოდ შენშია საშველი.
მით უფრო - ბავშვივითა ხარ
და არავინ გყავს დამშლელი.
გული გაქვს - დაშლი, ააწყობ
და სულ გულს ეთამაშები...
გარეთ მზიანი დღე არის
თბილი და ნაღვლის წამშლელი.
ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს
ისევ კენკავენ შაშვები.


Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Feb 12, 2011 4:14 pm

თემურ ჩხეტიანი

* * *

კატო ჩულაშვილს

დაე, მოვიდეს გაზაფხული, რომელიც წავა.
წვიმაც - რომელიც დამასველებს და გადაიღებს.
დავხვდები. მერე გავაცილებ - კარგად თუ ავად -
დღეებს, ამინდებს, ფიქრებსა თუ უცვლელ თარიღებს.

დავხვდები, ვიდრე დამრჩენია თვალებში შუქი
და შემიძლია ტკივილისთვის ნათლად ყურება;
ვიდრე მექნება ჩემი წილი ცრემლი და ყლუპი
და ვიდრე ჩემი ისტორია დაიხურება.


12.02.11

წყარო – http://www.facebook.com/?ref=home#!/notes/temur-chkhetiani/pasukhivit/10150103519072618

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Feb 12, 2011 4:49 pm

თემურ ჩხეტიანი

ბუდე


ჩემს დას, ნინოს


ისევ სოფელში და ისევ აქ _ ისევ ამ სახლში,

საიდანაც ვერ წავედი და არც მეთმობა;

სადაც ყოველთვის ვბრუნდებოდი, ვითომ წასული,

რადგანაც ვგრძნობდი _ გასაქცევი არსაით მქონდა.

ვბრუნდებოდი, სულს ვითქვამდი (ეს ბევრჯერ იყო)

და ახლაც აქ ვარ _ ამ სოფელში, ისევ ამ სახლში,

თანაც როგორ? _ ყველაფერზე გულაყრილი

და კიდევ ერთხელ (და, ვინ იცის, საბოლოოდ)

ყველაფერზე ხელჩაქნეული.

კიდევ ერთხელ დარწმუნებული

იმაში, რომ ცხოვრებამ მეც გვერდზე მიმაგდო,

რომ მეც მაგრად გადამიარეს,

თან ის დრო არის, რომ დროებას და ჩემს ასაკს

ანგარიში გავუწიო _ მოხუცი არ ვარ,

მაგრამ უკვე გავჭაღარავდი.

. . . . .

ყველაფერზე გულაყრილი

და ყველაფერზე ხელჩაქნეული...

მაგრამ მაინც ვარსებობ და რა გაეწყობა? _

~პური ჩვენი არსობისა~ ჯერაც მეკუთვნის.

ჯერაც მეკუთვნის ჭიქა ღვინო, ფინჯანი ყავა.

ბევრ რამესაც ვხედავ და მესმის,

და ჯერ ცრემლიც არ გამშრობია.

. . . . .

ისევ ეს სახლი და ისევ ეს სამზარეულო,

გაზაფხულიდან შემოდგომამდე სასადილოს მაგივრობასაც

რომ ასრულებს. რამდენიმე კარი და სქელშუშა

ორი კედელი, ორიც _ ლურჯად შეღებილია.

კუთხეში _ წყლის ნიჟარა და მშრალი ონკანი;

მაცივარი და გაზქურა:

ერთი _ მეტწილად ცარიელი და გამორთული,

მეორეს კი იშვიათად თუ ვანთებთ ხოლმე.

ჭურჭლის კარადა, ხის უბრალო მაგიდა, ირგვლივ

სკამები და სულ ეს არის _ სამზარეულო,

სასადილოც _ გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

. . . . .

წელს გაზაფხულმა დაიგვიანა _ თითქოს არც იყო...

მაგრამ ~პური არსობისა~ მაინც მეკუთვნის:

უნდა კიდეც ვისაუზმო, სადილად დავჯდე,

ვახშამიც ხომ _ თავისთავად, და მერე რა, რომ

ჩემი საუზმე ვახშმისაგან არ განსხვავდება

და სადილიც არის ხოლმე ძალზე უბრალო.

და მე ვსაუზმობ. ისევ აქ ვზივარ –

მაგიდასთან ამოჩემებულ ადგილზე – ისევ!..

ისევ იგივე ჭურჭელი – სუფრაზე,

და ისევ იმდენი კოვზი შაქარი _ ჩაიში.

ვზივარ მარტო და თავდახრილი –

ახლა უკვე მერიდება იქით გახედვაც,

მერიდება და თვალს ვარიდებ.

იქ, ოთახში გამავალ კარს ზემოთ, ზედ ჭერთან

კედელი ახლა ცარიელია,

მხოლოდ ისღა ეტყობა, რომ აქ რაღაც იყო,

რაღაც იყო და აღარ არის.

. . . . .

აქ იყო ბუდე! _

მერცხლების ბუდე

და სიცოცხლე იყო ბუდეში.

სიცოცხლით სავსე იყო ბუდე

გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

აქ იყო ბუდე და აღარ არის!..

. . . . .

კარგა ხანია, რაც მერცხლები შემოგვეკედლნენ.

აქ შემოსვლა ადვილია – ჯერ ერთი, რომ

მცირე სარკმელი სულ ღიაა,

თანაც ერთგან – ზემოთ კუთხეში _

შუშა არის შემომტვრეული

(ერთხელ შურდულით გაგვიტეხა სტუმარმა ბავშვმა)

და მერცხლებს ჩვენთან შემოფრენა

და ბარტყების დაფრენა არ გასძნელებიათ.

ყოველ წელიწადს მოდიოდნენ,

ჩიტის წილი სიხარულიც ყოველთვის მოჰქონდათ.

ბუდობდნენ და ჩვენთან, ჩვენს თვალწინ

იზრდებოდნენ ხოლმე ბარტყები.

თავისუფლად იქცეოდნენ და არასოდეს

არ გვიქმნიდნენ უხერხულობას.

მეც მიყვარდა მათი ყურება, მათი ჩიტური

სიცოცხლე და საქმიანობა...

ერთი სურათი მიდგას თვალწინ:

უკვე კარგად შებუმბლული ბარტყები _ ოთხნი,

პირდაღებულნი _ ერთი გუნდის მომღერლებივით

და ბუდეზე ჩამომჯდარი დიდი მერცხალი,

ძალზე რომ ჰგავდა... ფრაკიან ლოტბარს!..

იყვნენ, ხარობდნენ, იზრდებოდნენ და ფრინდებოდნენ.

მიდიოდნენ და შემოდგომიდან გაზაფხულამდე

მერცხლებს ელოდა ხოლმე ბუდე

და მერცხლებს ჩვენც ველოდებოდით.

. . . . .

წელსაც მოვიდნენ, წელსაც იბუდეს,

წელსაც დაჩეკეს ბარტყები და ბუდიდან უკვე

მოჩანდა მათი შეღინღლული პაწია თავები.

დიდი მერცხლები წასვლა-მოსვლას ვერ ასდიოდნენ

და ცხადი იყო, ~გუნდი~ მალე ამღერდებოდა.

. . . . .

მაგრამ ცუდი ამბავი მოხდა!

ორი დღის წინ (ამაღლება იყო იმ დღისით)

ქარიშხალი ამოვარდა დილაადრიან.

წამოვიდა თავსხმა და ქარმა

გარეთა კარი მთელი ძალით შემოახეთქა.

ბუდე უეცრად ჩამოიქცა, ძირს დაენარცხა.

ბარტყები (ისევ ოთხნი იყვნენ),

რა თქმა უნდა, დაიღუპნენ – ჩვენ რა შეგვეძლო?..

თურმე ხდება და პატარა ჩიტსაც

შეიძლება თავს დაატყდეს მართლა დიდი უბედურება.

გული დამწყდა – მეც მეტკინა მერცხლის ტკივილი.

გითხარი კიდეც: _ ნეტავ მერცხლებმა თუ იციან,

რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ

და ბრალი არ მიგვიძღვის-მეთქი.

მერცხლებს ერთი საყვედურიც არ დასცდენიათ...

...............

მესამე დღეა.

ვზივარ მარტო და თავდახრილი –

ახლა უკვე მერიდება იქით გახედვაც,

მერიდება და თვალს ვარიდებ.

იქ, ოთახში გამავალ კარს ზემოთ, ზედ ჭერთან

კედელი ახლა ცარიელია,

მხოლოდ ისღა ეტყობა, რომ აქ რაღაც იყო,

რაღაც იყო და აღარ არის.მერიდება და თვალს ვარიდებ.

მაგრამ... ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება,

ვგრძნობ და თვალიც იქით გამირბის:

მერცხლები ისევ მიმოდიან –

შემოფრინდა, გაფრინდა... ისევ!

ისევ იმ ადგილს უტრიალებენ.

ისევ იმ ადგილს ეკვრებიან

და კედელზე ლამაზად აკრულნი

ნისკარტით მარჯვედ აწებებენ

ტალახს და ბალახს...

ღმერთო ჩემო, ნუთუ ახალ ბუდეს იწყებენ!..

...მეღიმება და ამ ღიმილს

ჩაის უკვე გაგრილებულ ბოლო ყლუპს ვაყოლებ.


P.S. ბუდე უკვე სანახევროდ აგებულია,

ალბათ მალე მოამთავრებენ,

მერე ბარტყებსაც დაჩეკავენ

და დაფრენასაც მოასწრებენ – შემოდგომამდე.

ვუყურებ მათ სიცოცხლეს და საქმიანობას

და ერთხანს ვზივარ თავდახრილი და დარცხვენილი,

ვფიქრობ ჩემსას

(ყელში ცრემლის ბურთი გამჩრია),

ვფიქრობ ჩემსას,

მე – ყველაფერზე ხელჩაქნეული.



study

წყარო – http://lib.ge/body_text.php?7288
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Feb 12, 2011 4:52 pm

თემურ ჩხეტიანი

მარადმწვანე



ეს ხე სიკვდილის ხეა, ჩემო კარგო,

სიკვდილის მარადმწვანე ხე,

რომლის ტოტებზეც

ცოცხალი ჩიტები სხედან.

ქარი აქანებს მარადმწვანე სიკვდილის ტოტებს

და ამ ტოტებზე ცოცხალი ჩიტები სხედან...

უცნაურად დიდია ეს ხე

და ძალიან დიდი ხნისაა _

უხსოვარ დროში და უხილავ მიწაში აქვს ფესვები

გადგმული;

უსაშველოდ მხრებგაშლილია

და მისი კენწერო ცაში იკარგება.

ქარი აქანებს მარადმწვანე სიკვდილის ტოტებს

და ამ ტოტებზე ცოცხალი ჩიტები სხედან.

ისინი ჩნდებიან ტოტებიდან გამოხეთქილი კვირტებიდან,

იზრდებიან, ფრთიანდებიან,

მაგრამ სიკვდილის მარადმწვანე ხეს

ვერ ელევიან და ყოველთვის უბრუნდებიან,

რომ ჟამისად მის ფოთლებში გაუჩინარდნენ _

აქედან მიწაც ახლოა და არც ცაა შორი!..

ქარი აქანებს მარადმწვანე სიკვდილის ტოტებს

და ამ ტოტებზე ცოცხალი ჩიტები სხედან.

ისინი სიმღერით ხვდებიან ამომავალ მზეს,

ხოლო წვიმიან და ცივ საღამოს,

როცა ბინდში ქრებიან ფერები,

მარადმწვანე სიკვდილის ტოტებზე

გალუმპული და აბუზული სიცოცხლე ფეთქავს.

study

წყარო – http://lib.ge/body_text.php?7294
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Apr 09, 2011 9:57 am

თემურ ჩხეტიანი

წეროები

ბელა ჩეკურიშვილს

ჩვენ ერთ მწკრივში ვართ ჩაბმულები
და ისე მივფრინავთ.
მივფრინავთ დარსა თუ ავდარში;
მივფრინავთ იმ მიმართულებით,
რომელიც ერთხელ ავირჩიეთ,
მაგრამ სად? - ზუსტად არც ვიცით;
მივფრინავთ,
რადგან გული
იქით გვეწევა.

მივფრინავთ და, გვინდა - არ გვინდა,
უნდა ვიფრინოთ;
მივფრინავთ დღისით თუ ღამით,
მივფრინავთ ძილში თუ ღვიძილში;
მივფრინავთ მზეში თუ ქარიშხალში
და გზა და გზა გვცვივა ბუმბულები.
გვცვივა გულის წინწკლები და ცრემლებიც გვცვივა.

ჩვენი ბუმბული, ჩვენი გული, ჩვენი ცრემლები
ცვივა დაბლა
და ეფინება იმ ქვეყანას, რომელიც ყრუა,
ბრმაც არის და გულგრილიცაა -
ჩვენს მიმართ და ჩვენნაირთ მიმართ.
მაინც მივფრინავთ,
მივფრინავთ და სხვანაირად არ შეგვიძლია...

და აი, მომხვდა !... ფრთა მეტკინა - გვესვრიან კიდეც...
მეტკინა და მომიტევე - სიმაღლეს ვკარგავ.
სიმაღლეს ვკარგავ,
მაგრამ ვცდილობ, არ დავეცე - არ ჩამოვვარდე,
შენ კი გთხოვ: ძალა მოიკრიბე და წინ გადადი -
ჩვენი მწკრივი არ შეკრთეს და არ აირიოს;
წინ გადადი -
მე უკან მოგყვები...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Apr 09, 2011 10:20 am



წიგნის დასახელება – "უადრესატოდ" (ლექსები)
ავტორი – თემურ ჩხეტიანი
რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი
ISBN 978-9941-11-202-7
გამომცემლობა – "დიოგენე"
გამოცემის წელი – 2010
გვერდების რაოდენობა – 68
შინაარსი – ტალღა; ანტაგონიზმი; არა მხოლოდ ასაკის გამო; ***ვიცი, ახლო ხარ...; უწყინარი სიტყვების მიღმა; ინტერესები; ნაშუადღევი; დაგვიანებულები; ქალი სარკმელთან; მცდელობა; დალტონიკები; ნაჩუქარი წიგნი; ***რა ახასიათებს გაზაფხულს?; ნაქირავები ბინები და სხვ.

წყარო – http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aჩხეტიანი+თემურ

Arrow

თემურ ჩხეტიანი

უადრესატოდ

ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
და არც იმაზე გიფიქრია,
სად ვიყავი, რომელ კუნძულზე?
ერთხელაც არ გიხსენებივარ.
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
ადრესატი, ქუჩა, ქალაქი...

შენი სიტყვები კი ამ ხნის მანძილზე
მაინც მდიოდნენ და აღწევდნენ ჩემამდე.
სიტყვები, შენ რომ აგზავნიდი -
უსახელოდ, უმისამართოდ...
ნაწილ-ნაწილ, ანდა ერთბაშად;
დროულად, ან დაგვიანებით
მოდიოდნენ სიტყვები ჩემამდე,-
მაკვირვებდნენ, მახარებდნენ, კიდეც მათბობდნენ
და მჯეროდა - ვიღაცას ვუყვარდი!..

ალბათ ძალიან მსურდა ჩემთვის მე ის სიტყვები;
ალბათ ძალიან მინდოდა, რომ გამხარებოდა
და ის სითბოც მჭირდებოდა, როგორც ჰაერი,
და ამ დიდი სურვილის ძალით
ვიზიდავდი მე იმ სიტყვებს,
იმ სიხარულს და იმ სითბოსაც.
ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
არც სახელი, არც მისამართი.

...და მე ვფიქრობ უნებლიე დანაშაულზე,
რომ ის სიტყვები,
იქნებ სულაც სხვისთვის იყო გამოგზავნილი? -
უსახელოდ, უმისამართოდ;
სხვისთვის იყო... მივიტაცე და მივითვისე,
და სხვას წავართვი ის სითბო და ის გაოცება...

უხერხულობას ვგრძნობ და თითქოს მრცხვენია კიდეც.
მრცხვენია, მაგრამ თავსაც ვიმართლებ:
რომ ის სიტყვები - უსახელო, უმისამართო -
ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მსურდა,
უფრო მეტად მე მჭირდებოდა...

ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მიყვარდი!..

25 ოქტომბერი 2009 წელი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Wed Apr 27, 2011 12:19 pm

თემურ ჩხეტიანი

ჩვიდმეტი ჰაიკუ



მე ჩემებური საგაზაფხულო სემინარი მაქვს - ჰაიკუზე გადავერთე.
არ ვიცი, ეს იაპონიაში დატრიალებულმა მოვლენებმა გამოიწვია, თუ ჩემშიც იძალა სტიქიამ...
ჩვიდმეტი ჰაიკუ - თითო ჩვიდმეტმარცვლიანი... 5/7/5...




1. .* * *

ბრინჯის ჩვიდმეტი

მარცვალი ხელისგულზე -

აი, ჰაიკუ !..



2.* * *

დუმილის ლექსიკონს

ვფურცლავ და ვიზეპირებ

ამ გაზაფხულზე.



3.* * *

ცუდი ამინდის

გამო რომ ვწრიალებდი,

ახლა მრცხვენია.



4.* * *

დიდ ქოთანში

ჩარგული ლიმონის ხე

მზეზე გაიტანეს.



5.* * *

ყვითელი ტიტა

ჩაქრა და მის მაგივრად

მთვარე აინთო.



6.* * *

პეპელაა და

რომელ ყვავილზეც უნდა,

იმაზე დაფრინდება.



7.* * *

ხე ხევის პირას...

სხვაგან სულ სხვანაირი

გამოჩნდებოდა.



8.* * *

რა ბუდე იტევს

ციდან შინ დაბრუნებულ

ყარყატს და მის ფრთებს ?!..







9.* * * ხელისგულზე მზე

და სამი ერთნაირი

მონეტა ბზინავს.



10.* * *

ქანაობს ტოტი...

ის არავის დაუწვდია

ნაყოფისათვის.



11.* * *

მოწყენილობა.

ამ ჩალისფერ ოთახშიც

ფოთოლცვენაა.



12.* * *

ქარით იწყება

და დასრულდება ღამე

კართან - ფოთლებით.



13.* * *

აცდენილები

ამ დროსა და სივრცეში

აქ რატომ შევხვდით ?!..



14.* * *

მიმოვიხედე.

„ყველაფერი რიგზეა !“-

ვთქვი და... ავტირდი.



15.* * *

სული აიჭრა

და დააჩნდა ლაქები

მომხდართა გამო.



16.* * *

ყრუა ტკივილი

და ის დილა-საღამო

სხვაგვარ ხმებს უსმენს.



17.* * *

ფინჯანში ვხედავ

ცას, ზღვებსა და კუნძულებს

და შენს ღიმილსაც.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat May 14, 2011 8:46 am

ლიტინტერვიუ “ებლიტფოზე”

აპრილი 17, 2011 on 1:11 პმ

გიორგი კილაძე: თემურ , შენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული CV.

თემურ ჩხეტიანი: პოეზიის კითხვა სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტობის წლებში
დავიწყე. იმ დროისთვის ერთი-ორჯერ თვითონაც მიცდია ლექსის დაწერა, მაგრამ მაშინ რა უნდა დამეწერა? – მალე შევეშვი. მერე რილკეს წერილებში რომ ვნახე: „არ შეცდეთ და არ დაიწყოთ ძალიან ადრე“, მენიშნა და გამიხარდა.
ვისთვის როგორ და, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა – გვიან დავიწყე. უკვე 26 წლის ვიყავი. აქვე შევნიშნავ, რომ რილკესეული ფრაზა ალბათ სხვა რამესაც გულისხმობს და ცალკეული ლექსის წერის ნაადრევ დაწყებაზეც მიგვანიშნებს.
პირველი ლექსები ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. მერე იყო პუბლიკაციები „ლიტერატურულ საქართველოში“, „მნათობში“…
ჩემი ლექსების პირველი კრებული „საღამოს ფოსტა“ 1987 წელს გამოვიდა (გამომცემლობა „მერანი“),
შარშან კი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა მეხუთე წიგნი – „უადრესატოდ“.
ჩემს თავზე და ჩემს შემოქმედებაზე მეტი რა ვთქვა? – ცალკეული ლექსები ალბათ (მეტ-ნაკლებად) გამომივიდა, მაგრამ მთლიანობაში ჩემი შემოქმედებით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი; რაღაცნაირად დაფანტული ვჩანვარ და ეს არც მიკვირს – მე ხომ სულ საყრდენის და ორიენტირის ძიებაში ვიყავი და მეტი, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ შევძელი.

გიორგი კილაძე: თემურ, არამარტო არამარტო ლიტერატურული CV მაინტერესებს… ჭადრაკი რატომ ”დაგავიწყდა”? მშვენიერი მონოლოგი ” პაიკი a2-დან” დაგვიწერე.

თემურ ჩხეტიანი: არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება თქენთვის ჩემი ყმაწვილობისდროინდელი
გატაცების შესახებ საუბარი…
ჭადრაკის ნიჭი არ მაქვს და ვერც სერიოზულ მოთამაშედ ჩავითვლები, მაგრამ
ჭადრაკისადმი ჩემს სიყვარულს უკვალოდ არ ჩაუვლია და მოგვიანებით (ჰმ,..
გვიან) კომპოზიციაში ჩემი მუშაობით გამოიხატა. 90-იანი წლები იდგა. სხვა
გასაქანი რომ არ მქონდა, ლამპის ან სანთლის შუქზე ჭადრაკის დაფასთან
მჯდარს გამყავდა დრო…
შედეგად 200 ზე მეტი პუბლიკაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საჭადრაკო
გამოცემებში და ადგილი საქართველოს ნაკრებში.
ის მონოლოგი, თუ მინიატურა კი ერთი ხელის მოსმით დავწერე -

კარგად ნაცნობი სამყაროა და არ გამჭირვებია.

გიორგი კილაძე: გიორგი კილაძე: თემურ, ~სავიზიტო ლექსი” თუ გაქვს? თუ გაქვს რომელია?

თემურ ჩხეტიანი: “სავიზიტოსი” რა ვთქვა და, რამდენიმე ლექსი კია ისეთი, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია. გამორჩეული რაიმე ნიშნით ან მკითხველის დამოკიდებულების გამო. ბოლოს ხომ მაინც მკითხველის გადასაწყვეტია, რომელი ლექსი გამოარჩიოს და ავტორი რით დაიმახსოვროს?..
თუ მაინცდამაინც ჩემი აზრი გაინტერესებთ, ალბათ “ბუდე”.

ლექსი ჩემთვის მძიმე სულიერი მდგომარეობის ჟამს დაიწერა და ამ ლექსმა თითქოს ისევ ფეხზე დამაყენა.

დავწერე ეს და გამეღიმა: იგივე მიზეზით შემეძლო სხვა ლესებიც დამესახელებინა, ოღონდ ბევრი არა – რამდენიმე.

გიორგი კილაძე: თემურ , პირდაპირ გკითხავთ, მოგწონთ თანამედროვე ქართული პოეზია, საერთოდ რას გვეტყვით ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაზე? შენი აზრით, რა მდგომარეობაა ახლა და რა ელის მომავალში?

თემურ ჩხეტიანი: ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვიცნობდე თანამედროვე ქართულ

პოეზიას, მაგრამ რასაც ვხედავ და მესმის, ამის საფუძველზე ვამბობ:

პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და საქმე უფრო კარგადაა, ვიდრე ცუდად.

90 -იან წლებში მართლა კარგი პოეტები მოვიდნენ ჩვენს პოეზიაში და დღეს,

წინა თაობებთან ერთად, სწორედ ისინი განსაზღვრავენ თანამედროვე ქართული

პოეზიის დონეს და მიმაჩნია, რომ ეს დონე საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხებათ უფრო ახალგაზრდებს, ანუ მათ, ვინც ამ საუკუნის დასაწყისში

გამოვიდნენ ასპარეზზე, აქ დიდი ხალხმრავლობაა: ბევრი საინტერესო სახე

და სახელია ჩვენს წინაშე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ბევრს ახალს

და ღირებულს შემატებენ ქართულ პოეზიას.

აქვე აღვნიშნავ, რომ ვიზიარებ ცნობილ მოსაზრებას: პოეზიას ცალკეული

პოეტები ჰქმნიან და მათი თაობებად დაყოფა უფრო საუბრის გასაადვილებლად

თუ გამოდგება.

გიორგი კილაძე: თემურ, პოეტ გიორგი კეკელიძისთვის “ყველა ბოლო ლექსი. ადამიანური, ეგოისტური ამბავია”, თქვენთვის?

თემურ ჩხეტიანი: ჩემთვის ყველა ჩემი ლექსი „ეგოისტურია“. და საერთოდ, ლირიკა ეგოისტურია

თავისებურად. ავტორისაა, ავტორისეულია, მაგრამ ისე, რომ სხვებისთვისაც გასაგები

და მისაღებია. ადამიანები ხომ მაინც ერთნაირები ვართ ჩვენს განცდებში, ფიქრებში,

ოცნებებში…

გიორგი კილაძე: თემურ, პროზას თუ წერთ? დარწმუნებული ვარ წერთ და კარგადაც… პიესებსაც უნდა წერდეთ… ასე მგონია…

თემურ ჩხეტიანი: არა, გიორგი, პროზა და დრამატურგია არასოდეს მიცდია – ვერ ვგრძნობ ჩემში საამისო უნარს.

აი, ლექსების თარგმნა კი ვცადე ამ ოციოდე წლის წინ. მგონი ვერ გამომივიდა და შევეშვი.

ახლა ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე დევს ის თარგმანები, მაგრამ ნუ მკითხავ,

ვისი ლექსებია და თარგმანი ვისი სახელითაა გამოქვეყნებული.

გიორგი კილაძე: თარგმანზეც ვისაუბროთ, თქვენი ნაწარმოებების სხვა ენებზე გამოცემაზე თუ გიფიქრიათ? მოდით, აქვე გკითხავთ, დღეს ბევრი ნაწარმოები ითარგმნება ქართულად? ხარისხი მოგწონთ? განსაკუთრებით ლექსების, მათი გავლენა თუ იგრძნობა ქართულ ლიტერატურაში?

თემურ ჩხეტიანი: დიახ, მიფიქრია, მაგრამ როგორც ჩანს, მათი თარგმნა არავის უფიქრია და

არც მე შემიწუხებია ვინმე. მხოლოდ დალილა გოგიამ თარგმნა ჩემი რამდენიმე

ლექსი და გამიხარდა.

დღეს ქართულ ენაზე საკმაოდ ბევრი რამ ითარგმნება (განსაკუთრებით

პროზაული ნაწარმოებები), მაგრამ სასურველია უფრო მეტი ითარგმნებოდეს

და სათარგმნელი წიგნების შერჩევაც უფრო გულმოდგინედ ხდებოდეს.

კარგ საქმეს აკეთებს უცხოური პოეზიის თარგმნისთვის გამომცემლობა

„დიოგენე“, რომელიც წელს მეორედ ატარებს ახალგაზრდა მთარგმნელთა

კონკურსს. თარგმანების ხარისხი ალბათ მისაღებია, თუმცა მჯობნის

მჯობნი არ დაილევა და აქაც უკეთესობაა მოსალოდნელი.

ამ თარგმანების გავლენაზე კი რა მოგახსენოთ? – ახალგაზრდა პოეტები

ძირითადად ორიგინალში კითხულობენ უცხოელ ავტორებს და, თუ

გავლენაზეა საუბარი, ეს უფრო ორიგინალის გავლენა უნდა იყოს.

გიორგი კილაძე: თემურ , ლიტერატურა, მათ შორის ბუნებრივია, პოეზია, მკითხველისთვის იქმნება, ვინ არიან შენი მკითხველები? „მწერალი მკითხველზე მონადირეა“ (ბატონი გია არგანაშვილი) – ეთანხმები? რატომ?.

თემურ ჩხეტიანი:

ნათქვამი ეფექტურია, თუმცა რა ვიცი… ზოგი ავტორი მართლა „ნადირობს“ მკითხველზე,

ზოგი კი საერთოდ არა,

მაგრამ დაწერილი უთუოდ გულისხმობს წამკითხველს; წიგნი ადრე თუ

გვიან პოულობს მკითხველს და თუ მის გულსაც მოიგებს, ხომ კარგი…

ჩემი მკითხველები პირველ რიგში ჩემი ახლო მეგობრები არიან. მხოლოდ მათი მოწონების

შემდეგ ვაქვეყნებ ხოლმე ლექსებს და ის მკითხველი, ვის გულამდეც მერე

ეს ლექსები მივა, ალბათ უფლება მაქვს, რომ მეგობრად ვიგულისხმო.

გიორგი კილაძე: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვი?

თემურ ჩხეტიანი:

ამ კითხვაზე ერთხელ უკვე ვუპასუხე…

ახლა ასე ვიტყვი: „კარცერი-ლუქსის“ იდეა იმთავითვე ოცნება იყო, კეთილი ოცნება,

რომლის ახდენა ჩვენს დროში უფრო ძნელი წარმოსადგენია.

ალბათ წიგნის სიყვარულიც „არ იქნება ძალადა“.

რაც შეეხება ვასიკო კეჟერაძეს, ასეთი ადამიანები, ვფიქრობ, დღესაც არიან. არიან

სახეცვლილნი და სხვანაირები იმ ფოტოგრაფთან შედარებით. ერთი მათგანი

მგონი ისაა, ვისაც ახლა ვესაუბრები, ანუ შენ, ჩემო გიორგი.Smile

გიორგი კილაძე: გმადლობთ ბატონო თემურ, საუბარი კრიტიკის თემით გავაგრძელოთ:, როგორ ფიქრობთ “იხსნის თუ არა ლიტერატურული კრიტიკა პოეზიას უნიჭობის სენისაგან”? კითხვა ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს. 2007 წელს “ებლიტფოზე” მომზადებული სტატიის სათაურია. სტატია კი პოეტ გიორგი საჯაიას ინიციატივით წამოწყებული დისკუსიის შედეგად დაიწერა. ფაქტია, კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე უნდა შემოა­ქონდეს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები? ვინ გაგაკრიტიკა და რატომ?

თემურ ჩხეტიანი:

ჩვენში ყოველთვის უჩიოდნენ კრიტიკის არასათანადო დონეზე არსებობას და მის არარსებობაზეც

ლაპარაკობნდნენ. ლიტერატურული კრიტიკა ალბათ დღესაც ვერ აკმაყოფილებს მისადმი

წაყენებულ მოთხოვნებს. კი, არიან ცალკეული კრიტიკოსები, მაგრამ კრიტიკის გავლენა

ლიტერატურულ პროცესზე აშკარად მცირეა და უმნიშვნელოა.

იქმნება ლიტერატული ნაწარმოებები და ისინი დროთა განმავლობაში მაინც პოულობენ

და იპოვიან თავიანთ ადგილს, მაგრამ კრიტიკის სათანადო დონის არსებობის შემთხვევაში

საერთო ლიტერატურული პროცესი ბევრად უფრო კარგად წარიმართებოდა.

პირადად მე ჯერ არავის გავუკრიტიკებივარ, თუმცა რამდენიმე რეცენზია ჩემს ლექსებზე

მაინც გამოქვეყნდა. რომ გავეკრიტიკებინე ვინმეს იქნებ ყურად ვიღებდი და იქნებ მართლა

გამომდგომოდა.

გიორგი კილაძე: ქალბატონი თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობის დასაწყისს _ პირველი წინადადებას, პირველი აბზაცს _განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, პოეტი გიორგი კეკელიძე – ფინალს, თვლის, რომ “მთელი ლექსი მის ირგვლივ იგება”. შენ რას იტყვით? საერთოდ, რა ხდება ლექსის დაწერისას? მოვარდება თუ მოდის და ნელ–ნელა იხვეწება?

თემურ ჩხეტიანი:

ვეთანხმები თეონასაც და გიორგისაც: მოთხრობას როგორც დაიწყებ, ისე გაგრძელდება,

ლექსს კი როგორც დაასრულებ ისეთი იქნება !..

ჩემთან ლექსი ჯერ შიგნით „იწერება“. დაწყებით კი საიდან დაიწყება, ანუ პირველი

სიტყვები თუ პირველი სტრიქონი ლექსის დასრულების მერე, რა ადგილას აღმოჩნდება,

ლექსის თავში თუ ლექსის ბოლოში, ზოგჯერ არც ვიცი.

დიახ, მე არაერთხელ დამიწყია ლექსი… ბოლოდან.

გიორგი კილაძე: ბოლოდან, დაწყებული რომელიმე ერთი ლექსის ამბავი გვითხარი…

თემურ ჩხეტიანი:

იმ დღეს გარეთ ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. რაღაც მაწუხებდა და ნაღვლიანი

გახლდით. დავინახე: ხეზე შაშვები ისხდნენ და იკენკებოდნენ; ლექსის სტროფი უცბად

მოვიდა. სახლში შევბრუნდი და ფიქრი გავაგრძელე… მოგვიანებით კი დავჯექი და

დავწერე:

* * *

რა საჭიროა ვინმე სხვა? –

მხოლოდ შენშია საშველი.

მით უფრო – ბავშვივითა ხარ

და არავინ გყავს დამშლელი.

გული გაქვს – დაშლი, ააწყობ

და სულ გულს ეთამაშები…

გარეთ მზიანი დღე არის

თბილი და ნაღვლის წამშლელი.

ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს

ისევ კენკავენ შაშვები.
გიორგი კილაძე: „მწერლისთვის (და ზოგადად, ხელოვანი ადამიანისთვის) წარსული (შემოქმედებითი რაღა თქმა უნდა) ძალიან ცოტას (თითქმის არაფერს) ნიშნავს“ – ბრძანა ერთ–ერთ ინტერვიუში მწერალმა ბაჩო კვირტიამ. ეთანხმები თუ არა? რატომ?

თემურ ჩხეტიანი: დიახ, შემოქმედებითი წარსული მწერლისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, თორემ ჩვენი ცხოვრებისეული წარსული ჩვენი ტვირთია და გვინდა – არ გვინდა, საკუთარი მხრებით უნდა ვატაროთ.
გიორგი კილაძე: რას ეტყვით ადამიანს, რომელსაც ლექსი არ უყვარს?

თემურ ჩხეტიანი:

რა უნდა ვუთხრა?.. სხვა თემაზე გავესაუბრები. თუ სუფრაზე ვიქნებით და სიგარეტის

მოსაწევად გავალთ, და გარეთ დღევანდელივით თოვლიანი ამინდი იქნება, ჩემთვის დაბალ ხმაზე (ოღონდ მის გასაგონადაც!..) დავიწყებ:

„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის…“

თუ სხვაგვარი ამინდი იქნება:

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი…“

გიორგი კილაძე: რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერჯერობით არ იცით? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცი?

თემურ ჩხეტიანი: ჩემთვის ეს კითხვები რაღაცნაირად ერთი და იგივეა.

საერთოდ ცოტას ვწერ და ლექსებს შორის პაუზა ზოგჯერ დიდხანს გრძელდება.

ასეთ დროს ყოველთვის მაწუხებს კითხვა, რომელსაც იმ მომენტში, ანუ ლექსებიდან

ლექსებამდე შუალედში ვერ ვპასუხობ და პასუხს მხოლოდ მერე, მოგვიანებით ვღებულობ

ხოლმე… ისევ და ისევ ახალი ლექსებიდან.

პასუხი დღემდე უცვლელად მეორდებოდა და იყო:

-არა !..

მე ახლაც ვერწერის პერიოდი მიდგას და ისევ ის კითხვა მაწუხებს.

მაწუხებს და ძალიან გამიხარდება, თუ მომავალი ლექსებიც იგივე პასუხს

მიკარნახებენ:

-არა !..

ის კითხვა კი, უპასუხო-პასუხიანი კითხვა, ასეთია:

- ნუთუ უკვე ამოვწურე საკუთარი თავი?…

წყარო - http://taobebi.site.ge/wordpress/?p=2144
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat May 14, 2011 8:50 am

მალხაზ ხარბედია

ფრენა და თვალთვალი

27.03.2011


რამდენიმე თვის წინ ორი გამორჩეული თანამედროვე პოეტის, თემურ ჩხეტიანისა და ნუგზარ ზაზანაშვილის, პოეტური კრებულები გამოიცა.

თემურ ჩხეტიანის მეოთხე პოეტური კრებული, სახელად "უადრესატოდ", "დიოგენემ" გამოსცა. წიგნი 70 გვერდს მოიცავს და მასში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაწერილი ლექსებია შესული. "მცდელობა", "დალტონიკები", "ნაქირავები ბინები", "იმედგაცრუება", "ბალახის სიმაღლე", "სახლი ქუჩის გადაღმა" ის ლექსებია, რომლებიც ნამდვილად დაამახსოვრდება მკითხველს. თემურ ჩხეტიანი გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტია და გამოცდილი მკითხველი ადვილად იცნობს მის მშვიდ ინტონაციას. პოეტმა შოთა იათაშვილმაც ჩემთან საუბრისას სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:
ნუ ერიდები გამეორებას -
ოთხივე მახარობელიც
ერთ ამბავს ყვება...

"თემურ ჩხეტიანის ლექსებში მუდამ არის რაღაცნაირი მშვიდი განწყობილება, ყოველდღიურობის ფორიაქს გარიდებული ადამიანის განწყობილება, რომელიც რაღაცნაირად თავის სიმარტოვეში არის ჩაძირული და იქიდან აკვირდება სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. და არა მხოლოდ ის აკვირდება, არამედ მასაც კი აკვირდებიან ზოგიერთ ლექსში. მაგალითად, ავიღოთ ლექსი "იმედგაცრუება", სადაც ის ხან ტელევიზორს თიშავს, ხან წიგნს კითხულობს, ხან კარტოფილს წვავს, ხან სიგარეტს ეწევა და, ბოლოს, რა ხდება? პოეტი ამბობს: "მთელი დღე ვგრძნობდი,/ რომ მითვალთვალებდა ვიღაც,// მითვალთვალებდა დაჟინებით,/ ალბათ ეგონა,/ რამე განსაკუთრებულს ჩავიდენდი..."

ეს ლექსი, თემატური თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თემურ ჩხეტიანის ლექსებში და, ზოგადად, თანამედროვე პოეზიის კონტექსტშიც. აქ, როგორც ხედავთ, ავტომატიზმამდე მისულ ყოველდღიურობაზეა საუბარი, სადაგ დღეებზე, რომლის დაძლევის სურვილი თუ ოცნება პოეტურ-შემგუებლური სევდით იცვლება. ამ ნიშნით განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსს "ახალი იონა", აქაც თითქმის იგივე ხდება, ოღონდ ამჯერად ყოველდღიურობის რუტინაში, როგორც ვეშაპის სტომაქში, ისეა შთანთქმული იონა: "ბნელში ვზივარ და მაინც ყველაფერს ვხედავ;/ დაყრუებული ვარ და მაინც ყველაფერი მესმის,/ ამ დახშულ სივრცეს კი ვერა და ვერ ვეღწევი,/ თავს ვერ ვიხსნი უძირო სტომაქიდან/ და, როცა ვამბობ რამეს,/ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ვესიტყვები". არადა, ამ დროს გარეთ სამყარო ფეთქავს და ვეშაპის ფერდებს მძლავრი ტალღები ეხეთქებიან.

თემურ ჩხეტიანი შესანიშნავი საჭადრაკო კომპოზიტორიცაა. მახსოვს, 90-იან წლებში მისი პირველი პუბლიკაციები "არილში" მისივე კომპოზიციებით გავაფორმეთ:

"ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ პოეტი თემურ ჩხეტიანი საჭადრაკო კომპოზიტორია და თანაც ძალიან მაღალი დონის. და თუ ადამიანს შეუძლია საჭადრაკო კომპოზიციების მოფიქრება ისე, რომ ამ კომპოზიციას მხოლოდ ერთადერთი სწორი გზა აქვს გამარჯვებისკენ, მე მგონი, მას არ გაუჭირდება ამ შემთხვევაში სალექსო კომპოზიციების სწორად შექმნაც. და სწორედ ამ თვალსაზრისით არის თემურ ჩხეტიანის პოეზია საინტერესო, რომ კომპოზიციურად ის სწორად აგებს თავის სათქმელს. ლაკონიურად აგებს და ზუსტად მიჰყავს იმ სწორი სათქმელისაკენ, საითკენაც საჭიროა ლექსის წაყვანა."
კრებულში "უადრესატოდ" არის ასეთი ლექსი, სადაც აღწერილია წერის პროცესი და ეს რაღაცნაირი რეფრენის ფორმითაა, რიტუალურია და ემოციურად იმუხტება ლექსი...

საინტერესო მიგნებები აქვს მას მინიმალისტურ ლექსებში. მაგალითად, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს მისი მოკლე, სხარტი სტრიქონები:

"ნუ ერიდები გამეორებას -
ოთხივე მახარობელიც
ერთ ამბავს ყვება."
ანდა:
"ყველაზე დაბლა ვდგავარ,
მაგრამ ჩემ ზემოთ
მხოლოდ ღმერთია."

მისი ლექსები სწორედ ამ "დაბლა დგომის", დაკარგულობის, მარტოობის ქრონიკებია და პოეტი ხშირად ამ "ქრონიკების" შექმნის პროცესსაც აგვიწერს ხოლმე:

"კრებულში "უადრესატოდ" არის ასეთი ლექსი, სადაც აღწერილია წერის პროცესი და ეს რაღაცნაირი რეფრენის ფორმითაა, რიტუალურია და ემოციურად იმუხტება ლექსი. ანუ საუბარია გაუთავებელ მოძრაობაზე, ხელის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, რომელიც რაღაცნაირად გულიდან გასული მოძრაობაცაა თითქოს, და მერე ეს ყველაფერი ისევ უკან ბრუნდება, ხელის ნერვიული მოძრაობის შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ, იგივე ხელი, კალიასავით უკან ხტება, ძველ ადგილს უბრუნდება და მერე ისევ ახალი პროცესი იწყება, იგივე გრძელდება."

თემურ ჩხეტიანი თითქმის მთელი წელი გაუსვლელად სოფელში ცხოვრობს, ვაჩნაძიანში, მხოლოდ თელავში თუ გამოიზამთრებს ხოლმე. აი, ნუგზარ ზაზანაშვილი კი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე (იგი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პროგრამის დირექტორია), სულ მუდამ მოგზაურობაშია, ხშირად დაფრინავს და ეს მის პოეზიაშიც საინტერესოდ აისახა. გამომცემლობა "საარის" მიერ დაბეჭდილ ნუგზარ ზაზანაშვილის ახალი ლექსების კრებულს ასეც ჰქვია - "ცის ლექსები".

წიგნში ძალიან ბევრია თვითმფრინავიდან დანახული სურათები ან ფრენისას მოსული განცდები თუ მოგონებები. ლამის ნახევარი კრებული ასეა და ბევრი ლექსი მართლა ან ცაშია დაწერილი, ან ფრენისასაა ჩანიშნული. ერთ-ერთ ციკლს ასეც ჰქვია, "თვითმფრინავიდან დანახული". ხანდახან კი პოეტი თვითმფრინავს ტოვებს და უცხო ქალაქში გამოდის, აკვირდება უცნობებს, ანდა ოცნებობს, სევდიანობს. ლექსებში ბევრია გეოგრაფიული დასახელებებიც, დიუთი ფრიში ნაყიდი სასმელები. პოეტი იხსენებს სხვადასხვა გემოებს, აკვირდება საათის ისრების მოძრაობას, დარდობს წარსულზე. წიგნი პოეტის დედას ეძღვნება და ამიტომ მასში ბევრი უცნაური მოგონებაცაა. ნამდვილად გამორჩეულია ლექსი "უცნობნაცნობობა", სადაც იგი თავის ბავშვობისდროინდელ ერთ თბილისურ სიტუაციას აღწერს. №1, ლურჯ, მომრგვალო, ბეჰემოტივით ტროლეიბუსში იგი, უმცროსკლასელი, და ტროლეიბუსის სხვა მგზავრები სხედან:

"მივემგზავრებით უცნობნაცნობი, ქართველი, სომეხი, ებრაელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ასირიელი, ქურთი ვარანცოველები. ჩვეული მყუდროება სუფევს ლურჯ, მომრგვალო, მოუქნელ ტროლეიბუსში - უცნობნაცნობობის შეგრძნებით გამოწვეული მყუდროება... მივემგზავრებით: ვინ - საით... და ყველა ერთად... მივემგზავრებით და სულ უფრო ვშორდებით, ვშორდებით, ვშორდებით მშობლიურ უბანს..."

ზოგჯერ მისი ლექსი სურათებს წარმოადგენს, აღწერებს. მას ასეთი ციკლიც აქვს, "წამის შეჩერების საშუალებები". ასეთ ლექსებში ხშირია ხოლმე გამეორებები, თითქოს ავტორი ცდილობს უფრო დააზუსტოს სათქმელი, თითქოს მას ძალიან უნდა, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს მისმა სიტყვებმა და ამიტომ გიმეორებს. ამ დროს არ უნდა იფიქრო, რომ ლექსი უმნიშვნელო რამეზეა. ეს არაა უბრალო ნატურმორტი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც პოეტი საუბრობს.

მინიმალიზმი ნუგზარ ზაზანაშვილსაც უყვარს. ასეთ ლექსებში იგი ხშირად მახვილსიტყვაობს და საოცარი სიზუსტით აგვირგვინებს სათქმელს. ამის საუკეთესო ნიმუშია შოთა ჩანტლაძისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც ასე მთავრდება: "როცა მზე ჩადის, ამოდის ლექსი". რა თქმა უნდა, ესაა შოთა ჩანტლაძის ცნობილი შედევრის სევდიანი ინტერტექსტი: "წავიდა თოვლი და მოვიდა მიწა".

ნუგზარ ზაზანაშვილი შესანიშნავი ესეისტიცაა. ბოლო 3 წლის მანძილზე მისი ორი წერილი დავბეჭდე "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში", რომელთაგან ერთი ლია სტურუას ეძღვნებოდა, მეორე კი თამაზ ბაძაღუას. ეს იყო ამ ორი პოეტის შესახებ დაწერილი ალბათ საუკეთესო ესეისტური კვლევები, რომლებიც, ვფიქრობ, მალე წიგნადაც უნდა გამოიცეს.

წყარო - http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3538254.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sun Jul 08, 2012 12:37 pm

თემურ ჩხეტიანი

მამა

წუთისოფლის გზას ვადექი,
გზას, ნაღველმა რომ გაწელა.
წამომეწია სიბერე
ხელჯოხი შემომაშველა.

გზას ერთად უნდა გავუყვეთ
(მადლობელი ვარ ამისთვის),
მე ჩემი უნდა ვუამბო,
მანაც მიამბოს თავისი.

ივლისი, 2008 წელი

study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Sat Nov 24, 2012 8:20 pm

თემურ ჩხეტიანი

* * *
რადგანაც ვარ უპიარო,
მიტომ არ მაქვს რუპიაო.
ბევრი ჩემზე კარგადაა,
მერე რა, რომ "გლუპიაო".

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Yesterday at 12:34 pm

თემურ ჩხეტიანი

* * *

„მესამე კვირაა ჩანთაში მიდევს გაუხსნელი „კენტი“ - კატო ჩ.


მესამე დღეა, უბერავს,
დღეს უკვე ხუთშაბათია.
ნეტავ რასა იქმს ამ ქარში
ჩემი უ -„კენტ-ო კატია?..



Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თემურ ჩხეტიანი   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
თემურ ჩხეტიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: