არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი ნაფეტვარიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: გიორგი ნაფეტვარიძე   Tue Feb 08, 2011 10:44 am

ინტერნეტ სივრცეში ვერსად მოვიძიე გიორგის ლექსები.. წიგნი არ მაქვს და ვერც ის ვიშოვე - ვერსად.. იქნებ ვინმეს ჰქონდეს გიორგი ნაფეტვარიძის წიგნი და ქნას სიკეთე - ატვირთოს აქ მისი ლექსები..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიორგი ნაფეტვარიძე   Tue Feb 08, 2011 2:48 pm

კარგია, ნიკა, ეგეთ ინტერესს რომ იჩენ, – ყველა პოეტი წაკითხული უნდა გქონდეს, შეძელებისდაგვარად, რა თქმა უნდა...
ინტერნეტში ეს ლექსი ვნახე და სხვები იქნებ ააწყოს მართლა ვინმემ და დადოს აქ...

ვიკიპედიიდან:
გიორგი ნაფეტვარიძე (დ. 1919, შუამთა, ვანის რაიონი — გ. 1943, ყირიმი) — ქართველი პოეტი. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში, ყირიმში.

მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, გიორგი ნაფეტვარიძე, ლადო ასათიანი – ერთი თაობის პოეტები არიან, მეორე მსოფლიო ომის თაობის პოეტები...


გიორგი ნაფეტვარიძე

ნახვამდის

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
ხშირ-ხშირად მომწერეთ ქაღალდი,
ნუ ტირით, პატარა დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ,
ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

ვინ იცის, გნახავთ თუ აღარა,
წინ გზაა შორი და მკაცრი,
ალვის ხემ თავი ძირს დახარა,
ცრემლებს ღვრის მოხუცი ნაძვი.
მშობლების ძვირფასი ჭაღარა
ღამე მინათებენ თვალწინ!...
ვინ იცის, მოვალ თუ აღარა, -
წინ გზა დევს უნდო და მკაცრი.

სულ კუშტად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი,
მე მივალ, მე მივალ, არასდროს
აღარ ჩამოგივლი გვერდით.
მე შენი ღიმილი არ მახსოვს,
არ მქონდა, არ მქონდა ბედი,
სულ მწყრალად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი.

სურათი მქონოდა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ?
რა მხდალი, რა გაუბედავი,
რა მწარე ბედისა დავრჩი,
ისევ შენ, მშობელო დედაო,
იმედად მიმყვები ჯარში.
სურათი მოგეცა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ!

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
დედა, შენ მომწერე ქაღალდი,
ნუ ტირით, ძვირფასო დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

გზის პირად პატარა ნაკადი,
ნაკადთან პატარა ჩერო,
იქ გითხარ პირველად "ნახვამდის",
ახლა კი მშვიდობით, ჩემო...

study


გიორგი ნაფეტვარიძე

(1919-1942)

ქართველი პოეტი გიორგი ტარასის-ძე ნაფეტვარიძე დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.

გიორგი ნაფეტვარიძემ 1939 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წელს გაზეთ „სტალინელში", ხოლო მისი ლექსებისა და პოემების პირველი კრებული „გაფრენილი დურუჯი" გამოაქვეყნა 1937 წელს. გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი (კრებულები: „დაუმთავრებელი ბალადა", 1961წ; „სიყვარული", 1965წ; „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერულები", 1970წ; „ნახვამდის", 1979).

გიორგი ნაფეტვარიძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც სევასტოპოლის მახლობლად გმირულად დაიღუპა 1942 წელს.

Exclamation


Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Tue Feb 08, 2011 2:54 pm

გიორგი ნაფეტვარიძე და ალექსანდრე საჯაია – ჭაბუკებად დარჩენილი პოეტები

"დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს", – ლადო ასათიანის ეს სიტყვები მის თაობას წინასწარმეტყველებასავით აუხდა. ისინი მართლაც მარად ჭაბუკებად დარჩნენ, ზოგი მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა, ზოგი იმდროისათვის მოურჩენელმა სენმა – ტუბერკულოზმა. მიუხედავად ამისა, მათ ქართულ ლიტერატურაში თავიანთი სიტყვა თქვეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობაც დაგვიტოვეს.

პოეტები გიორგი ნაფეტვარიძე და ალექსანდრე საჯაიაც ჭაბუკებად წავიდნენ ამქვეყნიდან. გიორგი ნაფეტვარიძე 1943 წელს მეორე სამამულო ომში, ყირიმში დაიღუპა. მისი საფლავი უცნობია. ალექსანდრე საჯაიას ტუბერკულოზი ჰქონდა, ის 1944 წელს გარდაიცვალა. ალექსანდრე საჯაია დედისერთა იყო, მას შთამომავლობა არ დარჩენია. გიორგი ნაფეტვარიძეც უშვილძიროდ გადაეგო.

* * *

გიორგი ნაფეტვარიძე 1919 წელს ვანის რაიონში დაიბადა. პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში დაამთავრა. სწორედ იქ გაიცნო და დაუახლოვდა ახალგაზრდა პოეტებსა და ლიტერატორებს. სხვა პოეტების მსგავსად, ისიც მეოცნებე იყო. უყვარდა პოეზია, ლიტერატურა, მეგობრები, თავისი მშობლიური სოფელი, სახლი... და უყვარდა კიდევ ერთი – მშვენიერი ნათელა. მათ ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული ჰქონდათ, დაქორწინდნენ, მაგრამ... თუმცა რატომ ხანმოკლე? პოეტმა ნათელას სიყვარული ომშიც გაიყოლა, მაშინაც ახსოვდა და მასზე წერდა, როცა მის გარშემო ტყვიამფრქვევები ზუზუნებდნენ, როცა ირგვლივ დაჭრილები და მიცვალებულები ესვენენ... წუხდა, რომ მემკვიდრეს ვერ ტოვებდა...

ომში გაწვევის დღეს გიორგი ნაფეტვარიძე ასე აღწერს: "ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა, კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი, მამა გამოვიდა მის დასაბურნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის".

გიორგი ნაფეტვარიძე ფრონტზეც წერდა, უბის წიგნაკში თავის დარდსა და სევდაზე, ოცნებებსა და სიყვარულზე წერდა. მისი მაშინდელი მდგომარეობა, განწყობა ყველაზე უკეთ მის წერილებში ჩანს.

ფრონტიდან მეუღლეს წერს: "რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...

ვზივარ აქ და მაგონდები შენ, ჩემო მეგობარო! არ დაივიწყო პირველი დღეები, როცა ჩვენს სახეს ბიისფერი ეკრა და თვალები, სევდით სავსე თვალის გუგები იებივით დალურჯდა. ეს იყო ალბათ გამოთხოვება სიჭაბუკესთან, რამდენი ტანჯვა გავიარეთ ჩვენ ცოტა ხანში, რაღაც ორიოდ კვირაში ვინ აღწერს იმას ჩვენს მეტი, ჩემო!..

"ვალერი ჩლაკოვი" ვნახეთ, მთელი ღამე საშინელი განწყობილება დამეუფლა, მაგონდებოდი, ნათელა, შენ! შენ, ჩემო მშვენიერო, ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად, ძალიან ცოტა ხანს. დილით ცუდად ვიყავი, ხეს მიყრდნობილი ძლივს ვიმაგრებდი თავს წაქცევისაგან, მერმე ყველაფერმა "გაიარა", დარჩა: ფერფლი, ნაცარი და საუბარი, რომელმაც ვერ მოაღწია შენამდე. ბევრი ვერ მოაღწევს კიდევ.

"ვსიო პროიდიოტ!" – ყველაფერი გაივლის, ეს მართალია, მაგრამ ვინ დარჩება, ვინ გაივლის გზას უკან შინისაკენ.

"ეჰ! არაფერია! არაფერია!..

ვინ გაიგონებს, კიდევაც რომ თქვა

დაჭრილმა, ხესთან, სახელი შენი.

გაივლის ღამე, გაივლის ბოდვა

და გავა ასე მრავალი წელი...

გახსოვდეს მინდვრად ფოთოლი მჭკნარი

სეირნობის დროს როდესაც ნახო,

ფეხს ნუ დაადგამ, ო! ცოდვა არი,

ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო!..

კარგი, დავანებოთ თავი ამას, აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია, გაიგონე ადამიანო!..

ჩემს მოსწავლეთაგან ვეჭვობ რომელიმე დარჩეს ხელოვნებასა და უკვდავებისათვის – ეს ვიცი და ვწუხვარ. ვერავის გადავეცი შთაგონება, არც შვილი მრჩება, შვილი, რომელიც შეიძლება მგვანებოდა მე. არ მრჩება, იყოს "ნება უფლისა!"

გიორგი ნაფეტვარიძის ბოლო წერილი 14 მაისით თარიღდება და ისევ მეუღლეს, მშვენიერ ნათელას წერს: "რა ვქნა, არ ვიცი, რა მოგწერო, ჩემო ძვირფასო! ჩემო ყველაფერო! ჩემო ერთავ! აქ ფრონტია, ფრონტი და რა ვუყო მე, თუ ჩემს ნებაზე არ შემიძლია სიარული.

"გამახსენდება: მართლა მარტო ვარ!

თან ღრუბელივით დარდი ჩამიარს

და თუ წავიდა, და თუ დაგტოვა,

განა გიორგი დამნაშავეა?

ო, მაპატიე და სთხოვე გამჩენს

მძიმე გრიგალი ჩადგეს, გამოიდაროს

ვინ იცის, იქნებ ცოცხალი დავრჩე

და შენი გული ჩამოგიტანო!"

ეს პოეტის უკანასკნელი სტრიქონები იყო. ის მაისში გარდაიცვალა.

* * *

ალექსანდრე საჯაიამ პირველი ლექსი გაზეთ "ჩვენს თაობაში" დაიბეჭდა, სამი წლის შემდეგ კი, მისი პირველი ლექსების კრებული დაიბეჭდა. ის ქართულ პოეზიაში თითქოს სანთელივით აინთო, მაგრამ მალევე ჩაქრა. ალექსანდრე საჯაია მე–20 საუკუნის 30–იანი წლების გამორჩეული პოეტი იყო.

"დავხუჭავ თვალებს: ტრფობით დამთვრალი,

მე ჩემს სამშობლოს მივიკრავ გულთან

ძმებო, გული მაქვს ცამდე მართალი

და მთის წყაროზე ათასჯერ სუფთა"...

მის "ცამდე მართალ" და "წყაროზე ათასჯერ სუფთა" გულზე მოგონებებში წერენ. "ალიოშა საჯაიას თვალები – რიბირაბო, დანისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხვებული", – ასე იგონებს ლადო ასათიანი საკუთარ ჩანაწერებში მეგობარს. ალექსანდრე საჯაიას ლადოსავით ტუბერკულოზი სტანჯავდა, მაგრამ მაინც მეგობარზე წუხდა. ლადო ასათიანს სხვადასხვა დროს ასეთ წერილებს უგზავნიდა:

"გამარჯობა, ძმაო ლადო, შენი წერილი მივიღე, ცუდად ვარო მწერდი. "მაზგავოის" წამალი ვიშოვე, მთელი ნახევარი წლის სამყოფი. ნუ გეშინია, ლადო, მთავარია არ ინერვიულო და ბევრი ჭამო, კარაქი იყიდე ცალკე.

გამოვიდა ჩვენი თაობა, შენი ლექსი განსაკუთრებით მომეწონა ახლა. შენ სხვა კაცი ხარ, ბიჭო! მე ვიცი შენი გულის ამბავი, შენივე ლექსებიდან და მიხარია, რომ ვიცი... მე კი ცხოვრებაში დონ კიხოტი ვარ, მიკვირს რატომ შენებურად არ გამომლანძღე მაინც, მაგრამ გეცოდები. მაგრად გართმევ ხელს, ჩემო ლადო, სულ მაგრად...

რატომ შენ ჯანმრთელობაზე არაფერს მწერ, ბიჭო, როგორა ხარ? ცოტა თუ მოიკეთე? მე უსათუოდ ჩამოვიდოდი, მაგრამ ავადა ვარ, თავის ტკივილი დამეწყო და სულ გაგიჟებული ვარ. ლიტფონდმა საგზური მიწყალობა (შოვში), მაგრამ ჯერ არ მინდა წავიდე...

თბილისში უკვე ძლიერ ცხელა და მე უსათუოდ დღესვე წავიდოდი სადმე, რომ ერთი საქმე არ მაკავებდეს, რაზედაც ჯერ არაფერი მითქვამს შენთვის, მაგრამ ალბათ ბევრს გეტყვი მომავალში. გაგიჟებამდე მიყვარს ერთი თავადის ქალი. ლადო იმედია არ დამცინებ, არ ვიცი რა ვქნა ან როგორ მოვიქცე, რა არის ჩემი სიცოცხლე უმისოდ, თავი უნდა მომეკლა, მაგრამ არის რაღაც ჩემს ხასიათში გლეხური, რომელიც აბათილებს ჩემს სიამაყეს და "პოეტურ არისტოკრატიზმს"... მალე მორჩი, შე ღმერთძაღლო, ჩამოდი და იქნებ გავაკეთოთ რამე. დროა, კაცმა იფიქროს ნამდვილ წიგნზე. თუ სიყვარულშიც დავმარცხდი, დედას გეფიცები, თავს მოვიკლავ. ბოლოს და ბოლოს რას ვაკეთებ და ვის რად ვუნდივარ. თუ სიყვარული მექნება ლექსებსაც დავწერ და ყველაფერსაც ვიზამ, თუ არადა, არაფერი არ მინდა..".

"საღამოთი შველი გადამეღობა,

ას წელიწადს მაძებნინა კვალი;

მთვარედ მექცა ვარსკვლავებში შეტოპა

მივსდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით

სალოცავად ქართველობა მეყოფა,

საფიცარად შენი თაფლის თვალი"...

* * *

ლადოს გარდაცვალება მისთვის დიდი ტრავმა იყო. მის კუბოსთან მუხლებზე დაემხო და მეგობარი ისე დაიტირა... ერთი წლის შემდეგ სვანეთში მეგობარს ეწვია, სურდა ლირიკული ლექსების ციკლი გამოეცა სვანეთის მოტივებზე. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ლექსის დაწერა მოასწრო, თითქოს სანთელივით ჩამოქნა და... მთებში გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა. ისედაც დასნეულებული ამ ავადმყოფობას ვერ მოერია და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირინე მჭედლიძე

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=4&id=10601&poz=L8
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Wed Feb 09, 2011 10:36 pm

ესეც გიორგი ნაფეტვარიძის კრებულიდან"ნახვამდის"

ბარათი

ჭაბუკობის ჟამს მივიღე წიგნი,
გავშალე ბავშვურ მოუთმენლობით,
სატრფოს ბარათი არ იყო იგი,
მე რომ ველოდი...
არც დედაჩემის თხოვნა დედური:
"წერილი მაინც მომწერე ბიჭო!"
ჭაბუკი ვინმე ამხედრებული
ეხატა ქვემოთ დაღარულ ფიჭვთან.
ეს იყო მშობელ მიწის ძახილი,
ჩემს ფესვებს სისხლს რომ აძლევდა უმალ.
ვემთხვიე მიწას მე თავდახრილი
და საზღვრისაკენ გასწია გულმა!




აკაკის სიკვდილი

ხალხი მღეროდა აკაკის ლექსებს,
ბროლოვით სუფთას,აზრივით სადას,
ჰგავდა პოეტი კრწანისის ველზე
ხმალგადატეხილ უჯარო სარდალს.
კვდებოდა..მაინც უსისხლო ხელით
მოჩრდილა მისი ნაწილი ცისა,
ალბობდა თურმე ცრემლებით ცხელით
გულ-მკერდზე დაფშვნილ მშობლიურ მიწას.
ელანდებოდა ნესტანის რიდე,
იფერფლებოდა და არ დნებოდა,
ელანდებოდა თამარი კიდევ
და საქართველო ელანდებოდა.
ეძახდა ვაჟას-რაზიკაშვილო
შემინდე წყენა,გულში თუ ჩაგრჩა!
ნატრობდა თრთოლვით ხელებგაშლილი
ბაკურის ხმალს და ერეკლეს ჩაჩქანს.
ის მოკვდა,როგორც ვარდობის თვეში
და სიმღერებში ტბის გედი კვდება,
ქართული ლექსის სიტკბო და ეშხი
დარჩა ლერწამში მის სადიდებლად.
ვაჟასთან ერთად ლექსს აბარებდა
ანდერძს ცახცახით და შთაგონებით.
მე მივალ ახლა მათ სამარესთან
და მუხლმოყრილი ვეამბორები.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Wed Feb 09, 2011 10:46 pm

დიდი მადლობა ნინო ჭინჭარაულს ამ ლექსების აწყობისათვის და აქ მოტანისათვის.

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Thu Feb 10, 2011 9:19 am

მადლობა ჩემგან-აც.. მე შემპირდნენ გიორგის წიგნს და ავტვირთავ მერე ლექსებს.. როცა წიგნი მექნება..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Thu Feb 10, 2011 9:21 am

გამახსენდება: მართლა მარტო ვარ!
თან ღრუბელივით დარდი ჩამიარს
და თუ წავიდა, და თუ დაგტოვა,
განა გიორგი დამნაშავეა?

..

მირზა გამახსენდა:

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Fri Feb 11, 2011 1:22 am

არაფრისSmile.ნაფეტვარიძის კრებული მეგობარმა მათხოვა მეც

ფადიმე

ნუ მოვიგონებთ მტრობას ადრინდელს,
მე ხომ არ მმართებს სისხლი აჭარლის,
ნუ გაიკვირვებ ჩემო ფადიმე,
თუ არც მკვლელი ვარ და არც ლაჩარი.

რომ ქართველი ვარ და შენი ენა
თუ მესმის ახლა,როგორც ზღაპარი,
აბას პირველმა გვაწამა ჩვენაც,
ფერეიდანში მყავს წინაპარი.

ბევრჯერ გულიდან სისხლი გვადინეს,
ადრე დაგვფარა დარდმა ჭაღარით,
ქართველ ასულთა წმინდა მანდილებს
ჩეხავდა ხმალი ნაყაჩაღარი.

მე არ მივტირი ძველს და უნაზესს
და მიყვარს თქვენი შავგვრემანები,
მოვალ,ამ ზაფხულს დავრჩები ზღვაზე
და მეც აჭარელს დავემგვანები.

ნუ გავიხსენებთ მტრობას ადრინდელს,
მო,გახდი ჩემი დასაფიცარი,
ლექსი არ გიყვარს თურმე ფადიმე,
მაგრამ,ამ ლექსს ხომ მაინც ისწავლი?



ანდრია სინაურს

ანდრია,ჩემო,
ანდრია,კარგო,
მე შენთან ყოფნა მესალბუნება,
წავიდეთ სადმე,გადავიკარგოთ,
წავიდეთ სადმე,დაუბრუნებლად.
ვეძმოთ უღრანებს,
ვეძმოთ არწივებს,
ვეძმოთ ჩანჩქერებს,
კლდეებს,
ნაპრალებს,
მთაში დავხარჯოთ ეს სიყმაწვილე,
და ძმობის ვარსკვლავს ნუ გავაპარებთ.
დავხოცოთ ჯიხვნი,ღამენასვამნი,
გავხდეთ ყაჩაღნი,
გავხდეთ ურჯულო,
დავწვეთ მუხებთან და ვაჟასავით
ფოთლებს,ნიავს
და ტყეს ვეჩურჩულოთ.
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
გიორგი ნაფეტვარიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: