არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თეიმურაზ მაღლაფერიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: თეიმურაზ მაღლაფერიძე   Mon Feb 07, 2011 6:42 pm

თეიმურაზ მაღლაფერიძე

"მეჩვენა, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს"
(რევაზ ინანიშვილის - კაცისა და მწერლის გახსენება)

წლევანდელი ზაფხული დიდწვიმიანი გამოდგა გომბორში. ხან თავსხმა წამოუშენდა, ხანაც ფუთქი თქორავდა შემაბეზრებლად. ციოდა. შორეული იალნოს მთა, მოცრიატებულზე მზეს ნიმბივით რომ მოიყენებს ხოლმე, თითქო სამუდამოდ გაიქნა, დაიკარგა ჯანყში, ხოლო ჩემი სახლის მომიჯნავე წითლოვანი გორა თეთრყომრალი ნისლეულით აბოლდა. სწორედ ისეთი ტაროსი იდგა, კაცს რომ ჩამყუდროვებული ფიქრისა, თუ მოგონებებისათვის განაწყობს. მწიფობის ჟამი იყო, გალუმპული, ნაყოფით დახუნძლული ალუჩა და ვაშლი, მსხალი და ალიბუხარი ტოტებდადრეკილნი, ნაღვლიანად იდგნენ მოთქრიალე წვიმაში და ჩუმი თმენით ელოდნენ პატრონთა კეთილ ხელშეხებასა და მოსთვლიანებას.

მათ შორის საყვარლად იყო აწოწილი, ტოტებგაბარჯღული ალუბალი. პრიალა ფოთლები უხასხასებდა, ხოლო ნაყოფი, მეტი სიმწიფით ჩაშავებული, თითქო ღვთის მადლიან მარჯვენას ლალის მყრიად თვლებად შეეფრქვიოს მისთვის და ეთქვას: აჰა, ახარე ადამის ტომიო! არაფერი სჯობდა მის ცქერას ამ ნისლიან, სევდიან დღეს, იდგა გაწუწული, მშვიდი, მუქად გაბურბურებული...

და მე გამახსენდა რეზო ინანიშვილი:
გამახსენდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეზოც ბღუჯა-ბღუჯა, უშურველად გვირიგებდა ძვირფას თვლებს საკუთარი შემოქმედებისას, ისევე ალალად და დაუმადლებლად, როგორც დახუნძლულ ხეს შეუძლია ნაყოფი მიაწოდოს ადამიანს, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს მშვენიერი ალუბალი, ეგერ, ღობეს ჩაყოლებული ბუჩქი სამი თეთრი ვარდისა და ეზოს ბოლოში ტევრად მოდებული ჟოლი, მან ამომიტანა უჯარმიდან და, მაშინ სულ პაწაწინები, თავისი ხელიდ დარგო აქ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს. მარჯვად ხმარობდა ბარსა და თოხს. ხელები ჰქონდა ძლიერი, ნაჯაფარი, მუშა-კაცისა. ~რა კარგი მუშაობა გცოდნია-მეთქი~. ~რაც მე ბარი და ნიჩაბი მჭერია, ზოგს იმდენიც თმაც არ ექნებაო. გარდა ამისა, ჩემში გლეხური სისხლიაო~, - მიპასუხა თვალების ჭუტვითა და კეთილი ღიმილით: ~ეგ არი, რომ ძალას მაძლევსო~. პერანგის საყელო ჩაღეღილი ჰქონდა, მზით დამწვარი, დაკუნთული მკერდი უჩანდა, ნამდვილი ~გვირისტით ნაკერი~ მამრი იყო, შემოქმედი, რომელსაც ხელის ერთი აქნევით სასწაულების მოხდენა ხელეწიფება. მორჩა საქმეს, შემოუბეკნა ნარგავებს მიწა, ჩაიფერთხა ხელები კმაყოფილმა და მითხრა: ~როცა აღარ ვიქნები, ჩემს თავს გაგახსენებენო~. გამეცინა: რას ლაპარაკობ-მეთქი? მუხის კორძივით მიწიდან ამოზრდილ და პანივით გაუღუნავ კაცთან სიკვდილს რა ხელი უნდა ჰქონოდა! მართლაც, სიკვდილი შორს იყო ჯერ, მთელი ცამეტი წელი იდო წინ, იგი შემოქმედების ზენიტში გახლდათ და კიდევ მრავალი მშვენიერი მოთხრობით უნდა გაეხარებინა მკითხველი.
მე ვიცოდი, რომ ძალზე მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. სულ პაწია იყო, მამა რომ კედელთან მიუყენეს კომუნისტებმა. დიდ ხანს ატარა ~ხალხის მტრის~ შვილის მწარე დამღა, გულში ჩახვეული დარდი და მალული ცრემლი. გამოსცადა უმამობის სიმწარე, შიმშილი, სიტიტვლე, სიცივე და სხვა მრავალი ჭირსახდელი. არც მერმე ულხინდა, დაჭაბუკებულს: მისი ტოლ-სწორნი რომ ლაღად, ფუფუნებით ცხოვრობდნენ, თვითონ ოფლითა თვისითა შოულობდა არსობის პურს. ერთ ხანს, თურმე, უნივერსიტეტიც მიუტოვებია და მაშინ დიდად გახმაურებული სამგორის არხის მშენებლობაზე უმუშავნია უბრალო მიწისმთხრელად. მაგრამ, საბედნიეროდ, ღვთაებრივი ნაპერწკალი, იმთავითვე რომ ~ჟოლავდა~ მის სულში, ნელ-ნელა გაღვივდა, აალდა და, მერმე, უჩვეულო კაშკაშით გაანათა ქართული მწერლობა.
მკაფიოდ მახსოვს მისი პირველი დანახვა: უნივერსიტეტის დერეფანში, ერთმა მეგობარმა მითხრა: აი, ეს არის რეზო ინანიშვილიო. მე მაშინ უკვე წაკითხული მქონდა მისი წიგნი ~პირველი მოთხრობები~, ძალიან მომწონდა და შინაგანად ვგრძნობდი, რომ ამ ნაწარმოებთა ავტორი მთლად ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც დავინახე, მართლაც უჩვეულო გამოდგა: აჟივჟივებულ, ჭრელაჭრულებში გამოწყობილ, პირმწვანე გოგო-ბიჭებს შორის მოაბოტებდა (სწორედ ასე!) მზით გარუჯული ვაჟკაცი, რომელსაც მოკლე, მუშური ~ტელეგრეიკა~ ეცვა, ხელები ირიბად აჭრილ ჯიბეებში ეწყო, ხოლო შარვალი სალდათურ ჩექმებში ჰქონდა ჩატნეული. მიდიოდა, მიალაჯებდა, ჩვენს მიღმა იცქირებოდა, ეტყობა რაღაც საზრუნავით იყო დაკავებული, ჩაგვიარა და გაქრა. მისმა გამორჩეულმა გარეგნობამ, ჩაცმულობამ განსაკუთრებით, პირდაპირ ვიტყვი, ერთგვარი შური აღმიძრა: ძალიან მომინდა, მეც ასეთი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი – იერითაც და საქმითაც, მემუშავა სადღაც დიდ მშენებლობაზე – სახლიდან შორს მცმოდა ბრეზენტის ხალათ-შარვალი, მყვარებოდა რუსის მკვრივი, პაჭუა გოგო, მეცხოვრა ბუდრუგანაში (აქვს რეზოს ჩინებული მოთხრობა ამ სათაურით), დაძინებისას საბნის ნაცვლად პალტო დამეხურა, ~კრუშკიდან~ მესვა არაყი და ყოველი დღეცისმარი მოულოდნელობითა და ხაფათით ყოფილიყო სავსე.
იმ დროს სულ პატარა ბიჭი გახლდით, ოცი წლისაც არა, რაღაც მოთხრობებს ვაცოდვილებდი და ახლა რომ ვუკვირდები, ეს ფიქრები და სურვილები, რეზოსგან უხილავი ტალღებით გადმოცემულნი, ჩემთვის ვითარცა კალმის მომავალი მსახურისათვის, იქნებ გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კი იყო.
ზუსტად მიგნებული სახელი შეარქვა რეზო ინანიშვილის მთელ შემოქმედებას აკაკი ბაქრაძემ: სულის პური.
ხოლო ემზარ კვიტაიშვილი თავის ესსეში წერს: ~მახსოვს, აღტაცებული თამაზ ჭელიძე მოვიდა ერთხელ ~ცისკარში~, რეზოს პაწაწინა მოთხრობა წაეკითხა: ~ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი~. წერა ასე უნდა, გუშინ მთელი დღე ბედნიერი ვიყავიო, თვალებგაბრწყინებული ამბობდა.
მე კარგად მესმის ძვირფასი კოლეგებისა: ხშირად, ძალიან ხშირად, რეზო ინანიშვილის კალამი, მართლაც სასწაულებს ახდენს, მის ~დიდ~ თუ ~პატარა~ მოთხრობებში ხედვისა და ხატვის ისეთი სიზუსტეა მიღწეული, ისეთი ზნეობრივი სისპეტაკეა განფენილი, ძნელია მათი კითხვისას აღტაცება არ დაგეუფლოს. მაგალითების მოყვანისაგან თავს შეგნებულად ვიკავებ.


***
მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ერთი რაღაც მოთხრობა ~მოვახლაფორთე~, ადამიანური ბედნიერების ეფემერულობაზე, მსწრაფწარმავლობაზე, მოთხრობას საფუძვლად ნამდვილი ამბავი ედო, პირადად ნახული და განცდილი: ბაკურიანთან ახლოს, არის ერთი სოფელი – ტბა. იმ ხანად, ყმაწვილობაში, პლევრიტით ვიყავი ავად და რაკიღა ტბა ერთიანად ფიჭვნარშია ჩაფლული, იქ გამაგზავნეს დასასვენებლად და სამკურნალოდ. ვცხოვრობდი ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომელთაც სამი წლის ბუთხუზა, საყვარელი ბიჭუნა ჰყავდათ. მოხდა საშინელება: ჩემს იქ ყოფნაში, ბავშვს რაღაც ავადმყოფობა დაეტაკა (ახლაც არ ვიცი, რა!) და ერთ კვირაში მოუსწრაფა სიცოცხლე. თავზარდაცემულმა, განადგურებულმა, მივატოვე იქაურობა და თბილისში გამოვიქეცი...
აი, ეს შემზარავი ფაქტი მქონდა აღწერილი მოთხრობაში. ახლა, რომ ვიხსენებ, დაწერილი იყო ზერელედ, \"გარედან\", თანალმობის გარეშე. ამას მეტნაკლებად მაშინაც ვგრძნობდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მისი გატანა დამწყებ მწერალთა წრეზე განსახილველად. ხალხი ბლომად შეიკრიფა, რამაც, ცოტა არ იყოს, ამაღელვა, მაგრამ აღელვება მაშინ გენახად, როცა აუდიტორიის ბოლო რიგში თვალებმოჭუტული, უჩვეულოთ სერიოზული რეზო ინანიშვილი დავინახე. კითხვისას მთლად უბადრუკი მეჩვენა ეს მოთხრობა იყო თუ რაღაც ოხრობა. აშკარად ვგრძნობდი რეზოს ბასრ მზერას – შუბებივით მობჯენილს, როგორც იქნა, ჩავამთავრე. დავჯექი. მერმე მავანნი გამოდიოდნენ, მგონი მაქებდნენ კიდეც, მაგრამ ეს ქება ყურიდან ყურში გამდიოდა, ჩემთვის აზრი მარტო რეზო ინანიშვილის გამოსვლას ჰქონდა. მისი მსჯავრი იყო მთავარი. თანაც, უცნაურია, წინასწარ ვიცოდი, რომ გამოვიდოდა, მართლაც გამოვიდა, გამოვიდა და, როგორც იტყვიან, ქვა-ქვაზე არ დატოვა; ახლა, რაღა თქმა უნდა, გამიჭირდება მისი სიტყვების აღდგენა, მაგრამ გულისგული ნამდვილად მახსოვს: ამნაირად წერა არ შეიძლებაო. ვინ მოგცათ უფლება ადამიანთა ასე უმოწყალოდ გამეტებისაო. იქნებ, რაც მოთხრობაშია აღწერილი, მართლაც მოხდა, მაგრამ რაც ცხოვრებაში ხდება, განა ყველაფერი გადმოცემის ღირსიაო? ლიტერატურა ახალ რეალობას უნდა ქმნიდეს, თანაც ისეთს, რაც ადამიანებს ცოტაოდენ შვებას მაინც რომ მოუტანს. შენ კი გახსნილ იარას მარილს აყრი, აკრძალული ილეთებით მუშაობ, აბა როგორ შეიძლება, სამი წლის ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტო, თუ მართლა მწერალი ხარო. რა მხატვრული აუცილებლობაა ამისაო? კიდევ თქვა რაღაცეები, მაგრამ, არსებითად, ეს იყო.
ჩავიარე უნივერსიტეტის კიბეები, გავედი ეზოში, რაღაც შინაგანი იძულებით მოთხრობა ჯიბიდან ამოვიღე, ოთხად გადავხიე და ურნაში ჩავტენე. ამით თითქოს ანგარიში გავუსწორე ყველაფერს, რაც მანამდე მქონდა გაკეთებული და ერთგვარი შვებით ამოვისუნთქე. უცებ მხარზე მძიმე ხელის დადება ვიგრძენი: რეზო იყო, ეშმაკურად იღიმებოდა. არ უნდა დაგეხია, მაგრამ რაკი დახიე, არც ეგ არის დიდი უბედურებაო – მითხრა, თუ მწერლად ხარ დაბადებული, ხვალ-ზეგ უკეთესს დაწერო. მე შეიძლება ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ ეგეც არაფერი, სათქმელი ყოველთვის პირდაპირ უნდა ითქვასო. მერმე ლიტერატურაში კომპრომისების დაუშვებლობაზე ლაპარაკობდა და მე გავიფიქრე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩემზე მთელი ათი წლით იყო უფროსი, რწმენითა და იმედით გახლდათ სავსე და სულაც არ კრთოდა ბუნდოვანი მომავლის წინაშე.

ნელა მივაბიჯებდით მელიქიშვილის ქუჩაზე, საუბარ-საუბრით, ძველი მეგობრებივით. უცებ მკითხა: სენკევიჩის ~იანკო-მუსიკოსი~ თუ წაგიკითხავსო. არა-მეთქი. მაშინ მე გათხოვებ, აუცილებლად წასაკითხიაო. მართლაც, მომიტანა ლურჯყდიანი წიგნი ~პოლონური მოთხრობები~.
...იანკო დაბადებით მახინჯია, კუზიანი, მაგრამ მოვა დრო და ამ ცირსფერთვალა, წყნარ და სათნო ბიჭში მუსიკოსის გენია იფეთქებს. დადის იგი ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ. ჯადოსნურად უკრავს ვიოლინოს. სიხარულს ანიჭებს ადამიანებს და თვითონაც ხარობს სხვისი სიხარულით. ნაზი ლირიზმი და ღრმადნაღვლიანი ტონი მსჭვალავს მთელ მოთხრობას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამით მიიქცია მან რეზოს ყურადღება. ალბათ, ამიტომ მოიწადინა, რომ მეც წამეკითხა.
ახლა, რეზოს გარდაცვალების შემდეგ, ბევრი რამ მისი შემოქმედებიდან ხელახლა გადავიკითხე, და უნდა მოგახსენოთ, შემძრა, სულის სიღრმემდე ამაფორიაქა მოთხრობებში უცნაური სიუხვით განივთებულმა ტრაგიკულმა ინტონაციებმა. მისი პერსონაჟები, იანკო-მუსიკოსისა არ იყოს, ხშირად მარტოსულები არიან, მიუსაფარნი, ალერსს მონატრებულნი, დაუცველნი, სულ ეჩვენებაო, რომ ~ქვეყნად სიყვარული კლებულობს~, რაც მძაფრი სულიერი შეჭირვების წყაროდ ქცეულა მათთვის.
~ახლა სული მტკივა და ამ ტკივილის პატარ-პატარა სიკეთეების გამოჩინებით ვცდილობ. რატომ მტკივა სული? მეჩვენება, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს~ (~ქარი ნოემბრის ტყეში~).
~კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველ პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას~ (~მოხუცი მწერალი~).
მოხუცს მშვიდი მოფერება უნდოდა. ბალახებსაც უნდოდათ მოფერება, წახრილიყვნენ ალერსიანი ხელის მოლოდინში. მოხუციც დიდი სიამოვნებით შეუშვერდა ალერსიან ხელს თავს, მაგრამ ასეთი ხელი არ ეგულებოდა ამ ქვეყნად (~წვიმა~).
მსგავსი მაგალითებით სავსეა რეზო ინანიშვილის მოთხრობები. საერთოდ, ფერები ისეთი აკვარელური სიზუსტითაა განაწილებული, რომ ღიმილი და სევდა თანაბარი ძალით აშუქებენ და იქნებ სწორედ ამიტომაც აქვს განუმეორებელი და მოუბეზრებელი ხიბლი მთელ მის შემოქმედებას.
ბევრს არ შევხვედრივარ რეზოსავით ნაკითხ კაცს. ერთ რამედ ღირდა მოსმენა, როცა იგი თავის საყვარელ ავტორებსა და ნაწარმოებზე იწყებდა მუსაიფს. ყვებოდა დინჯად, მდორედ, და გემოვნებით, კახური ინტონაციით. ამა თუ იმ ეპიზოდს სხვადასხვა მწერალთა ბიოგრაფიიდან, ანდა რომელიმე პასაჟს მავანი ნაწარმოებისას, ისეთი აზარტული ვნებითა და ხატოვნებით გადმოსცემდა, რომ დედნის ტოლფას, ჭეშმარიტ სიამოვნებას განაცდევინებდა მსმენელს. გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ყველაფერი დეტალურად ახსოვდა, რაც კი ოდესმე წაიკითხა: მნიშვნელოვანიცა და უმნიშვნელოც. მიკვირდა: მაშინ უკვე არა ერთი შედევრის ავტორს, გულწრფელი აღტაცება რომ შეეძლო, როცა სხვათა მხატვრული სიმაღლეების თაობაზე საუბრობდა. მისი იმპროვიზაციები ნამდვილი სკოლა იყო ჩემთვის. ძალიან მოსწონდა ~ბათარეკა ჭინჭარაული~. ამ მოთხრობის დასაწყისზე, სადაც ზამთრის დაფარული ვნებებია აღწერილი, გენიალურიაო, ამბობდა. ვაჟას მოთხრობაზე ~ფშაველი და მისი წუთისოფელი~, იტყოდა ხოლმე: ~ერთი ეგეთი მოთხრობა დამაწერინა და მერე მომკლაო~. როცა დიდი იაპონელის – აკუტაგავა რიუნოსკეს კრებული გამოვიდა რუსულად, ახალი, ჯერ უცნობი სამყარო გაიხსნა ჩვენთვის. ახალი იყო მისი თემატიკა, კიდევ უფრო მეტად, ახალი იყო გამოხატვის ხერხები. რეზო ჟინიანი ჩაკირკიტებით კითხულობდა და თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ აკუტაგავას ორი ბრწყინვალე მოთხრობა - ~დიალოგი წყვდიადში~ და ~ცხოვრება იდიოტისა~, სწორედ მისი თხოვნითა და ჩაგონებით ვთარგმნე (სამწუხაროდ რუსულიდან).
ფართო ლიტერატურულ-მხატვრული ინტერესები ჰქოდა. თითქმის ყველა წინამორბედი ოსტატისაგან უსწავლია ~ცოტა რაღაცა~, მეორე ეს ყოველივე, საკუთარი ~სულის ქურაში~ გადაუდვნია და შეუქმნია თვისებრივად ახალი პროზა, რომელიც არავის ჰგავდა და მხოლოდ და მხოლოდ ინანიშვილისეული გახლავთ: ტრადიციულიცაა და თანამედროვეც – ერთსა და იმავე დროს. მის უშუალო წინამორბედთა შორის აქ შეიძლებოდა დაგვესახელებინა: ვაჟა და ნიკო ლორთქიფანიძე, ჰემინგუეი, ტრუმენი და აკუტაგავა, ჩეხოვი და ბუნინი, კნუტ ჰამსუნი, ისიკავა ტაკუბოკუ, რედიარდ კიპლინგი და მრავალი სხვა. ცხადსახილველია, აგრეთვე, თანამედროვე კინოს მონტაჟისა და მხატვრობის, განსაკუთრებით ფიროსმანის, მოდილიანის, ცა-ბაიშისა და უტამაროს გამოძახილიც.
ამავე დროს მას მკაფიოდ დაფორმულებული ლიტერატურული მრწამსი ჰქონდა. თავს ვერ ვიკავებ, მინდა ორიოდე ციტატა მოგაწოდოთ ამ მოსაზრების დასტურად:
~მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირვარამისა, თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს. ათბობდეს შეციებულს, აწყნარებდეს, მიწისკენ ეწეოდეს აღზევებულთ, აპარპაშებულთ~.
და კიდევ:
,,პირველყოვლისა, მწერლობამ უნდა იაზროვნოს სრულად, არა ცალმხრივად. მწერლობა კიდევ უფრო მახვილი თვალით უნდა აღიქვამდეს სამყაროს. მწერლობა უნდა აფხიზლებდეს თითქოსდა ეიფორიულ გაბრუებაში მყოფ ადამიანებს: შეხედეთ, ეს დედა, ეს ბავშვი, ეს მერცხალი, ეს ხე, ეს ყვავილი, ეს პური! Gჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობდნენ: ადამიანი მუდმივად მოზიდულ მშვილდს ჰგავს, ეს მშვილდი რომ არ გატყდეს, ამიტომ არსებობს ხელოვნება. ყველა მწერალი უნდა შეეცადოს, რაღაცით მაინც დაემსგავსოს სიცოცხლის აღმომცენებელ წვიმას. რაც უფრო მეტი იკისრებს ამ მისიას, მით უკეთესი! სხვა რა?!~
ხოლო ბორხერტისაგან გადმოკეთებულ მინიატურაში (,,მწერალი~) ერთი ასეთი ფრაზაა: ,,არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მწერალი გრძლად წერს თუ მოკლედ. მთავარია, კარგად წეროს~.
რეზო ინანიშვილი მოკლედ წერდა:
მის მოთხრობებში ყველაფერია: მკაფიო აზრი, კომპოზიციური სიმწყობრე, ქვეტექსტი, უზუსტესი დეტალი, სხარტი დიალოგი, სევდისა და სიხარულის უცნაური ნაზავი, უკიდურესობამდე დაწურული ფრაზა, ცინცხალი იუმორი, რომელიც ხშირად გროტესკში გადადის, ფაქიზი, გამჭვირვალე, პოეზიის რანგში აყვანილი ლირიზმი, მძაფრი დრამატიზმი. აქ არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, ახლად მკერდაფეთქილი გოგოები, ტიღა ბიჭები, სხვადასხვა პროფესიის კაცები _ მხვნელ-მთესველები, ხარაზები, მჭედლები, მევენახეები, შოფრები, ინტელიგენტები... აქ არიან ცხოველები, ფრინველები, აქ არის ხე, ბალახი, წყარო, ღრუბელი, ნისლი, ორღობე, წვიმა, თოვლი, შორი, თეთრი მწვერვალი, წელიწადის ოთხი დრო... აქ არის კიდევ ბევრი რამ; რაც მთავარია, აქ არის დიდი სიყვარული, თანალმობა და კეთილი, ძალიან კეთილი გული. ეს გახლავთ სამყარო, რომელიც ,,უთვალავის ფერით~ იშლება ჩვენს წინ და რომლის უზენაესი შემოქმედი რეზო ინანიშვილი გახლავთ. ზუსტად ისე, როგორც გალაქტიონმა ბრძანა ვაჟა-ფშაველაზე: ~ის მეფე იყო, ჰქონდა თავისი სამეფო და ჰყავდა თავისი ხალხი, ოქროს სჭრიდა საკუთარი შტამპით~.

ამით ალბათ ბევრი რამაა ნათქვამი.
კარგად წერა... ისე იოლად ვამბობთ, თითქოს ჩვეულებრივი რამე იყოს და ყველას ხელეწიფებოდეს. ერთხელ, რაღაც სხდომაზე ვიყავით მწერალთა კავშირში, გვერდიგვერდ ვისხედით. რეზოს მუხლებზე ქაღალდი ედო და თავჩაღუნული ხატავდა სახლს, ქარისაგან წახრილ ხეებს, შორეულ მთებს... (ხატვა ძალიან უყვარდა და მშვენივრადაც გამოსდიოდა). მომხსენებელი, ცნობილი მწერალი და კრიტიკოსა, გაცვეთილი, მედროვე კაცი, ეშხში შესული, აბეზრად გვმოძღვრავდა ლიტერატურის იდეურობის თაობაზე, რეზო ხატავდა და არც კი მეგონა, თუ უსმენდა ამ მიეთმოეთს, უცებ, სავსებით მოულოდნელად, წამოდგა და მომხსენებელს მიახალა:
- გეყოთ რა, ხალხო, ნუ გააჭირეთ საქმე, მართლა და მართლა, მაგ თქვენი იდეურობით, კარგად უნდა წერა, ისე, რომ მკითხველის გულს მოხვდეს, მთელი იდეურობაც ეგ არი. ნეტა ვის სჭირდება ამდენი ლაილაი?!
თქვა და დაჯდა, ვითომც არაფერი. მომხსენებელს ენა ჩაუვარდა, დარბაზი გაისუსა, თითქოს მეხი გავარდნილიყოს. მაგრამ ეს სულ წამით მოხდა. ორატორი სწორედ კაცის ჯიშისა იყო, საიდანაც გინდა გადმოგეგდო, ფეხზე დადგებოდა. ახლაც სწრაფად მოეგო გონს და აიწყვიტა, მაგრამ რა აიწყვიტა: რაო? იდეურობას უარყოფს ინანიშვილი? ხომ არ დაავიწყდა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობსო? და საერთოდ, რა ლაპარაკიაო ეს? საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას ვაყენებთ ეჭვქვეშ? თუმცა რა გასაკვირია. ყველამ ვიცით, რომ სწორედ ინანიშვილის შემოქმედება გამოირჩევა უკონცეფციობითა და წვრილმანთემიანობით, აბსტრაქტული, არაფრისმთქმელი ჰუმანიზმითო...
იჯდა რეზო თავჩაღუნული, ვითომ ბუზიც არ აფრენოდეს, ხატვას განაგრძობდა. როცა გვიან, მაჩაბლის ქუჩას დავუყევით, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: \"რად გინდოდა იმ ვიგინდარასთან შებმა-მეთქი\", \"ნეტაი შენო, მითხრა, მაგ ტუტუცს ჩემი \"უფსკრული ქალაქში\" უკონცეფციო მოთხრობად მიაჩნია და ამის შემდეგ, რაღა უნდა ველაპარაკოო, საერთოდ, მაგან რა იცის იდეურობა რა არისო. მაშინ ტაკიბოკუს ეს პაწია ლექსიც უიდეოა და უკონცეფციო ყოფილაო. და წამიკითხა (რუსულად): \"სადღაც კუნძულზე, აღმოსავლეთ ოკეანეში, წყლისპირას ვზივარ თვალცრემლიანი და პაწაწინა კიბორჩხალას ვეთამაშები\".
აქვე შევნიშნე, რომ \"უფსკრული ქალაქში\" ერთი ყველაზე ტრაგიკული მოთხრობათაგანია რეზო ინანიშვილის შემოქმედებაში, ოღონდ ეგაა, თავისი მკითხველი სჭირდება, გემოგახსნილი, ლიტერატურის ხვეულებში გარკვეული.
არ უყვარდა საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკი, იმდენად არ უყვარდა, რომ ზოგჯერ, ღმერთო შეგცოდე, კაცს ეგონებოდა, რეზო სხვა იყო და მისი მოთხრობების დამწერი სხვა. თუ მაინც მივეძალებოდი და ახლდაბეჭდილი მოთხრობების ქებას დავუწყებდი, ხელს ჩაიქნევდა: \"ამქვეყნად რამდენი კარგი მწერალია, მოდი იმათზე ვილაპარაკოთო\".


***
ჩვენმა ურთიერთობამ სხვა მადლი შეიძინა, როცა მე მეგობარზე ერთი პაწია, ეზოიან-ბაღიანი სახლაკი ვიყიდე. ვისაც სართიჭალის გადასახვევიდან თელავისაკენ მოკლეზე უმგზავრია, იმან იცის, გომბორში ისე ვერ ახვალ, თუ ძირძველი სოფელი უჯარმა არ გაიარე. აი, ამ უჯარმაში, თემშარიდან მყუდრო გადასახვევის ბოლოს, დგას მწვანეში ჩაფლული პატარა სახლი, ინანიშვილების ბუდე. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს ადგილი იყო რეზოს სულისმოსაბრუნი ადგილი, მისი ერთადერთი ნავსაყუდელი. \"არსად ისე ლაღად არ ვგრძნობ თავს და ისე კარგად არ მეწერება, როგორც აქო\", - უთქვამს ხშირად. სისუფთავე, სისადავე და კეთილშობილი სიღარიბე სუფევს ამ სახლში (\"როცა შენს ერს უჭირს სულიერადაც და მატერიალურადაც, უზნეობაა მწერალი კარგად ცხოვრობდესო\", - რეზოს ფრაზა გახლავთ). სწორედ ამ სახლში დაიწერა დიდი ნაწილი მისი შედევრებისა.
ადრეული გაზაფხულიდან დაწყებული, ზამთრის ჩათვლით, მე თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიწევდა გომბორში ასვლა. ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ მყუდრო გადასახვევთან მანქანა არ გამეჩერებინა და ინანიშვილებისათვის არ შემეძახნა: \"ოჯახიშვილნო!\" მაშინვე გამოჩნდებოდა გაბადრულ-გაღიმებული ქალბატონი როზა, ანდა, მშვენიერი, სათნო მარინე, ოჯახის რძალი: \"მობრძანდით, მობრძანდითო\", ბოლოს გამოვიდოდა რეზოც. დინჯად, ზოზინით, სახეზე კმაყოფილება და სიხარული ეწერა. ჩამომართმევდა ხელს ღონივრად, გადავკოცნიდით ერთმანეთს დიდი ხნის უნახავებივით, მერმე ბაღისკენ გამიძღვებოდა და ჩუმად, ეშმაკურად მეტყოდა: \"შენ რომ მოგეწონება, ისეთი ღვინო მაქვსო\". მე ყასიდად ვიუარებდი. მეჩქარება-მეთქი, მაგრამ როზა უკვე მაგიდასთან ფუსფუსებდა, ხოლო მარინე, იქვე, სასადილოში გარბოდა ხინკლის შესაკვეთად.
უჯარმა... ვყოფილვარ იქ, რეზოს წყალობით, \"ზავოდობაზე\", ასე მშვენივრად რომ აქვს აღწერილი, ჩვეული იუმორით, ერთ მოთხრობაში. ვყოფილვარ \"ღორის ქელეხშიც\", სადაც გვარიანად აგვიბნიეს თავგზა კახელებმა. არ დამავიწყდება, რეზო გაუთავებლად, ტონს აცდენილი, საყვარლად მღეროდა:
ბიჭმა გოგო მოატყუა, ჩიტის ბუდე ვიციო,
დაიჭირა და აკოცა, აი, ასე ვიციო...

***
(გაგრძელება ქვემოთ)

Arrow


Last edited by Admin on Mon Feb 07, 2011 6:54 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თეიმურაზ მაღლაფერიძე   Mon Feb 07, 2011 6:44 pm

თეიმურაზ მაღლაფერიძე

"მეჩვენა, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს"
(რევაზ ინანიშვილის - კაცისა და მწერლის გახსენება)


(დასასრული)

***
ჩემი ვაჟიშვილი ახლადდაქორწინებული გახლდათ. გომბორში პატარა სუფრა გავმართეთ. ცხადია, რეზოც ბრძანდებოდა. მეორე დილით, სისხამზე, ისევ ამოვიდა უჯარმიდან: \"მარტო ვერ გავძელი, თქვენთან მინდაო\", _ გამოგვიცხადა ალალად. თვითონვე განსაჯეთ, ასეთ დროს სტუმარი, თანაც რეზო ინანიშვილი, რა ცის გახსნა იქნებოდა ჩემთვის. ია-იების დრო იდგა, ეზო ლურჯად იყო გადაბურბურებულ, ცნობის წამღები სურნელება შვენოდა ირგვლივ. რეზომ დიდი კონა მოკრიფა სათუთად და პატარძალს მიართვა. მერმე, არ ვიცი, ვისი იდეა იყო, მანქანაში რაღაც საჭმელ-სასმელი ჩავაწყეთ და გომბორის უღელტეხილისკენ გავწიეთ- ხვეული გზებით, სულ მაღლა და მაღლა. ავედით უღელტეხილზე, შევსვით \"ჩარკვიანის წყარო\", გზას ვუგანეთ და მარჯვნივ გადავედით. აქ ერთი თეთრი, გლუვი, კვერცხივით სუფთა ქვა ვიპოვეთ და პურმარილი იქ გავშალეთ. ქვემოთ, ცრიატ ნისლებში მოჩანდა მთა-გორების რბილად მოხაზული კონტურები და ღარტაფში ჩაწოლილი სოფელი გომბორი. ვისაც ამ სანახებისათვის თვალი არ მოუვლია, არ თქვას საქართველო ვიციო! რეზო თამადობდა, თუმცა, ეს არ იყო თამადობა ჩვეულებრივი გაგებით. ეს იყო ერთი გაბმული ღაღადისი თავის მიწა-წყალზე, თავის ხალხზე, ენაზე, საერთოდ ადამიანზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცისა, რომელმაც მშვენივრად, ზედმიწევნით იცის, რომ ბუნება ჩვენშია და ჩვენ კიდევ, ბუნებაში და ამ საოცრების დაფასებაც ძალუძს. ირგვლივ მიდამო ბიბლიური სიმშვიდით სუნთქავდა, ჩვენი სულები მშვილდის ლარივით იყვნენ მოჭიმულნი, თვითეული კუნთით ნერვი ექსტაზით თრთოდა და ცახცახებდა. არ ვიცი, ალბათ ასეთი წუთებია ადამიანისთვის, უმაღლს ბედნიერებად რომ უნდა ჩაითვალოს, რეზო მუხლებზე დაემხო, მიწას ემთხვია.

ქეიფის მეტი რა მინახავს და სადღეგრძელოების მეტი რა მომისმენია, მაგრამ ასეთი არაფერი! ალბათ, დაახლოებით იმასვე ფიქრობდა რეზოც, რაკიღაA მერმე, ყოველ შეხვედრაზე, იმ უცნაურ სერობას მაგონებდა ხოლმე. მაისში კი, იმავე წლისა, `ლიტერატურულ გაზეთში~ 50 წლის შესრულება მომილოცა და სხვა კარგ სიტყვებთან ერთად ესეც დაწერა:
`50 წლისა გახდი, ორმოდაათი წელი თითქოს ყველაზე თვალსაჩინო მწვერვალია კაცის ცხოვრებისა, მაგრამ ეს მაინც არ არის ის უმაღლესი მწვერვალი, რომლის მიღწევაც შეუძლიათ ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში. მე გისურვებ, სწორედ ამ მომდევნო, მაღალი მწვერვალების დაპყრობას. და რას გისურვებ კიდევ: ჩვენ ხომ ერთი მაგიდასავით ვეება ქვა გვაქვს დათქმული გომბორის უღელტეხილზე, სადაც მუხლმოყრით ვმდგარვართ და ზვიადი კავკასიონის მაყურებლებს, გულმხურვალედ გვილოცია ჩვენი ქვეყნის სიკეთისთვის. ნუ გამოგლეოდეს მუხლში და გულში ძალა მრავალ ათეულ წელს, რათა მერე კიდევ მრავალათეულჯერ ასულიყავი იმ უღელტეხილზე და გეხაროს ჩვენი ქვეყნის სიდიადით!~

მიაქციეთ ყურადღება: \"ასულიყავ\"... და არა \"ავსულიყავით\", \"გვეხაროს\"... რა იყო ეს? წინათგრძნობა,რომ უღელტეხილზე ერთად ვეღარ ავიდოდით? არ ვიცი. ეს კია: რეზოს სხეულში უკვე ბუდობდა ის ავბედითი, წყეული სენი, რომელიც მერმე და მერმე მწვავედ გაღრმავდა და ბოროტად გამოიკვანძა.
მაშინ იგი მწერალთა კავშირის მდივნად მუშაობდა. უნებლიედ მეღიმება, ამას რომ ვწერ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: არც მინახავს და არც გამიგია თანამდებობით ასე გულწრფელად შეწუხებული კაცი, რეზო რომ იყო. ვინ მოთვლის, რამდენი მისი კოლეგა დანას დაეხეოდა ამ თანამდედობის გულისთვის, რეზოსთვის კი ერთი გაბმული წვალება იყო და მეტი არაფერი. მდივანი გოგონას გამოსაძახებლად ზარის ღილაკზე თითის დაჭერა ესიკვდილებოდა: არ შევაწუხოო. თუ რამე სჭირდებოდა, ადგებოდა და თვითონ ეტყოდა, ანდა სულაც თვითონვე გააკეთებდა. უამრავი მთხოვნელი და შემწუხებელი ჰყავდა. ზოგი ისეთ საქმეზეც აკითხავდა, რომ ბაიბურშიც არ იყო და ბუნებრივია, ხელის გამართვაც არ შეეძლო. ამაზე წუხდა, ნერვიულობდა, ერთთავად დაძაბული იყო. \"ღამეებს თეთრად ვათენებ, აღარ ვიცი, რა ვქნა, არ არის აქ მუშაობა ჩემი საქმე, რამდენი ხანია, სტრიქონიც არ დამიწერიაო\". ავადმყოფობა კი თავისას აკეთებდა: რაღაც არაბუნებრივად გასუქდა, უფრო სწორედ, დასივდა, სახე შეუშუპდა, თავის კანტური დასჩემდა, მოძრაობაც დაუმძიმდა. წერით კი კვლავინდებურად ბრწყინვალედ წერდა. თითქოს ღვთის თვალი ტრიალებდა მის მოთხრობებში, თვითოეულ სტრიქონს გაბრძნობილი ოსტატის ხელი ეტყობოდა. აქვს ვაჟა-ფშაველას მინიატურა: ~კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა~. არ მოვყვები მის შინაარსს, თქმით კი, აი, რა თქვა კლდემ: \"გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!\"
მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებში ერთგვარად კოდირებულია რეზო ინანიშვილის შემოქმედების დვრიტა: ეს გახლავთ სულიერ ფასეულობათა ჭეშმარიტად გადაუფასებელი უწყვეტობა, რაც ერს აძლებინებს ამქვეყნად და სამომავლო ხერხემალს უქვიტკირებს.
რეზო ინანიშვილი, ამ ხერხემლის ჩუმი, გარნა უერთგულესი ბურჯი იყო, თუმცაღა სულ აწვალებდა მსახვრალი ეჭვი, რომ: \"ქვეყნად სიყვარული კლებულობს\", რაც გლობალური ტრაგედიის წყაროდ მიაჩნდა.
ამასობაში იმძლავრა ავადმყოფობამ. მეტყველება დაუმძიმდა, წერის უნარმაც შესამჩნევად იკლო. იწვა ერთ საავადმყოფოში, მეორეში, მოსკოვშიც ჰყავდათ, მაგრამ მკურნალობის შედეგებმა მაინცდამაინც ვერ გაგვახარა. როგორც შემდეგ გაირკვა, საუბედუროდ, არასწორად უმკურნალიათ, რითაც საბოლოოდ მოუთავეს ხელი. საუბრის ხალისი დაკარგა, იჯდა საათობით ჩუმად, ღრმა ფიქრებში წასული, თუ დაელაპარაკებოდი, ჭკვიან, ან დაბინდულ თვალებს მოგაპყრობდა, მაგრამ გისმენდა თუ არა, ესმოდა თუ არა შენი, ძნელი სათქმელია. რაზე ფიქრობდა? ვის იგონებდა ეს ნაადრევად მოღლილი დიდი მწერალი?
შარშან, ამ დროს (შემოდგომაზე), ჩვეულებისამებრ, გავუარე უჯარმაში: \"ოჯახიშვილნო\"! – დავიძახე, როგორც ყოველთვის. შემომეგება როზა, სევდიანი, ჩაფერფლილი ღიმილით. \"აი, იქ არის, ჭერმის ძირშიო\", მითხრა რატომღაც ჩურჩულით. ბებერ ხესთან, რეზო ჯორკოზე იჯდა, უხვად დაცვენილ ჭერამს აგროვებდა და ჭამდა. ჭამდა ზანტად, მძიმედ. დამინახა, ჩამქრალი თვალები წამით ნაპერწკალმა გაუნათა, მაგრამ მაშინვე ისევ მიებინდა. ქალბატონ როზას სატირლად მოექცა სახე. ~რეზო ვერ იცანი? ჩვენი თემოა, არ გინდა, დაელაპარაკო?\" \"ჰო, ჩვენი თემო, მაშ კაცო\"! – თქვა და ჭამა განაგრძო. ხაოიანი ბურთი ამომაწვა ყელში, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავბღავლებულიყავი, ქალბატონმა როზამ განზე გამიხმო, შემომტირა: \"ამ ბოლო დროს ისე დაბეჩავდა, ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგა, უმეტესწილად თვლემსო. მართლაც, ჩემს წინ იჯდა უკიდურესად დამაშვრალი კაცი. მივედი, გულზე მივიხუტე მისი ძვირფასი, ჭაღარა თავი, რამდენჯერმე ვაკოცე ჩამდუღრებულმა. \"ჰო, კარგი, კარგი!\" - ჩაიბურდღუნა თითქო დარცხვენილმა. მეტის გაძლება აღარ შემეძლო, წამოვედი ცრემლების ყლაპვით. უნებლიედ გამახსენდა მისი ერთი მინიატურა, რომელიც ახლა განსაცვიფრებლად წინასწარმეტყველური მეჩვენება.
\"ზის დიდი, ტოტებდაზნექილი ჭერმის ქვეშ, ძირხვენებისა და კულუმხოს ფართო ფოთლებს შორის, უკვე ხნიერი, თმაშეთრთვილული მამაკაცი და როგორც სანუკვარ მუსიკას, ისე ისმენს ნაყოფთა ცვენის კანტიკუნტ ხმებს\".
მეტი არაფერი... ვაი, რომ მეტი არაფერი.


***
რეზო ინანიშვილი კვდებოდა, ეს ჩვენ ყველამ ვიცოდით, მაგრამ შველა არსაიდან იყო. ძალზე კომპეტენტურმა კონსილიუმმა, რომელიც სახლის გადასხმის ინსტიტუტში შედგა ბატონი დავით გეგეშიძის ინიციატივითა და მონაწილეობით, სანუგეშო ვერაფერი თქვა: პირიქით: ავადმყოფობა იმ ფაზაშია, კიდევაც რომ წავიდეს გერმანიაში სამკურნალოდ, დადებითი შედეგი გამორიცხულიაო, დაასკვნეს. ეს მწარე ფრაზა მაშინ ითქვა, როცა ქალბატონმა როზამ მანქანაში ჩასაჯდომად გაიყვანა რეზო. კონსილიუმს ბატონი ჯასუღ ღვინჯილია და მე ვესწრებოდით. ადვილი წარმოსადგენია, რა გუნებაზეც დავდექით.
საბურთალოს ქუჩაზე, მის სახლთან, ქალბატონმა როზამ ხელი გამოსდო, უჩვეულო ნელი ნაბიჯით გაემართნენ სადარბაზოსაკენ – ცხოვრების განუყრელი თანამგზავრები, ათას ჭირსა და ლხინში გამოვლილი მეუღლეები. ასე დამამახსოვრდა საბოლოოდ: სადარბაზოს ბნელი ღობისაკენ ტაატით მიმავალი, ბეჭებში მოხრილი, უმწეო...
ამის შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს.
იდგა დეკემბრის თვე, დასაწვავი დეკემბრის თვე 1991 წლისა, როცა ბედკრულ საქართველოში ძმისმკვლელი კაენის სული კიდევ ერთხელ (მერამდენედ?) აღზევდა და სისხლის ტბები დააყენა. ქუხდნენ ქვემეხები, კაკანებდნენ ტყვიამფრქვევები, იწოდა და ინგრეოდა ქალაქი, იჟუჟებოდნენ რჩეულ-რჩეული ბიჭები. ერმა დაკარგა არსებობის საზრისი, შუაზე გაიპო, ვის რა უნდოდა, ვინ რას აკეთებდა, თვით მამა-უფალიც ვერ მიხვდებოდა. სწორდებოდა მიწასთან თაობების ოფლით ნაგებ-ნამუშაკევი. ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი ჩუმად კვნესოდა ცოდვიან უგუნურთა მიერ ათას ადგილას დაჭრილ-დაფლეთილი. ვინ იყო მტყუანი? ვინ მართალი? არავინ იცოდა, საქართველო რომ უფსკრულისაკენ მიექანებოდა, ამას ყველა გრძნობდა.
აი, ასეთ დროს კვდებოდა რეზო ინანიშვილი, ამბობენ, სიკვდილის წინ ყველა ადამიანს რაღაც ახლზე თავისი, საკუთარი, პიროვნული ეზმანებაო. ალბათ, მართალია. და თუ მართალია, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეზოს სიკვდილის წინა ზმანება, სწორედ ისეთი იყო, როგორც ერთ მოთხრობაში აქვს აღწერილი: \"თვალები დავხუჭე... აი, ამ ყოფაში შემოვიდა რაღაც საამო, რაღაც ნათელი. გავიხედე და დამბლა დამეცა: იმ თოვლში იმ ბნელ ბურუსში, მკვრივი, არაამქვეყნიერი ნათელი მოდის, მოჰყვება შარავანდედად წვრილ-წვრილი ჩიტებისა და პეპლების მგალობელი გუნდი. ვუყურებ ამ ნათელს და ვარჩევ – ქალს! მთლად ოქროსფერს, თმის ოქროსფერ ნაკადებში გახვეულს. მოდის, ახლოვდება, მოანათებს თმებით, თვალებით, ყველაფრით, ჟინიანად მოადგამს შიშველ, ოქროსფერ ფეხებს, ზეიმით მოაქვს პატარა, შეკუმშული, თავმსხვილი ძუძუები, უკანაც თმა მისთრევს, თმაა თუ შუქია ადევნებული. წინ მიუძღვის ჩრდილისფერი, გრძლადაძაგრული ორი ვეება მგელი, ნაბიჯი ნაბიჯთან აქვს შეწყობილი, ჩემკენ შემობრუნებული თვალები ყურადღებით აქვთ სავსე, მოანათებენ თეთრ ლოჯებს. ქალი ესევე, სიარულშივე მოიხედავს ჩემკენ... რა სიხარულის ცისფერი სინათლე ედგა თვალებში, რა სიკეთის ღიმილით ეღიმებოდა აქეთ-იქით ოდნავ მაღლა აზიდული ტუჩებით! წავიდა ისევე გაბრწყინებული, გაუძრვნენ წინ ნაბიჯშეწყობილი მგლები, გაჰყვნენ მგალობლები, ჩიტები თუ ოქროსფერი პეპლები\".

წავიდნენ და თან წაიყოლეს რეზო ინანიშვილის ნათელი, გამჭვირვალე სული.

დასაფლავების დღეს, 31 დეკემბერს, მსუსხავი ქარი უბერავდა და ხოშორი თოვლი აყრიდა. განუწყვეტლად ისმოდა ჭურვების ბათქი და ტყვიების თარსი წული. რეზო იწვა მშვიდად, ოდნავ იღიმებოდა.
მე მიყვარდა ეს კაცი!
მიყვარდა მისი მწერლობა: მაღალნიჭიერი, კეთილი, დიდი ოსტატობით აღბეჭდილი.
მე მიყვარდა მისი ცხოვრების ნირი: მართალი, სადა, ალალი...
ღმერთმანი, ბედნიერი ყოფილა იგი, ჩვენი, ქართველების ასეთ სიბეჩავესა და სიდუხჭირეს რომ არ შეესწრო. მართლაც: \"გაგვიბატონდა, მგოსანი, სირეგვნე შეუწონარი\".
აქვს რეზოს ერთი ჩანაწერი:
\"არაფერია იმაზე კარგი მიცვალებულისათვის, ორიოდე კაცმა მიაცილოს სასაფლაოს მყუდრო კუთხეში, რაღაც წაიპუტუნოს თავისთვის სამოსგაქუცულმა მღვდელმა, ჩაუშვან მიცვალებული მიწაში, იქვე წაუქციონ თითი ჭიქა და წავიდნენ საქმემორჩენილები თავთავიანთი გზით. ცოტა ხანში შემხმარმა ფოთლებმა დაფარონ საფლავის ბორცვი. ასეთი ბედნიერები იყვნენ მოცარტი და ფიროსმანი\".
ასეთი ბედნიერი იყო რეზო ინანიშვილიც, - დავუმატებდი მე, რამეთუ ყველაფერი აუხდა, რაც ინატრა და იწანასწარმეტყველა: იყო სასაფლაოს მყუდრო კუთხეც, მღვდელიც, ჭიქის წაქცევაც... მხოლოდ ხმელი ფოთლების ნაცვლად, ფიფქებში დაფარეს მისი ობოლი სამარე.
აი, ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი სხვა გამახსენდა ერთ ჯანღიან დღეს, გომბორში, როცა წვიმით გაწუწულ, ლალისფრად აღუდღუდებულ ალუბალს ვუყურებდი, რეზოს მიერ დარგულს, ჩემი ფანჯრის წინ.
საქართველოში ყველას თავისი რეზო ინანიშვილი ჰყავს. მე ჩემს რეზოზე გიამბეთ.


გომბორი,
1992 წ. აგვისტო


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თეიმურაზ მაღლაფერიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: