არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ნადირაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ნადირაძე   Thu Feb 03, 2011 10:32 pm


Nino Nadiradze

ნინო ნადირაძე

მარიამ წიკლაურის “ეკოლოგიურად სუფთა” პოეზია

მე არც პროფესიონალი კრიტიკოსი ვარ და არც ლიტერატურათმცოდნე, ერთი რიგითი მკითხველი გახლავართ, თუ ეს პროფესიად შეიძლება ჩაითვალოს, ვიყო პროფესიით მკითხველი, ამას რას სჯობს. გულისტკივილით მინდა ავღნიშნო ისიც, რომ კარგი მკითხველი, ისევე დიდი იშვიათობაა ჩვენს დროში, როგორც სუფთა და ნამდვილი პოეზია და პოეტი.

დაე, ჩამთვალონ ძველმოდურ ადამიანად, თუმცა არც უფროსი თაობის წამომადგენელი ვარ, მაგრამ მაინც. ამ სტატიის დაწერა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გადავწყვიტე პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ პოეტის შემოქმედების მოყვარული ვარ და მეორე იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი ლირიკული და საბავშვო ლექსების კრებულის ავტორია, მე მაინც ვგრძნობ, რომ საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღება არაა მის მიმართ მიპყრობილი და ეს ძალიან მაწუხებს, ისევე, როგორც ალბათ ბევრს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც რამდენიმე ხნის წინ ჩემმა ნაცნობმა მთხოვა ჩემი ახლობელი რაღაც პროექტს აკეთებს და თუ შეგიძლია, ჩამომითვალე რამდენიმე პოეტი, ახლა ვინც მოღვაწეობსო, როდესაც მარიამი ვუხსენე, გაუკვირდა და არ ვიცნობო მითხრა. მაშინ დავფიქრდი ზუსტად ამაზე, მითუმეტეს, რომ ასეთი პოეტი კიდევ ბევრია ჩვენს თანამედროვეობაში.

სწორედ რამდენიმე ხნის წინ გამოიცა მარიამ წიკლაურის პოეტური კრებული “თეთრი ხბორები”, რომლის პრეზენტაციაც ნ. დუმბაძის სახელობის თეატრში მოეწყო. მეც ვესწრებოდი ამ მოვლენას. დარბაზში ვისხედით როგორც პატარა თაობის წარმომადგენლები, ასევე, რა თქმა უნდა, უფროსი თაობის ადამიანებიც და იშვიათია, რომ ორივე თაობის წარმომადგენლებმა ასე ერთნაირად კარგად მიიღონ პოეტი პოეზია და მისი სამყარო. როდესაც მარიამი თავის ლექსებს კითხულობდა, იყო ერთნაირი რეაქციები დარბაზიდან, ვაკვირდებოდი ყველას, როდის იღიმოდნენ, როდის როგორი სხივი ქონდათ თვალში ავტორის კითხვისას და ამას მაშინ მივხვდი. ეს ალბათ მარიამის ადამიანური ბუნებიდანაც მოდის, იმიტომ, რომ როდესაც მე, ერთი რიგითი მკითხველი რაიმეს ვკითხულობ, რატომღაც მიჩნდება სურვილი, რომ მისი ავტორი, დამწერი, კარგი ადამიანი იყოს. ეს მკითხველის თვისებაა, ასე მგონია.

მარიამ წიკლაურის პოეტური სამყარო ისეთია, ჩემს გულს რომ ეხმიანება.

თითქოს ერთი დიდი ბავშვის ნაფიქრალიაო, ისეთია მისი ლექსები. ბავშვისა, რომელსაც უთვალავი კითხვა უჩნდება, ცხოვრობს, მეუღლე ხდება თუ დედა, მიდის წინ და დაუსრულებლად უჩნდება კითხვები, რომელსაც უფალს უსვამს და მთელი თავისი გულუბრყვილობით მინდობილია მის ნებას, ამბობს, “სინათლის დედა დამაქვსო მუცლითო” და ლექსს ისე საოცრად ამთავრებს:

“მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს,

ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი”

როგორ შეიძლება, ამ სტრიქონების ავტორი მართლა დაიკარგოს სამყაროში, დაიკარგოს მისი სიტყვა და ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ღმერთმა არ იპოვნოს.

მარიამი თავის ლექსით მთელ სამყაროს ეხმიანება – არცერთი ყვავილი, მცენარე, მწერი თუ ცის მნათობი არ გამორჩება, და ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, სხვა რა არის ადამიანის დანიშნულება, თუ არა ის, რომ გრძნობდეს ღვთის ნაბოძებ სამყაროს, თითოეულ მის ქმნილებას, შესისხლხორცებული ჰქონდეს გარე სამყარო:

“იაა, გამხმარი ფოთლების ჩვრებში,

უშვილო მდედრის კარზე მიგდებულ

ჩვილივით მოგთხოვს აყვანას ხელში.”

ან კიდევ ეს:

“დაჩოქილიყო მიწაზე ნისლი,

Uუხმოდ ელოდა მიმწუხრის მირქმას.

ქართლს პეშვში ესხა საღამო თბილი,

და ცრემლებს წმენდდა ღაწვებზე მირკანს.

მხრებით მომქონდა ფერადი ბინდი,

ბინდი – ჩემივე სიზმრების ექო,

გზად, ზეზეულად მძინარე ხეებს

ყოჩივარდების ფლასები ეგოთ.”

მე არ მეგულება ამაზე უფრო “რწმენის პოეზია”, ქრისტიანობაში აქვს ფესვები ღრმად გადგმული და თუ რამეს ამოსძახებს, მხოლოდ მისი გრილი მიწის სუნითაა გაზავებული. დღეს, როდესაც ასე მრავლად ვხვდებით ლექსებში ყულფებს, სუიციდს და სიკვდილს, მარიამის წაკითხვა მართლაც შვებაა, სიკვდილზე ისეთი ლექსი აქვს, აი, რომ იტყვი, ეს ხომ ჩემი სათქმელიც არისო. სწორედ ამ ლექსმა აღაფრთოვანა თავის დროზე ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი და მისი მეუღლე მზეო გოგოჭური.

მარიამ წიკლაური არაა “ხმამაღალი” პოეტი, ის წყნარი შუქივითაა, ახლოს უნდა მიხვიდე, ჩუმად წაიკითხო და გათბე.

სამშობლოც მისივე თბილი შინაგანობის შუქითაა განათებული მის ლექსებში, ეკითხება კიდეც თავის ქვეყანას: “საით მეტი ხარ, საქართველოვ, ცისკენ თუ მიწისკენო”:

“რა სიყვარულის ერთგულებით ხარ

დაშანთული?

ბალავრისა ხარ,

ჩუქურთმის თუ

ქვა ხარ პიტალო?

და ყველაფერი, ყველაფერი

რაც დაგებედა,

დედაკაცივით შეგიძლია,

რომ აიტანო…”

დაკვირვებული მკითხველი აქ კარგად შემაჩნევს რომ მხოლოდ სამშობლოზე არ წერს პოეტი, აქ ქალიც იკვეთება ისე, როგორც ავტორი ხედავს მას.

თითქოს ის არის დიდი-პატარა გოგონა, ჭრელ კაბაში, შუაგულ მინდორზე წევს და შეჰყურებს ცას, ვარსკვლავებს, მნათობებს, მის გულზე წვიმს და თოვს, დადიან ქარები, ცაზე კითხულობს ბედისწერას, სიყვარულს და მმის სულშივე ხდება სიკვდილის და სიცოცხლის დაბადება, აი, ესაა მისი სამყარო, რომელსაც მე ვხედავ.

არც ცოდნა მიწყობს ხელს და არც უფლება მაქვს, რომ ტექნიკურად მივუდგე მის შემოქმედებას, ეს კრიტიკოსების საქმეა, რომელთა სიმცირეც საკმაოდ დიდი პრობლემაა დღეს, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ კრიტიკოსებს მარიამის პოეზიაში რაიმე წუნის აღმოჩენის ნაკლები შანსი აქვთ.

მარიამის პოეზიას მე ეკოლოგიურად სუფთა პოეზიას ვუწოდებ და არც ვცდები, მისი წაკითხვის შემდეგ სულიერად ჯანმრთელი რომ ვხდები, ამის დასტურია. Uუფრო მეტიც, მე ასე მგონია, ჩვენი სამყაროს ყველაზე კეთილ “მეფარნეს” ფარანივით უჭირავს მისი ლექსები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ, ადამიანებს “დანახვისა” და “აღიარების” დიდი პრობლემა გვაქვს. ერთმანეთს რომ საქებარი სიტყვა ვუთხრათ, ისიც კი გვიძნელდება ჩვენს დროში. როგორ! მერე ხომ ჩვენი ღირსებები მიიჩქმალება და ამიტომაც საკუთარის წინ წამოწევით ვართ დაკავებული.

მე უბრალოდ სურვილი მქონდა და მაქვს, რომ მარიამ წიკლაურის სახელი, მისი პოეზია უფრო მეტმა იცოდეს, ბავშვებმაც და დიდებმაც, უცხომაც და შინაურმაც, იმიტომ კი არა, რომ მასზე უკეთესი არ დაიწერება ან ისაა ერთადერთი, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს სულ სჭირდება და ჩვენს ლიტერატურას. როგორი ბავშვური გულუბრყვილობით ამბობს თვითონვე:

“აბა, რით ვეღარ დამიმახსოვრე?!

მარიამი მქვია სახელად და აქვე ვცხოვრობ.

ჩემს უმძრახ ცრემლებს შენზე ფიქრის ნაცარში გავრევ.

გმაწმინდავე, ტკივილებით მცვარე, ცისკარო!

სულ მეშინია, სიყვარულს რომ წავაწყდე გზაზე,

ვეცოტავო და ახლოსაც არ გამიკაროს.”

სიყვარულის დათესვაც ადამიანის დანიშნულებად მიმაჩნია და თუ კი ამას მთლად პოეტი აკეთებს, როგორც თავისი პოეზიით, ასევე ადამიანობით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. მარიამი კი ზუსტად ამის მაგალითია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიყვარულის ყანებს ამუშავებს და მე მჯერა, რომ “მოსავალიც” დიდი ექნება.

ჩემს ნააზრევს მისი ლექსით დავასრულებ:

“უფალო, არ ვიცი,

რამდენჯერ მომიყვან,

მაოცებს ყვავილი

ათასჯერ გაშლილი.

სიმი ვარ,

მიწის და ცის შუა

გაბმული,

შენს ხელში მჟღერი და

სხვის ხელში აშლილი…”

ამის მეტი რაღა უნდა გვითხრას პოეტმა.

მე მინდა, რომ ყველამ მართლაც კარგად დავიმახსოვროთ ის, მარიამი, მარიამი ქვია სახელად და ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით მიწევს ცხოვრება. მას კი, ეს საღვთო ჟღერადობა, რომელიც მის შემოქმედებაში ისმის, მუდამ ჰქონოდეს. ჩვენც კი, ვიკითხოთ, დავტკბეთ მისით და გავიადვილოთ ჩვენი ყოველდღიური ყოფა.


Idea

წყარო - http://taobebi.site.ge/wordpress/?p=2017

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ნინო ნადირაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: