არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 გიორგი კაკაბაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: გიორგი კაკაბაძე   Sun Jan 30, 2011 12:08 pm



გიორგი კაკაბაძე

ბმული
* http://lib.ge/kakabadze-giorgi/



ნომერი: 18204
წიგნის დასახელება: "როგორ მესმის ლიტერატურა" (კრიტიკული წერილები, პოლემიკა)
გამომცემლობა: "შემეცნება"
ფასი: 5 GEL
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
ყდა: რბილი
ფორმატი: 13/20
გვერდების რაოდენობა: 92
ISBN 978-99940-972-9-6
გამოცემის წელი: 2007
აღწერა: კრებულში თავმოყრილია კრიტიკული წერილები, რომლებიც სხვადახვა დროს ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში. ზოგიერთი ოდნავ გადამუშავებულია და შევსებულია, თუმცა უკლებლივ ყველა გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას ლიტერატურისადმი, ეხება მისი გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის საკითხებს. წერილები „პოტეროფობია,“ „საზოგადოებიდან გაქცევა“, „გოგონა საათით“, „მარადიული ცხოვრების დასაწყისი“ და ა.შ. ავტორის დამოკიდებულებას გამოხატავს ლიტერატურისადმი, მისეულ ინტერპრეტაციას გვაცნობს.




წიგნის დასახელება: "ნიკო ფიროსმანი" (დაკარგული უბრალოების ძიება)
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
ჟანრი: დოკუმენტური რომანი
კატეგორია: "ილუსტრირებული ბიოგრაფიები", მეხუთე ტომი
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა: “პეგასი"
გამომცემელი: მარინე ცხადაია
რედაქტორი: ნანა ჭიღლაძე
გამომცემლობის რედაქტორი: ნანა სუხიტაშვილი
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკა წიქარისვილი
გვერდების რაოდენობა: 324
ISBN 978-9941-9146-0-7
ყდა: რბილი
ფასი: 15.00

ანოტაციის მაგიერ:
"საქართველოში არასოდეს ყოფილა უფრო თავისუფალი შემოქმედი, ვიდრე ფიროსმანია. იგი ნებისმიერი მხატვრული სკოლისაგან თავისუფალია და არ შეიძლება რომელიმე მიმდინარეობას ეკუთვნოდეს, რადგანაც მხატვრობაში სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი მიმდინარეობა აქვს, რომელსაც მე "ფიროსმანიზმს" ვუწოდებდი", – გიორგი კაკაბაძე


© „პეგასი“ – http://www.pegasus.ge/



Last edited by Admin on Mon Jun 18, 2012 1:50 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Sun Jan 30, 2011 12:12 pm




გიორგი კაკაბაძე

გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფიროსმანი

1916 წლის 10 ივლისს გაზეთ “სახალხო ფურცლის” სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახული იყო ფეხშიშველი ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის გვერდითაც იდგა გრიგოლ რობაქიძე და ეუბნებოდა:
“უნდა ისწავლო ძმობილო! შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგზავნით ახალგაზრდათა გამოფენაზე...”.
სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, თუ როგორ გააღიზიანა ამ კარიკატურამ მხატვარი. მან ახლად ჩამოყალიბებულ “ქართველ მხატვართა საზოგადოებსთან” ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. თავისი მეგობრის, მხატვარ გიგო ზაზიაშვილის მეუღლეს კი დაუბარა:
“- ძალოჯან, მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ. ესე უთხარი: შენ გენაცვალე გიგოჯან, როგორც იმ ხალხს ჩემი სახელი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორე. მაგათი არც ქება-დიდება მინდა და არც არაფერი. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღეს, კატად გამომხატეს. ბევრს რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ... ერთად შევგროვდეთ, ერთად დავსხდეთ და “ზაკონებით” ვხატოთო... მაგრამ როგორც აქამდის მიხნავს და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესო. თავის დღეში ბატონი არა მყოლია და არც მინდა. ძალოჯან, გიგოს შემახვეწე, ჩამომაშოროს ის ხალხი, ჩამომაშოროს, არაფერი მინდა მაგათი”1.
კიდევ ერთი საყურადღებო ცნობაა შემორჩენილი ვასო ჩაჩანიძის მოგონებაში “ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი”, რომელიც როგორც ჩანს უყურადღებოდ დაუტოვებია მაშინდელ ცენზურას. როგორც მონათხრობიდან ირკვევა, ჩაჩანიძეების ოჯახში დაუმშვიდებიათ კარიკატურის გამო შეწუხებული ნიკალა:
“ჩვენ ყველანი ვაიმედებდით, რომ იქნებ გრიგოლ რობაქიძემ ინამუსოს და დაგეხმაროსო”.
მაგრამ ისმის შეკითხვა, რა შუაშია საერთოდ გრიგოლ რობაქიძე?
რა როლი ეკისრება მას ფიროსმანის ბიოგრაფიაში?
მართალია 1922 წლის გაზეთ “ბახტრიონში” გამოქვეყნებულია საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, თითქოს პირველი პუბლიკაცია ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია შეკითხვებს ბადებს. რამდენადაც ვიცით, პირველიცა და მეორე პუბლიკაციაც ფიროსმანის შესახებ ილია ზდანევიჩს ეკუთვნის, თუ არაფერს ვიტყვით უფრო ადრინდელ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ნარკვევებზე და მიშელ ლე-დანტიუს მიერ ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაზე.
იქნებ ამ შემთხვევაში სიტყვა “პირველს” სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს?
გაზეთ “ბახტრიონის” ამავე ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ რობაქიძის წერილი: “ნიკო ფიროსმან”, მაგრამ რობაქიძის ამაზე ადრინდელ წერილს ფიროსმანის მკვლევარებმა ვერ მიაგნეს.
მიუხედავად ამისა ასეთი წერილი არსებობს და იგი 1916 წლის 15 მაისის გაზეთ “კავკაზში” რუსულ ენაზე დაიბეჭდა. მას ხელს აწერს ვინმე გარრი გოლლენდი. ამ ფსევდონიმში ზმის პრინციპის მოშველიებით ადვილად იკითხება რობაქიძის სახელი “გარრი გოლენდი”. ამასთანავე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ ერთი პერიოდი გრიგოლ რობაქიძე გაზეთ “საქართველოში” გივი გოლენდის ფსევდონიმით ათავსებდა პუბლიკაციებს.
“კავკაზის” ამ წერილის შესახებ წლების მანძილზე დუმდა როგორც გრიგოლ რობაქიძის, ასევე ფიროსმანის შესახებ დაწერილი სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა. გაზეთ “კავკაზის” ეს ნომერიც ბიბლიოთეკაში ბოლო დრომდე ამოღებული იყო ხმარებიდან. ამის მიზეზები ალბათ ბევრია და ახლა მათ ვერ გავარკვევთ. მთავრი ისაა, რომ ამ წერილის გამოქვეყნებიდან 93 წლის შემდეგ პირველად გვეძლევა საშუალება გავეცნოთ გრიგოლ რობაქიძის რეაქციას ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიან გამოფენაზე, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო:


“ქართველი პრიმიტივისტი”
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენის გამო

“თანამედროვე ესთეტიკური ცოდნის ერთ-ერთი შესანიშნავი შენაძენი გახლავთ ის მდგომარეობა, რომ ყოველი ჭეშმარიტად მხატვრული ცნობიერება თავის თავში შეიცავს ავტონომიურ ფასეულობას, დამოუკიდებელს იმ “სკოლისგან”, რომლის ფარგლებშიც იგი წარმოიქმნა. ამ თვალსაზრისით ერთნაირად ფასეულია სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ნაწარმოებები. მხოლოდ მათში უნდა იგრძნობოდეს ნამდვილი შემოქმედებითი სული. სეზანი არ ხატავდა ისე, როგორც რაფაელი და არც რაფაელი ხატავდა ისე, როგორც სეზანი. მიუხედავად ამისა მხატვრობის საგანძური ვერ შეელევა ვერც რაფაელს და ვერც სეზანს. ჭეშმარიტად მხატვრული შთაგონების სფეროში არ არის წინააღმდეგობა და უარყოფა. იქ, სადაც ჩვეულებრივ წინააღმდეგობასა და უარყოფას ვხედავთ, მხატვრული ხედვისათვის იხსნება მხოლოდ ზრდა და შევსება. მხატვრულ ქმნილებაში იხსნება მარადიული შემოქმედებითი ენერგია და ამ ენერგიის ყოველი გამოცხადება თავისთავად ფასეულია. ამ თვალსაზრისით ყოველი მხატვრული ნაწარმოები მარადიულობის საკუთრებაა. ამავე დროს აუცილებელია ვაღიაროთ, რომ მხატვრული ნაწარმოები თავისი გამოვლინებით “ისტორიულია”; მარადიული მხატვრული ენერგიის ნიღაბია. მხატვრული ნაწარმოები იმავდროულად ისტორიის მოცემული მომენტის “ხორცშესხმაა”. აქედან გამომდინარეობს სკოლებისა და მიმდინარეობების განსხვავება, სტილთა და კულტურათა განსხვავება. მხატვრული აზრის თვალსაზრისით ყველა სტილი ერთნაირად ფასეულია, მხოლოდ მათში უნდა ცოცხლობდეს მხატვრული შთაგონების ჭეშმარიტი “სტილი”, ისტორიული “სახე”.
დღეს შეუძლებელია ისე წერა, როგორც ჰომეროსი წერდა და მიუხედავად ამისა, უფრო სწორად, ამის წყალობით, უსასრულოდ ვტკბებით ჰომეროსის ქმნილებებით. მათში გვაოცებს სწორედ “ადგილობრივი” კოლორიტი, რომელმაც მარადიულობის არომატი გაგვიმხილა.
მხოლოდ ასეთი გზით შეგვიძლია მივუახლოვდეთ თანამედროვე მხატვრულ ძიებებს. პრიმიტივიზმი ერთ-ერთი ასეთი ძიებაა. მხატვრული თვალი დაიღალა ფილიგრანულობითა და დახვეწილობით, მაქმანური სირთულით და დეტალური დასრულებულობით. და აი, მის წინაშე დადგა “პირველადქმნილი ბუნების” ხატი. ამ პირველქმნილებაში არის რაღაც უსასრულოდ უბრალო და იმავდროულად უსასრულოდ უხეში, არის რაღაც დაუსრულებელი და იმავდროულად მოულოდნელი – გენიალურობის შტრიხი. და ყოველივე ეს ახლებურად ელამუნება მხატვრულ მზერას. და მართლაც, როგორ არ მივეცეთ ამ მომხიბვლელობას, როდესაც ყველაზე მარტივისა და ჩვეულებრივის ფონზე მოულოდნელად გაიბრწყინებს “ბუნების გენიალურობა”: ყოვლის მპყრობელი და ყოვლის დამამარცხებელი! ამ თვალსაზრისით შეიძლება დავტკბეთ მხატვრული ლაფნით2, რამეთუ ლაფანშიც შეიძლება გამოანათოს გენიალურობამ. ვისაც არ უნდა ამას დაეთანხმოს მას შეუძლია პირველყოფილი ხალხების სკულპტურულ გამოსახულებებს გაეცნოს. მათში ზოგჯერ ისეთი გამომსახველობითი ძალაა, რომ რომელიმე ბავშვურად გამოკვეთილ რელიეფში მთელი საუკუნეა მომწყვდეული. ხელოვნებაში პრიმიტივიზმი, არის სწრაფვა, რომ ბავშვურად უბრალო გამოსახულებაში, ბუნების გენიალურობის “გამომსახველობითი ძალა” აჩვენოს. არსებითად, ასეთია ფრანგული პრიმიტივიზმის უპირატესობა.
ნიკო ფიროსმანაშვილიც პრიმიტივისტია. თანამედროვე პრიმიტივისტებისაგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ იგი თანამედროვეობის რომელიმე შეგნებული ძიებების თანაზიარი არ გახლავთ. იგი უბრალოდ “მღებავია” რომელიც აბრებს წერს. მისი მხატვრული ნიჭის აღმოჩენა ეკუთვნის ი.მ. ზდანევიჩს. იგი რამდენიმე წელი აგროვებდა თბილისის სხვადასხვა დუქნებში გაფანტულ ფიროსმანაშვილის ნახატებს. ამ დღეებში კი ამ ნახატების გამოფენა მოაწყო. ამ გამოფენამ მხატვრული ენერგიის ის უზარმაზარი ძალა დაგვანახა რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებით ნიჭშია ჩადებული. ფიროსმანი, საღებავებით მოთხრობილი ზღაპრების ჭეშმარიტი სახალხო მთქმელია. მისი ქმნილებები ისეთივე მშვენიერია როგორც ხალხური ზღაპრები. მათში უამრავი “ბავშურობაა”, უბრალოება, უშუალობა, სადა. იმავდროულად მათში უზარმაზარი გამომსახველობითი ძალა იგრძნობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი “ჟირაფი”. თუკი ვეინინგერი მართალია და ასეთი ცხოველი სიმბოლურად თავის თავში სამყაროს მეტაფიზიკურ განსაზღვრებას ატარებს. ფიროსმანაშვილის “ჟირაფში” ასეთი განსაზღვრების პოვნა ნამდვილად შეიძლება. ჟირაფის თვალები ისეთი ძალითაა გამოსახული, რომ მათი ყურების დროს უკვე გავიწყდებათ, რომ თქვენს წინაშე უბრალოდ ცხოველია და ლამის მისტიკური შიში გიპყრობთ. ასეთივე სიძლიერითაა დახატული მისი “ირემი”. “ირემი” თითქოს თიხისაა, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, რომ მისი სიმკვირცხლე ეჭვს არ იწვევს. კარგია “ქეიფი ბალახზე”3. ეს სამი ფიგურა “ორთაჭალის თბილისის” მთელი პოემაა. ისე ძლიერად იგრძნობა მათში “ადგილობრივი” არომატი. ძალიან კარგი ნახატებია, მხრებზე მტრედებიანი ორი ქალის ფიგურა, აქაც ორთაჭალის თავისებური კოლორიტულობა იგრძნობა. ფიროსმანაშვილის Nature-morte –კი პირდაპირ შედევრია და მხოლოდ შემიძლია აქ ერთი მხატვრის სიტყვები მოვიყვანო რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებდა გამოფენას: “ეს ნამუშევარი სეზანსაც პატივს დადებდა”.
ასეთია ფიროსმანი. მისი ბედი ყველასათვის უცნობია. ამბობენ გალოთდა და კახეთში გარდაიცვალაო, მაგრამ მართალია თუ არა, უცნობია. ი.მ. ზდანევიჩმა დიდი საქმე გააკეთა, ახლა ქართველი საზოგადოების ჯერი დადგა. მან მთლიანად უნდა შეაგროვოს ფიროსმანაშვილი და მას განსაკუთრებული ადგილი დაუთმოს ქართულ მუზეუმში”.

* * *
ეს უბრალო წერილზე მეტი გახლავთ, ეს მთელი სამოქმედო პროგრამაა და საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი ამას მშვენივრად მიხვდა.
საქმე ისაა, რომ ამ წლებში საქართველოში დაიწყო ევროპული ცივილიზაციის საფუძვლის, ინდივიდუალისტური ცნობიერების დამკვიდრება. გრიგოლ რობაქიძე კი მისი სულისჩამდმელი და მამოძრავებელი ძალა გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ თვალნათლივ დაინახა ის უზარმაზარი განსხვავება, რომელიც ცივილიზებულ ევროპასა და ფეოდალურ ტრადიციებში ჩარჩენილ საქართველოს შორის არსებობდა, სადაც ყველაფერი ისევე იყო გაყინული როგორც წლების წინ, როდესაც მან სამშობლო დატოვა და ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრა. ქვეყანაში აშკარად იგრძნოდა, ცვლილებების აუცილებლობა, აუცილებელი იყო არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქართული აზროვნების მოძველებული ფორმების და კოლექტიური ცხოვრების წესის შეცვლა. ამიტომ საგაზეთო სტატიებით, ლიტერატურული მოღვაწეობით, საჯარო ლექციებით თუ აშკარად გამომწვევი, ხშირად ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი პირადი ცხოვრების წესით გრიგოლ რობაქიძე ცდილობდა ცვლილება შეეტანა, გარდატეხა გამოეწვია ქართველ საზოგადოებაში და პიროვნების ინდივიდუალიზაციისთვის შეეწყო ხელი.
ახალი დრო საზოგადოებისაგან სითამამეს, გულმოდგინებას და ახლებურად აზროვნებას მოითხოვდა.
ერთ-ერთი პირველი ასეთი გალაშქრება პოეზიაზე მოხდა.
ზედმეტი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ თითქმის XIX-ე საუკუნის ბოლომდე ქართული საერო ლიტერატურა ძირითადად არისტოკრატთა გასართობი იყო. ამიტომ მკითხველ აუდიტორიას ავტორის ნათესავები და ახლობელთა წრე შეადგენდა. ფართო საზოგადოება ლიტერატურას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ეცნობიდა: ზოგი ავტორი საერთოდ არ დაბეჭდილა და მათი ტექსტები, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ხელნაწერთა სახით მეგობართა ვიწრო წრეში ვრცელდებოდა; დაბეჭდილი წიგნების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო საშუალო კლასის ხელმოკლე მკითხველისთვის; მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა. მავანი მწერალი დიდი გულისტკივილით წერდა დაბალი კლასის აუტანელ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ ეს ტექსტები დაბალი კლასისათვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, აქა-იქ გაზეთებში გაბნეული ლიტერატურული ოპუსები საზოგადოების პირადი განცდის ნაწილი არ ხდებოდა და ისინი ქვეყანაში ფასეულობათა სისტემას ვერ ცვლიდნენ.
ამის საპირისპიროდ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ხელოსან პოეტთა და ყარაჩოღელთა იაფფასიან წიგნაკებს, მათ კოლექტიური ცხოვრების წესს, აზიური ფატალიზმისა და სუფიური მსოფლმხედველობის რაღაც სინთეზს, რომელიც ძალინ გავრცელებული იყო XIX-ე საუკუნის ბოლოს და XX-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში.
გაკვირვებული ზაქარია ჭიჭინაძე წერდა:
“ბაყალი ავეტიკაც პოეტი იყო, ბაყალი არუთინაც, ბაღდასარა კალავიც, მიკიტანი გეურქაც, სირაჯი ანტონაც. ერთი სიტყვით ბუდაღ ოღლიც, სკანდარნოვიც, ხარაზი პავლე, მეჩუსტე ნიკოლა, მირზაანა მადათოვიც, ოჰანეზაც, ამიროვიც, გივიშვილიც, ჰაზირაც”...
აღარაფერს ვამბობთ ქართული სალიტერატურო ენის გარყვნაზე, მის გასომხებასა და გათათრებაზე.
ამიტომ ქართველმა სიმბოლისტებმა დაიწყეს ლექსის რეფორმა.
ნელ-ნელა შეავიწროვეს ის აზიური საარშიყო მოტივები, რომელთაც სიმართლე რომ ითქვას, არც ქართველი არისტოკრატები თაკილობდნენ: რედიკი, გაფი, ბეითი, რუბაია, თეჯლისი, ყასიდა, მუსტაზადი, შიქასტი და შემოიტანეს ევროპული ლექსის ფორმები: სონეტი, ტრიოლეტი, სექსტინა, რონდო, ტრიპტიქი, ეკლოგა, კანცონა.
ყველანაირ ბრძოლას თავისი სულიერი დასაყრდენი და საფუძველი სჭირდებოდა, ასეთი დასაყრდენი კი მხოლოდ ის პიროვნება უნდა გამხდარიყო, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ავტონომიურობა.
ლიტერატურაში ასეთი დასაყრდენი ვაჟა-ფშაველა აღმოჩნდა.
გრიგოლ რობაქიძე ერთ-ერთ წერილში ვაჟა-ფშაველას ჰომეროსს ადარებს. ეს კარგად გააზრებული შედარებაა, რადგან ქართველი სიმბოლისტებისთვის ვაჟა-ფშაველა დემიურგია, ყოველგვარი აზიური გავლენებისაგან თავისუფალი, სრულიად ავტონომიური შემოქმედი, რომელმაც საკუთარი მითოლოგია და საკუთარი კოსმოსი შექმნა. ამიტომ როგორც ევროპული ლიტერატურა იწყებოდა ჰომეროსით, ისევე ახალი ქართული ლიტერატურა უნდა დაწყებულიყო ვაჟა-ფშაველას სახელით.
“ჭეშმარიტად ვაჟა-ფშაველა მისტიური ნიშანია საქართველოს მეათეჯერ გაახალგაზრდავების. ყოველი ერი ვაჟა-ფშაველასთანა გენიით იწყებდა თავის ისტორიულ ცხოვრებას: ბერძნებში ჰომერი, რომში ვერგილი; საქართველოში კი გამოდის რომ ევრიპიდეც ყოფილა როგორც რუსთაველი და მეცხრამეტე საუკუნეში ხელმეორედ იწყებს ჰომერის ხაზს ვაჟა-ფშაველა”.
სწორედ ასეთივე ფუნდამენტური როლი ეკისრებოდა ფერწერაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასაც.
“წარმოუდგენელია ვაჟა-ფშაველა მეცხრამეტე საუკუნეში, შეიძლებოდა ეს ფენომენი აუხსნელი დარჩენილიყო და საქართველოს ბედს მისწეროდა, რომ ამას არ ამართლებდეს მეორე ვაჟას კონგენიალი ნიკო ფიროსმანი. ეს ორი ის ვეშაპებია, რომელთაც შეუძლიათ დაეყრდნოს კიდევ რამდენიმე საუკუნით საქართველო”. წერდა ტიციან ტაბიძე წერილში “ვაჟა-ფშაველა”.
თბილისის ინტელიგენციაში ნიკო ფიროსმანის გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას ოთხი საათის მანძილზე 80 კაცი დაესწრო, მაგრამ ფიროსმანის შემოქმედების შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთ მხარეს დადგნენ “აკადემისტები” და მათი მიმდევრები, რომელთაც “მაყურებელთა მოტყუებისთვის” გამოფენის ორგანიზატორები სასტიკად გაკიცხეს. ხოლო მეორე მხარეს ახალგაზრდა ავანგარდისტები და ქართველ სიმბოლისტთა ორდენი “ცისფერყანწელები”. აკადემისტების შეხედულება ტრადიციული გახლდათ და იგი ძირითადად რუსი “პერედვიჟნიკი” მხატვრების ესთეტიკურ ფასეულობებს ემთხვეოდა, რომლის თანახმადაც რეალისტური მხატვრობის მიზანია: შინაარსი, სახე, ადამიანის ცხოვრებისეული დრამა, ბუნებისაგან მიღებული შთაბეჭდილება, ქვეყნის ისტორიული ხასიათი, მისი ნაციონალური სული და კიდევ ის უამრავი ტექნიკური საკითხი, რომელსაც მათ პეტერბურგის აკადემიაში ასწავლიდნენ.
მათ შეამჩნიეს, რომ ნიკო ფიროსმანისთვის უცნობი იყო პერსპექტივის ძირითადი კანონები, ადამიანის სხეულის პროპორციები, მისი ანატომიური თავისებურება, დამატებითი ფერების კანონები, საგნების ურთიერთ მიმართება, ჩაღრმავება, პლასტიკა, შუქის ეფექტები და სხვა.
მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი დარჩათ მთავარი - პიროვნების შინაგანი გარღვევა თავისუფლებისაკენ.
ფიროსმანის მსოფლმხედველობა რა თქმა უნდა ბიძგს იღებს რეალიზმისაგან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მასში ვერ შეხვდებით რეალიზმისთვის დამახასიათებელ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს, ობიექტურობას, დიდაქტიზმსა და დოკუმენტალიზმს. ფიროსმანი არ ცდილობს ყოველი წვრილმანის დეტალურ გამოყოფას და მათ დამუშავებას. მისი ნახატები მხატვრის შთაბეჭდილებაზეა აგებული, ფიროსმანი ყურადღებას ამახვილებს მინიშნებაზე. იმაზე, რაც თითქოს დაუსრულებელია და ბოლომდე უთქმელი. იგი გვიჩვენებს, რომ რეალობა შეიძლება არსებობდეს ჩვენს მიღმა, ჩვენს გარეშე, იგი სუბიექტურია და ეფუძნება მხატვრის, როგორც ნათელმხილველის, შინაგან სამყაროს.
ამგვარად, ფიროსმანის შემოქმედება საზოგადოებას ძველი ტრადიციების შენარჩუნებისკენ კი არა ახალი ტრადიციების შექმნისაკენ უბიძგებდა.
მომწიფდა მამათა და შვილთა ახალი კონფლიქტი. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, შვილთა სულებისთვის გაჩაღებული ბრძოლა, რადგან აქ პირველ რიგში ასაკობრივი განსხვავება არ იგულისხმება: ნიკო ფიროსმანიც, გიგო გაბაშვილიც, გიგო ზაზიაშვილიც, მოსე თოიძეც, ალექსანდრე მრევლიშვილიც, იაკობ ნიკოლაძეც და სხვებიც თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. აქ ბრძოლა იმის გამო დაიწყო, თუ ვის კვალს უნდა გაჰყოლოდნენ ახალგაზრდა თაობის მხატვრები. შემოქმედების რომელი გზა აერჩიათ : აკადემიზმი თუ მოდერნიზმი. ახალგაზრდა თაობას თავისი საკუთარი ხედვა გააჩნდა, ისინი თავისუფლად მსჯელობდნენ და ეს უკვე გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მათი ყოველი ნაბიჯი აღიქმებოდა როგორც უკვე დამკვიდრებული ეროვნული ფასეულობების, ეროვნული საფუძვლებისა და აღიარებული ავტორიტეტების წინააღმდეგ გალაშქრება.
ამ დაპირისპირების შესახებ საკმაოდ მცირე ფრაგმენტებია შემონახული, მაგრამ რაც შემორჩა, ვფიქრობ, საილუსტრაციოდ ესეც გამოდგება:
“ფიროსმანაშვილი არის დიდი უსწავლელი, მისი სურათები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ასეთი ზრუნვის გამოჩენა ფიროსმანაშვილის მიმართ არის დიდი შეცდომა”. გიგო გაბაშვილი4.
“ქართული აკადემიური მხატვრობა მას (ფიროსმანს გ.კ.) გულცივად ხვდებოდა და ტექნიკას უწუნებდა, რაც რასაკვირველია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ოფიციალური მხატვრობა უთუოდ ვერ მიიღებდა ნიკო ფიროსმანს, რადგან ის იყო მისი სრულიად საპირისპირო რამ...”. დიმიტრი შევარდნაძე5.
“ისინი ყვირიან მაღალ ხელოვნებაზე და ერთის მხრივ ემხრობიან საგნის ფორმალისტირ-კუბისტურ დეფორმაციას, მეორეს მხრივ პრიმიტივიზმს მხატვრული შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევენ... მათი აზრით ფიროსმანი კულტურის შედევრია. მისი ნახატები ყველაფერია და მეტი აღარაფერი არაა საჭირო. აღარაა საჭირო არც რემბრანტი, არც ლეონარდო და ვინჩი, არც ველასკესი...”. მოსე თოიძე6.
“შევარდნაძის მეგობრები განცვიფრებულნი და აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ დიტომ ერთის ნახვით შეიყვარა არაჩვეულებრივი ფიროსმანაშვილი! “აკადემიკოსები” თავს დაატყდნენ ახალგამოჩეკილ “ფიროსმანისტს” მთელი თავისი ენამჭევრობით, რაც მათ ძალიან ეხერხებოდათ, მაგრამ შევარდნაძის სიყვარული მტკიცე აღმოჩნდა”. კირილე ზდანევიჩი7.
“თვითნასწავლი მხატვრების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ძველი თბილისის ლიტერატურულ-მხატვრული ბოჰემის ნამდვილ ავანჩავანს ნიკო ფიროსმანს ბევრი პატივისმცემელი და დამფასებელი გამოუჩნდა ჯერ კიდევ სიცოცხლეში. ეს გასაგებიცაა, მაგრამ მისი სახელის ზენიტამდე აყვანა, ფიროსმანის სახით რაღაც განუმეორებელი ვირტუოზის წარმოდგენა, ჩემი აზრით სინამდვილეს მაინც არ შეეფერება, ამაში მთავარი როლი ქართველი სიმბოლისტების ახირებამ ითამაშა. ცისფერყანწელებს უყვარდათ გადაჭარბება პოეზიაშიც და კრიტიკაშიც”. ივანე ვეფხვაძე8 .
“ჩვენ გვახსოვს მტრობა, დაცინვა და პროტესტი იმ ყურადღების გამო, რომელიც მიიქცია ამ საუცხოო მხატვარმა”. იაკობ ნიკოლაძე, სერგეი სუდეიკინი, ილია ზდანევიჩი, ალექსანდრე წუწუნავა, ტიციან ტაბიძე9.
აქედან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით, ეს კარიკატურა ფიროსმანის კი არა, გრიგოლ რობაქიძისა და შესაბამისად სიმბოლისტების წინააღმდეგ უფროა მიმართული. რა თქმა უნდა თავისთავად იგულისხმება, რომ ფიროსმანი სუსტი მხატვარია, მაგრამ მთავარი დარტყმა საზოგადოების იმ მეამბოხე ნაწილზეა გადატანილი, რომელმაც ფიროსმანი ახალი ქართული ფერწერის ფუძემდებლად აღიარა.
კარიკატურის ტექსტში შემთხვევით არ ყოფილა ნახსენები, რომ ფიროსმანს კიდევ ბევრი “ორფიული” ნაწარმოების შექმნა შეუძლია. ეს სიტყვა საკმაოდ ბევრ ნაშრომში და პუბლიკაციაში გამოტოვებულია, რადგან იგი ზოგისთვის გაუგებარია, ზოგიც მას ტექსტის ზედმეტ სხეულად მიიჩნევს. დასანანია, რომ მას ასეთი ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგანაც სწორედ მისი საშუალებით ხდება ამ კარიკატურის დაფარული აზრის ამოცნობა.
ორფეოსი ძველი ბერძენი ლეგენდური მუსიკოსი და წინასწარმეტყველი გახლდათ. მას ყველაზე ხშირად სწორედ ცხოველების გარემოცვაში გამოსახავდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მის ჯადოსნურ მუსიკას ველური ცხოველების დამორჩილება შეეძლო. მისი იდეების საფუძვლად აპოლონისა და დიონისეს კულტის თაყვანისცემას მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ორიგინალური მსოფლმხედველობის საფუძველზე ანტიკურ სამყაროში შეიქმნა თეოგონიური პოემები და “ორფიული ჰიმნები”, რომლებმაც საბოლოოდ ორფიულ ღვთისმეტყველებას ჩაუყარა საფუძველი. ორფეიზმს როგორც ახალ რელიგიურ დოქტრინას ანტიკურ სამყაროში ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ჰყავდა.
ახლა გასაგები ხდება, რომ ფიროსმანი ლეგენდური ორფეოსივით ბერძნულ ხიტონშია გამოწყობილი. წინ მის მიერვე “დამორჩილებული” ცხოველი - ჟირაფი ჰყავს. გვერდით კი “ახალი კულტის” თაყვანისმცემელი, ან იქნებ შემქმნელი, გრიგოლ რობაქიძე უდგას.
კარიკატურის აზრი ძალიან გამჭვირვალეა: იგი გვაუწყებს, რომ გრიგოლ რობაქიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ბოგანო ნიკო ფიროსმანაშვილის სახით თავიანთი ორფეოსი და ახალი თაყვანისცემის ობიექტი იპოვეს.
მართალია ქართველი კაცი ამბობს: “დაცინვას კაცი არ მოუკლავსო”, მაგრამ იმასაც ამბობს, “სანამ ხმალი მოვიდა, სიტყვამ თავი გააგდებინაო”. მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც დაუმსახურებელი კრიტიკა და უსაფუძვლო ქილიკი ყოველთვის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც პიროვნების დევნასა და შევიწროვებას უსწრებდა წინ.
ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერების მეტამორფოზა ვერ მოხდა და ევროპულმა ინდივიდუალიზმმა აქ ფესვი ვერ გაიდგა.
სამაგიეროდ, ქართული აზროვნების ფეოდალური ფორმები და კოლექტიური ცხოვრების წესი საოცრად ხელსაყრელი ნიადაგი აღმოჩნდა ახალი, სოციალისტური იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.
სულ რამდენიმე წელიწადში საზოგადოების ტრადიციულად განწყობილ ნაწილს მხარში კოლექტიური ცნობიერების ციტადელი, საბჭოთა სისტემაც ამოუდგა და ინდივიდებზე ნადირობის სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
ამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული და იმედგაცრუებული გრიგოლ რობაქიძე 1931 წელს გერმანიაში გაემგზავრა და იქედან აღარ დაბრუნებულა. დარჩენილებიდან ამ დაპირისპირებას ბევრი შეეწირა. ზოგიერთი მაშინდელი მოდერნისტისთვის კი პიროვნული ინდივიდუალიზმი და თავისუფლება იმთავითვე ნიღაბი და თვალთმაქცობა იყო, ამიტომ ეს ნიღბები მალე გადაყარეს და საბჭოთა ეპოქის დიადი მომღერლები გახდნენ.
საქართველოში ფეოდალიზმის ახალი ეპოქა დაიწყო.


ლიტერატურა:
1. გიორგი ლეონიძე, “ცხოვრება ფიროსმანისა”.
2. იგულისხმება საბაზრო ნახატები.
3. იგულისხმება “სამი თავდის ქეიფი”,
4. გიგო გაბაშვილის სიტყვები მოყვანილია მ. ლობჟანიძის მოგონებებიდან
5. “ბახტრიონი”, 1922წ.
6. არსებობს მოსე თოიძის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, რომლის ფრაგმენტებიც დაიბეჭდა ჟურნალში “ლიტერატურნაია გრუზია”, 1972წ.
7. “ბახტრიონი”, 1922წ
8. ი. ვეფხვაძე, “მოგონებები და პორტრეტები”.
9. “ბახტრიონი” 1922წ.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ – გიორგი კაკაბაძე – "გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფიროსმანი"




study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Wed Oct 19, 2011 10:53 am



Gala (literary prize), shortlist for nomination: The best book, 2011
Nominated George Kakabadze for biographical book Niko Pirosmani (Pegasi publishing)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Sun Jun 17, 2012 11:55 pm



განათლება და ნაკითხობა მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია
(ინტერვიუ)

გიორგი კილაძე: ბატონო გიორგი, თქვენი ლიტერატურული CV.
გიორგი კაკაბაძე: გამოცემული მაქვს ორი წიგნი: კრიტიკული წერილების კრებული- ”როგორ მესმის ლიტერატურა” და დოკუმენტური რომანი - ”ნიკო ფიროსმანი”. პირველი წიგნი ლიტერატურული დისკურსის დასაწყისია და გაგრძელება ექნება; ”ფიროსმანი” კი ერთი გენიალური შემოქმედის ბიოგრაფიის ფონზე ჩვენი წარუმატებლობისა და ”უიღბლობის” მიზეზების ძიება და მისი ახსნის მცდელობაა. ორივე წიგნი თავის დროზე იყო ”საბას” ფინალისტი, ”ფიროსმანი” ”გალას” ფინალისტიც გახდა.

გიორგი კილაძე: ჟურნალისტი გარკვეულად მწერალიც არის, ოღონდ მას უფრო აჩქარებულ ტემპსა და რიტმში უწევს ცხოვრება“. – ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
გიორგი კაკაბაძე: ბოლომდე არა. ერთი შეხედვით ჟურნალისტსა და მწერალს შორის მსგავსება ძალიან თვალშისაცემია და ამას ის არგუმენტიც ამყარებს, რომ ძალიან დიდი მწერლები: ჰემინგუეი, სტეინბეკი, მარკესი და კიდევ სხვები თავის დროზე ჟურნალისტებიც იყვნენ; გარდა ამისა, დღეს ბევრ ქართველ მწერალს უწევს სხვადასხვა ორგანოში ჟურნალისტობა, მაგრამ ეს მაინც ძალიან ნაჩქარევი მსჯელობაა. მწერლის შრომა ხანგრძლივია, დინჯი, მოზომილი. რაზეც არ უნდა წეროს, ის მაინც საკუთარ თავზე წერს და მისი ნაშრომი შთამომავლობისთვისაა გამიზნული. ჟურნალისტი კი წერს თანამედროვეობაზე და თანამედროვეებისთვის, გარკვეული აუდიტორიისათვის. მათ ეს დამოკიდებულება და ხედვის კუთხე განასხვავებს. მწერალს ტექსტზე სამუშაოდ უამრავი დრო აქვს და სანამ მას სრულყოფილებამდე არ მიიყვანს, დაბეჭდვას არ ჩქარობს (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს). ჟურნალისტი კი თანამედროვე მოვლენების ცენტრშია და თუ თავისი წერილი დროზე არ დაბეჭდა, ”მასალა გაუფუჭდება”, ამიტომაც მუდამ ჩქარობს. მიუხედავად ამისა, ნიჭიერ ჟურნალისტს ხშირად ეპატარავება თავისი პროფესიის ჩარჩოები და მწერლობაში გადაინაცვლებს ხოლმე. აი, პრობლემა მაშინ დგება, როცა უნიჭო მწერლობა გადაიქცევა ჟურნალისტიკად.

გიორგი კილაძე: ლიტერატურას დავუბრუნდეთ, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი მოთხრობის დასაწყისს პირველი წინადადებას, პირველი აბზაცს _განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, გიორგი კეკელიძე ლექსში – ფინალს, თქვენთან როგორაა საქმე?
გიორგი კაკაბაძე: ერთიც და მეორეც დიდი ხნის წინ მიგნებული ჭეშმარიტებაა. პირველი წინადადების ენერგია მთელ ტექსტს გადაეცემა, ამიტომ მისი გულმოდგინედ შერჩევა აუცილებელია. ფინალმა კი კათარზისის ეფექტი უნდა გამოიწვიოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაწარმოების წარმატებას მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს. საჭიროა ორიგინალური სიუჟეტი, ხასიათები, ტიპაჟები, დასმული პრობლემის გადაჭრა და ბევრი სხვა რამ. მეც ვცდილობ იგივე რჩევები გავითვალისწინო.

გიორგი კილაძე: რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე? თქვენი აზრით რაზე წერენ დღეს ქართველი პროზაიკოსები? ვის ახალ ნაწარმოებს ელოდებით ყველაზე მეტად და რატომ?
გიორგი კაკაბაძე: დღეისათვის სრულიად გამოუსადეგარია ის ხერხები და თემები, რასაც საბჭოთა მწერლობა იყენებდა. ამიტომ ამ და სხვა მიზეზების გამო ახალგაზრდა ქართველმა მწერლებმა უარი თქვეს ქართული საბჭოთა ლიტერატურის მემკვიდრეობაზე. მართალია, მათ აღარ ერგოთ დიდი ტირაჟები, საუკეთესო ჰონორარები, გარანტირებული სამუშაო ადგილები, პრემიები და სხვა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი შეიძინეს, ვიდრე ყოველივე ესაა - საკუთარი თავი. ისინი ეძებენ საკუთარ სათქმელს, საკუთარ ხმას, საკუთარ გზას შემოქმედებაში. ყოველივე ამის გამო დღევანდელი ქართული ლიტერატურა ახალფეხადგმული ბავშვივითაა. ამიტომაც არ უნდა გაგვაღიზიანოს სხვადასხვა ლიტერატურულმა ექპერიმენტებმა. დღეს ყოველივე ეს ალქიმიურ ლაბორატორიას ჰგავს პიტერ ბრეიგელის ცნობილი ტილოდან, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს მრავალწლიანი ძიება დაგვიფასდება და ქართული ლიტერატურა ნამდვილ ოქროს საბადოდ გადაიქცევა.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მე მაინც ძველმოდური ვარ და სულმოუთქმელად ველოდები უკანასკნელი პატრიარქის, გაბრიელ გარსია მარკესის ახალ ნაწარმოებებს.

გიორგი კილაძე: ბატონო გიორგი, რატომ არ წყალობენ ჩვენში დოკუმენტურ პროზას? იქნებ წყალობენ და მე არ ვიცი?
გიორგი კაკაბაძე: ნამდვილად არ წყალობენ და ეს ცოტა უცნაურია, რადგან საქართველოში დოკუმენტურ პროზას იმაზე დიდი ტრადიცია აქვს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენი ლიტერატურის უძველესი ძეგლი - ”შუშანიკის წამება” - ფაქტობრივად დოკუმენტური პროზაა (სხვათა შორის, შეგვიძლია მთელი ჰაგიოგრაფიული ჟანრის ლიტერატურა ამ კუთხით განვიხილოთ). გურამიშვილის ”დავითიანში” ძნელი გასარჩევია ის ზღვარი, სადაც მთავრდება პოეზიის მხატვრულობა და იწყება დოკუმენტალისტიკა. კომუნისტური რეჟიმის დროს კი დოკუმენტური მხოლოდ იმ ნაწარმოებს ერქვა, რომელიც სოციალისტურ ფერხულში ჩაბმული ადამიანების თავდაუზოგავ შრომას, ან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების ცხოვრებას ასხავდა. ამან, რა თქმა უნდა, დოკუმენტური პროზისადმი ყოველგვარი ინტერესი გაანელა. თუმცა, ამავე ეპოქაში შეიქმნა ქართული დოკუმენტური პროზის გვირგვინი, მიხეილ კვესელავას ”ასერგასის დღე” . წიგნი, რომელმაც თავისი დროის ბესტსელერებს აჯობა და ახალ საუკუნეშიც გადმოაბიჯა. უცხოეთში დიდი ინტერესი და მოთხოვნილებაა იმ მხატვრულ ნაწარმოებებზე, რომლებსაც საფუძვლად რეალურად მომხდარი ფაქტები უდევს. თუ ჩვენი ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად ცნობისმოყვარე გახდება და დაინტერესდება, თუ როგორი იყო ესა თუ ის მოვლენა სინამდვილეში და იმისგან განსხვავებით, როგორც მათ აქამდე აწვდიდნენ, დოკუმენტურ პროზის მიმართ ინტერესი დაბრუნდება.

გიორგი კილაძე: განათლებული მკითხველის თქვენებური განმარტება, რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი მკითხველისგან?
გიორგი კაკაბაძე: ამ შეკითხვის პასუხი ლიტერატურის არსიდან გამომდინარეობს. ვის როგორ ესმის ლიტერატურა და ვინ რას ელის ლიტერატურული ტექსტის კითხვისგან? ამ თვალსაზრისით ქართული ლიტერატურისთვის არავის იმხელა ზიანი არ მიუყენებია, რამდენიც ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა მიაყენეს. მათ ქართული ლიტერატურა ეროვნულ იდეოლოგიად გადააქციეს იმ დროს, როდესაც ლიტერატურა აზროვნების განვითარების ფორმაა. ამიტომაა, რომ სკოლადამთავრებული ბავშვები გარკვეულ შეზღუდულობას ამჟღავნებენ. ქართველი მკითხველების უმრავლესობას კი ესთეტიკური გემოვნება ღალატობს. მათ ნაწარმოების გულუბრყვილო-რეალისტური ხედვა აქვთ, ტექსტის გმირში ხშირად ისტორიულ პიროვნებას ხედავენ, ხოლო სიუჟეტი ცხოვრებისეული ფაქტი და უტყუარი მოვლენა ჰგონიათ.
ჩემი აზრით, განათლებული მკითხველი პირველ რიგში ის ადამიანია, ვინც მხატვრულ ნაწარმოებს ხელოვნების ფაქტად აღიქვამს.

გიორგი კილაძე: დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ პროზაიკოსთა და პოეტთა რიცხვი. არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ან თემა, რომელიც ქართველ პროზაიკოს ქალებს მამაკაცი პროზაიკოსებისგან გამოარჩევს? მწერალი მაკა მიქელაძე თვლის, რომ “მამაკაცების მოთხრობების ნაწილი უფრო თავმობმულია და ნაკლებ მელოდრამატული…სამაგიეროდ ქალების პროზა – უფრო ინტუიციურია, ხშირად მამაკაცურზე თამამიც, ეთანხმებით თუ არა?
გიორგი კაკაბაძე: პირადად მე ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობ ქართველი პროზაიკოსი ქალების ტექსტებს და რა თქმა უნდა, ვეთანხმები მაკა მიქელაძის მოსაზრებას, რომ ისინი გაცილებით უფრო თავისუფლები და თამამები არიან. გარდა ამისა, ქალური პროზა ძალიან ემოციური და გულწრფელია. მათ საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და კვლევის მეტი სურვილი აქვთ მამაკაცური, ხშირად ხელოვნურად ინტელექტუალური პროზისაგან განსხვავებით. ქალების მიერ დანახული ქართველი კაცები ხომ განსაკუთრებული და გამორჩეული სასაუბრო თემაა (მამაკაცებმა ხშირად უნდა ჩავიხედოთ ამ სარკეში). ამ და კიდევ ბევრი სხვა თავისებურების გამო მჯერა, რომ ქართველი პროზაიკოსი ქალები გაცილებით ადრე გაიკვალავენ გზას ევროპელი მკითხველის გულებისკენ, ვიდრე მამაკაცები.

გიორგი კილაძე: მოგწონს თანამედროვე ქართული პოეზია, საერთოდ რას გვეტყვით ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაზე?
გიორგი კაკაბაძე: თანამედროვე პოეზიამ (ისევე როგორც პროზამ) არა მხოლოდ სათქმელი, არამედ მისი გამოხატვის ფორმებიც შეცვალა. პოეტი, რომელიც ინერციით აგრძელებს ძველი, ტირაჟირებული თემების, რომანტიკული პატრიოტიზმისა და მორალისტური ლოზუნგების გამოყენებას, უინტერესოა, თუ არ ვიტყვით, რომ სასაცილოც. აღარავის სჭირდება მეორე გოგლა ლეონიძე, მესამე ტერენტი გრანელი და მეოთხე ლადო ასათიანი. ყოველი შემოქმედი იმითაა საინტერესო, რომ იგი ერთადერთია და თუ გამორჩეული არ ხარ, უმჯობესია საერთოდ არ იყო პოეტი.
ძალიან მიყვარს მარიამ წიკლაურის შემოქმედება. ის საკუთარი პოეტური სამყაროს მოდელირებას კონვენციული ლექსის ფორმითაც ახერხებს და თავისუფალითაც. მისი გულწრფელი და სუფთა ხედვა კი ფიროსმანის ხედვას მაგონებს. მან თითქოს პოეზია ზეციდან ისევ მიწაზე ჩამოიტანა, მაგრამ იმავდროულად მას სულიერება შეუნარჩუნა.


გიორგი კილაძე: ბატონო გიორგი, რამდენად ობიექტურად იმართება საქართველოში ლიტ.კონკურსები? ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ლიტერატურული კონკურსები ჩვენში გარკვეულად ,,მონოპოლიზებული” და მართვადია?
გიორგი კაკაბაძე: ამ შეკითხვაზე, ალბათ, იმდენი პასუხი არსებობს, რამდენ ადამიანსაც მონაწილეობა მიუღია ამა თუ იმ კონკურსში. მაგრამ როდესაც გასაიდუმლოებული ჟიურის წევრთა ვინაობა და რამდენიმე გამარჯვებულის გვარი დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიამდე რამდენიმე თვით ადრეა ცნობილი ლიტერატურული წრეებისთვის, თავისთავად ეჭვი ჩნდება, რომ ლიტ.კონკურსი ყველასთვის არაა გასაიდუმლოებული. ადრე უფრო გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ლიტ. კონკურსები თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს წაახალისებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვერ ჩამოვყალიბებულვართ, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ლიტერატურული პრიორიტეტი. ამიტომ სხვადასხვა წლის ჟიურის წევრები, კრილოვის ცნობილი პერსონაჟებივით, სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან ქართულ ლიტერატურას. ექსპერიმენტი რომ ჩატარდეს, ჟიურის სამი ან ოთხი ჯგუფი ერთი და იმავე წიგნების შეფასებისას განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაბამისად, არ შეიძლება მათი სუბიექტურობის გაუთვალისწინებლობა. თუ ასე გაგრძელდა, თანდათან ხედვის კუთხე შეიცვლება და ჟიური კი აღარ იქნება ახალი ლიტერატურის შემფასებელი, არამედ თვითონვე გახდება დაკვირვების ობიექტი და უკვე საზოგადოება შეაფასებს მათ ინტელექტს, განათლებასა და ლიტერატურულ გემოვნებას.

გიორგი კილაძე: დაასრულეთ: მიყვარს მწერალი რომელიც…
გიორგი კაკაბაძე: დამკვიდრებულ ჩარჩოებს ამსხვრევს.

გიორგი კილაძე: კინორეჟისორი რომ იყოთ, რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გადაიღებდით?
გიორგი კაკაბაძე: ჯემალ ქარჩხაძის ”ზებულონს”.

გიორგი კილაძე: დაასრულეთ: რატომ არ ვარ ისეთი მკითხველი, როგორიც მინდა ვიყო…
გიორგი კაკაბაძე: ამისთვის მჭირდება ლიტერატურული კომფორტი, ბევრი დრო და ფული.
გიორგი კილაძე: დღეს ბევრი ნაწარმოები ითარგმნება… ხარისხი თუ მოგწონთ?
გიორგი კაკაბაძე: რა თქმა უნდა, არიან გამორჩეული მთარგმნელები და მკითხველი მათ ტექსტებს მოუთმენლად ელოდება, მაგრამ მთლიანობაში არ მომწონს. შესაძლებელია, ძალიან მომთხოვნი და ჭირვეული ვარ, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც მთარგმნელები, რედაქტორები და გამომცემლები მკითხველს ბრიყვად თვლიან და მას ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის მაკულატურას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ახლახანს გამოსული ალბერტო მორავიას რომანი ”ზიზღი”. ესაა XX -ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის უსაზიზღრესი გამოცემა.
გიორგი კილაძე: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, საქართველოში?
გიორგი კაკაბაძე: დღეს არნახულად ბევრი წიგნი გამოდის, უამრავი ახალი ავტორი იბეჭდება და ეს არ შეიძლება არ გახარებდეს. საგამომცემლო საქმიანობა ჩვეულებრივი ბიზნესია და მას სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ. გამომცემელი შუამავალია მწერალსა და მკითხველს შორის, ანუ ის, ვინც ერთი ტექსტის ტირაჟირებას ახდენს და მას ავრცელებს. ისევე როგორც ყველანაირ ბიზნესს, გამომცემლობასაც აქვს თავისი რისკი და ეს გასათვალისწინებელია. მაგრამ მე მადარდებს ლიტერატორის ბედი, რომელიც გამომცემელთან ურთიერთობის დროს ყოველთვის (ან თითქმის ყოველთვის) დაჩაგრულია. მატერიალური თვალსაზრისით მწერალი თავისი დახარჯული შრომის მინიმუმსაც ვერ ინაზღაურებს და თუ ხელშეკრულებით გამომცემლისთვის განსაკუთრებული (ექსკლუზიური) უფლებები აქვს გადაცემული, წიგნიც დაკარგული აქვს და მისგან მოსალოდნელი სიკეთეც. ასეთ მწერალს, საბოლოოდ, იმედი უცრუვდება, მისი ტექსტების ხასიათი იცვლება, ხარისხი ფუჭდება და ა.შ. ასეთ შემთხვევებში გამომცემელი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ბუდე აქვს მოწნული. ამიტომ თუ ”ქინდლების” გამოჩენით ეს მდგომარეობა როგორმე შეიცვლება, მხოლოდ მოხარული ვიქნები.

გიორგი კილაძე: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, … თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, ჰგავს თუ არა თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს?! “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად, წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვი? როგორ მოაწყობდით, თუნდაც „ყველაზე მსუბუქ კარცერ ლუქსს“?
გიორგი კაკაბაძე: 60-იანი წლების წიგნის მოყვარულსა და თანამედროვეს შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინდელი მკითხველი წიგნებს სანთლით დაეძებდა. ისიც მხოლოდ იმ ავტორების წიგნებს, რომლებიც კომუნისტური ცენზურის მიერ ნებადართულნი და შეწყნარებულნი იყვნენ. განსხვავებული აზროვნების მწერლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს, რომ სახარების წასაკითხად ”საჯაროში” (სხვაგან ამ წიგნს ვერსად იშოვიდი) სპეციალური საშვი იყო საჭირო, რომ წიგნი მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით გაინტერესებდა. შემდეგ ცალკე ოთახში გამოყოფილ ნიშაში გსვამდნენ სახით კედლისკენ და კითხვის დასრულებამდე მკითხველის უკან მოთვალთვალე პირი ჯდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ახალი გამოცემების შესახებ რადიო თავისუფლების დახმარებით ვიგებდით. ახლანდელი წიგნის მოყვარულის წინაშე კი სხვა პრობლება დგას. ახალი და უცნობი ავტორების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თვალის მიდევნება ჭირს. მათი წიგნების ყიდვას კი მაღალი ფასის გამო ყოველთვის ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება ”კარცერ ლუქსს”, ეს ლიტერატურული მეტაფორაა და როგორც კი მას რეალობაში გადმოვიტანთ, მოძალადეებად გადავიქცევით. ზუსტად ისეთებად, როგორებიც თავიანთი მოღვაწეობის დროს ბოლშევიკები იყვნენ. მათ ჰქონდათ ცნობილი ლოზუნგი: ”არ გინდათ, რომ ბედნიერები იყოთ? გაიძულებთ!” და ვისაც ასეთი ”ბედნიერება” არ უნდოდა, სიცოცხლეს ესალმებოდა. წიგნის სიყვარული და მისი კითხვა თავისუფლების აქტია და მისი დაძალება არ შეიძლება. მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ განათლება და ნაკითხობა მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია.

გიორგი კილაძე: და ბოლოს რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერჯერობით არ იცით? აქვე, კითხვა, რომლის პასუხიც იცით?
გიორგი კაკაბაძე: ასეთ კითხვაზე არასოდეს დავფიქრებულვარ. ჩემი აზრით, მხოლოდ ის, რომ რაღაცის მნიშვნელობა იცი, ბევრს არაფერს ნიშნავს. ზოგჯერ ისიც კარგია, რაც არ იცი.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Mon Jun 18, 2012 12:11 am



თამაზ ჭილაძე

საინტერესო წიგნი


ამ ბოლო დროს უკვე სახელმოხვეჭილმა გამომცემლობამ ”პეგასმა” ზედიზედ რამდენიმე საყურადღებო წიგნი გამოსცა, რაც აშკარად მისასალმებელი ფაქტია ამ სულიერი ვიტამინების საერთო უკმარისობის პერიოდში.
გიორგი კაკაბაძის წიგნი ”ნიკო ფიროსმანი” ჩვენი დიდი მხატვრის, ეროვნული სიამაყის ბურუსით მოცულ ცხოვრებაზეა დაწერილი და საკმაო ინტერესითაც იკითხება, რაც, თავისთავად, საგანგებოდ აღსანიშნავიც კია. ეს წიგნი კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, საკმაოდ წარმატებული ცდაა იმ დიადი მოვლენის, დიადი საიდუმლოს გამოსამზეურებლად, რასაც სახელად ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება ეწოდება. მკითხველი ამ წიგნში ბევრ ახალ, საინტერესო ცნობას, ბევრ საინტერესო დაკვირვებას, თუნდაც, ვარაუდს გაეცნობა.
და მაინც, ამ წიგნის მთავარი ღირსება ის გახლავთ, ერთგვარად რომ გამოხატავს არა მარტო ავტორის, არამედ მთელი დღევანდელი ქართული საზოგადოების აღტაცებასა და უდიდეს მოწიწებას ნიკო ფიროსმანაშვილისა და მისი შემოქმედების მიმართ. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ, სასურველია მისი განსაკუთრებული მხარდაჭერა.

22.03.2012


Last edited by Admin on Mon Jun 18, 2012 11:56 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Mon Jun 18, 2012 12:14 am



მალხაზ ხარბედია

გიორგი კაკაბაძის "ნიკო ფიროსმანი"

17.04.2011


გამომცემლობა "პეგასმა" თავის სერიაში "ილუსტრირებული ბიოგრაფიები" გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური რომანი "ნიკო ფიროსმანი" გამოსცა.

გიორგი კაკაბაძემ თავისი წიგნი, "ნიკო ფიროსმანი", თემატურადაც განსაზღვრა და ჟანრულადაც. სათაურის ქვეშ ვკითხულობთ: "დაკარგული უბრალოების ძიება" - და იქვე: "დოკუმენტური რომანი". ეს ნიშნავს, რომ წიგნი დოკუმენტებს ეყრდნობა, ცოტას წაუმხატვრულებს, მაგრამ მთავარი მაინც ქვესათაურში გამოტანილი ინტენციაა, რაც გულისხმობს ფიროსმანის ზედმეტი ნადებისა და ლექისგან გათავისუფლებას, მისი მითოლოგიზებული სახის გაწმენდა-რესტავრაციას.

ათწლეულების მანძილზე ფიროსმანის გარშემო მთელი ინდუსტრია შეიქმნა, რომლის ცენტრშიც ერთი უიღბლო, ლოთი მხატვარი იდგა, რომელიც "ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,/ მერე შეკრთება ვით მთვარეული/ და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს". გიორგი კაკაბაძე წინასიტყვაობაში იმასაც წერს, რომ "მომხიბლავი ტყუილი მწარე სიმართლეზე სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა და ამგვარი დამოკიდებულების გამო ფიროსმანი, ფაქტობრივად, ახალი ინდუსტრიის ობიექტად გადაიქცა". წიგნის ავტორის მთავარი მიზანი სწორედ ამგვარ დამოკიდებულებასთან ბრძოლაა: "მე შევეცადე, რომ ყოველივე ამისგან გამეთავისუფლებინა ფიროსმანი, დავყრდნობოდი მხოლოდ იმ საბუთებს, რომელიც არსებობს ფიროსმანის შესახებ და არა მარტო ფიროსმანის, არამედ იმ ისტორიული ფონის შესახებაც, რომელიც მაშინ იყო."

ფიროსმანის შესახებ უკვე დიდი ბიბლიოგრაფია არსებობს, მასზე აუარება წიგნი თუ სტატია დაიწერა, მაგრამ ამ კვლევებსა თუ მოგონებებში, ვარაუდებსა თუ შეფასებებში, როგორც წესი, ხარვეზები და უზუსტობები ჭარბობს. აუარება ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მხოლოდ ერთზე შევჩერდებით. გიორგი კაკაბაძე ამბობს:

"უნდა გითხრა, რომ ერასტ კუზნეცოვის წიგნში არის ისეთი საოცარი შეცდომები და უზუსტობები, რომ ზოგიერთი კურიოზების რიგს განეკუთვნება. მაგალითად, ერასტ კუზნეცოვი წერს ასეთ რამეს: "Пиросмани кто-то назвал неготовым, на что он очень обиделся..." და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით, იწყებს ფიროსმანის ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვას, სვამს კითხვებს, თუ რატომ შეიძლებოდა გაბრაზებულიყო ფიროსმანი ასეთ უწყინარ ნათქვამზე. არადა, ქართულ წყაროში ეს ამბავი ასე ჟღერს: "ფიროსმანს ვიღაცამ არამზადა უწოდა" და ეს "არამზადა" გადათარგმნეს როგორც "неготовый" და მერე ამაზე აგებს კუზნეცოვი ფსიქოლოგიურ პორტრეტს".

ფიროსმანზე ძალიან ბევრი ჩანაწერი და მოგონება არსებობს, მაგრამ ყველაზე ოფიციალური, როგორც იტყვიან, ბეჭდიანი საბუთი, თავის დროზე მამია ჩორგოლაშვილის მიერ მიკვლეული დოკუმენტებია რკინიგზის სამმართველოდან. ამ საბუთებიდან, სიმწირის მიუხედავად, ძალზე მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ მხატვრის ცხოვრების შესახებ, თუმცა მხატვრის "ბიოგრაფიული საქაღალდე" ამ საბუთების აღმოჩენამდე გაცილებით ადრე შეიქმნა. ისევ გიორგი კაკაბაძეს მოვუსმინოთ:

"ფიროსმანის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მის სიცოცხლეშივე დაიწყო ილია ზდანევიჩმა. იგი პირველი იყო. მან იყიდა უჯრიანი რვეული (ეს რვეული ახლა ხელოვნების მუზეუმში ინახება) და დაიწყო ფიროსმანთან დაკავშირებული დღიურების ჩაწერა. იგი იწერდა ყველაფერს, რასაც ფიროსმანი ეუბნებოდა. ფიროსმანი მის პორტრეტს ხატავდა, ილია ზდანევიჩი კი იწერდა ნალაპარაკევს. მოგვიანებით ილია ზდანევიჩი გაემგზავრა საფრანგეთში და ეს დღიური დარჩა საქართველოში. მოგეხსენებათ, ილია ზდანევიჩი ემიგრანტი იყო, იგი მტრად ითვლებოდა და მისი მოხსენიება შეწყდა და უკვე აღარ იყო სასურველი. ამიტომ ეს დღიური საქართველოში პირველად გამოვიდა კირილე ზდანევიჩის სახელით და გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი კუპიურებით. ჩემს წიგნში ეს ტექსტი სრულად არის, საავტორო რედაქციით არის ეს დღიური მოყვანილი, ჩვენს სივრცეში პირველად."

ილია ზდანევიჩის ეს მოგონებები შემდეგ კირილე ზდანევიჩმაც განავრცო. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1922 წლიდან დაიწყო ფიროსმანის არქივის შედგენა გიორგი ლეონიძემ. იგი სამოციანი წლების ბოლომდე აგროვებდა მასალებს და 1966 წელს მოხდა უცნაური რამ, პოეტს თბილისის ერთ-ერთ სანაყინეში დარჩა ამ მასალებით სავსე პორტფელი.

"ასევე ძალიან დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ გოგლა ლეონიძე, რომელმაც შეაგროვა მასალები ფიროსმანის შესახებ, მაგრამ აქაც არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც მან შეაგროვა, კარგია და სანდოა. როდესაც იგი ამ მასალებს აგროვებდა, მისმა მძღოლმა უთხრა ერთხელ (გვარად ბედია იყო ის კაცი), ბატონო გოგლა, ვერ ამჩნევთ, რომ ხალხი ტყულს გვეუბნებაო?, გოგლას კი გაუცინია და უთქვამს, არა უშავს, ხალხს ტყუილები უყვარს და ეს კარგია და ჩავიწეროთო. ანუ გიორგი ლეონიძე ცოტა სხვანაირად უყურებდა ამ საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს და ბევრი კარგი ფაქტი აქვს ჩაწერილი ფიროსმანის შესახებ, იქ არის ისეთი ადგილები, რომლებსაც შეიძლება არ დავეთანხმოთ ან ეჭვის ქვეშ დავაყენოთ," შენიშნავს გიორგი კაკაბაძე.

გიორგი კაკაბაძე ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნა გოგლა ლეონიძემ ეს მასალები თავის დროზე, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში, და ასკვნის: მოგონებებში გამოკვეთილი პორტრეტი, როგორც ჩანს, არ შეესაბამებოდა საბჭოური მხატვრის მოდელს, საბჭოთა მოქალაქის იდეალურ პორტრეტსო.

წიგნში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა ფიროსმანის კულტურულ ფონს, მასში დეტალურადაა აღწერილი იმდროინდელი ქიზიყური ყოფა, ვრცელი აბზაცები ეთმობა ტფილისური ცხოვრების წესს, აღდგენილია მხატვრის მარშრუტები. გიორგი კაკაბაძის ამ დოკუმენტური რომანის კითხვისას მისი წინამორბედებიც გამახსენდნენ, ის მწერლები, რომლებიც, პლატონ იოსელიანიდან მოყოლებული, ასეთ წიგნებს თხზავდნენ ქართულ ენაზე. ყველაზე მეტად გიორგი კაკაბაძის ნაშრომი, რა თქმა უნდა, იოსებ გრიშაშვილისა და გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიული პროზისგანაა ალბათ დავალებული: "საიათნოვა", "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა", "სულხან-საბა ორბელიანი", "ბესიკი" და სხვ.

გიორგი კაკაბაძე ბევრი ცნებისა თუ მცდარი შეხედულების გადაფასებას ახდენს. ეს შეეხება ფიროსმანის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წოდებას "პრიმიტივისტი", რომლის წარმოშობასაც ავტორი დეტალურად მიმოიხილავს, მოგვიანებით კი თავისი ტერმინის დამკვიდრებასაც ცდილობს - "ფიროსმანიზმი".
ავტორს ბევრი საინტერესო დაკვირვება მოჰყავს. მაგალითად, იგი ერთგან წერს, ფიროსმანი ლამაზი და გულღია ადამიანების ცხოვრებას ხატავდა და ხშირად აღწერდა საოჯახო დღესასწაულებსო, შემდეგ კი დასძენს: "უნდა აღინიშნოს, რომ თავად ფიროსმანი არასოდეს მონაწილეობს ამ დღესასწაულებში, მის ნახატებს რატომღაც სხვის ზეიმზე მოხვედრილი პატარა ბავშვის მარტოსული და გაუცხოებული მზერა ახლავსო."

ასეთი ესეისტური დაკვირვებები ბლომადაა წიგნში. გარდა ამისა, როგორც გითხარით, მასში ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია მოყვანილი, აღდგენილია იმდროინდელი გარემო, რომანი სავსეა სახელებით - ადამიანების, ქუჩების, დუქნების, საგნების თუ გრძნობების სახელდებებით. აქ, ამ უზარმაზარ ჩამონათვალებში მთავარი გმირის, თავად ფიროსმანის სახელებიც ბევრია. აი, ზოგიერთი: ტვინდასეტყვილი ნიკალა, თვითრჯული, ჭკვაშეფრქვეული, ცხრაწვენა, ჭკვაგაფლანგული, ნეტარი ნიკოლოზი.


ბმული - http://www.radiotavisupleba.ge/content/article/4746798.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Mon Jun 18, 2012 12:20 am

გიორგი კაკაბაძე: ფიროსმანის ნეშტის პოვნა სავსებით რეალურია

ნიკო ფიროსმანი ძალიან ფაქიზი და სათუთი თემაა ქართველებისათვის, მაგრამ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ მის მიმართ ვერ ვიჩენთ საკადრის ყურადღებასა და პასუხისმგებლობას. შესაძლებელია, ვინმემ გაიკვირვოს და თქვას: რას ბრძანებთ, ფიროსმანს ყურადღება არსოდეს მოკლებიაო, მაგრამ მე იმ ყურადღებაზე კი არ მოგახსენებთ, რომელიც მას არ მოკლებია, არამედ იმაზე, რომელსაც იგი იმსახურებს. საკმარისია მოვინახულოთ ფიროსმანის ორი სრულიად უბადრუკი სახლ-მუზეუმი და მომდევნო შეკითხვებიც აღარ გაგვიჩნდება.
სულ ახლახანს გამომცემლობა “პეგასის” ილუსტრირებული ბიოგრაფიების სერიით გამოვიდა მწერალ გიორგი კაკაბაძის ძალიან საინტერესო დოკუმენტური რომანი “ნიკო ფიროსმანი”, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ნიკო ფიროსმანის შესახებ. რომანში საოცრადაა გაცოცხლებული ძველი თბილისი და ის ისტორიული ფონი, რომელის დროსაც მოღვაწეობდა დიდი მხატვარი. გარდა ამისა, წიგნში ასახულია ისეთი ფაქტები და მოვლენები, რომელთაც პირველად შეხვდება ქართველი მკითხველი.
-ბატონო გიორგი, რატომ დაარქვით წიგნს დოკუმენტური რომანი და რითი განსხვავდება იგი ფიროსმანის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან?
-პირველ როგში მინდოდა მკვეთრად გამემიჯნა, რომ ამ წიგნს არაფერი აქვს საერთო ფიროსმანის შესახებ შექმნილ სხვა მხატვრულ ტექსტებთან, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. იგი მთლიანად დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და ეყრდნობა მხოლოდ იმ საბუთებს, რომლებიც ფიროსმანის შესახებაა შემორჩენილი. აქ საჭიროა ითქვას, რომ მხატვრულ ტექსტებს, რა თქმა უნდა, თავისი გამორჩეული ადგილი და ფუნქცია აქვთ ლიტერატურაში. მხატვრული ტექსტის შემქმნელს შეუძლია შეცვალოს პიროვნების (მათ შორის ისტორიული პიროვნების) ბუნება, ხასიათი, თვისებები, ისტორიული მოვლენები, ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და ა.შ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ შექსპირის რიჩარდ მესამე არ ყოფილა მახინჯი დესპოტი, როგორსაც მას შექსპირი ხატავს. მაგრამ ამ შემთხვევაში შექსპირს ეს არ აინტერესებდა, მან რიჩარდ მესამის სახით ბოროტების სრულყოფილი ხატი შექმნა. მხატვრულ ლიტერატურაში ამას ავტორის უფლებას უწოდებენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ მიშნავს, რომ მეფე რიჩარდ მესამის შესახებ არ არსებობს სხვა ტექსტები და მონოგრაფიები, სადაც იგი თავისი ჭეშმარიტი სახითაა წარმოდგენილი. არცერთ ჭკუათმყოფელს აზრად არ მოუვა, რომ ისტორიული პიროვნების შესახებ მხატვრული ტექსტის მიხედვით იმსჯელოს. ეს ორი სრულიად განსხვავებული სფეროა და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი რამ დაემართა ნიკო ფიროსმანს. მისი ბიოგრაფიული მონაცემების ნაკლებობის გამო შეიქმნა სიცარიელე, რომელიც სხვადასხვა ავტორებმა მხატვრული გამონაგონითა და ტყუილებით შეავსეს და ხშირ შემთხვევაში ეს გამონაგონი ისე ნიჭიერად იყო შეთხზული, რომ მან ისტორიული ფიროსმანის ადგილი დაიკავა. ამის გამო შეიქმნა კურიოზული სიტუაცია და, თუ გავაცნობიერებთ, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გვიყვარს არა თავად ნიკო ფიროსმანი, არამედ გვაქვს ლეგენდები ნიკო ფიროსმანის შესახებ.
ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავენ სრულიად უპასუხისმგებლო რუსი ავტორები. მაგალითად, რუსმა ლიტერატორმა ვიქტორ შკლოვსკიმ მოიგონა ლეგენდა, თითქოს ფიროსმანმა სარძეო დუქანი გაყიდა და იმ ფულით მარგარიტას ყვავილები უყიდა. ეს ლეგენდა დღემდე პოპულარულია. ერასტ კუზნეცოვი კი მარგარიტას არსებობას საერთოდ გამორიცხავს და ფიროსმანის ყოველი საქციელის ასახსნელად ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს. კონსტანტინე პაუსტოვსკი წერს, რომ ფიროსმანი ღარიბი გლეხებისა და მუშების ცხოვრებას აღწერდა და თავისი შემოქმედებით დასცინოდა ვაჭრებსა და მედუქნეებს. არც ქართველი ავტორები ჩამორჩებიან. დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ მამია ჩორგოლაშვილის წიგნი: “ფიროსმანი, ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე” სანახევროდ მოთხრობების კრებულია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე ლიტერატორთა წრეებში შეიქმნა ლეგენდები, რომ ფიროსმანი საკუთარი ხელით ამზადებდა საღებავებს, რომ მედუქნეები სამადლოდ, ერთი ჯამი წვნიანისთვის და ჭიქა არყისთვის ახატინებდნენ...
-მაგრამ ასეთი ფაქტები, ხომ დაფიქსირებულია?
-რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი რამდენიმე დაზუსტებას მოითხოვენ. მხატვარმა რომ საკუთარი ხელით დაამზადოს საღებავის პიგმენტი, იგი სულ მცირე გეოლოგიაში და ქიმიაში უნდა ერკვეოდეს, ბუნებაში უნდა იაროს და ჟანგმიწა ნიადაგი და სხვადასხვა მინერალი ეძებოს. შემდეგ მინარევებისაგან გაასუფთაოს, დაფქვას და სახატავად გამოიყენოს. ფიროსმანს კი ამხელა ცოდნა და თავისუფალი დრო არ ჰქონია. იგი საუკეთესო საღებავებს ხეთაგუროვის ქუჩაზე პოპოვის მაღაზიაში ყიდულობდა. მისი სიღარიბეც მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს უკავშირდება, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და თურქეთის ფრონტზე მიმავალი რუსი ჯარისკაცების ავკაცობისა და ყაჩაღობის გამო თბილისის დუქნები და რესტორნები დაკეტეს. სწორედ მაშინ დარჩა ფიროსმანი უმუშევარი, მაშინ დაიწყო შავი საღებავისთვის მჭვარტლის შეგროვება და მაშინ ხატავდა ერთი ჯამი წვნიანისთვის, რადგან ქვეყანაში ინფლაცია იყო, ფული გაუფასურდა და ყველაფერი პურითა და საკვებით იზომებოდა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ მისი ცხოვრება ისტორიული კონტექსტიდან არ უნდა ამოვაგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში შეგვრჩება სრულიად გაუგებარი და გაპოეტურებული პერსონაჟი, როგორიც ფიროსმანი აქამდე იყო.
-როგორია სრულიად ახალი თვალით დანახული ფიროსმანი?
-ინდივიდუალური, შინაგანად სრულიად თავისუფალი. იგი არ ცდილობს გაიმეოროს საზოგადოებრივი მოწყობის ის მოდელი, რომელიც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სივრცეშია გავრცელებული. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვის ამის შესახებ საზოგადოება. მას საკუთარი ხედვა აქვს, საკუთარი გზა აქვს, საკუთარი ცხოვრების წესი აქვს და თავის ავტონომიურობას ყოველთვის უფრთხილდება და ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყარაჩოხელები, კინტოები, მიკიტნები და სხვა და სხვა გავრცელებული მოდელის ტიპაჟები ირევიან, ფიროსმანი მათში არ ითქვიფება, მათ არ იმეორებს. ასეთივეა მისი შემოქმედებაც, სრულიად დამოუკიდებელი და განუმეორებელი. სწორედ ამითაა ფიროსმანი საინტერესო. თუკი აკადემიაგამოვლილი მხატვრები ხელოვნებაში უკვე გამოცდილ, აღიარებულ და ტირაჟირებულ ხერხებს მიმართავენ, ფიროსმანი არავის ჰგავს, მან ხელოვნებაში თავისი მდიდარი და სუფთა შინაგანი ბუნების გამოხატვა შეძლო.
-მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნში თქვენ პირველად ახსენეთ ტერმინი “ფიროსმანიზმი”.
-დიახ, ასეა. ზოგიერთი ფიროსმანს სრულიად უსამართლოდ და ბოლომდე გაუაზრებლად, ან იქნებ ძველი ინერციის წყალობით, “პრიმიტივისტად” მოიხსენიებს. ამ ტერმინისადმი არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თავის ადგილას იგი საჭიროცაა და აუცილებელიც. მაგრამ იგი იმდენად ზოგადია, რომ უამრავ განმარტებებს მოითხოვს. თუკი “პრიმიტივიზმი” “აკადემიზმის” საპირისპიროდ თავისუფლების აღმნიშვნელია, მაშინ მისაღებია, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ფიროსმანისადმი ამ ტერმინის მიწებება არასწორია და მის ღირსებებსა და დამსახურებას აკნინებს. სხვათა შორის, რისი წინააღმდეგებიც არასოდეს ყოფილან რუსი ავტორები, რადგან მათ აწყობდათ, რომ ფიროსმანი პროვინციელ, გაუნათლებელ მხატვრად დარჩენილიყო და მის ფონზე წინ რუსი მხატვრები წამოწეულიყვნენ. ფიროსმანი სრულიად ინდივიდუალური, დამოუკიდებელი და განუმეორებელი გზაა მხატვრობაში, ამიტომ არ შეიძლება რომელიმე მიმდინარეობას მიეკუთვნებოდეს. მან თავისი საკუთარი მიმდინარეობა შექმნა და ამიტომაც მე მას “ფიროსმანიზმი” ვუწოდე.
-დარწმუნებული ვარ, თვალს ადევნებთ თანამედროვე მოვლენებს და ბუნებრივია შეიტყობდით, რომ ფიროსმანის იმ ორი აღიარებული ფოტოპორტრეტის გარდა არსებობს ფიროსმანის კინოკადრებიც. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
-მე ამას ჟურნალისტურ სენსაციას ვუწოდებდი, რადგან ამ კინოკადრების შესახებ დიდი ხანია ცნობილია და იგი არასოდეს არანაირ სიახლეს არ წარმოადგენდა. ის კადრები, რომელიც თქვენ ახსენეთ, გადაღებულია 1911 წელს ცნობილი მრეწველისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვაზე. პიროვნება, რომელი იმ კადრებში ჩანს და რომელსაც სავარაუდოდ ფიროსმანად მიიჩნევენ, ბრგე ვაჟკაცია, ალბათ ოცდაათ წლამდე იქნება. ამ მოვლენებიდან ზუსტად ხუთი წლის შემდეგ კი ქართველმა მხატვრებმა ფიროსმანის ყველაზე ცნობილი ფოტოპორტრეტი გადაიღეს კლარის ატელიეში. ალბათ, ადამიანმა ხუთწლიანი კატორღა უნდა გამოიაროს, რომ ამ მცირე ხანში ჯეელი ყმაწვილი მოტეხილ მოხუცს დაემსგავსოს. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ამ კადრებიდან (ამ მოვლენიდან) 8 წლის შემდეფ ფიროსმანი გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. ამბობენ, რომ ეს კადრები მხატვარ ლადო გუდიაშვილისთვისაც უჩვენებიათ და მას ფიროსმანი ამოუცვნია. როგორც მკვლევარს, მე პირველ რიგში მაინტერესებს ფაქტები და ვკითხულობ: არსებობს რაიმე მოწმეების თანდასწრებით დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ლადო გუდიაშვილი ამას ამბობს? ასეთი დოკუმენტი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ლადო გუდიაშვილს ისეთი ახალგაზრდა ფიროსმანი არასოდეს უნახავს და შესაბამისად, მას ვერ ამოიცნობდა. მან პირველად ისეთი ფიროსმანი ნახა, როგორსაც იმ ფოტოპორტრეტის წყალობით ჩვენც ვიცნობთ.
უბრალოდ, იმდენად ძლიერია საზოგადოებაში იმის სურვილი, რომ ფიროსმანის კინოკადრები არსებობდეს და ცოცხალი ნიკალა ვნახოთ, რომ მზად ვართ, ტყუილიც კი დავიჯეროთ.
-ბატონო გიორგი, როგორც ცნობილია, 2012 წელი ფიროსმანის წლადაა გამოცხადებული. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მოვლენა კავკასიურ მასშტაბებს გასცდეს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს ფიროსმანის უნიკალურობის შესახებ?
-პირველ რიგში, ალბათ, ფიროსმანის აღიარება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ და გავაცნობიეროთ, რომ საუბარია არა თვითნასწავლ, ლოთ და უიღბლო მაწანწალაზე, არამედ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარზე. როგორ შეგვიძლია უცხოელები დავაინტერესოთ იმით, რაც არ გაგვაჩნია? ჩვენ გვაქვს ორი სრულიად არაფრისმთქმელი მუზეუმი, სადაც ტურისტი ნახატებისა და რეპროდუქციების გარდა ვერაფერს ნახავს. არ გაგვაჩნია ფიროსმანის სრული, დასურათებული კატალოგი. თბილისში არ არსებობს ფიროსმანის მარშრუტი, სადაც საშუალება გვექნებოდა, რომ Aრტ - ტურიზმის მოყვარული საზოგადოება მოგვეწვია და თვალნათლივ გვეჩვენებინა და მოგვეყოლა დიდი მხატვრის შესახებ. და რაც ყველაზე მეტად მტკივნეულია, არცერთ ქართველს (მუზეუმის თანამშრომლების გამოკლებით) არასოდეს უნახავს ფიროსმანის ნახატების სრული ექსპოზიცია, რადგან თბილისში ამისთვის შესაბამისი სივრცე არ არსებობს. მე ვთვლი, რომ ფიროსმანს ისევე, როგორც ვან გოგს, გოგენსა და რემბრანტს ამსტერდამში, პიკასოსა და როდენს პარიზში და სხვებს, თბილისში თავისი საკუთარი მუზეუმი უნდა ჰქონდეს. თუ ყოველივე ეს არ გვექნება, თუკი ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ ფიროსმანს, უცხოელის დაინტერესება ამ შემოქმედით საკმაოდ ძნელი იქნება.
-ამას ემატება ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ამ დიდი მხატვრის საფლავის მოძიება.
-დამერწმუნეთ, საფლავის საკითხი იმაზე ადვილი გადასაჭრელია, ვიდრე გგონიათ. მე მაქვს გარკვეული პროექტი, რომლის საშუალებითაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ფიროსმანის ნეშტის პოვნა იმ შემთხვევაში, თუ მისი ნეშტის ნარჩენები ვინმემ არ ამოყარა, ახალი მიცვალებულის დასაკრძალავად, სავსებით რეალურია და ეს არა გაურკვეველ მომავალში, არამედ ახლავეა შესაძლებელი. დეტალებს ვერ გაგიმხელთ, რადგან ეს ჩემი პროექტია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო: ამას თქვენ და მე ვერ გავაკეთებთ, ამას სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დაინტერესება სჭირდება.

ესაუბრა მაკა მალხაზიშვილი
გაზეთი "დრონი"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Sat Jun 30, 2012 7:11 pm



Jun 25, 2012
წიგნის "შალვა მაღლაკელიძის მოგონებების" განხილვა გადაცემაში "შუადღე": დათო ტურაშვილი და წიგნის რედაქტორი გიორგი კაკაბაძე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Sun Sep 09, 2012 10:47 am



გიორგი კაკაბაძე

უცნობი საქართველო
(მიხო მოსულიშვილის კინორომანის “ჰელესას” გამო)

პირველად ასეთი განცდა მაშინ დამრჩა, როდესაც ბავშვობაში “დიდოსტატის მარჯვენა” წავიკითხე. მკითხველსაც ემახსოვრება ის ადგილი, სადაც ფხოველი დიაცის შეკითხვაზე: რომელი სოფლიდან ბრძანდებითო, მდაბიურად გადაცმული მეფე გიორგი და ყველისციხის პატრონი გირშელი პასუხობენ: კლარჯეთელი მწირები ვართო. რაც ცხადია, იმ დიაცს სრულიადაც არ გაკვირვებია.

მახსოვს, ამ ადგილმა ძალიან ჩამაფიქრა, რადგან მანამდე მასწავლიდნენ, რომ “ყველა ჩემი სამშობლო” მხოლოდ ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო იყო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ არსებობდა საქართველო, რომელსაც სამშობლოდ არ აღვიქვამდი. ტექსტის ეს ადგილი იმდენად ძლიერია, რომ მკითხველის ემოციები ზედაპირზე არ რჩება. ის სადღაც ქვეცნობიერის კუნჭულებს აფორიაქებს და მიძინებულ იმედებს აღვიძებს. ალბათ, ესაა მიზეზი, რომ უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ამ რომანისგან გამოწვეული ემოციები დრომ წაშალა, ამ ფრაზისგან მიღებული შთაბეჭდილება კი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ზუსტად ეს ემოციები განმიახლდა მიხო მოსულიშვილის ახალი რომანის, “ჰელესას” წაკითვისთანავე. პირადად მე არ მახსენდება საქართველოში შექმნილი არც ერთი ნაწარმოები, რომელიც არა ეპიზოდურად, არამედ მთლიანად ლაზების ცხოვრებას ეხებოდეს. არადა, როდესაც ამ რომანს წაიკითხავთ, თქვენთვის სრულიად ნაცნობ სამყაროს აღმოაჩენთ. ნაცნობი ფოლკლორი, ნაცნობი წეს-ჩვეულებები, ნაცნობი ურთიერთობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულ ბარიერს გრძნობთ. ეს ნაწარმოები მაინც რაღაც ძალიან უცხოსა და შორეულზე მოგვითხრობს. საკმარისია, მოხუცი ლაზი მებადურის - ფოკა კირბიშის - ნაცვლად ჩვენი ყურისთვის უფრო შეჩვეული, სამეგრელოში, ან აჭარაში გავრცელებული სახელი ჩასვათ, რომ ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგება და სიუჟეტიცა და მოვლენებიც უფრო ახლობელი და გასაგები გახდება. მაგრამ ასე არ ხდება.

რაშია საქმე?

რატომ შემოგვთავაზა ავტორმა ასეთი ემოციური გამოცდა?

მედიცინაში არსებობს ტერმინი: ”დაუდევრობის სინდრომი”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პაციენტი თავისი სხეულის რომელიმე ნაწილს ვეღარ აცნობიერებს და თავისად არ მიიჩნევს.

მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებით, თუ უნებლიედ, სწორედ ამ სინდრომით ვართ დაავადებულები.
საქმე ის გახლავთ, რომ საზღვარს მიღმა დარჩენილი საქართველოს შესახებ ჩვენ ყველაფერი რეალურობის გათვალისწინებით ვიცით, მასთან დამოკიდებულებაში ისეთ უნარებს ვიყენებთ, როგორიცაა: ხედვა, განსჯა და მეხსიერება. ჩვენ შეგვიძლია ცივი გონებით ვიმსჯელოთ ამა თუ იმ მოვლენაზე, მაგრამ ის საქართველო ჩვენი განცდის მნიშვნელოვანი ნაწილი არასოდეს გამხდარა. სწორედ ესაა მიზეზი, როდესაც “ჰელესას“ ვკითხულობთ და გონებას უჭირს იმის დაჯერება, რომ სადმე, უცხო ქვეყანაში კი არ ვიმყოფებით, არამედ ისევ აქ ვართ, საქართველოში. მართალია, ისტორიული ვითარების გამო ჩამოშორებულ, საკმაოდ შეცვლილ (ვინ იტყვის, რომ ჩვენ არ შევცვლილვართ რუსეთთან თითქმის ორასწლიანი ურთიერთობის შემდეგ?), მაგრამ მაინც საქართველოში.

შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტიც, რომ რომანის ქარგაში ძალიან ფრთხილად არგონავტების მითსაც ამოვიცნობთ. მაგრამ მიხო მოსულიშვილი გავრცელებულ სიუჟეტს არ გვიყვება. იგი ამ ანტიკური ისტორიის კიდევ ერთი ინტერპრეტატორი არ გახლავთ. მან არგონავტების მითი მხოლოდ ქართველებისთვის ყველაზე ცნობილი დამარცხების საილუსტრაციოდ გამოიყენა. ეს ავტორის შეხსენებაა იმის შესახებ, რომ თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდა და ამ "დაუდევრობის სინდრომისგან “ არ განვიკურნეთ, შესაძლებელია დადგეს დრო, როდესაც საკუთარი თავისადმი გაუცხოება დაგვეწყოს და იგი ისევე ვერ ამოვიცნოთ, როგორც რომანში აღწერილი საქართველო ვეღარ ვიცანით. შესაძლებელია, საკუთარი იდენტობა ისეთივე დაუდევრობით გამოგვეცალოს ხელიდან, როგორც ერთ დროს დაკარგული ოქროს საწმისი.

მედიცინაში სხვა ტერმინიც არსებობს: “მოჩვენებითი კიდური“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პაციენტს ამპუტირებული კიდურის ტკივილები აწუხებს.

მე ვფიქრობ, რომ მიხო მოსულიშვილი სწორედ ამ ტკივილზე საუბარს გვთავაზობს.


"ლიტერატურული გაზეთი", # 78, 6-19 ივლისი, 2012



2012 წლის 5 ივნისი, 18:00 საათი, წიგნის მაღაზია "დიოგენე" - გიორგი კაკაბაძის გამოსვლა კინორომანის "ჰელესას" პრეზენტაციაზე.

study


Last edited by Admin on Tue Feb 26, 2013 10:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Wed Nov 14, 2012 11:11 am



გიორგი კაკაბაძე

დაბრუნება

მარიამ წიკლაური "მარადისობის რიტუალი" (პოემა)
გამომცემლობა "საუნჯე", 2012.


"მარადისობის რიტუალი" რელიგიური პოემაა, ოღონდ ვინმემ არ იფიქროს, რომ მარიამ წიკლაურს ან ხილვები აქვს, ან ექსტაზები. ის არც ღმერთს ესაუბრება, რაც ზოგიერთს დღემდე ქართველი პოეტების აუცილებელი თვისება ჰგონია. მწერლის რელიგიურობა, მისი შინაგანი ხმაა, რომელიც მისი ცხოვრების ყოველ დეტალს, ყოველ მოვლენას უფლის ნებას უკავშირებს.
თვისება, რომ ხილულში უხილავი ძალა, კანონზომიერება და სამართლიანობა დაინახო, იმ სულის თვისებაა, რომელიც ღმერთისადმი სიყვარულითაა სავსე.
რაზეც მარიამ წიკლაური წერს თავის წიგნში "მარადისობის რიტუალი", ერთნაირად ეხება როგორც კონკრეტულ ადამიანს, ისე მთელ ერს ან კაცობრიობას. ის გრძელი, დამღლელი და, იმავდროულად, ემოციურად დატვირთული გზა, რომელსაც პოემის გმირი დაადგება, მთელი სოფლის გასავლელი მანძილია. ესაა ეგზისტენციალური მარტოობიდან რწმენამდე, რომელიმე ქალაქ ენოქიდან უფლის ბაღამდე მისვლა. ესაა სამოთხიდან განდევნილი ადამიანების სევდა და შინ დაბრუნების დაუძლეველი სურვილი, ბეპირველადთლემიდან ეგვიპტეში გაქცეული წმინდა ოჯახის იმედიანი შემობრუნება, ესაა მონანიე უძღები შვილის მოქცევა. მაგრამ ცხადია, ეს ყველაფერი არა პირდაპირი ტექსტით,
არამედ იმ უხილავი განცდითაა მოყოლილი, რომლითაც ყოველი ადამიანი, ან მთელი კაცობრიობა უფლის საიდუმლოს უკავშირდება.
ობიექტურ რეალობაში ღმერთის ადგილს ყველაზე ხშირად მეცნიერება, სამშობლო, ან რომელიმე განყენებული იდეა იკავებს, მაგრამ სული ღმერთის არსებობას განიცდის და როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრების პირობები, ყველაფერი იმის სიმბოლოდ უნდა გადაიქცეს, თუ როგორ მივუახლოვდეთ მას. ამიტომაც საკუთარ თავთან (საკუთარ ფესვებთან), სულიერ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად პოემის გმირს უსინათლოსავით დინჯად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხელის ცეცებით უწევს სიარული, რომ ამ რთულ გზაზე ყველაფერი გაიაზროს, ყველაფერი შეიმეცნოს, დაიბრუნოს. სწორედ ასეთი ნაბიჯებია პოემის ცალკეული ლექსები, რომელთაც ცალცალკეც დამოუკიდებელი პოეტური ღირებულებები აქვთ, მაგრამ მათი მნიშვნელობის გაგება მხოლოდ პოემის მთლიანი კონტექსტიდანაა შესაძლებელი.
თავად გზა და მოგზაურობა კი წარმოდგენილია როგორც აზროვნების ფორმა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სუბიექტური სამყაროს საზღვრების გადალახვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პოემაში მარიამ წიკლაური სამყაროს ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. შესადარებლად ვაჟაფშაველას მოვიშველიებ. როდესაც ვაჟას სამყაროს ეხები, ის გპასუხობს, რადგანაც ვაჟა-ფშაველასთან ბუნება გასულიერებულია.
მარიამ წიკლაურთან კი ბუნებასთან შეხება საკუთარი თავის შესწავლაში გეხმარება. აქ ბუნება შენი საკუთარი თავია, შენი შინაგანი სამყაროა. ავტორი გვეუბნება, რომ სამყაროსთან ურთიერთობით და სამყაროს შეცნობით ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს. აქედან გამომდინარე, პოემა საკუთარ თავში მოგზაურობაცაა. საკუთარ თავში უფლის ძიება და მისი საიდუმლოების ამოცნობა, რადგანაც მარიამ წიკლაურისთვის სამყარო შინაგანი იქნება ის, თუ გარე _ გადაშლილი წიგნია, რომელიც ღმერთის არსებობაზე გელაპარაკება. ხოლო პოემა "მარადისობის რიტუალი" ავტორის შეხსენებაა ყველასთვის, რომ ჩვენ ღმერთთან მარადიულ ერთიანობაში ვიმყოფებით.


"ლიტერატურული გაზეთი", # 78, 6-19 ივლისი - http://www.mcs.gov.ge/misc/topic/1343126286.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Mon Dec 17, 2012 1:00 pm



წიგნის დასახელება - "საშობაო სიმღერა პროზად" (საშობაო მოჩვენებების ისტორია)
ავტორი - ჩარლზ დიკენსი
მთარგმნელი - გიორგი კაკაბაძე
გამომცემლობა - "პეგასი"
გამომცემელი - მარინა ცხადაია
რედაქტორი - სოფო ბერია
გამომცემლობის რედაქტორი - ნანა სუხიტაშვილი
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა - მავრა ბანცური
ISBN 978-9941-9234-5-6
გვერდების რაოდენობა - 112
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 12 ლარი
წიგნი გაფორმებულია ჯონ ლინჩის (1817-1864) და არტურ რეკენის (1868-1939) ილუსტრაციებით.
წიგნი ეძღვნება გია ცხადაიას.

ანოტაცია - ჩარლზ დიკენსის უზარმაზარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს მცირე ფორმის მოთხრობას „საშობაო სიმღერა“, რომელიც გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა და დღემდე უცვლელად რჩება მსოფლიო ბესტსელერების სიაში. ეს წიგნი გახლავთ არა მხოლოდ შობის დღესასწაულის აპოლოგია, რომლის საშუალებითაც მწერალი უცვლელ ქრისტიანულ ფასეულობებს ქადაგებს, არამედ ინგლისური ცხოვრებისა და წარმატების კვინტესენციაც.
წელს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის ჩარლზ დიკენსის დაბადებიდან მე–200 წლისთავი აღინიშნება. შობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად პირველად ქართულ ენაზე გამომცემლობა „პეგასი“ გთავაზობთ მის უბერებელ შედევრს, რომელიც ყველა ოჯახში მშობლებმა აუცილებლად თავიანთ შვილებთან ერთად უნდა წაიკითხონ.

"წინასიტყვაობა
მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემს მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე.

თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი
ჩ. დ.
დეკემბერი 1843 წ."
- აი, როგორ ალაპარაკებს ჩარლზ დიკენსს ქართულად გიორგი კაკაბაძე!..


ბმული -
https://www.facebook.com/photo.php?fbid=528976280445852&set=a.465817283428419.111538.461304297213051&type=1&theater

ეგეთი ძუნწი, ქვაწვია და საშინელი კაცი, როგორიც ებინიზერ სკრუჯია, ცოტა თუ მოიძებნება, მაგრამ როცა ჯერ ძველი კომპანიონის, ჯეიკობ მარლის მოჩვენება გამოეცხადება და მერე ზედიზედ სამიც, თვალსა და ხელსშუა შეიცვლება:
"სკრუჯმა თავისი სიტყვა შეასრულა. მან ყველაფერი გაუკეთა, რაც ბობს დაპირდა და უფრო მეტიც. პაწია ტიმისთვის, რომელიც უნდა ითქვას, რომ მთლიანად მომჯობინდა, მეორე მამად იქცა. ისეთი კეთილი მეგობარი გახდა, ისეთი ხელგაშლილი უფროსი და ისეთი გულუხვი ადამიანი, რომ ჩვენს ძველ ქალაქს შეუძლია მისით იამაყოს. და არა მარტო ჩვენს ქალაქს, ნებისმიერ ძველ ქალაქს, ან სოფელს ჩვენი კეთილი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. ვიღაცეები ამ გარდასახვას დასცინოდნენ, მაგრამ სკრუჯი მათ ყურადღებას არ აქცევდა - იცინეთ, რამდენიც გინდათ! ის საკმარისად ჭკვიანი იყო და იცოდა, რომ სამყარო ასეა მოწყობილი - ყოველთვის გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სასაცილოდ აიგდებენ კეთილ საქმეებს. იგი თვლიდა, რომ ისინი, ვინც მას დასცინოდა, ბრმები იყვნენ და ფიქრობდა: ჯობია იცინონ, ვიდრე იტირონო! გული მსუბუქი და მხიარული ჰქონდა და ამით სრულიად კმაყოფილი გახლდათ.
მას შემდეგ სულები აღარასოდეს უნახავს, - ამ მხრივ სრულიად მოსვენებული იყო, - ქალაქში ყვებოდნენ, რომ არავის შეეძლო შობის ისე აღნიშვნა და პატივისცემა, როგორც მისტერ სკრუჯს. ნეტა შეძლონ და ჩვენზეც იგივე თქვან! თითოეულ ჩვენგანზე! ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, პაწია ტიმის სიტყვები გავიმეოროთ: ღმერთმა თავისი წყალობა ნუ მოგვაკლოს!" (ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიმღერა", თარგმნა გიორგი კაკაბაძემ).


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3465
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კაკაბაძე   Tue Jan 08, 2013 2:39 pm

ბმული - http://radio1.ge/media-view/10122

"პიკის საათი", 8 იანვარი 2013
სტუმარი: გიორგი კაკაბაძე - მთარგმნელი.

ჩარლზ დიკენსის ,,საშობაო სიმღერა" ქართულად

,,დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს ჩვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე" - თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ. დეკემბერი. 1843 წ.


ჩარლზ დიკენსის უზარმაზარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს მცირე ფორმის მოთხრობას „საშობაო სიმღერა“, რომელიც გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა და დღემდე უცვლელად რჩება მსოფლიო ბესტსელერების სიაში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

გიორგი კაკაბაძე

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-