არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ხ ვ ა რ ა მ ზ ე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sun Dec 14, 2008 9:18 pm


აი, ესაა 1976 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მიერ ირაკლი გოგოლაურის წინათქმით გამოცემული ხვარამზეს ლექსების წიგნი.

ვიკიპედიიდან:
ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მინდოდაურის რამდენიმე სატრფიალო ლექსი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა „სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა“, რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა (1886). ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის — ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა-ფშაველას დედის — გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა.


ავტორი: გიგი ხორნაული
გამოცემის თარიღი: 1993

"ხვარამზე სამუკაშვილი ჩარგლელი ყოფილა, ვაჟა-ფშაველას დედის დობილი. გარეგნულად ძალზე ლამაზი ქალი ყოფილა. შეჰყვარებია ვაჟიკა ნაკვეთაურს. მთხოვრებიც მიუგზავნია, მაგრამ ხვარამზეს ყასიდად უარი უთქვამს. მშობლებს კი ვიღაც მდიდარი შეურჩევიათ და ხვარამზე იმისთვის მიუთხოვებიათ. ხვარამზეს ვაჟიკას სიყვარული ჰქონია და კიდევ უფრო გასძლიერებია. ასეთ შემთხვევას გადმოსცემენ: "ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა თურმე ხვარამზეს სოფელზე, იმათი სახლის ახლოს. ხვარამზეს მისი ცხენის ნაფეხურისთვის ღობე შემოუვლია, რომ არ წაიშალოსო". (თ. რაზიკაშვილი).
ხვარამზე საოცარი პოეტური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. ის თვითონ ამბობდა თურმე ვაჟიკას სათქმელსაც და ეს ლექსები ასე ვრცელდებოდა. მისი ნათქვამი სულ რამოდენიმე ლექსია შემორჩენილი".


Last edited by Admin on Sun Jul 08, 2012 7:37 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sun Dec 14, 2008 9:29 pm

ქალი ხვარამზე

აღმოსავლეთით აღმოჩნდა
თვალად ლამაზი ქალიო,
ამაჰყვა საყურ–ბეჭედი,
უჟრიალებდა ქარიო,
თან მოყმე ამოიყოლა,
ნათლად ეღება ფარიო.
–აკოცეთ ქალსა ხვარამზეს.
მე ვარ ამ ქალის ქმარიო!
აკოცა ბიჭმა რეგვენმა,
თავს გადიმტვრია ხმალიო.
–რად ეგრე,ბიჭო რეგვენო,
რაზედ მოიკალ თავიო?
გაწყრა,გაჯავრდა ხვარამზე,
მაღლა ჩაშალნა თმანიო,
შაკმაზა მამის ლურჯაი,
ზედ თავად შაჯდა ქალიო,
სარბენლად არ ეყოფიან
თრიალეთისა გზანიო,
საძოვრად არ ეყოფიან
დიდი ალგეთის მთანიო,
სალოკად არ ეყოფიან
სამნი მარილის ქვანიო,
სასმელად არ ეყოფიან
ალაზანი და მტკვარიო,
მოვარდა გუმბრის წყალზედა,
ელვით ენათა თვალიო,
დაეწაფა და ზღვა გაშრა,
გაგლიჯა მოსართავიო.


Last edited by არჩანდა on Fri Dec 19, 2008 10:56 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sun Dec 14, 2008 9:43 pm

სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა

ხვარამზე:

- ვინა ხარ? ვინ იარები,
ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა,
თავს რად არ შამაიბრუნებ,
ყანას რად მამკევ ცრემლითა?



ვაჟიკა:

- ის გეგონაა, ქალაო,
გუშინ რო მედიდებოდი,
კაც-შუაკაცებ გიგზავნე,
თხა წალებურად ხტებოდი;
ისრე გაგახდევ სურვილსა,
ნემსს ყუნწზე აეგებოდი,
ჩაჰქონდე დილის ნიავსა,
უსულოდ ჩაელღვეოდი,
პატარა ნარის ჩიტასა
თვალში ფხად ჩაეგებოდი!



ხვარამზე:

- ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ოქროს სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sun Dec 14, 2008 10:12 pm

წყაროზე წამასულიყავ

ვაჟიკა:

- წყაროზე წამასულიყავ,
ველისას, განა ტყისასა,
გორდი-გორ ჩამამავალმა,
ნაჭაპნს თვალნ მოვკრენ თმისასა,
გეძახე ბექის თავითა:
ქალავ, დაიცა, ღთის მადსა!
თავიც არ შამაიბრუნე,
მიხვალ და მიჰქსოვ წინდასა,
თან ზედ აფრქვევდი ცრემლებსა,
ნამს ჩამოჰგავდი ცისასა.
შენ გათხოვება გავიგე,
სამჯერ მოვკმიჭე მიწასა.
შენს მეტი ცოლად არ მინდა,
ვფიცავ ლაშარის ჯვრისასა.


ხვარამზე:

- არც ვინ შენს მეტი მე მინდა,
მეც გეფიცები ძმისასა,
მაგრამ ცოლს როგორ წაართომ
ღარიბი კაცი მდიდარსა?
დადეგი, არ მემეტები,
პირ გიგავ დილის ცისკარსა.
ეგ რომ გაგიგოს ჩემ ქმარმა,
დაგადებს თოფის ლიშანსა.


ვაჟიკა:

- ქალაო, შენ რო ქმარი გყავ,
თუნდა ხუთს გავთლი ხისასა.
იცი, როგორი ცხენი მყავ -
მიმინოსა ჰგავ მტისასა.
დაგკარგავ, დავიკარგები,
რისხვას ავიტან ღვთისასა!
გადამყევ, გადაგიყოლებ,
ქისტეთს დავიდებ ბინასა,
მაჰმადის რჯულზე დავდგები,
სახელად ვიტყვი წიქასა.
ტანზე ჩავიცომ ჩოხასა,
ლეგლუგას, ქისტებისასა.
მივაკრავ ქისტის ციხეზე
მარჯვენას შენის ქმრისასა,
დნებოდეს, ჩამოდიოდეს,
ლიბუს ადნობდეს ქვისასა.


ხვარამზე:

- მაგას ნუ მეტყვი, მოყმეო,
არ მემეტები, ღთის მადსა.
შენ, იქნებ, ჩემ ქმარ ვერ იცნობ -
ლერწამს ამოსულს ზღვისასა.
ღრუბელს ჰგავ მჭეხარ-მქუხარსა,
ქარ-ბუქსა მაღლის მთისასა.
შაგიტყობს, ამაამღერებს
ვადასა ფრანგულისასა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Fri Dec 19, 2008 12:11 am


ხვარამზე - მხატვარი ნ. მეძმარიაშვილი

მთქმელო, ვერ ამსრულებელო

არ გათენდება სთვლის ღამე,
ღამებნელობა კი არი...
მთქმელო, ვერ ამსრულებელო,
რაღა შენ სიცოცხლე არი?!
ნეტავი, ვაჟად მაქცია,
ქალი არა მქნა თმიანი.
მემრე შეგვყარნა ერთადა
ორნიც ჭრელ მათრახიანნი, -
ვერც მაშინ გაიგებდია,
რაც ჩემი გულის ზნე არი?!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Fri Dec 19, 2008 10:53 am

ჩემთან წამოდი, ხვარამზევ

ჩემთან წამოდი, ხვარამზევ, -
ჩემ სახლ არა ჰგავ სხვისასა,
ქერ-ასლიც გენატრებოდა,
მე ჯერად გაჭმევ წმინდასა.
გამამყევ, გადაგიყოლებ,
შენ დაუჯერე წიქასა!
გადგიყვან დაღესტანშია,
ჩემ ცხენი ჰგავის სისკარსა!
შენ რო საქმარე გყოლია,
თუნდა გაგითლი ხისასა!
ლეკეთს ციხეზე მივაკრავ
მარჯვენას შენის ქმრისასა!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Mon Dec 22, 2008 1:44 am

Quote :
"არჩანდა" wrote:


ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური[/url], XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მინდოდაურის რამდენიმე სატრფიალო ლექსი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა „სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა“, რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა (1886). ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის — ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა-ფშაველას დედის — გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა.

მიხო ბატონო, არადა ვერა, ვერ დავეთანხმები თქვენს მოტანილ ვიკიპედიურ ინფორმაციას.

ხვარამზე, “სამუკათ ხვარამზეობით”იხსენიება.ფაქტია, “სამუკანი” ოჯახის სახელწოდება უნდა იყოს, მაგრამ მამის ოჯახის თუ ქმრისა? ამისი დაგენა ახლა არაა მარტივი. ასევე არაა მარტივი, ხვარამზეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების მოპოვებაც.
ფშავი ოდითგან ორ (არაგვისა და ივრის) ხეობაში იყო განთავსებული. ხვარამზე თავისი ლექსებით და ბიოგრაფიით ივრის ფშავში უფრო ცნობილი და პოპულარული იყო, ვიდრე არაგვის და ივარაუდება, რომ ივრის ფშავიდან უნდა იყოს.
ხვარამზე და ვაჟიკა ნაკვეთაური რეალური პიროვნებები იყვნენ და მე-19 საუკუნის შუა ხნებში ცხოვრობდნენ ფშავში. თედო რაზიკაშვილი, ვინც ჩაიწერა ხვარამზეს ლექსები ქალიკელ გორზამაულისაგან, მიუთითებს, რომ იგი ერთდროულად ორი ქალის თედოს დედის, გულქან ფხიკლეშვილის და თვით ქალიკელ გორზამაულის თანამედროვე, მათი ტოლი და ამხანაგი იყო. როგორც მრავალი ექსპედიციების კვლევით გახდა ცნობილი, ქალიკელ გორზამაული სოფ.ჩარგლიდან ივრის ფშავში, სოფ.არტანში იყო გათხოვილი. თუ ხვარამზე ქალიკელის ქმრის (და ამდენად ქალიკელისაც) თანასოფლელია, მაშინ იგი, არტნელი ყოფილა. მაგრამ არტნელი ქალი თუ არტნელების რძალი? თუ მივიჩნევთ, რომ არტნელი ქალი, მაშინ რომელ სოფელში იყო გათხოვილი? იმავე სოფელში ფშაური ტრადიციისამებრ, ქალი არ თხოვდებოდა, რადგან იქ ყველა ძმა-ბიძაშილად და მამა-ბიძად ერგებოდა და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ არტნელების რძალი იყო. აქ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ხვარამზე იმავდროულად თედოს და ვაჟას დედის გულქანის ტოლ-ამხანაგიც იყო. ცნობილია, რომ გულქანი ივრის ფშავის სოფელ სხლოვანიდან იყო ჩარგალში გათხოვილი. გათხოვების მერე მას ხვარამზესთან ამხანაგობა ვეღარ ექნებოდა სიშორის მიზეზით და სავარაუდებელია, რომ ხვარამზეც სხლოვნელი ქალი ყოფილიყო არტანში გათხოვილი. ასეთ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ხვარამზე ქალიკელის ამხანაგი გულქანისაგან განსხვავებით ყმაწვილქალობაში კი არა, ორივე მათგანის გათხოვების მერე, უკვე არტანში იქნებოდა. ლოგიკური ჯაჭვიც იბმება… ყმაწვილქალობაში ხვარამზე სხლოვანელი გულქანის ამხანაგია და გულქანის ჩარგალში გათხოვების და ქალიკელის ჩარგლიდან არტანში გამოთხოვების მერე არტანშივე გათხოვილი ხვარამზე ქალიკელის ამხანაგი გახდებოდა…
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - არტნელები მინდოდაურები ანუ ჭიჩოელები არიან და სავარუდოა, რომ ხვარამზეს ქმარი ჰყოლოდა არტნელი მინდოდაური. ხვარამზეს მინდოდაურობის სავარაუდებლად მეტყვლებდა ის ფაქტიც, რომ მისი ლექსები დიდმა ილია ჭავჭავაძემ საგურამოში ჩაიწერა ბაბალე მინდოდაურისაგან, რომელიც ასევე არტნელი იყო და პურის მცხობლად მუშაობდა ილიასთან. სავარაუდოა, რომ ილიამ მთქმელად ანუ “მისთვის მთქმელად” მიუთითა ბაბალე მინდოდაური ისე, რომ ლექსების ნამდვილი ავტორი ანუ “გამომთქმელი” არც იცოდა. რაც შეეხება თედო რაზიკაშვილს, მან ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ხალხურ სიტყვიერებას არამარტო ქალიკელ გორზამაულისაგან ხვარამზეს ჩვენამდე მოღწეული ამ ათივე ლექსის ჩაწერით, არამედ, ხვარამზეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების მოწოდებითაც. აი, ბატონო მიხო, სულ ესაა, რაც მოგვეპოვება ჯერჯერობით ხვარამზეს შესახებ:

ხვარამზე ივრის ფშავის მკვიდრია.
ხვარამზე ვაჟა ფშაველა ს დედის გულქან ფხიკლეშვილის ტოლი და ამხანაგია და ამდენად სავარაუდოა, რომ იგი სხლოვანელი ქალია.
ხვარამზე ამავდროულად არის ქალიკელ გორზამაულის ტოლამხანაგი, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი ქალიკელივით არტანში იყო გათხოვილი.
ხვარამზე სავარაუდოდ არტნელი მინდოდაურების რძალია, ვინაიდან არტანი ძირითადად მინდოდაურების სოფელია.
ხვარამზე "სამუკათ ხვარამზეს" სახელით მოიხსენიება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლება მისი მამის ან ქმრის ოჯახის სახელწოდება იყოს.


Last edited by სანათა on Tue Dec 23, 2008 8:24 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Mon Dec 22, 2008 8:52 pm

რატომა ხვარამზე მხოლოდ სახალხო მთქმელი (?!) და მელექსე? ალბათ,ქულები ვერ დააგროვა საითზე, რომ პოეტთა დასში ჩარიცხულიყო, არა? რამდენიმე ნიკით უნდა დაფიქსირებულიყო და გაუმართლებდა... Very Happy
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Mon Dec 22, 2008 9:17 pm

არგანი wrote:
რატომა ხვარამზე მხოლოდ სახალხო მთქმელი (?!) და მელექსე? ალბათ,ქულები ვერ დააგროვა საითზე, რომ პოეტთა დასში ჩარიცხულიყო, არა? რამდენიმე ნიკით უნდა დაფიქსირებულიყო და გაუმართლებდა... Very Happy


ოოო, რა გამახარეთ გია! ეს, მიხოს რომ უყვარს ხოლმე თქმა, კარგი "სატოპკე" იყო ჩემთვის ხვარამზეზე როგორც პოეტსა და არა მოლექსეზე ან სახალხო მთქმელზე სალაპარაკოდ, რა თქმა უნდა, თუ მომცემენ ამის საშუალებას და თუ ჩვენს გარდა (მე, თქვენ და მიხო!)კიდევ ვინმეს დააინტერესებს. სამწუხაროდ, მე არ ვარ პროფესიონალი ფოლკლოროსტი(რასაც, ბოლო ხანია, ძალიან განვიცდი!)და ხვარამზე კიდევ არაა შესწავლილი, როგორც მოვლენა არამხოლოდ ფშაურ არამედ მთლად ქართულ პოეზიაში... არ ვიცი, ჩემი ნაუბარი რამდენად იქნება სიმართლესთან დაახლოებული და დამაჯერებელი მსმენელისათვის, მაგრამ თავს ნებას მივცემ, ვერც დილეტანტის, მხოლოდ მოყვარულის დონეზე გამოვთქვა მოსაზრებები. Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Mon Dec 22, 2008 10:05 pm

სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ "ფოლკლორში" და თანამოაზრეებსაც ვეძებ.
მე მინდა ხალხური საგანძურიდან ინდივიდუალური შემოქმედება (მათ შორის ანონიმურიც) გამოიკრიბოს და ცალკე კრებული გაკეთდეს.
ჩათვალე, რომ ხვარამზე ჩემთვის უკვე ამ კრებულის ავტორია.
რა თქმა უნდა, პროფესიონალ ფოლკლორისტებსაც მოვუსმინოთ (მათ გარეშე ეს საქმე არ გაკეთდება), ჭკუაც დავეკითხოთ, დავუჯეროთ კიდეც...
დაველოდოთ. No
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Tue Dec 23, 2008 2:22 pm

არგანი wrote:
სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ "ფოლკლორში" და თანამოაზრეებსაც ვეძებ.
მე მინდა ხალხური საგანძურიდან ინდივიდუალური შემოქმედება (მათ შორის ანონიმურიც) გამოიკრიბოს და ცალკე კრებული გაკეთდეს.
ჩათვალე, რომ ხვარამზე ჩემთვის უკვე ამ კრებულის ავტორია.
რა თქმა უნდა, პროფესიონალ ფოლკლორისტებსაც მოვუსმინოთ (მათ გარეშე ეს საქმე არ გაკეთდება), ჭკუაც დავეკითხოთ, დავუჯეროთ კიდეც...
დაველოდოთ. No

Shocked

გია, კაცოოო - მე რომ ორი ათას ცხრაას ჩვიდმეტი ფოლკლორისტი მომაყენო, სუ პროფესორი და საპატივსაცემო ხალხი და მიმტკიცონ იმათა, რომ, - აიი, ეს ხვარამზე სახალხო მთქმელ არისაო, არ დავუჯერებ მე იმათა!
ა-პა-პა-პა!
არაფრით არ დავუჯერებ!
რახან -
ეს არაფრით არ არის სახალხო მთქმელი და რა ვიცი, კიდე რეებს ეძახიან - ეს არის ისეთი პოეტი, რომ თავისი ათი ლექსით ბევრ ტომეულების ავტორ "პოვეტებს" ჩაისვამს ცალ ჯიბეში და ისე ჩაისვამს, რო იმათი ამოყვანა აღარც კი მოაგონდება და დარჩებიან ხვარამზეს ცალ ჯიბეში სულა!
ხვარამზე იმისთვის გააჩინა ღმერთმა, რო ვაჟა-ფშაველასთვი ეთქვა - მარტო შენ კი არა ხარ პოეტი, აი, აჰა, ნახე ეს ხვარამზე - ეგეთა პოეტებიც მყვანან მე ამ დალოცვილ საფშავლოშიაო...


Last edited by Admin on Sun Jul 08, 2012 7:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Tue Dec 23, 2008 2:48 pm

ისე მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვათქმევინოთ ამ ფოლკლორისტებსაც, კაცო!
იქნებადა რას ამბობენ?!
თუ არა და აქ არა ვართ? გავუკეთოთ ერთ პატარა კრებული პოეტ ხვარამზეს (და არა მარტო მას) სანათას წინასიტყვით და გვდიონ მერე ფოლკლორისტებმა... king
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Tue Dec 23, 2008 4:00 pm

Quote :
"არჩანდა"wrote:

ხვარამზე იმითვინ გააჩინა ღმერთმა, რო ვაჟა-ფშაველასთვი ეთქო - მარტო შენ კი არა ხარ პოეტ, აი, აჰა, ნახე ეს ხვარამზე - ეგეთა პოეტებიც მყვანან მე ამ დალოცვილ საფშავლოშიაო...


არა, მიხო, მე ვფიქრობ, ვაჟასთან მიმართებაში იმისთვის... რომაო... ბალღო ლუკავ, ყური მიუგდე, როგორი ენამზიანები არიან ეს ფშავლის ქალები და როგორი შედევრების ჩურჩულით დააძოვებენ ცხვარ-ძროხათ ხელსაქსოვიან-სულფაქიზი ლექსქალაებიო. აეგეთი დედაკაცებიდან ხატავდა მერე ვაჟა სანათა-აღაზაებსა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Feb 21, 2009 2:29 am

ხვარამზე:

- ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ოქროს სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.


ეს თქვენი ვარიანტი







ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ვერცხლის (!)სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ძალიან დაწუხებული
გზაზედამც შაგეყრებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული
გზაზედაც შაგეყრებოდი.
ერთ ბეჭდური გამოცემიდან ავკრიფე.მეც ასე მახსოვდა ეს ლექსი.
აბა ნახე ბობო ''სიუჯეტური ხაზი''თანდათან ადის პიკამდე ,ანუ სატრფოდ ყოფნის სურვილი ''კულმინაციაა''' .და თქვენს ვარიანტში ამის მერე ''ძმად'' ყოფნის ''სურვილი'' მოდის..
რაღაც ვერ ხოSad
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Feb 21, 2009 8:31 am

არგანი wrote:
ისე მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვათქმევინოთ ამ ფოლკლორისტებსაც, კაცო!
იქნებადა რას ამბობენ?!
თუ არა და აქ არა ვართ? გავუკეთოთ ერთ პატარა კრებული პოეტ ხვარამზეს (და არა მარტო მას) სანათას წინასიტყვით და გვდიონ მერე ფოლკლორისტებმა... king
cheers

დილა მშვიდობისა,ძმაო არგანო.
არსებობს ეგეთი კრებული_გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" 1976 წელს გამოსცა ირაკლი გოგოლაურის მიერ შედგენილი პატარა წიგნი "ხვარამზე"(შემდგენლის მშვენიერი წინასიტყვაობით).
არსებობს ასევე ირაკლი გოგოლაურის შედგენილი "ხმით ნატირლები"( დიდებული წინასიტყვაობით),გამოცემული 1981 წელს("საბჭოთა საქართველო"),საუცხოოდ გაფორმებული თენგიზ მირზაშვილის მიერ...
ხმით ნატირლები ცალკე თემაა_ამის გარეშე წარმოუდგენელია არათუ ჩვენი ფოლკლორი,არამედ,საერთოდ,ქართული პოეზია.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Feb 21, 2009 9:58 am

ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი - შაგერგებოდი;
ანა მქნა ვერცხლის (!)სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი;
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი;
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი;
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდი,
ანა მქნა ვარდი, ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდი;
ანა მქნა მოის პერანგი,
რო მკერდზე დაგადნებოდი;
ან შენი ძმა მქნა, მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი.
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული
გზაზედაც შაგეყრებოდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხვარამზეს ლექსები სხვადასხვა დროს ჩაუწერიათ ილია ჭავჭავაძესეს საგურამოში ბაბალე(ბუბა) მინდოდაურისაგან, დ ხიზანაშვილს, პ.უმიკაშვილს და სხვებს. ეს არის ვარიანტი, რომელიც თედო რაზიკაშვილის ჩაუწერია ხვარამზეს თანატოლი და ახლობელი, ასევე მოლექსე ქალის, ქალიკელ გორზამაულისაგან. მე შეიძლება მიკერძოებული ვარ, მაგრამ თ. რაზიკაშვილის ჩანაწერებს ყველაზე მეტად ვენდობი ხოლმე.

მინდა ისიც გითხრათ, რომ არსებობს პროფესორ თამილა გოგოლაურის ძალიან საინტერესო და დეტალური ანალიზი ხვარამზეს ლექსებისა და სერიოზული დასაბუთება იმისა, რომ ხვარამზე არა ხალხური მთქმელი და მოლექსეა, არამედ უნიჭიერესი პოეტია, რაც ჩემი აზრით სავსებით ობიექტური შეფასებაა ხვარამზესი.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Feb 21, 2009 10:12 am

არგანი wrote:
რატომა ხვარამზე მხოლოდ სახალხო მთქმელი (?!) და მელექსე? ალბათ,ქულები ვერ დააგროვა საითზე, რომ პოეტთა დასში ჩარიცხულიყო, არა? რამდენიმე ნიკით უნდა დაფიქსირებულიყო და გაუმართლებდა... Very Happy

საქართველოს ქალთა შორის ორი დიდი პოეტი ჰყავს:
ხვარამზე და ანა კალანდაძე.

queen cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Feb 28, 2009 11:47 am




ნ ა ტ ვ რ ა flower
------------
ნეტავი ფრინვლად მაქცია,
დამსვა მაღალსა მთაზედა,
ქალო,შენს წამამყვანელსა
გამუდგებოდი კვალზედა...

მენაც იქ მოვშავდებოდი,
სადაც შენ დაგსმენ ჯარზედა,
საკმისას ჩამოვხედნებდი,
თვალს შაგავლებდი ტანზედა,_

რარიგად შაგიხდებოდა,
ვის დაგიწვენდნენ მხარზედა!..
ჩემ სწორებ,კარგებ ვაჟები
დასხდება ღვინის სმაზედა,_

მამერევიან ტირილნი,
ქუდს მივიფარებ თვალზედა:
მე ხო ეგ აღარას მარგებს,
ისივ თუ წავალ ცხვარზედა,
გუნებას შავახალიზებ
იკვლივ_იალნოს მთაზედა,
მომიგონოდით,სწორებო,
რო ჩამაჰსხდებით სმაზედა! sunny

...
დასათაურება თ.რაზიკაშვილისა.ტექსტს წამძღვარებული აქვს შემკრების განმარტება:"სამუკათ ხვარამზეს ხომ ნაკვეთაური უყვარდა.იმან სხვა შაირთო.ახლა ხვარამზემ თავისი თავი ნაკვეთაურის ალაგას დააყენა,ვითომდა ხვარამზე გაუთხოვეს,ნატრობს ვაჟიკა:ჯარზე მაინც ნახოს ხვარამზე,ვითომ ვეღარა სძლებს და ცხვარში მიდის დარდის გასაქარწყლებლად".
...
საკმისას_ბანიდან,ბანზე ამოჭრილი საკომიდან_საკვამლედან.



king Sad queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Mar 07, 2009 9:23 am

წუხელ მოიდა სისკარი
მანათობელი ღამისა,
მოიდა,დადგა ჩემთანა,
მწუნებელ იყო ქმარისა.
მეხვეწნა:"გადამიყოლე,
ცხენი გყავ ნიავ-ქარისა!"
არც გავყევ,არც გავიყოლე,_
ანდერძი მქონდა მამისა_
ვერ ვენდე,_რა გაიგება
გულგავარდნილი ქალისა?! queen

.
"სისკარი" ფშაურად ვარსკვლავს ნიშნავს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Sat Mar 28, 2009 4:31 pm



ქალის ნატვრა flower
--------------------
წუხელ მოვიდა მერცხალი
ღამეს არ გასათენებსა!
ჩვენს ვისამ წამეეყვანა,
სამოთხეს წასაყენებსა,
დაჯდა,დაიწყო ტირილი,_
ცრემლი სწვდებოდა ხმელეთსა:
"ნეტავი,ანამც შენი მქმნა,
ანამცა მქონდეს ჩემ ნება!" king sunny queen

...
სამოთხეს წასაყენები_სამოთხის ღირსი.
"მერცხალში",ალბათ,ვაჟიკა იგულისხმება.


cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Mon Apr 20, 2009 9:06 am



ლეკების თარეში
-----------------------
კახეთს მოვიდა ლაშქარი,
სამი ბელადის ჯარიო.
აქით ტყვე წაუყვანია,_
დედუკა_ჩვენი რძალიო.
ნეტავი,დაო,დედუკავ,
მამცნა სამ-სამნი ძმანიო, king king king
რო გული ასტკივდებოდა,
ეკვლია შენი კვალიო!
ანამც მაქცია ვაჟადა,
მამცა თოფი და ხმალიო,
კი საით მამაკლეინა
ი,ლეკი,შენი ქმარიო,
ერთ ქალად დაფასდებოდენ queen
ლამაზნი შენნი თმანიო!
მზექალავ,გახუათაო,
შენამც იაღი ხარიო. flower
საქმის საკეთოდ დამჯდარხარ,
ქათმის ყიულის ხანია,
საგრეხელაში მოვხელეთ
შენი ნასთავი ტარია.
ქავთარო პაპისშვილაო,
შენი დაკარგვა ბრალია!
კი მაინც დაჰრჩა პატრონი,
ღმერთო,დასწერე ჯვარია!
სუ ტიალ-ოხერს იტყვიან,
ბეჩავი გორგის ქალია!
ნუ დამგმობთ,ჩემო სწორებო,
დამნანდეს მამის ძმანია!
ამ თავის სიუჭკოვითა
სუ ავიშურენ სწორნია!
...

...
ს ა გ რ ე ხ ე ლ ა_თითისტარის სატრიალებელი
,ხისაგან გამოთლილი და მოჩუქურთმებული ოთხფეხა ხელსაწყო.
მ ო ვ ხ ე ლ ე თ_ვიპოვეთ.
ი ა ღ ო ბ ა_უცოდველობა,სიწმინდე.იაღი_წმინდა.იაღში ყოფნა_ნათელში ყოფნა,იქ,სადაც წმინდა სულებია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Fri Jun 19, 2009 9:01 am

ქალო,სამუკათ ხვარამზევ
-------------------------
ქალო,სამუკათ ხვარამზევ,
რად დამიმალე მგზავრები? drunken
მეც კარჩი გამოვიდოდი,
განა კი დავიმალები.
მალედავ უნდა გამეგო,_
სწორობას გაგიმწარებდი.

...
თედო რაზიკაშვილის განმარტებით(დასათაურება მისეულია),ხვარამზესთან სტუმრად მივიდა მისი დობილის ნანდაური ვაჟი,ხვარამზემ ქალს არ გააგებინა და მერე თვითონვე ალექსა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Wed Nov 17, 2010 10:10 pm

მიხეილ ღანიშაშვილი


ჰაი, ხვარამზე, ხვარამზე!..

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს თიანეთის ახლადგარემონტებულ კულტურის სახლში ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა: მაყურებელმა იხილა პრემიერა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური კომპოზიციისა ”ვერცხლის თასადამც მაქცია”. კომპოზიცია აგებული იყო ცნიბილი ფშაველი პოეტი ქალის, ხვარამზესა და ვაჟიკას სასიყვარულო ისტორიაზე, რომლის განხორციელების იდეაც თურმე ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს, მთის ბულბულ თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნოდა. იდეის ლიტერატურული დამუშავება და სცენარის სახით გარდაქმნა მოახდინეს მარიამ ხურცურაულმა და ნინო სადღობელაშვილმა.
სანამ უშუალოდ სპექტაკლის ღირსებასა და ჩემს პირად შთაბეჭდილებებზე ვისაუბრებდე, მინდა მკითხველს ორიოდე სიტყვით იმ ლამაზი და სევდიანი სასიყვარულო ისტორიის ქარგაზე მოვახსენო, რომელიც საფუძვლად დაედო კომპოზიციას. ამას კი, შევეცდები, სცენების ანუ ეპიზოდების თანმიმდევრული აღწერით მივაღწიო.


მაშ ასე, სპექტაკლის დასაწყისი, ანუ პირველი ეპიზოდი - ჩაბნელებული სცენა, რომლის სიღრმიდანაც მოისმის მთხრობელის სიტყვები ამბად გაგონილი ერთი უიღბლო სიყვარულის შესახებ, რომლის მიხედვითაც მთიელ ხვარამზეს შეუყვარდება მონადირე და გუთნისდედა კაცი, რომელსაც ერთხელ, დილით, თურმე, მის ეზოზე ჩამოუვლია. ეს ამბავი პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია ფშაური ლხინის სახით, სადაც ხვარამზე და ვაჟიკა ხვდებიან ერთმანეთის.

მეორე ეპიზოდი, რომელიც წარმოადგენს მასობრივ ცეკვას, აჩვენებს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ყოველდღიურობას, როდესაც მეცხვარის ფორმაში გამოწყობილი ვაჟიკა ხან მეცხვარეობს, ხან - მონადირეობს, ხანა - გუთნისდედობს, ხოლო სცენის მეორე კუთხეში ხან ქსოვით, ხანაც სქონლის მოვლით გართულა ხვარამზე.

მესამე ეპიზოდში ხვარამზეს მამისახლში ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მისული ვაჟიკა ნიშნობის ბეჭედს სთავაზობს ქალს, თუმცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ვაჟისადმი გულშინადები სიყვარულისა, ყასიდად, უარს ამბობს მის გამორთმევაზე.

მეოთხე ეპიზოდში ხვარამზეს მოტაცება-გათხოვებისა და სულ სხვა კაცზე დაქორწინების ამბებია ნაჩვენები. აქვე ჩანს, სცენის მეორე მხარეს, მომხდარით დამგლოვიარებული ვაჟიკაც.

მეხუთე ეპიზოდში კვლავ ჩვეულებრივად ”ცხოვრება გრძელდება”. ხვარამზეც და ვაჟიკაც უკვე თავ-თავიანთ ოჯახებში არიან. მაგრამ ამ ეპიზოდშივე თამაშდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი და შტამბეჭდავი მომენტი. ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკა ცხენით ჩამოივლის ხვარამზეს ეზოზე. ხვარამზე მას შეუმჩნევლად უყურებს. როდესაც ცხენ-კაცი თვალს მიეფარება, ქალი გამოდის მოფარებულიდან და ვაჟიკას ცხენის ნაფეხურებს ”შემოღობავს”.
მეექვსე ეპიზოდი წარმოადგენს ხვარამზესა და ვაჟიკას მოულოდნელ შეხვედრას და მათ გაბაასებას ლექსებით.

მეშვიდე ეპიზოდში ხატობის დღესასწაულზე, ვაჟიკას ცოლის, ქალთამზის, მონოლოგები ხმიანდება, რომელშიც ეს უკანასკნელი საბოლოოდ ხსნის ფარდას ხვარამზესა და ვაჟიკას სიყვარულის მთელ საიდუმლოებას, რის შემდეგაც გაისმის კომპოზიციის საფინალო სიტყვები - ხვარამზეს ცნობილი ლექსი ”ვერცხლის თასადამც მაქცია”.


აი, ეს არის ამ სპექტაკლის შეკუმშული, მშრალი არაკი, რომელიც ოსტატურად, მთელი თავის მხატვრული სიძლიერითა და ეფექტურობით ცოცხლებულდება სცენაზე ქართული ფოლკლორის სასახლესთან (დირექტორი თამაზ ანდღულაძე) არსებული თატრალური სკოლა-სტუდია "ცეტების" (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, რეჟისორ-ხელმძღვანელი იოანე ხუციშვილი, პედაგოგი ელდინო საღარაძე) აღსაზრდელების შესანიშნავი სამსახიობო თამაშის და საქართველოს პროფკავშირების კულტურის სასახლესთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ”მთიების” (ხელმძღვანელები ღირსების ორდენის კავალერი ანზორ გვარამაძე და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ლეილა გვარამაძე, ქორეოგრაფი - ნიკა ქსოვრელი) ბრწყინვალედ განფენილი როკვის წყალობით. კომპოზიციის ავტორთა და რეჟისორის (იოანე ხუციშვილი) ჩანაფიქრით მაყურებელთან საურთიერთობო ენა კომპლექსური და მრავალფეროვანია: პოეტური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და ტექნიკური (განათების სპეცეფექტები). მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში უპირატესი დატვირთვა თითქოს ქორეოგრაფიას, პლასტიკას ენიჭება (უამრავი მასობრივი, სადუეტო თუ ინდივიდუალური საცეკვაო ნომრები), ძირითადი სათქმელი მაინც სიტყვიერი ფორმით - პოეზიით მიეწოდება მაყურებელს (ესაა ამონარიდები თავად ხვარამზეს, აგრეთვე პოეტების მარიამ ხუცურაულისა და მიხეილ ღანიშაშვილის მიერ ხვარამზეს თემაზე შექმნილი ლირიკული ლექსებიდან). სპექტაკლის განუყოფელი ნაწილია სიმღერა, რომელიც ხმოვან ფონად გასდევს მას და მუსიკალურ მომხიბლველობას ანიჭებს. სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად, შერჩეულია მთის მუსიკალური რეპერტუარი: ”ჯვარი წინასას” და ფშაური კაფიის ”შემღერნებითი” მელოდიები და ლელა თათარაიძის საგარმონო ჰანგები. სპექტაკლის მთელი ანტურაჟი, სასცენო გარემო, კოსტიუმები, მსახიობთა სამეტყველო მანერა მთის, ფშაური, ხალხური, ეთნოგრაფიული ხასიათისაა, რაც მაყურებელს უფრო ნათლად და ცხადად აღაქმევინებს კომპოზიციის ძირითად თემასა და შინაარს. სპექტაკლში ლოგიკურად და ორგანულადაა შემოტანილი და ჩაქსოვილი ფშაური ყოფითი სინამდვილისათვის დამახასიათებელი ბევრი საწესჩვეულებო, რიტუალური ნიუანსი, რაც კიდევ უფრო აფართოებს მაყურებლის წარმოდგენას იმ ლოკალურ გარემოზე, რომლითაც საზრდოობს გმირთა ფიზიკური თუ სულიერი ცხოვრება (ფშაური ნიშნობა, ქორწილი, მდადეობა, ეჯიბი, ლაშარობის ხატობა, სარიტუალო ცეკვა- ”ფერხისობა”, საჯარე, კაფიაობა, შამღერნება და სხვა).

სპექტაკლი მიმდინარეობდა დინამიურად, ექსპრესიულად. მაყურებელი მთელი არსებით იყო ჩართული მასში და სუგანაბული ეზიარებოდა ასე ნიჭიერად და ოსტატურად გაცოცხლებულ ამ ნაღვლიანი, მაგრამ ამაღლებული სასიყვარულო ამბის სცენურ ხიბლს. სავსე დარბაზი ხშირად მოწონების ემოციასაც კი ვერ მალავდა და ტაშით, აპლოდისმენტებითა და ოვაციით ეხმიანებოდა სცენას.

ალბათ არ ვიქნები შორს მაყურებლის საერთო აზრისაგან, თუ ვიტყვი, რომ პრემიერა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური კომპზიციისა ”ვერცხლის თასადამც მაქცია” შესდგა და შესდგა იგი სრული წარმატებით, საყოველთაო მოწონებითა და აღფრთოვანებით!
უდიდესი მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის მომზადებასა და განხორციელებაში დაიდო წილი, ჩააქსოვა თავისი ენერგია და საქმისადმი პროფესიული სიყვარული!

თურმე სულაც არ ყოფილა წარმოუდგენელი სრულიად მოკლე დროში შექმნილი და დამუშავებული სპექტაკლი პროვინციული სცენის დასამახსოვრებელ ნიშანსვეტად აქციო!

ამ ლამაზმა ღონისძიებამ, რომლის მხარდამჭერებიც ფშავის აღორძინებისა და განვითარების კავშირი (თავმჯდომარე როსტომ მაჩხოშვილი), თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (გამგებელი გიორგი აბაშვილი, მოადგილეები თამაზ იარაჯული და ნონა ბაღიაშვილი, კულტურის განყოფილების გამგე ქეთევან შარმიაშვილი) და მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი (დირექტორი ციცინო გაბიდოური) იყვნენ, მიუხედავად ცუდი ამინდისა, წვიმისა და სიცივისა, თიანეთში თავი მოუყარა როგორც ადგილობრივ კულტურულ საზოგადოებას, ისე დედაქალაქიდან ჩასულ უამრავ სტუმარს, სასულიერო თუ საერო საქმის კაცთ. ცხადია, რომ მათ შორის ხელოვნების, მწერლობის, მეცნიერების მოღვაწენი ჭარბობდნენ. პროფესორება თამილა გოგოლაურმა (ვისი მამაც, პოეტი ირაკლი გოგოლაური იყო ერთერთი პირველი გულშემატკივარი, შემკრები და გამომცემელი ხვარამზეს ლექსებისა) და ტრისტან მახაურმა, პოეტებმა ელა გოჩიაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, ტარიელ ხალხელაურმა, ეთერ აბრამიშვილმა, თიანურმა ფოლკლორულმა დუეტმა (ნინო ივანეური, თეონა უშიკიშვილი) და პატარა გიორგი ბიჩინაშვილმა თავისი ხმა შეუერთეს იმდღევანდელ ზეიმს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო მხოლოდ კომპოზიციის პრემიერის დღე. ეს უფრო ფარტომასტაბიანი კულტურული ღონისძიება იყო, სადაც ფრიად მნიშვნელოვანმა იდეამ გაიჟღერა: ამიერიდან ივრის ხეობაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამ სიყვარულის ინტრიგა რეალურად გათამაშდა თავის დროზე, დაწესდება და გაიმართება ”ხვარამზეობა” - ყოველწლიური ფართო მასშტაბისა და მრავალფეროვანი პოეტურ-კულტურული პროგრამის დღესასწაული, ჩატარდება, ასევე ყოველწლიურად, ლიტერატურული კონკურსი ქალი პოეტებისთვის. ხოლო რაც შეეხება თავად კომპოზიციას, მის ავტორებს უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვთ: სპექტაკლი ჯერ დედაქალაქის სცენაზე გადმოინაცვლებს, საგაისოდ კი შეიძლება ევროპასაც ესტუმროს.

”ხვარამზეობის” პირველ ნაბიჯები და დაფუძნება დალოცა თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თადეოზმა (იორამიშვილი), თავადაც დიდებულმა პოეტმა და მთიელთა ერთგულმა სულიერმა წინამძღვარმა.

მთელი ამ უზარმაზარი და შრომატევადი საქმის სული და გული, ანი და ჰაე, უმთავრესი წარმმართველი ძალა იყო ერთი სიფრიფანა, მაგრამ დაულეველი ენერგიის მქონე ფშავლის ქალი, უნიჭიერესი პოეტი მარიამ (სანათა) ხუცურაული.

უთუოდ ცალკე და განსაკუთრებულად მინდა ვთქვა მარიამის მისამართით სამადლობელი სიტყვები და ვუსურვო ყველანაირი წინსვლა და გამარჯვება ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობაში !


მარიამის პიროვნებასა და პოეზიაზე უფრო ვრცლადაც კი მეკუთვნის საუბარი. ამას, ალბათ, სამომავლოდ გავაკეთებ კიდეც. ახლა კი ეს წერილი-რეცენზია მინდა პატარა ლირიული გადახვევით დავასრულო, რომელიც მისი პორტრეტისთვის, ვფიქრობ, საინტერესო შტრიხებად ივარგებს:

სოფელში რომ ჩავდივარ, ისე არ იქნება, დედაჩემმა სანათას, იგივე მარიამ ხუცურაულის შესახებ არ მკითხოს:
- სანათა აღარ გინახავ? როგორ არი ი ლამაზ-ლექსება ქალაი?

"სანათას წიგნი" ჩავიტანე სახლში, იქ დავუტოვე დედას ერთიხანობა. ცხადია, წაეკითხა, გადაეყლაპა ეს პატარა, ოღონდ ბაჯაღლო ოქროსავით გამოცემა. რომ ვესტუმრე, მეუბნება:
- რა კარგი პოეტი გვყოლია, შვილო, ფშავლებს, რა ნიჭიერი. თან ქალი და ახლა რა ქალი! რო შახვდები, მამიკითხე და გადაეცი ჩემი სიყვარული და მოწონება.

სანათას შესახებ სხვებმაც იციან, სხვებიც მეკითხებიან, სხვებსაც უყვართ მისი პოეზია ილტოს ხეობაზე, სადაც 21-ე საუკუნეში ელექტროობა არ არის და ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეს მიკლებული ეს მხარე თითქოს ვერც კი უნდა იგებდეს, რა ხდება ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში!


დაო სანათავ, მე მახსოვს შენი თბილი სიტყვები, ილტოს ხეობიდან დაბრუნებულმა რომ დაწერე ლიტსაიტზე სახალხოდ.
მახსოვს, რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჩადე იმ სიტყვებში, პირადად ჩემს მიმართ, დედაჩემის მიმართ, მთელი ხეობის მიმართ, ფშავლებისა და მთლიანად ქართველთა ჯიშ-ჯილაგის მიმართ!
ჭეშმარიტად დიდი ბუნების ადამიანი და პოეტი ხარ, ნიავ-ქარა, სიტყვიან-საქმიანო, გულიან-ღიმილიანო დაიავ და მე ამაყი ვარ შენით!

ჰოდა, მიიღე ეს მცირე წერილი მადლობად ჩემგანაც და დედაჩემისგანაც, მთლად ილტოს ხეობისაგან!
გფარავდეს ლაღი ლაშარის ჯვარი და სრულიად მთა-ბარის სალოცავები!
იაღიმც ექნეს შენს მადლიანსა და ბარაქიან კალმას, ჩვენო ნიჭიერო მესიტყვევ და ქომაგო!


აბა, ულექსოდ რა იქნება,
მეც ლექსით გეტყვი, სანათაო,
ის მინდა, დიდხანს ჯანმრთელობდე,
რომ სააქაო ანათაო.
სიტყვა და ლექსი - მარგალტი -
გვასმინო მთაში, ბარადაო,
ეს დაუჯერე ილტოსპირელს
სათქმელს არ ისვრის ქარადაო,
ქართული პოეზიის საგანძურში
ჩაჭედილი ხარ მყარადაო,
ფშავლების ხმალად ამართულო,
აფარებულო ფარადაო!


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Wed Nov 17, 2010 10:12 pm

მიხეილ ღანიშაშვილი

სანათას

ცდებოდი ქალო ხვარამზევ,
მთხოვნელს რო მიეუარე!
რატომ ვერ მიხვდი მაშინვე,
სწორ ნაბიჯს სდგამდი თუ - არა?!.
თავ რად ჩაჰკიდე მელადა,
ვაჟმა რო შენ გზათ უარა?
ხო სანანებელ გაგიხდა
პასუხი გულ-ნატყუარა!..

ეხლა დაჯექ და იგლოვე
ვაჟიკა - ქმარი სხვა ქალის,
ისმინე ივრის ჩურჩული,
ყაფრისგორ ქარის ქაქანი,
შეგშურდეს სხვისა მკერდზედა
ჩახსნა საკინძე-მაქმანის,
ლექსებშია სთქვი განჩხრეკა
თავისი ნათქვამ-ნაქნარის!..

ჰაი, ხვარამზე, ხვარამზე,
აგენთებოდა სხვა რა მზე?!.
ერთი მზე უნდა გნთებიყო
იორზედაც და არაგვზეც!..
ლექსით რას მოაფარდაგებ,
ცრემლით რას მორწყავ ან ამ გზებს,
ან რაღას უზამ სურვილებს,
მხოლოდ ცეცხლად თუ დააგზნებ,
ან თუ დასჩეჩავ ლექსებად
შენი ტრფიალის არაკზე,
დასტოვებ დასამღერებლად
ფშავლებში, ყრმობის ალაგზე.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   Thu Nov 18, 2010 9:51 am

ძალიან კარგია, ხვარამზეს პრემია რომ უნდა დაარსდეს ქალი პოეტებისათვის!..
გული დამწყდა, რომ ამ ღონისძიებას ვერ დავესწარი... Sad
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ხ ვ ა რ ა მ ზ ე   

Back to top Go down
 
ხ ვ ა რ ა მ ზ ე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: