არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 "ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: "ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force   Wed Jan 26, 2011 11:39 am



უილიამ ფოლკნერი

ბოლოთქმა წიგნისთვის “ხმაური და მძვინვარება”

ამ წიგნის წერისას მე კითხვა ვისწავლე. წერა კი მცირეოდენ მაშინ მქონდა ნასწავლი, “ჯარისკაცის ჯილდოზე” რომ ვმუშაობდი, დავხელოვნდი და აწ უკვე ესეისტის გულმოდგინებით ვეპყრობოდი ენას, სიტყვებს და უფრო მეტიც, მოწიწებული სიფრთხილით, როგორც დენთს; სიხარულითაც კი, როგორც ქალს – ასეთივე უწმინდური, იდუმალი განზრახვით. მაგრამ როდესაც “ხმაური და მძვინვარება” დავამთავრე, ნათლად მივხვდი, მართლაცდა არის ქვეყნად რაღაც, რასაც მიესადაგება გაცვეთილი სიტყვა “ხელოვნება”, და დიახაც უნდა მიესადაგოს კიდევაც. ისიც აღმოვაჩინე, ყველაფერი, რაც წამიკითხავს, დაწყებული ჰენრი ჯეიმსიდან და დამთავრებული ჰენტითა და საგაზეთო წერილებით მკვლელობათა შესახებ, წაკითხული იყო ფარვანას ან თხის დარად – განურჩევლად და ჭეშმარიტი ათვისების გარეშე. “ხმაურისა და მძვინვარების” შემდეგ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მოვიცლიდი და გადავშლიდი რომელიმე წიგნს, ზაფხულის მეხთატეხის ნაგვიანევი გრუხუნით ბოლოსდაბოლოს მომეახლებოდნენ ფლობერები, დოსტოევსკები, კონრადები, ათეული წლის წინათ რომ მქონდა წაკითხული. “ხმაური და მძვინვარება” რომ დავწერე, მე კითხვა ვისწავლე – და კიდევაც დავანებე თავი კითხვას, და მას მერე არც წამიკითხავს რამე.
მას მერე მგონია, აღარც არაფერი მისწავლია. “ხმაურისა და მძვინვარების” შემდგომ დაწერილ რომანზე, “სამლოცველოზე” რომ ვმუშაობდი, ის, რაც ჩემში იყო და სწავლობდა წერის პროცესში და ისიც, რაც შესაძლოა, არის სწორედ ის ძალა, მწერალს რომ აიძულებს, შეუდგეს შრომას და განაცდევინოს შემოქმედებითი წვა-დაგვა, შეასრულოს შავი სამუშაო და აღნუსხოს ქაღალდზე სამოცდათხუთმეტი ან ასი ათასი სიტყვა – საკუთარი “მე”-ს ეს განყენებული ნაწილი, ჯერ კიდევ წიგნების გათავისებით იყო დაკავებული, ეს წიგნები დაუღეჭავად მქონდა გადაყლაპული ათი და უფრო მეტი წლის წინათ. “სამლოცველოზე” მუშაობამ ისღა მომცა, რომ შემაგნებინა უკმარისობა იმისა, რაც მომაგო “ხმაურმა და მძვინვარებამ” და არ მომაგო “სამლოცველომ”. რომანს “სასიკვდილო სარეცელზე” რომ ვიწყებდი, მე უკვე ვხვდებოდი, რა მაკლდა, და ვიცოდი, რასაც ვერ მოვიპოვებდი ამჯერადაც, ეს რომანი “წინასწარგანზრახული” წიგნი უნდა ყოფილიყო და ამიტომ, Tour de Force–ის (ფრანგული გამოთქმაა და სიტყვა–სიტყვით ნიშნავს "ძალის გამოვლინებას"; განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევა, მოხერხებული მანევრი, ანდა ძნელი გამარჯვება; ასევე, უმაღლესი პროფესიული ტექნიკის, ოსტატობის ნიმუში) შექმნას ვაპირებდი. ჯერ კიდევ არ შევხებოდი კალმით ქაღალდს, ჯერ კიდევ არ მქონდა დაწერილი პირველი სიტყვა და უკვე ვიცოდი, თუ როგორი იქნებოდა უკანასკნელი სიტყვა, თითქმის ისც ვიცოდი, თუ სად დავსვამდი წერტილს. იმთავითვე ასე ვუთხარი თავს, ეს იქნებოდა წიგნი, რომელიც – სხვა რომ არა იყოს რა – ოსტატის სახელს მომიტანდა, თუნდაც ცხოვრების მანძილზე კალამი აღარ ამეღო ხელში. და დავასრულე თუ არა, ცივი კმაყოფილება ვიგრძენი, სწორედ ასეც მოველოდი; მაგრამ ამასაც მოველოდი – ვერ ვიგრძენი ის, რაც მაგრძნობინა მე “ხმაურმა და მძვინვარებამ”; არ მქონდა გრძნობა, ნათელი და ცხადი, სიტყვებით გადმოცემისას რომ მისხლტება ხოლმე, არც ის აღფრთოვანება, მგზნებარე და სასიხარულო რწმენა და მოლოდინი გასაოცარი საგნებისა, უთუოდ რომაა ჩამალული კალმის წინარე მდებარე ქაღალდში და ხელუხლებელნი უეცრად რომ მოელიან განთავისუფლებას. რომანს “სასიკვდილო სარეცელზე” არ მოუგვრია ჩემთვის ეს გრძნობა. ასე გავიფიქრე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯერ კიდევ წიგნის წერის დაწყებისთანავე, მე უკვე ბევრად მეტი ვიცოდი მის შესახებ. ასე გავიფიქრე, მთელი წიგნის ცოდნა მის დაწერამდე უკვე აღარასოდეს მომიხდება, და რახან ასეა, შემდგომ ის გრძნობა ისევ დამიბრუნდება მეთქი. ორი წელიწადი დავიცადე და “აგვისტოს ნათელს” მოვკიდე ხელი. მთელი რომანიდან მხოლოდ ამას ვხედავდი – ფეხმძიმე ყმაწვილი ქალი მიუყვება შორეულ და უცხო სოფლის შარაგზას. ახლა, ასე მეგონა, კი დამიბრუნდება მეთქი ის გრძნობა, რადგან პირველივე თეთრ ფურცელს რომ მივუჯექი, ამ წიგნზე იმდენივე ვიცოდი, რამდენიც “ხმაურსა და მძვინვარებაზე”.
აღარ დამბრუნებია. იზრდებოდა დასტა დაწერილი ქაღალდებისა. წარმატებით ვითარდებოდა მიმდინარეობა ამბისა; უგულოდ არ ვიწყებდი მე ყოველ დილას მუშაობას, მაგრამ ისევ არ მოველოდი იმ სიხარულს, ერთადერთი რომაა, რაც სიამოვნებად გადააქცევდა ჩემთვის მწერლის შრომას. და მხოლოდ წიგნის დამთავრების ხანს მივხვდი – ვეღარ განვიცდი აწ იმ გრძნობას, რადგან კვლავ, ყოველი სიტყვის დაწერამდე ვიცოდი, თუ რას იქმოდნენ ჩემი პერსონაჟები, რადგან ვფიქრობდი და შემეძლო კიდევაც, არჩევანი გამეკეთებინა იმათ შესაძლო მოქმედებათა შორის, შემეძლო ამეწონ-დამეწონა და მომეშველებინა ჯეიმსისეული, კონრადისეული და ბალზაკისეული საზომი. მე მივხვდი, ძალზე ბევრი წამიკითხავს, მიმიღწევია იმ სტადიისათვის, რომელიც უცილობლად გაუვლია ყველა ახალგაზრდა მწერალს, როდესაც ფიქრობ, რომ ხელობის დასწავლის ხანს მიაღწიე კიდევაც მიზანს. გამომიგზავნეს დაბეჭდილი წიგნის ერთი ეგზემპლარი და აღმოჩნდა, რომ არც კი მსურს ვიხილო, თუ როგორი გარეკანით აღჭურვა იგი სმითმა (“აგვისტოს ნათელი” გამოსცა ჰარისონ სმითმა), თვალწინ დამიდგა “ხმაურისა და მძვინვარების” შემდეგ დაწერილი წიგნები, თანმიმდევრობისდა მიხედვით რომ იყო დაწყობილი თაროზე, უგულისყუროდ, თითქმის ნაწყენი შევცქეროდი ამ წიგნების ყუათა მწკრივს და ყოველი წარწერა თვითოეულის ყუაზე სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა, და ბოლოს გალევაზე მისულმა ყურადღებამ ასე მამცნო: “მადლობა რმერთს, რომელიმე იმათგანის გადაშლა აღარ მომიწევს”. და ახლა კი მივხვდი, თუ რად არ განვიცადე ის ოდინდელი აღფრთოვანება და ვერც ვერასოდეს დავიბრუნებ მას; მივხვდი, მომავალში რამდენი რამეც არ უნდა დავწერო, ყოველი მათგანი უგულოდ არ შეიქმნება, მაგრამ აღარც ის სიხარულის მოლოდინი მექნება, რადგან “ხმაურსა და მძვინვარებაში” ჩაჭდეულია ის ერთადერთი რამ, რასაც გული შეუძრავს ჩემთვის, მწერალი კაცისათვის – და ვხედავ, თუ როგორ მიძვრება კედი მსხალზე, რათა სარკმელში შეიჭვრიტოს და ბებიას პანაშვიდი დაინახოს, ხოლო კვენტინი, ჯეისონი, ბენჯი და ზანგები ამოსცქერიან იმის დასვრილ, პაწაწინა ნიფხავს.
ჩემი შვიდი რომანიდან ეს ერთადერთია, რომლის დაწერის ხანს თავისთვის ძალა არ დამიტანებია, არც დაძაბულობა განმიცდია და, შემდეგ, არც დაქანცულობა, არც შვება მიგრძვნია და არც წყენა. ყოველგვარი გეგმის გარეშე შევუდექი მის წერას. წიგნადაც არ იწერებოდა. იქნებოდა ეს თუ არა წიგნი და დაბეჭდავდნენ თუ არა, არ მინდოდა ამაზე ფიქრი და ასე ვეუბნეოდი თავს, არ უნდა იდარდო, მოეწონებათ იგი გამომცემლებს თუ არა. ოთხი წლით ადრე მე დავწერე”ჯარისკაცის ჯილდო”. ბევრი დრო არ დამჭირვებია, მალე გამომიცეს და მომცეს ხუთასი დოლარი. ძნელი არ არის მეთქი რომანების წერა, ასე გავიდიქრე. მცირეშემოსავლიანი საქმეა, მაგრამ ადვილია. დავწერე რომანი “ქინქლები”, ამისი დაწერა კი გამიძნელდა, გამოცემაც დააგვიანეს, ოთხასი დოლარი იყო გასამრჯელო. და ასე გავიფიქრე, როგორც ჩანს, რომანების წერა, რომანისტობა უფრორე ძნელი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა მეთქი. მერე “სარტორისი” დავწერე. დიდხანს ვწერდი ამ რომანს და ჩემმა გამომცემელმა იმწუთას უარყო. მაგრამ სამი წლის განმავლობაში ჯიუტად და თითქმის იმედგადაწურული ვაგზავნიდი სხვადასხვა გამომცემლობაში, იქნებ, მასზე დახარჯული დრო ამინაზღაურონ მეთქი. იმედი ნელ-ნელა ილეოდა, თუმცა კი უმტკივნეულოდ. და ერთხელ, თითქოსდა კარი მივხურე და იმის უკან დავტოვე ყველა გამომცემლის მისამართი და სია იმათი გამოცემული წიგნებისა. ასე ვუთხარი თავს: “ახლა კი შეიძლება წერა. ახლა კი შეიძლება, შევქმნა ლარნაკი, რომლის მსგავსი მოხუცმა რომაელმა სასთუმალთან დაიდგა და თანდათანობით გაცვითა კოცნა-კოცნით”. და მე, ვისაც არც არასოდეს ჰყოლია და, თანაც ვისაც ბედად ეწერა, სიცოცხლის პირველსავე წელს დაეკარგა ასული, შევუდექი მშვენიერი და ტრაგიკული გოგონას ძერწვას.



ინგლისურიდან თარგმნა ზაურ კილაძემ.
გამომცემლობა "მერანი", 1984 წელი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force   Wed Jan 26, 2011 11:48 am


ნიკო ყიასაშვილის ფოტო "არილიდან"


"ხმაური და მძვინვარება" თუ "ხმაური და მსრისხანება"?

(შენიშვნა)

რომანის სათაური “The Sound and the Fury” წარმოსდგება უილიამ შექსპირის ”მაკბეთიდან”, მეხუთე მოქმედება, მეხუთე სცენა:

"Tomorrow and tomorrow and tomorrow,
Creeps in this petty pace from day to day
To the last syllable of recorded time,
And all our yesterdays have lighted fools
The way to dusty death. Out, out, brief candle!
Life's but a walking shadow, a poor player
That struts and frets his hour upon the stage
And then is heard no more: it is a tale
Told by an idiot, full of sound and fury,
Signifying nothing."

და ამისი ივანე მაჩაბლისეული თარგმანი ეგრე იქნება:

”რას უჩქაროდა, სიკვდილს ვეღარ მოესწრებოდა!
და მეც ხომ მალე შევიტყობდი. ხვალე ხვალს მოსდევს
და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება,
ვიდრე ჟამთ ბრუნვა უკანასკნელ საათს დაჰკრავდეს.
გუშინდელთა დღეთ უგუნურებს გზას გაუნათეს
მიწად გარდამქცევ სიკვდილამდე... ოჰ, შენ ხანმოკლე
მანათობელო! გაჰქერ, გაჰქერ!.. სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით".

ნიკო ყიასაშვილის კომენტარი:
ეს ერთ–ერთი საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი პასაჟია შექსპირის დრამატურგიაში. მაკბეთის ამ სიტყვებს ჰამლეტისა და ლირის რეფლექსიათა ფართო ფილოსოფიური განზომილება გააჩნიათ. უილიამ ფოლკნერის ცნობილი რომანის სათაური – "ხმაური და მძვინვარება" – სწორედ მაკბეთის ამ მონოლოგიდან არის აღებული (დედნისეული "ხმაური და მძვინვარება" მაჩაბელს ერთი სიტყვით აქვს გადმოტანილი – "აურზაური").

"ფეისბუკელი" ფრენდ–მეგობრების საყურადღებოდ კი დავძენდი, რომ მე არავითარი საფუძველი არა მაქვს, ეჭვი შევიტანო ინგლისური ენის დიდი სპეციალისტის და ჯეიმს ჯოისის "ულისეს" შეუდარებელი მთარგმენლის, ნიკო ყიასაშვილის თარგმანში და მისი "ხმაური და მძვინვარება" გავცვალო რუსულის გავლენით მიღებულ "ხმაურსა და მრისხანებაში"...

კარგი და მამა–პაპური ქართულით ხომ "მრისხანება" უფრო კნინი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე მძვინვარება და ეს მშვენივრად იცოდა რუსული ენისაც ასევე შესანიშნავად მცოდნე ნიკო ყიასაშვილმა...



'Did you say something mr. Joyce?'
St. Stephens Green, Dublin, 5 Sept. 1982 T.R.
ირლანდიის ხელოვნების სამეფო აკადემიის პრეზიდენტის, ტომას რაიანის მეგობრული შარჟი "ნ. ყიასაშვილი ჯოისის ბიუსტთან", მინაწერით: "რა ბრძანეთ, ბატონო ჯოის? დუბლინი, 5 სექტემბერი, 1982".

წიგნიდან: ნიკო ყიასაშვილი – "სკილასა და ქარიბდას შორის, ანუ "რა ბრძანეთ, ბატონო ჯოის?", გამომცემლობა "საქართველო", თბილისი, 1992.



ნიკო ალექსანდრეს ძე ყიასაშვილი (დ. 8 ივლისი, 1926, თბილისი ― გ. ... ), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). თსუ-ის ინგლისურ ენის კათედრის გამგე (1970-1981), ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე 1984 წლიდან. საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი 1980 წლიდან, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1971-იდან).

ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: "შექსპირი" (1959), "შექსპირის სამყაროში" (1966), "ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება" (1971), "შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა" (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), "კლასიკის ადაპტაციის პრობლემა" (1975), "ნესტორის ეპიზოდი როგორც "ულისეს" პარადიგმა" (1978, გერმანულ ენაზე), «"ქვეყანა სცენაა" როგორც "ჰამლეტის" სტრუქტურული ელემენტი» (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), "შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია" (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), "ქართული რიჩარდ III" (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის "ჯაკომო ჯოისი" (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის "დარაჯი" (1975), ჯ. ჯოისის "ულისე" (წიგნი I, 1983), შეადგინა და გამოსცა კრებული "ქართული შექსპირიანას" 5 ტომი (1959-1979).

მისი საერთო რედაქციით, წინასწიტყვაობითა და შენიშვნებით გამოვიდა შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985).

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: "ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force   Tue Mar 25, 2014 10:00 am




გია მურღულია

ეცადე, შენ თავს აჯობო
სიტყვა, წარმოთქმული უილიამ ფოლკნერის წიგნის “გულის ჭიდილი საკუთარ თავთან” განხილვაზე


ვფიქრობდი, რით შეიძლება დამეწყო ჩემი გამოსვლა; ერთი უცნაური აბრევიატურა ამეკვიატა, რაც იმავდროულად, ჩვეულებრივი ქართული სიტყვაცაა _ წამი.

ეს სიტყვა სამი ისეთი ასოსგან შედგება, სამ მნიშვნელოვან სიტყვას რომ იწყებენ. ესენია: “წ” - წარსული, “ა” - აწმყო და “მ” - მომავალი. საინტერესოა, რომ სიტყვა “წამი” თავის არსებაში მოიცავს მარადისობას _ წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. აი, ასეა _ მთელი დრო ერთ წამს, ერთ განუყოფელ მთლიანობას “უდრის”.

ეს იდეა მაშინ გაცოცხლდა, როცა წავიკითხე ფოლკნერის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ წერს იგი ასეთი ვრცელი, გრძელი წინადადებით: ”...ვფიქრობ, ადამიანი თავისთავად არ არსებობს. იგი თავისი წარსულის ჯამია. არ არსებობს ცნება “იყო”, რადგან წარსული “არის”. ის ნაწილია ყოველი კაცის, ყოველი ქალის და ყოველი წამის. მისი და მის წინაპართა გარემო გარკვეულ წამს მისივე ნაწილია. ამგვარად, ადამიანი, პერსონაჟი გარკვეულ დროს თვითონ კი არ არის, არამედ ის, რამაც იგი შექმნა და გრძელი წინადადება გახლავთ მცდელობა, ჩავწვდე მის წარსულსა და, ალბათ მის მომავალსაც...” (საუბრები ვირჯინიის კოლეჯებიდან, 1957 წლის 15 აპრილი).

ძალიან საინტერესო და არაორდინალური პასუხია, ერთ არსებით კონტექსტში განსახილვევლი.

ჟან-პოლ სარტრი: “კრიტიკოსის დანიშნულებაა, გამოავლინოს ავტორის მეტაფიზიკა, ვიდრე მისი წერის მანერას შეაფასებდეს, ხოლო ის კი ნათელია, რომ ფოლკნერთან დროის მეტაფიზიკას ვხვდებით... რაც შეეხება ფოლკნერის შეხედულებას აწმყოზე, ის არ არის შეზღუდული, ან მკაფიოდ გამიჯნული წარსულისა და მომავლისგან.”

ამგვარი შეფასება, წარმოსახვა “ავტორის მეტაფიზიკისა” ძალიან ნიშანდობლივია. ჩვენ ზოგჯერ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის საერთო წარსულ და ახალ ლიტერატურას შორის, რა აერთიანებს და “ამთლიანებს” ძველ და ახალ ავტორებს, სად და როდის ეუბნებიან ისინი ერთმანეთს: “ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ”?

ჩემი აზრით, ერთი არსებითი და გამჭოლი იდეა მწერლობისა, სამწუხაროდ, ჩვენში ნაკლებად ყურადღებული, არის სამყაროს ბიბლიური მოდელით აღქმა, რასაც ებრაულად “ოლამი” ეწოდება.

ნება მომეცით, ამ საკითხზე მცირე ხნით შევჩერდე.

პირველად ამ თემას შევეხე წერილში “ქართული მწერლობის ერთი გამჭოლი იდეისათვის” (ჟურნალი “კრიტიკა”, #6, 1987 წ.) მაშინ დავიმოწმე ცნობილი რუსი მეცნიერი ვ. ბიჩკოვი: “ბერძნები სივრცითი კატეგორიებით აზროვნებდნენ, ხოლო ძველი ებრაელები _ დროულით... ბერძენს ყოფიერება ესმოდა, როგორც კოსმოსის _ რაღაც უცვლელი სივრცული სტრუქტურის _ განსაზღვრულ ადგილას არსებობა. ძველი აღთქმის ადამიანისთვის კი ყოფიერება არის მონაწილეობა მოვლენათა ცოცხალ ნაკადში, დროის ნაკადში, რომელიც ყოვლისმომცველი ებრაული ტერმინით “ოლამით” აღინიშნება. “ოლამი” _ ეს არის უსასრულო ნაკადი დროისა, რომელიც საკუთარ თავში იტევს ყველაფერს არსებულს... კოსმოსი უცვლელია, მისი სილამაზე შეიძლება განჭვრიტო, ხოლო ოლამი დინამიურია, მის შიგნით უნდა იმოქმედო, მისი შინაარსი ისტორიაა. ისტორია კი არის მოძრაობა მიზნისკენ, რომელიც ღმერთმა დაადგინა და ადამიანი მოვალეა მასში ჩაერთოს...” (“გვიანდელი ანტიკურობის ესთეტიკა”, რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1981 წ.)

ძველი და ახალი დროის ბევრ მწერალთან, მათ შორის ქართველ მწერლებთანაც (ყველაზე თვალსაჩინოდ ეს დავით გურამიშვილთან შეიძლება ვიხილოთ) სამყაროს ასეთი ტელეოლოგიური (მიზნობრივი) და დინამიური მოდელი გამოკვეთილად ჩანს და სხვაგვარად წარმოუდგენელია იყოს, რადგან ბიბლიის გავლენა მხატვრულ ნაწარმოებებზე სრულიად აშკარაა.

ამდენად, შემთხვევითი არ არის ფოლკნერის “მეტაფიზიკაში” ამგვარი ხედვის წარმოჩენა, რაც პირველად ჟან-პოლ სარტრის მინიშნებაში აისახა.

საგანგებოდ მსურს შევჩერდე წიგნის სათაურის პათოსზე. სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის მიღებისას, ფოლკნერმა ბრძანა: ”...დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი _ ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა”.

ეს იმიტომო, რომ “ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია...სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის, ყველას ერთი კითხვა აჰკვიატებია, როდის გააცამტვერებენ”.

ასეთ დროს, როცა განადგურების შიშს საკუთარი თავიდან გამოვყავართ, ადამიანის ყურადღებაც თითქოს პიროვნული მეს “შიგნიდან” მის მიღმა გადაინაცვლებს და მწერალთა დიდი ნაწილი სწორედ ამას მიიჩნევს “დაწერის ღირსად”. ადამიანის “მთავარი თემის” მიღმა ძიება შესაძლოა სულიერი ჩიხისკენ მიმავალი გზა იყოს, ამიტომაც ამბობს ფოლკნერი: ”ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მის გარშემო ხდება, ვიდრე მისი კანონიერი და ყველა ის გაცვეთილ-გახუნებული საგანი, რითაც იგი რომელიმე რასას ან ერს მიეკუთვნება” (საუბარი მისტერ ტაკაგისთან, ჟურნალ “ბანეის” რედაქტორთან).

ადამიანის პირველქმნილი სახე და იდეა აღემატება ყველაფერს მეორეულს, რაც შემდეგ “გაჩნდა”, ადამიანი-მთელი არსებითად მეტია ადამიან-ნაწილზე. ეს აზრი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი მრავალმხრივ დანაწევრებული კაცობრიობისათვის, რომელსაც ბაბილონის სასჯელი ვერა და ვერ დაუძლევია _ არა ამპარტავანთა ერთობით, არამედ ადამიანური ჰარმონიით.

ამ აზრს ფოლკნერთან თავისი გამოძახილი აქვს, უმთავრესი თემის ძიება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ამგვარ თვითმიზნად მხოლოდ ჰარმონიის შექმნა უნდა იქცეს. აქაც ახლებურად მოაზრებულ ძველ აზრთან მივდივართ. ყველა ჩვენგანისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა ბიბლიური საზრისი ადამიანის, როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების, შესახებ; მაგრამ როდის იკვეთება ეს ხატება და მსგავსება ყველაზე მეტად? _ როდესაც ადამიანი თავად ქმნის ახალ რეალობას. ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა შემოქმედი _ არსება, რომელიც, განსხვავებით ყველა სხვა ქმნილებისაგან, წარმოქმნის რაღაც ახალს. ეს “რაღაც ახალი” მხატვრული არსების მქონეა (და როგორც ყოველი არსება, სიკეთესთანაა წილნაყარი) და ის უთუოდ ჰარმონიას გულისხმობს. ზებუნებრიობასთან ზიარება აქ იმით ჩანს, რომ მხატვრული არსება წუთისოფლურ დასაზღვრულობას სძლევს: “თუკი ღმერთს რაიმე სიკეთე მოაქვს ჩვენთვის, ეს სიკეთე, ცხადია, ჰარმონია უნდა იყოს (აქ “თუკი” დაეჭვებას კი არა, მტკიცებას გულისხმობ, ჩემი აზრით). ვფიქრობ, ადამიანი სხვაგვარად, რაიმეს შექმნით, რაც _ თვითონ სურს თუ არ სურს _ მასზე დიდხანს იცოცხლებს” (საუბარი ნაგანოს სემინარზე).

ეს აზრი ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით ვითარდება _ უნდა ვხედავდეთ, რომ ფოლკნერის მთელი შემოქმედება, ეს არის მაგალითი ადამიანური მცდელობისა, როგორც, საზოგადოდ, პიროვნული ცხოვრებისა, ისე შემოქმედების თვალსაზრისით. ეცადო, მიუხედავად იმისა, რა მოგელის _ აი, მწერლის კრედო.

ფოლკნერი: “ყველა ხელოვანი, მწერალი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას უტრიალებს, რადგან მისი მრავალი განსხვავებული ფაზა არ არსებობს, ყველაფერი უკვე ნათქვამია, დიდებულადაა ნათქვამი მრავალჯერ და არა კმარა გინდოდეს, თქვა ისე კარგად, როგორც უკვე თქმულა. ამჯერად ცოტა უკეთ უნდა თქვა. თუმცა იცი, რომ არ შეგიძლია, მაინც უნდა სცადო” (საუბარი ნაგანოს სემინარზე).

როდესაც მწერალი ხელოვნებაში ამტკიცებს, რომ “ცოტა უკეთ უნდა თქვა”, შესაძლოა დავფიქრდეთ, რას გულისხმობს ის. იმას ხომ არა, რომ ლიტერატურა, საზოგადოდ ხელოვნება, უკეთესობისაკენ ვითარდება? ნუთუ ფოლკნერი ფიქრობს, რომ ამგვარი “პროგრესი” (მომდევნოს “მეტობა” წინაზე) რეალობაა? ეს საკითხი, ბუნებრივია, დიდად სადისკუსიოა. არადა, მსგავსი აზრი საკმაოდ ხშირად გვხვდება ფოლკნერის საუბრებში.

მეორე მხრივ, არანაკლებ დამაინტრიგებელია შემოქმედების არსებასთან დაკავშირებული შემდეგი მსჯელობაც:

“მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის შემოქმედი. მნიშვნელოვანია ის, რასაც იგი ქმნის, ვინაიდან ახალი სათქმელი არაფერია. შექსპირი, ბალზაკი, ჰომეროსი _ ყველა ერთისა და იმავეს შესახებ წერდა და ათასი ან ორი ათასი წელი რომ ეცხოვრათ, გამომცემლებს მეტი არც არავინ დასჭირდებოდათ” (საუბარი ჯინ სტაინთან).

რამდენად მართებულია შემოქმედის “გათიშვა” ქმნილებისაგან? სად გადის ხელოვნებაში ზღვარი ობიექტურსა და სუბიექტურს შორის? რას ნიშნავს “ახალი სათქმელი არაფერია?” იმას ხომ არა, რომ გარშემო ყველაფერი ვითარდება, გარდა ადამიანისა?

ცხადია, არსებობს მარადიული თემები და არც ფოლკნერისეულ სიტყვებს ვივიწყებთ, რომ “ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მის გარშემო ხდება”, მაგრამ რაღა აზრი აქვს ფოლკნერისავე მცდელობის აპოლოგიას, თუკი “გამომცემლებს მეტი არც არავინ დასჭირდებოდათ”?

სამყარო ერთია _ თვალებია სხვადასხვა.

და მაინც, ხან ვეთანხმები კიდეც მწერლის აზრს _ ერთი შეხედვით, ასე პარადოქსულს. ალბათ, მთელი ცხოვრებაც ეს არის _ გულის ჭიდილი საკუთარ თავთან.

კატეგორიულია ფოლკნერის ფიქრი შემოქმედების კვინტესენციაზე: ”ჩემი აზრით, პოეზია უპირველესია. ხელმოცარული პოეტი ნოველისტი ხდება, ხელმოცარულ ნოველისტს კი სხვა რა ჩარა აქვს, რომანის დაწერა უნდა სცადოს, მაგრამ პოეზია ჩემთვის უპირველესია. ის ყველაზე უკეთ ახერხებს, რომ მშვენიერება და ვნება ქინძისთავზე დატიოს” (საუბრები უესტ პოინტში, 1962 წლის აპრილი).

როდის შეიძლება მშვენიერება და ვნება _ ნამდვილი მწერლობის ორი არსებითი “სამიზნე” _ ”ქინძისთავზე დაეტიოს” ანუ მაქსიმალურად ოპტიმალური ფორმით გამოხატოს? მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც “სუფთა სახით”, მინარევების გარეშეა წარმოდგენილი, აქ არ იგულისხმება მხოლოდ “ლიტერატურული ფართი” _ ლაპარაკია მხატვრული სახის ტევადობაზე, მხატვრული ასახვის უბრალოებასა და ინტენსიობაზე.

დღევანდელი კაცობრიობისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა ღრღნის, კვლავინდებურად მნიშვნელოვანია ფოლკნერის შეხედულება შემოქმედების, მწერლობის მიზანზე. მხოლოდ დიდი ადამიანის სიტყვები შეიძლება იყოს: “მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები” (სიტყვა თქმული სტოკჰოლმში, 1950 წლის 10 დეკემბერს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას).

და შემდეგ: მწერლის დანიშნულებაა ”...შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას _ დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს, გააძლებინოს.”

ამ სიტყვებს რომ ვკითხულობდი, მახსენდებოდა, რა ბევრს ვლაპარაკობთ საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემაზე, რაოდენობრივ სიმცირეზე, ბიოლოგიურ კვლავწარმოებაზე და რამდენად ნაკლებს _ ზნეობრივ კვლავწარმოებაზე, ღირებულებათა მუდმივ განახლებაზე. ფოლკნერისგან ზემონახსენები უმშვენიერესი სიტყვები (სიმამაცე, პატიოსნება, იმედი, თანაგრძნობა, ლმობიერება...) დღეს ბევრგან და, მათ შორის ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ირონიულ კონტექსტშიც მოიხსენიება.

მწერლობის ვალი ადამიანის ზნეობრივი კვლავწარმოებაა, რათა “შეეშველოს და გააძლებინოს.”

ჩვენ იმდენად მცირერიცხოვნების არ უნდა გვეშინოდეს, რამდენადაც ზნეობრიობის დაბალი ხარისხის.

“არის წუთები, _ ამბობს ფოლკნერი, _ როცა ადამიანს სჭირდება შეხსენება, ბოროტება არსებობსო, რათა ამას რაიმე ეშველოს, გამოსწორდეს, გარდაიქმნას; მას მხოლოდ კეთილი და მშვენიერი არ უნდა ახსოვდეს. ვფიქრობ, მწერალი, პოეტი თუ რომანისტი, მხოლოდ “აღმწერი” არ უნდა იყოს ადამიანისა _ როგორმე უნდა ჩააგონოს, შეგიძლია გახდე უკეთესი, ვიდრე ხარო” (საუბარი მისტერ ტაკაგისთან, ჟურნალ “ბანეის” რედაქტორთან).

მართლაც, შეიძლება, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო ჩანდეს ფოლკნერის რწმენა, რომ რიგიანი წიგნის წაკითხვის მერე ადამიანი უკეთესი გახდება, რომ ბიბლიურ კაცს შეიძლება რაღაც ეშველოს. 1750 წელს დიჟონის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი შემდეგი სახელწოდებით _ ”ხელს უწყობდა თუ არა მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარება ზნეობრივ სრულყოფას?” გაიმარჯვა ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, მით უფრო კარგავს ზნეობას. მანვე მოძებნა “გამოსავალიც” _ უარი უნდა ვთქვათ ცივილიზაციაზე და დავუბრუნდეთ ბუნებას, მასთან ჰარმონიაში გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს კაცი იყო ჟან-ჟაკ რუსო (თუმცა მოგვიანებით მან უარყო ეს მოსაზრება). ამისგან განსხვავებით, ფოლკნერის თვალსაზრისი გაპოხილია კაცთმოყვარეობითა და იმედით:

“კაცობრიობას პიროვნებანი ქმნიან, ისინი შესაძლოა შეიშალონ, დაეცნენ, შესაძლოა ზიანი მოიტანონ. მაგრამ ისინი წავლენ, მათი ცხოვრება მოჩვენებითია, თვით ადამიანი კი, დარწმუნებული ვარ, გამუდმებით უკეთესდება. დრო მოვა, იგი ყოველგვარ ბოროტებას ამოძირკვავს, რისი ამოძირკვაც ახლა არ შეუძლია _ თავიდან მოიცილებს ომს, სნეულებას, უვიცობასა და სიღატაკეს. ამას კარგა ხანს მოუნდება, ჩვენ წავალთ, მაგრამ გვჯერა, რომ ასე იქნება” (საუბრები უესტ პოინტში).

ამგვარი ოპტიმიზმი მხოლოდ ძალმოსილთა ხვედრია _ ეს არის იმედი, რომელსაც “გადამლახავი” ადამიანური ძალა კვებავს. ამ ძალმოსილებას კი თავისი “კანონიერება” ახლავს _ არა მხოლოდ ადამიანის რაობიდან წარმოჩენილი: საკუთარი იმედის სამართლიანობისა და კანონიერების განცდისას ადამიანი მარტო არ არის _ არ შეიძლება მარტო იყოს:

“ხელოვნება არის უმძლავრესი და ყველაზე გამძლე ძალა, რაც ადამიანმა გამოიგონა და აღმოაჩინა (ღვთის კვალდაკვალ და მისი მიბაძვით), რათა გადმოეცა ისტორია თავისი დაუძლეველი სიმტკიცისა, სიდუხჭირის წინაშე შეუდრეკელობისა და დაესაბუთებინა კანონიერება თავისი იმედისა” (სიტყვა იაპონელ ახალგაზრდობას).

ფოლკნერი ძალიან თვალსაჩინოდ ხსნის თავისი რწმენის საფუძველს:

“... მგონია, რომ ადამიანის თავისუფალი არჩევანი საპირისპიროა ბერძნული ბედისწერისა. ის, რომ კაცს აქვს ძალა _ ამოირჩიოს და სიმამაცე _ მოკვდეს თავისი არჩევნისათვის _ არის, ჩემი შეხედულებით, კაცობა. ამიტომაც მწამს, რომ ადამიანი გადარჩება” (საუბარი თანამედროვე ლიტერატურის ბოლო კურსის სტუდენტებთან , 1957 წ. 9 მარტი).

ფოლკნერისათვის უმთავრესია გამოცდილება _ რაც არსებითია, დიდწილად პიროვნულიცაა. ყველაფერი დანარჩენი (ერთადერთი ზეკაცური გამონაკლისის გათვალისწინებით) მეორეხარისხოვანია. ის, რაც ფოლკნერისეულ პიროვნულ სიმაღლესთან შეუთავსებელია, მწერლისთვის მსუბუქი ირონიის საფუძველი ხდება.

ერთი მაგალითი: “ნიუ ორლეანში რომ ვცხოვრობდი, ყველა ფროიდზე ლაპარაკობდა, მაგრამ მე არ წამიკითხავს. არც შექსპირს წაუკითხავს, ვეჭვობ მელვილს წაეკითხოს და დარწმუნებული ვარ, მობი დიკს კი, მართლაც, არ ექნება წაკითხული”(საუბარი ჯინ სტაინთან).

როგორც აღვნიშნე, ფოლკნერის შემოქმედების ანი და ჰაე პიროვნება და მისი სულიერი სამყაროა. ზოგჯერ პიროვნება მწერალს აბსოლუტის რანგში აჰყავს. მაგალითად, როცა ეკითხებიან, თუ რა აზრისაა მთავრობის მიერ გამოცემულ სახელმწიფოებრიობის განვითარების პროგრამაზე, სჭირდება თუ არა პიროვნებას, იგი პასუხობს _ პიროვნება თვითონ მიხედავს თავის თავს. საინტერესო ფრაზაა, მაგრამ თუკი მას მავანი ცალმხრივად გაიგებს, შეიძლება დამაღონებელ უკიდურესობამდეც მივიდეს. აი, ამგვარი უტრირების კიდევ ერთი ნიმუში: “როცა ჩვენს წინაშეა ორი კაცი, ჩვენს წინ დგას ორი ადამიანი, როგორც მესამე გაჩნდება, ეს უკვე ბრბოს ჩანასახია. და თუკი ასი ადამიანი ერთი და იმავე იდეისკენაა მიმართული, ეს იდეა შეუძლებელია კარგი იყოს” (საუბარი ნაგანოს სემინარზე).

ეს რომ ასე იყოს, პიროვნებათა გამაერთიანებელი იდეები არ იარსებებდა. ძლიერ სადისკუსიოა “მესამე კაცის” გამოჩენის გაიგივება ბრბოსთან ან თუნდაც ჩანასახთან. პიროვნებამ არ უნდა “წაშალოს” საზოგადოება და სახელმწიფო. აქ წინააღმდეგობის ძებნა საჭირო არ არის _ ფოლკნერისავე სიტყვებით: ”სადაც უნდა იყოს ადამიანი - ჯგუფში, წვეულებაზე თუ საზოგადოებაში, ეს უნდა იყოს პიროვნებათა საზოგადოება.”

ცხადია, ასე მოკლე და თეზისურ გამოსვლაში ყველაფერზე, რაც მშვენიერ წიგნთან არის დაკავშირებული, ვერ ვისაუბრებთ. ცოტა ვთქვით, ბევრი რამ უთქმელი დაგვრჩა, მაგრამ ერთი კი საგანგებოდ უნდა აღინიშნოს: ასეთი წიგნები “ფიქრის ამინდს” ქმნიან და მის მთარგმნელებს _პაატა და როსტომ ჩხეიძეებს _ საზოგადოებისგან დიდი მადლობა ეკუთვნით.

ჩემს გამოსვლას ფოლკნერის სიტყვებით დავასრულებ:

“...ნუ შეეცდები იყო უკეთესი, ვიდრე შენი თანამედროვენი არიან, ან წინამორბედნი იყვნენ, ეცადე შენს თავს აჯობო”.

ეს წიგნი გვასწავლის. სხვა საქმეა, რამდენად კარგი მოწაფეები აღმოვჩნდებით.





ბმული - http://giamurgulia.livejournal.com/8355.html

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: "ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
"ხმაური და მძვინვარება" – უილიამ ფოლკნერის Tour de Force
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: