არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზვიად კვარაცხელია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზვიად კვარაცხელია   Sat Jan 22, 2011 3:57 pm


Zviad Kvaratskhelia

ზვიად კვარაცხელია

დაიბადა 1986 წელს, ქალაქ ზუგდიდში.
ავტორია წიგნებისა:
* "მარჯვე–ნა" (2004).
* "ქარაგმა".
* "ჰაე".
* "ილია სამეგრელოში".

თავთაშორისი წიგნიდან "მარჯვე–ნა"

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

შენ უსახელო, სრულიად მოულოდნელად, CTRL–ით გახსნილი ცარიელი ფაილი ხარ, სადაც სუფთა და ათასგვაროვანი აბრევიატურით უბღალავი ქაღალდი ატოტილა, ატოტილა და თეთრადვე ჩაჩუმქრალა, თავის სისპეტაკეში ჩამარხულა. დასანანია, მაგრამ მე, როგორც ნათელი სიტყვის ორნიტოლოგი, ლოგოსებისა და ყოველგვარი განსხვავებულის მიმდევარი, ვცდილობ, ჩაგეძიო და WINDOWS –ის იარაღასხმული ხელები ჩავაფათურო შენს სულში, ჩავაფათურო და ფენა–ფენა, გაურკვეველი მონახაზებით გავაბიაბრუო შენი აწმყო–ნამყოთი ჩემი მყოფადის დასანახავად: CTRL C–ის დახმარებით ვაკოპირებ არც ისე უცნაურ, შავ–თეთრ ფოტოს: ერთ მუშტად შეკრული, შავჩოხიანი ადამიანები, ერთად შემართულნი, წინ წამძღვარებული ვაზირტოება ჯვრით. CTRL V ყოველგვარი ჩხუბის, ჯიჯღინისა და გალიმათიის გარეშე ჩასვამს დაკოპირებულ ფოტოს მიჩნეულ ადგილზე. სილამაზე შემომცქერის თვალებში! შემდეგ მე, CTRL X–ად თბობილი კლავიატურით ამოვჭრი შვიდ, ერთმანეთზე შეხამებულ და მაინც, ცა და მიწასავით განსხვავებულ ცნებას, სპეტაკ ფურცელზე ჩამოქვეითებულებს ერთობლივი CTRL–თი CTRL I–ის თანწყობილი ოპერაციით ვამუქებ და ვაკურსივებ, განზე ვხრი, შესამჩნევად და გულმო(სა)დგინე წასაკითხს ბადექსოვილად ვაქცევ: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სიკეთე, სარწმუნოება, მყუდროება, მოთმინება;
უეცრად თავს ვანებებ, ვწყვეტ, განგებ გავაჩერებ საქმე–ზე–ში–თან–ჩაბმულ მუშაობას, ქოშინით ვიღებ უსათუთოეს აბრევიატურას SAVE, ანუ დაიმახსოვრეთ, და იქვე სათუთ CTRL–ით ვპასუხობ მას, მოუხელთებელი ჩანთების, ილაჯართმეული ფაილების ვაკქანალიას ვანდობ ჩემს ახალ, პირზე WINDOWS –ის რძეშეუმშრალ დოკუმენტს, CAPS LOCK–ით შედიდებულ და ინტერვალური პანელით გამოცალკავებულ ან უკვე ჩაფერადებულ სისპეტაკეს: "საქართველო–უპირველეს ყოვლისა!"



წიგნი – "ილია სამეგრელოში".
თემა – ბიოგრაფიული
ავტორი – ზვიად კვარაცხელია
ISBN 9789994055876
გამომცემლობა – არტანუჯი
გვერდები – 94
ზომა – 12.5/19.5
ენა – ქართული
წიგნი ღირს – 5.00ლ

ანოტაცია: ზვიად კვარაცხელიამ, არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ახალი ფასეულობა შექმნა. მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებაში ცოცხლად და ექსპრესიულადაა წარმოჩენილი ურთულესი ეპოქა, თითქოს ერთმანეთს ენაცვლებიან კადრები დოკუმენტური ფილმიდან - "ილია სამეგრელოში".


http://www.youtube.com/watch?v=8DcoFTNXarA – 2010 წლის 12 სექტემბერი, საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. წარდგინება წიგნებისა ზვიად კვარაცხელიას ``ილია სამეგრელოში`` და იონა მეუნარგიას თხზულებათა I ტომი

***
http://www.seaflog.com/buscar-videos/ver-video/ზვიად-კვარაცხელია-ოთარ-ჩხეიძეზე-1582468109.html – სიტყვა წარმოთქმული 2010 წლის 1 დეკემბერს ლიტერატურის ინსტიტუტში გამართულ როსტომ ჩხეიძის ``აგვისტოს შვილები``- მამაჩემი ოთარ ჩხეიძე`` განხილვისას.


Last edited by Admin on Sat Jan 22, 2011 5:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად კვარაცხელია   Sat Jan 22, 2011 4:01 pm


Zviad Kvaratskhelia

ზვიად კვარაცხელია

ბებოს წმინდა წერილი
(მოთხრობა)

– ჩემთან ერთად ეს პერანგიც გაიცრიცა, შვილო, ჩემი გულივით ამასაც დააწყდა ძაფები...
მოგუდულად ჭრიალებს კარადის კარი, საკეტმოშლილი და მორღვეული. მოხუცი თრთოლვით გადმოიღებს ძველი ზეწრების წყებაში ჩამალულ ნაკეცს, სინათლეზე გამოიტანს – გადმოფენს მაგიდაზე.
– გაწვალდა... გაილია, გამჩენის მადლს ვენაცვალე...
ბოლო წლებია, ჩამიჩუმი აღარ ისმის თინიას ეზოდან. ადრე სანატრელი იყო სიჩუმე, შუქიც დღედაღამ ენთო, სტუმარიც მოდიოდა და მოდიოდა. ახლა ჩაკვდა და ჩაიფერფლა ეს სახლ-კარი, როგორც სოფლის შარაგზა ზაფხულის არდადეგების შემდგომ.
– მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, რომ პენსიის იმედად არ ვყოფილიყავ. ზოგი ნანატრი და დაუმადლებელი სიბერისთვის შრომობს... მე არა! ჩემი ნატვრაც და სიცოცხლეც შვილის სხეულში გამოვახვიე. გიჟი დედობა პროფესიაა, შვილო...
ძაძისა და ძველი პერანგის სუნი დადგა ოთახში.
– როგორ დავჩაჩანაკდი, ნივთებს და სიჩუმეს ვეწყობი მხოლოდ, მათთან საუბარი მიადვილდება. იოლად მიგებენ, არ მეპასუხებიან და მეც დილიდან საღამომდე გაუთავებლად ვეჩურჩულები ჩემი წუთისოფლის სევდიან ამბავს...
– ამბობენ, ქარიშხლიანი ცხოვრება ჰქონდაო.
– მე შეცდომიანს დავარქმევდი, სხვები არ ვიცი, რას ლაპარაკობენ. სიმართლე გითხრა, აღარც მაინტერესებს! შეცდომაში იხვეწება ადამიანი, ქალი მით უმეტეს. ჩადენილის გამო სინანული სჯობს ჩაუდენელი ცოდვების მოლოდინს. მე კიდე არასდროს არაფრისთვის მიცდია!
– თინია ბებო, ცოტათი მეუხერხულება, პირველად ვარ აქ. იცით, რაღაცნაირი იდუმალებით მიყვებოდნენ თქვენზე, თითქმის დამარწმუნეს, რომ...
– სწორადაც დაგარწმუნეს, შვილო, ოღონდ ქაჯი და კაციჭამია კი არა, ერთი საცოდავი დედაბერი ვარ და მეტი არაფერი. ამ სახლს და შვილის პერანგს ვდარაჯობ. ეს არის ჩემთვის უკვდავების წყაროც, ოქროს საწმისიც და წმინდა წერილიც, რომელსაც არ ეღალატება.
– შეიძლება გული გატკინოთ და გაწყენინოთ, მაგრამ მაინც მინდოდა მეკითხა...
– რატომ ვინახავ და ვუფრთხილდები ამ გაცრეცილ პერანგს...
– დიახ.
– ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, კლასის დამრიგებელმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესანიშნავად მცოდნემ, საშინაო დავალება მისცა ბავშვებს – ორი სიტყვით გაეხსენებინათ ცოტნე – მოეთხროთ საერთო მოგონებები, ან, უბრალოდ, ეთქვათ რაიმე, ოღონდ გულწრფელად...
ყველამ რაღაც გაიხსენა.
ბოლო ზარზე, სკოლის ეზოში, ჩემი შვილის თეთრი პერანგიც გამოფინეს.
პერანგი წარწერებით იყო გადავსებული – ნაწყვეტებით საშინაო დავალების ტექსტიდან...


*
ლაშა
პირველი კლასიდან ვიცნობდი. ღონიერი და დამრტყმელი ბიჭი იყო, თავს არავის დააჩაგვრინებდა, არც სხვისი დაჩაგვრის ნებას მისცემდა ვინმეს. გული ერჩოდა და ძალაც მოსდგამდა, ოღონდ ნამეტანი ფიცხი და თავისებური იყო. არაფერს გეტყოდა, არ ჩაგახედებდა თავის სამყაროში, ამიტომ მასთან შიში კი არა, უფრო სიფრთხილე მაკავშირებდა. ფრთხილად ვმეგობრობდი – არც იქით, არც აქეთ. ყოველ სიტყვას ვწონიდი მასთან ყოფნის დროს და დაძაბულობის მარწუხი სადღაც მექაჩებოდა სულ, მაწვალებდა...

ნატა
არასდროს მჯეროდა, რომ შენისთანებს ჩემისთანების შეყვარება შეუძლიათ. შენი წერილები, ყვავილები, დიდი თვალების შემონათება აღარ მიმაჩნდა საჩემოდ, იმდენ ვინმეს აფორიაქებდი და უშფოთებდი გულს. მერე ვიღაცამ მითხრა, დაქალმა მგონი, ასე და ისეო, და მეც არ დავუჯერე. ქალებს ჩვევიათ ოცნებებში ცხოვრება, მაგრამ ცხვირწინ მოარულ, ახდენილ ოცნებებს ვერ ამჩნევენ. არადა, თვალის გახელა უნდა მხოლოდ...

ვასიკო
ბოღმამ და სირცხვილმა ერთდროულად ამასხა სახეზე. გაშვებულ გოლს არ ვნანობდი, მაგრამ ხვალ დილიდან (დღესვე თუ არა) მთელ სკოლას ეცოდინებოდა, რომ წლის საუკეთესო მეკარემ „დირკა“ ჭამა. გაკვირვებული და გახარებული სიფათები წარმოვიდგინე და გწყევლე, რაც შემეძლო. მძულდი, მეზიზღებოდი, ვერ გიტანდი და სულ ფეხებზე მეკიდა, რომ ასეთი საქციელები არაკაიბიჭურია. ოღონდ გეცოცხლა და, მამას ვფიცავარ, ყველაფერს გაპატიებდი...

სანდრო
პირველი ფიზ-რა გვქონდა. შენ სულ კაიფობდი, „ფიზიკური კულტურა“ სათქმელადაც ამხელა ენერგიას მოითხოვს, ისე კი ბურთის ერთი გაგორებააო, მარტივი, მშვიდი, აუღელვებელი გაგორება. ეგ სიმშვიდე აღარ გამოგივიდა, ძმაო, თორემ დანარჩენში ხუთიანს იმსახურებ ჩემგან, სწორედ იმ დიდ, უშველებელ, ვეებერთელა ხუთიანს.

ლიკა
მახსოვს, „ლტოლვილოო“, – დამიძახე. გულზე მომხვდა. ისე მეწყინა, გაჩერებას არც ვაპირებდი. „ჩვენ ყველანი ლტოლვილები და გამოქცეულები ვართ იმ კუთხიდან ამ ქვეყანაშიო“ – გაღიმება იცოდი უჩვეულო, უცნაური. „თავს ნუ იმართლებ, უკვე მაწყენინე-მეთქი“, – გავჯიუტდი. ეტყობა ძალიან შემეტყო გაბრაზება. დიდხანს ვიარეთ უხმოდ, გაბუსხულებმა. ჭიშკარს ისე მივადექი, აღარც გამიხედია შენკენ. იდექი და ჩურჩული მესმოდა მხოლოდ...

მირანდა
ატირებული შემოვარდა ლიკა, ზლუქუნებდა, ხავერდის ნაჭერზე იმშრალებდა ცრემლს. რა დაგემართა-თქო. დიდხანს ხმა ვერ ამოიღო, დამუნჯებულივით იყურებოდა. ფანჯარაში გაიხედეო, – ეს მითხრა მხოლოდ. ფარდა გადავწიე და ახლომახლო მოვავლე თვალი, თუმცა არავინ იდგა გარეთ. წასულაო, – ლიკამ, – ცოტნე იყო, აქამდე მომაცილა და... სიყვარული ამიხსნაო. როგორ-მეთქი, – გავცოფდი, შევიშალე კინაღამ, არ ვიცოდი, რა მექნა...

ლევიკო
ამ გოგოებს ხომ თეთრი შავად ელანდებათ და ბუზი სპილოდ. მთელ სკოლას მოსდეს: ცოტნეს ლიკა ჰყვარებია და ამას გვიმალავდნენო. ისეთი არაფერი, კაცო! უბრალოდ, ლექსი წაუკითხავს _ „ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით...“ და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. რახან კლასგარეშე წიგნებს კითხულობს, გენიოსი გონიათ ბიჭი... ეგონოთ... ანდა გოგოს გაწითლებას რა უნდა?!

თორნიკე
გამოქანებაც ეგ იყო, მაგრამ მაშინვე ავუღე „აბაროტი“ – ისეთი ვძნეყვე ყბაში, ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. მტერი ხომ არ ვიყავი, მივედი და წამოვაყენე. არ გაპატიებო, – სასაცილოდ დამემუქრა. ვმეგობრობდით მას მერე, ბევრჯერ გვიჩხუბია ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალის გულისთვისაც კი. თავშეწირვასავით იცოდა ჩხუბი, თითქოს ომში გადიოდა, თან უკანასკნელად. გავიდა და ეგაა...

გოგიტა
საჭირო ოთახში ვიყავი, ხველებით რომ შემოვიდა, მიდგა კუთხეში და მიწყნარდა ხმაურიც. ველოდები რა იქნება – თავი მოვიმკვდარუნე ასე ვთქვათ. სიჩუმე აუტანლად გაიწელა, საუკუნეს დაემგვანა და უცებ დაირღვა: „რა დაგიშავეთ, ხალხო?!“ – სასოწარკვეთილების განსახიერება იდგა ჩემს წინ, ცალკე სიმწრისგან და იქით – ტკივილისაგან ეხეთქებოდა ყრუ კედელს, დამალულ ცრემლით, გაუმხელელი საიდუმლოთი, რომელიც ლიფტის ხურდასავით და ავტობუსის ბილეთივით საგულდაგულოდ შეენახა უბეში.

– გადმოაბრუნე, შვილო... მეორე მხარეს უფრო გარკვევით იკითხება, ალაგ-ალაგ ფლომასტერებიც გაურევიათ... რატომ ვარ ცოცხალი...
პასუხად არაფერი მაგონდება. ისევ ბებო:
– ხანდახან მგონია, რომ სხვა სჩადის ჩემს საქციელს, სხვა გარბის ამ ცხოვრებიდან და შემორბის ხელახლა და გაუთავებლად, რომ გულის აირწინაღში ჩატუმბოს ცოდვილი ჰაერი, რადგან ცოდვის ქვეყანაში უამჰაეროდ გაძლება ისეთივე ძნელია, როგორც პირჯვარი, როცა მარჯვენა ხელი არა გაქვს.


*
სალომე
დედიკოს ბიჭი არასდროს ყოფილა. თუ სიმართლე გინდათ, შვილიშვილად უფრო ეკუთვნოდა საწყალ თინიას. ზოგჯერ ბებოსაც ეძახდა ხუმრობით. ყველამ ვიცოდით, აყვანილი რომ იყო, ამიტომ კიდეც გვეშინოდა და კიდეც გვეცოდებოდა. სახელს ამართლებდა რაღაცნაირად _ ერთგული და თავგანწირული იყო, თუმცა როგორც ძმაკაცები ამბობდნენ, გულჩვილობასაც ავლენდა რიგ შემთხვევებში. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვკითხე: „გოგოს გამო თუ გიტირია-მეთქი“? არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი – თვალებით მიდასტურებდა.

ზურა
ჩემზე წინ იჯდა, დამამთავრებელ კლასში. ტოტალიზატორმა დაგვაძმაკაცა. ხშირად იჩითებოდა მანდ. დიდ ფულს არ დებდა, მაგრამ ბევრჯერ მოუგია. ვირტუოზივით აწყობდა კომბინაციებს, რამდენიმე გუნდს ერთმანეთზე გადააბამდა, თავისი „სტრახოვკებით“ და... უმართლებდა მოკლედ. ზოგჯერ ჩამოვჯდებოდით, თამაშს ვუყურებდით, ვეწეოდით. სულ რაღაცას ინიშნავდა ქაღალდზე, მერე კუჭავდა და ყრიდა... ერთხელ ვიღაცამ დაუძახა გარედან. როცა გავიდა, დაჭმუჭნული ბილეთი დავითრიე და ჩავხედე ჩუმად. გაკრული ხელით ეწერა: სიყვარული – სიძულვილი 1X.

მამა საბა
აღელვებული მომეჩვენა. „ამდენ რამეს რომ გამოვედე და გამოვეკიდე, მადლსა და შემწეობას ვითხოვ, მამაო, უფლისგან, რადგან, დღეს თუ ხვალ, მეც მტვრად ქცევა არ ამცდება და თუ ზეციდან არ ვიგრძენი სითბო, მიწაზე დაღვენთილს ვინ მიპატრონებსო...“ – ალალი და გულწრფელი თვალებით შემომჩიოდა, მე კი მეგონა, „ჯესუს ქრაისთ სუპერსტარის“ მოსანანიებლად იყო მოსული.

კუსა
ის დღე საშინლად დაიწყო. ჯერ იყო, გვიან მივედით გაკვეთილზე და ქიმიამ დერეფანში გამოგვყარა ყველანი. სიგარეტს გააბოლებდა კაცი, მაგრამ მოთმენა და ნათელი მომავალი ვარჩიეთ მათხოვრობას, ვიღაცის დანაყვედრებ ორ ღერ ფილტრიანს. „ბაყაყი ხო არ არის, ჯიბიდან ამოგიხტეს, ან როიალი, ჯიბეში არ ჩაგეტიოსო?!“ – ამათი ატანა არ გინდოდა?! ქალაქისკენ ვაპირებდით, როცა ნიკუშა მოვარდა აფორიაქებული...

ნიკუშა
ჩემი და მოიტაცეს! ქუჩის თავში დახვედრილან ახვრები, ძალით შეუტენიათ მანქანაში და მარცხნივ დააწვნენო, ქალებმა მითხრეს. მაგათი ამბავი ხომ ვიცი, სადმე სოფელში აიყვანენ, უკაცრიელ ადგილას და დიდ გულზე იქნებიან მერე. მშობლები შემეცოდა და რაც პირველი ვიაზრე, სკოლაში მივაჭრი-მეთქი. ბიჭები დამხვდებიან, ეგებ რამეთი დამეხმარონ-თქო...

დაჩი
რა ცოტა ყოფნის – სიხარულიც და მწუხარებაც – ვისაც სული უდგია. წუხელ ჩემს გოგოსთან ვიბუქნავე მთელი ღამე, ზღაპარი იყო! დილით კიდე, ვინ გაცადა, ცოტნემ მომაყენა ბიჭები, თაკო მოუტაციათ და მანქანა გამოიყვანეო. როგორ გინდა ამ ხალხს გააგებინო, რომ მამაჩემის გადამკიდე, „პატიხონკუ“ ვაკეთებ რაღაცებს, ისიც ათასში ერთხელ... გაბაზრება არ მინდა, თორე ამათ ვაწუწუნებდი?! მოკლედ, დავადექით კვალზე...

ირაჩო
ორი „ძევიატკა“ გავამზადეთ სანადიროდ... რა დიდი მიხვედრა უნდა, ვინ მოიტაცებდა. ადრეც მინახავს ის ნაგლი პარაოზი. არასრულწლოვნებში ახეხინეს სამი წელი, ვითომ გამოსწორდებაო, მაგრამ უარესი გამოვიდა. „უნდა გამელახა, გუშინწინ ეზოში იჯდა გაბღენძილი, დირექტორივითო“ – გაცეცხლებულია ცოტნე, ძლივს ვამაგრებთ. წინ წამოგვისკუპდა – მაგას ვინ დაასწრებს წინ დაჯდომას?! „ვიცოდი მე ეგ, ვიცოდი ეგ შორით ტრფობა როგორც დამთავრდებოდაო“ – ისე გვიყურებს, თითქოს ჩვენ მოგვეტაცოს ის გოგო. „რა გააჭირე, დავეწევით და დავაწერთო“ – იმედიანადაა დაჩი. ასფალტი მორჩა და ხრეშიან გზაზე აცეკვდა მანქანა.

გუგა
არ მთავრდებოდა აღმართები, ატალახებულ გზაზე უჭირდა „დევიატკას“, წამდაუწუმ სრიალებდა, ბუქსაობდა, იჭინთებოდა ორსული ქალივით. „აქ ამოსვლა იკითხე, თაკო თუ მაგ ვიგინდარას გაყვა!“ – ახითხითდა დაჩი. ცოტნემ შეუბღვირა, სერიოზული დაედო სახეზე. „წინ იყურე, ბიჭო!“ – ჩამქრალ ბიჩოკს მოუკიდა და ფანჯარა ჩაწია ბოლომდე. ერთი ნავსიანი მოსახვევი გვაკლდა და დაიწყებოდა დამრეცები...

თედუნა
ხმაურის მეტი რა გამიგონია, ხმას და ხმაურს ვიყავით სულ მიყურადებული – დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი – თვალდახუჭული ვარჩევდი მათი ფეხსაცმლების ხმას, მაგრამ ასეთი უცნაური, ასე მოულოდნელი არაფერი გამეგონა. შეშინდნენ ბიჭები. ერთმა ისიც თქვა, მიწისძვრა ხო არ იყოო. რაღაცით კი გავდა მიწისძვრას! გავიხედ-გამოვიხედე. მთები იწვნენ გარშემო, დღენიადაგ მოღუშულნი, როგორც ჩვენი დაწყებითის მასწავლებელი, სულ რაღაცით უკმაყოფილო. მთებს ბილიკები გასდიოდა ნაწილ-ნაწილ, თითო-თითოდ, პაწია ქუჩები, ქუჩა კი არა და – ჩიხები; სადღაც იკარგებოდნენ ხვეულები, მთის ძირში თუ მთის მწვერვალზე; სახლებს ამაყად ეჭირათ თავი. რატომაც არა – უკვე გადასულიყო ზამთრის სუსხი და მეწყრის შიში. ბოლო თვეში იყო, სულს ღაფავდა გაზაფხულიც. ხეები შეფოთლილიყვნენ, ნაწვიმარზე ბალახი ბზინავდა. ნისლიც გაეპარებინათ, როგორც უდროო სტუმარი, რომელსაც მასპინძლის ნაცვლად მასპინძლის მეზობლები დახვდნენ, ხელცარიელი და უპურმარილო... ყველგან მოვავლე თვალი. ვხედავ, აჩიკო მეჩურჩულება გაბზარული ხმით: „იქ, დაღმართთან, მგონი რაღაცაა!“

აჩიკო
მანქანა გულაღმა ეგდო ტალახში. მზე აცხუნებდა და ზაგარზე გამოსული ქალივით, სხივებს ისრუტავდა მიწაც, მანქანაც, ტალახიც... გულაღმა ეყარნენ ბიჭებიც. დაჩი ტკივილისგან მოკრუნჩხულიყო, ფეხებს ასავსავებდა ჰაერში, ხმამაღლა ითხოვდა შველას. „წყალი, წყალიო“ – ჩალურჯებულიყო ირაჩო, ბოდავდა რაღაცებს, თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა მოწყვეტილი თითებით, რომლებიც უნუგეშოდ და უანგარიშოდ ცახცახებდნენ თავისთვის. გუგა მჭევრმეტყველებდა, როგორც არსად და არასდროს: „ბეჭი ჩამელეწა და უკანასკნელი ღამე მივდრიკე აღსასრულისკენ. გულით მჯერა, რომ ხვალ დილიდან არ ვიქნები აქაობას. ყველა საყვედური, შური და დამცინავი თვალები მიპატიებია თქვენთვის, რაც აქამდე ვიგრძენი და შევამჩნიე. რაც გამომრჩა – ისიც, უბრალოდ, ამ ორომტრიალში ვერ მოვიცალე, ყველასთვის მეგდო ყური, ძმაკაცების ხოშზე მეცხოვრა და ჩემი ნაბიჯები ვიღაცებთან მეთანხმებინაო. წუწუნი რა მოსატანია – ახალი დღის მოლოდინი მაშინებს მხოლოდ. იმედიც მაძლებინებს, იქნებ ის ჩემი ცოდვით სავსე მფარველი ანგელოზი მოვიმადლიერო და თუნდაც ერთი სამუშაო დღით გამიხანგრძლივოს წუთისოფელიო“. ცოტნეს დავხედე – ჩამქრალი ჰქონდა თვალები...

თაკო
„დაბადებასაც თავისი კანონები აქვს, თავისი წესი. დაბადებაც, როგორც სიკვდილი, არავის ეკითხება და არც არავის უთანხმებს მოსვლას. ოღონდ სიცარიელეს კი არ ტოვებს სიკვდილივით, ავსებს ყველა ღრიჭოს და ჭუჭრუტანას, სადაც უკუნეთია“ – ვიღაცის ნათქვამს ჰგავს, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს მისია, მხოლოდ მისი – ცოტნეს უკანასკნელი ჩანაწერი ჩემს დღიურში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად კვარაცხელია   Sat Jan 22, 2011 4:03 pm

ზვიად კვარაცხელია

შენთვის
(სათუთად შენახული ნამცვრევები)

*
...შენ, როცა ერთხელაც, სამუდამოდ გამო¬ირთვები სამყაროს არსებათა უწყვეტობიდან,
ერთი ხელის მოსმით, უგანგებოდ მოსწყდები გზას,
როცა მიხვდები – გვერდით მოსიარულე სულდგმულთა ნაბიჯს ფეხს ვერ უწყობ,
მათებურ სიმღერას ვერ მღერი,
და მათნაირ ცეკოს არ თამაშობ წინალითა და უკანალით...
დაღუპვად კი არა, აღდგინებად მონათლავ ჩავლილ მისტერიას, რადგან შენი დროის სულიერები მოწყვეტილნი არიან აშკარა და ნამდვილ სიწმინდეს. ისინი მხოლოდ თამაშობენ სიყვარულის ბალაგანში, გადანაწილებული აქვთ `ქალის~, `მამაკაცის~, `ქვეშ მყოფისა~ და `ზედა სართულის~ როლები, ჰყავთ მათზე დაფჩენილი ბრბო (მოტაშეები, მსტვენიები, მყივანები, მკივანები, ქლესიები, `დამფასებლები~, ავტოგრაფზე მონადირენი), აქვთ ნაირფერი განათება, მიწიერი მუსიკა, აღმგზნები მელოდია.
გარბიან და აღარ ბრუნდებიან სიწმინდის ლანდშაფტში, გამოიძევებენ ყოველივე წ¬რფელს, პიროვნულს, საკუთარს, ხალასს, ფაქიზსა და უმწიკვლოს და აგინებენ ამის უმალ, თრგუნავთ გამოდევნილის გახსენება...

*
საშუალო სკოლებში ადრე (და თუ არ ვცდები, დღესაც), წარმოსახვაში უმეცარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ჩვევად შეენიშნებოდათ მუდმივად ყალბი, `შეთხზული~ დაინტერესება თავისუფალი თემებით. ძალიან ხშირად თუ ძალიან ხანდახან ისინი დაბარებულივით ცდილობდნენ, გამოეჭირათ ჩვენში ფანტაზიის ნამცეცები და ასევე ძალიან პერმანენტულად შემდეგი სახის თემებს გვთავაზობდნენ:
`მე რომ მასწავლებელი ვიყო~...
`მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო~...
`მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო~...
`მე რომ უჩინმაჩინი ვიყო~...
თითქმის არავინ (იშვიათი, მეტყველი გამონაკლისების გარდა) ცდილა, ერთხელაც გაერღვია თავისუფალი თემის თავისუფლების ჩარჩოები, ყოფილიყო უკანმოუხედავად უკომპრომისო და დაფარულზე აეგო ამბავი:
მე რომ ვიყო შენ...
ნურვინ იფიქრებს, რომ ამ შეკითხვით არაფერი შეიცვლებოდა, რაც კი ტრადიციის მტვრიან სარდაფში შეუნახავთ. მოთმინებით ელიან, როდის გამოჩნდება სამიზნე, დამოკლეს მახვილივით რომ დაეკიდოს, სათითაოდ აწყას და აღნუსხოს ჩვენი ცოდვები.
შეიცვლებოდა ძირითადი და უმთავრესი – გული ჩვენი ანცობისა.
გული გახდებოდა ყველასი. ადვილი იქნებოდა სიყვარულის უშურველი გავრცელება, გულიდან გამონაძახი ხმების შეტყობა.
ჩვენ ერთი გულით ვიცხოვრებდით, ერთი გვექნებოდა საგულე-საბარგული და წმინდა მამები დაგვახასიათებდნენ, როგორც `საგულისხმოდ გულგახსნილ, საერთო გულისნადების მქონე გულთამხილავებს~.

*
სიყვარულზე დიდი სჯა-ბაასი იყო ამას წინათ უნივერსიტეტში, ყველა თავისას მიაჭენებდა, აურზაურს მიჰქონდა იქაურობა.
სიყვარული ასაკისმიერიაო, – თქვა ერთმა გვარიანად მექრთამე კურატორმა და ვაშად გადმოალაგა თავისი გებჟალიასავით თვალები.
როგორო, ჩაეკითხნენ. როგორ და, პატარას სიყვარული უფრო წრფელია, მოზარდისა – სხვა, შერყვნილი, სიყვარულიდან გახრწნამდე ნაბიჯიაო, შეჰყვა და შეუბერა ძალმიცემულმა, ხობის მილიციასავით.
... წუხელ ღამურა შემოფრინდა საძინებელ ოთახში.
მარცხენა კუთხეში საქართველოს ფიზიკური რუკაა გაკრული ჭიკარტებით. ჭიკარტის ჟანგი სქელ ქაღალდზე მიწისფრად გადასულა, მთელი ფშავ-ხევსურეთ-მთიანეთი ჩამოუდღაბნია, სამეგრელოს აღმოსავლე¬თით (სადაც ახლა გურია იწონებს თავს) ლურჯი სინესტე ეტყობა.
რამდენსაც ეცადა ღამურა, შიშველი ფანჯრისათვის მიეცა ფრთები, იმდენი დაეხალა კედელს, დაურიდებლად ურტყა და უთავაზა.
დედას შუქი აენთო ამასობაში, შეშინებოდა პირველი შეშინება. ქათქათა ზეწრით გამო¬ვენთე ფრთიან თაგუნას – ვირთხას წამის უმალ გავსრესდი, ღამურამ კი დამაეჭვა და მოსალოდნელ უძლურებაზე დამიფეხმძიმა გონება.
ცოცხს ვეცი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ აფორიაქებული კაცის სიტუაციური სიმულაციები განსაცდელის დროს. ქნევა რბილი სიტყვაა იმ მოქმედებასთან შედარებით, რასაც მაშინ ვახორციელებდი. ცოცხს წარამარა სცვიოდა ბეწვი, მე ცალკე ვიწურავდი ოფლს, დედაჩემი იქით დნებოდა, ჩემი წამების თვითმხილველი.
აი ახლა, ამ წერისას უნებლიეთ ის ღამურა მომაგონდა. ღამურა იქით იყოს და, პირველი სიყვარული ხომ ჰგავს სულის საძინებელში შემოფრენილ მაწიოკებელ ფრინველს, გნებავს `აქშა~ უძახე, გინდა ცოცხი უთავაზე – დარჩება, ჩაგრჩება, საითაც გაიტევი, ისიც გამოგყვება, `შენი მტკივნეული სიძველე ვარ~, – ქუშად შემოგძახებს.

*
თქვენ ალბათ გსმენიათ უკვდავი ყოფითობა, რომელსაც პირველი სიყვარული ჰქვია.
აქ მდგომ სულიერს, როგორც უბღალავ სიწმინდეს, ისე უყურებ და ნათელი თვალით შესცქერი... შენში ნაბიჯები იწყებენ ტივტივს, სუნთქვას ემორჩილები, წარსულს აზავებ ახლანდელთან, ხდები ხუთივე გრძნობით უზადო.
მას სათნო სახე ჰქონდა სიტყვის ნატიფი, ფაქიზი და უსათუთესი გაგებით, მშვიდი თვალები და შორეული გამოხედვა, ბავშვური მზერა. ასეთები ყოველთვის ჩრდილში არიან, ხანდახან თავად იფარებენ მორიდების ჩადრს, კრძალულებას ესწრაფვიან და ფრთხილი პა-დე-დე არასდროს ხდება თვალშისაცემი.
უნდა შეამჩნიო. შემთხვევა საგანგებოდ წაგეხმარება, ხელს შეგაშველებს. სულერთია, მარტო იქნება თუ ხელიდან ჩანთა დაუსხლტება, რისიმე შეეშინდება თუ საათს დაეკითხები. თვალები სახეთა დამახსოვრებაში ვარჯიშდებიან, თვალები ყურადღებას აარსებენ. უნდა ეცადო, თვალები მოახვედრო თვალებში.
შინ გაცილებას შესთავაზებ (რაც ბანალურია და ნასესხები).
ჭიქა ყავაზე მოიპატიჟებ (რაც ერთობ ქაჩალი სითამამეა და ყველასთან ვერ გაჭრის).
გაეცნობი ან გამოეცნაურები (ეგებ მას არ ნებავდეს ხელის ჩამორთმევა და მიგება, რომ `თქვენი გაცნობა ფრიად სასიამოვნოა~?).
თვალები გიხსნიან გაუგებრობისგან.
ხავსისფერი და შავი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. შენ არ ირხევი, სხეული დაჩრდილულია უძრაობით და არ განაღვლებს სიჩუმის დახარჯვა; მეც... შენსავით... სისხლი მომაწვა სახეში, გაქვავებული ვდგა¬ვარ და მძლავრობს ჩემი სულის ნაციონალური კონფესია, სიმორცხვე.
აზვირთებული სიჩუმე მოაწყდა ნაპირებს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თვალებით ვართ. თვალებით ვხედავთ, თვალებით გვესმის, თვალებით გვტკივა, თვალები აგებენ გულში ახალშენებს (ერთგულების ფაზისი, სასოების გიენოსი, კრძალულების პიტიუნტი, სულგრძე¬ლობის დიოსკურია). თვალები შეიცავენ ჩვენს ყველაფერს, თვალები აზროვნებენ, თვალები ამბობენ, თვალები განიცდიან მოღიაღებული სინდისის სიწრფელეს – ჩვენი უერთმანეთო თვალები.
მე ცოდვა გამოვიღე ჩემი თვალიდან, შურშიშისფერი გონებით არც შენსაში ვეძებ დაფარულს, რადგან სიყვარული დღეს სარწმუნოება გამხდარა. მივესალმები მათ, ვინც პირველმა იღო ნათელი, სულიდან ბოროტება გამორეკა, გულში სათნოება დაამკვიდრა, უბრალოებას შესწირა ძღვენი.
ხავსისფერი და შავი. შავი და ცისფერი, ყორნისფერი და მწვანე დანაშრევები ქუთუთოებთან. ჩემი და შენი თვალები აცილებენ ერთმანეთს. სულში იძერწება ყოფითობა, რომელსაც პირველი სიყვარული ჰქვია, ჰქვია თვალღებული სწორფრობა, ცრემლი და გოდების ციხესიმაგრე...

*
მთელი სიცოცხლეა სიწმინდე მშია. კვალდაკვალ მივდევ და გამირბის შენდობისფერი უბიწო ყანა, მორჩიფოთლა ჯეჯილის გრძედით, მობიბინე მდელოთი. როგორ ვეცადე, რარიგ არ ვეწარმართე მის მეწამულ უკიდეგანობას – ვერ შევაღწიე ვერაფრით. როგორც კი მივუახლდები, მიწა მისკდება ფეხქვეშ, ცა ზევიდან ქურუხს ატეხს, ყომრალი ყვავები – ბუნების შავი სალახანები, რა ყვანჩალი იციან ანდა – თავის სიგრძეზე დამიწყებენ სკინტლაობას, ვეღარ მომიშორებია. დავრბივარ ძალაგამოთავებული წაღმა-და-დაღმა. ერთიხანობა ხელსაც ჩავიქნევ, არ ყოფილა საჩემო ეს ყანა, გავეცალო ჯობია, რასმე ფათერაკს ამკიდებს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ არ ვიშლი, ჭაობისფერი უსახობიდან გამოცურვა მინდა, ვძალიანდები – სხვებს, ჩემნაირებს რომ ვხედავ იქ, ის მაცოფებს, შური მძლავრობს და სურვილი, მანამ არ დავმშვიდდე, მანამ არ შევეპუო, ვიდრე შევაღწევ, ნდომად ატანილი არ შევიჭრები, ნამიან ყლორტს მოვწყვეტ და სულთქმა სულის¬კვეთებით არ შევექცევი ბოლომდე...

*
ვინც სინათლეს დიდხანს, თვალსაჩინოდ დაჰკვირვებია, აღმოიჩენდა გონებაში მოსულ, უეცრად მობერილ ჩუმ შეკითხვას:
რატომ მენატრება უკიდურესობა?
რატომ მახრჩობს და მასახიჩრებს სურვილი, გავიგო რა ხდებოდა დასაწყისის წინ, რა მოხდება დასასრულის მერე?!
რატომ ჰქვიათ ადამიანებს სახელი და რატომ არ იწოდებიან ისინი, ვთქვათ, ზმნით. ქცევები მეტყველს გახდიდნენ მათ არსებას.
დავუშვათ, დიაღაც ხომ არაფრისმთქმელია დიოგენე უმეცარისთვის, მაგრამ სულ სხვაა: `ელოდება~ მის ნაცვლად – უმალ კითხვას ბადებს,
რას,
ვის,
როგორ,
როდიდან ელოდება?
დიოგენე დიდი ხანია (დღემდე) დაუსრულებლად ელოდება ადამიანს.
სამაგიეროდ, დღემდე არავის დანახვა არ სურს ლესბოსელ საფოს, რომელმაც უკვე გამოიარა სახეობრივი სანახაობანი, სულიც მრავალჯერ დაიზუსტა და უკიდურესობაც აღარ ენატრება.
ჩვენ კი რატომღაც ძალიან გვენატრება უკიდურესობა.
სინათლეს ხედავ – ბნელში გინდა. ხარ ღარიბი – წელში გაშლა გეოცნებება. ანდა პირიქით.
უარესიც:
ქალი გაჩნდი და განგებას ევედრები, მამრად გარდაგმოსოს.
დააკვირდით თეზა-ანტითეზების თამაშს, ახირებას, შავით დაწერო შავზე.
... შეკითხვაზე, თუ რა უნდა გახდეს მომავალში გონების მასალა, ჩვენ კარგა ხანს დაფიქრების შემდეგ ვუპასუხებთ:
შეცდომა!
და სხეული უნარებით აივსება.

*
ხანდახან ამართლებს დაზუსტება და ამ ერთხელ იქნებ ჩვენც გვეცადა:
ნებსით და უნებლიეთ ჩადენილ ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც ზიანს აყენებს სათანადო სულიერ სიკეთეს (ივარაუდება, პირველად ყოვლისა, ადამიანი) და დაკავშირებულია გულში იფქლის გაღვარძლების მდგომარეობასთან, ცოდვა ეწოდება.
ცოდვის ცოდნისათვის უპირატესობა ენიჭება თავად ცოდვის ჩადენას და ეს მარტივადაა ახსნილი: ის, რაც არ განგიცდია, შესწავლილიც ვერ გექნება.
დაფარულის გასაგებად მოძველებულ მეთოდს მიემხრობა ადამიანი. დაღამებისას დაჯდება საკუთართავის სარკესთან (მე და მე) და გულახდილად ამოიკითხავს შეცოდებათა ნუსხას:
მემთვრალეობა.
– ვარ!
ბილწსიტყვაობა.
– ვარ!
ვერცხლისმოყვარეობა.
– დილით იყო და წავიდა, მას!
სიძულვილი.
– ავად გახდა და ითხოვა!
მრისხანება.
– ...
მრისხანება.
– ...
მრისხანება!
– ვააააარ!!!
ანგარება.
– ჯერ არ გამოჩენილა, მას!
კაცკვლა.
– დააგვიანდება...
ქურდობა.
– ცარცის მოსატანად ჩავიდა, მას!
შური.
– გვაქვს ეს ბედნიერებაც!
სიძვა-მრუშობა.
– არის!
ურწმუნოება.
– აქა ვარ და გპირდებით, რომ დღეისსწორზე ნულს გაუთანაბრდება თქვენი სულიერების დეპოზიტი!
სასოწარკვეთილება.
– იმედები გარდაეცვალა, მას. წერილობითი შეტყობინება არ იქნება და ეგება გეკადრათ პანაშვიდზე მიბრძანება!
ეჭვიანობა.
– საჭირო ოთახშია, მას!
უქმმეტყველება.
– აგვიკლო, მას!
განკითხვა.
– მოგეცა ლხენა, დაგექცა ჭიშკარი!
და ასე უსასრულოდ...

*
ვიღაცისთვის მსჯავრის დადება, ერთ¬ხელაც ჩვენში სინანულს აღძრავს. მოგვიწევს, პირწმინდად შევიმუსროთ ჩვენი გულები, ვნებას დამოკიდებული გემოვნება და სახედ გამოვსახოთ არაპრესტიჟული პირჯვარი, ანუ ფარულად კმევა მადლისა.
სამეტყველო ენაში, სასურველი იქნება, ჩავამატოთ ხშირად სახმარი (ხშირად სათქმელი, ხშირად გასაგონი) სიტყვები:
შემინდე, მომიტევე, მაპატიე...
მომნანიენი, ძირითადად, გრძელი ენისა და უკონტროლო ქცევის `წყალობით~ ჩადენილს ასაჩივრებენ. ღმერთთან შეხვედრის რიგში დგას უზნეობის ღაბაბდადებული ბრბო, რომელსაც ყურადღება და სათქმელის გახსნა სწადია. უფალი გადმოხედავს შვილთა მისთა.
და აიკრიფება: ამას გთხოვ, გენუკვი, გღაღადებ, გეოხები, გევედრები, გეხვეწები, გემუდარები, გეზნახები, გეაჯები, გეღიჯინები, გეღიცინები და გეღრიცინები...
სანაცვლოდ დამბადებელი ჩვენი სმენა-და-გაგონებას მოითხოვს.
`ცხოვრება დღიდან დღემდე გადებული ხის ჯოხია: დილას მთელი, შუადღეზე ნახე¬ვრად მთელი, საღამოთი გამოფუღრული. თუ დღეს დღით არ მოასწარ დღესდღე მოსასწრები, ხვალ არ გეცლება მისთვის და მიგრჩება. ამიტომ, თუკი ცხოვრება გინდა, ყოველდღე უნდა ჩახვდე კითხვას,
რაში ვცდები და რას ვეცდები და პირველს აუცილებლად პირველი გაეპასუხო~.

*
შეხეთ, როგორ ჰგავს ხელგაშლილი ადამიანი ჯვარს, ხელგაშლილი ქართველი კი ვაზის ჯვარს. ქართულ მიწაზე დაბადებულისთვის ითხრება სანერგე და სამარე, ჰყრიან ვაზს და მიწით ფარავენ.
შემჩნეული მაქვს, დიდხანს გრძელდება რტოთა აღმოცენება. ქართული ვაზი თავმოყვარეა. ამოდის, ნება-ნება ამოიზრდება, გარშემო მიმოხედვა სჩვევია, თვალიერება – პირველად ვინ შემნიშნა, ვინ დამლოცაო.
ტანს აიყრის, წლებს მოიყრის, ზეცაში აიხედავს. მერე მლოცველ ქალწულსაც შენიშნავს ახლო, სხეულს გადიჯვარედინებს კეთილ თითებში და ივერიისკენ წაჰყვება თოვლიანი გზით, ქრისტიანობის საქადაგოდ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად კვარაცხელია   Sat Jan 22, 2011 4:07 pm

ზვიად კვარაცხელია

ხარი ხანისთვის

– მამაჩემისთვის უთქვამს... მე არც გამიგია, ეზოში ვიყავი რაღაც საქმეზე ჩასული... შენისთანა ბიჭებს თუ არ ვენდე და გვერდში არ დავიყენე, ქვეყანაა სამართავი, ფეხზე დასაყენებელი და მარტო რას გავხდებიო...
– ეს როდის იყო?
– აი, დიდი გაწევ-გამოწევა რომ შეიქნა და ტანკები დაიძრნენ დასავლეთისკენ. ყველა ამბობდა, მიწასთან გაგვასწორებენ, ჩვენს დასასჯელად და გადასაბუგად მოდიან ეს ტანკები, ბეტეერები, იარაღიანი ხალხი, მაგათ განადგურება უნდათ აქაურობისა, ვეზიზღებითო. მეზობელი ბიჭი შემოვიდა იმ დილით, – ჭაკადაა ჩვენი საქმე, მდინარე გადმოლახეს და ბრიყვს და ჭკვიანს ერთიანად გაგვჟუჟავენო. დავფეთდი, ბავშვი ვიყავი. შიში ჩამეჭრა და ამირია გულგვამი. საღამოდრო იყო, მამაჩემი რომ დაბრუნდა ქალაქიდან და მაშინვე ავუხსენი ჩემი შიშის მიზეზი, არაფერი დამიმალავს. ჩაეღიმა ბრძენი კაცის ღიმილით – ნუ ნერვიულობ, გზაში კი არიან, მაგრამ არც ისე გამოვშტერებულვარ, ზედ შევაკვდე იმათ ტანკებსო.
– ნეტა რას აპირებდა?
– მაგის ტვინში, ღმერთმა იცის, რა პარტიები ირჩეოდა მაშინ, მაგრამ მჯერა, რომ რაც მერე მოხდა, ერთადერთი გამოსავალი იყო ამ შიშისგან. შენ რა გგონია, შიშს თბილი ოთახით და მაძღარი კუჭით გაუმკლავდები?! ისე ჩაგიქრობს კერას და დაგიცარიელებს სტომაქს, აზრზე ვერ მოხვალ, ნავთისა და კვამლის სუნი აგივა წამის დახამხამებაში... შიშს უნდა გაეცალო, უფრო სწორად, უნდა მოატყუო შიში – შეიჩვიო, მოიშინაურო, როგორც ლეკვობისას გასხვისებული ძაღლი, პატრონს რომ დაუბრუნდება და უცხო გარემოს ვერ ჰგუობს. სალაფავი და ხორცის ნაჭერი არ უნდა მოაკლო, თორემ დაიმშევა და გამწარდება, კბილებს დაგიღრჭიალებს უნდობლად.
– ბევრნი იყვნენ შიშები?
– არც ისე. ერთი მანქანა, სამხედრო ვილისი მოადგა ჭიშკარს და მამაჩემი შემოუძღვა. მარტო მას არ ჰქონდა იარაღი, დანარჩენები ტყვია-წამალში იჯდნენ. ერთს მზის სათვალე ეკეთა, შავ-შავი, დაბურული და იქიდან იყურებოდა, ეგონა, ვერ მხედავენო. დაკვირვებული მზერა ყველაფერს ამჩნევს, თუ ცნობისმოყვარე ბავშვის თვალებიდან იცქირება, უფრო მეტსაც იმახსოვრებს, ვიდრე ნებისმიერ ჟურნალისტს წარმოუდგენია.
– არ მითხრა, იმ ტიპის სახელიც მახსოვსო...
– სახელი რომელია, სახის ყველა ნაკვთი ახლაც თვალწინ მიდგას. სეტერა ერქვა, არ ხმაურობდა და ბევრს ჭამდა, თავისთვის იყო. მაშინ მიკვირდა, ასე თვალმოუშორებლად რომ მისჩერებოდა მამაჩემს, სიტყვასაც არ აგდებდა მისი ლაპარაკიდან. საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მაგრამ, ალბათ, იმახსოვრებდა. ხომ არის, შეგხვდება ადამიანი, ხმას არ დაძრავს, არადა მაშინვე ეტყობა, ისრუტავს ყველაფერს. ზოგიერთი იმისთვისაა დაბადებული, სხვაზე გაიგოს და იცოდეს, თავისი კი ჭუჭრუტანაც არ დარჩება ამოუქოლავი, დაუკითხავად არ შეიჭყიტონ ჩემს ოთახშიო.
– მამაშენი რას ამბობდა?
– დიდი სუფრა დაახვედრა მამაჩემმა. წინა ღამით ხარი ჩამოიყვანეს სოფლიდან, ვეება „პრიცეპზე“ დაებათ, თოკები, ღვედები წაეჭირათ თურმე და ისე შემეცოდა, ისეთი ღონიერი და გაბრაზებული ჩანდა, გულში ვიფიქრე – ნეტა ვინ მოდის ეგეთი, ჩვენს შვინდას რომ სწირავენ-თქო...
– შვინდა... კაი სახელია...
– ათას რამეს ვეძახდი: შვინდა, ჯორა, ჯაკუნა... სულ პატარა იყო, ზარი რომ ჩამოვკიდე და მთელ სოფელს ესმოდა მისი წკრიალი, ზოგჯერ განგებაც აჟღარუნებდა – ცხოველი ეძახე და ჭკუა კი ჰქონდა ერთი კაცის ფასი. რომ წამოიზარდა და იერი მიეცა, მამაჩემს ვთხოვე, თუ გიყვარვარ, ამას კაცობას ნუ გამოაცლი, არ დაყვერო-მეთქი. ცოტა კი იჭოჭმანა, მეზობლებიც ურჩევდნენ, გარე-გარე წანწალში იქნება, შენ კიდე სოფელში მრუშა კი არა, მუშა ხარი გჭირდებაო. მაინც ჩემი გავიტანე და იმ დღიდან ახლო არ მინახავს შვინდა. გადაიკარგებოდა და თვეობით არ ბრუნდებოდა ხოლმე. ხან რას აეკიდებოდა, ხან – რას... ერთიხანობა საერთოდ გადაიხვეწა, ისე, რომ ხელიც კი ჩავიქნიეთ და მამაჩემმა ბრაზით თქვა მაშინ, ალბათ ჩემს გასაგონად: რა უჭირდა პაპაცხონებულს, ყოფილიყო სოფლის ხარებივით დაკოდილი, წყნარად და ბედნიერად იცხოვრებდაო.
– ბოლოს მასაც სოფლის ხარებივით მოუწია კისრის წაგრძელება...
– ურჩობისა და ბღავილის ნებაც არ მისცეს, შენ წარმოიდგინე. ოთხმა კაცმა მიათრია უზარმაზარ კუნძთან – კუნძს სქლად, შინდისფრად ეტყობოდა შემუსრული ქათმების, ინდაურების, გოჭების გახმარი და ჩაკირული სისხლი – მუხლებზე დასცეს და ერთმა ისეთი სისწრაფით გამოუსვა დანა, გეგონება, მოსისხლე მტერს კლავსო. შვინდამ უცნაურად დააცემინა და სისხლმა იფეთქა ნესტოებიდან, ოთხფად გაჭრილი არტერიიდან, ამღვრეული თვალებიდანაც კი. სიკვდილიც არ აცალეს საბრალოს, რაღაცნაირი ხერხებით გამოუნასკვეს თოკი აქედან იქ, იქიდან აქ და კაკლის უშველებელ ტოტზე გამოკიდეს ხარის უსულო სხეული.
– ჰო, მახსოვს, ადრე მეც მინახავს, ბავშვობაში...
– მერე ჭიანჭველებივით დაესია ხალხი: ერთი ატყავებდა, მეორე შიგნეულისგან ასუფთავებდა, მესამე – ნაჭრებად აფასოებდა, მეოთხე – ხარშავდა და, ჭიშკარს რომ მოადგნენ, ცოცხალი შვინდასგან ნატამალი არ იყო დარჩენილი... არნახული სუფრა დახვდათ სტუმრებს – კაი ღვინო, ჩვენებური საჭმელები: ელარჯი ქალაქის ნაქებ მზარეულს შეუკვეთა მამაჩემმა, გებჟალია – უჩვეულო, საოცარი სურნელით, ხაჭაპურები ქორფა ყველით გამოტიკნული, რა გინდა, სულო და გულო... კარგად გამიგე, ძმაო, ისეთი დრო იყო, ღომის ფქვილი ენატრებოდა ხალხს, მჭადი დაეცხო და შიმშილი გადაეტანა. ბრაზი და სიძულვილი ბუდობდა ყველგან. შვილი რომ დაგემშევა და ფეხისთითები მიეყინება, შენ კი ლუკმა ვერ გიშოვნია და ხემსი შეშა – გათბე, გაბოროტდები, გამწარდები, შურს ჩაიდებ გულში! ასეთ დროს შორი გზიდან მოსული სტუმრებისთვის მალამოსავით იყო გაღუღუნებული ოთახი და დაუკლებელი სუფრა.
– მოილხენდნენ...
– ოოო, რა სვეს და რა შეუბერეს! ერთმა იმათგანმა, ყველაზე განათლებული და სიტყვიანი რომელიც იყო, დიდი სითბოთი და სიყვარულით დალოცა ჩვენი ოჯახი, მამაჩემს სტუმრიანობა მოუწონა. როცა იარაღით დაგეშილები გვხვდებიან, თქვენ კარს გვიღებთ და გვიფარებთ, უზადო ღვინოს და გემრიელ საჭმელებს გვახვედრებთო. აბა, რა გეგონათ, ლობიოთი ხომ არ გავისტუმრებდი ამისთანა დიდებულ ხალხსო, – მიუგო მამაჩემმა, რაზეც იმან, – ლობიოობა დამთავრდა, აწი წესრიგი და მშვიდობა უნდა იყვეს ქვეყანაში, გლეხმა იმუშაოს, ვაჭარმა ივაჭროს, მწერალმა წეროს, მასწავლებელმა ასწავლოს და... ახ, იმ კაცის ბოღმა და ჯავრი არ ამომდის გულიდან, მდინარე რომ გადმოვლახეთ და მშიერ-მწყურვალები სოფელს მივადექით, ვიფიქრე, სადმე შევეფარებით, ჭერს ვიპოვნით-თქო. რიგიანი ადგილიც შევათვალიერე, როგორც იქ მითხრეს – სოფლის სკოლა და ეგრევე დირექტორს მივადექით, გასაღები რომ დაეყაჭა. იმან კიდე, შენც არ მომიკვდე, ნამეტანი შორს დაიჭირა, მხედრობას სკოლაში ვერ შევუშვებ, სასწავლო პროცესი ჩამეშლებაო. გავცოფდი, ახლა ნაღდად ტვინს მივასხმევინებ-მეთქი, მაგრამ იქაური ბიჭი გადამიდგა, მეხვეწა, მაგის გაზრდილი ვარ, არ მოკლაო... ერთი სიტყვით, ყველა უნდა დაისაჯოს, ჩემო გოგი, უკ-ლებ-ლივ, დღეს რომ წყალს ამღვრევენ და ტყე-ტყეს ეფარებიან! მაგათი დანდობა არ იქნება, ეგენი შეწყნარებას არ იმსახურებენო.
– მუქარაც ამას ჰქვია!
– ცოტა შემაშინებლად კი თქვა! მამაჩემი ამბობდა მერე, როცა წამოიშალნენ – ეგ ჰაერზე არაფერს იტყვის, შემსრულებელიაო!
– როგორც ჩანს, ამაშიც არ შემცდარა მამაშენი...
– არ შემცდარა, ოღონდ ნამეტანი გააბუქეს შემდეგ, გააზვიადეს, ათასი ყური გამოაბეს, ჩვენი მტერი და დამაქცევარი შეიფარაო. მე თუ მკითხავ, აქაც შურის ამბავი იყო – სხვებმა ვერ ივარგეს, ქცევაში შეეშალათ და ჩვენ დაგვიწყეს ლანძღვა. არადა, რომ გაეგოთ, იმ კაცმა მამაჩემს რა დაუბარა, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდნენ. აქაურობას უნდა მიხედო თავიდან ბოლომდე – ჯერ სადა ხარ, ათასი წურბელა და ვიგინდარა გამოჩნდება კიდევ, ხელში იარაღი უნდა გეჭიროს და სქელ შუბლებს უხვრეტდე დაუნანებლად, ჩემგან მხარდაჭერა არ მოგაკლდებაო... კიდევ ბევრი ბრძნული და საქმიანი რამე უთხრა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და არ დავკვირვებივარ მის სიტყვებს, ხარი უფრო მეფიქრებოდა – ასო-ასო, ნაჭერ-ნაჭერ დაკეპილი შვინდა, სუფრის ყველა კუთხეში, კრემისფერ თეფშზე რომ ელაგა გამომცდელად, თითქოს ცოცხალი იყო და ნიშნს გვიგებდა: შეხეთ, ბედოვლათებო, ამოდენა ხარი ამ პატარა თეფშზე რა იოლად დავეტიეო.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზვიად კვარაცხელია   Sat Jul 07, 2012 8:40 am



დასახელება - "ყიფლიბანდი"

ავტორი - ზვიად კვარაცხელია

კატეგორია: მხატვრული

გამომცემლობა: ინტელექტი

ფორმატი: 14.5X18

გვერდები: 212

ყდა: რბილი

ენა: ქართული

წელი: 2011

ID: 06758

ISBN: 9789941439049

ფასი: 7 ლარი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზვიად კვარაცხელია   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ზვიად კვარაცხელია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: