არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გურამ მეგრელიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გურამ მეგრელიშვილი   Thu Jan 13, 2011 12:00 am



გურამ მეგრელიშვილი (ზემხა)

დიაგნოზი - შვილი

35 წლის ისე გავხდი, თვითმკვლელობაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. კლიმოვი ამას გენეტიკური დეგენერაციით ახსნიდა, ჩემი ფსიქოლოგი სექსუალური დაუკმაყოფილებლობით (რომელ დაუკმაყოფილებლობაზეა საუბარი, როცა კოცნითაც კი არავისთვის მიკოცნია?!), მე კი მჯერა, რომ ყველაფერში ჩემი მშობლები არიან დამნაშავენი.
ორივე მოხუცია და ავადმყოფი. მათ თითქოს ამ სიბერეში შეიძულეს ერთმანეთი და ტელევიზორის გადამრთველის გამო ისეთ რაღაცეებს უხსენებენ ერთიმეორეს, რომ ვუსმენ, მრცხვენია.
დედას კარგად არ ესმის და ერთგვარი უპირატესობა აქვს, რადგან თავისი ქმრის გამუდმებულ წუწუნს არ უსმენს, საწუწუნო კი მამაჩემს ისა აქვს, რომ ამ წელიწადში მესამედ იკეთებს მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ოპერაციას. ხანდახან მიფიქრია, ავდგები და პირში მივახლი რასაც ვფიქრობ მის სათესლე ჯირკვლებზე-მეთქი. მეცოდება. არადა, განა არ ვიცი, რომ ეს “ღამეული ტკივილები” სინამდვილეში ფსიქოლოგიურია და სულ სხვა რამიდან იღებს სათავეს?! მამაჩემის პრობლემა ჯირკვალი კი არა, ის ორმოციოდე წლის ჩათქვირული ქალია, ყოველ სამშაბათს და პარასკევს რომ გვსტუმრობს სახლში. ქალი ინგლისურში ემზადება და ალბათ ან ძალიან მოხუცი ჰგონია მამა, ან ქალური სადისტობით ერთობა და ამხნის კაცს აგიჟებს.
სანამ ის მოვა, მამაჩემი უცნაურად აცუნდრუკდება ხოლმე და ვეღარავის გვიტანს. ცოლს უცნაური ზიზღით და ამრეზით უყურებს და ასეთ დროს მამაჩემი მეზიზღება და თან მეცოდება და თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
დედაჩემი თითქოს არ ეჭვიანობს, მაგრამ ზედ მიაჯდება ტელევიზორს და ისე ხმამაღლა უსმენს, რომ შეიძლება მეზობელიც კი შეწუხდეს. ასეთ დროს მამა იძაბება და შენიშვნასაც კი არ აძლევს ცოლს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სწორედ შენიშვნა უნდა, რათა იგრძნოს, რომ იმ ოთახში თვითონაც არსებობს.
მამა იძაბება და იშმუშნება. სხვა შემთხვევაში აყვირდებოდა, გადამრთველს ხელიდან გამოსტაცებდა, ან სულაც გაუთიშავდა ტელევიზორს, თუ ვინმე შინაური სტუმარი გვეყოლებოდა, დაიჩივლებდა, სულ დაბერდა და გამოშტერდა ეს ქალიო, მაგრამ იმ 40 წლის ჩათქვირულ ქალთან ამეების გაკეთება არ შეიძლება. იმ ქალთან ვერ დაიჩივლებს ცოლი დამიბერდაო, გამოდის, რომ თვითონაც ბებერია, ამის გამხელა კი ასეთ დროს საკუთარი თავისთვისაც არ უნდა მამაჩემს. არც შენიშვნის მიცემა შეუძლია იმ ქალის თანდასწრებით, ალბათ არ სურს რომ ყურადღება ცოლზე გადაიტანონ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთ დროს მამას ცოტათი რცხვენია დედაჩემის, რცხვენია, რადგან თვითონაც გრძნობს და ალბათ დედაც, რომ იმ პატარა დაძაბულობის მიზეზი 40 წლის ჩათქვირული ქალია.
ჩემს დას რა უჭირს? ჩემი და, ადგა და ვიღაცა ფულიანს გაჰყვა ცოლად და ქალაქის სულ სხვა ნაწილში ცხოვრობს. გამოივლის ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა დედაჩვენი ძალიან ავად ხდება და სასწრაფოს ექიმი იტყვის: _ ღამეს ვერ გაატანსო. ასეთ დროს ჩვენ ჩემს დას ვურეკავთ და ისიც მოდის. რაღაცნაირად დამადლებულად მოდის. ათიოდე წუთი დაელაპარაკება ხოლმე ექიმს და მერე დილამდე დედის საწოლთან ეწევა სიგარეტს. დილამდე ელოდება, როდის მოკვდება დედა. მერე, ან ეძინება, ან ეზარება და უცბად წამოხტება და მიდის.
სანამ ლიფტამდე მივაცილებ, ერთსა და იმავე კითხვას მისვამს მერამდენე წელია _ რატომ არ ვთხოვდები? ან რატომ არ ვიჩენ საყვარელს? ბინას მე გიქირავებ და ვინმე მიიყვანე ხოლმე იქო, მეუბნება ლიფტის მოლოდინში და ასეთ დროს მეზიზღება ჩემი და.
დედა კი დილით არათუ გამოკეთდება ხოლმე, ვითომწუხელარაფერიმჭირდასავით წამოფრინდება და იატაკის წმენდას იწყებს. მამა იბუტება ასეთ დროს _ ენერგოვამპირი! – გაიძახის და ზუსტად იმდენი ხნის ქურთუკს მოისხამს ხოლმე, რამდენისაც მე ვარ.
და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
ერთადერთი გამონათება ჩემი კოლეგა სტომატოლოგი გოგოს სტუმრობაა. სხვათაშორის, ამ გოგოს შეთანხმებულად ვერ იტანენ ჩემი მშობლები, ვახდენ ციტირებას: _ “იმიტომ, რომ სიგარეტს ეწევა”, და “თუნდაც იმიტომ, რომ სტომატოლოგ ქალს ასე გამომწვევად არ უნდა ეცვას”. მე კი ზუსტად ამის გამო (ვგულისხმობ, ჩემებს რატომაც ეჯავრებათ) მიყვარს მისი მოსვლაც და მოსმენაც.
ყოველ მოსვლაზე ახალ სექსუალურ ისტორიას მიყვება. ვისთან როგორი ღამე ჰქონდა წუხელ და ვინ როგორია საწოლში. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია და არანაირი “ღამე” არ ყოფილა და რომ დღემდე ერთგულია იმ კაცის, რომ შეაცდინა და მერეღა უთხრა ცოლი და შვილი მყავსო. ორივემ ვიცით, მაგრამ ამის ხმამაღლა გამხელა რა საჭიროა? და ვიტყუებთ თავს.
მე ყურადღებით ვუსმენ ხოლმე, როგორ წუწუნებს, სულ გაფუჭდნენ ეს კაცები, მარტო თავიანთ თავზე ფიქრობენ და ორგაზმი რა არის დამავიწყდაო. ვუსმენ და მერე სიტყვა-სიტყვით ვუყვები ჩემს ფსიქოლოგს, ოღონდ ისე, თითქოს ეს ყველაფერი მე გადამხდენოდეს და მერე უკვე ექიმის მოცემულ რჩევებს ვაძლევ მეგობარ კოლეგა გოგოს და ამ რჩევებს, რაღა თქმა უნდა, ჩემად ვასაღებ.
ჩვენ ჩუმად ერთმანეთის პრობლემები გვიხარია, მაგრამ ამასაც ისევე ვუმალავთ თავს, როგორც იმას, რომ კაცებს ჩვენნაირი ქალები არ მოსწონთ.
და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
თვითმკვლელობაზე ფიქრი რთული არაა, ეს ბევრად ადვილია, ვიდრე ბანაობისას მასტურბირება მოასწრო, ან ისე მოწიო სიგარეტი, რომ მშობლებმა სუნი არ იგრძნონ. ბანაობის პროცესში ხომ ხუთჯერ მაინც მოგიკაკუნებს მამა და შეგახსენებს, რომ წყლის გამაცხელებელი ბევრს წყვავს (საათში ოც თეთრს) და მეტი არაფერი _ შეგახსენებს.
თუმცა მასტურბირება ისეც არ მომწონს, მეტიც _ მეზიზღება და ძალიან უკიდურეს შემთხვევებში მივმართავ ეგოიზმის ამ მკვეთრად გამოხატულ ფორმას.
სიგარეტის მოწევა კიდევ უფრო რთულია, მთელი ტანსაცმელი ნიკოტინის სუნით იჟღინთება და უწყლობისას სამზარეულოს ნიჟარიდან ამოსული კანალიზაციის საზიზღარი სუნიც კი ვერ ანეიტრალებს, ამიტომ სიგარეტს ან სტუმრად ვეწევი, ან მაშინ, როცა კოლეგა მსტუმრობს და ჩემს ოთახში ვიკეტებით.
როდემდე შეიძლება იცხოვროს 35 წლის სტომატოლოგმა ქალმა ასე?
და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
იმაზეც ხშირად ვფიქრობ, ხომ არ მივატოვო ოჯახი და გადავსახლდე მარტო? მირჩევნია ვიცხოვრო სიბნელეში და ვიცხოვრო მარტომ, აღარ მჭირდებოდეს სიგარეტის სუნის სხვისთვის დაბრალება და არც ბანაობის წუთებს მითვლიდნენ.
მაგრამ რას იტყვის ხალხი? რას იტყვიან მეზობლები, ნათესავები?
თვითონაც ხომ ვიცი, რომ ვერასოდეს გავბედავ ასე ერთბაშად, ხელაღებით ცალკე გადასვლას და ავადმყოფი მშობლების მიტოვებას.
ვიცი და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
ამას წინათ, კლინიკაში რაღაც პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში სამუშაო ადგილები შემოგვთავაზეს, მაღალი ანაზღაურებით და საშინელი ცხოვრებისეული პირობებით. თანხმობა არავის გამოგვიცხადებია, შესვენებაზე კი ყველამ ერთბაშად ვთქვით, რომ ასეთ “დირკაში” იდიოტის მეტი არავინ წავიდოდა. მე კი მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომაც არა?!
ვიცხოვრებ რომელიღაც მივარდნილ, ყრუ ადგილას. სამსახურში ვივლი კალოშებით, ან თუნდაც რეზინის ჩექმებით. ადრე შემოდგომიდან დავანთებ ღუმელს, რომელზეც სითბოს რაციონალურად გამოყენების მიზნით, მუდმივად მედგმება რკინის, წყლიანი ვედრო. სამ-ოთხ დღეში, საღამოში ერთხელ შუა ოთახში, ვარცლში დავიბან ხოლმე ტანს და ალბათ ოთახის პატრონის უფროსი ბიჭი რომელიღაცა ჭუჭრუტანიდან თვალთვალს დამიწყებს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ექიმ-პაციენტიც, მაგრამ არასოდეს გავხდებით საყვარლები და მე ამაყი ვიქნები ამით. მეყოლება საყვარლებიც, რომლებთანაც არ დამჭირდება ქალაქში მიღებული ფლირტაობის დაყენებული მეთოდები და ყველაფერი მეცხვარეებთან ნაჭამი ყველივით ბუნებრივი იქნება.
ჩემზე ალბათ იჭორავებს სოფლის ხალხი და მე ეს მეცოდინება, თუმცა სულ ფეხებზე მეკიდება ყველა ჭორი და სოფლის ხალხიც, შეხვედრისას თბილად მომესალმება.
იქ აღარ მეყოლება ვირტუალური მეგობრები და შეიძლება საერთოდაც აღარ მყავდეს მეგობრები, მაგრამ სამაგიეროდ, თავისუფლად მოვწევ სიგარეტს ღუმელთან, რომლისთვის გამოყოფილ შეშის სიმწირეზე მუდმივად ვიწუწუნებ და რომელიც სულ გადამრჩება ხოლმე.
აღარ ვიდარდებ იმაზე, თუ რას ილაპარაკებენ ჩემზე მეზობლები, ნათესავები და საერთოდ, ხალხი _ მძიმე ავადმყოფი დედა და მარჯვენა სათესლე ჯირკვალ ავადმყოფი მამა რომ მივატოვე ასე და სადღაც გადმოვიკარგე და საერთოდ, მშობლები ალბათ მხოლოდ მაშინ გამახსენდება, როცა თბილი წყლით სავსე ვარცლში ჩაწოლილი იმის დადგენას ვეცდები, რა გახდა მიზეზი თვითმკვლელობაზე რომ აღარ ვფიქრობ, ჩემი მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება, თუ მშობლები, რომლებიც სადღაც შორს, ქალაქში, ტელევიზორის გადამრთველის გამო საშინელებებს ეუბნებიან ერთმანეთს?!

წყარო - http://gurammegrelishvili.blogspot.com/2009/10/blog-post_2597.html


Last edited by Admin on Sat Nov 01, 2014 11:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Thu Jan 13, 2011 12:02 am

პირველი ქართული რომანი აგვისტოს ომზე

საქართველოს წიგნის ბაზარზე ახლახან გამოვიდა ქართული რომანი "ირატტა.რუ", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა მწერალი გურამ მეგრელიშვილი ახალ რომანსა და თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე გვესაუბრა.

- ამერიკულ-ქართულ გამომცემლობას სურდა, აგვისტოს ომზე რომანი დაწერილიყო, რომელიც ამ ომს უცხოელებს სხვანაირად დაანახვებდა - არა მარტო ისტორიული ფაქტებით, არამედ მხატვრული ფორმითაც. ამის სურვილი მეც მქონდა. ჰოდა, ერთმანეთი ვიპოვეთ და დაიწერა რომანი "ირატტა.რუ". "ირატა" ოსებს ნიშნავს.

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი ყოფილი ებრაელი სპეცრაზმელია, რომელსაც ცხინვალში ჩარჩენილი პატარა ბავშვის გამოყვანა აქვს დაკვეთილი. ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ბავშვის ოჯახის ირგვლივ ვითარდება და ოჯახის უფროსი თავისდაუნებურად ქვეყნის მოღალატე ხდება. ეს არის აგვისტოს ომის ალტერნატიული ვერსია, ანუ არა მარტო ის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ნაწარმოებში ასევე ნაჩვენებია თბილისში დარჩენილი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ომი საერთოდ არ აინტერესებს, თუმცა ცენტრალური პერსონაჟები მაინც ჯარისკაცები არიან. ამ ნაწარმოების მიხედვით დაგეგმილია კომპიუტერული თამაშის შექმნაც. ამ თამაშის წყალობით ამერიკელი ახალგაზრდა შეიტყობს, სად არის საქართველო, ცხინვალი და თამაშ-თამაშში იმასაც მიხვდება, რომ ქართველებიც და ოსებიც რუსეთის მსხვერპლნი არიან.

- როგორც ჩანს, ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი დიდია...
- მთავრობიდან ჯერ არავინ დაინტერესებულა, მაგრამ ეს ნაწარმოები ვისი დაკვეთითაც დაიწერა, ისინი პატრიოტული სულისკვეთებით არიან განმსჭვალულნი, ვაჟა-ფშაველასაც თარგმნიან და ასეთი პროექტებით საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობენ.

- რომანს თანაავტორიც ჰყავს...
- ეს არის ახალგაზრდა სამხედრო ექსპერტი თამაზ დემეტრაშვილი, ყოფილი ჯარისკაცი. რომანში აღწერილმა სამხედრო სტრატეგიებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, საკამათოც კი გახდა.

- უცნაური ფსევდონიმი გაქვთ - "ზემხა"...
- ეს ძველი ფსევდონიმია, ახლა ფსევდონიმით აღარ ვბეჭდავ. "ზემხა" ჩვენი საგვარეულოს მეტსახელია და თაობიდან თაობას გადაეცემა.

- როგორც ვიცი, სხვა ნაწარმოებებიც გაქვთ?
- "ირატტა.რუ" ჩემი პირველი რომანი არ ყოფილა. "ლიტერატურულ პალიტრაშიც" ხშირად ვბეჭდავდი. სხვა ნაწარმოებებიც მაქვს გამოცემული: "მრავალჯერადი ბოთლები", "შენ" და "10+2".

- თვითონ რას კითხულობთ?
- როგორც ცუდი, ისე კარგი წიგნების წაკითხვაც მიწევს, ლიტერატურულ პროცესებს რომ არ ჩამოვრჩე. ახლახან დორის ლესინგის "ნაპრალი" წავიკითხე. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ხელახლა გადავიკითხე დოსტოევსკის "ეშმაკნი". დოსტოევსკი ჩემი საყვარელი მწერალია და პერიოდულად ვუბრუნდები, რათა ჭეშმარიტ ლიტერატურას არ მოვწყდე...

ქართული ლიტერატურა ისეთი დიდია, არც კი ვიცი, რომელი გამოვყო, თუნდაც "შუშანიკის წამება". ამ ნაწარმოებთან ბევრი თანამედროვე რომანი ვერ მოვა. ჯემალ ქარჩხაძე ერთგან ამბობს - იქნებ ბავშვებს ჰაგიოგრაფია ყველაზე ბოლოს ვასწავლოთო. სულ ვფიქრობ: ნეტავ განათლების სამინისტრომ მწერლის ამ სიტყვებს ყურადღება მიაქციოს, რადგან ქართული ჰაგიოგრაფია ყველაზე მაღალი დონის ლიტერატურაა.

თანამედროვე მწერლებიდან ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, რეზო ინანიშვილი...

- ლექსებს არ წერთ?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა.

- დღევანდელი საქართველო რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- "სამოსელი პირველს" და "12 სკამს".

- როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები წიგნს აღარ კითხულობენ?
- თვითონ ვასწავლი სკოლაში და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი კითხულობს.

- სკოლაში რას ასწავლით?
- ოფიციალურად - ხელოვნებას, მაგრამ რეალურად - კითხვას. ჩვენ ერთად ვკითხულობთ და შემდეგ ერთობლივად ვარჩევთ.

- ჩვენს პოლიტიკოსებს რომელ პერსონაჟებს შეადარებდით?
- კონკრეტულ პირებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მკითხველი მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" თუ წაიკითხავს, ბევრ ნაცნობ სახეს აღმოაჩენს.

- რის წაკითხვას გვირჩევს გურამ მეგრელიშვილი?
- ყველას ვურჩევდი, ქართული ლიტერატურა თავიდან გადაიკითხოს. ბევრი კარგი მწერალი გვყავს დაჩაგრული. ჯემალ ქარჩხაძე საერთოდ დაუფასებელია. ახლა ვყიდულობ ნობელიანტების სერიას და მეცინება, რადგან შეიძლებოდა, რომელიც გნებავთ ჩვენი მწერალი ნებისმიერ მათგანზე ათჯერ მეტად ნობელიანტი ყოფილიყო. გიუნტერ გრასის "კიბორჩხალის ნაბიჯი" წაიკითხეთ, ხოლო დორის ლესინგის "ნაპრალის" წაკითხვას არავის ვურჩევ.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით) - http://www.ambebi.ge/books/26745-pirveli-qarthuli-romani-agvistos-omze.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Thu Jan 13, 2011 12:04 am

მწერალი


პირველი ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე


მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: - ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: - მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტა?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა - მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:


მეორე ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:


“როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

სიმართლე გითხრათ, იმდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.


მესამე ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი


მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ - საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
- ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
- შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
- ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
- ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
- ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
- ხუთი წუთიც, რა!
- ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და:
- მოდი, ჩემო კნუტო!
- წადი რა, ამაგდე და ახლა?
- მოდი, რა!
- არა!
- მოდი, თორემ თუ ავდექი, უარესია!
- კარგი ერთი!
მე წამოვხტი და ხელები შემოვხვიე. ის დამისხლტა და საწოლზე შეხტა. გამოვეკიდე და ოთახში სირბილი დავიწყეთ. თიკო წიოდა და გამირბოდა. ხან ბალიშებს ვესროდი, ხან ტანსაცმელს და ამაზე უფრო ხალისობდა. ხმაურზე დედაჩემმა შემოაღო კარი და როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, უკან გავიდა სიცილით, თქვე გიჟებოო.
თიკოს შერცხვა და კარგი, გავჩერდეთ, სირცხვილიაო. დრო ვიხელთე და მაგრად მოვეხვიე. ის მომყვა და კისერზე ჩამომეკიდა, მერე კი უცბად გაიცინა და გამისხლტა, თუმცა ხელის გაწვდენა მაინც მოვასწარი და ბიუსჰალტერი შემრჩა ხელთ.
- ვაი!
- ე, რა მოუვიდა, ტო?
- რა მხეცი ხარ, რა!
- ძალით ხო არ მინდოდა შე ჩემა?
- მანახე, ძაან გაფუჭდა? აუფ, ეს აღარც გაკეთდება.
- არ გაკეთდება და ნუ გაკეთდება, მაგის დედაც, გადავაგდოთ!
- კი, მაგრამ ლიასთან რა ჩავიცვა დღეს?
- სხვა არა გაქვს?
- არ იცი, რომ არა მაქვს?
- ისე წამოდი.
- როგორ ისე, ულიფოდ?
- მერე რა?
- ვერა ხარ, რა!
- მაშინ უთხარი დედაჩემს და ახლის ფულს მოგცემს.
- ოო, მე ვერ ვეტყვი, თან როდის-ღა მოვასწრო ყიდვა?
- რა უნდა, გოგო, ჩაირბენ და იყიდი.
- მე ფულს ვერ ვთხოვ დედაშენს!
- ...
- შენ უთხარი!
- მე რა უნდა ვუთხრა?
- უთხარი, რა!
- რა ვუთხრა, თიკოს ლიფისთვის ფული მომეცი-მეთქი?
- მაშინ მამაშენს გამოართვი.
- როდის ის მოვა!
- მაშინ ვინმესგან ისესხე; აბა, რა ვქნა, დათო, არ წამოვიდე?
- ვინ ვინმესგან ვისესხო?
- სეგოს გამოართვი.
- ოცდაათი ლარი ისედაც ვალი მაქვს, მეტს ვეღარ ვთხოვ.
- რაღას მეჭიდავებოდი?!
- ...
(პაუზა)
- დედაშენს რომ დაურეკო?
- ოო, მე ვერ დავურეკავ დედას ფული მინდა-მეთქი.
- აბა, რა გიყო?
თიკომ ხმა აღარ გამცა, ოთახიდან გავიდა და სარეცხის რეცხვა დაიწყო, მე კი მივხვდი, რომ სამუშაოს შოვნის დრო იყო და:


მეოთხე ეტაპი: ყველაზე უფრო სოციალური ამბის გაგრძელება


უფასო განცხადებების გაზეთში გამოვაქვეყნე შემდეგი ტექსტი:
“ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერალი ეძებს სამუშაოს, შესაბამისი ანაზღაურებით. ტ: 722514”
დაახლოებით მესამე დღეს დამირეკა ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა და შემომთავაზა სამუშაო საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. შეხვედრა დავთქვით და წავედი.
ისეთი თბილი ქალი იყო... დიდებისა და ფულის მთები აღმითქვა, ფული მასესხებინა, ორმოცდაათი ლარის საქონელი შემაძენინა, მათი გასაღება დამავალა და თუკი შენნაირ მსურველებს კიდევ მომიყვან, პროცენტებს გადაგიხდიო, მითხრა.
ის საქონელი ნათესავებზე ძლივს გავასაღე და განცხადების ტექსტიც შევცვალე:
“ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიმპათიური მწერალი ეძებს სამუშაოს, ქსელური მარკეტინგი ნუ გამომეხმაურება. ტ: 722514 დათო”
დამირეკა ქალბატონმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის საბუთების და პირადი ჩანაწერების მოწესრიგება სურდა.
და რაღაც შვიდ საათში ოცდაათი ლარი ვიშოვე და ის დაწყევლილი ლიფიც შეიძინა თიკომ, მაგრამ მერე ერთი კვირა არავის დაურეკავს და მეც ახლა უკვე მორბენალ სტრიქონში გავუშვი შემდეგი განცხადება (აქ სიტყვა ლარი ღირს):
“მწერალი ეძებს სამუშაოს! ტ: 722514 დათო”
ჯერ ვიღაც გოგოებმა დარეკეს, ავოიეე, მწერალოო, დამიყვირეს და გამითიშეს, მერე ვიღაც (თურმე ცნობილმა) ასაკოვანმა მწერალმა დამირეკა და რატომ არცხვენ ჩვენს პროფესიას და მოწოდებასო, გამლანძღა და როცა ვიღაც ბიზნესმენმა მისი ბიოგრაფიის დაწერა მთხოვა ფასდაკლებით და ისიც ნისიაზე, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ აქ გამოჩნდა ისიც, მეოთხე.


მეხუთე ეტაპი: როგორ გამოჩნდა ისიც, მეოთხე


- ალო, გისმენთ!
- ბ-ნ დავითს სთხოვეთ!
- გისმენთ.
- გამარჯობათ, მე თქვენი განცხადების თაობაზე გირეკავთ.
- დიახ, დიახ.
- მაინტერესებს, რა სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ.
- იცით რა, საერთოდ მწერალი ვარ, მაგრამ ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამუშაოსაც ავუდივარ.
- მარტო ქაღალდებთან?
- იცით, გააჩნია კონკრეტულად რა გნებავთ, თორემ... სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ, მაგალითად...
- მაშინ, იცით რა, იქნებ ხვალ, დღის თორმეტ საათზე შევხვდეთ მეტრო გოცირიძესთან და იქ მოვითათბიროთ, თუ თქვენ გიხერხდებათ, რა თქმა უნდა.
- დიახ, დიახ, პრობლემა არაა, მოვალ.
- კარგით.
- და როგორ გიცნოთ?
- ჰე, მე თვითონ გიცნობთ, მწერლებს ხომ განსხვავებული შესახედაობა გაქვთ?!
გამეცინა (სიამაყით) - მართლა, და მაინც, როგორ გიცნოთ?
- ყველაზე მძიმეწონოსანი ვინც დაინახო, მე ვარ.
მეორე დღეს, თორმეტის ნახევრიდან მეტროს ამოსასვლელთან ვიდექი. “მძიმეწონოსანმა” რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მე თვითონ მივედი:
- უკაცრავად, თქვენ ის ბრძანდებით, აი, გუშინ საღამოს ტელეფონზე რომ ვილაპარაკეთ, აი... განცხადების თაობაზე.
- აა, დათო ხარ?
- დიახ, უკაცრავად, თქვენი სახელი?
- ვახტანგი, ვახო.
მანქანაში ჩავსხედით და ნუცუბიძის მეორე პლატოზე ავედით.
ვახტანგის ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი, ეტყობოდა, ფული არ უჭირდა.
- დათო, სიმართლე გითხრა, ჯერ მინდა დაგაკვირდე, გამომადგები თუ არა, ამიტომ ასეთ რაღაცას გთავაზობ: - ორი-სამი დღე იარე აქ, დაგაკვირდები, ელემენტარულ დავალებებს მოგცემ და თუ მომეწონე, აგიყვან.
- და მაინც, რა მევალება?
- ჯერ-ჯერობით არაფერი. რაც შეეხება ამ ორ დღეს, გამომართვი ეს ასი ლარი, ეს ავანსია, უფრო სწორად, ამ ორი დღის გასამრჯელო.
- და თუ არ მოგეწონეთ?
- თუ არ მომეწონე... ჰე, სხვა მწერალს ვიშოვნი, მაგათი მეტი რაა! ისა, მართლა, ერთი შენი რაღაცეები წამომიღე, ვნახო რას წერ, აბა!
მე ჩემი რაღაცეები წავუღე; წაიკითხა და შემაქო:
- ყოჩაღ, გამოდგები!
ის ასი ლარი, რომელიც სახლში მივიტანე, ზეიმის დასაწყისად იქცა. ჩვენ გამოვთქვით ათასი მოსაზრება, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა.
- შეიძლება რაღაც იდეები მოგაწოდოს და შენ დაგაწერინოს თავისი სახელით! - მითხრა მამაჩემმა.
- მე ვფიქრობ, მეცენატია და პირდაპირ ვერ გიბედავს დამარებას და ასე... - თქვა დედამ.
- ვინც გინდა ის იყოს, ორ დღეში ასი ლარი!.. რას ამბობ, დათო, ჩათვალე, რომ აგვეწყო ცხოვრება! - მომეხვია თიკო.
- აბა რა! სუ რო აგურის ცეხში მამუშაოს... მაგდენი ფული მომცეს და გინდა მათრახი მირტყას! - დავეთანხმე ცოლს და ოცნება დავიწყე:

პირველი ოცნება:
თუ ასე გაგრძელდა, ყველა ვალს გავისტუმრებ.
მეორე ოცნება:
თიკოს ყველაზე კარგ სამშობიაროში დავაწვენ და ბავშვის ოთახს მაგრად მოვაწყობ!
მესამე ოცნება:
ამ ზაფხულს ზღვაზე წავალთ, მერე იქიდან მთაში, მერე კიდევ სადმე!
მეოთხე ოცნება:
თანდათან რამეს მოვიფიქრებ!

ამ ორ დღეში ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ტელეფონს ვპასუხობდი და ჩემივე სურვილით გავეგზავნე ვახტანგს ბაზარში. მესამე დღეს კი, კარგი ღვინო დამალევინა და ჩემი სამუშაოს რაობაში გამარკვია. მე მევალებოდა:
ა. ყოველ დღე, საღამოს ხუთ საათზე მივსულიყავი ვახტანგთან.
ბ. გამეხადა წელს ზევით.
გ. წამოვწოლილიყავი ტახტზე.
და ვახტანგი დამარტყამდა სპეციალურად დათვის ტყავისაგან დამზადებულ მათრახს.
თითო დარტმაში გადამიხდიდა ათ ლარს.
- ისეთი იუმორი გაქვთ, კაცი იფიქრებს, მართალს ამბობსო! - გავუღიმე, თვალს რომ ჩაუკრავენ, ისე.
- და ვინა თქვა რომ ვხუმრობ? - გამიღიმა მანაც.
(აქ რა თქმა უნდა პაუზაა, რადგან კულმინაციური წუთია!)
ავხარხარდი; ისიც ამყვა.
- რა ხუმარა ყოფილხართ. არა, მაინც საიდან მოიფიქრეთ, ჰა, ჰა!
- ხო, რა ვიცი, იფიქრე, დათო, ჩემი აზრით, ჰი, ჰი, ცუდი სიტყვა არაა. საშუალოდ ათ დარტყმას აიტან დღეში! - იცინოდა და თვალს არ მაშორებდა.
უცბად შევწყვიტე სიცილი.
- თქვენ რა, სერიოზულად მეუბნებით?
- რა შემატყვე ამხელა კაცს არასერიოზულობის?
მე უხმოდ ავდექი და კარისკენ გავემართე. მერე უცბად მივუბრუნდი და ყვირილი დავუწყე. ის ჩუმად მისმენდა, ხმას არ იღებდა, ამან უფრო დამაბნია და გავჩერდი. შევტრიალდი და წავედი.
სახლში უხმოდ მომისმინეს. მერე კი ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვა:
დედაჩემი:
- ჰო, რა ვიცი, აბა, ვიღაც ავადმყოფი ყოფილა ეგ... რა ხალხს აქვს ფული, ჰა?! ერთი დარტყმა ათი ლარიო? ისე კარგი ფული კია, მარა ცოდო ხარ, სულ გადაგეყვლიფებოდა ეგ ზურგი, ჯობია ისევ სხვა რამე მოძებნო, თან ის ასი ლარი ხო შეგრჩა?!
თიკო:
- რა ყველა უნამუსო შენ უნდა შეგეყაროს, რა! ერთი კარგად უნდა მიგებეგვა და ნახავდა. რად გვინდა ეგეთი ფული, შენ თუ დამიავადმყოფდი, ჩემო... მერე რა, არც კაი სამშობიარო მინდა, არც ზღვა, არც არაფერი, ჩვენ ვიყოთ კარგად!..
მამა:
- ამ ცხოვრების დედაც, რა! კომუნისტების დრო იყოს, ეგეთ ახვარს კი ჩააყუდებდნენ, სადაც საჭიროა, მარა... საქმე რაშია, იცით? სხვა გამოსავალს არც გვიტოვებს ეგ ჩათლახი; იძულებულებს გვხდის... თან აზრზე ხარ. ის ასი ლარი თავიდან როგორ მოგვცა, რომ... ავადმყოფია ვიღაცაა... არადა, ბაზრობაზე ნერვების შლას, მივალ მაგ დამპალთან და რამდენსაც ავიტან, დავარტყმევინებ. ბოლო-ბოლო, ვითომ ძველი დროა, რა! მაგით მე კი არა, თვითონ ის უფრო დამცირდება, თუ მკითხავ!
მე:
- შენ რატომ უნდა წახვიდე, ვერ გავიგე? თუ ვინმე წავა, ისევ მე წავალ, მე კიდევ არ წავალ, ეგ-ღა მაკლია, ვიღაც თავგასიებულს ვარტყმევინო მათრახი, პაშოლ ონ!
ინტიმურ წუთებში კი ცოლმა დაიწუწუნა: - ისე, რა კარგი იქნებოდა სხვა რამე შემოეთავაზებინა და ზღვაზე წავსულიყავით, არა?!
და მეც გადავწყვიტე: - ჯანდაბას მაგისი თავიც, წავალ და მირტყას ის მათრახი, მაგრამ მერე რომ?!. პრინციპში, ჩემი გვარი არ იცის და რას გაიგებს, რამდენი მწერალი დათოა?! ცოტა ფულს რომ დავაგროვებ, ერთი მაგრად ვაგინებ, იმ თავის მათრახსაც გადავაწნავ და წამოვალ!

(აქ შეიძლებოდა ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ აქ არ სრულდება!)


მეექვსე ეტაპი: უბრალოდ ეტაპი


მეორე დღეს მივაკითხე ვახტანგს; რომ დამინახა ირონიულად ჩაიღიმა და ლამის უკან გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც შევედი.
სანამ მე წელს ზევით ვიხდიდი, კარგად ჭამა და ბოყინით დამადგა თავს.
- რამდენს გაუძლებ?
- რა ვიცი, აბა? გეტყვით რა, როცა ვეღარ ავიტან.
მეათემდე მწარედ მირტყამდა, მერე დაიღალა თუ რა იყო, ისე აღარ მტკენია. ორმოცდამეხუთეზე კიდევ მკითხა: - არ გეყო?
- არა!
ხუთიც დამარტყა და გაჩერდა, მეტი აღარ შემიძლიაო. მერე საფულე ამოიღო და ფული გადმომითვალა. ნახევარ საათში მთელი ხუთასი ლარი ვიშოვე, - ეს წარმოუდგენელი იყო!
- ისე, რაც მეტს დაგარტყამ, ფასდაკლება მეკუთვნის! - ხარხარებდა ვახო, მე კი ვუბღვერდი და ხმა არ გამიცია.
- ჰა, ბიჭო, ეგეთები არ იყოს; რას იბღვირები, რო იბღვირები? თუ არ გინდა, იხვეწებიან მწერლები, მითხარი და სხვას ავიყვან.
- როდის ვიბღვირები, უბრალოდ მტკივა ზურგი, რკინა ხომ არა ვარ?!
- მერე შენც ნაკლები დაგერტყმევინებინა და ეგ იქნებოდა; ჰო, მართლა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: თუ შენ ერთ დღეს მაინც გამიცდენ, მერე მთელი თვე უფასოდ უნდა იმუშაო, ან სხვას მოვძებნი.
- იქნებ რა ხდება?
- მე არ ვიცი რა ხდება და რა - არა! არ უნდა გამიცდინო. გაწყობს - გაწყობს, არა-და, კარგად იყავი!
- ჰო, კარგი!
სახლში ისე შემხვდნენ, თითქოს ომიდან დავბრუნებულიყავი. ამდენი ფულის დანახვამ ხომ ლამის ყველა გადარია.
- მოიტა, შვილო, მეც წამოვალ, გვირტყას, ვახოაა ვიღაცაა! - თქვა მამაჩემმა.
დედამ წუწუნი დაიწყო და ცრემლები ჩამოყარა.
თიკო ჩუმად იყო.
- თუ ასე გავაგრძელე, მანქანასაც ვიყიდი და ბინასაც! - გავიფიქრე და ოცნების ოხვრით ამოვიოხრე.
მერე, დღეში, საშუალოდ, ოცი-ოცდახუთი დარტყმა გამომდიოდა. ვახო კმაყოფილი იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც. ერთ დღეს კი, ნათესავი მოვიდა და მიკიბულ-მოკიბულად მთხოვა, აი რა:
- შვილო, იქნებ ჩემს თამაზისაც გაუხერხო ეგეთი სამსახური; საცოდავი ბიჭი დარდისაგან აღარ არის. უთხარი იმ შენს ხაზეინს, იქნებ ესეც აიყვანოს, სუსტი კი არის, მაგრამ ავიტან დარტყმებსო, ამბობს და რა ვიცი! შენ შემოგევლე, იქნებ დაგვაყენო ფეხზე, შენ დაილოცები! შენი იმედი გვაქვს, ხო იცი, ვალში დარჩენა არ ვიცით ჩვენა!
მე, რა თქმა უნდა, სასტიკად გავაფრთხილე ჩემიანები, აღარავისთვის ეთქვათ, თუ რითი ვშოულობდი ფულს, თამაზი კი მოვიმდურე.
ამასობაში, თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა. თიკო მეშვიდე თვეში იყო და ისე ველოდი ჩემს სისხლისა და ხორცის გაჩენას, აღარც მადარდებდა ზურგზე რომ ვეღარ ვწვებოდი. მანქანის ფული მოგროვილი მქონდა, უკვე სადაცაა, ვიყიდდი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა, მანქანა შემეძინა თუ დამემატებინა და ჩემი, საკუთარი ბინა მეყიდა, მაგრამ მოულოდნელად, ნაიარევი დამისივდა, დამიჩირქდა და აუტანელი ტკივილები დამეწყო. უკვე ხუთ დარტყმაზე მეტს ვეღარ ვიტანდი და ვახომ პრეტენზიები გამოთქვა და გაგდებით დამემუქრა.
- ჩემს მაგივრად სხვა რომ მოვიყვანო დროებით?
- არა, ან შენ, ან სხვას თვითონ მოვძებნი.
- ბ-ნო ვახტანგ, უკვე აღარ შემიძლია, თუ არ ვიმკურნალე, შეიძლება ისე გამიმიზეზდეს, სისხლის გათეთრებაც კი დამემართოს.
- მე რაში მაინტერესებს, რა დაგემართება? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არც ერთ დღეს არ გამიცდენდი?! მე ეს დარტყმები კომპლექსურად მჭირდება, თორემ სადისტი კი არა ვარ, ვერ გამიგე?!

სახლში:
- მოვკლავ, მაგ ნაბოზარს, რა! აზრზე ხარ, როგორ მაჭერს წიხლს?! იცის, რომ ვეღარ ავიტან მეტს და წიხლს მაჭერს. უნამუსოა რა, ეგ ხო კაცი არ არის!
- მისმინე, რომ უთხრა შვებულება მომეციო?
- არა, გოგო, რა შვებულება, ერთ დღესაც კი არ გამიშვებს.
- ჩემი საბრალო!
- უნდა შევეშვა, რა, აღარ შემიძლია მეტის ატანა, მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?
- იქნებ ცოტაც მოგეთმინა, ბინის ფული მოგვეგროვებინა და...
- არ გესმის, არ შემიძლია, აღარ!..

ვახტანგთან:
- ბ-ნო, ვახო, ვეღარ ვივლი თქვენთან, უკვე აშკარად აღარ შემიძლია ატანა, განა არ მინდა აქ მოსვლა, მაგრამ... აი, აი, ნახეთ რა დრეში მაქვს ზურგი, აი, აქეთ, მარჯვნივ... ააა, ფრთხილად, ჰო, მანდ!
- მართლა მაგრად დაგჩირქებია; ნუ რას ვიზამთ, მოგვიწევს სხვა კაცის ნახვა, მაგრამ არა უშავს, შენთან მუშაობა სასიამოვნო იყო!
- გმადლობთ - ჩემთვისაც! და მერე, თავიდან მიღების შანსი აღარ არის, არა?
- არა, ჩემი პრინციპი არაა ეგ! თუმცა ერთი ვარიანტია, თუ გინდა სხვა ვაკანსია გამოთავისუფლდა და იქ გადაგიყვან, ოღონდ მთელი დღე ჩემს გვერდით უნდა იყო და დღეში ორასი ლარი გექნება.
- თანახმა ვარ და რა სამუშაოა?
- არაა, შენ არა მგონია დათანხმდე, ალბათ იქაც სხვისი პოვნა მომიწევს.
- კაცო, თქვენ მითხარით და იქნება ვთანხმდები?!
- არა მგონია, არა.
- ვაა, თქვენ თქვით და!..
- მოშარდვისას უნდა დამიჭირო ხოლმე.
მე სიცილი ამივარდა, გრძელი და ცვალებადსიხშირიანი სიცილი, მაგრამ ამჯერად ყვირილი აღარ დამიწყია; რატომღაც ჩემი მომავალი შვილი, საყიდელი ბინა და მანქანა, დასასვენებლად წასასვლელი ზღვა და მთა გამახსენდა და ტუჩები მაღლა ავწიე!..


მეშვიდე ეტაპი:


- ბატონმა ვახტანგმა, ხანდახან ისეთი უცნაური წინადადებების შემოთავაზება იცის, გაგიკვირდება ადამიანს, ღმერთმანი...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Thu Jan 13, 2011 12:08 am

მრავალჯერადი ბოთლები

სახლი

- მამა, ოცდაათი ლარი დამიტოვე, რა.
- რათ გინდა?
- სოფოს უნდა შევხდე, საბილიარდოში წავიყვან.
- რა გახდა, ეს შენი სოფო ასეთი, რო აღარ გაგვაცანი? _ ოთახში დედა
შემოვიდა და ყავაც დააქცია იატაკზე.
- შენი რა!
ზურამ რაღაცნაირად გახედა დედას, მერე მამამისს შეუტრიალდა და
- დატოვე რა, დავით!
მამამ საფულიდან ფული ამოიღო, პიანინოს თავზე დადო და პალტო მოიცვა.
- მა, 5 ლარი მოიტა, რა!
- წუხელ არ მოგეცი?
- ის წუხელ იყო.
- მამაა! მეც გოგოებთან ერთად კაფეში მივდივარ, რაღაც კონცერტია და ერთი ათი ლარი დატოვე! – თაკო ის-ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა.
- რა დროს კაფეა, დედაშენს მიეხმარე, გოგო!
- მივეხმარები, რო მოვალ. დატოვე რა!
მამამ ისევ გახსნა საფულე. როცა ხურავდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, რამდენიმე ოცლარიანი ამოაძვრინა და მამამისს გასძახა: _ მამა. მამა! მე ბაზარში ვერ გამოვივლი და იქნებ ჩასულიყავი?
ალექსანდრე ოთახიდან გამოვიდა: _ თორნიკე გამომყვება?
- გაყვები თოკო?
- მომცემ ხუთ ლარს?
- მოგცემ.
- ხოდა გავყვები!
- მამა, გოჭს მე ვიყიდი, ახლობელი აპირებს ჩამოტანა და იმისგან ავიღებ. დანარჩენი თქვენ იცით.
- კაი, შვილო. თორნიკე, ხო გამომყვები, ბაბუ?
- ცოტა მერე, ხო?
- ხო, შუადღისას.
დათო კარისკენ დაიძრა.
- თმას ნისიაზე არ ჭრიან დათო!
- ა, ხო შებრუნდა და ფული გაუწოდა ცოლს. – მეც ადრე მოვალ და ეცადეთ, ყველანი სახლში იყოთ. ეს ორი დღე მაინც ვიყოთ ერთად!
დათომ კარი გაიხურა და წავიდა.


სილამაზის სალონი “ექსელენთი”

- დღეს რამდენი ხალხი გყავთ! – ნანა სავარძელში ჩაჯდა და ყავის ჭიქა ახლოს მისწია.
- ახალი წლებია, ლამაზდება ხალხი! – სტილისტი ბელა, სავარაუდოდ, სომეხი უნდა ყოფილიყო. შესახედაობა ასეთი ჰქონდა ყოველ შემთხევაში. ერთხელ კი ჰკითხა ნანამ, შენ რა ეროვნების ხარო, მაგრამ ბელამ ისეთი გაიკვირვა, რა თქმა უნდა, ქართველი, რატომ მეკითხებიო, რომ ამას შერცხვა და, არა, ისე გკითხეო, თავი დაუხარა.
ბელა ამ სალონის მეპატრონე იყო, მაგამ თვითონაც მუშაობდა სტილისტად და ალბათ ყველაზე უკეთ ჭრიდა, რაკი უმეტესობა კლიენტებისა მას ელოდნენ ხოლმე.
- მოიწი, ერთი, თამო! – გასძახა კართან მომუშავე სტილისტს, - იმ ქალს დავარცხნი? – ჩურჩუნლზე გადავიდა _ მელოდება და ამდენი ხალხი მყავს.
- კი, დავვარცხნი, ვუთხრა?
- ქალბატონო! აგერ, ეს გოგონა მოგემსახურებათ...
- მე თქვენთან მინდა.
ბელამ შეეტყო, რომ ესიამოვნა, მაგამ ნანასთან მაინც წაიწუწუნა: - რა აჩემებაა, რა! რა აზრი აქვს მაგისთვის, ვინ დავარცხნის, ნახე, თმა რას უგავს. ქალმა ეგეთი თავით როგორ უნდა იაროს?
- ყველას ხომ არა აქვს საშუალება, თავს მოუაროს, ბელა!
- ნუ, ხო მარა... ეს ნახე, რას დამსგავსებია, შეხედეთ, როგორ გასუქებულა! – ტელევიზორში რომელიღაც ცნობილი მომღერალი გამოჩნდა და ყველამ ეკრანს შეხედა.
- რატო არ გასუქდებოდა რა, ჭამა აკლია, თუ ვიტამინები? – ჩაილაპარაკა მანიკურზე მჯდომმა თხელტუჩებიანმა ქალმა.
- შენ რა, ეგ უვიტამინობა ხომ არ გაწუხებს, ჩემო ვიკა? – გაიცინა ბელამ და თხელტუჩებას გადახედა.
ვიკამ იმიტომ გაიცინა, რომ ბელა უფროსი იყო, თორემ ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ სხვის ასეთ ხუმრობაზე ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა.
- ვიტამინები რატო ეკლდება რო, მშვენიერი დათვივით კაცი ყავს! – გამოსარჩლება სცადა დამლაგებელმა
- დათვივით ეგეც! – ზიზღით ჩაილაპარაკა ვიკამ და სახე მიაბრუნა.
- გოგოებო, ბაზარში იყავით რომელიმე? – თამომ ხელები გადაიბანა და ჰაერში გაისროლა წვეთები.
- კატასტროფული სიძვირეა, ცეცხლი უკიდია ყველაფერს! – დამლაგებელმა ვიკას ფეხებთან მიყრილი თმა გამოგავა.
- ბოლოები დაამოკლე და “პიორიშკები” გავაკეთოთ, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ, იცი? – ნანა სარკეში თავს უყურებდა.
როგორ დაბერდა თითქოს, ეს ორი წელია. აქამდე არ გრძნობდა. იქამდე არ გრძნობდა, სანამ თაკოსთან თაყვანისმცემელმა არ დაიწყო სიარული. ნანა უყურებდა ხოლმე შვილის შეყვარებულს და კი არ შურდა, არა, ეს შური არ იყო _ შვილის ხომ არ შეშურდებოდა?! უბრალოდ რაღაცნაირი მწვავე სევდას გრძნობდა. ორმოცდაორი წელი! Aადრე ორმოცი წლის ქალი ბებერი ეგონა, თვითონ კი ორმოცს გადააბიჯა და ვერანაირ ცვლილებას ვერ გრძნობს. ერთი ეგაა, რომ ოდნავ ნაოჭები გაუჩნდა ტუჩებთან. ოდნავ სისრულე შეეპარა, შეუმჩნეველი სისრულე და ზემდეტად მგრძნობიარე გახდა. ოდნავი შეხებაც კი აღაგზნებს, ისე აღაგზნებს, როგორც ადრე, ახალდაქორწინებულები რომ იყვნენ, თუმცა მაშინ ასე არ აღიგზნებოდა, მაშინ ქარაფშუტული იყო ეს აღგზნებაც და სიყვარულიც.
დათოც დადინჯდა, დასრულდა თითქოს. უკეთ გრძნობს, ცოლის ყველა ასოს, ყველა განცდას და უკეთაც ეწყობიან, სრულად ავსებენ ერთმანეთს.
ნეტა ერთ-ორ წელში ხომ არ მობეზრდება ქმარს? დათო ისევ ისეთია, როგორც ამ ოცი-ოცდაათი წლის წინ, თვითონ კი ჭკნობა შეეპარა. ხომ არ მობეზრდება და სხვას ხომ არ გაიჩენს?
- შენი ქმარი დამანახა ამას წინათ თამომ! – თმებში ხელი შეუცურა ბელამ და სარკიდან შეხედა _ პატარა ბიჭივით ქმარი გყოლია ნანიკო, სად მუშაობს?
- კეთილმოწყობაში!
- ხო, შენი პატარა ბიჭი, აქ რო გყავდა იმ დღეს, ისა გავს მამას ძალიან!
- თორნიკე?
- სახელი არ მახსოვს, ყველაზე პატარააო, რომ თქვი, ისა!
- ხო, თორნიკე
- აქ ნუ მოწევთ რა, გენაცვალე, აქ არავინ ვეწევით და გოგოც ფეხმძიმედაა, ვერ ხედავთ? – თამოსკენ გააქნია თავი ვიკამ და მაღალ-მაღალ დაბღვერილ კაცს თვალებში შეხედა.
ნანამაც შეხედა სარკიდან კაცს. მერე უკან სხვებიც გადაათვალიერა და შეამჩნია, როგორ გაიპრანჭნენ ქალები. ერთი დამლაგებელი იყო ძველებურად თავდახრილი და მეტლახზე დაყრილ თმას გვიდა.


ბაზარი

- ყველი რა ღირს?
- რვა ლარი ეს. აგერ, გასინჯეთ, ბატონო. იმერული ექვსი, სულგუნი...
- რა ამბავია? ვალები გაქვს, შე კაცო?
- რა ვქნათ, აბა, ძია კაცო? ბენზინი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, აქ დგომა გაძვირდა. მე კიდე სოფლელი ვარ, აბა გაიარე ვაჭრები რამდენად ყიდიან ამაზე ცუდ ყველს.
- სამ კილოს ავიღებ შვიდ ლარად მომეცი.
- ვერა, კაი ადამიანო.
- ახალი წელია, შე კაცო.
- შენთვის როა ახალი წელი, ჩემთვის არაა? მე მარტო ყველს ხო არ ვაჭმევ ბავშვებს, აბა გაიარე მანდარინი რა ღირს, ადამიანის ფასი ადევს. იმას ყიდვა არ უნდა?
- კაი, აწონე სამი კილო, წონაში მაინც არ მომატყუო.
- გეკადრება, ბატონო? ძველი დრო კი არაა? ელექტროსასწორია, ეს არ იტყუება.
- ჩვენ, ქართველები, ყველაფერს მოვატყუებინებთ, თუ მოვინდომებთ, ასფალტის დამგებ მანქანებს საბურავები დაუთხელეს, სისქეში რო ცოტა დაეგოთ და მოეპარათ და შენ ყველს ვეღარ მომპარავ, შე კაცო?
- ა, ბატონო, სამი კილო. ოცდაოთხი ლარისაა ზუსტად, მეტია კიდე ცოტა.
- ნაკლები არ იყოს, მეტს ვინ ჩივა?
- პური არ გინდათ, ბატონო?
- არაა!
- კაი პურია, ახალი, ცხელი.
- არაა, არ მინდა, ქალბატონო, არა!
- ალექსანდრე ბატონო, რაფერ ხართ?
- ოო, ვალერის ვახლავარ! როგორ ხარ, ვალერა?
- რავი, ვარ რა, სხვისი სიდედრივით.
- სხვისი რატო?
- გარედან კარგად ჩანს და შიგნით, ოჯახში ვერაა თლად კაი, ხო იცი...
- შენ რა გითხარი. ვაჭრობ? რა სიძვირეა, რა არი, მაინც, ა?
- სასწაული! შარშან ასეთი ფასები არ იყო.
- კაი ერთი, შარშანაც აგრე იყო, მომავალ წელსაც აგრე იქნება, ჩვენ გვეჩვენება ცოტა...
- წელს მაინც ნამეტანია. ინდაური იყიდე?
- კი, ვიყიდე, მარა ვიჩქარე მგონი.
- რატო?
- რაღაც აღარ მომწონს. იქ, დახლზე, ფეხებაპარჭყული მომეწონა, მარა, ახლა რო ჩახედე, რაღაცა პატარა მეჩვენება, ხო იცი?!
- ფეხებაპარჭყული კაი მოგეჩვენებოდა, ჩემო ალექსანდრე, აბა, რაა? ჰა, ჰა! მანახე ერთი! რას ერჩი, შე კაცო, ხბოსხელა ინდაურია, მეტი რა გინდა?
- რა ვიცი, ფასიც კი აქვს მერე ხბოსი.
- გოჭს არ ყიდულობ?
- არა, გოჭს დათოO მოიტანს, მაგათ სამსახურთან ჩამოაქვს ვიღაცას კაი, შინაური გოჭები თურმე. იაფადაც და თან დამხრჩვალი არაა, კი იცი, ნაღდი.
- რა ფასად?
- ეგ არ ვიცი, მარა, იაფად როა და კაი როა, კი ვიცი.
- არიქა, ჩემო ალექსანდრე, დავურეკოთ, მეც წამომიღოს, სამ ცალს ავიღებ ეგრევე, ჩემ სიძეს გავუგზავნი და ჩემ ძმას.
- დავურეკოთ მერე, გაქვს ტელეფონი?
- კი, როგორ არ მაქვს. ა, დათოს ნომერიც.
- ალოო! დათო... ხო, ვალერას ტელეფონია... დათო, ის კაი გოჭები, შენთან რო ჩამოაქვთ, ვალერასთვისაც წამოიღე სამი ცალი... რამხელებიო?
- რაც თქვენთვის, ისეთი იყიდოს ჩემთვისაც.
- როგორსაც ჩვეთვის აიღებ, ისეთივე აუღე ვალერისაც, სამი ცალი... რო არ მოეწონოსო?
- მომეწონება, კაცო!
- მოეწონება კაცო... კაი, წავედი მე, დაეხარჯა ამ კაცს ფული. კაი, ხო,! ყველი ვიყიდე, ინდაურიც და მოკლედ, ნანამ რაც ჩამომიწერა, ყველაფერი ვიყიდე. კატასტროფული ფასები აქვს ყველაფერს... არა, არ წამოვიდა... მე რა ვიცი, სად წავიდა. მაგისას გაიგებ რამეს? კაი და, ვალერის გაუარე, დაუტოვე ის გოჭები. როგორ ითიშება ეს? გათიშე ერთი, თუU კაცი ხარ.


ეკლესია


აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა და წყალობა გამოუთქმელსა ძვირუხსენებლობასა შენისა სახიერებით...
- აკეთებ რამეს საახალწლოდ? – უკანა კედელთან, დაბალ სკამზე მჯდომი ქალი მეორეს ეჩურჩულება.
- რაღაც-რაღაცებს გავაკეთებთ. ნატო და ბავშვი, არც თენგო არ მარხულობენ და სტუმრებიც მოვლენ და...
- ბაზარში იყავი? ნახე, რა სიძვირეა? – მაცხოვრის ხატთან მდგომი დაბალი ქალი მაღალს ასცქერის.
- არა, რა მინდა ბაზარში, ჩემი მამამთილი ჩამოვიდა დილით, ინდაურიც ჩამოიტანა, ნიგოზიც, ღვინოც, ქათმებიც, გოჭიც. ბაზარში ოთუსბირი ფასებია, ხო გავიყიდეთ კიდეც.
- ბედნიერო! რაღა ჩვენ, არც მე და არც ჩემ ქმარს არავინა გვყავს, რო ეგრე გვეხმარებოდეს!
- მეხმარება, თორე ეგეც... ერთი ახალ წელს ჩამოიტანს ხოლმე და აღდგომას, ჰა-ჰა, ჩემი პატარა გიორგის დაბადების დღეზე კიდე. ეგაა და ეგ. ვინ გვეხმარება, გოგო, ლამისაა... აღარ ვიცით, ორივე...
- მამაომ, წირვის მერე არ წახვიდეთ, ღვინოს მოგცემთ მგალობლებს ათ-ათ ლიტრსო, ვიღაცას შემოუწირია!
- ხოო? ვა, კაია, ღვინოს მაინც აღარ ვიყიდით! გააკეთეთE რამე?
- სამარხვო რაღაცები.
- მეც. გიჭირს ხოლმე მარხვა?
- ჭამის მხრივ არა, ისე. კაი, უუუ! უუუუუფააალოო...
- მე ოცდაათი ლარი მაქვს, დილით მამაჩემს ათი ლარის მეტი ვერ წავართვი, შენ?
- მეც მაგდენივე მექნება რა. სხვებსაც ხო ექნებათ რაღაცა, გვეყოფა, რა!
- კიდე ვინ იქნება?
- ის ტიპი, შენ რო დაევასე. გადაეკიდა, გოგო, ჩემ ძმას, გამაცანი, გამაცანიო. რა ნაგლია, არა?
- თუკი დავევასე... ხო არ შემჭამს რა... რა უბნელია?
- თემქელი.
- აუფ! თემქაზე მათხოვებ ასეთ ქალს? – თაკომ ჩაიქირქილა. ეტყობა, ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა, უკნიდან შენიშვნა მისცეს. ბოდიშიო და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები მეგობარს: - სახარების მერე გავიგეთ, ნინისთან ავიდეთ, ყავა დავლიოთ და თან ჯემპრს მათხოვებს.
- რომელ ჯემპრს? მწვანეს?
- ხო.
- ეე, ეგ მე უნდა მათხოვოს, გუშინწინ შევიპირე!
- კაი რა, იმ თემქელს თუ ვიღაცას მე ვეპრანჭები, თუ შენ?
- თაკო, ნუ იცი რა, ეგრე! – ისევ მისცეს შენიშვნა. გოგოები სახარების წაკითხვას აღარ დაელოდნენ და გარეთ გავიდნენ.
- კაი, რა, შენ სხვა რამე გამოართვი.
- მოიცა რა, მწვანე ფერი მიხდება, ხო იცი, თვალებზე მიდის.
- ცივა, არა?
- კი, მაგრა ცივა!
- ტაქსი გავაჩეროთ? 2 ლარი გინდ _ აქეთ, გინდ _ იქით.
- ფეხით გავიაროთ რა, რაღაცნაირად ფეხით სიარული მომენატრა.
თაკომ ქურთუკი შეიკრა, თმა უკან გადაიყარა და წინ წასულ მეგობარს წამოეწია.
- თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდესო, ისეთი შეგრძნება მაქვს.
- კაი ხო, ნუ დაიწყებ ხოლმე, დამითმია ის მწვანე ჯემპრი, უფ! იქნებ გაგეხსნას თემქელთან ბედი! ისე რამ სიმაღლეა, არა?
- კალათბურთელია, მგონი.
- ხო.
- არ მიყვარს მაღალი ბიჭები, ძაან არ მიყვარს.
გოგოები ჩქარი ნაბიჯით და რაღაცნაირი ქანაობით მიდიან.


ინტერნეტ-კაფე

- ერთი საათი დამიმატე რა, გიო!
- ფული გაქვს?
- მაქვს აბა, ისე ხო არ გეტყვი?
- სიგარეტიც გექნება შენ.
- სულ ჩემ სიგარეტს როგორ უნდა ეწეოდეთ, ბლიად! ნახე რა დამაჰედშოტა ამ ახვარმა?
- ვინ იყო?
- სპაიდერა.
- ვისი კლანია ეგა?
- მუსოლინი. მაგარს ყომარობს ეს ტიპი, არადა ადრე იცი რა ბულკი იყო? თამაშის აზრზე არ იყო, ეხა მაგარი აქაჩა. დღე-და-ღამე ინტერნეტ-კაფეში გდია, გონი არც იძინებს რა.
- თორნიკე, ზარი გამაშვებინე რა!
- ცალმხრივად მაქ. გუშინ ჩემმა ძმამ წაიგდო ტელეფონი და მინუსებში გადაიყვანა, მაგარი პროჭი ბიჭია რა.
- გჩაგრავს, ტო?
- რა მჩაგრავს? ძმაა რა!
- წეღან დავინახე. ჭიჭუასთან ერთად იდგა,
- სადა?
- ბოილერთან იდგნენ მანქანით.
- აუ, ეგ თუ კიდე წამალზე დვიჟენიობს და... კაროჩე რა! ვინმეს დასარეკი არა გაქვთ? ერთი წამით რო ვუთხრა გადმომირეკე-თქო, მოდი რა გააგრძელე.
- ეე, მე მითხრა, გააჯვი, მე მითხრა, ბიჭო!
თორნიკე სწრაფად გამოვიდა კაფედან და ბოილერისაკენ წავიდა.
ანგარიშზე მაინც ჰქონდეს, მამას დაურეკავდა, ეტყოდა ზურა კიდე ჭიჭუასთან ერთად რო ყოფლა. დედამ რო ეგ კიდე კაიფში ნახოს, ალბათ თავს მოიკლავს.

მამოიანი

ჭიჭუამ წინა დღით უთხრა ზურას – ხვალე ფულს ვკრებთ, მამოიანს მაგარი გერონტი მოუტანია და, თუ გინდა, ფული გაჩითეო. ზურამ დილით მამამისს სთხოვა ოცდაათი ლარი და ჭიჭუას ბოილერთან შეხვდა დათქმისამებრ.
სოფო გამოგონილი გოგო იყო, ვითომშეყვარებული, საჭიროებისამებრ იყენებდა და ფულის თხოვნის მიზეზი ყოველთვის ჰქონდა სახლში. არა, მთლად გამოგონილი არ იყო, არსებობდა ერთი სოფო, მარა ის ჩვეულებრივი ნაშა იყო, ათასში ერთხელ კაიფში თუ აუვლიდა ხოლმე და რა რაღაცეებს ემარიაჟებოდა. ყავას მიუტანდა გოგო, ტელევიზორს ჩაურთავდა და, თუ ეს ძაან ხასიათზე იყო, შეიძლება გაეჟიმა კიდეც, მარა ესეც ჰადაჰა, კვირაში ერთხელ.
სოფო სოფლელი იყო, სოფელი რა, გორელი, აქ სწავლობდა ქირით იყო დელისის მეტროსთან. ზურამ პლეხანოველ ნეკასთან გააცნო. ნეკა კაიფარიკი იყო. ვიღაც ბობოლას შვილი. ერთი სტაფი ჰყავდა. სუბო ახალი შემოსული რომ იყო, ერთ კუბს თვითონ იჩხერდა, ნახევარს თავის სტაფს უკეთებდა, ასდოლარს კაკალში აძლევდა და ძაღლს უჩხერდა. დადიოდენენ ორივენი კაიფში “დასტოინი” სახეებით და ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. რა საერთო ჰქონდათ ნეკას და სოფოს ერთმანეთთან, ზურას დღემდე ვერ გაერკვია, მითუმეტეს, ნეკა ძალიან “სვეტსკი” იყო, სოფო კი, ფულიანი, მარა მაინც გოიმი გორელი.
მოკლედ, ნეკასთან გაიცნო. გოგო მალევე დაიკერა. ვიღაც თემქელი ტიპი დადიოდა იმ ხანებში სოფოსთან, მარა ზურა ისე უცბად ჩაენაცვლა, რომ იმ ტიპს რამე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს.
ჰოდა, სოფო იყო, მარა ნაშა სოფო იყო, და არა _ საცოლე; მაგრამ დავითას მოსატყუებლად ცუდი არ იყო ასეთი გოგოს გამოგონება, წამლის ფულს უფრო ადვილად სტყუებდა. სახლში არ იცოდნენ, რომ კიდე იკეთებდა, კაიფში აღარ მიდიოდა ხოლმე, აღარც ისე ღორულად იჩხერდა, როგორც დაჭერამდე, იმდენს იკეთებდა, ცუდად რო არ გამხდარიყო და არც ძაან შემჩნეოდა, “თავისას ისწორებდა” მოკლედ, რა!
ჰოდა, ჭიჭუამ, მამოიანს მაგარი “ტავარი” ჩამოუვიდაო, არ აბაზრებს, მარტო მე მენდობა, მე მომცემს და თუ გინდა, ფული გაჩითე ხვალე და გავიკეთოთო.
ზურას არ მოსწონდა ეგ მამოიანი, როღაცა ბოროტი სახე აქვსო, სულ მაგას ამბობდა. ყველაზე კაი გერონტას ეგ ჩითავს და არა გკიდია, რა სახეც გინდა ჰქონდესო? – იკრიჭებოდა ხოლმე ჭიჭუა და თვითონაც მამოიანს ემსგავსებოდა ხოლმე იმ წუთას.
ჭიჭუაზე ერთი ხანობა ვიღაცამ თქვა, “განეციაო”, მაგრამ იმ ვიღაცას კბილები ჩაუმტვრია ჭიჭუამ და მას მერე აღარავის გაუმეორებია იგივე, თუმცა ზურამ კი იცოდა, რომ ჭიჭუა მართლა “განეცობდა”, მაგრამ მაინც ძმაკაცი იყო და თვალს ხუჭავდა ამაზე, “ვითომვერვხვდების” თამაშობდა და ასეც სჯობდა, ყველასთვის.
ჭიჭუამ ოთხი კაცის ფული მოაგროვა თუ არა, ჩაისვა ზურა მანქანაში და მამოიანთან წავიდნენ.
გზაში რაღაცებს ღადაობდა ჭიჭუა. ჩემი ძმაკაცია, კაიფარიკი ისიც, აბაშელი, მაგარი აფერისტის ერთი. გუშინ შემხვდაო, გოჭები ჩამოუყვანია აბაშიდან გასაყიდადო. ბიჭო, ვუყურებ, ამ გოჭებს ვარკეთილელი თამუნასავით აქვთ ერთი ადგილი გაფართოებულიო. ვაჰხ, მეთქი, ეს რა არის ტო, მეთქი, ხო არაფერი იკისრე ამ გოჭებთან შე კაცო, ამ სიბერეში თქო, არაო, რა ვიკისრეო, მეო, ესენი კი არ გამიზრდიაო, ვიყიდე და ვყიდიო, რა უნდა დამრჩეს იმდენიო, წონაში თუ არ ვიმამაძაღლეო, ჰხოდა, თურმე ის ჩემისა, ამ გოჭებს უკნიდან პატარა კოკა-კოლის ბოთლებს არა ტენის, ქვიშით სავსესო? აზრზე ხარო, რას არ მოიფიქრებს ქართველის ჩათლახი ტვინიო? – იცინოდა ჭიჭუა და, ალბათ, სულ ფეხებზე ეკიდა ის გოჭიც და ის აბაშელიც, ერთი სული ჰქონდა, როდის ავიდოდა მამოიანთან მესამე სართულზე და როდის წამოიღებდა წამალს.
გზაში “ბაიანები”, “ნაფტიზინი” და “პიპელფანი” იყიდეს. ზურა არ იწვეთებდა თვალში “ნაფტიზინს”, ვერ მიეჩვია, “პიპელფანზე” კი სულ წუწუნებდა მეტი არ მოგივიდეთ მაკიმარებს ხოლმე და დამწვავენ სახლშიო, მაგრამ ვის ესმოდა რო?
მერე რომელიღაცა სკოლის ეზოში შევიდნენ მანქანით. ზურა უკან იჯდა, გვერდით “ჩათლახო” ეჯდა. ვერ იტანდა ამ “ჩათლახოს”, არც ესალმებოდა ხოლმე, დიდი გაქნილი კაცი იყო, “მისკას” ყოველთვის თვითონ იტოვებდა, მორეცხავდა და “ატხადნიაკის” დროს დაიმატებდა მერე. ვინაა გოიმი, ეს რო ჭამოს? სხვები არაფერს ეუბნებოდნენ, ზურა კიდე ყველაზე პატარა იყო და ერიდებოდა მაინც დანარჩენებზე წინ წასვლა, მარა იმ დღეს გადაწყვიტა, ეთქვა და თითო ხაზს დავიმატებთ ჩვენ, შენ “მისკიდან” დაგრჩება ის ხაზიო, უთხრა “ჩათლახოს”, სანამ მოხარშავდნენ. “ჩათლახომ” ერთი ახედა, მარა არაფერი უთქვამს. მერე როცა მოხარშა, ზურას ჩვეულებისამებრ, გული აერია წამლის სუნზე და ძლივს გადაასწრო მანქანიდან.
- ბიჭო, ეს შემომერაღაცამექნება, იცოდე! – ჭიჭუას უთხრა „ჩათლახომ“, როცა ზურა გადავიდა ღებინებით.
- რა ვქნა, შე ჩემა, ფული მაგან გაჩითა და, რა მექნა, ტო? ოცდაათი ლარი გვაკლდებოდა, ხო იცი?
- მე გეუბნები და! მე ამისი წაკლა დედას...
ზურა ისევ ჩაჯდა მანქანაში.
- რა სულ უნდა არწყევდე, შენ, ძმაო? თუ გეზიზღება წამალი, რაღას იკეთებ, ბლიად? – ჭიჭუამ ეს ფრაზა ალბათ იმიტომ უფრო თქვა, “ჩათლახოს” გინება ხომ არ გაიგოო, რომ იეჭვა.
ზურამ თავისი წილი ამოიღო და ეგრევე პირველმა გაიკეთა.
ჭიჭუა ვენას ეძებდა და ვერ პოულობდა, “ჩათლახოს” პირით ეკავა შპრიცი, გოგლა შარვლას იწევდა, ფეხში უნდა გავიჩხირო, პრიკოლები ამ მინდა ამ საახალწლოდო, როცა ზურა გადააგდო.
- გადააგდო მე ამისი ხათაბალა დედას... - იგინებოდა “ჩათლახო”.
- დროზე, დროზე სადმე მიაყენე, მარილწყალი გავუკეთოთ, არ მოკვდეს, ბიჭო, დროზე! – ყვიროდა სანდრიკა.
- ვაიმე, ვაიმე! მამოიანი, მე შენი დედა! ეს რა წამალი მოგვეცი! – იგინებოდა ჭიჭუა და გასაღებს ვერ ურჭობდა საკეტში.
ზურა თითქოს რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ ისე მოკვდა, ვერაფერი თქვა.
რაღაცა ნაგავი შეატენა მამოიანმა საახალწლოდ.


სახლი

- თორნიკე, ხომ გთხოვე ბაბუას გაყევი-თქო ბაზარში?
- არ მინდაო თვითონ მითხრა და ხო არ დავაძალებდი?
- მიხდება, დათო ასე თმა?
- აბა, შემახედე?! – დათო ფეხზე იხდის და ცოლს უყურებს თან – ვახ, ვახ, ვახ, პატარა გოგუშკა ხარ რა! მოდი, გაკოცო, ჩემო მშვენიერო ცოლო.
- ეე, მართლა, არ მიხდება, არა?
- კი, გიხდება, თიკოს ვფიცავარ, მე მომწონს! ნახეთ, ნახეთ რა გოჭი მოვიტანე!
- ვალერის დაუტოვე თავისები? – ალექსანდრე სათვალით და გაზეთით გამოვიდა და თავს დაადგა შვილს.
- კი, ცოლს დავუტოვე.
- ცუდი ხო არაფერი წაუღე?
- ცუდი რატო უნდა წამეღო? რაც ესაა, ის წავუღე იმასაც.
- კაი მოზრდილია, ხო იცი, მაგ ფასად!
- მე რას ვამბობდი, აბა? სინაურია, ვიღაც გადამთიელი კი არაა. ზურა არ გამოჩენილა?
- არა! დილის მერე არ მოსულა. ვის გადაეკიდა ნეტა, მოიყვანოს მაინც, გაგვაცნოს.
- ჰა, მიხედე აბა ამ გოჭს, მამა, მე ხელებს დავიბან!
დათო სარკესთან დგას, ხელებს იბანს და თან შვილზე ეფიქრება. წეღან თორნიკემ დაურეკა, ზურა ისევ ჭიჭუასთან ერთად იყო დღეს და მგონი ისევ წამლის გასაკეთებლად წავიდაო. მოკვდება კიდეც ნანა, ეგ რომ კაიფში ნახოს. იმდენი ფული ჩაყარეს და გამოყვანეს ციხიდან, როგორ დაეტოვებინა, თორე ღირსი კი იყო ცოტა ხანი მჯდარიყო იქ, შეშინდებოდა მაინც!
- თიკოც არ მოსულა? – შუქი ჩააქრო სააბაზანოში და საძინებელში შევიდა, წამოწვა.
- დათო!
- რა?
- მოდი ერთი წუთით!
- რა გინდა?
- ეე, არ დაასვენებენ რა კაცს! – წამოდგება, ჩუსტებს აღარ ჩაიცვამს და ეგრევე გადის სამზარეულოში.
- დათო, ნახე!
ნანას ხელში პატარა კოკა-კოლას ბოთლი უჭირავს, ბოთლში ქვიშა ყრია.
- გოჭის მუცელში ვიპოვე ეს!

მესამე სართული, change

_ შვილებს ვფიცავარ, თუ ასოცლარებში არა მქონდეს თითო გაყიდული.
_ რათ მინდა, ძმაო, შენი გოჭები? რა მეახალწლება, ტონა ვალი მაქ, გოჭი არა პროჭი!
_ კაი, აწი, მამოიანი, ვერ ჩავახწევ აბაშამდე, გამძვრება სული.
_ თუ ასოცლარებში გაქ გაყიდული, ფული მაიტა ძმაო.
_ კაი ახლა, უცხო ხო არა ვარ, ჩემო ძმაო? პირველათ ხო არ მოვსულვარ? ფული, რაც ავიღე, ეს ჩემი ცოლი, ეს ახვარი თავზე მადგა, წამართვა, წაიღო. ორ ზახოდს გთხოვ, მეტს ხო არა? ერთს აქვე გავიჩხერ, ერთიც გზაში რო დავიმატო, რა.
_ აქ რას გაიჩხერ, ტო? არ მევასება რა, ბავშვები სახლში არიან, გაგატან და საცა გინდა იქ გაიკეთე.
_ კაი, მიდი.
_ რა გაბერილია ეს გოჭი, შეცთენილი ხო არაა, ტო?
_ ჰე, ჰე! ხო მაგარია? ხბოსხელებია, ბოიშვილი ვიყო, თბილისში სუ რვა კაცს გყავთ ეგეთი მაგარი გოჭი, ნახე როგორ...
_ უკანა გასასვლელიდან გადი, რა. დაიწვა პალაჟენია, არ მინდა რააა...
_ კაი, ძმაო.
მეორე სართული.
პირველი სართული.
“სქან ბარიგა დიდაფხოდი, მა! ვინც შემაგინოს, მე იმისი!...”
სადარბაზოს გასასვლელში ვიღაც აწოწილი ბიჭი და მწვანე ჯემპრიანი გოგო ერთმანეთს გამალებით კოცნიან.
“არა ცივათ მაინც, ამ ჩემისებს?” ფიქრობს კაცი და სწრაფად ჩაუვლის გვერდს.
გაფაციცებული, აფთიაქს ეძებს თვალებით.


მორგი

მორიგე ექიმი # 1 _ იცნობდი, ხო ამას?
მორიგე ექიმი # 2 _ არა, ტო, შენ?
მორიგე ექიმი # 1 _ ერთათ გავიჩხირეთ 2 კვირის წინ მამოიანთან, მეგრელია, მგონი.
მორიგე ექიმი # 2 _ ვაა.
მორიგე ექიმი # 1 _ იცი რა ჯანზე იყო? მაგარი მსუქანა. ღიპი, რამე.
მორიგე ექიმი # 2 _ მსუქანა როგორ იქნებოდა ორი კვირის წინ? რასა გავს.
მორიგე ექიმი # 1 _ ვა, იყო, ძმაო და...
მორიგე ექიმი # 2 _ რაებს ატრაკებ, მაიცა რაა...
მორიგე ექიმი # 1 _ ვაა, ძმაო, იყო რა, რო გეუნები.
მორიგე ექიმი # 2 _ მაიცა რა...
მორიგე ექიმი # 1 _ რატო იცი ეგეთი გაჯიუტება, ტო? იყო რა, ძმაო, გეუნები. განახო, როგორი იყო?
მორიგე ექიმი # 2 _ მანახო რა... როგორ უნა მანახო?
მორიგე ექიმი # 1 _ აი ის პლასტმასის ბოთლი მაიტა.
მორიგე ექიმი # 2 _ აბა ბოთლი?
მორიგე ექიმი # 1 _ აგე, ის, კართან რო გდია.
მორიგე ექიმი # 2 _ რათ გინდა?
მორიგე ექიმი # 1 _ ძველი ღიპი დავუბრუნოთ, მაგისებსაც გაუსწორდებათ, ძველ ვიდზე რო ნახავენ, მამენტ. არა?
მორიგე ექიმი # 2 _ აუ, ხოო!
იცინიან.
მორიგე ექიმი # 1 _ ახალ წელს რო მორგში შეხვდები, ეგეთი სამსახურის...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Thu Jan 13, 2011 12:16 am

გურამ მეგრელიშვილი

ლილი
ვარიაცია ჯ. ჯოისის თემაზე


სააბაზანოში წვეთავდა? _ არაა! ახსოვდა, ონკანი კარგად რომ დაკეტა, მაგრამ ხმა ხომ აშკარად იქიდან ისმოდა?!
ადგა. ჩუსტები ვერ იპოვა და ფეხშიშველამ გაირბინა ცივ იატაკზე. ონკანი ხელების ფათურით შეამოწმა და მშრალი იყო. ცერა თითები აამოძრავა და შეაჟრჟოლა. სააბაზანოში უფრო ბნელოდა და შეშინებული, კანკალით გაიქცა საწოლისაკენ. ლოგინი ოდნავ გაციებულიყო, საბანი გადაწეული დარჩა და გაციებულიყო. ჩახტა თუ არა, მოიკუნტა და თავი შიგნით ჩაყო. ორ წუთში გათბა და ნელ-ნელა ფეხების გაშლაც დაიწყო.
“შუქი ხომ არ ამენთო?!”
მაგრამ დაეზარა. რა იყო საშიში, კარი ურდულითაც დაკეტა, უბრალოდ...
ისევ წვეთავდა?
მთელი ძალით დაძაბა ყურადღება და... ისევ წვეთავდა!
_ წვეთავს და წვეთავდეს, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ ვერც იქ მოისვენა, ბუზღუნით ადგა და ისევ გავიდა.
ონკანი მშრალი იყო.
_ ხვალ მოძღვარს მოვუყვები ყველაფერს! _ გადაწყვიტა და გამობრუნდა.
მოძღვარი ისეთი სათნო კაცი იყო, მასთან ყოველივე ავიწყდებოდა ლილის. რამდენჯერ მისულა უბრალოდ სალაპარაკოდ და ხმა ვეღარ ამოუღია, მაგრამ მამაო გვერდით მოისვამდა, რაღაცას ეტყოდა, გააცინებდა და ქალიც კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.
თავდაპირველად, ცოტა მორცხვობდა, დაბნეული შედიოდა ტაძარში. ბევრ რამეს (განსაკუთრებით ინტიმურ ფიქრებს) მალავდა, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვია და დღეს, უკვე სრული სინანულითა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ენდობოდა მამა სოკრატეს:
_ წუხელისაც ვნახე, მამაო!.. ვითომ ტყეში ვიყავი; უზარმაზარი, უშველებელი ხეები იდგნენ იქ, მამაო! ხე რა გასაკვირია, მაგრამ თითქოს პირველად ვხედავდი. ეს რანაირი ყოფილა-მეთქი, ვამბობდი და ხელით ვეხებოდი.
მერე ის კაცი, არა სხვა კაცი მოვიდა და... ისევ ისე... იქ, მინდორში... მე... იმასმიქნა!..
და შენდობილი, თუმცა ოდნავ დატუქსული, მშვიდად გამოდიოდა ტაძრიდან.
_ მართალია რა! _ ფიქრობდა _ აღარა ვარ იმ ასაკის, მსგავსი სიზმრები რომ ვნახო; რაღა დროს ჩემი ეგეთებია?!
მაგრამ უეცრად აცნობიერებდა, რომ თავს იტყუებდა, რომ სიამოვნებდა, რომ კმაყოფილი იღვიძებდა. ამის აღიარება და გაწითლება ერთი იყო. აღელვებული გადაისვამდა შეღებილ თმაზე ხელს და ჩქარი ნაბიჯით გარბოდა ეკლესიის ეზოდან.
ორმოცდაათი წლისა გახლდათ; შვილი არა ჰყავდა კი არა, კაცის კოცნაც არ იცოდა.
მთელი სიცოცხლე სწავლასა და მუშაობას შეალია და ვეღარც შეამჩნია, როგორ გახდა ოცდათხუთმეტის. მერე დაიწყო ნათესავების მოყვანილი სასიძოების დაწუნება და ამასობაში, ორმოცდახუთსაც გადააბიჯა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საყვარელს მაინც გავიჩენო და სანამ შესაფერის კაცს იპოვნიდა, რძალმა ეკლესიაში მიიყვანა თავის მოძღვართან.
ტაძარში სიმშვიდე იყო, სხვანაირი სიმშვიდე, არა ისეთი, როგორიც სახლში. შინ სიმარტოვე და სიცივე იდგა. და დაიწყო მამა სოკრატესთან სიარული, საყვარლის იდეამ კი სრული კრახი განიცადა; ხოლო, როცა მოძღვართან აღიარა, ამას და ამას ვაპირებდიო, მამაომ დაამშვიდა და უთხრა: თუ ღმერთს ნებავს მოგივლენს ქმარს, ცოდვაში კი არ ჩადგეო.
და ფიქრადაც კი აღარ გაუვლია (?) მსგავსი რამ, ის კი არადა, თუკი კაცი მოეწონებოდა, ცდილობდა, შიშველი აღარ წარმოედგინა, როგორც ადრე; მაგრამ რამდენადაც ცხადში თოკავდა გრძნობებს, იმდენად სიზმრებში იყო სურვილების მონა, თუმცა, წლების მატებასთან ერთად, იქაც ისწავლა თავის კონტროლი: _ უკვე თვითონ კი აღარ ნებდებოდა მამაკაცებს, არამედ ისინი ხმარობდნენ ძალას და იმორჩილებდნენ!
მოძღვარი კი ამშვიდებდა: _ მეტი ილოცე, მეტი იმარხულე, არ იჭორაო და ეგ ეშმაკეული სიზმრებიც მოგშორდებაო.
ყველა ლოცვას კითხულობდა, რაც ლოცვანის წიგნში იყო. მეტროშიც, “გონება რომ არ დაფანტვოდა უაზროდ”, თავდახრილი ლოცულობდა. ცდილობდა დამთმობი, კეთილი ყოფილიყო, მაგრამ უეცარი აფეთქებები მაინც იცოდა. შეიძლება ისე გაელანძღა მეზობელი, მერე ორი დღე სანანებლად ჰქონოდა _ ეს რა მომივიდაო, სამაგიეროდ, რაც ეკლესიაში სიარული დაიწყო, ყველა მარხვას ინახავდა. მართალია, თავიდან ცოტა არ იყოს უჭირდა, განსაკუთრებით შობის მარხვაზე, მაგრამ მერე და მერე შეეჩვია, შეეჩვია კი არადა, მთელი სიმკაცრით ეპყრობოდა თავსაც და ჯემალისაც და თუმცა მოძღვარმა უთხრა, საჭირო არაა ჯემალმაც იმარხულოსო, ამ ერთხელ არ დაუჯერა სულიერ მამას და თავისი გაიტანა.
გაზაფხულზე სამი წელი ხდებოდა, რაც ჯემალი ლილისთან ცხოვრობდა. ერთი ბეწო იყო, როცა მოიყვანა, ახლა კი ისე გაიზარდა და გალამაზდა, კაცი თვალს ვეღარ მოსწყვეტდა. სადარბაზოს წინ, კუთხეში, გაწუწული და აკნავლებული იპოვნა ლილიმ და სახლში წაიყვანა; დაბანა, დაასუფთავა და რადგან ყველა ნაცნობმა უარი თქვა უჯიშო კატის მოვლაზე, თავადვე დაიტოვა. კაცმა არ იცის რატომ დაარქვა ჯემალი, მითუმეტეს, რომ კატა დედალი იყო, მაგრამ ამას არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ადამიანივით შეიყვარა და აკი ადამიანივით აშიმშილებდა კიდეც!
_ მთელს ჩემს სამეზობლოს და სანათესაოს მირჩევნიხარო, ეფერებოდა კნუტს და ისე ანებივრებდა, როგორც აყვანილ შვილს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა, სჯიდა კიდეც.
ხსნილობისას, თევზს და საუკეთესო რამეებს ყიდულობდა და სერვიზის თეფშით მიართმევდა ხოლმე ჯემალის, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ დიდად არ აფასებდა პატრონის ეკლესიურობას. პატრონი კი ათივე მცნებას იცავდა (ცდილობდა ყოველ შემთხვევაში) და მთელი გულმოდგინებით ინანიებდა უნებლიე შეცოდებებს.
რაც შეეხება ჭორაობას, ვისთან უნდა ეჭორავა? _ ნათესავებთან იშვიათად დადიოდა, მეგობრები არ ჰყავდა, მეზობლებთან კი თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა. ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად დაიარებოდა, ძმის ოჯახი იყო. რძალი მორწმუნე გახლდათ და თუ შემთხვევით რომელიმე წამოიწყებდა ლაქლაქს, მეორე მთელი სერიოზულობით აჩერებდა: _ არ გვინდა, ღმერთია მოწამე, არ გვინდაო და ჩერდებოდნენ.
მხოლოდ ძმიშვილებთან იყო შედარებით თავისუფალი. ისინი შესვლისთანავე კისერზე ეკიდებოდნენ და მამიდა მოვიდა, მამიდა მოვიდას ძახილით უკან დასდევდნენ. ლილის გული უჩუყდებოდა ამ სცენის დანახვისას და ცრემლმორეული, მალიმალ კოცნიდა ბავშვებს, ბავშვები კი კანფეტებს თხოვდნენ და ზოგი ჯიბეში უძვრებოდა, ზოგიც _ ჩანთაში. და ლილიც, საზეიმო სახით იღებდა ჩანთიდან შოკოლადს, ან ბურბუშელას და ანაწილებდა.
ხანდახან უფიქრია, ნეტავ საჩუქრები რომ არ მიმქონდეს, თუ ვეყვარებიო, მაგრამ არასოდეს შეუმოწმებია ეს!
რძალი კი: _ რად გინდოდა, გიჭირს შენც! _ ეუბნებოდა ცალყბად და ოთახში შეჰყავდა.
მაგრამ ძმიშვილები ძმის სახლში იყვნენ კარგები, ხოლო იმ იშვიათ დღეებში, როცა მასთან მოდიოდნენ სტუმრად, პირდაპირ აუტანლები ხდებოდნენ. ერთი საწოლზე ხტუნაობდა, მეორე ჯემალის დასდევდა, მესამე წიგნებს ყრიდა თაროდან და გაბრაზებული ლილი, ბოლო-ბოლო იყვირებდა: _ გაჩერდით! რძალს სწყინდა ეს “გაჩერდით” და დასარჩენად მოსულები მიდიოდნენ. მერე მთელი ორი კვირა გაბუტულები იქნებოდნენ და ბოლოს ისევ ლილის აღარ მოუთმენდა გული, “დაიტვირთებოდა” და ესტუმრებოდა. რძალი ჩვეულებრივად ხვდებოდა, ის კი არადა _ უკეთესადაც, იმის ნიშნად, რომ მოგიტევეო. და ლილიც, ყოველ დღე მიდიოდა ძმასთან, სანამ ერთხელაც რძალი, ოდნავ ცივად (შეიძლება ლილის ეჩვენებოდა) არ დახვდებოდა. მერე მთელი ორი კვირა დაიკარგებოდა და წესისამებრ, ყოველ მეხუთე დღეს დაიწყებდა სიარულს.
და იმ დილითაც ადრე ადგა. ჩაიცვა, ისაუზმა და ეკლესიაში გაიქცა. მამაოს ბევრი ხალხი ჰყავდა, თანც ნიშნობა იყო და საუბარი ხვალისთვის გადადო.
დღეს რა დღეა? _ შაბათი, არა? ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი! _ თითზე დაითვალა და მაღაზიაში შევიდა. მაღაზიაში მარტო ძვირიანი ნუგა ჰქონდათ და ორასი გრამი აიღო.
მეტრომდე ფეხით ჩავალ! _ გაიფიქრა და მოკლეზე წავიდა. გზაში წუხანდელზე ფიქრობდა. სიზმარი არ უნახავს, მარა ის აკვიატებული ხმა რა იყო ნეტავ?!
მოლანდებები ხომ არ დამეწყო, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და წამით შედგა. მერე პირჯვარი გადაისახა და ერთი “მამაო ჩვენოც” თქვა.
როცა ჟეტონს უშვებდა, ციალას მოყვანილი სასიძო გაახსენდა რატომღაც _ მაღალი, ტლანქი კაცი! სოფლიდან იყო და ხელები ტლანქად ეწყო მუხლებზე. მაშინ ლილის მის ფრჩხილებში დაგროვილი ჭუჭყი შეძაგდა, მაგრამ უარი სხვა მიზეზით თქვა.
რატომ გაახსენდა და რაღა მაინცადამაინც ის და აქ?
იმ ჭუჭყს მე თვითონ ამოვუწმენდდიო, გაიფიქრა და ესკალატორზე
შედგა.
ვაგონში ბევრი ხალხი იყო. უკნიდან ვიღაც სქელი კაცი ისე მიაწვა, ლამის მიაჭყლიტა. უნდოდა უხეშად ეთქვა რამე, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. კაცი თვალს არ აშორებდა, ავხორცულად უყურებდა და ტუჩებს აწკლაპუნებდა.
თავხედია! _ გაიფიქრა და გვერდით გაიხედა, მაგრამ თვალი მაინც გაურბოდა. ფიქრებში თავი დასაჯა და იქეთ რომ აღარ გაეხედა, ერთ წერტილს ჩააშტერდა უაზროდ.
ორ გაჩერებაში კაციც ჩავიდა და დაისვენა.
“მგონი, ცოტა ნასვამიც უნდა ყოფილიყო!”
როცა ხალხი შეთხელდა, ვიღაც შუახნის მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ლილი დაიბნა. ჯერ არ ჯდებოდა, მაგრამ კაცმა ხელი ნიდაყვს ზემოთ ფრთხილად მოკიდა ხელი და ესეც დაჯდა.
“ისევ ჩვენს თაობას შემორჩა ზრდილობა, თორემ აბა ახლანდელი ახალგაზრდობა დაგითმობს ადგილს?” _ გაიფიქრა ოფიციალური ტონით და იმ წამსვე დაფეთდა: _ ამ კაცმაც ასაკის გამო ხომ არ?!.
Aარაა! მასზე უფროსიც იქნებოდა. “უბრალოდ, ზრდილობიანია და მორჩა!”
როცა მის გვერდით ადგილი გათავისუფლდა, კაცი მიუჯდა. ლილი შეიშმუშნა. როდესაც წინ ედგა არა უშავდა, ახლა კი გახედვაც კი ეუხერხულებოდა.
ვაიმე, მგონი მადლობაც არ მითქვამს! _ გაიფიქრა და უცბად მიუბრუნდა: _ გმადლობთ ბატონო... წეღან რომ...
და კაციც გამოელაპარაკა, მაგრამ ორ გაჩერებაში ჩადიოდა ლილი.
და წინასწარ ადგა, დაემშვიდობა და კართან დადგა იმედით, რომ... რაღაცის იმედით.
და როცა ზურგს უკან კარი დაიკეტა, მობრუნდა და დაინახა კაცი, ხელს რომ უქნევდა, მაგრამ ვაგონი წავიდა და თვითონაც წავიდა.
როდესაც ზარი დარეკა, სცადა გაეღიმა. ტანსაცმელი გაისწორა და ჩანთა...
ჩანთა!
ჩანთა ვაგონში დარჩენოდა!

@
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Wed Jan 26, 2011 6:59 pm



გურამ მეგრელიშვილი

სოვდაგრების ლიტერატურა

მწერლებს და განსაკუთრებით ქართველ მწერლებს პატრონი რომ არასოდეს ჰყოლია, ახალი ამბავი არ არის. თავის დროზე ამ თემაზე კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა. 1917 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მწერალი თანამოკალმეების დაქსაქსულობაზე სწუხს და ყველას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

„არა მარტო ევროპაში, ჩვენს სამშობლოშიც, საზოგადოების ყოველ ნაწილს, ხელოსნებსაც კი რაღაც ორგანიზაცია აერთიანებთ, რომელნიც ზრუნავენ იურიდიულად დაიცვან საკუთარი წევრების უფლებები და მხოლოდ ქართველი მწერალი და მისი უფლებებია ღვთის ანაბარად მიტოვებული, მისი ნაწარმოებები ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება... არავინ იცავს მწერალს უზურპაციისაგან და სახელმწიფო არ ზრუნავს ორიგინალური ნაწარმოების დაუკითხავად გადათარგმნა-გადაბეჭდვისაგან...“

„ავტორის უფლება ყველგან ხელშეუხებელია, ამ უფლების დარღვევისათვის ბრალდებული ისევე ისჯება, როგორც ყველა სხვა ქონების მიმტაცებელი, ჩვენში კი მწერლობა და მწერლის თავმოყვარეობა აბუჩადაა აგდებული...“

„ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ჟურნალების, ალმანახების, მწერალთა ანთოლოგიის გამოცემის სათავეში თვით მწერალნი დგანან და არა თანამგრძნობნი, ან ლიტერატურული სპეკულანტები...“

როცა ამ სიტყვებს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საუკუნის შემდეგ, ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა და მწერლისა თუ უზურპატორის ურთიერთობა ისეთივე მწვავე დარჩებოდა, როგორიც მის დროს იყო.

თუმცა საბჭოთა პერიოდში ქართველი მწერლის უფლებების დამცველ ორგანიზაციად „მწერალთა კავშირი“ ითვლებოდა, რომლის წევრობაც ისეთივე ნუმენკლატურული იყო, როგორც იმ ეპოქის სხვა დანარჩენი კავშირები თუ გაერთიანებები. დღედღეობით ყოველი ლიტერატორი საკუთარი შნოსა და გამტანიანობის იმედადაა დარჩენილი და „უზურპატორთან“ საბრძოლველად ბატონი კიხანესავით მარტოსული და უიმედოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ვინმემ სარჩელი შეიტანოს მისი ნაწარმოების უკანონოდ (კონტრაქტის, ან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე) გავრცელებასთან დაკავშირებით და პროცესი მოიგოს. მაგრამ სასამართლო პროცესს განა იმიტომ ვერ მოიგებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც კოწია იტყოდა, „მწერალი ვერა დგას სათანადო სიმაღლეზე“.

იმის შიშით, სხვამ არ დაგვასწროს და რომელიმე სოვდაგარ გამომცემელ-რედაქტორთან „დამეგობრებაში“ არ გადაგვეღობოსო, მწერლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებსასაც არ თაკილობენ და უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთის ნაშრომს თვალს ისე მოურიდებლად არიდებენ, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.

როგორც წესი, ასეთი სოვდაგრები დროებით დაძმობილებულ მწერლებს ერთჯერადი ცხვირსახოცებივით მოიხმარენ ხოლმე და მერე სანაგვეზე მოისვრიან, რადგან მათთვის ლიტერატურა მხოლოდ შემოსავლის წყარო და დაუკმაყოფილებელი, ვერშემდგარი მწერლობის სხვა პიროვნებაში რეალიზების ამბიციაა. ლიტერატურა კი თავად მწერლის ამბიციას ვერ უძლებს, არამც თუ ვინმე კალკულატორს მიმჯდარი მწერლად არშემდგარი ბუღალტრისა.

ასეთი სოვდაგარი გამომცემელ-რედაქტორები კი იმდენად ახერხებენ ლიტერატურულ წრეზე გაბატონებას, რამდენადაც ამის საშუალებას თავად მწერლები აძლევენ. აბა წარმოიდგინეთ, რომელი მწერალი გაუბედავს გამომცემელს ჰონორარზე დალაპარაკებას ან წიგნის ხარისხის დაწუნებას. ისინი ხომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნენი არიან, ვისაც უნდა ემადლიერებოდეს ყოველი ლიტერატურული „ონანისტი“, თავის მოწყალე თვალს სწორედ მას, ათასებიდან იმ ერთს რომ მიაპყრობს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, დაბეჭდავს კიდეც.

თუ გაგიმართლა და რომელიმე ყოვლისშემძლემ შენი წიგნი გამოსცა, პრეზენტაციაზე თავად უნდა იზრუნო, საავტორო ეგზემპლარები დაივიწყო, საკუთარი წიგნების გარკვეული ნაწილი იყიდო და მთელი ტირაჟიც რომ შეიძინო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ „ოცდაათ წიგნზე მეტი არ იყიდება.“

ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზემოთ ხსენებულ სოვდაგრებს წიგნის გაყიდვიდან მოგება საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი საკუთარი არაცნობიერი კომპლექსების დაპურებაა და სწორედ ამიტომ, ისეთ ნაწარმოებებს უნთებენ ხოლმე მწვანე შუქს, რომლის ფონზეც თვითონ, ან მათი რჩეული ავტორები მსოფლიო ნოვატორები ჩანან. ჩავატაროთ გამოკითხვა ათ ყველაზე ცნობილ გამომცემელობაში, რამდენს აქვს წაკითხული ის, რასაც გამოსცემს. სამზე მეტი თქვენი მოგება იყოს! ამ ყველაფერზე მე პირადად МАССОЛИТ-ი, იქაური მწერლები და თავმჯდომარე ლატუნსკი მახსენდება მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან.

საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი რომ უპასუხისმგებლოდაა შედგენილი, ახალი ამბავი არც ეს არის. უგემოვნო და უხარისხო დიზაინის ყდებზე აღარაფერს ვამბობ. რედაქტირებულ წიგნებს მგონი მხოლოდ ორი-სამი რედაქტორ-გამომცემელი უშვებს, ანუ მწერალი-მონის ფუნქცია დარედაქტირებასთან ერთად წიგნის დიზაინის შერჩევაცაა.

მწერალთა უმოქმედობა იქაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ შეუწევიათ ჯეროვნად. ერთმანეთის გვერდით ვერ დამდგარან, როცა ამას საჭიროება მოითხოვს და ამის გამო, მწერლის, ამ სოციალურად მნიშვნელოვანი ფიგურის დანიშნულება დღითი-დღე უფასურდება.

ქვეყანაში ძლიერი ლიტერატურული გაერთიანება რომ არსებობდეს, რომელიც თითოეული მწერლის, თითოეული ლიტერატორის უფლებებს იურიდიულად დაიცავს, ასე ადვილად „ხელწამოსაკრავი“ აღარ იქნებოდა ცალკეული მწერალი, სალონი თუ ლიტერატურული წრე. ის, რაც კავკასიურ სახლთან დაკავშირებით მოხდა, თითოეული ჩვენგანის სირცხვილია და „ამაღლებული ხმა“, რომელიც ოთხ კედელს ძლივს გასცდა, სხვა არაფერი იყო თუ არა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ლიტერატურული სივრცე რომ არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ყველამ იცის, მაგრამ რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხდება, სრული მარაზმია. გარკვეული ჯგუფები იკავებენ ნიშებს, სადაც შესვლა „უცხო ელემენტებს“ არ შეუძლიათ, ხოლო თუკი ასეთი მაინც გამოჩნდა, უმალ მათ დასვრას, ლანძღვას და განქიქებას იწყებენ. გათავისუფლდა ახალი სივრცე - „ქართული პენ კლუბი“, რომელსაც რეალური შანსი აქვს გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნურად შექმნილ ლიტერატურულ კლიმატზე და ისევ იგივე „დაჯგუფებები“, პირები და „სოვდაგრები“ ცდილობენ ეს სივრცეც შეავსონ და დაიკავონ. მწერლები კი კვლავაც სდუმან. პილატესავით ხელებს იბანენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „გასაკეთებელი ისეც გაკეთდება“, „მოსახდენი ისეც მოხდება“, „სივრცე ისეც შეივსება“.

ჩემი აზრით, მიუხედავად იდეური თუ იდეოლოგიური სხვაობებისა, ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის მწერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის მძლავრი იარაღი, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მისცა - სიტყვა, მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ და სადაც საჭიროა, იქ უნდა დადგნენ. ფსევდოპათეთიკური მოწოდებები, თუ როგორი უნდა იყოს პროზაიკოსი და პოეტი, ათი, თხუთმეტი და ოცდაშვიდი მცნებები მათთვის და ა.შ. მხოლოდ არაფრისმთქმელი, ლირიული გადახვევაა და სხვა არაფერი. თითოეულმა მწერალმა მხოლოდ ერთი მწვავე და სიმართლისმთქმელი წერილი მაინც რომ დაწეროს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ კონკურსების დაბალ დონესა და ცალკეული გამომცემლობების ჰეგემონიაზე, შეცვლით თუ არაფერი შეიცვლება, მკითხველისა და საკუთარ თავის წინაშე მაინც იქნება მართალი.


study

წყარო – http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=202
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Sat Sep 03, 2011 11:35 am



სათაური: ადამიანის ქალაქი
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი
კატეგორია: ქართული პროზა
გამომცემლობა: დიოგენე
გარეკანზე: გიორგი ახუაშვილის ნახატი
ISBN 978-9941-11-216-4
გვერდები: 268
ფასი: 6.9 GEL
წელი: 2010
ყდის ტიპი: რბილი ყდა

ანოტაცია

”ადამიანის ქალაქი” გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც 2010 წელს გამოიცა და მწერლის მიერ ბოლო წლებში დაწერილ შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე მოთხრობას შეიძლება მცირე რომანიც ეწოდოს.

კრებული სტილის თვალსაზრისით და თემატურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა წიგნში თავმოყრილია ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილ ტექსტები, თანამედროვე თბილისური ყოფის ამსახველი სახალისო ისტორიები, სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნის გმირები: წმინდანები, ავაზაკები, შეშლილები, გლეხები, ლოთები, თბილისელი კრიმინალები იმ რთული, თუმცა სახალისო თამაშის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის წესებსაც მწერალი მოთხრობიდან მოთხრობამდე ცვლის და რომლის მეშვეობითაც მკითხველის გაუნელებელ ინტერესს ინარჩუნებს.

ბმული – http://www.diogene.ge/ka/books/book/170

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Sun Jul 08, 2012 11:18 am



სათაური - "მოდელი 18/12"
ავტორი - გურამ მეგრელიშვილი
კატეგორია - ქართული პროზა
ISBN 978-9941-11-274-4
გვერდები - 220
ყდის ტიპი - რბილი ყდა
გამომცემლობა - "დიოგენე"
რედაქტორი - ანა ჭაბაშვილი
დიზაინერი - ბესო დანელია
წელი: 2011

ანოტაცია

თანამედროვე ქართული პროზის მკითხველთათვის გურამ მეგრელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. მის პროზას მკითხველის ინტერესთან ერთად არც ლიტერატურული კონკურსების ჟიურის ყურადღება აკლია. გურამ მეგრელიშვილი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის ნომინანტი თუ გამარჯვებული. ახალ რომანში ”მოდელი 18/12” მწერალი მისთვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტიკურ ისტორიას.

ბმული - http://www.diogene.ge/ka/books/book/232
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Sat Nov 01, 2014 11:30 am

გურამ მეგრელიშვილი

ბუდე

(სინოფსისი კინოსცენარისთვის)

მაკა პრესკონფერენციაზეა, როდესაც მობილურზე ურეკავენ. ახსენდება, რომ სკოლაში, დიტოს მშობელთა კრებაზე იყო მისასვლელი. ტელეფონს ჯიბეში იდებს და კითხვებს გაღიზიანებული პასუხობს.
როდესაც შენობიდან გამოდის, შვილს ურეკავს. დიტო სკოლის ეზოში ზის. მაკა დეტალურად გამოკითხავს რა მოხდა, დიტომ არ იცის, რადგან კრებას ბავშვები არ დაასწრეს. „მალე მოხვალ?“ ეკითხება დედას. მაკამ არ იცის.
სახლში გვიან ბრუნდება. დიტო კომპიუტერთან ზის და თავის გმირით თამაშობს. მაკა თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ბავშვის თანდასწრებით მისცა პირობა მასწავლებელს, რომ კრებას ამჯერად მაინც დაესწრებოდა. დანაშაულის გამოსყიდვას შეიძლება ითქვას უადგილო კითხვებით ცდილობს. „როგორ ჩაიარა დღემ?“, „საჭმლისთვის ფული გყოფნის?“, „კინოში როდის წავიდეთ?“ დიტო მშვიდად პასუხობს. ბავშვი ხვდება, რომ დედა ასე ელაპარაკება მაშინ, როცა თავს დამნაშავედ გრძნობს.
მაკა რამდენიმე სტანდარტულ კითხვას სვამს და თავს ანებებს შვილს. სტუმრად მისი მეგობრები მოდიან, ლელკა, ნუცა და პეტა. ლელკა რამდენიმე თვეა აქტიურად დადის ეკლესიაში წირვა-ლოცვებზე და სამეგობროში ამ თემის პოპულარიზაციას ცდილობს, თუმცა ჩანს, რომ მისი „ღვაწლი“ ძალიან რადიკალურია. შეფასებებშიც, ის ყოველთვის რადიკალურ პოზიციას იჭერს. ნუცა პირიქით, ძალიან ლიბერალურს აწვება.
მეგობრები მსჯელობენ სოციალურად დაუცველი ადამიანების ბედზე. მაკა არასამთავრობო სექტორშია და სწორედ ამ თემებზე მუშაობს, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არასათანადოდ იცავს სოციალურად დაუცველებს, ნუცა მის მხარესა, პეტას მიაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც სახელმწიფო სექსუალურ უმცირესობებს არ იცავს, არაფერი უკვირს, ლელკა იმ აზრზეა, რომ ყველაფერი „ღვთის ნებით“ ხდება.
მაკა მეგობრებს უმხელს, რომ სამსახურში დააწინაურეს და ამასთან ერთად, მეგობარმა ბიჭმა, ანტონმა მას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა, მალე ისინი ერთად იცხოვრებენ და ახლა სწორედ ამის აღსანიშნავად შეხვდა მეგობრებს. ყველა გახარებულია. მაკას ცხოვრებაში ეს იშვიათი გამონათებაა.
ადამიანები, ვისთანაც მაკა მუშაობს, სახელმწიფოსგან გამოყოფილ გაურემონტებელ შენობაში ცხოვრობენ, სადაც პირობები ძალიან ცუდია. ამ დასახლებას ქალაქში „ბუდეს“ ეძახიან და მართლაც, სიტუაცია ამ უბანში ძალიან მძიმეა. ახალგაზრდები მთელ დღეს ეზოში დგომაში, კალათბურთის თამაშსა და ნარკოტიკების მოხმარებაში ატარებენ. „ბუდეში“ ცხოვრობს ბესკა. ბესკა რთული ბავშვია. დედა უცხოეთში მუშაობს მომვლელად და ბესკას ლოთი მამა და ბებია ზრდიან. მამა ხშირად სცემს შვილს და ეს უკანასკნელიც ჩაკეტილი და აგრესიული იზრდება. მაკა ცდილობს ერთგვარი მზრუნველობა გამოიჩინოს ბავშვის მიმართ, ხშირად ეპატიჟება სახლში და მისთვისაც ყიდულობს საჩუქრებს. თან, ვინაიდან დიტო ძირითადად მარტო ატარებს დროს, მაკას ურჩევნია შვილი სახლში მარტო არ რჩებოდეს.
დიტო ცოტა არ იყოს ეჭვიანობს ბესკაზე, რადგან დედის ისედაც არასრულყოფილი ყურადღება და დრო მის მეგობარზეც.
დიტო ანტონზეც ეჭვიანობს (ერთხელ დედის საძინებელში დაუკითხავად შესულმა ბავშვმა დედას და მის მეგობარ ბიჭს ლოგინში მიუსწრო), მაკა თვლის, რომ შვილსა და ანტონს შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში დალაგდება, დიტო კი სულ უფრო ჩაკეტილი ბავშვი ხდება. საკუთარი მძიმე ხასიათის და განცდების გამო, ის არა მხოლოდ კლასელებს, მასწავლებლებსაც არ მოსდით თვალში. როდესაც დიტოს კლასელები საკლასო ჟურნალს მოიპარავენ და დაწვავენ, ჩადენილს კი დიტოს დააბრალებენ, ეს უკანასკნელი თავის მართლებასაც არ აპირებს, თავდახრილი ისმენს ბრალდებას და მასწავლებლების მხრიდან ლანძღვას.
მაკას ამჯერად უკვე შვილის გარიცხვის მუქარით სკოლაში დაიბარებენ. გოგო (მართალია უიმედოდ, მაგრამ მაინც) დიტოს მამას დაურეკავს და საერთო შვილთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს. მაკას ყოფილ ქმარს მეორე ოჯახი ჰყავს. ისინი მეშვიდე წელია რაც დაშორებულები არიან. მაკას უკვირს კიდეც რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ამ, რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის, სოციალური ფენის და შეხედულებების ადამიანებს. დიტოს მამას, როგორც ყოველთვის შვილისთვის არ სცალია, ამიტომ მაკა იძულებულია დიტოს პრობლემები მარტომ მოაგვაროს. პრობლემის მოგვარება კი იმაში მდგომარეობს, რომ იძულებულია შვილს ინტერნეტი გამოურთოს და ამით თითქოს და აიძულოს „კარგად მოიქცეს“.
დიტო კომპიუტერულ თამაშებდამოკიდებული ბავშვია. მისთვის ტრაგედიაა ეს აკრძალვა, დედასთან „აღიარებს“ დანაშაულს და პირობას დებს, რომ აღარასოდეს გაიმეორებს მსგავს რამეს. დედა შვილს ინტერნეტს უბრუნებს, დიტო კი დათრგუნული საკუთარი ტყუილით და კლასელების მხრიდან დაცინვით, იძულებული ხდება დაუჯეროს თანაკლასელ თათიას, რომლის მამაც ეკლესიის მოძღვარია და გადაწყვიტოს ეკლესიას მიაკითხოს.
მაკა აქტიურადაა ჩართული ბესკას ოჯახის რესოციალიზაციაში. ამავე დროს, ის უამრავ დროს ატარებს სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებთანაც. ერთ-ერთი ოჯახი, ვისთანაც ის განსაკუთრებით დაახლოვდა თამარა და მისი ცხრამეტი წლის შვილი, კოტიკო არიან. კოტიკოს მოსწონს მაკა. მაკა გრძნობს ამ მოწონებას, მაგრამ თვლის, რომ ეს უბრალო ბავშვური გატაცებაა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან მუდამ ამტკიცებდა, რომ დაუშვებელია მსგავს გაჭირვებულ ოჯახებთან დისკრიმინაციული დამოკიდებულება, როგორიც საზოგადოებაშია გამეფებული, თითქოს ისინი სხვა ფენის, შესაბამისად სხვა კასტის წევრები იყვნენ, მაკა გულის სიღრმეში თავადაც ვერ უშვებს იმას, რომ კოტიკო თუნდაც ფიქრებში შეძლებს იმაზე შორს წასვლას, ვიდრე ეს საუბარია.
დიტო გაესაუბრება თანაკლასელის მამას, მღვდელ თეიმურაზს. ბავშვური გულუბრყვილობით და აღელვებული, ის გამოუტყდება მოძღვარს, რომ ეშინია თანაკლასელების, რომ დედა ცოტას ელაპარაკება, რომ მასწავლებელმა მას მოპარვა დააბრალა. მღვდელი სათანადოდ ვერ შეაფასებს ბავშვის სულიერ მღელვარებას, უგულისყურობით თუ გამოუცდელობით გამოეპარება დიტოს განცდბი და სტანდარტულ რჩევა დარიგებს მისცემს. რაც ბავშვისთვის უარესად ჩაკეტვის საბაბი ხდება.
ანტონი უცხოეთშია. ის წლებია რაც საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, ახლა კი მაკას ეუბნება, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნდეს, თუკი მაკა არ გადაწყვეტს მასთან ერთად ევროპაში საცხოვრებლად გადასვლას. მაკასთვის სტიმულია ანტონთან ურთიერთობა, კაცმა მას ცხოვრებისეული ხალისი დაუბრუნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ აპირებს შუა გზაში მიატოვოს ოჯახები, რომლებიც მისგან დახმარებას ასე ელიან. ერთადერთი რაც მას განსაკუთრებით აწუხებს შვილია. დიტო მთლიანად ჩაიკეტა, ლამის მთელ დროს კომპიუტერთან ატარებს და მეტიც, ერთხელ, სახლში დაბრუნებული მაკა აღმოაჩენს, რომ შვილმა, კომპიუტერს რომ არ მოწყვეტილიყო, ადგილზე ჩაისვარა და ასე იჯდა კარგა ხანი.
ამასთან ერთად, მისი ოქროულობიდან მოზრდილი ჯაჭვი დაიკარგა. მაკას ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ეს ჯაჭვი ბესკამ აიღო. უჭირს ამის დაჯერება, მაგრამ მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ, იმ აზრამდე მიდის, რომ უმჯობესია გაარკვიოს ყველაფერი, რადგან თუ ბავშვი ახლავე არ დააყენეს სწორ გზაზე, ის შეიძლება ხვალ დამნაშავედ ჩამოყალიბდეს. მსჯელობით ყველანი იმ დასკვნამდე მიდიან, რომ უმჯობესია ბავშვს მისი მშობლის თანდასწრებით დაელაპარაკოს მაკა.
მაკას მნიშვნელოვან პროექტს დაუმტკიცებენ და ახლა უკვე მას შეუძლია რამდენიმე ოჯახს უკეთესი დახმარება გაუწიოს, მათ შორის კოტიკოს, რომლის უცხოეთში სასწავლებლად გაშვებასაც ის ასე ცდილობდა ამდენი ხანი.
გახარებული მაკა „ბუდეში“ მიდის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სიახლე აცნობოს. მას კი ბიჭები კოტიკოს მეთაურობით დაიჭერენ და გააუპატიურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეები ნიღბებით იყვნენ, მაკამ კოტიკო იცნო. მისთვის ორმაგად მძიმეა ამის გაცნობიერება - ადამიანებმა, ვისზე ზრუნვაც ლამის ცხოვრებისეულ მიზნად დაისახა, სამაგიერო ასე გადაუხადეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, (მეგობრები ურჩევენ პოლიციას მიმართოს) ის არ აპირებს პოლიციაში განაცხადოს, რადგან არ სურს ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს.
ამასობაში ანტონი საქართველოში ბრუნდება. მაკას ვერ გადაუწყვეტია უთხრას მომხდარის შესახებ ანტონს თუ არა. მანამდე კი ბესკას საქმეც მოსაგვარებელია. ის მიდის ბესკას ოჯახში და საკუთარ ეჭვებს უზიარებს ბესკას მამას და ბებიას. ბესკას მამა შვილს დაუნდობლად სცემს და ბავშვი ზიზღით მიაფურთხებს ქალს და წამოაძახებს რომ კოტიკოს საყვარელია. კონფლიქტს კოტიკოს დედაც შეესწრება და ისიც დააყვედრებს გოგოს, რომ მათთან ის მხოლოდ იმიტომ დადის, რომ პატარა ბიჭებთან გაერთოს და რომ თუკი რაიმეთი ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ამაში შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს.
მაკა ძალიან დათრგუნულია. ის სახლში გარბის და ანტონს ქვეყნიდან წასვლაზე თანხმდება. ანტონი გახარებულია. კაცი პირდება, რომ დედა-შვილს ევროპაში არაფერი მოაკლდებათ. მაკა თვლის, რომ დროა შეყვარებულს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გაუმხილოს. ის-ისაა წამოიწყებს ამ თემაზე ლაპარაკს, რომ გვერდით ოთახიდან, სადაც დიტო თამაშობს, განწირული კივილი ისმის.
ანტონი და მაკა ბავშვს შეაკითხავენ და ხედავენ, რომ კომპიუტერის მაგიდა ამოყირავებულია, ბავშვი კი კუთხეში მიყუჟულა და კივის. დედა დაადგენს, რომ მის შვილს თანაკლასელმა ექაუნთი გაუტეხა და კომპიუტერული გმირი, პატარა კაცუნა მოპარა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა სამ წელზე მეტია უვლიდა და ზრდიდა.
ანტონი და მაკა ცდილობენ დაამშვიდონ ბავშვი, მაგრამ ეს უკანასკნელი ისტერიკაშია. ლელკა მღვდლის მოყვანას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვი „შეპყრობილია“. ეს განწყობა მეგობრებს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება.
დიტო სკოლაში აღარ დადის. მისი კლასელი მღვდლის შვილი, როგორც ჩანს მამას მეგობრის შესახებ კიდევ ერთხელ მოუყვება. მღვდელი მაკას სახლში მიდის, მაგრამ დიტო მასთან ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგია.
მაკა ცდილობს საღი აზრი არ დაკარგოს. შვილს ასე თუ ისე დაამშვიდებს და გამოკითხავს ვინ მოპარა კაცუნა. როდესაც ბავშვის ვინაობას დაადგენს (ეს ბესკაა) დაუკავშირდება მის ოჯახს და ცდილობს პრობლემა ცივილურად მოაგვაროს, მაგრამ ოჯახს სასაცილოდ არ ყოფნის ეს ამბავი. მამა ამჯერად ფხიზელია და აგრესია უკვე არა შვილზე, არამედ მაკაზე გადააქვს. მას მერე რაც გოგო გააუპატიურეს, მან კი ამის შესახებ არ გააცხადა, „ბუდეში“ მას ცუდი თვალით უყურებენ. მაკა გადაწყვეტს საბოლოოდ მაინც ბავშვთან მოაგვაროს საქმე, ბავშვი კი გამოსასყიდის სახით ფულს, 50 $ ითხოვს მისგან.
მაკას აღარ აქვს არც ნერვები და აღარც სურვილი მთელი კაცობრიობის აღზრდაზე იფიქროს. ის გადაუხდის ფულს ბესკას და კაცუნას შვილს დაუბრუნებს.
ანტონი აცხადებს, რომ ის მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში და იძულებულია ევროპაში დაბრუნდეს. მაკამ იცოდა, რომ ანტონმა სამსახურს თავი დაანება, მაგრამ, როგორც ჩანს ასე არაა. ეს ერთის მხრივ უკეთესიცაა, რადგან მაკამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საქართველოში აღარაფერი დარჩენია.
ანტონი ევროპაში მიდის. იქ მას ცოლ-შვილი ჰყავს. საქართველოში ჩასვლის მიზეზი ცოლთან შექმნილი უთანხმოება იყო, რომელიც როგორც იქნა მოგვარდა. ახლა ის მეუღლესთან და შვილთან ერთად ამერიკაში სამოგზაუროდ წასასვლელად ემზადება. მაკასთან ურთიერთობა მხოლოდ გართობა იყო, არავითარი ნიშნობის ბეჭედი არ ყოფილა, ბეჭედი გოგომ მოიგონა, რადგან ანტონის ნათქვამი „ჩემთან ერთად წამოდით ევროპაში“ წინადადებად ჩათვალა და ოცნებები თავად აუგო საკუთარ თავს.
მაკა ტესტს იკეთებს ორსულობაზე და პასუხი დადებითია. გოგო ურეკავს ანტონს, რომ მომხდარზე ბოლოს და ბოლოს მოუყვეს. ყურმილს ანტონის ცოლი იღებს და ის ამბობს, რომ ანტონის ცოლია. მაკა დაბნეულია. საყვარელმა კაცმაც მოატყუა. ან იქნებ თავად მოიტყუა თავი, რადგან ასე უკეთესი იყო?
მაკა პირველ ექოსკოპიას იკეთებს და ნაყოფის ფოტოს, რომლის მოშორებაზეც ის კარგა ხანი ჭოჭმანობს, ბიჟუტერიის ყუთში ინახავს, სადაც დაკარგულ ოქროს ჯაჭვსაც პოულობს. როგორც ჩანს, ბესკას ჯაჭვი არ მოუპარავს და მას ქურდობა ტყუილად დააბრალეს.
მაკასთვის ძალიან რთულია გადადგას ეს ნაბიჯი, მაგრამ ის სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახლებაში „ბუდეში“ ბრუნდება, უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლით. მას აღარ აინტერესებს დასცინებენ თუ გალანძღავენ. ის აპირებს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ ამჯერად მას სხვა საქმეც აქვს - გადაწყვეტილი აქვს ბესკას ბოდიში მოუხადოს.
ბესკა რთულად, მაგრამ მაინც მოუსმენს მაკას და თავადაც გამოუტყდება, რომ კაცუნა, რომელშიც გამოსასყიდი მოთხოვა, სინამდვილეში დიტომ თავად მისცა.
მაკას უკვე აღარაფერი უკვირს, შვილისგანაც კი. გოგო დეკემბრის ქუჩაში მიდის და ჯიბეში ექოსკოპიის სურათი უდევს.

(დასასრული).


2014 წლის 28 ოქტომბერი, 22:02

ბმული:
* https://www.facebook.com/notes/გურამ-მეგრელიშვილიguram-megrelishvili/ბუდე-სინოფსისი-კინოსცენარისთვის/788375661220828
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გურამ მეგრელიშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
გურამ მეგრელიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: