არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 უჩა ზაქაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: უჩა ზაქაშვილი   Thu Dec 30, 2010 2:41 pm


Ucha Zaqashvili

უჩა ზაქაშვილი

დაიბადა ქალაქ თბილისში, 1983 წლის 2 ივნისს.
2000-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2005 წლიდან დღემდე მუშაობს ქალქ თბილისის მერიაში.
2007 წლიდან იბეჭდება ჟურნალებში: "ლიტერატურული პალიტრა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული გაზეთი".

წიგნები:
* "ხელით ნაქსოვი თოჯინები", გამომცემლობა "საუნჯე", 2011 წ. - ISBN 978-9941-9186-3-6

პრემიები:
* ლიტერარტურული კონკურსის "ხერთვისის" ლაურეატი მოთხრობისათვის "კალოთანა" - 2007
* მეორე ადგილი გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში მოთხრობისათვის "ხელით ნაქსოვი თოჯინები" - 2010
* მეორე ადგილი ლიტერატურულ კონკურსზე "შემოდგომის ლეგენდა" მოთხრობისათვის "გროზნო უშაქროდ" - 2010
* პენ-მარათონის 2010 წლის ფინალისტი.

Arrow




აბიანური
(მოთხრობა)


“მათ უკუე ჟამთა იწყეს მთიულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასმე ეშმაკსა თაყუანისცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. Aმათ იწყეს რბევად და ხოცად და ტყუეობად, ცხადად და ღამით”
ქართლის ცხოვრება, ტ.2. გვ. 111-112
1959წ.



უშიშა ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობდა. ხეობის საძოვრები ქირით ჰქონდა გაცემული ბარიდან ამოსულ მწყემსებზე. თვითონ არასდროს უმუშავია. დრო ლოთობაში გაჰყავდა. არავინ ემეგობრებოდა ფიცხი ხასიათის გამო, ხატის ტყეებში ნადირობისთვის კი სამუდამოდ გადაიმტერა მეზობლები. “ჩვენი მამა-პაპანი ხეს არა სჭრიდნენ ხატის შიშითა, შენ კიდევა სისხლსა ჰღვრიო” – საყვედურობდნენ. “ტყეც, მინდორიც და მთებიც ჩემი სახლია და ვერცრას დამიშლითო, სუყველას დავხოცავ, ვინაც ჩემთვინ თმის ღერის ჩამოგდებას დააპირებსო” – იღრინებოდა თვალებჩასისხლიანებული. ყველამ იცოდა, ეშმაკისგან იყო დაწყევლილი უშიშაც და მთელი მისი საგვარეულოც, მასთან მტრობა არაფერს არგებდათ, დედაბუდიანად აიყარნენ. ის კი სულ მარტო დარჩა. არც მშობლები ჰყავდა, არც ძმები. მწყემსების გარდა ხმის გამცემიც აღარ დარჩა. მათგან შეიტყო ქალშავას გათხოვების ამბავი. იმ ღამესვე გააჯირითა ცხენი დაბისკენ.Aხელიც არ აჰკანკალებია, როცა განთიადზე ძილს მიცემულ ოჯახის საცხოვრისს ცეცხლის ენებმა გადაუარა. არც მერე უნანია, როცა შეიტყო უბედური შემთხვევის შესახებ, რომელმაც ახლადშეუღლებული წყვილი იმსხვერპლა. “წამგვარა ბეჩავმა დიაცი და ეხლივ იწვნენ ფერფლაში ერთადა” – ბუტბუტებდა მარტოობისგან გამოყრუებული.
ერთხელ გარდაცვლილი დეიდის სოფელში გამგზავრება გადაწყვიტა, სადაც მხოლოდ მისი დეიდაშვილის ცოლი ცხოვრობდა. ადრეც უფიქრია მასზე, თუმცა ქმარს ხელიდან ვერ გამოსტაცებდა. ახლა, როცა ჯარჯი საზღვარგარეთ გადახვეწილიყო და ცოლი უპატრონოდ დაეგდო ბევრად იოლდებოდა საქმე. მინანის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მორჩილად გამოჰყვა. ნათესავისთვის ცოლის წაგვრა ვაჟკაცისთვის საქებარი ვერ გახდებოდა, მაგრამ მის უიმედო და უბედურ სიცოცხლეში მინანის პოვნა ერთგვარი ბედნიერება იყო. მარტოობისგან გაბეზრებული ქალიც არ გრძნობდა დანაშაულს. ასე დასახლდნენ უშიშას სოფელში და დაიწყეს ახალი ცხოვრება. კაცს საძოვრები ძველებურად ქირით ჰქონდა გაცემული, რამდენიმე ცხვარ-ძროხას მინანიც შეუნახავდა. A თოფზე ჩამოყრდნობილი ხშირად უყურებდა ეზოში მოფუსფუსე ცოლს ღიმილით, ძალიან მშრომელი ქალი გამოადგა, სახლი სახლს დაამგვანა, ბოსტანი მოაშენა და სხვაც რომ არაფერი, შვილები გაუჩინა. ამაზე მეტს ვერასდროს ინატრებდა. ერთადერთი საწუხარი ის ჰქონდა, რომ მინანი მესამე ბავშვზე ორსულად დარჩა. რაც უფრო ახლოვდებოდა მშობიარობის დრო, კაცი მით უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა...
მათე და საბა ბილიკზე შეეჩეხნენ უშიშას. იმ დღესაც დარდისგან გახელებული ტყე-ტყე დაძრწოდა, წვერგაბურძგნული, იარებით დაღარული სახით, ნამდვილი ომგამოვლილის იერით დამთრგუნველად მოქმედებდა მნახველზე. მასპინძლის სახლი მთის კალთაზე იდგა, არც ღობე ჰქონდა, არც კარიბჭე, მაგრამ ციხესიმაგრეს მოგაგონებდა ფორმებით, მიუდგომელი ადგილმდებარეობით. ეზოში ორსული მინანი შემოეგებათ, ორიოდე წლის ბავშვი ხელში აეტატებინა. ქალის შავგვრემანი სახე ვერ ფარავდა სილურჯეებს. აწყლიანებული თვალებით შესციცინებდა ქმარს, თითქოს სურდა ხმისამოუღებლად, მხოლოდ მოძრაობებით ან გამოხედვით გამოეცნო მისი ნება. მუცლის ზომის მიხედვით ბოლო თვეში იქნებოდა. ბიჭებს უკვირდათ, ამ სიმძიმე ბავშვს ხელით როგორ დაათრევდა.
- გაუშოდე, ქალო, ვაჟკაცმა თავის ფეხით უნდა იაროს – შეუღრინა ცოლს კაცმა, როცა ეზო გადაჭრეს და სახლთან შეჩერდნენ.
ბავშვი შეაკრთო მამის ტონმა და ტიტველი ფეხები აასავსავა. მინანიმ მორჩილად დაუშვა ნოტიო მიწაზე, თვითონ კი იქვე მდგარ სამზარეულოში გაუჩინარდა.
- ეს ჩემი ბიჭია – წიქა, – გაიცანით! – ავტომატის სროლა იცის უკვე, მააშ! -ამაყად მოუბრუნდა სტუმრებს.
ეზოში ათასნაირი ნივთი მიმოფანტულიყო: კუნძები, დაპობილი შეშა, ცხენის საბმელი თოკები, ნალები, უვარგისი უნაგირი, ცულის პირი, ფეხმოტეხილი სკამი, ძირგავარდნილი სათლი... თვალებამოჩიჩქნილ თოჯინასა და კარაბინის დაჟანგულ ლულასაც კი ნახავდი. ტახტზე ისხდნენ. მთელი ხეობა ეშლებოდათ თვალწინ. სიგარეტს აბოლებდნენ. წიქა ნაჩუქარ ბუშტებს ბერავდა, კამფეტებით დატენილ ჯიბეებზე დროდადრო ხელებს იწყობდა, რომ არ ამოსცვენოდა. ბედნიერი ჩანდა აღმოჩენით – თუ გაბერილ ბუშტს ხელს გაუშვებდი – გაფრინდებოდა. მალე ახლად გამოღვიძებული დაც შეუერთდა და რომ არა უშიშას მრისხანე მზერა, დოვლათის გაყოფაზე დიდი აურზაური ატყდებოდა. Dდაფეთებულმა ბავშვებმა საქმის ჩუმად მოგვარება გადაწყვიტეს და იქაურობას გაეცალნენ.
- ამ გზით დევთდედაის ჭალაისკენ წამსვლოლი მე არვინ მინახავს და არც უთურგაის ხევზე გადადიან ხოლმე ესრე, ძნელია და ალბათ ამიტომაცა – პირქუშის ხატის გადასასვლელით უფრო ადვილია მანდ ჩასვლა - ჩახრინწული ბარიტონით დაიწყო მასპინძელმა – ოც წელზე მეტივ იქნების აქ ვცხოვრობ, არც გამიგია, ვინმე თეთრი ჯიხვის მხრიდან გადასულიყოს... უშიშას ემჩნეოდა, მარშუტზე მეტად მათი მგზავრობის მიზეზი აინტერესებდა - არა, მე კი გამიხარდა, ნეტარ, ყველამ ამ გზით იაროს, აღარც მენ მოვიწყენდი მარტოაი – ნაღვლიანად თქვა და თვალი ჭალას მოავლო.
- რატო მარტო, აგე ორი შვილი გყავს, მესამეც მალე გეყოლებათ ალბათ – ღიმილით წამოიწყო მათემ.
- მალივ ველოდებით. – დაემოწმა.
- ბიჭი გინდა ხო? იმდენად დარწმუნებული იყო პასუხში, რომ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა საბამ, ვიდრე იკითხა.
უშიშა შეცბა, მოულოდნელად თავი ჩახარა, მიწას ჩააშტერდა, მერე შეეცადა ბუნებრივი ხმით შეეცვალა საუბრის თემა:
- დილას 6-ზე უნდა გავიდეთ აქედანა, მე ტბებამდე ამოგეშველებით ცხენებითა, უნდა გადაასწროთ თეთრ ჯიხვზედ, მინამ ბალახი დასველდებოდეს – სიტყვა დასრულებულიც არ ჰქონდა, წამოდგა და სახლისკენ წავიდა...

ცივი ღამისთვის თადარიგი დროულად უნდა დაეჭირათ. მინანი ვახშამს ამზადებდა. მათე ოთახიდან დაბრუნებულ მასპინძელთან ერთად შეშას აპობდა, თან გაცხარებული კამათობდა ნადირობის წესებზე, მისი აზრით, ცხოველის გასართობად მოკვლა არ იყო საქებარი, უშიშა კი ზუსტადაც, გულის გადასაყოლებელის მეტს ვერაფერს ხედავდა ნადირობაში. მათეც და მთიელიც საუბრისას მცირე პაუზას აკეთებდნენ, მზერას ერთ რომელიმე წერტილს აშტერებდნენ, წამიერად დუმდებოდნენ, მერე კი ძველებური შემართებით აგრძლებდნენ. ისინი ამ დროს ძალიან ჰგავდენ ერთმანეთს. ბალახზე წამოწოლილი საბა უყურებდა მათY გარჯას და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. სად შავგვრემანი, სახენაიარევი, დაკუნთული, ხელებდაკოჟრილი უშიშა და სად სუსტი, ოდნავ წელში მოხრილი, ლურჯბერეტიანი მათე. თუმცა, საინტერესო მსგავსება ისეთი თვალსაჩინო იყო, მის ფოტოხედვას არ გამორჩებოდა. მოგვიანებით დასხდნენ სავახშმოდ. შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, როცა Uუშიშამ ტახტზე მიიძინა. ბიჭები მათთვის გაწყობილ საწოლ ოთახში ავიდნენ. განთიადზე სიცივემ გამოაღვიძათ. გვერდი-გვერდ იწვნენ. მატყლის საბანში მოკუნტულები ჩურჩულებდნენ:
- საბ, ბრახა-ბრუხი მესმოდა წუხელ...და ქალის ტირილი
- მეც... - ლოგინიდან წამომჯდარი საბა მეგობარს თვალებში ჩააცქერდა.
- ანუ..
- შეიძლება სიზმარში ვარ-მეთქი, თავს ვაჯერებდი და თუ შენც გესმოდა, უკვე აღარ ვიცი...
- უცნაურია, მეც იგივეს ვფიქრობდი.
ლაპარაკი მასპინძლის ხრინწიანმა ხმამ შეაწყვეტინათ.
- ჩქარე ბიჭებო ჩქარე – უძახდა კარის გარედან.
სწრაფადვე წამოდგნენ. ჩაცმა დაიწყეს. ალბათ აღარც გაახსენდებოდათ დაწყებული საუბარი, მოგვიანებით ეჭვი კიდევ უფრო რომ არ გამძაფრებოდათ. ბარგასხმულებთან დასამშვიდობებლად მინანი არ გამოსულა. უშიშა ხმას არ იღებდა, ცხენებს კაზმავდა, ჩანთებს ამაგრებდა უნაგირებზე. როცა ფერდას აუყვნენ, მხოლოდ წამით მოჰკრეს თვალი სამზარეულოს ფანჯარაში ჩამომდგარი ქალის ჩაშავებულ სახეს, თუმცა თავს ვერცერთი დადებდა, მოეჩვენათ თუ მართლა დაინახეს. ბურუსიანი დილა იდგა, რაც ხილვადობას ართულებდა. უშიშა ცხენებს მიერეკებოდა, შეპირებისამებრ, თეთრი ჯიხვის გადასასვლელამდე უნდა აეცილებინა...


***

ფერდობზე ფიქალით ნაშენი სახლის გარშემო ფუსფუსი მიწყნარდა. თავი ყველას ხის მორებით აგებულ სამზარეულოში მოეყარა. ქეიფი იწყებოდა. აქ ყოველი სადილობა ღრეობამდე მიჰყავდათ მასპინძლებს. Gგვიან ღამემდე არ იშლებოდნენ. Aადგილობრივები ქალაქელ გოგოებს თავს აწონებდნენ ლექსებით, სიმღერით. სამზარეულოდან კისკისი, გიტარის ჰანგები და ჭიქების Qჭახაჭუხი ისმოდა. მხოლოდ ორნი იდგნენ გარეთ, კარავთან. მათე ზურგჩანთაში ნივთებს აწყობდა. სპირტქურა, ჩაი, თოკი, ფარანი – ჩურჩულებდა თავისთვის, ცდილობდა არაფერი დავიწყებოდა.
- დღეს რამდენი დალიეს? – საქმიანად იკითხა, როცა ჩანთას პირი მოუკრა.
- ის, გოგოების მოტანილი ბოლო ლიტრი გამოწაფეს უკვე, მეტი არ ვიცი – უპასუხა საბამ.
- ეს ჩვენი ლიტრიც დაუმატე მაგას. – ღიმილით თქვა და ხელში ბოთლი შეაჩეჩა.
- მთელ ღამეს მოგვაგებინებს, ეს ისეთი ცოფია. – ღიმილითვე უპასუხა.
- მიდი, შეუტანე, ხეობას უნდა ავუყვეთ ბოლომდე, მთვარის შუქით განათებული ციხის უკანა კედლის გადაღება მინდაო - უთხარი.
- კარგი, - დაეთანხმა საბა. მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო - კესო მაშინებს, შენი გულისთვის არ აიტეხოს წამოსვლა.
- მაგას ჩემთან არაფერი საქმე აღარა აქვს, გაიგე? აქაც რა ჯანდაბად შევხვდი, რავი, როგორ დაემთხვა ჩვენი მარშუტები ასე! – დაბნეული ლაპარაკობდა მათე.
- ნუ მაცინებ, რაც აქ ვართ, ვაკვირდები ყველაფერს, ნუ, თვალებშიც ხო გამჩნევთ, არა?
- დროს ვკარგავთ საბ... - თავჩახრილმა შეაწყვეტინა.
სამზარეულოს სარკმლებიდან მბჟუტავი სინათლე აღწევდა, რომლის ფონზეც აქა იქ ადამიანების სილუეტებიც კრთებოდა. მათე ბანაკს შლიდა. მეორე დღეს ისედაც უნდა დაეტოვებინათ ეს სოფელი და საქმეს წინ იგდებდა. საბა მალე დაბრუნდა კმაყოფილი სახით. როგორც ვარაუდობდნენ, მათი იდეა არავის მოეწონა და არც არავინ გამოჰყოლიათ უკან. ჯერ ძირითადი ბარგი მდინარესთან მდგარ პატარა ქოხში ჩაიტანეს, მერე კი კლდის ნაშალით დაფენილ ფერდობს ცერად აუყვნენ. მხოლოდ საგანგებოდ ამ ღამისთვის შერჩეული ნივთებით გატენილი ზურგჩანთა მიჰქონდათ. ქარაფების თავზე მოხეტიალე მთვარე ნელ-ნელა უახლოვდებოდა იმ წერტილს, საიდანაც კლდეების ჩრდილოეთ ნაწილს გაანათებდა, ეს კი ბიჭებს ცოცვაში შეუწყობდათ ხელს. ფოტოგადაღება მხოლოდ ადგილობრივების მოსატყუებლად მოიმიზეზა საბამ, რადგან ფარნების გამოყენება გაამჟღავნებდა მათ ჩანაფიქრს და შესაძლოა, შეემჩნიათ კიდეც სოფლიდან. ჩქარობდნენ, კლდეებს შორის დაკლაკნილი ხეობის გასწვრივ მიიწევდნენ. ციხეს გვერდი აუარეს და უფრო ზემოთ, არწივის კალოსკენ აიღეს გეზი. ციცაბო ფერდზე გამოზმილ ნაბიჯებს დგამდნენ, წერაყინებით ქვის ზღუდეზე მოსაჭიდებელ ადგილებს ეტმასნებოდნენ, ერთმანეთს ხელს აშველებდნენ და ასე ამცირებდნენ მანძილს მიზნამდე. მათეს, როდესაც ადგილობრივებისგან გაიგო ღმერთკაცი უთურგის სალოცავის შესახებ, მაშინვე, მისი მონახულების იდეა გაუჩნდა. Gგრძნობდა, ყველა დეტალს შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონოდა. ამიტომ, არ აქცევდა ყურადღებას სასტიკ გაფრთხილებას. მთიელთა რწმენით, ღმერთკაცის საცხოვრისში შესვლა თემის შეურაცხყოფა და უმძიმესი დანაშაული იყო, ამ წესის დამრღვევი საშინელი წყევლის მსხვერპლი გახდებოდა.
არწივის კალო კლდოვანი მთის წვერს ერქვა. უძველესი წარმართული სალოცავის ნაშთები სწორედ იქ უნდა მოეძებნათ. კლდეში ნაკვეთი უზარმაზარი ტახტრევანი დალანდეს. თითქოს საგანგებოდ მოესწორებინათ იქაურობა, ძნელად გაარჩევდი ბუნებრივი ლანდშაფტი ქმნიდა ოთახისებურ სივრცეს თუ საგანგებოდ იყო კლდე ასე გამოჭრილი. სიბნელეში მეტის გარჩევა გაუჭირდათ. პირდაპირ ტახტრევანზე გადაფინეს საძილე ტომრები და ზედ მოთავსდნენ. მთვარე ნათურასავით ეკიდა ცაზე. მის შუქზე ცხადად ჩანდა გარეშემორტყმული მთების კონტურები და მათ შორის არწივის კალო კუნძულივით ამოზიდულიყო, ყველაფერს ზემოდან უცქერდა. ცა ისე ახლოდან ჩანდა, რომ ღმერთკაცის სალოცავის ჭერი გეგონებოდა. ალბათ უთურგს თავადაც სჯეროდა საკუთარი დიდებულების და ამიტომ დასახლდა მთის ამ ნაწილში, ქვემოთ კი აუღებლი ციხე ააგო, ბუნებრივი კლდის ზღუდეებით შემორაგული და მტრისთვის მიუწვდომელი. სიო ქროდა. ბიჭები უხმოდ ისხდნენ, ჩაის სვამდნენ. დროის შეგრძნება დაჰკარგოდათ. უცნაურ სიმშვიდეში თვლემდნენ. გრძნობდნენ როგორ ირეოდა საზღვარი სიზმარსა და ცხადს შორის. გონს მაშინ მოეგენ, როცა მზის პირველი სხივი ქვის ტახტრევანს დაეცა. უსიტყვოდ წამოდგნენ. კლდეზე ჩაცოცება დაიწყეს, “გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ღმერთო...” ჩურჩულებდნენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი მგზავრობის დაწყებისას... აქაფებული მდინარე, თითქოს ახლაღა გამოეღვიძა, მთელი ძალით ასკდებოდა უზარმაზარ ლოდებს. ნაცრისფერი ბურუსის სიჩუმეს, აქა-იქ ქვაზე მოხვედრილი წერაყინის ხმა არღვევდა...
ჩამოიარეს კლდოვანი მთა და ვიწრო ბილიკს დაადგნენ. მდინარის პირას დატოვებულ ბარგამდე მიღწევის შემდეგ პირქუშის ხატისკენ უნდა აეღოთ გეზი. სწორედ იქით მდებარეობდა სოფელი, რომლის სანახავადაც დაიწყეს მოგზაურობა. მალე მათკენ მომავალი ორი სილუეტი დალანდეს. ბახა და კესო იყვნენ.
- სად ხართ, გეძებთ მთელი საათია! - წამოიყვირა გოგომ მათ დანახვაზე.
დუმილი შეაგებეს.
ბახა ნაბახუსევი ჩანდა. სახე აწითლებოდა. ფეხებს ძლივს მოათრევდა.
- Aაბა, ციხის უკანა ქარაფიდან გვინდა ფოტოების გადაღებაო? წამოიწყო ისევ კესომ – სულ შემოვიარეთ იქაურობა და მერე დაგინახეთ, რო ჩამოდიოდით.
- ახვედით ხო მაინცა? წაისისინა მთიელმა და მათე დაისაყელოვა.
საბა მოულოდნელობისგან დაიბნა, მაგრამ სანამ რამეს მოიფიქრებდა, მეგობარს უკვე ძირს ჰყავდა დაგდებული მომხდური და ხელებს უგრეხდა.
- არ შეგარჩენთ ამასა, ჩამოხოლთ სოფელსა და დაგხოცამთ! – ხრიალებდა მიწაზე გართხმული ბახა.
შეშინებული კესო გაუნძრევლად იდგა, ვერ გაერკვია, რა ექნა.
- საბ, თოკი მომეცი ... გასძახა.
საბამ თოკთან ერთად ცხვირსახოციც მოიტანა პირის ასაკრავად.
Gგაკოჭილი მასპინძელი ილანძღებოდა.
- სად წამიხოლთ, სად დამემალებით, თქვენივ ხელით გამოგოქთ განაჩენი, დაგხოცამთ! – მოგუდულად ისმოდა სიტყვები.
მათემ კესოს ხელი მძიმედ ჩაავლო და თითქმის ძალით წაიყვანა. გაფითრებულ გოგოს სახეზე ერთდროულად ეხატა გაოცება და შიში.
- დანარჩენები სად არიან? - მკაცრად იკითხა მათემ.
- არ ვიცი, დილის ოთხამდე სვამდნენ, მერე გავისეირნოთო, მითხრა ამან და გამოვყევი, ვიფიქრე, გნახავდით. – ტირილი წასკდა.
- ჯერ ექვსიც არაა, იმათ ეძინებათ ალბათ. - ჩაილაპარაკა საბამ.
- მოკლედ, კარგად მომისმინე, ბარგს ავიღებთ და უკან დავბრუნდებით თეთრი ჯიხვის უღელტეხილისკენ, გაიგე? შენ ხარ ამ ამბის შემსწრე და გკითხავენ იცოდე. ხოდა, უთხარი, პრობლემა არაა. – ამბობდა თან კესოს თვალს არ აშორებდა მათე.
- მერე რო დაგეწიონ? - ცრემლებს იწმენდდა.
- ვერ დაგვეწევიან. – უთხრა და აკოცა.
- ამათ არ იციან, რატო ვართ აქ ან საით ვაპირებდით წასვლას. ასე რომ, დაიჯერებენ. – დაამატა საბამ.
- მიდი, აბრუნდი ეხლა ბახასთან და შეხსენი თოკი, შენ არაფერს გიზამენ, ეტყვი, რომ დავიბენიო, ვერ მივხვდი ვერაფერსო, თავი მოისაწყლე რა, მოკლედ.
გოგო მორჩილად უქნევდა თავს მათეს, თან იცრემლებოდა. ბიჭებმა ქოხიდან ბარგი გამოზიდეს. სწრაფად დაადგნენ ბილიკს, რომელიც პირდაპირ ძილსმიცემულ სოფელზე გადიოდა. მზის სხივებს ხეობაშიც ჩამოეღწია. კლდის ნაშალით ნაშენ სახლებს აორთქლებული ნამი ოხშივარივით ასდიოდა.

- მე წეღანვე მომაფიქრდა გამოსავალი, იმიტომაც ვუთხარი, თეთრი ჯიხვისკენ წავალთ-მეთქი. – წამოიწყო მათემ, როცა სოფელი უკან მოიტოვეს.
- რა გამოსავალი?
- მდინარეს თუ გადავალთ და აი, იმ ქედს გადავივლით, ზუსტად იქ მოვხვდებით, რისთვისაც ვართ ჩამოსულები. მართალია, ბილიკი არ გადადის, მაგრამ ზუსტად ეგ გვაძლევს ხელს. მდევარი დაიბნევა.
- შეხედე, რა ციცაბო ფერდა აქვს! - ხელით მიანიშნა მეგობარს საბამ.
- ეს აქედან ჩანს ეგრე, თორემ გადაუსვლელი არ იქნება. ესე დიდ დროს მოვიგებთ, მთავარია დაღამებამდე გავძლოთ, მერე გვეძებონ, რამდენიც უნდათ, კვალსაც ვერ მოაგნებენ.
- რა ვიცი, კაცი ვცემეთ და უკან დავბრუნდით იმავე გზით, რითიც ამოვედით - ეჭვი რატომ უნდა შეიტანონ? – თავს იმშვიდებდა საბა და გასავლელ მარშუტს უკანასკნელად ათვალიერებდა.
გზიდან ბუჩქნარისკენ ჩაუხვიეს და ცოტა ხანში მდინარის ქვიან ნაპირზე გავიდნენ. ფონის პოვნა არ გასჭირვებიათ. Nნაპირს ტყიანი ზოლი გასდევდა. ჯერ ტყის სიღრმეში შევიდნენ, შემდეგ სვლის მიმართულება შეცვალეს და უკვე აღმა აუყვნენ ნაპირს. ხშირ-ხშირად ზვერავდნენ შარაგზას, სადაც მდევარს უნდა ჩაევლო. მალევე მოჰკრეს თვალი სოფლიდან გამოსულ ორ ცხენოსანს, რომლებსაც, ვარაუდისამებრ, გეზი თეთრი ჯიხვის გადასასვლელისკენ ეჭირათ.


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sun Jul 01, 2012 11:21 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Thu Dec 30, 2010 2:49 pm

აბიანური

(გაგრძელება)


***

...სამოცდაათწელს გადაცილებული იქნებოდა. ებოდიშებოდნენ შეწუხებისთვის. ქალი უემოციოდ მიუძღოდათ წინ, ტყის პირას მდგარი პატარა ქოხისკენ. სახლის განაპირას ნახევრად ჩამოქცეული კოშკი იდგა, მთვარის შუქი ფიქალს ვერცხლისფრად აელვარებდა და ნანგრევებს უჩვეულო ელფერს სძენდა. მოხუცს შორიდანვე შეემჩნია მათი ფარნების შუქი და მიმხვდარიყო, გზააბნეულები რომ იქნებოდნენ. “მანდ ბილიკი არსად გადის და სხო აბა ვინ იქნებოდაო” – ჩიფჩიფებდა საშველად გამოსული. ცალხელში თოფი ეკავა, მეორეში ჭრაქი. ბიჭებს მთელი სხეული უხურდათ, ფეხები ეწვოდათ... იცოდნენ, ბახა ადვილად ვერ მიხვდებოდა მათ ჩანაფიქრს, მაგრამ მაინც ნერვილობდნენ. ხის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ. დედაბრის მორთმეულ მაწონს გამხმარ პურს ატანდნენ, თან თვალებით სუსტად განათებულ ოთახს ზვერავდნენ. ირგვლივ სინესტის და სიძველის სუნი ტრიალებდა. ის იყო საბამ გაიფიქრა “როგორ ძლებს მარტო ეს ქალიო”, რომ მათემ დედაბერს მიმართა:
- მარტო ცხოვრობთ?
- მარტო არა, ქმართან ერთადა, ქალაქს გავუშვი წამლების ამოსატანადა – ამოილაპარაკა და ღუმელის ქვეშ შეშები შეაწყო - ადრივ სხო სოფელში ვცხოვრობდით, მაგრამ აქ კაი საძოვრებისთვინ გადმოველთ ათი წლის წინედა – გააგრძელა დინჯად.
- დევთდედას ჭალა რატომ ქვია ამ სოფელს? – იკითხა საბამ, როცა მოხუცი მათ შორიახლოს ჩამოჯდა და თავადაც მაწონს შეექცა.
- დაიღლებოდით თორო გიამობდით, არ მეზარების. Gგამიტყდა ძილიცა, ვეღარ მოვხუჭავ თოლსა,
- გვაინტერესებს, მოგვიყევით – თითქმის ერთხმად თქვეს.
- აეს კოშკაის ნანგრევები ციხურაიდან არის დარჩენილი. მანდ უწინ სოფელი ყოფილა და აბიანურების გვარი სახლობდა თურმე. ერთხალ სოფლისთავს, დევთდედას პერანგი უპოვნია, ისრეთი ძვირფასი ყოფილა, თოლი მოსჭრია. წყეულ ეშმაკსაც იქვე სძინებია. როცა გაუღვიძნია და სამოსი ვეღარ დაუნახავს, კივილი აუტეხია დამფრთხალსა. ისრეთი ხმით გაჰკიოდა, მთებიდან ზვავები წამოსულა, ადიდებული ღელე სათივეებში შევარდნილა, ნახევარი სოფელი ჩაურეცხავს ხევში ტიალსა. სოფლისთავს არ შაშინებია. ჩაუვლია ეშმაკისთვინ ყურებში ხელანი, ის კი ეხვეწებოდა: ,,დამიბრუნე პერანგი და რაც გინდოდეს, აგისრულებო.” ასე დაუმონავებია ალქაჯი უფროს აბინაურსა. პერანგი სკივრაში ჩაუკეტავს, დევთდედას კი კალოს მკაში, თიბვაში და სხვა საქმეებში იხმარიებდა თურმე. დიდი მოსავალიც აუღიათ იმ წელსა. აღარცსად კაცის კვლა ყოფილა, აღარცსად სხვა ცოდვიანობა. სუყველას გაეგო აბიანურების სოფლის ამბავი. სხო ხეობებიდან მოდიოდა ხალხი დაბეჩავებული ეშმაკის სანახავადა. იმ ხანად მეფე უთურგის წითელი ხარის ყმებთან ჰქონია ომები. ხარის თავის ნიღბებში დამალულ მეომრებს ხმლის გაქნევით ცეცხლის გაჩენა შასძლებიათ. უთურგის თანდაყოლილი აბჯარიც შემორღვევია ბრძოლაში, მაგრამ მარტოაი მაინც გამოჰქცეოდა მომხვდურებსა. შინ დაბრუნებულს გაუგია დევთდედას შეპყრობის ამბავი. პირდაპირ აბიანურებს მოსდგომოდა და როცა დევთდედას გაშობაზედ უარი უთქომს, ხმლით თავი გადაუჩეხავს სოფლისთავისთვინა. პერანგი ეშმაკისთვის დაუბრუნებია, თავად კი უფროსი აბიანურის საშველად გამოსული სოფლელების ჟლეტვა დაუწყია. Aარც ქალები და ბავშვები შაუნანებია, ბოლოს ყველაი დაუწვია. ყოლიფერი წყვდიადით დაფარულა. მარტო ეს კოშკაი გადარჩენილა განადგურებასა, რადგან აქა დევთდედას და უთურგს უთევიათ ღამე.
- უთურგი რატო მიეხმარა დევთდედას?
- მეფე ნაწლიანი ყოფილიყო, დაბადებისას მარჯვენაი გასისხლული ჰქონია - ნიშანი კაცისმკვლელისა, ტანაზე აბჯარი დაჰყოლია, უკვდავობის მანიშლებლადაო. ამბობდნენ დევთდედა, ყველა ეშმაკის დედაი, მისი მშობელიც იყოო – დედაბერი წამით გაჩუმდა, მაწვნის ქილა მაგიდაზე გადადო და თხრობა განაგრძო - ციხურაში ღამისთევის მემრე, ისევ ის აბჯარი სცმია მეფესა და კოშკაის წინ, რკინის საჭურველში ჩასმული ბევრი მეომარი ელოდაო. ომში წასულსა გამარჯვება აღარ გასჭირვებია. იმათ ქვეყანამდე გადასულა რბევითა და დედაწულიანად დაუხოცნია წითელი ხარის ყმები.
- მერე? – ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა საბამ.
- იმ ამბების მემრე დევთდედაი აქვე დარჩენილა საცხოვრებლადა. ახლივაც შუაღამისას ღელეს გადაღმა დაბორიალობს, გეძახის სახელსა – თუ გამოეპასუხე აგიძრახავს ან თავს მოიკლავ, თუ არადა, თვითონ გკლავს ბოლოსა. ღამე იქით არ გავდივარ ხოლმე ცეცხლაის გარეშე. სინათლის ეშინია მემრე, რაც აბიანურების სოფლის გადაწვისას დაემართა - ჩიფჩიფებდა მოხუცი და თან ღუმელს შეშას უმატებდა.
- რა დაემართა?
- ცეცხლმოდებული ნარი დასცემია კუდზედა და მოუგლეჯნია.
- გავალ, დავტოვებ ყველაფერს, რაც მაქ. – თქვა შთაგონებული სახით მათემ და საბას თვალი გაუსწორა, მერე დედაბერს გადახედა. ქალი გულგრილად გასცქეროდა ჩაბნელებულ ოთახს.
- ჯვარიც უნდა მოიხსნა შვილო, თორემ არ მოვალის, ჯვრისაც ეშინია დევთდედასა. – ჩაიბუტბუტა როცა მათე ოთახიდან გადიოდა.
- დანა დავტოვო?
- გიჯობს დატოვო, უბედურება რამ არ ჩაგადენინოს.
ბიჭმა მხოლოდ ჯვარი დატოვა და გაუჩინარდა. ჭინჭრებში გამავალი ბილიკით ავიდა ღელემდე, ნანგრევებამდე აღმართი აათავა და ლოდზე ჩამოჯდა. საბა ოთახში დარჩა და მოხუცთან საუბარი გააგრძელა.
- აბიანურებიდან გადარჩა ვინმე?
- იმ ავბედით დღესა, ორი ბალღი გადაურჩა ცოცხალი, მაგრამ დევთდედამ დაწყევლა გორი. ორ კაცზე მეტი ვერ მრავლდებიან. მესამე ჩნდება თუ არა, ან ახალშობილი კვდება, ან მამა, ან სხო, ვინც იქნების ცოცხალი. ეგენი ბედნიერებას ვერცროდის იპოვნიან შვილო. აი, უშიშაა ერთი გაღმა ხევაში ცხოვრობს. იმის ამბავი ყველამ იცის და ყველას ეშინია. დეიდაშვილ ჯარჯის წაართო ცოლიო ამბობენ.
- უშიშა ბოლო აბიანურია?
- არა, ბიჭიც ყავს ერთაი. ორნიღა არიან გვარში კაცები, მაგრამ ახლა ცოლი დარჩენია ორსულადა, თუ ისიც ბიჭი იქნა, რომელიმეს წაიყვანს დევთდედაი...
საბამ დააპირა ეთქვა, მათე აბიანურისძეა და წყელა რომ არსებდეს, მასზეც გავრცელდებოდა, რადგან გვარში სამნი არიან დარჩენილები ესე იგი მითი გამოდის ეგ ისტორიაო, მაგრამ გადაიფიქრა.
- აბიანურისძეებზე თუ გაგიგიათ რამე? – მხოლოდ ეს ჰკითხა.
- ამბობდნენ უშიშაის ბაბუა ქალაქს ჩასახლდაო, გორი შეიცვალა და აბიანურისძე გახდაო, მემრე ომში წაუყვანიათ, მაგრამ ფაშისტების მხარეს გადასულა და მალევე მოუკლავთ ბეჩავი, ცოლი კი ფეხმძიმედ დასჩენია სამშობლოში. Gგოგო თუ დაიბადა, თორო, იმ ხანად ცოცხალ უშიშას მამას ან მის ძმას წაიყვანდა დევთდედაი.
ლოდებზე გადაწოლილი მათე არ ინძრეოდა. კოშკის შუაწელიდან გამოზრდილი ბალახის ღერები მის თავთან ქანაობდნენ. ცდილობდა, მზერა გაეყოლებინა მათთვის. მოულოდნელად იგრძნო, როგორ დაკარგა ფეხებში ძალა და ჭინჭრის ღეროებიდან ერთდროულად რამდენიმე მბრწყინავი თვალი დააშტერდა. სურდა წამომდგარიყო, ან გვერდი ეცვალა, მაგრამ ხმა მოესმა, გაშრა, უცნაურ სტუმარს პირი არ მოუჩანდა, თუმცა გარკვევით აწყობდა წინადადებებს:
არასდროს ამბობ უარს, შეიცვალო, იყო მერყევი და არასტაბილური, მაგრამ ყოველთვის წუწუნებ ამაზე. შენ ყოველთვის აბრალებ რაღაცას ან ვიღაცას, მერე ისევ ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით სულის სიღმეში გტკივა, გრძნობ რომ თავს იტყუებდი, გრძნობ, რომ მიზეზი შენშია, მაგრამ ჩქმალავ, ცდილობ, მიწა მიაყარო, იქვე დამარხო, სადაც გაჩნდა. ასე გრძელდება სულ. ფიქრობ, რა არის შენი ცხოვრება, როდის ხარ ბედნიერი ან უბედური. იხსენებ ცხოვრების ყველა ეპიზოდს სიყვარულიდან მარტოობამდე და მარტოობიდან სიყვარულამდე და ამჩნევ, რომ ისევე, როგორც ადამიანებისგან გარბოდი, გარბოდი მარტოობისგანაც. დინამიკა არ ირღვეოდა და სადაც გარბოდი, ის იყო ყველაზე ძვირფასი შენთვის. Aალბათ დიდი ხანია მიხვდი, რომ ეს შენი ძიებაა და სწორედ ეს გამოგზაურებს ერთი ტკივილიდან მეორეში... გამოგზაურებს შარაგზიდან ბილიკებისკენ და ბილიკებიდან ცისკენ, იქითკენ, სადაც არაა ტკივილი, არაა სიყალბე. იქ ყველაფერი ნაღდია. უბრალო ქვის ლოდიც კი იმდენად საჭიროა, ზუსტად იქ ეგდოს, სადაც იმ წუთას აგდია, რომ ხვდები, მითუმეტეს ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს უმიზნო ან ფუჭი. ბრუნდები ისევ ქაოსში. ისევ სამოგზაუროდ, ისევ საძებრად და თავიდან ცდილობ, გაავლო ზღვარი მარტოობასა და სიყვარულს შორის, როცა ორივე ასე საგულდაგულოდ გყავს ჩასახლებული სულში. მათეს ტანში სცრიდა, იშმუშნებოდა, განძრევას ვერ ახერხებდა. მბრწყინავი თვალები მზერას არ აცილებდა, დინჯად აგრძელებდა მონოლოგს:
დაკვირვებიხარ, ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას სხვისი ქვეცნობიერის ამოხსნის მცდელობით იწყებს. როგორი უშედეგო ცდაც არ უნდა გამოდგეს, ყველაზე მძაფრი ეფექტი შეცნობის სურვილის გაზრდაა ყველა ასეთი მცდელობის შემდეგ და ეს გრძელდება დაუსრულებლად. ერთ უშედეგო ცდას მეორე მოყვება, მეორეს მესამე და მიდის ასე დაუსრულებლად. სანამ არ დაასკვნი, რომ ეს დროის კარგვაა, ან საკუთარი თავის შეცნობას შენი მიღმიერის ამოხსნით არ გააგრძელებ. გიჭირს, ამ დროს ყველაზე მეტად გიჭირს, როცა სარკეში თვალები უნდა გაუსწორო ორეულს და უთხრა, მე ლოთი ვარ, მე ნარკომანი ვარ, მე უიღბლო ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეუბნები მას ან რა გქვია. სირთულეს აწყდები სადღაც შიგნით, როცა ცდილობ, შეწყვიტო თავის მოტყუება და სახელი დაარქვა იმას, რაც გჭირს, რაც გაწუხებს. ამ დროს ყოველთვის მარტო ხარ და მხოლოდ ამ დროს აღიარებ, რა გინდა, სად დგახარ, მიუხედავად იმისა, სად გეგონა, რომ იდექი ან სად გინდოდა, რომ მდგარიყავი. და აცნობიერებ, რომ ძიება უნდა განაგრძო და ისევ სხვების მიღმიერში აფათურო ხელები, რომ რამდენიმე თვის მერე სარკეში ცოტა უფრო გაზრდილი, მაგრამ ისევ ცარიელი მოგეჩვენოს ნაცნობი იერი, ნაცნობი თვალები. საკუთარი თავის შეცნობის ეს ბალანსი იმდენად შენეული გგონია, რომ ყველაფერზე მაღლა აყენებ და მერე რა, რომ ხანდახან არ გჯერა, აღარ გჯერა. ასე მოახდენ ამ იდიოტური ძიებისთვის წერტილის დასმას? და რომც დასვა, ეს ხომ საკუთარი სიცოცხლისთვის იქნება წერტილის დასმა, ეს ხომ აზრს დაგაკარგვინებს? განა ტყუილად გჯეროდა, რომ ცხოვრების აზრი ცხოვრების აზრის ძიებააო და ხან ლოთობდი, ხან მაზუთში ამოგანგლული შოულობდი ლარიანს და ხან ბეჯითად სწავლობდი და უკეთესი პერსპექტივისთვის იღრმავებდი ცოდნას. რა შეგრჩა ხელში? ხარ ერთი უბადრუკი ადამიანი, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. ბედნიერება? ჰო, თუ ბედნიერებას დაარქმევ, ეს მხოლოდ ილუზიური ბედნიერება იქნება. ამას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ბედნიერებასთან, ხომ იცი. აი, არსებობს ზომბური ბედნიერებაც, როცა გგონია, რომ აკეთებ იმას, რაც გინდა და როცა სწავლობ, როგორ არ მოუსმინო შინაგან ხმას, რომელიც გეუბნება”შენ ეს არ გჭირდება”, “შენ ეს არ ხარ”, “შენ იტყუები”. ამ დროს ადვილია გამოგონილი სიხარულით ტკბობა. და თუ ამ დროს ვინმე გეტყვის, ჩემი ძაღლი უფრო ბუნებრივია, ვიდრე შენო, არ უნდა გაგიკვირდეს.
რატომ გაუშვი ხელი, რამდენჯერ გინანია მარტო დარჩენილს, კიდევ კარგი, გავუშვი რამდენჯერ გაგხარებია ახალ სიყვარულზე ჩაბღაუჭებულს. შენ დგახარ მუდმივად შეყვარებული და ობიექტები იცვლებიან. ვინ შენი წონაა, ვინ ქვემსუბუქი, ვინ აბსოლუტურიდან მძიმეში გადმოსული. როცა ამაზე ფიქრობ, გეღიმება, რა მაგარია ცხოვრება. თითქოს შენ არ იყავი ანგელოზიდან ჩემამდე ათასგვარი იდეით შეპყრობილი ყველა პერსონაჟი. თითქოს შენ არ გარბოდი, სხვას არ კლავდი და საკუთარ თავსაც ზედ არ აყოლებდი, იმ სურვილით, რომ რაღაც საბოლოოდ დაგემთავრებინა, ჩაგეძაღლებინა და მერე ახლიდან დაგეწყო. სისულელეა, ხო? ხომ არაფერი იცვლებოდა?...
ნიავმა ძლიერად წამოუბერა, ბალახები კოშკის კედელს ააკრა და მათემ იგრძნო შვება, მაშინვე წამოჯდა. ნათლად შეძლო დაენახა მის ზემოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ალბათ ეს ვარსკვლავები მეგონა თვალები – გაიფიქრა, თუმცა ხმა და საუბარი რითი აეხსნა? გარინდული ცდილობდა კარგად დაეყურადებინა, მაგრამ ამაოდ, აღარავინ ესაუბრებოდა.
- მათეე, წყევლა არ არსებობს, მათე, უშიშაც აბიანურია, გესმის, სამნი ხართ მათე, რას შვები ბიჭო, გული ამოვარდნაზე ჰქონდა საბას, მათე არ ქნაა, მათე...
ლურჯბერეტიანი გაუნძრევლად იჯდა. გაშიშვლებული დანის წვერი ყელთან მიეტანა.
- რას შვები, ბიჭო! – ხელი დაუკავა, დანა გამოართვა – რა გჭირს, ა? არ მითხრა დევთდედა მელაპარაკებოდაო? აზრზე მოდი რა, სამნი ხართ, სამნი, გაიგეეე?
- რას მერჩი? ნიკაპს ვიფხანდი მაგ დანით, რას პანიკიორობ? - შეუტია მეგობარს, ფეხზე წამოდგა და თავქვე დაეშვა.
- რას აპირებ ეხლა?- უკან აედევნა.
- ბარგი უნდა ავიღო და წავიდე პირქუშისკენ, წამო, თუ გინდა!
საბა გაოცებული უყურებდა მეგობარს და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ახლა, როცა გაარკვიეს ის, რისთვისაც ამდენი იბოდიალეს, ვეღარაფერი გაეგო. ქოხში დაბრუნებულებმა დედაბერს პირქუშის ხატისკენ მიმავალი გზა ჰკითხეს და მაშინვე ბილიკს დაადგნენ. მათე ისევ წინ მიდიოდა, თავჩახრილი, გახელებული, სწრაფ-სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს და უკან არც იხედებოდა.
მისთვის ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. გაყინულ ტბაზე თევზაობისას ყინული ჩატყდა, ქვეშ მოიყოლა. აზრზე მოსულს აღარაფერი ახსოვდა. უყურებდა ექიმებს, რომლებიც თავს დასტიალებდნენ, მომტირალ ბებიას, რომელიც პალატის კუთხეში მოფუზული იჯდა. ვერავინ გაარკვია, როგორ გამოაღწია ნაპირამდე, ან ვინ გადაარჩინა. მხოლოდ ამის მერე გაანდო ბებიამ წყევლის შესახებ. უბრალო დაკვირვებაც საკმარისია, რომ დაიჯერო, შვილო, ეუბნებოდა ალერსიანი ხმით – ყველა აბიანურისძე უცნაური და უბედური გზით მიდიოდა ცხოვრებაში და ასევე იღუპებოდა, ბაბუის მამა ნაცისტი გახდა და 1946-ში ვარშავაში მოკლეს. მისი შენაერთის ნაწილები კი ბოლომდე გაანადგურეს, ბაბუა მეზღვაური იყო და ღელვამ იმსხვერპლა, ბაბუის ერთ ძმას აკვანშივე დაეცა ქარისგან ჩალეწილი შუშა და ადგილზე მოკლა, მეორე ძმა კი მატარებელმა გაიტანა, მამა ხიდან ჩამოვარდა მაინცდამაინც იქ, სადაც წვერბასრი სარი დაესო ვიღაცას.
ტვინს უმღვრევდა ბებიის მონათხრობი და გული გახეთქვაზე ჰქონდა. “შენღა დამრჩი შვილო, თავს ხიფათში ნუღარ ჩაიგდებ, ნუღარ წახვალ ეგეთ სახიფათო ადგილებზე გეხვეწები, შვილო!” – დასტიროდა მოხუცი. მათე ცდილობდა, გაექარწყლებინა წყევლის შესახებ ეჭვები, თუმცა წინაპრების ისტორია უდაოს ხდიდა, რომ ორკაციან ზღვარს ვერ ასცდა გვარი. ხომ შეიძლება, უბედური შემთხვევითობა ყოფილიყო ყველაფერი? ბებიის მტკიცებით, აბიანურისძეების წინაპრები მთიელი აბიანურები იყვნენ და მოგვიანებით ჩამოსახლდნენ ბარში. მიზეზად ბანალური ამბავი მოჰყავდა, რომ თითქოს იქ ვიღაც მოჰკლეს და შურისძიებისგან თავის დასაღწევად გამოიქცნენ. იქნებ ყველანი არც ჩამოსახლებულან? იქნებ ახლაც ცხოვრებდა ვინმე მისი მოგვარე მთაში? მხოლოდ ეს კითხვები უტრიალებდა თავში გამოჯანმრთელებამდე. ფეხზე დადგომის შემდეგ კი მტკიცედ გადაწყვიტა სიმართლის გარკვევა, სხვანაირად აღარ შეეძლო ცხოვრება, გულს ვეღარაფერს უდებდა, სამსახურსაც შეეშვა. წიგნებში ჩაიძირა, ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში მოგზაურობდა, კვალს ეძებდა. სჯულის სამართლიდან დაწყებული გეოგრაფიით დამთავრებული ყველაფერს ეცნობოდა. უძველეს ქართულ გვართა საძიებელში მწირი მონაცემები მაინც ნახა წინაპრებზე “აბიანური – უძველესი გვარი. სახლობდნენ სოფ. დევთდედას ჭალაში”. მათეს არ დაზარებია სატელეფონო ცნობარებსა და კომპიტერულ ბაზებში ძებნა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურებში სირბილი. ამაოდ, ცოცხალი მოგვარე არსად ირიცხებოდა. რჩებოდა უკანასკნელი გზა, საკუთარი თვალით ენახა საგვარეულო სოფელი – იმ მიზნით, რომ განგება რაიმე მინიშნებას იქ მაინც შემოინახავდა. საბა ერთადერთი მეგობარი იყო და ასეთ საქმეში მხოლოდ მისი იმედი თუ ექნებოდა. უჭირდა ბებიის ნების წინააღმდეგ წასვლა, რომელიც ემუდარებოდა ხელი აეღო განზრახვაზე, მაგრამM მაინც გათენდა ის დღე, როცა ექსპედიცია დანიშნულების ადგილისკენ დაიძრა...
მათეს ბერეტზე ფარანი დაემაგრებინა და ბილიკზე თითქმის სირბილით მიდიოდა. მგზავრობისგან გადაღლილ საბას უჭირდა მისი რიტმის აყოლა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, თავს ძალას ატანდა, ცდილობდა ფეხების ტკივილისთვის ყურადღება არ მიექცია. Qქალაქში სპორტს მისდევდა, მაგრამ რელიგიით ცხოვრობდა. მოუსვენარი წლების მერე სიმშვიდე ეკლესიაში იპოვა. ახლა უსიტყვოდ ასრულებდა მოძღვარის ყველა მითითებას. მოსწონდა ასე. სახლში მარტო იმაზე ეჩხუბებოდნენ, ცოლი რატომ არ მოგყავს, დაბერდი კაციო. საბა ფიქრობდა, სიყვარული ზუსტადაც ღმერთის წყალობაა, არ შეიძლება გაკადნიერდე და ეძებო, თხარო, ჩიჩქნო. მარტივი მიზეზის გამო, ის თვითონ მოვა შენამდე, როცა ამას ღმერთი მოისურვებს. შენ, უბრალოდ, უნდა ელოდო, იმარხულო, მეტანიები აკეთო, მოძღვარის მითითებები შეასრულო. მას შემდეგ, რაც ქადაგებაზე მოძღვარს წამოსცდა, ქართული სუფრა წირვის გაგრძელებააო, საბა ყოველდღე სვამდა და საწინააღმდეგოს მოსმენა აღარ სურდა იგივე მოძღვრისგანაც კი, ვინც პირველად წარმოთქვა აღნიშნული სიბრძნე. მშობლების მორჩილებასაც ვერ შეეჩვია, მოკლედ ეკლესიამ დიდად ვერ შეცვალა, თუმცა მიზანი დაუბრუნა, ძალა მისცა. მათეს აზრით, ის ძიების გარეშე იღებდა ყოველგვარ ინფორმაციას რელიგიაზე, არ აპროტესტებდა და არც სხვას მისცემდა ამ თემაზე დაუდევრად საუბრის საშუალებას. მონასტერში მიდიოდნენ, საბასაც დაურეკეს, მაგრამ მე მაგის ღირსი არ ვარო, თქვა. მათე ძალიან გაბრაზდა და ერთი მეგობრის ხუმრობა გაახსენდა, როცა აღსარებაზე უარის თქმას მოუმზადებლობით ხსნიდა, “განა როდის იქნები მომზადებული ადამიანი ღმერთს საკუთარ ცოდვებზე ელაპარაკო?” იმ ბიჭებიდან, რომლებიც მაშინ მათესთან ერთად მიდოდა მონასტერში ერთი ნარკომანი იყო, მეორე მხატვარი და რომელი იქნებოდა იქ ჩასვლის ღირსი, საბას ლოგიკით? ნარკომანი იმიტომ მიდიოდა, რომ ნაკლები ეკაიფა, მხატვარი იმიტომ, რომ მკრეხელური ფანტაზიის დასათრგუნად ელოცა. სად იყო აქ ღირსეულობაზე პრეტენზია რომელიმესგან? მათემ იცოდა, ამაზე კამათი არ ღირდა, რადგან საბაც ზუსტად იმავენაირად იქცეოდა, სხვას საკუთარ აზრს არ ახვევდა თავზე და ამით განსხვავდებოდა ისეთი მორწმუნეებისგან, რომლებიც მარხვაში ჩაიზე ბულკის მიტანებაზეც მოძღვრისგან იღებენ კურთხევას, ტაძრების მოსალოცად წასულები კი ღამღამობით მოსაფსმელად არ მიდიან დალოცვის გარეშე.
მდუმარე მსვლელობა გრძელდებოდა, საბას თითქოს ეძინა და სიზმარში ხედავდა ყველაფერს, მათესაც დაღლა დატყობოდა, ნელა მიდიოდა. მხოლოდ დილაბინდზე შეჩერდნენ. ბერეტიანს სახეზე ფერი არ ედო და არც დედამიწაზე იმყოფებოდა ფიქრისგან გათანგული. საბა ცდილობდა, როგორმე საუბარი წამოეწყო მასთან, - ამაოდ - ყურადღებას არ აქცევდა, ცეცხლის პირას ჩამომჯდარი, გაურკვეველი მიმართულებით იმზირებოდა...


***

საბა უცნაურმა გუგუნმა გამოაფხიზლა. თითქოს ზვავი ჩამოწვაო. შიშისგან კარვის კედელს აეტმასნა. კარებში წვრგაბურძგნული ოჩოპინტრეს გაღიმებული სახე გამოჩრილიყო. Gგვერდით დაიხედა დაბნეულმა. მათე არსად ჩანდა.
- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, მგზავრო...როხროხა ხმით დაიწყო უცნობმა – მე ხთისო ვარ, ამ ხეობის ხუცესი. – ბოლო სიტყვები განსაკუთრებით სიამაყით წარმოთქვა.
- დილა მშვიდობის! – უპასუხა, თან გაიფიქრა, ამ უდაბურ ხეობაში ხუცესი ვის სჭირდებაო.
- ხოო, - თითქოს მიუხვდაო, წამოიწყო წვეროსანმა – აქ დიდიხანია კაციშვილი აღარ ცხოვრობს, ზოგი ბარში ჩავიდა, ზოგი მოკვდა, მეღა შემოვრჩი აქაურობას. რამდენიმე ძროხა მყავს და ეხლა ყინულის წყალზე ამყავდა, საძოვრად.
Aწამით ჩაჩუმდნენ.
- მარტო რამ მოგიყვანა აქა? – იკითხა ისევ ოჩოპინტრემ, თან კარავში ტანით სანახევროდ შემოიწია და კიდეზე ჩამოჯდა, ხის კომბალი იქვე დადო.
- არა, მარტო არა, მეგობართან ერთად ვარ, პირქუშის ხატის გადასასვლელით ვაპირებთ გადასვლას თქვა და გარეთ გაიხედა, საწვიმარი ღრუბლები მზეს ეფარებოდნენ. ალბათ ამიტომ, დილისთვის შეუფერებლად ბნელოდა.
- და, საიდან მოხვედით? – გაისმა ხთისოს ხმა ისევ.
- ყინულის წყალზე ჩამოვიარეთ წუხელის. – იცრუა.
- იქ ვიყავი წუხელის, ბოსლები გამოვხვეტე საქონელისთვის და არ შემიმჩნევიხართ.
- ჰო, ძალიან გვიანი იყო. – სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- ორი ბიჭი ასულა უთურგის ხატში გუშინწინ. ბახას რომ შეუტყვია, დასჯა მოუნდომებია და ჩახდომია ბილიკზე, მაგრამ შუპყრიათ ისიც და თეთრი ჯიხვის უღელტეხილისკენ წასულან. ყოჩაღები თუ იყვნენ, თორემ ბახა არაა იოლი წასქცევი. მგონი თუ, დაკარგულან. იმის მერე ეძებენ იქაური ბიჭები, ვერსადღა ნახეს. Gგავიფიქრე, თქვენ ხომ არ...
- არა, ჩვენ არა! – აღარ დაასრულებინა და მიხვდა, აღელვების დაფარვა გაუჭირდებოდა.
ზურგჩანთაში სიგარეტის მოსძებნად გადაიხარა და ახლაღა შენიშნა, მათესთან ერთად ბარგიც გამქრალიყო.
- აჰა, ეს მოსწიე, - გაუწოდა ხარის რქის ფორმის მოსაწევი მოწყობილობა ხთისომ, როცა შენიშნა, ბიჭი თამბაქოს ვერ პოულობდა. საბამ ჯერ გაკვირვებით შეათვალიერა უცნაური ჩიბუხი, მერე სწრაფად მოუკიდა. ნაფაზი ძლიერად მოქაჩა. ხველა აუტყდა.
- შვილო, მე იმ ხნის მომყარა ღმერთმა, რომ ჭიანჭველების ენაც მესმის უკვე, რას ჩურჩულებს ნიავი, ეგეც ვიცი. ისე შევეზარდე აქაურობას, დიდად ვეღარც ვარჩევ ჩემს თავს გარშემო მყოფი არსებისგან, მთებისგან, ბალახისგან – მრავალმნიშვნელოვნად ტკეპნიდა სიტყვებს. საბა აგრძელებდა ხარის რქიდან მოწევას და გრძნობდა უჩვეულო სიმშვიდეს, რომელსაც თითქოს ამ ოჩოპინტრის მოსმენა ანიჭებდა..
- დედ-მამაც წარმართი მყავდა, პატარაობიდანვე დამატარებდნენ სალოცავში. მაშინვე არ მჯეროდა. გული სხვა რამეს მკარნახობდა. ვგრძნობდი, რომ ღმერთი ადამიანებისგან ცხოველების შეწირვას ან ძღვენის მირთმევას არ მოითხოვდა – მშვიდი ხმით განაგრძობდა უცნაური სტუმარი - მაშინდელი ხუცესიც მახსოვს, მაძახურამ ჩვენი თანასოფლელი ხირჩილა მოიტაცა და მოკლაო, გვარწმუნებდა, დევთდედა გაგვინაწყენდებოდა და მსხვერპლი უნდა შევწიროთო – გაიძახოდა. საქონლის იმ წლის მონაგები ციხურას ღელეში წაიყვანა ხალხმა და დევთდედას ხატს შესწირა. Aარადა, რამდენიმე თვის შემდეგ დამდნარ ზვავში ვიპოვნე გარდაცვლილი, მაგის თოფ-იარაღს ათასშიც ამოვიცნობდი. ადვილად მივხვდი, რო ხირჩილა იქნებოდა. ეტყობა, ზვავმა ჩაიტანა საწყალი. აბა, მართლა მაძახურა ხო არ გააქრობდა?!
- მერე რა თქვეს სოფელში, გაუკვირდებოდათ ალბათ?
- არა, იქავე დავკრძალე, ხალხს მაინც ვერ გადავარწმუნებდი. მათ სჯეროდათ მაძახურების და უბედურ ხირჩილასაც არ აღირსებდნენ მიწას, როგორც ეშმაკისგან მოწამლულს, ცეცხლში დაწვას დაუდგენდნენ განაჩენად. ხოდა, ეგრე ვამჯობინე და არც არავისთვის მომიყოლია მერე.
საბას წამით გაახსენდა მათეს წასვლის ამბავი და შეიშმუშნა. ხთისო კი ამ ქვეყანაზე აღარ იყო, ახლა თვითონ ურტყამდა ნაფაზებს ხარის რქისგან და შთაგონებული სახით საუბრობდა:
- ათი წლისა ვიქნებოდი, როცა მამას ძმადნაფიცთან გავყევი სტუმრად. საშინელად თოვლიანი ზამთარი გვქონდა იმ წელს. მაშინ ვნახე პირველად, როგორ მარხავს ზვავი სოფლებს, ჩვენ თვალწინ ჩაიტანა ყველაფერი თავისი მაცხოვრებლებით, ძროხებით, ძაღლებით, კოშკებით. მამამ ხელში ამიტაცა და გულში ჩამიკრა, ეგონა, შევშინდებოდი და არ უნდოდა მეყურებინა. წამით გაირინდა ოჩოპინტრე – და მე იცი, რას ვგრძნობდი? – მიუბრუნდა ბიჭს.
- ...
- ვგრძნობდი, რო ღმერთი არის ყველაფერში ხეებში, ქვებში, ადამიანებში, ქარში, ზვავის ჩაწოლაშიც არი...
- უთურგი ხო ისტორიული პერსონაჟია და მისი სისხლისმსმელობა და სიძლიერე არაფრით გამოდის მოგონილი. – ჩაილაპარაკა ოჩოპინტრეს საუბრით გაოცებულმა საბამ.
- შვილო, მე რახან მარტო კაცი მნახე აქ მთაში, უსწავლელი არ გეგონო. განა უთურგზე ძლევამოსილი არავინ გაგიგია დედამიწაზე? განა ათასჯერ მეტ ადამიანზე არ ბატონობდნენ ისინი? ათასჯერ მეტ მიწებს არ იპყრობდნენ? მაგრამ რომელი იყო ღმერთის სწორი?
ბიჭი არ მოელოდა ასეთ გაგრძელებას. დადუმებული იჯდა.
- თუ ღმერთის გწამს, ეშმაკისაც უნდა გჯეროდეს, ხო ასეა? – სახე გასხივოსნებოდა ხთისოს ან კარავზე მომდგარი მზის სხივები თუ აელვარებდა ასე მის ნაკვთებს.
- კი! - დაეთანხმა საბა.
- ეშმაკი კი აი, აქ გვებრძვის – თქვა და ხელი თავზე დაიდო. აი, აქ – კიდევ ერთხელ გაიმეორა მოძრაობა – კერპთაყვანისმცემლები კერპების და გამოგონილი სიწმინდეების გარდა ძღვენს არავის სწირავდნენ შვილო. მერე გამოჩნდა ეს წყეული, განათლებული და შეუწყნარებელი მეომარი. ჯერ აუღებელი ციხე ააგო, მერე ყველა დააჩოქა, ყველას ხარკი დაადო. ასე გაბატონდა მთელ მთაზე. ხშირად მეზობელ ტომებს და სამეფოებსაც ესხმოდა თავს. ყველას შიშის ზარს სცემდა. წარმართების ცხოვრებაში კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უსულო კერპების ნაცვლად ახლა ცოცხალ ადამიანს ემსახურებდონენ. Aასე გაღმერთდა იგი მათ გონებაში, გესმის, შვილო? Mმაგას მოჰყვა უამრავი ლეგენდა და არწივის კალოზე დღესაც მდგარი მისი საცხოვრისის ნაშთები, რასაც ეხლა სალოცავის დანიშნულებაც აქვს.
საბა გარინდული უსმენდა.
- თორემ როგორ მოკლავდნენ ღმერთს? როგორ? – აღტაცებით განაგრძობდა ოჩოპინტრე.
- ჯაჭვის პერანგი ჰქონდაო – რავი, ისარი არ ატანდაო... – სცადა შეწინააღმდეგება.
- მაგას სიმდიდრე არ აკლდა, შეიძლება ძვირფასი ფოლადით ნაწრთობი აბჯარი მართლა ჰქონოდა, რაც გაოცებას გამოიწვევდა ადგილობრივ წარმართებში.
- როგორც კორტესის ცხენოსნები ეგონათ ღმერთები ინდიელებს არა? – უნებურად წარმოთქვა.
- დიდმა მეფემ, როცა კანონები დაუდგინა მთიელებს და მთაში წესრიგის დამყარება დაიწყო, უთრუგი თავისთან მიიწვია, მაგრამ გზაში მეისრე ჩაუსაფრა, რომელმაც ერთი გასროლით გაათავა ამათი ღმერთკაცი – აი, ეგ იყო სულ – მოტრიალდა და მეგობრულად დაჰკრა ხელი – ვაჟკაცს არ უნდა სჯეროდეს ბეჩავებისთვის მოგონილი ზღაპრების.…
მოხუცის საუბრისგან თავბრუდახვეული იჯდა, უყურებდა და სიტყვებს ფუჭად ეძებდა.
- წადი მოძებნე შენი მეგობარი, შენი დახმარება სჭირდება, წადი! – გაუმეორა კიდევ ერთხელ და ტყავის ქისა შეაჩეჩა.
დაბნეულმა საბამ მექანიკურად წამოკრიფა ბარგი, კარავი აშალა და როცა ხთისოსთან დამშვიდობება დააპირა, თვალი ვეღარსად მოკრა. აღარც წვეროსანი ჩანდა, აღარც მისი ძროხები. მერე ნაფეხურებს დაუწყო ძებნა, რომელიც ნამისგან დასველებულ მიწას უნდა დამჩნეოდა. ამაოდ. მხოლოდ მომცრო ზომის ტყავის ქისა ადასტურებდა ოჩოპინტრეს სტუმრობას. გულის გამალებულ ცემას მოუსვენრობის შეგრძნება დაემატა. ხელის კანკალით გახსნა დახვეული ქაღალდი და უამრავი სიტყვიდან, რომელიც უწვრილესი ასოებით გაბნეულიყო ფურცელზე, ერთადერთი წინადადება მოახვედრა მზერის ფოკუსში “ვითარცა მოაკლდეს კვამლსა მოაკლდეს, და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლისა, ეგრეთ წარსწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირ-ჯვარსა.”…


(გაგარძელება ქვემოთ)


Last edited by გამრიგე on Thu Dec 30, 2010 2:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Thu Dec 30, 2010 2:54 pm

აბიანური

(დასასრული)


საბა აზრმიუცემლად მიაბიჯებდა, საშინელ გადაქანცვას გრძნობდა, მთაში პირველი ნაბიჯები ბევრად რთულია. გიმძიმს სუნთქვა, გეხამუშება ზურგჩანთა, გიჭირს გამოზომილი ნაბიჯების გადადგმა. ერთი სიტყვით, კოსმოსიდან ჩამოფრენილივით ხარ. თუმცა ორიოდე დღეში კარავში გაღვიძებულს გიჩნდება შეგრძნება, რომ სახლში ხარ, აქ დაიბადე, გაიზარდე. ამის მერე აღარაა აქვს მნიშვნელობა წვიმს, ქარია, დაღამდა თუ კვირაა არ გიჭამია. მიდიხარ, მიდიხარ, ფეხებით გრძნობ მთელ დედამიწას, თითქოს შენ ატრიალებ მას წრეზე, შენგან იღებს სათავეს სამყარო და შენშივე მთავრდება. სრულად შეიგრძნობ ბუნებას, ისე, როგორც შენს საკუთარ ტკივილს თუ სიხარულს. ქალაქში ვერასდროს წარმოიდგენ, როგორ შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ, შენ, ჭრიჭინა, თაგვი და კალია. ბუნებაში კი ეს იმდენად ჩვეულებრივია, ისეთი უბრალოა, არ გიჩნდება დისკომფორტი. აღიქვამ, გრძნობ - Eესაა შენი საკვები, ესაა შენი ყველა შეგრძნების მიქსი, ბედნიერებაც ისეთივე ძვირფასია, როგორც უბედურება, ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და გამოცალცალკევება არ ძალგიძს. აქ პირველქმნილი ადამიანი ხარ და ღმერთი ბევრად უფრო დიადია, რადგან ახლოს ხარ მასთან. ასე უფრო ადვილია, გაიგო, შენგან არაფერს ითხოვენ, შენ შეგიძლია, იყო უბრალოდ მშვიდი. ასეთს არასდროს მოგინდება, მოკლა ადამიანი, ცემო ძაღლი ან გააუპატიურო მეზობელი. საბას გაეღიმა, ოშოს შეშურდებოდა ჩემი ნააზრევი ფურცლებზე რომ გადამეტანაო და გადააფურთხა. მეხსიერებაში ოჩოპინტრესთან საუბარის აღდგენა სცადა. ხთისოს გახსენებაზე წინა წელს მათესთან ერთად მწვერვალზე ასვლის ამბავი და იქაური მეგზური წამოუტივტივდა გონებაში, რომელსაც მხოლოდ ერთი მოვალეობა ჰქონდა - ევლო წინ და ნაპრალში ჩავარდნაც პირველს ეგემა საკუთარ თავზე, რათა უკან გაყოლილ ჯგუფს მოეხერხებინა უხიფათო გასასვლელის ამორჩევა. ამით ირჩენდა თავს. ეს მარშუტი ასჯერ მაინც ექნებოდა გავლილი და ნაპრალიდან ათასჯერ მაინც ექნებოდა დანახული თოკით მასზე ჩაბმული ადამიანების შეშინებული თვალები. მეგზური სასაზღვრო ზოლში ცხოვრობდა და ხშირად ხედავდა, როგორ ესროდნენ ადამიანები ერთმანეთს ტერიტორიის მითვისების გულისთვის, უბრალო მიწის გულისთვის როგორ უხოცავდნენ ერთმანეთს დედებს, შვილებს. ძმებს. მას კი მარტო მთა უყვარდა, მთა, რომელიც წმინდა ადგილთან ასოცირდებოდა მის გონებაში, მთა, სადაც ბერები ლოცულობდნენ, წმინდანები და მოციქულები ღმერთს ესაუბრებოდნენ. როგორ შეიძლება გაისროლო საზღვრის გადაწევისთვის, როგორ უნდა გაუვლო ღმერთს საზღვარი, რა მნიშვნელობა აქვს, მთა რომელ ქვეყანაში იდგება? განა ღმერთისთვის სულ ერთი არაა, სად ილოცებ? ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხებიც იმწამსვე მოსდიოდა – საზღვრები, მტერი, – უღვთო ხალხის მოგონილი სიტყვებია. ასეთი უბრალო ფილოსოფიით ცხოვრობდა მეგზური. ხეობები, ჭიუხები, მწვერვალები ამაზე უკეთესი მოსაუბრე არ ჰყავდა. მათი შვილი იყო, მათი გაზრდილი. ხშირად დახეტიალობდა მარტო და თავისდაუნებურად ამეტყველებული ჩურჩულებდა “თქვენი შვილიც ვარ და ტყვეც, თქვენი შვილიც ვარ ტყვეც” – მერე გაოგნებული იდგა, მეათასედაც იგივენაირად გრძნობდა ბუნების სიდიადეს. გარინდული უყურებდა კლდეების ბასრ ტრავერსებს, მათ დიდებულებას. ხშირად ეუბნებოდა ტურისტებს “მთაზე აუგი არ თქვათ, თქვენ არ იპყრობთ მწვერვალებს, მწვერვალები გიშვებენ ან არ გიშვებენ თავისთან, ან ადიხარ მათზე, ან ვერა, ნუ შეეწინააღმდეგები! თუ გინდა გადარჩე უნდა უსმინო და დაუჯერო მათ”. ეს ფრაზა არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა მსმენელებში, ზოგს კითხვებს უჩენდა, ზოგს მეტი დასაბუთება სჭირდებოდა, ზოგი ყურადღებას არ აქცევდა. მეგზური ნებისმიერ რეაქციას მდუმარებით პასუხობდა, პირქუში სახით კი მრავალწერტილს უსვამდა საკუთარ გამონათვამს...
შეუსვენებლად მიდოდა საბა. ბილიკიდან ბილიკზე უხვევდა, ფერდიდან ფერდაზე გადადიოდა.. მზე კი საცდელი გვამებივით ფატრავდა საავდრო ღრუბლებს და დღეს ხასხასა ფერებით აფერადებდა...…


***

შორიდან შარვალჩახდილ ბიჭუნას მოჰკრა თვალი. ამდენი სიარულისგან მეჩვენებაო, სცადა თავის დარწმუნება. მალე უზარმაზარი მთის ძირას გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული გომურები დალანდა. უმრავლესობას ჭერი ჩაჰქცეოდა, ჭინჭარს დაეფარა კედლები. მათგან ერთი განცალკევებით იდგა, ფანჯარაზე გაქონილი ქაღალდები აეკრათ. ასეთებზე მხოლოდ წიგნებში წაეკითხა აქამდე. შენობების წინ მდინარე მოედინებოდა. ზედ ორი მორისგან შეკრული ხიდი გაედოთ. უკვე ახლოდან ხედავდა ლოყებმოთხუპნულ ბიჭუნას, რომელსაც დამუწუკებული ხელები მოემუჭა, შარვლის აწევა მოესწრო და უცნობს გაკვირვებით უყურებდა. საბამ მიმოიხედა, მათ გარდა არავინ ჩანდა.
- აი, მე რა მაქს! – წამოიყვირა ბავშვმა, ისე, რომ არც განძრეულა და არც საბასთვის მიშტერებული ლურჯი თვალები მოშორებია მისი მზერისგან.
მგზავრი კარგად ხედავდა როგორ წამოიწია ბიჭუნას მომუჭულმა ხელმა, შემდეგ როგორ გაიშალა ნელ-ნელა და როგორ გაფრინდა გასრესვას გადარჩენილი ერთი ხარაბუზა, დახოცილები კი ძირს დაცვივდნენ. ბიჭუნა უღიმოდა. დაკბენილი და დასისხლიანებული ხელი არც ადარდებდა. საბა მორზე ჩამოჯდა.
- რა გქვია? - თითქმის ჩურჩულით ჰკითხა.
- Uუთურგი მქვია – სხარტად უპასუხა და გვერდით მოუჯდა.
საბას ნერწყვი უშრებოდა.
- არ გტკივა ეგ? - ამოილუღლუღა და თვალით ხელზე მიანიშნა.
- ციტებს ვაგროვებ – წამოიძახა ბავშვმა.
- ციტებს?
- ცჰიტებს, ჩიტებს – წარმოთქვა, როგორც იქნა.
პატარა უთურგი მინდორში მობალახე ცხენისკენ გაქანდა. როცა მიუახლოვდა ნაბიჯი შეანელა, მოიკუნტა. საბამ ხელის სწრაფ გაქნევასაც მოჰკრა თვალი, თუმცა ვერ გაიგო, რა მოხდა. ბიჭუნა ისევ მასთან მოვიდა.
- მამა ხარ?
არ იცოდა, რა ეპასუხა, უსიტყვოდ უყურებდა... ბავშვს მუჭაში მომწყვდეული ხარაბუზა პირთან მიეტანა, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. უცებ გაჰქნია და მწერი ცაში ააფრინა. მერე გევრდით მოუჯდა. ჯერ ლოყაზე აკოცა, მერე კი კისერზე ჩამოეკონწიალა.
- არა ხარ მამა! – ჩურჩულებდა.
- დედა სადაა? – დაბნეულმა ჰკითხა.
- უთურგიმ ხელი ზემოთ აიშვირა “იქ” – მამასთან. – მამა ძოხების მოსაკვანად წავიდა “იქ” – და ხელი ისევ ცისკენ გაიშვირა – ციტს დავაბარე, უთხარი რო უკვარხაროო.
მოუნდა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, მაგრამ მათეზე უნდა ეკითხა ვინმესთვის. მხოლოდ ეს აკავებდა. გომურის ფანჯრის ღრიჭოში გაქონილი ქაღალდი გადაწია ვიღაცამ, წამით ქალის გაბურძგნული თავი გამოჩნდა, სწრაფადვე გაუჩინარდა. ცოტა ხანში კარი გაიღო და შუახნის ქალი გამოვიდა – რუსა, შამოხვიდოდე სახლაში - დაუძახა ბავშვს. ბიჭუნა არ აპირებდა ბრძანების შესრულებას, ისევ მინდვრებისკენ გაკურცხლა. “აბა, უთურგიო, რუსა როგორ დაარქვა ბიჭს” – თავში უდუღდა ყველაფერი. ქალი ერთხანს უხმოდ იდგა და დაჟინებული შესცქეროდა საბას, მერე კი დაიწყო:
- იმ გადარეულს თუ ეძებთ?
- მათეზე მეუბნებით? ნახეთ? აქაა? რატო გადარეული? მიაყარა სხაპასხუპით.
- არ ვიცი მენ, ვინ არის ან რა ქვიან. წუხელის ძაღლმა ატეხა ყეფა. ხოდა, გამოვედ გარეთ და რას ვხედავ გალუმპული, თვალებდაჭყეტილი აგდია აი, იქითა, ბოგირთანა. არ ინძრეოდა. მივედ, ტანისამოს აქაურს არ უგვანდა, მივხვდი, მაძახურა არ იქნებოდა, თორემა დავაკლავდი მაგ უბედურსა, აი, ამ თოფით გავუხვრიტავდი გულსა. – თქვა და სრულიად მოულოდნელად ახლა საბას მიუშვირა ლულა – მერე ისევ ჩასწია და გააგრძელა – აი, ქაღალდი რამ დატოვა! რაღაცა ნაბოდვარია შიგნითა და გაიქცა, ბომბორა გაეკიდა ყეფითა, ძლივას მოვაბრუნე უკანა, თორემა შესჭამდა, ისეთი რამ არის.
- არაფერი უთქვამს?
- ხმა არ გაუღია, ეგრევ მოჰკურცხლა. ეშმაკი თუ შაუჩნდა, აბა რამ უნდა შაგაჩვენოს ესრე სხომა.
- საით გაიქცა? - დაბნეულობისგან ხმა უკანკალებდა უკვე.
- იქითა – ხელი პირქუშის ხატის გადასასვლელისკენ გაიშვირა. წუხელ მანდ გადამსლოლი არ იყო, ისრეთი სავალია, დღეც სახიფათოა, ვერაფერი გავიგე თქონი, დადიხართ, დაეხეტებით უგვანოდა – ბრაზი შეერია ხმაში.
- და, ეს ბავშვი თქვენი შვილია ალბათ. – ჩაილაპარაკა ჩუმად.
- არა.
- უთურგზე გეკითხებით
- ვისზე? არავინ არ არის აქ უთურგაი.
- აბა ის ბავშვი ვინაა, რუსაო რო დაუძახეთ წეღან? თვალების ცეცება დაიწყო, რომ როგორმე დაენახა სადმე, მაგრამ ბიჭუნა აღარ ჩანდა.
- გადადი ჩემი ეზოდანა, სანამ დაგაცალე! – მოულოდნელად განრისხდა ქალი და კვლავ თოფი შემართა.
- დიახ, მივდივარ უკვე, მადლობა! - დაბნეული ამბობდა, თან მიდიოდა.
ქალი გომურში გაუჩინარდა. საბა კი გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა მუხლებში, ქაღალდი გაახსენდა უცებ. იქვე დაეგდო უცნობს. ჩუმად მიიპარა, აიღო და თავქუდმოგლეჯილი მოსწყდა ადგილიდან. მოშორებით შედგა, ფურცელს დააკვირდა, მკრთალი ფანქრით დაჯღაბნილი ასოები ძლივს გასარჩევად ჩანდა: “საბ, მაშინ არ მოგვჩვენებია, მართლა ცემდა, მართლა ისმოდა ტირილი. მოკლავს. მაგას სჯერა რო წყევლა არსებობს. უნდა მივასწრო...” ჩაიმუხლა, უკან გადაწვა, ცას ააშტერდა. უშიშა ცემს მინანის, რომ მუცელი მოეშალოს, რომ ბიჭი არ გაჩნდეს – გონება უნათდებოდა. ფიქრის დრო აღარ იყო. სასწრაფოდ დაადგა ბილიკს. უკვე ზუსტად იცოდა, სადაც უნდა წასულიყო..


“კაცმან კაცსა თუ ცოლი წაართუას, იგი ცოლ-წაგურილი კაცი რასაც ვის ემტეროს ერთს წლამდის – დაწვასა, მოტაცებასა, დარბევასა, - არა მიეფასოს, რა რიგად წაუღოს სისხლის ქნისაგან მეტი.”
გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, მუხლი 22
1334-1335 წწ.


***

- კესო? – ვერ დამალა გაკვირვება საბამ როცა ბილიკთან ჩამუხლულ გოგონას მოჰკრა თვალი.
- სულზე მოვუსწარი, თავს იკლავდა. ამოილაპარაკა კესომ და ფერწასულ მათეს თავზე ხელი გადაუსვა
- თავს იკლავდა?
- ჯარჯი დაბრუნდა...
- ჯარჯი დაბრუნდა?
- აქაური მწყემსები ვნახე წეღან და იმათ თქვეს, ჯარჯი იყოო, მინანის ნამდვილი ქმარიო.
საბა გამშრალი იდგა.
- ამოუხოცავს ყველანი, გადაბუგია იქაურობა, აი, ჩანს კიდევაც იქედან, ხელი პატარა ბორცვისკენ გაიშვირა, მათგან ათიოდე ნაბიჯში.
- მათემ ნახა?
- არ ვიცი, რომ მოვედი, იქ იდგა, აი, იმ ხეზე ყულფს ნასკვავდა – ვერ გადავარჩინეო – ჩურჩულებდა – სახეზე მკვდრის ფერი ედო – რაღა აზრი აქ ჩემს ცხოვრებასო, ვერაფერს ვერ ვცვლი მაინცო.
- და შენ ჩვენ საძებნელად იყავი წამოსული თუ როგორ?
- თქვენი გამომგზავრებიდან მეორე დღეს უცნაური მოხუცი შემხვდა ბილიკზე, სუფთა ოჩოპინტრე იყო. გამარჯობაც არ უთქვამს, პირდაპირ აბიანურისძეებზე დაიწყო მოყოლა. მერე თქვა, აუცილებლად წადი შენს მეგობრებთანო და ბიჭებს უთხარი, რომ ბახა აღარაფერს დაგიშავებთო, უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ გამოკითხვის დრო აღარ იყო, ბახას ცხენი მოვპარე და მაშინვე გამოვქანდი.
- გზად გომურები და უთურგი ხომ არ გინახავს?
- ქედ-ქედ გადმოვედი და სოფლები არ შემიმჩნევია – უთურგი ვინღაა?
საბას აღარ უპასუხია, ბილიკის გასწვრივ გაშოტილ მეგობარს გვერდით მიუწვა და ცას ააშტერდა. მათე არ ინძრეოდა. ნიავს კვამლის სუნი მოჰქონდა უშიშას სამოსახლოდან.

afro
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Thu Dec 30, 2010 3:05 pm

„შემოდგომის ლეგენდა“


"ტაბულა", 10 დეკემბერი 2010



10 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურს „შემოდგომის ლეგენდას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსი უკვე მეორე წელია იმართება. 29 ოქტომბერს სტუდენტური კონკურსი სლოგანით - „სამშობლო მთებო! - დაბრუნება“ ყვარლის ტბის ტერიტორიაზე ჩატარდა. კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველმა ტურმა სტარტი 20 სექტემბერს აიღო და ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. შიდა შესარჩევ ტურში უნივერსიტეტის ჟიურიმ 122 კანდიდატს შორის 10 საუკეთესო შეარჩია: დავით გორგილაძე, მარიკა არევაძე, ბექა ბაღაშვილი, მარიამ ბექაური, უჩა ზაქაშვილი, სალომე მხეიძე, ნინო ტეფნაძე, თამარ ფოლადაშვილი, დავით ჩიხლაძე და ნუკა ჩოხელი. 28 ოქტომბერს იმპროვიზირებულ ტურში ფინალისტებმა ყვარლის ტბის ტერიტორიაზე ახალი ნაშრომები შექმნეს. 7 საათის განმავლობაში კონკურსანტები თემაზე - „შაქრის გარეშე“ მუშაობდნენ.

წელს საუკეთესოთა შორის სამი საუკეთესო, ქართველი ლიტერატორებითა და მწერლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები დავით ტურაშვილმა, დავით ქართველიშვილმა, თეონა დოლენჯაშვილმა და მაკა ლდოკონენმა დაასახელეს.

პირველი ადგილი - თამარ ფოლადაშვილი (მოთხრობით-როგორც ჩემი ძმა ანიკი)

მეორე ადგილი - უჩა ზაქაშვილი (მოთხრობით-გროზნო უშაქროდ)

მესამე ადგილის მფლობელი - დავით ჩიხლაძე (მოთხრობით-EXCHANGE)

თვითმმართველობის სიმპათია დავით გორგილაძემ (მოთხრობით-მეორადი კევები) დაიმსახურა, გამომცემლობის სიმპათია ერგო მარიამ ბექაურს (მოთხრობით-კედლები), ხოლო მკითხველის სიმპათია ნუკი ჩოხელს (მოთხრობით-„პადარკა“ - ოჯახის ღირსება).

პირველი ადგილის მფლობელს 1000 ლარი, მეორეს 700 ხოლო მესამეს 500 ერგო. კომპანია ჯეოსელმა კი კონკურსის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.


წყარო – http://www.tabula.ge/article-2537.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Sun Feb 20, 2011 1:08 pm

უჩა ზაქაშვილი

ხელით ნაქსოვი თოჯინები

საქართველოს მწერალთა კავშირისა და თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა მწერალთა კონკურსზე – გურამ რჩეულიშვილის პრემია "ალავერდი" – ან ნაწარმოებმა "საუკეთესო მოთხრობის" ნომინაციაში გაიმარჯვა და ფულადი ჯილდო, ათასი ლარი დაიმსახურა.


"მწვერვალამდე ბოლო, მეოთხე ბანაკში დილა ორ საათზე დადგა. ასვლა პირველად ამერიკელების ჯგუფმა დაიწყო. მათ ყველაზე რთული "ჯადოსნური ვერტიკალი"-ს მარშრუტი ჰქონდათ ამორჩეული. 30 წუთში ავსტრიელების ჯგუფი გავიდა, ისინი შედარებით მარტივი, "აბრუცის ქიმი”-ს მხრიდან ცდილობდნენ სიმაღლის აღებას. ათიოდე წუთში ჩვენი შერეული ჯგუფი გაუყვა ავსტრიელთა გზას.
სწორედ ამ დროს შევნიშეთ ბანაკში მობრუნებული კვინსი. მეოთხე ბანაკიდან 500-ოდე მეტრში მისი სამივე მეგობარი ყინულის მოწყვეტილმა მასამ გადაიყოლა უფსკრულში.
გადარჩენილი ამერიკელი არეულად ყვებოდა ამ ამბავს, ჩვენ კი მწვერვალზე ასვლას ვჩქარობდით, ამინდის პროგნოზის მიხედვით, შუადღიდან შტორმის საშიშროება იზრდებოდა. კვინსი კარავში დავტოვეთ. ვეცადეთ დაგვერწმუნებინა,
რომ საბაზო ბანაკში მწვერვალიდან ჩვენი დაბრუნების შემდეგ ჩვენთან ერთად დაშვებულიყო.
ის კი საუბრობდა ვერტმფრენზე და მაშველებზე, რომლებსაც მისი მეგობრების
გვამები უნდა ეპოვნათ.
02:41 წუთზე დავიძარით. კარლი და როუზი უკან ივლიან, მე _ წინ, შუაში _ ონისეა".

პეტერ რანსის ჩანაწერები.
14.07.1999წ.


* * *
_ თქვენი ნათესავია? _ მკითხა ჭორფლიანმა, როცა ჩემი მისვლის მიზეზი გაიგო.
_ არა, ჩვენ ერთად დაგვაკავეს ერთი თვის წინ.
_ ააჰ, გამახსენდა, შვებულებაში ვიყავი მაშინ. ესე იგი, თქვენ ხართ ის, _
ჩაილაპარაკა.
_ დიახ, მე ვარ. მაშინ ღამის გათევამ მომიწია განყოფილებაში, სანამ გაირკვეოდა
საქმის ვითარება. დღეს, ალბათ, გეცოდინებათ, რატომაც ვარ აქ.
_ კი, პროფესორ ასათიანს დაურეკავს ბენისთვის გუშინ, ანას საქმით მწერალი
ნ.ს.-ია დაინტერესებული და დაეხმარეთო. თქვენზე იყო ლაპარაკი, ესე იგი. ახლა გასაგებია. წავალ, ვნახავ თუა კაბინეტში ბენი, თქვენ აქ დამელოდეთ, _ თქვა ქალმა
და ოთახიდან გავიდა.
ღრმად ჩავისუნთქე, გონებაში კიდევ ერთხელ დავალაგე ნ.ს.-ს მონათხრობი. იმედი მქონდა, თავს გავართმევდი თამაშს. ორიოდე წუთში ქალი შემობრუნდა:
_ ველაპარაკე, თვითონ არ სცალია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ მე თქვენს განკარგულებაში ვარ.
_ ძალიან კარგი. თუ შეიძლება ვნახავ ანას _ უფრო სწორად, შორიდან შევხედავ.
_ თუ გნებავთ, გაესაუბრეთ.
_ არა, გამოლაპარაკება არ ღირს, იმ დღის მერე არ მინდა, რო მნახოს.
_ მესმის თქვენი. თუ საიდუმლო არ არის, რატომ დაინტერესდით ასე ძალიან?
როგორც მითხრეს, სულ რამდენიმე საათით იყავით ერთად, მერე კი დაგაკავეს, _
დაჟინებული შემომცქეროდა ჭორფლიანი.
მის დეკოლტირებულ ზედატანს შევავლე თვალი, მერე მზერა გავუსწორე.
_ ბენის ბრძანებით, გამონაკლისი დავუშვით და სპეციალურად მოწყობილ ოთახში გაგვყავს ხოლმე დღეში რამდენიმე საათით. იქ ისეთი მშვიდია, ისეთი გაწონასწორებული. ჩვენც გვირჩევნია ასე. ამდენი გაქცევის ფაქტის შემდეგ დავიღალეთ უკვე. ვცდილობთ გავიგოთ, რა სურს, ხელი შევუწყოთ, რომ აღარ გვქონდეს პრობლემები მის გამო, _ წამოიწყო ისევ, როცა მიხვდა, პასუხის გაცემას არ ვაპირებდი.
_ გაქცევა ახსენეთ, სხვა დროსაც მოახერხა?
_ კი, რამდენჯერმე შეძლო. ფოთამდე ჩააღწია ამას წინათ. პორტში დააკავეს. ბილეთს ყიდულობდა ბორანით გასამგზავრებლად.
_ შეგიძლიათ მითხრათ, სად მიდიოდა ბორანი? _ სხაპასხუპით მივაყარე სიტყვები.
_ არა, სამწუხაროდ არ დავინტერესებულვარ, _ მშვიდად მომიგო.
_ მომეხმარებით ამის გარკვევაში?
_ კი ბატონო. ბენს ვკითხავ, იქნებ იცოდეს პორტის ტელეფონის ნომერი.
_ გმადლობთ.
_ მე ლინა მქვია, _ მითხრა მოულოდნელად და ხელი გამომიწოდა.
_ ძალიან სასიამოვნოა, _ ჩავილაპარაკე დაბნეულმა, – ჩემი სახელი იცით ისედაც.
_ მიყვარს ხელოვნება, წიგნებსაც ვკითხულობ თავისუფალ დროს, _ აგრძელებდა
განაზებული ხმით.
_ კარგია, რას კითხულობთ?
_ კოელიოსაც, გალაკტიონსაც, ბურჭულაძესაც.
_ ოო, ეგ ბოლო არ გამიგია, მაგრამ მთავარია, რომ კითხვა გიყვართ.
_ ვაიმე, როგორ არ იცით? ჩემი თაობის ქალია, ისეთ მაგარ დეტექტივებს წერს,
ისეთი ცხოვრებისეულია... აუცილებლად წაიკითხეთ თუ ჩაგივარდათ ხელში. ანას
შესახებ მოთხრობას ხო გვანახებთ, როცა მორჩებით წერას?
_ აუცილებლად მოგიტანთ, _ ღიმილით შევხედე.
ლინა წამით მოსწყდა სამყაროს და, ალბათ, თავი კოელიოს რომელიმე გმირად
წარმოიდგინა, ან იქნებ ბურჭულაძის გმირადაც. მზერა გაურკვეველი მიმართულებით გაუშტერდა, თვალები აუწყლიანდა, მერე მომიბრუნდა:
_ ახლა წავიდეთ, მასთან თინია შესული, თქვენ გარედან შეხედეთ, ის შუშის
შიგნიდან ვერ დაგინახავთ – შარშან რეაბილიტაციის პროგრამის დროს სამინისტროს დაფინანსებით მოგვიწყეს ასეთი ოთახები პაციენტებზე უკეთ დასაკვირვებლად.
უხმოდ გავყევი. სუსტად განათებული დერეფანი გავიარეთ და პირდაპირ ანას
ოთახს მივადექით.
_ მე წავალ, დოკუმენტებს მოგიტანთ, თქვენ შეგიძლიათ, აი, აქ ჩამოჯდეთ, _ მიმითითა სკამისკენ.
_ გმადლობთ, _ ვთქვი და ყავისფრად დაბურულ შუშას მივუახლოვდი...


* * *
"07:33 _ ავსტრიელები მწვერვალზე ავიდნენ. 15 წუთში ჩვენც ავყევით. საოცარი
განცდა დამეუფლა, ჩემი ოცნება ჩოგორის აღებაზე ასრულდა, წუთით
ამერიკელების დაღუპვაც კი დავივიწყე.
ამინდი ნელ-ნელა ფუჭდება.
11:05 _ ცოცხალმკვდარი შემოვედი კარავში. საშინელი შტორმია, გრიგალია.
თოკში ჩაბმულებსაც გვიჭირდა წონასწორობის დაცვა. კარლს თითები ეყინება.
ონისე მედგრად დგას, როუზი მობუზულია.
ავსტრიელების კარავი კი საერთოდ აღარ დაგვხდა. როგორც ჩანს, ქარმა წაიღო.
მესამე ბანაკში დაშვება ასეთ პირობებში შეუძლებელია. ბენზინის მარაგი მხოლოდ
შუადღემდე გვეყოფა.
19:47 _ შტორმი გრძელდება. მე და ონისე ერთ ავსტრიელს შემოვისახლებთ,
ერთსაც კარლი და როუზი შეიფარებენ.
ორს კი თოვლში ბუნაგის ამოთხრა და ღამის იქ გატარება მოუწევს. კვინსი არ ჩანს,
უჩვენოდ წავიდა ალბათ. გული ცუდს მიგრძნობს.
თერმომეტრი 29 გრადუსს უჩვენებს.
08:30 _ ყველას გვღვიძავს, ფრიცი და ჰერსი ღამე გაიყინნენ, ისინი კარლის
კარავში გადავასვენეთ. ჩვენ დაშვებაზე ვბჭობთ. ამინდი კვლავ კრიტიკულია. საბაზოს მეორე ბანაკში ჩასვლამდე ვერ დავუკავშირდებით.
ახლა თუ არ დავიძვრებით, "მერე" შეიძლება აღარასდროს დადგეს.
უემოციოდ ვარ, წეღანაც ურეაქციოდ დავყურებდი გარდაცვლილებს, თითქოს
გულიც გამეყინა, მხოლოდ დაშვებაზე ვფიქრობ".
პეტერ რანსის ჩანაწერები.
15.07.1999წ.



* * *
"ანას ეკლესიასთან შევხვდი. უკვე შინ ვაპირებდი წამოსვლას და ეზოს მეორე
ბოლოსკენ წყლის დასალევად გავემართე.
_ დამეხმარეთ, ფული მჭირდება, _ მომესმა უეცრად.
ჩემს წინ ოცდაათიოდე წლის ქალი იდგა. ჯიბე მოვიჩხრიკე, რამდენიმე ხურდა
ფული გავუწოდე.
_ არა, ეს არ მეყოფა, უფრო ბევრი მჭირდება, _ მითხრა გაუბედავად.
ჩუმად შევყურებდი. ის კი უხერხულობისგან ხელებს იქნევდა, აქეთ-იქით იყურებოდა.
_ თქვენ მთამსვლელი ხართ, ხომ? _ წამოიწყო მოულოდნელად.
_ დიახ, გაუბედავად ვუპასუხე, _ სასაუბრო თემის ასე უცნაურად შეცვლით
დაბნეულმა, _ მართალია, სულ რამდენიმე მწვერვალზე ვარ ასული, მაგრამ საბაზო
ბანაკამდე ყოველთვის ავდივარ, მიყვარს იქაური სიტუაცია, ხალხი და მერე
წერა მათზე, _ ვაგრძელებდი.
_ ასეთი ზაგარი მარტო ალპინისტებს აქვთ, _ ჩურჩულით თქვა და გამიღიმა.
მეც გავუღიმე და მივხვდი, რომ ზუსტად იმ წამს მისდამი სიმპატიით განვეწყვე.
სკამზე ჩამოვსხედით.
_ მე ანა მქვია, ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე გადმოსახლდნენ
ბრიტანეთიდან საქართველოში და მეც აქაურივით აღმზარდეს. სიმართლე გითხრათ, ჩემს ნამდვილ სამშობლოში არც კი ვარ ნამყოფი. ახლა ზღვამდე ჩასასვლელი ფული მჭირდება, იქნებ მომეხმაროთ რამენაირად, _ უკვე თამამად საუბრობდა.
_ ფული არაა პრობლემა, _ ჩავილაპარაკე.
_ ძალიან მჭირდება უბრალოდ, _ გაიმეორა და ეკლესიის შესასვლელთან მოგროვილი ხალხისკენ გაიხედა.
"წყალი, წყალი დროზე, გული წაუვიდა", "სასწრაფოში დარეკა ვინმემ?" – ისმოდა
ხმა ჩვენგან ათიოდე მეტრში ატეხილი ჩოჩქოლიდან.
ჯიბე მოვიჩხრიკე, საკმარისი თანხა არ აღმომაჩნდა. ბანკომატისკენ წავედით,
რომელიც ორი ქუჩის იქით მეგულებოდა.
გზაში შევამჩნიე, ანას კაცის მაისური და სიძველისგან გადახუნებული შარვალი
ეცვა. თუმცა ქუჩის მაწანწალის არაფერი ეცხო. ვარცხნილობა, ფრჩხილები, სახე _
მოვლილი გამოიყურებოდა. ეს ძონძები ისე აკურატულად მოერგო, უხდებოდა კიდევაც.
ის იყო ქაღალდის კუპიურები გადავთვალე, რომ ზურგს უკან მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მომესმა. გავიხედე _ რამდენიმე ფორმიანი ანას სალონში ტენიდა. მივვარდი. ვცდილობდი, მათი ხელებისგან გამენთავისუფლებინა გოგოს
სხეული.
_ რაღაც გეშლებათ, გაუგებრობაა, _ უმისამართოდ ვისროდი სიტყვებს.
ყურადღებას არავინ მაქცევდა. როცა ის ჩასვეს, მე მომდგნენ.
_ ჩვენთან ერთად წამოხვალ, _ მითხრა ყველაზე დაბალმა. უხმოდ დავუქნიე
თავი და გავყევი. გონებაში დაწყებული დომხალი სირენების ხმაში აიზილა.
ფორმიანები პოლიციის რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში მიგვაქანებდნენ".
ნაწყვეტი მწერალ ნ.ს.-ს
გამოუქვეყნებელი მოთხრობიდან.


* * *
"მესამე ბანაკთან ახლოს, კლდეებთან ონისე დავკარგეთ. არც ნაპრალი, არც
უფსკრული, არც ზვავი, უბრალოდ გაქრა.
კარლმა მისი მოძებნა გადაწყვიტა, არადა, თვითონვე იყინება, ხელის მტევნებს ვეღარ გრძნობს, ცხვირიც მოეყინა. ძლივს გადავაფიქრებინე.
ასეთ ქარბუქში არც ხილვადობაა, უსაფრთხოდ გადაადგილებაც რთულია. ახლა ბანაკში ვართ. ავსტრიელებმა ბენზინი იპოვნეს და ჩაის ადუღებენ.
კვინსის კვალი გზაში არ შეგვხვედრია. როუზს ვუყურებ, გახევებული ზის და არ იცის, რომ ასეთ კონდიციაში კარლი მეორე ბანაკამდეც ვერ ჩამოაღწევს... დაწყევლილი დღეა. ამ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვარ".
პეტერ რანსის ჩანაწერები
(თარიღი და დრო მითითებული არაა).



* * *
ჭორფლიანი დოკუმენტების მოზრდილი შეკვრით დაბრუნდა.
_ არ ვიცი, რა მასალები განახეს თქვენ, ამიტომ სულ წამოვიღე, აქ სრული მონაცემებია, ყველაფერია მასზე, რაც კი მოგვეპოვება ჩვენთან მოყვანის დღიდან.
უხმოდ გამოვართვი საქაღალდე და პირდაპირ მაგიდაზე ჩამოვჯექი. მსურდა,
დოკუმენტების დათვალიერებასთან ერთად არც ანაზე თვალთვალი შემეწყვიტა.
ის კი ფერადი ქაღალდებით კარვის ფორმის ორ ხუხულას დგამდა ერთმანეთის
გვერდით.
_ მე დაგტოვებთ, თუ რამე დაგჭირდათ, დამიძახეთ, _ ჩუმად წარმოთქვა ლინამ.
_ პორტი, _ წამოვიძახე, _ დარეკეთ პორტში?
_ პორტის დირექტორი ბენის მეგობარი ყოფილა, წეღან ველაპარაკე და ძალიან
მალე გაარკვევენ ყველაფერს, _ მიპასუხა.
_ კარგი. ეს რა არის? – ვიკითხე, როცა თვალი საქაღალდეში ჩაწყობილ გაზეთებს
მოვკარი.
_ ქრონიკაა იმ დღეების... წაიკითხეთ... _ თქვა და ოთახიდან გაუჩინარდა.
ანას გავხედე, ჩოგორის ექსპედიციის მერე ათი კილო მაინც ექნებოდა მომატებული.
სახე შევსებოდა. ადრეც მიფიქრია მის სახეზე _ ერთი მკვეთრი ნაკვთიც კი
არ ჰქონდა.


* * *
"არ მახსოვს, როგორ გამოვიარე მეორე ბანაკი. გონს მოსული საბაზოში ვარ.
არც თითები მაქვს მოყინული, არც ფეხები _ მადლობა ღმერთს.
როუზი მეორე ბანაკში იპოვნეს მაშველებმა, რომლებიც კვინსმა გაგზავნა.
მე, კვინსი და როუზი გადავრჩით, ცოცხლები ვართ! ავსტრიელები და კარლი დღეს
დილით ნახეს _ სამივე გარდაცვლილია.
ფრიცის და ჰერსის სხეულების გადმოსვენება გაურკვევლი ვადით გადაიდო. გამოამინდებას უცდის ყველა, მეოთხე ბანაკს ვერტმფრენით ვერ მიუდგები, ამიტომ
დიდი სამაშველო ოპერაციის დაგეგმვაა საჭირო. ზვავის ქვეშ მოყოლილი კვინსის
მეგობრების მსგავსად ონისესაც აღარ ეძებენ.
მართალია, მის სიკვდილს არავინ შესწრებია და არც მისი სხეულია ნაპოვნი, მაგრამ უკვე ისიც გარდაცვლილთა სიაშია მოხსენიებული. ყველაზე მეტად როუზი მეცოდება, ერთბაშად ორი ადამიანი, საყვარელი კაცი და საუკეთესო მეგობარი
დაკარგა. კარლიც და ონისეც კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ შეიძლება მათ ადგილზე მეც ვყოფილიყავი, ასეთია მთა. ასეთი სასტიკი და მიმზიდველი, ასეთი დაუნდობელი და ტკბილი.
ხვალ სამშობლოში ვბრუნდები. საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ უახლოესი
ოთხი თვე ანუ იანვრამდე მწვერვალებისკენ აღარ გავიხედავ. დასვენება მჭირდება".
პეტერ რანსის ჩანაწერები.
17.07.1999წ.



* * *
გაუნძრევლად ვიდექი. ხელში ყვითელ ყდაში ჩასმული საქაღალდე მეჭირა
ლურჯი წარწერით _ "ანა როუზის საქმე".
_ ჩვენ ყოველდღე ვნახულობთ იმ დღეების ინსცენირებას მისი შესრულებით.
ეს სპეციალური ოთახიც მხოლოდ ამისთვისაა მოწყობილი. რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს მოგონებებით საცხოვრებლად: თოკები, ფერადი ქაღალდები, ფანქრები, ლურსმნები კედელში საფეხურების ამოსაჩიჩქნად, _ მომესმა ზურგს უკან
ლინას ხმა, როცა ადგილზე დაყინული შევცქეროდი ყავისფერი შუშის იქით მოთამაშე როუზს, რომელსაც ხელით ნაქსოვი თოჯინები ერთმანეთზე თოკით გადაება და კედელზე დახატული მწვერვალის მიმართულებით, პარკეტს შორის ჩაკარგულ ნაპრალებზე ფრთხილად გადაჰყავდა...
წამით გამიელვა თავში, რომ ამ თოჯინებიდან ერთ-ერთი მე ვარ და სახეზე სუსხიანი სიო ვიგრძენი. გული ისე ამიძგერდა, მივხვდი, გამიჭირდებოდა ემოციის
შეკავება. უშბაზე პირველად ორი წლის წინ ავედი. ექსპედიციაში ერთადერთი გოგო
ანა იყო. თავზე ვევლებოდით ბიჭები. გავოცდი, როცა მწვერვალზე ამოსვლა შეძლო.
კარლიც მანდ გავიცანი. დავმეგობრდით სამივე. ჩვენი ურთიერთობა ქალაქშიც
გაგრძელდა. კარლი ხშირად ჩამოდიოდა ანას სანახავად სამშობლოდან. დროს ერთად ვატარებდით, კლდეებზე დავძვრებოდით, ექსკურსიებს ვაწყობდით. ბოლოს
მაისში ვნახე ორივე, მათ საოცნებო შემოთავაზება ჰქონდათ ჩემთვის. ჩოგორზე
ეშმაკთან ერთადაც წავიდოდი, ისე მიმიწევდა გული ჰიმალაისკენ. ჰოდა, დავთანხმდი.
ღმერთო, მიჭირს დაჯერება, რომ...
თვალები დავხუჭე _ პაკისტანიდან ჩამოსვლიდან კვირასაც არ გაევლო, ჯერ მშობლების გარდა არავინ იცოდა, რომ ცოცხალი გადავრჩი, ვიჯექი სახლში დაბოღმილი.
ვფიქრობდი, ყველაფერი თავში მერეოდა.
თავიდან ვერ ვიშორებდი მოგონებებს, მწვერვალამდე, ბოლო მეოთხე ბანაკში,
დიდხანს გვეღვიძა. იმის მაგივრად, რომ დაგვეძინა და მთავარი შტურმის წინ
ძალები აღგვედგინა, ვსაუბრობდით. უკან დაბრუნების შემდეგ კარლი და ანა დაქორწინებას აპირებდნენ. მე მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მანამდე დედა უნდა გაგაცნოო, მპირდებოდა კარლი და ყინვისგან გათოშილ როუზს გულში იკრავდა.
იმ ტრაგიკული დღეების მერე ყველას მკვდარი ვეგონე, მე კი საღსალამათი ვიჯექი
საკუთარ ოთახში და ჭერზე მიშტერებული მეათასეჯერ ვხედავდი ჩვენს კარავს,
საძილე ტომრებს, წერაყინებს, კვინსის შეშლილ სახეს, ფრიცის და ჰერსის გვამებს,
ცხვირწაყინულ კარლს, მერე კი ნაპრალს, რომელშიც რამდენიმე საათი გავატარე.
არავინ მომშველებია, მარტოდმარტო ამოვძვერი, დაღლილობისგან გაბრუებული
მარშრუტს ავცდი, ამიტომ დღემდე არ ვიცი, რომელი გზით გამოვაღწიე სამშვიდობოს.
ამ ყველაფრის შემდეგ მიმძიმდა სახლში ყოფნა, ვერაფერს ვუდებდი გულს, არ ვიცოდი, რა მექნა. ასეთ დროს დამირეკა ნ.ს.-მ. როგორ მომაგნო, როგორ მოასწრო ჩემი ჩამოსვლის ამბის გაგება, როგორ დამიძმობილდა გაცნობიდან ორ საათში, წარმოდგენა არ მაქვს. მისგან შევიტყვე ანას ამბავიც, ეკლესიის ეზოში გაუცვნია, ფულს მთხოვდაო. მიამბო, როგორ დააკავეს და დააბრუნეს როუზი ფსიქიატრიულში.
მერე მეც მოვუყევი ჩვენი ისტორია.
ვუთხარი, რომ ყირიმში ანას წაყვანაც მსურდა. ის ჯერ ამაოდ ცდილობდა, გადავერწმუნებინე, მერე კი როცა გაიგო, ბენი რამდენიმე საათით სამსახურში არ
იქნებოდა, თავისი სახელით შემომიშვა ფსიქიატრიულში, უნდოდა ჩემი თვალით
მენახა როუზის მდგომარეობა... დამარცხებულივით ვიდექი შუშის მიღმა, რომლის
იქითაც ანა იყო, მიჭირდა აღიარება, მაგრამ ცხადი გახდა, მე ვერ დაველაპარაკებოდი მას, უბრალოდ ვერ გავუძლებდი წნეხს, ვერც კარლის საფლავზე წავიყვანდი და ვერც ვერაფერს ვუშველიდი, ის კი არასდროს მაპატიებდა ამ ღალატს...
_ ხო, მართლა, პორტში დავრეკეთ, _ ფიქრებიდან გამომარკვია ლინამ.
_ ყირიმში მიდიოდა, არა? _ წამომცდა მოულოდნელად.
_ თქვენ საიდან იცით? _ იკითხა გაოცებულმა ქალმა და როცა მისი მზერა შემეჩეხა,
მე თვალებით დერეფანში გასასვლელს ვეძებდი. სასწრაფოდ უნდა გამეღწია გარეთ, სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქაურობას...

* * *
"მცირე აღმართი აათავა, უზარმაზარ ველზე ათიათასობით ჯვარს შორის მშვიდად
დაიწყო საკუთარისკენ სვლა. რაც თვალთ დააკლდა, ხშირად ვეღარ ამოდიოდა,
ვეღარც უვლიდა. პენსიიდან ფულს მეზობელ ვანკას აძლევდა და ის ნახულობდა
ხოლმე კვირაში ერთხელ კარლის საფლავს, ხანდახან სარეველა ბალახსაც აშორებდა. ვარასაც ხშირად სტუმრობდა.
ჩამოჯდებოდა ხის პატარა სკამზე, სწორედ იმ სკამზე, სადაც ბავშობაში უყვარდათ
ჩამოსხდომა მას და კარლიკს კამათელის სათამაშოდ. იჯდა უხმოდ, არაყს ყლუპავდა, ათასში ერთხელ მოხუცი სადილითაც უმასპინძლდებოდა. თუმცა ვანკას არ უყვარდა ჭამა. მეგობრის საფლავიდან მობრუნებული, თითქოს ცოცხალი ნახაო,
უამრავ ამბავს იხსენებდა და ყვებოდა მასზე. ვარა წყნარად უსმენდა თვალზე
ცრემლმორეული. თვალწინ უდგებოდა შვილი. რამდენჯერ ამძვრალა სოფლის
განაპირას მომცრო კლდეზე, რამდენჯერ ჩამოვარდნილა, იდაყვები და მუხლები
გადაუგლეჯია, შარვალი შემოუხევია. სულ ტუქსავდა, უწყრებოდა, ის კი გრძნეულივით მიიწევდა სიმაღლეებისკენ. მერე სკოლა დაამთავრა და პამირში წავიდა. ვარას ზუსტად ისეთი განცდა ჰქონდა, როგორც მაშინ, როცა ქმარს აცილებდა ომში, როცა სიკვდილი აღარ იყო შორი და მისტიკური.
მართლაც, უკვე მოგებულ ომში ჩავარდა ტყვედ ნიკოლოზი და უკან აღარც დაბრუნებულა.
დახვრიტესო _ მხოლოდ ამ ცნობამ მოაღწია სოფლამდე.
არასდროს დაავიწყდებოდა კარლის სახე, კავკასიონის ექსპედიციის დასრულების
შემდეგ, როცა ანასთან ერთად დაბრუნებულმა პირველი სიტყვები წარმოთქვა:
_ დედა, მე უშბაზე ავედი... _ და ეს ოთხი სიტყვა იყო ის, რისთვისაც ღირდა
მთელი მისი ცხოვრება.
სწორედ მაშინ მიხვდა ვარა და მას შემდეგ უფრო მეტად ესმოდა შვილის. თუმცა
ყოველი ექსპედიციის დაწყებისას უფრო მეტად ეძაბებოდა გონება და სხეული
რაღაც საშინელის მოლოდინში.
სუნთქვა ეკვროდა დაღლილობისგან.
როგორც იქნა, მიაგნო საფლავს და ჯვარს, რომლის გვერდითაც მომცრო ზომის წერაყინი ესო. ცრემლი ჩამოუგორდა. ჩაიმუხლა, თავი მიწაზე დადო, მიყუჩდა. "კარლ, ანა არ ჩამოსულა, კარლ", _ ჩაიბუტბუტა.
ყოველდღე ელოდა. იცოდა, როუზი ერთხელ მაინც მოინახულებდა. თავისი ყურით რომ არ მოესმინა რადიოში გადარჩენილთა გვარები, იფიქრებდა, ისიც დაიღუპაო, მაგრამ ახლა ვერაფერს ხვდებოდა. "ნუთუ თავს იდანაშაულებს და ამიტომ
არ..." ხშირად ფიქრობდა და ახსენდებოდა კარლის და როუზის ბედნიერი წუთები. როგორ უყვარდათ ერთმანეთი, მთები. როგორ აწყობდნენ გეგმებს პირველად
რომელ მწვერვალზე აეყვანათ ბავშვი, რომელსაც დაბადება არ ეწერა...
_ ვარა დეიდა, აქ ყოფილხართ, მე კი რამდენი გეძებეთ, როგორ შემაშინეთ, _
მოხუცს მთვრალი ვანკა წამოსდგომოდა თავს, _ სახლში რომ ვერ გნახეთ, მივხვდი,
აქეთ იქნებოდით წამოსული, _ აგრძელებდა ბუტბუტით, თან ფეხზე წამოდგომაში
ეხმარებოდა.
_ დღეს მისი დაბადების დღეა, _ სლუკუნით თქვა ქალმა, როცა შარაგზას ბარბაცით ჩაუყვნენ და მზე კარლის საყვარელ კლდეს ამოეფარა".
ნაწყვეტი მწერალ ნ.ს.-ს
გამოუქვეყნებელი მოთხრობიდან.


* * *
_ ხო არ მიგიხვდნენ რამეს, ონისე? _ ღიმილით მიყურებს ნ.ს. მე კი ნერვიულობისგან სუნთქვაშეკრული უხმოდ ვუჯდები მანქანაში.
_ მარტო უნდა წავიდე, _ ვამბობ ორიოდე წუთის შემდეგ...
_ საფლავზე?
_ ხო, დედამისი ცოცხალია და მოვინახულებ.
_ ანას გარეშე მიდიხარ? _ მეკითხება ეჭვნარევი, ოდნავ დამცინავი ხმით.
ვიცი, ნ.ს.-სთვის ჩვენი ტრაგედია მხოლოდ მოთხრობის სიუჟეტია, რიგითი თავგადასავალია. მას სურს, მაქსიმალურად შეიგრძნოს ჩემი სევდის სიმძაფრე. ამიტომაც მეხმარება, გვერდიდან არ მშორდება.
ჩემთვის სულერთია ეს ყველაფერი.
რაც უნდა ის ქნას, რაც უნდა ის დაწეროს.
მე ჩემი მიზანი მაქვს...
_ ჩემი მანქანით წავიდეთ პორტამდე, _ მშვიდად მეუბნება ბოლოს.
არაფერს ვპასუხობ. სავარძელზე მოხერხებულად ვკალათდები, უსაფრთხოების
ღვედს ვიმაგრებ. ისიც ჩუმდება და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე
გემით მგზავრობისას, ცდილობს საუბრის განახლებას:
_ როცა ეს ყველაფერი გაივლის, დაბრუნდები მთებში?
სიტყვას არ ვძრავ, მხოლოდ ვუღიმი, დარწმუნებული, რომ მან ისედაც იცის პასუხი...

P.S. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემი ვიზიტიდან ერთ კვირაში ანა როუზი კვლავ
გაიქცა ფსიქიატრიულიდან. რამდენიმე დღეში მისი სხეული პორტთან ახლოს
გამორიყა ზღვამ.

წყარო – http://www.mcs.gov.ge/download/Newspaper/25.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Sat Mar 05, 2011 10:42 am



წიგნის დასახელება – "ხელით ნაქსოვი თოჯინები"
ავტორი – უჩა ზაქაშვილი
ჟანრი – პროზა (მოთხრობები)
გამომცემლობა – "საუნჯე"
რედაქტორი - ბესო ხვედელიძე
გარეკანის დიზაინერი - ირაკლი საბეკია
გარეკანზე გამოყენებული ფოტოს ავტორი - ლევან პირკულაშვილი
ISBN 978-9941-9186-3-6
გვერდების რაოდენობა – 188
წელი – 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: უჩა ზაქაშვილი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
უჩა ზაქაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: