არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 უჩა შერაზადიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: უჩა შერაზადიშვილი   Thu Dec 30, 2010 10:12 am


უჩა შერაზადიშვილი


იუჰან ბორგენი

ჰემინგუეი

ჰემინგუეის თაყვანისმცემელთა უმეტესობისთვის ცნობილია ის ფანტასტიური ამბავი, თუ როგორ გაანთავისუფლა მწერალმა მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზი. უფრო სწორად, ბევრს ეს ამბავი ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია.

და ცდებიან. ამ ისტორიის ყველაზე დაუჯერებელი ვერსიაც კი თავიდან ბოლომდე სარწმუნოა. სამხედროები არა მარტო გვარწმუნებენ მის უტყუარობაში, არამედ თვითონვე უპატაკებდნენ ხელმძღვანელობას ამ ამბის თავდაპირველ ვერსიას. სინამდვილეა ისიც, როგორ პატრულირებდა ჰემინგუეი სამხედრო კატერით კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე გერმანული წყალქვეშა ნავების მოლოდინში.

1944 წელს რეპორტიორის ამპლუაში ასრულებდა სამხედრო ფრენებს ინგლისის საჰაერო ძალების მფრინავებთან ერთად.

1944 წლის ივლისიდან 1945 წლის გაზაფხულამდე სამხედრო კორესპონდენტი იყო სახმელეთო ჯარების მესამე არმიაში. გენერალ პატონთან უთანხმოების გამო მან მიატოვა მესამე არმია და წესდების დარღვევით პირველ არმიას შეუერთდა. აქ უკვე უშუალოდ უწევდა ბრძოლებში მონაწილეობა. გიურტგენის ტყეში თვრამეტდღიანი ბრძოლების შემდეგ 3200 ჯარისკაციდან 2600 დაიღუპა და დაიჭრა. როგორც გვარწმუნებენ (ალბათ, სამხედრო ტრიბუნალის თვალის ასახვევად), მწერალს იარაღი არ ჰქონია, სამაგიეროდ ატარებდა გერმანელი ჯარისკაცისთვის ართმეულ ქამარს Gott mit uns (უფალი ჩვენთანაა), რომელზეც ორი მათარა ჰქონდა მიმაგრებული, ერთში ჯინი ესხა, მეორეში - ვერმუტი.

აგვისტოში, როცა მეოთხე დივიზია ნორმანდიის აღმოსავლეთით იბრძოდა, მწერალი თავისი ჯიპით წინ გაიჭრა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაამყარა კონტაქტი. მალე დიდი პარტიზანული დაჯგუფების მეთაური გახდა, ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და შტაბში აგზავნიდა მნიშვნელოვან სამხედრო ცნობებს.

ახოვანი და ძლიერი, ჭაღარა და წვეროსანი ამერიკელი ფრანგ პარტიზანებს ზღაპრულ პერსონაჟს აგონებდათ. სტრატეგიული გამოცდილებით, ადამიანური ფსიქოლოგიის და ყველა სახის იარაღის ცოდნით იგი დიდ ნდობას იწვევდა. პირადი მძღოლიც კი ვერ ხვდებოდა, რომ ის მწერალი იყო. ერთხელ ერთმა პარტიზანმა ჰკითხა: “ასეთმა ჭკვიანმა და გამოცდილმა, თანაც ამდენი ჭრილობებით მხოლოდ კაპიტნობას მიაღწიეთ. რატომ?” ჰემინგუეიმ უპასუხა: “ყმაწვილო, მიზეზი იმდენად მარტივია, რამდენადაც დელიკატური. საქმე ისაა, რომ მე არც წერა ვიცი და არც კითხვა”. მართლაც უნაური იყო მისი მდგომარეობა და ზოგჯერ ხელმძღვანელობას ვერ აერჩია, უმაღლეს ჯილდოზე წარედგინათ თუ სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაეცათ იმ ხელშეკრულების დარღვევისათვის, სამხედრო კორესპონდენტს ბრძოლებში მონაწილეობას რომ უკრძალავდა.

შესაძლოა, ბევრისთვის ეს ბრძოლებში დასახიჩრებული და ნაიარევი, მკერდბანჯგვლიანი, იარაღ და ბოთლებასხმული კაცი ცოტა კომიკურადაც გამოიყურებოდეს. ვაღიაროთ, ჩვენს დროში ხომ ვაჟკაცურ შემართებას, ფიზიკურ ძალასა და გმირობას ერთგვარი ეჭვით უყერებენ.

გერტრუდა სტაინი ჯერ კიდევ ჰემინგუეის პარიზული ცხოვრების პერიოდში, 20-იანი წლების დასაწყისში მიანიშნებდა მის უჩვეულო ფიზიკურ სიძაბუნეზე. მას შემდეგ იგი გამუდმებით იკაჟებდა სხეულს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჰემინგუეი პირველი მსოფლიო ომის დროს მძიმედ იყო დაჭრილი ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც სრულებით ახალგაზრდა წითელი ჯვრის რაზმში ირიცხებოდა. თვითონაც დაჭრილი, მეორე დაჭრილის ბრძოლის ველიდან გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ ვიდრე უახლოეს პოსტს მიაღწევდა, ჯარისკაცი ხელზე შემოაკვდა. ჰემინგუეის ერთ-ერთი ბიოგრაფი ლინკოლნ კირსტაინი წერს: “იგი ყველაზე მაღლა აყენებს მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების უნარს”. მწერლის კიდევ ერთ თვისებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - იგი განსაკუთრებით აფასებდა მეგობრობის გრძნობას. ჰემინგუეი თანამებრძოლების ბრძენი მრჩეველი იყო ყველა საკითხში, პირად ცხოვრებას ეხებოდა, სიყვარულს თუ იმას, თუ როგორ უნდა გახდეს კაცი მწერალი. გერტრუდა სტაინი ახალგაზრდა ჰემინგუეიზე წერდა: “მას უფრო დაინტერესებული გამოხედვა აქვს, ვიდრე საინტერესო”.

თვითონ ჰემინგუეი დამწყებ მწერალს ურჩევდა: “მოუსმინეთ, პირველ რიგში მოუსმინეთ!” მას უყვარს სხვების სწავლება, რადგან ეს თავისთვისაც კარგი სკოლაა. რას ასწავლის? რას და, როგორც თვითონ უწოდებს the real thing (რეალურ საგნებს, იმას, რაც სიტყვებსა და ფრაზებს შორის იმალება. რა თქმა უნდა, ის საუბრობს ხედვის ნიჭზეც, რადგან სწორედ განსაკუთრებული ხედვის წყალობით გახდა ასე ცნობილი. როგორც თვითონ ამბობს: “ხედვა - ფორმის მორგებაა”.

როგორც ვხედავთ, ჩვენ წინაშე წმინდა ლიტერატურული საკითხები წამოიჭრა. თავიდან ვფიქრობდი, ამ თემისთვის მეტნაკლებად გვერდი ამექცია, რადგან ბევრი რამ კარგად ცნობილია და ვეჭვობ, რაიმე ახალი ვუთხრა მკითხველს. თუმცა, შევეცდები არ დავარღვიო წონასწორობა მწერლის ცხოვრებასა და მის ხელოვნებას შორის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, ერთი მხრივ, იგი სრულიად ახალგაზრდა შეეჩეხა ომსა და ძალადობას და, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ ხვეწდა მწერლურ ოსტატობას.

ჯონ მაკ-კეფრიმ გამოსცა სტატიათა კრებული “მწერალი და მისი შემოქმედება”, რომელშიც ჰემინგუეის ცხოვრებისა და ლიტერატურული საქმიანობის მრავალი დეტალია გაანალიზებული. ჩემს მონათხრობში ბევრი რამ ამ წიგნიდან მაქვს ნასესხები...

ახლანდელ პაპა ჰემზე ამბობენ რომ მეოთხედ არის დაქორწინებული და პატრიარქალური ოჯახი აქვს. საუბრობენ კატებსა და ძაღლებზე, ასე მრავლად რომ არიან მის სახლში და უამრავ სტუმარზე. თვითონ ძველი მოკრივე სიამოვნებით ურთიერთობს ბოქსიორებთან, არ იკლებს არანაირ სიამოვნებას, არ ერიდება ხარჯებს და კარგადაც შოულობს, განსაკუთრებით - კინოსცენარები. ის ცხოვრობს სამ უფრო შვილთან ერთად, რომლებიც აღმერთებენ პაპა ჰემს და, ეტყობა, ხელსაც უწყობენ მის საყოველთაო გაღმერთებას. იგი გაშმაგებით, მაგრამ შესვენებებით მუშაობს თავის მთავარ ნაწარმოებზე, რომელიც მოცულობით უფრო დიდია, ვიდრე “ვისთვის რეკს ზარი”. მდიდრული სადილი. არაჩვეულებრივი სასმელები. სრული განცხრომა. ნაირგვარი თევზები, სწრაფი კატერები. ჯარისკაცი, მოკრივე, მსმენელი, შეგირდი - მარადიული შეგირდი, pater familias (ოჯახის მამა), უფროსი. რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ, ნუთუ დახშული წრეა და ყველაფერი ამოიწურა?

არა, რაღაც არ ემთხვევა. ჩემში რაღაც ძალა ეწინაღმდეგება ამ “დასრულებულ პორტრეტს”. არის ორი მომენტი, რომელიც მუდამ გასათვალისწინებელია: ის, რომ ახალგაზრდობაში დაჭრილი იყო და თანაც გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე, მუშაობდა შეუსვენებლად, არაქათის გამოცლამდე. მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვს პულიცერისა და ნობელის პრემიები, იტალიის სამხედრო ჯვარი და უამრავი დაფნა-გვირგვინი. და მაინც, რაღაც არ ემთხვევა.

თანაც, მიმაჩნია, რომ მის შემოქმედებას უნდა აეხსნას ის დამღა, რომელიც ზერელე კრიტიკოსებმა მიაწებეს, თითქოს მწერალი ხოტბას ასხამდეს სიკვდილს. მე კი მიმაჩნია, რომ ჰემინგუეი რაღაცნაირი შფოთითა და გახელებით უმღერის სიცოცხლეს. გეთანხმებით, შესაძლოა, ეს ერთი და იგივე იყოს, თუმცა, სიცოცხლის თაყვანისცემა და მისი აღგზნებული გამოხატვა მსჭვალავს, ჩემი აზრით, ყველა მის ნაწარმოებს.

იქნებ ეს გარემოებაც განაპირობებდა მისი შემოქმედების ე. წ. “დაღმასვლის” პერიოდს? დაღმასვლისა, რომელმაც მწერალი მიიყვანა ისეთ მწვერვალამდე, როგორიცაა “ვისთვის რეკს ზარი”...

“დაღმასვლა” კი დაიწყო რომანით “მშვიდობით, იარაღო!”, ნაწარმოებით, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ტრადიციულად უმადურმა მსოფლიოს კი გადაწყვიტა, რომ მწერალმა მხოლოდ ასე და ამგვარად უნდა წეროს, - ამგვარად და მორჩა!

ჩემი აზრით, ეს რომანი ყველაზე უფრო ჰემინგუესეულია სხვა ნაწარმოებთა შორის, თუმცა მანერულობის კვალი მასაც ეტყობა. “ქონა და არქონაც” თვითპაროდიულობამდე ჰემინგუეისეულად მიმაჩნია, თუმცა უფრო საინტერესოა მწერლის მთელი შემოქმედების კონტექსტში.

ჰემინგუეი ბევრს სწავლობდა სხვებისგან. გერტრუდა სტაინმა პირში მიახალა მკაცრი სიმართლე, თავი დაენებებინა ჟურნალისტიკისთვის, რადგან ჟურნალისტს ესაჭროება სიტყვა, მწერალს კი - საგანი. ასეც მოხდა, ჰემინგუეის შემოქმედების მთელი არსი “რეალური საგნების” აღმოჩენაა, მოძიება სიმბოლოებისა, რომლებიც “ნამდვილობას” შეიცავენ.

ალფრედ კაზინმა ჰემინგუეიზე თქვა: “ჯარისკაცი შეცვალა ტორეადორმა”. დადგა სპორტის დრო. “სიკვდილის ეპოსი გარდაიქმნა სიცოცხლის მოთხრობად”.

ახალგაზრდა ჰემინგუეი თავისი ჟურნალისტური გამოცდილების საფუძველზე ცდილობდა შეექმნა ახალი პროზა, “უფრო ზუსტი და ენერგიული, ვიდრე ტრადიციული პროზაა, თანაც ისეთი გამომსახველობითი ხერხებით, რაც ჩვეულებრივი პროზისთვის უცხოა”.

მერედა, რომელი მწერალი არ ოცნებობს ამაზე. მას სურდა გამოეცადა, სადამდე აღწევს პროზის შესაძლებლობის საზღვრები, რაც მოახერხა კიდეც. ის წერდა, რომ შესაძლოა პროზაში შეიქმნას მეოთხე და მეხუთე განზომილებაც. ასეთი პროზის შექმნა უფრო რთულია, ვიდრე პოეზიისა, რადგან მსგავსი რამ ადრე არავის უცდია...

ბევრს ეჩვენება, რომ მან მიაღწია სრულ ბუნებრიობას, ანდა, თუ შეიძლება ითქვას, პოეტურ ნატურალიზმს, როგორც ამას ვხვდებით ტოროსთან. გერტრუდა საინისგან ისწავლა მეტყველების ბუნებრივი რიტმი, რომელიც მთლიანად დიალოგზეა დაფუძნებული (რისი თარგმნაც თითქმის შეუძლებელია, რადგან რიტმი აქ ყველაფერს ნიშნავს). მას არ ხიბლავდა ე. წ. “არტისტული პროზა”, ანუ ხელოვნური თხრობა. სურდა გულწრფელად მოეთხრო თავის გრძნობებზე, მისთვის მთავარი იყო არა დეტალები, არამედ - არსი...

მიმაჩნია, რომ ჰემინგუეიმ თავისი “უბრალოებით” მიზანი დაისახა, რომელსაც ახლა, უკვე ხანშიშესული და დაბრძენებული აღწევს. ამერიკული კრიტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავასკვნით, რომ მწერლის სულში უფრო მეტი ნაიარევია, ვიდრე მის სხეულზე. მაგრამ ყველაზე დიდი და მოუშუშებელი იარა ნამდვილი ხელოვანი დაუცხრომელი სწრაფვაა თავისი ჩანაფიქრისა და მისი ხორცშესხმის ღვთაებრივი თანხვედრისაკენ. ეს გზნება არასოდეს ჩაქრება ჰემინგუეის სულში. აი, სწორედ ეს არ ემთხვევა “დასრულებულ პორტრეტს”. სახლი სავსეა სტუმრებით, კედლებს ამშვენებს მის მიერ მონადირებული ცხოველების ფიტულები, მაგრამ, მწერალი მაინც მარტოსული და ნაიარევია, როგორც მისი პერსონაჟები. ისეთივე მარტოსული, როგორც ვეება თევზთან მებრძოლი ბერიკაცი - ყველაზე შთამბეჭდავი სურათი ბედთან მებრძოლი ხელოვანისა.

1952 წ.

თარგმნა უჩა შერაზადაშვილმა.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-26/12742.html



Last edited by გამრიგე on Thu Dec 30, 2010 10:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა შერაზადიშვილი   Thu Dec 30, 2010 10:18 am


უჩა შერაზადიშვილი

სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო
(იური ბეზელიანსკის წიგნიდან “შესანიშნავი შეშლილები”)

თარგმნა უჩა შერაზადიშვილმა

ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას ყოველწლიურად ემატება ახალ-ახალი მნათობები. მათ შორის ძველებურად კაშკაშებს ფელინის ვარსკვლავი, ფელინის პლანეტა. ცნობილმა იტალიელმა მწერალმა პეტრო ჩიტატიმ ასეც კი თქვა: “ღმერთმა იმისთვის შექმნა სამყარო, რომ ფელინის მისგან თავისი ფილმები გამოეძერწა”.

ფედერიკო ფელინიმ (1920-1993) გასაოცარი სიზმრების და პერსონაჟების მთელი სამყარო შექმნა. ეკრანზე გამოიტანა იშვიათი სანახაობა, ადამიანური ცხოვრების დეტალებისგან და ნამსხვრევებისგან წარმოადგინა უცნაური ისტორიები და მოზაიკა. მას თავისი უსაზღვრო ფანტაზიით ხშირად ადარებენ შექსპირს. მისი გავლენა განიცადეს ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორიცაა კუროსავა და ტარკოვსკი, ბერგმანი და ბუნუელი. დებიუტანტი ბუნუელი, ნახევრად ხუმრობით საკუთარ თავს “ფელინისტად” მოიხსენიებდა. შეიძლება ითქვას, რომ ფელინიმ კინოს სამყაროს “ფელინიზაცია” მოახდინა და მთელ მსოფლიოში თავისი კვალი აღბეჭდა.

ჩვენ ყველა “დედიკოს ბიჭები” ვართ, ყველანი დავეხეტებით “გზაზე”, გვხიბლავს “ტკბილი ცხოვრება” და “კიბირიას ღამეები”, თავისკენ გვიზიდავს “სატირიკონი”, გვეჩვენება, რომ ვართ “კაზანოვა”, ვცდილობთ დავამრგვალოთ ანგარიში, მაგრამ გამოგვდის “რვა-ნახევარი”, ყველა ჩვენი მოგონებების ტყვე ვართ, – ოჰ, ეს “ამარკორდი”, ყველას გვაქვს ჩვენი ბავშვობის ქალაქი – რიმინი, – “გემი კი მიცურავს” და ყველას აშკარად ჩაგვესმის “მთვარის ხმა”.

ჰო, თქვენ მართალი ხართ: ასე ეწოდება ფელინის საუკეთესო ფილმებს. დავუმატოთ “რომი”, “ჯულიეტა და სულები”, “ჯინჯერი და ფრედი”.

23 ფილმი გადაიღო მაესტრომ, 23 გრანდიოზული ფანტაზია თემაზე “ცხოვრება”. დახვეწილი და უცნაური, ნაზი და უხეში, სევდიანი და სასაცილო.

ბავშვობა, სიჭაბუკე, მოწიფულობა

ფედერიკო ფელინი ასე ეცნობოდა: “მე იტალიელი ვარ, რომის მოქალაქე”. თუმცა ის დაიბადა არა რომში, არამედ პროვინციულ ქალაქ რიმინიში 1920 წლის 20 იანვარს. მამამისი კომივოიაჟერი იყო, დედა – პატარა და ნაზი ქალი, თუმცა საკმაოდ ეჭვიანი, რის გამოც ხშირად იმართებოდა ოჯახური სცენები და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ფელინის მამა მსწრაფლმყვარებადი და ღალატში შემჩნეული კაცი გახლდათ. მომავალი გენიოსის ბავშვობაზე ოჯახურმა კინკლაობამ თავისი კვალი დატოვა.

როგორ სწავლობდა ფედერიკო? თანაკლასელ ტიტა ბენცის დღემდე უკვირს, როგორ გადადიოდა ფელინი კლასიდან კლასში, რადგან ის “არასოდეს არაფერს სწავლობდა”. ამხანაგიც უცნაური იყო: “არც ცუდი, არც კარგი, რაც მთავარია – დამოუკიდებელი, არავის ემორჩილებოდა”.

პატარა ფედერიკო თავის ფანტაზიებში ცხოვრობდა. 9 წლისა თოჯინებს აკეთებდა, კარგად ხატავდა და კომიქსებით ერთობოდა, პირველად ცირკში რომ მოხვდა, ჯამბაზებით მოიხიბლა.

თავის ავტობიოგრაფიაში ფელინი წერს: “სექსთან, ცირკთან და სპაგეტთან ერთად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კინომ. ჩემი ცხოვრების პირველ ათწლეულში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა ხმოვანი სურათები. ჩარლი ჩაპლინი, ძმები მარქსები, ჰარი კუპერი, ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცნენ”.

18 წლის ფელინის მობეზრდა სამი წამებულის მოედანსა და დაუსრულებელ კორსო დ’აუგუსტოზე ხეტიალი, აღარ ხიბლავდა ადრიატიკის სანაპირო და პროვინციული “გრანდ-ოტელი”, ანუ ის პეიზაჟები, რომელიც შემდგომ “ამარკორდში” ასახა. 1938 წელს მან დატოვა რიმინი და რომს მიაშურა. წასვლისას დედას აღუთქვა, რომ უნივერსიტეტში ჩააბარებდა იურიდიულ ფაკულტეტზე. “ასეც მოხდა, – ამბობს ფელინი – მაგრამ ლექციებზე არ მივლია, მე ხომ ამის აღთქმა არ მიმიცია. თანაც, ვმუშაობდი გაზეთში”…

გარდა ამისა, ფელინი მუშაობდა სადაზღვევო აგენტად და ვიტრინების გამფორმებლად. თუმცა, რამდენიმე ხელობა რომ გამოიცვალა, მაინც ჟურნალისტობა არჩია.

“ჩემი წარმოდგენა ჟურნალისტებზე ამერიკული ფილმებიდან მოდიოდა. ვიცოდი, რომ მათ დიდებული ავტომობილები და ქალები ჰყავდათ და ამიტომაც ვესწრაფოდი ჟურნალისტიკას, რათა ერთიც მიმეღო და მეორეც. თუმცა, დიდი დრო გავიდა, ვიდრე ჰონორარით თუნდაც ერთ ლაბადას ვიყიდიდი”…

ახალგაზრდობაში ფულთან ცუდად იყო საქმე, თუმცა უფრო ცუდად იყო საქმე მუსოლინის არმიასთან დაკავშირებით, ასაკით რომ უკვე უწევდა და რაც პრინციპულად არ უნდოდა. ამიტომ ავადმყოფობა მოიგონა, ექიმები მოისყიდა და, რომ იტყვიან, ჯარიდან თავი დაიძვრინა.

ამ პერიოდში ფელინი მუშაობდა როგორც რადიოში, ისე ოპოზიციურ სატირულ ჟურნალ “მარკუს ავრელიუსში”, სადაც დღითიდღე იხვეწებოდა მისი, როგორც სცენარისტის ნიჭი და უნარი. 1944 წელს რობერტო როსელინიმ შესთავაზა მონაწილეობა მიეღო “რომი – ღია ქალაქის” გადაღებაში. გარკვეული აზრით, ცნობილი რეჟისორი ფელინის მასწავლებელი გახდა.

1947 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი “სასწაული”, რომელშიც ფელინი ერთდროულად მონაწილეობდა, როგორც მსახიობი და სცენარისტი. პარადოქსია, მაგრამ ფელინი თამაშობდა წმინდა იოსებს, რომელიც ეარშიყება ქარაფშუტა გოგოს (ანა მანიანის შესრულებით). ამ როლმა ფელინი ჩააფიქრა, მაყურებელმა უნდა იტიროს თუ იცინოს იმის გამო, რასაც ეკრანზე ხედავს? რა არის მთავარი, მასხარა თუ ბოროტმოქმედი? სიცილი თუ ცრემლი? მაშინ ჩამოიქნა მისი შემოქმედებითი სტილი: სამყარო – ილუზიაა, მზერის გიგანტური მოტყუება, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. აქედან მოდის ფელინისეული ირაციონალობა, სადაც საღი აზრით ვერაფერს გაიგებ, რადგან ეს არის ტრაგიკომიკური კარნავალური დომხალი, სახე-ნიღბები ანუ როგორც ამბობენ, საავტორო კინო. “ჩემი ფილმები სრულებით არ ჩამოგავს შვეიცარულ საათს, ასეთი სიზუსტე ეწინააღმდეგება ჩემს ბუნებას” – ამბობდა ფელინი.

ფელინი – რეჟისორი

ფელინის პირველივე სურათები – “ვარიეტეს ჩირაღდნები” (1951) და “თეთრი შეიხი” (1952) საინტერესო და ორიგინალური იყო, თუმცა, მაშინდელ კინოსამყაროზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. აი, “გზამ” კი ნამდვილი წარმატება და დიდი შემოსავალი მოუტანა. ნინო როტას შესავალი მუსიკა მილიონობით გრამფირფიტაზე ჩაიწერა. ჯელსომინას როლის შემსრულებელ ჯულიეტა მაზინას ჩარლი ჩაპლინსა და ჟაკ ტატის ადარებდნენ. ფილმი “ოსკარზე” წარადგინეს. “ჯულიეტა, პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი და მე გავემგზავრეთ ჰოლივუდში, სადაც “გზამ” ოსკარი მიიღო. ჩვენ ცნობილები გავხდით”…

კინომცოდნეებსა და კრიტიკოსებს დავუტოვოთ იმაზე მსჯელობა, როგორ იყო გაკეთებული და გადაღებული “გზა”, რა ფილოსოფიური აზრი იყო მასში ჩადებული. ჩვენ ყველანი ვხედავდით და ვგრძნობდით ოსტატის ნახელავს, ყველას გვიყალიბდებოდა საკუთარი აზრი, მაშინ, როცა თავად რეჟისორს არ უყვარდა თავის ფილმებზე საუბარი.

- ღმერთმანი, სურვილი არ მაქვს – მომხიბლავი ბავშვური ღიმილით გამოუტყდა ერთ კირკიტა ჟურნალისტს.

- აბა, რისი სურვილი გაქვთ? – ჩაეკითხა რეპორტიორი.

- თუ სიმართლე გინდათ… თქვენ ხომ სიმართლე გინდათ გაიგოთ? ჰოდა, გეტყვით, ყველაზე ძალიან მინდა მაკარონი… ცოლის მოხარშული მაკარონი. მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი.

ამ პასუხში კარგად ჩანს მთელი ფელინი – ეშმაკიც და გულგახსნილიც.

“კიბირიას ღამეებმა (1957) განამტკიცა “გზის” წარმატება, ხოლო “ტკბილმა ცხოვრებამ” მსოფლიოს წაყვან კინორეჟისორებში მიუჩინა ადგილი. თვითონაც “ტკბილ ცხოვრებას” მიიჩნევდა თავის საუკეთესო სურათად. სწორედ ამ ფილმში გადაიღო პირველად მარჩელო მასტროიანი, რომელთანაც შემდეგ დიდი მეგობრობა ჰქონდა.

1963 წელს ფელინიმ გადაიღო “რვანახევარი”, კინოხელოვნების ნამდვილი შედევრი. მავარი გმირის, გვიდო ანსელმის როლში რეჟისორი თავიდან აპირებდა ჩარლი ჩაპლინის, შემდეგ – ლორენს ოლივიეს მოწვევას, მაგრამ ბოლოს მარჩელო მასტროიანზე შეჩერდა და არც შემცდარა. მარჩელომ ზუსტად “მოარტყა”, ბრწყინვალედ ითამაშა თავად ფელინის პირველსახე თავისი სევდით, მოუსვენრობით, იჭვნეულობით, სიმართლის ძიებით, ცხოვრებისეული კრიზისის შეგრძნებით და შემოქმედებითი გარდასახვის მაგიურობით.

მასტროიანი-გვიდო ფილმში მიმართავს მოხუც კარდინალს:

- თქვენო ბრწყინვალებავ, მე უბედური ვარ.

- რატომ უნდა იყო ბედნიერი? – უპასუხებს კარდინალი, – ვინ გითხრა, რომ ადამიანი ამქვეყნად ბედნიერი უნდა იყოს?..

ფილმის უბედური გმირი… თუმცა თავად ფილმი აღმოჩნდა იღბლიანი. მან დაიმსახურა ორი “ოსკარი” და მოსკოვის ფესტივალის პირველი პრიზი. მოსკოვის პრემიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ფურცევამ ფილმი ამორალურად მიიჩნია. ცეკას კულტურის ემისრები შეძრწუნდნენ ფილმის უჩვეულო ინდივიდუალიზმით და დიდხანს უგრეხდნენ ხელებს ჟიურის წევრებს, მაგრამ მათ არ დათმეს და პირველი პრიზი ფელინის მიანიჭეს, თუმცა, ცოტა არ იყოს, იეზუიტური ფორმულირებით: “დიდი შემოქმედებითი, რეჟისორული ნამუშევრისთვის, სადაც ასახულია მხატვრის შინაგანი ბრძოლა სიმართლის ძიებისათვის”.

ამ გამარჯვებით აღფრთოვანებულმა მოსკოველმა კინომოყვარულებმა ფელინი ხელში აიტაცეს, როგორც ნამდვილი ტრიუმფატორი, ხოლო ზეიმის მონაწილე იური გაგარინმა მოასწრო და ყურში ჩასჩურჩულა მაესტროს: “თქვენი ფილმი ჩემთვის კოსმოსზე უფრო იდუმალია”.

“რვანახევარი” შესყიდული იყო და უნდა გაეშვათ საბჭოთა ეკრანებზე, ისევე როგორც “ტკბილი ცხოვრება”, “რომი”, “სატირიკონი”, მაგრამ რიგითმა მაყურებელმა ვერა და ვერ ნახა ეს შედევრები. მათ მხოლოდ ხალხით გადაჭედილ დახურულ დარბაზებში უჩვენებდნენ, ასეთი იყო საბჭოური სინამდვილე. მხოლოდ საჯაროობის წლებში იხილა მაყურებელმა “გემი კი მიცურავს”, “ჯინჯერი და ფრედი”, “ინტერვიუ” და ადრინდელი ფილმები.

“მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა” – წერდა რეჟისორი.

“იყო რეჟისორი, ნიშნავს შეგეძლოს მაგიდის გადაადგილება ისე, რომ სინათლის სხივი დაეცეს ზუსტად ისე, როგორც ფილმს სჭირდება. კინოში უნდა იცოდე ყველაფერი, რაც სახის შექმნას სჭირდება”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამონათქვამი: “შუქი – ფუნჯია. მე ყველა დეტალს ვუკირკიტებ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მთავარი მაინც განათებაა. ოთხი პროჟექტორით შეგიძლია შექმნა ყველაფერი, გარკვეული აზრი, გრძნობა. შუქით შეგიძლია გამოსახო: ჭექა-ქუხილი, ღამე, რიჟრაჟი, ბინდბუნდი. შუქი – სახეა, სახე – კინო”.

ფელინის შემოქმედების თემა ამოუწურავია, ამიტომ გადავდოთ და გადავიდეთ სხვა საკითხზე.

ფელინი და ქალები

“ქალებთან ყოველთვის მორცხვი ვიყავი – გამოუტყდა რეჟისორი ამერიკელ ჟურნალისტს შარლოტა ჩანდლერს. – მე არ მინდა ქალი, ვისაც დიდებული საყვარლები ჰყავდა, რადგან ყოველთვის შედარებას დაიწყებს და არა მგონია, კონკურენციას გავუძლო”.

ფელინის არაერთგზის უთქვამს, რომ კაცი თავისი ბუნებით პოლიგამიური არსებაა. მას სურს ბევრი ქალი ჰყავდეს, ხოლო ცდუნებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი ხერხი ცდუნებაა. როგორც ბიბლიაშია: “სცოდე, მოინანიე და მოგეტევება”.

მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი, შიშველი ქალების სურათების ოსტატი, ამბობდა: “მე მიყვარს დიდი ქალები, მაღლები, ძლიერები, ისევე, როგორც ფელინის. ვამაყობ, რომ ამაში ერთმანეთს ვგავართ. მის ფილმებში ზუსტად ასეთი ქალებია: მაღლები, არაჩვეულებრივად დიდი ბიუსტით. ხანდახან ფიქრობ, კარიკატურა ხომ არ არის, მაგრამ არა! ეს მშვენიერი ქალბატონებია. ფელინი მათში ხედავდა იმას, რაც სურს დაინახოს ყველა მამაკაცმა: მგრძნობიარობა, დედობრივი ზრუნვა, მამაკაცის მყიფე სულის დაცვა. მისი ქალები ყოველთვის ლამაზები არიან”.

ფელინის მემუარებში “მე ვიხსენებ…” არის ასეთი პასაჟი. “ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა – როცა ქალი ზის და გემრიელად მიირთმევს საჭმელს. აღმაგზნებდა სექსუალურად. მე დარწმუნებული ვარ ერთ კანონზომიერებაში: ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი, ხოლო მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც უყვარს სექსი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს სრული ქალები”.

კმარა ციტირება? არა, მოვიტანთ კიდევ ერთს, ბოლოს და ბოლოს, ვინ მოგვითხრობს უკეთ საკუთარ თავზე, თუ არა თვითონ გმირი, მით უმეტეს – რეჟისორი? თავის დროზე ფილმმა “ქალების ქალაქი” დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რეჟისორს საყვედურობდნენ, რატომ მოკიდე ხელი ასეთ თემასო, რაზეც ფელინი პასუხობდა: “მე მგონია, რომ ფილმებს ვიღებდი მხოლოდ ქალებზე. მე მხოლოდ მათთან ვგრძნობ თავს კარგად. ქალი – მითია, საიდუმლო, განუმეორებლობა, მომხიბვლელობა. ქალი – ყველაფერია. ფილმიც, თავისი შუქჩრდილების მონაცვლეობით, თავისი სახეებით, ხან რომ ჩნდებიან და ხანაც ქრებიან – აგრეთვე, ქალია. კინოში ისე ხართ, როგორც დედის მუცელში…”

ფელინი აგრძელებს: “ჩემი ფილმი – ყბედობაა მაძღარი სადილის შემდეგ, ოდნავ შემთვრალი კაცის ლაქლაქი. ეს არის ზღაპარი ქალებზე, მოთხრობილი მამაკაცისგან, რომელიც ბოლომდე არ იცნობს მათ, რადგან თითქოსდა მათშია… ეს არის ოცნება და მისი ხორცშესხმისათვის ოცნების სიმბოლური ენაა საჭირო. არ მინდა, ჩემი ფილმის ნახვისას იწვალონ, რაღაცას ჩასწვდნენ, ვერაფერსაც ვერ ჩაწვდებიან. მე მძულს თანამედროვე ავადმყოფობა, მანიაკალური მისწრაფება ყველაფრის გაანალიზებისა, დიაგნოზის დასმისა”…

სხვა სიტყვებით, ფელინი მომხრეა ირაციონალიზმის, ბუნებრივი მდგომარეობის, რაც განაპირობებს მამაკაცის სწრაფვას ქალისკენ, ქალისა კი – მამაკაცისკენ.

პირველი ბავშვური შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა რეჟისორს. რიმინიში მეძავმა სარაგინამ გაფაციცებულ ბავშვებს ორ სოლდად ვეება უკანალი უჩვენა, სამ სოლდად ოდნავ გადაწია ფეხები, ოთხად კი მთელი თავისი წინა “მშვენებით” წარუდგა. რა თვალისმომჭრელობაა!.. ეს ბანჯგვლიანი რაღაა – ფისო?!

უბიწოება ფელინიმ მოგვიანებით, 20 წლის ასაკში დაკარგა, რომის ტიპიურ ბორდელში, გულისხმიერ და თითქმის ინტელიგენტურ მეძავთან. ტიპიური იტალიური ვარიანტი.

ფედერიკო და ჯულიეტა

წაიკითხეთ და მაშინვე რომეო და ჯულიეტა გაგახსენდათ. მაგრამ ტყუილად, იქ რომანტიკული სიყვარული და ნაადრევი აღსასრულია, აქ კი 50-წლიანი ხანგრძლივობის ოჯახური ცხოვრება საკმაოდ რთული ურთიერთობით, სადაც სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იყო.
მათ ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს. ფელინი 23 წლისა იყო, მაზინა – ორი წლით უმცროსი. პირველად ფელინიმ მისი ხმა გაიგონა საკვირაო რადიოსერიალში “ჩიკო და პოლინა”, რომლის ტექსტიც თვითონ ეკუთვნოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნო ჯულიეტა და არ მოეწონა, რადგან გამხდარი და სუსტი აგებულებისა იყო. ამის მიუხედავად, ისინი მალე შეეწყვნენ ერთმანეთს და 30 ოქტომბერს იქორწინეს კიდეც.

“ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. ის მუდამ ქვემოდან ამომცქეროდა, და არა მარტო სექსში. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა. ერთად გადაღებული ფოტოსურათებიდან ჯულიეტას ყველაზე მეტად ის უყვარდა, როცა ერთმანეთს ვეხვევით და მე მასზე ვმაღლდები”…

რა თქმა უნდა, ხუმრობანარევი აღიარებაა, მაგრამ ამ ხუმრობაში ბევრი სიმართლეა. ფელინის მაზინასადმი გადარეული ტრფობა არ ჰქონია, მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული და პარტნიორული იყო და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დასრულდა: ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა გაძლო. როგორც შემდეგ ფელინი წერდა: “დაღუპულმა ბავშვმა, რაღაც აზრით, უფრო მაგრად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ”.

და შემდეგ: “ახალგაზრდობაში განცდილი საერთო ტრაგედია ადამიანებს უფრო აერთიანებთ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ”.

ასე იცხოვრეს ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამ 50 წელი. ბავშვების ნაცვლად მათ ჰქონდათ საერთო ფილმები, თუმცა ბოლომდე ვერც აქ რიგდებოდნენ. მაზინა ხშირად საყვედურობდა რეჟისორ ქმარს: “რატომ ხარ ჩემს მიმართ ასე მომთხოვნი და სხვების მიმართ ლოიალური?..”

წყენა, უთანხმოება, შელაპარაკება – ყველაფერი იყო 50-წლიან მარათონულ დისტანციაზე. აქედან მოდის, ალბათ, ფელინის ცოტა არ იყოს სევდიანი სიტყვები: “მე სრული ცხოვრებით ვიცხოვრე”. სიტყვა “ბედნიერი” მას არ უხსენებია. შემდეგ ამატებდა: “ჯულიეტა ჩემთვის რომის ნაწილია, ჩემი შემოქმედების, ცხოვრების ნაწილი”. მხოლოდ ნაწილი… ჯულიეტას უთუოდ სურდა ნაწილი კი არა, მისი ცხოვრების მთელი ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა ასე არ ხდება.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, რას ფიქრობდა თვითონ მაზინა მათ ურთიერთობაზე. “მე და ფედერიკოს ვერაფრით დაარქმევ ოჯახს. არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი… ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. ხშირად მეკითხებიან, როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთადო. მე კი ვპასუხობ, გაცილებით გამიჭირდებოდა სულელთან ცხოვრება-მეთქი”…

გენიალური ქალის ღირსეული პასუხი.

“ჩვენ ძალზე ადრე დავქორწინდით, – აგრძელებს მაზინა, – ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ძველებურად სხვადასხვანაირები დავრჩით. მე ლაპარაკი მიყვარს, ის კი სიტყვაძუნწია. მე თავგზა მებნევა მრავალსიტყვიან ისტორიებში, მას კი იოლად გამოაქვს აზრი, მე მოგზაურობა მიყვარს, ის კი ვერ იტანს, მე სიამოვნებით ვუსმენ მუსიკას, მას კითხვა ურჩევნია”…

ბევრისთვის ნაცნობი სურათია.

“და მაინც, რაღაც გვაერთიანებს. თუნდაც, შინ გატარებული წყნარი კვირადღე და სანახაობისკენ ლტოლვა. ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მასთან გადაღება გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისორთან”.

აი, ოქროს ქორწილის იდილია. მეუღლეები ემზადებოდნენ კიდეც მის აღსანიშნად, მაგრამ ფელინის გარდაცვალებამ არ დააცალათ. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

სხვები

ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად – ეს ფრაზა ზღაპრიდანაა, რეალური ცხოვრება კი სხვაა. ფელინის გარდაცვალებისთანავე გავარდა ხმები მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ. გაირკვა, რომ დიდ რეჟისორს ჰყავდა მეორე ქალი – ანა ჯოვანინი, – იდუმალი საყვარელი 36 წლის განმავლობაში! ლამაზი, ფაშფაშა აფთიაქარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც წარმოსახავდა თავის ფილმებში. მეტსახელიც ზუსტი შეურჩია – “პაჩოკა” ანუ ფუნთუშა. ფელინიმ მას სამსახური დაატოვებინ, რათა სრულ განკარგულებაში ჰყოლოდა. პირველსავე მოთხოვნაზე, ანა თავისი სხეულით ატკბობდა რეჟისორს.

ფელინიმ ანა 1957 წელს გაიცნო, როცა ემზადებოდა “ტკბილი ცხოვრების” გადასაღებად. მთავარ როლში მან ხორცსავსე მსახიობი ანიტა ეკბერგი მოიწვია, რომელიც დიდი მკერდით, გრძელი ფეხებითა და დასრულებული ფორმებით თავის შეყვარებულს აგონებდა. შემდგომ სურათებშიც ხშირად ჩნდებიან ფაშფაშა ქალები, ისევ და ისევ ვარიაციები თემაზე “ანა”.

რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, როცა საიდუმლო გამოაშკარავდა, ანა ჯოვანინი რეპორტიორებს უმხელდა: “მას უნდოდა ცოლად შევერთე, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი”.

რა შეიძლება ითქვას? ქორწინდებიან ნიმფებზე, მაგრამ არამც და არამც მათზე, ვინც ავხორცობისკენ განაწყობთ. ფიზიკური ლტოლვა და ხორციელი სიყვარული ყოველდღიურობისთვის არ არის. ყოველდღიურობა ესაა მსუბუქი მიმზიდველობა, მეგობრობა, შემოქმედებითი ურთიერთობა, ანუ – ჯულიეტა. ასე ცხოვრობდა ფელინი დიდხანს ვნებასა და პლატონურ ურთიერთობას შორის.

თუმცა ანა – “ტკბილი ფუნთუშა” – დიდი რეჟისორის ერთადერთი სასიყვარულო გატაცება არ ყოფილა. იყო კიდევ ერთი, ახალგაზრდა როზიტა სტენბეკი, რომელიც ძველი კულტურის გასაცნობად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა იტალიაში. და გაიცნო კიდეც – ჯერ დიდი იტალიელი მწერალი ალბერტო მორავია, შემდეგ კი – დიდი რეჟისორი ფედერიკო ფელინი. გაიცნო და ორივესთან რომანი გააჩაღა. ეს მაშინ მოხდა, როცა ფელინი “ჯინჯერი და ფრედს” იღებდა.

როზიტა მაშინ 23 წლის იყო, ფელინის 66 უსრულდებოდა, ხოლო მორავია.. “82 წლისა ვარ – ამბობდა მწერალი, – მაგრამ ვგრძნობ, რა ხანმოკლეა სიცოცხლე. ჩემი შესაძლებლობებით 150 წელსაც შემიძლია მივაღწიო, თუმცა გამუდმებით მესმის სიკვდილის ნაბიჯების ხმა…” თუმცა ეს ხმა ხელს არ უშლიდა მორავიას ჰყოლოდა 35 წლის ცოლი და აქტიურად ეარშიყა სხვა ქალბატონებთანაც. ფელინი უფრო მოკრძალებული იყო. ის ასე მიმართავდა როზიტას: “მე უკვე ასაკში ვარ. ნეტა რა გინდა ასეთ ბებერთან?..” როზიტამ იცოდა, რაც “უნდოდა” და რეჟისორს ნამდვილი, ნაზი და პოეტური სიყვარულის ცეცხლი დაუნთო. აი, ასე, ფელინისთან – ვნება, მორავიასთან – მეგობრობა. როზიტა იხსენებს: “ეს იყო რთული, უცნაური ვითარება. ფელინის უნდოდა მისგან შვილი გამეჩინა, მაგრამ ალბერტოზე ეჭვიანობდა. ერთხელ ასეც კი მითხრა: “ჩვენ მორავიასთან წავალთ მხოლოდ მაშინ, როცა შვილი გვეყოლება”.

მაგრამ ჯერ ალბერტო მორავია გარდაიცვალა, შემდეგ ფედერიკო ფელინი. როზიტა სტენბეკმა კი თავისი საყვარლების გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წიგნი “უკანასკნელი დონა”. პიკანტური ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძვრა ეშმაკი სულში ორ იტალიელ კლასიკოსს.

ბოლო ნაბიჯები უკვდავებისკენ

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ფელინიმ მესამე “ოსკარი” მიიღო – მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. სანუკვარი სტატუეტის მიღების საზეიმო ცერემონიალი რეჟისორმა დაარღვია: “ჯულიეტა, ძალიან გთხოვ, შეწყვიტე ტირილი”, – ჩასძახა მან მიკროფონში. მაზინას ცრემლები – ეს იყო ერთდროულად ბედნიერი და უბედური, ერთგული და მოტყუებული ქალის რეაქცია. ფელინიც ვერ გრძნობდა დღესასწაულს. ბოლო ნამუშევარმა “მთვარის ხმამ” ვერც ფული მოუტანა და ვერც სახელი. ვერ განხორციელდა “ილიადას”, “მასტორნის მოგზაურობის” და სხვა ჩაფიქრებული სურათების გადაღება. ის მუდამ განიცდიდა სულიერ დისკომფორტსა და განწყობილებათა მონაცვლეობას – საკუთარ გენიალობაში დარწმუნებასა და გულისამრევი არარაობის შეგრძნებას შორის – შემოქმედის მარადიული საწუხარი! ამას დავუმატოთ სამი ქალი – ჯულიეტა, ანა და როზიტა, რომელთა შორისაც მუდმივი მანევრირება უხდებოდა, აგრეთვე, გავრცელებული ხმები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ… ყოველივე ამან მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი ოპერაცია ციურიხში, მცირე ხნით გამოჯანმთრელება, შოკი რიმინიში, ფერარის კლინიკის კარცერი. როგორც პეტრო ჩიტატი აღნიშნავს, ფელინიმ “ვერ გაუძლო უღონო ცხოვრებას საწოლში, როცა შენზე სხვები ზრუნავენ. მას მხოლოდ სისხლსავსე ცხოვრებით უნდა ეცხოვრა: ესეირნა, ეკითხა, ემუსაიფა მეგობრებთან. ის მხოლოდ სრულფასოვან არსებობას ცნობდა…”

რიმინის საავადმყოფოში წოლისას რუმინელი ექთნის, დორინას სილამაზითა და გრაციით მოიხიბლა. “ის ზოგჯერ მაიძულებდა, მეფიქრა, რომ უკვე რომელიღაც სხვა უჩვეულო სამყაროში მოვხვდი”… – უმხელდა ფელინი რეპორტიორებს. მაგრამ გამოჩნდა ჯულიეტა მაზინა და სასწრაფოდ ექთნის შეცვლა მოითხოვა.

1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. რეანიმატორები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ: 31 ოქტომბერს ფედერიკო ფელინი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება რომ სიზმარში გაატარა, ახლა სამუდამო ძილს მისცა თავი.

ჯულიეტა მაზინამ დიდი მეუღლის შემდეგ მხოლოდ ოთხი თვე იცოცხლა.

კინოქალაქ ჩინეჩიტას ფელინის სტუდიის შესასვლელში კვლავაც ჰკიდია წარწერა: “რომელი ფილმი იქნება შემდეგი?” ასეთი წარწერა ყოველი ახალი ფილმის შემდეგ ჩნდებოდა. მართალია, მაესტრო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ წარწერა ისევ ადგილზეა, რადგან ფელინის იდეები, ნიღბები, იუმორი, სამყარო უკვდავია და უთუოდ გამოჩნდება სხვა რეჟისორების ფილმებში. ამიტომაც ნაადრევია სიტყვები “ჩაო, ფედერიკო!” თვითონ სიტყვა ფელინიც თითქმის ისევე ჟღერს, როგორც “ფილმი”. ხოლო კინო – მარადიულია…

გაზეთი 24 საათი, 2008-03-01
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა შერაზადიშვილი   Thu Dec 30, 2010 10:25 am

ლუის ბუნუელი


ნაწყვეტები მოგონებათა წიგნიდან


მეხსიერება

ბოლო ათი წელიწადი დედაჩემი თანდათან კარგავდა მეხსიერებას. როცა სარაგოსაში დავბრუნდი, სადაც ის ჩემ ძმებთან ერთად ცხოვრობდა, ზოგჯერ დედას რომელიღაც ილუსტრირებულ ჟურნალს ვთავაზობდი წასაკითხად. იგი გულდასმით ათვალიერებდა თავიდან ბოლომდე. შემდეგ იმავე ჟურნალს ავიღებდი და ხელახლა შევუტანდი როგორც ახალს. დედა ადრინდელი ინტერესით ათვალიერებდა მას.

მერე და მერე უკვე ვეღარ ცნობდა ბავშვებს, არ ახსოვდა ჩვენი სახელები, არ იცოდა, ვინ იყო თვითონ. მე ხშირად შევდიოდი მასთან ოთახში, ვკოცნიდი, ერთხანს ვჩერდებოდი – ასაკთან შედარებით გარეგნულად საკმაოდ კარგად და ცოცხლად გამოიყურებოდა – შემდეგ გამოვდიოდი და მაშინვე უკან ვბრუნდებოდი. დედა ისევ ღიმილით მეპატიჟებოდა, თითქოს პირველად მხედავდა და სახელიც არ ახსოვდა.

სარაგოსას კოლეჯში შემეძლო ზეპირად ჩამომეთვალა ვესტგუთ ესპანელ მეფეთა სახელები, ყველა ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიის მოცულობა და მოსახლეობის რაოდენობა, ასევე ზუსტად მახსოვდა ბევრი სრულებით უსარგებლო ინფორმაცია. როგორც წესი, კოლეჯებში ამგვარი მექანიკური მეხსიერების დემონსტრირებისას სიცილს გაყრიან. ესპანეთში ასეთ მოწაფეებს უწოდებენ memorion-ს ანუ მზუთხავს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მზუთხავი ვიყავი, ამგვარ სავარჯიშოებს ყოველთვის ირონიით ვუყურებდი.

მაგრამ წლებთან ერთად, ეს ერთ დროს აბუჩად აგდებული მეხსიერება მეტად სასარგებლო ხდება. მეხსიერება თანდათანობით იწრიტება და დგება დღე, როცა უიმედოდ ვცდილობთ მეგობრისა და ნათესავის სახელის მოგონებას, ჩვენ ის აღარ გვახსოვს. წვალობ, მრისხანებ, ცდილობ გაიხსენო ნაცნობი სიტყვა, ენის წვერზე რომ გიტრიალებს, მაგრამ არაფერი გამოგდის. ამნეზია, სამოცდაათს მიახლოებულმა რომ ვიგრძენი, დაიწყო კერძო სახელებით და სულ ცინცხალი ამბებით. მაგალითად, სად დავდე სანთებელა ამ ხუთი წუთის წინ? რისი თქმა მსურდა, როცა ეს ფრაზა წამოვიწყე? ასეთ ამნეზიას უწოდებენ ანტეროგრადულს. მას მოჰყვება ანტერორეტროგრადული ამნეზია, რომელიც მოიცავს ბოლო თვეებსა და წლებს. რომელ სასტუმროში გავჩერდი ბოლო მოგზაურობისას მადრიდში 1980 წლის მაისში? რა ერქვა წიგნს, ნახევარი წლის წინ რომ წავიკითხე? არ ვიცი, არ მახსოვს. აი, ასე იწყება რეტროგრადული ამნეზია, რომელმაც შესაძლოა მთელი მეხსიერება წაშალოს, როგორც ეს დედაჩემს დაემართა.

მე ჯერ კიდევ არ მიგრძვნია ამნეზიის მესამე ფორმის მოახლოება. მკაფიოდ მახსოვს ბევრი რამ, რაც ჩემს შორეულ წარსულს, ბავშვობასა და ყრმობას უკავშირდება. ამასთან, მეხსიერებაში ტივტივებს ბევრი სახელი და თუ რომელიმე მათგანს ვერ ვიხსენებ, ამისგან დრამას არ ვქმნი, ვიცი, ერთ მშვენიერ დღესაც გონება განათდება.

სამაგიეროდ ძალზე მაწუხებს და მაშფოთებს, როცა ვერ ვიხსენებ სულ ახლახან მომხდარ ამბავს ან ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემხვდა. ვგრძნობ, როგორ იშლება და ილექება ჩემი პიროვნება. არაფერზე აღარ ვფიქრობ, არც მრისხანება, არც მონდომება ვერაფერს შველის. ნუთუ დასასრულის დასაწყისია? ძნელი ასატანია, როცა გიხდება ისეთი სიტყვის სინონიმის მოძებნა, როგორიცაა მაგიდა. მაგრამ უფრო ძნელია, ცოცხალი იყო და არ იცოდე ვინ ხარ, არ გახსოვდეს საკუთარი სახელი.

და თუ მაინც უნდა დავკარგოთ მეხსიერება, ჯობია ეს თანდათან მოხდეს, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას. მეხსიერების გარეშე ცხოვრება – არ არის ცხოვრება, გონება, რომელსაც არ ძალუძს გამოხატოს თავი – არ არის გონება. მეხსიერება გვეხმარება დავაკავშიროთ მოვლენები, ესაა ჩვენი გონება, ქცევა, გრძნობები. მის გარეშე ჩვენ არარაობა ვართ.

არაერთხელ მსურდა ფილმში მეჩვენებინა კაცი, რომელიც ცდილობს მეგობარს მოუყვეს ანეკდოტი, მაგრამ ოთხი სიტყვიდან ავიწყდება ერთი, თანაც ისეთი უბრალო სიტყვა, როგორიცაა მანქანა, ქუჩა, პოლიციელი. ის იბნევა, წვალობს, ბოლო მეგობარს ყელში ამოსდის ეს მანჭვა-გრეხა, სილას აწნავს და მიდის. საკუთარი დაბნეულობა რომ დავფარო, მეც მიხდება ანეკდოტი მოვყვე კაცზე, რომელიც ფსიქიატრს შესჩივის გულმავიწყობას და ჩავარდნებზე ესაუბრება. ფსიქიატრი რამდენიმე უმნიშვნელო კითხვას აძლევს და მერე ეუბნება:

- მაშ ასე, დავუბრუნდეთ ჩავარდნებს.

- რის ჩავარდნებს? – კითხვას უბრუნებს პაციენტი.

ჩვენთვის ესოდენ აუცილებელი, ყოვლისშემძლე მეხსიერება ამავდროულად გარკვეული რისკების მატარებელია. მას ემუქრება არა მხოლოდ ძველისძველი მტერი – გულმავიწყობა, არამედ ყოველდღიურად გარს შემოჯარული მოჩვენებითი მოგონებები. აი, ერთი მაგალითი. მე ხშირად ვუყვებოდი მეგობრებს (და ამ წიგნშიც ვყვები) 30-იანი წლების შესანიშნავი ინტელექტუალ-მარქსისტის პოლ ნიზანის ქორწილის შესახებ და ყოველთვის თვალწინ წარმომიდგებოდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს ეკლესია, იქ შეკრებილი ხალხი, საკურთხეველი, მღვდელი და მეჯვარე – ჟან-პოლ სარტრი. ერთხელაც, ეს იყო შარშან, მოულოდნელმა აზრმა გამიარა: შეუძლებელია ეს მომხდარიყო! თავგადადებული მარქსისტი პოლ ნიზანი და მისი ათეისტი ცოლი არასოდეს დაიწერდნენ ჯვარს! ამის წარმოდგენაც უაზრობაა. მაშ, რა მოხდა, რაღაც ტრანსფორმირდა მეხსიერებაში თუ ყველაფერი მე გამოვიგონე? თუ შემეშალა და ნაცნობი საქორწინო დეკორაცია რომელიღაც მონათხრობ სცენას მივუსადაგე? დღემდე ვერაფერი გამიგია.

ჩვენს მეხსიერებაში მუდმივად იჭრება სიზმრები და ფანტაზიები და რამდენადაც ვემორჩილებით ცდუნებას, წარმოსახვითი მივიჩნიოთ რეალურად, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ გამოგონილს სინამდვილედ ვაღიარებთ. თუმცა ამას აღარც აქვს დიდი მნიშვნელობა: ერთიც და მეორეც თანაბრადაა ჩვენში და თანაც ინდივიდუალურად.

ამ ნახევრადბიოგრაფიულ წიგნში, მიუხედავად ჩემი გულმოდგინე მცდელობისა, რა თქმა უნდა, არის გამოგონილი აზრები. მაგრამ ვიმეორებ, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ისტორიკოსივით ჩანაწერები და წიგნები არ გამომიყენებია და ის პორტრეტი, რომელსაც მკითხველს ვთავაზობ, ყოველმხრივ ჩემი პორტრეტია, თავისი მოსაზრებებით, ეჭვებით, გამეორებებით, ხარვეზებით, სიმართლით თუ ტყუილით – ერთი სიტყვით, ყველაფრით, რასაც იტევს ჩემი მეხსიერება.

სარაგოსა

პაპაჩემი “მდიდარი მიწათმფლობელი” იყო – სამი ჯორი ჰყავდა. მას ორი ვაჟი შეეძინა, ერთი ფარმაცევტი გახდა, მეორემ კი – მამაჩემმა – ოთხ მეგობართან ერთად დატოვა კალანდა და სამსახურად გაემგზავრა კუბაში, რომელიც მაშინ ესპანეთს ეკუთვნოდა.

კუბაში ჩასვლისას მოსთხოვეს შეევსო ფორმულარი. სკოლის მასწავლებლის წყალობით მამას შესანიშნავი კალიგრაფია ჰქონდა, რის გამოც გადამწერად გაამწესეს. სხვა მეგობრები მალარიისგან გარდაიცვალნენ.

სამსახურის დამთავრების შემდეგ მამა კუბაში დარჩა. როგორც ენერგიული და სერიოზული ადამიანი, ერთ-ერთ კანტორაში მთავარ კომივოიაჟერად მიიღეს. ცოტა ხანში მან საკუთარი საქმიანობა წამოიწყო, კავეულის წარმოება დააარსა. მისი ამფსონები იყვნენ ჩექმების მწმენდავი და ერთი მოსამსახურე. მამამ ისინი მეპაიეებად დატოვა, დანაზოგი წამოიღო და ესპანეთში დაბრუნდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კუბა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა (კუბის დამოუკიდებლობას ესპანეთში გულგრილად შეხვდნენ. იმ დღეს ხალხი კორიდაზე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს).

კალანდაში დაბრუნებული ორმოცდასამი წლის კაცი დაქორწინდა ახალგაზრდა, თვრამეტი წლის ქალიშვილზე – დედაჩემზე. იყიდა მიწა, ააშენა სახლი და “ლა ტორე”.

პირველი შვილი, ანუ მე, ჩავისახე პარიზში მოგზაურობისას სასტუმრო რონსერეიში, რიშელიე-დრუოს მახლობლად. მყავდა ორი ძმა და ოთხი და. ორი ძმიდან უფროსი, ლეონარდო, სარაგოსის რეგტგენოლოგი, 1980 წელს გარდაიცვალა. მეორე ძმა ალფონსო, პროფესიით არქიტექტორი და თხუთმეტი წლით ჩემზე უმცროსი, 1961 წელს “ვირიდიანას” გადაღების დროს დაიღუპა. ალისია 1977 წელს გარდაიცვალა. დავრჩით ოთხნი. ჩემი დები კონჩიტა, მარგარიტა და მარია დღემდე კარგად არიან.

ჯერ კიდევ იბერების და რომაელების დროიდან – კალანდა უკვე რომაული სოფელი იყო – მტრის მრავალრიცხოვან შემოსევათა წყალობით აქ ბევრი სისხლი და გენი ირეოდა. XV საუკუნეში კალანდაში მხოლოდ ერთი ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. დანარჩენი არაბები იყვნენ. ერთ ოჯახშიც კი შეიძლება შეხვედროდით სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს. მაგალითად, ჩემი და კონჩიტა ღია თმებითა და ცისფერი თვალებით ლამაზ სკანდინავიელს მოგაგონებდათ, ხოლო მარია, პირიქით, ჰარემიდან გამოქცეული გეგონებოდათ.

როგორც უკვე ვთქვი, კუბაში მამამ თავისი კომპანიონები დატოვა. 1912 წელს, მსოფლიო ომის მოახლოება რომ იგრძნო, ისევ იქ დაბრუნება გადაწყვიტა. მახსენდება შინაურული ლოცვები “მამას მშვიდობიან მგზავრობაზე”. კომპანიონებმა მამა აღარ მიიღეს და განრისხებული დაბრუნდა ესპანეთში. ომის დროს მათ მილიონები მოიგეს. ერთ-ერთი ყოფილი კომპანიონი გადახდილი მანქანით შეხვდა მადრიდში, კასტელიანის პროსპექტზე და არც კი მისალმებიან ერთმანეთს.

მამა მეტრი და სამოცდათოთხმეტი სანტიმეტრის სიმაღლის ძლიერი, მწვანეთვალება მამაკაცი იყო, მკაცრი, მაგრამ კეთილი, წყენას გულში არ იტოვებდა.

1900-ში, ჩემი დაბადებიდან მეოთხე თვეს, მამამ გადაწყვიტა მთელი ოჯახით სარაგოსაში გადასახლებულიყო. მშობლებმა დიდი ბურჟუაზიული ბინა დაიქირავეს სახლში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და, სადაც ადრე გარნიზონის სამეთაურო შემადგენლობა იყო განთავსებული. ბინა მთელ მეორე სართულს მოიცავდა და ათი აივანი ჰქონდა. თუ არ ჩავთვლით არდადეგებს, რომელსაც კალანდაში ან სან-სებასტიანში ვატარებდი, ამ სახლში ვცხოვრობდი 1917 წლამდე, სანამ მადრიდში წავიდოდი ბაკალავრის გამოცდების ჩასაბარებლად.

ნაპოლეონის ჯარების მიერ ორჯერ ალყაშემორტყმული ძველი სარაგოსა თითქმის მთლიანად განადგურებული იყო. 1900 წელს არაგონ სარაგოსას პროვინციის დედაქალაქი, ორასათასიანი მოსახლეობით ერთი წყნარი და მშვიდობიანი დასახლება იყო. აქ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მუშათა მღელვარებაზე და გამოსვლებზე, თუმცა მოგვიანებით ანარქისტებმა ჩვენ ქალაქს “სანდიკალიზმის მარგალიტი” უწოდეს. პირველი გაფიცვები და სერიოზული დემონსტრაციები 1909 წელს ბარსელონაში დაიწყო, მაშინ, როცა დახვრიტეს უწყინარი ანარქისტი ფერერი (რომლის ძეგლიც რატომღაც ბრიუსელშია). სარაგოსა მღელვარებამ მოგვიანებით მოიცვა, განსაკუთრებით 1917 წელს, როცა ესპანეთის ყველაზე დიდი სოციალისტური გაფიცვა გაიმართა.

როგორც აღვნიშნე, სარაგოსა წყნარი, ჩვეულებრივი ქალაქი გახლდათ, სადაც ცხენები და ტრამვაი ერთად დადიოდნენ. ასფალტი იყო მხოლოდ ქუჩის სავალ ნაწილზე, დანარჩენი კი წუმპესა და ტალახში იხრჩობოდა. მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საღამოს რვიდან დილის რვამდე ზარების რეკვა გაისმოდა. აქედან 1914 წლის ომამდე მსოფლიოს წარმოვიდგენდით, როგორც სამყაროს უზარმაზარ შორეულ ნაწილად, რომლის მღელვარე მოვლენები თითქოს არც გვეხებოდა და, ჩვენამდე ძალადაკარგულად აღწევდა. მაგალითად, რუსეთ-იაპონიის ომის შესახებ შოკოლადის სახვევი ქაღალდიდან გავიგე. როგორც ბევრ ჩემ თანატოლს, მქონდა სურათებიანი ალბომი, რომელსაც შოკოლადის სურნელი ასდიოდა. 13-14 წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი ზანგი და აზიელი. ჩვენი, ბავშვების სიძულვილი განსაკუთრებით გამოიხატებოდა პროტესტანტების მიმართ, რისკენაც იეზუიტი მამები გვაქეზებდნენ. ქალწული პილარის დღესასწაულის დროს ბიბლიის გროშებად გამყიდველს ქვებსაც კი ვესროდით. სამაგიეროდ, აქ არ იგრძნობოდა ანტისემიტიზმის რაიმე გამოვლინება. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, საფრანგეთში აღმოვაჩინე რასიზმის ეს ფორმა. ესპანელები ლოცვებში ქრისტეს მდევნელ ებრაელებს კი შეაჩვენებდნენ, მაგრამ არასოდეს აიგივებდნენ თავიანთ მეზობელ ურიებთან.

სენიორა კოვარუბიასი სარაგოსას ყველაზე მდიდარ ქალბატონად ითვლებოდა. როგორც ამბობდნენ, მისი ქონება ექვს მილიონ პესეტს ითვლიდა (შედარებისთვის: ესპანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს გრაფ რომანონესს ასი მილიონი პესეტის ქონება ჰქონდა). სარაგოსაში მამაჩემს მესამე თუ მეოთხე ადგილი ეკავა. როცა ესპანურ-ამერიკულ ბანკს გაუჭირდა, მან რაც კი ანგარიშზე თანხა ჰქონდა, მთლიანად გადასცა და ამით ბანკი გაკოტრებისგან იხსნა.

გულახდილად რომ ვთქვათ, მამაჩემი არაფერს აკეთებდა. დილით დგებოდა, საუზმობდა, იცვამდა, გაზეთებს კითხულობდა (ეს ჩვევა მეც გამომყვა). შემდეგ მიდიოდა და ამოწმებდა, ჩამოსული იყო თუ არა ჰავანიდან სიგარები, შეივლიდა მაღაზიებში, ზოგჯერ ყიდულობდა ღვინოს და ხიზილალას, ხშირად სვამდა აპერატივს.

აკურატულად შეხვეული ხიზილალას პაკეტი – ეს იყო ერთადერთი რამ, რაც შეიძლებოდა მამას დაეკავებინა ხელში. ეს აიხსნებოდა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობით: მისი შეძლების კაცს ქედით არაფერი უნდა ეტარებინა, ამისთვის მსახურები ჰყავდა. ზუსტად ასევე იყო, როცა მუსიკის მასწავლებელთან მივდიოდი – ჩემი ვიოლლინო ძიძას უნდა ეთრია.

სადილისა და დასვენების შემდეგ მამა იცვამდა და კლუბში მიდიოდა, იქ, ვახშმის მოლოდინში, მეგობრებთან ერთად ბრიჯსა და “ტრესილიოს” თამაშობდა.

ზოგჯერ საღამოობით ჩემი მშობლები თეატრში დადიოდნენ. სარაგოსაში ოთხი თეატრი იყო. ერთ-ერთი მათგანი, დღესაც რომ არსებობს, მოოქროვილი და ძალზე ლამაზი შენობა იყო. ჩვენებს იქ თავისი ლოჟა ჰქონდათ. უყურებდნენ ოპერას ან პიესას, რომელსაც ჩამოსული მსახიობები ასრულებდნენ, ნახულობდნენ კონცერტს. მეორე ასევე ჩინებული ნაგებობა – თეატრი “პინიატელი” – დღეს უკვე აღარ არსებობს. უფრო ფრივოლური, ოპერეტებისთვის მორგებული თეატრი იყო “პარისიანა” და ბოლოს, იყო ცირკიც, სადაც პიესებსაც თამაშობდნენ – აქ უკვე ხშირად დავყავდით.

ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ჟიულ ვერნის “კაპიტან გრანტის შვილების” მიხედვით დადგმული ოპერეტა, რომელიც ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვნახე. ყოველ ნახვაზე მაოცებდა შუაგულ მანეჟზე უზარმაზარი კონდორის დამარცხება.

სარაგოსას ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო ფრანგი მფრინავის ვედრინესის საავიაციო დღესასწაულები. პირველად უნდა გვენახა მფრინავი ადამიანი. მთელი ქალაქი ბუენა-ვისტას გორაკებზე შეიკრიბა. ამ სიმაღლიდან მართლაც დავინახეთ ვედრონესის აპარატი, რომელიც აპლოდისმენტების თანხლებით დედამიწას ოცი მეტრის სიმაღლეზე მოწყდა. თუმცა ეს მე არ მაინტერესებდა. ქვებში ხვლიკებს დავდევდი, ვიჭერდი და ვაწყვეტდი კუდებს, რომლებიც ერთხანს კიდევ მოძრაობდნენ.

ბავშვობიდანვე მიზიდავდა ცეცხლსასროლი იარაღი. თოთხმეტი წლისას უკვე პატარა ბრაუნინგი მქონდა, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი, რა თქმა უნდა, მალულად. ერთხელაც დედამ რაღაც იეჭვა, ხელები ამაწევინა და რევოლვერი ამართვა. იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე, ეზოში დავეშვი და ბრაუნინგი სანარეცხე ორმოში ჩავუშვი, რათა იქიდან კვლავ ამომეღო.

ერთხელ, მე და ჩემ მეგობარს სკამზე ვიღაც ორი შარახვეტია მოგვიჯდა, ჯიკაობა დაგვიწყეს და სკამიდან გადაგვყარეს. როცა არაფერმა გაჭრა, ჩემი ბრაუნინგი დავაძრე და დავუმიზნე. მოძალადეებმა ჯერ ჩაისვარეს, შემდეგ უხმოდ მოცოცხეს იქიდან.

ხანდახან მამაჩემის მოზრდილ რევოლვერს ვიღებდი და ქალაქგარეთ სროლაში ვვარჯიშობდი. ჩემ ამხანაგს, სახელად პელაიოს გაშლილ ხელებში ვაშლის ან კონსერვის ქილას დავაჭერინებდი და ვესროდი. რა თქმა უნდა, არც ვაშლისთვის მომირტყამს და არც ხელისთვის.

კიდევ ერთი იმდროინდელი ამბავი მახსენდება. ჩემმა მშობლებმა გერმანიიდან საჩუქრად სერვიზი მიიღეს (დღემდე მახსოვს, როგორ შემოიტანეს ვეება ყუთი). სერვიზის ყოველ ნაწილზე დედაჩემის პორტრეტი იყო გამოსახული. მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს სერვიზი დაიმტვრა და დაიკარგა. დიდი ხნის შემდეგ ჩემმა საცოლემ სარაგოსას ანტიკვარულ მაღაზიაში ერთ-ერთი ასეთი თეფში აღმოაჩინა, იყიდა და მისახსოვრა ეს ძვირფასი ნივთი დღემდე ჩემთან ინახება.

ჩვეულებრივი სიამტკბილობანი

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბარებში მაქვს გატარებული. ბარი – ის ადგილია, სადაც შეიძლება მიეცე ფიქრს, მოიკრიბო სულიერი ენერგია, აღივსო ახალი შთაბეჭდილებებით… ახლა, ამ საუკუნესავით ბებერი, სახლიდან აღარ გამოვდივარ, ვზივარ ჩემ პატარა ოთახში და ვიგონებ საყვარელ ბარებს.

ახლავე უნდა ვთქვა, რომ ბარი განსხვავდება კაფესაგან. ვთქვათ, პარიზში კარგ ბარს ვერ იპოვით, სამაგიეროდ ეს ქალაქი სავსეა შესანიშნავი კაფეებით. კაფეები, ტერასები და თამბაქოს კიოსკები რომ არა, პარიზი ატომისაგან განადგურებულ ქალაქს დაემგვანებოდა.

სიურეალისტები უმეტესად კაფე “სირანოში” იკრიბებოდნენ. ასევე მიყვარდა “სელექტი” ელისეის მინდვრებზე. მონპარნასის ბულვარზე “ლა კუპოლის” გახსნაზეც ვიყავი მიწვეული მან რეინთან და არაგონთან ერთად. ყველას ვერ ჩამოვთვლი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ კაფე ჩემში იწვევს დისკუსიების, ხმაურიანი გარჩევების, ლამაზის ქალების ასოციაციას.

ბარი კი პირიქით, მარტოობის სავარჯიშოა. პირველ რიგში, ის უნდა იყოს წყნარი, საკმაოდ ჩაბნელებული და მყუდრო ადგილი, სადაც შორიდან მომავალი ნელი მუსიკის ჰანგებიც კი შეიძლება აღაკვეთინო (დღეს გავრცელებული ჩვევებისაგან განსხვავებით).

მადრიდში მომწონდა სასტუმრო “პლასასთან” მდებარე ბარი, ასევე ბარი “ჩიკოტე”, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს. თბილად მახსენდება ნიუ-იორკისა და მეხიკოს ბარებიც…

ახლა დროა, სასმელზე გადავიდეთ. თუმცა, ამ თემაზე ისე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, ვშიშობ, თავი არ მოგაწყინოთ.

ყველაზე უფრო ღვინო მიყვარს, განსაკუთრებით წითელი. საფრანგეთში ნახავთ როგორც კარგ, ისე ცუდ ღვინოსაც. ძალიან ვაფასებ ესპანურ “ვალდეპენიასს” და “იეპესს”. იტალიური ღვინოები არანატურალური მეჩვენება.

ამერიკაში გთავაზობენ კარგ კალიფორნიულ ღვინოებს – კაბერნეს და სხვებს. ზოგჯერ ვსვამ ჩილესა და მექსიკის ღვინოსაც და, ალბათ, სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არასოდეს ვსვამ ღვინოს ბარში. ღვინო გვანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას, მაგრამ ვერ ანვითარებს წარმოსახვას.

წარმოსახვის თამაშს ხელს უწყობს ინგლისური ჯინი. ჩემი საყვარელი სასმელია – “დრაი-მარტინი”. როგორც ყველა კოქტეილი, ესეც ამერიკული აღმოჩენაა, მიიღება ჯინისა და რამდენიმე წვეთი ვერმუტისაგან. “დრაი-მარტინთან” ერთად ხშირად ვსვამ კოქტეილს, რომელიც თვითონ გამოვიგონე და “ბუნუელონი” დავარქვი. კაცმა რომ თქვას, ეს ცნობილი “ნეგრონის” ჩვეულებრივი პლაგიატია მცირეოდენი განსხვავებით.

ვიმედოვნებ, ლოთი არავის ვეგონები. რა თქმა უნდა, მქონდა პერიოდები, როცა უგონოდ ვილეშებოდი, თუმცა, სმა ჩემთვის მაინც რიტუალია, რომელიც მსუბუქ თრობას, თავბრუხვევას და სიმშვიდეს იწვევს. სასმელი მეხმარება ცხოვრებაშიც და მუშაობაშიც. არ მახსოვს, ერთი დღე მაინც გამეტარებინოს ალკოჰოლის გარეშე…

შეუძლებელია სვამდე და არ ეწეოდე. თექვსმეტი წლისამ დავიწყე წევა და დღემდე არ მიმიტოვებია. თუმცა, დღეში ოც ღერ სიგარეტზე მეტი არ მომიწევია. რას ვეწეოდი? ყველაფერს, რაც მომხვდებოდა. ძირითადად, შავთუთუნიან ესპანურ სიგარეტებს. ბოლო ოცი წელია, ფრანგულ “ჟიტანს” და “სელტიკს” მივეჩვიე, ჩემი აზრით, საუკეთესო სიგარეტებს.

თამბაქო შესანიშნავად ერწყმის ალკოჰოლს (თუ ალკოჰოლი დედოფალია, თამბაქო – მეფეა) და ცხოვრების იდეალური თანამგზავრია. სიგარეტი მეგობარია სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მარტოობაშიც და ხალხმრავლობაშიც. თამბაქოს მრავალგვარი სიამოვნება მოაქვს, როგორც ფიზუალურად (რა სჯობს ლამაზად გაფორმებული სიგარეტის ყუთების ცქერას), ისე სურნელით და შეხებით. ჩემთვის თვალი რომ აეხვიათ და ისე ჩაედოთ პირში სიგარეტი, არ მოვწევდი. სიგარეტს მაშინ აქვს გემო, როცა შენი ხელით გახსნი, თითებში მოსრისავ, ცეცხლს მოუკიდებ, მოქაჩავ და იგრძნობ, როგორ გეღვრება ტანში სითბო.

ერთი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ნაცნობი, ბასკი დორონსორო ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ჟანგბადის ბალიში მიუტანეს, მაგრამ მან ნიღაბი მოიცილა და სიგარეტი მოითხოვა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა იმ სიამოვნებას, რომელმაც ბოლო მოუღო.

ალკოჰოლსა და თამბაქოზე საუბრის დასასრულს მინდა მოგმართოთ ყველას და ორმაგი რჩევა მოგცეთ: არ დალიოთ და არ მოსწიოთ, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.

იმასაც დავამატებ, რომ ალკოჰოლი და თამბაქო სიყვარულსაც ალამაზებს. ჩვეულებრივ, ყველაფერი ალკოჰოლით იწყება და თამბაქოთი მთავრდება. ნუ ელოდებით ჩემგან რაიმე ეროტიულ აღსარებას, ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით კი ესპანელები, ქალებთან ტრადიციული მორცხვობით და, ალბათ, დუნიაზე ყველაზე ძლიერი ტემპერამენტით გამოირჩევიან.

ეს, ალბათ კათოლიკური ეკლესიის დამსახურებაა. ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვამ განსაკუთრებული სექსუალური ლტოლვა გამოიწვია. აკრძალული ხილისა არ იყოს, შეფარული ხორციელი ტკბობაც უფრო გემრიელია. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი უფრო დიდ ტკბობას განიცდის სიყვარულში, ვიდრე ჩინელი ან ესკიმოსი.

ჩემ ბავშვობაში ესპანეთში მხოლოდ ორი სახის სასიყვარულო ურთიერთობა იყო – ბორდელი და საქორწინო სარეცელი. პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში, დაუჯერებელი და შემზარავი სანახაობა ვიხილე, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა ქუჩაში. ასევე ძალიან მიკვირდა, როცა გავიგებდი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი დაუქორწინებლად ცხოვრობდა ერთმანეთთან, ეს ყოველივე უზნეობად მეჩვენებოდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოხანს ვამჩნევ, რომ მთლიანად გამიქრა სექსუალური ლტოლვა. ეროტიკული ხილვები სიზმარშიაც არ მაწუხებს, რაც ძალზე მახარებს, თითქოს ტირანისგან გავთავისუფლდი. მეფისტოფელი რომ გამომეცხადოს და კვლავ იმ უნარით აღვსება შემომთავაზოს, რასაც პოტენცია ჰქვია, მივუგებდი: “გმადლობთ, არ მინდა, ღვიძლი და ფილტვები გამიმაგრე, კიბო და ციროზი რომ არ დამემართოს”.

ყოველგვარი გულისწყრომისა და სინანულის გარეშე ვიხსენებ მადრიდელ მეძავებს, პარიზულ ბორდელებსა და ნიუ-იორკელ “ტაქსიგერლსებს”. პარიზის რამდენიმე “ცოცხალი სურათის” გამოკლებით მხოლოდ ერთი პორნო-ფილმი მაქვს ნანახი უცნაური სათაურით “ვაზელინის და”. მასში შიშვლად იყო ნაჩვენები, როგორ სიყვარულობენ მონასტერში ბერი, მებაღე და მონაზონი.

ასევე მინდა მოვყვე არშემდგარ ორგიებზეც. ასეთი საღამოები ძალზე გვაღელვებდა და გვიტაცებდა. ერთხელ ჰოლივუდში ჩარლი ჩაპლინმა სცადა ასეთი შეხვედრის მოწყობა, პასადენადან სამი უმშვენიერესი გოგონაც ჩამოიყვანა, მაგრამ რად გინდა, გოგონები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ყველას ჩაპლინთან უნდოდა ყოფნა, იჩხუბეს და წავიდნენ.

ერთხელაც, ლოს-ანჯელესში მე და ჩემმა მეგობარმა უგარტემ ორი მსახიობი მოვიწვიეთ. ყველაფერი მზად იყო – ყვავილები, შამპანური, მაგრამ კვლავ წარუმატებლობა: გოგონებმა ერთი საათი დაჰყვეს და გაიქცნენ.

პარიზში ჩამოსულმა ერთმა საბჭოთა რეჟისორმა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მთხოვა მისთვის მოგვეწყო პატარა “პარიზული ორგია”. ამის თაობაზე არაგონს მივმართე, მან კი არ დააყოვნა: “ესე იგი, გინდა, რომ შენ…?” და ისეთი სიტყვა იხმარა, რომელსაც ვერ გავიმეორებ. არაფერი ისე არ მაღიზიანებს, როგორც ბოლო დროს ჩვენს ლიტერატურაში ასე გავრცელებული უხამსი გამოთქმები. ზნე-ჩვეულებათაგან ასეთი მოჩვენებითი გათავისუფლება – ნამდვილი თავისუფლების მხოლოდ საცოდავი პაროდიაა და მეტი არაფერი. ამიტომაც ვერ ვიტან ამგვარ სექსუალურ კადნიერებას და სიტყვიერ ექსჰიბიციონიზმს.

თარგმნა უჩა შერაზადიშვილმა
24 საათი 14.11.09
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: უჩა შერაზადიშვილი   Thu Dec 30, 2010 10:32 am

ვანო ამირხანაშვილი, უჩა შერაზადიშვილი


ვერ ვანუგეშეთ!


უცნაურია ჟამი სიკვდილისა,

უცნაური და გამოუცნობი.

არავინ ვიცით, როდის გავალთ ხილული წარმავლობიდან უხილავ წარუვალობაში.

მაგრამ, როგორც ჩანს, რაც ცნობიერებით არ მოდის ადამიანთან, მოდის გრძნობიერებით, ქვეცნობიერისა და წინაგანცდის გზით, ამიტომაა, რომ ჟამი საცნობია ხოლმე მხოლოდ ერთისთვის.

მარტო ყოფილა ნოდარ შამანაძე თავისი ჟამის წინაშე, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ მიუხედავად დღესავით ნათელი სიცხადისა, ვერ დავინახეთ, ვერ გავიგეთ, ვერ წარმოვიდგინეთ, თუ რა ხდებოდა მის თავს.

ცოტა ხნით ადრე დასაბეჭდად გამოგვიგზავნა ლექსები და ჩანაწერების ერთი ნაწილი. ყოველთვის თვითონ მოჰქონდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად შეუძლოდ იყო და ეს ვიცოდით. ყოვლად უცნაური და გამაოგნებელი იყო ბარათები, რაც კონვერტებში ჩადებულ მასალებს მოჰყვა. ორივე ზუსტად ერთი და იგივე შინაარსისა იყო, ცალ-ცალკე გვწერდა. აი, ერთი მათგანი:

"ვანო, ძვირფასო კაცურო კაცო! ჯანმრთელობა ისე მიმეკანკა, საწუთროს, ალბათ, მალე დავტოვებ... ვანო, შენთან და უჩასთან განშორება ისევე მემძიმება, როგორც ჩემს შვილებთან. გიტოვებ ლექსებს, რომლებსაც, ვიცი, გამოაქვეყნებ, მაგრამ მე, ალბათ (ეს სიტყვა ჩამატებულია, - ი.ა. უ.შ.), ვეღარ წავიკითხავ...

შენდამი მადლობა სამარეში მიმყვება.

ღმერთმა დაგლოცოს და გაბედნიეროს თქვენი ოჯახით.

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით...

ნ.შამანაძე 20/IV 2002".

ახლა ამ სიტყვებს კომენტარი აღარ სჭირდება, მაგრამ მაშინ ბევრი კითხვა და ფორიაქი გაგვიჩინა. გადავწყვიტეთ, ჯერ ლექსები დაგვებეჭდა და მერე შევხმიანებოდით, რათა შეგვეტყო მისი უსასოობის მიზეზი და გაგვემხნევებინა, როგორც შეგვეძლო.

სწორედ იმ დღეს დატოვა წუთისოფელი, როცა ლექსები გამოქვეყნდა.

ვერ ვანუგეშეთ!

ახლა გვიანია იმაზე ლაპარაკი, კარს მომდგარი აღსასრული იგრძნო, თუ თვითონ მიადგა აღსასრულის კარს, მთავარია, რომ ღირსეულად გადაიხადა სასყიდელი ამასოფლისა და პირნათელი შეერთო მამა-პაპათა მარადიულ სამყოფელს.

ვერ ვანუგეშეთ!

თვითონ დაგვიტოვა ნუგეშად სიყვარული და სითბო, რასაც ყოველთვის მამაშვილური უშურველობით იმეტებდა ჩვენთვის.

მასში, როგორც მთლიან, გაუბზარავ პიროვნებაში, იყო ყველაფერი ის, რაც მამების თაობაში მოგვწონს.

ცხოვრებამ ბევრი ტკივილი და განსაცდელი აგემა, მაგრამ არ შემდრკალა და არ დაუკარგავს პატრიარქალური ერთგულება ზნეობისა და სიკეთის მიმართ; ის იყო იმ მართალთაგანი, რომელთაც ძველი ტრადიციით "მარილი ქვეყანისა" ეწოდებათ...

უცნაურია ჟამი სიკვდილისა.

ვერ ვანუგეშეთ!

ჩვენ კი დაგვრჩა ნუგეშად მისი ბარათები და რწმენა, რომ "ხილულნი ასე წარმავალ არიან, ხოლო უხილავნი იგი საუკუნე".


"ლიტერატურული საქართველო", 2002-05-17


წყარო - http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9386
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: უჩა შერაზადიშვილი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
უჩა შერაზადიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: