არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ქაჯაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Oct 28, 2011 11:36 pm


ბრაილის საათი უსინათლოებისათვის.


ხორხე ლუის ბორხესი "შვიდი საღამო"

მეშვიდე საღამო
სიბრმავე


ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემი მრავალი (მომეტებულად მრავალი) ლექციის კითხვისას შევნიშნე, რომ მსმენელები უპირატესობას ანიჭებენ პირადულს საზოგადოსთან შედარებით, კონკრეტულს _ აბსტრაქტულთან შედარებით.
ამიტომ საკუთარი, მოკრძალებული სიბრმავით დავიწყებ. სწორედ რომ მოკრძალებული, რადგან ცალი თვალით სრულიად დავბრმავდი, მეორე ცოტათი ხედავს. ჯერ კიდევ შემიძლია ზოგიერთი ფერის გარჩევა, ჯერ კიდევ შემიძლია მწვანისა და ცისფერის განსხვავება. არ მიღალატა ყვითელმა ფერმა. მახსოვს, ბავშვობაში (ჩემი და აქ რომ იყოს, ისიც გაიხსენებდა ამ ამბავს), პალერმოს ზოოპარკში ვეფხვისა და ლეოპარდის გალიასთან ვჩერდებოდი. გარინდებული შევცქეროდი ვეფხვების ოქროსფერსა და შავს; ყვითელმა ფერმა დღემდე არ მიმატოვა. დავწერე ლექსი “ვეფხვების ოქრო”, რომელშიც ვაღიარებ ამ მიდრეკილებას.
მინდა, გითხრათ მოვლენაზე, რომელსაც, ჩვეულებრივ, უყურადღებოდ ტოვებენ, არ ვიცი, ყველასთვის დამახასიათებელია თუ არა იგი. მიჩნეულია, რომ უსინათლო წყვდიადშია ჩაფლული. შექსპირს აქვს ამ მოსაზრების დამადასტურებელი სტრიქონი: Looking on darkness which the blind do see _ “შემყურე სიბნელისა, რომელსაც ხედავს ბრმა”. თუკი სიბნელეს სიშავედ მივიჩნევთ, შექსპირის სტრიქონი უმართებულოა.
ერთ-ერთი ფერი, რომელსაც მოკლებულები არიან ბრმები (ყოველ შემთხვევაში, ის ბრმა, რომელიც თქვენს წინაშეა), _ არის შავი; მეორე _ წითელი. Le rouge et le noir _ ის ფერებია, რომლებიც გვაკლია. მე უშუქოდ დაძინებას ვარ მიჩვეული და დიდხანს მიჭირდა ჩაძინება ბურუსის ამ სამყაროში, სადაც ცხოვრობს ბრმა. მინდოდა, სრულ სიბნელეში აღმოვჩენილიყავი. წითელს ყავისფრის მსგავსად ვხედავ. უსინათლოს სამყარო არ არის ღამე, როგორც ჩვეულებრივ, ჰგონიათ. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვამბობ საკუთარი სახელით, მამისა და ბებიის სახელით, რომლებმაც ბრმებმა დაასრულეს სიცოცხლე _ მომღიმარე, მამაც ბრმებად; მეც ეგეთი მინდა მოვკვდე. მემკვიდრეობით ბევრი რამ გადმოგვეცემა (ვთქვათ, სიბრმავე), ოღონდ არა _ სიმამაცე. ისინი მამაცები იყვნენ, ვიცი, რომ ასეა.
ბრმა საკმაოდ მოუხერხებელ სამყაროში ცხოვრობს _ გაურკვეველ სამყაროში, სადაც უეცრად ჩნდება რომელიმე ფერი: ჩემთან ეს არის ყვითელი, ცისფერი (რომელიც, შეიძლება, მწვანე აღმოჩნდეს), მწვანე, რომელიც შეიძლება, ცისფერი აღმოჩნდეს. რაც შეეხება წითელს, ის სრულიად გაჰქრა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე გამოვჯანმრთელდები (მკურნალობის კურსს ვიტარებ) და შევძლებ, დავინახო ეს დიდებული ფერი, პოეზიაში რომ ელვარებს და ძალიან ლამაზი სახელი ჰქვია მრავალ ენაზე. გავიხსენოთ გერმანული schatlach, ინგლისური scarlet, ფრანგული écarlate(სამივე ენაში ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „მეწამული“ – მთარგმნელის შენიშვნა) . ეს სახელწოდებები დიადი ფერის ღირსია. Amarillo (ყვითელი) კი პირიქით, ესპანურ ენაში სუსტად ჟღერს; ინგლისური ყელლოწ იმდენად ჰგავს amarillo-ს, რომ მე მგონი, ძველ ესპანურში იარსებებდა ფორმა amariello.
მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც ფერები არსებობს, და თუკი საკუთარ სიბრმავეზე ვლაპარაკობ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ იგი არ არის აბსოლუტური, როგორც ჩვეულებრივ, ფიქრობენ; და კიდევ იმიტომ, რომ ლაპარაკია ჩემზე. ჩემი შემთხვევა არც ისე ტრაგიკულია. ტრაგიკულია იმათი ხვედრი, ვინ უეცრად ჰკარგავს მხედველობას; ჩემს შემთხვევაში ეს თანდათანობით დაბინდებაა, თვალისჩინის კლება დაბადებიდანვე დამეწყო, 1899 წლიდან. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ჩემთვის თანდათანობით ბინდდებოდა. განსაკუთრებული დრამატიზმის გარეშე.
ამ ლექციისთვის გულისამაჩუყებელი მომენტები უნდა მომეფიქრებინა. ვთქვათ, როცა მივხვდი, რომ თვალისჩინი დავკარგე _ ადამიანმა, რომელიც წერს და კითხულობს. რატომ არ დავასახელო თარიღი, ესოდენ დასამახსოვრებელი _ 1955 წელი. სექტემბრის სახელგანთქმულ წვიმებზე კი არა, ჩემს გარემოებებზე ვლაპარაკობ.
ცხოვრებაში ბევრი დაუმსახურებელი პატივი მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშვნამ გამახარა. ამ პოსტზე განმათავისუფლებელმა რევოლუციამ დამნიშნა _ უფრო პოლიტიკური, ვიდრე ლიტერატურული მიზეზებით.
ბიბლიოთეკის დირექტორი რომ გავხდი, ერთ სახლში დავბრუნდი, მექსიკის ქუჩაზე, მონსერას უბანში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში; სახლში, სადაც უამრავ მოგონებას ვინახავდი. არასდროს არ მიოცნებია ბიბლიოთეკის დირექტორობის შესაძლებლობაზე, და ჩემი მოგონებები სრულიად სხვა ყაიდისა იყო. საღამოობით აქ მამასთან ერთად მოვდიოდი. მამა, ფსიქოლოგიის პროფესორი, ითხოვდა თავისი საყვარელი ავტორების, ბერგსონის ან უილიამ ჯეიმზის, ან უილიამ შპილერის წიგნებს. მე ძალიან მორიდებული ვიყავი საიმისოდ, რომ წიგნები მომეთხოვა, ბრიტანული ენციკლოპედიის ან ბროკჰაუზის ან მაიერის გერმანული ენციკლოპედიების ტომებს მივადგებოდი ხოლმე. ალალბედზე ვიღებდი რომელიმეს, თაროზე გვერდულად ვდებდი და ვკითხულობდი.
მახსოვს საღამო, როცა ვიგრძენი, რომ საჩუქარი მივიღე _ ასოები დრ; შემხვდა სამი სტატია: დრუიდებზე, დრუზებსა და დრაიდენზე. იყო ნაკლებ წარმატებული საღამოებიც. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ამ სახლში იყო გრუსაკი; შემეძლო მისი გაცნობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მაშინ მეტისმეტად მორიდებული ვიყავი _ თითქმის ახლანდელივით. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მორიდებულობა ღირსებაა; ახლა კი ვხვდები, რომ ესაა ერთ-ერთი ბოროტება, რომელიც ადამიანმა უნდა დასძლიოს, რომ სინამდვილეში მორიდებულობას ჩალის ფასი აქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, რასაც ადამიანები ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
თანამდებობაზე 1955 წლის ბოლოს დამნიშნეს; სამსახურში მისვლისთანავე ტომების რაოდენობა ვიკითხე და მითხრეს, მილიონიაო. შემდგომში გავიგე, რომ ცხრაასი ათასი წიგნი იყო, რაც საკმარისზე მეტია (შესაძლოა, ცხრაასი ათასი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მილიონი; ცხრაასი ათასი; მილიონი კი მეტისმეტად მოკლედ ჟღერს).
დროთა განმავლობაში ჩემთვის ცხადი გახდა მომხდარის საკვირველი ირონია. სამოთხე ყოველთვის წარმომედგინა ბიბლიოთეკის მსგავს რაღაცად, როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენია ბაღად ან სასახლედ. და აი, შიგნით აღმოვჩნდი. და დავრწმუნდი, რომ ძლივძლივობით ვარჩევ წარწერებს ყდებსა და ყუებზე. მაშინ დავწერე ლექსი “საჩუქრების გამო”, რომელიც ასე იწყება:

საყვედურითა და ცრემლით არ შევბღალავ
იმ უმაღლეს აზრს და იმ ღრმა სარკაზმს,
რომლითაც შეუდარებელმა ღმერთებმა
მომანდეს წიგნები ღამესთან ერთად.

ეს საჩუქრები ურთიერთგამომრიცხავია: უამრავი წიგნი და ღამე, შეუძლებლობა მათი კითხვისა.
წარმოვიდგენდი, რომ ეს ლექსი გრუსაკმა დაწერა, რადგან ისიც ბიბლიოთეკის დირექტორი იყო და ისიც ბრმა. გრუსაკი ჩემზე უფრო მედგარი აღმოჩნდა: დუმდა. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენს ხვედრში იყო მსგავსი მომენტები, რადგან ორივეს წაგვერთვა თვალისჩინი და ორივეს გვიყვარდა წიგნები. მისი ნაწერები გაცილებით უფრო მაღლა დგას ჩემს ნაწერებზე. მაგრამ საბოლოოდ ორივე დაკავშირებულები ვართ ლიტერატურასთან და ორივეს გვებარა ბიბლიოთეკა მიუწვდომელი წიგნებით. შეიძლება, ითქვას, წიგნებით ასოების გარეშე, სუფთა ფურცლებით ჩვენი უსინათლო თვალებისთვის. ღმერთის ირონიაზე ვწერდი და ბოლოს საკუთარ თავს ვკითხე, რომელმა ჩვენგანმა დაწერა ლექსი, სადაც “მე” ორივეს მიესადაგება, სიბნელე კი ორივესთვის ერთია.
მაშინ ვიცოდი, რომ ბიბლიოთეკის კიდევ ერთი დირექტორი, ხოსე მარმოლიც ბრმა იყო. აქ ჩნდება რიცხვი სამი, რომელიც კითხვებს ხსნის. ორი _ მხოლოდ დამთხვევაა, სამი კი _ ღვთიური ან თეოლოგიური დასტური. მარმოლი იყო ამ ბიბლიოთეკის დირექტორი, როცა იგი ვენესუელას ქუჩაზე მდებარეობდა.
ახლა მარმოლს ან აძაგებენ ან საერთოდ არ ახსენებენ. მაგრამ ნამდვილად ღირს ამ ადამიანის გახსენება, რადგან როცა ვამბობთ “როსასის დრო”, პირველყოვლისა, ვიხსენებთ არა რამოს მეხიას შესანიშნავ წიგნს “როსასი და მისი დრო”, არამედ დიდებული ირონიით ასახულ პერიოდს ხოსე მარმოლის რომანში “ამალია”. მან მოგვცა აღწერა ეპოქისა, რომელიც არ არის მოკლებული დიდებას, და გამიხარდებოდა, რამე ეგეთი რომ შემექმნა. მართლაც, როცა ვამბობთ “როსასის დრო”, ვიხსენებთ მარმოლის მიერ აღწერილ ტირანებს, თავყრილობებს პალერმოში, ტირანის ერთ-ერთი მინისტრის საუბარს სოლერთან.
ასე რომ, ჩვენს წინაშეა სამი ადამიანი ერთნაირი ხვედრით. და მონსერას უბანში დაბრუნების სიხარული. ბუენოს-აირესის ყველა მცხოვრებლისთვის სამხრეთი როგორღაც ქალაქის სანუკვარ ცენტრად აღიქმება და არა ტურისტების დასათვალიერებელ საჩვენებელ ცენტრად (იმ დროისთვის სან-ტელმოს უბანი ჯერ კიდევ არ იყო ასე პოპულარული). სამხრეთი ბუენოს-აირესის იდუმალი გული იყო.
ბუენოს-აირესზე ფიქრისას უწინარეს ყოვლისა, თვალწინ მიდგას ქალაქი, რომელიც ბავშვობაში ვიცოდი: მომცრო სახლები, პატარა ეზოები, თაღები, წყლის ნიჟარები კუს ბაკნებისგან, გისოსებიანი ფანჯრები _ ასეთი იყო ადრე მთელი ბუენოს-აირესი. ახლა ეს მხოლოდ სამხრეთ ნაწილშია შენარჩუნებული, ერთი სიტყვით, ვგრძნობდი, რომ წინაპრების საცხოვრებელში ვბრუნდებოდი. როცა მივხვდი, რომ წიგნებითა ვარ გარშემორტყმული და იძულებული ვარ, მათი სათაურები მეგობრებს ვკითხო, გამახენდა რუდოლფ შტაინერის ფრაზა წიგნიდან ანთროპოსოფიაზე (ასე უძახდა თეოსოფიას). მან თქვა, რომ როცა რაღაც დასასრულს უახლოვდება, უნდა გვახსოვდეს, რომ იწყება რაღაც ახალი. სასარგებლო რჩევაა, ოღონდ ძნელად შესასრულებელი, რადგან ცნობილია, რას ვკარგავთ, და არ ვიცით, რას ვიძენთ. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, ხანდახან გაზვიადებული აზრი დაკარგულზე, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება, რა იქნება სანაცვლოდ.
გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს თავს ვუთხარი: ხილულის ძვირფასი სამყარო დაკარგულია; სხვა უნდა შევქმნა სამუდამოდ დაკარგული ხილული სამყაროს სანაცვლოდ. ჩვენს უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურას ვასწავლიდი. როგორ შემეძლო მესწავლებინა ეს ამოუწურავი ლიტერატურა _ ამ საქმეს ხომ შეიძლება, არაერთი თაობის სიცოცხლე დასჭირდეს?
რაც შემეძლო, ყველაფერი ვიღონე, რომ მესწავლებინა ამ ლიტერატურის სიყვარული, შეძლებისდაგვარად გავურბოდი თარიღებსა და სახელებს. ერთხელ ჩემთან რამდენიმე სტუდენტი გოგონა მოვიდა გამოცდის ჩასაბარებლად და წარმატებით ჩააბარეს (ჩემი ყველა მოსწავლე გოგონა გამოცდას წარმატებით მაბარებდა, ყოველთვის ვცდილობდი. გამოცდა არ გადამეტანა: ათი წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ მომიწია გამოცდის გადავადება სტუდენტებისთვის, რომლებმაც თავად აიჩემეს). ქალიშვილებს ვუთხარი (ცხრანი თუ ათნი იყვნენ): “ერთი აზრი მომივიდა _ ახლა, როცა გამოცდა ჩააბარეთ, მე კი მასწავლებლის მოვალეობა მოვიხადე, ხომ არ დაგვეწყო მეცადინეობა ენასა და ლიტერატურაში, რომელიც თითქმის არ ვიცით?” მკითხეს, რომელ ენასა და ლიტერატურაზე ბრძანებთო. “რასაკვირველია, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე. მოდი, მეცადინეობას შევუდგეთ; რაკი საგამოცდო გაწამაწია თავიდან მოვიშორეთ, თავიდან დავიწყოთ.”
გამახსენდა, რომ სახლში შენახული მქონდა ორი წიგნი, რომლებიც გადასაადგილებელი მქონდა, ისინი ყველაზე მაღლა იდო თაროებზე _ არ მეგონა, რომ ოდესმე დამჭირდებოდა. ეს იყო სუიტის Anglo-Saxon Reader და “ანგლოსაქსური ქრონიკა”. ორივეს ერთვოდა გლოსარიუმი. ერთ დილით ბიბლიოთეკაში წასასვლელად გავემზადეთ.
იმაზე ვფიქრობდი, რომ დავკარგე ხილული სამყარო და ახლა მინდა შევიძინო სხვა _ სამყარო ჩემი შორეული წინაპრებისა, იმ ტომებისა, იმ ადამიანებისა, ვინც ნიჩბებით გადმოლახა ბობოქარი ჩრდილოური ზღვები, როცა დანიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან გამოემგზავრნენ ინგლისის დასაპყრობად; ინგლისს ისინი ეძახდნენ, ადრე კი ინგლების მიწას (England) ეწოდებოდა მიწა ბრიტებისა, რომლებიც იყვნენ კელტები.
შაბათ დილით გრუსაკის კაბინეტში მოვიყარეთ თავი და კითხვა დავიწყეთ. ერთმა გარემოებამ გაგვახარა _ აგვაღელვა და ერთგვარი სიამაყით აგვავსო. საქმე ისაა, რომ საქსები, ისევე, როგორც სკანდინავიელები, ორ რუნულ ასოს იყენებდნენ ბგერა th-ს აღსანიშნავად _ როგორიც სიტყვაში thing , ასევე სიტყვაში the. ეს ფურცელს იდუმალებას სძენდა. ორივე ასო გრიფელის დაფაზე ჩავიწერე.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ენა განსხვავდება ინგლისურისგან და ჰგავს გერმანულს. მოხდა ის, რაც ხდება ენის შესწავლისას. ყოველი სიტყვა მკაფიოდ იკვეთება, ამოჩუქურთმებულივით, თითქოს თილისმა იყოს. ამიტომ ლექსები უცხო ენაზე უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მშობლიურ ენაზე: ყოველ სიტყვას ვაყურადებთ, ვაკვირდებით, ვფიქრობთ მათ სილამაზეზე, მათ ძალასა ან უბრალოდ, განსხვავებულობაზე. იმ დილით გაგვიმართლა. აღმოვაჩინეთ ფრაზა: “იულიუს კეისარი იყო პირველი რომაელი, რომელმაც აღმოაჩინა ინგლისი”. რომაელების ჩრდილოურ ტექსტში ნახვამ აგვაღელვა. გაიხსენეთ, ჩვენ ხომ არაფერი ვიცოდით, სიტყვას გამადიდებელი შუშით ვათვალიერებდით, ყოველი სიტყვა თილისმა იყო, რომელიც საჩუქრად გვებოძა. ვიპოვნეთ ორი სიტყვა. ეს სიტყვები გვათრობდა; მე ბებერი ვიყავი, ჩემი მოსწავლეები კი ყმაწვილი ქალები (ორივე ასაკს სჩვევია აღტაცება). ვფიქრობდი: “ამ ენას ვუბრუნდები, კვლავ ვიძენ. პირველად არ ვიყენებ; ამ ენაზე ვლაპარაკობდი, როცა სხვა სახელები მერქვა.” ეს სიტყვები იყო ლონდონის სახელწოდება _ Lundenburg, Londresburgo _ და რომის სახელწოდება, რომელმაც მეტადაც კი აგვაღელვა, ვიფიქრეთ რომის შუქზე, შორეულ ჩრდილოეთში ჩაკარგულ კუნძულებს რომ ეფინებოდა, _ Romeburh, Romaburgo. ალბათ ცოტაც და ქუჩებს დავუყვებოდით ყვირილით: Lundenburg, Romeburh...
ასე დაიწყო ძველი ინგლისურის შესწავლა, რომელთანაც სიბრმავემ მიმიყვანა. და ახლა ხსოვნაში ვინახავ უამრავ ელეგიურ, ეპიკურ ანგლოსაქსურ ლექსს.
ხილული სამყარო შევცვალე ძველინგლისური ენის ჟღერადი (ყურით აღქმული) სამყაროთი. მერე მივმართე სხვა, უფრო გვიანდელ და უფრო მდიდარ სამყაროს სკანდინავიური ლიტერატურისა: ედებსა და საგებს. შემდგომში დავწერე “ძველი გერმანული ლიტერატურები”, ბევრი ლექსი ამ თემაზე, მანამდე კი ვტკბებოდი ამ ლიტერატურით. ახლა ვამზადებ წიგნს სკანდინავიურ ლიტერატურაზე.
სიბრმავეს თავი არ შევაშინებინე. გარდა ამისა, ჩემმა გამომცემელმა მშვენიერი ამბავი მითხრა: ერთ წელიწადში თუ ოცდაათ ლექსს დავწერ, წიგნის გამოცემას შესძლებს. ოცდაათი ლექსი ნიშნავს დისციპლინას, განსაკუთრებით, როცა იძულებული ხარ, ყოველი სტიქონი უკარნახო; მაგრამ ამავე დროს საკმაო თავისუფლებას, რადგან საფიქრებელია, რომ ერთ წელიწადში პოეზიის ოცდაათი შემთხვევა მოგროვდება.
სიბრმავე ჩემთვის სრულ უბედურებად არ იქცა, არ არის საჭირო მისი ტრაგიკულად მიღება. ეს უნდა აღიქვა, როგორც ცხოვრების წესი, როგორც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი სტილი.
სიბრმავეს თავისი უპირატესობებიც აქვს. ამ წყვდიადს რამდენიმე ძღვენს ვუმადლი: ძველ ინგლისურ ენას; ზერელე ნაცნობობას ისლანდიურთან; სიხარულს, რომელიც მომანიჭა უამრავმა ლექსმა, პოემამ და სტრიქონმა; იმას, რომ დავწერე წიგნი ოდნავ ყალბი და რამდენადმე პრეტენზიული სათაურით _ “სიბნელის ქება”.
ახლა მინდა მოგითხროთ სხვა, ცნობილ შემთხვევებზე. დავიწყოთ პოეზიისა და სიბრმავის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითით, იმით, ვინც უდიდეს პოეტად ითვლება, _ ჰომეროსით (ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი ბერძენი პოეტი ტამირისი, რომლის ნაწარმოებები არ შემონახულა; მისი ამბავი ძირითადად მილტონის გამოთქმებით ვიცით, ეს არის ამბავი კიდევ ერთი სახელოვანი ბრმისა; ტამირისი პაექრობისას დაამარცხეს მუზებმა, რომლებმაც მისი ლირა გატეხეს და დააბრმავეს).
არსებობს საინტერესო ჰიპოთეზა (არა მგონია, რომ ისტორიულად სწორი იყოს, მაგრამ ძალიან მიმზიდველია), რომელიც ოსკარ უაილდს ეკუთვნის. უმეტეს შემთხვევაში, მწერლებს უნდათ ღრმააზროვნები გამოჩნდენ. შეიძლება, უაილდსაც უნდოდა, რომ მასზე ისე გვეფიქრა, როგორც პლატონი ფიქრობდა პოეზიაზე: “მსუბუქი, ფრთიანი, წმინდა”. ერთი სიტყვით, წმინდა ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ ანტიკურობამ განზრახ წარმოადგინა ჰომეროსი ბრმად.
ჩვენთვის უცნობია, არსებობდა თუ არა ჰომეროსი. ის, რომ შვიდი ქალაქი ედავება ერთმანეთს მისი საკუთრებისთვის, გვაიძულებს, დავეჭვდეთ მის არსებობაში. შესაძლოა, სინამდვილეში იყო არა ჰომეროსი, არამედ ბევრი ბერძენი, ჰომეროსის სახელით რომ არიან ჩვენგან დაფარულნი.
ტრადიცია ბრმა პოეტის სახეს გვიხატავს; უდავოდ, ჰომეროსის პოეზია ხილულია, ხანდახან დიდებულად ხილული, როგორიცაა ოსკარ უაილდის პოეზია, თუმცა ნაკლები ხარისხით,.
უაილდი საკუთარ თავს ანგარიშს აძლევდა, რომ მისი პოეზია მეტისმეტად ხილულია, და უნდოდა, ამის მოშორება; უნდოდა, პოეზია მჟღერი გაეხადა, მუსიკალური, როგორიცაა, ვთქვათ, ტენისონის ან ვერლენის პოეზია; მათ წინაშე ქედს იხრიდა. უაილდი ამბობდა: “ბერძნები ჰომეროსს ბრმად წარმოიდგენდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ პოეზია უნდა იყოს ყურით აღქმული და არა ხილული.” აქედანაა de la musique avant toute chose („მუსიკა უპირველეს ყოვლისა – ფრანგული) , აქედანაა უაილდის თანამედროვე სიმბოლიზმი.
ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჰომეროსი არ არსებობდა, მაგრამ ბერძნებს მოსწონდათ მისი ბრმად წარმოსახვა, და ამითY ხაზს უსვამენ, რომ პოეზია _ უპირველეს ყოვლისა, მუსიკაა, უპირველეს ყოვლისა, ლირაა და რომ პოეტისთვის ხილული შეიძლება, არსებობდეს და არ არსებობდეს. მე ვიცი დიდი პოეტები, ვისი პოეზიაც ხილულია, და დიდი პოეტები, ვისი პოეზიაც ინტელექტურია, გონებისმიერია, აზრი არა აქვს მათ ჩამოთვლას.
მივმართოთ მილტონის მაგალითს. მილტონის სიბრმავე ნებით იყო. სიჭაბუკიდან იცოდა, რომ დიდი პოეტი გახდებოდა. კოლრიჯსა და დე ქუინსის ერთი სტრიქონიც არ ჰქონდათ დაწერილი, და იცოდნენ, რომ მათი ცხოვრება ლიტერატურას ეკუთვნის; მეც ასე ვიყავი (თუკი ღირს ჩემი ხსენება), ყოველთვის ვგრძნობი, რომ ჩემი ბედი დაკავშირებული იქნება ლიტერატურასთან; მინდა ვთქვა, რომ ბევრი ცუდი რამ მემართებოდა, ხანდახან _ კარგიც. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან სიტყვებად იქცეოდა, პირველყოვლისა, ცუდი, რადგან ბედნიერებას არ სჭირდება განხორციელება: ბედნიერება თვითონ შეადგენს საკუთარ მიზანს.
დავუბრუნდეთ მილტონს. მას მხედველობა დააკარგვინა პამფლეტებმა, რომლებიც მეფის სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდებდნენ. მილტონი ამბობს, თვალისჩინი ჩემი ნებით დავკარგე თავისუფლების დაცვისასო; უსინათლობის გამო არ ჩივის; მიიჩნევს, რომ მხედველობა თავისი ნებით შესწირა მსხვერპლად, და ახსოვს თავისი მთავარი ამოცანა _ პოეტობა. კემბრიჯის უნივერსიტეტში ნაპოვნია ხელნაწერი, სადაც ჭაბუკი მილტონი იწერდა თემებს დიდი პოემისთვის.
“მინდა, მომავალ თაობებს დავუტოვო ისეთი რამ, რაც მათ დაღუპვას არ დაანებებს,” _ აცხადებს იგი. მილტონმა ათი-თხუთმეტი თემა მოინიშნა, და თვითონ არც უეჭვია, რომ ერთ-ერთ წინასწარმეტყველური აღმოჩნდებოდა. ესაა სამსონის თემა. მაშინ არ იცოდა, რომ მისი ხვედრი ასე დაემსგავსებოდა სამსონის ხვედრს და რომ როგორც ქრისტეა ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში, ისე იწინასწარმეტყველებდა სამსონი მის ხვედრს. როცა უკვე იცოდა, რომ ბრმავდებოდა, დაიწყო ორი ისტორიული ნაშრომი, რომლებიც დაუსრულებელი დარჩა: “მოსკოვიის ისტორია” და “ინგლისის ისტორია.” მერე დიდი პოემა “დაკარგული სამოთხე”. ეძებდა თემას, რომელიც მხოლოდ ინგლისელებს კი არა, ყველა ადამიანს დააინტერესებდა. ამ თემად იქცა ადამი, ჩვენი საერთო წინაპარი.
მილტონი დიდ დროს ატარებდა მარტოობაში, წერდა ლექსებს, მეხსიერება უძლიერდებოდა. ორმოც-ორმოცდაათ თერთმეტმარცვლოვან სტრიქონებს იმახსოვრებდა, მერე კი კარნახობდა მასთან მოსულ მნახველებს. ასე იწერებოდა პოემა. მასში ახსენა სამსონის ხვედრი, ესოდენ მსგავსი თავისივე ხვედრისა, რადგან კრომველი უკვე მოკვდა და დაიწყო რესტავრაციის ეპოქა. მილტონს დევნა დაუწყეს და სიკვდილი მიუსაჯეს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირა მეფის სიკვდილით დასჯის მომხრეებს. მაგრამ კარლ II-მ, თავმოკვეთილი კარლ I-ის ვაჟმა, სიკვდილმისჯილთა სია რომ მიართვეს, აიღო კალამი და წარმოთქვა კეთილშობილებით სავსე ფრაზა: “ხელი არ მემორჩილება, უარს ამბობს, მოაწეროს სიკვდილით დასჯას”. მილტონი, და მასთან ერთად ბევრი ადამიანი, სიკვდილით დასჯას გადაურჩა.
მაშინ დაწერა Samson Agonistes („სამსონი–მებრძოლი“ – ინგლისური) . უნდოდა, შეექმნა ტრაგედია ბერძნული სულისკვეთებით. მოქმედება მიმდინარეობს დღის განმავლობაში, ეს სამსონის ცხოვრების უკანასკნელი დღეა; მილტონი ფიქრობდა მისი და საკუთარი ხვედრის მსგავსებაზე, რადგან ისიც, სამსონის მსგავსად, ძლიერი ადამიანი იყო, რომელიც ბოლოს და ბოლოს, დამარცხდა. და დაწერა სტრიქონები, რომლებიც, ლენდოის აზრით, ძნელი წასაკითხია, და მართლაც ასეა: Eyless, in Gaza, at the mill, with the slaves _ “ბრმა, ღაზაში (ღაზა _ ფილისტიმლელთა ქალაქი, მტრის ქალაქი), წისქვილში, მონებს შორის”. თითქოს ყველა შესაძლო უბედურება უეცრად დაატყდა თავს სამსონს.
მილტონს აქვს სონეტი, სადაც იგი თავის სიბრმავეზე ლაპარაკობს. სონეტის ერთ-ერთი სტრიქონით შეიძლება, მივხვდეთ, რომ იგი ბრმის დაწერილია. მილტონი სამყაროს აღწერისას ამბობს: “ამ ბნელ და ფართო სამყაროში”. სწორედ ასეთია ბრმების სამყარო, როცა ისინი მარტო რჩებიან, რადგან ისინი სიარულისას წინ გაწვდილი ხელებით ეძებენ საყრდენს. აი, მაგალითი (ჩემსაზე გაცილებით უფრო შთამბეჭდავი) ადამიანისა, რომელმაც სიბრმავე გადალახა და თავისი შრომა დაასრულა: “დაკარგული სამოთხე”, “დაბრუნებული სამოთხე”, Samson Agonistes, საუკეთესო სონეტები, “ინგლისის ისტორიის ნაწილი”, დაწყებული სათავეებიდან და ნორმანთა დაპყრობამდე _ ყველაფერი ეს დაწერა ბრმამ _ შემთხვევით ადამიანებს რომ კარნახობდა თავის ნაწარმოებებს.
ბოსტონელ არისტოკრატ პრესკოტს ცოლი ეხმარებოდა. სტუდენტობისას, ჰარვარდში, უბედურმა შემთხვევამ ცალი თვალი დააკარგვინა და მეორეთი თითქმის სრულიად დააბრმავა. პრესკოტმა გადაწყვიტა, თავი ლიტერატურისთვის მიეძღვნა. სწავლობდა ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის ლიტერატურას. მეფის ესპანეთმა აჩუქა თავისი სამყარო, რესპუბლიკის დროს თავის საწინააღმდეგოდ რომ შემოუბრუნდა. ერუდიტი მწერალი გახდა და ცოლს უკარნახა ესპანელების მიერ მექსიკისა და პერუს დაპყრობის, კათოლიკე მეფეებისა და ფილიპე II-ის ისტორია. ეს იყო ბედნიერი, შეიძლება ითქვას, წმინდათაწმინდა ამოცანა და მას ოც წელზე მეტი მიუძღვნა.
მოვიყვან ჩვენთვის უფრო ახლობელ ორ მაგალითს. წეღან გრუსაკი ვახსენე. გრუსაკი უსამართლოდაა მივიწყებული. ახლა ახსოვთ რომ ის უცხო იყო _ ფრანგი. ამბობენ, მისი შრომები მოძველდაო, რომ ახლა უკეთესი ნაშრომები გვაქვს. ამასობაში ავიწყდებათ, რას წერდა, და ამას როგორ აკეთებდა. გრუსაკმა მხოლოდ ისტორიული და კრიტიკული ნაშრომები კი არ დაგვიტოვა, არამედ გარდასახა ესპანურენოვანი ლიტერატურა. ალფონსო რეიესი, ყველა დროის საუკეთესო ესპანურენოვანი პროზაიკოსი, მეუბნებოდა: “გრუსაკმა მასწავლა, როგორ არის საჭირო წერა ესპანურად.” გრუსაკი გაუმკლავდა საკუთარ სიბრმავეს, და მის მიერ შექმნილი ზოგიერთი ნაწარმოები შეიძლება მივაკუთვნოთ საუკეთესო პროზაულ ფურცლებს, რაც ჩვენს ქვეყანაში დაწერილა. მსიამოვნებს ხოლმე მისი გახსენება.
ახლა მეორე მაგალითი _ უფრო ცნობილი, ვიდრე გრუსაკია. ჯეიმზ ჯოისმაც ორმაგი შრომა გასწია. მან დატოვა ორი უზარმაზარი და, რატომ არ უნდა ვაღიაროთ, უხერხულად საკითხავი რომანი _ Ulises და Finnegan’s Wake („ულისე“, „ფინეგანის ქელეხი“ – ინგლისური). მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია მის მიერ გაწეული შრომისა (აქვე შედის მშვენიერი ლექსები და საუცხოო “ხელოვანის პორტერეტი სიჭაბუკეში”). მეორე ნაწილი, შესაძლოა, უფრო ფასეულიც კი, როგორც ახლა მიიჩნევენ, _ ისაა, რაც უყო თითქმის უნაპირო ინგლისურ ენას; და ეს ენა, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, სჯაბნის სხვა ენებს და მწერალს უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს, პირველყოვლისა, კონკრეტული ზმნების სიუხვით, ჯოისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჯოისს, ირლანდიელს, არ ავიწყდებოდა, რომ დუბლინი დანიელმა ვიკინგებმა დააარსეს. ის სწავლობდა ნორვეგიულს, რომელზეც მიმოწერა ჰქონდა იბსენთან. მერე დაეუფლა ბერძნულს, ლათინურს... წერდა თავისივე გამოგონილ _ გასაგებად ძნელ, მაგრამ საოცრად მუსიკალურ ენაზე. ჯოისმა ინგლისურში ახალი მუსიკა შემოიტანა. მას ეკუთვნის ვაჟკაცური (ოღონდ არა გულწრფელი) სიტყვები: “რაც კი ცხოვრებაში დამმართნია, ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა მხედველობის დაკარგვას ჰქონდა.” თავისი ნაწარმოებების ნაწილი უსინათლომ შექმნა: მეხსიერებით ხვეწდა ფრაზებს, ხანდახან მთელ დღეს ანდომებდა ერთ ფრაზას, მერე იწერდა და ასწორებდა მათ. ეს ყველაფერი აკეთა ნახევრად ბრმამ, დროდადრო კი _ ბრმამ. სწორედ ამგვარად სძენდა ნაღვლიან ელფერს ბუალოს, სვიფტის, კანტის, რესკინისა და ჯორჯ მურის ნაწარმოებებს მათი უღონობა; იგივე ითქმის ნაკლოვანებებზე, რომელთა მფლობელებმა მიაღწიეს, რომ საყოველთაოდ გაითქვეს სახელი. დემოკრიტემ აბდერიდან ბაღში თვალები დაითხარა, რომ გარე სამყაროს სახეს ხელი არ შეეშალა ყურადღების მოკრებაში; ორიგენმა თავი დაიბრმავა.
მაგალითები საკმაოდ მოვიყვანე. ზოგიერთი იმდენად ცნობილია, რომ ჩემი საკუთარი შემთხვევის ხსენებაც კი უხერხულია; მაგრამ ადამიანები ყოველთვის აღიარებას ელიან; და არც მე მქონია მიზეზი, რომ ამაზე უარი მეთქვა. თუმცა შესაძლოა, უაზრობაა ჩემი მათ გვერდით დაყენება, ვისი ხსენებაც მიწევდა.
ვამბობდი, რომ სიბრმავე _ ეს ცხოვრების წესია, არც ისე სავალალო. გავიხსენოთ უდიდესი ესპანელი პოეტის, ლუის დე ლეონის ლექსები:

მინდა, საკუთარი თავის ანაბარა ვიცხოვრო,
მიხაროდეს სიკეთენი, რასაც ზეცა იძლევა,
მარტოდმარტო,
თავისუფალი სიყვარულისგან, ეჭვისგან,
სიძულვილისგან, იმედისგან, შიშისგან.

ედგარ ალან პომ ეს სტროფი ზეპირად იცოდა. მგონია, რომ სიძულვილის გარეშე ცხოვრება არ არის ძნელი. მაგრამ უსიყვარულოდ ცხოვრება, ჩემი აზრით, შეუძლებელია, საბედნიეროდ, შეუძლებელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. მაგრამ ვნახოთ დასაწყისი: “მინდა, საკუთარი თავის ანაბარა ვიცხოვრო, მიხაროდეს სიკეთენი, რასაც ზეცა იძლევა.” თუ ჩავთვლით, რომ წყვდიადი შეიძლება, ზეციური სიკეთე იყოს, მაშინ ვინ ცხოვრობს “საკუთარი თავის ანაბარა” ბრმაზე უფრო მეტად? სოკრატეს ფრაზას თუ გამოვიყენებთ, ვის შეუძლია, უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, ვიდრე ბრმამ?

(დასასრული ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Oct 28, 2011 11:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Oct 28, 2011 11:39 pm


ბრაილის საათი უსინათლოებისათვის.


ხორხე ლუის ბორხესი "შვიდი საღამო"

მეშვიდე საღამო
სიბრმავე


(დასასრული)

მწერალი ცოცხალი ადამიანია. არ შეიძლება მწერლობა განრიგის მიხედვით. პოეტი ყოველთვის პოეტია, მან იცის, რომ პოეზიას სამუდამოდ ჰყავს დამორჩილებული. ალბათ მხატვარი გრძნობს, რომ ხაზებისა და ფერების ალყაშია. მუსიკოსი შეიგრძნობს, რომ ბგერების საკვირველი სამყარო _ ყველაზე საკვირველი ხელოვნების ყველა სამყაროს შორის _ მუდამ მის ძებნაშია, მას ელიან მელოდიები და დისონანსები. არ შეიძლება, ხელოვანისთვის სიბრმავე უბედურება იყოს _ იგი იარაღად იქცევა. ლუის დე ლეონმა ერთ-ერთი ოდა ბრმა კომპოზიტორს, ფრანსისკო სალინასს მიუძღვნა.
მწერალი _ ან ნებისმიერი ადამიანი _ იარაღად უნდა აღიქვამდეს ყველაფერს, რაც გადახდება; ყველაფერი, რაც კი დაემართება, შეიძლება, მის მიზნებს ემსახურებოდეს; მხატვართან დაკავშირებით ეს უფრო საგრძნობია. ყველაფერი, რაც თავს დაატყდება: დამცირება, წყენა, წარუმატებლობები _ ყველაფერი მიეცემა, როგორც თიხა, როგორც მასალა მისი ხელოვნებისთვის. ამიტომ ერთ-ერთ ლექსში ვლაპარაკობ იმაზე, რითაც საზრდოობდნენ ანტიკური გმირები: უბედურებებზე, დამცირებებზე, განხეთქილებებზე. ეს გვეძლევა, რომ გარდავისახოთ, რომ საკუთარი ცხოვრების უბედური გარემოებებისგან შევქმნათ რამე მარადიული, ან ის, რაც ეჭიდება მარადიულობას.
თუკი ბრმა ასე ფიქრობს _ გადარჩენილია. დაგქანცეთ ჩემი მიღებული საჩუქრებით: ძველინგლისური, გარკვეულწილად, შვედური ენა, გაცნობა შუასაუკუნეების ლიტერატურისა, რომელიც მანამდე ჩემთვის უცნობი იყო, დაწერა ბევრი წიგნისა _ ზოგი კარგი გამოვიდა, ზოგი _ ცუდი, მაგრამ გაამართლეს მათზე დახარჯული დრო. გარდა ამისა, ბრმა გრძნობს გარშემო მყოფთა სიკეთეს. ადამიანები ყოველთვის კეთილები არიან ბრმების მიმართ.
მინდოდა, დამესრულებინა გოეთეს სტრიქონით. გერმანულში მაინცდამაინც ძლიერი არა ვარ, მაგრამ მგონია, რომ შევძლებ, უხეში შეცდომების გარეშე წარმოვთქვა სიტყვები: Alles Näche werde fern _ “ყველაფერი, რაც ახლოს იყო, გვშორდება.” გოეთემ ეს საღამოს ბინდზე დაწერა. როცა ბინდი ეშვება, გარშემო თითქოს ყველაფერი თვალს ეფარება, ისევე, როგორც ხილული სამყარო თითქმის მთლიანად გაჰქრა ჩემი თვალსაწიერიდან.
გოეთეს მხოლოდ ბინდზე შეეძლო ამის თქმა. ყველაფერი გვშორდება. სიბერე უმაღლესი მარტოობა უნდა იყოს, თუ არ ჩავთვლით სიკვდილის უმაღლეს მარტოობას. “ყველაფერი, რაც ახლოს იყოს, გვშორდება”, _ ეს ეხება თანდათანობით მომძლავრებულ სიბრმავეს, რომელზეც ამ საღამოს სიხარულით მოგითხრეთ და მიხარია დამტკიცება, რომ ეს სრული უბედურება არ არის. სიბრმავე უნდა გახდეს ერთ-ერთი იმ მრავალ საკვირველ იარაღთაგან, რომელიც ბედისწერამ ან შემთხვევამ გამოგვიგზავნა.



თარგმნა ნინო ქაჯაიამ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Mon Nov 14, 2011 12:49 pm



Tobias Wolff - http://en.wikipedia.org/wiki/Tobias_Wolff


ტობიას ვულფი

წინასიტყვაობა თანამედროვე ამერიკული ნოველების კრებულისათვის


რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ დაკოტელი ფერმერი შემხვდა, ხორბალი რომ მოჰყავდა. თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, იმ მოშიშვლებულ ადგილებში ქარის ზუზუნით მოტანილი მარტოობა როგორ არ გაგიჟებს-მეთქი. ჩემს კითხვას მაინცდამაინც არ გაუკვირვებია. მითხრა, მინდორში რომ გავდივარ, თან უოქმენი მიმაქვს და კასეტებზე ჩაწერილ ნოველებს ვუსმენო. რამდენიმე ასეული კასეტა ჰქონია, ზოგი კატალოგებით უყიდია, მეტი ნაწილი კი ბიბლიოთეკიდან წამოღებული კრებულებიდან და ანთოლოგიებიდან ჩაუწერია. ზამთრის გრძელ საღამოებში, დიდთოვლობისას, სახლში ჩაკეტილი ფერმერი და მისი ცოლი თურმე ხმამაღლა უკითხავდნენ ერთმანეთს ამ ნოველებს, თან კასეტებზე იწერდნენ. რაც მოსწონდათ, იმას ინახავდნენ, დანარჩენებს შლიდნენ.
რამდენიმე საყვარელი ნოველა ჩამომითვალა. ისე ლაპარაკობდა, რომ ეტყობოდა _ ეს ნაწარმოებები მისი ცხოვრების ნაწილად ქცეულიყო. გამოგიტყდებით, ჩემი ნოველის სათაურიც რომ ახსენა, შვებით ამოვისუნთქე. ასე არასდროს მინატრია, ვინმეს გამოვერჩიე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაცას stop/eject ღილაკთან ჰქონდა თითი და თუ დააჭერდა, ბოლოს მომიღებდა _ ოღონდ პიროვნულად.
მართლა ასე იყო. ჯეკ იეიტსი წერას “მარტოხელა კაცის სოციალურ აქტს” უწოდებს. ეს წიგნის კითხვაზეც შეიძლება ითქვას. კითხვა განმარტოებას მოითხოვს და ესაა საფასური საუკეთესო საზოგადეობაში შესასვლელად. მწერალი წერისას ვერასოდეს იტყვის დაბეჯითებით, რომ ვინმე ამ საფასურს გაიღებს მისი სიტყვების გამო. წერისას რწმენა გვამხნევებს, მაგრამ ეჭვიც თან გვდევს; ვოცნებობთ მკითხველზე, რომელიც განმარტოებისას შექმნილ ამ ნაწარმოებს ჩვენივე ვნების ტოლფასი გრძნობით შეაფასებს. მადლიერებით გევსება გული, როცა ასეთი მკითხველი გხვდება.
იმ ფერმერის სახელი არ ვიცი. ნამდვილი ძველი დასავლეთის ადათზე, თავისი სახელი არ უთქვამს. ამითაც იდეალურ მკითხველად დარჩა _ უცხო და ახლობელი. ანთოლოგიის შედგენისას იმ კაცზე ვფიქრობდი; იმ კაცსა და კიდევ იმ ადამიანებზე, წიგნებში თავჩარგული, ჩაკარგული რომ მინახავს ავტობუსებსა თუ მეტროებში, რესტორნებში, სამხედრო ყაზარმებში, შუაღამისას _ დაცარიელებულ გზატკეცილზე ჩამდგარ ჯიხურებში.
აქ თავმოყრილი მოთხრობების უმეტესობა ბოლო თხუთმეტიოდე წლის განმავლობაში გამოქვეყნდა, იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ნოველის “აღორძინება” უწოდეს. რეცენზენტებისა და კრიტიკოსების მიერ გამოჩენილი ყურადღებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მართლაც აღორძინებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ სწორი არ ვიქნებით _ ეს უფრო რიტორიკული და პრეტენზიული ჟესტია, რომლითაც ერთი თაობის მეორეთი ჩანაცვლების ეფექტურად წარმოდგენას, გნებავთ, წახალისებას ცდილობენ.
სიტყვა “აღორძინება” გულისხმობს, რომ ამ პროცესს წინ ბნელი პერიოდი უნდა უძღოდეს. ასეთი რამ მე პირადად, არ მახსენდება. ავიღოთ პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან 70-80-იანი წლების მიჯნამდე, როცა ამ აღორძინების დასაწყისს ვარაუდობენ. განა ვინმეს სადავოდ მიაჩნია ფლენერი ო’კონორის ან ჯონ ჩივერის მიღწევები? პაულ ბოულზის კლასიკური კრებული “ნატიფი ნადავლი” ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. დაახლოებით იმ დროს დაიწყეს მოთხრობების ბეჭდვა ბერნერდ მალამუდმა, ფილიპ როთმა, ჯონ აპდაიკმა და გრეის ჰეილიმ. გაიხსენეთ ქეთრინ ენ პორტერის, ჯ. ფ. პაუერსის, ეუდორა უეტის, ჯინ სტიფორდის, ჯ. დ. სელინჯერის, რიჩარდ იეტსის, მერი მაკკარტის, პიტერ ტეილორის, ტილი ოლსენის, ჯონ ბარტის, უილიამ ჰ. გასის, სტენლი ელკინის, დონალდ ბერთელმის, ჯინი ბერიოს, რიჩარდ ბრაუტიგანის ნოველები. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო ეს სია.
სიმართლე ისაა, რომ აქ მნიშვნელოვანია არა ხასიათი, არამედ თვისობრიობა. ამერიკული პროზის წარმმართველი იმპულსი რეალისტურია. ისეთი განსხვავებული მწერლები, როგორებიც არიან ფლანერი ო’კონორი და ბერნარდ მალამუდი (რომლებიც ალბათ ფიქრობენ, რომ ერთმანეთს არაფრით ჰგვანან) აშკარად ერთი ოჯახიდან იყვნენ. ისინი უფრო ამბის მთხრობელები არიან, ვიდრე სწავლულები. მაგრამ სამოციან წლებში გამოჩნდა განსხვავებული ყაიდის მოთხრობები: ხაზგასმით არარეალისტური, მეცნიერული, თვითშემცნობი _ პოსტმოდერნული _ რომელთა ავტორებს მოთხრობის პროზაული ბუნების კვლევა იზიდავდათ და მტრული თუ არა, გულგრილები იყვნენ ნოველის ტრადიციული ინტერესისადმი პერსონაჟის, დრამატული განვითარების, სოციალური კონტექსტის მიმართ. სწორედ ამ ყაიდის პროზამ გამოიწვია აღორძინების გამოცხადება ისეთი მწერლების პატივსაცემად, როგორებიც არიან რაიმონდ ქარვერი და ენ ბეტი, ანდრე დიუბუ და ჯეინ ენ ფილიპსი, რიჩარდ ფორდი და ჯოი უილიამსი _ მწერლებისა, ვინც მოდას არ აჰყვა და თავის მოთხრობებს მომძლავრებული ავანგარდის მიერ აღმართული, ურყევი კედელი გაანგრევინა. ისინი წერდნენ მოთხრობებს ადამიანებზე, ვისი ცხოვრებაც არც აღფრთოვანების მომგვრელი იყო და არც შემბილწველი, მაგრამ მათი დამაჯერებელი პორტრეტები მკითხველს აფიქრებინებდა, ეს ადამიანები ჩემი ახლობლები არიანო.
ჩვენთვის პროზას სწორედ ახლობლობის, სულიერი ნათესაობის შეგრძნება ანიჭებს მნიშვნელობას. გონივრულობითა და ტექნიკური ვირტუოზულობით მოგვრილი სიამოვნება მალე ამოწურავს ხოლმე საკუთარ თავს, თუ ადამიანურ პეიზაჟს ვერ ვცნობთ. ჩვენთვის საჭიროა, რომ ვგრძნობდეთ მოთხრობის ზემოქმედებას, გვინდა, მოთხრობა გვაფორიაქებდეს, გვაშფოთებდეს, გულგატეხილობის ან ცვლილების შიში გვეუფლებოდეს. ამგვარი მოთხრობები იმდენ ხანს მიგვყვება, რომ მერე ჩვენს მეხსიერებაზეც კი მოქმედებს. ამგვარად წაკითხულით განცდილი ამბები არანაკლებ გვაყალიბებს, ვიდრე ცხოვრებით განცდილი. მეტსაც გეტყვით, ხანდახან ბევრი ცხოვრებისეული ამბავი რუტინის სახით წარმოგვიდგება ან მაშინ ხდება, როცა კარგად ვართ დაცული და ვისხლიტავთ. მაგრამ კითხვისას, გაფაციცებულები ვართ, დაუცველები და მძიმე დარტყმებს ვიგერიებთ. კაფკა ამბობდა, ლიტერატურა ცულია, რომელმაც “ჩვენში გაყინული ზღვა” უნდა გატეხოსო. როცა კეროლ ბლაის ან რიჩარდ ბოსხის ან ამ წიგნში დაბეჭდილ სხვა მოთხრობებს წაიკითხავთ, მიხვდებით, რას გულისხმობდა კაფკა. იფიქრებთ, დავამთავრეო, მაგრამ მერე აღმოაჩენთ, რომ აგედევნათ, და სწორედ მაშინ იგრძნობთ მათ გავლენას, მაშინ არიალდებიან ხსოვნაში პერსონაჟთა სახეები: ლოთი ქმარი, მალულად რომ სვამს და იმიზეზებს, მანქანიდან რაღაც მაქვს ამოსაღებიო; ნორვეგიელი პარტიზანი, მუხლებს რომ უმტვრევენ, სანამ გესტაპოს ოფიცერი თავაზიანად, პოეტურადაც კი უხატავს, რა საამური მომავალი ექნება, თუკი თავის მეგობრებს გასცემს... ამგვარი პასაჟები, ღია კარში გამკრთალი სახეებივით, სამუდამოდ აღიბეჭდება ადამიანის სულში და სამყარის უფრო მკვეთრად წარმოგვიდგენს. მე მგონია, საუკეთესო მოთხრობების მიზანიც ესაა.
დოროთი ელისონის “სახელების მდინარე” ამგვარი მოთხრობაა. პირველი დაუვიწყარი სახეა თვითმკვლელი ყმაწვილი, საბძლის თავხეზე რომ ჩამოიხრჩობს თავს. ნაკლები მწერლის ხელში ეს შეიძლებოდა, უბრალოდ, მგრძნობიარე პასაჟი ყოფილიყო, მკითხველის ყურადღების მიპყრობის ტლანქი და მტაცებლური ცდა, მაგრამ ნაწარმოებს თავიდან ბოლომდე მიჰყვება მთხრობელის გონებაში მოქანავე გვამი, როგორც ლოგიკური შედეგი მთხრობელის ოჯახში გამეფებული სისასტიკისა და ბოროტებისა. ეს გვამი იქცევა გამოუთქმელ ცდუნებად, რომელიც ქალმა უნდა სძლიოს და და ის, თუ როგორ სძლევს ადამიანი ცდუნებას წარმოსახვით _ საყვარლისთვის ნაამბობი ისტორიებით _ იქცევა მოთხრობად, რომელიც ხელში გვიჭირავს. გამოგონილი ამბები იხსნის ქალს იმისგან, რისგანაც ხსნა არ არსებობს.
დოროთი ელისონისეული სერიოზული დამოკიდებულება ნაწარმოებისადმი ამ წიგნში წარმოდგენილ ყველა მწერალს ახასიათებს. ზოგიერთი მათგანი ცოტათი სასაცილოც კია თავისი სერიოზულობით. მერი გეითსქილის “რომანტიული შაბათ-კვირა” არის გულისგამყინავი ტოურ დე ფორცე ახალგაზრდა ქალზე. იგი შაბათ-კვირას ცოლიან კაცთან ერთად მიემგზავრება ქალაქგარეთ სიყვარულის საძიებლად, რომლის მოპოვებას ექსცენტრული სექსის საშუალებით იმედოვნებს. მათი ექსცენტრულობის ცდა ახირებულობას ემსგავსება, მაგრამ ნაღვლიანი კომედია თანდათან უთმობს ადგილს რაღაც უფრო ბნელსა და მძიმეს _ მათ კავშირს სულ უფრო და უფრო ეტყობა, რომ ეს სიყვარულის კი არა, დათრგუნვის ძიებაა. ჩვენს თვალწინაა ძალაუფლების გულწრფელი, მიუსაფარი სურვილი, რომელიც რიტორიკითა და სექსუალური თავისუფლების გამოცხადებით ინიღბება. ისევე, როგორც “სახელების მდინარეში”, აქაც რთული, პოტენციურად წამგებიანი მასალა გამოსყიდულია მთხრობელის ალღოთი არსებითისადმი, მისი მახვილი და ოსტატური თვალით.
როგორც ხდება ხოლმე, ამ წიგნში ბევრი მოთხრობა რთულ მასალას წარმოგვიდგენს: ძალადობას, სნეულებას, ალკოჰოლიზმს, სექსუალურ ექსპლუატაციას, ოჯახურ პრობლემებს. მაგრამ ეს ხომ ჩვენა ვართ. არასოდეს არ მესმოდა, როცა ვინმე ჩივილს იწყებდა, ამბავი “დამთრგუნველია” თემის გამოო. მე პირადად ის მოთხრობები მთრგუნავს, რომლის ავტორმაც, თითქოს საერთოდ არ იცის, რომ ასეთი ამბები ხდება, ამ ხაზგასმული მხნეობით მალავს ყველაფერს; “გონებამახვილური” მოთხრობები, სადაც ყოველი პრობლემა ხუმრობის საგნადაა ქცეული, “ხალისიანი” მოთხრობები, რომლებიც ყვირის ტრანსცედენტობით. კარგი რა, პატარები ხომ აღარა ვართ, რომ სამზარეულოში დავრჩეთ, როცა მოზრდილები ლაპარაკობენ.
გულგატეხილობა არ მჩვევია. მე პირადად, ამგვარი მოთხრობები მახარებს _ ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. ხელოვნება ფორმას აძლევს იმას, რასაც სინამდვილე აღმოაჩენს და საშუალებას გვაძლევს, პირისპირ შევხედოთ იმას, რაც ცხოვრებაში გვზარავდა, გვაშინებდა; გვაგებინებს, რომ მარტონი არა ვართ.
ეს მოთხრობები სერიოზულია, მაგრამ პირქუშს ვერ დაარქმევ. რიჩარდ ფორდის მანქანების ქურდი გასაქცევად ალისფერ “მერსედესს” ირჩევს, რომელიც, უეჭველად, ერთადერთია მონტანაში. პირველი გვერდიდან ხვდები, რომ ეს კაცი მარცხისთვისაა განწირული, მაგრამ გრძნობ, რომ მაინც მის მხარეზე ხარ, რადგან მისი მოტივები დიდად არ განსხვავდება რესპექტაბელური ხალხის, ან იქნებ, შენივე ქცევის მოტივებისგან: არ უნდა, ოჯახი დაენგრეს. ჯოი უილიამსის “მატარებელი” გამოჩურჩუტებულ ცოლ-ქმარს წარმოგვიდგენს, რომელთაც ისღა აცოცხლებთ, რომ ქმარს, ბოროტი, თუმცა უდავოდ, გონებამახვილური ხუმრობის უნარი შერჩენია; ჯოის კეროლ ოუტსის არნოლდ ფრენდი, ბოლოდროინდელი პროზის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი პერსონაჟი, ერთგვარი მასხარაობით ცდილობს, გაგვიიოლოს საფრთხე, რომელსაც თავად წარმოადგენს. ასეთია შეშლილი მოტოციკლისტიც, იგი მთავარი გმირის ცოლს ემუქრება რობერტ სტოუნის მოთხრობაში “დახმარება”, კომიკურია, სასაცილო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სახიფათოა.
ვარაუდი, რომ ეს მწერლები მკვეთრად განსხვავდებიან წინა თაობისაგან, არ გულისხმობს, რომ ისინი სკოლას აყალიბებენ, ან ვინმეს წერის სხვაგვარ მანერას უპირისპირებენ. ბოლოს ისინი მიდიან იქ, სადაც საკუთარ ინტერესს, ნიჭს, ხმას მიჰყავთ _ და ამ გზას საყოველთაოს ვერ დავარქმევთ.
ბევრი წერს პრობლემებზე ცოლ-ქმარს, მამა-შვილს, და-ძმას შორის. ეს პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე პროზას “ოჯახთან” დაკავშირებული უპრეცედენტო პრობლემები ასულდგმულებს. ოჯახური ცხოვრება და ომი _ ეს ორი თემა ყოველთვის თეატრის მასალა იყო და მუდამ ასე იქნება; თუ ეს მწერლები დაუფარავად გვაგრძნობინებენ, რომ სქესის, რასისა და კლასის პრობლემები აღელვებთ, ეს ჯერ კიდევ არ გვაძლევს უფლებას, რომ ისინი რაღაც ახალი პოლიტიკური ცნობიერებით გავაერთიანოთ. ზოგიერთი მათგანის მიზანია აღწერა, განმარტება, პასუხების გაცემა. სხვები პრობლემების დასმას კმარობენ. ამ კრებულში წაიკითხავთ ნაწარმოებებს, რომლებსაც მიესადაგება ფრენკ ო’კონორის ცნობილი აზრი _ თანამედროვე ნოველა შეუსაბამობათა ქრონიკაა, სადაც ავტორი ცდილობს, დღის სინათლეზე გამოიყვანოს “მოსახლეობის უყურადღებოდ დარჩენილი ჯგუფები”, მაგრამ ნაწარმოებთა უმეტესობაში ასე არ არის.
ამ მწერლებს ერთი რამე აერთიანებთ _ ესაა მხურვალე, გულწრფელი რწმენა, რომ მოთხრობას შეუძლია ჩვენი რეალობის შეგრძნების გაკეთილშობილება. მათი ხელოვნება, როგორი მრავალმხრივი და რთულიც არ უნდა იყოს იგი, პრინციპებისა და ტექნიკის საკითხებს კი არ წამოჭრის, არამედ აგვარებს. მათი მზერა, როგორც წესი, გარეთაა მიმართული.
ჩეხოვი ერთ თავის პერსონაჟზე ამბობს, ჰუმანურობის ნიჭი აქვსო. ყველაფრის გარდა, ეს თვისებაც აერთიანებს ამ მწერლებს _ უნარი, საკუთარ ნაწარმოებებში გააცოცხლონ და სული შთაბერონ ავტორისგან განსხვავებულ ადამიანებს, წარმოგვიდგინონ სხვადასხვანაირი ცხოვრება: წარმოგვიდგინონ სიტყვებით შექმნილი არსებები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისხამენ ხორცს, სისხლით ივსებიან და ზნეობრივ სახეს იძენენ. მჯერა, რომ ეს თავისთავად, სასწაულია, თანმიმდევრული სასწაული. ეს არსებები დროს ისე გაივლიან, თითქოს დრო არც ყოფილა, უზარმაზარ სივრცეებს გადალახავენ და ჩვენს შორის სახლდებიან, რათა მარტოობა შეუმსუბუქონ მეოცნებე გოგონას, ძიძას _ შესვენებისას, ფერმერს _ უკაცრიელ მინდვრებში. თვითონ აკეთებენ არჩევანს ჩვენს მაგივრად, ჩვენზე ადრე თვითონ იტვირთავენ ჩვენს ხვედრს, ისინი ცხოვრობენ და კვდებიან, ან საერთოდ არ კვდებიან.
ჩვენ, მწერლები, ვფრთხილობთ ხოლმე, რომ ჩვენს მოწოდებას მოჭარბებული რომანტიულობა არ მივანიჭოთ. გვეშინია, რამე სულელური, საკუთარი თავისადმი მიმტევებლური, არამეცნიერული არა ვთქვათ. გვინდა, ჩვენი სამუშაო ნებისმიერ საქმეს დავამსგავსოთ. მაგრამ ასე არ არის. ასე რომ იყოს, მწერლობას ხელს არავინ მოჰკიდებდა. წინ რომანტიულობას მივყავართ, ბებერი რომანტიკოსის, ფრანკენშტეინის ოცნებას _ მუშაობით სასწაული მოახდინოს, შექმნას სიცოცხლე იქ, სადაც არ არის. აი, რას ესწრაფვიან მწერლები, და ასე რომ არ იყოს, ვითომ ვინმე წაიკითხავდა მათ ნაწერებს?

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Wed Nov 23, 2011 11:13 am


Gravestone of Archil Andronikashvili (1833 - October 20, 1863)

კარნავალი ცოცხალი და მკვდარი პერსონაჟების მონაწილეობით

ნინო ქაჯაიას რეცენზია მიხო მოსულიშვილის რომან-მენიპეაზე "უჟამო ჟამის რაინდი", თბილისი, გამომცემლობა "ბესტსელერი", 1999


1998 წლის 28 დეკემბერს მიხო მოსულიშვილის მძაფრსიუჟეტიანი რომანი-მენიპეა "უჟამო ჟამის რაინდი" თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის" ლიტერატურულ კონკურსში პირველი პრემიით დაჯილდოვდა.
ეს ვრცელი ნაწარმოები (95 700-ზე მეტი სიტყვა) ბოლო ორი საუკუნის საქართველოს (1801-1993 წლები) სულიერ მდგომარეობას ასახავს და შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ავტორი რომანის პროტაგონისტთან, ვაჩე ანდრონიკაშვილთან ერთად დაეძებს უჟამო ჟამის რაინდს და იგივე მდგომარეობაშია მკითხველიც...
რომანის ჟანრი თავად ავტორის მიერ განსაზღვრულია, როგორც მენიპეა.
"მენიპეა" — სერიოზულ-სასაცილო ჟანრის სახეობაა. ეს ტერმინი ლიტერატურის თეორიაში პირველად მოიხსენიეს მიხეილ ბახტინმა და ნორტროპ ფრაიმ, როგორც განზოგადება ანტიკური ჟანრისა "მენიპოსის სატირა".
მენიპოსის სატირა, იგივე ვარონის სატირა — ეს არის ანტიკური ლიტერატურის ჟანრი, ხასიათდება ფილოსოფიური განსჯისა და პაროდიული სატირის შეერთებით, ხოლო ფორმის მხრივ გამოირჩევა პროზისა და პოეზიისა თავისუფალი შერევით. დასახელება მოდის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის შუახანების ცნობილი ფილოსოსფოს-კინიკოსისა და სახელგანთქმული სატირიკოსის მენიპოს გადარელის სახელიდან.
განსხვავებით "მენიპოსის სატირისგან", მენიპეა მოიცავს სხვადასახვა ეპოქების ლიტერატურულ მოვლენებს: ესაა აღორძინების ხანის ნოველები, შუასაუკუნეების სატირა და ფილოსოფიური მოთხრობები. ბახტინი განსაზღვრავს მენიპეას თოთხმეტ ნიშანს. ანტიკური რომანების მენიპოსის სატირა თავის განვითარებას ჰპოვებს ფრანსუა რაბლეს და ჯონათან სვიფტის რომანებში, ამასთან მენიპეას ელემენტები მოიძებნება მეოცე საუკუნის ლიტერატურაშიც (თომას მანი, ჯეიმს ჯოისი, მიხაილ ბულგაკოვი, თომას პინჩონი და სხვები).
რომანი "უჟამო ჟამის რაინდი" ექსცენტრიული და სკანდალური მოვლენების შერწყმით შექმნილი რომანია, რომელსაც მენიპეას ერთი უმთავრესი ნიშანთაგანი, — კარნავალი აბოლოებს, სადაც ცოცხლებიც მონაწილეობენ და მკვდრებიც.
რომანის დრო–სივრცული ფონი მოიცავს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს სწრაფვას რუსეთის იმპერიისგან თავდასაღწევად, ანუ, ეს არის თავად ანდრონიკაშვილთა ერთი ოჯახის შვიდი თაობის წარმომადგენელთა თავგადსავალი, საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლიდან (1801) აფხაზეთის ომამდე (1993).
ავტორისეული თხრობა, მეტწილად, აპრობირებულ ისტორიულ ცნობებსა და წყაროებს ემყარება, მატიანეთა ჩვენებებს მიჰყვება. ამიტომ არის, რომ რომანის კითხვისას წუთითაც არ გვტოვებს დამაჯერებლობის განცდა. არათუ ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები, სამარის ლოდებიც ამეტყველებულან და მკითხველს უცოცხლებს ნაომარი წარსულის თვალსასეირო სურათებსა თუ სცენებს.
რომანი პარალელური თხრობის კინემატოგრაფიული პრინციპით არის აგებული: ერთი მხრივ, გადმოცემულია 1983 წელს მომხდარი ფარული ორგანიზაცია "გიორგის" წევრების დევნა და მათი განადგურება სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) სამსახურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს თვალწინ ცოცხლდება პაპუა ანდრონიკაშვილის შვიდი წინაპრის ცხოვრების დრამატული თუ ტრაგი-კომიკური ეპიზოდები, რითაც დავინახავთ, თუ რა დაემართა რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ (1801 წელი) ერთ–ერთ დიდგვაროვნულ ქართულ ოჯახს.
რომანს მხატვრული სიტყვის ნიუანსების ზუსტ შეგრძნებაში კარგად დაოსტატებული მთხრობელი ჰყავს. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც ის ეპიზოდი, რომელშიც მამა ზირაქისთვის, გიჟასთვის და დათიასთვის ხმლით თავების მოკვეთის შემზარავი ამბავია მოყოლოლილი. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) სასტიკი რწმუნებული სეირის ყურებით ტკბება: ბიძა-ძმისშვილების თავებს ფერდობზე დააგორებინებს ხელქვეითებს, _ აბა, ვისი თავი გაასწრებსო. მიხო მოსულიშვილის აღიარებით, მსგავსი საშინელება მართლა დატრიალებულა კახეთის სოფელ არაშენდაში, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის (1921 წელი) შემდეგ, _ სახელდობრ, თავად ავტორის წინაპრების თავზე...
სულიერ შეჭირვებაში ჩავარდნილი აფხაზეთის ომის (199-1993 წლები) გმირი, პაპუა ანდრონიკაშვილი თავის მოკვლას გადაწყვეტს, რაშიც მისგანვე წარმოსახული უცნაური სტუმარი, არქიმანდრიტი იოსტოს ანდრონიკაშვილი შეუშლის ხელს, — მღვდელ-მონაზონი თავის შორეულ შთამომვალს "იდუმალებათა სკივრს", თავისსავე დაწერილ წიგნს მოუტანს და გადასცემს წინაპართა დანაბარებს, რომ "უჟამო ჟამის რაინდის" პოვნამდე გადადოს თვითმკვლელობა.
ამ მომენტიდან რომანის სივრცე ორ განზომილებაში მოექცევა: ერთი მხრივ, შემდგომი მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს ობიექტური რეალობის ასახვადაც და, მეორე მხრივ, პაპუა ანდრონიკაშვილის სულში მომხდარ ძვრებადაც, რაკი მის გარდა რომანში ცოცხალი აღარავინ არის, — რომანის პროტაგონისტს უკვე გარდაცვლილი თავისი წინაპრები და მათი თანამედროვე სხვა პერსონაჟები მოევლინებიან.
რომანის სიუჟეტურ ქარგაში ორგანულად არის ჩასმული არქიმანდრიტ იოსტორსის დაწერილი წიგნი „იდუმალებათა სკივრი”, სადაც „შიშიონების“, ანუ ანდრონიკაშვილების საგვარეულო ქრონიკებია გადმოცემული. ამ წიგნის თანახმად, „შიშიონთა” მწვანეთვალებიანი მოდგმა „სამარადისო არსებობისათვისაა ხელდებული უფლის მიერ”.
ფარული ორგანიზაცია „გიორგი“ და ამ ორგანიზაციის წევრები — პაპუას მამა ვაჩე ანდრონიკაშვილი, გელა ჯორჯიკია, დაჩი ოჩიაური, ესიკო ისარლიშვილი, კახა იამანიძე — 1983 წელს მიზნად ისახავენ „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით“ რუსეთის მართვა-გამგეობისგან სამშობლოს განთავისუფლებას. მათი კონსპირაციული საქმიანობა — ჟურნალ „ამირანის“ გამოცემა, პროკლამაციების გასავრცელებლად მზადება და საიდუმლო შეკრებები — სახელმწიფო უშიშროები კომიტეტის (კგბ) ფხიზელ თვალს არ გამოეპარება. მართლმორწმუნე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ერთგულ მოხელეებს პირადი კეთილდღეობა და სამსახურებრივი კარიერა ბევრად მეტი უღირთ, ვიდრე ღირსებაშელახული ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა, ამიტომაც დარაჯობენ და კვალდაკვალ მიჰყვებიან თავისუფალ სამშობლოზე მეოცნებე ახალგაზრდობის ყოველ ნაბიჯს, მალულად უთვალთვალებენ, სდევნიან, მათ აყვანას გეგმავენ და წინასწარ ტკბებიან თავიანთი ჟანდარმული მოღვაწეობის მომვალი შედეგებით. თავისუფლების გზების მაძიებელი ხალხების წინააღმდეგ ფარულად თუ აშკარად მებრძოლი, უზნეო და გაუმაძღარი რუსული იმპერია არანაირ ხერხს არ ერიდება, ოღონდაც თავის მტაცებლური ჟინი დაიცხროს და დაიკმაყოფილოს.
მიტოვებული ეკლესიის სახურავზე გაღწეული და კგბ-ს სნაიპერებისაგან დაცხრილული ვაჩეს სიკვდილისწინა ხილვაში ერთ არსებაში შენივთდება დიდი და სწორუპოვარი მეომრის, მალხაზ ანდრონიკაშვილის შვიდივე შთამომავალი და ბიბლიურ დრაკონს შეებრძოლება...
მხოლოდ ნაწარმოების დასასრულს, ფეირვერკული და ფანტასტიკური კარნავალის (სადაც რუსეთის წარმომადგენელი მწერლები: ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი ითხოვენ, რომ საქართველომ კოლონიური ჩაგვრისგან გაათავისუფლოს რუსეთი! _ აქ კარნავალისთვის ჩვეულებრივ, რეალობის "შებრუნებულ" ვითარებასთან გვაქვს საქმე) მოხილვის შემდეგღა აღმოაჩენს მკითხველი, რომ იგი თავადვე ყოფილა რომანის უმთავრესი გმირი, _ დიახ, ამ რომანში თვითონ მკითხველია უჟამო ჟამის რაინდი, რომელიც ბიბლიურ დრაკონს უნდა შეებრძოლოს, ანუ შეეცადოს, რომ საკუთარ სულში სძლიოს ბოროტებას და თუ ვერ დაამარცხებს, დაასუსტოს მაინც. ამ რომანის უმთავრესი სათქმელიც სწორედ ეს არის.


ავტორი - მიხო მოსულიშვილი
ილუსტრატორი - თენგიზ მირზაშვილი
რედაქტორი - ელზა მეტრეველი
ქვეყანა - საქართველო
ენა - ქართული
თემა - ანდრონიკაშვილთა შვიდი თაობის თავგადსავალი, საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლიდან (1801) აფხაზეთის ომამდე (1993)
ჟანრი - რომანი–მენიპეა
გამომცემელი - "ბესტსელერი"
გამოცემის თარიღი - 1999
გვერდი - 398
oclc - 45089311
წინამორბედი - „სივრცე ვერტიკალში (მოთხრობები), 1997
მომდევნო - „ფრენა უკასროდ“ (პიკარესკული რომანი), 2001




Author - Mikho Mosulishvili
Original title - უჟამო ჟამის რაინდი
Illustrator - Tengiz Mirzashvili
Editor - Elza Metreveli
Country - Georgia
Language - Georgian
Genre - Novel-menippeah
Publisher - Bestselleri
Publication date - 1999
Media type - Print (Paperback)
Pages - 398 pp. (original Georgian)
OCLC Number - 45089311
LC Classification - PK9169.M64 U98 1999


Carnival of live and dead characters

Review by Nino Kajaia of the novel-menippeah ‘The Knight at All Times’ (Tbilisi, Bestseller Publishing, 1999) by Mikho Mosulishvili

On December 28, 1998 “The Knight at All Times” - action novel-menippeah by Mikho Mosulishvili was awarded with first prize of the literary competition of Tbilisi City Hall, Management of Youth Affairs and the Union of Bookfans “Bestseller”.

This extensive work (approximately 95 700 words) reflects spiritual state of Georgia during the last two centuries (1801-1993), and it’s read with inextinguishable interest. The author together with the protagonist of the novel, Vache Andronikashvili is looking for The Knight at All Times, and the reader also is looking for him ...

The genre of the novel as identified by the author as menippeah. Menippeah is a variant spelling of Menippea, referencing the Menippean satire in classical literature and in the literary theories of scholars including Mikhail Bakhtin and Northrop Frye. These scholars mentioned it as the generalization of the Antic genre Menippean satire.

Menippean satire or Varon’s satire is the genre of Antic Literature and is characterized by the confluence of philosophical discussions and parody satire, and regard to the form, it is characterized by free fusion of prose and poetry. The nomination is associated with the famous philosopher and satirist of the III century BC Menippus of the Gadara.

According to literary critics, the difference between menippeah and menippean satire is that menippeah covers the literary events of different ages – short stories of the Renaissance, satire and philosophical stories of the Middle Ages. The satire of Antic novels is expanded in the novels of Francois Rables and Jonathan Swift, and menipean elements are found in the literature of the XX century (Thomas Mann, James Joyce, Mikhail Bulgakov, Thomas Pynchon and others).

The novel ‘The Knight at All times’ is a mixture of eccentric and scandalous events that ends with Carnival - one of the main character of menippeah - which brought together the living and the dead.

Novel time - background covers Georgia's spiritual adventure in XIX-XX centuries. This a small country aspiration for independence from the Russian Empire; or this is the adventure of a family, the story of Andronikashvili’s seven generations from Russian Empire's annexation (1801) until Abkhaziane war (1993).

The author's narrative is based on approved historical references and sources, and it follows the testimony of chronicles. So the reader has a convincing feeling of real events. Not only the historical and fictional characters, but the gravestones have spoken and we see the scenes of the heroic past lively.

The novel is built on cinematographic principle of the parallel narrative: it describes the persecution and destruction of members of the secret organization “Giorgi” in 1983 by State Security Committee (KGB) officers; on the other hand, there are tragicomic or dramatic episodes of seven ancestors of Papua Andronikashvili, and we see what happened to this noble Georgian family after Russian Empire invasion (1801) in Georgia.

Local or worldwide memorable stories are described by the skilled writer, who feels perfectly nuances and their capacities. Good example of above is the passage with terrible story of beheading of the priest Zirak, Gija and Datia. Unmerciful attorney of KGB enjoys the spectacle: he forces his subordinates to roll the heads downhill to see which one is faster and to amuse himself. Mihko Mosulishvili acknowledges, that this is the real story – the same terrible fact took place in the village Arashenda, when the Bolsheviks conquered Georgia for second time in 1921, and it happened to the ancestors of the author...

The depressed hero of Abhkazian war (1992-1993) Papua Andronikashvili decides to commit suicide and the imaginary, strange guest – archimandrite Iostos Andronikashvili prevents him. Cleric brings his descendant the book, written by himself – “The Chest of Mystery” and tells him the ancestors’ order – to postpone the suicide until he finds The Knight of All Times.

From this moment the novel continues in two dimensions: on the one hand further developments can be considered as an image of objective reality, and on the other as the shifts in Papua Andronikashvili’s soul. He is the only man, who stayed alive in the novel – and the protagonist is visited by already dead ancestors and their contemporaries.

The Chest of Mystery, created by sinful hand of archimandrite Iostos is binded organically in the plot of the novel. The patrimonial chronicles of Shishioni, or Andronikashvili are told in different languages. According to the book, the eternal existing is ordered by god on the generation of shishions with green eyes and the book tells that the age of domination of the Scythians is to be ended by seven generations of Shishions (Scythians were called the Russian invaders in Georgia).

In 1983 the secret organization “Giorgi” and the members of this organization set a goal of freeing their homeland from the rule of Russia through the peaceful disobedience. Their conspirative activities – editing of the journal “Amirani”, preparation for spreading leaflets and the secret meetings did not escape from the watchful eye of KGB, based on distrust and seeking the victims. The loyal officials of expansionist policy of the orthodox Russia value the personal benefit and career more than the independence of the insulted country, so they guard and pursue the young people, who dream of freedom of their homeland, the KGB officers plan their arrest and enjoy the results of their gendarmes activities in advance. Immoral and greedy Russian doesn’t disdain anything, struggling explicitly or implicitly against the people who seek the ways to freedom.

In the vision of dying Vache, who climbed on the eaves of the abandoned church and was shoot by KGB snipers seven descendants of great and incomparable warrior Mahkaz Andronikashvili merged into a single entity and fought the biblical dragon...

Only after viewing the enchanting and fantastic carnival (where the Russian writers Fyodor Dostoyevsky and Leo Tolstoy demand from Georgia to liberate Russia from colonial oppression (we are dealing with a situation typical of the carnival, when the opposite is true), the reader finds himself the main character of the novel – yes, in the novel the reader is The Knight at All Times, who has to fight the biblical dragon – or to try to overcome the evil in his own soul and if he can’t win, at least to weaken it. This is the most important idea of the novel.



Gravestone of Ivane Andronikashvili (1798 – November 19, 1868)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Wed Mar 21, 2012 2:55 pm


ლიტერატურული გაზეთი, 16–29 მარტი, #70, 2012

ჯულიან ბარნსი

ფლობერის თუთიყუში
(რომანი)

I
ფლობერის თუთიყუში

ექვსი ჩრდილოაფრიკელი ბულეს თამაშობდა ფლობერის ქანდაკებასთან. მანქანებით გაჭედილი ქუჩის ხმაურში დროდადრო იჭრებოდა ბურთულების წკრიალა, მჟღერი ხმა. ყავისფერმა ხელმა ირონიული ალერსით ერთხელაც დაატრიალა ვერცხლისფერი ბურთულა თითისწვერებში და მოისროლა. ისიც მიწაზე დაენარცხა, მძიმედ მოსწყდა და ნელა გაკლაკნა ზოლი დამტვერილ ასფალტზე. მტყორცნელი წამით გაქვავდა კოხტა ქანდაკებასავით: მუხლები _ ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელი _ აღფრთოვანებით გაწვდილი. თვალში მომხვდა აკაპიწებული, თეთრი პერანგი, შიშველი მკლავი და ციცქნა ლაქა მაჯაზე. საათი კი არა, როგორც თავიდან მეგონა, ან სვირინგი, არამედ ფერადი, გადასაყვანი სურათი: რომელიღაც ბრძენი პოლიტიკოსი, უდაბნოში დიდ პატივს რომ სცემდნენ...

ნება მიბოძეთ, ქანდაკებით დავიწყო: თავზე რომ წამოსდგომოდათ, უცვლელი, უსახური, ჩამოღვენთილი სპილენძის ზოლები ცრემლებივით სდის; მოშვებული ჰალსტუხი, ოთხკუთხა ჟილეტი, ტომარასავით შარვალი, გაბურძგნული ულვაში, უნდო, უგულისყურო, დაღვრემილი სახე. ფლობერი შენს მზერას არ პასუხობს. კარმების მოედნიდან სამხრეთით იცქირება, ტაძრისკენ, იმ ქალაქის მიღმა, რომელსაც ტუჩს უბზუებდა, და რომელიც, თავის მხრივ, არაფრად აგდებდა. თავი ხაზგასმით მაღლა უჭირავს: მთელი სიგრძე-სიგანით მხოლოდ მტრედები თუ ხედავენ მწერლის სიქაჩლეს.

ეს ქანდაკება ორიგინალი არ არის. პირველი ფლობერი 1941 წელს წაიღეს გერმანელებმა, მესერებთან და კარებზე დაკიდებულ ჩაქუჩებთან ერთად. ალბათ მუზარადებად გადაადნეს. დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში კვარცხლბეკი ცარიელი იდგა. მერე ქანდაკებების მოყვარულმა რუანის მერმა ხელახლა აღმოაჩინა თავდაპირველი თაბაშირის ტვიფარი _ ერთ რუსს, ლეოპოლდ ბერნსტამს რომ გაეკეთებინა _ და ქალაქის საბჭომ ახალი ქანდაკების დადგმის იდეა მოიწონა. თავად რუანმა რიგიანი ლითონის ქანდაკება იყიდა _ 93% სპილენძი და 7% კალა: ჩამომსხმელი რუდიე Chatillon-sous-Bagneux-დან დაბეჯითებით ამბობდა, ასეთი ნაზავი გარანტიაა კოროზიის წინააღმდეგო. პროექტის დაფინანსებაში კიდევ ორმა ქალაქმა შეიტანა წვლილი _ ტრუვილმა და ბარენტინმა; სამაგიეროდ, ქვის ქანდაკებები ერგოთ. ესენი ნაკლებად გამძლე გამოდგა. ტრუვილში ფლობერს თეძო დასაკერებელი გაუხდა, ულვაშის ნაწილები ჩამოსცვივდა და ზედა ტუჩზე ისე გამოეჩარა კარკასის მავთულები, თითქოს ბეტონის კუნძში ნაფოტები ჩაურჭვიათო.
შესაძლოა, ჩამომსხმელთა სიტყვა დასაჯერებელი იყოს; შესაძლოა, ამ მეორადმა ქანდაკებამ დიდხანს გაძლოს. მაგრამ მე რაღაც არ მჯერა ეგ ამბავი. ფლობერთან დაკავშირებით ხანგრძლივი არაფერი ყოფილა. ას წელზე ცოტათი მეტი გავიდა მწერლის გარდაცვალებიდან, და მის კვალზე ფურცლების გარდა არაფერი დარჩენილა. ქაღალდი, იდეები, ფრაზები, მეტაფორები, სტრუქტურული პროზა, რომელიც ბგერად იქცევა. რასაკვირველია, თვითონაც სწორედ ასე ინდომებდა; მხოლოდ სენტიმენტებს აყოლილი თაყვანისმცემლები ბუზღუნებენ უკმაყოფილების ნიშნად. მწერლის სიკვდილის მერე სულ მალე დაანგრიეს მისი სახლი კრუასეში. იმ ადგილას უვარგისი ხორბლისგან სახდელი ალკოჰოლის ქარხანა ააშენეს. არც მისი გამოსახულების თავიდან მოშორება იქნებოდა ძნელი საქმე: თუკი ერთ მერს ქანდაკებები უყვარს და დგამს, მეორე _ იქნებ, ვინმე წიგნიერი პარტიული აქტივისტი, ვისაც თვალი გადაუვლია სარტრის ნაწერისთვის ფლობერზე _ თავგამოდებით ცდილობს, ჩამოაგდოს მწერლის ძეგლი.

ქანდაკებით ვიწყებ, რადგან სწორედ იქ დავიწყე მთელი პროექტი. რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ. გამოსახულება, სახე, ხელმოწერა; 93-პროცენტიანი სპილენძის ქანდაკება და ნადარის ფოტოგრაფია; ტანსაცმლის ნაკუწი და თმის კულული. რა გვაგიჟებს რელიქვიებზე? სიტყვების ბოლომდე არ გვჯერა? გვგონია, რომ გაუმჟღავნებელი სიმართლე ცხოვრების წვრილმანებში იმალება? როცა რობერტ ლუის სტივენსონი გარდაიცვალა, მისმა ფხიანმა შოტლანდიელმა ძიძამ უყოყმანოდ დაიწყო თმის გაყიდვა. ამტკიცებდა, მწერალს ორმოცი წლის წინ მოვჭერიო. გულუბრყვილოებმა, მაძიებლებმა, მდევნელებმა იმდენი იყიდეს, რომ ერთი დივანი გაიტენებოდა.
გადავწყვიტე, კრუასე ბოლოსთვის შემომენახა. რუანში ხუთი დღით ვიყავი ჩასული. ბავშვური ინსტინქტით დღემდე ბოლოსთვის ვიტოვებ საუკეთესოს. იქნებ, მწერლებზეც იგივე იმპულსი მოქმედებს? გადადე, გადადე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა? თუ ასეა, რა მიმზიდველი უნდა იყოს დაუმთავრებელი წიგნები. ერთი-ორი დაუფიქრებლად გახსენდება: “Bouvard et Pécuchet” _ ფლობერი ესწრაფვოდა, ამ წიგნში მოექცია და გაეკიცხა მთელი სამყარო, ადამიანის ძალისხმევა, ადამიანის მანკიერება; და “L’Idiot de la famille” _ სარტრი ესწრაფვოდა, ამ წიგნში მოექცია ფლობერი; დაემცირებინა დიდი მწერალი, დიდი ბურჟუა _ ძრწოლისმომგვრელი, მტერი, ბრძენი. ინსულტმა შეწყვიტა პირველი პროექტი; სიბრმავემ შეკვეცა მეორე.
ერთხანს წიგნების წერაზე ვფიქრობდი. მქონდა იდეები; ჩანაწერებსაც კი ვაკეთებდი. მაგრამ ექიმი ვიყავი, ცოლ-შვილიანი. ადამიანს კარგად მარტო ერთი რამის კეთება შეუძლია: ფლობერმა ეს იცოდა. მე ექიმობა გამომდიოდა კარგად. ცოლი... გარდამეცვალა. შვილები დაიფანტნენ: მაშინ მწერენ, როცა სინდისი ქენჯნით. ბუნებრივია, თავისი ცხოვრება აქვთ. “ცხოვრება! ცხოვრება! წამოდგომის უნარი!” ამას წინათ, ფლობერის წამოძახილი რომ წავიკითხე, თავი დაკემსილთეძოიანი ქვის ქანდაკება მეგონა.

დაუწერელი წიგნები? ამაზე გულისწყვეტა არ ღირს. წიგნების მეტი რა არის. მახსენდება დასასრული “L’Education sentimentale”-ისა. ფრედერიკი და მისი ამხანაგი დელორიე განვლილ ცხოვრებას იხსენებენ. საბოლოოდ, დაასკვნიან, რომ ყველაზე კარგი მოგონება წლების წინ, მოწაფეობისას, ბორდელში სტუმრობაა. მგზავრობა დეტალურად დაგეგმეს, ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ დაიკულულეს თმა, ყვავილებიც კი მოიპარეს გოგოებისთვის. მაგრამ ბორდელში რომ მივიდნენ, ფრედერიკს ნერვებმა უმტყუნა და ორივე გამოიქცა. ეს იყო საუკეთესო დღე მათ ცხოვრებაში. განა სიამოვნების ყველაზე უტყუარი ფორმა კარგის მოლოდინის სიამოვნება არ არის? _ კითხულობს ფლობერი. ვის რაში სჭირდება კმაყოფილების უკაცრიელ სხვენში ნავარდი?

პირველი დღე რუანში ხეტიალში გავატარე, იმ ადგილებს ვეძებდი, სადაც 1944 წელს ვიყავი. ბევრი დაბომბილი და დაცხრილული დამხვდა; ორმოცი წელი გავიდა და დღემდე გრძელდება ტაძრის შეკეთება. ბევრი ვერაფერი ვნახე მოსაწყენი მემუარების გასაფერადებლად. მეორე დღეს დასავლეთით გავეშურე, კანისკენ და მერე ჩრდილოეთით, სანაპიროებისკენ. გზაზე საზოგადოებრივი შრომისა და ტრანსპორტის სამინისტროს დადგმული, ქარისა და წვიმისგან გახუნებული თუნუქის აბრები ჩამწკრივებულა და ტურისტულ მარშრუტებს მიანიშნებს. არომანშის აღმოსავლეთით ბრიტანული და კანადური სანაპიროებია _ “ოქრო”, “იუნონა”, “დაშნა”. ამ სახელების ასარჩევად დიდი ფანტაზია არ გამოუჩენიათ; ისევე უსახურია დასამახსოვრებლად, როგორც ომაჰა და უტა. სიტყვებს ამბები გვამახსოვრებს, და არა პირიქით.

Graye-sur-Mer, Courseulles-sur-Mer, Ver-sur-Mer, Asnelles, Arromanche. პაწაწინა მოსახვევებით დაეშვები და უეცრად შემოგეფეთება აბრები: “place des Royal Engineers” ან “place W. Churchill”. სანაპიროზე ფარდულებს ჟანგმოდებული ტანკები დარაჯობენ; გემების მილებს მიმსგავსებულ, ფილებით მოპირკეთებულ ძეგლებს ინგლისურად და ფრანგულად აწერია: “აქ, 1944 წლის 6 ივნისს, მეკავშირეთა ჯარმა ევროპა გაანთავისუფლა.” მშვიდად, აუმღვრევლად. არომანშში ორი ფრანკიანი მონეტა ჩავაგდე Télescope Panoramique-ში და დაკლაკნილი მორზეთი გადავინაცვლე შორს ზღვაში, მალბერის ნავსადგომში. წერტილი, ტირე, ტირე, ტირე კესონებით გაუყვა მდორე დინებას.

ომისდროინდელი ჯართის ნარჩენებში გაბურძგნული ხალხი ჩასახლებულიყო..
ყურეზე გადამდგარ Hôtel de la Marine-ში ვისაუზმე. ახლოს ვიყავი იმ ადგილთან, სადაც ჩემი მეგობრები დაიხოცნენ _ იმ წლებში უეცრად შეძენილი მეგობრები _ თუმცა გული არ შემტოკებია. 50-ე სატანკო დივიზია, მეორე ბრიტანული არმია. მოგონებები ამოტივტივდა, გრძნობა არ მომძალებია, აღარც კი მახსოვს ის გრძნობები. ნასაუზმევს მუზეუმში წავედი და ვუყურე ფილმს ჯარის გადმოსხმაზე, მერე ათი კილომეტრი ვიმგზავრე ბაიოსკენ, რომ შემესწავლა კიდევ ერთი შემოჭრა _ არხის გადმოვლით, ცხრა საუკუნის წინ. დედოფალი მატილდას გობელენი კინოს ჰგავს, მიჯრილი, ჰორიზონტალური კადრებით. ორივე მოვლენა ერთნაირად უცნაურია: ერთი ძალზე შორეულია საიმისოდ, რომ სიმართლე იყოს, მეორე კი ძალზე ახლოსაა. როგორ ვიხელთებთ წარსულს? ან ვახერხებთ კი ამას? როცა სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი ვიყავი, რამდენიმე ხუმარამ სემესტრის დასასრულს, საცეკვაო საღამოზე, ტალახიანი გოჭი შემოაგდო დარბაზში. ისიც ფეხებს შორის გაძვრა-გამოძვრა და ჭყივილით დაუსხლტა მდევრებს. ვიღაცეები ცდილობდნენ, ხელი ეტაცათ, ფეხი უსხლტებოდათ, ეცემოდნენ და თავს სასაცილოდ იხდიდნენ. ხშირად წარსული იმ გოჭს მაგონებს.

რუანში ყოფნის მესამე დღეს, ფეხით წავედი Hôtel-Dieu-ში, საავადმყოფოში, სადაც გუსტავის მამა ქირურგი იყო, და სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა. გუსტავ ფლობერის გამზირის გაყოლებაზე Imprimerie Flaubert-სა და სასაუზმე Le Flaubert-ს ჩაუვლი: დანამდვილებით გრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ. საავადმყოფოსთან დიდი, თეთრი, “პეჟო” იდგა, ასახდელი უკანა კარი ლურჯი ვარსკვლვავებით ჰქონდა მოხატული, ზედ ეწერა ტელეფონის ნომერი და AMBULANCE FLAUBERT. მწერალი _ მკურნალი? არა მგონია. გამახსენდა ჟორჟ სანდის დინჯი საყვედური ახალგაზრდა კოლეგას: “თქვენ უნუგეშობით ავსებთ ადამიანებს, _ წერდა ის, _ მე ნუგეშს ვგვრი.” “პეჟოზე” უნდა წაეწერათ AMBULANCE GEORGE SAND.

Hôtel-Dieu-ში შემიშვა გაძვალტყავებულმა, მოუსვენარმა გარდიენ -მა, რომლის თეთრმა სამოსმაც ცოტა არ იყოს, შემაცბუნა. არც ექიმი იყო, არც პჰარმაციენ ან კრიკეტის მსაჯი. თეთრი ტანსაცმელი სტერილურობასა და პატიოსნებაზე მიგვანიშნებს. მუზეუმის მეთვალყურეს ასე რატომ უნდა ეცვას _ გუსტავის ბავშვობის ბაქტერიებისგან დასაცავად? მან ამიხსნა, მუზეუმი არც ფლობერს ღალატობს და არც მედიცინის ისტორიასო, მერე ნაჩქარევად მომატარა იქაურობა, ყოველი დარბაზიდან გამოსვლისას კარებს გულმოდგინედ, ხმაურით ხურავდა. მაჩვენეს ოთახი, სადაც გუსტავი დაიბადა, მისი ოდეკოლონის ფლაკონი, თამბაქოს ქილა და და პირველი საჟურნალო სტატია. მწერლის ნაირ-ნაირი სურათები ადასტურებდა, რომ ლამაზი, ახალგაზრდა კაცი ნაადრევად გამოცვლილა და ღიპიან, მელოტ ბიურგერად ქცეულა. ზოგი სიფილისს აბრალებს. სხვები ამბობენ, მეცხრამეტე საუკუნეში ყველა ასე ბერდებოდაო. ან უბრალოდ, მისმა სხეულმა ქცევის წესები იცოდა და არც ღირსება აკლდა: როცა გონებამ თავისთვის გადაწყვიტა, ნაადრევად დავბერდიო, ხორცმა თავი არ დაზოგა ამის დასამტკიცებლად. ჩემთვის, უხმოდ ვიმეორებდი, რომ ფლობერი ქერა იყო, თორემ შეიძლებოდა, დამვიწყნოდა: ფოტოებზე ყველა შავგვრემანი ჩანს.

სხვა ოთახებში მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეების სამედიცინო ხელსაწყოები გამოეფინათ: ლითონის მძიმე რელიქვიებით დაწყებული და ბასრი ნივთებით დამთავრებული, აქვე ელაგა ისეთი ვეება ოყნები, რომ მეც კი გაკვირვებული დავრჩი. მაშინ მედიცინა ამაღელვებელი, თავგანწირული, გააფთრებული საქმე უნდა ყოფილიყო; დღეს ეს საქმე აბებია და ბიუროკრატია. ან იქნებ, წარსული უფრო კოლორიტული გვეჩვენება? გუსტავის ძმის, აქილევსის სადოქტორო დისერტაცია წავიკითხე: სახელად ჰქვია “რამდენიმე მოსაზრება ჩაჭედილი თიაქარის ოპერაციის გამო”. ძმების ერთსულოვნება: აქილევსის თეზისი მოგვიანებით გუსტავის მეტაფორად იქცა. “ჩემი ეპოქის სიბრიყვე ისეთ სიძულვილსა მგვრის, ლამისაა სული შემეხუთოს. პირში განავალი ამომდის, როგორც ჩაჭედილი თიაქარის დროს. მაგრამ მინდა, შევინახო, ფორმა მივცე, გავამაგრო; მინდა, მასა მოვზილო და მეცხრამეტე საუკუნეს გადავაფარო, ინდოელებივით _ ძროხის ნაკელით რომ მოხატავენ ხოლმე პაგოდას.” თავდაპირველად კავშირი ამ ორ მუზეუმს შორის უცნაური ჩანდა. აზრი მაშინ შეიძინა, როცა გავიხსენე ლემოს ცნობილი კარიკატურა, სადაც ფლობერი ჰკვეთს ემა ბოვარის. _ რომანისტი ჰაერში აქნევს უზარმაზარ ჩანგალზე წამოცმულ, სისხლით მწვეთავ გულს, ზარ-ზეიმით რომ ამოუგლეჯია თავისი გმირის სხეულიდან. ქირურგიულ გამოფენაზე მიღებული ჯილდოსავით აფრიალებს ჰაერში ორგანოს; ნახატის მარცხენა მხარეს კი ჩანს მწოლიარე, გათელილი ემას ფეხი. მწერალი _ ყასაბი, მწერალი _ მგრძნობიარე და სასტიკი.

მერე თუთიყუში დავინახე. პატარა ნიშაში იჯდა, უტიფარი თვალები მწვანედ უბრწყინავდა. თავი ცნობისმოყვარედ გადაეხარა. ქანდარის ბოლოზე წარწერა ეკიდა - “Psittacus. ეს თუთიყუში გ. ფლობერმა რუანის მუზეუმიდან წამოიყვანა და თავის სამუშაო მაგიდაზე მიუჩინა ადგილი Un coeur simple-ის წერისას. მოთხრობაში ლულუ ჰქვია და მთავარი გმირის, ფელისიტეს თუთიყუშია.” ფლობერის წერილის ქსეროასლი ადასტურებდა ამ ფაქტს: წერს, თუთიყუში სამი კვირა საწერ მაგიდაზე მეჯდა და მისი დანახვა უკვე ნერვებს მიშლიდაო.
ლულუ მშვენიერ მდგომარეობაში იყო, ისეთივე ცინცხალი ბუმბული და გამაღიზიანებელი თვალები ჰქონდა, როგორიც ასი წლის წინ უნდა ჰქონოდა.
შევცქეროდი ჩიტს და ჩემდა გასაკვირად, ამაღელვებელ სიახლოვეს ვგრძნობდი მწერალთან, რომელმაც ქედმაღლურად აუკრძალა შთამომავლობას თავისი პიროვნებით დაინტერესება. მისი ქანდაკების ადგილას ასლი დადგეს, მისი სახლი დაანგრიეს; წიგნებს საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ _ მათზე ნათქვამი მწერალს არ ეხებოდა. მაგრამ აქ, ამ შესანიშნავმა მწვანე თუთიყუშმა, რომელიც ჩვეულებრივი, თუმცა იდუმალი ფორმით შემოენახათ, როგორღაც ისეთი გრძნობა გამიჩინა, თითქოს მწერალს პირადად ვიცნობდი. ეს თან გულზე მომხვდა, თან გამახალისა.
სასტუმროში დაბრუნებისას, გზად Un coeur simple-ის სტუდენტური გამოცემა ვიყიდე. შეიძლება, იცოდეთ ეს მოთხრობა. ღარიბი, გაუნათლებელი მოახლე ფელისიტე ნახევარი საუკუნე ერთ ქალბატონს ემსახურება, უდრტვინველად ჩუქნის სიცოცხლეს სხვა ადამიანებს. უყვარს ხეპრე საქმრო, ქალბატონის შვილები, თავისი ძმისწული, ბერიკაცი, მკლავზე სიმსივნე რომ აქვს. თანდათანობით ყველას ჰკარგავს: კვდებიან, ან მიდიან, ან უბრალოდ, ივიწყებენ. რა გასაკვირია, რომ ამგვარ არსებობაში ცხოვრებისეული დარდისა და სასოწარკვეთის გასაქარვებლად ერთადერთი ნუგეში შემორჩენია _ რელიგია.

ფელისიტეს სიყვარულის საგანთა ჯაჭვი თანდათანობით ილევა და ბოლო რგოლი აქ თუთიყუში ლულუა. თავის დროზე ისიც კვდება და ფელისიტე მის ფიტულს აკეთებს. სათაყვანებელ რელიქვიას გვერდიდან არ იშორებს, ლოცვისას მის წინ მუხლსაც კი იყრის. დოქტრინული აბდაუბდა ვითარდება მის მარტივ გონებაში: აინტერესებს, ხომ არ აჯობებდა, სულიწმინდა, რომელსაც პირობითად, მტრედად ასახავენ, თუთიყუშად გამოესახათ. ლოგიკა გარკვეულწილად, მის მხარესაა: თუთიყუშებსა და სულიწმინდას შეუძლიათ ლაპარაკი, მტრედებს კი _ არა. მოთხრობის ბოლოს, ფელისიტე თვითონაც კვდება. “ტუჩებზე ღიმილი ეფინა. გულისცემა თანდათანობით შეუნელდა, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აგვიანებდა ფეთქვას, ნელ-ნელა დაწყვეტილი შადრევანივით, ან მინავლული ექოსავით; და ბოლო ამოსუნთქვისას თითქოს დაინახა, როგორ გაიხსნა მისთვის ზეცა და ვეება თუთიყუში აფრთხიალდა მის თავზე.”

მთავარი აქ თავშეკავებული ინტონაციაა. წარმოიდგინეთ, ტექნიკურად რა ძნელი უნდა იყოს დაწერა მოთხრობისა, სადაც უხეიროდ გატენილი ჩიტი, სასაცილო სახელი რომ ჰქვია, საბოლოოდ წმინდა სამებაში წამოსკუპდება, და ეს ჩანაფიქრი არც სატირული ან სენტიმენტალურია და არც მკრეხელობა. წარმოიდგინეთ, როგორია უბირი, მოხუცი ქალის თვალით დანახული ამბის მოყოლა ისე, რომ არც დამამცირებელი გამოვიდეს და არც ქედმაღლური. მაგრამ Un coeur simple-ის მიზანი სრულიად სხვაა: თუთიყუში სრულყოფილი და მოქნილი მაგალითია ფლობერისეული გროტესკისა.

თუ მოგვინდება (და თუ ფლობერს ვეურჩებით) შეგვიძლია, ჩიტის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოვიფიქროთ. მაგალითად, შეფარული პარალელები ნაადრევად დაბერებული მწერლისა და ღრმად მოხუცებული ფელისიტეს ცხოვრებებს შორის. საამისოდ კრიტიკოსები უკვე შეესივნენ ქაღალდებს. ორივე მარტოსული იყო; ორივეს ცხოვრება დანაკარგებით იყო დაღდასმული; ორივეს დარდით ჰქონდა გული სავსე, და მაინც არ ტყდებოდნენ. ვისაც გაბუქვა ემარჯვება, ვარაუდობს, რომ ის ეპიზოდი, სადაც ჰონფლერისკენ მიმავალ ფელისიტეს გზაზე საფოსტო კარეტა ეჯახება, შენიღბულად მიანიშნებს გუსტავის პირველ ეპილეპტიკურ შეტევაზე, როცა ის ბურ-აშართან, შარაგზაზე დაეცა. არ ვიცი. რამდენად უნდა შეინიღბოს მინიშნება, სანამ საბოლოოდ დაინთქმება ხსოვნის მორევში?

სხვა მხრივ, ფელისიტე რასაკვირველია, სრულიად განსხვავდება ფლობერისაგან: ის პრაქტიკულად უტყვია. მაგრამ შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ, სწორედ აქ შემოდის ლულუ _ თუთიყუში, მოლაპარაკე ფრინველი, იშვიათი არსება, რომელიც ადამიანურ ხმებს გამოსცემს. ტყუილუბრალოდ კი არ აიგივებს ფელისიტე ლულუს სულიწმინდასთან, ვინც ენა ამოგვადგმევინა.

ფელისიტე+ლულუ=ფლობერს? ვითომ? მაგრამ შეიძლება, ამტკიცოთ, რომ მწერალი ორივე მათგანშია. ფელისიტეში მისი ხასიათია; ლულუში მისი ხმაა. შეგეძლოთ გეთქვათ, რომ თუთიყუში, რომელიც წარმოგვიდგენს, თუ როგორ ჟღერს აზრი გონების ძალიხმევის გარეშე, იყო წმინდა სიტყვა. ფრანგი აკადემიკოსი რომ ყოფილიყავით, იტყოდით, რომ ის იყო un symbole du Logos. მე კი ინგლისელი ვარ და ხორციელისკენ მიმიწევს გული: იმ კოხტა, უტიფარი არსებისკენ, Hôtel-Dieu-ში რომ მყავს ნანახი. წარმოვიდგინე საწერი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასკუპებული ლულუ, ფლობერს თვალს თვალში რომ გაუყრის, საბაზრო ატრაქციონების სარკიდან მომზირალი, გამომწვევი ანარეკლივით. რა გასაკვირია, რომ სამი კვირა მის პაროდიულ საზოგადოებაში ყოფნა გამაღიზიანებელი იყო. ვითომ მწერალი რითი სჯობს გაქექილ, სწავლულ თუთიყუშს?

აქ კი ალბათ უნდა ვახსენოთ ოთხი მთავარი შეხვედრა რომანისტსა და თუთიყუშთა ოჯახის წარმომადგენელს შორის. 1830-იან წლებში, ფლობერების ოჯახი ყოველ წელს ტრუვილში ისვენებდა და ხშირად სტუმრობდა გემის გადამდგარ კაპიტანს, პიერ ბარბეის; როგორც გვითხრეს, კაპიტანს სახლში საუცხოო თუთიყუში ჰყოლია. 1845 წელს გუსტავი ანტიბის გავლით იტალიაში მიემგზავრებოდა, და სწორედ ანტიბში გადაეყარა ავადმყოფ, გრძელკუდა ფრინველს, რომელმაც მწერლის დღიურში ხსენება დაიმსახურა; ჩიტი პატრონის ორთვალაზე იყო ხოლმე წამოსკუპებული, ვახშმობისას კი სახლში შეჰყავდათ და ბუხრის თავზე სვამდნენ. დღიურში ავტორი აღნიშნავს, აშკარაა კაცისა და ჩიტის “უცნაური სიყვარულიო”. 1851 წელს ფლობერი აღმოსავლეთიდან ბრუნდებოდა, გზად ვენეციაში შეიარა და იქ გაიგონა, დიდი არხის გადაღმა, მოოქროვილი გალიიდან როგორ გაჰყვიროდა თუთიყუში გონდოლიერივით: “Fá eb, capo die!”. 1853 წელს, ისევ ტრუვილში ყოფნისას, pharmacien-თან ცხოვრობდა, და გული ჰქონდა გაწვრილებული _ თუთიყუში ხან ჭყიოდა “As-tu dejeune, Jako??” და “Cocu, mon petit coco” , ხან კიდევ უსტვენდა _ “J’ai du bon tanac..” ნეტავ ამ ჩიტებმა შთააგონეს ლულუ მწერალს? ეგებ ყველამ? ან რომელიმე მათგანმა? და კიდევ თუ ნახა სადმე ცოცხალი თუთიყუში 1853 წლიდან 1876 წლამდე, როცა რუანის მუზეუმში ფიტული ინათხოვრა? ასეთი ამბები პროფესიონალებისთვის დამითმია.

საწოლზე ვიჯექი, სასტუმროში; მეზობელი ოთახიდან ტელეფონი წიოკით ეხმიანებოდა თანამოძმეებს. თუთიყუშზე ვფიქრობდი, ნიშაში რომ იჯდა თითქმის ნახევარი მილის იქით. უტიფარი ჩიტი, რომელიც მარტო სიყვარულს კი არა, მოწიწებასაც კი იწვევდა. რა უყო ფლობერმა Un coeur simple-ის დასრულების შემდეგ? განჯინაში შედო და დაივიწყა მისი გამაღიზიანებელი არსებობა, სანამ ერთ ცივ საღამოს საბნის დამატება არ დასჭირდა და ძებნა არ დაუწყო? რა მოხდა ოთხი წლის შემდეგ, როცა აპოპლექტიკურმა დარტყმამ დივანს მიაჯაჭვა სასიკვდილოდ? იქნებ, მის თავზეც აფრთხიალდა გოლიათი თუთიყუში _ ოღონდ ამჯერად ეს სულიწმინდასთან შეგებება კი არა, სიტყვასთან გამოთხოვება იყო?

“შემაწუხა აშკარად მოჭარბებულმა გატაცებამ მეტაფორით. შედარებები ტილებივით მჯიჯგნიან, და დროს უაზროდ ვფლანგავ მათ ჭყლეტაში.” სიტყვები ადვილად მოდიან, ფლობერთან, მაგრამ იგი სიტყვის ფარულ შეუსაბამობასაც ხედავს. გაიხსენეთ ნაღვლიანი განსაზღვრება “მადამ ბოვარიდან”: “ენა ძველ, გამსკდარ ჩაიდანსა ჰგავს, რომელზეც დათვის საცეკვაოს ვაკაკუნებთ, არადა გვინდა, ვარსკვლავებს ავუჩუყოთ გული.” ასე რომ, შეგიძლიათ, რომანისტი ორგვარად წარმოიდგინოთ: შეუვალი და დასრულებული სტილისტი; ან კაცი, ვისთვისაც ენის არასრულყოფილება ტრაგედიაა. სარტრელებს მეორე ვარიანტი ურჩევნიათ: მათი აზრით ის, რომ ლულუს ყურმოკრული, გაცვეთილი ფრაზების გამეორებაზე მეტი არაფერი შეუძლია, მწერლის მიერ საკუთარ მარცხზე მინიშნებაა. საეჭვოა, თუთიყუშისთვის/მწერლისთვის ენა იყოს ის, რასაც იღებ და ბაძავ, ინერტულად. სარტრი თვითონ საყვედურობდა ფლობერს პასიურობისთვის, რწმენისთვის (ან ვითომ რწმენისთვის), რომ on est parlé _ სათქმელი ნათქვამია.

ეს ბუშტების ფრქვევა ხსოვნის მორევში დანთქმული კიდევ ერთი მოსაზრების სასიკვდილო ხრიალს ხომ არ ჰგავდა? მოჭარბებული ვარაუდები მაშინ გეძალება, როცა წიგნში თავჩარგული, გრძნობ, რა უმწეო ხარ, მარტოსული, და შეიძლება, ბრიყვიც. იქნებ, კრიტიკოსი ცდება, როცა ლულუს სიტყვის სიმბოლოდ მიიჩნევს? იქნებ, მკითხველი _ ყველაზე უარესი, სენტიმენტალური მკითხველი _ ცდება, როცა ფიქრობს, რომ თუთიყუში Hôtel-Dieu-ში მწერლის ხმის სიმბოლოა? მეც ეგრე მომივიდა.. ალბათ, ამიტომაც ვარ ფელისიტესავით გონებაშეზღუდული.
მაგრამ ამბავს დაარქმევთ თუ ტექსტს, Un coeur simple-ის ანარეკლი მეხსიერებაში მაინც შემონახულია. ნება მომეცით, მოვიყვანო კეთილმოსურნე, თუმცა უჩვეულო ციტატა დევიდ ჰოკნის ავტობიოგრაფიიდან: “ამბავმა ნამდვილად იმოქმედა ჩემზე, ვიგრძენი, რომ ეს იყო თემა, რომელიც შემეძლო გამეთავისებინა და გამომეყენებინა.” 1974 წელს მისტერ ჰოკნიმ რამდენიმე გრავიურა შექმნა: ფელისიტეს თვალით დანახული გარე სამყაროს კარიკატურული ვერსია (მაიმუნს მხარზე გადაუგდია მოტაცებული ქალი), და ლულუსთან ერთად მძინარე ფელისიტეს მშვიდი სცენა. დროთა განმავლობაში შესაძლოა, კვლავ მიუბრუნდეს ამ ამბავს.

რუანში ყოფნის ბოლო დღეს კრუასეში წავედი. ნორმანდიულად წვიმდა _ წყნარად ცრიდა. სენის ნაპირას, მწვანე გორაკების ფონზე გაშენებული შორეული სოფელი ახლა ვეება ნავსაშენებმა ჩაყლაპა. უროების ექო; თავზე გადმოკიდებული ამწეების პორტალები, და წარმოებით უსაშველოდ გადატვირთული მდინარე. რასაკვირველია, Bar le Flaubert-იც აქვეა; საბარგო მანქანების ჩავლისას ფანჯრები ზანზარებს.

გუსტავი საგანგებოდ აღნიშნავდა და იწონებდა აღმოსავლური წესს _ გარდაცვლილთა სახლები უნდა დაინგრეს; ასე რომ, საკუთარი სახლის დანგრევა ალბათ თავის მკითხველებზე, თავის მდევრებზე ნაკლებად დასწყვეტდა გულს. უვარგისი ხორბლისგან ალკოჰოლის სახდელი ფაბრიკაც დაშალეს; იმ ადგილას ახლა ქაღალდის დიდი ფაბრიკა დგას და უფრო შეეფერება იქაურობას. ფლობერის სახლისგან პატარა, ერთსართულიანი პავილიონიღა დარჩა, რამდენიმე ასეული იარდის იქით _ საზაფხულო სახლი, სადაც მწერალი თავს აფარებდა, როცა განსაკუთრებულად სჭირდებოდა განმარტოება. ახლა გაქუცული და უაზრო რამეა, მაგრამ სულ უარაფრობას მაინც სჯობს. გარეთ, ტერასაზე, კართაგენში ამოთხრილი, ღარებიანი სვეტის ფრაგმენტი აღმართულა Salammbô-ს ავტორის ხსოვნის პატივსაცემად. ჭიშკარს მივაწექი; ნაგაზმა ყეფა ატეხა, და ჭაღარა gardiénne გამომეგება. ამას თეთრი ტანსაცმლის ნაცვლად კარგად მომდგარი ლურჯი ფორმა ეცვა. სანამ ჩემი ფრანგულით ვჯახირობდი, გამახსენდა კართაგენელი მთარგმნელების სავაჭრო დამღა Salammbô-ში: თითოეულ მათგანს, თავისი პროფესიის სიმბოლოდ, მკერდზე თუთიყუში აქვს ამოსვირინგებული. დღეს ბულეს აფრიკელ მოთამაშეს მაოს გადასაყვანი გამოსახულება უმშვენებს მაჯას.


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Wed Mar 21, 2012 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Wed Mar 21, 2012 3:00 pm


ლიტერატურული გაზეთი, 16–29 მარტი, #70, 2012

ჯულიან ბარნსი

ფლობერის თუთიყუში
(რომანი)

I
ფლობერის თუთიყუში

(გაგრძელება)

პავილიონი შედგება ერთი ოთახისგან, კვადრატული, თაღოვანი ჭერით. გამახსენდა ფელისიტეს ოთახი: “ერთდროულად სამრეკლოსა და ბაზრის შესახედაობა ჰქონდა”. იყო რაღაც ირონიული აქ თავმოყრილი ნივთების ერთიანობაში _ წვრილ-წვრილი ხარახურა საზეიმო რელიქვიის გვერდით – ფლობერისეული გროტესკი.

ექსპონატები ისე უბადრუკად დაელაგებინათ, რომ დროდადრო ჩამუხლული ვიჭყიტებოდი კარადებში: ღვთისმოსავის, ან კიდევ ძველმანების მაღაზიებში საგანძურზე მონადირეების პოზა.

ფელისიტეს ნუგეშს ჰგვრიდა თავისი გზააბნეული ნივთების ნაკრები, მხოლოდ პატრონის სიყვარული რომ აერთიანებდათ. ფლობერიც ასე იყო, სურნელებს მოგონებებით ინახავდა. დედამისის სიკვდილიდან მრავალი წლის მერეც ითხოვდა ხანდახან მის ძველ შალს და ქუდს, მერე იჯდა ამ ნივთებით, გარინდებული და ოცნებაში წასული. ეს კრუასეს პავილიონის სტუმარსაც შეუძლია: დაუდევრად გამოლაგებული ექსპონატები გულზე გხვდება. პორტრეტები, ფოტოები, თიხის ბიუსტი; ჩიბუხები, თამბაქოს ქილა, წერილების გასახსნელი დანა; პირდაბჩენილი გომბეშო-სამელნე; ოქროს ბუდა, რომელიც მწერლის საწერ მაგიდზე იდგა და არასოდეს აღიზიანებდა; თმის კულული, რასაკვირველია, უფრო ქერა, ვიდრე ფოტოებზეა.

იოლად შეიძლება გამოგრჩეთ ორი ექსპონატი გვერდით მიდგმულ, დაბალ კარადაში: პატარა ბოკალი, საიდანაც ფლობერმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე უკანასკნელად მოსვა წყალი; დაჭმუჭნული, თეთრი ცხვირსახოცი, რომლითაც შუბლი მოიწმინდა _ იქნებ, ეს მისი უკანასკნელი ჟესტი იყო. ამ უბრალო რეკვიზიტებმა, რომლებიც თითქოს კრძალავდნენ მოთქმას და მელოდრამას, უცებ წარმომადგენინა, რომ მეგობრის სიკვდილს ვესწრებოდი. ცოტა არ იყოს, შემცბარი ვიყავი: სამი დღით ადრე გულგრილად, უძრავად ვიდექი სანაპიროზე, სადაც ჩემი ამხანაგები დახოცეს. შესაძლოა, ესაა მკვდრებთან დამეგობრების უპირატესობა: მათ მიმართ გული არასდროს გიცივდება.

მერე ისიც დავინახე _ მაღალი ბუფეტის თავზე კიდევ ერთი თუთიყუში დაცუცქულიყო. ისიც ელვარე მწვანე. ისიც, ორივე gardienne-ისა და ქანდარაზე მიმაგრებული იარლიყის თანახმად, სწორედ ის თუთიყუშია, ფლობერმა რომ წამოიღო რუანის მუზეუმიდან Un coeur simple-ის დასაწერად. ნებართვა ვითხოვე, რომ მეორე ლულუ ჩამომეღო, ფრთხილად დავსვი საექსპოზოციო კარადის კუთხეში და მინის ხუფი ავხადე.

როგორ შეადარებთ ორ თუთიყუშს, როცა ერთი უკვე იდეალიზებულია ხსოვნისა და მეტაფორის მიერ, და მეორე აჭყივლებული თვითმარქვიაა? თავდაპირველად გიპასუხებდით, რომ მეორე ნაკლებად ავთენტური უნდა ყოფილიყო, ძირითადად იმიტომ, რომ უფრო სანდომიანი ჩანდა, თავი სხეულზე უფრო სწორად ედგა, და გამომეტყველება ნაკლებად გამაღიზიანებელი ჰქონდა, ვიდრე იმ ჩიტს Hôtel-Dieu-ში. მერე მივხვდი, რომ დანამდვილებით ვერაფერს იტყოდი: კაცმა რომ თქვას, ფლობერს თუთიყუშების დიდი არჩევანი არ ჰქონია; მეორე ჩიტი უფრო მშვიდი და უწყინარი კი ჩანდა, მაგრამ ერთი-ორი კვირის შემდეგ ალბათ ესეც გვარიანად აგიშლიდა ნერვებს.

Gardienne-ს ჩიტის წარმომავლობაზე გადავუკარი სიტყვა. გასაგებია, ეს თავისი თუთიყუშის მხარეზე იყო, და მტკიცედ განაცხადა, Hôtel-Dieu-ს პრეტენზიები რა სახსენებელიაო. ვიფიქრე, ნეტავ ვინმემ თუ იცის პასუხი ან ამას რამე მნიშვნელობა თუ აქვს ვინმესთვის ჩემს გარდა-თქო; იქნებ, კიდევ გამოჩნდეს ისეთი კაცი, ჩემსავით წინდაუხედავად რომ გააზვიადებს პირველი თუთიყუშის მნიშვნელობას. მეორე თუთიყუში თითქოს მსაყვედურობდა, რამ გაფიქრებინა, რომ ასე იოლად შეიძლებოდა მწერლის ხმის მიგნებაო. სანამ იქ ვიდექი და სავარაუდოდ, თვითმარქვია ლულუს შევცქეროდი, ოთახის იმ კუთხეს მზე მიადგა და ბუმბული ოქროსფრად აუელვარა. ჩიტი გადავდგი და ვიფიქრე: ახლა მე ფლობერზე უფროსი ვარ, მწერალმა ჩემს ასაკს ვერ მიაღწია. ეს რაღაც თავხედობას ჰგავდა; ნაღვლიან, დაუმსახურებელ უსამართლობას.

განა ოდესმე დგება სიკვდილის შესაფერისი ჟამი? ფლობერისთვის არ დამდგარა; არც ჟორჟ სანდისთვის, რომელიც ვერ მოესწრო Un coeur simple-ის წაკითხვას. “ამ მოთხრობის წერა მხოლოდ მის გამო დავიწყე, მხოლოდ მის გასახარებლად. მაშინ მოკვდა, როცა სამუშაო შუამდე მქონდა მიყვანილი. ასე სრულდება ყველა ჩვენი ოცნება.” იქნებ, სჯობს, სულაც არ გქონდეს ოცნებები, სამუშაო, და მერე არც სასოწარკვეთა გეუფლებოდეს დაუსრულებელი საქმის გამო? იქნებ, ფრედერიკსა და დელორიესავით უნდა გვერჩივნოს ნუგეში აუსრულებლისა: დაგეგმილი ვიზიტი ბორდელში, მოლოდინის სიამოვნება, და მერე, წლების შემდეგ, არა ხსოვნა მომხდარისა, არამედ ხსოვნა ჩავლილი მოლოდინისა? იქნებ, ასე უფრო სუფთად და უმტკივნეულოდ შემოვინახავთ ყველაფერს?

შინ დაბრუნებულს ისევ თუთიყუში მიფრთხიალებდა გონებაში ორ ცალად: ერთი _ თავაზიანი და უშუალო, მეორე _ უტიფარი და არამკითხე. წერილები დავუგზავნე რამდენიმე აკადემიკოსს, ვისაც შეიძლებოდა სცოდნოდა, ამ თუთიყუშებიდან რომელიმეს ავთენტურობა თუ იყო რიგიანად დადგენილი. მივწერე საფრანგეთის საელჩოს და მიშელენის გზამკვლევების გამომცემელს. ასევე მივწერე მისტერ ჰოკნის. ვუამბე ჩემი მოგზაურობის ამბავი და ვკითხე, რუანში თუ იყო ნამყოფი; ვკითხე, ფიქრობდა თუ არა რომელიმე თუთიყუშზე მძინარე ფელისიტეს პორტრეტის ხატვისას. იქნებ, თავის მხრივ, იმანაც მუზეუმიდან ითხოვა და მოდელად გამოიყენა თუთიყუში. გავაფრთხილე ამ სახეობაში სიკვდილისშემდგომი პართენოგენეზისის სახიფათო ტენდენციაზე.

იმედი მქონდა, პასუხებს მალე მივიღებდი.


ამ რომანს ინგლისურიდან თარგმნის ნინო ქაჯაია
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Tue May 14, 2013 6:40 pm



წიგნის დასახელება – „ფლობერის თუთიყუში“
ავტორი – ჯულიან ბარნსი
თარგმანი - ნინო ქაჯაია
სერია - „დიოგენეს ბიბლიოთეკა“
რედაქტორი - ირმა ტაველიძე
სერიის დიზაინერი - ბესიკ დანელია
დიზაინერი - ნინო გურული
ISBN 978-9941-11-409-0
გამომცემლობა - "დიოგენე"
ყდა - რბილი
გვერდები - 280
გამოცემის წელი - 2013

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ნინო ქაჯაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: