არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო ქაჯაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნინო ქაჯაია   Tue Dec 21, 2010 2:11 pm



ნინო ქაჯაია – http://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ქაჯაია_(მთარგმნელი)

დაბადების თარიღი: 27 იანვარი, 1957 წელი.
დაბადების ადგილი: თბილისი
განათლება: უმაღლესი.
სასწავლებელი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სპეციალობა: ფილოლოგი.


შრომითი საქმიანობა:

1975 _ 1980 _ გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”.
1981 _ 2007 გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”.
1999 _ 2002 გაზეთი “ქომაგი”.
2001 _ გაზეთი “ქართული სიტყვა”.
2002 _ 2005წწ. გაზეთი “24 საათი” (დამატება “დედაქალაქი”).
2007-2009წწ. ლიტერატურული კონკურსის ,,გალა” ჟიურის წევრი;
2008 _ თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების შტატგარეშე თანამშრომელი;
2008 წლის ოქტომბრიდან საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო, მრჩეველი.
2010წ. თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.



დამატებითი ინფორმაცია:

1981 წლიდან სალიტერატურო პრესაში სისტემატურად იბეჭდება მისი თარგმანები.


წიგნებად გამოცემულია:

ოსკარ უაილდის “კრიტიკოსი, როგორც ხელოვანი”.
მარსელ პრუსტის “წიგნის კითხვა”.
ანდრე ჟიდის “ხელოვნების საზღვრები”.
გიორგი კვინიტაძის “მოგონებები” (ორტომეული).
გივი გაბლიანის “ჩემი ცხოვრება” (II ტომი).
უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი”.



Last edited by Admin on Mon Aug 15, 2011 3:24 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Tue Dec 21, 2010 2:12 pm



უმბერტო ეკო

"ყოველთვის სხვები მომწონდა"


ლიტერატურული გაზეთი, 2010-11-26

- დავიბადე პიემონტში, ვცხოვრობ მილანში და ვასწავლი ბოლონიის უნივერსიტეტში. მყავს ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილი. ფაშისტი არა ვარ, ბერლუსკონის ხმას არ ვაძლევ, სოციალ-დემოკრატი ვარ. ვიყავი სხვადასხვა კათოლიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მას მერე უფალს ჩემი აღარ სჯერა. ვუშვებ -Aუდოლინო--ს.
- რომელი სიტყვა მოგწონთ?
- სიგარეტი. შეიძლება, მომკლას, მაგრამ ინტერვიუს ამის გარეშე ვერ გავუძლებ.
- მაშინ მეც მოვუკიდებ, სენიორ ეკო... საიდან მოდის ეს გვარი - ეკო?
- ჩემმა მეგობარმა იპოვნა გამონათქვამთა სია, რომელსაც 600 წლის წინ იეზუიტები იყენებდნენ, ნაპოვნი ბავშვებისთვის სახელის დასარქმევად. ერთ-ერთი იყო -ეხცელსის ობლატოს-, რაც ზეცის საჩუქარს ნიშნავს.^აქედან მოდის ეკო - სახელი, რომელიც დაარქვეს პაპაჩემს - უმამო პოეტ-ტრუბადურს. ესე იგი, მეც ზეცის საჩუქარი ვარ, იმედია, ადამიანები დამაფასებენ.
- თქვენ? თქვენ მოგწონთ საკუთარი თავი?
- არა. ჩემი სახე არ მომწონს, თქვენი უკეთესია. ყოველთვის სხვები უფრო მომწონდა.
- ბავშვობაში ყველაზე მეტად ვინ გიყვარდათ?
- ბებია დედის მხრიდან, რომელიც პირველი იყო, ვინც დიდი კულტურული გავლენა იქონია ჩემზე. ამ ქალს კულტურისა სრულიად არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გიჟდებოდა კითხვაზე. საოცარ წიგნებს მაძლევდა წასაკითხად: ბალზაკს, ტოლსტოის ან სრულიად უვარგის წიგნებს, რადგან მათ შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავდა.
- ასე გაიარა ომმა?
- ომი მშვენიერი გამოცდილებაა, რადგან თავის გადარჩენას სწავლობ. 11 სექტემბრის მერე დაბნეულ ადამიანებს ვხედავ. მე თვითონ დაბნეულობაში დავიბადე და ვისწავლე, რომ ამ ვითარებაშიც უნდა შეგეძლოს ცხოვრება.
- არ გეშინიათ?
- ერთადერთი, რისაც მეშინია - ალცჰეიმერის დაავადებაა. მეხსიერების დაკარგვა საკუთარი -მე--ს დაკარგვაა. ყველა სხვა ხიფათი მეორადია. ამიტომ, როცა პირისპირ ვრჩები რელიგიასთან, რომელიც მეუბნება, რომ რეინკარნაცია მელის და შეიძლება, ვთქვათ, ძროხად მოვევლინო ქვეყნიერებას, ვკითხულბ: -როგორ ძროხად? მემახსოვრება, რომ უმბერტო ეკო ვიყავი?- თუ შეიძლება, დადებითად ვუპასუხო ამ კითხვას, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- ძალაუფლება თუ გსურთ?
- არა. მე მინდა ავტორიტეტი მქონდეს, რომ ნებისმიერი ამბობდეს: -ეკომ ამა და ამ წიგნში ესა და ეს თქვა და მართალია.-
- სექსზე რას იტყვით?
- ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ არ გიამბობთ, რადგან პატივს გცემთ.
- ჩემზე ნუ წუხდებით.
- ჩემი აზრით, სექსი ძალიან სასარგებლო რამაა. მისი წყალობით გამიჩნდა ორი შვილი, რომლებიც ძალიან მიყვარს, მერე შვილიშვილი, ისიც ძალიან მიყვარს. სექსს დიდ პატივისცემით ვეკიდები.
- რადგან სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მოგცათ?
- და კიდევ იმიტომ, რომ სახალისოა.
- თქვენ აზრით, რომელი ასაკია საუკეთესო?
- ჩემი ასაკი, რადგან ყველაფერი მტკივა, მამტვრევს და სხეულს უკეთ ვგრძნობ.
- თქვენ გგონიათ, რომ ტკივილისგან შეიძლება რამე ისწავლო?
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი გამოცდილებაა, და ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე ამის დაგროვება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სიკვდილი არ მინდა, ისაა, რომ არ მინდა, ჩემი გამოცდილება დაიკარგოს. შეიძლება, ამიტომაც იწერება წიგნები.
- თქვენ ამბობთ, ადამიანს უტოპიები სჭირდებაო. თქვენი უტოპია როგორია?
- ყველა ქალაქში იყოს ბარი, სადაც ზედმეტი კითხვების გარეშე მომიტანენ ყინულიან მარტინის, რადგან ეცოდინებათ, რომ მიყვარს.
- შეიძლება თუ არა, რომ დიდებამ ადამიანს სახე დააკარგვინოს?
- უბრალოდ, დიდებას სერიოზულად არ უნდა მოეკიდო. ძალიან მიხარია, თუკი ადამიანები ჩემს წიგნებს კითხულობენ, თუმცა ამას გარკვეული უხერხულობაც ახლავს. ამის საფასური იქნება ჩემს მეგობრებთან ერთად უფრო ხშირად სეირნობა.
- ცინიზმი თუ ზრდის ადამიანს?
- ჩვენ სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. გულზე გვხვდება მშიერი აფრიკელი ბავშვების ამბავი და ბევრი სხვა რამ, რაზეც 200 წლის წინ არავინ დარდობდა. არა მგონია, რომ ახლა უარესები ვუყოთ.
- თქვენ მითოლოგიურ პერსონაჟებზე წერდით. ჯადოსნური სამყარო გაინტერესებთ?
- დიახ, მაგრამ კიდევ ნაყინიც მიყვარს. ჩემი აზრით, ისინი, ვისაც ზედმეტად სჯერათ ჯადოქრობის, ცუდი ადამიანები არიან, ყველა ფაშისტია.
- მაგას რატომ ამბობთ?
- იმიტომ, რომ ვიცი.
- კარგი, დროის დინებაზე ვილაპარაკოთ, ამაზე ბევრს წერდით.
- გაზეთებში არ ღირს ლაპარაკი არც დროის დინებაზე, არც ღმერთზე, არც სიკვდილზე.
- კეთილი, მაშინ იმაზე ვილაპარაკოთ, რამაც შეგძრათ.
- პირველად რომ ვნახე მკვდარი. ეს ომის დროს მოხდა, ქუჩაში ვნახე, ტყვიით შუბლგახვრეტილი. მაგრამ მგონია, რომ ცხოვრების საიდუმლო ისაა. რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდება, გულისშემძვრელი უნდა იყოს. მძაფრი განცდების გარეშე პროგრესი არ არსებობს.
- მოზრდილი რამ შეგძრათ?
- მამაჩემი გარდაიცვალა, როცა ჩემი შვილი დაიბადა. ამ დამთხვევამ ისე შემცვალა, რომ მთელი წელიწადი თვითმფრინავში არ ჩავმჯდარვარ. უეცრად მამაჩემად ვიქეცი.
- რა ისწავლეთ მამისგან?
- უნდობლობა. ბრმად არასოდეს არ მჯერა ის, რასაც ამბობენ.
- რით შეგიძლიათ, იამაყოთ?
- მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, დიპლომი რომ მივიღეთ, ვთქვით: -ახლა რა ვქნათ? - წიგნი უნდა დავწეროთ და ბავშვი ვიყოლიოთ - ეს ორი რამაა, რაც სიკვდილს ამარცხებს.- ჩემს მეგობარს ერთი ქალიშვილი ჰყავს და 15 წიგნი აქვს დაწერილი. მე - ორი შვილი და 40 წიგნი. ბედნიერები ვართ.
- რა არის აუცილებელი, რომ მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარო?
- ეგ იმას უნდა ჰკითხოთ, ჰა-ჰა.
- თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ?
- მთავარი ერთგულებაა. კარგი ქმარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთგულებას ვაფასებ.
- სიკვდილი არ გაშინებთ?
- ჩვენ, ფილოსოფოსებს, გვესმის, რომ ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა, მაგრამ მინდა, რომ ბოლო წუთს ლამაზი სიტყვები ვთქვა.
- უკვე მოიფიქრეთ?
- უკვე ავარჩიე, რისი ამოტვიფრა მინდა ჩემი საფლავის ქვაზე - ესაა უკანასკნელი სიტყვები კამპანელას დიალოგიდან -მზის ქალაქი-: -მოიცა, მოიცა - არ შემიძლია, არ შემიძლია-.


თარგმანა ნინო ქაჯაიამ.



Last edited by გამრიგე on Tue Dec 21, 2010 2:51 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Tue Dec 21, 2010 2:16 pm



მარტინ არმსტრონგი

პოეტები და დიასახლისი


თარგმანი ინგლისურიდან - ნინო ქაჯაია

იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინ იყო ორი პოეტი. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ამ ორმა პოეტმა გამოიკეტა სახელოსნოს კარი და დაადგა გზას ქვეყნიერებაზე სახეტიალოდ და ტექსტების საძიებლად, რადგან თვითონ შთაგონების წყარო დაეშრიტათ.
არც ის დავიწყნიათ, რომ დაუდევრად უნდა სცმოდათ: ერთმა შავი საყელო გაიკეთა და შავ-თეთრ, კუბოკრულ შარვალში გამოეწყო, მეორემ ბობოქარი ალისფერი ჰალსტუხი გამოისკვნა, რადგანო, - ფიქრობდნენ პოეტები "თუმცა, რასაკვირველია, ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ", - ჩაცმულობით უნდა გამოვირჩეოდეთო. ფართოფარფლებიანი, შლეგური ქუდები ეხურათ და ამ ქუდებიდან თმა თავხეებიან საბძელზე დამხობილი თივასავით ჰქონდათ გამოჩრილი.
მოგზაურობდნენ, სიარულისას ხან აქ ჩაარჭობდნენ ხელჯოხებს, ხან იქ და ცდილობდნენ, მიეკვლიათ იმისთვის, რასაც ეძებდნენ. ამასობაში მათ თავზე გადმომდგარი ცა საშინელი ქარიშხლისთვის ემზადებოდა.
თავის დროზე ქარიშხალიც ამოვარდა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პოეტებმაც თავი ანებეს ტექსტების ძებნას და სასწრაფოდ კუნელის ბუჩქს შეაფარეს თავი. დროდადრო ღმერთმა უწყის, საიდან ჩამოკვესებული შუქი წამით გაანათებდათ ხოლმე და გამოჩნდებოდა, როგორ იდგნენ - ორი ამაყი, უცხო ფრინველივით.
კუნელის ბუჩქის შორიახლოს ერთი პატარა სახლი იდგა. სახლის პატრონის ცოლმა გარეთ გამოიხედა და ის ორი რომ დაინახა, წამოიძახა: "ღმერთო, გადმოხედე ერთი, წვიმამ რა მოიყოლა!" ამის თქმა იყო და წვიმამ საშინლად იმატა.
ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ისევ გამოიხედა. პოეტებს ვეღარ იცნობდით, ელვარება გაჰხუნებოდათ, თმა წვიმისგან ჩამოსწუწოდათ, მეწამული ჰალსტუხი ნესტისგან ჟოლოსფერად ქცეულიყო, ყველა მხრიდან წვიმის წვეთები სცვიოდათ.
დიასახლისი დადარდიანდა მათი შემხედვარე და გასძახა: "ჭაბუკებო, შინ ხომ არ შემობრძანდებით? რას დამდგარხართ მგლოვიარე ყანჩებივით, თქვენთვის კარი ღია მაქვს, არ გირჩევნიათ, სახურავქვეშ, მხიარულად მოჭიკჭიკე ბეღურებს დაემსგავსოთ?"
მაგრამ მათ თავაზიანად დაუკრეს თავი და მიუგეს: "უღრმესი მადლობა, მადამ, მაგრამ ჩვენ პოეტები ვართ და მოგვწონს ასე დგომა."
გულმოსულმა დიასახლისმა დამცინავი ღიმილით განაცხადა: "ნამდვილად გადაამლაშეთ." მაგრამ პოეტებმა საყვედურით გაუღიმეს და უპასუხეს: "მადამ, თქვენ მოგწონთ, მშრალი რომ ბრძანდებით." "თქვენ კი, - განაცხადა ქალმა, - გირჩევნიათ, გალუმპულები იდგეთ." მერე ფანჯარა მიაჯახუნა, თვალები აღაპყრო და რიტორიკულად იკითხა: "გინახავთ?" და "ამის მერე რაღას...?"
თავსხმამ კიდევ უფრო დაუშვა, წყალმა ერთი ფუტის სიმაღლეზე აიწია და ყველაფერი დატბორა.
ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ისევ გამოიხედა გარეთ. ის ორნი კიდევ უფრო ახლოს მისჩოჩებოდნენ კუნელის ბუჩქს და ახლა ორ ბებერ ყვავს ჰგავდნენ, რადგან მხრები მაწლა აეწიათ, ნისკარტები - დაბლა, და უსაშველოდ გაბურძგნულები იდგნენ.
და ისევ გასძახა, რადგან გულმოწყალე ქალი იყო: "ო, საბრალო ჯენტლმენებო, გაფიცებთ ცივილიზაციასა და საღ აზრს, შემობრძანდით."
მაგრამ პოეტებმა ქალისკენ მიხედვაც ვერ გაბედეს, წყალი კისერში არ ჩაგვივიდესო, ასე რომ, მთელი ტანით მიტრიალდნენ და მიუგეს: "კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას, მადამ, მაგრამ ძალიან კარგად ვართ, რადგან ტექსტებზე ვფიქრობთ." და ამ წარღვნაში მიზნის სერიოზულობის სრული შეგნებით მოიკუნტნენ.
მაგრამ სახლის პატრონის ცოლმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა სიტყვა ტექსტი, ასე რომ, უზომო განცვიფრებისგან ენა ჩაუვარდა.
ქარიშხალმა გული იჯერა და ჩადგა: არემარეს ღრმად მსუნთქავი ფოთლების ნაზი სურნელი მოეფინა და ჰაერში კუნელის თბილი, მოტკბო არომატი დატრიალდა.
და როცა სახლის პატრონის ცოლმა მეოთხედ და უკანასკნელად გაიხედა ფანჯრიდან, პოეტები იქაურობას უკვე ტოვებდნენ და მათი გარეგნობის ტრაგიკულობას ვერაფერი შეედრებოდა. ერთს ჰალსტუხის მეწამული ფერი პერანგის წინა კალთაზე გადაუვიდა და ახლა კაცს ეგონებოდა, ზედ მაყვლის ლიქიორი გადაუსხიაო. ორივე თავიდან ფეხებამდე გალუმპული იყო.
როცა პოეტები შინ დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთს პერანგი გახდომოდა გადასაგდები, მეორე გაციებას ვერ გადარჩენოდა. ასე რომ, პირველი გავიდა და ახალი პერანგი იყიდა შვიდნახევარ პენსად, მეორემ - შილინგიანი ქინაქინა და შედარებით იაფად გამოვიდა.
ერთმა დაწერა ოდა, სათაურით ზაფხულის ქარიშხალი, რომელშიც ხუთი გინეა გადაუხადეს, ასე რომ "საფოსტო მარკებში გადახდილ ოთხ პენსსა და პერანგის ფულს თუ გამოვაკლებთ", სუფთა მოგება ოთხი ფუნტი, ჩვიდმეტი შილინგი და რვა პენსი გამოუვიდა.
მაგრამ მეორემ სხვა ვერაფერი მოახერხა, გარდა ერთგინეიანი სონეტისა, რომელსაც დაარქვა წვიმა ფოთლებს შორის, ასე რომ "მარკებში გადახდილ ოთხ პენსსა და ქინაქინის შილინგს თუ გამოვაკლებთ" სუფთა მოგება ცხრამეტი შილინგი და რვა პენსი გამოუვიდა.
ამდენად, საბოლოოდ შერჩათ ორი საჭირო ტექსტი "კაცმა რომ თქვას, ამასაც არ ელოდნენ" და მთლიანად თანხა - ხუთი ფუნტი, თექვსმეტი შილინგი და ათი პენსი.
მაგრამ სახლის პატრონის ცოლს ეს ამბავი არ გაუგია. ასე რომ, საქმეში ჩაუხედავი ბევრი სხვა ადამიანისა არ იყოს, მასაც დღემდე სჯერა, რომ პოეტები მხოლოდ არაპრაქტიკული მეოცნებეები არიან, და სხვა არაფერი შეუძლიათ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Tue Dec 21, 2010 2:58 pm



ავტორი – უილიამ გოლდინგი - Sir William Gerald Golding (19 September 1911 – 19 June 1993) - http://en.wikipedia.org/wiki/William_Golding
ISBN 978-99441-15-210-8
გამომცემლობა – სულაკაური
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 304
წელი – 2010
ფასი – 6.00



ISBN: 978-9941-15-348-8
კატეგორიები: თარგმნილი პროზა
მსოფლიო კლასიკა
ტეგები:
გვერდების რაოდენობა: 224
ყდა: მაგარი
ფორმატი: 15x22
გამოცემის თარიღი: 2011
წონა: 0კგ
ფასი: 11.9 ლარი


1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. 2008 წელს ჟურნალმა `ტაიმსმა~ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა.

უილიამ გოლდინგი მუშაობდა მასწავლებლად, მოღვაწეობდა თეატრში, პოეზიაში, მუსიკაში, იბრძოდა საზღვაო ძალებში. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი `ბუზთა ბატონი~ (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, `რობინზონიადას~ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული.

"ბუზთა ბატონი" გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.

ბმული – http://sulakauri.ge/books/single/535/


ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ გოლდინგის ყველაზე გახმაურებული და ცნობილი ალეგორიული რომანი ”ბუზთა ბატონი”, გასული საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიო მასშტაბით ბესტსელერად იქცა. ეს არის ავიაკატასტროფის შედეგად კუნძულზე აღმოჩენილი ბავშვების ამბავი, რომლებიც შექმნიან სახელმწიფოს, მაგრამ...

Arrow

მიქელ ირემაძე


უილიამ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი"

უმანკოების დასასრული


არაცნობიერში შემალული კერპი - ღორის გახრწნილი თავი


უილიამ გოლდინგი, "ბუზთა ბატონი". ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2002.

შარშან გამოცემულ ნათარგმნ წიგნთა შორის, მხატვრული ღირსებებით თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მსოფლმხედველობრივად მაინც, "ბუზთა ბატონი", უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ინტერესის აღმძვრელია: 1954 წელს გამოქვეყნებულმა ამ რომანმა თავის დროზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპელებზე, რომ სამი ათწლეულის შემდეგ (1983 წელს) მის ავტორს ლამის მხოლოდ "Lord of the Flies"-ისთვის მიენიჭა ნობელის პრემია.
საშუალო დონის პოეტსა და თეატრალს, 40 წელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებელს უილიამ გოლდინგს, ძალიან გაუმართლა, როცა გადაწყვიტა შეექმნა ერთგვარი პაროდიული "ანტითეზისი" რ.მ. ბალანტაინის საბავშვო სათავგადასავლო წიგნისა "მარჯნის კუნძული" (1858) - ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი რობინზონადისა, სადაც ველური კუნძულის ცივილიზატორების როლში ბავშვები, ბიჭები გვევლინებიან.
არსებითად, გოლდინგის სამიზნეს წარმოადგენდა სწორედ რობინზონის არქეტიპი - განმანათლებლობის ეპოქაში შობილი მითი ველური ბუნების პირისპირ დარჩენილი ცივილიზებული ადამიანის ნების ყოვლისშემძლეობაზე. რომანი, პირიქით, სწორედ ბუნების ველური, ანტიკულტურული ძალის ძლევამოსილებაზე მოგვითხრობს.
ინგლისური კულტურის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელსაც მწერალი დაუპირისპირდა, იყო უოდსორთისეულ-ვიქტორიანული ტრადიცია ბავშვების ანგელოსების მსგავს, უცოდველ არსებებად წარმოდგენისა. და თუმცა დასავლურ მეცნიერებაშიც (ზ. ფროიდი და მისი სკოლა) და ხელოვნებაშიც (ერთი მაგალითი: ლ. ბენუელის "დავიწყებულნი") იმ დროისთვის უკვე ბევრი რამ იყო გაკეთებული ბავშვის სულიერი სამყაროს შეულამაზებლად ასასახავად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების (და, მაშასადამე, საერთოდ, ადამიანურ არსებათა) არაცნობიერის წყვდიადით მოცულ უფსკრულებში მიმალული კაციჭამია ურჩხული ისე გაბედულად და უშეღავათოდ არავის დაუხატავს, როგორც უ. გოლდინგს. ვფიქრობ, ასეთი რადიკალურობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საკონცენტრაციო ბანაკების გამოცდილებამ თვალნათლივ გამოაჩინა "ცივილიზებული ადამიანის" სულში კულტურულობის თხელი ფენის მიღმა დამალული დამფრთხალი და გაავებული კანიბალი.
ტრადიციებს რაც შეეხება, უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კუნძულის თემა (და აგრეთვე იდეაც), ალბათ, ისე მრავალფეროვნად არსად არის დამუშავებული, როგორც ინგლისურ მწერლობაში: გავიხსენოთ "რობინზონ კრუზო", "გულივერის მოგზაურობა" და, თუნდაც, სარეცენზიო წიგნში ნახსენები "განძთა კუნძული". პირდაპირ უნდა ითქვას, მწერლური ოსტატობის თვალსაზრისით უ. გოლდინგი აშკარად ჩამოუვარდება დიდ წინამორბედებს: როგორც მთხრობელი, იგი რ.ლ. სტივენსონს ვერ შეედრება და არც ის ძალუძს, დანიელ დეფოს მსგავსად, მომნუსხველ პროზად აქციოს დაღუპული გემიდან კუნძულზე გადმოზიდული ნივთების ვრცელი ჩამონათვალი. უ. გოლდინგის მიერ დახატული ტროპიკული კუნძული საშინლად ბუტაფორულია და სრულიად უინტერესო. გასაგებია, რომ მწერალი ცუდად იცნობდა მარჯნის კუნძულებს, მაგრამ დ. დეფომ, რომელსაც შეუდარებლად უფრო მწირ მასალაზე მიუწვდებოდა ხელი, რამდენიმე მოგზაურის ჩანაწერებზე დაყრდნობით, როგორღაც შეძლო ათასგზის უფრო დამაჯერებლად დაეხატა "თავისი" კუნძული.
კუნძულზე მოხვედრილი ბავშვების ცხოვრება და შრომა, თვით ცეცხლის დანთება და ნადირობაც კი, მეტისმეტად უფერულად არის აღწერილი. მწერალმა ისიც კი "მოახერხა", რომანის დასაწყისში მთელ კუნძულზე აგიზგიზებული ხანძრის ამბავი, სადაც პატარა ბავშვი იღუპება, ისე უფერულად მოეთხრო, რომ ამასთან შედარებით "სინდისიანად ნაკეთებ" ძველმოდურ პროზაში გულმოდგინედ აღწერილი ნებისმიერი კოცონი, ბუხარი ან ღუმელი, ალბათ, ბევრად უფრო "ცეცხლოვანი" მოგვეჩვენებოდა.
დიახ, უილიამ გოლდინგი სხვა სფეროში იძენს ძალას... და თანაც ისეთ შემზარავ ძალმოსილებას, ნაკლებსასტიკი ეპოქების შვილებს რომ არც დაესიზმრებოდათ.
ოღონდ, ცხადი რომ გახდეს, რა სფეროა ეს, საჭიროა, ძალიან მოკლედ მაინც გადმოვცე რომანის სიუჟეტური ხერხემალი.
თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ბავშვები (რატომღაც მხოლოდ ბიჭები) უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რომანში ძუნწად მიმობნეული რამდენიმე ფრაზით მიხვდები, რომ დედამიწაზე საშინელი ომი ბობოქრობს (ამასთან, ბრიტანელები "წითლებს" ეომებიან) და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს. ერთ-ერთი ბიჭი, რალფი, დიდ ნიჟარას იპოვის, რომელიც საყვირის ხმას გამოსცემს, გაბნეულ ბავშვებს შეკრებს და მათი ბელადი ხდება. მეორე პოტენციური ლიდერი, - მარჯვე და ღონიერი ჯეკი, - ღორებზე ნადირობას იწყებს.
თავიდან ბიჭები ცდილობენ შეინარჩუნონ გარესამყაროსკენ მიმართული სასიგნალო ნიშანი - კოცონის ბოლი (ეს მისწრაფება ცივილიზაციისკენ ბელად რალფში არის პერსონიფიცირებული). მაგრამ, რაც დრო გადის, ნელინელ იმარჯვებს ბუნებიდან მომდინარე ველური ძახილი (რომელიც ჯეკშია ხორცშესხმული) - ბიჭები სახის ველურებივით მოხატვას და ნადირობას იწყებენ; თანაც, სულ უფრო მეტად ექცევიან ინსტინქტების ტყვეობაში და კარგავენ "ადამიანურ სახეს" (უფრო სწორად, იშორებენ მათ სახეზე ცივილიზაციისგან მორგებულ ნიღაბს და ველური ურცხვობით აშიშვლებენ პირველყოფილ მისწრაფებებს).
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოებში ლამის დასაწყისიდანვე არის საუბარი ურჩხულის შესახებ. თავიდან ურჩხული აშკარად ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია - პატარა ბიჭს, მერე ხანძარმა რომ იმსხვერპლა, ლიანები გველეშაპად ეჩვენება. მერე უკვე, თითქმის ყველას, ურჩხული საჰაერო ბრძოლის შემდეგ მთის წვერზე ჩამოვარდნილი მკვდარი პარაშუტისტი ჰგონია. ოღონდ, მკითხველმა თავიდანვე იცის ყველაფერი; რაღაც სხვა ზღაპრული არსება კი ნაწარმოებში არც გამოჩნდება და, სტილისტიკიდან გამომდინარე, არც შეიძლება გამოჩნდეს...
და მაინც, თანდათან ურჩხული სულ უფრო რეალური და ძლიერი ხდება... და რაც უფრო მეტად ძლიერდება ურჩხული, მით მეტ მხატვრულ ძალას და დამაჯერებლობას იძენს რომანი.
ურჩხული ყოველი კუთხე-კუნჭულიდან უთვალთვალებს მონადირე ბავშვებს და ისინი ვერ ერევიან გრძნობას, რომ ვიღაც განუწყვეტლივ ნადირობს მათზე. მერე ამ მონსტრის თავშესაფარიც აშკარავდება - თურმე იგი ბავშვების სულში ყოფილა შემალული და იქიდან მოითხოვს სისხლიან მსხვერპლს (ჯერჯერობით მხოლოდ ღორებს). და აი, როცა ჯეკი მიწაში ჩარჭობილ ჭოკზე ნანადირევი ღორის თავს ჩამოაცვამს, ურჩხული მატერიალიზდება - იგი ხორცს (ამ შემთხვევაში, მკვდარი ღორის მზეზე ლპობად ხორცს) შეისხამს და კუნძულზე განუყოფელ ბატონობას იწყებს.
ამ ახალი კერპის - "ბუზთა ბატონის" (აყროლებულ ხორცს უშქორი ბუზი ესევა) - ხმას თავდაპირველად ეპილეფსიანი უთქმელი საიმონი გაიგონებს, რომელიც ყველაზე უკეთ ხედავს ურჩხულის ნამდვილ ბუნებას და შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობასაც უწევს მას: ველურ ძახილს არ ემორჩილება.
"- გაფრთხილებ, ცოტაც და გავცოფდები - ეუბნება მთიდან ქვემოთ ბავშვებისკენ მიმავალ საიმონს ღორის სარზე ჩამოცმული კბილებდაკრეჭილი თავი - მშვენივრად იცი, რომ ქვემოთ ჩახვალ თუ არა, იქ დაგხვდები..."
შეღამებისას სანაპიროზე ჩასული საიმონი რიტუალურ ცეკვაში ჩაბმულ ბიჭებს ურჩხულად მოეჩვენებათ და ჯოხებით ჩაქოლავენ, კლანჭებით და კბილებით დაანაკუწებენ მას. მეორე დღეს ბავშვებს ყველაფერი ახსოვთ, მაგრამ თავს არ უტყდებიან, რომ თანატოლი მოკლეს.
გაივლის ცოტა ხანი და "ველურები" ახლა უკვე თავის მოკატუნების გარეშე, გამიზნულად მოკლავენ ასთმიან ბიჭს - სქელ და უწყინარ ღუტას, რომელსაც უკვე მხოლოდ ფიზიკური უძლურებაც კი იძულებულს ხდის, ბოლომდე ცივილიზებულ არსებად დარჩეს.
დაბოლოს, - მთელი რომანის კულმინაცია, - იწყება დაუნდობელი ნადირობა რალფზე, რაშიც ყველა ცოცხლად დარჩენილი ბიჭი მონაწილეობს (გარდა პატარებისა, რომლებიც რომანში რაღაც ბუნდოვანი ფუნქციის მქონე ფონს კი ქმნიან, მაგრამ მოქმედებაში თითქმის არ მონაწილეობენ). ნადირობის ნამდვილი მიზანი ნაწარმოებში გაკვრით, მაგრამ მკაფიოდ არის მინიშნებული: ღუტას მკვლელმა, როჯერმა (ყველა ნიშნით, ჯეკის მომავალმა მეტოქემ და "ბუზთა ბატონის" ახალმა ფავორიტმა) უკვე გაამზადა ორმხრივ წამახული ჯოხი... არსებითად, ეს არის "რიტუალურ-კერპშემოქმედებითი" ფუნქციით დატვირთული ნადირობა ველურობის ახალ ფაზაზე - კანიბალობაზე გადასასვლელად, რაც ახალ კერპსაც მოითხოვს: ღორის თავის ნაცვლად, სარზე ადამიანის თავი უნდა იქნას წამოგებული.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ნაწარმოების ბოლო, ყველაზე უფრო სასტიკი თავები საშინელი ძალითაა დამუხტული და, კერძოდ, ასეთივეა რალფზე ნადირობის დინამიკურად და უშეღავათოდ დაწერილი სცენაც, როცა მსხვერპლის ჟინით ატანილი ბავშვები ტყეს ცეცხლს წაუკიდებენ.
მით უფრო ხაზგასმით ყალბი და არადამაჯერებელია ფინალი - "ველურების" მიერ ფაქტობრივად უკვე შეპყრობილ რალფს მეზღვაურები გადაარჩენენ. თუმცა, ძნელია, მწერალს კომპრომისი უსაყვედურო - ეს ხომ, ნამდვილი "ჰეფი ენდი" კი არა, მხოლოდ პაროდიაა მასზე, რასაც კარგად ჰგუობს ამ ფილოსოფიური იგავის ჟანრული კანონები.
და ნაწარმოების ბოლოს, რალფის ისტერიული ქვითინი უმანკოების დასასრულზე, არსებითად, ეს არის თვით ავტორის ომისგან თვალახელილი ფხიზელი და უშიშარი მოაზროვნის გლოვა "ცივილიზაციურ-კულტურულ" ილუზიათა სამოთხის განადგურების გამო.

© “წიგნები – 24 საათი”
წყარო: http://arili2.blogspot.com/2009/05/blog-post_07.html


Lord of the Flies is a novel by Nobel Prize-winning author William Golding - http://en.wikipedia.org/wiki/Lord_of_the_Flies

study


Last edited by Admin on Wed Nov 16, 2011 4:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Wed Dec 29, 2010 1:57 pm

ადელაინ ვირჯინია ვულფი - (ინგლ. Adeline Virginia Woolf) (ქალიშვილობის გვარით: სტივენი – ინგლ. Stephen), (დ. 25 იანვარი, 1882 – გ. 28 მარტი, 1941) იყო ინგლისელი მწერალი და ესეისტი, აღიარებული, როგორც მეოცე საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა.


Gisèle Freund. Virginia Woolf, 1939. National Portrait Gallery, London. Purchase, 1990, NPG 440. (Image: © The Estate of Gisèle Freund, courtesy of National Portrait Gallery, London)


ვირჯინია ვულფი

მემკვიდრეობა

“სისი მილერს”... ჯილბერტ ქლენდონმა თავისი ცოლის სასტუმრო ოთახში, პატარა მაგიდაზე მიმობნეული სამკაულებიან მარგალიტის გულქანდი ამოარჩია და მიძღვნა წაიკითხა: “სისი მილერს. სიყვარულით.”
ასეთი იყო ანჯელა _ თავისი მდივანი, სისი მილერიც კი არ დავიწყნია. ჯილბერტმა კიდევ ერთხელ იფიქრა, რა უცნაურია, რომ ყველაფერი მოწესრიგებული დატოვაო _ ყველა მეგობრისთვის პატარა საჩუქარი. თითქოს გული უგრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. არადა, საღსალამთი გავიდა სახლიდან ექვსი კვირის წინ, იმ დილით, პიკადილიზე ტროტუარიდან რომ ჩამობიჯა და მანქანა დაეჯახა.
ქლენდონი სისი მილერს ელოდებოდა. თვითონ სთხოვა მოსვლა. გრძნობდა _ მას მერე, რაც ქალმა ამდენი წელი გაატარა მათ ოჯახში, ყურადღების გამოჩენა ევალებოდა. ახლა იჯდა და ელოდა. დიახ, განაგრძო ფიქრი, უცნაურია, რომ ანჯელამ ყველაფერი ასე მოწესრიგებული დატოვა. ყველა მეგობარს დაუტოვა რამე სიყვარულის ნიშნად, ყველა ბეჭედს, ყველა ყელსაბამს, ყველა ჩინურ ზარდახშას _ გიჟდებოდა პატარა კოლოფებზე _ სახელი ეწერა. ყოველი მთგანი რაღაცას აგონებდა ქლენდონს. ეს თვითონ აჩუქა; ამას _ ლალისთვალებიან, მინანქრის დელფინს _ ანჯელა წააწყდა ვენეციის ვიწრო ქუჩაში. გაახსენდა: ქალმა თავი ვერ შეიკავა და აღტაცებისგან წამოიყვირა. ქმრისთვის, რასაკვირველია, გამორჩეული არაფერი დაუტოვებია, დღიურს თუ არ ჩავთვლით. უკან, ანჯელას საწერ მაგიდაზე, თხუთმეტი პატარა, ტყავგადაკრული წიგნაკი იდო. რაც იქორწინეს, მას მერე ქალი დღიურს წერდა. ერთი-ორჯერ _ წაიჩხუბნენო, ვერ იტყოდა, _ წაკინკლავდნენ კიდეც ამ დღიურის გამო. როცა წერისას შეუსწრებდა, ანჯელა რვეულს ყოველთვის ხურავდა, ან ხელს აფარებდა. “არა, არა, არა. _ ეტყოდა ხოლმე, _ როცა მოვკვდები... მაშინ.” ასე რომ მემკვიდრეობად დღიური დაუტოვა. ეს იყო ერთადერთი, რაც საზიარო არ ჰქონდათ ქალის სიცოცხლეში. მაგრამ ქლენდონი ყოველთვის ფიქრობდა, რა თქმა უნდა, მე უფრო ადრე მოვკვდებიო. ანჯელა წუთით რომ არ შეყოვნებულიყო და ეფიქრა, რას აკეთებდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ მძღოლმა გამოძიებისას განაცხადა, თავაღერილმა ჩამოაბიჯა ტროტუარიდან, ერთი ბეწო საშუალებაც არ მომცა, რომ ამეცილებინაო... ჰოლიდან შემოსულმა ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა.
_ მის მილერი, სერ, _ მოახსენა მოახლემ.
ქალი შემოვიდა. ქლენდონი პირველად ხედავდა მარტო და რასაკვირველია, პირველად ხედავდა აცრემლებულს. უსაზღვროდ დამწუხრებული იყო. არცაა გასაკვირი. ანჯელა მისთვის დამქირავებელზე გაცილებით მეტი გახლდათ. მეგობრობას უწევდა. როცა სკამი გამოსწია და სთხოვა, დაბრძანდითო, გაიფიქრა, მე თუ მკითხავ, არაფრითაც არ გამოირჩევა ამ ყაიდის ქალებისგანო. ქვეყნად ათასობით სისი მილერიო დაიარებოდა _ აჩაჩული, პატარა ტანის ქალები, მუდამ შავი პორთფელი რომ ეჭირათ. მაგრამ ანჯელა თანაგრძნობისთვის იყო დაბადებული, ათასნაირი ღირსება აღმოუჩინა სისი მილერს. გონიერი ქალიაო, ზედმეტად კრინტს არ დაძრავს, რა ერთგულია, ყველაფერი შეიძლება ვანდოო და ასე შემდეგ.
მის მილერს თავდაპირველად უჭირდა ლაპარაკი, იჯდა და თვალებზე ცხვირსახოცს იდებდა. მერე ხმის ამოღება სცადა. _ ბოდიშს ვიხდი, მისტერ ქლენდონ.
კაცმა რაღაც დაიჩურჩულა. რასაკვირველია, მესმის, ბუნებრივია, წარმომიდგენია, რა იყო თქვენთვის ჩემი ცოლიო.
_ რა ბედნიერი ვიყავი აქ, _ თქვა ქალმა და იქაურობას თვალი მოავლო. კაცის ზურგს უკან, საწერ მაგიდაზე შეაჩერა მზერა. აქ მუშაობდნენ ხოლმე _ ის და ანჯელა. მდივნის შემწეობით ართმევდა თავს ქალბატონი იმ უამრავ მოვალეობას, პოლიტიკოსის ცოლს რომ აწვა მხრებზე. ანჯელა რომ არა, ქლენდონს გაუჭირდებოდა კარიერის გაკეთება. კაცი ხშირად ხედავდა, როგორ ისხდნენ საწერ მაგიდასთან _ ანჯელა კარნახობდა, სისი ბეჭდავდა. უთუოდ მის მილერიც ამას იხსენებდა. ახლა ცოლის დატოვებულ გულქანდს გადასცემს, სხვა რაღა შეუძლია. ისე, ერთობ უადგილო საჩუქარი კი გამოვიდა _ სჯობდა, ფული დაეტოვებინა, ან თუნდაც საბეჭდი მანქანა, მაგრამ ეს იყო, რაც იყო _ “სისი მილერს. სიყვარულით.” გულქანდი აიღო და გადასცა, თან წინასწარ მომზადებული სიტყვაც მოაყოლა: ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძვირფასი ნივთი იქნება, ჩემს ცოლს ხშირად ეკეთაო... ქალმაც გამოართვა და ისე უთხრა, ამას განძივით შევინახავო, თითქოს თვითონაც წინასწარ მომზადებულიყოს. ქლენდონმა იფიქრა, იმედია, სხვა ტანსაცმელიც ექნება, ისეთი, მარგალიტის გულქანდი ცოტათი მაინც რომ მოუხდესო. გაქუცული შავი პალტო და ქვედატანი ეცვა _ მდივნის ფორმასავით. მერე გაახსენდა _ ჰო, აბა რა, ძაძა ეცვა, ამასაც თავისი უბედურება ჰქონდა _ ანჯელას სიკვდილამდე ერთი-ორი კვირით ადრე საყვარელი ძმა დაეღუპა. რა იყო, როგორ მოხდა? ავარიაში? აღარ ახსოვს, ცოლი რაღაცას ეუბნებოდა. ანჯელა თანაგრძნობისთვის იყო დაბადებული და საშინლად დაამწუხრა ამ ამბავმა. ამასობაში სისი მილერი წამოდგა, ხელთათმანები წამოიცვა. ეტყობა, იგრძნო, რომ აღარ უნდა შეეწუხებინა, მაგრამ ქლენდონი ისე ვერ გაუშვებდა, მომავალზე რომ არ ეთქვა რამე. რას აპირებდა? დახმარება ხომ არ შეეძლო?
ქალი საწერ მაგიდას მისჩერებოდა _ იმ ადგილს, სადაც იჯდა ხოლმე, საბეჭდ მანქანასთან; სადაც ახლა დღიური იდო. ანჯელაზე ფიქრმა თავი წაართვა და როცა კაცმა შესთავაზა, დაგეხმარებითო, მაშინვე არც უპასუხია. ქლენდონს წუთით მოეჩვენა, ვერ გაიგოო და გაუმეორა:
_ ახლა რას აპირებთ, მის მილერ?
_ რას ვაპირებ? აჰ, ყველაფერი რიგზეა, მისტერ ქლენდონ, _ წამოიძახა ქალმა, _ ჩემზე ნუ შეწუხდებით, გეთაყვა.
კაცმა ივარაუდა, ალბათ გულისხმობს, ფინანსური შემწეობა არ მჭირდებაო, მიხვდა, რომ აჯობებდა, წერილობით შეეთავაზებინა რამე. ახლა ისღა დარჩენოდა, რომ ხელის ჩამორთმევისას ეთქვა: “გახსოვდეთ, მის მილერ, თუ რამით შემეძლება დახმარება, სიამოვნებით...” მერე კარი გამოაღო. ქალი ზღურბლზე წუთით შეყოვნდა _ თითქოს უეცრად რაღაც მოაფიქრდაო.
_ მისტერ ქლენდონ, _ პირველად შეხედა პირდაპირ და ქლენდონიც პირველად შესძრა მისმა მზერამ: ქალს თვალებში თანაგრძნობა თუU რაღაცის მოლოდინი ჰქონდა, _ თუ ოდესმე რამით შემეძლება დახმარება, თქვენი ცოლის ხათრით, სიამოვნებით...
გაშორდა და თან გაიყოლა ყოვლად მოულოდნელი სიტყვები და მზერა, თითქოს მართლა სჯეროდა ან იმედი ჰქონდა, ამ კაცს დავჭირდებიო. ოთახში შემობრუნებულ ქლენდონს უცნაური, ალბათ ფანტასტიური აზრი გაუჩნდა. იქნებ, ეს ქალი, როგორც მწერლები ამბობენ, გულში მის სიყვარულს ატარებდა _ ამდენი წლის განმავლონაში, ქლენდონს წესიერად რომ არც შეუხედავს. სარკესთან ჩავლისას საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი. ორმოცდაათამდე იქნებოდა; მაგრამ რაც მართალია, მართალია, სარკემაც უთხრა, რომ ერთობ გამორჩეული გარეგნობის კაცი იყო.
საწყალი მის მილერი! _ თქვა და ჩაეცინა. რა კარგი იქნებოდა, ამაზე ცოლთან ერთად რომ შესძლებოდა ხუმრობა. ინსტინქტურად დღიურს მიუბრუნდა და ალალბედზე გადაშალა: “ჯილბერტი საუცხოოდ გამოიყურებოდა...” ცოლმა თითქოს კითხვაზე უპასუხა. რასაკვირველია, იმის თქმა უნდოდა, ქალებს მიმზიდველად მიაჩნიხარო. რასაკვირველია, სისი მილერიც გრძნობდა ამას. კითხვა განაგრძო. “როგორ მეამაყება მისი ცოლობა!” თვითონაც ყოველთვის ამაყობდა, რომ ანჯელას ქმარი იყო. გარეთ სადილობისას, ერთმანეთს პირისპირ რომ უსხდნენ, რამდენჯერ შეუხედავს და უფიქრია, ასეთი მომხიბვლელი ქალი აქ მეორე არ არისო! კითხვა განაგრძო. იმ პირველ წელიწადს პარლამენტში იყრიდა კენჭს. ორივე ერთად გაემგზავრა ამომრჩეველთა ოლქში. “ჯილბერტი რომ დაჯდა, ტაშმა იგრიალა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ამღერდა: “კაი ბიჭია!” ეს სრული გამარჯვება იყო.” თვითონაც ახსოვდა ეს ამბავი. ანჯელა მის გვერდით, შემაღლებულზე იჯდა. თითქოს ახლაც ხედავდა, როგორ შეავლებდა ხოლმე ქალი თვალს, ცრემლმორეული. მერე? გადაფურცლა. ვენეციაში წავიდნენ. ხსოვნაში გამოიხმო ის ბედნიერი შვებულება არჩევნების შემდეგ. “ფლორიანთან ნაყინი მივირთვით.” გაეცინა _ ბავშვივით უყვარდა ნაყინი. ”ჯილბერტმა ისე საინტერესოდ მიამბო ვენეციის ისტორია! თურმე დოჟები...” ყველაფერი სიტყვასიტყვით ჩაეწერა, მოწაფის ხელით. ანჯელასთან ერთYად მოგზაურობა იმითაც იყო სასიამოვნო, რომ ქალს სწავლა სწყუროდა. საშინლად უვიცი ვარო, ისე იტყოდა, თითქოს სწორედ ამით არ ყოფილიყოს მომხიბვლელი. მერე... მომდევნო წიგნაკი გადაშალა _ ლონდონში დაბრუნდნენ. “გულით მინდოდა, კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა. ჯვრისწერის კაბა მეცვა.” თითქოს ახლაც ხედავდა, როგორ იჯდა ქალი ბებერი სერ ედვარდის გვერდით და თანდათანობით ინადირებდა ამ მრისხანე ბერიკაცის გულს. სწრაფად განაგრძო კითხვა, ერთიმეორის მიყოლებით აღადგენდა სცენებს დღიურის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაგმენტების მიხედვით. “თემთა პალატაში ვისადილეთ... საღამოს, ლავგროუვების წვეულებაზე, ლედი ლ.-მ მკითხა, ხვდებით თუ არა, რა პასუხისმგებლობას განიჭებთ ჯილბერტის ცოლობაო?” მერე წლები მიდიოდა... _ ქლენდონმა საწერი მაგიდიდან კიდევ ერთი წიგნაკი აიღო, _ ქმარი სულ უფრო და უფრო ეფლობოდა სამუშაოში, ცოლიც, რაღა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო ხშირად რჩებოდა მარტო... როგორც ჩანს, ძალიან დარდობდა უშვილობას. “ნეტავ ჯილბერტს ვაჟი ჰყოლოდა!” _ წაიკითხა ერთ ჩანაწერში. უცნაურია, მაგრამ ქლენდონს ამაზე დიდად არ სწყდებოდა გული. ისედაც სავსე, მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. იმ წელიწადს მთავრობაში რაღაც უმნიშვნელო თანამდებობდა მისცეს, მხოლოდ უმნიშვნელო თანამდებობა, მაგრამ ანჯელა წერდა: “ახლა, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი გახდება!” ისე, საქმე რომ სხვაგვარად წასულიყო, იქნებ, ასეც მომხდარიყო. პოლიტიკა თამაშიაო, ფიქრობდა, მაგრამ თამაში ჯერ არ დასრულებულა; ჯერ ორმოცდაათი წლისაა. სწრაფად გადაავლო თვალი წვრილმანებით სავსე გვერდებს; უმნიშვნელო, ბედნიერი, ყოველდღიური წვრილმანებით, ქალის ცხოვრებას რომ შეადგენდა.
მომდევნო წიგნაკი აიღო და ალალბედზე გადაშალა: “რა დოყლაპია ვარ! კიდევ ერთხელ გავუშვი ხელიდან შემთხვევა. მაგრამ მომეჩვენა, რომ ეგოისტობა იქნებოდა, ჩემი საქმეებით შემეწუხებინა, როცა ამდენი საფიქრალი აქვს. თან ისე იშვიათად ვართ მარტო საღამოობით.” რას გულისხმობდა? აჰა, აი, ახსნაც იქვე იყო. ისტ-ენდში სამუშაოზე ამბობდა. “ბოლოს და ბოლოს, მოიკრიბე გამბედაობა და ჯილბერტს ველაპარაკე. ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა, ისეთი გულკეთილობა, უარი არ უთქვამს.” გახსენდა ეს საუბარი. ქალმა უთხრა, ვგრძნობ _ უმაქნისი ვარ და უსარგებლოო. საკუთარი საქმე უნდოდა. რამის გაკეთება სურდა ადამიანების დასახმარებლად. გაახსენდა, რა ლამაზად წამოწითლდა ამ სიტყვებზე; სწორედ ამ სკამზე იჯდა. ქლენდონმა ცოტათი გაახუმრა კიდეც, ჩემი და სახლის მოვლა ეტყობა, არ გყოფნის; ისე, თუკი ეგ გეხალისება, საწინააღმდეგო რა უნდა მქონდესო. რა იყო? რომელიღაც უბანი? თუ კომიტეტი? ოღონდ, პირობა ჩამოართვა, თავი არ დაისნეულოო. მგონი, ამ საქმეებზე დადიოდა ყოველ ოთხშაბათს, უაითჩეფელში. გაახსენდა, როგორ ეჯავრებოდა ის ტანსაცმელი, ქალი ამ დღეს რომ იცმევდა ხოლმე. მაგრამ ეტყობა, ანჯელა საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდა. დღიური სავსე იყო ასეთი ჩანაწერებით: “ვნახე მისის ჯონსი... ათი შვილი ჰყავს... ქმარი ავარიის შემდეგ ცალხელა დარჩა... რა არ ვიღონე, რომ ლილისთვის სამუშაო მეშოვნა.” ქლენდონი გადაახტა. თავისი სახელი ისე ხშირად აღარ ხვდებოდა და ინტერესი გაუნელდა. ზოგიერთი ჩანაწერი არაფერს არ ეუბნებოდა. მაგალითად: “ცხარედ ვეკამათე ბ. მ.-ს სოციალიზმზე.” ვინ იყო ბ. მ.? ამ ინიციალებს ვერ გაშლიდა; იფიქრა, ალბათ ვინმე ქალია, თავის კომიტეტში რომ ხვდებოდაო. “ბ. მ. გამძვინვარებით უტევს მაღალ კლასებს.. კრებიდან ბ. მ.-სთან ერთად დავბრუნდი. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, მაგრამ ისეთი გონებაშეზღუდული კაცია.” ასე რომ, ბ. მ. კაცი ყოფილა _ ერთ-ერთი იმათგანი, საკუთარ თავს რომ ინტელექტუალებს უწოდებენ; ანჯელასი არ იყოს, მძვინვარე და გონებაშეზღუდული ხალხია. შინ მოუწვევია. “ბ. მ. სადილად მოვიდა. მინის ხელი ჩამოართვა!” ძახილის ნიშანმა წარმოსახულ სურათს კიდევ ერთი დეტალი შემატა. როგორც ჩანს, ბ. მ. მოახლეებს ნაჩვევი არ იყო; მინისთვის ხელი ჩამოურთმევია. ეტყობა, იმ უფერულ მუშათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, თავიანთ შეხედულებებს მანდილოსანთა სასტუმრო ოთახებში რომ აფრქვევნ ხოლმე. ჯილბერტი იცნობდა ამ ტიპის ხალხს. ძალიან არ მოსწონდა ეს ბ. მ., ვინც არ უნდა ყოფილიყო. აი, კიდევ. “ბ. მ.-სთან ერთად ლონდონის ტაუერში წავედი... ასე თქვა, ბრიყვთა სამოთხეში ვცხოვრობთო.” ზუსტად ასეთი რამ უნდა ეთქვა ბ. მ.-ს, _ ჯილბერტს თითქოს მისი ხმაც ესმოდა. საკმაოდ მკაფიოდაც ედგა თვალწინ _ ჯმუხი, ტანდაბალი კაცი იქნებოდა; უხეში წვერი, წითელი ყელსახვევი. როგორც ყველა მათგანს, ამასაც ტვიდის კოსტუმი ეცმევა. თავის სიცოცხლეში ერთი დღეც არ უმუშავია პატიოსნად. ანჯელას უთუოდ ეყოფოდა ჭკუა, რომ თავი არ გაეცურებინა, არა? კითხვა განაგრძო. ”ბ. მ.-მ ძალიან უსიამოვნო რაღაცეები თქვა ...-ზე.” სახელი გულმოდგინედ იყო გადაშლილი. ”მე ვუთხარი, მეტს აღარ მოვისმენ ...-ს შეურაცხყოფას-თქო.” სახელი აქაც წაშლილი იყო. ნეტავ მისი სახელი ხომ არ არის? ალბათ ამიტომაც დააფარა ანჯელამ ფურცელი ისე სწრაფად, ქლენდონი რომ შევიდა. ამაზე ფიქრმა კიდევ უფრო გაუმძაფრა უამური გრძნობა ბ. მ.-ს მიმართ. რატომ არასოდეს უთქვამს ანჯელას ამ კაცის ამბავი? საერთოდ, არაფრის დამალვა არ იცოდა. გულწრფელი ქალი იყო. გადაფურცლა. იმ ადგილებზე ჩერდებოდა, სადაც ბ. მ. იყო ნახსენები. “ბ. მ.-მ თავის ბავშვობაზე მიამბო. დედამისი თურმე დღიურ მოსამსახურედ დადიოდა, ქირით... ამაზე რომ ვფიქრობ, მიჭირს ფუფუნებაში ცხოვრება... სამ გინეას ქუდში ვიხდი!” საწყალი ანჯელა! ამ გაუგებარ საკითხებზა თავისმტვრევის ნაცვლად ერთხელ მაინც ეთქვა რამე ქლენდონისთვის! იმ ჯეელმა წიგნები ათხოვა: კარლ მარქსი, “დამდეგი რევოლუცია”. ეს ინიციალები: ბ. მ., ბ. მ., ბ. მ., _ წამდაუწუმ ხვდებიდა. კი მაგრამ სრული სახელით რატომ არასოდეს ახსენებდა? ინიციალებით ხსენებაში იყო რაღაც არაოფიციალური, ინტიმური. ანჯელა ასეთი არ გახლდათ. პირში ბ. მ.-ს უძახდა? კითხვა განაგრძო. “ბ. მ. ნასადილევს, მოულოდნელად მოვიდა. საბედნიეროდ, მარტო ვიყავი.” ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ მომხდარა. “საბედნიეროდ... _ რატომ საბედნიეროდ? _ მარტო ვიყავი.” თვითონ სადღა იყო იმ ღამეს? თავის წიგნაკში ეს თარიღი მოძებნა. მენზონ ჰაუსში სადილი გამართულა. მაშ ბ. მ.-მ და ანჯელამ საღამო მარტო გაატარეს! ცდილობდა, ხსოვნაში გამოეხმო ის საღამო. იქიდან დაბრუნებულს ელოდა თუ არა ცოლი? ოთახი ჩვეულებრივ გამოიყურებოდა? მაგიდაზე ჭიქები ელაგა? სკამები ერთმანეთთან ახლოახლოს ხომ არ იყო მიწეული? ვერაფერს ვერ იხსენებდა _ სრულიად ვერაფერს. საკუთარი სიტყვის გარდა მენზონ ჰაუსის სადილზე. სულ უფრო და უფრო აბნევდა ეს სიტუაცია: მისი ცოლი უცხო კაცს მარტო იღებს. იქნებ, მომდევნო წიგნაკმა აუხსნას რამე. ნაჩქარევად მისწვდა ბოლ;ო წიგნაკს _ დაუმთავრებელი რომ დარჩა ანჯელას. პირველივე გვერდზე ისევ ის დაწყევლილი ჯეელი შემოეფეთა. “მარტო ვისადილე ბ. მ.-სთან ერთად... ძალიან აღელდა. მითხრა, დროა, ერთმანეთს გავუგოთო. ვცადე, რამე მეთქვა, მაგრამ არ მომისმინა. დამემუქრა, თუ არ...” დანარჩენი გადაშლილი იყო. პირვანდელი ასოები მთელ გვერდზე ერთი და იგივე სიტყვით დაეფარათ: “ეგვიპტე, ეგვიპტე, ეგვიპტე.” ვეღარაფერს ვეღარ არჩევდა, მაგრამ ერთადერთი აზრი შეიძლებოდა, გამოგეტანა: იმ არამზადამ საყვარლობა სთხოვა. მარტო, მის ოთახში! ჯილბერტ ქლენდონს სახეზე სისხლი მოაწვა. სწრაფად გადაფურცლა. ამან რაღა უპასუხა? ინიციალები შეწყდა. ახლა უბრალოდ “ის” დარჩა. “ის კიდევ მოვიდა. ვუთხარი, რომ ვერაფერს გადავწყვეტ... შევეხვეწე, თავი დამანებე-თქო.” აი, ამ სახლში ატანდა ძალას. მერე რატომ არ უთხრა? როგორ შეეძლო ყოყმანი _ თუნდაც ერთი წუთით! მერე: “წერილი მივწერე.” მერე სუფთა ფურცლები. ამის შემდეგ: “ახლა პასუხი ჩემს წერილზე.” ისევ სუფთა ფურცლები. ამის შემდეგ: “მუქარა შეასრულა.” მერე... მერე რაღა იყო? ფურცელ-ფურცელ გადაშალა. კვლავ სუფთა ფურცლები. ოღონდ სწორედ სიკვდილის წინა დღეს ჩაუწერია: “მეც გავბედავ ამის გაკეთებას?” მეტი აღარაფერი.
ჯილბერტ ქლენდონი იატაკზე ჩასრიალდა. თვალწინ წარმოუდგა ანჯელა პიკადილიზე. ტროტუარზე იდგა. ცარიელი მზერა გაშტერებოდა; მუშტები მოემუჭა. აი, მანქანა მოდის...
ამის ატანა არ შეეძლო. სიმართლე უნდა იცოდეს. გრძელი ნაბიჯებით გაეშურა ტელეფონისკენ.
_ მის მილერი! _ დუმილით უპასუხეს. მერე გაიგონა, რომ ოთახში ვიღაც მოძრაობდა.
_ სისი მილერი გისმენთ. _ ეღირსა მდივნის ხმა.
_ ვინ?! _ იქუხა ქლენდონმა, _ ვინ არის ბ. მ.?!
იქიდან ჯერ ბუხრის თავზე შემომდგარი იაფფასიანი საათის წიკწიკი შემოესმა, მერე გრძელი, შეკავებული ოხვრა. როგორც იქნა, ქალმა უპასუხა:
_ ჩემი ძმა იყო.
მისი ძმა იყო; მისი ძმა _ თავი რომ მოიკლა.
_ ხომ არ გნებავთ, რამე აგიხსნათ? _ ჰკითხა სისი მილერმა.
_ არაფერი! _ იყვირა კაცმა. _ არაფერი!
კუთვნილი მემკვიდრეობა მიიღო. ანჯელამ სიმართლე უთხრა. ტროტუარიდან ჩამოაბიჯა _ სატრფოს რომ შეერთებოდა. ტროტუარიდან ჩამოაბიჯა _ ქმარს რომ გაქცეოდა.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Wed Feb 09, 2011 2:36 pm


Ernest Miller Hemingway, 1960

ერნესტ ჰემინგუეი
- http://ka.wikipedia.org/wiki/ერნესტ_ჰემინგუეი

კატა წვიმაში

სასტუმროში მხოლოდ ორი ამერიკელი იყო. თავიანთ ოთახში ასვლა-ჩამოსვლისას კიბეზე შემხვედრთაგან არავის იცნობდნენ. მეორე სართულზე ჰქონდათ ზღვაზე გადამდგარი ოთახი. ფანჯრებიდან პარკი და ომში დაღუპულთა მონუმენტიც მოჩანდა. პარკში დიდი პალმები და მწვანე მერხები იდგა. კარგ ამინდში აქ ყოველთვის იჯდა ვინმე მხატვარი მოლბერტით. მხატვრებს მოსწონდათ პალმებით დაჩრდილული გზა, პარკსა და ზღვაზე გადამდგარი სასტუმროს ნათელი ფერები. იტალიელები შორიდან მოდიოდნენ ომში დაღუპულთა მონუმენტის სანახავად. ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მონუმენტი წვიმაში ბზინავდა. წვიმდა. პალმის ტოტებიდან წვეთავდა. ქვიშის ბილიკზე გუბეები იდგა. ზღვა გრძელ ზოლად იჭრებოდა წვიმაში, ნაპირს გართხმული იხევდა უკან, ტრიალდებოდა და ისევ გრძელ ზოლად უბრუნდებოდა წვიმას. მონუმენტის გარშემო მოედნიდან მანქანები გაკრეფილიყვნენ. იქით, კაფეს ზღურბლზე, ოფიციანტი იდგა და დაცარიელებულ მოედანს გასცქეროდა.
ამერიკელის ცოლი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა. იქ მწვანე მაგიდის ქვეშ კატა იჯდა. მაგიდიდან წვეთავდა და კატა ცდილობდა, ისე მოკუნტულიყო, რომ წვეთები აეცდინა.
_ ჩავალ და ფისოს ამოვიყვან, _ თქვა ამერიკელის ცოლმა.
_ მე ჩავალ, _ შესთავაზა საწოლზე წამოწოლილმა ქმარმა.
_ არა, მე ამოვიყვან... საწყალი ფისო, ცდილობს, მაგიდის ქვეშ შეეფაროს წვიმას, _ ქმარმა კითხვა განაგრძო. თავქვეშ ორი ბალიში ჰქონდა ამოდებული.
_ არ დასველდე, _ უთხრა ქალს.
ცოლმა კიბე ჩაიარა. სასტუმროს პატრონი წამოდგა და თავი დაუკრა. მაგიდა ვესტიბიულის ბოლოში ედგა. მოხუცი ძალიან მაღალი იყო.
_ Il piove, 1 _ უთხრა ქალმა. მოსწონდა სასტუმროს პატრონი.
_ Si, si, signora, brutto tempo, 2 ძალიან ცუდი ამინდია.
მოხუცი მაგიდასთან იდგა, ნახევრად ჩაბნელებული ვესტიბიულის მოშორებულ კუთხეში. ქალს მოსწონდა იგი. მოსწონდა, რომ ძალზე სერიოზულად იღებდა ყოველგვარ საჩივარს. მოსწონდა მისი ღირსეული თავდაჭერა. მოსწონდა, როგორი მოწიწებით ექცეოდა, მოსწონდა ის, რასაც თავად გრძნობდა სასტუმროს პატრონის მიმართ. მოსწონდა მისი დაბერებული, დაღარული სახე და დიდი ხელები.
ყოველივე ამაზე ფიქრობდა, როცა კარები გააღო და გარეთ გაიხედა. კოკისპირულად წვიმდა. რეზინის ლაბადიანი, კაპიუშონწამოსხმული კაცი ცარიელი მოედნის გადავლით კაფესკენ მიემართებოდა. კატა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო. ქალმა იფიქრა, იქნებ, ლავგარდანების ქვეშ გავიაროო. ზღურბლზე მდგარს თავზე ქოლგა გაეხსნა. მოახლე იყო, მათ ოთახს რომ ალაგებდა.
_ არ დასველდეთ, _ უთხრა ღიმილით, იტალიურად. რასაკვირველია, სასტუმროს პატრონმა გამოგზავნა.
ქალი ქვიშის ბილიკს გაუყვა და თავიანთი ფანჯრის ქვეშ მივიდა. უკან მოახლე მიჰყვებოდა და გაშლილ ქოლგას უმარჯვებდა. წვიმით გარეცხილი მაგიდა მწვანედ ხასხასებდა, მაგრამ კატა წასულიყო. ქალს უცებ გული დასწყდა. მოახლემ ახედა.
_ Ha perduto qualqua cosa, Signora? 3
_ აქ კატა იყო, _ თქვა ამერიკელმა ქალმა.
_ კატა?
_ Si, il gatto.4
_ კატა? _ მოახლემ გაიცინა, _ კატა წვიმაში?
_ ჰო, _ მიუგო ქალმა, _ მაგიდის ქვეშ. _ და უცებ: _ ოოჰ, ისე მინდოდა! როგორ მინდოდა ფისო!
როცა ქალი ინგლისურად ლაპარაკობდა, მოახლეს სახე ეძაბებოდა.
_ წამობრძანდით, სენიორა, _ უთხრა მან, _ უნდა შევბრუნდეთ, დასველდებით.
_ ჰო, ალბათ, _ თქვა ამერიკელმა ქალმა.
ქვიშის ბილიკით დაბრუნდნენ და კარები შეაღეს.მოახლე გარეთ შეყოვნდა და ქოლგა დაკეცა. ამერიკელმა ქალმა კაბინეტს ჩაუარა, padrone-მ 5 თავისი მაგიდიდან თავი დაუკრა. ქალს გული შეეკუმშა. Padrone-ს გვერდით ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ძალზე პატარა და თან მნიშვნელოვანი ვინმე იყო. წამით უდიდესი მნიშვნელობის არსებად იგრძნო თავი. კიბე აიარა. ოთახის კარი გააღო. ჯორჯი საწოლზე იწვა და კითხულობდა.
_ მოიყვანე კატა? _ ჰკითხა და წიგნი გადადო.
_ წავიდა.
_ ნეტავ სად უნდა წასულიყო, _ თქვა კაცმა. თვალებს ასვენებდა.
ქალი საწოლზე ჩამოჯდა.
_ ისე მომინდა, _ უთხრა ქმარს, _ არც კი ვიცი, რატომ, ისე მომინდა... საწყალი ფისო მომინდა. რატომ უნდა სველდებოდეს საწყალი ფისო წვიმაში.
ჯორჯი ისევ კითხულობდა.
ქალმა ოთახი გადაიარა. ტრილიაჟის სარკის წინ დადგა და ხელის სარკით დაითვალიერა თავი. საკუთარ პროფილს დააკვირდა, ჯერ ერთი მხრიდან, მერე _ მეორედან, შემდეგ კეფასა და კისერზე გადაინაცვლა.
_ როგორ გგონია, თმა ხომ არ გავიზარდო? _ ჰკითხა და ისევ პროფილს მიუბრუნდა.
ჯორჯმა აიხედა. თვალ შეავლო ბიჭურად შეკრეჭილ კეფასა და კისერზე.
_ მე ასე მომწონს.
_ მომბეზრდა, _ თქვა ქალმა, _ მომბეზრდა ბიჭივით სიარული.
ჯორჯმა საწოლზე მხარი იცვალა. ქალისთვის თვალი აღარ მოუცილებია.
_ რაღაც ძალიან კარგად გამოიყურები, _ უთხრა ცოლს.
ქალმა სარკე ტრილიაჟზე დადო, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ბინდდებოდა.
_ მაგრად შეკრული, სწორი თმა მინდა მქონდეს, რომ კეფაზე დავიხვიო და ხელით შევეხო ხოლმე, _ თქვა ქალმა, _ მინდა, ფისო მეჯდეს კალთაში და ხელს რომ გადავუსვამ, კრუტუნებდეს.
_ ჰოო? _ გაისმა საწოლიდან.
_ მინდა, მაგიდასთან ვიჯდე, საკუთარი, ვერცხლის დანა-ჩანგლით ვჭამდე, მინდა სანთლები ენთოს, მინდა გაზაფხული იყოს, მინდა სარკის წინ თმას ვივარცხნიდე, მინდა ფისო მყავდეს, ახალი ტანსაცმელი მინდა.
_ ოოჰ, გაჩუმდი და წაიკითხე რამე, _ უთხრა ჯორჯმა, თვითონ ისევ კითხულობდა.
ცოლი ფანჯრიდან იხედებოდა. უკვე დაბნელდა და პალმის ხეებს ისევ აწვიმდა.
_ მაინც მინდა კატა, _ თქვა ქალმა, _ კატა მინდა. ახლავე მინდა კატა. გრძელი თმა ან სხვა ბედნიერება თუ არ შეიძლება, კატა ხომ შეიძლება მყავდეს.
ჯორჯი არ უსმენდა. კითხულობდა. ქალი ფანჯარაში იხედებოდა. მოედანზე სინათლე აენთოთ.
ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.
_ Avanti! 6 _ ჯორჯმა წიგნს თვალი მოაცილა.
_ზღურბლზე მოახლე იდგა. დიდი, ჭრელი კატა ჰყავდა ატატებული, ხელში ძლივს ეტეოდა.
_ უკაცრავად, _ თქვა მან, _ padrone-მ მთხოვა, სენიორას მიართვიო.

----
1. წვიმს (იტალ.).
2. დიახ, დიახ, ქალბატონო, ცუდი ამინდია (იტალ.).
3. დაკარგეთ რამე, ქალბატონო? (იტალ.)
4. ჰო, კატა (იტალ.)..
5. სასტუმროს პატრონი (იტალ.)
6. წინ (იტალ.)



ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

“ქომაგი” № 15, 1999.


sunny

"ეს არის ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები და ყოველ ჯერზე რაღაცას ვპოულობ. ახლა პირველად ვიფიქრე, რომ ქვეტექსტებს თუ გაშლი, რომანის სიუჟეტი გამოვა. არა, პაპა მაინც ძალიან მაგარი ვინმეა!" – ნინო ქაჯაია.

study


Last edited by Admin on Fri Jan 27, 2012 11:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Thu Mar 24, 2011 2:31 am



Julian Barnes

* http://en.wikipedia.org/wiki/Julian_Barnes
* http://www.julianbarnes.com/



ჯულიან ბარნსი


მწერლის თაყვანისმცემელთა ახირებანი



ერთ დროს სომერსეტ მოემის ჭიშკრის ჩამონაჭერი მქონდა. არა, სულ მთლად სომერსეტ მოემის ჭიშკრისა კი არა, უბრალოდ, იმ მიდამოებიდან იყო წამოღებული. ეს ჩემი ლიტერატურული მორი გახლდათ ნაწილი უითსთებლის მღვდლის სახლისა, სადაც მოემმა თავისი უბედური ბავშვობის გარკვეული პერიოდი გაატარა. მრავალი წლის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები, ვისაც ტყუილი თავის დღეში არ დასცდენიათ, დაბეჯითებით ამბობდნენ, საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი მღვდლის სახლის ჭიშკარზე ჩამოკიდებული მომავალი რომანისტიო. როცა ჭიშკარი დაიშალა, ოციოდე წლის წინ, ხარბად ვტაცე ხელი მის ნაწილს _ დაახლოებით ერთი იარდის სიგრძე მორს, ბოლოებში თითო ლურსმანი რომ ჰქონდა ჩაჭედებული და თეთრი საღებავით სქლად იყო დაფარული. კიბის ქვეშ ვინახავდი სხვა გამოუსადეგარ, მაგრამ საყვარელ ნივთებთან ერთად. იქვე მქონდა დაუმთავრებელი ნახატი, გატეხილი საბეჭდი მანქანა, ჩოგბურთის ჩოგანი სპაგეტივით აბურდული ბადით. დროდადრო ჩემს ნადავლს ამოვიღებდი, მორცხვად მივესიყვარულებოდი და ისევ უკან ვინახავდი. ვისაც მოემი ძალიან უყვარს, არ გაუკვირდება ამგვარი დამოკიდებულება, ვისაც არა _ შეიძლება, ეს ამბავი პათეტიკურად და მიუღებლად ეჩვენოს; სხვისი გემოვნება ყოველთვის უცნაური და ტრივიალურია, თუკი საქმე ხელოვნებასა და სიყვარულს ეხება. ფორდ მედოქს ფორდი თავის მიმზიდველ, ძნელად დასაჯერებელ მემუარებში თავშესაქცევ ამბავს ჰყვება _ ვეიმარის სამეფო კარზე ერთ ქალბატონს უცნაური სუნი ჰქონია. როცა გარდაიცვალა, აღმოაჩინეს, რომ ყელიდან არ იხსნიდა ქისას, შიგ სიგარის ნაწილი ედო. მეორე ნაწილი ოცდაათი წლით ადრე ლისტს მოუწევია საუზმეზე; კომპოზიტორის წასვლის შემდეგ ქალს საფერფლიდან მოუპარავს სახსოვარი, და მას მერე აღარ მოუცილებია. ვინ იყო ის ქალი _ გამოჩერჩეტებული დედაბერი თუ ხელოვნების თავგადაკლული მოყვარული? რასაკვირველია, საერთოდ, თუ დავუჯერებთ ფორდს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ _ ვითომ მართლა ოცდაათი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს სუნი სიგარას? გინდ ასე იყოს, სენტიმენტალობას მოკლებული მკითხველი იტყვის, ის ქალი ერთი აქოთებული დედაბერი იქნებოდაო.
მკითხველები ხშირად აწბილებენ მწერლებს. საკითხავია, რატომ არ უნდათ, უბრალოდ, წიგნი იყიდონ და ის იკითხონ, რაც მწერალს დაუწერია? ამის ნაცვლად უნდათ ავტოგრაფები, სიგარის ნამწვები, კულული, ჭიშკრის ნაწილი, თქვენი დროის ნაწილი, თქვენი ცხოვრების ნაწილი.
ვითომ ჭიშკრის ჩამონაჭერმა უკეთ გამაგებინა მოემის პროზა? ან სიგარის ნამწვმა უფრო მოაწონა თავის მცველს ლისტის საფორტეპიანო ტექნიკა? არადა, სუვენირებზე ამგვარი ნადირობა ძალზე ხშირია ხელოვნების მოყვარულთა შორის. ეს თითქოს ადასტურებს გავრცელებულ მოსაზრებას: თუ უმნიშვნელო რამეს ინახავ, ესე იგი, ნამდვილად აფასებ მნიშვნელოვანს. თუნდაც ლუის სტივენსონის თმის ამბავი გავიხსენოთ. შოტლანდიელ მომვლელს ორმოცდაოთხი წლის რომანისტისთვის გარდაცვალების შემდეგ, თურმე, თმა შეუჭრია და შეუნახავს. ამ ქალს კარგა ხანს აკითხავდნენ ლიტერატურის მოყვარულები. როცა ჰკითხავდნენ, ახალგაზრდა გენიოსისგან რამე ხომ არ შემოგრჩათო, თითო კულულს ურიგებდა, ერთ დროს ლუისისთვის რომ მოეჭრა. თან ამადლიდა, არ მემეტება, მაგრამ რაც არის, არისო... იმ დროისათვის, როცა საზრიანმა მომვლელმა ვაჭრობა დაამთავრა, ყველა თაყვანისმცემელი კმაყოფილი იყო. სტივენსონის დალალები ერთ მაღაზიას ეყოფოდა.
რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ საფრანგეთი მოვიარე და უამრავი რამ ვნახე _ მიშლეს ციხე-სიმაგრე ვასკუელში, მონეს ბაღი ჟივერნიში, ბალზაკის თავშესაფარი საშეში, ანატოლ ფრანსის სახლი ტურში და ა.შ. მოგზაურობა რუანში დავასრულე, იმ მწერლის მშობლიურ ქალაქში, რომელსაც დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში კერპივით ვეთაყვანებოდი. არა მგონია, იქ ბევრი რამე ყოფილიყოს სანახავი: გუსტავ ფლობერის სახლი საუკუნის წინ განადგურდა, ნივთების დიდი ნაწილი დაიფანტა ან დაიკარგა, მაგრამ ცოტაოდენი სამახსოვრო რამ გადარჩა. ამიტომ მათ კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო.
ჯერ წავედი საავადმყოფოში, სადაც ფლობერის მამა მთავარი ქირურგი იყო. ახლა აქ პატარა მუზეუმია და გაჩვენებენ რომანისტის პირველ საგაზეთო წერილს, მისი ოდეკოლონის ფლაკონს, ოთახს, სადაც დაიბადა, ბოლოს წავაწყდი ყოვლად მოულოდნელ ექსპონატს _ მწვანე თუთიყუშის ფიტულს. წარწერაზე ნათქვამი იყო, რომ სწორედ ეს თუთიყუში უთხოვებიათ ფლობერისათვის ბუნების ისტორიის ადგილობრივი მუზეუმიდან, ნოველის (“უმანკო გული”) წერისას და ნაწარმოებში გამოყვანილია, როგორც ფელისიტის თუთიყუში “ლულუ”; რაც უფრო მეტად ბერდება და ჩერჩეტდება ავტორი, მით უფრო მეტად ვითარდება ჩიტი. “უმანკო გული” ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნოველაა, რაც კი ოდესმე დაწერილა. ვიდექი ფიტულთან და გულს მიჩუყებდა ეს უცნაური ვითარებაც და ისიც, რომ გადარჩენილა ნივთი, რომლის გადარჩენაც შეუძლებელი იყო. ეს პატარა გამოცხადებას ჰგავდა. თუთიყუში ერთ დროს მწერლის საწერ მაგიდაზე იდგა; ახლა, საუკუნის შემდეგ, მე შემომყურებდა. თითქოს იმ საუკუნიდან წამოსული მორბენალი იყო და ესტაფეტა გადმომცა. თითქოს უფრო დამაახლოა ფლობერთან.
ორი დღის შემდეგ ფლობერის კიდევ ერთი მუზეუმი ვნახე, კრუასეში, ქალაქის გარეუბანში. აქ, რუანის სანაპიროზე, ერთოთახიანი პავილიონი დგას და თავმოყრილია საოჯახო ნივთები. აქაც ფლობერისეული რელიკვიების პატარა კოლექციაა, უზარმაზარ ძალას რომ ასხივებს. შეგიძლიათ, დაათვალიეროთ კულული (ოღონდ სტივენსონის თმისგან განსხვავებული წარმომავლობისა), დაჭმუჭნული ცხვირსახოცი, რომლითაც მომავალი მწერალი წარბს იმშრალებდა, ჭიქა, საიდანაც უკანასკნელად მოსვა წყალი. ყველაფერს გულაჩქროლებული ვათვალიერებდი. მერე ზემოთ ავიხედე. ბუფეტის თავზე კიდევ ერთი ფიტული იდგა. ისიც მწვანე, ისიც ზუსტად ისეთი: დიახ, დიახ, მითხრეს ღიმილით, ეს სწორედ ის თუთიყუშია, ფლობერს რომ ათხოვეს “უმანკო გულის” წერისას... საეჭვო არაფერიაო.
სასაცილო, ჭკუისსასწავლებელი წუთი იყო. ცოტათი სატირული, ცოტათი ზნეობრივი ამბავი. პირველმა თუთიყუშმა ოსტატთან სიახლოვე მაგრძნობინა. მეორემ მასხრად ამიგდო. რამ გაფიქრებინა, რომ ასე იოლად მოიხელთებდი მწერალსო, მეკითხებოდა თუთიყუში და მწარედ მკორტნიდა მაჯაზე _ მომეტებული თავდაჯერებულობისთვის მსჯიდა.
ბევრი მწერალი სწავლობს თავის მოყვარულთა კერპთაყვანისმცემლობის გალამაზებას. მაგრამ თუ ბედმა გიმუხთლა და, მკვდარიცა ხარ და სახელოვანიც, ვეღარაფერს გააწყობ.
ოდენმა ითხოვა, მე რომ მოვკვდები, ჩემი წერილები მთლიანად დაწვითო, მაგრამ დანაბარები არავინ შეუსრულა: არც ყრმობის მეგობარმა სტივენ სპენლერმა, არც გამომცემლებმა. პოეტმა ითხოვა, ჩემი ბიოგრაფია არ დაიწეროსო; სამი უკვე დაწერილია. ჯორჯ ორუელის იგივე სურვილიც არაფრად ჩააგდეს; არც ტ. ს. ელიოტისა, მისი ქვრივის, ვალერიას მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად. იქნებ, ასეთი რამის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ლიტერატურულ სამყაროს არ იცნობ? ამაო ხომ არ არის, სამარიდან ცდილობდე მბრძანებლობას? უკანასკნელი, მარცხისთვის განწირული ქედმაღლობა...
ფართო საზოგადოება აცხადებს, მწერლები იმიტომ ამბობენ უარს ბიოგრაფიაზე, რომ ჭორებს ერიდებიანო. მალავენ თავიანთ გიჟ ცოლებს, სათაკილო სნეულებებს, ლოთობას, სიზარმაცეს. უთუოდ, არც უმაგისობაა, მაგრამ მთავარი მოტივი, უფრო მრავალმნიშვნელოვანია: ბიოგრაფია არის გამომწვევი ცდა _ მკითხველს ყურადღება გაამახვილებინოს ნაწარმოებზე. მწერლის ცხოვრება, ჩვეულებრივ, არ არის (როგორც მწერალს ეჩვენება) განსაკუთრებით საინტერესო ან ჭკუისსასწავლებელი. ის სავსეა უნაყოფობითა და მარცხით, როგორც ნემისმიერი ადამიანის ცხოვრება. მთავარია საქმე. თუმცა, ეს საქმეც იოლად შეიძლება დაასამაროს ან ნაწილობრივ დაასამაროს ცხოვრებამ. გაიხსენეთ ბაირონი, უაილდი, რობერტ ლოუელი, სემუელ ჯონსონი. ისეთი ბიოგრაფიაც კი, რომელიც ცხოვრებას განადიდებს, რომელიც ყალიბდება მოვალეობად, შეიძლება, განსხვავებულ, ნაკლებ თვალშისაცემ ფორმად იქცეს. რომანისტს რომ შეეძლოს, რას აირჩევდა _ მისი რომანი რომ გადაგეკითხათ თუ მისი ბიოგრაფია რომ წაგეკითხათ? ფლობერის ორ თუთიყუშთან შეხვედრა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ეს იყო ხუმრობა, გაკვეთილი, გაფრთხილება. შეიძლება, მწერალთან “სიახლოვე” იგრძნო, როცა მის სახლში დააბიჯებ და მის კულულს ათვალიერებ, მაგრამ სინამდვილაში მხოლოდ მაშინ უახლოვდები ავტორს, როცა ფურცელზე გადატანილ სიტყვებს კითხულობ. ესაა წმიდათაწმიდა აქტი: დანარჩენი ყველაფერი წყალია, თავისშექცევა, ღალატი _ უკიდურესი სენტიმენტალობა, ბიოგრაფია მხოლოდ კულულების კოლექციაა _ მისი გართულებული სახე.
ბიოგრაფიულ ფორმას სხვა ნაკლიცა აქვს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება იმდენი ხნის წინ გარდაცვლილ და იმდენი ხნის განმავლობაში სახელოვან კაცს. როგორიცაა ფლობერი. ყოველი ახალი ბიოგრაფია გარდაცვლილის ნიღაბზე მორგებული მუყაოს ახალ ფენას ჰგავს; ყოველი ახალი ფენა უფრო და უფრო სტილიზებულად წარმოგვიდგენს ნაკვთებს. ყოველი ახალი ფენა მიწის ფენასავით უფრო და უფრო ღრმად ასამარებს მწერალს. მეტიც, ყოველი შემდეგი ბიოგრაფიის ავტორს მისჯილი აქვს, კეთილსინდისიერად მიჩანჩალებდეს თავისი წინამორბედების ნაკვალევზე, აქ რაღაც გაიმეოროს, იქ რაღაც იკითხოს, მეტი კეთილგონიერება, მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს. მე მინდოდა, ფლობერზე დამეწერა, ოღონდ ჯერ კარგად არ ვიცოდი, რა ფორმით. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ არც გულწრფელობას ვესწრაფოდი, არც კეთილგონიერებას; მინდოდა, მეგრძნო პროცესი და შედეგი. მინდოდა, ვყოფილიყავი უფრო აქტიური, უფრო აგრესიული. ვფიქრობდი, ეს თვითონ ფლობერსაც მოეწონებოდა. 1872 წელს იგი თავის მეგობარს, ერნესტ ფეიდოს სწერდა: “მეგობრის ბიოგრაფია ისე უნდა დაწერო, თითქოს ამ კაცზე შურს იძიებდე.”
ფლობერი თუ გამხდარა ამგვარი შურისძიების სამიზნე? ბევრი სიცოცხლეშივე აძაგებდა, ატყუებდა, აკნინებდა. მოუსმინეთ, ვთქვათ, მის ძველისძველ მეგობარს, მაქსიმ დიუ კამპს, მოუსმინეთ, როგორი ტონით იწონებს იგი მწერალს: “სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ფლობერი იშვიათი ნიჭის მწერალი იყო და რომ არა მისი საშინელი, ნერვული დაავადების შეტევები, გენიალური მწერალი იქნებოდა.” შურსა და ქედმაღლურ დამოკიდებულებას ვერც რომანისტის სიკვდილმა მოუღო ბოლო. მწერალი თვალში ეკლად ესობოდა ეჭვიან კოლეგას, რომელსაც მიაჩნდა, რომ ფლობერმა მეტისმეტად გაითქვა სახელი; კეთილსინდისიერ კომენტატორს, რომელიც ყნოსვით პოულობდა ანაქრონიზმს და შეცდომას, იმ ჯურის კრიტიკოსს, ვისაც გულის სიღრმეში მოსწონს, როცა გაწბილებული რჩება.
ორი თუთიყუშის ინციდენტმა მაფიქრებინა ნოველის დაწერა; მერე ეს ამბავი იქცა რომანად _ ფლობერზე გადარეული პენსიონერი ექიმის შესახებ. რომანზე მუშაობისას საბოლოოდ ამოვხსენი პაწია საიდუმლო _ ბუმბულების რომელი გროვა წარმოადგენდა ნამდვილი თუთიყუშის სახეს. წიგნის დასრულებისას ვიგრძენი, რომ შურიც ვიძიე, პატივისცემაც გამოვხატე და კიდევ _ რომ როგორღც ვუღალატე ფლობერს. იქნებ იმიტომ, რომ საყვარელ მწერლებს ისევე აბრალებ უცნაურ რამეებს, როგორც საყვარელ ადამიანებს? შეიძლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფლობერი გარკვეულ სიფრთხილეს და ეჭვს აღძრავს იმ ადამიანებში, ვინც მასზე წერენ. არავისთვის არაფერი აუკრძალავს. ოდენის, ელიოტისა და სხვების მსგავსად, მაგრამ თავს ვერ აღწევთ შეგრძნებას, რომ თქვენს საქმიანობას მკაცრად ამოწმებენ. ფლობერს არ უყვარდა კრიტიკოსები; 1853 წელს იგი ლუიზ კოლეტს სწერდა, კრიტიკა “უფრო დაბლა დგას, ვიდრე თავშესაქცევად გარითმული აკროსტიხები, რაც სულ ცოტა, გამომგონებლობას მაინც მოითხოვსო.” მართალია, ასეთი აზრი არ გამოუთქვამს ბიოგრაფიაზე, მაგრამ ამბობდა, პროზაში მთავარი ისაა, რომ მწერლის პიროვნულობა და სუბიექტური აზრის გამოხატვა შეუსაბამობააო. “კაცი არაფერია, ხელოვნების ნაწარმოები _ ყველაფერი... ძალიან მესიამოვნება იმის თქმა, რასაც ვფიქრობ და ამგვარი ლაპარაკით შვებას მოვგვრი მუსიე გუსტავ ფლობერს; მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჯენტლმენად მიგიჩნევენ თუ არა?” ქრისტიანულ დოქტრინაში სიკვდილი სპობს სხეულს და სულს ათავისუფლებს; ფლობერისეული ლიტერატურული დოქტრინის მიხედვით, სიკვდილი სპობს პიროვნულობას და ხელოვნების ნაწარმოებს ათავისუფლებს. აი, მისი თეორია და მისი იმედი.
რასაკვირველია, ყველაფერი სხვაგვარად გამომივიდა. როცა ბავშვი ამბობს, არ გამომყვეთო და მიდის, ყოველთვის დარწმუნებულია, რომ გაჰყვებიან. შეიძლება, მწერალმა გაიმეოროს, არ გამომყვეო, მაგრამ კრიტიკოსები მაინც ითამაშებენ თავიანთ გასართობ თამაშებს და ბიოგრაფოსები გააანალიზებენ გუსტავ ფლობერის გრძნობებს. იქნებ, აკრძალვა უფრო იზიდავს ადამიანებს. სარტრმა სიცოცხლის ბოლო ათი წელიწადი ფლობერის მასიურ ფსიქობიოგრაფიას მოანდომა; ეს საქმე დიდი გულითადობით წამოიწყო, მაგრამ ლამის კომიკურად დაამთავრა. სარტრი ემსგავსება სხეულებზე პირქუშ მონადირეს, რომელიც მიწიდან იღებს ფლობერს, რათა ხელახლა დამარხოს უფრო ღრმა, უსახელო საფლავში, მაგრამ ვერ შენიშნავს, რომ უზარმაზარ ბელტებს ისვრის უკან და კიდევ უფრო მკაფიოდ ნიშნავს დასამარხ ადგილს.
ასეა თუ ისე, ბიოგრაფოსი, კრიტიკოსი, თაყვანისმცემელი ყოველთვის პოულობს საბუთს, რომ მწერლის აკრძალვა _ ან ფლობერისეული სარდონიკული, გულის ასაცრუებელი მონაკვეთები _ თვითონ არ ეხებათ. მოემის ლიტერატურულმა აღმასრულებელმა თავი დაირწმუნა, რომანისტი რომ ცოცხალი ყოფილიყო, უთუოდ იფიქრებდა ბიოგრაფიის დაწერაზეო. “ფლობერის თუთიყუშის” წერისას უეცრად საკუთარი თავი დავიჭირე, რომ ვფიქრობდი _ ფლობერს კრიტიკოსები არ უყვარდა და თითქოს გულგრილობას იჩენდა ბიოგრაფიებისადმი, მაგრამ არასოდეს უთქვამს, ჩემზე რომანის დაწერა აკრძალულიაო. განა სწორი არა ვარ-მეთქი?
ასე რატომ ვჯიუტობთ და ვეძალებით ბიოგრაფიებს? საკუთარი თავი დავარწმუნეთ, რომ მწერლის ცხოვრება ნათელს ჰფენს მის შემოქმედებას, მაგრამ ვითომ გვჯერა, რომ ასეა? ცხოვრება ხშირად სიყალბეს და იოლ ახსნას გვთავაზობს: _ ელიოტის პირველი ქორწინება წარუმატებელი იყო; ჰოდა, ისიც პირქუშ ფერებში ხედავდა მოვლენებს და ამ თვალთახედვით დაწერა “უნაყოფო მიწა”. მხოლოდ ნაწარმოებს შეუძლია ნაწარმოების ახსნა. იქნებ, უფრო ღრმა, უფრო იდუმალი მიზეზით ვესწრაფვით მწერლის ცხოვრებასთან შეხებას. რელიგიასა და ხელოვნებას შორის პარალელები თითქოს მოძველდა, მაგრამ იქნებ, მეოცე საუკუნეში ბიოგრაფიებმა დაიკავა აგიოგრაფიების ადგილი, ისევე, როგორც წმინდანთა ჭკუისსასწავლებელ ცხოვრებას შეენაცვლა ცოდვილთა ჭკუისსასწავლევბელი ცხოვრება. და როგორც წმინდანთა რელიკვიებს ინახავდნენ ოქროს ჩარჩოებში, ისევევ ვინახავთ მწერალთა რელიკვიებს, თუმცა მათგან სასწაულს აღარ მოველით.
სომერსეტ მოემის ჭიშკრის ნაწილი აღარა მაქვს. ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას დაიკარგა ან იქნებ, შემთხვევით დავწვი, ან ვინმემ მოიპარა თავისი ჭიშკრის გასამაგრებლად. აღარც სომერსეტ მოემი მომწონს ისე განსაკუთრებულად. სამაგიეროდ, ახალი რამე მექვს _ უფრო უცნაური და უფრო გულისამაჩუყებელი ნადავლი _ “დისკ ბლუს” გაუხსნელი კოლოფი, რომელიც არტურ კიოსტლერის სახლში იპოვნეს, მისი თვითმკვლელობიდან ორი წლის შემდეგ. სიგარეტის კოლოფი თაროზე მიდევს, საწერ მაგიდასთან. დროდადრო გავხედავ ხოლმე. თამბაქოს სუნი არ დაუკარგავს, თუმცა კიდევ ოცდარვა წელი უნდა გავიდეს, რომ ლისტის სიგარის ნამწვს შევაჯიბრო.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ.


Julian Barnes by Joe Ciardiello, 2008, New York Times

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Mon Jul 18, 2011 1:32 pm

წინათქმად

მიხო, სიჩქარეში აღარ მოგწერე – ეს პროლოგი მე მომწონს – ვირჯინია ვულფის სიცოცხლის ბოლო საათები რაღაც უცნაურად მშვიდად აქვს დანახული ავტორს. თუ მაინცდამაინც არ მოგეწონება, ნუ დადებ, სხვა რამეს გამოგიგზავნი.

ამ ძველ თარგმანებს რომ ვკრეფ, "ქომაგში" ვბრუნდები – მახსენდება, როგორ ჩამომიტანა ეს სრულიად ახალი გამოსული წიგნი ახლობელმა ამერიკიდან, როგორ მივიტანე რედაქციაში; მერე, პროლოგი რომ ვთრგმნე, როგორ გვიხაროდა ყველას, რომ სრულიად ახალი მასალ გვქონდა – მაშინ ჭირდა ასეთი რამეების მოძიება... როგორ მაქებდნენ ჩემები "ქომაგში" (ახლა ვხვდები, რომ უფრო გასამხნევებლად), როგორ მოეწონა შატაიძეს და როგორი ბედნიერები ვიყავით ყველა ერთად ყოფნით და საყვარელი საქმით... ერთი სიტყვით, მემუარების მასალა გროვდება Smile))

ეს თარგმანები სულ მოგონებების ნამსხვრევებია – მოზაიკასავით რომ კოწიწდება და მერე ძველი იტალიური ფილმის სახელი მახსენდება – არ ვიტყვი, რომლის, ალბათ შენც მიხვდები... Smile))

ნინო ქაჯაია



Michael Cunningham by David Shankbone, 21 February 2007, Cunningham reading at a W. H. Auden tribute in New York.

Michael Cunningham - http://en.wikipedia.org/wiki/Michael_Cunningham

The Hours (novel), 1998 - http://en.wikipedia.org/wiki/The_Hours_%28novel%29


მაიკლ ქანინგემი

პროლოგი რომანისა “საათები”

ქალი აჩქარებით გამოდის შინიდან. ამინდის შეუფერებელი ქურქი აცვია. 1941 წელია. ერთი ბარათი ლეონარდს დაუტოვა, მეორე _ ვანესას. მიზანდასახულად მიემართება მდინარისაკენ, კარგად იცის, რასაც გააკეთებს, მაგრამ ახლაც კი შენიშნავს ჩამავალ მზეს, ეკლესიას და ჩამუქებული ცის ფონზე საძოვარზე მიმოფანტულ ცხვრებს, მოყვითალო ელფერი რომ დაჰკრავთ. შეყოვნდება, ცხვრებსა და ზეცას გაჰყურებს, მერე გზას განაგრძობს. უკან ბუტბუტი მოჰყვება; ბომბდამშენები ზუზუნებენ, თუმცა თვითმფრინავებს ეძებს და ვერ ხედავს. ფერმის მუშას ჩაუვლის გვერდით (მგონი, ჯონი უნდა ერქვას?), ჩაფსკვნილი, პატარათავიანი კაცია, კარტოფილისფერი ჟილეტი აცვია, ტირიფებს შორის გაჭრილ არხს ასუფთავებს. ქალს ამოხედავს, თავს დაუკრავს და ისევ ყავისფერ წყალს ჩააცქერდება. ქალი გასცდება და მდინარისკენ მიმავალი ფიქრობს: რა ბედნიერია ეს კაცი, რა იღბლიანი, რომ ზის და ტირიფებს შორის გაჭრილ არხს ასუფთავებს. აი, თვითონ კი არაფერი გამოუვიდა. სინამდვილეში სულაც არ არის მწერალი, მხოლოდ ნიჭიერი ექსცენტრიკოსია.
წუხანდელ ნაწვიმარზე შემორჩენილ გუბეებში ცის ნაგლეჯები ბრწყინავს. ფეხსაცმელი ოდნავ ეფლობა დარბილებულ მიწაში, არაფერი გამოუვიდა, ახლა ხმებიც დაბრუნდა, გაურკვევლად ბუტბუტებენ, მის თვალსაწიერს მიღმა, ზურგს უკან, აქვე... თუმცა არა, მობრუნდება და სადღაც ქრებიან. ხმებიც დაბრუნდა და თავის ტკივილიც უახლოვდება, ისევე გარდაუვლად, როგორც წვიმა; თავის ტკივილი _ ამ ქალს რომ გაანადგურებს და მის ადგილს დაიკავებს. თავის ტკივილი უახლოვდება და ეჩვენება (თვითონ იწვევს ამ ოინბაზობას თუ ვინმე სხვა?), რომ ბომბდამშენები ისევ გამოჩნდა ცაზე. ბორცვს მიაღწევს, გადაივლის და თავდაღმა ეშვება მდინარისკენ. ზემოთ, კარგა მოშორებით, მეთევზე ზის. ალბათ ვერ შენიშნავს, არა? ქალი ქვის ძებნას იწყებს. სწრაფად, მაგრამ მეთოდურად მოქმედებს, თითქოს რაღაც რეცეპტის მიხედვით იქცეოდეს, რომელსაც სკრუპულოზურად უნდა მიჰყვეს, თუ უნდა, რომ რამე გამოუვიდეს. ერთ ქვას ამოარჩევს, ზომითა და შესახედავად ღორის გობსა ჰგავს. მაშინაც კი, როცა ქვას ხელში აიღებს და ჯიბეში იჩრის (ბეწვის საყელო ყელზე უღიტინებს), უნებლიეთ ამჩნევს ქვის სიცივეს და ფერს _ რძიანი ყავის ფერს, მწვანე ლაქებით. მდინარესთან სულ ახლოს დგას. წყალი ნაპირს ლოკავს, უკან იხევს, ტალახში ჩარჩენილ პატარ-პატარა, უსწორმასწორო ღრმულებს ავსებს. მერე ეს ყველაფერი რაღაც სხვა სუბსტანციად იქცევა, მთლიან, მოყვითალო-ყავისფერ, აჭრელებულ, მკვრივი შესახედაობის ნივთიერებად, ნაპირიდან ნაპირამდე რომ გადაჭიმულა. ნაბიჯს წადგამს. ფეხსაცმელებს არ იხდის. წყალი ცივია, მაგრამ ასატანი. შეყოვნდება. ცივი წყალი მუხლამდე სწვდება. ფიქრობს ლეონარდზე. ფიქრობს მის ხელებსა და წვერზე, ღრმა ნაოჭებზე ტუჩების გარშემო. ფიქრობს ვანესაზე, ბავშვებზე, ვიტასა და ეტელზე: რამდენ რამე ფიქრობს... ყველას ხელი მოეცარა, არა? უეცრად, განსაკუთრებულად დასწყდება გული მათ გამო. წარმოიდგენს, როგორ მოტრიალდება, ქვას ჯიბიდან ამოიღებს და შინ დაბრუნდება. იქნებ, დროზე მისვლა და ბარათის მოსპობაც მოესწრო. იქნებ, შესძლებოდა სიცოცხლის გაგრძელება... წყალში მუხლამდე მდგარმა გადაწყვიტა, ამას არ ვიზამო. ხმები აქ არის, თავის ტკივილი მოდის და თუ კიდევ ლეონარდისა და ვანესას ზრუნვას ჩაბარდა, აღარ გამოუშვებენ, ასე არ არის? გადაწყვეტს, უნდა გამოვეხსნაო. მდინარეში, ტალახიან ფსკერზე, უხერხულად მიიწევს წინ, სანამ წყალი წელამდე არ მისწვდება. მდინარის გაყოლებაზე, ზემოთ, მეთევზეს გახედავს. იმას წითელი ჟაკეტი აცვია, ქალს ვერ ხედავს. მდინარის ყვითელი ზედაპირი (ახლოდან ყვითელი უფროა, ვიდრე ყავისფერი) პირქუშ ზეცას ირეკლავს. აქ, ამ წუთში, უკანასკნელი, რასაც აღიქვამს, არის წითელჟაკეტიანი მეთევზე და მღვრიე წყალში არეკლილი, მოღრუბლული ზეცა. თითქმის უსურვილოდ (გრძნობს, რომ ამას უსურვილოდ აკეთებს) წინ წადგამს ნაბიჯს, წაბარბაცდება და ქვა დაქაჩავს წუთით, ჯერ კიდევ, თითქოს არაფერი; თითქოს კიდევ ერთი ხელმოცარვა; მხოლოდ ცივი წყალი, საიდანაც სულ იოლად შეუძლია გამოცურვა; ცივი წყალი და სხვა არაფერი; მაგრამ მერე ნაკადი შემოეხვევა და წაიღებს _ ისე უეცრად, ისეთი მამაკაცური ძალით, თითქოს ფსკერიდან ძლიერი ვაჟკაცი წამოდგა, ფეხებზე სტაცა ხელი და მკერდზე მიიკრა. ინტიმური გრძნობაა.
დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მისი ქმარი ბაღიდან ბრუნდება. “ქალბატონი გარეთ გავიდა, _ ეუბნება მოახლე და გაქუცულ ბალიშს აფუშფუშებს, _ ასე ბრძანა, მალე დავბრუნდებიო.”
ლეონარდი ზემოთ ადის, პატარა ოთახში, ახალი ამბების მოსასმენად. მაგიდაზე მისთვის განკუთვნილ ცისფერ კონვერტს ხედავს. შიგ წერილი დევს.

უძვირფასესო,
აშკარად ვგრძნობ, რომ ისევ ვგიჟდები: ვგრძნობ, რომ ამ საშინელებას კიდევ ერთხელ ვეღარ გავუძლებთ. ამჯერად ვეღარ მოვრჩები. ისევ მესმის ხმები და გონებას ვეღარ ვიკრებ. ასე რომ, ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ალბათ ყველაფერს სჯობს. შენ უდიდესი ბედნიერება მაჩუქე, ამაზე მეტი წარმოუდგენელი იყო, შენ მუდამ ყველაფერი იყავი, რაც კი შეიძლებოდა, ვინმე ყოფილიყო. არა მგონია, ორ ადამიანს შესძლებოდა, უფრო ბედნიერად ეგრძნო თავი, სანამ ეს საშინელი სენი მოვიდოდა. მასთან ბრძოლის ძალა აღარა მაქვს. ვიცი, რომ ცხოვრებას გიფუჭებ, რომ უჩემოდ მუშაობას შესძლებდი. ისიც ვიცი _ იმუშავებ. ხომ ხედავ, რიგიანად წერასაც კი ვერ ვახერხებ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ბედნიერება შენთანაა დაკავშირებული. მოთმინებით აღსავსე და საოცრად კეთილი იყავი ჩემს მიმართ. მინდა გითხრა, რომ ეს ყველამ იცის. ვინმეს რომ შეეძლოს ჩემი გადარჩენა, ეს მხოლოდ შენ იქნებოდი. ყველაფერი ხელიდან გამომეცალა შენი სიკეთის რწმენის გარდა. მეტი აღარ შემიძლია, ცხოვრებას ვეღარ გაგიფუჭებ. არა მგონია, შეიძლებოდეს, ორი ადამიანი უფრო ბედნიერი იყოს ერთად, ვიდრე მე და შენ ვიყავით.
ვ.


ლეონარდი ოთახიდან გამოვარდება, კიბეებს ჩაირბენს, მოახლეს შესძახებს: “მე მგონი, მისის ვულფს რაღაც დაემართა. შეიძლება, თავის მოკვლა სცადოს. საით წავიდა? დაინახე, სახლიდან რომ გავიდა?”
დაფეთებული მოახლე ტირილს იწყებს. ლეონარდი გარეთ გამოვარდება და მდინარისკენ მირბის. უკან მოიტოვებს ეკლესიასა და ცხვრებს, ტირიფებს შორის გაჭრილ არხს. მდინარის პირას არავინ არის წითელჟაკეტიანი მეთევზის გარდა.
დინებამ მალე გამოიტანა. როცა გამოჩნდა, თითქოს მოფრინავდა _ ფანტასტიური ფიგურა, გაშლილი მკლავები, მოლივლივე თმა, უკან ქურქის ქამარი მოჰყვება, დინჯად ტივტივებს ყავისფერ, მოციმციმე შუქში. შორს არ წასულა. ფეხები შემთხვევით ფსკერს წამოედო (ფეხსაცმელები დაჰკარგვია), ბოლივით ამოჰყვა ტალახის ღრუბელი და გამხმარი ფოთლების სილუეტები, რომლებიც ისევ უძრავად დარჩა წყალში, როცა ქალი თვალს მოეფარა.
წყალმცენარეების მომწვანო-მოშავო ზოლები გაებლანდება თმასა და ქურქის ბეწვში, ცოტახნით თვალებზეც გადაეფარება წყალმცენარეების სქელი ბღუჯა, ბოლოს მოწყდება და ტივტივით გაშორდება, ტრიალებს, ჩერდება, ისევ ტრიალებს.
ბოლოს საუთჰიზის ხიდის ერთ-ერთ ბიჯგთან შეჩერდება. დინება აწვება, აწუხებს, მაგრამ წევს მიწაში ჩასმულ, კვადრატულ სვეტთან, მდინარისკენ ზურგშექცევით, სახით ქვისკენ. ცალი ხელი გულზე დაუკრეფია, მეორე თეძოსთან ტივტივებს. ნაპირს მცირე მანძილით აშორებს მბრწყინავი, მოციმციმე ზედაპირი. ალაგ-ალაგ ირეკლება შავი, თეთრი კლდეების სილუეტით გაკვეთილი ზეცა _ თეთრი ღრუბლებით დამძიმებული. ხიდზე მანქანები და საბარგულები დაგრუხუნებენ. პატარა, სამიოდე წლის ბიჭი გადაივლის დედამისთან ერთად, მოაჯირთან დაიხრება და ღრიჭოში ჯოხს გაჰყოფს. ჯოხი წყალში გადაუვარდება. დედა წაყვანას უპირებს, მაგრამ ბიჭი დაიჟინებს, ცოტა ხანს დავრჩეთო და ჩასცქერის, როგორ მიაქვს დინებას ჯოხი.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისია. ერთი ჩვეულებრივი დღე; ხიდზე _ ბიჭი და დედამისი, წყლის ზედაპირზე მოტივიტივე ჯოხი, ვირჯინიას სხეული მდინარის ფსკერზე _ თითქოს სიზმრად ხედავს ზედაპირს, ჯოხს, ბიჭს და დედამისს, ზეცას და კლდეებს. ხაკისფერი სატვირთო მანქანა გადაივლის ხიდზე, ფორმიანი ჯარისკაცები მანქანიდან ხელს უქნევენ ბიჭს, ახლახანს რომ მოისროლა ჯოხი. ისიც ხელს უქნევთ. დედას ხელში აყვანას სთხოვს, რომ უკეთ დაინახოს ჯარისკაცები. ყველაფერი ეს ხიდს ერწყმის, ხესა და ქვაზე გრუხუნებს და ვირჯინიას სხეულს უერთდება. მისი გვერდით მიბრუნებული, სვეტზე მიბჯენილი სახის ნაწილი ხდება ეს ყველაფერი: სატვირთო მანქანა და ჯარისკაცები, დედა და ბავშვი.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ


“ქომაგი” # 12, 1999

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Thu Jul 21, 2011 4:24 pm



Douglas Coupland - http://en.wikipedia.org/wiki/Douglas_Coupland


დუგლას კოუპლენდი

ქეთი
(მოთხრობა)

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა. მძიმე გულგატეხილობის ჟამი მედგა და გვარიანი ალიაქოთი ავტეხე, რომ საბოლოოდ გამეწყვიტა წარსულთან დამაკავშირებელი ძაფები. ქალაქის მეორე ბოლოში, გრინვილ-სტრიტზე, გაქუცულ სასტუმროში ერთი კვირით ვიქირავე ოთახი, თმა გავიკრიჭე, წვერი მოვუშვი და მარჯვენა მკლავზე ეკლებიანი სვირინგი გავიკეთე; დილიდან საღამომდე, საწოლზე გაშოტილი, ჭერს მივჩერებოდი და აქეთ-იქით ოთახებიდან მთვრალების აყალმაყალს, ტელევიზორის გამაყრუებელ ღრიანცელსა და სარკეების ლაწა-ლუწს ვუგდებდი ყურს. ჩემი მეზობლები ჭრელი ხალხი იყო: პენსიონერები, ლტოლვილები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები. ამ მშვენიერმა საზოგადოებამ ერთობ ხელსაყრელი და მომხიბვლელი ფონი შეუქმნა რწმენას, რომ ჩემი გაჭირვება, სიკვდილის შიში, სექსუალური მარცხი, ურთიერთობის უუნარობა, საბოლოოდ რაღაცნაირად მაზიარებდა ჭეშმარიტებას. სიყვარულის უზარმაზარი მარაგი მქონდა გასაცემი, ოღონდ ეგ იყო, არავის სჭირდებოდა. მეგონა, მარტოობაში ვპოვებდი ნუგეშს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ გამწარებული კაცის ნიღაბს ვირგებდი და ეგ იყო.
ჰოლის გადაღმა, ჩემს მეზობლად ერთი თმაგაჩეჩილი წყვილი ცხოვრობდა. ქეთი და ჩახმახა. ჩვიდმეტი წლის ქეთი ქემლოფის ჩრდილოეთიდან იყო გამოქცეული; აღმოსავლელი ქოხმახა რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ორივე მოჩვენებას ჰგავდა. გრძელთმიანები, ტყავისტანსაცმლიანები. “მძიმე მეტალისტებს” რომ მოსწონთ, ისე ეცვათ. ღამით ცხოვრება ერჩივნათ და მერე შუადღემდე ეძინათ. თუმცა ხანდახან ქოხმახას გრენვილ-სტრიტზე მოვკრავდი თვალს. თავშესაქცევი სანახაობა იყო, როგორ მიჰყიდდა ხოლმე წამალს ქალაქში ჩამოსულ მეტყევეებს. ქეთისაც ვხედავდი რობინ-სტრიტზე. წვიმაში იდგა და ტყავის საყურეებს ჰყიდიდა. ხან ორივეს ერთად გადავეყრებოდი კუთხის სასურსათო მაღაზიაში _ შეფუთულ სადილს, მიხაკიან ვაჟინს, გახეხილი სტაფილოს ჩხირებს, პიტნის საღეჭ რეზინს ან ელექტროსაპარსს რომ ყიდულობდნენ. ერთმანეთს თავის დაკვრით მივესალმებოდით ხოლმე და ჩვენ-ჩვენ გზას ვაგრძელებდით. ხან ლუდხანაში გამოველაპარაკებოდით. ასე გავიცანი ეს წყვილი. ისხდნენ, ერთმანეთს ნიკოტინის სამაჯურებზე თავის ქალას და გადაჯვარედინებულ ძვლებს ახატავდნენ და ჩამოფასებულ ლუდს წრუპავდნენ.
ქოხმახა: გინდა ლაპარაკი?
ქეთი: არა.
ქოხმახა: კაი მაშინ.
(პაუზა)
ქეთი: ყურადღება მომაქციე.
ცალ-ცალკე ერთიც საინტერესო იქნებოდა, მეორეც, მაგრამ პირისპირ მათი საუბარი ცოტა არ იყოს, შეზღუდული მოგეჩვენებოდა. თუმცა ხანდახან რა სჯობს, როცა ვინმესთან ერთად ზიხარ და ბევრი ლაპარაკიც არ გჭირდება.
მაგრამ მათ ურთიერთობაში თაყვანისცემა ნამდვილად ცალმხრივი გახლდათ. ქეთი შეყვარებული იყო ქოხმახაზე _ თავის პირველ სიყვარულზე, ბიჭისთვის კი ერთი მორიგი ტურფა იყო. “ადგილიც მიეჩინა” იმით, რომ თავს იწონებდა _ ჩემთვის სხვა ქალის მოხიბვლაზე იოლი არაფერიაო. მართლაც, კარგი გარეგნობა ჰქონდა. “შებმის” მთავარი მეთოდი ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა, უგვანოდ იქცეოდა. ქალებიც, თუ მაინცდამაინც ვინმე თავმოყვარე არ გადაეყრებოდა, უცებ ეწებებოდნენ. თან ვერც ვერავინ ვერაფერზე შეედავებოდა. ვინმე გაქუცული დედაკაცი რომ ჰკითხავდა: “როგორ გგონია, კატუნა, რამდენი წლის ვიქნები?” ქოხმახა უპასუხებდა: “ოცდაცამეტის და განათხოვარი... ან ოცდახუთის და ლოთი”. თუ ქალიც თავისი ჭკუისა შეხვდებოდა, ანკესზე ეგებოდა. მაშინვე და იქვე.
ასეთი არშიყობა ქეთის აგიჟებდა. როცა ქოხმახა სუფრიდან წამოდგებოდა და გავიდოდა ხოლმე, გოგო შემომჩიოდა და გულის იოხებდა. ერთხელ ქეთის და, დინა ჩამოვიდა სტუმრად ქემლოფიდან. ერთად ვისხედით და დინა ქეთის მიუბრუნდა: “ბოდიშს გიხდი, მაგრამ როგორ არ გითხრა, ქეთ. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ნაციხარია... დარტყმულია... უმუშევარი...”
“იცი, ძალიან მომწონს, როგორ დადის.” უპასუხა ქეთიმ.
ხანდახან საღამოობით, მე და ქოხმახა ლუდხანაში ვისხედით და რამე ასეთს მკითხავდა ხოლმე: “ეგ როგორაა, რომ წამალზე დამჯდარი ქალი უფრო მაგარი ბანძია, ვიდრე წამალზე დამჯდარი ბიჭი?” მეხუმრები-თქო, ვკითხავდი, ის კი მპასუხობდა: “ეე, არა, მართლა.”
თუმცა საერთოდ, ერთმანეთს თითქოს თავაზიანად ექცეოდნენ და მათი საუბარი მეტწილად წინასწარ განსაზღვრულ კალაპოტში მიედინებოდა.
ქოხმახა: “რას მომჩერებიხარ?”
ქეთი: “მაინტერესებს, რაზე ფიქრობ.”
ქოხმახა: “შენ რა გინდა, რაზე ვფიქრობ!”
ქეთი: “კარგი, არ მინდა.”
ქოხმახა: “ჰოდა, შენს საქმეს მიხედე.”
თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისეთ მუშტი-კრივს იწყებდნენ, რომ ბრაგაბრუგი დერეფნის მეორე ბოლოში მაღვიძებდა. ქეთი დალილავებული და თვალებჩალურჯებული დადიოდა ქუჩაში, მაგრამ როგორც ამ ყაიდის წყვილებს სჩვევიათ, შინაურ ძალდობაზე სხვებთან კრინტს არ სძრავდნენ.
ერთ დღეს მე, ქეთი და ერთი ქუჩის ბიჭი _ ეგზოტიკური მოცეკვავე _ თეტის ყავახანაში ვისხედით, საწებლიან შემწვარ კარტოფილს შევექცეოდით და სიკვდილზე ვსაუბრობდით. რომელიღაცამ ვიკითხეთ, როგორ გგონიათ, სიკვდილი როგორიაო და ქეთიმ თქვა: ეს ისეა, ვითომ მაღაზიაში ხარ, შენი მეგობარი შესასვლელთან ლამაზ მანქანას მოაგრიალებს და გეუბნება: “აბა, ჩასკუპდი, წავედით სამოგზაუროდ!” და გაქროლდებით. გზაზე რომ გახვალთ და მაგრა ხალისობთ, უცებ მეგობარი მოგიტრიალდება და გეუბნება: “ხომ იცი, მკვდარი ხარ!” და მიხვდები, რომ მართლა ეგრეა, მაგრამ სულ არ გენაღვლება’ იმიტომ. რომ ბედნიერი ხარ; ეს ერთი კარგი თავგადასავალია და შესანიშნავად გრძნობ თავს.
ერთხელ, დილით, განსაკუთრებით ხმაურიანი ღამის შემდეგ, მე და ქეთი დრეიქ სტრიტს მიბუყვებოდით და ყვავი დავინახეთ. უძრავად იდგა გუბეში. ზედაპირზე ზეცა ირეკლებოდა. გეგონებოდა, ყვავი ცაზე დგასო. ჰოდა, ქეთიმ მითხრა, მე მგონი, არსებობს საიდუმლო სამყარო, სწორედ ჩვენი სამყაროს ზედაპირის ქვეშო. თქვა, რომ საიდუმლო სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. “აბა, წარმოიდგინე, როგორ გაუკვირდებოდათ თევზებს, ყველაფერი რომ იცოდნენ, რაც წყლის ზემოთ ხდება, _ თქვა მან, _ ან წარმოიდგინე, შენ თვითონ რომ შეგეძლოს წყლის ქვეშ სუნთქვა და თევზებთან ერთად ცხოვრება. საიდუმლი სამყარო ისაა, რაც ასე ახლოსაა და სრულიად განსხვავებულია.”
ვუპასუხე, ეგ საიდუმლო სამყარო სიზმრის სამყაროს მაგონებს, სადაც დრო, მიზიდულობა და ეგეთი რამეები არაფერს ნიშნავს-მეთქი. მან კი მომიგო, იქნებ ეგ ორივე ერთი იყოსო.
ერთ დღეს ნაშუადღევიდან ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვცდილობდი, ბრაზიანი მზერით მეიძულებინა ადამიანები, ეგრძნოთ, რა არის საშუალო კლასი. შინ მისულს ქეთისა და ქოხმახას ბინის კარები ფართოდ გაღებული დამხვდა. თავი შევყავი და დავიძახე: “ჰეი!” ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ასეთი სანაგვე იქნებოდა. იქაურობა მიმოფანტული ნივთებით იყო სავსე _ ჟანგმოკიდებული მოტოციკლის ჯაჭვები, გაყვითლებული მცენარეები, სიგარეტის კოლოფები, ლითონის ქილები, ლუდის ბოთლები, ტურტლიანი პლედები და ქეთის ტანსაცმელი. ერთი კი ვთქვი: “ქეთ? ქოხმახ? აქა ხართ, ხალხო?” მაგრამ არავინ მიპასუხა.
ვიდექი, ვითვალიერებოდი და ქეთიც შემოვიდა. საშინლად გამოიყურებოდა. რაღაც ჰამბურგერისნაირი საჭმლის პაკეტი ეჭირა. მითხრა, ქოხმახა წავიდა, სტრიპტიზის მოცეკვავესთან ერთად გაუტია ვანკუვერის კუნძულზე და საერთოდ, ჭკუიდან გადადგა, რადგან ყველა ჩემი კასეტა წავუშალეო.
“ალბათ რას ვგავარ, არა?”
“არა, სულაც არა.”
“არ გშია? ჭამა არ გინდა?”
“ცოტა ხნის მერე შეიძლება.”
ერთხანს უხმოდ ვიდექით. ქეთიმ მიმოფანტული ტანსაცმელი წამოკრიფა და მკითხა: “შენ მთაზე არ ცხოვრობდი _ ჩრდილოეთ სანაპიროს თავზე?”
ჰო, იქ გავიზარდე-მეთქი.
“სადაც დიდი ტბა არის, უფრო სწორად, წყალსაცავი. ”
ეგრეა-მეთქი/
“მაშინ ერთ რამეში უნდა დამეხმარო. ნაშუადღევს რას აკეთებ?”
ვუთხარი, რასაც ვაკეთებდი ხოლმე ნაშუადღევს.
ქეთის მაღლა, კაპილანოს კანიონზე, კლივლენდის კაშხლის უკან წყალსაცავის ნახვა უნდოდა. როცა მივალთ, მაშინ გეტყვი, რატომო. აშკარად ძალინ უბედური იყო და, კაცმა რომ თქვას, ექსკურსიამძღოლობანას თამაშის გარდა არაფრის გაკეთება არ შემეძლო მის გასახალისებლად. ასე რომ, ჩავსხედით სანაპიროს ავტობუსში და ქალაქზე გადმომდგარი მთებისკენ ავიღეთ გეზი.
ავტობუსი კაპილანოს გზას დაადგა. მაღალ ნაძვებში, ფიჭვებსა და კედრებში ბუდეებივით ჩამჯდარ სახლებს გასცდა. ეს სახლები ისევე შორს იყო ჩემი ახლანდელი ცხოვრებისგან, როგორც ვთქვათ, ჩინეთი.
უფრო ზემოთ, მთებში, საღამოს ზეცა მოღრუბლული და ჩამუქებული დაგვხვდა. აქ წყნარი ოკეანიდან ნოტიო ჰაერი ურტყამს, ყველაფერს ასველებს და ანესტიანებს. კლივლენდის კაშხალთან ავტობუსიდან ჩამოვედით. ცა საწვიმრად ემზადებოდა და როცა გზა გადავჭერით, წინასწარ ვიცოდი _ მაგრად გავილუმპებოდით. სულ ცოტა გავიარეთ და ქეთის წყალსაცავი დავანახე. გაწბილებული ჩანდა; ციცაბო, ბნელ ხეობაში გაწოლოლი ყურესავით ტბა რომ დაინახა, თქვა: “ის ეკლიანი მავთულხლართი რაღაა _ ესე იგი, ვერ შევალთ და წყალში ხელს ვერ ჩავყოფთ?”
ვერა-მეთქი. აქედან ვერა.
“სხვა მხრიდან?”
ვუპასუხე, აქედან შეიძლება, ოღონდ ტყეში უნდა შევიდეთ და შორიდან მოვუაროთ-მეთქი. მაგას რა სჯობსო. ჰოდა, გავიარეთ აბრა, რომელზეც ეწერა: “წყალგამყოფი. შესვლა აკრძალულია” და გზას დავადექით. გეზი იქით ავიღე, სადაც სკოლაში სწავლისას დავდიოდით ხოლმე საქეიფოდ.
ქეთი უხმოდ ეწეოდა. გვერდზე მოგდებული ჩანთა მაგრად ჩაებღუჯა. ჭიშკარი და ტალახიანი აღმართი ავიარეთ. თავზე მონისლული მთები გადმოგვყურებდა და გზიდან რომ გადავუხვიეთ, მხოლოდ ჩიტების ხმა არღვევდა მდუმარებას. ბუჩქებით, ბალახითა და ნაძვებით გაბურდული ტყისპირი გადავიარეთ, ქეთი თავიდან ფეხებამდე გაილუმპა. გრძელი თმა ობობას ქსელებით, წიწვით და მოცვის გამხმარი ფოთლებით გაევსო; შავი ჯინსები დაუსველდა და მუხლებზე გამოებერა. ვკითხე, უკან დაბრუნება ხომ არ გინდა-მეთქი. არა, გზა უნდა განვაგრძოთო. ასეც მოვიქეცით. უღრან, შავ, დაყრუებულ ტყეებში მივჭყაპუნებდით, სანამ წინ რაღაცამ არ გაიელვა _ წყალსაცავი იყო. მაშინ კი ქეთიმ მითხრა: “შეჩერდი _ არ გაინძრე!” და გავშეშდი.
მე მეგონა, დათვი დაინახა, ან ხელჩანთიდან რევოლვერი დააძრო. მოვტრიალდი. ისიც გაშეშებული იდგა, თითქოს ნაბიჯი შუაზე გაეწყვიტა. მითხრა, ჩავიფიქრე, აქ თუ გავშეშდებოდით, არ გავინძრეოდით და სუნთქვას შევიკრავდით, დროის შეჩერებას შევძლებდითო.
ასე ვიდექით უღრან ტყეში, გაშეშებულები, ნაბიჯგაწყვეტილები და დროის შეჩერებას ვცდილობდით.
ახლა ერთ რამეს გეტყვით: მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაგონარი ოცდაათ წლამდე მომხდარი ამბებია. ამის მერე მოგონება სავსე თასიდან გადმოსულ წყალს ემსგავსება. რაც მერე გადაგხდება თავს, ისევე ზუსტად ან ისევე მძაფრად აღარ გამახსოვრდება. გინდ უელსის პრინცთან ერთად ჰეროინი დამერტყა, გინდ უფსკრულისკენ გაქანებულ თვითმფრინავში გავშიშვლებულიყავ, მაინც სხვა იქნებოდა; ვერაფერი შეედრებოდა იმ დროს, როცა მეთერთმეტეკლასელებმა, ტეილორის ეზოში, რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი აუზში გადავუშვით და პოლიცია გამოგვეკიდა. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მე მგონი, მაშინ ქეთიც ამას ფიქრობდა. იმგვარადვე გრძნობდა და თან მიხვდა, რომ მალე უნდა შელეოდა ყველა მნიშვნელოვან მოგონებას; რომ წინ ედო კაცმა არ იცის, რამდენი წლის განმავლობაში უთვალავი წაქცევა და დამცირება უვარგისი _ უხეში და ხეპრე _ ბიჭების გამო და რომ მის ხსოვნასა და გულს აავსებდა დარდი; წინ ედო უამრავი დასასრული _ სიკვდილის ტოლფასი, გულისტკივილი და ყველაფერი ამის ბოლო იქნებოდა... სიცარიელე _ დადგებოდა დღე, როცა ახალი გრძნობა აღარ მოვიდოდა.
ხანდახან ვფიქრობ ყველაზე საბრალო ხალხზე. რადგან არიან ადამიანები, ვინც შორს დგება სიღრმისაგან _ ასეთია ჩემი მოსაწყენი სიძე, რომელიც ისე ზრუნავს, რომ ნორმალური და მოწესრიგებული იყოს, და ისე ერგება ამ მდგომარეობას, რომ სპობს ყოველგვარ შესაძლებლობას _ იყოს ერთადერთი, იყოს პიროვნება. საინტერესოა, ასაკი რომ მოემატება, მაშინ მაინც თუ გაიღვიძებს, სადღაც, გულის კუნჭულში თუ აღმოაჩენს, რომ არასდროს მიუცია თავისთვის ნამდვილი არსებობის ნება და თუ ატირდება სინანულისგან, სირცხვილისა და დარდისაგან?
და ისევ ვფიქრობ ხანდახან ყველაზე საბრალო ხალხზე, რადგან არიან ადამიანები, ვინც ერთ დროს იცოდნენ, რა არის სიღრმე, მაგრამ რატომღაც გაიყინნენ ან დაკარგეს სასწაულის აღქმის უნარი _ ადამიანები, ვინც სამუდამოდ მიხურეს იდუმალების სამყაროში შესასვლელი კარი, _ ან ვისაც ეს კარი დრომ და დაუდევრობამ მიუხურა. ამგვარ გადაწყვეტილებას ხომ სისუსტის დროს იღებს კაცი.
აი, რა მოხდა: მე და ქეთი წყალსაცავის ნაპირს მივუყვებოდით. ხელჩანთიდან პარკი ამოიღო. შიგ ორი მოუსვენარკუდიანი, ერთობ ბრიყვული გარეგნობის ოქროს თევზი იყო, ერთი კვირის წინ, გულკეთილობის ჟამს რომ მოუყვანა ქოხმახამ. დავსხედით მოლიპულ ქვებზე, ანკარა, წმინდა, უსაზღვროდ ბნელი და ღრმა ტბის პირას და მითხრა: “მხოლოდ ერთხელ შეიძლება, ბედმა გაგიღიმოს და პირველი სიყვარული მოვიდეს, არა?” და ვუპასუხე: “რაც არ უნდა იყოს, შენ ხომ გაგიღიმა ბედმა, ზოგი ჯერ კიდევ ელოდება.”
მერე სარკისებურ, გარინდულ წყალში ჩაჰყო ხელი, დინების საპირისპიროდ აატარა, აქოჩრა. ერთი-ორი კენჭი გადააგდო. მერე აიღო პარკი, წყალში ჩაუშვა და წაწვეტებული, შავი ფრჩხილით გახვრიტა. “მშვიდობით, თევზუნებო,” _ თქვა, როცა იმ ორმა ზანტად გაიქნია კუდი და სიღრმეში გაუჩინარდა. _ “მუდამ ერთად იყავით. ორივეს ბედმა გაგიღიმათ, რადგან ერთმანეთი გყავთ.”

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

“ლიტერატურული საქართველო”,
1998 წლის სექტემბერი


ეს მოთხრობა შესულია კრებულში "ცხოვრება ღმერთის შემდეგ":




აი, ეს კი დუგლას კოუპლენდის გახმაურებული რომანი:


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 6:30 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

პირველი საღამო
„ღვთაებრივი კომედია“



პოლ კლოდელმა ერთხელ დაწერა ფრაზა, რომელიც ნამდვილად არ ეკადრებოდა _ ის ხილვები, სხეულის სიკვდილის შემდეგ რომ გველის, უთუოდ განსხვავებულია დანტეს ჯოჯოხეთის, სალხინებლისა და სამოთხისგანო. კლოდელის ეს საინტერესო დაკვირვება სხვა ყოველმხრივ შესანიშნავი სტატიიდან შეიძლება ორგვარად აიხსნას.
ჯერ ერთი, ხსენებული ფრაზა ადასტურებს, რომ პოემის წაკითხვის შემდეგ ან მისი კითხვისას, ვიწყებთ ფიქრს, რომ დანტეს საიქიო ზუსტად ისეთი წარმოუდგენია, როგორადაც ასახავს.
უცილობლად მივდივართ იმ აზრთან, რომ სიკვდილის შემდეგ დანტე ან ჯოჯოხეთის ამოყირავებულ მთასთან ვარაუდობდა აღმოჩენას, ან სალხინებლის ტერასებზე, ან სამოთხის კონცენტრირებულ ზეცაში; ვარაუდობდა შეხვედრას აჩრდილებთან (კლასიკური ანტიკურობის აჩრდილებთან) და ელოდა, რომ ზოგიერთი მათგანი იტალიური ტერცინებით დაუწყებდა საუბარს.
ეს აშკარა უაზრობაა. კლოდელი იმას კი არ გულისხმობს, რაც მკითხველებს ჰგონიათ (თუმცა, კარგად რომ დაფიქრდებიან, ხვდებიან ხსენებული ფრაზის აბსურდულობას), არამედ იმას, რაც შეიძლება იგრძნონ, და რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოთ სიამოვნებაში, კითხვით მიღებულ ჭეშმარიტ სიამოვნებაში.
ამას უამრავი მტკიცებულება აქვს. ერთი დანტეს ვაჟს ეკუთვნის. ის ამბობს, მამაჩემი ჯოჯოხეთის სახით ცოდვილთა ცხოვრების ასახვას აპირებდა, სალხინებლის სახით – მონანიეთა ცხოვრებისა და სამოთხის სახით – ნეტართა ცხოვრებისა და მინიშნებებით გველაპარაკებაო. ამას დანტეც ემოწმება კანგრანდე დელა სკალასადმი მიწერილ წერილში, რომელიც აპოკრიფად ითვლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დანტეს სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ ვერ დაიწერებოდა და ეპოქის უტყუარი სახეა. იგი ადასტურებს, რომ არსებობს „კომედიის“ წაკითხვის ოთხი ფორმა. ერთი – სიტყვასიტყვითი, მეორე – ალეგორიული... უკანასკნელის შესაბამისად, დანტე ადამიანის სიმბოლოა, ბეატრიჩე – სიწმინდისა და ვერგილიუსი – გონებისა.
იდეა ტექსტისა, რომელიც მრავალგვარი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა, დამახასიათებელია წინააღმდეგობრივი და რთული შუა საუკუნეებისთვის. ამ ეპოქის დანატოვარია გოთური არქიტექტურა, ირლანდიური საგები და სქოლასტიკური ფილოსოფია, სადაც ყველაფერი კამათის საგანი იყო. გარდა ამისა, ამ საუკუნეებმა გვიბოძა „კომედია“, რომელსაც გამუდმებით ვუბრუნდებით და გამუდმებით გვაოცებს; იგი ჩვენს ცხოვრებას გასდევს და სცილდება, ჩვენს ცხოვრებებს სცილდება. მკითხველის ყოველ თაობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მდიდრდება.
აქ უპრიანია გავიხსენოთ იოან სკოტ ერიუგენა, რომელიც ამბობდა, წმინდა წერილს ურიცხვი აზრი აქვს, იგი შეიძლება, შევადაროთ ფარშევანგის გაშლილ ბოლოზე ფერთა ცვალებადობასო.
ებრაელი კაბალისტები ამტკიცებდნენ, წმინდა წერილი თითოეული მართლმორწმუნისთვისაა შექმნილიო; ამას შეიძლება დავეთანხმოთ, თუ გავიხსენებთ, რომ ტექსტისა და მკითხველის შემქმნელი ერთია – ღმერთი. დანტესთვის სულაც არ იყო აუცილებელი ვარაუდი, რომ მის მიერ ასახული სურათები შეესაბამება მიცვალებულთა სამყაროს რეალურ სახეს. არა, დანტე ასე ვერ იფიქრებდა.
თუმცა კითხვა გვიტაცებს, რასაც ხელს უწყობს ის მიამიტი აზრი, რომ სარწმუნო ამბავს ვკითხულობთ. ვიცი, ჰედონისტი-მკითხველის სახელი მაქვს; მე არასდროს ვკითხულობ წიგნს მხოლოდ სიძველის გამო. წიგნის კითხვა ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს, კომენტარებსა და კრიტიკას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. „კომედიამ” პირველი წაკითხვისას ისე გამიტაცა, რომ ვეღარ მოვწყდი. ვკითხულობდი ისევე, როგორც სხვა, ნაკლებად ცნობილ წიგნებს. მინდა, როგორც მეგობრებს, გიამბოთ (მოგმართავთ არა ყველას ერთად, არამედ თითოეულ თქვენგანს) „კომედიასთან” ჩემი ნაცნობობის ამბავი.
ეს დიქტატურამდე დიდი ხნით ადრე მოხდა. ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, ალმაგროს უბანში. ვცხოვრობდი ლას ერასზე, პუეირედონში, და სანამ ჩრდილოეთის ამ უბნიდან სამხრეთ ალმაგრომდე, ავენიდა ლა პლატასა და კარლოს კალვოზე, ბიბლიოთეკაში მივაღწევდი, დიდხანს უნდა მეჯაყჯაყა ზოზინა, ცარიელი ტრამვაით. შემთხვევით (თუმცა იქნებ, შემთხვევა არ ყოფილა; იქნებ, ის, რასაც ჩვენ შემთხვევას ვეძახით, იმით აიხსნება, რომ არაფერი გაგვეგება მიზეზობრიობის მექანიზმისა) სამი პატარა ტომი ჩამივარდა ხელში მიტჩელის მაღაზიაში, რომელიც ახლა გამქრალია და რომელზეც უამრავი მოგონება შემომრჩა.
ეს სამი ტომი (დღეს ერთ-ერთი თილისმად უნდა წამომეღო) იყო კარლეილის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ჯოჯოხეთი“, „სალხინებელი“ და „სამოთხე“. ოღონდ არა ტომას კარლეილისა, რომელზეც შემდგომ მოგახსენებთ. დენტის გამოცემული, არაჩვეულებრივად მოხერხებული წიგნები იყო. ერთი ტომი ჯიბეში მეტეოდა. ცალ გვერდზე იტალიური ტექსტი დაებეჭდათ, მეორეზე – ინგლისური პწკარედული თარგმანი. მე ჯერ ინგლისურად, პროზად ვკითხულობდი მთელ სტროფს, ტერცინს; მერე იმავე სტროფს, ტერცინს – იტალიურად. მერე მთელ სიმღერას ვკითხულობდი ჯერ ინგლისურად, შემდეგ იტალიურად. ამასობაში მივხვდი, რომ თარგმანი ორიგინალს ვერ შეცვლის. თარგმანი, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალებაა და სტიმული, რომ მკითხველი ორიგინალს მიუახლოვოს; ესპანურში ნამდვილად ასეა. თუ არ ვცდები, სერვანტესი „დონ კიხოტში“ სადღაც ამბობს, ტოსკანურის ორი ოქტავით შეიძლება არიოსტოს გაგებაო.
ტოსკანური კილოს ამ ორ ოქტავას იტალიურისა და ესპანურის ნათესაურმა სიახლოვემ მაზიარა. იმთავითვე მივხვდი, რომ ლექსი, განსაკუთრებით, დანტეს დიადი ლექსი აზრის გარდა, კიდევ ბევრ რამეს შეიცავს. ლექსი ყველაფრის გარდა, კიდევ ინტონაციაა, გამოხატვა იმისა, რაც არ ითარგმნება. ეს დასაწყისშივე შევნიშნე. როცა უკაცრიელ სამოთხეს მივაღწიე, სამოთხის მწვერვალს, სადაც ვერგილიუსი დანტეს მიატოვებს, ის კი, მარტო დარჩენილი უხმობს, სწორედ იმ მომენტში ვიგრძენი, რომ შემიძლია, იტალიური ტექსტი ისე ვიკითხო, რომ ათასში ერთხელ ჩავიხედო ინგლისურში. ასე ვკითხულობდი ამ ტექსტს ტაატით მოგზაურობისას ტრამვაის ვაგონით. მერე სხვა გამოცემებსაც ვკითხულობდი.
ბევრჯერ გადამიკითხავს „კომედია“. კაცმა რომ თქვას, იტალიური არც ვიცი, სხვა იტალიური, იმის გარდა, რაც ჯერ დანტემ მასწავლა და მერე არიოსტომ, „როლანდი“ რომ წავიკითხე. კიდევ, რასაკვირველია, კროჩეს მსუბუქი ენაც უნდა ვახსენო. კროჩეს თითქმის ყველა წიგნი მაქვს წაკითხული – და ყველაფერში არ ვეთანხმები, თუმცა ვგრძნობ მის მომხიბვლელობას. მომხიბვლელობა, სტივენსონის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა, რაც მწერალს უნდა ჰქონდეს. მომხიბვლელობის გარეშე სხვა ყველაფერი უაზრობაა. მრავალჯერ გადამიკითხავს „კომედია“ სხვადასხვა გამოთქმებით და დავმტკბარვარ კომენტარებით, რომელთაგან განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომილიანოსა და გრაბერის კომენტარები. მახსოვს ასევე ჰიუგო შტაინერის კომენტარები.…
ვკითხულობდი ყველა გამოცემას, რაც ხელში ჩამივარდებოდა, სიამოვნებას მანიჭებდა სხვადასხვაგვარი კომენტარები, ამ რთული ნაწარმოების მრავალგვარი ინტერპრეტაციები. შევამჩნიე, რომ ძველებურ გამოცემებში თეოლოგიური კომენტარი ჭარბობდა, XIX საუკუნის წიგნებში – ისტორიული, ახლა კი – ესთეტიკური, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევნიშნოთ თითოეული ლექსის ინტონაცია – დანტეს ერთ-ერთი უდიდესი ღირსება. ხშირად მილტონსა და დანტეს ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ მილტონმა ერთადერთი მელოდია იცის, ეგრეთ წოდებული „მაღალი სტილი“. ეს მელოდია ყოველთვის ერთი და იგივეა, პერსონაჟთა გრძნობებისგან დამოუკიდებლად. დანტესთან პირიქით, ისევე, როგორც შექსპირთან, გრძნობებს მელოდია მოჰყვება. ინტონაცია და ემფაზა – აი, რა არის მთავარი. ყოველი ფრაზა ხმამაღლა უნდა იკითხო. კარგი ლექსი თავს ჩუმად ან უხმოდ არ წაგაკითხებს. თუკი ლექსის მდუმარედ კითხვა შეიძლება, იგი ბევრი არაფერი ღირებულა. ლექსი ხმამაღლა კითხვაა. ლექსს მუდამ ახსოვს, რომ სანამ წერილობით ხელოვნებად იქცეოდა, ზეპირი ხელოვნება იყო, ახსოვს, რომ სიმღერა იყო.
ამ აზრს ორი ფრაზა ადასტურებს. ერთი ჰომეროსს ეკუთვნის ან იმ ბერძნებს, ვისაც ჰომეროსს ვუწოდებთ. „ოდისეაში“ ნათქვამია: ღმერთები უბედურებებს გვიგზავნიან, რათა ხალხს მომავალი თაობებისთვის სამღერი ჰქონდეთ. მეორე ფრაზა გაცილებით გვიანდელია და მალარმეს ეკუთვნის. ისიც ჰომეროსის ნათქვამს იმეორებს, ოღონდ ისე ლამაზად ვერა: „Tout aboutit en un livre“ – „წიგნი ყველაფერს იტევს“. სხვაობა ისაა, რომ ბერძნები ლაპარაკობენ თაობებზე, რომლებიც მღერიან, მალარმე – საგანზე, ნივთზე ნივთთა შორის, წიგნზე, მაგრამ აზრი ერთია: ჩვენ შექმნილი ვართ ხელოვნებისთვის, ხსოვნისთვის, პოეზიისთვის, და შეიძლება, დავიწყებისთვის, მაგრამ რაღაც რჩება და ეს რაღაც ისტორიაა ან პოეზია, ერთმანეთს რომ ემსგავსებიან.
კარლეილი და სხვა კრიტიკოსები აღნიშნავენ, დანტეს პოემის დამახასიათებელი თვისება დაძაბულობააო. და თუკი პოემის ასობით სიმღერას გავიხსენებთ, სასწაულად მოგვეჩვენება, რომ ეს დაძაბულობა არ კლებულობს. თუმცა „სამოთხის“ ზოგიერთ ადგილას, ის, რაც პოეტისთვის სინათლეა, ჩვენთვის ჩრდილია. სხვა პოეტთან ასეთ მაგალითს ვერ ვიხსენებ. შეიძლება, ეს მხოლოდ შექსპირის ტრაგედია „მაკბეტი“ იყოს, რომელიც იწყება სამი კუდიანის ან სამი ალქაჯის ან სამი ავბედითი დის გამოცხადებით და დაძაბულობა წამითაც კი არ კლებულობს.
მე სხვა თვისებაზე მინდა ვთქვა: დანტეს სინატიფეზე. ჩვენს წარმოსახვაში იგი ყოველთვის მკაცრი, ჭკუის სწავლების მოყვარული ფლორენციელი პოეტია და გვავიწყდება, რომ მთელი ნაწარმოები სავსეა მომხიბვლელობით, ნეტარებით, სინაზით. ეს სინაზე ფაბულის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, გეომეტრიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში დანტეს წაუკითხავს, რომ კუბი სხეულთაგან ყველაზე მაგარია. ასეთ ჩვეულებრივ შენიშვნაში პოეტური არაფერია, თუმცა დანტე ამას იყენებს, როგორც მეტაფორას ადამიანისა, რომელმაც ბედის დარტყმებს უნდა გაუძლოს: „Buon tetragono a i colpe di fortuna“ – „ადამიანი ერთი კარგი კუბია“ – მართლაც იშვიათი განსაზღვრებაა.
მახსენდება აგრეთვე ისრის საინტერესო მეტაფორა. დანტეს უნდა, გვაგრძნობინოს მშვილდიდან გატყორცნილი და სამიზნისკენ გაფრენილი ისრის სისწრაფე. ამბობს, ისარი მიზანს ჩაესო, მშვილდიდან გამოფრინდა და ლარი მიატოვაო. ადგილებს უცვლის დასასრულსა და დასაწყისს, რათა გვაჩვენოს, რა სწრაფად ხდება მოქმედება.
ერთი სტროფი სულ მახსოვს. ესაა „სალხინებლის“ პირველი ქება, სადაც ლაპარაკია დილაზე: არაჩვეულებრივი დილაა სალხინებლის მთაზე, სამხრეთ პოლუსზე. ჯოჯოხეთის სისაძაგლიდან, დარდიდან და საშინელებიდან გამოსული დანტე ამბობს: „Dolce color d'oriental saffiro“. ლექსი ნელა უნდა იკითხო, oriental ხაზგასმით უნდა წარმოთქვა:

Dolce color d'oriental saffiro
Che s'acconglieva nel sereno aspetto
del mezzo puro infino al primo giro.

(აღმოსავლური საფირონის დამტკბარმა ფერმა,
რომელიც ზეცას მოსდებოდა გავარვარებულს
და სხივოსნობის ათინათი ციდან ნასროლი
პირველ მარსამდის ცის კაბადონს მოჰკიდებოდა.
კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი).

მინდა შევჩერდე ლექსის საინტერესო მექანიკაზე, თუმცა სიტყვა „მექანიკა“ ძალზე მძიმეა საიმისოდ, რისი თქმაც მსურს. დანტე გვთავაზობს ზეცის აღმოსავლეთის სურათს, აღწერს მზის ამოსვლას და აისის ფერს საფირონს ადარებს; საფირონს, რომელსაც აღმოსავლურს უწოდებს. „Dolce color d'oriental saffiro“ სარკეების თამაშს ქმნის, რადგან აღმოსავლეთის ცას საფირონი ჰქვია, თვით საფირონს კი – აღმოსავლური, ესე იგი, საფირონი გამდიდრებულია სიტყვა „აღმოსავლეთის“ მრავალმნიშვნელოვნებით, „ათას ერთი ღამის“ ისტორიებით, რომლებიც დანტემ არ იცოდა, მაგრამ უკვე არსებობდნენ.
კიდევ მახსოვს „ჯოჯოხეთის“ მეხუთე ქების ცნობილი ბოლო ლექსი: „e caddi como corpo morto cade“. („დავეცი, როგორც მკვდრის გვამი ეცემა“. _ იტალ.) რატომ გვესმის ასეთი ბრაგვანი? სიტყვა „დაცემის“ გამეორების გამო.
„კომედია“ სავსეა ამგვარი წარმატებებით, მაგრამ მისი საყრდენი თხრობითობაა. ჩემს სიჭაბუკეში თხრობითობას მაინცდამაინც არ აფასებდნენ, ანეკდოტს უძახდნენ და ავიწყდებოდათ, რომ პოეზიის ფესვები ეპოსშია, ეპოსი კი ძირითადი პოეტური თხრობითი ჟანრია. ეპოსში არსებობს დრო, ეპოსში არის „უწინ“, „ახლა“ და „მერე“; ეს ყველაფერი არის პოეზიაშიც.
მკითხველს ვურჩევდი, დაივიწყოს გველფთა და გიბელინთა უთანხმოებები, სქოლასტიკა, ყურადღება არ მიაქციოს მითოლოგიურ ალუზიებს და ვერგილიუსის ლექსებს, რომლებიც ლათინურადაც ჩინებულია, დანტე კი გამეორებისას, ხანდახან აუმჯობესებს. ყოველ შემთხვევაში, თავიდან თხრობას მიჰყვეს. მე მგონი, მას ვერავინ მოსწყდება.
ასე რომ, ამბის შუაგულში აღმოვჩნდებით და ეს ლამის ჯადოსნურად მოხდება... ახლა ზებუნებრივზე თხრობისას ურწმუნო მწერალს უწევს, მიმართოს ურწმუნო მკითხველებს და მოამზადოს ისინი ამ ზებუნებრივისთვის. დანტეს მსგავსი არაფერი სჭირდება: „Nel mezzo del cammin di nostra vita mi ritroval per selva oscura“. ანუ ოცდათხუთმეტი წლის ასაკში „მიწიერი ცხოვრების ნახევარი რომ გავიარე, დაბურულ ტყეში აღმოვჩნდი“, რაც შეიძლება, ალეგორია იყოს, მაგრამ ჩვენ სიტყვასიტყვით აღვიქვამთ: ოცდათხუთმეტი წლისა, რადგან ბიბლია მართლმორწმუნეთა ასაკს სამოცდაათი წლით განსაზღვრავს. მიჩნეულია, რომ ამის შემდეგ ყველაფერი უდაბნოა. „Bleak“ ინგლისურად – ნაღვლიანი, მოწყენილი. ყოველ შემთხვევაში, როცა დანტე წერს „Nel mezzo del cammin di nostra vita“ – ეს არ არის ცარიელი რიტორიკა: იგი თავისი ხილვების ზუსტ დროს ასახელებს – ოცდათხუთმეტი წლის ასაკს.
არა მგონია, დანტე ვიზიონერი ყოფილიყოს. ხილვა ხანმოკლეა. ხანგრძლივობით „კომედიის“ მსგავსი ხილვა შეუძლებელია: უნდა დავყვეთ ავტორის ნებას და პოეტური რწმენით ვიკითხოთ. კოლრიჯს მიაჩნია, რომ პოეტური რწმენა არის ნებაყოფლობითი ჩანთქმა დაუჯერებელში. თეატრალურ წარმოდგენაზე მისულებმა ვიცით, რომ სცენაზე გადაცმული ადამიანები იმეორებენ შექსპირს, იბსენს ან პირანდელოს, მაგრამ შესაბამის კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს გადაცმულებად არ აღვიქვამთ; შუასაუკუნეების ტანსაცმლით შემოსილი, დარბაისლურად მოსაუბრე ახალგაზრდა კაცი მართლაც დანიის უფლისწულ ჰამლეტად წარმოგვიდგება. კინემატოგრაფში ეს კიდევ უფრო საინტერესო მოვლენაა, რადგან ვუყურებთ არა გადაცმულ ადამიანებს, არამედ მათ გამოსახულებას. თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ სეანსის განმავლობაში მათი გვჯეროდეს.
დანტესთან ყველაფერი ცოცხალია და თანდათანობით ვვარაუდობთ, რომ მას ისევე სჯეროდა სხვა სამყაროსი, როგორც შეიძლებოდა, დაგეჯერებინა გეოცენტრული გეოგრაფია და გეოცენტრული (და სხვა არავითარი) ასტრონომია.
ჩვენ კარგად ვიცნობთ დანტეს პოლ გრუსაკის მიერ აღნიშნული გარემოების გამო: „კომედია“ პირველ პირშია დაწერილი. ეს არ არის წმინდა წყლის გრამატიკული მოვლენა, ეს არ არის მხოლოდ „ვხედავ“ ფორმის ხმარება „ნახეს“ ნაცვლად. ეს გაცილებით მეტს ნიშნავს, სახელდობრ, იმას, რომ დანტე „კომედიის“ ერთ-ერთი გმირია. გრუსაკს ეს ახალ თვისებად მიაჩნია. ვიცით, რომ დანტემდე წმინდა ავგუსტინემ დაწერა „აღსარება“, მაგრამ ეს დიდებული მჭევრმეტყველებით გამორჩეული თხზულება ჩვენთვის არ არის დანტეს ნაწარმოებივით ახლობელი, ვინაიდან აფრიკელის გამაოგნებელი ლექსიკური სიმდიდრე დგება ჩვენს შორის – იქითაა ის, რისი თქმაც სურს და აქეთ – ის, რაც გვესმის.
ჯებირად ქცეული მჭევრმეტყველება, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია. იგი უნდა წარმოადგენდეს საშუალებას, ხერხს, მაგრამ ხანდახან ხელისშემშლელად, ზღუდედ იქცევა. ეს შეიმჩნევა ისეთ განსხვავებულ მწერლებთან, როგორებიც არიან სენეკა, კევედო, მილტონი ან ლუგონესი. მათგან სიტყვები გვაშორებენ.
დანტეს ჩვენ უფრო ახლოს ვიცნობთ, ვიდრე მისი თანამედროვეები. კინაღამ ვთქვი, ისევე ვიცნობთ, როგორც ვერგილიუსი, რომელსაც სიზმარში ხედავდა-თქო. უეჭველია, ყველაზე კარგად დანტეს ბეატრიჩე მორტინარი იცნობდა. ავტორს საკუთარი თავი შეჰყავს თხრობაში და მოვლენათა შუაგულშია. არამარტო ხედავს მომხდარს, არამედ მონაწილეობს კიდეც მასში. ეს მონაწილეობა ყოველთვის არ შეესაბამება იმას, რასაც აღწერს.
ჩვენ ვხედავთ ჯოჯოხეთით შეშინებულ დანტეს; იგი იმიტომ კი არ არის შეშინებული, რომ ლაჩარია, არამედ იმიტომ, რომ მისი შიში აუცილებელია, რათა ჯოჯოხეთი დავიჯეროთ. დანტე შეშინებულია, შიშსა ჰყავს ატანილი, ნანახს გვიამბობს. ამბავს მისი ნათქვამით კი არ ვიგებთ, არამედ ლექსებით, ინტონაციით.
აი, მეორე პერსონაჟი. „კომედიაში“ სამი გმირია, ახლა მეორეზე ვლაპარაკობ. ეს ვერგილიუსია. დანტემ მიაღწია, რომ ვერგილიუსის ორი სახე ჩამოგვიყალიბდა: პირველი – „ენეიდასა“ და „გეორგიკას“ მიხედვით, მეორე – უფრო ახლობელი, პოეზიით, დანტეს ღვთისმოსავი პოეზიითაა შექმნილი. ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც ლიტერატურაში, ისევე ცხოვრებაში – მეგობრობაა. მე ვიტყოდი, რომ მეგობრობა – ჩვენი, არგენტინული ვნებაა. ლიტერატურაში უამრავი მეგობრობაა აღწერილი, იგი გაჯერებულია მეგობრობით. შეგვიძლია, რამდენიმე ჩამოვთვალოთ. როგორ არ ვახსენოთ დონ კიხოტი და სანჩო, უფრო სწორად, ალონსო კიხანო და სანჩო, რადგან სანჩოსთვის ალონსო კიხანო მხოლოდ ბოლოში ხდება დონ კიხოტი. როგორ არ დავასახელოთ ფიერი და კრუსი, საზღვარზე დაღუპული ჩვენი ორი გაუჩო? როგორ არ მოვიგონოთ ბებერი მწყემსი და ფაბიო კასერესი? მეგობრობა გავრცელებული თემაა, მაგრამ მწერლები ყველაზე ხშირად ცდილობენ, ხაზი გაუსვან კონტრასტს მეგობრებს შორის. კინაღამ დამავიწყდა – აი, კიდევ ორი, სრულიად განსხვავებული მეგობარი – კიმი და ლამა.
დანტესთან უფრო ფაქიზი რამ ხდება. აქ არ არის პირდაპირი კონტრასტი. ვაჟიშვილის მოკრძალება მამის წინაშე – დანტე შვილად ეკუთვნის ვერგილიუსს, მაგრამ ამავდროულად, იგი ვერგილიუსზე მაღლა დგას, რადგან თავი ცხონებულად მიაჩნია. ფიქრობს, რომ მიტევებას დაიმსახურებს, ან უკვე დაიმსახურა, რაკიღა ხილვა ჰქონდა. ვერგილიუსი კი, როგორც „ჯოჯოხეთის“ დასაწყისშივე ცნობილია – გზააბნეული სულია, ცოდვილია; როცა ვერგილიუსი დანტეს ეუბნება, სალხინებლის იქით ვეღარ გამოგყვებიო, გასაგები ხდება, რომ რომაელი სამარადისოდ განწირულია საშინელ nobile castello-ში (კეთილშობილი ციხე-კოშკი _ იტალ.) დასარჩენად; აქ შეკრებილან ანტიკურობის დიდ ადამიანთა აჩრდილები, ვინც ქრისტეს მოძღვრება არ იცოდნენ. სწორედ ამ წუთში დანტე ამბობს: „Tu duca, tu, signore, tu maestro…“ (“ბატონო, უფროსო, მასწავლებელო...” _ იტალ.) ამ წამის გასალამაზებლად დანტე ამაღლებული სიტყვით მიესალმება ვერგილიუსს და ლაპარაკობს თავის ხანგრძლივ მოწაფეობაზე, უდიდეს სიყვარულზე, რამაც საშუალება მისცა, გაეგო ვერგილიუსის მნიშვნელობა, ამბობს, რომ ეს ურთიერთობა მათ შორის სამუდამოდ დარჩება. ნაღვლიანი სახით შეჰყურებს ვერგილიუსი, რომელსაც ესმის, რომ განწირულია სამუდამოდ საცხოვრებლად nobile castello-ში, სადაც ღმერთი არ არის. დანტეს კი პირიქით, ნება ეძლევა, ღმერთი იხილოს, ნება ეძლევა, სამყაროს ჩასწვდეს.
აი, ეს ორი გმირი. მათ გარდა, კიდევ ათასობით და ასობით პერსონაჟია, რომელთაც ჩვეულებრივ, ეპიზოდურებს უწოდებენ, მე კი მარადიულებს დავარქმევდი.
თანამედროვე რომანი მოქმედ გმირებს თხუთმეტ-თექვსმეტ გვერდზე გვაცნობს, თუკი ეს გაცნობა საერთოდ გამოდის. დანტეს ამისთვის წამიც ჰყოფნის. ამ წამში პერსონაჟი სამუდამოდ განისაზღვრება. დანტე შეუგნებლად არჩევს მთავარ მომენტს. ბევრ მოთხრობაში ვცადე ამის გამეორება და გამაოგნა შუა საუკუნეებში დანტეს ბუნებამ, უნარმა _ ერთი მომენტი წარმოადგინოს მთელი ცხოვრების ნიშნად. დანტესთან პერსონაჟთა ცხოვრება რამდენიმე ტერცინშია ჩატეული. თუმცა ეს მარადიული სიცოცხლეა. ისინი ერთ სიტყვაში ცხოვრობენ, ერთ მოქმედებაში; ეს სიმღერის ნაწილია, მაგრამ მარადიული. აგრძელებენ ცხოვრებას და ისევ და ისევ ჩნდებიან ადამიანთა წარმოსახვაში.
კარლაილს მიაჩნია, რომ დანტეს ორი დამახასიათებელი თვისება აქვს. არა, რასაკვირველია, მეტი, მაგრამ ორი ძირითადია სინაზე და სიმკაცრე (არამარტო განსხვავებული, არამედ წინააღმდეგობრივიც). ერთი მხრივ, ესაა დანტეს ადამიანური სინაზე, ის, რასაც შექსპირი უძახდა „The milk of human Kindness“ – “თანაგრძნობას”, “გულჩვილობას”, მეორე მხრივ ცოდნა, რომ ყველანი მკაცრი სამყაროს მკვიდრნი ვართ და არსებობს წესრიგი. ეს წესრიგი შეესაბამება სხვა, მესამე მოსაუბრეს.
ავიღოთ ორი მაგალითი. გავიხსენოთ “ჯოჯოხეთის” ყველაზე ცნობილი ეპიზოდი მეხუთე თავიდან, პაოლოსა და ფრანჩესკას ეპიზოდი. არ ვაპირებ დანტეს მოყოლას – ჩემი მხრივ, თავხედობა იქნებოდა, სხვა სიტყვებით გადმომეცა ერთხელ და სამუდამოდ ნათქვამი იტალიურად – მხოლოდ გარემოებათა შეხსენება მინდა.
დანტე და ვერგილიუსი მეორე წრეში ჩადიან (თუ არ ვცდები) და ხედავენ მოფუთფუთე სულებს, გრძნობენ ცოდვის სიმყრალეს, სასჯელის სიმყრალეს. უსიხარულო გარემოცვა. მაგალითად, მინოსი, კუდს სპირალისებურად რომ გრაგნის, რათა აჩვენოს, რომელ წრეში ხვდებიან განწირულები. აქ ხაზგასმულია საზიზღრობა და აშკარა ხდება, რომ ჯოჯოხეთში არ შეიძლება, რამე ლამაზი იყოს. იმ წრეში, სადაც გარყვნილები ისჯებიან – დიდი სახელები არიან. ვამბობ, „დიდი სახელები“, რადგან დანტემ, ამ ქების წერა რომ დაიწყო, ჯერ კიდევ არ იყო ისეთი სრულყოფილი, რომ პერსონაჟები შეექმნა რაღაც უფრო დიდით, ვიდრე სახელია. მაგრამ დანტეს ოსტატობა უკვე თავს იჩენს ნობილე ცასტელლო-ს ეპიზოდებში. მათ შორისაა ჰომეროსი, ხელში მახვილი უჭირავს. ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას ეუბნებიან... გამეორება არ არის საჭირო. აქ დუმილი გვმართებს. ყველაფერი შეესაბამება თავმდაბალ მორჩილებას საზარელ ლიმბაში ყოფნისთვის განწირულებისა, რომელთაც ღმრთის სახის ხილვა არ უწერიათ. მეხუთე ქებაში მიდის დანტე თავის დიდებულ აღმოჩენასთან: თურმე შესაძლებელია დიალოგი მიცვალებულთა სულებსა და მათ შორის, იგი თანაუგრძნობს გარდაცვლილებს და თავისებურად განსჯის კიდეც. არა, არ განსჯის; იცის, რომ მსაჯული თვითონ არ არის. მსაჯული სხვაა, მესამე მოსაუბრე, ღვთაებრიობა.
ერთი სიტყვით, იქ არიან ჰომეროსი, პლატონი, სხვა დიდი ადამიანები. მაგრამ დანტეს მზერა მიმართულია ორ უცნობზე, არც ისე ცნობილ ადამიანებზე, თავის თანამედროვეებზე: პაოლოსა და ფრანჩესკაზე. იცის, როგორ დაიღუპნენ შეყვარებულები, უხმობს და ისინიც ჩნდებიან. დანტე გვეუბნება: „Quali colombe dal disio chiamate“. (როგორც მტრედები ბუდის ტკბილ ძახილზე (იტალ.)) ჩვენს წინაშეა ორი ცოდვილი, დანტე კი მათ ორ მტრედს ადარებს, სურვილით რომ მიილტვიან ერთმანეთისკენ, ვინაიდან ამ სცენაში მთავარია გრძნობა. პოეტს ქალ-ვაჟი უახლოვდება და ფრანჩესკა – მხოლოდ ის ლაპარაკობს (პაოლოს არ შეუძლია) – მადლობას უხდის დანტეს დაძახებისთვის და ასეთ გულისამაჩუყებელ სიტყვებს ამბობს: „Se fosse amiqo il Re dell'universe noi pregheremmo lui per la Tua pace“ – „მე რომ სამყაროს მეუფის მეგობარი ვიყო (ამბობს „სამყაროს მეუფის“, რადგან არ შეუძლია ღმერთის ხსენება. ეს სახელი აკრძალულია ჯოჯოხეთსა და სალხინებელში), შენთვის მშვიდობას ვთხოვდი, რადგან შენს გულში სიბრალულია ჩვენი ტანჯვისადმი“. ფრანჩესკა ჰყვება თავის ისტორიას. ჰყვება ორჯერ. პირველად – თავშეკავებულად, მაგრამ დაჟინებით იმეორებს, რომ ისევ უყვარს პაოლო. ჯოჯოხეთში მონანიება აკრძალულია, მას გაცნობიერებული აქვს თავისი ცოდვა და ცოდვის ერთგული რჩება, რაც ქალს სიდიადეს სძენს. საშინელება იქნებოდა, რომ მოენანიებინა, მომხდარი რომ ენანა. ფრანჩესკამ იცის, რომ სასჯელი სამართლიანია, იღებს მას და განაგრძობს პაოლოს სიყვარულს.
დანტეს უნდა გაიგოს. Amor condusse noi ad una morte: პაოლო და ფრანჩესკა ერთად მოკლეს. დანტეს არ აინტერესებს არც მათი კავშირი, არც ის, თუ როგორ იპოვნეს ან მოაკვდინეს; მას აინტერესებს უფრო იდუმალი – როგორ მიხვდნენ, რომ უყვართ, როგორ შეუყვარდათ, როგორ დაუდგათ ნაზი ოხვრის დრო. იგი კითხვას სვამს.
მინდა, თემას გადავუხვიო და შეგახსენოთ ლეოპოლდო ლუგონესის ალბათ საუკეთესო და, უეჭველად, „ჯოჯოხეთის“ მეხუთე სიმღერით შთაგონებული სტროფი. ესაა პირველი კუპლეტი სონეტისა „ბედნიერი სული“ კრებულიდან „ოქროს ხანა“ (1922).

Al promediar la tarde aquel dia
Cundo iha mi habituel adios a darte
Fue una vaga congoja de dejarte
Lo que me luzo saber que te queria.

“იმ საღამოს, გამოთხოვებისას, / როცა დადგა დრო, ჩვეულებრივ, მეთქვა “მშვიდობით”, / განშორების ბუნდოვანმა სევდამ / მიმახვედრა, რომ მიყვარხარ.”

ძველი დროის პოეტები ამბობდნენ, რომ ადამიანი ღრმა კაეშანსა გრძნობს ქალთან გამომშვიდობებისას და იშვიათ პაემნებზე წერდნენ. აქ პირიქით, „როცა დადგა დრო, ჩვეულებრივ, მეთქვა „მშვიდობით“ – მოუქნელი სტრიქონია, მაგრამ ეგ არაფერი, რადგან „ჩვეული მშვიდობით“ ნიშნავს, რომ ისინი ხშირად ხვდებიან, – და შემდეგ „განშორების ბუნდოვანმა სევდამ მიმახვედრა, რომ მიყვარხარ“.
არსებითად, იგივე თემაა, რაც მეხუთე სიმღერაში: ორმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ერთმანეთი უყვართ, თუმცა ადრე ამას ვერ ხვდებოდნენ. სწორედ ამის გაგება სურს დანტეს. ფრანჩესკა ჰყვება, იმ დღეს როგორ კითხულობდნენ ლანსელოტის, მისი სიყვარულით ტანჯვის ამბავს. მარტონი იყვნენ და ეჭვიც არაფრისა ჰქონდათ. სახელდობრ, რისი ეჭვი არ ჰქონდათ? ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ ერთმანეთი შეჰყვარებოდათ. ისინი კითხულობდნენ ერთ-ერთ წიგნს, ბრიტანელებმა საფრანგეთში რომ შეთხზეს საქსონების შემოსევის შემდეგ. ერთ-ერთ ისეთ წიგნს, ალონსო კიხანო რომ შეშლილობამდე მიიყვანა და პაოლოსა და ფრანჩესკას ცოდვილი ვნება გააღვიძა. ერთი სიტყვით, ფრანჩესკა უხსნის, რომ დროდადრო წითლდებოდნენ, რომელიღაც წუთში კი „quando leggemo il dislato riso“, „წავიკითხეთ სასურველ ღიმილზე, რომელსაც აკოცა საყვარელმა, და მან, ვისაც არასოდეს დავშორდები, მაკოცა, tutto tremante“. (მთელი ტანით ათრთოლებულმა).
არსებობს რაღაც, რაზეც დანტე ხმას არ იღებს, მაგრამ იგრძნობა მთელი ეპიზოდის განმავლობაში, და შესაძლებელია, სწორედ ამითაა ძვირფასი ეს ადგილი. უსაზღვრო თანაგრძნობით გვიამბობს დანტე ამ ორი შეყვარებულის ხვედრზე და ვხვდებით, რომ შურს მათი ბედისწერა. პაოლო და ფრანჩესკა ჯოჯოხეთში არიან, თვითონ კი ხსნა ელის, მაგრამ იმათ ერთმანეთი უყვართ, ამან კი ბეატრიჩეს სიყვარული ვერ მოიპოვა. მათ სიყვარულში დანტე გამოწვევას ხედავს, აძრწუნებს საკუთარი სიშორე ბეატრიჩესგან. ეს ორი ცოდვილი კი განუყრელნი არიან, დამუნჯებულნი მიჰქრიან შავ ქარბუქში თუნდაც სრულიად უიმედოდ. დანტე არც ჩვენ გვაიმედებს, რომ მათი ტანჯვა შეწყდება, მაგრამ ისინი ერთად არიან. სამუდამოდ განუყრელნი არიან, ერთად არიან ჯოჯოხეთში, დანტესთვის კი ეს სანეტარო ხვედრია.
გვესმის, რომ ის ძალზე აღელვებულია. გონმიხდილი ეცემა.
თითოეული ადამიანი საუკუნოდ განსაზღვრულია თავისი ცხოვრების ერთადერთი წამით – წამით, როცა ადამიანი სამუდამოდ ხვდება საკუთარ თავს. მიჩნეულია, რომ დანტე ფრანჩესკას კიცხავს, სასტიკია მის მიმართ. ასე ფიქრი ნიშნავს, დაივიწყო მესამე გმირი. ვისაც „კომედია“არ ესმის, მიიჩნევს, რომ დანტემ ეს ნაწარმოები მტრებთან ანგარიშგასასწორებლად და მეგობრების მოსაფერებლად დაწერა. მტკნარი სიცრუეა. ნიცშე ამბობს, დანტე აფთარია და საფლავებს შორის თხზავს ლექსებსო. ლექსების მთხზველი აფთარი – უაზრო სახეა, ეგეც არ იყოს, დანტე ტკივილით არ ტკბება. მან იცის, რომ არის მომკვდინებელი, გამოუსყიდველი ცოდვები. თითოეული მათგანისთვის იგი ირჩევს ერთ ადამიანს, ვინც ჩაიდინა ეს ცოდვა, თუნდაც ეს ადამიანი სხვა ყოველმხრივ შესანიშნავი და ჩინებული იყოს. ფრანჩესკა და პაოლო ვნებას აჰყოლიან, სხვა ცოდვები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთიც საკმარისია მათ განსასჯელად.
აზრს მიუწვდომელ ღმერთზე სხვა წიგნში ვხედავთ, კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ წიგნში, იობის წიგნში. გახსოვთ, როგორ შეაჩვენებს იობი უფალს, როგორ ამხელენ მეგობრები და ბოლოს, როგორ ლაპარაკობს ღმერთი ქარიშხლიდან, უარყოფს მათ, ვინც იცავს და მათ, ვინც ბრალს სდებს იობს.

(დასასრული ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Jul 22, 2011 7:38 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 6:51 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

პირველი საღამო
„ღვთაებრივი კომედია“



(დასასრული)

ღმერთი ადამიანთა ნებისმიერ სამსჯავროზე მაღლა დგას, და ამის გაგებაში რომ დაგვეხმაროს, ორი უჩვეულო მაგალითი მოჰყავს: ვეშაპი და სპილო. მათ ირჩევს, რათა გვაჩვენოს, რომ ისინი არანაკლებ საზარელია ჩვენთვის, ვიდრე ლევიათანი და ბეჰემოთი (რომლის სახელიც მრავლობით რიცხვში დგას და ებრაულად ნიშნავს „ბევრი ცხოველი“). ღმერთი ადამიანურ სამსჯავროზე მაღლა დგას. ამას ამტკიცებს იგი იობის წიგნში. და ადამიანები მის წინაშე თავს მდაბლად ხრიან, რადგან გაბედეს მისი განსჯა, მისი გამართლება. ეს არ არის საჭირო. ღმერთი, როგორც ნიცშე ამბობდა, სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. ეს სხვა კატეგორიაა.
დანტე ყოველთვის რომ ემთხვეოდეს წარმოსახვით ღმერთს, მაშინ გასაგები იქნებოდა, რომ ეს ცრუ ღმერთია, უბრალოდ, დანტეს ასლია. პირიქით, დანტემ უნდა მიიღოს ეს ღმერთი, როგორც ის, რომ ბეატრიჩეს არ უყვარს, რომ ფლორენცია უპატიოსნოა, უნდა მიიღოს დევნილობა და სიკვდილი რავენაში, უნდა მიიღოს ქვეყნიერების ბოროტება, ქედი უნდა მოიდრიკოს ღმერთის წინაშე, რომელსაც ვერ ჩასწვდება.
არის გმირი, რომელსაც ვერ ნახავთ „კომედიაში“, რომელიც მასში ვერ იქნებოდა, რადგან ძალზე ადამიანურია. ეს გმირია იესო. იგი არ არის „კომედიაში“, ისე, როგორც სახარებაშია: ადამიანური, სახარებისეული იესო ვერ იქნება მეორე “კომედიის” სამებაში.
მინდა, ბოლოსდაბოლოს, გადავიდე მეორე ეპიზოდზე, რომელიც „კომედიის“ მწვერვალად მეჩვენება. იგი ოცდამეექვსე სიმღერაშია. ესაა ულისეს ეპიზოდი. ოდესღაც დავწერე სტატია „ულისეს გამოცანა“. გამოვაქვეყნე, მერე დავკარგე და ახლა მის აღდგენას ვცდილობ. მე მგონი, ეს ყველაზე იდუმალი ეპიზოდია „კომედიაში“ და იქნებ, ყველაზე დაძაბული, თუმცა, მწვერვალებზე საუბრისას, ძნელი გასარჩევია, რომელი სჯობს დანარჩენებს, „კომედია“ კი მწვერვალებითაა სავსე.
პირველი ლექციისთვის სწორედ „კომედია“ ავირჩიე, რადგან ლიტერატორი ვარ და მიმაჩნია, რომ ლიტერატურისა და ლიტერატურების გვირგვინი „კომედიაა“. ეს არ ნიშნავს არც თანხვედრას მის თეოლოგიასთან, არც თანხმობას მის მითოლოგიასთან. ჩვენ ქრისტიანული მითოლოგია და წარმართული აბდაუბდა გვაქვს. ლაპარაკი სხვა რამეზეა – არც ერთ წიგნს არ მოუნიჭებია ესოდენ ძლიერი ესთეტიკური ტკბობა. ვიმეორებ – მე ჰედონისტი მკითხველი ვარ, წიგნებში სიამოვნებას ვეძებ.
„კომედია“ არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წავიკითხოთ. ამის არგაკეთება ნიშნავს უარის თქმას ლიტერატურის ძღვენთა შორის საუკეთესოზე, ცხოვრებას საშიშ ასკეტიზმში. რისთვის უნდა მოვაკლოთ საკუთარ თავს „კომედიის“ წაკითხვის ბედნიერება? თან ეს იოლი კითხვაა. ძნელი ისაა, რაც კითხვას მოჰყვება: მოსაზრებები, კამათი, მაგრამ წიგნი თავისთავად ბროლივით გამჭვირვალეა. მისი მთავარი გმირი _ დანტე, შეიძლება, ყველაზე ცოცხალი პერსონაჟია ლიტერატურაში, არის სხვა შესანიშნავი სახეებიც. მაგრამ დავუბრუნდეთ ულისეს ეპიზოდს.
დანტე და ვერგილიუსი უახლოვდებიან, მე მგონი, მერვე ხევს, სადაც მატყუარები არიან. თავი იწყება ვენეციის მხილებით, რომელზეც დანტე ამბობს, ფრთებს მიწასა და ცაში სცემს და მის სახელს ჯოჯოხეთში ადიდებენო. შემდეგ ზემოდან უამრავ კოცონს ხედავს, ცეცხლში კი, ალში, დამალულან მატყუარების სულები, დამალულან, რადგან საიდუმლოდ მოქმედებდნენ. ალი მოძრავია და დანტე კინაღამ ხევში ვარდება. მაგრამ ვერგილიუსი ამხნევებს, ვერგილიუსის სიტყვა. იგი ლაპარაკობს მათზე, ვინც ცეცხლშია და ასახელებს ორ ჩინებულ სახელს, ულისეს და დიომედეს. აქ იმისთვის არიან, რომ ტროას ცხენის ოინი მოიგონეს, რამაც ბერძნებს ალყაშემორტყმული ქალაქი ააღებინა.
ულისე და დიომედე აქ არიან და დანტეს მათი გაცნობა უნდა. ვერგილიუსს ამცნობს თავის სურვილს, დაელაპარაკოს სიძველის ამ ორ დიდ აჩრდილს, ამაღლებულ და დიად გმირებს. ვერგილიუსი ამ თხოვნის შესრულებაზე თანახმაა იმ პირობით, რომ დანტემ მას უნდა მიანდოს საუბრის წარმართვა, რადგან ლაპარაკია ორ ქედმაღალ ბერძენზე. ალბათ, ასე სჯობს, რომ დანტე არ ლაპარაკობს. ამას ორგვარად ხსნიან. ტორკვატო ტასოს მიაჩნდა, რომ ვერგილიუსს თავის ჰომეროსად გასაღება უნდოდა. სრულიად უაზრო და უღირსი ვარაუდია, რადგან ვერგილიუსმა უმღერა ულისესა და დიომედეს, და თუ დანტემ მათი ამბავი იცოდა, სწორედ ვერგილიუსის წყალობით. ალბათ უნდა უარვყოთ ჰიპოთეზა, რომ შეიძლებოდა, დანტესთვის ბერძნებს ამრეზით შეეხედათ, რაკი ენეოსის შთამომავალი იყო, ან რაკი ბარბაროსი იყო. ვერგილიუსი, ისევე როგორც დიომედე და ულისე – დანტეს გამონაგონია. დანტემ გამოიგონა ისინი. ოღონდ ისეთი სიმძლავრით, იმდენად ცოცხლად, რომ შეიძლებოდა, ეფიქრა, ამ გამოგონილმა გმირებმა (რომელთაც არა აქვთ სხვა ხმა, იმის გარდა, რაც დანტემ უბოძა, რომელთაც არა აქვთ სხვა სახე იმის გარდა, რითაც წარმოადგინა), ცხვირი არ ამიბზუონო, რადგან თვითონ ჯერ არავინ არის, ჯერ თავისი „კომედია“ არ დაუწერია.
დანტე, ჩვენსავით თამაშში ერთვება: ისიც მოხიბლულია „კომედიით“. ფიქრობს: ესენი სიძველის ნათელი გმირები არიან, მე კი არავინ, დევნილი. რას შეიძლება ნიშნავდეს მათთვის ჩემი თხოვნა? მაშინ ვერგილიუსი გმირებს სთხოვს, თავიანთი სიკვდილის ამბავი უამბონ, და გაისმის უხილავი ულისეს ხმა. ულისე არ ჩნდება, იგი ალშია გახვეული.
აქ წააწყდებით დანტეს მიერ შექმნილ გასაოცარ ლეგენდას, ლეგენდას, რომელიც სჯაბნის იმასაც, რაც „ოდისეასა“ და „ილიადას“ ბოლოსაა, და იმასაც, რაც სხვა წიგნს ასრულებს; წიგნს, სადაც ულისე სინდბად მეზღვაურის სახელით ჩნდება – „ათას ერთ ღამეს“.
ლეგენდას დანტე ქმნის სხვადასხვა ვითარებების გავლენით. აქ, პირველყოვლისა, არის რწმენა, რომ ლისაბონი ულისეს დაფუძნებულია, რწმენა, რომ ატლანტის ოკეანეში ნეტარი კუნძულები არსებობს. კელტები ვარაუდობდნენ, რომ ატლანტის ოკეანეში ფანტასტიური ქვეყნებია: კუნძული – მრავალჯერ დასერილი მდინარით, რომელიც სავსეა თევზითა და გემებით, ხმელეთს რომ არ მიადგებიან; მბრუნავი ცეცხლოვანი კუნძული; კუნძული, სადაც ბრინჯაოსფერი მწევრები მისდევენ ვერცხლისფერ ირმებს. ეტყობა, ამან დანტეს ყურადღება მიიპყრო, პოეტმა ლეგენდებს კეთილშობილება შესძინა.
ულისე ტოვებს პენელოპეს, თავს უყრის მეგობრებს და ეუბნება: თქვენ დაიქანცეთ, არც ისე მცირე დრო იცხოვრეთ, ათასი ხიფათი დასძლიეთო... და სთავაზობს კეთილშობილურ ამოცანას – გაიარონ ჰერაკლეს სვეტები, გადაკვეთონ ზღვა, გამოიკვლიონ სამხრეთის ნახევარსფერო, რომელიც, როგორც მაშინ მიაჩნდათ, მხოლოდ წყლისგან შედგება. არ იცოდნენ, იქ კიდევ რამე იყო თუ არა. ვაჟკაცებს უწოდებს, ეუბნება, ცხოველური ხვედრისათვის კი არ დაბადებულხართ, არამედ მამაცობისთვის, ცოდნისთვისო; დაბადებულხართ, რათა იცოდეთ და გაიგოთო. ისინიც მიჰყვებიან და „ნიჩბებს ფრთებს შეასხამენ“.
საინტერესოა, რომ ეს მეტაფორა „ოდისეაშიც“ გვხვდება, რაც არ შეიძლებოდა, დანტეს სცოდნოდა. ისინი მიცურავენ და უკან იტოვებენ სეუტას და სევილიას, გაშლილ ზღვაში გადიან და მარცხნივ უხვევენ. მარცხნივ, მარცხენა მხარეს „კომედიაში“ ბოროტებას ნიშნავს. სალხინებელში რომ მოხვდე, მარჯვნივ უნდა წახვიდე, ჯოჯოხეთში რომ აღმოჩნდე – მარცხნივ. ესე იგი, სიტყვა „siniestro“-ს ორი მნიშვნელობა აქვს. მერე ნათქვამია: „ღამით დავინახე ყველა ვარსკვლავი მეორე ნახევარსფეროსი“ – ჩვენი, ვარსკვლავებით სავსე ნახევარსფეროსი, დიდი ირლანდიელი პოეტი იეიტსი წერს „starladen sky“, – „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა“. ეს არ ითქმება ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, სადაც ჩვენთან შედარებით ვარსკვლავები ცოტაა.
ხუთი თვე მიცურავენ და ბოლოს, ხმელეთს ხედავენ. შორს – მუქი ფერის მთაა, ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე კაცის თვალს უნახავს. ულისე ამბობს, რომ სიხარული ტირილმა შეცვალა, რადგან ქარიშხალი ამოვარდა და ხომალდი დაიმსხვრა. ეს მთა სალხინებელია, როგორც სხვა ქებაში ირკვევა. დანტეს სჯერა, რომ სალხინებელი (ისე იქცევა, ვითომ სჯერა – პოეტური მიზნით) – ანტიპოდია ქალაქი იერუსალიმისა.
და აი, ვუახლოვდებით ამ საშინელ ეპიზოდს და გვიჩნდება კითხვა, რისთვისაა დასჯილი ულისე. როგორც ჩანს, ცხენთან დაკავშირებული ოინის გამო არა, რადგან თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტში დანტესაც და ჩვენც სხვა რამეს გვიყვება: დასჯილია კეთილშობილური და გაბედული მოგზაურობისთვის, აკრძალულის, შეუძლებელის გაგების სურვილისთვის. საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ გამოირჩევა ეს სიმღერა ასეთი ძალით. სანამ პასუხს გავცემდე, მინდა გავიხსენო კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დღემდე არავის აღუნიშნავს.
არსებობს კიდევ ერთი დიდი წიგნი, ჩვენი დროის დიდი პოემა, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“. ავტორს „კომედია“ უეჭველად, ლონგფელოს თარგმანით ეცოდინებოდა. მელვილი გვიამბობს, როგორ დასდევს დასახიჩრებული კაპიტანი აქაბი თეთრ ვეშაპს შურის საძიებლად. ბოლოს ერთმანეთს ხვდებიან. ვეშაპი კაპიტანს ახრჩობს და ვეება რომანი მთავრდება ზუსტად ისე, როგორც დანტეს სიმღერა: ისინი ზღვამ ჩაყლაპა. მელვილს იმ წუთში „კომედია“ უნდა გახსენებოდა. თუმცა მე მირჩევნია, ვიფიქრო, რომ წაკითხული ჰქონდა და იმდენად შეითვისა, რომ დავიწყებაც შეეძლო. „კომედია“ მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო, შემდეგ აღმოაჩინა, რომ მრავალი წლის წინათ წაუკითხავს, მაგრამ ისტორია ერთი და იგივეა. თუმცა აქაბს კეთილშობილი სწრაფვა კი არ მიუძღვის წინ, არამედ შურისძიების სურვილი. ულისე კი ადამიანთა შორის უკეთილშობილეს არსებასავით იქცევა. და კიდევ: ულისე ასახელებს თავისი სასჯელის ჭეშმარიტ მიზეზს, რომელიც გონიერებას უკავშირდება.
რა არის ამ ეპიზოდის ტრაგიზმი? მე მგონი, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. ერთადერთი ღირებული ახსნა და იგი ასეთია: დანტე გრძნობს, რომ ულისე რაღაცნაირად თვითონაა. არ ვიცი, აცნობიერებს თუ არა, თუმცა ამას არცა აქვს მნიშვნელობა. „კომედიის“ ერთ-ერთ ტერცინში ნათქვამია, რომ არავის აქვს ნება, იცოდეს განგების მსჯავრი. განგებას წინ ვერ გავუსწრებთ, ვერ გავიგებთ, ვინ გადარჩება და ვის ელის სასჯელი. დანტემ გაბედა, წინ გაესწრო (პოეტური სახით) ამ სამსჯავროსთვის. მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს სახიფათოა, არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა, რომ წინ უსწრებს ღვთის მიუწვდომელ მსჯავრს.
სწორედ ამიტომაა ულისეს სახე ესოდენ ძლიერი; ულისე – დანტეს ანარეკლია, დანტე გრძნობდა, რომ თითქმის დაიმსახურა ასეთი სასჯელი. პოემა დაწერა, მაგრამ ასე თუ ისე, დაარღვია იდუმალი კანონები წყვდიადისა, ღმრთისა, ღვთაებრივისა.
ვამთავრებ. მინდა, მხოლოდ გავიმეორო, რომ არავის აქვს უფლება, მოიკლოს ეს ბედნიერება – „კომედიის“ წაკითხვა. მერე იქნება კომენტარები, სურვილი, გაიგონ, რას ნიშნავს თითოეული მითოლოგიური მინიშნება, დაინახონ, როგორ ექცევა დანტე ვერგილიუსის დიდ ლექსებს და თარგმნისას ლამის აუმჯობესებს კიდეც მათ. პირველყოვლისა, წიგნი უნდა წავიკითხოთ ბავშვური რწმენით, თავდავიწყებით; მერე იგი სიცოცხლის ბოლომდე აღარ მოგვშორდება. მე იმდენი წელიწადია თან დამყვება, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ გადავშლი და აღმოვაჩენ იმას, რაც დღემდე არ მინახავს. ვიცი, რომ ეს წიგნი ჩემს დაკვირვებებზე მეტია. ჩვენზე მეტია.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 7:31 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეორე საღამო

კოშმარი


Henry Fuseli
The Nightmare exhibited 1782
Oil on canvas, 1210 x 1473 x 89 mm
Lent by the Detroit Institute of Arts, Founders Society Purchase with funds from Mr and Mrs Bert L. Smokler and Mrs Lawrence A. Fleischman


ქალბატონებო და ბატონებო!
სიზმრები _ სახეა, კოშმარი _ სახეობა. ჯერ სიზმრებზე ვილაპარაკებ, მერე _ კოშმარებზე.
ამ დღეებში რამდენიმე წიგნი გადავიკითხე ფსიქოლოგიაზე და თავგზა ამერია. ყველა წიგნში იყო ლაპარაკი სიზმრების ინსტრუმენტარიასა და თემატიკაზე (შემდგომში შემიძლია, დავასაბუთო ჩემი განცხადება) და ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი იმაზე, რასაც ველოდი _ ამ მოვლენის საკვირველებაზე, უცნაურობაზე.
ასე მაგალითად, ფსიქოლოგიის საკითხებზე გუსტავ შინდლერის წიგნში “The Mind of Man” ნათქვამია, რომ სიზმრები შეესაბამება გონებრივი მოქმედების უმდაბლეს დონეს (მე ეს მოსაზრება მცდარი მგონია) და ნაამბობია, თუ როგორი არათანმიმდევრული, შეუსაბამოა სიზმრების ფაბულა. მინდა, შეგახსენოთ გრუსაკის შესანიშნავი ნარკვევი (ოღონდ თუ მოვახერხე მისი გახსენება და დასახელება) _ “სიზმრებს შორის”. ეს ნარკვევი “ინტელექტური მოგზაურობის” მეორე ტომში უნდა იყოს შესული. ნარკვევის ბოლოს გრუსაკი ამბობს, საკვირველია, რომ ყოველ დილით სრულ ჭკუაზე _ ან შედარებით სრულ ჭკუაზე ვიღვიძებთ, მას მერე, რაც სიზმრისეულ სფეროს, სიზმრების ლაბირინთს გადავლახავთო.
სიზმრების შესწავლისას განსაკუთრებული ყაიდის სიძნელეს ვაწყდებით. არ შეიძლება მათი უშუალო შესწავლა. შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ მეხსიერებაში ჩარჩენილ სიზმრებზე. იქნებ, ხსოვნა სრულად არც შეესაბამებოდეს თვით სიზმრებს. XVIII საუკუნის დიდი მწერალი სერ ტომას ბრაუნი მიიჩნევდა, რომ ჩვენს მიერ დამახსოვრებული სიზმრები უფრო მწირია, ვიდრე მათი დიდებული რეალობა. არსებობს საწინააღმდეგო აზრიც: რომ ჩვენ ვალამაზებთ სიზმრებს; თუკი სიზმრებს გამონაგონის პირმშოდ მივიჩნევთ (და მე მგონი, ასეც არის), მაშინ შესაძლოა, გამოგონებას გაღვიძების მომენტშიც განვაგრძობდეთ და შემდგომაც, როცა მათ ვყვებით. მახსენდება დანის წიგნი “An Experiment with Time”. ამ თეორიის მომხრე არა ვარ, მაგრამ ისეთი კარგია, რომ ღირს მისი
მოყვანა. თუმცა მანამდე სიმარტივისთვის (წიგნიდან წიგნზე გადავდივარ, მეხსიერება აზრს უსწრებს) მინდა ვახსენო ბოეციუსის მშვენიერი წიგნი “De consolatione philophiae”, რომელსაც, ისევე, როგორც შუასაუკუნეების მთელ ლიტერატურას, უეჭველია, ხშირად კითხულობდა დანტე. ბოეციუსი, “უკანასკნელ რომაელს” რომ უძახდნენ, სენატორი ბოეციუსი, წარმოიდგენს დოღზე მოსულ მაყურებელს. იგი იპოდრომის ტრიბუნიდან ადევნებს თვალს ცხენებს, დოღის დასაწყისს, ცვალებადობას, ერთ-ერთი ცხენის მისვლას ფინიშთან _ ყველაფერს თანმიმდევრულად. მაგრამ ბოეციუსი სხვა მაყურებელსაც წარმოიდგენს. მეორე მაყურებელი პირველ მაყურებელსაც ადევნებს თვალს და დოღსაც: სავარაუდოდ, ეს ღმერთია. უფალი ხედავს დოღს მთლიანად, ხედავს დოღს ერთ მარადიულ წამში, დოღის წამიერ მარადიულობაში: ცხენების სტარტს, დოღის მსვლელობას, ფინიშს. ყველაფერს ერთი მზერით მოიცავს, ისევე, როგორც სამყაროს მთელ ისტორიას. ამგვარად, ბოეციუსი ინარჩუნებს ორივე ცნებას: თავისუფალ ნებასა და განგებას. მაყურებელი დოღს თავიდან ბოლომდე უცქერის, მაგრამ მის მსვლელობაზე გავლენას არ ახდენს (მხოლოდ თანმიმდევრულად ადევნებს თვალს). უფალიც ასევე ხედავს მთელი ცხოვრების მსვლელობას, აკვნიდან სამარის კარამდე. იგი გავლენას არ ახდენს ჩვენს მოქმედებებზე, საკუთარ საქციელში თავისუფლები ვართ, მაგრამ უფალმა უწყის _ უფალმა უკვე უწყის ამა თუ იმ წუთში _ ჩვენი ცხოვრების დასასრული. ამგვარადვე ხედავს უფალი ქვეყნიერების ისტორიას, ყოველივე იმას, რაც მოხდება ქვეყნიერების ისტორიაში; ხედავს იმ ერთადერთ, ბრწყინვალე, თავბრუდამხვევ წამში, მარადიულობა რომ ჰქვია.
დანი ჩვენი საუკუნის ინგლისელი მწერალია. ჯერ არ გამიგია წიგნის უფრო საინტერესო სათაური, ვიდრე მისი “დროის ცდაა”. დანს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც პატარა, საკუთარი მარადიულობისმაგვარი: ეს მარადიულობა ყოველ ღამით ჩვენს განკარგულებაშია. დასაძინებლად ვწვებით და გვესიზმრება ოთხშაბათი. გვესიზმრება ოთხშაბათი და მისი მომდევნო ხუთშაბათი, შესაძლოა, პარასკევი ან სამშაბათიც კი... ასეთი შესაძლებლობა ნებისმიერს აქვს _ საკუთარი, პატარა მარადიულობა, რომელიც ცოტა ხნის წინანდელ წარსულს და ახლო მომავალს დაგვანახებს.
სიზმარში ადამიანი ყოველივე ამას ერთი მზერით მოიცავს, როცა უფლის მსგავსად, ქვეყნიერებას თავისი უხილავი სიმაღლიდან გადმოსცქერის. გაღვიძებისას რა ხდება? ცხოვრების თანმიმდევრული დინების ჩვევისამებრ, საკუთარ სიზმარს თხრობით ფორმას ვაძლევთ, თუმცა იგი მრავალპლანიანია და და დროშიც არაა გავრცობილი.
ავიღოთ ძალზე მარტივი მაგალითი. ვთქვათ, მესიზმრა ადამიანი, უბრალოდ, ადამიანი (ლაპარაკია სულ უბრალო სიზმარზე) და მაშინვე _ ხე. გავიღვიძებ და შემიძლია, ამ მარტივ სიზმარს შევძინო სირთულე, რომელიც სრულიადაც არ გააჩნია. შეიძლება, მომეჩვენოს, რომ სიზმრად ვნახე კაცი, რომელიც ხედ გადაიქცა, ხე გახდა. მე ფაქტებს გარდავქმნი, ვთხზავ.
ზუსტად არ ვიცით, რა ხდება სიზმრის დროს: შესაძლოა, ზეცაში ვართ, შესაძლოა _ ჯოჯოხეთში, იქნებ, ისა ვართ, რასაც შექსპირმა დაარქვა, “the thing I am” _ “ის, რაცა ვარ”, იქნებ, საკუთარი თავი ვართ, იქნებ _ ღვთაება. გაღვიძებისას ეს დავიწყებულია. და სიზმრების შესწავლა შეგვიძლია მეხსიერების, ჩვენი მწირი მეხსიერების კვალდაკვალ.
კიდევ წაკითხული მაქვს ფრეზერის, ამ უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ მეტისმეტად მალემრწმენი მწერლის წიგნი. ფრეზერს, როგორც ჩანს მოგზაურების ათასგვარი ნაამბობი სჯეროდა. ფრეზერის, ან იმ მოგზაურების აზრით, ვისაც იგი კითხულობდა, თუკი ველურს ესიზმრება, რომ ტყეში მიდის და ლომსა ჰკლავს, გაღვიძებულს ჰგონია, რომ სულმა სხეული მიატოვა და სიზმარში ლომი მოკლა. ან თუ ცოტა გავართულებთ, შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ ლომის სიზმარი მოკლა. ყველაფერი ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა, ასეთი მსჯელობა ემთხვევა მსჯელობას ბავშვებზე, მაინცდამაინც რომ არ განასხვავებენ სიზმარსა და ცხადს.
მახსენდება, როგორ მიამბობდა თავის სიზმრებს ყოველ დილით ჩემი დისწული, როცა ხუთი თუ ექვსი წლისა იყო (ზუსტად არ მახსოვს). ერთხელ (იატაკზე რომ იჯდა) ვკითხე, რა გესიზმრა-თქო. რაკი ჩემი ჰობბყ იცოდა, მორჩილად მიამბო: “მესიზმრა, ვითომ ტყეში დავიკარგე, შემეშინდა, მაგრამ მაშინვე მდელოზე აღმოვჩნდი. იქ ხის თეთრი სახლი იდგა, გარშემო კიბე უვლიდა, დერეფანივით, კარიც იყო. მერე იმ კარიდან შენ გამოხვედი.” უცებ გაჩუმდა და მკითხა: “იმ სახლში რას აკეთებდი?”
მისთვის ყელაფერი ერთ სივრცეში ხდებოდა _ სიზმარიც და ცხადიც. ამას მივყავართ ჰიპოთეზასთან _ მისტიკოსების ჰიპოთეზასთან, მეტაფიზიკოსების ჰიპოთეზასთან, რომელიც საპირისპიროა ჰიპოთეზისა, წინას რომ უკავშირდება.
ველურისთვის ან ბავშვისთვის სიზმრები _ ცხადის ნაწილია, პოეტებსა და მისტიკოსებს კი შესაძლებლად ეჩვენებათ, ცხადი სიზმრად მიიჩნიონ. ეს ლაკონურად გამოთქვა კალდერონმა: ცხოვრება სიზმარია. იგივე, ოღონდ სხვა სახეებით გამოხატა შექაპირმა _ ჩვენ იმავე მატერიისგან ვართ, რისგანაც სიზმრები; დიდებულად ამბობს ავსტრიელი პოეტი ვალტერ ფონ დერ ფოგელვეიდე, რომელიც სვამს კითხვას (ამ ფრაზას ჯერ ჩემი დამტვრეული გერმანულით ვიტყვი, მერე ესპანურად): “Ist es mein Leben getraumt oder ist es wahr??” _ “ჩემი ცხოვრება დამესიზმრა თუ მე ვიყავი სიზმარი?” ამ კითხვას დაბეჯითებით ვერ პასუხობს. საბოლოოდ, მივდივართ სოლიპსიზმამდე, ვარაუდამდე, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სიზმრისმხილველი და ეს სიზმრისმხილველი ნებისმიერი ჩვენგანია. სიზმრისმხილველს _ მოდი, ჩემზე ვთქვათ _ ამ წუთში ესიზმრებით თქვენ, ეს დარბაზი და ეს ლექცია. არსებობს მხოლოდ სიზმრისმხილველი; მას ესიზმრება მთელი კოსმიური პროცესი, ქვეყნიერების მთელი ისტორია, ესიზმრება საკუთარი ბავშვობა და ყრმობა. შეიძლება, არაფერი არ მომხდარა: იგი იმ წუთში იწყებს არსებობას, სიზმრების ნახვას იწყებს, და ყოველი ჩვენგანი ასეთია, ჩვენ კი არა, ნებისმიერი. ამ წუთში მესიზმრება, რომ ლექციას ვკითხულობ ჩარკასის ქუჩაზე, თემებს ვეძებ და შეიძლება, თავსაც ვერ ვართმევ; რომ თქვენ მესიზმრებით, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თითოეულ თქვენგანს ვესიზმრები მეც და ესიზმრება დანარჩენებიც.
და აი, გვაქვს ორი ჰიპოთეზა: ერთი _ სიზმრები ცხადის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ; მეორე _ დიდებული, პოეტების კუთვნილი _ ცხადი სიზმრად უნდა მივიჩნიოთ. მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ეს აზრი გრუსაკის ნარკვევამდე ადის: ჩვენს გონებრივ ქმედებაში არავითარი განსხვავება არ არის _ ვფხიზლობთ თუ გვძინავს, ეს ქმედება ყოველთვის ერთნაირია. იგი სწორედ შექსპირის ამ ფრაზას იშველიებს: “ჩვენ იმავე მატერიისაგან ვართ, რისგანაც ჩვენი სიზმრები.”
არსებობს კიდევ ერთი თემა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით _ წინასწარმეტყველური სიზმრები. ეს აზრი დამახასიათებელია გონებისთვის, რომელიც იჯერებს, რომ სიზმრები სინამდვილეს შეესაბამება, ანუ განასხვავებს ამ ორ პლანს.
“ოდისეაში” არის ფრაგმენტი, სადაც ლაპარაკია ორ კარზე _ რქისა და სპილოს ძვლისა. ადამიანებთან სპილოს ძვლის კარიდან მატყუარა სიზმრები შედიან, რქის კარიდან _ ჭეშმარიტი ან წინასწარმეტყველური სიზმრები. კიდევ არის ერთი ფრაგმენტი “ენეიდაში” (უამრავი კომენტარი რომ გამოიწვია). ეს ეპიზოდი მეცხრე თუ მეთერთმეტე წიგნშია, ზუსტად არ მახსოვს. ენეოსი ჰერაკლეს სვეტებს იქით, ელისეის მინდვრებზე ჩადის, აქილევსისა და ტირესიას დიად აჩრდილებს ელაპარაკება, ხედავს დედამისის აჩრდილს, უნდა, მოეხვიოს, მაგრამ არ შეუძლია _ ეს მხოლოდ აჩრდილია; ხედავს მომავალ სიდიადეს ქალაქისა, რომელსაც მძევლად აქცევს. ხედავს რომულუსს, რემს, მინდორს და ამ მინდორზე ილანდება მომავალი რომაული ფორუმი, მომავალი აყვავება რომისა, ავგუსტუსის სიდიადე, ხედავს სრულ იმპერიულ დიდებულებას. და ყველაფერ ამას რომ ნახავს, თავის თანამედროვეებს რომ დაელაპარაკება, რომლებიც მისთვის მომავლის ადამიანები არიან, ენეოსი დედამიწაზე ბრუნდება. აქ საინტერესო რამ ხდება, ის, რაც ჩვეულებრივ, არ ექვემდებარება კომენტატორის განმარტებებს; გამონაკლისია ერთი ანონიმი კომენტატორი, რომელმაც გაიგო, რაშია საქმე. ენეოსი რქის კარით კი არა, სპილოს ძვლის კარით ბრუნდება უკან. რატომ? კომენტატორი გვატყობინებს, რატომ _ იმიტომ, რომ სინამდვილეში რეალურ სამყაროში არა ვართ. ვერგილიუსისთვის ჭეშმარიტი სამყარო შესაძლოა, პლატონური სამყარო იყოს, არქეტიპთა სამყარო. ენეოსი კი სპილოს ძვლის კარს გაივლის, ვინაიდან სიზმრების სამყაროში შედის ანუ იმაში, რასაც ჩვენ ცხადს ვუძახით. რა იცი, ყველაფერი ხდება.
ახლა გადავიდეთ სახეობაზე _ კოშმარზე. აქ უპრიანია, გავიხსენოთ კოშმარის სახელწოდებები. ესპანური სახელწოდება “pesadilla” ვერ არის მაინცდამაინც წარმატებული, კნინობითი სუფიქსი “illa” ძლიერებას აკარგვინებს. სხვა ენებზე უფრო მძლავრად ჟღერს. ბერძნულად კოშმარს ჰქვია “efialtes”. “Efialtes” _ ესაა “კოშმარების გამომწვევი დემონი”. გერმანულში _ საინტერესო სიტყვა “Alp” აღნიშნავს ელფსაც და მის მიერ მოგვრილ დათრგუნვას _ ისევ ჩნდება აზრი დემონზე, რომელიც კოშმარებს გვიგზავნის. არსებობს სურათი, რომელსაც ხედავდა დე კუინსი, ერთ-ერთი უდიდესი სიზმართმხილველი. ლიტერატურაში. ვგულისხმობთ ფიუსლის (Fussie ან Fussli, _ სინამდვილეში ესაა XVII საუკუნის შვეიცარელი მხატვრის სახელი) ნამუშევარს, რომელსაც ჰქვია “The Nightmare” _ “კოშმარი”.
მძინარე ქალიშვილი თავზარდაცემული იღვიძებს: ხედავს, რომ მუცელზე პატარა, შავი, ბოროტი არსება აზის. ეს ჯოჯო _ კოშმარია. ფიუსლი სურათის ხატვისას ფიქრობდა სიტყვაზე “Alp”, ელფის ზემოქმედებაზე.
მივაღწიეთ უფრო ბრძნულ და მრავალმნიშვნელიან სიტყვას, კოშმარის ინგლისურ სახელწოდებას _ “the night mare”, რაც ნიშნავს “ღამის ცხენს”. შექსპირს სწორედ ასე ესმოდა. ერთი სტრიქონი აქვს, რომელიც ასე ჟღერს: “I met the night mare” _ “შევხვდი ღამის ფაშატს”. სხვა ლექსში კიდევ უფრო მკაფიოდაა ნათქვამი: “The night mare and her nine folds” _ “ღამის ფაშატი და მისი ცხრა კვიცი”.
მაგრამ ეტიმოლოგებს მიაჩნიათ, რომ სიტყვის ძირი სრულიად სხვაა. ძირია “nicht mare” ან “nicht maere” _ “ღამის დემონი”. დოქტორი ჯონსონი თავის ცნობილ ლექსიკონში წერს, რომ კოშმარი ელფის ზეგავლენად მიაჩნიათ ჩრდილოურ _ მოდი, ვთქვათ, საქსონურ _ მითოლოგიაში; განმარტება ემთხვევა ან შეიძლება, წარმოადგენს ბერძნული “efialtes”-ის ან ლათინური “incubus”-ის თარგმანს.
არსებობს სხვა ეტიმოლოგიაც, ისიც შეიძლება, გამოგვადგეს. ამის მიხედვით, ინგლისური სიტყვა “nightmare” უკავშირდება გერმანულ “Marchen”-ს. “Marchenნ” აღნიშნავს ჯადოსნურ ზღაპარს, გამონაგონს, “nightmare” კი “ღამის გამოგონილია”. “Nightmare”-ისთვის “ღამის ცხენის” მნიშვნელობის მინიჭება (ამ ცხენში რაღაც ძრწოლისმომგვრელი იმალება) ვიქტორ ჰიუგოსთვის მიგნებად იქცა. იგი ინგლისურს ფლობდა და შექსპირზე დაწერა წიგნი, რომელიც პრაქტიკულად მივიწყებულია. კრებულის “Les contemplations” ერთ-ერთ ლექსში, როგორც მახსოვს, იგი ლაპარაკობს “le cheval noir de la nuit”-ზე _ “ღამის შავ ცხენზე”, კოშმარზე. უეჭველია, რომ მას ინგლისური სიტყვა “nightmare” გაახსენდა.
უკვე მოვიშველიეთ სხვადასხვა ეტიმოლოგია. ფრანგული სიტყვა
“cauchemar” უეჭველად, უკავშირდება ინგლისურ “nightmare”-ს. ყველა ეტიმოლოგიაში ტრიალებს ერთი და იგივე აზრი (ამას კიდევ დავუბრუნდები) დემონზე, რომელიც კოშმარს შობს. ვფიქრობ, აქ უბრალოდ, ცრურწმენაზე არ არის ლაპარაკი: მე მგონი, ამ აზრში _ სრულიად გულწრფელად და გულახდილად ვამბობ, _ ჭეშმარიტების მარცვალია.
მოდი, კოშმარში, შიგნით, კოშმართა შორის აღმოვჩნდეთ. მე სულ ერთი და იგივე კოშმარები მესიზმრება. უკვე ვთქვი, რომ ჩვეულებრივ, ორ კოშმარს ვხედავ, შეიძლება, ისინი ერთიმეორეში აირიოს. პირველი _ ესაა სიზმარი ლაბირინთზე, რომელსაც, ნაწილობრივ, ბავშვობისას ფრანგულ წიგნში ნანახ გრავიურას ვუმადლი. გრავიურაზე აღბეჭდილი იყო მსოფლიოს შვიდი საოცრება და მათ შორის, კრეტის ლაბირინთი. ლაბირინთი წარმოადგენდა უზარმაზარ, ძალიან მაღალ ამფითეატრს (ამას იქიდან მიხვდებოდით, თუ რამდენად სცდებოდა სიმაღლით გვერდით მიხატულ კიპარისებსა და ადამიანებს). ამ უკარო და უფანჯრო შენობაში ღრიჭოები იყო. ბავშვობაში მეჩვენებოდა (ან ახლა მეჩვენება, მაშინ მეჩვენებოდა-თქო), რომ საკმაოდ მძლავრი გამადიდებელი შუშით თუ შევიხედავდი რომელიმე ღრიჭოში, შეიძლებოდა, მინოტავრიც დამენახა ლაბირინთის საზარელ შუაგულში.
მეორე კოშმარი სარკესთანაა დაკავშირებული. პირველისგან არც ისე განსხვავდება. ლაბირინთის შესაქმნელად ხომ საკმარისია, ორი სარკე ერთიმეორის პირდაპირ დავდგათ. მახსოვს, ბელგრანოში, დორა დე ალვეარის სახლში, ვნახე მრგვალი ოთახი, რომელსაც კარები და კედლები სარკეებით ჰქონდა მოპირკეთებული, ასე რომ, იქ შესული ადამიანი მართლაც უსასრულო ლაბირინთის ცენტრში აღმოჩნდებოდა.
ლაბირინთები და სარკეები ხშირდ მესიზმრება. სარკიან სიზმარში მეცხადება სხვა ხილვა, ჩემი ღამეების სხვა საშინელება _ ნიღბები. ნიღბები ყოველთვის მაშინებდა. ალბათ ბავშვობაში მეგონა, რომ ნიღბის ქვეშ რაღაც საშინელის დამალვას ცდილობენ. ხანდახან (ეს ყველაზე მძიმე კოშმარებია) ვხედავ საკუთარ გამოსახულებას სარკეში, მაგრამ გამოსახულება ნიღბიანია, და ვერ ვბედავ ნიღბის ჩამოგლეჯას, მეშინია, დავინახო ჩემი ნამდვილი სახე, რომელიც საზარელი წარმომიდგება. შეიძლება, თვალწინ წარმომიდგეს კეთრი, ან უბედურება ან რამე ისეთი საშინელი, რომ შეუძლებელია წარმოდგენა.
არ ვიცი, თქვენც ჩემსავით საინტერესო მოგეჩვენებათ თუ არა, რომ ჩემს სიზმრებს ზუსტი ტოპოგრაფია აქვთ. მაგალითად, სიზმრად ყოველთვის ვხედავ ბუენოს-აირესის გარკვეულ გზაჯვარედინებს. ლაპრიდისა და არენალესის ან ბალკასესა და ჩილის ქუჩების კუთხეებს. ნამდვილად ვიცი, სადა ვარ და ისიც ვიცი, რომ სადღაც შორს უნდა გავემგზავრო. სიზმარში ეს ადგილები ზუსტადაა ცნობილი, მაგრამ სრულებით არ ჰგვანან საკუთარ თავს. შეიძლება, გამოდგეს ხევები, ჭანჭრობი, გაუვალი შამბნარი _ არა აქვს დიდი მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, რომ ბუენოს-აირესის ამა და ამ გზაჯვარედინზე ვდგავარ. და გზის გაგნებას ვცდილობ.
როგორც არ უნდა იყოს, კოშმარებში სახე არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რაც კოლრიჯმა აღმოაჩინა _ დღეს სულ პოეტებს ვიშველიებ _ შთაბეჭდილება, სიზმრებს რომ წარმოქმნის. შთაბეჭდილებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სახეები.. ლექციის დასაწყისში ვამბობდი, რომ უამრავ ტრაქტატს გადავხედე ფსიქოლოგიაზე და ვერსად ვერ ვნახე უჩვეულოდ ილუსტრატიული, პოეტური ტექსტები.
გავიხსენოთ პეტრონიუსის სტრიქონი, რომელიც ციტირებული აქვს ადისონს. მასში ნათქვამია, რომ სხეულის სიმძიმისგან განთავისუფლებული სული თამაშობს. “სული უსხეულოდ თამაშობს”. გონგორა კი ერთ-ერთ სონეტში სრულიად გარკვევით გამოთქვამს აზრს, რომ სიზმრები და კოშმარები _ გამონაგონია, ლიტერატურული ნაწარმოებები.

სიზმარი წარმოდგენის ავტორია,
თავის ღია თეატრში
აჩრდილებს კაზმავს და გადააქცევს
მშვენიერ ქანდაკებებად.


სიზმარი _ წარმოდგენაა. ეს იდეა განავითარა ადისონმა XIX საუკუნის დასაწყისში, ჟურნალ “The Spectator”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მოვიყვან ციტატას ტომას ბრაუნიდან. მას მიაჩნია, რომ სიზმრების წყალობით ვხედავთ სულის დიდებულებას, რადგან იგი, სხეულისგან რომ თავისუფლდება, თამაშობს და ოცნებობს. ჩემი აზრით, სული თავისუფლებით ტკბება. ადისონიც ამბობს, ნამდვილად, სხეულის ბორკილებისგან გათავისუფლებული სული ოცნებებში ეფლობა და ის ელანდება, რაც ცხადში არ შეუძლიაო. იმასაც დასძენს, რომ სულების (ჩვენ ვიტყოდით, გონებების, ახლა არ
ვიყენებთ სიტყვა “სულს”) ქმედებაში ყველაზე ძნელია გამონაგონი. თუმცა, სიზმრად ისე სწრაფად ვფანტაზიორობთ, რომ გონება იბლანდება ჩვენს წარმოსახულ ამბებში. სიზმარში ხედავ, რომ წიგნს კითხულობ, სინამდვილეში კი წარმოიდგენ თითოეულ დაწერილ სიტყვას, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებ, სიტყვები შენად არ მიგაჩნია. არაერთხელ შემინიშნავს სიზმრებში ეს წინასწარი, მოსამზადებელი სამუშაო.
მახსენდება ჩემი კიდევ ერთი კოშმარი. ამბავი სერანოს ქუჩაზე ხდებოდა, ალბათ სერანოსა და სოლერის ქუჩების გზაჯვარედინზე, თუმცა ადგილი სრულებით არ ჰგავდა სერანოსა და სოლერს, სრულიად სხვაგვარი ჩანდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ნაცნობი სერანოს ქუჩა იყო პალერმოში. შემხვდა მეგობარი, ისე გამოცვლილიყო, რომ ძლივს ვიცანი. მისი სახე არასოდეს მენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეთი სახე არ ჰქონდა. ძალიან შეცვლილიყო, ნაღველი მორეოდა. სახეზე დაღი ესვა _ ავადმყოფობისა, სევდისა, იქნებ, დანაშაულისა. მარჯვენა ხელი ქურთუკის ბორტქვეშ ჰქონდა შეყოფილი (ეს სიზმრისთვის მნიშვნელოვანია), ხელს მე ვერ ვხედავდი, გულის ადგილას ედო. მოვეხვიე, გასაგები იყო, რომ დახმარება სჭირდებოდა. “ჩემო საბრალო მეგობარო, რა დაგემართა? როგორ გამოცვლილხარ!” მიპასუხა: “ჰო, შევიცვალე!” ნელა გამოიღო ხელი... და ჩიტის კლანჭი დავინახე.
აქ საკვირველი ისაა, რომ ადამიანს ხელი თავიდანვე დამალული ჰქონდა. გაუცნობიერებლად მოვამზადე ეს გამონაგონი: ვითომ ადამიანს ჩიტის კლანჭი ჰქონდა, ვითომ ვხედავდი, როგორ შეიცვალა ეს ადამიანი, როგორ იტანჯება და ვითომ ჩიტად იქცა. სიზმარში ხდება, რომ რაღაცას გვეკითხებიან, ჩვენ კი არ ვიცით, რა მივუგოთ და საკუთარი პასუხი სახტად გვტოვებს. პასუხი შეიძლება, უაზრო იყოს, მაგრამ სიზმარში სწორია. ბოლოს მივდივართ დასკვნამდე (არ ვიცი, შეიძლება თუ არა, იგი მეცნიერულად ჩაითვალოს), რომ სიზმრები ესთეტიკური მოღვაწეობის ყველაზე ძველი სახეობაა.
ცნობილია, რომ ცხოველები სიზმრებს ხედავენ. არსებობს ლათინური ლექსები, სადაც ლაპარაკია მწევარზე, კურდღელს რომ უყეფს. სიზმრებში აღვასრულებთ უძველეს ესთეტურ ქმედებას. იგი უჩვეულოდ საინტერესოა, ვინაიდან დრამატული ხასიათისაა. მინდა, დავამატო ადისონის სიტყვები (მან, თვითონაც არ იცოდა, ისე დაადასტურა გონგორას აზრი) სიზმარზე _ სპექტაკლის რეჟისორზე. ადისონი აღნიშნავს, რომ სიზმარში ჩვენ ვართ თეატრი, მაყურებელი, სიჟეტი, რეპლიკა, რომელიც გვესმის. ყოველივე ეს სრულიად შეუგნებლადაა და ყოველივე ეს უფრო ცოცხლად ჩანს, ვიდრე ცხადში.
დავუბრუნდეთ კოლრიჯს. იგი უმნიშვნელოდ მიიჩნევს იმას, რაც გვესიზმრება. მისი აზრით, სიზმარს ახსნა სჭირდება. კოლრიჯს ასეთი მაგალითი მოჰყავს: ლომის დანახვაზე ყველას თავზარი გვეცემა _ გვეშინია. ან ასე წარმოვიდგინოთ: მძინავს, ვიღვიძებ, ვხედავ, რომ ჩემს წინ მხეცი ზის და შიში მიპყრობს. სიზმარში კი შეიძლება, პირიქით იყოს. შიში მიპყრობს და ამას ახსნა სჭირდება. მაშინ სიზმარში ვხედავ სფინქსს, რომელიც მჭყლეტს. სფინქსი თავზარს არა მცემს, მისი გამოჩენა განმარტავს დამთრგუნველ გრძნობას. კოლრიჯი დასძენს, რომ ადამიანები, რომლებსაც მოჩვენება ელანდებათ, გიჟდებიან. მაგრამ თუკი ადამიანს მოჩვენება ეზმანება, გაღვიძებული რამდენიმე წუთში ან წამში მოდის გონს. უამრავი კოშარი დამსიზმრებია და მესიზმრება. ყველაზე საზარელი, ის, რაც ყველაზე საშინელი მეჩვენა, ერთ-ერთ სონეტში გამოვიყენე. სიზმარი ასეთია: ჩემს სახლში ვარ, თენდება (შეიძლება, გამთენიისას მესიზმრება), საწოლთან დგას მეფე უძველესი დროიდან, და სიზმარში ვიცი, რომ ეს ჩრდილოელი მეფეა, ნორვეგიელია. არ მიყურებს, არაფრისდამნახველი მზერა ცისკენა აქვს მიპყრობილი. ვხვდები, რომ ეს მეფე უძველესი დროიდანაა, წარმოუდგენელია ახლა ასეთი სახე ჰქონდეს ვინმეს, მზარავს მის გვერდით ყოფნა. ვხედავ მეფეს, მის მახვილს, გვერდით მჯდომ ძაღლს. ბოლოს, ვიღვიძებ, მაგრამ ერთხანს კიდევ ვხედავ. მოყოლისას დიდი ვერაფერი სიზმარია, მაგრამ როცა გესიზმრება, საშინელია.
მინდა, გიამბოთ სიზმარი, რომელიც ამ დღეებში სუსანა ბომბალისაგან მოვისმინე. არ ვიცი, შთამბეჭდავად მოგეჩვენებათ თუ არა. თურმე ესიზმრა დარბაზი, სადაც თაღები ნისლში იკარგებოდა. ნისლიდან ეცემოდა შავი ფარდა. ხელში ეჭირა უზარმაზარი, მოუხერხებელი მაკრატელი და უნდა მოეჭრა ფარდიდან გამოჩრილი უამრავი ძაფი. თვალით გაარჩევდით ფარდის პატარა მონაკვეთს, დაახლოებით ერთი მეტრი სიგანისა და სიგრძისა, დანარჩენი ნისლში იძირებოდა. სუსანა ბომბალი ჭრიდა ძაფებს და ესმოდა, რომ ამ საქმეს დასასრული არა აქვს. შეძრწუნდა. კოშმარი, უპირველეს ყოვლისა, საშინელების, ძრწოლვის შეგრძნებაა.
ორი ნამდვილი კოშმარი მოგიყევით. ახლა მინდა, გიამბოთ ორი, ლიტერატურაში აღწერილი, თუმცა, შეიძლება, ასევე ნამდვილი კოშმარი. წინა ლექციაში, დანტეზე საუბრისას, ვახსენე nobille castello “ჯოჯოხეთში”. დანტე მოგვითხრობს, როგორ მიუძღვის ვერგილიუსი და როგორ შედის პირველ წრეში, როგორ ამჩნევს, ვერგილიუსს სახეზე მკვდრისფერი რომ დასდებია და ფიქრობს: “თუკი ვერგილიუსი ფითრდება თავის სამუდამო საცხოვრისში _ ჯოჯოხეთში შესვლისას, მე როგორ არ შემეშინდეს?” მაგრამ ვერგილიუსი აჩქარებს: “გზას ვაგრძელებთ”. და ჩადიან შეუმჩნეველნი, ყოველი მხრიდან ესმით კვნესა, აღმომხდარი არა ფიზიკური ტკივილით, არამედ სხვა რამით, რაც უფრო მძიმეა.
მიდიან კეთილშობილ ციხე-კოშკთან, nobille castello. იგი გარშემორტყმულია შვიდი კედლით. ისინი, შეიძლება, აღნიშნავდეს ტრივიუმისა და კვადრივიუმის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას ან შვიდ სიქველეს _ ამას არა აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა, დანტე გრძნობდა ამ რიცხვის მაგიურ თვისებას, რომელიც უდავოდ, შეიძლება, სხვადასხვაგვარად ავხსნათ. აქვე ლაპარაკია წყაროსა და ხასხასა მდელოზე, რომლებიც ქრება. როცა დანტე და ვერგილიუსი მიუახლოვდებიან, მდელო მინანაქარი აღმოჩნდება, ცოცხალი კი არა, მკვდარია. უახლოვდებათ უძველესი დროის დიდი პოეტების ოთხი აჩრდილი. ესენი არიან ჰომეროსი, ხელში მახვილით, ოვიდიუსი, ლუკიანე, და ჰორაციუსი, რომელსაც დანტე უდიდესი მოწიწებით ეკიდება, თუმცა არასოდეს წაუკითხავს. ისმის ხმა: “ადიდეთ უდიდესი პოეტი”. Hჰომეროსი მიესალმება დანტეს, როგორც მეექვსეს ამ საკრებულოში. დანტეს ჯერ “კომედია” არ დაუწერია, _ სწორედ მაშინ წერდა, _ მაგრამ იცის, რომ შეუძლია ამის გაკეთება.
აჩრდილები ეუბნებიან დანტეს, რაღაც ისეთს, რასაც იგი არ იმეორებს. შეგვიძლია, ეს ფლორენციელის თავმდაბლობად მივიჩნიოთ, მაგრამ ალბათ უფრო ღრმა მიზეზიც არსებობს. იგი ასახელებს კეთილშობილი ციხე-კოშკის მკვიდრთ. ეს წარმართთა და მაჰმადიანთა სახელოვანი აჩრდილებია; მეტყველებენ მჟღერად, აუჩქარებლად, სახეებზე სიმშვიდე და ღირსება აფენიათ, მაგრამ მოკლებულნი არიან უფალს. იციან, რომ განწირულები არიან ამ მარადიული ციხე-კოშკისთვის, მარადიული, საპატიო, მაგრამ შემზარავი ნავთსაყუდელისთვის.
იქ არისტოტელეა, “მცოდნეთა მასწავლებელი”. იქ დოსოკრატიკოსი ფილოსოფოსები არიან, იქ პლატონია, შორიახლოს განმარტოებულა დიდი სულთანი სალადინი. იქაა ყველა დიდი წარმართი, ვინც მოუნათლავია, ვინც ვერ მიიღებს ცხონებას ქრისტესგან, მისგან, ვისზეც ვერგილიუსი ლაპარაკობს, თუმცა მის სახელს ჯოჯოხეთში არ ახსენებს და მბრძანებელს უწოდებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანტეს აქ არ გამოუვლენია თავისი დრამატული ტალანტი, არ იცოდა, რაზე ილაპარაკებდნენ მისი პოემის პერსონაჟები. შეიძლება, გული დაგწყდეს, რომ დანტემ არ გაგვიმეორა ის სიტყვები, რომლებიც, უეჭველად, ჰომეროსის საფერი იქნებოდა და რომლებითაც დიდმა აჩრდილმა მიმართა. მაგრამ იქნებ, წარმოვიდგინოთ, რომ დანტემ დუმილი არჩია, რომ ციხე-კოშკში ძრწოლამ დაისადგურა. დანტე და ვერგილიუსი დიდი ადამიანების აჩრდილებს ესაუბრებიან. დანტე ჩამოთვლის მათ სახელებს: სენეკა, პლატონი, არისტოტელე, სალადინი, ავეროესი. მაგრამ ჩვენამდე ერთი სიტყვაც ვერ აღწევს მათი საუბრიდან. და ასე სჯობს.
უკვე გითხარით, რომ თუკი ჯოჯოხეთს წარმოვიდგენთ, აღმოჩნდება, რომ ის კოშმარი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ წამების საკანია. იქ სასტიკად აწამებენ, მაგრამ არ არის კოშმარის ატმოსფერო, რომელიც გამეფებულია “კეთილშობილ ციხე-კოშკში”. შესაძლოა, ლიტერატურაში დანტემ ეს პირველმა აღწერა.
არის სხვა მაგალითიც, რომლითაც აღფრთოვანებული იყო დე კუინსი. ის შეიძლება, ვნახოთ უორდსუორთის “პრელუდიის” მეორე წიგნში. ავტორი წერს, რომ შეშფოთებულია (შეშფოთება იშვიათი რამაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უორდსუორთი ცხოვრობდა და წერდა XIX საუკუნის დასაწყისში) _ ხიფათით, რომელიც ემუქრება ხელოვნებასა და მეცნიერებას, ვინაიდან მათი ბედი შესაძლებელ კოსმოსურ კატაკლიზმებზეა დამოკიდებული. იმ დროს არც ისე ხშირად ფიქრობდნენ ამგვარ კატაკლიზმებზე; ახლა ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ხელით შექმნილა და თვით კაცობრიობაც, შეიძლება, ნებისმიერ წუთში განადგურდეს. ასე რომ, უორდსუორთი ჰყვება თავის საუბარს მეგობართან და ამბობს: “რა საშინელებაა, იფიქრო, რომ კაცობრიობის დიდი ქმნილებების _ მეცნიერების, ხელოვნების ბედი დამოკიდებულია რაღაც კოსმიურ კატასტროფაზე!” მეგობარი პასუხობს, მაგისი მეც მეშინიაო და უორდსუორთი უამბობს; “ერთხელ მესიზმრა...”

(დასასრული ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Jul 22, 2011 7:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 7:35 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეორე საღამო

კოშმარი


Henry Fuseli
The Nightmare exhibited 1782
Oil on canvas, 1210 x 1473 x 89 mm
Lent by the Detroit Institute of Arts, Founders Society Purchase with funds from Mr and Mrs Bert L. Smokler and Mrs Lawrence A. Fleischman


(დასასრული)

და ამას მოსდევს მაგალითი, რომელიც კოშმარის ნიმუშია, ყველა დამახასიათებელი თვისებით; გაქცევით გამოწვეული ფიზიკური ტანჯვა, ძრწოლა ზებუნებრივის დანახვისას. უორდსუორთი მოგვითხრრობს, რომ შუადღისას, ზღვასთან, გამოქვაბულში, კითხულობს “დონ კიხოტს”, თავის ერთ-ერთ საყვარელ წიგნს, სერვანტესის მიერ მოთხრობილ მოხეტიალე რაინდის თავგადასავალს. წიგნს არ ასახელებს, მაგრამ ყველასათვის გასაგებია, რაზეა ლაპარაკი. შემდეგ ჰყვება: “წიგნს თავი მივანებე და ჩავფიქრდი, სწორედ მეცნიერებასა და ხელოვნებაზე ვფიქრობდი, როცა დადგა ჟამი.” თაკარა, ყოვლისშემძლე ჟამი შუადღისა. ზღვის პირას, გამოქვაბულში მჯდომი უორდსუორთი იხსენებს: “ძილი მომერია და მეც თავი მივეცი.”
იგი იძინებს გამოქვაბულში, ზღვის სიახლოვეს, ყვითელ ქვიშაში. სიზმარში გარს ქვიშა არტყია, შავი ქვიშის უდაბნო. წყალი არ არის, ზღვა არ არის, შუაგულ უდაბნოში გამოფხიზლებულს (უდაბნოში ყოველთვის შუაგულში აღმოჩნდები ხოლმე), თავზარი ეცემა. ცდილობს იქიდან გამოღწევას და უცებ გვერდით ადამიანს შენიშნავს. ესაა არაბი, ბედუინი, აქლემზე ზის და მარჯვენა ხელში შუბი უჭირავს. მარცხენა იდაყვით ქვას იხუტებს, ხელისგულზე კი ნიჟარა უდევს. არაბი უცხადებს თავის მისიას _ ხელოვნებისა და მეცნიერების გადარჩენას _ და პოეტს ყურთან მიუტანს ნიჟარას; ნიჟარა უჩვეულოდ ლამაზია. უორდსუორთი ამბობს, ჩემთვის უცნობ, მაგრამ გასაგებ ენაზე გავიგონე რაღაც მგზნებარე ოდის მსგავსი წინასწარმეტყველება, რომელიც გვაუწყებს, დედამიწა წუთიწუთზე უნდა გაანადგუროს უფლის რისხვით გამოწვეულმა წარღვნამო. არაბი ადასტურებს, რომ გაგონილი სიმართლეა, რომ წარღვნა ახლოვდება, თვითონ კი ხელოვნებისა და მეცნიერების გადარჩენა არგუნა ბედმა. იგი აჩვენებს ქვას, რომელიც რაღაც უცნაურად აღმოჩნდება ევკლიდეს “გეომეტრია”, თუმცა ამავდროულად, ქვაც არის. მერე გაუწვდის ნიჟარას, რომელიც ასევე წიგნი გამოდგება, სწორედ მისი წარმოთქმულია საშინელი წინასწარმეტყველება. ნიჟარა შეიცავს მთელი მსოფლიოს პოეზიას, მათ შორის (რატომაც არა?) უორდსუორთის წიგნსაც. ბედუინი ეუბნება: “უნდა შევინახო ორივე წიგნი, ქვაც და ნიჟარაც.” მერე მოიხედავს და უორდსუორთი ხედავს ბედუინის ძრწოლით დაბრეცილ სახეს. თვითონაც მიტრიალდება და ხედავს, რომ უდაბნოს არაჩვეულებრივი შუქი ეფინება. სინათლეს აფრქვევს წარღვნის წყალი, რომელმაც უნდა გაანადგუროს ქვეყანა. ბედუინი გაჰქუსლავს, უორდსუორთი კი ხვდება, რომ ბედუინი ამავე დროს, დონ კიხოტიცაა, აქლემი კი _ როსინანტი, ისევე, როგორც ქვა და ნიჟარა _ წიგნები. ბედუინი დონ კიხოტი აღმოჩნდება, ერთდროულად ორივეა და არც ერთი ცალ-ცალკე. ამ გაორებითაა სიზმარი შემზარავი. უორდსუორთი ყვირილით იღვიძებს, რადგან წარღვნის წყალი წამოეწევა.
ჩემი აზრით, ეს ყველაზე ლამაზი კოშმარია ლიტერატურაში.
შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ საღამოს, თუნდაც მერე შეგვეცვალოს აზრი. ჯერ ერთი, სიზმრები _ ეს ესთეტური, შესაძლოა, უძველესი ქმედებაა. იგი ფლობს დრამატულ ფორმას, ვინაიდან, როგორც ადისონი ამბობდა, ჩვენ თვითონა ვართ თეატრი: მაყურებელიც, მსახიობებიც და მოქმედებაც. მეორეც, კოშმარის დამახასიათებელია საშინელება. ჩვენი ცხადი დახუნძლულია საშინელი მომენტებით, ყველასთვის ცნობილია, რომ დროდადრო სინამდვილე გვთრგუნავს, გვანადგურებს. ძვირფასი ადამიანის სიკვდილი, საყვარელ ადამიანთან განშორება _ რამდენი მიზეზია დარდისა და სასოწარკვეთისთვის... მაგრამ ეს მიზეზები კოშმარს არა ჰგავს; კოშმარში განსაკუთრებული სახის შიშია, და ეს შიში ფაბულაშია გამოხატული. ის უორდსუორთის ბედუინ-დონ კიხოტშიც ჩანს, მაკრატელსა და ძაფებშიც, ჩემს სიზმარშიც მეფეზე, პოს სახელგანთქმულ კოშმარებშიც. არსებობს კოშმარის გემო. იმ წიგნებში, რაც ვნახე, ამაზე არაფერია ნათქვამი.
ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს თეოლოგიური ინტერპრეტაციისა, რომელიც ეტიმოლოგიას შეესაბამება. ავიღოთ ნებისმიერი სიტყვა _ ლათინური “incubus”, საქსონური “nightmare”, გერმანული “Alp”. ყველა რაღაც ზებუნებრივს გულისხმობს. ნუთუ კოშმარები მართლაც ზებუნებრივია? ნუთუ კოშმარები _ ჯოჯოხეთის ჭუჭრუტანაა? და როცა კოშმარს ვხედავთ, სწორედ ჯოჯოხეთში ვართ? რატომაც არა? ყველაფერი იმდენად საკვირველია, რომ ესეც კი შესაძლებელი ჩანს.

თარგმნა ნინო ქაჯაიამ

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 10:35 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მესამე საღამო
“ათას ერთი ღამე”



დასავლეთის ხალხთა ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა აღმოსავლეთის აღმოჩენა. უფრო მართებული იქნებოდა ლაპარაკი აღმოსავლეთის შემეცნებაზე, რომელიც ხანგრძლივია, როგორც სპარსეთის არსებობა საბერძნეთის ისტორიაში. აღმოსავლეთის, უზარმაზარი, გარინდებული, მიუწვდომელი, დიდებული აღმოსავლეთის შეცნობის გარდა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მომენტები. დავასახელებ რამდენიმეს. ალბათ მართებული იქნება, ავირჩიო თემა, რომელიც ასე მიყვარს ბავშვობიდან _ თემა “ათას ერთი ღამის წიგნისა”, ან ისე ვიტყვი, როგორც ჰქვია ინგლისურ ვარიანტში. პირველად სწორედ ეს წავიკითხე: “The Arabian Nights” _ “არაბული ღამეები”. სახელწოდებასაც იდუმალი ელფერი აქვს, ოღონდ ისე ლამაზად ვერა ჟღერს, როგორც “წიგნი ათას ერთი ღამისა”.
მინდა, ვახსენო ჰეროდოტეს ცხრა წიგნი და მათ შორის _ ეგვიპტის, შორეული ეგვიპტის აღმოჩენა. ვამბობ, “შორეული”, რადგან სივრცე იზომება დროით. მოგზაურობა სახიფათო გამოდგა. ბერძნებისთვის ეგვიპტური სამყარო უზარმაზარი იყო, იდუმალებით სავსე.
მერე განვიხილოთ სიტყვები “აღმოსავლეთი” და “დასავლეთი”, _ შესაძლებელია თუ არა მათი განსაზღვრა, ჭეშმარიტია თუ არა ეს სიტყვები? იქნებ, მათ მივუსადაგოთ ნეტარი ავგუსტინეს ნათქვამი დროის გამო: “რა არის დრო? პასუ-ხი ვიცი, თუ არ მეკითხებიან; თუ მკითხეს, არ ვიცი.” ვცადოთ და დაახლოებით მაინც გავიგოთ.
გავიხსენოთ ალექსანდრეს ბრძოლები, ომები და კამპანიები, იმ ალექსანდრესი, სპარსეთი რომ დაიმორჩილა, ინდოეთი დაიპყრო და გარდაიცვალა ბაბილონში. ეს იყო პირველი შეჯახება აღმოსავლეთთან და ისეთი ძლიერი გავლენა იქონია ალექსანდრეზე, რომ იგი გარკვეულწილად სპარსად მოექცა. სპარსები თავიანთი ისტორიის ნაწილად მიიჩნევენ ალექსანდრეს, რომელიც ძილშიც კი არ იშორებდა მახვილსა და “ილიადას”. მას მოგვიანებით დავუბრუნდებით, მაგრამ რაკიღა ვახსენეთ, მინდა, გიამბოთ ლეგენდა, რომელიც მე მგონი, დაგაინტერესებთ.
ალექსანდრე არ კვდება ბაბილონში, ოცდაცამეტი წლისა. იგი ჯარს მიატოვებს და დაეხეტება უდაბნოებსა და ტყეებში. ბოლოს ხედავს სინათლეს, რომელიც კოცონი აღმოჩნდება. ცეცხლს შემოხვევიან ყვითელკანიანი, წვრილთვალება მეომრები. ალექსანდრეს არ იცნობენ, მაგრამ მიიღებენ უცნობს. იგი სულით ხორცამდე ჯარისკაცია და იბრძვის სრულიად უცნობ ადგილას. ჯარისკაცია: სულ არ აინტერესებს ომის მიზეზები და მუდამ მზადაა, სიცოცხლე გასწიროს. გადის წლები, ბევრი რამ წაშლილა მის მეხსიერებაში. ჯარისკაცისთვის ჯამაგირის გადახდის დღეს ერთი მონეტა მიიქცევს მის ყურადღებას. ხელისგულზე უდევს და ეუბნება: “შენ ბერიკაცი ხარ, ეს კი ერთ-ერთი ის მონეტაა, რომლის გამოჭედვაც ვბრძანე არბელთან ბრძოლის გამარჯვების აღსანიშნავად, როცა ალექსანდრე მაკედონელი ვიყავი.” მხოლოდ წამით უბრუნდება წარსული, მერე კი ისევ მონღოლთა თუ ჩინელთა დაქირავებული ჯარისკაცია.
ეს დასამახსოვრებელი გამონაგონი ინგლისელ პოეტს _ რობერტ გრეივზს ეკუთვნის. ალექსანდრეს უწინასწარმეტყველეს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს დაიმორჩილებო. ისლამის ქვეყნებში იგი ორრქიან ისკანდერადაა ცნობილი, ორი რქა აღმოსავლეთსა და დასავლეთს აღნიშნავს.
აღმოსავლეთის მეორე აღმოჩენად იქცა დიდებული წიგნი _ პლინიუსის “ბუნებრივი ისტორია”. აქ მოთხრობილია ჩინელებზე და ნახსენებია ბაქტრია, სპარსეთი, ლაპარაკია ინდოეთზე, მეფე პორეზე. იუვენალს აქვს ერთი ლექსი, რომელიც ორმოცი წლის წინ წავიკითხე და უეცრად ამომიტივტივდა მეხსიერე-ბაში. მოშორებული ადგილის განსაზღვრისთვის იუვენალი ამბობს: “ultra Auroram et Gangem” _ “განთიადსა და განგს იქით”. ჩვენთვის ეს ოთხი სიტყვა მოიცავს აღმოსავლეთს. ვინ იცის, იუვენალიც ჩვენსავით გრძნობდა ამას თუ არა. მე მგონი, ასეა. აღმოსავლეთი ყოველთვის იზიდავდა დასავლელებს.
ისტორიის მსვლელობას თუ მივყვებით, აღმოვაჩენთ საკვირველ საჩუქარს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი გამონაგონი გამოდგეს. ჰარუნ-ალ-რაშიდმა, აარონ მართალმა თავის მოძმეს, კარლოს დიდს სპილო გაუგზავნა. იქნებ, ბაღდადიდან საფრანგეთში სპილოს გაგზავნა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამ სპილოს ამბის დაჯერება იოლია. სპილო საშინელია... ფრანკებსა და კარლოს დიდს ალბათ საკვირველი და უცნაური მოეჩვენებოდათ (გულდასაწ-ყვეტია, რომ კარლოს დიდს არ შეეძლო წაეკითხა “სიმღერა როლანდზე”, რადგან გერმანულ კილოზე ლაპარაკობდა).
სპილო კარლოს დიდს საჩუქრად გამოუგზავნეს. სიტყვა “elefant” (სპილო) მოგვაგონებს, რომ როლანდი უბერავდა ოლიფანით, სპილოს ძვლის ბუკით, რომელსაც ასე სწორედ იმიტომ ერქვა, რომ სპილოს ეშვისგან იყო გაკეთებული. რაკი ეტიმოლოგიაზე ჩამოვარდა სიტყვა, შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ ესპა-ნური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ჭადრაკის ფიგურას _ სპილოს _ “alfil” _ არაბულად “სპილოს” ნიშნავს და საერთო ძირი აქვს სიტყვასთან “marfil” _ სპილოს ძვალი. აღმოსავლურ ჭადრაკის ფიგურებს შორის მინახავს სპილო, რომელსაც კოშკურა ადგას და შიგ პაწაწინა ადამიანი ზის. კოშკურას გამო შეიძლება, ტურა გეგონოთ, მაგრამ ეს სპილოა _ “alfil”.
ჯვაროსნული ლაშქრობებიდან დაბრუნებული მეომრები ათას რამეს ჰყვე-ბოდნენ, მაგალითად, ამბებს ლომებზე. ჩვენ ვიცით ცნობილი ჯვაროსანი, სახელად Richard the Lion-Hearted _ რიჩარდ ლომგული. ჰერალდიკაში შესული ლომი _ აღმოსავლური ნადირია. ჩამოთვლას დაუსრულებლად ვერ გავაგრძელებთ, მაგრამ უნდა გავიხსენოთ მარკო პოლო, რომლის წიგნიც აღმოსავლეთის აღმოჩენა იყო (დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი აღმოჩენა), სწორედ ის წიგნი, ამხანაგს რომ კარნახობდა ტუსაღობისას ბრძოლის შემდეგ, როცა ვენეციელები გენუელებმა დაამარცხეს. წიგნში მოთხრობილია აღმოსავლეთის ისტორია და ლაპარაკია ხანზე, ჰუბილაი რომ ერქვა და შემდგომში კოლრიჯის ცნობილ პოემაში რომ გამოჩნდება.
XV საუკუნეში ალექსანდრიაში, ორრქიანი ალექსანდრეს ქალაქში, შეიკრიბა ზღაპრები. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ზღაპრებს საკვირველი ისტორია აქვთ. მათ ჯერ ინდოეთში ჰყვებოდნენ, მერე სპარსეთში, მერე მცირე აზიაში, და ბოლოს, უკვე დაწერილს, არაბულ ენაზე მოუყარეს თავი ქაიროში. სწორედ ესაა “ათას ერთი ღამე”.
1754 წელს გამოქვეყნდა პირველი ევროპული თარგმანი, ფრანგი ორიენტალისტის ანტუან გალანის მიერ თარგმნილი პირველი ექვსი ტომი. რომანტიზმის ტალღაზე აღმოსავლეთი ერთ მთლიანობად შევიდა ევროპულ შეგნებაში. აქ საკმარისია მოვიხმოთ ორი სახელი, ორი დიდი სახელი: ბაირონი, რომელიც, პიროვნულად სჯაბნის თავის ნაწარმოებებს, და ჰიუგო, რომელიც ყოველმხრივ დიადია. ჩნდება ახალი თარგმანები, მერე ხდება აღმოსავლეთის ხელახლა აღმოჩენა. ეს პროცესი 1890-იანი წლებიდან მოდის, აქ დიდ როლს თამაშობს კიპლინგი: “ვინც აღმოსავლეთის ძახილს გაიგონებს, მას ეს ძახილი მუდამ ესმის.”
დავუბრუნდეთ იმ მომენტს, როცა პირველად ითარგმნა წიგნი “ათას ერთი ღამე”. ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენაა ყველა ევროპული კულტურისთვის. 1754 წელს საფრანგეთი დიადი საუკუნის საფრანგეთია, სადაც ლიტერატურის კანონებს ბუალო კარნახობს. იგი 1711 წელს კვდება და აზრადაც არ მოსდის, რომ მთელ მის რიტორიკას ეს დიდებული აღმოსავლური შემოსევა ემუქრე-ბა. გავიხსენოთ ბუალოს რიტორიკა, მისი მითითებებითა და აკრძალვებით; გა-ვიხსენოთ გონების კულტი, ფენელონეს შესანიშნავი ფრაზა: “სულის ყველა გამოვლინებიდან ყველაზე იშვიათია გონება”. მაგრამ ბუალოს უნდოდა, გონება პოეზიის საფუძვლად ექცია.
ჩვენ რიგიან ლათინურ ენაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც კასტილიური ჰქვია. ესეც იმ მონატრების გამოვლინებაა, იმ, ხანდახან, შემტევი სიყვარულისა, დასავლეთს რომ აქვს აღმოსავლეთისადმი, რადგან ამერიკა აღმოაჩინეს ინდოეთამდე მიღწევის სწრაფვის წყალობით. იმ ესპანელთა შეცდომის გამო, ვისაც ეგონათ, ინდოეთში მოვხვდითო, ჩვენც ინდიელებს ვეძახით მონტესუმას, ატაუალპას, კატრიელის ხალხს.
სიტყვა “დასავლეთის” წარმოშობა ცნობილია და ახლა მნიშვნელობა არა აქვს. დასავლეთის კულტურაზე შეიძლება ითქვას, რომ იგი შერეულია, რადგან მხოლოდ სანახევროდაა დასავლური. ჩვენი კულტურის საძირკველია საბერძნეთი (რომი _ ელინიზმის გაგრძელებაა) და ისრაელი _ აღმოსავლური ქვეყანა. მათ მოგვცეს ის, რასაც დასავლურ კულტურას ვეძახით. აღმოსავლეთის აღმოჩენებზე საუბრისას აუცილებელია გვახსოვდეს მარადიული აღმოჩენა _ წმინდა წერილი. ზემოქმედება ორმხრივია, ვინაიდან დასავლეთსაცა აქვს გავლენა აღმოსავლეთ-ზე. არის ერთი ფრანგი ავტორის წიგნი, სახელწოდებით “ევროპის აღმოჩენა ჩი-ნელების მიერ”, და ეს აღმოჩენაც რეალური მოვლენაა, რომელიც არ შეიძლებო-და, არ მომხდარიყო.
აღმოსავლეთი _ ესაა ადგილი, სადაც მზე ამოდის. მინდა, შეგახსენოთ _ გერმანულ ენაში აღმოსავლეთის აღსანიშნავად ლამაზი სიტყვაა: “Morgenland ”, _ “დილის მიწა”. დასავლეთის აღსანიშნავად _ “Abendland” _ “საღამოს მიწა”; ჩვენთვის ცნობილია შოპენჰაუერის წიგნი “Der Untergang des Abendlanden ” ანუ “ევროპის დაისი”. მე მგონი, ღირს აღნიშვნა, რომ სიტყვა “orient” (აღმო-სავლეთი), ეს ულამაზესი სიტყვა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, შეიცავს სიტყვას “oro” (ოქრო). სიტყვაში “ორიენტ” ვგრძნობთ სიტყვას “oro”, რადგან მზის ამოსვლისას ზეცას ოქროსფერი ეფინება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დანტეს ცნობილ სტრიქონს: “Dolce color d,oriental zaffiro” _ “აღმოსავლური საფირონის ნაზი ფერი”.
სიტყვაში “ორიენტალ” შერწყმულია ორი მნიშვნელობა: აღმოსავლური სა-ფირონი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და განთიადის ოქრო (ორო), სალხინებელში პირველი დილის ოქრო.
რა არის აღმოსავლეთი? მის გეოგრაფიულად განსაზღვრას თუ შევეცდებით, ერთობ საინტერესო მოვლენას აღმოვაჩენთ: აღმოსავლეთის ნაწილი დასავ-ლეთია, ის კი, რაც ბერძნებისთვის ან რომაელებისთვის დასავლეთი იყო, როგო-რიც, ვთქვათ, ჩრდილოეთ აფრიკა _ ის აღმოსავლეთია. რასაკვირველია, აღმო-სავლეთია ეგვიპტეც, ისრაელის მიწებიც, მცირე აზიაც, ბაქტრიაც, სპარსეთიც, ინდოეთიც. ყველა ეს ქვეყანა ფართოდაა გადაშლილი და ძალიან ცოტა აქვთ საერთო. ისევე, როგორც თათრეთი, ჩინეთი, იაპონია _ ჩვენთვის ყველა აღმოსავ-ლეთია. ჩემი აზრით, აღმოსავლეთზე ლაპარაკისას, პირველყოვლისა, ვგულის-ხმობთ ისლამურ აღმოსავლეთს, გეოგრაფიულად კი _ ინდოეთის ჩრდილოეთს.
ასეთია ჩვენი პირველი შთაბეჭდილება წიგნიდან “ათას ერთი ღამე”. არის რაღაც, რასაც აღვიქვამთ, როგორც აღმოსავლურს; რასაც ვერ ვგრძნობთ ისრა-ელში, თუმცა ვგრძნობთ გრანადასა ან კორდოვაში. იქ ვგრძნობ აღმოსავლეთის არსებობას, მაგრამ ვერ განვსაზღვრავ მას და არ ვიცი, ღირს თუ არა სახელი დაარქვა ასეთ პირადულ შეგრძნებებს. ამ სიტყვით გამოწვეულ ასოციაციებს “ათას ერთ ღამეს” უნდა ვუმადლოდეთ. ესაა პირველი, რაც აზრად მოგვდის; მე-რეღა გვახსენდება მარკო პოლო, მამა იოანე, ქვიშის მდინარეები და ოქროს თევზები. პირველ რიგში, ისლამზე ვფიქრობთ.
გადავხედოთ ამ წიგნის ისტორიას და შემდეგ მის თარგმანებს. წიგნის წარმომავლობა გაურკვველია. გვახსენდება არაერთი თაობის შრომით აღმართუ-ლი ტაძრები, მოუქნელად რომ დაურქმევიათ გოთური. მაგრამ არის არსებითი სხვაობა: ხელოსნებს, ტაძრების მშენებლებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ. “ათას ერთი ღამის” წარმოშობა პირიქით, იდუმალებითაა სავსე. იგი ქმნილებაა ათასობით ავტორისა, და არც ერთი მათგანი არც კი ეჭვობდა, რომ წილნაყარი იყო სახელგანთქმულ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნთან, რომელ-საც რამდენადაც ვიცი, დასავლეთში უფრო აფასებენ, ვიდრე აღმოსავლეთში.
გავიხსენებ საინტერესო შენიშვნას აღმოსავლეთმცოდნე ბარონი ჰამერ-პურგშტალისა, რომლის სიტყვებსაც აღფრთოვანებით იშველიებენ ლეინი და ბერტონი _ “ათას ერთი ღამის” ორი ყველაზე ცნობილი თარგმანის ავტორები. ბარონი ლაპარაკობს ადამიანებზე, ვისაც ღამის მთხრობელებს ეძახდნენ და ვი-სი პროფესიაც იყო ღამღამობით ზღაპრების მოყოლა. მას მოჰყავს ძველი სპარ-სული ტექსტი, საიდანაც ჩანს, რომ უძილო ღამეების გასაყვანად მთხრობელთა თავმოყრის პირველად ალექსანდრე მაკედონელმა დაამკვიდრა. საფიქრებელია, რომ ზღაპრებს ჰყვებოდნენ. ჩემი აზრით, ზღაპრების მომხიბვლელობა არ არის მორალი. ეზოპესა და ინდუს მეზღაპრეებს იზიდავდათ თავიანთი კომედიებითა და ტრაგედიებით ცხოველების ადამიანებად წარმოდგენის შესაძლებლობა. მო-რალი ბოლოში ემატებოდა და მთავარი ის იყო, რომ მგელი კრავს ელაპარაკე-ბოდა, ხარი _ ვირს ან ლომი — ბულბულს.
ალექსანდრე მაკედონელი სიამოვნებით უსმენდა ამ უსახელო მეზღაპრე-ებს. ასეთი პროფესია დიდხანს არსებობდა. წიგნში “თანამედროვე ეგვიპტელთა წეს-ჩვეულებები და ქცევები” ლეინი ამბობს, რომ 1850 წლამდე ქაიროში მეზღაპ-რეობა ძალზე გავრცელებული იყო. მეზღაპრეების რიცხვი ორმოცდაათს აღწევ-და და ხშირად ჰყვებოდნენ ისტორიებს “ათას ერთი ღამიდან”.
ბევრი ისტორია ინდოეთიდან (სადაც ბერტონისა და საუცხოო ესპანური თარგმანის ავტორის კანსინოს-ასენსის ვარაუდით, შეიქმნა წიგნის ბირთვი), სპარსეთში მოხვდა; სპარსეთში ეს ისტორიები შეიცვალა, გამდიდრდა და გაარა-ბულდა; ბოლოს, ეგვიპტემდეც მიაღწია. ეს XV საუკუნის მიწურულს ხდება. სწო-რედ მაშინ შედგა პირველი კრებული, მას მოჰყვა მეორე, თუ არ ვცდები, სპარ-სული, “Hazar afsana” _ “ათასი ისტორია”
რატომ ჯერ ათასი და მერე ათას ერთი? ალბათ ორი მიზეზით. ერთ-ერთია ცრურწმენა (ასეთ დროს ცრურწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს), რომლის თანახ-მად, წყვილი რიცხვები უიღბლო რიცხვებად ითვლება. კენტი რიცხვის ძებნა და-იწყეს და წარმატებით დაუმატეს “ერთი”. სათაურში ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ღამე რომ ყოფილიყო, ვიგრძნობდით, რომ ერთი ღამე აკლია, ასე კი პირიქით, ვგრძნობთ, რომ რაღაც უსასრულოსთან გვაქვს საქმე, თან კიდევ ერთი ღამეცაა დამატებული. ტექსტი წაიკითხა და თარგმნა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნემ გა-ლანმა. ჩვენ ვხედავთ, როგორია ტექსტი და როგორია მასში აღმოსავლეთი. ტექ-სტში აღმოსავლეთი ნამდვილად არის, რადგან კითხვისას ვგრძნობთ, რომ შორე-ულ ქვეყანაში ვართ.
ცნობილია, რომ ქრონოლოგია, ისტორია არსებობს, მაგრამ პირველყოვ-ლისა, არსებობს აღმოსავლური კვლევები. არ არსებობს სპარსული ლიტერატუ-რის ისტორია ან ინდური ფილოსოფიის ისტორია, არც ჩინური ლიტერატურის ჩინური ისტორია არსებობს, რამდენადაც ამ ხალხისთვის უინტერესოა მოვლენა-თა თანმიმდევრობა. ითვლება, რომ ლიტერატურა და პოეზია მარადიულია. ჩემი აზრით, არსებითად, ეს მართალია. მე მგონი, დასახელება “ათას ერთი ღამე” (ან როგორც ბერტონს ურჩევნია _ “Book of the Thousand Nights and a Night” _ “წიგნი ათასი და ერთი ღამისა”) მშვენიერი იქნებოდა, ამ დილით რომ იყოს მოფიქრე-ბული. ამას რომ ახლა ვაკეთებდეთ, სათაური შესანიშნავად მოგვეჩვენებოდა. მარტო იმიტომ კი არა, რომ ლამაზია (ლამაზია, მაგალითად, ლუგონესის წიგნის სათაური _ “ბაღის ბინდი”), არამედ იმიტომაც, რომ წიგნის წაკითხვის სურვილს აღძრავს.
ადამიანს უნდა, ჩაიკარგოს “ათას ერთ ღამეში”; იცის, რომ ამ წიგნში თუ ჩაეფლობა, შეძლებს, დაივიწყოს თავისი უბადრუკი ბედისწერა, შეძლებს შეაღწი-ოს სამყაროში, რომელიც სავსეა არქეტიპი-სახეებით და არც ინდივიდუალობა აკლია.
სახლში ბერტონის თარგმნილი ჩვიდმეტი ტომი მაქვს. ვიცი, რომ ყველას არასოდეს წავიკითხავ, მაგრამ ვიცი, რომ ამ ტომებში ღამეებია და მელოდებიან; რომ შეიძლება, უბედური ცხოვრება მქონდეს, მაგრამ ამ ცხოვრებაში არის ჩვიდმეტი ტომი, რომლებშიც გაერთიანებულია აღმოსავლეთის “ათას ერთი ღამის” მარადიულობის არსი.
მაშ როგორ განვსაზღვროთ აღმოსავლეთი _ ვითომ აღმოსავლეთი, რომე-ლიც არ არსებობს? მე ვამბობდი, რომ “აღმოსავლეთი” და “დასავლეთი” განზო-გადოებაა; რომ არც ერთი ადამიანი არ გრძნობს თავს აღმოსავლელად. ადამია-ნი გრძნობს, რომ სპარსია, ინდოელია, მალაელია, მაგრამ არა აღმოსავლელი. ისევე, როგორც არავინ არ გრძნობს თავს ლათინოამერიკელად: თავს ვგრძნობთ არგენტინელებად, ურუგვაელებად, მაგრამ ცნება მაინც არსებობს. რას ეფუძნება წიგნი? პირველყოვლისა, უკიდურესობათა სამყაროს იდეას, სამყაროსი, სადაც პერსონაჟები ან ძალიან ბედნიერები არიან, ან ძალიან უბედურები, ძალიან მდიდრები ან ძალიან ღარიბები. ეს არის მეფეების სამყარო. მეფეებისა, რომლებიც თავიანთ საქციელს არ ხსნიან; მეფეებისა, რომლებიც შეიძლება ითქვას, უპასუხისმგებლოები არიან, ღმერთებივით.

(დასასრული ქვემოთ)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 10:37 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მესამე საღამო
“ათას ერთი ღამე”




(დასასრული)

და კიდევ, არის განძის იდეა. ნებისმიერ ღატაკს შეუძლია მისი პოვნა. და კიდევ გრძნეულების იდეა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. რა არის გრძნეულება? გრძნეულება ერთგვარი მიზეზობრიობაა. დავუშვათ, ჩვენთვის ცნობილი მიზეზობრივი გრძნეულების გარდა, არსებობს სხვაც. ეს კავშირი შეიძლება, და-მოკიდებული იყოს შემთხვევითობაზე, ბეჭედზე, ლამპარზე. საკმარისია, ბეჭედს ან ლამპარს ხელი გავუხახუნოთ და ჯინი გამოგვეცხადება. ჯინი _ მონაა, და ამავდროულად, ყოვლისშემძლეა, რომელიც ჩვენს ნებაზე მოქმედებს. შეუძლია, ნებისმიერ წუთს გამოჩნდეს.
გავიხსენოთ მეთევზისა და ჯინის ამბავი. მეთევზეს ოთხი შვილი ჰყავს. ღარიბ-ღატაკია, ყოველ დილით ზღვაში ბადეს აგდებს. ზღვა არ სახელდება, და ამას უსაზღვრო სამყაროში გადავყავართ. მეთევზე ზღვას უახლოვდება და ბადეს აგდებს. ერთ დილას ბადეს სამჯერ გადააგდებს და ამოიღებს: რა აღარ ამოჰყავს: მკვდარი ვირი, დანის ტარი, გამოუსადეგარი ნივთები. ისევ აგდებს ბა-დეს (ყოველ ჯერზე ლექსს წარმოთქვამს) და ბადე უსაშველოდ მძიმდება. მეთევზე თევზით სავსე ბადის ამოღებას ელის, მაგრამ ყვითელი სპილენძის სურა ამოაქვს, რომელიც სულეიმანის (სოლომონის) ბეჭდითაა დახშული. მეთევზე სურას ხსნის და იქიდან სქელი კვამლი იწყებს ამოსვლას. მეთევზეს ჰგონია, სურის გაყიდვა შეიძლებაო, ამასობაში კვამლი ზეცას აღწევს, კიდევ უფრო სქელ-დება და ჯინად იქცევა.
ვინ არიან ჯინები? ადამზე უფრო ადრე შექმნილი არსებანი. ისინი ადამიანს ემორჩილებიან, თუმცა უზარმაზარები არიან. მაჰმადიანებს მიაჩნიათ, რომ სივრცე ჯინებითაა სავსე, ისინი უხილავები არიან და ყველგან არიან.
ჯინი წამოიძახებს: “დიდება ალაჰს და მის მოციქულ სოლომონს!” მეთევზე ჯინს ეკითხება, რატომ ახსენე სოლომონი, რომელიც დიდი ხნის მკვდარია, ახლა ალაჰის მოციქული მუჰამედიაო. კიდევ ეკითხება, სურაში რატომ ხარ ჩამ-წყვდეულიო. ის მიუგებს, მე ერთ-ერთი ვარ იმ ჯინთა შორის, ვინც სულეიმანს აღუდგა, ამისთვის სულეიმანმა სურაში ჩამამწყვდია, სურა ბეჭდით დაახშო და ზღვის ფსკერისკენ მოისროლაო. ოთხასი წელი გავიდა და ჯინმა დაიფიცა, მთე-ლი ქვეყნის ოქროს მივცემ იმას, ვინც გამათავისუფლებსო. მაგრამ თავისუფლე-ბა არ ეღირსა. მერე დაიფიცა, ცხოველთა და ფრინველთა ენას ვასწავლი იმას, ვინც გამათავისმუფლებსო. საუკუნეები გადიოდა, დაპირებები მრავლდებოდა. ბოლოს დაიფიცა, ჩემს მხსნელს მოვკლავო. “დადგა ჟამი ფიცის აღსრულებისა. მოემზადე სიკვდილისათვის, ო, ჩემო მხსნელო!” ეს რისხვა ჯინს უცნაურად ამ-სგავსებს ადამიანს და თქვენ წარმოიდგინეთ, მიმზიდველობასაც სძენს.
მეთევზე შეშინებულია. თავს იკატუნებს, ვითომ მონათხრობი სჯერა და ეკითხება: “ფეხით მიწაზე დგახარ, თავით ზეცას სწვდები და როგორ ჩაეტიე ასეთ პაწაწინა ჭურჭელში?” ჯინი პასუხობს: “ურწმუნოვ! ახლა შენი თვალით ნახავ!” პატარავდება და სურაში გაუჩინარდება, მეთევზე კი სურას დაახშობს და ემუქრება.
ამბავი გრძელდება, და აი, უკვე გმირად იქცევა არა მეთევზე, არამედ მე-ფე, შემდეგ შავი კუნძულების მბრძანებელი, და ბოლოს, სიუჟეტური ხაზები ერ-თიანდება _ ეს “ათას ერთი ღამისთვის” დამახასიათებელი მოვლენაა. აქ შეიძლება, გაიხსენო ერთმანეთში ჩასმული ჩინური ბურთები ან რუსული მატრიოშკები. რაღაც მსგავსს “დონ კიხოტშიც” ვხვდებით, ოღონდ ნაკლებად, ვიდრე “ათას ერთ ღამეში”. გარდა ამისა, თხრობა ჩვენთვის ცნობილი ძირითადი ამბის ჩარჩოშია მოქცეული: ესაა ამბავი სულთნისა, რომელსაც ცოლმა უღალატა და რომელმაც ახალი ღალატის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, ყოველ ღამით ახალი ცოლი შეირთოს და დილით სიცოცხლეს გამოასალმოს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ შეჰერეზადამ არ გადაწყვიტა, დანარჩენების გადასარჩენად, სულთანი დაუსრულებელი ისტორიებით შეეჩერებინა. ასე გადის ათას ერთი ღამე და ქალი სულთანს ვაჟს აჩვენებს.
ამბავში ჩასმული ამბები ქმნიან უცნაურ შეგრძნებას უსასრულობისა, მსუბუქი თავბრუსხვევა რომ ახლავს. ამგვარი ეფექტის მიღწევას ცდილობდნენ ავტორები, რომლებიც გაცილებით გვიან წერდნენ. ასეთია ლუის კეროლის “ალისას” წიგნები ან მისი რომანი “სილვი და ბრუნო”, სადაც სიზმრებში ჩასმული სიზმრები მრავლდება და იტოტება.
სიზმრების თემა ერთ-ერთი საყვარელი თემაა “ათას ერთ ღამეში”. საუც-ხოოა ორი სიზმრისმხილველის ისტორიები. ქაიროს ერთ მკვიდრს ერთხელ სიზ-მარში ჩაესმა ხმა, რომელმაც უბრძანა, წასულიყო ისპაჰანში, სადაც განძია ჩაფლული. ისიც გაემგზავრება ისპაჰანისკენ. მოგზაურობა გრძელია და სახიფათო. დაღლილ-დაქანცული მოგზაური მეჩეთის ეზოში წამოწვება დასასვენებლად. იგი ქურდებს შორის აღმოჩნდება, თუმცა თვითონ ეს არც იცის. ყველას დაატუსაღე-ბენ და ყადი ეკითხება, ამ ქალაქში რამ მოგიყვანაო. ეგვიპტელი უამბობს. ყადი გულიანად ხარხარებს და ეუბნება: “უგნურო და მალემრწმენო! სამჯერ მესიზ-მრა სახლი ქაიროში. მის ბაღში მზის საათია, წყარო და ლეღვის ხე, წყაროსთან კი განძია დაფლული. ეს ტყუილი ერთხელაც არ დამიჯერებია. აჰა, მონეტა, წადი და ისპაჰანში აღარ დაბრუნდე.” ეგვიპტელი ქაიროში ბრუნდება: ყადის სიზ-მარში მან საკუთარი სახლი იცნო. წყაროსთან მიწას თხრის და განძს პოულობს.
“ათას ერთ ღამეში” ისმის დასავლეთის გამოძახილი. აქ ვპოულობთ ოდი-სევსის თავგადასავალს, ოღონდ ოდისევსს მეზღვაური სინდბადი ჰქვია. ზოგიერთი თავგადასავალი დასავლურს ემთხვევა (პოლიფემე). “ათას ერთი ღამის” სასახლის აღმართვისთვის ადამიანების თაობები შრომობდა. ეს ადამიანები ჩვენი კეთილისმყოფელები არიან, მემკვიდრეობით რომ დაგვიტოვეს უშრეტი წიგნი, რომელმაც ამდენი ცვლილება განიცადა. ცვლილებებზე ვლაპარაკობ, რადგან გალანის მიერ გამოქვეყნებული პირველი ტექსტი საკმაოდ მარტივია, და ალბათ ყველაზე მეტად მიმზიდველი. მკითხველისგან არავითარ ძალისხმევას არ ითხოვს; ამ პირველი ტექსტის გარეშე, როგორც სამართლიანად შენიშნა კაპიტანმა ბერტონმა, შეუძლებელი იქნებოდა შემდგომი ვარიანტები.
გალანმა პირველი ტომი 1754 წელს გამოაქვეყნა. წიგნმა აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ამავდროულად, მოხიბლა ლუდოვიკ XIV-ის გონებისმიერი საფრანგეთი. რომანტიზმზე საუბრისას გულისხმობენ გაცილებით გვიანდელ პერიოდს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანტიზმი დასაბამს იღებს იმ მომენტში, როცა ნორ-მანდიაში ან პარიზში ვიღაცამ “ათას ერთი ღამე” წაიკითხა. მან თავი დააღწია ბუალოს მითითებების სამყაროს და შეაბიჯა რომანტიკული თავისუფლების სამყაროში.
მერე ხდება სხვა მოვლენები: ფრანგი ლესაჟის მიერ ყალთაბანდური რომანის აღმოჩენა; 1750 წელს პერსის მიერ შოტლანდიური და ინგლისური ბალადების გამოქვეყნება. 1798 წელს კი კოლრიჯის შემოქმედებით ინგლისში რომანტიზმი იწყება. მას ესიზმრა ხანი ჰუბილაი, მარკო პოლოს მფარველი. აქ ვხედავთ, რაოდენ საკვირველია სამყარო და როგორაა ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენები.
გაჩნდა სხვა თარგმანები. ლეინის თარგმანს თან ახლავს მაჰმადიანური ჩვეულებების ენციკლოპედია. ბერტონის ანთროპოლოგიური და უხამსი თარგმანი შესრულებულია XIV საუკუნის ლექსიკით, უცნაური ინგლისური ენით, რომელიც სავსეა არქაიზმებითა და ნეოლოგიზმებით. ამ ენას თავისი წილი მიმზიდველობაცა აქვს, მაგრამ ხანდახან ძნელი საკითხავია. შემდეგ გამოჩნდა დოქტორი მარდრიუსის თავისუფალი (ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით) ვერსია და ლიტმანის გერმანული თარგმანი, რომელიც ორიგინალს სიტყვასიტყვით გადმოსცემ-და, მაგრამ მომხიბვლელობა აკლდა. საბედნიეროდ, ახლა გვაქვს ესპანური ვარიანტიც, რომელიც ჩემმა მასწავლებელმა, რაფაელ კანსინოსასენსმა შექმნა. წიგნი მექსიკაშია გამოქვეყნებული და ალბათ, საუკეთესო თარგმანია. მას კომენტარებიც ახლავს.
“ათას ერთი ღამის” ყველაზე ცნობილი ზღაპარი ორიგინალურ ვარიანტებში არსად ჩანს. ესაა “ალადინი და ჯადოსნური ლამპარი”. იგი გალანთან გამოჩნდა. ბერტონი ამაოდ ეძებდა ამ ამბავს არაბულ და სპარსულ ტექსტებში. იგი ეჭვობდა, რომ გალანმა ზღაპარი გააყალბა. სიტყვა “გაყალბება” უსამართლო და ბოროტი მეჩვენება. რატომ არ ვივარაუდოთ, რომ ამდენი ზღაპრის თარგმნის შემდეგ გალანს მოუნდა, ერთი თვითონაც შეექმნა და სურვილი აისრულა კიდეც.
ისტორია გალანის ზღაპრით არ მთავრდება და ქუინსი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ მისთვის “ათას ერთ ღამეში” არის ერთი ზღაპარი, რომელსაც დანარჩენები ვერ შეედრება, ესაა ზღაპარი ალადინზე. იგი ლაპარაკობს მაღრიბელ გრძნეულზე, რომელიც ჩინეთში მიდის, რადგან იცის, რომ იქ ცხოვრობს ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჯადოსნური ლამპრის ამოღება შეუძლია. გალანი გვეუბნება, რომ გრძნეული ასტროლოგია და რომ ვარსკვლავებმა უბრძანეს ჩინეთში წასვლა ჭაბუკის მოსაძებნად. დე ქუინსის, რომელსაც დიდებული შემოქმედებითი მეხსიერება აქვს, ეს სულ სხვანაირად აგონდება. მისი ვერსიით, გრძნეული ყურს დედამიწას დაადებს, ადამიანთა ურიცხვი ნამიჯის ხმა ესმის და ამ ნაბიჯებში გამოარჩევს იმ ბიჭის ფეხისხმას, ვისაც უწერია ლამპრის ამოთხრა. დე ქუინსის სიტყვით, ამან აფიქრებინა გრძნეულს, რომ ქვეყნიერება სავსეა შესაბამისობებით, ჯადოსნური სარკეებით, რომ პატარა ამბები ატარებენ დიდი ამბების ნიშნებს. არც ერთ ტექსტში არ არის აღწერილი, როგორ მიაყურადებს დედამიწას მაღრიბელი გრძნეული და როგორ ცნობს ალადინის ნაბიჯებს. დე ქუინსის ეს გამონაგონი სიზმრებმა და მეხსიერებამ უკარნახა. “ათას ერთი ღამის” უსასრულო დრო თავის გზას განაგრძობს. XIX საუკუნის დასაწყისსა თუ XVIII საუკუნის დასასრულში დე ქუინსის თავისებური მოგონებები აქვს. “ღამეე-ბი” ახალ-ახალ მთარგმნელებს იძენენ და თითოეული მათგანი თავის ვარიანტს გვთავაზობს. შეგვიძლია, ვილაპარაკოთ უამრავ წიგნზე, სახელწოდებით “ათას ერთი ღამე”. ორი ფრანგულია _ გალანისა და მარდრიუსის; სამი ინგლისური _ ბერტონის, ლეინისა და პეინის; სამი გერმანული _ ჰენინგმა, ლიტმანმა და ვაილ-მა რომ დაწერეს; ერთი ესპანური _ კანსინოს-ასენსმა რომ შექმნა. ყველა ეს წიგნი სხვადასხვანაირია, ვინაიდან “ათას ერთი ღამე” იზრდება და თავიდან იბადება. დიდებულ სტივენსონსა და მის “ახალ ათას ერთ ღამეში” კვლავ გამოჩნდება თემა გადაცმული უფლისწულისა, რომელიც ვეზირის თანხლებით ათვალიერებს ქალაქს და ათასნაირი თავგადასავალი გადახდება. სტივენსონმა მოიფიქრა პრინცი ფლორიზელი ბოჰემიიდან და მისი თანამგზავრი, პოლკოვნიკი ჯერალდინი, რომელთან ერთადაც იგი ლონდონში მოგზაურობდა.
მაგრამ ეს ნამდვილი ლონდონი კი არ არის, არამედ ბაღდადის მსგავსი ლონდონია, ოღონდ ნამდვილი ბაღდადისა კი არა, არამედ ბაღდადისა “ათას ერთი ღამიდან”.
არის კიდევ ერთი ავტორი, ვისი ნაწარმოებებიც ყველას გვახარებს _ ესაა ჩესტერტონი, სტივენსონის მემკვიდრე. ფანტასტიკური ლონდონი, სადაც ხდება თავგადასავლები მამა ბრაუნისა და ადამიანისა, რომელიც იყო ხუთშაბათი, ვერ იარსებებდა, ჩესტერტონს სტივენსონი რომ არ წაეკითხა. სტივენსონი კი “ახალ ათას ერთ ღამეს” არ დაწერდა, რომ არ წაეკითხა “ათას ერთი ღამე”. ეს წიგნი ისეთი უზარმაზარია, რომ არც არის საჭირო მისი წაკითხვა. იგი ჩვენს მეხსიე-რებაშია აღბეჭდილი და დღევანდელი დღის ნაწილია.

თარგმნა ნინო ქაჯაიამ

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 10:50 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეოთხე საღამო
ბუდიზმი




ქალბატონებო და ბატონებო!
დღევანდელი ლექციის თემაა ბუდიზმი. არ ჩავუღრმავდები მის გრძელ ისტორიას, რომელიც ორნახევარი ათასი წლის წინ დაიწყო ბენარესში, როცა ნეპალელმა უფლისწულმა სიდხარტამ ან გუტამამ, მერე ბუდად რომ იქცა, დხარმას ბორბალი დაატრიალა და გამოაც-ხადა ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და მერვეჯერადი გზა. მე გიამბობთ, რა არის მთავარი ამ, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ, რელიგიაში. ბუდიზმის ელემენტები შემონახულია ქრისტეს დაბადებამდე V საუკუნიდან, ესე იგი ჰერაკლიტეს, პითაგორესა და ზენონის ეპოქიდან დღემდე, როცა მისი განმარტება მოგვცა დოქტორმა სუძუკიმ იაპონიაში. ეს ელემენტები არ შეცვლილა. ახლა რელიგია გამსჭვალულია მითოლოგიით, ასტროლოგიით, საკვირველი რწმენებით, მაგიით, მაგრამ თემის სირთულის გამო იმით შემოვიფარგლები, რაც სხვადასხვა სექტებს აერთიანებს. ეს, შესაძლოა, შეეფერებოდეს ქინაინას, ან პატარა ეტლს. პირველყოვლისა, აღვნიშნოთ ბუდიზმის დღეგრძელობა.
ეს დღეგრძელობა შეიძლება, აიხსნას ისტორიულად, თუმცა ასეთი დასაბუთებები შემთხვევითია, ან უმჯობესია, ვთქვათ, საეჭვოა, მცდარია. მე მგონი, არსებობს ორი ძირითადი მიზეზი. პირველი _ ბუდიზმის შემწყნარებლობაა. ეს საკვირველი შემწყნარებლობა ცალკეულ პერიოდებს კი არ ახასიათებს, როგორც სხვა რელიგიებშია _ ბუდიზმი ყოველთვის შემწყნარებელი იყო.
ბუდიზმს არასოდეს მიუმართავს ცეცხლისა და მახვილისთვის, მათ იმედად არასდროს ყოფილა. როცა ინდოელი იმპერატორი აშოკა ბუდისტი გახდა, თავს არავისთვის არ მოუხვევია ახალი რელიგია. ბუდისტი წმინდანი შეიძლება იყოს ლუთერანელი, მეთოდისტი, პრესვიტერიანელი, კალვინისტი, სინთოისტი, დაოსი, კათოლიკე. შეიძლება იყოს ისლამის ან იუდაისტური რელიგიის მიმდევარი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუმცა არც ქრისტიანს, არც იუდეველს, არც მაჰმადიანს, უფლება არა აქვს, ბუდისტი იყოს.
ბუდიზმის შემწყნარებლობა მისი სისუსტე კი არ არის, არამედ მისი არსია. ბუდიზმი, პირველყოვლისა, ისაა, რასაც იოგას ვერ დავარქმევთ. რას ნიშნავს სიტყვა “იოგა”? ეს იგივე სიტყვაა, რაც “yugo” _ “უღელი”, რომლის ამოსავალია ლათინური “jugum”. უღელი, დისციპლინა, რომელსაც ემორჩილება ადამიანი. მერე, თუ გავიგებთ, ორი ათას ხუთასი წლის წინ რაზე ლაპარაკობს ბუდა ირმის ჭალაში, ბენარესში პირველ ქადაგებაში, ბუდიზმსაც ჩავწვდებით. ეგეც არ იყოს, ლაპარაკია არა იმაზე, რომ გავიგოთ, არამედ იმაზე, რომ ვიგრძნოთ ღრმად, სულითა და სხეულით ვიგრძნოთ; თან ბუდიზმი არ ცნობს არც სულისა და არც სხეულის რეალურობას, შევეცდები ამის დამტკიცებას.
კიდევ სხვა მიზეზიცაა. ბუდიზმი ბევრ რამეში ჩვენი რწმენის ხარჯზე არსებობს. რასაკვირველია, ყოველი რელიგია რწმენის აქტს წარმოადგენს. ისევე, როგორც სამშობლო წარმოადგენს რწმენის აქტს. საკუთარი თავისთვის არაერთხელ მიკითხავს, რას ნიშნავს, იყო არგენტინელი? არგენტინელობა ნიშნავს, გრძნობდე, რომ არგენტინელები ვართ. რას ნიშნავს, იყო ბუდისტი? ბუდისტობა ნიშნავს, გესმოდეს, რადგან გაგება შეიძლება, რამდენიმე წუთში მოვიდეს, ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტებისა და რვაჯერადი გზის შეგრძნება კი... ნუ ვენდობით რვაჯერადი გზის ხიფათებს, რადგან ეს ციფრი აიხსნება გაყოფისა და კიდევ გაყოფის ინდოელთა ჩვევით. მივმართოთ ოთხ კეთილშობილ ჭეშმარიტებას.
გარდა ამისა, არსებობს ლეგენდა ბუდაზე. ჩვენ შეგვიძლია, არც დავიჯეროთ ეს ლეგენდა. იაპონელი მეგობარი მყავს, ძენ-ბუდისტი, რომელთანაც დიდხანს, მეგობრულად ვკამათობ ხოლმე. ვეუბნებოდი, რომ მჯერა ბუდას ისტორიული ჭეშმარიტება. მჯერა, რომ ორნახევარი ათასი წლის წინ ცხოვრობდა ნეპალელი უფლისწული, სახელად სიდხარტხა ან გაუტამა, რომელიც გახდა ბუდა, ანუ გაღვიძებული, ნათელმოფენილი, ჩვენგან განსხვავებით, ვისაც გვძინავს და ვხედავთ გრძელ სიზმარს _ ცხოვრებას. მაგონდება ჯოისის ფრაზა: “ისტორია კოშმარია, რომლისგანაც მინდა გამოვფხიზლდე”. ერთი სიტყვით, სიდხარტხამ ოცდაათი წლის ასაკში გაიღვიძა და ბუდა გახდა.
ჩემს მეგობარ ბუდისტს (არა ვარ დარწმუნებული, რომ ქრისტიანი ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ბუდისტი არა ვარ) ვეკამათები და ვეუბნები: „რატომ არ უნდა გჯეროდეს მეფისწული სიდხარტხასი, რომელიც დაიბადა კაპილოვასტუში ქრისტიანულ რწმენამდე ხუთასი წლით ადრე?” ის მპასუხობს: „იმიტომ, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გჯეროდეს მოძღვრების”. თან დასძენს (უფრო ფანტაზიას მიჰყვება, ვიდრე ჭეშმარიტებას), რომ ბუდას ისტორიული არსებობის დაჯერება ან ამით დაინტერესება რაღაცით ჰგავს მათემატიკაში მეცადინეობისა და პითაგორას ან ნიუტონის ბიოგრაფიების აღრევას. ჩინეთსა და იაპონიაში, მონასტრებში, ბერების მედიტაციის ერთ-ერთი თემაა ბუდას არსებობაში დაეჭვება. ეს ერთ-ერთი ისეთი ეჭვია, რომელიც უნდა დასძლიონ, რომ ჭეშმარიტებას ჩასწვდნენ.
სხვა რელიგიები მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩვენს რწმენის უნარზე. თუ ქრისტიანები ვართ, უნდა ვირწმუნოთ, რომ ღვთაებრივი სამებიდან ერთერთი დედამიწაზე ჩამოვიდა, რათა ადამიანი გამხდარიყო და იუდეაში ჯვარს აცვეს. თუ მაჰმადიანები ვართ, უნდა ვირწმუნოთ, რომ არ არის ღმერთი, გარდა ალაჰისა და რომ მუჰამედია მისი მოციქული. შეგვიძლია, მართლმორწმუნე ბუდისტები ვიყოთ და უარვყოთ, რომ ბუდა არსებობდა. ან სჯობს, ვთქვათ, რომ ჩვენგან მისი ისტორიული არსებობის რწმენა არ არის მნიშვნელოვანი; მთავარია, ვირწმუნოთ მოძღვრება. თუმცა ლეგენდა ბუდაზე იმდენად კარგია, რომ არ შეიძლება, არ ვცადოთ მისი მოყოლა.
ფრანგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ლეგენდებს ბუდაზე. ისინი ხელმძღვანელობენ ერთი რამით: ბუდას ცხოვრება ისაა, რაც გადახდა ერთ ადამიანს დროის მოკლე შუალედში. შეიძლებოდა, მისი ცხოვრება რაღაც სახით წარმართულიყო. ბუდაზე ლეგენდა კი ანათებს და ანათლებს მილიონობით ადამიანს. ეს ლეგენდა იქცა წყაროდ უამრავი მშვენიერი სურათისა, ქანდაკებისა და პოემისა. ბუდიზმი წარმოადგენს არა მხოლოდ რელიგიას, არამედ მითოლოგიას, კოსმოლოგიას, მეტაფიზიკურ სისტემას, ან სჯობს ვთქვათ, ერთმანეთის საწინააღმდეგო მეტაფიზიკურ სისტემათა რიგს.
ლეგენდა ბუდაზე შუქსა ჰფენს ადამიანებს, მაგრამ მისი რწმენა არ არის აუცილებელი. იაპონიაში ამტკიცებენ, ბუდა არ არსებობდაო, მაგრამ იცავენ მოძღვრებას. ლეგენდა ზეცაში იწყება. ზეცაში საუკუნეთა განმავლობაში, საუკუნეთა ურიცხვ სიმრავლეში, ვიღაც სრულყოფილებას იძენდა, სანამ არ გაიგო, რომ შემდგომ ხორცშესხმაში ბუდად იქცევა.
მან აირჩია კონტინენტი, რომელზეც დაიბადება. ბუდისტური კოსმოგონიით, სამყარო გაყოფილია ოთხ სამკუთხედ კონტინენტად, მის ცენტრში კი ოქროს მთაა, მერუს მთა. იგი იქ დაიბადება, სადაც ინდოეთია. აირჩია საუკუნე, როცა დაიბადება, აირჩია კასტა, აირჩია დედა. ახლა რაც შეეხება ლეგენდის მიწიერ ნაწილს — იყო ერთი დედოფალი, სახელად მაია. მაია ნიშნავს „ოცნებას”. დედოფალმა ნახა სიზმარი, რომელიც ჩვენ შეიძლება, უცნაური მოგვეჩვენოს, ინდუსებს – არა.
დედოფალი იყო მეფე შუდხოდანოის ცოლი; ერთხელ ესიზმრა თეთრი სპილო ექვსი ეშვით, რომელიც ოქროს მთებიდან ჩამოვიდა; მან უმტკივნეულოდ შეაღწია დედოფლის მარცხენა გვერდში. დედოფალმა გაიღვიძა; მეფემ ასტროლოგებს უხმო, მათ განუცხადეს, რომ დედოფალი შობს ბავშვს, იგი ან ქვეყნის მბრძანებელი გახდება ან ბუდა – ნათელფენილი, გაღვიძებული, რომელსაც უწერია ყველა ადამიანის ხსნა. წინდახედულმა მეფემ პირველი აირჩია: უნდოდა, რომ შვილი სამყაროს მბრძანებელი გამხდარიყო.
მივმართოთ ისეთ დეტალს, როგორიცაა ექვსეშვიანი თეთრი სპილო. ოლდენბერგი აღნიშნავს, რომ სპილო ინდოეთში ჩვეულებრივი შინაური ცხოველია. თეთრი ფერი ყოველთვის უმანკოების სიმბოლოა. რატომ ექვსი ეშვი? უნდა გვახსოვდეს (ისევ ისტორიას მივმართოთ), რომ რიცხვი ექვსი, ჩვენთვის რამდენადმე უჩვეულო და უნებლიეთ აღებული (ჩვენ ვარჩევდით სამს ან შვიდს), სხვაგვარად აღიქმება ინდოეთში, სადაც მიიჩნევენ, რომ არსებობს სივრცის ექვსი განზომილება: ზემოთ, ქვემოთ, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ. ექვსეშვიანი თეთრი სპილო ინდოელებს უცნაურად არ ეჩვენებათ.
მეფე თავის გრძნეულებს უხმობს, დედოფალი კი უტანჯველად აჩენს ბავშვს. ლეღვის ხე ტოტებს უწვდის დასახმარებლად. ამქვეყნად მოვლენილი ვაჟი ფეხზე დგება, ოთხ ნაბიჯს დგამს ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით და ლაპარაკობს ლომის ბრდღვინვისნაირი ხმით: „შეუდარებელი ვარ, ეს ჩემი ბოლო დაბადებაა”. ინდოელებს სჯერათ უამრავი წინამორბედი დაბადებები. მეფისწული იზრდება, საუკეთესო მსროლელია, საუკეთესო მხედარი, საუკეთესო მცურავი, საუკეთესო ათლეტი, საუკეთესო კალიგრაფი, ყველა ექიმი შეარცხვინა (აქ შეიძლება, გავიხსენოთ ქრისტე და ექიმები). თექვსმეტი წლისამ ცოლი შეირთო.
მამამ იცის – ასტროლოგებმა უთხრეს, – რომ ვაჟს ემუქრება საშიშროება, ბუდა გახდეს, ადამიანი, რომელიც სხვას ყველას იხსნის, თუკი შეიცნობს ოთხ რამეს: სიბერეს, ავადმყოფობას, სიკვდილსა და ასკეტიზმს. მეფე ვაჟს სასახლეში ათავსებს, ჰარემს უწყობს – ქალების რიცხვს არ დავასახელებ, რადგან ეს რიცხვი აშკარად გაზვიადებულია – ინდოელთა ყაიდაზე. თუმცა, რატომ არ უნდა დავასახელო: ოთხმოცდაოთხი ათასი.
მეფისწული ბედნიერად ცხოვრობს: არ იცის ამქვეყნიური ტანჯვა, უმალავენ სიბერეს, ავადმყოფობას, სიკვდილს. დანიშნულ დღეს თავისი ეტლით გადის სწორკუთხა სასახლის ერთ-ერთი ჭიშკრიდან. ვთქვათ, ჩრდილოეთით. ცოტას გაივლის და ხედავს ადამიანს, რომელიც ყველასგან განსხვავდება, ვინც ადრე უნახავს. წელში მოხრილია, დანაოჭებული, მელოტი. ძლივძლივობით მიჩოჩავს, ჯოხზე ეყრდნობა. მეფისწული კითხულობს, ეს ვინ არის, ადამიანიაო? მეეტლე პასუხობს, ეგ ბერიკაცია, მაგდენ ხანს თუ ვიცოცხლებთ, ყველანი ეგეთები ვიქნებითო.
მეფისწული სასახლეში შეძრწუნებული ბრუნდება, ექვსი დღის შემდეგ ისევ გადის სამხრეთი ჭიშკრიდან. თხრილში ხედავს კიდევ უფრო უცნაურ კაცს, კეთრისგან გათეთრებულა, გატანჯული სახე აქვს. კითხულობს, ეს ვინ არის, ადამიანიაო? ეს ავადმყოფია, პასუხობს მეეტლე, ყველა ეგეთები ვიქნებით, მანამდე თუ ცოცხლებმა მივაღწიეთ.
კიდევ უფრო აფორიაქებული მეფისწული სასახლეში ბრუნდება. ექვსი დღის შემდეგ ისევ გადის გარეთ და ხედავს ადამიანს, რომელიც კაცს მძინარე ეგონება, მკვდრისფერი რომ არ ედოს. იგი სხვებს მიჰყავთ. მეფისწული კითხულობს, ეს ვინ არისო. მეეტლე პასუხობს, ეს მკვდარია, და ყველანი მოვკვდებით, როცა საკმარისად ვიცოცხლებთო.
მეფისწული სასოწარკვეთილია. სამი საშინელი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: სიბერის ჭეშმარიტება, ავადმყოფობის ჭეშმარიტება, სიკვდილის ჭეშმარიტება. იგი მეოთხედ გადის. ხედავს ნახევრად შიშველ ადამიანს, სახეზე სიმშვიდე გადაჰფენია. კითხულობს, ეს ვინ არისო. პასუხობენ, ეს ასკეტია, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა და მადლი მოეფინაო.
ფუფუნებაში მცხოვრები მეფისწული გადაწყვეტს, ყველაფერი მიატოვოს. ბუდიზმი ვარაუდობს, რომ ასკეტიზმი შეიძლება, სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი ცხოვრებას იგემებს. არ ითვლება, რომ ყველაფერზე უარის თქმით უნდა დაიწყო. ადამიანმა ცხოვრება უნდა შეიცნოს და მერე თქვას უარი მასზე.
მეფისწული გადაწყვეტს, ბუდა გახდეს. ამ მომენტში შეატყობინებენ ახალ ამბავს: მისმა მეუღლემ იაშოდხარამ ვაჟი გააჩინა. იგი წამოიძახებს: „ბორკილი გამყარდა”, ეს ვაჟია, რომელიც სიცოცხლეს მიაჯაჭვავს, ამიტომ ბავშვს ბორკილი დაარქვეს. სიდხარტხა თავის ჰარემშია, უყურებს მშვენიერ ახალგაზრდა ქალებს და მათ საშინელ, კეთროვან დედაბრებად ხედავს. მიდის მეუღლის საძინებელში. ქალს სძინავს, პატარა ჰყავს ჩახუტებული. მეფისწულს უნდა, აკოცოს, მაგრამ ესმის, რომ თუ აკოცა, ვეღარ შესძლებს მასთან განშორებას, და მიდის.
იგი მასწავლებლებს ეძებს. ახლა გადავდივართ ცხოვრების აღწერის იმ ნაწილზე, რომელიც შეიძლება, ნამდვილიც იყოს. რატომ წარმოუდგეს მეფისწული მოწაფედ დამრიგებლებს, რომლებსაც მერე მიატოვებს? დამრიგებლები ასკეტიზმს ასწავლიან, რაშიც დიდხანს იწვრთნება. ბოლოს მინდორზე ეცემა უძრავად, და ღმერთები, ოცდაათი ციდან რომ დაჰყურებენ, ფიქრობენ, მოკვდაო. ერთ-ერთი, ყველაზე ბრძენი, ამბობს: „არა, არ მომკვდარა, ბუდა იქნება”. მეფისწული გონს მოდის, ნაკადულს უახლოვდება, ცოტა საჭმელს იღებს და წმინდა ლეღვის ხის ქვეშ ჯდება. შეგვიძლია, მას კანონის ხე დავარქვათ.
ხდება მაგიური ქმედება, რომლის შესაბამისობაც არის სახარებაში: დემონთან ბრძოლა. დემონის სახელია მარა. ჩვენ უკვე შეგვხვდა სიტყვა “ნიგჰტმარე” – „ღამის დემონი”. დემონი სამყაროს ფლობს, მაგრამ ხიფათს გრძნობს და თავისი სასახლიდან გამოდის. მის საკრავებს სიმები დააწყდა, წყალი დაშრა წყალსაცავებში. ახლა ჯარს უყრის თავს, ჯდება, კაცმა არ იცის, რამდენი მეტრის სიმაღლის სპილოზე, ამრავლებს თავისი ხელების რიცხვს, თავის იარაღს და უფლისწულს მივარდება. მეფისწული ბინდბუნდში ზის ცნობადის ხის ქვეშ – ხისა, რომელიც მასთან ერთად გაიზარდა.
დემონი და მისი ჯარი, რომელიც ვეფხვებისგან, ლომებისგან, აქლემებისგან და ურჩხულებივით მეომრებისგან შედგება, მეფისწულს ისრებს დააყრიან, მასთან მიფრენილი ისრები ყვავილებად იქცევა. ახლა ცეცხლოვან მთებს სტყორცნიან, რომლებიც ბალდახინად იქცევა მის თავს ზემოთ. მეფისწული მედიტაციას მისცემია, ზის უბრალოდ, გულხელდაკრეფილი. შესაძლოა იცის, რომ თავს ესხმიან. იგი ცხოვრებაზე ფიქრობს, მიაღწია ნირვანას, ხსნას. მზის ჩასვლის შემდეგ დემონი განადგურებულია. გრძელდება მედიტაციის გრძელი ღამე; ღამის ბოლოს სიდხარტხა უკვე სიდხარტხა აღარ არის, იგი ბუდაა; ნირვანას მიაღწია.
გადაწყვეტს, თავისი მოძღვრება იქადაგოს. ფეხზე წამოდგება უკვე ცხონებული, სხვების ცხონების სურვილით. წარმოთქვამს ერთ ქადაგებას ბენარესში, ირმის ჭალაში. მერე მეორეს – ცეცხლზე, რომელშიც, მისი სიტყვით, დაიწვება ყველაფერი: ხელები, სხეულები, ნივთები. დაახლოებით იმავე დროს, ჰერაკლიტე ეფესოელი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ცეცხლია.
ბუდას რელიგია არ არის ასკეტიზმი, მისთვის ასკეტიზმი – შეცდომაა. ადამიანი მეტისმეტად არ უნდა მიეცეს არც ხორციელ ცხოვრებას, რადგან ხორციელი ცხოვრება მდაბალია, კეთილშობილებას მოკლებული, სამარცხვინო და მწარე; არც ასკეტიზმს, რომელიც ასევე მოკლებულია კეთილშობილებას და მწარეა. იგი ქადაგებს ზომიერ ცხოვრებას, თუკი მივყვებით თეოლოგიურ ტერმინოლოგიას, უკვე ნირვანას მიღწეული, ცხოვრობს ორმოც წელზე მეტს, და ეს წლები ქადაგებას მიუძღვნა. შეეძლო, უკვდავი გამხდარიყო, მაგრამ თვითონ ირჩევს სიკვდილის დროს, როცა უკვე ბევრ მოწაფეს შეიძენს.
კვდება მჭედლის სახლში – მოსწავლეები ახვევია გარს. ისინი უნუგეშოდ არიან. რაღა ჰქნან უიმისოდ? ბუდა ეუბნებათ, მე არ ვარსებობ, მე თქვენნაირი ადამიანი ვარ, ეგეთივე არარეალური და ეგეთივე მოკვდავი, და ჩემს მოძღვრებას გიტოვებთო. აქ დიდი სხვავოა ქრისტესთან, რომელმაც მოწაფეებს უთხრა, ორი თქვენგანი თუ შეხვდება, მესამე მე ვიქნებიო. ბუდა პირიქით, მოწაფეებს ეუბნება: „თქვენ გიტოვებთ ჩემს მოძღვრებას”. მაშასადამე პირველ ქადაგებაში მან ბორბალი აამოძრავა. მერე მოდის ბუდიზმის განვითარება. მას მრავალრიცხოვანი ფორმები აქვს: ლამაიზმი, მაგიური ბუდიზმი, მაჰაიანა ან დიდი ეტლი, რომელიც მიჰყვება ქინაიანას, ან პატარა ეტლს, იაპონური ძენ-ბუდიზმი.
ჩემი აზრით, არსებობს ორი ბუდიზმი, ერთი შეხედვით, თითქმის ერთნაირი: ის, რაც ჩინეთსა და იაპონიაშია – ძენ-ბუდიზმია; ყველა დანარჩენი მითოლოგიური გამოსახულებებია, ლეგენდები. ზოგიერთი ლეგენდა საინტერესოა. ცნობილია, რომ ბუდას შეეძლო სასწაულების მოხდენა, მაგრამ ისევე, როგორც იესო ქრისტეს, არ უყვარდა სასწაულები, არ მოსწონდა მათი მოხდენა. ეს იაფფასიან კვეხნად მიაჩნდა. გიამბობთ ერთ ისტორიას სანდალოზის თასზე.
ერთხელ ერთ ჩინურ ქალაქში ვაჭარმა ბრძანა, სანდალოზისგან თასი გამოეკვეთათ. თასი რამდენიმე ბამბუკის ტანის სიმაღლეზე მოათავსა, ძალიან მაღალ, გასაპნულ ჭოკზე. პირობა დადო, ამ თასს იმას მივცემ, ვინც ჩამოღებას შეძლებსო. სწავლული ერეტიკოსები ამაოდ ცდილობენ თასამდე მიღწევას. უნდათ, ვაჭარი მოისყიდონ და ათქმევინონ, რომ მიაღწიეს. ვაჭარი უარზე დგას – ამ დროს მოდის ბუდას უმცროსი მოწაფე. მისი სახელი არსად არ არის ნახსენები ამ ეპიზოდის გარდა. მოწაფე ჰაერში ადის, ექვსჯერ შემოუფრენს გარშემო თასს, აიღებს და ვაჭარს გადასცემს. როცა ბუდა ამ ამბავს გაიგებს, ბრძანებს მოწაფის განდევნას იმისთვის, რომ მან ასეთ უღირს საქმეს მოჰკიდა ხელი.
მაგრამ თვითონ ბუდაც ახდენდა სასწაულებს. გავიხსენოთ მაგალითად, თავაზიანობის სასწაული. ბუდას უდაბნო უნდა გადაევლო შუადღისას. ღმერთებმა ოცდაცამეტივე ციდან ჩამოუგდეს თითო ნაგლეჯი ჩრდილი. ბუდამ, არც ერთი ღმერთი რომ არ ეწყენინებინა, ოცდაცამეტი ბუდის სახე მიიღო, ისე, რომ თითოეული ღმერთი ზემოდან თავის ჩაგდებულ ჩრდილში შეფარებულ ბუდას ხედავდა.
ბუდას საქმეებს შორის შესანიშნავია ისრის პარაბოლა. ერთი კაცი ბრძოლაში დაიჭრა და არ უნდა, რომ ჭრილობიდან ისარი ამოუღონ. ჯერ მშვილდოსნის სახელს გაიგებს, გაარკვევს, რომელ კასტას ეკუთვნის იგი, რისგანაა გაკეთებული ისარი, სად იდგა მშვილდოსანი, როგორია ისრის სიგრძე. სანამ ამ საკითხებზე მსჯელობენ, კაცი კვდება. „მე კი ისრის ამოღებას ვასწავლი”, – ამბობს ბუდა. რა არის ისარი? ეს სამყაროა. ისარი არის „მე”-ს იდეა, ყველაფრისა, რაც ჩვენშია. ბუდა ამბობს, რომ უსარგებლო კითხვებზე დრო არ უნდა დავკარგოთ. მაგალითად, სამყარო სასრულია თუ უსასრულო? ნირვანას შემდეგ ბუდა იცოცხლებს თუ არა? ეს ყველაფერი უსარგებლოა, მთავარია, ისარი ამოვაძროთ, ლაპარაკია ავსულთა განდევნაზე, ხსნის რელიგიაზე.
ბუდა ამბობს: „როგორც ოკეანის წყალსა აქვს მხოლოდ ერთი გემო – მარილის გემო, ისევე ერთადერთი გემო აქვს ჩემს მოძღვრებას – ხსნის გემო”. რელიგია, რომელსაც იგი ასწავლის, უზარმაზარია, ზღვასავით, მაგრამ მხოლოდ ერთი გემო აქვს – ხსნის გემო. რასაკვირველია, მიმდევრები იკარგებიან (თუმც, შეიძლება, ბევრს პოულობენ) მეტაფიზიკურ დისკუსიებში. ბუდიზმის მიზანი ეს არ არის. ბუდისტმა შეიძლება, ნებისმიერ რელიგიას მისდიოს და დარჩეს ბუდიზმის მიმდევრად. მნიშვნელოვანია ხსნა და ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება: ტანჯვა, ტანჯვის წყარო, განკურნება და განკურნების გზა. ბოლოს მიიღწევა ნირვანა.

(დასასრული ქვემოთ)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 10:52 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეოთხე საღამო
ბუდიზმი




(დასასრული)

ჭეშმარიტებათა რიგს არა აქვს მნიშვნელობა. არის მოსაზრება, რომ ისინი შეესაბამება ანტიკურ სამედიცინო ტრადიციას: ავადმყოფობა, დიაგნოზი, მკურნალობა და გამოჯანმრთელება. გამოჯანმრთელება ამ შემთხვევაში — ნირვანაა.
ახლა გადავდივართ ყველაზე ძნელ საქმეზე. იმაზე, რისი თავიდან აცილებასაც ცდილობს ჩვენი დასავლური გონება. გარდასახვაზე, რომელიც ჩვენთვის, პირველყოვლისა, პოეტური იდეაა. გადასახლდება არა სული (ბუდიზმი უარყოფს სულის არსებობას), არამედ კარმა, რომელიც მენტალური ორგანიზმის ბედს წარმოადგენს და უამრავჯერ გარდაისახება. ეს იდეა ახასიათებს ბევრ მოაზროვნეს, პირველყოვლისა, პითაგორეს. პითაგორემ იცნო ფარი, რომელიც ხელში ეჭირა, როცა ტროას ომში სხვა სახელით იბრძოდა. „სახელმწიფოს” მეათე ტომში პლატონმა გადმოსცა ერას სიზმარი. ეს ჯარისკაცი ხედავს სულებს, რომლებიც, სანამ დავიწყების მდინარიდან დალევდნენ წყალს, ბედს ირჩევდნენ. აგამემნონს სურს, არწივი იყოს, ორფეოსს – გედი, ულისეს კი, რომელიც ხანდახან თავის თავს არავის უწოდებს – ადამიანთა შორის ყველაზე თავმდაბალი და ყველაზე ცნობილი ადამიანი.
ემპედოკლეს აკრაგანტიდან აქვს ფრაგმენტი, სადაც იხსენებს თავის წინარე ცხოვრებებს: „ვიყავი ქალიშვილი, ვიყავი ტოტი, ვიყავი ირემი და ვიყავი მუნჯი თევზი, რომელიც ზღვიდან ამოჰყოფს ხოლმე თავს”. ცეზარს ეს დრუიდების მოძღვრებად მიაჩნია. კელტი პოეტი ტალიესენი ამბობს, რომ არ არის ფორმა სამყაროში, რომელსაც არ მიიღებდა: „ვიყავი მხედართმთავარი, ვიყავი შუბი ხელში, ვიყავი წერტილი, რომელზეც სამოცი მდინარე გადის, წყლის ქაფად გადავქცეულვარ, ვიყავი ვარსკვლავი, ვიყავი შუქი, ხე, სიტყვა წიგნში, წიგნი”. დარიოს აქვს ლექსი, შესაძლოა, ყველაზე ლამაზი მათგან, რომელიც ასე იწყება: „ვიყავი ჯარისკაცი, რომელსაც დედოფალი კლეოპატრას სარეცელზე ეძინა…”
გარდასახვას ლიტერატურაში დიდი ადგილი უკავია. ამ თემას მისტიკოსებთანაც ვხვდებით. პლოტინი შენიშნავს, რომ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლა იგივეა, რაც სხვადასხვა სარეცელზე წოლა სხვადასხვა მოსასვენებელში. ჩემი აზრით, ყველას ჰქონია ოდესმე შეგრძნება, რომ მსგავსი მომენტი წინა ცხოვრებაშიც განუცდია, დანტე გაბრიელ როსეტის მშვენიერ ლექსში „ Sud¬den Light” („უეცარი შუქი”) არის სიტყვები – „I have been here before” – „აქ ადრეც ვყოფილვარ”. იგი მიმართავს ქალს, რომელიც მას ეკუთვნოდა, ან მისი კუთვნილება იქნება და ამბობს: „შენ უკვე იყავი ჩემი უამრავჯერ და უსასრულოდ ჩემი იქნები…” ამას მივყავართ ბუდიზმთან დაახლოებული ციკლების თეორიასთან. იგი ავგუსტინემ უარყო ნაშრომში „უფლის ქალაქის გამო”. რადგან სტოიკოსებისთვის და პითაგორელებისთვის ცნობილი იყო სამყაროს ინდუისტური თეორია, რომელიც შედგებოდა უთვალავი ციკლისაგან, კალპათი რომ იზღუდება. კალპა ადამიანური წარმოსახვის მიღმა. წარმოვიდგინოთ თექვსმეტი მილი სიმაღლის რკინის კედელი. ყოველ ექვსას წელში ერთხელ ანგელოზი მას უნატიფესი ბენარესული ქსოვილით წმენდს, როცა ქსოვილი თექვსმეტმილიანი სიმაღლის კედელს გაწმენდს, ჩაივლის კალპას პირველი დღე, და ღმერთებიც ცოცხლები არიან, სანამ გრძელდება კალპა, მერე კი კვდებიან.
სამყაროს ისტორია დაყოფილია ციკლებად, ამ ციკლებში კი არის წყვდიადის პერიოდი, რომლებშიც ან არაფერი არ არის, ან რჩება მხოლოდ ვედების სიტყვა. ეს სიტყვები არქეტიპებია და ნივთების შესაქმნელადაა განკუთვნილი. ღვთიური ბრამაც კვდება და ისევ იბადება. გულისამაჩუყებელია მომენტი, როცა ბრამა თავის სასახლეში აღმოჩნდება. იგი ხელახლა დაიბადა ერთ-ერთი კალპის შემდეგ, ერთ-ერთი მარცხის შემდეგ. იგი ცარიელ ოთახებში დადის, სხვა ღმერთებზე ფიქრობს. სხვა ღმერთები ჩნდებიან მისი ბრძანებით და ფიქრობენ, რომ ბრამამ შექმნა ისინი, რადგან აქ ადრეც იყვნენ.
შევჩერდეთ სამყაროს ისტორიის ამგვარ ხედვაზე. ბუდიზმში არ არის ღმერთი ან შესაძლოა, იყოს ღმერთი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ჩვენი რწმენა, რომ ჩვენს ბედს კარმა განსაზღვრავს. თუკი მე წილად მხვდა ბუენოს-აირესში დავბადებულიყავი 1899 წელს, თუკი მომიწია, დავბრმავებულიყავი, თუკი მომიწია, თქვენს წინაშე ლექცია წამეკითხა ამ საღამოს, – ეს ყველაფერი ჩემი წინა ცხოვრების მოქმედებაა. არ არის არც ერთი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რაც არ იქნებოდა წინასწარგანსაზღვრული წინა ცხოვრებით. აი, ამას ჰქვია კარმა. როგორც უკვე ვთქვი, კარმა მენტალური სტრუქტურაა, უფაქიზესი მენტალური სტრუქტურა.
ჩვენ შებოჭილები და ურთიერთდაკავშირებულები ვართ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. გვბოჭავს არა მარტო ჩვენი ნება, ჩვენი ქმედებები, ჩვენი ნახევარსიზმრები-ნახევრადუძილობა, ჩვენი სიზმარი – ყოველთვის კარმათი ვართ შებოჭილები. როცა მოვკვდებით, დაიბადება ახალი არსება, რომელიც ჩვენს კარმას მიიღებს მემკვიდრეობით.
დეისენი, შოპენჰაუერის მოწაფე, რომელსაც ასე მოსწონდა ბუდიზმი, ჰყვებოდა, როგორ შეხვდა ინდოეთში ბრმა მათხოვარი, რომელსაც უთანაგრძნო. ბრმამ უპასუხა: „თუკი ბრმად დავიბადე, ეს წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის დამემართა; სამართლიანია, რომ დავბრმავდი”. ადამიანები იღებენ ტკივილს. განდი საავადმყოფოების გახსნის წინააღმდეგი იყო, ამბობდა, რომ საავადმყოფოები და ქველმოქმედება უბრალოდ, აჭიანურებდა ვალების გასტუმრებას, რომ არ ღირს ტანჯულთა დახმარება, ისინი უნდა იტანჯონ და ცოდვები გამოისყიდონ, გაწეული დახმარება კი გამოსყიდვას აყოვნებს.
კარმა – მკაცრი კანონია, მაგრამ აქვს საინტერესო მათემატიკური მიმდევრობა: თუ ჩემი ახლანდელი ცხოვრება მთლიანად განსაზღვრულია წინა ცხოვრებით, მაშინ ის, წინა, მთლიანად განსაზღვრულია კიდევ უფრო წინა ცხოვრებით, ეს – კიდევ ერთით და ასე უსასრულოდ. ესე იგი, ასო ??? განისაზღვრება ასოთი y; y – ასოთი x; x – ასოთი v; v – ასოთი u, ოღონდ ამ ალფავიტს აქვს დასასრული, და არა აქვს დასაწყისი. ბუდისტებსა და ინდუსებს საერთოდ სჯერათ უსასრულობის არსებობა; ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე მომენტამდე უკვე უსასრულო დრო გავიდა, და როცა ვამბობ, „უსასრულო”, არ მინდა ვთქვა „განუსაზღვრელი”, „უამრავი”, მინდა ვთქვა სწორედ „უსასრულო”.
ექვსი ბედისგან, რომლებიც ხვდება წილად ადამიანებს (შეიძლება გახდე სული, მცენარე, ცხოველი), ყველაზე ძნელია ადამიანად ყოფნა, და ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ ხსნას მივაღწიოთ.
ბუდა წარმოიდგენს კუს ზღვის ფსკერზე და წყალზე მცურავ სამყაროს. ექვსას წელიწადში ერთხელ კუ თავს გამოჰყოფს, ძალიან იშვიათად მისი თავი სამაჯურში შედის. და ბუდა ამბობს: „არა უფრო ხშირად, ვიდრე კუსა და სამაჯურთან დაკავშირებით, ხდება ის, რომ ადამიანებად ვიქცევით. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ადამიანური ყოფა ნირვანის მისაღწევად”.
როგორია მიზეზი ტანჯვისა, მიზეზი ცხოვრებისა, თუ უარი ითქვა ღმერთის იდეაზე, თუ არ არსებობს სახე ღმერთისა, რომელმაც შექმნა სამყარო? ბუდა ამას ძენს უწოდებს. სიტყვა „ძენ” შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდი, შევადაროთ ჩვენთვის ცნობილ სიტყვებს.
გავიხსენოთ, მაგალითად, შოპენჰაუერის ნება. შოპენჰაუერი ჩასწვდა ქვეყნიერებას, როგორც ნებას და წარმოდგენას – „Die Welt als Wil¬le und Vor¬stel¬lung”. არსებობს ნება, რომელიც განსახიერებულია თითოეულ ჩვენგანში და შეადგენს წარმოდგენას სამყაროზე. ასევე ვხვდებით სხვა ფილოსოფოსებს სხვა სახელწოდებებით. ბერგსონი ლაპარაკობს ცხოვრებისეულ აღმაფრენაზე, elen vital, ბერნარდ შოუ – ცხოვრებისეულ ძალაზე, life force, რაც ერთი და იგივეა. მაგრამ არის სხვაობაც: ბერგსონისა და შოუს elan virtal – ესაა ძალა, რომელიც უნდა გამოჩნდეს; ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამყაროზე, შევქმნათ სამყარო. შოპენჰაუერისთვის, პირქუში შოპენჰაუერისთვის, და ბუდასთვის სამყარო – ეს სიზმარია, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მასზე ფიქრი, შიგნით შეღწევა კი შეგვიძლია გრძელი სავარჯიშოების გზით. თავიდან არსებობს ტანჯვა, რომელიც უნდა გადაიქცეს ძენად. ძენი ქმნის ცხოვრებას და ეს ცხოვრება გარდაუვლად უბედურია. მაგრამ რას ნიშნავს ცხოვრება? ცხოვრება ნიშნავს დაიბადო, დაბერდე, იავადმყოფო, მოკვდე, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა სიმწარეებზე, რომელთა შორის ძალზე საგრძნობია, ბუდასთვის ყველაზე მეტად საგრძნობია, – არ იყო იმათთან ერთად, ვინც გვიყვარს.
ვნებაზე უარი უნდა ვთქვათ. ადამიანი, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, სამუდამოდ სიზმრების სამყაროში რჩება. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სამყარო – ესაა ხილვა, სიზმარი; რომ ცხოვრება სიზმარია. მაგრამ ეს ღრმად უნდა ვიგრძნოთ, მივაღწიოთ მედიტაციებში ვარჯიშით. ბუდისტურ მონასტრებში ერთერთი სავარჯიშო ასეთია: მოწაფემ უნდა იცხოვროს და თან გამუდმებით განსჯას უნდა მიეცეს. უნდა იფიქროს: „ახლა შუადღეა, ახლა ეზოზე გადავდივარ, ახლა მასწავლებელს შევხვდები”, – ამავე დროს უნდა იფიქროს, რომ შუადღე, ეზო და მასწავლებელი არარეალურები არიან, ისეთივე არარეალურები, როგორც თვითონ და მისი განსჯა, ვინაიდან ბუდიზმი უარყოფს „მე”-ს.
ერთ-ერთი ძირითადი დასაძლევი ილუზიაა – „მე”-ს დაძლევა. ბუდიზმი, ამგვარად ემთხვევა იუმის, შოპენჰაუერის, ჩვენი მასედონიო ფერნანდესის მოძღვრებას. არ არსებობს სუბიექტი, არსებობს მენტალური მდგომარეობები. თუკი ვამბობ „მე ვფიქრობ”, შეცდომას ვუშვებ, რადგან ვვარაუდობ მუდმივ სუბიექტს და შემდეგ ამ სუბიექტის მუშაობას, როგორიცაა აზროვნება. ეს ასე არ არის. უნდა ითქვას, მიუთითებს იუმი, არა „ვფიქრობ”, არამედ „ჩნდება ფიქრი”, როგორც ამბობენ „თენდება”. როცა ვამბობთ „თენდება”, არ ვგულისხმობთ, რომ სინათლე მოქმედებს, არა, უბრალოდ, რაღაც ხდება. ზუსტად ისევე, როგორც ამბობენ, „ცხელა”, „ცივა”, „თენდება”, უნდა ისე ვთქვათ, რომ თავი ავარიდოთ სუბიექტს, „ჩნდება ფიქრი”, „ჩნდება ტანჯვა”.
ბუდისტურ მონასტრებში მოწაფეები მკაცრ დისციპლინას ემორჩილებიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში, როცა უნდათ, მიატოვონ მონასტერი, მათი სახელებიც კი არ არის ჩაწერილი – როგორც მარია კოდამამ მითხრა. მონასტერში მისული ახალბედა მძიმე შრომას უნდა ეწეოდეს. იგი იძინებს, თხუთმეტი წუთის შემდეგ აღვიძებენ; უნდა დაგავოს, იატაკი მორეცხოს; თუ დაიძინებს, ფიზიკურად სჯიან. გამუდმებით უნდა ფიქრობდეს არა საკუთარ ცოდვებზე, არამე ყოველივეს არარეალურობაზე. უნდა გამუდმებით ვარჯიშობდეს, წარმოიდგინოს არარეალურობა.
ახლა გადავიდეთ ძენ-ბუდიზმსა და ბოდხიდხარმაზე. ბოდხიდხარმა იყო პირველი მისიონერი VI საუკუნეში. ბოდხიდხარმა ინდოეთიდან ჩინეთში გადავიდა და მიიღო იმპერატორმა, რომელიც მხარს უჭერდა ბუდიზმს, ქმნიდა ახალ მონასტრებსა და წმინდა ადგილებს. მან ბოდხიდხარმას შეატყობინა, ბუდისტი ბერების რიცხვი იზრდებაო. იმან უპასუხა: „ყველაფერი, რაც სამყაროს ეკუთვნის – ილუზიაა, მონასტერი და ბერები ისევე არარეალურია, როგორც მე და შენ”. შემდეგ კედლისკენ მიბრუნდა და მედიტაციას შეუდგა.
მოძღვრება იაპონიას აღწევს და სხვადასხვა სექტებად იყოფა. მათგან ყველაზე ცნობილია ძენი. ძენში ნაპოვნია ნათელთან ზიარების მიღწევის საშუალება. იგი მრავალწლიანი მედიტაციის შემდეგ მოქმედებს. ნათელთან ზიარება უეცრად დგება, იქამდე სილოგიზმებით ვერ მიხვალ. ადამიანმა უეცრად უნდა მიაღწიოს ჭეშმარიტებას. ხერხს ჰქვია სატორი და წარმოადგენს უეცარ ქმედებას, რომელსაც ლოგიკასთან საერთო არაფერი აქვს.
ჩვენ ყოველთვის ასეთი ტერმინებით ვმსჯელობთ: „სუბიექტი”, „ობიექტი”, „მიზეზი”, „შედეგი”, „ლოგიკური”, „ალოგიკური”, „რაღაც და მისი საწინააღმდეგო”; ამ კატეგორიების საზღვარს უნდა გავცდეთ. ძენის თეორეტიკოსების თანახმად, ჭეშმარიტება მიიღწევა უეცარი გასხივოსნებით, ლოგიკას მოკლებული პასუხით, მოწაფე ეკითხება მასწავლებელს, ვინ არის ბუდა. მასწავლებელი პასუხობს: „პიკარისი ბაღია”. პასუხი იმდენად ალოგიკურია, რომ შეიძლება ჭეშმარიტება გავაღვიძოთ. მოწაფე კითხულობს: რატომ მოვიდა ბოდხიდხარმა დასავლეთიდან. მასწავლებელი პასუხობს, მაგალითად: „სამი ფუნტი სელი”. ეს პასუხი არ შეიცავს ალეგორიულ აზრს, ეს უაზრო პასუხია, რომელსაც შეუძლია, უცებ ინტუიციის გაღვიძება. ეს შეიძლება დარტყმა იყოს. მოწაფე რაღაცას კითხულობს, მასწავლებელი კი დარტყმით პასუხობს. არსებობს ისტორია, რომელიც, რასაკვირველია, ლეგენდარულია, ბოდხიდხარმას ისტორია.
ბოდხიდხარმას ახლავს მოწაფე, რომელიც კითხვებს უსვამს, ბოდხიდხარმა კი არასოდეს პასუხობს. მოწაფე მედიტაციას ცდილობს, გარკვეული დროის შემდეგ მარცხენა ხელი მოიკვეთა და მასწავლებელს წარუდგინა, როგორც იმის დასტური, რომ მისი მოწაფეობა უნდა. თავისი ჩანაფიქრის დასტურად, განზრახ დაისახიჩრა თავი. მასწავლებელმა ყურადღება არ მიაქცია მის საქციელს, რომელიც ბოლოს და ბოლოს, მართლაც ფიზიკური, ილუზორული იყო და ჰკითხა: „რა გინდა?” მოსწავლემ უპასუხა: „დიდხანს ვეძებდი ჩემს გონებას და ვერ ვიპოვე”. მასწავლებელმა უთხრა: „იმიტომ ვერ იპოვე, რომ არ არსებობს”. მაშინ მოწაფე ჩასწვდა ჭეშმარიტებას, გაიგო, რომ არ არსებობს „მე”, რომ ყველაფერი არარეალურია. აქ ჩვენს წინაშე მეტ-ნაკლებად წარმოდგება ის, რაც მთავარია ბუდიზმში.
ძალიან ძნელია განმარტო რამე, განსაკუთრებით, ის რელიგია, რომლის აღმსარებელიც არა ხარ. მე მგონი, მნიშვნელოვანია, წარმოიდგინო ბუდიზმი არა როგორც ლეგენდების კრებული, არამედ როგორც დისციპლინა; დისციპლინა, რომელიც ჩემთვის მისაწვდომია, რომელიც არ მოითხოვს ასკეტიზმს. იგი ნებას გვაძლევს, უარი არ ვთქვათ ხორციელ ცხოვრებაზე. ჩვენგან მოითხოვენ მედიტაციას; მედიტაციას არა ჩადენილ ცოდვებზე, არამედ ჩვენს ჩავლილ ცხოვრებაზე.
ძენ-ბუდიზმში მედიტაციისთვის ერთ-ერთი თემაა ის, რომ ჩვენი ჩავლილი ცხოვრება ილუზორული იყო. მე რომ ბუდისტი ბერი ვიყო, ვიფიქრებდი, რომ მხოლოდ ახლა ვიწყებ ცხოვრებას, რომ ბორხესის უწინდელი ცხოვრება სიზმარია, რომ სამყაროს მთელი ისტორია სიზმარი იყო. ინტელექტური რიგის სავარჯიშოების სახით ჩვენ ვთავისუფლდებით ძენისგან. ერთხელ, როცა მივხვდებით, რომ „მე” არ არსებობს, აღარ ვიფიქრებთ, რომ „მე” ბედნიერი უნდა იყოს, ან რომ ჩვენი ვალია, იგი ბედნიერი გავხადოთ. სიმშვიდეს ვაღწევთ. ამით არ მინდა ვთქვა, რომ ნირვანა განსჯის ტოლია; ამის დასტური კი არის ლეგენდაში ბუდაზე. ბუდამ წმინდა ლეღვის ხის ქვეშ მიაღწია ნირვანას; და მაინც, განაგრძო ცხოვრება, მრავალი წლის განმავლობაში ქადაგებდა თავის რწმენას.
რას ნიშნავს ნირვანას მიღწევა? ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენს ქმედებას ჩრდილი აღარ ახლავს. სანამ ამქვეყნად ვართ, კარმას ვექვემდებარებით. ჩვენი თითოეული ქმედება განისაზღვრება მენტალური სტრუქტურით, რომელსაც კარმა ეწოდება. როცა ნირვანას ვაღწევთ, ჩვენს ქმედებას ჩრდილი აღარ ახლავს, თავისუფლები ვართ. წმინდა ავგუსტინე ამბობდა, რომ როცა ხსნას ვაღწევთ, აღარ გვჭირდება სიკეთესა და ბოროტებაზე ფიქრი. სიკეთეს ვაკეთებთ ისე, რომ ამაზე არ ვფიქრობთ.
რა არის ნირვანა? დასავლეთში ბუდიზმი მნიშვნელოვანწილად ამ ლამაზი სიტყვით იქცევს ყურადღებას. შეუძლებელი ჩანს, რომ სიტყვა “ნირვანა” რამე ძვირფასს არ შეიცავს. სიტყვასიტყვით რა არის ნირვანა? განადგურება, ჩაქრობა. ითვლება, რომ როცა ვინმე ნირვანას აღწევს, იგი ქრება. მაგრამ როცა ადამიანი კვდება, აღსრულდება დიადი გადასვლა ნირვანაში, განადგურება. ერთი ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე აღნიშნავს, რომ პირიქით, ბუდა თავისი დროის ფიზიკას იყენებს და რომ განადგურების იდეა მაშინ უფრო სხვანაირი იყო, ვიდრე ახლა: რაკი მხედველობაში ჰქონდათ ცეცხლი, ლაპარაკი იყო ჩაქრობაზე და არა გაქრობაზე. მიაჩნდათ, რომ ალი აგრძელებდა სიცოცხლეს, რომ იგი სხვა მდგომარეობაში იყო და სიტყვა “ნირვანა” არ ნიშნავდა გარდაუვალ განადგურებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვა, ჩვენთვის მიუწვდომელი გზით მივდივართ. საერთოდ მისტიკოსების მეტაფორები ნიშანდობლივია, მაგრამ ბუდისტების მეტაფორები მათგან განსხვავდება. როცა ნირვანაზეა ლაპარაკი, არ საუბრობენ ნირვანას დანაშაულზე, ან ნირვანას ვარდზე, ან ნირვანას ხვევნაზე. მას ადარებენ, ვთქვათ, კუნძულს. საიმედო კუნძულს გრიგალებში. ადარებენ მაღალ კოშკს, ბაღს, რაღაც ისეთს, რაც ჩვენს გარეშე არსებობს.
ის, რასაც გიამბობთ, ფრაგმენტულია. უგნურება იქნებოდა ვარაუდი, რომ მოძღვრება, რომელსაც ამდენი წელი მივუძღვენი – და რომელზეც ვერც ისე ბევრი გავიგე, – შეიძლებოდა, სამუზეუმო ექსპონატად წარმოდგენილიყო. ჩემთვის ბუდიზმი არ არის სამუზეუმო ნივთი – ესაა გზა ხსნისკენ, ჩემთვის კი არა – მილიონობით ადამიანისთვის. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა, და იმედი მაქვს, ჯეროვანი ღრმა პატივისცემა გამოვიჩინე ამ საღამოს ლექციის კითხვისას.

თარგმნა ნინო ქაჯაიამ

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 11:18 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეხუთე საღამო
პოეზია




ქალბატონებო და ბატონებო!
ირლანდიელი პანთეისტი იოანე სკოტ ერიგუენა ამბობდა, წმინდა წერილი უთვალავი მნიშვნელობის აზრს შეიცავსო და მას ფარშევანგის გაშლილ ბოლოს ადარებდა. საუკუნეების შემდეგ ერთმა ესპანელმა კაბალისტმა თქვა, რომ უფალმა წმინდა წერილი ისრაელის თითოეული მკვიდრისთვის შექმნა და ამიტომ იმდენი ბიბლია არსებობს, რამდენი მკითხველიცაა. ამას სავსებით შეიძლება დავეთანხმოთ, თუ გავიხსენებთ, ვინ არის შემოქმედი ბიბლიისა და მისი თითოეული მკითხველის ბედისა. შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ ეს ორივე მოსაზრება _ ერიგუენასი ფარშევანგის ფერადოვან ბოლოზე და ესპანელი კაბალისტისა უამრავ ბიბლიაზე _ კელტური ფანტაზიისა და აღმოსავლური გამონაგონის ნიმუშია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ისინი მართებულია არამარტო წმინინდა წერილთან, არამედ ნებისმიერ წიგნთან დაკავშირებით, რომლის გადაკითხვაც ღირს.
ემერსონი ბიბლიოთეკას უძახდა მაგიურ კაბინეტს, სადაც უამრავი მოჯადოებული სულია. გამოვიძახებთ თუ არა, ცოცხლდებიან; სანამ წიგნს არ გადავშლით, ისინი პირდაპირ ფიზიკურად წარმოადგენენ ტომს _ ერთ-ერთს მრავალთაგან. როცა წიგნს გადავშლით, როცა წიგნი თავის მკითხველს ხვდება, ხორციელდება ესთეტური მოვლენა. ერთი და იმავე მკითხველისთვისაც წიგნი იცვლება; უნდა დავსძინოთ: ჩვენც ვიცვლებით იმდენად, რამდენადაც (ციტირებულ გამონათქვამს თუ დავუბრუნდებით) თვითონ ვგავართ ჰერაკლიტეს მდინარეს. ჰერაკლიტემ თქვა, რომ ადამიანი გუშინ განსხვავებული იყო დღევანდელისგან, დღეს კი ხვალინდელისგან განსხვავდება. ჩვენ გამუდმებით ვიცვლებით, და შეიძლება, ვამტკიცოთ, რომ წიგნის ყოველი წაკითხვა, ყოველი გადაკითხვა, ყოველი გახსენება გადაკითხულისა ახალ ტექსტს ქმნის. თვით ტექსტი კი ჰერაკლიტეს ცვალებადი მდინარეა.
ასე შეიძლება მივადგეთ კროჩეს ალბათ არც ისე ღრმა, მაგრამ ნაკლებად მავნე თეორიას, მოსაზრებას, რომ ლიტერატურა არის გამომსახველობა. ამას კი მის სხვა თეორიასთან მივყავართ, რომელიც არავის არ ახსოვს: Yთუ ლიტერატურა გამომსახველობაა, და ლიტერატურა სიტყვებს იყენებს იარაღად, მაშინ ენა ესთეტური მოვლენაა. ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ _ ენის, როგორც ესთეტური მოვლენის კონცეფცია. კროჩეს თეორიას თითქმის არავინ არ აღიარებს, მაგრამ ყველა გამუდმებით იყენებს.
როცა ვამბობთ, რომ ესპანური ჟღერადი ენაა, რომ ინგლისურში მეტად მრავალფეროვანი ბგერებია, რომ ლათინურის განუმეორებელ ღირსებას ესწრაფვის ყველა მოგვიანებით წარმოშობილი ენა, მაშინ ენების მიმართ ვიყენებთ ესთეტურ კატეგორიებს. ცდება ის, ვისაც მიაჩნია, რომ ენა შეესაბამება იმ იდუმალ სინამდვილეს, მისი სახელი რომ ჰქვია. რეალურად ენა სულ სხვა რამაა.
წარმოვიდგინოთ ყვითელი, კაშკაშა საგანი, რომელიც ფორმას იცვლის; მას ხან მრგვალს ვხედავთ ზეცაში, ხან ნამგალს ჰგავს, ხან დიდდება და ხან პატარავდება. მავანმა _ ვის სახელსაც ვერასოდეს გავიგებთ, _ ჩვენმა წინაპარმა, ჩვენმა საერთო წინაპარმა მას “მთვარე” დაარქვა, სხვადასხვა ენებში სხვადასხვანაირად, ყველგან თავისებურად სხარტად. მე ვიტყოდი, რომ ბერძნული სიტყვა “სელენა” მეტისმეტად რთულია მთვარისთვის, ინგლისურ სიტყვაში “moon” არის რაღაც, რაც ამ სიტყვას მთვარისთვის შესაფერის აუჩქარებლობას ანიჭებს, მთვარეს გვაგონებს, რადგან სიტყვა თითქმის ერთი და იგივე ასოთი იწყება და მთავრდება. ამასობაში ესპანური “luna” (მშვენიერი სიტყვა, ლათინელებისგან რომ გვერგო მემკვიდრეობით, მშვენიერი სიტყვა, საერთო რომ გვაქვს ჩვენ და იტალიელებს) შედგება ორი მარცვლისგან, ორი ნაწილისგან; შეიძლება, ეს ძალიან ბევრია. პორტუგალიული “lua” ისეთი მარჯვე ვერ არის; ფრანგულ სიტყვაში “lune” რაღაც იდუმალი იმალება.
რაკი კასტილიურ კილოზე ვლაპარაკობთ, წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელ ვიღაცამ მოიფიქრა ეს სიტყვა. იქნებ, დავფიქრდეთ იმ ადამიანზე, ვინც წარმოთქვა სხვადასხვაგვარად აჟღერებული სიტყვა “მთვარე”.
არის ერთი მეტაფორა, რომელიც არაერთხელ მომიშველიებია (მომიტევეთ განმეორებები, ჩემი მეხსიერება ხომ სამოცდაათს გადაბიჯებული ბერიკაცის მეხსიერებაა); სპარსული მეტაფორა, სადაც მთვარეს დროის სარკე ჰქვია. გამოთქმაში “დროის სარკე” იგრძნობა მთვარის სიმყიფეც და მარადიულობაც. მასში ასახულია მთვარის თითქმის გამჭვირვალე, თითქმის არარსებული წინააღმდეგობრიობა, რომლის საზომიც მარადიულობაა.
გერმანულად სიტყვა “მთვარე” მამრობითი სქესისაა. ამიტომ შესძლო ნიცშემ, ეთქვა, მთვარე ბერია, შურით რომ ათვალიერებს დედამიწას ან კატა, ვარსკვლავებიან ხალიჩაზე რომ დააბიჯებსო. სიტყვის გრამატიკული სქესიც შეიძლება ემსახურებოდეს პოეზიას.
“მთვარე” ან “დროის სარკე” ორი ესთეტური მოვლენაა, მაგრამ “დროის სარკე” არის “ორსაფეხურიანი” მოვლენა, რადგან სიტყვათშეთანხმებაა, სიტყვა “მთვარე” კი შესაძლოა, უფრო სრულად ასახავდეს მნათობის იდეას. ყოველი სიტყვა პოეტური ნაწარმოებია.
მიიჩნევენ, რომ პროზა უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე პოეზია. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. ნოველისტ ორასიო კიროგას მიაწერენ გამონათქვამს, რომლის მიხედვით, თუკი გამთენიისას ნიავი უბერავს, სწორედ ასე უნდა დაიწეროს: “ნიავი გამთენიისას უბერავს”. ალბათ კიროგას, დაავიწყდა, რომ ასე აგებული ფრაზა ისევე შორსაა სინამდვილისგან, როგორც გამთენიისას მობერილი ნიავი. რას ვგრძნობთ? რას და ჰაერის მოძრაობას, რომელსაც ქარი ჰქვია; ვიცით, რომ ეს ქარი განსაზღვრულ დროს იწყებს ბერვას. და აქედან ვაგებთ რაღაცას, რაც სირთულით გონგორას ლექსს ან ჯოისის ფრაზას არ ჩამოუვარდება. მოვძებნოთ ქვემდებარე _ ნიავი; შემასმენელი _ უბერავს; დროის გარემოება _ გამთენიისას. ყოველივე ეს შორსაა სინამდვილისგან; სინამდვილე უფრო მარტივია. ეს, როგორც ჩანს, პროზაული ფრაზა, კიროგას მიერ შერჩეული განზრახ პროზაული და ჩვეულებრივი ფრაზა, რთულ კონსტრუქციას წარმოადგენს.
გავიხსენოთ კარდუჩის ცნობილი სტრიქონი: “მწვანე მდუმარება მინდვრებისა”. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ აქ კარდუჩის შეეშალა და ეპითეტი უადგილოდ დასვა, იმის ნაცვლად, რომ ასე დაეწერა: “მდუმარება მწვანე მინდვრებისა”. პოეტმა იეშმაკა ან რიტორიკის წესების მიხედვით, სიტყვები გადააადგილა და მინდვრების მწვანე მდუმარებაზე დაწერა. მივმართოთ რეალობით აღძრულ შთაბეჭდილებებს. როგორია ისინი? უამრავ საგანს უეცრად ვგრძნობთ (სიტყვა “საგანი” ცოტა არ იყოს, მძიმეა). ვგრძნობთ მინდორს, უზარმაზარ სივრცეს, ვგრძნობთ სიმწვანესა და სიჩუმეს. და ის, რომ არსებობს სიტყვა მდუმარების აღსანიშნავად _ ესთეტური მოვლენაა. რამდენადაც მდუმარება მოქმედ ობიექტებს ეხება, დუმს ადამიანი ან დუმს მინდორი. როცა “მდუმარებას” არქმევ მინდორში ხმაურის არყოფნას _ ეს ესთეტური კონსტრუქციაა, და თავის დროზე, უცილობლად გაბედულება იყო. კარდუჩის ფრაზა _ “მწვანე მდუმარება მინდვრებისა” _ იმდენადვე შორსაა სინამდვილისგან ან ახლოა მასთან, რამდენადაც “მდუმარება მწვანე მინდვრებისა”.
ავიღოთ სიტყვათა რიგის დარღვევის ცნობილი მაგალითი _ ვერგილიუსის შეუდარებელი ლექსი “ibant oscuri sub nocte per umbram” _ “ვიდოდნენ უხილავად ჩრდილთა შორის მარტოსულ ღამით”.
თავი დავანებოთ სიტყვათშეთანხმებას per umbram, რომლითაც მთავრდება სტრიქონი, და ყურადღება გავამახვილოთ ფრაზაზე “ვიდოდნენ უხილავად (ენეოსი და სიბილა) მარტოსულ ღამით” (“მარტოსული” ლათინურში უფრო ძლიერია, რადგან მოსდევს სუბ). შეიძლება, ვიფიქროთ, რომ სიტყვები არეულია, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა: “ვიდოდნენ მარტო ბნელი ღამით”. თუმცა, გინდ სახეების გაცოცხლება ვცადოთ, დავინახავთ, რომ ჩვენს წარმოსახვაში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება “ვიდოდნენ უხილავად მარტოსულ ღამით” და “ვიდოდნენ მარტო ბნელი ღამით”.
ენა ესთეტური მოვლენაა. არა მგონია, აქ რამე საეჭვო იყოს, ერთ-ერთი დასტური ისაა, რომ ენის შესწავლისას, როცა სიტყვებს ახლოდან ვაკვირდებით, ვხედავთ, ისინი ლამაზია თუ არა. თითქოს გამადიდებელი შუშით ახლოს მოგვაქვს სიტყვა, ვფიქრობთ, ლამაზია იგი, უშნო თუ მძიმე. მშობლიურ ენაში მსგავსი არაფერი ხდება, აქ მეტყველებიდან ცალკეულ სიტყვებს არ გამოვყოფთ.
პოეზია, _ ამბობს კროჩე, _ გამომსახველობაა, თუკი ლექსი გამომსახველია, თუკი სიტყვებისგან შემდგარი ყოველი ნაწილი ლექსისა თავისთავად გამომსახველია.
შეიძლება, მითხრათ, ეს გავრცელებული აზრია და ყველამ იცისო. ვერ გეტყვით, ყველამ იცის თუ არა; მე მგონი, მიგვაჩნია, რომ ვიცით, რადგან მართებულია. საქმე ისაა, რომ პოეზია არის წიგნი ბიბლიოთეკიდან ან ემერსონის მაგიური კაბინეტიდან.
პოეზია არის მკითხველის შეხვედრა წიგნთან. არსებობს მეორე ესთეტური მომენტიც _ როცა პოეტი ჩაიფიქრებს ნაწარმოებს, როცა მიაგნებს, მოიფიქრებს ნაწარმოებს. რამდენადაც მახსოვს, ლათინურში სიტყვები “მოფიქრება” და “მიგნება” სინონიმებია. ეს შეესაბამება პლატონის თეორიას, რომლის მიხედვით მიგნება, მოფიქრება ნიშნავს მოგონებას. ფრენსის ბეკონი დასძენს, რომ თუკი სწავლა მოგონებას ნიშნავს, მაშინ არცოდნა არის დავიწყების უნარი; ყველაფერი არსებობს, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით დანახვა.
როცა რამეს ვწერ, ვგრძნობ, რომ ეს ადრეც არსებობდა. ზოგადი ჩანაფიქრიდან ამოვდივარ, ჩემთვის მეტნაკლებად ნათელია დასაწყისი და დასასრული, მერე კი შუა ნაწილს ვწერ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ჩემი გამონაგონი იყოს, ვგრძნობ, რომ ყველაფერი მართლა ასეა. სწორედ ასე, მაგრამ იგი დაფარულია, და ჩემი _ პოეტის _ ვალია მისი გაცხადება.
ბრედლი ამბობდა, პოეზია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ახალი კი არ ცხადდება, არამედ დავიწყებული ჩნდება ხსოვნაშიო. მშვენიერი ლექსის კითხვისას ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს თვითონაც შეგვეძლო ამის დაწერა, რომ ეს ლექსი ჩვენში ადრეც არსებობდა. ეს მეხსიერებიდან ამოგვიტივტივებს პოეზიის პლატონისეულ განსაზღვრებას: მსუბუქი, ფრთიანი, წმინდა. მსუბუქი, ფრთიანი, წმინდა შეიძლებოდა ყოფილიყო მუსიკა (თუ არ მივიჩნევთ, რომ პოეზია მუსიკის სახეობაა). პლატონმა პოეზიის განსაზღვრაზე მეტი გააკეთა: მან პოეზიის ნიმუში მოგვცა. შეგვიძლია, მივიდეთ იმ აზრამდე, რომ პოეზია ესთეტური ცდაა; ეს სრულიად ახალია პოეზიის სწავლებაში.
ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტზე ვასწავლიდი და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად, გვერდი ამექცია ლიტერატურის ისტორიისათვის. როცა სტუდენტები ბიბლიოგრაფიას მთხოვდნენ, ვპასუხობდი, ბიბლიოგრაფიას რა მნიშვნელობა აქვს, ბოლოს და ბოლოს, შექსპირს აზრადაც არ მოსდიოდა შექსპირული ბიბლიოგრაფიის არსებობა-თქო. ჯონსონს წარმოდგენა არ ჰქონდა იმ წიგნებზე, რომლებიც მასზე დაიწერებოდა. “ხომ არ სჯობს, პირდაპირ ტექსტებს მივმართოთ? თუ ეს ტექსტები სიხარულს განიჭებთ, მშვენიერია; თუ არ მოგწონთ, დაანებეთ თავი; სავალდებულო კითხვის იდეა აბსურდულია, ასეთივე წარმატებით შეიძლება ლაპარაკი იძულებით ბედნიერებაზე. ჩემი აზრით, პოეზია გრძნობებითაა აღსაქმელი, და თუ არ გრძნობთ პოეზიას, თუ არ აღიქვამთ სილამაზეს, თუ მოთხრობა არ განდომებთ, გაიგოთ, მერე რა მოხდა, მაშინ ამ მწერალს თქვენთვის არ უწერია. მისი წიგნები განზე გადადეთ, ლიტერატურა ისეთი მდიდარია, რომ აუცილებლად მოიძებნება თქვენი ყურადღების ღირსი მწერალი, ან ისეთი მწერალი, ვინც დღეს ვერ დაგაინტერესათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად წაიკითხავთ მის წიგნებს.”
ასე ვასწავლიდი, იმ ესთეტურ მოვლენაზე დაყრდნობით, რომელსაც ჯერ განსაზღვრა არ მიუღია. ესთეტური მოვლენა ისეთივე აშკარა, ისეთივე უშუალო, ისეთივე განუსაზღვრელი რამაა, როგორიც სიყვარული, ხილის გემო, წყალი. პოეზიას ვგრძნობთ, როგორც ქალის სიახლოვეს, აღვიქვამთ, როგორც დილას და ყურეს. თუ პოეზიას უშუალოდ ვგრძნობთ, რა საჭიროა მისი გაზავება სიტყვებით, რომლებიც უცილობლად, ჩვენს გრძნობებზე სუსტია?
ის ადამიანები, ვინც პოეზიას მძაფრად ვერ აღიქვამენ, როგორც წესი, მის სწავლებას ცდილობენ. მე მგონია, რომ ვგრძნობ პოეზიას და მგონია, რომ ის არ მისწავლებია; არ მისწავლებია ამა თუ იმ ტექსტის სიყვარული; ჩემს სტუდენტებს ვასწავლიდი ლიტერატურის სიყვარულს, ლიტერატურაში ბედნიერების დანახვას. თითქმის არ გამაჩნია უნარი განყენებული მსჯელობისა, უკვე შეამჩნევდით, რომ გამუდმებით ციტატებსა და მოგონებებს ვეყრდნობი. შეიძლებოდა, განზოგადებულად გვემსჯელა პოეზიაზე სიზარმაცის ან მოწყენილობის გამო. ამაზე თუ უარს ვიტყვით, შეგვიძლია, ავიღოთ ტექსტები ესპანურ ენაზე და განვიხილოთ ისინი.
ავირჩიე ორი ძალზე ცნობილი ტექსტი, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მეხსიერება მღალატობს და თქვენს გონებაში შემონახული ტექსტი მირჩევნია. განვიხილოთ კევედოს ცნობილი სონეტი, რომელიც ოსუნას ჰერცოგის, დონ პედრო ტელიეს ხირონის ხსოვნას მიეძღვნა. ძალიან ნელა წავიკითხავ და მერე სტრიქონების მიხედვით განვიხილოთ.
Faltar pudo su patria al grande Osuna
pero no a su defensa sus hazanas
dièronle muerta y cárcel lad Espanas
de quien èl hizo esclava la Fortuna.
Lloraron sus invidias una a una
con las propias naciones las extranas
su tumba son de Flandres las campanas
y su epitafio la sangrienta Luna.
En sus exquias encendio al Vesubio
Partènope y Trinacria al Mongieblo,
el llanto militar creciò en deluvio.
Diole el mejer lugar Marta en su cielo;
la Mosa, el Rhin, el Tajo y el Dunubio
murmuran con dolor su desconsuelo.
(სამშობლოს მოაკლდება დიდი ოსუნა,
მაგრამ ის ვერ დაიცვა დიდმა გამარჯვებებმა,
ესპანეთმა, ვისაც დაუმონა ფორტუნა,
მისცა მას ციხეც და სიკვდილიც.
მას დასტირიან
თავისი ხალხიც და სხვანიც,
მისი საფლავი ფლანდრიის მინდვრებია,
მისი ეპიტაფია სისხლიანი ნახევარმთვარე.
მის დაკრძალვაზე ვეზუვმა აანთო
პართენოპეა, და ტრინაკრია _ მონჯიბელომ;
მხედრული მოთქმა წარღვნად ქცეულა,
საუკეთესო ადგილი მიაკუთვნა მარსმა ზეცაზე.
მაასი, რეინი, ტაჰო და დუნაი
უნუგეშოდ დასტირიან თავიანთ დარდს.)
უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ლექსი არის სიტყვა ბრალდებულის დასაცავად. პოეტი იცავს ჰერცოგ ოსუნას, რომელზეც სხვა ლექსში წერს: “მოკვდა ციხეში და მკვდარიც პატიმარი იყო”.
პოეტი ამბობს, რომ ჰერცოგმა ესპანეთის სადიდებლად ბრძოლებში საგმირო საქმეები ჩაიდინა, იმან კი სატუსაღოთი გადაუხადა. ეს არგუმენტები არასრულია, რამდენადაც არ არსებობს არავითარი ახსნა იმისა, რომ გმირი ყოველთვის უდანაშაულოა და არ შეიძლება, დაისაჯოს. თუმცა
Faltar pudo su patria al grande Osuna
pero no a su defensa sus hazanas
diéronle muerta y cárcel lad Espanas
de quien él hizo esclava la Fortuna
(სამშობლოს მოაკლდება დიდი ოსუნა,
მაგრამ ის ვერ დაიცვა დიდმა გამარჯვებებმა,
ესპანეთმა, ვისაც დაუმონა ფორტუნა,
მისცა მას ციხეც და სიკვდილიც)
დემაგოგიური გამონათქვამია. მინდა ვთქვა, რომ სონეტს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, უბრალოდ, მის გაანალიზებას ვცდილობ.
Lloraron sus invidias una a una
con las propias naciones las extrana.
(მას დასტირიან
თავისი ხალხიც და სხვანიც.)
ეს ორი სტრიქონი არც ისე პოეტურია, ისინი განპირობებულია სონეტის ფორმით და კიდევ რითმის აუცილებლობით. კევედო იყენებდა იტალიური სონეტის რთულ ფორმას ოთხი რითმით. შექსპირს უფრო მსუბუქი ელისაბედისეული სონეტი ერჩია ორი რითმით. კევედო განაგრძობს:
su tumba son de Flandres las campanas
y su epitafio la sangrienta Luna.
(მისი საფლავი ფლანდრიის მინდვრებია,
მისი ეპიტაფია სისხლიანი ნახევარმთვარე.)
ესაა ყველაზე მთავარი. ამ სტრიქონების დიდებულებას არაერთმნიშვნელოვნება განაპირობებს. მაგონდება, ბევრს დაობდნენ ამ სტრიქონების გაგებაზე. რას ნიშნავს “მისი საფლავი ფლანდრიის მინდვრებია”? შეიძლება, წარმოვიდგინოთ ფლანდრიის მინდვრები, ჰერცოგის სამხედრო ლაშქრობები. “მისი ეპიტაფია სისხლიანი ნახევარმთვარე” _ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ესპანური სტრიქონია. რას ნიშნავს იგი? წარმოვიდგენთ აპოკალიფსის სისხლიან მთვარეს, მოწითალო მთვარეს ბრძოლის ველს რომ დაჰყურებს, მაგრამ არსებობს ჰერცოგი ოსუნასადმი მიძღვნილი კევედოს კიდევ ერთი სონეტი, რომელშიც ნათქვამია: “A las lunas de Trasia con sangriento // eclipse ya rubrica tu jornada”. (დროშაზე “მთვარეს სისხლიან დაბნელებად ეფინება შენი ლაშქრობები”) კევედო გულისხმობდა, პირველყოვლისა, ოსმანურ დროშას. სისხლიანი დროშა წითელი ნახევარმთვარეა. ჩემი აზრით, შევთანხმდებით, რომ არ უარვყოთ არც ერთი განმარტება; არ მოვყვებით მტკიცებას, რომ კევედო გვიამბობს სამხედრო ლაშქრობებზე ან ჰერცოგის დამსახურებათა ჩამონათვალზე, ან სისხლიან მთვარეზე, ბრძოლის ველს რომ გადმოჰყურებს, ან თურქულ დროშაზე. კევედო არ გამორიცხავს სხვადასხვაგვარ წაკითხვას. ლექსი სწორედ არაერთმნიშვნელობითაა კარგი.
En sus exquias encendio al Vesubio...
(მის დაკრძალვაზე ვეზუვმა აანთო...)
შემდეგ
...Parténope y Trinacria al Mongieblo;
(...პართენოპეა, და ტრინაკრია _ მონჯიბელომ);
სხვაგვარად ვეზუვი ნეაპოლს აანთებდა და ეტნა _ სიცილიას. რა იშვიათად გვხვდება ეს ძველებური სახელწოდებები, რომლებიც თითქოს ზედნადებებისგან წმენდენ წარსულის ცნობილ სახელებს. და
el llanto militar crecio en deluvio.
(მხედრული მოთქმა გადაზრდილა წარღვნაში).
აი, კიდევ ერთი დასტური, რომ პოეზია სრულიად განსხვავდება რაციონალური მიდგომისგან; დაუჯერებელი ჩანს ჯარისკაცები, ვისი ცრემლებიც წარღვნად მოვარდება. მაგრამ არა ლექსში, სადაც თავისი კანონებია. “მხედრული მოთქმა”, სწორედ, მხედრული, გამაოგნებელია. მხედრული _ უცნაური განსაზღვრებაა სიტყვასთან _ “მოთქმა”.
შემდეგ:
Diole el mejer lugar Marta en su cielo;
(საუკეთესო ადგილი მიაკუთვნა მარსმა ზეცაზე).
და ამ სტრიქონების გაგება ლოგიკით შეუძლებელია; არ არის მიზეზი, იფიქრო, რომ მარსი ჰერცოგ ოსუნას ცეზარის გვერდით მოათავსებს. ფრაზას ინვერსია აძლიერებს. ესაა პოეზიის საჯილდაო ქვა: ლექსი აზრის მიღმა არსებობს.
la Mosa, el Rhin, el Tajo y el Dunubio
murmuran con dolor su desconsuelo.
(მაასი, რეინი, ტაჰო და დუნაი
უნუგეშოდ დასტირიან თავიანთ დარდს).
ამ სტრიქონებს, რომლებიც ამდენი წელია, მხიბლავს, მატყუარას დავარქმევდი. კევედო ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ გმირს დასტირიან ადგილები, სადაც იგი იბრძოდა, და სახელგანთქმული მდინარეები. ჩვენ ვგრძნობთ ტყუილს, უკეთ რომ ვთქვათ, სიმართლეს, როგორც უორდსვორთი, რომელიც სონეტის ბოლოს კიცხავს დუგლასს იმისთვის, რომ მან ტყე დააზიანა. ამბობს, რომ დუგლასის საქციელი ტყის მიმართ საშინელია, რომ მან გაანადგურა კეთილშობილი მეომრობა, “დარბაისელი ხეების ძმობა”, დასძენს, რომ ჩვენ გვამწუხრებს ბოროტება, თავად ბუნებისთვის კი სულერთია, მდინარე ტვიდი, და მწვანე ველები, და გორაკები აგრძელებენ არსებობას. იგი გრძნობს, რომ მეტ ეფექტს მიაღწევს სიმართლის თქმით. სინამდვილეში ჩვენ გვამწუხრებს მშვენიერი ხეების დაღუპვა, თვით ბუნებისთვის კი ეს სულერთია. ბუნებამ იცის (თუკი არის არსება, სახელად ბუნება), რომ გაზრდის ახალ ხეებს, რომ მდინარე განაგრძობს დინებას.
კევედოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მდინარეები ცნობილი იყოს. შეიძლება, კიდევ უფრო პოეტური გამოდგეს აზრი, რომ მდინარეებს, რომლებზეც იბრძოდა ოსუნა, სულ არ ენაღვლებოდეთ მისი დაღუპვა. მაგრამ კევედოს სურს, დაწეროს ელეგია, ლექსი ადამიანის სიკვდილზე. რა არის ადამიანის სიკვდილი? მასთან ერთად, როგორც პლინიუსმა შენიშნა, კვდება განუმეორებელი სახე. განუმეორებელია ყოველი ადამიანის სახე, მასთან ერთად კვდება ათასობით ამბავი, ათასობით მოგონება. ბავშვობის მოგონებები და ადამიანური, ძალზე ადამიანური თვისებები. მე მგონი, კევედო მსგავსს ვერაფერსა გრძნობს. ციხეში კვდება მისი მეგობარი, ჰერცოგი ოსუნა, და კევედო წერს ამ, ცოტა არ იყოს, ცივ სონეტს; ვგრძნობთ პოეტის გულგრილობას. სონეტი დაწერილია, როგორც გამოსვლა ბრალდებულის დასაცავად სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეტყობა, ჰერცოგი მისთვის არც ისე ძვირფასია; ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ძვირფასი არ ხდება. და მაინც, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანური სონეტია.
გადავიდეთ მეორე სონეტზე, რომლის ავტორია ენრიკე ბანჩესი. უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ბანჩესი კევედოზე უკეთესი პოეტია. ან რა აზრი აქვს ასეთ შედარებებს?
განვიხილოთ ბანჩესის სონეტი, რომელშიც კარგად ჩანს მისი კეთილგანწყობა:
Hospitalario y fiel su reflejo
donde a ser aparencia se acostumbra
el material vivir, está el espejo
como el claro de la luna en penumbra.
Pumpa le da en las noches la flotante
claridad de lámpara, y tristeza
la rosa que en el vaso agonizante
también én el inclina la cabeza.
Si hace doble el dolor, también repite
las cosas que me son jardín del alma
y acaso espera que algún día habite
en la ilusion de su azulada calma
el Huésped que le deje reflejadas
frentes juntas y manos enlazadas.
(სტუმართმოყვარე და მართალი ანარეკლით,
სადაც ჩვეულებრივი ხდება მოჩვენებითი,
ცოცხალი მასალა _ სარკე _ მსგავსია
ნათელი მთვარისა ბინდბუნდში.
ღამეს ბრწყინვალებას ანიჭებს
აბაჟურის მოცურავე შუქი, სევდას კი
ვარდი, ლარნაკში მომაკვდავი და
თავდახრილი.
იგი აორმაგებს ნაღველს და ირეკლავს
იმას, რაც ჰყვავის ჩემს სულში,
და, შესაძლოა, ელოდება, რომ ოდესმე
გამოჩნდება მოლურჯო, გარინდებულ სიჩუმეში
სტუმარი, რომელსაც აირეკლავს
გვერდიგვერდ სახეებითა და გადაჭდობილი ხელებით.)


(დასასრული ქვემოთ)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Fri Jul 22, 2011 11:20 pm

ხორხე ლუის ბორხესი - "შვიდი საღამო"

მეხუთე საღამო
პოეზია




(დასასრული)

ეს ძალზე საინტერესო სონეტია, რადგან მისი გმირი სულაც არ არის სარკე: აქ არის ფარული გმირი, რომელიც ბოლოს გაცხადდება. დავიწყოთ სონეტის ესოდენ პოეტური თემით: სარკე, რომელიც აორმაგებს ყველაფერ ხილულს:
donde a ser aparencia se acostumbra
el material vivir...
(სადაც ჩვეულებრივი ხდება მოჩვენებითი,
ცოცხალი მასალა...)
გავიხსენოთ პლოტინი. მისი პორტრეტის დახატვა უნდოდათ, მან კი უარი თქვა: “მე თვითონა ვარ ზეცაში არსებული არქეტიპის ჩრდილი. რა საჭიროა, შევქმნათ ჩრდილის ჩრდილი?” ხელოვნება, პლოტინის აზრით, მეორადი მოჩვენებითობაა. თუ ადამიანი ესოდენ უსუსურია, წარმავალი, როგორ შეიძლება, მისმა გამოსახულებამ ვინმე მოხიბლოს? ამასვე გრძნობდა ბანჩესი: იგი გრძნობდა რომ სარკე აჩრდილივითაა.
სინამდვილეში, სარკის არსებობაში არის რაღაც საშინელი: სარკეები ყოველთვის მზარავდნენ. ალბათ რაღაც ასეთს გრძნობდა პო. არსებობს მისი ნაკლებ ცნობილი ნაწარმოები ოთახების გაწყობაზე. მწერალს აუცილებლად მიაჩნია სარკეების იმგვარად განთავსება, რომ მჯდომარე ადამიანს არ აირეკლავდნენ. ეს აცხადებს მის შიშს საკუთარი თავის სარკეში დანახვისა. ეს მჟღავნდება მის მოთხრობაში ანარეკლზე (“უილიამ უილსონი”) და მოთხრობაში არტურ გორდონ პიმზე. ანტარქტიდის ახლოს ცხოვრობს ერთი ტომი; ადამიანი ამ ტომიდან, პირველად რომ დაინახავს თავის თავს სარკეში, შიშისაგან თავზარდაცემული დაეცემა.
ჩვენ სარკეებს მივეჩვიეთ, მაგრამ ამ ხილულ გაორმაგებაში არის რაღაც შიშისმომგვრელი. დავუბრუნდეთ ბანჩესის სონეტს. განსაზღვრა “სტუმართმოყვარე” ადამიანის მიმართ გაცვეთილი იქნებოდა. მაგრამ აზრად არ მოგვსვლია, რომ სტუმართმოყვარეები შეიძლებოდა, სარკეები ყოფილიყვნენ. სარკე გულღიად და მორჩილად ისრუტავს სიჩუმეს:
Hospitalario y fiel su reflejo
donde a ser aparencia se acostumbra
el material vivir, está el espejo
como el claro de la luna en penumbra.
(სტუმართმოყვარე და სწორი ანარეკლით,
სადაც ჩვეულებრივი ხდება მოჩვენებითი,
ცოცხალი მასალა _ სარკე _ მსგავსია
ნათელი მთვარისა ბინდბუნდში.)
ვხედავთ სარკეს, ისიც ელვარეა, თანაც პოეტი მიუწვდომელ მთვარეს ადარებს. იგი სარკეში გრძნობს რაღაცას, ჯადოსნურსა და უცნაურს, რომელიც მსგავსია “ნათელი მთვარისა ბინდბუნდში.”
შემდეგ:
Pumpa le da en las noches la flotante
claridad de lámpara...
(ღამეს ბრწყინვალებას ანიჭებს
აბაჟურის მოცურავე შუქი... )
“მოცურავე შუქი” ნივთებს ბუნდოვანსა ხდის, ყველაფერი გადღაბნილია, როგორც სარკეში შებინდებისას. როგორც ჩანს, მოქმედების დროა საღამო ან ღამე.
ასე რომ,
...la flotante
claridad de lámpara, y tristeza
la rosa que en el vaso agonizante
también en el inclina la cabeza.
(...ბრწყინვალებას ანიჭებს
აბაჟურის მოცურავე შუქი, სევდას კი
ვარდი, ლარნაკში მომაკვდავი და
თავდახრილი.).
ახლა ჩვენს წინაშეა ბუნდოვან ფონზე მკვეთრად მოხაზული ვარდი.
Si hace doble el dolor, también repite
las cosas que me son jardín del alma
y acaso espera que algún día habite
en la ilusion de su azulada calma
el Huésped que le deje reflejadas
frentes juntas y manos enlazadas.
(იგი აორმაგებს ნაღველს და ირეკლავს
იმას, რაც ჰყვავის ჩემს სულში,
და, შესაძლოა, ელოდება, რომ ოდესმე
გამოჩნდება მოლურჯო, გარინდებულ სიჩუმეში
სტუმარი, რომელსაც აირეკლავს
გვერდიგვერდ სახეებითა და გადაჭდობილი ხელებით).
აქ ვაწყდებით სონეტის თემას, რომელიც აღმოჩნდება არა სარკე, არამედ სიყვარული, გაუბედავი, მორცხვი სიყვარული. სარკე კი არ იცდის, რომ დაინახოს ერთმანეთთან მიახლოებული სახეები და გადაჭდობილი ხელები, არამედ პოეტი. მაგრამ მორიდება მოარებით ალაპარაკებს, და ეს საუცხოოდაა აგებული, რადგან თავიდანვე ჩნდება “სტუმართმოყვარე და მართალი”, თავიდანვე სარკე არ არის მინისა და ლითონისა. სარკე ადამიანური არსებაა, სტუმართმოყვარე და მართალი, და მივეჩვიეთ, რომ ჩვენს წინაშეა ილუზორული სამყარო, რომელიც ბოლოს პოეტთან იგივდება. ამ პოეტს უნდა, დაინახოს სტუმარი, სიყვარული.
ეს სონეტი თავისი არსით განსხვავდება კევედოს სონეტისაგან, პოეზიის ცოცხალ არსებობას ვგრძნობთ ამ უკანასკნელის სხვა სტრიქონებში.
su tumba son de Flandres las campanas
y su epitafio la sangrienta Luna.
(მისი საფლავი ფლანდრიის მინდვრებია,
მისი ეპიტაფია სისხლიანი ნახევარმთვარე).
უკვე ვილაპარაკე ენებსა და იმაზე, რომ უსამართლობაა ერთი ენის მეორესთან შედარება; მე მგონი, მტკიცებულებები საკმაოდაა, და თუ აზრად მოგვივა ლექსი, ერთი სტროფი ესპანურად, თუ გავიხსენებთ
quién hubiera tal ventura
sobre las aguas del mar
como hubo el conde Arnaldos
la manana de San Juan,
(ვინ არის კიდევ ასე ბედნიერი
ზღვის ტალღებზე,
როგორც გრაფი არნალდოსი
წმინდა ხუანის დღეს),
მაშინ მივხვდებით, რომ მთავარი არც ისაა, თუ როგორ გაუმართლა გემს, და არც გრაფი ალმადოსი, ვიგრძნობთ, რომ ეს ლექსი შეიძლებოდა თქმულიყო მხოლოდ ესპანურად. ფრანგულის ჟღერადობა არ მახარებს, ჩემი აზრით, მას აკლია სხვა რომანული ენების სავსე ჟღერადობა, მაგრამ განა შეიძლება, ცუდად იფიქრო ენაზე, რომელზეც შექმნილია ისეთი შესანიშნავი სტრიქონები, როგორიცაა ჰიუგოს “L’hydro-Univers tordant son corps écaille d’astres?” (“სამყარო-ჰიდრა რგოლებად რკალავს სხეულს, დაფარულს ვარსკვლავთა ქეფცით.”) როგორ გააკრიტიკებ ენას, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ასეთი სტრიქონები?
ინგლისური ენის ნაკლოვანებად მესახება ის, რომ მან დაკარგა ძველი ინგლისურის ღია ხმოვნები. ამის მიუხედავად, მან საშუალება მისცა შექსპირს, დაეწერა:
And shake the yoke of inauspicious stars
From this worldweary flesh,
რაც თარგმანში მაინცდამაინც ვერ გამოდის: “და ჩამოვიბერტყოთ უღელი ავბედითი ვარსკვლავებისა სამყაროთი მოყირჭებული ხორციდან.” ესპანურად ეს არაფერია, ინგლისურად _ ყველაფერი. ჩემთვის ენის არჩევა რომ გამხდარიყო საჭირო (თუმცა არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ყველა ერთად არ აირჩიო), ეს იქნებოდა გერმანული მისი უნარით, ინგლისურზე მეტად ეწარმოებინა რთული სიტყვები ღია ხმოვნებით და საუცხოო მუსიკით. რაც შეეხება იტალიურს, აქ “კომედიის” ხსენებაც საკმარისია.
არავის არ აკვირვებს სხვადასხვა ენებში გაბნეული სილამაზე. ჩემმა მასწავლებელმა, მშვენიერმა ებრაელ-ესპანელმა პოტმა რაფაელ კანსინოს-ასენსმა მითხრა ასეთი ლოცვა: “ჰე ღმერთო, ნუ იქნება ეგზომ ლამაზი”, ბრაუნინგთან კი გვხვდება: “როცა სავსებით თავდაჯერებულები ვართ, რაღაც ხდება _ მზის ჩასვლა, ევრიპიდეს ქოროს ფინალი, და კვლავ ვიბნევით.”
სილამაზე გვისაფრდება. თუ შეგრძნების უნარი გვაქვს, ვიგრძნობთ მას პოეზიაში ნებისმიერ ენაზე.
კარგი იქნებოდა, მეტად მომეკიდა ხელი აღმოსავლური ლიტერატურებისთვის, რომელზეც წარმოდგენა მხოლოდ თარგმანებით მაქვს. მაგრამ მაინც ვიგრძენი მათი სილამაზის ზემოქმედება. მაგალითად, სპარსი პოეტის, ჰაფეზის სტრიქონები: “მივფრინავ, ჩემს ნეშტს ჩავენაცვლები.” აქ ჩადებულია მთელი მოძღვრება სულთა გადასახლების შესახებ _ “მივფრინავ, ჩემს ნეშტს ჩავენაცვლები”, _ მე კიდევ ერთხელ გავჩნდები ამქვეყნად, სხვა საუკუნეში, ვიქნები ჰაფეზი, პოეტი. ყოველივე ეს გამოხატულია რამდენიმე სიტყვით, რომლებიც ინგლისურად წავიკითხე, მაგრამ ალბათ დიდად არ განსხვავდება სპარსულისგან. “მივფრინავ, ჩემს ნეშტს ჩავენაცვლები” _ ძალზე უბრალოდაა ნათქვამი საიმისოდ, რომ ცვლილებები განიცადოს.
ჩემი აზრით, მცდარია ლიტერატურის შესწავლა ისტორიული თვალსაზრისით, თუმცა ალბათ ჩვენთვის, და მათ შორის, ჩემთვისაც, სხვა გზა შეუძლებელია. არის ერთი, ჩემი აზრით, მშვენიერი პოეტისა და ცუდი კრიტიკოსის, მარსელინო მენენდეს-ი-პელაიოს წიგნი სახელწოდებით “ასი საუკეთესო ესპანური ლექსი”. აქ ვკითხულობთ: “Ande yo caliente y riase la gente”. (“თუ გაბრაზებული დავდივარ, გარშემო ყველა ხარხარებს.”) თუ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია, უარესი რაღა იქნება. მაგრამ ამ წიგნში არის კევედოს ის ლექსი, რომელიც წეღან გავიხსენე, სევილიელი ანონიმის “ბარათი” და ბევრი სხვა შესანიშნავი ლექსი. სამწუხაროდ, არ არის მენენდეს-ი-პელაიოს არც ერთი ლექსი _ თავის ანთოლოგიაში საკუთარი არაფერი შეიტანა.
სილამაზე ყველგანაა და, შესაძლოა, ყოველთვისაა. ჩემმა მეგობარმა როი ბართოლომიუმ, რომელმაც სპარსეთში რამდენიმე წელი გაატარა და ხაიამს პირდაპირ ფარსულიდან თარგმნის, მითხრა ის, რასაც ვვარაუდობდი: რომ აღმოსავლეთში მთლიანად არ სწავლობენ არც ლიტერატურას, არც ფილოსოფიას ისტორიული თვალსაზრისით. სწორედ ეს აოცებდა დეისენსა და მაქს მიულერს, რომლებმაც ვერ შესძლეს ავტორთა ქრონოლოგიური სიის შედგენა. ფილოსოფიის ისტორია ისე შეისწავლება, თითქოს, ვთქვათ, არისტოტელეს ბერგსონთან ჰქონდეს გამართული კამათი, პლატონს _ იუმთან. ყველაფერი ერთდროულად.
ბოლოს მინდა, გავიხსენო ფინიკიელი მეზღვაურების სამი ლოცვა. როცა გემი წყალში იძირება _ ეს ამბავი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ხდება, _ ისინი სამიდან ერთ-ერთ ლოცვას კითხულობენ. პირველი ასე ჟღერს: “კართაგენის დედაო, გიბრუნებ ნიჩაბს.” კართაგენის დედა არის ქალაქი ტიროსი, საიდანაცაა დიდონა. მერე _ “გიბრუნებ ნიჩაბს”. ეს უჩვეულოა. ფინიკიელი ცხოვრებას ხედავს, როგორც ნიჩბოსანი. მისი ცხოვრება დასრულებულია, და ნიჩაბს აბრუნებს, რომ სხვებმა განაგრძონ მოსმა.
მეორე ლოცვა კიდევ უფრო ამაღელვებელია: “ვიძინებ, მერე ისევ შევუდგები ნიჩბების მოსმას.” ადამიანი ვერ წარმოიდგენს ბედისწერას და უახლოვდება მოსაზრებას ციკლურ დროზე.
და ბოლოს, უკანასკნელი, უაღრესად გულისამაჩუყებელი ლოცვა. იგი დანარჩენებისგან განსხვავდება, რადგან აქ არ არის ბედთან შერიგება; ესაა თავგანწირული ნაბიჯი ადამიანისა, რომელიც უნდა მოკვდეს და საშინელი ღმერთების სამსჯავროს წინაშე წარსდგეს. იგი ამბობს: “ღმერთო, განმსაჯე არა როგორც ღმერთმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა”.
ამ სამ ლოცვაში უშუალოდ ვგრძნობთ _ ან მე ვგრძნობ _ პოეზიას. სწორედ აქაა ესთეტური მოვლენა და არა ბიბლიოთეკებსა და ბიბლიოგრაფიებში თუ უამრავი ხელნაწერისა და ურთულესი ტომების შესწავლაში.
ფინიკიელი მეზღვაურების სამი ლოცვა წავიკითხე კიპლინგის მოთხრობაში წმინდა პავლეზე “the Manner of Men” (“ადამიანთა მოდგმა”). არცთუ ისე მარჯვედ რომ ვთქვათ, ლოცვები ნამდვილია თუ დიდმა პოეტმა, კიპლინგმა დაწერა? დავსვი ეს კითხვა და უხერხულობა ვიგრძენი: რა აზრია აქვს გარჩევას? განვიხილოთ ორივე შესაძლებლობა, დილემის ორივე ნაწილი.
პირველ შემთხვევაში ლაპარაკია ფინიკიელი მეზღვაურების, ზღვის ადამიანების ლოცვებზე, მათ ცხოვრება მხოლოდ ზღვაში წარმოედგინათ. ლოცვები ფინიკიური ენიდან გადავიდა, ვთქვათ, ბერძნულში, იქიდან _ ლათინურში, ლათინურიდან _ ინგლისურში. კიპლინგმა თავიდან დაწერა.
მეორე შემთხვევაში კიპლინგი წარმოიდგენს ფინიკიელ მეზღვაურებს, როგორღაც უახლოვდებათ, თვითონაც ფინიკიელ მეზღვაურად იქცევა. ცხოვრებას ზღვის ცხოვრებად წარმოიდგენს და მეზღვაურთა პირით გვაწოდებს ამ ლოცვებს. ყველაფერი წარსულში გადავიდა: უსახელო მეზღვაურები დაიხოცნენ. კიპლინგი მოკვდა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელმა აჩრდილმა მოიფიქრა და დაწერა ეს ლექსი?
ინდუსი პოეტის საინტერესო მეტაფორა _ არ ვიცი, სრულად შევძელი თუ არა მისი შეფასება _ ამბობს: “ჰიმალაი, ჰიმალაის მაღალი მთები (რომელთა მწვერვალები, კიპლინგის სიტყვით, სხვა მთების მუხლებია), ჰიმალაი _ შივას ღიმილი.” მაღალი მთები _ ღმერთის, მრისხანე ღმერთის ღიმილი. მეტაფორა, სულ მცირე, გამაოგნებელია.
სილამაზეს ფიზიკურად ვგრძნობ, როგორც რაღაც ხელშესახებს, მთელი სხეულით რომ აღიქვამ. ეს არ არის განსჯის შედეგი, სილამაზეს არ ვწვდებით კანონების მიხედვით, მას ან ვგრძნობთ ან არა.
მინდა დავასრულო სიტყვებით XVI საუკუნის პოეტისა, რომელმაც ამოირჩია არაჩვეულებრივად პოეტური სახელი _ ანგელუს სილეზიუსი. ეს სტრიქონი იქნება შედეგი ყველაფრისა, რაც ამ საღამოს ვთქვი, თუ არ ჩავთვლით ჩემს მსჯელობას ან ვითომ მსჯელობას; წარმოვთქვამ ჯერ მის თარგმანს, შემდეგ კი გერმანულად, რომ გაიგონოთ:
ვარდი არ კითხულობს, “რატომ”, იგი ჰყვავის, იმიტომ, რომ ჰყვავის.

Die Roze ohne warum;
sie blühet weil sie blühet.


თარგმნა ნინო ქაჯაიამ

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Thu Jul 28, 2011 5:35 pm

"ვარდი ემილისათვის" - უილიამ ფოლკნერის სევდა წარმავლობაზე
(წინათქმად)

უილიამ ფოლკნერის ეს ნოველა, "ვარდი ემილისათვის" (ინგლისურდ, - A Rose for Emily - http://en.wikipedia.org/wiki/A_Rose_for_Emily) პირველად გამოქვეყნდა ეროვნულ ჟურნალში, 1930 წლის 30 აპრილს. ამ ნაწარმოებში აღწერილი ამბავი თავად ფოლკნერის მიერ გამოგონილი იოკნაპატოფას (მისისიპი) ოლქის ქალაქ ჯეფერსონში ხდება და რომ წაიკითხავ, თავს აღარ დაგანებებს, აგედევნება და იმასაც გაგრძნობინებს, თუ როგორ დიდ ადამიანურ ვნებებს იტევს ეს ერთი ციდა შედევრი და როგორ მოგაგონებენ მისი პერსონაჟები შენიანებს, შენს გარშემო მცხოვრებლებს, უკვე წასულებსაც და ცოცხლებსაც - ყველა სამხრეთელს ხომ ერთიანად აცხუნებს ხოლმე მზე და, ალბათ, იმიტომ...
მთარგმნელის ოსტატობაზე კიდევ ის უნდა ითქვას, რომ ფოლკნერი ამ ნოველას მშვენიერი ქართულით წერს, - ნიჭიერად, ლაღად, ღრმად და თან მოზომილადაც, და სხვადასხვა ვერშემდგარი თარგმანებიდან გამოყოლილ იმ აზრს გიქარწყლებს, რომ ეს მწერალი მძიმე და აუტანელი სტილით წერდაო...
ამ თარგმანით დარწმუნდებით, რომ ფოლკნერი ლაღი, ღრმა და უნიჭიერესი მწერალია, - მწერალი, რომელმაც თავისი პოეტიკა შექმნა...

მიხო მოსულიშვილი


William Faulkner - http://en.wikipedia.org/wiki/William_Faulkner

უილიამ ფოლკნერი


ვარდი ემილისათვის




I
მის ემილი გრირსონი რომ გარდაიცვალა, მთელი ჩვენი ქალაქი წავიდა დაკრძალვაზე: კაცები _ დაცემული ძეგლისადმი ერთგვარი მოკრძალებით, ქალები _ უფრო ცნობისმოყვარეობის გამო; ერთი სული ჰქონდათ, შიგნიდან ენახათ სახლი, სადაც სულ ცოტა, ათი წელი იქნებოდა, არავის შეეხედა მოხუცი მსახურის გარდა _ ერთდროულად მებაღეც რომ იყო და მზარეულიც.
დიდი, მკვიდრად ნაგები, ოდესღაც თეთრად შეღებილი, სამოცდაათიანი წლების მომეტებულად მსუბუქი სტილის თაღებით, წვეტებითა და ჩუქურთმებიანი აივნებით მორთული სახლი იმ ქუჩაზე წამოჭიმულიყო, ერთ დროს ყველაზე გამორჩეულად რომ ითვლებოდა ჩვენში, მაგრამ გარაჟებმა და ბამბეულის საამქროებმა ამ შემოგარენში წარჩინებული ოჯახებიც კი განდევნეს და მათი სახსენებელი მოსპეს; მხოლოდ მის ემილის სახლი დარჩა; შელახული კი იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად და თავმომწონედ არ ეპუებოდა ბამბეულით დატვირთულ ფორნებსა და ბენზინის საქაჩებს. იდგა და ტოლს არ უდებდა არავის, ვინც თვალში ეკლად ესობოდა. ახლა მის ემილიც წავიდა, იმ წარჩინებულ ოჯახებთან შესაერთებლად, ჭადრებით დაბურულ სასაფლაოზე რომ იწვნენ, ჯეფერსონის ბრძოლაში დაღუპულ ფედერალური არმიისა და კონფედერაციის ჯარისკაცთა ჩამწკრივებულ, უსახელო საფლავებს შორის.
სიცოცხლეში მის ემილი იყო ტრადიციის, მოვალეობისა და საზრუნავის განსახიერება, რომლის უცნაური ვალიც ქალაქს მემკვიდრეობით გადმოეცა 1894 წლის იმ დღიდან, როცა მერმა, პოლკოვნიკმა სარტორისმა (სწორედ მან გამოსცა თავის დროზე ბრძანება, არც ერთი ზანგი ქალი ქუჩაში უწინსაფროდ არ გამოჩნდესო) გადასახადებისგან გაანთავისუფლა. ხელშეკრულება, მის ემილის მამის სიკვდილიდან მოყოლებული, სამუდამო იყო. ოღონდ ქალი მოწყალებას როდი იღებდა. პოლკოვნიკმა სარტორისმა საამისოდ ჩახლართული ამბავი შეთხზა _ ვითომდა, მის ემილის მამას ქალაქისთვის ფული უსესხებია, და ვალის გადახდა, ქალაქს საკუთარი სარგებლისთვის, ამ გზით მოუსურვებია. მხოლოდ პოლკოვნიკი სარტორისის თაობისა და ყაიდის კაცს შეეძლო ამის მოფიქრება და მხოლოდ ქალს შეეძლო ამის დაჯერება.
როცა უფრო თანამედროვედ მოაზროვნე, მომდევნო თაობის წარმომადგენლები გახდნენ მერები და მუნიციპალიტეტის მოხელეები, ამ საქმემ პატარა უკმაყოფილება გამოიწვია. წლის პირველ რიცხვში მის ემილის ფოსტით საგადასახადო უწყება გაუგზავნეს. თებერვალი დადგა და პასუხი არ ჩანდა. მაშინ ოფიციალური წერილი მისწერეს _ სთხოვდნენ, შერიფის კანტორაში მისულიყო თავისი საქმის გასარკვევად. ერთი კვირის თავზე მერმა თვითონ მისწერა. სთავაზობდა, გეწვევით, ან მანქანას გამოგიგზავნითო. პასუხად ძველებურ ქაღალდზე წვრილი, სადა ხელით და უფერული მელნით დაწერილი ბარათი მიიღო. მის ემილი ატყობინებდა, გარეთ აღარ გამოვდივარო. ბარათს გაუხსნელი საგადასახადო უწყებაც ახლდა. უკომენტაროდ.
მუნიციპალიტეტში საგანგებო კრება მოიწვიეს. დელეგაცია მის ემილის ეწვია. დააკაკუნეს კარზე, რომელიც არც ერთ სტუმარს არ შეუღია მას შემდეგ, რაც მასპინძელმა ფაიფურის მოხატვის სწავლება შეწყვიტა რვა თუ ათი წლის წინათ. მოხუცი ზანგი შეუძღვათ ჩაბნელებულ ჰოლში; იქიდან კიბე კიდევ უფრო ჩაბნელებულ სივრცეში ადიოდა და იკარგებოდა. მტვრისა და უცხოვრებელი სახლის სუნი იდგა; დახშული, დაობებული სუნი. ზანგმა მძიმე, ტყავგადაკრული ავეჯით გაწყობილ სასტუმრო ოთახში შეიყვანა. ერთ ფანჯარაზე დარაბები გახსნა და დაინახეს, რომ ტყავი დამსკდარიყო. როცა დასხდნენ, მტვრის კორიანტელი ზანტად აბორიალდა და ფარფატით დატრიალდა მზის ერთადერთ სხივში. ბუხრის წინ, მოოქროვილ მილბერტზე, მის ემილის მამის პასტელით შესრულებული პორტრეტი იდო.
ფეხზე წამოდგნენ, როცა შემოვიდა _ პატარა, მსუქანი, შავებში ჩაცმული ქალი. ოქროს წვრილი ძეწკვი წელამდე სწვდებოდა და ქამარში იკარგებოდა, გახუნებულ, ოქროსთავიან ჯოხს ეყრდნობოდა. ტანდაბალი იყო, ძვალწვრილი; ალბათ სწორედ ამიტომ ის, რაც სხვისთვის სისრულე იქნებოდა, მისთვის სიმსუქნე უფრო იყო. გასიებულს ჰგავდა, თითქოს სხეული უმოძრაო წყალში ჩაეშვათ დიდი ხნის წინათ და გაფერმკრთალებოდა. მსუქან სახეში ჩამალული თვალები ცომის გუნდაში ჩაჭედილ ორ პაწაწინა ნახშირს უგავდა; სანამ სტუმრები თავიანთი მოსვლის მიზეზს აუწყებდნენ, ქალის მზერა სწრაფად ინაცვლებდა ერთი სახიდან მეორეზე.
დაჯდომა არ შეუთავაზებია. კარებში იდგა და აუმღვრევლად უსმენდა, ვიდრე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ენის ბორძიკით არ დადუმდა. მერე ძეწკვის ბოლოს მოწიკწიკე უხილავი საათის ხმა შემოესმათ.
მშრალი და ცივი ხმა ჰქონდა:
_ მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება. ეს პოლკოვნიკმა სარტორისმა ამიხსნა. იქნებ, რომელიმე თქვენგანს ხელი მიუწვდება ქალაქის არქივზე. იქაური ჩანაწერებით გაარკვევთ ყველაფერს.
_ მიგვიწვდება. ჩვენ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ვართ, მის ემილი. შერიფის ბარათი არ მიიღეთ?
_ მივიღე რაღაც ქაღალდი, დიახ. _ წარმოთქვა მის ემილიმ, _ შეიძლება, იმ კაცს თავი შერიფი ჰგონია... ჯეფერსონში მე გადასახადები არ მეხება.
_ მაგრამ იცით, ჩანაწერებში ისეთი არაფერია, თქვენს სიტყვებს რომ ადასტურებდეს. მოგვიწევს...
_ პოლკოვნიკი სარტორისს მიაკითხეთ. მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება.
_ კი მაგრამ, მის ემილი...
_ პოლკოვნიკ სარტორისს მიაკითხეთ. _ (პოლკოვნიკი სარტორისი თითქმის ათი წლის გარდაცვლილი იყო), _ მე ჯეფერსონში გადასახადები არ მეხება. ტომ! _ ზანგი გამოჩნდა. _ გააცილე ჯენტლმენები.

II
ასე აჯობათ. კუდით ქვა ასროლინა, როგორც მათ მამებს, ოცდაათი წლის წინათ, სუნის გამო რომ მიაკითხეს. ეს მამამისის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მოხდა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც შეყვარებულმა _ კაცმა, რომელიც გვეგონა, ცოლად ითხოვსო, _ მიატოვა. მამამისის სიკვდილის შემდეგ იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მას მერე კი, რაც შეყვარებული გაექცა, საერთოდ ათასში ერთხელ თუ მოჰკრავდა ვინმე თვალს. რამდენიმე მანდილოსანმა გაბედა მისვლა, მაგრამ არ მიიღეს. სახლში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ზანგი იყო _ მაშინ ახალგაზრდა კაცი _ სანოვაგის კალათით რომ შედიოდა და გამოდიოდა.
_ სად გინახავთ, კაცი, _ როგორიც არ უნდა იყოს, _ სამზარეულოს წესიერად უვლიდეს, _ ამბობდნენ მანდილოსნები. ჰოდა, არც გაკვირვებიათ, სუნი რომ გაჩნდა. ეს თითქოს ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო ტლანქ, სისხლსავსე ცხოვრებასა და ამაღლებულ, ძლიერ გრირსონებს შორის.
მეზობლის ქალმა მერთან, ოთხმოცი წლის მოსამართლე სტივენსთან იჩივლა.
_ კი მაგრამ, ჩვენგან რა გნებავთ, მადამ? _ იკითხა მერმა.
_ როგორ?! შეუთვალეთ, მიხედოს იქაურობას, კანონი არ არსებობს?
_ დარწმუნებული ვარ, მანამდე საქმე არ მივა, _ თქვა მოსამართლე სტივენსმა, _ იქნებ, ზანგმა ეზოში გველი ან ვირთხა მოჰკლა და მიატოვა. დაველეპარაკები.
მეორე დღეს კიდევ ორმა კაცმა შესჩივლა. ერთმა მათგანმა მორიდებით გამოხატა გულისწყრომა: “რამე უნდა ვიღონოთ, მოსამართლევ, ღმერთმა დაგვიფაროს მის ემილის შეწუხებისგან, მაგრამ რამე უნდა ვიღონოთ.” იმ ღამეს მუნიციპალიტეტის საბჭო შეიკრიბა _ სამი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა კაცი, მომავალი თაობის წარმომადგენელი.
_ ეგ რა სალაპარაკოა, _ განაცხადა მან, _ შეუთვალეთ, თავისი სამოსახლო გაასუფთავოს. ვადროვოთ და თუ არ მიხედავს...
_ დასწყევლოს ღმერთმა, სერ, _ უთხრა მოსამართლე სტივენმა, _ პირში ვინ მიახლის მანდილოსანს, სუნი აგდისო?
ერთი სიტყვით, მეორე ღამეს, უფრო სწორად, ნაშუაღამევს, ოთხმა კაცმა გადაიარა მის ემილი ეზო, სახლს ქურდულად აუარეს გვერდი, აგურის საძირკვლის გასწვრივ, ღრიჭოებში ეძებდნენ, საიდან ამოდიოდა სუნი; ამასობაში ერთ-ერთი მათგანი მხარზე გადაკიდებული ტომრიდან თეთრ ფხვნილს იღებდა და ხელის ისეთი მოძრაობით აფრქვევდა იქაურობას, თითქოს რაღაცას თესავსო. უკან დაბრუნებისას, კიდევ ერთხელ რომ გადმოიარეს ეზო, ჩაბნელებული ფანჯარა განათდა და მის ემილი გამოჩნდა. იჯდა. შუქი ზურგიდან ეცემოდა მის კერპივით უძრავ ფიგურას. ფაციფუცით გადაიარეს მოლი და ქუჩას გაყოლებული ხეების ჩრდილს შეეფარნენ. ერთი-ორი კვირის შემდეგ სუნი გაჰქრა.
აი, პირველად სწორედ მაშინ იგრძნო ხალხმა სიბრალული. ჩვენს ქალაქში ახსოვდათ, როგორ გაგიჟდა ბებიამისის და, მოხუცი ქალბატონი უოტი და საბოლოოდ ირწმუნეს, გრირსონებს სულ ტყუილად ჰქონდათ კუდი ყავარზე გადებულიო. აქაოდა, მის ემილის შესაფერისი კაცი არავინააო და ასეთები. კარგა ხანს გრირსონები ცოცხალი სურათებივით გამოგვეცხადებოდნენ ხოლმე: უკანა პლანზე _ თეთრებში გამოწყობილი, ტანწერწეტა მის ემილი, წინ _ მამამისის გაჩაჩხული სილუეტი, ქალისკენ ზურგშექცევით იდგა და მათრახი ჩაებღუჯა. ამ ორ ფიგურას ჩარჩოდ ევლებოდა შესასვლელი კარი. ოცდაათს მიღწეული მის ემილი ისევ გაუთხოვარი იყო; ჩვენც, ის კი არა, რომ გვიხაროდა ეს ამბავი, მაგრამ თითქოს ნიშნს ვუგებდით; გვარში სიგიჟე კი ჰქონდათ, მაგრამ ყველა უარით მაინც არ უნდა გაებრუნებინა, თუ რა თქმა უნდა, საქმეს კარგი პირი უჩანდა.
მამამისის სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბერიკაცს მის ემილისთვის სახლის მეტი არაფერი დაუტოვებია. ჰოდა, ხალხს გული მიეცა _ ახლა კი შესძლებდნენ მის ემილის შეცოდებას. მარტოდმარტო, უსახსროდ დარჩენილი ქალი, წესით, ადამიანს უნდა დამსგავსებოდა. ახლა თვითონაც იწვნევდა გროშებზე წუხილსა და სასოწარკვეთას.
მისტერ გრირსონი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მანდილოსნები დამწკრივდნენ და სახლს მიადგნენ, რათა ჩვეულებისამებრ, ჭირისუფლისთვის თანაგრძნობა გამოეცხადებინათ და დახმარება შეეთავაზებინათ. მის ემილი კარში დახვდათ. განსაკუთრღებული არაფერი ეცვა და სახეზე დარდის კვალიც არ ეტყობოდა. მოახსენათ, მამაჩემი სულაც არ მომკვდარაო. სამი დღეE ამ სიტყვებით ისტუმრებდა მღვდლებსაც და ექიმებსაც, რომლებიც ათათბირებდნენ, შეგვიშვი, ცხედარი გაგვაპატიოსნებინეო. ბოლოს, როცა იფიქრეს, სხვა გზა აღარ არის, კანონის ძალით უნდა შევიჭრათო, ქალი გატყდა და მამაისიც ნაჩქარევდა დაასაფლავეს.
მაშინ არც არავის უფიქრია, გიჟიაო. მიგვაჩნდა, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მოქცეულიყო. კარგად გვახსოვდა, რამდენი ახალგაზრდა კაცი მიაბრძანა უარით მამამისმა და ვიცოდით _ ახლა, ქალს ქვეყანაზე რომ აღარავინ დარჩა, სწორედ იმას ჩაებღაუჭებოდა, ვინც ცარიელ-ტარიელი დატოვა. ასე ხდება ხოლმე.

III
დიდხანს ავადმყოფობდა. გარეთ რომ გამოვიდა, თმა პატარა გოგოსავით ჰქონდა შეჭრილი და რაღაცით ეკლესიის ვიტრაჟებიდან მომზირალ ანგელოზებს ჰგავდა _ ტრაგიკული და უშფოთველი.
ქალაქმა ის-ის იყო, ტროტუარის მოკირწყვლის თაობაზე დადო ხელშეკრეულება. მამამისის სიკვდილის შემდეგ, ზაფხულში, მუშაობაც დაიწყეს. სამშენებლო კომპანიამ ძაღლები, ჯორები და მანქანები გამოგზავნა, ზედამხედველიც მოაყოლა, სახელად ჰომერ ბერონი, იანკი _ ბრგე, შავგვრემანი, ენერგიული კაცი. ხმამაღალი ლაპარაკი სჩვეოდა და სახის კანთან შედარებით ღია ფერის თვალები ჰქონდა. პატარა ბიჭები ჯგროდ დაჰყვებოდნენ კუდში, აბა, როგორ უწყრება ზანგებსო; მერე ზანგების სიმღერასაც უსმენდნენ ძალაყინების აწევისა და ჩარტყმისას. მალე ზედამხედველს ქალაქში ყველა იცნობდა. თუ სადმე, სკვერთან, სიცილ-ხარხარი ისმოდა, ესე იგი, იმ ჯგუფის შუაგულში ბერონი იდგა. მერე კვირაობით, ნაშუადღევს, მის ემილისთან ერთად დაიწყო სეირნობა თავლიდან ქირით გამოყვანილი, ორცხენიანი, ყვითელი კაბრიოლეტით.
თავიდან გაგვიხარდა, რომ მის ემილის რაღაც ინტერესი გაუჩნდა; თუმცა, მანდილოსნები გაიძახოდნენ, გრირსონების ქალი ჩრდილოელზე, თან დღიურ მუშაზე, სერიოზულად როგორ იფიქრებსო. დანარჩენები, უფროსები, ამბობდნენ, ღირსეულ ქალს დარდიც კი ვერ დაავიწყებს ოჯახიშვილობასო. თუმცა ამ სიტყვას _ “ოჯახიშვილობას” _ არც ახსენებდნენ. უბრალოდ, ამბობდნენ: “საბრალო ემილი, ნათესავებს უნდა ჩამოეკითხათ.” ალაბამაში ჰყავდა ნათესავები, მაგრამ დიდი ხნის წინათ მამამისი დამდურებიათ იმ გიჟი ქალის, მოხუცი ქალბატონი უოტონის გამო და მათ ოჯახებს ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. დაკრძალვაზეც კი არავინ ჩამოსულა.
როგორც კი უფროსებს დასცდათ, საბრალო ემილიო, მაშინვე მითქმა-მოთქმა და ჩურჩული ატყდა: “თქვენ გგონიათ, მართლა ეგრეა საქმე?” _ ეკითხებოდნენ ერთმანეთს. “რასაკვირველია, სხვა რა უნდა იყოს...” ამას პირზე ხელაფარებულები თუ იტყოდნენ, აბრეშუმისა და ფარჩის შარიშურით, კვირა დღეს; და შეკაზმული ეკიპაჟის მსუბუქ, სწრაფ ბაკაბუკს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ნაშუადღევის მზეში მიხურულ დარაბებს მიღმა ნიავივით დარხეული ჩურჩული: “საბრალო ემილი...”
თავაწეული დადიოდა. მაშინაც კი, როცა ვფიქრობდით, თავი მოიჭრაო. თითქოს ახლა კიდევ უფრო დაჟინებით მოითხოვდა, გვეღიარებინა მისი _ უკანასკნელი გრირსონის _ ღირსება; თითქოს უნდოდა, მიწიერებასთან შეხებით კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი შეუვალობა. მაშინდელივით, ვირთხის წამალი, დარიშხანი რომ იყიდა. ეს დაახლოებით ერთი წლის მერე მოხდა მას შემდეგ, რაც “საბრალო ემილი”-დ დაუწყეს ხსენება. მაშინ ორი ნათესავი ჰყავდა სტუმრად.
_ საწამლავი მინდა, _ უთხრა აფთიაქარს. ოცდაათს გადაცილებული იყო, ჯერ კიდევ ტანწერწეტა, თუმცა არა, ჩვეულებრივზე გამხდარი ჩანდა. ცივი, ქედმაღალი, შავთვალება. საფეთქლებსა და თვალის ბუდეებზე კანი განსაკუთრებულად ჰქონდა დაჭიმული. ალბათ ასე წარმოგიდგენიათ შუქურის მეთვალყურის სახე. _ საწამლავი მინდა.
_ დიახ, მის ემილი, რომელი გნებავთ? თაგვებისა და მღრღნელებისათვის? გაირჩევთ...
_ ყველაზე უკეთესი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი.
აფთიაქარმა რამოდენიმე ჩამოუთვალა.
_ ყველაფერს ჰკლავს. სპილოსაც კი. მაგრამ თქვენ გჭირდებათ...
_ დარიშხანი. _ მოუჭრა მის ემილიმ _ კარგია?
_ კარგია... დარიშხანი... დიახ, მემ, მაგრამ გნებავთ, რომ...
_ დარიშხანი მინდა.
აფთიაქარმა შეხედა. ქალმა თვალი თვალში გაუყარა. გამომწვევი სახე ჰქონდა.
_ კი ბატონო, _ უთხრა აფთიაქარმა, _ თუ მაინცდამაინც ეს გჭირდებათ... ოღონდ კანონი მოითხოვს, რომ მითხრათ, რისთვის აპირებთ გამოყენებას.
მის ემილი ოდნავ თავაწეული შეჰყურებდა, მდუმარედ, თვალმოუშორებლად. აფთიქარმა მის მზერას ვეღარ გაუძლო. მოტრიალდა, გავიდა. დარიშხანი აიღო და შეუხვია. პაკეტი ქალს ზანგმა მსახურმა გამოუტანა, აფთიაქარი აღარ გამოსულა. მის ემილიმ პაკეტი შინ გახსნა. კოლოფზე. თავის ქალასა და გადაჯვარედინებული ძვლების ქვეშ ეწერა: “ვირთხებისათვის”.

IV
ჰოდა, მეორე დღეს ყველა გაიძახოდა, თავს მოიკლავსო. ალბათ ეს ყველაფერს აჯობებდა. თავიდან, ჰომერ ბერონთან რომ დაიწყო სიარული, ვამბობდით, ცოლად გაჰყვებაო. მერე ვთქვით, დაიყოლიებსო, რადგან ჰომერმა ერთხელ განაცხადა (უყვარდა კაცებთან ლაქლაქი, ახალგაზრდებთან ერთად სვამდა ხოლმე ქალაქის კლუბში), ცოლის მომყვანი არა ვარო. მერე, კვირაობით, ნაშუადღევს, დახურული დარაბებიდან რომ ვუყურებდით, როგორ ჩაივლიდნენ ხოლმე ლაპლაპა კაბრიოლეტით, ვამბობდით _ საბრალო ემილი... მის ემილი წელგამართული იჯდა, ჰომერ ბერონს ჩაკეცილი შლაპა ეხურა, კბილებში სიგარა ჰქონდა გაჩრილი, ყვითელი ხელთათმანები ეცვა, აღვირი და მათრახი ეჭირა.
მერე აქა-იქ მანდილოსნები ალაპარაკდნენ, ეს ქალაქის სირცხვილია და ახალგაზრდები ცუდ მაგალითს უყურებენო. კაცები ჩარევას არ აპირებდნენ, მაგრამ ბოლოს მანდილოსნებმა ბაპტისტების მღვდელი აიძულეს, მის ემილისთან მისულიყო. მღვდელს არავისთვის გაუმხელია, რა მოხდა იმ საუბრისას, მაგრამ ხელმეორედ მისვლაზე უარი განაცხადა. კვირადღეს ის ორნი ისევ გამოვიდნენ ეკიპაჟით სასეირნოდ, მეორე დღეს კი მღვდლის ცოლმა ალაბამაში წერილი მისწერა მის ემილის ნათესავებს.
ჰოდა, შინ ისევ სისხლით ნათესავები ჰყავდნენ. ჩვენც მოვემზადეთ, რომ თვალი გვედევნებინა, რა მოხდებოდა. თავდაპირველად არაფერიც არ მოხდა. მერე ვიფიქრეთ, ალბათ დაქორწინებას აპირებენო. გავიგეთ, რომ მის ემილი ოქრომჭედელთან მისულა და მამაკაცის პირსაბანი ნაკრები შეუკვეთავს _ ვერცხლისა, ყოველ ნივთზე ამოკვეთილი ასოებით: “ჰ. ბ.” ორი დღის შემდეგ შევიტყვეთ, რომ მამაკაცის ტანსაცმლის სრული კომპლექტი უყიდია, ღამის საცვლებიანად, და ვთქვით, ალბათ უკვე იქორწინესო. ძალიანაც გაგვიხარდა. გაგვიხარდა იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, იმ ორმა ნათესავმა ქალმა გრირსონობაში ემილის აჯობა-თქო.
ერთი სიტყვით, ჰომერ ბერონის გამგზავრება არ გაგვკვირვებია (ამასობაში ქუჩებიც მოკირწყლეს). ამ ამბავმა ცოტა არ იყოს, გაგვაწბილა, რადგან საჯაროდ არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ ვიფიქრეთ, ალბათ მის ემილის ჩასვლისთვის ემზადება, ან იქნებ, ნათესავების თავიდან მოსაშორებლად მარტო დატოვაო (ყველაფერი შეთქმულებას დაემსგავსა და გვინდოდა, მის ემილის დავხმარებოდით ნათესავების გაცურებაში). მართლაც, ერთი კვირის შემდეგ, ქალები წავიდნენ და როგორც ველოდით, სამი დღის შემდეგ ჰომერ ბერონი ქალაქში დაბრუნდა. ერთ საღამოს მეზობელმა დაინახა, დაბინდებისას როგორ შეუშვა ზანგმა ბერონი სამზარეულოს კარიდან.
მას მერე ჰომერ ბერონი აღარავის უნახავს. ერთხანს მის ემილიც აღარ გამოჩენილა. მხოლოდ მოხუცი ზანგი მსახური შედიოდა და გამოდიოდა, ხელში სანოვაგის კალათით, მაგრამ შესასვლელი კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, ხანდახან ფანჯარაში წუთით მოვკრავდით ხოლმე თვალს მის ემილის, იმღამინდელივით, კირის მოფრქვევისას რომ დაინახეს კაცებმა, მაგრამ ქუჩაში თითქმის ექვსი თვე არ გამოსულა. მერე მივხვდით, რომ რომ ასეც იყო მოსალოდნელი; თითქოს მამამისი, რომელმაც ბევრჯერ აუწეწა შვილს ცხოვრება, ისეთი ძლიერი და მრისხანე გამოდგა, რომ სიკვდილიც ვერ მოერია.
მერე, მის ემილი რომ გამოჩნდა, გასუქებული იყო, თმაში ჭაღარა შერეოდა. კიდევ რამდენიმე წელიწადში ჭაღარა სულ უფრო და უფრო მოემატა და ბოლოს თმამ პილპილშერეული მარილის ფერი, ფოლადივით რუხი ფერი მიიღო და აღარ შეცვლილა. სამოცდათოთხმეტი წლისა აღესრულა და სიკვდილის დღემდე ისევ მძლავრი, ფოლადივით რუხი თმა ჰქონდა _ ენერგიულ კაცებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთი.
მას მერე შესასვლელი კარი აღარ გაუხსნია, იმ ექვსი თუ შვიდწლიანი პერიოდის გარდა, როცა ორმოცი წლისამ ფაიფურის მოხატვის სწავლება დაიწყო. სახელოსნო პირველ სართულზე მოაწყო, ერთ-ერთ ოთახში. პოლკოვნიკი სარტორისის თანამედროვეები ქალიშვილებსა და შვილიშვილებს ისევე მუდმივად, ისეთივე განწყობით უგზავნიდნენ, როგორც ეკლესიაში, გზავნიდნენ კვირაობით _ ოცდახუთცენტიანის შესაწირად. ამასობაში გადსახადებისგანაც გაანთავისუფლეს.
მერე უფრო ახალი თაობა მომძლავრდა და ქალაქსაც ხელი დაატყო. მის ემილის მოსწავლეები გაიზარდნენ, წავიდ-წამოვიდნენ და შვილებსაც _ საღებავის ყუთებით, მოყირჭებული ფუნჯებითა და ქალთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოსურათებით _ აღარავინ უგზავნიდა. ჰოდა, უკანასკნელად ჩარაზა შესასვლელი კარი, რომელიც კარგა ხანს აღარ გახსნილა. ქალაქში უფასო საფოსტო მომსახურება რომ შემოიღეს, მხოლოდ მის ემილიმ თქვა უარი ჭიშკარზე ლითონისნომრიანი საფოსტო ყუთი ჩამოეკიდა. ყურიც არავის დაუგდო.
გადიოდა დრო. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ვადევნებდით თვალს, როგორ ჭაღარავდებოდა და მხრებში იხრებოდა ზანგი მსახური, როგორ შედიოდა და გამოდიოდა სანოვაგის კალათით. ყოველ დეკემბერს ვუგზავნიდით საგადასახადო უწყებას, რომელიც ერთი კვირის თავზე გაუხსნელი გვიბრუნდებოდა ფოსტით. დროდადრო თვალს მოვკრავდით ხოლმე მის ემილის _ ფანჯარაში, პირველ სართულზე. როგორც ჩანს, მეორე სართული ჩაკეტილი ჰქონდა _ ნიშაში გამოკვეთილი კერპის ტორსს ჰგავდა. დაბეჯითებით ვერასდროს ვიტყოდით, გვიყურებდა თუ არა. ასე გადადიოდა თაობიდან თაობაში _ ძვირფასი, თანამდევი, შეუვალი, უშფოთველი, უკუღმართი.
ასეც მოკვდა. ლოგინად ჩავარდა. მოკვდა მტვრითა და აჩრდილებით სავსე სახლში, ბებერი ზანგი მსახურის ანაბარა. ისიც კი არ ვიცოდით, ავად თუ იყო. კარგა ხნის წინათ ჩავიქნიეთ ხელი და აღარ ვცდილობდით, ზანგისგან რამე შეგვეტყო. მსახური არავის ხმას არ სცემდა. იქნებ, არც მის ემილის. ჩახრინწული, ჟღრიალა ხმა გაუხდა, თითქოს დიდი ხნის დუმილით დაუჟანგდაო.

V
ყველაზე ადრე მისულ მანდილოსნებს ზანგი შესასვლელ კართან დახვდა. შიგნით შეუშვა და სახლი დახშულმა, შრიალა ხმებმა, გაფაციცებულმა, ცნობისმოყვარე თვალებმა გაავსო. მერე ზანგი გაჰქრა. სახლი გადაჭრა, უკანა მხრიდან, სამზარეულოდან გავიდა გარეთ და აღარავის უნახავს.
ორი ნათესავი ქალი მაშინვე ჩამოვიდა. დაკრძალვა მეორე დღეს დანიშნეს. მთელი ქალაქი მოვიდა ყვავილებში ჩაფლული მის ემილის სანახავად. კუბოს თავთან, _ მანდილოსნების შრიალსა და პირქუშ, დამძიმებულ ჩურჩულს მიღმა _ ფიქრებში წასულიყო მამამისის ფანქრით ნახატი სახე. წინკარსა და ეზოში ბერიკაცები ისხდნენ. რამდენიმე მათგანი ჯაგრისით ახლად გაკრიალებულ კონფედერატთა ფორმაში გამოწყობილიყო. ისხდნენ და ისე საუბრობდნენ მის ემილიზე, თითქოს მათი ტოლი და სწორი ყოფილიყოს; ალბათ ახლა თვითონაც სჯეროდათ, რომ მასთან უცეკვიათ და უარშიყიათ; ისხდნენ და თავდაყირა აყენებდნენ დროს თავისი მათემატიკური სიზუსტით _ როგორც ბებერებს სჩვევიათ; მათთვის წარსული უკან მოტოვებული გზა კი არ არის, თანდათან რომ იკარგება უსასრულობაში, არამედ ვეება მინდორია, რომელსაც ზამთარი ვერ ეკარება, და დღევანდელობიდგან მხოლოდ ბოთლის ყელივით ვიწრო გასასვლელი ჰყოფს.
უკვე ვიცოდით, რომ იმ სამფლობელოში, კიბის თავზე, იყო ერთი ოთახი, სადაც ორმოცი წელი არავის შეეხედა. ამ ოთახში ჩარაზული კარი უნდა შეემტვრიათ. ოღონდ მოიცადეს, სანამ მის ემილის პატივს მიაგებდნენ.
დიდი წვალებით შეგლეჯილმა კარმა წლობით დაბუდებული მტვერი ააბორიალა. მძაფრი, აკლდამისებრი ჰაერით გაჟღენთილი ოთახი თითქოს საქორწინოდ იყო მორთული და გაწყობილი. ყველაფერი მტვრის სქელ ფენას დაეფარა _ გახუნებული, ვარდისფერი ფარდები, ვარდისფერაბაჟურიანი ნათურები, ტრიუმოზე კოხტად ჩაემწკრივებინათ ნატიფი ბროლის ფლაკონები და მამაკაცის პირსაბანი ნაკრები. თითოეულ ნივთს ვერცხლის ზურგი ჰქონდა _ ისეთი დაბინდული ვერცხლისა, რომ მონოგრამა აღარ იკითხებოდა. შორიახლოს საყელო და ჰალსტუხი ეგდო, თითქოს ახლახან მოიხსნესო. როცა აიღეს, მათ ადგილას, მტვერზე, ნახევარმთვარე დარჩა. სკამზე გადაკიდებული იყო გულმოდგინედ დაკეცილი კოსტუმი, იატაკზე ორი ფეხსაცმელი იდო, გვერდით წინდები ეყარა.
თვითონ კაცი საწოლში იწვა.
კარგა ხანს ვიდექით და უძრავად დავცქეროდით საზარელ, უსიცოცხლო ღიმილს. როგორც ჩანს, კაცი ერთ დროს ვიღაცას მოხვევია, მაგრამ უსასრულო ძილს, სიყვარულზე მეტხანს რომ ცოცხლობს და სიყვარულის გამომეტყველებასც კი ისაკუთრებს, გაუცურებია და სატრფო წაურთმევია. ის, რაც ამ კაცისგან დარჩა, ღამის საცვლის ნარჩენებს ქვეშ გახრწნილიყო და სამუდამოდ საწოლის ნაწილად ქცეულიყო. თვითონაც და ბალიშიც მის გვერდით, ყოვლისგამძლე და ყოვლისდამთრგუნველ მტვერში გახვეულიყო.
მერე მეორე ბალიშზე თავის ნაკვალევი შევნიშნეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა იქიდან რაღაც აიღო; ოდნავ წინ გადავიხარეთ, ნესტოებში უხილავი მტვრის მშრალი, მძაფრი სუნი გვეცა და ფოლადივით რუხი თმის გრძელი კულული დავინახეთ.


ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ
ჟურნალი “ომეგა” #5, 2001



Faulkner contributed five drawings for the 1920 Ole Miss, quite different from those he had done for the 1917 and the 1918 yearbooks. The earlier figures like this one from 1918 were elongated and stylized, whereas the ones in 1920 were pen-and-ink drawings that look very finished and professional - http://www.lib.umich.edu/faulkners-yearbook-drawings
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Mon Aug 15, 2011 3:27 pm

მილან კუნდერა – Milan Kundera (1929)

მოპარული დასავლეთი, ანუ ცენტრალური ევროპის ტრაგედია

1956 წლის ნოემბერში, ახალი ამბების უნგრეთის სააგენტოს დირექტორმა, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საარტილერიო ცეცხლი მის ოფისს მიწასთან გაასწორებდა, მთელ მსოფლიოს გაუგზავნა სასოწარკვეთილი შეტყობინება _ დეპეშა, რომელიც ბუდაპეშტში რუსების შეჭრას იუწყებოდა. ტექსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “ჩვენ დავიხოცებით უნგრეთისა და ევროპისთვის”.
რას ნიშნავდა ეს ფრაზა? იგი უცილობლად ნიშნავდა, რომ რუსული ტანკები ემუქრებოდნენ უნგრეთსა და თვით ევროპას.
მაგრამ რას გულისხმობდა ეს მუქარა? რუსული ტანკები ევროპის საზღვრის გავლით ევროპაში შეჭრას აპირებდნენ? არა. ახალი ამბების უნგრეთის სააგენტოს დირექტორი გულისხმობდა, რომ უნგრეთზე თავდასხმით რუსები ევროპასაც უტევდნენ. იგი მზად იყო სასიკვდილოდ, ოღონდ უნგრეთი დარჩენილიყო უნგრეთად და ევროპის ნაწილად.
ამ ფრაზის აზრი დღეს თითქოს გავიგეთ, მაგრამ იგი მაინც დაგვაფიქრებს. სინამდვილეში საფრანგეთშიც, ამერიკაშიც მიაჩნიათ, რომ შეჭრისას სასწორზე დაიდო პოლიტიკური რეჟიმის არსებობა და არა უნგრეთის ან ევროპის არსებობა.
ამერიკასა და საფრანგეთში არავის ეგონა, რომ ეს უნგრეთს, როგორც ქვეყანას ემუქრება და საერთოდ ვერავინ გაიგო, რატომ მიმართა ევროპას უნგრელმა, რომელიც სიკვდილს თვალს უსწორებდა. როცა სოლჟენიცინი კომუნისტური ჩაგვრის წინააღმდეგ გამოვიდა, განა ევროპას მოუწოდა, როგორც ფუნდამენტური ფასეულობის მატარებელს? არა. “სიკვდილი საკუთარი ქვეყნისა და ევროპისთვის” _ მოსკოვსა და ლენინგრადში ასეთი რამ არავის მოუვა აზრად; მაგრამ ბუდაპეშტსა თუ ვარშავაში სწორედ ასე იფიქრებენ.

* * *
რას ნიშნავს ევროპა უნგრელისთვის, ჩეხისთვის, პოლონელისთვის? ათასწლეულების განმავლობაში ეს ქვეყნები იყო ნაწილი ევროპისა, რომლის საძირკველი გახდა რომაული ქრისტიანობა. მასზეა მიჯაჭვული ამ ხალხების ისტორია. მათთვის სიტყვა “ევროპა” გეოგრაფია კი არ არის, არამედ სულიერების სფეროა და სიტყვა “დასავლეთის” სინონიმია. იმ მომენტში, როცა უნგრეთი აღარ არის ევროპის ნაწილი, იგი აღარც დასავლეთის ნაწილია, მაშასადამე საკუთარ ისტორიას და ბედისწერას, საკუთარ არსს ჰკარგავს.
“გეოგრაფიული ევროპა” (რომელიც ატლანტიკიდან ურალამდეა გადაჭიმული) ყოველთვის ორ ნაწილად იყოფოდა, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ვითარდებოდა: ერთი განუყოფლად უკავშირდებოდა ანტიკურ რომსა და კათოლიკურ ეკლესიას, მეორე _ ბიზანტიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას ეყრდნობოდა. 1945 წლის შემდეგ ამ ორ ევროპას შორის საზღვარმა რამდენიმე ასეული კილომეტრით გადაიწია დასავლეთით, და ერთ მშვენიერ დილას რამდენიმე ერმა, ყოველთვის დასავლეთად რომ მიიჩნევდნენ თავს, აღმოაჩინეს, რომ ახლა აღმოსავლეთში იყვნენ.
ამის შედეგად, ომის მერე ვითარება სხვადასხვაგავარად ჩამოყალიბდა ევროპის სამ ნაწილში: დასავლეთში, აღმოსავლეთში და _ ყველაზე მძაფრად _ იმ ნაწილში, რომელიც გეოგრაფიულად ცენტრშია და რომლის კულტურაც დასავლეთის კუთვნილებაა, პოლიტიკური რეჟიმი კი _ აღმოსავლეთისა.
წინააღმდეგობრიობა ევროპისა, რომელსაც ცენტრალურს ვუწოდებ, გვეხმარება, გავიგოთ, რატომ იყო აქ თავმოყრილი ბოლო ოცდათხუთმეტი წლის ყველაზე დრამატული ევროპული მოვლენები: 1956 წელს უნგრეთის დიდი აჯანყება და ამას მოყოლილი სისხლისღვრა; პრაღის გაზაფხული და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1968 წელს; აჯანყებები პოლონეთში 1956, 1968, 1970 წელს და სულ ცოტა ხნის წინ. თავისი დრამატიზმითა და ისტორიული გავლენით “გეოგრაფიული” (დასავლეთი თუ აღმოსავლეთი) ევროპის ვერც ერთი მოვლენა ვერ შეედრება ცენტრალური ევროპის აჯანყებებს. თითოეულ მათგანს თითქმის უკლებლივ უჭერდა მხარს მთელი მოსახლეობა, და ვერც ერთი რეჟიმი სამ საათსაც კი ვერ გაძლებდა რუსების დაუხმარებლად.
დროა, შევიგნოთ: ის, რაც პრაღასა და ვარშავაში ხდება, საფუძველშივე არ არის აღმოსავლეთ ევროპის, საბჭოთა ბლოკის ან კომუნიზმის დრამა; ესაა დასავლეთის დრამა _ დასავლეთს ემუქრებიან, ავიწროვებენ, ტვინს ულაყებენ, ის კი ჯიუტად იცავს თავის არსს.
ერის ან ცივილიზაციის თვითშეგნება თავმოყრილია იმაში, რასაც “კულტურას” ვუძახით. და თუ ამ თვითშეგნებას გაქრობა ემუქრება, კულტურული ცხოვრების ინტენსივობა შესაბამისად იზრდება, მას სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, სანამ კულტურა ცხოვრებისეულად აუცილებელ ფასეულობად არ იქცევა.
აი, რატომაა, რომ ყოველი ცენტრალურევროპული აჯანყების დროს კულტურული ტრადიცია და თანამედროვეთა შემოქმედება უზარმაზარ და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს _ გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა მასობრივი აჯანყებებისას ევროპაში.
სწორედ უნგრელმა მწერლებმა (თავიანთ ჯგუფს რომანტიკოსი პოეტის შანდორ პეტეფის სახელი რომ დაარქვეს), დაიწყეს რეჟიმის მძაფრი კრიტიკა და მოამზადეს 1956 წლის აფეთქება. 1968 წლის წინაპერიოდში სწორედ თეატრის, კინოს, ლიტერატურისა და ფილოსოფიის გავლენამ მოიტანა პრაღის გაზაფხული. სწორედ დიდი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის პიესის აკრძალვამ გამოიწვია პოლონელი სტუდენტების ცნობილი აჯანყება 1968 წელს. კულტურისა და ცხოვრების, შემოქმედებისა და სახალხო მოძრაობის ამ ბედნიერმა კავშირმა მიანიჭა ცენტრალურევროპის აჯანყებებს განუმეორებელი მომაჯადოებლობა, რომელიც მუდამ ხიბლავდა იმათ, ვინც იმ დროს მოესწრო.

* * *
შეიძლება, მითხრან, ვაღიარებთ, რომ ცენტრალურევროპული ქვეყნები ნამდვილად იცავდნენ საკუთარ იდენტურობას, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მარტო ეგენი არ იყვნენ ამ დღეშიო, რუსეთიც იმავე მდგომარეობაშია. მასაც შეუძლია თვითმყოფადობის დაკარგვაო. არ ვდაობ, ერებს რუსეთი კი არა, კომუნიზმი ართმევს არსს, სახეს და რუს ხალხს თავის პირველ მსხვერპლად აქცევს. რუსული ენა საბჭოთა იმპერიის სხვა ერების ენებს იმიტომ კი არ ახრჩობს, რომ რუსებს სხვების “რუსიფიკაცია” უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა ბიუროკრატიას _ ღრმად არანაციონალურს, ანტინაციონალურს, ნაციონალურის მიღმა დარჩენილს _ ქვეყნის უნიფიკაციისთვის იარაღი სჭირდება.
მესმის ეს ლოგიკა. მესმის რუსების შიშიც, რომ მათ საყვარელი სამშობლო შეიძლება, ვინმეს საზიზღარ კომუნიზმში აერიოს. მაგრამ აუცილებელია, გაუგო პოლონელებსაც, ვისი სამშობლოც, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს ორ მსოფლიო ომს შორის, ორი საუკუნის განმავლობაში ჰყავდა დამონებული რუსეთს, და ჯიუტად და დაუნდობლად განიცდიდა “რუსიფიკაციას” _ ზეწოლას გარუსების მიზნით. ცენტრალურ ევროპაში, დასავლეთის აღმოსავლეთ მიჯნაზე მარტო პოლონელები კი არა, ყველა განსაკუთრებით მგრძნობიარეა რუსული ძლიერებიდან მომავალი მუქარისადმი. ფრანტიშეკ პალაცკიმ, გამოჩენილმა ისტორიკოსმა და XIX საუკუნის ჩეხეთის პოლიტიკური წრის ტიპიურმა წარმომადგენელმა, 1848 წელს ფრანკფურტის რევოლუციურ პარლამენტს მისწერა წერილი, რომელიც ფართოდ გახმაურდა. პალაცკი ჰაბსბურგთა იმპერიის ხანგრძლივ არსებობას ამართლებდა, ვინაიდან ეს იყო ერთადერთი ფარი რუსეთისგან “დერჟავისგან, რომელმაც ჩვენს ეპოქაში უკვე მიაღწია საზარელ ძლიერებას, კიდევ უფრო იკრებს ძალას და დაუძლეველი ხდება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის.”
პალაცკი გვაფრთხილებდა: რუსეთს უნდა, რომ გახდეს “მსოფლიო მონარქია”, იგი მსოფლიოს ბატონობას ესწრაფვის. “რუსული მსოფლიო მონარქია, _ წერდა პალაცკი, _ გიგანტურ, წარმოუდგენელ კატასტროფად, განუზომელ, უსაზღვრო უბედურებად იქცევა.” ცენტრალური ევროპა, პალაცკის აზრით, უნდა იქცეს თანასწორუფლებიანი ხალხების ოჯახად. თითოეული მათგანი პატივს სცემს დანარჩენებს, ძლიერი სახელმწიფო მფარველობს და შეუძლია, თავისი ინდივიდუალობის განვითარება. ეს ოცნება ბოლომდე არასოდეს განხორციელებულა და კვლავინდებურად მძლავრია და მიმზიდველი. ცენტრალური ევროპა ყოველთვის ცდილობდა, თავის მცირე ტერიტორიაზე დაეტია კულტურათა ისეთივე მრავალგვარობა, როგორიც თავმოყრილია მთელ ევროპაში; ქცეულიყო ზეევროპულ ევროპად, მის შემცირებულ ასლად, რომელიც დაეფუძნებოდა ერთადერთ წესს _ მაქსიმალური მრავალფეროვნება მინიმალურ სივრცეზე.
როგორ არ შეძრწუნდებოდა რუსეთის შემხედვარე, რომელიც ემყარება სრულიად საპირისპირო პრინციპს _ მინიმალური მრავალფეროვნება მაქსიმალურ სივრცეზე?
მრავალფეროვნების მოყვარული ცენტრალური ევროპისთვის რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო უცხო, ვიდრე რუსეთი: მონოლითური, ცენტრალიზებული, ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიაში შემავალი ყველა ერის (უკრაინელების, ბელორუსების, სომხების, ლატვიელების და სხვების) გადაქცევას ერთ რუს ხალხად (ან როგორც საყოველთაოდ მიღებული ენობრივი მისტიფიკაციების ეპოქაში იტყვიან “ერთიან საბჭოთა ხალხად”).
და მაინც: კომუნიზმი რუსეთის ისტორიის უარყოფაა თუ მისი განხორციელება? უეჭველად, მისი უარყოფაცაა (მაგალითად, რუსული რელიგიურობის უარყოფა) და განხორციელებაც (ცენტრალიზმისკენ მსწრაფველი ტენდენციებისა და იმპერიული სურვილების განხორციელება).
რუსეთში უპირატესად პირველ ასპექტს ამჩნევენ _ ტრადიციის წყვეტას. დამონებულ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მეორე _ კომუნიზმის მემკვიდრეობითობა.

* * *
მეტისმეტი კატეგორიულობა ხომ არ გამოვიჩინე რუსეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაპირისპირებისას? განა ევროპა, თუნდაც აღმოსავლეთად და დასავლეთად გაყოფილი ევროპა ძველებურად ერთი მთლიანობა, ანტიკური საბერძნეთისა და იუდაისტურ-ქრისტიანული ფილოსოფიის მემკვიდრე არ არის? რასაკვირველია. მეტსაც გეტყვით, მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, ევროპით მოხიბლული რუსეთი მისკენ მიიწევდა. ევროპისთვისაც მიმზიდველი იყო რუსეთი. რილკე ამტკიცებდა, რუსეთი ჩემი სულიერი სამშობლოაო, ყველამ განიცადა გავლენა რუსული რომანებისა, რომლებიც საერთოევროპული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
ყველაფერი ასეა. ორი ევროპის მაშინდელი დაახლოება მშვენიერი, დაუვიწყარი მოგონებაა. მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ კომუნიზმმა რუსეთში ძველი, ანტიდასავლური ფობიები გააღვიძა და უხეშად მიმართა ევროპის წინააღმდეგ. მაგრამ ჩემი განსჯის საგანი არ არის რუსეთი, სპეციალური ცოდნა არ გამაჩნია და მეშინია, მის უკიდეგანო პრობლემებში არ ჩავიკარგო. მხოლოდ ის მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: რუსეთი უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული დერჟავა კი არ არის, არამედ დასავლეთის აღმოსავლეთ მიჯნაზე მდგარი განსაკუთრებული ცივილიზაციაა, სხვა ცივილიზაცია.
ჩესლავ მილოში წიგნში “მშობლიური ევროპა” წერს: XVI და XVII საუკუნეებში პოლონელები რუსებს ეომებოდნენ “გაწელილი საზღვრის გასწვრივ. თავად რუსები მაინცდამაინც არავის აინტერესებდა… ამ ომისას პოლონელებს მხოლოდ სიცარიელე დახვდათ, და ესაა მიზეზი, რომ პოლონელების წარმოდგენით, რუსეთი “სადღაც იქითაა” _ სამყაროს მიღმა.”
კაზიმირ ბრანდისი “ვარშავულ დღიურში” ერთი პოლონელი მწერლის ანა ახმატოვასთან შეხვედრის ამბავს ჰყვება. პოლონელმა დაიჩივლა, ყველა ჩემი ნაწარმოები აკრძალულიაო.
_ ციხეში იჯექით? _ შეაწყვეტინა ახმატოვამ.
_ არა.
_ მწერალთა კავშირიდან მაინც გაგრიცხავდნენ.
_ არა.
ახმატოვას გულწრფელად გაუკვირდა:
_ აბა, რაღა გაწუწუნებთ?
ბრანდისი შენიშნავს: “ჭეშმარიტად რუსული ნუგეშია. ვეღარაფერი შეზარავთ მას მერე, რაც რუსეთს დაემართა. მაგრამ ეს საჩვენო ლოგიკა არ არის. ჩვენ რუსეთის ბედს აღვიქვამთ, როგორც რაღაც უცხოს, ჩვენ რომ არ გვეხება, ამაზე ჩვენ არ ვაგებთ პასუხს. გვთრგუნავს, მაგრამ ჩვენ სხვა ხვედრი გვაქვს. იგივე შემიძლია ვთქვა რუსულ ლიტერატურაზეც. მაშინებს. ახლაც კი თავზარს მცემს გოგოლის ზოგიერთი ნაწარმოები და ყველაფერი, რაც სალტიკოვ-შჩედრინს დაუწერია. მირჩევნია, მაგათ სამყაროზე არაფერი ვიცოდე, არც კი ვიცოდე მისი არსებობა.” ბრანდისის მსჯელობა, რასაკვირველია, გოგოლის მნიშვნელობას კი არ უარყოფს, არამედ საქვეყნოდ აცხადებს მისი პროზის ფურცლებიდან აღმართულ საშინელებას. ეს სამყარო _ თუ საკმაოდ შორიდან შეჰყურებთ _ გვიზიდავს და გვხიბლავს, მაგრამ როგორც კი შიგნით აღმოვჩნდებით, მაშინვე ვხვდებით, რამდენად უცხოა ის ჩვენთვის. არ ვიცი, ეს სამყარო ჩვენსაზე უარესია თუ არა, მაგრამ სხვანაირი ნამდვილად არის: რუსეთში კატასტროფების სხვა (უფრო დიდი) მასშტაბია, სივრცის სხვა სახეა (ისეთი უზარმაზარი, რომ შიგ მთელი ერები იკარგება), დროის სხვა შეგრძნება (ნელი და მოთმინებით აღსავსე), სიცილის, ცხოვრების, სიკვდილის სხვა მანერა.
აი, რატომ იციან ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა: ის, რაც 1945 წლის შემდეგ დაემართათ, უბრალოდ პოლიტიკური კატასტროფა კი არ არის, ესაა შეტევა მათ ცივილიზაციაზე. მათი წინააღმდეგობის სიღრმისეული აზრია ბრძოლა საკუთარი არსის შესანარჩუნებლად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთისთვის თავისი კუთვნილებისთვის.

* * *
არავითარი ილუზია არ დარჩენილა რუსეთის სატელიტ ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმების თაობაზე. მაგრამ გვავიწყდება მათი ტრაგედია: ისინი გაჰქრნენ დასავლეთის პოლიტიკური რუკიდან. რატომ დარჩა შეუმჩნეველი მათი გაქრობა? ჩვენი აზრით, მიზეზი თვით ცენტრალურ ევროპაშია. პოლონელებს, ჩეხებს, სლოვაკებს, უნგრელებს ბობოქარი და ქაოტური ისტორია ჰქონდათ. სახელმწიფოებრიობის ტრადიცია მათთან უფრო სუსტი და მერყევი იყო, ვიდრე დიდ ევროპულ ქვეყნებში. რუსეთსა და გერმანიას შორის ჩაჭყლეტილი ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა მთელი ენერგია გადარჩენისთვის ბრძოლასა და მშობლიური ენის შენარჩუნებას მოახმარეს. ისინი სრულად არასოდეს ჩართულან ევროპის თვითშეგნებაში და დასავლეთის ნაკლებად ცნობილ და მერყევ ნაწილად რჩებოდნენ, თან საკუთარი უცნაური, ძნელად გასაგები ენების ფარდის მიღმა.
ავსტრიულ იმპერიას უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ცენტრალური ევროპისგან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალშუბლიანმა გერმანულმა ნაციონალიზმმა ავსტრიელებს არ დაანება მათი ცენტრალურევროპული მისიის შესრულება.
მათ ვერ შესძლეს თანასწორ ერთა ფედერაციის შექმნა და ეს მარცხი მთელი ევროპისთვის უბედურებად იქცა. თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილო ცენტრალური ევროპის ხალხებმა 1918 წელს იმპერია შიგნიდან ააფეთქეს, არ ესმოდათ, რომ იმპერია ცუდი იყო, მაგრამ ჩასანაცვლებელი არაფერი ჰქონდათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური ევროპა დაიშალა პატარ-პატარა, სუსტ სახელმწიფოებად, რომელთა უღონობამ შესაძლებელი გახადა ჯერ ჰიტლერის მიერ მათი დაპყრობა, შემდეგ სტალინის ტრიუმფი. ალბათ ამ ამბების ხსოვნა აიძულებს ევროპელებს, რომ ცენტრალური ევროპას უყურონ, როგორც კატასტროფების წყაროს.
თუმცა, გულახდილად გითხრათ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ცენტრალური ევროპის შეცდომა “სლავური სამყაროს იდეოლოგიითაა გამოწვეული.” საგანგებოდ ვიყენებ სიტყვას “იდეოლოგია”, რადგან ყოველივე ეს XIX სუკუნეში ჩაფიქრებული პოლიტიკური მისტიფიკაციის ნაწილია.
ჩეხებს (თავიანთი ელიტის გაფრთხილებების მიუხედავად) მოსწონდათ “სლავური იდეოლოგიის” ბავშვურად ფრიალი, ეგონათ, რომ ეს დაიცავდათ გერმანული აგრესიისგან. რუსებმა კი სიამოვნებით გამოიყენეს იგი საკუთარი იმპერიული გეგმების გასამართლებლად. “რუსები ყველაფერს რუსულს სლავურს არქმევენ, რათა მერე ყველაფერ სლავურს რუსული დაარქვან”, _ ასე აფრთხილებდა 1844 წელს დიდი ჩეხი მწერალი კარელ გავლიჩეკი თანამემამულეებს რუსეთით ბრიყვული აღტაცების ხიფათის თაობაზე. მაგრამ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ჩეხებს ათასწლეულების განმავლობაში პირდაპირი შეხება რუსებთან არასოდეს ჰქონიათ. საერთო ენობრივი საფუძვლის მიუხედავად, ჩეხები და რუსები არასდროს ყოფილან ერთი სამყაროს, ერთი ისტორიის, ერთი კულტურის ნაწილი. პოლონელებისა და რუსების ურთიერთობა კი ყოველთვის შეიძლებოდა განსაზღვრულიყო, როგორც “სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა”.
წარმოშობით პოლონელ ჯოზეფ კონრადს აღიზიანებდა იარლიყი “სლავური სული”, რომელსაც მას და მის წიგნებს აწებებდნენ. დაახლოებით სამოცი წლის წინ წერდა: “იმისთვის, რასაც ლიტერატურულ სამყაროში “სლავურ სულს”უწოდებენ, არაფერია უფრო უცხო, ვიდრე პოლონური ხასიათი, თავისი რაინდული ერთგულებით ზნეობრივი შეზღუდვებისადმი და პიროვნების უფლებების გამძაფრებული პატივისცემით”. (როგორ კარგად მესმის! მეც არაფერი ვიცი უფრო უაზრო, ვიგრე ბუნდოვანი სიღრმეების ეს კულტი, ჭრაჭუნა და ცარიელი მსჯელობები “სლავურ სულზე”, რომელსაც პერიოდულად მომაწერენ!)
და მაინც, ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა “სლავური სამყაროს” იდეა. და 1945 წლის შემდეგ ევროპის გაყოფა, რომელმაც ვითომდა სლავური სამყარო გააერთიანა (საწყალი უნგრელებისა და რუმინელების ჩათვლით, ვისი ენებიც, რასაკვირველია, სლავური არ არის _ მაგრამ წვრილმანები რა სალაპარაკოა) თითქმის ბუნებრივ გადაწყვეტილებად აღიქვეს.

* * *
გამოდის, თვითონ ცენტრალური ევროპის ბრალი ყოფილა, რომ დასავლეთმა ვერც კი შენიშნა მისი გაუჩინარება? არც ეგრეა საქმე. XX საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ ევროპას, პოლიტიკური სისუსტის მიუხედავად, დიდი, შესაძლოა, უდიდესი კულტურა ჰქონდა.
უყოყმანოდ აღიარებენ ვენის _ ფროიდისა და მალერის ქალაქის მნიშვნელობას, მაგრამ მნიშვნელობისა და ორიგინალობის ეს გამოვლენა ხომ მხოლოდ სხვა ქალაქებისა და ქვეყნების შემოქმედებითი მონაწილეობის ფონზე იყო შესაძლებელი. ატონალური სისტემა შონბერგის სკოლამ შექმნა, მაგრამ ტონალურ პრინციპზე დაფუძნებული მუსიკის უკიდურესი შესაძლებლობები XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა, უნგრელმა ბელა ბარტოკმა აღმოაჩინა. პრაღელი კაფკასა და ჰაშეკის რომანებმა შექმნა შეუდარებელი კონტრაპუნქტი ვენელი მუზილისა და ბროხის რომანებთან. არაგერმანულენოვან ქვეყნებში 1918 წლის შემდეგ შემოქმედებითმა აქტივობამ მოიმატა კიდეც: ქვეყნიერებამ გაიგო პრაღის ლინგვისტური წრისა და სტრუქტურალიზმის მიღწევების ამბავი. პოლონეთში კი დიადმა სამეულმა _ ვიტოლდ გომბროვიჩმა, ბრუნო შულცმა და სტანისლავ ვიტკევიჩმა _ წინ გაუსწრო 50-იანი წლების ევროპულ მოდერნიზმს, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებულ აბსურდის თეატრს. ჩნდება კითხვა: ეს საყოველთაო კულტურული აღმასვლა უბრალო დამთხვევა იყო? თუ მიზეზი ძველი ტრადიციაა, საერთო წარსული? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური ევროპა მართლა კულტურული მთლიანობაა საკუთარი ისტორიით? და თუ ეს მთლიანობა არსებობს, სადაა მისი საზღვრები?
არ ღირს მათი ზუსტად გავლება სცადო. ცენტრალური ევროპა არ არის სახელმწიფო: ეს განსაკუთრებული კულტურაა ან ბედისწერა. მისი საზღვრები მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს და ისტორიული ვითარების მიხედვით უახლოვდება ერთმანეთს.
მაგალითად, XVI საუკუნის დასასრულს, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიკრიბნენ ინტელექტუალები (მასწავლებლებიც და სტუდენტებიც): ჩეხები, ავსტრიელები, ბავარიელები, საქსონიელები, პოლონელები, ლიტველები, უნგრელები და რუმინელები _ ნიმუში მრავალნაციონალური საზოგადოებისა, სადაც ყოველი ერი შეინარჩუნებდა მშობლიურ ენას. სინამდვილეში სწორედ კარლის უნივერსიტეტის (რომლის რექტორიც ერთ დროს რელიგიური რეფორმატორი იან გუსი იყო) გავლენამ შეუწყო ხელი ბიბლიის პირველი თარგმანების გამოჩენას რუმინულ და უნგრულ ენაზე.
მერე იყო გუსისტური ომები, მათიაშ კორვინის ეპოქის უნგრული რენესანსი, რომელმაც მთელ ევროპაზე იქონია გავლენა, ჰაბსბურგის იმპერიის ჩამოყალიბება სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს _ ბოჰემიის, უნგრეთისა და ავსტრიის გაერთიანების შედეგად, ომები თურქებთან, XVII საუკუნის კონტრრეფორმაცია. ამ ეპოქაში ცენტრალური ევროპის კულტურული თავისებურება გამოვლინდა ბაროკოს აყვავებით, რომელმაც უზარმაზარი სივრცე მოიცვა ზალცბურგიდან ვილნიუსამდე.
ევროპის რუკაზე აღინიშნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: ბაროკოს ცენტრალური ევროპა (ირაციონალური საწყისის უპირატესობით, ფერწერის, ქანდაკებისა და განსაკუთრებით, მუსიკის პრიმატით) და კლასიცისტური საფრანგეთი (რაციონალური უპირატესობით, სადაც პირველ ადგილზე ლიტერატურა და ფილოსოფია იდგა). ბევრს სწორედ ბაროკოს პერიოდი მიაჩნია საფუძვლად საკვირველი აღმასვლისა ცენტრალურევროპულ მუსიკაში, რომელიც განვითარდა ჰაიდნიდან შონბერგამდე, ლისტიდან ბარტოკამდე და იქცა კონცენტრირებულ გამოსახვად გზისა, რომელიც გაიარა მთელი კონტინენტის მუსიკამ.
XIX საუკუნეში ბრძოლამ ეროვნული სახელმწიფოების შესაქმნელად (პოლონელების, უნგრელების, ჩეხების, სლოვაკების, ხორვატების, სლოვენიელების, რუმინელების, ებრაელების ბრძოლამ) ხალხები ერთმანეთთან დააპირისპირა. და მაინც, ყველამ _ დაცალკევებულებმა, ეგოისტურებმა, იზოლირებულებმა _ გაიარა ეგზისტენციური გამოცდა, გაიარა არჩევანი არსებობასა და გაქრობას შორის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და უფრო მრავალრიცხოვან ეთნოსში ჩაკარგვას შორის. იმპერიის მმართველ ერს, ავსტრიელებსაც კი შეექმნათ საფრთხე, რომ უფრო მსხვილ გერმანიას ჩაეყლაპა.
ებრაელებზე აღარაფერს ვამბობ. იმავე ცენტრალურ ევროპაში აღმოცენებული სიონიზმი მათი არჩევანი იყო _ არჩევანი, რომელიც უარყოფდა ასიმილაციას. XX საუკუნე გახდა მოწმე ავსტრიული იმპერიის ნგრევისა, რუსული ოკუპაციისა და ცენტრალურევროპული აჯანყებების გაწელილი პერიოდისა, რაც მსხვილი ფსონი იყო თამაშში გაურკვეველი შედეგით.
ამგვარად, ცენტრალური ევროპა ვერ შემოისაზღვრება და განისაზღვრება პოლიტიკური კორდონებით (ისინი ხელოვნურია, შექმნილია შემოჭრებით, დაპყრობებით, მიტაცებებით), მაგრამ საერთო ხვედრი ისევ და ისევ უყრის თავს ხალხებს წარმოსახვით და უძრავ საზღვრებში, საერთო მოგონებებით, უბედურებებით, ჩხუბით და ტრადიციებით დასახლებულ მხარეში.

(დასასრული ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Mon Aug 15, 2011 3:40 pm

მილან კუნდერა – Milan Kundera (1929)

მოპარული დასავლეთი, ანუ ცენტრალური ევროპის ტრაგედია


(დასასრული)

* * *
ზიგმუნდ ფროიდის მშობლები პოლონეთიდან იყვნენ, თვითონ ზიგმუნდმა კი ბავშვობა მორავიაში გაატარა, ახლა ეს ჩეხოსლოვაკიაა. იქვე გაიზარდნენ ედმუნდ ჰუსერლი და გუსტავ მალერი. პოლონური ფესვები ჰქონდა ვენელ რომანისტს იუზეფ როტს. გამოჩენილი ჩეხი პოეტი იულიუს ზეიერი პრაღაში დაიბადა, ოჯახში, სადაც გერმანულად ლაპარაკობდნენ, და თავისი ლექსებისთვის ჩეხური ენა შეგნებულად აარჩია. ჰერმან კაფკას მშობლიური ენა კი ჩეხური იყო, მაგრამ მისი ვაჟი, ფრანცი, გერმანულად წერდა. 1956 წლის უნგრული აჯანყების მთავარი ფიგურა, ტიბორ დერი იყო ოჯახიდან, სადაც გერმანულად და უნგრულად ლაპარაკობდნენ, ჩემი მეგობარი, მშვენიერი რომანების ავტორი დანილა კურში კი გაიზარდა ოჯახში, სადაც უნგრულად და სერბიულად ლაპარაკობდნენ. საკვირველი წნულებია თითოეული ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელთა ხვედრში. და ყველანი _ ვინც ახლახან ვახსენე, _ ებრაელები იყვნენ. მსოფლიოს არც ერთი სხვა ნაწილი ასე არ განიცდიდა ებრაული სულის გავლენას. ყველგან უცხოები და ყველგან ჩვენიანები, ნაციონალურ განხეთქილებებზე მაღლა მდგომი ებრაელები, იქცნენ XX საუკუნის ცენტრალური ევროპის მთავარ ფაქტორად _ ინტელექტურ დუღაბად, მისი სულის შედედებად, მისი სულიერი ერთობის შემოქმედად. ამიტომაა ჩემთვის ესოდენ ძვირფასი ებრაული მემკვიდრეობა, და ისეთი ვნებითა და ნოსტალგიით ვებღაუჭები, თითქოს ჩემი საკუთარი იყოს.
სხვა მიზეზიცაა, ებრაელები ასე რომ მეძვირფასება _ მათ ხვედრში აირეკლა და კონცენტრირება განიცადა ცენტრალური ევროპის ხვედრმა, იგი სიმბოლოდ იქცა. რა არის ცენტრალური ევროპა? ოლქი ბუნდოვანი საზღვრებით რუსეთსა და გერმანიას შორის, რომელიც დასახლებულია პატარა ერებით. ხაზს ვუსვამ: პატარა ერებით. სინამდვილეში რა არიან ებრაელები, თუ არა პატარა ერი პარ ეხცელლენცე? ერთადერთი პატარა ერი, რომელმაც გაუძლო იმპერიებს და ისტორიის გამაჩანაგებელ სვლას.
მაგრამ რა არის პატარა ერი? მე ასე განვსაზღვრავდი _ ეს ისეთი ერია, რომლის არსებობაც ყოველ წელს შეიძლება სათუო გახდეს, შეიძლება, განადგურდეს და ეს თვითონაც იცის. ფრანგებს, რუსებს, ინგლისელებს არ სჭირდებათ გამუდმებული წუხილი თავისი ერის არსებობაზე. თავიანთ ჰიმნებში მხოლოდ სიდიადესა და მარადიულობაზე მღერიან. პოლონური ჰიმნი კი პირიქით, იწყება სიტყვებით: “პოლონეთი ჯერ არ დაღუპულა…”
ცენტრალური ევროპა მცირე ერების ოჯახია და განსაკუთრებულად უყურებს სამყაროს. ეს თვალსაზრისი ისტორიისადმი განსაკუთრებულ უნდობლობაზეა დამყარებული. ისტორია, ჰეგელისა და მარქსის ღვთაება, ხორცშესხმაა მამოძრავებელი ძალებისა, რომლებიც ჩვენს ბედს განსაზღვრავენ, დამპყრობელთა ისტორიაა.
ცენტრალურევროპული ერები არ არიან დამპყრობლები. ისინი განუყრელნი არიან ევროპული ისტორიისგან, შეუძლებელია მათი წარმოდგენა ევროპის მიღმა, მაგრამ თან ევროპის შეცდომა არიან, მისი მსხვერპლნი და აუტსაიდერები.
ისტორიისადმი ეს გამომაფხიზლებელ დამოკიდებულებაა მათი კულტურის, სიბრძნის, “ირონიული სულისკვეთების” წყარო, სულისკვეთებისა, რომელიც დასცინის სიდიადეს და დიდებას. “გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად ისტორიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გვაძლევს უნარს, შევეეწინააღმდეგოთ დღევანდელ ისტორიას.”
ვიტოლდ გომბროვიჩის ამ სიტყვებს მე ცენტრალური ევროპის შესასვლელთან გამოვკიდებდი. სწორედ ეს მხარე “პატარა ერებისა”, ჯერ რომ არ დაღუპულან, წარმოაჩენს მთელი ევროპის დაუცველობას. თანამედროვე სამყაროში, სადაც რამდენიმე დიდი ქვეყანა გამუდმებით ზრდის თავის ძლევამოსილებას, ყველა ევროპული ერი შეიძლება, მცირე აღმოჩნდეს და ცენტრალურევროპელთა ბედი გაიზიაროს. ამ მხრივ ცენტრალური ევროპის ხვედრი წინ უსწრებს მთელი ევროპის ხვედრს, და მისი კულტურა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. საკმარისია, წავიკითხოთ დიდი ცენტრალურევროპული რომანები: ჰერმან ბროხის “მთვარეულებში” ისტორია იდეალების გამუდმებული დაცემის პროცესია; რობერტ მუზილი “უთვისებო კაცში” ხატავს ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას, რომელსაც არ ესმის, რომ მისი აღსასრული მოახლოებულია; იაროსლავ ჰაშეკის “გულადი ჯარისკაცი შვეიკის” მიხედვით თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა თავი იდიოტად გაასაღო; კაფკა წინასწარმეტყველებს მეხსიერებადაკარგულ სამყაროს, რომელიც იქნება ისტორიის დასასრულის შემდეგ. XX საუკუნის ცენტრალურ ევროპაში შექმნილი ხელოვნების ყველა ნაწარმოები არის ჯიუტი მსჯელობა ევროპული ცივილიზაციის სიკვდილზე.

* * *
დღეს, როცა რუსეთმა დაიმორჩილა მთელი ცენტრალური ევროპა (პატარა ავსტრიის გარდა, რომელმაც შემთხვევით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ ამოიგლიჯა ცენტრალურევროპული გარემოდან), ამ უკანასკნელმა თავისი ყველაზე დამახასიათებელი თვისებებიც დაკარგა და თავისი მნიშვნელობაც. უეჭველია, კულტურის ცენტრალურევროპული კერის გაქრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ამიტომ ვიმეორებ ჩემს კითხვას: როგორ შეიძლებოდა ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო?
პასუხი მარტივია: ევროპამ ვერ შენიშნა ეს გაუჩინარება, რადგან აღარ აღიქვამს თავის ერთიანობას კულტურულ ერთიანობად. მართლაც, რას ეყრდნობოდა ევროპის ერთიანობა? შუა საუკუნეებში _ საერთო რელიგიას. ახალ დროებაში, როცა შუასაუკუნეების ღმერთი Dეუს აბსცონდიტიუს ად გადაიქცა, რელიგიამ ადგილი დაუთმო კულტურას, რომელიც გახდა მატარებელი იმ უმაღლესი ფასეულობებისა, რომელთა დახმარებით ევროპულმა ცივილიზაციამ შეიცნო და განსაზღვრა საკუთარი ევროპულობა. ეტყობა, ჩვენს საუკუნეში მოხდა კიდევ ერთი ცვლილება, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ის, რამაც გამოჰყო ახალი დროება შუა საუკუნეებისგან. როგორც ოდესღაც უფალმა დაუთმო ადგილი კულტურას, სწორედ ისე დაუთმო თავისი ადგილი კულტურამაც…
მაგრამ რას და ვის? რა სახის უმაღლეს ფასეულობებს შეეძლო ევროპის გაერთიანება? მიღწევებს ტექნიკის სფეროში? მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს? (დიდ პოეტს დიდი ჟურნალისტი ჩაანაცვლებს?) თუ პოლიტიკას? მერედა, როგორ პოლიტიკას? მემარჯვენე თუ მემარცხენე? არსებობს კი საყოველთაოდ აღიარებული იდეალი, რომელიც ამაღლდება მემარჯვენეთა და მემარცხენეთა მარტივ და დაუძლეველ მანიქეველობაზე? იქცევა თუ არა იდეალად შემწყნარებლობა, სხვა ხალხის მრწამსისა და აზრების პატივისცემა? და ხომ არ აღმოჩნდება, რომ ეს შემწყნარებლობა უშინაარსოა და უსარგებლო, თუკი მის უკან არ იდგება შემოქმედებითი აქტივობა და ღრმა იდეები? იქნებ, კულტურის უარყოფა უნდა შევაფასოთ განთავისუფლებად ერთგვარი უღლისგან, რომელიც ჩვენც ნეტარებით უნდა ჩამოვიხსნათ? ან იქნებ, ეუს აბსცონდიტიუს კიდევ დაბრუნდება, თავს იჩენს და სიცარიელეს ამოავსებს? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მე მგონი, მხოლოდ ის ვიცი, რომ კულტურამ თავი დაგვიკრა.

* * *
ფრანც ვერფელმა ცხოვრების პირველი მესამედი პრაღაში გაატარა, მეორე _ ვენაში, მესამე _ ემიგრაციაში, ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ამერიკაში. ცენტრალურევროპელის ტიპიური ბიოგრაფიაა. 1937 წელს, ცოლთან, სახელგანთქმულ ალმასთან, მალერის ქვრივთან ერთად ჩამოვიდა პარიზში. ერთა ლიგასთან არსებულმა ინტელექტური თანამშრომლობის საზოგადოებამ მიიწვია კონფერენციაზე “ლიტერატურის მომავალი”. თავის სიტყვაში ვერფელმა გაილაშქრა არამარტო ჰიტლერის, არამედ საერთოდ ტოტალიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ, იდეოლოგიისა და პრესის არასერიოზულობის წინააღმდეგ. მისი აზრით, მსოფლიო კულტურის განადგურების ზღურბლზე აღმოჩნდა და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა პოეტთა და მოაზროვნეთა მსიფლიო აკადემიის (ჭელტაკადემიე დერ Dიცჰტერ უნდ Dენკერ) შექმნით. ამ აკადემიის წევრთა კანდიდატებს არავითარ შემთხვევაში არ წამოაყენებდა სახელმწიფო. შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იქნებოდა თითოეული პრეტენდენტის ნაწარმოებები. აკადემიაში უნდა შესულიყო ოცდაოთხიდან ორმოც მწერლამდე მთელი მსოფლიოდან. პოლიტიკისგან და პროპაგანდისგან თავისუფალი აკადემიის ამოცანა იქნებოდა “წინ აღდგომოდა მსოფლიოს პოლიტიზებასა და გაბარბაროსებას”.
ეს წინადადება არამარტო უარჰყვეს, არამედ მოურიდებლად დასცინეს. რასაკვირველია, გულუბრყვილო შეთავაზება იყო. უსაშველოდ გულუბრყვილო. სულით ხორცამდე პოლიტიზებულ სამყაროში, სადაც მწერლები და მოაზროვნეები საბოლოოდ “გაბანტულები”, პოლიტიკურად ანგაჟირებულები ჰყავდათ, შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებელი აკადემიის შექმნა. ის, უთუოდ კეთილშობილ გულთა სასაცილო კავშირად იქცეოდა. თუმცა ეს გულუბრყვილო წინადადება გულზე მხვდება _ იგი მეტყველებს მძაფრ მოთხოვნილებაზე _ ისევ და ისევ ვეძიოთ ზნეობრივი ორიენტირები ამ უაზრო სამყაროში. იგი ნიშანია მტანჯველი სურვილისა ყური მოვკრათ კულტურის ძლივს გასაგონ ხმას, იცჰტერ უნდ Dენკერ-ის ხმას.
ეს ისტორია ჩემს ცნობიერებაში გადაჯაჭვულია ერთ მოგონებასთან: მახსენდება დილა, როცა პოლიციამ ჩემი მეგობრის, ცნობილი ჩეხი ფილოსოფოსის ბინა გაჩხრიკა და მისი ათასგვერდიანი ნაშრომის ხელნაწერი წაიღო. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვედით გრადჩანიდან, სადაც ჩემი მეგობარი მაშინ ცხოვრობდა, გადავიარეთ მანესის ხიდი და პრაღის ქუჩებს დავუყევით. ცდილობდა, ყველაფერი გაეხუმრებინა: როგორ აპირებს პოლიცია ჩემი ტექსტის გაშიფვრას, ეგ მხოლოდ შეთქმულებს შეუძლიათო. მაგრამ იუმორი ტკივილს ვერ ახშობდა: ხელნაწერი, რომელიც ათი წლის განმავლობაში იქმნებოდა, სამუდამოდ დაკარგული იყო _ ერთადერთი ეგზემპლარი ჰქონდა.
გვინდოდა, საზღვარგარეთ გაგვეგზავნა ღია წერილი და ამ კონფისკაციის გამო სკანდალი აგვეტეხა. სავსებით ნათელი იყო, რომ წერილი სახელმწიფო მოღვაწისთვის ან ორგანიზაციისთვის კი არა, იმისთვის უნდა გაგვეგზავნა, ვინც პოლიტიკაზე მაღლა დგას, ურყევი ზნეობრივი ფასეულობების მატარებლისთვის, ადამიანისთვის, ვისაც მთელი ევროპა იცნობს. ერთი სიტყვით, კულტურის მოღვაწისთვის. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? უეცრად მივხვდით, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს. რასაკვირველია, იყვნენ დიდი ფერმწერები, დრამატურგები და მუსიკოსები, მაგრამ საზოგადოება მათ აღარ მიაკუთვნებდა იმ ზნეობრივი ავტორიტეტების საპატიო როლს, ვინც მთელი ევროპის სულს განასახიერებდნენ. კულტურის სამეფო, სადაც უმაღლესი ფასეულობები მართავენ, აღარ არსებობდა. მივდიოდით ძველი ქალაქის მოედნისკენ, სადაც ვცხოვრობდი, და თავზარდამცემ სიცარიელეს ვგრძნობდი _ სიცარიელეს ევროპული სივრცისა, სადაც თანდათანობით გაჰქრა კულტურა.

* * *
ცენტრალური ევროპის ქვეყნები უკანასკნელად დასავლეთის შემადგენლობაში შედიოდნენ 1918 _ 1938 წლებში. შესაბამისად, მათი წარმოდგენა დასავლეთზე _ ესაა წარმოდგენა დასავლეთზე, რომელიც აღარ არსებობს, დასავლეთზე, რომელსაც ჯერ არ გამომშვიდობებია კულტურა.
ამის გათვალისწინებით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო არსებითი გარემოება: ცენტრალურ ევროპაში აჯანყებები გაზეთებით, რადიოთი ან ტელევიზიით _ ანუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არ იყო ნასაზრდოები. ამ აჯანყებებს ამზადებდა, აყალიბებდა, ამოძრავებდა რომანები, პოეზია, თეატრი, კინო, ისტორიოგრაფია, ლიტერატურული კრიტიკა, პოპულარული კომედიები, კაბარე, ფილოსოფიური დისკუსიები _ ანუ კულტურა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც განუყოფელია ფრანგისთვის ან ამერიკელისთვის იმისგან, რასაც დღეს დასავლეთს უძახიან, არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ამ აჯანყებებთან (პრესას და ტელევიზიას სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა).
აი, რატომ იყო, რომ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ყველაფერი იღონა ჩეხური კულტურის გასანადგურებლად. ამას რომ აკეთებდა, სამი მიზანი ჰქონდა: ჯერ ერთი _ ოპოზიციის საფუძვლის განადგურება; მეორე _ ერის ერთიანობის შერყევა და რუსული ცივილიზაციის მიერ ჩეხების ჩაყლაპვის გაიოლება; მესამე _ ძალადობრივად დასრულება ახალი დროებისა, ეპოქისა, როცა კულტურა ჯერ კიდევ ხორცს ასხამდა უმაღლეს ღირებულებებს. ეს მესამე ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება. არსებითად, ტოტალიტარული რუსული ცივილიზაცია არის რადიკალური უარყოფა თანამედროვე დასავლეთისა, რომელიც ოთხი საუკუნის წინ შეიქმნა ახალი დროის განთიადზე _ ეპოქისა, რომლის პრიორიტეტები იყო მოაზროვნე პიროვნება, ყველაფერი რომ აეჭვებს, და ამ პიროვნების უნიკალურობის ამსახველი ხელოვნების ნაწარმოებები. რუსულმა შემოტევამ ჩეხოსლოვაკია “პოსტკულტურულ” ხანაში გადაიყვანა, გააშიშვლა და დაუცველი დატოვა რუსული არმიისა და ყოვლისმომცველი სახელმწიფო ტელევიზიის წინაშე.
რუსების შემოჭრის სამმაგად ტრაგიკული შედეგით შეძრწუნებული საფრანგეთში ჩამოვედი და ვცადე, ჩემი ფრანგი მეგობრებისთვის მომეთხრო იმ რბევის ამბავი, რაც ჩეხურ კულტურას დაატყდა თავს. “წარმოგიდგენიათ?! ყველა ლიტერატურული და მხატვრული გამოცემა დახურეს! ასეთი რამ ჩეხეთის ისტორიაში არ მომხდარა, ჰიტლერის ოკუპაციის დროსაც კი!”
მეგობრები მისმენდნენ, მოთმინებით მისმენდნენ, მაგრამ თან უხერხულად იშმუშნებოდნენ, რის მიზეზსაც მოგვიანებით მივხვდი. ჩეხოსლოვაკიაში პერიოდული გამოცემების დახურვის ამბავი მთელმა ერმა იცოდა და მთელი ერი გულისტკივილით აცნობიერებდა ამ ამბის მძიმე შედეგებს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უეცრად საფრანგეთისა და ინგლისის მთელი კრიტიკული პერიოდიკა რომ დახურულიყო, ამას ვერავინ (მათ შორის, ვერც მათი გამომცემლები) ვერ შეამჩნევდა.
პარიზში, განათლებულ საზოგადოებაშიც კი, საღამოს შეხვედრებზე არავინ საუბრობს ლიტერატურულ კრიტიკაზე, იქ ტელევიზორში ნანახზე ლაპარაკობენ. კულტურას უკვე ზურგს აქცევდნენ. მისი გაქრობა, პრაღაში რომ კატასტროფად, ტრაგედიად ითვლებოდა და ადამიანებს თავზარს სცემდა, პარიზში აღიქმებოდა, როგორც რაღაც ბანალურ და უმნიშვნელო, ოდნავ შესამჩნევი, და მოვლენად არც მიიჩნევდნენ.

* * *
ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დამხობის შემდეგ ცენტრალურ ევროპას თავისი ციხე-სიმაგრის კედლები ჩამოენგრა. განა სული არ დაჰკარგა ოსვენციმის შემდეგ, რომელმაც მისი რუკიდან აღგავა ებრაელი ხალხი? 1945 წელს ევროპისგან მოგლეჯილი არსებობს კი საერთოდ? რასაკვირველია, და მისი შემოქმედებითი აქტივობა და აჯანყებები მეტყველებს, რომ “ჯერ არ დაღუპულა”. მაგრამ თუკი არსებობა ნიშნავს სიცოცხლეს მათთვის, ვინც გვიყვარს, მაშინ ცენტრალური ევროპა აღარ არის. უსაყვარლესი ევროპისთვის ცენტრალური ევროპა _ უბრალოდ საბჭოთა იმპერიის ნაწილია და მეტი არაფერი, მეტი არაფერი.
კაცმა რომ თქვას, რა გასაკვირია? თავისი პოლიტიკური სისტემის გამოისობით, ცენტრალური ევროპა აღმოსავლეთია; თავისი კულტურის გამოისობით _ დასავლეთი. მაგრამ დღევანდელი ევროპა ხომ ჰკარგავს თავის კულტურულ იდენტურობას, ამიტომ ცენტრალურ ევროპას მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმად აღიქვამს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური ევროპის სახით იგი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას ხედავს.
ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ევროპა უნდა ებრძოლოს არა მხოლოდ თავის დესპოტ მეზობელს, არამედ კიდევ დროის სასტიკ, ოსტატურ ჩაგვრას დროისა, რომელმაც უკვე გემბანს იქით მოიტოვა კულტურის ეპოქა. აი, რატომაა რაღაც კონსერვატული, თითქმის არქაული ცენტრალურევროპულ აჯანყებებში: ისინი თავგანწირვით ცდილობენ წარსულის აღდგენას, წარსულისა, სადაც არის კულტურა; ახალი დროების წარსულისა. მხოლოდ იმ ეპოქაში, იმ სამყაროში, რომელსაც შემოუნახავს კულტურული განზომილება, მოახერხებს ცენტრალური ევროპა, შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა, აღიქვან იმად, რაც არის.
ასე რომ, ცენტრალური ევროპის ჭეშმარიტი ტრაგედია რუსეთი კი არა, ევროპაა: ის ევროპა, რომელიც იმდენად დიდ ფასეულობად წარმოუდგებათ, რომ უნგრეთის ახალი ამბების სააგენტოს დირექტორი მზად იყო, მისთვის თავი გაეწირა. და გასწირა კიდეც. რკინის ფარდის მეორე მხარეს მყოფი, ვერც იფიქრებდა, რომ დრო შეიცვალა და თვით ევროპაშიც კი ევროპას ფასეულობად აღარ აღიქვამენ. არც კი ეჭვობდა, რომ მისი ველ-მინდვრებიანი ქვეყნიდან გაგზავნილი შეტყობინება ძველმოდური მოეჩვენებათ და ვერ გაუგებენ.

1983
თარგმნა ნინო ქაჯაიამ

“ლიტერატურული გაზეთი”, #15 27 ნოემბერი – 10 დეკემბერი 2009

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Sat Aug 20, 2011 10:27 am


The Kabbalah Tree (1985), oil on canvas by the Italian artist Davide Tonato


ხორხე ლუის ბორხესი "შვიდი საღამო"

მეექვსე საღამო
კაბალა


ქალბატონებო და ბატონებო!
კაბალას სახელით ცნობილ განსხვავებულ, ხანდახან კი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიებს საფუძვლად უდევს ჩვენი, დასავლური აზროვნებისთვის სრულიად უცხო ცნება _ წმინდა წიგნის ცნება. მიიჩნევენ, რომ ჩვენთან არის ამგვარი ცნება _ კლასიკური წიგნი. ოსვალდ შპენგლერისა და მისი წიგნის (“ევროპის დაისი”) დახმარებით ალბათ არ გამიჭირდება ჩვენება, რომ ეს ცნებები სრულიად განსხვავებულია. ავიღოთ სიტყვა “კლასიკური”. როგორია მისი ეტიმოლოგია? “კლასიკური” სათავეს იღებს სიტყვიდან “classis” _ “ფრეგატა”, “ესკადრა”. კლასიკური წიგნი _ მოწესრიგებული, აკურატული, “shipshare”, როგორც ინგლისელები ამბობენ. ამ მოკრძალებულ მნიშვნელობასთან ერთად კლასიკური წიგნი ნიშნავს ერთგვარად გამორჩეულს. “დონ კიხოტს”, “კომედიას”, “ფაუსტს” ვუძახით კლასიკურ ნაწარმოებებს.
იმის მიუხედავად, რომ ამ წიგნების კულტი თითქმის უსაზღვროა, მათი აღქმა სხვაგვარია. ბერძნები “ილიადასა” და “ოდისეას” კლასიკად მიიჩნევდნენ. პლუტარქეს სიტყვით, ალექსანდრეს ბალიშის ქვეშ ედო ხმალი და “ილიადა” _ თავისი მეომრული ხვედრის ორი სიმბოლო. თუმცა არც ერთი ბერძენი არ მიიჩნევდა, რომ “ილიადა” სრულყოფილია. ალექსანდრიაში ბიბლიოთეკარები “ილიადას” სასწავლად იკრიბებოდნენ, და შესწავლისას მოიფიქრეს ესოდენ აუცილებელი სასვენი ნიშნები (რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, დავიწყებულია). “ილიადა” გამორჩეული წიგნი იყო, მას პოეზიის მწვერვალად მიიჩნევდნენ, მაგრამ არ ფიქრობდნენ, რომ მასში ყოველი სიტყვა, ყოველი სტრიქონი უცილობელია. ეს სრულიად სხვა დამოკიდებულებაა.
ჰორაციუსი ამბობს: “ხანდახან ჰომეროსიც თვლემს”. მაგრამ არავინ არ იტყვის, ხანდახან სულიწმინდასაც სძინავსო.
ინგლისელი მთარგმნელი ქალღმერთს საერთოდ არ ახსენებს ჰომეროსის სიტყვების გადმოცემისას: “რისხვავ, ქალღმერთო, უმღერე აქილევსს, პელევსის ვაჟს” ნათარგმნია: “An angry man, this is my subject”. მთარგმნელი ტექსტს ეკიდება არა როგორც წიგნს, სადაც ყოველი ასო აღმატებულია, არამედ ისტორიული თვალსაზრისით განიხილავს მას; კლასიკურ ნაწარმოებებს შეისწავლიდნენ და შეისწავლიან ისტორიული თვალსაზრისით, ისინი კონტექსტშია. წმინდა წიგნს სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს.
ახლა განვიხილავთ წიგნს, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ გაამართლო, უარყო, განავითარო ან დააფუძნო თეორია. ანტიკურობაში მიიჩნევდნენ, რომ წიგნი ზეპირი მეტყველების სუროგატია, მას მხოლოდ ამ თვალით უყურებდნენ. გავიხსენოთ ფრაგმენტი პლატონიდან, სადაც ის ამბობს, რომ წიგნები ქანდაკებებს ჰგვანან; ცოცხლები გვგონია, მაგრამ რამეს თუ ვკითხავთ – ვერ გვიპასუხებენ. ამის დასაძლევადაა მოფიქრებული პლატონისეული დიალოგი, რომელიც თემის ყველა შესაძლებლობას ამოწურავს.
კიდევ ჩვენთვის ცნობილია ერთი, ძალიან ლამაზი და ძალიან საინტერესო წერილი, რომელიც, პლუტარქეს თანახმად, ალექსანდრე მაკედონელს გაუგზავნია არისტოტელესთვის. არისტოტელეს ახალი გამოცემული ჰქონია “მეტაფიზიკა”, ანუ, მისი ასლების მომზადება უბრძანებია. ალექსანდრე კიცხავს, ეუბნება, ახლა ყველა გაიგებს იმას, რაც ადრე მხოლოდ რჩეულებმა იცოდნენო. არისტოტელე თავს იმართლებს, უეჭველია, გულწრფელად: “ჩემი ტრაქტატი გამოქვეყნებულიცააა და გამოუქვეყნებელიც.” ითვლებოდა, რომ წიგნი თემას სრულად არ ამოწურავს, მას ერთგვარ ცნობარად მიიჩნევდნენ, ზეპირი სწავლების დამატებად.
ჰერაკლიტე და პლატონი სხვადასხვა მიზეზებით აკრიტიკებდნენ ჰომეროსის ნაწარმოებებს. ამგვარი წიგნები დიდებითაა მოსილი, მაგრამ წმინდად არ ითვლება. ეს სპეციფიურად აღმოსავლური ცნებაა.
პითაგორეს არც ერთი დაწერილი სტრიქონი არ დაუტოვებია. ვარაუდობენ, ალბათ ტექსტით არ იზღუდებოდაო. უნდოდა, რომ მის აზრს გაეგრძელებინა სიცოცხლე და მისი მოწაფეების აზროვნებაში განვითარებულიყო. აქედან მოდის გამოთქმა “Magister dixit”, რომელსაც ყოველთვის არასწორად იყენებენ. “Magister dixit” არ ნიშნავს, რომ “მასწავლებელმა ასე თქვა“ და კამათი დასრულებულია. პითაგორელი გადმოსცემდა თეორიას, რომელიც, შესაძლოა, არ ეყრდნობოდეს პითაგორეს ტრადიციას, მაგალითად, ციკლური დროის თეორიას. მას შეედავებოდნენ: “ეს ტრადიციას არ ეყრდნობა”. პასუხობდა: “Magister dixit”, რაც სიახლის შეტანის საშუალებას აძლევდა. პითაგორე ფიქრობდა, რომ წიგნები ხელ-ფეხს უკრავს ადამიანს, ან წმინდა წერილისა არ იყოს, სიტყვა ჰკლავს და მხოლოდ სული აცოცხლებს.
შპენგლერი მაგიური კულტურისადმი მიძღვნილი წიგნის “ევროპის დაისი” ერთ-ერთ თავში შენიშნავს, რომ მაფიური წიგნის პროტოტიპია ყურანი. მაჰმადიან ღვთისმეტყველთათვის, ულემებისთვის, ყურანი სხვა წიგნებს არა ჰგავს. ეს წიგნი წინ უსწრებს არაბულ ენას (დაუჯერებელია, მაგრამ ასეა); მას ვერ შეისწავლი ვერც ისტორიული, ვერც ფილოლოგიური კუთხით, რადგან იგი არაბებზე უფროსია, იმ ენაზე უფროსია, რომელზეცაა დაწერილი, სამყაროზე უფროსია. ყურანი ღვთის ქმნილებადაც კი არ მიიჩნევა, ეს რაღაც უფრო ახლობელია და უფრო იდუმალი. მართლმორწმუნე მაჰმადიანებისთვის ყურანი ღმერთის ისეთივე ატრიბუტია, როგორიც მისი რისხვა, მოწყალება ან სამართლიანობა. თავად ყურანში ლაპარაკია საიდუმლო წიგნზე, წიგნთა დედაზე, იგი წარმოადგენს არქეტიპს ყურანისა, რომელიც ზეცაშია და ანგელოზები თაყვანს სცემენ.
ასეთია ცნება წმინდა წიგნისა, რომელიც საფუძველშივე განსხვავდება კლასიკური წიგნისგან. წმინდა წიგნში წმინდაა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ მათი შემადგენელი ასოებიც. ამგვარ მიდგომას იყენებენ კაბალისტები წმინდა წერილის შესწავლისას. ჩემი ვარაუდით, კაბალისტების modus operandi ("ქმედების ხერხი") განპირობებულია იუდაისტურ მისტიკაში გნოსტიკოსთა ფილოსოფიის შეტანის სურვილით, რათა წმინდა წერილი მოიხმონ და მართლმორწმუნეებად დარჩნენ. ყოველ შემთხვევაში, თვალსაჩინოა (ალბათ ეს სიტყვა არ უნდა მეხმარა), თუ როგორი იყო და არის modus operandi კაბალისტებისა, რომლებმაც თავიანთ საოცარ მეცნიერებას ხელი მოჰკიდეს საფრანგეთის სამხრეთში, ესპანეთის ჩრდილოეთში _ კატალონიაში, შემდეგ _ იტალიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ბოლოს ისრაელამდე მივიდნენ, მაგრამ მოძღვრება იქიდან არ მოდის, იგი იწყება გნოსტიკოსი მოაზროვნეებისა და კატარებისგან.
აზრი ასეთია: ხუთწიგნეული, თორა – წმინდა წიგნია. უსაზღვრო გონი დამდაბლდა ადამიანურ ამოცანამდე _ შეექმნა წიგნი. სულიწმინდა დამდაბლდა ლიტერატურამდე, რაც ისევე დაუჯერებელია, როგორც ვარაუდი, რომ ღმერთი ისე დამდაბლდა, რომ ადამიანი იყო. მაგრამ სწორედაც დამდაბლდა, პირდაპირი გაგებით. სულიწმინდა დამდაბლდა ლიტერატურამდე და შექმნა წიგნი. ასეთ წიგნში შემთხვევითი არაფერი არ შეიძლება იყოს, მაშინ, როცა ადამიანების დაწერილ ყველა ქმნილებაში არის რაღაც შემთხვევითი.
ცნობილია, თუ რა კრძალვას იწვევს “დონ კიხოტი”, “მაკბეტი” ან “სიმღერა როლანდზე” და ბევრი სხვა წიგნი, რომელიც, უმეტესწილად, თითო ერს თითო აქვს. გამონაკლისია საფრანგეთი, რომელსაც ისეთი მდიდარი ლიტერატურა აქვს, რომ სულ მცირე, ორ კლასიკურ ნაწარმოებს ითვლის, _ თუმცა ამას მოვეშვათ.
კეთილი. თუკი შემთხვევით მავანი ფილოლოგი-სერვანტესოლოგი იტყვის, “დონ კიხოტი” იწყება სიტყვით, რომელიც შედგება სამი ასოსგან (ერთ), მერე მოსდევს ექვსასოიანი სიტყვა (პატარა) და მერე _ ორი სიტყვა, ექვსასოიანი და რვაასოსიანი (სოფელში, პროვინცია), და მოინდომებს აქედან გამოიტანოს დასკვნები, მაშინვე შეშლილად გამოაცხადებენ. ბიბლია კი სწორედ ასე შეისწავლება.
მაგალითად, ამბობენ, რომ იგი იწყება “bet”-ით, სიტყვა “breshit”-ის პირველი ასოთი. რატომ იწყება “bet”-ით? იმიტომ, რომ ებრაულ ენაში ეს საწყისი ასო აღნიშნავს იმავეს, რასაც საწყისი ასო ესპანურ სიტყვაში “bendicion” ("დალოცვა, კურთხევა", ესპანურად), ტექსტი არ შეიძლება, დაიწყოს ასოთი, რომელიც წყევლას შეესაბამება; იგი დალოცვით უნდა იწყებოდეს. “Bet” _ პირველი ასოა ებრაული სიტყვისა “ბრაჯა”, რომელიც ნიშნავს დალოცვას.
არის კიდევ ერთი, ძალზე საინტერესო გარემოება, რომელმაც გავლენა უნდა იქონიოს კაბალაზე: ღმერთმა, ვისი სიტყვებიც მისივე შრომის იარაღია (როგორც მიაჩნია შესანიშნავ მწერალს საავედრა ფახარდოს), სამყარო მხოლოდ სიტყვების დახმარებით შექმნა: “იყავნ ნათელი” _ და გაჩნდა ნათელი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ სამყარო შეიქმნა სიტყვა “ნათელის” დახმარებით. სხვა სიტყვა რომ თქმულიყო და სხვა ინტონაციით, შედეგი იქნებოდა არა ნათელი, არამედ რაღაც სხვა.
მივედით ისეთივე დაუჯერებელ მოსაზრებამდე, როგორიც ისაა, რაზეც წეღან ვლაპარაკობდი; იგი აოცებს ჩვენს დასავლურ გონებას, ყოველ შემთხვევაში, ჩემსას, და ეს უნდა გიამბოთ. მიგვაჩნია, რომ ადრე სიტყვებს წარმოთქვამდნენ, მერე კი წერილობით დაუწყეს გამოსახვა. კაბალა (რომელიც ნიშნავს “გადმოცემას”, “ტრადიციას”) პირიქით, ვარაუდობს, რომ ასოები უფრო ადრე არსებობდა. ანუ თითქოსდა, გამოცდილების საწინააღმდეგოდ, დამწერლობა წინ უსწრებს ზეპირმეტყველებას. მაშინ წერილში შემთხვევითი არაფერია; ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული უნდა იყოს. მაგალითად, ასოების რაოდენობა ყოველ ლექსში.
შემდეგ კაბალისტები ასოებრივ შესაბამისობებს ეძებენ. წერილი განიხილება, როგორც დაშიფრული, კრიპტოგრაფიული ნაწერი, იქმნება მისი წაკითხვის ახალი კანონები. შეიძლება, ავიღოთ წერილის ნებისმიერი ასო და განვიხილოთ, როგორც სხვა სიტყვის საწყისი ასო. ასევე შეიძლება მოქცევა ტექსტის ნებისმიერ ასოსთან დაკავშირებით.
შეიძლება, შეიქმნას ორი ალფავიტი: ერთი, მაგალითად, a-დან l-მდე და მეორე _ l-დან z-მდე, ან შესაბამისი ებრაული ასოდან ასომდე; მიიჩნევა, რომ პირველის ასოები მიესადაგება მეორის ასოებს. მაშინ შეიძლება ტექსტის წაკითხვა ბუსტროფედონის (ბერძნულად რომ ვთქვათ) მეთოდით, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ, მერე მარცხნიდან მარჯვნივ, მერე მარჯვნიდან მარცხნივ. შეიძლება, ასოებს ციფრების მნიშვნელობა მივცეთ. ყოველივე ეს ჰქმნის საიდუმლო დამწერლობას, შეიძლება მისი გაშიფვრა, და შედეგები მნიშვნელობითაა აღსავსე, რადგან წინასწარ იყო განჭვრეტილი ღვთაებრივი გონის მიერ. ამგვარად, მოძღვრებამდე მიდიან ამ კრიპტიგრაფიის მეშვეობით, იმ მოქმედებით, რომელიც პოს “ოქროს ხოჭოს” გვახსენებს.
ჩემი ვარაუდით, მოძღვრება modus operandi-ზე უფრო ადრე გაჩნდა. ასე მგონია, რომ კაბალასაც ის დაემართა, რაც სპინოზას ფილოსოფიას: მათემატიკური წესრიგი მოგვიანებით გაფორმდა. მგონია, რომ კაბალისტებმა გნოსტიკოსების გავლენა განიცადეს და რაკი, ძველებრაულ ტრადიციასთან იყვნენ დაკავშირებულები, გამოძებნეს ეს საკვირველი ხერხი ასოების გაშიფვრისა.
კაბალისტების modus operandi ეფუძნება ლოგიკურ წინაპირობას, აზრს, რომ წერილი სრულყოფილი ტექსტია და არ შეიძლება, რამე შემთხვევითს შეიცავდეს.
სრულყოფილი ტექსტები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის მიერ შექმნილ ტექსტთა შორის. პროზაში დიდი ყურადღება ეთმობა სიტყვების მნიშვნელობას, ლექსებში _ ჟღერადობას. სულიწმინდას მიერ შექმნილ ტექსტში როგორ ვივარაუდოთ სისუსტე, უყურადღებობა? ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს წინასწარგანსაზღვრულობა უდევს საფუძვლად კაბალისტების მოძღვრებას.
თუკი წმინდა წერილი უსასრულო არ არის, მაშ რით განსხვავდება იგი ადამიანთა ნაწარმოებებისგან, რა განსხვავებაა მეფეთა წიგნსა და ისტორიის სახელმძღვანელოს, ქებათაქებასა და პოემას შორის? უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველას ურიცხვი მნიშვნელობა აქვს. სკოტ ერიგუენა ამბობდა, ბიბლიის მნიშვნელობათა რიცხვი უსასრულოაო და მას ფარშევანგის ათასფრად მოელვარე კუდს ადარებდა.
სხვა განმარტებით, წმინდა წერილში ოთხი მნიშვნელობაა. სისტემა ასე გამოიყურება: ჯერ _ არსება, რომელიც სპინოზას ღმერთსა ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ სპინოზას ღმერთი უსაზღვროდ მდიდარია; ენ-სოფი, პირიქით, უსაზღვროდ ღატაკად წარმოგვიდგება. ლაპარაკია პირველად არსებაზე, მაზე ვერ ვიტყვით _ “არსებობს”, რადგან არსებობენ ვარსკვლავები, ადამიანები, ჭიანჭველები. როგორ შეიძლება, ერთ კატეგორიას მივეკუთვნებოდეთ? არა, ეს პირველადი არსება არ არსებობს. მასზე ვერ იტყვი, აზროვნებსო, ვინაიდან აზროვნება ლოგიკური პროცესია, რომელიც წანამძღვარიდან დასკვნისკენ მიდის. ვერ იტყვი, რამე უნდაო, რადგან სურვილი ნიშნავს, გრძნობდე, რომ რაღაც გაკლია. და ვერ იტყვი, ქმნისო, რადგან შექმნა ნიშნავს, მიზნის დასახვასა და მიღწევას. გარდა ამისა, თუკი ენ-სოფი უსასრულოა (სხვადასხვა კაბალისტები მას ადარებენ ზღვას _ უსასრულობის სიმბოლოს), როგორ შეუძლია რამე სხვა ისურვოს? და რა შეუძლია, შექმნას, თუ არა მეორე უსასრულო არსება, რომელიც მას შეერწყმის? რაკი საუბედუროდ, გარდაუვალია სამყაროს შექმნა, არსებობს ათი ემანაცია, სეფორიტები, რომლებიც მისგან წარმოიშვებიან, მაგრამ მასზე გვიანდელები არ არიან.
იდეა მარადიული არსებისა, რომლისგანაც ყოველთვის მომდინარეობს ათი ემანაცია, რთული გასაგებია. ეს ათი ემანაცია ერთიმეორისგან წარმოიშვება. ტექსტში წერია, რომ ისინი შეესაბამება ხელის ათ თითს. პირველ ემანაციას ეწოდება გვირგვინი, და ის შეიძლება შევადაროთ ენ-სოფისგან მომდინარე სინათლის სხივს, სხივს, რომელიც მას არ ამცირებს: უსასრულო არსება ვერ დაპატარავდება. გვირგვინისგან იფრქვევა შემდეგი ემანაცია, მისგან კიდევ სხვა, მერე კიდევ და ასე ათამდე. პირველი მათგანი ემსახურება უზენაეს არსებასთან კავშირს: მეორე, ძირითადი, არსს გამოხატავს: მესამე განკუთვნილია უმდაბლეს ემანაციასთან კავშირისთვის.
ათი სეფიროტი ქმნის ადამიანს, სახელად ადამ კადმონს, ეს ადამიანი-არქეტიპია. ადამ კადმონი ზეცაშია, და ჩვენ მის ანარეკლს წარმოვადგენთ. ეს ადამიანი შექმნილია ათი ემანაციით, და ასხივებს ერთ სამყაროს, მეორეს და ასე ოთხამდე. მესამე ჩვენი მატერიალური სამყაროა, მეოთხე _ ჯოჯოხეთი. ყველა ადამ კადმონშია, რომელიც მოიცავს ადამიანს და მის მიკროკოსმოსს, ყველაფერს.
აქ არ არის ლაპარაკი ფილოსოფიის ისტორიის მუზეუმის ექსპონატზე; ჩემი აზრით, შესაძლებელია ამ სისტემის გამოყენება: ის შეიძლება, ემსახურებოდეს ჩვენს ფიქრებს, სამყაროს გაგების ცდას. გნოსტიკოსები რამდენიმე საუკუნით უსწრებდნენ წინ კაბალისტებს; მათ ჰქონდათ მსგავსი სისტემა, რომელიც გულისხმობდა მოუხელთებელ ღმერთს _ მას სახელად Pleroma (მთლიანობა) ჰქვია და ასხივებს სხვა ღმერთს (ირინეის ერეტიკულ ვერსიას), ეს ღმერთი _ კიდევ ერთ ემანაციას, ის _ კიდევ შემდეგს და ყოველი მათგანი ქმნის ზეცას (ემანაციების მთელი კოშკია). მივდივართ რიცხვამდე 365, რამდენადაც აქ ჩარეულია ასტროლოგია. უკანასკნელ ემანაციამდე რომ მივაღწევთ, ვხვდებით ღმერთს, სახელად იეღოვა, რომელიც ქმნის ამ ქვეყნიერებას. რატომ არის მის მიერ შექმნილი ქვეყნიერება სავსე შეცდომებით, საშინელებით, ცოდვებით, ფიზიკური ტკივილით, სავსე სინდისის ქენჯნით, სავსე დანაშაულით? ღვთიურობა კლებულობს და იეღოვა ქმნის შეცდომებისკენ მიდრეკილ სამყაროს.
იმავე სქემას იმეორებს ათი სეფიროტი და მათი შექმნილი ოთხი სამყარო. ეს ათი ემანაცია რაც უფრო შორდება ენ-სოფს, უსასრულობას, “საიდუმლოთა” საიდუმლოს, _ როგორც ამბობენ კაბალისტები თავიანთ, ხატოვან ენაზე _ მით უფრო ჰკარგავს ძალას და სწორედ ამგვარად ჰქმნის ამ ქვეყნიერებას. ქვეყნიერებას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უამრავ შეცდომას ჩავდივართ, მზად ვართ უბედურებებისა და წარმავალი წარმატებისთვის. ეს აზრი აბსურდული არ არის; ჩვენ აღმოვჩნდით ბოროტების მარადიული პრობლემის წინაშე, იგი დიდებულადაა გადმოცემული იობის წიგნში, რომელიც ფროიდის აზრით, მთელი მსოფლიოს ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია.
გაიხსენეთ იობის ამბავი. ესაა მართალი ადამიანი, რომელსაც დევნიან, ადამიანი, რომელსაც უნდა, უფლის წინაშე გამართლდეს, მეგობრებისგან გაკიცხული ადამიანი, ადამიანი, რომელსაც სამართლიანობის იმედი აქვს; და ბოლოს უფალი იობს ქარიშხლიდან პასუხობს. ამბობს, რომ შორსაა ადამიანური საზომისგან. ამის დასტურად მაგალითად მოჰყავს თავისივე შექმნილი ბეჰემოთი და ვეშაპი. უნდა შევიგრძნოთ, შენიშნავს მაქს ბროდი, რომ ბეჰემოთი “Begemoth” (“მხეცები”) ისეთი უზარმაზარია, რომ სახელი მრავლობით რიცხვში ჰქვია, ლევიათანი კი შეიძლება, ორიდან ერთ-ერთი ცხოველი იყოს _ ნიანგი ან ვეშაპი. ღმერთი ამბობს, რომ იგი ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ეს ურჩხულები და ადამიანური საზომებით ვერ განიზომება.
ამასვე ასკვნის სპინოზა _ ამბობს, როცა ადამიანი ღმერთს ადამიანურ თვისებებს სძენს, ეს იგივეა, რაც სამკუთხედი რომ ღმერთს მიიჩნევდეს სამკუთხედად უმაღლეს ხარისხშიო. იმის თქმა, რომ ღმერთი სამართლიანია, გულმოწყალეა _ ისეთივე გამოვლინებაა ანთროპომორფიზმისა, როგორც მტკიცება, რომ ღმერთს აქვს სახე, თვალები ან ხელები. და აი, ჩვენ გვაქვს უმაღლესი ღვთაება და უდაბლესი რიგის ემანაცია. “ემანაცია” შესაფერისი სიტყვა ჩანს, რადგან ღმერთი არ შეიძლება, დამნაშავე იყოს _ როგორც შოპენჰაუერი ამბობდა, დამნაშავეა არა მეფე, არამედ მინისტრები; ჩვენს სამყაროს ემანაციები ჰქმნის.
არსებობს რამდენიმე მცდელობა ბოროტების გამართლებისა. დავიწყებ თეოლოგების კლასიკური განსაზღვრებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოროტება უარყოფაა და თუ იტყვი “ბოროტი”, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კონსტატაციას უკეთებ სიკეთის არყოფნას; ასეთი გამართლება ყალბი მოეჩვენება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეგრძნების უნარი აქვს. ნებისმიერი ფიზიკური ტკივილი თუ არა მეტი, არც ნაკლები შეგრძნებაა, ვიდრე ნებისმიერი ტკბობა. უბედურება _ არც ბედნიერების გარეშე ყოფნაა, არც მისი უარყოფა; როცა ცუდად ვართ, ვგრძნობთ უბედურების არსებობას.
ბოროტების არსებობის დასაცავად არსებობს ლეიბნიცის მტკიცებულება _ ძალზე მოხდენილი, მაგრამ ისეთივე ყალბი.
წარმოვიდგინოთ ორი ბიბლიოთეკა. ერთი შედგება “ენეიდას” ათასი ეგზემპლარისგან, რომელიც ითვლება სრულყოფილ წიგნად და შესაძლოა, ასეთიცაა. მეორე ბიბლიოთეკაში _ სხვადასხვა ღირსების ათასი წიგნია, მათ შორის _ “ენეიდას” ტომი. რომელი ბიბლიოთეკა სჯობს? რასაკვირველია, მეორე. ლეიბნიცი ასკვნის, რომ ბოროტება აუცილებელია სამყაროს მრავალფეროვნებისთვის.
მეორე, ჩვეულებრივ მოყვანილი მაგალითი _ ესაა მაგალითი სურათით. მშვენიერი სურათით, ვთქვათ რემბრანდტისა. ტილოზე მუქი ფერები ბოროტებას შეესაბამება. როცა ლეიბნიცი ტილოსა და წიგნის მაგალითს იშველიებს, აშკარად ავიწყდება, რომ ერთია, თუ ბიბლიოთეკაში ცუდი წიგნებია, და მეორეა _ თუ ასეთი წიგნი ხარ. თუ ასეთ წიგნთა რიცხვს განვეკუთვნებით, ჯოჯოხეთისთვისა ვართ განწირულები.
ყველას არა აქვს უნარი _ არ ვიცი, მე მაქვს თუ არა, _ კირკეგორის ექსტაზისა, რომელმაც თქვა, თუკი სამყაროს მრავალფეროვნებისთვის აუცილებელია, რომ ჯოჯოხეთში ერთადერთი სული იყოს და ეს სული ჩემია, მაშინ ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან შევასხამს ხოტბას ყოვლისშემძლე უფალსო.
არ ვიცი, იოლია თუ არა, ამას გრძნობდე; არ ვიცი, ისევ ასე იფიქრებდა თუ არა კირკეგორი, ჯოჯოხეთში რამდენიმე წუთი რომ გაეტარებინა. მაგრამ, როგორც ხედავთ, აზრი ეხება უმთავრეს პრობლემას _ ბოროტების არსებობის პრობლემას, რომელსაც გნოსტიკოსები და კაბალისტები ერთნაირად წყვეტდნენ.
ამ პრობლემას წყვეტენ, როცა ამბობენ, რომ სამყარო _ არასრულყოფილი ღვთაების ქმნილებაა, ვისი ღვთაებრიობაც ნულის ტოლია. ანუ ღმერთუკასი და არა ღვთისა, ღმერთუკასი, რომელიც ღმერთზე გაცილებით დაბლა დგას. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ჩვენს გონებას, საქმე ჰქონდეს ისეთ განუსაზღვრელ ცნებებთან, როგორიცაა ღმერთი და ღვთაებრიობა; ან ვასილიდის თეორიასთან, გნოსტიკოსების თეორიასთან 365-სა და ემანაციებზე. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ არასრულყოფილი ღვთაების იდეა _ ღვთაებისა, რომელმაც უნდა შეაწებოს ეს სამყარო შეუფერებელი მასალისგან. აქ მივდივართ ბერნარდ შოუს აზრთან. იგი ამბობს: “ღმერთი ახლა იქმნება.” ღმერთი არ მიეკუთვნება წარსულს, შესაძლოა, არ მიეკუთვნება აწმყოს; ღმერთი მარადიულობაა. ღმერთი შეიძლება იყოს მომავალი; თუკი კეთილშობილები, გონიერები, ნათელები ვართ, ღმერთის შექმნას ვეხმარებით.
უელსის “მარადიულ ცეცხლში” სიუჟეტი და გმირი იობს გვაგონებს. ნარკოზის ზემოქმედებით გმირს ელანდება ღარიბულად მოწყობილი ლაბორატორია, სადაც ბერიკაცი მუშაობს. ეს ღმერთია; ნაწყენი ჩანს. “რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, _ ამბობს იგი, _ მაგრამ იძულებული ვარ, ძალიან რთულ მასალაზე ვიმუშაო.” ბოროტება ღვთის ურჩი მასალაა, სიკეთეE კი სიკეთეა. საბოლოოდ სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს და იმარჯვებს კიდეც. არ ვიცი, გვჯერა თუ არა პროგრესისა, მე მგონი, გვჯერა, ყოველ შემთხვევაში, გენეტიკური სპირალისა _ წინ მივდივართ და უკან ვბრუნდებით, მაგრამ საბოლოოდ უკეთესები ვხდებით. შეიძლება თუ არა ასე ლაპარაკი ჩვენს სასტიკ ეპოქაში? ახლაც აჰყავთ ტყვეები და ადამიანებს ამწყვდევენ ციხეებში, ან შესაძლოა, საკონცენტრაციო ბანაკებში. ალექსანდრე მაკედონელის დროს ბუნებრივი იყო, რომ გამარჯვებულთა ჯარი ყველა დამარცხებულს ჰკლავდა და მიწასთან ასწორებდა დაპყრობილ ქალაქს. შესაძლოა, უფრო გონიერებიც გავხდით. ამის მოკრძალებული მაგალითია _ ჩვენი ინტერესი იმის მიმართ, რასაც კაბალისტები ამბობდნენ. ჩვენი გონება ღიაა, და მზად ვართ, შევისწავლოთ არამარტო ზოგიერთის გონიერება, არამედ სხვების სისულელეც, და კიდევ სხვების ცრურწმენაც. კაბალა მხოლოდ სამუზეუმოდ გამოდგება, იგი აზროვნების მეტაფორის სახეობას წარმოადგენს.
ახლა მინდა, ერთ-ერთ მითზე გითხრათ, კაბალას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლეგენდაზე _ გოლემზე, მაირინკს ცნობილი რომანი რომ შთააგონა, მე კი _ ლექსი. ღმერთმა აიღო მიწის ბელტი (“ადამი” ნიშნავს “წითელ მიწას”), შთაბერა სიცოცხლე და შექმნა ადამი, რომელიც კაბალისტებისთვის გახდა პირველი გოლემი. ის შექმნა ღვთაებრივმა სიტყვამ, სიცოცხლის სუნთქვამ; რაკი კაბალა მიიჩნევს, რომ მთელი ხუთწიგნეული _ ღვთის სახელია, სადაც ასოებია გადაადგილებული, მაშინ თუ ვინმე ფლობს ღვთის სახელს ან შეიტყობს ტეტრაგრამატონს _ ღვთის სახელს, რომელიც ოთხი ასოსგან შედგება, _ და შესძლებს მის სწორად წარმოთქმას, იმასაც შესძლებს, შექმნას სამყარო და შექმნას გოლემი-ადამიანი.
ლეგენდები გოლემზე ჩინებულად გამოიყენა გერშომ შოლემმა “კაბალის სიმბოლიკაში”, რომელიც ახლახან წავიკითხე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე გასაგები წიგნია ამ თემაზე, რადან დავრწმუნდი, რომ თითქმის უსარგებლოა ორიგინალური წყაროების ძიება. წავიკითხე შესანიშნავი და, ვფიქრობ, სწორი თარგმანი (ებრაული, რასაკვირველია, არ ვიცი) “სეფერ იეცირისა”, ან შექმნის წიგნისა ლეონ დუხოვნის მიერ. წავიკითხე “ზოგარის” ან გასხივოსნების წიგნის თარგმანი. მაგრამ ეს წიგნები კაბალას სასწავლად კი არაა დაწერილი, არამედ მის ჩასანერგად, რათა კაბალას შემსწავლელმა შესძლოს მათი წაკითხვა და შეგრძნება, როგორ ჰმატებენ ისინი ძალას; თუმცა სრულ სიმართლეს არ ამბობენ ისევე, როგორც არისტოტელეს გამოქვეყნებული და იმავე დროს გამოუქვეყნებული ტრაქტატები.
დავუბრუნდეთ გოლემს. ერთი რაბინი შეიტყობს ან ჩასწვდება ღვთის სახელის საიდუმლოს, წარმოთქვამს ადამიანის თიხის ფიგურასთან, გააცოცხლებს მას და თავის ქმნილებას გოლემს უწოდებს. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით რაბინი გოლემს შუბლზე დააწერს სიტყვას EMET, რომელიც ჭეშმარიტებას აღნიშნავს. გოლემი ზრდას იწყებს. დგება მომენტი, როცა ბატონი ვეღარ სწვდება. ის გოლემს სთხოვს, ფეხსაცმლის ზონარი შემიკარიო. გოლემი დაიხრება, და რაბინი ახერხებს, სიტყვა EMET-ის პირველი ასოს წაშლას. რჩება MET _ სიკვდილი. გოლემი მტვრად იქცევა.
მეორე ლეგენდის თანახმად, რაბინმა თუ რამდენიმე რაბინმა შექმნეს გოლემი და იგი სხვა რაბინს გაუგზავნეს, იმასაც შეეძლო გოლემის შექმნა, მაგრამ განზე იდგა ამგვარი ამაოებისგან. რაბინი მიმართავს გოლემს, მაგრამ მას არ გააჩნია გაგებისა და ლაპარაკის უნარი. რაბინი წარმოთქვამს: “შენ, ჯადოქრების ქმნილებავ, ისევ მტვრად იქეც”. გოლემი იშლება.
და ბოლოს, შოლემის მიერ ნაამბობი კიდევ ერთი ლეგენდა. უამრავმა მოსწავლემ (ერთ ადამიანს არ შეუძლია შესაქმის წიგნის შესწავლა და გაგება) შესძლო გოლემის შექმნა. ის ქვეყნიერებას ხელში ხანჯლით მოევლინება და თავის შემქმნელებს ემუდარება, მომკალითო, რადგან თუკი იცოცხლებს, შეიძლება, თაყვანი სცენ, როგორც კერპს. ისრაელისთვის, ისევე, როგორც პროტესტანტობისთვის, კერპთაყვანისმცემლობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. მოწაფეები ჰკლავენ გოლემს.
მე რამდენიმე ლეგენდა გადმოგეცით და მინდა მივუბრუნდე თეორიას, რომელიც საყურადღებოდ მეჩვენება. თითოეულ ჩვენგანში არის ღვთიურის ნაწილაკი. ეს ქვეყანა, როგორც ჩანს, არ არის ყოვლისშემძლე და სამართლიანი უფლის ქმნილება, ის ჩვენზეა დამოკიდებული. ამას გვასწავლის კაბალა, რომლიც შორსაა იმისგან, რომ იყოს ისტორიკოსების ან ლინგვისტების შესწავლის ობიექტი. ისევე, როგორც ჰიუგოს ცნობილი ლექსი “Cela dit la bouche d’ombre” ("რა იხილა ჩრდილმა", ფრანგული), კაბალა ასწავლის თეორიას, რომელსაც ბერძნები უძახდნენ apokatasis, და რომლის თანახმად, ყველა ქმნილება, თვით კაენი და ეშმაც კი, ხანგრძლივი გარდასახვის შემდეგ შეერწყმიან ღვთაებას, რომელსაც ოდესღაც განშორდნენ.


"ჩვენი მწერლობა", 19 აგვისტო, 2011, #17 (147)


study

"ჩვენი მწერლობა", 19 აგვისტო, 2011, #17 (147) - ამ ნომერში შეეშალათ და მეექვსე საღამო, რომელიც კაბალას მიუძღვნა ბორხესმა, მეშვიდედ მოიხსენიეს. არადა, მეშვიდე საღამო არის "სიბრმავე", იხილეთ ბმულზე – http://lib.ru/BORHES/7wecherow.txt – და ეს შეცდომა უნდა გასწორდეს მომდევნო ნომერში...


Last edited by Admin on Sat Aug 20, 2011 11:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Sat Aug 20, 2011 11:20 am

Admin wrote:

ხორხე ლუის ბორხესი "შვიდი საღამო"

მეექვსე საღამო
კაბალა

ახლა მინდა, ერთ-ერთ მითზე გითხრათ, კაბალას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლეგენდაზე _ გოლემზე, მაირინკს ცნობილი რომანი რომ შთააგონა, მე კი _ ლექსი. ღმერთმა აიღო მიწის ბელტი (“ადამი” ნიშნავს “წითელ მიწას”), შთაბერა სიცოცხლე და შექმნა ადამი, რომელიც კაბალისტებისთვის გახდა პირველი გოლემი. ის შექმნა ღვთაებრივმა სიტყვამ, სიცოცხლის სუნთქვამ; რაკი კაბალა მიიჩნევს, რომ მთელი ხუთწიგნეული _ ღვთის სახელია, სადაც ასოებია გადაადგილებული, მაშინ თუ ვინმე ფლობს ღვთის სახელს ან შეიტყობს ტეტრაგრამატონს _ ღვთის სახელს, რომელიც ოთხი ასოსგან შედგება, _ და შესძლებს მის სწორად წარმოთქმას, იმასაც შესძლებს, შექმნას სამყარო და შექმნას გოლემი-ადამიანი.
ლეგენდები გოლემზე ჩინებულად გამოიყენა გერშომ შოლემმა “კაბალის სიმბოლიკაში”, რომელიც ახლახან წავიკითხე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე გასაგები წიგნია ამ თემაზე, რადან დავრწმუნდი, რომ თითქმის უსარგებლოა ორიგინალური წყაროების ძიება. წავიკითხე შესანიშნავი და, ვფიქრობ, სწორი თარგმანი (ებრაული, რასაკვირველია, არ ვიცი) “სეფერ იეცირისა”, ან შექმნის წიგნისა ლეონ დუხოვნის მიერ. წავიკითხე “ზოგარის” ან გასხივოსნების წიგნის თარგმანი. მაგრამ ეს წიგნები კაბალას სასწავლად კი არაა დაწერილი, არამედ მის ჩასანერგად, რათა კაბალას შემსწავლელმა შესძლოს მათი წაკითხვა და შეგრძნება, როგორ ჰმატებენ ისინი ძალას; თუმცა სრულ სიმართლეს არ ამბობენ ისევე, როგორც არისტოტელეს გამოქვეყნებული და იმავე დროს გამოუქვეყნებული ტრაქტატები.
დავუბრუნდეთ გოლემს. ერთი რაბინი შეიტყობს ან ჩასწვდება ღვთის სახელის საიდუმლოს, წარმოთქვამს ადამიანის თიხის ფიგურასთან, გააცოცხლებს მას და თავის ქმნილებას გოლემს უწოდებს. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით რაბინი გოლემს შუბლზე დააწერს სიტყვას EMET, რომელიც ჭეშმარიტებას აღნიშნავს. გოლემი ზრდას იწყებს. დგება მომენტი, როცა ბატონი ვეღარ სწვდება. ის გოლემს სთხოვს, ფეხსაცმლის ზონარი შემიკარიო. გოლემი დაიხრება, და რაბინი ახერხებს, სიტყვა EMET-ის პირველი ასოს წაშლას. რჩება MET _ სიკვდილი. გოლემი მტვრად იქცევა.
მეორე ლეგენდის თანახმად, რაბინმა თუ რამდენიმე რაბინმა შექმნეს გოლემი და იგი სხვა რაბინს გაუგზავნეს, იმასაც შეეძლო გოლემის შექმნა, მაგრამ განზე იდგა ამგვარი ამაოებისგან. რაბინი მიმართავს გოლემს, მაგრამ მას არ გააჩნია გაგებისა და ლაპარაკის უნარი. რაბინი წარმოთქვამს: “შენ, ჯადოქრების ქმნილებავ, ისევ მტვრად იქეც”. გოლემი იშლება.
და ბოლოს, შოლემის მიერ ნაამბობი კიდევ ერთი ლეგენდა. უამრავმა მოსწავლემ (ერთ ადამიანს არ შეუძლია შესაქმის წიგნის შესწავლა და გაგება) შესძლო გოლემის შექმნა. ის ქვეყნიერებას ხელში ხანჯლით მოევლინება და თავის შემქმნელებს ემუდარება, მომკალითო, რადგან თუკი იცოცხლებს, შეიძლება, თაყვანი სცენ, როგორც კერპს. ისრაელისთვის, ისევე, როგორც პროტესტანტობისთვის, კერპთაყვანისმცემლობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. მოწაფეები ჰკლავენ გოლემს.
მე რამდენიმე ლეგენდა გადმოგეცით და მინდა მივუბრუნდე თეორიას, რომელიც საყურადღებოდ მეჩვენება. თითოეულ ჩვენგანში არის ღვთიურის ნაწილაკი. ეს ქვეყანა, როგორც ჩანს, არ არის ყოვლისშემძლე და სამართლიანი უფლის ქმნილება, ის ჩვენზეა დამოკიდებული. ამას გვასწავლის კაბალა, რომლიც შორსაა იმისგან, რომ იყოს ისტორიკოსების ან ლინგვისტების შესწავლის ობიექტი. ისევე, როგორც ჰიუგოს ცნობილი ლექსი “Cela dit la bouche d’ombre” ("რა იხილა ჩრდილმა", ფრანგული), კაბალა ასწავლის თეორიას, რომელსაც ბერძნები უძახდნენ apokatasis, და რომლის თანახმად, ყველა ქმნილება, თვით კაენი და ეშმაც კი, ხანგრძლივი გარდასახვის შემდეგ შეერწყმიან ღვთაებას, რომელსაც ოდესღაც განშორდნენ.


"ჩვენი მწერლობა", 19 აგვისტო, 2011, #17 (147)


study

Idea

გთავაზობთ ამ ლექციაში მოხსენიებული ბორხესის ლექსის "გოლემი" რუსულ თარგმანს.
და, კარგი იქნებოდა, ქართული თარგმანიც არსებულიყო...

Хорхе Луис Борхес

Голем


Перевод Б.Дубина
Из книги "Иной и прежний" ("El otro, el mismo") 1964


Когда и впрямь (как знаем из «Кратила»)
Прообраз вещи — наименованье,
То роза спит уже в её названьи,
Как в слове «Нил» струятся воды Нила.

Но имя есть, чьим гласным и согласным
Доверено быть тайнописью Бога,
И мощь Его покоится глубоко
В том начертанье — точном и ужасном.

Адам и звезды знали в кущах рая
То имя, что налетом ржави
Грех (по учению Каббалы), из яви
И памяти людей его стирая.

Но мир живёт уловками людскими
С их простодушьем. И народ Завета,
Как знаем, даже заключенный в гетто,
Отыскивал развеянное имя.

И не о мучимых слепой гордыней
Прокрасться тенью в смутные анналы —
История вовек не забывала
О Старой Праге и её раввине.

Желая знать скрываемое Богом,
Он занялся бессменным испытаньем
Букв и, приглядываясь к сочетаньям,
Сложил то Имя, бывшее Чертогом,

Ключами и Вратами — всем на свете,
Шепча его над куклой бессловестной,
Что сотворил, дабы открыть из бездны
Письмен, Просторов и Тысячелетий.

А созданный глядел на окруженье,
С трудом разъяв дремотные ресницы,
И не поняв, что под рукой теснится,
Неловко сделал первое движенье.

Но (как и всякий) он попался в сети
Слов, чтобы в них плутать всё безысходней:
«Потом» и «Прежде», «Завтра» и «Сегодня»
«Я», «Ты», «Налево», «Вправо», «Те» и «Эти»

(Создатель, повинуясь высшей власти,
Творенью своему дал имя «Голем»,
О чём правдиво повествует Шолем —
Смотри параграф надлежащей части.)

Учитель, наставляя истукана:
«Вот это бечева, а это — ноги», —
Пришёл к тому, что — поздно или рано —
Отродье оказалось в синагоге.

Ошибся ль мастер в написаньи Слова,
Иль было так начертано от века,
Но силою наказа неземного
Остался нем питомец человека.

Двойник не человека, а собаки,
И не собаки, а безгласой вещи,
Он обращал свой взгляд нечеловечий
К учителю в священном полумраке.

И так был груб и дик обличьем Голем,
Что кот раввина юркнул в безопасный
Укром. (О том коте не пишет Шолем,
Но я его сквозь годы вижу ясно.)

К Отцу вздымая руки исступлённо,
Отцовской веры набожною тенью
Он клал в тупом, потешном восхищенье
Нижайшие восточные поклоны.

Творец с испугом и любовью разом
Смотрел. И проносилось у раввина:
«Как я сумел зачать такого сына,
Беспомощности обрекая разум?

Зачем к цепи, не знавшей о пределе,
Прибавил символ? Для чего беспечность
Дала мотку, чью нить расправит вечность,
Неведомые поводы и цели?»

В неверном свете храмины пустынной
Глядел на сына он в тоске глубокой...
О, если б нам проникнуть в чувства Бога,
Смотревшего на своего раввина!

1958

ბმული – http://www.bibliomsk.ru/library/global.phtml?mode=10&dirname=borges&filename=jlb16013.phtml

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Sun Aug 21, 2011 12:24 pm



Joyce Carol Oates - http://en.wikipedia.org/wiki/Joyce_Carol_Oates

ჯოის კეროლ ოუტსი

"მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი"

ჯულიან ბარნსი, "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად"

პოსტ-მოდერნისტულად ჩაფიქრებული, მაგრამ მისაწვდომი სისადავითა და უბრალოებით შესრულებული ჯულიან ბარნსის მეხუთე წიგნი არც რომანია, როგორც იხსენიებენ და არც მსუბუქი, პოპულარული ენით დაწერილი მსოფლიოს ისტორია, როგორც სათაური გვაფიქრებინებს. XX საუკუნის წარმომადგენლების - უცილობლად ბორხესის, კალვინოსა და ნაბოკოვის, ასევე როლანდ ბარტისა და შესაძლოა, მიშელ ტურნიეს გავლენით დაწერილ წიგნზე "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" უპრიანი იქნება ითქვას, რომ ესაა ერთად თავმოყრილი პროზაული ნაკვთები, ერთგვარი პროზა, სადაც ზოგიერთი ნაკვთი ესეს უფრო ჰგავს.
ბატონი ბარნსის საფიქრალი თავიდან ბოლომდე აბსტრაქტულია და ფილოსოფიური, თუმცა ტონი უპრეტენზიო აქვს; მთავარი თემები - ნოეს კიდობანი, ხმელთაშუა ზღვაში სამოგზაურო გემის ძარცვა არაბი ტერორისტების მიერ, ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვა, იონა ვეშაპის მუცელში, მძინარე ქალი, ფილმის გადამღები ჯგუფის თავს დამტყდარი ამბავი ვენესუელაში, არაჩვეულებრივი გამოცდილებით გადასხვაფერებული ამერიკელი კოსმონავტი, ზეცის კომიკური ხედვა - მხოლოდ და მხოლოდ განსჯის საწყისი წერტილებია. ბარნსი ძალიან ჰგავს ბორხესს იმით, რომ მოსწონს სხვადასხვანაირ მეტამორფოზებში ლეიტმოტივების გავლება. მარქსის ცნობილი აზრი ჰეგელის იდეის შესახებ - "ისტორია საკუთარ თავს იმეორებს, ჯერ ტრაგედიის და შემდეგ კომედიის სახით" - ბატონ ბარნსს რომ აქვს მოტანილი, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" აგებულებისა. სულ სხვაგვარად სვამს გამაოგნებელ კითხვას - "ვითარდება და წინ მიიწევს მსოფლიო? თუ მხოლოდ ბორანივით მიდი-მოდის წინ და უკან?" - ბატონი ბარნსის უფრო ადრეული ნაწარმოების "ფლობერის თუთიყუშის" მთხრობელი.
გამეორებების, გადანაცვლებების და კომბინაციების პრინციპის გამო, გარდაუვალია, რომ ბატონი ბარნსის ზოგიერთი ნაკვთი უფრო წარმატებულია, ვიდრე დანარჩენები. გამოგიტყდებით, გული შემეკუმშა, როცა მივხვდი, რომ პირველი თავი იყო Anobium domesticum ჯიშის (ხის მღრღნელისა თუ თერმიტის) - კიდობანში მალულად შეპარული შვიდეულიდან ერთ-ერთის ლაქლაქი, სამასხარაო ისტორია ნოეს კიდობნისა, რომელსაც ავსებდა ცხოველების - ბეჰემოთის, სალამანდრას (ნამდვილი სალამანდრას, ცეცხლში რომ ცხოვრობს), ვასაკის, მარტორქის და ასეთების - ფანტაზია და ნოეს სახის რევიზიონისტული ინტერპრეტაცია: "არ ვიცი, ივარგებს თუ არა თქვენთვის ამის გამხელა, მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი. ვხვდები, რომ ეს უხერხული ნათქვამია, რაკიღა ყველა მისი შთამომავლები ხართ; მაგრამ ასეა. ურჩხული იყო; გაფუყული პატრიარქი, რომელიც დღის პირველ ნახევარში ღმერთის წინაშე მუხლებზე ხოხავდა და მეორე ნახევარში ამას ცხვირში ძმრად გვადენდა".
ეჭვს აღძრავს ასევე მეორე ნაკვთის "სტუმრების" უამური პროზა, სადაც მოთხრობილია, როგორ გაძარცვეს არაბმა ტერორისტებმა სამოგზაურო გემი ხმელთაშუა ზღვაში; ეს ეპიზოდი მთლიანად დაუჯერებელია, ტერორისტების მეთაური თეატრალური, მასხრულ-ჰოლივუდური ჟარგონით ლაპარაკობს: "ქვეყანა სამხიარულო ადგილი კი არ არის. ძველი ცივილიზაციების კვლევით ეგ უნდა გესწავლათ. მაგრამ... მგზავრებს ჩვენ ავუხსნით, რა ხდება. როგორ მონაწილეობენ ისტორიაში. და რა არის ეგ ისტორია". მაგრამ "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" გრძელდება, ლეიტმოტივები ისევ და ისევ მეორდება, ხშირად კომიკურად გონებამახვილური კომბინაციებით, წიგნი სულ უფრო და უფრო გიტაცებთ, გიპყრობთ და თუ გავითვალისწინებთ ხელოვნების ჩვეულ დამახინჯებებს, ინფორმაციასაც გაწვდით. ესეისტის მკაფიო ხმა სულ უფრო და უფრო ფარავს პროზაიკოსის გაურკვეველ ხმას - "როცა ვამბობ "მე", მოისურვებთ, ერთი-ორი აბზაცის შემდეგ იცოდეთ, ვის ვგულისხმობ - ჯულიან ბარნსს თუ გამოგონილ პიროვნებას", - ამ წიგნში ავტორი ინტონაციის ისეთივე გენიალურ ოსტატად წარმოგვიდგება, როგორც "ფლობერის თუთიყუშში".
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავია "გემის დაღუპვა", რომელშიც ფაქტობრივი აღწერილობაა 1816 წელს ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვისა და დაწვრილებითაა განხილული ჟერიკოს ცნობილი სურათი "გემის დაღუპვის სცენა" (გემი "მედუზას" სახელით რომ მოიხსენიება), რომელიც 1819 წელს დასრულდა. "როგორ აქცევთ ხელოვნებად კატასტროფას?" - კითხულობს ბატონი ბარნსი; და თვითონვე საკმაოდ დამაჯერებლად პასუხობს ამ კითხვას. შესაძლოა, მხატვრობაზე მისმა მსჯელობამ ხელოვნების ისტორიკოსები ორიგინალობით ვერ გააკვირვოს, მაგრამ არაპროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით, ლიტერატურის მოყვარულებისთვის, იგი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი. ბატონი ბარნსი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ჟერიკოს ფერწერული ტილოს ხატვისას, თვალს ადევნებს, თუ როგორ იცილებს მხატვარი იდეებს - როგორც წარმოსახვით მხატველ ხელოვანს შეჰფერის - თუ როგორ მუშაობს "შთაგონებით", აყალიბებს დეტალებს, როცა ეს აუცილებელია, უარს ამბობს "ცხოვრებისეულ სიმართლეზე" "ხელოვნების სიმართლის" გამო. სინამდვილე მითად იქცევა ისე, როგორც სხვა დროს, მითი იქცევა სინამდვილედ. "დროის მეშვეობით ერწყმის და უერთდება ამბავი ფორმას, ფერს, გრძნობას".
მხოლოდ ისტორიის "ღუზის" აშვებაა მიზეზი, რომ სურათი, რომელიც ჩვენთვის "გემი მედუზას" სახელითაა ცნობილი, ტრანსცენდენტურ ალეგორიად წარმოგვიდგება "სურათის საიდუმლო მისი ენერგიის მუხტია. კიდევ ერთხელ შეხედეთ: გამანადგურებელ თავსხმაში ერთმანეთს მიჯრილი, დაკუნთული ზურგები პაწაწინა წერტილებად ჩანან, ხომალდის გადარჩენას რომ ცდილობენ. ასეთი დაძაბულობა - და როგორი დასასრული? უპასუხოდ რჩება სურათზე ამტყდარი ღელვა, ისევე, როგორც უპასუხოა ადამიანის გრძნობათა უმეტესობა. არა მხოლოდ იმედი, არამედ ნებისმიერი უსაზღვრო გრძნობა: პატივმოყვარეობა, სიყვარული (განსაკუთრებით, სიყვარული) - რარიგ იშვიათად პოულობენ ჩვენი გრძნობები ისეთ ობიექტს, როგორსაც იმსახურებენ". კატასტროფა ხელოვნებად იქცევა. იქნებ, სწორედ ესაა ხელოვნების მიზანი.
თუმცა ბატონი ბარნსი სასხვათაშორისოდ შენიშნავს: "ირონიის განსაზღვრებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ისაა, რაც ადამიანებს ენატრებათ". სწორედ დახვეწილი, კეთილგანწყობილი, თვითგამომხატველი ირონიით სავსე ქვეტექსტი განსაზღვრავს წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" ინტონაციას. ირონია და იუმორი: იონას ამბისა და ხელოვნებაში მისი იკონოგრაფიული ასახვის ანალიზში მოცემულია განსხვავებული დამოკიდებულება ძველი აღთქმის ღმერთისადმი, რომელიც დღევანდელ გონიერებას მითიური ლოგიკის წინააღმდეგ ამხედრებს: "დიდი ვერაფერი ამბავია, არა? ძველ აღთქმაში ჭარბობს დამანგრეველი არარსებობა თავისუფალი ნებისა - ან თუნდაც თავისუფალი ნების ილუზიისა. ღმერთს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ყველა ხრიკს იგებს. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, ამჯერად თუ როგორ აპირებს უფალი თამაშს: კოზირის ორიანით დაიწყებს და ტუზამდე ავა, ტუზით დაიწყებს და ორიანამდე ჩამოვა, თუ ერთმანეთში აურევს. და რაკი ვერასოდეს იტყვით, რას იზამს შიზოფრენიული პარანოიკი, ეს ელემენტი თხრობას გეზს ვერ აძლევს".
"შესავალ სიტყვაში" მთხრობელი უძილობისას, მძინარე ცოლის გვერდით წევს და სიყვარულზე ფიქრობს. აღმოაჩენს, რომ კარგად ვერ ხვდება, რა არის სიყვარული და თან მოთმინებას კარგავს, როცა საქმე "ირიბად ნათქვამ პროზას" ეხება. მონოლოგი არეულია, დაუსრულებელი, არტისტული მეტიჩრობის გარეშე, გულწრფელი: "არ ვიცი, ანგარიშიანი სიყვარული ჯობია თუ უანგარო, მდიდრის სიყვარული უფრო მტკიცეა თუ ღატაკისა, ჰეტეროსექსუალური სიყვარული უფრო ვნებიანია თუ ჰომოსექსუალური, ქორწინება აძლიერებს სიყვარულს თუ დაუქორწინებლობა. შეიძლება, დიდაქტიზმმა მომხიბლოს, მაგრამ ეს რჩევების სვეტი არ არის".
ფაქტიურად, ცოტათი მაინცაა რჩევების სვეტი: "უნდა გვწამდეს (სიყვარულის), თორემ დავიღუპებით. შეიძლება სიყვარული ვერ გამოვცადოთ, ან გამოვცადოთ და უბედურება მოგვიტანოს; მაინც უნდა გვწამდეს, თუ არ ვიწამეთ, მაშინ მხოლოდ ქედს მოვუხრით მსოფლიოს ისტორიას და სხვის ჭეშმარიტებას".
თავში "დინების წინააღმდეგ!" ეპისტოლარული ფორმით მართალია, ქაოსურად, მაგრამ მღელვარედაა აღწერილი ამბავი, რომელიც ამერიკელთა ფილმის გადამღებ ჯგუფს შეემთხვა ვენესუელას ჯუნგლებში. ესეც "სინამდვილეზე" განსჯად წარმოგვიდგება. როგორები არიან გადამღები ჯგუფის მიერ დაქირავებული ინდიელები - პრიმიტიულები თუ გარკვეულწილად უფრო დახვეწილები, ვიდრე თეთრკანიანები, რომლებიც საკუთარ უპირატესობას დამსახურებულ ჯილდოდ მიიჩნევენ? თავიანთი ძალადობით საკუთარი ისტორიის ლეგენდარულობას ასხამენ ხორცს თუ ასე არ ეპუებიან ამ ისტორიას? ვინც სანდო ჩანდა, სინამდვილეში ნუთუ მართლა მოღალატე ოპორტუნისტი გამოდგა, და მხოლოდ კინოვარსკვლავების სიკვდილის მიზეზი კი არ გახდა, არამედ ბანაკის აღჭურვილობაც გააყოლა ხელს? გადარჩენილი - მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ლამის ნერვიულად დაავადდეს ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას.
"ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, ის ნაწილებიც კი, რაც არ მოგვწონს, - ფიქრობს პერსონაჟი ქალი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც არ მოგვწონს". ახალგაზრდა ქალის საზრუნავი გადარჩენაა ამ წაბილწულ ქვეყანაში, რომელსაც ყოველ წამს ომის საფრთხე ემუქრება, მაგრამ ერთიანობის თემა ყოველ თავს ლეიტმოტივად გასდევს და ისევ და ისევ წარმოგვიდგენს მჭიდროდ შეკავშირებულ სახეებს, იდეებს, ფრაზებს, ირონიულ პასაჟებს - იმ საბავშვო, სასაცილოდ თავსატეხი ნახატებივით, სადაც ადამიანის ან ცხოველის ფიგურები შეიძლება ფოთლების, ღრუბლების, პეიზაჟების სადა მოხაზულობაში აღმოვაჩინოთ. ვინმემ შეიძლება ოდნავ უკან დაიხიოს, როცა პირისპირ აღმოჩნდება სიმწარესთან - ეს შეიძლება იყოს ნოეს კიდობანი, წარღვნა, გადარჩენა - ან სიკვდილი - ზღვაში, გემი, არსებათა დაყოფა "სუფთებად და უსუფთაოებად". ბატონი ბარნსის რბილი ტონი რომ არა, ვინმე შეიძლება დაეჭვებულიყო, სტრუქტურალისტური აზროვნების პაროდიას ხომ არ გვთავაზობსო; მაგრამ საერთო მიზანი გაცილებით უფრო კომიკური ჩანს, ესაა იდეების კომედია, "ფაბულაცია" (ფაბულაცია: "რამდენიმე რეალური ფაქტის გარშემო ახალი ამბის შექმნა"). სამოთხის ესოდენ ნაცნობი ხილვა - მატერიალური სურვილების დაუსრულებელი განხორციელება, მერე გარდაუვალი მოწყენა და სიკვდილის სურვილი შეიძლება მაინცდამაინც ეფექტური დასასრული ვერ იყოს პროვოკაციული წიგნისთვის, მაგრამ ბოლო აბზაცი იდეალურია: "დამესიზმრა, რომ გავიღვიძე. ეს ყველაზე ძველი სიზმარია და სულ ახლახან ვნახე".
"მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" იდუმალების საბურველს ჩამოხსნის საკუთარ თემებს და მათ თითქმის ჩვეულებრივ ელფერს ანიჭებს: "როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ვიყოთ, მითი სინამდვილედ უნდა იქცეს". ამგვარად იგი ანადგურებს, იქნებ ამასხარავებს კიდეც საკუთარ პატივმოყვარეობას. თუკი მკითხველს ამ წიგნის ხელში აღებისას არ ეცოდინება, რა სახის პროზას, გამონაგონს უნდა ელოდეს, იდეები ისეთი თხრობით წარმოუდგება, დაივიწყებს კიდეც, რომ ეს "იდეებია" და სრულყოფილი სამყარო გაცოცხლდება პროზით, რომელშიც - სადავო აქ არაფერია - ხალისიანი, მახვილგონივრული და თავშესაქცევი მოსაზრებებისთვის თავი მოუყრია კაცს, ვისთვისაც იდეები აშკარად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის; კაცს - თითქოსდა პრე-პოსტ-მოდერნისტთა მოდგმის კვინტესენციურ ჰუმანისტს.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ.
ბმული - http://arili2.blogspot.com/2009/09/10-12.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო ქაჯაია   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ნინო ქაჯაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: