არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ვანო ბერიძიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: ვანო ბერიძიაშვილი   Mon Dec 06, 2010 6:07 pm



ვანო ბერიძიაშვილი

სიყალბე მეცნიერების მანტიაში


ავტორისაგან

წინამდებარე სტატიები 1981 წელს უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ "ცისკარში", მაგრამ მოულოდნელად, მოწონებული და დასაბეჭდად გამზადებული, უცებ ამოიღეს ჟურნალიდან. რედაქტორმა ბოდიში მოიხადა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, რადგან მითითება "ცეკადან" მოდიოდა, სადაც ანგარიში გაუწიეს დავით გოგოჭურის თხოვნას, რომ სტატია არ გამოქვეყნებულიყო.

ამგვარად, წერილი არსად არ დასტამბულა. სიმართლე ითქვას, მაშინ ვფიქრობდი, რომ წიგნის ავტორის ტენდენციური კვლევა ამ საკითხზე გამონაკლისი იქნებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა, დავით გოგოჭურის პასუხგაუცემელმა სიყალბემ იბარტყა: ზოგიერთმა ხევსურმა ავტორმა შემდეგში დროშასავით აიტაცა მისი "მეცნიერული აღმოჩენები", უკრიტიკოდ გაიზიარა, ფაქტებზე ძალდატანებით საკუთარი ვერსიებიც შეთხზა და სასურველი სინამდვილედ გაასაღა. არა და საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ის ვაჟა-ფშაველას წარმომავლობას, მისი ნაწარმოებების სიუჟეტებს და პერსონაჟების პროტოტიპებს ეხება.

დროა, ამ განუკითხაობას წერტილი დაესვას, -სიცრუე და ყალბისმქნელობა, - სიმართლემ შეცვალოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. იმედია, ეს დღე არც ისე შორსაა. ეს საზოგადოებისათვის არის აუცილებელი, თორემ ავტორებისთვის სიმართლის შეხსენება ალბათ მგლისთავზე სახარების კითხვა იქნება. ამჯერად კი ამ საკითხთან დაკავშირეულ ორ წერილს, უცვლელად, იმ სახით გთავაზობთ, როგორც ის 1981 წელს უნდა გამოქვეყნებულიყო.

რაც შეეხება ამის შემდგომ გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც ეს საკითხები სხვადასხვა ინტერპრეტაციით სხვადასხვა ავტორებთან კვლავ ფიგურირებს., მათ მოკლე ხანში მიეცემა ობიექტური შეფასება.

ვანო ბერიძიაშვილი

2010წ ივლისი



* * *

გამომცემლობა "განათლებამ" 1977 წელს დასტამბა დავით გოგოჭურის წიგნი "ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები", ავტორს კეთილი საქმე განუზრახავს - მეცნიერულად შეესწავლა და დაესაბუთებინა ხევსურ სახალხო გმირთა ცხოვრება და ვინაობა, რაც ნაწილობრივ განუხორციელებია კიდეც, თავისთავად ცხადია, რომ ეს საქმე საჭირო და მისასალმებელია, ვინაიდან ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გაბნეული შესაბამისი მასალა ჯერ კიდევ მთლიანად შესწავლილი არ არის და მეცნიერულ გარჩევას, დალაგებას და დაკონკრეტებას მოითხოვს. მაგრამ ამ დარგის მკვლევარს დიდი ერუდიცია, მასალის ღრმა ცოდნა, უტყუარი მეცნიერული ალღო და ობიექტურობა უნდა ახასიათებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა-ძიების დროს შეიძლება მიუტევებელი შეცდომები მოუვიდეს, რადგან სახალხო გმირებს და მათ შესახებ არსებულ ფოლკლორულ მასალას ხშირად რამდენიმე კუთხე იჩემებს. სწორედ აქ მართებს მკვლევარს მეცნიერული ობიექტურობა და კეთილსინდისიერება, რათა ყველას და ყველაფერს თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს.

სამწუხაროდ, სარეცენზიო წიგნი ასეთი შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის, და რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია, ბევრი შეცდომა არა უცოდინარობის, არამედ ტენდენციურობის შედეგია. თავისთავად ეს განცხადება ბრალდებაა ავტორის მიმართ, რომელსაც დასაბუთება სჭირდება. ვეცდები ფაქტებზე დაყრდნობით დავამტკიცო ეს.

ჯერ წიგნის შესავლის შესახებ:
დ. გოგოჭური ზოგადად მიმოიხლავს არჩეულ თემას - მთიელთა საგმირო საქმეებს და მსჯელობს იბერიის მთიელების მიერ საქართველოს ბარის მოსახლეობისათვის ომებში გაწეული დახმარებისა და მონაწილეობის გამო: "იბერიის მთიელებს (და მათ შორის ალბათ ხევსურებსაც) იმთავითვე საგმირო საქმეებსა და ომებზე მოუწევდათ გული". (გვ. 9) იგი აქ ივ. ჯავახიშვილს იმოწმებს, სადაც ის იბერიის მთიელებს ახასიათებს როგორც დამხმარე სამხედრო ძალას იბერიისათვის გაჭივების ჟამს. პატივცემულ მეცნიერს უნდა შევახსენო, რომ ივ. ჯავახიშვილის ეს მსჯელობა ეხება ადრეულ საუკუნეებს (სტრაბონის მიერ აღწერილ ეპოქას), იმ დროს ომებში კი ხევსურები მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ ხევსურეთი, როგორც ცალკე ეთნიკური ერთეული, ჯერ კიდევ არ არსებობდა, იგი გვიან საუკუნეებში ჩამოყალიბდა. თვით ხევსურული გადმოცემების მიხედვით ხევსურების წინაპარი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მოსულა ბარიდან.

ავტორი მსჯელობს ქადაგის შესახებ და იმოწმებს ვახუშტი ბატონიშვილს: "გარნა აქუსთ სასოება ქადაგსა ზედა, - წერს ხევსურების შესახებ ვახუშტი. (გვ. 21) საქმე ის არის, რომ ვახუშტი ამას ხევსურებზე კი არ წერს, როგორც დ. გოგოჭური ასკვნის, არამედ ფშავლებზე. თუ რისთვის დასჭირდა მეცნიერს ისტორიული დოკუმენტის გაყალბება, გაუგებარია!

წიგნის შესავალში დაშვებულ ამ ორიოდე შეცდომისა და უზუსტობის გამო იქნება არც ღირდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ სასურველი იყო მკითხველს თავიდანვე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა სარეცენზიო წიგნის ავტორის მეცნიერულ და საკვლევი მასალის გაშუქების მისეულ ხელწერაზე.

დ. გოგოჭურს წიგნში სულ 10 ხევსური სახალხო გმირის ცხოვრება და ვინაობა აქვს განხილული. აქ სადავოა სახალხო გმირების-ძმების - სულა- კურდღელას და ხოშურაულის ხევსურ სახალხო გმრთა სიაში მოხვედრა. ვინ, ან სადაურები იყვნენ ძმები სულა და კურდღელა? ამ საკითხის გარკვევას ეძღვნება წიგნის 31 გვერდი (39-70). გოგოჭური ამ გმირებზე არსებულ ზეპირსიტყვიერ მასალას თავისებურ კომენტარს უკეთებს და მათ ხევსურ სახალხო გმირებად მიიჩნევს.

რამდენად სწორია მისი "მეცნიერული" აღმოჩენა?

როგორია ამ ძმების შესახებ არსებული მასალის საფუძველზე შემუშავებული თვალსაზრისი?

სულ პირველად მათ ვაჟა-ფშაველა და თედო რაზიკაშვილი შეეხნენ. მათ ცნობებში, არსად, არც ერთი სიტყვით არაა მინიშნებულიც კი, რომ ისინი სხვა კუთხისანი, არა ფშავლები იყვნენ. ყველა ფოლკლორული მასალის მიხედვით ისინი ფშავლები არიან! დ. გოგოჭური საპირისპიროს ამტკიცებს. ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ ამ მტკიცებათა სისწორე. მაგრამ ავტორის ყველა შეცდომას და ყალბ ცნობას აქ ვერ შევეხები, რადგან ამისათვის მთელი თავის გადმოწერა, სათანადო გაანალიზება და განმარტება გახდებოდა აუცილებელი, რაც საჟურნალო წერილის საზღვრებში ვერ მოთავსდება.

დ. გოგოჭური ვერ უარყოფს, რომ სულა და კურდღელა ჩარგლის მკვიდრნი იყვნენ და იქვე დახოცეს. (ხოლო ჩარგალი, ვაჟას სამშობლო სოფელი, რომ ფშავში მდებარეობს და მის მოსახლეობას ფშავლები შეადგენენ, საქართველოში, ვგონებ, ბავშვმაც კი იცის). ვერ უარყოფს იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სულა-კურდღელაზე არსებული ყველა მასალა მათ სამშობლოდ ჩარგალს მიიჩნევს და ამასთან, არსებობს ციხის ნაშალიც, რომელიც ამ ძმებს ეკუთვნოდათ.

"ცნობილი ფაქტია, - წერს დ. გოგოჭური, რომ - ძველად ჩარგალი ფშაურ თემთა სათვალავში არ ითვლებოდა... ჩარგალი ერთიანი თემი (ერთი გვარის თემი, მაგ., როგორც ცაბაური, გოგოლაური და სხვ.) არასოდეს ყოფილა, რადგანაც იგი სხვადასხვა თემებიდან მოსულმა გვარებმა შექმნეს. მათ შორის თვით რაზიკაშვილების გვარიც, როგორც ვაჟა-ფშაველა და მისი მამა, პავლე რაზიკაშვილი გადმოგვცემენ, ჩარგალში სხვაგნიდან მოსულა" (გვ. 43)

დ. გოგოჭური მართალია, როცა წერს "ჩარგალი ცალკე თემი არ ყოფილაო". თუმცა რატომ უნდა ყოფილიყო ცალკე თემი, როცა მისი მოსახლეობა გოგოჭურების (ცაბაურების) თემს ეკუთვნოდა ყოველთვის? დ. გოგოჭურის მტკიცება, თითქოს ჩარგლის მოსახლეობა სხვადასხვა თემებიდან მოსულმა გვარებმა შექმნეს, დაუსაბუთებელია. გაურკვეველია ეს მტკიცება რა ფაქტობრივ მასალას ემყარება. დაინტერესებულ პირს შეუძლია დღესაც შეეკითხოს ნებისმიერ ჩარგლელს, თუ რომელ თემს ეკუთვნის აქაური მოსახლეობა, პასუხი მხოლოდ ერთი იქნება: ისინი გოგოჭურების, ანუ ცაბაურების თემს ეკუთვნიან. აქ ერთი პატარა ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთოთ, რომელიც სათანადო სამეცნიერო ლიტერატუაში ცნობილია, მაგრამ ფართო მკითხველისათვის მისი ცოდნა მაინც აუცილებელია, რათა შემდეგი მსჯელობა გარკვეული და ნათელი იყოს.

საქმე ეხება ფშავის თემებს. როგორც ცნობილია, ფშავლები პირდაპირი შთამომავლები არიან საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი ფხოველებისა. ფხოვი საქართველოს უძველეს კუთხეთაგანია. ჩვენს წელთა აღრიცხვამდე XIV საუკუნის მეორე ნახევრის ხეთურ დოკუმენტებში მოხსენებულია საქართვლოს ჩრდილო მთიანეთში არსებული ქვეყანა ფახუვა, რომელიც მთიელ ტომებს აერთიანებდა. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ფახუვა იგივე ფხოვი იყო, ე.ი. დღევანდელი ფშავი.

ჩვენს ეპოქამდე ფშავში თემურ-გვაროვნული წყობილება იყო, რადგან ფეოდალიზმმა აქ ფეხი ვერ მოიკიდა. საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ძირითადი გვარები, რომლებიც დამოუკიდებელ თემებად იქცნენ. ფშავში თორმეტი თემი იყო, რომელთა სახელწოდებაც ითვლებოდა თემის ყველა წევრის ძირითად დედა გვარებად, მაგ.: ქისტაური, გოგოლაური, გოგოჭური (ცაბაური), გაბიდაური და სხვ. ძირითადი გვარებიდან წარმოიშვა უამრავი მამიშვილობის გვარი, ხოლო ძველი საერთო გვარი კი მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილმაღა შეინარჩუნა.

ყოველ თემს, გარდა საერთო საფშავლო სალოცავებისა (ლაშარის-ჯვარი, თამარის და კვირიას ხატი), თავისი საკუთარი სათემო სალოცავი ჰქონდა, მაგ.: ქისტაურების სათემო სალოცავი იყო იახსარი, გოგოლაურებისა - გოგოლაურთის წმინდა გიორგი, გაბიდაურებისა - ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზი, უძილაურებისა - კოპალა, გოგოჭურებისა (ცაბაურების) - ცაბაურთის მთავარანგელოზი და ა.შ.

თემის წევრები ერთმანეთის ბიძაშვილებად ითვლებოდნენ, რადგან წარმოშობით ისინი ერთი გვარის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა კი შემდეგ და შემდეგ ძველ საერთო გვარს მათი მცირე ნაწილიღა ატარებდა. თემის წევრთა შორის ქორწინება, როგორც ერთი გვარის ხალხისა, დაუშვებელი იყო. სისხლით ნათესაობას რელიგიური რწმენაც ემატებოდა რადგან მისი ყველა წევრი ერთი ხატის ყმად ითვლებოა და მათი შეუღლება რელიგიის მიხედვითაც შეუძლებელი იყო.

ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა გოგოჭურების თემის და, მაშასადამე, მათი დედაგვარის საკითხი.

გოგოჭურთა თემი იყო ერთი თორმეტთაგანი ფშავისა, ძლიერი და ხალხმრავალი. "გოგოჭურების თემის ძირითადი ადგილსამყოფელი სოფ. ცაბაურთა იყო. აქედან წასული გოგოჭურები ბევრგან ცხოვრობენ - ფშავისხევის სოფლებს გარდა, ფშავის არაგვისა, მთიულეთის არაგვისა და ივრის ხეობებში" (ვ. ბარდაველიძე) აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისე, როგორც ფშავის სხვა თემების მოსახლეობა, გოგოჭურების თემის წევრებიც ძირითადად ახალ გვარებს ატარებენ და ამჟამად ერთმენეთის ოდინდელ ნათესაობას-ბიძაშვილობას იშვიათად იხსენებენ. ამის მიზეზი რამდენიმეა:
თემის წევრები დიდი ხანია (ალბათ რამდენიმე საუკუნე მაინც) რაც ძირითად დედაგვარს გამოეყვნენ და სხვადასხვა გვარებს ატარებენ.
ტერიტორიულად შორი-შორს ცხოვრობენ და ხშირად არც იცნობენ ერთმანეთს.
დაკარგეს რელიგიური რწმენა რაც წარსულში მტკიცედ აკავშირებდა ერთმანეთთან. თემის წევრები ცხოვრობენ ფშავის სხვადასხვა სოფელში. "საგოგოჭუროს თემის წევრები, რომლებსაც თავიანთ წინაპრების თავდაპირველ ადგილსაცხოვრისად და სათემო ხატის სასუფეველად ცაბაურთა მიაჩნდათ, კომპაქტურად მოსახლეობენ ბეტისჩდილში, ქუთხში, აფშოში, ჩარგალსა და მიგრიაულთაში." (ვ. ბარდაველიძე) ე.ი. გოგოჭურების თემის ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს ფშავში და იწოდებიან გოგოჭურებად (ცაბაურებად). გადმოცემის მიხედვით გოგოჭურების გვარს სათავე დაუდო გოგოჭა ცაბაურმა. მის შემდეგ ამ თემის ხალხი ხან გოგოჭურებად იწოდებიან, ხან კი ძველი სახელით - ცაბაურებად. ამ ორ სახელწოდებას შორის არავითარი განსხვავება არ არის. მათში მხოლოდ ერთი თემი იგულისხმება. ამ გვარს ეკუთვნოდნენ ძმები სულა და კურდღელა და ვაჟა-ფსაველას წინაპრები. ფშავში რაიმე გადმოცემა, მითუმეტეს, საბუთი არ არსებობს, რომ ამ თემის ხალხის წინაპარი საიდანმე მოსულიყოს ფშავში. ასე რომ, უეჭველ ფაქტად უნდა ჩაითვალოს ამ გვარის ფშაური წარმომავლობა. მკითხველს ვთხოვ, კარგად დაიმახსოვროს ეს განმარტება, რადგან დ. გოგოჭურის წიგნში ამ ჭეშმარიტების გაყალბებასთან გვაქვს საქმე.

უნდა აღინიშნოს, რომ ფშაური სათემო გვარის - გოგოჭურების პარალელურად და, დღეს, სრულიად დამოუკიდებლად, ხევსურეთში არსებობს გვარი გოგოჭური. ამ გვარის ხალხი დღესაც უმეტესად გოგოჭურებად იწერებიან. ისმება კითხვა: აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ფშაველ და ხევსურ გოგოჭურებს, თუ უბრალოდ, ეს გვარი ამ ორ კუთხეში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაჩნდა? დღეს რაიმეს დაბეჯითებით დამტკიცება ალბათ გაჭირდება, მაგრამ ვარაუდი კი, ზეპირსიტყვიერებაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა შეიძლება. ფშაური გადმოცემით, (სამწუხაროდ ეს მასალები აქამდე არსად გამოქვეყნებულა.) ხევსური გოგოჭურების წინაპრები ფშავიდან გადასახლებულან ხევსურეთში, სოფელ ჭორმეშავში და გახევსურებულან. მართლა ასე იყო თუ არა, ამას ცოტა ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია: ეს გვარი ორივე კუთხეშია გავრცელებული და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. ახლა კი კონკრეტულად იმ შეცდომებზე, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვხვდება სარეცენზიო წიგნში.

დ. გოგოჭური დაჟინებით ამტკიცებს, რომ გოგოჭურებს ჩარგალში ოდითგანვე უცხოვრიათ, მაგრამ როგორც ვნახეთ ეს საკითხი დამტკიცებას არ საჭიროებს. ეს მართლაც ასე იყო. მაშ რატომ კარგავს მეცნიერი დროს ამ საკითხის ხელახლა დასამტკიცებლად? ეს ნათელი ხდება მხოლოდ შემდეგი მსჯელობიდან: მას სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაამტკიცოს, რომ გოგოჭურები ჩარგალში ხევსურეთიდან მოსულან და აქედან გამომდინარე არა პირდაპირი, მაგრამ უეჭველი დასკვნაც: რადგან სულა-კურდღელა და ვაჟა-ფშაველას წინაპრები გოგოჭურთა გვარს ეკუთვნოდნენ, წარმოშობით ხევსურებია. პატივცემული მეცნიერის მთელი ეს მსჯელობა სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტს. ეს მცდარი დასკვნა მას ხალხური ტექსტების მცდარად წაკითხვამ და მასზე აგებულმა სუბიექტურმა ვარაუდებმა გამოატანინეს.

წიგნის ავტორი ვაჟა-ფშაველას ცნობილ გენეალოგიას ხელახლა ამტკიცებს, რომ იგი მამისიმედ გოგოჭურის შთამომავალია. (მამისიმედი ერეკლე მეორის თანამედროვე იყო). Dდა იმოწმებს ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ერეკლე მეორის მიერ თუშეთში მოწყობილ ხალხურ სასამართლოს ეხება. (აქ მამისიმედი რჯულისკაცთა (მოსამართლეთა) შორისაა დასახელებული). გოგოჭურმა ამ დოკუმენტს იმისათვის მიმართა, რათა მკითხველისთვის შეეხსენებინა, რომ მამისიმედ გოგოჭური ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო, მაგრამ აქ სხვა საკითხებიც იპყრობს ყურადღებას.

1. წიგნის ავტორი ამ ისტორიულ საბუთს არასწორ კომენტარს უკეთებს: "სამსჯავრო ფშაველ - ხევსურთა გმარჯვებით დამთავრებულა, თუმცა ამ სასამართლომდე მეფე თავის სახლთუხუცესის (ე.ი. გრიგოლ ჩოლოყაშვილის, ვ.ბ.) მხარეს იჭერდა და თავისი განაჩენის წიგნით 224 სული ("თოთხმეტჯერ თექვსმეტი") ხარის გადახდაც კი დაუკისრებია ფშავლებისათვის". (გვ. 47) პატივცემულ მეცნიერს ორი სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი აურევია ერთმანეთში. (იგულისხმება 1747 და 1750 წლებით დათარიღებული ორი საბუთი). საქმე კი შემდეგნაირადაა: მეფე ერეკლემ 224 სული ხარის გადახდა ფშავლებს კი არ დააკისრა, როგორც დ. გოგოჭურს ჰგონია, არამედ ერთ ფშაველს - ვინმე გოგოლაურს, მეფის მოურავის გრიგოლ ჩოლოყაშვილის მოკვლის მცდელობისთვის. მეფის ეს განაჩენი 1747 წლითაა დათარიღებული და შემდეგ როგორ დამთავრდა საქმე ამის შესახებ დოკუმენტში აღარაფერია ცნობილი, ხოლო ის საბუთი, რომელიც ერეკლეს მიერ მოწყობილ ხალხურ სასამართლოს ეხება და დ. გოგოჭური იმოწმებს, დაწერილია 1750 წელს. სასამართლო შედგა არა ფშავლებისათვის ხარების გადახდის საქმეზე, როგორც დ. გოგოჭური ამტკიცებს, არამედ იმ საჩივრის გამო, რომ ფშაველ-ხევსურნი ერეკლეს მოურავს აბრალებდნენ მათი თვისტომის დემეტრე ასათაშვილის სიკვდილს. სასამართლოზე საქმე გარკვეულა და შერიგების წიგნიც დაუწერიათ. ფშაველ-ხევსურნი აღიარებენ, რომ "...დემეტრე ასათაშვილი თავის დღით მომკდარიყო, მტრის ენით იმის სიკვდილს მოწამლით თქვენ გედავებოდით". ხარების დაკისრებასა თუ გადახდაზე კი აქ სიტყვაც არაა ნათქვამი.

2. საინტერესო დასკვნის საშუალებას იძლევა ამ დოკუმენტის შინაარსის გაცნობა: შერიგების წიგნში სასამართლოს მონაწილე ხევსურების და თუშების გვარ-სახელს მიწერილი აქვს, რომ ეს და ეს კაცი ხევსურია, ან თუში. მაგ.: "ხევსურმა გაიდაურმა", "ხევსური ნათელიძე ამაშვილი", "ლიქოკელი იმედა", "კისტნელი ცისკარა"... "თუში საყურაიძე გორგი, ცისკარა, კახო" და სხვ. ფშავლების დასახელებისას კი განაჩენის შემდგენელს არცერთი მათგანის სადაურობა აღნიშნული არა აქვს. ჩანს საიმდროოდ ეს პიროვნებები იმდენად ცნობილები იყვნენ, რომ მათი სადაურობის აღნიშვნა საჭირო არ იყო. მათი სადაურობა გვარების მიხედვით არის საცნაური. აი ეს გვარები: ,,ამისი დამსწრე და გამრიგე ლაშარის ჯვრის დეკანოზი ჩოხელაშვილი ნადირა, ბედრაული პაპა,(უნდა იყოს ვედრაული. ვ. ბ.) გოგოჭური მამისიმედი, გოგოლაური გამიხარდი, ჯუთუ დავითისაშვილი, როსტევან წითელაური, კურდღელა მათურელი, თორღა ჭიჩოელი, კურდღელა გოდერძაული, ქავთარ თიანელი, მოსე განჯილაშვილი, ქამხაძე აბრამა, ივანეურის-შვილი გახუტელი. ამათ გაგვისამართლებია..." აქ მხოლოდ ქამხაძის ფშავლობა იწვევს ეჭვს, დანარჩენი გვარების წარმომადგენლები დღესაც ფშავლები არიან. ამ საბუთის მიხედვით ყველა მათგანი რჯულისკაცია, (მოსამართლე), თუშები და ხევსურები კი მოწმეები. ამ სასამართლოს "რჯულისკაცთა" (მოსამართლეთა) შორის სხვებთან ერთად მამისიმედ გოგოჭურიცაა დასახელებული. რამ განაპირობა მოსამართლეებად მხოლოდ ფშავლების არჩევა? შერიგების წიგნის შინაარსის მიხედვით მომჩივანები ხევსურები ჩანან, (ჩანს დემეტრე ასათაშვილი მათი ნათესავი იყო) და უნდა ვივარაუდოთ, რომ სასამართლოზე მომჩივანთა თვისტომების მოსამართლეებად დასმა მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მიკერძოების საშიშროება შეიქმნებოდა. მაშასადამე, მამისიმედ გოგოჭური ფშაველი რომ არ ყოფილიყო, მას რომ ტომობრივი ან ნათესაური კავშირი ჰქონოდა ხევსურებთან, ამ მოსამართლეთა შორის ვერ მოხვდებოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაზარალებული მხარე მოსამართლე ვერ იქნება. ამ მსჯელობის შემდეგ მამისიმედ გოგოჭურის ფშავლობა ვფიქრობ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ დ. გოგოჭური სხვანაირად ფიქრობს. "ჩვენი პირდაპირი მიზანი სოფ. ჩარგალში გოგოჭურების გვარის არსებობის ფაქტის დადგენაა". (გვ. 48) - წერს ის და იმოწმებს მკვლევარ თ. ოჩიაურს, რომელსაც სულასა და კურდრელაზე ახალი მასალები მოუპოვებია სოფ. ჩარგალში 1952-57 წლებში, მაგრამ დ. გოგოჭური უნდობლობას უცხადებს ამ მასალას და მას "მთხრობლის ფანტაზიის ნაყოფად" მიიჩნევს, თანაც მასალის ჩაწერის თარიღს კითხვის ნიშანს უსვამს (გვ. 48), ხოლო თავის მოპოვებულ უფრო ახალ მასალას სრულ ნდობას უცხადებს. იგი განსაკუთრებით სანდოდ პოეტურ ტექსტებს მიიჩნევს, მაგრამ ცნობილია, რომ უტყუარი ყოველთვის არც პოეტური ტექსტებია, რადგან დროთა განმავლობაში ისინი უფრო ხშირად განიცდიან სახეცვლილებას, ვიდრე თქმულებები, პოეტურ ტექსტს ყოველი მთხრობელი ხომ რაღაცას აკლებს ან ამატებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებებისაგან არც თქმულებებია დაზღვეული. ყოველ შემთხვევაში, ორივე ამ ჟანრის შეჯერება და აქედან გამოტანილი დასკვნა თუ იქნება სიმართლესთან ახლოს, თორემ ერთ-ერთ მათგანზე დაყრდნობა ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს...

დ. გოგოჭური ვრცლად მსჯელობს სულასა და კურდღელას შესახებ არსებულ ზეპირსიტყვიერ მასალაზე. მან თავისი არგუმენტაციის საყრდენად ამ გმირების მამის ნატირალის სტრიქონები მიიჩნია: "იქნებ ფშავლებმა დამიხოცეს, ფშავლებმა ღალატიანებმა" - "ფშავლების დაპირისპირება სულასა და კურდღელასთან ხომ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი სხვა რომელიმე კუთხიდან მოსულები იყვნენ?" (გვ. 53) - კითხულობს ის. შემდეგ გვერდზე ეს ვარაუდი მტკიცების ხასიათს ღებულობს. "მოტანილი სტრიქონები და აგრეთვე მთელი რიგი ვარიანტები და ფრაგმენტები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სულასა და კურდღელას დაი და მამა თავის თავს გამოჰყოფენ ფშავლებისაგან, ფშავლებს ისინი უპირისპირდებიან როგორც არა ფშავლები. (გვ. 54) ამის დასამტკიცებლად იმოწმებს ნატირალის სხვადასხვა ვარიანტს, სადაც თითქმის ერთი და იგივეა განმეორებული ოდნავი ცვლილებებით.

Uუპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს ნატირალის სტრიქონები - "იქნებ ფშავლებმა დამიხოცეს, ფშავლებმა ღალატიანებმა". ფშაურ (და არა მარტო ფშაურ) ლექსებში და ხმით ნატირალებში, ხშირად ჭირისუფალი გმობს და წყევლის თავის სოფელს, თემს, კუთხეს იმის გამო, რომ თავისიანის დაღუპვის მიზეზად მათ მიიჩნევს. მას იმ წუთს "სძულს" ის ადგილი, სადაც მისი ახლობელი მოკვდა. ყოველივე ამას ის დამწუხრებული, ცხელ გულზე ამბობს და ამით ერთგვარად კიდევაც უპირისპირდება თავის თემსა და კუთხეს. ჭირისუფლის ეს განწყობილება, რა თქმა უნდა, პირადული, ცოტა ტენდენციური, მაგრამ მაინც გასაგებია. რომ სულასა და კურდღელას მამის ნატირალის ზემოთმოყვანილი სტრიქონები ერთადერთი გამონაკლისი არ არის ხალხურ პოეზიაში და იგი გავრცელებული პოეტური ხერხია, საილუსტრაციოდ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება. მოვიყვან ორიოდე ნიმუშს:

ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთ წერილში მოჰყავს ფშაველი ქალის ლექსი. ქალი ტყეში ყაჩაღად გასულ თავის ნაძმობს სწერს:

..."თუ სამართალი ვერ გიყონ
ამასწყდეს ფშავის ხევია,
ძირითამც ამოვარდება
მგონია თორმეტ თემია..."

ქალს მიაჩნია, რომ მის ნაძმობს უსამართლოდ სდევნიან და ამით გამწარებული მთელ კუთხეს სწყევლის. გოგოჭურის კვლევის მეთოდს რომ მივყვეთ, ეს მოლექსე ქალი და მისი ნაძმობი არაფშავლებად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ისინი მთელ ფშავს უპირისპირდებიან. თუმცა რაღა შორს მივდივართ. თვით დ. გოგოჭურს სარეცენზიო წიგნში მოჰყავს სხვა ამბებთან დაკავშირებით ერთი ხევსურული ხალხური ლექსი: (გვ. 182)

"ხევსურებს მამაძაღლებსა
უსომ ერთურცის ნაბანი...
მამუკას გამოსდგომიან,
ბევრმა დალახნა მთა-გზანი...…"

თუ კვლავ დ. გოგოჭურის კვლევის მეთოდს მოვიშველიებთ, ლექსის ავტორი არახევსურად უნდა მივიჩნიოთ, რადგან დაურიდებლად ლანძღავს და ამით უპირისპირდება ხევსურებს. ამავე ლექსში მოხსენებული მამუკაც ხევსურებს უპირისპირდება, როგორ არა ხევსური. ახლა ვიკითხოთ იქნება კი ასეთი მტკიცება სწორი? რა თქმა უნდა, არა! რადგან ლექსის ავტორიც და მამუკაც ორივენი ხევსურები არიან. ისინი იმიტომ კი არ უპირისპირდებიან ხევსურებს, რომ არა ხევსურებია, არამედ ლექსის ავტორის რწმენით, გმირი (მამუკა) მართალია მტრულად განწყობილ თვისტომ ხევსურთა წინაშე და მისთვის (მოლექსისათვის) იმ დროს უფრო მნიშვნელოვანი მამუკას სიმართლეა. დაახლოებით ასეთივე ვითარებაა სულასა და კურდღელაზე ხმით ნატირალ ტექსტებშიც. ისინი ფშავლებს მხოლოდ პირობითად უპირისპირდებიან როგორც არა ფშავლები. დ. გოგოჭურს მოჰყავს მამის ნატირალის სტრიქონები:

"ბარევ გაგწირავ, ჩარგლის გორო, -
მე აქა ვერა ვისარგებლეო"

და დაასკვნის: რომ "მამა-პაპურ სამკვიდროზე ასე არ ამბობენ. ნათლად იგულისხმება, რომ ეს კაცი აქ, ჩარგალში საიდანღაც მოვიდა. დიდი ზარალი განიცადა და ახლა უკანვე უნდა წავიდეს, ჩარგალი უნდა "გაწიროს". (გვ. 56).

ამ შემთხვევაშიც ზემოთ ნახსენებ პოეტურ ხერხთან გვაქვს საქმე და არა რეალურად შესასრულებელ ფაქტთან. ჭირისუფლის მიერ თავის სამკვიდრო ადგილის დაგმობა ხშირად დასტურდება ფშაურ ხმით ნატირალებში:

1 "აჩაქველთ (ადგილია) იჯდა ბოლონაი,
ჩიოდა ხორხის (სოფელია) ოხრობასა, -
-"ხორხო, ძირითამც ამოგაგდო,
ხორხო, სიკვდილის საბუდარო"

2 "ცეცხლიმც მოგიდვა, სათიბთ გორო,
პირშიით ლუკმა გამამართვი..."

პირველ ნატირალში სოფლის წყევლა და გმობა გამოწვეულია იმის გამო, რომ ხორხში შავი ჭირი გაჩენილა და ხალხი დაუხოცია, მეორე ნატირალი ვინმე მოხუც ქალს ეკუთვნის. თოვლის ზვავს მისი თივები წაუღია და მარტოხელა მოხუცს მარჩენალი ძროხები შიმშილით ეხოცება. მარტო დიდი ტრაგედია კი არა, ხშირად უბრალო მიზეზიც იყო საკმარისი სამკვიდრო ადგილის "დასაგმობად" და "გასაწირად!", ამიტომ უჩვეულო აღარ უნდა იყოს, რომ შვილებდაღუპული მამა "სამკვიდრო ადგილის გაწირვას" აპირებს: ვიმეორებ, რომ ეს პოეტური ხერხია დამწუხრებული გულის მოსაოხად ნახმარი. მაშასადამე, დ. გოგოჭურის არც ეს საბუთი გამოდგება სულა-კურდღელას არაფშავლობის დასამტკიცებლად. მაგრამ თუნდაც პირდაპირ გავიგოთ მამის სიტყვები "ჩარგლის გაწირვაზე". მაშინ იგი თუ წავიდოდა, ალბათ, წინაპრების ადგილს სოფელ ცაბაურთას დაუბრუნდებოდა. ვიმეორებ: ჩარგლელები სოფელ ცაბაურთიდან არიან ჩამოსახლებულნი. ამაზე გარკვევით მიუთითებენ ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, ვ. ბარდაველიძე, ს. მაკალათია, ალ. ოჩიაური თავიანთ ნაშრომებში.

ახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც: ,,ეს კაცი (სულა-კურდღელას მამა, ვ.ბ.) აქ, საიდანღაც მოვიდა, დიდი ზარალი განიცადა და ახლა უკანვე უნდა წავიდეს, ჩარგალი უნდა "გაწიროს". წერს დ. გოგოჭური. დავუშვათ რომ ეს ასეა. მაშინ გამოდის, რომ მისი ვარაუდით "ეს კაცი" ხევსურეთიდან მოვიდა ჩარგალში და ახლა უკანვე, - ხევსურეთშივე უნდა დაბრუნდეს. ე.ი. ის ხევსურია. წიგნის ავტორი ხომ სწორედ ამას ამტკიცებს. გავიხსენოთ, რომ სულასა და კურდღელაზე არსებული ხმით ნატირალები ძირითადად მათ მამას ეკუთვნის. მაშასადამე, ხევსურმა მამამ შვილები ხმით დაიტირა?! მკითხველს ვთხოვ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რადგან ხევსურეთში ჩვენს დრომდე ტრადიციულად მშობლები შვილს ხმით არ ტიროდნენ. შვილს დედაც კი არ ტიროდა, მამის ხმით ტირილი ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ხოლო ხევსურები თავიანთ ადათ-წესებს ყოველთვის მტკიცედ იცავდნენ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, როდესაც ხევსურების ადათ-წესებს ახასიათებდა, ნ. ხიზანიშვილი წერდა: "როგორც შევნიშნეთ, კაცებმა ტირილი არ იციან და ეს ტირილი დიდად სასირცხვილო საქციელიც არის; გარდა ამისა ჩვეულება სასტიკად უკრძალავს ცოლ-ქმარს შვილები და ერთი-ერთმანეთი იტირონ სიკვდილის დროს. ხევსურის აზრით, ცოლ-შვილის დატირება სულის სიმდაბლეა და სისუსტე."

როგორ მოხდა, რომ ხევსურმა კაცმა, რომელსაც ჩვეულება სასტიკად უკრძალავდა ხმით ტირილს, შვილები ხმით დაიტირა? წესის თანახმად ხევსურ კაცს შეუძლებელი იყო ასეთი რამ ჩაედინა. მაშ რა მოხდა? Mმოხდა ის, რომ ამ ძმების მამა ხევსური ვერ იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებს ხმით ვერ დაიტირებდა. ე.ი. დ. გოგოჭურის მტკიცება არასწორია. ნუ დავივიწყებთ, რომ თავად დ. გოგოჭური ხევსურია და ამ წესის არსებობა მან ყვლაზე კარგად იცის, მაგრამ აქ მისი გახსენება ბუნებრივია, ხელს არ აძლევდა, მაშინ ხომ ვეღარ დაიწყებდა მტკიცებას სულა და კურდღელა ხევსურები იყვნენო. აქ უნდა გავიხსენოთ ფშაური ხმით დატირების ტრადიციაც, რომლის თანახმად მიცვალებულს, უპირველეს ყოვლისა, მშობლები ტირიან. პირველ მოტირლად ყოველთვის დედა ითვლება. ტირის მამაც, მაგრამ ფშაველი მამაკაცი მარტო შვილს კი არ ტირის, არამედ სხვასაც: დაღუპული შვილის ტოლს, დედას, ნათესავს, მეგობარს. ასე, რომ წესის თანახმად, ფშაველი მამაკაცი მოვალეცაა იტიროს ახლობელი ადამიანი. Eეს წესი ფშავში დღესაც მოქმედებს. ე.ი. აშკარაა, რომ სულა და კურდღელაც ფშავლები იყვნენ და მამამ დაიტირა კიდევაც შვილები, როგორც ეს ფშაველ მამას მოეთხოვებოდა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by გამრიგე on Mon Dec 06, 2010 6:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ვანო ბერიძიაშვილი   Mon Dec 06, 2010 6:11 pm

ვანო ბერიძიაშვილი

სიყალბე მეცნიერების მანტიაში




(დასასრული)


დ. გოგოჭურს ახალ-ახალი მასალა მოაქვს, რათა როგორმე ძმების ხევსურობა დაამტკიცოს და იმოწმებს თ. რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილ ფშაურ ლექსს

"- მამკლავმა მამკლა მეორედა,
ჟამი უკუღმა მამიბრუნდა"...

იგი ამ ლექსს ასეთ კომენტარს ურთავს: "-სიმღერის ტექსტი გვეუბნება, რომ კურდღელას კაცი მოუკლავს, იგი "მამკლავია", მაგრამ იმის მაგიერ, რომ თავი დამნაშავედ ეცნო და ჩარგლიდან გადაკარგულიყო, გაუგონარი ამბავი ჩაუდენია - მოსისხლეებიდან მეორე კაციც მოუკლავს.

მოსისხლეობა ქრისტიან მთიელთა შორისაც ხშირად ჩამოვარდებოდა, იგი ერთი თემის ან ერთი სოფლის მცხოვრებთაც შეიძლებოდა შემთხვეოდათ,

მაგრამ მკვლელს რომ სოფელი არ დაეტოვებინოს და ამის შემდეგ მეორეც მოეკლას, ქართველ მთიელთა ურთიერთობაში ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო." მეცნიერის ეს მსჯელობა ხევსურული სისხლის აღების წესიდან მომდინარეობს და მისი მიხედვით სწორია, ოღონდ წინააღმდეგობაში ვარდება ავტორი. თუკი სულა და კურდრელა ხევსურები იყვნენ, როგორც იგი ამტკიცებს, მაშინ გაუგებარია რატომ არ გაერიდნენ მოსისხლეებს? ამ ფაქტის ჭეშმარიტი ახსნა სულ სხვა სურათს იძლევა.

დ. გოგოჭურს, რომელიც ასე დაინტერესბულია ვაჟას გენეალოგიით, შეუძლებელია წაკითხული არ ჰქონდეს მისი წერილი "ფშავლების ძველი სამართალი და საოჯახო წესები". აი რას წერს ვაჟა სისხლის აღების ფშაური წესის შესახებ გვარეულობის (თემის) წრეში: "სისხლის აღებას გვარეულობის წრეში ალაგი არა ჰქონდა; კაცი, მკვლელი თავისი ნათესავისა, განთავისუფლებული იყო სისხლის ზღვევიდამა და ალმანიიდამაც. საგვარეულოში სისხლის აღება წესად არ იყო".

როგორც ვხედავთ, ვაჟას მიერ აღწერილი წესი დ. გოგოჭურის მტკიცების სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. Aახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ვაჟას მიერ აღწერილი წესის თანახმად კურდღელა ფშაველია და სწორედ თავისიანებში ჩაუდენია მკვლელობა, ამიტომაც გადარჩენილა იგი დაუსჯელად. იგი რომ სხვა გვარისა და თემის კაცი ყოფილიყო, მკვლელობას მართლაც არავინ აპატიებდა. ასეთი მცდარი მსჯელობითაა სარეცენზიო წიგნის ეს თავი სავსე.

"სულასა და კურდღელას დროს ჩარგალი ჩამოყალიბებული ერთიანი თემი არ არის, - წერს დ. გოგოჭური, - აქ სხვადასხვა კუთხეებიდან თუ ტომებიდან მოსული ხალხი ეცილება ერთი-მეორეს სანადიროებსა და სახნავ-სათიბებს" (გვ. 57), თუ წიგნის ავტორს დავუჯერებთ, მაშინ გაუგებარია, რატომ თავიდანვე ცალკე თემად არ ჩამოყალიბდა ამ სოფლის მოსახლეობა? რატომ მიეკედლნენ "სხვადასხვა" კუთხეებიდან და ტომებიდან მოსული ხალხისგან შემდგარი ჩარგლელები ოცდაათი კილომეტრით დაშორებულ სხვა სოფლის ცაბურთის (გოგოჭურების) თემს, დაკარგეს საკუთარი გვარები, სლოცავები, მიიღეს გოგოჭურების დედა გვარი და თავის მთავარ სათემო სალოცავადაც ცაბაურთის მთავარანგელოზის ხატი გაიხადეს? პასუხი მხოლოდ ერთია, რომელიც ზევითაც მოგახსენეთ. ჩარგლელები ცაბურთიდან ჩამოსახლდნენ და ამ ხალხს ადრეც და ახლაც სათემო სალოცავად ცაბურთის მთავარანგელოზი მიაჩნია. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არი, რომ რამდენიმე ოჯახი სხვა თემიდანაც მოსულიყო, მაგრამ დღეს ამის მტკიცება, უბრალოდ უსაფუძვლოა და არც რაიმე მნიშვნელობა აქვს ჩვენი საკითხის გადასაწყვეტად.

დ. გოგოჭურს მოჰყავს მის მიერ ხევსურეთში მოპოვებული თქმულების ახალი ვარიანტი და იქ მოხსენებულ მისრიას იმ ლეგენდარულ მჭედლად მიიჩნევს, რომელმაც ფშაურ გვარს მისრიაშვილს დაუდო სათავე, მაგრამ რა შუაშია ჩარგალი? მჭედელი მისრია და მისი შთამომავლობა ჩარგლიდან შორს, უკანაფშავში - სოფელ მისრიანთკარში ცხოვრობდა.

ამ ამბავთან დაკავშირებით დ. გოგოჭურს მოჰყავს ხალხური ლექსი და მის ბოლო ტაეპს "დაგკრავს ისარსა მისრიაო, გამახვეწილსა მშავლისასაო" - ასეთ კომენტარს ურთავს: "ისრის გამოხვეწა" ან "ისრის დაწებვა" ხატოვანი თქმაა და საბრძოლველად წაქეზებას ნიშნავს"(გვ. 65) ავტორის ეს განმარტება მცდარია. ამ კონტექსტში "ისრის გამოხვეწა" ხატოვანი თქმა არაა. Gგამოხვეწა - გამოთლას, გამოჩარხვას ნიშნავს ფშაურ დიალექტზე. ხვეწა - ხისგან რაიმეს გამოთლა, გამოჩარხვა ხელობა იყო ფშავში, ხვეწდნენ - (თლიდნენ) ჯამებს, ისრებს დას ხვ. ეს პროცესი ზეპირსიტყვიერებაშიც აისახა:

"ფშავლებო, ხვეწეთ ისარი,
აღარას გარგებსთ ხვეული..."

ან:

"ცხენებს დასწყვიტეთ წელები
კახეთს ნახვეწის ზიდვითა...
თასურეების პარვასა -
ხვეწა სჯობს ჩემის ფიქრითა."

დ. გოგოჭური თავად აღიარებს, რომ სულასა და კურდღელას "დედა გვარი გოგოჭური და მისი განშტოებები... აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. ამჟამად ამ ძველ გვარზე მხოლოდ ხევსურები ეწერებიან და ისიც ნაწილიღა. აგრეთვე გოგოჭურის გვარს ატარებს ერწოში და კახეთში ადრევე ჩამოსახლებული ფშაველი ცაბაურ-გოგნელაშვილების რამდენიმე ოჯახი." (გვ. 58) მაშასადამე, ამ გვარს (გოგოჭურს) ორივე კუთხის წარმომადგენლები ატარებენ. მაშინ რა უფლებით მოათავსა დ. გოგოჭურმა სულა და კურდღელა, რომლებიც ფშაველი გოგოჭურები იყვნენ, ხევსურ სახალხო გმირთა სიაში? განა უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, რომ ისინი, ასევე ფშავლებად დარჩენილიყვნენ, როგორც მის "მეცნიერულ" კვლევამდე იყვნენ? რატომ უნდა შეეწიროს სიმართლე მსხვერპლად სიყალბეს, წინასწარ აკვიატებულ სურვილს, რომელიც ყოველგვარ ობიექტურობასაა მოკლებული?

დ. გოგოჭური წერს: "გოგოჭურთა გვარის არცერთ განშტოებას არ მოეპოვება გადმოცემა იმის შესახებ, თუ რომელ კუთხეში გაჩნდა პირველად ეს გვარი... ვფიქრობთ, ეს გვარი ჯერ კიდევ მანამ არსებობდა, ვიდრე ფშავისა და ხევსურეთის ცალ-ცალკე ეთნიკურ ერთეულებად ფორმირება მოხდებოდა, ვიდრე ამ კუთხეს საერთო სახელი, ფხოვი ერქვა" (გვ. 58)

ჯერ ციტატის პირველი ნაწილის შესახებ: დ. გოგოჭური სიმართლეს გვიმალავს. მან იცის ფშაური გადმოცემა იმის შესახებ, რომ ხევსური გოგოჭურების წინაპრები ფშავლები ყოფილან. ისინი საგოგოჭუროს (ცაბაურთის) თემს ეკუთვნოდნენ. ერთხელ თემის რამდენიმე წევრს სათემო ხატის საგანძურიდან ვერცხლის თასი მოუპარავს. ქურდობა გამჟღავნებულა. თემს მოუკვეთია ისინი და სამუდამო გაყრის ნიშნად ძაღლი გაუჭრიათ შუაზე. მოკვეთილები ხევსურეთში სოფელ ჭორმეშავში დასახლებულან, მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. მოკვეთილებს ნაპარავი თასი ხატში ჩუმად მიუტანიათ, მეორე თასში ჩაუდგამთ და შერიგება უთხოვიათ, რომ მათ ქურდობა ტყუილად დააბრალეს. "თასი მეორე თასში ყოფილა დ ვერ გინახავთო". თემი ეშმაკობას მიუხვდა და აღარ შეირიგა. მის შემდეგ დარჩენილან ისინი ხევსურეთში, გახევსურებულან, მაგრამ ძველი გვარი კი შეუნარჩუნებიათ. იმ ძველი დავის ამსახველი კაფიაცაა დარჩენილი. ერთი ფშაველი მეორეს ეუბნება:

- "ჭორმეშიონ (ჭორმეშავის მცხოვრები) მოგვივიდა
სიტყვა უთხრათ დაზაული. (შესარიგებელი, დასაზავებელი)
- მოვიდა-დ, ისივაც წავა,
ვერ იქნება ცაბაური (ე.ი. ცაბაურად ვეღარ მივიღებთო)

პასუხობს მეორე მეკაფიავე. "ვფიქრობთ, ეს გვარი (გოგოჭური ვ.ბ.) ჯერ კიდევ მანამ არსებობდა, ვიდრე ფშავისა და ხევსურეთის ცალ-ცალკე ეთნიკურ ერთეულებად ფორმირება მოხდებოდა, ვიდრე ამ კუთხეს საერთო სახელი, ფხოვი ერქვა" (გვ.58). წერს დ. გოგოჭური. უეჭველია ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ იგი აუცილებლად ფშაური (ფხოური) იქნებოდა, რადგან თვით ხევსურული გადმოცემით ხევსურები დღევანდელი ხევსურეთის აბორიგენები არ არიან- მათი წინაპარი ბარიდან გვიან საუკუნეებშია მოსული.

დ. გოგოჭური ეხება სულასა და კურდღელას სოციალურ ყოფას და არ ეთანხმება ფშაურ-გადმოცემებს. "რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან ზეპირსიტყიერების რომელიმე ჟანრს". (გვ. 68) უცნაურია მეცნიერის ასეთი დასკვნა. ვთქვათ თანამედროვე მთქმელთა ცნობები "ზეპირსიტყვიერების რომელიმე ჟანრს არ მიეკუთვნებიან", მაგრამ რა ვუყოთ თ. რაზიკაშვილის ცნობას მათ შესახებ? ნუთუ არც ის მიეკუთვნება "ზეპირსიტყვიერების რომელიმე ჟანრს?

პატივცემული მეცნიერის ეს მსჯელობა იმდენად ულოგიკო და მცდარია, რომ მის შესახებ კამათი ვგონებ არ ღირს.

"ის მტრული ნაწილი, - წერს დ. გოგოჭური, - რომელიც შემდეგ ჩარგალში დარჩა, სულასა და კურდღელას შესახებ კარგ გადმოცემებს როდი დაუტოვებდა შთამომავლობას".(გვ. 68) აშკარა წინააღმდეგობაა! მტრულმა ნაწილმა თუ კი მოწინააღმდეგეები, ე.ი. სხვაგნიდან მოსული ძმები დახოცა, როგორღა გაიხადა ისინი სალოცავად? სხვაგნიდან მოსულებს და თანაც მოსისხლეებს რომ სალოცავად არავინ გაიხდიდა, განა ამასაც მტკიცება უნდა? სულა-კურდღელას სალოცავი ხომ დღესაც არსებობს ჩარგალში და მას ისევ ლოცულობენ აქაურები.

სინამდვილეში ეს ასე აიხსნება: სულა და კურდღელა ძლიერი პიროვნებანი, უებრო ვაჟკაცები იყვნენ, ამიტომ აპატია ხალხმა გვარში ჩადენილი დანაშაული (თუ კი მართლაც ჩაიდინეს) და ადრე გაწეული გმირობისათვის სალოცავად გაიხადა ისინი. (შესაძლოა გმირობის გარდა , დღეისათვის დავიწყებული, რაიმე სხვა ფაქტორიც მოქმედებდა.) ძლიერ კაცს, თუნდაც მას დანაშაულიც ჰქონოდა, ძალიან ხშირად მოწიწებით ეპყრობოდა ხალხი, რადგან მას ყოველთვის ხიბლავს ძლიერი პიროვნებანი. ამის მაგალითები უფრო გვიანდელ ზეპირსიტყვიერებაშიც უამრავია. სულა-კურდღელას შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის თ. რაზიკაშვილი: "სულასა და კურდღელას ისე ჰყავდათ ხალხი შეშინებული, რომ, როცა ხევსურები ჯორებით არაგვის პირზე ჩამოივლიდნენ, ჯორებს თურმე პირში ქორაკებს ამოსდებდნენ, არ დაიყროყინონ, სულამა და კურდღელამ არ გაიგონ, წამოვლენ და დაგვცარცვავენო"

აქედან დასკვნა: სულა და კურდღელა რომ ხევსურები ყოფილიყვნენ, ცხადია, თანამოძმეებს არ დაძარცვავდნენ თავის სოფელთან, პირიქით, სხვა მძარცველებისაგან დაიფარავდნენ მათ.

ახლა რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას გენეალოგიას. როგორც ზევითაც დავინახეთ, სულა-კურდღელა და ვაჟას წინაპარი მამისიმედი ერთი გვარის და თემის წევრები იყვნენ და ცხოვრობდნენ ფშავში სოფელ ჩარგალში. მათი წინაპრებიც, როგორც დანარჩენი ჩარგლელები ცაბაურთიდან ჩამოსახლებულან. როდის მოხდა ეს, გაურკვეველია. მართალია, ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი გადმოგვცემს სხვისი ნათქვამის მიხედვით თითქოს მათი წინაპარი ხევიდან მოსულა, მაგრამ როგორც მისი ავტობიოგრაფიის შინაარსიდან ვგებულობთ, თავადაც არ არის დარწმუნებული ამაში. ვ. ითონიშვილი, რომელიც ვაჟას გენეალოგიას განიხილავს (დ. გოგოჭური თავის წიგნში ამ საკითხსაც ეხება) საკითხს ტენდენციურად მიუდგა. ვაჟას გენეალოგიის მისეული ვერსია მოკლებულია ობიექტურ მეცნიერულ არგუმენტაციას. როცა ვ. ითონიშვილის წერილს ეხება დ. გოგოჭურს საკმაოდ თამამი დასკვნები გამოაქვს: "იქ, როგორც ძველისძველ საგვარო ხატში, (ხახმატში ვ.ბ.) საკლავს კლავდნენ და სანთელს ანთებდნენ ღუდუშაურები და რაზიკაშვილებიც. (გვ. 61) სადაა ამის დამამტკიცებელი საბუთი?.. სინამდვილეში კი ასე იყო. ხახმატის ხატში საკლავს მართლაც კლავდნენ არა მარტო რაზიკაშვილები, სხვა გვარის ფშავლებიც. ისინი ამ ხატს ლოცულობდნენ არა როგორც "საგვარო ხატს", არამედ საქონლის მფარველ ღვთაებას, ხოლო ვაჟას ორიოდეჯერ სტუმრობის მიზეზი ხევსურეთს თითქოს "საგვარო ხატის" მოლოცვა იყო, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა. არც ვაჟას მამის მოღვაწეობა ხევსურეთში გამოდგება იმის საბუთად, რომ იგი წარმოშობით აქედან იყო. (გვ. 61), ეს ისეთი საკითხია, რომლის შესახებ სერიოზული მეცნიერული საუბარიც კი დემაგოგიად ჩაითვლება.

და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ვაჟა-ფშაველას ცნობას ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში მისი წარმოშობის შესახებ? იგი კი თავის ავტობიოგრაფიაში - "ჩემი წუთისოფელი" წერს: "თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით". განა მეცნიერს, რომელიც ვაჟას გენეალოგიაზე წერს, უფლება აქვს უარყოს ვაჟასავე ცნობა თავის წარმოშობაზე? ერთი რამ ისევ უნდა შევახსენო მკითხველებს: ის რაც სულა-კურდღელას წარმოშობაზე ითქვა, თავისთავად ვრცელდება ვაჟას წინაპრებზეც, როგორც ერთი გვარის ხალხზე. ამიტომაც მკითხველს თავს აღარ შევაწყენ ფაქტების გამეორებით. ისედაც იძულებით მრავალჯერ მომიხდა ერთი და იგივეს მტკიცება. მხოლოდ დასკვნას შემოგთავაზებთ:

1. ფშაველი სახალხო გმირები სულა და კურდღელა დ. გოგოჭურმა სრულიად უსაფუძვლოდ მოაქცია ხევსურ სახალხო გმირთა სიაში. სინამდვილეში ისინი ცხოვრობდნენ ფშავში, სოფელ ჩარგალში და როგორც ამ სოფლის სხვა მცხოვრებლები, ეკუთვნოდნენ ფშავის ერთ-ერთი თემის გოგოჭურების (ცაბაურების) დედა გვარს.

2. სულა-კურდღელას მამა და ვაჟას წინაპრები ფშაველი გოგოჭურები იყვნენ სოფელ ცაბაურთიდან ჩამოსახლებულნი ჩარგალში.

3. გვარი გოგოჭური წარმოსდგა გოგოჭა ცაბაურისაგან და მის არაფშაურ წარმოშობაზე არავითარი ისტორიული და ფოლკლორული მასალა არ არსებობს.

4. დავით გოგოჭურის შესახებ უნდა შევნიშნო, რომ იგი ფაქტებისადმი ტენდენციურმა მიდგომამ, სიმართლის გზას ააცდინა და მეცნიერული კვლევის ნაცვლად მისი ყალბი მოდელი შემოგვთავაზა.

5. დ. გოგოჭური შეეხო ვაჟას გენეალოგიას და არ წაიკითხა, ან დაუმალა მკითხველს თვით ვაჟას მიერ მოწოდებული ცნობები, რომლებიც მისი მტკიცების საპირისპიროს მეტყველებენ.

სასურველია და აუცილებელიცაა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ვაჟას გენეალოგიის შესახებ ამდენი ცრუ მეცნიერული დავიდარაბა. გვსურს თუ არა, უნდა დავუჯეროთ თვით ვაჟას ცნობას მისი წარმოშობის შესახებ.

ვაჟას მემკვიდრეობის თუ გენეალოგიის მკვლევართ უნდა ახსოვდეთ, რომ იგი უპირველეს ყოვლისა ქართველია სისხლით, სულით, ფსიქოგენეზისით და პროვინციული გაწამაწია მის წარმოშობაზე არაფერს შემატებს მას და, მითუმეტეს, ქართულ კულტურას.


სტატია მომზადებულია 1981 წელს.

წყარო – http://www.pshavi.ge/publication/view_publ.php?id=2
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ვანო ბერიძიაშვილი   Mon Dec 06, 2010 6:15 pm



ვანო ბერიძიაშვილი

მეცნიერული სიმართლისათვის


ქართულ ლიტერატურაში საყოველთაოდაა ცნობილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიახლოვე ფოლკლორთან, მაგრამ სპეციალურ ლიტარატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს სიახლოვე და გარეგნული მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე გახდა მიზეზი შეცდომებისა, რაც საკმაოდ ბევრი იყო ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევართა შრომები. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები დღესაც არა იშვიათად მეორდება.

რა თქმა უნდა, ისეთი რთული საკითხის კვლევის დროს, როგორიცაა ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ საკითხის ზერელე განხილვა, მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობა, გულუბრყვილობა, ტენდენციური და არამეცნიერული მსჯელობა არავის ეპატიება.

შეცდომები, რომლებზედაც ქვემოთ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას რომელიმე რიგითი მწერლის შემოქმედებას რომ შეეხებოდეს და არა ვაჟას, იქნებ ასეთი ყურადღების ღირსიც არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან საქმე ვაჟას შემოქმედებას შეეხება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემდეგშიც მოახდენს თაობებზე, დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რადგან ეს შეცდომები მომავალ თაობებსაც მცდარ ინფორმაციას მიაწვდიან. თანაც ამ შეცდომების გასწორება დღეს უფრო ადვილია, ხვალ კი იქნებ შეუძლებელიც შეიქნეს.

რა თქმა უნდა, შეცდომები სხვადასხვა ავტორთან სხვადასხვა სახისა და ხასიათისაა. ამ წერილში რამდენიმე კონკრეტულსა და ტიპურ შეცდომას გამოვიტან მკითხველთა სამსჯავროზე.

დავით გოგოჭურის წიგნში "ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები" სხვა ხევსურ სახალხო გმირებთან ერთად განხილულია ხოშურაულის ვინაობაც (გვ. 150-164).

როგორც ვიცით ხოშარეული ვაჟას პოემის "ბახტრიონის" გმირია და წინამძღოლობს ხევსურთა ჯარს: "გუდანელთ ჩამასძღოლია, ხოშარეული ხარია"...

მსგავსი ვითარებაა ხალხურ ლექსებშიც, მაგრამ მთავარი განსხვავება თვით გმირის გვარშია: ხალხურში - ხოშურაული, ვაჟასთან – ხოშარეული ჯერ ხალხური ლექსების გმირ ხოშურაულის შესახებ:

არსებობს ე.წ. ხოშურაულის ციკლის ლექსები. ამ ლექსთა ვარიანტებში ხშირად ერთი და იგივე მოქმედება სხვადასხვა გმირს მიწიერება - ხოშურაულს, ნადირას, საღირიშვილს, საღირაშვილებს, გოგოლაურს: საქმე ეხება ბახტრიონის ციხის გალავანზე გადამსვლელ და ხანის კარვის ამჩეხ გმირს. ლექსთა ვარიანტები ასეთ სურათს იძლევა:

1. "ნადირაის ხმლის ნამტვრევნი
კარავის კარში ხყრიანო
ხმალ ხოშურაულს გაუტყდა,
ხევსურნ სხვას გამუცვლიანო"

2. "მეტნი ხართ, საღირიშვილნო,
გიჭვრეტენთ ტალავარზედა.
ბახტრიონთ სულთქმის ციხესა,
გადახვალთ გალავანზედა,
ხმლითა სცემთ ხანის კარავსა,
ზედ მიხვალთ ფალავანზედა".


3. "ბიჭი ვარ გოგოლაური
რას მყურობ ტალავარზედა!
წინწინ მე გადავფრინდები
ბახტრიონს გალავანზედა;
ხმლითა ვცემ თათრის ბელადსა,
ზედ მივალ ფალავანზედა".


4. "თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ კახსაო,
ფეხს დავკრავ გადავფრინდევბი
ბახტრიონს გალავანსაო".

5. "მეტი ვარ საღირიშვილი
ნუ მიმზერთ ტალავარზედა".

და სხვ.

დ. გოგოჭური ამტკიცებს, რომ ეს არის ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც ლექსთა ვარიანტებში ხან გვარით (ხოშურაული), ხან სახელით (ნადირა), ხან კი მამისახელით (საღირას შვილი) იხსენიება. ეს მტკიცება თავის დროზე გააკრიტიკეს ა. შავხელიშვილმა და ლ. ჭრელაშვილმა. მათ თუშური მასალების საფუძველზე უარყვეს მისი მტკიცება და მიუთითეს, რომ საღირაშვილი ხოშურაულის მამისახელი კი არ არის, თუში გმირის გვარია. დ. გოგოჭურმა არ გაიზიარა ოპონენტების შენიშვნები და თავისი მოსაზრება უცვლელად შეიტანა სარეცენზიო წიგნში.

ვინ არის მართალი?

ხოშურაულის ვინაობაზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არსებობს, ფიქრობენ, რომ ლექსთა ვარიანტებში დასახელებული ერთი და იგივე პიროვნება კი არა, სხვადასხვა გმირია. მართლაც, ამ ვარიანტებში რომ მხოლოდ ერთი პიროვნება დაინახო, ამ მხრივ განსაკუთრებული მონდომება უნდა გამოიჩინო... ერთი რამ კი ცხადია: ეს არის ერთი ლექსის სხვადასხვა ვარიანტი, რომელსაც უეჭველია თავდაპირველად ერთი ადრესატი ეყოლებოდა, გავრცელების შემდეგ კი სხვადასხვა კუთხეში იგი ადგილობრივმა გმირმა შეცვალა. ხოლო თუ ვინ იყო თავდაპირველი ადრესატი ამის დადგენა დღეს ალბათ შეუძლებელია.

მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა ხოშურაულის წარმოშობაზეც. ნ. ურბნელი ამ გვარის წარმოშობას ფშავის სოფელ ხოშარას უკავშირებს, ს. ყუბანეიშვილიც თვლის, რომ "გვარი ხოშურაული არაა ხევსურული წარმოშობისა" და ისიც ფშავს უკავშირებს. დ. გოგოჭური არ იზიარებს ამ თვალსაზრისს და თვლის რომ ხოშურაული ხევსურია. თავის მტკიცებაში ის ეყრდნობა ხალხურ ლექსებს და ზეპირგადმოცემებს. ამასთან იგი იმოწმებს მის მიერ მიკვლეულ ახალ მასალას. ის წერს, რომ 1951 წელს ხევსურეთში ბაცალიგოს თემში, სოფელ მისახში, მან თავად ნახა და ესაუბრა სახალხო გმირის ხოშურაულის შთამომავალს ლაგაზა ხოშურაულს. საინტერესო ცნობაა, მაგრამ ამ გვარის ხალხი რომ ხევსურები არ არიან?! დუშეთის რაიონულ არქივში დაცული ხევსურეთის სასოფლო საბჭოების საკომლო წიგნების შესწავლამ ცხადყო, რომ არა თუ სოფელ მისახში, საერთოდ ხევსურეთში ამ წლებში, (და არა მარტო ამ წლებში), ერთი კაციც არ ყოფილა ხოშურაულის გვარისა! სოფელ მისახში ამ წლებში ცხოვრობდა მხოლოდ ლაგაზა არაბული და მისი ოჯახი, ხოშურაულის ხსენება კი არ ჩანს! რა მოხდა?

ერთ კომლიან სოფელში მცხოვრები კაცი რომ გამორჩენოდათ და საკომლო წიგნში არ შეეტანათ ასეთი ვარაუდი თავიდანვე გამორიცხულად უნდა მივიჩნიოთ. მაშასადამე, ლაგაზა ხოშურაული დ. გოგოჭურის გამონაგონია, რაც ალბათ იმისთვის დასჭირდა, რომ ხოშურაულის ხევსურობა როგორმე დაემტკიცებინა. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ დ. გოგოჭურს "დაავიწყდა", რომ გვარი ხოშურაული ფშაური წარმოშობისაა და ამ გვარის ხალხი დღესაც ცხოვრობს ფშავში. ამასთან ფშაურ ხალხურ პოეზიაში მოიპოვება ფშაველი სახალხო გმირი ხოშურაულიც...

ახლა ვაჟას პოემა "ბახტრიონის" გმირი ხოშარეულიც გავიხსენოთ.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე ხოშურაული რატომღაც ვაჟა-ფშაველას პოემა "ბახტრიონის" პერსონაჟ ხოშარეულთანაა გაიგივებული, რომელსაც დ. გოგოჭურიც უყოყმანოდ იზიარებს. არა და ეს სრულიადაც არაა სწორი. სახალხო გმირი ხოშურაული არ არის ვაჟას ხოშარეული, უფრო მეტიც, ხოშურაულის პროტოტიპიც კი არ არის იგი. ამის შემდეგ თავად ვაჟა გვაწვდის ნათელ და უეჭველ ცნობას: "გმირები პოემისა – ლუხუმი, ხოშარეული, სუმელჯი, კვირია, სანათა, გარდა ზეზვასი, ხალხურ ლექსებში ერთიც არ არის ნახსენები, რომ იმათ მიეღოს რაიმე მონაწილეობა ბახტრიონის ბრძოლაში და არც კი არიან თანამედროვენი ამ ბრძოლისა, თუმცა კი გმირებად იხსენიებიან ხალხურ ლექსებში სრულიად სხვა ბრძოლაში, სხვა დროს-ასეთები არიან ლუხუმი, ხოშარეული". როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია! ამ ცნობის მიხედვით ვაჟას ხოშარეულს არაფერი აქვს საერთო ხოშურაულთან. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ეჭვი მაინც ჩნდება - ვაჟას ხოშარეული ძალიან ჰგავს ბახტრიონის გმირ ხოშურაულს. როგორც ვაჟას განცხადებიდან დავინახეთ, იგი არ იცნობს ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე ხოშარეულს, ხოლო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა მკრეხელობა იქნება, რადგან ვაჟა არსად არ ცრუობს, მითუმეტეს ამ შემთხვევაში მას ამის საჭიროება არა აქვს. მაშ რატომ დაემსგავსნენ ერთმანეთს პოემის პერსონაჟი და სახალხო გმირი? ამ საკითხის ასე სახელდახელოდ გარკვევა შეუძლებელია, იგი სპეციალური წერილის თემაა და საჭიროებს ღრმა და საფუძვლიან ანალიზს. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ვარაუდით შემოვიფარგლები: პოემა "ბახტრიონი" 1892 წელს გამოქვეყნდა. პოემას დიდი რეზონანსი ჰქონდა მთის კუთხეებში და ზეპირი სახით სწრაფად გავრცელდა მთიელებში. ადვილი შესაძლებელია პოემამ ხელი შეუწყო ხოშურაულის ციკლის ლექსების შექმნას, გავრცობას და გავრცელებას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ციკლის ლექსების უდიდესი ნაწილი პოემის გამოქვეყნების შემდეგაა ჩაწერილი.აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ვაჟას მოჰყავს ბახტრიონის ბრძოლის ამსახველი ლექსები ერთერთ წერილში, მაგალითად ,,ბიჭი ვარ გოგოლაური".მას რომ სცოდნოდა მსგავსი ლექსები, სადაც გოგოლაურის ნაცვლად სხვა გმირის სახელი ფიგურირებს, ამის შესახებ ალბათ იტყოდა. ამის თქმის საბაბს მისივე განმარტება იძლევა: ,,ეს ლექსები ფშავშია გაგონილი და როგორც კილო ამტკიცებს, ფშაურ ნიადაგზეა ამოცენებული და ადვილად შესაძლებელია, ფშავებს თავისი თავი თუშებზე და ხევსურებზე სახელოვნად ჰყვანდეს დასურათებული".მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს მკვლევარებს ვაჟას ცოდნასა და ობიექტურობაში ეპარებათ ეჭვი და სურთ სამართლიანობა აღადგინონ...

მოტანილი საბუთების საფუძველზე დასკვნა ასეთ სახეს მიიღებს:
გვარი ხოშურაული ფშაური წარმოშობისაა და შეუძლებელია ამ გვარის კაცი ხევსური გმირი იყოს და ამდენად გაუმართლებელია მისი შეტანა ხევსურ გმირთა სიაში. (ხოლო თუ რატომაა იგი ხევსურთა მეთაური ესაც ცალკე საუბრის თემაა. განა შეუძლებელია, რომ გუდანელების წინამძღოლი არა ხევსური ყოფილიყო? ეს სულაც არ არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ასეთი შემთხვევები ლაშქრობებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ბახტრიონის ბრძოლის მონაწილე სახალხო გმირი ხოშურაული არ არის ვაჟას პოემის პერსონაჟის პროტოტიპი და ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც უნდა გასწორდეს...

ნაწილობრივ ამგვარი, ნაწილობრივ კი სრულიად სხვა ხასიათის შეცდომებია მეორე ავტორის ნიკო გოგოჭურის წერილში "ვაჟა-ფშაველას პოეტურ სამყაროში". (ჟურნალი მნათობი" (15, 1979წ. გვ. 142-144). წერილის ავტორი ცდილობს, ვაჟას ნაწარმოებთა პერსონაჟებს და პასაჟებს პროტოტიპები და თანმხვედრი ადგილები მოუძებნოს ხალხურ ლექსებში. "ამ წერილს მხოლოდ იმის პრეტენზია აქვს, რომ მკაფიოდ გამოავლინოს ის ნაკლებად შესწავლილი ფოლკლორული წყაროები, რომლებთანაც, ჩვენი აზრით, გენეტიკურ კავშირშია ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, მიუთითოს მათ ურთიერთ მსგავსებაზე", აცხადებს ის და ამ ანალოგების დასაძებნად იყენებს გამოცემას: "აკ. შანიძე - ქართული ხალხური პოეზია, 1, 1931წ." ამ წიგნში დასტამბულია ლექსები თუშ სახალხო გმირ ლუის ლუხუმზე, რომელსაც ნ. გოგოჭური ვაჟას პოემა "ბახტრიონის" გმირის ლუხუმის პროტოტიპად მიიჩნევს: "35, 142, 145, 314, 419 - გვერდებზე გადმოცემულია თუში სახალხო გმირის, - ლუხუმის, ანუ ლუის (შვილი) ლუხუმის საგმირო თავაგადასავალთა მთელი ციკლი. ლუხუმი ვაჟამ როგორც ცნობილია, პოემა "ბახტრიონში" შემოიყვანა და მისგან ზოგადპატრიოტული სიმბოლური სახე შექმნა", წერს ნ. გოგოჭური.

მართლა ლუის ლუხუმია ვაჟას გმირის პროტოტიპი თუ უბრალოდ სახელის თანხვედრაა?

როგორც ვიცით, ვაჟა "ბახტრიონში" რამდენჯერმე მიუთითებს ლუხუმის ფშავლობაზე, ("ბერი სადღაა ლუხუმი დამრიგებელი ფშავისა") უფრო მეტიც, მის მშობლიურ სოფელსაც ასახელებს:

"მოიდენ აფხუშელები
მცოდნენი თათრის ზნისაო,
წინადაც უცდავ თათრები
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი"...

როგორც ვხედავთ, აქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ აფხუშელებს ბერი ლუხუმი წინამძღოლობდა. სოფელი აფხუშო კი, (ამჟამად ნასოფლარი) ვაჟას მშობლიური სოფლის ჩარგლის მაღლა მდებარეობს, ამასთან ხალხური ლექსები და ზეპირგადმოცემები ადასტურებენ, რომ სახალხო გმირ ლუხუმს მართლა უცხოვრია აფხუშოში.

თუნდაც ეს გადმოცემები რომ არ არსებობდეს, მაინც არ იქნებოდა გამართლებული პოემის გმირის ლუხუმის პროტოტიპად თუში ლუის ლუხუმის მიჩნევა. იმ მიზეზით, რომ ვაჟა-ფშაველას მთელ შემოქმედებაში ვერ იპოვით იმის მაგალითს, რომ ერთი კუთხის გმირი მეორე კუთხის შვილად გაესაღებინოს. ყველა მისი პერსონაჟი რომელთა პროტოტიპებიც კი ხალხურ ლექსებში და ზეპირგადმოცემებში იხსენიებიან იმავე კუთხის შვილებია, რომლისაც ზეპირგადმოცემებში. ვაჟას რომ მხედველობაში თუში ლუის ლუხუმი ჰყოლოდა, ამას აუცილებლად აღნიშნავდა კიდეც. (.სხვათა შორის ვაჟა-ფშაველა არც ,,ბახტრიონის" პერსონაჟ ხოშარეულზე არსად ამბობს რომ ის ხევსურია. ვაჟა წერს: ,,გუდანელთ ჩამასძღოლია ხოშარეული ხარია".) წერილის ავტორს მოჰყავს ლუის ლუხუმის ციკლის ლექსები:

გადმაუჩინდნენ ლეკები
თორმეტი, დაღესტნისაო,
არ შაშინდების ლუხუმი
ფერი დაიდვა მგლისაო...

"არ გინდ ლუხუმო, არ მაგკლავთ,
ბრალია კაის ყმისაო"...
აქიმად დააყენიან
დიაცი დუსურბნისაო...

"მოტანილი კოლიზია, - წერს ნ. გოგოჭური - ბევრი რამით" ალუდა ქეთელაურისა" და "სტუმარ-მასპინძლის" კოლიზიების აშკარა ასოციაციას იწვევს: სასიკვდილოდ დაჭრილი მუცალის სიმამაცე და ამით ალუდაზე შთაბეჭდილების მოხდენა; შემდეგ, - "მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა - ცოდვა არიო". ან კიდევ ზვიადაურზე ქისტების ნათქვამი: "კარგი ვაჟკაცი ყოფილა, ყველა ალლახსა ჰფიცავდა". ნ. გოგოჭურს კვლავ მოყავს ვრცელი ვარიანტი ლუის ლუხუმზე და განაგრძობს: "სტუმარ-მასპინძლის ექსპოზიციური საფუძველი (მონადირეთა შეხვედრით დაწყება) იქნება აქედანაა შთაგონებული: "მთით ლეკის მონადირემა ლუხუმს მახკიდა თვალია." ასევე ალუდა ქეთელაურის საბოლოო მონოლოგის ("მშვიდობით საჯიხვეებო"...) შექმნისათვის პოეტის შთამაგონებელ წყაროდ წარმოგვიდგენია ლუხუმის დამშვიდობება თუშეთისადმი - "მშვიდობით, ჩემო თუშეთო"... ლეკის საფლავზე ლუხუმის ცეკვის სურათი თითქმის ტოლს უდებს ზვიადაურის მოქმედებას სიკვდილის წინ. ტყვე თუშის ქალის ტირილი და ლუხუმისადმი გამოქომაგება აღაზას სახის შტრიხია".

წერილის ავტორი ასევე ადვილად პოულობს "შიოლასა დ მთრეხელის" ხევსურული ციკლის ლექსების ანალოგიურ პასაჟებს, პოეტურ სახეებს, მიგნებებს, შინაარსსაც კი, ვაჟას პოემებში -"გოგოთურ და აფშინა", "სტუმარ-მასპინძელი", "ალუდა ქეთელაური" ნ. გოგოჭურს ისე ადვილად და ისეთი რაოდენობით დაუძებნია ხალხური ლექსების აშკარა და უცერემონიო ექსპლოატაცია ვაჟა-ფშაველას მიერ, რომ უნებურად გაიფიქრებ: "აფსუს, რატომ ვაჟას სიცოცხლეში არ იყო გამოქვეყნებული აკ. შანიძის ეს წიგნი, რომ დაედო წინ პოეტს და უფრო კარგად ესარგებლა ხალხური ლექსებით, რამდენად გაიიოლებდა საქმეს"!..

ხუმრობა იქით იყოს და მართლა ასეა საქმე?

ვაჟა-ფშაველა თავად აღიარებს, რომ მასზე დიდი ზემოქმედება აქვს ხალხურ ლექსებს და ზეპირგადმოცემებს. მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს პოეტი პირდაპირ სესხულობდა ხალხურ მთქმელთა მონაპოვარს. არც ის არის სწორი რაც ვაჟასთან და ხალხურ ლექსებში ასე თუ ისე მსგავსია, აუცილებლად ხალხურიდანაა აღებული პოეტის მიერ. აქ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს. როგორც ცნობილია, ვაჟას სტილი ზედმიწევნით ჰგავს ხალხურს. ამასთან ვაჟა ხშირად მიმართავს ხალხურისთვის დამახასიათებელ შედარებას, ეპიტეთს, მეტაფორას და სხვ. ყოველივე ეს იწვევს მსგავსებას და შესაძლოა ზოგჯერ ხალხურად მოგვეჩვენოს პოეტის აღმოჩენა.

ნ. გოგოჭურის მიერ დაძებნილი ვაჟას ქმნილებების ხალხური წყაროები, ანდა მათი გენეტიკური კავშირი, მოკლებულია ელემენტარულ მეცნიერულ ანალიზს, ლოგიკას. ქართული ლიტერატურის კვლევის თანამედროვე ეტაპზე მიუტევებელია ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთ მიმარების შესახებ ასეთი გულუბრყვილო, არა მეცნიერული, გარეგნულ მსგავსებაზე დაფუძნებული მსჯელობა. ყველას კარგად მოეხსენება, რა რთული და ამოუცნობია შემოქმედებითი პროცესი, მითუმეტეს გენიოსებისა, გვსურს თუ არა, მაინც უნდა შევურუგდეთ იმ აზრს, რომ მასში ჩახედვა, ბოლომდე ამოცნობა და ზედმიწევნით გაანალიზება მოკვდავთა ხვედრი არაა. კვლევა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ფრთხილად და ძირითადად იმის გათვალისწინებით, რაც უფრო თვალნათლივი და უეჭველია, თორემ ისეთ კურიოზამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი მსჯელობა, როგორც ეს ნ. გოგოჭურს დაემართა, როცა ხალხური ლექსის სტრიქონები - "მშვიდობით, ჩემო თუშეთო", ვაჟას პოემის გმირის ქეთელაურის მონოლოგის "მშვიდობით საჯიხვეებო" პოეტის შთამაგონებელ წყაროდ წარმოიდგინა. რა არის ამ ყოვლად უბრალო და ჩვეულებრივ სტრიქონებში ისეთი, რომ მის გარეშე გენიოსს ვერ მოეფიქრებინა? ანდა როგორ არის "ტყვე თუში ქალის ტირილი და ლუხუმისადმი გამოქომაგება აღაზას სახის შტრიხი". როცა აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციასთან და მხატვრულ სახესთან გვაქვს საქმე? კომენტარების გაგრძელებას ვგონებ აზრი არა აქვს, რადგან არ არსებული მსგავსების უარყოფა არაფრის მომცემია.

აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნ. გოგოჭურის მიერ მოხმობილი ხალხური წყაროები ვაჟას პოემების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 20-25 წლის შემდეგ იქნა ჩაწერილი და გამორიცხული არ არის, რომ ხალხური მთქმელები განიცდიდნენ ვაჟას გავლენას. წერილის დასაწყისში თვით ნ. გოგოჭური სამართლიანად წერს: "იყო შემთხვევებიც, როცა ფოლკლორისტები ხალხში წიგნიდან გასულ და გადასხვაფერებულ ამ სიუჟეტებს ხელახლა ჩაიწერდნენ და მერე იწყებდნენ ვაჟას ამა თუ იმ ნაწერების გენეზისის ძიებას." სამწუხაროდ, წერილის ავტორმაც სხვათა შეცდომები გაიმეორა და ვფიქრობ, ეს საკვლევი მასალისადმი ზერელე დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ამ საკითხის მკვლევართა შეცდომებს ხშირად ხალხური მასალისადმი ზედმეტი ნდობაც იწვევს. კერძოდ, ასეთი უნებლიე შეცდომა მოუვიდა კიდევ ერთ ავტორს გიგი ხორნაულს წერილში: "ვინ იყო ვაჟას "აფშინა"? (გაზეთი ლიტერატურული საქართველო, 1975წ. 8 აგვისტო). ფშავში არსებობს გადმოცემა ვაჟა-ფშაველასა და მეტყევე გიორგი ხორნაულის დამოკიდებულებაზე. გიორგი ხორნაული ხევსურეთიდან, სოფელ ბლოდან ჩამოსახლებული ხევსური იყო და ცხოვრობდა ფშავში სოფელ კაწალხევში. ვაჟას და გიორგის უთანხმოება მოუვიდათ მჟავე წყლის გამო. ამ დავაში გამარჯვება ვაჟა-ფშაველას დარჩა. ხალხმა ეს ინციდენტი პოემა "გოგოთურ და აფშინას" დაუკავშირა და შეიქმნა გადმოცემა, თითქოს აფშინას პროტოტიპად ვაჟამ გიორგი ხორნაული გამოიყენა. ამ გადმოცემის საფუძველზე გ. ხორნაულმა დაასკვნა "რომ აფშინას პროტოტიპად ვაჟას ჰყავდა კაწალხეველი (იგივე ბლოელი) გიორგი ხორნაული". მაგრამ ეს სწორი არ არის. გიორგი ხორნაული 1916 წელს მოკლეს, იმ დროს კი ის, მისი შვილის ვანო ხორნაულის, წერილის ავტორის მამის, მოწმობით, მხოლოდ 36 წლისა იყო. ე.ი. დაბადებულა 1880 წელს. "გოგოთურ და აფშინა" დაიწერა 1887 წელს, ამ დროისათვის გიორგი მხოლოდ შვიდი წლის ბავშვი იქნებოდა და ბუნებრივია, ვაჟა მას აფშინას პროტოტიპად ვერ გამოიყენებდა. თანაც, ვაჟასა დ გიორგის ინციდენტი მჟავე წყლის გამო გვიან, ცხრაასიან წლებში მოხდა, პოემის დაწერიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ...

გ. ხორნაულს თავის წერილებში მოჰყავს ხალხური ლექსი: "ლომო, შე ლომის მოკლულო, ბუსნის ჭალაის პირსაო" და მიუთითებს, რომ იგი გიორგი ხორნაულის სიკვდილთან დაკავშიებითაა შექმნილი, მაგრამ არც ესაა სწორი. ამ ლექსის ვარიანტი გიორგი ხორნაულის სიკვდილამდე 29 წლით ადრე გამოქვეყნებული აქვს დ. ხიზანაშვილს,

"ქორო, შე ქორის მოკლულო,
ხატხეურაის პირსაო,
ჩამსვლელო აფხუშოშია,
ამამყვანელო ტყვისაო"

და სხვ. (იხ. ფშაური ლექსები შეკრები;I დ. ხიზანაშვილის მიერ, 1887წ. გვ. 234), რომელიც მცირეოდნად განსხვავდება გ. ხორნაულის მიერ დამოწმებული ლექსისაგან. ცხადია, ლექსი გიორგი ხორნაულის სიკვდილთან დაკავშირებით ვერ შეიქმნებოდა. მისი ადრესატი სულ სხვა პიროვნებაა. ამის შესახებ არსებობს ასეთი ზეპირგადმოცემა: ამბავი ხდება ძველად, ლეკების თარეშის დროს, ივრის ფშავში ხატხევის ახლოს: - მთიდან, საზაფხულო ქოხიდან ბარში წამოვიდა ფშაველი ცოლ-ქმარი. ცოლი რაღაც სქმის გამო უკან ჩამორჩა, ქმარმა კი გზა განაგრძო და უცებ შეეჩეხა ლეკთა რაზმის ბელადს, რომელიც ხშირად თარეშობდა ფშავში და ტყვეებიც მიუდიოდა. ფშაველსა და ლეკს შორის გამართულ ორთა ბრძოლაში გამარჯვება ფშაველს დარჩა და სწორედ ამ დროს უკან დარჩენილი ცოლი წამოადგა თავს ხმლით აჩეხილ ლეკს. ქალს შეეცოდა მოკლული მშვენიერი ვაჟკაცი, (ქართველები, ხომ საერთოდ დიდ პატივს სცემდნენ ღირსეულ მტერს), მაგრამ ქმრის ხათრით, რა თქმა უნდა, მაშინ მტერს ვერ დაიტირებდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ამბავს ქალზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ შემდეგში ეს ლექსი გამოუთქვამს.

ასეთია ამ ლექსის შექმნის ისტორია. რატომღაც ხალხს ეს ლექსი გიორგი ხორნაულის სიკვდილთან დაუკავშირებია და აქედან მომდინარეობს გიგი ხორნაულის უნებლიე შეცდომაც. იგი რომ უფრო კრიტიკულად მიდგომოდა ხალხურ მასალებს, ცხადია ეს შეცდომებიც არ მოუვიდოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რა დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე მართებს ვაჟა-ფშაველასა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხთა მკვლევარებს, რომ სიმართლის გზას არ აცდნენ და მკითხველი საზოგადოებაც შეცდომაში არ შეიყვანონ. ამ წერილში მოყვანილ შეცდომებზე ყურადღების გამახვილებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ნებსით თუ უნებლიედ ჩრდილში მოქცეული ჭეშმარიტების სინათლეზე გამოტანა და მეცნიერული სიმართლის დაცვა!


სტატია მომზადებულია 1981 წელს.

წყარო – http://www.pshavi.ge/publication/view_publ.php?id=3
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3528
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ვანო ბერიძიაშვილი   Mon May 30, 2011 2:51 pm


The book of pshavian poetry © Photo by Mikho Mosulishvili, 2011

წიგნის დასახელება – "ფშაური პოეზია" (რჩეული)
შემდგენლები - ირაკლი გოგოლაური, თამილა გოგოლაური, ვანო ბერიძიაშვილი
გამომცემლობა – “ლეგა”
რედაქტორი – თამილა გოგოლაური
მხატვარი – ლევან ხარანაული
გრაფიკული დიზაინერი - გიორგი ნავროზაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - თეა ბერიძიაშვილი
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-9191-1-4
გვერდების რაოდენობა – 504
ფასი: 14.00 ლარი

ანოტაცია –
რჩეულის მიზანია პოეზიის მოყვარულთ საშუალება მისცეს ფშაური ხალხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს ერთად თავმოყრილს გაეცნოს და თავად შეაფასოს მათი ავ–კარგი. წიგნში შეტანილია თედო რაზიკაშვილისა და სხვა ფოლკლორისტების მიერ საველე მუშაობის დროს ფშავში ჩაწერილი, ან ფშაველ მთქმელთაგან მოპოვებული და სხვადასხვა დროს გამოქცეყნებული ტექსტები. ასევე შეირჩა კრებულის შემდგენელების მიერ წლების მანძილძე ჩაწერილი და პირად არქივებში არსებული უამრავი მასალიდან საუკეთესო, მკითხველისთვის დღემდე უცნობი ლექსები, ან უკვე გამოქვეყნებული ტექსტების ახლად მოპოვებული ვარიანტები.

study


წინათქმა წიგნისათვის “ფშაური პოეზია”

ხალხური სიტყვიერება მისი შემქმნელი ხალხის განვლილი ცხოვრების მატიანეა მხატვრულ სიტყვაში გაცხადებული, ხოლო პოეზია ამ სიტყვიერების უმაღლესი გამოხატულება! ის თავისთავში მოიცავს იმ ხილულისა თუ უხილავის, შეუცნობლისა თუ შეცნობილის, მატერიალურისა თუ მისტიკურის მხატვრულად დასრულებულ, ჩამოყალიბებულ ფორმასა და აზრს, რომელსაც ადამიანის გონება, წარმოსახვა და სული სწვდება.
ხალხური პოეზია ქართველთა პოეტური ნააზრევის ერთობლიობაა, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ კუთხის პოეტური შემოქმედება მაინც ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ნიშან–თვისებებს, რაც მას თავისთავადობის ელფერს სძენს. ამ მხრივ ერთნაირად საინტერესოა საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მთა და ბარი. თუმცა, უმართებულო იქნებოდა არ გვეთქვა, რომ მათ შორის გამორჩეული კუთხეა ფშავი, სადაც დღემდე ცოცხლადაა შემონახული ხალხური შემოქმედების უძველესი ტრა¬დიციები და უაღრესად დახვეწილი პოეტური ქმნილებები.
ღრმა ლირიზმი და მიმზიდველი მუსიკალობა, გამორჩეული მხატვრული აზროვნება, ფილოსოფიურად გააზრებული აფორისტული მეტყველება და იუმორი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი ფშაურ პოეზიაში. სწორედ ამ ნიშნით, ფშაური პოეტური შემოქმედება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ხალხური ეროვ¬ნული საგანძურის გამდიდრება–განვითარებაში.
ფშაური პოეზიით ჯერ კიდევ XIX საუკუნის პრესა დაინტერესდა. გაზეთ ,,ივერიის~ რედაქციამ ცალკე წიგნადაც კი დასტამბა დ. ხიზანაშვილის შეკრებილი ფშაური ლექსები
ერთ წერილში ვაჟა ამბობდა: ,,საზოგადოდ ფშავლების პოეზიას გავლენა აქვს როგ¬ორც ხევსურების, ისე სხვა მთიელი ქართველების პოეზიაზე. ამის დამტკიცება ძნელი არ არის: ერთი და იგივე ლექსი ფშავში და სხვაგან გაგონილი, ბევრით განსხვავდება გარეგნობით, შინაარსით, სიტყვების მიხვრა–მოხვრით; ფშავში ის ლექსი მშვენიერია და სხვაგ¬ან კი გაუგემურებული, მართალს მოკლებული.~ ,,ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოდგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, _ მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე...“
სწორედ ასეთმა თავისთავადობამ დაბადა აზრი, ცალკე წიგნად გამოცე¬მულიყო ფშაური პოეზიის რჩეული, მითუმეტეს რომ რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც, მთლიანად აკმაყოფილებს რჩეულისათვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას. მასში სრულადაა წარმოდგენილი ხალხური პოეზიის ყველა ჟანრი, უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ამსახველი ლექსებიდან _ დღევანდლამდე.
ფშაველთა კოსმოგენური წარმოდგენები გარკვე¬ულ¬წილად გამჟღავნებულია მითოლოგიურ პოეზიაში. ღვთისშვილების: ლაშარის, კოპალას, იახსრის, პირქუშის, გიორგი წყაროსთაველის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ლექსებში ასახულია მათი ბრძოლა დევ-კერპთა წინააღმდეგ, თუ თანდათან როგორ იწმინდება ფშავი უწმინდურ არსებათაგან, მათ ადგილებში კი არსდება ამ ღვთისშვილთა მიწიერი საბრძანისები, ანუ დღევანდელი სალოცავები. ხალხთან თანადგომა, ბრძოლებში დახმარება და მტერზე გამარჯვებაც სწორედ ღვთისშვილთა ნებით და მონაწილეობით ხდება:
,,ლაშარელაის ლურჯასა
ფაფარი სხავის გიშრისა,
ნახანის გაემართება,
კოტორ გაჰყვება ნისლისა,
თავის ყმათ მიეშველება,
ხან რო არ იყოს მისვლისა!~
მოკლე შესავალ წერილში ყველა ჟანრის შესახებ ამომწურავად ვერ ვისაუბრებთ მაგრამ ზოგიერთ მათგანზე მაინც უნდა შევჩერდეთ, ვინაიდან ეს ჟანრები ფშავში უფრო დასრულებული და დახვეწილი სახითაა შენარჩუნებული, ესენია: საგმირო-საზნეობო, სატრფიალო, მოსაგონარი_ხმით ნატირლები და გალექსება_კაფიები.

საზნეობო ხასიათის ლექსები საცნაურს ხდის ფშავის ძველი საზოგადოების მორალურ სახეს; მათში ზნეობა გამოცხადებულია ცხოვრების ამოსავალ პრინციპად, მისი არსებობის, განვითარების მთავარ პირობად. თუ პიროვნება მორალურად ზნემაღალი და მართალი არ არის, ის მიუღებელია საზოგადოებისთ¬ვის, თუნდაც თავდადებულიც იყოს მისთვის. მხო¬ლოდ ზნეობრივი წესების დაცვის შემდეგ იქნება ის სხვათ¬ათვის მისაბაძი კაი ყმა თუ კაი დედაკაცი. ამ ლექსებში ეს მოთხოვნები ნათლად და გასაგებადაა მოცემული და ისინი შეიძლება ერთგვარ ზნეობრივ კოდექსადაც კი ჩავთვალოთ.
ზნეობა მარადიული ღირებულებაა. ის არასოდეს იცვლება და დღესაც ისეთივე აუცილებელია ადამიანთათვის, როგორც ათასწლეულების წინ. საზოგადოება თავის წევრს ძირითადად მხოლოდ მორალური თვალსაზრისით აფასებს: ,,ქალსა რო უთხრა და-ძმობა, ის უკეთესი და არი; თუ ისიც არ დაგინდია, ის ჯოჯოხეთიც მზა არი!~ ან: ,,ვაჟკაცს, დიაცის მიმყოლსა, სამარემც დაეკვეთება!~ ან კიდევ: ,,დედა, ობლების დამყრელი, კაცის მკვლელს ედარებოდა!~
უზნეობა არავის ეპეტიებოდა, თუნდაც ის გამორჩეული პირი ყოფილიყო. ცოდვის, უზნეობის ჩამდენი თემის სამსჯავროზე სამართლდებოდა და სათანადოდ ისჯებოდა. ხალხის რწმენით, იმქვეყნად, უფლის სამსჯავროზეც მას საშინელი სასჯელი ელოდა: ,,ძმას, ძმისა მოღალატესა მოუდვეს ცეცხლის გენია!~
ზნეობა და გმირობა ფშაურ პოეზიაში ისე შერწყმია ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ჭირს კიდეც საზნეობო და საგმირო ლექსების ცალკ-ცალკე გამოყოფა. ამ ჟანრის ლექსებში ქების ობიექტიც კი ერთია _ გმირი ვაჟკაცი, რომელიც იცავს თემ-სოფელს, ქვეყანას, ქომაგობს დაჩაგრულს, მოქმედებს მდგომარეობის შესაფერისად, მტერს მტრულად და მოყვარეს მოყვრულად უხვდება, არ ჰყვება ქვეყნის ჭორსა და მართალს, არად დაგიდევს წუთისოფლის საცდურს.... ის დამოუკიდებელი, შეუვალი და ყველასათვის მისაბაძი პიროვნებაა:
`კაი ყმა, მგელი, არწივი, _
არც ერთ არ გაიწურთნება:
მგელი არ მაჰშლის მგლობასა,
კაი ყმა _ მამაცობასა,
არწივი არწივობასა, _
მთის ყურეთ ნადირობასა...~
საგმირო–მოსაგონარი ლექსები საერთო ქართული მოვლენაა და მეტნაკლებად ყველა კუთხეშია გავრცელებული. მიცვალებულისთვის ღირსეული პატივის მიგება წმიდათაწმიდა მოვალეობად ითვლებოდა ყველგან და ყოველთვის, უბრალოდ, ფშავში ამას უფრო მასობრივი ხასიათი ჰქონდა.
სამგლოვიარო პოეზიასთან უშუალოდ არის დაკავშირებლი ხმით ნატირალი ტექსტები. ფშაური ხმით ნატირალი განსაკუთრებული მოვლენაა და ის სათანადო ყურადღებას იმსახურებს. უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულის დატირების სახეებს შორის ტერმინი ,,ხმით ტირილი“ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, კერძოდ, ფშავსა და ხევსურეთში იხმარება, სადაც ხმით ტირილის ტრადიცია ახლაც ცოცხალია. სატირალი ტექსტი თითქოს წინასწარ შედგენილი და კარგად დამუშავებული, თეთრ ლექსს მიაგავს ზედმიწევნით. ფშაველი ქალის მიერ მოთქმის დროს იმპროვიზაციის შედეგად ურითმო, ცხრამარცვლიანი ლექსის შექმნა უნიკალური ფოლკლორული მოვლენაა.
როგორც არაერთხელ აღნიშნულა, ქართველი ბუნებით არტისტია. არტისტულია, მაგალითად, ქართული სუფრა – ჭირისა და ლხინის გამოხტვის ფორმა; მიცვალებულის დატირებაც სპექტაკლს მიაგავს: გლოვა რეალურია, ტრაგედიის განცდაც ნამდვილი, მაგრამ მისი გამოხატვის ფორმაა თეტრალური დადგმის მსგავსი, რაც გამოწვეულია მონაწილეთა სურვილით – წუხილის, გლოვის მხატვრული ფორმით გამოხატვისა. მოტირალი ასე უფრო მეტ ემოციურ ზეგავლენას ახდენს მსმენელზე, მონაწილეზე, მაყურებელზე. ამავე დროს, ის თავისი განცდების მაქსიმალურ რეალიზებასაც ახერხებს. ამიტომაა, რომ მიცვალებულის დატირება ტრაგედიის თამაშს ემსგავსება, სადაც უჩინარი რეჟისორი _ტრადიცია, მსახიობების– რეალური მოტი¬რლების მონაწილეობით უფრო ამძაფრებს სიკვდილის განცდას. მოტირლები ზარის, ტირილის საგალობლის თანხლებით ცხრამარცვლიანი, ექსპრომტად ამოთქმული სამგლოვიარო ლექსით ტირიან. ამ დროს მოზარენიც საგლოველ ჰანგს – ,,ო_ჰო_ჰო_ჰო_ს~ რეფრენად იმეორებენ და ამით ამძაფრებენ ტკივილის განცდას...
ერთი მოხუცი ქალი ასე გადმოსცემს თავის განწყობასა და მდგომარეობას: ,,დავბერდი, ცრემლიც დამიბერდა, დავბერდი, სიტყვაც დამიბერდა... ღმერთმა დასწყიოს ჩემი ცრემლი, ღორღივით არი, ხალხო, მძიმე, მე თავადა ვარ სატირალი, მე თავადა ვარ დაღონება, _ ხმელეთზე ფეხით მუარული...“ მეორე მოტირალს, რომელსაც სიკვდილი მეტისმეტად გაშინაურებია, ეს თემა საოცრად თავისებურად აქვს გააზრებული. ის ჭირისუფლებს ასე მიმართავს: ,,თქვენ სიკვდილს რა სიკვდილი ჰქვიან, თქვენ სიკვდილს თვალით ვერა ჰხედავთ, მე სიკვდილ შამეყრება წინა, გაცინებული გამცილდება!~ ეს არის საოცარი მხატვრული მიგნება, რეალობის პოეტურად გააზრების იშვიათი ნიმუში, რომელიც მხოლოდ დიდი ნიჭით მადლცხებულ ადამიანს შეეძლო ეთქვა. არადა, მოტირლები ჩვეულებრივი ოჯახის ქალები იყვნენ, ყოველდღიური საქმითა და ჭირ_ვარამით ნაადრევად დაბერებულ _ დაბრძენებულნი...
მიუხედავად საწუთროს სიმუხთლე _ ორგემაგობისა, წუთისოფელი მაინც დაუთმობელია, რადგან, მწუხარებასთან ერთად, იგი სიყვარულითაცაა გაჯერებული. ფშავი კი, ამ თვალსაზრისით, მართლაც, გამორჩეული კუთხეა. ის სიყვარულის საუფლო ქვეყანაა! საქართველოს არცერთ კუთხეში სატრფიალო თემატიკაზე შექმნილ პოეზიას ისეთი მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, როგორც ფშავში, არავინ (მასობრივად) ისე ახლოს არ მდგარა სიყვარულის საკურთხეველთან, როგორც ფშაველი ვაჟი და ქალი და რა გასაკვირია, რომ მათი გრძნობები ლექსებში სრულყოფილად ასახულიყო:
,,შენ მოხველ _ მზეც ამოვიდა,
მეც აქ მოვშავდი ქოლვილი,
შენ წახვალ _ მზეცა წავალის,
ვარდიც დაჭკნება_ყოილი..~.
სატრფიალო პოეზიის აღმავლობა თვით ფშაური ცხოვრების წესმა განაპირობა. აქ შორეული წარსულიდან არსებობდა საქართველოსთვის სრულიად უჩვეულო ,,ნადობნაძმობობის~ ინსტიტუტი, რომელიც განპირობებული იყო უაღრესად სპეტაკი, კეთილშობილური, რაინდული სულისკვეთებით გაჟღენთილი იდეალური სიყვარულით. მან წმინდა, შეურყვნელი სახით იარსება მე–19 საუკუნემდე. საოცრად ამაღლებულია ნადობნაძმობობასთან დაკავშირებული ფშაური ლექსები. ბევრი მათგანი ქართული ხალხური პოეზიის ბრწყინვალე შედევრს წარმოადგენს.
`ნადობნაძმობობა~ ერთგვარად თავისუფალი სიყვარულის ჩანასახადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მის პარალელურად არსებობდა უზადო სიყვარულის გრძნო¬ბით შეკრული ქალ–ვაჟის, ე.წ. ,,ნანდაურთა“ ურთიერთობა, რაც ბოლო საუკუნეებში თანდათან მოინათლა ,,წაწლობის“ სახელით. წაწლობის წარმოშობის ისტორია და ტრადიცია სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე სათანადოდ გამოკვლეული არ არის. ეს არც ჩვენს მიზანს შეადგენს, უბრალოდ, მკითხველს შევახსენებთ ამ ჩვეულებათა შინაარსს. ეს იყო ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ხორციელი ვნებებისაგან დაცლილი, უფრო სწორად, თავშეკავებული სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც ზეციდან დაეშვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეხებია ვნებებით და ცოდვებით დაღდასმულ მიწას, თუმცა, უკვე გახვეულია ამ ვნებებიდან გამომავალი, სიყვარულში არეული ხორციელი სურვილისა და ნდომის ბურუსში.
ქალ_ვაჟის ასეთი სიყვარული უფროსებისგან მკაცრად არ იკრძალებოდა, უფრო მეტიც, არაოფიციალურად ნებადართულიც კი იყო. დღეს არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ის კი ცხადია, ამ ტრადიციას რომელიღაცა საღვთო, სავალდებულო რიტუალი ექნებოდა საფუძვლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალ_ვაჟის ურთიერთობა, თუნდაც ასეთი ამაღლებული სიყვარულის პირობებში, მშობლებისათვის მისაღები ვერ იქნებოდა. მათი ქცევის მაკონტროლებელად, გარდა ადამიანური ზნეობისა, რელიგიური რწმენაც უნდა ვივარაუდოთ, რადგან მხოლოდ რელიგია იქნებოდა გარანტი ამ ტრადიციის სიწმინდისა და შეურყვნელობისა! ამიტომ იყო ქალ-ვაჟის სიყვარული ფიზიკური სიახლოვისგან დაზღვეული. აქედან მოდიოდა აკრძალვაც: წაწლებს, როგორც ნადობ_ნაძმობს, დაქორწინება არ შეეძლოთ.
ფშაურ პოეზიაში მეცხრამეტე საუკუნიდან განსაკუთრებულ მოვლენად იქცა სატირულ-იუმორისტული ლექსი – გალექსება_კაფია. კაფია იყო მამხილებელი და შემფასებელი საზოგადოებისა, მისი თითოეული წევრის ქცევისა თუ საქმიანობისა. ის მისწვდა ყველას და ყველაფერს და ხალხის ზნეობრივ მოდარაჯედ, პირუთვნელ მსაჯულად მოგვევლინა. ,,ლექსობა~, როგორც ფშავში ეძახიან, საერთო საჯილდაო საქმედ, შეჯიბრებად იქცა. არ არსებობდა დიდი თუ პატარა წვეულება, თუნდაც ორი კაცის ,,პურის ჭამა“, შემღერება-კაფია რომ არ გამართულიყო. ხალხი კი მოპაექრეთა არბიტრიც იყო, მაყურებელიც და მათი შემოქმედების დამმახსოვრებელ-შემნახავიც.
გალექსება წინასწარ შეგულებული ადრესატის გასაკილავად ნათქვამი ლექსია, კაფია კი დიალოგური შემღერებითი გალექსებაა, რომელიც წინასწარ დაუგეგმავად, ექსპრომტად სრულდება ორ ან მეტ მოპაექრეს შორის სიმღერის თანხლებით და, შესრულების თვალსაზრისით, ლექსის თქმის ყველაზე რთულ ჟანრად ითვლება. ის ერთმნიშვნელოვნად ფშაური წარმოშობისაა და ძირითადად ფშავლებს შორის იმართებოდა. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევა, როცა მოკაფიავე სხვა კუთხის წარმომადგენელია, თუმცა, მოპასუხე ყოველთვის ფშაველია. კაფია უნდა იყოს მახვილგონივრული, მოსხლეტილი, ფრთიანი, იუმორით, სატირითა და ქარაგმებით უხვად დატვირთული ლექსი, რომელიც ერთ–ერთის დამარცხებას, ,,გატეხას~ გამოიწვევს.
სტუმრად მისულ ახალგაზრდა ფშაველ ვაჟს მასპინძლის ქალიშვილი მოეწონა და ეს მის მამას კა¬ფი¬¬¬¬ით პირდაპირ უთხრა: ,,შენ ქალ მე გამამაყოლე, თვალებით მენა მგავისა!“ ბუნებრივია, მამას ყმაწვილის სითამამე არ ესიამოვნა, მაგრამ ლექსობისას გაბრაზება და წყენა დამარცხებას ნიშნავს. მასპინძელი არ იმჩნევს წყენას და, მართლაც, საოცარ პასუხს პოულობს: ,,ორივ ჩემ ნაკეთები ხართ, ე ხალხი მოწმე მყავისა!“
რა თქმა უნდა, მასპინძელი ვაჟის დედას შეიძლება სულაც არ იცნობდა, მაგრამ მოპაექრეს სიტყვა და მდგომარობა ერთდროულად მოუგო და იქითაც დასცინა: და_ძმა ხართ და თვალებით იმიტომ ჰგავხართო.
ფშაველი, როცა ნასვამი და ლექსის თქმის ხასიათზეა, როგორც მეტოქეს, შეიძლება ცხოველს ან უსულო საგანსაც კი გაეკაფიავოს და პასუხიც თავად დააბრუნოს. საყოველთაოდაა ცნობილი ფშავლისა და ძაღლის, ძობანას, ,,გაკაფიავება“. ნასვამი ფშაველი ბილიკიდან გადავარდა, ის თავისთავს წაეკაფიავა: ,,ნელა იარე, ძობანავ, აქ ცუდ გზებია ზოკანა!“ თვითკრიტიკითა და იუმორითაა აღსავსე ვითომ ძაღლის პასუხი: ,,რაღა ჩვენდ არი ცუდ გზები, ამაზე დადის ქვეყანა!“
მოლექსისათვის ნებისმიერი თემა და ამბავი შეიძლება გახდეს კაფიის მიზეზი. მასპინძელს არაყი გაუთავდა და სტუმარს ასე მიმართა: ,,რო გაგვითავდა არაყი, რაღა ვქნათ, ჩემო მძახალო?!~ _ მოპაექრემ კი შეუმღერა: `უნდა წახვიდე, იშოვნო, თავი ქვას უნდა ახალო!“
რჩეულის მიზანია პოეზიის მოყვარულთ საშუალება მისცეს ფშაური ხალხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს ერთად თავმოყრილს გაეცნოს და თავად შეაფასოს მათი ავ_კარგი. წიგნში შევიტანეთ თედო რაზიკაშვილისა და სხვა ფოლკლორისტების მიერ საველე მუშაობის დროს ფშავში ჩაწერილი, ან ფშაველ მთქმელთაგან მოპოვებული და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ტექსტები. ასევე შეირჩა კრებულის შემდგენლების მიერ წლების მანძილზე ჩაწერილი და პირად არქივებში არსებული უამრავი მასალიდან საუ¬კეთესო, მკითხველისთვის დღემდე უცნობი ლექსები, ან უკვე გამოქვეყნებული ტექსტების ახლად მოპოვებული ვარიანტები.

თ. გოგოლაური,
ვ. ბერიძიაშვილი




ლაშარის ჯვრის სადიდებელი

ღმერთო, დიდება შენდა!
შენამც იდიდები სახელო ღვთისაო,
მადლო კვირეისაო,
ერთურთის მოთანახმენო,
მოდე_მოძმენო,
დანაბადებნო ღვთისანო,_
სალოცავებო ფშავეთისანო!
დიდება შენდა, ხელმწიფე ლშარის ჯვარო,
ცამდე მაღალო,
ზღვამდე მაგარო,
უდრო-უჟამოდ თავის ყმათ დამხმარებელო;
დიდება შენდა, კვირავ კარავიანო,
ღვთის კარზე მდგარო,
ღვთის იასაულო,
ღვთის კარზეით ამბის გამამტანო,
ხორციელთ დამხმარეო;
დიდება შენდა, ღელეს ექიმო,
სნეულთა მკურნალო, თამარ დედუფალო;
დიდება შენდა, დამასტეს წმინდა გიორგიო,
ცა-ღრუბლის მოურაო;
დიდება შენდა, წყაროსთაველო,
წყაროსთავ წმინდა გიორგიო,
სიცოცხლისა და ცხოვრების წყაროს მიმცემო;
დიდება შენდა, გუმბათის ანგელოზო,
კოტიის წმინდა გიორგიო;
დიდება შენდა, პირქუშო,
ცეცხლის ალიანო,
ღვთისშვილთა იარაღთ მჭედელო;
დიდება შენდა,
ცაბაურთის მთაწმინდის წვერის ანგელოზო,
მთაწვერთა მგზავრის მოყარაულეო;
დიდება შენდა,
ღვთისშვილთა კრების თავმჯდომარეო,
ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზო,
გაბიდაურთა მეპატრონეო;
დიდება შენდა,
მიქაელ მთავარანგელოზო,
ზურაბაულთა თემის მფარველო!
დიდება შენდა,
მუქოს მოხარნადე ღვთისმშობელო,
ყმათა დამცველო;
დიდება შენდა,
წმინდაო გიორგი, ქმოდისგორელო!
დიდება შენდა,
ჭიჩოს პირცეცხლო,
პირმშვენიერო, ლამაზ ყაწიმიანო!
დიდება შენდა,
ლაღო იახსარო,
დევ_კერპთა გამტეხელო,
ხორციელთ დამხმარეო.
დიდება შენდა,
ირემთკალოს შაშვენებულო,
ციხეგორს დამშვენებულო,
ბერო, ბეგთრიანო,
ლახტიან-მათრახიანო,
ბერწმინდა კოპალაო;
დიდება შენდა,
ანატორისა და შატილის მთავარო ანგელოზო.
დიდება შენდა,
ღუდის ყველა წმინდაო,
ქვის წულად მქცეველო;
დიდება თქვენდა,
გერგეტის სამებაო,
დიდო ლომისაო!
დიდება თქვენდა,
ღვთისშვილნო,
ღვთის ნაბადებნო,
ღვთის კარზე მდგარნო,
დასწერეთ ჯვარი თქვენს მლოცველსა,
გამოსთხოვეთ დამბადებელს მშვიდობა,
ჩვენი ქვეყნისთვის,საქართველოსთვის,
დაიცავით იმიერ და ამიერ იმ ძალითა,
რა ძალა და დიდებაც მოუცია
დამბადებელს თქვენთვისა.
დიდება და გამარჯვება მოგხსენდეს
დღევანდელი დღის მასპინძელო,
ამ ადგილის მაბრუნებელო,
ამ გორის მბრძანებელო,
ხმელ გორზე ბრძანებულო,
ხელმწიფევ, ლაშარის ჯვარო,
შენსამც სახელს მაჰხმარდება:
ანთებული სანთელი,
დადგმული ჭიქა_ბარძიმი,
წამოყენებული სამსახურები,
რასაც ხელზე და მხარზე გეხვეწებოდეს
შენი მხვეწელი,
შენი სახელის მაძახური,
იმ ხელზე და მხარზე დაუმშვენე:
წულის მანუკვარი იყოს,
წული მიეცი,
ავადმყოფს გეხვეწებოდეს,
ავადმყოფ მაურჩინე,
შორს წასულს გეხვეწებოდეს,
შინ მშვიდობით დაუბრუნე.
ცის ნაპირს სწვდება შენი დიდება!
შენს კარზე მოსულ ყმათ
წყალობას ნუ დააკლებ,
რასაც ადგილზე იყვნენ,
რა დროსაც იყვნენ,
იმ ჟამზე უშველოდი:
მწოლიარ იყოს, მწოლიარს მიეხმარე.
ცაში ფრინავდეს,
ზღვაში ცურავდეს,
მღვიძარეს,
მძინარეს,
მწოლარეს,
მდგომარეს,
შენი ძალა და მადლი ჰფარავდეს!
თავის ბედ-ყისმათით გაამარჯვებინე,
თუ თავის ბედით უძლურ იძახონ,
შენი ბედ-ყისმათი და დავლათი დაახმარე,
მტრისა ნასროლი, მტერსავ დაუბრუნე,
შენი წყალობა გადასწვდენოდეს საქართველოსა_
მორწმუნესა და ურწმუნოსა,
ურწმუნო შემობრუნებულიყოს,
უგულოს გული მისცემოდეს,
დამარცხებულს გამარჯვებოდეს!
დიდება შენდა,
ღვთის ნაბადებო,
შენ გაგიმარჯოს, მტერთა მებრძოლო,
ყმათა მშველელო,
ხელმწიფე ლაშარის ჯვარო!


ომუჩვეველი ჭაბუკი

ომუჩვეველსა ჭაბუკსა
ომი ჯვარობა ეგონა.
ხმლის ცემა, ფარის ფარება
ფარიკაობა ეგონა.
მოდენა ცხელის ტყვიისა
ციდან ხორხოშა ეგონა,
დადება საკაცეზედა
თავის ლურჯაი ეგონა,
ჩადება სამარეშია
თავის ლოგინი ეგონა,
თავით ცივის ქვის დადება
იმას სასთაულ ეგონა,
გულზე ლოდისა დადება
თავის ნაბადი ეგონა,
ქალისა, რძლისა ტირილი
ცისა ქუხილი ეგონა!



ომი

(ნაწყვეტი)

...ხმალთ სტვენა, ცხენთა ჭიხვინი,
ბანს ეტყვის სისხლის ღვარები,
ხმლებს დააგლიჯეს ვადები,
შუბით დახვრიტნეს ფარები.
დრო მოდის მამაცობისა,
მაჯავ, ნუ დამეღალები.
გულო, ნუ შამიშინდები,
შიშო, ნუ მამეპარები,
ახლა მოვიდა ა ის დრო,
ცოცხლებს გვჯობიან მკვდარები...



მეგრელათ ფუნჩიას
( ლოცვა)
ნუ მაჰკლავ, დამბადებელო,
მეგრელათ ფუნჩიასაო.
ჯიხვების პარებაშია
კლდისას ჩაჰჭრია ფხასაო.
სად მიხვალ, შაო ყორანო,
სად მიიხუვლებ მხარსაო?
ვაჟკაცს ნუ გააჯუღურებ,
წვერ შამამდინარს ყმასაო!
მინდვრით მოსულო ღრუბელო,
ნუ დაუთოვნი მთასაო!
ნუ გაუყინავ, მყინვარო,
ფეხზე ნაცვამსა ჯღანსაო!
ნუ ჩაუხდები, მთვარეო,
ნუ ჩაუბნელებ გზასაო!
ნუ აუტირებ დედასა,
გასათხოვარსა დასაო!



ავი ქმარი

აიმ მთასა თოვლიანსა
ზედა მენამც გადამკიდა,
ზედამც მთოვდა, ზედამც მწვიმდა,
ზედამც ნაქარს მამაყრიდა.
ხელში მამცა ჭრელი გველი,
შავი _ ყელსამც ჩამამკიდა, _
რა სუყველას გაუძლებდი _
ავსა ქმარსამც არ ამკიდა!


მთვარეო

მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჭიჩოს თავს მოდი მალეო,
ჭიჩოში ორი ქალია,
ერთი მზე, ერთი მთვარეო.
ერთ შენთვის წამაიყვანე,
ერთიც მე წამამგვარეო


მათურის ძირას

მათურის ძირას წისქვილნი
მარილის გულად სცრიანო,
შიგ ქალნი სხედან ლამაზნი,
ვაჟკაცის გულსა ჰგლიანო,
გამოვლენ, ხელ-პირს იბანენ,
შუქნი მთათ გადადიანო;
ვაჟასა შენისთანასა
წელზეით ხმალსა ხსნიანო,
სწადიან _ დაატყვევებენ,
სწადიან _ დაიხსნიანო!


შირაქის ველზე მივდივარ

შირაქის ველზე მივდივარ,
უკუღმ მაბრუნებს ქარიო,
სულთა პეპელა შამამხვდა,
წითლით ჭრელნი ჰქონ მხარნიო,
ნადობის კაბას ვაფერე,
ღმერთო, დამწერე ჯვარიო!
საფშაოდ გამაემართა,
გამუაყოლენ თვალნიო.
ავდეგ და მენაც წამოვედ,
ლურჯაი მყვანდა ჩქარიო,
ნადობის სახლთან ჩამოვხე,
კართაკე დამრჩა თვალიო;
ნადედობ გამამეგება,
ნამტირალევი არიო,
მოიდა კითხვა დამიწყო:
`როგორ გავიდა ცხვარიო?~
`ცხვარი კი კარგა გავიდა,
ჩემ ნადობ როგორ არიო?~
`შენ ნადობ როგორ იქნება,
ორის კვირეის მკვდარიო~?!
ჩამამეხოცნეს ხელ-მუხლნი
შუბლზე დამასხა ნამიო:
`ეგემც არ გეთქვა, დედაო,
თავს დამქცევიყვნენ ცანიო,
ისივ ის გეთქვა _ გათხოვდა,
წავიდა, ქმართან არიო,
ერთხელ ხომ მაინც ნახავდა
დაწუხებული თვალიო~...
წამოვედ გაჯავრებული,
ცრემლით დავრეცხენ გზანიო,
გულზედამც დამცა ხანჯარი,
ტყვიას დაეფქვა ძვალიო,
ანამც დამლევდა არაგვი,
ადევებული წყალიო,
ან ზოვიმც ჩამამიტანდა
როცა ჩამოვლენ მთანიო;
ან კლდეზემც გადამაგდებდა
ლურჯაის ფეხის ქარიო;
ფეხქვეშამც ჩამეშლებოდენ
საფშავლონ, ვიწრონ გზანიო...

სიკვდილ-სიცოცხლე

თვალთა ტკივილი თაფლია,
მუხლთა დახუთვა _ შაქარი;
შვილის სიკვდილი რა არი? _
გულში გაყრილი ხანჯარი;
ძმისა სიკვდილი მშვილდია, _
მოსაზიდნებლად მაგარი;
მამის სიკვდილი მთა არი, _
გადასავალად მაღალი;
დედის სიკვდილი კერაი, _
ამოსაგდებად მაგარი;
ცოლის სიკვდილი სახლია, _
თავის ტარ-ხოკრით ჩამწვარი...



* * *
ღამეო, შენამც გენაცვლები,
შენაც ჩემ დარდი გაგიგავის:
ძალიან ბევრი გიტირნავის,
ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვრავის!
გათენებაო, შენც გენაცვლე,
ჩემ დარდი შენაც გაგიგავის;
მთის ლამაზ-ლამაზ ყოილებზე
ცვარ-ნამის ცრემლი დაგიღვრავის...
ჩემ შვილს რად უნდან სამოსელნი,_
ჩოხა გაჰხადეთ, გადაუგდეთ,
მიწის სამოსელ შაუკერეთ,
სარჩულად ტირილ დაუდევით,
ღილად ცრემლები დაუკერეთ,
სამარეს პირი გაუკერეთ
ჩემის ცრემლების ძაფებითა,
ხავერდოვანის ბალახითა...
სამარევ, პირი დაიბანე
მწუხარე დედის ცრემლებითა,
მიწაო, შვილი შამინახე,
შენ შამოგჩივი ვედრებითა!



* * *
დავბერდი, ცრემლიც დამიბერდა,
დავბერდი, სიტყვაც დამიბერდა,
ვარ ორის ჯოხით მუარული...
აბა, გახედნეთ ჩემ ნავალსა,
ცრემლით არიან დასეტყვილნი;
აბა, დაჰკვლიეთ გზა-გზის პირთა, _
ცრემლით არიან დარეცხილნი!
ცეცხლი მაქვ გულზე მოდებული,
ტუსის სულ ასდის ჩემს ცრემლსაცა,
დავდივარ დამწვარ-დადაგული...
ღმერთმა დასწყიოს ჩემი ცრემლი,
ღორღივით არი, ხალხო, მძიმე!
მე თავადა ვარ სატირალი,
მე თავადა ვარ დაღონება, _
ხმელეთზე ფეხით მოარული...


ნაცარანი და კუწანი

ნუმც გაჰხდომია ჩხუბადა
ნაცარათა და კუწათა,
თავად ერთურთსავ ჰკოცნიან,
ძნელ გვიყვეს მე და ტრუკასა.
ტრუკაის იმედი მქონდა,
დაიცლებოდა მუშტადა,
გავხედენ, ბოსტანში ეგდო,
მოკეცილ ოთხი _ ხუთადა,
სუ იქ მოლალნა ხთისშვილნი, -
დეგებ არ მამკლან მურდლადა.

ჯიყა კვდება ჩაბანოსა

ჯიყა:
_ჯიყა კვდება ჩაბანოსა,
ვინ იტირებს საბრალოსა.
მეტოქე:
_შარცხვეს ისეთა სნეული,
თორმეტ ხინკალ შაჭამოსა.
ჯიყა:
_ისეთა მასპინძელ შარცხვეს,
სტუმრის ნაჭამ დათვალოსა.


მამა-შვილის ლექსობა

მამა:
_დავრჩები დაუმარხავი,
იმაზე მწყდება გულია!
შვილი:
_ისე დაგმარხავ, მამაო,
არ დამეხარჯოს ფულია;
მამა:
_მე ჩემ ქონება დამმარხავს,
შარცხვეს შენ დამარხულია!


ჩვენ ერეკლესა ვგევივართ

ჭრელა:
_რას სჩადი, ჩემო ლეგაო,
შვილს რად უთავებ დედულსა?
ზოგ მამულ გიგაურს მიეც,
ზოგ კიდევ ბუთხათ ბეკურსა.
ლეგა:
_ჩვენ ერეკლესა ვგევივართ,
ეგრ ვაძლევთ თავის ერთგულსა.
ჭრელა:
ქალებს კი ჩვენაც ვათხოვებთ,
მამულს არ ვაძლევთ, დედულსა.
ლეგა:
თქვენ გათხუებულს ეძახით
ძღლივით გამოგდებულსა.

ხინკალი მიყვარს ისეთი

ხევსური:
_ხინკალი მიყვარს ისეთი
ჭიპში რო გასდის ქონია,
ფშაველი:
_ფშავლის შაქნილი იქნები,
ჩემ ხასიათი გქონია!


sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
teoninika5



Female
Number of posts: 1
Age: 21
Location: tbilisi
Job/hobbies: student
Humor: ,,,
Registration date: 03.07.11

PostSubject: Re: ვანო ბერიძიაშვილი   Sun Jul 03, 2011 4:40 pm

რა კარგია ! Smile
Back to top Go down
View user profile http://google.com
 

ვანო ბერიძიაშვილი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -