არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბექა ქურხული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბექა ქურხული   Fri Nov 26, 2010 3:45 pm



ბექა ქურხული დაიბადა 1974 წელს.
1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა.
1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).
პირველი ნოველები დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ "მამულში". ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქრთულ ლიტერატურულ ჟურნალ -გაზეთებში: "ალტერნატივა", "არილი", "ჩვენი მწერლობა", "წიგნები" (გაზეთი "24 საათი"), "პარნასი", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურული გაზეთი".
1999 – 2004 წლებში იყო გაზეთ "დილის გაზეთის" რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა) ცხინვალის რეგიონიდან, (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი) ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.
2004 წელს "დილის გაზეთმა" და კავკასიურმა სახლმა ერთობლივად გამოსცა ბექა ქურხულის პირველი წიგნი "წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები". 2005 წელს გამომცემლობა "საარმა" გამოსცა პროზაული კრებული "სახლის ხვაგან", რომელიც 2006 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია "საბაზე", ნომინაციაში - "საუკეთესო პროზაული კრებული".
2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მოლაშქრეობა - მეკობრეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში" (ხელმძღვანელი ამირან არაბული).
2010 წელს გამომცემლობა "პეგასმა" დასტამბა მისი მოთხრობების მოდევნო კრებული სათაურით: "შეხვედრა მას შემდეგ".



წიგნის სათაური – "შეხვედრა მას შემდეგ"
ავტორი – ბექა ქურხული
ISBN 978–9941–9146–4–5
გამომცემლობა– "პეგასი"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 218
წელი – 2010
ფასი – 8.50
ანოტაცია – მოთხრობების კრებული. წიგნში შესულია მოთხრობები: "შეხვედრა მას შემდეგ", "დილა", "ზაფხული იყო, აგვისტო", "წინა დღეს", "ძველი ამბები", "ღამის მგზავრი" და ა.შ.

study


Last edited by Admin on Fri Mar 11, 2011 11:50 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Fri Nov 26, 2010 3:49 pm

გაქცევა


ქარი ქროდა. აწუილდებოდა და ქუჩის ბოლოდან, წამოშლიდა მტვერს,
ირხეოდნენ ხის კენწეროები.
გაჩერებაზე გოგონა იდგა. ჩვეულებრივი, მრგვალსახიანი გოგო იყო, მაგრამ
ძალიან მაგარი ჩანდა. ყოჩაღად უშვერდა ქარს სახეს, მხოლოდ თვალებს ჭუტავდა.
მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.
მანქანა გაყინული იყო.
სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო. იჯდა და
პირდაპირ იყურებოდა, საკუთარი სიგიჟეების გამო უფრო გაბეზრებული, ვიდრე გაბრაზებული.
მაგრად ციოდა. გასაღები საკეტში გაუყარა, ორჯერ დაუგაზა, "პადსოსი"
თითქმის ბოლომდე გამოსწია და მხოლოდ მაშინ გადაატრიალა.
მანქანა კარგა ხანს ხიხინებდა. დროდადრო იმედისმომცემად იცვლიდა ხმას.
ბოლოს სული მოითქვა და მოტორმაც ხმა ამოიღო.
"პადსოსს" ჩაუწია და სავარძლის საზურგეს მიაწვა. ცოტა დათბა.
ბულდოგივით ჰქონდა ყბები ერთმანეთზე დაჭერილი და წინ იყურებოდა.
მანქანა ცხენივით გრძნობდა რომ პატრონს რაღაცა უჭირდა და კარგად
იქცეოდა.
ნელა გასცდა გაჩერებაზე მდგარ გოგონას და მოწყვეტით გაენთო ტრასაზე.
სისწრაფისაგან ამსუბუქებული მანქანა ქარმა ააქანავა, პეკინზე ჩაუხვია და უფრო მაგრად დაგაზა.
შუქნიშანი გამორთული იყო და ბუკიას ბაღთან მანქანები ერთმანეთში
ირეოდნენ.
სისწრაფე არ დაუგდია, ეგრევე შევარდა `მარშუტკასა~ და შვინდისფერ
`დაშპაკლულ~ `ბეემვეს~ შორის, გაძვრა.
მიფრინავდა და თვითონვე გრძნობდა, მურტალ `აბგონებზე~ გასვლისას
შიშისაგან როგორ თეთრდებოდა.
უცბად გამოვარდა რუსთაველზე, მანქანა გააჩერა და თეთრად განათებულ
კაფეში შევიდა.
თავისუფალ მაგიდას მიუჯდა.
გვერდით მაგიდასთან ძალიან ლამაზი წყვილი იჯდა. ბიჭს გოგოსთვის ხელი
ხელზე დაედო და გემრიელად კოცნიდა ტუჩებში.
ძალიან კარგები იყვნენ, ბედნიერები და ერთი ამბავი. . .
თვითონ ისე იჯდა, თითქოს საიდანღაც ჩამოვარდა და ამ სკამზე დაეცა. უკან
აღარაფერი დარჩა. წინ საკუთარი ხელით დაგებული უამრავი ხაფანგი ელოდა, რომელთა მონიშვნა დაეზარა და ახლა ყველგან მომლოდინე ჩახუნის ხმა ელანდებოდა.
კარი გაიღო და შემოვიდა.
`ვახ.~
ისე დაფეთდა, თითქოს არ ელოდა. გოგოს გაფითრებულ სახეზე ქერა თმა
ჩამოშლოდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა, ავარიაში მოყოლილ როკერსა ჰგავდა. სხვანაირად ლამაზი იყო და უცნაურად თავისუფალი.
წასაღებად მოდიან ეგრე, რაც ეკუთვნით იმის წასაღებად.
მაგიდას მიუახლოვდა. სკამი გამოსწია, მაგრამ არ დაჯდა. ჩანთაში დაიწყო
ფათური, ალბათ სიგარეტს ეძებდა.
შეყვარებულებმა მეზობელი მაგიდიდან გოგონა აათვალიერ-ჩაათვალიერეს და
ერთმანეთს გაუღიმეს. თვითონაც შეხედა გოგოს, მაგრამ მაშინვე თვალი აარიდა და გარეთ გაიხედა.
გოგო ისევ ფეხზე იდგა. ახლა სანთებელას ეძებდა.
- დაჯექი რა! - უთხრა ჩუმად..
- გულის კოვზთან სხეულის ნაწილივით გრძნობდა სევდას და დაღლილობას.
მობეზრდა შიში. შიშზე მოსიარულე საკუთარი თავი.
გოგო იჯდა. სიგარეტის კოლოფს აწვალებდა. ლამაზი იყო.
- როგორა ხარ? – ჰკითხა ბიჭმა. მაგრად აცოფებდა გოგოს შეშინებული თვალები და აკანკალებული თითები.
- ჩაის დალევ? – ჰკითხა ისევ. გოგომ ჩუმად დაუქნია თავი და ბიჭს შეხედა,
მწვანე დაფეთებული თვალებით.
`რას მიყურებს საცოდავად,~ - თვითონაც შეხედა, მაგრამ მაშინვე აარიდა თვალი.
გოგო ჩუმად იჯდა.
ბიჭს თანდათან მთელი სხეული სიბრაზით დაეტენა და რაც შეიძლება ჩუმად
ჰკითხა:
- რა ქენი? – გოგომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ბიჭმაც აიღო სიგარეტი.
გოგოს ისევ თითები უკანკალებდა..
- რა ქენი? – კიდევ უფრო ხმადაბლა და მოუთმენლად ჰკითხა.
გოგომ თავი ჩაღუნა.
`შენიი!~ - გაიფიქრა ბიჭმა.
- არ გამოჩნდა, არ ჩანსო! – ჩურჩულით თქვა გოგომ. ხმა ძლივს ისმოდა.
ბიჭს ხელები გაუცივდა და გოგოს გაბოროტებულმა შეხედა. რაღაცნაირად
დაცარიელდა.
კაფეში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
კიდევ უფრო ცხადად იგრძნო სიცარიელე, ცუდი, მხოლოდ მისთვის განკუთვნი-
ლი სიჩუმე.
ხურდების ჩხრიალი ისმოდა.
თეთრად განათებულ ქათქათა კაფეში შემოგზავნილივით იჯდა.
- არ ჩანსო, არ გამოჩნდა. . .
მაგრად დაფრთხა.
- როგორ ტო, რა არ ჩანსო?
- არ ჩანსო და მორჩა.
ძლივს იჯდა სკამზე. ძლივს იკავებდა თავს. დიდი სიამოვნებით წამოხტებოდა
და დაგაზავდა.
- არ ჩანსო – მოულოდნელად ხმამაღლა გაიმეორა გოგომ. – არადა თვეზე
მეტია, თვეზე მეტი გავიდა.
გოგო ქაღალდივით თეთრი იყო. იჯდა, ეწეოდა და უყურებდა.
`მაგრა შევტოპე~ - გაიფიქრა. `როგორ ჩავდივარ ეს ჭკვიანი კაცი ამდენ
სისულელეს?~. .
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ცვლიდა და ამის არც უფლება ჰქონდა, არც თავი.
ეს არ იყო `დამწვარი~ საქმიდან კისრისტეხით გაქცევა.
ჰაერში `ხლაპუშკასავით~ ნასროლი ფეხს რომ გიბრუნებს კატასავით მსუბუქად, რბილად მიმქროლავს, წონასწორობის დასაცავად ოდნავ ხელებგაშლილს და უკანასკნელ წამამდე საკუთარი თავის მოიმედეს. ოღრო-ჩოღრო, დანგრეული, სამალავებით და `ჩორნი ხოდებით~ სავსე ქალაქი. გამოცდილი `პადელნიკივით~ თვითონ რომ მიგიძღვის წინ. . . ხოშიანად რომ გაფხიზლებს იარაღის ტარზე შემოჭერილი თითების ტკივილი უკვე თავშესაფარში შემალულს და თვალებგაფართოებულს.
გული რომ გიცემს.
ახლა გული თითქმის არ უცემდა. ცარიელი იყო. ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე. ვეღარც ქუჩა უშველიდა, ვეღარც სიბნელე.
ქარმა მაგრად შეაზანზარა კაფე. გრიალით შემოვარდა შიგნით და ყველაფერი აშალა.
გაუნძრევლად ისხდნენ.
- იქნებ ურევს ეს ექოსკოპია და იმიტომ არ გამოჩნდა?
გოგოს საცოდავად გაეღიმა.
- ღირსი ხარ! – თქვა ბიჭმა.
მე ვარ ღირსი?
- ღირსი ხარ. ამხელა ხარ, ოთხმოცდაშვიდის. . .
- ოთხმოცდაშვიდისაც ხარ და ასისაც, დებილო-დეგენერატო. . .
ბიჭს მოულოდნელად გადაუარა სიბრაზემ და კიდევ უფრო ცუდად იგრძნო
თავი.
ბავშვობაში შეყვარებულს რომ აატირებდა და მერე შეცბუნებული და
ნირწამხდარი შეჰყურებდა თვალებში: - `კაი, ჰო, რა მოგივიდა, ო. . .~ - ეგეთი ბავშვური უმწეობა იგრძნო.
- რა ვქნათ ახლა?
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. – გოგოს ცრემლებით აევსო თვალები – იცი
როგორ მეშინია?
ბიჭი დაიჯღანა. გოგომ ტირილი დაიწყო.
ლამაზი წყვილი ფრთხილად კოცნიდა ერთმანეთს.
- მოვკვდები – ჩუმად ტიროდა გოგო.
ბიჭს სადღაც წასული სიბრაზე ერთიანად მოუბრუნდა.
- მოკვდი მერე – უთხრა ხმამაღლა.
- როგორ? –სერიოზულად იკითხა გოგომ. თან არხეინად ტიროდა.
- ათასი საშუალება არსებობს. ჩაირბენ ელბაქიძის დაღმართზე, ისკუპებ ვერის
ხიდიდან და ხუთ წუთში იქა ხარ. არც კი.
- კარგი! . .
- კარგი და წადი მერე! . .
გოგო ისევ სიგარეტს ეწეოდა, შეშინებული და ამავე დროს სასაცილოდ
შთაგონებული სახე ჰქონდა.
- გიყვარვარ?
- არა! – უბრალოდ უპასუხა ბიჭმა.
- სხვა გიყვარს?
- ჰო – ისევ უბრალოდ უთხრა ბიჭმა და პირდაპირ თვალებში შეხედა. – რა არ
იცი? . .
- ვიცი თქვა გოგომაც მშვიდად მარტო ტუჩები უკანკალებდა. – ვიცი, მაგრამ
არ მაინტერესებს, იმიტო რომ ვინც არ უნდა გიყვარდეს, მაინც ჩემი იქნები, იმიტო რომ მე უშენოდ არ შემიძლია – საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და იმიტო რომ ყველაზე ძალიან მე მიყვარხარ და კიდევ ბევრი რამის გამო იქნები ჩემი. . .
ბიჭს გაეცინა. თან სიბრაზისაგან ხელები უკანკალებდა.
- მაგარი გაგიჭირდება იცოდე, ჩემთან ეგრე არ შეიძლება, შენ არა ხარ ეგეთი
`ატჩაინი.~. . ძალიან გაგიჭირდება. . .
- ვიცი – თქვა გოგომ ისევ მშვიდად, ტუჩებიც აღარ უკანკალებდა –
გამიჭირდეს!
`მე ნაცარქექია ვარ, ნაცარქექია ვარ, იცი? და დევები დავაბრინჯე~ - გაახსენდა
ლოტოს სამი წლის ბიჭი – ამას რომ ამბობდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მაღლა
სწევდა ორივე ხელს და ამოჩაჩული პერანგიდან ტიტველი მუცელი მოუჩანდა.
- წავედით – თქვა ბიჭმა.
- მოვწევ და მერე წავიდეთ – თქვა გოგომ.
- რას მოწევ ფეხმძიმეთა ხარ, შე ბოზანდარავ! . .
- ბოზანდარა შენა ხარ თუ კაია – თქვა გოგომ. ადგა და გასასვლელისკენ ისე
წავიდა უკან არც მოუხედავს.
ბიჭი ტყვედჩავარდნილივით მიჰყვებოდა.
"წამიყვანა და ეგ არი". . . გაიფიქრა ბიჭმა - "მე ამის ე, რო შემოვტრიალდე, ვწყვიტო აქედან და მოვხიო, გადავჭრა გულრიფში საიკა ხარაზიასთან. . . ჰა? . . ძაანაც ხოშიანად, რატომაც არა, მდიონ მერე და ითვალონ თლილ თითებზე ვისი ვარ. . . იმას კიდევ, ამ ომებში ერთი ეშელონი ქართველი ჰყავს მგონი მოკლული და როგორ გავუჩერდე, ბახა ვარ, ეს ჩემისა".
ქუჩაზე გადადიოდნენ.
ბიჭს გადასასვლელზე გადასვლის ყოველთვის ეშინოდა. ყოველთვის ფრთხილობდა, მაგრამ ახლა ცუდ ხასიათზე იყო და ფეხებზე ეკიდა.
გაუხარდა მანქანის დანახვა. ძველი `შესტი~ როგორც ყოველთვის გასარეცხი იყო.
მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, მაგრამ არ დაუძრავს. ორივე წინ იყურებოდა. გოგომ ღუმელი ჩართო. ნელ-ნელა დათბა.
უკვე ბნელდებოდა. ქარი ისევ გუგუნებდა.
- არ მივდივართ? – იკითხა გოგომ.
- სად? – ჰკითხა ბიჭმა.
გოგო გაჩუმდა.
"რა ვუყო, მოვკლა?" - შეხედა.
გოგო არხეინად იჯდა. არხეინად ჰქონდა ქერა თმა მწვანე თვალებზე
ჩამოშლილი. პროფილიც კი არხეინი ჰქონდა.
`რო ავიღო და მოვკლა, მართლა რო მივაბრიდო,~
ბიჭს გაეცინა. გოგო არხეინად იჯდა და თითებს ითბობდა.
`რა ვქნა ტო?!~
ძალიან მოუნდა სახლში, სავარძელში ჯდომა და სულელური ამერიკული
ფილმის ყურება – ვიღაცას რომ მაგრად ეჭოჭება, შენ კიდევ ზიხარ შენთვის, არაფერი გემუქრება, არაფერს ეძებ – არც გამოსავალს. გამოსავალი, რა გამოსავალი? მისავალი – მოსავალი, ხსოვნა იყოს, მშვიდად დაიძინებ, მშვიდად გაიღვიძებ. . .
"А мама готовит долма".
ფუი შენი" . .
- აღარ მივდივართ? – გოგო აშკარად კარგად გრძნობდა თავს.
"სულელი ვარ, ახლად გაღვიძებული განჯელი თათარივით სულელი".
ბიჭმა მანქანა დაძრა და რუსთაველზე დაუხვია.
განათებულ პროსპექტზე კარგად ჩანდა, ქარი როგორ დაშხუოდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Fri Nov 26, 2010 4:02 pm

მაღლა მიწაში

მდინარის პირას წითელი ფორდი იდგა. კოლხეთის დაბლობს ცა ზევიდან გადმოსწოლოდა. ჰაერი დახუთული იყო. მანქანასთან ხუთი კაცი ჩაცუცქულიყო. ორი ორმოც-ორმოცდახუთ წლამდე, ერთი ოცდაცხრა და ორიც – ოცი-ოცდაორი წლისები.
პლანს აკეთებდნენ...
მზე მთელ ცაზე გაშლილ ღრუბლებში იხლართებოდა.
- არ იცი ეგა ტო? – ყვებოდა გობია, თან ხელის გულზე პლანს იფშვნიდა ცერა თითით. – თავისი მოწყობილობით რამე, ეგრე ახდი ყუთს, ამოიღებ, იწევა რა, მამენტ შეგიძლია გადაყლაპო – "კალიოსას" პონტში.
- ეგრე ყველაფერი იწევა, ჰაშიშიც, ოპიუმიც და რა ვი ტო – ბაგომ სიგარასავით მსხვილად გადაახვია ქაღალდი და შიგ პლანის ჩაყრა დაიწყო.
- რას შვრები, დაგვბრიდავს – შეიცხადა ერთ-ერთმა.
გობიამ და ბაგომ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.
- მერე? – ჰკითხა ბაგომ.
- რა მერე? – გობიამ.
- როგორი იყო ისა, ყუთს რო გახსნიდი...
- ჰო... გახსნიდი, ამოიღებდი, შუშის პონტი იყო. ჩილიმივით, ოღონდ სხვანაირი და პატარა. მოსაწევი იყო, მაგრამ თუ გინდოდა, გაიკეთებდი. კაროჩე, გაკეთებაც შეიძლებოდა, მოწევაც.
პირველი მასტერკა ჩამოტარდა.
როგორც იქნა, ნიავი დაიძრა.
ბაგომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ფილტვებში გაიჩერა, მკლავები გამოშალა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახა:
- როგორი იყო?
- უბედური. – თქვა გობიამ – უბედურება იყო. ლენინგრადში ვიყავით მე და ქოშინა. თითოს ოც-ოცი ათასი შეგვხვდა. რა უნდა გვექნა ამდენი ფულისთვის?.. კომუნისტების დროს ოცი ათასი მაყუთად ითვლებოდა...
- როგორი კაიფი ჰქონდა? – ისევ იკითხა ბაგომ.
- სუფთა ჰალუცინაცია... კაროჩე, რაც მოგინდებოდა, იმას დაინახავდი და რაც გაგისწორდებოდა, იმას იგრძნობდი...
- კაი, ბოიშვილი ვიყო. – ბაგომ უცბად გააჭყიტა მილულული თვალები: - რაც მოგინდებოდა? სამოთხე განა სხვა რამეა ტო...
- არა. – გობიამ თავი გადაიქნია. – მერე ცუდი იწყებოდა, პატარავდებოდი.
- მაიცაა...
- ბოიშვილი ვიყო, ქოშინა ტიროდა, ეგეთი ვახტანგა ძიას – მამაჩემს რა – ვახტანგა ძიას ეგეთი როგორ ჩავუყვანოო ტო, ეგეთი დაპატარავებულიო.
- მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ.
კასიაკიც წამოვიდა.
- რა მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ, ხველას რომ მორჩა.
- მაგრა დაპატარავდი?
- მაგრა ტოო, დავპატარავდი, დავპატარავდი, აი ეგრე, თაგვისხელა გავხდი, ქოშინა გაგიჟდა, რაღა ვქნაო. მერე სული ამომივიდა, დავინახე, როგორ ამომივიდა სული, ფანჯრიდან გაფრინდა და ნევას აჰყვა, აეგრე აიფრიალა შხუილით.
- დაბრედილხარ რა – თქვა ოცდაცხრა წლისამ.
- არა – თავი გადააქნია გობიამ. აზრზე ვიყავი, პროსტო დავპატარავდი და სული აღარ მქონდა. მაგრა გამიტყდა, რო დავბრედილიყავი, შეიძლება ეგრე არ გამტყდომოდა. იჯდა ქოშინა, ტიროდა. მერე სული უკან მოფრინდა და ისევ გავიზარდე.
- ისევ ფანჯრიდან შემოფრინდა?
გობიამ მხრები აიჩეჩა. ნაფაზი დაარტყა. ამოისუნთქა და თქვა:
- საიდანღაც მოფრინდა. გავიზარდე. ახლა უბრალოდ მაგარ კაიფში ვიყავი...
"Бог создал вора, а черт прокурора" – უბერავდა მაგნიტოფონში ვიღაც ახალგაზრდა ურკა.
- მაგარ კაიფში ვიყავი, მოვკიდე ქოშინას ხელი და გარეთ გამოვედი. ზამთარი იყო, თოვლი, ქარი უბერავდა, ყინვა, "Метель" რამე... შიშველ ტანზე ერთი საროჩკა ბოლომდე ჩახსნილი, ამ საროჩკაზე პირდაპირ დუბლიონკა, ისიც ბოლომდე ჩახსნილი და ეგრე გიჟივით... წავედით ფეხით, მანქანაში ვერ ვჯდებოდი, მეთქი არ დავდნე. ვიარეთ ფეხით, ნევის პროსპექტზე ერთ ადგილას ტაქსების სტაიანკა იყო, პუტანკები იკრიბებოდნენ. ისხდნენ მანქანებში, მიხვიდოდი, ორმოცდაათ მანეთს გადაიხდიდი და მთელი ღამით წაიყვანდი. თან მაგარი ქალები...
- აბა, ახლა გადაიხდი მაყუთს და თან წამზომს გირთავენ, ამათი სუტენიორი დედაც... – ბაგო თვალდახუჭული ბაზრობდა.
- არა ტო, კომუნისტების დროს, რას ლაპარაკობ... თან ვევასებოდით.
- ე, კი ტო...
- მაგრა, ძაან, ახლა ამათ "პაკალენიას" ჭკუაში არ მოსდით ეგ ბაზარი, რას ვევასებით, გვბრიდავენო, მაგრამ მართლა ეგრე იყო, თქვენ ქართველებს სხვანაირი შიკი გაქვთო, ტო, თან ხო "გალავერეზები" ხართ, მაგრამ თან სხვანაირი კეთილებიო.
- თუ კეთილ...
- ჰო რა, ორივე, ორივენაირები ხართო და ეგ ევასებოდათ.
- მივედი, ქალი დავითრიე, ვუთხარი: აჰა, შენ სიმონ ასი მანეთი და შენი არაფერი მინდა, მარტო მეთქი მთელი ღამე მელაპარაკე. თან მეთქი კაის გაჭმევ და გასმევ. ევასებათ ჭამა-სმა. წამოვიდა კუნტრუშით. ეს ქალიც ფეხით ვატარე. იარა ხოშიანად, სუფთა ჰაერიაო. ქოშინა უფრო ვეღარ მოდიოდა, გაიყინა. მერე ერთი შენიცო და სადღაც შეძვრა.
ვისხედით მე და ის ქალი მთელი ღამე კაი ბრატებივით. ის არაყს სვამდა, მე ჩაის. მაგარი ჩაი მომითუხთუხა, მაგარი, "პაჩტი" ჩეფირი რა, მე ეგრე გემრიელად ჩაი არ მისვია. და ვიბაზრეთ და ვიბაზრეთ მთელი ღამე.
- მართლა არაფერი ტო?...
- არა, დილით ჰო, მეთქი არ გაუტყდეს, კაი გოგო იყო, რაზე მეწყენინებინა. ძაან ჯიგრულად ვიბაზრეთ რა და სხვანაირად გამეპრანჭა, ვიფიქრე, გული არ დაწყდეს, რა ვი, ცოდოა...
- ან არ ეფიქრა, ტიპი ვერ არიო... – თქვა ყველაზე პატარამ. თვალებდაჭყეტილი იჯდა და ისეთ კაიფში იყო, ტუჩები ეფანტებოდა.
გობიამ და ბაგომ ისევ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
ბაგომ ცას ახედა.
- ე, ნახე რას შვრება!..
ცა და მიწა ცუდად მიუახლოვდა ერთმანეთს.
მანქანაში ჩასხდნენ, რო არ გაჭყლეტილიყვნენ.
"С собаками жить по собачьи лаять",
გმინავდა ნოგოვიცინი. მერე უცებ ამოიხრიალა:
"Но я волк..."
- წამო, სასაფლაოზე გავიდეთ, ბიჭები ვნახოთ. – თქვა ბაგომ.
გობიამ მანქანა დაქოქა.
დაღამდა:
...И буду по волчьи выть!
ანთებულმა ფარებმა სიბნელე გაჭრა.
შუქის ორი სვეტი უხმოდ მისრიალებდა სასაფლაოსკენ.

2004 წ. 25 აგვისტო
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Fri Nov 26, 2010 4:04 pm

გადაღმა

სოფლის ბოლოში ისროლეს.
ახალი ჩამოსული იყო.
სახლი ცივი და ცარიელი დახვდა.
დედა თბილისში წამოსულიყო. დააგვიანდა.
შუა ოთახში იდგა. რაღაცა მაგრად გაუხარდა. სამზარეულოში შევიდა. ტაფაში როდინდელი შემწვარი კარტოფილი იყო ჩარჩენილი. გიო მობრუნდა. ჩანთა გახსნა. შოთი პური ჩამტვრეულიყო. ერთი ნატეხი ამოიღო. მერე უკანვე ჩადო. ფანჯარაში შიშველი ალვის ხეები ჩანდნენ. ისე იდგნენ, თითქოს მის ტოტებზე ჩამომხრჩვალი ხალხი ახლახან ჩამოეხსნათ.
რომც არ ჩამოეხსნათ, რაა რო?
რა ვი ერთი... წლების წინ ნანახი სიზმრები ახსენდებოდა. თან სრულიად მოულოდნელად და უცნაური სიცხადით. თითქოს ვიღაც ახვარი სარკით მზის სხივებს იჭერდა და პირდაპირ თვალებში აჭყეტავდა.
უხსენებდნენ ძველი გადაბარებული თავანივით.
ისევ ისროლეს. ცალად ისროდნენ, თითქოს წარსულიდან, ახლა ასე აღარ ისვრიან.
აივანზე გამოვიდა.
მეზობელი შეშას ჭრიდა. ჩუმად წაუსტვინა. მეზობელმა მოიხედა, ცოტა ხანს უაზროდ უყურა, მერე თვალები გაუბრწყინდა, ნაჯახი კუნძზე დაარჭო, ხელი აუწია და გაუღიმა.
- სადა ხარ ბიჭო დაკარგული?
- რა ვი, საქმე, უბედურება.
- დღეს ჩამოხველ?
- ჰო.
- გადმო საღამოს.
თავი დაუქნია. გადავიდოდა, მა რას იზამდა, უყვარდა ლოთებთან სმა. ჯიგრები არიან. ეს მით უმეტეს ჯიგარი ბიჭი იყო. მონადირე, დღე და მოსწრება ტყეში აქვს გატარებული, საცხენის ხრამს მაგის მეტი ვერავინ ახტებოდა, ყოჩაღი, ხოშიანი ბიჭი იყო. მერე გალოთდა, ახლაც ხოშიანი ბიჭია, უბრალოდ, სანადიროდ აღარ დადის.
- გაიგე?.. – და ცას ახედა. – არ დაიკარგო.
- ჰო, ღვინო გააქ?
- იშოება. კარგი პური და ყველი მაქ და შეჭანგებული ღვინო.
მოენატრა აქაურობა. შეჭანგებული ზაფხულის ღვინოც, ფრთასავით რო გაკრავს სიმჟავე, მაგრამ დალევა არ უნდოდა...
არც არასოდეს უნდებოდა.
ცივი სახლი ნელა, ძნელად თბებოდა. შეშაც ცოტა იყო. ასანთის ღერებიც უთავდებოდა. ისევ შუა ოთახში იდგა. ცარიელ კედლებს შეჰხედა. შავი ტუშით იყო წაწერილი მაგარი სენტენციები, რომლებსაც ბებიამისი უწერდა ბავშვობიდან, კაი ტიპი რომ გამოსულიყო: "სილბო გქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა"... და ეგეთი რამეები, კირკეგორი და ამბავი.
"რა ბედნიერები იყვნენ ტო, ბებიაჩემიც კი... რა თავისუფლად უყურებდნენ და რამდენად იოლი ეგონათ ყველაფერი". – გაიფიქრა და გაეცინა. "ე, ბებო, მანდ რომ მიხვედი, მაშინ მაინც გითხრეს, სად რა და როგორ?.. რო ცხოვრება სავსეა ჭეშმარიტებებით და სკანდინავიურ ბურუსში მობორიალე კირკეგორის გარეშეც ცხადზე ცხადია ყველაფერი". მერე წარწერებს თვალი ჩაუკრა და მიტოვებული ოთახები დაიარა.
სამარადიოროდ შემოსული მარბიელი ჯარისკაცის არხეინი და მსუბუქი, რაღაცნაირი მოწყვეტილი ნაბიჯებით დაალაჯებდა, რომელმაც გრძელი და სახიფათო გზა გამოიარა, მდიდარი დავლისა და ალაფის მოლოდინში, მაგრამ შეცდომით საკუთარ სახლში ამოყო თავი. გულიც არ დასწყვეტია. ყოველ წამს შეეძლო, კარი გაეხურა და გზა გაეგრძელებინა.
არც არსად ეჩქარებოდა. პატარა ოთახში შევიდა და წიგნი გადმოიღო.
სავარძელში ჩაჯდა. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო და კითხვა დაიწყო. დროდადრო თავის ტალახიან ბათინკებს შეავლებდა თვალს, და ისევ აგრძელებდა კითხვას. ციოდა. ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და მარტო ფურცლის გადაშლისას იღებდა.
მიშკინი ეპანჩინების გოგოებს აბამდა. სისულელეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ის ბებერი ეპილეპტიკი ესარჩლებოდა.
"ვსე ანი ბილი როსლიე, გრუდასტიე ი კრასივიე". სამივე ერთად მოუნდა. მაგრამ მიშკინს მაგარი კაცი აძლევდა მასტს და ყველაფერი მას რჩებოდა: ეპანჩინების ქალები ამას მოუტეხა და რაგოჟინს – მგელს – ნასტასია ფილიპოვნა. ეგრეა, მგლობა იდიოტობასთან რას მოვა, მგელი სუ შუაზე გახეული რჩება. მანამდე კი დაშლიგინებს უღრანი ტყის ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიმობნეულ თოვლში უჩინარი და თავისთვის მოფიქრალი.
ყოველდღე ელის დღის დასასრულს და იმ დღის დაწყებას, რომელსაც ნადავლი მოჰყვება, მაგრამ ნადავლიც ნადირია, ასწრებს და ისევ აქეთ-იქით აწყდება მუცელგალასტული. გააფთრებისაგან მიწის ჭამას იწყებს. მიწას ჩასაფრება და ლოდინი არ სჭირდება, აქვეა, შენს ფეხქვეშ.
მერე ამდენ წოწიალში ხაფანგს გადაეყრება და ღრუბელს შეფარებული მთვარის ქვეშ მოიღრღნის საკუთარ თათს, თან ცალ თვალს ისევ არ მოაშორებს ნადავლის ნაკვალევს, რომ შემორჩენილი სამი თათით უკანასკნელი ნახტომი მოჭიმოს.
არ შეიძლება ეგრე, მა რა, ეგ ყველამ იცის, იდიოტებმაც, მგლებმაც და ისე ხალხმაც.
ღუმელი გახურდა და ცოტა დათბა. იჯდა, კითხულობდა და აპარსულ კეფაზე ისვამდა ხელს.
აქ წამოსვლამდე, თბილისში თმა შეიჭრა. გვერდითა სკამთან ერთი სომეხი პარიკმახერი გადაბრუნდა და მოკვდა. ხალხი მიეხვია. ვიღაცამ წნევის გაზომვა დაუწყო, მაგრამ უკვე გათანგული იყო. უცებ დამძიმდა და გაქრა, თითქოს თავისი ბარგი სხვას დაუტოვა გადასატანად.
გაქრა.
მისმა პარიკმახერმა თმის შეჭრა გააგრძელა, თან უყვებოდა, რა კარგი კაცი იყო და რა მურტალი ბედი ჰქონდა. – "ამის გოგო ვიღაც აფერისტმა რუსეთში წაიყვანა, მთელი ფული შეუჭამა, იქ გალოთდა და გოგო უკან გამოაბრუნა. ეგრე დაუნგრია ოჯახი. კაცმაც, ამ უბედურმა, ინერვიულა და აჰა, აღარ არი, რა ცუდი დრო მოვიდა"...
აღარ უსმენდა, არც თავიდან უსმენდა, უბრალოდ, ესმოდა. გამოსვლისას მაინც დახვდა კორიდორში დასვენებული. ნაცრისფერი იყო, ზუსტად თავისი ხალათის ფერი. ზედა ტუჩი ასწეოდა და ყვითელი კბილები გამხელილი ცოდვასავით უჩანდა.
გზაშივე დაავიწყდა ეს ამბავი. ახლა კეფა რომ მოიფხანა, იმან გაახსენა.
"სხვაგან რომ ვიყო და სხვა რამეს რომ ვაკეთებდე, გამახსენდებოდა? საერთოდ რაზე ვიფიქრებდი ახლა, სხვაგან რომ ვიყო?.. კაროჩე, მე მიშკინზე იდიოტი ვარ". – გაიფიქრა და ისევ საკუთარ ბათინკებს გახედა. ბათინკებს ტალახი ნაცრისფრად ახმებოდა.
კითხვა განაგრძო. წიგნის ფურცლები სავსე იყო სიტყვებით, რომელსაც ჯიუტად წერდა ვიღაცა.
კითხულობდა. მერე დაბნელდა. საღამოს ბინდმა ძმაკაცივით მოაკითხა. ეზოში მდგარი ხეებიც სიბნელეს აფრქვევდნენ, მყუდროდ ღამდებოდა. მობეზრდა მიშკინის ჭიჭყინი. ამათი გულისთვის ლამფის ანთება ნამდვილად არ ღირდა.
ადგა, დიდ, ნახევრად გახსნილ შავ ჩანთას გადმოაბიჯა და გარეთ გამოვიდა.
ცოტა ხანს აივანზე იდგა. მეზობლის სახლში ლამფა აენთოთ და ჭურჭლის ჩხრიალი ისმოდა.
ჭიშკრიდან მოვლა დაეზარა. ღობეს გადაახტა და მეზობლის ტალახიან ეზოში ჩაჭყაპუნდა.
მეზობელმა სათონიდან გამოყო თავი.
- მოხველ?.. ეგე მაქედან ხახვი გამოაყოლე.
ბნელოდა. ერთმანეთს ვერ არჩევდნენ.
და სუ ფეხებზე ეკიდათ, თუ არც გათენდებოდა.

1998 წელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Tue May 03, 2011 8:07 pm

თამარ კიკნაველიძე

მე­ტის­მე­ტად სა­ღი მწე­რა­ლი

24 საათი 30.04.11



"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რო­ცა დაპყ­რო­ბი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ზე­მელ­ზე ათი კა­ცი რომ გა­გე­ჩე­რე­ბი­ნა და გე­კითხა, ქარ­თ­ვე­ლე­ბი მაგ­რე­ბი ვართ თუ არაო, ათი­დან ცხრა დაგ­ცი­ნებ­და, მა­გას რა კითხ­ვა უნ­და, მაგ­რე­ბი ვართ, თან ძა­ლი­ან მაგ­რე­ბიო და მხო­ლოდ ერ­თი ჭკვი­ა­ნი, ისიც თუ გა­გი­მარ­თ­ლებ­და და შეგ­ხ­ვ­დე­ბო­და, გი­პა­სუ­ხებ­და, არა მგო­ნია, არ ვფიქ­რობ, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც მაგ­რე­ბი და რკი­ნის მკვნე­ტე­ლე­ბი ვი­ყო­თო...

ახ­ლა, რო­ცა 21 წე­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვართ, იმა­ვე ზე­მელ­ზე ათი კა­ცი რომ გა­ა­ჩე­რო და ჰკითხო, ქარ­თ­ვე­ლე­ბი მაგ­რე­ბი ვართ თუ არაო, ათი­დან ცხრა ისევ დაგ­ცი­ნებს, რა მაგ­რე­ბი, რე­ებს მე­კითხე­ბი, მა­შა­ყი­რებ თუ რა, მა­გა­რი არა, ფე­ხე­ბიო… და მხო­ლოდ ერ­თ­მა გიჟ­მა, ისიც თუ გა­გი­მარ­თ­ლა და შეგ­ხ­ვ­და, შე­იძ­ლე­ბა გი­პა­სუ­ხოს, მა­ინც მაგ­რე­ბი ვართ, მა­გის დე­დაც ვა­ტი­რეო," - ამ ჩა­ნა­წე­რით და­ამ­თავ­რა ბე­ქა ქურ­ხულ­მა სა­ღა­მო, რო­მე­ლიც 27 აპ­რილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა. სა­უბ­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კი­ლა­ძე უძღ­ვე­ბო­და.

პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა, რო­მე­ლიც მას­პინ­ძელ­მა მწე­რალს და­უს­ვა, იყო: "რო­გო­რია შე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და არა­ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­ვი?" რა­საც სტუ­მარ­მა ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა. დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბამ ბე­ქა ქურ­ხუ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ბევ­რი რამ იცო­და, მაგ­რამ ავ­ტო­რის მო­ყო­ლი­ლი ყვე­ლას­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და: "მე გახ­ლა­ვართ ბე­ქა ქურ­ხუ­ლი. აი, ასე, მოკ­ლედ და კონ­კ­რე­ტუ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ვის, ჩე­მი ნო­ვე­ლე­ბი პირ­ვე­ლად 1991 წელს, გა­ზეთ "მა­მულ­ში" და­ი­ბეჭ­და, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რიც ბ-ნი ვა­ჟა გი­გაშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და სცე­ნა­რის­ტი იყო. სხვა­თა შო­რის, ბ-ნი ვა­ჟა არა მხო­ლოდ ჩე­მი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე დღეს უკ­ვე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის, მა­გა­ლი­თად - გა­გა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის, ნათ­ლი­აც გახ­ლავთ. ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ უნ­და გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან არა­პო­ე­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან ლექ­სი არა­სო­დეს და­მი­წე­რია. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ე­ზია ბევ­რი რა­მით არის პრო­ზა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი. 1996 წელს და­ვამ­თავ­რე ბ-ნ თა­მაზ ჭი­ლა­ძის სა­ხე­ლოს­ნო, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დრა­მა­ტურ­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი, მაგ­რამ არც ერ­თი პი­ე­სა არ და­მი­წე­რია და ესეც იმი­ტომ, რომ დრა­მა­ტურ­გია, ჩე­მი აზ­რით, პო­ე­ზი­ას­თან უფ­რო ახ­ლოა, ვიდ­რე პრო­ზას­თან. სხვა­თა შო­რის, ეს ჯგუ­ფი ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო და შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თ­ვა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­დ­ნენ, მა­გა­ლი­თად: ბა­ჩო კვირ­ტია, რა­ტი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი სო­ლო­მო­ნაშ­ვი­ლი, ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვი­ლი, ზა­ზა ას­ლა­ნი­ძე. ამას­თან, ჩვე­ნი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო ისე­თი ლი­ტე­რა­ტო­რი, პრო­ზა­ი­კო­სი და პო­ე­ტი, რო­გო­რიც თა­მაზ ჭი­ლა­ძეა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ცე­მებს, ჩე­მი მოთხ­რო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს იბეჭ­დე­ბო­და "არილ­ში", "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ში", "პარ­ნას­ში", "ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში", "ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზეთ­ში" და ა.შ. გა­მო­ცე­მუ­ლი მაქვს სულ სა­მი წიგ­ნი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი "დი­ლის გა­ზეთ­მა" და "კავ­კა­სი­ურ­მა სახ­ლ­მა" მა­ნა­ნა კარ­ტო­ზი­ა­სა და ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოს­ცა და ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, არა იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი მა­ინც რა­ღაც სხვაა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის... ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი წიგ­ნი შედ­გე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და "დი­ლის გა­ზეთ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ყოფ­ნი­სას და­წე­რი­ლი სტა­ტი­ე­ბის კრე­ბუ­ლის­გან, სა­ხელ­წო­დე­ბით "და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", რო­მე­ლიც ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ცო­ტა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სწო­რი იყო. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკან­და­ლი და სენ­სა­ცია, რაც ახ­ლა ასე მო­და­შია, ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არც მა­შინ იყო და არც ახ­ლაა. ჩე­მი მე­ო­რე წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა "სახ­ლი სხვა­გან", რო­მე­ლიც 2005 წელს ლე­ვან თით­მე­რი­ამ გა­მოს­ცა და "სა­ბას" სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე იყო წარ­დ­გე­ნი­ლი. მი­სი გა­მო­ცე­მა მთლი­ა­ნად ბე­სო ხვე­დე­ლი­ძის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ვი­და, წა­ი­ღო მა­სა­ლა და ჩა­მა­ბა­რა - წიგ­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე კრე­ბულს, სულ ახ­ლა­ხან, 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ი­ცა, რე­დაქ­ტო­რია რა­ტი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი."

მწე­რალ­მა სა­ღა­მო­ზე ჯერ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი, ახ­ლა­ხან დას­რუ­ლე­ბუ­ლი და გა­და­თეთ­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, მათ შო­რის: "იმათ, ვინც მიყ­ვარს", "კირ­გი­ზი აბა­ე­ვის გა­დარ­ჩე­ნა", წა­ი­კითხა. კარ­გა­დაც კითხუ­ლობ­და. ავ­ტო­რის სათ­ქ­მელ­მა მსმე­ნე­ლამ­დე მი­აღ­წია და დამ­ს­წ­რე­თა მო­წო­ნე­ბაც ად­ვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რა. ერთ-ერთ შე­კითხ­ვა­ზე, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა შენ­ზე ომ­მა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად უტ­რი­ა­ლებ რო­გორც ჩა­ნა­წე­რებ­სა და მოთხ­რო­ბებ­ში, ასე­ვე პი­რად სა­უბ­რებ­ში, ავ­ტორ­მა უპა­სუ­ხა: "მე და­მარ­ცხე­ბუ­ლი ვარ! სხვა­თა შო­რის, 2008 წლის ომი რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნით მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი იყო. უპირ­ვე­ლე­სად იმით, რომ წა­ა­გო მხა­რემ, რო­მელ­საც ბრძო­ლა არ წა­უ­გია, მე­ო­რეც - ეს მო­ხა­ლი­სე­თა ომი იყო და ისე, რო­გორც სტა­ლინ­მა გა­ი­რე­კა წინ 700 ათა­სი ქარ­თ­ვე­ლი ძა­ლით, არა­ვინ გა­უწ­ვე­ვი­ათ, და მე­სა­მეც - პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჰქონ­და არა მთა­ვარ­სარ­დალს ან შტა­ბის უფ­როსს, არა­მედ რი­გითს და ამის მა­გა­ლი­თე­ბი ბევ­რია... ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ჩემ­თ­ვის... ახ­ლა რომ მახ­სენ­დე­ბა თა­მა­რა­შე­ნი, კო­დო­რი­სა და ლი­ახ­ვის ხე­ო­ბე­ბი, მერ­ჩივ­ნა თბი­ლი­სი წა­ე­ღოთ, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის იქ, ამ სიტყ­ვის სრუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ბო­ლომ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რო, შე­იძ­ლე­ბა ტყვია და­ი­ხა­ლო თავ­ში და არა მგო­ნია, ასე­თი გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ბუ­ნებ­რი­ვი იყოს. ეს ჩვენ­თან გახ­და ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­დავ­ლა-გად­მოვ­ლა კარ­გი ტო­ნი, თო­რემ აბა, მი­დი და რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და სიწ­მინ­დეს შე­ე­ხე, არ გა­პა­ტი­ებს!"

მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ თე­მებ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ მწე­რალ­მა მე­გობ­რე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბიც წა­ი­კითხა. ერთ-ერ­თი ასე იწყე­ბო­და: "რა­ტი ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი ჩემს ნა­წე­რებს არ­ჩევს. ძა­ლი­ან მკაც­რად, პრინ­ცი­პუ­ლად და მხო­ლოდ მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სა­ოც­რად და­მაბ­ნე­ვე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით მაკ­რი­ტი­კებს. უმ­თავ­რე­სად იმას მიპ­რო­ტეს­ტებს, რომ ჩემს ნა­წე­რებ­ში არ იხა­ტე­ბა არა­ნა­ი­რი პა­თო­ლო­გია, არ ჩანს ის სი­მა­ხინ­ჯე, გა­დახ­რა, ანო­მა­ლია, მა­რაზ­მი და უბე­დუ­რე­ბა, რი­თიც სავ­სეა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, და არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რა, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­რო და, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო". რო­გორც სა­ღა­მო­ზე შე­ვიტყ­ვეთ, მა­ლე მი­სი მე­ოთხე წიგ­ნიც გა­მო­ვა.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2011-04-30/16280.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Sat Jun 18, 2011 6:50 pm



წიგნის დასახელება – "შეხვედრა მას შემდეგ" (მოთხრობები)
ავტორი – ბექა ქურხული
გამომცემლობა – “პეგასი”
სერია – "ახალი ლიტერატურა"
გამომცემელი – მარინე ცხადაია
ყდის დიზაინი – ნანუკა ჭიღლაძე
რედაქტორი – რატი ქართველიშვილი
მხატვარი – სოსო ღვედაშვილი
დიზაინი და ტექნიკური უზრუნველყოფა – ეკა წიქარიშვილი
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2010
ISBN 978–9941-9146–4-5
გვერდების რაოდენობა – 220
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბექა ქურხული   Wed Jan 25, 2012 10:01 pm

„ორი მთვარის ამბავი“ - აი, ამ წიგნის წარდგინება იყო „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაში, მართლა კარგად გამოსცა „სიესტამ“. იქიდან მოვედი ეხლა და იქ რაც ვთქვი, ის არის, რომ:
ბექა ქურხული ის მწერალია, მარტო წიგნიდან წიგნამდე რომ არ მოძრაობს, ჯერ ცხოვრობს და რაც გადახდება, იმას წერს და ეს ეტყობა კიდეც ნაწერს, – ისევე, როგორც ჰემინგუეის ნაწერებს...
ისე ეტყობა, რომ მკითხველიც გრძნობს, რომ სიყალბის გარეშე დაწერილებია და ამიტომაც უყვარს ბექას წიგნები.
წინ დიდი გზა აქვს ბექას, – კეთილად ევლოს და მკითხველის სიყვარულს გაფრთხილებოდეს მეთქი“.

მიხო მოსულიშვილი, 2012 წლის 17თებერვალი




წიგნის დასახელება – "ორი მთვარის ამბავი" (რომანი)
ავტორი – ბექა ქურხული
გამომცემლობა – “სიესტა”
გამომცემელი – ქეთი კიღურაძე
გამოცემის წელი –
ISBN 978–9941-....–.-.

ანოტაცია – რომანი “ორი მთვარის ამბავი” წარმოადგენს ერთი გვარის ამბავს, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბაში ბინადარი ალისაგან წარმოიშვა. რომანის ნარატივი ისეთივე არეული და წყვეტადია, როგორც საქართველოს ისტორია საერთოდ: რომანი ეპიზოდებად ვითარდება, სადაც მამა-პაპათა და შვილთაშვილთა ამბავი, დიალექტი და თბილისური სლენგი ერთმანეთში გადადის. ეს არის საგა, რომელშიც გასაბჭოებამდელ, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების აბსურდულ კარუსელში ძველი და ახალი თაობები კარგავენ და ხელახლა პოულობენ ერთმანეთს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა ქურხული   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ბექა ქურხული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: