არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამაზ ჩხენკელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 2:53 pm



თამაზ ვასილის ძე ჩხენკელი – [http://ka.wikipedia.org/wiki/თამაზ_ჩხენკელი]

(დ. 26 ნოემბერი, 1927 – გ. 9 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი.
მშობლები: თამარ ასლანიშვილი, ვასილ ჩხენკელი.
მეუღლე: ლილი გოგუა (1934).
შვილები: გვანცა (1958), ნათია (1971).
დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952).
მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე).
დაიცვა საკანდიდატო დოსერტაცია თემაზე: "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველსა პოემებში" (1972).

ნათარგმნი და წიგნებად გამოცემული ნაშრომები:

ბო ძიუ–ი "ლექსები" (1956).
რაბინდრანათ თაგორი "გიტანჯალი" (1960).
"აღმოსავლური ლირიკა" (1966).
"ბენგალია" (1970).
"ბჰაგავატგიტა" (1963).
დანტე ალიგიერი "ახალი ცხოვრება" (1966).
ჰომეროსი "ოდისეა" (1975).
"ინდური საგალობლები", "ახალი ინდოეთის მოაზროვნეები" (1978).
"აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" (ზურაბ კიკნაძესთან ერთად, 1975).
"მზებუდობა" (1980).
"მარიოტა" (1986).
"მწვანე ბივრიტი" (2002).

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ.

თამაზ ჩხენკელი 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იგი ასევე იყო ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი.
გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


მრწამსი:

"ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი, რომელიც "შევარდნელთა" მისალმებას წარმოადგენდა: "ვგუშაგობ ერს" – "მარად" (ბიძაჩემი – ცნობილი ექიმი, მთამსვლელი და მსიგნობარი – სოსო ასლანიშვილი ჟურნალ "შევარდენის" რედაქტორის იყო). რაც შეეხება კრედოს, ის გამოხატულია ინდოელი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი მოაზროვნეების (ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, თეოლოგების, მწერლების) იმ წერილებში, რომლებსაც მე ვთარგმნიდი და ვაქვეყნებდი ჩვენს ლიტერატურულ და მეცნიერულ პერიოდიკაში 45 წლის მანძილზე, და რომლის ერთ წიგნად გამოცემა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს წერილები მეოცე საუკუნის მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს ეხება".



თამაზ ჩხენკელი - ფოტო ცირა ბარბაქაძისა.


თამაზ ჩხენკელი

არაერთხელ მინახავს

1.უძოდან მოვდივარ. ზემო წყნეთს გამოვცდი და მოსახვევში დავინახე გალაკტიონი, რაღაცას მისჩერებოდა. მივიხედე, რას უყურებს-მეთქი. ის იყურებოდა ბავშვთა ბანაკის მიმართულებით, რომლის ჭიშკარზე გამოკრული იყო ლოზუნგი: ბედნიერი ბავშვობისთვის მადლობა კომუნისტურ პარტიას... ახლა ვფიქრობ, რომ გალაკტიონის მაშინდელ გამომეტყველებას შეიძლებოდა დარქმეოდა სარკასტული. მაგრამ სინამდვილეში? სინამდვილეში ჩემს ხსოვნაში ჩარჩენილი გალაკტიონის სახის გამომეტყველების მიახლოებითი ახსნაც კი შეუძლებელია.

2. თავისუფლების მოედანზე შორიდანვე შევნიშნე გამზირიდან მომავალი გალაკტიონი. ჩემს წინ, მხარმარცხნივ გოგო-ბიჭი მიდიოდა. ბიჭი გოგოს მხარზე ხელგადახვეული მოდიოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა. ჩანდა, რომ მთელი ქვეყანა ფეხებზე ეკიდა. მოახლოებულმა გალაკტიონმა თვალების ოდნავი ღიმილით მანიშნა _ რა უდარდელია, რა მშვენიერია და რა გულუბრყვილოა მათი სიყვარულიო. ამ წინასწარ ნაგულისხმევი შინაარსის უნდა ყოფილიყო გალაკტიონსა და ჩემს შორის ეს წამიერ-ხალისიანი კონტაქტი.

3. გვიანი ღამეა. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოსთან" ჩამოვედით მე და რამაზ პატარიძე. ამ დროს უნივერმაღის (ახლა ბანკია) მოსახვევიდან ჩქარი ნაბიჯით გამოიჭრა გალაკტიონი. ქუჩაში სხვა არავინ იყო და ჩვენ მოგვმართა ნერვიული ხმით: წარმოგიდგენიათ, ყმაწვილებო, დედას იგინებიან (შესახვევიდან რაღაც ჩოჩქოლი მოისმოდა). ვიტრინების სინათლის ზოლში რომ შევედით, გალაკტიონი ნელა მოგვიახლოვდა, თავზე ორივეს თავისი ვეებერთელა ხელები დაგვადო, ცერები წარბებზე გადაგვისვა: რა კარგი წარბები გაქვთ, რაღაცნაირი ინტონაციით თქვა და მოგვშორდა, იქვე, თავისი სახლის¬კენ გადაჭრა ქუჩა.

4. აკადემიის (პ. ინგოროყვას ქუჩაზე) ერთ-ერთი ოთახიდან რომ გამოვედი, კიბის თავში მდგარმა თვალი მოვკარი გალაკტიონს. მან ამოათავა მეორე სართულზე ამოსასვლელი კიბის ნახევარი, ბაქანზე მოაჯირს ხელშეჭიდებულმა შეისვენა და ამოიხედა. შემოდგომის მზიანი ამინდი იყო, სინათლიანი. გალაკტიონმა ამოიხედა და მე დავინახე მისი დიდი სხივოსანი თვალები, მზით და სიყვარულით სავსე. ერთხანს ასე მიმზერდა (ჩემს გარდა იქ არავინ იყო), მერე, როგორც ჩანს, იაზრა, რომ მე არ დავეშვებოდი კიბეზე, სანამ ის არ ამოვიდოდა... და დაიძრა.
თუ რა მოხდა ამის შემდეგ, რომც მახსოვდეს, არ ვიტყვი.

5. არჩილ სულაკაურს თავის წიგნში (1951 წ.) ჰქონდა ასეთი სტრიქონები: "თეთრი ნიჟარა ჩამომჯდარიყო გალაკტიონის გადაშლილ წიგნზე". ეს წაეკითხა გალაკტიონს და უნებებია ავტორის ნახვა, რაც მისი გერის მონაწილეობით განხორციელდა კიდეც. არჩილის თხოვნით მეც აღმოვჩნდი ამ სტუმრობაში ჩართული. იქ მე ვნახე "ტანჯვით და რეფლექსიით" გაწამებული კაცი, რომელიც უხერხულად მოძრაობდა, აბურდულად ლაპარაკობდა და მაშინდელი ჩემი შეგრძნებით სასაცილო იყო და მე ძლივს ვიკავებდი სიცილს, რის გამოც მისი არცერთი სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ როცა გარდაიცვალა და მწერალთა სასახლის ბაღში თავი შევიყარეთ მეგობრებმა, ჩემდაუნებურად ტირილი ამივარდა, რადგან მომეჩვენა, რომ ნათლის უზარმაზარმა ჩქერალმა სამუდამოდ მიატოვა საქართველო.




Last edited by გამრიგე on Sun Nov 21, 2010 8:49 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 2:57 pm


თამაზ ჩხენკელი - ფოტო ცირა ბარბაქაძისა.


თამაზ ჩხენკელი

ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა


ჟურნ. „ფრესკა“, თბ. „ნაკადული“, 1987 წ., გვ. 27-29

ყოველი ანბანი გარკვეული რაოდენობის ასონიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და როცა ანბანზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასონიშნები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. ანბანის თვითეული ასონიშანი, თავის მხრივ, მცირე ზომის გრაფიკული ფიგურაა. ამ ფიგურების ანუ ასოების მოხაზულობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ თვალი მკაფიოდ და თავისუფლად აღიქვამს მათს ურთიერთსხვაობას. მაგრამ, ამავე დროს, ასონიშნები ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებასა და ერთიანობასაც ამჟღავნებენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თვითეული ასოს მოხაზულობა ანბანის ერთიან გრაფიკულ სისტემას ექვემდებარება, რომ ასოებს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთშესაბამისობა არსებობს და რომ ამდენად, თვითეული ასონიშნის ხატი მოცემული ანბანისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითეულ ასონიშანს გააჩნია მოდელი, ანუ ნიმუში, იდეალური წინარე ხატი -- არქეტიპი. ასონიშანი, რომელიც თავისივე თავის მოდელს არ შეიცავს, შეუცნობელ და უფორმო რასმე წარმოადგენს. ყოველი ასონიშანი თავის სრულფასოვან მოდელს მხოლოდ სხვა ასონიშნებთან მიმართებაში ამჟღავნებს. ასონიშნის გრაფიკულ სტრუქტურას მთელი ანბანის კონტექსტი განსაზღვრავს.


ჩვეულებრივ, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ესა თუ ის ანბანი, გარდა იმისა, რომ ტიპოლოგიურად განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას აცნაურებს, ამავე დროს, გარკვეული მხატვრული მთლიანობითაც არის აღბეჭდილი და, ამ აზრით ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს. ყოველ ანბანს საფუძვლად უდევს ხელოვნების აზროვნების სხვადასხვა პრინციპი, რომელთა ფესვიც განსხვავებული კულტურების რელიგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წიაღშია საძიებელი. ასე რომ, ყოველი ანბანი ესთეტიკური ფენომენიცაა და ამდენად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი მხატვრული სტილით არის აღბეჭდილი. ქართული ასომთავრულის მხატვრული სტილის საფუძველია ე. წ. გეომეტრიზმი: "ასომთავრული ღრმად გააზრებული გეომეტრიული სტილის სრულყოფილი გრაფიკული სისტემაა და ამ თვალსაზრისით იგი ბერძნულ მონუმენტურ დამწერლობას ეტოლება" (რ. პატარიძე).

რაში ცნაურდება ეს "გეომეტრიული სტილი?"

ბერძნული და ლათინური კაპიტალური დამწერლობის ანალოგიურად ქართული ასომთავრული ასოთა ამოსავალ გეომეტრიულ თარგად კვადრატს იყენებს და თუმცა რეალურად არსებულ წარწერებში ასოებს ზოგჯერ კვადრატის ეტალონიდან გადახრის ტენდენცია აქვთ, ისინი თვით უკიდურეს შემთხვევებშიც არ კარგავენ თავიანთი გეომეტრიული სტრუქტურის პირვანდელ ხატს. მათში ყოველთვის გამოიცნობა არქეტიპის განმსაზღვრელი ინერცია. კერძოდ წრიული ასოების დიამეტრი და ვერტიკალურად აგებული ასოების ღერძი კვადრატის ღერძის სიმაღლეა, ხოლო მასთან შერწყმული ელემენტები ზომით ამ ღერძის სიმაღლის ნახეგარია (ელ. მაჭავარიანი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტები კვადრატის მეოთხედშია განლაგებული. მეოთხედი კვადრატი ასონიშნების შემადგენელი ნაწილების გეომეტრიული „სახლი", ანუ ამოსავალი პრინციპია. ქართული ასომთავრულის თვითეული ასონიშანი, ბერძნულ-ლათინური ასოების ანალოგიურად, გეომეტრიულ კანონთა შესაბამისად არის ჩაწერილი კვადრატის ცხაურში (ბადეში), რომელსაც მის შიდა სივრცეში მოქმედი დიაგონალური და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ღერძების სისტემა ჰქმნის. ამის საფუძველზე ასომთავრული ანბანის გრაფიკულ სისტემაში დასტურდება კანონზომიერება, რომელიც ასონიშნების სრული და მეოთხედკვადრატული ნაწილების გეომეტრიული ნახაზის იდენტურობას ასაჩინოებს. ეს ეხება წრეს, წრის სამი მეოთხედისაგან და ნახევარწრისაგან კონსტრუირებული ასონიშნების სრულკვადრატოვან კორპუსებს, რომლებიც მეოთხედკვადრატული მოდიფიკაციით, იმავე ან განსხვავებული პოზიციით მეორდებიან სხვა ასოების გრაფიკაში (იხ. სურ.). გამომსახველობით საშუალებათა ასეთი ეკონომია ანბანების არცერთ გრაფიკულ სისტემაში არ არის დადასტურებული. ქართული ასომთავრულის გრაფიკულ სისტემაში ეკონომიის ეს პრინციპი ჰქმნის სწორედ იმ კონცენტრირებულ გეომეტრიზმს, რომლის მეოხებითაც, ასონიშანთა სიმრავლის მიუხედავად, ვიზუალური განსჯა მათ გრაფიკულად ურთიერთმონათესავე ელემენტებად აფიქსირებს.

მაგრამ ეს "გეომეტრიზმი", როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ-ნაკლები სიცხადით ცნაურდება ეპიგრაფიკულ ძეგლებსა თუ პალიმფსესტებში შემონახულ ასოთა მოხაზულობაში. რატომ "ეწინააღმდეგება" ემპირიული ასონიშანი თავისსავე არქეტიპს?

ასონიშანი იდეალური მოდელის ასლია და, როგორც ასეთი, ყოველთვის უპირისპირდება პირწმინდად ზუსტ, ზედმიწევნით პროპორციულ და სიმეტრიულ მოდელს, რომელიც შიშველი აბსტრაქტულობით ამჟღავნებს გეომეტრიულ სტრუქტურას. საერთოდ, ესთეტიკური ფენომენი (და ასეთია ანბანი) ყოველთვის გულისხმობს მოდელიდან ან სტანდარტიდან აუცილებელ გადახრას, "რადგან სიცოცხლე ძრწის მეტისმეტი სიზუსტის, აბსოლუტური სისწორის წინაშე... ზედმიწევნით პროპორციულობასა და ცივ სიმეტრიულობაში არის რაღაც ავბედითი, ანტიორგანული, სიცოცხლისადმი მტრული" (თ. მანი). არნჰეიმის აზრით, მკაცრ სიმეტრიასა და ფორმის სიზუსტეს ხელოვნებაში იშვიათად და უდიდესი სიფრთხილით იყენებენ, ვინაიდან როცა მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წესრიგს, "ცოცხალი სუბსტანციის" რაოდენობა კლებულობს. ამრიგად, მოდელის აბსტრაქტულ გეომეტრიზმს და აბსოლუტურ სიზუსტეს უპირისპირდება ესთეტიკური ასლის ბუნებრიობა და ცხოველმყოფლობა. ეს ჯერ კიდევ არისტოტელესათვის და პლოტინისათვის იყო ცნობილი. ანბანშიც ასევეა სწორედ აბსტრაქტული მოდელიდან "აუცილებელი გადახრა" (ვეილი), ან "გამაცოცხლებელი გადახრა" (არნჰეიმი) ანიჭებს ასოებს ბუნებრიობას, სილამაზესა და თბილ ცხოველმყოფლობას. ასომთავრულის უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები არქაული გვეჩვენება, ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა კი ანტიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია, - ახალს იმთავითვე უნდა შეემოსა სიძველის იერი, - ეს ღირსებად ეთვლებოდა ხელოვანს. ანბანურ ნიშნებსაც დროის წიაღიდან "ორგანულად ამოზრდის“ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა და ასომთავრულის შემოქმედს ბრწყინვალედ აქვს გადაჭრილი ეს ამოცანა. ქართული ანბანის შემოქმედი მარტო დიდი მოაზროვნე და ანალიტიკოსი კი არ არის, არამედ უდიდესი ხელოვანიც.




ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:19 pm

დროის შურისძიება


საქართველოს “გასაბჭოების” შემდეგ ქართველმა მწერლებმა ზედიზედ გამოსცეს ვაჟა-ფშაველას კრებულები, რაკი სწორედ მის შემოქმედებაში ჭვრეტდნენ ფესვეულად ქართულ მსოფლგანცდას და მომავლისათვის ბრძოლის იმედის მომცემ პერსპექტივას. მაგრამ როგორ იყო ეს აღქმული მაშინდელი ხელისუფლების მიერ?
ტროცკის უბადრუკი მიმდევარი და ფანატიკოსი ბოლშევიკი პლატონ ქიქოძე (რა სახელს და გვარს ათახსირებს!) შავი სიტყვით იხსენიებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გამოცემისათვის მზრუნველ ქართველ მწერლებს, იმ ქართველ მწერლებს, რომლებიც თურმე “ამ ბოლო ხანებში მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ ვაჟა-ფშაველას გენიალობაზე. ჩემი აზრით კი, _ განაგრძობს პ. ქიქოძე, _ ვაჟას დემონსტრაციულად იმიტომ ებღაუჭებიან, რომ იგი მაჩვენებელია უმთავრესად ჩვენი უკულტურობისა და ნაციონალური პრიმიტივისა”. ცოტა ქვევით იგი წერს: “ნაციონალური კულტურის მებრძოლთათვის ვაჟა ეგნატე ნინოშვილზე უფრო ნაციონალურია, რადგან ვაჟა-ფშაველა პრიმიტივის, თანამედროვეობიდან უკან დახევის, უკულტურობის და სიბნელის “ნაციონალური” გმირია, რადგან იგი იდეალიზაციაა უკულტურობისა”. ამ გადაგვარებული, “დეგენერაციის გზაზე დამდგარი” (მისივე სიტყვებია) კაცის სტრიქონები 1924 წელს, საქართველოში ანტიბოლშევიკური ამბოხების სისხლში ჩახშობის წელს არის დაწერილი, როცა განახორციელეს სტალინის ცნობილი დირექტივა: допустить и проучить, და надо перепахать Грузию вдоль и поперек... იმ წელს, როცა ქართველი ხალხის პათოლოგიურმა ნაბიჭვარმა სერგო ორჯონიკიძემ დაახვრეტინა ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი _ ლევანი. საგულისხმოა, რომ შალვა დადიანის მეთაურობით ორჯონიკიძესთან მისულ ქართველ მწერლებს, რომელთაც სურდათ გამოეხსნათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის მებრძოლი ლევან რაზიკაშვილი, მას უპასუხია: ვაჟას შვილს კი არა, ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდითო... ასეც იზამდნენ, ილიას მკვლელები ვაჟასაც დახვრეტდნენ. საოცარია, რომ თავის ბოლოდროინდელ ლექსებში ვაჟას აღწერილი აქვს მომავლის ეს სისხლიანი ბაკხანალია: “მამა ვაჟს მწვადად შესწვავდა, დედა _ ბატარას ქალასა”, ან “დავცურავ სისხლის მორევში” და სხვა, სადაც დაუნდობელი შემუსვრისა და კაციჭამიობის სურათებია დახატული.
მაინც, საიდან მოდიოდა 20-იანი წლების ქართველი ბოლშევიკების გააფრთებული სიძულვილი ვაჟასადმი, ან შემდეგდროინდელი ქართველი კომუნისტების მიერ ვაჟას შემოქმედების ერთგვარი უგულებელყოფა? გავიხსენოთ თუნდაც 1961 წელს უფერულად ჩატარებული ვაჟას დაბადების 100 წლისთავი!
პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყოველგვარი ეროვნული კულტურის უარმყოფელ პროლეტარულ იდეოლოგიასთან, რომელიც არ სცნობს არც კულტურას როგორც ასეთს, და არც მით უმეტეს, არავითარ მითოსს, გარდა საკუთარი _ ფილოსოფიური და რელიგიური თვალსაზრისით ღატაკი, გამოფიტული და ფუყე, ანტიჰუმანური “პროლეტარული მითოსისა”. მეორე შემთხვევაში ყველაფერი ცხადია: სტალინის ინიციატივით და დავალებით უარყოფილი იყო ვაჟას შემოქმედება საქართველოში და ეს სახელმწიფოებრივი ღონისძიების დონეზე იქნა ჩატარებული. ამბობენ, თითქოს ვაჟას შემოელახა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი ჯუღაშვილი. არ არის გამორიცხული! ვაჟას წიხლით დაუგორებია გაზეთ “დროების” კიბეებზე პეტერბურგიდან ჩამობრძანებული ვინმე აშინოვი, ე. წ. თავისუფალ კაზაკთა ატამანი, რომელიც იქადდა: ჩემი ხანჯლის წვერზე მივართმევ რუსეთს თეირანსო, და ახალგაზრდა ჯუღაშვილის გალახვა არ გაუჭირდებოდა. და მაინც, რატომ არ უყვარდა რუსთაველის ერთი სტროფის რუსულად მთარგმნელს, ილიასა და აკაკის “დამფასებელ” სტალინს ვაჟას პოეზია? იმიტომ ხომ არა, რომ აღიზიანებდა ვაჟას ღრმა მითოსი, მისი უნივერსალური მსოფლმხედველობა და პირწმინდად ქართული მსოფლშეგრძნება, რაკი თვითონ ქმნიდა თავის უბადრუკ, კომუნისტურ ფსევდომითოსს და ლოკალურ ფსევდოფილოსოფიურ მატერიალიზმს?
საქართველოში, როგორც ყოველთვის, ამაზრზენი გულმოდგინებით განახორციელეს სტალინის მითითება. მე მახსოვს ეს გულისამრევი კამპანია, რომელსაც “მთელი საქართველო” გამოეხმაურა. ვაჟა დასახეს ძმათამკვლელი ომების მეხოტბედ, ქართული ენის რეგრესიულ გზაზე დამყენებლად, ლამის ქართული ენის გამრყვნელად. ამას აკეთებდნენ თანამემამულეთა სისხლში ხელგასვრილი ქართველი ბოლშევიკების დეგენერაციული ბანდის პოხიერ ნეხვზე აღმოცენებული “განათლებული” კომუნისტები, რომელთა პოლიტიკური ძალაუფლება ისევე უსაზღვრო იყო, როგორც მათივე უმეცრება და მორალური იდიოტიზმი.
ვაჟამ სძლია დროს!
მან გაიმარჯვა იმ ეპოქაზე, რომელსაც რუსული ბოლშევიზმისაგან დანათლული სახელი ერქვა, სახელი იმ “ხვლიკისთავიანი” კაცისა, ვისაც სახეზე გამუდმებით ეკერა ვაჟას სილაქი.
ასე აღსრულდა დროის შურისძიება!

1991
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:20 pm

ვაჟას პირველი ლექსი

ვაჟა-ფშაველას პირველ ლექსად სხვადასხვა კრებულებსა და სრულ გამოცემებში “ამირანი” ზის. ეს შესანიშნავი ლექსი პოეტმა დაწერა ოცდასამი წლის ასაკში. “როგორც აღნიშნავენ, პირველი ლექსი, რომელშიაც ვაჟამ თავისი პოეზიის შესაფერი ფორმა იპოვა და დიდი შემოქმედებითი მწვერვალებისაკენ მიმავალ გზას დაადგა, არის “ამირანი”... ამიტომ ბუნებრივია, რომ ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი ტომი ამ ლექსით იხსნება”... ვკითხულობთ ვაჟა-ფშაველას ათტომეულის მეორე ტომის შენიშვნებში.
შესაძლოა, მართლაც გამართლებული იყოს ვაჟას კრებულების ამ ლექსით დაწყება, ლექსით, რომელშიც პოეტის დიდი და ღრმა შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტებია გაცხადებული, მაგრამ ძნელია დავეთანხმოთ ზემოთ მოყვანილი შენიშვნის ავტორს, როცა იგი წერს, ვაჟას
ყრმობისდროინდელი ლექსები მხატვრულად მართლაც საგრძნობლად მოისუსტებსო (იქვე). ძნელია დავეთანხმოთ მხოლოდ ერთი ლექსის გამო, სახელდობრ, ეს არის თექვსმეტი წლის ვაჟას პირველი ლექსი “თხოვნა”, რომელიც მას თავის სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია. იგი 1940 წელს გამოაქვეყნა სოლომონ ხუციშვილმა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”.
ეს ლექსი _ “თხოვნა” (თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იგი ვაჟას მართლაც პირველი ლექსია) ფრიად მნიშვნელოვანი პოეტური ნაწარმოებია.
და სწორი არ იქნება იმის თქმა, თითქოს ამ ლექსში ვაჟას პოეზიისათვის ნიშანდობლივი სულისკვეთება არ იყოს გამოხატული ან თითქოს იგი არ ესადაგებოდეს პოეტისათვის დამახასიათებელ აზრსა და მსოფლმხედველობას...

მოდით, ძმანო, წამომყევით,
სხვა ქვეყანას გადავიდეთ.
სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს
სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ,
სოფლით სოფელს მოვუძახოთ,
ძმურად ერთად შევიკრიბნეთ,
ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ,
ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ,
და გასაჭირს ადგილასა
შემწეობით ამოვიდეთ.


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ლექსი ვაჟა-ფშავლას შედევრული ლექსების შემდეგ ერთ-ერთი შესანიშნავია. ეჭვიც კი იბადება, რომ იგი წინ უსწრებს მომდევნო წლებში დაწერილ მართლაც სუსტ ლექსებს, რომელთა გამო სწორად შენიშნა თავად ვაჟამ: “რასაკვირველია, იმ ლექსებში ბევრი არა ჰყრია რა. იქნება ცოტა რამ კი ეტყობოდეს ნიშანწყალი გრძნობისა” (იქვე). პირველი, რაც თვალშისაცემია ამ ლექსის წაკითხვისას, ეს არის საყოველთაო ერთობის, მსოფლიო ძმობის სული. კაცობრიული ამხანაგობისა და მოყვასისათვის თავგანწირვის სული. შედარებით გაუგებარია მეორე და მესამე სტრიქონი. რას უნდა ნიშნავდეს “სხვა ქვეყანა, სხვა ერი და სხვა სიცოცხლე”?
თუ ლექსის საერთო ტონალობიდან გამოვალთ, თუ გავითვალისწინებთ ლექსის მთლიან კონტექსტს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს “სხვა ქვეყანა და სხვა ერი” რომელიმე რეალური ქვეყანა და ერი კი არ არის, არამედ იდეალური საუფლო ძმობისა, ერთი აზრით შეკავშირებული ამხანაგების ან მოყვასების იდეალური ქვეყანაა. “ერი” ამ ლექსში “ხალხის” მნიშვნელობით უნდა იყოს ნახმარი ისე, როგორც ამ სიტყვას მოიხმარდა ძველი ქართული მწერლობა. “სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს, სხვა ცხოვრებას მოვეკიდნეთ”. წინანდელ ცხოვრებაზე საჭიროა ხელის აღება. და უფრო მეტი, საჭიროა “სხვა” და არა “ეს” სიცოცხლე. ერთი ბილიკით, ერთურთის შემწეობით, ერთად შრომითა და ღვაწლით კაცნი საყოველთაო ძმობის მომავალ, იდეალურ საუფლოში უნდა გავიდნენ. ასეთია ამ ლექსით გამოხატული ეთიკურ-რელიგიური ხასიათის განცდა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი: თექვსმეტი წლის პოეტის ამ პირველ ლექსში აშკარად იგრძნობა ძველი ქართული მწერლობიდან მობერილი სუნთქვა, რაც ძალუმად ჩანს სიტყვიერ ფაქტურასა და ფრაზის განსაკუთრებულ მოქცევაში: მოვეკიდნეთ, შევიკრიბნეთ, გავივლიდეთ, ამოვიდეთ... ან “სოფლით სოფელს მოვუძახოთ”, და კიდევ “მოდით, ძმანო”...
ეს ლექსი თავისი ტონალობით და პერცეპციით დიდად განსხვავდება ვაჟას პირველი ლექსებისაგან, მაგრამ მოწიფულ ვაჟას აქვს ლექსები, რომლებთანაც ამ ლექსში გამოხატული სულისკვეთების დაკავშირება არ გაჭირდებოდა.
სასურველია, ვაჟა-ფშაველას პირველი ლექსი “თხოვნა” (უსამართლოდ მივიწყებული მკითხველთაგან და თავად ავტორისაგანაც) კვლავ დამკვიდრდეს კუთვნილ ადგილას _ დიდი პოეტის ტომეულების პირველ გვერდზე.

1974
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:22 pm

ალუდა ქეთელაური

პოემა იწყება რიტმულად მძაფრი, აჩქარებული, დინამიკური სურათით. პირველივე ორი სტრიქონით გადმოცემულია ბრძოლის საგანგაშო მდგომარეობა და ეს მიღწეულია მაქსიმალურად, მხედრული ლაკონიზმით გამოთქმულ ფრაზაში: “მაცნე მოიდა შატილსა: ქისტებმა მოგვცეს ზიანი”. შემდეგი ორი სტრიქონი დაკონკრეტებაა იმისა, რაც მოხდა და იქვე, სულმოუთქმელად იწყება იმ კაცის დახასიათება, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ამბავი და ვისაც ყველაზე უკეთ შეუძლია მომხდარ სიტუაციაზე რეაგირება. მოკლედ მოჭრილი სიტყვით მკითხველი ეცნობა ალუდა ქეთელაურს, “დავლათიან”, ჭკვიან თავკაცს, ფიცხ და შემმართებელ მეომარს. პოემის ეს პირველი მონაკვეთი ერთი რითმითაა გაწყობილი, რითაც ხაზგასმულია განუყოფლობა სახიფათო სიტუაციისა და მასში სამოქმედოდ აღძრული გმირისა. იგი მთავრდება თვალისმომჭრელი, უჩვეულო პოეტური სახით:
ქისტებს წაუსხამ ცხენები
ალუდაისაც ფთიანი.
გუმან აქვთ, გადაავლიონ
არხოტის თავი მთიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა ცვრიანი.
უჩვეულო-მეთქი, იმოტომ, რომ მეომრული განწყობილების ფონზე, რომელიც საზოგადოების ინტერესების შელახვამ გამოიწვია, პოეტი სწრაფად შენაცვლებული რაკურსით, დიდ პლანში გვიჩვენებს თითქოსდა უმნიშვნელო რასმე: ქისტების ცხენთა ნალებით გადაბერტყილ მთების ცვრიან ქუჩს. ქუჩი მთის წმინდა ბალახია და აქ ბუნების შეუბღალავ სიმშვენიერეს ასახიერებს. ამ პოეტური სახის უცნაურ ნათელში, რომელსაც მომდევნო სტრიქონებში დახატული გარიჟრაჟის მშვიდი სურათი ამაგრებს (“გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო, ძაღლებს კი სძინავ თეოზე, ჯერ არ გაშლილა ცხვარიო”), კონტრასტის ხერხით აქცენტირებული უნდა იყოს წუთისოფელში კაცთა მდრტვინავი და შფოთით სავსე ცხოვრების დაუდგრომლობა.
ალუდა _ “კლდის შავარდენი” მალე დაეწევა ქისტებს.
მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთ ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო.
გადავარდება ცხენზეით
ყელთავქვე ეკიდებისა,
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს
ზედ ცეცხლი ეკიდებისა:
ამხანაგმოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
უკიდურესი თვალსაჩინოებით წარმოსახული ბრძოლის ამ სურათით იწყება ალუდასა და მუცალის სტიქიური მძვინვარებით აღბეჭდილი ორთაბრძოლა. უკვე ზემოთ მოტანილ ნაწყვეტში ავტორი ისეთ ექსპრესიულ ძალმოსილებას ამჟღავნებს, რომ მკითხველი თვითმხილველის მდგომარეობაშია ჩაყენებული. ზედიზედ განმეორებული სამი ხუთმარცვლიანი ზმნური რითმით ცხენზე ყელთავქვე დაკიდებული კაცის მიწაზე ხათქახუთქის ბგერით-რიტმული შთაბეჭდილებაა გადმოცემული. რითმები სულმოუთქმელად ერწყმიან ერთმანეთს, რითაც სისწრაფის უცნაურად ცხოველი შეგრძნება ეუფლება მკითხველს.
ამ ნაწყვეტში, ისევე, როგორც მის მომდევნო ბრძოლის აღწერილობაში, ვაჟას პოეტური მეტყველების ბგერით-რიტმული სტრუქტურა სრულყოფილად განგვაცდევინებს მებრძოლთა ფიზიოლოგიური, ფსიქიკური და ფიზიკური მოძრაობის დინამიკას. ორივე მეომარი თავდავიწყებით, პიროვნული განცდების მთელი სისავსითა და სიღრმით არის ჩაბმული ბრძოლის მდინარებაში. მოწინააღმდეგენი სამ-სამჯერ ესვრიან ერთმანეთს, მესმე ტყვიით ალუდა ჰკლავს ქისტს. პოეტური გენიის ამაზრზენად ხელშესახები თვალსაჩინოებით არის წარმოსახული მუცალის უკანასკნელი გაბრძოლება:
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა...
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გადუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
აქ ხდება მოულოდნელი რამ. ალუდა არამც თუ თოფს არ აჰყრის მუცალს, არამედ ხელსაც არა სჭრის. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, ხოლო შემდეგ ვიგებთ, რომ მან “ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა”, რომ მის ქავზე “მარჯვენეების ხიდია”. მტრის განწირული შემართებით გულშეძრული ალუდა დაიტირებს მუცალს, გვარს დაულოცავს, გამზრდელს შეუქებს და მისი მისამართით აქვე დასცდება პირველად ყოვლად წარმოუდგნელი “ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო”.
მუცალთან ორთაბრძოლის შემდეგ ქეთელაურის ქცევასა და აზრებში ისეთი რამ ჩნდება, რაც მას არასოდეს გამოუმჟღავნებია აქამდე და რამაც ბოლოს იმ საზოგადოებასთან კონფლიქტამდე მიიყვანა ალუდა, რომლის იდეალებსა და ცხოვრების წესსაც მანამდე სავსებით იზიარებდა. ცხადია, მხოლოდ დიდ შინაგან შერყევას შეეძლო გამოეწვია პიროვნების ასეთი ღრმა ფერისცვალება. რა ვითარებაში და რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ფერისცვალება?
ალუდა ქეთეალური აქტიური, ძლიერი ნიშატის ადამიანია. იგი მონოლითური ხასიათის კაცია. საზოგადოებაში მისი მდგომარეობა მისი პიროვნული ბუნებიდან მომდინარე შემართებით არის განპირობებული უპირატესად. იგი ფიცხი და სახელოვანი მეომარია. მისი ძალგულოვანი ტემპერამენტი სრულად მხოლოდ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას შეეძლო გამოევლინებინა. მხოლოდ განსაკუთრებულად მძვინვარე შერკინებისას, რომელიც ადამიანურ ძალთა უკიდურესი ინტენსივობით დაძაბვასა და რაიმე ერთი მთავარი მიზნისაკენ წარმართვას მოითხოვს, ალუდაში უნდა განთავისუფლებულიყო დიდი შინაგანი ენერგია, რაც მხოლოდ იშვიათად, უპირატესად მწვავე კრიზისულ სიტუაციებში იჩენს ხოლმე თავს. მასში უნდა ამოქმედებულიყო პოტენციურად მთვლემარე ინსტიქტების უღრმესი შრეები. ასეთ ვითარებაში ალუდა ქეთელაურს შეეძლო უნებურად ისეთ რამეს მისწვდომოდა, რაც გამორიცხული იქნებოდა სხვაგვარ სიტუაციაში.
პირველი, რაც ორივე მეომარმა იგრძნო უშუალოდ და გაუცნობიერებლად, ურთიერთის მხედრული ხელოვნებისა და გაუტეხელი შემართების აღიარება იყო. ეს ჯერ სიკვდილს მიწურვილმა მუცალმა გამოამჟღავნა, როცა მძვინვარე გულწრფელობით აღსავსე შეძახილით გადაუგდო ალუდას თოფი. მუცალი შინაგანი წვდომის ამ დაბალ საფეხურზე დარჩა, რაკი კვლავ გაიმეორა ტრადიციული “რჯულძაღლო”. თვისტომებთან საუბრისას ალუდა აღელვებით იგონებს ამ ამბავს: “სულს არ აცლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულიო”. ალუდას ქვეცნობიერი წვდომა უფრო ღრმაა. ალუდა ინსტიქტურად
ხვდება, რომ მუცალი მისივე მსგავსი ადამიანია. “ღმერთმა გაცხონოს” ეტყვის იგი მუცალს, იქვე, ბრძოლის დასრულებისას, ხოლო შემდეგ, უყვება რა ხევსურებს მტერთან ბრძოლის ამბავს, კვლავ იმეორებს: “იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა”. როცა მას შენიშნავენ, ქისტის ცხონება არ შეიძლებაო, ალუდა პასუხობს: “მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა”. ალუდასათვის ვაჟკაცობა და ადამიანობა თავიანთი მნიშვნელობით ფარავენ ურთიერთს. მან, როგორც მეომრად დაბადებულმა კაცმა, ადამიანობის ამ ერთი ასპექტით მოახდინა თავისი თავის პროეცირება მუცალზე. შინაგანი წვდომით იგი იმ აზრამდე მიდის, რომ განსხვავებული სარწმუნოება არ
იძლევა ადამიანთა შორის განსხვავების მყარ საფუძველს. “კარგი გყოლია გამდელი, ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარია”, ლოცავს მოკლულ მტერს ალუდა, ხოლო შინ მობრუნებული ხევსურებთან საუბარში ეჭვით ამბობს:
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტო ჩვენ გვზდიან დედანი.
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,
ღთისშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ალუდას უკვე ახლა ევიწროება ტომობრივი ფანატიზმით შეზღუდული სარწმუნოება. მას ეეჭვება სისწორე ზოგიერთი ტრადიციული დოქტრინისა, თუმცა სწამს, რომ “ღთისშვილთ უკეთეს იციან”. ამის რწმენა გააბედვინებს შემდგომში ალუდას უფლისად მსხვერპლის შეწირვას მუცალის სულის მოსახსენებლად.
ალუდა მარჯვენის მოსაჭრელად ვერ იმეტებს მოკლულ მუცალს. რატომ? იმიტომ, რომ მასში გაღვიძებული უღრმესი ადამიანური ინსტინქტი ჰკარნახობს, რომ ეგე ადამიანისათვის არაბუნებრივი საქციელია: “გული გამიწყრა, არა ჰქნა, რაც საქნელია ძნელადა”. ალუდა ვეღარ ეგუება ასეთ სიველურეს. როცა მინდია მუცალის მოჭრილ მარჯვენას მოუტანს, მას შეხედვად ეზარება იგი: “წაიღე, თუ გწამ უფალი, ნუღარ მაჩვენებ თვალითა”. ამას ამბობს ალუდა ქეთეალური, რომლის ქავზე “ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია”.
ამრიგად, მუცალთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში პიროვნული განცდების მთელი სიღრმითა და სისავსით ჩაბმულ ალუდას ინსტინქტურად გაეხსნა რაღაცნაირი შინაგანი თვალი თუ გულისყური. ამ წამიდან იგი დაჟინებით უსმენს საკუთარი არსების უღრმეს შრეებში განხმულ, მისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვან ჭეშმარიტებათა ხმას.
ალუდა დანთქმულია საკუთარ გულში. მას “პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადები შავია”, რაც სხვა
არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მძიმე ფიქრები, გამარჯვებულ ალუდას “არ ეწონება თავია”. შინაგანად ფერშეცვლილი ალუდა უახლოვდება შატილს. მაგრამ შატილი ისევ ისეთია, როგორიც ალუდას წასვლამდე იყო: შეურყეველი, გველისაგან ლიბოგაუჭრელი ქავებით, რომლებზეც ურჯულოთა ხელებს მზის მწვავე სხივები ადნობს. და მომდევნო მონაკვეთში ვაჟა დანტეს ვიზიონერული ხილვით აღწერს წუთისოფელში კაცთა მტრობის ამაზრზენ, ჯოჯოხეთურ სურათს. შატილის პირქუში ცხოვრების ფონზე ეს წიაღსვლა ალუდას მძიმე, ქვეცნობიერი განწყობილების შესატყვის აზრთა მდინარებას უნდა გამოხატავდეს:
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია,
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია.
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია.
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
ალუდა ამ მარადი მტრობის მორევშია ჩათრეული. დაბადებიდან სიკვდილამდე სისხლში დგას კაცის მკვლელი კაცი, იგი სისხლსა სვამს ღვინოდ და სისხლსა ჭამს პურად. მისი ხვედრი მარადი სისხლისღვრა და ბოლოს მტრის ხელით მიღებული სიკვდილია.
პოემის ეს ერთ-ერთი უძლიერესი ადგილი რემარკის ფარგლებში რჩება, ვინაიდან ქეთელაურისათვის აქ გამოთქმული აზრები ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული. ზემოთ მოტანილ ნაწყვეტთან ორგანულ კავშირშია ალუდას სიზმარი, სადაც კონკრეტული თვალსაჩინოებითაა მოცემული ის, რაც ზოგადად არის გამოთქმული პოემის მეორე თავში.
ალუდას სიზმარი ფსიქოლოგიურად უაღრესად საინტერესო ადგილია, სადაც გმირის სულში მიმდინარე უღრმესი პროცესები არის ნაჩვენები. ეს უკვე აღარ არის რემარკი, სიზმარს თავად ალუდა ჰყვება, რაც არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ მას კარგად ახსოვს სიზმარი (და ამდენად სიზმარი მნიშვნელოვანია მისთვის), არამედ იმაზედაც, რომ ადრე თუ გვიან ალუდა მის სრულ ობიექტივაციას მოახდენს. სიზმარი ასე იწყება: მიცვალებულის ირგვლივ სალაშქროდ გამზადებული ხევსურები ისხდნენ და იდგნენ. ალუდაც იქ იყო და სხვებსავით “სალაშქროდ ჰქონდა გუმანი”. სიზმრის ასეთი დასაწყისი იმას გვაუწყებს, რომ ალუდა ქეთეალურში ძველი ჩვევა მოკლულისათვის სისხლის აღებისა ჯერ კიდევ ძლიერია, რომ მას საბოლოოდ არა აქვს დათრგუნული დაბადებიდან სისხლში გამჯდარი ტრადიციული ზნეჩვეულებანი. “ხანი მოვიდა წასვლისა” და ამ დროს ალუდას “ხანჯრის ტარი” ჩაუდვა ხელში ვიღაცამ. ალუდამ შეხედა და მუცალი იცნო. მაგრამ როგორ წარმოუდგა ქეთელაურს მუცალი?
გულზე ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა.
კლდედ იდგა, გაუტეხლადა...
ეს ნაწყვეტი ანალოგიურია შატილს მობრუნებული ალუდას მიერ მოყოლილი ბრძოლის სურათისა. ალუდა ხევსურებს უყვება მუცალთან თავისი ბრძოლის ამბავს და არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ:
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
გაუნაძოძა გულია.
ნატყვიარს ბრძამით იფევდა
ისრე დალია სულია,
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდევ მიხსენა რჯულია.
ალუდას ცხოვლად ჩარჩა გულში სახე თავგანწირული შემართებით მებრძოლი მუცალისა, იმიტომ, რომ ბრძოლის ამ კულმინაციურ მომენტთანაა დაკავშირებული ქეთეალურში მომხდარი დიდი ფერისცვალების აქტი. სიზმარში, სალაშქროდ გამზადებულ ალუდას, რაც მისგან უარყოფილი ძველი ჩვევების კვლავ გამარჯვების ბადალი იქნებოდა, მუცალის სახით მოვლენილი მასში ახლად გაცნობიერებული ჰუმანურობის ინსტიქტი აჩერებს. ძველი გზით სიარული მას უკვე აღარ შეუძლია. უცრემლო მუცალი სიკვდილს ევედრება ალუდას:
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე კი წავიდე ქვეყნითა.
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა.
მუცალის ეს სიტყვები თვალნათლივ დაანახებს ალუდას თავის უკვე განვლილ, სისხლიან ცხოვრებას, რომელშიაც იგი სისხლს ღვინოდ და პურად ხმარობდა. ალუდა მთელი სისავსით და სიცხადით საცნაურყოფს, თუ რას ნიშნავს “ლაშქრობით ძღომა”.
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცაღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული,
ჭამეო, რამამ მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული...
ალუდა ქეთელაურის გაღვიძებულმა ადამიანურმა გულმა იგემა საშინელება კაციჭამიობისა და ტანჯვითა და წამებით განვლო ეს ჯოჯოხეთი, რათა მეტად არასოდეს მობრუნებოდა მას.
“ალუდა ქეთელაურში” წინა პლანზეა წამოწეული მძაფრი ფსიქოლოგიური მომენტებით დატვირთული სიტუაციები და გმირის სულიერი მდგომარეობის სიღრმისეულად გამხსნელი წიაღსვლები. ყველაფერი დანარჩენი უკან გადადის ან სრულიად ქრება. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს შემდეგი მაგალითები: ალუდამ მოჰკლა მუცალი და ხელი არ მოსჭრა მას. მეორე თავში გაკვრით ნათქვამი ორი სტრიქონით მკითხველი მოულოდნელად იგებს, რომ მუცალის ძმას ალუდამ ხელი მოსჭრა: “ტახტაზე დაუკიდებავ მუცალის ძმისა მკლავია”. როდის უნდა მოეჭრა მუცალის ძმისათვის მარჯვენა ალუდას? რა თქმა უნდა, მუცალის მოკვლის შემდეგ. მუცალის სიკვდილის პირველივე წუთებში ალუდა, როგორც აღინიშნა, დიდ ფსიქიკურ შერყევას, ფერისცვალებას განიცდის. მაგრამ ერთის მხრივ, ეს ფერისცვალება გაუცნობიერებელია და ამიტომ იმ კონკრეტული ობიექტის ფარგლებიდან არ გადის, რამაც იგი გამოიწვია. მეორე მხრივ, ალუდას ბიოლოგიასა და ფსიქიკაში იმდენად მძლავრადაა გამჯდარი ძველი ჩვევები, რომ მას არ შეუძლია ერთბაშად დასძლიოს ისინი. ალუდა ჩვევის მექანიკური პროცესის ძალით მარჯვენასა სჭრის მუცალის ძმას და ვაჟა პოემაში ამას არ გვიჩვენებს.
ქისტებმა ხევსურებს მოპარეს ცხენები, რომლებშიც ალუდას “ფთიანიც” ერია. ალუდა ცხენების დასაბრუნებლად დაედევნება ქისტებს. მისი მთავარი მიზანი ეგ იყო. პოემის მთელ მანძილზე ერთი სიტყვაც აღარ არის დაძრული ამ ცხენებზე და მხატვრული თვალსაზრისით ეს სავსებით გამართლებულია. პოემის მაგისტრალური იდეის სიმძიმე სხვა პრობლემებზეა გადატანილი, რომლის მიმართ ცხენების წასხმა მხოლოდ საბაბის მნიშვნელობას ინარჩუნებს.
ალუდამ მარჯვენა არ მოსჭრა მუცალს. შატილიონებს ჰგონიათ, რომ ქეთელაური გამოექცა ქისტისშვილს. “მართალის” გასაგებად ბრძოლის ადგილზე მიდის დარბაისელი მინდია: “დღესავ მოგივათ მინდია, მანამ დაბძანდეს მრავალი”, ე.ი. დაღამებამდე მოვალო.
ალუდა ცისკრის ჟამს წავიდა საომრად და შუადღეს დაბრუნდა შატილს, ამიტომ მინდიას ეს სიტყვები დამაჯერებლად ჟღერს. მინდია მიდის. ამ ადგილს მესამე თავი მოსდევს, სადაც ალუდა უარს ამბობს ვახშამზე, “წუხელ ცუდ სიზმრებ ვსინჯეო”. “წუხელში” ნაგულისხმევია ალუდას შატილში მოსვლის პირველი ღამე. მაგრამ გადის მეორე ღამეც და მხოლოდ გათენებისას
ჩნდება მინდიას “წითლაი”. მინდია ორ დღე-ღამეზე მეტ ხანს უნდება წასვლა-მოსვლას. აქ აშკარა შეუსაბამობაა დროში. რას უნდა გამოეწვია ეს შეუსაბამობა? მე ვფიქრობ, მესამე თავის ჩამატებას, რომელიც სიუჟეტური ხაზის გარედან დგას და რომელიც აუცილებელი იყო ალუდას სიღრმისეული ბუნების გახსნისათვის. პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ფსიქოლოგიური მომენტი პოემაში ერთგვარად ავიწროებს და ნაწილობრივ არღვევს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მხატვრული ელემენტის მთლიანობას.
ზემოთქმული იმაზე მიუთითებს, რომ პოემაში დომინანტური როლი მიკუთვნებული აქვს გმირის შინაგან ბუნებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესების ჩვენებას. მათი ძირითადი სიმძიმე გადატანილია ისეთ ადგილებზე, რომელთაც უშუალო კავშირი არა აქვთ სიუჟეტურ ხაზთან: “ალუდა ქეთელაურში”, ვაჟას სხვა პოემებისაგან განსხვავებით, ეს პროცესები მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება სიუჟეტის საზღვრებში, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ალუდას მთლიანობაში წარმოდგენა. მას მუცალთან ორთაბრძოლის შემდეგ დიდი საფიქრალი გაუჩნდა და ალუდასაგან იგი ღრმა დაუნჯებას მოითხოვდა, ბრძოლიდან შატილს წასულ ალუდას “გულით ნადენი შავი ნისლი დასწოლია პირზე”. როცა ალუდა მუცალთან ბრძოლისა და ხელის არმოჭრას მოუყვება თვისტომთ, ისინი “ტყემლად” გადაიქცევიან, “ხმელად შეუძრახნიან” და “ქალად გადაქცევას” დააბრალებენ ალუდას. მოსალოდნელი იყო, რომ ფიცხი ალუდა გაბრაზდებოდა ამ სიტყვებზე. მაგრამ იგი ინდიფერენტულად შეხვდება მათ კიცხვას. ალუდა არავითარ რეაქციას არ ამჟღავნებს იმიტომ, რომ მას უფრო დიდმნიშვნელოვანი რამ აღელვებს, რაზეც გამუდმებით ფიქრობს.
პოემის მეორე და მესამე თავები ალუდას ქვეცნობიერი განწყობილებებისა და ფიქრების შესატყვის აზრთა მდინარებას გამოჰხატავენ. იგი ხატობაზეც დაფიქრებული მოვა _ “ნისლივით მოდგება”, როგორც ვაჟა ამბობს. არის ცთუნება, ეს პოეტური სახე გაიაზრო, როგორც მუცალთან ალუდას შერკინების შემდეგ ქეთელაურის გულიდან “ნადენი ნისლის” ანუ ფიქრის მიერ მისი არსების სრულად გამსჭვალვა. ალუდა თითქოს საკუთარ გულში აღძრულმა ფიქრმა, ე.ი. ნისლმა სრულად მოიცვა და ამიტომ თითქოს “ნისლივით მოდგა”. რა თქმა უნდა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ვაჟას ასეთი გააზრება ჰქონოდა, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ ავტორის უნებურად ამ პოეტურ სახეს სწორედ ეს აზრი ჰქონდეს.
ხატობაზე გამოაშკარავდება უკვე მომწიფებული კონფლიქტი ალუდას უჩვეულოდ გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატულ საზოგადოებას შორის. ეს საზოგადოება ხევისბერის პირით დასწყევლის და მოიკვეთს ქეთელაურს, როგორც უღირსსა და მისთვის საშიშ პიროვნებას. “პოემა მთავრდება კლასიკური ტრაგედიის ღირსი გრანდიოზული სურათით” (გ. ქიქოძე). თოვლსა და ქარბუქში, მთის გაუკვალავ ბილიკებზე მიდის მგზავრი, რომელსაც უკან ჯალაბი მიჰყვება. მგზავრს შეგნებული აქვს თავისი ხვედრის გარდუვალობა, რაიც მისმა მტკიცე და შეურყეველმა გადაწყვეტილებამ მიაგო მას. იგი სტოიკური სიმშვიდით იღებს ამ ხვედრს, რადგან იგი მისივე რწმენის ნაშიერია. დედისა და ცოლისათვის, ისევე როგორც დანარჩენი თვისტომთათვის, გაუგებარია ამ “მაღლად მხედი” კაცის ახალი რწმენა, მგზავრმა უნდა გადალახოს ქედი. აქ იგი მოიბრუნებს თავს, რათა უკანასკნელად გამოემშვიდობოს თავის სალოცავებს, მიწა-წყალს, სახლ-კარსა და “შტერად დამდგარ” მწვერვალებს.
გადვიდენ, ქედი გარდავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
ალუდა ქეთელაური ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც რაკი ერთხელ მისწვდება მისთვის მანამდე დაფარულ ჭეშმარიტებას პიროვნული ძლიერებისა, და მონოლითური ბუნების გამო, ბოლომდე ჩახყვება და გაიცნობიერებს მას, ხოლო შემდეგ შეუდრეკლად მოახდენს მის აქტივაციას, აქედან გამომდინარე მისთვის სახიფათო შედეგების მიუხედავად, ალუდა ტიტანურ სულიერ ენერგიას ამჟღავნებს, სძლევს რა მისთვისა და მთელი მისი გვარტომისათვის სისხლხორცეულად გაშინაგნებულ მამაპაპურ ჩვევებსა და რელიგიურ კანონებს. ალუდას ცოცხალი ადამიანური გულის ჭეშმარიტება შეაქვს თემის სამართლისა და სარწმუნოების ტრადიციულ წესებში. საზოგადოების თვალსაზრისით იგი დიდ მკრეხელობას ჩადის, როცა თავად ჰკლავს მუცალის სულის მოსახსენებლად შეწირულ მსხვერპლს. მაგრამ ეს მკრეხელობა სარწმუნოების უარყოფამდე არ მიდის... ალუდა მხოლოდ მის გაქვავებულ ფორმებს უარყოფს, ფორმებს, რომლებიც აღარ შეესაბამებიან პიროვნებაში გაღვიძებულ ახალ ჭეშმარიტებათა უფრო მაღალ შინაარსს. ქეთელაურს სწამს უზენაესობა გუდანის ჯვარისა, ამიტომ ახვეწებს ასეთი გულმხურვალებით ბატონს მუცალის სულს და ამიტომვე სტუქსავს დიაცებს პოემის უკანასკნელ თავში. “ჯვარს არ აწყინოთო”. მაგრამ იგი არ იზიარებს ტომობრივი ფანატიზმით შებოჭილ მის დოქტრინებს, რომლებიც მას “მოუნათლავში” გმირის, ე.ი. თავისი მსგავსი ადამიანის დანახვას უკრძალავენ.
“ალუდა ქეთელაური” აგებულია მარტივ ხევსურულ თქმულებაზე, რომელიც ემბრიონულად შეიცავდა პიროვნების შინაგანი ბუნების განვითარებისა და ამაღლების იდეას. ვაჟამ, მისთვის ორგანულად მახლობელი მთიელ ქართველთა ცხოვრების მიკროეთნოგრაფიულ, სოციალურად არქაულ წიაღში გაშალა ეს ღრმა იდეა, რითაც იშვიათი დამაჯერებლობა და განუმეორებლობა მიანიჭა ნაწარმოებს.

1961
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:23 pm

ვაჟა _ მთარგმნელი

ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ამომწურავი შესწავლისა და კვლევისთავის გარკვეული მნიშვნელობა აქვს მის თარგმანებს. დიდი პოეტის თარგმანები ყოველთვის იწვევდა და იწვევს დაუცხრომელ ინტერესს, ვინაიდან ის, თუ რას და როგორ თარგმნის პოეტი, ყოველთვის რაღაცნაირ მიმართებაშია მისი ორიგინალური პოეზიის შინაგან და გარეგან ასპექტებთან. თარგმნა პოეტისათვის განსხვავებული შემოქმედებითი პროცესია და მასში თვალნათლივ გამოსჭვივის (სულერთია, პოზიტიურად თუ ნეგატიურად) მოცემული პოეტის შინაგანი სამყაროსა და ფორმისმიერი ქმნადობის ზოგი ისეთი მხარე, რაც მხატვრული ნაწარმოების მთლიანობითი ხასიათის გამო, შესაძლოა, ყურადღების გარეშეც კი დარჩეს მკვლევარს.
როგორც ცნობილია, არსებობენ კარგი პოეტები, რომლებიც ცუდად თარგმნიან და და კარგი პოეტები, რომლებსაც მიდრეკილება არ გააჩნიათ თარგმნისადმი. იმ გარემოებისა და მიზეზის გარკვევა, თუ რატომ ხდება ასე, ერთგვარად ფარდასა ხდის პოეტური შემოქმედების სპეციფიკურ ხასიათს და ნათლად გვიჩვენებს პოეტის ტემპერამენტის თავისებურებას.
ვაჟა-ფშაველას თარგმანები მკრთალი და ზოგჯერ უსუსური ჩანს მისი ბრწყინვალე პოემებისა და ლექსების ფონზე. ეს თარგმანები შექმნილია ვაჟას შემოქმედების მიწურულში, როცა მას ძირითადად მოთავებული ჰქონდა თავისი ეპიკური და ლირიკული შედევრების შექმნა. ამ თარგმანებში მინუმუმამდეა დაყვანილი ან სავსებით განელებულია ვაჟას პოეტური ნიჭის ერუპციული მძვინვარება. გარდა ამისა, მათში მჟღავნდება ის თვალსაჩინო ფაქტი, რომ ვაჟას სპეციფიკური პოეტური ენა მხოლოდ ადეკვატური შინაარსის გამოსახატავად არის განკუთვნილი და რომ იგი აბსოლუტურად ვერ ეგუება განსხვავებულ პოეტურ აზროვნებას. თარგმანებში ვაჟა გამოდის ან ცდილობს გამოვიდეს მისთვის ორგანული პოეტური სამყაროს საუფლოდან და მიწას მოწყვეტილი ანთეოსივით კარგავს ძველ ძალმოსილებას. ასე რომ, მისი თარგმანების ანალიზი ერთხელ კიდევ ადასტურებს ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს და, შესაბამისად, ექსპრესიის იშვიათ განუმეორებლობას და განსაკუთრებულ ორიგინალობას. ნათელი ხდება, რომ პოეტი სრულად არის მოცული მისთვის ორგანული სტიქიით და მის გარეთ ადგილი აღარ რჩება თავისუფალი პოეტური გარდასახვისათვის.
ვაჟა-ფშაველა თავის პოეტურ თარგმანებში, ათმარცვლიან (5-5) სალექსო საზომს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენსამე ორიგინალურ პოემასა და ლექსში გამოყენებული აქვს ეს მეტრი, ვაჟასათვის იგი არა არის ორგანული. აქ ვაჟა ტოვებს მისთვის ესოდენ დამახასიათებელ ხალხური მეტყველების სფეროს და, ბევრ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძის პოემების ფრაზობრივ-ინტონაციურ გავლენას განიცდის. ვაჟას არ ჰქონდა დამუშავებული ეს მეტრი თავისი უჩვეულო ხილვების გადმოსაცემად, რაკი ხელთ ადეკვატური სალექსო საზომი გააჩნდა. ამ მეტრით მას არც ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები არ შეუქმნია. ათმარცვლოვან ტაეპში ვაჟას უაღრესად დინამიკური სტილი კარგავს მოქნილობას და თვალსაჩინოდ კნინდება.
სათარგმნი მასალის შერჩევისას ვაჟა არ ხელმძღვანელობს მხატვრული გემოვნების პრინციპით. პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშებთან ერთად მას თარგმინილი აქვს მხატვრულ ღირებულებას მოკლებული მდარეხარისხოვანი ნაწარმოებები, რაც იმას მოწმობს, რომ იგი ყურადღებას უპირატესად იდეურ-შინაარსობრივ მხარეზე ამახვილებდა. ედგარ პოს “ყორანსა” და ლერმონტოვის “დემონში” (ქაჯი) ვაჟას ყურადღებას ფილოსოფიური ჭვრეტა იპყრობს, კრემლიოვის “საქართველოს ოცნებაში” _ პატრიოტული თემა, ხოლო სადოვნიკოვის “სტენკა რაზინში” ამ ნაწარმოების ხალხური სული. ეს თარგმანები საინტერესონი არიან არა როგორც დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულების მქონე ნაწარმოებები, არამედ როგორც გარკვეულ ეტაპზე ვაჟას პოეტური ინტერესების აღმნიშვნელი ორიენტირები. მათში ძალუმად არის შეჭრილი ვაჟა-ფშაველას მსოფლშეგრძნებისათვის და ნაწილობრივ, მეცხრამეტე საუკუნის ქართული პოეზიისათვის ნიშანდობლივი სტილური კომპონენტები, რის გამოც ისინი თანამედროვე მკითხველზე მთარგმნელის პოეტურ შემოქმედებასა და სათარგმნ ნაწარმოებში გამჟღავნებული მხატვრული ელემენტების უცნაური სიმბიოზის შთაბეჭდილებას სტოვებს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაჟა ნებისმიერად ექცევა სათარგმნ ტექსტს. მას კეთილსინდისიერად გადმოაქვს დედნის სიუჟეტური ქარგა და შინაარსი, მაგრამ იქ, სადაც საქმე ეხება პოეტური ნაწარმოების მთლიანი სტრუქტურისათვის აუცილებელ ასპექტებს (ინტონაცია, ბგერწერა, განწყობილება და სხვ.), იგი არ ითვალისწინებს, ან, უფრო სწორედ, ვერა გრძნობს უცხო ნაწარმოების თავისებურების მთელ სისავსეს და ამ ასპექტების ნიველირებას, ხოლო ზოგჯერ სრულ ასიმილირებას ახდენს (მაგალითად _ “პოლშურიდან”).
მაგრამ ასე იქცეოდა თითქმის ყველა დიდი შემოქმედი, რომელიც თარგმნისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდა (რასაც თავისთავად მათი ტემპერამენტის თავისებურება განაპირობებდა), თუნდაც იმ ცხადი მიზეზის გამო, რომ მათი გულისყური და ტიტანური ენერგია დღენიადაგ საკუთარი პოეტური საყაროს შექმნისაკენ იყო მიმართული. როცა ეს სამყაროს უკვე შექმნილია, მათ მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლიათ განჭვრიტონ, შეიგრძნონ ან გარდასახონ ის, რაც მათში იმთავითვე არ იყო მოცემული.

1964
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:24 pm

ვაჟა-ფშაველას ლირიკის წიაღში

ლირიკა ის სიტყვაა, რომელიც ზუსტად ესადაგება ვაჟა-ფშაველას ლექსებს. თომას ელიოტი აღნიშნავდა თავის სტატიაში (“პოეზიის სამი ხმა”, კემბრიჯი, 1956), რომ თანადროული პოეზიისათვის შეუფერებელია ვიხმაროთ ტერმინი “ლირიკა”, რაკი თანადროული პოეზია მედიტაციური ხასიათისაა, ხოლო ლირიკა მუსიკასთან კავშირს გულისხმობსო. მართლაც, ძველ საბერძნეთში ლირიკის დარგები _ მელიკა და ქორიკა მუსიკალურ კომპოზიციასთან იყო დაკავშირებული და მუსიკისაგან მოწყვეტით მისი განხილვა წარმოუდგენელი იყო.
ვაჟას ბევრი ლექსის სათაურია “სიმღერა”. ეს ლექსები (ისევე, როგორც საერთოდ, ვაჟას ლექსების უმრავლესობა) დაწერილია რვამარცვლიანი ხალხური დაბალი შაირით და, ხალხური ლექსების მსგავსად, თავისუფლად იმღერება მუსიკის თანხლებით, ვთქვათ, _ ფანდურზე.
მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ვაჟას ლექსები მოკლებული იყოს თანადროული და, რა თქმა უნდა, სხვა ეპოქის პოეზიისთვისაც მეტნაკლებად ნიშანდობლივ მედიტაციურობას, თუ ამ ტერმინში მხოლოდ ფორმალურ ელემენტებს არ ვიგულისხმებთ.
ის, რომ ვაჟა-ფშაველამ თავისი პოეზიის მთავარ ინსტრუმენტად მაინცდამაინც ხალხური შაირი აირჩია, ბევრისმეტყველი ფაქტია. უკვე აქედან შეიძლება დავასკვნათ მისი შინაგანი კავშირი ხალხურ პოეზიასთან, ხალხურ და, მასასადამე, ფოლკლორულ-მითოსური ხასიათის მსოფლშეგრძნებასთან. ეს ადრევე, ვაჟას სიცოცხლეშივე შენიშნა ლიტერატურულმა კრიტიკამ: “ამ უჩვეულო პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება შეიძლება განისაზღვროს როგორც მითოლოგიური” (ჟურნ. «Русская мысль», 1911, #8, გვ. 25).
მითოსური მსოფლშეგრძნებიდან მოდის ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ზედროულობა, პირველადობა თუ პირველქმნილობა. აქედანვე იღებს სათავეს მისი პირქუში ვიზიონები და ინფერნალური ხილვები, რომ არაფერი ვთქვათ პოეტური სახეების მთელ სისტემაზე, რომლის გაანალიზება სავსებით წარმოუდგენელია მითოსური სტრუქტურების ცოდნისა და გათვალისწინების გარეშე. მაგალითად: ჩვენ ვერ გავიგებთ რატომ ეძახის ვაჟა დიდ ქართველ მამულიშვილებს “პიროფლიანებს”, თუ არ გვეცოდინება, რომ ეს ტერმინი ღვთაებათა ატრიბუტია, და ამდენად, სპეციფიკური შინაარსის მატარებელია; ან ღრმად ვერ ჩავწვდებით მისი ერთი უბრწყინვალესი ლექსის აზრს, რომელშიც შთაგონება და აღმაფრენა მხარზე არწივის დაჯდომასთან არის გაიგივებული, თუ არ გავითვალისწიებთ, რომ ფრინველთა სახით ღვთისშვილნი, ე.ი. ანგელოზნი ასხდებოდნენ მხარზე მათ მიერ რჩეულ “ღაბუშებს”, რაც მათ მედიუმურ ცოდნასა და ღვთაებრიობას ანიჭებდა. დაბოლოს, ჩვენ ვერ მივხვდებით ავტორის ბევრ ჩანაფიქრს და თვით სათაურსაც კი ზოგი ნაწარმოებისას, მითოსური მასალის გათვალისწინების გარეშე.
ჩვეულებრივ, მიაჩნიათ, რომ “მითოსური” პრიმიტიულთან არის ასოცირებული, რაკი იგი სოციალური განვითარების დაბალ საფეხურთან ან, უფრო სწორად, პირველყოფილი სოციალური ჯგუფების მხატვრულ აზროვნებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ახალ დროში მითოსური მოდელები და არქეტიპები ხელოვანთა მიერ საგანთა და მოვლენათა ტიპიური განჭვრეტისათვის არის გამოყენებული. თომას მანი წერს:
“ის დრო, როცა ეპიკოსი ხელოვანი საგნებს ტიპიური და მითოსური თვალსაზრისით განჭვრეტს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენს. ეს ნაბიჯი სულს უდგამს მის შემოქმედებით თვითცნობიერებას და შემეცნებისა და შემოქმედების სიხარული მოაქვს მისთვის... თუ კაცობრიობის ცხოვრებაში მითოსური ადრეული და პრიმიტიული საფეხურია, ცალკეული პიროვნების ცხოვრებაშო ეს საფეხური გვიანდელი და მოწიფულობისმიერია” 1. თომას მანი, ტ. IX, გვ. 175-176.
ვაჟა-ფშაველას არ დასჭირვებია ასეთი გზის გავლა. იგი იმთავითვე ჩართული აღმოჩნდა მითოსური წარმოსახვებითა და არქაული ყოფით აღბეჭდილ სავსებით უნიკალურ გარემოცვაში, რაც მისთვის ჩვეული ყოფიერება უნდა ყოფილიყო, და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მის გენიალურ ინტუიციასა და ცნობიერებას, რისი მეოხებითაც მან შეძლო განეჭვრიტა, შეეცნო და გამოეყენებინა ქართული მითოსის უმდიდრესი მასალა თავისი მხატვრული მიზნებისათვის. მთავარი აქ ის არის, რომ მან “დაძლია” და ამიტომ “გამოიყენა” ეს მასალა. მაგრამ გარკვევით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაჟა-ფშაველას თავად პოეტურ ცნობიერებას, თავად მის პოეტურ ხედვასა და მსოფლშეგრძნებას აზის ბეჭედი არქაული მითოსურობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი თანამედროვე ხელოვანი იყო2.

* * *
ვაჟა-ფშაველამ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა რამდენიმე განსაცვიფრებელი ლექსი, რომლებშიც, ჩემი აზრით, მკვეთრად არის ჩამოყალიბებული მისი პოეტური და, თუ გნებავთ, ფილოსოფიური თვალთახედვა...
ბალღი რასაცა ვხედავდი,
იმასვე ვხედავ დღესაცა:
რაც ადამის დროს ჰქონია,
ის გულივე აქვს დედასა.
ასე იწყება 1915 წელს დაწერილი ეს ლექსი, უკანასკნელი ძლიერი ლექსი ვაჟა-ფშაველასი.
პირველივე სტროფი ონტოლოგიურ წრეს ჰკრავს: ბალღი და სიკვდილს მიწურული კაცი ერთნაირად “ხედავენ” (ერთის მხრივ), და: პირველი დედა იგივეა, რაც ახლანდელი დედა. ხედვის, და ვნების სრული იგივეობაა
2. ლ. კალანდაძემ ვაჟას შემოქმედების განმსაზღვრელ ტერმინად “მითოლოგიური რეალიზმი” აირჩია. პასტერნაკისათვის ვაჟას მითოლოგიზმის აღმნიშვნელია “ვაჟა-ფშაველას ვაგნერიზმი”.
დროში, განვითარება წრიულია: პირველი უბრუდება უკანასკნელს, პირველი და უკანასკნელი იგივეობრივია...
ზედროულობის ამ პლანშია ნაჩვენები და განხილული წუთისოფლის საორიენტაციო ცნებები: ღმერთი, სამშობლო, კაცი. ცას ღმერთი ამშვენებს, კაცს _ სამშობლოს ტრფიალი, მამულისათვის თავდადება და ღვაწლი...
კაცობრიული ცხოვრების ეს პანორამა ციკლური (და მაშასადამე, წრიული მოძრაობის) მარადიულ ფონზეა გაშლილი: ეს ციკლური ბრუნვა უცვალებელია:
დიან ძველებრივ ნისლები
უცვალებელის წესითა,
არა დგებიან ერთ ალაგს
უფესვოები ფესვითა...
ფანტასტიკური სახეა: ნისლის ფესვი უფესვობაა. სიმყარისა და სტატიკურობის აღმნიშვნელი ცნება (“ფესვი”) გამოყენებულია დინამიკური პროცესის უცვალებლობის აღსანიშნავად. ფესვი უძრავს გააჩნია. მოძრავის ფესვი კი უფესვობაა.
ვაჟასეული “უცვალებელი წესი” უნივერსალური კანონია ამ ლექსში. ეს კანონი დიალექტიკური დაპირისპირებით იფინება: გაზაფხულს ზაფხული მოსდევს, შემოდგომას _ ზამთარი, მზე გვათბობს, სიცივე გვყინავს... და აქ, ამავე პლანში ერთვება ეთიკური ნიშნით აღბეჭდილი ტრფობა და მტრობა, კოცნა და ფურთხი...
მზე გვათბობს, სიცივე გვყინავს,
დარდი გვაოხრებს, გვატირებს.
ტრფიალი გვკოცნის პირშია,
მტრობა მუშტს შემოგვაღირებს,
კოცნა შვილია ტრფობისა,
ფურთხი და მტრობა _ ზიზღისა,
მუდამაც ასე იქნება,
ვინც სოფლის წესი იცისა,
ვნებათა იგივეობა
წესია დედამიწისა...
ურთიერთდაპირისპირებულ, ანტინომიურ ცნებათა დიალექტიკური კავშირი ამ ლექსში ცხადად ცნაურდება. ეს დაპირისპირება უცვლელი და მარადიულია. იყო და “მუდამაც იქნება” და აქ ბუნებრივად გაგვახსენდება ბიბლიური: რა¡ ყოფილი, იგივე ყოფადი, და რა¡ ქმნადი, იგივე ქმნული... ახალი არაფერია, ყველაფერი დახშულ წრეში მოძრაობს. “ვნებათა იგივეობა” დედამიწის წესია და ეს წესი უცვალებელია. მაგრამ ეს წრიული ბრუნვა, ვნებათა ეს განმეორება არის საფუძველი სწორედ გარდაქმნისა, რაც სწამს ვაჟას და რითაც იგი არღვევს ამ დახშულ წრეს:
თუ წინათ ასე მომხდარა,
დღესაც ასევე იქნება:
განმეორება არ მოხდეს,
ისე ვერ გარდაიქმნება
ადამიანის სიცოცხლე
და მასთან მთელი ბუნება...
ის, რაც მეორდება, გარდაქმნის მეშვეობით ვითარდება კიდეც, და ამდენად, წრიული მოძრაობა სპირალურში გადადის. ამრიგად, ადამიანისა და მასთან ერთად მთელი ბუნების გარდაქმნის საფუძველია დიალექტიკური დაპირისპირებით მიმდინარე სპირალური განმეორება, რომლის მარადიულ ფონზე ჭვრეტს ვაჟა მარადიული სამების, პიროვნების, სამშობლოსა და ღმერთის ერთობასა და ურთიერთდამოკიდებულებას:
მიტომ ვმღერ დაუცხრომელად,
საფლავშიც ჩავალ მღერითა;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
ტანჯულ ქართველი ერითა.
ასე ამთავრებს ვაჟა ამ ლექსს, ფაქტიურად, თავის უკანასკნელ ლექსს ანუ ლოცვას სამშობლოსადმი. ეს ლექსი არა მარტო ლოცვა და აღსარებაა მშობელი ხალხისადმი, არამედ მისი მომავლის დიდი რწმენისა და ამ რწმენის შინაგანი დასაბუთების დასტურიც.


* * *
1913 წელს არის დაწერილი ვაჟას ერთი მეტად უცნაური ლექსი “ჩემს სიყმაწვილეს მივტირი”, ამ ლექსში “მარადიული ბალღის” ფსიქოლოგიური ასპექტია გაშლილი...
ჩემს სიყმაწვილეს მივტირი
მარტოდმარტოკა მიტომა,
რომ მაშინ ყველა მიყვარდა,
ახლა ეშმაკმა მიტომა.
ნარისა ვარდად მხედავი
დავცინი ბავშვურს გრძნობასა,
თუმც მაშინდელი სირეგვნე
სჯობს ჩემს ეხლანდელს ბრძნობასა...
ნეტავი ბავშვად მამყოფა,
(შეცვალა წესი ტიალი) _
სრულ თავის უბირობითა,
გონით და გრძნობით ღვთიანი,
და ისევ ბავშვად ყოფილსა
დღე დამიბნელდა მზიანი...
ადამიანის პირველშობილი ცოდვა, _ წერს ერთი ფილოსოფოსი, _ ის არის, რომ თავის შემეცნებაში იგი არ ეშვება წარმავალს... ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, ცხოვრებისაგან გამომდინარეობს. მაგრამ ეს ყველაფერი კარგავს თავის ნესტარს, როცა ადამიანი აუცილებელ ღირებულებას არ ანიჭებს ცხოვრებას, მაშინ მას ისევ უბრუნდება უმანკოება, იგი თითქოს ბავშვობას უბრუნდება, უკუქცეული _ ეგრეთ წოდებული ცხოვრების სერიოზულობისაგან.
მარადისობის თვალსაზრისით “სერიოზული” ღირებულებანი კარგავენ თავიანთ ფასს და მაშინ ცხოვრება თამაშად გადაიქცევა. ამიტომ ამბობს ჰერაკლიტე: “მარადისობა მოთამაშე ბავშვია, _ ბავშვის სასუფეველიაო”.
რაშია პირველყოფილი ცოდვა? იმაში, რომ უდიდესი ღირებულება ენიჭებათ საგნებს, რომლებიც არ იმსახურებენ ამას, ღმერთი საგანთა სამყაროდ მოიქცა და ვინც
მათ ღვთის გარეშე მიითვლის, “ღმერთის ცარიელ სამარხებს” სინამდვილედ იღებს. მას ბალღივით უნდა ეთამაშა საგნებთან, ხოლო სერიოზულობით იმას უნდა მოჰკიდებოდა, რომ ამ საგნებში მძინარე ღმერთი გამოეხსნა...
და ლექსის იმ მონაკვეთში, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ, ვაჟა “ცხოვრების” შემზარავ სურათს გვიხატავს, მიეთმოეთის, ენის ტრიალის, ათასგან ჩაძრომ-გაძრომის, ღრეჯის, ფეხების ლოკვის უმსგავს, ცუნცრუკიან ცხოვრებას. ეს არის წარმავალი ანუ, ვაჟას ენით, მუწუკიანი ცხოვრება, სადაც ანგელოზის მაგივრად ქაჯის ოინბაზობაა გამეფებული, სადაც (და აქ ვაჟა მძაფრად თანადროულ სოციალურ შტრიხს იმარჯვებს). ია-ვარდის ოცნების ნაცვლად “ჩოთქარშინის” წკრიალი ისმის.
ბავშვი “გონით და გრძნობით ღვთიანია” და ამ აზრით სრულყოფილია. “ბავშვებს რომ ზრდა გაუგრძელდეთ იმდაგვარადვე და იმავე მიმართულებით, ჩვენ მარად გენიოსები გვეყოლებოდა” (გოეთე). ბავშვი “პირისპირ მხედავია” (კორინთ. 1.14,20), და მაშასადამე, ღმერთის საუფლოშია, მაგრამ ცხოვრება იძულებულს ხდის ადამიანს დასთმოს ეს საუფლო, ანუ პირისპირ ხედვის ეს უნარი, რათა ქვეყნიური ცოდნით გამდიდრებულმა ხელახლა, უფრო მაღალ საფეხურზე კვლავ მოიპოვოს ხედვის უნარი, მაგრამ სახარების ამ სენტენციისაგან განსხვავებით ვაჟა ბავშვური სიწმინდის საუფლოსკენ უკუმიქცევას ამჯობინებს და ბავშვად სიკვდილს რჩეობს.
მე ვფიქობ, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ ვაჟას ეს ამოძახილი. ამას გვაფიქრებინებს ერთი უთარიღო ლექსი:
ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას,
ნუ აუტირებ მშობელსა,
ნუ მიაბარებ შავ მიწას
ამ სოფლის გაუცნობელსა...
ეცადე გაძღეს სიცოცხლით,
ავის და კარგის ნახვითა...
თუ არ აცლიდი, სოფელი
რადღა აჩვენე თვალითა?
ამ ლექსის მიხედვით აბსურდულია კაცის ქვეყნად მოვლინება, უკეთუ იგი არ ნახავს “ავსა და კარგს” (აქ ჩვეულებრივ, ვაჟა არ ღალატობს ანტინომიურობის პრინცივს), ე.ი. თუ იგი არ “გაიცნობს” სოფელს.
ამავე აზრს ავითარებს ვაჟა კიდევ ერთ ლექსში (“საასპარეზოდ მოგვცა უფალმა”), სადაც პირდაპირ აცხადებს:
საასპარეზოდ მოგვცა უფალმა
წუთისოფელი ადამიანთა:
გამოცდა არი ჩვენთვის სიცოცხლე,
ასე უცვნიათ კაცთა ჭკვიანთა.
მაგრამ თუ ჩვენ პირდაპირ გავიგებთ ვაჟას ამ ლექსის დასასრულს გამოთქმულ აზრს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვობისადმი უკუქცევის ამ სურვილში ნათლად ჭვივის მითოსური ოქროს ხანის მიმართ, შეუბღალავი, პირველქმნილობის მიმართ ლტოლვის დაუთრგუნველი ძახილი, რაც ხსენებულ ლექსს ინვოლუციურ განზომილებას აძლევს.

* * *
ოცდაორი წლის ვაჟამ უკვე იცოდა, რომ სამშობლო “ქვეყნიური ღმერთია” და რომ “კაცი ის არის... ვინც მას მსხვერპლად შესწირავს თავს”. თორმეტი წლის შემდეგ იგი ისევ იმეორებს “ქვეყნიური ღმერთი _ ქართლის დედა”. ეს ღმერთი მრავალსახიანია ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, მაგრამ ძირითადად, ორი სახით ცნაურდება, ერთში იგი ცნაურდება, როგორც მარადიული, ზედროული “დიდი ივერია” და აქ მისი იპოსტასებია თამარი _ ქართლის ლამაზი დედა და საქართველოს ნათლითმოსილი გმირები...
გული გვაქვს პაპათეული,
სისხლი გვიფუის ძარღვებში, _
სისხლი ლაშქრობას ჩვეული,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი
არა ვართ გამორჩეული.
მეორეში იგი ცნაურდება, როგორც “ჯვარცმული ფიქრი”, და ეს ფიქრი მის ლექსებში ბადებს ერთის მხრივ, სისხლიან ვიზიონებსა და ტრაგიკულ სახეებს, ხოლო მეორე მხრივ, გროტესკით და დაღვრემილი ირონიით, ზოგჯერ კი გესლიანი სარკაზმით აღბეჭდილ ხილვებს.
წარუდინებელი საქარველოს იდეა ვაჟას დიდი ექსპრესიით აქვს გამოხატული საოცარ ლექსში “ძვალები”. ვაჟასთვის ერი უკვდავი ფენომენია. იგი შეიძლება შეთხელდეს, შემცირდეს ან დაკნინდეს, მაგრამ მის უღრმეს არსებაში ხელუხლებლად არის შენახული თავდაპირველადი დვრიტა ანუ მოდელი, განახლებისა და აღდგომის დაუთრგუნველი პოტენცია. ერი თითქოს სამზეოდან უჩინში და უჩინიდან სამზეოში გარდამავალი ფენომენია, რომელიც ხან მთელი სისავსით ცნაურდება, ხან კი იშრიტება და იწურება ქვესკნელში. აი, ეს ლექსიც:
ძვალთა თქვეს სამარეშია:
აღვდგეთ, გვეყოფა ძილიო,
ვიგრძნოთ კიდევა სიცოცხლე,
ლხინი და ბრძოლა ტკბილიო,
აქ ყრას უქმს გაციებულსა
იქ ტანჯვა სჯობის თბილიო.
(აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ “თბილ ტანჯვას”, რაც არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს).
იმ ძვლებში ერთი ძვალი ჩნდა
ომში მოკლულის ბერისა,
დაფიტებული, დამჭკნარი,
ნახრავი ჭია-მწერისა,
ძვალმა ჭკვა გამოიჩინა,
სიტყვა სთქვა ძველისძველისა:
დაეყარენით თქვენთვისა,
თქვე საცოდავო, ხმელანო,
ის დრო ხომ არა გგონიათ,
ჩვენ რომ მოვჭამეთ ძველადო?
ნეტავ რო ჩქარობ ადგომას,
ვის გაუძღვები ბელადო?
სამარეშიით ყურს ვუგდებ
ჩვენს საფლავებზე მავალთა,
ხმა მათი _ კაცის ხმას არ ჰგავს,
ენა უცხო აქვთ მრავალთა.
თქვენ წადით, მე აქ დავრჩები,
გზათ არ შაგიშლით სავალთა.
ეს უჩინი, ქვესკნელი თუ საფლავი ჰომეროსის ჰადესის მსგავსია. ამ საფლავებშია ჩაწურული უკეთესი საქართველო, სხვადქმნილი საქართველო და ამიტომ არა ღირს სამზეოში ასვლა. ქვესკნელშია დამარხული ქართველთა ჭეშმარიტი დიდება, რომელიც _ ვაჟას
რწმენით, _ ბოლოსდაბოლოს სამზეოზე უნდა ამოვიდეს. მაგრამ ჯერ ადრეა აღდგომა, რადგან აღდგომა უნდა იყოს სრული. “მოწამლული გულით” და “გადაგდებული რჯულით” ცხოვრებას სიკვდილი სჯობს, ასეთია ვაჟას თვალსაზრისი.
და ვაჟა მოიხილავს “ივერიის დიდებას” რუსთაველს, თამარსა და ნინოს, და აქ უცნაური ის არის, რომ დრო აბსოლუტურად იგნორირებულია, მიმართვა ინტიმური და უშუალოა, თითქოს ცოცხალ ადამიანს ელაპარაკებაო, რადგან ვაჟა სხვა პოეტების მსგავსად კი არ იგონებს მათ, არამედ “ცოცხლად მზერს”. წარსული აწმყოშია შთაწურული, ყველა დიდი მამულიშვილი ერთმანეთის თანამედროვედ არის წარმოდგენილი. ვაჟა ზღვარსა შლის ეპოქებს შორის, და ეს უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდება.
ვაჟა-ფშაველა ვითარცა მოქალაქე და პოეტიც მხნე პატრიოტი იყო. იგი, როგორც თვითონვე ამბობს, ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო თავისი დროის სამშობლოს შემაწევარი კაცი. მაგრამ ამავე დროს მას ფხიზელი და უცთომელი თვალი ჰქონდა, რომელიც უშიშარი სიმართლით ჭვრეტდა გარე სინამდვილეს, იმ სიდუხჭირეს, მას რომ გარს ერტყა და ზოგჯერ ეს თვალი შედრკებოდა ან შეღონდებოდა უღიმღამო სინამდვილის ცქერით. პოეტის გულში მიძინებული ეჭვი გაიღვიძებდა და სამშობლო და თანამემამულენი თავისი ერთადერთი, შემზარავი განზომილებით წარმოუდგებოდა...
ჯანღმა დაფარა ქვეყანა,
მკვდარნი საფლავში ტირიან,
ია არ მოჰყავს გაზაფხულს,
ამოვარდნილა ძირიან.
ხეს არ მოუსხამს ფოთოლი,
მთა აღარ ამწვანებულა...
და ამის გამო: “გრძნობა წინ მიმეზიდება, უკან მიმათრევს გონება”, ეს გონება საზარელ ჭეშმარიტებებს ეჩურჩულება პოეტს: “ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა”. და როცა ჭკვიანთაც მოსწყინდებათ ეს, მაშინ “გათამამებულ სიბრყვეს” რჩება ბურთი და მოედანი.
ვაჟა ხედავს ინდიფერენტულობას და ურწმუნოებას, ეჭვსა და უიმედობას თავად იმ ხალხისას, ვინც ერთ დროს თავდადებული იყო საქვეყნო საქმისათვის. ზუსტად და უცდომლადა ჰყავს დახასიათებული ისინი ვაჟას:
ახლები რაღას შვრებიან,
სად გაჰქრნენ მათნი ნდომანი,
გაფიცვა ერთმანეთთანა,
დიდი ღელვა და წყრომანი?
და ვაჟა ირონიით ჩამოთვლის მათი “გაქცევის” საშუალებებსა და საქმიანობას...
ზოგები განდგნენ, გაიქცნენ,
დასწყევლეს თვისი ცდომანი,
თავსა და ხელებს აქნევენ,
როგორც ურწმუნო თომანი,
ზოგთ ანაფორა იფარეს
სხვის არ ძალედვათ წვდომანი,
ზოგთ “კანცელია” მოძებნეს
და იქ დაიწყეს ძრომანი.
ამაოდ ექმნა ქვეყანას
მათი ყოფნა და შრომანი.
შეუძლებელია უფრო ზუსტად და სრულად გამოიხატოს “გამქცევთა” ფსიქოლოგია (სხვათა შორის, _ ჟესტიკულაციაც), ვიდრე ეს აქაა გაკეთებული, და აზრთა და განწყობილებათა ამ ფონზე ზარივით რეკავს ვაჟას ლოცვა:
ნეტავი იმას, საქვეყნოდ
ვინც ყოფნა გაიმწარაო,
ხალხის ბომონის წინაშე
ქედი არ მოიხარაო.
ხორცით ეწამა და სულით
აყვავდა, გაიხარაო.

* * *
ვაჟას აქვს ერთი უთარიღო ლექსი, რომელიც, ჩემის აზრით, მისი შემოქმედების გვიანდელ ხანას მიეკუთვნება, ეს არის “სიზმარი”. ლექსის სათაური ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ აქ არარეალურ საგნებსა და გარემოცვაზეა საუბარი. ეს ლექსი მითოლოგიური ხასიათის გროტესკია, რომლის შინაარსი პატრიოტული თემის უკანა მხარეს წარმოგვიდგენს.
ლექსის სუბიექტი ოქროს ტახტზე ზის, მაგრამ იგი ჭიაღუების მეფეა. ამ სამეფოს წესდება ასეთია: ქვეშევრდომთაგან ყველას, ვისაც კი მოესურვება, უფლება აქვს თავში ჩარტყმით და პანღურის ცემით მიესალმოს მეფეს და მეფე გაოცებულია, რატომღა ამირჩიეს მეფედო...
კისერზე მზომელა მზომავს
და ჭიაყელა ხელზედა,
ბუჭყა კი, რწყილების დედა,
დამკიდებია ყელზედა.
ბაყაყი ფეხებზე მაზის,
გველი მეხვევა წელზედა,
ობობაც, თითქოს შარაა,
მიდმოდის მეფის ყბებზედა.
სჩანს, აბლაბუდას გააბამს,
გვირგვინოსანის წვერზედა.
მეფეს განძრევის საშუალება არა აქვს იმდენად, რომ მის ყბებზე და წვერზე აბლაბუდას აბამს ობობა. იგი უსუსურია იმდენად, რომ ქვეშევრდომები თავისუფლად დანავარდობენ მის სხეულზე. მაგრამ უმთავრესი აქ სხვა რამეა: რას უნდა ნიშნავდეს ისეთი, წინაუკმო მნიშვნელობით დახატული სურათი?
ჯერ აღსანიშნავია ის, რომ მეფე ერთადერთი ადამიანია თავის სამეფოში, _ ყველა ქვეშევრდომი ჭიაღუად ქცეულა, ე.ი. დაუკარგავთ თავიანთი პირვანდელი სახე. ალეგორია გამჭვირვალეა: მეფე _ მწერობობებად და გველ-ბაყაყებად გადაგვარებულ თანამემამულეთა შორის ერთადერთი კაცია, ვინც შეინარჩუნა თავისი პირვანდელი, ადამიანური არსი. ეს ერთი მხრივ.
მეორე მხრივ: მეფე ფაქტიურად მონაა თავისი ქვეშევრდომებისა, მწერებად და ქვემძრომებად სახენაცვალი თანამემამულეებისა. ეს უკანასკელნი მოურიდებელი “ბზუილით” აჯდებიან პირსა და ცხვირზე “მეფეს”.
ძნელია უფრო უნუგეშო სურათის წარმოდგენა. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მკითხველში ამ სურათმა შესაძლოა კაფკასეული ხილვის ასოციაცია აღძრას, რაც გარკვეული აზრით, მის თვალში უკიდურესად გაამწვავებს ამ სურათის აღქმას...
ასეთ დღეშია “ჭიაღუეთის გვირგვინოსანი”, მაგრამ ამით არ მთავრდება საქმე.
დამეცა კოღოს ლაშქარი
ქამანჩითა და სტვირითა.
მე შემაქცევდნენ ვითომა,
თუმც სისხლსა მწოვდნენ პირითა.
დამწარდა ტახტიც, გვირგვინიც,
ვიცქირებოდი ძირითა...
ამ სტრიქონებიდან ცხადად ჩანს, რომ ეს “მეფე” პერსონიფიცირებული სახეა საქართველოსი, მარადიული ივერიისა, რომელიც ამჯერად ასეთ დღეშია. ეს უნუგეშო სურათი იმით მთავრდება, რომ გაჯავრებული გვირგვინოსანი ბოლოს წამოიჭრება ტახტიდან და გავარდება.
აქ თავდება “სიზმარი” და იწყება რეალობა. ეს რეალობა კიდევ უფრო უნუგეშოა და ფაქტიურად მის გროტესკულ პროეცირებას წარმოადგენს სიზმარი:
სახადშეყრილი ერი, ბუჭყად და რწყილად ქცეული ხალხი, კოღოს ლაშქრად მოფრენილი, ქამანჩითა და
სტვირით შემაქცევარი შინაური მტერი, მოურიდებელი, გათავხედებული ბზუილა ქვეშევრდომები და მათი ტახტს დაკერებული, უძლური, მუხლმოკვეთილი მეფე... “ერთხელ” ასეთი თვალითა აქვს დანახული საქართველო ვაჟას.

* * *
ვაჟა-ფშაველას ლექსებში და წერილებშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ილიას მკვლელობის შემზარავ აქტს, რომელმაც შეაძრწუნა მთელი მაშინდელი საქართველო. მოჰკლეს ერის ბელადი, ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი წინამძღვარი, მოკლეს არა “მტრებმა”, არამედ თანამემამულეებმა და ეს ფაქტი იმთავითვე იყო ცნობილი ყველასათვის.
მოგკალით ჩვენისვე ხელით,
მოძმეთთვის ნაჭირმაგარი.
ილიას სიკვდილი ერის თვითმკვლელობას უდრიდა. თვითმკვლელობას, რადგან, ასეთი აქტით მცირერიცხოვანმა და თავისუფლებას მოკლებულმა ერმა შეიძლება გარედან ხელშეუწყობლად დაამთავროს არსებობა. ილიას სიკვდილი, რაც თავისთავად უდიდესი თავზარი იყო ქართველობისათვის, ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით, გამანადგურებელი იყო ერისათვის და ვაჟა-ფშაველა ზოგჯერ ყრუდ და მოიარებით, ხოლო ზოგჯერ პირდაპირ ამხელს, კიცხავს და ააშკარავებს ზნეობრივ და ფსიქოლოგიურ საფუძველს ამ მკვლელობისას.
ილია ჭავჭავაძის სახსოვრად მიძღვნილ ლექსში ვაჟას პასუხი კითხვაზე: ვინ ამოიღებს ბაზალეთის ტბის ძირში რომ დგას, იმ აკვანსო, _ ასეთია:
ვერაფერს ვიტყვი. ენა დუმს,
თავზე დაგვჩხავის ყორანი.
გაღმა გასვლისა მსურველთა
უკუღმა მიგვყავს ბორანი.
გაგვიბატონდა, მგოსანო,
სირეგვნე შეუწონარი.
“გაღმა გასვლა”, ცხადია, თავისუფლებას გულისხმობს. მაგრამ ბორანი “უკუღმა” მიდის, რადგან საქართველოში გაბატონდა “სირეგვნე შეუწონარი”. ამავე წელს (1907) დაწერილი ლექსიდან ირკვევა, რომ “გაუგონარ სირეგვნეს” სჩადის ხალხი (“თანამოძმენი”, ე.ი. ქართველნი), რომელთაც “საქვეყნო საქმე” აბარიათ. ორი წლის შემდეგ დაწრილ ლექსში “შენდამი” (ეძღვნება ილიას ხსოვნას), სადაც ლაპარაკია “ოხერმოხრებზე” და, ცხადია, მათში ვინც იგულისხმება, ბოლო სტროფში ნათქვამია:
უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა,
დღეს შემურვილსა ლაფითა.
ჩვენ ვიცით, ვინც ასხამდა ლაფს ილიას სიკვდილის შემდეგ. ეს სწორედ ის ხალხი იყო, ვისაც “საქვეყნო საქმე” ებარა. ამ ხალხს ვაჟა ერთ უთარიღო ლექსში უწოდებს “ღვარძლს” (“ღმერთო, გვაშორე ეს ღვარძლი, საიდან გამოგვერია?”), ხოლო მათ ლიდერს “ფრიად ცეტსა და ტვინთხელაძეს”...
სად გაგონილა, მითხარით,
ნამდვილი მწყემსი ფარისა
რომ მგლებს უსევდეს სამწყსოზე
საამებელად თვალისა?
ყოფილა, არა მჯეროდა,
მტერობა თავის თავისა.
ეს ლიდერი ძმობის მქადაგებელია, მაგრამ ამ ძმობის პირველი გამყიდველიც (იქვე), იგი შიგნიდან ტეხს ციხეს და დაღუპვისაკენ მიჰყავს ერი.
ილიას სიკვდილის შემდეგ ქართველი მწერლისა და ინტელიგენციისათვის ცხადად გამოიკვეთა ორმაგობა ერის სამსახურისა. ორმაგობა იმ აზრით, რომ ვისაც საშველად უხმობ, სწორედ იგია შენი მკვლელი. ამ უცნაურმა, შინაგანად გათიშულმა განცდამ ტრაგიკული ელფერით შემოსა ეროვნული მებრძოლის სახე, და ეს სახე საქართველოსი, ქვეყნისა, რომლის სამსახური სისხლიან საზორველს ითხოვს.
და აქედან იბადება სრული თავგამეტებისა და თავგანწირვის გრძნობა:
მე შენის ტრფობით ვერ გავძეღ,
შენ _ ჩემი სიძულვილითა.
ვერ გიღალატებ მაინცა,
თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა...
ასეთია უკანასკნელი აღსარება ვაჟასი. ამ აღსარებას ვაჟა უწოდებს “ჯვარცმულ ფიქრს”, რაც მთელი სიმწვავით გადმოსცემს მის ტრაგიკულ განცდას სამშობლოსადმი.

1974
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:31 pm

ვაჟას ქართული

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა დაფუძნებულია ილიას, აკაკის და ვაჟას შემოქმედებაზე, და რომ ვაჟა-ფშაველას პროზისა და პუბლიცისტიკის ენა ახალი ქართული სალიტერატურო ენის ბრწყინვალე ნიმუშია.
რაც შეეხება ვაჟას პოეზიას, უკანასკნელ ხანებამდე ის აზრი იყო გამეფებული, რომ ფშაურ კილოზე დაწერილი მისი ლექსები და პოემები მოჭარბებული დიალექტიზმით არის გაჟღენთილი როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკული ფორმების თვალსაზრისით და ამდენად, მათში გამოვლენილი ენა საერთო-სახალხო ლიტერატურული ენის გარეგან დგას. ეს მრუდე აზრი გარკვეულ პერიოდში მახინჯად განიმარტებოდა და ჩრდილს აყენებდა დიდი შემოქმედის სახელს.
აქ უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჩვეულებრივ, როცა ლაპარაკია დიალექტიზმებზე, როგორც მხატვრული ლიტერატურის გამჭოლავ სისტემაზე, სავსებით სამართლიანად, იგი უარყოფით მოვლენად არის მიჩნეული. თუ ლოგიკურნი ვიქნებით, იგივე თვალსაზრისი უნდა გავავრცელოთ ვაჟას პოეზიის (ყოველ შემთხვევაში, ბევრი ლექსისა და პოემის) მიმართაც და ასეც ხდებოდა. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობდა შეხედულება ვაჟას პოეტური ენის ერთგვარ ჩამორჩენილობაზე, ამ ენის ისეთ თვისებაზე, რაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების პროგრესულ ტენდენციებს გარკვეული აზრით უპირისპირდებოდა და, ამდენად, უარყოფით მოვლენად უნდა შეფასებულიყო.
ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეშივე და მისი გარდაცვალების შემდეგაც მისი პოემებისა და ლექსების ენა (და, არსებითად, პოეზიაც) იმ ხანად გამეფებული პროვინციულ-
კუთხური თვალთახედვის კვალობაზე ეგრეთ წოდებულ “ფშაურ კილოდ” და “მთის პოეზიად” ფასდებოდა, ე.ი. ფასდებოდა როგორც კუთხური მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ისეთი რამ, რაც ლიტერატურული ქართულის შესაქმნელად გაწეული ძალისხმევის საპირისპიროდ იყო მიმართული და ამდენად, უკუსაგდები იყო.
ჩვენს დროში ასეთ შეფასებას თეორიული საფუძველიც დაეძებნა. მორფოლოგიური და გრამატიკული დიალექტიზმები, რომლებიც ერთიანი სახალხო ენის ან ლიტერატურული ენის საკუთრებად ვერ იქცევა, ასუსტებს და ანაგვიანებს ლიტერატურულ ენას... ზოგადად სწორი ეს დებულება სავსებით არასწორად, კონკრეტული და, მე ვიტყოდი, უნიკალური პირობების გაუთვალისწინებლად მიუსადაგეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენას. აქედან დასკვნა: ვაჟას ფშაურ კილოზე დაწერილი ლექსები და პოემები აფერხებს ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
უკანასკნელ ხანს მკვეთრად გამოიკვეთა შედარებით მართებული შეხედულება ვაჟას პოეზიის ენაზე: “არ არის სწორი საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ვაჟა-ფშაველას პოეტური ენა მთლიანად დაფუძნებულია დიალექტურ მასალაზე... საკითხი ვაჟას მიმართებისა ფშაურ დიალექტთან გარკვეული შეზღუდვით უნდა განვიხილოთ. თავის არსებით ნაწილში ვაჟა-ფშაველას პოეტური მეტყველება სალიტერატურო ენას ეყრდნობა... დიალექტიზმებს ვაჟას ნაწერებში სტილისტიკური ფუნქცია აქვს დაკისრებული” (შ. ძიძიგური).
ეს ზომიერი თვალსაზრისი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ერთგვარ კომპრომისს შეიცავს. ამ კომპრომისის გარეშე, როგორც ჩანს, შეუძლებელია იმის არ დაშვება, რომ XIX ს. დიდი კლასიკოსის ენა მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გაორებული ჩანს. რომ ვითომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს წმინდა, სანიმუშო სალიტერატურო ქართულით დაწერილი ვაჟას პროზა და პუბლიცისტიკა, ხოლო მეორე მხრივ, მისი პოეზია, რომელიც, თუმცა კი მთლიანად არ არის დაწერილი დიალექტზე, მაგრამ მაინც დიალექტის ძლიერი ინერციის გავლენას განიცდის და, ამდენად, ნაკლულოვანია: კილოური ფორმების სიუხვით
მეტადრე გამოირჩევა “გოგოთურ და აფშინა” და “ალუდა ქეთელაური” და აგრეთვე ბევრი ლექსი, დავძენდი მე,_რომლებიც უცილობელ შედევრებად არის აღიარებული ქართულ პოეზიაში.
ამ ფაქტს ახსნა სჭირდება.

* * *
ცხადი რომ გახდეს ვაჟა-ფშაველას პოზიცია ქართული სალიტერატურო ენის მიმართ, თვალი უნდა გადავავლოთ მის თეორიულ შეხედულებებს ამ საკითხის ირგვლივ. ისინი ჩამოყალიბებულია ვაჟას რამდენსამე წერილში, რომლებიც ენის საკითხს უტრიალებს და კარგად გამოხატავს როგორც მის ენობრივ თვალსაზრისს პოეტური
ქმნადობის საზღვრებში, ისე იმდროინდელი საზოგადოების შეხედულებებს ამ საკითხებზე.
ვაჟას ერთ-ერთი უმთავრეს დებულებათაგანი ის არის, რომ “ქართული ენა (აქაც და სხვაგანაც “ქართულ ენაში” ვაჟა გულისხმობს სალიტერატურო ენას) გუშინ მოგონილი არ არის. იგი ძალიან დიდი ხნისაა. უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია” და ამიტომ “რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შერჩება საზოგადოდ, საუკუნოდ”. “ენას ფესვები წარსულს დროში აქვს გადგმული, _ რაც ხასიათი და ბუნება ისტორიულად მიჰნიჭებია ენას, იგი უნდა შერჩეს სიკვდილამდის”.
აქ ვაჟას მიერ აქცენტირებულია ენის შინაგანი ბუნების (ენის სტრუქტურის), ენის ძირეული თვისების უცვლელობის პრონციპი. აქცენტირებულია იმიტომ, რომ სწორედ მის დროს განიცდიდა ქართული უდიდეს ცვლილებებს (დადებითსაც და უარყოფითსაც), ცვლილებებს, რომელთაც შეეძლოთ დაეზიანებინათ მისი ბუნება.
“რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს. მიმდინარეობს იმ ჟამიდან ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი _ არასოდეს”...
მასასადამე, ენა თავისი არსით, თავისი შინაგანი ბუნებით, თავისი “გემოთი” უცვალებელი ფენომენია. “ყოველი ენა ამჟღავნებს მისწრაფებას შეინარჩუნოს თავისი ძირეული ფორმები ყოველგვარი ცვლილებების პირობებში... ენა ყველაზე დამოუკიდებელი და გამძლე მოვლენაა კაცობრიობის ყველა მოვლენას შორის. უფრო ადვილია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, ვიდრე მისი ინდივიდუალური აგებულების დარღვევა” (სეპირი).
“მართალია, ენა თანდათან წარმატებაში შედის, წინ მიდის, მაგრამ ისე კი არა, რომ ბუნებასა და ხასიათს იცვლიდეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ენაც კვდება”, _ გვაფრთხილებს ვაჟა.
რა მიაჩნია ვაჟას ენის “წარმატებად”, ენის “წინსვალად”? ლექსიკის გამდიდრება, ახალ ცნებათათვის საჭირო სიტყვების შემოტანა, სინონიმთა სიმრავლე, ძველი ლიტერატურული ენის იმ გაუქმებული ფორმების აღდგენა, რომელთაც ცოცხალი დასაყრდენი გააჩნიათ დიალექტებში. ვაჟას თვალსაზრისით, ყველა ეს პროცესი ქართული ენის შინაგანი ბუნების შესაბამისად და მისი შინაგანი მიზანდასახულების ნიშნით უნდა მიმდინარეობდეს. ყველა ეს პროცესი გარდუვალია, ვინაიდან “ახლანდელი ლიტერატურული ენა ახალია და სიახლის გამო ბევრ ფორმებს, ბევრ სიტყვებს მოკლებული არის... ყოველი საერო მწერალი მოვალეა ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა, ან ფორმა გააცნოს ლიტერატურულ ენას, თუ იგი სიტყვა და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, იმის ბუნებას”.
რა თქმა უნდა, ეს თვალსაზრისი სრულებით არ ნიშნავს იმას, რასაც გაუმართლებლად მიაწერენ ვაჟას: “ჩვენი პოეტი სავსებით კატეგორიულად აღიარებს (?), რომ ამ ენის მთელი სიდიადე შორეულ (?) წარსულშია, ქართულ ენას არ განუცდია პროგრესული (?) განვითარება, იგი თანდათანობით დაკნინების და გაღარიბების გზას ადგასო”... (შ. ძიძიგური). ეს არსად არ უთქვამს ვაჟას და მით უმეტეს, არ “უღიარებია კატეგორიულად”. ვაჟას არა აქვს კატეგორიული ტონი, როცა ლაპარაკობს ლიტერატურული ენის სრულყოფის საჭიროებაზე და ენის ისეთი გრამატიკული ფორმებით გამდიდრებაზე, რომლებიც
ცოცხალია ხალხში, ხოლო დადასტურებულია უდიდესი ქართველი პოეტების ნაწერებში. პირიქით, იგი მოკრძალებულად შენიშნავს: “თუ ენა იშვილებს იმ ფორმას, იმ სიტყვას, ხომ კარგი, თუ არა და, არც ამითი არაფერი წახდებაო”.
ვაჟა-ფშაველასა და XIX ს. დიდი მწერლების ორიენტაცია გაამართლა დრომ. “თვით იმ მწერალთა პრესტიჟმა უზრუნველყო მათ მიერ გამოყენებულ სასაუბრო სიტყვათა მეტი წილის შემოსვლა სალიტერატურო ქართულში” (ბ. ფოჩხუა).
* * *
ვაჟას აქვს ერთი კარდინალური აზრი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია მისი ენობრივი პოზიციის გარკვევისათვის.
“რას ჰქვიან ენის ცოდნა? რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ... საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა... უსათუოდ, საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ... მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად”.
ეს აზრი ყველა ენისა და ყველა დროისათვის ჭეშმარიტია. ვაჟა წინა პლანზე სწევს ენის არა ზედაპირულ, მექანიკურ (და შეგვიძლია ვიგულისხმოთ, _ მეცნიერულ) ცოდნას, არამედ ენის “სულისა და გულის” შეგნებას, ე.ი. ენის შინაგანი ბუნების წვდომას, მის ინტუიციურ
გზნებას, ალღოსა და გეშს მშობლიური ენის მიმართ. მაგრამ ამისათვის საჭიროა “ქართულად გიცემდეს გული და მაჯა”, ქართულად ფიქრობდე, ქართულად აზროვნებდე, ქართულ ენასა და მიწაში გედგას ფესვი. ყველა ეს თვისება მომადლებული უნდა ჰქონდეს მწერალსა და პოეტს და თუ მომადლებული აქვს იგი, “ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ”, ვინაიდან არავინ ისე ღრმად არა გრძნობს ენის უხილავ წყაროსთვალში დაბუდრებულ რიტმებსა და ფარულ აზრობრივ პოტენციას, როგორც შემოქმედის გუმანი. ენის უღრმეს შრეებთან ფესვეულ კავშირს მხოლოდ დიდი პოეტები და მოაზროვნეები ინარჩუნებდნენ ყოველ დროში (ჰაიდეგერი).
ამრიგად: ნიჭითცხებული მწერლისა და პოეტის ორიენტაცია ენობრივ სფეროში ღრმა ეროვნულ გუმანსა და ინტუიციას ეფუძნება, რის გამოც მისი არჩევანი გამართლებულია. საუკეთესო პოეტი ენის საუკეთესო მცოდნეცაა. ენის ამა თუ იმ გეზით ორიენტაცია დიდი მესიტყვეების საქმეა და არა ისეთი პიროვნებისა, ვინც ვერა გრძნობს სიტყვას და იმ (ვაჟას გამოთქმით) ფილოლოგ-ლინგვისტთა დასს ეკუთვის, რომლებიც რამდენიმე სიტყვის მსგავსებაზე აფუძნებენ სხვადასხვა ერის ერთტომობასა და ერთგვარობას...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი უნდა მოვიტანოთ ვაჟასი: “მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა... ენაში იმალება ინდივიდუალობა, მისი “მე”... ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული”.
მაშასადამე, მწერლის ინდივიდუალობას ენა და სტილი ავლენს, მწერლის სული ენაში სახიერდება. მწერლის ფრაზეოლოგიასა და სურათებსაც შემოქმედის თავისებურების ბეჭედი უნდა ეჭდოს. მაგრამ ყველაფერი ეს “გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა... შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი, რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ”.
აქ ვაჟა-ფშაველა შემოქმედების გარეგან და შინაგან ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას. ვაჟა ხედავს სათქმელისა და თქმის დიალექტიკურ კავშირს, სადაც მხატვრული ექსპრესიის ბუნებას განსაზღვრავს იმ მოვლენების შინაგანი ღირებულება, რომელთა მხატვრულ სიტყვაში განსახიერებაცა აქვს განზრახული შემოქმედს. ასე რომ, ვაჟასთან მწერლის მსოფლმხედველობა განსაზღვრავს მხატვრული ექსპრესიის ბუნებას, რომელიც ენისა და სტილის მეშვეობით ცნაურდება.
ვაჟა-ფშაველას მეორე, აგრეთვე მთავარ დებულებათაგანია ის, რომ ქართული ენის მარადმედინ მდინარეს აქვს შეუბღალავი, უშრეტი სათავე, რომელიც განსაზღვრავს მისი შინაგანი ბუნების უცვლელობას, მის სპეციფიკურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ “გემოს”. ვაჟას თქმით, ეს სათავე ენისა, გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა”.
ვაჟა ლაპარაკობს ახალი სალიტერატურო ქართულის ორ უმთავრეს წყაროზე, ორ გამსაზღვრელ წყაროზე, რომელთა გაუთვალისწინებლადაც, რომელთანაც წილუყრელად ვაჟას ვერ წარმოუდგენია “საერთო ლიტერატურული ენის... გაუკეთესება” და “გაწმენდა”.
ეს ორი წყაროა ერთის მხრივ, ძველი ქართული მწერლობა და მეორეს მხრივ, შეუბღალავი ცოცხალი ხალხური ენა. პირველის მაგალითად ვაჟა ასახელებს რუსთაველსა და გურამიშვილს, ხოლო მეორისას _ ქართველ მთიელთა ენას, კერძოდ, ფშაურს.
ძველი ქართული მწერლობა ამ შემთხვევაში, პირობითი ცნებაა, ვინაიდან რუსთაველიცა და გურამიშვილიც ახალი სალიტერატურო ენის წარმომადგენლები არიან, და არაფერი გასაკვირი არაა, რომ სწორედ ისინი არიან მოხმობილნი ვაჟას მიერ “ახალი ლიტერატურული ენის” ეტალონებად. თუმცა ვაჟა საკუთრივ ძველ ქართულსაც ღრმად გრძნობდა. “ძველი ქართული მას შესისხლხორცებული ჰქონდა”, როგორც ამბობს ივ. იმნაიშვილი. “ვაჟა კარგად იცნობდა ბიბლიას... და ქართულ აგიოგრაფიას” (ლ. მენაბდე).
მაგრამ რატომ ახსენებს იგი ფშაურს? იმიტომ, რომ თვითონ არის ფშაველი და მიკერძოებას იჩენს “მშობლიური” დიალექტისადმი? არა! “ფშაურის საუბრის კილო და გრამატიკული ფორმები, როგორც ნამდვილი ძველი ქართული, სრულიად ჰგვანან ძველის მწერლების ნაწერებსა”, აი სწორედ ამიტომ ფშაველთა “სათემო კილო (თუკი შეიძლება სათემო კილო დავარქვათ იმათს სასაუბრო ენას) და გრამატიკული ფორმები ხელჩასაჭიდებელია, ღირსსაცოდნელი”.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც უთქმელი აქვს ვაჟას. იგი არსად არ ლაპარაკობს ქართლურ კილოზე, რადგან ქართლური მას მიაჩნია იმ ბაზისად, რომელზეც დაფუძნებულია სალიტერატურო ენა. ქართლურის — ამ ჰეგემონი დიალექტის _ ფონზე იგი გამოარჩევს ფშაურს, როგორც მთის კილოს და არა როგორც მისგან განსხვავებულ დიალექტს. ვაჟას აზრით, არსებობს მთისა და ბარის ქართული (ე.ი. ქართლური), რომელთაგან პირველის მიჩნევა სათემო კილოდ შესაძლოა საჭოჭმანოც იყოს.
მართებულად აღინიშნა: “ფშაურ კილოს, ვაჟას კონცეფციით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი სალიტერატურო ქართულის ფორმების თვალსაზრისით, (რაკი) იგი ძველი ქართულის კანონზომიერების რეალური დადასტურებაა თანამედროვე მეტყველებაში” (შ. ძიძიგური).
ასეთია ვაჟა-ფშაველას ენობრივი პოზიციის ამსახველი შეხედულებები, რომელთა საფუძველზე უნდა ახსნილიყო და განმარტებულიყო ესა თუ ის საკითხი მისი პოეტური ენისა. მაგრამ მოხდა პირიქით: არამცთუ თავად ავტორის თვალსაზრისი არ მოიხმეს (სავსებით მოსახერხებელი) მისივე ენობრივი პოზიციის ასახსნელად, არამედ ამ თვალსაზრისს უმართებულოდ დაუპირისპირეს პოეზიისათვის უცხო კრიტერიუმი, რომლის შუქზე არასწორად ფასდებოდა ამ დიდი შემოქმედის რთული მემკვიდრეობა.

* * *
“უმაგალითი შემთხვევა” მოხდა მსოფლიო ლიტერატურაში: 1500-წლოვანი ტრადიციის მქონე უძველესი სალიტერატურო ენის წიაღში გენიალურმა პოეტმა ორიენტაცია აიღო “დიალექტზე” და ეს მაშინ, როცა ქართული სალიტერატურო ენის ახლებური ინტეგრაცია ხდებოდა. ვაჟასათვის ეს იყო შეგნებული აქცია: ძველი, ინერციის ძალით არსებული, გამოფიტული ლიტერატურული ენის რღვევისა და ჭყინტი პროვინციული კილოების მოძალების ხანაში იგი წინა პლანზე სწევს ჰეგემონი დიალექტის არქაულ განატოტს, რომელიც მისი აზრით ნამდვილი “ძველი ქართულია” და სავსებით ეხმაურება უდიდესი ქართველი პოეტების _ რუსთაველისა და გურამიშვილის პოეტურ ენას.
ფშაური დიალექტის უპირატესობა სხვა ქართულ დიალექტებთან შედარებით შემდეგი მომენტებით განისაზღვრება:
1. ფშაურში ცოცხლად არის დაცული “მთელი რიგი არქაული გრამატიკული ფორმები, ნიშანდობლივი ძველი ქართული სალიტერატურო ენისათვის” (შ. ძიძიგური). “ძველი ლექსიკა და ძველი ფორმები ფშაურის დამახასიათებელი თვისებაა” (ივ. იმნაიშვილი). ასე რომ, იგი იმ ჰეგემონი დიალექტის განატოტია, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში ორიენტაციას იღებდა ქართული სალიტერატურო ენა. ფშაურის საფუძველზე დღემდე შესაძლებელია დადგინდეს და გასწორდეს თავად რუსთაველის ზოგიერთი ჩვენთვის საჭოჭმანო გრამატიკული ფორმა (ივ. გიგინეიშვილი).
2. ფშაურში და ერთობლივ, მთის კილოებში შემონახულია ეგრეთწოდებული “ჯვრის ენა” ანუ “ხატის ენა”, ე.ი. ღვთისშვილთა ენა, უძველესი საკრალური ენა მთის ორგიასტული კულტებისა, რომლის ღირებულება განუზომელია ჩვენი კულტურის ისტორიისათვის და რომელსაც დღემდე ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. ეს არის მისტერიული ენა ჩვენი მთიელი ქურუმებისა, აღბეჭდილი ფშავ-ხევსურულ მითებსა, ლოცვებსა და სადიდებლებში.
3. და ბოლოს ჩვენთვის ცნობილია “უდიდესი პოეზიის ფანტასტიკური ქვეყანა” (ვახ. კოტეტიშვილი), ხალხური პოეზია ფშავისა და ხევსურეთისა, რომელიც, მე ვფიქრობ, გადის საკუთრივ ხალხური პოეზიის საზღვრებიდან, იმდენად ღრმადაა დიფერენცირებული და ნიუანსირებული მასში განხმული ადამიანური სამყარო. მითოსური პირველქმნილობით აღბეჭდილი მთის ხალხური პოეზია, რომლის წიაღში და რომლის ნიადაგზეც მომწიფდა ვაჟას პოეტური გენია, უდიდესი ღირებულების შემცველი ფენომენია თავადაც და ერთ გენიალურ პოეტად ფასობს.
ვაჟა-ფშაველას “ღირსება და მადლი” სწორედ ისაა, რომ მან შესძლო თავი დაეღწია ამ მომნუსხველ სტიქიისაგან, გარედან, უცხო თვალით შეეხედა მისთვის და
გაეცნობიერებინა სიდიადე იმ ენობრივი და პოეტური გარემოსი, რომელიც მას მუზების წერამწერელმა დაუსაზღვრა. ვაჟა არ იქნებოდა დიდი პოეტი, რომ არ ეგრძნო და არ განეჭვრიტა განუმეორებლობა ამ უნიკალური გარემოსი. სათავე ვაჟას პოეტური გენიალობისა ფშავშია ჩაწმახნილი. აქედან მოდის მისი პოეტური ფსევდონიმიც: ვაჟა-ფშაველა!
ის აზრი, რომ ფშაური არ უნდა განვიხილოთ როგორც ჩვეულებრივი “კუთხური კილო” და, მით უმეტეს, როგორც “პროვინციალიზმი”, _ მძიმედ, მაგრამ დაჟინებით იკაფავდა გზას. 1896 წ. “კვალში” ილია ნაკაშიძე წერდა: აი, ფშაველასა და ფშაველთა ენა, სტილი რკინისა, პირდაპირ ხალხის გულიდან ამოღებული, როგორც კლდის ღრმა ნაპრალიდან უტეხი მადანი... ენა დინჯი, ენა მხატვრული, ენა მძლავრი”.
“ფშავ-ხევსურული არქაული ქართულია და არა პროვინციალიზმი” (პ. ინგოროყვა). “შემცდარია ის შეხედულება, თითქოს ვაჟა რაღაც გაუგებარი პროვინციული ჟარგონით წერდეს”... (გ. ქიქოძე). ფშაური არის “ერთი ძველთაძველი ფენი ქართულისა მთებში შერჩენილი და დღემდე ცოცხალი... ფშავ-ხევსურული მართლაც სალი კლდის ნაკვეთია ყოველ თქმაში. კვეცილი ფორმა ამ ფშანისა მკვეთრია ძალზე და, დავუმატებდი, ვაჟურ-მკვრივი. სწორუპოვარი ელიფსი ქართულისა ფშაურში მოშვილდულია პირდაპირ” (გრ. რობაქიძე). “ვაჟას ჰქონდა... ფშაური კილო, მაგრამ საერთი ფონი მისი მეტყველებისა იყო ძველქართული” (კ. გამსახურდია).
ძველქართულთან დაკავშირებული ცოცხალი დიალექტის გამოყენება უდიდეს სიძვირფასედ, გენიალური ინტუიციის მიგნებად უნდა გამოჩენილიყო მთლიანი, მტკიცე და ინტეგრირებული ქართული ენისა და ლიტერატურის ფონზე. მხოლოდ XIX ს. საქართველოში იყო მოსალოდნელი მისი ვერგაგება და უკუგდება, იმ საქართველოში, რომელიც ენობრივად და ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ ეთნოგრაფიული კუთხეების ჯამს წარმოადგენდა.
თავში აღვნიშნე: ვაჟას აყვედრიან-მეთქი ენის “პროგრესული განვითარების” უარყოფას. ამ ტერმინში შენიშვნის ავტორი გულისხმობს “ქართული ენის გრამატიკული წყობის დახვეწას”, და მისი ფონეტიკური სისტემის გამარტივებას, აგრეთვე, “კონსერვატული ფორმებისაგან თავის დაღწევას”. უნდა შევნიშნოთ, რომ კონსერვატიული ელემენტებითა და ფორმებით სავსეა “ვეფხისტყაოსანი”, გურამიშვილის ბევრი ლექსი, საბას “ქადაგებანი” და თითქმის მთელი პოეზია ბარათაშვილისა, მაგრამ ისინი ქართული ენის ბრწყინვალე ნიმუშებია. მათში ქართული ენა თავის მწვერვალებს აჩენს. რაც შეეხება გრამატიკულ წყობასა და ფონეტიკურ სისტემას, ძველქართულს ერთიცა და მეორეც უდახვეწილესი აქვს...
სალიტერატურო ენის მიმართ ხმარებული “განვითარება” მცდარი, სიზუსტეს მოკლებული ტერმინია, სჯობს ვიხმაროთ ფერისცვალება ან სახეცვლილება. რა განაპირობებს ლიტერატურული ენის სახეცვლილებას? უპირველეს ყოვლისა: დროის სული, იდეოლოგიური ხასიათის ორიენტირების ცვლა, პოლიტიკური და სოციალური ძვრები...
XI-XII სს. საქართველოში თეოკრატიული საზოგადოება შეზღუდა საერო საზოგადებამ. იწყება ჰუმანიზმის გაძლიერება, შესაბამისად იქმნება ახალი სალიტერატურო ენა და... ანბანიც. ამ ახალ ენაში გაფართოვდა არა მარტო სალაპარაკო ენასთან დამაკავშირებელი არხი, არამედ გაძლიერდა დიალექტების მონაწილეობაც. სამეფო კარი ქუთაისიდან გადადის თბილისში, შესაბამისად, ორიენტაციას იღებენ აღმოსავლურქართულ დიალექტებზე.
XV ს. დაირღვა მთლიანი ქართული სახელმწიფო. ისტორიულ-კულტურულ აქტივობას იჩენს მხოლოდ ქართლ-კახეთი. დასავლეთი და სამხრეთი გამოთიშულია კულტურული მშენებლობიდან, შესაბამისად, სალიტერატურო ენას შეეზღუდა სალაპარაკო ენის ბაზისი, დავიწროვდა სამხრეთ-დასავლური დიალექტების გამოყენების არეალი, ხოლო აღმოსავლურმა დიალექტიზმებმა უბრწყინვალესი პოეტების ხელში ლიტერატურული ხმოვანება შეიძინეს.
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ქართული კულტურის თავკაცებმა ახალი ენობრივი პოლიტიკა გამოიმუშავეს: ეს იყო სალიტერატურო ენის ხალხურ ენასთან მაქსიმალური მიახლოების პოლიტიკა, აუცილებელი და გარდაუვალი იმისათვის, რომ ლიტერატურული ენის დემოკრატიზაციის მეშვეობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაებათ ხალხის ფართო წრეები. თავი-სთავად იგულისხმებოდა, რომ შემდეგ, კულტურული მოძლიერების კვალობაზე თანდათან გაფართოებულიყო კლასიკურ და ძველქართულ ენასთან და ლიტერატურასთან დამაკავშირებელი არხები.
“ძველი ქართული ენა” არასოდეს არ ყოფილა “ძველი” და გაუგებარი ახალი სალიტერატურო ენის უდიდეს შემოქმედთათვის არც წინათ და არც ახალ დროში. მის უდიდეს მაორგანიზებელ ძალას სცნობდნენ და ემორჩილებოდნენ რუსთაველი და საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, გრიგოლ ორბელიანი, ვაჟა და მაჩაბელი.
ვაჟა-ფშაველამ თავისი დროის აუცილებელი და გარდაუვალი ტენდენციის _ სალიტერატურო ენის ხალხურ, სალაპარაკო ენასთან მიახლოების ტენდენციის სფეროშივე გამონახა საშუალება დაკავშირებოდა ძველი ქართული ენის სამყაროს და მით უდიდესი ძალმოსილება მიენიჭებინა თავისი პოეზიისათვის.

* * *
ახლა უნდა ითქვას უმთავრესი: რისთვის დასჭირდა ვაჟას თავისი პოემების წერისას ასე ღრმად შეჭრილიყო დიალექტურ შრეებში? რისთვის დასჭირდა დიალექტური მიმოხრებისა და ნიუანსების წინა პლანზე წამოწევა? რისთვის დასჭირდა უამრავი სიტყვისა და გამოთქმის შემოტანა, რომლებსაც მანამდე არ იცნობდა ქართული პოეზია?
ვაჟა-ფშაველას პოეზიის პრობლემატიკა უნივერსალური მნიშვნელობისაა. ვაჟას ფილოსოფიური განზოგადებით აქვს წარმოჩენილი კაცობრიული ვნებანი: პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთჭიდილი, დაპირისპირება და კონფლიქტი, მითოსური კოსმოგონიის პლანში ასახული კაცის ეთიკური სრულყოფისა და მოვალეობის პერიპეტიები, ადამიანის გარდაქმნა და ამაღლება დიონისური ექსტაზის მეშვეობით, ღმერთი და სამშობლო, სიცოცხლისა და სიკვდილის ანტინომიების შუქზე დანახული ბუნების სურათები და სხვ.
ვაჟა უნივერსალური გონების კაცი იყო.
ეს პრობლემატიკა მისი გულისა და ტვინის ნაშიერია და არა გარეთ მოძიებული რამ. და ვაჟას სადინელი უნდა ეპოვა იმ ვნებებისათვის, იმ მტანჯველი ფიქრებისათვის, რომლებიც ძალუმი ინტუიციის ტალღებად იძვროდნენ მის გულში. სადინელი ეპოვა იმ აზრით, რომ ისინი ზუსტ და შესაბამისად აზრობრივ, თემატურ და ენობრივ მასალაში განეხორციელებინა. და მან თავისი უღრმესი ინტუიციების ასპარეზად საქართველოს მთა _ თუშ-ფშავ-ხევსურეთი აირჩია, ქვეყანა მითოსური ჰეროიკისა, ქვეყანა არქაული ყოფისა და წესჩვეულებებისა, ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ სცემდნენ თაყვანს დიდ თამარს და საქართველოს უკანასკნელ მეფეს.
რელიგიურ-მსოფლმხდველობრივი მრწამსით, პირველქმნილი ვნებებისა და ხასიათების თვალსაზრისით ეს იყო სავსებით უნიკალური სამყარო, რომელიც სოციალური ყოფისა და მსოფლშეგრძნების ასპექტებით გარკვეულ ანალოგიას ამჟღავნებდა ბერძენი ტრაგიკოსების სამყაროსთან. ამ სამყაროს ვაჟა-ფშაველას პოეზიაში შემოჰყვა, როგორც მისგან აბსოლუტურად გაუთიშველი ფენომენი, უმდიდრესი და უბრწყინვალესი ფოლკლორის წიაღში მომწიფებული, დაწმენდილი და უმაღლეს დონეზე პოეტურად დაკრისტალებული ენა, რომელსაც ვაჟა ვერ უარყოფდა და არც უარყოფდა.
პოეტის ენა და ის, რაც ამ ენის მეშვეობით არის გაცხადებული _ განუყოფელი მთლიანობაა. ენის სიღრმესა და ექსპრესიულ ძალმოსილებას მხოლოდ შემოქმედი ავლენს და ამ აზრით, იგი ენის შემოქმედიცაა და, მაშასადამე, ყოვლად შეუძლებელია ვაჟას ენის ამა თუ იმ ასპექტის უარყოფამ ან უკუგდებამ შესაბამისი წილით მისივე პოეზიის უარყოფა არ გამოიწვიოს. დაუშვებელი და შეუწყნარებელია “პროვინციალიზმები” ვუწოდოთ ვაჟას დიალექტიზმებს...
გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდენ იანი...
თუ ეს პროვინციალიზმია, მაშინ გურამიშვილიც სავსე იქნება პროვინციალიზმებით, რაკი მის ენაში “არამცირედი” ადგილი უჭირავს მთიულურ-კახურ-ქართლურ დიალექტებს, და გამოვა, რომ ორი უდიდესი ქართველი პოეტი “პროვინციალიზმით” არის გატენილი.
“პროვინციალიზმის” სუნი საერთოდ, მძაფრად იგრძნობა XIX ს. ქართულ სიტყვიერებაში (განსკუთრებით ეს ითქმის წვრილფეხა მწერლებზე) და მის საპირისპიროდ მომართული პოეზიის (მისი ელემენტების) კლასიფიცირება იმავე ტერმინით დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ “ვაჟა განზრახ გაემიჯნა ტრივიალურ პროვინციალიზმში გადაჭრილი მწერლების ენას” (კ.გამსახურდია).
ერთი საწყისიდან მოდის როგორც ვაჟას ენა, ისე მისი პოეზიის სალექსო საზომი _ ხალხური შაირი. მათ განსაზღვრავს ვაჟას პოეტური სამყაროს მსოფლმხედველობრივი მოდუსი. მათ შორის დიალექტიკური ხასიათის კავშირია: ვაჟას ლექსებისა და პოემების “დიალექტიზმებისაგან” დაწრეტა უმალ იწვევს მხატვრული ექსპრესიულობის კლებას. ექსპრესიულობის კლებას იწვევს ვაჟას პოეზიაში აგრეთვე ხალხური შაირისაგან განდგომა და ეთნიკური წიაღისაგან განშორება. “ვაჟა ძლიერია, სადაც ხალხურ თქმულებათ და ხალხურ ამბებს (რა თქმა უნდა, თავისებურად გადაკეთებულსა და გადამუშავებულს) ხალხური ლექსების ფორმითვე გვაძლევს და სუსტია, სადაც ამ ნიადაგს შორდება” (აკ. შანიძე). ვაჟა-ფშაველას მხატვრულად უძლიერესი პოემები “ეთნოსისა” და “დიალექტიზმების” ბეჭდით არიან დაბეჭდილნი და სწორედ ამიტომ ასხივებენ განუმეორებელ პოეტურ ძალმოსილებას.
ის, რომ ვაჟას ლექსებსა და პოემებში გამოყენებული დიალექტიზმები ზოგ შემთხვევაში სალიტერატურო ენის საკუთრებად ვერ იქცევა, სრულიად არ ამცირებს ვაჟას პოეტური ენის სიდიადეს. “ლიტერატურული ნორმისაგან” გადახვევის თვალსაზრისითაც კი ეს დიალექტიზმები ქართული ენის სიღრმისეულ პლანს გვიშიშვლებენ, სალიტერატურო ენის პოტენციურ რეზერვუარს გვიმხელენ, ქართული სიტყვის მიმოხრის ლიტერატურისათვის აქამდე უცნობ განსაცვიფრებელ დინამიზმს ამჟღავნებენ და ამითაც “ღირსსაცოდნელნი და ხელჩასაჭიდნი”
არიან, მითუმეტეს, რომ ისინი უპირველესი პოეტური გენიის ბრძმედში არიან გამოხურვებულნი. მიხეილ ჯავახიშვილის თქმით: “დიდი ხელოვანის, ვაჟა-ფშაველას... ჩაფიქრებულა მინდია, ყალივანი სჩრავ პირშია, _ საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ სალიტერატურო ენაში ვერ შემოვა”. სალიტერატურო ენაში ვერ შემოვა როგორც სახმარი სიტყვა, სამაგიეროდ საუკუნეებს გაუძლებს და ქართული პოეზიის წიაღში იარსებებს როგორც ექსპრესიულობის ეტალონი, როგორც უკიდურესობამდე ცოცხალი სახე, როგორც “მოკლედ თქმის ზღვარი”.
უცნაური პარადოქსია: ვაჟამ ეთნოსურ სამყაროსა და დიალექტს მოუხმო არა პროვინციულის ჩვენებისათვის, არამედ, პირიქით, უნივერსალურის გამოხატვისათვის. _ რატომ?
იმიტომ, რომ ქართული კულტურისა და ენის მატარებელი ცენტრი მაშინდელი საქართველოსი არ გამოდგებოდა იმ ბაზისად, რომ ეტვირთა “პიროვნების რელიგიით” (პასტერნაკი) აღბეჭდილი შთაგონება შემოქმედისა, რომელიც მოწოდებული იყო ადამიანის უღრმესი განცდანი განეცხადებინა მთელი თავისი პირველყოფილობითა და სიდიადით. არქაული ფშავ-ხევსურეთი თავისი ძველი ტრადიციებით, “შეურყვნელი ენით”, უბრწყინვალესი ფოლკლორითა და რელიგიურ-თემური ყოფის გადმონაშთებით ბევრად უფრო სანუკვარი იქნებოდა პოეტისათვის, ვიდრე მთლიანი ძალოვანი კულტურული სტილის არ მქონე ცენტრი (გ. ქიქოძე), სადაც აღრეული ქართული ისმოდა, ხოლო სალიტერატურო ენას ჯერ არ მიეღო სისრულე და დახვეწილობა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ რაფიელ ერისთავმა ხევსურის აღსარებად წარმოადგინა თავისი პატრიოტული შედევრი, ხოლო ილიამ “მგზავრის წერილებში” მოხევის პირით გაამხილა თაობის უღ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 9:33 pm

ვაჟა _ მომავლის პოეტი


ყველას გვახსოვს სკოლის მერხიდან ვაჟას ლექსი “არწივი”:

ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა.

რატომ “ყოვებო” და არა “ყვავებო”, რატომ “ჩაგიგდავთ” და არა “ჩაგიგდივართ”, რატომ “თორო” და არა “თორემ”? ბავშვობისას ამას, რათქმა უნდა, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ ჩვენს უნებურად და, ალბათ, არაცნობიერად, ასეთნაირი გამოთქმები უცნაურობისა და განსაკუთრებულობის გრძნობას აღძრავდა ჩვენში. მაინცა და მაინც არც მასწავლებელები და არც სხვა უფროსები გვიხსნიდნენ თუ რაში იყო საქმე. ლექსის შინაარსი ყველასათვის გასაგები იყო და ჩვენც ბუნებრივად ვითვისებდით ამგვარ ფრაზეოლოგიას. მაგრამ როცა საქმე ვაჟა-ფშაველას პოემებზე მიდგა, აქ, როგორც მახსოვს, მოწაფეები ერთნაირად აღარ ინტერესდებოდნენ... გულისტკივილით უნდა გავამხილო, რომ ყმაწვილობაში მე გაშინაგნებული არ მქონდა ვაჟა-ფშაველას პოეზია. არ მიყვარდა მისი პოემების კითხვა, მაშინ როცა დიდად ვიყავი გატაცებული “ვეფხისტყაოსნით”, “ქართლის ცხოვრებით”, საბა-სულხანით და ბარათაშვილით. ამ უაღრესად რაფინირებული და ჩემთვის გასაგები ლიტერატურის ფონზე უცნაურად და “არაბუნებრივად” მეჩვენებოდა ვაჟას პოეტური სიტყვა მანამდე, სანამ ერთმა ჩემმა თანატოლმა და მეგობარმა, უკვე სტუდენტობისას, გემო არ გამიხსნა ვაჟას პოეზიისადმი. ეს ჩემი მეგობარი ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის შვილი გახლდათ და და სწორედ მამის დამსახურება იყო ის, რომ შვილს ესმოდა და ამიტომ უყვარდა კიდეც ვაჟას პოეზია. შინაარსის გაგებაზე არ მოგახსენებთ, შინაარსი ყველას ესმის ასე თუ ისე, _ ესმოდა სილამაზე და სიღრმე მისი პოეტური ენისა და აზროვნებისა, ორგანულად მოსწონდა ვაჟას პოეზია, _ ეს იყო მთავარი.
უფრო გვიან, როცა მთელი სიდიადით განიხვნა ჩემთვის ვაჟას შეუდარებელი და გენიალური პოეზია, მე შემრცხვა ჩემი “გაუცხოებისა” ისეთი ორგანულად ქართული ფენომენის მიმართ, რასაც ვაჟა_ფშაველას ენა და პოეზია წარმოადგენს.. მეტიც, შემაძრწუნა იმ აზრმა, რომ ჩემი თვითცნობიერების დადგინების საწყისი პერიოდი მისი დიადი შემოქმედბის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. და ეს მარტო ჩემი ხარვეზი არ იყო, არც მარტო ჩემი თაობისა. გარკვეული აზრით, ეს იყო შედეგი გასული და ჩვენი საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკის და ქართული საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი უმწიფრობისა და უნიათობისა (ამ “ხარვეზის”, ამ “შინაგანი დანაშაულის” გამოსასყიდად დავწერე შემდეგ “ტრაგიკული ნიღბები”, რომელიც ვაჟას დაბადების 110 წლისთავს ეძღვნება)...
ვაჟა_ფშაველა!.. “ვაჟა” ასე თუ ისე, გასაგები იყო, მაგრამ რას ნიშნავდა “ფშაველა”? ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში სხვადასხვა კუთხეები არსებობს, რომ “ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩვენი სამშობლოა _ საყვარელი საქართველო”, მაგრამ არ ვიცოდით, რა იყო “ფშავი” და რას ნიშნავდა ეს “ფშაველა”. სკოლიდანვე ვიცოდით, რომ კუთხეებისადმი მიკერძოება უარსაყოფი იყო, როგორც მოქალაქეობაში, ისე ლიტერატურულ ენაშიც, მაგრამ არ გვესმოდა რა იყო განსაკუთრებული და, მით უმეტეს, საამაყო “ფშაველობაში” (შესაძლოა, არც ახლა გვესმის), რაც ვაჟას სიცოცხლეშივე, ჩვენი ლიტერატურული კრიტიკის მიერ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, სწორედ ასეთნაირი კუთხურობის გამოვლინებად იყო მიჩნეული. ასეთმა აზრმა ინერციით ჩვენს დრომდე მოაღწია.
ლუკა რაზიკაშვილმა, გენიალურმა ქართველმა პოეტმა ფსევდონიმად აირჩია არა ზოგადეთნიური “ქართველი”, არამედ, როგორც XIX საუკუნის საქართველოში ესმოდათ, კუთხური “ფშაველი” და ეს მაშინ, როცა ჩვენი ერის მამათმთავრები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწეოდნენ ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურული კონსოლიდაციისათვის. არადა თვითონ ვაჟა იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი მამამთავარი, ტრაგიკულად ზუსტი ფორმულის ავტორი: “შინა არ გვეშინავება”, რომელიც, გარკვეული აზრით, ილიას “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” ეხმიანება. რატომ უნდა “დაპირისპირებოდა” იგი თავისი ფსევდონიმით ქართველს როგორც ფშაველი?
საქმეც ის არის, რომ არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა. ლუკა რაზიკაშვილის ეს ფსევდონიმი, უწინარეს ყოვლისა, მისი ლიტერატურული პოზიციის აღმნიშვნელია, უფრო სწორად, ლიტერატურულ-ენობრივი პოზიციისა, აკი ვაჟამ პოეზიაში, სავსებით შეგნებულად, ორიენტაცია აიღო ეგრეთწოდებულ “ფშაურ დიალექტზე” (როგორც ახლა ვიტყვით) ანუ ზოგადქართული ენის ფშაურ კილოზე. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვაჟას ფშაური არ მიაჩნდა კუთხური თვალსაზრისით გამოყოფილ “კილოდ”, არამედ ქართული ენის საბაზისო დიალექტის, ე.ი. ქართლურის არქაულ განატოტად. ფშავში შემონახული ქართულის შეურყვნელობას ვაჟა არაერთხელ ახსენებს თავის წერილებში.
ვაჟა-ფშაველას საუკეთესო ქართულად მიაჩნდა ფშაური. ცნობილია მისი გაოცებული თქმა: ფშაველს ქართულს მიწუნებენო! რატომ? იმიტომ, რომ ფშავის ქართული მას ორი უდიდესი ქართველი პოეტის, რუსთაველისა და გურამიშვილის პოეტური ენის მონათესავედ მიაჩნდა და ამ აზრს ერთხმად იზიარებენ ჩვენი დროის ქართველი მწერლები და ენათმეცნიერები. იზიარებენ იმიტომ რომ, მასში დაცულია ძველი ქართული ენის ძირეული სტრუქტურა, რის გამოც იგი უშუალოდ უკავშირდება ქართული ლიტერატურული ენის ათასწლოვან ტრადიციას, უკავშირდება არა როგორც არქაული გადმონაშთი, არამედ როგორც ცოცხალი სალაპარაკო ენა. “ფშაური” დღეს ჩვენთვის ღრმა ქართულს უნდა ნიშნავდეს, ძირძველ, ფესვეულ ქართულს. ახალი დროის ქართული სალიტერატურო ენის ინტეგრაცია სრულყოფილი ვერ იქნებოდა ამ ათასწლოვანი ენობრივი სიღრმის გაუცნობიერებლად.
ერთი უბრალო მაგალითი. ყველას ეხსომება “ალუდა ქეთელაურიდან”: “არ მოგვხდაუა რჯულძაღლო, შამაუჭყივლებს ქისტასა”... აქ “უ” ფშაური გადახრაა, ძველქართულად იქნებოდა “არ მოგხვდა-ო-ა”, მაგრამ რა არის ეს უკანასკნელი “ა”? ძველქართულში ამ “ა” ბგერით კითხვითი ინტონაცია გადმოიცემოდა ისე, როგორც ეს გვხვდება იაკობ ხუცესის V საუკუნეში დაწერილ ქართულ მოთხრობაში “ხუცეს ხარ_ა”, რაც დღევანდელი ქართულით ნიშნავს: “ხუცესი ხარ?”. ეს ფორმა დღესაც გვხვდება ფშავში და არამარტო იქ, და საცნაურია, რომ მან ვაჟაზე დაწერილ მოგონებაშიც გამოჟონა... განა საოცარი არ არის, რომ 1500 წლით დაშორებულ ორ გენიალურ ქართულ ნაწარმოებში ერთი და იგივე მორფემაა გამოყენებული, მორფემა, რომელიც უკანასკნელი საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში თითქმის სრულიად გამქრალია?
ის, რომ თავის პოეზიაში ვაჟამ შეგნებულად მოიხმარა ფშაური კილო, საკამათო არ არის. მისი უბრწყინვალესი ლექსის “დევების ქორწილის” პირველ ვარიანტში სწერია: “დევებსა ჰქონდათ ქორწილი”, საბოლოო ვარიანტში კი: “დევებსა აქვის ქორწილი”. აშკარაა, რომ ეს გაცნობიერებული კორექტივია. და აქ დგება საკითხი ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური ძირებისა. ვაჟას პოეზიის ფესვი ქართული მითოსის უღრმეს ქვესკნელშია დამარხული, ხოლო ეს უკანასკნელი ფშავ-ხევსურეთის უბრწყინვალეს ხალხურ პოეზიასა და თქმულებებში, უძველეს და უნიკალურ სადიდებლებშია გაცხადებული. ვაჟა გვერდს ვერ აუვლიდა ფშავ-ხევსურეთის ამ განსაცვიფრებელ, სავსებით უნიკალურ ხალხურ შემოქმედებას, რომლის ბადალი საქართველოს არცერთ კუთხეს არ გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეს “კუთხე”, ფშავ-ხევსურეთის ეს პოეტური არეალი განსაკუთრებულია და “კუთხეების” იერარქიის თავშია მოქცეული.
ამიტომ დაირქვა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ფსევდონიმი, რაც მის პოეტურ გენეზისს აღნიშნავდა: “ვაჟა-ფშაველა” _ ათასწლოვანი ტრადიციის მქონე ენაზე მეტყველი ქართველი, ძირძველი ქართველი, უაღრესად ქართველი, _ ასეთია ამ პოეტური ფსევდონიმის წარმომავლობა.
ხალხური აზროვნების სამყაროდან შეთვისებული “ხედვით” არის გამსჭვალული ვაჟას პოეზია და ამიტომ ამ სამყაროს შეუცნობლად გაგვიჭირდება მისი პოეზიის სწორი წაკითხვა, ე.ი. მისი გაგება და შეყვარება. რატომ ვხვდებით “ფშაურ კილოს” უპირატესად ვაჟას პოეზიაში, განსაკუთრებით ეპოსში მაშინ, როცა მისი პროზა, პუბლიცისტიკა და ლექსების დიდი ნაწილი არ ამჟღავნებს ფშაურის სპეციფიკას? იმიტომ, რომ ვაჟას ეპოსის საფუძველი პიროვნების შინაგანი გარდაქმნის ურთულეს პრობლემას ეხება. ამ ეპოსის სიტუაციები და კოლიზიები ფშავ-ხევსურეთის საკრალური თემის მიკროეთნოგრაფიულ წიაღში იშლება და, მაშასადამე, პოეტური ექსპრესიის დინამიკა შესაბამისს სახეებსა და ფაქტურას მოითხოვს. თუ ჩვენ თანდათან არ მივეჩვიეთ ამ მითოსურ სამყაროს, მის შიგნით მოქმედი ადამიანების ცხოვრებისა და აზროვნების წესს, მათ არქაულ ფსიქოლოგიას, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ ვაჟას ეპოსის სიდიადეს, ვერ ჩავწვდებით მის უღრმეს ქართულს, მისი პოეტური ენის განუმეორებელ და განსაცვიფრებელ დინამიკურობას.
მითოსური მსოფლშეგრძნებიდან მოდის ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ზედროულობა, პირველადობა თუ პირველქმნილობა. აქედანვე იღებს სათავეს მისი პირქუში ვიზიონები და ინფერნალური ხილვები, რომ არაფერი ვთქვათ პოეტური სახეების მთელ სისტემაზე, რომლის გაგება და გაანალიზება გაჭირდებოდა მითოლოგიური ასპექტების გაუთვალისწინებლად. მაგალითად: ჩვენ ვერ გავიგებთ, რატომ ეძახის ვაჟა დიდ ქართველ მამულიშვილებს “პიროფლიანებს”, თუ არ გვეცოდინება, რომ ეს ტერმინი ღვთაებათა ატრიბუტია და, ამდენად, სპეციფიკური შინაარსის მატარებელია. ან ღრმად ვერ ჩავწვდებით მისი ერთი უბრწყინვალესი ლექსის აზრს, რომელშიც არწივის მხარზე დაჯდომასთან არის გაიგივებული შთაგონება, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ფრინველთა სახით ღვთისშვილნი, ე.ი. ანგელოზები ასხდებოდნენ მხარზე მათ მიერ არჩეულ “ღაბუშებს”, რაც მათ მედიუმურ ცოდნას და ღვთაებრიობას ანიჭებდა. ჩვენ ვერ მივხვდებით, რატომ დაარქვა თავის ერთ-ერთ უმშვენიერეს პოემას ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი”, თუ არ გამოვიძიებთ, რომ იგი საკრალური ხასიათის იდიომიდან მოდის: ფშაურ სადიდებელში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამჩენი ღმრთისაგან ნაბადები ანგელოზები “ღვთის ნების აღმსრულებელი ცის მასკვლავნი, ერთურთის მოდე-მოძმენი და სტუმარ-მასპინძელნი” არიან. ამ საკრალურ ფორმულას ღრმა ქვეტექსტი ახლავს. კაცნი, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის ძმები, სტუმარ-მასპინძელნი, ან, რაც იგივეა, მოყვასნი და, მაშასადამე, სწორფერნი ანუ თანასწორნი არიან ღვთის წინაშე. აღაზა და ზვიადაური, ალუდა და მუცალი აკი სიკვდილსა და წარმომავლობაზე აღმატებულ ამ ღვთაებრივ მოდე-მოძმეთა მოდელის მიხედვით გამოძერწა პოეტმა.
ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ “მითოსური” პრიმიტიულთან არის ასოცირებული, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ ახალ დროში მითოსური მოდელები და არქეტიპები საგანთა და მოვლენათა ტიპობრივი განჭვრეტისთვის არის გამოყენებული. თომას მანი წერს: თუ კაცობრიობის ცხოვრებაში “მითოსური” ადრეული და პრიმიტიული საფეხურია, პიროვნების ცხოვრებაში ეს საფეხური გვიანდელი და მოწიფულობისმიერია.
ვაჟას არ დასჭირვებია ასეთი გზის გავლა. იგი იმთავითვე მითოსური წარმოსახვებითა და არქაული ყოფით აღბაჭდილ გარემოცვაში აღმოჩნდა ჩართული. ეს გარემოცვა მისთვის ჩვეულებრივ ყოფიერებად უნდა ყოფილიყო აღქმული. და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მის გენიალურ ინტუიციას და ღრმა თვითცნობიერებას, რამაც საშუალება მისცა პოეტს განეჭვრიტა, შეეცნო და თავისი მხატვრული მიზნებისთვის გამოეყენებინა ქართული მითოლოგიის უმდიდრესი საგანძური. მთავარი ის არის, რომ მან “დასძლია” და ამიტომ გამოიყენა ეს განძი. მაგრამ გარკვევით უნდა აღინიშნოს ისიც, ვაჟა-ფშაველას თავად პოეტურ ცნობიერებას, თავად მის პოეტურ ხედვასა და მსოფლშეგრძნებას აზის ბეჭედი არქაული მითოსურობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ნიჭით ცხებული თანამედროვე ხელოვანი იყო...
თვითონ ვაჟას პიროვნებასაც უნდა ვიცნობდეთ.
მას წინაპართაგან ნაანდერძევი ხასიათი ჰქონდა. ამ ხასიათის უპირველესი თვისებებია უტეხობა, მეომრული სიქველე და სიამაყე. სწორედ ამ თვისებების გამო იყვნენ ვაჟას წინაპრები თემის თავკაცები და სოფლის მოსარჩლენი. მათი ცხოვრების წესი შეუვალად ტრადიციულია. ათასი წელი არ შეშლილა ეს ტრადიცია. მაგრამ დროის სული თავისას ითხოვს. ვაჟას მამა არღვევს ტრადიციის ამ დახშულ წრეს. მას უნდა გაიჭრას “დიდ ქვეყანაში”: “ჩემი სული სიყმაწვილითვე ჩემი მშობლების სადგომ სახლში ვერა თავსდებოდა”, _ ასეთ, უცნაური ნაღველით გამსჭვალულ სიტყვებს ამბობს იგი თავის თავგადასავალში. პავლე რაზიკაშვილი, ვაჟას მამა, ორბის ფრთის კალმით სიპ ქვაზე სწავლობს წერა-კითხვას, რის გამოც მამამისმა თოფით მოკვლა დაუპირა: “წიგნის მიმდევარი კაცი ჩვენს ჩვეულებაზედ ხელს აიღებსო, არც ჩვენს ხატებს იწამებსო”, _ ასეთი იყო კერპადქცეული ტრადიციის განაჩენი. მაგრამ პავლე რაზიკაშვილიც “კერპის ნაგლეჯია”, იგი არ იშლის თავისას. და მას აღარ უშვებენ სოფლის ყრილობაში. სოფელი მოიკვეთს, გაკიცხავს და დასწყევლის თავისი დროის ამ ნამდვილ ალუდა ქეთელაურს.
ვაჟა-ფშაველა უკვე “დიდი ქვეყნის” შვილი იყო, ბიბლიასა და ძველქართულ ლიტერატურაზე აღზრდილი ჭაბუკი, პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელი, ილიას მოწაფე, თავდადებული მამულისშვილი. ჭაბუკმა ვაჟამ ზეპირად იცის ლესინგის “ლაოკოონი”, გატაცებით კითხულობს გოეთეს და ტოლსტოის, ხოლო გერმანიიდან ახლადჩამოსულ გრიგოლ რობაქიძესთან პაექრობაში ჰეგელის “ლოგიკის” განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებს. მაგრამ “დიდი ქვეყნიდან” იგი წინასწარი განზრახვით ბრუნდება ფშავში. იგი უბრუნდება თავის სოფელს, ხატებსა და სალოცავებს, როგორც აღთქმულ ქვეყანას, რადგან “ფშავი” მისთვის სამშობლოს თბილი და პოხიერი დედა-მიწა, ამქვეყნიური ნავთსაყუდელი ანუ “ყოფიერების სახლია”, ის “შინა”, რომელიც მას “ეშინავება”.
ვაჟას ცნობიერებაში უცნაურად არის შერწყმული მთაში მიყუჟული მეომარი და მოლექსე ხალხის არქაული ხედვა და ცივილიზებული ქართველი კაცის ფსიქოლოგია. ერთი მხრივ, იგი მიწის მუშა და მონადირეა, თემისა და ქრისტიანულ წესზე მდგარი ოჯახის წევრი, მეორე მხრივ, პეტერბურგში ნამყოფი განსწავლული მოქალაქე, რომელიც ოსტატურად თამაშობს ბილიარდს, თბილისში ზოგჯერ ტროსტით დადის, ხოლო ზეპურ საზოგადოებაში უძვირფასეს სიგარას ეწევა, თუმცა არ იყო მწეველი. დაძინებისას ქრისტიანულ “ღმერთო შენითა და არა ჩვენითას” ამბობს, თანასოფლელთა შორის გულგახსნილი ამაყად აცხადებს: “ნაწილიანი ვარ, ნაწილიანი” (ნაწილი, მზის სიმბოლო, ბეჭებს შუა ჰქონდათ აღბეჭდილი ღვთისშვილებს), ხოლო გულმოსული “საკრამენტოს” ძახილით იოხებს გულს. ჩვეულებრივ, ფანდურზე უკრავს და, რა თქმა უნდა, ფშაურ ლექსებს წაიმღერებს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ლერმონტოვის სტრიქონებსაც ღიღინებს.
ვაჟა კარგად იტანდა ხუმრობას და თვითონაც ხუმრობდა, მაგრამ არ იცოდა სიცილი, მხოლოდ გაიღიმებდა. ეს დიდად საცნაურია: ჰადესის მხილველი გულიანად ვერ გაიცინებს. განრისხებისას მძვინვარე იყო, ჩვეულებრივ კი, მშვიდი, ბავშვივით გულჩვილი და მგრძნობიარე, _ ნაამბობზეც კი აუჩუყდებოდა გული და ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე. და ესეც უაღრესად საცნაურია: მხოლოდ ასეთი გულის პატრონს შეეძლო დაეწერა “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ქუჩი”, “ხმელი წიფელი”...

* * *
ვაჟას შემოქმედება ჯერ არ არის საკადრისად შესწავლილი და შეფასებული. ახალი დროის შუქზე სულ სხვანაირად იკითხება იგი. ვაჟა განუზომლად ახლოს დგას ჩვენთან, ვიდრე თანამედროვეებთან, მაგრამ ჩვენთანაც არ დგას ძალიან ახლოს. ვაჟა-ფშაველა მომავლის პოეტია.

1980
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   Sat Nov 20, 2010 11:32 pm

თამაზ ჩხენკელი

ტრაგიკული ნიღბები
პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველას პოემებში


წინათქმა
შესავალი

ამ პირველი პოსტის მერე მოდის პოსტები ერთმანეთის მიყოლებით ისე, როგორს თამაზ ჩხენკელის წიგნშია ს ა რ ჩ ე ვ ი:

მშვენიერი მძლევარი

დევური და ღვთაებრივი

ალუდა ქეთელაურის ვნებანი

ფერისცვალება

დავლათიანნი



წინათქმა

“ტრაგიკული ნიღბები” 1971 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა “განათლებაში”, მაშინ იქ რედაქტორად მომუშავე აკ. ბაქრაძის ინიციატივით. წიგნის მცირე ტირაჟი (მაშინდელი მასშტაბით) თბილისში არც გაყიდულა. დირექტორმა გაღიზიანებით მითხრა: მაგ შენი წიგნისთვის ცეკას საყვედური მივიღეო.
“ტრაგიკულ ნიღბებთან” დაკავშირებით ერთხელ კიდევ უნდა ვახსენო ალ. ჭეიშვილის ბრწყინვალე ნაშრომი “მხატვრული სახის დინამიკა ვაჟა-ფშაველას პოემებში” (ალ. ჭეიშვილი, კრიტიკული წერილები, 1948). ამ წიგნის არსებობაზე ჩემს თაობაში არავინ არაფერი იცოდა. უცნაური ის იყო, რომ არც ჩემი ოპონენტების სიტყვებში (დისერტაციის მსვლელობისას) და არც ამ წიგნის შესახებ გამოქვეყნებულ ექვს რეცენზიაში ერთი სიტყვითაც არ ყოფილა ნახსენები ალ. ჭეიშვილის ეს ნაშრომი. ასეთი ტოტალური “დავიწყება”, როგორცა ჩანს, მისი სახელის აკრძალვით იყო გამოწვეული. ამავე მიზეზის გამო ყველა მისი წიგნი გამქრალი იყო ბიბლიოთეკებიდან. ჩემი ვალია, განვაცხადო, რომ ორივე ეს გამოკვლევა, _ მსგავსი მიგნებისა თუ ინტუიციის დონეზე შემუშავებული საზრისის წინა და მომდევნო, და ამდენად სხვადასხვა ასპექტით და მიმართულებით განხორციელებული ნაშრომებია. ორივე გამოკვლევა აღბეჭდილია დროის სულით, რაც მათ აახლოვებს და განასხვავებს კიდეც ერთმანეთისაგან.

თ. ჩ.
2009


ტრაგიკული ნიღბები
პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველას პოემებში


ვაჟას უკვდავ სულს _ დაბადების 110 წლისთავზე



ვაჟა არ იყო არც ლამაზი, არც მოხდენილი, იყო ახოვანი. მთელი ფიგურა _ არქაული. იგი კი არა დადიოდა, _ იზლაზნებოდა როგორც ჰერალდიური ნადირი. და ფსევდონიმი კი ცოტას ამბობს? _ ვაჟა - ფშაველა, _ ამ მაგარ სიტყვაში და უფრო ა-ნით დაბოლოვებაში სჩანს დედამიწის ძალა...
მისი გაქანება ჰორიზონტს როდი საჭიროებს. ვერტიკალურად იძვრის მისი სტიქიონი: რიყიდან _ ლურჯ კლდემდე. ეს არის მისთვის სიმტკიცის ორი პუნქტი...
ვახტანგ კოტეტიშვილი
1922 11




შესავალი

ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმოდენად პატივ-საცემი მწერალია, რომ მისის ნაწარ¬მოების დასაფასებლად საკმაო არ არის მარტო ერთის კაცის აზრი და შთაბეჭდილება.
ილია ჭავჭავაძე
(1905 წ. 21 მარტი)1



ვაჟას სიცოცხლეშივე, 1911 წელს, აღინიშნა: “თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე იდუმალი და, ამავე დროს, ყველაზე თვითმყოფადი მოვლენაა. იგი ყოველგვარი ლიტერატურული სკოლებისა და მიმართულებების გარეშე დგას... ძნელად დასაჯერებელია, რომ იგი _ მითოლოგიური წარსულის მკვდრეთით აღმდგარი შვილი _ ჩვენი თანამედროვეა”. იმავე წერილში, იქვე, ნათქვამი იყო: “ამ იდუმალი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება შეიძლება განისაზღვროს როგორც მითოლოგიური”2...
ნახევარ საუკუნეს უნდა გაევლო, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ეს თვალსაზრისი აღორძინებულიყო: “ვაჟა დგას ქართველ მთიელთა უძველეს შეხედულებათა და წარმოდგენათა ნიადაგზე. იგი ამოდის ქართული მითოლოგიის უღრმესი ფენებიდან”3, და შემდეგ: “არცერთი ქართველი პოეტი არ დასწაფებია ქართულ ხალხურ (კერძოდ, ფშაურ) მითოსს ისე ძლიერ, როგორც ვაჟა-ფშაველა...
მითოლოგიურ ასპექტში აქვს ნაჩვენები პოეტს თავისი ეპოსის გმირთა ვნებანი და ფიქრები, და ბოლოს, მითოლოგიური ხასიათისაა თვითონ ჩარჩოც ვაჟას ზოგიერთი პოემის ტრაგიკული კოლიზიისა”4.
ვაჟა-ფშაველას პოეზიის პირველსაფუძველი მითოსია. მითოსური მსოფლმხედველობისა და, კერძოდ, ქართული (უპირატესად, ფშავ-ხევსურული) მითოსის ძირითადი ელემენტების მოაზრების გარეშე საფუძველს მოკლებული იქნება ვაჟა-ფშაველას პოეზიის კვლევის საქმე. მისი პოეზიის პრობლემური საკითხები თავისთავად გულისხმობს მითოსური ელემენტებისა და სტრუ¬ქტურების გარკვეულ ცოდნასა და გათვალისწინებას. ვაჟა-ფშაველას პოეზიის სწორედ ამ ძირეული ფენის, პირველსაფუძვლისათვის გვერდის ავლის გამო იშვა უამრავი ცრურწმენა და ცრუ შეხედულება მისი პოეტური ენისა და მსოფლმხედველობის, მისი პოემების ტრაგიკული გმირებისა და მათი მოქმედების შესახებ. საერთოდ, “ვაჟას შესახებ ბევრი რამ ითქვა უმეცრული და შეურაცხმყოფელი”5. მისი გენიალური შემოქმედება პროვინციული კუთხურობის თვალსაზრისით იყო თავის დროზე შეფასებული და ამ თვალსაზრისის ინერცია ხანგრძლივ პერიოდს გასწვდა.
ვაჟას პოემები ზოგადკაცობრიულია თავისი შინაარსით, მაგრამ მისი გმირების ყოფაცხოვრებითი ლოკალი მიკროეთნოგრაფიული ხასიათისაა. ეს ეთნოგრაფიული სამყარო სოციალურად არქაულია და მისი ბევრი ელემენტი თვითონ ჩვენთვის ვაჟას პოეზიის მეშვეობით გახდა საცნაური და მახლობელი...6 მაგრამ “უნდა გავიგოთ, რომ ეროვნული, თუნდაც ფშავ-ხევსურეთის თავი¬სებურებანი მხოლოდ მასალაა მისთვის, რომლითაც ის უდიდესი მხატვრული ძალით გამოსახავს მთელი კაცობრიობის საუკეთესო იდეალებს. თემის ზნე-ჩვეულებანი, მითები თუ ლეგენდები ასახვის ობიექტი კი არ არის მის¬თვის, არამედ მასალა დიდი, ზოგადკაცობრიული იდეების გამოსახატავად”7. მართებულად იყო აღნიშნული: რამდენადაც ღრმაა ნაციონალურად ხელოვნების ქმნილება, იმდენად ზენაციონალურია იგი. “ღრმა” აქ გულისხმობს “ეთნოგრაფიულზე” მაღლა დგომას.
თომას მანი გვაუწყებს: “სიტყვა ეთნიური თავის თავში მოიცავს ცნებებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ ვაერთიანებთ: წარმართულსა და ხალხოსნურს, და, მაშასადამე, ეს სიტყვა საპირისპირო რამესაც ადასტურებს, სახელდობრ იმას, რომ აზრთა ყველა ზენაციონალური და ჰუმანური გამოხატულება, განყენებულად რომ ვთქვათ, ქრისტიანობაა. ამრიგად, გოეთეს (რომელიც “მოგზაურობის წლებში” იუდაიზმს ეთნიურ-წარმართულ, ხალხურ რელიგიებს აკუთვნებს) ვითომდა დასრულებული წარმართული მსოფლშეგრძნებიდან რომ გამოვიდეთ, მისგან ლოგიკურად უნდა მოველოდეთ ანტიჰუმანურ, ხალხოსნურ-ნაციონალისტურ შეხედულებებს... მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი შეგნებით, გოეთე იყო ჰუმანისტი და მსოფლიოს მოქალაქე. მთელი მისი ოლიმპიური ღვთაებრიობის მიუხედავად, იგი თავისი სულიერი წყობით მაღალზნეობრივი ქრისტიანი იყო”8. იგივე შეიძლება ითქვას ვაჟას მიმართაც.
ჰუმანურის გაგება ვაჟასთან ქრისტიანულია, რამდენადაც იგი ადამიანს განსაზღვრავს, როგორც მის არსებაში ღვთაებრივი დასაბამის წვდომას, როგორც მის გაჭრას უღიმღამო, ჩლუნგი ყოფიერებიდან და, მაშასადამე, როგორც სულს... მითოსი ვაჟას შემოქმედებაში ჰუმანიზირებულია9.
“XIX-XX სს. საზღვარზე (და მას შემდეგაც) ჩვენ არ ვიცით მეორე შემოქმედი, რომელიც ეგზომ განუსაზღვრელი ფანტაზიითა და პოეტური ვიზიონით ყოფილიყოს დაჯილდოებული. და არა მარტო ქართული მასშტაბით: მის ანალოგს ვერ ვპოულობთ უკანასკნელი საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაშიც. არსებითად გოეთესთან მთავრდება რიცხვი იმ გენიოსთა, რომელნიც მითოლოგიური არსენალიდან იღებდნენ მასალას თავიანთი შემოქმედებისათვის”10...


*
ფშავლებსა ლაშარის ჯვარი ნეტავ არ დაუბერდაა,
ამბობენ დაბერებასა, ნეტავ არ მაუკვდებაა!..

მთაზე ცხრათვალა, ბედგაუტეხელი, ცასწვერმიბჯენილი ციხე დგას. აქ არის ღვთის კარი: ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთი ზის და ოქროსავე ბაგეებს ძრავს. აქვე დგას ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვისხე, რომლის წვერში ოქროს ცხრაკეცი შიბი ჰკიდია. ალვის რტოებზე “ყურებად სანატრელი”, თეთრმხრიანი ღვთისშვილები სხედან, ხოლო მის ფესვებში უკვდავების ვეშა-წყარო ჩქეფს. ვეშა-წყაროს ღვთაებრივი ვეშაპი პატრონობს. ციხიდან წყარომდე “მიწი-მიწ” დარანი ჩადის. ამ დარანით მოძრაობენ ზესკნელ-ქვესკნელში ვარსკვლავთა განმასახიერებელი, ერთმანეთის მოდე-მოძმე ღვთისშვილები.
სხივაჯაგრული და ამიტომ “წვერდაბრჯღნილი” ღმერთის კარიდან მისგანვე დანაბადებ ღვთისშვილებს ქერის ოქროს მარცვლები მოაქვთ თავიანთი ყმებისათვის. ეს “ქერ-ოქრონი” მიწიერთა ჭირნახულის საწინდარია. ღვთისშვილისგან არჩეული მოენე, რომელზეც იგი ქანდარასავით ჯდება ხოლმე დროდადრო, თანამოყმეთ ამცნობს ღვთის ნებას და ისინიც რუდუნებით ასრულებენ გამჩენის ბრძანებას.
ღვთისშვილის ანუ ბატონის ყმა — მზის წილი და ოქროს ბურთია. სიკვდილის შემდეგ მზეგადასული, ვარსკვლავივით ციდან მოწილული ყმა ახლა უკვე შავეთის წყალში იდებს წილს და, აქამდე სამზეოს ბატონის მსახური, — სულეთის ბატონს ემსახურება. ზოგჯერ ქვესკნელის “წყალში” ჩავარდნილი სულები სამზეოზე გაიჭრებიან ხოლმე, რადგან ძნელია შავეთის ბნელში გამუდმებული ყოფნა...
ასეთია მარადიულობით აღბეჭდილი ქვეყნის მითოსური ხატი.
მაგრამ “მოვიდა ლაშქარი” და ქრთამით მოსყიდულმა “სულელმა” ალვისხის მოსაჭრელი საიდუმლო გაანდო მათ. ხეს ძირში დაუკლეს კატა და მისი სისხლით განათლული ცა-ქვეყნის ბოძი გადააქციეს. ცხრაკეცი ოქროს შიბი გველის წივილით აიჭრა ცაში. ცხრათვალა ციხეს კარი შეეხსნა და ბედგაუტეხელის ბედი გატყდა. ღმერთი ქვესკნელს ჩაიმალა. ღვთისშვილნი გადაიკარგნენ და ქვეყანაზე მათთვის სახელის დამდებელი (შენდობის მთქმელი) “არ დარჩა კაცი პატრონი”... ასე წარიხოცა ღმერთი და დაიქცა მითოსური სამყარო.
მოკვდა დიადი პანი! — ეს ამაზრზენი კივილი ჯერ კიდევ ტიბერიუსის დროინდელ ბერძნებს შემოესმათ ერთი უდაბური კუნძულიდან11. “მოჰკლეს ღმერთი, აღარ არის მრავალძუძუებიანი კიბელე” (დემნა შენგელაია); ზეგრძნობითმა სამყარომ დაჰკარგა თავისი ძალა. “ღმერთის სიკვდილი” დასავლეთში მთელი თანადროული ეპოქის სიმბოლოდ ითვლება. მითოსური ჟამი გასრულდა. “შუბლით ვეხლებით ახალ დროს. მისი საუკეთესო ეპიტაფიაა: მითოსს მოკლებული დრო”12.
მაგრამ იქ, სადაც ხალხური ფანტაზიის წყაროსთვალი დაშრეტილი, ხოლო დედამიწის პირველქმნილი საშო გაბერწებული არაა, მითოსი ცოცხლობს, როგორც საფუძველი კულტურის შინაგანი განახლებისა და გამძლეობისა. და ჩვენ ვხედავთ, რომ “განვითარების სპეციფიკური გზის მქონე ზოგიერთი ქვეყნისათვის (მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის, სადაც აცტეკების, ინკებისა და მაიას მეტაფორული ლეგენდები დღემდე ცოცხალი ინგრედიენტია ნაციონალური კულტურებისა) მითოსი არ მომკვდარა. იგი კვებავს მოწინავე ლიტერატურას, ფერწერასა და თეატრს” (სარტრი)13.
ეს თვალსაზრისი ზედმიწევნით ესადაგება საქართველოსა და მის კულტურას. ქრისტიანულ სამყაროში იშვიათია სხვა ქვეყანა, რომელსაც მითოსის ისეთი მდიდარი და არქაული დიკუმენტაციის მქონე მარაგი გააჩნდეს, როგორც საქართველოს. ქართული მითოსი ფესვეულად უკავშირდება შუამდინარეთის უძველეს თქმულებებს და, ამავე დროს, დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ბერძნულ მითოლოგიასთან, რომლის ბევრი ელემენტი აგრეთვე წინააზიური წარმომავლობისაა. ქართველმა ერმა ახალ დრომდე მოიტანა უძველესი მითური წარმოდგენებით აღბეჭდილი მსოფლშეგრძნება, რომელიც დღემდე ძალუმად ცნაურდება მის ენასა და ყოფაცხოვრებაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში. და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ აქ, კურთხეული ფშავის თბილსა და პოხიერ მიწაზე, სადაც სასწაულებრივად ჯერ კიდევ იშმუშნებოდნენ წინარექრისტიანული იბერიის წარმართულ-მითოსური ფესვები, დაბადებულიყო პოეტი, რომლის დიონისურმა შთაგონებამ კვლავ მკვდრეთით აღადგინა მივიწყებული ღმერთები და გმირები, თანამედროვეთა მტკივნეული განცდით აღბეჭდილი ნიღბები ააფარა მათ სახეებს და თვალნათლივ დაგვანახა ტრაგიკული ხვედრის მქონე ადამიანის მარადიული სახე.

*
“მითი ყოველთვის დაკავშირებილია წარსულ ამბებთან... მაგრამ მითის შინაგანი ღირებულება იმაშია, რომ დროის გარკვეულ მომენტში მომხდარი ეს ამბები ქმნიან მუდმივ სტრუქტურას, რომელიც შესაბამისდროულია როგორც წარსულისათვის, ისე აწმყოსა და მომავლისათვის”14. ამდენად, მითს ორმაგი სტრუქტურა აქვს — ისტორიული და ზეისტორიული, ანუ დროული და ზედროული. “...მითი გამოხატავს არა მარტო რეალურ ფაქტს სინამდვილისას... არამედ ანალოგიისმიერი ასოციაციით არაკანონზომიერად ამტკიცებს რაღაცით ერთმანეთის მსაგავსი მოვლენების იგივეობას”15. განსაცვიფრებელ ლექსში “ბალღი რასაცა ვხედავდი” ვაჟა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გარდასულის განმეორებაა საფუძველი ადამიანისა და ბუნების გარდაქმნისა16. ეს უკანასკნელი “ვნებათა იგივეობის” სპირალს მიჰყვება17. პოეტის მითოსური წარმოსახვა არღვევს ისტორიულად და სოციალურად დასაზღვრულ გარემოცვას და მათ აქტუალობას შინაგანი სწრაფვის შუქზე სჭვრეტს. მითის მოქმედი მსოფლშეგრძნებიდან მოდის ვაჟას პოეტური სამყაროს ზედროულობა, პირველადობა თუ პირველქმნილობა. მაგრამ, როგორც თომას მანი შენიშნავს, “ეს ყოვლისმომცველი მითოსური პირველადობა და არნახულობა, ამავე დროს, ნიმუშის განმეორებას, ასახვას, ხელახლაქმნას წარმოადგენს. იგი შედეგია სფეროთა წრებრუნვისა, რომელიც ვარსკვლავეთის სიმაღლეებს ქვევით, დედამიწაზე მოაქცევს, ყველაფერ მიწიერს კი ზევით, ღვთაებრივ საუფლოში აამაღლებს ისე, რომ ღმერთები ადამიანებად იქცევიან, ადამიანები კი ღმერთებად, მიწიერი თავის პირველსახეს ვარსკვლავთა სამყაროში პოულობს, ხოლო ადამიანი მისთვის განჩინებულ მაღალ ხვედრს ეძიებს, გამოჰყავს რა თავისი ინდივიდუალური ხასიათი პირველყოფილი, ზედროული სქემიდან, რომელსაც იგი ხილულსა და ხელშესახებს ხდის”18.
ვაჟას გმირების ენდოთიმური (შინაგან-გონითი) ბირთვი ამ მითოსური სქემების მიხედვით არის აგებული. ამიტომ არიან ეს გმირები “დავლათიანნი”, ე.ი. ღვთაებრივი ბედით ანუ ხვედრით მორჭმულნი. აქედანვე მოდის მათი უკვდავებასთან თანაზიარობა (ზვიადაური, ჯოყოლა, აღაზა, ლუხუმი) და ღმერთთან, სამყაროს უნივერსალურ პირველდასაბამთან წილნაყარობა (ალუდა, მინდია). ამ გმირების ადამიანური, ტრაგიკული ნიღბების წიაღ ძლიერი მეტამორფოზის უნარის მქონე, ზესკნელ-ქვესკნელში მოარული ფშავ-ხევსურეთის ღვთისშვილებისა და ღმერთკაცების მითოსური სახეები გამოჭვივის.
უძველესი საწესო ადათების, დიონისური ორგიაზმის არქეტიპებიდან (პირველსახეებიდან) იღებს სათავეს ვაჟას გმირთა გარდაქმნა-ფერისცვალების აღმნიშვნელი პასაჟების მითოსური პათოსი. დაბოლოს, მითოსური მსოფლშეგრძნების კვალად, სიზმრის შინაარსი აბსოლუტიზებულია ვაჟასთან. სიზმრები, ზმანებანი და ჩვენებები ვაჟა-ფშაველას პოემებში განიხილება, როგორც რეალობა, როგორც გმირთა შინაგანი კრიზისების, ფერისცვალებისა და წინათგრძნობის განსურათებული ორიენტირები.
ამრიგად, “სამყაროს მხატვრული მოდელი, რომელიც ვაჟა-ფშაველამ შექმნა, გამომდინარეობს ქართული მითოლოგიიდან და შინაგანად ჩაკეტილია (ხაზგასმა ავტორისაა, თ.ჩ.)... ფანტასტიკური და რეალური ისეა შერწყმული მასში, რომ ხშირად ძნელია თქმა — სად მთავრდება პირველი და სად იწყება მეორე. ყველაფერი ფშავლის უძველეს წარმოდგენათა პრიზმიდანაა დანახული. პერსონაჟთა ვნებანი ბოლოს ცხრებიან, კოლიზიები მთავრდება, შავეთის ხილვა წყდება და წერა-მწერელი ფარდას უშვებს. ამ ვეება და უჩვეულო სამყაროს მოდელი ავტორს არსად არა აქვს შეფასებული ემპირიული სინამდვილის თვალსაზრისით”19.
წინამდებარე გამოკვლევაში (არსებითად, ეს არის ცდა გამოკვლევისა) ჩვენ ვეცადეთ, შეძლებისდაგვარად, მოგვეხაზა ის მითოსური სამყარო, რომელსაც რამენაირი, უშუალო თუ შუალობითი კავშირი აქვს ვაჟა-ფშაველას პოემებში გახსნილ პოეტურ სამყაროსთან, მისი გმირების ცნობიერებასთან და ქცევასთან. ჩვენ ვეცადეთ, ნათელგვეყო ამ ტრაგიკული გმირების ფერისცვალებისა და ამაღლების (ზოგჯერ დაცემის) გარეგანი თუ შინაგანი მიზეზები. დაბოლოს, გაგვერკვია იმ ეთნიურ-მითოსური მასალის რაობა, რომლის გათვალისწინების, გაღრმავებისა და პოეტური ტრანსფორმაციის მეშვეობითაც დაგვიხატა ვაჟამ თავის გმირთა კათართიკული ხასიათის სწრაფვანი20.

-------------
კომენტარები:

1. ილიას ფაქსიმილე. სოლ. ყუბანეიშვილი, ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი, 1961, გვ. 6.
2. Гр. Кавкасиели. Поэт Важа-Пшавела, журн. Русская мысль, Август, 1911, გვ. 25.
3. აკ. გაწერელია. ვაჟა-ფშაველა და ქართული მითოსი, კრებ. ვაჟა-ფშაველას, 1966, გვ. 151.
4. იქვე. გვ. 143; შეადარე: “ვაჟამ გაგვიხსნა ახალი და ახალი საუნჯენი ხალხის ხსოვნაში დაგროვილი მითოსისა”, კ. გამსახურდია, ტ. VI, 1963, გვ. 319.
5. მ. კვესელავა. ფაუსტური პარადიგმები, II, 1961, გვ. 112.
6. თ. ჩხენკელი. ვაჟა-ფშაველას პოემების ზაბოლოცკისეული თარგმანი, საიუბილეო კრებ. ვაჟა-ფშაველას, 1961, გვ. 224.
7. მ. კვესელავა. დასახ. წიგნი. გვ. 112-113.
8. Т. Манн. Собрание сочинении, IX, М., 1960, გვ. 551-552.
9. იხ. იქვე. IX. გვ. 178.
10. აკ. გაწერელია. დასახ. ნაშრომი, გვ. 143.
11. Ф.Ницше. Происхождение трагедии, М., 1900, გვ. 123 (პლუტარქეს ცნობაა)
12. კ. გამსახურდია. ახალი ევროპა, 1928, გვ. 7.
13. დ. ზატონსკის წერილიდან “ხელოვნება და მითი”, Иностр. лит. № 6, 1965.
14. კლოდ ლევი-სტროსი. მითების სტრუქტურა. ჟურნ. Вопросы философии, 7, 1970, გვ. 153.
15. სტანისლავ ლემი. თომას მანის მითისქმნადობა. ჟურნ. Новый мир, 6, 1970, გვ. 240.
16. თომას მანი აღნიშნავს: “თუ კაცობრიობის ცხოვრებაში მითოსური ადრეული და პრიმიტიული საფეხურია, ცალკეული პიროვნების ცხოვრებაში ეს საფეხური გვიანდელი და მოწიფულობისმიერია” (თომას მანი, IX, გვ. 175-176).
17. სპირალს ვამბობ, რადგან ის, რაც მეორდება, გარდაქმნის მეშვეობით ვითარდება კიდეც. აი, ეს ნაწყვეტიც:
თუ წინათ ასე მომხდარა,
დღესაც ასევე იქნება:
განმეორება არ მოხდეს,
ისე ვერ გარდაიქმნება
ადამიანის სიცოცხლე
და მასთან მთელი ბუნება... (II, 280).
18. თომას მანი. IX, გვ. 186-187.
19. აკ. გაწერელია. დასახ. ნაშრომი. გვ. 151.
20. დამოწმების გასამარტივებლად ჩვენ არ აღვნიშნავთ წიგნების გამომცემლობის სახელს, აგრეთვე ქალაქს, თუ იგი თბილისშია გამოცემული. ავტორთა ხაზგასმა აღნიშნული გვაქვს ყველგან, დანარჩენ შემთხვევაში ხაზგასმა ჩვენია. ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული ათტომეული კრებულის მიხედვით ვიმოწმებთ (1964). პირველ თავში (მშვენიერი მძლევარი), სქოლიოების განსატვირთავად, ავტორისეული ინიციალებითა და გვერდის აღნიშვნით ტექსტშივე მივუთითებთ რამდენსამე წიგნს, რომელთა დამოწმება ხშირად გვიხდება.


ტრაგიკული ნიღბები
პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველას პოემებში
© თამაზ ჩხენკელი, 1970
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თამაზ ჩხენკელი   

Back to top Go down
 
თამაზ ჩხენკელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: