არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტრისტან მახაური – Tristan Makhauri

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Mon Oct 25, 2010 7:26 pm


Tristan Makhauri with my linden-tree ©️ Photo by Mikho Mosulishvili, 6 February, 2011

ტრისტან მახაური - მწერალი, მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ავტორი წიგნებისა:
* "ქართული ხალხური საგმირო ბალადა (სინამდვილე და პოეზია)", 2003 წელი.
* "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები", წიგნი პირველი, 2005 წ.; წიგნი მეორე, 2008 წ.
* "ლიტერატურული ნარკვევები", 2008



ბმულები

* http://tmakhauriessays.blogspot.com/ - ტრისტან მახაურის წიგნი

study


პასუხისმგებლობა წარსულისა და მომავლის წინაშე
(წერილი)

უილიამ ფოლკნერი ლიტერატურის დარგში ეროვნული პრემიის მიღებისას ამბობდა: "ხელოვნად მიმაჩნია ყველა, ვინც შეეცადა, შეექმნა ის, რაც მანამდე არ არსებობდა, მხოლოდ იმ იარაღებითა და მასალით, რაც ადამიანური სულის მოუსყიდველი თვისებებია".

შინაგანი კეთილშობილების გარეშე მწერალი ღირებულ ნაწარმოებს ვერ შექმნის.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორია გვასწავლის, რომ მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანებები საერთო იდეურ-ესთეტიკური პრინციპების საფუძველზე იქმნებოდა.

დღესაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს ყველა შემოქმედებითი გაერთიანება.

"საქართველოს მწერალთა დარბაზის" სიაში ჩემი ძალდატანებით გაწევრიანების შესახებ უკვე ვიტყობინებოდი ჩემს საპროტესტო განცხადებაში.

"მწერალთა დარბაზში" ვინც საკუთარი ნება-სურვილით გაერთიანდა, არაფერს ვედავები, ეს მათი პირადი საქმეა. მე კი ჩემი აზრი და საკუთარი პოზიცია გამაჩნია.

იმასაც გულწრფელად ვიტყვი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანება (ყოფილი მწერალთა წრე), რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, არ იზიარებს მწერალთა დარბაზის მსოფლმხედველობას და სულდგმულობს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ლიტერატურული ინტერესებით.

ახლა, ორიოდე სიტყვა ჩვენი ლიტერატურული გაერთიანების მუშაობის შესახებ: მის ხელმძღვანელობაში ვარ 1989 წლიდან. ჯერ ვიყავი ხელმძღვანელის (რევაზ მიშველაძის) მოადგილე, ხოლო 2000 წლის 15 ნოემბრიდან ხელმძღვანელი. თორმეტი წლის განმავლობაში, ფაქტიურად მე ვამზადებდი და ვუძღვებოდი ლიტერატურულ ღონისძიებებს, რომლებსაც ეს გაერთიანება მართავდა.

განსაკუთრებით მძიმე წლებშიც კი (1991-92, 1993, 1994), როცა ქვეყანაში დიდი არეულობა, ტერორი და ანარქია მძვინვარებდა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია შემოქმედებითი მუშაობა. ბევრჯერ, უტრანსპორტობისა და უფულობის გამო, ფეხით წამოვსულვარ ვარკეთილიდან, რომ უნივერსიტეტში ლიტერატურული საღამო არ ჩაშლილიყო. იმ დროს, როცა მავანნი და მავანნი თანამდებობებისა და საპარლამენტო ადგილებისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს, გაყინულ დარბაზში ისხდნენ ლიტერატურისთვის თავგადადებული ახალგაზრდები და ახალი მხატვრული ნაწარმოების ავ-კარგზე მსჯელობდნენ.

ჩავატარეთ მრავალი ღონისძიება. გამოსვლისთანავე ვიხილავდით "პირველი სხივის" ყოველ ახალ ნომერს, განვიხილეთ როსტომ ჩხეიძის "დაწყევლილი თაობა", საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული საღვთისმეტყველო კრებული, რომელიც ანტონ კათალიკოსის დაბადების 280 წლისთავს მიეძღვნა, "ბიბლიის ენციკლოპედია", მარიამ წიკლაურის "შემომძახიან ლექსები", პაატა შამუგიას "გზა უსამანო", იზა ჯაჭვაძის "მთაში დაისის შემოდის ფერი", ნოდარ არდოტელის "სილაჟვარდე და სიყვარული", ირმა მუბურიშვილის ლექსების კრებული, ბესიკ კეკელიძის მოთხრობები, მიხეილ ღანიშაშვილის "იჩქერია", კიდევ მრავალი საინტერესო წიგნი და ახალგაზრდა შემოქმედთა ჯერ კიდევ დაუსტამბავი ნაწარმოებები, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

ცალკე საღამოების გამართვით პატივი მივაგეთ გამოჩენილი ქართველი მწერლების - ლევან გოთუას, გაბრიელ ჯაბუშანურის, ნიკო სამადაშვილის ხსოვნას. გავიხსენეთ აგრეთვე უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენგან წასული მწერლები და ლიტერატორები: მერაბ აბაშიძე, ალაზა ხაიაური, გიორგი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, თამაზ ბაძაღუა, უშანგი გაბიტაშვილი, ფირუზ მაჩურიშვილი, იზა ჯოლბორდი, რატი ნინუა, გოგიტა არაბული, მალხაზ ბეზარაშვილი.

უდავო ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, მრავალი ლიტერატურული გაერთიანება და სალონი არსებობს. გამოდის ახალ-ახალი ჟურნალ-გაზეთები. მათი ლიტერატურული საქმიანობის უკეთ გაცნობისა და ნიჭიერ ახალგაზრდა მწერალთა გამოვლენის მიზნით შეხვედრა მოვაწყვეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანების წევრებთან, სალონ "დიაოხის" წარმომადგენლებთან, შევხვდით აგრეთვე ჟურნალების "ხატაურის" და "ექო სახიერის" შემოქმედებით ჯგუფებს. გასვლითი საღამოები გვქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და თბილისის სკოლებში. 51-ე საშუალო სკოლისა და "სკოლა-სარკმელის" მოსწავლეებს ცნობილ მწერალთან - გურამ დოჩანაშვილთან ერთად შევხვდით.

ჩვენს საღამოებს აშუქებდა გაზეთები: "ლიტერატურული საქართველო", "თბილისი", "თბილისის უნივერსიტეტი", "ქართული უნივერსიტეტი".

ჩვენი მხრიდან უმადურობა იქნება, რომ არ მოვიხსენიოთ უნივერსიტეტის რექტორატის აქტიური მხარდაჭერა და მზრუნველობა. რექტორი როინ მეტრეველი პირადად ესწრება ჩვენს საღამოებს, მონაწილეობს განხილვებში და გვეხმარება ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში.

გალაკტიონი ბრძანებს: "კავშირი გულთა შორის, როცა გულს იცნობს გული!" გულთა კავშირი თავისთავად თაობათა კავშირსაც გულისხმობს. ქართველ მწერალთა ძველსა და ახალ თაობას შორის კავშირი რომ არ გაწყდეს, ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანებაში სტუმრად ვიწვევთ ცნობილ მწერლებს, ვუმართავთ მათ შემოქმედებით საღამოებს. ჩვენს სხდომებს დღესაც რეგულარულად ესწრებიან და მასში მონაწილეობენ საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის წევრები, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ბევრი მწერალი ვერ მოდის, გარკვეული მიზეზების გამო. არადა, ახალგაზრდობა მათ ავტორიტეტულ სიტყვას ელოდება. მოხარულნი ვიქნებით, თუ 1992 წელს მწერალთა კავშირიდან გასული მწერლები ისევ დაბრუნდებიან და ეროვნული ერთიანობა კვლავ აღსდგება. ლიტერატურული ფასეულობანი პირადულზე და პოლიტიკურზე მაღლა უნდა დადგეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მწერალთა კავშირი არის ეროვნული კულტურის ორი კერა, რომელთა დაარსებაც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას (როგორც ცნობილია, 1917 წელს დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი, 1918 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

მწერალთა კავშირი ისევე საჭიროა საქართველოსთვის, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მომავალში რა სახით იარსებებს მწერალთა კავშირი და როგორი რეფორმები გატარდება, ეს ცალკე საუბრის თემაა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე იყო დამწყებ ლიტერატორთა ყველაზე ძლიერი გაერთიანება მთელ საქართველოში. XX საუკუნის II ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობის ძირითად ბირთვს სწორედ ამ წრიდან გამოსული მწერლები შეადგენენ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რათა დავეწიოთ 70-80-იანი წლების დონეს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით და ვცდილობთ, რომ ახალგაზრდობა პროფესიონალ ლიტერატორებად აღვზარდოთ.

ამიტომ გვინდა, შევუნარჩუნოთ რეპუტაცია ახალგაზრდა მწერალთა წრეს და არავის მივცეთ ნება, რომ იგი პოლიტიკური ინტრიგებისა და ნამდვილ მწერლებთან ანგარიშსწორების არენად გადააქციოს.



P.S. ჩემი საპროტესტო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, რევაზ მიშველაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა პარალელური ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანება, რომელსაც, ალბათ, სულ მალე სრული შემადგენლობით გააწევრიანებს "მწერალთა დარბაზში".

უნივერსიტეტში ორი მწერალთა გაერთიანების არსებობა, თანაც ერთი და იგივე სახელწოდებით, ახალგაზრდა მწერალთა და სტუდენტთა დეზორიენტაციას მოახდენს და, შესაძლოა, მათი დაპირისპირებაც გამოიწვიოს.


"ლიტერატურული საქართველო", 15. X. 2002 წ.



Last edited by Admin on Sun Oct 25, 2015 7:20 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Mon Oct 25, 2010 7:53 pm




ტრისტან მახაურის წიგნები:



* ქართული ხალხური პოეზია : [კრებული / შეადგინეს ზურაბ კიკნაძემ და ტრისტან მახაურმა]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992 (თბილ. უნ-ტის სტ.). - 273გვ. ; 20სმ.. - ISBN: 5-511-0047-6 : 15მ., 2000ც.[MFN: 9829]

UDC: 821.353.1-91-1

• კიკნაძე, ზ. (შემდგ.); მახაური, ტ. (შემდგ.);



Tristan Makhauri ©️ by Mikho Mosulishvili, 2011

Arrow


* დარდისას გეტყვი... : (გიორგი ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული) / [შემდგ.: ტრისტან მახაური ; რედ.: ამირან არაბული]. - თბ. : საარი, 2001. - 224გვ. ; 20სმ.. - ISBN: 99928-39-22-8 : [5ლ.80თ.][MFN: 14401]

UDC: 821.353.1-91 + 392(=353.1)

• მახაური, ტრისტან (შემდგ.); არაბული, ამირან (რედ.);

Person Name:
- ჯაფარიძე გიორგი;

Subjects:
- ქართველების ეთნოგრაფია;

K 233.789/3 - General Stock
K 233.790/3 - General Stock
(22)8Ф/დ-22 - Kartvelology Division
F 77.328/3 - Depositary Georgian Publications

Arrow


* მახაური, ტრისტან

ქართული ხალხური საგმირო ბალადა : (სინამდვილე და პოეზია) / [რედ.: ზურაბ კიკნაძე ; მხატვ.: კარლო ფაჩულია]. - თბ. : ლომისი, 2003. - 250გვ. ; 16სმ.. - ბიბლიოგრ. ტექსტის შენიშვნ.. - [ფ.ა.][MFN: 21336]

UDC: 821.353.1-91.09-144

Subjects:
- ქართული ფოლკლორი; ქართული ხალხური ბალადა;

(22)8ф/მ-44 - Kartvelology Division
F 18.185/2 - Depositary Georgian Publications

Arrow



* მახაური, ტრისტან

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები / [რედ.: ხვთისო მამისიმედიშვილი]. - თბ. : ამარანტები, 2005. - 169გვ. : ფოტ. ; 20სმ.. - ISBN: 99940-0-760-2 : [ფ.ა.][MFN: 26359]

Content: მესტვირეობის ტრადიცია ფშავში; ბერიკაობა და მასთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერება; სოფელ გომეწრის ისტორიული ძეგლები; მაგიური პოეზია და რეალობა; ფშაური კაფია; გომეწრელი მოლექსენი; მოლექსე ბეწინტური; "ტოლხამ თქვა, შეთეკაურმა"; ყანის მკა და სამკალი ლექს-სიმღერები; ფარითა და მათრახით; ხალხური მარგალიტის მაძიებელი; "წმინდა გორს დგახარ"; "იარებოდა დედაი" ანუ ვინ არის "ვეფხვისა და მოყმის" მეორე ნაწილის ავტორი?"; მნიშვნელოვანი შენაძენი; "ქოროღლის ეპოსი" ქართულად; ყინულის ქალი და სიყვარულის უკვდავება; "ხალხური სიტყვიერება" "აკაკის კრებულში"; წერაქვეთას მითი და უკვდავების მაძიებელი ლუყმანი; მონოგრაფია ფშავზე; ფოლკლორული ექსპედიციების ექო; სამოცი კოშკის მხარეში; ფშავი, ზაფხული და ფოლკლორისტები; ერთი კვირა "იმერეთის ხევსურეთში"; ციხეგორიდან ირემთკალომდე

UDC: 821.353.1-91.09 + 39(=353.1)

Subjects:
- ქართული ფოლკლორის ისტორია, თეორია და კრიტიკა; ქართველების ეთნოგრაფია;

K 247.851/3 - General Stock
K 247.852/3 - General Stock
(..22)8ф/მ-44 - Kartvelology Division
F 87.208/3 - Depositary Georgian Publications

Arrow



* მახაური, ტრისტან.

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები / ტრისტან მახაური. - თბ. : უნივერსალი, 2008. - 20სმ.[MFN: 131409]

Subjects:
- ქართული ფოლკლორის ისტორია და კრიტიკა; ქართველების ეთნოგრაფია;

წ. 2 [რედ. როლანდ თოფჩიშვილი]. - 2008. - 172გვ.. - გარეკანის პირვ. გვ.-ანანური, მეოთხე გვ.-გიორგი ჯაფარიძე ხევსურებთან. - ISBN: 978-9941-12-397-9[MFN: 131410]

Content: ღმერთთან მებრძოლი გმირები კავკასიის ხალხთა მითოსში; ნადირთპატრონის სახე კავკასიის ხალხთა მითოსში; ნადირთპატრონის სახე ინგილოურ ზეპირსიტყვიერებაში; "თავაღებული აზნაური" მთის ხალხურ პოეზიაში; ილია ჭავჭავაძე და საკულტო პოეზია; ვაჟა-ფშაველას პოემა "დაჭრილი ვეფხვი" და სამონადირეო მითოსი; შხარას სამყაროს ნაწილი; საკულტო ტექსტები და მათი შესრულების ტრადიცია და სხვ.

UDC: 821.353.1-91.09 + 39(=353.1)

Subjects:
- ქართული ფოლკლორის ისტორია და კრიტიკა; ქართველების ეთნოგრაფია;

K 265.764/3 - General Stock
K 266.572/3 - General Stock
K 267.229/3 - General Stock
(22)8ф/მ-44 - Kartvelology Division
F 91.558/3 - Depositary Georgian Publications
P 592/3 - Depositary Georgian Publications


Tristan Makhauri ©️ by Mikho Mosulishvili, 2011

Arrow



* მახაური, ტრისტან

ლიტერატურული ნარკვევები / ტრისტან მახაური ; [რედ. მიხეილ ღანიშაშვილი]. - თბ. : უნივერსალი, 2008. - 142გვ. ; 20სმ.. - რეზ. ინგლ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 137-139. - ISBN: 978-9941-12-624-6[MFN: 137039]

UDC: 821.353.1-4 + 821.353.1-92 + 821.353.1-83

K 267.133/3 - General Stock
K 271.312/3 - General Stock
(22)8(09)/მ-44 - Kartvelology Division
F 92.654/3 - Depositary Georgian Publications
P 821/3 - Depositary Georgian Publications

Arrow

კატალოგიდან



ტრისტან მახაური - ფშავის ვებ-გვერდის რედაქციის წევრი ელიზბარ ელიზბარაშვილთან ერთად - http://pshavi.ge/contact.html

study


Last edited by Admin on Thu Feb 10, 2011 7:12 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Mon Oct 25, 2010 8:03 pm


Tristan Makhauri at the national parliamentary library of georgia ©️ Photo by Mikho Mosulishvili, 6 February, 2011

ტრისტან მახაური

ექსპრომტად მეგობარ ხევსურებს

თქვენ საქმე მიკვირს, ხევსურნო,
ლექსებით კვეხნა, ქადილი,
სუყველა აქ ჩამოსულხართ,
ვის დაუტოვეთ შატილი?
"მზიურ" ქალაქში დაჰქუჩდით,
მთას აღარ შარჩა ნადირი!

26.06.2007 წელი,
"მზიური" პირველი ხევსურული საღამო.


Idea


Last edited by Admin on Sun Feb 06, 2011 9:45 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Fri Feb 04, 2011 9:53 am


Tristan Makhauri

ტრისტან მახაური

"რამ შემქმნა ადამიანად"
ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის შემოქმედებითი ისტორიისათვის



საქმე ეხება ვაჟა-ფშაველას ერთერთ ლირიკულ შედევრს “რამ შემქმნა ადამიანად”. აღნიშნული ლექსი შემოქმედებითი ისტორიის თვალსაზრისით ჯერ არავის უკვლევია, თუმცა იყო მისი ლიტერატურულ-კრიტიკული ანალიზის საკმაოდ წარმატებული ცდები (ვახტანგ კოტეტიშვილი, ალექსანდრე ქუთელია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე). ხსენებული ლექსის ერთადერთი ხელნაწერია შემორჩენილი და ისიც არ ამჟღავნებს სხვაობას ნაბეჭდ ტექსტთან.
ბოლოდროინდელ მემუარულ ლიტერატურაში ზემოაღნიშნულ ლექსთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ფეხი მოიკიდა ერთმა საკმაოდ მცდარმა ინფორმაციამ და მისი შემოქმედებითი საწყისების ძიებაც უფრო აქტუალური გახადა: 1991 წელს ეთერ თათარაიძემ ცალკე წიგნად გამოსცა გულქან რაზიკაშვილის მოგონებანი “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”. წიგნს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და, როგორც მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა,
პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ დაწესებული პრემიითაც დაჯილდოვდა.
ვაჟას შვილის ნაამბობმა თვალწინ გადაგვიშალა პოეტის ცხოვრების უცნობი ფურცლები, შეგვახედა მის ოჯახურ გარემოში, თუმცა ამ ნაუბარში ბევრი რამ საკამათო და დაუჯერებელიც აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, აღნიშნული წიგნის შესახებ კრიტიკული შენიშვნები საჯაროდ არავის გამოუთქვამს და სწორედ ამან აუბნია თავგზა გულუბრყვილო მკითხველს, მათ შორის ზოგიერთ ლიტერატორსაც.
ეთერ თათარაიძესთან საუბრის დროს გულქანმა ბავშვობაში მწყემსად ყოფნის ერთი დღე ამგვარად გაიხსენა:
_ ”წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი იქა... გამყინა. მოვიდა უცება ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი
არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

რად გამაჩინე, უფალო,
რატომ არ მოედ წვიმადა
ამითვისებდენ ღრუბელნი,
თან მატარებდენ შვილადა...


ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო,-მითხრა, _ შენაო, პირველად მაშინ მაკოცა. შევნანდი მამასა და იმითა. მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო.
დაბეჭდილი ყოფილა ეგა...”
გულისამაჩუყებელი სურათია. წაიკითხავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ბოლოს კი მის ნამდვილობაზე დაფიქრდები...
ბუნებრივად ამოტივტივდება კითხვა: საერთოდ ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული გულქანს ვაჟას ლექსის მნიშვნელობა?
ბავშვობაში, ალბათ, არა, მაგრამ მას შემდეგ ხომ დიდი დრო გასულიყო.
მოგონების თხრობისას კი გულქანი უკვე ღრმად მოხუცი იყო. გასაგები მიზეზის
გამო მის ნათქვამს კრიტიკული გადასინჯვა ჭირდებოდა. ლიტერატორებმა
კი არც აციეს, არც აცხელეს და ვაჟას ლექსთან ერთად მონათხრობი ეპიზოდი უცვლელად შეიტანეს “მშობლიური ლიტერატურის” მე-8 კლასის სახელმძღვანელოში (შემდგენლები: ვახტანგ როდონაია, ლალი ვაშაკიძე), თანაც
“კითხვები და დავალებები” დაურთეს, საიდანაც ვიგებთ, რომ “ვაჟა-ფშაველას ამ ლექსის დაწერა მისი პატარა ქალიშვილის სიტყვებმა შთააგონა” (2004, გვ. 185).
“კითხვებისა და დავალებების” “სისწორესა და გონივრულობას” ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. მანამდე კი ვცადოთ გავერკვეთ, რამდენად მართალია გულქანი საკუთარ მონათხრობში.
აღსანიშნავია, რომ ეთერ თათარაიძე გულქანის მოგონებებს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იწერდა. იმ ხანებში იგი ხშირად სტუმრობდა ვაჟას ქალიშვილს ჩარგალში. როგორც ითქვა, გულქანი ღრმად მოხუცებული იყო და მახსოვრობა ღალატობდა. ამის გამო მის მოგონებებში უამრავი უზუსტობაა გაპარული. მოვიყვანოთ უფრო თვალშისაცემი ლაფსუსები:
1. ლექსის “რამ შემქმნა ადამიანად” შექმნის თაობაზე გულქანი ამბობს: “ მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდიო”.
შევამოწმოთ მისი ნათქვამი. ვაჟა-ფშაველას ხსენებული ლექსი 1913 წლის 2 თებერვალს დაიბეჭდა ჟურნალ “კლდეში” (6). გულქანი ამ დროს “ცხრა-ათის წლისა” კი არა, თხუთმეტი წლის გასათხოვარი გოგოა. მაშასადამე, სხვაობა ხუთ წელშია და ეს კარგად აღარ ახსოვს ვაჟას
ქალიშვილს.
2. მოგონებებში გულქანი პოემა “ეთერსაც” ეხება და ამბობს: ჯერ “ეთერიანი” რო დაუწერავ, ის არ გააქვეყნა, რო ჩემზე ჰქონდა” (გვ. 58).
ამ წინადადებაში ორი შეცდომაა: ა) ვაჟას პოემის სათაურია “ეთერი” და არა “ეთერიანი”. ეთერიანი ქართული ხალხური სამიჯნურო ეპოსია. ბ) ვაჟამ “ეთერი” გამოაქვეყნა 1890 წელს, როცა გულქანი ჯერაც არ იყო დაბადებული და როგორ მიუძღვნიდა მას.
3. ღრმად მოხუცებულ გულქანს კარგად აღარ ახსოვს ვაჟასა და ბაჩანას ლექსები და თავისებური რედაქციით იხსენებს მათ. ზოგჯერ არც კი ასახელებს, ვის ლექსს ამბობს. ძმები რაზიკაშვილების პოეზიაში გაუცნობიერებელ მკითხველს შეიძლება ეს ლექსებიც გულქანისა ეგონოს.
სანიმუშოდ მოვიყვანოთ ბაჩანას ლექსის “მერცხალს” ორიგინალი და გულქანისეული ვარიანტი.

ბაჩანა:

არ გეტყვი, "მიძლევიხარო",
მერცხალო, ჭიკჭიკ-ენაო!
გამარჯვებისამც იქნება
შენი აქ გადმოფრენაო.


გულქანის მონათხრობიდან:

მამალი შამომყიოდა და
ვამბობდი, ვინ მომივაო...
ვიძლევიმცა ხარ, მერცხალო,
მოხვედა ჭიკჭიკელაო,
გამარჯვებისამც იქნება
შენი აქ გადმოფრენაო...


გულქანი თავისებური რედაქციით ამბობს აგრეთვე ვაჟას ლექსს `კლდე და მდინარე” (გვ. 83-84). ამ და სხვა ლაფსუსებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. გულქანის მოგონებათა წიგნის გულდასმით წამკითხველი დარწმუნდება,
რომ ვაჟას ქალიშვილს ასეთი ხასიათის შეცდომები სიბერისა და გულმავიწყობის, “გადაჟამყრუებულობის” გამო ემართება. მაგრამ მეტი სიფხიზლე და ობიექტურობა, ქართული მწერლობის ღრმა ცოდნა მოეთხოვება ლიტერატორს, რომელიც ამ მოგონებებს იწერს; მან უნდა გასწიოს შუამავლობა ღრმა სიბერეში შესულ მემუარისტსა და გაუცნობიერებელ მკითხველს შორის, კეთილსინდისიერად უნდა მოიხადოს ლიტერატურათმცოდნის საპატიო ვალი.
მოსალოდნელი და აუცილებელიც იყო, რომ გულქანის მოგონებებს შესაბამის კომენტარებს დაურთავდნენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, მაგრამ კომენტარების ნაცვლად წიგნის ბოლოს დაბეჭდილა ამირან არაბულის
ჩანახატი “გულქანი”, სადაც კატეგორიული ტონით არის ნათქვამი: “გულქანის ნაამბობში სიყალბის ფიორიც არ ერია... ის, რაშიც არაიშვიათად სცოდავენ მსგავს
მოგონებათა ავტორები, ანდა ამ მოგონებათა გზის გამკვლევები და გამომცემლები, მისთვის სავსებით უცხო გახლდათ” (გვ. 99).
ძნელია დაეთანხმო ამ სიტყვებს, რადგან წინამდებარე წიგნში გამოვლენილი ფაქტები საწინააღმდეგოს ღაღადებენ.
ისიც აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე გულქანისაგან მოგონებებს იწერდნენ ვახტანგ რაზიკაშვილი, შალვა მარკოზაშვილი, იოსებ ლონგიშვილი, ეთერ თარიმანი და აბიბო თომაძე, ლამარა კიკილაშვილი, ბორენა ჯაჭვლიანი,
დიანა ტყებუჩავა, ალექსი ხუცურაული. მათ ჩანაწერებში ვაჟას ქალიშვილის მიერ მონათხრობი ზოგიერთი ეპიზოდი კიდეც მეორდება, მაგრამ ერთი სიტყვაც არ
არის დაძრული ზემოხსენებული ლექსის თაობაზე. მაგალითად, შალვა მარკოზაშვილთან საუბარში 1961 წელს გულქანი იხსენებს, თუ როგორ დაწერა ვაჟამ ლექსი მისი თანდასწრებით (ლექსის სათაური არაა დაკონკრეტებული).
მამა-შვილი სათიბში ყოფილან. ვაჟა თიბავდა.
“მეც ვეხმარებოდი, _ ამბობს გულქანი, _ უეცრად მუშაობა შეწყვიტა, დაჯდა იქვე ახლოს, ხის ჩრდილში, მოიმარჯვა ქაღალდი და ფანქარი და წერას შეუდგა. მერე მოვიდა ქაღალდით ხელში და ახლად დაწერილი ლექსი წამიკითხა. ლექსი ძალიან მომეწონა, ტაშიც კი შემოვკარი სიხარულით. შემდეგ მამამ ერთ საათს დაისვენა_დაიძინა.” (`მნათობი”, 7, 1961, გვ. 131).
შალვა მარკოზაშვილმა მოგონება ჩაიწერა და გამოაქვეყნა მაშინ, როცა გულქანი არ იყო ჯერ კიდევ ღრმა სიბერეში შესული და მახსოვრობაც არ ღალატობდა. მამასთან ახლომყოფმა გულქანმა გაიხსენა ვაჟას შემოქმედებითი აღმაფრენის ერთი წუთი და როგორ დაავიწყდებოდა საკუთარი სტროფი, თუკი მის შესახებ მამამ უთხრა: “ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა” (გვ. 46). მარკოზაშვილს რატომ
დაუმალავდა გულქანი ვაჟასგან “გენიოსურად” მონათლულ სტროფს, თუკი მართლა მისი ნათქვამი იყო და არა ვაჟას ლექსის მოგვიანებით შეთხზული ვარიანტი?!
ეთერ თათარაიძის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთ პუბლიცისტს იმდენად სარწმუნოდ მოეჩვენა გულქანის ნაამბობი, რომ ცთუნებას ვერ გაუძლო და თავისი ჩანაწერიც გამოამზეურა.
გიგი ხორნაულის წიგნში ჩვენთვის უკვე ნაცნობ ეპიზოდს გულქანი შემდეგი ვარიანტული სახესხვაობით ყვება:
“ერთხელ მწყემსობად ნამყოფი ძალიან დამასველა წვიმამ, გამყინა; მაშინა ვთქვი:

”რამ შემქმნა ადამიანად,
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავ მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადაო”.


შინ რომ მოვედი, მამას ვუთხარ, აი, ესა ვთქვიო. მამას გაუკვირდა, გაუხარდა,
ჩემი ნათქვამი მაშინვე ჩაიწერა და სხვაც კიდევ მიუმატა. მამა სიკვდილის წინაც იმას დარდობდა, გულქანი დამრჩა უსწავლელიო. ძალიან უნდოდა, რომ მე მესწავლა...” (ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი, 2003, გვ. 306).
გულქანის მიერ ეთერ თათარაიძესთან და გიგი ხორნაულთან ნათქვამი სტროფები ერთმანეთს რომ შევადაროთ, დიდ განსხვავებას დავინახავთ მათ შორის. გიგი ხორნაულთან ნათქვამი ვაჟას ლექსის ორიგინალია პირდაპირ.
არცერთი სიტყვა არაა შეცვლილი, ეთერთან ნათქვამი კი ნამდვილად გულქანისეული ვარიანტია. ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთერის ჩანაწერების პუბლიკაციის შემდეგ შეთხზა გიგიმ “გულქანთან
საუბრის” ტექსტი, ვაჟას ლექსის გულქანისებურ ვარიანტად გადასხვაფერება კი დაავიწყდა.
ვაჟას ლექსის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გააზრება ვერ შეინიშნება გიგი ხორნაულის ჩანაწერში: “მამას გაუკვირდა, გაუხარდა, ჩემი ნათქვამი მაშინვე ჩაიწერა და სხვაც კიდევ მიუმატა” (გვ. 306). ეს არის გლეხური გულუბრყვილობის გამოვლინება და არაფერი საერთო არ აქვს პოეზიის პროფესიულ გაგებასთან.
სავალალოა, რომ ამ აზრს ატარებს არა მხოლოდ გულქანი, არამედ გიგი
ხორნაულიც, რომელსაც მიამიტურად სჯერა, რომ ადრე ნათქვამს თუ “სხვაც კიდევ მიუმატე”, გენიალური ლექსი გამოვა.
საკუთარი ნაწარმოებების პირველწყაროებთან დამოკიდებულების საკითხი ვაჟამ საგანგებოდ გააშუქა წერილებში “ჩემი პოემების შესახებ” და “კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი”. ამ უკანასკნელ წერილში ვაჟამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება მწერლის შემოქმედებითი მუშაობის შესახებ:
”უნდა ყველამ კარგად იცოდეს, _ ხალხის თქმულება, რაც უნდა იგი მდიდარი შინაარსისა იყოს, აზრიანი და ხელოვნური, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულიერ ქურაში არ გადაადნო, არ გადაადუღა, მასალიდან ახალი რამ არ შექმნა და დაწერა ისე, როგორც ხალხი ამბობს, არაფერი გამოვა, ერის გულში ამისთანა ნაწარმოები ბინას ვერ იპოვნის, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება.”
ვაჟას ზემოთქმული შეხედულება ვრცელდება როგორც ეპიკურ, ასევე ლირიკული ჟანრის ნაწარმოებებზე.
”კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი” 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “სახალხო ფურცელში” ( 21, 22, 23), ლექსის “რამ შემქმნა ადამიანად” გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ. ვაჟას, მართლაც რომ გულქანის ნათქვამი დაედო საფუძვლად თავისი შედევრისათვის, რატომ დამალავდა ამ ფაქტს?! პირიქით: იამაყებდა კიდეც, ლექსის დაწერა ჩემმა ქალიშვილმა შთამაგონაო.
გულქანი მართლაც გულწრფელია ეთერ თათარაიძესთან: ”ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატეო.” გულწრფელია, რადგან მან ეს გულისტკივილი მაშინ იგრძნო, როცა პირველად წაიკითხა ვაჟას ლექსი, მაგრამ ვერ ჩაწვდა ნაწარმოების მსოფლმხედველობრივ სიღრმეს და მასში მხოლოდ ყოფითი ტკივილი: თავისი ობლობა და სიდუხჭირე დაინახა (გულქანს ხომ
ადრე გარდაეცვალა დედა და პატარა დაობლდა). ვაჟამ კი არ “განაზოგადა პატარა გოგოს ნატვრა”, როგორც ამას სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორ-შემდგენლები წერენ (გვ. 185), არამედ გულქანმა ყოფითობამდე დაიყვანა
და საკუთარ მწარე ხვედრს დაუახლოვა გენიალური პოეტის ნათქვამი. ასე შეიქმნა ვაჟას ლექსის ვარიანტი, რომელიც ლიტერატორებს პირველწყარო ეგონათ.
გულქანის მონათხრობში გამოყენებულ სიტყვებს მცდარად განმარტავენ სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორ-შემდგენლები. მაგალითად:
1) ”სახვევები _ თბილები”.
გულქანი ამბობს: ”წვიმდა ჩქეფითა... ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს.” სახვევებში იგულისხმება წვიმაში მოსახვევი (მოსახური), წყალგაუმტარი საშუალებანი და არა მაინცდამაინც თბილი ტანსაცმელი.
2) ”ამითვისებდნენ_ამიტაცებდნენ”.
კონტექსტის გარეშე ამგვარი განმარტება აბსურდია. ახლა ვნახოთ კონტექსტის
მიხედვით. გულქანის ვარიანტში ნათქვამია: ”ამითვისებდენ ღრუბელნი, თან მატარებდენ შვილადა.” კრებულის ავტორ-შემდგენლებს განსამარტავი სიტყვა ვაჟას ლექსის დახმარებით აუხსნიათ. ვაჟა წერს: ”არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა, ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა.” კომენტატორებს ვაჟას ლექსსა და გულქანის ვარიანტს შორის იდეური კავშირი
შეუნიშნავთ, რასაც თვითონვე აბათილებს გულქანი. იგი, როგორც ვთქვით, ვერ აცნობიერებს ვაჟას ლექსის კოსმიურ მასშტაბებს და კვლავ თავის პირად გასაჭირზე ლაპარაკობს: ”ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში
ჩავხატე-”ო.
გულქანის მოგონების გამოქვეყნება ისე საჩოთირო არ ყოფილა, როგორც მისი სასკოლო პროგრამაში შეტანა და ამ გზით საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის შეცდომაში შეყვანა. გულქანს სწავლა-განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული (რის გამოც თურმე ძალიან წუხდა ვაჟა), ამიტომ რა გასაკვირია, რომ ღრმად მოხუცებულობისა და გულმავიწყობის ასაკში შესულს საკადრისად არ ცოდნოდა ვაჟას ლექსის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.
სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორ-შემდგენლებს კი დიდი პასუხისმგებლობა მართებდათ, როგორც ვაჟას სახელის, ისე საქართველოს მომავლის წინაშე.
ვაჟა-ფშაველას ზემოხსენებული ლექსის შესახებ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაა გამოთქმული.
ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, ვაჟა შეწუხებულია ამქვეყნიური უკეთურობით და “და ეს წუხილი იმდენად დიდია, რომ პოეტი ნანობს ადამიანად დაბადებას’’ (რჩეული ნაწერები, ტ. I, 1965, გვ. 602).
ვახტანგ კოტეტიშვილის მოსაზრებას უპირისპირდებოდა ალექსანდრე ქუთელია, რომლის სიტყვებით “დაუსრულებელი სიცოცხლის სურვილი ვაჟას აიძულებდა კეთილშობილი შური გამოეთქვა ბუნების მოვლენებისა და საგნების მიმართ, რომლებიც მარად განახლდებიან და არასოდეს არ კვდებიან... ვაჟას ურჩევნია წვიმად დაბადებულიყო და არა ადამიანად, და ეს იმიტომ კი არა, რომ ის
ადამიანის ცხოვრებას არ იღებს, არამედ იმიტომ, რომ მას სიკვდილი არ სურს, მას სურს, ბუნების მოვლენათა მსგავსად არ მოკვდეს, მარად იცოცხლოს” (ვაჟა-ფშაველა, 1947, გვ. 29).
მარადიული სიცოცხლის დაუოკებელი სურვილის დასტურად მკვლევარს მოჰყავს ნაწყვეტი ვაჟას ლექსიდან:

გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა,
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არემარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.


მკვლევარი განაგრძობს: ”როგორც ვხედავთ, პოეტი ადამიანის ცხოვრების წინააღმდეგ კი არ ილაშქრებს, არამედ სწუხს და უჩივის ბედს, რომ იგი ბუნების მოვლენებივით მარადი არ არის, რათა შეეძლოს დაუღალავად და მუდამ სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს. ეს პესიმიზმი კი არ არის, არამედ უდიდესი ოპტიმიზმია_ყველაზე კეთილშობილი ოპტიმიზმი” (გვ. 30)
ალექსანდრე ქუთელია მატერიალისტურ თვალსაზრისზე დგას. მისი ოპტიმიზმი არ შეიძლება ვაჟას ოპტიმიზმს შეესაბამებოდეს. ვაჟა მხოლოდ იმაზე არ წუხს, რომ `ადამიანი ბუნების მოვლენებივით მარადი არ არის.”
თითქოს ამ საკითხის კვლევის გაგრძელებაა აკაკი ბაქრაძის დაკვირვება: ”თუ ვაჟას არ სჯერა ადამიანის სიცოცხლის განახლებისა და მარტო ბუნების პროცესის გამეორების სწამს, მაშინ აღმოვჩნდებით თითქმის აუხსნელი საიდუმლოს წინაშე. ამგვარი ფიქრი კი შეიძლება გააჩინოს იმან, რომ წვიმად ქცევას განახლებისთვისაც ნატრობს (“რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა...”) მაგრამ თვითონვე ხომ ამბობს - სიკვდილი კვებავსო სიცოცხლეს.” (აკაკი ბაქრაძე _ სკოლას, 2004, გვ. 250).
ვაჟას ხსენებული ლექსი სხვა ლირიკულ შედევრებთან ერთად (“მთას ვიყავ”,
“კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”, “ნუგეში მგოსნისა”...) განიხილა ზურაბ კიკნაძემ. მან სიღრმისეულად გამოიკვლია ვაჟას პოეტური აზროვნებისა და მსოფლმხედველობის დაფარული ასპექტები.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება მითოსური ნაკადებით იკვებება. მითოსში კი, როგორც ცნობილია, იმთავითვე არსებობს განახლების დვრიტა. ვაჟას ლირიკული ლექსების მიხედვით ზურაბ კიკნაძემ გამოკვეთა მთისა და გაზაფხულის მითოლოგემები, ყურადღება გაამახვილა ცისა და მიწის კავშირზე და აღნიშნა: “ამ სიმღერაში (იგულისხმება ”რამ შემქმნა ადამიანად”-ტ. მ.) პოეტი ნატრობს წვიმად მოსვლას, რადგან წვიმის მოვლენაში სრულყოფილად არის გაცხადებული მონაცვლეობა ზენა და ქვენა სამყაროებს შორის” (ავთანდილის ანდერძი, 2001, გვ. 56) ვაჟას შემოქმედება დატვირთულია ბიბლიურ-ქრისტიანული სიმბოლიკით. მის ლექსებში ხშირია “მანანა”, “ცვარი”, “წვიმა”, როგორც სიცოცხლის წყარო. თუ ამ სახე-სიმბოლოებს არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, ვაჟას პოეზიის აღქმა ძალზე გაგვიჭირდება. ძველი აღთქმიდან უნდა გავიხსენოთ, რომ ეგვიპტიდან გამოსულ და დამშეულ ისრაელიანებს უფალი ციური მანანით კვებავდა: “ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ ვიდრე ქანაანის საზღვრამდე მივიდოდნენ.” (გამოსვლა, 16:35).
ეს იყო ღვთის რჩეული ხალხის სასწაულებრივი დაპურება: ”და გადმოაწვიმა მანანა მათზე საზრდოდ და ზეციური პური მისცა მათ” (ფსალმუნი, 77: 24). აღსანიშნავია, რომ უფალი მიწიერ საკვებთან ერთად სულიერი საზრდოთიც ამარაგებდა ხალხს. ბიბლიის მიხედვით მანანა (“ზეციური პური’’) გაიგივებულია ღვთის სიტყვასთან. ამიტომ უფლის რჩეული მოსე ამგვარი სიტყვებით მიმართავს ცასა და მიწას:
”გამიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი! წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე” (მეორე რჯული, 1-2).
ძველი აღთქმის პარადიგმები ახალი შინაარსით იტვირთება ახალ აღთქმაში. ბიბლიის მთარგმნელი და მკვლევარი ზურაბ კიკნაძე წერს: ”ქრისტე თავად არის ხე სიცოცხლისა, როგორც პური ზეციური, მანანას სახით წინასწარ მოვლენილი და წყარო ცხოველი წყლისა, რომელმაც მოსეს კვერთხის დარტყმით კლდიდან იჩქეფა. ქრისტეში, ახალ ადამში, კვდება ძველი ადამი, რათა მისი მოდგმა აზიაროს მარადიულ სიცოცხლეს, რისთვისაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამი, რათა მოხდეს ისე, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე [მოვიდეს] კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა.” (1 კორ., 15: 21) (ხუთწიგნეულის თარგმანება, 2004, გვ. 384).
აკაკი ბაქრაძე საჭირბოროტო კითხვას სვამს - სჯერა თუ არა ვაჟას ადამიანის
სიცოცხლის განახლებაო.
ქრისტიანულ სჯულზე აღზრდილი ვაჟა, ვითარცა შემოქმედი, მწვერვალზე მდგომი და ღმერთთან მოლაპარაკე, დარწმუნებულია, რომ მისმა ნათქვამმა, უფლის სიტყვის დარად, უნდა განაახლოს სამყარო, “სიცოცხლე აგრძნობინოს მომაკვდავ არემარეს.” ეს სიტყვა არის ეული, რომელმაც საბედნიეროდ, “იხარა, წვერს მარგალიტი მოისხა, ტანი ზურმუხტით იფარა, მთელ ქვეყანაზე სხივსა ჰფენს, როგორც ცამ, გამოიდარა".
წვიმა რელიგიურ-მისტიკური სიმბოლიკით ადრევე შემოდის და მკვიდრდება ვაჟას პოეზიაში, თითქმის ოცი წლით ადრე, ვიდრე “რამ შემქმნა ადამიანად’’ დაიწერებოდა. 1894 წელს დაწერილ ლექსში “ნუგეში მგოსნისა’’ ვაჟა ამბობს:

ნოყიერად ვქმენ ნაგვალი მიწა,
როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.


ეს ხდება ღვთის მადლით:

მადლი მფენია მარჯვენაზედა
იმ შემოქმედის მაღალი ღვთისა.


აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ვაჟას ლექსის “რამ შემქმნა ადამიანად’’ დაწერა განაპირობა იმ მსოფლმხედველობრივმა სისტემამ, რაც წლების მანძილზე, თანდათან ყალიბდებოდა მგოსნის არსებაში და არა
გულქანის მიერ გახალხურებულმა ვაჟას ლექსის ფრაგმენტულმა ვარიანტმა.


წიგნიდან: "ლიტერატურული ნარკვევები", 2008 წელი.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Fri Feb 04, 2011 11:13 am

მოსე მახაური

მოსე მახაურის კაფიები გამოირჩევა მოსწრებული თქმით, აზრის სისხარტით და იუმორის სიმახვილით. მისი მეტოქეები იყვნენ: ჭრელა უძილაური,ვახტანდ თვარელაშვილი,გიორგი ელიზბარაშვილი,დავით ბექაური,პავლე ლომნიაშვილი.იგი მოესწრო და კარგად იცნობდა შეთე ხახონიშვილს, დავით თურმანაულს(მბღავან დავითს), ხევსურა თათარაშვილს, ლექსო მუშტაშვილს".

***
მოსემ თქვა ძუგარათამა:
შამამეყარა გულია,
დავდივარ დაღონებული,
ბუნების დაჩაგრულია,.
გომეწრელთ საწყობ მარგუნეს:
"შენთვის კარგ სამსახურია;
უდანაკლისოდ მოგვეცი
ერბო,ყველი და პურია.
თავისა არა გეგონოს,
"კოლხოზის" ჭირნახულია!"
ბრძენკაცებს,ჭკუასაკითხთა,
კარგად დავუგდე ყურია,
მარჯვენაც საღად ვაშრომე,
არც გავიმრუდე სულია.
მე ოც წელიწადს ეს საქმე
პირნათლად შევასრულია.
ზოგჯერ ლექსშიაც კარგი ვარ,
სტვირივით დაქანჩულია!



* * *
ვახტანგი თვარელაშვილი:
დაგაბორძიკებ,მოსეო,
ეხლა აღარ გაქვ ფერია.

მოსე:
მოსეს ვერაფერს დააკლებ,
სოლომონივით ბრძენია.


მამა-შვილი
(მოსე და ტრისტან მახაურები)

მოსე:
ხევსურეთისკე წამუე,
სინათლე ჩადგა გულშია...

ტრისტანი:
მაშინ მიყვარხარ,მოხუცო,
როცა ხარ გადაკრულშია.


მოსე და შაქრო ქავთარაძე

შაქრო:
ცეტი ჰყოფილხარ,მოსიავ,
ენა რო მაიგრძელია.
ბაგაზე უნდა დაგაბა,
მაგარ გავგრიხო წნელია.

მოსე:
ნეტარ რა დედამ გაგზარდა
მწარე სიტყვების მთქმელია?
კაცო,ი ბაგაც სადა გაქვთ
უვარგის-გასათლელია,
დეკეულებიც გექნებათ
ჩემ გვერდით დასაბმელია.



სახლის მშენებლობა

დავით გოგოჭური:
რად აშენებ,ჩემო მოსე,
მაგ შენსავით დაბალასა?

მოსე მახაური:
იმითა,რომ,ძმაო დავით,
ვერ შავწვდები მაღალასა.


სიძე-სიმამრი

სიკო თადიაური:
მამაჩემისგან რა გინდა,
ორ-სამჯერ უთხარ შანდობა.

მოსე მახაური:
იმითა,მოსე გენაცვლოს,
წეღან არ მითხარ მადლობა.


მოსე და უცნობი მთიული

მთიული:
მოსევ,ლუდ დამალეინე,
თორო ეგ დამჟავდებაო.

მოსე:
ნუ გეშინია,მთიულო,
მე ლუდ არ წამიხდებაო;
სამახაუროდ გახდება,
მოსესად გამოდგებაო.


შვილს – ტრისტან მახაურს

რა მაგრა ულექსებიხარ
რჩეულიშვილსა გოგასა!..
შენთვია შაფერებული,
ვენაცვლე მაგის მოთქმასა.
კარგსა სიკეთით პატივს სცემს,
გაამათრახებს ოჩანსა.
რაც გინდა დიდ ჭიქა შაგხვდეს,
თან გადაჰყვები მოცლასა.
მაშინის ყველა შაგაქებს,
თუ დასჯერდები ცოტასა.


წყარო - http://www.pshavi.ge/greats/makhauri.html


Tristan Makhauri with my linden-tree, 2 © Photo by Mikho Mosulishvili, 6 February, 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Sun May 29, 2011 1:20 am

ტრისტან მახაური

“ჩვენა ვართ ძირნი და ეგენი – რტონი”,
ანუ ვაჟა და ქვეყნიერება


რედაქტორის ბოლოთქმა მიხო მოსულიშვილის წიგნისათვის “და უფსკრულს დასცქერს პირიმზე (ჩანაწერები ვაჟა-ფშაველაზე)”, გამომცემლობა “პეგასი”, 2011

თითოეული ქართველი მწერლის ბიოგრაფიას განსაკუთრებული სიფრთხილითა და საქმის ცოდნით უნდა ვიკვლევდეთ, მითუმეტეს, ისეთი რანგის მწერლისას, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა. ამ ბუმბერაზი შემოქმედის თანადროულ ყოფას საკმაო ხანი გვაშორებს – თითქმის ერთი საუკუნეა გასული, რაც ვაჟამ მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადისობაში გადასახლდა.
ჯერ კიდევ ვაჟას სიცოცხლეში შეიქმნა ლეგენდები მის შესახებ. დავიმოწმოთ სანდრო შანშიაშვილის მოგონება. სანდროს მამა მწიგნობარი კაცი ყოფილა. მის სახლში ვაჟას სურათი ილიასა და შოთას გვერდით ეკიდა, თურმე. ერთხელ ვაჟას სურათი ძირს ჩამოვარდნილა და შუშა დამტვრეულა. “მამაჩემს ძალიან ეწყინა, - იგონებს სანდრო, - შუშა სხვა მწერლის ჩარჩოს მოხსნა და ვაჟას ჩარჩო კვლავ შუშით შეამკო.
მე მაშინ ათი-თორემტი წლისა ვიქნებოდი.
- ვინ არის, მამი, ეს ჩოხიანი? – ვკითხე მამაჩემს.
- გახსოვს შვლის ნუკრი?.. თავის თავგადასავალს რომ გვიამბობს...
- მერე დედა ამ კაცმა მოუკლა?
- ამან კი არ მოუკლა, ამან გვიამბო ობოლი ნუკრის ამბავი და შეგვაბრალა. ეს დიდი პოეტია! მთაში ზის, ერთს დიდ გამოქვაბულში, იქ ჩონგურზე მღერის და ჩვენამდე აღწევს იმისი ხმა...
ასეთი უცნაური დახასიათება მამაჩემისაგან ძალიან ღრმად ჩამრჩა გულში. წარმოვიდგინე მეჩონგურე, რომელიც გამოქვაბულში ზის, სიბნელეში და სინესტეში და მღერის. ამ დროს ვიცოდი “ტარიას” ზღაპარი. ვთქვი: ალბათ, ეს მეორე ტარიელია, რომ გამოქვაბულში ცხოვრობს-მეთქი და ვაჟა-ფშაველას სურათს იმ დღის შემდეგ მეტად ვუფრთხილდებოდი”.

***
ცხოვრებაში ვაჟა თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მთიელებისგან. იგი იმდენად უბრალო იყო, რომ მისი ნაწერების წამკითხველს, ვინც პირადად არ იცნობდა და პირველად ხედავდა მას, ვერ დაეჯერებინა, რომ ეს გახუნებულჩოხიანი კაცი “ალუდა ქეთელაურის”, “სტუმარ-მასპინძლის”, “გველის მჭამელის” და სხვა შედევრების ავტორი იყო. მაგრამ ამ უბრალოდ ჩაცმულ კაცს ჰქონდა შინაგანი სიამაყე, ფიცხი ხასიათი, ვერ იტანდა უსამართლობას და მთელი თავისი სიცოცხლე უკეთურობასთან ბრძოლაში გაატარა.
ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების აღიარებული მკვლევარი, სოლომონ ყუბანეიშვილი გრძნობდა, რომ ჩარგლელი გენიოსის შესახებ დაგროვილი მოგონებების ზღვა მასალაში სიყალბეც იყო გამორეული და წერდა: “მოგონებებში აღნიშნულ თითოეულ საკითხს, განსაკუთრებით პრინციპიალურს, შეძლებისდაგვარად ვამოწმებდი და თუ ის ოდნავ დაეჭვებას გამოიწვევდა, მას უკუვაგდებდი, ამიტომ ჩვენს განკარგულებაში მყოფ მოგონებათა შემცველი ცნობების დიდმა ნაწილმა ვერ ჰპოვა ადგილი წინამდებარე ნაშრომში” (ს. ყუბანეიშვილი, ვაჟა-ფშაველა, დოკუმენტები და მასალები, სახელგამი, თბილისი, 1937, გვ. 7-Cool.
აღნიშნული წიგნის გამოსვლის შემდეგაც საკმაო მემუარული მასალა დაგროვდა და გამოიცა კიდეც. განსაკუთრებით ხვავრიელი გამოდგა ვაჟას საიუბილეო წლების ქართული პრესა. თუ სოლომონ ყუბანეიშვილმა საეჭვოდ მიჩნეული ცნობები არ შეიტანა წიგნში, სხვა პუბლიკატორებმა ფართოდ გაუსხნეს გზა ხალხის უსაზღვრო ფანტაზიას: თითქმის ყველა მთხრობელი ცდილობდა ვაჟა წარმოეჩინა თავის ახლობლად, მეგობრად, თანამესუფრედ და ასე შემდეგ. შეუმოწმებელი ცნობები უკრიტიკოდ გადადიოდა წიგნიდან წიგნში და, სამწუხაროდ, იმკვიდრებდა ადგილს ქართველი მკითხველის გონებაში. არასარწმუნო წყაროებით გაივსო წიგნები, საქართველოს რესპუბლიკური და რაიონული გაზეთების ფურცლები. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2008 წელს გამომცემლობა “თანი”-ს მიერ დაისტამბა მომცრო წიგნი “ვაჟას ღიმილი”. სატიტულო გვერდი გვაუწყებს, რომ წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი გაბუნიამ. აღნიშნულ წიგნში დაბეჭდილი იუმორისტული გამონათქვამები თითქმის უკლებლივ ვაჟას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ აქ ვაჟას სახელით შესულია ხალხური მელექსეების: მერცხალას, ჯაბანის, ფრუშკას, ყრუვ გიორგის და სხვათა მოსწრებული კაფიები. მოეწონებოდა ეს საქციელი ვაჟას? რა თქმა უნდა, არა! პოეტური მარგალიტების ავტორს, ჭირდებოდა კიდევ სხვათა ლექსების მითვისება? არა და არა! პირველ რიგში, თავად ვაჟა აიმაღლებდა ხმას ასეთი პლაგიატის წინააღმდეგ. მაშ, როგორ მოხდა ასეთი გაუგებრობა? საქმე ის გახლავთ, რომ წიგნის შემდგენელს სხვადასხვა დროს დაბეჭდილი ეს მასალა ამოუწერია რესპუბლიკური და რაიონული გაზეთებიდან ისე, რომ ფოკლორისტებთან არ შეუმოწმებია და საგულდაგულოდ არ შეუსწავლია ხალხური პოეზიის კრებულები, რომ აღარაფერი ვთქვათ ვაჟას მიერ ჩაწერილი ხალხური სიტყვიერების ცნობილი ნამუშევრების შესახებ.
ამიტომ ყოველი შემდგენელ-რედაქტორი თუ მკვლევარი უნდა ცდილობდეს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს და ასეთი ხასიათის შეცდომები აღარ გაეპაროს.
წინამდებარე წიგნის ავტორს, მიხო მოსულიშვილს მეტად რთული საქმე უტვირთია, მას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგად ართმევს თავს დასახულ პრობლემას. იგი მყარ დოკუმენტურ მასალაზე აგებს წიგნს. თხრობა მხატვრულია, მაგრამ არსად გადახვევა რეალური ფაქტებიდან. მიხო მოსულიშვილის წიგნის მთავარი დასაყრდენი სოლომონ ყუბანეიშვილის ზემოხსენებული გამოცემაა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება. მწერალი სარგებლობს აგრეთვე შემდეგდროინდელი და აი, აგერ, სულ ახლახანს გამოცემული მნიშვნელოვანი ნაშრომებითაც (გრიგოლ რობაქიძე, თამაზ ჩხენკელი, ზურაბ კიკნაძე, აკაკი ბაქრაძე, იუზა ევგენიძე, დავით წოწკოლაური და ასე შემდეგ).
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება ამ წიგნში სინთეზურადაა შესწავლილი. ავტორი ვაჟას ლიტერატურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში განიხილავს და თავის მოსაზრებებს საკმაო არგუმენტებითაც ამაგრებს.
წიგნში ერთგვარი სიახლეა ვაჟას პოეზიის “ოქროს კვეთის” პრინციპზე აგების თავისებურებათა კვლევა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს საკითხი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში საგანგებო დისკუსიის საგნად იქცევა და ქართული პოეტური აზროვნების ჯერ კიდევ შეუსწავლელ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
ავტორი შეგნებულად იქცევა, როცა ვაჟას ენის თაობაზე გადაჭარბებული მსჯელობის ნაცვლად (ეს საკითხი კარგადაა შესწავლილი ქართულ ენათმეცნიერებასა და ლიტერატურულ კრიტიკაში) გალაკტიონ ტაბიძის ნათქვამს იშველიებს; გალაკტიონის ეს სიტყვა ქრესტომათიულ მნიშვნელობას იძენს: “არავის არ შეეძლო ლიტერატურულ მასწავლებელთა პატივისცემა და მათი შეყვარება ისე, როგორც ვაჟას; ის ყოველთვის მზად იყო მუხლი მოეყარა მათ წინ, მაგრამ არა როგორც მონას, ის ხომ თვითონ მეფე იყო, ჰქონდა თავისი სამეფო და ჰყავდა თავისი ხალხი, ოქროს სჭრიდა ოქროსფერი შტამპით. ყველასათვის ცნობილია აკაკისა და ვაჟას ერთმანეთში დამოკიდებულება. აკაკის არაფერი არ სწამდა ვაჟა-ფშაველასი და გაკვირვებას ეძლეოდა, როდესაც ხედავდა ვაჟა-ფშაველას ტრიუმფს. სამაგიეროდ ვაჟა მუხლს იყრიდა აკაკის წინ და სრულიად არ აწუხებდა მას აკაკის შეხედულება. ასეთია დიდბუნებოვან ხალხთა ცხოვრება.
ვაჟას სიმღერებიდან გამოკრთის უმაღლესი სული, როგორც ვეფხისტყაოსნის გმირები”.
ამ წიგნში ერთ-ერთი დანართის სახით შესულია პავლე რაზიკაშვილის ავტობიოგრაფია. თანამედროვე მკითხველს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ საიდან მოდის ვაჟა-ფშაველა, ვინ იყვნენ მისი წინაპრები, როგორ გარემოცვაში აღიზარდა იგი და რა გავლენა იქონია ამ გარემომ მის პოეტად და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
პავლეს ავტობიოგრაფიის ერთიანი ტექსტი ავტორს ეპიზოდებად დაუყვია და თითოეული ეპიზოდის სათაურად თვით ტექსტიდან აღებული ფრაზა გამოუტანია. ასეთი დაყოფა გამართლებულია იმით, რომ ძველი ქართულის ენობრივი ფორმებითა და დიალექტური გამოთქმებით ერთობ გადატვირთული ტექსტი დამღლელი არ აღმოჩნდეს მოზარდი მკითხველისთვის. პავლე მღვდლის ეს ნაშრომი ხომ ძირითადად მომავალი თაობისთვისაა განკუთვნილი. უკვე ხანდაზმული პავლეს ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ხომ ყრმათა აღზრდას ემსახურება. ამ აზრს პავლე მღვდელი თავის აღმზრდელ გამახარეს ათქმევინებს: “ეგენი არიან ჩვენი გადახალისებულნი სისხლ-ხორცნი, სხვას ყალიბში ჩამოსხმულნი. მაგათში გადადის ჩვენი გრძნობა, ჩვენი ხედვა, სმენა, ჩვენა ვართ ძირნი და ეგენი – რტონი. ხე მაშინ ამოვარდება ძირით, როდესაც ნორჩს აღარ აიხეთქს. რათ მინდა ჩემი ცოდნა, საფლავში ჩავიყოლო და ჩავალპო; თუ ეგენი ჩემის ცოდნით ისარგებლებენ, მე მაშინ ისევ ცოცხალი ვიქნები, როდესაც ჩემი ცოდნა, ჩემი სიკეთე სახალხოდ იხმარება და არ დაიკარგება”.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მიხო მოსულიშვილის წიგნი შორს დგას კუთხური მიკერძოებისა და ყოველგვარი პროვინციალიზმისაგან და, - ეს მისი უმთავრესი ღირსებაა.
წინამდებარე წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს – საჯარო სკოლების აღსაზრდელებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.


10. 02. 2011 წ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Tue May 15, 2012 1:37 pm



წიგნის დასახელება - "ფოკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები" (წიგნი მესამე)
ავტორი - ტრისტან მახაური
ISBN 978-9941-17-519-0
გამომცემლობა - "უნივერსალი"
რედაქტორი – როლანდ თოფჩიშვილი
დიზაინერი – ირაკლი უშვერიძე
ყდა - თხელი
გვერდების რაოდენობა - 316
წელი - 2011


ანოტაცია – ნარკვევების ახლ წიგნში შესული შრომები წარმოადგენს ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საველე მუშაობის შედეგს. კვლევის თემატიკა ფართოა და დღევანდელი მეცნიერებისათვის ერთობ აქტუალური.


2012 წლის 22 მაისს, სამშაბათს, 17.00 საათზე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში (მეორე სართული) ეწყობა ამ წიგნის პრეზენტაცია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Fri Jun 01, 2012 9:50 pm

დაიბეჭდა გაზეთ ,,ლიტერატურულ სალონში"

მთარგმნელი ტრისტან მახაური



ქისტური ხალხური პოეზიის თარგმანები







თამარ





- დილით ავდგე, აღარ ძალმიძს, ჲუნადი,

საღამოთი ვეღარ ვწვები ჲუნადი,

შენზე ფიქრმა და ოცნებამ, ჲუნადი,

მე ჭკუიდან გადამრია, ჲუნადი.





- გავიპაროთ, ჩვენ ამ დილას, ჲუნადი,

ან საღამოს გავიპაროთ, ჲუნადი,

შენი რაში ქარს გაუსწრებს, ჲუნადი,

ქვეყნის ბოლო მოვიძიოთ, ჲუნადი.





- რძისფერ დილას ვეღარა ვგრძნობ, თამარ,

ღამით ძილიც აღარ მინდა, თამარ,

მოზღვავებულ ფიქრთა ტალღამ, თამარ,

მე ჭკუიდან გადამრია, თამარ.





დილაბინდზე გავიპაროთ, თამარ,

ან მიმწუხრზე გავიპაროთ, თამარ,

ჩემი რაში ქარს გაჰკვეთავს, თამარ,

ქვეყნის ბოლო მოვიძიოთ, თამარ.





- მივატოვებ ამ დილას და წამოვალ,

სევდის ღამეს მივატოვებ, წამოვალ,

შენი რაშით ქარს დავიპყრობ, ჲუნადი,

ქვეყნის ბოლო მოვიძიოთ, ჲუნადი.





- ო, ეს დილაც დაიბინდოს, თამარ,

ეს საღამოც ოხრად დარჩეს, თამარ,

ეს ქვეყანაც გავერანდეს, თამარ,

თუ ღალატით მიმატოვო, თამარ!









შავი თვალები





შავო თვალებო, კარგებო,

გთხოვთ, ნუ შემრისხავთ ძალიან,

თუ ვერ გამჩნევდით, ახლა კი

მიყვარხართ, ჩემი ბრალია?





ყოველ საღამოს დაღლილი

წყაროს ნაპირთან გელოდი,

შენს ნაფეხურებს ქვიშაზე

ვეძებდი, თანაც ვმღეროდი:





,,არ დაგივიწყებ, სხვის სახელს

გულში არასდროს გავივლებ,

ღმერთო, ის გოგო მიცოცხლე,

ვინც კერას ამიყვავილებს”.









***





მიჯნური სიტყვას არა ვტეხდი,

სთველს ველოდი მიწურულსა;

ბედის ვარსკვლავს გადარებდი,

ვფიცავდი შენს სიყვარულსა.





ჩემი ლოცვა და ვედრება

ვაი,რა შორს დაიჭირე;

შემოდგომის მოლოდინიც

დაივიწყე და... გამწირე!





და ჰა, სთველიც მიდის, ირგვლივ

ფოთლებია მოფენილი...

შენს ლოდინში გადაღლილი

გული ტირის მოწყენილი.













სათიცა*





ნუ მიქარწყლებ სიყვარულს, ნუ დამდაგე დარდითა,

იქნებ ჩემი ბედი ხარ, ჩემი გულის ფიქრთ თასი.

არ გამიწყრე, რომ გნახე, მშვენიერი საცითა,

ეგრე ცივად ნუ მხვდები, იყავ ჩემთვის ძვირფასი.





სადაც უნდა გამექცე, მაინც ჩემად გიგულებ,

შეძულებაც რომ სცადო, იცი, არ შეგიძულებ.

არ გამიწყრე, რომ გნახე, ო, ძვირფასო, საცითა,

შენმა ცივმა შეხვედრამ გული ძლიერ დამწყვიტა.





ღმერთმა ნიჭი მომმადლა, სიყვარული მაღირსა,

ვარდი მომაძებნინა, ვით სამოთხის ბაღისა.

არ გამიწყრე, რომ გნახე, მშვენიერი საცითა,

ეგრე ცივად ნუ მხვდები, თორემ გულიც გაცივდა.









* საცითა გოგონას სახელია ქისტეთში.













ხმით ნატირალი





დედა:



ამომხედე, გენაცვალოს დედა,

ჩვენთვის ტირის ნაღვლიანი წვიმა;

წვიმასავით ცრემლებს ღვრიან მწარედ

შენი გოგოს სევდიანი თვალნი.





დაიხედე, გენაცვალოს დედა,

ჩვენთვის სკდება ეს ოხერი მიწა;

მიწასავით იპობა და დნება

შენი გოგოს დარდიანი გული.





შვილი:



ცის ღრუბლები მე რომ მეკუთვნოდნენ -

ნელი წვიმა აღარ იტირებდა!

სადარდელი რომ არ მქონდეს -ცრემლი

ჩემს თვალთაგან აღარ იწვიმებდა!

მასაც თვისი ურვა რომ არ ჰქონდეს -

შავი მიწა აღარ დასკდებოდა!

მე რომ გულის ჯავრი არა მქონდეს -

ოჰ, ეს გულიც აღარ დადნებოდა!

სევდიანი მივდიოდი წყალზე,

ჩემი ცოდვით წყაროც დაშრებოდა.





და:



უძმო დაზე ბევრი იტყვის აუგს,

ვით უეკლოდ მოიწყვიტონ ვარდი;

უძმო დაზე ბევრი იტყვის აუგს,

ვით მშრალ ქვებში დაიჭირონ თევზი;

ძმამკვდარი და ჩაგრულია მუდამ,

სტუმარია ყველასათვის უცხო.









***

რახანია, ჩვენზე უბნობს ქვეყანა,

ნეტა სადმე შორს, კლდის ეხში შეგვყარა.

მოგვახურა ანდიური ნაბადი,

შენ ყორნისფერ, წვრილ წამწამებს ნაბავდე

და თვალებით ცეცხლის ალში მაბამდე.

გაჭირდება ჩვენი ბინის მიგნება,

ვიყოთ, სანამ ეს სამყარო იქნება!









ნატვრა



ნეტა ხშირი ბალახივით

უღრანი ტყე ყოფილიყოს;

თავზე ნისლი ეხვეოდეს,

წვიმდეს, ჟინჟლი ყოფილიყოს;

ბურუსში, ხმის გაწვდენაზე,

გულის სატრფო ყოფილიყოს.











უთხარი





ჯავრიანი მდინარე ადიდდა-თქო, უთხარი,

ჩაითრიეს ტალღებმა, წაიღეს-თქო, უთხარი;

შენთან შეყრის სურვილის ცრემლი შეუშრობელი

თვალთაგან სდის და ღაწვებს უსველებს-თქო, უთხარი.





ვებერთელა კოცონი ბრიალებს-თქო, უთხარი,

ცეცხლის ალში ჩავარდა, იბუგვის-თქო, უთხარი;

შენთან შეყრის სახმილის ალი ჩაუქრობელი

გულისგულში მარადის უნთია-თქო, უთხარი.









წუნია საპატარძლოს სიმღერა





უცხოური საქონელი

შენ არა გაქვს!

შარბათი და გოლეული

შენ არა გაქვს!

ჩემი შესანახი ფულიშენ არა გაქვს!

სად წამიყვან? -

სრა-სასახლე

შენ არა გაქვს!

დამამშვენო -

ის ვაჟკაციშენ არა ხარ!

დამეხსენი, ჩემი ღირსი

შენ არა ხარ!


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Sun Jul 15, 2012 4:45 pm

ტრისტან მახაურის გამოსვლა ფშაური ფოლკლორის საღამოზე თელავში.
20.05.2012 წ.



Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   Fri Mar 29, 2013 1:23 am

2013 წლის 3 აპრილს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეხუთე კორპუსის 216-ე აუდიტორიაში
ტრისტან მახაურის მოხსენება კავკასიელთა ზნე-ჩვეულებებზე:
"მიხეილ ლაკერბაიას ნოველა "სტუმარი" და მისი ლიტერატურულ-ფოლკლორული პარალელები".

გთხოვთ, მობრძანდეთ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ტრისტან მახაური – Tristan Makhauri   

Back to top Go down
 
ტრისტან მახაური – Tristan Makhauri
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: