არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზურაბ კიკნაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზურაბ კიკნაძე   Wed Oct 06, 2010 8:53 am



ზურაბ კიკნაძე

ალუდას ჰუბრისი

ალუდას ნახტომი შინაგანი ფაქტია, ის ცნობიერებაში მოხდა. ალუდა ერთადერთი იყო თავის თანამეთემეთა შორის, რომელიც მიხვდა რაღაც სხვას. მაგრამ მასში დაბადებული ახალი ცნობიერება თემიდან მისი მოკვეთისთვის არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი, რომ თავად თავისივე ქმედებით არ მოეყვანა ეს წამი. ასეთ ალუდას, უცნაურს და ახირებულს, რომელსაც ყურს არავინ უგდებს, გველისმჭამელ მინდიას მსგავსად, ჯერ კიდევ შეეძლო არსებობა მათ შორის ამ უპერსპექტივო სივიწროვეში, რომელიც მისთვის მწვავედ გაცნობიერდა. მხოლოდ არსებობა. მაგრამ მან უფრო მეტი მოინდომა: ის შეეცადა, სულიერი გარდატეხისთვის ინსტიტუციური ფორმა მიეცა, რათა მისი აღმოჩენა საყოველთაოდ გაზიარებულიყო, მთელ თემზე გავრცელებულიყო. ფართე მასშტაბის საზოგადოებებში ამას რელიგიური რეფორმა ეწოდება.

განსხვავებით იმ გუდამაყრელი თვითმარქვიისგან, ხუცესის არარსებობამ რომ გააბედინა არალეგიტიმური საქციელი, რისთვისაც კოჭლობით დაისაჯა, ალუდა მოქმედი ხუცესის საკრალურ პრეროგატივას თვითნებურად ითვისებს - თავისი ხელით სწირავს მსხვერპლს ხატის კარზე, რისი უფლებამოსილება მას არ ჰქონია და, როგორც სიწმიდის ხელმყოფელი თემიდან მოიკვეთება.

ეს იყო ალუდას ჰუბრისი, გაბუდაყება. იქნებ მისთვის სექტანტი გვვეწოდებინა, თუ რომ მისი რელიგიური ხედვა (რჯულიან-ურჯულოთ მომცველი) ხევის თვალსაწიერზე ფართო არ ყოფილიყო.

იყო იუდას მეფე ქველი ყუზია. თექვსმეტი წლისა გაამეფეს და ორმოცდათორმეტი წლის მანძილზე ყველაფერში, რასაც აკეთებდა, ღმერთი შეეწეოდა, რადგან ესავდა უფალს. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად შეწევნილი იყო უფლისგან. ქვეყნის საზღვრები შორს გასწია და ქვეყანაშიც კეთილდღეობა და სიმშვიდე დაამკვიდრა. ნამდვილად იტყოდნენ, რომ ყუზია “კაცია დავლათიანი". და როცა მეტისმეტად გაძლიერდა ყუზია, მაშინ გადიდგულდა და იმაზე მეტი მოინდომა, რისი ხელეწიფება, როგორც თუნდაც მეფეს, არ ჰქონია.

“როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე. და დაედევნა მას მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით. და წინ გადაუდგა მეფე ყუზიაჰუს და უთხრა: შენ არ გეკუთვნის, ყუზიაჰუ, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან. განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად და, როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე უფლის სახლში, სამსხვერპლოსთან. და მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმა და ყველა მღვდელმა და, აჰა, კეთრი აქვს შუბლზე. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან, თავადაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ, ცხოვრობდა განცალკევებულ სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან..." (2 ნეშტ. 27:16-21).

“შენ არ გეკუთვნის, ყუზიაჰუ, უფლისთვის კმევა" - ეს სიტყვები, თუნდაც მეფისადმი მიმართული, არ იქნებოდა ვედრების კილოთი წარმოთქმული. ეს მიახალა მღვდელმთავარმა პირში ჰუბრისით შეპყრობილ მეფეს.

სხვანაირად არც შატილის ხუცესი იქცევა. ალუდას საქციელი ისევე უპრეცედენტოა, როგორც ყუზიაჰუსი. მაგრამ მისი დანაშაული ორმაგია: სიწმიდის უზურპაცია და რჯულის საკრალური საზღვრების გარღვევა. ალუდა იმსახურებს რისხვას და, თუ იუდას მეფე ღვთისგან მოვლენილი კეთრით ისჯება, ალუდას ხევის სამართალი სჯის.

ბერდია ჯაგარაშლილი,
ხალხისკე იზამს პირსაო.
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა...
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Wed Oct 06, 2010 8:56 am

სტარკიდი

როცა სტარკიდი დაბერდა და თითქმის დაბრმავდა, სულმუდამ იმის მოლოდინი აწუხებდა, რომ საწოლში მოკვდებოდა და არა სისხლიან შეტაკებაში. რაკი მხოლოდ ბრძოლაში დაცემულთა ხვედრია ვალჰალა, "ჩალაზე სიკვდილი" კი - არათუ საძრახისი ("საძრახ ას სიკვდილ", იგულისხმება ბუნებრივი სიკვდილი), არამედ სამუდამო დაღუპვა, სხვა რა დარჩენოდა სტარკიდს, თუ არა მკვლელის მისაზიდად კისერზე ჩამოეკიდა ბრძოლებში მოხვეჭილი ოქროთი სავსე ქისა და ველად გასულიყო. მკვლელიც გამოჩნდა: დაუძლურებული მოხუცი მოკლა ოქროზე დახარბებულმა ხატერმა, რომლის მამა სტარკადს ჰყავდა მოკლული.

ისლანდიური საგის ეს ეპიზოდი პარადიგმა იყო სტარკიდის ბედში ჩავარდნილი ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ვინც მთელი სიცოცხლე კვებავდა თავს მოწოდებით, რომ სახელი აუცილებელია, სიცოცხლე არ არის აუცი-ლებელი.

მსოფლიო პოეზიაში უმოკლესი ბალადა გვამცნობს:

"ერთი ვაჟკაცი ფხოველი შავწყალს საომრად დადგაო,
ადგა და შინ წამოვიდა, გზად შავანელი შახვდაო.
ჩაჭრეს ჩაკაფეს ერთურთი, მაშველი აღარ შაშჩაო.
ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო,
ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო.
ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო:
ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დათმაო."

ჩანაწერს ახლავს მისი პირველჩამწერის (თედო რაზიკაშვილის) შენიშვნა: "მე ამათი ვერა გავიგე რა: ვინ იყო შავანელი ან სადაური".

გასაგებია ეს გაუგებრობა. ამ თითქოს უმიზეზო და უაზრო შეტაკების ჰერმენევტიკა მხოლოდ და მხოლოდ იმ საზოგადებისთვის არის გასაგები, სადაც მუშაობს მოწოდება სახელი აუცილებელია, სიცოცხლე არ არის აუცილებელი. ყორანი სხვა საზოგადოებიდან არის მოსული. ის იკვებება ამ მოწოდების შედეგით, მაგრამ დასცინის მოწოდებას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Wed Oct 06, 2010 9:09 am

Pontifex - "ხიდის მკეთებელი"

კოპალობის დღესასწაულზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს იმართება ფშავში, უძილაურთის თემში, მლოცველთა პროცესია დეკანოზის წინამძღოლობით, რომელიც ნახევარი საათის სავალზე წინ უსწრებს მათ, მიემართება სოფლიდან აღმართებზე, ირემთკალოს გავლით, ციხეთგორისკენ. ირემთკალოდან, სადაც ეული სამრეკლოა აღმართული, პროცესია გაივაკებს და ახლა დაღმართს დაუყვება, გაივლის ტყეს და მიადგება სწრაფმდინარ და წყალუხვ ღელეს, რომლის გაღმა, დაკიდებული აღმართის ბოლოს, ხატის პირველი შენობები გამოჩნდება. ბილიკი აგიყვანს დაფერდებულ გორზე - აქეთ ფშავია, იქით - ხევსურეთი, ლიქოკის ხეობა, ხეობის სოფელი აკუშო. აქ წელიწადში ერთხელ ერთმანეთს ხვდებიან ხევსური ხუცესი და ფშაველი დეკანოზი, ორივენი კოპალას მსახურნი. ფშავის მხრიდან წამოსული დეკანოზი ორიოდე თანმხლებ პირთან ერთად, რომელთაგან ერთი ამ კუთხის გასაცნობად ჩამოსული უცხო ეთნოლოგია, მიადგა წყალს. ის ნახევარი საათი, რომელიც მას მლოცველთაგან შორავდა, და სარტყელში უკანა მხრიდან ამოჩრილი ცული დეკანოზს დასჭირდა გასული წლის განმავლობაში იავარქმნილი ხიდის აღსადგენად, ხიდისა, რომელსაც დროშიონი და მლოცველი გაღმა ნაპირზე უნდა გადაეყვანა. ეს ხდებოდა ყოველ წელიწადს და ამ ბუნებრივ საქმიანობაში უჩვეულო არაფერი იყო. მაგრამ როგორც კი დეკანოზი შეუდგა ხიდის გამართვას და აამუშავა თავისი ხელსაწყო, იმ უცხოელს აღტაცებით აღმოხდა: პონტიფექს! ახლაღა მიხვდა, თუ რატომ ეწოდებოდა ეს სახელი - "ხიდის მკეთებელი" - ძველი რომაული რელიგიის ქურუმს, რომელსაც ამ ფშაველი დეკანოზის მსგავსად ორ სამყაროს შორის ხიდის გადება ევალებოდა. Pontifex!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Wed Oct 06, 2010 9:10 am

თვითმარქვია დეკანოზი
(გუდამაყარში გაგონილი, 1981)

ხატში დეკანოზი აღარ იყო, ჯვარსაც რატომღაც არავინ მოუთხოვია, არავინ დაუმიზეზებია იმის ნიშნად, რომ თავის მსახურად ირჩევდა, არც ვინმე ყოფილა გაურჩებული ოქრომჭედელ თაველიქასავით, რომელიც ჯვარმა თვალისჩინის წართმევით დასაჯა და, როცა დღეობა მოახლოვდა, არავინ იყო, რომ დღესასწაულს გაძღოლოდა, - პირველ რიგში, საყმოს შეწირული საკლავი დაეკლა, როგორც წესი მოითხოვდა. ამ გაუგებრობაში და რაღაც გაურკვეველ უიმედო მოლოდინში რომ იყვნენ, გამოჩნდა კაცი, რომელმაც იკისრა დეკანოზის მოვალეობა. პირველივე საკლავის დაკვლას რომ შეუდგა, რამდენჯერაც ყელზე დააღირა სამსხვერპლო პირუტყვს სატევარი, იმდენჯერ ბარძაყში დაიცა. სირცხვილეულმა ხელიდან გააგდო მახვილი და გაეცალა იქაურობას.

კაცი დაკოჭლდა, ცალ ფეხს აყოლებდა. დეკანოზობა რომ არ გამოუვიდა, მაინც სასარგებლო, თუმცა ხეიბრისთვის არცთუ შესაფერის სამსახურს - ფოსტალიონობას მიჰყო ხელი.

ღამით რომ ეს ამბავი მოვისმინეთ, დილით სოფლად გასულები ვხედავთ კაცს, ახლად მოსულ თოვლში კოჭლობით ჩვენკენ გზას მოიკვლევს, მხარზე ფოსტალიონის ჩანთა ჰკიდია. პირველი, რაც გავიფიქრეთ, ეს იყო: დეკანოზი ხომ კაცსა და ჯვარს შორის შუამავლობს, ასევე შუამავლობს ფოსტის მსახური კაცთა შორის.

საკრალური შუამავლობა თუ ეკრძალებოდა, სეკულარული ხომ მისთვის ნებადართული იყო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Wed Oct 06, 2010 9:12 am

ალუდას ნახტომი

ნახტომს ვუწოდებ ალუდას საქციელს, ზნეობრივ აქტს, რომელმაც შეძრა საზოგადოება, - ნახტომს, რადგან არსაიდან ჩანს, რომ გუშინდლიდან ან გუშინწინდლიდან მასში მზადდებოდა ეს გარდატეხა. ერთადერთი, რითაც ის ბევრისგან გამოირჩეოდა, დავლათიანობა იყო, რომელიც მას თუმცა არ უშლიდა ხელს ჩვეულებისამებრ ეჭრა და ეჭრა მტრის მარჯვენა. საფიხვნოს თავსაც ბევრჯერ მჯდარა, გზიანი სიტყვაც ბევრჯერ უთქვამს, ორთაბრძოლაშიც ბევრჯერ მოხვედრილა, «არ მოგხვდაუაც" ბევრჯერ შეუძახნია, შესაძლოა, მუცალისთანა ვაჟკაცებსაც ბევრჯერ გადაყრია, მაგრამ იმ კაცთან იმ წამს და იმ ადგილას შეხვედრამ გადაწყვიტა მისი და მთელი საზოგადოების ბედი, რომელიც თუმცა არა მასავით ერთიანი აქტით, არამედ თანდათანობით, უკვე მის გარეშე, დაიწყებდა გარდაქმნას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Tue Nov 23, 2010 11:22 am

მედეას ცხოვრება

მედეას უსიყვარულოდ იასონი ვერ მოიპოვებდა ოქროს საწმისს, რისთვისაც ის მისმა მუხანათმა ბიძამ გააგზავნა კოლხეთში. საწმისი, ტყავი გრძნეული ცხვრისა, იმ ქვეყანას უნდა დაბრუნებოდა, საიდანაც მოვიდა. ეს აუცილებლობა იყო ელადის ისტორიით განპირობებული.

მედეას, სიყვარულის ნესტრით დაკოდილს, ეჩვენებოდა, რომ იასონი ოქროს საწმისის წასაღებად კი არ იყო მოსული, არამედ მის მოსატაცებლად. ასეთი იყო მისი "ცრუ სიზმრები". ის მზად იყო თავად შებმოდა იმ რვალისჩლიქებიან ხარებს, რომელთა გახედნა აიეტმა იასონს დაავალა საწმისის სანაცვლოდ. მზად იყო იმ ბუმბერაზებსაც შერკინებოდა, რომლებიც გველეშაპის დათესილი კბილებიდან იბადებოდნენ ხოდაბუნის ორნატებიდან. ასეთი იყო მისი სიზმრები.

მაგრამ უყოყმანოდ როდი მიუღია მედეას გადაწყვეტილება დახმარებოდა მის მომნუსხველ უცხოელს ძნელი დავალების შესრულებაში და, ბოლოს, საწმისის გატაცებაში. ის გრძნობდა, რისი გაწირვა მოუწევდა ამისათვის. როცა ეროსის ისარი შეუმსუბუქდებოდა, ასე ფიქრობდა: "ვაი, მე ბედკრულს... უბედურება არ მოიტანოს ამ უცხოელმა ჩვენს ქვეყანაში... დაე, შორს თავის სახლში დაქორწინდეს აქაველ ასულზე, მე კი დამრჩეს ჩემი სიქალწულე და მშობლიური სახლი..." ყოველი ფიქრი უცხოელზე და დაუოკებელი სურვილი მისი დახმარებისა "ბოროტ ზრახვად" მიაჩნდა, მაგრამ ვერაფრით მოეთოკა თავისი გრძნობები, იასონისთვის კი საარაკო გმირობის ჩადენას ეპირებოდა...

იასონის სიყვარულისთვის მან გათქვა არა მხოლოდ ქვეყნის საიდუმლო, უღალატა არა მხოლოდ მამას, არამედ სასიკვდილოდ გასწირა თავისი უმცროსი ძმაც, რომლის სხეული ნაჭრებად დაანაკუწა და ზღვაში გადაყარა, რათა მათ აკრეფაში დადევნებული მამა აიეტი დაბრკოლებულიყო, მათ უსაფრთხოდ გაეღწიათ კოლხეთის საზღვრებიდან.

იოლკოსში, სადაც ისინი უკვე დაქორწინებულნი წავიდნენ, მედეას მოუხდა ახალი სისასტიკის ჩადენა კვლავ იასონის სიყვარულისა და "ბედნიერებისათვის": მართალია, პელიასი, რომელმაც მოკლა კანონიერი მეფე იოლკოსისა უფლისწულთან ერთად, სასჯელს იმსახურებდა და ღირსი იყო შურისგებისა, მედეას მოქმედებამ ყოველგვარ სისასტიკეს გადააჭარბა: მისსავე ქალიშვილებს, დაჯერებულებს, რომ ამ ნაჭრებიდან მათი ბეხრეკი მამა კვლავ ჭაბუკად აღდგებოდა, მისი სხეული დააჭრევინა.

შურისგება აღსრულდა, მაგრამ თავის ქვეყანაში ბედნიერების ნაცვლად, იასონს უცხოობა ერგო წილად. მედეასთან ერთად ის განდევნეს იოლკოსიდან. დევნილნი დასახლდნენ კორინთოში და, თუმცა მოკვეთილნი, ათი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ.

კორინთოში, სადაც ბევრი საბედისწერო ამბავი მომხდარა, კიდევ ერთი განსაცდელი ელოდა მედეას.

მეფობადაკარგულმა იასონმა განიზრახა, კორინთოში ეცადა ბედი. რა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ ის გამეფებულიყო, თუნდაც უცხო ქვეყანაში, როგორიც მისთვის კორინთო იყო? ის ამ ქვეყნის მეფის ასულზე უნდა დაქორწინებულიყო. ეს იყო რეუსა (ან გლავკე), კრეონის ასული, რომელიც სამკვდროდ შეურაცხყოფილი მედეას მსხვერპლი შეიქნა: მის მიერ "საქორწილო ძღვნად" გაგზავნილმა მოწამლულმა პეპლოსმა გადაბუგა ის თავის მამასთან ერთად, რომელიც მის გადარჩენას შეეცადა.

მაგრამ ბოლომდე იყო ნაძიები შური? დაკმაყოფილებული იყო მედეას შეურაცხყოფილი ღირსება? ვინ იყო რეუსა იასონისთვის? მხოლოდ საშუალება მეფობის მისაღწევად. იასონს მომავალი წინ ჰქონდა - კიდევ გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში სხვა რეუსა. მაგრამ თუ შეხვდებოდა კიდევ მედეას მსგავსი, რომელიც ყველაფერს გასწირავდა მისთვის? (მაგრამ ის სანაცვლო ერთგულებას მოითხოვდა მისგან). და, აჰა, იგრძნო რა, რომ არ იყო სავსე შურისგების თასი, მედეამ ახალი სისასტიკე ჩაიდინა, როგორიც ჯერ არ ენახა მრავალ ტრაგიკულ ამბავთა განმცდელ ელადას. პავსანიას, ელადის მოგვიანო აღმწერელს, უნახავს ორი დახოცილი ბავშვის საფლავი კორინთოში. ესენი იყვნენ მერმეროსი და ფერეთი - შვილები იასონისა და მედეასი. მედეამ დახოცა ისინი იასონის გასამწარებლად, რისთვისაც ის თავის სიმწარესაც არ მოერიდა, საკუთარი თავიც არ დაინდო. იქნებ მან შური მხოლოდ იასონზე არ იძია, არამედ საკუთარ თავზეც იმ ყველაფრისთვის, რაც უმადური იასონისთვის ჩაიდინა?

ადამიანისთვის აქ მთავრდება ცხოვრება და სიცოცხლეც. მაგრამ ამბობენ, რომ მედეა არ ყოფილა ჩვეულებრივი ადამიანი. მისი პაპა ჰელიოსი იყო, მისი მამიდა ქალღმერთი კირკე. ამ წინაპრების მქონე მედეას ცხოვრება არ წყდება იმ საბედისწერო წამების შემდეგ, როცა ის აღმოჩნდა საკუთარი ხელით ნამოქმედარის წინაშე. სხვა თქმულებით, მას არ დაუხოცავს ბავშვები - ჰერას საკურთხევლისთვის მიუბარებია ისინი, როგორც საყვედური იასონზე. გააფრთებულ კორინთელებს კი ჩაუქოლავთ. დევნილ მედეას ათენისთვის შეუფარებია თავი და ყველაფერი თავიდან დაწყებულა: ის მისთხოვდა ათენის მეფეს ეგევსს, უშვა მას ძე - მედონი, და, როცა თესევსი, ეგევსის ვაჟი, მამის უცნობად დაბრუნდა ათენში, გრძნეულმა მედეამ მასში გამოიცნო ეგევსის მემკვიდრე და, იმის შიშით, რომ თავის შვილს ტახტი აღარ შეხვდებოდა, შთააგონა მამას შვილის მუხანათურად მოკვლა. როცა ყველაფერი გაირკვა, მედეა კვლავ ლტოლვილი ხდება, ამჯერად შვილთან, მედონთან ერთად. ამბობენ, მედონს დაუარსებია ქვეყანა მიდია და ერთ-ერთ ბრძოლაში დაღუპულა. კვლავ მარტოდ დარჩენილი მედეა საბოლოოდ მისგან ერთხელ გაწირულ კოლხეთს უბრუნდება, კოლხეთში - კუთაიას, რომელიც მას გველებისგან ალყაშემორტყმული დახვდება. მედეა იხსნის თავისი ჯადოქრობით ქალაქს არა მხოლოდ გველებისგან, არამედ უზურპატორი პერსევსისგანაც, რომელსაც თავისი ძმისათვის, აიეტისთვის, ტახტი აქვს წართმეული. მედეა აღადგენს სამართლიანობას, აღასრულებს უკანასკნელ შურისგებას და ყველაფერი თავის საწყისს უბრუნდება. აიეტი, ძე ჰელიოსისა, კვლავ კოლხეთის ტახტზეა.

მედეა კვლავ მისი ერთგული ასულია, არავითარი კვალი იმისა, რაც ჩაიდინა და რაც თავს გადახდა. ეს ყველაფერი სიზმარი იყო.

ის კვლავ მარტოდმარტოა, მაგრამ ფხიზელია ახალი იასონის მოლოდინში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Mon Dec 13, 2010 9:49 pm

დრო

დრო თუ გაჩერდა, ის სივრცედ გადაიქცევა. მარადისობა სივრცედ ქცეული დროა (რ. გენონი), როცა დასამაბიდან ყველა განვლილი წამი ერთდროულობაშია მოქცეული.

როცა დრო ვექტორს დაკარგავს, ეს ჩერდება. არც წინ მიდის, არც უკან ბრუნდება. ამ დროს დრო თავის შიგნით, სიღრმეში ჩაბრუნდება და სხვა განზომილებაში გადავა. ამის მეტაფორა მორევია, ღურღუმელი. გინახავთ: წყალი დუღს, მასში ჩავარდნილ ნაფოტს ათამაშებს, ნაფოტი არც წინ მიდის, არც უკან ბრუნდება. ბვშვებს აფრთხილებდნენ მისგან, ჩათრევა იცის. მარადისობა ჩაგითრევს.

თუ მდინარე დროჟამის განმავლობის (ხანიერების) სიმბოლოა, მორევი მარადისობას გამოხატავს.

ბორბალი ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რომელიც უძრავია. ამრიგად, ბორბალი, რომელიც ბრუნავს, დროჟამის სიმბოლოა, და ღერძი, რომლის გარშემოც ის ბრუნავს, მარადისობაა. ამრიგად, მარადისობის გარეშე დროის განმავლობაც არ არის.

თუ დრო გადის, მარადისობის ფონზე გადის.




დიოგენეს ფანარი

პლატონისგან იმ ცნობილი პასუხის ("ტაბლისა და თასის დასანახად თვალები გაქვს, ტაბლობისა და თასობის დასანახად კი გონება არ გაგაჩნია") მიღების შემდეგ სირცხვილეული დიოგენე ხელში იჭერს ანთებულ ფანარს და ადამიანს უწყებს ძებნას. ფანარი გონების სიმბოლოა, მის შუქზე ძიებაც სიმბოლურია. დიოგენი სრულყოფილ ადამიანს ანუ ადამიანობას უნდა ეძებდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ პლატონის მოძღვრების თანახმად (რომელიც მან უარყო), მას ოდესღაც ნანახი უნდა ჰქონოდა ადამიანობის იდეალური ხატი, სხვანაირად - საძებარიც არაფერი იქნებდა.

არც ადამიანი, არც ცხოვრება, არც საუკუნე, არც რაგინდარა ნივთი - თუნდაც ხელოვნების ეჭვმიუტანელი შედევრი - სრულყოფილი რომ არ არის, ამას გრძნობს ადამიანი. და თუ გრძნობს, მაშ, ჯერ კიდევ არ გაუწყვეტია კავშირი იდეალურ სამყაროსთან. მასში ჯერ კიდევ ბჟუტავს ღვთის ხატი - სრულყოფილი ადამი.




სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-12/12295.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Mon Jan 03, 2011 1:09 pm

ზურაბ კიკნაძე

სწორფრობა


მირჩა ელიადე ერთგან წერს: "საკვირველია, რომ იმ კულტურებშიც კი, სადაც ქალწულობა დიდ პატივშია, ახალგაზრდა ქალ-ვაჟის შეხვედრას არათუ ითმენდნენ, არამედ მშობლები ხელს უწყობდნენ კიდეც. ეს იყო არა ზნეობის რღვევა, არამედ ქალის საკრალობის გახსნის დიდი საიდუმლო, სიცოცხლისა და ნაყოფიერების წყაროებთან შეხება. ქალიშვილების ქორწინებამდელი თავისუფლება სრულიადაც არ იყო ეროტიული ხასიათისა, მისი ბუნება რიტუალური იყო და შეადგენდა დავიწყებული მისტერიის ნაწილს და ნაკლები კავშირი ჰქონდა მიწიერ სიამეებთან".

რომელ კონკრეტულ კულტურასაც არ უნდა გულისხმობდეს ამ ნაკვეთში განთქმული რელიაგიათმცოდნე და მითოლოგოსი, ეს სიტყვები თითქოს საკუთრივ ხევსურული სინამდვილის მიმართ არის ნათქვამი, ელიადეს კი, საეჭვოა, ოდესმე გაეგონოს მათი სახელი. ყოველ შემთხვევაში არსად თავის მრავალრიცხოვან ნაწერებში იგი არ ახსენებს ხევსურებს და არც მათთვის ნიშანდობლივ სწორფრობის ჩვეულებას, რომელსაც, გავბედავ და, მტკიცედ და მკაცრად ჩამოყალიბებულ ინსტიტუციას ვუწოდებ. მართალია, მითოსი წარსულისკენ არის ორიენტირებული, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მითოლოგოსიც მხოლოდ წარსულისკენ იხედებოდეს, არად აგდებდეს აწმყოს და ძირითად აქცენტს საგნის, მოვლენის გენეზისზე აკეთებდეს. რატომ უნდა იყოს ძირითადი ამოცანა ჩხრეკა "დავიწყებული მისტერიისა", რომლის სუბიექტთა შინაგანი სამყარო ჩვენთვის უიმედოდ დახურულია, და არა გამოძიება საზრისისა, რომელსაც დღემდე (ჩვენს ცივილიზაციამდე) ცოცხლად შემორჩენილი რიტუალი ან წეს-ჩვეულება შეიცავს?

რა არის საზრისი ან მიზანი სწორფრობისა, რომლის კუდები უკანასკნელ დრომდე შემონახული იყო ხევსურეთის თემებში (საზოგადოებებში). რატომ იყო, რომ სოფლის ხალხმრავლობის დროს - ქორწილი იქნებოდა თუ სხვა რამ დღესასწაული, საზოგადოებას აუცილებლად მიაჩნდა, რომ ერთმანეთის თანხმობით დაწყვილებული ქალ-ვაჟი ერთად დაწოლილიყვნენ ანუ, ადგილობრივი ტერმინოლოგით თუ ვიტყვით, "წოლა-დგომის" წეს-ჩვეულება შეესრულებინათ. ღამით, მრავალსტუმრიანი სახლის აურზაური რომ მიწყდებოდა, ქალი მიდიოდა ვაჟთან და წვებოდა მის გვერდით. დილამდე საუბრობდნენ ისინი ხელგადახვეულნი, ის კი, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს დღევანდელ ადამიანს, არ ხდება. თითქოს ყველაფერი მზადდება იმისათვის, რომ ის მოხდეს, მაგრამ არ ხდება. წყვილს შორის სწორფრობის დაუწერელი კოდექსის სატევარი დევს. როგორც კი ვაჟი ზღურბლის გადალახვას შეეცდება, ქალი დგება და მიდის უხმაურად, უსკანდალოდ სტოვებს ვაჟს. ქალი უფრთხილდება ვაჟის ღირსებას. ვაჟი რომ მიდიოდეს ქალთან, როგორც ფშაურ წაწლობაშია, ვაჟის მიერ ზღურბლის გადალახვის მცდელობისას ქალი იძულებული იქნებოდა გაეძევებინა ვაჟი, რაც გახმაურების შემთხვევაში დიდ სირცხვილად ჩაეთვლებოდა მას. ამაშია კარდინალური განსხვავება ხევსურულ სწორფრობასა და ფშაურ წაწლობას შორის. სწორფრები არათუ მიილტვიან ხორციელი თანაყოფისკენ, არამედ მათ, როგორც "ძმობილ-დობილთ" (ასე იწოდებიან ერთმანეთის მიმართ სწორფრები), ქორწინებაც კი ეკრძალებათ. სწორფრობისა და ქორწინების დროჟამი დასაბამითვე განხვავებულ მდინარებებს ეკუთვნიან. ისინი არ კვეთენ ერთმანეთს, მაგრამ როცა კი გადაიკვეთებიან - და ეს მომხდარა - შეუღლებული სწორფერნი თემიდან მოიკვეთებიან და საბოლოოდ მათი სიცოცხლე ტრაგიკულად მთავრდება. მკაცრი აზრით, სწორფრობის ჩვეულება არა საერთო ხევსურული, არამედ საკუთრივ არხოტული წარმოშობისაა. ნათელა ბალიაური (1886-1988), რომელსაც ეკუთვნის ჩანაწერები არხოტისა და პირაქეთი ხევსურეთის სწორფრობის შესახებ (გამოქვეყნდა სათაურით "სწორფრობა ხევსურეთში", თსუ, 1991), განასხვავებს არხოტულ და არაგვულ (პირაქეთ ხევსურულ ან ბუდეხევსურულ) "წოლა-დგომას" ერთმანეთისგან, ხედავს რა ამ უკანასკნელში რღვევის ნიშნებს, რამაც კულმინაციას და საბოლოო გადაგვარებას ფშაურ წაწლობაში მიაღწია. მკითხველს ვგზავნი სწორედ ამ წიგნთან, რომლის ავტორი შიგნიდან, როგორც ერთი მონაწილე, აღწერს სწორფრობას და არა როგორც გარედან მისული ეთნოგრაფი აღწერდა. აქ კი ერთ პარალელს მოვუხმობ მისი საზრისის უკეთ წვდომისათვის.

ორ ასპარეზზე გამოიცდება ყმა: ერთგან საბრძოლო ცდაში, "ველზე", სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მეორეგან სწორფრულ ცდაში - ნებადართულისა და აკრძალულის ზღურბლზე. ერთგან - დღის კაშკაშა სინათლეზე, მეორეგან - ბნელი ღამის იდუმალებაში. ველობა ნამდვილად ქმნის საზღურბლო სიტუაციას, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მოყმის ეკსისტენცია ვლინდება. მაგრამ არის ერთი ნაკლებ სახიფათო ასპარეზი, სადაც მოწმდება მისი ღირსება. კეჭნაობაში ნორმით დაშვებულზე მეტი სიღრმის ნაკაწრი სიმხდალეში ეთვლება მოწინააღმდეგეს, რომელსაც გადამეტებულმა ემოციამ თუ შიშმა ვერ გამოაზომინა ჩხვერვის ძალა. თითქოს უწყინარ კეჭნაობაში გადამწყვეტია ნების სიმტკიცე, ისევ როგორც სწორფრულ წოლა-დგომაში ნება უნდა ძლევდეს და ძლევს კიდეც - არის, როგორც ყოველ წესში, გამონაკლისებიც - ვნებას.

სწორფრობაში სქესისა და სქესთა შორის ურთიერთობის ხორციელი ზედაპირის სანაცვლოდ, რომელიც უკან იხევს, მისი მეტაფიზიკური სიღრმეები იჩენს თავს.

სულიერი თავისუფლების საუფლოში ყველა თანასწორია, როგორც ის შვიდი ელინი ბრძენი, რომელთაც ერთმანეთს მორიგეობით გადაულოცეს აპოლონის კუთვნილი სიბრძნის თასი. ეს იგავი გვისურათებს იმ ჰარმონიული საზოგადოების ხატს, რომელიც მხოლოდ "სულის აზნაურთაგან" შედგება. მაგრამ წუთისოფლის ფარგლებში ეს შეუძლებელია. ეს დეტერმინიზმის საუფლოა და სწორედ ამიტომ ძვირია აქ თავისუფლების ფასი. ამ საუფლოში თავისუფლების კუნძულებია და "ახალი ცისა და ახალი მიწის" სუფევამდე კუნძული კუნძულადვე რჩება. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ ღვთის ქალაქი აქაც, ადამიანთა ქალაქშიც, ბადებს თავის მოქალაქეთ და მათი სახით მწირობს მიწაზე ღვთის ქალაქი. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაუსაბამო თავისუფლებიდან მომავალ სულის აზნაურებს აქ, "კეისრის სამეფოში", სრული გაუგებრობა ან, წუთისოფლის წესისამებრ, მატერიალურ ინტერესთა და მოთხოვნილებათა მსახურად ქცევის პერსპექტივა ელით. მაგრამ ეს პერსპექტივა იმსხვრევა, თუ თავისუფლებისთვის შობილი კეისარს კეისრისას აძლევს, არა ღვთისას და ღმერთს - ღვთისას, არა კეისრისას.

წყარო – http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-01-01/12914
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართული მითოლოგია : ჯვარი და საყმო   Sun Jan 09, 2011 11:25 am



ქართული მითოლოგია : ჯვარი და საყმო

Authors: კიკნაძე, ზურაბ
Subjects: ქართული მითოლოგია;
DDC Subject: Literature & rhetoric

Abstract: მთის ფერდობზე მდგარი სამრეკლო მოუხმობს ადამიანებს. ესენი არიან საყმო და ეს არის ჯვარი, რომელიც უხმობს მას. აქ, სალოცავთან, დარბაზთან, დროშასთან ადასტურებს ის თავის ერთიანობას, თავის რწმენას და ერთგულებას უხილავი პატრონისადმი. ჯვარის წინაშე საყმო იხსენებს პირველ ჯვარჩვენებას, ჯვარის მკადრეთა საკვირველ განსაცდელთ და სასწაულებს, ” სისხლის წვიმების” დღეებს, ღვთის წყალობას და რისხვას — ანდრეზებს, რომელთაც მისი რელიგიური და საერო ყოფა ეფუძნება.

Table Of Contents: შესავალი; დაარსების ანდრეზები; მიწა-წყალის მოპოვება; კვრივი; კვრივის აღმოჩენა; ჯვარჩენა (იფანი კერიაში); ბეთლემი - ჯვართა სამშობლო; მტრედი - ჯვარის ნიშანი; მტრედი - ეკლესიის მაშენებელი; ჯვარჩენა ტყვეობაში; ქაჯავეთის განძი; თასი; ფურის რქა; ცხრაძალიანი ოქროს ფანდური; საკიდელი; ცხრაენიანი ზარი; ნახირი; სამძიმარი; დროშა; საყმო; საყმო ჯვრის კარზე; მთაწმინდა; საყმო და განძი; მკადრეს განსაცდელი; ”ოქროს ღილი”; დავლათი; წოდებულნი და რჩეულნი; ჯვარის პატიმარნი; ბოსლიდან ჯვარამდე; ქადაგი ქალები; ”სისხლის წვიმების დროები”; დევების მობრუნება შეწირულნი; ლიტერატურა; SUMMARY.

Date of Issue: 1996

Source: ქართული მითოლოგია : წ. 1 : ჯვარი და საყმო / ზ. კიკნაძე; რედ.: მიხეილ ქურდიანი; - ქუთაისი : ნეკერი, 1996 -189 გვ. (ს/ს "პირველი სტამბა"). - (გელათის მეცნ. აკად. შრომები. ფოლკლორის და მითოლოგიის სერია N1). UDC: 2-264(479.22) + 821.353.1-394

Language: Georgian
Extent Format: 189 გვ.
Created: 2010-09-21
Modified: 2010-09-21



Object - ჯვარი და საყმო [189 გვ.]

Size - 1,013Kb

Format - Adobe PDF

Download – გადმოწერა (დაუწკაპეთ წარწერას ბოლოში – "ჯვარი და საყმო".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   Mon May 22, 2017 7:45 pm

შესხმა
(გილგამეშიანის შესავალი)

რომელმან სიღრმე იხილა ხმელეთის კიდეგან,
რომელმან ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,
იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, -
სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,
საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,
მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა.
შორი გზით იარა, დაშვრა და დაბრუნდა;
ქვაზე ამოკვეთა ყოველი განცდილი.
ურუქის ქალაქს ზღუდე შემოავლო, -
წმინდა ეანას კურთხეულ ბეღელს.
ახედე ზღუდეს, ლარივით გამართულს!
ქვაკუთხედს დახედე - მის დარს ვინ შემნის!
ზღურბლს ხელი შეახე, შორიდან მოტანილს!
ეანას მოადექ, იშთარის სამყოფელს,
რის დარს მომავალი ვერ შექმნის მეფე!
ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე,
საძირკველს ჩახედე, აგური მოსიჯნე, -
იქნებ გამომწვარი არ იყო აგური?
იქნებ შვიდ ბრძენკაცს ლიბო არ ჩაედოს?

თარგმნა ზურაბ კიკნაძემ

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზურაბ კიკნაძე   

Back to top Go down
 
ზურაბ კიკნაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: