არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატალია ქადაგიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Wed May 18, 2011 9:46 am

”გოდო” – მარად სიახლე

ანუ - გოდოს და გივის ”გასაუბრება”





მინდა სამუელ ბეკეტის პიესაზე გესაუბროთ, - ნაწარმოებზე, რომელზეც არაერთხელ დაიწერა და ითქვა. ეს ნათქვამი ყველამ თავისებურად გამოხატა, ზოგმა - ესსეს საშუალებით, ზოგმა - მოკლე რეცენზიით, ზოგმა - მისი სცენაზე გაცოცხლებით... მაგრამ მაინც, ვფიქრობ, ყველაფერი არ თქმულა, მითუმეტეს, რომ ”გოდოს” თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო...

პირველი, რაზეც მკითხველის ყურადრებას შევაჩერებ, გახლავთ ჩემთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რატომღაც, თანმდევი ფიქრი, რომ ბეკეტის "გოდო" და ქართული ხელოვნების წიაღში დაბადებული ბრწყინვალე პერსონაჟი “გივი”, - ელდარ შენგელაიას ფილმიდან ”ცისფერი მთები”, ახლო ”ნათესავები” არიან. თვითეული მათგანი ადამიანთა ცხოვრების მუდმივი დომინანტია - ყველას, განურჩევლად, სოციალური, ეთნიკური თუ სქესობრივი ნიშნისა, ჰყავს თავისი გოდო - გივი. მაგრამ მაინც, არ შეიძლება ამ ორი ”ზე - პერსონაჟის” გვერდიგვერდ დაყენება, რამეთუ, მათ შორის უფრო მეტი განსხვავება ყოფილა, ვიდრე მსგავსება...



გოდო, თავისი იდუმალი არსით, უფრო სიდიადის და მიუწვდომლის დიფუზიური მოვლენაა, ნათელი სამყაროს წიაღში არსებული შორეული ახლობელია და მოვლინების შემთხვევაში, აუცილებლად გაამართლებს მოლოდინს, გაანათებს გზას, რომელიც აქამდე ვერავის გაუგნია. აქ აღარ გავიმეორებ დაწვრილებით, რაც მრავალჯერ თქმულა - რომ გოდო(Godot) ინგლისურად ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვის(God) პირმშოა.

მწერლის ეს პერსონაჟებით ღარიბი ნაწარმოები უფრო ”ფართო” და მრავლისმეტყველია, ვიდრე ბევრი სხვა რომანი - პერსონაჟთა ქვიშისებური სიმრავლით. თხზულების გეოგრაფიაც ძალზე მწირია, თითქმის, ერთი პატარა გზის მონაკვეთია, რომ ვერ გაიგებ საიდან ”მოვიდა” და... სადაც წყდება, მართლა წყდება თუ არა... დიდი ლოდი კი, პერსონაჟთა ”ჩამოსაჯდომი”, ცხოვრებაში პატარპატარა ”ჩამოსაყრდნობების” ასოციაციას იწვევს, ოღონდ, ამ ”ჩამოსაყრდნობში”, არამცდაარამც, ადამიანი არ მოიაზრება. ადამიანი ადამიანისთვის, ამ გარემოში, მექანიკური შეჯახების ობიექტია - ისინი, შემთხვევით, ერთი და იმავე ”გოდოს” ძიებისას ხვდებიან, ერთმანეთი კი, არასოდეს უძებნიათ. იქნებ, აქ არის ”ჭიპი” დიდი გამოცანისა, რაც ასე აწვალებთ და ვერ ამოუხსნიათ?.. სარტრის შემოქმედების თეზაც ხომ იგივეს გვეუბნება, რომ - ”ჯოჯოხეთი სხვებია”, იქნებ, ამიტომ არიან დაქსაქსულნი პერსონები - ადამიანის კატეგორიით. ისევ ჩვენს მიერ ხსენებულ მწერალს და ფილოსოფოსს თუ დავესესხებით, ამ ადამიანთა შორის სიტყვა მუდმივად ”ავადაა”... მუდმივად დუმილი სჭარბობს საუბარს, მხოლოდ - შინაგანი დიალოგები ”ისმის”...



პიესაში, ამბის მომტანი ბავშვი მათი ფიქრია, გაურკვეველი გზავნილივით მოსული ცნობიერებაში და ეს ფიქრი, მერე, მხოლოდ ”ბოლთის” ნაკვალევად ისახება ლოდის ირგვლივ, უფრო კი - საკუთარი თავის ირგვლივ... ზოგიერთთა აზრით, ” გოდო” ბევრ ”რამეს” შეიძლება ვუწოდოთ, რასაც ველით, ჩემი აზრით კი მას ჰქვია ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა - ყველაფერში... მაგრამ, რატომ გვაწუხებს გოდოს არსებობა თუ არარსებობა ასე? ის ხომ ღმერთი არ არის, ის არის მხოლოდ “გოდო”(Godot)… რატომ და, გოდო (ჩემი აზრით - მიწიერი ჭეშმარიტება) ისევე საჭიროა ყველასთვის, როგორც - ღმერთი. არ ვაპირებ თეოლოგიური ქვეტექსტი დავუდო მთელ ამ, ზედაპირზე მოტივტივე ქვეცნობიერის ეპოპეას, - გოდო არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება აქ, დედამიწაზე, მაგრამ მის დევნაში, პირიქით, მასვე, უნებურად, ვკრავთ წიხლს და ისიც, კვლავ გვშორდება... ან, შესაძლოა, უფრო ახლოს მივედით, ვიდრე გვეგონა და ვერ დავიჯერეთ, ან - ვერ ვიცანით. გზაზე, რომელზეც ვდგავართ, ჩვენი მილიონჯერადი მცდელობა სანატრელთან მიახლოებისა, მხოლოდ ამაოდ მოღაღადე ნაფეხურებად ისახება... ეს უგრძესი პროცესია, ეს მოლოდინია, რასაც, დასრულება არც უწერია. ეს არის ემპირიული მრწამსის მძვინვარება - არაფერი და არავინ გასცდეს ცდის ფარგლებს. ბეკეტის ნაწარმოები, თითქოს, ერთგვარ პარალელსაც აჩენს - ამირანის და ფინიას ამბავთან, ძაღლი ლოკავს ჯაჭვს, ის კი, გაწყვეტამდე მისული, ისევ მთელდება... აშკარაა უხილავი წრე, სადაც მხოლოდ, იწყება რაღაც და, ადამიანებიც, გაქცევის დიდი სურვილით აღსავსენი, გამალებით უვლიან გარს საკუთარ ჩაკეტილ სამყაროს და დროსაც, რომელსაც ჰაიდეგერის ტერმინით Zeitlichkeit, ანუ აწმყოობადი მყობადი შეიძლება ვუწოდოთ.

დეკორაციები ”გოდოს” ირგვლივ, სცენაზე თუ ჩვენს წარმოდგენაში, შეიძლება ათასგვარად შეიცვალოს, მაგრამ გოდო უცვლელია, ის ყოველთვის გოდოა, ანუ, როგორც აღვნიშნე, ჭეშმარიტებაა იმ სინამდვილეში, სადაც ვიმყოფებით და გაურკვევლობისგან სუნთქვა გვიჭირს. ამგვარად, ის არ არის უბრალოდ მიწიერი ოცნება, ის სიდიადის პირმშოცაა. თუმცა, გვავიწყდება, რომ ეს სიდიადე ჩვენივე თავში, ან - ერთმანეთში შეიძლება ვიპოვოთ. მე გოდოს მოლოდინში მატერიალისტური იდეალისკენ სწრაფვას ვხედავ, რომელიც, სამწუხაროდ, მუდამ იდეალად რჩება, რადგან ადამიანს, რაც უნდა ჭკვიანი იყოს, უჭირს ამ მხრივ ზუსტი კოორდინირება.




”გივიზე” მოგახსენებდით, პერსონაჟზე, რომელსაც განზოგადებული სახე აქვს. გოდოს არსებობაში თუ ხან, მაინც, ეჭვი გვეპარება (მიუხედავად - მოლოდინისა), გივი დადასტურებული რეალობაა, მაგრამ - მოუხელთებელი. მისი მოლოდინის მასშტაბები, შესაძლოა, აჭარბებდეს კიდეც, გოდოს მოლოდინის მასშტაბებს. ის არის განსაკუთრებული რეალობა, რომელიც ასე ”სჭირდება” მოკვდავთ, მაგრამ არასოდეს ჩანს. ”გივი, ჩვენ ვართ” - ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ მთქმელი ძალიან ახლობელი უნდა იყოს ამ პერსონის, თუმცა, მისთვისაც მიუწვდომელია იგი. მიუწვდომელია, რადგან ჩვენს შორის სარეველასავით გამრავლებული ტიპაჟი, ასე ჩამოაყალიბა მახინჯმა ბიუროკრატიულმა გარემომ, ასე ასწავლა ”ურთიერთობა” მოძმეებთან(ადამიანებთან). მართალია, უთქვამთ - ”არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”- ო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ”გვარი” არაფერშუაშია, მთავარი გარემოა, რომელიც, ყველაზე მეტად, საბჭოურმა ნიაღვარმა დააყენა თავდაყირა, თავდაყირა დადგა ნეტარი და დიადი აზრებიც, მაგალითად, როგორიც არის ილიასეული - ”ყველაფერი ძირიდამ დაწყებულაო”... კოლოსალურია ბოლშევიზმის ბოროტი ძალის მასშტაბები, ეს ის არის, რამაც შეძლო სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანთა და მათ შორის, ქართველთა მენტალიტეტიც ისე ”დაეწერა” და ჩამოეყალიბებინა, როგორც თვითონ სურდა. და, დაიბადა იმაზე უარესი ”გივი”, ვიდრე ადრე იყო, დაიბადა ისე უჯიშოდ ჯიშიანი, რომ ახლაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. თუმცა, დროა, მას უფრო კონკრეტული სახელი ვუწოდოთ - ბიუროკრატიის ამოუძირკვავი მეტასტაზი... ”გივის” ელიან ადამიანები კაბინეტის კართან, ტელეფონთან... ელიან - თითქმის ყველგან, არსებობის ყოველდღიურობაში.... პასუხი მისგან კი, როგორც ერთხელ იუმორით, მახვილგონივრულად შენიშნეს, არ არის და არც იქნება.

გივი არ ჰქვია, მაგრამ ფაქტობრივად, ”გივია” ქართული პროზის გამორჩეული გმირი ყვარყვარეც - ”ძლიერი”, საჭირო, აქვე არსებული, მაგრამ არავისთვის მყოფი... ეს არის გივ-ების მდგრადი ფორმულა, რომელიც ვერ ხსნის ვერანაირ ამოცანას(გამოცანას), თუმცა, მუდამ ჩანს ან იგულისხმება მოცემულობაში.

საინტერესო იქნებოდა ”გოდოს” და ”გივის” შეხვედრა, დიალოგი კი, ალბათ, დაახლოებით, ამგვარი...



გოდო: - გიცანი...

გივი: - ვიცი.

გოდო: - არ მეგონა...

გივი: - ?

გოდო: - რომ მიცნობდი, მე არავინ მიცნობს.

გივი: - არც - მე.

გოდო: - ახლა - გასაგებია.

გივი: - დიდი ხანია, გეძებენ...

გოდო: - ვიცი... შენც...

გივი: - ჰო.

გოდო: - შენ როგორ შემხვდი?

გივი: - იქ დავრჩი, სადაც ვიყავი და ასე გადაგეყარე.

გოდო: - არ მეძებდი?

გივი: - არა, მე - არა.

გოდო: - ალბათ, ამიტომ. ჩემი გზა სულ სხვა მიმართულებით მიდის, ვიდრე, ეს ადამიანებს ჰგონიათ. ისინი მელიან. მე - სულ, მივდივარ და მივდივარ, მათ კი ჰგონიათ, რომ ვდგავარ და ვაგვიანებ...

გივი: - მეც სულ სხვა გზით დავდივარ და ჰგონიათ, რომ არ ვჩანვარ...

გოდო: - აკი დავრჩიო?

გივი: - მე დავრჩი სხვებისთვის, რადგან, მათკენ კი არა, მათში მივიწევ მუდამ, რომ იფიქრონ და მელოდონ.

გოდო: - ჩვენნაირი, ალბათ, არავინ არის... ხომ არ გადაგვედგა ნაბიჯი იმ ადამიანებისკენ, ვინც გველოდება?..

გივი: - რას ამბობ, თვითონ უნდა მიხვდნენ...

გოდო: - რას?..

გივი: - რომ არსად მივდივართ.

გოდო: - ჰო, დამავიწყდა ეს - არსად რომ მათი გზაა. შენ... ოდესმე, ელოდი რამეს, ვინმეს?

გივი: - ვინმეს - არა, რამეს - კი. შენ კი - არასოდეს.

გოდო: - რატომ მეგონა, რომ ერთმანეთს ვგავდით?

გივი: - მეც მეგონა, მაგრამ მივხვდი - რომ არა...

გოდო: - მეც მივხვდი... ჩვენ, ორივე, უბრალოდ, უკაცრიელი გზებით დავდივართ და ვერავინ გვაგნებს.

გივი: - შენ ელოდი ვინმეს?

გოდო: - ახლაც ველი...

გივი: - ვის?!

გოდო: - მათ, ვინც მელის.

გივი: - ???

გოდო: - კი... და მინდა გავაგებინო... შენ ხომ არ დაგაბარო, უფრო მათთან ხარ?

გივი: - ვარ... თუმცა - არა ვარ.

გოდო: - ეგ უარესია.

გივი: - ისინი სხვანი არიან, მე კი - სულ სხვა, დროა, მიხვდნენ.

გოდო: - არც მე და შენ ვგავართ ერთმანეთს!

გივი: - ხომ გითხარი, შემთხვევით გადაგეყარე!

გოდო: - ჰოდა, წავედი.

გივი: - სად?

გოდო: - აქ, ჩემთან.

გივი: - კარგი, დარჩი, მე არ მჭირდები...



- დიახ, ისინი ჰგვანან და არც ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა, ორივეს ელიან განუწყვეტლივ და დაუსრულებლად. მაგრამ ამ მოლოდინს, ერთ (გოდოს) შემთხვევაში, რაღაც იმედი ასხივოსნებს, მეორე (გივის) შემთხვევაში - გაურკვეველია, ბჟუტავს თუ არა ის საერთოდ - მოლოდინი, აქ, უკვე მექანიკური პროცესია, ასე რომ აწუხებს ყველას და მაინც არავინ ”სწუხს”.





მოკვდავთა წარმოდგენით, გოდო იშვა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ, სადაც - არც ვიცით, ვიქნებით თუ არა ოდესმე. არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თავისი ”გოდო” ყველას ჰყავს, უფრო სწორია ვთქვათ - სამუელ ბეკეტის გოდო ყველასია და ის ერთნაირად დიადია, მიუწვდომელია, თუმცა, წუთიწუთზე, შეიძლება გამოჩნდეს...

საზღვარგარეთულ პროზაში გაცხადებული ეგზისტენციალიზმის ”სახეზე”, ბევრმა ერმა საკუთარი მყოფადობის შტრიხები ამოიცნო... კაპიტალისტური სამყაროს ”დანაშაული” კომუნისტური საზოგადოების სენიც აღმოჩნდა. ამ მიმდინარეობის მამამთავართა აზრით, ყოველივე უარყოფითი ტენდენციის, მოვლენის, პესიმიზმისკენ უკუტრანსფორმირების მიზეზი მათემატიკური პროგრესია - ”ყოველივე უკუღმართად წარიმართა... ტექნოლოგიის გამო” - მიაჩნია ცნობილ შვედ კინორეჟისორს ინგმარ ბერგმანს და ამ თეზას ჰაიდეგერიც ადასტურებს, მან ”კაცობრიობის თანამედროვე გასაჭირს” ”ახალი დროის ტექნიკის პლანეტარული მოძრაობა” უწოდა... ეს მოსაზრებები დასტურია იმისა, რომ აქ სახელმწიფოებრივი წყობა და საზოგადოებრივი ფორმაციის რაობა არაფერშუაშია.

მაინც, სად არის გასაღები - ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავებული მენტალობების ნიადაგიდან დაბადებულ ადამიანთა იდენტობისა? კითხვას შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხოთ და დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის მარტივი მისაგნებია - უბრალოდ, ყველა ადამიანი, ამ ქვეყნად მოვლინების წამიდან, ელის გოდოს... უფრო მეტიც, მუცლადყოფნის დრო მოსამზადებელი პერიოდია ამისთვის, ხოლო დაბადებისთანავე წამსკდარი ტირილი მეტაფიზიკური კოდის გამჟღავნება... და, ამ პროცესთან რაც უფრო ახლოა ოცდამეერთე საუკუნე, როცა (და - სადაც) ცხოვრებამ, თითქმის მთლიანად, ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა მიერ შექმნილ - რეალურის ალტერნატიულ სამყაროში (ვირტუალურში) გადაინაცვლა, ალბათ, გოდოც უფრო საოცნებო შორეული ახლობელი გახდა ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი წარმოშობის ყველა ადამიანისთვის.



ბოლთის ცემა, საკუთარი თავის გარშემო გრძელდება და არასოდეს სრულდება... თუმცა, გვგონია, რომ ჩვენი სისწრაფე რეაქტიულია, აზრი - პროგრესული, ცხოვრება - მრავალფეროვანი, სინამდვილეში კი, ”იქვე ვდგავართ”. სუბსტანციის ეს სურათი იდენტურია ერთი ნახატისა, ჩაკეტილი კარის წინ ნატერფალების წრეები რომ იკვრება. სამუელ ბეკეტის პერსონაჟებიც ხომ ამგვარად აღბეჭდავენ თავიანთ განწყობებს... ისინი დაღამებისას მიდიან სახლში და დილით იქვე ბრუნდებიან... და ასე, მიდიან და ბრუნდებიან, ბრუნდებიან და მიდიან... მაგრამ ეს მხოლოდ წასვლის სურვილია, წასვლის ცდაა, რომელსაც ვერასოდეს სცდებიან... ბეკეტის ნაწარმოები სარკეა მოკვდავთა ემპირიული ყოფისა.

როგორც შევნიშნეთ, ”გოდო” არის ადამიანის გაჩენისთანავე(შესაძლოა - მანამდეც) დაბადებული ნატვრა და, ვგონებ, ერთგვარი აღმნიშვნელიც ადამიანობისა. და, თუ არსებობენ განსხვავებულნი, ამ ნატვრის გარეშე მყოფნი, მაშინ მათ ნამდვილობას, თითქოს, ეჭვის საფუძველი ექმნება... რამეთუ, ”გოდო” თავად ადამიანშია, ის კი, დაუსრულებლად სცდება საკუთარ თავს და მზერას შორეთს აპყრობს... პოსტულატი, რომ ”კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ”, ამ შემთხვევაშიც, მყარია.



აი, ეს განასხვავებს ”გოდოს”და ”გივის”ერთმანეთისგან. თუმცა, გივიც ზოგადი და დაუქვემდებარებელია საზოგადოებრივი განვითარბის რომელიმე ფორმას. მაგრამ ის მანკიერებაა - თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობით გადაცემული, ყველა ერისთვის მეტნაკლებად დამახასიათებელი იმის მიხედვით, თუ რამდენად ”საიმედოა” მათი მენტალობის ნიადაგი ამ ვირუსის საცოცხლებლად. ადამიანში ”გივი”, შესაძლოა, დაბადებისთანავე არ ჩანდეს, მაგრამ ის, აუცილებლად თავს იჩენს და ”ღვივდება” პიროვნების კარიერული სვლის იმ ეტაპზე, როცა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა აშკარა იმპერატიულობის ბერკეტს სთავაზობს მას. პროგნოზირება კი, თავიდან, ვინ არის პოტენციური ”გივი ” ჩვენს შორის, შეუძლებელია. მერე კი, იქცევა თუ არა ”გივიდ” ადამიანი, უჩინარი ხდება სხვებისთვის, მას არ სურს აკეთოს ის, რაც ევალება - სხვათა პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, რეაგირება და მათი მოგვარება. ზოგი ”გივის” კომუნიზმის პირმშოდ მიიჩნევს, მაგრამ ”გივი” მუდამ ”ცოცხალი” იყო - კომუნიზმამდე, კომუნიზმის დროს და ახლაც. მეტიც, ”გივის” ჩვენ, ”არა - გივები” ვეფოფინებით, თუ არ არის, ველოდებით... არადა, ის არის, მუდამ არის, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ამ პერსონაჟის და ხალხის ურთიერთობა, როგორც შევნიშნეთ, კლასიკური ნიმუშია ბიუროკრატიზმის მარადიული ყვავილობისა - ისეთი ამოუძირკვავისა, რომ თუ ერთი გივი გაქრა, შესაძლოა, მის მომლოდინეთა შორის პროგრესირდეს მეორე - მსგავსი. და მან წუთითაც არ მიიხედოს უკან, წარსულისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მტანჯველი იყო ის მოლოდინი, საიდანაც თვითოთონ (”გაუმართლა” და...) ”დაიბადა”.



როგორც ვთქვით, სამუელ ბეკეტის ”გოდოს მოლოდინის” დიალექტიკა ძალზე თავისებურია და, ამავე დროს -განზოგადებული, ყველასთვის ნაცნობი და თავისად მიჩნეული. ალბათ ამიტომ, ამ გენიალური მონათხრობის პერსონჟებში საკუთარი ”ოცნება” და ცხოვრება ამოიცნო იმდენმა ადამიანმა, რამდენმაც წაიკითხა ის.

ღმერთმა ადამიანები ერთნაირნი დაბადა, ხოლო შემეცნებითი გარემოს რაგვარობამ, კლიმატმა, ისინი სხვადასხვად ჩამოაყალიბა - ”შავგრემნებად”, ”ქერებად”, ”მაღლებად”, ”დაბლებად”... - როგორც, მდინარე სათავეს იღებს, მოედინება, მაგრამ ის არ არის ყველგან ერთგვარი, ზოგგან - სწრაფია, ზოგგან - მდორე, ზოგგან - განშტოებული, ხან - ბობოქრობს, ხან - ღიღინებს, ხან - ყუჩდება, ადამიანიც, ვფიქრობ, არ უნდა იყოს შინაგანად, მთლად, კანონზომიერების პრინციპებით ”აშენებული”- ის, ხან - კეთილია, ხან - ცინიკოსი, ხან - ლმობიერი, მაგრამ არა გამიჯნულად, ცალსახად რომელიმე ამ თვისების მატარებელი. და, ამიტომაც, მისადმი მიმართებაში, უფრო, ოპტიმიზმს უნდა ვეყრდნობოდეთ, ვიდრე - პესიმიზმს - რომ, თითქოს, არასოდეს შეიცვლება, რომ, თითქოს, ვერაფერი შეცვლის. ჩვენ, როდესაც ამგვარ აზრს ვეყრდნობით, შესაძლოა, მივაგნოთ სენსაციურ დასკვნასაც, ”გივის” უკან, ადამიანურ სულში დაბრუნების პერსპექტივას... ეს კი, თითქმის, ეპოქალური გადატრიალების ტოლფასია, რადგან ამ ტიპაჟის ფესვები ღრმა წარსულიდან მოდის... დაახლოებით, ამავე აზრს ავითარებდა დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი საუკუნის წინ და მას შემდეგ ადამიანის დ ე ნ ა დ ო ბ ა შ ი (текучесть человека) არაფერი შეცვლილა. უცვლელია მათი მოლოდინი და მოლოდინის ობიექტი - გოდო, კონკრეტულიც და შეუცნობელიც. ის, როგორც აქ ჩემს მიერ წარმოდგენილი დიალოგიდანაც დაინახეთ, თავის მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ისწრაფვის ადამიანებისკენ, თუ ”ისინიც ინებებენ”, არადა, რჩება მიუწვდომელი. რა ხდება, ადამიანები ხომ ყველაზე მეტად ელოდებიან მას? - დიახ, ელოდებიან, მაგრამ არ ილტვიან სადღაც არსებული ყველაზე ახლობლისკენ, ერთ ადგილას ტრიალებენ და აზრად არ მოსდით გზის გაგრძელება ... საკუთარ თავებში.



”გივი” სხვა მოვლენაა, მისი მენტალობის წიაღი ერთნაირად არის საზოგადოებრივი ფორმაციაც, ტექნიკის სწრაფი ევოლუციური პროცესიც და ჩაჭაობებული შეხედულებებისგან თავდაუხსნელობაც... ”გივი” საშიშია - ის ადამიანთა ცხოვრებაში წარმოშობილი უსიამოვნებების დიდი მიზეზია, იძულებითი ჯოჯოხეთია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაიარო, რათა შვება იგრძნო... კარი მას მუდამ ჩაკეტილი აქვს და მიმდინარეობს მანკიერი პროცესი მომლოდინეებშიც - რომელიმე მათგანის, ნელნელა, ”გივიდ” დაბადების - თავისიანებს შორის სხვად დაბადების, რომელიც ”გივიზმის” პრინციპების მიხედვით, მაშინვე, უჩინარი ხდება. თუ ”გოდოს მოლოდინის” შემთხვევაში, სადღაც სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან გვაქვს საქმე, ანუ, პროცესის მიმართულება ირაციონალურ გეომეტრიას ემყარება, ”გივის” შემთხვევაში, ნიველირებულია რეალური და აშკარა მოცემულობის ყოველგვარი ამქვეყნიური კანონები და მოძრაობის მიმართულებები.



რომაელი სენეკა სვამს კითხვას - ”მიმითითებთ კი ისეთზე, ვისაც გაეგებოდეს, რომ ყოველდღე კვდება?” ... ეს ჩვენ ვართ, გვქვია მოკვდავები და არ ვიჯერებთ. არ ვიჯერებთ გათენების სასწაულს, არ ვიჯერებთ მზის ამოსვლის სასწაულს... არ ვიჯერებთ ღამის სასწაულს და ჩვენს ძილს - მიკროსიკვდილს. არ ვიჯერებთ დილას, როგორც ჩვენს თავიდან დაბადებას... ვიღვიძებთ და ვეძებთ ჩამოსაყრდნობს, ან, ვინმე მეორეს, ჩვენი ოცნების, დიდი მოლოდინის გასაზიარებლად და იშვიათად ვფიქრობთ პირიქით - ვინმეს ოცნების გაზიარებაზე. ჩვენ, მართალია, ჟამთასვლას აღვრიცხავთ, მაგრამ ვცხოვრობთ შეუცნობელ დროში, - როცა, დღეს სამშაბათია, ხვალ კი, შესაძლოა, - ხუთშაბათი ან - ორშაბათი იყოს. ჩვენ, მომლოდინენი, ვერასდროს მივდივართ იმის იქით, რაც დადგენილია - რომ ვიყუროთ სულ წინ და არასოდეს - მარჯვნივ ან მარცხნივ, უკან... ფიქრი მაცნე (მესიჯი) კი, მოდის და მოდის და ის, მუდამ, ჩამოუყალიბებლად, გაუგებრად, არასანდოდ რჩება, როგორც ბეკეტის პიესაში - ამბის მომტანი ბავშვი, არაფრის მაცნე. და ვერ ვხვდებით ამ ინფორმაციის უშინაარსობას, ჩვენი ”კატის ნაბიჯების” უშინაარსობას... არაფერს ვამბობთ, ან, თუ ვამბობთ - ერთმანეთისგან ზურგშექცევით. ეს კაცობრიობის ყველა წარმომადგენლის ყოფაა, მისი ერთგვაროვნების მანიშნებელია ამ თუ იმ გეოგრაფიულ სიბრტყეზე. არადა, მათ, გოდოდ წოდებულ ჭეშმარიტებამდე შორი რომ ჰგონიათ, წვალებით, მაგრამ მაინც შეუძლიათ მიაგნონ ოცნებას(ოცნების საგანს) - დაბრუნდნენ საკუთარ თავებში, გარეთ უმისამართოდ მზირალნი...

”გოდოს მოლოდინი” არ არის ხასიათებით დატვირთული ნაწარმოები. მასში მწერალმა ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა ზოგადი ფორმულა მთავარი და უჩინარი პერსონაჟის(რომელიც ყველასთვის ერთია) მისაგნებად - თუ არ ეძებე, მოლოდინი ვერასოდეს შეგახვედრებს მას.

ხშირად, ადამიანებს სჭირდებათ, თავისთავად წამოსცდებათ - ხოლმე ფრაზა - ”ნამდვილი გოდოს მოლოდინია!” - მაშინაც კი, როცა ”გივის” ელოდებიან. დიახ, ეს, კონტექსტში მრავალწერტილივით მრავალმნიშვნელოვანი პერსონაჟები ჰგვანან ერთმანეთს მოლოდინის უსაშველობით, მაგრამ განსხვავდებიან არსით, ”გოდო” მუდმივი ცდაა ერთი და იმავეს მოპოვებისთვის, გივი კი - ჯოჯოხეთური აუცილებლობა, ”გოდო” ზოგადია, მაგრამ მკაცრად პიროვნული, ის თვითპროექტირების წყურვილია, ყოფიერების ზღვაში ლაღად შეცურვის სურვილია, ის ერთგვარი ორფევსული ზევსის ტოლფასია, ანუ - ყველაფერი, მაგრამ - საწინააღმდეგო ორფევსული სასწაულის, მე - სა და სხვა - ს შორის მანძილს რომ ამცირებს... თუმცა, ინდივიდი ხომ ბოლომდე გამოუთქმელია - Individuum est ineffabile - და ეს, სამუელ ბეკეტისთვისაც კი, ასეა...

”გივი”, როგორც ვთქვით, არ არის რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოებრივი წყობის, ან რომელიმე ერის პირმშო... მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ მასში ყველაზე მეტად, ყოველგვარი მორალის უარმყოფელი მარქსიზმის სული მძვინვარებს.

ადამიანი, განწირული თავისუფლებისთვის, სურვილების გალაქტიკაში, ხან ვერ აკეთებს არჩევანს - გოდოს ელოდოს თუ გივის თუმცა, ”არჩევანის ვერგაკეთებაც ხომ არჩევანია”...

...და, ზოგნი ელიან ”გოდოს” - მხოლოდ წინ მომზირალნი, ზოგნი - ”გივის”, დახურულ კარზე თვალებმიბჯენილნი... პირველი ჭეშმარიტებაა, მიწაზე გასაძლებად საჭირო, მეორე -რატომღაც, აუცილებლობად ქცეული, სიცრუით გაჟღენთილი ბოროტება.

ამიტომაც, არ შეიძლება ყოველგვარი უსაშველო მოლოდინი ჰგავდეს ”გოდოს მოლოდინს”.
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Wed May 18, 2011 3:01 pm

ეს,მართლაც,მშვენიერი ნაშრომია.იგი ერთ-ერთი საიტიდან გავიცანი და კარგია,აქედანაც რომ გაეცნობა მკითხველი.იგრძნობა,რომ ავტორი განათლებული და შრომისმოყვარეა და იცის,რა და როგორ გააკეთოს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Wed May 18, 2011 3:15 pm

მეზობლები

როგორც წყალნი დიან მთებში, აქა- იქ, თითქმის - აღმა- დაღმა, როგორც, თვით, მთები (ერთ ადგილას გაშეშებული რომ გვგონია) ენაცვლებიან ერთურთს, ღამღამობით, ან - სიზმრებს და ყვავილებს უცვლიან ერთმანეთს... როგორც გზები და ბილიკები მიდიან და არსად ჩერდებიან... ადამიანებიც ატარა კავკასიის ბედმა აქეთ და იქით... და, როცა ისინი ერთ წყნარ ხეობაში, პანკისის ხეობაში დააყუდნა - თუშ - ფშავ - ქისტები ერთად, იმდროინდელი ამბავი მინდა მოგიყვეთ -
დაროზე, ლაბაზაზე და მოვსარაზე...
მეზობლები... თუში დარო, ”კოწლებიანი”- ორი გრძელი და წვრილი ნაწნავით, ”ქიშმირის” კუბოკრული შალით.
ლაბაზ და მოვსარ - თითქმის, ერთნაირად გამოწყობილები, თავზე კარაკულის ბოხოხებით, მკაცრად შეკრული პერანგ-კიტელებით და ხელში ჯოხებით, სახლთან ჩამავალი წყლის პირას ჩამომსხდარნი.
ლაბაზ: - ჩემმა მზემ, კარგი იყო ძველი დრო!
დარო: - ჰო, ქა, კარგ იყვ, მა რაჲ, კაც კაცს ხგავდად ქალ - ქალს…
მოვსარ: - ქალებიც უფრო ლამაზები იყვნენ, მაშინ, ჩემმა მზემ!
დარო: - რაას ამბობ, ჲახლ აღარ არიანა ლამაზ ქალებჲ?!.
ლაბაზ: - არიან, მაგრამ ისეთები აღარ არიან, ჩემმა მზემ!
მოვსარ(ლაბაზას უჩურჩულებს ქისტურად): - სან დეე სერ (ღმერთმანი - ქისტ.), ირიზ დააც თხო აზ დიიცუშ! ჲერამ, ჭოოღ, ხაზ ჲუჴ (განა ამაზე ლაპარაკი შეიძლება, ეს ხომ, ახლაც, ძალიან ლამაზია)!
ლაბაზ: - შენნაირები ახლა ცოტანი არიანო - გვინდოდა გვეთქვა, დარო ...
დარო: - ჰო, ვიც, ქაა, ვიიც... ჲაგრ ვიფიქრ მეაც... დაიცათაღ! - თითქოს, გამოფხიზლდა დარო - რაის თქმა გინდათ თქვენ?!! ჲახლ არ ამაღებიოთ დიდ ჯოხიდ თავებ არ მაცემიოთ!!! - და, დარომ, მართლა გაიწია ჯოხისკენ.
ლაბაზ: - დარო... ახლა კი აღარა ხარ ლამაზი, ჩემმა მზემ, ეგ ადრე იყო...
დარო: - რაჲ, ქაა?!. - თან, ნერვიულად წაიღო ხელი ”ფართუკის” ჯიბისკენ და ”ბურნუთის” პატარა თოფრაკი ამოაჩინა. ოდნავ, მოკანკალე ხელით გახსნა და დაფქული თამბაქო შეისუნთქა.
...ლაბაზ და მოვსარ კი, ოდნავ ღიმმომდგარნი იღეჭებოდნენ - ასევე, თამბაქოს ფოთოლს.
იდგა შემოდგომა და მწიფე ნაყოფი ცვიოდა ეზოებში... წყლის პირებზე... სოფლის გზა ფოთლებით გადაყვითლებულიყო, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა რომ ვერავინ მიხვდებოდა...
მეგობრები ახლა მშვიდად საუბრობდნენ, გამჭვირვალე ღელის პირას ჩამომსხდარნი.
დარომ, უცებ, ცას ახედა და ხელები გაშალა... დააზუსტა - მზე რა მანძილით გადაადგილდა დილას აქეთ.
დარო: - ეეჰ, წავიდეღ, ქა, ქათმებიწ უჭმელაებ მყავის. - და ნელნელა წამოდგა , წელში გასწორდა - ჰაბა, კარგ იყვენთ! - ო - უთხრა მეზობლებს და სახლისკენ გაემართა. მიდიოდა მოხუცი და მიითრევდა მხრებზე მოსხმულ კუბოკრულ შალს, ქმრის ნაჩუქარს, იმ ქვეყნად რომ წასულიყო უკვე. მიდიოდა და კითხვებით ევსებოდა გული და გონება... ” მართლემ ფიქრობდა ლაბაზ, რო ლამაზ ვარჲ?! ეეჰ, ქაა, რა მონაჲ(ცუდი) ადამიანჲ, რაა გაუმაძღარჲ... მეამ რად უნდ ვფიქრობდ ჲასთა რამეებზე, მეამ - რაღად?! რააგვერითაიც იყვ, ისთაივ ლამაზი ჲეგ კაც... რააგვერითაიც იყვ... ცხენით რო ჩამიიქროლებდ ჩვენკისედ ქარიშხალაას ჰგავდ! ერთხენ, პირდაპირ ეზოში შამააჭენ ცხენიდ სიმინდებში შევარდ, ჩემ მამა შინ არ იყვ, თვარ(თორემ)... მე არავისად არაფერ მითქვამავ... მემრ... ესტომ მომიტაცად... სიზმარში, მაინც, ლაბაზასთან ვიყავჲ, იქ ”ვცხოვრობდჲ”...
...მზე ბოლო სხივებს მიიყოლებდა დედამიწიდან, როგორც კრუხი - წიწილებს და მთის უკან ინაბებოდა.
ლაბაზ, სიმინდისგან დაცლილ ტომარასავით იწვა აივანზე და ფიქრობდა... ” სან დეე სერ... რატომ მე არ დავასწარი ესტოს ამ ქალის მოტაცება... ჩემმა მზემ... ვერ დავივიწყე... ჩემმა მზემ, ხადიშათ - ჩემი ცოლი სჯობდა დაროს სილამაზით, მაგრამ მაინც რატომ მიყვარდა... რა უცნაურია სიყვარული”... და, ლაბაზ, კიდევ ერთხელ ცდილობდა ამოეხსნა ”მიჯნურობის საიდუმლო”.
... ბზინავდა მოვსარას ფეხებთან სპილენძის მაღალი თუნგი, ჭის წყლით სავსე. მოხუცი ყალიონს აბოლებდა. შვილიშვილი დაესვა მუხლებზე და თან ფიქრს აგრძელებდა... ”სან დეე სერ, დავაგვიანეთ დაროს მოტაცება, ლაბაზას ვერაფერი ვუშველეთ, ვერ დავაწყნარეთ დღემდე... ასე შორს მყოფი და ასე ახლობელი სულები, მეტი არ გამიგონია, ჩემმა მზემ”...
მზე კი ჩასულიყო - მზე, ასე რომ ფიცულობდა მას სამი მეზობელი, მაგრამ ხვალაც ისევ ისე ამოვიდოდა - მთავარ თემაზე უპასუხოდ... კიდევ ერთი დღე გათენდებოდა - სურვილის საწინააღმდეგო ყოფით და იძულებითი საქმეებით... რატომ კრძალავდა ბედი იმას, რაც ადამიანებს სურდათ, სინამდვილეში?
დილა.
საქმემოლეული მეგობრები ღელის პირას სხედან და ბაასობენ... დარო ბურნუთს ყნოსავს, ლაბაზა და მოვსარ - თამბაქოს ფოთლებს ღეჭავენ.
მზე ჩაბუდებულა მათს ბოხოხებში... შემოდგომის სითბო და სიწყნარე საკრალურად ნაბავს სამყაროს და თითქოს, წარსული ბრუნდება... გზაზე ლამაზი გოგონა მოდის, მოანათებს...
მოვსარ: - რა ლამაზია!
ლაბაზ: - მაგას დარო სჯობს, ახლაც, ჩემმა მზემ!
დარო: - დამაცად, ჲახლა! - წამოიძახებს ვითომ გაფიცხებული და ჯოხს სწვდება...
”რა ძნელია სიმართლის დაჯერება” - ფიქრობს ლაბაზა...
... ”რა სასაცილო და უკუღმართია ცხოვრება!” - ფიქრობს დარო...


Last edited by natalia qadagidze on Thu Jun 16, 2011 10:28 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Wed May 18, 2011 5:49 pm

ლაბაზ იწვა აივანზე, როგორც სიმინდისგან დაცლილი ტომარა და ფიქრობდა... ” სან დეე სერ... რატომ მე არ დავასწარი ესტოს ამ ქალის მოტაცება... ჩემმა მზემ... ვერ დავივიწყე... ჩემმა მზემ, ხადიშათ - ჩემი ცოლი სჯობდა დაროს სილამაზით, მაგრამ მაინც რატომ მიყვარდა... რა უცნაურია სიყვარული”... და, ლაბაზა, კიდევ ერთხელ ცდილობდა ამოეხსნა ”მიჯნურობის საიდუმლო”.

***
საინტრესო,დახვეწილი.ოსტატურად დახატული ხასიათები.

queen cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun May 29, 2011 8:37 pm

***
ან ფესვებს, ან კვირტებს ვინ უსმენს,
ვინ არის სუნთქვას რომ აქვავებს...
ვინ იცის - ეს ქარი ვის უსტვენს,
აქანებს ჰაერის მაქმანებს...
ზეკარებს, ან - კვარებს მხრჩოლავებს,
ანთებენ ალი ან ენები,
ცასავით, ღრუბლებით მქოლავენ,
იბრძვიან სული და გენები...
ნაცრისფერ ნაკვალევს შენს ხმაზე,
ვტვიფრავ და... ვერც დარდებს ვიამებ,
და ვზივართ ვეშაპის ხახაზე
ყველანი - თრთოლვით და სიამით...
ქცეულან წამები ღვედებად,
წრესავით შემიპყრობს უარი...
სიცოცხლე ზოგს ბრალად ედება,
ცხოვრება ისეთი ცრუ არის.
დროებმა ჩათვლიმეს, რომ სიზმრად
გაგვართონ ძველისძველ ამბებით,
სიხარბე გულებში დაიძრა...
მე და შენ სევდას ვეხარბებით...
აქ არის ქარების დაირა,
ჰანგს აფენს ჰაერის მაქმანებს,
მათთრთოლებს მაქმანისნაირად,
ქარის საქანელა მაქანებს...
ვენდობი და მხიბლავს იდეა -
მიწიდან შორს ყოფნის და იმის,
რაც სხვაა და თანაც, კიდეა,
რაც დუმს და გულებში გაისმის...
...არც ფესვებს, არც კვირტებს არ უსმენს,
ეს მიწა... იავებს ეკლებით,
დღე და ღამეები დალურსმნეს,
სულებით ერთმანეთს ვეკვრებით...


Last edited by natalia qadagidze on Sat Jun 04, 2011 9:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun May 29, 2011 8:42 pm

***
ყრუა და უჩინო ადამი -
არ ესმის უამბობს ჟამი რას,
დღე დღეში უშენოდ გადადის,
სადა ხარ...
სადა ხარ, ამირან?!
ის ცეცხლი არ იყო არც ცეცხლი,
არც ფეთქვა ლილისფერ დილისა,
ბზინავს და არ სუნთქავს
ვით ვერცხლი,
ქცეულა თილისმად ძილისა...
აგიწვა ხელები ხორშაკმა-
ამბებმა მგზნებარე ალისამ,
მდნარე არ ცხრება ხევსჩაღმა,
სად მიდის, ვინ გეტყვის წყალისას...
ან გეძებს და უნდა წაგლეკოს,
მსგავსია დენაში ლოდინის...
ქარმა კი - ტალღები გარეკოს,
მთების გაგიშალოს ლოგინი...
ციცაბო დროები მორბიან,
მოარღვევს მორევი გზა - შარას...
ღრუბელნი იმ ცას ემხრობიან -
თვალში რომ ბურუსი აშალა...
სადა ხარ,
მე გეძებ, მე ვითხოვ,
რომ მზერა სინათლით ამივსო,
ვარ შენი მხევალი მე ვითომ,
იქნებ, თვალის ჩინი მაღირსო...
მზის ულაყს ვეხები აღვირზე,
და ყველა ჭენება მალია,
მე შენით ბოლომდე აღვივსე,
ფონი კი, შორს არის, ძალიან...
მე შენით ბოლომდე ავ - ზღვავდი,
და ზურგი ნაპირებს ვაქციე...
წვიმების ნადავლად ავზვავდი,
არასდროს ვინანებ საქციელს...
”სადა ხარ, სადა ხარ, ამირან”!
აქ... ჯაჭვის ხმაური მიყუჩდა...
დაგეძებ დღისით და ღამი-ღამ,
წვიმს და თოვს, ცა ვეღარ გალურჯდა...
აქ, ფარებს ვეხვეწე, ვეაჯე...
შენამდე ნაბიჯებს მითვლიდნენ...
მოგიხმე ათასჯერ და ასჯერ,
ვებრძოდი დუმილის იმ ტვირთებს...
ჟამმა ყრუდ ამოხრა ამბოხი,
ჩემი, სხვათა სულში ნაზარდი...
ვოხრავთ და არ გვესმის ამ ოხვრის,
ცხოვრება წააგავს სამზადისს -
ახალი გმირების შეპყრობის...
...იქნებ, არყოფნაში განზავდი.
ან იქნებ, არყოფნად შეგროვდი -
და სუნთქვას თავადვე რაზავდი...
...ხორშაკმა აგიწვა ხელები,
ხელდება ხეობის მდინარე...
ალნი ვერ მოგტაცეს მწველები
და სუნთქვას გიხშობენ მძინარეს...
აქ, ცეცხლი არც ისე ცეცხლია,
შენ გაგყვა კოცონის ძახილი...
ბზინავს და უსულო ვერცხლია,
ფეხებთან ალებად დაყრილი...
...ყრუა და უჩინო ადამი -
არ ესმის უამბობს ჟამი რას,
დღე დღეში უშენოდ გადადის,
სადა ხარ...
სადა ხარ, ამირან?!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Jun 13, 2011 8:49 am

***

ფერს შეიცვლიან, ვით ფოთლები,

სიტყვები, ძველი,

სანიშნებივით ჩაკეცილნი

სულის შრეებში,

გაზაფხულამდე მდუმარებას

თუ გავუძელით,

ვიპოვით ღელვას,

გადაკარგულს მდინარეებში...

იქნებ, ტრამალებს ისევ ახსოვთ

ქარის არია,

და მოგონებით დატკბებიან,

კვლავ, შეხვედრამდე...

ახლა დუმილი

მხოლოდ თავთან საუბარია,

ცვივა კითხვები, უმწიფარი,

მოტკბო ხვედრამდე...

ჩვენს უკან გაკრთა მომავალი,

სახით მრავალით,

საკარნავალედ მოიმარჯვა

ღრუბლის მარაო,

ის წარსულიდან,

ჩვეულებრივ, არის მავალი,

და გვაბნევს ახლაც,

გვაცეკვებს და წარამარაობს...

...ხავერდოვნებას მოიხდენენ

მინდვრები სულის,

ვიდრე მოიტანს ქარბორბალა

მტვრიან სიბრაზეს,

ის აქვე არის, როცა არ ჩანს,

გზას ჩახლართული,

და ნიავივით, შენიღბული,

სუნთქვას ინაზებს...

მიჩურჩულებენ გაცრეცილი

სიტყვის კონები,

ხსოვნის შრეებში ჩაკეცილნი

ხმელ ყვავილებად,

იყვნენ იები,

იყვნენ ვარდნიც და პიონები,

და ავდრის ხელში

დროს შემორჩნენ თავდახრილებად...

...მე სიახლოვე ამაღელვებს,

უკიდეგანო,

ავიწროებდა ჩემს სულს, მუდამ,

რაც მოკვდავთ მართებთ...

იქნებ, სიცხადე ნეფერტიტის

დღეს დაემგვანოს,

იქნებ, სფინქსივით,

ნანგრევიდან წამოიმართე...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ნატალია ქადაგიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: