არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატალია ქადაგიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნატალია ქადაგიძე   Fri Jun 18, 2010 9:38 am



***
სტრიქონებიდან სტრიქონებზე ჩაწნულან წლები...
დღე - ვერონეზეს, მე ღამესთან მივდივარ, ვწვები.
დღე - ვერონეზეს, ამადეოს სძინავს ჯერ კიდევ -
გუშინ თვალებზე დიკინსონის ცრემლი ეკიდა...
...ზაფხული მოაქვს გოგენს, როგორც ცეცხლი - პრომეთეს...
ო, ეს ცხოვრება... ეს ცხოვრება ასე პირმოთნე!
წყალში ცურავენ სკენეები ამფითეატრის
და ზღვის ხმაურში ისევ ისმის -
სად ხარ, ბეატრიჩ...
ო, სულო, ქარო,
ქარიშხალად რად არ იქეცი,
რომ ვყოფილიყავ სტუმარი ცის,
ხანაც - რილკესი!
ახლა ზოზინით მიუყვება ოთხთვალა იმ გზას,
სადაც ფოლკნერმა მარტოობა ააგიზგიზა...
ახლა წარსული ისევ მიპყრობს, ვითარცა სპარსი,
ვის დავაბრალო სინამდვილის იდეა - ფარსი?!
...”მარში”! მაშ ”მარში”! -
დედამიწა ისევ გვიზიდავს,
ზღაპარი გაქრა, მზე ტალღიდან ამოიზიდა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 12:22 pm

***

გეპატიჟებით - წვიმას, პეშვით, შემოგთავაზებთ,
შემოგთავაზებთ სადღეგრძელოს ჩიტბატონების...
აქ, ხმელ ბალახზე დაეღვენთათ მტევანი ვაზებს,
აქ, ჰორიზონტებს უერთდები გრძნობით, გონებით...
გეპატიჟებით, სადაც გემებს თვითონ აგებენ -
იმედით, განცდით და ფიქრებში ასე ცურავენ...
სადაც ჩიტები დილას გულით ისევ აქებენ,
და, მზის სხივები ზეცას ოქროს ცვარად წურავენ...
...გეპატიჟებით, მე პეშვებით წვიმას მოგართმევთ,
თან მოვაყოლებ მსუბუქ სურნელს იასამანის...
თამადად ახლა მეყოლება არწივი - მართვე
და სილამაზის დაირღვევა ყველა სამანი...
გეპატიჟებით, სადაც სიტყვებს ზეცამდე წნავენ -
დაუსაბამო კიბეებად - ოცნების მსგავსად...
სად ბგერებს პურის მარცვლებივით თესენ, ლეწავენ,
და მოსავალი, მსგავსი ამის, არ არის არსად!..
წვიმას - პეშვებით, სათითაოდ ჩამოგირიგებთ,
რომ ეზიაროთ გაზაფხულის არნახულ გემოს!
გზას დაგანახებთ სხვა სივრცეში, გზას - საბილიკეს,
რომ აგიყვანოთ თქვენს თავებზე ზემოთ და ზემოთ...
...ო, ეს ტრაპეზი თქვენ მოგელით, ადამიანნო!
რომ გაგინათდეთ თვალი და გული...
რომ სულის მწვავე ნაკაწრები აქ დაიამოთ,
და, დაიბრუნოთ, რაც გეგონათ აწ დაკარგული...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 12:23 pm

***
ჰო, მე დავყარე კითხვის ნიშნები
და გავიქეცი...
ქარი კაბაზე მეჭიდებოდა...
მე გავიქეცი იმისათვის, რაც მჭირდებოდა...
ჰო, მე დავყარე კითხვის ნიშნები
მრავალწერტილით,
და გავიქეცი... თავაწყვეტილი...
დასაბრუნებლად.
...მეგულებოდეთ მინდა უვნებლად
და - წერტილებით, - დამშვიდებულნი.
...ჩემთვის კი მუდამ კითხვის კონა არს
დი - დე - ბუ - ლი!..
და, როგორც მტკვარი, ადიდებული,
მივდივარ ისევ,
გზადაგზა, სევდის შლეიფივით,
მივითრევ ნისლებს...
და, ვიცი, სადღაც ვიპოვი ზღვასაც,
რომელსაც ვეძებ,
და ყველაფერი, როგორც ფუჭი,
დარჩება გვერდზე...
ამიტომ ვტოვებ კითხვისნიშნებს,
გავრბივარ თქვენგან,
საით - არ ვიცი... აქაც, იქაც, მიწაზეც... ყველგან!..
ვარ ტალღის დიდი იეროგლიფი
და საიდუმლოს ვატარებ გრიფით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 12:24 pm

***
შენ ისევ ნანობ, რომ დღე გაგექცა
|გადაიკარგა, ხევში - ქვასავით...
და მოიტანეს წამებმა ახლაც
ფიქრის და სევდის რაღაც ნაზავი...
შენ ისევ ნანობ, სხივის დამალვას,
თვალებში - როცა გულს უხაროდა,
როცა სამყარო სცემდა დაფდაფებს,
- გიხმობდა ძალით შექმნილ ხაროდან...
შენ ისევ ნანობ, რომ არ ნანობდი
უშენოდ კვირტის კვლავ დაბადებას...
შენ ისევ წეწავ ფიქრებს ნისლივით
და, აღარ გჯერა, რომ დალაგდება...
შენ ისევ ნანობ - ადამიანურ
ადამიანთა შეუცნობლობას,
და, აღარ გიკვირს ბარათაშვილის
მარტოობა და სულით ობლობა!
შენ ისევ ნანობ, რა დაგრჩენია...
ეს სიმდიდრეა, რომ ნანობ ისევ...
ღიმილს იყვავებ მორიდებით და
თავს მდაბლად უხრი ლოცვის დაისებს...
...შენ, ისევ ნაღვლობ, რომ არ იცოდი -
რა სიმდიდრეა წასული წამი...
დღეს დავით იწყებ საკუთარ თავთან,
და, ისევ ასე - ამთავრებ დავით...
შენ ისევ ნანობ? - მიდი, ინანე,
ინანე, იქნებ დრო შემობრუნდეს...
ჯერ კი - ბავშვს ჰგავხარ, რომელიც ტირის,
როცა ბიჭები ესვრიან გუნდებს...
”შენ ისევ ნაღვლობ?” - დილა ფანჯრებთან
შეგეკითხება და გაიცინებს...
შენც გაუღიმე, - წარსულზე დარდით,
გულს მომავალზე ნუ გაიცივებ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:24 pm

ჩემი თუშეთი

მთამდე გაქცეულა ბილიკი...
მისდევენ დაღლილი მწყემსები,
იქ, სადაც სიყვარულს უმღერდნენ
სიპზე დაწერილი ლექსებით...
იქ... ბებერ ციხეებს უპყრიათ
წარსულის ლეგენდა, მრავალი,
ბევრი ახსენდებათ ლომგული,
ციცაბო კლდეებზე მავალი...
შეთეს ხმლის კვალია ჩანჩქერი,
დაუშრეტელია, ვით ხსოვნა,
-იშლება წვეთებად, ამბებად,
მღელვარე თანხმოვნად და ხმოვნად...
ნისლი, უცნაურად თუშური,
არყისფრად აბინდებს საღამოს,
და ცეცხლის ენებსაც გარმონთან,
ვერ დაღლი, თუ გინდა დაღალო...
იქვე... ბებერ ლოდზე მიმჯდარი,
ვკითხულობ წინდების ”აფიშას,”
ფერებით, ბგერებით ვივსები,
ვით ლექსი, რომელიც აქ იშვა!..
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:25 pm

...

კვლავ შევხვდით ბინდზე -
მე, ისიკავა ტაკუბოკუ და სუსტი კაფკა...
...ვსაუბრობ მათთან...
ვსხედვართ თითქოს მდინარის ბონდზე,
და, ვით კლასიკას, ვუსმენთ ქათმის ბანალურ კაკანს...
კვლავ შევხვდით -
როგორც განუყრელნი, ძმად შეფიცულნი...
მდინარე მიდის,
ჩვენ იქვე ვართ - მზეა, მთვარეა...
- სულის უშორეს სიღრმეებში,
სევდით მოცულნი...
და, ვინც მოგვისმენს ერთგულად, მხოლოდ -
უტყვად მეტყველი არემარეა!..
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:28 pm




სავსე ვარ - ჭასავით,
წყალს - ჩამოგირიგებთ...
მაღლა ვარ - ცასავით
გზებს გითმობთ - ირიბებს...
...ღრუბლები - თმასავით...
ქარი მაქილიკებს!
- მეხვევა - დასავით
და მიყრის ბილიკებს...
აქ და იქ - თოკებად
და ბეწვის ხიდებად...
- ეს ძლიერ მოკლეა...
- ეს აიზიდება...
ფერთა სასახლემდე,
რომელსაც
აქამდე -
ვნატრობდი,
და - ვთმობდი
ფიქრებში ამ მიწას...
მე ქარი წამიყვანს,
მე ქარი დამიცავს...
აი, ცოტა კიდევ,
წამიც, და...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:29 pm



ლექსს შემოგაპარებ...
ვით წყალი ნაპრალებს,
შენს მზერას გავყვები.
თან გხედავ... თან ვყვები...
ცხოვრების ანბანზე -
სად მელის მთვარე და
სად არის ანდა მზე...
გზადაგზა, ფიქრდაფიქრ,
კითხვებად ვურევ ფითრს...
რად გვინდა სულ დარი,
ავტეხოთ ავდარიც!..
შენ მისმენ, მეც გისმენ
და გვესმის რაც მყისვე,
ეს არის გულის ხმა...
- რაც ჩვენ ვიგულისხმეთ...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:31 pm



რითმის დაწყვილებას შევადარე
ქუჩის მოსახვეში ორი ხე...
თავი კვლავ სტრიქონებს შევაფარე,
მათაც - სიყვარულით მომიხმეს...
წიგნი წავიფარე იმხელა...
სავსე წერტილ - მძიმის ჟივჟივით...
ნეტავ იქცეოდეს სიმღერად
ბგერების ეს მძაფრი შიმშილი...
...ქუჩის მოსახვევში ორი ხე
ქარმა გადახვია ერთმანეთს!...
მე - უმალ, ბწკარებმა მომიხმეს,
ისინი - კვლავ დუმილს შეთქვამენ...
ქარი კი... ქოთქოთებს, ქოთქოთებს...
ხან - ხეებს, ხან შორეთს გახედავს...
და, გამწარებული, სუსტ ფოთლებს,
ერთი ხელისმოსმით გახვეტავს!..


Last edited by natalia qadagidze on Mon May 09, 2011 4:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:35 pm

...

ბესიკს... ხარანაულს,
რამდენჯერ ვიხსენებ...
აქ, სადაც ტირეა,
ცოტას შევისვენებ...
...თუ არ გავაგრძელე,
ვეღარ მოვისვენებ...
მასზე ვიფიქრებ და
ღიმილს დავიმშვენებ...
- თითქოს ქოხს ვიშენებ, -
სადაც მელის დედა,
დახრილი პროფილით,
ბოსტანი სავსეა
მწიფე კარტოფილით...
ბესიკი - ბოსტანში,
თოხით და კალამით -
დედისთვის მალამო...
მეც იქვე, მგოსანთან
დადგომა მეღირსა
ფიქრით და,
ვერ წავალ ვეღარსად...
ამყვნენ სიხარულში
მწვანე ჭრიჭინები...
სიცხიან ზაფხულში
სიმღერა ინებეს...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:40 pm





პეპელა გადანარნარდა,
მამცნო იების მოსვლა...
ხეს, - ზამთარმა რომ ადარდა,
ახლა აპრილი მოსავს...
...ო, როგორ გალობს... უხმოდ -
ეს ტანაყრილი ნუში,
ჩიტებთან ერთად უხმობს,
ვისაც ნატრობდა გულში...
და, იბადება ნოტი -
თვალში, ვარსკვლავის დარი...
... მომართვა ატმის ტოტი! -
ქარს აღარა ჰგავს ქარიც!...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:48 pm

...

ხეებს ვესაუბრე ამ დილით,-
მოჩანან ისინიც ლანდივით -
ფოთლებდაცვენილნი, დახრილნი...
! - ვერ მითხრეს - რა არის ნამდვილი.
ზეცა დაისრულა ყვავებით,
გაზრდილა ზეცისკენ მანძილი,
იცინის მზე თავშეკავებით...
არ ამბობს - რა არის ნამდვილი!
...ნისლი დევს მიწაზე დარდივით,
რად არის საღამო ხან დილით?..
იქცა გამოცანად მარტივი -
რა არის ამ ქვეყნად ნამდვილი?!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 20, 2010 6:50 pm

...

თოვლიც და ქარიც
ისე ნაცნობია,
აღარ ვესალმები...
იყო დრო -
ბოდიშს ვუხდიდი სტუმრებს ქარის მაგივრად -
რომ მან ისინი დაამსგავსა ბაბუაწვერებს...
რომ მან ისინი ძარცვა და ძარცვა
და დაუტოვა ერთადერთი განცდა - სიცივის...
მცივა მეც - გახსენებით წარსულის და მინდა ვწერო...
ახლა ერთი კუნძულიდან
მეორეზე გადმოსახლებულს ვგავარ - თავისი ნებით,
მაგრამ რად მახსენდება ჰორიზონტის შტრიხი მაინც
იმ კუნძულიდან?..
იქნებ იმიტომ,რომ ჩემი თვალები -
ქოხის ჩამსხვრეული სარკმელი,
სავსე იყო მზის მოლოდინით
ჰორიზონტი კი ახლა სხვაა,
სულ სხვა,
თითქმის - უჩინარი და, მზის მოლოდინიც
ნულის ტოლია...
თოვლია მხოლოდ, ისევ ის თოვლი,
ხელში ატატებული რომ დამყავდა
უფსკრულის პირას,
თოვლი - ფაფუკი, საყვარელი და გამყინავი...
...ისიც და ქარიც, ისე ნაცნობია, აღარ ვესალმები...
და,
ცვივა ხსოვნაში, სახლში, ქუჩაში ბაბუაწვერები -
ბავშვები, კაცები, ქალები...ქარში.
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Jun 24, 2010 1:58 am



მივხვდი - სასწაული არ ყოფილა,
დღეს მოვა ქარი და წამიღებს!
ვფანტავ და გირიგებთ წვალებით
აქამდე შეძენილ თარიღებს!
გირიგებთ, ინებეთ ყველა ხმა,
ყველა ბედისწერის გალობა,
ჩემში გადმოსული უფალი
გიძღვნით ულამაზეს წყალობას...
გიძღვნით სიხარულის სინესტეს
(თვალნი გაოცებით ჰკივიან),
ახლა მეგახლავართ ტაძარი
და ხატს დავატარებ სხივიანს...
მენდეთ და მერიდეთ, მერიდეთ,
კვალი ამიყვავეთ ლოცვებით.
თეთრი იებივი ახარეთ
წმინდად დამარხულთა ბორცვები...
მე წავალ, რომ თქვენთან მოვიდე,
არა ვარ და მალე ვიქნები,
დამრჩება შორეულ ზმანებად
მიწა - ნეტარების ჯიქნებით...
დაიცხრეთ, დაიცხრეთ ვნებები,
ხარბად გადაწნული მზერა - მე...
ხომ ვიცი - მეკრძალვით და მაინც,
თვალნი გააფთრებით მზვერავენ...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Jun 24, 2010 2:00 am

...

ქუჩა - ხელის გულივით,
ჩვენ ქუჩაში - ნულივით.
წლები... წლები - ხნულივით,
შენ - ვერ-ა-მო-სუ-ლი-ვით...
ჩვეულება რჯულივით -
გეძებ დაკარგულივით...
მიწა ფეთქავს გულივით...
მოხვალ... გაზაფხულივით?..
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Jun 24, 2010 2:03 am



ჩუ... ღამის ხმაურს მივუგდოთ ყური...
აქ მუსიკა ჟღერს ჩემთვის და შენთვის...
...ვიღაცამ ფრთხილად გააღო კარი,
დასაძინებლად, ეტყობა, შედის...
მე კი - აქვე მაქვს სიზმრის სამყარო -
გაზაფხულისგან მოძღვნილი განცდა...
ახლა აპრილთან ვარ წილნაყარი,
და ჩემი გრძნობაც კვირტივით გასკდა!
ჩუ... ვიღაც მღერის ჩემთვის და შენთვის...
ფოთლების ტაში ჰგავს გახელებას!
რაღაც კამერულ სივრცეში შედის
რაც განიცადეს ხეთა ხელებმა...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Thu Jun 24, 2010 2:06 am

...

შენს თოვლისფერ პერანგზე
უამრავ ლექსს დავწერდი,
რომ მოეთხროთ ბევრი
იქ მძიმეებს და წერტილს...
ლიანდაგად გავლებულს
ტირეს მიგახვედრებდი,
კითხვის ნიშანს დავსვამდი
ჭმუნვითა და ვედრებით...
მრავალწერტილს კენჭებად
მიმოვაბნევდ დავყრიდი,
რადგან ასოთწყობისას
ვერ დავძლიე კვლავ რიდი...
აქ ძახილის ნიშნებით
გავბედავდი მომართვას,
და, შიგდაშიგ, ფიქრების
ვეცდებოდი ჩართვას...
ასე დაგიხუნძლავდი
მაგ თოვლისფერ პერანგს,
რომ გამექრო აზრები,
რაც დროს მოაქვს - ვერაგს...
რომ ამეხსნა შენთვის -
როგორ მახსოვს წარსული
და ჩვენს შორის შეცდომით
წერტილია დასმული...


Last edited by natalia qadagidze on Thu Mar 10, 2011 12:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: ...   Sun Jun 27, 2010 7:15 pm



ძაფებზე ვქანაობთ -
ცოდვის ვაშლებივით...
- ვიღაცამ მარაო,
-ვიღაცამ თავშლები,
აიღეს...
მოისხეს...
...მე კი კვლავ მივცურავ
ასე - კაბიანად...
იქ - მზეზე გავშრები...
ქარი დაუბერავს სანაო,
წაგიღებთ ფიქრებით სუყველას-
გულით, ანდა - სულით... ან,
სულაც - თანაო...
ჯერ კი, მეც ვაშლივით ვქანაობ
ძაფზე და
ობობებს ვუწევ ყელს -
არ გადამისროლონ
ცოდვების ურნაში,
არ გადამაყოლონ უცებ ხელს...
კაბა დამისველდა,
ნავი ვერ ვიპოვე...
თმები?
თმებს თოკებად მოგიწვდით,
რომ თქვენც ჩამოხვიდეთ,
წარუდგეთ აქ ყოველს,
მდაბალ სიმაღლეზე -
ფიქრებს, ნისლად მომდგარს
და სინაზის მთოველს..
აი, ზღვაც აღელდა,
მუქარას აჟღერებს! -
ტალღებს ტუჩს ახევს და
მერე გზას აგრძელებს -
თავისსავე თავში...
მე კი,
როგორც სარჩოს,
არც მიხმობს,
არც მახრჩობს...
ძაფებზე ვქანაობთ
შენ, მე და სხვანიცა...
ეს გამოგვეცალა...
არსებობს სხვა მიწა?
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Sun Jun 27, 2010 7:29 pm

ბააი


ბააი - მგონი ასი წლის არის... ზუსტად არავინ იცის. დილით, როცა ჩიტები გალობით ბაღ - ბოსტანს იკლებენ, როცა საქონელი აჭრელებს შარას, როცა ძაღლები აქა - იქ კიდევ ყეფენ და, მამალი, ის-ისარის, ჩამცხრალი და მინაბულია,სახლიდან გამოდის ნიკოლაძის ნაქანდაკარივით აშოლტილი ბააი... ძალიან მოხუცი, და მაინც ტანწერწეტა - ფუნჯებიანი შალით მხრებზე და გრძელი შავი კაბით. ის უერთდება წყლის პირას ჩამუხლულ ქალებს და იწყებს ბურნუთის მოწევას... ქალებთან კარგა ხანს ზის, თუმცა, ყოველ მათგანს დილის საქმეები ელოდება - ზოგს ქმარი ეძახის, ზოგს - ბავშვი უტირის, ზოგს - სადილი უთუხთუხებს ცეცხლზე, ბააია მხოლოდ თავისუფალი, ბევრი შვილის და უამრავი შვილიშვილის პატრონს ყველა თავს ევლება... ”ბააი... ბააი...” - ისმის აქეთ - იქიდან... ეს, ძალზედ მელოდიური ბგერები ბებიას ნიშნავს ქისტურად. მგონი სახელი არც არავინ იცის ამ მოხუცის - ის მთელი სოფლისთვის ბააია... ასე მიმართავს მას ყველა, დიდი თუ პატარა.
ბააის საქმეს არავინ ავალებს, პირიქით - მის დაუკითხავად არაფერი კეთდება… ფეხზე დგება ყველა, როდესაც გზაზე მიდის - ასეთია ქისტური ადათი. მძიმე ცხოვრებაგამოვლილ მოხუცს ახლა ხელის გულზე ატარებენ შვილები და შვილიშვილები, მეზობლები, სოფლელები. ისიც - სიამოვნებისგან იღიმება და თავი მაღლა უჭირავს... რაღაც დიდი შინაგანი სიამაყის ხორცშესხმაა იგი, თითქოს... სწორი ნაკვთებით და დახვეწილი სხეულით, მედიდური გამომეტყველებით - ბააი უდიდეს რიდს იწვევს ადამიანებში.
ბააი ხან ერთ შვილიშვილს ეფერება, ხან - მეორეს... მუხლებზე დაისვამს და ქისტურად ღიღინებს... ქართულ მელოდიასაც გაურევს ამ ღიღინში - ის და მისი ოჯახი ხომ, დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობენ - პანკისში, თუშების გვერდით... აქ, ამ სოფელში, ქისტები, ხანდახან, თუშურს გამოურევენ საუბარში, თუშები - ქისტურს... ისინი, რაღაცნაირად, შეხმატკბილდნენ, ეხმარებიან ერთმანეთს საქმით, სიტყვით... იუმორიც საერთო და გასაგები აქვთ და მწვავე მოგონებებიც, განსაკუთრებით ის დრო, როცა ქისტები ერთ ღამეს ააწიოკეს და შუააზიის გზას გაუყენეს… მაშინ დაიბადა ხალხში ყველაზე ტრაგიკული ნოტის შემცველი სიმღერა ” ვო, ბეთეშ, ბეთეშ, ჰო მიჩაჰ ვუედეშ?..” - ეს, მიმართვაა ვინმე ბეთეშასადმი, რომელაც ასახლებდნენ - ბეთეშ, ბეთეშ, ნეტავი სად მიდიხარო...
ხო, ბააის ახსოვს ეს ყველაფერი და უხინჯო ვოკალით აჟღერებს ხმაში იმ წარსულს, ხანდახან...
შვილიშვილებს მუდამ მოფერებით მიმართავს - ”ბააი იალაჰ, ბააი იალაჰო...” - ბააი მოგიკვდეს, ბააი შემოგევლოსო... ის ბედნიერია, რომ ასეთი ოჯახი ჰყავს - მრავალრიცხვოვანი და პატივისმცემელი... მართალია, ქისტებისთვის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივია მოხუცებისადმი მოწიწება, მაგრამ ხომ არსებობენ გამონაკლისებიც...
და, ამ ქანდაკ ქალბატონს ასე სწყალობს ბუნება - შარმის და პეწის აქამდე შენარჩუნებითაც... ხან - მეზობლები მოადგებიან ჭიშკარს, - ვოო, ბააი! - ეძახიან ისინი, ბააისთან ჭკუის საკითხავად მოსულნი. ბააიც არ იშურებს კეთილ რჩევებს, ბურნუთის მბზინავ კოლოფს ამოიღებს ჯიბიდან, შესთავაზებს სტუმრებს და, მერე თვითონ - თლილი, დანაოჭებული ხელებით აიღებს დაფქულ თამბაქოს და ყნოსავს. საუბრობს დინჯად, დარბაისლურად... ა, ჰუ დეე... - იწყებს ის საუბარს, რაც ნიშნავს - იცი, რა უნდა ქნა?...
- ჰაა, ბააი, ჰაა, - თავს უკრავენ სტუმრები და ბოლოს, მადლობასაც მოაყოლებენ :
- ბარქალ, ბააი, ბარქალ!..
ბააის ვაჟს, სალმანს, ბევრი საქონელი ჰყავს... მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში საქონლის მომვლელიც ბევრია, მოხუცი მაინც ვერ ისვენებს, აიღებს შინდის დიდ ჯოხს და მიყვება მინდორში ძროხებს... ბააის ოჯახი დღე და ღამე შრომობს... ისინი უვლიან საქონელს, აპობენ შეშას, აპურებენ სტუმრებს, ახვევენ თუშურ ხინკალს ან აკეთებენ ქისტურ გალანებს - მჭადისგან, ჭინჭრის შიგთავსით... უგემრიელესია! უგემრიელესია ”მორძო” ”გარძანებითაც”- ეს ბააის საფირმო საჭმელია - რძის შრატი მოხარშულ მჭადთან...
...აი, კიდევ, პანკისის ერთი ჩვეულებრივი დილა - ჩიტებმა ჭიკჭიკით აიკლეს ბაღ - ბოსტანი, საქონლით აჭრელდა შარა, ძაღლები კანტი - კუნტად ყეფენ, მამალმაც დაასრულა ყივილი და მიჩუმდა, რომ უცებ, იხუვლა უამრავმა ხმამ - ბააი! ბააი! ბააი! - და, თითქოს, ერთბაშად აიყარაო - მთელი სოფელი გაემართა ერთი მიმართულებით - ბააის სახლისაკენ... ” ბააი ვეღარ გადარჩებაო” - ისმოდა ჩურჩული... ეს კრიტიკული მომენტი ერთ კვირას გაგრძელდა, ქისტებმა დაიწყეს მზადება სამწუხარო რიტუალისთვის, სოფელი ჩუმად ქვითინებდა.
მაგრამ, ამის შემდეგ, ისინი, ვისაც არ სჯეროდა სასწაულის, კიდევ დიდხანს ხედავდნენ - ნიკოლაძის ქანდაკებასავით აშოლტილი ბააი - როგორ გამოვიდოდა სახლიდან, ჩამოჯდებოდა თითქოს ერთი წამით ჩამუხლულ ქალებთან, ამოიღებდა ჯიბიდან მბზინავ კოლოფს და ბურნუთს შესთავაზებდა ყველას... ჩიტებს უხაროდათ ეს და იკლებდნენ ბაღ - ბოსტნებს ჭიკჭიკით... უთენია გაღვიძებული მამლები მშვიდად ჩასთვლემდნენ, ძაღლები კი, თითქოს ზრდილობის გულისთვის, დაიყეფებდნენ კანტი - კუნტად...
...ა, ჰუ დეე... აგრძელებდა ბააი კეთილ რჩევებს სხვადასხვა საკითხზე და, ალბათ, მათ შორის - სიცოცხლის საიდუმლოზეც... ჩვენი აზრით, ეს დიდი სიყვარულის სამყაროსთან იყო დაკავშირებული, რომელშიც მოხუცი ცხოვრობდა...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Jun 28, 2010 3:12 pm

natalia qadagidze wrote:


ჩუ... ღამის ხმაურს მივუგდოთ ყური...
აქ მუსიკა ჟღერს ჩემთვის და შენთვის...
...ვიღაცამ ფრთხილად გააღო კარი,
დასაძინებლად, ეტყობა, შედის...
მე კი - აქვე მაქვს სიზმრის სამყარო -
გაზაფხულისგან მოძღვნილი განცდა...
ახლა აპრილთან ვარ წილნაყარი,
და ჩემი გრძნობაც კვირტივით გასკდა!
ჩუ... ვიღაც მღერის ჩემთვის და შენთვის...
ფოთლების ტაში ჰგავს გახელებას!
რაღაც კამერულ სივრცეში შედის
რაც განიცადეს ხეთა ხელებმა...


მშვენიერი!
Back to top Go down
View user profile
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Jun 28, 2010 8:24 pm

გამახარეთ, გმადლობთ!
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Mon Jun 28, 2010 9:17 pm



თუშური გენიდან,
ქართული ენიდან...
დედიდან - წოვიდან...
კლდის ძუძუს წოვიდან -
მოვდივარ...
მოვდივარ დედისძმის
ციმბირულ თოვლიდან -
დარდიდან მისი და
მისი განცდებიდან
- ყოვლიდან...
მოვდივარ...
რიყეს შეხიზნული წნორიდან,
ერთიდან,
და არა - ორიდან
(ჩემებრ მოელოდა სიყვარულს
მაგრამ არა და არ მოვიდა...)...
თუშური ლეგენდის ხსოვნიდან -
ვაჟკაცთა ამბებზე მთოვრიდან...
ლურჯი ზღვის ტბორიდან -
თვალიდან,
და - წარბაზიდული გორიდან!..
კუდგამონასკვული ცხენივით -
გზად - გახელებული სწორიდან...
...დაბლა ჩამოუსვლელ ქორიდან...
მოვდივარ...
და, თითქოს ორბიდან
მიყურებს
ზვიადი ორი და! –
მეც მიწას აცდენა მომინდა...
ორი და - ერთი და ორი მთა, -
ღიმილს იმწვანებენ
ყინულის თორიდან!
მომინდა! –
დამეცვა სამშობლო,
მეც მათთან დგომითა...
რადგანაც მოვდივარ აკვანთან
ნამღერი სიტყვების ხმოვნიდან...
- ბებიის მდუმარე თხოვნიდან -
მოდი და...
მოდი და...
იარე სულ წინ და
სულ წმინდად...
...დარდი ამედევნა შორიდან -
დედისძმა, ლომგულთა სწორი და
ჭკვიანი,
რომ აღარ მოვიდა,
იმ განუკითხავი ომიდან...
მოვდივარ -
ბაცბური გენიდან,
მოვდივარ ქართული ენიდან...
მოვდივარ მე დიდი რწმენიდან
რომ ცა დედამიწას შვენის და
მეც, თავს ვთვლი
იმად და,
შენად და...
დგას მთა - კავკასია
დიდებულ გემად და
გვეძახის,
მოგვიხმობს
დაკარგულ მხევალთა...
რადგანაც -
ჩვენ ვიშვით ევადან...


Last edited by natalia qadagidze on Thu Mar 10, 2011 12:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Jul 06, 2010 8:24 am

...

რომ მოეწყინა
სულს ჩემსას ჩემთან,
რომ უცხო გავხდი
ჩემივე თავის...
- მითხრა ურითმოდ შობილმა
მზემ და
დრომ, გატრუნულმა...
მოსურნემ ზავის.
მითხრა ღრუბელმა,
დღეს - უთავბოლომ,
ცამ ნაცრისფერმაც
ვეღარ შვა ლურჯი...
მე - მ, ტყუპისცალის გარეშე,
მხოლომ,
ვერ დააოკა განცდები ურჩი.
ჟამმა
ნაბიჯებს, თითქოს, უმატა,
თითქოს ზამთრები
მოსდევდნენ ზამთრებს...
მხოლოდ შთენილი
ჩემს გულში მარტად,
ახლა გასასვლელს
ეს ქარი ამტვრევს...
...ჰო... მოეწყინა
სულს ჩემსას ჩემთან,
როგორც ფიტული,
კედელს ვკიდივარ...
ყვავილად ყოფნას მიწა მაჩვევდა
ახლა აქა ვარ...
ვერსად მივდივარ...
ჩემი ხელები,
როგორც ფოთლები,
სიცოცხლის წვეთებს
ისევ ითხოვენ...
მზერაში,
მძივის დაწყვეტილ თვლებში
ეძებეთ, მაგრამ
ვეღარ იპოვეთ -
მაისი ჩემი...
...თუ... არც ეძებდით...
თუ - მხოლოდ გულზე
დააბიჯებდით?..
თუმც - მე, შენ და ისიც,
ახლა ვერცერთი,
იმ წარსულს
მაინც ვერ დავიჭერდით...
და... გადავდივარ
ფიქრიდან ფიქრზე...
ოცნებებიდან
უკან ვბრუნდები...
მთვარე ასულა
ამ ღამის პიკზე,
სადღაც მოჩანან
ვარსკვლავთ გუნდები...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Jul 06, 2010 8:29 am

...

ჩიტმა გადაშალა
დილა - დიდებული
და უმალ ჩათვალა
განსადიდებელად...
და, ახლა ლოცულობს...
წამებს, ვით სტრიქონებს
მიჰყვება...
და - ჰყვება...
და - ჰყვება...
მზე კვლავ ამოცურდა,
და სხივი შემოვა
ჩემს ახალ მზერაშიც...
ბუნება - რწმენაში!..
...ჩვენ არ ვართ ჯერაც შინ...
- არ ვიყავ და მოველ,
დავბრუნდი ჩემს თავში...
ახლა სხვანაირად
მე გხედავთ თქვენ, ყოველს...
და, ამ განწმენდაში
არის სინანული
გავახელთ თვალს როცა -
ჩვენ რატომ ვერ ვფურცლავთ
დილას,
როგორც ლოცვანს...
...ვაქრობთ ჩვენს ხედვაში
ღვთიურ გარემოცვას...
...ჩიტმა კი -
გაშალა წიგნად, დიდებულად
დილა და
დაიწყო
ღვთის სადიდებელი...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
natalia qadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Age : 51
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Jurnalist
Humor : ok
Registration date : 19.06.10

PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Tue Jul 06, 2010 8:32 am

...

სიმშვიდე
შევფიცე ალაზანს -
არა - ზვავს,
არამედ -
თბილ წვიმას
რომ ვგავდე...
რომ აღარ ვაპირებ
გადავცდე ნაპირებს...
და,
როგორც აღაზა,
და,
როგორც ლელაიც,
ამ ფიცმა ჩამრაზა...
მათებრ ვუერთგულებ?
მე რა ვიც...
მოვიდეს აპრილი,
მწვანედ და ლამაზად,
რა ვიცი -
ტბა, გრილი,
რას ვგავდე ანაზდად...
გადავალ - გადმოვალ
სადღაც გავიქცევი...
არც ისე სანდო ვარ,
წყალს ვიკრებ
და ზევით
ნელნელა ავდივარ!
...დავპირდი ალაზანს,
მაგრამ დავინახე -
ამ დილას ადიდდა,
თავადვე...
მინდორი, ბარამდე,
ბაწარის კარამდე,
მკაცრად გადახაზა..
და იყო - ყველგან და,
თითქოსდა - აღარსად...
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნატალია ქადაგიძე   Today at 12:13 am

Back to top Go down
 
ნატალია ქადაგიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: