არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ივანე ამირხანაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ივანე ამირხანაშვილი   Thu May 13, 2010 11:17 am


Ivane Amirkhanashvili - http://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ამირხანაშვილი

ივანე ამირხანაშვილი (დ. 3 მარტი, 1959, გალავანი, მცხეთის რაიონი, საქართველო), ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურისმცოდენე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია:
კრიტიკოსი, ლიტერატურისმცოდენე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ამირხანაშვილი დაიბადა 1959 წლის 3 მარტს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1983-86 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1991 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)".
1983 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი). ამჟამად არის ამ ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
1987-2007 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" კრიტიკის განყოფილების გამგე. მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში (1998-99). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2001-2005) და ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (1994-1995). იყო "ახალი ქართული გაზეთის" განყოფილების გამგე (1998). ჟურნალ "ცისკრის" პროზის განყოფილების რედაქტორი (2000-2006). ამჟამად არის ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პროზის რედაქტორი.
პირველი კრიტიკულ-ლიტერატურული სტატია გამოაქვეყნა 1981 წელს ალმანახ "პირველ სხივში".
ავტორია ოცამდე სამეცნიერო და 500-მდე ლიტერატურული სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "ახალი ქართული გაზეთი", "ქომაგი", "ჩვენი მწერლობა" და სხვა, ჟურნალებში "მნათობი", "მაცნე", "ცისკარი", "ომეგა", "საგურამო", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა და სხვა", "კრიტიკა", "სჯანი", "ლიტერატურული ძიებანი".

წიგნები:
* "თეთრი ჯვრის ხეობა" (მხატვრულ-დოკუმენტური ჩანაწერები), გამომცემლობა "ლომისი", 1999;
* "ტკივილის დიალექტიკა" (კრიტიკა, ესთეტიკა, ლიტერატურის ისტორია), გამომცემლობა "საარი", 2003;
* "ქართული მწერლობა" (ჟურნალ "დილის" ენციკლოპედია, 2006, 2008.

ჯილდოები:
1993 წელს მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ახალგაზრდა კრიტიკოსისათვის;
1999 წელს გამოცემული მისი წიგნი "თეთრი ჯვრის ხეობა" აღინიშნა გამომცემლობა "ლომისისა" და მწერალთა კავშირის პრემიებით.
2004 წელს წიგნისათვის "ტკივილის დიალექტიკა" მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საგურამო".



ივანე ამირხანაშვილი

თამაზ ბაძაღუა

იგი იყო განყენებული აზროვნების დიდოსტატი. ეს არ ყოფილა უმნიშვნელო რამ, თუნდაც იმიტომ, რომ მეტაფიზიკა არა მარტო ჩვენი ლიტერატურის, საერთოდ ჩვენი აზროვნების აქილევსის ქუსლი იყო ტრადიციულად.

რასაც ხელს შეახებდა, ყველაფერს მეტაფიზიკად აქცევდა. ამისთვის მას ჰქონდა ჯადოსნური იარაღი - მეტაფორა.

მეტაფორა მისთვის ყველაფერი იყო: განცდაც, ემოციაც, ფიქრიც, გრძნობაც, ოცნებაც, აზროვნებაც. მეტაფორებს კი არ ქმნიდა, არამედ მზამზარეულად გვაწვდიდა როგორც ვიზუალურ ხატებს, რომლებსაც მისი თვალი აღმოაჩენდა გარემომცველ სამყაროში.

სრულყოფილად ფლობდა ლექსის წერის ტექნიკას. სალექსო კანონი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. ვერსიფიკაციული ელემენტები არ ეშლებოდა. შეეძლო კონვენციური ლექსი ეწერა, წერდა კიდეც, მაგრამ გამოხატვის ფორმად თავისუფალ და თეთრ ლექსებს არჩევდა.

თამაზ ბაძაღუას ლექსის გარეფაქტურა იდეის გამოხატვას ემსახურება - თავისუფალი სტრიქონები, აუჩქარებელი რიტმი, რთული მეტაფორები, მსუბუქი ინტონაციები, ნაღვლიანი ტონალობები, მისტიკური პათოსი და ფატალიზმი.

მის პოეტურ ქვეყანაში ყველაფერი არის მყიფე, მსხვრევადი, მთრთოლარე და მისული საბედისწერო ზღვართან, საიდანაც ერთი ნაბიჯია კატასტროფამდე, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩნდება მცირე ბიძგი და იწყება მოძრაობა სიცოცხლისაკენ.

საკუთარ თავთან ომი ჰქონდა გამართული. მძაფრი შინაგანი ჭიდილის კვალი ეტყობა მის ლექსებს.

გამუდმებით ეძებდა ადგილს, სივრცეს, დროს, როგორც საკუთრებას. დროსა და სივრცეს აღიქვამდა ერთიან, განუყოფელ, ყოვლისდამტევ იდეად, რომელიც პიროვნებაში უნდა განივთებულიყო ამაღლებული, ზეიმური განცდის სახით.

ფინალობის თემას ძალიან მძაფრ განცდებს უკავშირებდა, ბევრს წერდა აღსასრულზე, წყვდიადზე, ცრემლზე, სასაფლაოზე.

Arrow

გადმოტანილია აქედან.

Exclamation
ივანე ამირხანაშვილის გვერდი

@

http://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ამირხანაშვილი – ივანე ამირხანაშვილი ვიკიპედიაში

ივანე ამირხანაშვილი "ფეისბუკზე"

Exclamation


Last edited by Admin on Fri Jan 28, 2011 10:01 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Thu May 13, 2010 11:56 am



თავისუფლება და ტოლერანტიზმი - ბედი და ხასიათი

ძველ აღთქმაში, დაბადების მეთვრამეტე თავში, არის ეპიზოდი, როცა მამრეს მუხნართან აბრაამის კარავს სამი კაცი მიადგება და მასპინძელი მათ განსაკუთრებული თაყვანისცემით ხვდება, რითაც აღასრულებს, ერთი მხრივ, ძალზე ცხად, უბრალო, ყოფით რიტუალს _ სტუმრებს ღებულობს თავის სახლში _ მეორე მხრივ კი ახორციელებს სრულიად მისტიკურ, იდუმალებით აღსავსე აქტს _ უფალთან ამყარებს კონტაქტს. უფლის გამოცხადების ეს შემთხვევა გამოძახილს ჰპოვებს მათეს სახარებაში, რომელშიც ვკითხულობთ: `მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით კურთხეულნო მამის ჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა, და მომეცით საჭმელი; მწყუროდა, და მასვით; უცხო ვიყავი, და შემიწყნარეთ~ (მათე, 25, 34-35).
პავლე მოციქული იტყვის: `სტუმართმოყვარეობას ნუ დაივიწყებთ, რადგანაც მის მიერ ზოგიერთებმა, ისე, რომ თვითონ არც გაუგიათ, ისტუმრეს ანგელოზნი~ (ებრაელთა მიმართ, 13, 2).
`სტუმარი ღვთისაა~, _ ეს ცნობილი ქართული გამოთქმა ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს არსს ამ ბიბლიური ჭეშმარიტებისა, რომელიც უთუოდ ცხოვრებიდან შევიდა წმინდა წერილში და არა პირიქით, ვინაიდან სტუმარმასპინძლობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყოფითი რიტუალი, როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება იყოს ღვთისნიერად სათნო და შემწყნარებელი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს მართლაც საშუალებაა და ადამიანი მას იყენებს ან არ იყენებს იმის მიხედვით, რამდენად არსებობს მის ხასიათში მასპინძლობის ზნე, რამდენად შეუძლია სხვისი ინტერესების გათვალისწინება, რამდენად სცემს პატივს სხვის ხასიათსა და აზრებს, ერთი სიტყვით, რამდენად არსებობს მასში შემწყნარებლობის ნიჭი.
აქვე უნდა ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის, შემწყნარებლობის, უცხოთმომთმენობის ზნე ეთნიკური მოვლენაა და არა ინდივიდუალური, მას განსაზღვრავს ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული დიდი ჯგუფის თანაცხოვრების წესი, რომელიც აღნიშნულ მოვლენას ეროვნული ხასიათის თვისებად აყალიბებს.
ყოველი ერი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ირჩევს ცხოვრების წესს, სავალ გზას, ხვედრს, მსოფლმხედველობას, ეთიკურ მრწამსს.
`სტუმართა და უცხოთ მოყუარენი~, _ ეს არის, ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, ქართველთა ერთ-ერთი გამორჩეული თვისება.
გაცემის, გაღების, სხვისთვის დახარჯვის ფსიქოლოგიური მოდელი, როგორც ქართველი კაცის ზნე და ცხოვრებისეული ფილოსოფია, სულის უცნობი სიღრმეებიდან მომდინარეობს, ამიტომ სტუმართმოყვარეობის ჩვენებური წესი ზოგჯერ რთულ პარადოქსებს გვთავაზობს ხოლმე.
განსაკუთრებით ძნელია ტოლერანტობის ფოლკლორული ფაქტების გაგება. მაგალითად, როგორ გინდა ახსნა `ვეფხვისა და მოყმის~ ბალადა, რომელშიც შვილმკვდარი დედა ვეფხვის დედის ტკივილზე ფიქრობს:

იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებრ დღედაღამ სტირისა,
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა.

გამაოგნებელია `მუხრანულის~ ცნობილი პარადოქსი: შემთხვევით შემოყრილ ყივჩაღს ფიანდაზად გაეგება ქართველი, თავთუხის პურით, ხოხბის ხორცითა და ბადაგის ღვინით გაუმასპინძლდება, პატივისცემით გათავხედებული გადამთიელი კი მის ცოლსაც გადასწვდება.
ტოლერანტობის ქართული მოდელი შესაძლოა უნიკალური აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ შემწყნარებლობას ქართველი იჩენს იქაც, სადაც საჭირო არ არის.
ქართველი კაცი გუმანით გრძნობს, რომ სიყვარულის გარეშე აღსრულებული სათნოება ეშმაკის მახეა, ამიტომ თავს ვალდებულად თვლის მასპინძლობა გულით გასწიოს და არ იფიქროს იმაზე, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება.
აქაც მჟღავნდება ქართული ხასიათის ძირეული თვისება, რომელსაც ინგლისელმა ქართველოლოგმა ალენმა `ესთეტიკური უპასუხისმგებლობა~ უწოდა.
გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა `ბედი ქართლისა~, ცნობილი ლირიკული გადახვევა _ `მორბის არაგვი, არაგვიანი...~ აქ არის გაორებული განცდის გამომწვევი სტრიქონები:

ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
. . . . . . . .
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს!
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს, შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს:
`არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს!~
_ და მერე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი ამისთვის აღარ დაღონდეს!

`იგი ამისთვის აღარ დაღონდეს~ _ ესთეტიკური უპასუხისმგებლობის კლასიკური გამოვლინება, რომლის სათავე თავისუფლებისმოყვარეობის სტიქიაშია საძიებელი.
სპეციფიკურია თავისუფლების ქართული განცდა. ქართველი კაცის ბუნება ისეთია, ყველაფერს ადვილად ეგუება, იოლად იტანს, მაგრამ არასდიდებით არ შეუძლია თავისუფლების დათმობა. ტყვეობაშიც კი თავისუფლებას `თამაშობს~. თუმცა დღეს, ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიის ხანაში, როცა თავისუფლების ცნება გლობალისტურ მასშტაბებს ღებულობს, თავისუფლება _ ეს ღრმად ადამიანური, შინაგანი ფენომენი ყოველდღიურად მოსახმარ საგნად იქცა. არ არის შემთხვევითი, რომ თავისუფლების ცნება რაციონალიზმის წიაღში შემუშავდა და რევოლუციური იდეოლოგიის საყრდენად იქცა. საფრანგეთის რევოლუციამ აიტაცა ლოზუნგი _ თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა, მაგრამ ვერცერთი ამათგანი ვერ განახორციელა, რადგან მათი აღსრულება პოლიტიკოსთა კრებულმა მოიწადინა და არა ადამიანური სულის განვითარების კანონზომიერებამ.
ბიბლიის იმ წიგნში, რომელშიც ისრაელის ერის ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის ამბავია მოთხრობილი, არც ერთხელ არ იხსენიება სიტყვა თავისუფლება, რადგან გამოხსნა, გამოსყიდვა სულაც არ ნიშნავს თავისუფლებას, რომელიც სავსებით იმანენტური ფენომენია და იმდენად არსებობს ადამიანში, რამდენადაც უფალი არის ადამიანთან.
ქართულ ლიტერატურაში `ვეფხისტყაოსანია~ ის წიგნი, რომელშიც, ბიბლიის მსგავსად, თავისუფლება და გამოხსნა სხვადასხვა ცნებებია. `ვეფხისტყაოსნის~ გმირების ქცევაში იმოდენა ვნება და სული მჟღავნდება, უსათუოდ იფიქრებ, მათში რაღაც ზებუნებრივი, მიღმიერი ძალა მოქმედებსო. სინამდვილეში ასეც არის. რუსთაველი მთლიანი, კოსმიურ წესრიგს ზიარებული, ანუ მისივე ტერმინით რომ ვთქვათ, `ბუნება-ზიარი~ შემოქმედია, სამყაროს მთლიანობაში ხედავს და დიალექტიკურად გაიაზრებს. ამიტომაც, მისი გმირები ღვთიური დიალექტიკის ძალით მოქმედებენ. მათი პიროვნული თავისუფლება აბსოლუტურის გამოხატულებაა; ამავე დროს, ისინი თავისუფლებისაკენ შინაგანი დიალექტიკის ძალით მიიწევენ და არა გონების კარნახით. ნესტან-დარეჯანი ტყვეობაშია, მაგრამ თავისუფალია იმდენად, რამდენადაც თვით სამყაროს ღვთიური წესრიგის ნაწილია. თავისუფლების სული, რომელიც მასში სუფევს, ნაწილია თავისუფლების აბსოლუტური სულისა. მაშასადამე, რამდენადაც სამყაროა თავისუფალი, იმდენად თავისუფალია ნესტანი.
თავისუფლების ამგვარი გააზრება ეროვნული სულის და, საერთოდ, ზოგადადამიანური სულის გამოხატულებაა. რუსთაველის ეპოქაში ქრისტიანული სარწმუნოება მთლიანი და მტკიცე იყო და ამიტომაც თავისუფლების სული ადამიანში სწორი სწორი გზით _ სულიერის, ფსიქოლოგიურის გავლით აღწევდა და არა გონების გზით. მსოფლიოს ღვთიური წესრიგი წარმართავდა.
პავლე მოციქული იტყვის: `უფალი სულია; ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება~ (2 კორ. 3, 17).
ეს სულიერი წესრიგი ქრისტიანულ სამყაროში მაშინ დაირღვა, როდესაც დაიწყო რელიგიის სეკულარიზაცია. რელიგიის სეკულარიზაციას მოჰყვა რევოლუციები _ თითქოს თავისუფლებისათვის, ფაქტიურად კი მონობისათვის. ადამიანებმა თავისუფლებისაკენ სვლა გონებით დაიწყეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავიდან მოცემული ღვთიური წესრიგი და სულის დიალექტიკა დაირღვა.
თავისუფლების სულს რაციო შეეპარა.
თუ რუსთაველის დროს ადამიანი თავისუფალია იმდენად, რომ არ ფიქრობს თავისუფლებაზე, ახლა იწყება მსჯელობა _ `როგორ ვიყო თავისუფალი?~ ხოლო თავისუფლება მაშინაა დაკარგული, როცა მასზე მსჯელობას იწყებ.
თავისუფლების განცდის რუსთველურ ხასიათს XIX საუკუნეში აკაკი წერეთელი ჩაწვდა, სწორად გაიაზრა და ამ ხასიათის აღორძინებას ცდილობდა თავისი შემოქმედებით.
აკაკის ცდა განწირული აღმოჩნდა, ვინაიდან საქართველოშიც შემოაღწია თავისუფლების იდეის საყოველთაო რაციონალიზაციამ _ პროლეტარულმა რევოლუციამ, რომელიც თავისუფლებას ებრძოდა იმდენად, რამდენადაც თავისუფლება თავისი არსით არისტოკრატიული მოვლენაა.
ნიკოლაი ბერდიაევს აქვს საინტერესო დაკვირვება: `ადამიანი წინააღმდეგობრივი არსებაა და იმყოფება თავის თავთან წინააღმდეგობაში. ადამიანი ეძებს თავისუფლებას, მასში არის უდიდესი სწრაფვა თავისუფლებისაკენ და ის არა მარტო ადვილად ვარდება მონობაში, არამედ მას უყვარს კიდეც მონობა~.
დაახლოებით ამასვე წერს კარლ იასპერსი: `თავისუფლება ბადებს ენთუზიაზმს, მაგრამ ის შიშსაც ბადებს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს სულაც არ უნდათ თავისუფლება, უფრო მეტიც, ცდილობენ თავიდან აიცილონ თავისუფლების შესაძლებლობა~.
ბოლშევიზმის ზეობის დროს ქართველი კაცი იმდენად იყო დაკავებული თავისი მონობის განმტკიცებით, რომ შეუყვარდა მონობის პრაქტიკა. როცა, სრულიად მოულოდნელად, ოფიციალურად შესთავაზეს თავისუფლება, ის ერთბაშად აივსო ენთუზიაზმით, მაგრამ ენთუზიაზმი მალე შიშმა შეუცვალა.
და ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას აღარ უნდა თავისუფლება...
ეს არის სტრესი, რომელიც მოაქვს ყოველგვარ ფსიქოლოგიურ მოულოდნელობას. თავისუფლების იდეა ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში უფრო მოულოდნელად შემოიჭრა, ვიდრე თავის დროზე _ კომუნიზმის იდეა, ამიტომაც, ბუნებრივია, თანმიმდევრული სოციალური პროცესების ნაცვლად საზოგადოებრივი ფსიქოზი მივიღეთ.
კარლ იასპერსის აზრით, თავისუფლება ნიშნავს დავძლიო და გადავლახო ის გარეგანი რამ, ანუ სხვა, რომელიც მე მიმორჩილებს. თავისუფლება ჩნდება იქ, სადაც ეს სხვა ჩემთვის უცხო აღარაა, სადაც, პირიქით, ჩემს თავს სხვაში ვცნობ და ის სხვა ჩემი არსებობის მომენტად იქცევა; მაგრამ ამასთანავე, თავისუფლება არის საკუთარი ნების დაძლევაც; თავისუფლება იმიტომ კი არ მინდა, რომ მე ასე მსურს, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ჩემი სურვილის სამართლიანობაში. თავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს ვიმოქმედო არა თვითნებურად, ან ბრმა მორჩილებით, არამედ შეგნების კარნახით.
თავისუფლება ხორციელდება მხოლოდ ადამიანებთან თანაზიარობაში. მე იმდენად შემიძლია ვიყო თავისუფალი, რამდენადაც სხვები არიან თავისუფალნი.
ამიტომ, პოლიტიკური თავისუფლება არ შეიძლება მივიჩნიოთ საბოლოო და გარანტირებულ მდგომარეობად. ამ შემთხვევაშიც თავისუფლება გზაშია.
ჭეშმარიტად, თავისუფლება _ ეს არის ადამიანის მოგზაურობა დროში. ადამიანი მიემართება, მიილტვის თავისუფლებისაკენ. თავისუფლებას ახასიათებს მოძრაობა და დიალექტიკა.
შეუძლებელია თავისუფლების ფლობა. არ არსებობს იზოლირებული, განკერძოებული თავისუფლება. ინდივიდუუმი თავის გაქვავებულ, ცარიელ თავისუფლებას სწირავს იმ თავისუფლებისათვის, რომლის მოპოვება შეიძლება სხვებთან ერთად. ასეთი თავისუფლება მოითხოვს ადამიანის შინაგან გადაწყობას. ამგვარ თავისუფლებას ვერ შექმნი ინსტიტუტების მეშვეობით. ის შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ცვალებადობას ექვემდებარებიან. თავისუფლებას, როგორც ასეთს, ვერ დაგეგმავს, თუმცა კონკრეტულ ამოცანათა სწორი დაგეგმვით ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ თავისუფლებას.
და აქ წამოიჭრება პოლიტიკური თავისუფლების საკითხი:
როცა პოლიტიკურ თავისუფლებაზე ლაპარაკობს, კარლ იასპერსი გულისხმობს ხალხის თავისუფლებას, რომელიც, მისი აზრით, დამოკიდებულია ქვეყნის შინაპოლიტიკურ მდგომარეობაზე...
ადამიანის თავისუფლება იწურება იმ მომენტიდან, როცა სახელმწიფოში, სადაც ის ცხოვრობს, მოქმედებაში შედის მიღებული კანონები. ასეთ თავისუფლებას ეწოდება პოლიტიკური თავისუფლება. სახელმწიფოს, რომელშიც მოქმედებს კანონებზე დაფუძნებული თავისუფლება, ეწოდება სამართლებრივი სახელმწიფო.
პოლიტიკური თავისუფლება ნიშნავს დემოკრატიას, მაგრამ ეს თავისუფლება გამოიხატება ისტორიულად მოცემულ ფორმებსა და გრადაციებში, რომლებიც გამორიცხავენ მასების ბატონობას (ოხლოკრატაციას), რაც ახლო კავშირშია ტირანიასთან. ამიტომ უპირატესობა ეძლევა არისტოკრატიულ ფენას, რომელიც მუდმივად ღებულობს შევსებას მოსახლეობის ყველა ფენიდან (პირადი დამსახურებისა და ინტელექტის გათვალისწინებით, ცხადია). დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ეს ელიტა არ გადაიქცეს დიქტატორულ უმცირესობად. ამდენად, აუცილებელია ოპოზიცია. გავლენიანი ოპოზიციის არსებობა თავისუფალი საზოგადოების აუცილებელი ნიშანთვისებაა.
თავისუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ადამიანთა თანაცხოვრების ეთოსი. თანაცხოვრების ეთოსი არის კანონების ცოდნა-გაგება, ბუნებითი ჰუმანურობა, ადამიანთა მიმართ ყურადღება და დახმარებისათვის მზადყოფნა, სხვათა უფლებების პატივისცემა, მუდმივი მზადყოფნა კომპრომისისათვის, უმცირესობათა ჯგუფების მიმართ ძალადობაზე უარის თქმა.
ფორმალური დემოკრატია, ანუ უფლება თავისუფალ, თანასწორ და საიდუმლო კენჭისყრაზე, სრულიადაც არ არის თავისუფლების გარანტი. თავისუფლების პირობას მხოლოდ თანაცხოვრების ეთოსი იძლევა.
ვცადოთ და უბრალოდ მივუსადაგოთ იასპერსის ფორმულირებანი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას:
ადამიანები იმდენად გაუცხოვდნენ ერთმანეთისთვის, რომ `სხვაში~ მტერს ხედავენ და არა საკუთარი თავისუფლების გარანტს;
დღეს ადამიანები საკუთარი ნების დაძლევაზე არ ფიქრობენ იმდენს, რამდენსაც სხვისი ნების ჩახშობაზე;
ვმოქმედებთ არა შეგნების კარნახით, არამედ თვითნებურად, ბრმა მორჩილებით;
ზედმეტია თანაზიარობაზე ლაპარაკი;
ადამიანებში არ ჩანს მზაობა შინაგანი გადაწყობისათვის;
პოლიტიკური თავისუფლება მირაჟია _ სახელმწიფოს სამართლებრივობა იდეაშია გამოკეტილი;
სახელმწიფო გათავისუფლდა ოხლოკრატიისაგან, მაგრამ მმართველობაში არ ჩანს არისტოკრატიული უმცირესობა;
ჩვენს პირობებში წარმოუდგენელია საუბარი თანაცხოვრების ეთოსზე;
არ არსებობს გავლენიანი ოპოზიცია, არსებობს მხოლოდ შეურიგებელი ოპოზიცია, რომელიც ოპონენტის მხრიდან ადეკვატურ შეურიგებლობას აწყდება.
კონტურები შეივსო. სურათი სავსებით ნეგატიურია. თავისუფლების სული კრიზისშია.
გვეგონა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნულ სამოთხეს მივიღებდით, სინამდვილეში მივიღეთ ტრავმატოლოგიური შოკი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გაგებით.
როგორ გამოვიდეთ შოკიდან? საერთოდ, როგორ გამოვიდეთ ამ, როგორც იტყვიან, არამოდური მდგომარეობიდან?
ქართველმა უნდა მიაგნოს ქართველში ქართველობის შენარჩუნების ხელოვნებას. უნდა გავიგოთ, რამდენად თანხვდება ჩვენი შინაგანი არსებობა ჩვენს გარეგნულ მყოფობას. ვისწავლოთ საკუთარი გულის შეცნობა და ვიყოთ ქმედითი. არა მარტო შევიგრძნოთ, არამედ გავიგოთ კიდეც ეროვნულ პრობლემებთან გადაჯაჭვული ეპოქის პრობლემები.
ღმერთმა მოგვცა თავისუფლებისა და ტოლერანტობის განსაკუთრებული შეგნება, ეს არის ბედი და შესაძლოა მისიაც, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი შინაგანი ბუნება, ხასიათის ჭეშმარიტი არსი. რაც უფრო მეტ ხანს შევინარჩუნებთ ამ არსს ჭეშმარიტებისა, მით უფრო დიდხანს ვიარსებებთ როგორც ერი და როგორც სახელმწიფო.

Idea


Last edited by Admin on Fri Jan 28, 2011 10:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Thu May 13, 2010 11:57 am

სიცოცხლე როგორც ნამდვილობა

კარგა ხანია, ქართული ახალგაზრდული პროზა პოსტმოდერნისტული იდ¬¬ე-ებით სარგებლობს, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ იწყება გარდატეხა და ეს გარდატეხა შესაძლოა აღმოჩნდეს აკადემიზმის, ტრა-დიციულ ფასეულობათა მიმართუ¬ლებით გადადგმული ნაბიჯი. სულაც არ იგულისხმება, რომ პირველი გზა მცდარია და მეორე _ სწორი, ლიტერა¬ტურა ამ ცნებებს არ ენდობა, მისთვის მთავარია ხარისხი და არა მიმართულება, მაგრამ მაინც არსებობს ქვეცნობი¬ერი რწმენა იმისა, რომ ყოველგვარი მო-დური მიმდინარეობა საბოლოო ჯამში გულისხმობს ახალი გზის გაჭრას კლა-სიკური ლიტერატურული ღირებუ¬ლებების მიმართულებით.
გარდატეხის ტენდენცია ბოლო დროს გამოჩენილ რამდენიმე სახელს უკავშირდება და მათ შორის არის არჩილ ქიქოძეც, რომლის მოთხრობების კრებულმა (`მყუდრო~, გამომცემლობა `საარი~, 2008 წ.) ლიტერატურის მოყვა-რულთა სერიოზული ინტერესი გამოიწვია.
წიგნის წარმატება გასაკვირი არ არ¬ის, ვინაიდან მასში არის მთავარი _ სიცოცხლე, რომელიც გულისხმობს ნამდვილობას, სიმართლეს, უშუალობას. ამბის გაცოცხლება ისე არ ხდება, მარტო მონდომება, ფაქტების, დიალოგებისა თუ დეტალების დალაგება არ შველის საქმეს, თუ მთავარი არ გაქვს _ ხე¬დვა, ნათელხილვის უნარი.
არჩილ ქიქოძეს თამამი ნაბიჯი აქვს, არ უჭირს ადამიანთან, მის შინაგან სამყაროსთან მიახლოება. მასში იგრძნობა ენერგია და მზაობა საიმისოდ, რომ თავისი ცხოვრება და იდეები მხატვ¬რულ რეალობად აქციოს; გარდასახვის ოსტატია, ამ სფეროში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. შეუძ¬ლია გარდაისახოს ერთ უჩინარ ხევსურად, რიგით გლეხკაცად, ქალაქელ `კაი ბიჭად~, მონასტრის მორჩილად, ლო¬თად და იმავდროულად დარჩეს იმად, რაც არის.
ახლოს მიდის საგნებთან, მეტიც, შე¬ი¬ძლება ითქვას, საგნებიდან გამოდის. იმდენად კარგად იცნობს საგანს და მის ბუნებას, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საგანი ჰყვება ამბავს, საგანი მოგვითხრობს თავგადასავალს. ამიტომ გამოსდის ყველა მოთხრობა ექ¬ს¬პრესიული, ემოციური, დრამატული.
ეპატაჟი სრულიად უცხოა მისთვის. თუმცა პირველივე მოთხრობის სათაური _ `მურტალი ქართველები~ - სწორ¬ედ სა¬პირისპიროზე მიგვანიშნებს. მართალია, ეპატაჟი სათაურიდან იწყება, მა¬გრამ სათაურშივე მთავრდება. ეპატ¬ა¬ჟური ენერგია სულ სხვა ძალად გარდა¬იქმნება, სხვა მხარეს გადაინაცვლ¬ებს.
საინტერესო, საკმაოდ პლასტი¬კუ¬რი სახეა ამ მოთხრობის პერსონაჟი მი-რიანა, რომელსაც თავი¬დანვე უცნაური რაკურსით ვხედავთ: ეზოში ჩაცუცქულა და ჯოხს თლის.
ქალაქიდან სოფელში ჩამოსული ეს ნა¬რკომანი საშინლად სძულს ტარიელას, რომელიც ვერანაირად ვერ მალავს თავის გლეხკაცურ აღშფოთებას. სა¬ქმეც ის არის, რომ სწორედ ამ ნარკომანმა და ნაციხარმა ჩაიდინა სასწაული _ გადაურჩინა ძროხა, რომელსაც ვე¬ნაში ნემსის გაკეთება სჭირდებოდა და მიზეზთა გამო ეს საქმე მარტო მას შე¬¬ეძლო.
აქ იწყება შემობრუნება. ავტორი ოს¬ტატურად ანეიტრალებს კომედიურ ინტრიგას და თანდათან, ძალდაუტანებლად შემოაქვს ჰუმანისტური ინტონაცია.
ტარიელა ხვდება, რომ მირიანა ბოლომდე ჯერ არ წამხდარა. მასში ქვეცნობიერად აღმოაჩენს რაღაც თბილს, მახლობელს, ადამიანურს და მთელი არსებით აჰყვება სიყვარულის ხმას, რო¬მელიც ადამიანის სულის ხსნისაკენ მო-უწოდებს. ეს თხრობაში ფაქიზად, ნახე¬ვარტონების მეშვეობით არის გადმო-ცემული, ისე, რომ ზედმეტობის განცდას არც ერთი დეტალი არ ბადებს. თვით ცხენის არქეტიპის შემოტანასაც ავ¬ტორი ისე ოსტატურად ახერხებს, რომ მხატვრულობის დინამიკა ოდნავადაც არ იკლებს.
მირიანას ცხენი უნდა მოჰგვაროს ტა¬რიელამ, შესვას და გააჭენებინოს. ეს არის რაღაც ახლის დასაწყისი, ან შე¬საძლოა რაღაც ძველისა და კარგად დავიწყებულის გახსენება. აქვე გაცხადდება ავტორის ეთიკური პოზიცია, ჩე¬მი აზრით, სავსებით სწორი და გამარ¬თ¬ლ¬ებული იმ მხრივაც, რომ იგი, რო¬გორც შემოქმედი, ყველანაირად თავ¬ისუფალია მორალისტური ტენდენციებისგან.
არჩილ ქიქოძის `წასვლა~, თუ არ ვც¬დები, პირველი მოთხრობაა ქართულ ლი¬ტერატურაში, რომელიც თავიდან ბო¬ლომდე დიალექტით არის დაწერი¬ლი.
როგორც ჩანს, მოთხრობა შექმნი¬ლია იმ რეალურად მომხდარი ამბის შთა-ბეჭდილების შედეგად, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მოხდა, როცა დათვისჯვარზე გადავარდნილ ავტომანქანაში დაიხოცნენ ბარისკენ მომა¬ვალი ხევსურები. ამას ავტორი არ წერს, არც მიანიშნებს, მაგრამ ხვდები, რომ ის არის, ის გახმაურებული ტრაგედიაა გა¬ნზოგადებული და გამადიდებელ შუ¬შაში დანახული.
თვალწინ ცოცხლდება ძველი თემა _ ხევსურეთის დაცლა-გაუკაცრიელ¬ების ტკივილი, რაც დარჩა, ისიც რომ გუ¬ლსაკლავად ილევა, იწრიტება, ქრება, მიდის, მიემართება სადღაც მისტერიაში, სადაც ადამიანები ესწრებიან თავიანთ სიკვდილს.
არჩილ ქიქოძის სტიქიაა თხრობის დრამატული სტილი, მხატვრული ელემენტების თავისუფლად გამოყენება და მსუბუქი ნონ-ფინიტო, თითქმის ღია და¬სასრული; იგი მოვლენებს აკვირდება როგორც ფსიქოლოგი და რეპორტიორი. მისი ტექსტების სტილი ამგვარადაც შეიძლება განისაზღვროს _ ფსი¬ქოლოგიური რეპორტაჟები თანამედრ¬ოვე ქართული ყოფიერებიდან. ამ თვა-ლსაზრისით საინტერესოა ერთი პასაჟი მოთხრობიდან `ჩიტი გამოფრინდება~:
`ყველა ადამიანი საკუთარ ციხეში იხდის თავის მიერვე მისჯილ სასჯელს. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ ჩამოსტირით ფეხით მოსიარულეებს ცხვირ-პირი? ტროლეიბუსების და მარშრუტკების ფანჯრებიდან რატომ იყუ¬რებიან კატორღელებივით მოწყენილი სახეები? ყოველთვის სადღაც მიიჩქა¬რიან და მაინც ყოველთვის იგვიანებენ მსუბუქი მანქანები. ყველანი თითქოს ქო¬ფაკი ძაღლებივით ჯაჭვზე გამობმუ¬ლები ვატარებთ ცხოვრებას. ამ ჯაჭვის გარშემო ვტრიალებთ უსასრულოდ და რაღაც მთავარი და კარგი მუდამ გვერდით გვრჩება...~
ეთიკისა და მორალის პრობლემები, სა¬ზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებანი, ზნეობრივი კრი¬ზისი და მარტოობაში გამოკეტილი ადა¬მიანის ტრაგედია წიგნის მთავარი მოტივებია. მწერალი თაობის სათქ¬მელს ამბობს ალალად, მართლად, ზუსტად, უშეცდომოდ, გულით, გაუზვიადებლად, დამაჯერებლად, საინტერესოდ. თაობაში არიან ადამიანები, რო¬მელთა იდეალია არა ფიქრი, რეფლექსია, არამედ ზნეობრივი ქმედება, აქტივობა; მათ არ მოსწონთ ნიღბიანი ფი¬ლოსოფოსი ჰამლეტი, სამაგიეროდ უყვართ თავგანწირული, გულის პრინციპით მოქმედი ჯოყოლა, რომელიც `მარტო ომობს, ლამაზად, თავისიანებისგან განწირული და მტრისგან უნდობლად მო¬კლული...
ამდენი საუკუნეა დანიელი უფ¬ლი¬სწული ყოფნა-არყოფნას გაიძახის გუ¬ლ-ხელდაკრეფილი და ჯოყოლა კიდევ მერამდენედ იღუპება სულ მარტოდმარტო და როგორ ლამაზად~ (`სამოველი~).
ამავე მოთხრობაში შესანიშნავად არის დახატული ქალაქური ყოფის ნაცრისფერი გარემო და ტკივილამდე საშუალო ადამიანები. შესავალში მოცე-მუ¬ლია თაობის კოლორიტული დახასიათება: `ჩვენ არ ვიყავით არც რაინდები და არც დუელანტები, არც გოთვერ¬ნები და არც სასტიკები, არც ლაზღანდარები, არც მასხრები და არასოდეს ვყოფილვართ საწყლები _ მაგრამ ყველაფერი ეს ვიყავით ამ დროს~.
არჩილ ქიქოძეს მონოლოგი ემარჯ¬ვება, ხშირად მიმართავს ამ ხერხს, ზო-გჯერ მეტისმეტი გატაცებითაც კი, მაგრამ საგულისხმოა, რომ ზომიერების გრძნობა არასოდეს ღალატობს.
მოთხრობა `არქეოლოგიც~ თავიდან ბოლომდე მონოლოგია. კახელი კაცი ჰყვება ამბავს, თუ როგორ გამოვიდა მისი გოგონა სატელევიზიო თამაშში და თანდათან, მონოლოგის შიგა სივრცეში იხსნება ანტურაჟი, თითქმის შეუმჩნეველი დეტალების საშუალებით გებულობ, რომ მოსაუბრე და მისი მსმენელი ცხენის `ტაჩკაზე~ სხედან. ერთი შე¬ხ¬ედვით, უთავბოლო ლაპარაკში იხატება პიროვნება, მისი შინაგანი ცხოვრება.
რატომღაც მგონია, რომ სწორედ წე¬რის მონოლოგური სტილი განაპი¬რობებს ერთ დამახასიათებელ ნაკლს, რომელიც თითქმის ყველა მოთხრობაში შეიმჩნევა. კერძოდ, თხრობის შესავალი ნაწილი გაუმართლებლად იწელება, დიდხანს გრძელდება, ზოგჯერ მთელი მოთხრობის თითქმის სამ მე¬ოთხედსაც იკავებს. რომანი თავისუფ¬ლად აიტანდა ასეთ ასიმეტრიას, მაგრამ მოთხრობას სხვა სპეციფიკა აქვს, სტრუქტურული შეფარდებების რღვევას ვერ იტანს. სასურველია, ცოტა უფ¬რო ნათლად იყოს გამოკვეთილი რო¬გორც სიუჟეტური, ისე ემოციური, ფსი¬ქოლოგიური თუ სხვა ტიპის შინაარსი. მკითხველი არ უნდა დაიღალოს იმის გა¬რკვევით, თუ რა ხდება ნაწარმოებში, ერთი სიტყვით, გამოკვეთილად უნ¬და ჩანდეს თხრობის მიზანი და მოტივი. ყოველ შემთხვევაში, ამ სტილის პროზა სწორედ ასეთ ინტენციურობას მო¬ითხოვს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოთხრობა `ლოთებში~ გამოყენებულია სიუჟეტუ¬რი ქარგა, ავტორი საგანგებო ყურადღებას აქცევს შინაარსობრივ არქიტექტონიკას და მგონი კარგადაც გამოსდის _ სამი კაცის, ანუ სამი `ნომრის~ ცხოვრება ცალ-ცალკე, დამოუკ¬იდე¬ბ¬ელ თავებად არის მოთხრობილი, ოღ¬ონდ მათი გზები ბოლოში გადაიკვეთება.
ნატურალისტური ეპიზოდების და¬სა¬მახსოვრებელ მხატვრულ დეტალებად გარდაქმნა არჩილ ქიქოძის სტილის ერთ-ერთი თავისებურებაა. მაგალითად, `საჭირო კაცი~ ანუ საკრებულოს წევრი, რომელიც მთელი დღე მობილურით საქმეებს აგვარებს (`თაფლობის თვე~). ასეთ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს მკვეთრად, დასამახსოვრებლად, კინემატოგრაფიული გამომსახველობით ხატავს.
ამავე მოთხრობაში არის ერთი ეპიზოდი, როცა მთავარი გმირი სანდრო დაინახავს დიდი ხნის უნახავ მეგობარს _ ტახიას. საყურადღებოა, თუ რა საშუალებით გამოკვეთს ავტორი პერსო¬ნაჟს. ეს არის პლასტიკა:
`ტახია შორიდანვე შეამჩნია. კემპი¬ნგის მთელ ტერიტორიაზე მისი ფიგურა ერთადერთი იყო, რომელიც ამდენ მოფუსფუსე და მოყაყანე ადამიანში გა¬¬უბ-ედავად, მაგრამ დინჯად მოძრა¬ობდა~.
`კახეთის მატარებელში~ ნაგავს¬აყ¬რელზე გადაგდებულ, ნაცემ, ცოცხ¬ალ-მკვდარ კაცს ცხენი დაადგება თავს და ამ დროს პერსონაჟთან ერთად შენც შეიგრძნობ ცხოველის მოახლოებას, მის სუნთქვას, სითბოს, ლაშებზე ამოსული ბურუსების შეხებას.
კიდევ ერთი სტილური თავისებურება _ ეს არის ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა დროითი რაკურსით წარმოდგენა, ანუ ფერწერის ენაზე რომ ვთქვათ, სუქცესიური სტილი.
დაბოლოს, გეოგრაფია. ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, არჩილ ქიქოძის მოთხრობების გარემო, სივრცე, გეოგრაფიული ლოკალი მრავალფეროვანია და ესეც განსა¬ზღვრავს აღქმის თავისებურებას.
იგი სანდო მწერალია.
უთუოდ არის მასში რაღაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასიქცევს. ზემოთაც ითქვა, უპირველესად ეს არისD სიციცხლის გასაოცარი შეგრძნება და ამ შეგრძნების `გამხატვრულების~ გამორჩეული, ორიგინალური ხელწერით აღბეჭდილი უნარი.
იგი, ასე ვთქვათ, კითხვადი მწერალია. ეს ღირსებაც არის და ეგრეთ წოდებული ფორაც მომავლისათვის.
მას აქვს ბუნებრიობისა და თავდაჯერების ისეთი ხარისხი, როგორიც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მკითხველის ნდობა დაიმსახუროს.
ამის გარანტიაა მისი ხასიათი _ როგორც მწერლური, ისე პიროვნული, რაც სტრიქონებს შორის კარგად იკითხება.
მის `მარაგშია~ აგრეთვე ზომიერი რაციონალიზმი ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოქროს შუალედი ლირიკასა და რეალიზმს, სტილიზაციასა და ობიექტივიზმს, პარადოქსულობასა და ჩვეულებრივობას შორის.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება კითხვა: ვინ არის არჩილ ქიქოძე? ეს არის მწერალი, რომელსაც აქვს გურამ რჩეულიშვილის გამბედაობა, გურამ გეგეშიძის თვალსაწიერი და გუ¬რამ დოჩანაშვილის თავისუფლება. თავისი? თა-ვისი რა აქვს? თავისი აქვს ბედი, რო¬მელმაც მასში გააერთიანა ეს სამი ჰიპ-ოსტასი. დანარჩენი? _ დანარჩენს იტყ¬ვის დრო და მკითხველი.

"ლიტერატურული გაზეთი", #10, 2009.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Thu Dec 30, 2010 9:56 am


Ivane Amirkhanashvili, Mzia Shanava, Ucha Sherazadishvili

ივანე ამირხანაშვილი

სად არის შუაგული საქართველო?

"სადაც ილია ჭავჭავაძის სახელი იხსენიება, იქ არის შუაგული საქართველო," - ასე დაიწყო თავისი სიტყვა თამაზ ჩხენკელმა ბათუმში, ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის გახსნაზე. მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი "რუსული" გამოთქმის ქართულად პერიფრაზირებისთვის უკეთეს ადგილს და უკეთეს ფორმას კაცი ვერ ინატრებდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გრიბოედოვის ქუჩა, სადაც გაიხსნა მუზეუმი, ბათუმის შუაგული არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, ბათუმში არის ქართული ცნობიერების შუა-გული.

- ამიტომ აქაც უნდა იყოს ილიას მუზეუმი - ჯერ კიდევ ათი წლის წინათ თქვა თეიმურაზ კომახიძემ (იმჟამად ბათუმის მერმა, ამჟამად - აჭარის კულტურის მინისტრმა) და შეუდგა საქმეს. არაერთხელ ესტუმრა ყვარელს, თბილისს, საგურამოს, აგროვებდა მემორიალურ ნივთებს, რელიკვიათა და რარიტეტების ასლებს, ფოტომასალას, რაც მთავარია, აგროვებდა მომხრეებს, თანამოაზრეებს, გულშემატკივრებს.

"რისთვის არის საჭირო ბათუმში ილია ჭავჭავაძის მუზეუმი?"

- იმისთვის, რომ მას დიდი ღვაწლი მიუძღვის დედასამშობლოსთან შემოერთებული ბათუმის აღორძინების საქმეში; თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ ასე გვსურს და კიდევ: საზღვარს იქიდან, სადაც ოთხი მილიონი ქართველი ცხოვრობს, ბათუმში ყოველდღე შემოდიან ადამიანები, რომლებსაც საქმიანი ინტერესების გარდა მამაპაპური ძირების მოძიების წყურვილიც აქვთ, მათ იციან ილიას სახელი, ჰოდა, მოვლენ და ნახავენ, ვინ იყო მათი დიდი წინაპარი, ყველაზე დიდი მამულიშვილი, - ასე პასუხობდა სკეპტიკოსების შეკითხვას თეიმურაზ კომახიძე, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინა და კიდევაც აკეთებდა ხელდასხმულის თავდადებითა და რუდუნებით, სხვაგვარად არც შეეძლო, ვინაიდან თვით წმიდა ანდრია პირვველწოდებული გამოცხადებოდა და ებრძანებინა ამ საქმის აღსრულება...

აჭარელი აჭარელს რომ შეხვდება, ეტყვის: ჭო, სად ხარ აქამდე, თვალები მიძებნიდა შენ თავს!"

XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართველობამ იგრძნო, რომ "თვალები უძებნიდა" დიდი ხნის უნახავ ძმას.

აჭარის შემოერთებამდე ერთი წლით ადრე ილია წერდა: "არ გვაშინებს... ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ. ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანას, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს და დიდი ხნის განშორებულ ძმას ძმურადვე მიიყრდენს, თვალში სიხარულის ცრემლმორეული".

- ილიას რაც აჭარისთვის გაუკეთებია, ნეტა იმდენი ყველა კუთხისთვის გაეკეთებინა, - თითქოს სხვათაშორის თქვა პოეტმა დავით თედორაძემ მუზეუმის გახსნის დღეს - 28 მარტს, წვიმიან დღეს, როცა ავდრის მიზეზით არავის სურდა შინიდან გასვლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა, დიდი თუ პატარა, სტუმარი თუ მასპინძელი, ჩინიანი თუ უჩინო, სტაბილური სიხალისით მოსულიყო გრიბოედოვის 3-ში და თავი მოეყარა პირველ სართულზე მდებარე საკმაოდ ვრცელ დარბაზში, რომლის ახლად შეკეთებულ ფასადზე თვალშისაცემად ბზინავდა ოქროსფერი აბრა წარწერით: "ილია ჭავჭავაძის მუზეუმი".

თეიმურაზ კომახიძე წიგნში "აჭარის მოამაგენი" წერს: რომ არა ილია ჭავჭავაძე, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა აჭარაში კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა, რადგან საქართველოსთან შეერთების დროს რეგიონში ქართული წერა-კითხვის მცოდნე არ მოიძებნებოდა, უმაღლეს განათლებასა და კულტურის დაწესებულებებზე ლაპარაკი ხომ სრულიად ზედმეტი იყო, ბათუმელთა თავშეყრის ერთადერთ ადგილს ყავახანები და ბაზარი წარმოადგენდაო.

შემოერთებიდან ნახევარი წლის შემდეგ, 1879 წლის თებერვალში ილია ასე მიმართავდა ქართველ საზოგადოებას: "აბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი, როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულს ძმებსა! ეხლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპათა ანდერძს: "ძმა ძმისთვისა და შავი დღისთვისაო!" ეხლა გამოჩნდება, ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვაა, თუ სავსე საქმეა! ეხლა გამოჩნდება - შენ მარტო დღევანდელ დღეზე ხარ მიბმული თუ ხვალისთვის სწუხ და ჰფიქრობ".

ილიას ინიციატივით საქართველოს ყველა კუთხეში იმართებოდა აჭარელთა დასახმარებელი საქველმოქმედო აქციები, რომელმაც არაჩვეულებრივად მასობრივი ხასიათი მიიღო. ვისაც როგორ შეეძლო, ეხმარებოდა თანამოძმეებს. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც: მოსწავლე გოგონები, გროში რომ არ გააჩნდათ შესაწირავად, თმებს იჭრიდნენ, ყიდდნენ და აღებულ ფულს აჭარის დახმარების ფონდში აბარებდნენ.

- 2002 წლის 28 მარტი ისტორიული დღეა, ამ დღეს შთამომავლობა სიამაყით გაიხსენებს, - თქვა გაზეთ "აღორძინების" რედაქტორმა ნუგზარ ჯაფარიძემ.

დღევანდელ დღეზე მიბმულები ხვალინდელზე ვწუხვართ და ვფიქრობთ?..

ესაც ხვალისთვის იყოს, მუზეუმის ისტორიისათვის, დოკუმენტად, გასახსენებლად: გახსნის ცერემონიალზე ზემოთ აღნიშნულთა გარდა სიტყვები წარმოთქვეს პოეტმა ფრიდონ ხალვაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ნანი გუგუნავამ, ეპისკოპოსმა დიმიტრი შიოლაშვილმა, მსახიობმა იური ცანავამ, ბასკოლოგმა გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძისამ, მწერალმა ჯემალ ჯაყელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა იური ბიბილეიშვილმა, პოეტმა ამირან ხაბაზმა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ... ("რომ არა ანდრო ბედუკაძის დახმარება, მუზეუმის დაარსება გაგვიჭირდებოდა" - თეიმურაზ კომახიძე);

დავით თედორაძემ წაიკითხა მისალმებები, რომლებიც გამოგზავნეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ წივწივაძემ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ ბენაშვილმა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა, მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ლანჩავამ.

ილიამ კარგად იცოდა, რომ ბათუმელ ქართველებს ყავახანებიდან და ბაზრიდან ეგრე იოლად ვერ გამოიყვანდა. აჩქარება საქმეს წაახდენდა. დრო და ვითარება ფხიზელ ტაქტიკას, დაფიქრებასა და სიფრთხილეს მოითხოვდა. 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარლებს თურქეთში თავისუფალი გადასახლების უფლება ეძლეოდათ. დაიწყო მუჰაჯირობა. ბევრი აიყარა მამაპაპეული კერიდან. ილიამ ძველი თანამებრძოლებისა და პროგრესულად მოაზროვნე აჭარლების დახმარებით შეძლო დამღუპველი პროცესის შეჩერება, შემდეგ კი წამოიწყო კულტურულ-პოლიტიკური პროგრამის განხორციელება, რომელსაც ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: 1. ქართული სკოლების გახსნა; 2. ადგილობრივ თვითმმართველობაში ქართული ფრთის მომძლავრება.

1881 წელს ბათუმში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომლის პირველ მასწავლებლად დაინიშნა ალექსანდრე ნანეიშვილი. 1895 წელს კი აშენდა სკოლის ახალი შენობა.

საგულისხმოა, რომ ამ სკოლაში ყველა მასწავლებელი ილიას რეკომენდაციით ინიშნებოდა. ერთ-ერთი გამგე-მასწავლებელი მიხაკო შარაშიძე იგონებს:"ბათუმში გამომგზავრებისას ილიამ მიმიხმო ბინაზე და დაახლოებით ასე მითხრა: ჩემი პირადი სურვილი და განკარგულება იყო, რომ შენ ასეთ პასუხისმგებელ ადგილზე გამეგზავნე, იმედია, გაამართლებ ჩემ ნდობას. იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი, ხოლო დაკვირვებული და ეშმაკი, როგორც გველი. დიდი სიფრთხილით არის მუშაობა საჭიმრო ქართველ მუსლიმანებს შორის, გახსოვდეს, რომ ქართველი მუსლიმანები - ჩვენი ძმები, მეტად ნიჭიერი, დინჯი, დაკვირვებული და ზრდილობიანი ხალხია. იხმარე ყოველი ღონე, რათა მათი ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. იარე საყავეებში, ნუ დაერიდები, სარდაფებში, მეჩეთში და, ერთი სიტყვით, იქ, სადაც ქართველ მუსლიმანებს სჩვევიათ თავის შეყრა. დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მხრივ, თუ წერა-კითხვასთან ერთად მათ შეაგნებინებ, რომ ისინი ქართველებია, რომლებიც ჩვენგან განირჩევიან მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებით".

რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის, არ ახსოვს ისტორიული ფაქტი: როდესაც თურქები შემოვიდნენ აჭარაში, დაიწყეს ვენახების აჩეხვა - ქართველებს ღვინო არ უნდა ჰქონოდათ, და აკრძალეს ფუტკრის მოშენება - სანთელი არ უნდა დაემზადებინათ. მოსახლეობამ ფუტკარი მაღალ მთაში გახიზნა, ვაზი კი მიუვალ ტყისპირებში გადარგო. ასე გადაარჩინეს, ასე შეინახეს აჭარლებმა ეროვნული ყოფიერების ორი სიმბოლო. ქედის რაიონის ტყეებში დღესაც ხარობს ენდემური ჯიშის გაველურებული ვაზი...

1895 წლის ბათუმის საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები ილიამ მოიგო. სპეციალურად ჩავიდა ბათუმში და არჩევნების დღეს ერთი წუთითაც არ მოსცილებია საარჩევნო ყუთს. არანაკლები ღვაწლი დაიდეს გრიგოლ ვოლსკიმ და დავით კლდიაშვილმა, მაგრამ სწორედ ილიას წინადადებით გავიდა ქალაქის თავად ლუკა ასათიანი. 1902 წელს მისივე რეკომენდაციით აირჩიეს ივანე ანდრონიკაშვილი ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელად.

ეს ისტორია მუზეუმის ექსპოზიციაშიც იკითხება - თანმიმდევრულად, თვალსაჩინოდ გასაგებად. ფოტოპორტრეტებში, მხატვრულ ტილოებში, დოკუმენტებსა და საგნებში ცოცხლდება წარსული, ხვდები, რაზე მეტყველებს ძველ, შავ-თეთრ სურათში მოქცეული ისტორიის ქვეთავი, რომელსაც ჰქვია, მაგალითად, ალექსანდრე ნანეიშვილი, ლუკა ასათიანი, მემედ აბაშიძე, შერიფ ხიმშიაშვილი, ხუსეინ ბეჟანიძე, კონსტანტინ კომაროვი (ბათუმის ოლქის პირველი გენერალ გუბერნატორი); აქვეა - ილია ჭავჭავაძის ნაქონი სამოვარი, ოლღა გურამიშვილის საკერავი მანქანა, გრიგოლ ვოლსკის სავარძელი, ილიას და ვაჟა-ფშაველას ნიღბები, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლ-კარის მაკეტი (ავტორი ზურაბ წერეთელი)... აქვეა - მემედ აბაშიძის მიმართვა ილია ჭავჭავაძის მკვლელებისადმი: "აბა ერთი მითხარით, რას ერჩოდით იმ მწუხარსა და მშვიდობიან მოხუცს? რა დააშავა მან? რამ მოგაფიქრებინათ და გადაგაწყვეტინათ ეს შხამიანი საქციელი? იქნებ იმისათვის მოჰკალით იგი, რომ დაუღალავად იბრძოდა თავის სამშობლოსათვის? იქნებ იმისათვის მოჰკალით ის დიდებული მგოსანი, რომ იგი თაყვანს სცემდა დედაენასა და თავისი ქვეყნის ერს? იქნებ იმისათვის აწამეთ ის მეცნიერი, რომ ყველას ამცნო და შთაუნერგა, განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა, ეროვნული გრძნობანი და სიყვარული?.. შეცდით თქვე უგუნურებო!"

კოკისპირული წვიმა ბეჯითად რეცხავდა გრიბოედოვის ქუჩას, მუზეუმიდან გამოსული სტუმარ-მასპინძლები მხრებში თავჩარგულები გარბოდნენ შუშებდაორთქლილი ავტომანქანებისკენ, ფეხად ჩამოსული ცა ვერტიკალური ზღვასავით ერთვოდა ჰორიზონტს ნავსადგურში გემები თვლემდნენ, სანაპიროზე მეთევზე იჯდა და ითვლიდა მწვანედ აქაფებულ ტალღებს, რომელთა რიტმი რატომღაც ზემოთ მოტანილი ტექსტის რიტმს მოგაგონებდა.

2002 წელი.

წყარო – http://www.opentext.ge/index.php?m=57&y=2002&art=9257


ივანე ამირხანაშვილი, როგორც მთარგმნელი (დაჰკარით მაუსის ისარი)


ივანე ამირხანაშვილი, როგორც "ფეისბუკელი"

ივანე ამირხანაშვილი "ვიკიპედიაზე" – http://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ამირხანაშვილი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Mon Feb 14, 2011 5:32 pm

ივანე ამირხანაშვილი

ორი იბერია. ერთი კომპლექსი ანუ ჟოზე სარამაგუს ფსიქოლოგიური მეტაფორა

მსგავსი უცნაური ამბავი იშვიათია საქართველოს ისტორიაში: იოანე ათონელი, ექვთიმეს მამა, ჭკვიანი, განათლებული და დარბაისელი კაცი, უცებ ადგება და ესპანეთში მიდის. ავიდოსიდან აბრუნებენ და ბიზანტიის იმპერატორის ჩარევით ათონზე ტოვებენ.

"ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ", - სპანიაშიო, განმარტავს გიორგი მთაწმიდელი და იმასაც გვამცნობს, რომ იოანე ათონზე ატეხილმა შუღლმა გააქცია ესპანეთისკენ.

ბერძნებისაგან დაბრიყვებული ქართველი კაცი სულის მოსაოხებლად პირენეის იბერიაში მიდის.

ისტორიულ-კულტურულ-ეთიკური "მუდმივა": არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელსაც ქართველი კაცი განიცდიდა ჯერ ბერძნების, შემდგომ კი დასავლეთ ევროპის მიმართ.

ათონიდან პირენეიზე მიმავალი გზა საქართველოდან იწყება და, ჩემი აზრით, ეს არის უფრო მყარი და უწყვეტი რამ, ვიდრე ისტორიული აბრეშუმის გზა ან ყბადაღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალი. კავკასიასა და პირენეის ნახევარკუნძულს სისხლისმიერი ნათესაობის გარდა ურთიერთობათა სიახლოვეც რომ გვაკავშირებდეს, მაშინ არ გაგვიკვირდებოდა ერთმანეთის უცნაურობანი, მაგრამ სანამ სიახლოვის დრო დამდგარა, მანამ ყოველთვის გაგვაოცებს ჩვენს ხასიათებში აღმოჩენილი პარალელები. თუნდაც ისეთი უნებლიე და ქართველებისთვის მეტისმეტად თანამედროვე პარალელი, როგორიც პორტუგალიელმა ჟოზე სარამაგუმ შემოგვთავაზა რომანში "ქვის ტივი", სადაც საკითხი პირდაპირ, უცერემონიოდ დგას: პირენეის იბერიელთა არასრულფასოვნების კომპლექსი დასავლეთ ევროპის მიმართ, ანუ "ჰო" თუ "არა".

ორი იბერია. ერთი კომპლექსი.

წარმოგიდგენიათ, საქართველო მოწყდეს კავკასიის ქედს და დაეშვას ქვემოთ, ინდოეთის ოკეანისაკენ?

ცოტა არ იყოს, წარმოსადგენად ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი.

პირენეის ნახევარკუნძული კი ნამდვილად მოწყდა ევროპის მატერიკს და ატლანტის ოკეანეში შეცურდა.

საით მიცურავს ქვის ტივი? - სამწუხაროდ, ზუსტად თვით სარამაგუმაც არ იცის და, როგორც ჩანს, არც არის საჭირო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, გაუცხოებით თავგზააბნეული ტივი ოკეანეში ჩაიკარგება, თუ თავის კომპლექსებში.

სანამ ტივის მიმართულებას გავარკვევდეთ, რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ ვინ არის და საიდან მოვიდა ეს სიმპათიური "პორტუგალოპითეკი" ჟოზე სარამაგუ.

დაიბადა 1922 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში, ლისაბონის ჩრდილო-აღმოსავლეთით ასიოდე კილომეტრზე მდებარე სოფელ აზინაგაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩამოუდის მდინარე და მას ალმონდა ეწოდება.

მამა - ჟოზე დე სოუსა, დედა - მარია დე პიედადე.

მასაც ჟოზე დე სოუსა ერქმეოდა, რომ არა ახირებული რეგისტრატორი, რომელიც ადგა და მეტრიკაში ჩაუწერა მამამისის მეტსახელი - სარამაგუ.

სარამაგუ ველური ბალახია და პორტუგალიაში მას ღარიბები იყენებენ საკვებად, როგორც ჩვენში კოფჩხილას, სატაცურს ან ეკალას.

ჟოზე ორი წლის იყო, როცა მამამ, უკვე ყოფილმა არტილერისტმა, პირველი მსოფლიო ომის მონაწილემ, სოფელი მიატოვა და ლისაბონში გადაბარგდა, სადაც პოლიციელად დაიწყო მუშაობა. ქალაქში ოდნავ მოითქვეს სული, თუმცა არა იმდენად, რომ საკუთარი ბინა ჰქონოდათ. მხოლოდ 14 წლის იყო ჟოზე, როცა პაწია სახლის ყიდვა მოახერხეს.

სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. პატარა ჟოზე ხშირად დაჰყავდათ დედულეთში, სადაც პაპა და ბებია ცხოვრობდნენ. აქ გატარებული დღეები განსაკუთრებულ მოგონებებად შემორჩა მწერალს. ნობელის ლექციაშიც გაიხსენებს ამბავს, თუ როგორ უწვენდნენ ლოგინში ძუძუმწოვარა გოჭებს, რათა თოთო ოთხფეხები ზამთრის სიცივეში არ გაყინულიყვნენ.

უსახსრობის გამო საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. ტექნიკურ სასწავლებელში გადაიყვანეს, ხუთი წელი მექანიკოსობას სწავლობდა. ოჯახში პირველი წიგნი შეიძინეს მაშინ, როცა ჟოზე 19 წლის შესრულდა. ალბათ ამიტომ იყო, 1998 წლის შემოდგომაზე, როცა სარამაგუს ნობელის პრემია მიენიჭა, ინტერნეტში გაავრცელეს ჭორი, თითქოს პორტუგალიელ ნობელიანტს წერა-კითხვა ორმოცდაათი წლისას ესწავლოს. თუმცა ამ ასაკში გამოცემული ჰქონდა ერთი რომანი, ერთი პოეტური კრებული და რამდენიმე თარგმანი. ასეთი შემოქმედებითი სიმწირე, როგორც თავადვე წერს, უბრალოდ იმის ბრალი იყო, რომ სათქმელს ვერ პოულობდა. ცხრამეტწლიანი პერიოდი, 1947-დან 1966-მდე ისე განვლო, კალაში ხელი არ აუღია. ამ ხნის განმავლობაში მისი ძირითადი სამსახური იყო ლითონგადამამუშავებელი კომპანია და გამომცემლობა "ესტუდიოს კორი", სადაც ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდა. პოლიტიკური მიზეზების გამო ხშირად უმუშევარი რჩებოდა.

უმუშევრობის ერთ-ერთი პერიოდი სოფელში გაატარა და მთავარიც აქედან დაიწყო. "უმუშევარი ვიყავი და პოლიტიკური ვითარებაც ისეთი იყო, ხეირიანს ვერაფერს ვიშოვიდი. გადავწყვიტე, მთლიანად ლიტერატურაში გადავშვებულიყავი: ბოლოსდაბოლოს, დრო იყო გამერკვია, ვღირდი მწერლად, თუ არა", - წერს ჟოზე სარამაგუ. დადგა სწავლის, დაკვირვებისა და ფასეულობათა მონიშვნის ჟამი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1976 წლის იანვარ-თებერვალში, ალენტეჟოს პროვინციის სოფელ ლავრეში დაიბადა მომავალი ნობელიანტი.

პირველი "იხთიოზავრი" 1980 წელს ამოჰყვა შთაგონების მოვარდნილ მეწყერს - ეს არის რომანი "მიწიდან აღმდგარნი". აქ იპოვა თავი, სტილი, მანერა. ათ წელიწადში კიდევ ხუთი რომანი გამოაქვეყნა: "ბალთაზარი და ბლიმუნდა" (1982), "რიკარდო რეისის სიკვდილის წელი" (1984), "ქვის ტივი" (1986), "ლისაბონის ალყის ისტორია" (1989) და "იესო ქრისტეს სახარება" (1991).

შემოქმედებითი აღმავლობის პიკზე სიყვარულიც ეწვია. ცოლად შეირთო ესპანელი ჟურნალისტი პილარ დელ რიო (პირველი ცოლი ილდა რეისი, რომელზეც 1944 წელს იყო ჯვარდაწერილი, ჟოზეს მეორე ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, 1998 წელს გარდაიცვალა).

1991 წელს პორტუგალიის მთავრობის ცენზურამ აკრძალა "იესო ქრისტეს სახარების" წარდგენა ევროპის ერთ-ერთ ლიტერატურულ პრემიაზე იმ საბაბით, რომ წიგნი შეურაცხყოფს კათოლიკობას. პროტესტის ნიშნად ჟოზე და პილარი კანარის კუნძულ ლანზაროტეზე მიდიან საცხოვრებლად, რის შემდეგაც მწერალი აქვეყნებს "ლანზაროტეს დღიურების" ხუთ წიგნს და ორ რომანს: "სიბრმავე" (1995) და "ყველა სახელი" (1997).

1998 წელს მიენიჭა ნობელის პრემია სწორედ იმ რომანისათვის, რომელიც პორტუგალიის სამთავრობო ცენზურამ დაიწუნა.

ორიოდე სიტყვა მწერლის გვარის ტრანსკრიფციის შესახებ.

დღემდე სადავოა საკითხი, ქართულად სარამაგუ უნდა ვწეროთ, თუ სარამაგო. (სხვათა შორის, ეს ვერც რუს ლიტერატორებს გაურკვევიათ).

პორტუგალიური ენის ფონეტიკის სახელმძღვანელო გვასწავლის, რომ ფონემა ო, ანუ ხშული ო არტიკულაციის დროს გადაიქცევა უ-დ. აქედან გამომდინარე, Saramago უნდა წავიკითხოთ როგორც სარამაგუ.

პოპულარული მაგალითები: Amado - ამადუ, Figo - ფიგუ, Fernando Pessoa - ფერნანდუ პესოა.

ასე, რომ უნდა ვწეროთ სარამაგუ და არა სარამაგო.

"ქვის ტივში" კი ყველაფერი იმით იწყება, რომ ჟოანა კარდა მიწაზე გაუსვამს საქსოვ ჩხირს, ჟოაკინ სასა ზღვაში ქვას ისვრის, პედრო ორსე სკამიდან წამოდგება, ჟოზე ანაისო სადღაც მიდის, მარია გუავაირა სხვენზე ადის, სადაც აღმოაჩენს, რომ ძველი წინდიდან გამქრალა შავი დღისთვის გადანახული ფული.

ზუსტად ამ დროს ალბერიის მთებში, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრის გასწვრივ ნაპრალი ჩნდება და იბერია წყდება ევროპის კონტინენტს.

ადამიანის გარეშე, გარეშე მოქმედებისა სამყარო არ არსებობს და ამიტომ ადვილი შესაძლებელია, გლობალური მოვლენა დაიწყოს იმით, რომ ვიღაცამ ჩხირით მიწაზე ხაზი გაავლოს, ან ზღვაში ქვა ისროლოს.

"ქვის ტივის" მკითხველი ვერ გაიგებს, რატომ ეძებს ხელისუფლება ჟოაკინ სასას, კანტორის რიგით თანამშრომელს, რომელმაც ზღვაში ქვა ისროლა, რატომ დასდევენ ესპანელ აფთიაქარ პედრო ორსეს, რომელიც გრძნობს, თუ როგორ კანკალებს დედამიწა, რატომ დაჰყვება შოშიების გუნდი სკოლის მასწავლებელ ჟოზე ანაისოს, რატომ გაეყარნენ ქმრებს ჟოანა კარდა და მარია გუავაირა, ან რისთვის დაეხეტებიან ეს ადამიანები კუნძულად ქცეულ პირენეებზე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ავტორსაც უჭირს, უფრო სწორად, მას არ აინტერესებს "რატომ"? რადგან მისთვის მთავარია - "რა?" მას აინტერესებს მოქმედება, რომელიც მისგან დამოუკიდებლად, თავისთავად ხდება, მიმდინარეობს, როგორც ეროვნული ხასიათის, იბერიული გონის მოქმედების პროცესი. როცა ქვის ტივი 200 კილომეტრით დასცილდება ევროპას, პორტუგალიაში იწყება სოციალურ-ფსიქოლოგიური კრუნჩხვები და კონტინენტური თვითშეგნების კვდომა, თვითშეგნებისა, რომელიც შესაძლოა არც კი არსებობდა, რადგან პორტუგალიელს, ისევე, როგორც ქართველს, დაბადებით დაჰყვება დამთრგუნველი კითხვა - "ვარ თუ არა ევროპელი?"

ორი არალიტერატურული სცენა თანამედროვე ქართული ტრაგი-კომედიებიდან. 1989 წელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოსკოვს ზურგს აქცევყს და უეფაში შესვლის გზებს ეძებს. ამისათვის გადასაჭრელია პირველი რიგის საკითხი - ვართ თუ არა ევროპა? გაზეთ "ლელოში" იბეჭდება სტატია, რომელშიც ფეხბურთის მოყვარული, პროფესიით გეოგრაფი წერს: დავადგინე, ევროპის სასაზღვრო ზოლის შიგნით თბილისი არა, მაგრამ ომალო და ყაზბეგი ექცევიან და თუ გვინდა უეფაში მიგვიღონ, ამ რაიონებში სასწრაფოდ ფეხბურთის თითო გუნდი მაინც უნდა ჩამოვაყალიბოთო იმავე პერიოდში იყო: სკანდინავიელ სტუმრებს ვეკითხები, თბილისში თუ შენიშნეთ რაიმე ევროპული-მეთქი. მოწყალე ღიმილით გააქნევენ თავს - "ვერაო!" თან ეტყობათ, ვერ გაუგიათ, რატომ ვეკითხები ამ სისულელეს.

რისთვის გვინდა, ვიყოთ ის, რაც არ ვართ, ან რისთვის არ გვინდა ვიყოთ ის, რაც ვართ?

არ ვიცი, რას ფიქრობდა ამ კითხვაზე იოანე ათონელის ძე - ექვთიმე, რომელსაც იმპერატორის კარზე "სრულიად ბერძენს" ანუ დღევანდელი გაგებით, ევროპელს უწოდებდნენ, მაგრამ ის კი ცხადია, XI საუკუნიდანვე რომ ჩავძიებოდით საკუთარ ცნობიერებას, დღეს მაინც აღმოვაჩენდით ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენს ნაცვლად მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოთქვა მიგელ დე უნამუნომ:

"მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ, რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?" (მიგელ დე უნამუნო. "ევროპეიზაციისათვის", ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ, ჟურნალი "ომეგა", N 9, 2000 წ.).

აი, რატომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ საით მიცურავს ქვის ტივი. ამ დიდი ესპანელის ნააზრევზე აღზრდილი სარამაგუ ფიქრობს არა მიმართულებაზე, არამედ სიღრმეზე, პორტუგალიურ-იბერიული ცნობიერების შიგა სამყაროზე, რომლის დაშლილი ნაწილების სიმბოლოს სწორედ ალბერიის მთებში მოწყვეტილი ქვის ტივი წარმოადგენს.

ქვის ტივის მოსახლეობისთვის კი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას იტყვის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჰუმანურ დახმარებას უგზავნის ბედის ანაბარად მიტოვებულ იბერიელებს და თან აკრიტიკებს პორტუგალიის ხელისუფლების მოქმედებას. კაცმა რომ თქვას, მართლაც უპასუხისმგებლოდ იქცევა პორტუგალიის პრეზიდენტი - შლის ერთპარტიულ მთავრობას და აყალიბებს ეროვნული ხსნის მრავალპარტიულ კოალიციას, - "თუ დაღუპვაა, ერთად დავიღუპოთ!"

სარამაგუ ყოველთვის ერიდება ირონიის გამკვეთრებას, მაგრამ იმ ეპიზოდში, როცა ამერიკა ხაზგასმულ ყურადღებას იჩენს ევროპის მთავრობებისგან დაბრიყვებული ქვის ტივის მიმართ, თავს უფლებას აძლევს გროტესკნარევი ირონიით დაგვანახოს, თუ როგორ ცდილობენ პატარა პორტუგალიის შვილები ზესახელმწიფოს წინაშე თავის გამოჩენას.

სარამაგუს არც პოლიტიკური აქცენტების გამოკვეთა ახასიათებს, მაგრამ თავს ვერ იკავებს, როცა საქმეში საერთო იბერიული კომპლექსი ერევა. კერძოდ, პირდაპირ ამხელს პორტუგალიის მთავრობას, რომელიც ხელოვნურად ქმნის კონფლიქტს ევროპასთან, პროამერიკულ ორიენტაციას კი ტენდენციურად აზვიადებს. ჩვენთვის ეს უმნიშვნელო მომენტი იქნებოდა, ანალოგიური სქემა ქართულ პოლიტიკაშიც რომ არ მოქმედებდეს. ჩავსვათ აღნიშნულ ანტინომიურ წყვილში ევროპის ნაცვლად რუსეთი და მივიღებთ სწორედ იმ საერთო იბერიულ კომპლექსს, რამაც ქვის ტივად აქცია პირენეები დასავლეთში და საქართველო - აღმოსავლეთში!

ასე მგონია, როცა რომის პაპი კლიმენტ XI ვახტანგ მეექვსისადმი მოწერილ წერილში საქართველოს "აზიის იბერიას" უწოდებს, ამ დროს დასავლეთში უკვე იციან, რომ ევროპის იბერია ეროვნულ-ფსიქოლოგიური არქეტიპებით უკავშირდება კავკასიას, სადაც, მათი აზრით, გაუცხოების იგივე კომპლექსები მოქმედებს, რაც საუკუნეების განმავლობაში შეინიშნებოდა პირენეის ნახევარკუნძულზე.

არავინ იცის, საიდან მოდის გაუცხოების იმპულსები, ან სად არის ნამდვილი ევროპის ცენტრი, ევროპის სულის დვრიტა, რომელიც ახლოს არ იკარებს უმცირეს "არაევროპულ" ნაწილაკსაც კი, ანდა რომელია ის ქვეყანა, რომელიც თავს ევროპის პირველსახედ მიიჩნევს - იტალია? საფრანგეთი? გერმანია? ბრიტანეთი?.. ყველა ერთად, თუ არცერთი - ცალ-ცალკე? რაც უფრო ღრმად ჩავყვებით ისტორიას, მით მეტ წინააღმდეგობას დავინახავთ ამ ქვეყნებს შორის. ურთიერთბრძოლამ, ურთიერთგანზიდვის სულმა ჩამოაყალიბა ევროპის პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი და დღეს თუ ლაპარაკია ინტეგრაციაზე, ესაც დიდი წინააღმდეგობების დამაგვირგვინებელი ფაზაა, რომელიც სრულიადაც არ ნიშნავს ნიველირების პროცესის ნებაყოფლობით აღიარებას. რაციონალისტურ ევროპაში ზოგჯერ ფატალური პარადოქსებიც ხდება. არასრულფასოვნების იბერიული კომპლექსი გამოხატულებაა იმ მუდმივად არსებული წინააღმდეგობისა, რომელიც ევროპის გულში არ შეიმჩნევა, სამაგიეროდ, ხელისგულივით მოჩანს პერიფერიებში. ევროპულია თვითგანზიდვის ის ძალა, რამაც პირენეები კონტინენტს მოწყვიტა და ქვის ტივად აქცია.

"რაკიღა პირენეელები არ დარჩნენ ევროპის წიაღში, - წერს ჟოზე სარამაგუ, - იმას ნიშნავს, რომ ისინი ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, თუ რას წარმოადგენს ეს კონტინენტი და დაეხსნენ მას, რათა შემდგომში სხვა არასრულფასოვანი ევროპელებიც ადრე თუ გვიან მიხვდნენ, რომ აქ მათ არაფერი ესაქმებათ. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი კონტინენტი ერთ ქვეყნად გადაიქცევა და იგი იქნება ჭეშმარიტად ევროპული სულის კვინტესენცია, მისი სრულყოფილი განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ის, რომ მივიღებთ ევროპას როგორც ერთ მთლიან შვეიცარიას".

პირენეის იბერიელები ინტუიციით მიხვდნენ: თუ გინდა იყო იქ, სადაც ხარ, ერთხელ მაინც უნდა მიატოვო ეს ადგილი, რათა მშობლიურმა წიაღმა უძღები შვილივით დაგაბრუნოს უკან.

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ახდეს სარამაგუს წინასწარმეტყველება და ერთ მშვენიერ დღეს ევროპის ყველა ერმა განაცხადოს - "ჩვენც იბერიელები ვართ!" - რაც იმას მოასწავებს, რომ ყველამ ცალ-ცალკე გაითამაშოს უძღები შვილის მისტერია, რათა საბოლოოდ დაუბრუნდეს ერთიან, უკომპლექსო ევროპას, რომელსაც არ ექნება ცენტრი, ანუ ის ადგილი, რომელიც არასრულფასოვნების კომპლექსით თრგუნავს თავის პერიფერიებს.

რომანის ნახევრად ღია ფინალსაც აქეთ მივყავართ. ქვის ტივი ჩერდება. ევროპული გრავიტაციის კანონი იწყებს მოქმედებას. პირენეები თავის ადგილს უთუოდ დაუბრუნდება, მაგრამ რას უზამ მიწას, რომელიც ისევ კანკალებს? თუმცა შეიძლება არც ეს იყოს კატასტროფა, თუ გაიგებ, რატომ კანკალებს მიწა; კვლავ შიში ევროპის წინაშე? არაფერია! ისტორიაში მოიძებნება წამალი. ეს იყოს თუნდაც დიდი ევროპელის ოსვალდ შპენგლერის იმპერატივი "ევროპის დაისიდან":

"სიტყვა ევროპა ისტორიიდან უნდა ამოიშალოს. არ არსებობს "ევროპელის" ისტორიული ტიპი. "ევროპა" ცარიელი სიტყვაა!"

ქვის ტივის ევროპასთან დაბრუნების საუკეთესო ნიშანი ის უნდა ყოფილიყო, რომ ჟოზე სარამაგუს, ამ მეამბოხე იბერიელს, ნობელის პრემია მიეღო. ახლა გვიან არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყოდი: როცა 1998 წლის მაისში პირველად წავიკითხე ნაწყვეტი სარამაგუს რომანიდან "იესოს სახარება", მაშინვე გავიფიქრე, ნობელის კომიტეტი უსათუოდ წამოეგება პორტუგალიელის მიერ ოსტატურად დაგებულ ანკესზე-მეთქი. ლიტერატურული ერესის დიდი დოზა, რითაც ეს რომანია გაჯერებული, საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ვარაუდის გასამართლებლად. ობივატელური თვალსაზრისით, არც ის უნდა ყოფილიყო ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ იგი პორტუგალიის სამთავრობო ცენზურის მიერ აკრძალვის ბეჭდით იყო დაღდასმული.

ცენზურამ იჩქარა, ვერ განსაზღვრა, საით იყო მიმართული ნაწარმოების მეამბოხე სულისკვეთება, ვერც ის გაითვალისწინა, თუ რაოდენ შორს დგას ავტორი კონფესიური დოგმების გადასინჯვისგან და საერთოდ რელიგიისგან, ვერ დაინახა ზღვარი თანამედროვე ლიტერატურულ ფაქტსა და რელიგიის ისტორიას შორის.

ცენზურამ რომანი აპოკრიფად მიიჩნია და ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა.

"იესოს სახარება" არის ფსიქოლოგიური ტრაგედია, რომელიც ასახავს ყველა იმ წინააღმდეგობას, რაც ევროპულ რაციონალიზმს საუკუნეების მანძილზე დაუგროვებია კათოლიციზმის წიაღში. ახალი აქ არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ თხრობის თვითმყოფად, დახვეწილ სტილს და ნათელხილვის გასაოცარ უნარს.

რომანი გრავიურის აღწერით იწყება. გამოსახულებაზე არიან ჯვარცმული ქრისტე, იოსებ არიმათიელი, მზე, რომელსაც ადამიანის სახე აქვს, და ოთხი მგლოვიარე მარიამი, რომელთაგან ერთი ღვთისმშობელია, დანარჩენი სამი კი - მარიამ მაგდალელი. (სხვათა შორის, სამი მაგდალელის პარადოქსი სარამაგუს ახირება არ არის, შუა საუკუნეებში გაცხარებული დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, რატომ არის სახარებაში სამი სხვადასხვა მარიამ მაგდალელი).

მზერას გრავიურიდან სადღაც სიღრმეში მივყავართ, სანამ გალილეაში მდებარე ერთ ღარიბულ ოდაში არ აღმოვჩნდებით, სადაც ცოლ-ქმარს, მარიამსა და იოსებს სძინავთ. დილას, სქესობრივი აქტის შემდეგ, იოსები იტყვის: "გმადობ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომ არ შემქმენ ქალად", ხოლო მარიამი: "გმადლობ, უფალო, რომ შემქმენ ნებისაებრ შენისა".

უფლის ანგელოზი მაწანწალის სახით გამოეცხადება მარიამს და აცნობებს, რომ იგი ფეხმძიმედაა და ეყოლება ვაჟი. ანგელოზი დაუტოვებს თიხის თასში მოთავსებულ მანათობელ მიწას, რომელსაც იოსები, უხუცესთა რჩევით, ეზოში დაფლავს, რათა აირიდოს საშიშროება.

საშიშროება, ეჭვი, ავის მოლოდინი - ლაიტმოტივად გასდევს რომანს თავიდან ბოლომდე.

იოსებს შვილის დაბადებისთანავე აედევნება გაუცნობიერებელი შიში, რომ მისი ძე უნდა მოკვდეს. იმ ღამით, სანამ იოსები და მარიამი ბეთლემიდან გაიქცევიან, რათა ჰეროდეს ჯალათებს დაუმალონ თავიანთი ორი თვის ყრმა, იოსები ნახავს სიზმარს, თითქოს თვითონ არის ჰეროდეს ჯალათი და მიდის შვილის მოსაკლავად. იგი დიდხანს ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა სიზმარი, მაგრამ ვერ ამოხსნა. იესო რომ წამოიზრდება, მამას ჰკითხავს სიზმრის საიდუმლოს, მაგრამ იოსები პასუხს ვერ იძლევა, სანამ მას, იოსებს 33 წლისას, სრულიად უდანაშაულოს, რომაელი ლეგიონერები აჯანყებულებთან ერთად ჯვარზე არ გააკრავენ.

იესომ იცის, დადგება დრო, მამის სანდლებს ჩაიცვამს და მიხვდება, რომ მამები წარსული ცოდვებისათვის აგებენ პასუხს, შვილები - მომავლისათვის. ხოლო თუ სიცოცხლე არის განაჩენი, სიკვდილი კი - მართლმსაჯულება, მაშინ არავინაა ამქვეყნად უფრო უცოდველი, ვიდრე ის ოცდახუთი ბეთლემელი ყრმა, რომლებიც ჰეროდემ დაახოცინა. ყველაზე დიდი ცოდვილი კი იოსებია, რადგან მან იცოდა, ყრმები უნდა დაეხოცათ, მაგრამ არ თქვა, რათა თავისი ძე გადაერჩინა. იესო გრძნობს მამის დანაშაულს და ცოდვის შეგრძნება აიძულებს შინიდან წავიდეს.

14 წლის იესო უსიტყვოდ მიდის სახლიდან, მარიამი ჭიშკრამდე მიაცილებს და იმედი აქვს, შვილი ერთ სიტყვას მაინც დაუგდებს მწუხარე გულის სანუგეშოდ, მაგრამ მიწიერი ტრაგედიის წესი მოითხოვს, იესომ არაფერი თქვას (უნებლიე რემინისცენცია "ოთარაანთ ქვრივთან" მიგვიყვანს, მაგრამ ნუ გავყვებით წიაღსვლებს, ეტყობა, შვილები ყველგან ასე მიდიან, ყველა დედა ასე ნაღვლობს - საქართველოშიც, პორტუგალიაშიც, ნაზარეთშიც).

სარამაგუს იესო დონ-კიხოტს ჰგავს, დახეტიალობს სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ხვდება ადამიანებს, აჩვევს მათ თავის მარტოობას, თავის მწუხარე სახეს, თუმცა ლამანჩელისგან განსხვავებით თან დასდევს ეჭვი და შიში.

"თვალებში შიში და დანაშაული გიდგას", - ეუბნება მარიამ მაგდალელი რვადღიანი სასიყვარულო ოდისეის შემდეგ. ეჭვსა და შიშს მიჰყავს უდაბნოში, ადამივით შიშველი წარსდგება ღვთის წინაშე, სიკვდილის სანაცვლოდ ღმერთი ძალაუფლებას და დიდებას ჰპირდება.

ღმერთი და ეშმაკი ნისლით დაბურულ ზღვაში იბარებენ იესოს. მწერალი რატომღაც ცდილობს შეხვედრა მასონებისა თუ კოზა ნოსტრას კონფიდენციურ სხდომას დაამსგავსოს. ღმერთი იესოს წარუდგენს მომავლის დავთარს, რომელშიც ერთი და იგივე მეორდება: თავი წარკვეთეს, დაწვეს, დაახრჩვეს, მხეცებს დააგლეჯინეს, შუბით განგმირეს, ჯვარს აცვეს, დაოთხეს, ბორბალზე გააკრეს, დაფლითეს და ა.შ. ყოველივე ეს წარმოდგენილია როგორც აუცილებლობა, გარდაუვალი პროცესი და, რაც მთავარია, მასში, უფლის მტკიცებით, ეშმაკის ხელი არ ურევია, რადგან ყველაფერი ღმერთისთვის, მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ხდება.

ეს არის რომანის ერთ-ერთი მძაფრი ეპიზოდი, რომელიც, ჩემი აზრით, დოსტოევსკის "დიდი ინკვიზიტორის ლეგენდის" გავლენით უნდა იყოს დაწერილი, თუმცა სიმწყობრით ჩამორჩება პირველწყაროს. სარამაგუს აზროვნებაში დაეჭვება სჭარბობს ფილოსოფიურ მრწამსსა და რელიგიურ საზრისს. ამიტომაცაა, რომ იგი ზოგჯერ ბანალურობაში ვარდება და შემდგომ უჭირს იქიდან თავის დაღწევა.

ნისლიან ზღვაში შეხვედრის დროს ეშმაკი სთხოვს ღმერთს, მიუტევოს დანაშაული და ზეცაში დააბრუნოს, ამით ბოროტება არსებობას შეწყვეტს და საჭირო აღარ გახდება იესოს ჯვარცმა. ღმერთი უარს ეუბნება. რატომ? იმიტომ, რომ უფალში არსებული სიკეთე არაფერია სატანის ბოროტების გარეშე. "შენ ბოროტება უნდა იყო, რომ მე სიკეთედ დავრჩე, - მიმართავს ღმერთი ლუციფერს, - თუ სატანა სატანურად არ ცხოვრობს, მაშინ ღმერთი - ღმერთი აღარაა, ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილს მოასწავებს".

ესოდენ ბანალური სიბრძნის სიღატაკეს ვერაფერი გადაფარავდა, რომ არა სარამაგუს, როგორც პროზაიკოსის, ნათელხილვის არაჩვეულებრივი უნარი - იგი ახერხებს ეპიზოდის ისე აღწერას, რომ სიტუაცია იყოს იმ ზღვასავით ღრმა, სადაც შეხვედრა ხდება და იმ ნისლივით ბუნდოვანი, რომელიც ზღვას აკრავს.

"სულაც არ მინდა, რომ შენ ძე ღვთისა იყო", - ეუბნება მოახლოებული ჯვარცმით შეშფოთებული მარიამ მაგდალელი იესოს, რომელსაც თავის მხრივ ვერ გაუგია, თუ რატომ არის ძე ღვთისა.

იესო მოციქულებს ისე ელაპარაკება, როგორც უმწიფარ ბავშვებს, მაგრამ არა იმიტომ, თითქოს ისინი ვერ გაიგებენ ზეციურ საიდუმლოს, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც არ იცის, რა მართავს მის ბედს, მის გონებას და რა აიძულებს იაროს იმ გზაზე, რომელსაც გუმანი და გარემოებანი სთავაზობენ.

მარტოობისა და გაურკვევლობის აპოთეოზია ჯვარცმა.

სარამაგუ რომანის ფინალშიც გამოუსწორებელ რაციონალისტად რჩება და ამითაც ამტკიცებს, რომ მისი ქვის ტივი, გინდა, არ გინდა, კონტინენტის მოუცილებელი ნაწილია.

"იესო კვდება, ილევა, სიცოცხლე იწყებს გამოსვლას მისი სხეულიდან, რომ უცებ ზუსტად თავს ზემოთ ორად იხლიჩება ზეცა და გამოჩნდება ღმერთი - აცვია ისე, როგორც მაშინ, ნავზე შეხვედრისას - მისი ხმის ელვა და ჭექა მთელ დედამიწას სწვდება, როდესაც იტყვის: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაშინ იესო მიხვდა, ის აქ მოიყვანეს მოტყუებით, როგორც ტარიგი სამსხვერპლოსთან და დასაბამიდანვე გამოთვლილი იყო მისი სიცოცხლის ბოლო, და როცა წარმოიდგინა, რომ სისხლისა და ტანჯვის მდინარე, რომელიც სათავეს მისგან იღებდა, მთელ ქვეყანას მოედებოდა და წარღვნიდა, მზერა მიაპყრო ზეცის ნაპრალს, საიდანაც ღმერთი უღიმოდა და დაიყვირა: ადამიანებო, მიუტევეთ, რადგან არ იცის, რასა იქმს. შემდეგ აგონიურ ბურანში იხილა ნაზარეთი და მამა, რომელიც მხრებს იჩეჩდა და ღიმილით ეუბნებოდა: ვერ დამისვამ ყველა შეკითხვას, არც მე ვიცი ყველა პასუხი. ჯერ ისევ ცოცხალი იყო, ტუჩებზე იგრძნო წყლითა და ძმრით გაჟღენთილი ღრუბლის შეხება. დაბლა დაიხედა, კაცი მიდიოდა, მხარზე შუბი გაედო, ხელში ვედრო ეჭირა. ვეღარ დაინახა ჯვრის ძირში, მიწაზე მდგარი თიხის შავი თასი, რომელშიც მისი სისხლი წვეთავდა."

ბოლო წლებში შვედეთის აკადემიას ჩამოუყალიბდა შეფასების რამდენიმე სტერეოტიპი, რომელთაგან ერთ-ერთი უცილობლად მთავარ როლს თამაშობს ხოლმე გადაწყვეტილების მიღებისას - ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უნდა იყოს ან დისიდენტი, ან ემიგრანტი, ან საერთაშორისო ფიგურა. თუ არცერთი არ არის, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმას, თუ რამდენად გლობალურ თემებს ეჭიდება ავტორი, ან რამდენად ინტერნაციონალურია მისი მსოფლმხედველობა.

სარამაგუ თავისუფლად ჯდება ამ კონიუნქტურაში: დისიდენტიც არის, გარკვეული თვალსაზრისით - ემიგრანტიც, რაც შეეხება თემას და მსოფლმხედველობას, აქაც ყველაფერი რიგზეა - საკმაოდ შთამბეჭდავ მასშტაბებს სწვდება.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მწერალი არ საჭიროებს იმ შეღავათებს, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპების ნუსხა გულისხმობს. ის, უპირველეს ყოვლისა, არის ოსტატი, ორიგინალური ხედვის მქონე მხატვარი, რომელმაც იცის, რას ხატავს. ალბათ ერთადერთი რამ, რაც ჟიურის წევრებისათვის (კონიუნქტურული თვალსაზრისით) ანგარიშგასაწევი უნდა ყოფილიყო, ეს არის "იესოს სახარების" მთავარი თემა - რწმენის კრიზისი, რომელიც მსოფლიო ეგზისტენციურ პრობლემადაა მიჩნეული.

თუმცა თემა ერთია, მისი ხორცშესხმა - მეორე. აქ სარამაგუს მთავარი არჩევანია არა ჭვრეტა, არამედ ხატვა. ზემოთაც აღვნიშნე, ფილოსოფიური დისკურსები მისი საქმე არ არის, ფილოსოფიას ის მოქმედებაში ხედავს და პლასტიკაში გადმოსცემს.

სარამაგუს თხრობაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, დღემდე უცნობი და გამორჩეული, თუმცა მას აქვს ერთი საიდუმლო, რომელიც მწერლის ბედნიერ მიგნებად უნდა ჩაითვალოს. მას ზედმიწევნით ზუსტად აქვს "დაჭერილი" სახარების სტილი, პირდაპირ აღწევს და იმყოფება იმ გენიალურ უბრალოებაში, მახარებლებს, როგორც ავტორებს, ღვთაებრივი ინსპირაციის მეშვეობით რომ ეძლეოდათ. სარამაგუ ისე გიჩვენებს სახარების მიწიერ გარემოს, ისე შეუმჩნევლად გადაყავხარ ბიბლიურ სამყაროში, რომ გრძნობ იუდეის უდაბნოდან მონაბერ ცხელ ნიავს, გესმის ნაზარეთის გზაზე მიმავალი სახედრის ფრუტუნი, ხედავ შუადღის მზეში გახვეულ იერუსალიმს და ბეთლემის მიწისფერ სახლებს; ლამის ხელით შეეხო წმიდა სახარების ქვეთავებიდან გადმოსულ პერსონაჟებს.

სულ ეს არის ის მიუწვდომელი უბრალოება, რაც მიყრუებულ სოფელ ლავრეში ჩაკეტილმა ჟოზე სარამაგუმ გამოიტანა იანვარ-თებერვლის ცივი ღამეებიდან.

თუმცა მარტო პროვინციაში კი არა, ზოგჯერ პროვინციულ აზროვნებაშიც ღივდება ჭეშმარიტების მარცვალი.

ნაგანოს უნივერსიტეტში სტუმრად მყოფ ფოლკნერს სტუდენტებმა სთხოვეს, გვირჩიეთ, როგორ ვწეროთ, რომ ნობელის პრემია იაპონელებმაც მივიღოთო.

ჩვენი არ იყოს, შეიძლება ასეთ საქციელს იაპონელებიც პროვინციალიზმად მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მათში მოიპოვება იმდენი პრაგმატიზმი, რომ ეპიგონური მისწრაფებები კულტურის ხარისხში აიყვანონ.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Mon Feb 14, 2011 5:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Mon Feb 14, 2011 5:35 pm

ივანე ამირხანაშვილი

ორი იბერია. ერთი კომპლექსი ანუ ჟოზე სარამაგუს ფსიქოლოგიური მეტაფორა

(დასასრული)

როგორ უნდა წეროს ქართველმა მწერალმა, რომ ნობელის პრემია მოიპოვოს? ნუთუ ისე, როგორც იაპონელი ნობელიანტები წერენ?! რა თქმა უნდა, არა! მიბაძვის ორიენტირად არც იაპონური, არც დასავლური და საერთოდ არანაირი ლიტერატურა არ გამოდგება, რადგან მიბაძვა მიბაძვაა და მას სერიოზულ ლიტერატურულ ფაქტად არავინ აღიარებს.

მაშ, როგორ ვწეროთ? როგორ და - ქართულად, ევროპული აზროვნების კონტექსტში!

ამ მოთხოვნების მიხედვით შექმნილი ნაწარმოები ქართული ლიტერატურის ისტორიაში რამდენიმე მოიძებნება და მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანია".

როცა რომანზეა ლაპარაკი, მითუმეტეს გვმართებს დასავლური მიღწევების გათვალისწინება, ვინაიდან რომანი წმინდა ევროპული მოვლენაა და თუ რამ შექმნილა ამ ჟანრში მნიშვნელოვანი და საეტაპო, ყველაფერს ევროპულის ნიშანი ადევს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებისა და კონიუნქტურის გაუქმების შემდეგ, ტრადიციული ქართული რომანი, რომელიც ძირითადად ქარაგმული სტილით, ქვეტექსტებითა და მეტაფორული მიგნებებით გამოირჩეოდა და ამით ბრწყინავდა კიდეც, გაიხსნა და ისე მოექცა პუბლიცისტიკისა და ჟურნალიზმის ტყვეობაში, რომ არც კი უფიქრია სხვა გზისა და სხვა მიმართულების არჩევაზე, და ეს სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან ტოტალიტარიზმის პერიოდში დაგროვილი სათქმელი უფრო ზუსტ, უფრო შესაფერის ფორმას, უბრალოდ, ვერ იპოვიდა.

ეს ათწლიანი ეტაპი, რომელიც "აფეთქებული რეალობის" პირობებში მიმდინარეობს, გრადაციის პირველი საფეხურია.

"აფეთქებული რეალობის" განცდა ცხოვრებაში ისე დაკრისტალდა, რომ უკვე დროა ამ განცდამ ლიტერატურაში იწყოს გადასვლა. ვოლფგანგ ველშის სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერალმა უნდა გამოსახოს ის, რაც არ გამოისახება, რაც არ არის გამოსახვადი, ანუ ხედვა და მგრძნობელობა გონებითა და აზროვნებით უნდა შეცვალოს. ასეთია თანამედროვე ხელოვნების საზრისი და ალბათ ქართული რომანიც ამ გზით წავა, თუ იბერიულმა კომპლექსმა ხელი არ შეუშალა ევროპასთან დაახლოებაში, თუ ჩვენმა ქვის ტივმა დაუსრულებლად არ იცურა მსოფლიო წინააღმდეგობათა მორევში, თუ გადავურჩით ქართულ მამაპაპურ ირაციონალიზმს, და თუ შუა გზიდან ისე არ მოგვაბრუნეს, როგორც ერთ დროს დასავლეთისკენ მიმავალი იოანე მოაბრუნეს ავიდოსიდან.

წყარო – http://www.opentext.ge/index.php?m=68&y=2001&art=213

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Tue Jun 05, 2012 9:50 am



წიგნის დასახელება - "თავისუფლების პარადოქსები" (ჩანაწერები)
ავტორი - ივანე ამირხანაშვილი
რედაქტორი - უჩა შერაზადიშვილი
გამომცემლობა - "ინტელექტი"
გამოცემის წელი - 2011
გვერდების რაოდენობა - 110
ISBN 978-9941-430-70-1
ფასი - 5 ლარი



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   Tue Jul 31, 2012 11:15 pm

2012 წელს ლიტერატურულ კონკურსზე "პუბლიცისტიკა, კრიტიკა, ესეისტიკა" ამ ესეიმ დაიმსახურა პირველი პრემია.


ივანე ამირხანაშვილი

ვესტერნიზაციის ცხადი სიზმრები


საქართველო აღარ არის მგოსანთა მხარე. საქართველო არის იმედების ფაბრიკა, რომელიც უწყვეტ წარმოებაზე მუშაობს ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში. ვირტუალური ოპტიმიზმის ატმოსფეროში ქრება რეალობის შეგრძნება როგორც ასეთი. ილუზიების წვრილ-წვრილ ნამსხვრევებშიც კი იმედის მკრთალი სხივები ბზინავს.

უპასუხისმგებლობის ესთეტიკას აქვს გამოკვეთილი ფორმა და ეს არის იმედი. გადაუჭრელი პრობლემების გასაუქმებლად უკეთესი საშუალება არ არსებობს _ ელოდო და იმედი იქონიო.

იმედის ფსიქოზი ბირთვული სოკოსავით წამომართულა ჩვენს თავზე და, გალაკტიონისა არ იყოს, ..ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს”.

ეროვნული ინტერესების შელახვაზე მოსთქვამს ერი და ბერი, ამ დროს კი მიმდინარეობს პიროვნების გამალებული ფალსიფიკაცია. საზოგადოების იდეალად იქცა ჰომო სეხუალის, რომელიც მღერის, ცეკვავს, ლაპარაკობს, ჭამს, კვნესის, იცინის, ოღონდ არ აზროვნებს. აზროვნება ჩვენში არამოდურ მდგომარეობად ითვლება, ცუდ ტონად აღიქმება, რადგან პირდაპირ მიანიშნებს პასუხისმგებლობაზე, რომელსაც არ ვაღიარებთ, ვერ ვგუობთ, ვერ ვეთვისებით.

რაც არის პიროვნება, ის არის ერი. აუცილებელი არ არის, პერსონალისტი იყო, რომ ეს აღიარო. შენი ფსიქიკა, ზნე, ფიქრი, ნებელობა ეკუთვნის დიდ მთელს, რომელიც ხშირად გიგრძნია.

მუდმივი არაფერია. ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება _ აზრიც, განწყობილებაც, სხეულიც, სამშობლოც, სამშობლოსადმი დამოკიდებულებაც. მაგრამ არ იცვლება ისტორია _ ჩვენი არსებობის ყველაზე მყარი დოკუმენტი.

არ იცვლება ისტორია. ვერ შევცვლით ისტორიას. მაგრამ ისტორიამ შეიძლება შეგვცვალოს.

ვგულისხმობ ისტორიას არა როგორც ეროვნულ ფენომენს, ანუ ყველაზე სახიფათო პროდუქტს, რომელიც ინტელექტის ქიმიამ გამოიმუშავა (პოლ ვალერი), არამედ როგორც რეალობას, როგორც ფსიქოლოგიური არქეტიპების შემნახავ ნაღვერდალს, როგორც დიალექტიკურ კანონზომიერებას.

ძველი ფრანგული გამოთქმაა, ბედნიერ ერებს ისტორია არა აქვთო. ჩვენ გვაქვს ისტორია და ეს გვაშინებს, გვამძიმებს, გვაეჭვებს. ზოგჯერ შიშსა და ეჭვს თვითგვემამდეც მივყავართ, არასრულფასოვნების მოტივებით გვტვირთავს, უბედურების განცდით გვმსჭვალავს.

_ რა უბედურებაა!.. რა უბედურებაა, რომ ებრაელი ხართ! _ ეტყვის ჟან-კრისტოფი თადე მოოხს.

_ გაცილებით უფრო დიდი უბედურებაა, რომ ადამიანი ხარ, _ მიუგებს თადე მოოხი.

საუკეთესო შემთხვევაში ეროვნული კომპლექსები ინდუქციის წესით ადამიანურში ერთიანდება.

მძიმეა ქართველობის ტვირთი, მძიმეა ადამიანური ყოფიერებაც. ზოგჯერ ყველა ეროვნული პრობლემა ადამიანშია, მის ეგზისტენციურ რაობაშია, იქ იწყება, იქვე მთავრდება, იქ სუფევს მარადიულად.

ქართული ეროვნული ცნობიერების კრიზისი თამარის ეპოქაში დაიწყო. ჯერ იყო გონიერების კრახი, შემდეგ _ ცნობიერების კრიზისი, რომელსაც მოჰყვა სახელმწიფოებრივი მარცხი. ვერ შეინარჩუნა თავი სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის იდეა, ქვეცნობიერად, კავკასიის ჰეგემონობამდე მიდიოდა.

თვითშემეცნების პოტენცია არ გვეყო. მოიშალა სამეფო _ ეროვნულობის ფაქტორი.

საქართველო მოსწყდა დასავლეთს, რომელსაც არც მაშინ ვახსოვდით. ოსმალურ-მონღოლური ბარიერის მიუხედავად, არაერთხელ იყო მცდელობა კავშირის აღდგენისა. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ქართლის მეფე კონსტანტინე ესპანეთის დედოფალ იზაბელას სთავაზობს ერთობლივი ძალებით გაათავისუფლონ კონსტანტინეპოლი; ერთი საუკუნის შემდეგ სვიმონ პირველმა სთხოვა ევროპელებს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. არაფერი გამოვიდა. დასავლეთმა არ აიტკივა აუტკივარი თავი.

სანამ ირან-ოსმალური დილემით დაღლილი ქართლი რუსულ ალტერნატივაზე დაფიქრდებოდა, ჩრდილოეთში უკვე ვითვლებოდით სამხრეთის ომის თეატრის რეკვიზიტად. 1600-იანი წლების დასაწყისში, როცა რუსებმა ჯერ საქართველოს გზაც არ იციან, ბორის გოდუნოვი ივერიის მეფედ იხსენიებს თავს გიორგი მეათისადმი გამოგზავნილ წერილში.

რაღა დასამალია, რუსეთთან შეერთება ჩვენი სურვილი იყო, სამეფოს გაუქმება _ მათი ნება.

,,დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწებაო”, _ ამბობს სულხან-საბა. ,,შევეხვეწეთ”, შევუერთდით, შევეთვისეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იაპონური ნოს თეატრივით, პირველ მოქმედებაში შემოსული კეთილი ძია მეორე მოქმედებაში მრისხანე მპყრობელად იქცა.

კიდევ კარგი, დამპყრობელი ღმერთად არ მიგვიღია აცტეკებივით. მთიულეთისა და კახეთის აჯანყებებმა, 1832-ის შეთქმულებამ პრესტიჟი გადაგვირჩინა.

მოიტანეს თავიანთი კანონი, ენა და ,,ედინონაჩალიე”. ერთმორწმუნეები ვართ და ,,ედინონაჩალიეს” პრინციპით ჩვენს ეკლესიაში უნდა აითქვიფოთო. აგვთქვიფეს, გადაგვილეს-გადაგვიღებეს ეკლესიები და ჩვენი აღარაფერი დაგვრჩა წვერ-ულვაშის გარდა.

საქმე ილიამ და მისმა თაობამ გამოასწორეს, მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა შეაბრუნეს კეხი.

,,საქართველომ მიიძინა როგორც მეფემ და გამოიღვიძა, როგორც გაძარცვულმა”, _ ასე შეაფასა გალაკტიონმა კოლონიური არსებობის ხანმოკლე შესვენება. მეორე, ბოლშევიკური პერიოდი _ 1921 წლიდან 1989 წლამდე _ იყო გაძარცვულის ყოფნა გაძლებაზე.

სახელმწიფოებრივი თავისუფლების მოპოვების შემდეგ გვეგონა ეროვნულ სამოთხეში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ სინამდვილეში მივიღეთ ტრავმატოლოგიური შოკი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გაგებით. თბილისის, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებმა, რომლებიც გარედან, ეგრეთ წოდებული მესამე ძალის მიერ იყო დაგეგმილი, წელში გატეხა საქართველო.

თავისუფლება მძიმე ტვირთად დაგვაწვა. დემოკრატია უცხო ხილი აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს დასავლური იმპორტი ჩვენმა ცნობიერებამ ისე მიიღო, როგორც ყინულმა ცეცხლი. რეალობის აღქმის უნარი დავკარგეთ. საქართველოს ვესტერნიზაციის ანუ გადასავლურების პროცესი ფაქტიურად უჩვენოდ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე დაიწყო, რაც, კაცმა რომ თქვას, პროცესს კი არა, მძინარის ჯანჯღარით გამოღვიძებას უფრო ჰგავდა. მთავარი ვერ გავიგეთ, უნარი არ გვეყო მივმხვდარიყავით, რაზე მეტყველებს თანამედროვე ეპოქა, რომელსაც აქვს თავისი ენა, თავისი წესი, თავისი საიდუმლო. თანამედროვე მსოფლიოს წარმართავს ორი რამ: ეკონომიკის ინდუსტრიული სისტემა და პოლიტიკური სისტემა, რომელსაც დემოკრატიას უწოდებენ; ელექტრონული საშუალებების წყალობით მსოფლიო დაემსგავსა გლობალურ სოფელს, სადაც ყველაფერი ყველას თვალწინ ხდება; რაც უფრო მეტ სივრცეებს იპყრობს კოსმოპოლიტური იდეოლოგია, მით უფრო ძლიერდება ეროვნული ეგოცენტრიზმი.

რთული რეალობის წინაშე ვდგავართ.

მაგრამ მთავარია არა რეალობა, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ რეალობას.

ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და ამ პროცესში, გინდა არ გინდა, უნდა ჩაერთო. მოვლენები თავისთავად გვითრევს ახალ წესრიგში და ჩვენი ამოცანაა ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინოთ, თანაც ისე, რომ ბედის ჩარხს ნაწილ-ნაწილ კი არა, მთლიანად ჩავყვეთ, დაუნაწევრებლად, რათა თავი არ დავკარგოთ საგანთა ახალ რიგში და იქაც ვიყოთ ის, რაც ვართ არსებითად, ისტორიულად, ეროვნულად, შინაგანი პოტენციით.

ტემპი... ცვლილებები... ადაპტაციის უნარი. _ თანამედროვეობის ამ მოთხოვნებს ვინც ვერ პასუხობს, თამაშს ეთიშება. სახელმწიფოს, ერის, ეთნოსის სიცოცხლისუნარიანობა მტკიცდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ცივილიზაციის მიღწევების მიღება-ათვისება. შუამდინარული, ეგვიპტური თუ ბერძნული კულტურები მეზობელი ხალხების მიღწევების ათვისების გზით იქმნებოდა. ჩვენს თვალწინ შეიქმნა ,,იაპონური სასწაული” _ ამომავალი მზის ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენა მსოფლიო ინტელექტუალური პოტენციალი და მიაღწია არნახულ განვითარებას. გარკვეულწილად ამ გზას გადის ,,ჩინური სასწაულიც”.

კულტურა რისკია. გარღვევაა, რომელსაც ყველა ვერ ბედავს.

რისკი იყო ქართლის მიერ ქრისტიანობის აღიარება; რისკი იყო გრიგოლ ხანძთელის გასვლა ტაო-კლარჯეთის უდაბნოებში; რისკი იყო საზღვარგარეთული კულტურის ცენტრების დაარსება შუა საუკუნეებში. ამ რისკებმა გაამართლა, თუმცა ისტორიაში გვქონდა ისეთი მომენტებიც, როცა ვერ გავრისკეთ და ამის გამო ჩამოვრჩით მსოფლიო განვითარების ტემპს.

არნოლდ ტოინბის ეკუთვნის ისტორიული განვითარების ალტერნატიულობის თეორია, რომლის მიხედვით, ცივილიზაციის შემდგომი არსებობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინტენსიური იქნება საზოგადოების პასუხი იმ გამოწვევაზე, რასაც მას სთავაზობს მსოფლიო კანონი _ ღვთიური ლოგოსი.

ამის შესახებ ადრეც იყო საუბარი (გ. გაჩეჩილაძე, პ. ჩხეიძე), მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ მიექცა. ტოინბის მოძღვრებით, ისტორიის მამოძრავებელი ძალა არის გამოწვევა. გადარჩენისა და წინსვლის გარანტია ეძლევა მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსაც აქვს უნარი უპასუხოს გამოწვევას.

რაც უფრო ძლიერია გამოწვევა, მით უფრო ძლიერია სტიმული. ეს არის ფორმულა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ამართლებს.

არ მიიღებ გამოწვევას, არ აჰყვები თამაშის ახალ წესებს, არ დაადგები ახალ გზას, დრო გაგეცლება და სხვა მფლობელს აირჩევს.

თუ გარდაუვალია დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა, თუ გარდაუვალია ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლა, თუ გარდაუვალია სამხედრო ალიანსში გაერთიანება, მაშინ იყოს ნება მათი და ნებელობა ჩვენი.

,,ძალით თუ შეგაგდეს, სასახლეც სატუსაღოა”, _ ამბობს ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი პერსონაჟი რომანიდან ,,განზომილება”.

ქართველობა მეტწილად სხვის ომში იბრძოდა: სპარსელების დროშით ბერძნების წინააღმდეგ და ბერძნების დროშით სპარსელების წინააღმდეგ; არაბების დროშით ბიზანტიის წინააღმდეგ და ბიზანტიის დროშით არაბების წინააღმდეგ; მონღოლების დროშით თურქების წინააღმდეგ და თურქების დროშით მონღოლების წინააღმდეგ; ირანელების დროშით ოსმალების წინააღმდეგ და ოსმალების დროშით ირანელების წინააღმდეგ; რუსების დროშით თურქების წინააღმდეგ და თურქების დროშით რუსების წინააღმდეგ; ახლა, ამერიკის დროში _ რუსების წინააღმდეგ...

ეს არ იყო ორმაგი სტანდარტი. ეს იყო არსებობის წესი. ეს იყო ბრძოლაც და თამაშიც, სტრატეგიულ-პოლიტიკური თამაში, რომელშიც ქართველობა სარგებელს ეძებდა. ზოგჯერ პოულობდა ამ სარგებელს, ზოგჯერ ვერა, მაგრამ იბრძოდა. ეს იყო აუცილებელი ბრძოლა არსებობისათვის, სიცოცხლისათვის, თვითდამკვიდრებისათვის.

გარდუვალობის წინაშე ვდგავართ, როგორც ყოველთვის.

ლაპარაკი არ არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა-არშესვლაზე; არც რაიმე სტრატეგიულ თანამშრომლობებზე; არც რომელიმე პოლიტიკური ორიენტაციის არჩევაზე. ლაპარაკია მუდმივ გამოწვევებზე, წინსვლის გარანტიებზე, რომელთა საპასუხოდ მზად უნდა ვიყოთ.

იმას, რასაც მართლა თავისუფლება ჰქვია, ვერავინ მოგვანიჭებს, ვერავინ გვაჩუქებს, ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ. თვითონ უნდა მივაღწიოთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თავისუფლებას. სწორედ თავისუფლებას, თორემ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი უაზრობაა ეპოქაში, როცა ყველა სახელმწიფო, დიდი თუ პატარა, თავიანთი ინტერესებით ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, და როცა მსოფლიოს ბედი ორი-სამი ადამიანის სიფხიზლეზეა დამოკიდებული.

ღმერთი აძლევს ყველა ერს ისეთ რამეს, რაც მას თავის მიწაზე დაამაგრებს, დააბამს, დააფიქსირებს. მაგალითად, ჩინელს ბრინჯი აქვს და ამით ეჯაჭვება მიწას; ჰოლანდიელს _ ტიტები, ტიტების მოვლაში პოვებს თავს; ქართველებს ვაზი გვაქვს, ის არის ჩვენი მიწიერი მიზიდულობის ძალა, ის უნდა ვზარდოთ შვილივით და გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს, როგორც არსებობის საწყისს. საქართველოში ვაზის კულტის გაქრობა ნიშანი იქნება იმისა, რომ მიწიერი ფუნქცია ამოვწურეთ და საარსებოდ იდეაში გადავინაცვლეთ.

ქართველმა უნდა მიაგნოს ქართველში ქართველობის შენარჩუნების ხელოვნებას, ახალ განაწესს, დროსთან შესაბამისს, რომ არ დაენგრეს საუკუნეობით ნაგები ციტადელი ერად არსებობისა.

ამისათვის საჭიროა გვქონდეს ეროვნული იდეა. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ეს იდეა, გნებავთ დოქტრინა, გნებავთ სტრატეგია, გნებავთ მსოფლმხედველობა, რა ფორმა უნდა ჰქონდეს, რა სამზერი, რა მიმართულება, მაგრამ ქართული უნდა იყოს და შიგ ერის პერსპექტივა უნდა ჩანდეს. იდეასაც გარეთ ხომ არ დავუწყებთ ძებნას, კანონებივით უცხო ენებიდან ხომ არ გადმოვიღებთ; უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, საით მივდივართ. შეიძლება მომავლის გზაზე სხვასაც გავყვეთ, მაგრამ კომპასი ჩვენს ხელთ უნდა იყოს, ჩვენი ვარსკვლავი არ უნდა დავკარგოთ.

ცოდვა იქნება, თუ ვერ შევინარჩუნეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეთოსი. რაც უნდა მოხდეს, აფხაზეთი და სამაჩაბლო არ უნდა გავიდეს ეროვნული ცნობიერების გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული სულისა და ხორცის არსებობის ბუნებრივ-ისტორიულ არეალში აფხაზეთი და სამაჩაბლოც შემოდის;

უნდა აღვადგინოთ კულტი განათლებისა და სციენტიზმისა, რომელსაც მეცნიერებას ვუწოდებთ;

უნდა: ვისწავლოთ საქმის ორგანიზება; გადავარჩინოთ სოფელი; დემოგრაფიულად გავაცოცხლოთ მთიანი რეგიონები; მოვაგვაროთ ეროვნული უმცირესობების საკითხი...

და კიდევ: ემიგრანტები ნუ დავავიწყებთ შვილებს სამშობლოს; სიმღერაში ნუ მივბაძავთ უცხოელებს; ქართულ ცეკვას ნუ დავამსგავსებთ რივერდანსს; ენაში ნუ გამოვურევთ ანგლიციზმებს; ქართულ სუფრას ნუ გადავაქცევთ შვედურ მაგიდად; მიწას ნუ გავასხვისებთ ბოლომდე; წყალს ნუ გავყიდით უკანასკნელ წვეთამდე; მამა-პაპას ნუ დავივიწყებთ; უხეიროს ნუ მივბაძავთ, კარგზე გვეჭიროს თვალი და გვწამდეს, რომ უჩვენოდ სამყარო არ იქნება ისეთი მშვენიერი, როგორიც არის. ეს არ არის ნაციონალიზმი.

ეს არის რაციონალიზმი. მაგრამ სად არის ეს დალოცვილი რაციო, საიდან გამოვწუროთ, რა საშუალებით გამოვიხმოთ, როდის მოვიცალოთ მისთვის.

იდეაში ქართული დიონისური დასავლურ აპოლონურს უნდა შეერწყას, ოღონდ ამას შესაბამისი ბაზა სჭირდება. როგორც ისტორია გვიჩვენებს, სამხრეთულ-მედიტერანული ცნობიერება ძნელად, მაგრამ მაინც ეგუება დასავლურ რაციონალიზმს.

საქართველოს ვესტერნიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ იურიდიულ-დეკლარაციულ დონეებზე მიმდინარეობს, მაგრამ დღეს-ხვალ პროცესი მასშტაბური გახდება, ის მაინც განხორციელდება, როგორც განხორციელდა თავის დროზე ირანიზაცია, ელინიზაცია, ქრისტიანიზაცია...

მეოთხე საუკუნეში ქართლმა უარი თქვა მამაპაპურ კერპებზე და ქრისტეს მსოფლიო სჯული აღიარა, მაგრამ ძველი მთლიანად არ დაუკარგავს, ახალს შეუხამა, შეარიგა, შეათვისა, შეაერთა და შექმნა ქართული ეკლესია. ეს არის გამოწვევათა მიღების ჩვენეული წესი, ზნე, ფსიქოლოგიური მექანიზმი, ხასიათის არქეტიპი, რომელიც, ბუნებრივია, არ დაკარგულა, არც დაიკარგება, სანამ საკუთარ თავს ვეკუთვნით, სანამ გვახსოვს თვითიგივეობის ხიბლი, სანამ შემოგვრჩენია რეალობის წაკითხვის ნიჭი.

სხვათა შორის, თანამედროვე რეალობა სიმულაციის არნახული ხარისხით გამოირჩევა. სიმულაკრებით არის სავსე ჩვენი ყოფიერების ყველა სფერო _ უბრალო რეკლამიდან დაწყებული სერიოზული პიარ-კამპანიით დამთავრებული.

ზოგჯერ ის არ ხდება, რასაც ვხედავთ. ზოგჯერ სიტყვა არ ნიშნავს იმას, რასაც გვეუბნებიან.

ზოგჯერ არ გვინდა ის, რაც გვგონია, რომ გვინდა.

ზოგჯერ უიმედობა იმედის ნიღბით გვეცხადება და ბატონობს ჩვენზე.

იმედი ბატონობს იქ, სადაც არ არის თავისუფლება.

თავისუფლებას კარნახით ვერ მიაგნებ. ვერც დაგეგმავ. ვერც დააფუძნებ. თავისუფლებისთვის შინაგანად უნდა გადაეწყო. თანაცხოვრების ეთოსი უნდა აღიდგინო ისე, რომ ადამიანში მგელს კი არა, შენს თავს ხედავდე. თავისუფლება სულიერი მდგომარეობაა, არისტოკრატიული მოვლენაა, ადამიანურობის ნიჭია.

მარგინალიზებულ საზოგადოებაში ძალზე ძნელია, რთულია და შესაძლოა უხერხულიც კი არის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დადგება ჟამი, მოვა დრო, რადგან თუ არის დაცემა, არის დაცემის მიზეზი და თუ არის აღდგინება, არის აღდგინების მიზეზიც.

ასეთია ცხოვრების დიალექტიკა.


"ლიტერატურული გაზეთი", #79, 20 ივლისი - 2 აგვისტო, 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ივანე ამირხანაშვილი   

Back to top Go down
 
ივანე ამირხანაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: