არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლაშა თაბუკაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლაშა თაბუკაშვილი   Tue May 04, 2010 7:27 pm


Lasha Tabukashvili

ლაშა თაბუკაშვილი


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი. კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე.

ჟურნალ ''XX საუკუნესთან'' დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი ''XX საუკუნე'' (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში ''100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი''.
Member of Organizations

კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილი, გამგე (1975-1981)
კინოსტუდია ,,ქართული ფილმის'' მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება, წევრი (1981-1986)
მწერალთა კავშირი, წევრი (1978-1998)
მწერალთა კავშირი, მდივანი (1986-1988)

Awards and Honors

2010 - თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია ''დურუჯი'', საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესა
"ათვინიერებენ მიმინოს" ("სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ")
2005 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესა
[დარაბებს მიღმა გაზაფხულია: პიესა/ლაშა თაბუკაშვილი.–თბ. : მერანი, 1985. - 169გვ.]
კომკავშირის პრემია

Bibliography

თოვლივით თეთრი თოვლი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001. - 383გვ.
მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი : პიესა 2 მოქმედებად (Author). - თბილისი, საარი, 1999. - 88გვ.. - ISBN: 99928-39-03-1
შენსკენ სავალი გზები : პიესები (Author). - თბილისი, მერანი, 1985. - 169გვ.

ბმულები:
* http://www.imdb.com/name/nm0996033/
* http://cpanel2.srv.co.ge/~geocinem/ge/scenari.php?kod5=269
* http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/lasha%20tabukashvili/lashatabindex.html
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000568/

study


Last edited by Admin on Fri Nov 23, 2012 7:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლაშა თაბუკაშვილი   Fri Nov 23, 2012 7:46 pm

ლაშა თაბუკაშვილი

მამა-შვილი ზღვაზე


ტბასავით გარინდული ზღვიდან ნელ-ნელა წამოიმართა უზარმაზარი, ლურჯად ჩამუქებული ტალღა, თავზე თეთრი ქაფის ზოლი გაიკეთა და მზე დაფარა, შემდეგ გაიყინა და ყველამ დაინახა, რომ ეს იყო მთა, უყვავილო, ბრტყელი მთა, მხოლოდ ქაფის ზოლი განაგრძობდა შიშინს. ხოლო სულ ბოლოს, თითქოს მზემ ამოტეხაო ამ გაუვალ სილურჯეში, ტალღა – მთის მკერდზე კაშკაშა მკაცრი ჯვარი გამოკიაფდა.

გაეღვიძა. სიზმარი ჯერ კიდევ თბილი და ხელშესახები იყო. საღამოვდებოდა. ზღვის ხმაური და ტყის შრიალი შემოდიოდა ფანჯარაში.
ვაჟა სიგარეტის კოლოფს გადასწვდა და უეცრად დაინახა სავარძელში მოკალათებული ჭაღარა კაცი, მოთმინებით რომ ელოდა მის გაღვიძებას.

- გამარჯობა! – თქვა კაცმა, - მე მაქაცარია ვარ, მილიციის სამძებროს უფროსი. გახსოვართ?
- როგორ არა! – ზრდილობიანად უპასუხა ვაჟამ, ლოგინზე წამოჯდა და სახე მოიფშვნიტა.
- უკაცრავად, ასე მძინარეს რომ დაგადექით თავს, რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან.
- ბრძანეთ!

მაქაცარიამ ყურადღებით შეათვალიერა წვიმისაგან დამსკდარი ჭერი, შემდეგ მზერა აივანზე გადაიტანა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- მამათქვენმა ამ სახლის მშენებლობა რომ დაიწყო, მეც თქვენხელა გახლდით. აჰ, რა კარგი დრო იყო მაშინ...
“მოეშვი ახლა ლირიულ წიაღსვლებს...” გაღიზიანებით გაიფიქრა ვაჟამ, სწრაფად ჩაიცვა ხალათი და თვითონაც სავარძელში გადაინაცვლა.
კაცმა თითქოს რაღაც იგრძნოო, აჩქარდა.

- ახლა რაშია საქმე! მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე ანგარიში გავუწიეთ თქვენს ოჯახს... ცოტა აცვენილი პერიოდი რომ გქონდათ, ასე ვთქვათ... ახლა მესმის ხოლმე თქვენი ქება, წარმატებები...
- რაღაც საქმეო... – შეახსენა ვაჟამ.
- მოკლედ, თქვენი პატარა დახმარება გვჭირდება. დღეს დილით ჩვენმა ოპერმუშაკმა პლაჟზე ვოლგოგრადის ციხიდან გამოქცეული პატიმარი დააკავა. აქაური ბიჭია, ზურა ჰქვია. თქვენ, თუ არ ვცდები, შეესწარით ამ სიტუაციას?!.
- დიახ!
- იმ ზურამ ჩვენი ოპერმუშაკის დანახვაზე ჯინსის კურტკას სტაცა ხელი და ზღვაში გადახტა. ეტყობა რაღაც-რაღაცეები მოიცილა წყალში.
- მერე?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მას თან ორი ათასი მანეთი ჰქონდა, მაგრამ დაკავებისას ვერაფერი ვუპოვეთ.

“სამას ორმოცდაათი. 350 მანეთი”.
- ალბათ წყალში ჩაყარა!
- არა. როგორც ჩვენ გვაცნობეს, მას ნაპირზე დაუყრია ფული. წყალში მან, ჩემი ვარაუდით, ნარკოტიკი მოიცილა.
- მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ჩვენ ისიც გვაცნობეს, რომ თქვენს გვერდით მჯდომმა ყმაწვილმა აიღო ის ფული! თქვენმა ამხანაგმა, ასე ვთქვათ...
-აქ რაღაცა შეცომაა, იქ მარტო მე და ჩემი შვილი გახლდით.
- დარწმუნებული ხართ ამაში?
- ბატონო?
ნუ ბრაზდებით! ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ორი ათასის პოვნა, საბუთად გვჭირდება!
“სამას ორმოცდაათის. საიდან მოიტანა ეს ორი ათასი?! “
-ციხიდან თუ გამოიქცა, ისედაც დაუმატებენ სასჯელს, რაღა საბუთი
გჭირდებათ?
- ვერ გავიგე? – ცივად იკითხა კაცმა.

ვაჟა სიგარეტს გადასწვდა და მაქაცარიასაც შესთავაზა. მან თავი გააქნია უარის ნიშნად.
- ორი თვეა თავი დავანებე.
- რომელი საათია?
- ექვსი ხდება.

კაცმა მუხლზე დადებული პორტფელი გადახსნა, ცოტა ხანს ქექა უწესრიგოდ ჩაყრილი ხელნაწერები, შემდეგ ერთ-ერთი დაკეცა, პერანგის ჯიბეში ჩაიდო და ვაჟას მიაჩერდა. ბიჭის დაინტერესებულ მზერას რომ წააწყდა, გაეცინა.

- არა, ეს ისე, საჩვენებლად არ ამომიღია.
- კი მაგრამ, იმდენი ფულის დაყრა ნუთუ ვერავინ შეამჩნია.
- შეამჩნიეს და გვაცნობეს კიდეც.
- რომ ჩემმა მეგობარმა აკრიფა?
- არ ვიცი, მეგობარია, ძმაკაცია თუ ნაცნობია... ჩვენ ვიცით, რომ ფულის ამღები თქვენ გახლდათ პლაჟზე.
- იცით, ნაცნობ-მეგობრები მე აქ ბლომად მყავს, მაგრამ იმ დღეს ჩემთან ერთად არავინ ყოფილა. ასე რომ, ვერაფრით დაგეხმარებით.

მაქაცარია ჩაფიქრდა, კვლავ წვიმისაგან დახეთქილ და დალაქავებულ ჭერს მიაპყრო მზერა და ბოლოს ჩაილაპარაკა:
- თქვენი შვილი რა ხნისაა?
- შვიდი წლის.
- ღმერთმა გაგიზარდოთ! ბიჭია?
- დიახ. კახა ჰქვია!
- ახლა სად არის?
ვაჟამ მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი, ალბათ, თამაშობს ახლო-მახლო...
- თქვენი მეუღლე არ ჩამოსულა?
- არა. ზეგ ჩამოდის. გნებავთ რამე ჰკითხოთ კახას?
- თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით...
- კი ბატონო, ჰკითხეთ, რახან ეჭვი გეპარებათ ჩემს სიტყვებში.
- არა, რა ეჭვი?! ისე, უბრალოდ... იქნებ, რაიმე ახალი გვითხრას.
- ბავშვი ნახევარ საათში უნდა გამოჩნდეს.
- ნახევარ საათში გამოგივლით.
- შევთანხმდით.

მაქაცარიამ პორტფელი იღლიის ქვეშ ამოიდო და ეზოში გავიდა. ვაჟამ თვალი გააყოლა, შემდეგ პირსაბნის წყალი შეისხა, ძილისაგან შეშუპებულ სახეზე და მეზობელ ეზოში გავიდა.

- რა იყო ვაჟა? – მაღალი, ტანსრული ვაჟი გამოვიდა აივანზე.
- ჩემს ბიჭს ვეძებ.

ხეზეა გასული, ვერაფრით ჩამოვიყვანეთ! – გაიცინა ქალმა, - შენს თავზეა სწორედ.
ვაჟამ აიხედა და გული გაუსკდა. კახა ცალი ხელით სქელ ტოტს ჩახვეოდა, მეორეთი კი გამწარებული ცდილობდა მოშორებით მოქანავე ვაშლს მისწვდომოდა.

- კახა, ჩამოდი!

ბიჭი მაინც მისწვდა ვაშლს, მოწყვიტა, ისედაც გვარიანად გამობერილ პერანგში ჩაიდო და უხმოდ ჩამოსრიალდა ხიდან.

- ვაშლი გინდა?
- მინდა! – ვაჟამ ვაშლი ჩაკბიჩა, მოტრიალდა და სახლისკენ წავიდა. კახა ფეხაკრეფით გაჰყვა მამას.
- საბანაოდ მივდივართ?
- არა, მაგრამ მალე წავალთ.
- დათო ბიძია წავიდა?
- ჰო.
- სად?
- სოხუმში.
- მალე ჩამოვა?
- ალბათ.
- დედა როდის ჩამოდის?
- ზეგ. ახლა გაჩუმდი და მე მომისმინე. ჰო, მართლა, კიდევ მებუტები?
კახამ არაფერი უპასუხა.
- მებუტები-მეთქი?
- არა! – უხალისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკიოთ. კახა, მე შენ ყოველთვის გასწავლიდი, რომ ტყვილი არ უნდა თქვა!
- მერე, როდის ვთქვი ტყვილი?!
- არა, არ გითქვამს, მაგრამ... მაგრამ ახლა უნდა თქვა!
- რა უნდა ვთქვა?
- ღმერთო ჩემო! – დაიკვნესა ვაჟამ, სავარძელში ჩაეშვა და სახე მოისრისა. – წადი, სიგარეტი მომიტანე!
- ჯიბეში გაქვს. – წაიბურტყუნა კახამ.
- ჰო, ვერ შევამჩნიე.
- კახა, შენ ერთი ბიძია გკითხავს, თუ რა ნახე დღეს დილით პლაჟზე, აი, ის ბიჭი რომ დაიჭირეს... შენ კიდე უნდა უთხრა...
- რა?
- მაცალე, ტვინი ამებნა!

ვაჟამ სიგარეტს მოუკიდა და ბოლთის ცემას მოყვა აივანზე. კახა მოთმინებით ელოდა საუბრის გაგრძელებას. ზღვასა და ტყის ხმაშეწყობილი ხმაური ყვავის ჩხავილმა გასერა. დამნაშავესავით შეხედა შვილს.

- კახა, შენ არ უნდა თქვა, რომ დათო ბიძია ჩემს გვერდით იჯდა. შენ უარი უნდა თქვა, რომ დაინახე, თუ როგორ ავკრიფეთ ჩვენ იმ ბიჭის მიერ დაყრილი ფული. ეს რომ წამოგცდეს, ჩვენ დიდი უსიამოვნება შეგვხვდება.
- ვინ უნდა მკითხოს, მილიციელმა?
- ჰო, მილიციელმა. ოღონდ ფორმა არ ეცმევა.
ბავშვი ჩაფიქრდა.
- კარგი, არ ვიტყვი.

ქუჩიდან მანქანის ხმა მოუსმა. ვაჟა დაიძაბა, მაგრამ მანქანამ სახლს სწრაფად ჩაუქროლა და კვლავ ყვავმა დაიჩხავლა საზიზღრად. ვაჟა გადასაფურთხებლად მოემზადა, მაგრამ შვილის დაინტერესებულ მზერას რომ წააწყდა, თავი შეიკავა და გვერდზე ჩამოუჯდა ბიჭს.

- შენ ხომ გჯერა, რომ მე და დათო უკადრისს არაფერს ჩავიდენდით.
- მჯერა! – მტკიცედ თქვა კახამ. მაგრამ სწორედ ეს სიმტკიცე არ მოეწონა ვაჟას.
- ის ბიჭი მართლა დამნაშავეა, ტყუილად კი არ დაიჭირეს. მაგრამ როგორ და რატომ გახდა დამნაშავე, ჩვენ ხომ არ ვიცით. თავიდანვე დამნაშავედ ხომ არ დაიბადებოდა. ისიც ხომ იყო შენსავით ბავშვი?
- ჰო, - ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ დაეთანხმა კაცი.
- მისი გაჩენაც ხომ ისევე გაეხარდათ მშობლებს, როგორც გაგვეხარდა შენი გაჩენა.
- ჩამოფრენა! – დააზუსტა ბიჭმა.
- რა?
- ჩამოფრენა.
- ჰო, შენი ჩამოფრენა რომ გაგვიხარდა მე და დედაშენს. ეტყობა, საწყალს მაგრად მოენატრა თავისი მშობლები, მეგობრები, ზღვა... თორემ ციხიდან გამოქცეული სახლში ხომ არ დაბრუნდებოდა. ეს ხომ სისულელეა?!

კახამ დინჯად დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად. ვაჟამ სული მოითქვა და ახლა უფრო სწრაფად განაგრძო საკუთარი ადაპტირებული მონოლოგი.
- ახლა მთავარი მინდა გითხრა. იმ ბიჭმა, წყლიდან რომ ამოვიდა, თვალით გვანიშნა, ფულს აქა ვყრიო. ესე იგი, გვენდო მისთვის უცხო ადამიანებს. გვენდო მაშინ, როცა ასეთ ცუდ დღეში აღმოჩნდა და ისევ ის დაწყევლილი ციხე ელოდა. რა მოხდება, ჩვენ ეს ფული რომ აგვეღო და მილიციისთვის ჩაგვებარებინა?
- რა მოხდებოდა?
- ის მოხდებოდა, რომ ბიჭი ადამიანების ნდობას კიდევ უფრო დაკარგავდა. უფრო გაბოროტდებოდა და შეიძლება საბოლოოდ ჩაექნია ხელი ცხოვრებაზე. ახლა კი წლების განმავლობაში, მას ის აზრი გაათბობს, რომ უცხო ადამიანებმა არ გაუმტყუნეს ნდობა.
- და გამოსწორდება?
- ალბათ. ალბათ კი არა, აუცილებლად გამოსწორდება. მაშ დაიმახსოვრე, რაც გთხოვე?
- კი... დიახ!
- ესე იგი, შენ არ ახსენებ დათოს იქ ყოფნის ამბავს და...
- მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ყველამ დაინახა.
ვაჟამ წამით პირი დააღო.
- მამა, ეს ტყვილი დათო ბიძიას სჭირდება?
ვაჟამ კინაღამ დაიკვნესა.
- ჰო!
- დაიჭერენ?
- არა, მაგრამ კარგი დღე არ დაადგება.
- არც შენ?
- რა, მე?
- არც შენ დაგადგება კარგი დღე?
- რასაკვირველია! – გაეცინას ვაჟას. – ისე, შენ არაფრის შეგეშინდეს, მე გვერდზე გეყოლები!
- მე არ მეშინია! – ჩაილაპარაკა კახამ და ვაშლი ჩაკბიჩა.

* * *


ეს დილაც ჩვეულებრივად დაიწო. დათო ყველაზე ადრე ადგა, გასტრონომიდან სურსათი მოიტანა და მამა-შვილიც გააღვიძა.
ვაჟკაცების კომუნა, ფეხზე! საუზმე მზადაა.
- ვაჟამ მძინარე შვილს აკოცა. მერე შეუღიტინა...
- კარგი რა, მამა, ხუთი წუთი...
- წამოხტი, საბანაოდ მივდივართ!
კახა დენნაკრავივით წამოხტა.
ვაჟამ ანაზდად საბეჭდ მანქანას მოკრა თვალი და გუნება მოეშხამა.
სიგარეტს მოუკიდა და უმიზნოდ გაბოდიალდა აივანზე.
- დედამ რომ გთხოვა, უზმოზე ნუ მოსწევო?!
- არ არის ეგ შენი საქმე? – უპასუხა შვილს. ცოტა ხნის შემდეგ პირდაბანილი და საბანაოდ გამოწყობილი “კომუნა” პატარა მაგიდას შემოუსხდა.
- კბილები გაიფერე?
- კი, მამა!
- კი, კი არა, დიახ!
- დიახ!
- მამა, არაჟანი არ მინდა, რა!
- ვერ ვიტან წუწუნს!
- მე არ ვწუწუნებ! – სახეზე წამოანათა კახას.
- კახუნა! შეჭამე ეგ არაჟანი! – ჩაერია დათო – ჩამოვა ზეგ დედაშენი და გაჩხინკულს რომ დაგინახავს, სამივეს გაგვიჯავრდება.

უხმოდ შეუდგნენ საუზმეს. ვაჟა უგემურად ილუკმებოდა, ისევ მტვრიანი საბეჭდი მანქანა ედგა თვალწინ.

- რა მოხდა, ვერც გუშინ იმუშავე? – რბილად ჰკითხა დათომ.
- ვერა, მაგის ოხერი... – ვაჟამ დროზე მოსხიპა გინება და ყურდაცქვეტილ შვილს რომ შეხედა, სულ გადაირია. – ლოკატორებივით რომ წამოგეზრდება ხოლმე ყურები ჩვენი საუბრის დროს, გატყეპვა ხომ არ მოგნატრებია?
- მე მერევი? – წყნარად ჰკითხა ბავშვმა.
დათოს სახეზე წამოაწითლა და თავი თეფშში ჩარგო.
-გადი, სამზარეულოში დაამთავრე ჭამა!

კახა უხმოდ წამოდგა, საკუთარ დანა-ჩანგალს და თეფშს ხელი ჩასჭიდა, გაუბედავად გაუღიმა დათოს და აივნიდან სამზარეულოში გავიდა. ვაჟამ თვალი გააყოლა შვილს და გული შეეკუმშა.

- პესტალოცი! – გინებასავით წარმოთქვა დათომ – ეგ ბიჭი მუტრუკი არ არის, არ შეიძლება მისი დამცირება. შენ თუ ვერ მუშაობ და “კერასინკა” აგიბოლდა, ბავშვი რა შუაშია!
- თავი დამანებე, რა!
- არ დაგანებებ!
- არ ვიცი, დათო, რა მემართება. დედამისს ვუკრძალავ კახას დატუქსვას თავმოყვარეობა არ შეულახო-მეთქი. თვითონ კი, მარტო როგორც დავრჩი, კაპას დედაკაცად ვიქეცი.
- ზედმეტად ახალგაზრდა ხარ! – გაეცინა დათოს.
- ჰო, ოცი წლის ვიყავი, ეგ ყმაწვილი რომ მოგვევლინა მე და ირინკას.

გაახსენდა: კახა სულ რამოდენიმე თვის იყო, პირველად რომ გაბედა მისი ხელში ატატება... შემდეგ საკუთარი სიმამაცით გათავხედებულმა სასწრაფოდ შეფუთა ბავშვი და ბებიასთან გააქანა.ახალგაზრდა მამის ბრიყვული სიამაყით მიაბიჯებდა ქუჩაზე, ქალაქში ფოთლებს წვავდნენ, გვიანი შემოდგომა იდგა.

და უეცრად ჩამობნელდა, სადღაც ელვამ გაკვეთა კაბადონი, ყრუდ დაიგრგვინა. ვაჟამ თავისდაგასაკვირად დაინახა, რომ ქუჩა სულ დაცარიელდა, არც ადმიანები, არც მანქანები... რამოდენიმე პირქუში, თვალებჩამქრალი სახლი წამოდგომოდა თავს და რატომღაც ენით აუწერელი შიში და უმწეობა იგრძნო, თითქოს რაღაც უხილავი და საზარელი დაემუქრა მის თოთო შვილს, თვითონ კი უსუსურს და უღონოს ძალა არ შესწევდა შესკდომოდა ბოროტ სტიქიონს. ვაჟამ მკერდში ჩაიკრა პატარა სიცოცხლე და ჩვილის განუმეორებელი სურნელით გაბრუებულმა ჩაილაპარაკა: მე შენს თავს არავის დავუთმობ!

რაღაც წამებში მოხდა ეს. შემდეგ თვითონაც ეცინებოდა თავის უცნაურ ქცევაზე...
- არ იცი, როგორ ღადაობდნენ შენზე ბიჭები? – გაეცინა დათოს.
- როდის?
- კახა რომ დაიბადა!
- რას ღადაობდნენ?
- გაიგე, ვაჟა რატიანს ბიჭი შეეძინა და უკვე პასტერნაკს კითხულობსო. შენ იმდენს ტრაბახობდი...
- კინტოები ხართ, რა უნდა გელაპარაკოთ! - გაიცინა ვაჟამაც, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, არ ესიამოვნა ეს ხუმრობა.
- არ წავიდეთ?
- კახა შენ წამოიყვანე, გაბუტული იქნება ჩემზე!

მზე უმოწყალოდ აცხუნებდა, პლაჟს ორთქლი ასდიოდა, ხალხმრავლობა იყო. სიცხისგან დაელმებული დამსვენებლი შვებას ზღვაში ეძებდნენ.

ვაჟა შურით უყურებდა წყალში მოთამაშე დათოს და კახას. აკი თვითონ აიკრძალა დღეს დილით ყველაზე დიდი ნეტარება: შვილთან ერთად წყალში ჩადგაფუნება და კახას გამხდარი მკლავების მოჭერა კისერზე.

- ვაჟა, როგორ ხარ? – მის გვერდით მოხდენილი ქერა გოგონა ჩამოჯდა.
- რა მიშავს. მაგრად გარუჯულხარ, ნელი!
- ჰო, კანი მძვრება უკვე. სიგარეტი გაქვს?
- მაქვს!
ნელიმ სიგარეტს მოუკიდა და ზღვას გახედა.
- არსებობს სადმე ასეთი ზღვა?
- ალბათ არა!
- ირინე როდის ჩამოდის?
- ზეგ.
- არ მოენატრა კახას?
- ძალიან, მაგრამ არ იმჩნევს.
- ჰო, ამ ასაკში, ბიჭებს უფრო დედები უყვართ! – ავტორიტეტულად დაასკვნა ნელიმ – არ გეწყინოს!
- არა მწყინს.
- სასტიკ შეკითხვებს არ გისვამს შვილი?
- რა შეკითხვებს?
- მაგალითად, თუ როგორ და საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე!
- ამასთან დაკავშირებით თვითონ მოიგონა მშვენიერი ვერსია. ცაში დაფრინავდა და მშვილდისარი მეჭირა ხელშიო. მერე ფრთები მომტყდაო და ძირს ჩამოვვარდიო. კუპიდონის სურათი ნახა მუზეუმში.
- ისე, მართლა ჰგავს კუპიდონს!

კახა წყლიდან ამოხტა, მათთან მოირბინა და პირსახოცზე წამოწვა შორიახლოს.

- აი, ასე მყარაულობს! – ჩუმად გადაულაპარაკა ვაჟამ გოგონას.
- ეჭვიანობს! – გაიღიმა ნელიმ, შემდეგ კახას მოუტრიალდა – რა ლამაზი ბიჭია!
- მე ლამაზი არ ვარ! – ჩაიბურტყუნა კახამ.
- შეურაცხყოფად თვლის! – კმაყოფილი მამის სიამაყით ახსნა ვაჟამ, შვილს ქუდი ჩამოაფხატა თავზე და წამოდგა – არ მოიხადო, არ შეიძლება მზეზე უქუდოდ.

გოგონა მეგობრების ჯგუფს შეუერთდა. ვაჟამ მთვარეულივით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, შემდეგ ადგილიდან მოწყდა და წყალში გადაეშვა. უზომო ნეტარება იგრძნო, ამღვრეული ცისფერი მოაწყდა გახელილ თვალებს, შემდეგ თანდათანობით გამუქდა ყველაფერი და ამოყვანისას მზემ დააბრმავა.

ნაპირს ხრინწიანი, მოძველებული შლაგერის ბღავილით სასეირნო კატერი მოადგა. ნაბახუსევი ბიჭების ჯგუფი გემბანზე აცვივდა, მაგრამ კატერის კაპიტანმა მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა, როცა გამოაცხადა, გემზე ჩეხური ლუდი გათავდაო.
ვაჟა ნაპირზე ამოვიდა და სიამოვნებით გაწვა ცხელ ქვებზე.

- კახა, ჩრდილში ადი.
- ერთსაც დავსველდები! – ჩაიბურტყუნა კახამ, მამის თანხმობას აღარ დაელოდა და წყალში ჩახტა.
“მებუტება, ვერ მაპატია”.

უეცრად ვაჟას ყურადღება ერთმა უცნაურმა ჯგუფმა მიიპყრო. სამი ბიჭი ნაპირთან ჩაცუცქულიყო, სამივეს ძალზე სერიოზული გამომეტყველება აღბეჭდვოდა სახეზე, ხმადაბლა საუბრობდნენ და დანისლული მზერით დროდადრო თვალს შეავლებდნენ ხოლმე პლაჟის შემოსასვლელს. უცნაური კი ის იყო, რომ ამ სიცხეში ბიჭები ჯინსის შარვლებში, ბათინკებში და კურტკებში გამოწყობილები ისხდნენ ნაპირზე.

დათო და კახა წყლიდან ამოვიდნენ და ვაჟას გვერდით ჩამოსხდნენ. დათომ თვალი გააყოლა მეგობრის მზერას.

- რას იკლავენ თავს ამ სიცხეში?! – ჩაილაპარაკა. თითქოს მისი ნათქვამი გაიგონაო, ერთ-ერთმა ბიჭმა, ქერამ და ჩაფსკვნილმა, სრულიად მოულოდნელად იქვე დაგდებულ კურტკას ხელი სტაცა და ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში.

ვაჟა გაოგნდა. ქერამ გაჭირვებით გაცურა რამოდენიმე მეტრი, რამდენჯერმე ჩაყვინთა და შემდეგ ნაპირის გასწვრივ განაგრძო ცურვა. კურტკა, შარვალი და ბათინკები გვარიანად უშლიდნენ ხელს, მაგრამ ის სასოწარკვეთით, მაინც ცდილობდა არ მოახლოებოდა ნაპირს. მის ორ მეგობარს სამი ფორმიანი მილიციელი დადგომოდა თავზე. ვაჟამ მოიხედა და დაინახა, მაღალი, თმებშეთხელებული ჯანიანი კაცი, გამაძღარი ვეფხვის მოძრაობებით რომ მიუყვებოდა ნაპირს და თვალს არ აცილებდა წყალში მოფართხალე ბიჭს. პერანგი გაღეღოდა, საქამრეში ტიტველი იარაღი ჰქონდა გარჭობილი. ბიჭმა შეწყვიდა წყალთან ბრძოლა და ვაჟას და დათოს შორიახლო ამოვიდა წყლიდან. ფერი წასვლოდა, ღრმად სუნთქავდა, ტანსაცმლიდან წურწურით ჩამოსდიოდა მოლურჯო წყალი.

კაცი დინჯად დაიძრა მისკენ. ქერა წამით მოტრიალდა, ვაჟას და დათოს შეავლო გამწარებული მზერა, შემდეგ თვალით რაღაცა ანიშნა და შეუმჩნევლად ამოყარა ჯიბიდან დასველებული ფულის დასტა. ვაჟა ზანტი მოძრაობით გადაიხარა და პირსახოცი დააგდო ფულის ბღუჯაზე. იარაღიანი კაცი მივიდა ქერასთან და მსუბუქად წაჰკრა ხელი ბეჭზე.

- წამოხვალ, თუ იფაფხურებ კიდევ?

ბიჭმა არაფერი უპასუხა. თვალი შეავლო მილიციელებს, შემდეგ ოდნავ დაიხარა, სარმა გამოსდო კაცს და ფართხაფურთხით გაიქცა გასასვლელისკენ. კაცი შეტორტმანდა, მაგრამ არ წაქცეულა, შემდეგ, ზამბარასავით შეკუმშული სხეული ორჯერ მოისროლა ბიჭის მიმართულებით, გზად იარაღის ამოღებაც მოასწრო და მოწყვეტით ჩაარტყა ქერას ფერდში. ბიჭმა დაიკვნესა და ნელა დაეშვა ქვებზე.

ყველაფერი ეს წამებში მოხდა, გონმოსულმა ხალხმა იხუვლა, ქალის კივილმა გააპო გარინდება და აღშფოთებული ახალგაზრდების დიდი ჯგუფი გარს შემოერტყა კაცს და ქერას. ვაჟამ რამდენიმე ბიჭის დახმარებით ხელიდან გამოგლიჯა ქერა იარაღიანს, მაგრამ ის გააფთრებით ჩააფრინდა ბიჭს საქამრეში და რაღაც იყვირა.

- რას შვებით, ეს ორგანოს თანამშრომელია! – აყვირდნენ თანამშრომლებიც და გზა გაიკაფეს მისკენ.
ქერა კვნესით წამოდგა. კაცი დაეხმარა წამოდგომაში, იარაღი კვლავ საქამრეში გაირჭო და ცოტა ხანს ასე გაშტერებულები იყვნენ. სულს ითქვამდნენ. პიჟამოიანი დამსვენებელი ქერასთან მივიდა, ხელი უბიძგა და კბილებს შუა გამოსცრა:
- Ложись!
ბიჭმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, შეიგინა და ფეხი ამოსცხო არამკითხე მოხალისეს. პიჟამოიანმა უეცრად ქალის ხმით მორთო კივილი.
ქერა ორგანოს თანამშრომელს მიუტრიალდა.
- სიგარეტი მომეციო!

კაცმა უხმოდ მიაწოდა კოლოფი. ბიჭმა აცახცახებული ხელით მოუკიდა ვიღაცის მიერ შეთავაზებულ სანთებელაზე სიგარეტს და მორჩილად გაჰყვა კაცსა და მილიციელებს. გასასვლელში შემოტრიალდა და იყვირა:

-ვისაც ჩემი დახმარება გინდოდათ, დიდი მადლობა, ვისაც არა და... – ამას მოკლე გინება მოაყოლა, - შემდეგ იქვე მდგარ სასწორზე აიწონა და თავჩაქინდრული წალასლასდა გასასვლელისკენ.

ვაჟა უკან დაბრუნდა. დათოს და კახას პირსახოცები და ტანსაცმელი აეკრიფათ და მას უცდიდნენ.

- რა მოხდა, მამა? – ბორძიკ-ბორძიკით ჰკითხა კახამ.
- ბოროტმოქმედი დაიჭირეს, ბიჭიკო! – კმაყოფილი სახით აუხსნა მელოტმა, ჩასუქებულმა კაცმა.
- ფული მე ავიღე! წავედით! – ხმადაბლა თქვა დათომ. ნახევარი საათის შემდეგ ვაჟამ დათო ავტობუსის გაჩერებამდე მიაცილა. დათო ორი დღით უნდა ჩასულიყო
სოხუმში, თვითონ კი პლაჟზე დაბრუნდა. სასწორთან ხუთიოდე ბიჭი ირეოდა. ერთ-ერთი ვაჟას ნაცნობი იყო. დანარჩენი ოთხი ქერა მეგობრები აღმოჩნდნენ.
- ფული დაყარა ზურამ პლაჟზე... ვიღაცას აუღია!
- მე ავიღე! – თქვა ვაჟამ, მკლავი გამოსდო ერთ-ერთს და დანარჩენების თანხლებით შეფარებულ ადგილს მიადგა.
- შენ ვაჟა ხარ, რატიანი? – ჰკითხა შავტუხა, თხელმა ბიჭმა – ჩვენ გიცნობთ. – ვაჟამ სველი ფულის ბღუჯა ამოიღო ჯიბიდან და დაბალ, პირმრგვალ ბიჭს გაუწოდა.
- ეს არის თქვენი მეგობრის ფული, სამას ორმოცდაათი მანეთია.
- ეგ ფული ჩვენ შევუგროვეთ ზურას! – გაიღიმა შავტუხამ.
- აქ მე მგონი სამოცდაათი მანეთი აკლია! – ჩაილაპარაკა ფულის დათვლით გართულმა დაბალმა. ვაჟას სისხლი აუვარდა თავში, საყელოში მოკიდა ბიჭს ხელი და

თავისკენ მოქაჩა, მაგრამ შავტუხა და ის ნაცნობი ყმაწვილი ჩადგნენ შუაში.

- ჩვენ გვაპატიე, ვაჟა! შენზე არ უფიქრია!
- გეფიცები, მეგობარო, ეს ისე ვთქვი! – ჩაერია დაბალიც და საყელო გაისწორა – მასეთ რამეს არც გაკადრებდი, პირიქით, მადლობელი ვართ შენი.
- თითო ჭიქა დავლიოთ! – თქვა შავტუხამ, მაგრამ ვაჟამ საქმეები მოიმიზეზა და მალე დაშორდა ბიჭებს.

* * *


ქუჩიდან სიგნალის ხმა მოისმა.
- შენ ჯერ აქ იყავი, კახა, მე რომ დაგიძახებ, მაშინ გამოდი!
- კარგი! – ჩუმად თქვა ბიჭმა, ვაჟამ იჭვნეულად შეავლო შვილს თვალი და გარეთ გავიდა.

მანქანაში ოთხნი ისხდნენ, მძღოლის გვერდით ის თმაშეთხელებული კაცი გაშხლართულიყო, ვეება ტორი მანქანის საზურგეზე გადაედო და თვალებმოლულული ღიღინებდა რაღაც მოტივს. ვაჟამ კარი გამოაღო და მაქაცარიას გვერდით მიუჯდა.

- გამარჯობა!
ორგანოს თანამშრომელი მოტრიალდა.
- თქვენ იყავით დღეს დილით იქ? – ჰკითხა ღიმილით ოპერმუშაკმა – თქვენი სახე მეცნობა!
- დიახ, იქ გახლდით!
- ის ორიც ავიყვანეთ! – მიახარა ვაჟას მაქაცარიამ.
- კიდევ კარგი, ზურიას იარაღი რომ არ ჰქონდა თან! – თქვა აქამდე ჩუმად მყოფმა მილიციელმა.
- ჰო, ცუდი ამბები დატრიალდებოდა, სავსე იყო პლაჟი ბავშვებით და ქალებით! – ფიქრიანი თვალები გაუხდა ოპერმუშაკს – ბოლო-ბოლო დავაჭედავდი ოთხ ტყვიას და ამით გათავდებოდა ყველაფერი!
- რატომ მაინცდამაინც ოთხი?! – ჰკითხა ვაჟამ. ოპერმუშაკი ყურადღებით ჩააკვირდა ვაჟას და უხმოდ შეტრიალდა.
- თქვენი ბიჭი მოვიდა? – ჰკითხა მაქაცარიამ.
- დიაც, ახლავე დავუძახებ! კახა!

კახამ ჭიშკარი გამოაღო და მანქანისაკენ წამოვიდა. ფერი დაკარგვოდა, ფეხები უკან რჩებოდა. ვაჟამ გამამხნევებლად გაუღიმა. სხვებიც ღიმილით მიესალმნენ.

- გაუმარჯოს ვაჟკაცს, რა გქვია?
- კახა!
- მშვენიერი სახელია! – მოუწონა მაქაცარიამ – სკოლაში დადიხარ?
- დიახ, პირველ კლასში გადავედი!
- პირველ კლასში როგორ გადახვედი?
- ნოლ ჯგუფში ვიყავი!
- აჰ, ეს ნოლი ჯგუფები... სულ დამავიწყდა. ფეხბურთი გიყვარს?
- ყიფიანი! – თქვა კახამ, მერე რატომღაც დაამატა – მამა იცნობს ყიფიანს!
- ჰო, მეც ყიფიანის თამაში მომწონს ყველაზე მეტად! ერთი ეს მითხარი, დღეს დილით, პლაჟზე ქურდი რომ დაიჭირეს, იქ იყავი შენც?

- დიახ!
- იმ ბიჭმა ფული რომ დაყარა, ხომ გახსოვს?
- არა.
- როგორ, ვერ დაინახე იმ ქურდმა ფული რომ დაყარა და...
- ვერ დავინახე! ის ბიჭი წყლიდან რომ ამოვიდა, აი, ამ ბიძიამ დაიჭირა.
- კახა, ვინ იყო შენთან და მამიკოსთან ერთად?
- არავინ!
- კახა, შენ რაღაცას გვიმალავ მგონი. ეს კი არ არის კარგი. დაგავიწყდა ვინ იჯდა მამასთან?
- პლაჟზე ბევრი ხალხი იჯდა მამას გვერდით. მაგრამ ჩვენთან ერთად არავინ ყოფილა.
- მდაა... – მაქაცარიამ ვაჟას შეხედა და უეცრად გაეცინა. ვაჟა კი შვილის გაფითრებულ, განწირულ სახეს უყურებდა, ჩამავალი მზის სხივი რომ სცემდა ირიბად.

მანქანაში მსხდომნიც კახას უყურებდნენ.
მაქაცარია გადმოვიდა მანქანიდან, ვაჟას მკლავი გამოსდო და გვერდზე გაიყვანა.

- იცით, ერთი რამე მინდა გითხრათ...
- ბრძანეთ!
- ძალიან კარგი ვაჟი გყავთ!
- გმადლობთ!
- ნუ იჩქარებთ მადლობის თქმას. მე შვილი შეგიქეთ და არა თქვენი საქციელი. რატომ არ იფიქრეთ, რომ ეს სამას ორმოცდაათი მანეთი სალახანამ ვინმე წესიერს და კეთილშიბილ კაცს მოჰპარა. ჩვენ გავიგეთ, რომ ის ორი ათასი მანეთი სხვას მოუპარავს. ისიც გავიგეთ, ამ ნახევარ საათში, რომ სამას ორმოცდაათი მანეთი მეგობრებმა შეუგროვეს, მაგრამ თქვენ დასაწყისში ხომ არ იცოდით ყოველივე ეს. იცით, ძალიან ადვილია სხვის ხარჯზე ჰუმანისტობა. ვერ დაგეთანხმებით, ვერ დაგეთანხმებით!

მაქაცარია მანქანაში ჩაჯდა და იქიდან დაუქნია ხელი კახას. ბორბლების წრიპინით გაუჩინარდნენ მოსახვევში.

- წამო, სახლში შევიდეთ! – მიუბრუნბდა ვაჟა შვილს.
- წამო! – ჩაილაპარაკა კახამ.

ღამით ძლიერი ქარი ამოვარდა და ორჯერ შემოგლიჯა აივნის კარი. ვაჟამ რის ვაივაგლახით დაამაგრა კარი და შვილს მიუწვა გვერდით. მესამედ უკვე გარიჟრაჟზე გაეღვიძა.

კახა ლოგინზე წამომჯდარიყო და კედელს უყურებდა.
- რა დაგემართა?
- რაღაც სიზმარი ვნახე!
- რა?
- არ ვიცი, მგონი დიდი ტალღა იყო. დედა ხვალ ჩამოდის?
- ჰო, ხვალ!
- კარგია! – ჩაილაპარაკა ბიჭმა, ბალიშზე გადაწვა და დაიძინა. მამას კი თვალი აღარ მოუხუჭავს. საფიქრალი ბევრი ჰქონდა.

ლიძავა. 1978 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ლაშა თაბუკაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: