არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზაზა თვარაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზაზა თვარაძე   Tue May 04, 2010 4:20 pm



ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული ,,მოხეტიალე”, ლექსების კრებული ,,ტან-ცზი”.
რომანი ,,სიტყვები” პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ ,,ცისკარში”.

ზაზა თვარაძე

კვიპაროსი და იასამანი

დილას მზემ რომ გამოანათა, უკვე მივხვდი - კარგი დღე მექნებოდა. ხალისიანად ავფუსფუსდი - კვერცხი შევიწვი. აივანზე გავედი. შაბათი იყო, საქმე არაფერი მქონდა. გავისეირნებ. ბავშვსაც გავასეირნებ. საღამოს კი ვინმე მეგობარი შემოივლის. დაველოდე ცოლ-შვილის გაღვიძებას და როცა ისაუზმეს, ელენეს, ჩემს ხუთი წლის გოგონას ვუთხარი, ჩაიცვი, გავისეირნოთ-მეთქი. ბავშვს გაეხარდა, მაგრამ ჩემს ცოლს რატომღაც ეწყინა. ისე ეწყინა, ჩხუბი დამიწყო. გამიკვირდა: "რა მოხდა, რაშია საქმე?" "რა და ნინკა თოფურიძესთან მინდა წავიყვანო ბავშვი. მერე იქიდან ელენეს და ანას ცურვაზე წავიყვანთ". "რა დროს ცურვაა ამ მზიან ამინდში, ან რა დროს ნინკა თოფურიძეა?" "ზუსტად კარგი დღეა, და ბავშვებს ცურვა სჭირდებათ". "ჰოდა, წაიყვანეთ საღამოს, ვინ დაგიშალათ". "საღამოს გვიან იქნება. ნინოს უკვე შევუთანხმდი". "მაშინ დაურეკე და ხვალ წაიყვანეთ, კვირაა". "არა, უკვე შევუთანხმდი!" - ჯიუტი ლოგიკით მომიგო. მაშინ ელენეს მივუბრუნდი: "გინდა ჩემთან გამოსეირნება, შვილო?". "სად?". "მთაწმინდაზე წაგიყვან, ნაყინს გაჭმევ". "მინდა!" შეჰყვირა ბავშვმა. "ელენე! ელენე! - ნერვიულად შეეკითხა ლელა, ჩემი ცოლი - ჩემთან არ წამოხვალ? ნინკა თოფურიძესთან მიგიყვან, ანას და იას ეთამაშები, მერე ცურვაზე წავალთ ყველანი ერთად". "წამოვალ!" შესძახა ელენემ. "ელიკუნა - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი - მთაწმინდაზე იცი რამდენი სათამაშოა? რამდენი სხვადასხვანაირი კარუსელი. წამოდი და იქ ეშმაკის ბორბალზე დაგსვამ!" "ეშმაკის ბორბალი რა არის?". "უზარმაზარი, თვალუწვდენელი ბორბალია - ხელები მაღლა გავშალე და წარმოსახული წრე მოვხაზე - ტრიალებს და არასოდეს ჩერდება". "წამიყვანე!" შეჰყვირა ელენემ. "ცურვაზე რომ მოდიოდი? ახლა არ მითხარი წამოვალო?! ელენე! ჰა, ელენე?!" - ნერვიულად და განწირულად წამოიძახა ლელამ. "არ მინდა ცურვაზე!". "იჭყუმპალავებთ წყალში" - სრულიად უაზროდ დაამატა ლელამ, ისე, რომ შემეცოდა კიდეც. კმაყოფილი ავდექი, ჩავიცვი, მოვემზადე, ბავშვსაც ჩავაცვი. ლელა ფეხდაფეხ დამდევდა და გამწარებით ჩამძახოდა ყურში: "სად მიგყავს ბავშვი. არ გაგატან. სად ჯანდაბაში მიდიხარ. რა ეშმაკის ბორბლები აგიტყდა ამ შაბათ დღეს! შენ დამინგრევ ოჯახს. არა, მე ამ კაცის ატანა აღარ შემიძლია! ბავშვს ექიმმა ცურვა გამოუწერა, ამას კიდევ ეშმაკის ბორბალზე მიყავს! ნამდვილად დამინგრევს ოჯახს... დაიმახსოვრე, ორ საათზე სახლში მოიყვან, თუ არა და, არ ვიცი, რას ვიზამ!" "მოვიყვან!" - ავძახე კიბეზე ჩამავალმა. ელენეს ხელი ხელში მეჭირა და მაისის ნათელ ქუჩებს მივყვებოდი. "აი, შვილო, ლურჯი მონასტერი, აი, ფილარმონია და, აი, ცეკა!" "ცეკა რა არის?" "ცეკა ის არის სადაც ამ ქვეყნის მთავრობა ზის, განსაკუთრებით კი - ერთი, მთავარი". "ვინ მთავარი?" "არის ასეთი, შენ ჯერ არ იცნობ". "გავიცნობ?" "ალბათ" - მივუგე და რაღაც ნაღველი ვიგრძენი - რომ ბავშვის ცხოვრება ასე წინასწარ დეტერმინირებულია, ბავშვის და ყოველი ადამიანის. "როდის? ჰა? მამი! როდის?" "რა როდის?" "როდის გავიცნობ?" "ვის?" "ამ ქვეყნის მთავარს" "ჰმ! - ჩავიცინე - რა გეჩქარება?" "რა ვიცი - ბავშვურად წამოიძახა ბავშვმა და ბავშვურადვე გაკვირვებით გაეცინა - რა მეჩქარება?!" მის ბავშვურ და სუფთა სიცილზე რაღაც ბუნდოვნად მომაგონდა: ეს იყო ჩვენი ძველი ეზო ცხაკაიას ქუჩაზე, სადაც ბავშვობისას ვცხოვრობდი. იქ რბიოდა მხიარულად სიყმაწვილე ნათლად ჩემი - გამახსენდა და ასე ვუთხარი ჩემს შვილს: "მოდი, ელიკო, ჩვენს ძველ ეზოში გავიაროთ და იქიდან ავიდეთ მთაწმინდაზე." "არ მინდა!" "სულ ერთი წუთით". "ოოო!" დედამისივით გაჯიუტდა და, საერთოდ, ყველა ბავშვივით. არადა მინდოდა ძველ ეზოში შევსულიყავი და მეც მეგრძნო ბავშვობა მაისის ამ მზიან დღეს. "აქვეა, შვილო". "ოოოო!" - თავისი გაჰქონდა. შევჩერდი და მკაცრად შევხედე. "საქმე მაქვს! - მკაცრად ვიცრუე - აბა, ნუ ჯიუტობ, თორემ სულ აღარ წაგიყვან მთაწმინდაზე!" - მკაცრად დავემუქრე. "ოოოო!" - მესამედაც ჯიუტად თქვა, მაგრამ მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და სატირლად მოემზადა. შემეცოდა: "კარგი, ნუ ვიჩხუბებთ, ელიკუნა, სულ ერთი წუთით, ერთადერთი წუთით მივალთ და მორჩა. ხომ?" "ხომ" - თქვა გაბუტვით. "ასე, შვილოსა, აბა წავედით, ჰერი-ჰერი" - ადგილიდან დავიძარი, თან ხელჩაკიდებული მიმყავდა მთაწმინდაზე არწაყვანით დაშინებული ბავშვი - მეც ხომ მინდოდა ბავშვობა განმეცადა. ცხაკაიაზეც მივედით. ღრმა თაღში შესვლისთანავე ვიგრძენი წყლისა და მცენარეების სუნი. ცოტა ხანს ჩვენი ძველი შუშაბანდის წინ ბაღში ვიდექი, სპარსულ იასამანთან, ელენეს ვეუბნებოდი, რომ ადრე აქ ვცხოვრობდი და რომ აქ უამრავი ბნელი სარდაფები და აბლაბუდიანი სხვენები იყო. სულ ოდნავ დაინტერესდა. ამის მერე უკანა ეზოში გავედით, სადაც ჩხენკელების უკანა კარია. მეზობლები ეზოში ისხდნენ. ბავშვები თამაშობდნენ. ვისაც ვიცნობდი მივესალმე და ჩემი მამიდაშვილის ფანჯარას მივუკაკუნე. შიგნით არავინ ჩანდა. ნოდარი, ჩემი უფროსი მამიდაშვილი ან მისი ცოლი აზა - კაციშვილი არ ჩანდა. მინდოდა ნოდარის ნახვა. ის ტანმოვარჯიშე იყო, ჰანტელები ჰქონდა და დერეფანში რგოლები ეკიდა. მინდოდა ამ რგოლებზე ჩამოკონწიალება. მინდოდა უფრო განმეცადა ძველი დრო. "წამო, ელენე" - გავძახე ბავშვს. პასუხი არ იყო. "ელენე!" "ეხლავე" - რაღაცას თამაშობდა თავის ტოლ ბავშვებთან, რომლებიც ამ წუთას გაიცნო. "ნოდარი სად არის?" - მივუბრუნდი მეზობლებს. "დაბრუნდება, სულ მალე დაბრუნდება". "ელა ისევ ცხოვრობს ზევით?" "კი, ცხოვრობს, მოხუცდა საწყალი" - ასე მიპასუხეს. ელა მარტოხელა ქალი იყო, რომელთანაც ბავშვობისას დავდიოდი - პიანინოზე დაკვრას მასწავლიდა და წიგნებს მაძლევდა. იმან მათხოვა "უკანასკნელი მოჰიკანი". მეორე სართულზე ავედი, იქ ერთ დიდოთახიან ბინაში ცხოვრობდა ელა. კარგა ხანს ვიდექი სადარბაზოში სადაც ხის ხვეული კიბე და ბავშვობის მიხაკისფერი სურნელიც იდგა. მერე ელასთან შევედი და თავი გავახსენე. ძველ ელას აღარ ჰგავდა, ოთხმოცს მიტანებულიყო, მაგრამ მშვენივრად გამოიყურებოდა, თვალში ახალგაზრდული ნაპერწკალი ჰქონდა და უცნაური ინტერესებით ცხოვრობდა. შაქარი გამოიღო, ჩაის ჭიქები დადგა მაგიდაზე, თან გაუთავებლად მეკითხებოდა ჩემი ცოლ-შვილის და ცოლის ნათესავების ამბებს, რომლებსაც, როგორც გაირკვა, ადრევე იცნობდა. მერე კარტის დასტას, იქვე მაგიდაზე რომ იდო, დაწვდა და პასიანსით ჩემთვის მკითხაობა დააპირა, მერე გადაიფიქრა და აზარტულად დამიწყო ახსნა, თუ რამდენი და რა საინტერესო ფოკუსი კეთდება კარტით. ნახევრად რუსულად მელაპარაკებოდა, როგორც ყოველთვის. "დავნიძლავდეთ - აზარტულად მითხრა - ტი ნიკოგდა ნე სდელაეშ ეტოტ ფოკუს!" "დავნიძლავდეთ! - მივუგე - კაკოი ფოკუს?" "აი! - გაქექილი წიგნი გადამიშალა და საჩვენებელი თითი ერთ-ერთ პარაგრაფს დაადო - ეტოტ ფოკუს დელაეტსა ს პრიმინენიემ გიპნოტიჩესკოგო ვოზდეისტვია ი, რაზუმეეტსა, დოვკოსტი ინტელეკტა. ხოჩიშ პოსპორიმ?!" ფოკუსს ჩავხედე "პოსპორიმ! - მივუგე - რაზე?". "თუმანზე!" "კი ბატონო!" - ჯიბეზე დავირტყი ხელი - იქ ხუთი თუმანი მედო. მან კი თავისი ძველი, შავი და პრიალა რედიკული დადო მაგიდაზე - როგორც რაღაცის გარანტია. დავიწყე ამ რთული და დახლართული ფოკუსის კეთება, თან ელას რაღაცეებს ვეკითხებოდი - უცნაურ და თითქოს უადგილო კითხვებს, რომლებიც ფოკუსების სახელმძღვანელოში ეწერა. "სკოლკო ვამ ლეტ?" "სემდესიატ ტრი" (მგონი იცრუა) "სკოლკო რაზ ვ ჟიზნი ვი ვიდელი რადუგუ?" "პრიჩომ ტუტ რადუგა? ჰა? როგორ გგონია?!" "არ ვიცი, ინსტრუქციაში ასე წერია - ათამდე, ასამდე თუ ასზე მეტჯერ?" "ექვსასჯერ. ზუსტად ვიცი. ოდნაჟდი ია დაჟე პრობეჟალა პოდ ნეი!" "ზნაჩიტ რანშე ვი ბილი მალჩიკომ?" "ნიეეტ, სლუშაი, ია ტოჩნო ბილა დევჩონკოი, - სიამაყით და კეკლუცად მითხრა - ვსიო ეტო ვრანიო ო რადუგახ, დაჟე ტეპერ ია ჟენშჩინა!" "კარგი, განვაგრძოთ" - ამ სიტყვებით წიგნს ჩავხედე და კიდევ რამდენიმე შეუსაბამო კითხვა დავუსვი, თან ხელებით ინსტრექციის შესაბამისი ფიგურები გამომყავდა. რაღაც მომენტში დაეძინა - უფრო სწორად, ჰიპნოტურ ძილში გადაერთო და მე გადავფურცლე ფოკუსების სახელმძღვანელო, სადაც ამოვიკითხე - ახლა კი გადადით ფოკუსის დამამთავრებელ ფაზაში - გახსენით მაგიდაზე მდებარე რედიკული, იქ ხნიერი მანდილოსნის ფულია, ამოიღეთ თქვენი მოგებული თუმნიანი და კიდევ ერთი თუმნიანი, რომ შემდეგი ფოკუსისთვისაც ჩახვიდეთ ფსონს. ასეც მოვიქეცი, მაგრამ შემდეგი ფოკუსი აღარ ყოფილა - ხელებით რამდენიმე პა მოვხაზე, ელა ჰიპნოზიდან გამოვიყვანე, დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. აქ ხის საერთო აივანზე, რომელიც ადრე საქანელასავით ქანაობდა, ქალს ბეტონის საყრდენები და იატაკი გაეკეთებინა, მტკიცედ, მაგრამ მარტო თავისი ფანჯრების წინ. მარცხნივ წავედი - სადაც ბაღში ჩამავალი კიბე მეგულებოდა - კიბე კი არა რაღაც ფარღალალა, ჩამოფხავებული, ფიცრებამოჩრილი, მოყანყალე და ხაფანგივით სახიფათო უფსკრული დავინახე - ისეთი ციცაბო, რომ შიგ ცა მოჩანდა. თვალით მოვზომე მანძილი კიბის ნარჩენების იმ ნაწილამდე, სადაც ფეხის დადგმა კიდევ შეიძლებოდა - აშკარა იყო, ვერ გადავხტებოდი, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. ბავშვობაში - კიდევ ჰო. მაგრამ ბავშვობაში ეს ასე არ ყოფილა. და რომც გადავმხტარიყავი, კიბის და აივნის ეს ნაშთები ისეთი მორყეული და დაფხავებული ჩანდა, სად იყო გარანტია, რომ დახტომისას ჩემს სიმძიმეს გაუძლებდა და ქვევით არ ჩავიჩეხებოდი? (საშიში ადგილია, უეჭველი სიკვდილია - თქვა მერე ამაზე ერთმა მეზობელმა, რომელსაც შევჩივლე - რა ზომამდე მისულა ჩვენი ძველი სახლი-მეთქი). იმედგაცრუებული უკან გავბრუნდი (იმ გადასავარდნიდან ხომ მოპირდაპირე ქვედა სახლის ფანჯრები ჩანდა, სადაც უცნობი და ცნობისწადილის აღმძვრელი ქართველი და არაქართველი ბავშვები ცხოვრობდნენ, იმათ სადარბაზოში შეუცნობელი სუნი ტრიალებდა), ახლა უკანა ეზოს მხრიდან დავაპირე ჩასვლა - იქ, სადაც მეზობლები ისხდნენ და ელენეც მათთან მყავდა დატოვებული - ამ მხარეს, მახსოვდა, ადრეც არ იყო ჩასასვლელი - უფრო სწორად, იყო, მაგრამ დიდი ხნის წინ ჩანგრეული. რა ვიცი, იქნებ აღდგენილი დამხვედროდა და ჩავსულიყავი. მაგრამ არა - აქ კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობა დამხვდა - ხან აივანი პირდაპირ წყდებოდა და უფსკრულში გადასავარდნი ჩანდა - ყოველგვარი ჩამოფხავებული ფიცრების გარეშე. ადრეც ხომ ასე იყო. ახლა კი ქვედა მხარეც ჩაშლილიყო და მხოლოდ შინაბერა ქალის ფანჯრების წინ ესხა ბეტონი. რა ვქნა? რამენაირად ხომ უნდა ჩავიდე ეზოში? - ერთადერთი დამრჩენოდა - ისევ ელასთვის უნდა მიმეკაკუნებინა კარზე და მისი ბინის გავლით ჩავსულიყავი - იქიდანვე, საიდანაც მოვედი - სადარბაზოდან, სადაც ხის ხვეული კიბე და ბავშვობის მიხაკისფერი სურნელი უნდა მდგარიყო, მაგრამ ეს სურნელი უკვე თან გამომყოლოდა და ახლა ჩემს პირდაპირ, აივნიდან დანახულ მოპირდაპირე სახლის შეუცნობელ სადარბაზოში იდგა. ამიტომ სადარბაზოდან ჩასვლა აღარ მინდოდა. წამით ღრმად ჩავფიქრდი. და წამსვე გამახსენდა: ბავშვობაში ხომ ლეღვის ხით დავძვრებოდით! ჩაფხავებული ხაფანგისკენ გავექანე. ბებერი ლეღვი ისევ იქ იდგა. მოთეთრო, გლუვკანიანი. ტოტები ქალის მკლავებივით გადაეშალა და მელოდა. გადავიზნიქე, ჩავეხვიე, თუმცა ეს სულაც აღარ იყო ძველებურად ადვილი. სიფრთხილით და სიმაღლის განცდით აცახცახებული ზედ გადავატოტდი. მოწყვეტით ჩავეკონე და ხელისგულიც გადავიტყავე. კანი ძველებურად გლუვი და ნაზი ჰქონდა. ქალწულის კანივით. ორ დიდ ტოტს შორის - ოვალური ნაკეცებიანი ღრმული, ადრიდანვე რომ მახსოვდა და მუდამ საიდუმლო გრძნობას აღმიძრავდა. ვგრძნობდი რბილ ტოტებს ხელებით და ფეხებით. ახალგაშლილ ფოთლებს. ახლო იყო ზაფხული. "ტოტიმც ნუ მომიტყდება!" ამ ფრთხილი, მაგრამ პოეტური აზრით გავფოფხდი ზროსკენ. ვინმეს რომ შემოეხვია, უთუოდ იტყოდა, ზაქეს ჰგავსო ლეღვსულელზე ასულს. თუმცა ამ ლეღვზე არასოდეს, თვით ბავშვობაშიც კი, არავინ ავსულვართ - ამ ხით მხოლოდ ჩამოვდიოდით. არც "ისწრაფე და გარდამოხედ" არავის დაუძახნია არც მიწიდან და არც ციდან. ამ ფიქრით ჩავეხვიე ხის ტანს და წამით გავირინდე - ლეღვს დასავით ვენდობოდი. ის ჩემი ძველი მეგობარი იყო. მრავალ დროების მოწამე. თუმცა კი - უტყვი. საერთოდაც, ამ ძველ ეზოში ყველა ხეს კარგად ვიცნობდი, და ზოგს სახელებიც ჰქონდა. თუმცა ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ყველა მათგანი ბევრად უფრო პატარა მომეჩვენა - გარდა მუქ-მწვანე კვიპაროსისა, ბაღში, ჩვენი შუშაბანდის წინ რომ ძველებურად აღმართულიყო და წვერს ცას უწვდენდა. ეს კვიპაროსი მთაწმინდიდანაც კარგად ჩანდა - ბავშვობაში, ფუნიკულიორზე გადმომდგარი, მისი კენწეროთი ვპოულობდი მწვანეში ჩაფლულ ჩვენს ეზოს, ჩვენი სახლის თუნუქის ჟანგისფერ სახურავს, სხვა სახურავებისგან არაფრით რომ განირჩეოდა. ჩავედი, ლეღვის ხაო და ბუსუსები შარვლიდან ჩამოვიფერთხე და კვლავ უკანა ეზოს მივაშურე, სადაც მეზობლები ისხდნენ და თამაშობდა ელენე. პირველი სართულის კუთხეს რომ მივაღწიე, ფანჯრებში კუთხისქვემო მხრიდან შევიხედე - ხომ არ დაბრუნდა-მეთქი შინ ჩემი მამიდაშვილი ნოდარი. მაგრამ იქ ვიღაც სხვა ხალხს მოვკარი თვალი - ნოდარის ძველ ოთახში ისხდნენ შავ კაბებში გამოწყობილი. მანდილოსნები და სხვა. ვიფიქრე, აზას ნათესავები თუ არიან-მეთქი. "უკაცრავად, ნოდარი არ მოსულა?" "ნოდარი აქ არ ცხოვრობს - მეზობელ ბინაში იკითხეთ. აქ ჩვენ ვცხოვრობთ". გამახსენდა, რომ ამ ათიოდე წლის წინ, ნოდარმა აზა რომ მოიყვანა ცოლად და რატი რომ გაჩნდა, ნინა რომ გარდაიცვალა, მაშინ ნოდარმა თავისი ბინის ნაწილი გაყიდა. ეს შავკაბიანი მანდილოსნები, თუმც ძველებივით გამოიყურებოდნენ, მაინც ახალმოსახლეები იყვნენ - მათ არ იცოდნენ, რომ მე ეს ვიცოდი, და რომ მათზე ბევრად ადრე ვცხოვრობდი ამ ეზოში, ამიტომ ახსნა დამიწყეს, თუ როგორ უნდა მიმეგნო ნოდარის, ჩემი უფროსი მამიდაშვილის ბინისთვის. არ მესიამოვნა, მაგრამ არც მწყენია - მახსენდებოდა სხვენები და სარდაფები, და მომიჯნავე ეზო, ორ ნომერში, სადაც საბავშვო ბაღი იყო და შეუცნობელი შორეული რაიონიდან ჩამოსულ ამ მანდილოსანთა მხედველი ვფიქრობდი, რომ მათ არ იცოდნენ ეს, და მხოლოდ ეგონათ, რომ იცოდნენ. კაცმა რომ თქვას, ეს არც არავინ იცის - რადგან მაშინ ყველასთვის ყველაფერი შეუცნობელი იყო და არც მერე გარკვეულა რამე - თითქოს თავისით წავიდა. ისე, რომ მოპირდაპირე სახლის ადამიანებიც კი ვერასოდეს გავიცანი.. არაფერი მითქვამს. კუთხეს შემოვუარე და შევბრუნდი უკანა ეზოში. იქ ისევ ისხდნენ მეზობლები - უფრო სწორად, ზოგი მეზობელი აღარ ჩანდა, მათ ნაცვლად სხვები გამოსულიყვნენ - და იდგა ძველი პატარა პალმა თუ ფიკუსი - რაღაც შინაური და თვინიერი, ბავშვობიდან ნაცნობი მაგრამ ეგზოტიკური ხე - მოხრილი ხე, აივნის პირველი სართულის მოაჯირთან პირდაპირ ტროპიკებიდან ამოსული. ელენე მეზობლის ბავშვებთან ერთობოდა. ყველაფერი ისე მშვიდად და შინაურად იყო, როგორც ჩემს ბავშვობაში, როცა შეუცნობი ეზოდან სარდაფებში დავძვრებოდით. მეზობლებმა მითხრეს, ნოდარი უკვე მოსულიყო. ნოდარიც გამოვიდა. "შემოდი, აზაც მალე მოვა, ვისადილოთ" - ძმასავით მითხრა და თავის ნათელ და მაღალჭერიან ბინაში შემიპატიჟა. მაგრამ სანამ შევიდოდი, რამდენიმე მეზობლის შეძახილმა შემაჩერა. ერთი მათგანი, მგონი ლილი მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და ვიღაც გოგოსთან - ასაკით ალბათ ჩემს თანატოლთან მიმიყვნა. "აი ეს არის ინა, შენ რომ ერთხელ მათემატიკაში აჯობე. ვერ იცანი?" ვერ ვიცანი. ან რას ვიცნობდი - მაშინ წითურთმიანი პატარა გოგო იყო, ახლა - ფერხორციანი ქალიშვილი. ერთხელ მათემატიკის რაიონულ წერაზე გაგვიყვანეს. ორივე მომზადებული ვიყავით, მაგრამ იოლად ვაჯობე. თუმცა პირველ ადგილზე არც მე გავსულვარ. მაინც ეს ამბავი უფროსებმა აიტაცეს - ყველას ლეგენდასავით ახსოვდა, რომ იყო ამ ეზოში ერთი მაგარი ბიჭი, მათემატიკის კორიფე, რომელმაც თვით ინასაც აჯობა - ეს მე ვიყავი, თუმცა მას მერე მათემატიკასთან აღარასოდეს მქონია საქმე და ინაც არცერთხელ აღარ მენახა. ახლა არ ვიცოდი რა მეთქვა. არაფერი გვაკავშირებდა. ეს უცხო და შეუცნობი ქალიშვილი იყო, ოდნავ წითურთმიანი, ოდნავ ჭორფლიანი - სულ ოდნავშესამჩნევი მწითურობა და ჭორფლი, საკმაოდ ლამაზი, სულ ოდნავ კურდღლის მსგავსი, სულ ოდნავ ღაჟღაჟა, ვარდივით სურნელოვანი და თავისთავადი. "გამარჯობა" - უხერხულად ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს - "ისევ აქ ცხოვრობ?" "ჰო, დედ-მამასთან და დასთან ერთად" - ისე მითხრა, თითქოს ამით ამაყობდა. მასში ბევრი არაქართული იყო - რადგან დედა სლავი ებრაელი ჰყავდა და მამაც რაღაც ასეთი. გვარი არ მახსოვდა. ისე ვიდექით, თითქოს ის ჩემი ბავშვობის მეგობარი ინგა ზაიონცი ყოფილიყოს, მე კი - ჩემივე ბავშვობის მეგობარი კოლია ოსტენ-ბაკენი. "არ შემოხვალ ჩვენთან?" "არ ვიცი" - მივუგე. "დედაჩემმა სუფრა გააწყო. შევიდეთ, ჩემს ნივთებს დაგათვალიერებინებ". მახსოვდა, რაღაც არაჩვეულებრივი ნივთები ჰქონდა: სახლების მოდელები, რომლებსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. სხვადასხვა ფერის კალმები და საღებავები, ჭრელი და იდუმალი ფორმის კალმის საწმენდები, სრულიად უცნაური და შეუცნობი ფერადფურცლიანი ბლოკნოტები, სადაც არავინ იცოდა რა ეწერა. "შემოვალ". მივიხედე ელენესკენ - ხომ არ გაჯიუტდება, ძახილს ხომ არ დამიწყებს, მთაწმინდაზე წაყვანას ხომ არ მომთხოვს გაჯიუტებული-მეთქი. ეს ბავშვი ვერასოდეს იტანდა უყურადღებობას და გუმანით გრძნობდა, როცა მამის ყურადღება სხვა ვინმეზე გადაერთვებოდა, მით უფრო, თუ ეს იქნებოდა ინასნაირი ქალიშვილი. მაგრამ ბავშვი ჩემკენ სულაც არ იხედებოდა - რამდენიმე თავის ტოლ და თავისზე უმცროს გოგო-ბიჭთან ისე გართულიყო თამაშით, რომ აღარც ახსოვდა მამა ჰყავდა თუ არა. ჩანდა, რაღაც ახალ და შეუცნობელ თამაშს თამაშობდნენ, რომელიც სანამ თავისით არ დამთავრდებოდა, მანამდე ყველაფერი დანარჩენის გაფერმკრთალების და გაქარწყლების უნარი ჰქონდა. ის იყო კარში უნდა შევსულიყავი ინასთან ერთად, რომ დედამისმაც გამოიხედა და ასე შემიპატიჟა: "შემოდი, სუფრა გავაწყვე, ჩაის დაგალევინებთ, ლეღვის მურაბა გვაქვს და ალუბლის ნალივკა. დედა როგორ არის?". შევედით. მართლაც მაქმანიან სუფრაზე ეს ყველაფერი იდო ძველებური ლარნაკებით, ფინჯნებით და ბროლის მომცრო გრაფინებით. აქ იყო ინას მამაც - გამხდარი რეიტუზიანი კაცი, რომელიც სულ არ ჰგავდა არც ცოლს და არც შვილს - უფრო სენაკელ ან ჭიათურელ ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელს მოგაგონებდა. თაროებზე მრავლად ეწყო წიგნები. ხელი ჩამომართვა. ეს ნამდვილი ქართველი იყო. "მამაშენი პოლონელი მეგონა" - ვუთხარი ინას, როცა განვმარტოვდით. "არა, მამაჩემი მეგრელია". შიდა ოთახში შევედით, მერე კიდევ უფრო შიდა ოთახში - ეს უკვე ჩვენი ბინის მომიჯნავე ოთახი იყო, რომელიც ადრე ჩაჩხიანებს ეკუთვნოდათ. "აქ ხომ ჩაჩხიანები ცხოვრობდნენ?". "ჰო, გახსოვს?" "მახსოვს. ამ კედლის იქით ჩვენი ბინა იყო" - ჩამუქებულ შპალერიან ძველ კედელს დავადე ხელისგული. "ვიცი". თქვენ როდის შემოხვედით?" "კარგა ხანია. ჩაჩხიანები რომ გადავიდნენ, მამამ მათი ბინა იყიდა. ახლა აქ ჩვენ ვცხოვრობთ". "ამ კედლის იქით კი ჩვენ ვცხოვრობდით" - სინანულით ვთქვი. "ჰო, ახლა იქ ჩხენკელები ცხოვრობენ". ინას დამ გაიარა. მომესალმა და გაიარა. მეც მივესალმე. "სახლების მოდელები ისევ გაქვს?" "მაქვს" "როდის დამათვალიერებინებ?" "როცა გინდა. მე ისეთი აღარ ვარ, როგორიც გახსოვარ!" - მოულოდნელად თითქოს რაღაცამ გამოხეთქა მის შიგნიდან, ოდნავ წამოწითლდა. "აბა როგორი ხარ?" "ზრდასრული ქალი ვარ. ლექსებს ვწერ რუსულად, პოლონურად, ებრაულად და ქართულად, მუსიკას ვუსმენ, ვუკრავ და მე თვითონაც ვქმნი". "მეც ვწერ ლექსებს". "რა ენაზე?" "ქართულად. მე სხვა ენა არ ვიცი". ღიმილით შემომხედა: "ბაღში ჩავიდეთ". ჩავედით ბაღში. აქ სხვა ორი ბინის ფანჯრებთან ერთად ჩვენი ძველი შუშაბანდის ფანჯრებიც გამოდიოდა. სპარსული იასამანი კვლავ სურნელს აფრქვევდა მზეზე, მაღალი და მუქი კვიპაროსიც ისევ იქ იდგა. "რა ენაზე ლაპარაკობ?" გაკვირვებული სიცილით ეკითხებოდა იასამანი კვიპაროსს. კვიპაროსის კენწერო ოდნავ ირხეოდა მაღლა. ეს მდუმარე საფლავების და გახუნებული ცის მდუმარე ენა იყო. "წიგნები გიყვარს?" მოულოდნელად მკითხა. "მიყვარს". "ბევრს კითხულობ?" წამით შევყოვნდი (როგორი ვარ?) "ბევრს" - ვთქვი მერე. "მეც. მე ჩუკოვსკი მიყვარს, გორკი, სენკევიჩი და დანტე" - ასე ჩამოთვალა, თან სურნელოვნად და ღრმად სუნთქავდა და სახე სულ ახლოს ჰქონდა ჩემი სახიდან - "კომპოზიტორებში კი - ოგინსკი და შოპენი." უცნაურია - ვიფიქრე - სად გორკი და სად დანტე? უცნაურია მისი გემოვნება, ეს რაღაც შეუცნობი გემოვნებაა, საიდანღაც, წარმოუდგენელი ფსიქიკის სიღრმეებიდან დაბადებული. მაგრამ ამაზე უარესი ის არის, რომ მე არცერთი ეს მწერალი არ წამიკითხავს. ხომ შეიძლება ახლა მათი წიგნებიდან ადგილების მოტანა დაიწყოს, რა უნდა ვუპასუხო, ხომ იფიქრებს, რომ უწიგნური ვარ. არადა ყოველთვის მეგონა ველაფერი წაკითხული მქონდა. "შენ რა გიყვარს?" "არაფერი" - მივუგე და თავი ოდნავ შევარხიე. საკმაოდ მჭმუნვარედ გამომივიდა. მეზობელ ეზოდან ბავშვების ხმა ისმოდა - იქ ძველი და უცნობი საბავშვო ბაღი იყო. მზემ დააცხუნა. ინას ქერა წამწამებს ახლოს ვხედავდი. და სახეს, საიდანაც თითქოს რაღაცა გამოხეთქვას ლამობდა. პირი ახლოს მომიტანა და ტუჩებში მაკოცა. მეც ვაკოცე. ერთმანეთს მოვეხვიეთ და ვიდექით. შემხედა, კმაყოფილებით, მკერდის სიღრმიდან გაიცინა და ისევ კოცნა დავიწყეთ - თითქოს მზემ შეიპყრო ისიც და ოდნავ - მეც. უფრო სწორად, მე მზემ კი არა, იმისმა შეპყრობილობამ შემიპყრო, რომ იქვე ახლოს მეგულებოდა გრილი და ბინდიანი, შეუცნობი სადარბაზოები, სხვენები და სარდაფები, ის კი ასეთი ცხელი და ვარდის სურნელოვანი იყო, რომ ასე ახლოს სუნთქავდა - სხვა ადამიანი სხვა ადამიანის პირში. ამავე დროს იგრძნობოდა, რომ არავინ ყავდა. არცერთი კაცი შეყვარებული. მე მას არ ვუყვარდი. არც მე მიყვარდა. მიუხედავად ამისა, იქ იმ ძველი ბაღის ბინდიან სარდაფში თავშეუკავებლად შევყევით სიყვარულს. ვარდისფერი და ნამიანი ტუჩები ჰქონდა, და სხვა ყველაფერიც. ის თავდავიწყებით ეძლეოდა ვნებას - იგრძნობოდა, რომ მე მისთვის პირველი და მეორე კაცი არ ვიყავი. მე კი ჩემი ცოლ-შვილის მოგონება მტანჯავდა და, ერთი მხრივ, თითქოს ფესვებით რაღაც ჯოჯოხეთი მიხვევდა, მეორე მხრივ კი ჩემი გონება თითქოს დაუსრულებლად უტრიალებდა რაღაც ამოუხსნელ მათემატიკურ ამოცანას.




წაიკითხეთ მალხაზ ხარბედიას – სიტყვები ზაზა თვარაძეზე

ანდრო ბუაჩიძის მოგონება.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა თვარაძე   Tue Nov 01, 2011 12:00 pm



წიგნის დასახელება – "პილიგრიმი" (ლექსები)
ავტორი – ზაზა თვარაძე
პროექტი – "ახალი ქართული ლიტერატურა", ტომი მეშვიდე
პროექტის იდეა – ბესო ხვედელიძე
სარედაქციიო ჯგუფი – ზაალ ჩხეიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე
შემდგენელი – მანანა ჯიქია
სტილისტი – ლალი ჭინჭარაული
კორექტორები – სვეტა კვარაცხელია, მარინა ინანიშვილი, მანანა დაუშვილი
გარეკანის დიზაინი – ანო კიკიჩეიშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - დათო მოსიაშვილი
გამომცემლობა - “პალიტრა L"
გამოცემის წელი - 2011
გვერდების რაოდენობა – 320
ყდა – რბილი
ISSN - 2233-3010
ISBN – 978-9941-193-88-0
UDC (უაკ) 821. 353. 1-1
ფასი – 3.00 ლარი (ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრასტან" ერთად – 5.00 ლარი)



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა თვარაძე   Sun Nov 13, 2011 10:24 am



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა თვარაძე   Wed Nov 16, 2011 3:49 pm



ISBN: 978-9941-15-296-2
კატეგორიები: ქართული პროზა
ტეგები:
გვერდების რაოდენობა: 280
ყდა: მაგარი
ფორმატი: 15X22
გამოცემის თარიღი: 2011
წონა: 0.411კგ
ფასი: 13.9 ლარი

”სიტყვები” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პირველად 2005 წელს, ავტორის სიცოცხლეშივე გამოსცა სერიაში ”ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”. ავტორი წიგნის გამოსვლის შემდეგაც აქტიურად მუშაობდა ტექსტზე, თუმცა ახალი რედაქციის გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო. წინამდებარე გამოცემა ”სიტყვების” სრული ვერსიაა და მწერლის გარდაცვალების შემდეგ პირველად იბეჭდება.

რომანის მთავარი გმირი, ერთ ჩვეულებრივ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ერთ დღეს მეგობართან ერთად აღმოაჩენს უცნაურ ჯიხურს _ ”სანეტარო კანტორას”, სადაც შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რაც ნეტარებას მიანიჭებს - ნარკოტიკსაც კი. თუმცა, ის ყიდულობს ზარდახშას, რომელშიც სიტყვებია თავმოყრილი. წიგნის გმირი თანდათან სწავლობს ჰაერში მოლივლივე სიტყვებთან ურთიერთობას და მათი დახმარებით ქმნის არა მხოლოდ ცალკეულ წინადადებებს, არამედ უჩვეულო და შთამბეჭდავ ნაწარმოებსაც კი.

”სიტყვები” სამი ნაწილისგან შედგება და დახვეწილი ენითა და უჩვეულო სიუჟეტით გამოირჩევა.

ბმული – http://sulakauri.ge/books/single/470/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზაზა თვარაძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ზაზა თვარაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: