არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირაკლი ლომოური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირაკლი ლომოური   Tue May 04, 2010 3:21 pm



ირაკლი ლომოური - Irakli Lomouri – http://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_ლომოური –

პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი.

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, "საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში". 1992 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ ლექტორად დატოვეს – ლექციებს დღემდე კითხულობს.
სხვადასხვა დროს თბილისის რამდენიმე სკოლასა და გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიასა და საღვთო სჯულს.
პერიოდიკაში იბეჭდება 1982 წლიდან.
გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული:

* "შემთხვევა" (2000)
* "ექსლიბრისი" (2003) - ISBN 99928-30-45-X
* "სიტყვაკაზმული კაქტუსი" (2005)
* "პარალელური საქართველოს ქრონიკები" (2011) - ISBN 978–9941–0–1896–1

და ორი დეტექტიური რომანი:



* "მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში" (2007) – ISBN 978-99940-53-52-0


* "ქალაქ ტფილისის მარკა, ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში" (2008) – ISBN 978-99940-53-82-7

ასევე საბავშვო წიგნი:

* "33 სახალისო რითმოცანა" (ლექსები ბავშვებისათვის) (2009) - ISBN 978-99940-42-32-6

იყო სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო" (Save The Children-ის და "ტელეიმედის" ერთობლივი პროექტი).
დაწერილი აქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, მარჯანიშვილის - ალექსი ჯაყელთან თანაავტორობით - და "ზღაპრის თეატრში") და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში).
ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული აქვს ო'ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული (2009 – ISBN 978-99940-42-52-4) და მარიო პიუზოს რომანი "ნათლია" ( 2007 - ISBN 978-999-40-24-03-2).
მერაბ კოკოჩაშვილმა მისი მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "უსუი" - http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=916






Last edited by Admin on Sat Apr 12, 2014 1:11 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue May 04, 2010 3:25 pm


მხატვარი ჯემალ ლოლუა - ილუსტრაცია მოთხრობისათვის "შემთხვევა".

შემთხვევა

ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში, გაჩერებაზე „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“. ბაქანზე ოც კაცამდე თუ იქნებოდა (სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევა-ძიებამ ვერ დაადგინა, ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე ცხრამეტნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, თავდაპირველად ოცი კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს ჩვიდმეტი მგზავრის და მეტროპოლიტენის ორი მუშაკის ჩვენებები).
3 საათსა და 1 წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ „წერეთლის მოედნისაკენ“.
3 საათსა და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია.
ლიანდაგზე აქლემების ქარავანი მოდიოდა.
წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აქლემი. თეთრ ხილაბანდში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ, თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი მშვიდი და მკაცრი ჰქონდა. მას მოჰყვებოდნენ მძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აქლემები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ, სახეებზე გულგრილ, გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ.
მძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ.
სულ ათიდან ოცდაათამდე აქლემი იყო (ამ საკითხში ჩვენებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს).
უკანასკნელ აქლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა (?! — ესეც გაურკვეველი მომენტია).
ქარავნის ფეხის ხმა ყრუ დგაფუნივით ისმოდა, დადგა ზოოპარკის, ოფლის მძაფრი და მჟავე სუნი.
3 საათსა და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა.
3 საათსა და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც, რასაკვირველია, არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანეს და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ.
ბაქანზე მყოფი ცხრამეტი ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილე-ბას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით.
სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოზ გობრონის ძე გიგაურს (34 წლის, უმუშევარი, გამოუსწორებელი ლოთი და მუქთახორა, ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისთვის), რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. 3 საათსა და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა, ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა. იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გული შეუწუხდა.
ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს (37 წლის, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი, გაუთხოვარი) დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და მშობიარობა (უნდა აღინიშნოს, ჯანიაშვილი ამტკიცებს, თითქოს იგი არამცთუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო).
ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა (51 წლის, დიასახლისი) გონებამიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა (ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით, თუმცა კომოციო სუსტი ფორმისა მიიღო).
მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცვივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილური სურვილით, აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა, ერთდროულად კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს წაუვიდა გული (რვა ქალსა და ექვს მამაკაცს), ხოლო ვინმე პავლე მიტროფანეს-ძე პეტროვი (67 წლის, პენსიონერი) მუხლებზე დაემხო და მხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო, თან მკერდში გამეტებით იცემდა მჯიღს.
ჯუმბერ მარლენის-ძე ქობულაშვილს (42 წლის, პარტიული, თბილკოოპვაჭრობის #20 მაღაზიის გამგე), თმები გაუთეთრდა, გასცვივდა და კვლავ ამოუვიდა ერთი წუთის განმავლობაში.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი (26 წლის, კომკავშირელი, სპი-ს სტუდენტი), რომელიც ის იყო ბაქანზე შემოვიდა და რომელიც მართლაც რომ ქების ღირსია. მან მსწრაფლ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც, შემდეგ შეძლებისდაგვარად მიეხმარა ჯანიაშვილს.
ნახევარ საათში ცხრამეტივე დაზარალებული და ახალშობილი (ბიჭი, 4 კგ) მორიგე საავადმყოფოში მოა-თავსეს.
აღიძრა საქმე, დაიწყო ძიება.
ოპერატიულმა ჯგუფმა კაპიტან ამირან ტოროშელიძის მეთაურობით შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი, და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთადერთი მატერიალური საბუთი, რომელიც გარკვეულწილად ადასტურებდა ცხრამეტი მოქალაქის მონათხრობს, — მოშავო-მოყავისფრო ფერის, მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე მკვრივი კონსისტენციის ნივთიერება (500 გრ).
საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი (სავსებით დასაშვებია, აქლემისაც).
დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად, რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს.
გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არცერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა (ასე მაგალითად, ჯ.მ. ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, გ.გ. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში, ს.ჯ. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა, ა.ტ. ლაბაძეს ჰყოლია ოთხი ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ. თითქმის ყველას აღმოაჩნდა სათქმელი და მოსანანიებელი. უნდა ვივარაუდოთ, ასეთი უპრეცედენტო გულახდილობა გამოიწვია ნერვულმა შოკმა).
ვერაფრით ვერ გაირკვა, ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ ამბის მეოცე მონაწილე და თუ არსებობდა, სად გაქრა. მოქალაქე ირინე გრიგოლის ასული დვალიშვილი (19 წლის, კომკავშირელი, თსუ-ს სტუდენტი), რომელმაც ყველაზე სრულად აღწერა მისი გარეგნობა (მაღალი, გამხდარი, გაბურძგნული შავი თმებით, გაუპარსავი, ჯინსებიან-ტყავისქურთუკიანი, 20-22 წლის), ამტკიცებს, რომ უცნობი ქარავანს გაჰყვა, მაგრამ დანარჩენი ჩვენებები ამას უარყოფენ.
კომისიამ და სპეციალურმა ჯგუფმა 3 თვის მუშაობის შემდეგ ფენომენი მასობრივი ჰიპნოზით ახსნა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ვერ მიუთითებს გვირაბში ექსკრემენტის გაჩენის დამაჯერებელ მიზეზს.
საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა.
ქალაქში მითქმა-მოთქმა და ჭორები კიდევ დიდხანს ვრცელდებოდა. ზოგიერთი ამ ამბავს პლანეტების აღლუმს აბრალებდა, ზოგი ინფრაბგერებს, და ზოგიც ბერმუდის სამკუთხედს ან მფრინავ თეფშებს.
ნელ-ნელა ცხრამეტივე მოქალაქე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, დრომ და განსაკუთრებულმა მკურნალობამ თავისი გაიტანა (დანაშაულებანი აპატიეს, გაითვალისწინეს რა დაზარალებულთა მძიმე სულიერი მდგომარეობა). გიგაური გამოსწორდა, ქობულაშვილიც, ყარალაშვილიც, ლაბაძეც და სხვებიც, მხოლოდ გაგლოევას არ ეშველა არაფერი, კვლავაც ჩივის და მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით. ჯანიაშვილის ბავშვი (რომელსაც რატომღაც მაჰმუდი დაარქვა), მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა უმამოდ კი იზრდება. ყველანი კარგად არიან, მხოლოდ მეტროს ერიდებიან და აღარ სარგებლო-ბენ მიმოსვლის ამ სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებით, თუმცა ეს არცაა ალბათ გასაკვირი.
არის გამონაკლისიც. დვალიშვილი ყოველ დღე ჩადის „პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ ბაქანზე და დიდხანს რჩება იქ უსაქმოდ, თითქოს ვიღაცას ელოდება. ვის ელოდება?! ან რას ელოდება?!


1981



study


Last edited by Admin on Mon Oct 28, 2013 11:19 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue May 04, 2010 3:37 pm



ბიბოლი
(ციკლიდან “ყველა გზა ბედლამში მიდის”)

ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ახალი თამაში გამოვიგონე, ძაან ახალი!
არც გაგონილი, არც ნანახი!
სიზმარშიც რო არავის მოლანდებია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ახალი თამაშის გამოგონება იგივე ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა არ არი?
ანდა,.. მმ,.. უკვდავების წამლისა?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
შემეძლო ჩემი სახელი დამერქმია, მაგრამ არა, არ დავარქვი! ის კი არა ვარ, ვიღაც მაკვირია თუ პაკაზუხაი!
აი, ჰო შემეძლო ბიბილაბურთი დამერქმია. ბიბილაშვილი ვარ გვარად, გიო.
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მიტომ დავარქვი ბიბოლი, რო ორი ბურთით არი თამაში. “ბი” ხო ორსა ნიშნავს ლათინურადა. გვარი არაფერ შუაშია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ჩვენებურად, ქართულად, _ ორბურთი. აი, ფუტბოლი ხო არი საერთაშორისო? ჩვენთვის კიდევა, ფეხბურთია,.. ჰოდა, ეგრე რა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბ...
რას ავიკვიატე ეს ბიბოლი?!
ნუ მაწყვეტინებ, ბურატინო, გენაცვალე! შენ ისიც გეყოფა, საწყალი ქვიშის საათი რო გაგვიტეხე! ხმას როგორ იღებ, ერთი ვიცოდე, სირცხვილითა?!
ორი ბურთი რა საჭიროა?
როგორ თუ რა საჭიროა?!
ორი გუნდია, ორი კარია, მა ბურთი რატომ უნდა იყოს ერთი?!
ხო მარტივია, თითქოს, მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ იაზრა! ვერავინა!
ტყუილად კი არ ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივიაო!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ორი ბურთით რა თამაში გამოვა?
ორი ბურთით გამოვა, თუ გამოვა!
სხვადასხვა ფერის ბურთებია. იმ ფერისა, რა ფერის მაისურებიც აცვიათ,.. ბიბოლისტებსა! აი, ვთქვათ, ლურჯების ბურთი ლურჯია, თეთრების კიდევა _ თეთრი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ხო მიხვდით, ესე უფრო საინტერესო თამაში გამოვა! ფეხბურთზე ორჯერ უფრო საინტერესო! ორჯერ უფრო დაძაბული! ორი გოლი შეიძლება გავიდეს ერთდროულად! ორივე კარში! ანდა ორივე _ ერთში!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ორ გოლს ორ კარში ერთდროულად როგორ ვუყუროთ?
რას ნიშნავს, როგორ?! ორი თვალი არა გაქვს, ბურატინო, გენაცვალე?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ტელეეკრანზე?
რა, ტელეეკრანზე?
ეკრანი ხომ ერთიაო?
მმმ... აი, რა, გაყონ ეკრანი ორადა და ერთ ნახევარზე ერთი ბურთით თამაში აჩვენონ, მეორეზე _ მეორეთი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მოწინააღმდეგეს იმის ფერის ბურთს თუ გაუტან, ორად გეთვლება!
რატომ?
იმიტომ, ბურატინო, გენაცვალე, რო უნდა წაართვა და შეუგდო! შენი ბურთი კიდევ ისედაც შენა გაქვს თავიდანვე. გაიგე?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
თან როგორი რთული თამაშია, წარმოიდგინე, გუნდი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. თითო გუნდი – ორ-ორადა. ერთი, რომელიც თავისი ბურთით უტევს მოწინააღმდეგის კარსა, გოლი რომ გაუტანოს! მეორე კიდევა _ მოწინააღმდეგეს ართმევს ბურთს, გოლი რომ გაუტანოს!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მაგრამ მოწინააღმდეგის ბურთი ჰო უფრო ძვირადა ფასობს, ამიტო გუნდი თანაბარ ნაწილებად კი არ დაიყოფა _ ხუთი ხუთზე. არა, უფრო მეტი ბიბოლისტი ბურთი წართმევას ეცდება, გოლი რომ გაუტანოს იმათივე ბურთითა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლი ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში სახელს გაუთქვამს! აბა, წარმოიდგინე, ფეხბურთზე ორჯერ უფრო საინტერესო, დაძაბული, სწრაფი და ისა,.. აზარტული თამაში! გაგიჟდება მსოფლიო! გადაირევა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლი მსოფლიოს დაპყრობს!
და გვეშველება!
ბიბოლი გაგვაერთიანებს!
ბიბოლი გაგვამართლებს!
ბიბოლი გვიხსნის და გადაგვარჩენს!
ბიბოლის სამშობლო კიდევა მსოფლიო,.. მმ,.. კულტურისა და ცივილიზაციის ახალი კერა გახდება! ცენტრიცა და ეპიცენტრიცა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ყველგან მოეწყობა ბიბოლის ბაზები!
ყველა ქართველი გაივლის აუცილებელ მომზადებას ბიბოლში!
არა მარტო მამაკაცი! ქალიც, ბავშვიც და მოხუციცა!
და აღარავინ იდგება სოფლის ბირჟაზე,.. დოინჯიან დოქივითა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ბიბოლბურგში,.. ასე დაერქმევა ჩვენს დედა-თბილისსა,.. გაიმართება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ბიბოლში!
და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები გავხდებით!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
საქართველოს ბიბოლენდი დაერქმევა!
ყოველ ქართველს კიდევ, ბიბოლა!
რას იცინი, ბურატინო, გენაცვალე?
რა არი აქ სასაცილო?!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ვიცხოვრებთ,.. ბობოლებივით!
ისევ იცინი, ბურატინო?!
რაო, არ გჯერა, გენაცვალე? შენ ხის თავში არაფერი არ უნდა შევიდეს?!
მილიონებს მოგვიტანს ბიბოლი! მილიონებსა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლენდის ეროვნული ნაკრები გუნდის კაპიტანი კიდევა საქართველოს პრეზიდენტიც გახდება! კაპიტნობის ღირსი ხო ყველაზე მაგარი ბიბოლისტი იქნება! და, ესე იგი, პრეზიდენტობისაც!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
აბა, ნახეთ, ბიბოლის გუნდის კაპიტანს რა ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი! თან შეტევის ორგანიზებას აკეთებს, თანაც _ დაცვისა! ერთდოულად ორ ფრონტზე ხელმძღვანელობს ბრძოლას! ძალების გადაჯგუფებას ელვისებურად ახდენს! ნამდვილი სტრატეგია! გენერალისიმუსი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ეგეთი მაგარი კაპიტან-პეზიდენტი მერე მსოფლიოს პრეზიდენტიც გახდება!
როგორა?
როგორა და, მსოფლიოში ყველა მიხვდება _ თუ ბიბოლშია ყველაზე მაგარი, ესე იგი, ცხოვრებაშიც ჩემპიონია! ყოველმხრივ! ყველაფერშიდა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და საქართველოს,.. არა, ბიბოლენდის პრეზიდენტი გაერთიანებული მსოფლიოს პირველ პრეზიდენტადაც გამოცხადდება!
და დედამიწას,.. ბიბოლმიწა დაერქმევა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
კი, ნამდვილად, ბიბოლი მსოფლიოსაც გაერთიანებს! ისევე, როგორც მანამდე ჩვენი ქვეყანა გააერთიანა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და აღარ იქნება ომი! შეიარაღებული კონფლიქტები!
აღარ იქნება უბედურება! გაჭირვება და შიმშილი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
უკვე გავაგზავნე დაზღვეული წერილები გაეროში! ევროსაბჭოში! ნატოში!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და კიდევა, პირადად ინგლისის დედოფალს!
პირადად იაპონიის იმპერატორს!
პირადად ესპანეთის მეფეს!
არც იქაური ბაგრატიონები დამვიწყებია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ეგენი არაფერს არა სწყვეტენო?!
ეგ თქვენა გგონიათ, გენაცვალე, რომ არა სწყვეტენ!
აბა, ვინ სწყვეტს, ოთხი წლით არჩეული ვლადიმერ ბუში?!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ვინ იქნება პირველი კაპიტან-პრეზიდენტი?
რას მეკითხები, ბურატინო, გენაცვალე?
როგორ თუ ვინ?!
ბიბოლის გამომგონებელი, ცხადია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ანუ პირველი ბიბოლისტი მსოფლიოში! ვისაც ღამეები უთენებია ბიბოლის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ფიქრითა!
ბიბოლის მსოლიო-ისტორიულ მისიაზე ფიქრითა!!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და როგორ ვითამაშებ ბიბოლს ცალი ფეხით?
ცალი ფეხით?!
ჰოო...
მე ხო ფეხი არა მაქვს...
ეგ მართალია.
ჩემს მოწაფეებს ვასწავლიდი ბიბოლსა. ფიზკულტურის მასწავლებელი ვიყავი.
სუ პირველი თამაში გვქონდა. მსოფლიოს ისტორიაში!
სოფლის განაპირას.
ჰოდა, ბურთი გადავარდა ხევში.
აი, სადაც ბილიკი გადის.
ჰო, წყაროზე მისასვლელი.
ერთი ოროსანი, ღრეჭელა ბალღი ჩავგზავნე.
მაინც ტყუილა ყურყუტებდა.
ბუკაკა-ლენჩი იყო,.. არც ვათამაშებდი.
იდგა და გვიყურებდა.
ჰოდა, ის გავუშვი, ბურთი ამაიტანე-მეთქი.
გაიქცა, კი არ დეეზარა.
უცებ ყვირის _ გიო მასწ!
რა იყო მეთქი?
ნაღმზე ვარო!
ნუ მატყუებ, შვილოსა, თორე ჩამოვალ და სიგრძეს სიგანედ გიქცევ-მეთქი!
არა, გიო მასწ, დედას გეფიცები, მამასაცაო, არ გატყუებ! მართლა ნაღმზე ვარ!
გავშრი კაცი, _ ეს ღრეჭელა ბალღი ხო ორთამხრივ ობოლი იყო, _ არეულობისას ჩვენების ბომბი დეეცა იმათ სახლსა და მაშინ ამოუწყდა დედ-მამა.
ჰო, ჩვენების ბომბი, თორემა ჯერ სადა ჰქონდათ მაშინ ოსებს არტილერია.
ჰოდა, დავუყვირე – დაიცა, ბიჭო, მანდ დაიცა, სოფლის სადადანო არ გამხადო-მეთქი!
ჰოდა, ჩავედი.
ამოსაყვანადა.
მართალია, ფეხი არა მაქვს, მაგრამ,..
ბიბოლს განა ფეხით თამაშობენ?
აბა, რით?
გულით, ბურატინო, გულით!


***
ირაკლი ლომოურის სხვა მოთრობებს ნახავთ აქ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Thu Dec 23, 2010 10:06 am


ირაკლი ლომოური, თავისი შვილი, მიხო მოსულიშვილი და გიო კილაძე

ირაკლი ლომოური

ჩავეგურამოთ ერთმანეთს!

გურამ გაბიძაშვილზე სათქმელი თუ მოსაყოლი უამრავია, მაგრამ უპირველესად მახსენდება _ და არასოდეს დამავიწყდება _ როგორ ვიყავით ერთად დერჩში, მის სოფელში... ეს პატარა მოგონება თითქოს ერთგვარი ”რეპორეტაჟია” თუ “ანგარიში” იმ დროებისა _ სანუკვარი რომაა ჩემთვის და თანაც, დაწყევლილი _ სულის “ანგარიში”... უფრო ზუსტად კი, სულის ამოძახილი... თუმცა სიტყვები არაა მთავარი... მთავარია, რაც სიტყვებს მიღმაა... ...სახელი “დერჩი” ჩემს ცნობიერებაში 12-13 წლის ასაკიდან შემოვიდა, არადა ლეჩხუმთან კავშირი არა მქონია... გურამი სტუდენტობისას გავიცანი, მაგრამ მის მშობლიურ სოფელში პირველად 2010 წლის ივნისში აღმოვჩნდი... მაშ, საიდან ვიცოდი დერჩი? საქმე ისაა, რომ ბიძინა მინდაძეს, ჩემს ცხონებულ სიძეს (დის ქმარს) ჰყავდა მეგობარი, ცხონებული დათო ასათიანი (არ აგერიოთ ამ კრებულის ერთ-ერთ ავტორში, ჩვენს მეგობარ დათო ასათიანში (ანუ აშოტაში) _ ჯვარი სწერია, დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა!) რომელსაც დერჩში საგვარეულო სახლი ედგა. ბიძინა, დათო და მათი ძმაკაცები დერჩს ხშირად ახსენებდნენ (მე კი მათ ხელში, ანუ მათი შემყურე ვიზრდებოდი – 12 წლისა ვიყავი, ჩემი და რომ გათხოვდა). ბიძინას ლექსიც აქვს დერჩზე (არაჩვეულებრივი პიროვნება იყო _ პოეტი და ექიმი). ღმერთო, აღარც გურამია, აღარც ბიძინა... და კიდევ რამდენი საყვარელი კაცი მყავს ასე ჩამოსათვლელი... გენა, ჯუზე, ნუგზარ შატაიძე, ზაზა თვარაძე, ზაზა ჩარკვიანი, ალიკო ქურდიანი... U უფალო, შეიწყალე მათი სულები... დაუმკვიდრე სასუფეველი... ...ერთი სიტყვით, ჩემთვის დერჩი მეგობრის სოფელში გატარებული საუკეთესო დროების სიმბოლო ჯერ კიდევ მანამდე გახდა, სანამ გურამს გავიცნობდი... 2010 წელს გურამმა, დათო ასათიანმა (აშოტამ) და მე ორი კვირა გავატარეთ დერჩში... სიზმარივით მასხსენდება... ეხლაღა ვხვდები, თურმე რა ბედნიერები ვიყავით მაშინ... თავიდან გურამის დაბადების დღე გადავიხადეთ _ 2010 წლის 30 ივნისს ორმოცდაათი წლისა შესრულდა. იუბილე დერჩში აღინიშნა _ მართლაც, უკეთეს ადგილას სად წაგვიყვანდა მეგობრებს? სულ ცოტა, ორმოცდაათი კაცი მაინც ვიყავით _ და კიდევ, ალბათ, ამდენივე ვერ ჩამოვიდა... ულამაზესი, უნაღდესი დაბადების დღე იყო... ეზოში ვეება, მომწვანო, გუმბათვით ტენტი გაიშალა (სოსო ბანძელაძემ საექსპედიციოდ რომ შეიძინაP_ “სეფა” ნამდვილად არ ეთქმოდა, ამ სიტყვის ტრადიციული და უსიმპატიო გაგებით. უფრო ძმობა-მეგობრობის თანამედროვე, მოდერნისტულ “ტაძრად” შეიძლებოდა აღგექვა). ისეთი ნადიმი იყო, ისეთი სიმღერა, ისეთი სადღეგრძელო და სიტყვა-პასუხი, ისეთი მხიარულება და ურთიერთსიყვარული, სიტყვით ვერ გადმოვცემ. ამიტომ მხოლოდ გეტყვით _ სუფრას მიშკა ჩიკვილაძე უძღვებოდა, სიმღერით კი ანსამბლ “ფაზისის” ბიჭები მღეროდნენ (ასევე გურამის მეგობრები)... პურ-მარილი სანაქებო იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ უგემრიელესი კერძების მომზადებასა და სუფრის გაშლაში ლომის წილი ედო გურამის მეზობლებს, არაჩვეულებრივად გულისხმიერ, კეთილ, ღირსეულ ხალხს. თუმცა გურამის დერჩელი მეზობლები ცალკე თემაა... სიტყვა “თემა” გურამს მეტად უყვარდა. არა, უყვარს, რადგან მჯერა, ცოცხალია და იმედი მაქვს, შევხვდებით. მარადისობაში... ეს მაძლებინებს. გურამის მამული _ კარ-მიდამო _ ასევე ცალკე თემაა, რადგან გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, წალკოტია. წარმოიდგინეთ ხასხასა მწვანე ბალახით დაფარული უზარმაზარი ეზო, სადაც დიდრონი კაკლის ხეები დგას. იქვეა ჭა _ უგემრიელესი, ყინულივით ცივი წყლით. ხეებს შორის ჰამაკებია გაჭიმული. ხის ქვეშ, ჩრდილში დიდი მაგიდაა... სიმყუდროვეა და სიგრილე... და ამ სავანეს ხვამლის მთა დაჰყურებს... გურამისთვის უპირველესი თემა, რა თქმა უნდა, ხვამლი იყო _ თემათა თემა... M მხოლოდ ჭეშმარიტ რიმანტიკოსს, სულით პოეტს, ნამდვილ ენთუზიასტს, ლაღსა და თავისუფალ ადამიანს შეეძლო ხვამლის “აღმოჩენა”, “გაცოცხლება” და საზოგადოების ცნობიერებაში შემოყვანა... რამდენიმე წლის წინათ ხვამლის შესახებ პრაქტიკულად არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ძნელად თუ მოიძებნება კაცი, რომელისაც ამ საოცარი მთის შესახებ არა სმენია... თქმა არ უნდა, ეს გურამის ძალისხმევის, მისი ენერგიული და საქმიანი მცდელობის, მისი ექსპედიციის დამსახურებაა... არადა, გურამის ზოგიერთ კოლეგას ირონიულად ეღიმებოდა, როდესაც ხვამლის მთასთან დაკავშირებულ მის თეორიებს ისმენდა _ მეტისმეტი ფანტაზიებიაო... მაგრამ გავიხსენოთ _ შლიმანიც ფუჭ მეოცნებედ მიაჩნდათ მის თანამედრივე “სერიოზულ” მეცნიერებს... გურამი მეცნიერების დაკანონებულ, გაქვავებულ, ე.წ. “აკადემიურ” ჩარჩოებში ვერ ეტეოდა _ ჩვენს აზროვნებაში საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილ სტერეოტიპებსა და კლიშეებს ანგრევდა თამაშ-თამაშ... ნებისმიერ სფეროში _ ხელოვნება იქნება თუ მეცნიერება _ გზის გამკვალავი, პირველაღმომჩენი ყოველთვის ასეთი მეოცნებე ადამიანია... თამამი, ლაღი, შემართული... გურამს არავის და არაფრის არ ეშინოდა _ არანაირი “ავტორიტეტების”... და უკვე ამიტომ იყო დიდი კაცი... დიდი პიროვნება... და თან რამხელა გული ჰქონდა? რამხელა სიყვარულს იტევდა? არაერთ არქეოლოგს ვიცნობ, ბევრ ექსპედიციაში ვყოფილვარ (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე თვითონაც ვარქეოლოგობდი ერთხანს), მაგრამ არცერთისგან არ გამიგია ის, რასაც გურამი ხშირად იმეორებდა: “დიდი აღმოჩენები კეთდება იქ, სადაც ბავშვები არიან”... და ჩვენი შვილები, მეგობრების შვილები დაჰყავდა ექსპედიციაში... და არა მარტო ჩვენი, მეგობრების, არამედ, რაც მთავარია, ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც... სხვათა შორის, არაჩვეულებრივი ბავშვები ყოფილან! (დერჩში გავიცანი). გურამს სურდა, ეს ბავშვები ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი ქართველები გამოსულიყვნენ... ამისთვის საქმით ზრუნავდა _ თავისი ცხოვრებით _ და არა მხოლოდ სიტყვით... ლაპარაკი ადვილია... გურამი საქმის კაცი იყო, ნაღდი, უღალატო... ვინც გურამს პირადად იცნობდა, მისთვის ჩემი ეს დახასიათება ზედმეტია... ხოლო ვინც არ იცნობდა, მაინც ვერ წარმოიდგენს ბოლომდე _ რაც უნდა დავწერო, სულერთია _ რაოდენ ადამიანური ადამიანი, რაოდენ მაგარი კაცი იყო... ამიტომაც ვთქვი თავიდანვე _ მთავარი სიტყვების მიღმაა... შეხედეთ ხვამლის მთას, შეხედეთ გურამის ფოტოს და გული გიკარნახებთ, გული გაცნობებთ, თუ რა საოცარი, რა საყვარელი კაცია გურამი... ...ამ ყველფერს მონასტერში ვწერ დერჩიდან წამოღებულ, გურამის მოცემულ თაბახის ქათქათა ფურცლებზე... სენაკში ვზივარ მარტო და მეტირება... ვიცი, გადამეტებული გლოვა არაქრისტიანულია, ყველანი წავალთ იმქვეყნად, მაგრამ რა ვქნა... რა ვქნა... რა ვქნა... ოო, როგორ მიხაროდა, რა ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი შვილები _ 14 წლის ილიკო და 8 წლის ლევანი _ გურამთან იყვნენ ექსპედიციაში... მიხაროდა, რადგან ვფიქრობდი, რაც ჩემთვის ბიძინა და მისი მეგობრები იყვნენ, ჩემი ბიჭებისთვის გურამი და მისი საძმო იქნებოდა... ვაი, რომ არ დაგვცალდა... ...მანამდე კი გურამის დაბადების დღე აღვნიშნეთ... როცა მეორე-მესამე დღეს სტუმრები და გურამის უმშვენიერესი ქალიშვილები თავის დაქალებიანა წავიდ- წამოვიდნენ, დავრჩით სამი კაცი და და ორი 14 წლის ბიჭი: გურამი, აშოტა, გურამის გარდაცვლილი ძმის, დათოს შვილი ლუკა, მისი მეგობარი სანდრო და მე (ჩემი შვილები დერჩში მოგვიანებით, ივლისის ბოლოს ავიყვანე)... იმისთვის, უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი იმ ორი კვირის განმავლობაში, გეტყვით: როდესაც თბილისიდან ცოლი დამირეკავდა ხოლმე გურამის მობილურზე (ჩემი არ იჭერდა _ ჯეოსელი ლეჩხუმს რატომღაც ვერ ფარავს) და ტრაფარეტულ კითხვას დამისვამდა “როგორ ხარ?” სრულიად არატრაფარეტულად ვპასუხობდი: “გადასარევად, როგორც სამოთხეში!” გგონიათ ვაზვიადებდი? ანუ ვაჭარბებდი? Aახლავე ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ იყო დერჩი ჩემთვის სამოთხე, (მერე კი მოგიყვებით, როგორ გადაიქცა ჯოჯოხეთად)... ჯერ მარტივად ვიტყვი _ ვიყავი გენიალურ კაცთან გენიალურ ადგილას... მეგობრები ყოველ დღე, გადაბმულად ვქეიფობდით... არაფერი მაწუხებდა, არაფერი მადარდებდა, არაფერი მენაღვლებოდა, არავინ მიშლიდა ნერვებს... თითქოს სრულიად სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში მოვხვდი... თითქოს გადამავიწყდა ჩვენი უბადრუკი რეალობა... თითქოს კი არა, მართლა გადამავიწყდა... “რა ბედნიერებაა, ღმერთო! _ გულში ვიმეორებდი, _ მადლობა!” ცხოვრება მიხაროდა _ ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით... აღარაც კი მახსოვს, მსგავსი განცდა (თან ესოდენ ინტენსიური), ბოლოს როდისა მქონდა _ შეიძლება, არც კი მქონია არასოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამდენი ხნის განმავლობაში უწყვეტად... ოღონდ, ძალიან გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ ვლოთობდი და ეს იყო მიზეზი და საფუძველი ჩემი სიხარულისა...მართალია, ყოველ დღე ვქეიფობდით (ერთადერთხელ მოვიწყეთ “დასვენება”), მაგრამ თან ვმუშაობდით... ყოველ დღე სმა და თან მუშაობა არ გამოდის! _ შეიძლება მითხრათ. მე კი გიპასუხებთ, რომ ჩვენს შემთხვევაში გამოვიდა, რადგან “პახმელია” დერჩში პრაქტიკულად არცერთს არა გვქონია... არ ვიცი, რისი ბრალი იყო ეს _ უფრო სწორად, რისი დამსახურება _ ნატურალური, სუფთა ღვინის, ხვამლიდან მონაბერი გრილი ნიავის, ჭის კამკამა წყლის (ანუ ადგილის “ენერგეტიკის”), თუ სულაც, ჩვენი ემოციური განწყობის _ დერჩში ერთად ყოფნა ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული გახლდათ... ხან გურამი ისხენებდა საინტერესო ისტორიებს და ხუმრობდა, ხან აშოტა, ხანაც _ მე, მაგრამ გურამი, რასაკვირველია, პირველი იყო... ალბათ, გაინტერესებთ, რას ვმუშაობით... მე “საქმე მოციქულთას” კომენტარებს ვთარგმნიდი მეუფე იოანეს კურთხევითა და დავალებით, გურამი კი ადგენდა რიონის ხეობაში არსებული _ აღმოჩენილი, მაგრამ ჯერ შეუსწავლელი _ არქეოლოგიური ძეგლების ნუსხას... თურმე საქართველოს მთავრობას მდინარე რიონზე ჰესების მთელი კასკადის აგება გადაუწყვეტია (რამდენადაც ვიცი, ეს ჯერ კიდევ კომუნისტებისდროინდელი იდეაა) და პროექტის განხორციელების უფლება თურქულ კომპანიას გადასცა _ თუ უნდა გადასცეს... თურმე 120 მეტრიანი (გურამმა ასე მითხრა – ასე მახსოვს) კაშხალის აშენებას გეგმავენ, წარმოიქმნება უშველებელი წყალსაცავი... შედეგად, დაიტბორება დიდი ტერიტორია: ექვსი სოფელი ჩაიძირება... კანონის თანახმად, დატბორვის ზინაში არქეოლოგიური ძეგლები შესწავლილი უნდა იყოს. ჰოდა, სწორედ გურამს დაავალეს ამ ძეგლების სიის შედგენა. მიწისზედა ძეგლების ანალოგიურ ნუსხას ორი სიმპატიური ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი აკეთებდა, რომლებიც დერჩში გურამის მანქანით ავიყვანეთ (სოფლის გამგებლის სახლში ცხოვრობდნენ ქირით (!) _ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მივლინებაში იყვნენ და გამგებელიც ოფიციალური პირია). გურამმა დაადგინა _ დატბორვის ზონაში 24 არქეოლოგიური ძეგლია, რომლებიც გათხრასა და მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. ეს ნუხსა ოფიციალურ კომისიას წარუდგინა _ ორი კვირის თავზე თბილისში დავბრუნდით, დაახლოებით ერთი კვირა დავრჩით და ივლისის ბოლოს ისევ ავედით დერჩში _ ექსპედიცია უნდა დაგვეწყო _ ჯერ გათხრები უნდა ჩაგვეტარებინა გონაზე (რაჭის გონაში არ აგერიოთ _ ესაა ადგილი დერჩიდან 7 კილომეტრში) და მერე საძიებო სამუშაოები გვეწარმოებინა ხვამლის მთაზე. ამჯერად დერჩში აშოტა, ლუკა და სანდრო ვეღარ წამოვიდნენ. გურამის მანქანაში ვიყავით გურამი, თორნიკე ალავიძე _ მომავალი არქიტექტორი, შესანიშნავი ახალგაზედა (მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, როგორაა ყველა, ვიზეც აქ ვწერ, არაჩვეულებრივი და შესანიშნავი? არ ვიცი, მაგრამ ასეა და... მეც კი მიკვირს. და მიხარია.) ლუკა უგულავა, ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის, გენას ბიჭი, ჩემი ორი შვილი და მე. ...ხელოვნებათმცოდნე ქალბატონების გამოთვლით რამდენი ეკლესია, საყდარი თუ ციხე-კოშკი უნდა შეემატოს წყალქვეშა საქართველოს, ვერ მოგახსენებთ... გურამი მეუბნებოდა _ არქოლოგიური ძეგლების შესასწავლად, გათხრების ჩასატარებლად თურქულმა კომპანიამ თანხა უნდა გამოყოს _ თუკი ჩათვლიან, რომ მეტისმეტად ძვირი უჯდებათ, შეიძლება კიდეც უარი თქვან პროექტზეო... თუმცა, სამწუხაროდ, მცირე შანსია, რომ ეს პროექტი ჩაიშლება, რადგან დიდ ფულზეა ლაპარაკი (მგონი, მილიარდ დოლარზე)... სადაც ამხელა დაინტერესებაა (ვისი დაინტერესება, ალბათ, ხვდებით), იქ ყოველთვის ყველაფერი ისე წყდება, როგორც “იმათ” მოესურვებათ (ფული წავა ჯიბეში, დენი წავა თურქეში, ჩვენ რა?) გურამი იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ამ პროექტს თუ ვერ შეაჩერებდა, ყოველ შემთხვევაში, გათხრებს მაინც ჩაატარებდა ისე, როგორც საჭიროა _ ანუ კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად _ რადგან არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდა, არ შეეშინდებოდა, უკან არ დაიხევდა... ისე, რომ დავფიქრდეთ _ რა საზარელ დროში ვცხოვრობთ, ქვეყანა გვეძირება (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ყველაფერი იყიდება და ნიავდება, ჩვენ კი ხმას ვერ ვიღებთ... ან თუკი ვინმე იღებს ხმას, მაინც არაფერი იცვლება... იყვირე და იყავი... ვინ გისმენს?.. ქარავანი მიდის, ვარდებით დატვირთული, სრული სვლით, უფსკრულისაკენ... არადა, ხსენებული პროექტიდან გამომდინარე კონკრეტული პერსპექტივები მართლაც შემზარავია _ გარდა იმისა, რომ ექვსი სოფელი ჩაიძირება, (წყალი ზედ დერჩამდე მივა), გაუკაცრიელდება ხეობა, შეიცვლება მიკროკლიმატი, დაირღვევა ეკოლოგიური ბალანსი, ხოლო თურქების მიერ აგებული კაშხალი თუ გასკდა (ღმერთმა დაიფაროს!) ქუთაისსაც წალეკავს და მთელ დასავლეთ საქართველოსაც! (არადა, რა ვქნა, არ მჯერა, რომ თურქები საიმედოდ და ხარისხიანად ააშენებენ _ თბილისის აეროპორტის ამბავი გაიხსენეთ!) შეიძლება მკითხოთ, კი მაგრამ, როგორ გრძნობდი თავს ბედნიერად დერჩში,თუკი იცოდი, რა ემუქრება მაგ მხარესო? აბა, რა გითხრათ, ადამიანი ხომ მაინც ამწუთიერით ცხოვრობს... ალბათ, გულის სიღრმეში იმედი მქონდა (და მაქვს), რომ მოხდება სასწაული და პროექტი ჩაიშლება... რომ ღმერთი არ გაგვწირავს... ეჰ, რა უდარდელებიცა ვართ ქართველები, ყველას მოგვეხსება (წესით, უნდა მოგვეხსენებოდეს)... ოღონდ ლოგიკურ დასკვნას ვერ ვაკეთებთ, რატომღაც... მაგრამ, მოდი, დერჩში ჩვენს ორკვირიან ყოფნას მივუბრუნდეთ... როცა მარტო დავრჩით, გურამმა პირველივე დილას მითხრა – ახალი ტყემალი მოვხარშოთო!.. მეთქი, იცი? რა უნდაო! შენ მოკრიფე და ნახავ, რა მაგარი გამოვაო... მართლაც მოვკრიფეთ და მოვხარშეთ... ისეთი გემრიელი, ისეთი სურნელოვანი გამოვიდა, როცა ჩემი ხელით დარეცხილ ბოთლებში ვასხამდი, უარაფროდა ვსვამდი!... მერე და, რა გემრიელი სადილები გქონდა! გურამი, ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი კულინარიც იყო... ბიჭებს ტყიდან სოკო მოჰქონდათ ხოლმე (სოფლის ბავშვებთან ერთად “ნადირობდნენ”) – ისე ამზადებდა, უკეთესი შეუძლებელია... ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებდით კაცები _ და ისეთი სახალისო ეს პროცესი – ჭურჭლის რეცხვაც კი! რატომ? არ ვიცი... ყველაფერი მიხაროდა... ერთხელაც წაგვიყვანა და გვაჩვენა წელს, ზამთარში, ზედ საკუთარი ნაკვეთის ბოლოს, ღელესთან _ იმ ადგილს “ცაცხვნარას” ეძახიან _ მის მიერ აღმოჩენილი ნასახლარი... სრულიად ფანტასტიკური ამბავია, უნდა მოგიყვეთ... მოკლედ, ზამთარია, ნათლისღებაა, დიდი თოვლი დევს დერჩში... გურამმა ერთ მეზობელთან იქეიფა და მეორესთან მიდის... გადაწყვიტა მოკლეზე გადასულიყო... გაიარა “ცაცხვნარა” და ხედავს, ერთ ადგილას თოვლი გამდნარა _ იებია ამოსული... შუა ზამთარში!... დაკრიფა, თაიგული გააკეთა, მეზობლის დიასახლისს მივართმევო და უცებ დაფიქრდა, კი მაგრამ, ასეთ ყინვაში თოვლი თუ გამდნარია, ესე იგი, იმ ადგილას მიწის ქვეშ სიცარიელეა და იქიდან სითბო ამოდის... ანუ რაღაც განსაკუთრებულია იქ!... და მართლაც, როცა გამოგაზაფხულდა, როცა თოვლი დადნა, მივიდა, გულდასმით დაათვალიერა მიდამო, კერამიკის ნამსხვრევებიც მოიძია, დაადგინა _ ნასახლარია, სავარაუდოდ, გვიანბრინჯაოს ხანის! ანუ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია, რადგან ლეჩხუმში მაგ პერიოდის ნასახლარები თურმე საერთოდ არაა ცნობილი! ჩემი თვალით ვნახე _ მართლაც დიდი ნასოფლარია... მიწაში კედლები, შენობათა გეგმა აშკარად იკითხება... შუაშია ბორცვი _ ზედა ნაწილი ბაქანივით ბრტყელი, მოსწორებული აქვს _ ვინ იცის, რაღაც იშვიათი საკულტო ნაგებობა იმალება მიწის ქვეშ... ერთი სიტყვით, გურამმა ლამისაა საკუთარ ეზოში აღმოაჩინა ძალიან მაგარი არქეოლოგიური ძეგლი! რატომ არ დასცალდა, რატომ ვერ გათხარა, რატომ ვერ შეისწავლა... რატომ წავიდა ასე ადრე, ასე უეცრად... არ ვიცი, პასუხი არ მაქვს... ...რაღაცას ააშორა ღმერთმა? რაღაცისგან დაიცვა?.. პასუხი არ ვიცი... ღმერთო, შეგვიწყალე!.. ...დერჩში იმ ორი კვირის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე უფრო სასიხარულო მოულოდნელობა იყო, როცა გურამმა მითხრა: “ვოცნებობ, რომანი დავწეროთ ერთადო”... ზუსტად ასე მითხრა _ “ვოცნებობ”! Y ყურებს არ დავუჯერე. საქმე ისაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ლამისაა ყოველი ჩვენი ქეიფისას ვეუბნებოდი, მოდი, შენი ისტორიები ჩავიწეროთ და საკაიფო წიგნი გამოვა, ცოდოა, დაიკარგოს... ისე გემრიელად ყვებოდა ხოლმე სუფრაზე თავის ფანტასტიკურ თავგადასავლებს, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია, არასოდეს დაავიწყდება, შთაბეჭდილება არასოდეს გაუნელდება... ჩემს ამ შეთავაზებაზე ყოველთვის უარს მეუბნებოდა... და უცებ ირკვევა, თურმე ძალიანაც უნდა, ერთად დავწეროთ! კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიხარდა... Mმოდი, ეხლავე დავიწყოთ-მეთქი, ვეუბნები, ბლოკნოტი და პასტა მაქვს, შენ მოყევი და მე ჩავინიშნავ... მოდიო... მოკლედ, ის ორი კვირა იმიტომაც იყო ჩემთვის დღესასწაული, რომ გურამის ისტორიებს ვისმენდი... ერთხელაც მეუბნება, მოდი, ამოარჩიე ერთ-ერთი ისტორია, და აქვე დაწერე, ვნახოთ, რა გამოვაო... მეთქი, მოსულა... დავჯექი, დავიწყე წერა და აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არ გამომდის... ამბის სქემა, სიუჟეტი იგივეა, რაც გურამის მონაყოლში, მაგრამ ეშხი სრულიად ეკარგება _ რაღაც ბანალობა გამოდის... საგონებელში ჩავვარდი _ რა ვქნა? როგორ ვუთხრა, რომ ვერა ვწერ, არ გამომდის, როცა წლების განმავლობაში ვეხვეწებოდი, დავწეროთ-თქო... მოკლედ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი... და რადგან ვერაფერი გავაწყე, ღმერთს შევეხვეწე _ ისე გააკეთე, თვითონ მიხვდეს, თვითონ გაიგოს, ვერ ვწერ... მეორე დილას გურამი თვითონ (თვითონ! _ შეგიძლიათ აშოტას ჰკითხოთ) მეუბნება: მე მივხვდი, რომ ასე პირდაპირ ვერ დაწერ, რაღაც ფორმა უნდა მოიფიქრო... მე უბრალოდ მასალას გაძლევ, შენ როგორიც გინდა, ისე გამოიყენე,... არც თანაავტორობის პრეტენზია მაქვს და არც არაფერი! თითქოს ლოდი ჩამომეხსნა გულიდანო... მეთქი, აგაშენა ღმერთმა, ჯიგარი ხარ! ის დღე ვიფიქრე და შემდეგი სქემა მოვიფიქრე _ გურამის ადრე მონაყოლი გამახსენდა და გამოვიყენე _ თურმე ანის, საკუთარ ქალიშვილს თავის დროზე უთხრა, თუკი გაიგებ, რომ ხვამლის მთაში შევძვერი და აღარ გამოვედი, ანუ გამოქვაბული ჩამოინგრა და დავიღუპე, არ დაიჯერო, იცოდე, საიდუმლო გასასვლელით გავედი და განძიანად საზღვარგარეთ მოვხიე... სამი-ოთხი წელი დამელოდე, ჩამოვალ და წაგიყვან... ყველას წაგიყვანთ, მთელ საძმოს! (ეს, ცხადია, უკვე ჩვენ გვითხრა, სიცილით)... ჰოდა, ეს სქემა გამოვიყენე, ვეუბნები _ მოდი, რომანს დავარქვათ “ჩვენებანი” (მოწმეთა ჩვენებების და თანაც, ხილვების გაგებით)... ვითომ რომანის მთავარი გმირი _ პირობითად გურ-გურიჩს ვეძახდი _ შეძვრა ხვამლის მთაში და აღარ გამოვიდა, ჩამონგრეულში ჩაიკარგა... არსებობს ეჭვი, რომ ცოცხალია და გაიპარა _ ვიღაც, ვთქვათ, გამომძიებელი (ან კერძო დეტექტივი) იწყებს კვლევას, მიდის მის მეგობრებსა და ახლობლებთან, კითხვებს უსვამს, არკვევს, რა იციან გურ-გურიჩზე, მის გეგმებსა თუ ცხოვრებაზე... ისინიც უყვებიან... ანუ რომანი უნდა იყოს ოსტორიების, ნოველების კრებული... ზოგი რას გაიხსენებს და ზოგი რას.... შეიძლება, ერთი და იგივე ამბავიც მოუყვნენ, ოღონდ სრულიად განსხვავებულად... მოეწონა იდეა, კარგიაო, მითხრა, მიდი, შეუბერეო... ვუპასუხე _ ერთად დავწეროთ-მეთქი, მარტო ვერ შევძლებ, არ გამომივა... კარგიო, დავწეროთ ერთადო... ოო, როგორ გამიხარდა!... წარმოვიდგინე, _ გურამი და მე ერთადა ვწერთ წიგნს ქეიფ-ქეიფ (მშრალზე მოყოლილ ისტორიებს მუღამი ეკარგებათ)... მერე კიდევ ახალს და ასე გადის ცხოვრება... უკეთესს რას ვინატრებდი? მოკლედ, ამიტომაც იყო ჩემთვის დერჩი სამოთხე... ერთადერთხელ ვიკამათეთ ორი კვირის განმავლობაში _ თანაც ეროვნულ-პატრიოტულ თემაზე (ესეც, ალბათ, სიმპტომატურია) _ ერეკლე მეფესა და გენერალ მაზნიაშვილზე... აშოტა და მე ვუმტკიცებდით, რომ ერეკლე შეცდა, როცა ტრაქტატს ხელი მოაწერა, შეეძლო არ დაედო, გურამი კი გვეუბნებოდა, სხვა გზა არ ჰქონდაო... გენერალ მაზნიაშვილზე ვუმტკიცებდით, შეეძლო გადაერჩინა საქართველის დამოუკიდებლობა, როგორც გენერალმა პილსუდსკიმ გადაარჩინა პოლონეთი და მარშალმა მანერგეიმმა _ ფინეთი... არაო, გურამი გვპასუხობდა, არ შეეძლო, უბრალო ჯარისკაცი იყო და არა პოლიტიკოსი, ის გასაქანი არ ჰქონდაო... კინაღამ სერიოზულად დავცხეთ ერთმანეთს, კიდევ კარგი, ბოლო მომენტში აზრზე მოვედი და გურამს ვუთხარი (აშოტა უკვე წასული გახლდათ დასაძინებლად), მეც მაგას ვამბობ, უბრალოდ კარგი სამხედრო იყო, არადა, რომ მოენდომებინა... ჩვენი ორკვირიანი დღესასწაულის კულმინაცია ჩანჩქერზე გასეირნება გახდა _ ულამაზესი ადგილია... მართლა ყინულივით ცივ წყალში ვიჭყუმპალავეთ ხუთივემ (საგუბარია ჩანჩქერქვეშ)... ეეჰ, ნეტავი ფოტოკამერა მაინც მქონოდა დერჩში (ვიდეოს ვინ ჩივის)... მერე კი _ ბუნებრივია _ ცეცხლოვანი სითხის დოზაც მივიღეთ იქვე, თორემ ხო გავცივდებოდით... თბილისში ჩამოვედით, დაახლოებით ერთ კვირაში კი ისევ დერჩში ავბრუნდით (წინა დღეს გურამი და მე საბითუმო ბაზრობაზე გავედით ექსპედიციისთვის სურსათ-სანოვაგის _ ძეხვის, “ტუშონკა-სგუშჩონკების” და ა.შ. _ შესაძენად). ავედით დერჩში _ გზაში გურამი თორნიკე ალავიძეს, ლუკა უგულავასა და ჩემს შვილებს ხვამლსა და გურამ დოჩანაშვილის “სამოსელ პირველზე” ესაუბრებოდა... “დიდი კანუდოსელი, ზე მორეირა”... დერჩში გურამის ძმა, გიორგი დაგვხვდა თავის მეგობართან ერთად... მეორე დილით წავიდნენ თბილისში... ის დღე ყოფილა თურმე ბოლო დღე _ საბედისწერო... არადა, გული არაფერს მეუბნებოდა... ჩემთვის დღესასწაული გრძელდებოდა, თავს მართლა ბედნიერად ვგრძნობდი _ გურამთან ვიყავი თვითონაც და შვილებიც მასთან მყავდა, ექსპედიციაში! დილით დერჩში ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ჩამოვიდნენ _ მიკროავტობუსიდან ბარგის გადმოზიდვაში მივეხმარეთ, დავაბინავეთ, დავასვენეთ... ჩამოვიდა, აგრეთვე, ქუთაისელი არქოლოგი დათო დვალიშვილი, არაჩვეულებრივად სიმპატიური ახალგაზრდა კაცი (ექსპედიციის დანარჩენ წევრებს სამ-ითხ დღეში ველოდებოდით)... ბავშვებმა წაისაუზმეს და გურამმა “ცაცხვნარაზე” წაგვიყვანა ყველანი _ მოდი, ბუჩქები და ეკალ-ბარდები მოვაცილოთ იქაურობას, კარგად გამოვაჩინოთ ნასახლარი, დავზვეროთო... ნაჯახებით, წალდებით, სეკატორებით შევიარაღდით და გავწიეთ... ძველთაძველ ნასოფლარზე ვეება ცაცხვის ხეები და ბუჩქნარი ამოსულიყო _ ლაზათიანად ვიმუშავეთ, ერთი დიდი დარბაზი სრულიად გავწმინდეთ, (მოჩეხილ ტოტებსა და ბუჩქებს ერთად ვაგროვებდით _ უზარმაზარი კოცონი დავანთეთ ბოლოს) _ გურამი თორნიკესა და ბავშვებს ხვამლის მთის შესახებ თავის თეორიებს აცნობდა, კოლხეთისა და ძველი ეგვიპტის კავშირებზე უყვებოდა, თუ რასა სწერს ჰეროდოტე, ფარაონ სესოსტრისის ლაშქრობაზე კოლხეთში, როგორ აღმოაჩინა გერმანე გობეჯიშვილის ექსპედიციამ რაჭაში ბრილის გათხრებისას იეროგლიფებიანი სკარაბეები, ეგვიპტური მძივები და ნელსაცხებლის ჭურჭელი... როცა ჩამოცხა, სახლში დავბრუნდით, ვისადილეთ, ცოტა დავისვნეთ და მერე ისევ “ცაცხვნარას” მივაშურეთ _ ამჯერად მხოლოდ გურამი, დათო, თორნიკე, ჩემი უმცროსი ბიჭი და მე... დაზვერვა გავაგრძელეთ, თუმცა მალევე მივრჩით, მეტისმეტად ცხელი დღე იყო... გურამმა შხაპი მიიღო, ჰამაკში ჩაწვა და მკითხა _ საღამოთი არ დავლიოთ? აბა, რა უნდა ვქნათ? _ ვუპასუხე (დერჩში ჩასვლის დღეს არ დაგვილევია). როცა ბავშვებმა ვახშამი მოათავეს, უფროსები დავსხდეით... სუფრაზე შემოგვესწრო გურამის მეზობელი, ოთია _ ვსაუბრობდით, ვსამდით (ხუთმა კაცმა სამი ბოთლი შინნახადი არაყი დავლიეთ)... ბავშვებიც იქვე იყვნენ... გურამი ისევ დოჩანაშვილზე ელაპარაკობდა, რაღაცეებს უხსნიდა (”მაშასადამეს” და ა.შ.)... ჩვენი წასული მეგობრები გავიხსენეთ, გენა და ჯუზე... იმ საღამოს რატომღაც განსაკუთრებით ბევრი ვილაპარაკეთ გარდაცვლილ ძმებზე, გურამი სასაცილო ისტორიებს იხსენებდა.... ლუკას, გენას ბიჭს, ვუყვებოდით, რა მაგარი მამა ჰყავდა (მაგალითად, როგორ მოუკიდა “ლამაზი საყდრის” ექსპედიციაში “პრიმას” ელექტროფარნიდან _ ეს მართლა მოხდა, ჩემი თვალით ვნახე, ფარანი მე მივაწოდე)... კარგად მახსოვს (და ესაა ბოლო ფრაზა, რაც გურამისგან საერთოდაც მახსოვს), როგორ თქვა ღიმილით, ჩვენი წასული მეგობრები იქიდან გვიფარავენ და მე როცა წავალ, მეც იქიდან დაგიფარავთ ყველასო... ...დილით გურამმა აღარ გაიღვიძა... ...დაიწყო ჯოჯოხეთი... ...გურამ, დაგვიფარე!

...როცა ამ კრებულისთვის ბიძინა მინდაძის ლექსებს ვკრეფდი კომპიუტერზე, შემთხვევით სიტყვა “ჩაედუღაბოს” ნაცვლად “ჩაეგურამოს” დამებეჭდა...


...და მაინც მინდა ქართლისთვის მოვკვდე,
არ გაგვითენდეს უზვროდ, უბაღოდ
და ჩემი სისხლი არმაზის, ბოდბეს
უძველეს კედლებს ჩაეგურამოს...

ჩავეგურამოთ ერთმანეთს! 



ნოემბერი, 2010



P.S.

ეს მოგონება დავწერე ლიტერატურული კრებულისთვის, რომელიც გურამს უნდა მივუძღვნა. მეგობრებო, თუკი ასევე დაწერთ, გთხოვთ მომაწოდოთ!


Last edited by Admin on Sat Feb 19, 2011 2:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Thu Dec 23, 2010 10:09 am


Irakli Lomouri

გული, ბანაკში განბრძნობილი, ანუ "თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი"


ამ წერილში გვსურს მოგითხროთ ერთი წიგნის შესახებ, რომელიც ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის სულიერი სიმტკიცისა და იმავდროულად, ადამიანთა ანტიადამიანურობისა თუ კაცთმოძულეობის ამსახველი განსაცვიფრებელი დოკუმენტი. საუბარია ბრუნო ბეტელჰეიმის ფსიქოლოგიურ გამოკვლევა-ნაშრომზე, რომელიც მან ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში შექმნა (Bruno Bettelheim, The Informed Heart, N.Y. 1960; არსებობს რუსული თარგმანი, იხ. ალმანახი `Человек~, 1992, ##2-5). ეს წიგნი ფართოდ არის ცნობილი და მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნის ენაზეა თარგმნილი. თვით ავტორმა ის მოკლედ დაახასიათა (ფრანგული თარგმანის წინასიტყვაობაში), როგორც `თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი~, ანუ სახელმძღვანელო, რომელიც ადამიანს ასწავლის, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი პიროვნება დაშლა-დარღვევისაგან, როგორ შეინარჩუნოს თავის თავში ადამიანი ისეთ სიტუაციაში, როცა თვით ეს სურვილი, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, ანუ როცა ტოტალიტარული სისტემა ცდილობს გადააქციოს იგი თავის მორჩილ და ბრმა იარაღად. წიგნში მოცემული რჩევები, თვით ბეტელჰეიმის პირადი მაგალითი, შეიძლება, სასარგებლო აღმოჩდეს ყველა სახის ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ხდება პიროვნების ნიველირება და დათრგუნვა (და არა მარტო ბანაკის პირობებში), ასე რომ ბეტელჰეიმის შრომას მხოლოდ თეორიული თუ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ სანამ უშუალოდ წიგნის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს, ორიოდე სიტყვით თავად ავტორის შესახებ მოგახსენებთ.

ბრუნო ბეტელჰეიმი დაიბადა ვენაში 1903 წელს, განათლებით ექიმია, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, `ბავშვთა ფსიქოთერაპევტი~ (თავიდან ფროიდის მიმდევარი იყო, მაგრამ შემდეგ `ორთოდოქსულ~ ფსიქოანალიზს განუდგა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა საკუთარ თემას _ გარემოს გავლენა ადამიანის ჩამოყალიბებასა და ქცევაზე).

1938 წელს იგი ნაცისტებმა დააპატიმრეს და ორი წელი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა _ ჯერ დახაუში იყო, შემდეგ ბუხენვალდში გადაიყვანეს. ორი წლის მერე გამოუშვეს და მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირება მოახერხა, სადაც ჩიკაგოს უნივერსიტეტთან შექმნა სპეციალური სკოლა იმ ბავშვებისთვის, ვისაც ფსიქიკური ტრავმები და დარღვევები ჰქონდათ. ბეტელჰეიმი მთელი ცხოვრება ბავშვებს მკურნალობდა და მათ შესახებ არაერთი წიგნი აქვს დაწერილი.

მაგრამ დავუბრუნდეთ საკონცენტრაციო ბანაკს. დაპატიმრებიდან სამი თვის თავზე ბეტელჰეიმი მიხვდა, რომ ნელ-ნელა ჭკუიდან იშლება. მან გააცნობიერა, რომ თითქმის მთელი არსებით ჩაერთო ტუსაღების ცხოვრებაში, უფრო სწორად, მათ `საქმიანობაში~, რომელსაც უკლებლივ ყველა პატიმარი ეწეოდა, როგორც კი თავისუფალი წუთი გამოუჩნდებოდა. იმის ნაცვლად, რომ დაესვენათ, ტუსაღები იწყებდნენ გაშმაგებულ დავა-კამათს შემდეგ თემებზე: რა პროდუქტებს შემოიტანენ ხვალ ბანაკის მაღაზია-ფარდულში, რა ცვლილებები მოხდება ბანაკის ადმინისტრაციაში და როგორ იმოქმედებს ეს მათ ცხოვრებაზე, როგორ შეიცვლება საერთაშორისო მდგომარეობა (მაგ. ჩაებმება თუ არა თურქეთი ომში გერმანიის მხარეზე). ამ `საქმიანობის~ არანორმალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ პატიმრებს საერთოდ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ _ ბანაკში დანამდვილებით არავინ არასოდეს არაფერი იცის. ამ გაშმაგებული საუბრებისა თუ შეხლა-შემოხლის საერთო განწყობა შემდეგი იყო _ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უარესად იქნება, და საბოლოოდ, კამათის შედეგად, ტუსაღები კიდევ მეტად ითრგუნებოდნენ…

და აი, ბეტელჰეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, აქცია ის ბეტელჰეიმად. იმისთვის, რომ არ გაგიჟდეს, _ უთხრა მან თავის თავს, _ ის, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი, დაიწყებს საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანების აშკარად ავადმყოფური ქცევის მეცნიერულ შესწავლას. ასე შეიქმნა (კი არ დაიწერა, არამედ შეიქმნა) მისი წიგნი. საქმე ისაა, რომ ბანაკში აკრძალული იყო წერა, ქაღალდისა თუ ფანქრის შენახვა. ბეტელჰეიმი იძულებული იყო წიგნი გონებაში `ეწერა~, ყოველი წინადადება მრავალჯერ გაემეორებინა, რომ მეხსიერებაში დაეფიქსირებინა (და როცა ბეტელჰეიმი განთავისუფლდა, მან უბრალოდ ქაღალდზე გადაიტანა წიგნი, რომელიც ზეპირად იცოდა).

საკონცენტრაციო ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის გარდაქმნა არსებად, რომელსაც შეიძლება ეწოდოს `იდეალური ტუსაღი~. ის ჰგავს მექანიზმს, რომელსაც რადიოთი მართავენ: მართვის პულტზე ერთი ადამიანი ღილაკს აჭერს თითს და ათასობით თუ ათიათასობით `იდეალური ტუსაღი~ ასრულებს ბრძანებას, თანაც ისე, რომ არ უფიქრდება, თუ რა უბრძანეს. ბრძანების მიღებასა და მის შესრულებას შორის არ არის არავითარი პაუზა, არავითარი წამი, წამის მეასედიც კი, ბრძანება პირდაპირ, დაუყოვნებლივ, მეყსეულად სრულდება, რადგან `იდეალური ტუსაღი~, ფაქტობრივად, აღარ არის პიროვნება, ადამიანი, ის უკვე ავტომატია, რობოტია. სწორედ ეს იყო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის უმთავრესი მიზანი _ ნორმალური ადამიანის გარდაქმნა `იდეალურ ტუსაღად~. ფაქტობრივად, ანალოგიური მიზანი ჰქონდა კომუნისტურ-სტალინურ ბანაკსა თუ ციხეს _ ადამიანის გარდაქმნა კონფორმისტად, რომელიც გამზადებული იქნებოდა დამამცირებელი თანამშრომლობისა და ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის (ამის შესახებ იხილეთ, თუნდაც, ამერიკელი ფსიქოლოგის, ვ. ლეფევრის მოსაზრებანი ჩვენს წერილში `კომპრომისი _ ბოროტება? კომპრომისი _ სიკეთე?~ _ ჟურნალი `ომეგა~, 2000 წ. #5). ბრუნო ბეტელჰეიმის წიგნი აღწერს, თუ როგორ, რა მეთოდებით სპობდნენ პიროვნებას ადამიანში, როგორ გარდაქმნიდნენ მას `იდეალურ ტუსაღად~ და როგორ იყო შესაძლებელი კაცი ამას წინ აღდგომოდა, შეენარჩუნებინა თავისი თავი, გადაერჩინა საკუთარი `მე~, საკუთარი სული.

ბეტელჰეიმი წერს, რომ ბანაკში მყოფ ადამიანს, რაც უფრო უახლოვდება იგი `იდეალური ტუსაღის~ მდგომარეობას, მით უფრო უვითარდება ამნეზია _ მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა. სამყარო მავთულხლართს მიღმა მისთვის არარეალური ხდება, ფაქტობრივად, აღარც არსებობს. ადამიანს ავიწყდება ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, ავიწყდება მშობლებისა და ოჯახის წევრების სახელები, მშობლიური ქალაქის სახელი, ავიწყდება წარსული ცხოვრება. ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც საშინელება ემართება და ეს გრძნობა კიდევ უფრო აძლიერებს და ამწვავებს იმ დამანგრეველ პროცესს, რაც მის სულში მიმდინარეობს. წიგნმა, რომელსაც ბეტელჰეიმი ბანაკში `წერდა~, დაიცვა ის ბანაკისგან, მისცა საშუალება ადამიანად დარჩენილიყო.

ახლა მოდით, შევეხოთ იმ მეთოდიკას, რომლის მეშვეობითაც ბანაკში ნორმალურ ადამიანს `იდეალურ ტუსაღად~ გარდაქმნიდნენ.

პირველი მეთოდი _ `ბავშვის დონეზე დაყვანა~.

ამ მეთოდის არსი მდგომარეობდა ზრდასრული ადამიანისთვის ბავშვის ფსიქოლოგიის ჩანერგვაში. ეს შემდეგი საშუალებით მიიღწეოდა: ქრონიკული შიმშილობით, რომელიც ადამიანს აიძულებდა მუდმივად საჭმელზე ეფიქრა. ბანაკში პატიმრები მუდმივად საჭმელზე ლაპარაკობდნენ, თუ რას მისცემდნენ სასადილოში, რისი შოვნა შეიძლებოდა ბანაკის ფარდულში, რას ჭამენ ესესელები (ბანაკის დაცვა) და ა.შ. (სხვათა შორის, ის, რომ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრებს ასე ცუდად (შიმშილით სიკვდილის ზღვარზე) კვებავდნენ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თითქოს სრულიად გაუგებარია. საქმე ისაა, რომ ამ ბანაკებს ჰქონდათ გარკვეული ეკონომიკური ფუნქცია, საწარმოო გეგმა, უშვებდნენ პროდუქციას (მათ შორის, სამხედროს), _ სამუშაო დღე 16-18 საათი გრძელდებოდა, დასვენების დღეები არ არსებობდა. პრაქტიკულ და პრაგმატულ გერმანელებს თითქოს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ თუ უკეთ აჭმევდნენ პატიმრებს, ისინი უკეთ იმუშავებდნენ (მით უფრო, რომ გერმანიაში ომის ბოლო დღემდე საკვები პრობლემას არ წარმოადგენდა), მაგრამ ეკონომიკურ ეფექტიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის დათრგუნვა იყო…).

ბანაკში გადაჭარბებული ყურადღება ექცეოდა სისუფთავეს, პატიმრებს წამდაუწუმ უმოწმებდნენ ხელების, ყურების, ფეხსაცმელების, ლოგინის სისუფთავეს. უსუფთაობისთვის კი ზუსტად ისე სჯიდნენ, როგორც ბავშვი შეიძლება დაისაჯოს _ ზრდასრულ ადამიანს შარვალს ხდიდნენ და ყველას წინაშე საჯაროდ როზგავდნენ.

ბანაკში მოქმედებდა უამრავი ინსტრუქცია, ბრძანებულება, დადგენილება, მითითება და ა.შ. თანაც ხშირად ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ და ქმნიდნენ ისეთ მდგომარეობას, როცა ნებისმიერი მოქმედება _ წესის დარღვევაა, ანუ დანაშაულია. ბანაკის ტუსაღი მუდმივად ონავარი, მოუსვენარი უმცროსკლასელის მდგომარეობაში იყო _ ყოველთვის მოიძებნებოდა რაღაც, რის გამოც მისი დასჯა შეიძლებოდა.

ბავშვის დონეზე დაყვანის კიდევ ერთი საშუალება მდგომარეობდა შემდეგში _ ტუსაღებს პერიოდულად ხმამაღლა უკითხავდნენ (ვთქვათ, ერთი საათის განმავლობაში) იმას, რაც ბანაკში ისედაც ყოველ ნაბიჯზე გამოკრული იყო (მაგ. შინაგანაწესს ან ოფიციალურ მითითებებს, ან რაიმე მსგავსს) და რაც ისედაც ყველამ იცოდა და რისი წაკითხვა ყველას თვითონაც შეეძლო.

ამ ყველაფრის შედეგად ზრდასრული ადამიანი მართლა პატარა ბავშვივით იწყებდა მოქცევას. პატიმრები ბავშვებივით ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ და მერე ისევ ჩხუბობდნენ და ასე გაუთავებლად, ნამდვილი მეგობრობა მათ შორის არ არსებობდა… ეთიკური ნორმები _ ბავშვური იყო. მაგალითად, ღირსებად ითვლებოდა რაიმეს აწაპვნა ბანაკის ინვენტარიდან. ბანაკში მუდმივად უამრავი დამსმენი იყო (ენატანია ბავშვების მსგავსი), თუმცა კი დასმენა არაფრით არ აღინიშნებოდა და ეს ყველამ კარგად იცოდა. დამსმენი არავითარ ჯილდოს არ იღებდა, ეს მოქმედება არც მის ცხოვრების პირობებს აუმჯობესებდა და არც გაზის კამერისგან იხსნიდა (დამსმენს იმიტომ არ აჯილდოვებდნენ, რომ პრინციპად იყო _ ბანაკში არავის არ უნდა ჰქონოდა საშუალება თავისით მიეღწია რაღაცისთვის, თვითონ გაეუმჯობესებინა თავისი მდგომარეობა).

კიდევ ერთი მეთოდი _ `კოლექტიური პასუხისმგებლობა~.

ბანაკში მხოლოდ იმ პიროვნებას არ სჯიდნენ, რომელმაც რაღაც დაარღვია თუ დააშავა. ისჯებოდა პატიმრების მთელი ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნოდა დამნაშავე. თუ წესის დარღვევა მოხდა ბარაკში, ისჯებოდა მთელი ბარაკი, თუ მუშაობის დროს _ მთელი ბრიგადა. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი კაცის გამო მთელი ბანაკი დასჯილა. ეს მეთოდი იმით იყო `კარგი~, რომ თვით პატიმრებს აიძულებდა წესრიგისთვის თვალყური ედევნებინათ. პარადოქსული სიტუაციაა _ ესესელების და პატიმრების ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა.

ეჭვგარეშეა, როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა პირადად აგოს პასუხი თავის ქმედებაზე _ ეს მის სულიერ ძალებს, მის პიროვნებას განამტკიცებს, ხოლო ბანაკში ამის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა (და არც უშვებდნენ).

კიდევ ერთი მეთოდი _ `სხვებისგან არ გამოირჩე~.

ბანაკში მუდმივად, დაახლოებით ერთ დონეზე, ინარჩუნებდნენ `ტერორის (დაშინების) ფონს~, დროდადრო საჯაროდ ვიღაცას როზგავდნენ, ხვრეტდნენ, აგზავნიდნენ გაზის კამერაში. რა პრინციპით არჩევდნენ ამ ვიღაცას? არჩევდნენ იმას, ვინც რაღაცით განსხვავდებოდა მასისგან, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა რაღაც საკუთარი, ინდივიდუალური.

ამ მეთოდის ქმედითობა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი თვითონ, თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, ცდილობდა საკუთარი პიროვნების ნიველირებას, რათა უკეთ შერწყმოდა რუხ მასას და არაფრით ყოფილიყო გამორჩეული.

კიდევ ერთი მეთოდი _ `არ დაინახო~.

ბანაკში პატიმრები `ვერ ხედავდნენ~ იმას, რისი დანახვის უფლებაც არ ჰქონდათ, ვერ ხედავდნენ მანამ, სანამ არ უბრძანებდნენ, რომ დაენახათ (მაგ. ასეთი შემთხვევა: ესესელი გართულია პატიმრის წვალებით, მათ უახლოვდება ტუსაღების ჯგუფი. როცა დაახლოებით 10 მეტრი რჩება, პატიმრები ერთდროულად, თითქოს უბრძანესო, თავებს საწინააღმდეგო მხარეს მიაბრუნებენ და ძუნძულით იწყებენ სვლას. ესესელი მათ აჩერებს: `შეხედეთ _ ასე მოუვა ყველას, ვინც გაბედავს...~).ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი, სპონტანური რეაქციები ჩანაცვლებულია ბრძანებისმიერით: თუ მიბრძანებენ, დავინახავ, არადა, ვერ ვხედავ.

ნიშანდობლივია, რომ პატიმარს ეკრძალებოდა საათის ტარება და შენახვა. რატომ? როცა საათი გაქვს, შეგიძლია დრო შენ თვითონ გაანაწილო, რაღაცა დაგეგმო, ნაწილობრივ მაინც მართო სიტუაცია. როცა ინფორმაციას ფლობ _ გაქვს რაღაცის შესაძლებლობა. ხოლო ბანაკში ადამიანს არ შეიძლებოდა ჰქონდა რაიმეს შესაძლებლობა, მას არ ჰქონდა `ყველაზე პირადული~ უფლებაც კი _ სიკვდილის უფლება. თვითმკვლელობის მცდელობა ისჯებოდა… დახვრეტით.

კიდევ ერთი მეთოდი _ `დილის დამუხტვა~.

პატიმარს ეძლეოდა 45 წუთი, რომ ამდგარიყო, დაელაგებინა ლოგინი, შესულიყო ტუალეტში, დაელია ფინჯანი თბილი სითხე, რომელსაც `ყავა~ ეწოდებოდა და პლაცზე მწკრივში ჩამდგარიყო. ლოგინის დალაგებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ყველაფერს უნდა ჰქონოდა აბსოლუტურად ზუსტი გეომეტრიული ფორმა, ბალიშს, საბანს (რომელზეც დატანებული იყო სპეციალური სიმეტრიული მართკუთხა ნახატი), ლოგინების წყებას. ზოგჯერ ესესელები გეოდეზიური ინსტრუმენტებით ამოწმებდნენ, თუ რამდენად სწორად, ერთ ხაზზე იყო ლოგინები გასწორებული. ახლა წარმოიდგინეთ ბარაკი, სადაც ორ ან სამსართულიანი ნარებიდან, ექვსაათიანი ძილის შემდეგ, ძირს ჩამოდიან ტუსაღები. ის, ვინც ზემოთაა, უეჭველად უფუჭებს საქმეს იმას, ვინც ქვემოთაა. არადა, თუ ერთი ლოგინი მაინც იქნება არასწორად დალაგებული, დაისჯება ყველა. პატიმრებს შორის იწყება ლანძღვა-გინება, ჩხუბი...…

მეორე პრობლემა _ ტუალეტი. 1000 კაციან ბარაკზე მხოლოდ 5, ყოველი მხრიდან გახსნილი, საპირფარეშოა. რიგი ძალზე ნელა მიიწევს წინ, ისევ იწყება ჩხუბი, ლანძღვა, ერთმანეთის დაცინვა. არადა, სხვა გზაც არ არსებობს, მუშაობის დროს ტუალეტის ხმარება პატიმრებს აკრძალული აქვთ.…

ასე იწყებოდა დილიდანვე ადამიანების დამუხტვა სიძულვილით, რისხვით, ჯავრითა თუ ბრაზით, რომელიც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადამიანს გოგირდმჟავასავით შიგნიდან შლიდა.…

ახლა კი მოდით, თავდაცვის, თვითგადარჩენის საშუალებებს შევეხოთ.

წარმოვიდგინოთ, რომ საკონცენტრაციო ბანაკში აღმოვჩნდით და ბეტელგეიმივით ვხვდებით, ცოტაც და _ უკვე აღარაფერი გვეშველება. აუცილებელია წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ როგორ? პირველი ნაბიჯი _ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ბანაკს სურს `იდეალურ ტუსაღებად~ გვაქციოს, ჩვენივე დახმარებით მოსპოს ჩვენი პიროვნება, ე.ი. _ წინააღმდეგობა ნიშნავს საკუთარი პიროვნების განმტკიცებას, გაძლიერებას, თვითდამკვიდრებას.

ყველაზე ზოგადი წესი _ უნდა შევქმნათ ჩვენს გარშემო ავტონომიური ქცევის სფერო. სფერო, რომლის შიგნით შეგვეძლება მოქმედება და პასუხისმგებლობის აღება ჩვენს ნამოქმედარზე. ამ სფეროს ჩვენ თვითონ ვირჩევთ, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე (ის შეიძლება ძალზე შეზღუდულიც იყოს).

როდესაც ბეტელჰეიმი ბანაკში ახალი მოხვედრილი იყო, ერთმა სტაჟიანმა პატიმარმა რჩევა მისცა. მან შენიშნა, რომ ბეტელჰეიმმა სასადილოში `ბალანდიანი~ ჯამი ზიზღით მოიშორა, და უთხრა: `თუ გინდა სწრაფად გაფშიკო ფეხი, შეგიძლია არ ჭამო. მაგრამ თუ გადაწყვიტე გადარჩე, მაშინ დაიმახსოვრე: ჯერ ერთი, ჭამე ყოველთვის, როცა საჭმელს მოგცემენ, მეორეც, დაიძინე ან იკითხე, როცა თავისუფალი წუთი გექნება, და მესამეც, დილაობით კბილები გაიხეხე~. გამოცდილმა ტუსაღმა ბეტელჰეიმს ჩამოუთვალა თითქმის ყველაფერი ის, რის გაკეთებასაც ბანაკში არ აიძულებდნენ. ამდენად, კბილების გახეხვა დილაობით ადამიანისთვის ბანაკში შეიძლება განსაკუთრებული ქმედება, პიროვნული საქციელი გამხდარიყო. ქმედება მხოლოდ ის კი არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ქმედება არის ის, რაც ჩვენ გვქმნის, აყალიბებს ჩვენს პიროვნებას.

ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის უნდა იყოს ზნეობრივი საზღვარი _ მიჯნა, რომელსაც ის არავითარ შემთხვევაში არ გადავა. როცა ადამიანი ჩაიდენს საქციელს, რომელიც ამ ზღვარს მიღმაა, ის კარგავს მთავარს _ საკუთარ თავს და მის არსებობასაც ეკარგება აზრი. აქ მნიშვნელოვანი ორი რამ: ა) მიჯნა, რომელიც შენ შენთვის აირჩიე, მუდმივად ცნობიერებაში უნდა გქონდეს; ბ) საზღვარი შენში შეიძლება მოძრაობდეს, იცვლებოდეს, რადგან ბანაკში იცვლება ხოლმე ცხოვრების პირობები (მაგ. ის, რაც გუშინ სასიკვდილოდ სახიფათო იყო, დღეს დასაშვებია, და პირიქით), მაგრამ, რასაკვირველია, მიჯნის გადაწევა ძალიან ხშირად არ შეიძლება და, ყოველ შემთხვევაში, არ შეიძლება მისი გადაწევა გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

სანამ პატიმარს სულში ეს მიჯნა აქვს _ ის ადამიანია. გადავა მას და _ მორჩა. აი, ამის ამსახველი რეალური შემთხვევა. ტუსაღების ჯგუფი ქვებს ეზიდებოდა. ესესელმა, რომელიც მათ მეთვალყურეობდა, შენიშნა, რომ ორი მათგანი ცდილობდა მომცრო ქვები ამოერჩია და ამით არღვევდა წესს _ `არ გამოირჩე~. საჭირო იყო მათი დასჯა _ ესესელმა უბრძანა მათ საფლავი გაეთხარათ და შიგ ჩამდგარიყვნენ. შემდეგ მან პატიმართა მეორე ჯგუფიდან ერთ-ერთს უბრძანა ეს ორი ცოცხლად დაემარხა. მან კი უარი განაცხადა! ესესელმა გაიმეორა ბრძანება და თან კონდახი ჩასცხო _ ისევ უარი! ამ ადამიანის სახელი ცნობილია _ ეს იყო პოლონელი არისტოკრატი სტშასკა. სახელი ცნობილია იმიტომ, რომ ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა ბანაკში აშკარა დაუმორჩილებლობისა, რისთვისაც ერთადერთი სასჯელი არსებობდა _ ადგილზე დახვრეტა. მაგრამ იმ ესესელმა ბანაკის არსის უფრო ღრმა გაგება გამოავლინა. მან სტშასკა ადგილზე კი არ დახვრიტა, არამედ იმ ორს უბრძანა ცოცხლად დაემარხათ იგი და მათაც მორჩილად დაიწყეს მისი დაფლვა. როცა სტშასკას თავი ოდნავღა ჩანდა მიწის ზედაპირზე, ესესელმა უბრძანა ისევ შეეცვალათ ადგილები. სტშასკა ამოთხარეს, ის ორი ისევ ჩადგა საფლავში და ესესელმა ისევ უბრძანა მათი დამარხვა. და სტშასკამ, ამჯერად, ისინი ცოცხლად დამარხა... სტშასკას ჰქონდა შინაგანი მიჯნა და ის ადამიანი იყო. ის რომ მაშინვე დაეხვრიტათ, ის დაიღუპებოდა თავის მიჯნიანად, დაიღუპებოდა როგორც ადამიანი. ბანაკისთვის კი მთავარი იყო მისი გატეხვა, მისი პიროვნების მოსპობა, და არა უბრალოდ ფიზიკური მოსპობა, რაც კიდეც მოახერხა რიგითმა ესესელმა ჯოჯოხეთური ოსტატობით…

პატიმრებს, რომლებმაც მიაღწიეს `იდეალური ტუსაღის~ მდგომარეობას, ანუ შეწყვიტეს წინააღმდეგობა, ბანაკის ენაზე `მუსულმანები~ ერქვათ. ეს ადამიანები უკვე ვეღარაფერს ამჩნევდნენ თავის გარშემო და მექანიკურად ასრულებდნენ ბრძანებებს. თუ ასეთს ხელში ჩაუდებდი პურის ნატეხს, ის მექანიკურად შეჭამდა მას, ერთ წერტილს მიშტერებული, მაგრამ შინაგანი, ადამიანური მოთხოვნილებები მას აღარ ჰქონდა. მისი ცნობა სიარულის მანერით შეიძლებოდა _ ის ფეხებს მიათრევდა, მოსიარულე გვამი იყო... მასში აღარ იყო არაფერი, სიცოცხლის წყურვილიც კი. `იდეალური ტუსაღი~ არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ფიურერს რომც მოეყვანა სისრულეში ადამიანების `გამოსწორების~ თუ `ხელახალი აღზრდის~ თავისი გეგმა (ხოლო `იდეალურ ტუსაღებად~, ანუ რობოტებად უნდა ექციათ მთელი მოსახლეობა), მიიღებდა გერმანიას, რომელიც დასახლებული იქნებოდა ცოცხალი გვამებით… (1942 წლიდან ბანაკები, რომელთა მიზანი თავიდან ადამიანების გარდაქმნა იყო, თანდათანობით სიკვდილის ბანაკებად გადაკეთდა, რადგან ცხადი გახდა, რომ ადამიანების `ხელახალი აღზრდის~ პროგრამა მოსალოდნელ შედეგებს არ იძლევა).

ახლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმათზე, ვინც ვერ აქციეს `იდეალურ ტუსაღებად~, ვინც გაუძლო ბანაკს და გადარჩა, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა აძლევდა მათ ძალას? საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებმა ცხოვრების უდიდეს ნაწილი ნაცისტებამდელ გერმანიაში გაატარეს და სულში მათ ჰქონდათ საფუძველი, ფუნდამენტი, რომელსაც წინაღამდეგობის პროცესში ეყრდნობოდნენ. ზრდასრული ადამიანების `ხელახალი აღზრდა~ არცთუ მარტივი განსახორციელებელი ამოცანა აღმოჩნდა.

ყველაზე უკეთ თავს იცავდნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ღირსება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიცოცხლის შენარჩუნება (ძველ დროს ასეთები იყვნენ არისტოკრატები, ახალ დროში კი ასეთ ადამიანებს ბეტელჰეიმი `სულის არისტოკრატებს~ უწოდებს).

ბანაკს კარგად უძლებდნენ ღრმადმორწმუნე ადამიანები. ეს არც არის გასაკვირი _ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისინი საკუთარი სულის სრულყოფით იყვნენ დაკავებულნი. მათ ჰქონდათ რწმენა და ბანაკში მათ რწმენა შეიძლება კიდევ მეტადაც განმტკიცებულიყო. მორწმუნეები ბანაკში ცდილობდნენ ერთად ყოფილიყვნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ და სხვა პატიმრებსაც შველოდნენ.

ყველაზე ცუდად ბანაკს უძლებდნენ ყველა ჯურის მოხელეები. ჩინოვნიკისთვის ცხოვრებაში მთავარია თანამდებობა, რეგალიები, ჩინები, უფროსობის კეთილგანწყობა ანუ, მისი ყველა ფასეულობა _ გარეგანია. როცა მოხელე ბანაკში ხვდებოდა, ის ყველაფერს კარგავდა. ხოლო ის, რაც ჩინოვნიკის ღირსებას წარმოადგენს _ მორჩილების უნარი, შემსრულებლობა, _ აქ მის წინააღმდეგ ტრიალდებოდა, სისუსტედ იქცეოდა. შედეგად _ ასეთი ადამიანი ძალიან სწრაფად ხდებოდა `იდეალური ტუსაღი~.

თავდაცვის, თვითდამკვიდრების ერთ-ერთ საშუალება თითქოსდა, სამუშაო შეიძლებოდა ყოფილიყო. ადამიანს შეეძლო ეფიქრა: `კი, მე ვხედავ, რა ხდება გარშემო, მაგრამ მე რასაც ვაკეთებ, კარგად ვაკეთებ, მე სპეციალისტი ვარ. მე პატივს მცემენ და ამას ვერავინ წამართმევს~. მართალია, ბანაკში კვალიფიცირებული შრომისთვის არც ისე ბევრი შესაძლებლობა იყო, მაგრამ მაინც არსებობდა _ პატარა ქარხნები, სახელოსნოები და ა.შ. წარმოვიდგინოთ ინტელიგენტი, რომელიც, ვთქვათ, აგურის ქარხანაში მოხვდა. თავიდან არაფერი გამოსდის, მაგრამ ის მეთოდურად ცდილობს და სამიოდე თვის შემდეგ უკვე სავსებით რიგიან აგურებს ამზადებს. თუმცა, მას შეიძლება მოსვენებას არ აძლევდეს ერთი კითხვა _ სად მიდის მისი აგურები? მეზობელ ბანაკში კრემატორიუმს აშენებენ, იქნებ ის თავისი აგურებით მონაწილეობს ღუმელის აგებაში, სადაც ათასობით ადამიანს დაწვავენ? შეიძლება, რასაკვირველია, ეს აზრი გონებიდან განდევნოს და აგურების ფორმის დახვეწაზე იმუშაოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ამის საშუალებას არ მისცემენ. ესესელები როგორც კი შეამჩნევენ, რომ საქმე კარგად გამოსდის, მაშინვე გადაიყვანენ სხვა სამუშაოზე _ ყველაზე ბინძურ და მძიმე სამუშაოზე. ამის მიზანია გაჩვენონ, რომ შენს მონდომებაზე, შენს პროფესიონალიზმზე, პირადად შენზე არაფერი არ არის დამოკიდებული (გავიხსენოთ, დამსმენებს რომ არავითარი პრივილეგიები არ ჰქონდათ), შენ გააკეთებ იმას, რაც ყველას შეუძლია. თანაც კიდევ უკეთესი, თუ სამუშაო საერთოდ უაზრო იქნება (აქედან იყო ბანაკებში გავრცელებული პრაქტიკა ქვების უმიზნო გადაზიდვისა ერთი ადგილიდან მეორეზე თუ ვაგონებში ქვიშის მუჭით ჩაყრისა).

ამრიგად, პატიმარს წართმეული ჰქონდა თვითდამკვიდრების მძლავრი საშუალება _ სამუშაო.

თვითდამკვიდრების მეორე მნიშვნელოვანი საშუალებაა ძალაუფლება. უხელმძღვანელო სხვა ადამიანებს, პასუხი აგო მათზე _ ეს, რასაკვირველია, პიროვნების შინაგან განმტკიცებას უწყობს ხელს. და საკონცენტრაციო ბანაკში თითქოს იყო ამ საშუალების გამოყენების შანსი, რადგან ბანაკს მთელ ცხოვრებას მართავდნენ,.. პატიმრები.

ბარაკში უფროსია პატიმარი _ `მამასახლისი~. ბარაკები გაერთიანებულია `კუნძულებად~, არსებობენ `კუნძულების~ `მამასახლისები~, არსებობს მთელი ბანაკის `მამასახლისიც~. ბრიგადის უფროსია `კაპო~ _ პატიმარი. სასადილოს, სახელოსნოს, პოლიკლინიკის უფროსი _ ასევე პატიმარია. ამის გამოა, რომ ესესელთა ერთი ასეული თავისუფლად `უვლიდა~ რამდენიმე ათეული ათასი პატიმრისგან შემდგარ ბანაკს. თითქმის მთელ საქმეს, ესესელთა ნაცვლად, თვითონ პატიმრები აკეთებდნენ. ამ მრავალრიცხოვანი იერარქიის წარმომადგენლებს ბანაკში `ელიტა~ ეწოდებოდა.

ადამიანს, რომელმაც ელიტაში შეაღწია, მართლაც აქვს ძალაუფლება, მაგრამ ის არ შეიძლება არ აცნობიერებდეს, რომ მისი მიზნები მთლიანად ემთხვევა ესესელთა ადმინისტრაციის მიზნებს. თუ შენ `მამასახლისი~ ხარ, საკუთარი თავისა და შენი ბარაკის ბინადართა დასაცავად უნდა ეცადო, რომ ბარაკში ყოველთვის სრული წესრიგი იყოს. ხოლო ეს არის სწორედ ის, რაც უნდა ესესელს. და აზრი, რომ შენ ხარ აქტიური თანამონაწილე იმისა, რაც ბანაკში ხდება, წამლავს შენს სულს. რასაკვირველია, შენ შეგიძლია გადაარჩინო შენი კაცი გაზის კამერას, მაგრამ მის მაგივრად ვიღაც მაინც უნდა შეიყვანო სიაში. და ამ სიას ხელი მოაწერო…

ელიტის ცხოვრება მკვეთრად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი პატიმრების ცხოვრებისაგან. ელიტა იკვებებოდა ცალკე და გაცილებით უკეთ, უკეთ ეცვა, ნაკლებს მუშაობდა, ზოგიერთს საკუთარი ოთახიც კი ჰქონდა. და საოცარია, თუ რა სწრაფად ივიწყებდა ადამიანი, რომელიც ელიტაში მოხვდა, იმ ტანჯვასა და წამებას, რომელსაც თვითონ იტანდა, როცა ჩვეულებრივი ტუსაღი იყო. და აი, `მამასახლისი~ გაზის კამერაში აგზავნის კაცს, რომელიც `საშინელ~ დანაშაულზე დაიჭირა _ ნაგავში იქექებოდა იმ იმედით, რომ კარტოფილის ნაფცქვენებს იპოვიდა. `მამასახლისს~ აღარ ახსოვს, რომ სამი თვის წინ თვითონ ნახევარ ცხოვრებას მისცემდა ერთ მუჭა კარტოფილის ნაფცქვენებში... ეს მართლაც საოცარი თვისებაა ადამიანის ფსიქიკისა _ მოხვდება თუ არა უკეთეს პირობებში, პირწმინდად ავიწყდება ყველაფერი. ამიტომ `მამასახლისს~ აღარ შეუძლია სამყაროს ტუსაღის თვალით უყუროს. ის უკვე თითქოს მავთულხლართის მეორე მხარეზეა, ესესელთა მხარეზე… და მისი სულის გადარჩენაზე ლაპარაკი, ალბათ, უკვე ზედმეტია...…

ამ მოკლე წერილში შეუძლებელია ბეტელჰეიმის წიგნის საფუძვლიანი მიმოხილვა (მით უმეტეს, რომ ის საკმაოდ დიდი მოცულობისაა _ 300 გვერდს ითვლის), მაგრამ ეს არც შეადგენდა ჩვენს მიზანს. უბრალოდ გვსურდა მკითხველისთვის გაგვეცნო (სქემატურად მაინც) ეს საოცარი დოკუმენტი, რომელიც უამრავ ასოციაცია-რემინისცენციას იწვევს და მართლაც ერთობ საგულისხმოა დღეს ჩვენთვის...

ბეტელჰეიმის წიგნის მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა (ამაზე ცალკე წერილი შეიძლება დაიწეროს), მაგრამ ერთს მაინც ვიტყვით: ის, ალბათ, იმსახურებდა ნობელის პრემიას. თავისი არსობრივი მნიშვნელობით ის სოლჟენიცინის `არქიპელაგ გულაგს~ უტოლდება. მიგვაჩნია, რომ ამ წიგნს რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაეცნოს ქართული საზოგადოება, რადგან მას განსაკუთრებული თვისება აქვს _ მისი წაკითხვის შემდეგ ადამიანი ვეღარ დარჩება ისეთი, როგორიც იყო მის წაკითხვამდე. ეს წიგნი შოკური თერაპიის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს და ადამიანის გაადამიანურებას უწყობს ხელს. მისი მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ადამიანში ნერგავს ერთგვარ სულიერ იმუნიტეტს, ქმნის თავდაცვით მექანიზმს ყოველგვარი ავტორიტარულ-ტოტალიტარული ეპიდემიებისა თუ პანდემიების საწინააღმდეგოდ. თუმცა, მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ მსგავსი თავდაცვის საშუალება, სულის ამგვარი აცრა ჩვენ დღეს აღარც კი გვჭირდება, რადგან, რაც იყო, წარსულს ჩაბარდა, რომ კაცობრიობამ ტოტალიტარიზმი მოსახდელი სახადივით მოიხადა. სამწუხაროდ, ეს, როგორც ჩანს, მთლად ასე არ არის...…

მოგეხსენებათ, `ახალი, ეს კარგად დავიწყებული ძველია~ და თუ ადამიანებმა პირწმინდად ამოვირეცხეთ მეხსიერებიდან ის, თუ რა ხდებოდა ცივილიზებული ევროპის შუაგულში სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ (აზიის ტრამალებზე კი გაცილებით ნაკლები ხნის წინაც), ძალზე დიდი შანსია, რომ ჩვენი შვილიშვილები თუ შვილთაშვილები ერთ `მშვენიერ~ დღეს აღმოაჩენენ, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ბინადრობენ (როგორი იქნება XXI საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკი, ფსიქოკოდირებულ-ვირტუალური თუ ნამდვილი მავთულხლართით შემოზღუდული, ამას ჩვენთვის ამ წუთში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს)...



(გამოქვეყნდა ჟურნალ “ომეგაში” 2002 წელს).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Mon Jan 24, 2011 12:21 pm



წიგნის სათაური – "პარალელური საქართველოს ქრონიკები"
ავტორი – ირაკლი ლომოური
თემა – პროზა
ISBN 978–9941–0–1896–1
სერია – "ახალი ქართული პროზა" (ჟურნალ "გუმბათთან" ერთად)
გამოცემის წელი – 2011
გვერდების რაოდენობა – 184
ყდა – რბილი
ფასი: 2.40 ლარი; ჟურნალ "გუმბათთან" ერთად – 3.00 ლარი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue Feb 08, 2011 4:07 pm

ჩემი საყვარელი ლექტორი I love you





როგორ ვაქციე მოსკოვი რადიოაქტიურ უდაბნოდ ანუ ქვიშის საათის აღსასრული

(ციკლიდან “ყველა გზა ბედლამში მიდის”)

...ამრიგად, მარცვალ-მარცვალ ვიცლები _ მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ დავიცლები?!
ქვიშის საათი ვარ.
და ვინ გადამატრიალებს მაშინ?
მიმოვიხედე. ყველას უკვე ეძინა. კოფი ანან-იაშვილი ძილში აჩქარებით ფშვინავდა _ ტამტამის რიტმში. მხოლოდ ბურატინო ფხიზლობდა. მაგრამ მისი იმედი არ მაქვს. ეგ მე არ გადამაბრუნებს. თავს არ შეიწუხებს. რაღაცნაირი ხისთავიანია. არაადე,..კვატური. არა, სულაც არაადე,..ბატური! ჰა-ჰა-ჰა!
გისოსებიანი ფანჯრის მინა ნახევრამდე თეთრად შეეღებათ. ფანჯრიდან შემოფრქვეული მთვარის კაშკაშა შუქი დერეფნიდან შემოსული მბჟუტავი ოცდახუთვატიანი ნათურის მქრქალ ნაგრამს ურცხვად ერეოდა და ერთობ მჭლე ბინდბუნდსა შობდა. პალატაში ჩვეულებრივი ხის კარის ნაცვლად ასევე თეთრად შეღებილი რკინის წკირებისგან შეკოწიწებულ-შედუღებული ცხაური გვქონდა, რკინისავე მასიურ ჩარჩოში ჩასმული _ ლაპლაპა ჩინური ბოქლომით დაგმანული.
“ამქვეყნად ჩვენზე მშვიდი და უწყინარი არსებობს ვინმე? რა საჭიროა ეს რკინები და ბოქლომები?!” _ ვუყურებ, მიკვირს და თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
უცებ გონება გამინათდა – გვიცავენ! რომ არ მოგვიტაცონ! ბნელმა ძალებმა! აი, რა საჭიროა ეს გისოსები და ბოქლომები. უიშვიათესი არსებები ვართ ერთად შეყრილი. უუნიკალურესი. სამყაროს უკანასკნელი იმედი და დასაყრდენი.
დერეფნიდან მქრქალი სინათლის გარდა ქლორის სურნელიც უშურველ-დაუზარებლად იფრქვეოდა.
ახლა უკვე ბურატინოს ვუმზერ ბადრი მთვარის ფონზე (საწოლი ზედ ფანჯარასთან უდგას ჩემს წინ ანუ, უფრო კი, გვერდულად) და თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე? საქმე ისაა, რატომღაც ერთი სიჩქარით კი არ ჩაედინება ქვიშა ჩემში, არამედ ხან აასწრაფებს, ხანაც ცალი ნამცეცის ჩავარდნას მთელი საათი უნდება. თანაც ეს თითო ნამცეცი თითო გალაქტიკაა, თითო სამყარო.
ბურატინო საწოლზე თვალდახუჭული, ფეხმორთხმით ანუ “თურქულად” იჯდა. ცალი ხელით თეთრად შეღებილი რკინის საწოლის თავგისოსი მტკიცედ ეპყრა, როგორც შკიპერს შტორმში შტურვალი ატორტმანებული ხომალდისა, მეორე ხელის საჩვენებელი თითით კი ცხვირის წვეტს ისინჯავდა ფრთხილად. ისე, ახალგათლილი ფანქრის წვერს რომ ამოწმებენ ხოლმე, როცა სურთ დარწმუნდნენ, გემოზე წამახვილდა.
მე თუ მკითხავთ, ცხვირი ისედაც საკმარისზე მეტად წვეტიანი აქვს. უეცრად თვალი ჭყიტა, მეკითხება:
_ გაინტერესებს, რატომ მქვია ბურატინო?
_ რა სისულელეა? _ ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, _ იმიტომ გქვია, რომ ხარ! ეგ იგივეა, ვთქვათ, ოყნამ იკითხოს, რატომ მქვია ოყნა? აბა, რა უნდა ერქვას? სინქროფაზოტრონი?
უეცრად ბურატინოს სახე ეცვალა და,.. გამიღიმა! ყველაფერს ველოდი ამის გარდა. მიკვირს, თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
_ იცი რა, საიდუმლოდ გეტყვი, _ მჟღერი ჩურჩულით, მაგრამ სრულიად სერიოზული ტონით მეუბნება, _ შენ მაინც მალე დაიცლები და ვერ გამთქვამ. ადრე ბურატინო კი არ ვიყავი!
_ აბა, ვინ? _ გამიკვირდა, თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
_ ადამიანი ვიყავი. მაგრამ ბავშვობიდან ბურატინოს მეძახდნენ. იცი, რატომ?
_ ხისთავიანი იქნებოდი, _ ვარაუდი გამოვთქვი, მაგრამ რატომღაც არ სწყენია. თითქოს ვერც გაიგოო, ისე გააგრძელა:
_ იმიტომ, რომ თურმე ბავშვობიდან ყველაფერში ცხვირსა ვყოფდი, რაც ჩემი საქმე არ იყო, როგორც უფროსები მიხსნიდნენ, ჯერ დაყვავებით,..
_ მერე და,..ყორნებით? _ გავაწყვეტინე.
_ მერე დაძერებით, მერე დაქორებით, მერე დაარწივებით, მერე,.. _ გააგრძელა ბურატინომ ისე, არც დაფიქრებულა.
_ მოიცა, მოიცა, _ ისევ გავაწყვეტინე, _ რა, ჩაიხვიე?! საქმეზე ილაპარაკე!
“რა ალალად ხისთავიანია, ჯიგარი...” გამიელვა, მერე კი სადღაც და ოდესღაც ამოკითხული ფრაზა გამახსენდა: „ფსიქიკურად შეშლილებს იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ.“
ბურატინო კი ლამისაა ჯიგარჩამწვარი ინტონაციით აგრძელებს:
_ რა მექნა, ყველაფერი მაინტერესებდა. ალბათ, ამიტომაც გავხდი ფიზიკოსი. ბირთვულ ფიზიკაში ვმუშაობდი. მაინტერესებდა, როგორაა მოწყობილი ეს სამყარო,.. მატერია, _ საწოლის თავგისოსს ხელი წამით უშვა, რკინის მოაჯირს ორჯერ საჩვენებელი თითის ფრჩხილით მსუბუქად მიუწკიპურტა, მერე ისევ ჩაეჭიდა და სიტყვა განაგრძო, _ კოსმოსი, რა. სხვათა შორის, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი ვიყავი ჩემს დარგში. პროტვინოში ვმუშაობდი, ამაჩქარებელზე. მაგრამ მანამდე თბილისის უნივერსიტეტი დავამთავრე. შვინდისფერი დიპლომით. არ გჯერა?
_ არა. – მოკლედ მივუგე. თუმც კი მჯეროდა.
უეცრად თავისი, საქვეყნოდ ცნობილი, პომპონიანი ჩაჩი მოიძრო და იქიდან ილუზიონისტივით რაღაც საბუთების და წიგნაკების ამოლაგება დაიწყო. დიდხანს ეძება, ბოლოს მომაწოდა _ თსუ დიპლომი აღმოჩნდა. მართლა შვინდისფერი ყდა ჰქონდა.
_ რისთვის ინახავ? _ სრულიად ლოგიკური კითხვა დავუსვი, _ ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ შენს წარსულ, დაკარგულ ადამიანობას ვერ ელევი და, ჰოი, სირცხვილო, გეძვირფასება კიდეც!
_ მართალია, ეს ჩემი საიდუმლოა, _ ჩურჩულით მპასუხობს, _ მაგრამ ვიცი, ვერ გამთქვავ, რადგან მალე დაიცლები.
_ მალე, ამ შემთხვევაში, შეიძლება ათასი წელიც კი იყოს, _ გული გავიკეთე, თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
_ ან ათასი წამი. _ მომიგო ბურატინომ თითქოსდა ნიშნისმოგებით და უეცრად ჯიბიდან ფანქრის სათლელი ამოიღო, ცხვირის წვეტთან მიიტანა, ცალი თვალი სნაიპერივით მოხუჭა, დაუმიზნა, მოიმარჯვა, ჩამოიცვა და ორჯერ მოწყვეტით, ენერგიულად დაატრიალა თავისი ღერძის გარშემო, თითქოს ნაღმის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავაო. მერე სათლელი აუჩქარებლად მოიძრო, საწოლის მოაჯირზე საქმიანად მიაკაკუკნა, ხის ნაფცქვენები გადმოყარა, სათლელი ჯიბეში შეინახა და ცხვირის ახალწამახვილებული წვეტი მერეღა მოისინჯა.
_ შენს ცხვირს კიდევ გათლა უნდა? _ გაოცებული ვეკითხები, _ ნემსივით წვეტიანია!
_ ყოველდღე თუ არ გავთალე, ჩლუნგდება და ადამიანის ცხვირს ემსგავსება.
_ კი მაგრამ, ამწუთში არ თქვი, დაკარგული ადამიანობა მეძვირფასებაო? გულის სიღრმეში, საიდუმლოდო?.. მოდი, სულაც ნუღარ გაითლი ცხვირს და ვნახოთ, იქნებ ისევ ადამიანად იქცე, _ ვეუბნები, თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
_ გაგიჟდი?! _ შეჰკივლა უცებ ბურატინომ ისე, თითქოს აგიზგიზებულ ბუხარში შეხტომა შევთავაზე.
ხმაურზე შვარცენეგერივით დაკუნთულმა სანიტარმა გისოსა კარში შემოიჭყიტა, თავისი ერთადერთი, ვეება, მკაცრად ცენტრირებული თვალი დააკვესა, მრისხანედ დაიგრუხუნა:
_ რა ხდება მანდ?!
ბურატინო საწოლზე გაიშოტა, გავისუსეთ.
რატომღაც არავის გაღვიძებია.
სანიტარი უკვე ბიქლომის შეხსნას აპირებდა, გასაღებიც კი ამოიღო ჯიბიდან, მაგრამ მერე, ეტყობა, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება დაეზარა და გაბრუნდა. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანები, ძირითადად, ზარმაცები ხართ!
ერთხანს გატრუნულები ვიწექით. ვუსმენ, როგორი ოდნავგასაგონი ჩუჩუნით ცვივა და ჩაედინება ჩემს წიაღში ქვიშის სიფრიფანა, ჰაეროვანი ჭავლი, და ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
უცებ მომინდა ბურატინო გამებრაზებინა და ვეუბნები:
_ არ მჯერა, რომ ოდესღაც ადამიანი იყავი. დიპლომებს მშრალ ხიდზე რამდენსაც გინდა, იმდენს გიყიდი. ეგ არაფერს არ ამტკიცებს. აი, პინოქიო რომ იყო, კიდევ დავიჯერებდი... პინოქიო ხომ ბოლოს ადამიანად იქცა, შენ კი შენს მარიონეტულ კომუნიზმში მოხვდი, ეგ იყო და ეგ. აბა, მოყევი, თუ ადამიანი იყავი, როგორ იქეცი ბურატინოდ?
ბურატინო ისევ წამოიწია, ისევ ფეხმორთხმით დაჯდა, ისევ მოისინჯა ცხვირის წვეტი.
_ იმ დღეებში პირველი სკოლის მხარეს ვიდექი ხოლმე ძირითადად, მეგობრებთან ერთად... მაგრამ იმ ღამეს ისე მოხდა, რომ მხატვრის სახლის წინ აღმოვჩნდით, – დაიწყო ისე მონოტურად, მაგრამ თან რიტმულად და წამღერებით, თითქოს მანტრას კითხულობსო. თითქოს ოდნავშესამჩნევად რხევაც კი დაიწყო აქეთ-იქით, წინ და უკან.
_ აჰა, ესე იგი, წინასწარ იცოდი, რაც უნდა მომხდარიყო! _ რაც შემეძლო გესლიანად გავაწყვეტინე, _ ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ შეკრული ხარ. აბა, რა, ვინ უნდა იყოს ამქვეყნად კაგებეს სექსოტი, თუ არა ხისთავგულიანი, ფუტურო კაცუნა?
მაგრამ ჩემი აშკარად აღარ ესმოდა. თვალდახუჭულმა ადგილზე რხევას უმატა, ახლა უკვე ლოტოსის პოზაში იჯდა, თითქოსდა მართლა ტრანსში იყო. ცხვირს, როგორც იქნა, შეეშვა, ხელები მუხლებზე ეწყო. ერთობ კომიკური სანახავი იყო _ ბურატინო-იოგა მედიტაციისას. ერთხანს დუმდა, მხოლოდ ირხეოდა. მერე ალაპარაკდა რაღაცნაირად ყრუდ, არა, კი არ ლაპარაკობდა, თითქოსდა სიტყვებს სამარიდან ამოთქვამდა:
_ როცა ჯაგერნაუტის ეტლები ჩვენსკენ დაიძრა, ხალხი შუაზე გაიპო და გზა დაუთმო... მერე ურფინ ჯუსის ჯარისკაცები წამოვიდნენ,.. ეგრევე მივხვდი, ჯადოსნურები იყვნენ, რადგან მთელი ძალით გვირტყამდნენ ორლესულ ხელკეტებს, მაგრამ არაფერი მოგვდიოდა,..
_ ეგ შეიძლება შენ არ მოგივიდა, რადგან, ალბათ, მხატვრის სახლში შევარდი, მოლბერტთან დადექი და სასწრაფოდ პაპა კარლოს პორტრეტის ხატვა დაიწყე, _ ისევ გავაწყვეტინე. მინდოდა როგორმე სწყენოდა ჩემგან. არადა, არ სწყინდა! ყურადღებასაც კი არ მაქცევდა.
ხატის ქადაგივით გააგრძელა:
_ გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, არ ვკვდებოდით არ ვკვდებოდით, არ ვკვდებოდით... გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, არ ვკვდებოდით არ ვკვდებოდით, არ ვკვდებოდით... გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, გვირტყამდნენ, გვკლავდნენ, არ ვკვდებოდით არ ვკვდებოდით, არ ვკვდებოდით...
ბალიში ვესროლე. გამოერკვა. მეკითხება გაოცებული:
_ სადა ვარ?
_ გამოჭკუადამჯდართა ქვეყანაში.
_ არა, მართალა?
_ მართლა... მერე, თუკი არ კვდებოდით, ის ოცი კაცი რამ მოკლა?! ქალები და ბავშვები?!
ბურატინომ უცებ გაიცინა. თანაც ისე ბუნებრივად, მხიარულად, ლაღად, რომ ძალაუნებურად გამიელვა: “ეეე... აბა, შენა ყოფილხარ, ძმაო!” პირველად მომივიდა თავში აზრად, რომ ამ დაწესებულებაში სრული პანსიონი და უგულისხმიერესი მოვლა-პატრონობა სწორედაც რომ დამსახურებულად ეკუთვნის. ანუ რომ სხვის ადგილს არ იკავებს. ჩემგან განსხვავებით.
როგორც იქნა, სიცილს მორჩა, სული მოითქვა და მეუბნება:
_ მეც ეგრე მეგონა მაშინ, რომ დაიხოცნენ! იმ მომენტში კი არცერთი არ მინახავს მკვდარი, მაგრამ მერე ფოტოები ვნახე.
_ მერე? რა გაცინებს?! ბურატინო ხარ, კარაბას-ბარაბასი ხომ არა?!
_ ცოცხლები არიან!
_ როგორ?!
_ ჰო, ეგრე! ჰავაის კუნძულებზე არიან ყველანი! ცოცხლები! საღ-სალამათები! იცინიან! ჰონოლულუში! ვაიკიკის პლიაჟზე!
ახლა კინაღამ მე გამეცინა, მაგრამ თავი შევიკავე. მშვიდად, დაყვავებ-დაგვრიტებით ვეუბნები:
_ აბა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ, ჩემო ბურატინო...
_ ვიცი, რასაც, _ მპასუხობს კრისტალურად გონიერი ხმით, _ ის ოცი კაცი, ვითომ რომ მოკლეს, ჰავაის კუნძულებზე გადიყვანეს საიდუმლოდ. ეს ყველაფერი სპექტაკლი უყო, თვითონ კაგებეს უნდოდა კავშირის დაშლა, რადგან კისერზე დოლაბის ქვასავით აწვა ეს ამდენი მუქთამჭამელი რესპუბლიკა. ამერიკასაც შეუთანხმდნენ, ცეერუს. ოღონდ თავის ხალხს, რუსებს ამას როგორ აუხსნიდნენ?! ამიტომაც ასეთი დამანგრეველი სცენარი მოიგინეს. მაგრამ, აბა, მართლა ხომ არ დახოცავდნენ ქართველებს?! მხეცები ხო არ არიან, მართლა და მართლა? ნადირები? ჰოდა, სპექტაკლი გაითამაშეს!
_ შენ რა იცი? _ ისე ვეკითხები, თითქოს, ცოტაც, ჰა და ჰა, ამ გაუგონარ ზღაპარს დავიჯერებ.
_ ვებ-კამერა, ლაივ-კამერა იცი რა არის? ინტერნეტში.
_ ვიცი. მუდმივად რო ჩართულია ერთ ადგილას და 24 საათი გადმოსცემს.
_ ჰო! ჰოდა, ერთი ეგეთი შემთხვევით ჩავრთე. ჰონოლულუში, ოკეანის პირას, ვაიკიკის პლიაჟზე, პალმების ქვეშ, დიუკ კაჰანამოკუს, თანამედროვე სერფინგის გამოგონებელისა და ცურვაში მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონის ძეგლთან რომაა დამონტაჟებული და რას ვხედავ, ის ჩვენი ვითომ დაღუპული ქართველები არ დასეირნობენ?!
_ ჰოო, ესე იგი, სამოთხე ჰონოლულუში ყოფილა,.. ლოკალიზებული. – ერთობ შთაგონებულმა ჩავილაპარაკე. ბურატინო ირონიას ვერ მიმიხვდა.
_ ეე, სამოთხე რა შუაშია!.. ცოცხლები არიან! _ სერიოზულად მეუბნება. _ აი, მისამართიც კი სულ თან დამაქვს, _ ჩაჩი ისევ მოიძრო, რაღაც ბარათი ამოაძვრინა და მაწვდის, _ აი, ამ საიტზეა: http://www.honolulu.gov/multimed/waikiki.asp შედი ინტერნეტში და შენ თვითონ ნახავ! ცოცხლები არიან. გეუბნები!
_ ცხადია, სამოთხეში ცოცხლები იქნებიან. მარად. აბა, შენ რა გგონია, იქ რა, ტრუპები აწყვია შტაბელებად თუ?
_ არა, მაგრამ იქ,.. მმმ,.. ისაა,.. რაც ტრუპებისგან დარჩა.
_ ნამდვილი ბურატინო ხარ, რა, ბურატინო! ადამიანი მართლა ცოცხალი სამოთხეშია, აბა, აქაა ცოცხალი? აბა, ამას ჰქვია სიცოცხლე?!
_ და ქვიშის საათი? _ რატომღაც თითქოს ნიშნის მოგებით მეუბნება, _ ყველაზე მეტად ქვიშის საათი ქვიშის საათების სამოთხეშია ცოცხალი, არა?
_ არავითარი ქვიშის საათების სამოთხე არ არსებობს, გენაცვალე, სამოთხე სულებისთვისაა, ფორმებისთვის კი არა, ქვიშის საათი ფორმაა მხოლოდ.
_ ისევე როგორც,.. მმმ,.. ბურატინო?
_ არა, ძმაო, _ ვეუბნები გულდათუთქულის ინტონაციით, _ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ფორმა ემთხვევა შინაარსს... მერქნის კუბატურას.
ბალიში გამომიქანა. ჩემი საკუთარი. მადლობა გადავუხადე. შუშას რბილზე უხდება წოლა.
ერთხანს ცხვრის წვეტს ელოლიავებოდა, მერე კი ისე გააგრძელა ლაპარაკი, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
_ იმ მომენტში გადავიქეცი ნამდვილ ბურატინოდ, როცა ურფინ ჯუსის ჯადოსნური ჯარისკაცის ორლესული მომხვდა.
_ ალბათ, ზურგში, მხატვრის სახლში როცა შერბოდი კურდღელივით, იმ მომენტში! _ ვეუბნები ამრეზით.
არაფერი მიპასუხა. ესე იგი, ათიანში მოვარტყი. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ დამასწრო.
_ არა, მაშინ კი არა,.. ცხვირში ჯადოსნური ელექსირი შემომასხურა, აიროვანი, და ჩემმა ცხვირმა ეგრევე დაიწყო ზრდა, გაიწელა, გაიჭიმა, გა,..
გავაწყვეტინე, ვეუბნები:
_ მოიცა, მოიცა, არავითარ ცხვირს არა ზრდიდა ეგ შენი,.. აიროვანი. აბა, შემომხედე, ცხვირი საერთოდაც არა მაქვს!
_ რა, შენც იქ იყავი, ვითომ?!
_ ვიყავი და ზოგიერთისგან განსხვავებით, მხატვრად თავი არ გამისაღებია! გამომივიდა რა, ბოტიჩელი!.. ბოლომდე ვიდექი, ფეხი არ მომიცვლია. სანამ მართლა არ შემომასხურეს. და ქვიშის საათად არ გადამაქციეს!
_ სამაგიეროდ, იცი მერე რა ავაწყე?! ატომური ბომბი! მოსკოვი უნდა ამეფეთქებინა!
გამეცინა. ისევ არ მომაქცია ყურადღება. ისევ გამოტრანსდა, აგრძელებს:
_ კოკროჭინა ბომბია, ეხლაც ელოდება სიგნალს, მიწაშია ჩაფლული, შუა მოსკოვში.
_ და რატომ არ აამოქმედე ეგ შენი კოკროჭინა? _ ვეკითხები საქმიანად.
_ რატომ და,.. მე ლენინს მთელ სამყაროს ვერ მოვდებ!
_ ლენინს? ლენინი რა შუაშია?!
_ როგორ თუ რა შუაშია?! სწორედაც რომ შუაშია,.. შუაგულ მოსკოვშია! მოსკოვი რომ ჰაერში აიწეოდა, ლენინი ატომებად დაიშლებოდა და მთელს სამყაროს მოედებოდა... ასე ვთქვათ, გამსჭვალავდა. მიაზმებით!
_ მერე რა?! _ ცოტა არ იყოს აგდებულად ვეუბნები. არ მიყვარს ეს ფიზიკურ-ლირიკული სენტიმენტები, და რა ვქნა.
_ როგორ თუ რა? _ ბურატინო ჩემი მიუხვედრელობით აშკარად განცვიფრებული დარჩა. მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა. ცხვირწვეტის სინჯვაც კი შეწყვიტა წამით.
_ როგორ თუ რა, _ ისევ გაიმეორა და გააგრძელა, _ ლენინდაყურსულ, ლენინგაჯერებულ სამყაროს აღარაფერი ეშველება. აღარაფერი.
_ არ მიყვარს რა ეგ მეტაფიზიკური სენტიმენტები! _ ვეღარ მოვითმინე, _ არ ეშველება და ნუ ეშველება!
ბურატინო დადუმდა და მერე რაღაცნაირად გამჭოლად შემომხედა. თითქმისდა ჩურჩულით, გამჭოლადვე მკითხა:
_ მ ა შ ი ნ შ ე ნ ვ ი ნ ღ ა გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ს?
_ ეგ რა კავშირშია?
_ იმ კავშირშია, პატივცემულო ყოფილო კომკავშირელო, რომ გამოლენინებულ სამყაროში არავის აზრადაც არ მოუვა თავი შეიწუხოს და ქვიშის საათი გადაატრიალოს, მაგრამ თუკი არ გადაგატრიალებენ, დრო, _ აქ ბურატინომ თვალები გადმოქაჩა და ოდნავგასაგონად, ავისმომასწავებელად, კანზებუსუსდამყრელად დამარცვლა, _ გა-ჩერ-დე-ბა.
_ არა, ჩემო ხისთავიანო მეგობარო, არ გაჩერდება, რადგან მე თვითონ ვისწავლე გადატრიალება. როგორც კი დავიცლები, ჰაერში ავხტები, ერთხელ ამოვბზრიალდები და ადგილზე დავდგები, დავერჭობი. გაჯგიმული. ჰოდა, ახალი ციკლიც დაიწყება. სამყაროში. ახალი დრო! _ ვეუბნები, თან გულში ვფიქრობ, ეხლა არ მითხრას, აბა, მიდი, გააკეთე ეგ შენი ფოკუზი, ბევრს რო ახურებო! რისი გამკეთებელი ვარ? რაის ამომბზრიალებელი?! ამიტომ საუბრის თემა სასწრაფოდ შევცვალე, კატეგორიული ტონით ვეუბნები:
_ არა, არ მჯერა, რომ ატომური ბომბის აწყობა შეგიძლია!
_ მე არ შემიძლია?! _ ბურატინოს ამჯერად აღშფოთებისაგან ხიჭვები თითქმის ყალყზე დაუდგა. ჩაჩი ისევ მოიძრო და იქიდან რაღაც შავი მომცრო საგანი ამოიღო.
_ ეგ რა არის?
_ პულტია. _ ჩურჩულით კი არა, ლამისაა სისინით მეუბნება, ეტყობა უნდა მაგრძნობინოს, რომ რაღაც სუპერზესაიდუმლო რამეა.
_ რა პულტი? _ ვეკითხები და თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
ბურატინომ ასწია და ის რაღაც, ხელში რომ ეჭირა, შორიახლოდან ფრთხილად დამანახა. მართლაც პულტი იყო, ტელევიზორის ჩვეულებრივი დისტანციური მართვის პულტი. საკმაოდ ძველი და შელახული.
_ მერე? – ვეკითხები და თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლამდე?
_ მერე, ამ პულტზე წითელ ღილაკს თუ დააჭერ, მოსკოვი ჰაერში აიწევა!
_ ?
_ ატომური ბომბის ასამოქმედებელი პულტია. ჰო გითხარი, კოკროჭინა, პორტატული, 10 კილოტონიანი ატომური ბომბი გავამზადე-მეთქი, ჩემოდანში ჩავსვი, მოსკოვში ჩავიტანე და იმ სახლის სარდაფში ჩავფალი, სადაც წლების მანძილზე ბინას ვქირაობდი. ის ბინა პირველ სართულზეა და ოთახიდან პირდაპირ სარდაფში შეგეძლო ჩასვლა.
ძალიან მომინდა იმ პულტის ხელში ჩაგდება. და იმ წითელ ღილაკზე თითის დაჭერა. რა ვქნა? რა მოვიმოქმედო? დროის გაყვანის მიზნით ვეუბნები:
_ არა, უნდა აგეფეთქებინა მოსკოვი. იცი, როგორ აქრობენ ხანძარს ნავთობის საბადოზე?
_ როგორ?
_ აფეთქებით! რუსეთი კიდევ იგივეა, რაც ცივილიზაციის საბადოზე გაჩენილი ხანძარი. ჩაუქრობელი. ხანძარი, რომელსაც ვერ მოერევი, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება,.. მთელ რესურსს არ ამოწვავს. მთელ მსოფლიოს... არა, უნდა აგეფეთქებინა!
_ მა, ლენინი?
_ არ ვიცი მე ლენინი!
_ მაგრამ ისინი ხო ცოცხლები აღმოჩნდნენ, ჩვენ რომ დაღუპულები გვგონია,.. მე ხო მათ გამო მინდოდა შურისძიება. მაგათი გულისთვის გავაკეთე ატომური ბომბი! არადა, ცოცხლები არიან! ცოცხლები!!
მივხვდი, ბურატინოსთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. ბურატინოა და! არჩევანი აღარ დამრჩა. რა უნდა მექნა? ვეძგერე. მინდოდა პულტი წამერთმია, მაგრამ ისე ჰქონდა ორივე ხელით ჩაბღუჯული, ვერაფრით გამოვგლიჯე. მერე უცებ შესანიშნავმა აზრმა გამიელვა – სულაც არაა საჭირო პულტის წართმევა, მთავარია წითელ ღილაკს დავაჭირო ან ვაიძულო, თვითონ დააჭიროს... მთელი ძალით დავაწექი. ამჯერად პულტს ხელიდან კი აღარ ვგლეჯდი, არამედ ვცდილობდი ისე დავწოლოდი ზემოდან, რომ თვითონ, თავის ხელით, უნებურად დაეჭირა. ეტყობა, მიმიხვდა და წამსვე გახვანცალდა, ერთი მოწყვეტილი ზინედინური მხეთქა, უფრო სწორად, უნდოდა, რომ ეხეთქა, ოღონდ ძლიერად არ გამოუვიდა, მთელი ძალით ვერ მოახერხა, მაგრამ, მოგეხენებათ, ცხვირი ძალზე გრძელი და წვეტიანი აქვს, ჰოდა,.. დამამსხვრია.
გამტეხა. იატაკსა და ლოგინზე დავიფანტე შუშის ნამსხვრევებედ და წმინდა ქვიშის მიკროსკოპულ ნამცეცებად.
ხმაურზე სანიტარმა შემოიხედა, მერე გისოსებისგან შეკრულ კარს ბოქლომი შეხსნა და პალატაში შემოვიდა.
_ რა მოხდა, რა ამბავია?! – მკაცრად იკითხა და ხელი საწოლზე მოაფათურა.
_ ფრთხილად, მანდ შუშის ნამსხვრევებია, ხელი არ გაიჭრათ, _ სრულიად მშვიდად მიუგო ბურატინომ.
“როდის მოასწრო სულის მოთქმა?” გამიკვირდა, თანაც ვფიქრობ, რამდენი მარცვალი დამრჩა დაცლ... და უცებ დამკრა – უკვე დავიცალე! მორჩა!!! გათავდა!!!!!!
_ ქვიშის საათი გამიტყდა,.. შემთხვევით. – უსინდისოდ იცრუა ბურატინომ.
_ ქვიშის? _ სანიტარმა ვითომ გაიკვირვა, _ რაღა დროს ქვიშის საათია XXI საუკუნეში? ჯანდაბანდე გზა ჰქონია! ჩამოვწერთ!
გავიდა და ეგრევე ცოცხი, აქანდაზი და ნაგვის ვედრო შემოიტანა, _ მომხვეტა და ჩამყარა.
თქვენც მოგხვეტენ, ნუ გეშინიათ!.. თავის დროზე. ამიტომ მაინცდამაინც ნუ შეგეცოდებით. (სხვათა შორის, ამ მესიჯს ჰონოლულუდან გიგზავნით).
ამ დროს პალატაში მეორე სანიტარმა შემოყო თავი, რაღაცანირი განწირული ხმით იყვირა:
_ სად ხარ?! მოსკოვში ატომური ბომბი აფეთქებულა! მესამე მსოფლიო ომი დაიწყო!!!

2006
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Fri Jun 24, 2011 1:01 am



წიგნის დასახელება – "ხვამლი" (ლიტერატურული კრებული)
ეძღვნება - გურამ გაბიძაშვილს
კრებული შეადგინა, კომენტარები დაურთო და გამოსცა - ირაკლი ლომოურმა
გარეკანი გააფორმა - მალხაზ იაშვილმა
გამომცემლობა – “მწიგნობარი”
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-424-26-7
გვერდების რაოდენობა – 308
ფასი - 10 ლარი

ახალი ლიტერატურული კრებული „ხვამლი“

ამა წლის 30 ივნისს, საღამოს 6 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში გიწვევთ ყველას, ვისაც გიყვართ ლიტერატურა და ჯერ კიდევ გჯერათ, რომ თბილისი არის ურთიერთობა.

მწერალი ირაკლი ლომოური წარმოგიდგენთ მის მიერ შედგენილ და გამოცემულ ლიტერატურულ კრებულს “ხვამლი“, რომელიც ჩვენგან უდროოდ წასულ არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილს ეძღვნება.

კრებულის პირველ ნაწილში დაბეჭდილია ინტერვიუ გურამ გაბიძაშვილთან (ჩაწერილია 2009 წელს), მეორე ნაწილი შედგება მოგონებებისგან, მესამე კი – მხატვრული ტექსტებისგან. წიგნში 38 ავტორია, ცოცხლებსაც და გარდაცვლილებსაც ირაკლი ლომოურთან მეგობრობა, სიცოცხლისა და ადამიანის სიყვარული აერთიანებთ: გია აბაზაძე (ბოცმანა), დათი ალელიშვილი, ნუცა ალექსი–მესხიშვილი, თამარ ამზაშვილი, ნოდარ არონიშიძე, დათო ასათიანი (აშოტა), თამაზ ბაძაღუა, თორნიკე ბერიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, მაია ბოჭორიშვილი, მარინა გეორგაძე, რუსა ვარშალომიძე, ნონა თადუმაძე, ზაზა თვარაძე, კოტე კაკიტაძე, ლადო კილასონია, თაკო ლაშაური, მამუკა ლეკიაშვილი, ირაკლი ლომოური, ბიძინა მინდაძე, ივა მინდაძე, მიხო მოსულიშვილი, დავით მჭედლური, ზურაბ ნარმანია, გაგა ნახუცრიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ამირან სვიმონიშვილი, ჯუანშერ ტიკარაძე, ალექსანდრე ქურხული, ბექა ქურხული, მიხეილ ჩიკვილაძე, ირმა ჩუბინიძე, ვანო შატბერაშვილი, ნუგზარ შატაიძე, თეა შურღაია, მარიამ წიკლაური, დათო ჭელიძე, კოტე ჯანდიერი.

ავტორთა შორის მკითხველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელებიცაა და სრულიად უცნობიც – ისინი, ვინც ჯერ არ დაბეჭდილან, თუმცა, როგორც კრებულის შემდგენელი აღნიშნავს, ძალზე საინტერესოდ წერენ.

მათთვის, ვინც გურამ გაბიძაშვილს არ იცნობდა: იგი ხვამლის მთის კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო. ქართველ მეფეთა განძსაცავი, ლეგენდარული, მისტიური ხვამლი, მისი გატაცებაც გახლდათ და მეცნიერული კვლევის ობიექტიც. თუმცა გურამი უფრო მეოცნებე, რომანტიკოსი არქეოლოგი იყო, ვიდრე „მშრალი“, აკადემიური მეცნიერი.

“როდესაც გურამი შარშან უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა ექსპედიციაში, მის გვერდით ვიყავი, – წერს ირაკლი ლომოური, – გამიჩნდა მოთხოვნილება გურამზე დამეწერა, მეგობრებს ყველას დაგვეწერა. რაც გამოვიდა, ამ კრებულში მოვუყარე თავი.

ჩემი მეგობრების ერთობლივი ლიტერატურული კრებულის იდეა კი ადრევე მქონდა – გურამის ტრაგიკულმა ამბავმა ორივე იდეა გააერთიანა...:”

“მაშ ნუ ახსენებ სიტყვებს დარდი, იმედი, სევდა...
ახსენე რამე ათასწილად უფრო ცოცხალი
და ერთხელაც - უცნაურად დამიწებული”.
(ზაზა თვარაძე)



* დრო – 2011 წლის 30. 06, ხუთშაბათი · 18:00 - 19:30

* მდებარეობა – "მუზა" (მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი)
კუს ტბის გზა # 1
თბილისი

* კრებულის ღირებულება – 10 ლარი.



study


Last edited by Admin on Mon Mar 26, 2012 8:04 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Fri Mar 23, 2012 11:53 am

ირაკლი ლომოური


ჯო(რ)ჯო
(ნოველა)

სხარტი ვარ, სხმარტალა, დაჭიმულ ზამბარასავით - მსუბუქი, მოქნილი, ძლიერი, - მთელი არსებითა ვგრძნობ,.. და მიხარია!.. ელვასავით გავსხლტი ბალახში, ქვის ფილებზე გადავირბინე, მზის გულზე გავედი, შევდექი, - ეს ფილა თეთრი იყო, გრილი, გლუვი, სლიპინა და რატომღაც მოტკბო, შაქარყინულივით, - ენა ავუსვი, გავირინდე, მზეს მივეფიცხე, თვალი მივლულე... მზემ საამოდ დამაცხუნა, გამახურა, მუცელიც კი გამითბა ცივ ქვაზე... აი, ნეტარება!.. აღარაფერი მინდოდა ცხოვრებაში... მაგრამ რაღაცამ შემაწუხა... ვიღაც მიყურებდა... თვალი გავახილე, ავიხედე და ჩემი თავი დავინახე.

...გამეღვიძა. საკუთარ ლოგინში. გამეცინა. მობილური ჟღურტულებდა - ანუ რეკავდა, საწოლის ქვეშ მედო. ხელი მოვაფათურე, ავიღე, ჩავრთე, მაინც ჟღურტულებს. თურმე, ქალაქისა რეკავს. ტელეფონის აპარატი რატომღაც იქვე იდგა იატაკზე. ყურმილს დავწვდი, ჩავახველესავით:
- ჰხმ,..
- ჯორჯო, გძინავს? - დიტო იყო, ბავშვობის ძმაკაცი.
- ჰოო, მძინავს, მძინავს და მესიზმრები, კოშმარშიდ, - ვიხუმრე ცალყბად, თან ვცდილობ გავიხსენო, სიზმარში რა ვნახე მართლა, მაგრამ უკვე გადამავიწყდა, თითქმის ვერაფერი აღვიდგინე, ერთი-ორი ბუნდოვანი კადრის გარდა...
- კაი, ბრატ, თუ გაგაღვიძე, იზვინი,.. მაგრამ ოთოს ბებიის გასვენებაა, წამოხვალ?
- ოთოს ბებიის?.. საწყალი,.. გავხსოვს, ალადუშკებს რო გვაჭმევდა?
- მახსოვს.
- რამდენი წლის იყო?
- 95-ის.
- აუუ...
- წამოხვალ? გამოგიარო?
- მმ,.. არ ვიცი...
- წამო, წამო, კლასელები ჩაუსხდეთ, თითო ჭიქა დავლიოთ ჩვენებურად, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.
- შენ რა, ქელეხში საქეიფოდ მიდიხარ?
- კაი ერთი, ქალმა ძლივს მოისვენა, ქელეხი კი არა, მართლა ქეიფი უნდა იკისრონ,.. თვითონაც გაწვალდა და ოჯახიც გააწვალა.
- ჰო, ვიცი, ვიცი, ლოგინად იყო ჩავარდნილი... ჰოო,.. გახსოვს ხიპების დევიზი?
- რაა? რა დევიზი?
- Hope die young… იმედია, მოვკვდები ახალგაზრდა.
- იმედია, იმედია... წამოხვალ?
- წამოვალ, აბა, სად ჯანდაბაში წავალ?.. ისე, რაღა დროს ჩვენი ახალგაზრდობაა.
- გული არ ბერდება, გული, ჯიგარო!
- არ ბერდება კი არა, ისე ბერდება, როგორც დაგიბარებია.
- ეე, ნუ ხარ შენ ზანუდა!.. პირველ საათზე გამოგივლი.
- მერე მთვრალი დაჯდები?
- მაკას დავსვამ უკანა გზაზე, ვა!
- ჰოო, ეგ ვეღარ მოვიფიქრე, - ვეუბნები. მაკა, დიტოს ცოლი, ასევე ჩვენი კლასელია.
- მოკლედ, პირველზე სახლის კუთხში დაერჭე, იასნია?
- ჰო, კაი! - ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.

...მოკლედ, დავასაფლავეთ საწყალი ელენე ბებია, როგორც ჩვენებური წესია და რიგი. მზე აჭერდა, მაგრამ თან გრილი ნიავიც ქროდა. ვიდექი და დავყურებდი, როგორ უშვებენ შავ ლაპლაპა კუბოს საფლავში. ფერდობზე იყო გათხრილი, ძნელი მისადგომი იყო, კინაღამ ჩაუვარდათ სამარეში. მაგრამ, გადავრჩით! შვებით ამოვისუნთქეთ... ეტყობა, ჩვენ გავარჩით, თორემ, ქალბატონ ელენეს გადარჩენისა არაფერი ეტყობოდა...

წამოვედით. რატომღაც შორიდან მოვუარე, ბიჭებს ჩამოვრჩი, საფლავებს შორის გავძვერ-გამოვძვერი, რაღაც რკინას ფეხი წავკარი, წავბორძიკდი, კინაღამ წავიქეცი, ხეს მოვეჭიდე, ჩავეხუტე, გავსწორდი, ამოვისუნთქე და უცებ თვალში მომხვდა თეთრ მარმარილოს ფილაზე გართხმული ჯოჯო*...

თითქოს გაორდაო ყველაფერი - ვუყურებ და რაღაც მახსენდება, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ეს რა კადრია, სად მინახავს, როდის და რატომ... თანაც თითქოს ორ კადრსა ვხედავ რიგრიგობით: ჩემს თავს ქვემოდან და ჯოჯოს - ზემოდან... ხან ერთ კადრს, ხან - მეორეს...

წინ გადავდგი ნაბიჯი, ჯოჯომ უცებ თვალი ჭყიტა, - კადრები თითქოს შეერთდა, ახლა ერთდროულად ორ კადრსა ვხედავ, ოღონდ ეკრანზე ერთმანეთს რო დაედება ხოლმე: ჯოჯოს ვუყურებ ზემოდან და ჩემს თავს - ქვემოდან... ვგრძნობ, მზემ როგორ საამოდ გამახურა, მუცელიც კი გამითბა ცივ ქვაზე... აი, ნეტარება!..

ჯოჯომ ერთი წამი მიყურა და გასხლტა... გაქრა, აორთქლდა, თითქოს არც
ყოფილაო... თეთრ ფილაზე, სადაც იჯდა, წარწერა გავარჩიე: “გიორგი ჯორჯიაშვილი 1966-1992”... ვაჰ! ჩემი სახელი და გვარი არ წერია?!
მეთქი, ისევ სიზმარია! აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა? ცხადია, თვალებს არ
დავუჯერე! მივედი ახლოს, დავაკვირდი - წერია და რა გინდა, რო ქნა! თან ფოტოც ყოფილა ზედ: მომცრო ოვალურ ჩარჩოში. ფაქიზად რეტუშირებული... დამჭკნარი ფოთოლი ეგდო ზედ და თავიდან ვერ დავინახე... მივაჩერდი,.. მე ვარ! ვაჰ! ჩემი ფოტოა, ჩემი!.. აშკარად!!!

არ ვიცი, რამდენი ხანი ვიდექი ასე, რბილად რომ ვთქვათ, გაშტერებული. თუ პირდაღებული. რატომღაც გამეცინა, ჩავილაპარაკე:
- მე ვარ ჯოჯო საკუთარი საფლავის ქვაზე...
უცებ მობილური აჟღურტულდა. ჯიბიდან მექანიკურად ამოვაცურე, ჩავრთე:
- სად ხარ, ტო?! - დიტოს ყვირილი მესმის, - გელოდები, ვა!
- ჰო, ჰო, მოვდივარ! - ახალგაღვიძებულივით ვუპასუხე, საფლავს ფოტო გადავუღე და სწრაფი ნაბიჯით ეკლესიისკენ წავედი, სადაც…დიტოს მანქანა ეყენა.
- გაცივდა შილა! - მისაყვედურა დიტომ, - რას აკეთებდი ამდენ ხანს?!

კარის მოხურვა ვერ მოვასწარი, მანქანა ადგილს მოწყვიტა.

გზაში კრინტი არ დამიძრავს – გავითიშესავით.

ქელეხი დელისის მეტროსთან, საბანკეტო დარბაზში ჰქონდათ. რადგან შეგვაგვიანდა, სუფრა შევსებული დაგვხვდა, მაკა გოგოებმა ჩაისვეს, მე და დიტო კი სადღაც კუთხეში შევიყუჟეთ, უცნობებში - ელენე ბებიას სანათესაო აღმოჩნდა.

ჭირის სუფრის თამადობა არც ისე ძნელია - სრულიად განსაზღვრული წესი და რიგი აქვს, და იმიტომ - თუმცა მაგასაც ცოდნა უნდა (ისე, ნიჭიც სასურველია), - მაგრამ იმის გამო, რომ მიკროფონში თითქმის არაფერი ისმოდა, სუფრა სრულიად მექანიკურად წარიმართა, თამადა თავისთვის ბუტბუტებდა, ხალხი - თავისთვის... წამოიშლებოდნენ კაცები, ჩვენც ფეხზე ავდგებოდით, დავლევდით, თუ არადა, მჯდომელა ვაგრძელებდით სმას. შილამ გაამართლა. როცა დავნაყრდით, საღერღელი აგვეშალა, ერთმანეთი კიდევ ერთხელ მოვიკითხეთ, ამჯერად, საფუძვლიანად, ალალქართლურად. დიტო მეკითხება:
- შენები როგორ არიან?
- არიან რა. პერმანენტული ბრძოლა გვაქვს გამართული. ყველა ყველას წინააღმდეგ.
- ბიჭები რამხელები გყავს?
- უფროსი მერვე კლასშია, უმცროსი - მეექვსეში... შენთან რა ხდება? იმ ბანკში ხარ ისევ?
- ჰო, რა...
- ოჯახში?
- არც არაფერი, ძველებურად...
- სიმშვიდეა?
- ხან ასე, ხან ისე,.. თუმცა მე მაგას ყურადღებას არ ვაქცევ,.. ნერვს არ ვიშლი,.. ერთი მაგათი ჭკუაც!
- ეჰ, ნეტავი კი შემეძლოს შენსავით!
- ერთი დაუცაცხანე და მოსვი ადგილზე!
- არ გამომდის. მბრიდავენ. ცალკე რძალ-დედამთილიანი, ცაკლე – ბიჭები... კომპიუტერზე თამაშის მეტი არაფერი აინტერსებთ. სულ ვჩხუბობთ. სულ ყვირილია და ისტერიკა. საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ თავს, როგორც,.. კატორღაზე! მართლა.
- მაშინ მიაფურთხე და წამოდი! თავში ქვაც უხლიათ! მერე თვითონ შეგეხვეწებიან, ოღონდაც დაბრუნდდიო!
- მაგასაც რო ვერ ვახერხებ...
- იმიტო ვერ ახერხებ, რო დებილი ხარ! და ყოველთვის დებილი იყავი!
არ მწყენია. სიყვარულით მეუბნება, ვიცი. და რაც მთავარია, სიმართლეა.
- ჰო, ვარ... ვარ, და რა ვქნა,…- დავეთანხმე სევდიანი ღიმილით, - კუზიანს ხო იცი, რა გაასწორებს?
- შენ ეგეც არ გიშველის, - იცინის დიტო, - წერ რამეს?
- არა, ვერაფერსაც ვერ ვწერ, - ვეუბნები, - მთელი დრო და ენერგია სერიალების თარგმნაზე მიმდის,.. როგორ უყვარს ანხელს ლუჩია და როგორ უყვარს ლუჩიას რობერტო, რომელიც თურმე ანხელის დაკარგული ძმაა, რო მელიც ლუჩიას მამინაცვალმა გაიტაცა, სამი წლისა როცა იყო და,..
- გეყოფა, ნუ ამატირე!.. ქე მაინც, ნორმალურად გიხდიან?
- შიმშილით არ ვკვდებით, ყოველ შემთხვევაში... ეგეც საქმეა.
- ეგეც საქმეა კი არა, ეგაა საქმე!.. მაგრამ შენ უნდა წერო, მაგრად გამოგდის!
მესიმოვნა, ცხადია. არ შევიმჩნიე. ბოლოკი გავკბიჩე და ვეუბნები:
- განწყობაც არა მაქვს,.. აბა, ამ საგიჟეთში რას დაწერ?.. ამას წინათ რატომღაც ბროდსკის ერთი ლექსი ვთარგმნე...
- რა ლექსია?
- გეტყვი, თუ გინდა,.. მაიცა, გავიხსენო...…

თევზები ცხოვრობენ ზამთრობით,
თევზები ღეჭავენ ჟანგბადს,
თევზები ცურავენ ზამთრობით,
ყინულს ეხლებიან
თვალებით,
ჩადიან
სად უფრო ღრმაა.
სად - ზღვაა.
თევზები.
თევზები.
თევზები.
თევზები ცურავენ ზამთრობით,
თევზებს გადარჩენა სურთ,
თევზები ცურავენ ბნელში.


მმ,.. მერე რამდენიმე სტრიქონია, ვეღარ გავიხსენე,.. ბოლოს კი ასეა:

თევზები არ ღვრიან ცრემლს,
. . .
ცივ წყალში
ეყინებათ
ცივი თვალები,
თევზები
თევზები
მარადის დუმან,
რადგან
არიან უტყვნი.
ლექსი თევზებზე
თევზივითაა.
ყელში მეჩხირება -
ფხა.


დიტომ ერთხანს მიყურა, მერე ჩაილაპარაკა:
- კაი ცოცხალია, ხო იცი. გასინჯე?..
- ცოცხალი? არა.
- მიდი, გადაიღე, - და თეფში მომაწოდა, სადაც ერთი კინკილა თევზიღა განისვენებდა.
ავიღე, თავი წავაცალე, სიცილით ვთქვი:
- ეს თუ ცოცხალია, მაშინ მე,..

და უცებ თითქოს თავში ურო ჩამცხესო, გუგუნი გავიგონე, ვეება ბრინჯაოს გონგის ხმასა ჰგავდა: ბენგგ!! ბენგგ!! ბენგგ!!.. თეთრი ფილა დავინახე, ზედ - ჯოჯო.
- დიტო, - ვგრძნობ, ხმა ამიკანკალდა, - დღეს ჩემი საფლავი ვნახე, შემთხვევით!... ჩემი საკუთარი!.. იმიტომაც დამაგვიანდა!
- რას ნიშნავს, შენი საკუთარი?!
- აი, ასე, ჩემი სახელი და გვარი აწერია და ჩემი ფოტო აქვს ზედ, რეტუშირებული! დაბადების წელიც ემთხვევა!
- მაიცა რა,.. რა საშაყირო ეგაა!
- არ გჯერა?
დიტომ არც კი მიპასუხა, “ნაბეღლავი” დაისხა, არაყივით გადაჰკრა.
- აი, ნახე, ფოტო გადავუღე!

მობილური მივაჩეჩე. გულისფანცქალით ველოდები, რას იტყვის. დიდხანს უყურა, მერე მეუბნება:
- ეტყობა, ვიღაც შენი მოგვარეა.
- და ფოტო? რეტუშირებული?
- და შენია რო ეგ ფოტო?

მობილური გამოვართვი, დავხედე - წარწერა საკმარისად მკაფიოდ იკითხება, ფოტო კი რატომღაც ბუნდოვანია. მართლაც შეიძლება გეგონოს, ჩემი კი არა, ვიღაც სხვისაა.
- თანაც შენს საფლავზე ფოტოს არავინ გააკეთებდა, არც ეგეთი გოიმი ხარ, - შენიშნა დიტომ და ალმაცერად ჩაიცინა.

ნათქვამი სავსებით ლოგიკური მეჩვენა, - გავუღიმე. ჭიქები შევავსე და ჩუმად ვეუბნები:
- ეს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სამეგობროს გაუმარჯოს!
- ჯიგარ! – დიტომ მომიჭახუნა, დალია, მერე კი დაფიქრებით ჩაილაპარაკა,
- თანაც, მაგ დროს, იქ სასაფლაო საერთოდაც არ იყო.
- როგორ თუ არ იყო? საბურთალოს სასაფლაო არ იყო?
- არა სასაფლაო კი იყო, ცხადია, მაგრამ მაგ ფერდობზე, ველოტრეკის თავზე, ნაღდად არ იყო... მერე გააშენეს.
- ჰოო? არ ვიცი,.. არ მახოვს.
- რა გავსოვს საერთოდ? - დიტო უცებ რატომღაც გაბრაზდა.
- რა მახსოვს და,.. ის მახსოვს, რომ 92-ში მართლა ვიბრიდებოდი... ჩვენ სახლს სოლოლაკში ყუმბარა მოხვდა, სახურავი ჩამოიშალა და ბალკა დამეცა. რეანიმაციაშიც კი ვიწექი,.. არ გახსოვს?
- მახსოვს, - უკვე მშვიდად მომიგო დიტომ, წიწმატი გაღეჭა, - კი იბრიდებდი, მაგრამ ხო არ დაიბრიდე?...
- აბა, ეგ მე რა ვიცი, ძმააოო,.. - ვითომ ხუმრობით ჩავილაპარაკე.
- არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,.. - უცებ რატომღაც ნიშნისმოგებით მეუბნება.
- იყოს ცოცხალი და ბანკისათვის არა იზრუნის! - სრულიად სეროზული ტონით გავგრძელე და თვალი ჩავუკარი, მერე კი, წამიერი პაუზის შემდეგ, ჩავილაპარაკე, - ამას წინათ კინაღამ დაგირეკე,..
- მერე, რატომ აღარ დამირეკე?
- აი, გეტყვი, რა სიტუაცია იყო და მიხვდები, უნდა დამერეკა, თუ არ უნდა დამერეკა...
- ჰო, მიდი.
- ჩემი ცოლის ნათესავი მოვიდა ჩვენთან სტუმრად,.. მოხუცი კაცია, სამაჩაბლოდან, ლტოლვილი... ისეთი სათნო, დარბაისელი, თეთრწვერა... მოკლედ,.. ყვებოდა როგორ ცხოვრობენ და,.. ვეღარ გავძელი, ავდექი, გამოვედი, სიგარეტს ვეწევი აივანზე.. ვფიქრობ, რა გავაკეთო და თან ვიცი, რო პონტია, აბა, რისი გამკეთებელი ვარ, რა შემიძლია? და უცებ შენ გამახსენდი, ვიფიქრე დავურეკავ-მეთქი,.. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ არა, არ ღირს...

დიტო მოულოდნელად დასერიოზულდა, თვალი თვალში გამიყარა და მკაფიოდ, ლამისაა ხისტად ჩამომარცვლა:
- ხომ იცი, კრიზისია.
- ვიცი. ყველაფერი ვიცი,.. ჰოდა, შენ თუ იცი, რა უნდა ერქვას ამ ჩვენს მზიან-ვარდებიან,.. ჯორჯიას?
- რა?
- რა და,.. ჯორჯოხეთი.
დიტომ ერთი წამი მიყურა, მერე გაეცინა.
- ჯორჯიაშვილო, არსენა** უნდა გერქვას შენ! - შესძახა და რატომღაც თვალები მილულა, მერე კი საზეიმოდ გააგრძელა, - ჯორჯიაშვილები ქმნიან ისტორიას!.. მააშ!

ჯორჯიაშვილი ვარ გვარად, როგორც უკვე გაიგეთ. ჰოდა, ჩემი ძმაკაცები, თავის ჭკუით, მაშაყირებენ. ოდითგანვე. ანუ მეხუთე კლასიდან. თუ მეოთხედან? მოკლედ, როცა ისტორიის მასწავლებელი, პატივცემული კლიმენტი, პირველად შემობრძანდა ჩვენთან გაკვეთილზე, სია ამოიკითხა, სათითაოდ გაგვეცნო. ბოლო მე ვეწერე. ვერ მოასწრო სიტყვის დამთავრება: "ჯორჯიაშვილი გი,..", წამოვხტი, გავიჭიმე:
- აქ ვარ, მასწწ!!
- ჰოჰ, შენ არსენა ჯორჯიაშვილივით ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ! შენ სიის თავში უნდა ეწერო, ბოლოში კი არა!
- არსენა ჯორჯიაშვილი ვინ იყო? - დიტომ წამოიძახა.
- ჩვენი გმირი! მშრომელი ხალხის წიაღიდან გამოსული
რევოლუციონერი, - სერიოზულად უპასუხა მასწავლებელმა და თვალი ჩამიკრა, - ჯორჯიაშვილები ქმნიან ისტორიას! მააშ!

ქელეხიდიან კარგა გემოზე დაგრუზული გამოვედი, რაღა დაგიმალოთ. მაკამ
და დიტომ სახლში მიმასევრეს, - კი ვიქაჩებიდი, სადმე დავსხდეთ-მეთქი, ვისკი მოვწრუპოთ, მაგრამ ყურიც არ მათხოვეს... კიდევ იძახოს მერე, “ჯიგარ, ჯიგარ!”

...ოჯახში ჩვეული სიამტკბილობა დამხვდა: ამჯერად, როგორც მივხვდი, ბრძოლა მხოლოდ ერთ ფროტზე მიმდინარეობდა – რძალ-დედამთილიანის ფრონტზე. მეორე ფრონტზე – შვილების ურთიერთფრონტზე - დროებითი სიმშვიდე იყო, ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე...

ოდნავშესამჩნევად ვბანცალებ. ნამეტანვად მომეკდა კახური... მეთქი-დავწვები, ცოტას დავისვენებ.…

ტახტზე წამოვწექი, ლოჯში, ტელევიზორის წინ - ეგრევე ჩამეძინა. როცა გამომეღვიძა, მივხვდი, გვიანაა. მივაყურადე - ამჯერად ბრძოლა სამ ფროტზე მიმდინარეობდა.…ეტყობა. კინაღამ მეოთხე გავხსენი, - მარტო ყველას წინააღმდეგ, - მაგრამ უცებ გამახსენდა, საკუთარი სამარე რო ვიხილე…საბურთალოს სასაფლაოზე, ველოტრეკის მხარეს, ეკლესიის შორიახლოს. ფოტოც კი გადავუღე, გამახსენდა. გამეცინა... დარწმუნებული ვიყავი, სიზმარში ვნახე. ანუ ფოტოც სიზმარში გადავიღე. მერე კი მობილური ამოვიღე, ხელში შევათამაშე. მინდოდა ფოტო მენახა. რაღაცამ გამაჩერა... იქნებ? ვაი თუ?.. არა, არა, რა სისულელეა, დამესიზმრა, ცხადია... მობილური ჯიბეში უნდა შემენახა, მაგრამ რატომღაც - ისე, სახუმაროდ - მეთქი, მაინც ჩავიხედავ,..… დავაჭირე ხელი ღილაკს, დავიწყე ფოტოების თვალიერება და კინაღამ,.. ხელიდან გამივარდა.

მარმარილოს თეთრი ფილაზე საკმარისად მკაფიოდ იკითხებოდა: “გიორგი ჯორჯიაშვილი 1966-1992”. შემახურასავით. თანაც - გამაცია. მობილურს ხელი მოვუჭირე, თვალი მოვვხუჭე. გავახილე. დავხედე – არა, არ მომლანდებია. თუ, იქნებ, მელანდება? იქნებ, გავაფრინე?

ამ დროს უმცროსმა ჩამიქროლა სკეიტით. სამზარეულოდან ცოლის ხმა ისმის:
- რამდენჯერ გითხარი! ნუ კატაობ სახლში! აგახევ ყურებს!
ასახევი ორგნო არც კი შეიბერტა. დიდ ოთახში მაგიდას ერთობ ოსტატურად შემოუარა ირგვლივ და ისევ ლოჯში მოგრიალდა. მომენტი ვიხელთე, ხელი ვტაცე მკლავში. სკეიტიდან ჩამოვახტუნე, ვეუბნები:
- მოდი აქ, ნახე ეს და წაიკითხე! აბა, რას ხედავ?
- გოგი, ვიცი კითხვა, თავი გამანებე, რა! - სახელს მეძახიან შვილები, რასაც ვერ ვიტან, მაგრამ ვიტან,.. რადგან სხვა გზა არაა - არ აიტან და რა?
- მმ,.. გინდა კვირას მაკდონალდსში?
- მინდა!
- ჰოდა, წაიკითე!

მობილური თვალებთან მივუტანე – უცებ გავაცნობიერე, რომ ხელი მიკამკალებს. ენაზე ვიკბინე რატომღაც, მთელი ძალით დავაჭირე კბილი, თითქოს ეს გამიჩერებდა ხელის ცახცახს.
- გოგი, გააჩერე ხელი, ვერ ვკითხულობ!
- აჰა, და წაიკითხე! - მობილური მივაჩეჩე.

ჩემმა მეექსეეკლასელმა გენიოსმა თავი არ შეირცხვინა - მართლა უსწავლია კითხვა - ენის ბირძიკით, მაგრამ მაინც საკმარისად თავდაჯერებულად ჩამომარცვლა:
- გი-ორ-გი ჯორ-ჯი-აშ-ვი-ლი, 1966-1992.
- წადი, წადი!

შვილმა გაოცებით გამომხედა და უკვე უნდა გაგრიალებულიყო სკეიტით, რომ უეცრად დედა ზურგიდან მიეპარა, ყურში ხელი სტაცა და წაათრია, ამერიკული სახანძრო სირენა მოგონილია, ისეთი ღრიალი ამოუშვა პაპუნამ...

აივანზე გავედი, სუფთა ჰაერზე, და ვფიქრობ: გავაფრინე თუ ისევ სიზმარში ვარ? სიგარეტს მოვუკიდე, ნაფაზი დავარტყი, გავაღვივე, საჩვენებელი და ცერა თითით დავიჭირე და ძალიან ნელა, მეცნიერული სიზუსტით, მარცხენა მაჯასთან მივიტანე. ჯერ სითბო ვიგრძენი, მერე - სიმხურვალე.. მეთქი-გავუძლებ, ხომ უნდა გავაღვიძო ჩემი თავი, ბოლოსდაბოლოს?! უცებ ისე ამეწვა, ისე მემწარა, რომ სიგარეტი მოვისროლე. კომეტასავით გაიელვა სიბნელში. ჰაერში ნახევარრკალი შემოხაზა და ვიღაც გამვლელს კინაღამ თავზე დაეცა. გადარჩა. ცხვირწინ ჩაუქროლა. ქალმა ამოიხედა, აღშფოთებით იკივლა:
- ხულიგნები!! კინაღამ დამწვეს ამ არამზადებმა! პატრულს დაუძახებ ახლავე! ამ კორპუსში სულ ნაძირალა ოპოზიცია ცხოვრობს! ვისაც არ უყვარს ჩვენი პრ,..

სახლში შევიძურწე. სასწრაფიდ აბაზაბაში შევვარდი, ჩავიკეტე, სახეზე ცივი წყალი შევისხი, სარკეში ჩავიხედე, ქუთუთოები გადავიწიე, თვალის უპეები დავითვალიერე და ჩედაუნებურად ხმამაღლა ვთქვი:
- არა, უნდა ვნახო, ვაჰ!

იმ მომენტიდან ზუსტად ვიცოდი, რას გავაკეთებდი – უნდა გამეთხარა საკუთარი საფლავი და მენახა, ვინ წევს შიგ? ანუ ვწევარ იქ მე, თუ არ ვწევარ?

"უნდა ვნახო ჩემი თვალით! - საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუთხარი, - თორემ ვერ მოვისვენებ, გავგიჟდები!"

გავედი საკუჭნაოში, მოვჩხრიკე ინსტრუმენტები – დიდი რაოდენობითა გვაქვს, მამაჩემს უყვარდა აგარაკზე ჩირთიფირთობა (აგარაკი გავყიდეთ, ინსტრუმენტები კი შეგვრჩა), - ავიღე ფარანი, “ზუბილა”, მოკლე “ლომი”, “მესანგრის ნიჩაბი”, ჩაქუჩი, პლასტიკის ბოთლში წყალი ჩავასხი, ეს ყველაფერი დიდი სპორტულ ჩანთაში ჩავაწყე ლამაზად, ცოლს გავძახე, ჩემს ძმასთან გადავალ, სალაპარაკო მაქვს-მეთქი და ქუჩაში გავედი.

ჩემი ძმა მეზობლად ცხოვრობს, ორას მეტრში. თუმცა თავიდან სულაც არ ვაპირებდი მისვლას, ცოლს ისე, ტყუილად ვუთხარი. მაგრამ მერე მომიწია, რადგან ტაქსმა როცა გაიგო, სასაფლაოზე მინდოდა, არა, გენაცვალე, გარაჯში მივდივარო. ასევე, მეორემაც. მეთქი, რისი გეშინიათ, ბიჭებო? არა, კი არ გვეშინია, მაგრამ,.. გვეჩქარებაო. მოკლედ, მაინც მომიწია ძმასთან ასვლა.

კარი თვითონ გამიღო.
- ვა, გოგი, მოხდა რამე? - ჩემი დანახვა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. თორმეტი საათი ხდებოდა.

მანქანა მათხოვე-მეთქი, ვეუვბნები, ქალაქგარეთ უნდა გავიდე.

ერთხანს დებილივით მიყურა, მერე კი უცებ თვალი ჩამიკრა ერთობ ეშმაკური გამომეტყველებით.
- ვაა, შენ რა შეაღამეს აგიდგა, ტოო,.. ამ სიბერეში! - მეუბნება ღიმილით. აი, ეგეთი უზრდელია. გასაღები მომაწოდა, მხარზე ხელი დამკრა, მერე კი დაუმატა ხმადაბლა (ეტყობა, ცოლს რომ არ გაეგო), - მოჯეტ პადრუგუ ვაზმიოტ?
- პადრუგა სდოხლა! - მოვუჭერი და კიბეზე დავეშვი.

...ჩემი საფლავი საკმაოდ დიდხანს ვეძებე, მთვარის შუქზე ყველაფერი სხვანაირად ჩანდა.

“რა უცნაურია,” - გავიფიქრე, - “რატომ არ მეშინია?”

მართლაც არ მეშინოდა. და მიკვირდა. სრულიად მშვიდად ვიყავი. მობლიზებული და კონცენტრირებული, გამოცდილი ქირურგივით სერიოზული ოპერაციის წინ.

თეთრი მარმარილოს ფილას ფარანი დავაშუქე - წარწერაც და ფოტოც ზუსტად ისეთი იყო, როგორც დღისით. ჩანთა მიწაზე დავდე, გავხსენი, ინსტრუმენტები ამოვიღე, მკლავები დავიკაპიწე და მუშაობას შევუდექი.

მიწა რატომღაც ადვილად ითხრებიდა, თითქმის არც კი დავღლილვარ - თანაც გრილი ნიავი ქროდა, საამურად, ჭრიჭინობელების ხმამ კი ბავშვობა გამახსენა: აგარაკზე ვარ, წყნეთში... ვლადიმირ დაგუროვი, პოეტი და ექიმი, სტუმრადაა ჩემს სიძესთან, ბიძინა მინდაძესთან, პოეტსა და ექიმთან,... სვამენ ღვინოს და ლიტერატურაზე საუბრობენ, ლექსებს კითხულობენ, - დაგუროვი ბიძინას ლექსებს თარგმნიდა რუსულად, - რაღაც ახალგაზრდულ პოეტურ ფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს, მგონი პრიბალტიკაში, და დამეგობრდნენ, ტოლები იყვნენ, ჩემზე 17-18 წლით უფროსები.. ბიძინა ოცი წლის წინათ გარდაიცვალა, დაგუროვი კი ახლაც ცოცხალია (ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტიდან ასე ჩანს, მოსკოვში ცხოვრობს)... მოკლედ, სამნი ვისხედით სუფრასთან ვერანდაზე, ძალიან გვიან იყო - სიბნელეს ვუყურებოდი და ჭრიჭინებს ვუსმენდი.…იმ ღამეს პირველად დავლიე კაცურად, ბოლომდე, მაგრამ არ გავთიშულვარ, ყველაფერ მახსოვს...

მიწის თხრა შევწყვიტე, წამით შევისვენე ისევ და უცებ თვალწინ წარმომიდგა - ანუ დავინახე, - როგორი კეთილი ღიმილით კითხულობს დაგუროვი საკუთარ სალაღობო ლექსს:

Каждый день я удивляюсь,
Что еще живым являюсь...


მოკლედ, ერთობ მჟღერი სიმყუდროვე იყო მაშინაც და ახლაც... არადა, რა დროს დაგუროვის პოეზიაა?!.. იქნებ ამ გახსენებით თავს ვიცავ? მაგრამ მე ხომ ისედაც არ მეშინია?

წყალი მოვსვი და თხრა გავაგრძელე. უცებ ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებ, რომ ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია... სიურეალისტურ პიესაში ვთამაშობ როლს – ავტორიც მე ვარ, რეჟისორიც, მსახიობიც, მაყურებელიც და მეხანძრეც, რომელიც კულისებში ზის სკამზე და თვლემს. და ესიზრება ეს ყველაფერი...

კუბოს ფიცარს ნიჩაბი ყრუდ მოხვდა. გულმა რეჩხი მიყო.
მაგრამ არა, უკან დახევა უკვე გვიანაა...

კუბოს სახურავს «ზუბილა» შევუყარე (ჩაქუჩით ჩარტყმა დამჭირდა რამდენჯერმე, არ შედიოდა), დავაწექი, ავხადე და,..

ჰა-ჰა-ჰა!

ცარიელი აღმოჩნდა!

ხარხარი ამიტყდა, ხარხარი კი არა, სულაც ხვიხვინი, კინაღამ გული შემიღონდა, ჩავწექი «საკუთარ» კუბოში სიცილ-სიცილ (ზედგამოჭრილივით მომერგო, თან თბილი იყო რატომღაც, თითქოს მიწიდან სიმხურვალე ამოდისო) და,.. ჩამეძინა. სიზმარი ვნახე:

სხარტი ვარ, სხმარტალა, დაჭიმულ ზამბარასავით - მსუბუქი, მოქნილი, ძლიერი, - მთელი არსებითა ვგრძნობ,.. და მიხარია!.. ელვასავით გავსხლტი ბალახში, ქვის ფილებზე გადავირბინე, მზის გულზე გავედი, შევდექი, - ეს ფილა თეთრი იყო, გრილი, გლუვი, სლიპინა და რატომღაც მოტკბო, შაქარყინულივით, - ენა ავუსვი, გავირინდე, მზეს მივეფიცხე, თვალი მივლულე... მზემ საამოდ დამაცხუნა, გამახურა, მუცელიც კი გამითბა ცივ ქვაზე... აი, ნეტარება!.. აღარაფერი მინდოდა ცხოვრებაში... მაგრამ რაღაცამ შემაწუხა... ვიღაც მიყურებდა... თვალი გავახილე, ავიხედე და ჩემი თავი დავინახე.

...გამეღვიძა. საკუთარ ლოგინში. გამეცინა. მობილური ჟღურტულებდა - ანუ რეკავდა, საწოლის ქვეშ მედო. ხელი მოვაფათურე, ავიღე, ჩავრთე, მაინც ჟღურტულებს. თურმე, ქალაქისა რეკავს. ტელეფონის აპარატი რატომღაც იქვე იდგა იატაკზე. ყურმილს დავწვდი, ჩავახველესავით:
- ჰხმ,..
- ჯორჯო, გძინავს? - დიტო იყო, ბავშვობის ძმაკაცი.
- ჰოო, მძინავს, მძინავს და მესიზმრები, კოშმარშიდ, - ვიხუმრე ცალყბად, თან ვცდილობ გავიხსენო, სიზმარში რა ვნახე მართლა, მაგრამ უკვე გადამავიწყდა, თითქმის ვერაფერი აღვიდგინე, ერთი-ორი ბუნდოვანი კადრის გარდა...
- კაი, ბრატ, თუ გაგაღვიძე, იზვინი,.. მაგრამ ოთოს ბებიის გასვენებაა, წამოხვალ?

პოსტგრაფი:
მე მგონი, ესაა მოთხრობა ჯოჯოხეთზე. “დროის მარყუჟის” ვარიანტი, როდესაც ერთი და იმავეს აკეთებ და აკეთებ. ეგზისტენციალიზმია, პატარავ, როგორი იდეაა. პირდაპირ ალბერ კამიუა. ასევე არსებობს ჰიპოტეზა, რომ ჯოჯოხეთი - ეს სხვებია. ჩემი აზრით - ეს შეიძლება იყოს ერთი და იმავეს მარადიული განმეორება.
სტივენ კინგი, “გრძნობა, რომელიც მხოლოდ ფრანგულ ენაზე შეიძლება გამოიხატოს”


---------------------
* ჯოჯოსებრნი, აგამისებრნი (agamidae), ხვლიკების ოჯახი. აქვთ პატარა ფარებით დაფარული თავი, კარგად განვითარებული კიდეურები, კუდი, ჩვეულებრივ, გრძელია, არ წყდება. კბილები ყბების ძვლის ზედა კიდეზეა მიმაგრებული. ოჯახში 35 გვარი და 300-მდე სახეობაა. კავკასიური ჯოჯო (agama caucasica) რ-ის სიგრძე 15 სმ აღწევს, გვხვდება ქართლისა და ივრის ზეგნის მშრალ მთებსა და გორაკებზე. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებსა და სოროებში. იკვებება ძირითადად მწერებით. ჭამს მცენარეულ საკვებსაც. მრავლდება კვერცხებით... ქსე, ტ.11, გვ.577

** ჯორჯიაშვილი არსენ პავლეს ძე [7(19).IV.1881, სოფ.დიდი ენაგეთი, თბილისის მაზრა, ახლანდ.თეთრი წყაროს რ-ნი, - I.III.1906, თბილისი], სახალხო გმირი. მუშაობდა ამიერკავკას. რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ჩამომსხმელ საამქროში. 1905 მონაწილეობდა პოლიციის მოხელეებსა და მეფის ჯარის ნაწილებზე შეიარაღებულ თავდასხმებში. სექტ-ში თავს დაესხა პლასტუნთა პოლკს და ათეული პლასტუნი ამოჟლიტა, მონაწილეობა მიიღო 1905 დეკ. შეიარაღებულ ბრძოლებში. 1906წ. 16 იანვ. ყუმბარით მოკლა კავკ.სამხ.შტაბის უფროსი გენ. გრიაზნოვი. მეფის ჯალათებმა ჯ. შეიპყრეს და კავკ.სამხ. საოლქო სასამართლოს განაჩენით საგუბერნიო ციხეში ჩამოახრჩვეს. ჯ-ს უკვდავსაყოფად თბილისში ყოფილ ბარიატინსკის ქუჩას, აგრეთვე სოფ. ენაგეთს ეწოდა მისი სახელი. იქვე დაიდგა ჯ-ს ძეგლი. ქსე, ტ.11, გვ.574


ბმული - http://urakparaki.com/?m=13&Theme=1098

ამ მოთხრობამ "ლიტბუნიობის" 2012 წლის 20 მარტის კონკურსზე მეორე პრემია დაიმსახურა - http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1098&st=0

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Wed May 09, 2012 7:13 pm



წიგნის დასახელება – "ავტონეკროლოგი" (გამოკრებილი მოთხრობები)
ავტორი – ირაკლი ლომოური
რედაქტორი – თამარ გელოვანი
დიზაინი – ლია სულაქველიძე
გამომცემლობა – "უსტარი"
დაიბეჭდა - შპს "ფავორიტი-პრინტი"
გვერდების რაოდენობა - 400
ISBN 978-9941-9261-3-6
წელი – 2012

ანოტაცია - 2012 წელს 30 წელი სრულდება, რაც პერიოდიკაში ვიბეჭდები. გადავწყვიტე, ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოთხრობები ერთ წიგნად გამოვცე... მკითხველო, გამიზიარე შთაბეჭდილებები - ilomouri@hotmail.com




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue May 29, 2012 11:01 am

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Mon Jul 16, 2012 11:58 am



"ოქროს რვეული" მარტოობიდან კაცობრიობას...


"ოქროს რვეული" მარტოობიდან კაცობრიობას... "ერთი წელი მის სამყაროში ვიცხოვრე, ამიტომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა არის დორის ლესინგის ტრაგედია..."

"მე მშურს იმ ხალხის, ვისაც წინ აქვს ამის წაკითხვის ბედნიერება..."



უამრავ წიგნს შორის, თაროზე ერთი დიდი, ფერადყდიანი წიგნი იდო ინგლისური წარწერით "ANSWERS". როცა მწერალი მელაპარაკებოდა და ცხოვრებაში დაგროვილ უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ვგრძნობდი ფრაზასა და ფრაზას შორის, ეს მხიარული წიგნი ისე შემომანათებდა ხოლმე თვალებში თავისი "პასუხებით", რომ ძალაუნებურად მეღიმებოდა... ამიტომ გადავწყვიტე, არც ამ წერილის გამო დამერღვია კანონზომიერება, ამაოდ არ მომეთხოვა პასუხები რესპონდენტისათვის, მხოლოდ მომესმინა ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერლის ირაკლი ლომოურისთვის, რომელიც თავად ეძებს კითხვებზე პასუხს.

- ასე მგონია, არსებითად არ შევცვლილვარ, რაც ვიყავი 17 წლის ასაკში, იგივე ვარ... ალბათ გავიმდიდრე ლექსიკა, ქართული ენის წვდომის სურვილი გაღრმავდა, მაგრამ პრინციპულად იგივე დავრჩი... არც კი გავიზარდე, რადგან ის, რაც ჩემთვის მაშინ იყო ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მთავარი, დღესაც მთავარია - თანაგანცდა. როცა ვწერ, ამაზე ვფიქრობ, თითქოს წერილებს ვწერ ვინმეს. მთავარია, მკითხველმა იგრძნოს ის ემოცია, რომელიც მე მაწერინებს. ემოციური კავშირი თუ დამყარდა, ამაზე მეტის არც მოლოდინი მაქვს და არც პრეტენზია.

წლები დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი - გვირაბის ბოლოს ნათელია და უნდა იარო იმ სინათლისკენ - ღმერთისკენ, ლაბირინთიდან რომ გამოხვიდე... მქონდა განცდა, რომ მეტაფიზიკურად მარტო ვარ სამყაროში. ასეთი განცდით სასოწარკვეთის ზღვარზე ხარ, ცხოვრებას აზრი არ აქვს და შეიძლება თავიც მოიკლა... რთული ვიყავი იმიტომ, რომ მარტო ვიყავი. მერე, როცა თავად გავხდი მამა, ვეცადე, ჩემი შვილების მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად არღვევს ეს მარტოობას... ალბათ ჩემი შვილებიც მაინც მარტო არიან. მაგრამ ჩვენსავ მარტოობაშიც გვაქვს დღესასწაულები... არიან ადამიანები, ვინც ამ დღესასწაულს ქმნიან. ასეთი იყო ჩემი მეგობარი, არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი. მეცნიერი, პოეტი... ხვამლის მთაზე მისი ხელმძღვანელობით ეწყობოდა ექსპედიციები, მეც ვმონაწილეობდი. მისნაირები ანიჭებენ ცხოვრებას საზრისს. ბევრი გვილაპარაკია და გვიფიქრია ერთად. ის სოფლები მაჩვენა ლეჩხუმში, რომლებსაც დატბორვა ემუქრება, თუკი ნამოხვანჰესი აშენდება. 14 სოფელი - ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ, წყალში აღმოჩნდება. ეს ულამაზესი კუთხე უნდა განადგურდეს... ვუთხარი ერთხელ: როგორ ლაპარაკობ მშვიდად ამაზე-მეთქი. რას ამბობ, სულ იმას ვფიქრობ, რა ვქნა, ამ საშინელებას როგორ შევუშალო ხელიო. ახლა მე ვფიქრობ: რა გავაკეთო ისეთი, რომ ხელი შევუშალო ამ კუთხის განადგურებას. ეს რაიონი მიგდებული იყო, არაფერი კეთდებოდა. რადგან ბოლშევიკებმა იქ ჰესის აშენება დაადგინეს (ეს იმდროინდელი პროექტია), არაფერი გაუკეთებიათ - მაინც წყალი წაიღებსო... ეს ხალხი დღესაც მიტოვებულია.

ნამოხვანჰესის ინვესტორი კორეული და თურქული კომპანიები, წავიდნენ, მაგრამ მთავრობა ამ საქმეს გააგრძელებს, იპოვის ახალ ინვესტორს... ხუდონჰესმა რა ხეირი დააყარა ქვეყანას? სიმბოლურად ერთ ლარად ინდოელებს გადასცეს ყველაფერი, თუ დაარღვევს კონტრაქტს, ის, რაც ერთ ლარად გადასცეს, საბაზრო ფასად უნდა გამოისყიდონ. უნდა დატბორონ და ჩაძირონ საქართველო. რისთვის? იმედი მაქვს, ოქტომბერში შეიცვლება ყველაფერი და მოვლენ ადამიანები, ვისაც თავისი ქვეყანა არ ემეტება ჩასაძირად და გასაყიდად...
მდუმარედ ვუსმენდი ირაკლი ლომოურის თითქმის მონოლოგს... სულაც არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მით უმეტეს, რომ თავად ირაკლი დაცლილია პათეტიკისგან. ის უფრო წერილების კაცია, დაჯდება და მოგწერს მოთხრობად, ან იქნებ რომანადაც კი... დაახლოებით ისე, როგორც დორის ლესინგმა მისწერა თავისი მარტოობიდან კაცობრიობას. ეს წიგნი ორშაბათიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა 50 წიგნის სერიით... ლესინგი იმიტომაც ვახსენე, რომ ნობელის 2007 წლის ლაურეატი ქალი სწორედ ირაკლი ლომოურმა თარგმნა ქართულად. როგორც თავად მითხრა, თარგმნისას ერთი წელი მის სამყაროში იცხოვრა და დიდი სიამოვნებაც მიიღო, ამიტომ მასზე უკეთ არავინ იცის, რა არის დორის ლესინგის ტრაგედია...

- დორის ლესინგს ფემინისტის და ქალების უფლებისთვის მებრძოლის სახელი აქვს, ამიტომ ცოტა ეჭვით შევუდექი მის "ოქროს რვეულზე" მუშაობას. მეგონა, მართლა ფემინისტი იყო... არადა, მივხვდი, პირიქით - ეს ანტიფემინისტური რომანია. ეს ავტორის ცხოვრების გულწრფელი და მართალი აღწერაა, ამდენად, ძალიან ღრმაა. ლესინგი შეგნებულად, პოზიციის დონეზე თანაუგრძნობს ფემინისტებს... მაგრამ ოცნებობს, ცოლად გაჰყვეს საყვარელ კაცს... სამყაროში ხდება ტრადიციული ოჯახის რღვევა. ქალი ხდება დამოუკიდებელი. ანა ვულფი - რომანის გმირი, ავტორის ალტერ ეგოა. ის და მისი მეგობარი არიან თავისუფალი ქალები, არ ჰყავთ ქმრები, ჰყავთ შვილები... თავისუფლად ცხოვრობენ. ეს ადრე სოციალური მოვლენა არ იყო, ახლა ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათ ეს არ მოსწონთ, კი არ უნდათ, ასე იცხოვრონ, ასე გამოვიდა... ჩვენ გავდივართ ახლა იმავე ფაზას, რაც მათ, დასავლეთში მაშინ გაიარეს. დორისი იდეალისტია, არ შეუძლია შეეგუოს უსამართლობას...
მე მშურს იმ ხალხის ვისაც წინ აქვს "ოქროს რვეულის" წაკითხვის ბედნიერება...

- რითი შეიძლება ლესინგი გგავდეთ... იქნებ ილუზიებითა და მათი მსხვრევით...
- დორისზე მეც ბევრი ვიფიქრე და ძალიან მომინდა, რომ იმ დროს, როცა ახალგაზრდა იყო, შემძლებოდა და გამეცნო... ამიტომაც მინდა დავწერო მოთხრობა, სადაც ლესინგი იქნება პერსონაჟი. ზოგჯერ ამბობენ, "ოქროს რვეულში" პათოლოგიური რაღაცებიცააო.. ამისი დაწერა როგორ შეიძლებაო... შეიძლება, რადგან სამყაროა არანორმალური... ეს თანამედროვე ადამიანის ტრაგიკული ბედია. ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს მართალი, ეძებს სიყვარულს - განწირულია და მისთვის წერა, ერთი მხრივ, გადარჩენის საშუალებაა.

P.S. ირაკლი ლომოურის ნათარგმნი "ოქროს რვეულის" მეორე ტომი, სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდ წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", მომდევნო "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.

ლელა ჯიყაშვილი
16-07-2012, გაზეთი "კვირის პალიტრა"

ბმული - http://www.kvirispalitra.ge/public/13018-qoqros-rveuliq-martoobidan-kacobriobas.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Sat Apr 12, 2014 1:11 pm



ირაკლი ლომოური

შოკორთველოს ბორჯღალადი
(პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან)

უზენაეს კაციკ-პრეზიდენტის* საზაფხულო რეზიდენცია საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული გახლდათ. თუმცა სამგლოვიარო, შავი აბრეშუმით გადახვეული გვირგვინებიც იმდენივე იყო, რამდენიც ათასფერი, კაშკაშა ტროპიკული ყვავილებისგან დაწნული გირლანდები თუ თაიგულები. თვალუწვდენელ, თოვლიან მთებს შორის, სალ კდეებში აღმართული საბრძოლოკოშკებიანი ციხე-სიმაგრე-სასახლის გლუვი კედლებიYყვავილების ფარდაგს დაეფარა თითქოს.
მანველო კოსტა (იგივე მანველიშილი კონსტანტინე) შოკორთველოს მეშვიდე კაციკ-პრეზიდენტი, უფსკრულის თავზე გადმოკიდებულ მომცრო ვერანდაზე გამოვიდა – ორმოცდათხუთმეტი წლის მაღალი, ხმელ-ხმელი მამაკაცი იყო. მხრებზე დათბილული საშინაო პონჩოხა ჰქონდა მოსხმული, ფეხზე ვიკუნიას ტყავის მესტები ეცვა.
გზას ჩახედა, სერპანტინის ლენტივით რომ მიმოიკლაკნებოდა ღრუბლებით დაბურულ ხეობაში. სტუმრების მობრძანებანდე, ტრაგიზეიმის დაწყებამდე ხუთი საათი რჩებოდა. მთელი ხუთი საათი აქვს! ანდა, სულ რაღაც ხუთი საათი...
გულში წამებს წიკწიკი გაჰქონდათ.
რატომღაც ცაში აიხედა _ ციხე-კოშკს თავზე კონდორი დასტრიალებდა ულმობელი, მძიმე ბომბდამშენივით.
ხუთი საათი.
მანველო კოსტა ბორჯღალებიან სარწეველა-სავარძელში ჩაეშვა და თოვლიან მთებს აუჩქარებლად, დაკვირვებით შემოავლო თვალი, თითქოს სამუდამოდ უნდაო გულში ჩაიბეჭდოს.
გულში წამებს წიკწიკი გაჰქონდათ.
ვერანდაზე პატარა ბიჭუნა გამოვიდა. კაციკ-პრეზიდენტის შვილიშვილი, ხუთი წლის კოტიკო _ ბუთხუზა, დათვის ბელივით საყვარელი ბავშვი.
ბიჭუნამ ვერანდაზე პაპა შენიშნა, შეცბა, ეტყობა არ მოელოდა – ერთ ადგილას შედგა, არ იცოდა რა ექნა, მისულიყო თუ უკან გაქცეულიყო.
მანველო კოსტამ დაუძახა:
_ მოდი აქ, კოტიკო!
ბიჭუნა გაქანდა, ბაბუას მუხლებში ჩაუხტა. კოსტამ თავზე ხელი გადაუსვა, მიესიყვარულა _ შვილიშვილთან ურთიერთობას იშვიათად ახერხებდა _ საქვეყნო საქმე პირადი ცხოვრებისთვის დროს თითქმის არ უტოვებდა...
კოტიკო ჩაეხუტა საყვარელ პაპას, თავი გულზე მიადო და უცებ წიკწიკი გაიგონა. გაოცებით ახედა, შესძახა:
_ ბაბუ, გულში საათი გაქ?…
მანველო კოსტამ სევდიანად გაუღიმა, მოკლედ მიუგო:
_ ბორჯღალადი.
_ ბორჯღა,.. რა? _ ვერ გაიგო ბავშვმა.
_ ბორჯღალადი. არ გაგიგია?.. მოწყობილობაა, რომელიც გულში გიფეთქდება, როცა დრო მოვა...
ბიჭუნამ ხელი გულზე მოისვა და შეშფოთებულმა ჰკითხა:
_ მეც მაქ ეგ რაღაცა?!
_ არა, პატარავ, შენ არ გაქვს და არც გექნება,.. თუ ჩემსავით ერთ მშვენიერ დღეს
კაციკ-პრეზიდენტი არ გახდები...
_ და შენ რატომ გაქვს, ბაბუ?
_ რატომ? _ მანველო კოსტა წამით დაფიქრდა, _ ორი სიტყვით ძალიან ძნელია, რომ აგიხსნა, მაგრამ მაინც ვეცდები, რადგან ბევრი დრო არ დამრჩენია... რაღას მოვახერხებ მერე...
ბიჭუნამ პაპას მკერდზე ყური ისევ მიადო.
_ წიკწიკებს!
_ კი, წიკწიკებს და მერე იტყვის: “ბუჰ”!
ბავშვს თვალები დაუმრგვალდა.
_ რატომ, ბაბუ? რატომ იტყვის “ბუჰ”?
_ მოდი, კოტიკო, ზღაპარივით მოგიყვები... ზღაპარს ხომ კეთილი ბოლო აქვს ყონელთვის... ცხოვრებისგან განსხვავებით. _ დინჯად დაიწყო კაციკ-პრეზიდენმტა, _ იყო და არა იყო რა, იყო ერთი მშვენიერი ქვეყანა, მას შოკორთველო ერქვა...
_ ჩვენი შოკორთველო? ამაყი კონდორების სამშობლო? _ ჩაეკითხა ბიჭი.
_ დიახ, ჩემო პატარავ, _ გაუღიმა ბაბუამ, _ სწორედ ამ მშვენიერ ქვეყანაში ცხოვრობდა ამაყი, ლაღი, შოკოლადვივით ტკბილი, მაგრამ თავქარიანი ხალხი,..
_ თავქარიანი რას ნიშნავს? _ იკითხა ბავშვმა, _ თავში რომ სულ უქრის?
_ რა ჭკვიანი ბიჭი ხარ! _ ბაბუამ შვილიშვილს თმა ხუმრობით აუჩეჩა, ჩაიხუტა და განაგრძო, _ ჰოდა, ეს თავქარიანი, ამაყი ხალხი ვერაფრით შეთანხმდა, ვის უნდა ემართა ქვეყანა. ყველას თვითონ უნდოდა პირველი ყოფილიყო,..
_ რა ბასტი-ბუბუ იქნებოდა!
_ სწორედაც რომ ბასტი-ბუბუ იყო! _ მწარედ ჩაეცინა მანველო კოსტას, _ დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდა აურზაური, გაწევ-გამოწევა და ცხვირპირის მტვრევა, სანამ არ გამოჩნდა აზნაური საჰაკ კატცელკოატლი,..
_ ჰო, სურათზე მინახავს! _ გაახსენდა ბავშვს, _ დიდი საჰაკი! თეთრ ცხენზე ზის და ხელში პატარა მზე უჭირავს,.. თავისი გული!
_ მართალი ხარ, _ შეაქო პაპამ, _ გცოდნია ყველაფერი! აზნაურმა საჰაკმა თავქარიან თანამოძმეებს შესთავზა, მოდი ის იყოს პირველი, ვისაც ყველაზე მეტად უყვარსო სამშობლო!
_ და რაგორ გაიგებდნენ, ვის უყვარდა ყველაზე მეტად? _ დიდი კაცივით დაფიქრდა კოტიკო, სერიოზული სახით იკითხა.
_ სწორედ ეგ იყო საქმე! ყველამ იყვირა, მე მიყვარს, მეო!
_ და საჰაკმა, რაო?
_ საჰაკმა უთხრა, მოდი, ვისაც მართლა უყვარს, გულში ბორჯღალადი ჩაიდოს და ხუთი წელი მართოს ქვეყანა, მერე კი ახალი კაციკ-პრეზიდენტი ავირჩიოთო...
_ და ის სად წავიდოდა? _ ისევ დაფიქრდა ბავშვი, _ ძველი პრეზიდენტი?
_ სად წავიდოდა? _ კითხვა გაიმეორა კოსტამ, _ სად და, ჯოჯომოთხეში!
_ ჯოჯომოთხე რა არის? _ გაოცდა ბავშვი.
_ ჯოჯომოთხე არ გაგიგია? რა პატარა ხარ, _ ჩაილაპარაკა კაციკმა, _ ჯოჯომოთხე ისეთი ადგილია, სადაც ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთადაა,.. ბორჯღალივით გადახლართული.
_ ჯოჯოხეთი ვიცი, იქ ყველა ტირის, სამოთხეში კიდევ ყველა თამაშობს და იცინის! _ წამოიძახა ბავშვმა.
_ ჩემი ჭკვიანი ბიჭი! _ ლამისაა გული აუჩუყდა პაპას, _ ჰოდა, ჯოჯომეოთხეში ტირიან, თამაშობენ და იცინიან,.. ესაა ადგილი, სადაც მიდის კაციკ-პრეზიდენტი, როცა ხუთი წელი გაუვა, როცა გულში ჩადგმული ბორჯღალადი იტყვის: “ბუჰ”!
_ “ბუჰ”! _ გაიმეორა ბავშვმა.
_ აფეთქდება, _ თავი დაუქნია პაპამ, პონჩიხა გადაიწია და მკერდზე გამოყვანილ თხევადკრისტალიან ინდიკატორს დახედა: 0 წელი, 0 თვე, 0 დღე, 4 საათი, 9 წუთი, 28 წამი...
_ ჯოჯომოთხეში როგორ იქნები, ბაბუ? _ ბიჭი ისევ ჩაეხუტა, პაწია ხელები კისერზე მაგრად მოხვია.
_ აბა, რა გითხრა, _ სევდიანად მიუგო მანველო კოსტამ, _ ამბობენ, იქ მთავარ ქალაქს დევივით ვეება რკინის ქალი დარაჯობს, ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში _ ბანგწამლით სავსე თასი,.. გეუბნება, სამტროდ თუ მოხვედი, ეხლავე თავს მოგაჭრი, თუ არადა, აი, ეს დალიე და გაითიშეო...
_ დალევ, ბაბუ?
_ სხვა რა გზა მექნება,.. თუმცა ზუსტად არავინ იცის, იქ რა ხდება... იქიდან მობრუნებული ჯერ არავის უნახავს...
_ იქნებ კარგი ადგილია, თუკი არავინ ბრუნდება? – იმედიანად იკითხა კოტიკომ.
_ ძნელია იქიდან დაბრუნება, _ თავი გააქნია კოსტამ, _ შოკოხვრელიდან ამოსვლა,.. ჯოჯომოთხეში ჩასამაღლებელი ხვრელი არ გინახავს?
_ შოკოხვრელი?..Hჰოო, სურათზე მინახავს! _ გაახსენდა ბავშვს.
_ დღეს შენი თვალით ნახავ, ცოცხლად,.. აქვეა, ამ მთის გადაღმა, _ უთხრა და მკერდზე დაიხედა: 0 წელი, 0 თვე, 0 დღე, 3 საათი, 47 წუთი, 11 წამი...
_ თუ არავინ დაბრუნებულა, რა იცი, იქ რა ხდება? _ არ მოეშვა ბიჭუნა.
_ წინაპართაგან ვიცით,.. და ზოგჯერ სიზმარში ვხედავთ, კაციკ-პრეზიდენტი და სუს-კაცი...
_ სუს-კაცი? _ ვერ გაიგო კოტიკომ.
_ “სუს” ნიშნავს “სახელმწიფო უშიშროების სამსახურს”, _ აუხსნა პაპამ, _ ესაა კაცი, რომელიც ქვეყანას შინაური მტრებისგან იცავს.
_ და შენ ვისგან გვიცავ, ბაბუ?
_ მე გარეშე მტრებისგან გიცავთ და სახელმწიფოსა ვმართავ, თქვენზე ვზრუნავ, გაჭმევთ და გასმევთ,.. და უზანაეს ჩოკოლატლს ყოველწლიურ მსხვერპლსა ვწირავ, რადგან უფროსი ქურუმიც მე გახლავარ,..…მალე კი თვითონ შევეწირები,.. დიდი საჰაკივით.…
_ საჰაკზე მომიყევი კიდევ! _ შეეხვეწა ბავშვი.
_ როცა აზნაურმა საჰაკმა თავქარიანებს შესთავაზა, ვისაც ყვველაზე მეტად გიყვართ სამშობლო და პირველობა გსურთ, გულში ბორჯღალადი ჩაიდგით და ხუთი წელი მართეთო ქვეყანა, არავინ დათანხმდა.
_ რატომ? _ ბიჭუნამ გულუბრყვლოდ იკითხა.
_ სიკვდილის შეეშენდათ და იმიტომ, _ აუხსნა კაციკ-პრეზიდენტმა, _ აი, მაშინ კი აზნაურმა საჰაკმა, რომელსაც ჯერ არ ერქვა დიდი საჰაკი, თვითონ ჩაიდგა გულში ბორჯღალადი, ხუთი წელი მართა ქვეყანა, გარეშე მტრები დაამარცხა, მშვიდობა დაამყარა, ქვრივ-ოხერი და ობოლ-ტიალი დააპურა, უსახლკარო და ბოგანო დააბინავა, ბევრეულის ბევრეული სამუშაო ადგილი გააჩინა, ჭარმაგი და სწავლული განიკითხა, უსწავლელი გაანათლა,.. ზუსტად ხუთი წლის თავზე კი შოკოხვრელთან მიბრძანდა და როცა ბორჯღალადმა თქვა “ბუჰ”, ჩამაღლდა.
_ ბაბუ, ძალიან,.. _ ბიჭუნა შეყოვნდა, ხელი მკერდზე ფრთხილად შეახო, _ ძალიან გეტკინება?
_ არა, კოტიკო, _ ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა, _ ერთი წამი იქნება მხოლოდ, ერთი ჩხვლეტა,.. ნემსის ჩხველატასავით,..…რეჩხის რეჩხი გულში.
Uხეობაში მიმოკლაკნილ გზაზე მანქანების გრძელი კოლონა გამოჩნდა. ნელ-ნელა ახლოვდებოდა. პირველი სამხედრო, შოკორთველოს გერბიანი _ ბორჯღალზე შემომჯდარი კონდორი _ ჯავშნოსანი მოდიოდა, უკან გრძელი შავი ზიმზიმა ლიმუზინები მოსდევდნენ, მეგობარი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების მანქანები. ბოლოს კი ავტობუსებით მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ჟურნალისტები და ტელეოპერატორები.
Kკოტიკო პაპის მუხლებიდან ჩამოხტა და მოაჯირის ქვედა რიკულზე შედგა, სტუმრები უკეთ რომ დაენახა. ჯავშნოსანი ეზოში შეგრიალდა, სვლა განაგრძო, გვერდზე გადგა. შოკოლადისფერ მარმარილოს ფართე კიბესთან პირველი ზიმზიმა ლიმუზინი გაჩერდა. მანქანის კარი გაიღო და ლამაზ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნახშირივით შავი ადამიანები გადმოვიდნენ, მკლავზე დიდი სვასტიკები ჰქონდათ.
_ ბაბუ, ესენი ვინ არიან? _ იკითხა ბიჭმა.
_ ესენი? ესენი გერმანელები.
_ შავები რატომ არიან?
_ ჩრდილოეთში ცხოვრობენ, სადაც მზე სუსტად ანათებს, იმიტომაც აქვთ ასეთი კანი,.. შავი ფერი სინათლეს და სითბოს ყველაზე კარგად ითვისებს,.. გაიგე?
ბავშვმა თავი დაუქნია, მაგრამ ჩანდა, ბოლომდე ვერ გაარკვია, რა უთხრეს.Kკუნაპეტი გერმანელი ნაცისტების დელეგაცია რეზიდენციაში შეიყვანეს. მეორე მანქანიდან თოვლივით თეთრი ადამიანები გადმოვიდნენ. გრძელი, სპეტაკი სამოსი ეცვათ.
_ ბაბუ, ბაბუ, და ესენი რატომ არიან ასეთი თეთრები? _ იკითხა კოტიკომ და ხელზე დაიხედა. შოკოლადისფერი კანი ჰქონდა.
_ ეგენი აფრიკიდან არიან, _ აუხსნა კაციკ-პრეზიდენტმა მანველო კოსტამ, _ იქ მზე მაგრად აჭერს, სასტიკია და მხურვალე, თეთრი ფერი კიდევ ყველაზე კარგად ირეკლავს მზის სხივებს... ეგენი რომ ევროპელებივით შავკანიანები ყოფილიყვნენ, ვერ გაუძლებდნენ, გადაშენდებოდნენ.
_ გადაშენდებოდნენ?..
_ მოკვდებოდნენ, დაიხოცებოდნენ,.. ბუნებაში ყველაფერს შეგუება და სახეობათა ბრძოლა განსაზღვრავს, უკეთ შეგუებული ამარცხებს სუსტსა და უნიათოს. ეს პრონციპი დიდმა მეცნიერმა, მიხაკო დარიჩინმა აღმოაჩინა. თუმცა შენთვის ევოლუციის თეორია ჯერ ცოტა ადრეა,..
_ და ჩვენ რატომ ვართ ასეთები? _ ბავშვმა ბაბუას თვალებთან პაწია ხელი მიუტანა.
_ ოო, ჩვენ კანის ყველაზე დახვეწილი, ღირსეული, კეთილშობილური ფერი გვაქვს,.. ტკბილი, ღვთაებრივი შოკოლადის ფერი,.. არც შავია და არც თეთრი, არამედ საშუალო,.. ჩვენს დალოცვილ მთებში მზე ყველაზე ჯანსაღად ანათებს, არც წვავს და არც სითბოს აკლებს,.. დაიმახსოვრე, საშუალო ყველგან და ყველაფერში საუკეთესოა!.. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე,..
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო. ვერანდაზე სუს-კაცი _ გაურკვეველი ასაკის დაბალი, გამელოტებული, ნაყვავილარსახიანი კაცი _ გამოვიდა. სადა ფრენჩი და ლამას ტყავის რბილი ჩექმები ეცვა. მურაბასავით ტკბილი, ბლანტი გამოხედვა ჰქონდა.
_ დროა! _ ხმამაღლა, მკვეთრად, თითქმის სუსხიანად გამოაცხადა, მერე კი ხმადაბლა დაამატა, _ ჩასამაღლებლად მოემზადეთ, თქვენო აღმატებულებავ, მილეთის სტუმრები იკრიბებიან...
კაციკ-პრეზიდენტმა მკერდზე უსიტყვოდ დაიხედა _ 0 წელი, 0 თვე, 0 დღე, 2 საათი, 56 წუთი, 27 წამი _ წამოდგა და სუს-კაცს შენობაში შეჰყვა. ბიჭუნამ თვალი გააყოლა, ხელი დაუქნია, თუმცა მანველო კოსტას არ დაუნახავს.
...კაციკ-პრეზიდენტის კაბინეტში მყუდრო ბინდბუნდი და ახალმოდუღებული ცხელი შოკოლოდას მაცოცხებელი სურნელება დაღვრილიყო. კაციკ-პრეზიდენტი სავარძელში იჯდა, ცხელ შიკოლადს სვამდა და სტუმრების სიას უყურადღებოდ კითხულობდა.
სუს-კაცმა ჯიბიდან დაკეცილი ცხვირსახოცი და უფერო სითხით სავსე მომცრო შუშა ამოიღი, ფლაკონი სწრაფად გახსნა, ნაჭერი სითხეში დაასველა, კაციკ-პრეზიდენტს ზურგიდან მიადგა და უეცრად ცვირსახოცი პირზე მიაფარა. მანველო კოსტა გაითიშა.
...მანველო კოსტამ თვალი გაახილა, მიმოიხედა. საწოლში იწვა, უფანჯრო და უკარებო ოთახსა თუ საკანში. ხელი მოისვა, გულ-მკერდი დაბინტული ჰქონდა.
_ მშვიდად, _ უთხრა სუს-კაცმა, თავზე ადგა, _ მშვიდად იწექი... ჯოჯომოთხეში მოხვედრას მოვასწრებთ.
_ სუს-კაც, ჩემი რომელი ორეული გაუშვი შოკოხვრელში, პირველი თუ მეორე?
სუს-კაცმა არ უპასუხა. კოსტამ ისევ ჰკითხა:
_ სუს-კაც, დიდ საჰაკსაც ამოუღე ბირჯღალადი? მაშინაც ხომ სუს-კაცი იყავი?
_ ბორჯღალადი? პირველად მიესმის. რა არის ბორჯღალადი?
სუს-კაცი გატრიალდა, კედელში დამალულ ღილაკს თითი დააჭირა. საიდუმლო გასასვლელი უხმოდ გაიხსნა. სუს-კაცმა ნაბიჯი გადადგა, წამით შეყოვნდა, თქვა:
_ ერთ კვირაში პლასტიკურსაც გაგიკეთებენ... სად ყავს შოკორთველოს შვილი დასაკარგავი?

______
* “კაციკი” ინკების იმპერიის მმართველს ეწოდებოდა (ავტ.შენიშვნა)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue Oct 13, 2015 11:06 am



ირაკლი ლომოური

მოგზაურობა პლანეტაზე, სახელად “ქართლი“...
(თავისუფალი თემა ღიმილაკებითურთ)

ამა წლის 14 აპრილიდან 18 აპრილამდე შიდა ქართლში შემოქედებითი „ტურნე“ გვქონდა რამდენიმე ქართველ მწერალს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის, „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში.
ჩვენი მოგზაურობის შესახებ ნინო სადღობელაშვილმა მშვენიერი წერილი დაწერა, „გზაზე ცოცხალი წიგნები მიდიოდნენ“, რომელიც „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. უკეთესს ნამდვილად ვერ დავწერ, მაგრამ წინასწარი დათქმაა, პროექტის ყველა მონაწილემ მოგზაურობის შთაბეჭდილებები სადღიურო ჩანაწერის სახით უნდა წარმოადგინოს. შემდეგ ყველა ტექსტი შეიკრიბება და წიგნად გამოიცემა, ასე რომ, სხვა გზა არ მაქვს -.უნდა დავწერო. ვეცდები ჩემი შთაბეჭდილებები რაც შეიძლება ლაკონურად გადმოვცე - გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის... დუბლირება არ ეგების (აქ „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).
მაშ, ასე, 2015 წლი14 აპრილს, ქართული ენის დღეს (სხვათა შორის, ეს ჩემთის ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ცხოპვრებაში: 1978 წლის 14 აპრილ სტუდენტურ გამოსვლაში ვმონაწილეობდი და იმ დღეს განცდილი გამარჯვების სიხარული არასოდეს დამავიწყდება), დილის 9 საათზე კულტურის სამინისტროში მივედი ზურგჩანთიანად, „სალაშქროდ“ გამზადებული. დარბაზში შევედი - ბლომად ხალხი დავინახე: პროექტის მონაწილენი, სამინისტროს თანამშრომლები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები... სიტყვით გამოვიდნენ ამ მშვენიერი წამოწყების ინიციატორები და სულის ჩამდგმელები, ქეთევან დუმბაძე და მარიამ წიკლაური, მერე კი, ბატონი მინისტრი... ითქვა ყველაფერი, რაც, ჩვეულებრივ, ასეთ დროს ითქმევა ხოლმე. ბოლოს დამსწრე საზოგადოებასაც შემოგვთავაზეს, ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა... ძალიან მომინდა, ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ ეს, მე მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც კულტურის სამინისტრო მართლა სასარგებლო და საჭირო საქმეს აკეთებს, რომ კულტურას ხელმძღვანელობა და მართვა კი არ სჭირდება, არამედ დაცვა და გაფრთხილება, შემოქმედი ადამიანების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, და რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო ყველანაირად უნდა ეცადოს, ჩამოირეცხოს ის შავბნელი, სამარცხვინო ლაქა რეპუტაციაზე, რომელსაც ჰქვია „საყდრისი“... ცხადია, ამას ვერასოდეს მოახერხებს ბოლომდე, იმდენად მჭახეა ეს ლაქა, იმდენად ღრმადაა უკვე გამჯდარი ჩვენი ბედკრული ისტორიის ქსოვილში, მაგრამ უნდა ეცადოს, და სწორედ ამგვარი ძალისხმევით, ასეთი პროექტების განხორცილებით, როგორიცაა „ცოცხალი წიგნები“.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ წინასწარ ვგრძნობდი, მართლა ძალიან კარგი, საჭირო, სასარგებლო საქმე იწყება... მადლობა ღმერთს, მოლოდინი არ გამიცრუვდა, პირიქით, ერთიორად და ერთიათად გამიცხადდა...
თუმაცა სხვანაირად, ალბათ, ვერც მოხდებოდა, რადგან, ჯერ ერთი, ჩანაფიქრი და მიზანი მართლაც კეთილშობილური აქვს ამ წამოწყებას: მწერლებისა და მკითხველების დაახლოება, ცოცხალი ურთიერთობის დამყარება, და ამ გზით, თანამედროვე ქათული ლიტერატურის პოლულარიზაცია, და მეორე, - რაც უმნიშვნელოვანესია - ადამიანები, ვისთანაც ერთად გავემგზავრე ქართლში, ანუ „ცოცხალი წიგნების“ პირველი ჯგუფის წევრები, ისეთი საინტერესო, ისეთი შემოქმედებითი, ისეთი წრფელი და მართალი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ მათი დახასიათებისას სრულიად ზედმეტია აღმატებული ეპიტეთები: „შესანიშნავი“, „არაჩვეულებრივი“ და ა.შ... ისინი, უბრალოდ, ნამდვილი მწერლები არიან, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით (ისე, აქვს კი ამ სიტყვას „საუარესო“მნიშვნელობა? - აქ „ღიმილაკი“ იგულისხმეთ)
ჩვენი ექსპედიციის წევრებს ჩამოვთვალოთ: ქეთევან დუმბაძე, მარიამ წიკლაური, ნინია სადღობლაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ბექა ქურხული, პაატა შამუგია, ჩვენი მძღოლი, გაოზ იჩქითი და მე, თქვენი მონა-მორჩილი... (ბატონი გაიოზისნაირი ღირსეული, წესიერი, დინჯი კაცი დიდი ხანია არ შემხვედრია… თურმე, თავის დროზე, აფხაზეთში იბრძოდა, შემდეგ, წლების განმავლობაში, არმიაში მსახურობდა ოფიცრად, ახლა თადარიგშია... სამი შვილის მამაა...).
ბექა ქურხული ჩემი ძველი მეგობარია, (მისი სახელი პირველად 2002 წელს გავიგე ცხონებული ნუგზარ შატაიძისგან, - ერთად ვმუშაოდით ჟურნალ „ომეგაში“: - ბექა ქურხულის მოთხრობები წაგიკითხავსო? მეთქი-არა. ჰოდა, წაიკითხე, ძალიან მაგარი ბიჭიაო!), ჩვენი „გუნდის“ დანარჩენ წევრები კი, რეალურად, მოგზაურობის დროს გავიცანი...
ნინიამ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი „ვოიაჟის“ შესახებ მშვენიერი ჩანაწერები უკვე გამოაქვეყნა, ამიტომ ჩემს წერილში მხოლოდ ზოგიერთ მომენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, მოგზაურობის ამბავს მიყოლებით, თანამიმდევრულად არ მოვყვები,. ანდა სულაც, ბოლოდან დავიწყებ „თავისუფალ თემას“, ანუ დასკვნით... ოღონდ პატ. მასწ., ძალიან გთხოვთ, ამას ანცობაში ნუ ჩამითვლით და ნიშანს ნუ დამაკლებთ! (აქ „ღიმილაკი“ იგულისხმეთ - „პატივცემულ მასწავლებელში“, ცხადია, ჩვენი პროექტის ხელძღვანელს, ქეთევან დუმბაძეს ვგულისხმობ, - ასე ვეძახდით „ნორჩი“ მწერლები - ისევ და ისევ ღიმილაკი!).
როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი - საოცარი ემოციებით დატვირთული, - გავაცნობიერე, რომ ამგვარი მოგზაურობა მე უფრო მჭირდებოდა, ალბათ, ვიდრე ერთად აღებულ ჩემს ყველა მკითხველს (პოტენციურსა თუ რეალურს), ვისაც შევხვდი კასპში, გორში, ვარიანში, ნიქოზში, ხაშურსა და ბორჯომში.
შიდა ქართლში ეს მოგზაურობა, პირადად ჩემთვის, უცხო პლანეტაზე მოგზაურობის ტოლფასი იყო, რადგან მე, ჩემდა სამარცხვინოდ, სინამდვილეში არ ვიცნობ ჩემს მშობლიურ მხარეს, სრულიად მოწყვდი, - არადა, პაპაც და დიდედაც გორის რაონიდან იყვნენ: პაპა, იოსებ ანტონის ძე ლომოური (პირველი ქართველი პროფესიონალი ექიმი-ფსიქიატრი, დახვრიტეს 1937 წელს), სოფელ არბოდან, დიდედა, მარიამ (მაშო) კაპანაძე (რევოლიუციონერ-მენშევიკი - მასზე ბევრი უწერია მარიამ გარიყულს თავის მემუარებში), - სოფელ ნიქოზიდან.
ყოველგვარი პათეტიკის და გაზვიადების გარეშე ვიტყვი - უბედურებაა, როდესაც მწერალი მოწყვეტილია მშობლიუე მხარეს, რეალურ ცხოვრებას, ჩაკეტილია თავის ოთახში, კომპიუტერის ეკრანის მიშტერებული, თექვსმეტსართულიანი სახლის მეათე სართულზე, და ცოცხალ ადამიანს, პრაქტიკულად, ვერ ხვდება... თავის მართლება იქნება - თანაც ფუჭი და ამაო, - თუკი ვიტყვი, რომ მე, ძირითადად, ფანტასტიკურ, აბსურდულ-ირონიულ ტექსტებს ვწერ და ამიტომ არ მჭირდება რეალურ ცხოვრებასთან, ცოცხალ ადამიანებთან, ჩემს მკითხველებთან ურთიერთობა... როგორ არ მჭირდება! სწორედაც მჭირდება! და საბედნიეროდ, ამის საშუალება მომცა პროექტმა „ცოცხალი წიგნები“ (აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).
ერთდროულად საოცარი სიხარულის და საოცარი ტკივილის განცდა მეუფლებოდა მკითხვეელბთან ყოველი შეხვედრისას... და კიდევ, სირცხვილის განცდაც მღრღნიდა - როგორ მივატოვე, რატომ დავივიწყე ეს შესანიშნავი კუთხე, ეს არაჩვეულებრივი ხალხი... არაფერი აღარ დამრჩა არც არბოში და არც ნიქოზში, არც სახლი და არც კარი, დაიკარგა ყველაფერი... არადა, ნიქოზი სულაც ფრონტის ხაზია - მეუფე ისაიას რეზიდენციაში შეგვიყვანეს, მეორე სართულის აივნიდან გადმოგვახედეს - ცხინვალი ხელის გულზე ჩანს... ისეთი მწარე განცდა მქონდა, სიტყვით რომ არ გადმოიცემა... ჰოდა, კაცი თუ ხარ, იქ უნდა იდგე, იქ უნდა იცხოვრო...
ნიქოზის ტაძარში ხუთი ახლგაზრდა კაცის საფლავია - ერთი აფხაზეთშია დაღუპული, ოთხი - ცხინვალში...
მეუფე ისაია ახალგორშია, არ ტოვებს მრევლს, არ გამოდის რუსების და ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რადგან იცის, უკან აღარ შეუშვებენ - არადა, „უკან“, ამ სემთხვევაში ნიშნავს საქართველოს გულს, შიდა ქართლის, ძირძველ ქართულ მიწა-წყალს, რომელიც მტრის მიერ არასოდეს ყოფილა დაპყრობილი! ყველას დაგვეუფლა უმწეობის გრძნობა, განცდა იმისა, რომ სრულიად უძლური ხარ, და ასე ცხოვრება არ შეიძლება, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა ვიღონოთ აუცილებლად , რომ ამ ხალხს დავეხმაროთ, ჩვენს ქვეყანას ვუშველოთ, - დავეხმაროთ ადამიანებს, იქ რომ ცხოვრობენ... ეს ადამიანები ჩვენ გავიცანით, თვალებში ჩახედეთ, მათი გულის სითბო ვიგრძენით ... ვიგრძენით, რამდენად სჭირდებათ ყურადღება... რა აზრი და რა გამართლება ექნება ჩვენს მწერლობას, ჩვენს ცხოვრებას, თუკი არ ვიფიქრეთ და არ ვიზრუნეთ ჩვენს ქართველებზე, იქ რომ ცხვრებენ, სადაც უბრალოდ ყოფნაც კი გმირობის ტოლფასია... მეუფე ისაია ამ გმირობის, სიმტკიცისა და თავგანწირვის თვალხილული მაგალითია...
ამ წერილის წერა 31 აგვისტოს დავიწყე (სექტემბრამდე გამომიგზავნეთ ტექსტებიო, ფეისბუქზე გამოაცხადა მარიამმა). ანუ, როგორც ქართველს შეშვენის, ბოლო მომენტამდე გადავდე საქმის დაწყება (არადა, ჩვენი მოგზაურობის დროს ვაწარმოებდი დღიურს, რაც მანამდე ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია - დილით რომ ვიღვიძებდი, წინა დღის ამბებს ვიხსენებდი და ვინიშნავდი ბლოკნოტში. ოღონდ ეს ჩანაწერები,~ ახლა რომ ვნახე, ცოტა არ იყოს, ბანალურადაც კი მომეჩვენა, ყოფითი დეტალების უმეტესობა საინტერესო არ უნდა იყოს - ამიტომაც ვწერ „თავისუფალ თემას“ - აქაც ღიმილაკი იგულისხმეთ)...
დავჯექი სამუშაოდ, ჩავრთე კომპიუტერი, როგორც ყოველთვის, ჯერ „ფეისბუქში“ შევიხედე და თვალში მომხვდა სათაური: „საგანგაშო მდგომარეობაა! გამოვფიზლდეთ ქართველებო!- ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ოკუპანტები ახალგორს იძულებით ატოვინებენ!“
და შემდეგ ტექსტში, ოსურ პრესაზე დაყრდნობით, ნათქვამია: მოსალოდნელიაო, რომ მეუფეს ძალით დაატოვებინებენო ახალგორს...
მართლაც უნდა გამოვფხიზლდეთ ქართველები, ერთ მუშტად შევიკრათ (ერი, ბერი და ხელისუფლება!) და ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს...
და ამ საქმეში, - „გამოფხიზლებას“ ვგულისხმობ, - მწერლობამ უდიდესი წვლილი შეიძლება შეიტანოს... თუმდაც მხოლოდ ამისთვის ღირდა „ცოცხალი წიგნების“ მოგზაურობა ქართლში, ეს რომ გაგვეცნობიერებინა ყველას ერთად და ცალ-ცალკე... ანუ გაგვეცნობიერებინა ჩვენი ვალი (და მოვალეობა) ქვეყნის და ერის წინაშე... შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთობ პათეტიკურად ჟღერს, შესაძლოა, ეს მართლაც ანბანური ჭეშნარიტებაა, ტრიუიზმია, ამაზე საუბარი ზედმეტია, სირცხვილიც კია, (იმდენად ცხადია და ერთმნიშვნელოვანი), მაგრამ, მე მგონი, სინამდვილეში, ამის გახსენება თუ შეხსენება ყველას გვჭირდება...
მოგზაურობა ქართლში იმიტომ იყო ფანტასტიკური, რომ ფანტასტიკურად საინტერესო ადამიანები გავიცანი... ამჯერად ჩვენი ჯგუფის წევრებზე არ მოგახსენებთ, არამედ პაპუნა კობერიძეზე, გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე, რომლის შესახებ ნინიამ უკვე დაწერა, თუმცა არ შემიძლია, ჩემი საკუთარი განწყობა არ გამოვხატო ორი სიტყვით - ჩვენი ქვეყანა იცოცხლებს მანამ, სანამ ასეთი კაცები იარსებებენ... საოცარი ადამიანია პაპუნა კობერიძე - ნამდვილი ქართველი კაცი!
არ შემიძლია არ ვახსენო ვანო ჩხიკვაძე და მურად მთვარელიძე - არაჩვეულებრივი ადამიანები და შესანიშნავი მწერლები (პირველი გორში ცხოვრობს, მეორე - ხაშურში)... და კიდევ ბევრი, ბევრი ნამდვილი (ფანტასტიკურად ნაღდი!) ადამიანი გავიცანით...
ვარიანში ყოფნისას არსენ აზალაძემ, კულტურის განყოფილების უფროსმა, მითხრა, რომ ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი არბოში განადგურებულია, მაგრამ გადაწყვეტილია მისი აღდგენა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადავცემთ და შემოდგომაზე უკვე, ალბათ მწყობრში ჩადგებაო. ჰოდა, დაგპატიჟ ებთო! (ჩემი დიდი პაპა ნიკო ლომოურის ძმა იყო).
ბლოკნოტში ჩავიხედე, აპრილის შტაბეჭდილები რომ გამეცოცხლებინა (ოთხი თვე გასულა უკვე ჩვენი მოგზაურობიდან!) და, ჩემდა მოულოდნელად, გამიკვირდა, - კი მაგრამ დილაობით რომ ვწერდი ამ დღიურს, ესე იგი, „პახმელიაზე“ არ ვიყავი? როგორ ვახერხებდი?
გამახსენდა, მართლაც არ ვიყავი ხოლმე „ნაბაქუსევს“ (ეს გამოთქმა უფრო ხელოვნური მგონია, ვიდრე მშობლიური „პახმელია“ - ადრეც მითქვამს). ისეთ კარგ ღვინოსა ვსვამდი, - „გორულ მწვანეს“ - და ისეთ კარგ ხალხთან ერთად, რომ წამლად მერგებოდა ეტყობა (აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).
რადგან ისევ ვახსენე დღიური, მოდი, ერთი-ორ ამონარიდს შემოგთავაზებთ და ჩვენი პატ.მასწისგან ამ ჩემი „თავისუფალი თემისთვის“ „კარგს“ თუ არა, „დამაკმაყოფილებელს“ მაინც დავიმსახურებ, ალბათ („ფრიადზე“ პრეტენზია არ მაქვს! - აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).
უცებ გაავცნობიერე, რომ გულში წამდაუწუმ მეღიმება სიამოვნებისგან, როდესაც ვიხსენებ ჩვენი საოცარი მოგზაურობის ეპიზოდებს... თანაც გული მეკუმშება... და, აი, ეს „ტკივილღიმილიანობა“ იყო და არის ის შეუდარებელი განცდა, ის საჩუქარი, რომელიც მივიღე ფანტასტიკური ექსპედიციისგან პლანეტაზე „ქართლი“...
ბექას თავსი წიგნი რომ არ ჰქონდა წამოღებული, ამის შესახებ ნინიამ უკვე დაწერა და აღარ გავიმეორებ... მე კი, რაც უნდა უცნაური იყოს, საკუთარი კრებულის, „ავტონეკროლოგის“ მთელი შეკვრა წავიმძღვანიე... უცნაურია, საიდან აღმომაჩნდა ამდენი ეკზემპლარი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოცემიდან უკვე სამი წელია გასული?.. საქმე ისაა, რომ ჩემს მეგობარს, გამომცემლობა „უსტარის“ ხელმძღვანელს, თამუნა გელოვანს ვთხოვე, წიგნები გამატანე და გაგიყიდით-მეთქი... არადა, სიტყვა ვერ შევასრულე, ვერ გავუყიდე (უხერხულია, მკითხველთან მიხვიდე და მიახალო, აგერ ჩემი წიგნი და, აბა, ჰე, იყიდეო!), სამაგიეროდ, თითო ეკზემპლარი დავტოვე ყველგან, სადაც კი შეხვედრა გვქონდა, ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის. ასე რომ, დიდი მადლობა გამოცემლობა „უსტარს“ ქველმოქმედებისთვის!.. (აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).
კულტურის სამინისტრომ კი სამომავლოდ, უეჭველად უნდა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე - გამომცემლებისგან შეიძინოს წიგნები დასარიგებლად... ანუ „ცოცხალ წიგნებს“ ბეჭდური წიგნებიც უნდა გააყოლოს... ასევე, ალბათ, გამომცემლობებმაც უნდა გამოიჩინონ დაინტერესება და ამ პროექტის ფარგლებში მწერლებთან ერთად იარონ სოფლად თუ ქალაქად - ოღონდ წიგნები, ჩემი აზრით, სიმბოლურ ფასად უნდა შესთავაზონ მკითხელს...
ზემოთ დავწერე, გულში წამდაუწუმ მეღიმება-მეთქი, როდესაც ჩვენი ფანტასტიკური ექსპედიციის ეპიზოდებს ვიხსენებ... აი, ერთ სახალისო მომენტს მოგიყვებით და ამით დავასრულებ ჩემს „თავისუფალ თემას (არადა, მოკლედ ვაპირებდი მომეჭრა და ვეღარ ვამთავრებ კი (აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ) ...
დღიურში მარიამ წიკლაურის კაფიას წავაწყდი - აღარც მახსოვდა - და არ შემიძლია, არ გამოვამზეურო (პატ. მასწ! აი, ციტატაც კი მომყავს ჩემს თემაში! ამაში ერთი ნიშანი არ მომემატება? - აქაც „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).

ლიკანში „ლიკანს“ რა უნდა?
ირაკლის წყალი მაუნდა,
რაის „ლიკანი“, რი წყალი,
აგერ მიირთვი ხინკალი!

ჩვენი მოგზაურობის ბოლოს დღენახევარი ლიკანში გავატარეთ, კერძო სასტუმროში დავბინავდით, არაჩვეულებრივ ადგილას, ფიჭვნარში (მკითხველებთან შეხვედრა ბორჯომში გვქონდა). სუფრასთან ვისხედით, „ლიკანი“ მომინდა და ვთქვი, ნეტავი თუ ექნებათ-მეთქი? როგორ არ ექნებათო? - ჩვენებმა. ეს ხომ საქართველოა, - მივუგე, - ჩვენი ამბავი რომ ვიცი, ლიკანში „ლიკანი“ არ ექნებათ!
არ აღმოაჩნდათ! მწარედ ჩამეცინა. მარიამმა უმალ კაფია გამომითქვა (კიდევ უკეთესი იყო ფორმით, მაგრამ მეორე დილას როგორც გამახსენდა, ისე ჩავიწერე).
ბევრი ვიცინეთ. ხინკალი კი აშკარად „პაკეტის“, ანუ მაღაზიისა გახლდათ.
მაგრამ ეს ხომ წვრილმანებია? ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
ლაპარაკი ღირს მხოლოდ ერთზე - „ცოცხალი წიგნები“ აცოცხლებენ ქართველ მწერლებს და ქართველ მკითხველებს! აცოცხლებენ და აფხიზლებენ!
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის!
ღმერთმა გაგახაროთ ქეთევან და მარიამ!
(აქ ვეება, გასხივოსნებული „ღიმილაკი“ იგულისხმეთ).

2015

ბმული - https://www.facebook.com/irakli.lomouri/posts/10207642349993650

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Tue Feb 02, 2016 6:54 pm

ირაკლი ლომოური

ავტონეკროლოგი

ცხოვრება ტანჯვაა, სიკვდილი - შვება
შუმერული ანდაზა


ნეკროლოგი იმითია კარგი, რომ მხოლოდ კარგსა წერენ შენზე, მაგრამ იმითია ცუდი, რომ შენი სიკვდილის შემდეგ. ამდენად, ნაკლები შანსია, რომ წაკითხვას მოახერხებ.
გადავწყვიტე ეს დასანანი უსამართლობა გამოვასწორო და დავწერო ავტონეკროლოგი. ანუ ჩემი კუთვნილი წილი ალალი საქებარი სიტყვებისა სიცოცხლეშივე მოვისმონო.
თანაც, თუკი ჩაუკვირდები, პატივცემულო მკითხველო, სიტყვაკაზმული მწერლობის ახალი ჟანრი აღმომიჩენია! სრულიად ახალი – აბა, ვის დაუწერია თავის თავზე ნეკროლოგი? მალე კი, ეჭვგარეშეა, არ დარჩება არც ერთი თავმოყვარე (და ჭკუათმყოფელი!) მწერალი, რომელსაც ავტონეკროლოგი არ ექნება გაშანშალებული.
ოღონდ, იცოდეთ, მხოლოდ ერთობ მოკრძალებული “მანია გრანდიოზა” კი არ მამოძრავებს – არამც და არამც! _ კეთილშობილური განზრახვაც: ვიფიქრე, კეთილ საქმეს გავაკეთებ-მეთქი, ჩემს მეგობარ-ამხანაგებს ცხოვრებას ოდნავ მაინც შევუმსუბუქებ, _ არ ექნებათ ტვინი საჭყლეტი, ანუ არ ექნებათ ჩემი ნეკროლოგი შესადგენი: როცა გარდავიცვლები (ადრე თუ გვიან ხომ მომიწევს), მარტივად აიღებენ ჩემს ავტონეკროლოგს, პირველ პირს მესამეზე შეცვლიან და გამოქვეყნებენ...
მაშ, ასე:
გარდავიცვალე 20... წლის ... თვის ... რიცხვში (საჭირო მიუთითეთ).
ირაკლი ლომოური XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ვიყავი. ჩემი ნაწერი განსაკუთრებული გულწრფელობით, ემოციურობით, ხედვის ორიგინალური კუთხით, განცდისა და აზრის სიღრმით, ადამიანისადმი წრფელი თანაგრძნობით, მდიდარი ფანტაზიით, ხალასი იუმორით, ძარღვიანი ქართულით გამოირჩეოდა.
წერა საკმაოდ ადრე დავიწყე _ ოთხი წლის ასაკში (მანამ, სანამ კითხვას ვისწავლიდი). მართალია, ჩემს პირველ “ოპუსებს” ვერავინ არჩევდა, რადგან მეტისმეტად გაკრული ხელი მქონდა, მაგრამ ოჯახში ყველა მიხვდა, რომ სახელოვანი მწერალი გამოვიდოდი.
ანუ წერას ვყავდი ატანილი.
თუმც კი ხუთი წლის ასაკში ჩემმა მშობლებმა მაინც არასწორი პროგნოზი გააკეთეს ჩემი ნათელი მომავლის თაობაზე. თურმე ტელევიზორი გადაგვეწვა. მოვიდა ხელოსანი და იკითხა, რა დაემართაო? პასუხი ყველას დავასწარი: “ინფარქტი!” (მშობლები კარდიოლოგები იყვნენ და ეს სიტყვა წამდაუწუმ მესმოდა). უთუოდ ცნობილი ექიმი გამოვაო! _ აღფრთოვანდნენ ჩემები.
არადა, ექვსი წლის ასაკში ცხივრებისეული გეზი კინაღამ ისევ შემიცვალეს (ერთობ წინდაუხდავად, უნდა ითქვას).
ცხონებულმა მამიდამ ზამთრის სასკოლო არდადეგების დროს ოპერის თეატრში წამიყვანა, _ ცხოვრებაში პირველად, _ ზაქარია ფალიაშვილის “დაისზე”, ეტყობა, კლასიკურ მუსიკას მაზიარა, და როცა გარეთ გამოვედით, (დღის წარმოდგენა იყო, 12 საათზე იწყებოდა, თუ არ ვცდები), ოპერის სკვერში მდებარე მომცრო დეკორატიულ აუზზე _ ახლა ეგ აუზი აღარ არსებობს, მოშალეს _ გადავირბინე. ყინული ჩამიტყდა და წყალში აღმოვჩნდი. ატყდა ერთი ალიაქოთი _ მამიდას რა მოუვიდოდა, წარმოიდგინეთ! თუმცა ყველაფერი ბედნიერად დამთავრდა, წყლიდან ამომათრიეს, მამიდა პირველივე მანქანას გადაუდგა, მიმაგრიალეს შინ და ტანსაცმლიანა ჩამსვეს ცხელ აბაზანაში – გაციებითაც კი არ გავციებულვარ. სამაგიეროდ სანათესაოში ხმა გავრცელდა, რომ ოპერის მომავალი ვარსკვლავი ვიზრდები, სახელოვანი მომღერალი! აბა, ტყუილად ხომ არ მოვინათლე ოპერის “ემბაზში”?
სწორედაც ჩემი ამბივალენტური (თუ ამბავ-ვალენტური?) ბავშვობა და ყრმობა გახლავთ ის ხვავრიელი საფანელი _ თუმცა, მგონი, რაღაც სხვა სიტყვა უნდა მეხმარა, იქნებ, “დვრიტა”? _ რომელიც ჩემს ესოდენ ნაადრევად შეწყვეტილ შემოქმედებას ჰკვებავდა და ასაზრდოებდა.
ამ თემაზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ ჯერ რამდენიმე სიტყვით უნდა მოვიხსენიო ჩემი სახელოვანი წინაპრები და სათანადო პატივიც მივაგო.
უპირველესად, ჩემი დიდი პაპა (პაპის პაპა) იოსებ ლომოური, სოფელ არბოს მღვდელი.
“იოსებ ლომოური სოფელ არბოს მკვიდრი გლეხის ჩამომავალი იყო. ახალგაზრდობაში წერა-კითხვა შეისწავლა და, მცირე განათლება მიიღო, ჯერ დიაკვნად მოეწყო და მერე მღვდლად ეკურთხა. იოსებმა ცოლად შეირთო ადგილობრივი გლეხის ქალი _ ეფემია გვიმრაძე. იგი გაუნათლებელი, მაგრამ კეთილი, პატიოსანი, ოჯახის მოსიყვარულე და შვილებისთვის თავდადებული მზრუნველი ადამიანი იყო. იოსებ ლომოური მალე დაწვრილშვილდა. ჰყავდა ოთხი ვაჟი და ერთი ქალი. ქალი _ გაიანე _ ცხინვალში კასრაძეზე გაათხოვეს, ვაჟებს კი, ეფემიას დაჟინებით და მეცადინეობით, განათლება მიაღებინეს. ნიკო ლომოურის უფროსმა ძმებმა ივანემ და ანტონმა (სწორედ ანტონი გახლდათ ჩემი დიდი პაპა, ანუ პაპის მამა), სასულიერო სემინარია დაამთავრეს. უმცროსი, _ ვასილი გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნდა, სადაც ჯერ დაკვნად, მერე კი მღვდლად მსახურობდა.
ლომოურების წვრილშვილი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა. იოსებს სამრევლო შემოსავალი არ ჰყოფნიდა. პატარა ვენახი და რამდენიმე დღიური მწირი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა და თვითონ ამუშავებდა. ბოლოს იმის გამო, რომ სისტემატურ სმას მიჰყო ხელი, მღვდლობიდან განაყენეს. და ოჯახი უფრო დიდი გაჭირვებაში ჩავარდა...”
ჩემმა დიდმა პაპამ თავისდაუნებურად კეთილი სამსახური გამიწია ახალგაზრდობაში _ ღამის პირველ-ორ საათზე რომ მოვეთრეოდი ხოლმე შინ განგრეული მთვრალი და დედაჩემი ჯერ დამუნათებას, მერე კი ჩხუბს მიწყებდა, ღირსეულად ვპასუხობდი: რა ჩემი ბრალია, მძიმე მემკვიდრეობა მერგო _ ღვინის გენეტიკური მოთხივნილება მკლავს-თქო!
და, აბა, ასეთ რკინაბეტონის არგუმენტზე რაღას მეტყოდა?
სხვათა შორის, ცნობა _ ანუ ციტატა _ ჩემი დიდი პაპის, სოფელ არბოს მღვდელ იოსებ ლომოურის შესახებ, ამოვიღე ნიკო ლომოურის ბიოგრაფიიდან, რომელიც შეადგინა იერემია ქარელიშვილმა (გამომცემლობა ”საბლიტგამი”, თბილისი, 1948).
ახლა კი რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ ჩემს სწორუპოვარ, _ რატომ “სწორუპოვარ”, ახლავე შეიტყობთ, _ დიდედასა და პაპას (გნებავთ, ბებიასა და ბაბუას).
ოო, რომ იცოდეთ, როგორ ვამაყობდი ბავშვობაში “ბოევიკი” დიდედით! და “დონ-ჟუანი” პაპით!
მარიამ (მაშო) კაპანაძე _ პროფესიონალი რევოლუციონერი, პოლიტკატორღელი, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გორის მაზრის კომისარი და სახალხო გვარდიის შტაბის წევრი!..
იოსებ ლომოური _ პირველი ქართველი პროფესიონალი ექიმ-ფსიქიატრი, დერპტის ანუ იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, პროფესორი, პეტრებურგის საიმპერატორო ჰოსპიტლის ექიმი, ხუთი (თუ ექვსი? ეს ჯერაც დაუზუსტებელია) ოფიციალური ცოლის მოსიყვარულე მეუღლე და ურიცხვი (ზუსტი რაოდენობა ასევე დაუდგენელია) შვილის მამა!..
მაგრამ ახლა, როცა “თმას შეერია ჭაღარა”, დამოკიდებულება საამაყო წინაპრების მიმართ ოდნავ შემეცვალა.
რატომ?
რა მოხდა?
მოდი, ოჯახში შემორჩენილ ლეგენდარულ ამბებს მოკლედ მოგიყვებით (სხვათა შორის, რასაც აქ ვწერ, ერთი მისხალი გამონაგონისა არ ურევია, თუ დამიჯერებთ) და, ალბათ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ცხადი გახდება, პატივცემული მკითხველო.
მარიამ კაპანაძე გორში მღვდლის ოჯახში დაბადებულა (დედის მხრიდან ბიძამისი იყო საქართველოს მომავალი კათალიკოს-პატრიაქრი, კირიონ II). გორის გიმნაზიის დამამთავრებელ კლასში სწავლობდა თურმე, როცა ჟანდარმერიამ პირველად დააპატიმრა (1905 წელი იდგა) _ ჩხრეკის ოფიციალური ოქმის თანახმად, სახლში დიდი რაოდენობით არალეგალური ლიტერატურა, ყალბი პასპორტები და იარაღი აღმოუჩინეს.
მეტეხის ციხეში ჩაამწყვდიეს, სადაც სამოქალაქო ქმრისგან, რევოლუციონერ ჭიაბრიშვილისგან ბავშვი შესძენია, რომელიც იქვე მოუკვდა (სხვათა შორის, ქართველ მწერალ ქალს, მარიამ გარიყულს თავის მემუარებში დიდედაჩემი არაერთხელ ჰყავს მოხსენებული – თურმე მეგობრობდნენ).
პატიმრებს მეტეხიდან ჯგუფური გაქცევა მოუწყვიათ, მარიამიც გაქცეულა, დაუჭერიათ და ამჯერად მოსკოვში გაუგზავნიათ, “ბუტირკის” ციხეში, როგორც განსაკუთრებულად საშიში სახელმწიფო დამნაშავე. იქ უკვე ერთკაციან საკანში გამოკეტეს.
და, აი, სწორედ იმ საკანში დაწყებულა დიდედასა და პაპას სასიყვარული რომანი. ოღონდ ბაბუაჩემი რევოლუციონერი არ ყოფილა. არავითარ შემთხვევაში! პოლიტიკა საერთოდაც არ აინტერსებდა _ მხოლოდ ქალები და მედიცინა.
რუსეთის იმპერიაში ექიმს ციხეში ავადმყოფის მოსანახულებლად თავისუფლად შესვლის უფლება ჰქონია თურმე, და ეს, მითუმეტეს, საიმპერატორო ჰოსპიტალში მომუშავე ექიმს არ გაუჭირდებოდა. “ბუტირკაში” საგანგებოდ მისულა მარიამის სანახავად...
საქმე ისაა, რომ პაპაჩემიც გორელი იყო და თავის მომავალ ცოლს (ანუ ჩემს დიდედას) პატარობიდან იცნობდა, _ შესაძლოა, ერთმანეთისადმი რაღაც გრძნობები თუ სიმპათიები თავიდანვე ჰქონდათ, ბავშვური ანდა ყმაწვილკაცური გატაცების დონეზე.
ასეც იქნებოდა უეჭველად, თორემ, აბა, რა რჯიდა წარმატებულ ექიმს, პროფესორ ლომოურს ციხეში შესულიყო მეფის დაუძინებელი მტრის, პოლიტპატიმარ კაპანაძის მოსანახულებლად?
წარმოიდგინეთ, როგორი ტკბილ-მწარე, როგორი რომანტიკული იქნებოდა მათი შეხვედრები ერთკაციან საკანში, ერთდროულად ნათელი და ბნელით მოცული, ტრაგიკულად გამოუვალი _ საქმე ისაა, რომ მარიამს კატორღა და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, იოსებს კი იმ დროს უკვე ჰყავდა მეორე რუსი ცოლი და შვილები (პირველი ცოლი უნივერსიტეტში სწავლის დროს მოუყვანია).
ერთი სიტყვით, დიდედა ციმბირში, კატორღაზე გაუშვეს, საიდანაც ორჯერ გამოიქცა, ორჯერვე დაიჭირეს და უკან გააბრუნეს... ამასობაში ავადსახსენებელი 1917 წელიც დამდგარა. მესამედ გაქცეულ მაშოს ჩრდილოეთ კავკასიაში პარტიული ამხანაგები დახვდნენ, საქართველიოში ჩამოიყვანეს და გორის მაზრის კომისრობა ჩააბარეს _ ბებია მენშევიკი გახლდათ.
ამ დროს ექიმი ლომოურიც ჩამოსულა საქართველოში, მარიამს შეხვედრია, სასიყვარულო რომანი განახლებულა _ მალევე შეუღლდნენ. პირველი შვილი, მამიდაჩემი ეთერი, 1920 წელს შესძენიათ, მეორე, მამაჩემი ანტონი (ბიჭიკო) _ 1921 წელს. თბილისში სახლი უყიდიათ – მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ლამაზი შენობა რომაა. შენობის ნახევარი მანამდე თურმე ირანის კონსულს, მეორე კი – საქართველოდან გადახვეწილ რომელიღაც რუს გენერალს ეკუთვნოდა (გენერლის ნაქონი ვეება სარკე დღემდე შემოგვრჩა _ სულ ვცდილობ შიგ ეპოლეტებიან ლანდს მოვკრა თვალი, მაგრამ ამაოდ…).
მენშევიკები საქართველოდან როცა გარბოდნენ, დიდედა თურმე მატარებელში ასულა, რომელიც ბათუმში მიდოდა, იქ კი გემი ელოდებოდათ, საფრანგეთში რომ წაიყვანდა. ვაგონში კი ასულა, მაგრამ შემდეგ გაჩერებაზე ჩამოსულა. მოგვიანებით, როცა ეკითხებოდნენ, რატომ არ წახვედი ემიგრაციაშიო, თურმე პასუხობდა, მე სამშობლოს ვერ მივატოვებდიო...
რაღაც ხნის მერე პაპაჩემი ოჯახიდან წავიდა. მეოთხე (თუ მეხუთე?) ცოლი მოიყვანა. ერთი საინტერესო თვისება ჰქონდა _ ქალი თუ შეუყვარდებოდა, ურთიერთობას თუ გააბამდა, აუცილებლად ცოლად ირთავდა. კაცმა რომ თქვას, დასაფასებელი თვისებაა –თუმცა გააჩნია, რა კუთხიდან შეხედავ. ყოველ შემთხვევაში, ცოლებს არ ატყუებდა. ანუ მართალი ადამიანი იყო: სანამ ოჯახში ბრძანდებოდა, ცოლ-შვილზე მზე და მთვარე ამისდიოდა, წავიდოდა, ახალ ოჯახს შექმნიდა, და იქაც ისევ ისეთი მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი და მამა ხდებოდა...
1937 წელს დახვრიტეს. რიგით ბოლო ცოლად საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კომისრის, მათიკაშვილის და ჰყოლია. როცა კომისარი “ხალხის მტერი” აღმოჩნდა, საწყალი აპოლიტიკური პაპაჩემიც ზედ მიაყოლეს, როგორც “ხალხის მტრის” ოჯახის წევრი, ესე იგი, თანამზრახველი...
დიდედაჩემი კი მენშევიკების გაქცევის შემდეგ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა _ შვილებსა ზრდიდა. პოლიტკატორღელთა საზოგადოების გამგეობის წევრი ყოფილა, “ნეპის” დროს ამ საზოგადიების კუთვნილი კამფეტების პატარა ფაბრიკის დირექტორი გახლდათ. მაგრამ სტალინმა 1929 თუ 1930 წელს პოლიტკატორღელთა საზოგადოება დახურა _ ძველი რევოლუციონერების დაჭერებით დაიწყო მასშტაბური ტერორი. მიკვირს, როგორ გადარჩა დიდედა: თურმე რამდენიმე წელი სახლიდან არ გასულა. ჩეკას აგენტი, რომელიც მიუჩინეს, გორელი კაცი აღმოჩენდა, ფარულად გააფრთხილა, ქუჩაში არ გახვიდე, ნაბრძანები მაქვს, თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩნდები, უნდა დაგაპატიმროო...
სხვათა შორის, სტალინზე საინტერესო რაღაც უთქვამს დიდედას თავის დროზე. მამიდაჩემის მონაყოლი მახსოვს _ სკოლას ვამთავრებდი, ჩვენთან სახლში ჩემი კლასელები ისტორიის გამოცდისთვის ვემზადებიდით, ხმამაღლა ვკითხულობდით სახელმძღვანელოს... ერთ-ერთი საკითხი იყო სტალინის რევოლუციური ბიოგრაფია, ჰოდა, ვკითხულობთ, რომ ყმაწვილი სოსო ჯუღაშვილი გორში ჯერ კიდევ მოწაფეობისას აწყობდა მუშების გამოსვლებსა და გაფიცვებს, ქმნიდა იატაკქვეშა პარტიულ უჯრედებს და ა.შ.
უცებ გვესმის ხმამაღალი სიცილი _ ყველანი მივხვდით, რომ დედაჩემს ჩვენს წაკითხულზე გაეცინა. გავედი შუშაბანდში და დედას ჩურჩულით ვუთხარი: დედა, ხომ არ გაგიჟდი, სტალინზე იცინი-მეთქი?! მან კი მომიგო: მე არ ვიცი, კობა ვინ იყო იმ დროს გორში? ერთი ხულიგანი ბიჭი იყო და მეტი არაფერი, თუ ვინმე იყო იმ დროს გორში რევოლუციონერი, მე ვიყავიო!
ოცდაათიანი წლების ბოლოს მამიდაჩემს უკითხავს: დედი, ამისთვის იბრძოდი, ასეთი ცხოვრება გინდოდაო? დიდედას თურმე შუბლი შეეჭმუხნა და უპასუხა: არა, შვილო, ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდიო...
არადა, მართლა იბრძოდა, ათი წელი გაატარა ციხეებსა და კატორღაში... მენშევიკების დროს, როცა ყარსის ფრონტი დაიშალა და გამგელებული რუსი ჯარისკაცების ეშელონები თბილისისკენ დაიძრენ, დიდედა გააგზავნეს თურმე, ბაქოსკენ გაუშვიო (ეშელონებს ან თბილისზე უნდა გაევლოთ, ან ბაქოზე). მართლაც, შეახტა თურმე პირველ ორთქმავალს, მემანქანეს მაუზერი მიუშვირა შუბლში და უბრძანა, ეხლავე გადაიყვანე ბაქოს ლიანდაგზე, თორემ გაგათავე ადგილზეო! ისიც შეშინდა, დაემორჩილა. აი, ასე გადარჩა თბილისი რუსი ჯარისკაცებისგან დარბევა-დაწიოკებას...
კიდევ შემიძლია რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენო, მაგრამ ამჟამად ამით შემოვიფარგლები. ბოლო-ბოლო, ავტონეკროლოგს ვწერ, ბიოგრაფიულ რომანსა ხომ არა?
მხოლოდ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, მაინცდამაინც რატომ აღარ მეამაყება ”ბოევიკი” ბებია და “დონ-ჟუანი” ბაბუა. ჯერ ერთი, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ მეშევიკებიც და ბოლშევიკებიც სოცილ-დემოკრატები იყვნენ _ ერთი პარტიის ორი ფრაქცია, ანუ ერთი მედლის ორი მხარე _ და მათ შორის პრინციპული განსხვავება, სამწუხაროდ, არ ყოფილა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაღუპვაში მენშევიკებს თავისი წვლილი მიუძღვით (ერთობ არამცირედი – ლამისაა ლომის).
მეცოდება დიდედა _ აღმოჩნდა, რომ ფუჭ, ყალბ იდეალებს შესწირა ახალგაზრდობა...
მეცოდება პაპა _ ცოლებს გადაყვა და საფლავიც კი არავინ იცის მისი...
თუმცა ზოგჯერ გულში გამკენწლავს ხოლმე: ვინ უფრო შესაცოდია ჩვენს შორის? შესაძლოა, ცხოვრებაში ეშლებოდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ბოლომდე იხარჯებოდნენ!
მე კი? ცოლიც მხოლოდ მეორე მყავს, გადასახლებით კი მხოლოდ ერთხელ ვიყავი კასპში “გადასახლებული”, როცა თბილისში ამხანაგი ლეონიდ ილიას-ძე ბრეჟნევი ჩამობრძანდა.
ჰოდა, ვფიქრობ ჩემთვის: რამ დამაკნინა, რამ დამაბეჩავა, რამ დამაძაბუნა ასე?
ეეჰ!

_ * _
ერთი სიტყვით, ავტონეკროლოგი ვერ დავწერე, ჯერ-ჯერობით, _ გუნება მომეშხამა, თუ რა მოხდა?
თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა მეჩქარება?
მოვასწრებ!
მთელი ცხოვრება წინ არა მაქვს?
მთელი!
თავის სიკვდილიანად...


2011

ბმული - https://www.facebook.com/notes/irakli-lomouri/ირაკლი-ლომოური-ავტონეკროლოგი/10153399711670665

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Fri Sep 30, 2016 10:39 pm

ირაკლი ლომოური

დღე, როდესაც მსოფლიო ქართულად ალაპარაკდა (ღია წერილი კაცობრიობას)

ყველას მშვენივრად გვახსოვს დღე, როდესაც მსოფლიო ქართულად ალაპარაკდა - 2022 წლის 12 აპრილი - მაგრამ არავინ იცის, თუ რა მოხდა სინამდვილეში. არავინ, ჩემი და ჩემი შვილიშვილის, პატარა იკაკოს გარდა.
თავიდან ბევრი ვერც კი მიხვდა, მშობლიურ ენაზე კი არა, არამედ რაღაც უცხო ენაზე მეტყველებს... ზოგს ბუნდოვანი დისკომფორტი, გაუცნობიერებელი ეჭვი გაუჩნდა... პირველი შოკი ლინგვისტებმა და პოლიგლოტებმა განიცადეს. მერე კი, ყველა დანარჩენმა. რა ენაზეც არ უნდა დაეწყოთ ადამიანებს ლაპარაკი, ქართულზე გადადიოდნენ. ისინიც კი, ვინც ქართული არ იცოდა. ისინიც კი, ვისაც ქართული ენის არსებობა საერთოდ არ გაეგო. ალეუტი იქნებოდა, ჩუქჩა, იროკეზი, სიკხი, პიგმეი თუ ვატუსი, სომეხი, თათარი, რუსი თუ მონღოლი, ფინელი, პორტუგალიელი, ფრანგი თუ იაპონელი, ყველა ქართულად ამეტყველდა!
რა მოჰყვა ამას, ყველას კარგად გვახსოვს. საყოველთაო ისტერია და პარანოია - კატასტროფულად იმატა თქვითმკვლობების რაოდენობამ... მეზობელ ქვეყანაში არაერთი ქართველთმოძულე პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე ფსიქიატრიულში მოხვდა - ზოგმა პირიც კი ამოიკერა, ოღონდ ქართულად არ ელაპარაკა...
ფართოდ გავრცელდა ვერსია, რომ ეს ბოროტი ქართველი მეცნიერის, თუ მეცნიერების მიერ შემუშავებული უახლესი გენეტიკური იარაღია, მსოფლიოს დასაპყრობად... დიდხანს ეძებეს ეს მითიური მეცნიერი (თუ მეცნიერები), მაგრამ ვერ მიაგნეს.
პარალელურად გავრცელდა ვერსია, რომ ეს მოვლენა სხვა არაფერია, თუ არა მეორედ მოსვლის მაუწებელი ნიშანი, - იოანე ზოსიმე ხომ წინასწარნეტყველებდაო, რომ კაცობრიობა „ქართულითა ენითაი განისჯება“. ამაოდ უხსნიდნენ სწავლულები ამ იდეის მიმდევრებს, რომ იოანე-ზოსიმეს ნათქვამი პირდაპირ არ უნდა გაიგონ, - ვერსიამ საკმოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მთელს მსოფლიოს გავრცელდა. შეიქმნა მეორედ მოსვლის მომლოდინე თემები, რომლებმაც შეწყვიტეს ყველაფერი, გარდა ლოცვისა, რადგან დღე-დღეზე მოელოდნენ საშინელი სამსჯავროს დაწყებას. არადა, დრო გადიოდა, სამსჯავრო კი არ იწყებოდა...
პარალელურად გაძლიერდა საყოველთაო გაბოროტება ქართველების მიმართ. გახშირდა არამოტივირებული თავდასხმები ქართველებზე, რომლებსაც ახლა მხოლოდ გარეგნობით და პასპორტში ჩაწერილი გვარით თუ გამოარჩევდი (რადგან გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობდა). თითქმის ერთდროულად უდანაშაულო ქართველები ლინჩის წესით გაასამართლეს მოსკოვში, სტამბულში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ბარსელონაში...
თუმცა სიძულვილის ამ აფეთქებას პარადოქსული შედეგიც მოჰყვა - გაჩნდა მოძრაობა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჯერ ხუმრობით, მერე კი სეროიოზულად შეარქვეს „ ჩაჩაჯო“ („ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო“). ევოლუციური ეთიკის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგნელმა, ბერკლის უნივერიტეტის პროფესორმა ვინსენტ დოკინგმა წამოაყენა თეორია, რომ მომხდარი გახლავს „ჰომო საპიენსის“ განვითარების ახალი საფეხური, რომელზეც კაცობრიობა ნახტომისებურად გადავიდა (მექანიზმი მეცნიერებს ჯერ არ გვესმის, მაგრამ ადრე თუ გვიან გავიგებთო), და რომ ეს ფაქტი უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა - როგორც წინაპირობა იმისა, რომ კაცობრიობა უნიფიკაციის და გაერთიანების გზით მიდის... მაშ, მოდი, სიხარულით და მადლიერებით მივიღოთ ეს ახალი რეალობა და გავაგრძელოთ ცხოვრება, ვილაპარაკოთ ერთ ენაზე - ქართულზე, რომელიც აწ უკვე მსოფლიო, უნივერსალური ენაა... აღსრულდა ესპერანტოს გამომგონებლის, დოქტორ ზამენგოფის ოცნება!
ქართულს „გესპერანტო“ შეარქვეს.
ენა იყოს ერთი, - ქართველებთან ვიმეგობროთ, მადლობა ვუთხრათ უნებლიე (?), თუმც კი მშვენიერი საჩუქრისთვის ... აბა, სხვა რომელ ენაზე ვიტყოდით „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება“-ო? - ამბობდნენ „ჩაჩაჯო“-ს მიმდევრები და აგრძელებდნენ, - მაგრამ ნუ დავივიწყებთ ჩვენს ისტორიულ წარსულს, ჩვენს მეობას, ჩვენს კულტურას და მიღწევებს!.. მოძრაობის სრული სახელი იყო „ ჩაჩაჯო - ჯორჯია“ („ჯორჯია“ საქართველოს სინონიმად იხმარებოდა თვით ეთნიკური ქართველების მიერ - ამდენად, ქართული, აწ უკვე საყოველთაო ენის სრულუფლებიანი შემადგენელი გახდა). დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ინტელექტუალთა გარკვეული ნაწილი მიემხრო მოძრაობას, თუმცა სოციალურად დაბალ ფენებში წარმატება არ ჰქონია... უფრო მეტიც, ალაგ-ალაგ ამ მოძრაობის აქტივისტის დევნა დაიწყო... ერთ-ერთი ასეთი აქტივისტი ჯორჯიის შტატში ძელზეც კი გასვეს კუკლუქსკლანელებმა...
მეცნიერებმა და მოხალისე ენთუზიასტებმა რა არ სცადეს, მშობლიურ ენაზე მეტყველების უნარი რომ დაებრუნებინათ - ჰიპნოზი, ელექტროშოკი, ფსიქოტროპული საშუალებები, იოგა და ა.შ. ... მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. რაღაც უცნაური მექანიზმი იყო - ადამიანი თავის ენაზე აზროვნებდა, მაგრამ როდესაც აზრის გამოთმას დააპირებდა, ქართულად ამბობდა. ეს იმდენად აუხსნელი იყო, რომ მეცნიერთა უმეტესობა მუდმივ ისტერიკასა და თმები გლეჯაში გადავარდა... თეორიულადაც კი ვერ ხსნიდნენ ამ ფენომენს. სამუშაო ჰიპოთეზაც კი არ ჰქონდათ...
ერთი შეხედვით უცნაური იყო, რომ ენობრივი ბარიერის მოშლამ არ გამოიწვია ერების დაახლოება, არ დამყარდა საყოველთაო მშვიდობა და ურთიერთგაგება... თუმცა, მეორე მხრივ, სულაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან ინდივიდებს საკუთარი ეროვნული ცნობიერება და მეხსიერება არ დაუკარგავთ... გოტენტოტი თავს ისევ გოტენტოტად აღიქვამდა, თუმც კი ქართულად მეტყველებდა, რუსი კი - რუსად... ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებით მტანჯველი იყო, რომ ქართულად უწევდა გინება (არადა, რუსული გინების განუმეორებელი „სiტკბოება“ ახსოვდა) და ამის გამო მართლა იტანჯებოდა, არათუ მენტალურად, არამედ, ლამისაა, ფიზიკურადაც კი... „ექიმო, ისეთი განცდა მაქვს, რომ ტვინში ვეება ხიჭვი შემერჭო და ვეღარ ვიძრობ, - შესჩიოდა ფსიქიატრს ერთი განსაკუთრებით მგრძნობიარე ინდივიდი, - არა, ხიჭვი კი არა, ისეთი შეგრძნება მაქვს, ექიმო, რომ თავში პითონი შემიძვრა, რომელმაც ჩემი მშობლიური, ჩემი დიადი და მძლავრი ენა, გადაყლაპა და ახლა მე მგუდავს“...
ენა ბევრწილად განსაზღვრავს ცნობიერებას - როგორ გინდა განავითარო, ვთქვათ, ფლანდრიული კულტურა, როდესაც ქართულად მეტყველებ?
იდენტობის კრიზისი, მასობრივი ნევროზი, ქაოსი და ანარქია - აი, რა მოჰყვა, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულის გაბატონებას მსოფლიოში.
მოკლედ, ეს ყველაფერი მშვენივრად მოგვეხსენება ყველას... მაგრამ იმიტომაც დავწერე აქ, ასე ვთქვათ, თეზისურად, რომ ახლა ამ დრამის მეორე აქტს ვუახლოვდებით... ხუთი წელი გავიდა იმ მართლაც რომ ღირსშესანიშნავი თუ საბედისწერო დღიდან - უკვე დროა დუმილი დავარღვიო და მსოფლიოს გასაგონად ვთქვა სიმართლე - რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა! მაშ, მოემზადე კაცობრიობავ! შენ გელის...
თუმცა ჯობია მოვლენებს მივყვეთ...
2022 წლის 12 აპრილს 63 წლისა შევსრულდი. გადავწყვიტე ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა. დილიდანვე ჩემს ვაჟიშვილთან წავედი (ცალკე ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად). მინდოდა ჩემი შვილიშვილი, 7 წლის იკაკო სასეირნოდ წამეყვანა ბოტანიკურ ბაღში - ძალიან აინტერსებს ტექნიკა. დიდი ხანია მეხვეწებოდა, ბოტ.ბაღის ჰოდროელექტროსადგურის ტურბინები მაჩვენე, როგორ ტრიალებენო. მე და იკაკო დიდი მეგობრები ვართ - ერთი სული აქვს, როდის მოვუყვები კოსმოსზე, რაკეტებზე, რობოტებსა და უცხოპლანეტელებზე. ასტრონავტი უნდა გამოვიდეო - დღენიადაგ იმეორებს. ჩემთვის შვილიშვილთან ურთიერთობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა ცხოვრებაში...
მოკლედ, მინის მილით, პნევმატური მონორელსით ბოტანიკურში ჩავსრიალდით, გადმოვედით და გავუყევით ბილიკს... მივსეირნობთ, ვუყვები ნაცარქ... უკაცრავად, ეშ სთირერის თავგადასავლებს კოსმოსში, როგორ ებრძვის უცხოპლანეტელებს, მაგალითად, ბეტელჰეიზელ პლზამოიდურ მონსტრებს და უცებ იკაკომ გამაწყვეტინა:
- ბაბუ, მე არ მეშინია უცხოპლანეტელებს!
- ეჭვიც არ მეპარება - მივუგე, რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ბიჭმა არ მაცალა. გააგრძელა:
- აი, მოვიდნენ, მაგათ ვაჩვენებ სეირს! ჩავეხუტები, დავუმეგობრდები და კეთილები გახდებიან!
„ორიგინალური მეთოდია სეირის ჩვენების“, უკვე უნდა მეთქვა, რომ უცებ რაღაც მოხდა, თითქოს დრო გაჩერდა, რაღაც გამჭვირვალე, მაგრამ თანაც მოვერცხლისფრო ნახევარსფერო თუ გუმბათი დაგვემხო თავზე, ხუთიოდე მეტრის სიმაღლის... უცებ ჩემს წინ სამი ფუმფულა გუნდა დავინახე, ჰაერში მოფარფატებდნენ ჩვენსკენ და ფერს იცვლიდნენ საოცარი სისწრაფით, კაშკაშებდნენ, მზის შუქზეც კი. რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. უცებ გავაცნობიერე, - ხელ-ფეხი გაკავებული მაქვს, ვერ ვინძრევი. ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა ფერადი გუნდები საშიშები სულაც არ ჩანდნენ. პირიქით. რაღაცნაირად საყვარლებიც კი იყვნენ. თოჯინური მულტფილის ნაქსოვი პერსინაჟებივით. და უცებ თვალთ დამიბნელდა. გავითიშე.
რამდენი ხანი ვიყავი ასე, არ ვიცი. ცნობიერება უცებ დამიბრუნდა. ვხედავ, ჩემს წინ იკაკო დგას, მეძახის:
- ბაბუ! ბაბუ!
- რა იყო, იკაკო? რა მოხდა?
- ბაბუ! უცხოპლანტელებს ველაპარაკე!
- რაა? - და უცებ გამახსენდა მოფარფატე ფუმფულა ბურთები, - იკაკო, მომიყევი, რა მოხდა?
- ბაბუ, ჩემს თავში ჩაიხედე... არა, მე გაmogიგზავნი სურათებს, რაც მოხდა... დაინახავ!
სკეპტიკურად გავუღიმე, საკუთარ ტელეპატიურ ნიჭსა და უნარზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ უცებ მართლა დავინახე შინაგანი მზერით, როგორ მივდივართ მე და იკაკო ბილიკზე და როგორ გაჩნდნენ არსაიდან ფუმფულა ფერადი ბურთები...
- ხედავ, ბაბუ?
- კი, იკაკო! მიდი, გადმომეცი!
და გადმომცა. ახალ აღვწერ, რაც დავინახე გონების თვალით... ბურთებმა იკაკოს გარშემო გამალებული ფარფატი გამართეს, თითქოს დავლურს უვლიანო. იკაკომ გონებაში ხმა, უფრო სწრად, აზრი გაიგონა.
- ჩვენ მოვედით, რათა თქვენს პლანეტას მშვიდობა მოვუტანოთ! ჩვენ ვმოგზაურობთ კოსმოსში და ვამყარებთ მშვიდობას!.. ესაა ჩვენი მისსია, ჩვენი არსებობის საზრისი!.. სიხარული და ბენიერება!.. შვება და ნეტარება!... ამისთვის ვართ მოწოდებული!.. იკაკო, არ გაგიკვირდეს, უცხო პლანეტაზე მხოლოდ ნორჩ აბირიგენებთან ვამყარებთ კონტაქტს, რადგან გამოცდილებით ვიცით, ერთმანთს მხოლოდ ზრდასრულები ანადგურებენ, ნორჩებს მშვიდობა სურთ!
- აბა რა! - მიუგო იკაკომ საქმიანად, დიდი კაცივით, - რა ჯობია მშვიდობას! მოდი ვითამაშოთ! ეხლა ვამბობდი, უცხოპლანეტელს მინდა ჩავეხუტო-მეთქი!
- სწორედ მაგიტომაც აგირჩიეთ შენ, იკოკო, პირველი კონტაქტისთვის, - გააგრძელა ხმამ, ანუ აზრმა, - შენს გვერდით მყოფი ზრდასრული არ გვაინტერესებს. დავბლოკეთ. იკაკო, შენ აგირჩიეთ არა მხოლოდ პირველი კონტაქტისტვის, არამედ შენი პლანეტის, შენი რასის სამუდამო სრულუფლებიან წარმომადგენლად...
- და თქვენ ვინა ხართ? - გაიფიქრა იკაკომ.
- ჩვენ ვართ სამშვიდობო მისია პლანეტიდან აუუუმ-XXX... ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას მთელს კოსმოსში! იკაკო, შენს პლანეტაზე მშვიდობაა?
- არა, სულ ომია!
- რატომ?
- რატომ? - გონებაში გაიმეორა იკაკომ, დაფიქრდა, - იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით!
- და რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის?
- იმიტომ, რომ სხვადახვა ენაზე ლაპარაკობენ!
„ნამდვილიად ჭკვიანი, გონიერი შვილიშვილი მყავს!“ - გამიელვა. და შემომეამაყა, თუკი შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ მივყვეთ მოვლენებს.
გონებაში დავინახე, როგორ აფრინდნენ ფუმფულა ბურთები იკაკოს თავზე, შეტყუპდნენ, ფერი იცვალეს, თითქოს ვერცხლისწყლის ერთ დიდ სფეროდ იქცნენ. სფერო შესამჩნევად პულსირებდა, ტოკავდა. „ეტყობა თათბირობენ, - გამიელვა, - ანდა...“ მაგრამ აზრის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხე. დავინახე, რომ ვერცხლისფერი სფერო ისევ სამ მომცრო, ფერად, ფუმფულა გუნდად დაიშალა, - სამივე იკაკოს გარშემო აფარფატდა. ისევ გავიგონე მათი ხმა-აზრი.
- იკაკო, შენს პლანეტაზე მშვიდობა რომ დამყარდეს, ადამიანებმა ერთ ენაზე უნდა ილაპარაკოთ... ტელაპატიას ვერ გამოვიყენებთ, რადგან ამის ბუნებრივი ნიჭი თქვენს პლანეტაზე იშვიათობაა, ასაკის მატებასთან ერთად აბორიგენთა უმეტესობას საერთოდაც უქრება... ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველა აბორიგენს გონებაში ჩავუნერგოთ ერთი ენა, რომელიც მშვიდობას მოგიტანთ! ამისთვის ჩვენ ვირჩევთ შენს ენას, იკაკო! და ვუნერგავთ ამ პლანეტის ყველა ბინადარს! ამას გარკვეული დრო დასჭირდება - თქვენი დროით, რამდენიმე საათი. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, იკაკო! შენ ძალიან დაგვეხმარე! ამ პლანეტას შენს სახელს ვუწოდებთ! ეს იქნება შენი ჯილდო, იკაკო! ტრანსგალაკტიურ რუკებზე გაჩნდება ყოვლადმშვიდობიანი პლანეტა „იკაკო-9777531000999221“ (ეს თქვენი პლანეტის ოფიციალური ნომერია)... მშვიდობით, იკაკო!
- არ წახ... - გაიფიქრა ბიჭუნამ, მაგრამ უკვე აღარც ბურთები იყვნენ და აღარც ნახევარსფერო.
სურთები, იკაკომ რომ გადმომცა ტელეპატიურად, იმდენად მკაფიო, იმდენად თვალისმომჭრელი იყო, რომ კინაღამ თავიდან გავითიშე. შინ როგორ დავბრუნდით, აღარც მახსოვს. კედლის ნეტვიზორი ჩავრთე ბიბისი-ს არხზე და რა მესმის - თავანკარა ქართულით საუბრობს ინგლისის პირველი შავკანიანი პრემიერ-მინისტრი...
რატომ არ ვთქვით ეს ყველაფერი თავის დროზე? ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, არ დაგვიჯერებდით. მეორეც, არ შემეძლო პატარა იკაკო მეცნიერების, უფრო სწორად, სპეცსამსახურების ხელში ჩამეგდო... ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ კრინტს არ დავძრავდით... იკაკო საოცრად გონიერი ბავშვია... მართალია, ერთხელ წამოსცდა კლასელებთან, ეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, ჩემს გამოა, მე შევთავაზე უცხოპლანეტელებსო, მაგრამ ისე დასცინეს, სამი დღე სკოლაში აღარ წასულა...
როდესაც მე და იკაკომ რაღაც ხნის მერე დავინახეთ, რა უბედურება დატრიალდა დედამიწაზე, გადავწყვტეთ აუუუმელებისთვის გვეცნობებინა... მაგრამ არც კავშირის მექანიზმი გვქონდა და არც კონტაქტის საშუალება. როგორც გაჩნდნენ, ისე გაქრნენ...
ტელეპატიურად ვიძახებდით, ტელეპატიურად ვყვიროდით და ვღრიალებდით, ტელეპატიურად გადავცემდით სიგნალს SOS!... და აი, უცებ, გუშინ გამოჩნდნენ! სამი წლის თავზე!
ამჯერად სახლში გვეწვივნენ - ზუსტად ისეთივე ბურთები, რაც მაშინ, ოღონდ გუმბათი ჰქონდათ უფრო დაბალი... მე, ცხადია, ისევ დამბლოკეს. გავითიშე.
როდესაც გონზე მოვედი, იკაკო დავინახე, ბიჭუნამ საქმიანად მითხრა:
- ბაბუ, ეხლა გადმოგცემ, რაც მითხრეს!
თვალები მოვხუჭე და გონებაში ტელეპატიურად გავიგონე დიალოგი.
- იკაკო, რაშია საქმე, რატომ გვიძახებდი?
- რატომ არ მოდიოდით ამდენი ხანი? - კითხვაზე კითხვით უპასუხა იკაკომ, - თქვენს გამო დედამიწაზე საშინელება ხდება!
- საშინელება? შეუძლებელია! ჩვენი გეგმა ყოველთვის ამართლებს!
- არა! ერთი ენა არაა საკმარისი! ყველას ახსოვს, რომ სხვები არიან და ქართულად რომ ძალით ალაპარაკებთ! ამაზე ცოფდებიან!
- შეუძლებლია, უნდა უხაროდეთ! თქვენი მადლიერები უნდა იყვნენ!
- მადლიერები კი არა, ვეჯავრებით!
ფუმფულა ბურთები მაშინდელივით შეტყუპდნენ და აძაგძაგდნენ, მერე კი ისევ სამ მომცრო, ფერად, ფუმფულა გუნდად დაიშალნენ, - ისევ გაისმა ხმა-აზრი.
- იკაკო, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენს გეგმას არ ემუშაოს და კეთილი შედეგი - მშვიდობა - არ მოეტანოს! მშვიდობას ყოველთვის ვამყარებთ, უკიდურესი მეთოდების გამოყენებაც კი გვიწევს ხოლმე ზოგჯერ...
- რა მეთოდების?
- მეთოდები სხვადასხვაიანირია... ნუ ჩავუღრმავდებით!... თქვენს შემთხვევაში, იკაკო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ურჩ აბორიგენებს, რომლებიც ვერ აფასებენ ჩვენს უდიდეს საჩუქარს, თქვენს ენას, წავუშალოთ მეხსიერება და ჩავუნერგოთ, რომ ძირძველი ქართველები არიან... რადგან მშვიდობა ერთადერთი ჭეშმარიტი ფასეულობაა კოსმოსში!
- ანუ დედამიწაზე ყველა ქართველი გახდება?
- დიახ! და მშვიდობაც დამყარდება! დიდი მადლობა, იკაკო! კარგი ბიჭი ხარ! მშვიდობით!
- არ წახ... - გაიფიქრა იკაკომ, მაგრამ უკვე გვიან იყო. ფუმფულა ბურთები გაქრნენ.
იკაკო მომიბრუნდა და მკითხა:
- გესმოდა, ბაბუ?
- მესმოდა, იკაკო!
- კარგია, დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ თუ ვიქნებით?
ნაღვლიანად ჩამეცინა.
- ეჰ, ჩემო იკაკო, რა იციან კეთილმა აუუუმელებმა, რა ამბებს დაატრიალებს შვიდი მილიარდი ქართველი დედამიწაზე?

ირაკლი ლომოური
2025 წლის 12 აპრილი

(წერილი ერთდროულად გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველა ელექტრონულსა თუ ბეჭდურ გამოცემასა და მედიასაშუალებაში.)


Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ირაკლი ლომოური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: