არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Wed Dec 19, 2012 1:23 am

პოეტი-ქადაგი
დოკუმენტური ფილმი, 53:33 წთ.

სცენარის ავტორი - ქეთევან სადღობელაშვილი
რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი
ოპერატორები - ლევან ლეკიაშვილი, კახა ბუხრაშვილი
კომპოზიტორი - გოგი ძოძუაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია, 2012 წელი

http://1tv.ge/video/15809
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Thu May 23, 2013 10:50 pm



ბესიკ ხარანაული

მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს...

მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს...
არც რომ ნელა მიდიოდეს, არც რომ ჩქარობდეს,
მარტო უნდა იყოს კაცი და უხაროდეს.
არც არავის არ უყვარდეს, არც თვით ჰყვარობდეს,
მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს.
როგორც ჩიტი იყოს ხეზე, მარტოდ გალობდეს,
მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს.
ვინც ასშია და ვინც ხარობს, ღმერთი სწყალობდეს,
მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს.
რა გრძნობაა, თუ ვიცოდე, დავისაჯოდე,
მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს.
ღმერთი მარტოს არ გასწირავს, არც არაოდეს,
მარტო იყოს უნდა კაცი და უხაროდეს...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Oct 11, 2013 9:13 am

ბესიკ ხარანაული

მთას მიმავალი ბერის გაფრთხილება

ბერო,
იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,
კაბის კალთები
დაგაცვდება იმ ღრანტეებში,
წელი მოგწყდება აღმართებზე,
ხოლო ზევით კი -
იმ მთით რომ გსურს გზის შემოკლება,
მყვირალა ირემი
სუნს უცვლის ტყეს,
ვნების ძაფებით ქსელავს ხეებს
და პირის ქაფით
აყვავილებს უჯიშო ბუჩქებს.
მკაცრებია მისი ფეხები ბალახებისთვის!
რადგანაც იქვე,
ანდა უფრო შორს,
არავინ ირემს გზას არ ასწავლის,
სულგაკმედილი სძოვს ფურირემი,
ნორჩი პირით ბალახსა წიწიკნის.
ბერო,
იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,
დაჯექი ჩვენთან,
მეღორეებს არაყი უდგათ,
ცეცხლი უნთიათ,
ჩვენც,ხომ გვხედავ,
აღარ ვნადირობთ.
მყვირალობაა,
ხარი ირემი ფურს დაეძებს
გავეშებული.
საძრახისია ვაჟკაცისთვის
სხვის გრძნობებში
ხელის ფათური.
დაჯექი,
შევსვათ!
ხვალ დილაზე მოვა მანქანა
და გაგაყოლებთ...



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Fri Nov 21, 2014 2:53 pm



2012 წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო 150 წელთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "UNESCO"-ს მხარდაჭერით ფოტოალბომი „ვაჟა-ფშაველა“ გამოსცა.


ბესიკ ხარანაული

წინასიტყვაობა ფოტოალბომისათვის ''ვაჟა-ფშაველა''


„ვნუგეშობ იმით, მიწას მიწურად,
და ცას ციურად მივეთავაზი...“
ვაჟა


ვაჟა-ფშაველა 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა. თვითონ ამბობდა, 1862 წლის 15 მაისსო, მაგრამ ხალხმა ასე დაადგინა. ხალხმა, რომელიც სიცოცხლეშიც აღიარებდა და სიკვდილის შემდეგ კი გააღმერთა, ხალხმა, რომელიც ერთდროულად, ორმოცდათოთხმეტწლიან სიცოცხლეში, უდიერად, გულგრილად, როგორც უბირ მთიელს ისე ექცეოდა, თან "მთის არწივს" უწოდებდა და თან ნავთისა და მარილის საშოვრად დააწანწალებდა.

ვაჟა მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მის მშობლიურ კუთხეს კბილებით ეჭირა თემური მოწყობის ადათი და ბარიდან კი შავი ლაქასავით მოცოცავდა და უკვე პირველ ტალღებსაც ახლიდა გამოცვლილი ცხოვრების, უცხო საზოგადოებრივი მოწყობის მღვრიე, გაურკვეველი, უხსოვარდროინდელი მიჯნების, სახნავ-სათესების, სათიბების, საძოვრებისა და სანადირო ჭიუხების წამლეკავი სინამდვილე.

ვაჟას დროს ცხოვრებამ დაკარგა გმირი. დაკარგა გმირი პოეზიამაც. ხალხური პოეზია ხასიათს იცვლიდა, ანუ იმას აღნიშნავდა, რაც ცხოვრებაში იყო: ცარიელი მშვიდობა, ქონა-არქონა, მდიდარ-ღარიბი და ტყუილი... ტყუილი... და ყველაფრის წინაშე დამცირებული ტრადიციული გმირი. არსად სიამაყე, არსად ღირსება, ფულისთვის დედას ძუძუს მოაჭრიდნენ...

"ფშავლების პოეზია უფრო გმირული ხასიათისაა, განსაკუთრებით ძველი დროის ლექსები. ეს ადვილი გასაგებია იმისთვის, ვისაც უსწავლია ძველი, წარსული დრო საქართველოსი, საზოგადოდ და მთიელის ქართველებისა, კერძოდ. ძველი დრო იყო გმირობისა და ვაჟკაცობისა. საგმირო საქმეებით სავსე იყო ძველი ცხოვრება, მაშ რაზე ემღერა ხალხს, თუ არა გმირობაზე?..ძველს ლექსებში ერთადერთი წადილი, ღაღადისი ისმის: ვაჟკაცობა, მამაცობა, გულადობა; როგორც ახალ პოეზიაში სიღარიბეს და სიმდიდრეს უჭირავს ადგილი".

და ვაჟამ გადაწყვიტა დაებრუნებინა გმირი.

არ ენდო არაფერს – გაგულგრილებული ცხოვრების შემოთავაზებულს, მის დაწვრილმანებას, ცინიზმით შემოთავაზებულ ხურდას...

არ ვიცით, თვითონ ვაჟა თუ გრძნობდა, რომ ბუნების ქმნილება იყო.

როცა რომელიმე კუთხეს ბუნებით მინიჭებული ვადა გაუვა, როცა თავს ამოწურავს, როცა დამთავრდება კულტურულ-სოციალურად, ბუნება მას აჯილდოებს სიბერეში შობილი მემკვიდრით, რათა მან გადაარჩინოს მშობელი კუთხის სულიერი განძი, რისი პატრონიც საუკუნეები ეს კუთხე იყო, გადაარჩინოს მისი ენა, პოეზია, დაუტოვოს ქვეყნიერებას მისი წარსული და ყოველი, რაც კი ამაღლებული და ლამაზი სუფევდა მასში. და არა მხოლოდ გადაარჩინოს, ქვეყნიერებას დაანახოს მისი მშვენიერი უნიკალურობა.

ვაჟა, იმის გარდა, რომ დიდი პოეტი იყო, გაალმასებული პატრიოტიც გახლდათ, მისი სული ცეცხლგამოუნელებელი ქურასავით სამშობლოს ბედით იწვოდა, მისი თვალი ყველაფერს ხედავდა, ია იქნებოდა ბუჩქის ძირში, თუ კაცი ტყისა და წყლის უდიერი. სადაც უნდა ყოფილიყო გაჩქარებული, დროს აღარ დაგიდევდა იმპულსური ვაჟა, ცხენიდან ჩამოხტებოდა და, რამაც მზერა მოსტაცა, საკადრისს მიაგებდა. აი, ასეთი გახლდათ. ვისაც ერთხელ მოეკრა თვალი, მრისხანე სახის იყოო, ამბობდნენ უთვალავ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოგონებებში.

– იქნებოდა!..

ვაჟას სულში, მის ჭირად, ყველაფერს თავი ერთად მოეყარა, – ნიჭს, სიმამაცეს, შეურიგებლობას უსამართლობასთან... მის გვერდით მშვიდობიან, შეგუებულ ადამიანებს არ ემყუდროებოდათ, არ შეიძლებოდა ვაჟას არ შეემჩნია ის, რასაც ცხოვრების წისქვილი სულ ფქვავს და ირგვლივ მოაფენს... ვაჟას თვალს რა გამორჩებოდა!.. და ირღვეოდა მშვიდობიანების ცხოვრების წესი, – ცხოვრების მდორე რიტმის მიყოლა... მაღალი იდეალებისთვის მებრძოლი, მსგავსი იყო თავისი პოემის გმირებისა, რომლებიც ხალხს და მის ზნეობრივ იმპერატივებს უპირისპირდებოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ თავიანთ სიქველეებს.

როგორ შეუმჩნეველი რჩებათ დიდ მწერლებს თავიანთ ტრაგიკულ გმირებთან შინაგანი იდენტურობა და როგორ ისჯებიან ხოლმე ამისთვის!

ვაჟა-ფშაველა ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილია!

ვაჟა-ფშაველა მთის შვილია.

ვაჟა-ფშაველა ბუნების შვილია.

ვაჟასთვის ბუნება ფართო ცნებაა და არა მხოლოდ ფლორა და ფაუნა. თუმცა სურათები, რომლებშიც ის ადამიანის გარემომცველ ბუნებას აღწერს, უფრო ნამდვილია, ვიდრე თვალით ნანახი, – ბუნება ვაჟასთვის მხოლოდ ცალკეული მოვლენების ერთობა კი არ არის, არამედ ადამიანის ყოფიერების ფილოსოფიური და ეთიკური ქვაკუთხედია.

მიწიდან, რომელზეც დგას და ზემოთ, სადამდეც თვალს მიუწვდენს, ისე, რომ ქუდი არ გადავარდეს – ყველაფერი ბუნებაა, თავისი მტერ-მოყვარე ადამიანით.

ბუნება ბრძენია, მაგრამ მოწაფეებს არ ეძებს. ის სუფევს თავისი თავისუფლებით და თუ კარგა დავუკვირდებით, ერთადერთი გამოცანაა ჩვენთვის მისაწვდომ სამყაროში. ზღაპარი, ლეგენდა, მითი ბუნებას გაურბიან, ისევე, როგორც შემდგომში ლიტერატურა და ამჯობინებენ მარადიულად მეორე ადგილზე დამკვიდრებულის ბედს, შემთხვევას და კიდევ მრავალ უკან დასახევ გზას, რადგან ყველაფერზე შეიძლება რაიმეს შეთხზვა, ბუნების გარდა. ბუნება თავისი მრავალფეროვნებით და განსხვავებულ სახეთა და ჯიშთა ჰარმონიული თანაარსებობით საუკეთესო და მისაბაძი მაგალითია ერთი კაცისთვისაც, ერთი ხალხისთვისაც და ქვეყნიერებისთვისაც. სწორედ ბუნების დამოწმებით განმარტავს ვაჟა "კოსმოპოლიტიზმს და პატრიოტიზმს," ჩვენთვის ამ მარად თავშისაცემ თემას: – "ზოგს ჰგონია, ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია, როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას..."

ვაჟა, ბუნებრივია, სოციალურ გარემოში იყო გაწევრიანებული, მაგრამ მისი რაიმე კონკრეტულ სამსახურთან მიბმა უპერსპექტივო იყო. გორის საოსტატო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, წერა-კითხვის საზოგადოების შუამდგომლობით და შეწევნით, ორ სხვადასხვა სოფელში მასწავლებლობდა. მაგრამ, რაკი ლოიალურობა და შემგუებლობა უფრო უცხო იყო მისი ბუნებისთვის, ვიდრე პირდაპირობა და უყოყმანო რეაქცია საქმის ვითარებისა თუ ადამიანებისადმი, ვერც ერთ სამსახურში ვერ გაძლო, თუმცა სახსარის ძებნისას ერთი უშუალო მისამართი მოხელეობა ან სადმე რედაქციაში მუშაობა იყო... აკი ილია ჭავჭავაძის "ივერიაშიც" ვერ გაჩერდა. ნათქვამია, "სამი არ გაიწურთნება, – მგელი, არწივი, კარგი ყმა..." განგებამ პეტერბურგში იურიდიული განათლების მისაღებად მივლინებული, მალევე უკან გამოისტუმრა. ვაჟას ნიჭის თაყვანისმცემლები კი არ ცხრებოდნენ, სულ მისი "განსწავლა" ელანდებოდათ, ამაში მათ დიდი ილიას ნათქვამიც შთააგონებდა, – ვაჟას შემდეგ ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა დავდოთო... ვაჟასადმი ილიას ასეთი დამოკიდებულების გამო, – რომელიც შესაძლოა ერთადერთი ბუნების წყალობა იყო ვაჟას ნიჭისთვის, – მისთვის ახალი გზა გამონახეს, – იქნებ ვაჟა გერმანიაში გავაგზავნოთო. ილია ბრძენი იყო. ის თვლიდა, რომ ისედაც ფართოდ განათლებულ ვაჟას ზედმეტი ცოდნის თავზე დაყრა არ ესაჭიროებოდა – ჯერ პეტერბურგს გადაარჩინა ღმერთმა და ახლა გერმანიის ხაფანგს უგებთო? იქ ფილოსოფიაში გადაეშვება და პოეტს დავკარგავთო...

მოგეხსენებათ, მეცხრამეტე საუკუნეში, საიდანაც კულტურული აღორძინების წყალი მეოცესაც გადმოეღვარა, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში ახალი ეპოქა დაიწყო, თავისი რწმენითა და ურწმუნოებით, რაღა თქმა უნდა, ეჭვითა და ნიჰილიზმით, დაისვა მრავალი კითხვა, წაღმართი და უკუღმართი, ღმერთი მოკვდა თუ არ მოკვდა და სხვა მრავალი... და ყოველივე ამასთან ერთად, ეს ეპოქა ლიტერატურის მაღალ დანიშნულებას განსაკუთრებულად აღნიშნავდა. ვაჟას პუბლიცისტურ, ეთნოგრაფიულ და კულტუროლოგიურ ნაწერებში დიდი ცოდნა და განათლება ჩანს, არა ფორმალურ-ინტელიგენტური, რომელიც ჩვენში იმ დროს ფრაკის ტარებასთან ერთად, ჰეგელიანელობას ან ნიცშეანელობას გულისხმობდა, და, ვისთანაც ვაჟას კალმით ან ზეპირ უკამათია, არამედ, ნამდვილი, სიღრმისეული, ბუნებითი... იყო იმ დროს კიდევ მრავალი პოლიტიკურ-სოციალური მიმართულება, კიდევ ბევრი კერპები იყო... მათ შორის, ვაჟა დიდ პატივს სცემდა ნიცშეს პოეტურ ტალანტს და მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედება არა იმდენად წმინდა წყლის ფილოსოფიაა, რამდენადაც წყობილსიტყვით გამოთქმული პოეზია... "ღონეგამოლეულს, დაწრეტილს, უსუსურ მეწვრილმანე ვაჭარს ენატრება "ზეკაცი" ზარატუსტრა, ხოლო ჩვენში ცხვირმოუხოცველი მოხევე და მთიელი იგივე ზარატუსტრა არის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი მოხევე და მთიელი უფრო რაინდია, ხოლო ნიცშეს ზარატუსტრა – ვერაგი, სისხლის მსმელი, სუსტთა მქელავი და მოვალეობის შემგინებელი, ესე იგი, არ არის ვაჟკაცი." დრომ დაადასტურა ვაჟას ხედვა დიდი და ტრაგიკული გერმანელის პოეზიისა. გასაღები სწორად იპოვა, რადგან მიწაზე იდგა და ბუნება იყო მისი მასწავლებელი. – ილია და აკაკი წარმოშობით იყვნენ არისტოკრატები და ნაწერებით – დემოკრატები, ვაჟა წარმოშობით გლეხი იყო და ნაწერებით კი არისტოკრატი.

"ვაჟას პოეზიის შინაარსი და ფორმა წმინდა არისტოკრატიულია იმ მხრით, რომ არა ყოველი მოკვდავისთვის არის ადვილად გასაგები და შესაფასებელი." (კიტა აბაშიძე) ასეთი იყო ვაჟა, – ფშაველი, რომელიც ბილიარდს თბილისელებზე უკეთ თამაშობდა.

ასეთი დარჩა ვაჟა თავის ჩარგალში. მაგრამ გლეხკაცურმა ყოფამ კარგა რომ ცოხნა და ხვნა-თესვამ, თიბვამ, მკამ, ზამთარმა და შემოდგომამ რომ გაანახევრა, ისე, რომ სულ ბოლოს თბილისში გამომგზავრების წინ, პირს რომ იპარსავდა, ბრძენმა ყმაწვილქალმა გულქანმა გულში გაიფიქრა, – როგორ დაბერდა მამაჩემიო... ვაჟა ვეღარ უძლებდა სოფლური ყოფის სიმძიმეს და ძმას, თედოს სთხოვდა, ჩამოდი ჩარგალში, ჩამენაცვლეო, მამა-პაპის ადგილს ხომ არ დავკარგავთო, მაგრამ ძმამ, მწერალმა, ეთნოგრაფმა, დიდი საერო ღვაწლის გამწევმა თედომ არ ინდომა ჩარგალი. სხვა მწერალი ძმაც ჰყავდა ვაჟას – ბაჩანა. კარგი ძმობა ჰქონდათ სიცოცხლის ბოლომდის, როგორც მწერლებსაც, – თავ-თავის აზრზე მაგრა დგომის მიუხედავად, ნამდვილი ძმობა ჰქონდათ და მთელი არსებით აღიარებდნენ ერთმანეთს.

ვაჟას აქვს სტრიქონები "დავდივარ მშიერ-ტიტველი, ცოლს არ მიცვია კაბაო..." ვინც ამ სტრიქონებს ბავშვობიდან იცნობს, გაახსენდება, რომ აქ გადმოცემული სიღატაკის აზრი იმ დროს მხატვრული მეტაფორა ეგონა. არადა, სინამდვილე ყოფილა! მართლაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1915 წელს, მამის დაკრძალვაზე მხოლოდ იმ მიზეზით ვერ წავიდა მისი ქალიშვილი, რომ ტანსამოსელი არ ჰქონდა და ვერც ვერსად იშოვა სანათხოვროდ. სწორედ გულქანს, ამ ეპიზოდის გმირს ეკუთვნის ზუსტი დახასიათება თავისი მამის ცხოვრებისა: "ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამ, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენცა, არც სხვის სწორად გვცმია და არც სხვის ტოლად გვხურებია..." იმავე გულქანს ეკუთვნის საიდუმლო უწყება იმ პოეტური კრედოსი, რომელსაც ვაჟა მიჰყვებოდა: "როგორც ფერადი უნდა შეუხამო ფერადს, ისე სიტყვას უნდა სცნობდე, სიტყვა სიტყვას უნდა დაატოლო, რო გულს მოხვდეს, აზრიანი გამოვიდეს ნათქვამი." თავის სიტყვებს გარეთ გულქანი გულისხმობს – ბუნებრიობას და სიზუსტეს, სინამდვილეს, როგორც ბუნებაა ნამდვილი.

თითქოს ბუნება მეტყველებდეს ვაჟას პირით – სადად და უბრალოდ... გინახავთ, სადმე რომ ბუნება ორჭოფობდეს, ყოყმანობდეს, არ იცოდეს მართალს ამბობს თუ ტყუილს... ვაჟას ენა მარტივია, თხრობა – წყალის ნაკადივით ერთურთს მიდევნებული და ახალ წინადადებას რომ ჰკითხო რამე – წინაზე, ძველზე, – გეტყვის, – არ ვიციო... როგორც გულმავიწყია ახალი ჩქერი, – ჩქერს მიდევნებული... ლიტერატურული ალუზიები კი არა, ქვეწყობილ წინადადებასაც იშვიათად შეხვდებით, რადგან ვაჟას თხრობის კილო ზღაპრიდან მოდის, დედის, მამის, ბებო-პაპის, წარსულის ზღაპრის კილოდან... არც გონება, არც ფიქრი, უბრალოდ სიტყვები იკავებენ სივრცეში ადგილს, როგორც ბუნებაში.

რთულია ამგვარი სიტყვებით ფურცლის სივრცის ისე შევსება, რომ ამ სივრცემ რული არ მოგგვაროს.

ვაჟა პოეტურ ნაწერებს – ლექსებს, პოემებს თავის მშობლიურ, ფშაურ დიალექტზე წერდა. ამის გამო სალიტერატურო ენის დამცველები – თვითონაც მცოდნე და გულმართალი პატრიოტები, – საყვედურობდნენ ვაჟას, თუმცა მისი ნიჭისადმი კრძალვა არ გამორჩენიათ... ვაჟაც ასევე სამართლიანად ბრაზობდა, მაგრამ საბუთად ის კი არ მოჰყავდა – ასე მეწერებაო, არამედ ისტორიულ და თეორიულ საბუთებს იშველიებდა... და, დღეს რომ გააცოცხლა ის ოპონენტები, დარწმუნებული ვარ კეთილად მოინანიებდნენ.

"ვინ არის ისეთი გაუგებარი, რომ საერო ლიტერატურულის ენის საჭიროება არ ესმოდეს, მწერლობდეს კი და ენის გაუკეთესებასა და "გაწმენდაზე" არა ჰფიქრობდეს?! ახლანდელი ლიტერატურული ენა ახალია და სიახლის გამო ბევრს ფორმებს, ბევრს სიტყვებს მოკლებული არის. ყველა ეს ფორმები და სიტყვები ხალხშია დამარხული, ხალხი, ერი დედაა ენისა... ფშავლებს ამ შემთხვევაში საპატიო ადგილი ეძლევათ... სხვათა შორის იმიტომაც, რომ იმათ უფრო მეტი საშუალება ჰქონდათ ქართული ენა დაეცვათ წმინდად, შეუბღალავად... ფშაურის საუბრის კილო და გრამატიკული ფორმები, როგორც ნამდვილი ძველი ქართული, სრულიად ჰგვანან ძველის მწერლების ნაწერებს..."

აუცილებელია, არ დამავიწყდეს, რომ მეცნიერულ ან ლიტერატურისმცოდნეობით წერილს კი არ ვწერ, არამედ ისეთს, რაც ჩემი ძალებისთვის უფრო ბუნებრივია, ანუ საკუთარ შთაბეჭდილებებს... თუმცა ყველაფერი, ლიტერატურაშიც კი, სამუდამოდ დაღდასმულია და პიროვნული უშუალობაც შებღალული.

ვაჟას შემოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ნაწარმოების პირველი სტრიქონი, ანუ დასაწყისი, ანუ ტონის აღება... ათასი ვარიანტი ექნებოდა, რომელთაგან ერთი იქნებოდა სწორი და ვაჟასაც არ გამოეპარებოდა.

მარტო ვაჟას ნაწერების დასაწყისებზე შეიძლება ერთი ნაშრომის დაწერა – ლექსი იქნება, პოემა, მოთხრობები, ეთნოგრაფიული თუ პუბლიცისტური წერილები, კორესპონდენციები და სხვა მყისიერად თუ დიდხანს გულში ნატარები ათასგვარი შენიშვნები – ვაჟას პობლიცისტიკას მისი შემოქმედების მესამედი უკავია – არაფერია ისეთი, ერთადერთი აუცილებელი სტრიქონით რომ არ იწყებოდეს... ყველგან ვაჟასთვის პირველი სტრიქონი უმნიშვნელოვანესია, როგორც პირველი დაკვრა, როგორც მკვეთრი მოძრაობით კაცის ცნობიერების ნაწარმოებისკენ მიტრიალება...

და ეს სწორია, როცა პოეტი ბუნების კარნახით წერს და არა ძალმომრეობს უსუსურ ფურცელზე.

შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა ბუნების მერხიდან ამდგარი შემოქმედია. ბუნებაა მისი სკოლა, განსწავლის, რწმენის საძირკველი, საიდანაც ისევე ვერ ამოგლეჯ, როგორც მიწიდან ჩვენი ტყეების პატრიარქს – მუხას, ფშაველთა უძველეს ტოტემს.

ასე წერა, როგორც მე ახლა ვიქცევი, იმას ჰგავს, რაიმე საგანი გულსა და თვალს რომ მოგტაცებს და შენ მხოლოდ იმას ახერხებ, ნერწყვი ჩაყლაპო.

მთელს ვაჟაზე არ ვამბობ, რომლისთვისაც ადამიანი თავიდან უნდა დაიბადო – უმჯობესი იქნება მეორ-მესამეჯერ... ვაჟას ადამიანური არსება დღევანდელობაზე ბევრად წინ არის.

მე ორიოდ სიტყვას მის პოემებზე მოგახსენებთ, მართლაც ორიოდ სიტყვას, ანუ მკითხველის თვალწინ მხოლოდ ნერწყვს ჩავყლაპავ.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ ვაჟა, თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით, ჯერ კიდევ ადრეულ სიყმაწვილეში, წერდა და თბილისურ ჟურნალ-გაზეთებში აგზავნიდა ჩანახატებსა და სცენებს მთის გადაღმელი ტომის, ხევსურების გაუსაძლის ცხოვრების პირობებზე და მათ დონკიხოტურ, ახალი დროისთვის შეუხამებელ ხასიათზე. ამ წერილების უმეტესობაში ვაჟა ირონიულია, როგორც ფშაველი კაცი, რომელიც უფრო იოლად შეეგუა დროთა ცვლას. სამაგიეროდ, უცნაური აბრუნდი მოხდა ვაჟას პოეზიაში: მისი უმთავრესი პოემების მთავარი გმირები, ერთის გარდა, ყველა ხევსურია. აი, ცოცხალი კაცის ბედის ირონია და შემოქმედის უღალატო ბუნება. სინამდვილეში, თუ გინდა გმირულ-ჰეროიკული ტიპის დახატვა, ხევსურების ახლოწარსულს უნდა მიმართო, ანუ მათ სიტყვიერ მემკვიდრეობას, რადგან ამ კუთხის ისტორიული წარსული მათ პოეზიაშია, რომელიც ზეპირი სახით თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ "ხევსურულ ლექსიკონში", რომელიც ოცდახუთი ათას სიტყვა-ერთეულს ითვლის, ყველა სიტყვა ლექსშია დაფიქსირებული!.. აქაური გმირებიც, როგორც სიცოცხლეში ჰგვანან კლდეში ნაკვეთებს, ისევე პოეზიაშიც. ნიშანდობლივია, რომ ხევსურეთში არც იყო გავრცელებული ირონიული, ახალი ხალხური ლექსობა, რადგან მიუხედავად გარეგანი კარიკატურულობისა, ხევსური შინაგანად ისევ გმირი იყო და ისევ საგმიროს იმღერდა. მათში მეტი იყო იდეალიზმი და რწმენა. – უცხო ჩვენთვის მაშინაც და განსაკუთრებით კი დღეს.

"ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი"... ამათზე წერა შეუძლებელია, მე მხოლოდ ერთ აზრს გამოვხატავ "გველის მჭამელთან" დაკავშირებით, რომელიც შედარებით განსხვავებულია გავრცელებულისაგან.

ვინ იყო მინდია? – ბუნების დამცველი? ან რა ფილოსოფიური გამოცანაა პოემაში?

მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ "გველის მჭამელი" შემოქმედის ბედზეა. ეს პოემა ვაჟას ყველაზე ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. ვაჟას ყოველ წამს ჰქონდა საფრთხე ნიჭის დაკარგვისა, მაგრამ ამჯობინა ნავთი და მარილი ჰკლებოდა, ვიდრე დაეკარგა თავის წარუვალი ცხოვრება.

შემოქმედებითი უნარი ნატვრის თვალივით არამატერიალურია და მისი პატრონიც თითქოს სხვა განზომილებებსაა ზიარებული. ამიტომაა, რომ გველიც ჰკარგავს ხოლმე ნატვრის თვალს, როცა თავს წარმოიდგენს, სიფრთხილეს დაიკლებს და ცხოვრებით გაერთობა, და, როგორც კი დაკარგავს, თავსაც იკლავს. ზღაპრებშიც ასეა – მისი ქონაც უბედურებაა და არქონაც. შემოქმედებითი ნიჭიც ასეა. შემოქმედიც ისევე უნდა უფრთხილდებოდეს თავის ნატვრისთვალს, როგორც მეუდაბნოე ბერი თავის სიწმინდეს.

თავისი პოემებით ვაჟამ ადამიანობის ისეთი სარკე დაგვიდგა წინ, რომ სწორად ვიქცევით, შიგ რომ არ ვიყურებით, თორემ ურჩხულს, ცეროდენას, უხამსს და ადამიანობის შემგინებელს დავინახავდით. მაგრამ ჩვენ მხსნელად წინ საკუთარი ცხვირ-პირის, საკუთარი მუცლის და ავადმყოფი ტვინის სარკე გვიყენია...

ბედნიერი იყო დონ კიხოტი, რომ ქარის წისქვილები ურჩხულებად ეჩვენებოდა და ხარების ჯოგი მტრის ლაშქრად. მძიმე იყო ვაჟას მდგომარეობა, რომ არაფერი ეჩვენებოდა და ბუნებასავით ყველაფერს ისეთს ხედავდა, როგორიც ის სინამდვილეში იყო... იტანჯა, იწუხა ადამიანზე, ხალხზე, ქვეყანაზე, ცხოვრება კი, მისი ჯიბრით, მის თვალწინაც და მის მერეც, თავის ნებაზე ბრუნავს... ან რა დაუშლის, თუკი ცარიელი ქვევრივითაა... ღირს თავი შეაკლა? იქნებ ქარის წისქვილებთან ბრძოლაა ასეთი უშეღავათო ბრძოლის სიმბოლო?

ცხენდაცხენ... ცხენდაცხენ... მთელი მიწის მთა-ველზე, გზაზე და ბილიკზე, – იქნებ სადმე სამართალს უჭირს, ქვეყანას, ხალხს... იღლები, იქანცები, სისხლი გდის, ცხოვრება კი კვლავინდებურად მხოლოდ გვერდს იცვლის.

ვაჟამ, ქართველ მწერალთა შორის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ლექსები ცის ვარსკვლავებივითაა – დაუთვლელი, პოემები შვიდი მნათობივით... მოთხრობები? ყველაზე მცირე ზომისას რომ დახედავ და სათაურსაც რომ წაიკითხავ, უპერსპექტივო მოგეჩვენება – "ია," "მთის წყარო," "წიფლისჩიტა," "ხმელი წიფელი," "ფესვები", "სვავი"... მერე წაიკითხავ და აღფრთოვანებული შენს თავს ეკითხები: – შეიძლებოდა ბუნებაში უამათობა? მერე "შვლის ნუკრთან" მიხვალ, "ჩხიკვთა ქორწილთან", "სათაგურთან", "საშობაო მოთხრობასთან", "საახალწლო სიზმართან", "ბერიძე გაუტეხელთან"...

ხოლო ვაჟას პუბლიცისტიკა, ხანგადასულად რომ შეიძლება მოგეჩვენოს, შეგძრავს, შეგარყევს თანადროულობით – ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა დიდი კლასიკოსის წერილები, რადგან სადაც გულის ცეცხლი დანთებულა, ყველგან ნათელია.

საკვირველია, ვაჟას ლიტერატურული ღვაწლის მასშტაბურობა მკვლევარებს ავიწყებს ხოლმე მის თარგმანებს, არადა ვაჟა ძალიან ბევრს შრომობდა ამ სფეროშიც. მხოლოდ იმას ვერ გავიგებთ შთამომავლები, რის შუქზე თარგმნიდა შილერის "ორლიანელ ქალწულის" და ედგარ პოს "ყორანს" – ჭრაქის? სანთლის? ბუხრის? ლამპის?

სახელმოხვეჭილ პოეტზე თანამედროვეები ხშირად ისეთ რამეებს გაიხსენებენ – ფაქტს, ამბავს, ნამდვილ შემთხვევას... რაც პოეტისთვის, – რომელიც სულაც არაა სახელოვანი საკუთარ თავისთვის, – ძნელად ან სულაც ვერგასახსენებელია. ეტყობა, ცხოვრებისეული გზა არასრულყოფილია პოეტის მოსაძებნად.

ეტყობა, პოეტი გამოტოვებს და ივიწყებს ზედმეტს და ცხოვრებაში ეძებს მხოლოდ საკუთარი გრძნობისა და ნიჭის შესაბამისს.

დანარჩენს ივიწყებს.

ვაჟა სულ ცხენზე იჯდა. უამრავი მოგონებაა ცხენზე ამხედრებულ შერისხნულსახიან კაცზე, ამა თუ იმ ადგილას რომ დააფრთხო ბავშვი... ცხენდაცხენ აქვს შემოვლილი ფშავ-ხევსურეთი, კახეთი, ქართლი, არაგვისა და ივრის ხეობები და შორეული და სახიფათო შირაქი, საითაც კარგა ხნის წინ, თავისი ნებით და უნებობით დაძრულიყვნენ უმიწაწყლო, ხრიოკი მთა-კლდეების მკვიდრი მთიელები.

შირაქში ფშავლების ჩასახლებამ დიდი დრო და ენერგია წაართვა ვაჟას, თავისუფლად შეეძლო ეთქვა საკუთარი თავის მისამართით – "ლაშქრობამ ჩამომაბერა, ძაღლუმადურად გდებამა..."

ხალხისთვის, თვისტომისთვის ბრძოლა და სიკვდილიც ვაჟას წინაპრების, წარსულის გმირების მაგალითზე ჰქონდა შესისხლხორცებული – ამაზეა "ბახტრიონი" – გმირები იღუპებიან გმირობისათვის, ხალხისთვის და მამულისათვის. საკუთარი თავისთვის მკვდარი, რაგინდ ომი გადაიხადოს, არაა გმირი. გმირი თავის ხალხის დარაჯი და მცველია.

ვაჟა, თავისი გმირების დარად ტრაგიკულ-ჰეროიკულია. ასეთებს მოითხოვდა გარემო, სადაც დაიბადა და განისწავლა ბუნებისაგან, სადაც აღესრულენ მისი გმირი წინაპრები, პოეზიაში დიდად ცნობილნი იმით, რომ საკუთარი მიწა-წყალი თოფითა და ხმლით ეჭირათ...

ვინ იფიქრებდა, რომ ვაჟა, მრავალთათვის გმირი და, მითიური არსებაც, მთის არწივი ზოგისთვის და ზოგისთვის დევი, – სიმაგრისა და უტეხლობის სიმბოლო, 1915 წლის შუა ზაფხულში, სიცხეში, სხვისი წყლისა და ნიავის ამარა, პლევრიტიანი იწვებოდა პალატაში... უკანასკნელ გამამხნევებელ წერილს მისწერდა ცოლ-შვილს, დაარიგებდა, საქმეს დაუბარებდა, მალე ნახვას შეჰპირდებოდა და გააგრძელებდა საკუთარი სიკვდილის დროისა და საათის გამოცნობით თავის შექცევას.

ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე.

ვინც ვაჟა-ფშაველა ცოცხალი ნახა, ის მოწმეა, ვინც არა, მან უნდა ირწმუნოს.

ჩვენი და მომავალი სინამდვილეები, საუკუნეები და ათასწლეულები ვაჟა ფშაველას ვერ დაეწევა, ის მუდამ იქნება ხალხის, პოეზიის სამწყსოს, ქართველი მწერლების წარმოსახვაში.

განა ერთში, – ათასში და კიდევ ასში...

ყველა დრო, პოეტის აღქმისთვის საკუთარ რეტუშს იხმარს...

და ეს იქნება არა მოწმის საბუთი, არამედ წარმოსახვისა და რწმენის ილუსტრაცია.

უცნაურია, როგორ არ ბერდებიან ძველი ფოტოები, პირიქით, რაც დრო გადის ახალგაზრდავდებიან, ეტყობა, ახალი თვალი რომ უყურებთ.

ეს უძვირფასესი ქონებაა, თვითონ ვიცი და გამომიცდია – ერთ-ერთ ჯგუფურ ფოტოზე ხომ პაპაჩემიცაა.

ბევრი რამ ვთქვი ვაჟაზე ამ ილუსტრაციებისა და ფოტოების წინათქმის საბაბით. მომეტევოს, რადგან, იმდენი მაქვს სალაპარაკო, რომ მგონია, ყველაფერი გამომრჩა.

მაგრამ, ნაწერიც ხომ ფოტოა და ილუსტრაციაა, ოღონდ სხვის, მეორის, ან მეასე პოეტის წარმოსახვაში...

ბევრი რამ ემსხვერპლა ჩვენში მონუმენტურობასა და ფსევდორეალიზმს. ეტყობა, ზოგჯერ არცოდნა სჯობია ვაიცოდნას დ ვაიკულტურას, რადგან ეს უკანასკნელი, თუ უფლება მიეცა, მაშინვე ძველს დაეტაკება – დაშლის, ააწყობს, გადააკეთებს... სოფელს, ქალაქს, უბანს, გზას, ქუჩას... ისტორიის კუთვნილ სუბიექტებს თავისი გემოვნებით "გაახლებს და გაალამაზებს". მაგალითისთვის მე თიანეთი შემიძლია დავასახელო, რომელიც, იმ სახით XIX საუკუნის სამოციან წლებში ბუნებისმეტყველმა და ეთნოგრაფმა რადდემ რომ აღწერა, მეც კი მახსოვს XX საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან. ამოარჩიეს და, რაც კარგი იყო ამ ყოფილ ფშავ-ხევსურეთის სამაზრო ცენტრში, საიდანაც ვაჟას მრავალი ფელეტონი და კორესპონდენცია გაუგზავნია თბილისურ პრესაში, – ყველაფერი დაანგრიეს – იწვალეს, წლები მოუნდნენ, მაგრამ დაანგრიეს... რადგან "პრელესტ ბაბალეს" სასახლე იქნებოდა, ქვითკირის გალავანი თუ ძველი სასტუმრო და აფთიაქი – მკვიდრად ნაგები შენობები იყო... ეკლესიაზე რაღა ვთქვა, მწვანეში ჩაფლული, შეზღუდულფართობიანი სასაფლაო რომ ახლდა, სადაც, – უნიკალური მოვლენაა, – მხოლოდ ღვთისმსახურებს და ტრაგიკულად დაღუპულებს კრძალავდნენ. გაგიკვირდებათ და, ვესტერნებში პატარა ქალაქების ცენტრალურ ქუჩას და მოედანს რომ ვნახავ ხოლმე, თიანეთის "ცენტრი" მაგონდება. ოთხი ქუჩა შემოდიოდა ამ ცენტრში, ერთ ორსართულიან სახლზე მერე აბრაც დაკიდეს – "აქ მოდიოდა და ღამეებს ათევდა ვაჟა-ფშაველა". არ დამავიწყდება მე ის "ცენტრი", რადგან ძველი თიანელი ვარ და ბავშვობიდან ვინმეს შეკითხვაზე – "ცენტრში ხომ არ იყავიო?" დადებითად ვუქნევდი თავს. – დიდი ცოდვა წაიღეს თანაო! – ამბობდნენ იმათზე, ვინც თიანეთის ცენტრის დანგრევით გულის წადილი აისრულა... რა ექნათ, არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ.

ვაჟას ფენომენი, მცირეოდენ პაუზას თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ყოველთვის აქტიური იყო. უხვად იცემოდა მისი თხზულებები, 1961 წელს კი მისი ასი წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა. გამოვიდა მრავალი გამოცემა, მათ შორის აკადემიური ხუთტომეული. წიგნის თაროები გაივსო სხვადასხვა სახის მონოგრაფიებით, გამოიცა უცხო ენებზე ვაჟას ნაწარმოებების თარგმანები, ფერმწერებმა ფუნჯს მოჰკიდეს ხელი, მოქანდაკეებმა საჭრეთელს... შეიქმნა ბევრი ღირსეული ნამუშევარი – სიტყვითაც, ფუნჯითაც, საჭრეთლითაც, მუსიკითაც და თეატრითაც...

ვაჟას ჩარგლის სახლზე ბევრი მაქვს ნაღელვი... ვთვლიდი, რომ სახლ-მუზეუმი იმას ჰქვია, რომ რაც პოეტის ცხოვრებაში მის კედლებში იყო, ის დატოვო და ახალი არაფერი მიუმატო. არ უნდა იხმარო ლაქი და საღებავი, არ უნდა შემატო "სილამაზე," სივრცე უნდა მისცე...

არა მარტო ჩარგლის გარემო, მთელი ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი ვაჟა-ფშაველას სახლ-კარის ჩარჩოა!

14/07/2013

ბმული -
* http://www.culture.gov.ge/topicdetals-5.6875.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue May 19, 2015 7:25 pm


გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015

ბესიკ ხარანაული

ჩემს სახლში ყველა ციხეზე სუფთა ჰაერია

თუ შიდაგამოსახულება უკვე აქვს კაცს,
გარეგამოსახულებას თვალი აარიდოს.
თუ გარესარკეში კარგა აქვს საქმე,
შიგნით ნუღა ჩაიხედება.

მაგრამ ისეც არის, რომ შიდა სარკეში კაცი - მაიმუნია,
გარე სარკეში ჩაიხედავს და, - ვეფხვი ყოფილა.

ხან ორივეში უბედურია, ხან კი ლამაზი არის ორთავეში.

სად იყვნენ ესენი, მე რომ ვიყავი?
სად იყო მაშინ ეს ყველაფერი?

მხდალია ადამიანი, ხალხიც მხდალია,
მისალმებისაც კი ეშინიათ,
იმიტომ რომ მხდალია ადამიანის მოდგმა.

დედაჩემი რომ ასეთი მხდალი ყოფილიყო,
დარჩებოდა ჩემი მარცვალი სამყაროში გაუღივებელი,
გავიზრდებოდი ისე, რომ ვერ განვასხვავებდი სოფლურ ენას წიგნურისაგან.
არ მეცოდინებოდა, რომ „საჯდომი“ წიგნურია და „ტრაკი“ სოფლური,
ვერ დავტკბებოდი მდაბიორთაგან მესხვე, გალექსებულ ენით,
ჯირკვლების ანთება დამემართებოდა...
არ მეცოდინებოდა რომ „ჩაცეცხლე!“ ნამდვილია და
„ჭამე!“ კი ევფემისტური,
ხოლო „მიირთვი!“ გალექსებულია და მდაბიორს ყელზე დაადგება.

აი, რაები გამომრჩებოდა, იქ რომ ვიყო, სადაც სხვები ყრიან.
აი, რაებს არ ვიტყოდი,
ასსამოცდათხუთმეტი წლის ტყავი რომ არ მეცვას
და შიგ თხუთმეტი წლისა არ ვიტანჯებოდე.

ქება და დიდება შენ, ბესარიონ, ჯოჯოხეთში გამოზრდილო,
იქედნეთა შორის მავალო,
ქება და დიდება შენ,
ყველა ჯილდო ხორციელი ხომ მოიპარე, საიქიოს კეთილგანწყობაღა
დაგრჩენია, მწამს იქაც შეძვრები უბილეთოდ, როგორც თქვენი სოფლის კლუბში,
მწამს გიხილავ სალხინებელში.
სადმე შკოლაში კი არ ისწავლე, არამედ წელიწადის რვათვიან ზამთარში,
კლდეში, ღრეში, ქარში, ავდარში,
სამი თითით აღებულ მარილში...
რადგან შენი „მე“ მკვეთრად გამოხატული ეგოიზმი კი არ იყო,
მკვეთრად შეგრძნობილი სიცოცხლის ხე იყო, ძმაო ბესარიონ.

შიმშილი აუგად არ მოიხსენიო,
გახსოვდეს, რომ დედაშენს შიოდა.
სიცივე აუგად არ მოიხსენიო,
გახსოვდეს, რომ დედაშენს სციოდა.
რომ მის სხეულში მდგარი ცივი რძე
საწოვარათი შენს სხეულში შემოდიოდა,
მუცელს გატკიებდა, გატირებდა, გაღნავლებდა, ბესარიონ,
ისე გაბღავლებდა, რომ ბებოშენი გამთბარ კრამიტზე გაწვენდა პირქვე.

მეორე კრამიტი კი ღამის ქოთანი იყო.
და, თქვენს სახლსაც ხომ კრამიტი ეხურა თავზე...
მერწმუნე, ბესარიონ, ყველაფერი სახსოვარია
და აუგად არ მოიხსენიო.

სახსოვარია, რომ ერთი ხარ და არა საერთო არსება,
რომ ათშიც არ ხარ და არც ათასში
და მრავალშიც ვერ გპოულობენ...
რომ ერთი ფეხი სანთელი ხარ,
რომელიც დედაშენმა აანთო შენი გაჩენის საყვირზე.

დიდება შენ, რომ ჯაგებში შობა არჩიე ვარდებში გაჩენას,
რომ შიმშილი და ყინვა არჩიე სითბოს და სიმაძღრეს,
რომ სინამდვილეს ფეხსაცმელივით იოლად ირგებდი,
რომ დიდიც და პატარაც ერთნაირად კარგა გმსახურებდა.
ქება და დიდება!
შენს თვალებში ცრემლი არავის უნახავს, როგორც ბროლში არა ჩანს მგელი.
ამიტომაც მოგაგებენ პატივს ქალები მომავალ დროებში.

ყოველი ქალ-დედროვანი, ვინც ტრიკოს იცვამს,
და ყოველი ქალ-დედროვანი, ვინც ტრიკოს იხდის,
ვინც ფერცხებულია, ვინც ცოცხის დამჭერი,
- შენ გემორჩილება.
ვისაც გიყვარს დუმილში საქმე,
ვის ბაგეზეც გიჟის სიტყვა დევს
და გულისჯიბეში მანდილოსნის პირასაკრავი.

ყველა გვიან ხვდება, რომ მოკვდავია, სიცოცხლეში მას ამისთვის არა სცალია.
ჩქარობს სიცოცხლეს, გაზაფხულამდე ზამთარიც ვერ მოუთმენია.
თუმცა კაცს მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული ახასიათებს,
წესიერად ისიც არ იცის.

შენ აღერებული ბიჭების ბელადი იყავი,
მაგრამ სული არ დაგიმძიმებია სურვილისაგან,
ამიტომაც მოგაგებენ პატივს ქალები მომავალ დროებში,
რომ ქალების მახვილი იყავი,
რომ თავისუფლება მოგქონდა მათთვის მომავალ დროებში,
რომ ვიდრე მიწაზე სურვილი არსებობს,
შენ ქალებში მოიხსენიები კიდევ და კიდევ,
შენს საფლავზე საწყევარა კოშკს ააგებენ,
წარსულისთვის მომავალ დროებში.

ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
ერთი სული მაქვს, რომ დავსხდეთ და ერთად ვიცინოთ.
შენ აბრუნებ ადამიანებს თავის პირუტყვში,
აბრუნებ თავის ბოროტში და თვალთმაქცობაში,
რომ არ დასხდნენ გზაჯვარედინებზე
და იქადაგონ სიკეთე და კაცთმოყვარება:
„ფეხი არ დასძრათ თქვენი თავიდან,
ჩემს ხალხს ახლოს არ გაეკაროთ,
თვითეულს
თითო ჯორის ბარგი ისარი გკიდიათ შავი ჭირისა,
ჭორისა და უნამუსობის,
მოშორდით ჩემს ხალხს, დარჩით თქვენს ბოროტში!“

ქება და დიდება შენ, ბესარიონ!
ყოველ დილას ხამს იკითხო: „ღმერთო, ნეტა რისთვის?“
„დაიბადე მომავლისთვის, არა დღეის დღისთვის!“
ყოველ დილას
ხამს აღმართო შენი თავის ალამი,
ვიდრე ქორივით გასაფრენად ფრთებს გაუშვებდე.
ყოველ დილას ხამს ეძებო არა ხალხის სალამ-ქალამი,
არამედ ხელთ იპყრა ცოცხი და კალამი,
რომ ერთით გზა გაიწმინდო, მეორით სული~.

ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
რომ ნამდვილი არ იცი:
რა ცოდნა უნდა ქარს, მითხარი,
თუ შენკენ სახურავის შიფერი მოქშუის.
ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
რომ ნამდვილი არ გინდა:
ჯერ ერთი, გაგსრესს და მეორეც
იმიტომ, რომ არ დაგიჯერებენ.
დიდება შენ,
ბაგეზე დადებული გიჟის სიტყვა რომ არ გაამჟღავნე:
რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ნამდვილის გარეშე.
დიდება შენ, ბესარიონ!
ასეთ მანქანებით ინახავს ბრძენი საიდუმლოს -
ხან ბევრი სიტყვით, ხან კი - არც ერთით:
„გიჟმა იცის. მე ვინ დამადებს ბაგეებზე გიჟის საიდუმლოს“.
და გაგეცლებიან.

ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
ენდე თავს, მაგრამ ჯოხი იქონიე,
ინტერნეტის ქოხ-სამკითხველოებშიც კი იციან შენი ამბავი
და საიდან ეცოდინებათ ნამდვილი,
რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ნამდვილის გარეშე
- ცოცხით და კალმით.
ვინაითგან: ორი რამეა სამყაროში ურთიერთტოლი,
მტვერი და ფიქრი.

სულ გისაზომებდა ცხოვრება ჯოხს, სულ გიღირებდა,
გამოსტაცე და ზედ დაამტვრიე.
აკანკალებთ შენს დანახვაზე,
ფეხს ადგამ, როგორც ბალახის კალიებს.
აფასებენ შენს მომკვდარს და ცოცხალსა ლხინობენ.

მეძებრულია შენი სული, შენი ალღო მძლევარისაა.
მიხვედრისა და გარემოს შეგრძნების ნიჭი არწივისგან გაქვს,
მხრით რომ გათელავ ყვავ-ყორნებს ხოლმე
და ორბის ფრთებს ჭალაში გასულ ბალღებს რომ აპოვნინებ.
სტერილური არავის ეგონო,
ზნენი ზოგ-ზოგნი ქურდ-ბოზებისგან აიალღოვე,
ამიტომაც შენი ლექსი - შენი დარია.

ამიტომაც ბევრი ქალი დადის შენი ბწკლით გაგაზული,
ამიტომაც - კვლავ უფროო! - მოგძახიან დედაკაცები,
ნადირობიდან დაბრუნებულ მონადირესავით:
- კვლავაც ბევრი გენჭყრიოს და გაგეგაზოსო,
სხვა დროსაცო გებრუნოს ჩვენზე,
როგორც შენი ყანის ნაკვეთზე.

მაგრამ სასწაულის მოყვარეა ოდითგან ხალხი
და შენც,
სანამ თოვლიან მთას ქუდი ზედ არ გადააფრიალე,
სიტყვას არ ენდვნენ.
შენს მიწაზე ეშმაკიანი ადგილები ძალიან ბევრია
მაგრამ შენგან გაფიცხებულ კლდეებზე ფეხს ვერ იკიდებენ.

დედიძმაშენის სისხლს, უძიებელს ცაშიც არ დატოვებ,
ლექსის ბწკალით ძირს ჩამოიტან!

ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
ხამს სამყაროში ერჭო სარ-დარად
და წია-წია ვარსკვლავებს ათვინიერებდე.

როგორც წველიდა დედაშენი ძროხას
ცუდ ამინდშიც ისე, როგორც კარგ ამინდში,
დაე, ბრაზი იყოს შენთვის ამინდი,
რადგან არც ერთი სხვა გრძნობა ამ საქმეში არ გამოგადგება.
ქუხილიც გადაივლის, რისხვაც გადაივლის, ელვაც ცაზე გაქრება,
სახეზეც სიცილი.
მხოლოდ ბრაზი არის ამინდი
და არც ერთი საქმე არ გამოდის გაუბრაზებლად.

ალალი იყოს შენზე ეს სიტყვები, თქმული ჩემგან გაჭირვებაში
და მით უძლურების სულის დამარცხება.


ბმული -
* http://www.culture.gov.ge/misc/topic/1432028672.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3995
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Tue Apr 04, 2017 3:17 pm

ბესიკ ხარანაული

მკვდრების სიმღერა

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”…
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით –
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი — ქალობისგან,
კაცი — კაცობისგან,
ღარიბი — ძონძთაგან,
მდიდარი — ფულისგან,
მეძავი — სიძვისგან,
პოეტი — ლექსისგან და სხვა ანცობისგან…
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც…
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:
ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი — დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის — ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი — პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც — უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს — გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი – ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო –
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ — ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა –
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ –
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა – ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: