არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვახტანგ ჯავახაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ვახტანგ ჯავახაძე   Mon Apr 05, 2010 11:13 am


Vakhtang Javakhadze

ვახტანგი ჯავახაძე (1932 წ. 29 ივლისი) – http://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_ჯავახაძე

დაბადების ადგილი - ქ. ქუთაისი, მშობლები: დედა - შუშანა მარგალიტაძე. მამა - რომანოზ ჯავახაძე. მეუღლე - ნანა ღრუბელაშვილი (1941); შვილები: ირაკლი (1968), ირინე (1977).

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე წლიდან მუშაობს გამომცემლობა "საქართველოში", მთავარი რედაქტორია 1980 წლიდან.

ვახტანგ ჯავახაძე არის გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი.

ჰობი: მხატვართა ალბომების შეგროვება.

მრწამსი: ღვთისმორწმუნეობა, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობისათვის თავის გამოდება, გულწრფელობა, შემწყნარებლობა, გაჭირვებულისადმი ტანაგრძნობა და დახმარება... მოკლედ, "ათი მცნება" - ათივე!


წიგნების სია:
* საყვარელი ქარები
* ნაწვიმარი ქუჩები
* სამხრეთი
* მეშვიდე
* მარტი, აპრილი, მაისი
* შედარება
* მომიკითხე ზღვა
* ვახტანგური
* "უცნობი" (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა), ბიოგრაფიული რომანი, გამომცემლობა "საქართველო", 1996 წელი

აი დეგა – გედია!
(ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან)

- ბატონო ვახტანგ, ყველაფერი ისე კარგად გაქვთ ნაამბობი თქვენს ბიოგრაფიულ რომანში "უცნობი", რომელიც მართლაცდა ჯერაც ნაკლებად ამოცნობილ გალაკტიონს გვიხატავს, რომ, თუკი ერთი მხრივ, ვეღარ გამიბედავს გკითხოთ, მეორე მხრივ ეს შეკითხვა იმ მკითხველისთვის მაინც ხომ იქნება უპრიანი, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს ეს ჩინებული წიგნი – საქართველოს პოეტების მეფესთან, ანუ გალაკტიონ ტაბიძესთან თქვენი შეხვედრებიდან მაინც რომელს გამოარჩევდით და რატომ?
- გალაკტიონი მთელი თბილისისა და თბილისელების ნაცნობი უცნობი გახლდათ. მეც თბილისის ქუჩებში ვხვდებოდი და გამძაფრებული ინტერესით ვაკვირდებოდი.
1953 წლის 1 ნოემბერს უნივერსიტეტში მოვიწვიეთ. ახალგაზრდა პოეტები ლექსებით მიესალმნენ. მეც ლექსი წავუკითხე. შუბლზე მაკოცა და ერთი კვირა პირი არ დამიბანია.
მეორედ ვერის (ამჟამად გალაკტიონის) ხიდზე შევხვდი. ნასვამი ბრძანდებოდა და ჩემს თანამგზავრს მიმართა:
- რა ლამაზია მტკვარი, ქალიშვილო, ბარათაშვილს უყვარდა მტკვრის პირას ხეტიალი... კარგია მტკვარში თავის დახრჩობა!
მესამედ პირადად გავიცანი 1958 წლის იანვარში, როდესაც გალაკტიონის რჩეულის შედგენა დამევალა. ამ გაცნობის შედეგად დაიწერა "უცნობი".
- ეს წიგნი ისეთი დაწერილი ჩანს, რომ თითქმის მთელი ცხოვრება შეგილევიათ მისი შექმნისთვის და ხომ არ გაგვიმხელდით, რა სიძნელეები შეგხვდათ "უცნობზე" მუშაობისას?
- "უცნობი" ჩემი ცხოვრების წიგნი აღმოჩნდა. 22 წელიწადია ვწერ და ჯერაც არ დამისრულებია. ამჟამად ვამზადებ მეოთხე საბოლოო გამოცემას – დაზუსტებულსა და შევსებულს. ეს ოცდაორი წელიწადი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლებია, სასიამოვნო მოულოდნელობებითა და აღმოჩენებით აღსავსე წლები. ერთადერთ და მთავარ წინააღმდეგობას 1985 წელს წავაწყდი. წიგნის პირველი ვარიანტის დაბეჭდვას "მნათობი" აპირებდა. ცეკადან დარეკეს და ჟურნალის ბეჭდვა შეაჩერეს, ცენზორის მიერ ნებადართული აპოლოგია აკრძალეს. აღმოჩნდნენ პიროვნებანი, რომლებსაც არ აწყობდათ გალაკტიონის ტრაგედიის გამოაშკარავება და ძალაც შესწევდათ ჟურნალის ბეჭდვა შეეჩერებინათ. ორი წლის შემდეგ `განთიადის~ რედაქტორად რეზო ჭეიშვილი დანიშნეს და მშობლიურ ქუთაისში "გავაპარეთ" "უცნობი".
- ამასწინათ გაზეთ "პარნასის" მეცხრე ნომერში კი ვიხილეთ თქვენი ლექსების ვრცელი პუბლიკაცია, მაგრამ მაინც იშვიათად ამზეურებთ ხოლმე საკუთარ პოეზიას და საინტერესოა, "უცნობმა" ხომ არ შეგიშალათ ხელი?
- ძნელი გასაცნობიერებელია – ავიწროებს თუ არა "უცნობი" ჩემს ლექსებს. ასეც რომ იყოს, კომპენსაცია ღირსეულია.
- "წუთისოფლის ნახევარი
კითხვის ნიშნებს დავახარჯე:
ალაგ-ალაგ ვახტანგი ვარ,
ალაგ-ალაგ – ჯავახაძე".
აი, ასეთ თვითირონიულ სტრიქონებსაც შეხვდება დაინტერესებული კაცი თქვენს მომცრო კრებულში "ვახტანგური" და მეც ამავე სტილში დავინტერესდები – აბა, ვახტანგ ჯავახაძე როდისღა ხართ?
- გაორება ყოველ მეოცნებეს ახასიათებს, პოეტი კი უპირველესი მეოცნებეა.
- "ეგ ილოთე, თოლიგე,
აი, დეგა: გედია!
ითამაშა შამათი,
აედემა მედეა.
აბელიც ეცილება:
ამ აჯამა, მაჯამა,
ადონორა რონოდა,
ამაჯამა მაჯამა".
მოდით, ეს თქვენეული პალინდრომი შესაფასებლად კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს და ეგებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზიის ეს ქვეთავი? ან "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნებული ნახატი პალინდრომები - "33 აცა ბაცა"? ანდა თქვენი "გრაფიკული ლირიკის" ციკლი: "ავტოპორტრეტი", "პირამიდა", "შადრევანი" და ასე შემდეგ?
- გურამ ასათიანმა დაწერა: "პოეზია ვერ ძლებს უცნაურობის გარეშეო". მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და ვერ ვხატავ. ამიტომ ვიყენებ ისეთ ფორმებს, რომლებიც ლირიკისა და გრაფიკის საწყისებს შეიცავენ. ვიზუალურმა პოეზიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნურც ჩვენ ჩამოვრჩებით.
- ჩვენი დღევანდელი ლიტერატურიდან რა უფრო ფასეულია თქვენთვის?
- დღევანდელ ლიტერატურულ ფასეულობათაგან ორი პუბლიკაცია უნდა გამოვყო: ნუგზარ შატაიძის "პურის მოთხრობა" და ოთარ ჭილაძის რამდენიმე ლექსი, რომლებიც ამ ორი წლის წინათ "მნათობში" დაიბეჭდა. ეს ლექსები რომ წავიკითხე, ერთხელ კიდევ დამწყდა გული იმის გამო, რომ მათი ავტორი იშვიათად სწყალობს პოეზიას, თუმცა დიდი წარმატებით იღწვის პროზაში. ალბათ ორი ოთარ ჭილაძე უნდა გვყავდეს: ერთმა ლექსები წეროს და მეორემ – რომანები.
- საინტერესოა, როგორ აფასებენ ერთმანეთს მამა-შვილი ვახტანგ და ირაკლი ჯავახაძეები?
- მამა და შვილი ერთმანეთის შემფასებლებად ვერ გამოვდგებით. შენიშვნით კი შევნიშნავ: შვილო ირაკლი, გრაფომანობისგან ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ არც ნამეტანი "პროზაული სიზარმაცე" ვარგა.
ახლა, ჩემო მიხო, სჯობია დროულად შევწყვიტოთ ჩვენი მინი-ინტერვიუ, რათა მკითხველს ლექსების წაკითხვის ხალისი არ დავუკარგოთ.

მიხო მოსულიშვილი


Last edited by Admin on Thu May 03, 2012 5:11 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Mon Apr 05, 2010 11:21 am

ვახტანგ ჯავახაძე

"ახალი წიგნიდან"


* * *
მე ამქვეყნად ადრეც გახლდით, გეახლებით მესამედაც,
ჯერ - მეორე წვევამდელთა ლეგიონი მესალმება.
ნეტავ ადრე რა მინდოდა ან ახლა რა მესაქმება?
ან - მესამე პაემანი ვის დამისვამს შესაქებად?
მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მერქვა და რა მერქმევა,
როცა - ორჯერ გახსნილი ცა - ერთხელ კიდევ გამერღვევა?
რა ვქნა, თუმცა არჩევანი თვითონ არ ამირჩევია,
იმ ქვეყანას - ეს ქვეყანა მერჩია და მირჩევნია.
ღმერთი მყავს და არ მჭირდება სხვა კერპი და სხვა ლიდერი,
დღევანდელი კვერცხიც მიყვარს და ქათამიც ხვალინდელი.
კარები რომ მიმიხუროთ და მიწიდან გამაძეოთ,
ციდან გამოგეცხადებით და მოვიგებ სანაძლეოს.
და მესამედ ვადღეგრძელებ უფლის სახლს და უფლის ოფისს:
ერთხელ მაინც დამაწყურვებს ჯამი სამი წუთისოფლის.


* * *
დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა, ბებერო,
სხვა მეტი რა დაგრჩენია: ცას უნდა გამოეკერო.
ვერც ამნისტია გიშველის და ვერც მსაჯული ნაფიცი,
კვლავ უფრო დაგიმძიმდება - დამძიმებული ნაბიჯი.
უნდა დააცხრო ფორტე და გაათამამო პიანო
და ამ გარეწარს სალამი არ უნდა დაუგვიანო
და იმ გარეწარს არასდროს არ უნდა შეეკამათო,
კატა - ვეფხვივით, ასკილი ვარდივით უნდა განათლო.
უნდა შეუნდო, რომელსაც წარსული დაუხურდავდა,
მუდამ უნდა და უნდა და, რაღა თქმა უნდა, უნდა და
უნდა იფიქრო ერთი და მეორე ილაპარაკო,
მესამე უნდა აქო და მეოთხე უნდა არ აქო
და, რაკი ვერ შეურიგდა სული მეცხრეს და მეათეს,
მიდის და გარეთ დარჩენილ სხეულს ჯართივით მიათრევს,
მოითხოვს ამნისტიას და დაეძებს ციხის გასაღებს -
ქუთაისელი, რომელიც თბილისში გადაასახლეს.


ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.
სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...
- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!


30 ვერცხლი

მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და
თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -
თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!



* * *
პოეტი პოეტის არქივში თავის გვარს ეძებს და შლის,
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს.
ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს -
თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს.


* * *
არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,
არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,
ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,
ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.
ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის
მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:
დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,
დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:
ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური
და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,
რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,
როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.
ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,
თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,
არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და
ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.


აიეტი! - აიეტი!

ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით:
ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.
მორთმეულია სამყარო გობით, სულო და გულო:
მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.
ხორვატებსა და ხომალდებს ქარი არხევს და არყევს
და ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.
სუეცი გინდა, ბი-ბი-სი, პანამა, სი-ბი-ესი,
მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.
კოლხეთს ვიხსენებ, მედეას, უკუღმა ტრიალს ჩარხის:
ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!
ერთი რომ მაინც ჰქონოდა არხი კაპიტან ნემოს?! -
კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს!


* * *
უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს:
ენა ამისი ნამგალივით მოპირულია.
უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს,
თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია.
"ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს":
მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! -
და გამოიხსნის ალანიას ალასანია,
სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია.
მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა:
ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება.
სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებია
და ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან:
ორასიანი ედავება - ასკარატიანს,
მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია!


* * *
ჯართს მივამატეთ ჯართი და უროები და ნამგლები,
მობრძანდნენ ახალუხლები - თამამები და ნაგლები,
თამამებს მოჰყვნენ ახლები - ნაგლებზე არანაკლები,
მერე მო-ვარდ-ნენ სხვები და გამართეს სხვა სპექტაკლები, -
და რაც არ უნდა მომრავლდნენ ჯამბაზები და ანგლები,
მე ვეღარ მოვიხიბლები და ვეღარც მოვიჩანგლები.


* * *
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,
ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა,
რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი,
რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში.
მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია,
რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია.
რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი,
არ იწურება ლიმიტი - დარდის და დარდუბალასი.
რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო,
ხელი არ მემორჩილება, არც - გული, ჩემო მურმანო:
აბასთუმნის ტყეები,
ხუდადოვის ხედები -
ანტისამოთხეები
ანუ ჯოჯოხეთები:
დანომრილი ხეების
და დათვლილი დღეების
ტყეში მივეხეტები.


* * *
სახლი - თვითონ არ შენდება, სახლი - თვითონ ინგრევა,
კახურად რომ მოუქცევენ, ახლა ზუსტად ინგრე ვარ:
ვინგრევი და კედლებივით მიმძიმდება სხეული -
ჩემი ჩამონგრეული და ჩემი გადანგრეული.
მინანქარი მებზარება, როგორც ნამინანქრევი,
და ერთმანეთს ვემსგავსებით მე და ჩემი ნანგრევი.
როგორც ნელა ამიშენდა, ისე სწრაფად მენგრევა,
აქაც ვარ და იქაც ვარ და ახლა უკვე ეგრე ვარ:
ვერა, ვერ წავიმღერე და ვერა, ვერ წავიხემსე -
ეჭვების და ეკლების და ეგეთების რიყეზე.


70 + X

ნასესხები დაიწყო, ნასესხები წლები,
ძირითადი დამთავრდა: მიწები და ცები.
არ არსებობს ნაკლები, არის მხოლოდ მეტი,
რასაც გამოიმეტებს დიდი ქველმოქმედი.
ნაჩუქარი დაარქვი, გინდა - ნაგერალი,
რაკი გაგვიხანგრძლივდა დოღი ანუ რალი.
კეთილ დემონივით დამეპატრონება -
ერთუცნობიანი წლების განტოლება:
ერთადერთი დადგება ნაცნობების რიგში:
სამოცდაათ წელიწადს მივუმატოთ იქსი...


რომი გადაარჩინეს ბატებმა

ელადა გადაარჩინეს ზევსმა და კატაპულტებმა,
ქართველთა ოდისევსი კი არასდროს არ დაბრუნდება
და წაღმა ჩვენი ბორბალი არასდროს არ დაბრუნდება, -
თუ არ ვიქნებით ჭკვიანად, - ურემიც გადაბრუნდება
და მთაწმინდაზე ილია - საფლავში გადაბრუნდება.


* * *
თუნდაც ზაზას დაარქვათ იზა ანუ იზაბელ,
მაინც ვერ შეგვაძულებთ ცისფერს ანუ ცისა ფერს.
როგორც უკვე შეთანხმდნენ ეს ბერი და ის ბერი,
წითელმა და წითლებმა შეგვაყვარეს ცისფერი.


წერტილი

ქალის სხეულის ყველაზე საინტერესო წერტილი
აღმოაჩინა, მას შემდეგ ოცნებობს გულდაწყვეტილი
და ალმაცერად უყურებს სხვა წერტილსა და წერტილებს
და განუწყვეტლივ ოცნებას ვერავინ შეაწყვეტინებს.


კალთამადლიანი

იყო სოფლის ბოზანდარა: ბოსტანშიც და ბოსტანთანაც!..
ხელოსანთან! - ცხენოსანთან! - წვეროსანთან! - მოზარდთანაც!..
საქმოსანთან! - კალმოსანთან! - ყალმოსანთან! - მგოსანთანაც!..
ზოგჯერ უგვირგვინოსთან და ზოგჯერ გვირგვინოსანთანაც! -
მოდიოდა თითქოს წყლის და თითქოს წამლის მოსატანად -
ერთი კალთამადლიანი ანუ ანდამატიანი, -
როგორც აქებს პოეტი და როგორც ამკობს მატიანე.


დამალობანა

გავუსწორე ხასიათი და შვილიშვილს დავემალე,
მიპოვნის თუ ვერ მიპოვნის, დამთავრდება დავა მალე.
და მე კითხვა ამიხირდა - სარისკო და სავერანო:
ამას დავემალე, მარა იმას როგორ დავემალო,
ვისაც ჩასაფრებული ჰყავს ცელიანი მცელავები
და სამოცდამეთორმეტე სამალავში ვემალები.


* * *
ცოლიც საყვარელია და
საყვარელიც - საყვარელი,
ცაში აღარ გელიან და
შენდობასაც აღარ ელი:
აქ ცოდვილთა ქალაქია:
შიგ სკამები ალაგია:
ზედ ათასი ევა ზის და
ევა არცერთს არა ჰქვია.


შენ და შინ

უნდა მივატოვო "კაბაკები",
უნდა შევაგროვო კაპიკები,
უნდა გიყიდო მე შენ ია
და მოგიტანო მე შინ ია, -
არ მეშინია გაფიქრების,
არ მეშინია ჩაფიქრების, -
გადაფიქრების მეშინია.


* * *
მერს არ მოსწონს ეიფელის ჯართი,
კათალიკოსს - აზარტი და კარტი.
გარეშემო მთები ალაგია,
იმუქრება ჭადრის ალერგია.
ურწმუნოებს მოძღვრავს ასტროლოგი:
წიწამური ურჩევნია ლოგინს.
გლეხკაცს დარბაზს ურჩევნია სეფა,
ადამს ევა აღარ ევასება.
ლექსი ვეღარ იტანს იასამნებს,
მესამესაც მალე მიასამებს.
აუყვირდა პარტერს იარუსი,
აუხირდა შექსპირს დიდი რუსი.
მწევარივით სიტყვა დაიძაბა
მსტოვარივით უთვალთვალებს უღრანს,
ახლა, ვისაც აღარ მოსწონს საბა,
შეუძლია დაუჯეროს სულხანს.


* * *
ქუთაისი მამღვრევს, როგორც სტიქია,
ქუთაისი - ჩემი ნარკოტიკია.
სადაც მოდის ალი-კვალი "არგოსი",
იქ მამშვიდებს ერთადერთი ნარკოზი.
მედეა - და არა ანასტასია -
მანანავებს, როგორც ანესთეზია.
რეფრენები მესმის კაი-კაები,
ღვინოსავით მეკიდება კაიფი.
და თუ აყალ-მაყალები ავტეხო,
მაპატიეთ, არგო-ნარკო-ნავტებო!


კაცი, რომელიც იცინოდა

კახეთშია ორადორი მაჩხაანი,
ზემო-ქვემო, იწილო და ბიწილო და
ქუთაისში იყო ერთი მაჭყანია -
კაცი,
რომელიც იცინოდა.
უყვარდა მწყემსი ქაცვია
და არა კუდის ქიცინი, -
ყველაზე კაი კაცია -
კაცი, რომელიც იცინის.
ხიფათს ვერ გადაეყარა
და ჯავრი როგორ ეყარა? -
გაუცინარმა ხელმწიფემ
დაღუპა ბევრი ქვეყანა!
ძოწი იგივე მარჯანია,
მარჯანს ჰგავს ძმადნაფიცივით...
სადღაა შენი მაჭყანია? -
მაჭყანია მოკვდა სიცილით!


გატაცება

გამახსენეს ძმაკაცებმა
შორეული გატაცება,
იქაური გატაცება,
ბედაური სადაც ება.
ძილი აღარ მეძინება,
არც სიცილი მეცინება, -
ვინც არ უნდა შემეცილოს,
სწორედ იგი მეცილება.
დრომ მრავალი გატაცება
დაწება და გადაწება.
შემარიგა მამაცებთან:
შიში ვეღარ მამარცხებდა...
ვა რა მწარედ გამახსენდა
თვითმფრინავის გატაცება!


ჭირვეული ბებრების მხიარული სიმღერა

ისე აგიდგეთ გვერდები,
როგორც აშკარად ვბერდებით.
ისე აგიდგეთ გვერდები,
როგორც გვერჩით და გვედრებით
და როგორც კადნიერდებით,
ისე აგიდგეთ გვერდები.
არაფერს არ გევედრებით
და, როგორც ჩქარა ვბერდებით,
ისე დაგიდგეთ თვალი და
ისე აგიდგეთ გვერდები.


* * *
რაც დრო გადის და რაც უფრო ვბერდები,
რაც უფრო მეტ ბებერს შევეფეთები
და რაც უფრო სწუხან ახალბედები, -
უფრო ხშირად მავიწყდება გოეთე და
უფრო ხშირად მახსენდება პეტეფი.


ავსა კაცსა

ვერ შევსვამ შენს სადღეგრძელოს,
რად მინდა აგიტაცია,
შენს ჭიშკარს უნდა ეწეროს:
"ეზოში ავი კაცია!"


შიდსი

გათამამდა ყმა იგი და
გაძვრა, როგორც პაიკი და
უცხო ტურფას აეკიდა
და ეგრევე აიკიდა:
თბილისში ჩამოგვიტანა
კუნძულ იამაიკიდან.


* * *
რაკი წარსულს გადახედე,
ცოტა უნდა გათავხედდე,
ვიდრე თავხედების ურდო
მამულს გაგიპარტახებდეს.
გადახედე გადასახედს
და პირჯვარი გადასახე,
თუ სულხანს ვერ გააგონებ,
სულხან-საბას გადასძახე.
ბერი მირონს ამირონებს,
ერი მერანს ამერანებს,
ვინც დააბა, ის აუშვებს
ამირანს და ამირანებს.
შენც შეგეძლო გედავა და
გეთავა და გეთამადა -
ყოვლის მიუხედავად და
უკან მიუხედავადაც.
წინ სამიზნე ჩინარია
და მძინარე მდინარეა,
უკან აღარ მიიხედო:
წინაპრებიც წინ არიან!


უცხო მოყმე ვინმე

ხიბლავენ წარმოსახვანი:
ღირსია ჯვარზე აყვანის!
სცეს თუ არა სცეს თაყვანი,
ღირსია ჯვარზე აყვანის!
დასრულდა წყლისა ნაყვანი:
ღირსია ჯვარზე აყვანის!
და თუმცა უცხო მუხასთან
დაირწა მისი აკვანი,
მას საქართველო უყვარს და
ღირსია ჯვარზე აყვანის!
ღირსია ცაზე აყვანის!
ღირსია ცამდე აყვანის!
ღირსია ცაში აყვანის!


ვაზიანი - ბასიანი

ბაზიანი სოფელია ვაზიანი,
ვასოს ჰგვანან ვასია და ვასიანი.
მწვანესავით ინიღბება მწვანიანი,
ვანოსავით - ვანია და ვანიანი.
ვაზიანის ბაზიანი პასიანსი
ვერასოდეს ვერ ჩაგვიყვანს ბასიანში.


პუტინი - პიტონი

აფხაზეთს ეპუტინება,
ოსეთსაც ეპუტინება,
ორთავეს ეპუტუნება,
ორთავეს ეპოტინება,
თითქმის მოგუდა ჩეჩნეთი:
ახრჩობს და ეპიტონება:
მონებად ებატონება:
გონება ებეტონება!
ჩვენ? - დედა ჩვენც გვეტირება,
თუ არ დავდექით ტინებად!


* * *
შემომაბერდნენ ლექსები,
ჩარითმეს წიგნის არშია:
ეჰ, ჩემი უმრავლესობა
უკეთეს ქვეყანაშია.
თავისუფალთა ზონიდან
მივდივარ ნაცნობ ნაძვებთან,
გამიწყრა ტელეფონი და
სალამი გამინაწყენდა.
ასაკმა დამისურათა
ოთხივე აღმოსავლეთი:
ვარსკვლავთა დიქტატურა და
გაქვავებული სალუტი.
ვარამი შემომეყარა,
გრძელია მისი არსება,
უარესების ქვეყანა
ვარსკვლავებს ეთამაშება.


* * *
მე მომკლავს არა კაცი,
არამედ - არაკაცი,
წავა და გაერევა
მკვლელების მარაქაში.
ბევრნი არიან, ბევრებს
მიემატება ჩემიც,
მეორედ დააბერებს
მესამე განაჩენი...
კარგი! მოგცლია ერთი,
ვინ გაძლევს გარანტიას:
ვის დაკარგვიხარ, შენთვის
ვინ გააფუჭებს ტყვიას?!
სხვამ მოიდრიკოს მუხლი
ან თავი მოისაწყლოს, -
შენ ვერ ასცდები მუხის
სარეცელს ანუ საწოლს.


ზღვის გახსენება

ისე გამოჩნდა მწიფე ვენახი,
თითქოს პირველად ზღვა დავინახე.
მე რომ პირველად ზღვა დავინახე,
სუყველაფერი გადავინახე.
გადავაყოლე ნატამალიც და
სუყველაფერი გადამავიწყდა.
ევაღა დარჩა, ადამიღა და
სუყველაფერი გადამიყვარდა.
და ახლა ძნელი გასარჩევია
წლების ოქრო და წლების ნაგავი,
აღარაფერი არ დამრჩენია -
გადასარევად დასანახავი.


* * *
აღარავის სჭირდება
მკვდარი პეიზაჟი:
რა კაცი ხარ, ჩიტები
გაგიფრინდნენ ცაში.
ვიცი, აღარ დათვრები,
რომ აიღო გეში:
რა კაცი ხარ, დათვები
დაგემალენ ტყეში.
ვეღარც უკეთესების
ნაფეხურებს წაშლი:
რა კაცი ხარ, თევზები
გაგიცურდნენ ზღვაში.
ცის და მიწის კიბესთან
ცისარტყელა გენთო...
ყველა შენ გაგირბის და
მე როგორღა გენდო?!


* * *
ღვინოს და ღვინის მასალას
ყიდიან ორი ტარიფით,
ლექსებსაც - ხაშლამასავით -
ჩადგმით და ჩამოტარებით.
არტერია და აორტა,
ჭადარი და ნაჭადრევი,
კაცი და კაცი გაორდა
ჩაყოლითა და ჩათრევით.
თქვენ - თვითონ მოავარაყეთ
სინდისის ნაკარნახევი,
ფეხის ხმას სხვისას არ აჰყვეთ,
გულისთქმას თქვენსას აჰყევით.
თუმცა - დასცინის გვირგვინებს
და ათასების წინაშე
გაორებული ღიღინებს -
გაოცებულის ჯინაზე, -
ღამეში - კელაპტარივით -
ანთია ფაცხა მეგრული,
ფაცხიდან გვებლატავება
ძალიან გასამებული.

იყო არაბეთს

როდესაც დავიზაფრები,
მართობენ კალამბურები,
ცხენებთან ერთად - ზღაპრები
მშველიან - არაბულები.
და როცა გავეჯიბრები
უცხოს და არა ჩვენიანს,
ზღაპრებზე მეტად - ციფრები
არაბულები - მშველიან.
ვუსმენ რიონისპირელი -
როგორც გელათის მეზარე,
მეთამაშება პირველი,
მეალერსება მესამე.
გავყურებ ალავერდიდან:
პაექრობს აღმოსავლეთი:
ათასთან - ათასერთი და
მეცამეტესთან - ცამეტი.
სარკეში ვათვალიერებ
მეათე სამოციანელს:
გვიწვევენ ბატალიები
საომარ-სამოსიანებს:
ვერ შევაჩერეთ - ტიალი
ჩარხის უკუღმა ტრიალი,
გადავაგორეთ მეოცე -
ე-ჩემის-თვრამეტიანი.
გზებიღა შემოგვრჩენია -
ვერსიან-მილიანები,
სამაგიეროდ - ჩვენია
ვარსკვლავთა მილიონები.

@

გადმოტანილია აქედან...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Mon Apr 05, 2010 10:07 pm

არ შემიძლია ჯავახაძის ეს ლექსი არ დავდო, რომელიც ძალიან მომწონს Smile

კარუსელი

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Mon Feb 21, 2011 11:43 am

ვახტანგ ჯავახაძე

გ.-ს

გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაადო ხუნდი,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება ეამბორო და
გამოწვდილ ხელებს შეიძლება ენდო ბოლომდის...

Arrow

კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე "გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა" სიმღერა დაწერა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Tue Feb 22, 2011 3:32 pm

***
თოვლი მოვიდა თბილი და წყნარი
და კიდევ უფრო თეთრი და წმინდა,
მაგრამ არავინ გაუღო კარი
და მთელი ღამე ქუჩაში იდგა.

გარეთ ეძინა ლოდინით დაღლილს,
თავი მიადო ლითონის ბოძებს,
ძალიან ადრე ამდგარი ხალხის
ნაფეხურები ეყარა თოვლზე.

და მავთულები გარკვევით სჩანდნენ,
უსმენდნენ თოვლის უცნაურ შრიალს,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა ადრე,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა გვიან.

და ხანძარივით მოედო ირგვლივ,
ხალხს უბრუნებდა სინათლეს უხვად,
მათთვის ყველაფერს ამბობდა იგი,
რომელთაც დიდი დუმილი უყვართ.

იყო იმათი ერთგული მოძმე
და თავის სიტყვის მორჩილი მონა,
ზოგისთვის თოვლი მოვიდა დროზე,
ზოგისთვის თოვლი არასდროს მოვა.

სახლები ფანჯრებს აღებდნენ თრთოლვით,
დიდი ქალაქი სუნთქავდა უკეთ
და უხაროდათ პატარებს თოვლი,
რომელიც დიდებს მოსწყინდათ უკვე.


ვახტანგ ჯავახაძე
I love you
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Tue Feb 22, 2011 6:16 pm

gogona wrote:
***
ვახტანგ ჯავახაძე
I love you

flower

ეს ძალიან მაგარია და კიდევ ბევრი ლექსები გვინდა ამ პოეტისა!

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Thu May 03, 2012 12:26 pm



წიგნის დასახელება – "ვახტანგური"
ავტორი – ვახტანგ ჯავახაძე
გამომცემლობა – "საარი"
ყდაზე - ნახატი ლადო გრიგოლიასი
ტიტულზე - ნახატი გალაკტიონ ტაბიძისა
ყდის დიზაინი - გოგი წერეთელი
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2012
ISBN 978–9941-427-28-2
გვერდების რაოდენობა – 480
გამოიცა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ანოტაცია - წიგნში წარმოდგენილია 1969 წლიდან 2011 წლამდე დაწერილი ლექსების რჩეული.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Mon Jul 11, 2016 9:33 pm

ვახტანგ ჯავახაძე

ელეგია პირველი: ყელსაბამი

"ვეჩვევი უშენობას!"
მ უ რ მ ა ნ ლ ე ბ ა ნ ი ძ ე

დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს ─ პროფილის სამი მეოთხედები.
ლაშას ─ და არა ლაშარის ─ ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი ─ თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვის კონაში).
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,
ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ და შევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენი თეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,
როცა წითლები ─ მოპარულივით ─ შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.
ნანები! ─ შენი იავნანები: ნანები! ─ შენ და ვარდონანები:
გინანე! ─ კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანი და
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით და შარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით და გადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამ მშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინ ლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატ ოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგი პინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათ გვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ ─ გათელილი უხილავ თამასით ─
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარ გავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველ კორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო,
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლების ქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ანდა ─ რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემი სისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტა ჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა და დამასაქმა.
აქეთ ─ ბრინჯაოს ორი მხედარი ─ ვახტანგ (ელგუჯა) ─ დავით (მერაბი),
იქით ─ ბრინჯაოს ხელსაბამები ─ შენი ფერადი ეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივით შემოგაშველა, ─
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვიტონ უნდა წამოგეწიო
და, ვინაიდან ჩემი მყობადი მოკლეა, ვიდრე შენი მერმისი,
ძალიან დიდხანს არ დამაყოვნებს ჩვენი ჰადესის ჩემი ჰერმესი,
არ დააყოვნა თურმეობითმაც, თურმე ნუ იტყვი, თურმე ძალიან ─
მხოლოდ შენთვის და შენთვის და შენთვის ─ აღარავისთვის აღარ მცალია.
უარი ნარდის მღერას და ბანქოს! ─ მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია.
─ ხმა ამაიღე! ─ ასე მღეროდნენ, ასეთი იყო ძველი ჰიტები,
─ ხმა ამოიღე! ─ ამჯერად მიქელ-ანჯელოსავით აგიხირდები.
შენ კი სდუმხარ და ასე მგონია, შვიდივე სიმი გაწყდა გიტარის,
ასე მგონია, მხოლოდ და მხოლოდ მე მომიკვდი და სხვებმა გიტირეს.
იცრემლებიან ჩვენი ფანჯრები და მე ფიქრებში ჩავიძირები,
მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი და შენი ჭრელი წვიმები.
ცა ტირის, როგორც ბავშვი (ტირიფი), რომელიც დედამ (ქარმა) გალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარ აანთო,
გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები, ჩემო ოთარაანთო,
რას აშავებდი? რა იქნებოდა, მაგ შენი ვითომ-ბრილიანტებით ─
შენც გებაჩუნა ამ პლანეტაზე ამ რამდენიმე მილიარდივით?!
ერთი პლიუსი! ─ მსოფლიო ბალანსს რას დააკლებდა ერთი პლიუსი, ─
აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა ─ მესაიდუმლე მეიგავეთა,
ახირებული ჟინი ამიტანს და შერეკილი ვნება წამიტანს:
─ იქნებ შეჩერდე, კაცობრიობავ, თუნდაც ამ ერთადერთი წამითაც! ─
რა ვქნა, მე თვითონ მეხამუშება ჩემი მაზალო სენტიმენტები,
შინაურები შემინდობენ და მაპატიებენ, შენ თუ მენდობი.
თუმცა, შენ ვერც კი წარმოიდგენდი, ჩემო ურწმუნო თომას დაიკო,
და ვერც ვერავინ დაგარწმუნებდა, ფიანდაზიც რომ ფეხქვეშ დაეგო:
ერთბაშად გატყდა ნავსი ხანგრძლივი ურწმუნოება-უიმედობის:
მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის,
და ახლა ესე ჩვენი სიმართლე ღმერთმა უწყის და არა ალახმა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.

ადრე დაბერდი: შენ წაიკითხე წარსული, როგორც ძველი აფიშა,
შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა,
მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი
და კიდევ ─ დავით კაკაბაძის და შენი ბავშვობის იმერეთები.
შენ არ გახსოვდა მამა, გახსოვდა თბილისის ბნელი ქუჩა წვიმაში
და სამი სოკო: წითელქუდასი, ნაგასაკის და ხიროსიმასი.
გახსოვს: უცნობი ჩამოასვენეს ქერჩიდან, დრამა გაითამაშეს,
და ჩვენ ვარდები მივართვით ─ როგორც ჩვენი შვილების პაპას ─ მამაშენს.
შენ მობილური ჩაგიწერია ჩვენი დედების სასაფლაოსი,
შენ სვანეთიდან ჩამოყვანილი არ მოგეწონა სანტა-კლაუსი,
შენ ბიჭვინთაში (აფსუს აფსუას!) სააგარაკო ნერგს დაეძებდი,
შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი.
შენ შვილიშვილი განუგეშებდა შენი მამისძმის ─ ალექსანდრესი,
შენ ანგელოზმა დაგიდასტურა უკანასკნელი შენი ადრესი.
ხოლო ვინც შენი თავი წამგვარა და მომანიჭა ურვა ასმაგი,
ვახო მომგვარა თექვსმეტისა და გადამავიწყდა ვახოს ასაკი,
რომელმაც ჩვენი გაითავისა ყველა უჯრა და ყველა განჯინა
და აიპედში გადარჩენილი შენი რეპლიკა აღმოაჩინა:
─ ბიჭო, გაჩერდი! ─ არ გაჩერდა და, რაკიღა მაცხოვარი წყალობდა,
შენი ალუბლის სამი კუნძულა ჩამოგიტანა მუხათწყაროდან.
ჩემი უდაბნოს ეფემერამ კი ფოთლების მადლი მალე მოისხა:
ოაზისივით შემომაშველა ლოცვანი დილა-საღამოისა.
მავანთ წყურვილი უნდა მოიკლან და სიამენი უნდა მოიკლონ,
ხოლო რომელნი ცრემლით თესვიდენ, მათ სიხარულით უნდა მოიმკონ.
როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა:
სულს აღსარება გადაარჩენსო, ─ დასძენს მამაი ჩვენი ილია.
ამიტომ სმენას ვათვინიერებ წმინდა წიგნების კილოკავებთან
და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...

შენმა გრანიტმაც გამოიღვიძა: სიტყვა სდუმდა და ქვა ღაღადებდა,
ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობ ხატებთან
და მიმატოვე და შემატოვე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი,
თან უმოკლესი გზები მასწავლე სამებისა და სიონისანი.
შენ შემატოვე ჩემი ვინსენტიც: ორნი დავრჩით და ჩვენმა მესამემ
შენთვის ─ მოცარტის "რეკვიემივით" ─ წამომაშველა ბახის "მესა" მე.
ხოლო კეთილმა ჩვენმა მზახალმა ─ "მთვარის სონატის" ფრაზა პატარა ─
სიმძიმილივით გაიხსენა და სამძიმარივით გამომატანა.
ქრის რი კი თვითონ ამოარჩიე: "გზა შავეთისა", ─ რატომ შავეთი? ─
სახიფათოა, როგორც ცამეტი ან კიდევ ─ როგორც ოცდაცამეტი,
და რატომ ქრის რი? ─ და რატომ ოთხ მარტს დაბადებული უფლის სეხნია? ─
მელომანები იკითხავენ და შვილიშვილები დაიკვეხნიან.
შენს ფოტოებთან მოვისაკლისებ, მოვიპატიჟებ მოტივს მოტივად,
ანთებულ სანთელს დაველოდები და მერე შენგან შენთან მოვდივარ,
სადაც, ვიდრემდის ტანს აიყრიდნენ კიპარისები ─ ჩვენზე მაღლები,
შენ შემირჩიე, შენ მომიზომე ადგილი, სადაც დავიმარხები:
დაჯავშნილია სამარადისოდ, ვერ გადაჯავშნის სამი სამიტიც:
ჩვენი სასტუმრო-სასუფეველის ნომერიც ვიცი: 413! ─
და მე ადვილად ამომიცნობენ ამდენ უნომრო მობინადრეში,
თუკი შემთხვევით მიქელ-გაბრიელს არ დაავიწყდა ჩემი ადრესი.
ამ წუთისოფლის ანი და ბანი ─ ჯერ ოცნება და მერე ჟინია:
რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? ─ შენს მაგივრადაც მე მეშინია:
თითქოს სიზმარში თითქოს ხანძარი თითქოს გაჩნდა და თითქოს ტაძარი
დაწვეს და თითქოს რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და ვერ მოვასწარი.
ვერ დავამსგავსე სიტყვა და სიტყვა ერთმანეთს, როგორც ლებანს ლებანი,
ვეღარ და ვეღარ დავამუღამე უშენობათა განტოლებანი.
ვერ მოვტვინე და ვერ მოვიპოვე სხვა მისანი და სხვა სპირიტი და
უშენოდ ვეღარ გამოვაღწიე შენი დოზების ლაბირინთიდან.
მანამ კი, ვიდრე გამოვაღწევდე გამოდევნებულ შიშებს მაშინდელს,
შენი ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა მამშვიდებს.
ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს ─
დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს.
ერთი ნუგეშიც შევაკოწიწე რამოდენიმე აქსიომიდან:
ჩემი ირინას ნათლია მოვა და უშენობის წამალს მომიტანს.
ხანხადან, როცა გამინაპირებს ჩემი ერთგული მელანქოლია,
უცებ შემაკრთობს ზარი ქუჩისა, შენი სასთუმლის ზარი მგონია.
ძილშიც ჩამესმის შენი "ვახტი" და ─ შენსავით ─ შენზე ჩუმად მეძახის
და, როგორც დედაჩემი იტყოდა, ვებღაუჭები იმედს ერცახეს:
ასე მგონია, მეორდებიან სამზადისები საკაიფონი:
დეზერტირების ბაზარში ისევ დამეკარგე და მალე გიპოვნი.
ანდა ─ ქვიშხეთში გახიზნული ხარ ─ ბავშვებთან ერთად ─ და მელოდებით,
მე კი თბილისში ბერბიჭასავით ვცხოვრობ და თავი მომაქვს ლორდივით.
ან კიდევ ─ ერთი ყელსამკაული, რომელსაც გულთან ახლოს მიიტან,
ჩამოვაბრძანე სიცილიიდან, მაშასადამე ─ იტალიიდან.
შენ დაბერდი და კარგად დაბერდი, მაგრამ ფორტუნამ გვიალმაცერა,
ვერ მოვასწარით სვეტიცხოველში ჩაფიქრებული ჯვარის დაწერა:
ვერ დაიკიდე... ვერც დაიკიდე, ვერც დაიკიდებ ამიერიდან,
თვალი თანდათან მომარიდე და გვერდი თანდათან ამიარე და
ათწლეულების გადასახვევთან ერთი ნაბიჯით გადამასწარი,
მიტევებათა საზეპიროებს აღარასოდეს გადამასწავლი:
ისევ შენსავით ვიმეზობლებ და ვიმასპინძლებ და ვინათესავებ
და ─ შენი ხათრით ─ ასაკის გამო ─ ხელს არ დავიბან პილატესავით,
აქ შედარებამ მოიკოჭლა და განსაწმენდელში გამოვატარე,
რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრე ვადარებ:
ნეტარ ─ ბაჩანა ─ მთაწმინდელივით, მიგელ ─ ბაჩანა ─ ლამანჩელივით
და სენტ ─ ბაჩანა ─ უფლისწულივით ბევრჯერ ბეწვზე ვარ გადარჩენილი,
მაგრამ ამჯერად ვეღარ გადავრჩი: უკანასკნელი მატარებლიდან
საყვედურივით გადმომხედე და უკანასკნელმა შენმა რეპლიკამ
ღიად დარჩენილ კარადის კართან დამიმონტაჟა შენი ვიდეო-
თვალი, რომელიც მაშანტაჟებს და მაფრთხილებს: ახლოს არ მოხვიდეო.
მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრო მეპატარავა
და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს, თითქოს მარტო არა ვარ.
ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,
შენ კი ორივე გამოიყენე: დუმილისა და ვეტოს უფლება:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ,
ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა.

დაინომრა და გადაინომრა წელიწადების გრძელი აღალი:
უკანასკნელი მიდის შენი და მალე უშენო მოვა ახალი.
მზე ამოვა და მთვარე ჩავა და დააბალანსებს ხარვეზს ხარვეზთან,
მე კი რა ვუყო უშენო წამს და წუთს და საათს და დღეს და ღამეს და
უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელი მომაყვანინებს,
მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს.
ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა:
ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?
ერთიც აყვავდა აგარაკზე და ყოველთა მფარველია სამება,
მაგრამ მე ვისღა ჩამოვუტანო შენი ბუთხუზა იასამნები?
ხედავ, რამდენი კითხვის ნიშანი გაათამაშა გამოსარჩლებამ? ─
ჩვენ ყველას ერთად მოვიგერიებთ და, რაც ჩვენს შორის დარჩა, დარჩება.
ჩემო შეთქმულო, რომელ მესამეს ეთანხმები და ეთავადები
და, რომ გიტოვებ, რას გაუწყებენ ეგ შენი თეთრზე თეთრი ვარდები? ─
რომლებიც უკან მეზიდებიან, მაგრამ მე აღარ ვზივარ საჭესთან,
კიდევ და კიდევ დამენანები, ჩვენ ერთმანეთი მოგვისაჯეს და
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს: დანაღმულია სამი კედარი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე, რომ შეგადარო და შეგედარო:
რაკიღა შენი კერა ჩამიქრა და შენი კელაპტარი ჩამიქრა
და, რაკი გულში ვეღარ ჩამიკრავ, იქნება თვალი მაინც ჩამიკრა,
რათა ავკინძო ალმასებივით გადაღებული წვიმის წვეთები
და კვლავ შეგაბა ყელსაბამივით, თუკი შეძლებ და გამიჩერდები
და უკანასკნელ საბედისწერო მერიდიანსაც თუ გადალახავ...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ.


*
გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი
და, როცა ბოლო წერტილი დავსვი, მოულოდნელად შენს ფანჯარაში
ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებს ანამცეცებდა
და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა.
საოცარია: ჩვენი ცისფერი განმეორებით გამომეცხადა
და ფრთები ისე მძიმედ აზიდა, თითქოს გაფრენა აღარ ეწადა,
თითქოს შენსავით გამომესალმა ─ უმშვიდესი და უსათნოესი ─
პაბლო პიკასოს არჩევანი და კიდობანელთა ელჩი ნოესი.
ფანჯარა აღარ დავხურე, თუმცა სასწაულების არა გჯეროდა,
მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამის ჩეროდან.
აქ იყო შენი სალოდინო და სამლოცველო და სამეტანიო,
აქ ბედისწერა აუტანელი გეძალებოდა ─ ამიტანეო.
ეს იყო შენი გადასახედი, შენ ამ ვიდეო-მართკუთხედიდან
გვაცილებდი და გვაფრთხილებდი და გვავედრებდი და გვაკურთეხბდი და
აქვე გველოდი, ვიდრე უეცრად არ გავითიშეთ ზედა-ქვედანი
და აქვე, როგორც დაბარებული, არ მომევლინა მტრედი-ქედანი.
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი ანუ ქარასტა,
ეს ნახევარი საუკუნეა, მტრედი არ მახსოვს ამ ფანჯარასთან,
დღეს კი ცა უფრო მტრედისფერია და ჩიორების კოსმოდრომიდან
კვლავ ─ არა მარტო მოფრინდება და კვლავ ─ არა მარტო ამბავს მომიტანს.

2016 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ვახტანგ ჯავახაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: