არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლადო კილასონია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლადო კილასონია   Tue Mar 23, 2010 8:39 am



ლადო კილასონია

დავიბადე 1985 წლის 18 მარტს, თბილისში. ვსწავლობდი 24-ე საშუალო სკოლაში, ბოლო წელს კი 51-ე სპორტულ სკოლაში. 2007 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 11 წლიდან დღემდე ვთამაშობ რაგბის. ამჟამად ვარ კლუბ “უნივერსიტეტის" წევრი. ერთი წელია, რაც დავიწყე წერა. ეს ჩემი დებიუტია.



ერთი ჩვეულებრივი დღე თამადის ცხოვრებიდან
(მოთხრობა)

"ლიტერატურული პალიტრა", # 5 (44), მაისი, 2008 წელი

თვალი გაახილა და მიმოიხედა, ოთახი, როგორც ყოველთვის, პირქუშად გამოიყურებოდა, ძველებური მოწყენილობით დაჰყურებდნენ მომწვანო კედლები, ჭაღიც ჩვეულებრივად ირეკლავდა ფანჯრიდან შემოვარდნილ მზის სხივებს. ცოლს უკვე ეღვიძა და, ალბათ, სამზარეულოში ტრიალებდა, ბიჭები სამსახურში იყვნენ წასული. საათს შეხედა, - უკვე თორმეტი საათი იყო.
- აუ, რა დრო გასულა", - გაიფიქრა კაცმა და ლოგინიდან წამოდგომა სცადა, არ გამოუვიდა, - “ვბერდები, ალბათ." მაინც არ დანებდა და მეორე ცდით შეძლო თავისი ვეება სხეულის წამოწევა. ფეხებით მოძებნა ჩუსტები და ხალათი მოიცვა, ძალიან ეამა ტანზე თბილი და სასიამოვნო ქსოვილის შეხება. ფანჯარაში გაიხედა, მზიანი დილა იყო, ესე იგი, კარგი დღე იქნება, შემდეგ საძინებლის კარი გამოაღო და მისაღებ ოთახში გავიდა. მისი სიმძიმის ქვეშ ჭრაჭუნებდა იატაკი. ბუხარი არ ენთო, ეტყობა, დაეზარათ. ტახტზე წამოგორდა, პულტი აიღო და ტელევიზორი ჩართო, როგორც ყოველთვის, არაფერი საინტერესო.

ცოლმა ჩაი და მურაბა გამოუტანა, - “ვენაცვალე, იცის, რაც მიყვარს". ცხელმა სითხემ გამოაცოცხლა, შუბლზე ოფლის წვეთები გამოუვიდა. ცოტა ხანს კიდევ აწვალა პულტი, შემდეგ წამოდგა, ტელევიზორი გამოთიშა და სამზარეულოში გავიდა. ტაფაზე ძეხვი შიშხინებდა, ცოლი ერბოკვერცხს თქვეფდა.

- ვჭამოთ რამე? - იკითხა კაცმა.

- ახლავე, - იყო პასუხი.

ნელ-ნელა შეექცეოდა საჭმელს, ფაქიზად ჭრიდა დიდ ნაჭრებს და გემრიელად ილუკმებოდა, დიდხანს ღეჭავდა, ბოლომდე რომ დამტკბარიყო შემწვარი ძეხვისა და კვერცხის გემოთი. როდესაც “ნადიმი" დამთავრდა, აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და დღის განრიგის გადასახედად.

მართლაც, კარგი დილა იყო, მზე ანათებდა და თბილოდა. “სუფთა დომინოს ამინდია", - ფიქრობდა. ახლა ჩაიცვამს და ეზოში ჩავა, თამაში, ალბათ, უკვე გახურებულია და, როგორც ახალგაზრდები იტყვიან, სტარიკები მთელი ძალით აბრახუნებენ მაგიდაზე შავ-შავ ქვებს. მერე ისინიც ხომ უნდა მოვიდნენ, გუშინ გურამა რომ გალახეს და სიგარეტების ჯიხური დაუმტვრიეს? მერე რა, რომ გურამასთან არ მეგობრობს? მაინც უბანია, ვინც უნდა იყოს, ახლობელი თუ შორეული, სხვას არ უნდა დააჩაგვრინო. არა, გურამას დამცველები იქ ისედაც ბევრნი იქნებიან, მთელი უბნის ბიჭები, მაგრამ ისიც ხომ უნდა გამოჩნდეს?! ერთი-ორი “ტკბილი სიტყვა" ხომ უნდა უთხრას იმ ნაბიჭვრებს?! ტყუილად იცხოვრა ამ უბანში ორმოცდაათი წელი?! აქ ხომ ყველამ იცის, ვინ ცხოვრობს არკიანი ეზოს მეოთხე სართულზე! ვის უნდა დაუძახონ დაბადების დღეებსა თუ ქორწილებში სათამადოდ! საღამოსკენ ბიჭებიც მოვლენ სამსახურიდან და სახლში ნარდს გააგორებენ, ცხრა საათზე კი ბაღაშვილებთან არის მიწვეული დიდ დაბადების დღეზე სათამადოდ. არა, ნამდვილად კარგი დღე იქნება, ნამდვილად.

ამ ფიქრებში იყო ჩაფლული, მხიარული შეძახილი რომ მოესმა ქვემოდან:

- სპორტსმენებს და მოქეიფეებს გაუმარჯოს, როგორ ბრძანდებით, ბიძია?

ის სპორტულ ტანსაცმელშია გამოწყობილი, ზურგზე ზურგჩანთით და, როგორც ყოველთვის, მხიარული. გამარჯობას ვერ დაასწრებ ამ შობელძაღლს.

- კარგად, შვილო, და შენ?

- არა მიშავს, ვჭიდაობ ცხოვრებასთან და ვარ. ახლა ვარჯიშზე გავრბივარ. აბა, თქვენ იცით, ვინმე არ დაგეხრჩოთ ღვინოში, - ღიმილით პასუხობს ზურგჩანთიანი ქვემოდან და მიდის.

არადა, რა კარგად დაიწყო დღე, კარგი დილა, გემრიელი ერბოკვერცხი, მერე აივანი და ფიქრები და ბოლოს მაინც ამ ტაკიმასხარამ ჩაუშალა. არა, ნამდვილად არ უყვარს ეს ბიჭი, ერთი-ორჯერ მოხვედრილა სუფრაზე მასთან ერთად და იცის, რა ჯამბაზიცაა. ჯერ ერთი, ვერ სვამს, როგორც კი მოეკიდება, ერთს იტყვის, აღარ მინდაო და შენ ხომ არ გგონია, დააძალებ? არა, სცადა და არ გამოუვიდა. მეორეც, სადღეგრძელოები არ უყვარს, არასოდეს არაფერს ამბობს და არც იმას ელოდება, როდის დაამთავრებს თამადა სიტყვას, ერთს იტყვის, გაუმარჯოსო და ჭიქას გამოცლის. თან სულ გოგოებთან ზის და რაღაც ისტორიებს ჰყვება, ენას არ აჩერებს, ისინიც კისკისებენ, აღტაცებული შესცქერიან და აღარავის უსმენენ. რა, მაგაზე ნაკლები ისტორიები იცის თუ მაგაზე ნაკლები უნახავს? მაგრამ სუფრას წესი და მოსმენა უყვარს, ხოლო სადაც ეგაა, იქ ყველგან სიცილ-კისკისია, თუმცა ვისზე ბრაზდება, მამამისის შვილი არ არის, რომელმაც ერთ-ერთ ქელეხში თამადობისას სადღეგრძელოს შემდეგ “სარბიელი” აიფარა და კითხვა დაიწყო.

მაინც გაუფუჭა ხასიათი. სახლში შედის, სპორტულებსა და ბოტასებს იცვამს და ეზოში ჩადის, სადაც უკვე დომინო გაუჩაღებიათ სტარიკებს, ისმის ქვების ჭახუნი და მხიარული შეძახილები, ხოლო გრიშა მორიგ ისტორიას ჰყვება:

- მთელი ცხოვრება სამხედრო იყო, ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილი, ვარჯიში, სპარტანული ცხოვრების წესი, დალევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, საერთოდ არ სვამდა. არც ცოლს, არც შვილებს, არც მეგობრებს - არავის ახსოვს, მაგას დაელია, იმ ერთი შემთხვევის გარდა, - ამბობს გრიშა და კეხიან ცხვირზე ისვამს ხელს, - მოკლედ, მაგასთან ვართ სოფელში. მაგარია იქაურობა, - მთები, ტყეები, გადასარევი მდინარე, დაბურული ეზოები, ფიცხი და ლამაზი ხალხი, თან მამამისის სურათი ყველას სახლში უკიდია იქ და სადაც გავივლით, ყველგან საქეიფოდ გვეპატიჟებიან. ახლა წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, - სომეხი მძახალი შუაგულ სამეგრელოში, თან დალევა და ქეიფი ყოველთვის მაგრად მიყვარდა. ხოდა, ვწევარ ამათ ღვინოში ყოველდღე, ღვინო მაინც ჰქონდეთ წესიერი. ეს წვეთს არ სვამს. რა უნდა ქნას კაცმა? ვარ მეც ბრძოლის ველზე მარტო დატოვებული ვაჰან მამიკონიანივით მეგრელების გარემოცვაში და ვიბრძვი ეულად.

ერთ დღესაც ვსეირნობთ. შეგვხვდა ვიღაც კაცი, სახელი დღესაც არ ვიცი, ხანში შესული, ღიპიანი, მაგრამ თვალები მაინც ეშმაკურად რომ დაურბის აქეთ-იქით. დაგვინახა, იცნო და შენ ჩემს სახლს ისე როგორ უნდა ჩაუარო, ჭიქა არ ასწიოო. შეგვიპატიჟა. გაიშალა სუფრა, მოგვიტანეს ღვინო და ამან, არ ვსვამო. უყურა, უყურა მასპინძელმა თავისი მოუსვენარი თვალებით, დღემდე თვალწინ მიდგეს ის სცენა, წამოდგა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. თვალებს არ დავუჯერე, რომ დაიწყო ამ ორმა სმა, მე ვისღა ვახსოვდი? განსხვავებული და ყანწი არ გაუგდიათ ხელიდან. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ეგეთი, ისე დათვრა, ისე დათვრა, ქუჩაში ცეკვავდა. ასე ცეკვა-ცეკვით სახლში რომ მივიყვანე, ყველას ეგონა, გაგიჟდაო და მეცნენ მე, რა უქენიო? ვუთხარი, მთვრალია-მეთქი. არ დამიჯერეს. კიდევ კარგი, ღვინის სუნი ასდიოდა, თორემ იქვე დამმარხავდნენ.

მთელი ცხოვრება ვეხვეწებოდი, მითხარი, რა ჩაგჩურჩულა იმ კაცმა-მეთქი. ისე მოკვდა, სიტყვა ვერ დავაცდენინე. მისი ცოლი მომიყვა ყველაფერს, დილას იმისთვის გაუნდვია. რა უთქვამს იმ ჩათლახს, არ გაინტერესებს? ახლა ამ ორ მეგრელს ერთმა სომეხმა უნდა გვაჯობოს დალევაშიო?

სტარიკები ხარხარებენ, ამასაც ეღიმება, მაგრამ განა ეს ისტორიაა?! განა ეს ამბავია?! თქვენ ამბავი მაშინ გენახათ, როდესაც სანაძლეოზე თერთმეტი ბოთლი გაზგაყვანილი შამპანური დალია თითო-თითო მოყუდებით, შემდეგ საქეიფოდ ღვინო მოითხოვა და სუფრას გაუძღვა. როგორი აღტაცებით შესცქეროდა ხალხი. ერთი რესტორანი რომ არ ეყოთ, მეორეში გადავიდნენ, იქიდან - მესამეში. აი, დღე ის იყო თუ იყო, მაგრამ ამას აქ არ მოჰყვება.

ერთი საათი დომინოს თამაშში გადის, ის და ჯანდიეროვიჩი რიგრიგობით ამარცხებენ ყველა წყვილს, როდესაც დომინო ამოწურულია, ჯოკერის დრო დგება, აქაც მოწოდების სიმაღლეზე არიან ის და მისი კომპანიონი და ხვალინდელი დღეც იგეგმება, - ორმოცდაათი ლიტრი ლუდი და თევზი.

უკვე საღამოა. ის და მისი ბიჭი ნარდს აგორებენ. არა, დღეს ნამდვილად მისი დღეა, - ჯოკერი და დომინო ხომ მოიგო, ახლა ნარდში ჩადის სასწაულებს. გურამას დამჩაგვრელებიც გაისტუმრა უკვე. ისე მაგრად უთხრა, - არა, ადამიანს რამეს რომ ართმევ, ამის რაზრეშენია უნდა გქონდესო. ისინიც მიხვდნენ, რომ უბრალო კაცთან არ ჰქონდათ საქმე და ფულის მოტანას დათანხმდნენ. აბა რა ეგონათ?! მის უბანში არასწორი საქციელი დაუსჯელი დარჩებოდა?

მაგრამ აგერ უკვე რვა საათია, ახლა უნდა ადგეს, გამოიცვალოს, ნახევარი კილოგრამი კარაქი მიირთვას, არ სჭირდება, მაგრამ მაინც, და ბაღაშვილებთან წავიდეს. იცის, როგორი მოწიწებით მიიღებენ, მისი ადგილიც უკვე გამზადებულია სუფრის თავში, სადაც აუცილებლად მეგრულ კუპატს მიართმევენ, რომელიც სიგიჟემდე უყვარს. სუფრაც ისეთი იქნება, როგორიც მას შეეფერება, - სერიოზული, სიჩუმე, სმენა, გაგონება, ლამაზი სიტყვები და წესები, მაგრამ მანამდე წინ არის ქუჩა, სადაც საზეიმოდ გამოწყობილი, შავ მანტოში და თავის საყვარელ იტალიურ შუზებში გავა, ნელი და დამუშავებული ნაბიჯით. მოიკითხავს ნაცნობებს, მიესალმება მეზობლებს, სიგარეტს იყიდის და ბაღაშვილებისაკენ გასწევს.

ღამის თორმეტი საათია, ის სახლის კიბეზე ადის საკუთარი თავით ნასიამოვნები და ამაყი. მერე რა, რომ სუფრამ მხოლოდ ორსაათ-ნახევარი გასტანა, მაინც მოახერხა და ზოგ-ზოგიერთებს თეფშებზე დაადებინა თავები. ორჯერ გამოცალა ხუთლიტრიანი ყანწი, როგორც სამი თვის წინ მეზობლის ბიჭის ქორწილში. არა, დღეს ნამდვილად მისი დღე იყო. თან, როგორ აცილებდნენ?! მარტო ამისთვის ღირდა დალევა. აგერ, ხვალ ორმოცდაათი ლიტრი ლუდი აქვს მოგებული, პახმელიაზეც გამოვა, ხოლო ზეგ სამასკაციან ქორწილშია თამადად. რით არ დამთავრდა ეს კიბე? მოიცა, ცოტას შეისვენებს და მასაც ბოლოს მოუღებს. უკვე კარგადაა, მაღლა მიიწევს, მაგრამ გული რაღაც ძალიან სწრაფად უცემს. აი, სახლის კარი, აი, სახელურიც, ახლა დაბლა უნდა დააწვეს და სახლში აღმოჩნდება, მაგრამ არ შეუძლია, მთლად წაერთვა ხელ-ფეხი. რა დაალევინეს ასეთი? ცდილობს, დაიძახოს, ხმა მიაწვდინოს ვინმეს, - ხალხოო, აქ ვარ შემომიშვითო, - ამასაც ვერ ახერხებს.


* * *
ნამდვილად არ ეგონა, ასე თუ შეუყვარდებოდა ეს საქმე. პირველად რომ უთხრეს, ბავშვები უნდა ავარჯიშოო, არ მოეწონა, ჯერ მე რა ვიცი და სხვას რა უნდა ვასწავლოო, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია პატარებს, დაუმეგობრდა. ეს რაღაცებს ასწავლიდა და თვითონაც სწავლობდა მათგან, ისინი “მასს" ეძახდნენ, სკოლისზ და უბნის ამბებს უყვებოდნენ, მის თამაშებზე დადიოდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა და ბიჭიც გრძნობდა, როგორ უხაროდა ყოველი ახალი ვარჯიში, ყოველი წუთი გატარებული ბავშვებთან.

დღეს რაგბი ითამაშეს და პატარა ზურიკოს კოჭი გადაუტრიალდა, კაცურად მოითმინა, ერთი არ დაუყვირია, უბრალოდ, პატარა თვალებზე სიმწრის ცრემლები მოადგა. ბიჭმა, - თუ ძალიან გტკივა, ხელში აგიყვან და სახლამდე ისე მიგაცილებო, მაგრამ ზურიკომ იუარა, თავისი მეზობელი პიკო ამოიყენა გვერდში, დაეყრდნო და ცალ ფეხზე ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა სახლის გზას. ბიჭი უხმოდ უყურებდა სახლისაკენ მიმავალ ორ პატარა კაცს, მათ შემხედვარეს რატომღაც რეზო ინანიშვილის მოთხრობა “კაცები" გაახსენდა. რატომ არ ჰქონდა ფოტოაპარატი, რომ სურათი გადაეღო და შემდეგ დიდხანს, დიდხანს დამტკბარიყო მისი ცქერით. წლების წინ ისიც ხომ ზუსტად ასე მიჰყავდათ გუნდელებს სახლში. რამდენი ხანი გავიდა მას მერე. ვინ იცის, ახლა სად არიან ის ბიჭები? ზოგი აღარ არის, ზოგი დაჭერილია, ზოგმა ცოლი შეირთო და სხვა გზა არჩია.

- სად ხარ ამდენ ხანს, ტო? - მოესმა უცებ. მისი ძმაკაცი იყო, ბებერო, - ღამის კლუბში მივდივართ ბიჭები, ადი, გამოიცვალე, ასე, სპორტულებში ხომ არ წამოხვალ, ოღონდ დროზე.

კლუბებზე მაინცდამაინც არ გიჟდება, მალე ბეზრდება იქაურობა, თან აუტანელი ხმაურია, ვერავის დაელაპარაკები, მაგრამ სახლში რა ქნას? თუ არ წავა, მაშინ ბაღაშვილებთან მოუწევს ასვლა, ძალიან სთხოვეს, თუმცა წინასწარ იცის თავისი ღიპიანი, დიდი, წეს-ჩვეულებების მიმდევარი და, მისი აზრით, სწორედ ამიტომ სასაცილო მეზობელიც იქ იქნება, აუცილებლად დააძალებს ღვინის დალევას, არ გამოუვა და გაიბუტება. ბიჭმაც იცის, რომ ვერ მოითმენს, ერთი-ორს მაინც გაეხუმრება თამადას. როგორ უყვარს, როცა აბრაზებს, მაგრამ ისე მაინც არ გამოსდის, როგორც მის მეზობელ მაიას, შორეულ სამეგრელოში. მაია ეგეთების ღვთის რისხვაა, ნამდვილი შავი ჭირია. ბიჭს ის სუფრა ახსენდება, როდესაც თამადა, ამაყი და თავმომწონე, ზუსტად ისეთი, როგორიც მისი ვეება მეზობელია, ფეხზე წამოჭრილი ამაყად ხატავდა ქართველი ხალხის მორიგი თავგანწირვის სურათს.

- ყველას უმორჩილესად გთხოვთ, სულ ერთი წამით მომისმინოთ, - ამბობდა იგი აღტაცებული სახით, - ამ სასმისით მე მინდა ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი სარწმუნოებისათვის წამებული გმირების სადღეგრძელო შევსვა. სწორედ რწმენა იყო ის იარაღი, რომელმაც ამდენი საუკუნე გაგვაძლებინა და გადაგვარჩინა. და თქვენი ნებართვით ერთ პატარა ისტორიას მოვყვები. მაშინ საქართველოს არაბები შემოესივნენ, ქალაქები დაწვეს, ეკლესიები დაანგრიეს, ქალები გააუპატიურეს, ტყვეები კი ადიდებული მდინარის პირას შეყარეს და წინ ღვთისმშობლის ხატი დაუსვენეს. ვინც ხატს ფეხს დააბიჯებდა და მაჰმადიანობას მიიღებდა, იმას სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ, ხოლო ვინც არა, - მდინარეში ყრიდნენ. ოცდაცხრამეტმა კაცმა იუარა ხატის შეურაცხყოფა და მდინარის ტალღებს მისცა თავი. ამ სურათს ერთი ახალგაზრდა ქალი ადევნებდა თვალს, რომელსაც ხელში თოთო ბავშვი ჰყავდა. როდესაც ოცდამეცხრამეტე გმირი ჩააგდეს წყალში, გმირმა დედამ დახედა თავის შვილს, შუბლზე აკოცა და მდინარეში გადააგდო სიტყვებით, - ესეც მეორმოცეო.

- აიტ, გათახსირებული! - შეჰკივლა უეცრად მაიამ თავისი განუმეორებელი მეგრული კილოთი, - ბავშვს რას ერჩოდა, თვითონ გადამხტარიყო ეგ სასიკვდილე!

ბიჭს დღესაც ახსოვს, როგორ ბრინჯივით დაიბნა ამოდენა კაცი, როგორ უიმედოდ იყურებოდა აქეთ-იქით, ქალაქში დაკარგული ბავშვივით, სიტყვებს ეძებდა და ვერ პოულობდა. სუფრაზე კი ისეთი ხარხარი იყო, რომ....

მაგრამ მაია ახლა აქ არ არის, თვითონ კი ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებს, ამიტომ სჯობია, ბიჭებს გაჰყვეს, თან, თუ არ წავა, ბებეროსაც აწყენინებს. და აი ისინი უკვე კლუბში არიან, ტეკილას ურტყამენ და გოგოებს ათვალიერებენ.

- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - ეკითხება ოფიციანტი. ბიჭი მისკენ მიბრუნდება და გაშეშდება, ალბათ, ეჩვენება, ის არ უნდა იყოს, მაგრამ ის არის, ნამდვილად ის არის. აი, უკვე მისკენ მოდის, ისევ ისეთი ლამაზია.

ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ.

- აქ რა გინდა? - ეკითხება ბიჭი.

- რამდენი ხანია აღარ მინახავხარ, - ეცინება გოგოს, - აქ ვმუშაობ, ოფიციანტად. შენ რას შვრები? ჩვენებიდან ხომ არ გინახავს ვინმე?

- არა.

- კარგი, ახლა უნდა გავიქცე, ბევრი საქმე მაქვს. ნახე, რამდენი ხალხია? ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, შემოიარე ხოლმე, - უთხრა გოგომ, აკოცა და ხალხს შეერია.

ბიჭი გარეთ გამოვიდა, მიხვდა, კლუბში ვეღარ გაჩერდებოდა, მეგობრებსაც აღარ დალოდებია, ტაქსი გააჩერა და სახლისაკენ წავიდა.

ყველაფერი ერთად გაახსენდა. გაახსენდა მხიარული და ფერადი ბავშვობის წლები, როდესაც მომავალი, ოცნებები თუ იმედები ასე იოლად ასასრულებელი ჩანდა. ისიც გაახსენდა, წლების განმავლობაში, როგორ ნელ-ნელა დაინგრა და ქარს გაჰყვა ეს ყველაფერი, მხოლოდ გოგოს სახე დარჩა ისეთივე ლამაზი და მიმზიდველი, როგორიც დღეს იყო. და აი, ისევ შეხვდა და დაენანა. დაენანა ასეთი პატარა, ლამაზი და ჩუმი ამ დიდი და ხმაურიანი კლუბისათვის. გოგო ხომ ადამიანთა იმ ძალიან მცირე ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ბიჭს რაღაც უფრო დიდი ემეტებოდა. ვითომ შეეცოდა? და თუ შეეცოდა, ვინ? - გოგო თუ საკუთარი თავი? თუმც, ხომ შეიძლება, ძალიან ბედნიერიც იყოს ამ ვეებერთელა და ათასფრად განათებულ კლუბში, რადგან ცხოვრება იშვიათად არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ეს ბიჭმა ძალიან კარგად იცოდა. სხვისი გადმოსახედიდან მისი ცხოვრებაც ხომ იდეალური იყო, - სახლი, მანქანა, საყვარელი საქმე, ცოტა ფული, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, - სულ ნარჩევ-ნარჩევი ხალხი, რომლებსაც ძალიან უყვარდათ, მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა, თვითონ არ იცოდა, რა. არასოდეს ყოფილა უბედური, მაგრამ არც ბედნიერი.

ამ ფიქრებით ბრუნდებოდა სახლში, უკვე გვიან იყო, თორმეტს გადასცილდა. მათ ეზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, ეზოში ხალხი შეკრებილიყო.

- რა მოხდა? - იკითხა ბიჭმა.

- მეოთხე სართულზე რომ ცხოვრობს დიდი კაცი, იმასთან არიან, - უპასუხა ვიღაცამ.

ბიჭი სირბილით აუყვა კიბეს. ექიმები უკვე დაბლა ეშვებოდნენ.

- როგორ არის?

- მოკვდა, - უთხრა ახალგაზრდა და ძალიან ლამაზმა ექთანმა, რომელსაც თეთრი, უნაკლოდ გარეცხილი ხალათი ეცვა, ხოლო წითელი პომადა ტუჩებზე, რამდენადაც საკვირველი უნდა ყოფილიყო, მთლიანად მოთხვრილი ჰქონდა, - თავიდან გვეგონა, ენა ჩაყლაპა, მაგრამ, მგონი, ინფარქტი იყო.

ბიჭმა ერთი სართულიც აიარა და გაჩერდა, კარი ღია იყო. შიგნით შეიხედა, ტახტის თავთან ცოლი ქვითინებდა, სიბნელეში მოჩანდა მეზობლების დამწუხრებული სახეები. ის გულაღმა იწვა ტახტზე, ბუნებრივი ფერი უკვე დაეკარგა, ხოლო მხარზე თეთრი მარლა ედო წითელი პომადის კვალით, რომელიც იმ ლამაზ გოგოს დაეტოვებინა.

მატარებელი ნელ-ნელა მიჩაქჩაქებს და დაღლილ ხმებს გამოსცემს. პირქუშ და ჭუჭყიან კუპეში სამნი სხედან. ისმის ბორბლების ხმაური და ბიჭის ტირილი, გოგონა და დედა კი უხმოდ მისჩერებიან სარკმელში მდინარის დინებასავით გამავალ პეიზაჟს.

ბიჭს სახეზე ხელები აუფარებია, რცხვენია, ის ხომ დიდია, არ უნდა იტიროს, არავის არ უნდა დაანახვოს საკუთარი სისუსტე, მაგრამ არ გამოსდის, გული უჩუყდება და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის ხელებზე.

ისინი სოფლიდან მოდიან, იქ ჩასვლა მათთვის ყოველთვის დღესასწაული იყო, მაგრამ ამჯერად რაღაც შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი, როგორც ყოველთვის, დიდი სიყვარულით დახვდა და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავი მარტო არ ეგრძნოთ, იქაურობა მაინც ჩუმი და უცხო ეჩვენათ: დაბურული ეზო - შიშისმომგვრელი, სახლი კი - დაღვრემილი. მხოლოდ ეზოს შუაგულში მამის დარგული კაკალი, ისეთივე ძლიერი და ამაყი, როგორიც თავად იყო, დაჰყურებდა მათ სევდიანი ღიმილით და ყოველი ქარის ამოვარდნისას შრიალს იწყებდა, თითქოს რაღაცას ეუბნებათო.

გოგონა პატარაა, მაგრამ მაინც ხვდება, რომ დამთავრდა რაღაც ძალიან დიდი და აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. რაიმე უნდა შეცვლილიყო და შეიცვალა კიდეც. გოგონამ იცოდა, რომ ყველა ზღაპარს ჰქონდა დასასრული და მის ზღაპარსაც, რომელშიც კეთილ ჯადოქრად თუ ყველა სურვილის ამსრულებლად მამა ევლინებოდა, ადრე თუ გვიან, დასრულება ეწერა. თუმცა მამამ ბევრი იბრძოლა. ისეთი სენიც კი დაამარცხა, რომლის სახელის ხსენებასაც ერიდებიან და რომელიც ასე მოკლედ და დაუნდობლად ჟღერს. ბევრი იომა და ზღაპარი კიდევ ექვსი წლით გაწელა.

ყველა ადამიანი ხვდება სიკვდილის მოახლოებას, ასე იყო ამ ზღაპარშიც. მამამაც იგრძნო მისი ცივი ხელების შეხება, გულმა ვეღარ მოუთმინა, ფეხზე წამოვარდა და კარში ჩადგა, მუხასავით ხელები ჩასჭიდა კედელს, უკანასკნელად ჩაისუნთქა ჰაერი, ერთი ღონივრად დასძახა, ვაი, ჩემი შვილების ცოდვაო და ასე ფეხზე მდგომი გარდაიცვალა....

მატარებელი კი ნელ-ნელა თბილისს უახლოვდება, ხოლო თბილისისათვის უცხოა თანაგრძნობა. ის ყველას მაღლიდან დაჰყურებს, მდუმარე და წარბშეუხრელი. რა არის მისთვის ორი ობლის ცრემლი, როდესაც ის ამდენის მნახველია?!

კუპეში სიჩუმეა, მხოლოდ ბიჭი ტირის. მატარებელი ჭუჭყიან და ხმაურიან სადგურში შედის, უეცრად დედასაც ცრემლი ადგება თვალზე და ისიც ქვითინს იწყებს.

გოგონა უხმოდ შესცქერის ორივეს. რას ნიშნავს ეს ცრემლები? შიშს ახალი და გაურკვეველი ცხოვრების წინაშე თუ მამის დატირებას? და უეცრად იგი ყველაფერს ხვდება. დედისა და ძმის თვალებში კითხულობს სწორედ იმ ფრაზას, რომელიც მთელი გზის განმავლობაში კუპეში ტრიალებს, მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავს მის წარმოთქმას: “არავინ დაგვხვდება".

არადა, სამივეს კარგად ახსოვს, როგორ ელოდა მამა მატარებლის ბაქანთან მეზობლის ორ ქურთ ბიჭთან ერთად ცოლ-შვილს, ხელში კი დიდი საზამთრო უბზინავდა.

და აი, ეს იქნება პირველი წელი, როდესაც მათ არავინ დახვდებათ, არავინ ჩამოართმევს ბარგს და არავინ გაუცინებს, მხოლოდ პირქუში ქალაქის ხმაურიანი სურათები გააცილებენ სახლისაკენ.

მატარებელი ჩერდება, კუპეს დერეფანში ჩამწკრივებული ხალხი ჩასვლას იწყებს და დედა-შვილიც უხმოდ მიჰყვება მათ დინებას. ძირს ჩადიან და უეცრად ყველაფერი იყინება, შეშდება ხალხი და აღარ ისმის მათი ხმა, ქრება ღრუბლები და სადგურიც დუმს, - მათ წინ სექტემბრის მზისგან ოფლში გახვითქული ორი ქურთი ბიჭი დგას საზამთროებით ხელში.

თბილისი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სადგურიც ისევე ხმაურობს, როგორც ადრე, ხალხი მიდი-მოდის, მხოლოდ ხუთნი დგანან უძრავად და ჩუმად შეჰყურებენ ამომავალ მზეს.

არადა, ცხრა წელი კლასელები იყვნენ და საერთოდ ვერ ამჩნევდა, არც ულაპარაკიათ არასოდეს. ის ჩუმი იყო, ეს კი პირიქით, - ძალიან ხმაურიანი და მოუსვენარი. აბა, საიდან შეამჩნევდა?

უბრალოდ, ერთ დღეს, როდესაც დაღლილი თუ მოწყენილი იჯდა საკუთარ მერხთან და ზედ დაწერილ სისულელეებს ჩაჰკირკიტებდა, უკან მიიხედა, კიდევ ერთხელ რომ გადაევლო თვალი ასე ნაცნობი, მისი აზრით, მოსაწყენი, ერთფეროვანი სახეებისათვის და დაინახა. აქამდეც ათასჯერ ენახა. აკი გითხარით, კლასელები იყვნენ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. გოგონას მეგობარმა ქუდი მოხადა და უეცრად შავი თმა ნიაღვარივით ჩამოიშალა მერხზე. ეს იყო და ეს.

მეორე დილას კი სრულიად უჩვეულო რამ მოხდა, იმდენად უჩვეულო, რომ დედამისი თვალებს არ უჯერებდა. ძალიან ადრე გაიღვიძა, ჩაიცვა და სკოლაში წავიდა, კლასში შესული მერხს მიუჯდა და ლოდინი დაიწყო. თვითონაც არ იცოდა, რას ელოდა, იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა.

- სახლიდან ხომ არ გამოგაგდეს, ბიჭო? - მოესმა უეცრად, აიხედა და თავისი მეგობარი დათო დაინახა, ისეთივე უდარდელი და ოროსანი, როგორიც თვითონ იყო. რა უნდა ეპასუხა, არ იცოდა.

- რავი, ადრე გამეღვიძა და...

- წამო, კომპიუტერებში, აქ ჯდომა არ გეზარება?

- არა, დღეს რუსული მაქვს ჩასაბარებელი და თუ არ მოვუყევი, მაგრად დამერხევა.

- ცუდად ხომ არ ხარ, შე ჩემა? - გაუკვირდა დათოს, რადგან მის თვალწინ ორკვირიანი რიტუალი დაინგრა. სრულიად ნათელი იყო, რუსული აქ არაფერ შუაშია.

- არა, პირიქით.

- კარგი, როგორც გინდა, - თქვა დათომ და წავიდა.

ის სიმართლეს ამბობდა. თავს უჩვეულოდ, მაგრამ კარგად გრძნობდა. გული ისე უცემდა, როგორც არასდროს და ყოველი გაფაჩუნებისას კარისაკენ იხედებოდა. კლასელები ნელ-ნელა მოდიოდნენ, მასწავლებელიც შემოვიდა და ზარიც დაირეკა. ის ჩუმად იჯდა მერხთან. იმდენად ჩუმად, რომ ეს შეამჩნიეს და გაკვირვებულებმა შეხედეს, აღარც ფანჯარაში იყურებოდა და აღარც იცინოდა, როგორც ყოველთვის. აჩქარებული გულიც თითქოს ჩაცხრა და მოწყენილობას დაუთმო ადგილი. ნეტავ რატომ არ გაჰყვა დათოს? რატომ დარჩა აქ, ამ სოროში? ახლა ის და დათო მსოფლიოს ჩემპიონები უნდა ხდებოდნენ ფეხბურთში, ან ტერორისტებს ანადგურებდნენ “ფაიტინგ ფორსში”. ამის ნაცვლად კი მთელი დღე მასწავლებლების დუდღუნს უნდა უსმინოს. რატომ დარჩა, რატომ?

უეცრად კარი გაიღო და ის შემოვიდა, “უკაცრავად, დავაგვიანე", - თქვა და მერხს მიუჯდა.

მას შემდეგ დილით ადრე იღვიძებდა, დედაც შეეჩვია, რომ ოთახში შესულს შვილი ჩაცმული ხვდებოდა. უხმოდ შედიოდა კლასში, ფანჯარასთან ჯდებოდა და გოგოს უყურებდა.

ერთი კვირის შემდეგ დათომ გვერდზე გაიყვანა და უთხრა:

- თუ მოგწონს, რამე მაინც უთხარი.

- ვის?

- ვის და, ბებიაჩემ ზინას. იმას!

- შენ საიდანღა მიხვდი?

- მე კი არა, მასწავლებლიდან დაწყებული ყველა მაგაზე ლაპარაკობს.

- რაზე?

- რაზე და, ნიკას თეო უყვარსო.

უყვარს, აი, თურმე რა ხდება. აქამდე არ იცოდა, რა დაერქვა იმისათვის, რაც მასში ტრიალებდა, უყვარს. ნეტავ დათომ თუ იცის, რა არის სიყვარული?

- მე ისა.... მე არა.... - წაილუღლუღა საცოდავად.

- რას ბურტყუნებ, შე ჩემა, თუ მოგწონს, უთხარი რამე, - მოუჭრა დათომ.

მეტი რა გზა ჰქონდა, ჩვეული ხალისიანი სახით გამოელაპარაკა გოგოს, თუმცა ფეხები მაგრად უკანკალებდა და ერთი კვირის შემდეგ, თვითონაც არ იცოდა როგორ, ერთ მერხზე აღმოჩნდნენ. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. მთელი კლასი მათზე ლაპარაკობდა, ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა, მარტო დათო იყო ძველებურად უდარდელი და ოროსანი.

ისინი ყველას შეყვარებულები ეგონა. არადა, მათ ამაზე არაფერი უთქვამთ, არც კი უკოცნიათ ერთმანეთისთვის. უბრალოდ, ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და ფანჯარაში იყურებოდნენ.

ბიჭი გრძნობდა, რომ შეიცვალა, უფრო დაფიქრებული და გაბედული გახდა, კომპიუტერები აღარ იზიდავდა, შატალოზე აღარ დადიოდა, მასწავლებელს, რომელმაც კლასის წინაშე წამოარტყა, აგინა.

გოგო კი დღითი დღე ლამაზდებოდა, მისი შავი ნაწნავის შემხედვარე ბიჭს ყველაფერი ავიწყდებოდა, - მეგობრები, მშობლები, სახლი, სკოლა და ამ თმის სურნელით გაბრუებული დადიოდა.

ასე გავიდა რამდენიმე თვე და შემდეგ ყველაფერი დამთავრდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ. სხვები ათას რამეს ამბობდნენ, მაგრამ ცდებოდნენ, არ იცოდნენ. მათ შორის არაფერი მომხდარა, - არც ცუდი, არც კარგი, არც უჩხუბიათ, არც შერიგებულან, უბრალოდ, მობეზრდათ ერთმანეთი ან არც ყოფილა არაფერი.

მას მერე ბევრჯერ უფიქრია და უნატრია უკან დაბრუნება, რომ ყველაფერი შეეცვალა, ხოლო ერთხელ, როდესაც დამრიგებლის სანახავად მისულს მასწავლებელმა ისინი როგორც შეყვარებულები, ისე ახსენა, მიხვდა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა.

იმ წვიმიან ღამეს, გოგო რომ გათხოვდა, მარტომ დალია და მერე ქუჩებში დაიწყო ხეტიალი. სად არ იყო, - მოიარა ოქროს უბნის დანგრეული და ბნელი ქუჩები, განათებული რუსთაველი, ლამაზი ვაკე, მაგრამ ბოლოს მთვარეულივით მაინც თავისი სკოლის ეზოს მიადგა, ხის სკამზე ჩამოჯდა და გათენებამდე შესცქეროდა იმ ფანჯარას, რომლიდანაც ისინი წლების წინათ გაჰყურებდნენ ღრუბლებს, ჩუმად ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.

2008 წელი


Last edited by გამრიგე on Tue Mar 23, 2010 2:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო კილასონია   Tue Mar 23, 2010 8:48 am



ლადო კილასონია

სათაური: "ღობე"
ავტორი: ლადო კილასონია
ჟანრი: მოთხრობები
გამოცემის წელი: 2008
გამომცემლობა: "საარი"

მოთხრობები:
ციხე
ერთი ჩვეულებრივი დღე თამადის ცხოვრებიდან
უსიზმრონი
ბოლო დღე
სუნსულეთი
წრე
ლეგო
ის
ღობე
პოლიტიკოსებისათვის ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი
დატირება ინგლისურად
მონასტერი
სოკო
გმირი
ბუთა
თერჯოლა და კაიზერა
მატარებელი




study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო კილასონია   Tue Mar 23, 2010 9:12 am



ლადო კილასონია

სათაური: "უსიზმრონი"
ავტორი: ლადო კილასონია
ჟანრი: მოთხრობები
გამოცემის წელი: 2009
გამომცემლობა: "საარი"

მოთხრობები:
ინანიშვილი და ერეკლე
ბუცები
გუბეში ჩავარდნილი ვარსკვლავი
პიანინოს ზედაპირზე ამოკაწრული ამბები
ლეგენდა ალყაზე
ლელა
შარდი წამალი და თორმეტი ლულა
უსიზმრონი
როგორ წავიკითხე განძის კუნძული
ღობე
მამაჩემის, გამოქვაბულიანთა ტომის ბელადის, აბელას ისტორიები
ბროწეულის სახლი


study

ლადო კილასონიას მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

წიგნების მაღაზია "პარნასში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდის წევრ ლადო კილასონიას მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალგაზრდა სპორტსმენის კრებულში "უსიზმრონი" 12 მოთხრობა გაერთიანდა. ლადო კილასონიამ მოთხრობათა კრებული მეორედ გამოსცა.

მორაგბის სადებიუტო კრებული სახელწოდებით "ღობე" 2008 წელს გამოვიდა.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო კილასონია   Sat Mar 12, 2011 10:43 am



წიგნის დასახელება – "აბლაბუდას ზღაპარი"
ავტორი: ლადო კილასონია
თემა: პროზა;
ISBN 978–9941–9146–9–0
გამომცემლობა: "პეგასი"
გამოცემის წელი: 2010
გვერდების რაოდენობა: 120
ყდა: რბილი
ფასი: 8.40 ლარი
წონა: 0.170 კგ.

ანოტაცია: "აბლაბუდას ზღაპარი" ლადო კილასონიას მიერ ოსტატურად დაწერილი სათავგადასავლო ამბავია, რომელიც ყველა თაობის მკითხველს მოხიბლავს. წიგნის მკითხველს წინ დაღვინებულ, საკუთარი სტილის და სათქმელის მქონე ავტორთან შეხვედრის სიამოვნება ელის.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ლადო კილასონია   Mon Mar 21, 2011 10:42 pm

"ერთი ჩვეულებრივი დღე თამადის ცხოვრებიდან" წავიკითხე. სხვა მოთხრობების წაკითხვაც მომინდა,ინტერნეტში ვერ ვნახავ?
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლადო კილასონია   Mon Mar 21, 2011 10:51 pm

არ იძებნება, ნინო.
თუ ნახო, დადე აქაც და წყაროც მიუთითე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლადო კილასონია   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ლადო კილასონია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: