არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბესიკ ხარანაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 1:10 am




ბესიკ ხარანაული (11 ნოემბერი 1939 წელი).

დაბადების ადგილი - ქ. თიანეთი, მშობლები - დედა - ვარა ხარანაული, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჰყავს შვილ(ებ)ი სამი შვილი, მეუღლე, პოეტი, მწერალი, ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს, არის რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სახელმწიფო პრემიისა და 2003 წლის საბას პრემიების ლაურეატი.

ვიკიპედიიდან: "ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც" - http://ka.wikipedia.org/wiki/ბესიკ_ხარანაული

ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. თბილისი, ზედაზნის ქ. N4, ბინა 17, ტელ.: 69-01-46, e-mail: besikxaranauli@ yahoo.com

ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/ბესიკ_ხარანაული



Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 1:12 am

კაცს რომ უბრძანო, თავისი ნაწერი თვითონ ითამაშოს, დიდი სასჯელია.
არც ისაა იოლი საქმე, რომ მავანმა თავისი თავი სცენად აქციოს.
ორ რამეს ეჭირა,
შიგნიდან თავის თავს, გარედან - ჰაერს,
ამას კი უნდოდა, რო ორივეს გაეშვა ხელი,
თვითონ უნდოდა,
არ უწყოდა, მოკვდებოდა, ერთ-ერთი თუ გაეყრებოდა.

არცერთი ადამიანი არაა ღმერთი, რომ მცნებებით ალაპარაკოს
და ადამიანების ყური მიაპყროს
იმისაკენ, რაც მათ არ უწყიან და არ შეუძლიათ.

რაც მე თამაშებზე და ნაწერებზე მიღელვია და მიტირია,
რაც მე გავრთულვარ და მიხარია,
რაც მე მყვარებია მოთამაშეები...
აი, ახლაც, ამას რომ ვწერ, ისე ვღელავ, რომ ლამის არის, ლამის არის!...
მაგრამ არა!
იმიტომ რომ, საწერად რომ ავიძრები,
მარტო კალამს კი არ მოვიკითხავ, ღამის ქოთანსაც...

ყოველი წუთი კონსერვატიულია.
ადამიანი კი მომავლისკენ არის მიხმობილი.

ის ცხონდება, ვინც სხვას გაართობს, -
იციან ეს მოხუცებმა
და თავისი ცხონებისთვის უყვართ ბავშვები.
იმათაც წინ ცხოვრება ელით, ვინც დიდებს ართობს.

მე თვითონ აქეთ მაკვირვებენ, ვინც მე მიკვირვებს:
- რა ძალითო, შენ, ერთმა კაცმა?
ორად და ათად იმიტომ ვარ გაყოფილი, რომ გავნადგურდე.
თუ არ გესმით, მაშინ გეტყვით:
შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიანიშნო?

ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არ აქვს... ამიტომაც მაეჭვებენ გარეთ-მოვაჭრენი,
მგონია, რომ გზას რისხვით იწყებენ...
რისხვა ისეთი სამოსია, კაცს უთუოდ უნდა უხდებოდეს,
მაგალითად, მოხუცს რისხვა არ შეშვენის,
მის ხელში რისხვა ემსგავსება სასოწარკვეთას.

თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენი არის გლოვის ასაკი,
თქვენი არის ტყებისა და ვაების ჟამი,
ნუ დააგდებთ ქალაქებს,
ნუ დაყრით სოფლებს,
თქვენ უნდა იაროთ
სტვირით და საყვირით - ჟამიანობაში,
თქვენმა სისხლმა უნდა თქვას,
თქვენმა პირმა იძახოს...
თქვენ ახალგაზრდები ხართ,
თქვენია - რისხვა!

კაცმა მარტო წვიმას კი არ უნდა დაუცალოს ხელი.

ამასობაში ჩემმა სტრიქონმა კვლავ წინ გამიგდო:
რაკი მეთასმეს ხელი დავუცალეთ, მთელ ქალაქს მოვედეთ,
თან მიმახტუნებდა და თან მაქზებდა:

”ანთა გამორბის ველთაო, შიშველს მიიქნევს ყვერთაო”...

ყველა მთავარი სიტყვა უხერხული წარმოსათქმელია.

მახსოვს, ამ სტრიქონის ბოლო სიტყვა ”ყვ...თა”-დ ეწერა.
მე გამოვკუჭე ის სამი წერტილი და ყვერთად მივიღე.
და კმაყოფილი ვარ, რომ აღვადგინე.

სტრიქონი კი ისევა მმართვას,
თუმც დღესავით ნათელია, რომ ვიყიდე მთელი ქვეყანა.
სიმდიდრისთვის არ მიყიდია, გულუბრყვილობით დამემართა ეს ყველაფერი,
იმ წვეტიანი სტრიქონის ძალით ვქმენ,
რამეთუ მრქენდა:

- გაიხედე, შენი არის ყველაფერი, რასაცა ხედავ!
შენი არის ფულიც, სიტყვაც -
რომელიც ითქმის ადვილად და საქმედ
ძნელად...
ნუ ჩამომათვლევინებ, სადაც არის, - ცოტად ენას მეც ვუფრთხილდები,
ის არის იქ სადაც მისი ყითები და ფუთები და ანგარებია.
ფულს ფრიალი უყვარს,
ამიტომაც იქ ინახავენ, სადაც ნესტი და სიგრილეა...
შენი არის ქვეყნის მთელი შემოსავალი,
შემოზიდული გაქვს ზურგით და გაცრეცილი ლარებით თვლილი,
ამიტომაც, ყორანივით ერთი თეთრიც არ გირევია -
არაქართული.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 1:13 am

აბა, თუ მეტყვი, მაინც რამდენი რესტორანია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?
??????
ან მარცხენაზე?
??????
რას მეტყვი, როცა არც ერთში არ შეგიდგამს ფეხი.
ლეგიონია მათი რიცხვი, დაიმახსოვრე!

ჯერ მარჯვენა სანაპიროს უწყეს შენება
და როცა ისე დამძიმდა, რომ მტკვარი მარჯვნივ გადაიხარა,
მარცხენა სანაპიროს დამძიმებაც საჭირო შეექმნათ.
და დაამძიმეს სათანადოდ... და შეივსო ორივ ნაპირი
და გაწონაწორდა.

ვისიც მატყლია, ჯარაც მან უნდა ატრიალოს.
შენ გიჭირავს ჯარა-ტარი, შენ კი არ იცი.
სამაგიეროდ სხვებმა იციან:
ახლად შექმნილი კლასი გარე-მოვაჭრეთა შენ გელოდება,
სასწორ-სალაროები მუხლებზე უწყვიათ, დაუცალე სუყველას ხელი.

მეცემენტეებს, მეშუშეებს, მეჭურჭლეებს, პურის გარეთ გამყიდველებსაც:
ჯერ ცხელოდა, კვლავ აცივდება... თითო პურში რამდენს იგებე, ან რამდენი უნდა გაყიდონ?
თანაც ეს პურის გამყიდველები სულ ქალებია და ბაზრობებზეც მათი ადგილი თონის ფერია...
საიდანაც გინდა იყვნენ ჩამოსულები, შინ სახლები ელოდებიან:
დაუცალე სუყველას ხელი,
სახლში დააბერე.

და ამ სახით მრავალი სასწაული ჩამადენინა.
ვყიდულობდი სუყველაფერს, რაც შემხვდებოდა,
ფულს ვაძლევდი, გასაყიდს კი სახლში ვატანდი,
შინდაბრუნების თამასუქზე უარს არ იყვნენ
- დაიღალნენ მთლად ქალაქის ნოტარიუსნი.

მშრალი ხიდიდან, ელიავა-ისან-სამგორი, ავჭალისა და ლილოს ჩათვლით,
საერთოდ კი - ცხვარიჭამიიდან ვიდრე ლოჭინამდე (პეტრე რომ გაქურდეს),
ყველას ხელი დავუცალე და ვათავისუფლე...
და ასე შემდეგ...
დაიარეთ ის ადგილები - შეიცვალა მთელი ქვეყანა,
გადა იმ ჯვარ-სიწმინდეებისა,
რითაც სამშობლოს იცნობს სახლში დაბრუნებული.
ნახეთ, როგორ მოკრიალდა სუყველაფერი:
ვახუშტის ხიდთან, დიდუბისკენ რმ აუხვევდი და ბეღურებივით
რომ აფრთხიალდებოდნენ დღიურ საქმის მაძიებელნი,
და შემოგეფრქვეოდნენ მანქანის შუშებზე,
- არა ჩვენ ვიცით უკეთ თხრა და უკეთ ლესვა, არა ჩვენაო, -
საით გაფრინდნენ, რად არ იკითხავ?
მით უმეტეს, რომ ბეღურები სხვა ქვეყნებში არ მიფრინავენ,
თვინიერ თავის ხის ტოტებისა.
სად წავიდნენ და, ყველა თავის ეზოში ბარავს,
სულები ჩაედგათ, რომ გვეგონნენ ცარიელები...

ჩემი პირობაც არ იყო ძნელი - წადით, სვით, ჭამეთ, აშენეთ, აშენდით,
ხალხად იქეცით,
როდემდის უნდა იყოთ ასე, ბუზებივით საძულველები.

შორი მთებიდან და კლდეებიდან ჩამოსულთა
უკან მიქცევა კვლავაც ძნელი საქმე შეიქნა:
მაგრამ ცალკე ხელფასები დავუნიშნე ”ადგილის საჭერი”,
ოდნავად სტრიქონის წვერიც წავკარი და მთებში შევლალე:
გამრავლდნენ და იჭირონ ადგილი.

არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში,
ვიცხოვრე სასჯელში.
სხვანი მის პატიმრებს შორს ერეკებიან, რომ არ დაინახონ.
ჩვენთან ყველაფერი გზის გადაღმა და ფანჯრის წინაა.
ამიტომაც დავკარ ლახტი საპატიმროებს და დავანგრიე,
წამოვასხი ნახირივით პატიმრებიც და იმათი მლოცველებიც:
- არ არის წესი ქართველისთვის დანაშაული
და სასჯელი - სიყვარულია.

და აი, ასე, მასხარას სახით
მარბენინა და მაყიდინა, რაც კი რამ იყო სიღარიბე
და თამასუქი ჩამომართვა, რომ სიღარიბის ნოსტალგია აღარ მეწვევა,
და თუ მეწვევა, დაბრალდება ისევ ჩემსავ უვარგისობას...

ღმერთო, გვაშორე, ასეთი რამე კიდევ სადმე რომ განმეორდეს:
ყველა სტრიქონი ჯოხად რომ იქცეს
და დაერიოს თავის მთქმელებს,
ლექსის წერას ვინღა გაბედავს...
გადაშენდებიან პოეტები და დავიღუპებით.
ამიტომაც სჯობს
სტრიქონი რონ დევს,
ჯოხიც ასევე.

გამომეთხოვა ჩემი სტრიქონი,
გამომიშვა შინ ცარიელი და გულარხეინი,
და ვლოცავდი ყველას, ვისაც ეძინა იმ დროს, იმ წუთში,
იმ ერთ წუთში, იმ ათ წუთში, იმ ერთ საათში...
განსაკუთრებით ვლოცავდი ქალებს,
აბა, ანთა ვინ დაინახა, თუ არა ქალმა?
ვინ მოიცალა ლექსობისთვის ჟამიანობაში?


ანთა გამორბის ველთაო,
შიშველს მიიქნევს ყვერთაო...

მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს, ქუჩა იყო, მინდორი იყო?
ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა.
და პირველად ავხედე ზეცას:
სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი.
ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს,
თვითონ გაძინებს,
გალობა კი შენიდან გესმის
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 4:34 pm

ავაჰმე, სანათაო - ეეს რა ღრმა და დარდიანი დაუწერნია ჩვენს ბესიკსა...
ერთი ობოლი ცრემლიღა მქონდა შერჩენილი და ისიც აეხლა ჩამამვარდა - როგორი გულიანია, როგორი თანამედროვე და იმავდროულად - როგორი მარადიული...
რა კარგი პოეტი გვყავისა ეს ბესიკო ხარანაული!..
Exclamation

Published on

Jun 28, 2012
გიორგი კეკელიძე მწერალ ბესიკ ხარანაულს ეწვია სტუმრად.
საუბარი სოფელი სხლოვანში, ვაჟა ფშაველას დედის ნასახლარზე ჩაიწერა.


Last edited by Admin on Mon Dec 10, 2012 3:56 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 6:14 pm

ჰოოოდა, მიხო ახლა კი უკვე მიხვდებოდი, ამ ცრემლიანი სადარდელით და ბესიკის გამო სიხარულით დავიძინე წუხელის... აი,ნიმუში ვერლიბრისტებისათვის, როგორ და რაზე უნდა წერონ...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 7:21 pm


ბესიკ ხარანაული სამოცდახუთი წლის წინ, თიანეთში.


ბესიკ ხარანაული

ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება

- კი, ეგრე არის, სულ უბრალოდ, უმიზეზოდ ვღიზიანდები,
კი, სწორი არის, ნერვიული გავხდი, სასტიკი.
სიმართლეს ამბობ.
და სიმართლე ხომ სიმართლეა, თუნდაც იგი ქალმა წარმოთქვას!
მაგრამ ღირს კი თქმა, თუ არის ამის მიზეზი?
ცხოვრებას რომ დავაბრალო, ვინ გამამტყუნებს?
მაგრამ ჩემზე ღარიბებმა რაღა ქნან მაშინ?
ქვრივს შევეჯიბრო? უშვილძიროდ დამრჩალ მოხუცს გადავამეტო?
მარტოდენ ხელის ჩრდილებით რომ ხორცებს იმალავს!
ვთქვათ, მაინც ავდექ და ცხოვრებას დავაბრალე სულ ყველაფერი,
ასე ხომ უფრო გასაგები იქნებოდა ჩემი წვალება!
ხომ მხედავ, ცელი ცელად არ მივარგა, გუთანი გუთნად,
რა სახლი მე მაქვს, ანდა რისი შემოსავალი!
განა მე ვერ ვგრძნობ, თუ როგორი სასაცილო ვარ,
დაშლილ გუთანში შებმულ ხარებს თავს რომ დავჭყივი,
და ლამის არის, ჩემიცა და ქვეყნის ცოდვაც მათ დავაბრალო.
განა მე არ მრცხვენია ხოლმე,
გუთნეულს რომ მივატოვებ კისერმოღრეცილს
და ნახნავში ჩავიმუხლებ ხელკალმიანი.
რომ დაღამდება და სოფელი რომ რომ ჩაიძინებს,
მე კი ბუხარს ვაკვრივარ და რაღაცას ვჩხაპნი,
მაშინ ვგრძნობ ხოლმე სოფლისაგან ჩემს მიუჩნევლობას!
მაშინ ვგრძნობ ხოლმე, რომ არასდროს არ შემითვისებს
და ჩემ საქმესაც არასოდეს დაარქმევს საქმეს.
ჩემს ძმებს ისევე მივაჩნივარ თავის ტოლ მწერლად,
როგორც სოფლის მოკაფიავეს.
ეს უფრო თავსაც დამამეტებს, რაკი მაჯას კალმით არ იღლის!
- რა კაციაო? - ჰკითხა თურმე ვიღაც მჩხიბავმა
ჩვენსოფლელ ქალებს.
- აბა, რა ვიცით, ქალაქში კი რადმე დადისო!
ყუაზეა ჩემი სული დასული, ქალო!
შენა მკითხავ - რამ მოგსპოვო - ცეცხლზე ნავთს მისხამ?
რომელი ერთი ჩამოვთვალო? - ახლა ხოა ცხრაას ცამეტი?
გოგოთური და აფშინა, ბახტრიონი, გველისმჭამელი!
უბედურ ძმებზე -
ალუდაზე და მუცალზე ვინ დაწერა ოცდახუთისამ?
შვლის ნუკრზე და ხმელ წიფელზე სხვამ ვინ იამბო?
მტკაველ-მტკაველ ვინ გალექსა ფშავის ბუნება?
ამეებთან რაა ცხოვრება?
განა მე ვერ გავხდებოდი მაზრის უფროსი?
ან ადვოკატი, ან ვაჭარი, ანდა ყაჩაღი?
ან სოკოებივით გამრავლებული პარტიებიდან
ერთს მაინც ვერ ავეკვრებოდი?
აბა, დათვალე, რამდენი აქვს ამ ცხოვრებას ასაქცეველი!
თუ არა და, მიაყუდებ ერთ ლოდს და... მორჩა!
ცხოვრება ხომ ჩვენი სურვილების მიხედვით გვტანჯავს.
მაგრამ, აბა, კარგად დაფიქრდი,
შეიძლება, ჯავრმა გული არ გამოხეთქოს?
ოთხმოცდაექვსში, როცა უცებ ამეხილა თვალი და მივხვდი,
თუ როგორ უნდა მეწერა და რა უნდა მეთქვა,
მას შემდეგ წყლული ჩემი ქვეყნის არ მომრჩენია.
ახლა ცხრაას ცამეტი არის!
ცოტა ხომ მაინც გაგეგება, თუ როგორი იყო ეს წლები,
როგორ მესხმოდნენ და თავსაც მე როგორ ვიცავდი.
მაგრამ სიმართლე უფრო მოკლედ გამოითქმოდა:
მე სხვანაირად არ შემეძლო ლექსების წერა!
მომავალში, როცა ვინმე დაუკვირდება,
აღმოაჩენს, თუ გულს როგორ მიბამდა ეჭვი,
როგორ ვცდილობდი, მეც მეწერა სხვათა კილოზე,
სხვა საზომებით, სხვა ძვირფასი მგოსნების მსგავსად.
მაგრამ რომ არ გამომდიოდა!
თავს რომ ვიცავადი, განა მართლა ეჭვი არ მქონდა?
რომელ ერთ ეჭვს უნდა გასწვდე ლექსის მწერალი?
რასაც წერ - მასაც და იმასაც - რასაცა ცხოვრობ?
გახსოვს, რომ ვიჯექ და რომ ვწერდი სახეამწვარი
და ახალუხის კალთაზე რომ ცოცხი მოგიხვდა,
რა ამბავი დაგაწიე, ხომ გახსოვს, მაშინ?
თქვენ გგონიათ, მე არ მიყვარდით?
რამდენჯერ იყო, რომ ტყის ჟოლო თქვენთვის მუჭით მომიტანია!
ან ვიღაცისგან ნაბოძები პურის ფქვილი შინ სირცხვილით ჩამომიცლია.
თქვენ რომ მაძღრები ჰყოფილხართ და მე შიმშილი ამიტანია!
მაგრამ ამას ვერავინ გაიგებს.
შთამომავლობას მე ხმლითა და ჩამოფლეთილ თვალით დავრჩები,
ჩემი ნერწყვი ჩემთან მოკვდება.
სამაგიეროდ, არასოდეს დაივიწყებენ,
როგორ ვიბრძოდი ჩემი ხალხის მომავლისათვის
და ოდნავადაც არავის არ გაახსენდება,
ღამით სახლიდან რომ გაგყარეთ და ზვინში რომ გაგათევინეთ.
მაგრამ დილით ხომ კარგი მამა ვიყავი!
ხომ სიყვარულით და ხუმრობით შეგიპატიჟეთ:
სახინკლე ხორცი ხომ დავკეპე, ხომ გაგახარეთ?
მე იმ ღამეს სტუმარ-მასპინძელის ბოლო თავს ვწერდი,
ერთ ჭერქვეშ ჩვენი ერთად ყოფნა აღარ შემეძლო.
მთვარეს ხელს ხომ ვერ აუკრავ და ვარსკვლავებსაც ვერ გააჩუმებ,
თქვენ მოგერიეთ, რადგან ჩემთვის უნდა მესმინა!
ეშმაკების კალოს რომ ჰგავს ჩემი საწოლი - შეგიმჩნევია?
ჩემი ბალიში - აკლებული, გზაგამოვლილ ტომარასავით,
შენი ნაზად ჩაზნექილი ბალიშისთვის გიდარებია?
გველის მჭამელი შემოქმედის ბედზე დავწერე,
მაგრამ მერე ფილოსოფიად გადამიქციეს,
ყველაფერი მიმიწერეს, რაც არ მეფიქრა!
მე კი მხოლოდ იმის თქმა მსურდა,
რომ თვისი ნიჭი პოეტს უნდა კბილით ეჭიროს,
რადგან ჩუმ-ჩუმად ყველა ლამობს იმის წაგლეჯას.
მე ერთადერთი ნიჭი მაქვს და ისიც ღვთისაა,
იმისგანა მაქვს სულ ცოტა ხნით მობარებული,
მე რომ ავდგე და ვეთვალთმაქცო - დავიღუპები!
დღეს ღვთისშექმნილად ის საღდება,
ვინც მეჯღანის ნაკერი არის.
გამახსენდება და სიცილი წამსკდება ხოლმე.
მეზობლის ჭუკებს რომ წავასწრე ჩვენი სახლის წინ,
ქერის ბულულებს რუკრუკით რომ მშვიდად პუტავდნენ.
იცოცხლე, ხმალი ვიძრე მაშინ და დავერიე -
დამიხვდით მეთქი, გეახელით თავების მჭრელი!
ქალაქიდან ვიყავ წუთის დაბრუნებული,
ჩოხა მეცვა და მხარიღლივ ხმალი მეკიდა,
\"ივერიიდან\" ვბრუნდებოდი გამწარებული:
მითხრეს, მავანი ქალაქიდან რომ მოეწერათ -
ვაჟა-ფშაველას თუ დაბეჭდავთ, გაზეთს აღარ გამოვიწერთო!
ლექსის მწერალი ეშმაკია,
უვიცების უვიცობა იქნებ კიდეც მესიამოვნა - ახლა არ მახსოვს,
მაგრამ წყენითაც ხომ მეწყინა და მეც, როგორც მიღებულია,
წყენა დავიტყე, ბრაზს ავყევი და წამოვედი.
ნაღველი ვდღვიბე მთელი ის გზა სახლის კარამდის
და ეზოში რომ შემოვედი -
ჭუკები არ დასეოდნენ ქერის ბულულებს!
იცოცხლე, ჩემთვის ის ჭუკები დევები იყვნენ!
სასაცილო და უცნაური თავზე ბევრი გადამხდენია,
მაგრამ ჩემი შთამომავლები
ხელხმლიანსა და თვალჩამოფლეთილს დამიხსომებენ.

თვალივში ვიყავ, ბესოს დუქანში. არუთინა მომემსახურა.
ცოლად ქართველი ქალი უზის და მით ამაყობს,
ამაყობს კიდეც და თვალთმაქცობს, რადგანაც ცოლი
შრომისგანა ჰყავს მწევარივით გამწვეტებული.
მრავალი შვილი გაუჩინა არუთინას - მაგრამ პირველი
და ყველაზე საყვარელი პირმშო მისთვის - არუთინაა!
ჩემი ცოლი მაგონდება - პირველი ცოლი,
ყვარელში ვიყავ, რომ მომიკვდა - სათუთი კეკე,
ჩემს მაგივრად ზამთარმა დამარხა.
ქალებიც ჰყავდათ აქეთ-იქით ბესოს დუქანში - ხალხი არ ეკლდა.
ამ ბოლო დროს ნამეტნავად ბევრს შევუყვარდი:
კაცსაც და ქალსაც - ლამის შენზეც გამიჩნდეს ეჭვი!
მაგრამ მე როდი მიცხოვრია სხვების იმედით,
შეგაქებენ და შეგაკლებენ - სხვას რას გიზამენ!
მითუმეტეს ქალის იმედით...
ისე კი ვიცი, თუ როგორი კაცი უყვართ ჩვენებურ ქალებს:
რეგვენი უყვართ, ვისაც ეჭვი თავის თავში არ ეპარება,
რომელიც კი არ დაუღირებთ - არამედ დაჰკრავთ!
დაჰკრავთ იმას, რაც პირველად ხელში მოჰხვდება,
სულ ერთია, კეტს, ბოთლს თუ ნაჯახს.
უცხო ტომის კაცს ხომ ასწილად ემონებიან!
მე რა მაბრაზებს?
ბევრი იყო ჩვენსი პოეტი,
სიყვარულისთვის გაშვერილი ხელით რომ მოკვდა!
ხოლო თვალივში ყოფნის ამბავს მე სხვა რამის გამო ვიხსენებ...
დუქანში ჯდომა ჩემი საქმე რომ არ არის, შენც კარგად იცი.
განა ძუნწი ვარ!
ყველას თავისი სტიქია აქვს, თავისი საქმე:
ბესომ უნდა მიგიპატიჟოს, არუთინამ მოგატყუოს, ხოლო მე ვწერო.
წყალი თავის ბოლოსაკენ ხომ არასოდეს გაიყურება?
ლამაზი ვარო?.. უშნო ვარო?.. როგორი ვარ?.. - არ გაიფიქრებს!
ასეთია ალბათ პოეტიც,
მერცხალას შევხვდი და რაკიღა წყალი ვახსენე,
ბარემ სხვას აღარ გავეკიდები.
წყალს გააჩნია სინდისის ქენჯნა? - მერცხალას არა!
მთვრალი იყო, გონთ გადასული...
დაწესებულად, როგორც სხვები, ეგ ვერ იცხოვრებს,
რომ მოხდებოდეს და ვიღაცა რომ შეიძლებდეს
მაგის ცხოვრების დალაგებას უჩუმარ ღამით,
გაიღვიძებდა და თავიდან კვლავ აანგრევდა.
სუყველაზე იტყვის კაცი - ვის რა უნდა,
მაგას რა უნდა - თავის დღეში დაუდეგარს - არავინ იცის.
ამ ჩვენს მხარეში, რაც ჩივილითა და არზებით ვერავინ შესძლო,
მაგან შესძლო ერთი კაფიით,
რადგანაც ისეთ ქალთან დაწვა იმ თავის ლექსში,
ცხრა ღონიერი ძმა რომ ჰყავს და მეათე - ქმარი.
ისე გალახეს, რომ მთელ ზამთარს ლოგინში იდო,
მაგრამ პირველი თოვლის წვეთი კრამიტს რომ მოსწყდა
და მზის სახვედრად საჩიხში რომ გამოიტანეს,
მასინ მერცხალამ დაიმღერა ისეთი ლექსი,
რომ სიკვდილითაც ვეღარაფერს ვერ დააკლებდნენ.
უკანონოდ დაბადებულზე დედისერთას იტყვიან განა?
თუ იტყვიან - დედისერთაა!
მთელი თემი შეიყარა საბჭობად და საქმის სარჩევად
და დაადგინეს, კვლავ მერცხალას ხელის მხლებლისთვის
გაუგონარი ბეგარა და სირცხვილის დება.
\"რაღა დროს შენი ალუდა და მუცალიაო!\"
იმას არ ესმის, თუ მე უკან რად ვიყურები,
ამისთვის აღაც თემი არის, აღარც გმირობა,
მაგან პირველმა გამოიცნო ქვეყნის ზნის შეცვლა,
მაგან პირველმა თქვა ახალ ზნის სატყვისი ლექსი...
ეგ ისე მღერის, როგორც ჩიტი - არც წაშლის და არც გაიაზრებს,
ისე ცხოვრობს, როგორც ერთი ღამის პეპელა...
რამდენ ფორმას ვეგუებით ჩვენ - ბუნებაში,
პოეტმა კი ისე უნდა წეროს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ!
ჩვენ გვღუპავენ გახსენებები -
გახსენებები მომავლისა, მისკენ ყურება.
- გავალთ ნეტავი იმ ბოგირსო - იმასა ვფიქრობთ,
ის ბოგირი კი ან არის და... ანდა წყლისგან წაღებულია,
ან ვიღაცამ, ჩვენზე მძლავრმა, ზედ გადიარა,
აშალა და ზურგით წაიღო.

study


Last edited by Admin on Wed Feb 23, 2011 9:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 7:28 pm




ეგ მუდამ ერთზე მეტია

ისეთი კალთააკრეფით
წავიდა ნისლი ხევისკენ,
ხეებს დაუჩნდათ წვივები
და მე მეგონა ვეღირსე
მაღალ წვივებში ხეტიალს...
ვინც დამინახა, შეშურდა —
უბირს ყოველთვის ბედი აქვს!..
ან ძროხის მწყემსი იქნება,
ან ვინმე შარახვეტია...
მე რომ ვიყავი, ისა თქვეს,
ეგ მუდამ ერთზე მეტია
!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 8:17 pm

ეს გაზაფხული

ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე,
რაკი შენ გსურდა,
რაკი შენ ბრძანე
და რაკი ზამთრით
გადაიღალე,
ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე.
სხვამ სხვა წაიღო,
მე მერგო მწვანე,
ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე.
ვიხმარე ხერხი
და გადმოვხარე,
ვიძალე ძალით
და გადმოვძალე,
ყოველი ფერით
გადმოვითვალე,
ყველა ყვავილით
გადმოვიშალე,
ყოველი წვეთით
გადმოვიცალე,
ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე.
ბევრი ვიბრძოლე,
ბევრი ვიწვალე,
მიშალეს, მაგრამ
არ დავიშალე,
ჩემი ცრემლებით
გზები ვუმშრალე,
ეს გაზაფხული
მე მოვიყვანე.
და ახლა ორნივ
შენს წინა ვდგავართ,
– იმას ჩავიდენთ,
რასაც გვიბრძანებ
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sat Dec 13, 2008 8:29 pm

ო, რომ შემეძლოს
კვლავ მარტო ვიყო...
რატომ გავავსე
ეს კედლები ამ სახეებით!
ჩემს სახლში კი ვარ,
მაგრამ ვგრძნობ, რომ
პატრონი არ ვარ.

*
და თითქოს ცასაც კი სიამოვნებს
დაქანცული რომ მიეგდება...

დაღლილები რომ მივეყრებით
და მოვისვრით ხელ-ფეხს ოთხივ მხრივ
და ძილით რომ დავილურსმებით!..

*
როცა მარტო ხარ,
სულ მარტო ხარ,
მაგიდასთან ზიხარ შენთვის
და ლუკმას ღეჭავ,
რატომ გგონია,
რომ ვიღაცა გავიდა შენგან,
რომ ოდესღაც ორნი იყავით...

*
ყველაფერი ასე დასრულდა:
როგორც იქნა მოვუყარე თავი სუყველას
და შევყარე
გაუქმებული ფერმის საბძელში.
გასაღები ხელში მიჭირავს:
ახლა ერთიც მსურს ვივაჟკაცო
და გადავტყორცნო
იგი ისე შორს,
რომ გავიგონო
დავიწყების ფსკერის წკარუნი.

*
ბედნიერების წამო,
რა ვქნა,
როგორ გიხელთო,
როგორ გაქციო საუკუნედ,
ჩემს სახლში როგორ დაგაბერო?!

*
გულახდილები რომ ხართ ხოლმე,
არ დაგავიწყდეთ,
ერთ ნიჩაბს რომ ამოიღებთ და გულს დაუჩენთ,
მეორეთი მსწრაფლ ამოავსეთ.

*
ხანდახან ჩემს თავზე ვამბობ:
უყურეთ, ჩადის!
_ კაცი მისი ფეხის ხმა არის.

*
როგორ არ უნდოდა ,
რომ ცხოვრება
ასე მკაცრი ყოფილიყო
იმის მიმართაც,
მას ხომ ასე ძლიერ უყვარდა
სიმშვიდე და ზომიერება.

*
ო, როგორ მინდა გავექცე ყველას,
ვისაც შეუძლია,
ძველი სიტყვები მითხრას ისევ.
აქ ცხოვრებას არავინ არ იწყებს თავიდან?!

*
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან
ჩემეული თითო ნიღაბი,
ზოგან ვაჟკაცის,
ზოგან ლოთის
და ზოგანც ლაჩრის,
ხოლო მე თვოთონ
ყველასათვის უცნობი დავრჩი.

*
სიტყვები...
ყალბი და მატყუარები,
თავის ნებაზე რომ დაათრევენ
ჩვენს აზრს და ფიქრებს,
სიტყვები,
რომლებიც იმათ ჰქვია,
რაც ჩვენ უკვე მოვიწყინეთ
და რაც გულმა გადაიყვარა.
სიტყვები...
რათა ერთხელ კიდევ ვთქვათ
ის, რაც არასდრო




აჰა, დღეს ეს ვიკმაროთ და ვინეტაროთ ამითი! მე მეიმდენედ ვკითხულობ "და აი, მე ვიყიდე ქვეყანა"ს შიგ ვარ დღეს.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 11:50 am

შუბლს თუ დაუდაფნავ, ტკივილს დაუკარგავს!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 12:56 pm

მომავლის ვარდებისთვის...

- სად მიდიხარ, მკითხავენ, დილა-გათენებისთვის,
მე კიდევ უფრო მიკვირს მათი გაკვირვებისთვის,
გეთხოვები, ყოველო - განა დავიწყებისთვის,
განა დამდურებისთვის, განა დანანებისთვის,
განა სადმე გაქცევის, წასვლა - გადაგებისთვის,
რამაც მკლა და მახარა, განა იმეებისთვის,
განა ვერდანახვისთვის, განა ვერმიწვდენისთვის,
განა უარყოფისთვის, კლდეზე გადაგდებისთვის,
ნაკლის მოცილებისთვის, ახალ სათნოებისთვის,
განა დიდებისათვის, დაფნის გვირგვინებისთვის,
განა სატრფოობისთვის, აწ მომავალ წლებისთვის,
განა შეთამამებად ქარვისფერი მსხლებისთვის...
გეთხოვები, ყოველო, დარდით დაშორებისთვის...
ამ ცრუ ალერსებისთვის, ამ ცრუ ქადაგებისთვის...
აწ წავიდე სიმღერით, საკვდომად სახელისთვის,
შენი ამაღლებისთვის, შენი განდიდებისთვის,
ერთად - გაზაფხულისთვის და ერთად - ზამთრებისთვის,
ერთად - სიხარულისთვის და ერთად - დარდებისთვის,
უსიტყვო ლექსებისთვის, უხმო სტრიქონებისთვის,
გეთხოვები, შენთან ვარ, ვერ გავხდები სხვებისთვის,
დაფითა და ნაღარით, მომავლის ვარდებისთვის,
მომავლის ვარდებისთვის, მომავლის ვარდებისთვის
...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:37 pm

ვიღაცა დადის ქალაქში ისეთი
(ცალ-ცალი ფეხსაცმლით - იდეისათვს)
რომელმაც თავისი
მრავალი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგ
აღმოაჩინა,
რომ ცხოვრება და ფიქრი ერთად
ისეთივე უადგილო შეთანხმებაა,
როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი,
ისეთივე ბავშვური თამაში,
როგორც ერთმანეთს წააჩხუბო შენივ ხელები
და ისევ შეუძლებელი,
როგორც უკან შემოქცევა
ღრმა უფსკრულზე გადახტომისას.
რადგან ორი წამი არის - ცხოვრება
და გადახტომაც
და ცხოვრება და ფიქრი - ერთად
ლაბირინთში საბოლოოდ გამოკეტვაა.
როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი
ფიანდაზებსაც ოღროჩოღრო გზად გადააქცევს.

თუმცაკი კაცი მავალია ცალ-ცალი წყვილით:
ცალ-ცალი აზრით, ცალ_ცალი ტვინით,
ცალ_ცალი მოსავს ხორცი და სული,
ცალ_ცალი არის დედასთან, ცოლთან
და მხოლოდ ცალ_ცალი ფეხსაცმელი გაუხდია თვალში საცემი.

მაგრამ თუკი შენ მტკიცედ გჯერა,
თუკი იხილე,
რომ ფიქრის მიღმა არის - ფიქრი
და ცხოვრების მიღმა - ცხოვრება,
სადაც ეს ორი აღარ არის დროის შემყურე
და თუ შენ იმათ, იმ ამაო ფიქრს
და ცხოვრებას
უეცრად კარი მიუხურე და გაეცალე -
თუმც უცებ თვალხელილმა შენმა სხეულმა,
ძალმიცემულმა თავხედობით კი არა,
რწმენით,
კლდეს მიჯაჭვული ამირანის მსგავსად კი არა,
ამპარტავნობით შეპყრობილი
ყინულიანმა ლაბირინთმა რომ შეიწირა -
კარის მშვიდი მიცოცებით დასვი წერტილი.
რადგან:
ცხოვრებისთვის დედისტირება
მუდამ იის ზურგსუკან ხდება
ხოლო ფიქრსა და ცხოვრებას ვერასოდეს ვერ მოიპოვებ,
თუ არა ხარ თავისუფალი.
თანაც ეს პოვნა ისე კი არ შეგერგება,
რომ ჩაიკრა და მიითვისო,
ის იქნება ისეთივე უცნობი და მოულოდნელი,
როგორც ქვაზე ფეხისწამოკვრა...
განათდება და გაქრება და ტყუილად დაელოდები

რადგან:
თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს,
ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს,
ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი...
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:38 pm

მე ვინ მიყვარდა?
არა, არავინ
მე ვის ვუყვარდი?
არა, არავის
აი, ეს არის
ჩემთვის ყველაზე
სევდის მომგვრელი და
შემზარავი
მაგრამ იქნება ვინმეს ვუყვარდი,
მაგრამ იქნება მიყვარდა ვინმე,
და ერთურთს პირზე
ხელს ვაფარებდით
და სიყვარული
არ ვათქმევინეთ....
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:39 pm

მკვდრების სიმღერა


როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:40 pm

სირცხვილის შემდეგ


I

რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?

შენი კალთა ფოთლებით ივსება,
ხოლო მე კი თავს გუბეში ვრგავ.
ქუჩაში გდია მკვდარი,
ქარი ახურავს საბანს...

როცა მე გავჩნდი,
მთვარემ თმები ჩამოიშალა,
ხოლო ქალწულმა ვარსკვავებმა ტუჩზე იკბინეს,
ბებიაქალი ამტკიცებდა -- დაიბადაო!
შენ არ იყავი იქ, მარიამ,
შენ არ დაგბრალდეს,
მე ქუჩაში მანქანა გამსრესს.

ესაა ქალაქი,
სადაც ადამიანს სასო წარეკვეთება საყელოს შეკვრისას,
რადგანაც უნდა გამოვიდეს დილის ქუჩაში,
გამოეთხოვოს სიმარტოვეს,
ღამით ნათბილარს,
და ყელწაგდებით შეჰღაღადოს:
-- გამარჯობა, დღევ,
მე კვლავ ხელცარიელი ვდგავარ შენს წინაშე,
ნუ მიმცემ კაცთა დასაჭმელად,
ნუ დამტანჯავ მოუპოვრობით!

სერზე დამრჩალი მგელიც განა ასე ყმუილით
არ იფარავს ხოლმე მთვარეს დღის სინათლისგან?
ეხვეწება -- ნუ წახვალო,
ვით თავის მკერდზე გამთბარ სატრფოს.

მაგრამ წავიდა...
დღე წავიდა,
ღამე წავიდა,
სატრფო წავიდა
და ცხოვრებამაც
წარმავალ გრძნობების ხეივნებით
ჩაიარა, წავიდა.

და შენ დაგავიწყდი მე, მარიამ,
თითქოს რაიმე სიჩქარეში დაგრჩი სადმე და ვერ იხსენებ,
თითქოს სხვაგან გემყუდროვა
და აღარ გსურს ჩემი ხსენებით პირი იმწარო,
თითქოს ასეთი დიდი იყოს
ჩვენი ქალაქი.


II

ყველაფერს ახსოვს ჩემი მისამართი --
ამ მიწის სურვილს,
შიშის ელდას,
მოვალეობას,
და მხოლოდ ერთმა -- სიყვარულმა
ვერ გაიგნო გზა ჩემს სახლამდის.
მეც არა ვცდილობ
გავეგებო და წინ დავუხვდე,
რადგანაც უკვე მივეჩვიე,
რომ ყველაფერი, რასაც უნდა ჩემი სისხლი, თვითონ მპოულობს.
ფანჯრები ღია მაქვს, კარებები ჩამოგლეჯილი
და ორპირ ქარში ვშრები, როგორც
თიხის ქანდაკი.


III

ვაშლი რომ ყუნწს მოშორდება,
რას გაიფიქრებს?

როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის
და შემიძლია გავარკვიო ჩემი პალტოს საყელოთიც,
ხის კენწეროთიც.
როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მას შეუძლია
მე ქაღალდის ნახევთან ერთად
შემაგდოს უცხო სადარბაზოში,
რათა ვიხილო ქალი -- ზევით,
სადაც კიბე უჩინარდება.

როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მაგრამ საიდან მოგელოდო შენ,
ჩემო ტკბილო, უნახავო, უფერებელო
და ტყუპისცალო!
-- ფუი, შენ!
ვასწრებ ვუთხრა ჩემს თავს ყველა სარკეში
და ვშორდები ამ წუთისოფელს.


IV

ნეტვი როდის დამინახე,
როდის მოცდა შენი მზერა,
შენი თვალები?
საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი,
მწვანე მოლის სარკეში მნახე?
გზაჯვარედინზე
სიგარეტს რომ ვუკიდებდი
მანქანების გამოჯავრებით,
მაშინა მნახე?
მოწამლულმა და სიცხიანმა
უცხო მხარეში
თვალები რომ დავხუჭე და სიკვდილს დავნებდი,
შენ მითხარი, ”გაახილაო”?
მთვრალს რომ გამარტყეს და გაიქცნენ, შენ ამაყენე?
სირცხვილის შემდეგ რომ დავწვები მე ჩემს ლოგინში
და ეკალასხმულ ბალიშზე რომ თავს ვერ ვაჩერებ,
გარიჟრაჟზე შენ მეუბნები --
”დაიძინე, ჩემო შვილო, დაიღალეო”?
შენ აგროვებ შენს კალთაში ჩემს საწყალ ცრემლებს,
რომელთაც მე გზადაგზა ვაბნევ,
აგროვებ, რათა გეში არვინ აიღოს ჩემზე?
მზეს შენ მაყვარებ?
შენი არის დღე, ღამისგან დანაბარები?

ჩემს სიზმრებში
ხანდახან ქალი თუ შემოყოფს
თავის გრძნეულ ფეხს,
მას შენ აქეზებ?

რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:42 pm

მე თვითონ აქეთ მაკვირვებენ, ვინც მე მიკვირვებს:
- რა ძალითო, შენ, ერთმა კაცმა?
ორად და ათად იმიტომ ვარ გაყოფილი, რომ გავნადგურდე.
თუ არ გესმით, მაშინ გეტყვით:
შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიანიშნო?

ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არ აქვს... ამიტომაც მაეჭვებენ გარეთ-მოვაჭრენი,
მგონია, რომ გზას რისხვით იწყებენ...
რისხვა ისეთი სამოსია, კაცს უთუოდ უნდა უხდებოდეს,
მაგალითად, მოხუცს რისხვა არ შეშვენის,
მის ხელში რისხვა ემსგავსება სასოწარკვეთას.


არც დროში მიცხოვრია და არც ქვეყანაში,
ვიცხოვრე სასჯელში.


მთვარიანი ღამე იყო და დავეგდე, აღარ მახსოვს, ქუჩქა იყო, მინდორი იყო?
ჩემი იყო ყველაფერი, რა მადარდებდა.
და პირველად ავხედე ზეცას:
სხვა ყოფილა ზეცა თურმე, ვალს რომ მოიხდი.
ქუთუთოებს თვითონ გიხუჭავს,
თვითონ გაძინებს,
გალობა კი შენიდან გესმის.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:43 pm

და, ჰა,
ყოველთვის,
როცა ცხოვრებას
ნებისყოფიან მზერას მივაპყრობ
და დავაპირებ,
რომ ვაქციო
სიღარიბე ჩემი -
სიმდიდრედ,
ხოლო სიმხდალე - ვაჟკაცობად...
მაშინვე მოდის მოჩვენება
საწყალ,
ავადმყოფ
და შემცივნულ გოგონასი... და მეუბნება:
"მე,
უთვალავი წელი არის,
რაც თავი მახსოვს,
სულ ასე ვარ
და ყველა, ვინც კი
შენებრ საბრძოლად შემართულა,
მე მადგამ ხოლმე ფეხს
თავის გზაზე!"
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:46 pm

ხეიბარი თოჯინა


............................................ უქამად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
........................................... უქმად საფლავში სწვებითა.
........................................... ... ვაჟა ფშაველა


I

დილავ,
მთელი ღამის გემო შენშია,
შენს ენაზეა გამოფენილი.

კვლავ გაიღვიძა ალემ, ალექსანდრემ, კვლავ გაიღვიძა.
ეს მერამდენედ? ნეტავი ვის რად აინტერესებს
ან რა ფასი აქვს დღეის გარდა სხვა გაღვიძებებს:
”გავიღვიძე და ფანჯარაში, ვხედავ, თოვლია”.
”გავიღვიძე და დედაჩემი ჩამოსულიყო”.
სისულელეა, რადგან არც ერთ სხვა გაღვიძებას
ძალა არ შესწევს მიეშველოს ჩვენს ამ უსუსურ,
ჩვენს დღევანდელ თვალის ახელას,
ვერ შეეწევა საკუთარი გამოცდილებით
და ვერც გვერდში ამოუდგება, ვით უფროსი ძმა,
რომ მხარზე ხელის დაკვრით უთხრას, ”ნუ გეშინია!”
ის მარტო არის, მარტოდმარტო ოკეანის წინ
და სურს თუ არა, უნდა შეტოპოს.

”ჰღვიძავს!” –
შემოკრეს ფრთა ფრთას ფრთოსნებმა
და გაფრინდნენ ოთხივე მხარეს,
მაგრამ საწყლებს არ ელოდათ სამახარობლო,
რადგან, პირიქით, დამბეზღებლის როლში აღმოჩნდნენ.
”ვინ გაიღვიძა, ნეტარებო?” –
როგორც უწყინარ ტყუილისთვის
ჰკითხეს ჩიტებს იქ,
სადაც უცხო სტუმრის მოსვლას
ჰაერის ფერის შეცვლაზე გრძნობენ.

”გაიღვიძა ა დ ა მ ი ა ნ მ ა!”

”ოჰ, თქვენ ამ სიტყვას
სისხლუნახავ ნისკარტებით ისე წარმოთქვამთ,
თითქოს მართლა რაღაც მოხდაო,
ლამპას ცოტა დაუწიეთ,
ავადმყოფს ასე ურჩევნია”.

და გაიღვიძა კიდევ ერთმა ადამიანმა,
კიდევ ერთი ტორი შეირხა
და გაფრინდა, შეემატა სამყაროს შვილი,
რომ საღამოთი კვლავ აქ დაბრუნდეს
და დაიბერტყოს მტვრიანი მხრები.
და მანამ, სანამ ნახტომისკან ირხევა ტოტი,
ღამე ცერად აცილებს ლტოლვილს --
წაუვიდა ბადეს კალმახი!


II

კვლავ გაიღვიძა, კვლავ გაიღვიძა,
არც უფრო ადრე, არც უფრო გვიან
და მეიმდენედ, რომ კიდევაც დაოსტატდა გაღვიძებაში.

თვალნი უეცრად აახილა,
მტერს გადაუხტა ვაჟკაცურად,
მაგრამ რა...
დასანგრებული იო ყველა,
ყველაფერი ისე იყო, როგორც წესია:
ცოლს და გოგონას მშვიდად ეძინათ,
ხოლო დედა სამზარეულოში ჩხაკუნობდა,
როგორც კაკალს აგორებს ხოლმე ბერი თაგვი ტახტის კუნჭულში.
მაგრამ ამაზე ჩუ!
არსად არ წამოგცდეს, ალე!
ის იქ ისეა, ვით მლოცველი ეკლესიაში,
დილის მუსიკას ჩუმად უსმენს,
რომ გულში არვინ დააყვედროს სიამოვნება.
საგნები მალაყს გადადიან
გაღვიძებულის თვალთა გუგებში --
გუბის დანახვით ფრთაშესხმული ბაყაყებივით.

გამოაპარა ჯერ თვალები საცეცებივით,
მიმოიხედა. რას ელოდა, თოვლს თუ გაზაფხულს?
არაფერია! ყველაფერი ძგერს ძველებურად,
ბავშვსაც ღრმად სძინავს,
ვით წყლის ფსკერზე ქვას დაბუდებულს,
ცოლი კი იცვამს.

ქალის დილის ტუალეტი -- ეს კლასიკაა,
ძველისძველი და უცვლელი, როგორც ქვეყანა,
და თუმც ეპოქებს თან მოჰქონდათ რაღაც სიახლე,
ძირითადი მუდამ რჩებოდა:
რომ ეს დაფარვა კი არ არის --
ეს შემოსვაა,
და გართობა კი არ არის --
არამედ საქმე
და ბრძოლას ისევ გვირჩევნია დამორჩილება.

შეხედეთ, პოზა:
როცა იგი წინდებს იმაგრებს.
ყოველთვის, სადაც კი შეხვდებით ამ გრძნეულ პოზას,
სულერთი არის, სახლში თუ ”სხვაგან”,
იამაყეთ და ნუ შეგრცხვებათ,
რადგან უმზერთ ძველთაძველ რიტმს,
ძველ მოძრაობას.

თვალი დააცხრეთ ამ რიტუალს, ისე დააცხრეთ,
თითქოს კვდებით და ეს სურათი თან მიგაქვთ საგზლად.
ხომ რაღაც უნდა გავიყოლოთ იმ ქვეყანაში,
ან ცის ნაჭერი, ან წყლის ყლუპი, ან ხის კენწერო,
მიწაზე ყოფნის მოგონებად თან რომ გაგვყვება.

როგორც ჭირხლი დილის ფანჯრებზე,
ისე არის ვერცხლი გაცრილი მის ბიუსტჰალტერზე
და ბანდაჟით აწურულია.
საოცრებაა, ამნაირი აღკაზმულობით
იგი ისე ჰგავს ცირკის წესზე დარახტულ ცხენებს,
თითქოს ერთი იმათგანი შენს წინ იდგესო.
მსგავსება? -- ღმერთო,
კაცი თვითონ უნდა ბადებდეს
თავისივე ცოლს,
რათა იგი ქმარსა ჰგავდეს
და არა ვიღაც უცხო მოხუცებს.

თითქოს ეს დილა კი არ იყოს,
ჩიტების შრომით, ნაგვის მანქანის საყვირებით გათენებული,
და თითქოს ეს ორშაბათი კი არ იყოს,
შაბათ-კვირას რომ მოჰყვება,
როცა ჩვენნაირი კაცი ისვენებს,
თითქოს ეს იყოს რომელიმე ხუთშაბათი ან პარასკევი,
დღე -- დილიდანვე დაღამებული,
ხართაშვების დრო,
სამუშაოს დამთავრების დრო,
ქარით სავსე მუცლების ლტოლვა...
მაგრამ ეს დილაა, ყველას ჯიბრზე, და ორშაბათიც,
ზარების რეკვაც, ჩიტთა ჭიკჭიკიც.

და გაიღვიძა ალემ, ალექსანდრემ,
თითქოს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მტერს დანებდაო.
გადააბიჯა უცნობის ღობეს.
გული რადა აქვს შეშინებული?
ცოლი და დედა, შვილი და ყველა
და ყვე;აფერი ძგერს ძველებურად,
წესრიგია მის წყნარ ოჯახში.

მაგრამ სიზმრები?
სიზმრები ხომ უნდა აცხადდეს!



(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:47 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ზ ე ლ ე ბ ა )


III

რა გვეკუთვნის ჩვენ? იქნებ ეს წამი,
წამი ძილსა და ღვიძილს შუა,
მიჭყლეტილი ამ უდიდეს მოვლენებს შორის,
რომელსაც არვინ უმღეროდა, არვის ახსოვდა.
ეს წამი -- ვიდრე გავიღვიძებთ,
როცა არ გვძინავს.
ვიდრე ახლო საგნები და შორი ცნებები,
ვიდრე ეს სამყარო, ვიდრე ეს ცხოვრება,
თითო-თითოდ და ჯგუფ-ჯგუფად,
წესრიგით თუ აურზაურით
არ შემოვა ჩვენში, არ შემოცვივდება!
რა გვეკუთვნის ჩვენ? იქნებ ეს წამი,
ეს წამი ძილსა და ღვიძილს შუა,
როგორც ორ მტრულ სახელმწიფოს შორის -- ედემი.

მერე კი დილაა --
ვარდი ზღვის ტალღაზე!
ღამის მიტოვებულს
ხელში დღე ჩაგვიგდებს
და ჩვენ დაგვემართება ის,
რაც იმ მსხვერპლს, რომელიც
ერთმა მტაცებელმა მეორეს წაგლიჯა.
მერე გაიტკეპნება
გზა, ჩვენზე სავალი,
და მობოდიშებით
თუ გაუფრთხილებლობით
ჩვენში შემოაბიჯებს თვითონ ის -- ცხოვრება.
შეიძლება მოხდეს, რომ საშინელებებმა
დაიცვან თავიანთი ცრუ იერარქია,
ანდა შეიძლება, რომ უცბად, თავიდანვე,
მთავარი ინკვიზიტორი დაგვადგეს თავზე!

სასაცილოა,
სასაცილოა ჩემი ლოდინი,
როს ყველაფერი უკვე დაწინდული და დაკავშირებულია,
როცა ყველანი შეჯგუფულან ცალკე, ცალ-ცალკე
და მე მათ შორის მივდი-მოვდივარ,
როგორც მელა მონადირეებით გადავსებულ კომორებს შორის
და არავინ არ მიმიკარებს.
მე კი ვდგავარ და ვიმეორებ ჩემს იერიშებს,
ვიმეორებ კვლავ ჯიუტად და ერთფეროვნად.

სასაცილოა,
ასჯერ უფრო სასაცილოა,
როცა ამ ცის ქვეშ არაფერი შენ არ გეკუთვნის
და მაინც მასვე იმეორებ კიდევ და კიდევ
და ისევ ცდილობ, შეეგუო, დაუკავშირდე,
დაეწინდო, დაუახლოვდე
და ამავე დროს მწარედ გრძნობდე,
რომ არაფერი, არაფერი არ შეგიცვლის ქვეყნად არაფერს.
ეს ჟესტი მათთვის ნაცნობია,
ვინც ბავშვობიდან არ შეეთვისა, მერე ისწავლა
ეს ჟესტი სრული თანხმობისა.

გახსოვდეს, ძილიც სიკვდილისაა,
მისი წვეთია, მისი თმის ღერი.
ადექი, ალე! იქვემეხე, იალექსანდრე!
ცხენის ჭიხვინზე გაღვიძებულო,
ხელით ხმლის ვადის მომსინჯველო!
ძილ-ბურანიდან გამოჰყავს დილას ლურჯი კარვები,
როგორც შენს სულს, ძლიერს, ღონიერს.
ადექი, მკვრივო, ხალისიანო,
მხიარულო -- რომ კვლავ გელის ბრძოლით სიცოცხლე,
ადექი, გადი, დაანახე სამყაროს თავი!
ღამის ნავლწაყრილ ნაკვერცხლებივით
აგიბრიალებს თვალებს ნიავი
და გუშინდელ დღის ფერფლსაც წაიღებს.

ადგებოდა,
მაშ ლოგინში ხომ არ შეირცხვენდა თავს
ალექსანდრე!

...და როცა ღმერთმა დაასრულა ამბის მოყოლა, დასძინა ბოლოს:
ადამიანები იმდაგვარად ცხოვრობდნენ მუდამ,
თითქოს ისინი მე შემექმნას არა თიხისგან,
არამედ ქვისგან და რკინისგან, ანდა -- ქარისგან.
მყიფენი ხართ, მყიფენი ხართ და მტვრევადები.
მე ახლაც მახსოვს, როგორ ფრთხილად დავდგი მიწაზე
სულ პირველი კაცის მოდელი.
ავადმყოფი რომ იტყვის ხოლმე ”საიდანღაც ქრის”,
ისე მიკვირს და ვერ მივმხვდარვარ,
საიდან არის თქვენში სული თავის თავზე აღმატებისა,
რა თესლი ანდა რა მარცვალი შემყვა, ნეტავ, მე იმ თიხაში,
რომ თქვენს თავს ვეღარ ყაბულდებით!
მომაბეზრეთ ჩემი მთიდან ძირს გადმოხედვა,
წამდაუწუმ ვიღაც მოსდევს მის ხრიოკ კალთებს,
დინჯად მოხოხავს, თუმცა გზადაგზა
ქაცვებზე ტოვებს სულის ხორცებს, იმის ნაძონძებს.
მათ მაღლა უნდათ, ჩემთან უნდათ,
მე კი თვით მინდა, რომ იმათი მეხარბებოდეს!



(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:47 pm

ხეიბარი თოჯინა
(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა)


IV

დილაა. მარტი. თებერვალი.
პიკის საათი. ჟინჟღლი. ხმაური.

ასეთ ამინდში
ყველაფერს, რასაც დაინახავ, ამაოება ზედ აკერია.

ეს ქალაქგარეთი არ გახლავთ,
არც ცენტრია -- შუაგული მზე,
ეს ისეთი რაიონია,
სადაც კაცი, თუ მუშა არაა, მოსამსახურეა.
აბრა დაწესებულების, როგორც შავი ღრუბელი, ეფარება ცას
და დღეები მიდიან ულაჟვარდოთ, მოწყენით.

ყელეჟვნიანი ტრამვაი გარბის.

გაჩერებასთან დედა-შვილი,
ორივ ლამაზი, ახალგაზრდა,
ორივ ქალი, ფურ-დეკეული,
ერთმანეთს ეკვრიან,
როგორც ორი ფოთოლი ქარში.
”რაც ეს მარტი დაიწყო, არ გამოსულა ერთი კარგი დღე”.
გამოუცნობია ამათი ლტოლვა,
ერთმანეთში რომ მიიწევენ,
თითქოს უნდათ გაიხსენონ,
თითქოს ვერა და ვერ დაუვიწყნიათ,
რომ ოდესღაც ერთ სხეულ იყვნენ.
ორი ფური სიცივეში...
ცივ-ცივ მუხლებს უხათქუნებენ.
ასევე სცივათ ტინებს წყალში,
ასე სცივათ წისქვილის ბოძებს, ფშანში ჩასობილთ.
ვინ შეუძღვება ამათ ჩემს ბაკში,
სინ, ვინ იქმს ამას --
რომ გამოვხედო და დავინახო
ხარიხების წინ თავდახრილები.
გავალ, გავიქცევი, ხარიხებს გადმოვყრი,
ერთზე, რომელსაც იქვე დავტოვებ,
ფეხებს ლამაზად გადმოიტანენ,
ყველაფერს მიხედავენ, უმალ გაათბობენ
ჩემი სახლის წინაეზოს.
ჩემი სახლის ქვებს შეაჟრჟოლებს,
როგორც მიწაში გადაჩვეულებს.

საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობა,
რომელიმე დიდი ერის შვილი მსურს ვიყო,
რომ ერთი სიტყვით გავაგებინო ყველას ვინცა ვარ.
Mon Dieu -- რამდენჯერ წარმოთქმულა ეს სიტყვა, ღმერთო,
რამდენი ტყუილი, რამდენი მართალი,
რამდენი აუხდენელი ოცნება!

Mon Dieu –
არა როგორც მასა, როგორც გუნდა,
ისე კი არ ამოუღიათ,
ორი თითით ამოძიძგნეს,
ცოტა ხანს ჰაერზე გააცერეს, გააშრეს
და მერე, წკაპ --
ცხელ ტაფაზე ცხვი!
და შემდეგ თვალებდახუჭულებმა,
რომ არ დამახსოვრებოდათ, თუ რა ადგილას
და იქ გავლისას სინდისი არ დაწვოდათ მერე
და, როგორც ნემსი საღილეში,
მოგონებებში იმგვარად არ ამოსჩენოდათ --
მოისროლეს და გაეცალნენ, უცებ გაშორდნენ,
რომ შემდეგ წყალში ტყაპანის ხმამ
სუროსავით, სუროს ფოთლის ბიბილოსავით
არ შეიხედოს მათ ფანჯარაში
სწორედ ისეთ დროს... მოკლედ,
უდროო დროს. ედროო დროს
არ გაახსენდეთ!

-- აი, ამაში უნდა იყვნენ დაჯერებულნი, დაზღვეულები.
თვითონ ითხოვენ შეწყალებას
კარზე მომდგარი მათხოვრისაგან!

”აღზრდა”?.. ”აღიზარდა”?..
ახლა დაეცა ეს სიტყვა თავზე,
როცა უკვე ფონს გასულია.

იმიტომ კი არა, რომ შეყვარებული ხარ,
იმიტომ, რომ გული გაგიტყდა,
შემოაბრუნე ბუნებისკენ, სახლისკენ პირი!

თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმღერე
და გწამდეს, წმინდა არის თავისთავის სიყვარული,
როცა შენ მარტო ხარ, როცა შენ ცოდო ხარ,
როცა არავინ მოდის.
როცა შენს თავს ხედავ ხან მთაში, ხან ბარში,
ხან ქედზე გადამავალს, ხან მდინარესთან გახდილს,
როცა სხვების დასანახადაც და თავის მოსატყუებლადაც
სახელს არქმევ ამ უმიზნო და ტყუილ ხეტიალს,
რომელსაც ბუნებაში არაფერი ჰქვია
და ამიტომ ვიღაც შორიდან გეძახის, ”ქარის მპეპლავოო!”
როცა ისღა დაგრჩენია, სული ჩაუდგა მინდორს
და ასეთნაირად შეირთო ცოლი,
ხოლო მეგობრად კი ის კურდღელი იყოლიო,
რომელსაც ამაოდ, ამაოდ ეძახი
და... თუ იმრერებ, ისევ შენს თავზე იმრერე
და გწამდეს, წმინდა არის თავისთავის სიყვარული.

როცა ამ ქალაქში, ამ მილიონიან ქალაქში
ტყუილად დადიხარ სმენადაცქვეტილი,
არავინ გეძახის არც ერთი ფანჯრიდან,
არავინ გადმოდგება არც ერთი ავინიდან
საათის გუგულივით.
არავინ გაშლის ხელებს შუა ქუჩაში შენს დანახვაზე,
თითქოს შენ აქ დიდხანს, დიდხანს კი არ გეცხოვროს,
არამედ საყიდლებზე ჩამოსული გლეხი იყო,
მაშინ სიბრალულით აგევსება გული
და, თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმრერე
და გწამდეს, წმინდა არის თავისთავის სიყვარული.

ჩემი სასაცილო ქუდი დერეფანში ჰკიდია,
სამი საუკუნეც ეკიდება, რომ დააცალონ,
მე კი აქ ვსველდები.
”უვარგისი ხარ, უვარგისი, უკუღმართი ხარ,
როცა თბილა, მაშინ გახურავს!”
ეს ტრამვაი რომ სულ მიდიოდეს,
თუ ეყოლება მუშტრები ნეტავ?
არცა ჩქარობდეს, არც ჩერდებოდეს,
სულ მიდიოდეს და მიდიოდეს,
მგზავრი კი სკამქვეშ იშრობდეს ფეხებს...


V

უფრო მკაცრ ეპოქაში მონა ვიქნებოდი, კარგიც იქნებოდა.
მე არ დამჭირდებოდა ტვინის ჭყლეტა, გონებისთვის ძალდატანება,
მივყვებოდი წესრიგს და მეცოდინებოდა, რომ მივყვები უმაღლეს ნებას,
რომ მყავს პატრონი, თუნდაც მკაცრი, და ის ფიქრობს ყველას მაგივრად.
აბა რა... მომწყინდა შეშინებული გულით ხეტება,
როგორიც, ალბათ, იმ ბეღურებს თუ ჰქონდათ მხოლოდ,
ჩინელები მუსრს რომ ავლებდნენ.
ახლაც, ყველაფერზე, რაც ირგვლივაა, არსებობს აზრი,
მე ჩემი აზრი არაფერზე არ გამაჩნია
და სწორიცა ვარ, ან რატომ უნდა გავისარჯო,
რად ვაწარმოო თავიდან ის, რაც უკვე არის
და მზადაა, რომ გამომადგეს.
ადრე ეგონათ, რომ არის ღმერთი და იგი ფიქრობს ადამიანზე,
მაგრამ ღმერთი თვითეულზე ხომ ვერ იფიქრებს?
მე და პეტრეს კი საერთო მხოლოდ ხერხეალი გვაქვს.
ან ბედისწერა რაღა არის? მე გამიგია, რომ თავის წერა
კაცს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოეჩვენება
და იქნებ ამდენ მიეთ-მოეთს ისევ ის სჯობდა,
იმ წამისთვის დაგვედარაჯა?
ან იქნებ ესეც, ბედისწერაც, გენები არის
და ამიტომაც ვუჭირივართ ასე, ძაღლივით?
შთამომავლობითობა... მემკვიდრეობა...
რამდენჯერ ვცდილვარ მის გადაწვას და გადაბარვას.
ცალი მხარი -- ერთი უცნობი ბიძის,
მეორე კიდევ -- დედის მხრიდან ვიღაცეების.

ვარდებისთვის კი არ ვიხრები,
პალოებს ვაძრობ.




(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:48 pm

ხეიბარი თოჯინა
(გაგრძელება)

VI

აბა რა არის ორმოცი წლის კაცის ცხობვრება?!
თითქოს უხილავი გიდი აცხადებს:
”ამის შემდეგ პეიზაჟი მკვეთრად იცვლება”.
ხრიოკი კი არა, უფრო უხამსი ეთქმის.
კლასიკოსობის ხანა, სიცარიელეში არეული სიდინჯე,
შეუვალობა -- რომ თავი არ გასცეს,
მზერა კი არა, თვალთვალი,
შიში სიმარტოვის: ან რა გარანტია აქვს,
რომ რომელიმე იდუმალებამ, რომელიმე სიჩუმემ,
რომელიმე ოთახიდან,
კარადასა და კედელს შუა სივრცემ,
ბუჩქებს შორის სიჩუმემ, ხეებს შუა ჩაჭედილმა, ქუჩაში მომდინარემ
უცებ ხორცი არ აისხას და არ მიაჩერდეს შეკითხვის თვალით.
რა უპასუხოს? რა უპასუხოს იმ სიჩუმეს,
რომელიც თურმე მთელი სიცოცხლე აკვირდებოდა?
უნდა მიედგა კარადა და კედელი ერთად?
უნდა ამოევსო ყველა სივრცე, ყველა კუნჭული?
ის ხალხი, ჩვენ რომ დიდ პატივსა ვცემთ,
ამ შეკითხვის შიშით ცხოვრობდნენ.

აბა რა არის ორმოცი წლის კაცის ცხობვრება?!
რაზე იტყვის ”აჰა” – ნიშნად იმისა, რომ შეასრულა,
რომ იბრძოლა, რომ გაიტანა,
ნიშნად იმისა, რომ მიაგნო და ახლა უკვე
რაც გინდა იყოს, ადვილი იქნება.
რაზე იტყვის ”აჰა”,
რომელი აღმართის ათავებაზე,
რომელ მწვერვალზე ჩამოჯდება ღვთაებრივად დაღლილი,
თავადვე გაკვირვებული,
კმაყოფილი,
ლმონიერი ღიმილით
გადაუსვამს ხელს მწვანე ბალახებს და მწვანე დენი
დაუვლის ძარღვებში
და გაახალგაზრდავებს.

რა არის ორმოცი წლის კაცის ცხობვრება?
ახალგაზრდობის უკანასკნელ წრეს უვლის იგი,
ფინიშთან კი ყვავილებით არავინ ელის.
უცდიან საყვედურებით, უცდიან პრეტენზიებით,
უცდიან -- ყველაფერი რომ გაუგეს -- ისე!
იციან, რა ჩიტიც არის,
რა შეუძლია.
ის კი აგვიანებს, აგვიანებს ფინიშამდე,
წელავს თავის წრეს
და ამ ტრაგიკული წამებიდან აკვიდება
ირგვლიბ მანძილს,
და ურგვლივ წარსულდ.
ხედავს შეჯიბრის წინ ოსათელად გამოსულ მშვენიერ ქაკწულებს,
ერთი პირი ტანსაცმელი რომ აცვიათ, თითო ფოთოლი რომ იფარავთ,
ვით სოფლურ კარაქს.
ხედავს ბედნიერ, უცოდნელ სახეებს,
რომლებსაც ჯერ არ შეხებიან ამგვარი კითხვით.
დიახ, ეს არის ახალგაზრდობის უკანასკნელი წრე
და ჯოჯოხეთის პირველი გარსი.

-- აღზრდა?.. ბატონო?
ვერ გავიგე, რას მეუბნებით,
თუ ჩემზე ამბობთ, ჩემთვის უცხოა
თვით ეგ სიტყვაც,
როგორც აფრიკულ ენძელას სუნი.
”აღზრდა... აღიზარდა... აღზრდა მიიღო...
მამამისი შეძლებული გახლდათ...
დედამისი მუსიკის და პოეზიის დიდი მოყვარე...
მათ ოჯახში იკრიბებოდნენ მუსიკოსები, მხატვრები და ასე შემდეგ”...
ზამთრით ჩალაზე დაბმული ცხენი
იონჯით გარბილებულ გორებზე ფიქრობს.

სიჭაბუკევ, ნუთუ,
ნუთუ შენ გკიცხავდი,
როცა შენი ხელობა
სიყვარული იყო!

რა არის ორმოცი წლის კაცის ცხობვრება?...
ძვირად ღირს სიბრძნე სიჭარმაგის, მაგრამ სჯობია
იტო სულელი, მაგრამ იყო თექვსმეტი წლის,
როცა გიყვარდა.

VII

მე ვიყავი თექვსმეტი წლის
და მე მიყვარდა,

ვარსკვლავი ვენერა ხომ გაგიგონიათ,
ჩემი საწოლი სწორედ მის ეინ ედგათ. ბიჭობა
იმ ქალის თვალწინ გამომენასკვა,
ის იყო ჩემი დილა-ვარსკვლავი,
ისა მხედავდა, როცა პირველმა სიყვარული აღმოვაჩინე
და მალამოს მადებდა გულზე,
სულს მიბერავდა.
ეს ამბავი კი,
როგორც ეკადრება ანტიკურობას,
სოფელში მოხდა.
დიახ, მე ვიყავ იმ მხარეში სიყვარულის პირველშემტანი,
მე გამოვუგონე იგი ჩემს ხალხს,
გავაქანე სხვა მხარეს ცხენი!

თოთხმეტი წლისას, გარუჯულსა და ნებიერს,
სოფლელები არ მასვენებდნენ,
მათ ჩემი თმა ძალზე გრძელი ეჩვენებოდათ
და არც იმაზე იტყოდნენ უარს, დღე და ღამე რომ მემუშავა.
მაგრამ მე ძალას ალბათ ღმერთი მანახვინებდა,
რადგან იცოდა -- დადგება წუთი
და მე ყველაზე ბოროტ კაცსაც შევებრალები
და მთხოვს -- ცოტა ხნით ჩამოდიო ცეცხლის წვერიდან.
მე კი დავრჩები ცეცხლის ალზე,
როგორც ბურთი შადრევნის წვერზე -- იმდაგვარად --
ყურებამდე გაცინებული.

მეც მინდა ქალი, განს გამდგარი პურის ძნესავით,
მეც მინდა, ჩემთვის ფანჯრის ფარდა გადაიწიოს:
”მე აქ ვარ, აქ ვარფ, დედამიწა ამოიბურცა,
რომ ჩემს გულთან ამოგიყვანოს”.

მაგრამ მე დედა კი არ მეგრო, მე შვილი შემხვდა...
ქალიშვილი წყნარ ოჯახიდან.
მუსიკით სული რომ განათლოდა
და სინაზე და ზნეობრიობა გამოჰყოლოდა მამის სახლიდან,
როგორც მტრედის ხუნდს ბუდის ჩინჩხარი.

აი, ასეთმა ცამეტი წლის თეთრმა გოგონამ,
როგორც ძაღლთან მივლენ ფრთხილად,
როგორც ნიშში მორიდებით შეიხედავენ,
ვით საოცრებას, შემახო თითი.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, იმ შენახებმა
არა და არ შეიკრა პირი
და იქცა ხვრელად, საიდანაც, როგორც ბუნაგში,
მცურავები შედიან სულში
და ქარებს შეაქვთ მთელი ქვეყნის ალიაქოთი.

ო, როგორ მახსოვს ის მზე,
რომელიც მათ ირღობესთან მეთხოვებოდა
და კიდევ მახსოვს ღობეები...
ჩემი გვერდებით ნალესი და ფერგადაცლილი,
ლურსმნის თავებზე ჩემი თმები, ჩემი ბალანი.
ქუჩებო, ღამის ნათურებო,
აქ შედგგა ჩემი დებიუტი!

მე ვისწრაფვოდი მისკენ, როგორც შმაგი პოეტი უმთავრესი იდეისაკენ,
როგორც მუსიკა მიიჩქარის მთვარ თემისკენ
და გზა-გზა ცდილობს სხვას ყველაფერს სწრაფად გაშორდეს,
ანდა თვალი დაუხუჭოს და მოიშოროს.

გინახავთ ძველი ციხის ნაშალი,
დაყრუებული ქარების ტოშვით
და ადგილ-ადგილ მწვანე მოლი,
თექვსმეტი წლის გოგონას რომ ანსახიერებს,
მაყვლების წრიდან
რომ ვერ გასულა.

დაცლა... ავსება...
ოფლის მარცვლები გვესხა ტანზე,
როგორც ხორბალში ნაბუდარავებს.

რა გავიხსენო? მოგონებებში დროები ისე ირევიან,
რომ სჯობია, სულაც არ ავყვე.
ან გავუმაგრდე? როგორც ხიდის ყველა ფიცარი შეემტკიცება ხოლმე ერთურთს,
როცა ხიდზე ჯოგი გადარბის,
რა მოვიგონო? ჩემს წარსულში არაფერი არ მეგულება
უზადო და შეურყვნელი,
როგორც სასტუმროს დიასახლისმა ვერ იპოვოს სუფთა ზეწარი,
ვერაფერზე ვერ დავიფიცებ.

სიყვარული...
ვერ მივყევი ვერც მას ბოლომდის.
აქაც, როგორც სხვა საქმეებში,
მე არ ვისურვე, იმ გულუბრყვილო ტოტს ვგვანებოდი,
იმაზე მეტი რომ დაისხა, რისი ზიდვაც მის მხრებს შეეძლო,
მე სხვა ვარ, სხვა ვარ,
ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ჩემი ტოტები,
იმდენს ვიკიდებ, რასაც ვერევი
და მრთელი ვდგავარ აღსავლის კართან.



(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:49 pm

ხეიბარი თოჯინა
(გაგრძელება)


VIII

როგორც ომისდროინდელი ფრაზა -- ”სწორედ ჩემს წინ გათავდა პური”,
ყველაფერი ჩემს ეინ დაწინდულია.
აი, ეს უგვანო გოგონაც, ქალაქის ყველა ვიტრინა რომ პირადად იცნობს, ცხვირს ამიბზუებს.

და ალბათ არის რაღაც ანაზღაურება,
როცა ყველანი ყველაფერს აღწევენ, ყველაფერს ისრულებენ,
შენ კი ხარ შენთვის, ბედს მინდობილი
და ყოველი დაწოლის წინ ცოდვებზე ფიქრობ.

არა, არა,
აუცილებლად იქნება
მშვენიერი, უხვი ანაზღაურება...

სხვაზე რას ვიტყვი, როცა მე თვითონ
არ მეჯერება საკუთარი ბედნიერება,
თითქოს არც მომწონს კარგად ყოფნა, ზნეობრივად არ მიმაჩნია.
ხომ არის ქვეყნად სახეები, რომლებისთვისაც
ერთადერთი ჭეშმარიტი და ბუნებრივი --
სულელური გამოხედვაა.

მრავალი სახე --
არცერთი ხატი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:49 pm

ხეიბარი თოჯინა
(გაგრძელება)


IX

თითქოს რაღაც მდინარეს ვეძებ
ჩემს მახსოვრობაში,
რომლის ნაპირებზეც
ბედნიერი ვიყავ.
ჭალებფხვიერს, ბექებფხვიერს,
სადაც ყველაფერი უხვად იყო
რომ კაცს მიწაზე ეგრძნო თავი:
ძეძვები -- თვალის სიფხიზლისათვის,
ველები -- რათა დაგევიწყა სუყველაფერი,
დაწოლილიყავ ყვავილებით მოკენჭილ ველზე
და წანწკატას გამოჩენაზე
გულში გეფიქრა:
”მე და ცას
ეს ჩიტი გვაერთებს”.
თითქოს რაღაც მდინარეს ვეძებ ჩემს მახსოვრობაში,
რომლის ნაპირებზეც ბედნიერი ვიყავ,
სადაც პალოებს კი არ ვაძრობდი, თეთრ ვარდებს ვკრეფდი.
ვეძებ და როცა გავიფიქრებ -- ვიპოვნე-მეთქი,
თვალწინ მიქრება, როგორც ძაფი,
ძალაგამოცლილ თითებს შორის რომ იკარგება.

ან იქნებ პოვნის სიხარულმა დამაკარგინა?

და რომც მეპოვა, რომც მქონოდა, რას დავარქმევდი?

მარტო მე რად მინდა ვიყო ბედნიერი,
მარტო ჩემს კარგადყოფნას რა ჯანდაბად ვაქნევ?
ან რად აღმაშფოთებს ადამიანების უხეშობა,
ზიზღის და შურის გამოვლენა ათასნაირი?
მადლობელი ვარ, პირიქით, რომ მართალი მითხრეს,
რასაც გრძნობდნენ, რასაც ფიქრობდნენ, აიღეს და უცებ მომახალეს,
პირზე დამადეს, როგორც დალაქის ხელისგული,
ათასი სუნით შენელებული.

ჩვენ ხომ უცნაურზე უცნაური ხალხი ვართ
და სულიერ წონასწორობას
სხვისი გაკილვის ხარჯზე ვპოვებთ.

პირიქით კია,
როგორ გავიგებთ ამ ქვეყნისას,
თუ მის ფერხთით არ დავემხობით.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:50 pm

ხეიბარი თოჯინა
(გაგრძელება)


X

მარცვლისთვისაც კი მიწა გაიწევა
და მე ხო კაცი ვარ --
ადგილი მინდა!

თუ ცხრა მთას იქით ვიღაცას უჭირს, საგანგაშოა,
ხოლო შენს გვერდით თუ იხრჩობა ადამიანი, რა გაეწყობა!
ჰუმანიზმი? დიდებულია,
გვირგვინია კაცობრიობის,
მაგრამ, დაე, სცვამ მისდიოს მას,
ჩვენ იმ კაცს ცამდის ავამაღლებთ და ძეგლს დავუდგამთ...
ოღონდ -- ჩვენ არა,
არც ჩვენმა შვილმა,
სხვამ,
სხვისმა შვილმა იმტვრიოს თავი.

ხოლო ჩემნაირი კაცი გამოდგება
და სამყარო შეებრალება,
როგორც წიწილა, სადმე გზაში აყვანილი,
შემცივნებული.
ან უარესი:
ეს არამკითხე შედგება ხოლმე იმ ძველ ტრიბუნაზე,
რონ კიხოტები რომ ადიოდნენ ოდითგან,
რათა თავიანთი გულისწადილი
ქვეყნიერებისთვის ხმამაღლა ემცნოთ:
ო, სამყაროვ, სამყაროვ,
პლანეტებად დაქსაქსულო,
გაფრენილო ყამარის თეთრი ჭურჭელივით,
ო, დედამიწავ, დედამიწავ, ორ ნაწილად გაყოფილო,
საყვარელო
ქალის ორივე გვერდივით,
ო, ქალაქო, ქალაქო, ყველა ოჯახში რომ
თითო ქვაბი კუბრი თუხთუხებს ნიადაგ!
არა სხვა რამე, არა სხვა რამე,
ჩემი სიობლე გაერთიანებდეთ!

ჩუმჩუმად კი
ჩვენ ყველანი ვბაძავთ იმათ, ვისაც დავცინით.
და რამდენი რამ შეუძლია რომ შეამჩნიოს
ვისაც უყვარს,
ყველაფერში თავისთავი ეძიოს ხოლმე.
მე რომ არ ვიყო ამ ქვეყანაზე, ყველაფერი კარგად, კეთილად იქნებოდა.
მე ვარ იზეზი ამ სამყაროს მოუწყობლობის
და ამდენ ხალხში არ აღმოჩდა ერთი მკითხავიც,
რომ მოიშვიროს ჩემსკენ ხელი და დაიძახოს:
ეგ არისო,
დაიჭირეთ და ჩაქოლეთო!


XI

მომწყინდა ყველაფერი.
არა სჯობია, რომ მოვუცადო იმ ღვთისნიერ წუთს,
როცა ღიმილით გამახსენდება,
რომ სულ ბოლო დროს
ამ ასი წლის წინ მოვიტყუე ვაჟკაცმა თავი.
მოვიცადო, როგორც დათვი იცდის ბუნაგში,
ვიდრემდი მასთან დიყის ყლორტი არ შეიხედავს.

ყოველდღე,
დღესვე შემიძლია, რომ დავიწყო სულ სხვა ცხოვრება,
გონივრული და საზრიანი.
მაგრამ განა ეს დაკარგვის შიშს შემიმსუბუქებს?
ანდა რა ვუყო ამ ღვთაებრივ სიზარმაცეს,
ობლად დავტოვო?

ბევრი უნახავს, მაგრამ არსად არ შეხვედრია,
რომ სილამაზის თვისის გამო რცხვენოდეს ვინმეს
და ჭკუის გამო ეხათრებოდეს.
ეს კი, ო, ღმერთო, ვერასოდეს შეიძენს პოზას,
რომლითაც სხვა სხვას
არსობის პურს თამამადა სთხოვს.
-- მაშინ, მითხარით, რა სჯობია, ქვის გული თუ ისეთი გული,
ნემსის ჩასარჭობ ბალიშივით ლბილი რომ არის.
-- რაც გინდათ, ის თქვით, კაცი მქვია
და ცოლ-შვილსაც კარგად ვაცხოვრებ.
მითხარით, აბა, ის სჯობია, რომ შენი სული
შენივე ფურთხის სამიზნეა?
და გგონია, რომ მარტო შენ?
ყველა, ვინც კი მოცლილია,
ყველა უმიზნებს,
როგორც ქვრივის გაფენილ ზეწარს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Sun Dec 14, 2008 8:51 pm

ხეიბარი თოჯინა
(გაგრძელება)


XII

გრძელი დღეა, როგორც გრძელი თვეა იანვარი.
ერთი ამდენიც რომ იყოს კიდევ.

მაგრამ იგი ტკივილივითაა,
მაშინ მოგეშვება, გაწყვეტაზე როცა მიგიყვანს.
მერმისისთვის შემოგინახავს,

შენს გვერდით მიწვება
და წამით ჩათვლემს
გამაძღარი მტაცებელივით.

ჩვენი ბედნიერებაც ისაა, რომ ასე ბევრი რამ გვაქვს საერთო,
ცხოველებსაც აქვთ ლტოლვა,
მაგრამ მათი სწრაფვა აქვეა, ახლოა მათი ლტოლვის ღობე,
ოღონდ კი მიწას არ გავარდნენ,
და როცა ერთი იმათგანი თავაწეული იყნოსავს სივრცეს,
ეს იმიტომ, რომ დარწმუნდეს -- აქვე ხომ ვარო!
ადამიანებმა კი, უბედურებმა,
კარგად იციან, რომ ამაოა მათი ლტოლვა,
მაგრამ მაინც -- რა ირხევა იმ ფარდის იქით,
რა ხდება იმ გამოქვაბულში, სადაც თითქოს ცეცხლიც ანთია
და ლანდებიც ტრიალებენ?
იმის იქით კი... იქით, სიღრმეში?...
თვითონ იციან ბნელის პატრონთ, იქ რაცა ხდება
და სულაც არ აინტერესებთ,
რომ ჩვენც გვინდა დავეუფლოთ, არარსი გვინდა დავასახლოთ...
მათ ჩვენი ლტოლვა ოდნავადაც გულს არ უჩუყებთ
და არც უნდათ გამოხედვა, როგორც ჩვენ ვიცით
მათხოვრის ერთ დაძახილზე,
რომ მისი გუდა ცარიელია.

ერთადერთი, რაც არის, არის არარსი...
იმ წამიდან, როცა ჩვენ ვკვდებით, ვით უვარგისი ჩანაწერი მაგნიტოფირზე,
წაიშლება ჩვენი წარსული და ისიც კი არ დარჩება,
რაც მდინარის გაქრობის შემდეგ.
არც სიხარული, არც წვალება --
გაქრობის შემდეგ...
ყველაფერი
არარსისკენ წასწრაფსწრაფდება,
დარჩება მხოლოდ... ვთქვათ წიგნები, რომლებსაც ექნებათ
დაფა წარწერით: მწერლის გვარით, მწერლის სახელით,
მაგრამ ეს ხომ სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ
და არაფერი აქვს საერთო იმ ცოცხალ კაცთან,
მშვენიერ წიგნებს რომ გვიწერდა,
რათა დაეფრთხო არარსის ლანდი.
ასეთ დროს რაღა მნიშვნელობა აქვს, რამდენს იცოცხლებ,
თუ არ არსებობს იმ წამის ძალით
დღე და საათი, სიხარული და სიყვარული
და ნეტა იმ ბრძენს,
რომელსაც ტუჩები შეაცივდა, როცა კოცნიდა,
რადგან მიხვდა, რომ მოცნიდა
არარსებულს.

რადგან განცდები არ ინახება წვიმის წყალივით,
გრძნობები არსად არა რჩება და სჯობია კაცმა არა თქვას:
”მე მას ვაკოცე”, ”მე დავლიე”,
”მე მას ვუთხარი”.

სად არის ის მაკედონელი,
რომელმაც ”თქვა”!
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 6Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: