არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანდრო ენუქიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ანდრო ენუქიძე   Mon Mar 15, 2010 4:56 pm


Andro Enukidze

ანდრო ენუქიძე – http://ka.wikipedia.org/wiki/ანდრო_ენუქიძე – http://ru.wikipedia.org/wiki/Енукидзе,_Андро_Владимирович

ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორი, დაიბადა 1965 წლის 9 იანვარს. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და თემურ ჩხეიძის სახელოსნო). არის ორმოცზე მეტი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც დადგმული აქვს რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, რუსთავის, ჭიათურის, გრიბოედოვის, "თეატრი ათონელზე" და თავისუფალ თეატრებში. აგრეთვე უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში.
ანდრო ენუქიძის სპექტაკლებს შორის გამორჩეული დადგმებია:
დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" (რუსთაველის თეატრი),
"სოლომონი" (დავით კლდიაშვილის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრი),
ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" (სპულჩესნი თეატრი),
დავით კლდიაშვილის "მსხვერპლი" (მერაბ კოსატავს სახელობის თეატრი),
ფრიდრიხ დიურენმატის "მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი" (რუსთაველის თეატრი).
ანდრო ენუქიძე თეატრალურ ფესტივალზე "ოქროს ნიღაბი" დაჯილდოებულია საუკეთესო რეჟისურისათვის სპექტაკლისთვის "კაცია - ადამიანი ?!" (2000 წ.), ასევე არის ტრაპიზონის შავი ზღვის აუზის ქვეყნების თეატრალური ფესტივალის ლაურეატი (2002-2005 წწ.), ხოლო 2005 წელს ქალაქ ნოვგოროდში დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლისათვის Dostoewsky.ru მიენიჭა გრან პრი.
ანდრო ენუქიძეს გადაღებული აქვს ფილმები:
"ტურდეში მომხდარი ამბავი" (ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით),
იუკიო მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი",
ტელესერიალი "წვრილვარსკვლავთა ღამე".
თუნჯერ ჯუჯენოღლუს "ზვავი" ანდრო ენუქიძის პირველი სპექტაკლია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

What a Face

ანგელოზი ჩემოდნით
(სცენარის სინოფსისი პატარ-პატარა სენტენციებითა და მოკლე დიალოგური ჩართვებით, როგორც მოთხრობა და, შესაძლოა, ნოველაც კი)

"ჟურნალი "ცისკარი", # 5, 2002 წელი.

ქეთინოსა და კაკულიკოს, ცოლ-ქმარს, ოდესღაც ყველაფერი კარგად ჰქონდათ. ტიპურ წარმატებულ ქართულ ოჯახს წარმოადგენდნენ, მაგრამ დრონი მეფობენო და ამ არეულობის დროს გადაწყვიტეს, უკანასკნელი დანაზოგით კერძო ბიზნესი წამოეწყოთ; სადღაც, მთებში, ფასანაური-გუდაუთის ტრასაზე აეშენებინათ პატარა, კოპწია, რვანომრიანი სასტუმრო.

ჩვენი ამბის დაწყებისთანავე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ვალებში არიან ჩაფლულები, რადგან მუშტარი ქრონიკულად არა ჰყავთ.

კაკულიკო - შენ რომ თოჯინებს აკეთებ, ისინი ხომ არ განგვეთავსებინა სასტუმროს ნომერებში და ოც-ოცი ლარი გამოგვერთმია?!

ქეთი - მაგდენი არცა მყავს...

კაკულიკო - სულ რამდენია?

ქეთი - შვიდი, ოღონდ დაუმთავრებელი.

კაკულიკო - ჰოდა, მერვეს რომ გააკეთებ, რვავე ნომერში დავაბინავებ, რა უჭირს, იყვნენ დაუმთავრებლები, მთავარია, ფული იხადონ...

ქეთი - დამცინი?

კაკულიკო - შენ რატომ დამცინი?

ქეთი - არ დაგცინი...

კაკულიკო - მაშინ მაჩვენე თოჯინები, ბოლობოლო, ჩვიდმეტი წლის ცოლქმრობა გვაკავშირებს!

ქეთი - არა!

კაკულიკო - რატომ?

ქეთი - მხცრვენია...


მოქმედება იწყება რომელიღაც თვის თვრამეტ რიცხვში. სწორედ ამ დროს უნდა დაბრუნდეს კაკულიკო ქალაქიდან, სადაც ყოველი თვის თვრამეტში ვალის ძირითადი თანხის პროცენტებს უხდის საკმაოდ საშიშ, არცთუ მთლად ნათელ ფერებში "გადაწყვეტილ" ადამიანებს. ამ თვეში პროცენტიც კი ვერ მოუგროვებიათ, ამიტომ ქეთი ძალიან ღელავს.



ეპიზოდი პოლიციის უფროსის კაბინეტში


ვახტანგი (პოლიციის უფროსი) - როდიდან დაიწყეთ, ბიჭო, საძმოში ფქვილით ვაჭრობა?

რეზიკო (ტეკზე დაკავებული) - რა უნდა გითხრა, შალვოვიჩ, პარტია ფქვილი ოპტომ ვიშოვე და კლიენტთან მიმაქვს.

ვახტანგი - სად?

რეზიკო - არც პანკისში და არც ცხინვალში... ნაცნობთან მიმაქ...

ვახტანგი - ვისთან?

რეზიკო - ეხლა ყველაფერი თუ გითხარი, პოლიციელები დამასწრებთ და სძელკასაც ჩამიშლით...

ვახტანგი - ჩვენ აქ ფქვილით არა ვბარიგაობთ!

რეზიკო - კაცო, გაჩხრიკეთ ტომრები, მარა ფრთხილად, ძალიანაც არ მაზარალოთ მამაჩემი ძმაკაცს გეძახდა...

- ვახტანგი - ესე იგი, არ გაბოზდები?

რეზიკო - ჩესტნი, პრივატნი ბიზნესია, შალვოვიჩ, რა საძმო, რის საძმო?!


რეზიკოს საძმოს "მეთაური" ვინმე ტატოა, ასე 25-27 წლის "ბიჭი". ერთხელ, "მხედრიონობის" დროს, ტატო ბენზინის რიგში იდგა და, ის იყო, უნდა ჩაესხა, რომ უეცრად გამოჩნდა იარაღიანებით გადაჭედილი "ნივა", მოვიდნენ და ჩამომსხმელ ბიჭს უბრძანეს, შლანგი აქეთ მოიტაო. ტატო ნელ-ნელა გადმოვიდა მანქანიდან, თითო უბიდან თითო "დურა" გააძრო, აუღელვებლად მივიდა "ნივასთან", პირველი სროლით კაპოტი აუხადა და მერე თითქმის მთელი "ბოიზაპასი" ღია კაპოტში ჩაუცალა; გამოართვა დაბნეულ ბიჭს შლანგი, ჩაისხა ბენზინი, აუჩქარებლად გადაიხადა ფული და ნელ-ნელა გაეცალა იქაურობას... ამბობენ, რომ მერე იარაღიანები დიდხანს მსჯელობდნენ, მაინც რატომ არ ესროლეს ტატოს, თუმცა არც მათ მსჯელობას და არც ამ კონკრეტულ ამბავს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ისტორიის განვითარებისთვის.


რეზიკო ტატოს მარჯვენა ხელია. ტატოსგან განსხვავებით, კარგი ოჯახის შვილია, მამამისი ვახტანგის, პოლიციის უფროსის, ძმაკაცი იყო, იმ ვახტანგის, ვისი ქალიშვილიც გახლავთ ახალგაზრდა, ლამაზი გოგოლა. გოგოლას თავზეხელაღებულად უყვარს ტატო და პირიქითაც ასეა... მაგრამ, ვიდრე ვახტანგი ცოცხალია, არაფრით დაუშვებს გოგოლასა და ვიღაც ბანდიტის ურთიერთობას...



სცენა ქალაქის ქუჩაში


კაცი - გოგოლა ხართ?

გოგოლა - არა, ჟუჟუნა!

კაცი - თქვენ ცვეტში გოგოლა უნდა იყოთ. ლურჯი კაბა გაცვიათ და თეთრი ხელჩანთაც გიკავიათ...

გოგოლა - რეზიკომ მოგაგზავნა თუ ტატომ?

კაცი - ისეთი არაფერია. უბრალოდ, მითხრეს, ესეთი გოგო გამოვა ლექციებიდან და საბურთალომდე მიაცილეო. წამოდით, მანქანა აქვე მყავს.

გოგოლა - ახლავე! (ჩანთიდან მობილურს ამოიღებს, ნომერს აკრეფს) ტატო! მე ვარ! მისმინე, ყველაფერს მივხვდი: შენ ან იმპოტენტი ხარ და ქალებთან ვერა ხარ! ან, სულაც, პედერასტი! (კაცს) თქვენი სახელი?

კაცი - ვიტალი...

გოგოლა - ტატო, ეხლა მე იცი, რას ვიზამ?.. არა, საშიში არაფერია!.. უბრალოდ, აი ამ ვიტალისთან ვიჟიმავებ!


ეჰ, საწყალი ვახტანგი! ვერ მიმხვდარა, რომ ვერაფერს გახდებოდა, თავად ტატო რომ არა, რომელსაც გოგოლა "ჩესნათ", "ცვეტში" უყვარს და, სანამ მისი ცოლი არ გახდება, ლოგინში არ ჩაიწვენს და, რაღა თქმა უნდა, არც სხვას მიაკარებს ვინმეს...

დრო მოიტანს და ის "სხვა" მისიანი აღმოჩნდება; კერძოდ - რეზიკო, რომელიც გააუპატიურებს გოგოლას და ვაი რეზიოკს თავს; ჯერ ტატო დაიჭერს, მერე ვახტანგს გადაულოცავს, შემდეგ ციხეში გაუშვებენ, ხოლო რას უზამენ რეზიკოს ციხეში - ეს მაყურებლის ფანტაზიას მივანდოთ...

ასე რომ, შურისძიება შედგება, მაგრამ ამით რა? ახლა, რამე რომ იყოს, აღარც ვახტანგია ტატოს და გოგოლას ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ იზამს მაგას ტატო?

საღამოობით ტატოს თბილისის ზღვაზე ასვლა უყვარს; ფიქრობს რაღაცას, პატარა ტალღებს თვალს არ აშორებს, - ალბათ, დარდობს. დაღამდება თუ არა, ძმაკაცები მიაკითხვაენ...



"ჩერესჩურ" მძიმე დიალოგი


ვიტალი - ტატო!

ტატო - რა იყო?

ვიტალი - საქმეებია, ძმაო, წავედით!

ტატო - ჰო, მოვდივარ...


მიჰყვება ტატო მეგობრებს და ვაი იმას, ვინც ტატოს გზაზე გადაეყრება!.. აი, ეგეთი ბიჭია ტატო!


ჰოდა, გამოდის, რომ ჩვენი ისტორიის მთავარ გმირებს - ქეთისა და კაკულიკოს (დროა, გავიხსენოთ ისინი!) - ძალიან საშიში პარტნიორი ჰყავთ ფულად-საკრედიტო თვალსაზრისით. არა, ძირითადი ვალის გადამხდელები რომ არ არიან, ხომ ფაქტია, მაშინ რატომ არ "ურასხოდებენ" სასტუმროს ტატო და მისიანები ამხელა ვალის სანაცვლოდ, - აი, ესაა საქმე! პირიქით, ჰპირდებიან, დაგეხმარებითო: "თუ ახალი საქმე არ დაგაწყებინეთ, აბა, ჩვენ მაყუთს როგორღა ამოვიღებთ?!" - და უზიდავენ სასტუმროში ფქვილის ტომრებს, რომელიც იქვე, ადგილზე იცვლება ჰეროინზე, უმარტივესი სქემით: ერთი ტომარა - ერთ გრამში. ანუ საზღვრის აქედან - ფქვილი, საზღვრის იქიდან კი ნარკოტიკი.

ასე აღმოჩნდებიან ნარკობიზნესის ეპიცენტრში წესიერი, მიამიტი კაკულიკო, რომელმაც ვალი იმიტომ აიკიდა, რომ კი არ მიახლაფორთა, არამედ ნამუსიანად ააშენა თავისი სასტუმრო; და ექსპანსიური, ნირჭიერი, ერთი შეხედვით ოდნავ ბენტერა ქეთი...

ქეთიმ ჯერ არაფერი იცოდა ნარკოტიკის თაობაზე - წამლის გაცვლა ფქვილში. უფრო სწორად, ასეთ ოპერაციებში მონაწილეობა კაკულიკოს დაავალეს, რაღა თქმა უნდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ... ალბათ, არჩევანიც არ ჰქონდა, მაგრამ ქეთისთვის ამას გამადწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი ოჯახი სამარადჟამოდ არის დაკაბალებული გარეწრების მიერ. დიახ, დაკაბალებულია, თუ რაიმე გადამწყვეტ ზომებს არ მიმართავს. კი, ქეთი წააგავს მიამიტ ადამიანს, მაგრამ არც იმედნად უჭკუოა, რომ პოლიციას მიმართოს... ისე კი ჰყავს ქეთის რამდენიმე სერიოზული ნაცნობი, რომლებთანაც დალაპარაკება ღირს, მაგრამ, ჯერ ერთი - სირცხვილია! მეორეც - აბა, ვინ ოხერი დაუპირისპირდება ნარკომაფიას?! ქეთი ისევ თავისი, ქალური ხერხებით აპირებს ტატოსა და რეზიკოს შორის უთანხმოების ჩამოგდებას, მაგრამ ასეთ "თამაშებს" დაუპირისპირდება კაკულიკო... მისთვის ყოვლად მიუღებელია ქეთის და რეზიკოს არაერთაზროვანი კურკური.

ეჭვიანობა, დამცირება - აი, ის ფაქტორები, რომლებიც შეხმატკბილებულ ცოლ-ქმარს უფსკურლისკენ მიაქანებს.


ქეთი - დედაშენი გავიცანი თუ არა, მაშინვე უნდა დამეტოვებინე!

კაკულიკო - ვერიჩკას ლანძღვა არ იყოს!

ქეთი - არც ვაგინებ! ხომ არ მითქვამს, გოიმი იყო-მეთქი!

კაკულიკო - არც ახლაა გვიან! თქვი და მიბრძანდი, ქალაქი დიდია!

ქეთი - ეგეც სწორია!

კაკულიკო - ტირილი არ იყოს!

ქეთი - (გადის სამზარეულოში) არც ვაპირებ!

კაკულიკო - რას ერჩი, გამაგებინე, ვერიჩკას, რას? მე შენ სამედიცინოს სტუდენტი გაგიცანი და შენ თურმე აკადემიაც გქონდა დამთავრებული!.. ეს ამბავი რა ნამუსით დაგვიმალე?

ქეთი - (სამზარეულოდან ბრუნდება რაღაც შეფუთულით" იმიტომ, რომ სიტყვამ არ მოიტანა) გარდა ამისა, ვიცოდი, რომ შენ რესპექტაბელურ მშობლებს... ისე, საიდან გადაიყვანეს მამაშენი სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

კაკულიკო - ლაგოდეხიდან!

ქეთი - მინისტრის მოადგილის ცოლს ყოფილი ხუდოჟნიცა არ მოეწონებოდა!

კაკულიკო - ეგ რა გიკავია?

ქეთი - თოჯინა!

კაუკულიკო - როგორც იქნა, ვეღირსე ნახვას!

ქეთი - (მაგიდიდან პურის დანას აიღებს) არა, განადგურებას!

კაკულიკო - მოიცა" (ქეთის აჩერებს) ლამაზია... ბიჭია თუ გოგო?

ქეთი - ბიჭი!

კაკულიკო - რა ჰქვია?

ქეთი - აბა, თუ მიხვდები?!

კაკულიკო - ვერა, ვერ ვხვდები...

ქეთი - კაკულიკოა, შენი სახელი დავარქვი!

კაკულიკო - (დაიბნევა) მართლა?

ქეთი - მართლა! (პურის დანით თოჯინას ანადგურებს).


განქორწინება არ გამოსდით. ტატოა წინააღმდეგი. მას სურს, რომ ორივე "ისპალნიტელი" ერთ სიბრტყეში ჰყავდეს. რა საჭიროა ქეთის ქალაქში ჯდომა, ვინ იცის, რეების მოყოლას დაიწყებს იქ?! თანაც, თუ რომელიმემ ფულის მოტეხვა გადაწყვიტა, მეორეს ეტყვის! აუცილებლად დააბეზღებს, მაგათ ხომ ერთმანეთი სძულთ!

ხსნა ერთ მშვენიერ საღამოს მოევლინებათ, როდესაც კაკულიკოსა და ქეთის სასტუმროში ხანში შესული, ჩემოდნიანი ქალბატონი გაჩერდება.


ქალბატონი - რა კარგია, ამ უკუნეთში თქვენნაირი ხალხი რომ ვიპოვე!.. გზა ამერია, ფასანაურში მელოდნენ, მე კი გუდაურისკენ წამოვსულვარ... მერე მანქანაც გამიფუჭდა, ძლივს მოვაგორე თქვენ სასტუმრომდე... თავისუფალი ნომერი გაქვთ?

კაკულიკო - ერთი, მე მგონი, დარჩა თავისუფალი.

ქეთი - (ქმარს) ყველა ნომერი ცარიელია, ნუ იტყუები! (ქალბატონს) ივახშმებთ?

კაკულიკო - (დააპირებს ჩემოდნის ნომერში ატანას) ჩემოდანს ნომერში ავიტან.

ქალბატონი - არა, მე თვითონ!

კაკულიკო - როგორც გენებოთ! არადა, საშინლად მძიმეა!

ქალბატონი - ნუ გეწყინებათ... უბრალოდ, ფულით არის გაძეძგილი! მე კი ჯერ ბოლომდე ვერ გენდობით... იგივე მიზეზით აბაზანაზე უარს ვამბობ; ჩემოდნის აქეთ-იქით თრევას ხომ ვერ დავიწყებ?! ისე, შხაპი შიგ ნომერში გაქვთ?

კაკულიკო - არა, სართულზე.

ქალბატონი - ასეც ვიცოდი... მშიერი არა ვარ, მაგრამ, თუ რამე გაქვთ, ნომერში ამომიტანეთ (მობილურს ხელში ათამაშებს). თქვენი მობილი თუ იჭერს?

კაკულიკო - მოგართვათ?

ქალბატონი - არა, ხვალ დილით შეგაწუხებთ... სად არის ჩემი ოთახი? (აიღებს ჩემოდანს და მეორე სართულზე ადის).

კაკულიკო - ქეთი, სტუმარს გზა აჩვენე!

ქეთი - არა, მე სამზარეულოში გავალ, რამე საჭმელს მოვიფიქრებ... (გადის სამზარეულოში).


კარგია, როცა ადამიანს ერთი ჩემოდანი ფული აქვს! ვალებს გადაიხდი, მონარჩენს რაიმე საქმეში ჩადებ ან, სულაც, საზღვარგარეთ გაუბერავ! ფული თავისუფლებაა! როდესაც ყველანაირი გარეწარზე მეტი ფული გაქვს, მათზე ძლიერიც ხარ! ისე, იმ გარეწრებსაც იმიტომ აქვთ ფული, რომ რაღაც გარეწრობა აქვთ ჩადენილი... ალალი შრომითა და გარჯით მაყუთი არ მოდის! ნუთუ ცხადი არ არის? - ასე რაღაცებზე ფიქრობს კაკულიკო, ვიდრე ქეთი ვახშამს ამზადებს, მერე ბუტერბროდებით უხვად დახუნძლული ლანგარი ბებრუხანას ნომერში ააქვს. ახლა ქეთი თავად კაკულიკოს უმასპინძლდება... და ფიქრობს კაკულიკო, რაღაცას ფიქრობს, ისე, სასხვათაშორისოდ, თეორიულ ასპექტში, თანაც ლუკმა პირში არ გადასდის.


კაკულიკო - შიმშილით რატომ მკლავდი, ამდენი საჭმელი თუ გქონდა?

ქეთი - ჭამე კაკულიკო, ჭამე! დღეს უნდა ვიქეიფოთ!


როდესაც ფულის თრევით გატანჯული ბებრუხანა თავის სარეცელს მიესვენება, როდესაც შეწყდება იატაკის ამაზრზენი ჭრიალი და როდესაც მოხუცი ქალბატონის ოთახში სიჩუმე გამეფდება, ქეთი შეძლებს მეუღლის დარწმუნებას იმაში, რომ სტუმრის მოკვლა ერთადერთი შანსია მათი ცხოვრების ღირსეულ კალაპოტში დაბრუნებისათვის!

არა, კი უკანკალებდა ხელები კაკულიკოს, მაგრამ ქეთის ცხელი სუნთქვა კისერს უთბობდა... ვინ იცის, რატომ ჩაარტყა მძინარე ქალბატონს საბუხრე შეშის საგულდაგულოდ ამორჩეული ნაჭერი? შეიძლება, სულაც, ზურგსუკან მდგარი ქეთის სუნთქვა უღიტინებდა, ნერვებს უშლიდა; ან გაიფიქრა - მოსახდენი მოხდესო, ცხოვრებასთან ამდენი ბრძოლა მაინც არ შემიძლიაო?

ასე იყო თუ ისე, კაკულიუომ მკვლელობა ჩაიდინა. ცივი ოფლიც ასხამდა, მუხლებიც უკანკალებდა. ტვინში კი აზრების ნაცვლად კლასიკოსების ციტატები და ბავშვობის იდიოტური მოტივი უფეთქავდა:

"მი როჟდენი ჩტობ სკაზკუ სდელატ ბილიუ..."

ამიტომ ღირსეულ ცხოვრებაში დამაბრუნებელი "ოპერაციის" მეორე ეტაპს ქეთი მარტოდმარტო ასრულებდა: მოწმინდა იატიკი. შეშის ის ნაჭერი ბუხარში დაწვა. გვამი პირველ სართულზე ჩამოათრია. მერე კიბის საფეხურები სველი ტილოთი გაწმინდა. კვალი არ დარჩესო. როცა ქეთი გვამის საჭესთან მოთავსებას ცდილობდა, ძალიან გაუჭირდა და ქმრის შეფუცხუნებაც დაჭირდა იმის მინიშნებით, რომ ბოლოს და ბოლოს, ქალია!

ერთი სიტყვით, ჩატენეს ცოლ-ქმარმა ქალბატონი თავისივე მანქანაში და თავიანთი სასტუმროდან ასე ორასიოდე მეტრის დაშორებით, მოსახვევი რომ არის და იქვე უფსკრული, აი იქ გადააგდეს მანქანა გვამიანად...

დაბრუნდნენ სასტუმროში, გახსნეს ჩემოდანი. გაოცდნენ, რაკი მართლა ბევრი ფული აღმოაჩინეს (რაოდენობას არ გავთქვამთ, ასეთი თანხის ხსენება უხერხულიც კია). გადათვალეს და მწვანე ბაქსები ისევ ჩემოდანში ჩააბრუნეს, მერე კი სარდაფში გადამალეს... შემდგომ დარჩენილი ოცი ლიტრი სალიარკით (უკანასკნელი პორცია) "აგევე" აამუშავეს, იბანავეს და საწოლშიაც ჩასკუპდნენ... ერთ ხანს გაუნძრევლად იწვნენ, მერე კი, თითქოს იმის დამტკიცება მოუნდათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვართ ერთმანეთი... აბა, რას იზამდნენ?.. ენერგიული სიყვარულობანა გააჩაღეს!..


პოსტმოდერნთან ჩვენს ისტორიას მოვლენების შემდგომი განვითარება აახლოებს:

1. რამდენიმე დღე შემაძრწუნებელი ლოდინი.

2. სხვების მიერ ქალბატონის გვამის აღმოჩენა, ესე იგი, არაგვს გვამი და მანქანა არსად წაუღია.

3. კაკულიკოს შიშები და ქეთის ლამის დედად გადაქცევა.

4. პოლიციელების სტუმრობა. ქეთის დამაჯერებელი და იმავდროული უაღრესად მომხიბვლელი ჩვენება, რომლის შინაარსია: აბა, ჩვენ რა ვიცით, ღრმად გვეძინა! კაკულიკოს ოდნავ ნერვული გამოხდომა: "ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა? ვიღაც მოხუცს..."


პოლიციელი - (აწყვეტინებს) რა იცით, მოხუცი რომ იყო?

კაკულიკო - ხალხი ამბობდა... ვიღაც მოხუცს მანქანა გაუფუჭდა. კალოტკები, მაგალითად, ან საჭეს ვერ მოერია მოსახვევში. ჰოდა, გადავარდა გზიდან! ჩვენგან რა გინდათ?

პოლიციელი - გილოცავთ!

კაკულიკო - რას მილოცავთ?

პოლიციელი - ლამაზი და ჭკვიანი მეუღლე რომ გყავთ, იმას!

კაკულიკო - მადლობელი!

ქეთი - (პოლიციელს) ყავას ხომ არ მიირთმევთ?

პოლიციელი - არა, სხვა დროს იყოს... კარგად ბრძანდებოდეთ!



კაკულიკოს შიში მსხვერპლის ახლობლების თაობაზე


კაკულიკო - აგერ ნახავ, თუ არ მოვლენ! თანაც ამდენი ფული ჰქონდა!

ქეთი - მაგაზე ადრე უნდა გვეფიქრა...თუმცა მომსვლელი აქამდე მოვიდოდა. კაკულიკო, ნუ გაქვს ეგეთი ტრაგიკული სიფათი! აგერ ნახე (მიუთითებს მათი სასტუმროს ბარში შემოსულ მსუქან კაცზე), მუშტარია, უნდა მოვემსახურო. ჰოდა, ნუ დამიფრთხობ!



გამართლება


იმ ჩემოდნიდან ფულის მოხმარებაზე ცოლ-ქმარმა თავიდანვე უარი თქვა.


ქეთი - ახლა რომ გამოვაჩინოთ, არ გამოვა, პოლიცია დაეჭვდება... თანაც ტატო იფიქრებს, რომ ფულს ვუტეხავთ...

კაკულიკო - მართალია!

ქეთი - რატო მიბღვერ?

კაკულიკო - მართალია-მეთქი! რატომ გიბღვერ?


ასე რომ კაკულიკო თავის შიშს ფულით გატენილი ჩემოდნის ყოველდღიურ გადაადგილებასა და სულ ახალ-ახალი სამალავების მოძებნაში აქარწყლებდა...

მთავარი ისაა, რომ მატერიალურად არც უჭირდათ. ეს იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილს ტელეარხები დაესია, რეპორტიორები... ახლომდებარე სასტუმროშიც შემოიარეს, დააფასეს კაკულიკოსა და ქეთის სამზარეულო, ლამაზი ნომრები. თავისიანებს, ახლობლებს უთხრეს თუ რა იყო... ცოლ-ქმარს, როგორც იქნა, გაუმართლა, ჩინებულად წაუვიდათ ბიზნესი! ტატო და მისიანებიც სადღაც გაქრნენ! ან სასტუმროს პოპულარობამ (გადასარევი ხინკალი! მწვადი? ღმერთებს რომ შეშურდებათ! ევროპული საჭმელები? თუ შეჭამე - საქართველოში რომ ხარ, დაგავიწყდება!) შეუშალათ ხელი ან "კანალი" გადაუკეტეს და ფსკერზე ჩაწვნენ, ან ნარკომაფიის მაღალ ეშელონებში "რაზბორკები" დაიწყო და ბაზრის გადანაწილება მოხდა; ვინ იცის? ვინ გაიგებს?



ღირსეული ცხოვრება


ბედის იორნია იყო თუ უბედობა, მაგრამ მკვლელობის შემდეგ ქეთი და კაკულიკო ჭეშმარიტად ღირსეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.


კაკულიკო - (საქმიანად) სარდაფში სახელური მოტყდა! გამახსენე, უნდა გამოვაცვლევინოთ! ვენტილაციასაც დაერხა!

ქათი - გადი სოფელში და ვინმე მოიყვანე!

კაკულიკო - არა მცალია! ჟურნალისტები უნდა მოვიდნენ სარეკლამო ბუკლეტის თაობაზე! შენ თვითონ გადი!

ქეთი - სამზარეულოში მაქვს საქმე, მე ვერ მოვასწრებ!

კაკულიკო - პოვარი ავიყვანოთ და, საერთოდ, მომსახურე პერსონალი.

ქეთი - ჩემი ხელით რომ ვაკეთებ, მსიამოვნებს... მაგრამ ცოტა ხანში, ალბათ, მოგვიწევს!

კაკულიკო - შენ დაქალებს ამ წინსაფრით არ დაენახვო!

ქეთი - რა, ულამაზოა?

კაკულიკო - ერთი თოჯინაც ხომ არ გაგვეკეთებინა? ჰოლში, კედელზე თვალს რაღაც აკლია!

ქეთი - არა მცალია...საღამომდე, კაკულიკო! იცოდე, მაგიდაზე მინდა!

კაკულიკო - არ გინდა ეგ ეგზოტიკა!

ქეთი - აბა, ისე, მამაპაპურად? მაგიდაზე მინდა! თანაც ნელ-ნელა!



ტრაგედია


ეს მოხდა შემოდგომაზე, ძალიან მოულოდნელად. მორიგი სამალავის ძებნაში კაკულიკო ჩემოდანს ჰერმეტულად შეფუთავს ცელოფანში და სარდაფში მოთავსებულ "სალიარკის" აუზში ჩაგდებას დაუპირებს. უეცრად ამოვარდნილი ქარი ან, სულაც, საიდანღაც შემოპარული კატა (რა მნიშვნელობა აქვს?) შემოსასვლელ კარს გვერდს გაჰკრავს და კაკულიკოს სარდაფში დატოვებს, სადაც კიდევ არ არის გაკეთებული ვენტილაცია.

კაკულიკო, რაც ძალა და ღონე აქვს, აბრახუნებს, მაგრამ ქეთის არაფერი ესმის, რადგან პოვარი უკვე აიყვანა, თავისუფალი დრო გამოუჩნდა, თავისი ადრინდელი პროფესია გაიხსენა და ყვავილების დასახატად ძველი მოლბერტის თანხლებით პლენერზეა გასული.

მოსაღამოვდა. შუქის გრაფიკის გამო შინ დაბურნებულმა ქეთიმ "დვიჟოკი" აამუშავა, ხოლო მისი ხმაურის დასახშობად მუსიკა ჩართო. არადა, გამონაბოლქვი სარდაფში შედის. მაგრამ სასტუმროს ფოიეში მყოფ ქეთის არ ესმის სარდაფში გამონაბოლქვით ნახევრად გაგუდული კაკულიკოს ხროტინი...

- ნეტავი, სად გაქრა კაკულიკო? - ქეთი ღელავს, ნაცნობებსაც ურეკავს.

დაღამდა.

- მობილურიც შინ დარჩენია! მანქანა შემოსასვლელთან დგას, ესე იგი, სადღაც ახლოში დაბორიალებს...


იქვე, ფოიეში ტახტზე ჩაძინებულ ქეთის კარზე ბრახუნი გააღვიძებს.


მსუქანი - ბოდიში, კარი ღია დამხვდა და შემოვედი.

ქეთი - მობრძანდით.

მსუქანი - გახსოვართ? ასე, თვე-ნახევრის წინ თქვენთან ვიყავი და აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი, დაგიბარეთ.

ქეთი - კი, ბატონო... რით შემიძლია გემსახუროთ?

მსუქანი - ფასანაურში მელოდებიან... არადა, მანქანა გამიფუჭდა, ეს ჩემოდანი კი ფულით მაქვს გაძეძგილი (იატაკზე ჩემოდანს დადგამს).

ქეთი - ყავა, ჩაი, ლუდი?

მსუქანი - ტელეფონი, თუ შეიძლება.

ქეთი - ინებეთ ! (აწვდით მობილურს). შემოდგომაა, აგრილდა, ცხელ ყავას შემოგთავაზებთ! (ქეთი გადის სამზარეულოში. სქელი მიმოიხედავს, რაღაც ნომერს აკრეფს, თუმცა, სანამ დაკავშირება მოხდება, ტელეფონს გათიშავს).

მსუქანი - (ხმამაღლა, ქეთის) ამ მპასუხობენ. ერთი ღამე რომ გავათენო, ხომ არ გეწყინენბათ? გადაგიხდით, ფული ოხრად მაქვს.

ქეთი - (შემოდის ყავით ხელში) დარჩით, ოღონდ ახრად ფული არ დაგჭირდებათ. ასე დროს ოცდახუთ ლარს ვიღებთ ნომერში. დაბრძანდით (სავარძელზე მიუთითებს) ხომ არ ივახშმებთ?

მსუქანი - (ჯდება სავარძელში), არა, აბაზანის საშუალება თუ არის?

ქეთი - მოგვიანებით...

მსუქანი - (ყავას მოვამს) დიდებულია; მეუღლე შინა გყავთ?

ქეთი - წუთი წუთზეა მოსასვლელი, "აგევესაც" ის აამუშავებს!

მსუქანი - ეს რა ხმაურია? დვიჟოკია? სოფელი რომ გამოვიარე, მგონი, შუქი იყო მოსული.

ქეთი - მართლა?

მსუქანი - გადავიფიქრე... შხაპს დილით მივიღებ. ყავისთვის გმადლობთ! ახლა კი დავიძინებ, ნომრამდე მიმაცილეთ... ხო, მართლა, თუ ხვრინვა მოგესმათ, რას ვიზამთ, საშინლად ვხვრინავ, - ჩემ გაღვიძებას ტყუილად ნუ ეცდებით, მკვდარივით მძინავს...

მსუქანი – (მეორე სართულზე ასასვლელ კიბესან ქეთის მიჰყვება) ეს ოხერი, ფული ისევ დამავიწყდა.

ქეთი - მოგეხმაროთ?

მსუქანი - რას ბრძანებთ, საშინლად მძიმეა... (მსუქანი ბრუნდება, აიღებს ჩემოდანს და ქეთისთან ერთად ნომერში ადის).



ტრაგედია

(გაგრძელება)


სარდაფიდან მსუქანის ნომერში ამოქოშინებულ ქეთის უცნაური სანახაობა დახვდება. მაგიდაზე დიქტაფონია, ჩანაწერიც ტრიალებს - ისმის უღმერთო ხვრინვა. მსუქანი კარადას ეფარება და შემოსულს პისტოლეტს უმიზნებს.


მსუქანი - არ მეგონა, თუ ასე მალე გადაწყვეტდით!.. თან ქმარიც არა ჩანს, რა, მკვლელობას დაეჩვიეთ?

ქეთი - კაკულიკო! სარდაფში! მგონი, აღარ სურთქავს! მიშველეთ!

(ორივენი ჩარბიან სარდაფში).


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Wed Mar 02, 2011 3:37 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ენუქიძე   Mon Mar 15, 2010 5:08 pm

ანგელოზი ჩემოდნით
(სცენარის სინოფსისი პატარ-პატარა სენტენციებითა და მოკლე დიალოგური ჩართვებით, როგორც მოთხრობა და, შესაძლოა, ნოველაც კი)

"ჟურნალი "ცისკარი", # 5, 2002 წელი.

(გაგრძელება)


ვნებანი

კაკულიკო ახოვანი, ჯანმრთელი, მუტრუკი... ჯერ კიდევ ცოცხალია... მსუქანს ძალიან გაუჭირდა მისი ფოიეში ამოთრევა და ტახტზე დასვენება.

მობილურით გუდაურს დაუკავშირდნენ, ექიმები გამოიძახეს. სანამ სასწრაფო მოვიდა, მსუქანმა მოხერხება გამოიჩინა და აკაკის (კაკულიკოს) ხელოვნური სუნთქვის პროცედურა ჩაუტარა... რა უნდა ექნათ აქიმებს?


ექიმი - ენტოქსიკაცია. ჟანგდაბიც გაგვითავდა, თორემ ვასუნთქებდით. ფილტვების დამბლაა მოსალოდნელი... ამის საწინააღმდეგოდ დექსამეტაზონია გაკეთებული. არა, ასე თუ გაგრძელდა... რა ვიცი, ჯანმრთელი კაცი ჩანს, მაგრამ... ვნახოთ, წვეთოვანი რას იზამს...

მსუქანი - რამდენი პროცენტია?

ექიმი - არ ვიცი... ხუთი, ათი ან არც ერთი... ჯერ არ ვიცი... თქვენ ახლობელი ხართ?

მსუქანი - კი, ძალიან ახლობელი.

ექიმი - შეგვიძლია, ყაზბეგში გადავიყვანოთ, საავადმყოფოში... თბილისადმე ვერ გაძლებს.

მსუქანი - ყაზბეგამდე?

ექიმი - რა აზრი აქვს?

მსუქანი - რა, უვარგისი საავადმყოფოა?

ექიმი - აბა, როგორ გითხრათ?..

მსუქანი - პირდაპირ!

ექიმი - ვნახოთ, წვეთოვანი რას იზამს!



ვნებანი

(გაგრძელება)


წვთეთოვანმა თავისი საქმე გააკეთა.

- მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ხვალისთვის თბილისიდან სასწრაფოს გამოძახებას გირჩევთ და ავადმყოფის იქ გადაყვანას, - ექიმმა ქეთის რაღაც ფურცელი მიაწოდა, - აქ მომიწერეთ ხელი.

ქეთიმ მოაწერა ხელი და, ალბათ, იმიტომ, რომ არ იცოდა, რა ეკეთებინა, სამზარეულოში გავიდა ექიმისთვის ყავის მოსადუღებლად. მსუქანმა ფული გადაუხადა და ექიმი წავიდა.


მსუქანი - წავიდა... მეც წავალ, თბილისელ ექიმს ამოვიყვან და ჟანგბადის ბალიშსაც...

ქეთი - ნუ დამტოვებთ...

მსუქანი - არც ვაპირებ, აუცილებლად ამოვალ. იმან თქვა, მდგომარეობა სტაბიურიაო.

ქეთი - ჩემ ძმაზეც ასე ამბობდნენ...

მსუქანი - ყავა დამისხით.

ქეთი - ბოდიში, (ცრემლს მოიწმენდს) დაგისხამთ, მაგრამ ჯერ იმას უნდა მივხედო (გადის).



აკაკის (კაკულიკოს) ტახტთან


ქეთი - სძინავს?

მსუქანი - მგონი...

ქეთი - მუტრუკია! ლამაზი არასდროს ყოფილა, მაგრამ, რა ვიცი, მამაკაცურია, ჭკუა ყოველთვის მეკეტებოდა.

მსუქანი - არა, რატომ, ლამაზია!

ქეთი - გამოძვრება... უნდა გამოძვრეს... თქვენნაირი რომ ყოფილიყო, მსუქანი, რა ვიცი, დონდლო, ალბათ, ვერ გამოძვრებოდა... ხომ ხედავთ, რა გამხდარია, ძვალი და ტყავი.

მსუქანი - იმ ჩემოდანს მე წავიღებ, ძველს...

ქეთი - წაიღეთ, რაში მჭირდება?

მსუქანი - თუ მოაკელით რამე?

ქეთი - არ დაგვჭირვებია.

მსუქანი - დავითვლი...

ქეთი - (ქმარზე მიუთითებს) მგონი თვალს ახელს... წყალი ხომ არ უნდა?

მსუქანი - აბა, რა ვიცი...

ქეთი - მივცე?

მსუქანი - თუ შეიძლება, მიეცით.

ქეთი - დამეხმარეთ!


ქეთის ისე უნდოდა, რომ კაკულიკოს წყალი დაელია, თავადაც გაიწუწა, აკაკიც და მსუქანიც... შემდეგ თავადვე დაიჯერა, რომ ქმარმა ყლუპი გააკეთა, ოდნავ დამშვიდდა.


ქეთი - (სარდაფიდან ამოსულ მსუქანს, რომელსაც ცელოფანშემოკრული ჩემოდანი უკავია) რა გინდათ ჩვენგან?

მსუქანი - ფეხზე რომ წამოდგება, მერე გეტყვით.

ქეთი - ახლა მითხარით.

მსუქანი - ისეთი არაფერია.

ქათი - მაინც? (პაუზა).

მსუქანი - ახლა, ის მოხუცი ქალბატონი რომ მოკალით, ამისთვის არ მოგეკითხებათ-მეთქი, რომ გითხრათ, ალბათ, არც თქვენ დაიჯერებთ.

ქეთი - გამომძიებელი ხართ?

მსუქანი - არა.

ქეთი - პროკურორი?

მსუქანი - სამართალდამცავებთან საერთო არაფერი მაქვს.

ქეთი - გასაგებია, ტატოს კაცი ხართ.

მსუქანი - არა, სხვა დაჯგუფებას წარმოვადგენ. უფრო ძლიერს, უფრო სოლიდურს. ტატო თქვენ ცხოვრებაში წარსულია!

ქეთი - რას გვიპირებთ?

მსუქანი - საშიში არაფერია, იგივეს...

ქეთი - იგივეს?

მსუქანი - დიახ.

ქეთი - ფქვილით ვაჭრობა?

მსუქანი - სხვა დავალებებიც გექნებათ. დრო მოიტანს და დავკონკრეტდებით.

ქეთი - რომ გაგექცეთ?

მსუქანი - ბატონო?

ქეთი - დაგეთესოთ?!

მსუქანი - არ გამოვა!

ქეთი - იქნებ ღირდეს, რომ ვცადო?

მსუქანი - სცადეთ! (აკაკიზე მიუთითებს) კაკო! კაკო-ყაჩაღი კი არა, ყოჩაღი! მთელი ყლუპი წყალიც კი დალია...

ქეთი - ჰო...

მსუქანი - ქალაქში ჩავალ, ამ ჩემოდანს პატრონს ჩავაბარებ და ამოვბრუნდები.

ქეთი - პატრონი მეგონეთ, შესტიორკა ხართ?

მსუქანი - (ოდნავი წყენით) არ ვიცი, შესაძლოა - ვალეტი!

ქეთი - ტუზს როდის ვიხილავთ?

მსუქანი - თქვენნაირებს მხოლოდ ჩემნაირებთან უწევთ ურთიერთობა... (პაუზა).

ქეთი - რა დავაშავეთ, რომ გკითხოთ, მე თვითონ გამეცინება... ესე იგი, ბედისწერაა?!

მსუქანი - ბედისწერა, სიცილი და ისტერიკა არ გვინდა! მოდით, ყოჩაღად ვიყოთ. მეც მალე ამოვალ და ყველაფერი ძველებურად იქნება.

ქეთი - (ჯიუტად) ბედისწერაა?

მსუქანი - რა არის ამაში ცუდი? ახლა უკეთეს ხალხზე იმუშავებთ... ხომ აქვს მნიშვნელობა, ვისზე მუშაობთ? მოკლედ, წავედი.

ქეთი - წადით!

მსუქანი - ესე იგი, მიშვებთ?

ქეთი - გიშვებთ.

მსუქანი - ოღონდ ყოჩაღად, ჩემო ქეთევან წამებულო თუ არწამებულო...

ქეთი - თქვენ, შემთხვევით - სკოლაში ხომ არ ასწავლიდით?

მსუქანი - (ამაყად) არასოდეს! რა იყო?

ქეთი - ჯერ გამომძიებლი მეგონეთ, მერე მაფიოზი. ახლა კი პედაგოგს მაგონებთ... ძალიან ჰგავხართ, იცით?

მსუქანი - ისე, მე ისტორიას ვასწავლიდი ერთ ტექნიკუმში.

ქეთი - ისევ ის დრო სჯობია, არა?

მსუქანი - შესაძლოა, მაგრამ არც აწმყოს ვუჩივი!



და რადგანაც აქამდე ტრაგედიაც იყო და კომედიაც, დასასრულს მარტივად "დასასრული" ვუწოდოთ


ისტორიის ყოფილი მასწავლებლის წასვლის შემდეგ ქეთიმ გადაწყვიტა, კაკულიკოსთან სერიოზულად ესაუბრა. რაღაცას ჩასჩურჩულებდა ყურში. კაცი თვალს არ ახელდა, მაგრამ ბედისწერა, ბედისწერაო, რომ გაიძახოდა, ეგონა კაკულიკო რაღაც პასუხს სცემდა.

არაადამიანური, არაქალური ძალა გამოავლინა ქეთიმ, როდესაც დამბლადაცემული, ენაწართმეული ქმარი მანქანამდე მიათრია, მერე სავარძელში მოათავსა; თავად მიუჯდა საჭეს, დაქოქა. მანქანა დაძრა, მოატრიალა და სწორედ იმ მოსახვევისკენ წაიყვანა, სადაც ოდესღაც ტრაგედიის პირველი აქტი დასრულდა, საიდანაც მოხუცი ქალბატონი უფსკრულში გადააგდეს.

ქეთი - (მანქანაში. დამბლადაცემულ ქმარს) იცი, რას გეტყვი? მთავარია, რომ ვცადეთ! არა, მთლად ღირსეულად არ გამოვიდა, მაგრამ ხომ ვეცადეთ. აი, მაგალითად, ის ბებრუხანა ლამაზად მოვკალით... თითქმის ისე, როგორც კინოში... ახლა ჩვენი დროც დადგა... ლამაზად და ღირსეულად... აბა, სხვას რას იზამ?

კაკულიკო - (დუმს)...

ქეთი - რაო? ღმერთიო?

კაკულიკო - (დუმს)...

ქეთი - ღმერთი, აკაკი, მოწყალეა. ღმერთი შეგვინდობს!

კაკულიკო - (დუმს)...

(მანქანა დილის ფაფუკ ნისლში გაეხვია).

კაკულიკო - (დუმს)...

ქეთი - აბა, ჰე! აკაკი! არ შეგეშინდეს, ერთად მივდვართ...

(ნისლმა ყველაფერი შთანთქა, ჩანს მხოლოდ სითეთრე).


დასასრული, ალბათ...


2002 წელი.

(დასასრული)

What a Face
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ენუქიძე   Tue Mar 16, 2010 10:15 am

ლევან ლორთქიფანიძე

პრემიერა იმერული "სეილემის პროცესი": "კუდიანები წითურეთიდან"

"ახალი ეპოქა", # 73 (125), 18-20 სექტემბერი, 2001 წელი.


რამდენიმე დღის წინათ თეატრალურ ინსტიტუტში მორიგი პრემიერა შედგა... ეს ფაქტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მივიჩნიეთ _ გვერწმუნეთ, ამისთვის საკმაო არგუმენტები გვქონდა...

არგუმენტი I

ნიკა _ "მსხვერპლი"... დავით კლდიაშვილი...

აბაა!.."

(ფრაზა სპექტაკლიდან)

ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ახალი სპექტაკლი დადგა! თეატრალურ ინსტიტუტში, IV დამამთავრებელი კურსის სამსახიობო ჯგუფთან, რომლის ხელმძღვანელია ცნობილი რეჟისორი შალვა გაწერელია... რაც მთავარია, დადგა კლდიაშვილი!..

არ არის გამორიცხული, ის მკითხველი, რომელიც ბატონ ანდროს მხოლოდ მისი სატელევიზიო პროექტით _ "წვრილვარსკვლავთა ღამე" იცნობს, განაცვიფროს მოწოდებული ინფორმაციის ინტონაციამ, მაგრამ მათ, ვისაც ახსოვთ რამდენიმე წლის წინათ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული "ირინეს ბედნიერება" უთუოდ მიხვდებიან ჩემი პათოსის მიზეზს...

კლასიკოსის უჩვეულო ინტერპრეტაცია, თამამი, საინტერესო რეჟისორული სვლები, თითქოს ნაცნობი და იმავდროულად, სრულიად განსხვავებული პერსონაჟები, ბრწყინვალე აქტიორული ნამუშევრები...

ქართველ კრიტიკოსთა ერთმა ნაწილმა წარმოდგენა პიესის სრულიად ახალ და წარმატებულ "წაკითხვად" აღიარა. იმ დროს ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა რეჟისორი ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული, მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს...

და აი, წლების შემდეგ ანდრო ენუქიძე კვლავ კლდიაშვილს დგამს. ამჯერად უკვე:

"მსხვერპლი"... დავით კლდიაშვილი... აბააა!.."



არგუმენტი II

ვასილი _ "ღმერთს ეს ძალა ჩემთვის ფულის მოსახვეჭად კი არ მოუცია?!"

(ფრაზა სპექტაკლიდან)

თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფებს შორის ბატონ შალვა გაწერელიას სახელოსნოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყოველი ახალი ნაკადის სტუდენტთა თითოეულ ახალ წარმოდგენას დიდი ინტერესით ელიან ინსტიტუტში და ჩვენების დღეებში მისი აუდიტორიის კართან სპექტაკლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე თუ არ დაიკავეთ რიგი (აქ სალარო არ არსებობს, შესვლა უფასოა), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უთუოდ გარეთ დარჩებით. წარმოდგენის ხილვის მსურველთა რიცხვი რამდენჯერმე აღემატება შესაძლებელს, ასე რომ, ამ უსიამოვნებისგან სტუდენტებს ვინ ჩივის, თავად პედაგოგებიც არ არიან დაზღვეული...

თუმცა, რა არის გასაკვირი? ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი შეგირდები ძალიან იშვიათად თუ გააწბილებენ "იღბლიან რჩეულთ", აუდიტორიის ზღურბლს რომ გადააბიჯეს...

გამონაკლისს შალვა გაწერელიას არც ახლანდელი "მსახიობები" წარმოადგენენ. შვარცის "ყინულის დედოფალი", ჩეხოვის "თოლია", დადიანის "გუშინდელნი" _ სამივე, უდავოდ, წარმატებული სპექტაკლის რეჟისორი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ახლა მეოთხეკურსელები სხვა თაობისა და განსხვავებული ხელწერის შემომქმედს უნდა შეხვედროდნენ, ანუ კიდევ ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაედგათ დაოსტატების გზაზე...



არგუმენტი III

დავითი _ "საქართველო გიყვართ?"...

ვასილი _ "გუგულის ხმა გესმის?"...

(ფრაზები სპექტაკლიდან)

ვინ არის მსხვერპლი? ახალგაზრდა, სიცოცხლით აღსავსე მშვენიერი მარინე, რომელსაც ბედმა და ონისიმე ბიძიამ ქმრად ყოვლად უდღეური და უუნარო ნიკა, ხოლო დედამთილად სოფელში "კუდიანად" მონათლული ფეფენა არგუნა. ეგებ, თავად ფეფენა _ ყველასგან მოძულებული, ადრე დაქვრივებული ქალი, ცხოვრების უდიდესი ნაწილი უმძიმეს შრომასა და გაუსაძლის გაჭირვებაში რომ გაატარა. ახლა კი ძლივს შეკოწიწებული კეთილდღეობისა და ოჯახის ნამუსის სადარაჯოზე დგას და გაავებული იბრძვის?!.

ვინ არის მსხვერპლი _ ქმრისა და დედამთილის მიერ ყოველდღიური ცემითა და დამცირებით მოთვინიერებული, უცბად დაბერებული და წელში სამად მოხრილი ნახევრად ადამიანი _ ნახევრად პირუტყვი მარინე, რომლის დანახვაზე საქონელი ავად ხდება, ბავშვებს შიშისგან სული ეხუთებათ, თუ ფეფენა, ჯიუტად რომ სჯერა _ "შიში შეიქმს სიყვარულსა"...

თუმცა ამის გარჩევა ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, როდი ძალგვიძს, აგერ არაა "წმინდა კაცი" ვასილ კირიკაძე, ჩაის დიდად მოყვარული და "ახლად გაკუდიანებულთა" ჭეშმარიტების გზაზე შემომბრუნებელი? ვინ არის მარინე, კუდიანი თუ კუდიანის მსხვერპლი, ამას ვასილი უცებ მიხვდება, თუმცა მანამდე...

"საქართველო გიყვართ?.."

"გუგულის ხმა გესმის?.."



არგუმენტი IV

ესმა (დედალი) _ "კა-კა-კარგად გავათხოვეთ ჩვენი გოგო!.."

(ფრაზა სპექტაკლიდან)

პრემიერაზე მოსულთა მოლოდინი (არადა, სპექტაკლს ბევრი ცნობილი პიროვნება ესწრებოდა) "უდავოდ" გამართლდა. რეჟისორმა კვლავაც არ უღალატა თავს და მეტად საინტერესო, თავისებური და უჩვეულო სანახაობა წარმოადგინა. მსუბუქი ირონია და იუმორი (ეს კლდიაშვილის "მსხვერპლში"!) თან სდევდა სპექტაკლის თითოეულ სცენას (თვით ყველაზე დრამატულ-მარინესა და ფეფენას სიკვდილის სცენასაც კი) და ამასთან ლიტერატურულ პირველწყაროსთან მსგავსი თამამი მოპყრობა იმდენად ეფექტიანი და მოულოდნელად ორგანული აღმოჩნდა, რომ თვით დოგმატიკოს ლიტერატორსაც არ დატოვებდა გულგრილს...

სტუდენტ მსახიობთა უმრავლესობამ სანაქებოდ დასძლია დავით კლდიაშვილის მეტად რთული დრამატურგია. იმავდროულად, ისე ზუსტად, გასაოცარი გემოვნებით შეძლო რეჟისორის არაორდინარული ჩანაფიქრის განხორციელება, რომ მის სრულუფლებიან თანაავტორად მოგვევლინა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გოგა ბარბაქაძის (ვასილი), ნიკოლოზ ქაცარიძისა (ონისე) და თინათინ კორძაძის (ესმა). შესაშური არტისტიზმითა და ზომიერებით შექმნილი სცენური სახეები უდავოდ ჭეშმარიტი აქტიორული გამარჯვებებია. სტუდენტური სპექტაკლების მთავარი მიზანიც ხომ ესაა...

თქვენ კი, თუ ჩვენს მიერ მოხმობილი არგუმენტები გეცოტავათ, გირჩევთ, თავად მიბრძანდეთ წარმოდგენაზე თეატრალურ ინსტიტუტში...

როგორც ნათქვამია, _ ასჯერ გაგონილსო... არა?!..

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ენუქიძე   Fri Apr 09, 2010 5:41 pm



"მართალია შესანიშნავმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ “თავისუფალ თეატრში” განახორციელა მხოლოდ ერთი სპექტაკლი “ვოიცეკი” და ნოველა სპექტაკლში “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, მაგრამ მან უზარმაზარი როლი ითამაშა თეატრის ცხოვრებაში, რადგანაც მის მიერ მოყვანილი მოწაფეები წარმოადგენენ დღევანდელ “თავისუფალი თეატრის” სახეებს.
აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, გოგა ბარბაქაძე - ამ მსახიობებმა პირველად ”თავისუფალი თეატრის” სცენაზე სწორედ ანდრო ენუქიძის სპექტაკლში ითამაშეს".

თავისუფალი თეატრის გვერდიდან.


Last edited by Admin on Wed Mar 02, 2011 1:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ენუქიძე   Wed Mar 02, 2011 1:12 pm



ანდრო ენუქიძე

როგორ დაფრინავენ გერმანიაში?
(რეცენზია)

მიხო მოსულიშვილი: "ფრენა უკასროდ". რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2001 - ISBN 99928–914–2–4

ამ პიკარესკული რომანის მოქმედება წარმოებს ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიგერიასა და საქართველოში. ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა მოიცავს სამი მთავარი გმირის, სამი ქართველი ემიგრანტის ნახევრად ლეგალურ ყოფას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში და ზოგადად, გერმანიაში. მოქმედება ხდება ჩვენს დროში.
ავტორმა თავის რომანს ხუმრობით "სახელმძღვანელოც" კი უწოდა. სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავის ღარიბ ქვეყანაში კანონისგან გაქცევას შეეჩვია და ასეთი ცხოვრების წესზე არც გერმანიაში სურს ხელის აღება. ხოლო ლტოლვილთა ბანაკები ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა რჯულის ადამიანები, მიუხედავად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, თავის გატანის მიზნით, ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს, საშუამავლო რგოლებს, რომლებიც აკავშირებენ დიდ ნარკომაფიას ნარკოტიკების მომხმარებელთან და ასე შემდეგ.
გმირების საქციელი თითქოს მარტივია და პრიმიტიულიც კი, ცხოვრების წესი - ქურდობა, ბრძოლა ნარკოტიკებისათვის. ავტორი თავისი პერსონაჟების ყოფას ირონიულად უყურებს. თხრობა ხან ზედმიწევნით ეპიკურია და ხაზგასმით ყალბ პოეტურ ელემენტებს მოიცავს, ჰომეროსის "ოდისეასაც" კი ემგვანება, ხან კი ავტორი თავს ირთობს რაბლეანური მოტივებით და მკითხველი ჰიპერტროფირებულ, მაღალპოეტური სატირისა და იუმორის სამყაროში გადაჰყავს... ამ ნაწარმოებში უცნაურად ერწყმის ერთმანეთს ერთფეროვნების სიჭრელე და - პირიქით, - მრავალწახნაგოვანი ყოფის მონოტონურობა და ერთფეროვნება.
რომანის სათაური გოეთეს "ფაუსტის" პერიფრაზია; დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული "ჯოინტიც" ყოფნით.
გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი); ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკრუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები).
საბოლოოდ, ინტერნაციონალური "არამზადების" ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება - რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და "აზულიანტებს" თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. ამგვარად, ირკვევა - არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
სასაცილოსა და სატირალის ზღვარზე ბალანსირებული თხრობა რომანში შევსებულია უაღრესად მკაფიო, გმირებისთვის (დიტო ქინქლაძე, პუპა კოღუაშვილი და კახა ბურნაძე - ქართველი არამზადები; ბოზო ანჩიბუა ოდუდუვუა, საფა ჩუკუ ჩუკუ - ნიგერიელი არამზადები; ვილი ზაბელიკუსი და კრისტინ შვერდტლაინი - გერმანელი არამზადები; მარიშკა "პალმით" და ანანკე ორო კააია - ქართველი და ნიგერიელი ამორძალები) დამახასიათებელი, სისხლხორცეული ცნობიერების ნაკადის გადმოცემით.
და ბოლოს, რა არის ავტორისთვის ყველაზე ფასეული პოსტმოდერნისტულად ორგანიზებულ თხრობაში, სადაც ყველა პრობლემა (განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების ანტაგონიზმი, გლობალიზმი და ანტიგლობალიზმი, ფემინიზმი და ანტიფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა და უმრავლესობის ჰარმონიული თანაარსებობა და ასე შემდეგ) სასაცილო ასპექტშია გადაწყვეტილი?
ადამიანი, როგორც ინდივიდი; ადამიანი, როგორც თავისებური სამყარო - ყველა თავისი მანკიერებითა და ღირსებით - ის სიყვარულის სივრცეა, რომელიც რომანში ავტორს შეარიგებს ქვეყნიერებასთან და, მიუხედავად სატირისა, მკითხველს თავის პერსონაჟებს შეაყვარებს. სწორედ ამიტომაა, რომ რომანის გმირები ცხოვრებას აგრძელებენ ქართველი მკითხველის ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი და საფუძველი, ვივარაუდოთ რომანის წარმატება როგორც დასავლეთ ევროპასა და გერმანიაში, ასევე ნიგერიასა და მის მსგავს განვითარებად ქვეყნებში.

© “წიგნები – 24 საათი”
წყარო - http://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post_11.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ანდრო ენუქიძე   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ანდრო ენუქიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: