არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კოტე ჯანდიერი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: კოტე ჯანდიერი   Mon Mar 15, 2010 3:49 pm



კოტე ჯანდიერი - http://ka.wikipedia.org/wiki/კოტე_ჯანდიერი

კონკიას ღამე

"აღებსთა, ფშეგიშხა, აცეტუკი"... ეს უცნაური, წარმართული შელოცვის მსგავსი სიტყვები უეც-რად, ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდნენ მო-ლოდინით დაქანცული ქალის გონებაში. ვინ იცის უკვე მერამდენედ, ყველაზე მძიმე წუთებში, სასო-წარკვეთის ქვიშიან ნაპირზე მდგარს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა ..."აღებსთა, ფშეგიშხა, აცე-ტუკი"... ამ მთების სახელები პირველად მამისაგან გაიგო. მაშინ ისინი რესტორანში ისხდნენ, შემწვარ კალმახს შეექცეოდნენ და გაჰყურებდნენ მწვანედ მოლივლივე ტბას ვეებერთელა ფანჯრის მიღმა. ტურისტული სეზონი თითქმის დამთავრებულიყო. დაბლა, ზღვის სანაპიროს ჯერ კიდევ შემორჩე-ნოდნენ ტანგარუჯული დამსვენებლები; აქ კი, ამ სიმაღლეზე, არაფერი არღვევდა ხშირი წიწვნარით შებურული მთებისა და პრეისტორიული ქვეწა-რმავლის თვალივით ცივი და საშიში ტბის მდუმა-რებას. მამამისის ახალთახალი, შავად მოლაპლაპე "ვოლგა" სრულიად მოულოდნელ და უადგილო სხეულად მოჩანდა უკაცრიელ ავტოსადგომზე, ტყის ნაპირას.

- ყველაზე თვალისმომჭრელი აქ ტბაა, - ამბო-ბდა მამა, - მაგრამ რომ არ იყოს ეს მთები, ეს აღებსთა, ფშეგიშხა და აცეტუკი, არც ეს პატარძალი იარსებებდა. ეს მთები აჩერებენ ღრუბლებს, თავის კალთებზე ატოვებინებენ ტენს. სათავეს აძლევენ წყაროებს, მათ დინებას მიმართულებას უწესებენ, მერე წინ ეღობებიან, აგუბებენ და თვითონვე უგებენ სარეცელს ამ ტბას... - მამამ სიგარეტს მო-უკიდა და აცეტუკის თავზე გაჩენილ კუპრისფერ ღრუბელს გახედა. ამინდი აშკარად ფუჭდებოდა.

- არ ვიცი, ხვდები თუ არა, მაგრამ მე და შენ იმ ჯიშისა ვართ, ვინც აგუბებს მდინარეებს...

კუპრისფერმა ღრუბელმა ნახევარი ცა დაფარა და ტბის იქითა, შორეული ნაპირი (კეკლუცი სამთ-ავრობო აგარაკის ჩათვლით) ცივ და მძიმე ნისლში გაეხვია.

- თუ ვერ ხვდები რასაც ვგულისხმობ, ე.ი. შენს გაზრდაში შეცდომები დამიშვია... მე მინდოდა, რომ გარშემო ყოველთვის კარგი წიგნები, ნახატები და მუსიკა გქონოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს პოეტები, ოპერის მომღერლები და მხატვრები, რომლებსაც დღემდე ვაჭმევ, ვაცმევ და ზოგჯერ ფულსაც ვუტენი ჯიბეში, დაბალი რასის წამომადგენლად, უფრო სწორად, მეწველ ძროხად მთვლიან.

ქალს გაახსენდა მამის დაღლილი, ყველაფრისმცოდნე და იმედისგან დაცლილი თვალები, შემთხვევით წაქცეული სატყემლე, თეთრ სუფრაზე ახლად დაღვრილი სისხლივით გადღაბნილი საწებელი და საკუთარი შემცბარი ხმა, რომელშიაც გაღიზიანების ცუდად დაფარული ნოტები გაისმა:

- შენთვის მაგათ არასდროს არაფერი უთხოვიათ, მგონი, პირიქით...

მამამ თქვა:

- აი, შენც მაგათსავით ლაპარაკობ... - და სწორედ იმ წამს გარეთ ქარიშხალი ამოვარდა. ავდრის ბინდ-ბუნდში ქარი ფლეთდა, ატრიალებდა და ერთმანეთში ურევდა ტბის ზედაპირზე გაწოლილი ნისლის გროვებს, აზვირთებდა ფოლადისფერ ტალღებს და ღრიალით ახეთქებდა ნაპირს.

- მაგ ხალხს ჰგონია, რომ მთელი სამყარო და კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი ღმერთმა მაგათ მოსახმარად და მოსაწველად შექმნა!

საშინელმა გრუხუნმა თითქოს ორად გააპო ზეცა და თქეში წამოვიდა. ქარის ზუზუნში, წვიმის შხუილსა და თუნუქის სახურავების ღრჭიალში ჩაესმოდა მამის ხმა.

- არა, ჩემო კარგო, ეგენი კი არა, ჩვენ ვაშენებთ პორტებს, რკინიგზებს, ჯებირებსა და ქარსაცავ ზოლებს. ჩვენს გარეშე არც მაგათი მყუდრო, საჭმელ-სასმელით გატენილი და აი, ესეთი ქარიშხლებისგან დაცული სათბურები იარსებებდა! თანაც ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ სული გვიბერონ, ტაში გვიკრან და ერის მამებად გვაღიარონ. რას გაჩუმებულხარ?!

- რა გითხრა, პილიკოკი!

- რა პილიკოკი, მითხარი რასაც ფიქრობ!

- მე ვფიქრობ, რომ ლირი გაგიჟდა...

ეს სნობური ფრაზა რესტორნის ვეება მინის მიღმა დატრიალებული ავდრის ღრიალში ჩაიკარგა...

მერე, როცა სველ, უკაცრიელ ტრასაზე მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ნაავდრალ ფერდობებს გა-ჰყურებდა, მამამ თქვა:

- მე არ გავგიჟებულვარ. მაგათშიც არიან ნორმალურები, მაგრამ უმრავლესობა ბრექითა და პადხალიმობით ჭამს პურს. მე ყოველთვის თავს მატკიებდა მაგათი კამათი, გულს მირევდა მაგათი კომპლიმენტები და მწამლავდა მაგათი ღიმილი...

ფანჯრის მიღმა ნაძვების ნაცვლად უკვე ევკალიპტები და ოლეანდრები გარბოდნენ. ოქროსფერი მზე ცეცხლოვან ზოლად ირეკლებოდა ლილისფრად ჩამუქებული ზღვის ხავერდოვან ზედაპირზე.

- მე ვგრძნობ, დრო იცვლება... ღმერთმა არა ქნას, მაგრამ მაგათ თუ საშუალება მიეცათ...

ქალიშვილის კისკისმა ფრაზა გააწყვეტინა.

- ვის? პოეტებსა და არტისტებს? ხა-ხა-ხა...

კარგად ახსოვს, როგორ ამოიღო ცალი ხელით სიგარეტი, მოუკიდა და მისკენ მოიხედა. მამის თვალებში არც წყენა, არც გაბრაზება არ დაუნახავს, იქ დაღლილობა და მარტოობა ამოიკითხა.

- დედაშენი დიდი ხნის მკვდარია, ამ სამ დღეში ცხრამეტისა ხდები და მე არ ვიცი, როგორ გითხრა ის, რასაც გოგოებს დედები ეუბნებიან.

- პირდაპირ მითხარი.

- მე არ მინდა, რომ ვინმე მაგათთაგანმა გაგაბრიყვოს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკითა და მოხდენილი მოძრაობებით, მერე კი აქეთ დაგამადლოს საკუთარი თავი.

- ეგრე გეთქვა, რა შუაში იყო ჯებირები და ქარსაცავი ზოლები?

- ჩვენ არა ვართ მაგათი ჯიშის. შენ ვერ აიტან მაგათ ბრექს, მეტიჩრობას, უნებისყოფობასა და წვრილ-წვრილ ტყუილებს, მაგათ პოხონდრიებს, ყალბ პათოსსა და ეგოიზმს.

ეს იყო 1980 წლის 25 სექტემბერი. ისინი ბრუნდებოდნენ სასტუმროში და ჩამავალი მზის ფორთოხლისფერი შუქით განათებული მამა სულ აღარ გავდა ქარიშხლისას მარტო დარჩენილ შეშლილ მეფე ლირს. მის გარდაცვალებამდე ერთი წელი, ოთხი თვე და სამი დღე იყო დარჩენილი. სხვათა შორის, სიმამრის გასვენებაში მოსულ ახალგაზრდა სიძეს ჰალსტუხის ნაცვლად ბორდოსფერი, თეთრად დაწინწკლული აბრეშუმის ბაფთა ჰქონდა ყელზე შემოხვეული. იგი XVIII საუკუნის ფრანგული ხელოვნების სპეციალისტი იყო.




* * *



საათმა რაღაცის ნახევარი ჩამოჰკრა. ქალმა მიმოიხედა. საფერფლეში ფილტრამდე ჩამწვარი, დავიწყებული სიგარეტი ხრჩოლავდა... ირგვლივ რბილი სავარძლები, ნოხი, ჭურჭლისა და წიგნის თაროები, ბოჰემიური, თუ ვინ იცის კიდევ სადაური, ძვირფასი მინის ჭაღი გულგრილად დაეფარა მტვრის თხელ ფენას. ამ ოთახში ყველაფერი მამის ნაყიდი იყო... წიგნების გარდა.

თვითონ, მოციმციმე ეკრანის წინ ფეხებაკეცილი, ტახტზე მოკალათებულიყო და მოლოდინად ქცეული ქუჩის ხმაურს უსმენდა. შორეული ოთახიდან კი ბავშვის უსმენო სიმღერა მოისმოდა. "დაიღლება და ჩაიძინებს", - ფიქრობდა ქალი. სიმღერას ხანდახან გაუგებარი რეჩიტატივები ენაცვლებოდა და ერთ დაუსრულებელ, მონოტონურ ხმად ჩაესმოდა მოლოდინით გამახვილებულ ყურთასმენას. ანთებული ჭაღების კაშკაშა შუქი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს სიცარიელეს და მხოლოდ ბავშვის ოთახში იდგა მყუდრო ბინდ-ბუნდი, სავსე უცნაური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და იდუმალი ბგერებით..

მოპირდაპირე კედელზე, ტელევიზორის ზემოთ, იქ, სადაც ახლა მონდრიანის რეპროდუქცია იყო გაკრული, ადრე მამის სურათი ეკიდა. მამა მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა, პირში ანთებული სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი, ხელში კი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. თვითონაც არ იცოდა, რატომ ჩამოხსნა. მათ შორის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული სითბო და 1980 წლის 25 სექტემბერს შემდგარი ლაპარაკი, მგონი, ერთადერთი იყო, რის გახსენებასაც ქალი ახერხებდა. იქნებ მიზეზი ის კაცი იყო, რომელსაც ამ სახლში მხოლოდ ანტუან ვატოს, ბუშესა და ფრაგონარის ალბომების, რამდენიმე წიგნისა და წვერის საპარსი მოწყობილობის გარდა არაფერი ეკუთვნოდა?..

ქალი უაზროდ მიაშტერდა დეფორმირებულ გამოსახულებას ტელეეკრანზე. "ანტენაა გასასწო-რებელი", - გაიფიქრა და უეცრად მიხვდა, რომ რაღაც მოულოდნელმა ცვლილებამ შეაშფოთა და და-არღვია მოლოდინის მდორე დინება: ბავშვი გაჩუმებულიყო. ქალი წამოდგა და ჩაბნელებული ოთახისაკენ გაემართა.

შემინულ კარში რომ შეიხედა, ვერაფერი დაინახა ორი მოლაპლაპე წერტილის გარდა. მერე მიხვდა, რომ ბიჭს არ ეძინა და ფართოდ გახელილი თვალებით ჭერში იყურებოდა.

- არა გძინავს? - ზღურბლზევე ჰკითხა ქალმა.

ბავშვი არ გამოხმაურებია. ქალი მიუახლოვდა საწოლს.

- კიდევ იმაზე ფიქრობ?

- რაზე?

- შენ და ზურიკომ რომ იჩხუბეთ კინოში.

- შპიონია ეგ შენი ნანა, აღარასდროს აღარ წავყვები არსად. ნუღარ მომაკითხავს.

- შენ ის მითხარი, მართლა სოფოს გამო ხომ არ იჩხუბეთ?

- არა, არა, ბატონო.

- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მითხარი რა მოხდა.

ბავშვი საბნის კუთხეს ჭმუჭნიდა ხელში და არაფერს ამბობდა.

- არ მეტყვი?

- არა.

- ნუ კარგი, აბა, დაიძინე, თორმეტი საათია უკვე - უთხრა ქალმა და კარი გამოიხურა. უცბად თვა-ლი მოსჭრა ჭაღის მჭახე შუქმა. შუა ოთახში ტელევიზორი უაზროდ ციმციმებდა, ყველა პროგრამა დამთავრებულიყო. ქალმა სათს შეხედა. პირველის ნახევარი იყო. საოცარია, როგორ გამორჩა თორმეტი საათი. ნუთუ ძველი საათი გაჩერდა? გამორთო ტელევიზორი და ფანჯარას მიუახლოვდა. ყველგან ჩაექროთ შუქები, მხოლოდ მოპირდაპირე სახლის ერთ სარკმელში დაინახა სინათლე და განათებული ოთხკუთხედის ფონზე აშკარად გამოკვეთილი ქალის მუქი სილუეტი, წყვდიადის სარკეში არეკლილი მისივე ორეულივით. იქაც უცდიდნენ ვიღაცას.

ქალი მოშორდა ფანჯარას და დერეფანში დაკიდებული სარკისკენ წავიდა. უაზროდ გახსნა ყუთი, სადაც თავის მრავალრიცხოვან სამკაულებს ინახავდა. მერე დიდხანს დაჟინებით უცქერდა თავის თავს, თითქოს ვერ ცნობსო - სარკიდან გამხდარი, თმააწეწილი არსება იყურებოდა. ნელ-ნელა ეცვლებოდა სახე: განურჩეველი მოლოდინის გამომეტყველებას ზიზღი ცვლიდა. კაცმა რომ თქვას, სულაც არ იყო უშნო, მაგრამ მაინც ქალს ნელ-ნელა სიბრაზე იპყრობდა გაუთავებელი მოლოდინის გამო, თავისი მიშვებული გარეგნობის გამო, მეზობელ სახლში მასავით მომლოდინე ვიღაც ქალის გამო ა.შ. ის უკვე ზღვარს უახლოვდებოდა, ცოტაც და ალბათ სარკეს ესროდა პირველივე საგანს, რომელსაც წააწყდებოდა მისი გაყინული ხელი, რომ ბავშვის ძახილი არ გაეგონა.

- დედა!

ქალი ხმას ვერ იღებდა. საჭირო იყო დრო, რომ ოდნავ მაინც განელებულიყო სულის სიღრმეში წამონთებული და თვალებში წამით არეკლილი ავისმომასწავებელი ცეცხლი. მექანიკურად აიღო ხელში ძველებური მინანქრიანი გულსაბნევი ძოწის თვლებით და მკერდზე დაიმაგრა.

- დედა! - განმეორდა ძახილი.

- რა გინდა, რა?! დაიძინე ახლავე, შენი ხმა არ გავიგო!

- არ მეძინება და რა ვქნა?!

ქალმა თმა შეისწორა, სახეზე ჩამოისვა ხელი და ბავშვის ოთახისაკენ გაემართა.

- რატომ არ იძინებ?

- არ მეძინება და რა ვქნა? - გაიმეორა ბიჭმა.

- დახუჭე თვალები და დაგეძინება.

- ზღაპარი მინდა!

- მთელი დღე მულტფილმებს უყურებდი, რაღა ზღაპარი გინდა?!

- მერე რა, გეხვეწები!

- შენ რომ არ მიყვები რაღაც-რაღაცეებს?

- მომიყევი რა, ძალიან გეხვეწები.

ქალს გაეღიმა. იგრძნო, რომ ბავშვთან საუბარი ამშვიდებდა.

- კარგი, ოღონდ თვალები დახუჭე და ისე.

- ხო, კარგი.

- რომელი გინდა?

- ბიჭების ზღაპარი მიამბე. ნუ, ბიჭები რომ მთავარი არიან, ისეთი...

- ბიჭების? მოდი, გოგოების ზღაპარს მოგიყვები, ბიჭებისა რაღაც არ მაგონდება. არ გაინტერესებს გოგოების ამბავი?

- ეგ რომელია?

- აი, ქვრივ კაცს რომ პატარა ქალიშვილი ჰყავდა და მერე მეორე ცოლი რომ მოიყვანა, გახსოვს?

- არა.

- ხოდა, მოკლედ, როგორც კი მეორე ცოლი მოიყვანა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა საწყალი გოგო. დედინაცვალი თავის შვილებს არაფერს აკეთებინებდა და ამას კი დღე და ღამე ამუშავებდა, ცუდ ტანსაცმელს აცმევდა და კონკიას ეძახდა.

- ბოროტი იყო?

- ხო, ცუდი იყო. ამ დროს გამოაცხადეს, რომ მეფესთან პატიჟებდნენ ყველა ახალგაზრდა ქალიშვილს, ვისაც იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ლამაზად ჩაეცვა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უშნოდ ჩაცმული და თმააბურძგნული ადამიანი არავის უნდა. უშნოა, გაიგე? ხოდა, აბა, სასახლეში სიუშნოვე ვის ესიამოვნებოდა? მოკლედ, დედინაცვალი გაგიჟდა სიხარულით, ძვირფასი კაბები უყიდა ქალიშვილებს და წაიყვანა სასახლეში.

- რამდენი ღირდა?

- ხუთასი. შენ რა, არ ხუჭავ თვალებს? სიტყვა სიტყვაა.

- ხო, მერე!

- დარჩა სახლში საწყალი გოგო და ატირდა.

- და მერე ჯადოქარი მოვიდა?

- ხო, ხომ იცი ეს ზღაპარი!

- არა, არა, ისე ვთქვი. მერე?

- მერე და მერე: ჯადოქარმა შეახო ჯოხი გოგოს დაკონკილ კაბას და ძვირფას კაბად აქცია. ასეთი კაბა მთელს სამეფოში არავის ეცვა, იმიტომ, რომ ვერც ერთი მკერავი ვერ შეკერავდა ასე ლამაზად.

- კონკია ლამაზი იყო?

- ხო, ძალიან... მაგრამ როცა ცუდად ეცვა და თმააბურძგნული დადიოდა, ვერავინ ამჩნევდა. მერე კვახისაგან ეტლი გაუკეთა, თაგვები ცხენებად აქცია და გაისტუმრა სასახლეში...

უეცრად ქალის სმენას ეზოში შემოსული მანქანის ხმა მისწვდა. აქამდე თხრობით გართული. ბავშვის ოთახის თბილ ბინდ-ბუნდში ჩაძირული კვლავ მოლოდინის უდაბურ ნაპირზე აღმოჩნდა. სულის სიღრმეში ისევ აწრიალდა და დაიძრა რაღაც საშიში და უსახელო. მანქანის კარი გაჯახუნდა და მოისმა წამით ჩართული სიგნალიზაციის ხმა. მერე ყველაფერი მიჩუმდა. ქალმა ხელით მოიწმინდა შუბლიდან ოფლის წვრილი წვეთები ...მათ "ვოლგას" სულ სხვანაირი სიგნალიზაცია ჰქონდა.

- დედა, მერე, მერე, - იმეორებდა ბიჭი.

ქალმა ბიჭს შეხედა და გაიფიქრა: "ნუთუ ეგეც მამამისივით შესძლებს პირდაბჩენილ გოგოს პათეტიკურად გამოუცხადოს: "თავისუფლება კაცობრიობას მოუტანა XVIII საუკუნემ. ეს იყო თავისუფლება რელიგიის, მორალის, საკუთარი წარსულის ტირანიისაგან. უამისოდ მე ვერ გავბედავდი ასე თამამად მოგხვეოდი და მეკოცნა შენთვის ტუჩებში", ანდა: "XVIII საუკუნის ხელოვნებამ სიამოვნება დაიხსნა ბუნდოვან აკრძალვათა ტყვეობისაგან, შექმნა თავისუფალი ფიქრისა და ქცევის ატმოსფერო, რომელსაც ვხედავთ ვატოსა და ფრაგონარის ტილოებზე, მარკიზ დე სადისა და შოდერლო ლაკლოს ტექსტებში, ეს არის ის, რაც საშუალებას გაძლევს თვალები დახუჭო და მშვიდად მიენდო სიამოვნებას, როდესაც მამაკაცის ხელი შენს მკერდს ეალერსება..."

- ხო, სად გავჩერდით?

- უფლისწულს რომ უცდიდა კონკია.

- ხოდა, უცდიდა და უცდიდა გაუთავებლად. კონკია კინაღამ გაგიჟდა. ამდენი ცდისაგან.

- ეგ როგორ?

- ეგ როგორ არის, იცი, როცა ადამიანი ძალიან დიდი ხანი ერთდაიმავეს აკეთებს, შეიძლება გაგიჟდეს.

- ე.ი. შენ რომ ყოვლდღე საჭმელს აკეთებ, შეიძლება გაგიჟდე?

- შეიძლება, ხომ იცი, თუმცა არა, ერთ და იმავე საჭმელს ხომ არ ვაკეთებ?

- ა-ა, ხო, მერე?

- უფლისწულს კი მართლა შეუყვარდა კონკია და ყველგან დაეძებდა.

- როგორ შეუყვარდა?

- ძალიან შეუყვარდა.

- ეგ როგორ არი?

- ნუ, როგორ გითხრა, ძალიან შეუყვარდა, ღამეები არ ეძინა.

- არ უნდოდა ძილი?

- არა, ვერ იძინებდა, სულ კონკიაზე ფიქრობდა.

- და რას ფიქრობდა?

- ნეტა ჩემი იყოსო.

ა-ა...

- შენ რა, არ აპირებ ძილს? აბა, დახუჭე თვალები, როგორც შევთანხმდით! აი, ასე. ხოდა, იმას ვამბობდი, კონკიას დაეძებდა უფლისწული. პატარა ბროლის ქოშიც სულ თან დაჰქონდა, იმიტომ, რომ ეგ ქოში მთელ მსოფლიოში არც ერთ გოგოს არ მოერგებოდა, კონკიას გარდა...

ტელეფონმა დაიწკრიალა და გაჩუმდა. ქალი შეკრთა, მიაყურადა. ზარი აღარ განმეორებულა. იგრძნო, რომ სადღაც, მოქანცული გონების კიდეზე, სიბრაზის ქარი აწყდებოდა, მალე ეს ქარი ძალას მოიკრებდა და აუმღვრევდა ტვინს, შეურაცხყოფის მწველი მტვერი გადაეფარებოდა ცნობიერებას. იქნებ უკეთესიც იყო, რომ ამჯერად მაინც არ დაეხვედრებინა მომავალი ქარიშხალისათვის გაუთავებელი ბრძოლით დაფლეთილი და მორყეული ქარსაცავი ზოლები, გზა მიეცა მისთვის, რათა თავისი ჯოჯოხეთური ქროლვით მოემსხვრია ამდენი ხნის ნაშენები შეკავების ჯებირები და საბოლოოდ გაერკვია ყველაფერი: ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე აჯობებდა, მაგრამ ახლა მის წინ ბავშვი იყო, თავისი დღევანდელი განცდითა და დაბნეული, ძილშეპარული თვალებით...

ქალმა კვლავ ჩამოისვა სახეზე მოლოდინისაგან დაგრძელებული და გაცრეცილი თითები, ბავშვს საბანი გაუსწორა და გააგრძელა:

- კონკია კი უცდიდა, როდის მოვიდოდა მასზე შეყვარებული უფლისწული, კონკებს ძვირფას კაბად გადაუქცევდა და სასახლეში წაიყვანდა... აი, უკვე გეძინება...

- არა, არა, მერე...

- იცი რომელი საათია?

-მერე რა! მერე, მერე?!.

- ნუ, რა მერე! არ იცი თუ რა?! როგორც იქნა ეღირსა კონკიას სასახლეში მოხვედრა, ოღონდ უფლისწული კი არ მოვიდა მის წასაყვანად, როგორც ელოდებოდა, მსახურმა ჩამოიარა ბროლის ქოშით ხელში, ჩააზომა და წაიყვანა სასახლეში. კონკების ნაცვლად ახალი ძვირფასი კაბა ჩააცვეს კო-ნკიას, მართალია, ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც ჯადოქარმა ათხოვა, მაგრამ კონკიას მაინც მო-ეწონა. და ცხოვრობდნენ ასე, სასახლეში. მორჩა, ახლა დაიძინე. ჭირი იქა - ლხინი აქა - ქატო იქა...

- მერე როგორ იყო, დედი, რომ ცხოვრობდნენ?

- ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად.

- როგორ, როგორ ჩვეულებრივად? - ძილს ებრძოდა და გაუთავებლად იმეორებდა ბიჭი.

- როგორ და ისე, ჩვეულებრივად: უფლისწული მთელი ცხოვრება ახალ კონკიებს ეძებდა, კონკია კი იჯდა სასახლეში და მთელი ცხოვრება უფლისწულს უცდიდა, გაიგე... დაიძინე... ახლა სამი საათი გახდა!..

ბიჭს უკვე უძინა და ძილში ბროლის ქოშები მიჰქონდა სოფოსათვის, რომელიც კინოთეატრის ცარიელ ფოიეში დახტოდა...


* * *



მანქანა სწორედ მაშინ შემოვიდა ეზოში, როცა ქალი საბნის ქვეშ აყოფინებდა ხელებს ბავშვს და ბალიშს უსწორებდა. კარის მოჯახუნების ხმამ ფეხზე წამოაყენა და ისევ აუნთო ამ რამდენიმე ხნის წინ თვალებში არეკლილი ავისმომასწავებელი ცეცხლი. უკვე ესმოდა კიბეებზე თითოეული ნაბიჯის ხმა. ნათლად ხედავდა გაპრიალებულ უცხოურ ფეხსაცმელებს და გატკიცინებულ გრძელსახელოებიან პერანგს. კაცი ამოდიოდა. ქალს თითქოს უკვე მისი სუნთქვა სწვდებოდა... გონება ემღვრეოდა, სადღაც ცნობიერების კიდეზე ქარიშხალი დაიწყო, აიმღვრა ზედაპირი და ააზვირთა მისი მოთმინების უნაპირო ტბა. ქალს ახლა უკვე წამითაც კი არ უგრძვნია შიში - ისე მიენდო თავის სიბრაზის ქარს, რომელიც სუფთა ჰაერით უვსებდა შეშუპებულ ფილტვებს და ნეტარებას განაცდევინებდა. მის სახეს შურისძიების ალი ედებოდა და რაღაც არაბუნებრივი შუქით უნათებდა თვალებს. ქალი მზად იყო. ის იდგა დერეფანში დოინჯშემოყრილი და უცდიდა კარის გაღებას, რომ საბოლოოდ ეთქვა ამ კაცისთვის ყველაფერი, რასაც ფიქრობდა...

გასაღები ორჯერ გადატრიალდა საკეტში. კარი გაიღო და კაცი შემოვიდა; შემოვიდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო შემოსვლა, რაღაც თავისუფალი, მოხდენილი მოძრაობით, ასევე ელეგანტურად მოათავსა საქაღალდე კარადის თავზე და თქვა:

- ვა, არ გძინავს?

მერე სწრაფად მიუახლოვდა, გულსაბნევს შეხედა და უთხრა:

- გიხდება, იცი?! სადა გქონდა ამდენ ხანს?

ქალს ხელები ძირს დაეშვა. კაცმა თავისი მხნე, შეუბორკავი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და სააბაზანოში შევიდა ისე, რომ კარი არ დაუკეტავს.

- საიდან მოვდივარ, რომ იცოდე! აუცილებლად უნდა წაგიყვანო ერთხელ. მხატვარი აღმოვაჩინე, ძალიან მაგარია, იცი... - თან ხელებს იბანდა, მერე პირსახოცი აიღო, გაიმშრალა, ისევ დაკიდა და სამზარეულოსაკენ გაემართა.

- გვაქვს რამე, ადვილად შესაჭმელი?

ქალმა ძლივს დასძრა თავისი მოდუნებული სხეული ადგილიდან, გავიდა სამზარეულოში და თქვა:

- პილიკოკი...

- რა თქვი?

- გვაქვს, დაიცა, პური დავჭრა.

- ბიჭი რას შვრება? ჰყავდა ნანას კინოში?

- ჰყავდა, იქ ზურიკოს ეჩხუბა გოგოს გამო - უპასუხა ქალმა და გაიღიმა... ბოლოს და ბოლოს განთიადამდე კიდევ სამი საათი რჩებოდა და აღებსთას, ფშეგიშხასა და აცეტუკს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ადგა თავზე, ხოლო ვამპირების მფარველი მრგვალი მთვარე ტბის მთვლემარე წყლებში ბანაობდა.

Idea


Last edited by Admin on Thu Jun 23, 2011 6:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კოტე ჯანდიერი   Mon Mar 15, 2010 3:54 pm



კოტე ჯანდიერი – "კონკიას ღამე".
თბილისი. დიოგენე, 2009

ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ "კონკიას ღამე" ძირითადად მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის მოყვარულთ.
კოტე ჯანდიერი იმ მწერლებს შორისაა, რომლებიც ერთი მოთხრობით გამახსოვრებენ თავს. "საოჯახო ქრონიკა" დღემდე რჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა ყველაზე საყვარელ ტექსტად. დღესაც მახსოვს მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება. მერე იყო "დაპატიჟება კინოში", "კონკიას ღამე", "განსხვავებული კალიბრის ვაზნა"...
კოტე ჯანდიერი არ მიეკუთვნება უხვკალმიან შემოქმედთა რიცხვს, თვეში თითო რომანს და ათ მოთხრობას რომ წერენ. მისი ტიპის მწერლები კალამს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდებათ. სწორედ ასეთი სათქმელი აღმოჩნდა "გლობალიზაცია". მოთხრობა, რომელიც ავტორმა რამდენიმე წლის წინ პირველად ჟურნალ "არილში" დაბეჭდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მწერალია.
"სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი" - წერდა სტეფან მალარმე. კოტე ჯანდიერმა ამ წიგნში მისეული ხედვით შექმნილი სამყარო შემოგვთავაზა. სამყარო, რომლის ღერძიც ადამიანზე გადის. სამყარო, რომელიც ელოდება მკითხველს.

Arrow
გადმოტანილია აქედან.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: კოტე ჯანდიერი   Thu Nov 04, 2010 3:47 pm



07:15 / 30-10-2010

კოტე ჯანდიერის მოთხრობები - ფაქიზი, მაგრამ მამაკაცური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი


Ambebi.Ge


წელს, ბატონი კოტე ლიტერატურული კონკურსის - "საბას" გამარჯვებული გახდა: საუკეთესო ნაწარმოებებს შორის, მისმა შემოქმედებამ თავისი განსაკუთრებულობით ჟიურის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. კოტე ჯანდიერის შემოქმედებაზე სასაუბროდ, მწერალსა და მთარგმნელს - ბატონ გიორგი ლობჟანიძეს ვეწვიეთ, რომელიც წლევანდელი "საბას" ჟიურის წევრი გახლდათ.

გიორგი ლობჟანიძე:
- "ქართული პროზის საგანძური" ძალიან ჭკვიანური პროექტია. შეიძლება, ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის ლიტერატურული გაგრძელებაა. საქართველო მარტო თბილისი არ არის, როგორც ზოგ პოლიტიკოსს ჰგონია. საქართველოა ჩვენი ლამაზი სოფლებიც, სადაც კულტურული ცხოვრება არც ისე კარგ სიტუაციაშია, რადგან ხალხს არა აქვს საშუალება, რომ წიგნი იყიდოს და საკუთარ თავს სულიერი საზრდო მიაწოდოს, რომელმაც აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, სულიერად გაზარდოს. პოპულარულ ჟურნალში ხელმისაწვდომ ფასად "ჩადებული" წიგნი მკითხველისათვის ძალიან კარგი საჩუქარია. ამიტომ თქვენს პროექტს ძალიან ვაფასებ და ვისაც ეს იდეა მოუვიდა, მადლობას პირადად ვუხდი. ეს პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ კოტე ჯანდიერის ტიპის მწერლების ნაწარმოებებს ანუ ნამდვილ ლიტერატურას პოპულარიზაციას უწევს.

- კოტე ჯანდიერის შემოქმედება როგორ გაიცანით?
- დიდი ხანი არაა, რაც კოტეს პირადად ვიცნობ, მაგრამ მის შემოქმედებას პირველივე მოთხრობის გამოქვეყნებისთანავე გავეცანი. კოტე ჯანდიერი ჩემს ცნობიერებაში 1987 წელს "შემოვიდა": იმ პერიოდში, არაჩვეულებრივი ალმანახი - "სათავე" გამოდიოდა, რომელსაც ლაშა თაბუკაშვილი "აკეთებდა". ალმანახში მართლა გემოვნებიანი ნიმუშები იბეჭდებოდა. სწორედ მაშინ კოტე ჯანდიერის "საოჯახო ქრონიკა" პირველად წავიკითხე. რასაკვირველია, ამ მოთხრობისათვის დამახასიათებელი "სიღრმეები" ბოლომდე ვერ გავიგე (სკოლის მოსწავლე გახლდით), მაგრამ ჩემზე მაინც ძალიან იმოქმედა.

მოგვიანებით კიდევ გადავიკითხე. საინტერესო მოთხრობა გახლავთ: ლიტერატურაში ახალი ხერხი იყო, როცა ოჯახის წევრები წერილობითი ფორმით, ქაღალდის ნაგლეჯებით ურთიერთობენ. ამ წერილების ფონზე საოცარი დრამა იშლება. კოტე ძალიან ღრმა მწერალია, რადგან ქართული ოჯახის ემოციურ დონეზე რღვევის საკითხი თითქმის პირველად დასვა. მწერლური თვალსაზრისით, ეს ისე კარგად გააკეთა, რომ ვფიქრობ, ბადალი არა ჰყავს! მოთხრობაში "დეკლარაციულობა" არ არის: ოჯახის წევრები ერთმანეთს ქაღალდის ნაგლეჯებზე სწერენ, რადგან ცხოვრების რიტმი ისეთი აჩქარებულია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის დრო არ რჩებათ. ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე წუხან, ერთმანეთს არ იცნობენ. ბოლომდე ვერ იაზრებენ იმ ტრაგედიის სიღრმეებს, რომელსაც თითოეული მათგანი ატარებს. კოტემ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოხატა...

მერე სტუდენტობისას, "დაპატიჟება კინოში" წავიკითხე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ თავზარი დამცა, რადგან დღეს სიყვარულზე ლექსის, მოთხრობის დაწერა ძალიან ძნელია: მთელი მხატვრული ლიტერატურა ამ თემაზეა აგებული, თითქმის ამოწურულია - ახალს ვერაფერს იტყვი. ამ ფონზე "დაპატიჟება კინოში" საოცრად ღრმა, არამელოდრამატული მოთხრობაა სიყვარულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოტემ მოახერხა და მოთხრობა მელოდრამატული მომენტებისაგან საერთოდ განძარცვა (თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მთავარი გმირი იღუპება) და მოთხრობის ძირითადი ღერძი ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციებიდან ამოზარდა, რომელზეც არაჩვეულებრივი "მხატვრული ქსოვილი" "დააშენა".K კოტე ქართული პროზის რჩეული ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია.

XX საუკუნის ქართულ პროზაში იყო ისეთი "ხაზი", რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. ეს "ხაზი" ძალიან ბევრ მუშაობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოტე პროდუქტიული მწერალი არ არის, მკითხველს ბევრი მოთხრობით არ ანებივრებს. არ ვიცი, ეს კარგია, თუ - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, პოეტისაგან სიუხვე მაინცდამაინც მოსაწონი არაა (ერთ დღეში დაწერილი 5 ლექსის ხარისხი მაღალი არ იქნება), პროზაიკოსს კი მოეთხოვება, რომ ნაყოფიერად იმუშაოს - ბევრი წეროს. კოტეს შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. ამის მიზეზები რა არის, არ ვიცი. ალბათ, ეს მისი "სულიერი კონსტიტუციის" შედეგია; კოტეს ურჩევნია, ერთ თემას უტრიალოს, თუნდაც 2-3 წლის განმავლობაში, 1 მოთხრობა წეროს, მერე კი ამ მოთხრობამ მართლა დაიქუხოს, დაიჭექოს!..

ბოლო დროს ლიტერატურულ კულუარებში თითქმის ყველა ამბობდა (ზოგი გულწრფელი სინანულით, ზოგი - ნიშნის მოგებით): კოტე ჯანდიერი სად დაიკარგა? არაფერს აღარ წერს, ხომ? უცებ, კოტემ "გლობალიზაცია" გამოაქვეყნა. მოახერხა, მწერლური ოსტატობით სივრცეში რიტმი ისე დაეჭირა, რომ რიტმს მკითხველი აეყოლიებინა და იმ პროცესების მთელი სისასტიკე ეჩვენებინა - როგორ იკარგება ეროვნული ღირებულებები გლობალიზაციის სახელით! ვფიქრობ, ეს მოთხრობა სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი: "გლობალიზაციას" მოსწავლე რაც უფრო მალე წაიკითხავს და მოთხრობაში წამოჭრილ პრობლემებზე დაფიქრდება, ძალიან ბევრ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ.
- გაქვთ ინფორმაცია იმაზე, კოტე ჯანდიერის მოთხრობების პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავთ თუ არა?
- არ ვიცი, მაგრამ როგორც მკითხველმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ყოველი მოთხრობის უკან კოტე იგრძნობა - არაჩვეულებრივად ფაქიზი ადამიანი! ცხოვრებასთან ისეთი დამოკიდებულება, რასაც მის მოთხრობებში ვგრძნობ, თანდათან იკარგება. ბავშვობაში, ცხოვრებასთან ფაქიზი, ოღონდ მამაკაცური მიმართება მიგრძნია. ახლა ნელ-ნელა გრძნობების "ფემინიზაცია" (ცუდი გაგებით) მიმდინარეობს... კოტეს შემოქმედებაში კი ყველაფერი ძალიან კარგია და ნაღდი!

- ბატონი კოტე პირადად როდის გაიცანით?
- ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს სადღაც შევხვდით, ხელი ჩამოვართვით... ვიცოდი, რომ ის კოტე ჯანდიერია და ალბათ, ისიც მიცნობდა. დედამისი ჩემი კოლეგა - ძალიან კარგი არაბისტია. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობს. მერე შევიტყვე, რომ კოტე მისი შვილია.

- ამ ფაქტმა თქვენი და კოტე ჯანდიერის დაახლოებას ხელი შეუწყო?
- სამწუხაროდ, მე და კოტე მეგობრები არა ვართ, უფრო ზუსტად - ინტენსიური ურთიერთობა არა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაზე მე კოტე მეგულება და მისი არსებობა მეიმედება - როგორც ადამიანი, მწერალი და როგორც მოღვაწე, რომელსაც სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, გამოკვეთილი პოზიციები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისაგან გვერდზე არა დგას. არსებობს "დაყუდებული" მწერლის ტიპი, რომელიც მაგალითად, სენაკშია ჩაკეტილი და დამკვირვებლის როლს სჯერდება; თუ რამე პოზიცია აქვს, ამას მხოლოდ თავის ნაწარმოებებში გამოხატავს. ასეთი ტიპის მწერალი ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივმა პროცესებმა (1937-38 წლების რეპრესიები) წარმოშვა. მეოცე საუკუნის ბოლოს, მწერალი მიხვდა, რა უნდა ეკეთებინა - განზე გამდგარიყო და წიგნებით, იგავური ფორმით ეთქვა ყველაფერი... კოტე ჩემთვის პიროვნულად ძვირფასი იმიტომაცაა, რომ თავისი აზრის გამოთქმას არ უშინდება - არაჩვეულებრივი პუბლიცისტიცაა.

- კოტე ჯანდიერი ლიტერატურული კონკურსის - "საბას" წლევანდელი გამარჯვებულია. "საბას" ჟიურის წევრი ბრძანდებოდით. გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?
- "საბას" კონკურსის ნომინანტი ხუთჯერ გახლდით, მერე "საბა" "ყურანის" თარგმანისათვის მივიღე და შემდეგ კონკურსის ჟიურის წევრი ვიყავი. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო, ძალიან ბევრი წიგნი "შემოვიდა". შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელმა ჟიურიმ მუშაობით თავი მოიკლა. მოგეხსენებათ, კონკურსში სხვადასხვა ნომინაციაა. თითო ნომინაციაში - 5-6 წიგნი (თარგმანის გარდა). ვფიქრობ, იმ 5-6 წიგნიდან "საბას" მეტ-ნაკლებად ყველა იმსახურებდა, მაგრამ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" სრულიად განსაკუთრებული იყო! მისი გამარჯვება ძალიან გამიხარდა, რადგან სინდისის ქენჯნა ერთი წუთითაც არ მიგრძნია - რატომ სხვამ არ გაიმარჯვა-მეთქი? თუმცა როგორც აღვნიშნე, "საბას" ყველა იმსახურებდა - ამას ვინმეს დასამშვიდებლად არ ვამბობ, მაგრამ კოტე გამორჩეული იყო.

- მკითხველი კოტე ჯანდიერის შემოქმედებას რატომ უნდა გაეცნოს?
- იმიტომ, რომ კოტე ნამდვილი მწერალია. "ნამდვილი მწერლობა" თემატურ მრავალფეროვნებას და სიღრმეს გულისხმობს, ასევე - არაჩვეულებრივ ქართულს, რაც სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ პროზაში ნელ-ნელა იკარგება, მაგრამ კოტეს შემოქმედებაში მშობლიური ენისადმი ფაქიზი მიდგომა შენარჩუნებულია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/27607-kote-jandieris-mothkhrobebi-faqizi-magram-mamakacuri-damokidebuleba-ckhovrebisadmi.html#ixzz14JU9HzpY
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კოტე ჯანდიერი   Tue Nov 25, 2014 11:08 am

Uploaded on Jul 13, 2011

стихи- Коте Джандиери
мелодия Эка Гамцемлидзе
поёт Эка Гамцемлидзе -

http://youtu.be/V58xeowRGvI

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კოტე ჯანდიერი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
კოტე ჯანდიერი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: