არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 აკა მორჩილაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: აკა მორჩილაძე   Mon Mar 15, 2010 3:41 pm



აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი) (დ. 10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ისტორიკოსი.
1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ–ს ლაბორანტად 1988–1991წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;[2]

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს - "ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო."

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან", „გაქრები მადათოვზე", „ვეშაპი მადათოვზე") (1998-2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).

აკა მორჩილაძის რომანი „სანტა ესპერანსა“ ითარგმნა და გამოვიდა გერმანულ ენაზე, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა და სეზონის ყველაზე გაბედულ და არაორდინალურ გამოცემად შეფასდა.[3]

ხუთჯერ აქვს ლიტერატურული პრემია საუკეთესო რომანისთვის „საბა" 2003, 2005, 2006, 2010 და 2012 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა" მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.

გამოცემები:
მოგზაურობა ყარაბაღში. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1992[4][5]
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1995
გადაფრენა მადათოვზე და უკან. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1998
გაქრები მადათოვზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2001
აგვისტოს პასიანსი. სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2001
უდაბნოს გლახები - 2001
სხვა. თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2002
შობა ღამის ალქაჯები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2002
ძირს სიმინდის რესპუბლიკა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
წიგნი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
შენი თავგადასავალი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
სანტა ესპერანსა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2004
მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2005
ვენერას სიზმარი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2005
ქაღალდის ტყვია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2006
მეიდ ინ ტიფლის (Maid in Tiflis). ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2007
ძველი გულებისა და ხმლისა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2007
კაგდატა ინ ჯორჯია. თბილისი, საგა, 2008
მესაიდუმლის ქამარი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2008
მამლუქი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2009
მადათოვი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2010
obOle, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2011
აკა მორჩილაძე სარბიელში 1, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2012
ვეშაპი მადათოვზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2012
ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
მორიდებული ზურმუხტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
აკა მორჩილაძე სარბიელში 2, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
ქემერა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2014
ჩრდილი გზაზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2014
მწერლებსა და წიგნებზე - 2014
ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს, „არტანუჯი" და ჟურნალი „ლიბერალი" - 2015

ჯილდოები:
2000 - „ქართული პენ ცენტრი" - წლის საუკეთესო რომანი
2002 - „თბილისის წიგნის ფესტივალი" - წლის საუკეთესო რომანი[6]
2003 - „საბა" საუკეთესო რომანისთვის „შენი თავგადასავალი"[7]
2005 - „საბა" საუკეთესო რომანისათვის „სანტა ესპერანსა"
2006 - „საბა" საუკეთესო რომანისათვის „ვენერას სიზმარი"
2008 - „საბა" საუკეთესო რომანისთვის „Maid in Tiflis"
2010 - ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის „მამლუქი"
2012 - „საბა" საუკეთესო რომანისათვის „obOle"


ბმული -
* https://ka.wikipedia.org/wiki/აკა_მორჩილაძე


study


Last edited by Admin on Mon Jan 30, 2017 11:04 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აკა მორჩილაძე   Tue Jun 05, 2012 9:06 am

აკა მორძილაძე


აკაკის სიკვდილი


სანამ გარდაიცვლებოდა, აკაკი მთელ თვეს იწვა სხვიტორში, თავის სახლში. დამბლაც იქავე მოუვიდა შობა ღამეს და ერთი თვის თავზე კი გაუმეორა. იქ უამრავი მნახველი მიდიოდა, თბილისიდანაც კი, იმ შუა ზამთარში.

ეს იყო 1914-15 წლის დეკემბერ-იანვარი, მსოფლიო ომის პირველი ზამთარი, რუსეთ-თურქეთის ფრონტის სიახლოვე და გაჭირვება. დიდი გაჭირვება მხოლოდ დაწყებულიყო, აკაკი კი მთელს შემოდგომას საკმაოდ ბევრს წერდა ომზე, თითქოს რაღაც დიდ ცვლილებებს გამოელოდა ამ ომისგან. თავში ჰქონდა პოემაც და ამ პოემისთვის რამდენიმე ლექსიც დაეწერა. ჰოსპიტლებშიც კი დადიოდა, დაჭრილებს ამხნევებდა, მტრის ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებსაც კი გადაეყრებოდა ხოლმე, იმათაც ელაპარაკებოდა. ერთხელ ბედუინები ნახა, ციებ-ცხელებით მიყრილნი ჰოსპიტლის კუთხეში. ამ საწყლებს რაღა უნდათ ომშიო, უთქვამს, გამოლაპარაკებია, ნაშთები აღმოსავლეთმცოდნის განათლებისა ეხმარებოდა ამაში.

ადრიანი შემოდგომით აკაკის შვილი, ალექსი ჩამოუვიდა რუსეთიდან. მისი ჩამოსვლა ყოველთვის უხაროდა. დიდი მღელვარება იპყრობდა, როცა მის მეუღლესა და ვაჟს რაღაც უჭირდათ და ფული აკლდათ ხოლმე.

უცნაური კაცი ვარ, ოჯახი მყავს და არა მყავს, სახლი მაქვს და არა მაქვს, პენსია მაქვს და არა მაქვს, ასე ამბობდა ხოლმე აკაკი და მართლაც ასე იყო, თითქოს ყველაფერი ჰქონდა და ბოლომდე კიდევ არაფერი, მაგრამ ასეთ ცხოვრებას მიჩვეული იყო და სხვანაირი, ალბათ, ვეღარც წარმოედგინა. ეგ სხვა ამბავია, აკაკის პირადი ცხოვრება. მაგ ამბის წამოწყება და თხრობა სად წაგვიყვანს, ვინ იტყვის.

რახან აკაკის ერთადერთი სამსახური იყო ხოლმე ჟურნალი, რომელსაც თვითონ დაარსებდა, ანდა რაიმე საზოგადოებრივი საქმე, ვთქვათ, თეატრში ან სადმე სხვაგან, მისი შემოსავლები მის ნაწერებზე იყო დამოკიდებული. ეს კი არ ჰყოფნიდა.

ერთი, რომ რუსეთში ოჯახის შენახვა უწევდა, და მეორეც, ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ყიდულობენ, სიმდიდრეს და ფუფუნებას არ ეძებენ, მაგრამ რამდენი ფულიც არ უნდა მოიგდონ ხელში, მაინც არ ჰყოფნით. აკაკიც ასეთი იყო. უკვე სიბერეში მას ჰქონდა რამდენიმე პენსია დანიშნული ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, მაგრამ, როგორც წესი, ეს პენსიები თვეობით ადრე ჰქონდა გამოჭმული და მერე იწყებდა სესხებას, ანდა რაღაც პროექტების მოგონებას, რათა ავანსი ეშოვნა. ცნობილი იყო, რომ აკაკი თამაშობდა და ეს ფულის შოვნის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნდა. ის თამაშობდა უმარტივეს სამორინე თამაშებს, ყოველთვის კლუბებში და, რაღა თქმა უნდა, უმთავრესად აგებდა. თუმცა, კარგადაც მოიგებდა ხოლმე. სანდრო შანშიაშვილი იგონებს, ერთხელ ღამით შევბოდიალდი ქართულ კლუბში და დავინახე აკაკი, რომელსაც ფული აღარ ჰქონდა და მაგიდიდან ადგომა კი არ უნდოდაო. მქონდა ოცდახუთი მანეთი და მორიდებით შევთავაზე, უსიტყვოდ გამომიწოდა ხელი და იმწამსვე დადო და წააგოო. ასეთი მოგონებები ხშირია.

ექვთიმე თაყაიშვილი იხსნებს, ერთხელ მოვიდა საზოგადოებაში და მშვენიერი პროექტი შემომთავაზა, ქვეყანას მოვივლი, ფოლკლორი კვდება და შევკრებ ნიმუშებს და მოგართმევთო, ამისითვის წინასწარ მოითხოვა ფული და, რა თქმა უნდა, მივეცითო. მერე აღარც ფოლკლორი შეუკრებია და არც ამაზე ჩამოუგდია სიტყვაო.

აკაკის ვალები ცნობილი იყო: საყვარელო ანდრია, ფულის თხოვა ადრეა, ადრე ჭკვიანი იყავ, ახლა რამ გადაგრია.

ჩვენთან ასეა მიღებული, რომ ამბობენ, აკაკის სტანჯავდა ცოლ-შვილისთვის გასაგზავნი ფულის გროვება და ის დეპეშები, პეტერბურგიდან რომ მოსდიდოდა ხოლმე, ამდენი და ამდენი გამოგვიგზავნეო. თითქოს ეს რაღაც ისეთი ტვირთი იყო მისთვის, რომელიც არ ერგებოდა. არადა, საქმე სხვანაირად იყო. აკაკის უყვარდა თავისი ოჯახი და მის შენახვას აუცილებელ მოვალეობად თვლიდა. სხვანაირად როგორ გამოვიდოდა, მის სიცოცხლეშივე, ახალგაზრდობაშივე დადიოდა ჭორი, რომ აკაკიმ ნატალია ბაზილევსკაია სიმდიდრის გამო შეირთო. ეს პეტერბურგის ქართველი სტუდენტების ამბავი იყო. ერთი ანეკდოტი მოგვითხრობს, როგორ მიაყენეს კედელთან მეგობრებმა აკაკი და აღიარებინეს, რომ ფულის გამო იქორწინა. დაქორწინების შემდეგ აკაკი მართლაც კარგახანს ცხოვრობდა პეტერბურგში, მერე კი ხშირად დადიოდა იქ. მთელი ბაზილევსკების სიმდიდრიდან კი მას ხეირი არ უნახავს, რადგან მისი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ ქონების აპეკუნად აკაკის ქვისლი გამოცხადდა, რომელმაც ქონება ბანქოში გაანიავა და ბოლოს ტყვიაც დაიკრა შუბლში. ქვისლიც ქართველი იყო, ასევე თავადიშვილი, სუმბათაშვილი. რამდენიმე საათს იცოცხლა და აკაკის კი შესტირა, შენ კი დაგღუპე, ძმაოო. ესეც ცალკე და გრძელი ისტორიაა. აკაკის ცხოვრება გრძელი იყო და მდიდარი. თვითონ ასე ამბობდა, მეო საერთოდ ცოლის შერთვას არ ვაპირებდიო და ამ საკითხსაც ზერელედ ვუყურებდი, მაგრამ ჩავარდა მომენტი და შევირთეო. ეს ნათქვამიც ხელს უწყობდა ჭორებს.

ნატალია კი ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს მაინც ცალცალკე ცხოვრება იყო. აკაკის უყვარდა ცოლი, მაგრამ მისი გადამეტებული ზრუნველობა აღიზიანებდაო, ასე იხსენებენ. ხოლო როცა შვილი ჩამოდიოდა, აკაკის სახიდან ღიმილი ძნელად თუ გაქრებოდა. როგორც კი დაიბადა, პოემა “ალექსი” დაწერა, ოღონდაც სულ ამბობდა, ქართული ვერ ვასწავლე ხეირიანადო. ალექსიმ ქართული სალაპარაკოდ არ იცოდა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა და მამასთან ყოფნა უყვარდა. ქართველებს დიდად არ მოსწონდათ ალექსი, გარეგნობითაც კი, მაღალიაო, სულ ცაში იყურებაო, მხრებში მოხრილიაო და ასეთებს ამბობდნენ. გრიგოლ რობაქიძე იხსენებს, ერთხელ როგორღაც წამომცდა აკაკისთანო, რომ შვილში მამის ჯიში არ გადასულაო და აკაკიმ არ მიპასუხა, მხოლოდ უსიამოდ შეირხაო, წავხდი, ამ ნათქვამს რაღა გამოასწორებდაო. ასე იყო თუ ისე, ფულის თემა აკაკის მთელს ცხოვრებას გასდევდა და ხუმრობის საგანიც იყო და დარდის და წვალებისაც. უშველებელი სტატიებიც კი აქვს, მე და ჩემი პენსია და ასეთები. საერთოდ, აკაკის უყვარდა, რომ უვლიდნენ, ოღონდაც მკვეთრ მზრუნველობას ვერ იტანდა. ბოლო წლებში თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებასაც აქცევდა და არცთუ ტყუილად, სულ პირველმა სისხლის ჩაქცევამ გარეგნობაზეც იმოქმედა, ცალ ქუთუთოს ვეღარ ამოძრავებდა და ამიტომ, ყოველთვის თავაწეული უყურებდა მოსაუბრეს. მომვლელები ყოველთვის ბევრი ჰყავდა. ასე ხუმრობდნენ, აკაკი მეგობრობს ბავშვებთან, ქალებთან და ექიმებთანო. მართალიც იყო. ოღონდ ესეც გრძლად სათხრობი ამბავია.

სხვიტორის გარდა მას სახლი არსად ჰქონდა, თბილისშიც და ქუთაისშიც ან ჩერდებოდა სასტუმროებში ან ახლო მეგობრებთან. თბილისში მაჩაბლებთან ანდა ექიმ ვახტანგ ღამბაშიძესთან, ხოლო ქუთაისში უფრო უყვარდა ნიკოლაძეების ძველ სახლში დგომა. იქ ასევე ეიმედებოდა ექიმი სამსონ თოფურია, რომელმაც მისი ორგანიზმისა ყველაზე კარგად იცოდა და ერთხელ სიკვდილსაც კი გამოგლიჯა. ოღონდ სამსონ თოფურია აკაკიზე ათი წლით ადრე გარდაიცვალა.

მოკლედ, აკაკი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. იმ ზაფხულს კიდევ, სანამ მსოფლიო ომი დაიწყებოდა, აკაკის თითქოს არა უშავდა. მომჯობინებული, სიხარულით დაუხვდა ალექსის შემოდგომაზე და მშვიდობითაც გაისტუმრა რუსეთში. რაღაც თავისი საქმეებით იყო გართული და ზამთრის პირზე მოუვიდა ალექსის დეპეშა, სასწრაფოდ ორი ათასი მანეთი გვჭირდებაო.

აკაკი სრულიად უფულოდ იყო იმ დროს. ეს ის შემთხვევა იყო, რომ დაგეკეტება ხოლმე. თბილისში იწრიალა და საჭირო თანხა ვერ იშოვა, ამიტომ გადაწყვიტა ქუთაისში წასვლა, ეგებ იქ გამოვიდეს რამეო. თან ჰქონდა ახალი ლექსები და ცდილობდა, რაიმე გაზეთისთვის მიეყიდა ანდა გამომცემლებისთვის. ვერავინ იპოვნა. ქუთაისშიც ამ თანხის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.

აკაკი მაინც დარჩა იქ, დადგა სასტუმრო “გრანდ ოტელში”. ეს იყო გრძელი, ორსართულიანი შენობა, რომლის შესახებაც ათას პირქუშ რამეს ყვებიან ხოლმე. სასტუმრო არ თბებოდა. იდო თოვლი და ყინავდა. აკაკიმ დაიჭირა გაუთბობელი ოთახი პირველ სართულზე, სადაც დღისით ვერ ჩერდებოდა სიცივის გამო. დღეებს ის ატარებდა ნაცნობ-მეგობრების სახლებში, სადაც სადილობდა კიდეც. მისწერა საჩხერეში მოურავ კოტე აბდუშელიშვილს, იმ თოვლებში ფიქრობდა როგორმე მიეხედა ამ ახალი ლექსებისთვის, ღამღამობით იმ გაუთბობელ ნომერში იჯდა და მუშაობდა, ამ ლექსებისგან პოემას აგებდა და ხარობდა, რომ გამოსდიოდა. ეს იყო პოემა “ომი”, მისი პირველი ნაწილი სამოცდათოთხმეტი წლის აკაკიმ გაყინულ ოთახში, ორ კვირაში დააასრულა და იმედიანადაც იყო, რომ პოემაში საჭირო თანხას მიიღებდა.

სწორედ ამ დროს მოვიდა “გრანდ ოტელში” განმეორებითი დეპეშა, უკიდურესად გვიჭირს, ფული მოგვაშველეო. ამან ძალიან წაახდინა, როგორღა უნდა აჩქარებულიყო არ იცოდა, ფული მანამდე სჭირდებოდა, სანამ პოემას დაასრულებდა და ვინმეს მიყიდდა.

ამ დროს ჩამოვიდა ქუთაისში კოტე აბდუშელიშვილი. სახლში იცოდნენ, რომ აკაკი ქუთაისშია და ხასიათზე ვერ არის. აკაკის და ანა დიდი მეთვალყურე იყო აკაკის ცხოვრების და იოლად მიხვდებოდა, რომ ძმას ძლიერ უჭირდა.

ცხადი იყო, რომ აბდუშელიშვილი აკაკის შინ წასაყვანად იყო ჩამოსული. სხვიტორში მოაკეთებდნენ და ეგებ, იქ გამოეზამთრა კიდეც. მოურავი არწმუნებდა, ფულს იქედანაც ვიშოვითო და აკაკიც დაჰყაბულდა. 21 დეკემბერს უკვე სხვიტორში იყო.

სხვიტორი ერთადერთი სახლი იყო მისთვის, სახლი რომელიც მამამისმა როსტომმა ააშენა და რომელშიც და იბადა. იქაურობა უყვარდა, ეს იყო ყველაზე ბუნებრივი გარემო მისთვის.

შობა საღამოს აკაკის დამბლა დაეცა, მარცხენა ხელ-ფეხი წაერთვა. წინდაწინვე ჩაწვა ლოგინში, იმიტომ, რომ ცუდად იყო. ოღონდაც, ეს დამბლა მაინც ისეთი ჩანდა, რომ სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო, მეტიც, ორი კვირის თავზე აკაკის მეტყველებაც გამოუსწორდა და ჩვეული ხუმრობებიც დაიწყო. ალექსიც კი ჩამოვიდა პეტროგრადიდან, რაც მამისთვის ძალიან სასიხარულო იყო.

თბილისის გაზეთები უკვე მისი ჯანმრთელობის ამბებით იყო აჭრელებული. მნახველები მოდიოდნენ საქართველოს ყოველი კუთხიდან. თავთან ეჯდა ანეტა იუტკევიჩი, ახლაგაზრდა მასწავლებელი ქალი და უკითხავდა ხოლმე მის ნაწერებს. აკაკის უამრავი რამ აღარ ახსოვდა, ეს როდი ს და ვწერეო, იკითხავდა ხოლმე, ანდა როგორ დამიწერიაო. ერთხელ „გამზრდელის“ სმენისას ცრემლიც კი მოადგა. ალექსიც უკითხავდა, ორმოცდახუთი წლის ჭაღარაშერეული მელოტი კაცი, იმდენი იძახეს, ქართული არ იცისო, რომ ქართულად უკითხავდა. აკაკი ხუმრობდა. სანახავად კი ვინ აღარ მოდიოდა, ახალ წელს მთელი საჩხერის გლეხობა იქ იყო საახალწლო ძღვენით, ერთი ბეითალიც ეწვია და ამან გაახარა, სულ ვირივით ვმუშაობდი და შენ თუ მომარჩენო. გარშემო იმედიანი ხალისი იყო, ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ თანხა, რომელიც ამდენ ნერვებად დაუჯდა, შინ მიუტანეს და თავთან დაუდეს. იაკობ ფანცხავამ ჩაუტანა ქუთაისიდან და ისეთი მოწადინებული იყო, რომ აკაკი მხნედ ენახა, რომ ხშირხშირად და ხმამაღლა ეკითხებოდა, როგორა ხარ, როგორა ხარ, რას უჩივიო. ანამ იხუმრა, ეგ საერთოდ, უფულობას უჩივის, მეტს არაფერსო. იმავე დღეებში ეზიარა კიდეც, ოღონდ უკვე იმ განწყობაზე იყო, რომ თბილისში წავალო, ამბობდა. ითხოვდა, სასტუმროში დამაწვინეთ, საავადმყოდოში მნახველებს არ შემოუშვებენ და მოვიწყენო. მნახველი კი ბევრი იყო, ექიმებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. საერთოდ, ყველაფერს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ზუსტად ერთი თვის თავზე აკაკის დამბლა გაუმეორდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა, ალექსის ხელში დალია სული. ვინ იცის, ეგებ ასეც უნდოდა, ალექსი გვერდით ჰყავდა.

რა თქმა უნდა, არავინ შეასრულა აკაკის ანდერძი, სხვიტორში დამმარხეთო, თბილისში წამოასვენეს.

მისი მრავალწლიანი ირონია სამგლოვიარო გვირგვინების შესახებ კი ასე თუ ისე გაიზიარეს. აკაკი ყოველთვის ბევრს ხუმრობდა გვირგვინების შესახებ. ერთხელ, გრიგოლ ორბელიანი რომ გარდაიცვალა, აკაკი ქუთაისში იყო და თბილისში მოდიოდა. ქუთაისელმა გიმნაზიელებმა მიაკითხეს, რახან მიემგზავრებით, ფული შევაგროვეთ და გვინდა, სამგლოვიარო გვირგვინი გაგატანოთ ორბელიანის პანაშვიდისთვისო. წავიღებო, აკაკიმ უთხრა, ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ, მე რომ მოკვდები, გვირგვინი არ მოიტანოთ, უმჯობესია, ჩემი გვირგვინის ფული სიცოცხლეშივე მომცეთო.

გვირგვინი მაინც იყო, ოღონდ - ერთი. ზედ ეწერა – აკაკის საქართველო.

სახლიდან საჩხერელმა წერეთლებმა გამოასვენეს, თბილისისკენ მომავალი სამგლოვიარო მატარებელი კი ჩერდებოდა ყველგან და ყველგან იყო გლოვა და ზარების რეკვა, მთელი საქართველო რკინიგზის რელსების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. ახლა ძნელია ამის წარმოდგენა, იმ უტელეეკრანო დროში აკაკი იყო ყველაზე მეტად ნაცნობი სახე საქართველოში. იყო დარაჯობა მის დანახვაზე, ვაგონის ფანჯარაში, ეტლში, ქუჩაში, ყველგან. საზღვრები მისი პოპულარობისა დღეს ძალი ან ძნელად განსასაზღვრია. ძალიან ძნელი იყო მეორე ასეთი სახალხო პერსონის პოვნა, ამოუცნობი დადებითი მუხტით რომ აღავსებდა ყველას.

თბილისში დაკრძალვას დაესწრო ასი ათასი კაცი. მთაწმინდაზე კი, როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, საფლავთან დარჩნენ ყარაჩოღლები, ძველებურად დაუნთეს სანთლები და იჯდნენ იქ შუაღამემდე ღვინოსთან ერთად, რას ლაპარაკობდნენ კიდევ, ვიღას ახსოვს.

და მაინც, ეგ არ იყო მთავარი. საქართველოში დაკრძალვა არ არის მთავარი, დაკრძალვა აქ ყოველთვის მაგარია. აკაკის სიკვდილში სხვა სურათი უფრო დარჩება: თუ როგორ ზის სამოცდათოთხმეტი წლის კაცი, რომელსაც საქართველოს უგვირგვინო მეფეს უწოდებენ, სასტუმროს გაყინულ ოთახში და როგორ ცდილობს, დაასრულოს პოემა, რომელსაც ჯერ კაცმა არ იცის, ვინ იყიდის და რამდენად, და როგორ წაადგება პოემით ნაშოვნი ფული მის ოჯახს შორეულ ქალაქში.


"ლიტერატურული გაზეთი" N36. 15-28 ოქტომბერი. 2010 წელი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აკა მორჩილაძე   Fri Dec 07, 2012 11:39 am



წიგნის დასახელება: “ტავერნა “ათი სექტემბერი” და “ქალაქის მელიები LonDon Jinx” (წაღმა-უკუღმა დაბეჭდილი ორი რომანი ერთ წიგნად)
ავტორი: აკა მორჩილაძე
სერია: ახალი ქართული ლიტერატურა, მეოცე წიგნი
პროექტის იდეა: ბესო ხვედელიძე
სარედაქციო ჯგუფი: ზაალ ჩხეიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე
სტილისტი: ლალი ჭინჭარაული
კორექტორები: მარინა ინანიშვილი, მანანა დაუშვილი, სვეტა კვარაცხელია
კომპიუტერული უზრუნველყოფა: დათო მოსიაშვილი
დიზაინი: რატი თორდია
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 101 და 99
ISSN 2233-3010
ISBN 978-9941-19-867-0
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2012

ამ პროექტზე წაიკითხეთ მოლი ბლუმის წერილი აქ - http://mollybloomsday.com/2012/12/07/axali-kartuli-literatura/

study


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აკა მორჩილაძე   Mon Jan 30, 2017 10:32 am

აკა მორჩილაძე

შობა ღამის ალქაჯები

ყველგან შევდიოდით. გადავკრავდით და დიდხანს აღარ ვიცდიდით, ისევ ყინვაში გამოვცვივ-დებოდით და ათიოდ ნაბიჯში ახალ კარს შევა-ღებდით. ხალხი ყველგან ბევრი იყო, მაგრამ მუღა-მიანი სასმელი ვერსად ვიპოვეთ.

- ეს არ არი "ჯონი უოკერი", - წყრებოდა კოკა - ეს არი პოლონური მაიმუნობა.

- პოლონური არა, ბულგარული, - ხუთი ბარმენიდან სამმა ზუსტად ასე უპასუხა.

თავიდან ყურის ბიბილოები გაყინული მქონდა და გვარიანად შემთვრალი ვიმეორებდი:

- ანაპურნა, ანაპურნა, - მაგრამ მერე კარგად გავხურდი და ერთგან, მგონი "ნაციონალში" ლუდზე გადავედი. კოკამ არ დამიჯერა. დავითის პატარა ბოთლი აიღო და პირდაპირ იქედან სვამდა თითო ყლუპს.

- ჩვენ დუბლინში ვართ, - მითხრა ამაყად - დავითვერი, იეე. ზუსტად ისე ვართ, როგორც დუბლინში, ბარიდან ბარში, პაბიდან პაბში.

- ოღონდ სახლში რომ მივალთ, ცოლშვილი უნდა ვცემოთ.

- სადაა ცოლიშვილი. მოდი რა, დალიე...

- არა, აი, ამას და მორჩა.

ტელეფონი ხშირ-ხშირად რეკავდა. კოკა არ პასუხობდა. ბოლოს მოიხსნა, ნომერს დახედა, გამორთო და მაგიდაზე დადო.

- ნახე, რა მოშჩნი ნატურმორტია. "დავითი", "ყაზბეგი", "პარლამენტი" და მობილური. ზნაჩიტ სამშობლო, - თქვა და ბოთლი წამოიყუდა.

- ჩართე, რა იცი რა ხდება?

- რცხილაძეა. არ მინდა რცხილაძე. არა მაქ თავი. რცხილაძე რეკავს მიქელაძისგან. თუ გინდა, ადი...

- რა ვიცი. რა მინდა?

- ფართი აქვს მაგის უფროსობას. ჰოლანდიელს, ირლანდიელს, გერმანელს და იმათ ქართველ ქალებს. ჩვენებიც იქნებიან.

- მერე, წავიდეთ. ჩვენები თუ იქნებიან, გო-გოები...

- აღარ მინდა ეს ჩვენი გოგოები. სხვისი გო-გოები მინდა... არი ხოლმე, რო სხვისი გოგოები გინდება.

მერე ჩუმად ვისხედით. ხალხი ბლომად. კვამლი ბევრი და სასმელიც ბევრი. ფული გვქონდა და "ექსცესიდან" მოვყვებოდით. კოკას პროექტი იყო, ასე უნდა წამოვყვეთ მელიქიშვილის კუთხიდან და მეცხრე საავადმყოფომდე გავიდეთ, როგორც ნამდვილი დუბლინელი კლერკებიო. გამოვიდა და არც გამოვიდა. უცებ მოვწყდი, დავთვერი და მოვიწყინე. და რა არი იმაზე ცუდი, მთვრალი და მოწყენილი რომ ხარ? როცა მთვრალი ხარ, მაშინ მაინც ხო უნდა იყო მხიარულად.

- რა ქალაქია? "დეფინიტივოს" ვერ დალევ.

დეფინიტივო წიგნში ამოკითხული კოქტეილია. ერთი ლიმონი, ბლომად სმირნოვი, ბლომად ტომატის წვენი, ჩორნი პერეცი. ერთი თეთრწვერა კაცი უკეთებდა ერთ ტანხმელ კაცს, რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეხასელ ქალს გადაეკიდა და ბლაიზერიან უფლისწულად გადაკ-ეთდა.

- შენ რო "დეფინიტივოს" ამბობ, ეგ არი ჩვე-ულებრივი "ბლადი მერი".

- მიქელაძესთან უნდა ავსულიყავით, გავერთო-ბოდით...

- არა, იქ უნდა დავრჩენილიყავით. რა გინდა მიქელაძესთან? მოგიყვები, რაც იქნება. რცხილას ხო უცხოელი ქალი უნდა. მაგიტო ავიდა. იქ იქნება ვარდისფერი კაცი, პიტერი. მიქელაძის ირიშკას საქმრო. კიდე, ერთი ტიპი იქნება გულის ჯიბეში რკინის ფლიაგით. მოსვამს, შეინახავს. ლოჯში იქნება ხუთიათასი ბიჩოკი დიდ საფერფლეში, მწვანე როა. მერე იცეკვებენ. ჩვენი გოგოები დათხოვდ-ებიან...

- ზლოი გაუჩო... რა ქნან ამ ჩვენმა გოგოებმა?

- ეგრე იქნება.

- ყველა კი არ მისდევს უცხოელებს. ვის რათ უნდა ეგ შენი ჰოლანდიელები?

- ჩემ უფროსს ჩაი უტყდება. ჩაის თუ სვამ, პირველი ბეზდელნიკი ხარ. შენსას რა უტყდება?

- ჩემი ნასკებით დადის ოფისში... ფეხებს უხდებაო.

- ჰო, შუქი იქნება ჩამქრალი, რადიოს პრო-ჟექტორი ანთებული.

- სად?

- მიქელაძესთან.

ყინვიანი დეკემბერი იყო. უაზრო. მე ვიცოდი, რომ აქედან პირდაპირ სახლში ავიდოდი და დავი-ძინებდი. მეორე დღე კი კვირა იქნებოდა. ორშა-ბათს მივლინება მიწევდა. ჯანდაბის მივლინება ბატონ კლაუსთან ერთად.

- დღეს ხო შობაა, - გაახსენდა კოკას.

- ეგ არ არი ჩვენი შობა.

- შობა, შობა, შენ რა წმინდა სინოდი ხარ?

- ეგ რომის პაპის შობაა.

- იცი რა? ადრე მეც ეგრე მეგონა. მერე მივხვდი, რომ ღმერთს არ ეწყინება, თუ მე ვიფიქრებ, რომ დღესაც შობაა და შვიდშიაც. დუბლინში არა ვართ?

- წავიდეთ, - წამოვდექი და სიგარეტის კოლოფი ჩავიდე ჯიბეში - წავიდეთ. ტელეფონი არ დაგრჩეს.

- ის გოგოები?

- მე დავიძინებ.

- მეც დავიძინებ. თუ ტინტო ბრასი არ იქნება. დღეს ხო შაბათია? შაბათს სულ ტინტო ბრასია.

- კალიგულა?

- ტელევიზორს არ უყურებ? სულ ტრაკებია.

- დღეს არ იქნება. შობააო, და ტინტო ბრასი იქნება?

- შენ არ თქვი იმათი შობააო?

გამოვედით. კოკამ ბრანდოს დიდ ფოტოს და-ჰკრა წკიპურტი:

- ესეც როგორ გაბანძდა... რაღა ეს და რაღა ბიძაჩემი თემურა კერესელიძე... ორ ჭიქაში მთვრა-ლია.

ბარნოვამდე ერთად ვიარეთ.

- ჩვნთან შუქია, - გამეხარდა მე.

- ვაბშე არ დავთვერი. მარა, ხო ვიარეთ? დუბლ-ინურად.

- წავედი. შემორეკე.

- ორშაბათს მიდიხარ?

- ხო, მე მაგის...

მამაჩემი ტელევიზორს უყურებდა. ახალი ამბები იყო.

- რას შვები?

- ათი საათის მერე არ მომიწევია.

- ელიავა არ გამოჩენილა?

- ვიღაცა გაგლახავს... შენმა ცოლმა დარეკა.

სულ ასე ამბობს - "შენმა ცოლმა". ორი წელიწადია, აღარ არის ცოლი.

- რა უნდოდა?

- არ ვიცი. დედაშენი ელაპარაკა. არ გააღვიძო, ხვალ კითხე.

მერე დავწექი და იმის ფიქრით დამეძინა, რომ დეკემბერი ყველაზე ცუდი დროა ჩვენს ტერიტო-რიაზე. ბატონ კლაუსს რატომ არა აქვს საშობაო არდადეგები-მეთქი, ესეც გავიფიქრე და თან ვითვ-ლიდი, სად რამდენი დავლიეთ. სულელურად გამო-გვივიდა, მაგრამ მიქელაძესთან წასვლას მართლა ჯობდა. მგონი, ამის ფიქრში ჩამეძინა, მერე კი, უკვე საავადმყოფოში, სკოჩით გადაწებებულ დიდ ფანჯარასთან რომ ვიდექი და იმ საშინელ, გაყი-ნულ, მყრალ ქვის იატაკზე თეთრ წინწკლებს ვითვლიდი, ხეირიანად ვერც ვხვდებოდი, რა მოხდა. ნათელა დეიდა რეანიმაციის ნაცრისფერი კარის დაკეტილ სარკმელთან იდგა. რა უნდა ქნა? ძალიან ცუდია, მაგრამ ამერიკული კინოები გამახსენდა, იქ ხომ სულ საავადმყოფოების დერეფნებს აჩვ-ენებენ. გეგონება, მთელი ქვეყანა საავადმყოფო იყოს. ძია ოთარს ქუდი კეფაზე გადაეგდო და თავისი ძმაკაცების ლაპარაკს უსმენდა. ალბათ უსმენდა. თუ უსმენენ ხოლმე ასეთ დროს, არ ვიცი.

- ეგ ყველაზე მაგარია ეხლა, - ამბობდა ერთი ბიძა.

ბიძებისთვის ხო განსჯაა მთავარი. ისინი განს-ჯით ცდილობენ გამხნევებას.

- არა, ეგრევე წამომყვა, - მეორე ბიძა სიგარეტს აქრობდა და ახალს უკიდებდა- ეგრევე. დავრეკე და რო მივედით ქვემოთ დამხვდა.

ქირურგზე ლაპარაკობდნენ, ნეიროქირურგზე.

- სად იყავით? - მკითხა მიქელაძემ.

- არსად.

- რო არ ამოხვედით, გულმა მიგრძნო.

სულელი, რამ უგრძნო? სახლამდე მომყვა და მეგონა რომ თვითონაც სახლში ავიდა.

- ნათელამ წერილი გაგვატანა. იქ ვიჯექით ეგრე ერთი საათი და წამოვედით. არ ვიცი.

- ამოსულიყავით. რო ამოსულიყავით ახლაც ჩემთან იქნებოდა, - სხვა სიტყვა მე არ ვიცი. იმ სიტყვას კიდევ ვერ ვამბობ - წამო, მანქანაში ჩავჯდეთ, აქ მაგრა ცივა...

ასე თენდებოდა. მანქანაში ვისხედით და ვეწე-ოდით. მერე რცხილა ჩამოვიდა:

- გაუწმინდა. ჯერ არ გამოსულა, მარა გადარ-ჩაო. მაგარია, ეგ მასტი., იმენნა ექიმია...

- რა გვარია?

- რავი, ებრაელიაო.

- ორშაბათს მივდივარ, - ვთქვი უცებ.

- შეერთებულია? - იკითხა მიქელაძემ და დავინახე რომ გათენებულა.

- რავი, - თქვა ისევ რცხილამ - თუ რეანიმ-აციაშია, შეერთებულია. რაზე, როგორ...

- არ მინდა, არ მინდა და რა ვქნა?

- ძვალი აქ გაბზარული, მილიმეტრი კიდე, და...

- ექიმებმა ეგრე იციან, რო მაყუთს ბლომად გახვიდე, - ნუ, მიქელაძე განუმეორებელია.

თერთმეტ საათზე, რესპუბლიკურში რომ მივ-ბრუნდი, რეანიმაციის კართან მარტო ნათელა დე-იდა იდგა. შემომხედა და არაფერი უთქვამს. იმდენ-ხანს იყო ჩუმად, რომ მტკიცედ დავრწმუნდი, ყვე-ლაფერი ჩემი ბრალია-მეთქი. რაღაც საშინელებები წარმოვიდგინე. ვითომ, თავს დაგვესხნენ და მე კოკა მივატოვე, გამოვექეცი და ლოგინში ჩავწექი. კოკას კიდევ ურტყამდნენ. დავრწმუნდი, რომ მოკლავდნენ და გამოვიქეცი. ვითომ არაფერი, მშვიდად დამეძინა. აი, ასეთი, სიზმარივით რაღაც წარმოვიდგინე. ნათელა დეიდა კი დუმდა. რაც უფრო დიდხანს იქნებოდა ჩუმად, მით უფრო საშინელ რამეებს წარმოვიდგენდი საკუთარი უვარგისობის შესახებ. ის კიდევ იდგა, ნაშუაღა-მევიდან ასე იყო და ხმას არ იღებდა.

- დაჯექით, ნათელა დეიდა, - წავიბურტყუნე ბოლოს - მე დავდგები.

არ უპასუხია და არც განძრეულა.

მერე ძალიან ყრუდ თქვა:

- იკა, სად იყავით.

- წერილი წავიღეთ, - ენა დამება მე - მერე კაფეში... სადარბაზოსთან დავცილდი.

- რა უნდოდა გეპეისთან?

- სახლში ავალ, კინოს ვუყურებო, - უცებ დავმშვიდდი.

- ბევრი დალიეთ?

- ცოტა. ლუდი.

- რა უნდოდა, - ქვედა ტუჩს აწვალებდა კბილებით.

- დაჯექით, ნათელა დეიდა.

- კიდევ ხვდება იმას?

არ მიპასუხია.

- იკა, ყველაფერს თავი რომ დაანებო, ეს არ არი წესიერი კაცის საქციელი, არ შეიძლება ქმრი-ანი ქალის... - ნათელა დეიდას თვალებში სისველე ჩაუდგა.

- არა, არა, არ ყოფილა. რამდენი ხანია...

- ნუ მატყუებ, იკა. ნუ მომატყუებთ, ერთხელაც რომ... მე მოვკვდები.

- ეგებ გაძარცვეს.

- მილიცია იყო. ყველაფერი ჯიბეში ქონდა. საბუთით მოგვძებნეს... მობილური, ფული, ყველა-ფერი ჯიბეში ქონდა. იკა, მითხარი, მართლა არ დაურეკია?

- ვიღაცა რეკავდა. არ პასუხობდა. მერე გამო-რთო, - გამახსენდა მე.

- წავიდეს, საზღვარგარეთ მაინც წავიდეს. მაკასთან წავიდეს. აიღოს შვებულება. რა ვუყო? ნუ იმუშავებს. წავიდეს. მოშორდეს.

- დაილაპარაკა? - ვკითხე მე.

- დაილაპარაკა, - ამოიოხრა ნათელა დეიდამ - დაიძინა. ზეგ პალატაში გადავიყვანთო. გადარჩა, იკა. როდემდე გადარჩება? დაბოდიალობს, დაბო-დიალობს, დადის, დადის... ოთარი მოკვდება, იკა. რა არი ეს სმა? ოთარი მოკვდება...

- დაჯექით, ნათელა დეიდა.

- ნეკნები დალეწილი, კეფა გაბზარული. კლავ-დნენ... ღვიძლი, ყური, ცხვირი, - ნათელა დეიდა ატირდა - დადის, დადის.

მე არ მითქვამს, რომ ტაქსისტებს აგინებს. გამყიდველებს დასცინის, ჯიხურის გოგოებს ძუძ-უებზე ელაპარაკება. არ მითქვამს, რომ თუ ძალიან დათვრება ყველაზე დიდი ყაჩაღების ყველაზე ლამაზ ცოლებს საშინელებებს ეჩურჩულება. არ მითქვამს, იმიტომ რომ მართლა არ იყო მთვრალი. ტინტო ბრასს ახსენებდა. მთვრალ კაცს ტინტო ბრასი არ გაახსენდება.

ჩვეულებრივი საღამო იყო. კაფეებში სულ ნაცნობები გვხვდებოდნენ. ჩვეულებრივი საზიზღარი საღამო. ფული გვქონდა, ჩამოვიარეთ. დუბლინიო, იძახდა.

ნათელა დეიდამ დაიწყო ეს საღამო.

ყველაფერი გამახსენდა.

კოკა სადარბაზოში შებარბაცდა, მე კედელს მივეყრდენი. ჯიბეში იმ ტიალი "რიგლი სპერმი-ნტის" პოვნა მინდოდა.

ვერ ვიპოვე. მახსოვდა, რომ მქონდა.

თუ არა, არა! იმ სულელ გოგოს ვაჩუქე გამოსვ-ლისას. კოკამ კი საერთოდაც შუბლი გაუხახუნა ხალიჩას.

- ჩვენ ვათენებთ, შობას... როგორც კი მოიცლით, ამოდით, ხო? - თქვა იმან, ყველაზე სულელმა. ყველაზე სულელმა, რომელიც ყველაზე მეტად მო-მეწონა.

- მე დავბრუნდები, - ღიმილით, ძლივს გასაგო-ნად დაასლოკინა კოკამ.

- ჩვენ მოვალთ, როცა კიდევ მოვიტანთ წერ-ილს, - რატომღაც არ მინდოდა აქ დაბრუნება.

- არა დღეს, დღევანდელზე გეუბნებით, - ცდილობდა სერიოზულად დავეფიქრებინეთ.

- მოოვალ, მოოვალ, ხეთა ფიქრებში მოვალ, - კიბეს ჩაჰღიღინა კოკამ.

- დაგირეკავთ, - გაიცინა გოგომ.

- ჩვენ ტელეფონს გამოვრთავთ, - გავუცინე მე.

- შენ მართლა ის ყოფილხარ...

- ადიოს, ბედნიერ შობას, - და აი, ამ დროს დავაძრე "რიგლი". - "სპერმინტია", უბრალო არ გეგონოს...

- ნუ ამბობ ცუდ სიტყვებს, - ამომძახა კოკამ.

იქ გაჩერებას არც ვაპირებდით, დალევას - მითუმეტეს.

წავიღეთ წერილი: კოკას დამ, მაკუჭამ ჰამბუ-რგიდან გამოატანა ლევანა ჩუბინიშვილს შვიდი მსუქანი კონვერტი - სულ თვალცრემლიანი ჩვენე-ბური გოგოების წერილები შინაურებთან: ვართ ამ მშვენიერ და საზიზღარ გერმანიაში და მანდა-ურობას მონატრებულები თბილისობანას ვთამ-აშობთ.

თბილისობანა იქ მოღვაწე ჩვენებური გოგოშ-კების ნოსტალგიური თამაში ყოფილა. შუქს გამო-რთავენ, სიგარეტებს მოუკიდებენ, სანთლებს აალ-იცლიცებენ და სავარძლებში მიიკუნჭებიან საბან-გობანში გამოხვეულები. ჭორაობენ და ჭორაობენ ნაჩვევ ვითარებაში. აი, ამას რქმევია თბილისობანა. კოკამ რომ დუბლინობანა ამოიჩემა, დაახლოებით ისე.

ყველამ წაიღო წერილებიო, თქვა კოკამ და ამათ მე უნდა გავუტანოო, რაღაც ჩერეზ-ჩერეზ ახლობლები არიან და დედაჩემმა კაი ბიჭად გა-მომაჩინა, კოკა მოგირბენინებთო. ეგრე იცის ნა-თელა დეიდამ.



წავიღეთ წერილი - ცისფერ კონვერტში ჩადე-ბულ-დაწეპებული. ზედ ეწერა: "დედიკოს და მამ-იკოს. თამრუცუნას (პირადად).

კოკამ, წერილი დავტოვოთ და მერე დავბზრ-იალდეთ ტერიტორიაზე, ეს შაბათი სწორედ რომ დუბლინურად უნდა გავატაროთო.

ზზზ! მოკლედ დავრეკეთ, უინტელიგენტურესად.

გაგვიღეს კარიიი. თურმე გველოდებიან. მე რას მელოდებიან, კოკას.

ერთი, ასე ოცდაორი წლის ნაშოჩკა კარში დგას, მეორე ჰოლში, მესამეს ოთახიდან გამოუყვია თავი და წიხლი. არ ჩანს უბრალო, რიგითი წიხლი.

მობრძანდობია არ გაგრძელებულა. შევედით. კოკა კონვერტს ატრიალებს ხელში და მალევე დავატყვეთ: უფროსობა შინ არ არის. ესენი აპი-რებენ გუგუნს. პირველმა გავიხადე, თუმცა გამი-კვირდა, ბიჭები რატომ არ ჰყავთ-მეთქი.

გავიხადე ეს ოხერი პუხოვკა და კოკამაც გაიხსნა მანტოს ღილები. დავსხედით. გავიცანით. წამში მიხვდები: სამივე სულელი, ფუტლიარს რომ ეტყვიან ქალაქურად. მაგრამ, ფეხები, ანუ კანჭები და თვალები და ღირსეული შამპანურით გაფერადე-ბული ლოყები და ეს ეროვნული მტკიცე შავი სამოსი, მუხლები რომ დავივიწყოთ საერთოდ... და ჩვენ კიდევ უფროსები, ოდნავ, და, წავიდა ჟუ-ჟუნი და ესენი პირველები აჟუჟუნდნენ და ავიღებ ფუჟერს და კოკა მეტყვის, მოიცა, შურიგე და მო-გუდულად, მეშვიდედ ეკითხება:

- შენ ხარ თამრუცუნა? უკვე მაგრა მიყვარხარ. აი, წერილს რო აწერია, ისე... შენ ხარ ეკო... შენ ხარ... ვინ ხარ შენ?

- ანუ, რა გქვიათ? - განვმარტავდი მე.

- სამშობლოსათვის ჩაგრული ბაშიაჩუკი, - იცი-ნოდა ის მესამე, ყველაზე ნაკლებად სულელი რომ ჩანდა.

- მართლა? - უხროდა კოკას - აფხაზეთს დავი-ბრუნებთ?

იმათ კი შეაგდეს, ხან ისა, ხან ესა. კოკამ ორჯერ იცეკვა. მე ერთხელ - ისიც, ბაშიაჩუკთან.

- რა გქვია? - ვეკითხებოდი.

- ჯარისკაცის მამა.

- არა, მართლა, ხუმრობის გარეშე.

- ხუმრობის გარეშე თავიდანაც გითხარი. ხო გავიცანით ერთმანეთი?

რას დაიმახსოვრებ? ოთახში შეხვედი და მოგა-ყარეს სახელები.

თან ბლუზი უბერამსა და გვასმევენ ფრანგ-ულებს.

ძალიან სულელები იყვნენ, მაგრამ ძალიან არ მომეწონა ბიჭები რომ არ დაეპატიჟათ და ნომენ-კლატურული მშობლებიც სადღაც გაექროთ. ვიფი-ქრე, ლეზბიანკები ხომ არ არიან-მეთქი. თან, ეს მესამე სულ ბიჭურ სახელებს ირქმევდა. მაგრამ მაინც არ ჰგავდნენ სალეზბიანკოდ მოცლილ გო-გოშკებს.

- მე ირაკლი მქვია, - ვუთხარი ალალად. უკვე გვარიანად ვეტმასნებოდით ერთმანეთს და მესამედ ვცადე ამ ოხერტიალის სახელის შეტყობა.

- თუ იკა, თუ ირა, თუ...

- ირაკლი, - ვთქვი ნაწყენმა - თქვენ რაღა გქვიათ, მისს?

- ოო, საიდუმლოა, - არ შეიფერა ამ თავხედმა ეს დაცინვით ნათქვამი "მისს"?

- შახაბაზი გერქმევა. ცუდად ვცეკვავ?

- ისე, რა.

- აბა, დასჯილი ვარ?

ამ ყოფაში და სმაში გავატარეთ ასე, საათნა-ხევარი. მერე კოკას ტელეფონი აუყიყინდა. ნომერს დახედა და გამორთო.

- რა ლამაზია. "მოტოროლაა"? - დადნა შუა სულელი.

- არა, "ასტონ მარტინი", - სერიოზულად უთხრა კოკამ...

თითქოს სამუდამოდ ვისხედით, საწყალი სიკვ-დილმისჯილებივით.

ისევ მე ავტყდი:

- კოკიჩ, გავედით.

- ჰა?

- ჰო.

- გავედით?

- ჰო.

- ჰო?

ესენი კიდევ კისკისებდნენ. ღმერთო ჩემო, ერიკ, ერიკ კანტონავ, რა სულელური სიცილი შეეძლოთ? ასეთი კარგები და ასეთი სულელები? თუმცა, რა? ამ წრუპვა-წრუპვაში თვითონაც შემთვრალიყვნენ და არ წახვიდეთო, გვთხოვდნენ. ლოყები სულ შერცხვენილი ქალებივით დაწითლებოდათ.

მე გეგმა შევთხზე:

- ჩვენი ძმაკაცის შვილის დაბადების დღეა. იქ უნდა ავიდეთ. მანამდე ეკლესიაში უნდა გავიაროთ. ჩვენი ძმაკაცის შვილი კოკას ნათლულია და ურიგო არ იქნება, სანთლები რო მიუძღვნას...

- შენ რუსული სკოლა გაქვს დამთავრებული? - მკითხა ბაშიაჩუკმა.

- რატომ?

- სლიშკომ სხვანაირად თქვი.

- "დამთავრებული გაქვს" ვაფშე არ არი ქარ-თული, - ჩვენ მაინც სხვანაირად გვასწავლიდნენ გრამატიკას.

- მე ვარ ატოცის წმინდა გიორგი! - შესძახა კოკამ.

ისევ აკისკისდნენ.

- რა, ეს თუ აბდუშაჰილია, მე...

- ატოცი რა არის? - ძალიან სულელები იყვნენ.

- ატოცი არის შტანგას რო აწევ...

- ეგ ატაცია, გავედით... ტელეფონი გრჩება.

- ყველაფერი იცის, - წამეწუნკლა ბაშიაჩუკი.

- ქალბატონო, მე ნასწავლი კაცი ვიყავი წინა ცხოვრებაში. ყოველთვის უცხოელებთან კი არ ვმუშაობდი ტელეფონზე მოლაპარაკედ.

- კლაუსას ლაქია! - გაეხარდა კოკას.

- თქვენ რომელ ეკლესიაში აპირებთ?

- ხედავ? ცოცხალი თავით.

- ჩვენ, წმინდა გინესის ეკლესიაში, - და აი, ამ დროს დავაძრე "რიგლი".

მერე სადარბაზოს კედელთან ვიდექი და დო-ლიძის უთვალავ ფანჯარას ვუყურებდი.

- ვიღაც ძველი კაგებეშნიკის კარს მივაფსი, - კოკა კმაყოფილი დაბრუნდა.

- რა იცი, რო კაგებეშნიკი იყო?

- გვარი ეწერა ეგეთი...

მერე ტაქსი გავაჩერეთ.

- ბიძაჩემო, სადმე ქალაქში ჩამიყვანე, - უთხრა კოკამ - აღარ შემიძლია მთებში სიარული, დავბე-რდი.

ეს იყო, მეტი არაფერი და ბოდიალიც ასე დავი-წყეთ. ორშაბათ საღამოს ურეკში ვიჯექი სუფრას-თან, ვსვამდი და კლაუსას ტანჯვას ვუმზერდი. დი-ლით ფოთში უნდა წავსულიყავით და მე სულ ვფიქრობდი - რა უნდოდა საბურთალოს ქუჩაზე? რატომ წაბოდიალდა? შენ თუ გინდა იცინე, იცინე მოკვდი სიცილით, ისევე როგორც მელია, ბოლოს რომ კეტი დაჰკრეს თავში, მე კი მისის ჰადსონის მდგმურები მომაგონდნენ. უამათოდ არაფერი გა-მოვიდოდა. ზამთრის ზღვას ვუყურებდი რესტორნის ვიტრინიდან და რეანიმაციაში დაგდებული კოკას შველა მინდოდა. ბევრს ვერაფერს ვუშველიდი, მაგრამ ჩემთვის მაინც უნდა გამერკვია.

გეხვეწები არ გაიცინო. ნუ იცინით როცა კაცი ფიქრობს. ეს უსამართლო ქცევაა. ძნელი კი მაინც ისაა, რომ გეპეიდან უნდა დაიწყო. თუ მთვრალი ხარ და იგინები, ალბათ გაგიყრიან. თუ მთვრალები არიან და იგინებიან, ალბათ გაგიყრიან. ასე ყოფილა და ასე იქნება, მაგრამ ადგილი სულაც არ არის მთავარი. ყველა ქუჩაზე ასე არ იქნება? ეს უბრა-ლოდ, გრძელი და ფართო ქუჩაა და როცა ბნელა, უმთვარო ღამით, უცხო მხედარი სულ იოლად გადაიქცევა უთავო მხედრად.

- ადრე რომ მოსულიყავით, კატერზე გევიდო-დით, ზღვაში დავლევდით...

რა უნდოდა იქ?

- თქვენ, ირაკლი ბატონო, ერთ ოთახში რომ მოგასვენოთ... ეს ხაზეინი კია მოსვენებული...

რაში დაჭირდა გეპეი? აი, კიდევ ერთი კანონი. მერფი იქეთ იყოს და ეგრე როგორ დავთვერი? რა მოვლენათა ანალიზი ამიტყდა, როცა გუშინ ყველაფერი მოვაგვარე? მოვაგვარე რა, არის ვერ-სია და მე მაგათ დავუწითლებ ფუმფულა ადგილებს. აი, რა მთვრალი ვარ. აღარც მახსოვს. ხედავ, რა-რიგ დავეცით, ჩვენ, საერთაშორისო საკრედიტო, თითქმის ტასისი ხალხი?

ყველაფერი ხომ გუშინვე გაირკვა? თუ ყველა-ფერი არა, ბევრი მაინც, თუ არ გაირკვა და ეჭვად ხო დამრჩა?

საღამოს, საავადმყოფოში რომ დავბრუნდი და ნათელა დეიდა რომ ისევ რეანიმაციის კართან იდგა, უკვე ვიცოდი როგორ უნდა დამეწყო.

- ნათელა დეიდა, კოკას მობილური სად არის?

ვერავინ დამაჯერებდა, რომ კოკა თავისით წავიდა სადღაც. ის ტიალი ასისინდებოდა. ვიღაც ხომ რეკავდა, კოკა კიდევ არ პასუხობდა. ბოლოს, ალბათ უპასუხა და წავიდა. ეს მობილური რამდენ-ადაც ცუდია, იმდენად კარგი რამ არის. რაც გაგ-ისწორდება, ყელაფერს იპოვი შიგ. ბოლო ხუთი ნომერი! აბა, რით არა ვარ გენიოსი? დამახსოვ-რებული ბოლო ხუთი ნომერი "ალიას" ნახევზე გადმოვიწერე.

ნათელა დეიდა ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც მკითხა:

- რას აკეთებ?

ისეთი დაღლილი იყო, რომ ნერვიულობის თავიც აღარ ჰქონდა. ხუთიდან ერთი ჩემი ნომერი იყო, ორი საბურთალოსი, ორიც კიდევ სხვა. ბოლო საბურთალოსი გახლდათ. ვისია, რისია?

- ეს ნომერი ხომ არ იცით, ნათელა დეიდა?

- იკა, მე არცერთი ნომერი არ ვიცი ზეპირად. რა მოიგონე?

- არაფერი. მაინტერესებს ვინ დაურეკა. დაჯე-ქით, რა ნათელა დეიდა?

- ვიჯექი... სახლში ვიყავი, ბულიონი მოვუტანეთ. ოთარი ახლა წავიდა. ნანა იყო, ზაზა ახლა წავიდა.

- შეგიშვეს?

- ძინავსო. საღამოს შემიშვებენ.

დილით მივდიოდი, იმ სამსახურისა კი, სადაც ამ ნომრების პატრონების ვინაობა უნდა გამეგო, არაფერი ვიცოდი. ვერც მოვასწრებდი, კვირა საღ-ამოს რა უნდა გაიგო? ავდექი და ჩემით ჩამოვრეკე. ორგან არ მიპასუხეს - ნაღდად საოფისე ნომრები იყო. ორგანაც, სულელურად ვიკითხე:

- ვისი ბინაა?

ორივეგან ბიძაკაცი შემხვდა:

- სად რეკავ, გენაცვალე? - და დავკიდე.

ფოთშიც ვფიქრობდი ამის გამო და ბევრი რამის გახსენება ვცადე. მთვრალს რომ საბურთალოს ქუჩა გამახსენდა, ფხიზელს ბახტრიონი მომაგონდა. გვერდიგვერდ არ არის? ძალიან არ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სხვას ვერაფერს იფიქრებდი - იმ გოგოებთან დაბრუნდა. საერთოდ, დეგენერატებს მეტი ეკუთვნით. აბა, რაღაა დასათვ-ლელი? იქ დალია, გამოეხეტა და ვიღაცეებს გადა-ეყარა. ჩვეულებრივი ბიჭის ჩვეულებრივი საღამო. რა ცუდია, როცა ბიჭიც ჩვეულებრივია და ჩხუბიც? ჩვენი ჩვეულებრივი ქუჩები.

მგონი იმან უფრო გამაბრაზა, რომ ჩემი სატელე-ფონო ვერსია საჭირო აღარ იყო. რაღა ტელეფო-ნების დადგენა უნდოდა? იქ მიეხეტებოდა და მერე ვიღაცას შეაგინებდა, ცივ და მიუსაფარი მდუმარების ღამეში. რა, ჯერ არავისთვის უგინებია?

მე კიდევ იმ გოგოებზე ვფიქრობდი და იცი რატომ? იმიტომ, რომ კოკას წაბოდიალება კი ეხერხება, მაგრამ ნაპერწკალი უნდა. უნაპერ-წკლოდ არ დაიძრება. ჩვენ რომ დუბლინურად დავდიოდით, ეს გოგოები არც გახსენებია. რა გასახსენებელი იყო? მე კიდევ თავიდანვე მიკვირდა, ესევითარის გულთბილობით რატომ მიგვიღეს-მეთქი. თან, ბიჭებიც არ ჰყავდათ. ეგეთ დროს უბიჭებოდ წარმოუდგენელია. არ ჰყავდათ ბიჭები და არ იცოდნენ რომ დღეს შობა კია, მაგრამ შობა არ არის და მე რომ ვთქვი, ეკლესიაში უნდა გავიაროთ-მეთქი, რომელ ეკლესიაში აპირებთო. რომელში და კირიჩნიზე. რა ეკლესია, შვიდი იანვარი ხომ არ იყო. აი, რა დებილები იყვნენ. იდიოტი გოგოები, რომლებსაც ბიჭები არ ჰყავდათ. რატომ არ ჰყავდათ ბიჭები? ეგეთ დროს, გუგუნიც იმას ჰქვია, რომ ბიჭებიც იქ იყვნენ. ჩვენ ხომ არ ვიყავით მაგათი ბიჭები? არა, ჩვენ არ ვიყავით მაგათი ბიჭები. მაგრამ ჩვენ გველოდებოდნენ. აბა, რატომ ატეხეს, მობრძანდით, მობრძანდითო. მოიცა, ჩვენ კი არა, კოკას ელოდებოდნენ. ნაღდად ელო-დებოდნენ, იმიტომ რომ გამახსენდა: ჟურნალების მაგიდა, ზედ ტორტი, მანდარინი, ის ფრანგულები და რაც გუშინწინაც უნდა მხსომებოდა, სერვი-როვკა. ოთხი თეფში, ოთხი ფეხიანი, განიერი ჭიქა-ბოკალი, ასე ვთქვათ. იცი რატომ? იმიტომ რომ, როცა დავსხედით, მე თეფში კოვზი, დანა და ჭიქა მომიტანეს. ესე იგი, რაო, მისის ჰადსონის მდგმუ-რო? რაო და ერთ კაცს ელოდნენ და წინდაწინვე გადაეწყვიტათ უნდა შევიპატიჟოთო. ეს კეთილშო-ბილური აზრია; ჯეელი შეწუხდა, წერილი მოარბ-ენინა. რატომ არ უნდა დაალევინო ფრანგული?

მაგრამ ესენი არ იყვნენ კეთილშობილი გოგ-ოები, ანუ ინტელიგენტი გოგოები. ესენი უფრო ბოზანდარა სულის არსებანი ბრძანდებოდნენ. ბურჟუაზიის ნაშიერნი, ასე ვთქვათ. იქ, კედლებზე გრანდიოზული რეპროდუქციები ეკიდა. რა იქნე-ბოდა ერთი ჯიბის კალენდრისხელა გუდიაშვილი მაინც ეშოვნათ? არა, სერ, იქ ჭურჭელი იყო მთავ-არი. ხოლო, სადაც ჭურჭელია მთავარი, გოგოები წაიბოზანდარებენ. ყოვლ შემთხვევაში განწყობა აქვთ ეგეთი. აბა, იზაბელა ბავარსკაიას ნაქონ ბუფეტს რომ აიტან მეცხრე სართულზე, სხვანაირად გამოვა.

ამიტომ, მათ დიდად კეთილშობილური აზრით არ შევუპატიჟებივართ. მე რომ არ ვყოფილიყავი, საერთოდაც ძალიან გაეხარდებოდათ, მაგრამ რახან გავიჩითე, ჯანდაბასო, იფიქრეს. წერილი რომ უნდა მიეტანა იცოდნენ. ვიცი, როგორც იქნებოდა, დედა დაუბარებდა, წერილს მოიტანენო. ფოთში კი მეტი არაფერი იყო საფიქრალი. კოკას იქ მისვლა აშკარა იყო, მაგრამ აბა რა ვიცი? ეგებ სულ სხვაგან წაბოდიალდა.

ხუთშაბათ საღამოს, თბილისში რომ ჩამოვა-ღწიეთ და ბაზრობას გავუსწორდით, გოჭების და ინდაურების მთები დავინახე და გამახსენდა, რომ ხვალ საღამოს ახალი წელი მოვა. მერე კლაუსას ვკითხე, საშობაოდ სამშობლოში რატომ არ გაფრინდით-მეთქი.

- აქაური შობაც მაინტერესებს, - შობელძ-აღლებს ყველაფერი აინტერესებთ.

მოასწრებდით ჩამოფრენას-მეთქი და არ ღირს ამდენი ფრენა სისულელეებისთვისო. ნათელა დეიდას ველაპარაკე და მითხრა, კარგად არის, გუშინ უკვე პალატაში გადაიყვანეს და ხვალ ეგებ სახლშიც გამოვიყვანოთ, ახალი წელია და რა იქ ყოფილა და რა აქო.

- გადავრჩით, ირაკლი. ოღონდ, მილიციამ შეგვჭამა. ეს ეუბნება არ მახსოვსო. მგონი, მართლა არ ახსოვს. მე ვუთხარი იკამ ნომრები გადაიწერა-მეთქი და ძალიან გაბრაზდა. ნეტა არ მე თქვა. ნერვიულობა არ შეიძლება.

- მე ვეტყვი, ნათელა დეიდა. ხვალ მოვალ იქ. დილით გამოიყვანთ?

მივედი და დამიხვდა ამაყი და რაღაცით ბედ-ნიერი. თავი დაბინტული, ცხვირი გატეხილი, ხელები გადაქლეთილი. რა უხაროდა?

- მოიარე საკრედიტო ალაგები?

- სად წაბოდიალდი?

- რავი.

- რავი კი არა, ვიცი სადაც წაბოდიალდი. შტერ ქალებთან.

კოკამ ტუჩები დაბრიცა:

- მაგარი ხარ... ნომრები რად გინდოდა?

- აბა, გაიცინე, კბილები შეგრჩა?

- ვიცი, ვინც არიან, - თქვა მტკიცედ - პოვნა შეიძლება.

- პოჩერკი მალადოია, პიონერული.

აღარ უპასუხია.

- იქ რა გინდოდა?

- სისულელეა. არაფერი.

და ძალიან გავბრაზდი.

- მითხარი, რა მოხდა, ოთარი და ნათელა მოვლენ.

- ვიცი, რომ მოვლენ. სახლში დავწვები.

- მითხარი, იქ რამ წაგაბოდიალა? იმ ბანძებში.

- ვაბშე არ იყვნენ ბანძები. შენთან სმას აზრი არა აქვს. ვერ დავთვერი. რომ დავმთვრალიყავი, არ წავიდოდი. იცი რა გამახსენდა? გამახსენდა, რომ ტინტო ბრასი პარასკევობით არი. შაბათი არ იყო? მაგარი მთვრალი რო ვყოფილიყავი, ნაღდად არ ავიდოდი.

აი, ეგეთი, გინახავს რამე?

- ესეიგი, ტინტო ბრასია მთავარი.

- ტინტო ბრასის ტრაკები. ნათელი წერტილი ცხოვრებაში. სულ ტრუბები მირტყეს.

- აგინე?

- არა, ტო. ვერ მოვასწარი. აზრზე რო მოვედი, აღარ იყვნენ. საბურთალოს ქუჩაზე ჩავფორთხდი და იქ დამერხა. მერე ვაბშე აღარ მახსოვს.

- აბა რატო გცემეს?

- დაიბოღმნენ. იქ რო დავხვდი არ ევასათ.

- მაიცა, იქ იყვნენ?

- იქ მე ვიყავი, - თქვა ამაყად - ისინი მერე ამოვიდნენ. არ ევასათ და მოტყდნენ. თურმე, მანქა-ნაში მიცდიან.

რაღა უნდა მეკითხა. ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი ბიჭებით.

- არ უნდა ასულიყავი.

- ასი წელი, არც ავიდოდი, მარა დარეკა იმ ჩემისამ და დაიწყო ჟუჟუნი. მაშინ გამახსენდა, რო შაბათია და ტინტო ბრასი არ არი.

- ვინ დარეკა?

- ჰო, დარეკა. იმან, რა ქვია... ვისი სახლიც იყო... თამრუცუნა, თუ მე მაგის. დარეკა ტო, მარტო ვარო, არა, მარტო ვარო კი არა, პირდაპირ შენც მარტო ხარო? გოგოები წავიდნენო, ჩემები არ არიანო. შენ არ წახვიდოდი?

- ტინტო ბრასი მაინც ყოფილიყო, - სხვა ვერაფერი ვთქვი.

- ავედი და ვცეკვავთ და ზარი...

- მოიცა, ნომერი როდის მიეცი? - გამახსენდა, რომ ვეუბნებოდი მობილურს გამოვრთავთ-მეთქი.

- ნომერი იმას მივეცი, მეორეს. სახელს რო არ ამბობდა.

- რატო?

- დამევასა.

- და ამან იმას უთხრა? საღოლ, საღოლ...

- ეხლა არ დაიწყო შერლოქჰომსობა. ყველა ვიცი... ზარი დარეკეს და ამან გაუღო. შემოლაგდნენ, პაჩი, პუჩი და ვითომ დარეკეს და ეგრევე წავიდნენ.

- არ უნდა გაეღო.

- რავი, ხო არ ვეტყოდი არ გააღო-მეთქი. შო-ბაო და ეგეთი ბაზარი შეყავდა... ფეხში დანა მაქ, ტო. ტრუბა ეჭირა. მერე ეტყობა წიხლებით შემ-დგნენ...

ისტორია საღამოს მოვიგონე. ეს ნამდვილი ისტორიაა. ნამდვილი ისტორია კი ფიქრის შედეგად დაიბადება ხოლმე. ახალწლის ღამის ფიქრები, ეგეთი ჩვეულებრივი ფიქრები. მაგრამ რას ამბობდა მისის ჰადსონის მდგმური? ის ამბობდა, დამნაშავეს ადგილას უნდა წარმოიდგინო თავიო. მეც წარმო-ვიდგინე და იცი რატომ? იმიტომ რომ თქმულია - "ეგრე არ არი!" ეგრე არ არი, რო ბიჭები მოვიდნენ და ბიჭები წავიდნენ. რატომ მოვიდნენ? შობის მოსალოცად? რომელი შობის, რომელიც არ იყო ჩვენს ტერიტორიაზე? თუმცა, მე ხომ ვიცი მაგათი ამბავი, ჩანგლის გარახუნების ისტორია. მე ხომ ვიცი დოლიძის სიღრმეების ბიჭები. მე ხომ ვიცი, რომ ერთ მშვენიერ ღამეს სულ ტყუილად არ დაგლეწავენ. ანუ, წარმოიდგინე, რომ მე ვარ დამნაშავე; ავედი, ვნახე, ჩამოვედი, დაველოდე, კინაღამ მოვკალი. არაფერი არ ყოფილა ჩემსა და იმ კოკას შორის. ვაბშე არ ვიცნობ. და ველოდები. ტყუილად? ტყუილად არ დაველოდები. ესე იგი, მაგრად გამიტყდა. ანუ, გავმხეცდი. გავმხეცდი იმი-ტომ რომ... განა ეს ქალის ამბავი არ არის?

მე შემიძლია, მოგიყვე, სულ იოლად, ალქაჯების ერთი პატარა ამბავი. ამბავი ღამისა და ქალაქის ქუჩებისა. ამ ამბავში ერთი ლიძელი ბიჭი ვიქნები, ერთი ბახტრიონელი გოგო და ერთი ვაკელი ჯეელი. უფრო კი, სამი ბახტრიონელი გოგო და მათი შობა, რომელიც სადღაც, განათებულ ნამდვილ ქალაქებში, ამბერის ჩრდილებში, მართ-ლაც თენდებოდა. ჩვენ კი, დავდიოდით ქალაქის ქუჩებში, ლუდხანიდან ლუდხანაში და ეს ქალაქი სულაც არ იყო ნამდვილი ქალაქი. ჩვენ ვეძებდით დუბლინს ჭავჭავაძეზე და ამ დროს არ გვახსოვდა, რომ ის ძველი, გაქექილი წიგნი, ზღაპარი იყო. და, ვერ დავთვერით. როგორ დათვრები და როგორ შეხვალ წიგნში, რომელიც კუჭის ტკივი-ლით შეწუხებულმა კაცმა დაგიტოვა. თითქოს მხო-ლოდ იმიტომ, რომ იცოდე, იქაური განცდები თან შორსაა, თან კი აგერ, ორ ნაბიჯზე...

მთაზე კი, დიდ ოთახში, ძველი, ეროტიკული, მერვე კლასში ნანახი ფილმიდან გაცოცხლებულ ოთახში, სამი გოგო იჯდა. რა ერქვა იმ ფილმს? "მადამ კლოდი".

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აკა მორჩილაძე   Mon Jan 30, 2017 10:38 am

აკა მორჩილაძე

კაიბიჭისცხოვრება@hotmail.com

ერთხელ კაი ბიჭებში ვიჯექი. მე თვითონ ვერა ვარ კაი ბიჭი, მაგრამ ასე მოხდა, რომ ვიჯექი. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ანუ პატიოსანი ბიჭი, ამიტომ, შესაძლებელია, რომ ერთიორჯერ, კაი ბიჭებთანაც მოვხვდე ხოლმე.

ესე, რო ვთქვათ, მე კი არ მოვხვდი იმათთან, ისინი მოხდვდნენ ჩემთან. ერთმა კაი ბიჭმა მოკითხვის ამბავში შემომიარა და თანაც ორი კაი ბიჭი ახლდა. იმ ორს არ ვიცნობდი, ეს კი ჩემი ძველი ნაცნობი იყო, თუმცა ნაცნობი არც ეთქმის. ნაცნობი კი არა, ბევრი დრო გაგვიტარებია ერთად ბავშვობაში.

სააგარაკო დრო იყო და აგარაკზე ვიყავით, ჰოდა კაი ბიჭებმაც იქ შემოიარეს. გაღმელი კაი ბიჭები იყვნენ, აქედანვე რომ იცოდეთ და არ იფიქროთ, რომ ფართე საზოგადოებისთვის ნაცნობი კაი ბიჭები იყვნენ.
თან საზამთრო და რამდენიმე ბოთლი არაყიც ესაგზლათ, რათა მოკითხვა- წამუსაიფება უკეთ გამოსულიყო და აივანზე დავსხედით.

როგორც წესია, ძირითადად მე და ჩემი მეგობარი კაი ბიჭი ვლაპარაკობდით, ის ორი ახლადგაცნობილი კაი ბიჭი კიდევ ჩუმად იყო და და ჩემს მეგობარს ეთანხმებოდა ხოლმე. საუბარი ინტერნეტს გადასწვდა.

ამის მიზეზი ის იყო, რომ კაი ბიჭებს ტოტალიზატორზე თამაში ჰყვარებოდათ და ჩემს მეგობარს შეეტყო, რომ, თურმე, ინტერნეტშიაც არსებობს ტოტალიზატორები. აქაურებთან თამაშს, არ ჯობია იმათ ვეთამაშოო, ამბობდა და მეკითხებოდა, როგორ მოხერხდებოდა ინტერნეტით თამაში.
აღმოჩნდა, რომ იმ ორმა კაი ბიჭმა არ იცოდა რა არის ინტერნეტი.

თქვენ თუ გიკვით, მე არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ აღარაფერი მიკვირს და საერთოდაც, ოცი წლის წინათ ჩვენი მთვრალი მეზობელი მეუბნებოდა, ჯინა ლოლობრიჯიდა გაიმასქნილი მყავსო. კვირა დღე იყო, ტელევიზორში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს” უჩვენებდენ, ის კი შემოეხეტა მთვრალი იმის იმედით, რომ მამაჩემი დაუხვდებოდა და ჭიქას შესთავაზებდა. შინ მარტო ვიყავი, ამიტომაც ლოლობრიჯიდას გადასწვდა. სისულელეა, მაგრამ ერთი წამით მაინც დავიჯერე. ასაკი მქონდა ასეთი და თანაც, რას გაიგებ? საბჭოთა კავშირი იყო მაინც, კვირა დღე, სკოლის მოწაფე და. . . რა გასაკვირი ის არის რომ ორმა კაი ბიჭმა ინტერნეტის შესახებ არაფერი იცოდეს?

იმათ ხომ თავისი საქმეებიც თავზე საყრელად აქვთ?
ჩემმა ნათქვამმა, რომ ინტერნეტი არის მსოფლიო საინფორმაციო ქსელი, ვერაფერი გაარკვია. რაც შემეძლო გასაგებად ავხსენი, მაგრამ, ამ ამბიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ რაღაც არის კოპიუტერში.
თანაც, შევატყვე, რომ დიდად არ ესიამოვნათ, მე რომ რაღაც გამეგება და ვუხსნი.

ჩემმა მეგობარმა კაი ბიჭმა დაატყო, რომ რამდენიც არ უნდა მელაპარაკა, ისინი მე ვერ მომისმენდნენ, რადგან უფრო იმას ფიქრობდნენ, ამან რა უნდა გვასწავლოსო და სრულიად გენიალურად აუხსნა რა არის ინტერნეტი:

-მე შენ ეს და ეს ვთამაშობთ პოკერს(პოკერი, როგორც საერთაშორისო თამაში ისე თუ აირჩია, იმიტომ რომ მსოფლიოში ბურას ბევრი არავინ თამაშობს. ის კი სწორედ ოციოდ წუთის წინ მიამბობდა, როგორ წააგეს მან და ამ სამიდან ერთ-ერთმა ბურაში თვრამეტი ათასი ვიღაცეებთან). დარიგდა. მე ვარ თბილისში, შენ ხარ მოსკოვში, ეს არი პარიზში , ეს კიდე სადღაცას (მეოთხე უცებ სახსენებელი ქალაქი, ვთქვათ ნიუორკი, ენაზე აღარ მოადგა). დარიგდა. და ვთამაშობთ. მე შემოვდივარ ჩიპს, მერე შენ შემოდიხარ, მერე კარტებს ვცვლით. ვთამაშობთ, კაროჩე. . .

-მერე თავანი?-იკითხა ერთ-ერთმა.
-რა თავანი?-გაუკვირდა ჩემ მეგობარს.
-თავანი როგორ ჩააქთ?

მთლად სულელი გამოდგა. მაგას რა მიხვედრა უნდოდა. თავისი მასტერკარდის ბარათის ნომერს და წაგებულ თანხას საჭირო ადგილზე ჩაბეჭდავენ და მიდიიი….. . თანხას ჩაბეჭდვა არც უნდა, თვითონ მოჭრის საჭირო პროგრამა. ეს უკვე მე მოვიფიქრე.

ეს ამბავი დიდად არ მოეწონათ, ესე იგი, თუ ბანკში ფული არა გაქვს, ვერ ითამაშებო.
ამან ჩემი მეგობარიც დააფიქრა.მერე კი თქვა:
-იასნია, თუ მაგ დონეზე თამაშობ, ბანკშიც ფული გაქ . . .
-ფუფლო აღარ ყოფილა. რო უნდოდეს, მაინც არ გამოუვა, დაასკვნეს იმათ. -მილიანერები ყოფილან. ეგ მარტო ფაშისტებს შეულიათ.
-იმენნა სერიოზულ იგროკებს, -განუმარტა ჩემმა მეგობარმა.
ამ ლაპარაკიდან მაინც ვერ გაიგებდი მოეწონათ თუ არა ინტერნეტი. მე ვცადე ელექტროფოსტის ამბავი ამეხსნა.
გაირკვა, რომ ფოსტა არ ჭირდებოდათ, მარამ მაინც მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ელექტრონით ხდება.
-ესე იგი, შუქი თუ არ არი, ეგეც არ არი.
მობილური ამჯობინეს, შუქი თუ არ არი ერთხანს მაინც მუშაობს და უკვე რეზბალნიცაზეც არი მობილურებიო. ინტერნეტი კი აბა როდის იქნებოდა რეზბალნიცაზე?

მთლიანად რომ მოვთვალოთ, კარგი, გულთბილი საღამო გავატარეთ. უკვე ბნელდებოდა, როდესაც თავიანთ გახუნებულ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კიდევ საზამთროს კანები ჩავალაგე პარკში და მეზობლის ღორებს გადავუტანე.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა ცოლმა ყოვლად მოხერხებულად დაიძვრინა თავი კაი ბიჭების მიღებისგან. როდესაც ამ ჩემმა მეგობარმა დარეკა მის ტელეფონზე, ჩემმა ცოლმა უთხრა, სახლიდან შორს ვარ, დაქალის აგარაკზე, მაგრამ ჩემი ქმარი სახლშია და სიამოვნებით დაგიხვდებათო. ამის შემდეგ, მართლაც წაასხა ბავშვები თავის დაქალთან და მეც არ მივძალებივარ, აბა, ქალისთვის რა საინტერესოა, როცა ოცდარვაჯერ ეტყვიან, ჩემო დაიკოო და თანაც, ქურდების ცხოვრების შესახებ უამბობენ.

ეს ამბავი იყო და ღამით ისევ არ დარეკა ამ ჩემმა მეგობარმა კარგმა ბიჭმა ჩემი ცოლის ტელეფონზე? მისახვედრი ქათინაურების და თბილი მოკითხვის შემდეგ, ცხადია, მე მომითხოვა.

კარგად შემთვრალი იყო, უფრო მეტად, ვიდრე აქედან გავისტუმრე თანაც, რაიმე სხვა დაემატებინა, იმიტომ, რომ ხმა და სიტყვები თავის ნებაზე მიეშვა, რაც კაი ბიჭებში არცთუ გავრცელებული რამ არის.

საერთოდ კი, ის გამოირჩეოდა კაი ბიჭებისგან. კაი ბიჭი რომ არ ყოფილიყო, მართლა კარგი ბიჭი იქნებოდა, იმდენად წესიერი და ერთგული კაი ბიჭი იყო. კაი ბიჭობის აუცილებელ კანონად რომ მძიმე მარხვა შემოეღოთ, ერთხელაც არ გასტეხდა, რომელიმე შახსეი-ვახსეი რომ შექნილიყო საჭირო, იმასაც მოიმოქმედებდა. ჩიოდა ხოლმე, რომ კაი ბიჭობა უკვე სხვანაირად ესმით და გარშემო ყველაფერი იცვლება, ანუ ცუდისკენ მიექანება.

ჭკუაში დაჯდომოდა ინტერნეტის საკითხი, ბიჭო, აი, ეხლა რო წარმოვიდგინე მაგარი რამე უნდა იყოსო. მოკლედ, ეგებ როგორმე მართლა გამარკვიო რა არი, მარტო სათამაშოდ და ტოტალიზატორისთვის ხო არ მოიგონებდნენ ამხელა რაღაცასო. როგორც მივხვდი, წარმოედგინა, რომ მთელი მსოფლიო ბოჭკოვანი კაბელებითაა დატოტვილი და ისიც წარმოედგინა რომ ეს კაბელები ისეთივე რამაა, როგორც სისხლძარღვები ადამიანის სხეულზე. ისე, კაცს რო ტყავი გააძრო და უყუროო, მითხრა. ეტყობა, თვალწინ სულა ამ კაბელებში გამოხვეული დედამიწა ედგა და ხედავდა მილიონობით ერთმანეთში გადაბლანდულ კაბელს. ამ ლაპარაკზე მივხვდი, არაყისთვის რა დაემატებინა და ამ საუბარში ჩავყევი, რადგან არ მინდოდა მისი ხილვები დამენგრია. რაღაც წარღვნისეულ სურათს ხედავდა იმ წუთში და სიმართლე ვთქვა, ვიცი ამ სურათების ფასი. თუ შიში, სხვანაირად კი იზმენა არ აეკიდებოდა, უსიამოვნო არაფერი ჩაუჯდებოდა თავში. ის უსაზღვრო ძალას გრძნობდა, ამ ბოჭკოვანი კაბელების იმედი ჰქონდა, თითქოს ამათ კალაპოტებში უნაპირო სიკეთე და იმედი მოედინებოდა.

სოფლად არც კომპიუტერი იყო და არც მოდემი, არც სხვა რაიმე ასეთი. ჩვენს სოფელში არ იყო ინტერნეტ კაფე, მხოლოდ კომპიუტერული თამაშების ფარდული მუშაობდა და ისიც ზაფხულბით. ამიტომ, ვუთხარი, ქალაქს რომ ჩამოვალ, დაგირეკავ და გაგარკვევ-მეთქი.

აგარეკზე პარასკევობით ამოვდიოდი ხოლმე, ორშაბათ დილით კი ისევ სამსახურისკენ, ანუ ქალაქისკენ გავწევდი, როგორც თფილისიელი კაცების წესია. მთელ კვირას ქალაქში ვიყავი, მაგრამ, ცხადია, არ დამირეკია, ან სად უნდა დამერეკა, ან რატომ უნდა დამერეკა.

პარასკევ დილით სამსახურში მომაკითხა, შენს ცოლს დავურეკე და მომასწავლა ეს ადგილიო. მცირედ დააბნია ჩვენი ოფის-მენეჯერი, რომელიც სულ არ იყო ნაზიარები კაი ბიჭობის სიტყვა-პასუხს და იმ ყაიდის ოფის მენეჯერი გახლდათ, ცხოვრებისეული გამოცდილებით კი არა, უცხოეთში მიღებული სწავლით რომ ცდილობენ შიდასაოფისე საქმეების მოგვარებას.

გვერდით მოვისვი და ახსნა დავუწყე. ან რა იყო ისეთი ასახსნელი, რომ დიდი სიბრძნე სჭირდებოდა. მცირე ზოგადი განმარტებების შემდეგ ვუთხარი, აი, ამ ცისფერ ე-ს დაჰკრავ ისარს დაგამოვარდება ფანჯარა, სხვანაირად კი ვინდოუ, რომელსაც ეწერება ან “გუგლი,” ან “ალტავისტა,” ან ”იაჰუ,” ან კიდევ რამე სხვა, იქ შიგნით პატარა ფორტოჩკა იქნება და იქ ჩაიწერ რაიმე სიტყვას ან ცნებას, მერე გვერდით დაჰკრავ ისარს და წავიდა მეთქი. ფორტოჩკაში “ლას ვეგასი” ჩავწერე და პრაქტრკულად ავუხსენი ყველაფერი. მივყევი და მივყები, მისამართების ამბავიც ვუთხარი, ფავორიტებისაც, წაშლის და ახალი ფანჯრების იქვე გახსნისას.

მოკლედ, ყველაფერი ვუამბე და დაიმახსოვრა კიდეც, თუმცა, ოდნავ შემცბარი ჩანდა, აქ ყველაფერი ინგლისურად ყოფილა და მე მაინც ვერაფერში გამოვიყენებო. რუსული საიტებიც ვაჩვენე, მაგრამ არ მოეწონა, მთავარი, ესე იგი, ინგლისური ყოფილაო.

ვიფიქრე გავართო-მეთქი და ი-მეილის გასნა ვასწავლე, თავადაც გავუკეთე მისამართი, თუმცა, საეჭვო იყო, რამეში დასჭირვებოდა.

კაიბიცჰისტსხოვრება@ჰოტმაილ.ცომ დავარქვით, ფასვორდის ამბავში კი თავად მოიგონა სიტყვა “განაბი” და ის ჩავწერეთ. დიდად გაახალისა ამ ამბავმა და რამდენიმეჯერ შევიდა და გამოვიდა თავის ყუთში. მერე, საჩვენებლად წერილიც გავუგზავნე, საპასუხო წერილის მოწერაც ვასწავლე და კლავიატურასთან გაშინაურებაც კი სცადა. აკრიფა, “რავა ხარ” და ჩემს მისამართზე გამოაგზავნა.

მეცადინეობა ამით დასრულდა და ის კმაყოფილი, თუმცა ოდნავ დაბნეული წავიდა. მერე კარგახანს აღარ გამოჩენილა, მიმავიწყდა კიდეც, იმიტომ რომ თვეობით არ ჩანდა, მხოლოდ ზაფხულში უხშირებდა ხოლმე შემოვლას.
უკვე აციებული იყო, ნოემბრის ბოლო, თუ რაღაც ამგვარი და შებნელებულზე სახლში მოვედი. იქ დამიხვდა, ყავისფერ ჯემპრში ჩაცმული და ულვაშებდამშვენებული, ცდილობდა ჩემს ქალიშვილთან ეთამაშა, მაგრამ ეს უკანასკნელი ორ სამ ნაბიჯზე ახლოს არ მიდიოდა, მას კი წამოდგომა ეზარებოდა, რომ დაეჭირა. საერთოდ, ბავშვები უყვარდა, მაგრამ სიმკაცრეს ემხრობოდა, ტყუილად ხომ არ იყო კარგი ბიჭი. ჩემს ვაჟს, მაგალითად, სულ უბღვერდა და ჭკუას ასწავლიდა. რა თქმა უნდა მეგობრულად, ოღონდ კაიბიჭური მეგობერობის ხერხებით და შეხედულებებით.

ჩემმა ცოლმა ჰოლშივე მითხრა, რომ ერთი საათის მოსულია და მელოდება, რადგან რაღაც საქმე აქვს. ცოტა დაელია და ჩვეულ ღლაბუცის ხასიათზე იყო, კარგი ხუმრობა იცოდა, ოღონდ იშვიათად ხუმრობდა, ახლა კი სასაცილოდ ყვებოდა კაიბიჭურ ამბებს.

ეგ რა ულვაში დაგიყენებია მეთქი, მეც ვკითხე, რადგან არ უხდებოდა ულვაშები და საერთოდაც სხვა, მეტად უბრალო ვინმეს ჰგავდა. საქმის ამბავიაო, ის თქვა, მივხვდი, ან ახალი გაძარცვული ჰყავდა ვინმე, ან დრედღეზე უნდა გაეძარცვა. ალბათ უკვე გაძარცვული ჰყავდა, რადგან ულვაშს სულ ახლად ამოკოკორებულობა ეტყობოდა. ამ ულვაშმა მაფიქრებინა, რომ ან ჩვენთან უნდა დასახლდეს რამდენიმე დღით, ან სხვა რაღაც საშიშარ ამბავში უნდა გავეხვიო. ისე, როგორც ერთხელ მოხდა, როცა ვიღაცეებტან გამატანა ორი სიტყვა, იმათ კიდევ წვრილად გამოკითხვა დამიწყეს, სად ცხოვრობო, ვინ ხარო და ასე დაუსრულებლად.

სამი წლის წინათ იყო ეს ამბავი და კინაღამ წავხდი. აბა, ეგეთი ლაპარაკისა რა გამეგება?
ახლაც რაღაც ასეთი უნდა ყოფილიყო და მისი ლაპარაკი არც კი მესმოდა, იმას ვფიქრობდი, რა მომელოდა. ის კიდევ ყვებოდა რაღაცეებს და სხვათა შორის, როცა ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე ის ორი კაი ბიჭი, ზაფხულში რომ მაწვია. ერთი იმათიცაო, იმათთან ყველაფერი გავაიასნეო, არაკაცობაში ვამხილე და საკადრისიც მივუზღე ქურდის წინაშეო. წაიბურტყუნა, ეგ ბოზებიო და აღარ გაუგრძელებია, რამაც კიდევ უფრო დამამწუხრა.

სათქმელს კი არ ამბობდა, თითქოს განგებ მაწვალებდა და მეც გულგაწვრილებული ველოდებოდი. ჩემი ცოლის სამგზის შეთავაზებაზე ეთქვა უიარი, ვერ ვივახშმებ, მეჩქარება და არცა მშიაო. მე მეოთხედ შევთავაზე და გამომიტყდა, სიმართლე გითხრა, ძალიან მეჩქარება, ქვემოთ, მანქანაში ერთი კაი ბიჭი მელოდება და წასასვლელები ვართო. მე, როგორც წესია, საათნახევარის მანქანაში მჯდომის ამოპატიჟება მოვითხოვე, მაგრამ ესეც იუარა, შენთან მაქ საქმე, იმასთან კი არაო. ჩემი ცოლი მიხვდა, ქალიშვილს ხელი მოავლო და ოთახიდან გაიყვანა.

გავიდნენ თუ არა, მან შესავლისა და მომზადების გარეშე მომახალა, ინგლისურის სწავლა მინდა და კაი მასწავლებელი მიშოვნეო. ამ ამბავმა იმდენად გამახარა, რომ ვეღარ გამაოცა. რაღაც საშინელებას ველოდი და იმიტომ.
ოღონდ ეგ ამბავი საერთოდ არავინ არ უნდა იცოდესო, საერთოდ არავინო.
აბა, რაღა რჩებოდა მისი გაღმური კაი ბიჭობიდან, ვინმეს რომ შეეტყო, “ჰედვეის” რვეულებით დარბის აქეთ-იქით და დროებსა და ზმნებს იზუთხავსო.

მე დახმარება აღვუთქვი, სამსახურში გავიკითხავ-მეთქი. ერთადერთ რამეს ითხოვდა, მასწავლებელი ქალი იყოს, სრულიად არ არის აუცილებელი, რომ ახალგაზრდა და ისეთი, მე რომ იოლად გადავიხვევ ხელზეო. რა თქმა ინდა, მივხვდი, რაც უნდოდა, მაგრამ იმანაც დამაფიქრა, იმ მასწავლებელს რა დაემართებოდა, ეს რომ წარუდგებოდა პირველ გაკვეთილზე. არ იფიქრო, რომ გადავაგდებ, თუ უნდა, ნახევარი წლის ფულს წინდაწინ მივცემო.
დამიბარა, ორ დღეში სამსახურში გამოგივლიო და დაუმშვიდობებლად წავიდა.

ის კაი ბიჭი იყო, მე კიდევ ცუდი ადამიანი ვარ. წავიდა თუ არა, ჩემი ცოლი შემოვარდა ოთახში, მომეცი, მე დავმალავ, ბავშვმა არ ნახოს სადმეო. ახსოვდა, ერთხელ რომ პისტოლეტი მომაბარა შესანახად.მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ინგლისურზე უნდა სიარული მეთქი. მეგონა ჩემი ცოლი გახალისდებოდა და იმიტომ ვუთხარი, მაგრამ სახე რომ მოეღრუბლა, ფიცება დავუწყე, არსად წამოგცდეს-მეთქი. სად უნდა წამომცდესო, კიდევ უფრო შეწუხდა, რატომ მოისურვა ინგლისურზე სიარულიო.

ეს ამბავი უცებ ვერ დავაკავშირე ინტერნეტთან და ახლაც მგონია, რომ ინტერნეტის გამო არ გადაეწყვიტა ინგლისურის სწავლა. რაღაც უნდოდა და ეს ინტერნეტიც და ინგლისურიც იქედან თუ გამომდინარეობდა.
მასწავლებელი კი იოლად ვუშოვნეთ. რა უნდა თბილისში ინგლისურის მასწავლებლის შოვნას? არც მთლად თანამედროვე იყო და არც ძველი ხერხების მიმდევარი. ყოველ მოთხოვნას დაჰყაბულდა, ჯგუფში ეს არ ივლიდა და მე თვითონ მოვიფიქრე, რომ ცალკე მეცადინეობა მომეთხოვა მისთვის. ქალი დაჰყაბულდა, ჩემი თანამშრომელი ელაპარაკა ტელეფონით და ყველაფერი მშვენივრად აეწყო. ორ დღეში შემომიარა და ამ მასწავლებლის ტელეფონი დავახვედრე. დავრეკავო, თქვა სერიოზული სახით და წავიდა. ეჩქარებოდა, მანქანაში ერთი კაი ბიჭი მელოდებაო.

იმის შემდეგ აგე რამდენი დრო გავიდა და აღარ მინახავს.
საერთოდ აღარ მინახავს, შუა ზაფხულია უკვე და არც აგარაკზე გამოჩენილა რომელიმე თანმხლებ კაი ბიჭთან ერთად, რათა ნაირგვარ საკითხებზე მოგვესაუბრა.

ერთ დღესაც სამსახურში აგარაკიდან წამოსული პირდაპირ სამსახურში მივედი და ჩვენმა მდივანმა მითხრა, უკვე ორჯერ დაგირეკა ვიღაც ქალმა და ბოლოს ტელეფონის ნომერიც დამიტოვა, როგორც კი მოვა, დამიკავშირდესო. გვარი და სახელი მეცნო, სწორედ ის ქალი უნდა ყოფილიყო, ეს ჩემი მეგობარი რომ მივაბარეთ ინგლისურის სასწავლად. სანამ დავრეკავდი, ვიფიქრე, რომ გადააგდო და ახლა ეს ქალი თავისი ჰონორარის მოპოვებას ცდილობს. ჩემს თანამშრომელს გამოვკითხე და მითხრა, კიო, შენ დაგეძებს ჩემი ნაცნობი ის ინგლისურის მასწავლებელი, შარშან რომ ვიღაც გავუგზავნეთო. ნომერს რომ ვკრეფდი, ვფიქრობდი, რომ ინგლისურის მასწავლებლის მეზობლის ბინა შეათვალიერა და ერთ ღამესაც გაწმინდეს მან და რომელიმე კაი ბიჭმა, ან სულაც შეცვივდნენ და სახლის პატრონები გაკოჭეს. ამიტომ, ვცდილობდი, ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავი დ აუკვე საჭირო პასუხებს ვალაგებდი თავში. თუმცა, როგორ იქნები ყველაფრისთვის მზად?

ქალს სასიამოვნო, იდუმალი ხმა ჰქონდა. ჩემის გამოთვლით, ორმოცდათორმეტი წლის იქნებოდა. შინაურულად, ისე მელაპარაკებოდა, ბევრი რამ რომ უნახავთ და განუცდიათ ცხოვრებაში, მაგრამ ოცნებებს რომ ვერ გადაჩვევიან. საქმე ჩვენს საერთო მეგობარს ეხებაო, ყოველგვარი ავი ინტონაციის და ნიშნისმოგების გარეშე მითხრა და შეხვედრა დამითქვა, სამწუხაროდ სატელეფონო საუბარი არ არის და უნდა შეგაწუხოო. რა შეწუხებაა-მეთქი, დავიღვარე, ოღონდ კარგი მაინც ცოტა ჩანდა ამ ამბავში, ამ ქალის ხმის გარდა, არაფერი იყო სანდო და საიმედო.

ზაფხული იყო და ქალაქში მყუდროება შეიგრძნობოდა, ვაკის პარკის თაღებთან შევხვდი. დიდად კულტურული ქალი იყო, რომ მოგეწონებათ ისეთი. სამ წუთში შევიტყვე, რომ ერთი შვილი ამერიკაში ჰყავს, მეორე ინგლისში. სხვაგვარს არც ველოდი “მონტე კარლოს” ეწეოდა და ძალიან ლამაზი, ძველი ჩანთა მოეგდო მხარზე, იქედან კი საქაღალდეები მოჩანდა.
გადამკოცნა, ბოდიში, რომ გამოგიყვანე, მაგრამ სამსახურში მოსვლა არ მინდოდაო. რაასა ბრძანებთ-მეთქი, უკვე დრო მოდიოდა ეთქვა, შენმა მეგობარმა ფული არ გადამიხადაო.

-უბედურება რა არის იცი, ჩემო კარგო? შეიძლება ადამიანს უნდოდეს, რომ კარგი იყოს, მაგრამ არაფერი გამოუვიდეს. გარემოს ვერ მოერიოს. ძალიან მწყინს ეს ამბავი. ორი დღეა ვფიქრობ და თავიდან ვერ ამოვიგდე,-ასეთი რამ მითხრა-დღეს უკვე გაზეთებშიც წერია.

მოკლედ ეს ჩემი მეგობარი და ინგლისურის მასწავლებელი დიდად დამეგობრებულიყვნენ. როგორც ვხვდები, მასწავლებელს ის მოეხერხებინა, რაც მე არც კი მიცდია ოდესმე და კაი ბიჭი, კარგი ბიჭობისკენ გადმოექაჩა. როგორც დავატყვე, ეს ამბავი თანდათანობით მომხდარიყო, რადგან ამ კარგ დეიდას თანდათანობით დაეტყო რა შვილიცა ბრძანდებოდა მისი მოწაფე და ასევე თანდათანობით მისდგომოდა მისი ციხე-სიმაგრეების ნგრევას. ერთი დროც ჩამომდგარიყო და გულახდილ საუბარზეც გამოეწვია ეს ჩვენი კაი ბიჭი. ძალიან კარგი დეიდა იყო, ისიც კი მითხრა, სულ იმას ვფიქრობდი, ეს ურთიერთობა, რომელიც ამ ნადირთან წამოვიწყე რაიმე უხამს ისტორიაში არ გადაიზარდოსო. უხაროდა, რომ ბეწვის ხიდზე გაიარა და ბიჭს არა მხოლოდ ინგლისურს ასწავლიდა, არამედ მართლა ასწავლიდა რაღაცეებს.

ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ღამღამობით სრულიად გონებადაბინდული მირეკავდა და ლამის ფსიქოთერაპევტად ვიქეციო, ესეც მითხრა. ეგ ეხერხება-მეთქი, მივუგე. არ ვნანობო, რადგან მართლაც ძალიან გულიანი და ალალი ბიჭი გახლავსო, ღმერთო, რა იქნებოდა, ვინმეს რომ ადრიდანვე მიეხედა მისთვისო. კარგი დედა ჰყავდა მეთქი, მახსოვდა დედამისი, ბავშვობისას რამდენჯერ ვყოფილვარ მათთან, ეზოში.

ეს რომ ვთქვი ძალიან ნაწყენმა შემომხედა, ეტყობოდა, ჩემზე მეტი იცოდა მისი თავგადასავლისა.
მთავარი კი რა მომხდარიყო: ორი დღის წინათ დაერეკა მასწავლებლისთვის და ეთქვა, სამწუხაროდ, ვეღარ ვივლი თქვენთანო და ამ თვის ფულს მერე როგორმე მოგაწვდით, ოღონდ ძველი პირობა დაიმახსოვრეთ, არავის უთხრათ რომ თქვენთან დავდიოდიო. ქალი ცხადია მიმხვდარა, რომ რაღაც ცუდი ამბავია და უკითხავს, ხომ არ დაუპატიმრებიხარ, რამე ხომ არ ჩაგიდენია, თუ ასეა, იცოდე, რომ ყველანაირად დაგეხმარებიო. არაო, უპასუხია, არავის დავუპატიმრებივარ, მაგრამ შეიძლება დამაპატიმრონ, რადგან კაცი მოვკალიო. კაცი კი არა, არაკაციო და მეტს ვეღარ დავრეკავო.
მასწავლებელს გულს შემოყრია ეს ამბავი და მეც, რაღა დაგიმალოთ, შევცბი. ერთი-ორჯერ კი გამეგონა მისგან, ვიღაცაზე ნათქვMამი, თუ ასე მოქცევას გააგრძელებს, გავხვრიტავო, მაგრამ ეს იმდენი ხნის ამბავი იყო, რომ წელიწადი ვერც კი გავიხსენე. ერთი იმის მეშინოდა, რომ ძარცვისას არ მოეკლა ვინმე, ან აკივლებული ქალი, ან შემოსწრებული მეზობელი.
მასწავლებელმა დაკეცილი გაზეთი მოზებნა ჩანთაში და იქ პირდაპირ ეწერა ყველაფერი, სახელებიც და გვარებიც. სწორედ ის თავისი დოსტი მოეკლა, მანქანაში რომ ელოდებოდა ხოლმე. გაზეთში წესიერად რას განგიმარტავენ, კრიმინალური გარჩევა იყოო და მანქანაში ისხდნენ ეს ორნი და ერთი მეძავიო. თუ კრიმინალური გარჩევა იყო, მეძავს რაღა უნდოდა მანქანაში.

მოკლედ, ლაპარაკი მოსვლიათ, ამას დაუხლია ექვსი ტყვია, გადმოსულა მანქანიდან და მიმალულა. ცოტ-ცოტა რაღაცეები კი გამეგებოდა ამ ისტორიისა, მაგრამ კეთილშობილ დეიდას ხომ ვერ მოვუყვებოდი. რაღაცნაირი ძმაკაცობა ჰქონდათ, იმას თითქოს რაღაც შურდა ამისა, ეს კიდევ არ იმჩნევდა და მანამდე იცდიდა, სანამ ის საბოლოოდ არ გასკდებოდა. მე მგონია, რომ მოკვლას ის უფრო დაუპირებდა, მაგრამ ეს ჭკვიანი იყო და დაასწრებდა, ხოლო მეძავი გოგოს იქ ყოფნა იმას თუ ნიშნავდა, რომ ყველაფერი უცებ მოხდა.

ცხადია, მე მასწავლებელს ვერ გადავარწმუნებდი: სჯეროდა, თითქოს ყველაფერი იმიტომ მომხდრიყო, რომ ეს საბრალო ბიჭი (ასე თქვა) სწავლას დაეწაფა. მასში ცვლილება შეამჩნიეს, გაუგეს და იმათებურად ანგარიშის გასწორებაც დაუპირეს, რასაც ის, როგორც მამაცი, მაგრად დაუხვდა და იძულებით შეიქნა მკვლელი. ანუ, რასაც უნდოდათ, მიაღწიესო.

ჩემს დუმილს, ამ ამბის დაუჯერებლობა რომ დაატყო, შემომიტია, როგორ, ჯერ მარტო წიგნებს რომ უპოვნიდნენ სახლში, ხომ მიხვდებოდნენო. მალკოლმ ბრედბერის წიგნს ვაკითხებდი უკვე და ვათარგმნინებდიო.
ეს მაინც იყო სანუგეშო, რომ თურმე ინგლისურს დიდი მონდომებით სწავლობდა და საერთოდ, ნიჭიც გამოსჩენოდა ენების დაუფლების საკითხში.

ძალიან უყვარდა ამ ქალს თავისი კაი ბიჭი მოწაფე, მაგრამ აბა რა შეგვეძლო? დავიშალეთ დარდიანად და მე სამსახურისკენ წამოვედი, ის კი თავისი ინსტიტუტისკენ წავიდა.
ძალიან კულტურული მოსიარულე იყო, უკნიდანაც.
და საერთოდ, მგონი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მართლა წუხდა მისი ბედის გამო. მეც ვწუხდი, მაგრამ რა მექნა? ვიცოდი, რომ ადრე, თუ გვიან რაღაცას მოახდენდა.
ის ქალბატონი კი ამის შემდეგ აღარ მინახავს, არც ის ვიცი, დაუბრუნა თუ არა მალკოლმ ბრედბერის წიგნი. საიდან დაუბრუნებდა. არც ის ქალბატონი მინახავს და არც თვითონ ის. არადა, სულ ვფიქრობდი მის შესახებ, ასავალ დასავალს ვერაფრით შევიტყობდი, რადგან მისი ბოლო მისამართი არ ვიცოდი. მთელი თეორია ავაგე, რადგან უზარმაზარი ზღაპარი შევაკოწიწე ადამიანის შესახებ, რომელმაც საშინელი, ათასტაბუიანი სამყაროდან კარი გამოიჯახუნა. დიდ ტრაგიკულ გმირად შევრაცხე ეს ჩემი მეგობარი, რომელმაც რაღაც საქმეზე თავისი მეგობარი მოკლა და ეს მკვლელობა განთავისუფლების სისხლიან სიმბოლოდ წარმოვიდგინე, ლამის რიტუალურ მკვლელობად, მსხვერპლშეწირვად დავსახე. ის რომ გცნობოდათ, სხვანაირს ვერც თქვენ წარმოიდგენდით რამეს. თავიდან ბოლომდე მითებით გაჯერებული კაცი იყო მეტად სჯეროდა თავისი კერპებისა. ურყევი იყო, უშიშო და უხორცო. ჯოჯოხეთის კარზე შინაურულად მიაკაკუნებდა.

უცნაური კი ის იყო, რომ ინგლისურის მასწავლებელთან შეხვედრიდან ერთი თვის თავზე სამსახურში ერთი გოგო მომადგა. ტყავის შარვალი, ტყავის კურტკა ეცვა და ოცი წლის იქნებოდა. შარვალი, ისევე როგორც მძიმექუსლებიანი ფეხსაცმელი შავი ეცვა, კურტკა კი ისეთივე შავი შეერჩია, როგორიც თმის საღებავი. ხელში შავი ცელოფანი ეჭირა და მხარზეც შავი ჩანთა მოეგდო. უპეებიც კი ცაშავებული ჰქონდა, ხოლო მანიკური მუქი შინდისფერი. საერთოდ ვერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამაგებინა, რომ სწორედ ის ბოლო ქალი გახლავთ, ვისთანაც ჩემი მეგობარი ცხოვრობდა.

მე, რა თქმა უნდა, ყავაზე დავპატიჟე, ბოლოსდაბოლოს მეგობრის ცოლი იყო. ცოლი თუ არა, მეგობრის მეგობარი და დიდად ნაწვალები გოგოც ჩანდა, რაღაცნაირად მოდუნებული და მოძრაობაშენელებული. მრავლობით-მხოლობითს თავისებურად ურევდა, ადრევე გვინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეო. კაფეში ჩასვლაზე კი უარი მითხრა, ძაღლები (სწორედ ასე თქვა) მიყურებენ(სწორედ ასე თქვა) ხოლმე და თუ ახლაც მიყურებენ, შარი რათ გინდაო. შენ იმას ძალიან უყვარხარ და ეგრე დამიბარა ფრთხილად მიდიო.

ყავა მაინც დალიე-მეთქი არ მოვიშალე და ოფისში დავტრიალდი, მადუღარაც მოვართვი და დაფქული ყავაც. თვითონ მოადუღა, ორონდ მხოლოდ ჩემთვის და ბრწყინვალედაც გამოუვიდა. იმის გემო ახლაც მახსოვს. რა თქმა უნდა, არ იცოდა სად იყო ჩემი მეგობარი, თუმცა მანამდე რაც მომხდარიყო, ყველაფერი იცოდა. სწორედ ის მჯდარიყო მანქანაში, როცა კაი ბიჭებს ლაპარაკი და სროლა მოუხდათ ერთმანეთში.

ამას რომ არ მოეკლა ის მოკლავდაო, ასე ამიხსნა. იმ დღეს თუ არა, მეორე დღესო. თურმე იმ მოკლულს მოუხერხებია და ეს ჩემი მეგობარი ძალიან სწრაფად შესძულებია ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რადგანაც ამას მისთვის ნაირგვარ საქმეებში მხარი არ დაუჭერია. გარეგნულად მაინც ერთობას უჩვენებდნენ უბნის ხალხს, რადგან იმათ არ შეეტყოთ, რომ ჩემმა მეგობარმა თავისი მეგობარი აღარ მოიწონა. ამასაც ჩემი მეგობარი აკეთებდა თურმე, რადგან მისი სახელი დიდად შველოდა იმ ციხიდან ახლადგამოსულს, რომელიც ასევე ყველას შესძულებოდა და ერთი სული ჰქონდათ, სანამ რამეში გამოიჭერდნენ, მაგრამ რახან ჩემი მეგობარი ედგა გვერდში, ითმენდნენ. ის კიდევ თავზეხელაღებული ბიჭი ყოფილიყო და ეს სურათი ეუკადრისა. ამიტომ, ჩემი მეგობრისადმი ბრაზი სიმთვრალეში გამოაჩნდებოდა ხოლმე და ძმურ ლაპარაკში მეტისმეტს ეტყოდა. ამიტომ ნაირგვარ შემოწმებებს გაუმართავდა ხოლმე ჩემს მეგობარს.
მაგელითად ეტყოდა, ძმაო-ჯან, ხო ვარ პაპა რიმსკიო. ანუ პირველი ხო ვარო. ეს კი ასევე არ იყო დამთმობი და უაპსუხებდა, პაპა რიმსკიც რა ვთქვი, ძმები ვართ და კაი ბიჭები, მთავარიც ეს არისო. იმას კიდევ ამგვარი პასუხები გულზე ხეთქავდა, მაგრამ ითმენდა.

იმ ღამეს, მთვრალი ყოფილა და მანქანაში უთქვამს, ქურდი ვარო. თქვენთვის და ჩემთვის არაფერი, მაგრამ გოგომ ამიხსნა, რომ ამ ბოლო დროს ასეთი თქმები გახშირდა, რაიც გაუგებრობებს და მთქმელი თვითმარქვიების წახდენას იწვევს ხოლმე. ჩემს მეგობარს მიუგია, მთვრალი ხარ და ეგ აღარ გაიმეოროო. იმას კიდევ, მოგკლავო, თუ არ მოგკლა ნახეო. ქურდი ვარ ბიჭოო. ის უიარაღოთ ყოფილა, მაგრამ ისეთები უთქვამს, რომ ამას ამოუღია და პირდაპირ მანქანაშივე უსვრია. ყველაზე ცუდი ის გამოდგაო, რომო, ამ გოგომ თქვა, რომ ეს მოკლულიო, თურმე მართლა სიტყვას ელოდბოდაო, ხუთი წუთიღა აკლდა ქურდობამდეო და გასვენებაში ითქვაო, რო ქურდათ იმარხებაო.

ამის მერე ვინ გამოდიოდა ჩემი მეგობარი, სიტყვას აღარ გავაგრძელებ. აბა, ქალს ხომ არ ალაპარაკებდნენ იქ, მოკლული უტრაბახებელს ტრაბახობდაო.

ამეებს მიამბობდა ეს გოგო და სულ ბოლოს გადმომიდო მაგიდაზე ის შავი ცელოფნის პარკი, აი, ესო, ამისთვისა ვარ მოსულიო. სულ ერთხელ დამირეკა რაც გაქცეულიაო და მითხრაო, შავი პარკი რო დევს, ის ამადაამ ჩემ ძმას წაუღე და იმან იცის რასაც უზამსო.

პარკში გამოდგა ჩალაგებული: “ჰედვეის” სახელმძრვანელოები ( სულ მთლად შევსებული გაუწაფავი კალიგრაფიით), ემილი ბრონტეს “ქუხილიანი უღელტეხილი” (ინგლისურ ენაზე, პირველ თვრამეტ გვერდზე უცხო სიტყვები ვარდისფერი მარკერით გადაჭრელებული და ზედვე დაწერილი ქართული მნიშვნელობები) და “გარიბალდის ცხოვრება” რომელირაც რუსი ავტორისა (ქართულ ენაზე).

იმწამსვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გოგოს თანდასწრებით არ უნდა ამომელაგებინა, რადგან მან არაფერი იცოდა ჩემი მეგობრის გატაცებებისა და მეცადინეობებისა.

ო,ო, ეს ჩემი წიგნებია ერთხელ მანქანაში დამრჩა მეთქი-მაგათთან, ასე წამოვიძახე და მის ქებას მოვყევი, რა კაცია, ასეთ დღეში მყოფს ეს როგორღა გაახსენდა-მეთქი. გოგომ ისე შემომხედა, რომ ქალს ვერაფერს გამოაპარებო და თქვა: შენ იცი, ეგ იმას გავს, რო შენ მომპარავობა დაიწყოო.

სხვანაირი ბიჭია-მეთქი,წავიბურტყუნე.
ხო, სხვანაირი გახდაო.
აღარ გაუგრძელებია, ეტყობოდა იცოდა, რომ ის რაღაც არაკაიბიჭურს საქმიანობდა. მხოლოდ ეს თქვა, ფეხმძიმედ ვარო და ადრე სულ ვიკეთებდი აბორტს, ახლა კიდე აღარ გავიკეთებო.

ჩამწყდა სული, გული და ყველაფერი რაც შეიძლება ჩაწყდეს კაცს. ან სად მოასწრო ამდენი აბორტები. თუ მშვიდობა იქნა, ხო მომინათლავო, თქვა, შეისწორა ჩანთა მხარზე და წავიდა.

აგე, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, იმ გოგოს ასავალ-დასავალი კი ვერ დავადგინე. მხოლოდ ამ შობას, ი-მეილის ყუთი გავხსენი და იქ წერილი დამიხვდა: ”merry christmas, friend.”
მისამართი ნაცნობი იყო: kaibichiscxovreba@hotmail.com მე ამ მისამართის ფასვორდიც მახსოვდა, თუმცა სხვის ყუთში ტრიალი პატიოსან ბიჭს არ შეშვენის. ბოლომდე სიმართლე რომ ვთქვა, ფასვორდი შეეცვალა, “განაბი”-ზე კარი არ იღებოდა. შეცვლიდა. ყველაფერი შეცვალა და ფასვორდს აღარ შეცვლიდა? ძალიან შემრცხვა, რომ მის საფოსტო ყუთში შეღწევას ვლამობდი, მაგრამ ასე მეტს შევიტყობდი ჩემი მეგობრის შესახებ.

წიგნები ინგლისურის მასწავლებლისთვის არ დამიბრუნებია. მქონდეს სახსოვრად.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: აკა მორჩილაძე   

Back to top Go down
 
აკა მორჩილაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: