არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბაადურ ბალარჯიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბაადურ ბალარჯიშვილი   Mon Mar 15, 2010 3:02 pm



ბაადურ ბალარჯიშვილი (1949 - 2012), პოეტი და სცენარისტი. ცხოვრობდა თელავში.

ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მარტივი პასიანსი (1990)
2. ხარება და გოგია (1987)
3. ნისლი (1985)
4. გოლა (შემთხვევა ზურგში) (1980)

გადაღებულია ფილმში:
1. ტერანგი - (1986)




კოქტეილბარი "რებუსი"


იღბალი

კუთვნილების ურჩივით, ყველა იმას უჩივის,
თავის სარჩოს ვერ სცნობენ - სხვის, ითვლიან უნციებს,
და ბოლომდე არ სჯერათ საკუთარი არჩევნის,
თითქოს არ უნდოდათ და ძალად ამოურჩიეს.

უჩინარად სახავენ, ხოლო ცხადად შიშობენ,
ცოდვა-მადლის ბეზმენზე ხეირს ანგარიშობენ,
ახსენებენ საფიცრად ყველა ჯურის საქმის წინ,
როგორც მექსიკელები გვადელუპის ხვთიშობელს...

თუმცა ყველა სწორია, რადგან შარა შორია -
ხეირის და ზარალის შუა ვიწრო ზოლია,
ბოლოს ყველას მოელის, ბოლოს ყველას ერგება
ორი წყვილი ფიცარი, როგორც გამიგონია.



კვრინჩხი

მერამდენედ უკვე გულმა მიყო რეჩხი -
მიქელ-გაბრიელმა ენა გამომიყო...
შერჩენილხარ მეჩხერს, როგორც ჯაგი კვრინჩხის,
კვრინჩხისავით მწკლარტე ბედისწერავ ბრიყვო.

შენ იცი რომ არ ვარ გაუზრდელი ტიპი -
გამიცხელდა ხელში სანთებელა "ზიპო" -
მაგრამ ისე ბრუნავს წუთისოფლის კლიპი
დამახვია თავბრუ, მატრაბაზი ვიყო.

დასადებელს ვჩხრიკავ იოანე მინჩხის,
მსურს შევიგრძნო სიტყვის მშობლიური გემო...
შერჩენილხარ მეჩხერს, როგორც ჯაგი კვრინჩხის,
კვრინჩხისავით მწკლარტე ბედისწერავ ჩემო.



* * *
ვერ ავერიდე დავიდარაბას,
თუმც არც მეწადა გულით ძალიან -
როცა მცალიან, ფული არა მაქვს,
როცა ფული მაქვს, არა მცალია.

ცოტაც და ბოლოს გავცვეთ ქალამანს,
რაც მჭირს, მარტოდენ ჩემი ბრალია -
როცა მცალიან, ღვინო არა მაქვს,
როცა ღვინო მაქვს, არა მცალია.



გამოფხიზლება

თითქოს წარსული არცა ყოფილა, არავინ მახსოვს, არავის ვაბაძავ
და ვით უნიჭო არქიტექტორი ვაფუჭებ ძველი შენობის ფასადს.
ვითომ სიმართლეს არ ვემალები და მსურს სინათლის გზებით ვიარო -
დამეხშოს სმენა, მერე თვალები, თუ ვინც მიყვარდა არ ვაღიარო,
თუ არ დავუდგე ზეცას შიშველი, გინდ აქილიკდნენ ავად ბრიყვები,
მე, როგორც შოთა დედაბრიშვილი, ტროტუარების სევდას მივყვები
და ვარ კაქტუსი ფანჯრის რაფაზე, დაკაწრულ გრძნობას თუ კი გაგონებ,
როგორც მხატვარი ავთო ვარაზი არაყს ნაღვლიან ღიმილს ვაყოლებ.
კრინტსაც არა ვძრავ უკვე ნატვრაზე, მე ვიცი მავანს ნატვრამ რა უყო,
და ვით პოეტი შოთა ჩანტლაძე ცხოვრების კვიმატ კითხვებს ვპასუხობ.
არ ვიცი გული რამდენს გაუძლებს, სად შემეყრება გზაზედ მაცილი
და როგორც ნიაზ დიასამიძე, საკუთარ ბედს და იღბალს დავცინი.


გაზაფხული 98 - თელაური ქრონიკა -

როგორც იქნა შეამჩნია დაზაფრულმა ხალხმა:
ახალ ბაღის კიდის დიდი ტირიფი რომ გახმა.
მერე რა და გულმა მაინც ჩაიხვია თალხი
და ნაღველმა შემომტირა ვით პატარა ბალღმა.
რაცა ხდება, ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს -
რადგან ხმება, მაშინ ხმება, როცა უნდა გახმეს...
ვაჰ მე, დედიჩემის ღმერთსა, კარგიც უნდა მოკვდეს -
მატლისა და ჭიაღუის ლუკმა უნდა გახდეს.


სიზმრის ახსნა

სიზმარში ნანახს პასუხი თან აქვს, ფაქტის წინაშე როცა წარსდგები,
როცა მიხვდები ნართაულ არაკს, როცა წაგიჭერს ცხადის რახტები.
გინდა თუ არა მაინც შენია გზა და მანძილი, სცენა და ფარდა,
თანახმად სიბრძნის, რა დაგრჩენია მოთმინების და აღნუსხვის გარდა,
თვინიერ გრძნობის, რომელიც გქონდა, გარდიცვალა და გახდა მარადი,
მაგრამ ვაი რომ სხვა ქარი მიჰქრის, სხვამ წაიყვანა ისევ პარადი.
თუმცა წინ ისევ სიზმარი გელის, როგორც ფაქტი რამ, მსგავსი ფაქტების:
როგორც ტოტია, ბებერი მგელი, შენც შენი ხორცის ლუკმა გახდები.



სიკვდილი

მივყვები წლების გაცრეცილ მესერს, ხან მივალ ახლოს, ხანაც ვშორდები -
"ვერ დაიჭირავს" - უთქვამს და მეც მსურს გავკადნიერდე გამეორებით.
ასე იყო და ასე იქნება, შევთქმულვარ, ლამის ფიცის მიცემით,
სიკვდილი, როგორც მშობელი დედა, თვალყურს მადევნებს გაფაციცებით.
დრო მოვა, ალბათ მეც გაღმა გავალ და მოვიშუშებ მტკივან იარებს,
სიკვდილი, როგორც პირქუში მამა, ბოლო რჩევასაც გამიზიარებს.
უსიყვარულოდ ცოცხლობენ როგორ, რა წარმართული სწესეს წესები,
სიკვდილი, როგორც პატარა გოგო, მეკეკლუცება თვალთა კვესებით.
ვერც მე ვჩერდები, უკვე შევტოპე, დღეები თვლიან მანძილს ციფრებათ,
სიკვდილი, როგორც ტოლი მეტოქე, გამარჯვებაშიც შემეცილება.
ძვირადა ფასობს სიცოცხლის ნიჭი, დღესასწაულთა აკაშკაშება,
სიკვდილი, როგორც პატარა ბიჭი, თავდავიწყებით მეთამაშება.
ყეფს განსაცდელის ავი ნაგაზი, როგორც ასავალს, ისე დასავალს,
სიკვდილი, როგორც ძველი ძმაკაცი, მახსენებს განვლილ თავგადასავალს.
ასეთი ვნება მხოლოდ აქ არის, სიამის გამო ტანჯვა, წამება,
სიკვდილი, უკვე ბერი დაქალი, კვლავ სიყვარულზე მეჭორავება.
და ჟღერს სილაღის ღვთიური ქარი, წინ არაფერი არ მეღობება,
სიკვდილი, როგორც მარადის კარი, საზღვართან დგას და მიახლოვდება,
მივალ, შევაღებ, შევდგები წამით... -რა საოცრება ნეტავ მომელის...-
შევალ და ვიცი, დადგება ჟამი სიკვდილთან ჩემი დამშვიდობების.


ჰეგელის ტრიადა

ყავას მივირთმევ და ვნეტარებ ფრიადად, გავსულვარ სიამის კიდეზე,
მაგრამ არ მასვენებს ჰეგელის ტრიადა: თეზა-ანტითეზა-სინთეზი.
ამასაც მოვუვლი, მომეცეს ცხონება, ყოფნა გაძლებაზე ჰკიდია,
მეც ვეზიარები მსოფლიო გონებას, ანუ აბსოლუტურ იდეას.
ისე კი, ეტყობა ჰეგელმაც შესტოპა - ეჭვი მაქვს - რომ გითხრათ მართალი,
გავიგე: აფრიკა-აზია-ევროპა, მაგრამ კავკასია სად არის?


აღსარება

როდესაც ვამბობ: სხვა გზა არა მაქვს - სხვას გულისხმობენ, ან ესმით ცუდად
და მიაჩნიათ ალბათ არაფრად, რომ კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა.
ღმერთმანი, მესმის სიტყვის ბარაქა: სიტყვა სათქმელის ზუსტი მინდია,
როდესაც ვამბობ, სხვა გზა არა მაქვს, საითაც მინდა იქით მივდივარ.
ხშირად ვუყურებ აშკარად ბრიყვებს, რიცხვი, ვაგლახად არც თუ მცირეა,
მათთვის ცხოველთა მეფეა ციყვი და წერაკითხვა წერტილ-ტირეა.
მრავალი სიყრმე მაცილმა იყმო, ამაშიც ბედის დიდი წილია,
ხო და, მეც ვამბობ: ვირმა რა იცის ლექსი და ხურმა თუ რა ხილია.

ყველას თავისი ბედი აწვალებს, ყველა თავის გზით დაიარება,
მე მაინც ყველა ჭკუას მასწავლის, ვისაც უნდა და არ ეზარება.
გული გამიხდა რიყის ქვასავით, თუმც რასაც ვხედავ ირგვლივ - ქვებია,
ყველანი ერთად, თითქოს მთარსავენ, სისულელეებს მეკითხებიან.
მეკითხებიან: - აბა რასა იქმ?.. რა დაგემართა?.. რა მოგივიდა?..
რად გავიწყდება შენი ასაკი?.. რატომ იქცევი თითქოს ჯიბრითა...
რა ვუპასუხო? - რაც დამემართა, ის მომივიდა, მეტი არა და
ისევ დავთვრები გონის წასვლამდე ზაპოროჟიელ კაზაკივითა.


შუქურა

გაზაფხულობით ნასვამი კაცები ირინდებიან.
ნასვამი კაცები შაშვების გალობას აყურადებენ.
გალობის გვირისტში აწ უკვე წარსულის ნაჟური წყლებია -
ციური განდობა და ბარიკადები ეკლიან ბარდების.

ხოლო ბავშვები კი, ჯერ მხოლოდ ნახატებს აფერადებენ.
დრო მიდის. ნელა მკრთალდება კონტური. ფერები ფითრდება
და თვალს ეფარება ქაღალდის ხომალდი გუბის ფარვატერით
და შორი შუქურა ჩაქრება - ინთება...
ჩაქრება - ინთება...
ჩაქრება - ინთება...

Arrow

ბალარჯიშვილი, ბაადურ

პოეტის შესახებ; რთველი; მთავარი ლეგენდა; ელეგია; "ეჰ...სასაფლაო მომინდა..."; კლიპი; ირიბი იღბალი; იძულება; შემოდგომა : პოეზია / ბაადურ ბალარჯიშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 2008. - ISSN: -ISSN 1512-3189. - სექტემბერი. - N9. - გვ.8-10[MFN: 15725]

UDC: 821.353.1-1

Photos: ბალარჯიშვილი ბაადურ

Subjects: ქართული პოეზია.




ანოტაცია

ინფორმაცია ფილმზე
დასახელება: ხარება და გოგია
გამოშვების თარიღი: 1987
ჟანრი: სათავგადასავლო
სცენარის ავტორი: ბაადურ ბალარჯიშვილი, გიორგი შენგელაია
რეჟისორი: გიორგი შენგელაია
ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
მხატვარი: ვასილ არაბიძე, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია, გენო ცაავა
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
სტუდია: ქართული ფილმი
ხანგრძლივობა: 143 წუთი
როლებში: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი

აღწერა: ხარება და გოგია არის თამაზ გომელაურის, 1987 წლის ფილმი. ფილმში მონაწილეობენ: ომარ ფხაკაძე, ლევან თედიაშვილი, მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვ. სიუჟეტში გამოყენებულია მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორიული ყაჩაღების — ხარება ჯიბუტისა და გოგია კენკიაშვილის თავგადასავლის ზოგიერთი ეპიზოდი.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შემორჩა რამოდენიმე სახალხო რაზმი, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას. ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ახლაც შემორჩენილია მებრძოლთა სახელები და საქმიანობა. ხალხს ახსოვს ხარება ჯიბუტი და მისი მეგობარი გოგია კენკიაშვილი. სწორედ მათ ბრძოლასა და საქმიანობას ეხება ეს ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი.


Last edited by Admin on Mon Feb 22, 2016 11:57 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Mon Mar 15, 2010 3:03 pm

ლოკოკინა

მზემ თვალები მილულა, თითქოს ჩაეძინა,
გაინაბა ბუნება, როგორც სიზმრის წინა.
ნესტიანი მიდამო პულსირებდა ფრთხილად -
ზანტი კონვულსიებით, როგორც ლოკოკინა.
ხავსი ჩახუტებოდა მარადისის მარაგს -
ლამის თან გაჰყოლოდა, გაურბოდა განა.
საფლავების ლოდები ამშრალიყო ალაგ,
წითელ ცაცხვის ჭიების შეყრილიყო შპანა.
და მე მზეს ვუყურებდი მოჭუტული მზერით,
მოფართხალე გულით და მომუშტული ხელით:
ნუთუ აღარ დადგება გადაღება ჩვენი -
მართალის და ტყუილის აშკარობის მჩენი.

თუმცა ნელა, ზლაზვნით, მაინც მიდის წინა -
მიირწევა მიზნისკენ თეთრი ლოკოკინა.
აქვს საწუთროს ალიბი და საფლავის ლოდზე,
ზებგერითის კვალივით ტოვებს ფერმკთალ ზოლებს.
როცა ეშმა პარპაშებს -
გზას პირდაპირ უგვის,
ჯდება მწუხრის გამაში სინანულად ფუგის.
ცთუნება ვერ ამარცხებს, არ გადადის მიზანს -
არც მარცხნივ და არც მარჯვნივ -
ჭეშმარიტი გზიდან.



ისააკ ნიუტონი
(იუმორესკა)

თუ კი ჩასწვდები ფლიუენტს:
სივრცის ცვალებად სიდიდეს -
დამოკიდებულს დროის და
შესატყვის ინტეგრალებზე,
თრთის ნიუტონის ბიუსტი, ხოლო ბინომი ქვითინებს,
გაუგებრობის ელამი და ნისლიანი თვალებით.

სიბრძნის ჩაწვდომის მსურველთა
არის უწყვეტი რიგები -
ნეტავ ისეთს რას იგებენ,
გულთან მხურვალედ მისატანს...
მოსაწყენია ბიუსტი და უსარგებლო ფიქრები,
რადგანაც ყველას მაგივრად უკვე იფიქრა ისაკამ.





ფლიბუსტერის სიმღერა

როგორც პირატი პიასტრებს, ითვლის იღბალი იარებს,
მორალი - უბე კარიბის, აპარტან-აატიალეს.
ცალი აქვს თვალი აკრული დანდობას,
ფლიდად მცინარეს,
ქარიც ქრის ავაზაკური, საფრთხეა მომლოდინარე.

აბორდაჟს ვინ ვის მიასწრებს, დაშნა ბასრია რომელის,
ბოლოს ვინ დასთვლის პიასტრებს
მარჯვენით, დაუნდობელით -
მეკობრის წილი მკაცრია და ბედისწერა ცაცია,
ხშირადაც შეუწირია ორგიის გაწამაწიას.

აქ რომით ითიშებიან, არა თაფლით და ამბრითა,
ვინ გროტ-მარსელზე ჰკიდია,
ვინ დენთის კასრმა დაფლითა,
ბევრიც ჰკიდია ღუზებზე, როცა შტილია ცბიერი -
ახდება ნაბახუსევზე მისნობა ეზეკიელის
და იძირება გალერა, ფსკერზე დაეძებს სამალავს -
გემბანზე თავის ქალების და პიასტრების ამარა.

Idea


Last edited by Admin on Thu Jun 23, 2016 12:29 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Mon Mar 15, 2010 3:21 pm

მოგონება-იუმორესკო

სამნი ვისხედით ვერაზე ბაღში: მე ჯემალა და “გოღი ჩორტიკა”
გაოგნებულნი: ტელევიზორში პირველად ვნახეთ აერობიკა.
მახსოვს რეზონე, მეტი იმაზე, კაცმა რომ ფეხი დადგა მთვარეზე _
ლაპარაკობდა მთელი ქალაქი ჭრელტრიკოიან ქერა ქალებზე.

გაჩნდა იმედი აკრძალულ ხილის - რომ შენც კბილს გაჰკრავ, არც შენ აგცდება
მერე იხუვლეს ონანისტებმა, ლესბიანებმა, პედარასტებმა.
უცებ გამრავლდნენ, ვით ორგანიზმში პარაზიტები – მრგვალი გლისტები:
იაღოველნი, კრიშნაიდები, ბაპტისტები და ადვენტისტები...

მაშინ რა უჭირს, ბაღში ვისხედით, მე, ჯემლა და “გოღი ჩორტიკა”
განვიხილავდით, რით განსხვავდება პორნოგრაფია და ეროტიკა:
-ერთი წინ უსწრებს მეორეს, როგორც ჯაჭვიან არაყს წინწანაქარი...
-არ აგერიოს ჩორტიკ ჯან მეთქი, ჩორტიკამ მითხრა: შენს პირს შაქარი...

ეჰ რა დრო იყო... სად იყო სპიდი ანდა საბაზრო ეკონომიკა...
გუგულებივით ვისხედით ბაღში: მე ჯემალა და “გოღი ჩორტიკა.”
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Fri Jun 18, 2010 8:39 am

* * *
ბურუსი ბუშტივით ბანალურ ბალღობის,
უმიზნო ტიტინის უაზრო ტივტივი,
უღრუბლო ზეცა და ზურმუხტის ბაღები.
აკვიატებული მარტივი მოტივი _
განქარდა და გაჰყვა ჟამთასვლის დინებას _
მზერას მიეჩვია შავლეგა ნისლები,
გახშირდა ლოთობა და მერე გინება _
ამ ქვეყნად მოსვლის და მომავლის მიზნების.
აზელდაზელილი გაუდის გოთიკა,
ნიკელ მოციაგე „ჯენერალ მოტორსი~ _
ცანცარებს სივრცეში ჰაუზის ოპტიკა:
სექსი, სიკვდილი და ცისფერი ლოტოსი.
ძალობენ ნაძრახნი, უმეტეს მაინცა,
მიქსერში ცრუი და მართალი არიეს _
თუ ღმერთი გაწყრა და ქვეყანა დაიქცა _
შველა რაღად მინდა ცარიელ-ტარიელს.


ზამთრის დამდეგი თელავში

შემოდგომა ბინდიანი ქუჩებით
მიბარბაცებს _ დრო დამდგარა წასვლისა _
მიდის ზანტად, ბედსაც არ ეურჩება:
ასეთია უფლის ნება, რას იზამ...
ცივმა ცივად შეუბერა შორიდან,
წარიხვეტნენ შარიშურა ფოთლები,
მორს დაასვეს დასახეთქად სოლი და
შეშა მიაქვთ საარყისკენ გოდრებით.
წალმის ღადარს სუკის მწვადი ელაგა,
თონის პურის სუნი ბოლს შერევია,
გუდის ყველი ნირს აძლევდა ბარაქას _
ნივრის მწნილიც ფრიად სასურველია.
ნოემბერი ილეოდა ჟინჟღლებით,
საფერავმა წვერი თეთრი დაღარა,
იყო თხოვნა: დიდხანს ნუ დავიშლებით,
ცოტა დაგვრჩა, უკვე ბევრი აღარა.
ეჰ, რამდენჯერ თავს დოლაბი გვაბრუნეს,
და ყველაფერს კვლავ თავიდან ვიწყებდით,
ჭირსა შიგან გამაგრება რომ უნდა,
აბა, ამას როგორ დავივიწყებდით.
მტერი ჩვენ ვერ მოგვერევა ვეროდეს:
საქართველოს _ იმიერ და ამიერ,
მხრებზე ხელგადახვეულნი ვმღეროდით
წინწყაროს და მერე მრავალჟამიერს.
ალბათ უკვე გაგვითხრიან სამარეს,
წააწერენ ქვაზე ეპიტაფიას:
ის, ვინც საფლავს დაეძებდა თამარის,
იმავ მიწას, სადღაც იქვე მარხია.
თქვენთან ვარ და აქვე ვრჩები, ძმაკაცნო,
და ვიქნები დღე-ყოველიცისმარი,
ერთმანეთი საქართველომ გაგვაცნო,
ერთად ვნახოთ წუთისოფლის სიზმარი.


ომის შედეგი

აღარაფერი მახარებს _ გულს უჭერს რუსის ხიშტები,
უაზროდ დავბორიალობ, როგორც პანკისში ქისტები,
ისინიც თვლიან იარებს, თავს დასჩხავიან ჩიტები _
შავები, როგორც ყვავები, მომცრონი გაბარიტებით.
მძახალს განუდგა მძახალი, ეჭვშეპარული ღირსებით:
„ჭირია ახალთახალი _ ვინ არიან და ვისები“.
სამყარო მიზეზიანობს, ჩვენც იმ ბადეში გავებით _
ქუდბედის მრუში პიანო ზიანობს გაუთავებით.
ზოგიც ანაშას აბოლებს, ზოგს ჰეროინი სწყურია,
მიმდინარეობს გამბიტი, მიზანი უსუსურია.
ვითომ დამთავრდა: ომია! სისხლის ჟანგიან ლაქებით,
რად უნდა გამაქრობია ანდა ექსპერტი კრაგებით.
„ფეესბე“ მზეობს „კაგებით“, „ცერეუ“ ტკბილი კაკებით,
ევროპაც გაერთიანდა თავიანთ აგარაკებით.
ომია! დიახ, ომია... მაგრამ იმათი ომია,
ვისაც ჩვენი სპა ნაქები ცირადაც არა ჰგონია.
ტვინში ცოცავენ ეჭვები, როგორც სლოკინა გლისტები,
ნეტავ ვის მხარეს მღერიან მთავარი ვოკალისტები.
ხან ვტირი, ხანაც ვიცინი, ვგრძნობ,
რომ ნამდვილად ვგიჟდები _
მატყვია, როგორც სამყაროს, აპოკალიფსის ნიშნები.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Fri Jun 18, 2010 8:56 am

კოქტეილბარი თბილისსა და თელავს შორის

მას პირველად რვა წლის წინათ შევხვდი რძლის სტატუსით.
გულში ჩამიხუტა, დაგვლოცა და იმ სახლის
გასაღები მოგვცა, რომელიც თავად დატოვა. თორმეტი
წლის წინათ თქვა, თბილისი ჩემი ქალაქი აღარ არისო და
თელავში დასახლდა.
ავდივართ პლატოზე, შევდივართ სახლში. ჰოლში:
ბევრი სურათი, ფანქრითა და საღებავებით შესრულებული.
ერთ-ერთი მათგანი: მზე, ბილიკი და ბილიკის ბოლოს
მხოლოდ ჯვარი სასაფლაოზე. `სიკვდილის გზა
არრა არის ვარდისფერ გზის გარდა~... უცნაური გრძნობა
მეუფლება. ნუთუ ეს ის სახლია, სადაც ამდენი ხანია
არავინ ცხოვრობს?! არ ჰგავს ადამიანებისგან მიტოვებულ
სახლს.
აქა-იქ დაუდევრად დადებული ნივთები სახლიდან
თითქოს სულ ცოტა ხნის წინათ გასულ პატრონს ელოდნენ.
პოეტის ოთახი: კედლებზე ცხრა აპრილს დაღუპულ-
თა სურათები, შავი ფლომასტერით დაწერილი უამრავი
ტელეფონის ნომერი და საქართველოს რუკა. თაროებზე
_ ბევრი წიგნი, კარადის თავზე _ ბოთლები და სამზარეულოს
დასაკეპი დაფით გაკეთებული საყვარელი
ფარშევანგი. ერთ-ერთი თაროს უჯრაში საგულდაგულოდ
შენახული ნაბეჭდი ფურცლებით სავსე საქაღალდე
და ბლოკნოტები _ ხელნაწერებით. ვხვდები, რომ აქ
უამრავი გამოუქვეყნებელი ლექსი ინახება. აი, ერთერთი:

"აღტაცებულნი მიმოდიან ირგვლივ ბრიყვები,
მცირე ადგილიც აღარ რჩებათ მგლოვიარეთა.
ქარში ელავენ ათასფერი იარლიყები
და როკავს ყალბი სიყვარული _ გულისგარეთა.
შეყვარებულან კრეტინები, შტერმა იტიროს
ხოლო ბედნიერთ თაიგული _ ბაღში კრეფილი.
იდიოტური სიამაყე შვენის იდიოტს
და მის ნამუსრევს ინაწილებს ორი დებილი.
ფარსი თარსია, უარზეა სულელი ბედი,
ავადმყოფური აღსარების ცეცხლი ანთია,
ორივ დაღლილან ერთნაირად: მუნჯი და ყბედი,
და ჩანს ორივე ერთნაირი ფსიქოპატია...."

ან კიდევ:

`ვით მეტივის პრეტენზია საკუთარის მიმართ ტივის,
გულში ერთი მცირე სევდა უხსოვარი დროდან მივის,
იგი მკლავს და მაძლევს იმედს, იგი მღერის, იგი კივის:
ღვთაებრივი სიმეტრიით სიმარტოვის სიმარტივის.~

ბაადურ ბალარჯიშვილი ოთხი კრებულის ავტორია:

`თელავის ჭადარი~, `მდინარე~, `კოქტეილბარი რებუსი~
და `სევდის ბაღი~. კიდევ უფრო მეტი ლექსი, ვიდრე ამ
კრებულებშია, გამოუქვეყნებელია. რომ ვკითხე, რატომ
აღარ აქვეყნებთ-მეთქი, თავის მობმა ხომ უნდა, შვილოო...
მინდა, ჩემი პატარა ინტერვიუ პოეტთან, რომელსაც
ვახუშტი კოტეტიშვილმა `ერეკლეს ციხის გალავნის ჟანგიანი
ლოდი~, `ნაღდი ძველი თბილისელი ყარაჩოღელი
მოქალაქე~ და `სრულიად საქართველოს პოეტი უწოდა~,
კიდევ ერთი ლამაზი პოეტური კრებულის გამოცემის
წინაპირობა გახდეს, რადგან ამ ინტერვიუს დროს მამამ
ასეთი რამ მითხრა: სათქმელი ვთქვი თუ არა, არ ვიცი,
მაგრამ ხელი რომ ჩამექნია, ეს ინტერვიუც არ შედგებოდა,
კრიზისი ხომ ყოველ ჩვენთაგანს ერთნაირად ეხება,
თუმცა სხვადასხვანაირად განვიცდით. იქნებ ძალასაც
ვიკრებ...

_ როგორია ბაადურ ბალარჯიშვილის სამშობლო?
როგორი სამშობლო გსურთ ჰქონდეს მომავალ თაობას,
თქვენს შვილიშვილებს?

_ ცხრა აპრილის შემდეგ, პირველი სკოლის წინ, შენც
გემახსოვრება, ხეები ლექსებით იყო აჭრელებული. ერთ
თეთრ ჭადარზე ასეთი ლექსი წავიკითხე: `ზეშთაგონებით
მოვდივარ, ასე ურჩი და აშარი, ღმერთმა მაშოროს სამ-
შობლო, ჩემი მტრის ნაფეშქაშარი.~ ძალიან მომეწონა,
მომეწონა და სიხარულით განვიკურნე იმ ბარბაროსობით
დაავადებული, რაც ჩემს თვალწინ მოხდა. მინდა,
ჩემმა პატარა ბაადურმა ისეთ სამშობლოში იცხოვროს,
როგორის იმედიც იქ მდგომ ქართველებს ჰქონდათ და
სჯეროდეს, რომ იმ იმედს ვერასოდეს მოკლავენ.
ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს. ძმაკაცის საფლავზე
გასვლა მარტო ტრადიცია კი არა, მოვალეობაცაა. ჩვენ
მაგალითად, გარდაცვლილი მეგობრის დღეს, სადაც
უყვარდა, იქ მივდიოდით. არ მინდა, ჩემს შვილიშვილებს
ისეთი სამშობლო ჰქონდეთ, სადაც ასეთი რამეები არ
ეცოდინებათ. თითქოს ურთიერთობა გაცივდა დღეს,
უბრალო გახდა, მარტივი.
`ჩემი დედაო~, ეს რომ ქართველმა კაცმა თქვა, მას
მერე წავიდა და წავიდა... დედას რომ არ სცემ პატივს,
მთელს ოჯახს აღარ სცემ პატივს, ოჯახის უპატივცემლობით
საქართველოც არაფრად მიგაჩნია, სულერთია
ყველაფერი საკუთარი თავის გარდა. მინდა, ჩვენს სამ-
შობლოში ისევ ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც
ადრე. სადაც სიყვარულია, იქ მერე ყველაფერი ლაგდება.
რობაქიძე ამბობს, განა არსებობს, რამე უფრო მწველი?
დღეს ასე წვავს სამშობლო ამ თაობას? ღმერთმა ქნას,
ვცდებოდე.

_ ერთხელ მითხარით, თბილისი ჩემი ქალაქი აღარ
არისო. როდის გადიდდა მანძილი თბილისსა და თელავს
შორის, როდის აღმოჩნდა კოქტეილბარი უღელტეხილთან
გომბორის მთაზე, თბილისსა და თელავს შორის?

_ გურამ რჩეულიშვილს აქვს ნათქვამი: თელავი ყველაზე
კარგად ინახავს თბილისის ამბებსო. სხვათა შორის,
მქონდა იდეა, ნადიკვარზე რჩეულიშვილის ძეგლი დაგვედგა,
მაგრამ წაუყრუეს.
თელავი თბილისის ყველაზე შორეული გარეუბანიაო,
ესეც უთქვამთ. თელავსა და თბილისს შორის მანძილი
რა მოსატანია. უბრალოდ, ორივე იყო ჩემი და აღარ არის
ჩემი, სახე იცვალეს, მე კი წლები აღარ მყოფნის, არ მინდა,
ვთქვა, ვბერდები-მეთქი. ბევრია ჩემსავით... სოროში
შემძვრალი, გარეთ გამოხედვა აღარ უნდა, ერთი თავისას
ჰყვირის, მეორე _ თავისას, არის სიტყვების ბრახუნი.
მაშინ, როცა თბილისს ჩემად ვთვლიდი, ურთიერთობები
იყო და მე გული მიმიწევდა ამ ურთიერთობებისკენ.
სხვა ხიბლი ჰქონდა თბილისურ ბოჰემას.
დღეს არც ეს ხიბლია და აღარც _ ბოჰემა. თუ სადმე
რამე კიდევ არის შემორჩენილი, დამნახავი აღარ არის
არავინ. რასაც თბილისზე ვამბობ, ის თელავსაც ეხება.
სახლიდან აღარც გავდივარ. იმ დღეს საქმე მქონდა
მოედანზე. ერთი საათი ვიდექი, სალამი ვერავის მივეცი...
ძველი და ღირებული რაც არის, იმას ხელი არ უნდა
ახლო. აბა, სადღაა დღეს ის ნადიკვარი, ადრე რომ იყო.
ნადიკვარზე სიყვარული იბადებოდა, გრძელდებოდა და
ხშირად იქ მთავრდებოდა კიდეც. მე სამოცი წლის ვარ
და ჩემი საქართველო უკვე იყო.
იყო და აღარ არის.

_ ეს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული კაცის ნათქვამს
ჰგავს.

_ არა, მთლად ასეც არ არის. უბრალოდ, გული მწყდება
რაღაცებზე, თორემ ადამიანი სანამ ცოცხალი ხარ,
ხან ხელს ჩაიქნევ და ხანაც იმედით აივსები. საიმედოს
რომ ვერაფერს ვხედავ, ეგ მიკლავს გულს.
ღირებულებები შეიცვალა, წინაპართა ნასწავლისა და
გამოცდილების წამღები და მიმღები აღარ არის. არადა,
მაგის გარეშე არ გამოვა. თუ საძირკველი არ გაამაგრე,
რა გამოვა?! საძირკველი წარსულია. წარსულზე უარის
თქმა კი საკუთარ თავზე უარის თქმას ნიშნავს.

_ თქვენს ერთ-ერთ კრებულს `სევდის ბაღი~ ჰქვია.
რაზე ფიქრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად, როცა სევდის
ბაღში შედიხართ?

_ რა თქმა უნდა, დაკარგულ მეგობრებზე, როგორც
_ თბილისში, ისე _ თელავში. ბევრი აფხაზეთის ომმა
შეიწირა, ბევრიც მერე გამომეცალა ხელიდან. წლები რაც
მემატება, ვხვდები, რომ შენი სიკვდილი მაშინ იწყება,
როცა მეგობრებს კარგავ, შენს უსაყვარლეს ხალხს კარგავ.
ფიზიკური სიკვდილი საბოლოო გარდაცვალებაა.
ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზეც, შეცდომებზე, რომლებიც
მხოლოდ ჩემს კისერზეა. ისე ვიცხოვრე, როგორც
მოვინდომე, შესაძლებლობებზე კი სხვებმა იმსჯელონ.
ვცდილობდი, ყოველთვის მართალი ვყოფილიყავი, ახლაც
ასე ვარ. გამგები გაიგებს.

_ სად ხედავთ თქვენს თავს ამ ორომტრიალში?

_ ჩემს თავს იქ ვხედავ, სადაც ვარ. იქნებ დავიღალე
და მაგიტომ, ან იქნებ იმიტომ, რომ აქ დედაჩემი და მამა-
ჩემია. შესაძლოა რაღაცისთვის ვემზადები. ვნახოთ...
გამოჩნდება.
ჯერჯერობით აქ ყოფნა მიადვილდება.

ესაუბრა ხათუნა ქარდავა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Tue Oct 09, 2012 10:32 pm

ბაადურ ბალარჯიშვილი


***

ჩვენს შორის იყო გვიანი ზარი
და იშლებოდა ღამე ლანდებად,
მე თქვენ გითხარით: დადგება დარი
და გაზაფხული გაგიხარდებათ.
მე თქვენ გითხარით: ცის კამარედით
დაიწმინდება ნაზამთრი მზერა.
თქვენ კი თვალები გამომარიდეთ
და მიპასუხეთ: მშვიდობით, მჯერა...
და აი, ზეცა დაიხა მარტით,
თებერვლიანი გული იჯერეთ...
მე თქვენ მიყვარდით... მე თქვენ მიყვარდით!
თქვენ კი რატომღაც არ დამიჯერეთ.


study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Fri Oct 12, 2012 9:00 am

ბაადურ ბალარჯიშვილი


***
არვინ დაგაცლის, რომ შენს გემოზე
განვლო, რაც გერგო ბედად ბილიკი:
_ თქვენ მარტოობა გაწუხებთ ალბათ...
_ არა, პირიქით.
მიდიხარ, გზაზედ გადაგეყრება
ვინმე ბრიყვი ან ვინმე ცინიკი:
_ ამაოება გაფიქრებთ ალბათ...
_ არა, პირიქით.
გინდა თუ არა შენთან არიან,
თითქო გერგოო ბედში წილის ყრით:
_ ხომ არ შეგვესვა ერთად რაიმე?..
_ არა, პირიქით.
შორს კუნძულების გაგანიაა
და აღმართულა პალმა _ ფინიკი:
_ თქვენ ეგზოტიკა ხომ არ გიტაცებთ?
_ არა, პირიქით.
და თუ შეგემთხვა მარცხი რაიმე,
მყის მზად არიან მწარე ქილიკით:
_ თქვენ ასე გქონდათ ჩაფიქრებული?
_ არა, პირიქით.
და უფსკრულთანაც გიდგანან გვერდით,
ჩაგჩურჩულებენ ყურში ტკბილი ხმით:
_ არ გაგიწყრეთო, ბატონო, ღმერთი...
_ არა, პირიქით.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Sun May 18, 2014 1:04 pm

ბაადურ ბალარჯიშვილი

თეთრი იასამანი

მე ლამაზი უკვე ვიყავ,
ახლა მშვენიერი ვარ,
ბავშვივით რომ გავბრიყვდები,
სიყვარულზე ვმღერივარ.
არც ალუბლის კუნწულა ვარ,
არც ნარცისის ღერი ვარ,
უბედური არ ვარ, მაგრამ...
აღარც ბედნიერი ვარ...

მე რად მინდა, ძვირფასო,
გობანი და საბანი,
თივთიკები ფუმფულა
ვარდის წყალში გაბანილს.
უდაბნოში დავეგდო,
ქვიშა იყოს საბანი,
ოღონდ მელანდებოდეს
თეთრი იასამანი.

მეფის ქალი რად მინდა,
ან ოქრონი ქალისა,
მოტყუება ცხადის და
მოთმინების წამალი.
ოღონდ მელანდებოდეს
ხატი ანგელოზისა,
ოღონდ მენატრებოდეს
თეთრი იასამანი.


სიმღერა თამრიკო დავითაშვილის შესრულებით - http://youtu.be/WqZR4mEMYYw



study


Last edited by Admin on Tue Mar 01, 2016 9:01 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Mon Jun 22, 2015 9:49 am



ბაადურ ბალარჯიშვილი

***
ეჰ... სასაფლაო მომინდა -
სასაფლაოზე მკვდრებია,
ნეტავ ვინ იტყვის ამქვეყნად:
დარდი არ გამკარებია.
მივდივარ მიტომ მინდობით -
იქ ხომ სანთლებსაც ანთებენ -
იმათთან ყოფნა მინდება -
მკვდრები არ მიღალატებენ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბაადურ ბალარჯიშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ბაადურ ბალარჯიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: