არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზაალ ჩხეიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ზაალ ჩხეიძე   Thu Jan 28, 2010 11:17 pm


Zaal Chkheidze

ზაალ ჩხეიძე

ლექსები

ფატიშა - სვანური სახელი

დაწყვილდა უცხოსთან ფეხკავშა ფაშატი
და ტყუპი კვიცი შვა. . . .
და ტბორში დამხრჩვალი კამეჩის აჩრდილი
მე გავა-ფეტიშე. . . .
ვეწევი საწადელს,
მოვაკვდენ უცილოდ მაგ წყეულ ფადიშაჰს. . . .
უცილოდ,
გაის მზებუდობას
ჩემ ზვრებში დაგასწრებ,
გპირდები,
ფატიშა.


შვილმკვდარი მამის მონოლოგი

სიკვდილს რომ დედა ჰყოლოდა...
ცას ვეწეოდი სიხარულით
ღმერთმანი
და ამაღამვე გავწევდი მისას.
საჩუქრად
ძველი,
სახლში ნაძერწი თიხის ჯამით
თბილ რძეს მივართმევდი
და მუჭა თავთავს, შარშან დაკრეფილს.
მერე კი უკვე მუხლისჩოქით,
სულ სათითაოდ
გამოვთხოვდი
ჩემი გოგონას,
ჩემი ერთას დასიცხულ სიზმრებს . . .
. . . სიკვდილს რომ დედა ჰყოლოდა . . .

P.S. ვაი, ობოლი ყოფილა სიკვდილიც!


ლექსი სიყვარულზე

მე სიმშვიდე ვარ,
გახელების შემდეგ მოსული,
თავგზადაკარგულ კომეტებს რომ
ჩვევიათ ხოლმე
ის სიმშვიდე ვარ . . .
და ყველა ქალი,
ვინც კი ყოფილა წუთისოფლად,
თუნდაც
ოდესმე,
ჯერ არ შობილი ვარსკვლაია.
და მე დავეძებ
უკეთესთა შორის უკეთესს,
რომ დავენარცხო.


ნელა წასაკითხი ლექსი

აქვე კიდესთან,
ჩემგან სულ რაღაც ერთ ნაბიჯში,
კიდია ლო-ლო . . . .
გავს მომაკვდავის შეშინებულ,
გაცრეცილ მტევანს _
წინ რომ ჩანს მო-ლი . . . .
მსურს
ჩრდილოეთის ავზნიან სულს
თან გავა-ყო-ლო . . . .
მე,
სასხლისეულ სიმშვიდეში
აქამდის მყო-ლი . . . .



სპილოების სასაფლაო
(თეთრ ანგელოზს)

გარშემო ძვლებია
მზისგან განალოკი,
თითეულ მათგანზე იპოვნი იოლად
მთლად უცნობ სტუმართა
შემზარავ ნაკვალევს. . . .
გიხდება.
დგეს კაბა ჩაგიცვამს
ქარვით გაწყობილი.
გასაოცარია,
უკვე მომეხლა
ის,
ჩემი მომავალი, მშვიდი დედობილი,
მალე რომ მიშვილებს,
თანაც უსათუოდ.
თურმე
აუსნელი შიში შობისწინა,
ყოვლად ერთადერთი ყოფილა
შინამო,
(თხოვნა მაქვს,
იქნება პატივი დამდო და
სისხლით შენეულით მზერა დამინამო).
მანმადე
გრძელკანჭა ჩიტუნა მაზის და
დროდადრო
ძალიან ფრთხილად მინისკარტებს,
მამოწმებს,
ცოცხალი ვარს კვლავაც თუ არა.
ხვდება,
ბედისწერის სურა რომ მთელია
და უკმაყოფილო თვალებით მიცქერის.
ეტყობა,
ბუდეში
კარგა ხნის მშიერი ბარტყები ელიან.
. . . . ისევ მინისკარტებს . . . .


ტირილი

ავაი
ქორწილი ვქენითო დედო
მერე რა ქორწილი
ოთხი დეკეული დავკალითო დედო
ქორწილი სიკვდილით დავიწყეთო
ავაი
სიცოცხლეს ევედრე გვეწყალოსო დედო
ჩემს ცაზე უთავო მზეები დაღოღავენ
ძმა შემძულდა ავაი საკუთარი
შენი სიყრმისშვილი შემძულდაო დედო
ჩემს ცაზე უთავი მზეები დაღოღავენ
ჩემს ცაზე უთავო მზეები

Arrow
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Sun Jan 23, 2011 2:07 am

ქალაქი

დევების ლოთი, მახინჯი ქალი
ყოველ ცისმარეს ზედ შარა-გზაზე გამოდგება დედიშობილა,
თეძოსთავებზე შემოიწყობს ნაჯაფარ ხელებს,
დგას ასე დოინჯშემოყრილი
და ეფიცხება გამვლელ-გამომვლის დამცინავ მზერას.
ჩვენ კი საბრალო კაციჭამიებს,
მის ლაჯებს შუა ნაუცბათევად დარცხვენილები რომ მივიჩქარით,
ბედნიერებად გვეჩვენება,
თუ ამ მსუქანი, ვებერთელა, ბინძური ტანის უგრძესი ჩრდილი
დაგვიკოცნის გალეულ ბეჭებს.
დროდადრო მაინც წარმოუდგენელ სიმამაცეს მოვიკრებთ ხოლმე,
თავებს წამოვწევთ დამშეულები
და ასე ხარბად, თვალჩაციებით ჩავჩერებივართ
დევების მახინჯ, დედიშობილა, ზედ შარა გზაზე გალაჯულ ასულს.


ქალის გამო

ნებაურთველად შეველტოლვე მრთოლავ სასწაულს,
ოდენ ხელთათვის
შესანდობი ცოდვა ვივალე
და ჩამოგორდა ფრიალოზე მზე
თრთვილისფერი,
ამოდ საჭვრეტი
მოოჭვილი და გამჭირვალე.
პირველშობისას დაბეჭდილი გაიღო კლიტე.
მეც წავთამამდი,
მივეახლე სანუკრე რუს და
მცირედ სოველი,
შენამწიფი,
მარწყვი მოვწყვიტე.


***
(წიგნიდან აბიათარ)

შენს გვამზე ვდგავარ აბიათარო
ყმაწვილი ვარ და
თითის წვერებზე ვიწევი და
გავყივი გორებს
ნუ შეშინდები შეიმოსე აბიათარო
ეჭვის მატლები მრავლდებიან ახლა შენში და
გარეთ მოხოხავენ
ნუ შეშინდები
შეიმოსე აბიათარო
ყმაწვილი ვარ და
შენს გვამზე ვდგავარ
და
ვიწევი თითის წვერებზე


Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Sun Jan 23, 2011 2:19 am


John Hoyer Updike (March 18, 1932 – January 27, 2009) - http://en.wikipedia.org/wiki/John_Updike

ზაალ ჩხეიძე

დიდი ცხვირი და კეთილი ღიმილი

დიდი ცხვირი და კეთილი ღიმილი ჰქონდა, პატიოსანი კაცის დაცინვაშეპარული ღიმილი. აქაოდა, თქვენ რომ გგონიათ, იმაზე მეტი გამეგება თქვენიცა და ჩემი თავისაცო. ახალგაზრდობაში მეტისმეტად გამხდარი იყო და დიდი, სქელჩარჩოიანი სათვალე ეკეთა ხოლმე, მოხუცებულობაში ხორცი შეისხა და სათვალიან სურათსაც იშვიათად გადააწყდებით. ჰემინგუეის უთქვამს ერთხელ, ნიუ იორკის ლიტერატურული სამყარო ბოთლს გავს, სადაც სოლიტერები ერთმანეთის გლეჯვით იყორავენ მუცლებსო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბარე ნახევარი საუკუნე, შორეული 1957-დან, თანამშრომლობდა ,,ნიუ იორკერთან”, ერთთავად მაგ ბოთლში იყო, თუმცა არც მწვადი დასწვია და არც შამფური. თავი როგორღაც თითქოს შორსაც ეჭირა ლიტერატურული ორომტრიალისგან (საქმეებიდან შინ, მასაჩუსეტში ჩამობუნებულს ნიუ იორკზე სიტყვას ვერ დააცდენინებდიო, იგონებენ), ოღონდ ისე კი, რომ სოლიტერებს თავის დღეში არ დავიწყნიათ. ამბობენ, ცოტას ეწეოდა და უფრო ცოტას სვამდაო. არ მეგულება მწერალი მისდენი ჯილდო, პრემია და მედალი მიეღოს, გუგენჰაიმის საზოგადოებიდან დაწყებული და პულიცერით დამთავრებული (პულიცერი ორჯერაც მისცეს 82-სა და 91-ში), საგანგებოდ დავთვალე, 29 გამოვიდა. მისდენი ეწეროს, ეგეთიც ცოტა ვიცი, ესეებს თუ არ მიათვლის კაცი, ხუთ ათეულზე მეტი წიგნიც გამოუვიდეს იქნება. ლირიკული გადახვევა: ,,კარგი მანერების რომანისტად” აღიარებულმა კაცმა სამწერლო კარიერა ლექსების კრებულით დაიწყო და ლექსების კრებულითვე დაამთავრა. ჯერ ისევ ახალბედა ეთქმოდა, ფრანგებმა რომ დააფასეს და ,,კენტავრი” საუკეთესო უცხოურ წიგნად მიიჩნიეს 64-ში. ეგ პრემია სახუმარო არ გეგონოთ, ახლა რაღა და, მაშინ სულ ახალი დაარსებული იყო, მანამდე მხოლოდ ასტურიასისთვის მიეცათ, ამის მომდევნო წელს კი მარკესს მისცემენ. თვითონ ამბობდა, მტვერმოკიდებული, ჩაბნელებულტალანიანი ბიბლიოთეკებისთვის ვწერ, ვინმე სოფლელმა ბიჭმა რომ გადმოიღოს ჩემი წიგნი და ალაგ-ალაგ თვალი ჩაკრასო. მეც ეგრე გადავეყარე, გუსტავ შვაბს ვკითხულობდი მაშინ, ,,ოქროს საწმისს”. აქაც ,,კენტავრიო” და.... რაღაცნაირი შექანებულობა იყო. ჩამრჩა და ჩამრჩა. ისე ,,ისტუიქელი ქალებიც” მისი დაწერილია (მერე რომ ფილმად გადაიღეს ჯეკ ნიკოლსონის, სიუზან სარანდონის, მიშელ პფაიფერისა და შერის მონაწილეობით) და კიდევ რომანების სერია ბაჭია ენგსტრომზე. მე მაინც უფრო ,,ქალები და მუზეუმები” მომდის თვალში, მანდ აპდაიკი ისე წერს, ერთთავად სულ უკან უნდა იყურო, შემთხვევით რამე ხომ არ გამომრჩაო. ფრაზაა ისეთი, მათემატიკური ფორმულა გეგონება, კაი ბიჭი ხარ და სიტყვას ამოაკლებ.
საშუალო სტატისტიკური ამერიკელივით იცხოვრა, ორი ცოლი ჰყავდა, სამი შვილი. შვილიშვილი კიდევ მეტი. ხომ არიან პატიოსანი მწერლები, ეგეც მაგათი მოდგმის იყო, აკი დაკრძალვაც უზარზეიმოდ, მორცხვად მოუწყვეს. პატიოსანი მეთქი და ცოტა ნაჩუმათევად შექანებული.

P.S. ერთ ჟურნალისტს დაკრძალვაზე ამის მეგობრისთვის უკითხავს, ქალების ამბავში როგორ მიუდიოდა საქმეო. იმასაც _ ჯერ ჩვენ ბიბლიოთეკარს ყვარობდა (აბა, სხვას ვის შეიყვარებდა მწერალი კაცი), მერე ერთ მუსიკოსს, ბავშვების ქოროს უფროსობდა ის ქალი თურმე, აგერ, მეორე რიგის კიდეში რომ ბიჭი ზის, დედამისსაც და ჩემს პირველ ცოლსაცო. მეტი ვეღარ გაიხსენა თურმე, იმისთანა დრო გვედგა, ყველა კაბას უკან ვეკიდებოდითო.
ჰოდა, ეგ კაცი შარშან მოკვდა, ჰოდა, ერთით ნაკლები კარგი მწერალი დადის ახლა ქვეყანაზე.

–––
წყარო – http://www.focus.ge/?action=blog&b_id=23&lang=geo

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Sun Jan 23, 2011 2:22 am

ზაალ ჩხეიძე

ორი სურათი და ერთი შუამდგომლობა

კ. გამსახურდიამ იხუმრა ერთხელ ,,ვაზის ყვავილობაში”, ისე, მორიდებით, არა მჯერა იმ ადამიანების, ამერიკული კალამი რომ უჭირავთ ხელში და თან ბურჟუაზიას აძაგებენო. ხუმრობა იქით იყოს და, ათას ცხრაას ოციანმა წლებმა ქართულ საზოგადოებას უამრავი სიახლე და თავსატეხი მოუტანა. მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მოულოდნელად მოვლენილი თავისუფლებით იწყებდა ტკბობას, როცა ადამიანების ,,უმრავლესობა ყოველ კვირა დადიოდა კინოში.... ღამის კლუბებსა და ღვინის დუქნებში ხდებოდა ჯაზის, კოქტეილებისა და თამამი ტანსაცმლის დემონსტრირება... საავტომობილო ტურები და რადიომიმღებები ეროვნულ სიგიჟედ იქცა, ქალებმა თავი გაითავისუფლეს, თმები მოკლედ შეიჭრეს, კაბებიც მოკლე ჩაიცვეს და ტკბებოდნენ ხმის მიცემის უფლებით, რომელიც მათ კონსტიტუციის მე-19 შესწორებამ მიანიჭა 1920 წელს”. ამ ყოველივეს პარალელურად მოდად იქცა ახლებური აზროვნება, ექსცენტრიულობა, სოკოებივით მომრავლდნენ ლიტერატურული სკოლები და მიმდინარეობები. ჩვენში კი... ჩვენშიც ახალი ხანა იწყებოდა, ახალი ეპოქა, რომელშიც მეგობრებმოწყვეტილი პოეტებიუდროოდ გარდაცვლილ ლენინს დასტიროდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ ლავრენტი ბერიასა და იმ საბარგო მანქანებს, დახვრეტილთა ცხედრები რომ გადაჰქონდათ ქალაქგარეთ საერთო სასაფლაოზე.. ჩვენში, მთელი დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს საპირისპიროდ იდევნებოდა ყველაფერი ინდივიდუალური, დაწყებული ჩაცმულობიდან და აზროვნებით დამთავრებული. მხატვრები დახატავდნენ სურათს და თუ ცენზურა დაიწუნებდა, გადახატავდნენ, მწერალი სიტყვით გამოვიდოდა და მერე ,,ყბააკანკალებული” გადათქვამდა (სწორედ ასეა მითითებული მწერალთა კავშირის ერთ სტენოგრამაში, გამსახურდის ყბა აუკანკალდაო) მასე როდის ვილაპარაკეო, ლექს დაწერდა პოეტი და მეორედ გამოცემისას მთელი სტროფი შეიძლებოდა შეცვლილიყო. ეშინოდა ყველას დაბეზღებულსაც და დამბეზღებელსაც. ვინც გაიქცა, გაასწრო და ვინც დარჩა, ის უსიტყვოდ უნდა დანებებოდა ხელისუფლებას, ხალხის მტრად უნდა გამოეცხადებინა მეგობარი და დითირამბები ეგალობა მოძალადისთვის.
ქართულ ლიტერატურაში ძნელი საპოვნელია იმგვარი ადამიანი, ვისაც გრიგოლ რობაქიძისხელა გავლენა ჰქონოდა თავის თანამედროვეებზე, ახალგაზრდები ბაძავდნენ და ეთაყვანებოდნენ, უფროსები მოწიწებით ექცეოდნენ, თვითონ აკაკიც ვერ ფარავდა აღტაცებას. რასაც ანდრე ჟიდი წარმოადგენდა ჟურნალ ,,ნუველ რევიუ ფრანსეზის” ირგვლივ თავმოყრილი ახალგაზრდებისასთვის, იგივეს წარმოადგენდა რობაქიძეც ,,ცისფერყანწელებისთვის”, ერთდროულად იყო მასწავლებელიც, უფროსი მეგობარიც, მისაბაძი მაგალითიცა და ერთგვარი სათაყვანებელი კერპიც. ლადო გუდიაშვილს ერთხელ რობაქიძის პორტრეტი დაუხატავს, ტიციანი 1923 წელს წერდა, ,,ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს, გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია, ისე თითქოს მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი.” ლამის ახალ მესიად არის გამოცხადებული ქართველი მწერალი, ქართული სიტყვის ახალ ჯადოქრად. მაგრამ ათიოდე წელმაც ვერ მოასწრო გასვლა ამ აღტაცებული სიტყვებიდან, რომ რობაქიძე ემიგრაციაში წავიდა, ჩვენში კი გრიგოლ მუშიშვილმა წიგნი დაწერა, ,,გველის პერანგოსანი”, იქნებ ეს პასკვილი არც შემორჩენოდა ქართული ლიტერატურის ისტორიას, მაგრამ იგი გრიგოლ რობაქიძის მეგობარს, ლადო გუდიშვილს გააფორმებინეს და დღესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს 1934 წელს გამოქვეყნებული ეს წიგნი, რომელშიც გრიგო რობაქიძე შუბლგაჩეხილი არწივის ნაცვლად გველისტანიან ქვემძრომად არის გამოხატული. უნდა შინებოდა ყველას, დაბეზღებულსაც და დამბეზღებელსაც, გრიგოლ მუშიშვილმა სულ სამი წელი იცხოვრა კიდევ, იგი სხვებთან ერთად 1937 წელს ჯერ გააძევეს ,,მწერალთა კავშირიდან”, ხოლო შემდეგ დახვრიტეს.
არასაიმედოდ გამოცხადება, რომელიმე პროფესიული კავშირის რიგების დატოვება თავისთავად ნიშნავდა ფიზიკურ განადგურებას, ამიტომაც ბოდიშობდნენ ქართველი მწერლები, ქართველი მხატვრები, ქართველი რეჟისორები. არადა ლამის ყოველ წელიწადს ტარდებოდა ,,წმენდა”, მარტო 1931-ში 40-ზე მეტი ავტორი გამოაძევეს მწერალთა რიგებიდან, როგორც რეაქციონერი და შავრაზმელი, მათ შორის, კ. გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა. მერე დაფაცურდებოდნენ მეგობრები, თავდებში დაუდგებოდნენ შერისხულებს და იქნებ უკანვეც დაებრუნებინათ, როგორმე გამოეტაცათ უეჭველი სიკვდილისათვის. ქართველ მკითხველთა უმრავლესობამ იქნებ არც იცოდეს, ვინ არის მალაქია ტოროშელიძე, ჟენევაში განათლება მიღებული ,,საბჭოთა ჟურნალისტი”, იქნებ არც საჭირო იყოს ამის ცოდნა, მაგრამ მონანიების ერთი ბარათი სწორედ ამგვარად იწყება, ,,იხილეთ ამხ. ტოროშელიძის განცხადება, ალ. აბაშელისა და კ. გამსახურდიას მწერალთა კავშირში აღდგენის გამო”. შერისხულები პირობას დებენ, რომ ამირიდან, საბოლოოდ უარყოფენ მავნე ბურჟუაზიულ ტრადიციებს და სოციალიზმის მშენებლობას შეუდგებიან. უცნაურია, სწორედ მრისხანე და ,,ბურჟუაზიული გადმონაშთების” წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი ამხ. მალაქია ტოროშელიძე აღმოჩნდა ის კაცი, ვისი წყალობითაც, ხუმრობასაც თუ გავურევთ, ,,დიდოსტატის მარჯვენა” დაიწერა. მალაქიაც შეიწირა 37-მა. ამერიკული ლიტერატურის 1993 წელს გამოცემულ მიმოხილვაში წერია, ადამიანების უმრავლესობა ყოველ კვირა დადიოდა კინოში.... ღამის კლუბებსა და ღვინის დუქნებში ხდებოდა ჯაზის, კოქტეილებისა და თამამი ტანსაცმლის დემონსტრირებაო. თბილისში კი საბჭოთა ტერორისტების სახელებს არქმევდნენ ქუჩებს.
–––
წყარო – http://www.focus.ge/?action=blog&b_id=21&lang=geo
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Sun Jan 23, 2011 2:27 am

ჟაკ პრევერი

ჩიტის სურათის დასახატად

თავდაპირველად დახატეთ გალია
ღია კარებით
შემდეგ დახატეთ
რამე ლამაზი
რამე მარტივი
რამე საჭირო ჩიტისითვის
მერე წაიღეთ ტილო სადმე
ბაღში ან ტყეში
დაკიდეთ ხეზე
თავადაც იქვე დაიმალეთ
ხმისგაუღებლად . . .
ხანდახან ჩიტი მალე მოდის
მაგრამ ხანდახან მის მოფრენამდე
ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე
ფარ-ხმალს ნუ დაყრით
მრავალი წელიც დაელოდეთ თუ საჭიროა
ჩიტის ადრე ან გვიან მოსვლას
არავითარი
კავშირი არ აქვს თვით ნახატთან
როცა ის მოდის
თუკი მოდის ხოლმე საერთოდ
ყური დაუგდეთ უღრმეს სიჩუმეს
ელოდეთ ჩიტი თავად მოხვდეს გალიაში და
როდესაც უკვე შიგ იქნება
ძალიან ფრთხილად მიუხურეთ კარები ფუნჯით
და სათითაოდ გადაშალეთ ყველა გისოსი
ჯერ მოითმინეთ ჩიტის ბუმბულს ნუ შეეხებით
შემდეგ დახატეთ ხის სურათი
ჩიტს აურჩიეთ ტოტთაგანი საუკეთესო
დახატეთ კიდევ სიმწვანე და ქარის სიგრილე
მზიური მტვერი და
მწერთა ხმა ზაფხულის ხვატში
ელოდეთ ჩიტმა გადაწყვიტოს იქნებ სიმღერა
თუ კი არ მღერის ეს ცუდია
ნიშანი იმის რომ ნახატი არ გამოსულა
მაგრამ თუ მღერის ეს კარგია
ნიშანი იმის რომ თქვენ ძალგიძთ ხელის მოწერა
ჰოდა თქვენც აცლით უმშვიდესად
ჩიტუნას ბუმბულს
და საკუთარ გვარს აწერთ იქვე ტილოს კუთხეში.


ფრანგულიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Sun Jan 23, 2011 2:48 am

ზაალ ჩხეიძე

ათასი წლის წინ ნათქვამი მონოლოგი

არ მიყვარს ქრისტე,
განსაკუთრებით ჯვარზე გაკრული,
რაღაცნაირად ჩვეულებრივ ღმერთებს
მაგონებს.
იგი უსაგნო შიშს მგვრის ხოლმე …. . .
ათასი წლის წინ ალექსანდრიად
ვყიდდი იადონებს,
თანაც ჭრელს.
ხელისგულებზე ვმკითხაობდი სხვათა მომავალს.
და ერთხელ,
როცა დავრჩი მაშინ უთავშესაფროდ,
გავწიე აღმა,
და ქალაქგარეთ
აღმოსავლეთის კარიბჭესთან
მივაგნე ლოტოსს
და მის ფოთლებში გამოვიძინე . . .
არ მიყვარს ქრისტე,
რაღაცნაირად ჩვეულებრივ ღმერთებს მაგონებს,
იგი მხნეა და ცოტა მკაცრიც . . .
და დღეს რადგანაც ჩემი ნებაა,
მე დავისიზმრებ
თავისნათქვამა და უცნაურ ბიჭს
იუდეადან.

Idea

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Tue Feb 08, 2011 9:32 pm

ზაალ ჩხეიძე

მუსიკალური ეტიუდი
(ანუ ბალი ღია ცის ქვეშ)

ფრთხილი მოლოდინი
და
ჭრილი თვალების
მცირედ მოოვალო.
ჰოი, უკაცრავად,
თქვენ როდის დამპირდით
მალევე მოვალო,
მაგრამ მომატყუეთ.
ვისესხე სიცქაფე
ნაკადულ გავუხდი მევალედ.
მომინდა
და ჩვილი სიჩუმე
ისე ვიმხევალე,
არც დამნანებია.
ხანდახან
ჩვევად მაქვს
ავაგო სასახლე აქამდის უშენი,
თუ სულთა წარწყმედის
საბაბს დაეძებენ
ჩემში მემრუშენი,
ვფიცავ,
იპოვნიან.
მიყვარს უდარდელი,
ფრთანაზი სიცილი
სიკვდილის მონათა,
ვითვლი სიღამეში
წკრიალით დაფანტულ
ალისფერ მონეტებს,
მე მქვია
სონატა.

2007 წ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Wed Feb 16, 2011 10:33 pm



წიგნის ავტორი – ალექსანდრე დიუმა (შვილი), (1824-1895)
წიგნის დასახელება – "ქალი კამელიებით"
მთარგმნელი – ფრანგულიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ
მთავარი რედაქტორი – ნათია ნაცვლიშვილი
მხატვარი – გურამ ნავროზაშვილი
გამომცემლობა – "ლაბირინთი"
გამოცემის წელი – 2010
გვერდების რაოდენობა - 236
ISBN 978-9941-0-2807-6
UDC: 821.133.1-31
ანოტაცია – ალექსანდრე დიუმა, შვილი (1824–1895) – ფრანგი მწერალი და დრამატურგი, ცნობილი მწერლის, ალექსანდრე დიუმას შვილი. მისი რომანი “ქალი კამელიებით” აღწერს ახალგაზრდა კურტიზანის, მარგარიტა გოტიეს ტრაგიკულ ცხოვრებას. ამ პერსონაჟის შექმნა მწერალს შთააგონა ულამაზეს კურტიზან ქალთან, მარი დიუპლესისთან შეხვედრამ, რომელსაც მთელი პარიზი ეთაყვანებოდა და რომელთან ურთიერთობის საშუალებაც მწერალს არ ჰქონდა, ვინაიდან საკმარისად მდიდარი არ იყო.
რომანი საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას “ტრავიატა”.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Fri Jul 05, 2013 11:09 am

ზაალ ჩხეიძე

ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, გინა ამბავი პერუელი ტერორისტისა

04 ივლისი, 2013

არი ეგეთი სურათი, ოცდაათიანების ევროპაში გადაღებული, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგო დგას მხრებში გამართული, თითო ხელში კიდევ თითო საბელი უჭირავს, მწევრებს იოკებს, წელშიგაზნექილებს, ჯიშიანებს, პატრონივით ალწაკიდებულებს. გოგოა, ქალობისკენ ახლად ნაბიჯგადადგმული, ჯერაც უგნური და მთვრალი საკუთარი არსით, აი, იმ ასაკში, ქალობა დიდი რამ ბედნიერება რომ ჰგონიათ, დედოფლობა, სხვათა მორჩილება და თაყვანისცემა, არა დარდი, არა უცრემლო, გულგვამში ჩაბრუნებული ქვითინი და თვალღიად შემოთენებული ღამეები.

ამ ერთი თვის წინ ღონიერად დაბერებული კაცი გავიცანი ერთი, პერუელი, სამოცდაათს ჩასცდენოდა უკვე, ყურში სმენა დაჰკლებოდა, ოღონდ ჯანი - ჯერ ვერ. ბეჭები ჰქონდა არშინით გასაზომი, მთელ დღეს იჯდა ჩემ წინ, როგორღაც მზეში გამოყვანილი ჯიშის. იჯდა და ამბავს ჰყვებოდა ესპანურ-ფრანგულად, ფრანგულად რო დაავიწყდებოდა რამე, ესპანურს მოიშველიებდა და ეგრე. ჰოდა, იჯდა ეს გარუჯული პერუელი და ჰყვებოდა ამბავს ორი მაოელი ტერორისტისას და ერთ მონაგლეჯს მეოცე საუკუნის ისტორიისას.

იდგა წელი 1962, ჰოდა ერთი ჩვეულებრივი, ამაყი და ღარიბი ბიჭი პისკოში ჩავიდა. პორტი იყო მაინც და ბედს ეძებდა ეტყობა, სახლიდან აბარგებული, ლიმასთან ახლოს სოფლიდან ახეტებული. წამოსული და წამოსული. ეხლა აღარ მახსოვს, რატომ და ეგრეც შეაბოტა ერთ მშვენიერ დღეს არც ისე მდიდრული სახლის ეზოში. ყველაფერზე ეტყობოდა, ძველი მოსდევდათ რაღაც, ოღონდ ხელს უჭერდნენო, ძველმა გვარებმა იციან ეგრე, ქალები რო დარჩებიან მარტო ოჯახში, ჩაიხვევიან რაღაცნაიარად, ჩაიკეტებიან და მწყემსად უდგებიან საკუთარ ბედს, უხმო წუხილში ხმებიანო ნელა. ჭასთან კიდე ქალი დაინახა, ძველ, გულუბრყვილო, ისტორიულ ესპანეთზე გადაღებულ ფილმებში როგორცაა, ისე, დაინახა და წლის თავზე ის ქალი ცოლი იყო უკვე მისი.

მანუელ პერერა ასპაუზას ოცდაერთი შესრულებოდა მაშინ, მოიკომუნისტებდა, ოღონდ სტალინმოძულე მაოისტი გამხდარიყო, ქვეყნის გადაბრუნების დიდად მსურველი, მე ხო რა, ერთი დღით ვნახე, - ამდენი წლის მერეც თვალნათლივ ეტყობა მაშინდელი გამობრძმედილობის კვალი. თვალს რომ დავხუჭავ, ეგრეც წარმომიდგენია ახალგაზრდობაში, შარვალში რევოლვერგაჩრილი, უმსუბუქესად, ფეხაკრეფით მოსიარულე, უჩქამოდ.

სულ დასაწყისში სურათი რომ ვთქვი, მწევრებიანი გოგოსი, ის მოიყვანა ცოლად. ცოლსაც, სიდედრსაც ტუნისური პასპორტები ჰქონდათ, მაინც იცოდა, არაბები არ იყვნენ, უფროსი ქალი - უფრო ჩრდილოელი, უმცროსი სამხრეთელი მეტად. უფროსი - უფრო მკაცრი და მშრალი, დახვეწილიც უფრო, მოევროპულოდ, უმცროსი - ამაყი უსაშველოდ, ამპარტავანი; ისე ჩავიდა საფლავში, რამდენი წლის იყო, ვერ დავტყუე ვერაფრითო, შემოგვღიმილა, კარგად დაფარული სიხარულით. მერე როდის როდის გაიგო, სიდედრი შვეიცარიელი ბარონესა ყოფილა, ცოლი - ქართველი გენერლის გოგო. და უყურებდა, როგორ ცხოვრობდა პერუში გადახვეწილი ორი ქალი, როგორ ეფერებოდნენ მეოთხედი საუკუნის წინ გარდაცვლილი ქმრისა და მამის ამღვრეულ ლანდს.

მერე გახდნენ სამნი. სამნი. სიდედრს ერქვა მართა, ვაჟს - მანუელ, ქალს - მარიამი, რა თქმა უნდა. დღეს მანუელ პერერა ასპაუზამ ერთადერთი სიტყვა იცის ქართულად, ,,დედა"; ეგრეც გვითხრა, მე ყველგან დედას ვიტყვი და თქვენ კიდევ დადექით და მართა იგულისხმეთო. ძალიან უყვარდა მართას მანუელი, დაისვამდა და ამბებს უყვებოდა ხოლმე, ოღონდ ფრანგულად, ესპანური უკვე ვეღარ ესწავლა, თუ აღარ. იჯდა მარიამი და თარგმნიდა. ოჯახის ამბებს. იმისასაც, სურათიდან მომზირალისას და სხვებისასაც. მერე იყო კრებები ღამით, იარაღით სირბილი და ტერორისტული აქტები. დაჭერა და გამოქცევა ციხიდან, გადამწვარი სახლი, ფეხით გაქცევა ბოლივიაში, საფრანგეთის იქაური საელჩო და ბოლოს პარიზში ნაპოვნი თავშესაფარი.

ამ ათიოდე წლის წინ დაქვრივდა მანუელი, ცოლის სხეულს კრემაცია გაუკეთა, პერუში ფერფლიც არ ჩაასვენებინეს; დედის გვერდით დავკრძალავო, უფიქრია, - არ გამოვიდა. საფრანგეთი თვითონ არ უყვარდა თურმე მარიამს; რა უნდა მექნა, ავდექი და აქეთ წამოვასვენეო. მეთქი, რატო, ახსენებდა, ენატრებოდა თვალით უნახავი სამშობლო თუ რატო. არაო, მითხრა, რაღაცას გეტყვით და სწორად უნდა გამიგოთო, მეთქი, თქვი. იმანაც, ერთი კვიატი სჭირდა ჩემ ცოლს, სულ ისე როცა შეიქმნებოდა, დანა კბილს არ უხსნიდა, ადგებოდა, საგანგებოდ გადანახულ კაბას გადმოიღებდა, ოთახში ჩაიკეტებოდა და ქართულს ცეკვავდაო. მარტო.

ადრეც ხო ვახსენე, ის, გენერალი მამა, ჰოდა, იმ დიდი ომის დროს გერმანიაში მარიამის მამა ქართულ ლეგიონებს ადგენდა, შვილი კიდე, შეღერებული, ქალობაში ფეხგადაბიჯებული შვილი, თან დაჰყავდა ყველგან. მამაილა იყო, მამას ნებიერა და აბა როგორ. სახლსმონატრებულ ჯარისკაცებს ეცეკვებოდა თურმე იქ ქართულს მარიამი, ეგრე ცეკვა-ცეკვით გადადიოდა თურმე ნაწილიდან ნაწილში მამა-შვილი. წაქცევამდე ცეკვავდნენ თურმე. მანუელმა - უფრო მაგიტომ ჩამოვასვენეო.

გურამიშვილს ვუხსნიდი იმ დღეს ჩემებს, ღვთისმშობლის ტირილის სულ დასაწყისს, აი, შვილმკვდარი დედების ეპიზოდს. დარდი რა არი-მეთქი და ვერა თქვეს, მიკიბ-მოკიბეს უშნოდ. ხან აქედან შემოვუარე, ხან იქიდან, ვერ გავაგებინე, რო დარდი მარტო უსაშველო შეიძლება იყოს, რო მარტო ტარება შეიძლება მისი, რო დარდად მარტო ის ითქმის, რაც რო მოურევნელია. მერე ავდექი და ამ ამბავს მოვუყევი.

მაშინ კიდე, მანუელს რო ვემშვიდობებოდით უკვე, მოვეწონეთ როგორღაც, ფეხზე ვიდექით, ლაპარაკვერმოთავებულები, სათქმელგაგრძელებულები, ჰოდა ეგრეც გამოგვიშვირა ჩვენ, ორ ქართველს, მობრინჯაოსფერო პერუელმა თავისი დაძარღვული ხელი, თვალებში შემოგვხედა და მეო ინკა ვარო, იმ ძველების არისტოკრატული გვარის ჩამომავალიო, ჩვენაო ოქრო გადავმალეთ, რო ესპანელებს ვერ მიეგნოთ, ხო იპოვეს აქა-იქ მაინც, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთიაო, ჰყვებოდა სიხარულით. თვითონ სოფელში დაბადებულიყო, როგორც ადრევე ვთქვი, ლიმას მახლობლად, იქაურობის სახელი ალბათ ოქროვანად მოქართულდება, ეამაყებოდა ეგეც. ჰოდა, იმას ვამბობდი, ხელი გამოგვიშვირა და მთელი სერიოზულობით გვითხრა, თუ იცით, რით განსხვავდება ინკების მოდგმის პერუელი ესპანური მოდგმის პერუელისგანო. აბა საიდან უნდა გვცოდნოდა, იმან კიდე დაბერილ ძარღვებზე დაგვახედა და - ჩვენ სისხლს სხვა ფერი აქ, ოქრო დაჰყვებაო. მე კიდე ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ ჰგავს-მეთქი ეს ჩემზე ერთი თავით დაბალი კაცი იმას, მასავით გადარეულს და მასავით პერუელს, დიდ ლიოსას. მეთქი, მჯერა.

ბმული:
* http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=240


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზაალ ჩხეიძე   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
ზაალ ჩხეიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: