არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანდრო ბუაჩიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ანდრო ბუაჩიძე   Tue Jan 12, 2010 2:10 pm


Andro Buachidze

ანდრო ბუაჩიძე




ბმული – http://lib.ge/authors.php?159


თოვლიანი პეიზაჟი

პეიზაჟია ნახატი კალმით,
ფანჯრიდან ვუმზერთ მე და ბავშვები,
სასაფლაოდან ამოდის კვამლი
და ეშურება ცას თავაშვებით.
უკვე ბაგების ტყეს შეესია
და ყრუ ხეობა დატოვა კვამლმა,
ფანჯრიდან მოჩანს შორს ეკლესია,
სადაც ქარია, თოვლი და მამა.
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Tue Jan 12, 2010 4:18 pm

რა კარგი ნაწერია.. ტერენტის სუნთქვა კი მომესმა - ცოტა..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 9:45 am

ანდრო ბუაჩიძე

ფითრის ფარაჯა

გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მობეზრდა ალბათ მთვარეს ბოგინი,
შემშინებია გულის გაგლეჯვის.
აქვე ცხოვრობენ, აქვე არიან,
ამ ჩემი დარდის მოწილადენი,
ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია,
უკვე ბევრია, ღმერთო... რამდენი!
გამღვიძებია კვლავაც ლოგინში
და თავზე ღამე დამთენებია,
მომბეზრებია სიზმრად ბოგინი,
მერე მიმხვდარვარ: არ მძინებია.
ეს რა მიქნია, რა მიცხოვრია,
ცხოვრება ხელში გამცურებია,
და მერე აღარც დამხსომებია,
რა მყვარებია, რა მძულებია.
გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მუდამ უძილო და ძილმოგვრილი
მოლოდინში ვარ გულის გაგლეჯვის.
ღმერთო, ეს მთვარე ჩემს ფანჯარასთან
თვალივით ელავს და იწკურება,
როდის გაიხდის ფითრის ფარაჯას
და როგორ შევძლებ ამის ყურებას.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 9:50 am

ანდრო ბუაჩიძე

ბედიღბალი

ჩემი და შენი ბედიღბალი
ხომ იყო ისე, როგორც ძველი
ტანსაცმელი ძველ საკიდარზე.
ჩემი და შენი ბედიღბალი,
რომლის გამოც მწარე, წყალწყალია
ღვინოსაც ვსვამდით. ჩემი და შენი
მახსოვს შენი ველოსიპედი, შენს
ცარიელ აივანზე აყუდებული.
ეს იყო შენი სინანული, შენი
ნაღველი. მაგ ნაწვიმარ აივანზე.
ჩემი და შენი ბედიღბალი
თითქოს ზიარი და მაინც ასე გაყოფილი.
ეს ბედიღბალი...


ტალღა

თავზე გადამდის მაღალი ტალღა,
წყალში ვირწევი ისე ვით ქვები,
და არ მივიწევ სხეულით მაღლა,
არამედ ნელა ვეშვები ქვევით.
წყალივით მძიმე მაწვება წლები,
ზემოთ კი კვეთენ სივრცეს ჩიტები,
მე დაქანცული ღრმა ფსკერზე ვწვები.
და ფარღალალა ხავსს ვეჭიდები.

უცხო

თამაზ ჩხენკელის ხსოვნას

ეს როგორ ჩაქრა შენი სინათლე,
ეს როგორ ჩაქრა უხმოდ ჭაღივით,
მხოლოდ ახლა ხარ შენ ყველასაგან
შორს გარიყული და გადაღლილი.
შორს გარიყული და გადაღლილი
და სულ სხვა მხარეს გადაფერდილი,
და ზის სიკვდილი შენს კიდობანზე
სხვა მხრიდან მოსულ უცხო მტრედივით.


სამხილი

ო, როგორ სდუმან ღამით ქუჩები
და ეს დუმილი არის ძახილი,
და ეს დუმილი მე მეურჩება,
ის არის შენი ცოდვის სამხილი.
სავსეა ღამის სივრცე ბოდვებით,
სიზმრებითა და ხელისცეცებით,
მაგრამ გამოსხა ღამემ ცოდვები,
ის, რაც არ ჩანს და რასაც ვეძებდი.
და ეს დუმილი კვლავ მეურჩება,
და თავის შიგნით ახლავს ძახილი,
ხოლო ცოდვას კი ჰქვია მრუშობა
და შენ თვითონ ხარ მისი სამხილი.


ხეები

ხეები ქვეყნად არავინ იცის.
ზოგი ხე კი დგას როგორც საპყარი.
იქნებ ის არის გზაშესაყარი
და გადაკვეთა ცისა და მიწის,
ხეები ქვეყნად არავინ იცის.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 9:52 am

ანდრო ბუაჩიძე

ძე - შეცთომილი

"და შევიდა სახლსა"
მათე


გამიჭირდება, ვიცი, უკვე ასე გაგნება,
რადგან ყოველთვის მიჭირდა და ახლაც კი მიჭირს,
ნუთუ როდესმე მე უშუალოდ მივალ საგნებთან
და გაირკვევა ჩემთვის რწმენა, სინათლე, იჭვი.
ნუთუ როდესმე გაიღება ბოლოს და ბოლოს
კარი და სახლში შუაღამით უჩუმრად შევალ,
თუნდაც ეს იყოს სიზმარ-ცხადი მხოლოდ და მხოლოდ,
რომელიც ვიცი უსათუოდ მომაფენს შვებას.
ყველამ ხომ სახლი დავკარგეთ და იგივე სახლი
აღარ გვაქვს უკვე, საიდანაც გამოგვაძევა
ტლანქმა წყვდიადმა და ამიტომ დავდივართ ნაღვლით,
და ამიტომაც გავემართეთ სახლის საძებრად;
იქნებ ეს სახლი ცხოვრებაზე უფრო მეტია
და ამიტომ გვსურს დაბრუნება იმ ოთახებში,
სადაც რატომღაც თავიდანვე ვერ დავეტიეთ
და საიდანაც წამოვიღეთ მწარე ნაღველი...
სხვა სამყოფელს რომ დავეძებთ და ოდნავ გვეცნობა,
იქნებ ყოველი შეერთება არის შეცდომა
საბედისწერო და მერე კი იმას ვინანით,
ვინც შევითვისეთ და გვეგონა მისი გვესმოდა
და სულ ასე ვართ უკანანი ანდა წინანი.
სახლი, რომელშიც ვეღარასდროს ვეღარ ვბრუნდებით
გამოღწეულნი, რომლის თავზეც ბრწყინავს ცთომილი,
და თავიდანვე უხილავი გვადევს ხუნდები,
და თვითოეული ჩვენთაგანი ძე - შეცთომილი
იბადება და ამას ტანჯვით იგებს გვიანღა,
და გულუბრყვილო არის ჩვენი კარზე კაკუნი,
რადგან როდესაც გვეკითხება ვინმე: ‘ვინა ხარ?~
არ ვიცით, მაგრამ ამ არცოდნას ჩვენთვის ვინახავთ
სახლდაკარგულნი.
თითქოს საგნებზე გადაივლის ჩრდილი ცხოვრების
ისე ვშორდებით ერთმანეთს, რომ ვერ ვეთხოვებით,
არადა ერთხელ ხომ ვისწავლეთ გამოთხოვება;
მაგრამ ცხოვრება არ ვიცოდით მაშინ, ცხოვრება...
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, სადაც
ჩემი სათავე მივატოვე, მშვიდი და სადა,
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, სადაც
სახლზე დაფენილ მწუხრის ჩრდილმა ხავსივით მზარდა,
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, სადაც
დასაბრუნებლად და სამყოფოდ ყოველთვის მზად ვარ,
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, ბედად
აქვეა დედა, ბინდბუნდივით შემდგარი დედა,
მაგრამ სხვები კი არ არიან, ისიც არ ვიცი
საით წავიდნენ და რა ერგოთ წასულებს ხვედრად.
და თუნდაც ღამის ფსკერზე როგორ ყრია ეჭვები
ანდა შიშები შეუმჩნევლად გამორიყული,
ძაღლების ყეფით ღამეების უხმოდ მბეჭველი
დრო ნელა გადის და აივნის ბრწყინავს რიკული.
იქნებ ასეთ დროს ანათებენ ჩუმი ცოდვები
ფოსფორისებრი შინაგანი მწვანე ნათებით,
და კაცი ძილში საკუთარ თავს უახლოვდება,
და ზოგჯერ ცრემლსაც კი იშორებს მწარედ დადგენილს.
ო, როგორ ყრია არა მხოლოდ ეჭვები, ტანჯვაც,
და ისიც, ისიც იმ მომწვანო სხივით ანათებს,
და ძილ-მღვიძარე კაცი ბოლო სუნთქვასაც ხარჯავს,
თავისთავშივე სანამ ცოდვას გადამალავდეს.
მერე ღამეში უცაბედად იღვიძებს ვნება,
ქალიც და კაციც ცდილობს ქენჯნა ვნებით წარხოცოს,
ეჭვებთან ერთად ეს ცოდვებიც თანდათან დნება
და თან მიჰყვება ტკივილნარევ მათ სიავხორცეს.
რა უბრალოა სვე და ბედი ადამიანის
და მის სიღრმეში რა უბრალო სინათლე სჭვივის,
ის საღამოა, ქუჩაზე რომ გადაიარა
ან სამარილე მაგიდაზე ან ჩრდილი ჭიქის.
და როგორ მინდა რომ შევეხო უბრალოებას,
ეს ყოველივე გახდეს ჩემთვის ხელშესახები,
უნდა შეჩერდეს ეს საღამო, როგორც დროება
და ჩემს შიგნითაც ჩამოღვაროს თავის ნაღველი.
რა უბრალოა სვე და ბედი იმ კაცის, ვისაც
ამ მაგიდაზე ეწყო წიგნი და სიგარეტი,
არც შეუნიშნავს მას ღამეში უჩუმრად მღვიძარს,
ოთახი როგორ ნათდებოდა სავსე მთვარეთი.
ამ კაცმა თავის სინანული მიანდო სასმელს
გასაქარვებლად და დარდი აქვს გაქარვებული,
და მთვრალმა ისე ჩაიძინა, რომ მთვარე სავსე
შუბლს უნათებდა სახლებს შორის დაქანებული...
ისევ ის წყნარი ოთახია, ჩუმი ჭერია,
ფანჯრიდან სიო უბერავს და კარი ჭრიალებს,
და თუმც იმ კაცის კვალი არსად არ დარჩენილა,
ღამეში მაინც მისი ცრემლი გაიბრჭყვიალებს.
და ზოგჯერ ისეც, ისეც ხდება რომ იღუპება
ადამიანი. კატასტროფის ჟამს ეჯახება
მანქანა ხეს და ვეღარ ასწრებს თვალის გახელას
ჩაძინებული, მაშინათვე სწყდება სუფევას
ამქვეყნიურს და გაკვირვება მიაქვს რამხელა...
დედა, ხომ ხედავ რომ არ ჰყოფნის მხოლოდ დედობა
ამ განსაცდელის გაქარწყლებას ჩვენ რომ გვერგუნა,
და თვითონ დედებს ხშირად იპყრობთ უიმედობა,
თუმცა კი საფრთხის კართან დგანან მაინც ერთგულად,
მაინც ერთგულად დგანან, მაგრამ ამ ერთგულებას
ზოგჯერ საყრდენი ეცლება და ძალა უქრება,
რადგან არავინ იცის ხვედრად რა ერგუნება
ძე - ცთომილს, რად სდევს ბედისწერა მას განუყრელად.
დედა, ამ ქალაქს რომ ვუყურებ ასე მგონია,
რომ ეს ქალაქი რომაული თეატრონია,
ყველანაირი ბედ-იღბალი აქ ინასკვება
და როცა ვინმე თავს იკლავს და მიწას ასკდება,
თვითონვე ირჩევს თვითმკვლელობის ადგილსამყოფელს,
მერე მის ხსოვნას გვირგვინებით იქვე ამკობენ.
დედა, ამ ქალაქს რომ ვუყურებ ასე მგონია,
ვისთვის ცხოვრება მორევია, ვისთვის - ფონია,
რომელსაც ეძებს და პოულობს ხელისცეცებით
ამ მდინარეში და განაგრძობს გზას ღვთის შეწევნით,
ხოლო ვისთვისაც ცხოვრებაა მხოლოდ მორევი,
ის იძირება კვლავ ჯიუტი განმეორებით.
მამა გვასწავლის სიკვდილს. მამის მკრთალი ნაკვთები
უცხოა, მაგრამ ვინც შეიგრძნობს, უნდა უწყოდეს,
არ შეიძლება რომ ბოლომდე გაგიუცხოვდეს
მამა. და როცა დრო გაივლის წელზე ნაკლები
თითქოს ვცოცხლდებით, ისე როგორც მკვდარი პეპლები,
და ვხვდებით ყველა უკვე მამისმაძიებლები...
ისევ ვეშვები სოლოლაკის დაღმართზე, ისევ,
სადაც სახლების წინ ქანაობს ირიბი სივრცე,
დავექანები ამაღლების დაღმართზე კვლავაც
და ქვაფენილზე ელნათურა სინათლეს რკალავს,
და მე იმ რკალში ვდგავარ და შიგ ვათავსებ წარსულს,
ვდგავარ კარგახანს და რკალიდან გამოსვლა არ მსურს.
და რატომ გვინდა რომ ვეძებოთ რაღაც დედური
სხვაგან, სხვა ქალში, რასაც ახლავს ვნებაც და ურვაც,
თითქოს ვიღაცის ამ ჩანაფიქრს თვითონ ვემდურით,
უცნაურია, ეს ვნებასთან შერწყმული მდურვა.
უცნაურია, რაღას ერწყმი, თუკი ემდური,
მომდურავისთვის გაიხსნება მაინც წიაღი,
არც თბილი სიტყვა არ დაგცდება, არც საყვედური
მტკვარს გაჰყვებიან თოლიები მჭახე წიაქით.
იქნებ ცხოვრება ცთომილება არის მედინი,
მსგავსი ოთხივე მხარისა და გზაჯვარედინის;
ოთხივე მხარეს ცხოვრებაა; მხოლოდ ცხოვრება,
რომელიც გვიან ერთნაირად გვეუცხოება.
და ვეძებთ ვიწრო გასასვლელებს და მეხამრიდებს,
რომ გვირაბიდან სინათლეზე მალე გავიდეთ.
რაღა აზრი აქვს ამ გზებსა და გზაჯვარედინებს,
საითაც გინდა იქით წადი, იქით ედინე.
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, სადაც
იქ ჩემს ძველ სახლში ყოველ ნივთსა და ყოველ საგანს
ეფინა ჩრდილი. მე ვბრუნდები ისევ იქ, სადაც
დაიწყო ჩემი საკვირველი მყოფობის საგა;
ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე, ბედად
აქვეა დედა, სოლოლაკის მწუხრში დგას დედა,
აქვე დაიწყო სინანული და ჩემი თრთოლვა
გრძელდება დღემდე, ალბათ მერე ისევ აქ მოვალ
და ისევ წავალ, არ ვყოფილვარ ადრე ვითომაც,
და ყოველივე იყო მხოლოდ შემთხვევითობა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 10:09 am

ანდრო ბუაჩიძე

ზაფხულის ღამე ვერის სასაფლაოზე

კახა რობაქიძის ხსოვნას

აქ, ამ ქალაქის განაპირას ხეების რხევა
მწყობრია და თან შუქ-ჩრდილები ახლავს რამდენი,
ამ სიწყნარეში ასე ვფიქრობ:
მე თვითონ დღე ვარ,
მე თვითონ დღე ვარ,
დაღამდება და დავღამდები.
აქ ამ ქალაქის განაპირას მე თვითონ დღე ვარ,
ან საღამო ვარ, ქვაფენილზე ჩამონთხეული,
და ამ ბექობზე მოშრიალე ხესავით ღელავს
უაზრო მწუხრით გაჟღენთილი ჩემი სხეული.
ელნათურა ვარ, რომ ინთება და ისევ ქვრება
და კვლავ ინთება სიბნელეში შუქის ჩამღვრელი,
და ქვაფენილს რომ შევეხები, ვიქცევი ქვებად,
ქვა, ქვა ვიქნები შეფერილი ჩუმი ნაღველით.
შენ რად იქეცი, რად წახვედი ან სად წახვედი,
თითქოს შეაღე უხილავი რაღაც კარები,
მერე შუქივით ჩამოღვარე შენი ნაღველი
და ახლა უკვე მოცული ხარ მაგ სიწყნარეთი!
სადაც ქარია, მიდამოა, ქუჩა, ფურცელი,
სადაც დარდია, ტრაპეზია ანდა ხეტება,
ადამიანად ყოფნას რატომ ვერ გაუძელი,
ან შენი ჩრდილი კედლებს კიდევ რატომ ედება?
რატომ ედება, რად იქეცი შენ მოჩვენებად,
ზაფხულის ღამეს შრიალებენ შფოთით ფოთლები,
და აქვე, აქვე მოდის შენი ჩრდილი, ჩერდება,
ვერის აღმართზე დგას წყნარი და შენაშფოთები!
რამ შეგაშფოთა? განა ქვეყნად მარტო შფოთია,
ვინ იცის ახლა, ვინ რას ეძებს, ვინ რა ინდომა,
ისინი ღამით ამ აღმართზე არ ამოდიან,
ნაგვიანევად ამ აღმართზე შენ რა გინდოდა?
აი, ეს სურო ქვის კედელზე. შენი მხილველი
უკანასკნელი. შენი ხვედრის ჩუმი გვირგვინი;
აი, სხივები, ელნათურის ჩუმი სხივები,
და სასაფლაოს გვერდით ქუჩა ძილად მიგვრილი.
შენ აქ მოხვედი, შენი ჯვარი თვითონ მოგქონდა.
შენ აქ მოხვედი, სადაც ახლა სუფევს წყვდიადი.
და თუ არსებობს ნატყვიარი ქვეყნად გოლგოთა,
სწორედ ეს არის, - სისხლიანი და ნატყვიარი!
შენმავე ხვედრმა თუ შეგაკრთო ნეტავ თვითონაც,
და თუ შეირხა ოდნავ მაინც შენი არსება,
და თუ ეს იყო ბედისწერა? შემთხვევითობა
რაღაა მაშინ? ბედისწერას რად ეთავსება?
შენ აქ მოხვედი შენს ადგილთან შენივე ფეხით,
აქ ჯერ არავინ არ უნახავთ ასე მომსვლელი,
რა უცნაურად შრიალებდა ალვა და ვერხვი,
რა უცნაურად ირხეოდნენ კვიპაროსები.
შენ აქ მოხვედი და აქ დარჩი. აღარ წახვედი.
დარჩი იქ, სადაც არასოდეს არ გაგკიცხავენ,
სამოსელივით განიძარცვე შენი ნაღველი
და დაგეუფლა ნაადრევი, დიდი სიწყნარე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 10:12 am

ანდრო ბუაჩიძე

ბოლთისმცემელი ქალი
ნ-ს ხსოვნას

იქნებ ცხოვრება წარამარა ბოლთის ცემაა,
იქნებ ისინი სცემენ ბოლთას -
ყველაზე უფრო ტანჯულნი და მარტომყოფები?
ამ ცხოვრებაში, სადაც ამდენი რამე არის,
წინ და უკან სიარული ბნელ დერეფანში...
ასეთი იყო შენი ყოფნა ამქვეყნიური,
ზოგჯერ ფანდურს ჩამოკრავდი და გულს აყოლებდი,
ზოგჯერ კი ტაშს შემოჰკრავდი, ლანდებს აფრთხობდი,
ზოგჯერ იწექი თვალღია და ჭერს აჰყურებდი,
ნეტავ მანდ თუ არის რამე დარდის მომგვრელი?
ან ეს შენი ფანდური თუ მოისაკლისე?
ნეტავ მანდ თუ წარმოგითქვამს ეს სიტყვა ‘შვილო~
ამ ცხოვრებისკენ რომ გიხმობდა გაუთავებლად.
‘ახლა დღეა თუ ღამეა, მითხარი, შვილო,
იქნებ წამოვდგე, ბოლთა დავცე, მითხარი, შვილო,
და თუ ღამეა, მე სადღა ვარ, მითხარი, შვილო.~


პოეტი
ვ.პ.-ს ხსოვნას

ქუჩაში მთვრალი პოეტი ყვირის
და შინისაკენ მიემართება,
მას ცხოვრებაზე წამოსცდა ძვირი
და ახლა ელის ღამის გათევა.
ქუჩაში მთვრალი პოეტი ტირის,
მისი ლექსები არის ყვირილი,
თვითონ ქუჩა კი გამტყდარი წკირი -
ნაწვიმარია და თან ირიბი.
ქუჩაში მთვრალი პოეტი ყვირის,
სხვა პოეტების არ არის მსგავსი,
მას ცხოვრებაზე წამოსცდა ძვირი
და ამით უკვე გატეხა ნავსი.
ქუჩაში მთვრალი პოეტი ტირის
და ეძებს თავის სახლსა და ბინას,
მან ძილ-ღვიძილთან შეიკრა პირი
და ვინც მას ელის, იმასაც სძინავს.


სად წავიდნენ

ასე დარჩება შენი წარსული
სადღაც დაღვრილი ბუჩქთან სისხლივით,
რატომ იხსენებ ახლა ყველაფერს
და რატომ გადევს ფერი ისრიმის.
ვინც აქ არ არის, ის სად წავიდა
ან სად წავიდნენ სხვებიც, ისინიც.


ვარაზისხევში

ჩამოცურდება ქვაფენილზე ჩრდილი იოლად,
ვარაზისხევში საღამო წვება,
ჩემი შეშლილი სიყვარული აქ დადიოდა
და აქ ახლიდა ფილაქანს კეფას.


ცარიელ ტაძარში

როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი,
ქალაქში, სადაც სძინავთ უცოდველ ბავშვებს,
აზრიალდება თმებით შეკრული ჯვარი
ტაძრის წყვიადში და ვერ იპოვის საშველს.
უძველეს თმებზე გადაიელვებს შუქი,
სასანთლეებთან დაიკარგება წამსვე
და დაედება წინათგრძნობათა ლუქი
წყვიალს ზრიალით და სინანულით სავსეს.
როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი,
როცა დაამტვრევს ვიტრინებსა და დახლებს,
მკაცრად იდგება თმებით შეკრული ჯვარი
ტაძრის წყვდიადში და არ გაგანდობს ნაღველს.
როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი
და მოაყენებს მუზარადიან ჯალათს,
როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი,
როცა სიკვდილის დატრიალდება ჯარა.
უძველეს თმებზე გადაიელვებს შუქი
და შეირხევა წყვიადი, როგორც მრევლი,
მრევლი, რომელსაც აღარაფერი უკვირს
და აღარა აქვს ერთი კურცხალი ცრემლი.


გაქცევა

გინდა ტყეებზე აიღო გეში,
სანამ ხანძარი შემოდგომის სულ არ ჩამქრალა,
გახვიდე აქვე, წავკისის ტყეში,
თვალი შეავლო ტყისპირებზე ბოლოქანქარას...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Wed Mar 23, 2011 11:07 am

თანამედროვე პოეზიის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. იეიტსივით გადაალაჯა ველრიბრის ეპოქას.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Sponsored content




PostSubject: Re: ანდრო ბუაჩიძე   Today at 4:04 am

Back to top Go down
 
ანდრო ბუაჩიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: