არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვახტანგ ღლონტი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: ვახტანგ ღლონტი   Sun Jan 10, 2010 2:06 am


Vakhtang Ghlonti

ვახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი - პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ბათუმის საკრებულოს წევრი, 2004 წლის მაისის შემდეგ სათავეში ჩაუდგა მწერალთა კავშირს ავტონომიურ რესპუბლიკაში. გამოცემული აქვს რამდენიმე კრებული.

ბათუმი

როცა თბილისში წვიმს,
მე ჩემს ბათუმში ვარ,
ბათუმი არის წვიმა
და არაფერი სხვა.

მე მისი ცრემლი მზრდიდა,
მისი ქუჩა და ზღვა,
ბათუმი არის ძიძა
და არაფერი სხვა.

აქ მამაჩემის სახელი,
პირზე ეკერა ხალხს,
ბათუმი არის ნაღველი
და არაფერი სხვა.

აქ შეუყენეს ჩემი ძმა,
ბევრჯერ გოლგოთის გზას,
ბათუმი არის შერისხვა
და არაფერი სხვა.

აქ წინაპართა სხეულებს,
მიწა ხურავს და ხრავს,
ბათუმი არის სიკვდილი
და არაფერი სხვა.

მე ჩემს ბათუმში წავალ,
მე ჩემს სიკვდილში წავალ,
ოღონდ დაღამდეს დღეს,
ოღონდ გათენდეს ხვალ,
ბათუმი მონატრებაა,
ბათუმი მოლანდებაა,
ბათუმი დასიზმრებაა
და არაფერი სხვა.

მე აქ მიყვარდა პირველად
და უკანასკნელ ხანს,
ბათუმი სიყვარულია
და არაფერი სხვა.

აქ არის ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჯვარცმა და ხსნა,
ბათუმი არის ბათუმი
და არაფერი სხვა.

მოვკვდები ჩუმად მიტირებს,
მისი წვიმების ხმა,
ბათუმი? მაინც წვიმაა...
და არაფერი სხვა.

Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: ტერენტი გრანელს   Sun Jan 10, 2010 2:13 am

ზღვაზე ფეხით მინდა გავიარო,
უკან მომყვებოდეს შენი ორეული,
სულში უსახელო სევდა ჩამესახა,
ასე ნაცნობი და ასე შორეული.

გული ჩამომწყვიტე როგორც ჩოხას ღილი,
ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია,
ისე მწუხარეა შენი მოძახილი,
როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.

სული საყდარია, მკერდი რა ფიქალი,
სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს,
მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი,
ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.

ევას ნაშიერო, როგორ განდო სული?
გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე,
ასე შორეული, ასე მარტოსული,
ასე დაისრული მივალ დაისამდე.

ვარდად ხელმეორედ აღარ გავიშლები,
ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე,
მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები,
ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Sun Jan 10, 2010 2:21 am

ხან ტყვიას გვჩუქნის - დანტესივით,
ხან ბეატრიჩეს - დანტესავით...
ყველა მიწაში დათესილა,
ვინც ძმა იყო და ნათესავი.

ბედი, ბრმა ბერი მებადური,
ჩორკნის ქარონის ბაიდარებს,
გნებავს, იცხოვრე უცხოსავით,
არა?! - მიდი და გაიარე!

ო, რა იმედით შევჩეროდით,
გზავნილმაც გზანი განამზადა...
არსებობს ორი არჩევანი -
მათხოვარი ან არამზადა!

გაჩნდი, ნიშნავს რომ, დაისაჯე!
ისევ გვისხამენ ცოფს ლულიდან,
იუდას ხელით ასიასჯერ
გაცემული და მოკლული ვარ.

და თუკი ჯვარცმას მიყოვნებენ
მამამგლები და ძმაძაღლები,
ანაღვლებთ, არა ჩემი ვნება,
არამედ, შიში ამაღლების.

მე ჩემს ფიალას არ ავიცდენ,
თავი მივანდე მამაციერს,
იქ, ზეყანაში გასწორდება,
რაც ქვეყანაზე დამაწიეს.

თუ ეს იმედიც ამაოა,
მაშინ სიკვდილიც ამო არი...
მაინცა არაფერი არ გამოვა,
ირგვლივ საუკუნო საღამოა,
ბჟუტავს სანთელი ჩამომდნარი.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: უთავბოლო სონეტი   Sun Jan 10, 2010 2:22 am

ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,
ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ,
გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,
ვნება უზომო მაწამებს და ძალ-ღონეს მაცლის.

ვინაც მოსულა - შემთხვევითი მგზავრია ყველა,
ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება,
ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,
ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.

შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო,
მორცხვად ინანა, ადრე ვინაც გითხრა მადლობა,
ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,
როცა უფალზეც სი(სუ!)ლელე არის დანდობა.

კარავი მომეც სიმშვიდისა - ამას გთხოვ მხოლოდ,
არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Sun Jan 10, 2010 4:27 am

Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
Guest
Guest



PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Sun Jan 10, 2010 12:42 pm

volfgang tushi wrote:

Exclamation

ვახ, გამიხარდა ვახო ღლონტის დანახვა!..
თუ ნახოთ, გადაეცით, - მიხომ მოკითხვა შემოგითვალა და ძალიან დაგვიძველდა პურ-მარილი თქო...

და თუ ინტერნეტი აქვს, მოვიდეს რა აქაც...

cheers

ვახტანგ ღლონტი

ტერენტი გრანელს

ზღვაზე ფეხით მინდა ახლა გავიარო,
უკან მომყვებოდეს შენი ორეული,
სულში უსახელო სევდა ჩამესახა,
ასე ნაცნობი და ასე შორეული.

გული ჩამომწყვიტე როგორც ჩოხას ღილი,
ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია,
ისე მწუხარეა შენი მოძახილი,
როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.

სული საყდარია, მკერდი რა ფიქალი,
სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს,
მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი,
ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.

ევას ნაშიერო, როგორ განდო სული?
გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე,
ასე შორეული, ასე მარტოსული,
ასე დაისრული მივალ დაისამდე.

ვარდად ხელმეორედ აღარ გავიშლები,
ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე,
მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები,
ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე.

study
Back to top Go down
volfgang tushi
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 35
Age : 28
Location : sazogadoeba
Job/hobbies : aseve
Humor : me ravici aba...
Registration date : 07.01.10

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Sun Jan 10, 2010 12:52 pm

დღესვე გადავცეთ, სწორედ 20 წუთში ვხვდებით ერთმანეთს. პასუხსაც მოვიტანთ კიდევ.
Back to top Go down
View user profile http://www.mail.ru
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Mon Jan 11, 2010 5:16 pm

Zalian gamixarda vaxtangis mosvla "safixvnoze". mivesalmebi Cems Zvel megobars, guliT da moraliT poets!

თავისუფლების დღიურები
ვახტანგ ღლონტი - პოეტი

26.07.2009


19 ივლისი, კვირა
ბოლო დროს ინტერვიუებს გავურბივარ. ხუთი წელია, წიგნიც არ გამომიცია. აბსოლუტურად განხიბლული ვარ იმისგან, რაც ხდება პარნასზე და ქართულ ჟურნალისტიკაში. თუმცა, როდის იყო უკეთესი? და მაინც, ადამიანს დალაგებული ჯოჯოხეთი გირჩევნია დაუწყობელ სამოთხეს. მსმენელი დაიკარგა. ჩვენ მოლაპარაკე ერად ვიქეცით: ყველას იმდენი აქვს თავისი ამოსათქმელი, რომ სხვისი მოსმენა აღარ შეუძლია. ჟურნალისტებმა პროკურორის ფუნქციები იტვირთეს, თანაც ხალისით. კალამი ყასბის დანას გაუთანაბრდა. “ჟურნალისტს სქესი არა აქვს!” - გაჰკივიან თავმომწონედ. როგორ გაუშინაურდნენ ამ სახიფათო სიტყვებს! პირველმთქმელს ამ სიტყვებისა სულ სხვა რამ ჰქონდა გუნებაში, უნიჭო თუთიყუშებმა კი აზრი დაუკარგეს ყველაფერს. უბრალო ვარდიც კი „კილერის“ ხელში მკვლელობის იარაღია, როცა კეთილი კაცის ხელში შეიძლება თოფი არც გავარდეს. არ მწამს ბოროტი სიმართლის. ამასთან, სქესი აქვს ყველას და ყველაფერს - ქვასაც, ბალახსაც, სიტყვებსაც კი. ერთ ნაგვისმაძიებელ, ვითომდა ჟურნალისტს ვუთხარი კიდეც: “შვილო, მე და ჩემს მეგობრებს ძვლებს გვიმტრევდნენ, სისხლს გვიშრობდნენ იმ სიმართლისათვის რომელიც უშრომელად მოგეცათ თქვენ ხონჩით. თქვენ კი ჩვენგან წამლად მორთმეული ეს სიმართლე არ იცით, გადაყლაპოთ თუ უკან, სახეში შემოგვაფურთხოთ.” სად იყო უწინ ამდენი გაბედული... ნებადართული გმირობა ხომ გმირობა არ არის!
არადა, ნატას გაწბილება არ შემიძლია. იგი არ ეძებს სხვებივით სკანდალს. არ ცდილობს, მუქთად, სხვის ხარჯზე იშოვოს სახელი. გონიერია და კეთილგანწყობილი. მისი სიმართლე არ კლავს, იგი გაფიქრებს.
დღეს 19 ივლისია, ჩემი ძმის, არქიმანდრიტ ნიკოლოზის დაბადების დღე. ბოლო ხანს იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. არადა, მამაჩემის შემდეგ ის იყო ჩემი პატრონი. მისი მიბაძვით დავიწყე ლექსების წერა.
შფოთიანი ახალგაზრდობა ჰქონდა. როცა ჩვენს თაობაში (ორწლინახევრით უფროსია) პირველმა ჩაიცვა ანაფორა, ბევრს გაუკვირდა. ეს ის მამა ნიკოლოზია, რომელმაც პირველად დალოცა სახალხოდ საქართველოში აზვირთებული ტალღა ეროვნული მოძრაობისა. ეს თბილისის იპოდრომზე მოხდა. მაშინ ცოტანი ვიყავით: ზვიადი, მერაბი, გია, ირაკლი, მამუკა, ირინა, გოგა, ვანიჩკა, იასონი, თემური და სხვები, რომელთა გვარები მშვენივრად იცის საზოგადოებამ. ბათუმში ჩვენ ვიყავით. 1978 წლის 26 მაისის დემონსტრაცია ჩემს კისერზეა. მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი სტუდენტობა ქუჩაში გამოვიყვანეთ და მთავრობის სახლისაკენ დავიძარით. მთელი აჭარა გვერდით დაგვიდგა მაშინ. ტკივილიანი ძმობა გვქონდა.
ბიჭობიდან მოყოლებული, ხან ერთად გვტანჯავდნენ, ხან - ცალ-ცალკე. ეს ცალ-ცალკე უფრო რთული ასატანი იყო. ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა, ამ ასაკში მრცხვენია კიდეც - ლენინის ბიუსტი შემოგველახა. სახეში რიგრიგობით გავულაწუნეთ აჭარის კაგებეში, სადაც ჩვენი ფეხით მივედით. ის - ახალგაზრდა ბერი, მე - ახალგაზრდა პოეტი. ახლა რომ ვუყურებ, ეს სიგიჟე იყო, მაგრამ მიგვიყვანეს იქამდე. დაბნეულმა დაცვამ ოფიცრებს უხმო: ოღონდ წადით, თავი დაგვანებეთო. კომუნისტური რეჟიმი ბოლო წლებს ითვლიდა. მაშინ 1988 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს. მოკლედ, მოსაყოლი ბევრია.
ვიღებ მობილურს და ვურეკავ. მივულოცე, გაუხარდა, რა თქმა უნდა... მეპატიჟება თავისთან მონასტერში: ჩამოდი, დაისვენეო. სანამ დედაჩემი იქ იყო, ავდიოდი და ხანდახან ვრჩებოდი კიდეც. ახლა კი მიჭირს! იქ აღესრულა ჩემი კეთილი დედა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიგო, თუ რა ჭირდათ ისეთი მის ნიჭიერ და ცნობილ შვილებს, რომ ვერ დალაგდნენ სხვებივით და უკვე ხანშიშესულებიც კი ვერ ირიდებდნენ სახიფათო ახალ-ახალ სახიფათო ისტორიებს.
საოცრება მოხდა, როცა ბათუმში წამოვასვენეთ ჩემი ძმის ახალ სახლში. ჩემი ძველი მეზობლები მოვარდნენ ლერმონტოვის ქუჩიდან. ის ქალიც მოვიდა, ვინც მამისეული ბინა შეიძინა, სადაც გავიზარდეთ. გვეკითხებიან: „რომელ საათზე მოასვენეთ სახლში?“ ვპასუხობთ და ასეთ ამბავს ყვებიან (დრო ზუსტად ემთხვევა): „ვისხედით სახლში, არათუ ქარი, სიოც არ იძვრის გარეთ. კარები დაკეტილია და უცებ, რაღაცამ იგრიალა და შუა კარი - ოთახიდან ოთახში გასასვლელი, რომელიც ასევე დაკეტილი იყო - ანჯამებიდან ჩამოვარდა!“ ეტყობა, დედაჩემის სულმა თავის ძველ ბინას მიაკითხა, ძველ მისამართზე. სიკვდილის წინ ჩემს ძმას მამაჩემთან ერთად ახალგაზრდობაში გადაღებული სურათი მოატანინა - ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი და საფლავზეც ეს მინდა იყოსო. ასეც მოხდა. შვილიშვილები აპროტესტებენ - ბებიას ვერ ვცნობთო. ალბათ, ხანდაზმულობის სურათიც საჭიროა, ამაზე მე ვიზრუნებ, თუმცა როდის?!
მირეკავენ, საღამოს პრეზენტაციაზე მიწვევენ. გამიხარდა, იქნებ დარდი გადავაყოლო.

20 ივლისი, ორშაბათი
გავიღვიძე... გუშინდელი ბანკეტიდან გამოყოლილ ფიქრებს ვალაგებ. რატომღაც ავიკვიატე: “მკითხველი მიქებს ლექსებს, მელექსე მიქებს კაცობას”.
მთელი ცხოვრება ასე იყო. გაქებენ, მაგრამ მაინც გტკივა. როცა მწერლებშია გულწრფელობის დეფიციტი, უბრალო ხალხზე რა უნდა ილაპარაკო. ისე, მკითხველებში უფრო მეტი შემხვედრია პოეტი, ვიდრე საკუთრივ ჩემს კოლეგებში. ნამდვილი მკითხველი ნამდვილი პოეტის დონეა. იგი გალიაში გაზრდილ არწივს მაგონებს, ფრთები რომ მოუდუნდა. ბევრი ჩემი კოლეგა კი შინაურ ქათამს ჰგავს – ღობიდან ღობეზე თუ გადაფრინდა, ცათა მეფე ჰგონია თავი... ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი კარგად იქნება, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, მაშინ!
მყუდრო და ვიწრო ქუჩებს ვეძებ. ასე ვიყავი სიჭაბუკიდან მოყოლებული. არადა, ვისაც გავურბივარ, ბედად, სწორედ ისინი შემეჩეხებიან ხოლმე. საათობით მიწევს ათასობით სისულელის მოსმენა - ვიღაც თავის ნაკაწრებზე გიყვება, როცა გულში ალესილ ხანჯლებს მალავ. “კაცი ვიყავ და თანდათან გოდების კედლად ვიქეცი.”
მირეკავენ. დღეს გიორგი ოვაშვილი ჩამოდის - “გაღმა ნაპირი” ვინც გადაიღო. ბათუმში პრემიერაა. არადა, ამ ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე ქვეყანაში „გრან პრისა“ და უამრავი ჯილდოს მიღება. ფილმში ჩემი ძველი ლექსი უნდა აჟღერდეს - სოსო ბარდანაშვილია კომპოზიტორი და ბუბა კიკაბიძემ უნდა შეასრულოს. სოსოს არაერთი სიმღერა ჰქონდა დაწერილი ჩემს ლექსებზე, მაგრამ დიდი ხნის წინ, ისრაელში რომ წავიდა, თან წაიღო. ესეც ჩემი ბედი: ყველაფერი კარგი - გვიან, ყველაფერი ცუდი - ადრე! ფილმის ჩვენება საღამოსაა, მანამდე - პრესკონფერენცია.
შევხვდი გიორგის. მის ნიჭიერებაზე ფილმის დიდი წარმატება მეტყველებს. ბუნებით კეთილშობილია, მორიდებული. ჩემზე ათი წლით ახალგაზრდაა. იწყება პრესკონფერენცია და მობილური რეკავს. “ბატონო ვახტანგ” - მესმის მეტად ნაცნობი და არასასურველი ხმა. სულ ასეთ დროს რეკავს ხოლმე. გრძელი ზღაპარი გაჭირვებაზე და ბოლოს - “ფული.” ამ კაცმა დაღალა ყველა, აღარავინ იკარებს - არც ნათესავი, არც ნაცნობი. არადა, ზაფხულია, უამრავი სტუმარია. ბათუმში მიდის ქეიფი, პატივისცემა - ხან ნაღდით, ხან ნისიად. სექტემბრიდან ბათუმელი ნელ-ნელა იწყებს დაგროვილი ვალების გასტუმრებას.
„რატომ არ იშორებ მაგ გარეწარს?“ - მეკითხებიან ჩემზე გამოცდილები. ვპასუხობ: „მაინტერესებს, სადამდე მიდის არაკაცობის ზღვარი.“ გულში კი ვფიქრობ: იმ ასი ზღაპრიდან, რომელსაც მიყვება, ხომ შეიძლება, ერთი მაინც იყოს მართალი. არადა, უსინდისობაა, უსახლკარო კაცს ფულის სათხოვნელად მიადგე. ამდენი საკუთარი შვილებისთვის არ მიმიცია. ერთხელ მაქვს ხელფასი და ისიც ნაქირავები ბინისთვის იხარჯება.
შევბრუნდი პრესკონფერენციაზე, რომელიც მალე დამთავრდა.
საღამოს ფილმის ჩვენება შედგა. ტევა არ იყო. ძლიერი ფილმია, მაგრამ მძიმე. მეორეჯერ შეიძლება ვერც ნახო. იყო აპლოდისმენტები და მილოცვები.

21 ივლისი, სამშაბათი
ვიღვიძებ. მობილურზე მესიჯი მხვდება. “ბინიდან მასახლებენ. ფული არა მაქვს. ორ ინვალიდს რა ვუყო.” საცოდავი, თავის თავს არ თვლის ინვალიდად - თუმცა, არ არის ჯანმრთელად. რამდენიმე კაცი ამოგვიჩემა. მე, რომელმაც არაერთხელ არაერთი მინისტრი შევაწუხე. მათე ტაკიძე, რომელსაც მთელი თვის ხელფასი წინასწარ აქვს გახარჯული და ამ ქალბატონს სოლიდური დახმარებაც გაუწია. ეს კაცი არ დაიღალა სიკეთით, არადა, თავად ნაქირავებში ცხოვრობს თავისი ახალგაზრდა ოჯახით. თემურ კახიძე, არისტოკრატი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველა უბედურის პატრონია და ვალს ვალზე იღებს, თუ გაჭირვებულს წააწყდება.
ურთიერთობაც ბავშვივითაა, როგორც მიაჩვევ, ისე გაიზრდება.
ვნახოთ, რაღაცას კიდევ მოვიფიქრებთ!
მირეკავს გენო თებიძე, უკეთილშობილესი, რაინდი კაცი. ბიჭობიდან ეროვნულ მოძრაობაშია, რომელიც სხვებმა შემდგომ სკამებისთვის მოძრაობად აქციეს. გიორგი ოვაშვილზე მეუბნება: „თქვენი სტუმარი ჩვენი სტუმარია!“ არადა, მას ჩემზე მეტი ჰყავს შემწუხებელი. ის და ბაჩო ჩხეიძე (გაუხედნელ კაცს ვეძახი) განუყრელი მეგობრები არიან. ილიკო და ილარიონივით სულ ეჯიჯღინებიან ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ.
შევდივარ სამსახურში. მხვდება ერთი ქალბატონი, მადლობის სათქმელად მოვედიო, მაგრამ ახალ სათხოვარს მიტოვებს და მიდის. კიდევ ერთი მესტუმრა - ორი საათი ვერ ამიხსნა, რა სურდა, მომიყვა თავისი ბიოგრაფია. ბოლოს მივხვდი: მსმენელი არ ჰყავდა, ეს იყო და ეს...
მეც კულტურას და განათლებას ვემსახურები, რაღა!.. ყველაზე ნაკლებად სწორედ ამისთვის მცხელა.
ჩავდივარ ნათია სურგულაძესთან პირველ სართულზე. უმშვენიერესი და უკეთილშობილესი ქალბატონი. იმედი გოგო. ბევრი გაჭირვებულის საქმე გადამიწყვეტია. არადა, მას თავად ჰყოფნის შემწუხებელი.
საღამოს გიორგის ვხვდებით... არაუშავს მოვულხინეთ ბიჭებთან ერთად.

22 ივლისი, ოთხშაბათი
თითქმის იგივე სურათია.
შემოდის ერთი წვიმისა და თოვლის ოპოზიციონერი. ვუხსნი: სიმართლის სიყვარულმა ზოგი გმირად აქცია, ზოგი - უბრალო დამბეზღებლად. შენ გმირი არა ხარ და, მგონი, მეორე ტიტულიც არ გაინტერესებს. ბათუმი სიყვარულის ქალაქია და ერთმანეთს გაუფრთხილდით-მეთქი. ოპოზიციაც პოტენციური ხელისუფალია. თუ მართლა მოხვედით, მერე სად მიდიხართ? როგორ აპირებთ ამდენი პრობლემის მოგვარებას? ჩაფიქრდა... ბოლოს ვეუბნები: “ტიტანიკს” შუაგულ ოკეანეში კი არ დახვედრია ყინული, რომელზეც დაიმსხვრა, მას ეს ყინული ნაპირიდან გაჰყვა. ეს ყინული იგრძნობოდა იმათ თვალებში, ვინც გემბანზე ვერ მოხვდა-მეთქი. ან რატომ გძულთ ისინი, ვისაც ასე ძალიან ჰგავხართ? ქართველი კაცი დღეს ლოგინშიც პოლიტიკის კეთებას ცდილობს. ეს ჩვენი გადაღლილობის ან სულიერი სიბერის ნიშანია-მეთქი. ჩაფიქრდა...
მირეკავს გივი სიხარულიძე. იუზგარ, როგორა ხარ, მალე გინახულებო. გადაყოლა იცის, თბილისში ხომ მასპინძელია, ბათუმშიც ცდილობს, მასპინძელი იყოს. იმდენს მაქებს პრესა-ტელევიზიით, მწერლებს ლამის თავიც შეაძულოს. არადა, მართლაც განსაკუთრებულია ყველაფერში. იცნობენ და არც იცნობენ. ჩვენ - ქართველებს ხომ ზეპირად გვძულს და გვიყვარს, შეთვლით ან ვიღაცის ხათრით ან დაძალებით. საინტერესო ხალხი ვართ.

23 ივლისი, ხუთშაბათი
დღევანდელი დღე ჯო ბაიდენისაა. სულ იმედისკენ ვიწვდით ხელს და ხავსი გვრჩება. მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად მართლაც იცვლება რაღაც. მისმა გამოსვლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ღმერთო, შენ უშველე საქართველოს! არაა დასაღუპი. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარს ვშველით. თუ ვიმარჯვებთ, სულ ცალ-ცალკე. თუ ვმარცხდებით, მუდამ ერთად. ღმერთო, ნუ იზამ, საქართველო დამარცხდეს! ჩვენ არც ისე ცუდები ვართ, როგორადაც გაჩვენებთ თავს. სამშობლო მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთვნით. უბრალო ხალხმა რა დააშავა?

24 ივლისი პარასკევი
მაყვალა გონაშვილმა მომიკითხა მერაბთან ერთად. ეს ჩემი უახლოესი ოჯახია. როცა მწერლობიდან წავედი და სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე, სწორედ მაყვალა იყო, ვინც გადაწყვიტა ახალდაარსებული “გულანის” პრემია პირველად ჩემთვის მოენიჭებინათ. უამრავი სიკეთე მახსოვს. აფხაზეთში სწორედ მათი სახლიდან წავედით, ოჯახი ბათუმში მყავდა და გავეპარე რამდენიმე ჩემს კოლეგასთან ერთად. უსაშველოდ მიყვარს აფხაზები, ჩემი სისხლი და ხორცი არიან. ასე ვთვლი დღესაც. უბრალოდ, ორი ვაჟი მეზრდება და ხო მკითხავდნენ, მამა ომის დროს სად იყავიო. ვიხეტიალე ხან სანგრებში, ხან სუფრებზე - თოფები არ გვაქვსო და კვირანახევრის შემდეგ უკან დაგვაბრუნეს. აეროპორტიდან ფეხით წამოვედი. პირველად მერაბს და მაყვალას ვესტუმრე სახლში. არეული იყო თბილისი. იქ გადარჩენილს აქ ნუ მოაკვლევინებ თავსო - მეორე დილას გამიყვანეს ჩემთან სახლში...
“ახლა სად წავიდეთ?” - ვეკითხები. ვაჟა მოიკითხეს.
გავედით, ვაჟა დავითაძე ვნახეთ. ღირსეული კაცია, ნამდვილი მამულიშვილი: მცირე სუფრა გაშალა და მოვეფერეთ ერთმანეთს.
ვბრუნდები სამსახურში. ერთ კარგ კაცს მოვუხერხე სამსახური. მეორისა ერთი კვირის შემდეგ შემპირდნენ. “რით გადაგიხადოთ მადლობა?” ნაცნობი ფრაზა. წადი და შენზე გაჭირვებული რომ შეგხვდება, იმას შეეხიდე. სამაგიეროც ეს იქნება. ამ კაცის საქმეში გიორგი დამეხმარა - საკრებულოს თავმჯდომარე, ჩემი თანაკლასელის, უწესიერესი კაცის, ბიძინა კირთაძის შვილი. გიორგი თვითონაც ღირსეული ბიჭია.
მირეკავს ერთი კარგი კაცის კარგი შვილი - დათო სიორიძე. ახალგაზრდა პოეტს უნდა თქვენი ნახვაო. სულ ვნერვიულობ ასეთ დროს: მეცოდება თუ უნიჭოა, თუ ნიჭიერი - ის უფრო მეცოდება. გადავრჩით, მშვენიერი ბიჭი გამოდგა, დასაწყისისათვის ძალიან კარგი ლექსებია.
ქართლოს მახარაძეს ვურეკავ. ხვალ ლიზიკო, ჩემი შვილიშვილი, უნდა ჩამოვიყვანო სოფლიდან. ქართლოსს სტუმრები ჰყავს - პრობლემა არაა, წაგიყვანო. იშვიათად მინახავს ასეთი დინჯი, საქმიანი და კეთილშობილი კაცი, ქრისტიანი და მოსიყვარულე. არა, ვეუბნები, სხვას შევაწუხებ - ნაბახუსევზე გაგიჭირდება, მაშინ მანქანას გათხოვებო. კარგი-მეთქი... ვურეკავ გოჩა შამილიშვილს - შვილის ტოლია, მაგრამ ვმეგობრობთ. საოცრად ღირსეული, ვაჟკაცი ბიჭია. ვიცი, მანქანა გაუფუჭდა, არც ფული ჰქონდა, რომ გაეკეთებინა. მეუბნება: მანქანა ორი საათია, რაც გავაკეთეო. ვეუბნები: დილის ხუთ საათზე მჭირდები.
- ხუთზე თქვენთან ვართ!

25 ივლისი, შაბათი
ჩამოვიყვანე ლიზიკო. გოჩა დასაძინებლად წავიდა, მე დღიური უნდა გადავათეთრო. არ გამომდის. ცოტას წავუძინებ-მეთქი, არ გამომდის... ვდგები, მირეკავენ, რომ სტუმარია. ჩემი კოლეგა ქუთაისიდან. ვეუბნები, სამი საათის შემდეგ, რადიოდან როცა გამოვალ-მეთქი.
ვაგვიანებ, რადიოში მელოდებიან...

flower

წყარო - http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1925562.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Wed Feb 23, 2011 9:20 pm

ვახტანგ ღლონტი

კარმენ

ვიყავ ღრუბლის ბინადარი,
უფლის ახლო ცად მოკარვე.
მაგრამ მოიყოლა ქარი
შენმა კაბის კალთამ, კარმენ!
შემოლეწა ცხრავე კარი,
მე რომ ცხარე ცრემლით ვქარვე.
წამომაგდო, მუხლზე მდგარი,
შენმა შემოხედვამ, კარმენ!
შემაჩეჩე არჩევანი -
„ან უფალი ღმერთი, ან - მე!”
შეიშალა ყველა ზღვარი
ცას და მიწას შორის, კარმენ!
ირგვლივ ახლობელთა ჯარი
მომისრე და მომისარმე.
შემრჩი ერთადერთი ჯვარი,
მკერდით აგეკარი, კარმენ!
ვნება იყო ელვის დარი,
გამენთე და გამესალმე.
რად შენს ჯვარზე არ მომკალი,
რად ვერ ამიტანე, კარმენ!
შენი ნაქმარევის დანით
დაგკალ, როცა ხელი მკარ მე.
სხვა, შენს ჯვარზე, ვერვინ ავა,
შავს, შავ მიწას გაყრი, კარმენ!
ვერც ჯალათი, ვერც სხვა მხეცი,
შენს გრიგალს ვერ გამიქარვებს.
ნეტამც, იყოს ჯოჯოხეთი...
ღმერთო, მაპატიე, კარმენ!

1996 წელი


ფრიდონ ხალვაშს
(წიგნზე მინაწერი)

„ომრი” - მეომრის წიგნია,
დროსთან რომ ჰქონდა ომი.
დღეიდან დროც არ მგონია
შენი წაქცევის მდომი.

გიცქერის, როგორც თანასწორს,
ხოლო უგვარო მტრებმა -
უღრინონ, არა შენს სახელს,
თავის სრულ გაკოტრებას.

მეც, მახსოვს, ჯეელობაში,
შეგჭიდებივარ ჭარმაგს;
თუმც, შენი ფასი ვიცოდი
სულ და საოხიც არ მაქვს.

მე გესიტყვები ხვალიდან,
შენ შენი გითქვამს გუშინ.
არ მჯერა, ღმერთი არ თვლემდეს
ნაღდი პოეტის გულში.

შენს წიგნებს ბევრჯერ ჩახედავს
დუნია - მემლექეთი.
მე მიყვარს შენი სოფელმთა,
როგორც პარნასი ქედის.

ისევ მაგარი ბიჭი ხარ,
ბევრს დააბერებ კიდევ.
გაჩხრეკ ფიქრების ნაკვერჩხალს,
გულზე ცეცხლს მოგვიკიდებ.

ორად გაყოფილს ტიროდი,
დღეს გავყოფილვართ ასად;
დღეს წასასვლელი ბევრია,
გამოსავალი არსად.

ღმერთო, შენ მოეც ჭკვაღონე
ზემო და ქვემო ქართველს;
ვინც გააცოცხლებს იუდას
სულსაც ის ამოგვართმევს.

2008 წელი



***
ალბათ, ეს თუა დიდება -
შეგდგამს კვარცხლბეკზე ეულად.
არც მოგიკითხავს, შენს თავზე
თუგინდ ცა ჩამოქცეულა.

აედევნება შენს სახელს
ხან აღტაცება, ხან შური.
ბათუმი, ოზურგეთი და,
ქუთაისი და ხაშური.

ხომ თბილი არის თბილისი,
დედაქალაქად მკაცრია.
შენს ოქროქვიშას გადადებს,
ჯერ ახლო ნაგავს გაცრიან.

ვრჩები ბათუმელ პოეტად,
ვით დამართნია ზოგიერთს,
მადლობა ჩვენს ლიტელიტას
თავი რომ დაგვაზოგიეს.

სასაცილოა პირდაპირ,
სატირალია ირიბად,
ლექსი ვნებაა სიბრძნეში,
არა რითმების ხშირი ბმა.

და არც მიწიერ პარნასთან
სიახლოვე ან სიშორე,
ან რა - თბილისის რეისზე
ბილეთი თუ ვერ იშოვე.

„ბის!” - პროვინციელ მესიებს,
მათ მოთმენას და გაძლებას,
სააქაოში მშიერი
საიქიოში გაძღება!

2008 წელი


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Wed Feb 23, 2011 9:50 pm

ვახტანგ ღლონტი

უთავბოლო სონეტი

ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,
ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ,
გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,
ვნება უზომო მაწამებს და ძალ–ღონეს მაცლის.

ვინაც მოსულა, შემთხვევითი მგზავრია ყველა,
ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება,
ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,
ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.

შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო,
მორცხვად ინანა, ადრე ვინაც გითხრა მადლობა,
ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,

როცა უფალზეც სი(სუ!)ლელე არის დანდობა.
კარავი მომეც სიმშვიდისა – ამას გთხოვ მხოლოდ,
არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Wed Feb 23, 2011 10:00 pm

ქეთევან ტაბატაძე

პოეტი, რომელიც სიკვდილის მოთვინიერებას ცდილობს


ბათუმელი პოეტი ვახტანგ ღლონტი შვიდი პოეტური კრებულის ავტორი და ხუთი პრემიის ლაურეატია. იყო ბათუმის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი. წლების განმავლობაში საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალის "წმინდა ანდრიას ჯვრის" გულშემატკივარი, თანამდგომი და ჟიურის წევრი გახლავთ. აჭარაში მათი ოჯახი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ბედი საქართველოს ეკლესიას დაუკავშირა. თავად ვახტანგი სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში, მისი ძმა კი გახლავთ არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელთან ერთადაც პოეტმა არაერთი განსაცდელი გამოიარა.

რას ნიშნავს ბატონი ვახტანგისთვის ხელოვნება, პოეტი, ნამდვილი მკითხველი, რატომაა ოსტატ–შეგირდობის მუდმივი განცდა აუცილებელი და ა.შ., ამაზე 56 წლის პოეტი თავად გვესაუბრება.

– ბატონო ვახტანგ, იქნებ თქვენს ძმაზე მეტი რამ გვიამბოთ.

– შფოთიანი წლები იყო. როცა ჩემმა ძმამ ჩვენს თაობაში პირველმა ჩაიცვა ანაფორა, ბევრს გაუკვირდა. ეს ის მამა ნიკოლოზია, რომელმაც პირველად დალოცა საქართველოში აზვირთებული ეროვნული მოძრაობის ტალღა თბილისის იპოდრომზე. სწორედ ჩვენს დროს და ჩვენით დაიწყო მართლმადიდებლობისკენ აქტიური შემობრუნება აჭარაში. მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც ჩვენი ოჯახიდან გაიცნო ბათუმმა.

მაშინ ცოტანი ვიყავით. ბათუმში 1978 წლის 26 მაისის დემონსტრაცია ჩემს კისერზეა. ის ხალხი იმ დღეს მე გამომყვა. მე და ჩემმა მეგობრებმა სტუდენტობა ქუჩაში გამოვიყვანეთ და მთავრობის სახლისკენ დავიძარით. მთელი აჭარა გვერდით დაგვიდგა. ტკივილიანი ძმობა გვქონდა. ბიჭობიდან მოყოლებული ხან ერთად გვტანჯავდნენ, ხან – ცალ–ცალკე, რაც ბევრად რთული ასატანი იყო. ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა, ამ ასაკში მრცხვენია კიდეც ამის გამხელა, მაგრამ მაშინ ლენინის ბიუსტი შემოგველახა. სახეში რიგრიგობით გავულაწუნეთ აჭარის კაგებე–ში, სადაც ჩვენი ფეხით მივედით. მაშინ ჩემი ძმა ახალგაზრდა ბერი იყო, მე – დამწყები პოეტი.

– თქვენი ოჯახის სხვა წევრებზეც გვითხარით, ვინ არიან ისინი?

– მყავს მეუღლე, ორი ვაჟი და ერთი შვილიშვილი. სანამ დედაჩემი ჩემს ძმასთან შემოქმედის მონასტერში იყო, იქ ხშირად ავდიოდი და ხანდახან ვრჩებოდი კიდეც. ახლა კი ასვლა მიჭირს. იქ აღესრულა ჩემი კეთილი დედა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიგო, თუ რა სჭირდათ ისეთი მის ნიჭიერ და ცნობილ შვილებს, რომ სხვებივით ვერ დალაგდნენ და უკვე ხანშიშესულებიც კი ვერ ირიდებდნენ სახიფათო ისტორიებს. რატომღაც ეს ლექსი ავიკვიატე:

"მკითხველი ლექსებს მიქებს,

მელექსე მიქებს კაცობას.

მე ერთად მსურდა იქნებ...

ეჰ, კაცია და განწყობა.

არ შეიძლება ერთად

თან შარი–შური, თან ძმობა.

არც ვწერ და აღარც ვბეჭდავ...

ეჰ, კაცია და განწყობა.

მზად მაქვს ორივე ხელი

გულმკერდზე შემოსაწყობად.

მივდივარ... თქვენც იქ გელით...

ეჰ, კაცია და განწყობა!".

მთელი ცხოვრება ასე იყო. გაქებენ, მაგრამ მაინც გტკივა. კარგს ისე გეტყვიან, რომ გატკინონ. როცა მწერლებშია გულწრფელობის დეფიციტი, უბრალო ხალხზე რა უნდა ილაპარაკო?! მყუდრო და ვიწრო ქუჩებს ვეძებ. ასე ვიყავი სიჭაბუკიდან მოყოლებული. არადა ვისაც გავურბივარ, ბედად, სწორედ ისინი შემეჩეხებიან ხოლმე. ვიღაც თავის ნაკაწრებზე გიყვება, როცა გულში ალესილ ხანჯლებს მალავ.

– როგორ იბადება თქვენი შემოქმედება, მუზა როდის გეწვევათ ხოლმე?

– თავდაპირველად, როცა ახალგაზრდა ხარ, იგი დაუკითხავად მოდის. შემდეგ თანდათან იშინაურებ და საჭიროებისამებრ მოუხმობ კიდეც – თავად ხდები მუზის გამგებელი, მაგრამ ოსტატობის დროსაც თავი შეგირდად უნდა იგრძნო, რადგან არც ცხოვრებაში და არც ხელოვნებაში არ არსებობს დამამთავრებელი კურსი. ეს პროცესი დაუსრულებელია. 6 წლის განმავლობაში მიტოვებული მქონდა პოემა "ნოსტალგია მეორე ადამზე". ჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმა ერთ–ერთ საიტზე ამ პოემის ფრაგმენტი დადეს, რომელსაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მივხვდი, რომ გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდია, თუ მკრეხელობაში არ ჩამომერთმევა, თითქმის "ვეფხისტყაოსნის" ხელაა, არადა სულ ერთი პატარა ლექსით დაიწყო ყველაფერი. ეს წიგნი არაა შეხვედრა, ეს უფრო გამოთხოვებაა. აქაა ყველა იმ კითხვის პასუხი, რომელიც ოდესმე გამჩენია ან შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს ჩემი მისამართით. მწერლობიდან ორჯერ წავედი, ეს მესამე და ალბათ საბოლოო "წასვლა" იქნება. ყველანი წავალთ. უნდა დაასწრო სიკვდილს და წასვლამდე წახვიდე. მინდა, ვიყო, თან არ ვიყო, მაგრამ სრულ არყოფნას ვერ შევეგუები.

"ერთხელ, ვიცი, ბნელ ღამეში,

დაშნის წვერი იელვებს,

კი არ ვტირი, კი არ ვმღერი,

სიკვდილს ვათვინიერებ!" (ფრაგმენტი პოეტის სიმღერიდან).

ყველა, ვინც ხატავს, მღერის, სინამდვილეში სიკვდილის მოთვინიერებას ცდილობს. ხელოვნება სიკვდილის წინააღმდეგ მიმართული იარაღია. მე ასე ვუყურებ და ასე მესმის პოეზია. ყველა სხვაგვარი მიახლება სიტყვასთან, ფერთან უბრალო მომხმარებლობაა და მეტი არაფერი.

– რას ნიშნავს, იყო პოეტი?

– ჩემი აზრით, პოეტი ის კაცია, ვინც უნდა წაიკითხოს უფლის დუმილი და თარგმნოს იგი ადამიანთა ენაზე. პოემიდან ერთ ამონარიდს გეტყვით:

"ზოგ პასუხს ნახავ მზეში, მთვარეში

ან დასაკლავი ბატკნის თვალებში.

ათასი ენით მეტყველებს ღმერთი,

ჩვენ კი არ ძალგვიძს, გავიგოთ ერთიც!"

– ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რამეს შეცვლიდით?

– წვრილმანებს. ახლა ვფიქრობ, რომ მე ამ პოემამდე უნდა მივსულიყავი. თუ შემეძლო, არავინ გამიწბილებია, მათ შორის – მტერიც. ამ საერთო უმუშევრობის ჟამს არაერთს დავეხმარე. ახლო მეგობარმა მკითხა, იმ არამზადას რატომ ეხმარები, ასჯერ რომ გაუმწარებიხარო. ამით ვემშვიდობები–მეთქი, ვუპასუხე. კარგი დამშვიდობება გცოდნიაო. უმუშევრობის გამო საკუთარი შვილი გამექცა თბილისში. ხუმრობით მითხრა კიდეც, ყველას მამა ხარ და ჩემი არაო. იმათი მამები არ მუშაობენ და იმიტომ ვეხმარები, თქვენი მამა მუშაობს–მეთქი, ვუპასუხე.

არასოდეს ვნანობ, თუ ღმერთმა ვინმესთვის რამის გაკეთება შემაძლებინა. ინანოს იმან, ვისაც მადლიერების დანახვა არ შეუძლია. ეს ენერგია ჩემგან უნდა გასულიყო. ვთვლი, იმ არამზადასაც უნდა დაეხმარო, მაგრამ გამუდმებით უნდა იფიქრო იმ კეთილშობილზეც, რომელიც არასოდეს გაწუხებს, თუმცა ხედავ, თვალებში რამხელა ტანჯვა აქვს და რცხვენია, რამე გთხოვოს.

– არამზადას კეთილგანწყობითაც არ უნდა მიუთითო?

– გააჩნია, უგუნურს ნუ ამხილებ, რამეთუ მოგიძულოსო. ზოგს თუ არ ატკინე, ადამიანურს ვერ ხვდება და მაინც, სიკეთეა ყველაზე დიდი მასწავლებელი. სწორედ სიკეთეს შეუძლია მეასე ჯერზე მაინც დაღალოს ბოროტი. როცა მეკითხებიან, სიკეთე როგორ გადაგიხადოო, ვეუბნები, ჩემი ვალი არ გაქვს, წადი, შენზე გაჭირვებული ნახე და იმას გადაუხადე, ასე სანთლის ალივით უნდა გადავიდეს ერთიდან მეორეზე და ჩემი ვალიც გასტუმრებული გექნება–მეთქი.

– როგორ გგონიათ, დრო ადამიანს ცვლის?

– თუ ძალიან დიდ გენეტიკურ კოდს ატარებს, ის შეიძლება მოსპო და ვერ შეცვალო. ასაკთან ერთად მოდის ხანდაზმულობაც და ცაიტნოტში მყოფნი თითქოს ასწრებენ რაღაცას, სინამდვილეში ყველა იმას აჩვენებს, რაც მოჭარბებით იდო მათში – სიმახინჯე ან სილამაზე, ბოროტი ან კეთილი. კაცი კი არ ბერდება, პირველი ადამივით უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ანუ შიშვლდება, მაგრამ ყველას როდი უხდება ეს სიშიშვლე.

– მართლმადიდებლურ ფესტივალს როგორ აფასებთ?

– გაქრისტიანებიდან ოცი საუკუნე გავიდა – აღარც ქართლის ჭირი გათავდა და აღარც საქართველო. როგორც ჩანს, არსებობის ფილოსოფია მარადიულ ბრძოლასა და გაძლებაშია. უკიდურესი შეჭირვების ჟამს ჩვენ სწორედ ის ჯვარი გვშველიდა, რომელზეც არაერთხელ გაუკრავთ ჩვენი მეობა. ჯვარი არ ნიშნავს დასასრულს, სწორედ ჯვარცმის შემდეგ იწყება ამაღლება. მრავალჟამიერ საქართველო! მრავალჟამიერ ჩვენს ფესტივალს!

* * *

დაბოლოს, "უთავბოლო სონეტი", რომელიც მარჯვნიდან მარცხნივაც ისევე გარითმულად იკითხება, როგორც პირიქით:

"ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,

ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ,

გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,

ვნება უზომო მაწამებს და ძალ–ღონეს მაცლის.

ვინაც მოსულა, შემთხვევითი მგზავრია ყველა,

ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება,

ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,

ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.

შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო,

მორცხვად ინანა, ადრე ვინაც გითხრა მადლობა,

ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,

როცა უფალზეც სი(სუ!)ლელე არის დანდობა.

კარავი მომეც სიმშვიდისა – ამას გთხოვ მხოლოდ,

არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო".

study

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=4&id=10243&more
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Mon Aug 01, 2016 5:41 pm

ვახტანგ ღლონტი

***
უნდა მისაგზლოს, როცა მომშივა,
შენ, გინდ, რითმით ან ვერლიბრით წერე;
ლექსი არაა, რაც სტრიქონშია,
ლექსი იწყება წერტილის მერე.
ვინ მოარიგა მიწასთან ზეცა,
მეც, რაც მაღრჩობდა, ამოვიმღერე;
ღმერთი არ იყო, ჯვარზე რომ ეცვა,
ღმერთი დაიწყო აღდგომის მერე.
რაც აქ ითქმება, - აქვე დარჩება,
ცოტა მისწვდება საუფლო სერებს;
დაგვიგდონ ფასი - სიტყვის ჩარჩებმა,
მოგვეფერება ცა უფრო, მერე.
არ გასწორდება გრძელი და მოკლე,
გინდაც ვენები გადაისერე;
მე, სიცოცხლეში იმდენჯერ მომკლეს,
უნდა ვიცოცხლო სიკვდილის მერე.
შენც, ვიდრე მახვილს მაძგერებ ფერდში,
პირჯვარი მაინც გადაიწერე;
მერე იქნება, ან - არაფერი...
ან - ყველაფერი იქნება მერე!

იანვარი, 2015 წელი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Thu Nov 24, 2016 10:22 pm

ვახტანგ ღლონტი

ციკლიდან: ,,წამოკრულები''

***
,,ცოტა - სიშლეგე, მეტი - ტალანტი!..''
მაგრამ, როდესაც პირიქით არის;
რა საჭიროა მწერლის მანდატი,
საკმარისია გიჟის ქვითარიც.

დეფად ეკურთხა ლიტშარიათით,
მშვენივრად იხდენს თან ამ დეფობას;
მე ერთს ვერ მივხვდი - ეს გვარია თუ
პოლიტიკური თანამდებობა.

ვინ - ,,მეფეს'' ირქმევს და მახათს იყრის,
ვინ - იბორიებს ტვინში მარაოს;
რისი პარნასი!.. (ბალაგან-ჩიხი!..) -
ცრემლიც აქციეს სამასხარაოდ.

ჯობს, ეგალობა სახლში ცოლისთვის,-
ტიპს, ეკრანებს რომ იკლებს ბოლოხანს...
მარტო არასდროს არის სოლისტი,
ყველა შერყეულს მისი ქოროც ჰყავს.

რა ოსტატურად გვატენის ნაგავს,
გალაღებული ჩვენი ზრდილობით;
კაცია, თუმცა, მამრობითს არ ჰგავს,
ვერც დაიკვეხნის ქალიშვილობით.

ხომ, გაბრაზება არ ღირს გიჟებზე -
(ღმერთმა უშველოს, თუკი უშველის);
მაგრამ, გიჟი რომ ნორმებს გიწესებს -
იქ,ოთხზე უნდა მოსვა, უშვერი.

მე, ცალი ფეხი, სტიქსის წყალში მაქვს,-
შეკვეთილი აქვს ქარონს კანოეც...
ეს, თქვენ იკითხეთ, თუ შეშლილებმა,
კამოს მენიუც დაგიკანონეს...


2014 წელი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვახტანგ ღლონტი   Today at 4:00 am

Back to top Go down
 
ვახტანგ ღლონტი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: